Monday, November 19, 2018

პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში 2000-2003 წლებში მომზადებული ნაშრომები

(ნაწილი IV) 


ზოგიერთი რამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების შესახებ 

(ნაშრომი წარმოადგენს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულებაში არსებული რიგი მოსაზრებების კრიტიკას საკონსტიტუციო შეთანხმების /კონკორდატის/ მომზადების დასკვნით ეტაპზე. იგი მომზადებულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმების ტექსტის მომზადების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ქ-ნ დალი აბაშიძის შეკვეთით. პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ არც ამ ნაშრომის დადება მოისურვა დეპარტამენტის საიტზე, ანუ არ ჩათვალა საჭიროდ პარლამენტის წევრებამდე მისი მიტანა, და მკითხველი ალბათ მიხვდება, რომ არც თავად “ხალხის რჩეულებს” დაკარგვიათ ამის გამო მადა)

საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების მომზადების დასკვნით ეტაპზე შევეცდებით გარკვეული მოსაზრებები გამოვთქვათ, როგორც ამ დარგის არასპეციალისტმა, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის აქტიურმა მრევლმა, რომელსაც ბოლო ათი წლის განმავლობაში, ღვთის წყალობით, გარკვეული ცოდნა დაუგროვდა ამ სფეროში; ხოლო მეორეს მხრივ, როგორც სამხედრო სფეროში მომუშავე სპეციალისტმა, ვინც იცის, რომ დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც ხშირად ჩვენ უკრიტიკოდ ვენდობით, ძალზედ ცუდ როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების აგრეთვე შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საჭირო დონეზე მიყვანის საქმეში. აქედან გამომდინარე, მეტად საეჭვოა, რომ ისინი რელიგიის სფეროში გვაძლევდნენ ჩვენთვის სასარგებლო რჩევებს. 

ამასთანავე უკანასკნელ წლებში სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას შორის ხელშეკრულების დადების თაობაზე დისკუსიებში აქტიურად არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას ღებულობენ ძირითადად დასავლეთის ქვეყნებიდან. ისინი ძალზე ხშირად აქტიურად ეწევიან ამა თუ იმ დასავლური შეხედულებების პროპაგანდას და ამავე დროს რელიგიის საკითხებში ამჟღავნებენ უკიდურეს უმეცრებასა და არაკომპეტენტურობას. სახელდობრ, 2000 წლის შემოდგომაზე პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ეგიდით ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა მსჯელობა სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადების თაობაზე. მასში მონაწილეობდნენ ძირითადად სხვადასხვა არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჩვენი ნაშრომიც სწორედ ამ შეხვედრის, აგრეთვე მრავალი სატელევიზიო გადაცემის შთაბეჭდილებებით იწერება. აღნიშნული ღონისძიების მსვლელობისას პირად საუბარში ჩვენ ვკითხეთ “თავისუფლების ინსტიტუტის” აქტიურ თანამშრომლებს (მათგან სახეზე ვცნობდით მხოლოდ გიგა ბოკერიას) თუ იცოდნენ საერთოდ რას ნიშნავს ტერმინი “რელიგია”, რაზედაც უარყოფითი პასუხი მივიღეთ. არადა ამ ტერმინის განსაზღვრება მეტად მნიშვნელოვანია და მისი ცოდნა ბევრ საკითხს სხვანაირად დაგვანახებდა. ამიტომ ჩვენს მსჯელობასაც სწორედ რელიგიის ტერმინის განმარტებით დავიწყებთ.

1. რელიგია, როგორც ვიცით, არის მოძღვრება ღმერთის შესახებ. საბჭოთა პერიოდში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ღმერთი არ არსებობს და რომ იგი ადამიანმა გამოიგონა, ვინაიდან ბუნების ძალების, სტიქიური მოვლენებისა და მტაცებელი ცხოველების თავდასხმებისგან შეწუხებულს ზეცაში მყოფი მოწყალე და ყოვლისშემძლე ღმერთის იმედი ჰქონოდა.

მაგრამ თავად ტერმინი “რელიგია” შედგება ორი ლათინური სიტყვისგან – “რე” და “ლიგა”. “რე” – ნიშნავს – ხელახლა; იმავე აზრითა იგი შესული სიტყვებში: რეაქცია, რეანიმაცია, რეგენერცია, რესტრუქტურიზაცია, რეპატრიაცია და სხვა. “ლიგა” ნიშნავს – კავშირს; ამავე აზრით გამოიყენება იგი სახელწოდებებში: ერთა ლიგა, საფეხბურთო ლიგა, საჭადრაკო ლიგა და ა.შ. მაშინ სიტყვა რელიგია შეგვიძლა განვმარტოთ როგორც – კავშირის განახლება. მაგრამ, თუკი ღმერთი ადამიანმა მოიგონა, მაშინ გაუგებარია რა შუაშია “კავშირის განახლება” და რად უნდა მას ისეთი მოძღვრება, გნებავთ თეორია, რომელიც მის მიერ გამოგონილთან განუახლებდა კავშირს? მაგრამ თუკი დავუჯერებთ ბიბლიაში გამოთქმულ ცოდნას იმის შესახებ, რომ სწორედ ღმერთმა შექმნა უხილავი და ხილული სამყარო, ხოლო ბოლოს ადამიანიც; რომ ადამი და ევა თავიდან სამოთხეში ცხოვრობნენ, რომელიც, როგორც ეკლესიის გამოჩენილი მამები განმარტავენ, ისტორიული შუამდინარეთის მახლობელ ადგილას უნდა ყოფილიყო, და სადაც ცხოვრება მათთვის სიხარულისა და ნეტარების მომტანი იყო; რომ შემდეგ აკრძალული ნაყოფის ჭამისა (მარხვის გატეხვის) და ჩადენილი დანაშაულისთვის სინანულის არქონის გამო ღმერთმა ისინი გამოდევნა სამოთხიდან. ამის შემდეგ უფლის უწინდელ უშუალო მფარველობას მოკლებული ადამი და ევა მართლაც მარტონი აღმოჩნდნენ ბუნების ძალების, მძიმე და მტანჯველი შრომისა და მტაცებელი ცხოველების წინაშე და ბუნებრივია, ღმერთის მიერ პატიება და ისევ უფლის წიაღში დაბრუნება მათთვის სანატრელი და საოცნებო იქნებოდა. ამის შესახებ თავად ღმერთმა მისცა იმედი ადამსა და ევას, როდესაც იგი მათ მომავალში მხსნელის მოვლინებას დაპირდა. სწორედ აქედან არის სახელწოდება “ძველი აღთქმა”, ანუ უფლის მიერ ადამიანებისთვის მიცემული აღთქმა, პირობა მხსნელის მოვლინებისა და ადამიანის ღმერთთან შერიგების, მისი სასუფეველში დაბრუნების შესახებ.

თანაც აღსანიშნავია, რომ ის, ვინც ღმერთის შესახებ მოძღვრებას რელიგია, ანუ უფალთან “კავშირის განახლება” უწოდა, სწორედ ბიბლიას ეყრდნობოდა და მთლიანად იზიარებდა მის გადმოცემას. მეორეს მხრივ, ამ ტერმინმა გაუძლო საუკუნეებს და ამ საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, აგრეთვე უამრავი შეფერილობის ათეისტების შემოტევებს. ამიტომ ჩვენც, თუნდაც არაეკლესიურად მცხოვრებ, მაგრამ კულტურულად მართლმადიდებლობასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანებს, ბიბლიური გარდამოცემისადმი უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა უნდა გვმართებდეს. 

ყოველივე ეს ჩვენ შევისწავლეთ როგორც წლების განავლობაში წირვა-ლოცვაზე მოსმენილი ქადაგებებიდან და საეკლესიო ლიტერატურის კითხვიდან, ისე ძველი საპატრიარქოს შენობაში მოქმედი სამრევლო სკოლის კურსის მოსმენიდან, სადაც ასწავლიან საღვთო სჯულსა და საქართველოს ეკლესიის ისტორიას. თავისთავად ცხადია, რომ რელიგიის საკითხებით დაკავებული ადამიანებისთვის მეტად სასარგებლო იქნებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შემოსვლა და ეკლესიის მოძღვრებისგან, აგრეთვე სასულიერო აკადემიის მასწავლებლებისგან კოპეტენტური ცოდნისა და ინფორმაციის მიღება.

ახლა, რა პრაქტიკულად გამოყენებადი დასკვნების გაკეთება შეიძლება ტერმინ “რელიგიის” ზემოთ მოყვანილი განმარტებიდან? საქმე იმაშია, რომ ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნებში ხშირადაა წინასწარმეტყველებანი იესო ქრისტეს, როგორც ღმერთის ძისა და კაცობრიობის მხსნელის მოსვლის შესახებ. თავად სახარების ბევრ გამოცემაში ძალიან ხშირად ცალკეული მუხლების შემდეგ არის მითითებანი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებზე, რომლებშიც რამდენიმე საუკუნის ან ათასწლეულის წინ იყო გამოთქმული მაცხოვრის ამა თუ იმ სწავლების ან მოქმედების შესახებ. სახელდობრ, ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 1000 წლით ადრე ებრაელთა წინასწარმეტყველი მეფე დავითი სულიწმიდის შთაგონებით დაწერილ 21-ე ფსალმუნში ამბობს: “რამეთუ მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ, და კრებულმან უკეთურთან გარე მომიცვა მე, განხურიტნეს ხელნი ჩენი და ფერხნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი, მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი”. პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ უხვადაა სწორედ ძველი აღთქმის წიგნებში არსებულ წინასწარმეტყველებათა განხილვები იესო ქრისტეს შესახებ, რომლებითაც პავლე მოციქული უხსნიდა მოსეს რჯულში გასწავლულ ებრაელებს იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებასა და ძველი აღთქმის მიხედვით კაცობრიობის ღმერთთან შერიგებისთვის მის ამ ქვეყნად მისვლას.

მაგრამ ბიბლიაში არსად არ არის ასეთი წინასწარმეტყველება მუჰამედის, ბუდას, კრიშნას ან სხვა მომდევნო რელიგიების ფუძემდებლების თაობაზე. ამრიგად ღმერთისგან ადამიანებს მიეცათ ცოდნა მხოლოდ იესო ქრისტეზე, როგორც ღმერთის ძესა და ადამიანთა მაცხოვარზე (მხსნელზე). მიეცათ ცოდნა ასევე სულიწმიდასა და ყოვლადწმიდა სამებაზე, რომელსაც აღიარებს ქრისტიანობა. ყველა სხვა რელიგიური “მოძღვრების” ფუძემდებლები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოროტი სულის ჩაგონებით და მისი ხელშეწყობით ახდენდნენ სხვებზე გარკვეულ ზემოქმედებას და მათი მიმხრობით აყალიბებდნენ ახალ რელიგიურ მიმდინარეობებს, მათ შორის ქრისტიანობის წიაღშიც. ყოველივე ეს ადამიანთა მოდგმის მტერს სჭირდება ცალკეული ადამიანებისა და მთელი ხალხების დასაბნევად, სწორი გზიდან მათ ასაცილებლად და ღმერთისგან დასაშორებლად. დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ მთელ დედამიწაზე მილიარდობით ადამიანი ამ ცრუ რელიგიურ მიძღვრებათა მიმდევარია.

საქართველოსთვის ეს შეიძლება აქტუალური იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ისტორიის ქარტეხილების გამო ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ იუდეველები და მუსლიმანები, რომლებთანაც ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობების დარეგულირება ხდებოდა წარსულში და ხდება ეხლაც. მაგრამ ამ დარეგულირების პროცესში, ცხადია ერთ სიბრტყეში არ უნდა განვიხილავდეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ჩვენში ისტორიულად დამკვიდრებულ არაქრისტიანულ ტრადიციულ აღმსარებლობებს. ასეთი მიდგომა მეტად კარგი იქნებოდა თავად ამ აღმსარებლობების ადამიანთა სულის ცხონების გზაზე დადგომისთვის, რისთვისაც ასეთები შემდეგ მადლობელნი დავრჩებოდნენ. მაგრამ მათთან მოპყრობაში ცხადია, რომ აუცილებელია სიყვარული, გონიერება, ტაქტი და მოთმინება. ბევრი ქართველი ადამიანის აზრით, ყოველივე ამის ჩადება კანონმდებლობაში შესაძლებელია, მხოლოდ ისე, რომ მართლმადიდებლობის პრიორიტეტი საქართველოში იყოს უდაო და აღიარებული.

ამის საპირისპიროდ, რელიგიურ ცოდნას მოკლებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უმთავრესად დასავლური ცივილიზაციის მიერ აღიარებული “ადამიანური ფასეულობების პრიმატიდან” გამომდინარე, მაგრამ სათანადო არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ისტორიულ, საზოგადოებრივ მეცნიერებათა და სხვა ცოდნას მოკლებულნი (როგორც დასავლური სამყაროს რელიგიის ისტორიაში, ისე საერთოდ ზოგად ისტორიაშიც), ამ დასავლურ ფასეულობებსაც ისინი მეტად ზედაპირულად აღიქვამენ და განმარტავენ. მაგალითად, აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა თავისი ერთერთი საჯარო გამოსვლა დაასრულა სიტყვებით, რომ ჩვენს თავზე დატეხილი უბედურების გამო ნუგეშის მისაღებად 22-ე (თუ 23-ე) ფსალმუნის სიტყვებს მივმართოთო.

დასავლეთში, როგორც ვხედავთ, იციან წმინდა წერილის მნიშვნელობა, ხოლო დასავლური სამართალი მნიშვნელოვანწილად დამყარებულია ქრისტიანულ ფასეულობებზე ისე, როგორც მათ ეს ფასეულობები ესმით (კათოლიკებს, ანგლიკანებს, ლუთერანებსა და კალვინისტებს). ძალზედ ხშირად დასავლეთის პოლიტიკური და სხვა მოღვაწეები მიმართავენ ღმერთს და ითხოვენ მისგან მოწყალებას, ამა თუ იმ საქმეში შემწეობასაც თხოვენ. მაგრამ დასავლეთის ისტორიის სათანადო სიღრმით ცოდნას მოკლებული, აგრეთვე დასავლური ქრისტიანობის საკითხებში საჭირო დონეზე ვერჩახედული ჩვენი არასამთავრობოები ყველანაირად გაურბიან ამ ფასეულობათა წარმოქმნისა და განვითარების პროცესში საფუძვლიანად გარკვევას და მხოლოდ მათი დებულებებისა და შედეგების ზედაპირული გაგება-გამეორებით ცდილობენ ქართულ საზოგადოებას თავზე მოახვიონ ისინი.

ამავე დროს, ჯერ კიდევ წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ნიკო ნიკოლაძესთან, არჩილ ჯორჯაძესთან და შემდგომ ნოე ჟორდანიასთან კამათში მუდმივად ამტკიცებდა, რომ ევროპული სამეურნეო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების ჩვენში მექანიკური გადმოტანა საქართველოსთვის მეტად საზიანო შეიძლება იყოს, ხოლო ევროპული გამოცდილების ჩვენი ქვეყნის პირობებთან მისადაგების, საქართველოს ისტორიული, გეოგრაფიული, ქართველი ხალხის რელიგიურ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, ანუ ჩვენი ეროვნული ცნობიერების ქარცეცხლში გატარებით, როგორც დიდი ილია ამბობდა, ევროპული ცოდნა და გამოცდილება ჩვენთვისაც მეტად სასარგებლო იქნებაო.

2. ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ მუსლიმანური და იუდაისტური (აგრეთვე სხვა ძირითადი არაქრისტიანული) აღმსარებლობების, როგორც არასრულყოფილი ან კიდევ პირდაპირ მცდარი რელიგიური მოძღვრებების შესახებ. არასრულყოფილ მოძღვრებებს ალბათ უნდა მივაკუთვნოთ იუდაიზმი, რომელიც ქრისტიანობამდე წარმოადგენდა ქრისტეს მისაღებად ებრაელთა და საერთოდ კაცობრიობის მოსამზადებელ ჭეშმარიტ მოძღვრებას, მაგრამ ვინაიდან ძველმა ებრაელებმა იესო ქრისტეში ვერ იცნეს ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად მოვლენილი ძე ღვთისა, ამიტომ ძველი აღთქმის დროინდელი მათი ჭეშმარიტი აღმსარებლობა თავისთავად ვერ გაგრძელდა ქრისტიანობაში, არამედ წავიდა უკვე მცდარი გზით. მეორეს კი მიეკუთვნება სხვა არაქრისტიანული ტრადიციული რელიგიები, უმთავრესად მაჰმადიანობა.

მაგრამ ქრისტიანობაშიც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, რამდენიმე ძირითადი მიმდნარეობაა: მართლმადიდებლობა, მონოფიზიტობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმის სახეობანი. ღმერთი კი ერთია და ისიც ჩვენ ერთი სახის ზნეობრივ კანონებს გვიწესებს და ჩვენგანაც ერთი სახის მსახურებას მოითხოვს. ამიტომ სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ურთიერთობებში მეტად აუცილებელია, რომ ასევე საფუძვლიან ცოდნაზე ვემყარებოდეთ. მართალია, პირადად ჩვენ ამ სფეროში აკადემიური ცოდნა არ გაგვაჩნია, მაგრამ 1999–2000 წლებში ვსწავლობდით ძველი საპატრიარქოს შენობაში მოქმედ სამრევლო სკოლაში და იქ ვღებულობდით აუცილებელ განათლებას ქრიასტიანობისა და საერთოდ რელიგიის შესახებ. აღნიშნულ სკოლაში ჩვენდა საბედნიეროდ, მოვისმინეთ საქართველოს სასულიერო აკადემიის პედაგოგის ქ-ნ ასმათ ოქროპირიძის საჯარო ლექცია, რომელიც ეხებოდა მართლმადიდებლური ხელოვნებათმცოდნეობის, საკუთრივ მართლმადიდებლურ ხატწერაში ფერთა სიმბოლიკის საკითხებს. ამავე დროს მომხსენებელმა განგვიმარტა კათოლიკური ელესიის პრაქტიკაში არსებული რიგი არასწორი დებულებებიდან ამომდნარე მცდარი შედეგების მნიშვნელობაც. სწორედ მათ შესახებ გვექნება ქვემოთ საუბარი.

