(ნაწილი II)
საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის სამხედრო ასპექტები დასავლეთევროპული გამოცდილების მიხედვით
(ეს ნაშრომი მომზადებულ იქნა 2002 წლის ზაფხულში საქართველოს პარლამენტის წევრის ქ-ნ ადა მარშანიას შეკვეთით. ამის შემდეგ მოვინდომე მისი დადება პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის საიტზე, რაზედაც საჭირო იყო დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ამჟამად პარლამენტის წევრის, დავით დარჩიაშვილის თანხმობა. მან ტექსტში გააკეთა თავისი შენიშვნები, რომლებსაც ქვემოთ ფიგურულ ფრჩხილებში { . . . . } უცვლელად ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს, ასევე ტექსტის ბოლოში ჩვენს პასუხებსაც ამ შენიშვნებზე. ავისა და კარგის გარჩევა კი თავად მკითხველისთვის მიგვინდვია)
შინაარსი
თავი I. ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტების ჩასახვა
თავი II. სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის სამართლებრივ-იურიდიული ასპექტები
თავი III. ევროპულ სახელმწიფოთა ნეიტრალიტეტის სამხედრო ასპექტები
III. 1. ევროპის ნეიტრალურ სახელმწიფოთა უფლებების უხეში დარღვევის მაგალითები და მიზეზები I და II მსოფლიო ომებში
III. 2. ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და ევროპის ნეიტრალურ სახელმწიფოთა სამხედრო ხარჯები
III. 3. ნატო-ს ბლოკის მონაწილე და ევროპის ნეიტრალურ სახელმწიფოთა მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები ცივი ომის დასასრულსა და თანამედროვე ეტაპზე
III. 4. ნატო-ს წევრი და ნეიტრალური მცირე ევროპული სახელმწიფოების სამხედრო მშენებლობის ანალიზი
თავი IV. საქართველოს სავარაუდო ნეიტრალიტეტის შესახებ
გამოყენებული ლიტერატურა
პასუხები დავით დარჩიაშვილის შენიშვნებზე

ნეიტრალიტეტის ცნება წარმოდგება ლათინური სიტყვიდან – neuter – “არც ერთი არც მეორე”. მისი გარკვეული ელემენტები ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან, როდესაც, მაგალითად, ძველი საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოთა ერთი ნაწილი ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა ათენსა და სპარტას შორის მიმდინარე პელოპონესის ომებში. ძველ ჩინეთში ხშირი იყო ომების დროს არხებისა და გვირაბების ნეიტრალიზაცია, ვინაიდან მათ მშენებლობაზე თაობების შრომა იხარჯებოდა და, ამიტომ, მეომარი მხარეები ამჯობინებდნენ ასეთი ნაგებობების გაფრთხილებას. ამგვარი ნეიტრალიზაციის შესახებ ცნობები მოიპოვება ძველი ინდოეთის სამართლებრივ და ლიტერატულ ძეგლებში, ასევე ბიბლიაში. მაგრამ ყოველივე ეს წარმოადგენდა ნეიტრალიტეტის მხოლოდ ელემენტებს სახელმწიფოს შიგნით, მის გარკვეულ ტერიტორიებზე. {დავით დარჩიაშვილის შენიშვნა: ანტიკური ქალაქ-სახელმწიფოების ნეიტრალიტეტი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ნაწილია.}
რაც შეეხება საერთაშორისო სამართალში ნეიტრალიტეტის ცნების შემოტანასა და შესაბამისი პრაქტიკის დანერგვას, ეს უშუალოდ განაპირობა XIV–XV საუკუნეებში ვაჭრობის, კერძოდ კი საზღვაო ვაჭრობის განვითარებამ. ამ დროისთვის სავაჭრო კაპიტალი სულ უფრო ნაკლებად უწევდა ანგარიშს მონარქებისა და მსხვილი ფეოდალების ინტერესებს, მათი დინასტიური და სარწმუნოებრივი მისწრაფებებიდან გამომდინარე ფეოდალურ ომებს, რაც დიდად საზიანო იყო ვაჭრობის განვითარებისთვის. ომით გამოწვეული ზარალი განსაკუთრებით მოულოდნელი და მძიმე ხდებოდა იმ სახელმწიფოთა ქვეშევრდომებისთვის, რომლებიც ამ ომში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ.
ასეთ ვითარებაში, ნეიტრალიტეტის ცნობილი ისტორიკოსების ჯესაფისა და დიკის განმარტებით “საომარი მდგომარეობა იმდენად სახიფათო ხდებოდა სავაჭრო ოპერაციებისთვის, რომ უფრო სასარგებლო შეიქნა საკუთარი ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვიდრე სხვათა ვაჭრობის განადგურებაზე იმედის დამყარება”.
უფრო მოგვიანებით ევროპულ სახელმწიფოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტების წარმოშობაც სწორედ საკუთარი საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებით იყო ნაკარნახევი.
რაც შეეხებოდა ხმელეთზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში რომელიმე ქვეყნის ან ქვეყნების ნეიტრალიტეტს, ანუ მიუკერძოებლობის პოზიციის (unpartiaiisches verhalten) დაცვას, ასეთ საერთაშორისო ვალდებულებებს მხოლოდ მაშინ ექნებოდა ნეიტრალიტეტის, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის მნიშვნელობა, თუ კი მეომარი სახელმწიფოები კანონიერად მიიჩნევდნენ მას.
ამის პირველი მაგალითი იყო XV საუკუნის მიწურულს საფრანგეთის მეფის შარლ VII მიერ მეზობელ სახელმწიფოებს შორის ატეხილ ომში ლიეჟის საგრაფოს თვითგამოცხადებული ნეიტრალიტეტის ცნობა. მალევე ლიეჟის ნეიტრალიტეტი ცნეს ნიდერლანდებმა და გერმანიის იმპერატორმა, რითაც დასაბამი მიეცა სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუს, თუმცა კი იგი საერთაშორისო სამართალში საბოლოოდ მხოლოდ 300 წლის შემდეგ ნაპოლეონის ომების კვალდაკვალ შვეიცარიის ნეიტრალიზაციით დამკვიდრდა.

ნეიტრალიტეტი, როგორც საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტიტუტი, როგორც ვთქვით, ჩაისახა და დამკვიდრდა მაშინ, როდესაც მეომარმა სახელმწიფოებმა თანდათან აღიარეს მესამე სახელმწიფოს უფლება – მონაწილეობა არ მიეღო ამ ომში და მიუკერძოებელი ყოფილიყო მეომარი სახელმწიფოების მიმართ. ასეთი უფლების აღიარება ამავდროულად ნიშნავდა მეომარი სახელმწიფოების მხრიდან ომში არმონაწილე ქვეყნის მიუკერძოებლობის პატივისცემას და მისთვის თავიანთ სასარგებლოდ რაიმე ძალის დაუტანლობას.
ასეთი საერთაშორისო ცნობისა და მისი პრაქტიკული განხორციელების გარეშე თავისთავად ამა თუ იმ სახელმწიფოს ომში არმონაწილეობის ფაქტი არ წარმოადგენს ნეიტრალიტეტს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობით. შესაბამისად, ნეიტრალიტეტის სამართალი არის იმ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომლებიც აწესრიგებენ ომში არმონაწილე სახელმწიფოს ურთირთობას მეომარ სახელმწიფოებთან. ამ ურთიერთობათა მოწესრიგება იმაში გამოიხატება, რომ ნეიტრალიტეტის ნორმები განსაზღვრავენ, ერთის მხრივ, ომში არმონაწილე სახელმწიფოსა და, მეორეს მხრის, მეომარი სახელმწიფოს უფლება-მოვალეობებს ერთმანეთის მიმართ.
ამგვარად, ნეიტრალიტეტის ცნება ზოგადად დაკავშირებულია ომის მდგომარეობასთან და საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში ყველაზე უფრო გავრცელებულია ე. წ. ევენტუალური ანუ კაზუალური ნეიტრალიტეტი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს ამა თუ იმ კონკრეტულ ომში. მაგალითად, ცივი ომის ათწლეულებში ასეთ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ შვედეთი და ფინეთი. უნდა ითქვას, რომ რომელიმე ომში ევენტუალურად ნეიტრალური სახელმწიფო სრულიად არ არის ვალდებული ასევე ნეიტრალური იყოს ნებსმიერ სხვა ომშიც.
1907 წლის ჰააგის კონვენციებისა და სხვა დოკუმენტების მიხედვით ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია ხელშეუხებელია და არ შეიძლება გადაიქცეს საომარ მოქმედებათა თეატრად. მეომარ მხარეებს ეკრძალებათ მისი გავლით ჯარების, იარაღისა და სხვა სამხედრო ქონების ტრანსპორტების გადაყვანა და ა.შ. ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე იკრძალება მეომარი მხარეებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სამხედრო ფორმირებებისა და მოხალისეთა დასაქირავებელი დაწესებულებების შექმნა. ნეიტრალურ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართალი უფლებას აძლევს შეიარაღებული ძალის მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე.
ევენტუალური ნეიტრალიტეტის გარდა მოქმედებს სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტიც (ასეთებია მალტა, ავსტრია და შვეიცარია). თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში იგი ესმით, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი, რომლის თანახმადაც ეს სახელმწიფო უკვე მშვიდობიანობის დროს მოვალეა არ იკისროს ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ომის შემთხვევაში იძულებულს გახდიდა ხელი აეღო თავის ნეიტრალიტეტზე ან საფრთხეში ჩაეგდო იგი; მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო არ უნდა შედიოდეს სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში, არ აძლევდეს თავის ტერიტორიას უცხოური ჯარებისა და სამხედრო ბაზებისთვის. მუდმივად ნეიტრალურ სახელმწიფოს ასევე ეკრძალება უცხო სახელმწიფოს მიმართ პროტექტორატის დაწესება, თუ კი ამ უკანასკნელს მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსი არ გააჩნია.
მუდმივი ნეიტრალიტეტი შეიძლება იყოს გარანტირებული რომელიმე სხვა (მაგალითად დიდი) სახელმწიფოების მიერ ან არგარანტირებული. ამჟამად ზემოთ ნახსენები სამივე მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოს ეს სტატუსი გარანტირებულია სათანადო საერთაშორისო შეთანხმებებით.
თავისი შინაარსით ცნობილია ნეიტრალიტეტის ორი ფორმა – აბსოლუტური და კვალიფიციური. პირველი ითვალისწინებს ნეიტრალური სახელმწიფოს აბსოლუტურ მიუკერძოებლობას (მაგალითად შვეიცარია, რომელიც გაეროს წევრიც კი არ არის), ხოლო მეორე წარმოადგენს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფეხმოკიდებული კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტის განვითარების შედეგს, როდესაც მისაღებია გარკვეულ პირობებში (ვთქვათ სამართლიანი /თავდაცვითი/ ომის წარმოებისას) რომელიმე მეომარი მხარისთვის გარკვვეული შეღავათების გაწევა. ამის მაგალითია ავსტრია, რომელიც მუდმივი ნეიტრალიტეტის მიუხედავად გაეროს წევრი სახელმწიფოა და მოვალეა აღნიშნული ორგანიზაციის წესდების თანახმად რომელიმე ქვეყნის ან რეჟიმის მიმართ გამოცხადებულ სანქციებში იღებდეს მონაწილეობას.

I და II მსოფლიო ომები ცნობილია ევროპის მცირე სახელმწიფოთა ევენტუალური თუ მუდმივი ნეიტრალიტეტის უხეში დარღვევის მაგალითებით. კერძოდ ბელგიამ 1831 წელს ხუთი დიდი სახელმწიფოს – ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, პრუსიის, რუსეთისა და საფრანგეთის ხელშეკრულების შედეგად მიიღო გარანტირებული მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსი (შვეიცარიის სტატუსის მსგავსი). მაგრამ გერმანიამ საფრანგეთის წინააღმდეგ ჯერ 1870 წლის ომში, ხოლო შემდეგ I მსოფლიო ომში უხეშად დაარღვია ეს ნეიტრალიტეტი. ამის შემდეგ 1918 წელს ვერსალის ხელშეკრულიბის 31-ე მუხლმა ბელგიის მუდმივი ნეიტრალიტეტი სრულიად გააუქმა.
1937 წელს II მსოფლიო ომის მოლოდინში ბელგიის ხელისუფლებამ გამოთქვა კვლავ მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის მიღების სურვილი, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს ამ სტატუსის ცნობისთვის მზადყოფნა. მაგრამ უკვე 1940 წელს გერმანიამ მესამედ დაარღვია ბელგიის (ასევე ნიდერლანდების) ამჯერად უკვე ევენტუალური ნეიტრალიტეტი და მაისის თვეში მოახდინა ამ ქვეყნის ოკუპაცია.
გერმანიის ასეთი მოქმედება განპირობებული იყო სამხედრო აუცილებლობით, {დ. დარჩიაშვილის შენიშვნა: ჯობია ითქვას, რომ გერმანელები ნეიტრალიტეტის დარღვევას ხსნიდნენ სამხედრო აუცილებლობით. სხვაგვარად ამ აქტის გამართლება გამოდის} ვინაიდან საკუთრივ საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე ორივე მხარეს თავდაცვითი ნაგებობების მძლავრი სისტემები ჰქონდა აგებული. ამიტომ მათი გადალახვა ადამიანების, სამხედრო ტექნიკისა და დროის დიდ დანაკარგებთან იქნებოდა დაკავშირებული. და ეს ყოველივე მოხდა იმ ფონზე, როდესაც ბელგიის ხელმძღვანელობამ ბოლომდე დაიცვა თავისი ნეიტრალიტეტის ვალდებულება და მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა ფრანგულ-ბრიტანული ჯარები ჯერ კიდევ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე აგრესორის შესაკავებლად.
მეორე მსოფლიო ომი ცნობილია ასევე დანიისა და ნორვეგიის ევენტუალური ნეიტრალიტეტის ხელყოფით გერმანიის მხრიდან მაგრამ აქ საქმე შედარებით უფრო რთუ-ლად იყო.
უკვე 50-იან წლებში დასავლეთ გერმანიაში II მსოფლიო ომის შესახებ გამოსულ მემუარულ და ანალიტიკურ ლიტერატურაში ავტორები აღნიშნავდნენ, რომ მესამე რაიხის ხელმძღვანელობას სურდა სკანდინავიის ქვეყნების სრსული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, მაგრამ ამის საპირისპიროდ ბრიტანულ პრესაში უკვე ღია მსჯელობა მიდიოდა გერმანიის წინააღმდეგ სამოქმედოდ ამ ნეიტრალიტეტის შესაძლო დარღვევის შესახებ. ამით შეშფოთებულმა გერმანული ფლოტის სარდალმა ადმირალმა რედერმა 1939 წლის ოქტომბერში შეიტანა წინადადება დაესწროთ მოწინააღმდეგისთვის, დაეკავებინათ ნორვეგია და მის სანაპიროზე, მაგალითად ბერგენსა ან თრონჰემში შეექმნათ რამდენიმე სამხედრო-საზღვაო ბაზა.
გერმანული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო მოსაზრებებით (რადგან ომის თეატრის ჩრდილოეთისკენ გაფართოება ძალების და საშუალებების დაქსაქსვას გამოიწვევდა) თავიდან უარს აცხადებდა ასეთი ოპერაციის ჩატარებაზე, მაგრამ როდესაც უკვე 1940 წლის იანვრის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დასავლელი მოკავშირეები ემზადებოდნენ ამ რაიონში საომარი მოქმედებების დასაწყებად, მიიღო ნორვეგიის ოკუპირების, გარკვეული აზრით, იძულებითი გადაწყვეტილება. {დ. დარჩიაშვილის შენიშვნა: აქაც ნაცისტების გამართლებასავით გამოდის. მგონია, რომ ეს ცალმხრივია. აქ მოტანილი ლოგიკა ნაცისტებისაა და ეს უნდა მიეთითოს. თუ ეს ავტორის ლოგიკაა, გაუგებარია, რატო უნდა ვამართლოთ ნაცისტები ჩვენი დეპარტამენტის ნაშრომებში.} ამან თავისთავად დააყენა ასევე ნეიტრალური დანიის ოკუპირების ამოცანაც, ვინაიდან ეს სახელმწიფო გეოგრაფიულად ჩრდილოეთ გერმანიასა და ნორვეგიას შორის მდებარეობს და ზღვაზე ბრიტანელთა ბატონობის პირობებში მისი დაკავება, ჯარების გადასაყვანად და სამხედრო ავიაციის მიერ იქაური აეროდრომების გამოსაყენებლად გერმანელებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.
შემდგომში ნორვეგიულ და ბრიტანულ ჯარებთან ბრძოლებში გერმანელებს დიდად დაეხმარა სწორედ დანიისა და სამხრეთ ნორვეგიის ტერიტორიებზე ბაზირებული საკუთარი ავიაციის მხრდაჭერა, ვინაიდან მისი თვითმფრინავები უფრო სწრაფად აღწევდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონებამდე და საწვავიც საკმარისად რჩებოდათ საკუთარი სახმელეთო ჯარებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად და სხვა ამოცანების გადასაწყვეტად. ხოლო რაც შეეხება ბრიტანულ ბომბდამშენებს, ისინი ძირითადად აღმოსავლეთ შოტლანდიის აეროდრომებიდან მოქმედებდნენ და ნორვეგიის ნაპირებამდე მისაღწევად ბევრი დრო და საწვავი ეხარჯებოთად, რის გამოც უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებისთვის შედარებით მცირე დრო რჩებოდათ.
იმის დასამტკიცებლად, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა პირველი აპირებდა ნორვეგიის ევენტუალური ნეიტრალიტეტის დარღვევას, გერმანელი ავტორები იმოწმებენ უინსტონ ჩერჩილის მემუარებსა და გამოჩენილი ინგლისელი სამხედრო ისტორიკოსის ბაზილ ლიდელ ჰარტის ნაშრომებს.
ჩვენც იმ დღეების დრამატიზმის უფრო ნათლად გადმოსაცემად მოვიყვანთ მცირე ამონაწერს ლიდელ ჰარტის წიგნიდან “მეორე მსოფლიო ომი” – “9 აპრილს (1940 წლის) გაზეთები იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ წინა დღით ინგლისისა და საფრანგეთის საზღვაო ძალები შევიდნენ ნორვეგიის წყლებში და იქაურობა დანაღმეს, რათა გერმანიასთან მოვაჭრე ქვეყნების ხომალდებისთვის ამ წყლებზე გამავალი გზები გადაეღობათ. ამ ღონისძიებებით გამოწვეულ აღტაცებულ გამოხმაურებებს ენაცვლებოდა ნორვეგიის ნეიტრალიტეტის დარღვევის გამამართლებელი მოსაზრებები. მაგრამ გაზეთები ჩამორჩებოდნენ მოვლენებს, რამდენადაც იმავე დილას რადიომ გადმოსცა გაცილებით უფრო გამაოგნებელი შეტყობინება: გერმანულმა ჯარებმა დაიწყეს გადასხმა ნორვეგიის სანაპიროს რამდენიმე პუნქტში და უკვე შევიდნენ დანიაში”.
შემდეგ ლიდელ ჰარტი წერს, რომ გერმანიის კადნიერებამ, რომელმაც არაფრად ჩააგდო ზღვაში მოკავშირეთა უპირატესობა, გააოგნა მათი ხელმძღვანელები. მით უმეტეს, როდესაც ამ უკანასკნელთ შეიტყვეს, რომ გერმანული დესანტები გადასხდნენ არა მხოლოდ ნორვეგიის დასავლეთ (ბერგენთან და თრონჰემთან) და სამხრეთ სანაპიროზე, არამედ მის ჩრდილოეთ რაიონში ქ. ნარვიკთან. ლონდონში დაუჯერებლად ეჩვენებოდათ, რომ ჰიტლერი გარისკავს დესანტის ასე შორს ჩრდილოეთით გადასხმას, მით უმეტეს, რომ ამ რაიონში სრული შემადგენლობით იმყოფებოდნენ ბრიტანული სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები და იფარავდნენ ნორვეგიის წყლების დამნაღმველ გემებს.
მაგრამ იმავე დღის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ გერმანელებმა დაიკავეს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო და ძირითადი პორტები, ნარვიკის ჩათვლით. ყველა სადესანტო ოპერაცია ერთდროულად ჩაატარეს და წარმატებითაც დაასრულეს.
გარდა ამისა, ნორვეგიის დაპყრობის შემდეგ წმინდა სამხედრო სარგებლის გარდა ეკონომიკური ხასიათის სარგებელიც გამოჩნდა – გერმანიის სამხედრო მრეწველობისთვის უკიდურესად აუცილებელი რკინის მადნის შეტანის უზრუნველყოფა ნორვეგიის ტერიტორიის გავლით ჩრდილოეთ შვეციის საბადოებიდან.
II მსოფლიო ომის შემდეგ ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ნეიტრალურმა სახელმწიფომ: ბელგიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ნორვეგიამ უარი თქვა უწინდელ სტატუსზე და ნატო-ს ბლოკში გაწევრიანდა.
თუმცა II მსოფლიო ომში იყო მეომარი სახელმწიფოების მხრიდან ზოგიერთი ქვეყნის ნეიტრალიტეტის პატივისცემის მაგალითებიც – შვეიცარიის, შვედეთის, ესპანეთისა და თურქეთის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამათგან მხოლოდ შვეიცარია იცავდა აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს, რაც შეეხება დანარჩენ სამს – ისინი პრაქტიკულად ე.წ. “კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტის” პოლიტიკას ატარებდნენ. ამის მაგალითებია ესპანური “ცისფერი დივიზიის” მონაწილეობა გერმანიის მხარეზე ომში და, ამავე დროს, გერმანული ჯარების არშეშვება თავის ტერიტორიაზე ბრიტანული სამხედრო ბაზის ჰიბრალტარის დასაკავებლად და სრუტის გასაკონტროლებლად; შვედეთის მიერ გერმანიისთვის რკინის მადნის მიწოდება, აგრეთვე ამ სამივე სახელმწიფოში გერმანული სპეცსამსახურებისთვის ხელსაყრელი სამოქმედო პირობების შექმნა.