სახელდობრ, ცნობილია, რომ რომის კათოლიკური ელესია დედა-ეკლესიას ანუ მართლმადიდებლობას გამოეყო XI საუკუნეში და ამ გამოყოფას საფუძვლად ედო როგორც დოგმატური, ისე პოლიტიკური მიზეზებიც. დოგმატური განსხვავებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: მართლმადიდებლები ვაღიარებთ, რომ წმიდა სამების მესამე წევრი ს უ ლ ი წ მ ი დ ა გამოდის მამისაგან და ასევე გვიწერია მართლმადიდებლურ მრწამსშიც (სარწმუნოების სიმბოლოში); კათოლიკებს კი მიაჩნიათ, რომ სულიწმიდა გამოდის მამისაგან და ძისაგან, და ისინი თავიანთ მრწამსიც ასევე აღნიშნავენ. სულიწმიდა რომ მამა ღმერთისაგან გამოდის, ამის შესახებ თავად მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს იოანეს სახარებაში 15-ე თავის 26-ე მუხლში. იქ ნათქვამია: “ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქვენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან სწამოს ჩემთვის”. რატომ ჩათვალეს კათოლიკებმა, რომ სულიწმიდა ძისგანაც გამოდის, ეს თეოლოგიის სპეციალისტთა მსჯელობის საკითხია და ჩვენ მასში კომპეტენტური არ გახლავართ, მაგრამ ქ-ნმა ასმათმა განგვიმარტა ლათინური ეკლესიის ამ განსხვავებული მიდგომიდან განვითარებული არასწორი რელიგიური მოძღვრების ერთი საკითხი. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მამა ღმერთი არავის უხილავს, ადამიანთა თვალისთვის მიუწვდომელია იგი, ძე ღმერთი, იესო ქრისტე კი განკაცდა, ადამიანის ხორცი შეისხა და ამ სახით ყველასათვის ხილულად ცხოვრობდა.

ამიტომ, როდესაც მართლმადიდებლები ვამბობთ, რომ სულიწმიდა გამოდის მამისაგან ანუ უხილავისაგან, ამ დროს ჩვენ ვცდილობთ, რომ უხილავ ღმერთს, მის საიდუმლოს ჩავწვდეთ გონების თვალით, რაშიც გვეხმარება საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა, მოძღვრის ქადაგების მოსმენა, საეკლესიო ლიტერატურის კითხვა და ა. შ. ამის საპირისპიროდ, როდესაც კათოლიკმა სამღვდელოებამ ჩათვალა, რომ სულიწმიდა გამოდის როგორც მამისაგან (უხილავისაგან), ისე ძისგანაც (ხილულისაგან), მან თავის მრევლს შესთავაზა, რომ ღვთის საიდუმლოში ჩაწვდომისა და ღმერთის შემეცნებისთვის გაემახვილებინა არა უპირატესად გონების თვალი, არამედ გაემარტივებინა ამოცანა და უხილავის საიდუმლოს ჩაწვდომოდა ხილული სიმბოლოების მეშვეობით.

სახელდობრ, მართლმადიდებლურ ხატწერაში ფართოდ იყენებენ ფერთა სიმბოლიკას, რომელიც გვეხმარება უფლის სასუფევლის საიდუმლოთა შეცნობაში. ხატწერაში ფონის გამოსახატავად ხშირად იყენებენ ოქროსფერ საღებავს. ამ სიმბოლოს მნიშვნელობა იმაშია, რომ ვინაიდან ოქრო ცეცხლში არ იწვის, არამედ სხვა მინარევებისგან იწმინდება, და წყალში არ იჟანგება, ამიტომ ქრისტიანულ ხატწერაში ოქროსფერი მიჩნეულია მარადიულობისა და სიწმინდის გამოხატულებად. და რადგანაც ხატებზე გამოსახული წმინდანები იმყოფებიან უფლის სასუფეველში, ანუ მარადიულ სიწმინდეში, ამიტომ მართლმადიდებლური ხატის ფონი გამოხატავს სწორედ ცათა სასუფეველს და, შესაბამისად, მას ხატავენ ხშირად ოქროსფერი საღებავით. ასევე მართლმადიდებლურ ხატწერაში მარადიულობისა და სიწმინდის გამომხატველი ფერებია ცისფერი და მწვანე. ამავე დროს, როგორც ვიცით, თეთრი ფერი სპექტრის შვიდი ფერის – წითელის, ნარინჯისფერის, ყვითელის, მწვანის, ცისფერის, ლურჯისა და იისფერის – ნაკრებს წარმოადგენს, ამიტომ ქრისტიანულ ლიტერატურაში მას ხშირად უფლის გამაერთიანებელი თვისებისა და ძალის – იგივე ღვთაებრივი სისპეტაკის მნიშვნელობას ანიჭებენ. ამის საპირისპიროდ, ვინაიდან ბოროტი ცდილობს ადამიანთა გათიშვასა და დაპირისპირებას, ამიტომ წმინდა გიორგის ხატზე ბოროტება ხშირად გამოსახულია სხვადასხვა ფერად აჭრელებული ტანის მქონე გველეშაპით.

ასევე მართლმადიდებლურ ფერთა სიმბოლიკაში ძოწისფერი მიჩნეულია სამეფო ფერად. ამიტომ ხატებზე ღვთისმშობელი ხშირად გამოხატულია ძოწისფერი მოსასხამით. ამით მართლმადიდებელი ხატმწერები მის ზეციურ დედოფლობაზე მიგვანიშნებენ. და არა აქვს მნიშვნელობა იმას, სიცოცხლეში ოდესმე ეცვა თუ არა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ძოწისფერი მოსასხამი. იგივე ითქმის მაცხოვრის ხატებზეც, სადაც ზეციური მეფე და ძე ღვთისა ასევე გამოხატულია ძოწისფერ მოსასხამში. სწორედ ასეთი სიმბოლოებით ცდილობს მართლმადიდებელი ეკლესია დაგვეხმაროს იმაში, რომ გონების თვალით ჩავწვდეთ ქრისტიანობის საიდუმლოებათა სიღრმეებს, და ასევე ღვთის რწმენით, რა თქმა უნდა.

მართლმადიდებელი ეკლესიის ასეთი მიდგომის საპირისპიროდ, რომის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობამ, როგორც ვთქვით, თავის მრევლს უბიძგა უფლის საიდუმლოში ჩასაწვდომად ხილული სიმბოლები და ამქვეყნიური მაგალითები გამოეყენებინა. ამიტომ უკვე რენესანსის ეპოქიდან (XIII საუკუნიდან) კათოლიკურ საეკლესიო ფერწერაში ძალუმად გამოჩნდა მიწიერ სიმბოლოებზე მიჯაჭვულობის ტენდენცია. მაგალითად, იქ ღვთისმშობლის ზეციურ დედოფლობაზე მინიშნებისთვის მას ფრესკებზე ხშირად მიწიერი დედოფლის სამოსელში – ფარჩასა და ატლასში გამოხატავდნენ. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ფრესკების შემხედვარე და მათზე მლოცველ კათოლიკ მრევლს გაუზარმაცდებოდა ნებისყოფა, გონების თვალი და უფლის საიდუმლოში ჩაწვდომის მოსურნეს გონება მიწიერი სიმბოლოებისკენ, ნებსით თუ უნებლიედ დაგებული ხაფანგებისკენ გაექცეოდა. ხოლო ამ ხაფანგების საფუძველს, როგორც ზემოთ ვთქვით, რომის კათოლიკური ეკლესიის მესვეურთა მიერ სულიწმიდის ხილული ძე ღმერთისგან გამომავლობის დოგმატი წარმოადგენს.

ქალბატონმა ასმათმა კიდევ სხვა მსგავსი მაგალითები მოიყვანა, მაგალითად, როდესაც ფერისცვალების დღეს თაბორის მთაზე მაცხოვარი მისგან გამომავალი ნათლით გაბრწყნდა, ამას ქრისტიანი მამები უწოდებენ – უ ნ ი ვ თ ო | ნ ა თ ე ლ ს. მართლმადიდებლურ ხატწერაში უნივთო ნათელის გამოსახატავად შემუშავებულია სათანადო ტექნიკა და ტექნოლოგია, რათა დაგვანახონ რომ ეს ნათელი თავად უფლისგან გამოდიოდა. რომის კათოლიკურ ეკლესიაში კი, ჯერ კიდევ რენესანსის დროიდან, ფართოდ იყენებენ გარედან დაცემული სინათლისმიერი ნათების გამოხატვას. და ესეც შედეგად იძლევა ადამიანთა გონების გაზარმაცებასა და სულიერ ფასეულობებზე უფრო მეტად მიწიერ სიმბოლოებსა და ფასეულობებზე მიჯაჭვას. ყოველივე ამის შედეგად, რომის კათოლიკურ და შემდეგ მისგან გამოყოფილ პროტესტანტულ ეკლესიებში მოსიარულე მრევლი და მათთან დაკავშირებული დასავლური ცივილიზაცია საუკუნეების განმავლობაში სულ უფრო დასცილდა ღმერთს, დაივიწყა მასზე სასოება, ძირითადი აქცენტი გადაიტანა მიწიერ და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე, რასაც შედეგად, მართალია, მოჰყვა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება, მაგრამ სამაგიეროდ სულიერი და რელიგიური განვითარება საკმაოდ ჩამორჩა. თავისთავად ცხადია, რომ ამ ჩამორჩენას ევროპულ საზოგადოებაში უნდა მოჰყოლოდა სხვადასხვანაირი მახინჯი თეორიები და მოძღვრებები – თუნდაც საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროინდელი სისხლიანი უტოპიზმი, ნიცშეს ზეადამიანის ცნება და ბლავაცკაიას მიერ ცალკეული რასების ცალმხრივი უპირატესობის აღიარება, ხოლო ამის კვალდაკვალ კი იტალიური და გერმანული ნაციზმის განვითარება; ან თუნდაც ჰეგელის მიერ საკუთარი თეორიის რეალურ ცხოვრებისეულ ფაქტებზე მაღლა დაყენება და შემდეგ ლევ ტროცკის (იგივე ლაიბა ბრონშტეინის) მიერ გამოთქმული ანალოგიური აზრი – თუკი რეალური ფაქტები ეწინააღმდეგება ჩვენს ბოლშევიკურ დოქტრინას, მაშინ მით უარესი ამ ფაქტებისთვისო. თუკი ამას დავუმატებთ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში სისხლის, მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბებს, მაშინ ადვილად მივხვდებით, რომ ტექნიკისა და ტექნოლოგიების ძლიერი განვითარების ფონზე დასავლურ საზოგადოებაში რელიგიური და სულიერი ფასეულობების არაადექვატურად და არასწორად განვითარების შედეგები და გამოვლინებები უნდა იყოს ყველა ზემოაღნიშნული უბედურება (გვიანდელი შენიშვნა: ზემოთ დასავლური საზოგადოების უფლისგან დაშორების მაგალითებში დავასხელეთ ლ. ტროცკის გამონათქვამიც, რის გამოც მკითხველთა ერთმა ნაწილმა, შესაძლოა, ეს მიიჩნიოს არა დასავლური, არამედ რუსული საზოგადოების მანკიერების გამოვლინებად; ასეთ შემთხვევაში გვინდა განვმარტოთ, რომ რუსულ საზოგადოებაში XIX ს.-ში და XX-ის დასაწყისში მიდოდა იდეოლოგიური და კულტურული ბრძოლა ე. წ. მედასავლეთეებსა /“ზაპადნიკებსა”/ და მენიადაგეებს /“სლავიანოფილებს”/ შორის, ხოლო მედასავლეთეთა ერთერთ განშტოებას კი წარმოადგენდნენ სოციალ-დემოკრატებიც, რომელთა მმართველ ფენაში ძალზედ ცოტანი იყვნენ საკუთრივ ველიკოროსები, ხოლო გავლენიან ძალას კი წარმოადგენდნენ ებრაელები და ქართველები. ასევე უნდა ითქვას, რომ კ. მარქსის “კაპიტალი” და “კომუნისტური პარტიის მანიფესტი” სულაც არ დაწერილა რუსეთში, ხოლო როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, და ასევე სხვა ფაკულტეტებზეც, სავალდებულო საგნის, დიალექტიკური მატერიალიზმის კურსში, მარქსიზმის, როგორც სამეცნიერო სწავლების სამ ძირითად წყაროს წარმოადგენდა გერმანული კლასიკური ფილოსოფია, ფრანგული უტოპიური სოციალიზმი და ინგლისური პოლიტეკონომია).

ყოველივე ამის შედეგად გასაგებია, რომ დასავლურ საზოგადოებაში შემოვიდა, მაგალითად, სინდისის თავისუფლების ცნება, რაც სხვათა შორის ითვალისწინებს უახლოეს წარსულში მსოფლიო ომების გამჩაღებელი სახელმწიფოების მოქალაქეთა ერთი ნაწილის შინაგან პროტესტს შეიარაღებულ ძალებში სამსახურთან დაკავშირებით. მაგრამ რატომ უნდა ხდებოდეს ჩვენში სინდისის თავისუფლების საბაბით იარაღით ხელში სამხედრო სამსახურზე უარის თქმა? რომელი მსოფლიო ომები გაუჩაღებია საქართველოს, სად მოჰყინვიათ საქართველოს მიზეზით ხელ-ფეხი თვეების განმავლობაში წყლით სავსე სანგრებში მჯდომარე ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, სად გადაგვიწვავს ნაპალმით ადამიანები და მთელი გარემომცველი ბუნება, სად აგვიფეთქებია ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი, როდის მოუგონია საქართველოს ხელისუფლებას საინტერვენციო და საკონცენტრაციო ბანაკები, როდის ვაღრჩობდით მხუთავი გაზით ჩვენს მიერ დაპყრობილ ხალხებს? თუ იმიტომ უნდა გვქენჯნიდეს სინდისი, რომ საუკუნეების განმავლობაში იარაღით ხელში საკუთარ ქვეყანასა და სარწმუნოებას ვიცავდით? მართალია, საქართველოში იყო შინაომები და შინაგამცემლობაც, მაგრამ ეს მოვლენა ცნობილია შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპისთვისაც და ამის გამო კი არ წარმოშობილა და განვითარებულა დასავლეთში პაციფისტური მოძრაობა, არამედ სწორედ მსოფლიო ომებში განცდილი უზარმაზარი ზარალისა და დანაკარგების გამო. შემდეგ ამერიკელთათვის დაემატა ვიეტნამის ომიც, სადაც ამერიკულმა საზოგადოებამ დიდი ფიზიკური და მორალური ტრამვები განიცადა. 

ამრიგად, დასავლეთში წარმოშობილი ბევრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ რელიგიური მოძრაობა საკუთრივ დასავლური გამოვლინებაა და მას საფუძვლად უდევს დასავლეთის სახელმწიფოთა ურთიერთობებში საუკუნეთა განმავლობაში განვითარებული დადებითი და უარყოფითი მოვლენები. ამიტომ მეტად სამწუხაროა, რომ დასავლურ გრანტებზე გამოკიდებული ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელოვნურად გვახვევენ თავზე ჩვენთვის სრულიად უცხო და “ჩვენი ეროვნული ცნობიერების ქარცეცხლში გაუტარებელ” თეორიებსა და სწავლებებს, ხელოვნურად შემოაქვთ ქართულ საზოგადოებაში მისთვის უცხო, განუცდელი და სათანადო დონეზე გაუაზრებელი შეხედულებები, თანაც ამას გვთავაზობენ განვითარებისა და ცივილიზაციის აბრით.

როგორც აღვნიშნეთ, დოგმატური საკითხების გარდა, რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ დედა-ეკლესიისგან გამოყოფას საფუძვლად ედო პოლიტიკური სარჩულიც. თავად სახელი “კათოლიკე” ნიშნავს – საყოველთაოს, მსოფლიოს. მანამდე ერთიან ეკლესიას და დღესაც მართლმადიდებელ ეკლესიას ეწოდება “ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”, ანუ მოციქულთა მიერ დაარსებული ერთი მსოფლიო ეკლესია. სახელწოდება “მართლმადიდებელის” ანუ სიმართლის მადიდებელის ხაზგასმა საჭირო გახდა სწორედ მას შემდეგ, რაც რომის ლათინური ეკლესია დედა-ეკლესიას გამოეყო. ეს, როგორც ვიცით, მოხდა XI საუკუნეში. რომის ლათინურმა ეკლესიამ უწინდელი დასახელებიდან ხაზი გაუსვა და დაირქვა “კათოლიკური” ანუ “მსოფლიო”, “საყოველთაო” ეკლესია, რაც იმთავითვე ნიშნავდა რომის დასავლური ეკლესიის მიერ საკუთარი გავლენის გავრცელებისთვის განსაკუთრებით აქტიურ საქმიანობას, მათ შორის პოლიტიკურ დაპირისპირებებსა და ომებში აქტიურ ჩართვასა და მათ ინსპირირებასაც.