დღესდღეობით შვეიცარია კვლავ მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის მქონე სახელმწიფოა და აბსოლუტური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებს, შვედეთი და ფინეთი ცივი ომის პერიოდში და დღესაც ევენტუალური ნეიტრალიტეტის პოზიციაზე დგანან, თურქეთი და ესპანეთი ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი სახელმწიფოებია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თურქეთს ამერიკასთან სამხედრო ინტეგრაციისკენ (1947 წელს), ხოლო შემდეგ ნატო-ში გაწევრიანებისკენ (1952) უბიძგა II მსოფლიო ომის შემდეგ სტალინის სურვილმა დაეპყრო თურქეთი და საბჭოთა იმპერია უშუალოდ ხმელთაშუა ზღვის აუზში გაეყვანა.
{დ. დარჩიაშვილის შენიშვნა: მე მგონია, რომ წედმეტადაა დეტალიზებული მეორე მსოფლიო ომის ეპიზოდები.}
III. 2. ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და ევროპის ნეიტრალურ სახელმწიფოთა სამხედრო ხარჯების შედარება
ნატო-ს ბლოკის წევრი სახელმწიფოებისა და ევროპის მცირე ნეიტრალური ქვეყნების ზოგადი და სამხედრო-საფინანსო მაჩვენებლები ცივი ომის მიწურულსა და 90-იანი წლების ბოლოს მოცემულია 1–3 ცხრილებში. ეს მონაცემები აღებულია სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემიდან Military Balance.
ცხრილი 1
ნატო-ს მსხვილი სახელმწიფოების სამხედრო ხარჯები 1990 და 1999 წლებში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მთლიანი შიდა პროდუქტი /მლრდ დოლარებში/; B – მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წილი ერთ სულ მოსახლეზე /per capita; დოლარებში/; C – სამხედრო ხარჯები /მლრდ დოლარებში/; D – სამხედრო ხარჯების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში /პროცენტებში/)
სახელმწიფო . . . . . . . . . .A . . . . . . . B . . . . . . . C . . . . . .D
1 9 9 0 წ ე ლ ი
აშშ . . . . . . . . . . . . . . . . .5432,4 . . . 21 700 . . . 304,09 . . . 5,61
საფრანგეთი . . . . . . . . 1187,15 . . 20 900 . . . . 42,78 . . . 3,61
გფრ . . . . . . . . . . . . . . . 1499,54 . . 19 500 . . . . 42,76 . . . 2,86
დიდი ბრიტანეთი . . . .986,72 . . 17 400 . . . . 39,26 . . . 3,97
იტალია . . . . . . . . . . . . 1090,75 . . 19 000 . . . . 24,78 . . . 2,27
თურქეთი . . . . . . . . . . . 114,29 . . . .2100 . . . . . 5,0 . . . . 4,37
1 9 9 9 წ ე ლ ი
აშშ . . . . . . . . . . . . . . . . .9200,0 . . . 33 100 . . . 275,5 . . . 2,91
საფრანგეთი . . . . . . . . 1400,0 . . . 24 000 . . . . 37,1 . . . 2,65
გფრ . . . . . . . . . . . . . . . .1900,0 . . . 23 500 . . . . 31,1 . . . 1,61
დიდი ბრიტანეთი . . .1400,0 . . . 22 300 . . . . 36,9 . . . 2,63
იტალია . . . . . . . . . . . . 1100,0 . . . 22 000 . . . . 22,0 . . . 1,57
თურქეთი . . . . . . . . . . . 186,0 . . . . .6000 . . . . 10,1 . . . 5,43
როგორც ამ ცხრილიდან ჩანს, ცივი ომის მიწურულს (1990 წელს) ჩრდილოატლანტიკური კავშირის მონაწილე მსხვილი სახელმწიფოებიდან აშშ-ის სამხედრო ხარჯები უტოლდებოდა ქვეყანაში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის 5,3 %, თურქეთისა – 4,4 %, ხოლო წამყვანი ევროპული სახელმწიფოების _ 2,5–4,0 %%.
ცივი ომის დასასრულის დაახლოებით ათი წლის თავზე ნატო-ს მსხვილი სახელმწიფოების უმეტესობამ შეამცირა თავისი სამხედრო ხარჯები და მათ შეადგინეს მთლიანი შიდა პროდუქტის 1,6–2,9 %%. ამის საწინააღმდეგოდ თურქეთმა თავისი სამხედრო ხარჯები გაზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 5,43 %-მდე, და ამ მაჩვენებლით მან ცივი ომის მიწურულის დონესაც გადააჭარბა, რაც ჩვენთვის მეტად შემაშფოთებელი უნდა იყოს. {დ. დარჩიაშვილის შენიშვნა: ვისთვის ჩვენთვის? დაიწეროს მაშინ, რომ საუბარი საქართველოზეა. თუ კი ეს ავტორს ამ ადგილას მიაჩნია მიზანშეწონილად. მაგრამ მაშინ უნდა აიხსნას, რატომაა მაინცდამაინც საქართველოსათვის ეს საშიში. არის თუ არა თურქეთის სამხედრო დოქტრინასა და ოპერატიულ გეგმებში საუბარი საქართველოსაკენ ექსპანსიაზე. თუ ეს ძალები მას საბერძნეთიდან მომდინარე და ერაყიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების საწინააღმდეგოდ სჭირდება. მაგრამ ამ ქვეთავშია ყოველივე ამის ადგილი?! ან იქნებ მიზეზი იმისა, რომ თურქული ძალა არაპროპორციულად დიდია, თურქული სახელმწიფოს ნახევრად სამმხედრო ხასიათშოი იმალება? განსხვავებით ევროპელი სამხედროებისაგან, თურქი კოლეგები აქეთ კარნახობენ პოლიტიკოსებს თუ რაა საჭირო. როგორც სამხედროებს, მათ უნდათ ბევრი ფული და ბევრი სათამაშოები და იღებენ კიდეც - მათი გამჩერებელი არავინაა. იგივეს იზამდნენ ბელგიელი სამხედროები, ბელგიაში რომ ნახევრადსამხედრო რეჟიმი იყოს.}
ქვემოთ მე-2 ცხრილში ნაჩვენებია ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოების სამხედრო-ფინანსური მაჩვენებლები იმავე წლებში.
ცხრილი 2
ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოების სამხედრო ხარჯები 1990 და 1999 წლებში

სახელმწიფო . . . . . . . .A . . . . . . . B . . . . . .C . . . . D
1 9 9 0 წ ე ლ ი
ნიდერლანდები . . . 287,76 . . . 18 800 . . . 7,42 . . . 2,66
ბელგია . . . . . . . . . . .194,64 . . . 19 700 . . . 4,72 . . . 2,43
დანია . . . . . . . . . . . . 130,89 . . . 25 800 . . . 2,65 . . . 2,02
ნორვეგია . . . . . . . . . 106,83 . . . 25 400 . . . 3,58 . . . 3,25
საბერძნეთი . . . . . . . . 67,16 . . . . 6600 . . . 3,77 . . . 5,61
პორტუგალია . . . . . . 59,85 . . . . .5700 . . . 1,71 . . . 2,86
1 9 9 9 წ ე ლ ი
ნიდერლანდები . . . 375,0 . . . 23 800 . . . 6,9 . . . 1,85
ბელგია . . . . . . . . . . .273,0 . . . 25 000 . . . 3,4 . . . 1,44
დანია . . . . . . . . . . . . 166,0 . . . 24 800 . . . 2,7 . . . 1,63
ნორვეგია . . . . . . . . .150,0 . . . 25 500 . . . 3,3 . . . 2,50
საბერძნეთი . . . . . . .107,4 . . . 13 700 . . . 5,5 . . . 5,12
პორტუგალია . . . . .104,0 . . . 15 500 . . . 2,3 . . . .2,21
როგორც მე-2 ცხრილიდან ჩანს, ცივი ომის მიწურულს ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიოფოების უმეტესობის სამხედრო ხარჯები შეადგენდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2,4–3,3 %%-ს. გამონაკლისი იყო საბერძნეთი, სადაც ეს მაჩვენებელი 5,61 %-ს უტოლდებოდა. ეს მდგომარეობა აიხსნება საბერძნეთის თურქეთთან ისტორიული მტრობითა და 1970-იანი წლების დასაწყისში თურქული ჯარების მიერ აღმოსავლეთ კვიპროსის ოკუპირების გამო არსებული თანამედროვე დაპირისპირებითაც. თანაც, როგორც ვნახეთ, თურქეთის სამხედრო ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი ასევე მაღალი იყო (4,37 %).
ქვემოთ მე-3 ცხრილში მოვიყვანთ ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოების თავდაცვის ხარჯებს იმავე წლებში.
ცხრილი 3
ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოების თავდაცვის ხარჯები 1990 და 1991 წლებში

სახელმწიფო . . . A . . . . . . . B . . . . . C . . . . . D
1 9 9 0 წ ე ლ ი
ავსტრია . . . . . 157,48 . . . 20 900 . . . 1,54 . . . 0,98
შვედეთი . . . . 219,36 . . . 26 300 . . . 5,51 . . . 2,51
შვეიცარია . . . 227,97 . . . 35 100 . . . 4,10 . . . 1,80
ფინეთი . . . . . 137,78 . . . 27 400 . . . 1,57 . . . 1,14
1 9 9 9 წ ე ლ ი
ავსტრია . . . . . 198,0 . . . 23 400 . . . 1,7 . . . 0,86
შვედეთი . . . . 230,0 . . . 22 900 . . . 5,2 . . . 2,26
შვეიცარია . . . 246,0 . . . 29 600 . . . 3,1 . . . 1,26
ფინეთი . . . . . 123,0 . . . 22 200 . . . 1,7 . . . 1,38
ამრიგად, ევროპის მცირე ნეიტრალური ქვეყნების თავდაცვის ხარჯები მერყეობდა 0,8-დან (ავსტრია) 2,4 %-მდე (შვედეთი) ფარგლებში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთის ამ მაჩვენებელში შეყვანილი იყო 0,5 მლრდ დოლარამდე სამოქალაქო თავდაცვისთვის გამოყოფილი ასიგნებებიც.
ცივი ომის დასრულების შემდეგ ამ სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სულ უმნიშვნელოდ შეამცირა თავისი თავდაცვის ხარჯები და 1999 წლის მონაცემებით ისინი მერყეობენ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0,85–2,25 %%-ის ფარგლებში. როგორც ვხედავთ, ეს მაჩვენებლები, როგორც ცივი ომის პერიოდში, ისე 90-იანი წლების მიწურულსაც დაახლოებით უტოლდებიან ჩრდილოატლანტიკურ კავშირში შემავალი მცირე ევროპული სახელმწიფოების – ნიდერლანდების, ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის სამხედრო ხარჯებს. ამიტომ მეტად საინტერესო იქნება ამ ქვეყნების ჯარების რიცხოვნებისა და ძირითადი შეიარაღების უფრო გულდასმით შესწავლით შევაფასოთ აღნიშნული თანხების გამოყენებისა და, შესაბამისად, თითოეული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის საკითხები.
III. 3. ნატო-ს ბლოკის მონაწილე და ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები ცივი ომის მიწურულში და თანამედროვე ეტაპზე
მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნის სამხედროვალდებული ახალგაზრდობისთვის ნამდვილი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში აუცილებელი ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მიცემა და ამით რეზერვისტების საჭირო რაოდენობის მომზადება მსხვილმასშტაბიანი ომის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. გარდა ამისა, მშვიდობიანობის დროის რეგულერული შეიარაღებულ ძალებს ევალება შედარებით ნაკლები მასშტაბის კონფლიქტებში შესაბამისი ამოცანების გადაწყვეტა, აგრეთვე მასობრიოვი უწესრიგობების აღკვეთასა და სტიქიური უბედურებების ან ტექნოგენური ავარიებისგან (კატასტროფებისგან) მოსახლეობის დაცვაში (მათი შედეგების აღკვეთაში) სახელმწიფო ადმინისტრაციული სტრუქტურებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა.
მსხვილმასშტაბიან ომს თითოეული ქვეყანა ან სამხედრეო-პოლიტიკური ალიანსი აწარმოებენ არსებული მუქარების შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის აუცილებელი ნაწილის მობილიზების ხარჯზე, ნაწილობრივი ან სრული მობილიზაციის გამოცხადებით. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, მე-4 ცხრილში ნაჩვენებია ნატო-ს ბლოკის მსხვილი სახელმწიფოების მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების რიცხოვნების მაჩვენებლები ცივი ომის მიწურულში და 2000 წელს.
ცხრილი 4
ნატო-ს ბლოკის მსხვილი სახელმწიფოების მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 და 2000 წლებში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მოსახლეობა /ადამიანი/; B – მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები /ადამიანი; პროცენტული წილი მოსახლეობის რიცხოვნებაში/ C – რეზერვები /ადამიანი; პროცენტული წილი მოსახლეობის რიცხოვნებაში/)
სახელმწიფო . . . . . . . . . . A . . . . . . . . . . . . . B . . . . . . . . . . . . . C . . . . .
1 9 9 1 წ ე ლ ი
აშშ . . . . . . . . . . . . . . . 250 348 800 . . 2 029 600 (0,81) . . 1 926 400 (0,77)
საფრანგეთი . . . . . . . .56 655 800 . . . .453 100 (0,79) . . 1 733 500 (3,06)
გფრ . . . . . . . . . . . . . . . 76 877 400 . . . .476 300 (0,62) . . 1 009 400 (1,32)
დიდი ბრიტანეთი . . 56 670 800 . . . .300 100 (0,53) . . . .347 200 (0,62)
იტალია . . . . . . . . . . . .57 322 200 . . . .361 400 (0,63) . . . 584 000 (1,02)
თურქეთი . . . . . . . . . .56 981 800 . . . .576 200 (1,02) . . 1 107 000 (1,93)
2 0 0 0 წ ე ლ ი
აშშ . . . . . . . . . . . . . . . 275 636 000 . . 1 365 800 (0,50) . . 1 211 500 (0,44)
საფრანგეთი . . . . . . . .59 425 000 . . . .294 430 (0,49) . . 1 477 600 (2,49)
გფრ . . . . . . . . . . . . . . . 82 112 000 . . . .321 000 (0,39) . . . .364 300 (0,44)
დიდი ბრიტანეთი . . 58 882 000 . . . .212 450 (0,37) . . . .302 850 (0,51)
იტალია . . . . . . . . . . . 57 930 000 . . . . 250 600 (0,44) . . . . .65 200 (0,12)
თურქეთი . . . . . . . . . .66 130 000 . . . .609 700 (0,92) . . . .387 700 (0,59)
როგორც ვხედავთ, ნატო-ს ბლოკის წამყვანი სახელმწიფოების სარდლობები, ცივი ომის პერიოდშიც კი, მათ ქვეყნებში არსებული მრავალმილიონიანი სამობილიზაციო რესურსების მიუხედავად, ომის შემთხვევაში ვარაუდობდნენ შეიარაღებულ ძალებში საკმაოდ მცირე რაოდენობის რეზერვების მობილიზებას. დღესდღეობით ეს ნორმები კიდევ უფრო შემცირებულია. ქვემოთ ვნახოთ როგორაა ამ მხრივ მდგომარეობა ჩრდილოატლანტიკური კავშირის მცირე ევროპულ სახელმწიფოებში.
ცხრილი 5
ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოების მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 და 2000 წლებში

სახელმწიფო . . . . . . . . . A . . . . . . . . . . . . B . . . . . . . . . . . . C . . . . .
1 9 9 1 წ ე ლ ი
ნიდერლანდები . . . 12 810 800 . . . 101 400 (0,69) . . . 152 400 (1,03)
ბელგია . . . . . . . . . . . .9 860 800 . . . . 85 450 (0,88) . . . 234 000 (2,37)
დანია . . . . . . . . . . . . . 5 081 800 . . . . 29 400 (0,58) . . . 142 700 (2,81)
ნორვეგია . . . . . . . . . . 4 207 800 . . . . 32 700 (0,78) . . . 358 500 (8,51)
საბერძნეთი . . . . . . .10 174 400 . . . .158 500 (2,56) . . . 406 000 (3,98)
პორტუგალია . . . . . 10 561 200 . . . . 61 800 (0,59) . . . 251 800 (2,38)
2 0 0 0 წ ე ლ ი
ნიდერლანდები . . . 15 794 000 . . . . 51 940 (0,33) . . . . 32 200 (0,21)
ბელგია . . . . . . . . . . .10 126 000 . . . . 39 250 (0,39) . . . 152 050 (1,51)
დანია . . . . . . . . . . . . . 5 267 000 . . . . 21 810 (0,42) . . . 123 580 (2,35)
ნორვეგია . . . . . . . . . . 4 443 000 . . . . 26 700 (0,60) . . . 222 000 (4,98)
საბერძნეთი . . . . . . .10 692 000 . . . 159 170 (1,49) . . . 291 000 (2,72)
პორტუგალია . . . . . . 9 875 000 . . . . 44 650 (0,45) . . . 210 930 (2,14)
როგორც ვხედავთ, ცივი ომის პერიოდში ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპულ სახელმწიფოებს განსხვავებული მიდგომები გააჩნდათ ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებისგან დასავლეთ გერმანიის ტერიტორიით დაშორებული ნიდერლანდების, ბელგიისა და დანიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომიანობის დროს ვარაუდობდა სამხედრო სამსახურში მოსახლეობის 1,0–2,8 %%-ის მობილიზებას; საბჭოთა კავშირის უშუალო მეზობელი ნორვეგიის სარდლობა კი ომიანობის დროს იძულებული იყო შეირაღებულ ძალებში საკუთარი მოსახლების 8,5 % გაეწვია, რასაც მალევე ბლოკის სხვა ქვეყნების დამხმარე ჯარებიც მოჰყვებოდნენ; საბერძნეთის ხელისუფლება, თურქეთის უშუალო მეზობლობის გამო, მაღალ მზადყოფნაში ინახავდა როგორც მშვიდობიანობის დროის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს (მოსახლეობის 1,56 %), ისე რეზერვებსაც (3,98 %).
ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს მცირე ევროპულმა სახელმწიფოებმა ეს მაჩვენებელიც, ბუნებრივია, შეამცირეს. როგორია ამ მხრივ მდგომარეობა ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებში?
ცხრილი 6
ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 და 2000 წლებში

სახელმწიფო . . . A . . . . . . . . . . . . B . . . . . . . . . . . . . C . . . . . .
1 9 9 1 წ ე ლ ი
ავსტრია . . . . .7 546 200 . . . . 44 000 (0,58) . . . 1 584 000 (21,0)
შვედეთი . . . . 8 340 200 . . . . 63 400 (0,76) . . . . 709 000 (8,50)
შვეიცარია . . . 6 503 800 * . . . . . . (*) . . . . . . . . . 625 000 (9,61)
ფინეთი . . . . . 5 023 200 . . . . 31 000 (0,63) . . . . .500 000 (9,95)
2 0 0 0 წ ე ლ ი
ავსტრია . . . . .8 138 000 . . . . 35 500 (0,44) . . . 1 065 000 (13,90)
შვედეთი . . . . 8 947 000 . . . . 52 700 (0,59) . . . . 570 000 (6,37)
შვეიცარია . . . 7 090 000 * . . . . . . .(*) . . . . . . . . .351 200 (4,98)
ფინეთი . . . . . .5 183 000 . . . .31 700 (0,61) . . . . 485 000 (9,36)
როგორც ვხედავთ, ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოები ცივი ომის პერიოდში და დღესაც მშვიდობიანობის დროს ინახავენ მოსახლეობის 0,45–0,75 %% რიცხოვნების რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს (შევეიცარიაში ეს სისტემა რამდენადმე სახეშეცვლილია), ომის შემთხვევაში კი ვარაუდობენ სამხედრო სამსახურში მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის გაწვევას. ეს კი მათი მცირე ტერიტორიების გათვალისწინებით, საკმარისად სერიოზული ძალაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობნისა და სუვერენიტეტის დასაცავად. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი რიცხოვნების ჯარებს შესაბამისი შეიარაღებაც გააჩნიათ. ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია ნატო-ს მცირე ევროპული სახელმწიფოებისა და ნეიტრალური ქვეყნების შეიარაღება ცივი ომის მიწურულს.
ნატო-ს ბლოკის წევრი მცირე ევროპული სახელმწიფოების ერთი ნაწილისა (ნიდერლანდები, ბელგია, დანია, პორტუგალია) და ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების სამხედრო მშენებლობის გამოცდილების შედარებისას არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ერთი გარემოება, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს ნებისმიერი ქრისტიანული ქვეყნის ხელმძღვანელობა {დ. დარჩიაშვილის შენიშვნა: რა დააშავა არაქრისტიანული ქვეყნის ხელმძღვანელობამ?}. საქმე იმაშია, რომ ბიბლიაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ნებისმიერი ადამიანი (იგულისხმება სახელმწიფოც) თავის იმედებს სხვა რომელიმე შეძლებულ ადამიანზე (სახელმწიფოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე) არ უნდა ამყარებდეს, ვინაიდან შეძლებული ადამიანი (სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია) შესაძლოა თავის დიდებასა და პატივს მოაკლდეს, ან სულაც გარდაიცვალოს და თავისი ფიქრები და იმედებიც მიწაში ჩაიტანოს.