საყოველთაოდ ცნობილია რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობების ინსპირირება, რომლებსაც შედეგად მოჰყვა მსხვილმასშტაბიანი სასტიკი ომები არაბულ და თურქულ სახელმწიფოებთან, დიდი სისხლისღვრები და დასავლური აგრესიის საპასუხოდ ისლამური მებრძოლი ფუნდამენტალიზმის ჩამოყალიბება და განვითარება. მეორე ასეთივე მახინჯი გამოვლინება რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში გახლდათ ყველასათვის ცნობილი – ინკვიზიცია. როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრები განმარტავენ, რომის კათოლიკურმა აღმსარებლობამ თავის მიმდევრებს მოუხსნა ან შეუმსუბუქა მანამდე არსებული ბევრი ზნეობრივი შეზღუდვა, რომლებიც სჯულის კანონით იყო და არის დადგენილი. მაგალითად, სჯულის კანონით უნებლიე მკვლელობის ცოდვა ისჯება ათ წელზე მეტი ხნის უზიარებლობით; და ამ დროის განმავლობაში დასჯილი მორწმუნე ასრულებს მთელ რიგ წესებს, რათა უფალმა შეუნდოს მას შეცოდება. სახელდობრ, თავიდან წლების განმავლობაში მას არ შეუძლია წირვა-ლოცვაზე ტაძარში შესვლა, არამედ იგი დგება კარებთან და ტაძარში შემსვლელებს ევედრება, რომ ილოცონ მისთვის,. ამ ვადის გასვლის შემდეგ მას შეუძლია ტაძარში შესვლა, მხოლოდ კარებთან უნდა იდგეს და უფრო ღრმად შესვლის უფლება კი არა აქვს, ბოლო ორ წელიწადში ეს შეზღუდვაც ეხსნება. მთელი ამ დროის მანძილზე იგი უნდა ეხმარებოდეს დაღუპულის ოჯახს და სისტემატიურად პანაშვიდებს უკვეთავდეს მისი სულის საოხად. მხოლოდ ყოველივე ამის გულმოდგინედ აღსრულებით, სჯულის კანონის მიხედვით, შეუნდობს უფალი უნებლიედ ადამიანის მკვლელს ამ ცოდვას. სიძვის ცოდვაზე დადგენილი სასჯელია შვიდი წლით უზიარებლობა და ა. შ. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ინდულგენციების შემოღებით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მნიშვნელოვნად გაამარტივა შემცოდე ადამიანისთვის მიტევების პროცესი და, შესაბამისად, ცოდვების განმეორებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო შექმნა. ამის შედეგად შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში აქტურად განვითარდა ჯადოქრობა და სხვადასხვა სახის მჩხიბავობა. ამიტომ ინკვიზიცია კანონზომიერი მოვლენა გახლდათ ჯადოქრობათა ასალაგმავად, მაგრამ ეს კანონზომიერება, როგორც ვთქვით, ემყარებოდა თავდაპირველ ცდომილებას ან შეგნებულ ბოროტმოქმედებას მავანთა მხრიდან, რომელიც მდგომარეობდა დასვლურ საზოგადოებაში მანამდე დედა-ეკლესიის მიერ დადგენილი შეზღუდვების მოხსნასა და შემსუბუქებაში, აგრეთვე ადამიანური ვნებების თავაშვებულობისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნაში.

კომუნისტურ პერიოდში ჩამოყალიბებული ცნობიერების ადამიანები ხშირად გვსაყვედურობენ, რომ თუკი ქრისტიანობა ასეთი ჰუმანური რელიგიაა, მაშინ რატომ იყო ქრისტიანულ სამყაროში ჯვარისნული ომები და ინკვიზიციაო? მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ეს ორივე მოვლენა სწორედ კათოლიკობის წიაღში განვითარდა. სახარება გვასწავლის, რომ ნაყოფისგან შეიცნობა თავად ხეც. ასევე მეცნიერებიდან ვიცით, რომ ნებისმიერი თეორიის შემოწმების კრიტერიუმი პრაქტიკაა. დასავლურ კათოლიკურ და ასევე პროტესტანტულ საზოგადოებრივ და სახელმწიფო პრაქტიკაში უამრავია ისეთი მსხვილმასშტაბიანი კატაკლიზმები და ტრაგედიები, რომ მათი მწარე ნაყოფებისგან ძნელი არ უნდა იყოს თავად ხის მკვებავი მახინჯი ფესვების შეცნობაც.

მართალია, თანამედროვე პროტესტანტულ საზოგადოებებში ძლიერადაა განვითარებული სახელმწიფოებრიობა, ტექნიკა და ტექნოლოგიები, ხოლო დასავლური ცივილიზაცია თითქმის მთელ მსოფლიოს კარნახობს თავის პირობებს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ მოსეს დროს ძალზედ ძლიერად იყო განვითარებული ძველი ეგვიპტე, მაგრამ სწორედ თავიანთი მაღალი ციცილიზაციურობით გაამაყებულმა ეგვიპტის მმართველებმა ვერ დაინახეს უფლის ძალა, ვერც მათზე მოვლენილი შიმშილით, ვერც ნილოსის წყლის სისხლად გადაქცევით, ვერც საკუთარი პირმშოების მოწყვეტით და, ბოლოს, მაშინდელი სამხედრო ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღჭურვილი ეგვიპტური მხედრობა ღმერთმა სწორედ მეწამულ ზღვაში დააღრჩო, როდესაც ისინი უფლის ნების საწინააღმდეგოდ ებრაელებს მისდევდნენ დასასჯელად. ასევე ძველი ინდოეთის, ჩინეთის, შუამდინარეთის, საბერძნეთისა და რომის ძლიერად განვითარებული ცივილიზაციების მიუხედავად, მათ, როგორც ჩანს, საკუთარ ძალებზე უფრო მეტად დაიმედების გამო, ვერ შეძლეს სათანადო სიღრმით ჩასწვდომოდნენ ღმერთის არსს, მის საიდუმლოს, მის სიმაღლეს, და უფრო ახლოს – ოლიმპოს მთაზე და სხვაგან დაიწყეს მზის, წვიმის, ზღვის, ქვესკნელის, ომის, სიამოვნების, ნადირობის, ღრეობისა და სხვა ცრუ ღმერთების ძიება.

ამის საპირისპიროდ, მაღალი სულიერების მქონე წინაპრის  ა ბ რ ა ა მ ი ს  შთამომავალმა და უბრალო მშრომელი ხალხის ცხოვრებით მცხოვრებმა ებრაელებმა კი დაიტიეს ერთი ღმერთის არსებობის, მის მიერ უხილავი და ხილული სამყაროს შექმნისა და მომავალში ჯოჯოხეთის ტყვეობიდან კაცობრიობის გამომხსნელის მოვლინების შესახებ მწყობრი რელიგიური მოძღვრება, ანუ ძველი აღთქმის რჯული. ხოლო ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ძე ღვთისა იესო ქრისტე მაშინ ცივილიზაციის მაღალ დონეზე მყოფ რომაელებთან კი არ მოსულა სასუფევლის საქადაგებლად, არამედ იმავე ებრაელებთან, რომლებიც რომაელებს დამორჩილებული ჰყავდათ და მათზე უფრო უკეთესად ჰქონდათ ორგანიზებული საკუთარი სახელმწიფო, მისი ეკონომიკა, შეიარაღებული ძალები, სამართალი (მისი დღევანდელი დასავლური ხედვის თვალსაზრისით) და ა. შ. მაგრამ რომაელებს, თავიანთი ასეთი მაღალი ცივილიზებულობის მიუხედავად, არ შეეძლოთ ღმერთის ახალი აღთქმისეული მოძღვრების მიღება, იგი ვერც ებრაული საზოგადოების “ცივილიზებულმა” და “ელიტარულმა” ფენებმა მიიღეს. აღსანიშნავია სახარებიდან ერთი ეპიზოდი, როდესაც ებრაელთა ელიტარულმა ფენებმა მაცხოვარი პილატე პონტოელის სამსჯავროზე გადასცეს, რომაელი დიდმოხელის შეკითხვაზე, თუ რაში სდებდნენ ბრალს ფარისევლები, იესო ქრისტემ უპასუხა – ჭეშმარიტების ქადაგებაშიო. ამის საპასუხოდ რომაული აღზრდა-განათლებით განსწავლული პილატე პონტოელი ეკითხება მაცხოვარს: და რა არის ჭეშმარიტებაო, მაგრამ პასუხსაც კი არ ელოდება, ისე გადის ოთახიდან; ანუ მას ეს პასუხი სულაც არ აინტერესებს. ამ მაგალითებიდან ნათელი უნდა იყოს, რომ რელიგიისა და სულიერების საკითხებში ცივილიზებულობისა და ცივილიზებული დასავლეთისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რასაც ჩვენი არასამთავრობოები ძირითადად უკრიტიკოდ და უპირობოდ ემხრობიან და აქტიურად ემსახურებიან კიდეც, კაცობრიობის ისტორიული გამოცდილებით უარყოფილია და ამ გზით სიარული შესაძლოა ჩვენს საზოგადოებასაც მძიმე შედეგებით შემოუბრუნდეს, [როგორც იმავე ებრაელობას, როდესაც დაახლოებით 70 წელს ქრისტეს შობიდან, როდესაც რომაელებმა აჯანყებული იერუსალიმი აიღეს და მიწასთან გაასწორეს, მოსახლეობა საბოლოოდ გაფანტეს, ხოლო აჯანყების მონაწილე მამაკაცები ნაქალაქარის გარშემო სამ რიგად ჯვრებზე გააკრეს] (კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული მონაკვეთი გვიანდელ ჩანართს წარმოადგენს – ი. ხ.).

3. ზემოთ ვნახეთ, რომ არაქრისტიანული ტრადიციული რელიგიები მათ მიმდევრებს ჭეშმარიტი ღმერთისგან აშორებენ, ბევრ სწორ შეგონებასთან ერთად ძირეულ საკითხებში მცდარ მიმართულებასაც აძლევენ, ცხოვრებას ურთულებენ და აბნევენ. ამავე ჭრილშია განსახილველი არამართლმადიდებლური ქრისტიანული მიმდინარეობებიც – მონოფიზიტობა, კათოლიციზმი, სხვადასხვა ჯურის პროტესტანტიზმი. ამიტომ საქართველოს პარლამენტი მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონკორდატის ტექსტზე მუშაობისას უკეთესი იქნება თუკი იხელმძღვანელებს მავნე უცხოური ზეგავლენისგან ქართული საზოგადოების დაცვისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესი მდგომარეობის უზრუნველყოფის პირობებიდან ამომდინარე, ანუ ხორცს შეასხამს იმ დებულებას, რომელიც ერთი წინადადებით უკვე ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. უკეთესია გვახსოვდეს, რომ უფალს უნდა, რომ მისი ყველა შვილი, ანუ ყოველი ადამიანი კარგად იყოს და საუკუნო ცხოვრებისთვის გადარჩეს (ცხონდეს), ხოლო როდესაც სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანები ისე წაიყვანენ თავიანთ საქმიანობას, რომ დანარჩენ მოსახლეობას საფრთხეში ჩააგდებენ, მაშინ ამ მოხელეებს უფალი უფრო მკაცრად მოჰკითხავს და დასჯის (მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ ალ. ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა”, როდესაც მამამ საკუთარი შვილი გამოასალმა სიცოცხლეს მსგავსი ქმედებისთვის). [იგივე ითქმის ჩვენს არასამთავრობოებზეც, რომლებიც ქართველი ხალხისა და საქართველოს საზოგადოების სამსახურში უნდა იყვნენ, უწინარეს ყოვლისა].

ამის საპირისპიროდ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ხშირად ლაპარაკობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უპირატესობის მინიჭება სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებს მეორეხარისხოვან მდგომარეობაში ჩააყენებს, რითაც დასუსტდება საზოგადოების ერთიანობა და მთლიანად სახელმწიფოო. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ საზოგადოების ერთიანობასა და სახელმწიფოს ძლიერებას განსაზღვრავს უფლის სწორად სამსახური, რაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამაც დაადასტურა. ხოლო რასაც არასამთავრობოები გვთავაზობენ, შეიძლება ასეც გამოითქვას: ვთქვათ, საზოგადოების ერთი ნაწილი დგას მშრალ და ჯანსაღ ნიადაგზე, მეორე ნაწილი – მუხლებადე ჭაობში, მესამე – წელამდე ჭაობში, მეოთხე ნაწილი კი – ყელამდეა ჭაობში ჩაფლული. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უპირატესობის მინიჭების შემთხვევაში სახელმწიფო დადგება თავის მოქალაქეთა ყველა კატეგორიის თანდათანობით მშრალ და ჯანსაღ ნიადაგზე ამოყვანის გზაზე, ხოლო არასამთავრობოების აზრით ჯობია სამოქალაქო ერთიანობის შენარჩუნებისთვის უპირატესობის მინიჭება, და შედარებით მოკლე ვადებში მთელი საზოგადოების, მაგალითად, წელამდე ჭაობში ჩაყენება, მათ შორის იმათიც, ვინც მანამდე მშრალ ადგილზე იდგა, ან კიდევ მხოლოდ მუხლამდე იყო ჭაობის სიმყრალეში ჩასული. ამის შემდეგ კი, როგორც ეკლესია გვასწავლის, სიწმინდიდან ნებაყოფლობით სიმყრალეში ჩასული, ანუ ნებაყოფლობით ცოდვაში ჩამდგარი საზოგადოება საკუთარ თავს დიდ უბედურებაში გაახვევს, ვინაიდან ცოდვას აქვს ისეთი თვისება, რომ როდესაც მას საკუთარი გულის თუნდაც მცირე ნაწილს დაუთმობ, იგი შემდეგ მთლიანად დაგეუფლება. ამას ხშირად აღნიშნავს ხოლმე ჩვენი პატრიარქიც თავის ქადაგებებში. 

უნდა ითქვას, რომ არასამთავრობოთა არგუმენტი სახელმწიფოს ძლიერებისთვის ძირეულ საკითხებში საზოგადოების ერთიანობის აუცილებლობის შესახებ ზოგადად სავსებით სწორია, მაგრამ ეს გაერთიანება უნდა მოხდეს უფლისთვის სათნო და ჯანსაღ ნიადაგზე. წინააღმდეგ შეთხვევაში ასეთი ერთიანობა შესაძლოა მთელი ერისთვის დამღუპველიც კი გახდეს. ამის მაგალითები ბევრია წმინდა წერილში – ბიბლიაში. მოსეს ხუთწიგნეულის პირველ წიგნში “დაბადებაში” ნათქვამია, რომ მართალი ნოეს დროს მთელი კაცობრიობა გაერთიანებული იყო გარყვნილების, სიძვა-მრუშობის, ანგარებისა და სხვა მანკიერებათა ნიადაგზე. მხოლოდ მართალი ნოე და მისი ოჯახი ცხოვრობდნენ ღმერთის მიერ დადგენილი კანონების მიხედვით. მაშინ უფალმა ნოეს უბრძანა აეგო კიდობანი და შესულიყო მასში თავისი ოჯახით, შეეყვანა ახალგაზრდა ცხოველები შემდგომში დედამიწაზე მათ გასამრავლებლად, ხოლო ურჯულოებისა და ცოდვების მორევში ჩაძირული კაცობრიობა კი წარღვნით დაღუპა (დაბადება, თავი 6).

ამის შემდეგ მართალი ნოედან წამოსული კაცობრიობის უმეტესი ნაწილი ისევ დაშორდა ღმერთს და ცოდვებს დაემონა. მათ სამაგალითოდ უფალმა სასტიკად დასაჯა სოდომისა და გომორის მოსახლეობა, რომლებიც ჰომოსექსუალიზმსა და ცხოველებთან სქესობრივი ცხოვრების მძიმე ცოდვაში იდგნენ. მათგან გამოირჩია მართალი ლოტის ოჯახი, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა კი ცეცხლისა და გოგირდის წვიმაში ამობუგა. ამ შემთხვევაშიც სოდომ-გომორელებს ვერ უშველა მათმა საზოგადოებრივმა ერთიანობამ, ვინაიდან ეს ერთიანობა დაფუძნებული იყო ცოდვასა და უფლისთვის საძაგელ ნიადგზე (დაბადება, თავები 18 და 19).

შემდგომში, როდესაც უდაბნოში 40-წლიანი მოგზაურობის შემდეგ ებრაელები შედიან აღთქმულ ქვეყანაში, უფალი მათ სავსებით ნათლად და დაბეჯითებით ეუბნება, რომ ამ მიწაზე ძლიერი, მდიდარი, განვითარებული და მამაცი ხალხები ცხოვრობენ – ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხიველები და იუბუსეველები. მაგრამ მათ დაივიწყეს ღმერთის მცნებები და ცოდვის მორევში ჩაიძირნენ, რომ ამ ხალხების მიწებისა და ქონების დასაპატრონებლად უფალი ებრაელებს მათი (ებრაელთა) სიმართლის გამო კი არ აგზავნის, არამედ ამ ხალხების სიბოროტის გამო. მოსპობს უფალი ამ ძლიერ ხალხებს და მათ ხელში ჩაუგდებს ისრაიტელებს, როგორც ეს თავის დროზე მათ წინაპარს აბრაამს აღუთქვა. თან კატეგორიულად არიგებს ებრაელებს ღმერთი: “გაანადგურეთ ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენს მიერ აყრილ ხალხებს უმსახურიათ თავიანთი ღმერთებისთვის: მაღალ მთებზე და გორაკებზე, ყოველი ხემხვივანის ძირას. დაანგრიეთ მათი სამსხვერლოები და დალეწეთ მათი სვეტები, გადაწვით მათი აშერები, დაამსხვრიეთ მათი ღმერთების გამოსახულებანი და მოსპეთ მათი სახსენებელი იმ ადგილიდან... როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, იმ ხალხებს, რომლებთანაც მიდიხარ, რომ აჰყარო ისინი შენგან, და შენც აჰყრი მათ და დასახლდები მათ ქვეყანაში, ფრთხილად იყავი, არ გაეხვიო მათ ბადეში მას შემდეგ, რაც გადაშენებული იქნებიან შენგან, არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს: როგორც ეს ხალხი ემსახურებოდა თავის ღმერთებს, მეც ასე მოვიქცევიო. ნუ მოექცევი ასე უფალს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს. ეცადეთ ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ: ნურაფერს დაუმატებთ მათ და ნურც მოაკლებთ” (მეორე რჯული, თავი 12, მუხლები 2–3 და 29–32).

“ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას. თუ ზავზე დაგთანხმდა და შეგიშვა, მთელი ხალხი, ვინც იქ იქნება, შენს ბეგარას დაიდებს და გემსახურება. თუ არ დაგეზავა და ბრძოლა გაგიმართა, ალყა შემოარტყი, ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი, და მახვილით გაწყვეტ მთელ მამროვანს. მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება – მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა ჩაგიგდო ხელში. ასევე მოექეცი შენგან დიდად დაშორებულ ყველა ქალაქს, რომლებიც არ ეკუთვნის ამ ხალხთა ქალაქებს, ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი. პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ხიველები და იუბუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. რათა არ შეგაჩვიონ ყველა იმ სისაძაგლეს, რასაც ისინი სჩადიან თავიანთი ღმერთებისთვის, და არ სცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს” (მეორე რჯული, თავი 20, მუხლები 10–18).