ნეტარია ის ადამიანი (სახელმწიფო), რომელიც უწინარეს ყოვლისა, ღვთის რწმენითა და მასზე სასოებით, თავად ზრუნავს საკუთარი გაძლიერებისა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის. მაშინ ის აღარ იქნება დამოკიდებული სხვათა წარმავალ დიდებაზე, არამედ უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი ყოველთვის შეძლებს ფეხზე მყარად დგომასა და საკუთარი ინტერესების დაცვას (ჩვენი შენიშვნა: სახელდობრ ებრაელთა წინასწარმეტყველი მეფის დავითის 145-ე ფსალმუნი ამბობს: 1. აქებს სული ჩემი უფალსა. 2. ვაქებდე უფალსა, ცხოვრებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. 3. ნუ ესავთ მთავართა ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრებაჲ. 4 გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მის დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. 5. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაჲ მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა. 6. რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი რა არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე. 7. ჰყვის სამართალი ვნებულთაჲ და სცის საზრდელი მშიერთა. 8. უფალმან განჰხსნის კრულნი, უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი. 9. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაჲ ცოდვილთაჲ წარწყმიდოს. 10. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლადმდე). {დ. დარჩიაშვილის შენიშვნა: სად წერია აქ, მოსახლეობის რა პროცენტია საჭირო რეზერვში?}
ზემოთ განხილული მაგალითებიდან ნათლად მოჩანს, რომ ნიდერლანდების, ბელგიის, დანიისა და პორტუგალიის სამხედრო მშენებლობის პრაქტიკა ძლიერადაა დაშორებული უფლის სიტყვისგან, რაც სავარაუდოა, რომ ამ ქვეყნებს მომავალში მძიმე შედეგებით შემოუბრუნდება. {დ. დარჩიაშვილის შენიშვნა: ჩვენ ვართ საერო ორგანიზაცია, გვაქვს ურთიერთობები კოლეგებთან ბელგიიდან და ა.შ. რა უფლების ძალით უნდა ვუსაყვედუროთ მათ უფლის სიტყვისაგან დაცილება. რა ჩვენი საქმეა ეს!!!} მათ საპირისპიროდ, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების – საბერძნეთისა და ნორვეგიის, და განსაკუთრებით ევროპის ნეიტრალური ქვეყნების – ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის სამხედრო მშენებლობის გამოცდილება ითვალისწინებს უპირატესად საკუთარ ძალებზე დაყრდნობის ფუძემდებლურ კონცეფციას, რაც გაცილებით უფრო ახლოსაა წმიდა წერილში გამოთქმულ უფლის შეგონებასთან. ამიტომ ბუნებრივია, რომ ევროპაში საზღვრების გადასინჯვის ან სხვა რაიმე მიზეზით მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში ეს ქვეყნები უფრო ეფექტურად შეძლებენ საკუთარი ინტერესების დაცვას.
ცხრილი 7
ნატო-ს მცირე სახელმწიფოებისა და ევროპის ნეიტრალური ქვეყნების ძირითადი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – საბრძოლო ტანკები; B – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები; C – საველე საარტილერიო სისტემები; D – საბრძოლო თვითმფრინავები; E – დამრტყმელი ვერტმფრენები)
სახელმწიფო . . . . . . . A . . . . . . B . . . . . . C . . . . D . . . . . E
ნატო-ს მცირე ევროპული სახელმწიფოები
1 9 9 1 წ ე ლ ი
ნიდერლანდები . . . . 913 . . . 3216 . . . . 824 . . . 204 . . . . *
ბელგია . . . . . . . . . . . .359 . . . 1935 . . . . 376 . . . 185 . . . . –
დანია . . . . . . . . . . . . . 499 . . . . 595 . . . . 553 . . . 106 . . . . 3
ნორვეგია . . . . . . . . . . 211 . . . . 203 . . . . 527 . . . . 94 . . . . –
საბერძნეთი . . . . . . . 1879 . . . 2019 . . . 1908 . . . 448 . . . . –
2 0 0 0 წ ე ლ ი
ნიდერლანდები . . . . 330 . . . . 787 . . . . 397 . . . 157 . . . . *
ბელგია . . . . . . . . . . . .140 . . . . 588 . . . . 242 . . . 149 . . . . –
დანია . . . . . . . . . . . . . 248 . . . . 315 . . . . 475 . . . . 69 . . . . 12
ნორვეგია . . . . . . . . . . 170 . . . .314 . . . . 184 . . . . 79 . . . . –
საბერძნეთი . . . . . . . 1735 . . .2475 . . . 1894 . . . 458 . . . . 20
ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოები
1 9 9 1 წ ე ლ ი
ავსტრია . . . . . . . . . . . 159 . . . . 460 . . . . 484 . . . . . 54 . . . . –
შვედეთი . . . . . . . . . . .785 . . . . 800 . . . 1520 . . . . 470 . . . . –
შვეიცარია . . . . . . . . . 870 . . . .1350 . . . 1485 . . . . 289 . . . . –
ფინეთი . . . . . . . . . . . .120 . . . . 558 . . . 1150+ . . . 118 . . . . –
2 0 0 0 წ ე ლ ი
ავსტრია . . . . . . . . . . . 283 . . . . 533 . . . . 535 . . . . . 52 . . . . 11
შვედეთი . . . . . . . . . . .658 . . . 2067 . . . 1050 . . . . 250 . . . . –
შვეიცარია . . . . . . . . . 556 . . . .1585 . . . 1092 . . . . 154 . . . . –
ფინეთი . . . . . . . . . . . .230 . . . 1063 . . . 1937 . . . . . 64 . . . . –
როგორც მე-2, -3, -5, -6 და -7 ცხრილებიდან ჩანს ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს ცივი ომის პერიოდში ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპულ ქვეყნებთან დაახლოებით თანაბარი სამხედრო ხარჯები ჰქონდათ, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები რამდენადმე ნაკლები რიცხოვნებისა იყო (მოსახლეობის 0,58–76 %%), მაგრამ ომიანობის დროს ამ ქვეყნების სარდლობები გეგმავდნენ ნიდერლანდებთან, ბელგიასთან, დანიასთან, პორტუგალიასთან და საბერძნეთთან შედარებით გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების (მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის) გამოყვანას. ანუ ამ სახელმწიფოთა თავდაცვის ხარჯები ხმარდებოდა საკუთარი ტერიტორიის ოპერატიულ აღჭურვას, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების საქმიანობასა და სარეზერვო კომპონენტების პერიოდულ მომზადება-გადამზადებასა და მათი სამობილიზაციო სტრუქტურების დახვეწა-განვითარებას. ნატო-ს წევრი მცირე ევროპული ქვეყნების სამხედრო ხარჯები ამ ღონისძიებების გატარების გარდა ხმარდებოდა და დღესაც ხმარდება ზოგადბლოკური სწავლებების, მანევრებისა და სხვა ღონისძიებების გატარებასაც. ყოველივე ამის შედეგად საკუთრივ ეს სახელმწიფოები გაცილებით უფრო ნაკლებს ხარჯავდნენ და ხარჯავენ თავიანთი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.
III. 4. ნატო-ს წევრი და ნეიტრალური მცირე ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ანალიზი
ნატო-ს წევრი და ნეიტრალური მცირე ევროპული სახელმწიფოების სამხედრო მშენებლობისადმი ასეთი განსხვავებული მიდგომის საფუძველი უნდა ვეძიოთ მათი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიზნებსა და ამოცანებში.
ნიდერლანდები, ბელგია და დანია ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის დასავლეთ საზღვრიდან იზოლირებული იყვნენ გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ტერიტორიით, რომლის მოსახლეობაც 80-იანი წლების მიწურულს დაახლოებით 56 მლნ. ადამიანს შეადგენდა. ნატო-ს ბლოკში 60-იანი წლებიდან მიღებული “მეწინავე მიჯნებზე თავდაცვის” სტრატეგიული კონცეფციიდან გამომდინარე ალიანსის სამოკავშირეო სარდლობა ომის შემთხვევაში გეგმავდა უკვე ფედერაციული გერმანიის აღმოსავლეთ სასაზღვრო რაიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებას და მოწინააღმდეგის ჯარების თავისი ტერიტორიის სიღრმეში არ შეშვებას. შესაბამისად, დასავლეთ გერმანიის მთელი საზღვარი აღმოსავლეთ გერმანიასთან და ჩეხოსლოვაკიასთან ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დანაწილებული იყო ცალკეულ ზოლებად ბრიტანული რეინის არმიას, სამ დასავლეთგერმანულ, ორ ამერიკულ, თითო-თითო ჰოლანდიურ, ბელგიურ და დანიურ საარმიო კორპუსებს შორის; აქვე იდგა ცალკეული დასავლეთგერმანული დივიზია და კანადური ბრიგადაც. ევროპაში მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში როგორც ევროპის სახელმწიფოებში ითვალისწინებდნენ მობილიზაციის ჩატარებას, ისე აშშ-დან და კანადიდან ელოდნენ გაძლიერების ჯარების გადმოსროლას.
ასეთ პირობებში მრავალმილიონიანი სამობილიზაციო რესურსის მქონე ნატო-ს მსხვილი სახელმწიფოების სრდლობები, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ცივი ომის მიწურულს ევროპაში მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში უკვე საწყის ეტაპზე ვარაუდობდნენ შეიარაღებულ ძალებში 10 მლნ-ზე მეტი რეზერვისტის მობილიზებას. დაბალი პროცენტული წილის მიუხედავად ცენტრალური ევროპის ტერიტორიისთვის აბსოლუტური მნიშვნელობით 10-მილიონიანი სამოკავშირეო შეიარაღებული ძალები საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხოვნებისა უნდა ყოფილიყო. ამიტომ ნიდერლანდების, ბელგიისა და დანიის სარდლობები, მათი მცირე მოსახლეობის-და მიუხედავად აღარ თვლიდნენ საჭიროდ ომიანობის დროის შეიარაღებულ ძალებში საკუთარი მოსახლეობის 3 %-ზე მეტი ადამიანის გამოყვანას. შესაბამისად, მათი შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობაც საკმაოდ მოკრძალებული იყო.
სახელდობრ, 1991 წელს ნიდერლანდების სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო ერთი საარმიო კორპუსი, რომელშიც შედიოდა სამი მექანიზებული ქვეითი დივიზია (სულ სამი ჯავშსანსატანკო, ექვსი მექანიზებული ქვეითი და ერთი ქვეითი ბრიგადა, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები). ბელგიური არმიის საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო ერთი საარმიო კორპუსის შტაბი, ერთი ჯავშანსატანკო და სამი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, სპეციალური დანიშნულების ჯარების საპარაშუტო პოლკი, ცალკეული სატანკო, სადაზვერვო და საინჟინრო ბატალიონები, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების “ლანსების”, საველე და საზენიტო არტილერიის დივიზიონები. დანიის სახმელეთო ჯარებში – ასევე ერთი საარმიო კორპუსის შტაბი, ხუთი მექანიზებული ქვეითი და სამი ქვეითი ბრიგადა, სხვადასხვა ტიპის რამდენიმე ცალკეული ბატალიონი (დივიზიონი).
ვინაიდან ამ სახელმწიფოთა სარდლობები საკუთარ ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გადმოტანას არ მოელოდნენ, ამიტომ აქ ისინი შედარებით უფრო ხანდაზმული (35 წელზე მეტი ასაკის) რეზერვისტებისგან შემდგარი ტერიტორიული თავდაცვის ჯარებით ვარაუდობდნენ მხოლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას, შინაგანი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მოწინააღმდეგის დესანტებთან და სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლას და ა.შ. მე-5 ცხრილში მოყვანილი რეზერვისტების რიცხოვნებაში ნაჩვენებია როგორც საველე, ისე ტერიტორიული და ადგილობრივი თავდაცვის ჯარების საერთო დაგეგმილი რიცხოვნება. და იგი, როგორც ვთქვით, მეტად ჩამოუვარდება როგორც ამ სახელმწიფოთა სამობილიზაციო რესურსის, ისე ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოებისა და ისრაელის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ნატო-ს ორი სხვა მცირე სახელმწიფოს – საბერძნეთისა და ნორევეგიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომიანობის დროს გეგმავდა უფრო მნიშვნელოვანი რიცხოვნების შეიარაღებული ძალების მობილიზებას (შესაბამისად, მოსახლეობის 5,55 და 9,29 %%). ამისკენ საბერძნეთს უბიძგებდა, ერთის მხრივ, ნატოს სამხრეთ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრზე მისი მოკავშირე იტალიისა და თურქეთისგან შესაბამისად ადრიატიკისა და ეგეოსის ზღვებით იზოლირებულობა, რის გამოც თითოეულ ამ სახელმწიფოს მოუწევდა გაძლიერების ამერიკული და ბრიტანული ჯარების დახმარებით, მნიშვნელოვანწილად მაინც დამოუკიდებლად ეზრუნა საკუთარი თავდაცვის ამოცანების გადასაწყვეტად. მეორეს მხრივ, საბერძნეთს ისტორიული მტრობა გააჩნია თურქეთისადმი, ხოლო 70-იანი წლების დასაწყისიდან თურქული ჯარების მიერ აღმოსავლეთ კვიპროსის ოკუპირების გამო მათ შორის სხვადასხვა ფორმით გამოვლინებადი თანამედროვე სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტიც არსებობს.
ნორვეგიის სარდლობას ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის 8,5 %-ის მობილიზებას აიძულებდა საბჭოთა კავშირთან უშუალო მეზობლობა, სადაც საბჭოთა სარდლობას ლენინგრადის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე 1991 წლის მონაცემებით უკვე მშვიდობიანობის დროს განლაგებული ჰყავდა რვა დივიზია (ექვსი მოტომსროლელი, თითო-თითო საჰაერო-სადესანტო და საარტილერიო), სამი საარტილერიო ბრიგადა/პოლკი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების “სკადების” ხუთი ბრიგადა, საჰაერო-სადესანტო და სპეციალური დანიშნულების ჯარების თითო-თითო ბრიგადა, დამრტყმელი ვერტმფრენების პოლკი, ორი ტაქტიკური (საფრონტო) ბომბდამშენი, ცხრა გამანადგურებელი და ერთი სადაზვერვო ავიაპოლკი. მათ შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 1700-ზე მეტი საბრძოლო ტანკი, 600 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 1400 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების 80-მდე გასაშვები დანადგარი, 20 დამრტყმელი ვერტმფრენი, 420 საბრძოლო თვითმფრინავი და სხვა შეიარაღება.
როგორც ვნახეთ, ნორვეგიის მსგავსად ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოების სარდლობებიც ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში გეგმავდნენ მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის მობილიზებას. 5-მილიონიან ფინეთს ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში 90-იანი წლების დასაწყისში იარაღით ხელში უნდა გამოეყვანა 500 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან 300 ათასი საბრძოლო (საველე) ჯარებში და 200 ათასი ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში. გარდა ამისა, კიდევ 200 ათასი – იარაღის გარეშე (ზურგისა და დამხმარე სამსახურებში). ამ ძალებით ფინური სარდლობა ვარაუდობდა 27 ბრიგადის (ორი ჯავშანსატანკო, 20 სხვადასხვა ტიპის ქვეითი, ერთიც სანაპირო თავდაცვის), 70-მდე ცალკეული პოლკისა და ბატალიონის, ტერიტორიული თავდაცვის 200 ცალკეული ბატალიონისა და ასეულის, სამი საბრძოლო საავიაციო ფრთის, სადაზვერვო და სატრანსპორტო საავიაციო ესკადრილიების, ოთხი საზღვაო ესკადრის (საარტილერიო, სარაკეტო და საპატრულო კატარღების, აგრეთვე სანაღმო ომის წარმოების) დაკომპლექტებას.…
6,5-მილიონიან შვეიცარიას ომიანობის დროს უნდა უნდა გამოეყვანა 625-ათასიანი შეიარაღებული ძალები, რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც ნაჩვენები იყო სამი მექანიზებული, ექვსი ქვეითი და სამი სამთოქვეითი დივიზია (სულ სულ 12 დივიზია), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ცალკეული პოლკები, ბატალიონები და დივიზიონები, 11 სასაზღვრო ბრიგადა და სხვა ჯარები; 17 საბრძოლო საავიაციო ესკადრილია.
შვედური სარდლობა ომიანობის დროის შეიარაღებულ ძალებში (709 ათასი ადამიანი) ითვალისწინებდა 21 საბრძოლო ბრიგადისა და 100 ცალკეული ბატალიონის (დივიზიონის), ტერიტორიულ ჯარებში – 60 ცალკეული ბატალიონისა და 400–500 ცალკეული ასეულის, 20 საბრძოლო საავიაციო ესკადრილიისა და საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავების, სარაკეტო, საპატრულო კატარღებისა და სანაღმო ომის წარმოების (ნაღმგადამღობი გემებისა და ტრალერების) ესკადრების გამოყვანას.
თავისთავად ცხადია, რომ შვედეთის, შვეიცარიისა და ფინეთის მცირე ტერიტორიებისთვის ასეთი რიცხოვნებისა და საბრძოლო შემადგენლობის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დასაცავად. სწორედ ასეთი საბრძოლო შემადგენლობისა და შესაბამისი შეირაღების მქონე სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები წარმოადგენდნენ უპირატესად საკუთარ ძალებზე დაყრდნობის კონცეფციის რეალურ განხორციელებას, რომლის შესახებაც წინა თავში გვქონდა საუბარი. მეტად საგულისხმოა, რომ 1996 წლის აპრილის დასაწყისში “ნატო-ს ინფორმაციისა და პრესის ოფისის”, “ფრიდრიხ ებერტის ფონდისა” და “კავკასიური ინსტიტუტის” ინიციატივით თბილისში კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ჩატარდა საქართველოში ნატოს პირველი წარმომადგენლობითი კონფერენციია თემაზე “მცირე სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება”. აღნიშნული კონფერენციის მუშაობაში სამხედრო მშენებლობის საკითხების განხილვისას აქტიურად მონაწილეობდა ამერიკელი ექსპერტი ქენეთ ბრაუერი, რომლის საქართველოში ჩამოსაყვანად საგანგებოდ გაიღო თანხები “ფრიდრიხ ებერტის ფონდმა”. ბ-ნმა ბრაუერმა კერძოდ განაცხადა:
“რესურსები, რომლებსაც ქვეყანა საკუთარი თავდაცვისთვის გამოყოფს, ხალხი და კაპიტალია. ნატო-ს წევრ ქვეყნებში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18–38 წლის მამაკაცთა მხოლოდ 2–10%. ეს იმიტომ, რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებენ იმავე ასაკის მამაკაცების 100 %. რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში ხუთმილიონიანი მოსახლეობაა, ნატოს პრაქტიკის თანახმად ომის შემთხვევაში მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ. მაგრამ რეალურად 5 მილიონ ადამიანზე შესაძლებელია 550-ათასიანი არმიის მობილიზებაც. ეს დიდი ძალაა.
ნატო-ს ქვეყნებში თავდაცვას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით [სხვა სახელმწიფოს იმედად ყოფნის ტიპიური ნიმუში – ი. ხ.]. ნატო-ს ქვეყნები თავდაცვაზე ხარჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 2–2,5 %. აშშ კი ხარჯავს 5–6 %. ბევრ სხვა ქვეყანაში თავდაცაზე საერთო ეროვნული პროდუქტის 5%-ზე მეტს ხარჯავენ და მაინც კარგი ეკონომიკური შედეგები აქვთ. მაგალითად, ავიღოთ ისრაელი. იგი თავდაცვაზე საერთო ეროვნული პროდუქტის 9 % ხარჯავს. მაგრამ ასეთ ქვეყნებში ცხოვრების დონე დიდი შვიდეულის ქვეყნების ცხოვრების დონის 50 % მაინც არის”.
ბ-ნ ბრაუერის ნათქვამის გათვალისწინებით ჩვენი მკითხველის ყურადღებას მივაქცევთ ერთ გარემოებას. მეტად სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ბრმად უჯერებენ ჩვენში მომუშავე ნატოელ მრჩეველთა ჯგუფის (ხელმძღვანელი ბრიტანელი გენერალი სერ ჰარი ჯონსონი) რეკომენდაციებს, თვალს ხუჭავენ თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) სამხედრო მშენებლობის თეორიასა და პრაქტიკაზე და “ნატო-ს სტანდარტების” ყალბად გაგებული ლოზუნგით ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობის სფეროში ხელმძღვანელობენ მხოლოდ ნიდერლანდების, ბელგიისა და დანიის გამოცდილებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მკვეთრად განსხვავდება დასავლეთ ევროპის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში არსებული ვითარებისგან. აქ ერთის მხრივ თურქულ-დასავლურ ალიანსს (იგივე ნატო-ს) და მეორეს მხრივ, უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებულ რუსეთ-ირან-ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს შორის, დასავლეთის მმართველი წრეების ინიციატივითა და პროვოცირებით მიმდინარეობს სამხედრო დაძაბულობის ესკალაცია. {დ. დარჩიაშვილის შენიშვნა: ეს ხომ ბრალდებაა - დასავლეთი პროვოკატორია?}
ასეთ პირობებში, ჩვენი აზრით, საქართველოს თავდაცვის სისტემის მშენებლობისა და განვითარების საქმეში უფრო უპრიანი იქნებოდა გვეხელმძღვანელა არა პოტენციური სამხედრო მუქარის რაიონიდან გეოგრაფიულად დაშორებული ჰოლანდია-ბელგია-დანია-პორტუგალიის მაგალითით, არამედ ასეთი მუქარის რაიონში მყოფი საბერძნეთ-ნორვეგიის ან ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის სამხედრო მშენებლობის გამოცდილებით.
თავი. IV. საქართველოს სავარაუდო ნეიტრალიტეტის შესახებ
საქართველოს სავარაუდო ნეიტრალიტეტის შესახებ მსჯელობა უპრიანია დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზით. დღესდღეობით არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის გარემოება, რომ 2000-იანი წლების დასასწყისში ამიერკავკასია იქცა დასავლეთის, რუსეთისა და ირანის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების სულ უფრო მზარდი სიმწვავით დაპირისპირების რაიონად. ამის შესახებ სულ ახლახანს აცხადებდნენ საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და სხვა სახელმწიფო მოხელენი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჩატარებულ ღია მოსმენაზე.
ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ ამ დაპირისპირების ინიციატივა მოდის დასავლეთის მმართველი წრეებიდან. {დ. დარჩიაშვილის შენიშვნა: დაპირისპირება, თუ კი იგი არსებობს, მოდის ადგილობრივი ძალების სურვილიდან, იყვნენ დამოუკიდებელნი.} საქმე იმაშია, რომ ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო-ს სახელმწიფოების უმეტესობამ თავისი სამხედრო ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა, თურქებმა კი ეს ხარჯები გააორმაგეს (1990 წლის 5,0 მლრდ ამერიკული დოლარის ნაცვლად 1999 თურქეთის სამხედრო ხარჯები შეადგენდა უკვე 10,1 მლრდ დოლარს). გაწეული ხარჯების სანაცვლოდ აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო-ტექნიკური დახმარებით თურქულმა სარდლობამ საფუძვლიანად განაახლა თავიანთი ძირითადი შეტევითი შეიარაღება – ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე არტილერია, ტაქტიკური საბრძოლო ავიაცია, წყალქვეშა და წყალზედა საბრძოლო საზღვაო ფლოტი.
მეტად საყურადღებოა, რომ 80-იანი წლების შუახანებში თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა შემდგომში პრეზიდენტმა აწ გარდაცვლილმა თურგუთ ოზალმა დასავლური პრესის ერთერთი ავტორიტეტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთს დიდი პრეტენზიები არ გააჩნია, ვინაიდან ეს მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა – ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდეო. ანუ თურქეთის “რეგიონული სახელმწიფოს” ფარგლებში შეიძლება მოვიაზროთ ბალკანეთის ტერიტორია და ოტომანთა იმპერიაში ისტორიულად შემავალი სხვა ევროპული მიწები, ამიერ- და ჩრდილო-კავკასია, ჩრდილო-დასავლეთ ირანი, ცენტრალური აზია (ტაჯიკეთის გამოკლებით, სადაც უპირატესად ირანულ-ავღანული მოდგმის ხალხები ცხოვრობენ), ვოლგისპირეთი, სამხრეთ-დასავლეთ ციმბირი და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთი (ჩინეთის უიღურსტანი, სადაც ამ ქვეყნის პირობებში საკმაოდ მნიშვნელოვანი სეპარატისტული მოძრაობაა განვითარებული). {დ. დარჩიაშვილის შენიშვნა: მსგავსი არაფერი უთქვას ოზალს, რეგიონული სახელმწიფოს საზღვრები კი არ შემოუხაზავს, არამედ იმ რეგიონის, სადაც თურქეთს ინტერესები გააჩნია. ასე მაგალიტად, საქართველოსათვის რეგიონია კავკასია-შავი ზღვა. ნიშნავს ეს, რომ საქართველოა ყველაფერ ამაზე პრეტენზიის მქონე?}
და ასეთი ტერიტორიული პრეტენზიების მქონე სახელმწიფოს აშშ და გერმანია მთელი 90-იანი წლების განმავლობაში მიზანმიმართულად აძლიერებდნენ, თანაც ეს ხდებოდა “ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების” ლოზუნგით. მაგრამ თურქეთის ექსპანსიონისტური (გაფართოების) პრეტენზიები ეხება ისეთი მსხვილი სახელმწიფოების არა მხოლოდ იმპერიულ ამბიციებს, არამედ ტერიტორიულ მთლიანობასაც, როგორიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი. ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ თურქულ-დასავლური ალიანსის საწინააღმდეგოდ ჯერ 90-იანი წლების დასაწყისშივე განვითარდა რუსეთისა და ირანის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, ხოლო შემდეგ, 1999 წლის მეორე ნახევარში, მათ კავშირს ჩინეთიც აშკარად შეუერთდა (როდესაც იმხანად პეკინში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი, ჩინური ხელმძღვანელობის თანხმობით, ღია სატელევიზიო ეთერით დაემუქრა ამერიკულ ადმინისტრაციას და რუსეთის სტრატეგიული შეტევითი პოტენციალის ძალა და მნიშვნელობა შეახსენა).
მანამდე კი, 90-იან წლებში დასავლეთის მმართველი წრეების მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერების საპასუხოდ ეუთო-ში რუსეთის წარმომადგენლებმა დააყენეს ამ ორგანიზაციის ეგიდით 1990 და 1992 წლებში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით რუსეთისთვის საფლანგო რაიონში რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მშვიდობიანობის დროს მუდმივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების გაზრდა. 1996 წელს იმავე ამერიკელთა აქტიური მხარდაჭერით, ვენაში ჩატარებულ ეუთო-ს კონფერენციაზე რუსეთს გაუზარდეს ეს კვოტები, თანაც დააკონკრეტეს მოჯავშნული საბრძოლო მანქანების გაზრდილი რაოდენობის განაწილების სურათი სწორედ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე (ასტრახანის, ვოლგოგრადისა და როსტოვის ადმინისტრაციულ ოლქებში). მართალია რუსეთის ჩვეულებრივი შეიარაღების საფლანგო კვოტები ეხება ლენინგრადის სამხედრო ოლქსაც, მაგრამ ზემოთ მოყვანილი განაწილების დაკონკრეტება იმის მაჩვენებელია, რომ 1996 წელს მათი გაზრდა მოახდინეს სწორედ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდენობის გასაზრდელად.
ყოველივე ზემოთქმული ნათლად მიგვითითებს, რომ 90-იან წლებში დასავლეთის მმართველი წრეების ინიციატივით ამიერკავკასიის საზღვრების მახლობლად მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს შეტევითი შეიარაღების ზრდა და, შესაბამისად, თურქულ-დასავლურ ალიანსსა და რუსეთ-ირან-ჩინეთის კავშირს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ესკალაცია, რომელსაც ზოგჯერ ღია, ზოგჯერ კი ფარული ფორმებით აწარმოებენ (ამ პროცესის კვლავაც მიმდინარეობის აშკარა დადასტურებაა პენტაგონის მიერ 2000 წელს თურქეთისთვის ATACMS სისტემის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები აღჭურვილობის გადაცემა, ხოლო რაც შეეხება ნატო-ს ბლოკსა და რუსეთს შორის მომდინარე დაახლოების პროცესს, ეს შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური თამაშებიც იყოს, როგორც მომავალი ომის აცილების, ისე მისი ამა თუ იმ ფორმით გაჩაღების მიზნით).
ასეთ პირობებში სავარაუდოა, რომ, თავიანთი არსით, საქრთველოს სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წინააღმდეგი იყვნენ როგორც დასავლეთის მმართველი წრეები, ისე რუსეთიც, რომლის ხელმძღვანელები მთელი ამ დროის განმავლობაში იმ მიზნით კი არ ტეხდნენ განგაშს, რომ აშშ-გერმანიის მიერ თურქული შეიარაღებული ძალების არაადექვატური გაძლიერება აღეკვეთათ, არამედ ისინი უპირატესად თავიანთ სამხრეთ ფლანგზე საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საარტილერიო შეიარაღების კვოტების გაზრდაზე ზრუნავდნენ. ამიტომ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ რუსეთსაც უნდა აწყობდეს დასავლეთის მიერ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ინსპირირებულ ომში ჩაბმა და ომის მეშვეობით დაბრუნება იმ პოზიციებისა, რომლებიც 90-იან წლებში პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაკარგა (ან მნიშვნელოვნად შეერყა). ამის შესახებ 1999 წლიდან არაეთხელ გვითქვამს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელობისთვის, ქართულ პრესაშიც ვაქვეყნებდით წერილებს, ამჟამად კი უფრო დეტალურ ინფორმაციას ვამზადებთ მთლიანად პარლამენტისთვის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ “ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების”, “მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბების”, “ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების” და სხვა მსგავსი ლოზუნგებით დასავლეთის მმართველი წრეები კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ამზადებდნენ დიდ ომს რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიციასთან და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. დაპირისპირებულ მხარეთა ტერიტორიული, მოსახლეობის, ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა შესაძლებლობების გათვალისწინებით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს ომი გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში.
ასეთ პირობებში საქართველოს ხელისუფლებას სასურველია თავიდანვე (ან მას შემდეგ, რაც გააცნობიერა დასავლეთის მმართველი წრეების მიერ კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით დიდი ომის მზადებისგან ჩვენი ქვეყნისთვის წარმოქმნილი საშიშროებანი) ეზრუნა ამ ომის ამიერკავკასიისა და საქართველოსგან აცილებისთვის. ეს ძნელი ამოცანა არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან რუსეთი, ირანი და სომხეთი იმთავითვე სისლხორცეულად იყვნენ დაინტერესებულნი ნატო-ს ბლოკის კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით არგაფართოებაში და რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი გავლენიანი პირები 90-იანი წლების შუახანებიდან დაბეჯითებით მოითხოვდნენ ჩვენგან ამ საქმეში მათთვის მხარდაჭერას. მართალია მაშინ ქართულ საზოგადოებაში დიდი იყო რუსეთის მმართველი წრეებისადმი დაპირისპირება აფხაზეთში რუსული პოლიტიკისა და კრემლისადმი დაქვემდებარებული ძალების მიერ იქ ჩადენილი უამრავი მხეცობის გამო, მაგრამ, თუკი საქართველოს ხელისუფლება იმთავითვე იზრუნებდა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით დაკავებულ სტრუქტურებში კვალილიფიციური სპეციალისტების დასაქმებაზე, მაშინ მათი მუშაობით უთუოდ ნათელი გახდებოდა, რომ კავკასიაში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტების ნამდვილი ინსპირატორები სწორედ დასავლეთის მმართველი წრეები არიან, ხოლო რუსეთი, თავისი დიდმპყრობელური ამბიციებიდან გამომდინარე, საერთო ჯამში, მათ მიერ დაწერილი სცენარების ფარგლებში მოქმედებს. ასეთ პირობებში შესაძლებელი და ლოგიკური უნდა ყოფილიყო რუსეთთან ისტორიული მტრობისა და ბოღმის უკანა პლანზე გადაწევა, უკანასკნელ წლებში კრემლთან დაგროვილ სადავო საკითხებში, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი შეცდომების გაცნობიერება და ამიერკავკასიაში მსხვილმასშტაბიანი ომის აცილების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული ფორმით ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის აწყობა. საქართველოს მხრიდან ასეთი ინიციატივის გამოჩენისა და ქვეყნისთვის გულშემატკივარი და თავისი საქმის მცოდნე სპეციალისტების შეთანხმებული საქმიანობის საფუძველზე, ჩვენი აზრით, შესაძლებელი იქნებოდა ამ თანამშრომლობაში რუსეთის მხრიდან დიდმპყრობელური ამბიციების მნიშვნელოვნად შეზღუდვა და განეიტრალება, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს გაცილებით უფრო უკეთეს პირობებში ჩააყენებდა.
სამწუხაროდ თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით დაკავებულ სახელმწიფო სტრუქტურებში კვალიფიციური კადრების დასაქმებას საქართველოს ხელისუფლება ამჟამადაც ერიდება, როდესაც აშკარად გამოიკვეთა ამიერკავკასიაში დიდი ომის გაჩაღების რეალური საშიშროება და უკიდურესად აუცილებელია ასეთი ადამიანების შეთანხმებული და მიზანმიმართული მუშაობა. რაც შეეხება საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტს, დღევანდელ პირობებში თავისი შინაგანი არსით ამის წინააღმდეგი უნდა იყვნენ როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის მმართველი წრეებიც. პირველნი იმის გამო, რომ თავად ამზადებენ ამიერკავკასიაში ომს, მეორენი კი იმის გამო, რომ უკვე ჩაერთვნენ დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ თამაშში და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ჩართვის სანაცვლოდ შესაბამის დაპირებებსაც მიიღებდნენ. ამაზე აშკარად მიგვანიშნებს გაზეთ «Независимое Военное Обозрение»-ში 2001 წლის 21–27 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული მეთაური წერილი სათაურით “რუსეთი აკეთებს სტრატეგიულ არჩევანს”, სადაც ნათქვამია: “უკვე საეჭვოა გამოსადეგი იყოს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ანალიზები და პროგნოზები, რომელთა არსიც მკაფიოდ დაიმზირება სწავლებათა «Боевое Содружество-2001» ჩანაფიქრში, სადაც ყველაზე უფრო ბოროტ მტრებად მიჩნეულია აშშ და “ნატო-ს აგრესიული ბლოკი”, რომლებსაც გამოაქვთ “მტრული გეგმები” კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში [იგულისხმება დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია – ი. ხ.] მონაწილე სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით. სამხედრო-საჰაერო ძალების შორეული ავიაციის [Ту-22M მძიმე ბომბდამშენების] უკანასკნელი აპრობაციები საერთოდ ატარებდა ანტიამერიკულ ხასიათს და შეწყვეტილ იქნა აშშ-ში სუპერტერაქტების შემდეგ ვაშინგტონის თხოვნით”. ასეთ პირობებში ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამერიკის თხოვნაზე საპასუხოდ თავის მოთხოვნებსა და წინადადებებს წამოაყენებდა და ვაშინგტონის ადმინისტრაციისგან შესაბამის გარანტიებსაც მიიღებდა. ამიტომ ბუნებრივია დავასკვნათ, რომ დღესდღეობით თუნდაც თავის მხარეზე ჩათრეული საქართველოს მიმართ რუსეთის ხელმძღვანელობას გაცილებით უფრო მეტი პოლიტიკური მადა გაუჩნდება და მისი მოთხოვნებიც გაცილებით უფრო მკაცრი იქნება.
ასეთ ვითარებაში, ალბათ, საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებისა და დიდი სახელმწიფოების მიერ ამ ნეიტრალიტეტის ცნობის შემთხვევაშიც კი, დაპირისპირებული მხარეები სერიოზულად არ იფიქრებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე და ორივე მსოფლიო ომის გამოცდილების გათვალისწინებით ძალიან ადვილად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ნეიტრალიტეტს. მეორეს მხრივ, საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემდეგ საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებით რუსეთის სამხედრო ბაზებმა უნდა დატოვონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ამის კვალდაკვალ კი საქართველო დარჩება უკიდურესად სუსტი საკუთარი შეიარაღებული ძალების ამარა, რომელსაც სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის 2000 წლის მონაცემებით გააჩნია მხოლოდ 79 საბრძოლო ტანკი (მათგან 31 შედარებით თანამედროვე Т-72, ხოლო 48 უკვე გვარიანად მოძველებული Т-55 ტიპისა), 185 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 109 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათგან მხოლოდ სამი თვითმავალი ჰაუბიცა), სამი დამრტყმელი ვერტმფრენი და შვიდი საბრძოლო თვითმფრინავი. ამ რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღებით ჩვენი ქვეყანა ვერანაირად ვერ შეძლებს საკუთარი ნეიტრალიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
სახელმწიფო ნეიტრალიტეტის სამხედრო უზრუნველყოფის ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით რეზერვისტების საჭირო რიცხვის მოსამზადებლად, აგრეთვე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის იარაღით მათ შესაიარაღებლად საჭირო იქნება გარკვეული დრო, რომლის თაობაზეც უფრო კონკრეტულად საუბრობდა იგივე ბ-ნი ქენეთ ბრაუერი 1996 წელს თბილისში ჩატარებულ ზემოაღნიშნულ კონფერენციაზე. სახელდობრ მან განაცხადა: “არსებობს პროპორცია ქვეყანაში არსებული იარაღის საერთო ღირებულებასა და თავდაცვის ბიუჯეტს შორის. ნატო-ში ეს ორი ერთზეა. თუ თავდაცვის ბიუჯეტი ერთი მილიარდია, მაშინ კუთვნილი იარაღის საერთო ღირებულება ორი მილიარდი უნდა იყოს. ისრაელში სხვაგვარადაა, რადგან ამ ქვეყანამ ბევრი იარაღი ფაქტობრივად უფასოდ მიიღო [როგორც აშშ-გან მიღებული, ისე არაბებთან ომებში ნადავლად მოპოვებული – ი. ხ.]. იქ აქვთ ექვსი მილიარდის იარაღი, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტი ერთი მილიარდია.
მაგრამ აქ ჩნდება მეორე პრობლემა. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. ცუდი ტანკი მკვდარი ტანკია, ძველი თვითმფრინავი უბრალო სამიზნეა. თუ გინდათ აღლუმები, იყიდეთ ჯართი, რომელიც არავის აშინებს. მაგრამ ჯარისკაცთა დიდი ნაწილი რეალისტია და მათ ილუზიებით ვერ იყიდით. როდესაც არ კმარა ფული სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვისთვის, ჯავშანსატანკო ტექნიკისა და ფლოტისთვის, მაგრამ მაინც ცდილობთ ჯარის ამ სახეობათა შექმნას, გექნებათ მხოლოდ დაბალი ტექნოლოგიები. თქვენს ჯარებს სამიზნეებად აქცევთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო ძალებია. მას არ სჭირდება დიდი ფინანსები, მაგრამ ქვეითი ჯარი მაღალი დონისა უნდა იყოს. პატარა ქვეყანას შეუძლია იყიდოს შაშხანები, რადიოგადამცემები, ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი [დავუმატებდით ლულიან და რეაქტიულ არტილერიას, აგრეთვე დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლის შედარებით იაფ საზენიტო საშუალებებს – ი. ხ.]. პატარა ქვეყნისთვის გამარჯვება ნიშნავს დამარცხების თავიდან აცილებას. საჭიროა მტერთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის თავის არიდება და კომუნიკაციების შენარჩუნება.
პატარა ქვეყნებში არმია მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. აქ თავდაცვის პრობლემა წყდება პროფესიული კადრებისა და გაწვევაზე დამყარებული სარეზერვო სისტემის წყალობით. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს. მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალაც. ამისთვის საკმარისია 18-თვიანი გაწვევა. ამ ვადის პირველი მესამედის მანძილზე ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წვრთნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადებას ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს. შემდეგ იგი გადადის რეზერვში და მას ახალი შეცვლის. ესაა უწყვეტი ჯაჭვი და ხუთ-ექვს წელიწადში იარსებებს მაღალკვალიფიციური არმია. იწყებთ პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლებათ 500-ათას კაციანი რეზერვი. იმედია, ამ დროისთვის ფულიც გექნებათ” [სათანადო შეიარაღების შესაძენად – ი. ხ.].
ბ-ნ ბრაუერისეული განმარტებითა და ევროპის ნცირე ნეიტრალური სახელმწიფოების სამხედრო მშენებლობის გამოცდილებით, საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის აუცილებელია, შეძლებისდაგვარად თვითუზრუნველყოფადი ეკონომიკისა და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება. ამ უკანასკნელს ომიანობის დროს გამოსაყვანად უნდა ჰყავდეს 400–500 ათასი მომზადებული რეზერვისტი, ხოლო მათ შეიარაღებაში შესაძლოა ვივარაუდოთ 500–600 თანამედროვე საბრძოლო ტანკი, 900–1000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 700–800 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სხვა საშუალებების საჭირო რაოდენობა, ტაქტიკური და სარმიო ავიაცია, სანაპირო არტილერია და ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, საარტილერიო, სარაკეტო და საპატრულო მცირე ხომალდებისა და კატარღების საჭირო რაოდენობა, ზღვაში სანაღმო ომის წარმოების ხომალდები, სადესანტო გემები და კატარღები, უზრუნველყოფის გემები, საბაზო საპატრულო ავიაცია, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ვერტმფრენები და ა.შ.
ქვეყნის შეიარაღებული ძალების ამ მდგომარეობამდე მისაყვანად აუცილებელია ხელისუფლების ნება, შესაბამისი სტრუქტურების მიზანმიმართული კვალიფიციური საქმიანობა და დროის გარკვეული პერიოდი – ბ-ნ ქენეთ ბრაუერის განმარტებით დაახლოებით 20 წელიწადი.
ამ ვადის განმავლობაში საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ორიენტაციისა და ჩვენი ხელისუფლების მიერ დასაკავებელი შესაძლო რაციონალური პოზიციის გასარკვევად აუცილებებია რამოდენიმე სიტყვით უფრო დეტალურად შევეხოთ საქართველოს გარშემო ძირითადი დაპირისპირებული მხარეების – რუსეთისა და თურქეთის საჯარისო შენაერთების განლაგებასა და მზადყოფნას. ეუთო-ს ოფიციალური მონაცემებით 1998 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში განლაგებული თურქეთის მე-3 საველე არმიის საბრძოლო შენაერთებიდან პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით ყველაზე უფრო სრულად დაკომპლექტებული და მაღალ სამობილიზაციო მზადყოფნაში მყოფი ჯარები განლაგებული იყო ქალაქებში სარიყამიშში, არტაანსა და ტრაპიზონში (საქართველოს მიმართულებით) და დოღუბაიაზითში (აზერბაიჯანის ნახჭევნის ოლქის მიმართულებით). ანუ თურქული სარდლობა ხელსაყრელ პირობებში მოულოდნელი დარტყმებით უნდა გეგმავდეს სწორედ საქართველოსა და ნახჭევნის ოლქის დაკავებას, სადაც სომხეთთან შედარებით გაცილებით ნაკლებ წინააღმდეგობას მოელის.