აღნიშნული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ საზოგადოების, სახელმწიფოს გადარჩენისთვის აუცილებელი პირობაა უფლის მცნებების აღსრულება და მისი მართლად სამსახური. სწორედ ასეთი ცხოვრების წესი ბადებს საზოგადოების ჯანსაღ ნიადაგზე ერთიანობას და სახელმწიფოს ჭეშმარიტ ძლიერებას. ეს კარგად იცოდნენ შუა საუკუნეების საქართველოში, თუმცა ადამიანური სისუსტეების არსებობისა და გარეშე მტრების მიერ მათი გაღვივება-გამოყენების შედეგად, ყოველთვის ვერ ახერხებდნენ უფლის სწორად სამსახურს და ქვეყნის ინტერესების საკუთარ ინტერესებზე მაღლა დაყენებას. ამას კი, ისევ ჩვენი გამოსწორებისთვის, შედეგად მოჰყვებოდა ღმერთის მხრიდან სასჯელი. სწორედ ასე განმარტავს დავით გურამიშვილი XVIII საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის თავზე დატრიალებულ უბედურებას:

“შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა,
ამპარტავნება და შური, ურცხვად გატეხვა პირისა;
ავაზაკობა, ქურდობა, გზებზედ დასხდომა მზირისა,
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება – ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.

მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა, ბრძანა აღება ხელისა,
რისხვით გაშვება მის თემთა, გარდახდა საფარველისა.
მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო ახალისა და ძველისა!
თქვენცა იხილოთ ამიერ მოსპოლვა საფუძველისა!”

ასეთი იყო ტრადიცილად და დღესაც ასეთია მორწმუნე ქართული საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოს თავზე პერიოდულად დატრიალებული უბედურებების მიმართ. და ეს დამოკიდებულება ამომდინარეობს იმ დებულებიდან, რომ ღმერთისათვის ჩვენ ყველანი საყვარელი შვილები ვართ და უფალს სურს, რომ ყველანი კარგად ვიყოთ. მხოლოდ საამისოდ ჩვენგანაც ღვთისთვის სათნო ცხოვრების წესია აუცილებელი. ამის საპირისპიროდ შეგვიძლა გავიხსენოთ რომის კათოლიკური ეკლესიის ტრადიციებზე აღზრდილი ლათინოამერიკელი პატრიოტის (თუ არ ვცდებით, სიმონ ბოლივარის) ნათქვამი: “ჩემო საყვარელო სამშობლოვ, რა შორს ხარ ღმერთისგან, და რა ახლოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან”-ო. სინამდვილეში ღმერთი თითოეული ჩვენთაგანის ახლოს დგას და ჩვენს მიერ მისთვის გულის კარების გაღებას ელოდება, რათა მასში შემოვიდეს; ხოლო ვინც უფლის ამ სიახლოვეს ვერ გრძნობს, იგი, სამწუხაროდ, თავად არის დაშორებული უფალს. მათ შორის თავისი სამშობლოს ასეთი მგზნებარე პატრიოტიც კი. ასეთია, სამწუხაროდ, დასავლური კათოლიკურ-პროტესტანტული ცივილიზაციის, კულტურის, იდეოლოგიისა და სხვა სფეროების რეალური (რეკლამირებულთან შედარებით გაცილებით უფრო დაბალი) ფასეულობა და მნიშვნელობა, რაც დაკავშირებულია XI საუკუნეში დასავლეთის ეკლესიის მესვეურთა მიერ დედა-ეკლესიისგან ჩამოშორებასა და, შემდეგ, თავად კათოლიციზმის წიაღში პროტესტანტული რეფორმაციის განვითარებასთან, და, შესაბამისად, ღმერთისგან მათი დაშორების პროცესის თანდათანობით გაღრმავებასთან.

4. რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, კონკორდატის მზადებასთან დაკავშირებით, უპირატესობის მინიჭების გამო სხვა აღმსარებლობის ადამიანების მეორეხარისხოვან მდგომარეობაში ჩაყენებისა და ამასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს დასუსტების შესაძლებლობას, უნდა აღვნიშნოთ, რომ XIII საუკუნეში, როდესაც რელიგიის კანონი არ არსებობდა, თბილისის კარებთან მომდგარ ჯალალ-ედ-დინს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სწორედ ქალაქის ირანულმა მოსახლეობამ გაუღო გალავნის კარი, ხოლო XVIII საუკუნეში აღა-მაჰმად-ხანის ჯარებს თბილისისკენ სომხები მეგზურობდნენ. ორივე შემთხვევაში არაქართული მოსახლეობის ერთი ნაწილის გამცემლობის გამო თბილისი სასტიკად იქნა აოხრებული, თუმცა მაშინ ამ ხალხებს საკუთარი რელიგიური მსახურება დაუბრკოლებლად შეეძლოთ, არც რაიმე სერიოზულ შევიწროვებას განიცდიდნენ და არც მეორეხარისხოვან ადამიანებად გრძნობდნენ თავს. რა თქმა უნდა, იყო ფეოდალური უთანასწორობა და სომეხი ვაჭარი, მაგალითად, ქართველ თავადთან და აზნაურთან შედარებით იერარქიის უფრო დაბალ საფეხურზე იქნებოდა, მაგრამ მასზე უფრო დაბლა იდგა ქართველი ყმა-გლეხობა, უფლებრივადაც და ქონებრივადაც, რომელთან შედარებით ქალაქის ხელოსნობა, უმეტესწილად სომხური, ბევრ რამეში უფრო თავისუფლად და ლაღად გრძნობდა თავს. ზემოთ მოყვანილ ორივე შემთხვევაში შინაგამცემები იყვნენ იმ ხალხების წარმომადგენლები, რომლებსაც იმ მომენტში აწყობდათ ასეთი ღალატი, თორემ საქართველოში ოდითგანვე სახლობდნენ იუდეველი ებრაელები, და XVI საუკუნიდან კი კათოლიკებიც, მაგრამ მათგან ასეთი მასშტაბის გამცემლობას ადგილი არ ჰქონია. თავისთავად ცხადია, რომ სხვა სახელმწიფოებშიც ხდებოდა და ახლაც ხდება მსგავსი მოვლენები.

ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც XIX საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგი მწერლის ალფონს დოდეს შემოქმედება, რომელშიც იგი ხშირად ეხება ფრანგული სახელმწიფოს სატკივარს ელზასსა და ლოტარინგიაში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქე გერმანული მოსახლეობის ორაზროვანი და ქვეგამხედველური პოზიციის გამო, რასაც საფრანგეთ-პრუსიის ომში, თავად ამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ, მოჰყვა გერმანიის მიერ ამ ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია. (გვიანდელი შენიშვნა: როდესაც ამ აბზაცს ვწერდით, მაშინ ძირითადად ვიყავით ალფონს დოდეს ნაწარმოებების შთაბეჭდილების ქვეშ, ხოლო თავად საფრანგეთ-გერმანიის ურთიეთობების ისტორიაში კი ძალზედ მწირი ცოდნა გაგვაჩნდა. დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ოლქების საფრანგეთის შემადგენლობაში გადასვლა მოხდა 30-წლიანი ომის შედეგად, 1618–1648 წლებში, როდესაც კარდინალი რიშელიე ფრანგული ჯარებით დაეხმარა გერმანელ პროტესტანტებს გერმანელი კათოლიკების წინააღმდეგ ბრძოლაში და სანაცვლოდ მიიღო ეს ტერიტორიები. ხოლო რამდენად ცოცხლობდა მომდევნო ხანებში გერმანული სული და გერმანიასთან კვლავ შეერთების სურვილი თავად ამ ოლქების მოსახლეობაში, ეს ჩვენთვის უცნობია)

ანალოგიური მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ მეორე მსოფლიო ომში გერმანული ჯარების მწარე გამოცდილებიდანაც. სახელდობრ, გერმანელი გენერლები 50-იან წლებში დასავლეთ გერმანიაში გამოცემულ მემუარულ ნაშრომებში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ სტალინგრდის ბრძოლაში საბჭოთა ჯარებმა ორჯერ გაარღვიეს გერმანული პოზიციები, მაგრამ ორივეჯერ გარღვევა მოახდინეს არა ცენტრში, სადაც იდგა საკუთრივ გერმანული ჯარები, პაულიუსის მე-6 არმია, არამედ ფლანგებზე, სადაც მნიშვნელვანი სივრცის პოზიციები ეკავათ იტალიურ და რუმინულ საველე არმიებს. მანამდე გერმანელი გენერლები დაჟინებით ურჩევდნენ ჰიტლერს, რომ შედარებით სუსტი იტალიური და რუმინული დივიზიები გერმანულ დივიზიებს შორის განელაგებინა, რითაც მთლიანობაში ფრონტის ხაზი უფრო ერთგვაროვანი და მტკიცე იქნებოდა და დიდ სივრცეზე მსხვილი ძალებით მის გარღვევას საბჭოთა ჯარები გაცილებით უფრო ძნელად თუ შეძლებდნენ. მაგრამ ჰიტლერი, მათი სიტყვით, სწორედ თავისი მოკავშირეებისადმი გადაჭარბებული პატივისცემისა და თითიდან გამოწოვილი სხვა არგუმენტების გამო, უარს ამბობდა სამხედრო თვალსაზრისით ამდენად ბუნებრივი და გამართლებული რჩევების მიღებაზე. ამას კი შედეგად მოჰყვა გერმანული ჯარების ცნობილი “კატასტროფა ვოლგაზე”. აქაც შეგვიძლია ანალოგია გავატროთ ქვეყნის რეალურ საჭიროებასა და ამ საჭიროების მოწინააღმდეგეთა მიერ ყურით მოთრეულ არგუმენტებს შორის.

ასეთია რეალური ისტორიული ვითარება და, როგორც ვხედავთ, იგი მკაფიოდ უჭერს მხარს მომავალი კონკორდატის ტექსტში საქართველოს კონსტიტუციით უკვე აღიარებული სულისკვეთების გატარებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისთვის გარკვეული უპირატესობის მინიჭების საკითხში, ჩვენში არსებულ სხვა ტრადიციულ აღმსარებლობებთან შედარებით. ამასთანავე, თუ საქმეში კარგად ჩავიხედავთ, თავად ევროპის ისტორიაც საფუძველს აცლის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი დასავლელი დამფინანსებლების არგუმენტებს, რომლებიც მიმართულია თითიდან გამოწოვილი “საზოგადოებრივი ერთიანობის უზრუნველყოფის” საბაბით საქართველოს მართლმადიდებელი ელესიის როლის დამცრობისა და სხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან იურიდიულად მისი გათანაბრებისკენ.

5. საგულისხმოა ერთი გარემოებაც. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ქართულ საზოგადოებაში არსებული რელიგიური ტოლერანტობის შესახებ და ამას ქართული ხასიათის დამახასიათებელ ნიშნადაც მივიჩნევთ, ამას ადასტურებს იუდეველ ებრაელთა 26-საუკუნოვანი მშვიდობიანი ცხოვრება საქართველოში და მათ მიერ თავიანთი აღმსარებლობის თავისუფლად აღიარება. მაგრამ საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ასე არ იყო. ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელმა, თბილისის აღების შემდეგ, სამი დღეღამის განმავლობაში სარბევად მისცა ქალაქი ქართულ ჯარებს, რათა რამდენიმე ასწლეულის განავლობაში, არაბულ-თურქული ბატონობის შედეგად, დამახინჯებული დემოგრაფიული და პოლიტიკური მდგომარეობა ისევ ქართველებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის სასარგებლოდ შეეცვალა. ასევე ცნობილია, რომ XVII საუკუნეში ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხელმძღვანელობით, კახეთის აჯანყების მსვლელობისას, ქართველებმა ამოწყვიტეს არა მხოლოდ ყიზილბაშთა ჯარები, არამედ შაჰ-აბასის მიერ აქ ჩამოსახლებული თურქმენული მოსახლეობაც – მათ შორის ქალები, მოხუცები და ბავშვები, ვინაიდან მათი დატოვება დემოგრაფიული კატასტროფით ემუქრებოდა ისტორიულ კახეთის სამეფოს, რომელიც ახლა ირანულ სახანოდ იყო გადაქცეული. რაც შეეხება საკუთრივ რელიგიურ საკითხებს, ცნობილია, რომ მანამდე, სანამ ქართლში ყიზილბაშები მეტნაკლებად მკვიდრად მოიკიდებდნენ ფეხს, მათ უკვე დაიწყეს თბილისში მეჩეთის მშენებლობა, მაგრამ მაშინ თბილისელი მოქალაქეები ღამღამობით გამოდიოდნენ და დღისით აგებულ მეჩეთს ანგრევდნენ. მხოლოდ რეპრესიული ზომების გატარების შემდეგ შეძლო ირანულმა მმართველობამ თბილისელთა წინააღდეგობის გატეხვა და მეჩეთის მშენებლობის ბოლომდე მიყვანა. 

ამრიგად, საქართველოს ისტორიიდანაც კარგად ჩანს, რომ მოძალადე უცხო ელემენტისადმი ტოლერანტობა ქართველებისათვის მისაღები ხდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქტიური წინააღმდეგობის გაწევის რესურსები ამოიწურებოდა და საზოგადოება იძულებული გახდებოდა ფიზიკური გადარჩენისთვის ასეთ დათმობებზე წასულიყო. მართალია, ისტორიულმა ვითარებამ ქართველებს რელგიური და ეთნიკური ტოლერანტობის უნარი ჩამოგვიყალიბა, მაგრამ მხოლოდ ამ თვისების წინ წამოწევა, ჩვენი აზრით, წონასწორული მდგომარეობიდან გადაგვხრიდა და საქართველოში ჯანსაღი საზოგადოების აშენების პროცესს რამდენადმე გაამრუდებდა.

6. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ საკუთრივ ვიკვლევთ საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის საკითხებს. გარდა ამისა, 1997 წლის მიწურულიდან ვიკვლევთ საქართველოს გარშემო არსებულ სამხედრო-სტრატეგიულ ვითარებასაც. ღვთის წყალობით, უკვე საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია გაგვაჩნია იმის სათქმელად, რომ 90-იან წლებში, ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის წამყვანმა სახელმწიფოებმა, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ლამაზი ლოზუნგების საფარველქვეშ, დაიწყეს კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით ახალი დიდი ომის მზადება. საქმე იმაშია, რომ 90-იან წლებში ნატო-ს ბლოკის თითქმის ყველა სახელმწიფომ თავისი სამხედრო ხარჯები შეამცირა, ხოლო ამის საპირისპიროდ, თურქეთმა, განაგრძო ამ ხარჯების ზრდა და 2000 წლისთვის კიდეც გააორმაგა. 

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1990 წელს თურქეთის სამხედრო ხარჯები შეადგენდა 5,0 მლრდ. ამერიკულ დოლლარს და ამას კიდევ ემატებოდა 0,5 მლრდ დოლარამდე ამერიკული სამხედრო დახმარება, სულ 5,5 მლრდ დოლარამდე. 1999 წელს თურქეთის სამხედრო ხარჯები უკვე გახდა 10,1 მლრდ ამერიკული დოლარი. თანაც თურქეთი უკანასკნელ ადგილზე დგას ნატო-ში ერთ სულ მოსახლეზე მოსული მთლიანი საშუალო პროდუქტის მაჩვენებლით (per capita), რომელიც 1999 წელს შეადგენდა სულ 6000 დოლარს. და იმის ნაცვლად, რომ თურქეთის მთავრობას ესარგებლა ცივი ომის დასრულებითა და ყოფილი მოწინააღმდეგის მხრიდან სამხედრო მუქარების მკვეთრი ჩემცირებით, ნატო-ელი მოკავშირეების მსგავსად თავადაც შეემცირებინა სამხედრო ხარჯები და გამოთავისუფლებული სახსრებით სოციალური ან სხვა პროგრამები დაეფინანსებინა, მან ცივი ომის პერიოდის მსგავსად განაგრძო საკუთრი სამხედრო ხარჯების ზრდა, რაც ბუნებრივია, უნდა ასახულიყო მისი სამხედრო ძლიერების ზრდაშიც.

როგორც გვახსოვს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ასეთი დიდი სამხედრო ხარჯები განპირობებული იყო მისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამპყრობლური ამბიციებით. ასევე საინტერესოა, რომ 80-იანი წლების შუახანებში, თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, შემდგომში პრეზიდენტი, აწ გარდაცვლილი თურგუთ ოზალი, დასავლური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ თურქეთს დიდი პრეტენზიები არ გააჩნია, ვინაიდან ის მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა – “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”-ო. და ასეთი ტერიტორიული პრეტენზიების მქონე ქვეყანამ 90-იან წლებში თავისი სამხედრო ხარჯები გააორმაგა, ხოლო ამ გაზრდილი ხარჯების სანაცვლოდ, აშშ-მა და გერმანიამ მიაწოდეს შედარებით თანამედროვე და კარგი საბრძოლო მახასიათებლების მქონე შეიარაღება ან კიდევ ტექნოლოგიები ასეთი შეიარაღების შესაქმნელად.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, პენტაგონმა და ბუნდესვერმა თურქეთის შეიარაღებულ ძალებს მიაწოდეს M-60A1/A3 და “ლეოპარდ-1A1/A3” ტიპის საბრძოლო ტანკები, საველე არტილერიის ქვემეხები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, “ნოქსისა” და “ოლივერ ჰ. პერის” ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ფრეგატები (მრი ფრეგატები); ხოლო ამერიკული და გერმანული ლიცენზიებით კი თავად თურქები აწარმოებენ YPR-765 სერიის ჯავშანტრანსპორტერებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, F-16C/D ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, 209 ტიპის წყალქვეშა ნავებსა და MEKO-200 ტიპის მრი ფრეგატებს. და თუმცა 90-იან წლებში თურქული შეიარაღება რაოდენობრივად დიდად არ გაზრდილა, მის შემადგენლობაში უკვე საკმარისად მოძველებული ნიმუშების ნაცვლად შედარებით თანამედროვე და ძლიერი ანალოგების მიწოდების ხარჯზე, თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა სულ მცირ, სამ-ოთხჯერ უნდა ამაღლებულიყო.

აღსანიშნავია, რომ თავისი გაძლიერებული სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული დაჯგუფება, 1-ლი საველე არმიის სახით, თურქულ სარდლობას განლაგებული ჰყავს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში – საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრების მახლობლად. სიძლიერით მეორე დაჯგუფება, მე-3 საველე არმიის ჯარების ერთი ნაწილის სახით, განლაგებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში – ამიერკავკასიის მეზობლობაში. 1998 წლის დასაწყისში, ეუთო-ს ოფიციალური მონაცემებით, აქ ნაჩვენები იყო ერთი ქვეითი დივიზია (სატანკო, ორი ქვეითი და საარტილერიო პოლკებით), აგრეთვე ერთი ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზებული ქვეითი და ორი ქვეითი ბრიგადები, საველე არტილერიისა და საარმიო ავიაციის პოლკები. ამ ჯარებიდან პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით ყველაზე უფრო სრულად დაკომპლექტებული შენაერთები და ნაწილები განლაგებული იყო ტრაპიზონში, არტაანში, სარიყამიშსა და დოღუბაიაზითში – საქართველოსა და ნახჭევნის ოლქის (აზერბაიჯანი) მახლობლად. ანუ თურქული სარდლობა სწორედ საქართველოსა და ნახჭევნის მიმართულებით, სავარაუდოა, გეგმავდეს, საჭიროების შემთხვევაში ან ხელსაყრელი პირობების შექმნისას, მოულოდნელი დარტყმების მოყენებასა და ტერიტორიების ოკუპირებას.