მაგრამ ეს ცნობილია რუსული სამხედრო ხელმძღვანელობისთვისაც და ამიტომ ტრაპიზონში დისლოცირებული 48-ე ქვეითი ბრიგადის საპირისპიროდ ქ. ბათუმში მას განლაგებული ჰყავს 12-ე სამხედრო ბაზა, ხოლო სარიყამიშსა და არტაანში დისლოცირებული თურქული მე-9 ქვეითი დივიზიისა და 25-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის საპირისპიროდ, ახალქალაქსა და გიუმრიში (სომხეთი) განლაგებული ჰყავს 62- და 102-ე სამხედრო ბაზები. თავად ეს ბაზები სუსტი შემადგენლობისაა და თურქების შემოტევას დიდხანს ვერ შეაკავებენ. ამიტომ დაუყოვნებლივ მათ დასახმარებლად რუსულ სარდლობას ქალაქებში ვლადიკავკაზში, ვოლგოგრადსა და ტოცკოეში (სამარასთან,) დისლოცირებული ჰყავს კარგად დაკომპლექტებული და საბრძოლველად მზადმყოფი სამი მოტომსროლელი დივიზია (19-, 20- და 27-ე), ქ. ბოგუჩარში (ვორონეჟთან) – სატანკო დივიზია (10-ე), ნოვოროსიისკში – საჰაერო-სადესანტო დივიზია (მე-7). თითო-თითო რუსული საჰაერო-სადესანტო დივიზია განლაგებულია ქალაქებში: ტულაში, ივანოვოში, ფსკოვსა და ულიანოვსკში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ისინი მუდმივად მაღალ მზადყოფნაში იმყოფებიან და რუსული სამხედრო ხელმძღვანელობისთვის სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაჯარისო შენაერთებზე დამატებით, ერთი-ორი საჰაერო-სადესანტო დივიზიის სამხრეთის მიმართულებაზე გადმოსროლა.
სახმელეთო და საჰაერო-სადესანტო შენაერთების განლაგებისა და მზადყოფნის გარდა მეტად საიტერესოა ისიც, რომ რუსულ სარდლობას ტაქტიკური ბომბდამშენი და მოიერიშე საავიციო პოლკების მნიშვნელოვანი რაოდენობა განლაგებული ჰყავს სწორედ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში და მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში, ანუ სავარაუდო საბრძოლო მოქმედებების რაიონის მახლობლად. 1998 წლის ეუთო-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე ნაჩვენები იყო ოთხი მოიერიშე და ექვსი ბომბდამშენი საავიციო პოლკი, ხოლო მათ შეიარაღებაში მოითვლებოდა 155-მდე მოიერიშე Су-25 და 195-მდე საფრონტო (ტაქტიკური) ბომბდამშენი Су-24 თვითმფრინავი; ამათ შეგვიძლია დავუმატოთ მოსკოვის სამხედრო ოლქში განლაგებული შორეული ავიაციის 30-მდე მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავი Ту-22М, რომლებიც დღესდღეობითაც რეგულარულად დაფრინავენ საქართველოს ცაში (სწორედ მათ დატოვებულ თეთრ კვალს ვუმზერთ ხოლმე ხშირად თბილისის თავზე), და მაშინ ადვილად წარმოვიდგენთ სავარაუდო ნგრევებისა და მსხვერპლის იმ მასშტაბებს, რომლებიც საქართველოს ელოდება “ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების” მიზნების განხორციელებისას თრქულ-დასავლურ ალიანსსა და რუსეთ-ირან-ჩინეთის კავშირს შორის ამიერკავკასიაში მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემდეგ.
აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უფრო გონივრული იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიეღო რუსეთის ფედერაციის წინადადება საქართველოს ტერიტორიაზე ბათუმსა და ახალქალაქში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების 14–20 წლით დატოვების შესახებ, და ამ ბაზების საფაველქვეშ აქტიურად ეზრუნა აღნიშნულ ვადებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების საჭირო დონემდე მისაყვანად. ასეთი ღონისძიებების გასატარებლად აუცილებელი წინაპირობები ჩვენში არსებობს. ხოლო ეკონომიკურად თვითუზრუნველყოფად და თავდაცვისთვის საკმარისი სამხედრო მანქანის მქონე ქვეყანას უკვე თავად შეეძლება როგორც საკუთარი ინტერესების შესაბამისი საგარეოპოლიტიკური კურსის წარმართვა, ისე შესაძლო მოკავშირეების (ალიანსების) განსაზღვრა ან საერთაშორისო დონეზე თავისი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის დაფიქსირებისთვის ზრუნვაც.
დღესდღეობის კი ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით უკიდურესად სუსტი საქართველო არანაირ ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენს დასავლეთისა თუ რუსეთისთვის და არც მის სიტყვას აქვს რაიმე ღირებული ფასი. ამის ნათელი დადასურებაა თუნდაც რუსეთის დამოკიდებულება 2001 წელში საქართველოს ხელისუფლების მიერ შესაძლო ნეიტრალიტეტზე ალაპარაკებასთან დაკავშირებით. მაშინ რუსეთის მმართველმა და სხვა პოლიტიკურმა წრეებმაც მოიწონეს ეს აზრი. მაგრამ საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთის სამხედრო ბაზებმა უნდა დატოვონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, და ცხადია, რომ რუსეთს ამის გაკეთება არ სურს. ამიტომ იგი ვერ იქნება მართლაც საქართველოს სახელმწიფო ნეიტრალიტეტის მომხრე. უბრალოდ იმ შემთხვევაში რუსეთის მოწონება დაიმსახურა მხოლოდ მანამდე ჩვენში არსებული დასავლური ციებ-ცხელების რამდენადმე განელებამ. ამდენად ნათლად ჩანს, რომ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ხელისუფალნი საკუთარი გაძლიერებისთვის არმზრუნველ და უპირატესად უცხოელთა დახმარებაზე დაიმედებულ საქართველოს განიხილავენ ადვილად გასაცვლელ და დასახურდავებელ მონეტად, რაც სავსებით ლოგიკურია.
ამ მხრივ უპრიანი იქნებოდა გაგვეხსენებია 18-ე საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI მეფობის დროს ქართლ-კახეთის თავზე დატეხილი თურქულ-ლეკურ-ირანული დაპყრობა-აწიოკების მწარე სურათი, რაც ასე ხატოვნად აქვს აღწერილი დავით გურამიშვილს თავის პოემაში “ქართლის ჭირი”. იმ დროს საუკუნოვანი თურქულ-ირანული შემოსევებისგან გაწამებულ ქართლის მეფეს რუსეთის იმპერატორმა პეტრე I სამხედრო-პოლიტიკური კავშირი და ირანის აზერბაიჯანში ერთობლივი ლაშქრობა შესთავაზა. ქართლის მეფემ ვახტანგმა და დიდებულთა ერთმა ნაწილმა სიხარულითა და მზადყოფნით მიიღეს პეტრე დიდის წინადადება და ერთმორწმუნე რუსეთით მუსლიმანი მეზობლების აგრესიულ მისწრაფებათა დაბალანსების მოიმედეებმა ყური არ ათხოვეს დარბაისელთა მეორე ნაწილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას უფრო ზომიერი და წინდახედული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე. როგორც ვიცით, ვახტანგ მეფემ აზერბაიჯანში გაილაშქრა და ამით ღიად გამოვიდა ირანის წინააღმდეგ, ხოლო პეტრე I პირობა ვერ (ან არ) შეუსრულა და თავდაპირველი გაბრძოლების შემდეგ ქართლის მეფე შურისმაძიებელი შაჰის წინააღმდეგ მარტო დატოვა.
ირანის ცენტრალურმა ხელისუფლებამ, თავის მაშინდელი სისუსტის გამო, კახეთის მეფის კონსტანტინეს (მაჰმად ყული ხანის) მეშვეობით სცადა და ქართლის სამეფო მას გადასცა. თავიდან კონსტანტინეს ვახტანგ VI-თან კავშირის შეკვრა სურდა, მაგრამ ეს საქმე ისევ ვახტანგის ძმის იესეს მზაკვრობით ჩაიშალა, რასაც ქართლ-კახელთა შორის ურთიერთქიშპი და ქვენა ანგარიშებიც დაემატა, არც ვახტანგ მეფესა და ბაქარ ბატონიშვილს ჰქონდათ თანხმობა რუსეთსა და ირანთან მიმართებაში – “მამა რუსეთს იზიდევდა, შვილი ყეენისა კარა”. ანუ ასეთ პირობებში აღმოსავლეთ საქართველოს შიდა რესურსებიც კი არ აღმოაჩნდა წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად. მაშინ კახეთის მეფეს კონსტანტინეს სხვა არაფერი რჩებოდა, თუ არა ირანის შაჰს დამორჩილებოდა და ქართლი ძალით დაეკავებინა. მაგრამ მანამდე მან კიდევ სცადა დაეყოლიებია ვახტანგ VI შაჰს დამორჩილებოდა და სინანულით მოებრუნებია მისკენ ისპაჰანის მმართველთა გული.
სახელდობრ, დავით გურამიშვილის სიტყვებით, იგი ქართლის მეფეს წერდა:
“გირჩევ, ნუ აქცევ ზღუდებსა, შენს ზურგის მისაყუდებსა,
ერიდე, ნუ შლი, ნუ ფუტკნი სახით არწივთა ბუდებსა;
იყავ, ვით ტრედი, უმანკო, უფრთხილდი შენსა ხუნდებსა,
თორემ კლანჭს გიკვრენ არწივნი, ჭირნახულს გაგიცუდებსა!”
ერთი შეხედვით, როგორი ზურგის მისაყუდები უნდა ყოფილიყო ქართველთათვის ირანის სახელმწიფო? მაგრამ ეს იყო იმ დროისთვის არსებული “სტატუს ქვო”, რომლისთვისაც უთუოდ უნდა გაეწია ანგარიში ქართლის ხელისუფალს. ამის დამადასტურებელ გარემოებაზე ქვემოთ გვექნება საუბარი. აქ კი აღვნიშნავთ, რომ ვახტანგ მეფემ კონსტანტინეს შეთავაზება არ მიიღო და იარაღის ძალით სცადა ირანისადმი ურჩობის გაგრძელება. ძმათა შორის ომში კახელებმა ჭარელები დაიხმარეს, ვახტანგ მეფემ – თურქები. ქართლ-კახეთის თავზე მაშინ დატრიალებულ უბედურებაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ, ვინაიდან მისი მიმდინარეობა და შედეგები მეტნაკლებად ყველა ქართველისთვის ცნობილია. მხოლოდ დასკვნის სახით ისევ დავით გურამიშვილის სიტყვებს მოვიშველიებთ:
“რაც მოგახსენე, მოგვგვარა ჩვენ ერთმანეთის ბრძოლამა!
ქართლი ოსმალომ დაიპყრა, კახეთი ლეკთა მოლამა;
მით ჩვენმან სისლხმან ნაღვარმან ხევნები სულ ამოლამა,
სუნით მოიცვა მთა-ბარი ჩვენის მკვდრის მძორთა ყროლამა!”
ამ ქარტეხილების შედეგად ვახტანგ VI რუსეთის კარზე მოუწია თავშესაფრისა და ახალი იმედების ძიება, მაგრამ რუსეთის სამეფო კარმა ქართლში მისი ხელისუფლების აღდგენისთვის ზრუნვის ნაცვლად ირანის ახალ ძლიერ მმართველთან – ნადირ შაჰთან მეგობრობა არჩია. შესაბამისად მტერთაგან აოხრებული ქართლისა და კახეთის აღორძინებისა და აყვავებისთვის მოამაგე თეიმურაზ II და ერეკლე II საკუთარი მიზნების მისაღწევად ისევ ნადირ შაჰის ლაშქრობებში მოუხდათ ერთგული და თავდავებული სამსახური. ანუ გამართლდა კახთა მეფის, კონსტანტინეს სიტყვები ვახტანგ VI-დმი, რომლითაც იგი ურჩევდა უკანასკნელს, ანგარიში გაეწია არსებული ვითარებისთვის და ახალი პერსპექტივებით მოხიბლულს წინდაუხედავად არ მოეშალა ირანთან მანამდე არსებული ურთიერთობები – “ზურგის მისაყუდებელი ზღუდე”. დავით გურამიშვილის “დავითიანიდან” ციტირებას დავამთავრებთ ისევ კახთა მეფის მიერ ვახტანგ VI-თვის გაგზავნილი წერილის ერთი სტროფით:
“ნუ მრუდ მრიცხლობ, სწორად გაქვნდეს შენ ეგ შენი ანგარიში,
ავს ნუ იქ და ავისაგან თქმულა, ნუღა-რა გაქვს შიში;
თავს თავიდგან გაუფრთხილდი, არცად უკუ-აგდო ჭირში,
თორემ ბოლოს არას გარგებს სიმწუხარით კვნესა-ვიში.”
ჩვენი აზრით, ეს შეგონება დღესდღეობითაც ასევე აქტუალური უნდა იყოს საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით დაკავებული სახელმწიფო სტრუქტურების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ცალკეული ექსპერტებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. შესაძლოა აქ გამოთქმული მოსაზრებების ერთი ნაწილი ვინმეს დაეჭვებას იწვევდეს, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი ემყარება ჩვენს ხელთ არსებულ კიდევ სხვა ცოდნასა და ინფორმაციას როგორც საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობის, ისე სამხედრო მშენებლობის სფეროში დასავლური გამოცდილების შესწავლისა და საქართველოში ამ გამოცდილების გადმოტანის (უფრო სწორედ, არგადმოტანის) შესახებ.
ამ ინფორმაციის ერთი ნაწილი 1999–2001 წლებში გამოვაქვეყნეთ ქართულ პრესაში. ახლა კი, ღვთის წყალობით, შევეცდებით მის უფრო დეტალურად და დასაბუთებულად გადმოცემას. და მაშინ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მკითხველისთვისაც იგი უფრო ხელშესახები და ადვილად აღსაქმელი გახდება. ჩვენი აზრით, ასეთი დეტალური ცოდნა თანამედროვე სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალებისა და მთლიანად თავდაცვის სისტემის მშენებლობის შესახებ უთუოდ წაადგება პარლამენტს საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას.
ირაკლი ხართიშვილი
2002 წლის 21 ივნისი
{დ. დარჩიაშვილის დასკვნა: მოკლედ, ეს სტატია არა მგონია პარლამენტის ხელმძღვანელობას და ფრაქციათა უმეტესობას ობიექტურად და, საერთოდ, საყურადღებოდ მოეჩვენოს. იგი აგებულია ფაქტების მეტად ცალმხრივ შერჩევაზე. იგი უეჭველია მოეწონება ანტიდასავლურად განწყობილთ. ანტიდასავლურობა კი ჩემი აზრით ნიშნავს ეროვნულობის დაპირისპირებას ადამიანურობასთან. მე ამ სტატიაში შეიძლება ვეთანხმებოდე ფორმალურ ფაქტებს, ციფრებს, მაგრამ არ ვეთანხმები შეფასებებს. ოფიციალურ საპარლამენტო საითზე ამ სტატიის დადება არ შეესაბამება დეპარტამენტის პოლიტიკას, როგორადაც მე იგი მესმის. გამოდის, რომ ეს პარლამენტის აპარატის ან დეპარტამენტის პოზიციაა. ერთადერთი, რაც შემიძლია, დავაყენო ხათუნასთან საითზე ე.წ. სადისკუსიო წერილების ადგილის გამოყოფის საკითხი. მაშინ შესაძლოა ამ წერილმაც იპოვნოს იქ ბინა. თუ არა და არის უამრავი კერძო საითი. შეიძლება დახარებისათვის მიემართოს შარაძეს და ა.შ.}
გამოყენებული ლიტერატურა
1. გრიგოლ ჟვანია, სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი, თბილისი 1963 წ;
2. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება (საერთაშორისო კონფერენციის მასალები), თბილისი 1996 წ;
3. ფსალმუნნი მეფის დავითისა, თბილისი;
4. დავით გურამიშვილი, დავითიანი, თბილისი 1955 წ;
5. Мировая война. 1939-1945 годы. Сборник стаей. Пер. с нем. М. 1957;
6. Лиддел Гарт, Базил. Вторая мировая война. М. 1976;
7. The Military Balance 1991-1992;
8. The Military Balance 2000/2001.
პასუხები დავით დარჩიაშვილის შენიშვნებზე
დავით დარჩიაშვილის პირველი შენიშვნა ეხებოდა იმას, რომ ჩვენს წერილში ნათქვამი იყო, პელოპონესის ომებში სპარტისა და ათენის კავშირებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში ცალკეული ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ნეიტრალიტეტის შესახებ; ხოლო ერთიანი ბერძენი ერისა და შემდგომში ჩამოყალიბებული ბიზანტიის იმპერიის კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობის გავლენით, ანტიკური ხანის ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ურთიერთდამოკიდებულებანი მაინც ბერძნული სამყაროს საშინაო ურთიერთობებად მოვიხსენიეთ. ამის საპირისპიროდ დ. დარჩიაშვილი საკითხს მიუდგა ფორმალური იურიდიული კუთხით და თქვა, რომ «ანტიკური ქალაქ-სახელმწიფოების ნეიტრალიტეტი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ნაწილია»; დაე ასე იყოს, ამის საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს, მით უმეტეს, რომ საერთაშორისო სამართალი ჩვენი მუშაობის სფერო არ არია და არც საკმარისი ცოდნა გაგვაჩნია ამ დარგში, ხოლო ჩვენი ნაშრომი კი შეეხებოდა საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის სწორედ სამხედრო ასპექტებს, და არა იურიდიულ-სამართლებრივს.
ბ-ნ დარჩიაშვილის მეორე შენიშვნა შეეხებოდა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას გერმანიის მიერ 1940 წლის გაზაფხულზე ბელგიის ნეიტრალიტეტის დარღვევას, სადაც ჩვენ ვწერდით: «გერმანიის ასეთი მოქმედება განპირობებული იყო სამხედრო აუცილებლობით, ვინაიდან საკუთრივ საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე ორივე მხარეს თავდაცვითი ნაგებობების მძლავრი სისტემები ჰქონდა აგებული. ამიტომ მათი გადალახვა ადამიანების, სამხედრო ტექნიკისა და დროის დიდ დანაკარგებთან იქნებოდა დაკავშირებული». ამაზე დ. დარჩიაშვილმა გააკეთა შენიშვნა: «ჯობია ითქვას, რომ გერმანელები ნეიტრალიტეტის დარღვევას ხსნიდნენ სამხედრო აუცილებლობით. სხვაგვარად ამ აქტის გამართლება გამოდის» და ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რომ მის ასეთ უმეცრებას ამ საკითხში ნამდვილად არ მოველოდით. საქმე იმაშია, რომ იმხანად საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე ორივე მხრიდან აგებული იყო ძლიერი თავდაცვითი ნაგებობები და მათი გადალახვა დიდ მსხვერპლთან და ზარალთან იქნებოდა დაკავშირებული, ეს აღნიშნულია კიდეც ძირითად ტექსტში. ამის გათვალისწინებით, ტექსტში ასევე წერია, რომ საფრანგეთისა და ბრიტანეთის მთავრობებმა შესთავაზეს ბელგიის მთავრობას მის ტერიტორიაზე წინასწარ თავიანთი ჯარების შეყვანა, რაც ასევე სამხედრო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, მაგრამ უარი მიიღეს. ასე რომ აქ არ არის ის შემთხვევა, როდესაც მხოლოდ გერმანელი ავტორები ხსნიდნენ მომხდარ მოვლენებს «სამხედრო აუცილებლობით», არამედ ეს მშვენივრად ესმოდათ ფრანგ და ბრიტანელ გენერლებსაც და მინისტრებსაც. ბ-ნ დარჩიაშვილისთვისაც რომ ეს ნათელი და გასაგები ყოფილიყო, მაშინ უფრო მეტი უნდა წაეკითხა, ენახა და მოესმინა საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო მშენებლობის, სამხედრო საქმისა და სამხედრო ხელოვნების, აგრეთვე I და II მსოფლიო ომების ისტორიის შესახებ, ან ამ საქმეში შედარებით უფრო უკეთესად ჩახედული სპეციალისტებისთვის დაეჯერებინა, ან კიდევ ჩვენს ნაშრომში მოყვანილი მსჯელობა უფრო დინჯად და გულდასმით წაეკითხა, მაგრამ იმხანად მას ეს არ აინტერესებდა. საქმე იმაშია, რომ მანამდე უკვე მომზადებული გვქონდა ორი ნაშრომი «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი» და «კანონპროექტისთვის – საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ», რომლებშიც ვამტყუნებდით აშშ-ის ხელისუფლებასა და საერთოდ დასავლეთის მმართველ წრეებს, ერთის მხრივ, 90-იან წლებში თურქეთის სამხედრო მანქანის არაადექვატურად გაძლიერებაში, ხოლო მეორეს მხრივ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ ამჟამად ეუთო) ეგიდით საქართველოსთვის ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მეტად მცირე კვოტების დადგენაში, რაც გამორიცხავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ, ჩამოყალიბებას. ამიტომ პარლამენტისა და მისი აპარატის ხელმძღვანელობას არ უნდოდათ რომ ჩვენი ასეთი ნაშრომების პარლამენტართა და საერთოდ მკითხველთა ფართო წრისთვის ხელისაწვდომი გამხდარიყო, რის გამოც დ. დარჩიაშვილს მეტი «დასაბუთებული» შენიშვნა უნდა გაეკეთებინა და საბოლოო ჯამში მის გამოქვეყნებაზე უარი ეთქვა. ეს არის და ეს. ამას ასევე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დ. დარჩიაშვილმა თავიდან მთელი წინადადება კი არ წაიკითხა, გაიაზრა და ისე კი არ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, არამედ წინადადების თითქმის დასწყისშივე, პირველივე ფრაზისა და მძიმის შემდეგ, რაც უკვე მის წინასწარ განწყობას აჩვენებს.
ბ-ნ დარჩიაშვილის მესამე და მეოთხე შენიშვნები შეეხებოდა ჰიტლერული გერმანიის ჯარების მიერ დანიისა და ნორვეგიის დაპყრობის საკითხებს, სადაც ასევე მოხდა მათი ნეიტრალიტეტის დარღვევა। აქ ჩვენ ვწერდით: «გერმანული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო მოსაზრებებით (რადგან ომის თეატრის ჩრდილოეთისკენ გაფართოება ძალების და საშუალებების დაქსაქსვას გამოიწვევდა) თავიდან უარს აცხადებდა ასეთო ოპერაციის ჩატარებაზე, მაგრამ როდესაც უკვე 1940 წლის იანვრის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დასავლელი მოკავშირეები ემზადებოდნენ ამ რაიონში საომარი მოქმედებების დასაწყებად, მიიღო ნორვეგიის ოკუპირების, გარკვეული აზრით, იძულებითი გადაწყვეტილება. ამან თავისთავად დააყენა ასევე ნეიტრალური დანიის ოკუპირების ამოცანაც, ვინაიდან ეს სახელმწიფო გეოგრაფიულად ჩრდილოეთ გერმანიასა და ნორვეგიას შორის მდებარეობს და ზღვაზე ბრიტანელთა ბატონობის პირობებში მისი დაკავება, ჯარების გადასაყვანად და სამხედრო ავიაციის მიერ იქაური აეროდრომების გამოსაყენებლად გერმანელებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო». დ. დარჩიაშვილის შენიშვნა ამაზე იყო შემდეგი: «აქაც ნაცისტების გამართლებასავით გამოდის. მგონია, რომ ეს ცალმხრივია. აქ მოტანილი ლოგიკა ნაცისტებისაა და ეს უნდა მიეთითოს. თუ ეს ავტორის ლოგიკაა, გაუგებარია, რატო უნდა ვამართლოთ ნაცისტები ჩვენი დეპარტამენტის ნაშრომებში». მაგრამ არავითარი ცალმხრივობა ამ შემთხვევაში არ არის, ვინაიდან, ჯერ ერთი, სამხედრო აუცილებლობა სამხედრო საქმეში უფრო მეტად ჩახედული ადამიანისთვის იმდენად ნათელია, რომ ეს ესმოდათ არა მხოლოდ გერმანელ გენერლებს, არამედ ფრანგებსაც და ბრიტანელებსაც, და სწორედ მათ დაიწყეს ნორვეგიის ტერიტორიული წყლების დანაღმვა, რასაც მოჰყვა გერმანელთა პასუხიც. გარდა ამისა, ჩვენ თავად ამის შესახებ წავიკითხეთ წიგნში Мировая война. 1939-1945 годы. Сборник стаей. Пер. с нем. М. 1957, რომლის ორიგინალიც გერმანულ ენაზე დასავლეთ გერმანიაში გამოიცა 1950-იანი წლების შუახანებში და რომლის ავტორებიც იყვნენ ის ყოფილი გერმანელი გენერლები და ფელდმარშლები, რომელთა უმეტესობაც გასამართლებულ იქნა მეორე სოფლიო ომის შემდეგ და ციხეებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებული სწორედ ანგლო-ამერიკელთა სარდლობების მიერ. გარდა ამისა, ამავე წიგნში არის ფოტოსურათებიც, რომელთაგან ერთერთზე ასახულია კადრი, როდესაც ბრიტანელ და გერმანელ ჯარისკაცებს ერთად გაჰყავთ საკაცით დაჭრილი, ბრძოლის დამთავრების შემდეგ. ანუ ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის სხვა ურთიერთობებიც არსებობა და ვითარდებოდა, რომელთა შესახებ შეიძლება გაიგო მას შემდეგ, რაც უფრო საფუძვლიანად დაინტერესდები სამხედრო თემატიკით, რაც ბ-ნ დარჩიაშვილს არ ჰქონია. დ. დარჩიაშვილის მეოთხე შენიშვნა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოყვანილი გვქონდა ბრიტანელი სამხედრო ისტორიკოსის ბაზილ ლიდერ ჰარტის ცნობა იმის შესახებ, რომ სკანდინავიის ქვეყნებთან მიმართებაში მათი სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა დაიწყეს არა გერმანელებმა, არამედ სწორედ ანტიჰიტლერული კოალიციის დასავლეთევროპულმა სახელმწიფოებმა, რასაც მოჰყვა გერმანელთა გადამჭრელი პასუხებიც. სახელდობრ ბ. ლიდელ ჰარტი თავის წიგნში «მეორე მსოფლიო ომი» წერდა: «9 აპრილს (1940 წლის) გაზეთები იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ წინა დღით ინგლისისა და საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალები შევიდნენ ნორვეგიის წყლებში და იქაურობა დანაღმეს, რათა გერმანიასთან მოვაჭრე ქვეყნების ხომალდებისთვის ამ წყლებზე გამავალი გზები გადაეღობათ. ამ ღონისძიებებით გამოწვეულ აღტაცებულ გამოხმაურებებს ენაცვლებოდა ნორვეგიის ნეიტრალიტეტის დარღვევის გამამართლებელი მოსაზრებები. მაგრამ გაზეთები ჩამორჩებოდნენ მოვლენებს, რამდენადაც იმავე დილას რადიომ გადმოსცა გაცილებით უფრო გამაოგნებელი შეტყობინება: გერმანულმა ჯარებმა დაიწყეს გადასხმა ნორვეგიის სანაპიროს რამდენიმე პუნქტში და უკვე შევიდნენ დანიაში». როგორც ჩანს, ბ-ნ დარჩიაშვილისთვის ასე თუ ისე, მისაღები იყო ნაცისტური გერმანიის მთავრობისა და სარდლობის მხრიდან გამოჩენილი ვერაგობა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უპატივცემულობა, მაგრამ როდესაც ასეთსავე საქმეებში მხილებულ იქნენ ფრანგები და ბრიტანელები, თანაც არა მხოლოდ ამ სახელმწიფოთა დემოკრატიული მთავრობები, არამედ უფრო მეტად დემოკრატიული ჟურნალისტური და საგამომცემლო წრეებიც, ეს უკვე ჩვენი ქართველი «მოღვაწისთვის» ძალზედ მძიმე გადასატანი შეიქნა, ვერც საწინააღმდეგოს იტყოდა, რადგან ბრიტანული წიგნიდან მოყვანილი ამონარიდით იყო ჩვენი მსჯელობა დასაბუთებული, და ამიტომ ბ-ნმა დარჩიაშვილმა მარტივად დაასკვნა: «მე მგონია, რომ ზედმეტადაა დეტალიზებული მეორე მსოფლიო ომის ეპიზოდები». მისი ლოგიკა მარტივი იყო და მას არც მალავდა; იგი ამბობდა: მე ვარ ამ დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის ხელმძღვანელობა მე მენდო და ჩამაბარა ამ საკითხების გადაწყვეტა, მე კი შენი არგუმენტებისა არ მჯერა და ამიტომ არა ვარ თანამხმა შენი ნაშრომის გამოქვეყნებაზეო, შენ კი გინდა ჩვენი დეპარტამენტის რესურსები შენი აზრების გავრცელებისთვის გამოიყენოო და სხვა. ამ დროს კი მას ავიწყდებოდა ის, რომ პარლამენტის კვლევით სამსახურში (შემდეგ კი კვლევით დეპარტამენტში) ჩვენ ვმუშაობდით 1993 წლის დეკემბრიდან, მანამდე კი 1990 წლის მიწურულს გახლდით ქართული სამხედრო-ისტორიული ჟურნალის «მხედარის» ერთერთი დამფუძნებელი და სტატიების ავტორი, ხოლო ამ ჟურნალისა და საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის გამოქვეყნებული გვქონდა ათამდე ნაშრომი და წერილი რომელთა კომპეტენტურობაშიც არავის ეჭვი არ შეუტანია. მათ შორის «აშშ-ის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები», «აშშ-ის შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები», «აშშ-ის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება, საბრძოლო მომზადება, ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა», «აშშ-ის სახმლეთო ჯარების საბრძოლო გამოყენების ოპერატიულ-ტაქტიკური კონცეფცია – საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია/ბრძოლა», აგრეთვე ამ კონცეფციის რეალიზებისთვის «აშშ-ის სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურა და მათ განკარგულებაში არსებული ძირითადი შეიარაღება», «აშშ-ის სახმელეთო ჯარების «მძიმე» (ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი) დივიზიების საბრძოლო გამოყენება», სადაც განხილული იყო ამ დივიზიების მოქმედებები მარშზე, შემხვედრ ბრძოლაში, შეტევასა და თავდაცვაში. აგრეთვე გამოქვეყნებული გვქონდა წერილები «ნატო – წარსული და თანამედროვეობა», «ნატო-ს სწარაფი რეაგირების ძალები», «ძალთა ბალანსი დასავლეთსა და აღმოსავლეთს (რუსეთს) შორის, 90-იან წლებში, სტრატეგიული და ჩვეულებრივი შეტევითი ძალების შესახებ დადებულ ხელშეკრულებათა საფუძველზე». ეს ყველაფერი 1997 წლის ჩათვლით, ხოლო ამ ცოდნის საფუძველზე შევუდექით 1997 წლის მიწურულს საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობის შესწავლას, რომელთა შედეგებიც, მეტ-ნაკლებად დასრულებული სახით, პირველად საჯაროდ გაჟღერებულ იქნა 1999 წლის მარტის შუარიცხვებში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთერთ ღია სხდომაზე, სადაც განიხილებოდა «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების» (დადებულ იქნა პარიზში 1990 წლის ნოემბერში) ახალ პოლიტიკურ რეალობებში ადაპტაციისა და ეუთო-ში საქართველოს წარმომადგენლობის ამ საქმეში მონაწილეობის საკითხები, ხოლო იმავე წლის ზაფხულიდან დავიწყეთ წერილების სერიის ბეჭდვა ძირითადად გაზეთ «საქართველოში» (საქართველოს სახლხო ფრონტის ორგანო) საერთო სახელწოდებით: «იცნობ მეზობელს?! ჩასწვდომიხარ ღირსებას მისას?!», სადაც განხილული იყო იმ დროისთვის საქართველოს გარშემო ჩამოყალიბებული სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობა. მალევე იმავე ხანებში მოვამზადეთ ორი ნაშრომი საკუთრივ პარლამენტისთვის, «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი» და «კანონპროექტისთვის – საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ» რომლებიც ჩვენს ბლოგზე სულ ახლახანს გამოვაქვეყნეთ.
ბ-ნ დარჩიაშვილის მეხუთე შენიშვა შეეხებოდა ჩვენს მსჯელობას იმაზე, რომ ნატო-ს ბლოკის სახელმწიფოთა უმეტესობის მიერ თავიანთი სამხედრო ხარჯების შემცირების ფონზე თურქეთის მიერ თავისი სამხედრო ხარჯების ზრდის გაგრძელება, 1990 წელთან შედარებით, ფაქტობრივად გაორმაგება, ჩენთვის მეტად შემაშფოთებელი უნდა იყოს, რაზედაც მან გვიპასუხა: «ვისთვის ჩვენთვის? დაიწეროს მაშინ, რომ საუბარი საქართველოზეა. თუ კი ეს ავტორს ამ ადგილას მიაჩნია მიზანშეწონილად. მაგრამ მაშინ უნდა აიხსნას, რატომაა მაინცდამაინც საქართველოსათვის ეს საშიში. არის თუ არა თურქეთის სამხედრო დოქტრინასა და ოპერატიულ გეგმებში საუბარი საქართველოსაკენ ექსპანსიაზე. თუ ეს ძალები მას საბერძნეთიდან მომდინარე და ერაყიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების საწინააღმდეგოდ სჭირდება. მაგრამ ამ ქვეთავშია ყოველივე ამის ადგილი?! ან იქნებ მიზეზი იმისა, რომ თურქული ძალა არაპროპორციულად დიდია, თურქული სახელმწიფოს ნახევრად სამხედრო ხასიათში იმალება? განსხვავებით ევროპელი სამხედროებისაგან, თურქი კოლეგები აქეთ კარნახობენ პოლიტიკოსებს თუ რაა საჭირო. როგორც სამხედროებს, მათ უნდათ ბევრი ფული და ბევრი სათამაშოები და იღებენ კიდეც - მათი გამჩერებელი არავინაა. იგივეს იზამდნენ ბელგიელი სამხედროები, ბელგიაში რომ ნახევრადსამხედრო რეჟიმი იყოს”. მაგრამ, საქმე რომ საქართველოს შეეხება, და არა “ჩვენ” პირადად, ეს დარჩიაშვილისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, ისევე ნათელი უნდა ყოფილიყო ისიც, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო მიზნებით მილიარდობით ამერიკული დოლარის გამოყოფას თავისი სამხედრო-პოლიტიკური მიზეზები და შეხედულებები ექნებოდა, რომელთა საფუძველზეც გარკვეული გეგმები იქნებოდა შემუშავებული თურქეთის გენერალური შტაბის მიერ. დ. დარჩიაშვილმა მოისურვა ამ მასალების წარმოდგენა, მარამ პირადად ჩვენ ამის შესაძლებლობები არ გაგვაჩნია, ანუ აგენტურა თურქეთის გენერალურ შტაბში არა გვყოლია, ჩვენ უბრალოდ არსებული ვითარების საფუძველზე გამოვთქვით თეორიულად დასაბუთებული მოსაზრებანი, რომელთა შემოწმებისთვის სწორედ საქართველოს სადაზვერვო სტრუქტურებს, ჩვენი მთავრობის დავალებით, უნდა დაეწყოთ ასეთი გეგმების მოძიებისა და ხელში ჩაგდებისთვის სერიოზული მუშაობა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას საამისოდ ნება და სურვილი უნდა ჰქონოდა. დარჩიაშვილს კი, როგორც ჩანს, მიღებული ჰქონდა დავალება, რომ ეს ნაშრომი დეპარტამენტის ვებ-გვერდზე არ უნდა მოხვედრილიყო. ეს არის და ეს...
დ. დარჩიაშვილის მეექვსე შენიშვნა შეეხებოდა იმას, რომ სხვის იმედზე ყოფნა და საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის ნაკლებად ზრუნვა ქრისტიანული ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის არასაკადრისი საქციელია, რაზედაც ისე, რომ არ წაუკითხავს შემდგომი მსჯელობა, მან იქვე მიაწერა: «რა დააშავა არაქრისტიანული ქვეყნის ხელმძღვანელობამ?». ჩვენი მსჯელობა კი შეეხებოდა ებრაელთა წინასწარმეტყველი მეფის დავითის სიტყვებს იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ადამიანი (იგულისხმება სახელმწიფოც – ი.ხ.) თავის იმედებს არ უნდა ამყარებდეს სხვა რომელიმე შეძლებულ ადამიანზე (სახელმწიფოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე), ვინაიდან შეძლებული ადამიანი (სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია) შესაძლოა თავის დიდებასა და პატივს მოაკლდეს, ან სულაც გარდაიცვალოს და თავისი ფიქრები და იმედებიც მიწაში ჩაიტანოს. და მაშინ ასეთ ადამიანს (სახელმწიფოს) ახალი პატრონის ძებნა მოუწევს, რათა თავისი შემდგომი კეთილდღეობა და სიმშვიდე უზრუნველყოს. სჯობს რომ ყოველი ადამიანი (სახელმწიფო) დაიმედებული იყო უფალ ღმერთზე ვინც მარადიულია და მუდმივად სწყალობს მასზე მსასოებელთ. ეს ზოგადი და უფლისმიერი ცოდნა სასარგებლო და საჭიროა ყველა ადამიანისა და ხალხისთვის, ყოველი სახელმწიფოსთვის, ხოლო ჩვენ, ქრისტიანებს, რომლებიც განსაკუთრებულ პატივს უნდა ვცემდეთ წმინდა წერილს, უფლის სიტყვას, სხვებთან შედარებით ამ მხრივ გაცილებით მეტი მოგვეთხოვება.
შემდეგ, შენიშვნის სახით, მოყვანილი გვქონდა დავით მეფის 145-ე ფსალმუნის სრული ტექსტი, სადაც ვკითხულობთ: 1. აქებს სული ჩემი უფალსა. 2. ვაქებდე უფალსა, ცხოვრებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. 3. ნუ ესავთ მთავართა ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრებაჲ. 4 გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მის დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. 5. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაჲ მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა. 6. რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი რა არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე. 7. ჰყვის სამართალი ვნებულთაჲ და სცის საზრდელი მშიერთა. 8. უფალმან განჰხსნის კრულნი, უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი. 9. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაჲ ცოდვილთაჲ წარწყმიდოს. 10. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლადმდე.
ამასთან დაკავშირებით ბ-ნმა დარჩიაშვილმა გააკეთა თავისი მეშვიდე შენიშვნა: “სად წერია აქ, მოსახლეობის რა პროცენტია საჭირო რეზერვში?” რა თქმა უნდა, ფსალმუნებში არაფერი წერია ნატო-ს ბლოკში არსებული სამხედრო მშენებლობის პრაქტიკაზე, არც ბელგიისა და ნიდერლანდების შეიარაღებულ ძალებზე, არამედ იქ წერია, რომ ადამიანი უნდა დაიმედებული იყოს, უწინარეს ყოვლისა, უფალზე, იცავდეს უფლის მცნებებს და მოელოდეს მისგან წყალობას, ღვთის რწმენითა და მისი მცნებების დაცვით შრმობდეს და ამ შრომით ჰქმნიდეს თავის კეთილდღეობას. ამის საპირისპიროდ, როდესაც 1999 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საჯარო სხდომაზე, პირველად გავაჟღერეთ მოსაზრება ეუთო-ს ეგიდით საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების არასაკმარისობის შესახებ, და ვამბობდით, რომ 220 საბრძოლო ტანკის კვოტა საკმარისია თანამედროვე დასავლური ტიპის მხოლოდ ოთხი სატანკო ბატალიონის ჩამოყალიბებისთვისო, ამაზე ამ კომიტეტის თავმჯდომარემ, რეზო ადამიამ, გვიპასუხა შემდეგი: მნიშვნელობა არა აქვს იმას, ოთხი სატანკო ბატალიონი ეყოლება საქართველოს თუ ორი, არამედ ყალიბდება უსაფრთხოების ისეთი საერთაშორისო სისტემა, რომელიც გამორიცხავს სხვა რომელიმე მეზობელი სახელმწიფოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის წარმოებასო. ეს არის ზუსტად იმის საწინააღმდეგო დამოკიდებულება, რაც წერია ფსალმუნში ანუ წმინდა წერილში, რასაც გვასწავლის ღმერთი, ხოლო თუ რა გზაზე დგება ღმერთის მოძღვრების წინააღმდეგ წასული ქვეყანადა უწინარეს ყოვლისა, მისი ხელმძღვანელობა, ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ასევე საყურადღებოა, თუ რომელი ძალებისა და რომელი მთავრობების კარნახით დგება უფლის საწინააღმდეგო გზაზე ეს ხელისუფლება, და რატომ აძლევენ ეს ძალები მას ასეთ რეკომენდაციებს, მითითებებსა და განკარგულებებს? და რა მოუვათ საბოლოო ჯამში ღმერთისგან ზურგშექცეულ ადამიანებს, მთავრობებსა და ქვეყნებს? ალბათ ვხვდებით, რომ სასიკეთო არაფერი.
ბ-ნ დარჩიაშვილის მერვე შენიშვნა უკავშირდებოდა ამავე საკითხს და იგი წარმოიშვა მაშინ, როდესაც ვწერდით, რომ თუკი დღევანდელ ეტაპზე ნატო-ს ბლოკის წევრი ისეთი მცირე სახელმწიფოები, როგორებიცაა ბელგია, დანია, ნიდერლანდები და პორტუგალია თავიანთი მოსახლეობის სულ 2–3 პროცენტს ითვალისწინებენ ომიანობის შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებში გასაწვევად, ამერიკის, გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ძალებზე დაიმედებულნი, მაშინ ისინი არღვევენ წმინდა წერილის სწავლებას, «რაც სავარაუდოა, რომ ამ ქვეყნებს მომავალში მძიმე შედეგებით შემოუბრუნდება». ამაზე დ. დარჩიაშვილმა გააკეთა შენიშვნა: «ჩვენ ვართ საერო ორგანიზაცია, გვაქვს ურთიერთობები კოლეგებთან ბელგიიდან და ა.შ. რა უფლების ძალით უნდა ვუსაყვედუროთ მათ უფლის სიტყვისაგან დაცილება. რა ჩვენი საქმეა ეს!!!» მაგრამ ჩვენ ამ ნაშრომს ვწერდით არა იმისთვის, რომ ბელგიელებისთვის ჭკუა გვესწავლებინა, არამედ იმიტომ, რომ მოგვეწოდებინა ჩვენი მთავრობისთვის, რათა მას სწორად წარემართა საქართველოს სამხედრო მშენებლობა, და არ დაეშვა ის შეცდომები, რომლებიც ევროპის აღნიშნულ მცირე სახელმწიფოებში იყო დაშვებული. იქვე ვწერდით, რომ «მათ საპირისპიროდ, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების – საბერძნეთისა და ნორვეგიის, და განსაკუთრებით ევროპის ნეიტრალური ქვეყნების – ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის სამხედრო მშენებლობის გამოცდილება ითვალისწინებს უპირატესად საკუთარ ძალებზე დაყრდნობის ფუძემდებლურ კონცეფციას, რაც გაცილებით უფრო ახლოსაა წმიდა წერილში გამოთქმულ უფლის შეგონებასთან. ამიტომ ბუნებრივია, რომ თუკი ევროპაში ევროპაში საზღვრების გადასინჯვის ან სხვა რაიმე მიზეზით დაიწყებოდა მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, მაშინ ეს ქვეყნები სხვებზე უფრო უკეთესად და საიმედოდ შეძლებენ საკუთარი ინტერესების დაცვას.