ამის საპირისპიროდ, შესაძლო თურქული შემოტევის აღკვეთის მიზნით, ბათუმში, ახალქალაქსა და გჲუმრიში (ყოფილი ლენინაკანი, სომხეთი) განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები, რომლებიც არცთუ ისე ძლიერი შემადგენლობისაა და დიდი ხნით თურქების შემოტევის შეკავებას ვერ შეძლებენ. ამიტომ რუსულ სარდლობას სამხრეთის ოპერატიულ მიმართლებაზე განლაგებული ჰყავს კარგად დაკომპლექტებული და პრაქტიკულად საბრძოლველად მზადმყოფი სამი მოტომსროლელი და ერთი სატანკო დივიზიები (19-ე, 20- და 27-ე მოტომსროლელი დივიზიები ვლადიკავკაზში, ვოლგოგრადსა და ტოცკოეში /სამარას მახლობლად/ და 10-ე სატანკო დივიზია ბოგუჩარში /ვორონეჟის მახლობლად/). ამათ ემატება ნოვოროსიისკში დისლოცირებული მე-7 საჰაერო-სადესანტო დივიზია და, საჭიროების და მიხედვით, ტულაში, ივანოვოში, ფსკოვსა და ულიანოვსკში განლაგებული საჰაერო-სადესანტო დივიზიები. ასეთია თურქულ-დასავლური ალიანსის მიერ ამიერკავკასიაში მსხვილმასშტაბიანი საომარი კონფლიქტის გაჩაღების საწყის ეტაპზე რუსული სარდლობის საპასუხო მოქმედებების სავარაუდო მასშტაბები.

იმ მოსაზრებას, რომ ამ ჯარების გამოყენებას რუსული სარდლობა სწორედ ამიერკავკასიაში უნდა ვარაუდობდეს, ამაგრებს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში რუსეთის სახმელეთო ჯარების ოპერატიული მართვის ორგანოების განლაგების სქემაც. სახელდობრ, აქ დისლოცირებულია 58-ე არმიის შტაბი, აგრეთვე მე-8 და 67-ე ცალკეული საარმიო კორპუსების შტაბები. 58-ე არმიის შტაბი განლაგებულია ქ. ვლადიკავკაზში, მე-8 და 67-ე ცალკეული კორპუსების შტაბები – შესაბამისად, ვოლგოგრადსა და კრასნოდარში. დღესდღეობით 58-ე საველე არმიაში შედიან ერთი მოტომსროლელი დივიზია (ვლადიკავკაზი) და ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ბუდიონოვსკი და ბუინაკსკი), აგრეთვე სარძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები. მაგრამ ომიანობის დროის შტატებით, სრულად გაშლილ რუსულ საველე არმიაში უნდა შედიოდეს ექვსი საბრძოლო დივიზია (მოტომსროლელი და სატანკო), აგრეთვე უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები; სულ დაახლოებით 150 ათასი ადამიანი, შესაბამისი სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით.

ვინაიდან რუსული სარდლობა არმიის შტაბს ინარჩუნებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი საჭიროების შემთხვევაში მის სრულად გაშლასაც უნდა გეგმავდეს. მეორეს მხრივ არმიის შტაბი გახლავთ არმიის მართვის ორგანო, არმიის ტვინი, და ყოველთვის ცდილობენ საბრძოლო მოქმედების რაიონიდან მის რამდენადმე დაშორებას. ამიტომ ვინაიდან 58-ე არმიის შტაბი დისლოცირებულია ქ. ვლადიკავკაზში, რუსეთის ფედერაციის უკიდურეს სამხრეთ რაიონში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უშუალო მახლობლობაში, დაბეჯითებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი სრულად გაშლის შემდეგ, რუსული სარდლობის გეგმებით, აღნიშნული არმიის დივიზიებმა უნდა იმოქმედონ სწორედ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.

საგულისხმოა, რომ ამ გეგმების განხორციელებაში რუსეთს ისევ ამერიკელები დაეხმარნენ. საქმე იმაშია, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ-ის, ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით 1990 წლის ნოემბერში პარიზში დადებული “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებისა” და 1992 წლის მაისში ტაშკენტში დადებული შეთანხმების პირობებით, ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოქის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მუდივად განლაგებისთვის დადგენილი იყო საბრძოლო ტანკების, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე საარტილერიო სისტემების მკაცრად განსაზღვრული და შედარებით მცირე რაოდენობა (კვოტები), რომელთა სრულად გამოყენების შემთხვევაშიც კი, ყველა ზემოთ დასახელებული შენაერთისა და ნაწილის ახლანდელ დონეზე დაკომპლექტება ვერ მოხერხდებოდა. დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მიერ 90-იან წლებში თურქეთის სამხედრო მანქანის გაძლიერების საპასუხოდ, როგორც ჩანს, ეუთო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, დაჟინებით აყენებდნენ რუსეთის სამხრეთ რაიონში (პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საფლანგო რაიონში) ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მანამდე დადგენილი კვოტების გაზრდის საკითხს და ასაბუთებდნენ კიდეც ამის აუცილებლობას, რის შედეგადაც, 1996 წლის მაისში, ვენაში გამართულ კონფერენციაზე, ამერიკული დელეგაციის აქტიური მხარდაჭერით, რუსებმა მიაღწიეს მათთვის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე საარტილერიო სისტემების კვოტის გაზრდას.

ანუ სხვა სიტყვებით, სამხედრო საქმის კარგად მცოდნე ამერიკელმა სპეციალისტებმა 90-იან წლებში ჯერ თურქეთს გაუზარდეს შეტევითი შეიარაღება (ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარების MLRS/ATACMS ჩათვლით, სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მორტყმის მაღალი სიზუსტე), ხოლო შემდეგ კი რუსებსაც მხარი დაუჭირეს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების გაზრდაში. ანუ სწორედ ამერიკელები გასული ათწლეულის განმავლობაში მიზანმიმართულად ახორციელებდნენ ამიერკავკასიის მახლობლად შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციას. თუ გავაცნობიერებთ, რომ ასეთი პოლიტიკის გატარების შედეგად, დაპირისპირებულ მხარეებად ჩამოყალიბდნენ, ერთის მხრივ, დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები და თურქეთი, ხოლო მეორეს მხრივ კი, რუსეთ-ირან-ჩინეთის კავშირი (ვინაიდან თურქეთს პრეტენზიები მათი ტერიტორიების ნაწილზეც გააჩნია, რაც ჯდება თურგუთ ოზალის მიერ ზოგადად მოხაზულ გეოგრაფიულ ფარგლებში – “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”), მაშინ ძნელი არ იქნება ამ ორ კოალიციას შორის ამიერკავკასია – ცენტრალური აზიის რეგიონში მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში იმ უბედურების, ნგრევისა და მსხვერპლის მასშტაბების წარმოდგენა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შესაძლოა დაატყდეს თავს. 

აღნიშნული ანალიზიდან გამომდინარეობს ორი მეტად მნიშვნელოვანი შედეგი. ჯერ ერთი, როგორც ვიცით, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობისთვის დაფინანსებას ღებულობენ დასავლეთიდან. ანუ მათ საქმიანობას წარმართავენ და აკონტროლებენ იმავე სახელმწიფოთა სპეცსამსახურები, რომლებიც ამიერკავკასიაში 90-იანი წლების დასაწყისიდან დიდ ომს ამზადებენ. მეორეც, ვინაიდან ამ შესაძლო ომის გაჩაღების ერთერთი ხელშემწყობი მიზეზიც არის უკანასკნელ წლებში საქართველოს ხელისუფლების პასიურობა საკუთარი ქვეყნისგან ასეთი უბედურების აცილების საქმეში (მან ამის შესახებ თუნდაც ჩვენგან უკვე 1999 წლის გაზაფხულ-ზაფხულში იცოდა), ამიტომ თითოეული ჩვენგანის ფიზიკური გადარჩენა, მოსალოდნელ ნგრევასა და უბედურებაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწორად მოვიქცევით ჩვენ-ჩვენ ადგილებზე და რამდენად უფლისთვის მოსაწონად წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობას.

ცნობილია ისიც, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რომ უკანასკნელ ჟამს ივერიის ღვთისმშობლის ხატი დატოვებს ათონის მთას, საქართველოში გადმობრძანდება და დაიცავს ჩვენს ქვეყანას დიდი კატაკლიზმებისგან. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ უფალი ინებებს მხოლოდ მათ გადარჩენას, ვინც მისთვის სათნოდ და მოსაწონად ცხოვრობდა და საქმიანობდა. ამრიგად, კონკორდატზე მუშაობისას მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლიანი ინტერესები იყოს დაცული, რაც იქნება ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს სულიერი ცხოვრებისა და სულიერი ძლიერების ჯანსაღ ნიადაგზე დაფუძნების გარანტია. გავიხსენოთ თუნდაც მაცხოვრის სიტყვები პეტრე მოციქულისადმი, რომ მასზე, როგორც კლდეზე, დააფუძნებს თავის ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ მას. მეტად აუცილებელია, რომ ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ვიყოთ, და არა მის გარეთ, ვინაიდან გარეთ ყოფნით დასაღუპად გავწირავთ საკუთარ თავს, დასაღუპად საუკუნო სიცოცხლისთვის. 

7. დასავლეთის სახელმწიფოთა ჩვენდამი არაკეთილმოსურნე დამოკიდებულების კიდევ ერთი მაჩვენებელია ეუთო-ს ეგიდით 1992 წელს საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები, რომლებიც გაცილებით ნაკლებია ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფისთვის მინიმალურად აუცილებელ დონეზე. საქმე იმაშია, რომ ცივი ომის ბოლო ათწლეულებში, ჰელსინკის პროცესის ფარგლებში, მაშინდელი ევროთათბირის, ამჟამად ეუთო-ს ეგიდით მიდიოდა მოლაპარაკებები ნატო-ს ბლოკსა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის მათ განკარგულებაში არსებული ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების შეცირებისა და უფრო დაბალ დონეზე გათანაბრების შესახებ. 1990 წლის ნოემბერში პარიზში დადეს კიდეც “ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ”, რომლის ძალითაც თითოეულ სამხედრო ბლოკს დაუდგინეს მის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე, რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურ საწყობებში, მუდმივად გასალაგებლად არაუმეტეს 20 000 საბრძოლო ტანკის, 30 000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 20 000 საველე საარტილერიო სისტემის, 6800 საბრძოლო თვითმფრინავის და 2000 დამრტყმელი ვერტმფრენისა. შემდეგ, გარკვეული პირობებით, ეს საერთო რაოდენობა გადაანაწილეს თითოეულ სამხედრო ბლოკში შემავალ სახელმწიფოებზე. მაშინ, თავისთავად ცხადია, რომ საბჭოთა კავშირსაც ერგო ვარშავის ბლოკის ქვეყნებიდან თავისი წილი.

90-იანი წლების დასაწყისში, სსრკ-ის დაშლის შემდეგ დაიწყეს მოლაპარაკებები აღნიშნული ხელშეკრულებებით მისთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტების გადანაწილებაზე მის ევროპულ ტერიტორიაზე წარმოქმნილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის. ბალტიის ქვეყნებმა უარი თქვეს ამაში მონაწილეობაზე და, შესაბამისად, ყოფილი საბჭოთა კავშირის კვოტები გადაუნაწილეს რუსეთის ფედერაციას, უკრაინას, ბელორუსს, მოლდოვას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფოს აღნიშნული კვოტები ერგო თანაბრად: თითოეულს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი ვერტმფრენისა. უნდა ითქვას, რომ ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ეს რაოდენობა სრულებით არ არის საკმარისი საქართველოს თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

სახელდობრ, ერთ გერმანულ სატანკო ბატალიონში შტატით შედის 54 საბრძოლო ტანკი, თურქულში 56, ამერიკულში 58, ჰოლანდიურში 49 და ა. შ. მაშინ, თუნდაც 220 საბრძოლო ტანკის კვოტის სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი, ჩვენ შევძლებთ მხოლოდ დასავლური ტიპის ოთხი თანამედროვე სატანკო ბატალიონის ჩამოყალიბებას, რაც ხუთმილიონიანი ქვეყნისთვის ძალზედ ცოტაა. უფრო ცუდადაა მდგომარეობა მოჯავშნული საბრძოლო მანქანების კვოტის მხრივ. ეს მანქანები წარმოადგენს მოტოსროლელი (მოტოქვეითი, მექანიზებული ქვეითი) ქვედანაყოფების ძირითად შეიარაღებას. მაგრამ მათ გარდა ისინი საჭიროა სატანკო, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საარტილერიო და სხვა ქვედანაყოფებსა და ნაწილებშიც. ამიტომ 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის კვოტაც არ არის საკმარისი ბრძოლისუნარიანი თანამედროვე ქართული ჯარების შესაქმნელად. იგივე ითქმის არტილერიაზეც – საველე არტილერიის 285 ქვემეხისა და ნაღმსატყორცნის კვოტა მხოლოდ ოთხ-ხუთ თანამედროვე საბრძოლო ბრიგადას თუ ეყოფა საშტატო შეიარაღებისთვის, საარტილერიო რეზერვის გარეშე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე ძალზედ ცოტაა. 

შედარების მიზნით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტუტუტის მონაცემებით, შვეიცარიის მოსახლეობა 1991 წელს შეადგენდა დაახლოებით 6,5 მლნ ადამიანს, ხოლო ომიანობის დროს მისი სარდლობა გეგმავდა შეიარაღებულ ძალებში 625 ათასი ადამიანის მობილიზებას. მათგან სრულფასოვანი საბრძოლო შენაერთებისა და ნაწილების ჩამოყალიბებისთვის ამ ქვეყნის სარდლობას შეიარაღებაში გააჩნდა 870 საბრძოლო ტანკი, 1350 მოჯავშნული საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის მანქანა, საველე არტილერიის 1400 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, აგრეთვე სხვა შეიარაღება. შვეიცარიის შეიარაღებასთან შედარებით საქართველოს კვოტები სასაცილოდაც კი მოგვეჩვენება. ხოლო ეს კვოტები, როგორც ვთქვით, ეუთო-ს დოკუმენტებით არის დადგენილი.

გასულ წლებში ჩვენ არაერთხელ ვაყენებდით საქართველოს მხრიდან, ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე, აღნიშნული კვოტების გადასინჯვის გამო ხმის ამოღების საკითხს, მაგრამ ჩვენს ამ მცდელობებს ყოველთვის ბლოკავდნენ როგორც ქართველი სახელმწიფო მოხელეები, ისე ჩვენში მომუშავე ნატო-ელი მრჩევლებიც. ამასთანავე თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების ვერჩამოყალიბება ავტომატურად ნიშნავს გარეშე მტრების შემოტევებისგან ქვეყნის დაუცველობას, მთლიანად საზოგადოებისა და ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების უხეშ დარღვევას, წაგებულ ომებს, სახლებში შემოსულ უცხოელ მოძალადეებს, ფეხქვეშ გათელილ ჩვენს ღირსებასა და თავმოყვარეობას, გაუპატიურებულ ქალებსა და ბავშვებს. და ასეთ პირობებში, თუკი დავიჯერებთ, რომ ღმერთისთვის ყველანი საყვარელი შვილები ვართ და მას ყველა ჩვენგანის კარგად ყოფნა უნდა, მაშინ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანების მიერ ქვეყნის საზიანოდ წარმართული საქმიანობისთვის თვითონ ეს ადამიანები და მათი ახლობლები უფრო მეტად დაისჯებიან, უფრო მეტად გახდებიან შემოსეული მოძალადის მიერ საჯიჯგნი და ფეხქვეშ გასათელი, ვიდრე ის უბრალო მოქალაქენი, ვინც თავიანთი ანგარი და დანაშავე ხელისუფლების საქმიანობის მსხვერპლი შეიქნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი, როგორც სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობა უფლისა და ქართველი ერის, საქართველოს მთელი მოსახლეობის წინაშე არის საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან კონკორდატის ტექსტის მომზადებისას მართლმადიდებლობის სამართლიანი უპირატესი მდგომარეობის დაფიქსირება და ამით ქართლული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ჯანსაღ ნიადაგზე განვითარება.

8. წინა პუნქტში გამოთქმულ სამხედრო მშენებლობის პრობლემებზე მსჯელობისას თავისთავად წამოიჭრება ფინანსების საკითხი. ვინაიდან შეიარაღებული ძალების მშენებლობისთვის აუცილებელია სათანადო ფინანსური უზრუნველყოფა. ამ მხრივ საქართველოს მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, მაშინ ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიზეზებიც მნიშვნელოვანწილად ისევ დასავლეთის მმართველ წრეებთან არის დაკავშირებული. ამ სფეროში მსჯელობისას მოვიშველიებთ ქართველი ფინანსისტის დავით გურგენაშვილის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას. ბ-ნი დავით გურგენაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, 90-იანი წლების დასაწყისში გახლდათ საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანაშემწე, ამჟამად კი “თბილგაზის” ფინანსური დირექტორია. ჩამოთვლილი სამსახურები და თანამდებობები ნათლად გვიჩვენებს მის მაღალ პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას.