ბ-ნ დარჩიაშვილს და ძმათა მისთა ჰგონიათ, რომ ღმერთის კანონები ან საერთოდ გამოგონილია, ან კიდევ მხოლოდ ეკლესიაში მოქმედებს, მის გარეთ კი ძალა არა აქვს. მაგრამ აქაც მათი ამ სფეროში უკიდურესი უმეცრება და სულიერი სიდუხჭირე იჩენს თავს. თუნდაც ძველი აღთქმისეული ათი მცნება უფლისა ნუთუ მხოლოდ ეკლესიაშია გამოსაყენებელი? ნუთუ მცნება «არა კაც ჰკლა» ნიშნავს იმას, რომ მარტო ეკლესიაში დგომის დროს არ უნდა მოკლა ვინმე, ხოლო გარეთ კი შეიძლება? ან კიდევ ნუთუ ამავე აზრით უნდა გვესმოდეს მცნებები «არა იქურდო» ან «არა იმრუშო», ან კიდევ ნუთუ მხოლოდ ეკლესიაში უნდა ვცემდეთ პატივს მშობლებს, მის გარეთ კი ზედაც არ უნდა ვუყურებდეთ მათ? სულაც არა, უფლის მცნებები მოქმედებს ყველგან, მთელს სამყაროში, უბრალოდ ამ ადამიანებს ან ისინი სულაც არ აინტერესებთ, ან კიდევ ზურგი შეაქციეს მათ – თავიანთი კარიერისა კეთების და კეთილდღეობის ძიების პროცესში უკვე მოატყუეს, გადააგდეს, ჩაწიხლეს ან სულაც საიქიოს გაისტუმრეს სხვა ადამიანები, რომლებიც უფრო იმსახურებდნენ იმ თანამდებობებს, რომლებიც ამ გზაზე მათ გაიარეს, ან დღეს უკავიათ. სიტყვა «თანანადები» ძველ ქართულ ენაში, ჯერ კიდევ ერეკლე მეფის დროინდელ ისტორიულ საბუთებსა და თხზულებებში, ნიშნადა – ვალს, «თანამდები» – მოვალეს, «თანამდებობა» კი – მოვალეობას. როდესაც ამბობენ, მე ამა თუ იმ თანამდებობაზე დამნიშნესო, ეს შინაარსობრივად ნიშნავს – მე ესა თუ ის მოვალეობა დამაკისრესო; ხშირად ხდება, რომ თანამდებობის პირს მასზე დაკისრებული მოვალეობების აღსრულებისთვის სჭირდება გარკვეული შეღავათები და პრივილეგიები, რომლებსაც იგი საზოგადოებისგან ღებულობს, მაგრამ ეს მხოლოდ იმისთვის, რომ მან თავისი მოვალეობები კარგად აღასრულოს. სინამდვილეში კი ჩვენში თანამდებობების ძიება ხდება უპირატესად იმ პრივილეგიების გულისთვის, რაც მათ თან ახლავს, შესაბამისი მოვალეობების შესრულება კი ამ პირებს, უბრალოდ, არ შეუძლიათ. და განა ისინი არ არიან ღვთის მოძღვრებიდან გადასულები, ღმერთისგან ზურგშექცეულები? იმას კი არ ფიქრობენ, რომ ვინც ღმერთთან არ არის, ის ეშმაკთან იქნება, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, და უნდათ კი შემდეგ სამარადისო სატანჯველში წასვლა? აქ ვერ მოუთმენიათ დროებითი გაჭირვება და იქ კი შეძლებენ მარადიული ტანჯვა-წამების დათმენას? არა და – მოუწევთ. თუკი ისინი ასეთ გზას აირჩევენ, მაშინ პასუხიც მათვე უნდა აგონ.
დ. დარჩიაშვილის მეცხრე შენიშვნა შეეხებოდა იმას, რომ ნატოელი მრჩევლების ჯგუფი ბრიტანელი გენერლის სერ ჰარი ჯონსონის მეთაურობით, რეკომენდაციას აძლევდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეექმნა მცირერიცხოვანი და პროფესიული შეიარაღებული ძალები, რომელიც თავისი პროფესონალიზმის წყალობით, მცირე რიცხოვნების მუხდავად, შეძლებდა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, რაც საღ აზრს ძირშივე ეწინააღმდეგებოდა. განა ცივი ომს დროს ნორვეგიაში არ მიმდინარეობდა შეძლებისდაგვარად, ნატო-ს ბლოკის მოთხოვნების შესაბამისად, ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების მშენებლობა? რა თქმა უნდა, მიმდინარეობდა, მაგრამ ვინაიდან ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირს უშუალოდ ესაზღვრებოდა, ანუ ე.წ. «ცხელ რაიონში» მდებარეობდა, ამიტომ მისი სარდლობა, ნატო-ს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, აშენებდა ისეთ შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც შეეძლებოდა მუქარის პერიოდში ან ომიანობის დროს ქვეყნის მოსახლეობის საერთო რიცხოვნების დაახლოებით 10 %-ის ტოლი რიცხვის (დაახლოებით 400 ათასი ადამიანი) მომზადებული რეზერვისტის მობილიზაცია და ბრძოლის ველზე გამოყვანა. ამისგან განსხვავებით, მაგალითად ნიდერლანდებსა და ბელგიაში, რომელიც ვარშავის ბლოკის საზღვრებისგან დაშორებული იყვნენ დასავლეთ გერმანიის ტერიტორიით, სამხედრო სარდლობები ვარაუდობდნენ რეზერვში თავიანთი მოსახლეობის სულ 2–3,5%-ის ყოლას. და ნატოელ მრჩეველთა ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევდა სწორედ ბელგიისა და ნიდერლანდების მაგალითის მიბაძვას და ამას ნატო-ს ბლოკის ზოგად «სტანდარტად» გვასაღებდა. ხოლო იმავე დროს კი სწორედ აშშ-ისა და გერმანიის სახედრო-ტექნიკური დახმარებით მოხდა თურქეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანსატანკო ტექნიკის ფარეხის, საველე არტილერიის, გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახომალდო ფარეხების განახლება და გაძლიერება. ეს ბუნებრივია, რომ გამოიწვევდა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე და მის მეზობელ რაიონებში თავისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ანუ საქართველოს გარშემო შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციას სწორედ იმ ფონზე, როდესაც სიტყვიერად დასავლეთის მმართველი წრეები და ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობა სულ სამშვიდობოდ იყვნენ «დაშაქრულნი». სწორედ ამას შეეხებოდა ჩვენი სიტყვებიც ამ ნაშრომიდან: «...საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მკვეთრად განსხვავდება დასავლეთ ევროპის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში არსებული ვითარებისგან. აქ ერთის მხრივ თურქულ-დასავლურ ალიანსს (იგივე ნატო-ს) და მეორეს მხრივ, უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებულ რუსეთ-ირან-ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს შორის, დასავლეთის მმართველი წრეების ინიციატივითა და პროვოცირებით მიმდინარეობს სამხედრო დაძაბულობის ესკალაცია». ამაზე დ. დარჩიაშვილმა გააკეთა კომენტარი: «ეს ხომ ბრალდებაა - დასავლეთი პროვოკატორია?» დიახ, ეს ბრალის დადებაა იმაში, რომ დასავლეთი თავისი საქციელის გამო მართლაც პროვოკიატორია, ყოველ შეთხვევაში აქამდე იგი ასეთად იქცეოდა, ხოლო დასავლეთის პოლიტიკის კვალში ჩამდგარი ქართველი «პოლიტმოჩალიჩეები» საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამყიდველი პოლიტიკური კახპები არიან და ისე შორს დგანან (თუ წვანან) ჭეშმარიტი პოლიტიკისგან (ანუ საკუთარი სამშობლოს სამსახურისგან), როგორც ბორდელის კახპა დგას ჯანსაღი ოჯახის დედობისგან. მე აქ ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ქალებს, როლებიც უკანასკნელი ათწლეულების დუხჭირი ცხოვრების გამო იძულებული შეიქნენ ამ სამწუხარო გზას დადგომოდნენ, რომ ამ პოლიტიკურ კახპებს მათ გვერდით ვიხსენიებ, ვინაიდან ისინი საკუთარი სხეულებით ვაჭრობენ და მთელ დამცირებასა და შეურაცხყოფასაც თავად იტანენ, ესენი კი საკუთარი სამშობლოსა და მშობელი ხალხის ინტერესებით, მათი სიცოცხლითა და ნამუსით ვაჭრობენ, და თავსაც არ გრძნობენ პირადად ცუდად, ვინაიდან საკუთარი სინდისი აღარ აწუხებთ. ესეც ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების სატკივარი და სამარცხვინო ლაქაა. მით უმეტეს ამ საზოგადოების ე. წ. ელიტის – საეროსიცა და სასულიეროსიც.
დ. დარჩიაშვილის მეათე შენიშვნა გამოიწვია ჩვენმა ფრაზამ წერილში: «ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ამ დაპირისპირების ინიციატივა მოდის დასავლეთის მმართველი წრეებიდან». ხოლო ამის წინა აბზაცში ლაპარაკი იყო თავად ამ დაპირისპირებაზეც: «დღესდღეობით არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის გარემოება, რომ 2000-იანი წლების დასასწყისში ამიერკავკასია იქცა დასავლეთის, რუსეთისა და ირანის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების სულ უფრო მზარდი სიმწვავით დაპირისპირების რაიონად. ამის შესახებ სულ ახლახანს აცხადებდნენ საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და სხვა სახელმწიფო მოხელენი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჩატარებულ ღია მოსმენაზე». ჩვენ გვგონია, რომ ვითარება დღესავით ნათელია, საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი კი ასე მსჯელობდა: «დაპირისპირება, თუ კი იგი არსებობს, მოდის ადგილობრივი ძალების სურვილიდან, იყვნენ დამოუკიდებელნი». ანუ, დ. დარჩიაშვილის აზრით, აშშ-სა და მთლიანად დასავლეთის მმართველი წრეების დაპისრისპირება რუსეთთან ამოდის საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სხვა ხალხების სურვილიდან იყვნენ დამოუკიდებელნი; მაგრამ თავისთავად, დასავლეთის ძალების ჩარევის გარეშე, ეს იქნებოდა დაპირისპირება მოსკოვსა და ამ ქვეყნებს შორის, და შესაძლოა იგი უფრო ეფექტურად და უმტკივნეულოდ გადაჭრილიყო იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვში არ ექნებოდათ რუსეთის საზღვრების უშუალო მახლობლობაში დასავლური სამხედრო ყოფნის საფრთხის პერსპექტივის განცდა, ანუ თუკი ეს მცირე და საშუალო სახელმწიფოები უშუალოდ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებითა და დაკმაყოფილებით შეეცდებოდნენ თავიანთი სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და განმტკიცებას. მეორეს მხრივ, განა ჩრდილოეთ ირლანდიის ძირძველ მოსახლეობას კი არ სურს დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან, ანუ ინგლისისა და შოტლანდიის კავშირისგან, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, განა ვერ წაიყვანდნენ ბრიტანელები იქიდან მათ მიერ ჩასახლებულ პროტესტანტ მოსახლეობას, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, და ვერ მისცემდნენ მას თავად ბრიტანეთის კუნძულზე ცხოვრების შესაძლებლობას? განა დაიქცეოდა ქვეყანა, ირლანდია რომ გაერთიანებულიყო? ხომ არის გაერთაიებულ სამეფოში დემოკრატიული წყობილება, და ხომ ამბობენ, რომ დემოკრატია ყველაზე უფრო სამართლიანი და კაცთმოყვარული წყობილებააო. და რატომ ვერ მოახერხეს აქამდე ბრიტანეთის ხალხებმა ირლანდიის ხალხთან საერთო ენის გამონახვა? რატომ უხდება სისტემატიურად ირლანდიელ ხალხს, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ირლანდიის ძირძველ მოსახლეობას ბრიტანული სამხედრო და პოლიციური მანქანის მიერ დათრგუნულ და შევიწროვებულ მდგომარეობაში ცხოვრება, თანაც ევროპს უძველესი დემოკრატიის პირობებში? იგივე პრობლემა დგას ბასკებთან მიმართებაშიც თანამდეროვე ესპანეთში, ნატო-ს ბლოკის წევრ სახელმწიფოში, ორგანიზაციისა, რომელიც ქართველ მედასავლეთეთა აზრით, დემკრატიის, ანუ სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობის ეტალონია? ეს ერთი საკითხია, მეორე იმაში მდგომარეობს, თუ რატომ არ გადაიზრდება ეს დაპირისპირება ჩრდილოეთ-ირლანდიელებსა და ლონდონს შორის, ან ბასკებსა და მადრიდს შორის სერიოზულ შეიარაღებულ და საომარ დაპირისპირებაში აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს, ან კიდევ აშშ-სა ესპანეთს შორის? როგორც ვხედავთ, დასავლეთის მმართველი წრეების რუსეთთან დაპირისპირებაშიც ე. წ. «ადგილობრივი ინტერესები» მხოლოდ პოლიტიკური სარჩულის როლს თამაშობს, ამ დაპირისპირების ნამდვილი მამოძრავებელი ძალები კი ის ტრადიციული გეოპოლიტიკური მიზნები და ამოცანებია, რომლებიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან მოდის, ან სულაც XI საუკუნეში მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის წარმოქმნილი რელიგიური და შეიარაღებული დაპირისპირებიდან, რომლის საფუძველზეც XIII საუკუნის დასაწყისში ჯერ ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი და, თუ არ ვცდებით, ორი ასეული წლის მანძილზე ხელში ეკავათ, ხოლო 1240-იანი წლების დასაწყისში ორი ლაშქრობა მოაწყვეს ჩრდილოეთ რუსეთის პროვინციებზე, კრაკოვის ეპისკოპოსის პაპისადმი წერილობითი თხოვნის საფუძველზე და რომის პაპის კურთხევით, შვედებისა და გერმანელი რაინდების ძალებით, რომლებიც რუსებმა წმ. კეთილმსახური მთავრის, ალექსანდრე ნეველის სარდლობით, მდინარე ნევასა და ჩუდის ტბაზე დაამარცხეს და უკანვე გაყარეს. ამის შესახებ კარგად უწერია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ნატალია ნაროჩნიცკაიას თავის წერილებში, რომლებიც ასევე ჩვენს ბლოგზეა გამოქვეყნებული.
ბ-ნ დარჩიაშვილის მეთერთმეტე შენიშვნა გამოიწვია ჩვენს მიერ შემდეგი აბზაცის დაწერამ ჩვენს ნაშრომში: «მეტად საყურადღებოა, რომ 80-იანი წლების შუახანებში თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა შემდგომში პრეზიდენტმა აწ გარდაცვლილმა თურგუთ ოზალმა დასავლური პრესის ერთერთი ავტორიტეტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთს დიდი პრეტენზიები არ გააჩნია, ვინაიდან ეს მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა – ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდეო. ანუ თურქეთის “რეგიონული სახელმწიფოს” ფარგლებში შეიძლება მოვიაზროთ ბალკანეთის ტერიტორია და ოტომანთა იმპერიაში ისტორიულად შემავალი სხვა ევროპული მიწები, ამიერ- და ჩრდილო-კავკასია, ჩრდილო-დასავლეთ ირანი, ცენტრალური აზია (ტაჯიკეთის გამოკლებით, სადაც უპირატესად ირანულ-ავღანული მოდგმის ხალხები ცხოვრობენ), ვოლგისპირეთი, სამხრეთ-დასავლეთ ციმბირი და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთი (ჩინეთის უიღურსტანი, სადაც ამ ქვეყნის პირობებში საკმაოდ მნიშვნელოვანი სეპარატისტული მოძრაობაა განვითარებული)». ამაზე დ. დარჩიაშვილმა გააკეთა შენიშვნა: «მსგავსი არაფერი უთქვას ოზალს, რეგიონული სახელმწიფოს საზღვრები კი არ შემოუხაზავს, არამედ იმ რეგიონის, სადაც თურქეთს ინტერესები გააჩნია. ასე მაგალიტად, საქართველოსათვის რეგიონია კავკასია-შავი ზღვა. ნიშნავს ეს, რომ საქართველოა ყველაფერ ამაზე პრეტენზიის მქონე?» ამაზე პასუხად შეგვიძლია ვთქვათ ჯერ ერთი ის, რომ თურგუთ ოზალის ეს სიტყვები ჩვენ პირველად მოვისმიენეთ კახა კაციტაძისგან, 1994 წელს როდესაც პირადად ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობდით აშშ-ის შეიარაღებულ ძალებსა და, მის საფუძველზე, საერთოდ თანამედროვე სამხედრო საქმეს, და არანაირი თემატური შეხება არ გვქონდა საერთოდ გეოპოლიტიკასთან, ბ-ნი კაციტაძე კი ატარებდა ლექციების ციკლს სწორედ «მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში», რომლის დირექტორიც გახლდათ გია ნოდია, ხოლო ერთერთი წამყვანი თანამშრომელი დავით დარჩიაშვილი. ბ-ნმა კაციტაძემ მაშინ საკმარისად მკაფიოდ გადმოსცა თ. ოზალის ნათქვამი და იქ ნახსენები იყო თურქეთის «რეგიონული სახელმწიფო» სწორედ «ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე». მაგრამ ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ეს ინტერვიუ გამოქვეყნებულ იქნა 80-იანი წლების შუახანებში, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირიცა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაც, თუმცა კი ამ დროისთვის აშშ-ის პრეზიდენტის რ. რეიგანის მიერ გამოცხადებული იყო სსრკ-სა და მის მოკავშირეებთან «პირდაპირი დაპირისპირების» სტრატეგია, და შესაძლოა ამანაც მისცა თურქული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ასეთი გაბედული განცხადების გაკეთების საშუალება. ამიტომ ეს «რეგიონული თურქული სახელმწიფო» თურგუთ ოზალის მიერ მოიაზრებოდა ალბათ არა ხისტად იურიდიული ფორმით, არამედ გავლენის სფეროს აღმოსავლეთისკენ გავრცელებით, რაც არ გამორიცხავდა, თუკი ამის შესაძლებლობა იქნებოდა, ომის მეშვეობით ამ გავლენის გავრცელებასაც. რაც შეეხება ბ-ნ დარჩიაშვილის არგუმენტაციას საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით, თუკი საქართველოს მთავრობის მეთაური პრესაში გააჟღერებს, რომ საქართველოს თავისი კულტურული, სამეცნიერო, რელიგიური და ეთნიკური ინტერესები გააჩნია ტაო-კლარჯეთში, ფიცხოვ-არტაანსა და სპერში, აგრეთვე ლაზიკაში, რომლებიც დღევანდელ თურქულ სახელმწიფოში შედიან, ან საინგილოში, ისტორიულ ლორის ოლქსა და ჩრდილო-კავკასიაში, მაშინ სავარაუდოა, რომ გონივრული და გაწონასწორებული, პატიოსანი პოლიტიკის გატარებით შესაძლებელი იქნება ამ ქართული ინტერესებისთვის ხორცშესხმა მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტების განვითარების გარეშე. ხოლო თუკი საქართველოს მთავრობის მეთაური განაცხადებს, რომ საქართველოს დიდი პტერენზიები არ გააჩნია, ვინაიდან ის მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა მთელი იმ პროვინციების გათვალისწინებით, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, აი მაშინ კი ალბათ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები მოითხოვენ ჩვენგან ამაზე ახსნა-განმარტებას, და არა გვგონია, რომ ან ოფიციალურად ბოდიშების მოხდას, ან კიდევ საომარ კონფლიქტებსა და უფრო მეტ უბედურებებს თავი დავაღწიოთ.
საბოლოოდ დავით დარჩიაშვილი აკეთებდა დასკვნას: «მოკლედ, ეს სტატია არა მგონია პარლამენტის ხელმძღვანელობას და ფრაქციათა უმეტესობას ობიექტურად და, საერთოდ, საყურადღებოდ მოეჩვენოს. იგი აგებულია ფაქტების მეტად ცალმხრივ შერჩევაზე. იგი უეჭველია მოეწონება ანტიდასავლურად განწყობილთ. ანტიდასავლურობა კი ჩემი აზრით ნიშნავს ეროვნულობის დაპირისპირებას ადამიანურობასთან. მე ამ სტატიაში შეიძლება ვეთანხმებოდე ფორმალურ ფაქტებს, ციფრებს, მაგრამ არ ვეთანხმები შეფასებებს. ოფიციალურ საპარლამენტო საითზე ამ სტატიის დადება არ შეესაბამება დეპარტამენტის პოლიტიკას, როგორადაც მე იგი მესმის. გამოდის, რომ ეს პარლამენტის აპარატის ან დეპარტამენტის პოზიციაა. ერთადერთი, რაც შემიძლია, დავაყენო ხათუნასთან საითზე ე.წ. სადისკუსიო წერილების ადგილის გამოყოფის საკითხი. მაშინ შესაძლოა ამ წერილმაც იპოვნოს იქ ბინა. თუ არა და არის უამრავი კერძო საითი. შეიძლება დახარებისათვის მიემართოს შარაძეს და ა.შ.».