ბ-ნმა დავითმა კერძო საუბარში განგვიმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო სამსახურის (შემდგომში საგადასახადო ინსპექციის) შესაქმნელად პარლამენტმა საკანონმდებლო ბაზა მოამზადა 1993 წლის შემოდგომაზე. კანონის თანახმად, როდესაც საგადასახადო სამსახურის რევიზორი მიდიოდა მეწარმესთან, რომელიც მალავდა შემოსავალს, რათა ბიუჯეტში ნაკლები თანხა გადაეხადა, შემოწმების შედეგად ბიუჯეტში მთელ თანხას გადაახდევინებდა და საჯარიმო გადასახადსაც დააკისრებდა, მაშინ მეწარმის მიერ გადახდილი ჯარიმა-საურავიდან 30 % პრემიის სახით რჩებოდა საგადასახადო ინსპექციას. აქედან 15 % მიდიოდა საგადასახადო ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე, 10% – მთლიანად საგადასახადოს პრემირებაზე და 5 % კი შეადგენდა შემმოწმებელი რევიზორის პრემიას. ასეთ პირობებში საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების ოფიციალური შემოსავალი იმდენად მაღალი იყო, რომ მათი უმრავლესობა ცდილობდა პატიოსნად ემუშავა, ქრთამი არ აეღო და დამნაშავე მეწარმეთათვის უკანონო შეღავათების გაწევით თავისი საქმე არ გაეფუჭებინა.

მეორეს მხრივ, მეწარმეც თანდათან რწმუნდებოდა, რომ შემოსავლების დამალვით საბოლოოდ გადასახადების სრულად გადახდას ვერ გაექცეოდა, შემოწმების შემდეგ მას ჯარიმა-საურავის გადახდაც მოუწევდა და სახელიც გაუტყდებოდა, და ისევ ამჯობინებდა სამეწარმეო გადასახადების დროულად გადახდას. ამ ღონისძიებების შედეგად 1994 წელს საგადასახადოს ხაზით ბიუჯეტში შემოვიდა 40 მლნ ლარი, 1995-ში უკვე – 350 მლნ და 1996-ში კი – 400 მლნ ლარი.

ბ-ნმა რევაზ შავიშვილმა ასევე კერძო საუბარში გვითხრა, რომ კონტროლის პალატის თანამშრომელთა მატერიალური დაინტერესებისთვისაც ანალოგიური სისტემა იყო შემუშავებული. მთლიანად 1996 წელს საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი უახლოვდებოდა 1 მლრდ ლარს, ხოლო მაშინ 1 მლრდ ლარი უდრიდა დაახლოებით 800 მლნ ამერიკულ დოლარს.

ამავე წლებში დაიწყეს შემოსვლა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა. მათმა წარმომადგენლებმა თავიდან დაზვერეს ჩვენში არსებული საფინანსო მდგომარეობა, და ვინაიდან იმ სისტემას, რომლის წყალობითაც საქართველოს ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდებოდა, ღიად და უხეშად ვერ მოშლიდნენ, ამიტომ მათ არჩიეს შეექმნათ პირობები ამ სისტემის პარალიზებისთვის. საქართველოს ხელისუფლებას მათ მისცეს რეკომენდაცია სახელმწიფო ხაზინის შესაქმნელად და მისი მეშვეობით ფულადი სახსრების ცენტრალიზებული წესით გასანაწილებლად. თავისთავად ამაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ საქმე ისე წარიმართა, რომ სახელმწიფო ხაზინა საგადასახადო ინსპექციასა და კონტროლის პალატას მათ კუთვნილ საპრემიო თანხებს დროულად აღარ აძლევდა. ამის შედეგად ამ ორივე უწყების უსახსროდ დარჩენილმა თანამშრომლებმა ისევ ქრთამის აღება დაიწყეს, მეწარმეებმა კი – შემოსავლების დამალვა. ამის გამო კი ქვეყნის ფინანსური შემოსავლები კვლავ შემცირდა; სახელდობრ, 2000 წელშიც საქართველოს წლიური შემოსავალი საგადასახადოს ხაზით ისევ 400 მლნ ლარამდე იყო, ხოლო ბიუჯეტის საშემოსავლო თანხა – 1 მლრდ ლარამდე, მაგრამ ამჟამად ლარის კურსი დოლართან შედარებით ორჯერ უფრო ნაკლები გახდა, ხოლო საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო თანხა უწინდელი 800 მლნ ამერიკული დოლარიდან შემცირდა დაახლოებით 455 მლნ დოლარამდე.

ეს რიცხოვრივი მონაცემები თვალსაჩინოდ მეტყველებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შედეგად საქართველოს ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებაზე.

9. ყოველივე ზემოთქმულიდან აშკარად შეგვიძლია დავინახოთ დასავლეთის მმართველი წრეების საქმით არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. და ვინაიდან ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან დასავლური წყაროებიდან და მათი საქმიანობა ხშირად წარმოადგენს დასავლური რეცეფტების ქართული საზოგადოებისთვის ავტომატურად თავზე მოხვევის მცდელობას, ამიტომ ჩვენი ეს წერილიც მიმართულია ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების მიერ აქტურად გამოთქმული ხშირად ჩვენი ქვეყნისთვის მავნე პოზიციებისა და წინადადებების საჩვენებლად (სამხილებლად). ასევე გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ არასამთავრობოთა არასწორი პოზიციები, ჩვეულებრივ, განპირობებულია რელიგიის საკითხებში, ისევე როგორც სხვა სფეროებშიც, მათი მწირი ცოდნითა და საქმის არსში ჩაუხედაობით. ამის საპირისპიროდ, საქართველოს საპატრიარქოში არის მწყობრი და სისტემური ცოდნა როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანობის, ისე სხვადასხვა რელიგიური კონფესიების შესახებ.

ჩვენი აზრით, კონკორდატის ტექსტზე მუშაობისას კარგი იქნებოდა, თუკი მასზე მომუშავე ადამიანებს უმფრო მჭიდრო კავშირი ექნებოდათ საქართველოს საპატრიარქოსთან და მეტი ნდობით მოეკიდებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას, როგორც მართლმადიდებელი მრევლის სულიერი აღზრდის, ისე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.

ირაკლი ხართიშვილი 
2002 წლის 27 სექტემბერი

გვიანდელი შენიშვნა: ეს ნაშრომი მომზადებულ იქნა ცხრა წლის წინ და როგორც მკთხველი შეამჩნევდა, ჩვენ, თუმცა კი საფუძვლიანი სასულიერო განათლება არ გაგვაჩნია, მაგრამ ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაში და მის გარეთ მიმდინარე პროცესებს ვუყურებდეთ და ვაფასებდეთ მართლმადიდებელი ქრისტიანის თვალთახედვით და მისი პოზიციიდან. ეს ძალიან კარგი და სწორია, რასაც ეკლესიაში გვეუბნებიან ჩვენი მოძღვრები, ხოლო ტელევიზიიდან კი ჩვენი სასულიერო წოდების იერარქები. მაგრამ სამწუხაროდ, არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც ჩვენი მორწმუნე საზოგადოების ყურადღება შემდგომ წლებში წაიყვანა სულ სხვა მხარეს. ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს არის ჩვენი ეკლესიის მესვეურების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმდენად ლოიალური პოზიციის დაკავება, რომ ხშირად მათ მიერ არ ხდებოდა და არც დღეს ხდება ბევრი პრინციპული საკითხის გაჟღერება და დაცვა, რაც, ჩვენი აზრით, დასაცავი და მოსაფრთხილებელია. სახელდობრ, წერილში “ქრისტიანობა და პოლიტიკა”, რომელიც 2006 წლის ზაფხულში მივიტანეთ გამოსაქვეყნებლად გაზეთ “ახალ 7 დღეში”, რომელთანაც მანამდე ერთი წლის განმავლოვაში ვთანამშრომლობდით, და ამჯერად კი მისი გამოქვეყნება არ მოისურვეს, ბოლოში ჩვენ მოგვყავდა ამონარიდი სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტის, აწ განსვენებულის, იოანეს (სნიჩევის) წიგნიდან “უკანასკნელი ბრძოლა”, სადაც წერია: “რუსეთის ისტორია გვასწავლის, რომ საზოგადოება, რომელსაც სურს დერჟავული ნიშნების შენარჩუნება, უნდა აღიარებდეს, რომ უმაღლესი ხელისუფლება ქვეყნაში ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არა ორგანიზაციას ან საზოგადოებრივ ფენას და არც თვით ხალხს მთლიანობაში, არამედ იგი ეკუთვნის ზნეობრიობის ფუძემდებლურ პრინციპებს: “არა იცრუო!”, “არა იპარო!”, “არა იმრუშო!”, “არა იძუნწო!”, “არა გშურდეს!”, “არა იბოროტო!”, “არა იამაყო!” – აი რა უნდა განსაზღვრავდეს ჩვენს ცხოვრებას... 

მართლმდიდებელი რუსეთის კონსტიტუცია ყოველთვის იყო ღვთის მცნებები. სახარებისეულ მცნებებში თავად უფალმა ღმერთმა განუცხადა ადამიანებს თავისი წმინდა ნება, და ამიტომ ხელისუფლების სხვა წყაროს მას შემდეგ ქრისტიანობა არ აღიარებს. სახელდობრ ამ ხელისუფლებას ასხამდა ხორცს თავისი სახით ღვთივ ცხებული – რუსი მეფე. აი რატომ მიილტვოდა რუსული სახელმწიფოებრიობა მოწყობის თვითმპყრობელური ფორმისაკენ. რუსული თვითმპყრობელობა არის არა იმდენად პოლიტიკური სისტემა, რამდენადაც რელიგიური, რომელიც მოწმობს ხელისუფლების ბუნებასა და მიზნებზე ხალხის ზნეობრივი შეხედულებების სიმაღლის შესახებ.

ასეთი შეხედულებებისას თავად ხალხის ადგილი რუსული დერჟავის სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ორგანიზმში ყოველთვის გაცილებით უფრო საპასუხისმგებლო და საპატიო იყო, ვიდრე ის, რომელსაც სთავაზობენ მას ახლა “ხალხის ხელისუფლების” (დემოკრატიის – ი. ხ.) მლიქვნელი მომხრეები. თავის კრებსით სისავსეში (Соборная полнота) იგი წარმოადგენდა რელიგიური ზნეობრიობის სიწმინდეთა ცოცხალ შემნახველს მათ ცხოვრებისეულ-პრაქტიკულ, ყოფიერებით, ყოველდღიურ განსაზღვრულობაში. და ასეთ მსახურებას ხალხი არასდროს არ წყვეტდა. ამიტომ დღესაც, რუსეთის გასახრწნელად ეშმაკეული ძალისხმევის მიუხედავად, ცოცხალია კიდევ რუსული სული და არის მტკიცე საფუძველი ქვეყნის აღორძინებისთვის.

ამ გზაზე დაბრკოლებას (როგორ უცნურადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ეს ახლანდელ საზოგადოებრივ აზრს) წარმოადგენს უწინარეს ყოვლისა მითი “ხალხის ხელისუფლების” შესახებ. ეს პრინციპი საქმით განუხორციელებელია. მიპასუხეთ რუსო ადამიანებო (შეგვიძლია ვთქვათ – ქართველებოც – ი. ხ.), გულზე ხელის დადებით: რომელი თქვენგანი გრძნობს დღეს საკუთარ თავს “ხელისუფლების მქონედ”? ხალხის ხელისუფლების ლოზუნგი – მხოლოდ მზაკვრული სატყუარაა მიმნდობი ადამიანებისთვის, შირმაა, რომლის უკანაც თავიანთ ბნელ საქმეებს აგვარებენ პოლიტიკანები, რომლებიც ღირსებისა და სინდისის გარეშე ძარცვავენ ხალხს “ხალხისავე სახელით”. ასე რომ მოდით ვთქვათ პატიოსნად – არავისთვის თავისი ძალაუფლება ხალხს არ გადაუცია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ძალაუფლება მას არასდროს არც ჰქონია”.

და განა საქართველოს სასულიერო წოდების იერარქებისგან მოგვისმენია მსგავსი სიტყვები? მოჰყავთ ხოლმე მაგალითები ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებიდან, პირველ საუკუნეთა ქრისტიანების ცხოვრებიდან, შუა საუკუნეებიდან, საქართველოს ბოლშევიკურად გასაბჭოების ხანიდან, მაგრამ ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ასეთი საჭირბოროტო საკითხების დასმასა და შეფასებას კი საქართველოს ეკლესიის მესვეურები, სამწუხაროდ, თავს არიდებენ. უფრო მეტიც, თუკი 2000-იანი წლების დასაწყისში თბილისში საეკლესიო წიგნების მაღაზიებში შედარებით ბევრი იყო რუსეთიდან შემოსული ლიტერატურა, რომელიც შეეხებოდა როგორც სასულიერო, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების საკითხებსაც, უკანასკნელ ხანს შემოტანილი რუსული წიგნების ნაკლებობა თვალსაჩინოა, თანაც თითქმის მხოლოდ წმინდა სასულიერო თემატიკის შესახებ. სამაგიეროდ მომრავლებულია რუსულიდან ქართულად თარგმნილი ლიტერატურა, მაგრამ ისევ მხოლოდ სასულიერო თემატიკაზე, და არა ისეთი, როგორსაც წარმოადგენს მიტროპოლიტ იოანეს ზემოთ ციტირებული წიგნი. 

პირადად ჩვენ, 1999 წლიდან როგორც საქართველოს პარლამენტის სტრუქტურებში, სადაც ოფიციალურად ვმსახურობდით, ისე ქართულ პრესაშიც (იმხანად ძირითადად გაზეთ “საქართველოში”) სისტემატიურად ვაქვეყნებდით წერილებს იმის თაობაზე, რომ, ჯერ ერთი, 90-იან წლებში, როდესაც დაიშალა ჯერ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, ხოლო შემდეგ კი საბჭოთა კავშირიც, როდესაც ნატო-ს ბლოკის უმეტესმა სახელმწიფოებმა შეამცირეს თავიანთი სამხედრო ხარჯები, შეიარაღებული ძალები და ძირითადი შეიარაღება, იმ დროს ჩვენი მეზობელი თურქეთი აგრძელებდა თავისი სამხედრო ხარჯების ზრდას და 1990 წლის 5,0 მლრდ დოლარიდან 2000 წელს მან ეს ხარჯები გაზარდა 10,8 მლრდ დოლარამდე, ხოლო აშშ-მა და გერმანიამ კი მას მიაწოდეს უფრო თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება, ან გადასცეს ტექნოლოგიები მისი ცალკეული ნიმუშების შესაქმნელად. ამის შესახებ ვსაუბრობდით ამ წერილის ძირითად ნაწილშიც. მეორეც, იმავე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც 1992 წლის მაისში ტაშკენტში გამართულ მოლაპარაკებებზე, მისი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტებიდან საქართველოს, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთსაც, არგუნეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 100 საბრძოლო თვითფრინავისა და 50 დამრტყმელი ვერტმფრენის კვოტები, ამ საქმეში ჩახედულ სამხედრო სპეციალისტებს, როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ასევე რუსეთშიც, უნდა სცოდნოდათ, რომ ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ეს კვოტები ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი სახელმწიფოს თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს. ამის შესახებაც გვიწერია ჩვენი წერილის ძირითად ნაწილში.

მაშინ მე უფრო აქტიურად დავდიოდით ეკლესიაში და ვმონაწილებდი მრევლის ცხოვრებაში, თავისთავად ცხადია, რომ გაზეთში გამოქვეყნებულ წერილებს ვაწვდიდით საპატრიარქოსაც, რათა ამ საქმის კურსში ყოფილიყვნენ, და იქნებოდნენ კიდევაც. მაგრამ, ალბათ ჩვენი მკითხველი დამეთანხმება, რომ საქართველოს საპატრიარქოს არ დაუწყია ამ პრობლემების გაჟღერება და საზოგადოებაში გატანა, თუნდაც იმ რადიოარხის მეშვეობით, რომელიც მას გააჩნდა. პირიქით, ეს რადიო დაჟინებით გვიმეორებდა მის მსმენელებს, რომ მთავარია სიყვარული ურთიერთშორის, ერთმანეთისთვის მიტევება და საკუთარი ცოდვების განცდა, რომ საკუთარი ცოდვების განმცდელი ადამიანი უკვე აღარ დაიწყებს სხვების ნაკლის ძიებასა და მათ განკითხვას და ა. შ. ეს, რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ ეს სამონასტრო შეგონებანი უშუალოდ ეხება იმ მონაზვნებსა და მორჩილებს, როლებიც მონასტერში მოსულან სულის საცხოვნებელი მოღვაწეობისთვის, რომლებიც მონდომებული არიან უფლის მსახურებისთვის, ხოლო ამ გზაზე კი მათ ბუნებრივია ექნებათ გარკვეული სისუსტეები, ცოდვითი მიდრეკილებანი, ისევე როგორც ყველა ადამიანს, შესაძლოა გამოავლინონ ისინი, და წმინდა მამები სწორედ ასეთ გამოვლინებებზე წერდნენ კიდევ თავიანთ შეგონებებში. მაგრამ იყვნენ და არიან ისეთებიც, რომლებიც ქრისტიანობისადმი მტრული ძალების მიერ არიან შეგზავნილი მონასტერში, იქაური ცხოვრებისთვის შეძლებისდაგვარად ძირის გამოსათხრელად. სახელდობრ, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” წაგვიკითხავს, რომ თუ არ ვცდებით, შატბერდის მონასტრის დაარსების შემდეგ წმინდა მამამ მისცა კანონი მონასტრის ძმობას, რომ ასეთი შემოპარული ადამიანები, მათი გამოვლენისა და მხილების შემდეგ, დაუყოვნებლივ განედევნათ მონასტრიდან.

ჩვენი საპატრიარქოს რადიო კი ასეთ ვითარებას დუმილით გვერდს უვლიდა და დაჟინებით გვიმეორებდა, სხვა ადამიანებს მხოლოდ სიყვარულით მოექეცით, ნუ განიკითხავთ და საკუთარი ცოდვების გამო იგლოვეთო. ნუთუ წმინა გრიგოლ ხანძთელს სიყვარული აკლდა, ნუთუ მას არ შეეძლო თავისი სულიერი შვილებისთვის მიეცა კურთხევა, რომ თუნდაც ღმერთის მებრძოლი ძალებიდან შემოგიგზავნონ ვინმე მონასტერში, იმათაც სიყვარულით მოექეცით და შეეცადეთ ქრისტიანობაში მოაქციოთო? ალბათ იმიტომ არ მისცა, რომ უფრთხილდებოდა თავის სულიერ შვილებს, რომ ვერ ხედავდა ასეთი დაგეშილი აგენტურის იმ პირობებში სიკეთისკენ მოქცევის შესაძლებლობას და ფრთხილობდა, რათა ამ აგენტურას თავისი პატრონების მიზნისთვის არ მიეღწია და იქ სამონასტრო ცხოვრებისთვის მართლა ძირი არ გამოეთხარა. და განა საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებში, არასამთავრობო სექტორში, პოლიტიკურ პარტიებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საკვანძო თანამდებობებზე უკვე მაშინ არ იყვნენ მოკალათებული უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურებთან, განსაკუთრებით კი ამერიკის ცენტრალურ დაზვერვასთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც იქიდან მიღებული ფულებისა და სკამების სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებით ვაჭრობდნენ? რა თქმა უნდა იყვნენ, და ძალზედ ბლომადაც, არც დღეს არიან ნაკლებნი, და სწორედ მათი საქმიანობის გამო არის ჩვენი სამშობლო ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი. ნუთუ უფრო უკეთესად ვიქნებოდით მაშინ, როდესაც ჩვენს თავს დატეხილი განსაცდელების სანაცვლოდ ვიტყოდით, რომ თავი დავანებოთ ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც სულ ამერიკასა და ნატო-ს შეჰყურებს თვალებსა და ხელებში, რომელიც საკუთარ ხალხს ატყუებს, ეს შეიარაღება გვეყოფა საკუთარი ქვეყნის დასაცავად და ახლა ამერიკელები ისეთ ჯარს გაგვაკეთებინებენ, რომ მისი შიშით ვერანაირი გარეშე მტერი ვერას გაგვიბედავსო (ცხოვრებამ კი სულ სხვა რამე დაგვანახა, თან ძალზედ მწარედაც); ასევე თავი დავანებოთ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების ჩვენში ბრმად გამტარებლებს, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ქართველი მრეწველები აქტიურად გამოდიან მათი მოძალებისა და ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი საქმიანობის წინააღმდეგ, ხმა არ ამოვიღოთ, რაკი ხელისუფლებას ამ სტრუქტურებისა და მათ უკან მდგარი ძალების სიამოვნება და სამსახური უნდა, ჩვენც ჩუმად ვიყოთ და საკუთარ ცოდვებზე ვიფიქროთო, მათ გამო ვიგლოვოთო; ან კიდევ თავი დავანებოთ თავისუფლების ინსტიტუტს, კავკასიურ ინსტიტუტს, კავკასიურ სახლს, ოჯახის დაგეგმარების ასოციაციას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სხვა არასამავრობო ორგანიზაციებს, მათში ჩაბუდებული დასავლური აგენტურებით, და ვთქვათ რომ ჩვენ მათზე უფრო ცოდვილები ვართო.

რა იქნებოდა, წმინდა ილია მართალსაც (ილია ჭავჭავაძეს) რომ ასევე “ქრისტიანულად” ეფიქრა? განა კი იგი შეძლებდა საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის იმ უაღრესად საჭირბოროტო და აქტუალური საკითხების დაყენებას, გააზრებასა და მათი გამოსწორებისთვის მოღვაწეობას? განა კი იგი შეძლებდა ჩვენი საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების ისეთ ამაღლებასა და დაწინაურებას, რაც მან რეალურად განახორციელა? განა ილიას არ უხდებოდა გამუდმებულად დავა და ბრძოლა სახელმწიფო ცენზურასთან, ცალკეულ მოხელეებთან, იმ ხანად არსებული სისტემის რიგ მახინჯ და უხეშ გამოვლინებებთან, ქართველ მედროვეებთან, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ცხოვრებისა და კეთილდღეობის მოწყობა აინტერესებდათ და ენაღვლებოდათ? და რატომ ებრძოდა, ნუთუ მას ქრისტიანობა აკლდა, ნუთუ საკუთარი ცოდვების დანახვა არ შეეძლო, ან მათ გამო გლოვა და ტირილი არ უნდოდა? 2000-იანი წლების დასაწყისში ჩვენ ვთავაზობდით საპატრიარქოს რადიოს მესვეურებს, რომ ვინაიდან XIX საუკუნეში წმინდა ილია მართლის მიერ თავის პუბლიცისტურ წერილებში დასმული და გარჩეული საკითხებიდან ბევრი დღევანდელი ცხოვრებისთვისაც მეტად აქტუალური გახლდათ, ხოლო ილიას მსჯელობიდან და საქმისადმი მისი დამოკიდებულებიდან დღევანდელ ქართულ საზოგადოებასა და ქართველ ახალგაზრდობას ბევრი რამის სწავლა და ნამდვილ მოღვაწეებად ჩამოყალიბება შეეძლოთ, ამიტომ ქრისტიანულ სიყვარულსა და საკუთარი ცოდვების გამო ტირილზე სამონასტრო შეგონებების გვერდით გაეკეთებინათ გადაცემები, როლებშიც სისტემატიურად ისაუბრებდნენ წმ. ილია მართლის პუბლიცისტურ წერილებზე, წაიკითხავდნენ მათ, განიხილავდნენ იმდროინდელი საქართველოს საზგადოებრივ ცხოვრებას და, შეძლებისდაგვარად, შეადარებდნენ ჩვენს თანამედროვე ყოფიერებასაც. მაგრამ მათ ეს არ მოისურვეს. მართალია, დღესდღეობით გამოჩნდა ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც აპირებს გაზეთ “ივერიის” ილიასეული ნომრების ხელახლა გამოცემას, მაგრამ თითქმის ათი წელი დაკარგულია, გარდა ამისა, ამ ხანებში უკვე მკვიდრად გაიდგა ფესვები ქართულ საზოგადოებაში დასავლეთზე საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის გეზმა, რომელსაც გამოკიდებული ქართველები, და მათ შორის ქართველი ახალგაზრდობა, თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ ამიერკავკასიაში დასავლეთი, და განსაკუთრებით აშშ, მშვიდობისთვის არ მოდის, არამედ ომისთვის, და თუ ეს ომი აქამდე რეალური საბრძოლო მოქმედებების ფაზაში არ გადასულა, რუსეთისთვის კბილების მოსინჯვა რომ უკვე სცადეს, ეს ჩვენ 2008 წლის აგვისტოში საკუთარ ტყავზე გადავიტანეთ. რუსეთმა ამერიკას კბილები უჩვენა, ჩვენ კი რაც გადაგვხდა, ყველამ კარგად ვიცით.

მაგრამ ამ უკანასკნელ უბედურებაში მხოლოდ ხელისუფლება კი არ არის დამნაშავე, არამედ მთელი პროამერიკული სპექტრი ქართული საზოგადოებისა, ვინაიდან ამ “ხელისუფალთ” ამერიკის საელჩოში ან ვაშინგტონის შესაბამის სტრუქტურებში, ალბათ, ეტყოდნენ: თუ თქვენ არ გააკეთებთ ამას, მაშინ რომელიმე სხვა პარტიას დავუჭერთ მხარს, გავაძლიერებთ, ხელისუფლებაშიც მოვიყვანთ და ისინი კი უკან არ დაიხევენო. ყველანი, ვინც საკუთარი სამშობლოს ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებენ სკუთარ პირად, “პარტიულ” და “პოლიტიკური არსებობის” ინტერესებს, სხვადასხვა, მაგრამ მაინც მეტად საგრძნობი და მნიშვნელოვანი დოზით პასუხისმგებელნი არიან იმ უბედურებებზე, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა; მიუხედავად იმისა, რომ აცხადებენ: ჩვენ რომ მაშინ ხელისუფლებაში ვყოფილიყავით, ამ ავანტიურაზე არ წავიდოდითო. არ სჭირდება ამერიკულ ადმინისტრაციას, ან მის რომელიმე გავლენიან ნაწილს, ეს ხალხი ხელისუფლებაში, არამედ ისინი უნდა იქ, სადაც არიან – პროამერიკულ და პრონატოურ ოპოზიციაში, რათა მუდმივად ჰქონდეს ბერკეტი ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის, თუკი ეს უკანასკნელი რამეზე ჭირვეულობას დაიწყებს. ისიც ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს საპატრიარქოს ხშირად ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება გააჩნია, და იმ დონემდეც ერიდება გარკვეული პრინციპული საკითხების დაყენებას, რასაც აკეთებენ რუსი მღვდელმთავრები საკუთარ ხელისუფლებასთან მიმართებაში, და რისი ერთი მაგალითიც ზემოთ მოვიყვანეთ მიტროპოლიტ იოანეს (სნიჩევის) სახით. მღვდელმონაზონ რომანოზს (მატიუშინს) კი 1994 წელს შეთხზული აქვს სიმღერა Поле Куликово, რომელსაც დღეს ბევრი მღერის რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-მამულიშვილურ წრეებში:

Вся Россия стала полем Куликовым.
Ополчился ворог, быть нам иль не быть?
Но не слышно клича Дмитрия Донского,
Некому Отчизну нашу защитить.

И зовут к покаянью перед вражьим мечом словоблуды,
И в князья норовят, кто в холопах седины стяжах.
Да разыдется тьма! Умолчите, иуды!
Бог не в силе, а правде, правда в верных сердцах.

На земле родимой – Родина в опале.
Разгулялась погань – и просвета нет.
Где ты, Старче Божий, Сергие всехвальне?
Под твоей десницей каждый – Пересвет.

Так поднимем хоругвы, помолясь крепко Богу.
И за Веру, за Русь станем все, как один.
Нет ни Сергия ныне, ни князья Донского,
Только образ Пречистой, да Спасс впереди.

როგორც ვხედავთ, ამ ტექსტის ავტორი რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებს კი არ მისტირის, არამედ იგი წუხს, რომ მისი სამშობლო უდიდეს განსაცდელშია და მთლიანად ერთ დიდ ბრძოლის ველადაა გადაქცეული, მაგრამ წმ. კეთილმსახური მთავრის, დიმიტრი დონელის მსგავსი გმირები უკვე აღარ ჰყავს, რომ მან რუსთა სამშობლო დაიცვას. რომ მტრის მახვილის წინაშე სინანულისკენ მოუწოდებენ დღევანდელ რუსებს პირით მეძავი ადამიანები, და თავადობა სურთ ყმობაში გაჭაღარავებულ მედროვეებს, “დაე გაიფანტოს წყვდიადი! დადუმდით, იუდებო! ღმერთი ძალაში კი არ არის, არამედ სიმართლეშია, სიმართლე კი ერთგულ გულებში”... “მაშ აღვმართოთ დროშები, მხურვალედ ვილოცოთ ღმერთის წინაშე, და სარწმუნოებისთვის, რუსეთისთვის დავდგეთ ყველანი, ვით ერთი კაცი; არც სერგი რადონეჟელი გვყავს დღეს, არც მთავარი დიმიტრი დონელი, მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, და მაცხოვარია წინ”.

ეს სიმღერები ჩვენ ინტერნეტში მოვიძიეთ საიტზე «Песни Русского Воскресения» და 2003 წლის გაზაფხულზე 200-მდე სიმღერა, კომპაქტ-დისკზე ჩაწერილი, ჟანა ბიჩევსკაიას, მატუშკა ლუდმილა კონონოვასა და მღვდელმონაზონ რომანოზის (მატიუშინი) შესრულებით მივიტანეთ საპატრიარქოს რადიოში, რათა მათ თანდათანობით გაეჟღერებინათ ისინი და ქართველ ხალხს უფრო ახლოს დაენახა რუსი ხალხის სატკივარი, ეგრძნო მისი გულის წუხილი, მისი განსაცდელები და მტრობის გზიდან ურთიერთგაგების, დაახლოებისა და მეგობრობის გზაზე გადავსულიყავით, გვეცადა მისთვისაც ჩვენი ტკივილი, განსაცდელი და იმედები დაგვენახვებინა. სიმღერების მიტანაზე დაგვეთანხმენ, ჩაიწერეს, მაგრამ ეთერში კი ისინი არ მოგვისმენია. განა ჩვენი საპატრიარქოს უფრო მეტ აქტიურობასა და პრინციპულობას არ შეეძლო ისეთი ცვლილებები შემოეტანა რუსეთ-საქართველოს სულიერ და კულტურულ ურთიერთობებში, რომ 2008 წლის აგვისტომდე არ მისულიყო საქმე? ჩვენი აზრით, შეეძლო, მაგრამ ასეთი აქტიურობა და პრინციპულობა მისი მხრიდან არ ყოფილა. განა ამ ომის წინა თვეებში რუსეთის სხვადასხვა წრეები, თვით ხელისუფლების წევრთა ჩათვლით, არ გვეუბნებოდნენ, რომ თუ მათთან დაახლოება არ გვინდოდა, ნეიტრალურები მაინც ვყოფილიყვით, არ მიგვეცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ამერიკისა და ნატო-ს სხვა სახელმწიფოთა სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფისთვის, და ასეთ შემთხვევაში აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებებში ქმედით დახმარებასაც გვპირდებოდნენ. ეს ყველაფერი იყო, მაგრამ შეერთებული შტატების ინტერესების სადარაჯოზე მდგარი საქართველოს ხელისუფალნი და მათთან დაახლოებული წრეები დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ჩვენთვის მთავარია ნატო-სა და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაო, დანარჩენი პროამერიკული სპექტრი კი სხვადასხვა სახით ამ საკითხში კვერს უკრავდა მათ. განა რუსი ხალხის ის სატკივარი, რომლებიც ზემოხსენებულ სიმღერებში არის გაცხადებული, ქართული საზოგადოების ფართო წრეებისთვის რომ გამხდარიყო ცნობილი და გასაგები, მაშინაც ასე ცალსახად დაიწყებდნენ ეს ადამიანები ასეთ ანტირუსეთულ და პროამერიკულ საქმიანობას?

ჩვენი ეკლესიის მესვეურები საყვედურობენ თავიანთ რუს კოლეგებს, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფ სასულიერო პირებს არა აქვთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იქაური ქართველი მღვდელმთავრების თანხმობის გარეშე საეკლესიო მსახურების უფლებაო, რომ ამას კრძალავს მოციქულთა კანონებიო. ეს, რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ განა მოციქულთა კანონები იწონებს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ერთი ქრისტიანული ქვეყანა თავის ტერიტორიას აძლევს ქრისტიანული მოძღვრების დამმახინჯებელი და მწვალებლობაში გადასული ქვეყნების კოალიციას, მოდით და ჩემს ერთმორწმუნეს სულ ბდღვირი ადინეთ, დაიპყარით, დაშალეთ და ასეთ შემთხვევაში იქნებ კავკასიაში პატარა ჰეგემონად მეც გამიყვანოთო. დავით აღმაშენებლის მოღვაწეობასაც კი იხსენებენ, მაგრამ განა ქართველმა წმინდა მეფემ სიცრუითა და ცილისმწამებლობით აღაზევა საკუთარი სამეფო, განა ერთმორწმუნე ბიზანტიას შეუსია ურჯულო გადამთიელები? თუკი ჯვაროსანთა ბელადებთან გარკვეული ინტერესთა თანხვედრაც ჰქონდა მაჰმადიანურ სამყაროსთან ბრძოლაში, განა ეს იმას ნიშნავდა, რომ სტრატეგიულ და ძირეულ საკითხებში “დაუნათესავდა” კათოლიკურ სამყაროს? რა თქმა უნდა, არა. ჰოდა, თუკი ერთი ეპისკოპოსის მიერ სხვა მღვდელმთავრის ეპარქიაში უნებართვოდ შესვლა და ასეთნაირად ერთმორწმუნე ხალხებს შორის შუღლისა და მტრობის დათესვაა მიუღებელი მაცხოვრის მოციქულთათვის, ასევე მიუღებელი იქნება მათთვის მართლმადიდებლობის (ჭეშმარიტი ქრისტიანობის) აღმსარებელი ხალხის მიერ თავის თანამოძმე ხალხზე კათოლიკურ-პროტესტანტული ქვეყნების დამპყრობლურ საომარ გეგმებში ჩართვა, და მით უმეტეს, მათი საამისოდ წახალისება. ამაზე რატომ აღარაფერს ამბობენ ჩვენი ეკლესიის მესვეურები? თუკი მათ არ შესწევთ ძალები საკუთარ ხელისუფლებასთან ასეთ საკითხებში დაპირისპირებისთვის, მაშინ განა კი რუსეთის ეკლესიას ექნება ამის შესაძლებლობანი? ვის-ვის, და განა ქართველ მღვდელმთავრებს, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების ფონზე, სხვებზე უფრო კარგად არ ეცოდინებათ ის, თუ რისი მიღწევა შეეძლებათ რუს მღვდელმთავრებსაც საკუთარ ხელისუფლებასთან დაპირისპირების შემთხვევაში?

არის კიდევ სხვა პრობლემაც. დღესდღეობით გარკვეული წრეები ჩვენში ეწევიან ისეთ აგიტაციას, თითქოს საქართველოს სასულიერო წოდებასა და მის მესვეურებში ბევრნი არიან მოსკოვის აგენტები, რომლებიც ეწევიან მრევლში პრორუსულ აგიტაციას, მაგრამ ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან ჩანს მთელი რიგი მაგალითები იმისა, როცა არა მარტო დღევანდელი, არამედ შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც, ჩვენი ქვეყენა ატარებდა აშკარად პროამერიკულ და ანტირუსეთულ პოლიტიკას, ხოლო საპატრიარქო კი სავსებით ლოიალურ პოზიციაზე იდგა ხელისუფლების მიმართ, და ისიც ჩართული გახლდათ ამ საერთო პოლიტიკაში. და ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც რუსი მართლმადიდებელი ადამიანები ღიად და დასაბუთებულად ლაპარაკობდნენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მხრიდან დიდი ომის მზადების შესახებ, მათ შორის სარწმუნოებრივი ნიშნითაც. ხოლო თუ მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში მტკიცედ განაცხადა და ყველას დაანახა, რომ იგი მზად არის იომოს საკუთარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად, ევროატლანტიკურმა დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ისეთ ბირთვულ ზესახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია, მას ომი ხელს არ აძლევს, ძველ ევროპას – გერმანიასა და საფრანგეთს კი უკვე მანამდე ჰქონდათ რუსეთთან ეკონომიკური და, გარკვეულწილად, პოლიტიკური თანამშრომლობაც დაწყებული, და ასეთ პირობებში საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო გარკვეულ საკითხებში ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის ზრუნვა რუსეთთან, ეს სავსებით ჯანსაღი, ბუნებრივი და კანონზომიერი დამოკიდებულებაა საქმისადმი, რაც მთლიანად ჯდება ცნობილ ქართულ ანდაზაში: “დათვი რომ მოგერევა, ბაბა დაუძახეო”. ეს არის და ეს. ყოველ შემთხვევაში, ბევრი რამით ეს ასე გამოიყურება.