საჭიროა ბ-ნ დარჩიაშვილის ეს დასკვნა ნაწილ-ნაწილ იქნას განხილული. თავიდან იგი წერს: «მოკლედ, ეს სტატია არა მგონია პარლამენტის ხელმძღვანელობას და ფრაქციათა უმეტესობას ობიექტურად და, საერთოდ, საყურადღებოდ მოეჩვენოს. იგი აგებულია ფაქტების მეტად ცალმხრივ შერჩევაზე». ვუპასუხებთ, რომ ფაქტებისა და შეფასებების მოსაყვანად ვსარგებლობდით პროფესორ გრიგოლ ჟვანიას წიგით «სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი», 50-იან წლებში დასავლეთ გერანიაში გამოცემული წიგნით «მსოფლიო ომი. 1939-1945», სტატიების კრებულით, რომელთა ავტორებიც გახლდნენ იმ ომის მონაწილე გერმანელი გენერლები და ფელდმარშლები, გვქონდა მანამდე წაკითხული მემუარული ლიტერატურის სხვა ნაწარმოებებიც მეორე მსოფლიო ომის თემაზე, რომელთა ავტორებიც, გერმანელთა გარდა, იყვნენ მაგალითად ამერიკელი გენერლები ბრედლი და რიჯუეი, ხოლო რასაც მართლა არ ვკითხულობდით იმხანად, ეს იყო ომის მონაწილე საბჭოთა მარშლების, გენერლებისა და ოფიცრების ნაწერები, ვინაიდან ანტისაბჭოთა და ანტირუსული განწყობა გვქონდა ჯერ კიდევ 70-იანი წლების მიწურულიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც დ. დარჩიაშვილი თუ არ ვცდებით, მოსკოვში ასპირანტურაში სწავლობდა რუსეთის ისტორიიდან გარკვეულ საკითხს და შემდეგ საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა, ანუ იკეთებდა ჩვეულებრივ საბჭოთა სამეცნიერო კარიერას, პირადად ჩვენ კი, მაგალითად, 80-იანი წლების შუახანებში სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად მუშაობის დროს, უარი ვთქვით სამსახურის საათებში საბურთალოს რაიონის სახალხო დეპუტატთან შეხვედრაზე წასვლაზე, როდესაც იქ ჩვენი განყოფილების პარტიული ხელმძღვანელობა გვაგზავნიდა, უარი ვთქვით მშვიდობის ფონდში ერთი დღის ხელფასის გადარიცხვაზე, სანამ უფრო გამჭვირვალე არ გახდებოდა საკითხი იმის თაობაზე, თუ რას ხმარდებოდა ეს სახსრები საბჭოთა მშვიდობის ფონდიდან, არ მოვიუსურვეთ ქართული და რუსული საბჭოთა გაზეთების გამოწერა, ვინაიდან საჭირო ინფორმაციას ისედაც ვღებულობდით ტელევიზიიდან, რადიოსადგურ «ამერიკის ხმიდან» და ახლობლებთან საუბრებიდან, ვკითხულობდით საქართველოს ისტორიის საკითხებს, ერიხ მარია რემარკისა და სხვა დასავლელი ავტორების რომანებს, ვუყურებდით მხატვრულ, სატელევიზიო და დოკუმენტურ ფილმებს და ინფორმაციის დიდი ნაკადი ისედაც მოდიოდა. გარდა ამისა, 1978 წლის 14 აპრილს ვმონაწილეობდით ქართული ენის დასაცავად გამართულ ცნობილ დემონსტრაციაში, როგორც უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, თუ არ ვცდები მეოთხე კურსზე სწავლისას, იმ დემონსტრაციაშიც, რომელიც გამართა სტუდენტების ჯგუფმა პირველი სკოლის წინ, ილიასა და აკაკის ძეგლთან, აფხაზეთში ქართული ძეგლების შეურაცხყოფასა და დარბევასთან დაკავშირებით (მაშინ უნივერსიტეტში მოვიდა მიმდინარე აქციის შესახებ ინფორმაცია, მეგობართან ერთად მივედით იქ და რამდენიმე საათს ვუძალიანდებოდით სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც შეგონებებით, ხელების გადაგრეხვის მცდელობებითა და ნეკნებში თითების მოჭერით ცდილობდნენ ჩვენს იქიდან გამოყვანას). და განა ასეთ რამეს გააკეთებდნენ მაშინ დარჩიაშვილები და ძმანი მისნი, თუ ისინი თავიანთი კარიერის კეთების საქმეებით დაკავებულები, უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში იქნებოდნენ მაშინდელ კომკავშირთან და უნივერსიტეტის პირველ განყოფილებასთან, ანუ იგივე საბჭოთა КГБ-ის განყოფილებასთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში? დავასახელებთ სხვა წყაროებსაც: ინგლისელი ავტორის ბ. ლიდელ ჰარტის წიგნს «მეორე მსოფლიო ომი», შეიძლება აქვე მოვიხსენიოთ ამერიკელი ავტორის ჩარლზ მაკდონალდის ასევე ისტორიული თხზულება «მძიმე გამოცდა (განსაცდელი)», რომელიც 1944 წლის ივლისში ანგლო-ამერიკული ჯარების ჩრდილოეთ საფრანგეთში დესანტირებასა და შემდგომ საბრძოლო მოქმედებებს შეეხება; ხოლო თანამდეროვე საკითხების განხილვის დროს კი ვიყენებდით სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოცემას Military Balance, ასევე დავით მეფის ფსალმუნებსა და დავით გურამიშვილის პოემა «დავითიანს». ანუ ამ შენიშვნაზე თუ დავეთანხმებით ბ-ნ დარჩიაშვილს, უნდა ვაღიაროთ, რომ ფაქტების შერჩევისას მართლა არ ვითვალისწინებდით სწორედ საბჭოთა ავტორების ნაწერებს, ეს მართალია.
რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი ნაშრომი იქნებოდა თუ არა საინტერესო და სასარგებლო საქართველოს პაელამენტის წევრებისთვის საქართველოს სახელმწიფოებრივ ნეიტრალიტეტზე ფიქრისა და მსჯელობისას, ეს უნდა გადაეწყვიტათ თავად პარლამენტარებს, და არა პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელს. საქმე იმაშია, რომ «ტასისის» პროგრამის ფრგლებში 1995–96 წლებში ჩვენს სამსახურს ჩაუტარდა ე.წ. ტრეინინგები სწორედ იმ მიზნით, რომ შეგვესწავლა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა გამოცდილება ჩვენი საქმიანობის სფეროში. ამ სწავლების დროს ჩვენთან ჩამოდიოდნენ კოლეგები ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, დანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტებიდან და გვესაუბრებოდნენ თავიანთი გამოცდილების შესახებ, კითხულობდნენ ჩვენ გამოცდილებას და მოსაზრებებსაც. პირადად ჩვენ განსაკუთრებით კარგად დაგვამახსოვრდნენ რიჩარდ ვეარი და ბეტი მაკკინეზი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის ბიბლიოთეკიდან, ფერდინანდ მიულერ-რომელი გერმანიდან, აგრეთვე სხვებიც. სწორედ ისინი გვეუბნებოდნენ დაბეჯითებით, რომ პარლმენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი უნდა იყოს თავისი საქმის კარგი მცოდნე, მოაზროვნე სპეციალისტი და პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი, რათა კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მოემსახუროს პარლამენტის ყველა წევრს მათი შეხედულებებისა და ფრაქციული კუთვნილების მიუხედავადო. იგივე მოთხოვნები იყო ასეთი სამსახურის რიგით და სხვა ხელმძღვანელ თანამშრომელთა მიმართაც. ისინი ამბობდნენ, რომ ევროპულ სახელმწიფოთა პარლამენტების წევრები ვერ მოითმენენ ამ სამსახურში მიკერძოებულ თანამშრომელთა და, მით უმეტეს, მიკერძოებულად მოქმედი უფროსის საქმიანობასო. ასევე გვეუბნებოდნენ, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტებში დიდი პატივისცემა და დაფასება აქვთ როგორც ასეთ კვლევით სამსახურებს, რომელთაც მოეთხოვებათ პარლამენტის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ისე მათ ხელმძღვანელებსაცო. მაგრამ ჩვენში რომ საქმე ამ გზით ვერ წავიდა, ეს ალბათ საიდუმლო არ უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვის, და ხდება ის, რომ პარლამენტისა და მისი აპარატის ხელმძღვანელობას დაქვემდებარებული და დამორჩილებული პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის მიკერძოებული ადამიანი, რომელიც ტენდენციურ ინფორმაციას აწვდის პარლამენტარებს მათ მიერ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას, და ეს პარლამენტარებიც, სამწუხაროდ, მშვიდად ეგუებიან საგანთა ასეთ წესრიგს.
ბ-ნი დარჩიაშვილი ჩვენს ნაშრომზე თავის დასკვნაში ასევე აფიქსირებდა, რომ «იგი უეჭველია მოეწონება ანტიდასავლურად განწყობილთ. ანტიდასავლურობა კი ჩემი აზრით ნიშნავს ეროვნულობის დაპირისპირებას ადამიანურობასთან». როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი ნაშრომი ემყარებოდა ძირითადად დასავლურ წყაროებს, ხოლო თუ კი ამ წყაროების გამოყენებით იგი გამოვიდა ანტიდასავლური, ეს უკვე თავად რეალური ვითარების ბრალია, და არა ჩვენი. გაეწიათ რეკომენდაცია ამერიკელ და სხვა ნატოელ სამხედრო მრჩევლებს იმაზე, რომ მათივე გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოში დაგვეწყო ჯავშანსატანკო ტექნიკითა და საველე არტილერიით, აგრეთვე საარმიო ავიაციის ტანკსაწინააღმდეგო (დამრტყმელი) ვერტმფრენებით გაჯერებული და დაბალანსებული სახმელეთო ჯარების მშენებლობაზე ზრუნვა, რომელსაც შეეძლებოდა 20 წლის შემდეგ მაინც (ანუ 2015–20 წლებში) საჭიროების შემთხვევაში 500 ათასი განსწავლული რეზერვისტის მობილიზაცია, რომელთაც შეიარაღებაში ექნებოდათ დაახლოებით 500 საბრძოლო ტანკი, 700–800 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტერი, 600–700 ერთეული 100 მმ-ზე მეტი ყალიბის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 200-მდე დამრტყმელი ვერტმფრენი, 350–400 საბრძოლო თვითმფრინავი, და მაშინ რომელი ჭკუათმყოფელი დაიწყებდა ამის წინააღმდეგ რაიმეს წერას? ვის ექნებოდა ანტიდასავლური განწყობილება? რაც შეეხება თეზისს იმის შესახებ, რომ «ანტიდასავლურობა... ნიშნავს ეროვნულობის დაპირისპირებას ადამიანურობასთან», უნდა აღინიშნოს, რომ აბსტრაქტული ადამიანი ბუნებაში არ არსებობს; თითოეული ადამიანი ხასიათდება თავისი ეროვნულობით, რელიგიურობით, გარკვეულ გეოგრაფიულ და სხვა პირობებში აღზრდა-ჩამოყალიბებით, სკეთისა და ბოროტების, აგრეთვე ამ ქვეყნად ადამიანის ცხოვრების აზრის მისეული გაგებით. დასავლელი ადამიანი, ანუ როგორც ამბობენ, რომანულ-გერმანული მოდგმის ადამიანი, ადამიანთა მსოფლიო საზოგადოებრიობის ერთი შემადგენელი ნაწილია, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. რომანულ-გერმანული ევროპისგან განსხვავდება, და ბევრ რამეში საფუძვლიანადაც, მართლმადიდებლური ქრისტიანული სამყარო, მუსლიმანური აღმოსავლეთი, ჩინური, ინდური და იაპონური ცივილიზაციები და სხვანი. ვხედავთ, თუ რამდენი სისხლი იღვრება იმის გამო, რომ იმავე მაჰმადიან არაბებს არ სურთ დასავლურ სქესობრივი გარყვნილების მოძალებასთან შეგუება, უნდათ თავიანთი რელიგიური და ეროვნული ფასეულობების დაცვა და გაფრთხილება. ან როგორ უნდა ავხსნათ ის, რომ მაგალითად 60 თუ 70-იან წლებში გადაღებული იყო ამერიკული მხატვრული ფილმი «სპარტაკი», სადაც მთავარ როლს ასრულებდა კერკ დუგლასი, და ეს ფილმი ყველასთვის საყვარელი და მისაღები იყო, ხოლო ამ უკანასკნელ წლებში კი გადაღებულ იქნა იმავე ამერიკაში უკვე სერიალი სპარტაკზე, სადაც ფილმის ნახევარზე მეტი დათმობილია რომაელ ქალებთნ გლადიატორების სქესობრივი ურთიერთობებისა და ზედმეტად დეტალიზებული სისხლიანი სცენების ჩვენებისთვის. არ უნდათ შედარებით ჯანსაღად და ტრადიციულად მოზროვნე ადამიანებს ამ სამახინჯეების ყურება, და ნუთუ ეს ადამანურობასთან დაპირისპირებას ნიშნავს. ალბათ ნიშნავს, დარჩიაშვილისა და ძმათა მისთათვის, ვინაიდან ასეთი დამოკიდებულების დანერგვისთვის იგი ჯერ კიდევ «კავკასიურ ინსტიტუტში» საქმიანობისას ღებულობდა მწვანე დოლარებს, დასავლური ხარჯებით დადიოდა სხვადასხვანაირ საერთაშორისო ღონისძიებებზე, ხოლო პარლამენტში კი ალბათ უფრო მეტად გაშლიდა ფრთებს, საკუთარი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და მათ საზიანოდ, რა თქმა უნდა. ერთი საყურადღებო დეტალიც გაგვახსენდა: ამ რამდენიმე წლის წინ, როცა ვეცნობოდით 1990–91 წლებში ერაყის წინააღმდეგ დასავლური კოალიციის ომის საკითხებს, წავიკითხეთ, რომ ანტიერაყული ძალების მხრიდან სახმელეთო ოპერაციების დაწყების წინ ბრიტანული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავის ჟურნალისტებს აფრთხილებდა, რომ დაჭრილი და დახოცილ თანამემამულეები გადაეღოთ შორი კადრებით და გარკვეული სიფრთხილის დაცვით, რათა მოსახლეობას თავიანთ თანამემამულეთა გვამები და დაჭრილთა კვნესა-ვაება ახლოს არ ეხილა, ჩვენ კი ტელევიზიით გვიჩვენებენ ასეთ სისხლიან სცენებს და ეს ყოფილა დარჩიაშვილების აზრით ადამიანურობის ზეიმის ერთერთი შემადგენელი ნაწილი? საღ გონებასთან და ეროვნული ინტერესების დაცვასთან ეს რაღაც თანხმობაში ვერ მოდის, მაგრამ თუ აქ გავითვალისწინებთ კაბინეტების რბილ სავარძლებს და დოლარების ან ევროების ფრიალსაც, მაშინ უკვე ყველაფერი გასაგები ხდება. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.
და ამის შემდეგ დ. დარჩიაშვილი ასკვნის: «ოფიციალურ საპარლამენტო საითზე ამ სტატიის დადება არ შეესაბამება დეპარტამენტის პოლიტიკას, როგორადაც მე იგი მესმის. გამოდის, რომ ეს პარლამენტის აპარატის ან დეპარტამენტის პოზიციაა». ანუ იწერება ის განაჩენი, რომელიც ცნობილი იყო ჯერ კიდევ სტატიის კითხვის დაწყებამდეც. ამის შესახებ ბევრს უკვე აღარ გავაგრძელებთ, არამედ გვინდა ვურჩიოთ თავად ბ-ნ დარჩიაშვილსა და ძმათა მისთა, რომ კიდევ ერთხელ ნახონ სტენლი კრამერის ფილმი “ნიურნბერგის პროცესი”, რომელსაც ორიგინალში ეწოდება “სასამართლო მოსამართლეებზე”, აგრეთვე 50-იანი წლების დასავლეთგერმანულ სურათი “ჩვენ ვუნდერკინდები ვართ”, რაც ალბათ უთუოდ სასარგებლო იქნება მათთვის.
ბოლოს დ. დარჩიაშვილი ასკვნის: «ერთადერთი, რაც შემიძლია, დავაყენო ხათუნასთან საითზე ე.წ. სადისკუსიო წერილების ადგილის გამოყოფის საკითხი. მაშინ შესაძლოა ამ წერილმაც იპოვნოს იქ ბინა. თუ არა და არის უამრავი კერძო საითი. შეიძლება დახარებისათვის მიემართოს შარაძეს და ა.შ.». აქ ბ-ნ დარჩიაშვილის სასიკეთოდ ჩანს ის დამოკიდებულება, რომ იგი გარკვეულ ფრგლებში იმხანად ემხრობოდა პლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების პატივისცემის ლიბერალურ ფასეულობებს, თუნდაც სადისკუსიო საიტის შექმნის იდეით, რაზედაც ჩვენც თანახმა ვიყავით, მაგრამ ეს ინიციატივაც არ მოეწონა მაშინ პარლამეტის აპარატის უფროსს ხათუნა გოგორიშვილს და იგი უშედეგოდ დარჩა. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მაშინდელი წევრის ბ-ნ გურამ შარაძის მოხსენიებას ასეთ კონტექსტში, და თანაც ჯერ კიდევ 2002 წელს, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დაძაბულ და აგდებულ დამოკიდებულებას, რომელიც ჰქონდათ მაშინდელ მოქალაქეთა კავშირსა და სხვა პროამერიკულ ორგანიზაციებს ამ ადამიანის მიმართ, რაც შემდეგ ქალაქის ცენტრში სისხლიანი ანგარიშსწორებით დამთავრდა. ნათელში ამყოფოს ბ-ნი გურამის სული უფალმა.
დასასრულს გვინდა გავიხსენოთ ერთი საუბარი, რომელიც უკვე 2004 თუ 2005 წელში გვქონდა საქართველოს პარლამენტის კვლკევითი დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან ზურაბ ტარიელაშვილთან მას შემდეგ, რაც მასაც ვაჩვენეთ ეს ნაშრომი «ნეიტრალიტეტის შესახებ», და სადაც დასკვნით ნაწილში ჩანდა, რომ შეცდომად მიგვაჩნდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის ცალმხრივად აღება დასავლეთზე, რუსეთის ფაქტორისა და ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რის მაგალითადაც მოგვყავდა ვახტანგ VI-ის დრამატიზმით აღსავსე ისტორია დავით გურამიშვილის პოემის მიხედვით. ამაზე ახალმა უფროსმა გვიპასუხა, ხომ ხედავ, რომ შენი შეხედულებები არ არის ადექვატური ქვეყანაში არსებული შეხედულებებისაო. და ამაშიც იყო სიმართლის გარკვეული წილი, თუმცა კი თავად ზ. ტარიელაშვილი 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან 2000-იანების დასწყისამდე გახლდათ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის ერთერთი წამყვანი თანამშრომელი და მანამდე მის თვალწინ და მისი მონაწილეობით მიდიოდა ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დაჟინებით უნერგავდა პროამერიკულ და პროდასვლურ განწყობებს. ჩვენ ამ საუბარში ეს უკვე აღარ გაგვიხსენებია მისთვის, ვინაიდან თავადაც კარგად იცოდა, ვუთხარით მხოლოდ ის, რომ 1942 წლის გერმანიაში ადექვატური იყო ჰიტლერული იდეოლოგიის განწყობები, ხოლო ერიხ მარია რემარკი და თომას მანი კი, საერთოდ, ემიგრაციაში იყვნენ გახიზნულნი; მაგრამ როგორ დაუჯდათ ეს მთელ გერმანიასა და თავად ამ ნაცისტურ მმართველობას 1945 წელში, ესეც კარგადაა ცნობილიო. ასეთი შედარება ბ-ნ ტარიელაშვილს, ცხადია, არ მოეწონებოდა, მაგრამ სკამის და ფულის ინტერესებმა მასში გადაწონა ასეთი არასახარბიელო პერსპექტივის წინაშე შიში და შეშფოთება. ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო, ნათქვამია. სამწუხაროა ის, რომ ასეთ ქრთამებსა და პირად ინტერესებზე დახარბებული ადამიანები არიან დღესდღეობით ამინდის შემქმნელები არა მხოლოდ ხელისუფლებაში და არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ მეცნიერებაშიც, კულტურაშიც და სხვა სფეროებშიც. და იქნებ ჯობდეს, რომ ის დიდი ომი და მასთან დაკავშირებული მსხვერპლი და სხვა უბედურებანი გადაიტანონ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა, რათა ეს ხარბი მტაცებლები გამოვიდნენ თავიანთი ანგარების სქელი ქერქიდან და გადატანილი დანაკარგების გამო განცდების ძალით მაინც გაეღვიძოთ სინანული, ისწავლონ მოძმის სიყვარული, მისდამი თანაგრძნობა და გულისხმიერება, ისწავლონ საკუთარი სამშობლოსა და მშობელი ხალხის სიყვარული. ერთსა ვთხოვთ მხოლოდ უფალს, რომ თუ ასეთი უბედურებები დაატყდება ჩვენს ქვეყანას, დაიფაროს ის ადამიანები, რომლებიც არ არიან ანგარებით და ბოროტად გარეული ქვეყნის საწინააღმდეგო ასეთ საქმიანობაში, ან კიდევ თავიანთი მოყვასის საწინაღმდეგო მძიმე საქმიანობაში, ხოლო ვინც ამეებში გარეული არიან და არ ეთმობათ ეს მანკიერებანი, ისინი კი თავად განსაზღვრავენ,სამწუხაროდ, თავიანთ ხვედრს, ისინი კანონზომიერად მიიღებენ ყოველივეს უფლისგან, რაც საჭირო იქნება მათი გამოსწორების ან კიდევ საერთოდ ჩამოშორებისთვის. ღმერთმა მოგვცეს სულიერება და გონიერება ყველას, ერსა და ბერს უფლის სამსახურში და ქვეყნის სასიკეთოდ ჩვენი საქმიანობის წარსამართავად.
(გაგრძელება იხ. ნაწილი III)

No comments:
Post a Comment