პირადად ჩვენი გამოცდილებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ 1991 წლიდან ვსწავლობდით აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, ვმსახურობდით ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოში, ხოლო 1993 წლის დეკემბრიდან კი, საქართველოს პარლამენტის კვლევით სამსახურში (შემდგომში კვლევითი დეპარტამენტი). 1997 წლის დასაწყისის ჩათვლით ნაწილობრივ ჟურნალ “მხედარისთვის”, ძირითადად კი პარლამენტის მიერ გამოყენებისთვის, ღია სამხედრო და პოლიტიკური ლიტერატურის გამოყენებით, ღვთის წყალობით, მოვამზადეთ შემდეგი ნაშრომები: “აშშ-ის შეიარაღებული ძალების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები”, “აშშ-ის შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები”, “ნატო – წარსული და თანამედროვეობა”, “ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალები”, “ძალთა ბალანსი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სტრატეგიულ და ჩველებრივ შეიარაღებათა შესახებ უკანასკნელი ხელშეკრულებების საფუძველზე”, “აშშ-ის სახმელეთო ჯარების გამოყენების ოპერატიული კონცეფცია “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია-ბრძოლა”, “აშშ-ის სახმელეთო ჯარების შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების საორგანიზაციო სტრუქტურა და ძირითადი შეიარაღება” (აღნიშნული კონცეფციის რეალიზებისთვის), “აშშ-ის სახმელეთო ჯარების ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიები ბრძოლის ძირითად სახეობებში (მარში, შემხვედრი ბრძოლა, შეტევა, თავდაცვა)”, “აშშ-ის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება; ოფიცერთა კადრების მომზდება და მათ მიერ სამსახურის გავლა”, “შეიარაღებული ძალების დაკოპლექტების პრაქტიკა საზღვარგარეთის ქვეყნებში”, და სხვა. და ყველაფერ ამას ჩვენ ვაკეთებდით იმავე ჩვენი პროდასავლურობითა და პროამერიკულობით, რომლებიც 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან (საშუალო სკოლის უფროსი კლასებიდან) ჩამოგვიყალიბდა და განგვივითარდა, როგორც დღეს ვხედავთ, გარკვეული წრეების მიერ ქართულ საზოგადოებაში შეგნებულად და ხელოვნურად ანტირუსეთული განწყობის მოხერხებულად დათესვის გზით, რაც მდგომარეობდა, ფართო გამოყენებისთვის, რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ განზრახ დამახინჯებული ანტირუსეთული ცოდნისა და ინფორმაციის გავრცელებაში. მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა, და ამას ამჯერად აღარ ჩავუღრმავდებით.

ამავე დროს, ჩვენი პროამერიკულობა და პროდასავლურობა გულისხმობდა ჩვენთვის ასე მოსაწონი და მისაღები აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის გამოცდილების შესწავლას, გაანალიზებასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში იმის გადმოტანას, რაც ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო იქნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის ცნობილი გახლდათ სწორედ წმ. ილია მართლის პუბლიცისტური წერილებიდან, როდესაც ნიკო ნიკოლაძესთან და ნოე ჟორდანიასთან კამათში იგი ამბობდა, რომ ნებისმიერი ევროპული ცოდნა და გამოცდილება ჯერ წინასწარ ჩვენი ეროვნული ცნობიერების ქარცეცხლში უნდა გავატაროთ, კარგად გავარკვიოთ, რა გამოგვადგება იქიდან და რა არა, და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ ის, რაც ჩვენთვის სასარგებლო და გამოსადეგი იქნებაო. ამისგან განსხვავებით არის კიდევ სხვა ტიპის პროამერიკულობა და პროდასავლურობა, როდესაც მავანი და მავანი ქართველები, რიგი მიზეზების გამო, აშშ-ისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების ინტერესებს საკუთარი საშობლოსა და მშობლიური ხალხის ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებენ, საქმიანობენ დასავლეთის მმართველი წრეების ინტერესების გატარებისთვის თავიანთი ქვეყნის საზიანოდაც კი (ასეთ საქმიანობას პოლიტიკას უკვე ვეღარ უწოდებენ, და მას ჩვეულებრივ ეძახიან პოლიტიკანობას, ან უფრო მძიმე შემთხვევებში – პოლიტიკურ მეძავობას). ზემოთ განხილული ორივე შემთხვევა გამოსადეგია საქართველოს ამა თუ იმ წრეების პრორუსულობის განსაზღვრებისთვისაც – ერთია რუსული გამოცდილების შესწავლა და საქართველოს სახელმწიფოებრივ მშენებლობაში მისი გათვალისწინება, ხოლო მეორე – საკუთარი სამშობლოს ინტერესების საზიანოდ, რუსეთის ინტერესების გატარება.

მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში უნდა გვახსოვდეს, რომ დიდ ქართველ მამულიშვილთა მთელი პლეადა: ლევან და ალექსანდრე კახეთის მეფეები, თეიმურაზ I, არჩილი, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ერეკლე II, როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოჩნდებოდა, ცდილობდნენ ერთმორწმუნე რუსეთის ძლიერი სახელმწიფოსგან მფარველობისა და დაცვის მიღებას, მაჰმადიანთა მოძალების წინააღმდეგ. ჩვენი მეფეები დასავლეთის სახელმწიფოთა მფარველობის მიღებასაც არაერთხელ ცდილან, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ, თუმცა კი ბრიტანელებმა ქმედითი დახმარება აღმოუჩინეს შაჰ-აბას I-ს სამხრეთში პორტუგალიელების წინააღმდეგ და 14-ათასიანი მეთოფეთა კორპუსიც ჩამოუყალიბეს, ირანში თავიანთი ვაჭრობისთვისაც მიიღეს მნიშვნელოვანი შეღავათები, მაგრამ ქრისტიანული საქართველოსა და სომხეთისადმი გამოქომაგებისთვის თავი არ შეუწუხებიათ, არც მოგვიანებით, ჰოლანდილებს, არც ფრანგებს, თუმცა კი 1714–15 წლებში ვატიკანსა და საფრანგეთში ჩასული იყო სულხან-საბა ორბელიანი მთავარი სათხოვარით, რათა მათ შუამდგომლობა გაეწიათ ირანის შაჰის სულთან-ჰუსეინის წინაშე, რომ ამ უკანასკნელს ვახტანგ VI-გან არ მოეთხოვა გამაჰმადიანება და ქრისტიანული სარწმუნოებით დაესვა იგი ქართლის სამეფო ტახტზე, სამაგიეროდ ქართველი მამულიშვილები უარს არ ამბობდნენ ირანის მბრძანებლის მიმართ ვასალურ დამოკიდებულებაზე და ერთგულ სამსახურსაც ჰპირდებოდნენ. მაგრამ ამაოდ, თუმცა კი ლუდოვიკო XIV-ის საფრანგეთი ალბათ კარგ სარგებელს ნახულობდა ირანთან სარფიანი ვაჭრობისგან, ვახტანგმა კი ქართლის სამეფო ტახტი ვერ იხილა მანამდე, სანამ 1716 წელს მაჰმადიანობა არ მიიღო და ჰუსეინ-ყული (ჰუსეინის მონა) ხანი არ დაირქვა.

რუსეთსაც არ შეეძლო საქართველოსთვის იარაღის ძალით ქმედითი მფარველობა გაეწია მანამდე, სანამ ჩრდილო-კავკასიაში თავისი სიმაგრეების ხაზს მდ. თერგის კალაპოტის დასავლეთით მდ. ყუბანის გაყოლებაზეც, აზოვის ზღვამდე, არ ააგებდა და ყირიმის სახანოში ოსმალეთის სულთნის ძალაუფლებას მკვეთრად არ დასცემდა, ეს კი მოხდა 1783 წელში. და მაშინ დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის წინააღმდეგ, ამიერკავკასიაში რუსეთის გავლენის შემოსვლის წინააღმდეგ, აქტიურად გამოვიდნენ უკვე ლუდოვიკო XVI-ის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პრუსია და ჰოლანდია, შესაძლოა სხვა ქვეყნებიც. სწორედ მათი წაქეზებითა და თანადგომით გათამამებულმა სულთნის მთავრობამ გამოუგზავნა ხაზინა ახალციხის ფაშას, სულეიმანს, რათა ამ უკანასკნელს ადერბაიჯანის ირანელი ხანებისა და ჩრდილოკავკასიელი მფლობელების ძალები აემოქმედებინა და გაეეერთიანებინა ქართლ-კახეთის სამეფოს წინააღმდეგ. ამის შესახებ დეტალურად და ისტორიული დოკუმენტებიდან ვრცელი ამონარიდების მოშველიებით უწერია ქართველ ისტორიკოსს პროფ. იასე ცინცაძეს თავის წიგნში “1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი” (მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისთვის. თბილისი, 1960). სწორედ მაშინდელი “ევროკავშირის” მიერ წაქეზებულმა ოსმალეთმა ქრთამითა და საჩუქრებით აამხედრა საქართველოს წინააღმდეგ დაღესტნელი და, შესაძლოა, ვაინახი მფლობელებიც, რომლებიც მაჰმადიანური ინტერესების დასაცავად და ნადავლის საშოვნელად ხალისით მოდიოდნენ სათარეშოდ აღმოსავლეთ საქართველოში. დღევანდელი ქართველები კი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის საკითხებში მავანთა და მავანთა მიერ შეგნებულად მცდარ გზაზე დაყენებულნი, ან პირად ანგარებას გამოკიდებულნი, სწორედ რუსეთს უწოდებენ საზიზღარს, ვერაგსა და დამპყრომელს, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს კი – სამართლიანებსა და კაცთმოყვარეებს, მოდით და ნუ გაგეცინებათ, სატირალი რომ არ იყოს.

ქვემოთ მოვიყვანთ გეორგიევსკის ტრაქტატის პირველ და მეორე მუხლებს (არტიკულებს), რომლებიც განსაზღვრავენ ამ მფარველობის საფუძვლებს და დანარჩენი მუხლების საერთო ხასიათსაც. სახელდობრ,  პ ი რ ვ ე ლ ი | ა რ ტ ი კ უ ლ ი  ამბობს: “მისი უგანათლებულესობა მეფე ქართლისა და კახეთისა თავისი სახელით, თავისი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა სახელით საზეიმოდ სამარადისოდ უარს ამბობს ყოველგვარ ვასალობაზე, ან სხვა რაიმე წოდებით ყველანაირ დამოკიდებულებაზე სპარსეთის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსგან; და ამით აცხადებს მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ იგი არ აღიარებს თავის თავზე ან თავის მენაცვალეთა თავზე სხვა თვითმპყრობელობას თვინიერ სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი მაღალი მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა უმაღლესი ხელისუფლების და მფარველობისა, ჰპირდება რა ამ ტახტს ერთგულებასა და მზადყოფნას შეეწეოდეს სახელმწიფოს სარგებელს ყველა შემთხვევაში, სადაც კი ამას მისგან მოითხოვენ”.  მ ე ო რ ე | ა რ ტ ი კ უ ლ შ ი  კი წერია: “მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა, ღებულობს რა მისი უგანათლებულესობის მხრიდან ასეთ გულწრფელ დაპირებას, მის თანაბრად ჰპირდება და თავისი იმპერატორობითი სიტყვით აიმედებს თავისგან და თავის მენაცვალეთაგან, რომ მათი წყალობა და მფარველობა ქართლისა და კახეთის უგანათლებულეს მეფეებს არასოდეს წაერთმევათ. რის დასამტკიცებლადაც მისი უდიდებულესობა აძლევს თავის იმპერატორობით თავდებობას მისი უგანათლებულესობის მეფე ერეკლე თეიმურაზის ძის ახლანდელი სამფლობელოების მთლიანობის შენარჩუნებაზე, ვარაუდობს რა ასეთი თავდებობის გავრცელებას იმ სამფლობელოებზეც, რომლებიც დროთა განმავლობაში გარემოებების გამო შეძენილი და მტკიცედ მისდამი დაქვემდებარებული იქნება”. ტრაქტატი ითვალისწინებს მომავალში ახალი ურთიერთობების გაჩენასაც და 12-ე მუხლში (არტიკულში) აცხადებს: “ეს ხელშეკრულება იდება სამარადისოდ; მაგრამ თუკი რაიმეს შეცვლას ან მიმატებას ჩათვლიან საჭიროდ ურთიერთ სარგებლიანობისთვის, ასეთ რამეს ადგილი ექნება ორმხრივი შეთანხმებით”.

ტრაქტატის უკანასკნელ დოკუმეტს წარმოადგენს ფიცი, რომელიც დადო ერეკლე მეფემ, ხოლო მისი გარდაცვლების შემდეგ კი (1798 წ.) ტახტზე ასულმა მისმა პირმშო ძემ გიორგი XII-მ.

[ფ ი ც ი ს | ნ ი მ უ შ ი] 

ნიმუში, რომლის მიხედვითაც მისი უგანათლებულესობა მეფე ქართლისა და კახეთისა ერეკლე თეიმურაზის ძე ფიცით პირობას დადებს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელის ერთგულებაზე და ქართლისა და კახეთის მეფეებზე სრულიად რუსეთის იმპერატორების მფარველობისა და უმაღლესი ხელისუფლების აღიარებაზე.

მე, ქვემოთ დასახელებული, პირობას ვდებ და ყოვლისშემძლე ღმერთს ვფიცავ მისი წმიდა სახარების წინაშე იმაზე, რომ მსურს და ვალდებული ვარ ვიყო მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის, სრულიად რუსეთის ყოვლად უგანათლებულესი და უმპყრობელესი დიდი ხელმწიფის იმპერატრიცისა და თვითმპყრობელის ეკატერინე ალექსის ასულისა და მისი ყოვლად უსაყვარლესი ძის ყოვლად უგანათლებულესი ხელმწიფის მეფისწულისა და დიდი მთავრის პავლე პეტრეს ძის, სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტის კანონიერი მემკვიდრისა და იმ ტახტის ყველა მაღალი მენაცვალის ერთგული, გულმოდგინე და კეთილმოსურნე, და ვაღიარებ ჩემი სახელით, ჩემი და მთელი ჩემი სამეფოებისა და მხარეების მემკვიდრეებისა და მენაცვალეთა სახელით მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი მაღალი მემკვიდრეების სამარადისოდ უმაღლეს მფარველობასა და უმაღლეს ხელმწიფებას ჩემზე და ჩემს მენაცვალე ქართლისა და კახეთის მეფეებზე, და, ამის შედეგად, უარვყოფ რა ჩემზე და ჩემს სამფლობელოებზე, რანაირი სახელწოდებით ან საბაბითაც არ უნდა იყოს, სხვა ხელმწიფეებისა და სახელმწიფოების ბატონობას ან ხელისუფლებას, და უარს ვამბობ რა მათ მფარველობაზე, ვალდებულებას ვიღებ ჩემი სუფთა ქრისტიანული სინდისით რუსეთის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები მიმაჩნდეს ჩემს საკუთარ მოწინააღმდეგეებად, ვიყო დამჯერი და მზად მყოფი ყველა შემთხვევაში, სადაც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და სრულიად რუსეთის სახელმწიფოს სამსახურში საჭირო ვიქნები; და ამ სამსახურში არ ვზოგავდე ჩემს სიცოცხლეს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე; მისი უდიდებულესობის სამხედრო და სამოქალაქო უფროსებთან და სამსახურში მყოფებთან ვიყო გულწრფელი თანხმობით; და თუ კი მისი უდიდებულესობისა და მისი იმპერიისთვის რაიმე საზიანო ან უკადრისი საქმე ან განზრახვა შევიტყო, მაშინვე ვაუწყო ამის შესახებ; ერთი სიტყვით, ვიქცეოდე ისე, როგორც რუსეთის ხალხებთან ჩემი ერთმორწმუნეობისა და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობისა და უმაღლესი ხელისუფლების შესაბამისად ჩემი მოვალეობისთვის შესაფერი და საჭირო იქნება. ამ ჩემი ფიცის დასასრულს ვემთხვევი სიტყვასა და ჯვარს მაცხოვრისა ჩემისა. ამინ.

ეს ნიმუში მომავალშიც უნდა ემსახურებოდეს ქართლისა და კახეთის მეფეებს ფიცის პირობის დადებისას მათი მეფობაზე შედგომისა და რუსეთის საიმპერატორო კარისგან ნაწყალობევი დამამტკიცებელი სიგელის მიღებისას ინვესტიტურის ნიშნებით.

ამის დასადასტურებლად ქვემორე ხელისმომწერმა უფლებამოსილმა პირებმა მათი სრული უფლებამოსილების ძალით ამ ნიმუშს ხელი მოაწერეს და დაუსვეს თავიანთი ბეჭდები წმ. გიორგის ციხესიმარეში 1783 წლის 24 ივლისს”.

ერეკლე II-მ კი ამ დოკუმენტს იმავე წლის ბოლომდე თავისი ბეჭედი დაუსვა და მოახდინა მისი რატიფიკაცია. ჩვენი აზრით, ეს კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული და რუსეთთან ურთიერთობებში სწორედ გეორგიევსკის ტრაქტატში გადმოცემული პირობებით (გნებავთ პრინციპებით) უნდა ვხელმძღვანელობდეთ, ხოლო თუკი რაიმეს ამოღება, დამატება, შეცვლა ან დაზუსტება მოგვინდება, მაშინ უნდა ვსარგებელობდეთ ტრაქტატის 12-ე მუხლში ხელმოწერილი მექანიზმით, რაც, ჩვენი აზრით, სავსებით ნორმალური და ცივილიზებული პროცედურაა. მაგრამ განა კი ვიქცევით ასე?

ეს დღევანდელი გადასახედიდან, ზემოთ კი ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რომ როდესაც ვიკვლევდით აშშ-ისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებს, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მაშინ ჩვენ შინაგანად განწყობილი ვიყავით სიმპატიითა და კეთილად დასავლეთის სახელმწიფოთა მიმართ, სისტემატიურად ვმონაწილეობდით იმ ღონისძიებებში, რომლებსაც ამერიკელები ატრებდნენ საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთობლივად, ხოლო 1998 წლის მარტის ბოლოს კი ამერიკელთა მიწვევით ვიყავით ე. წ. მარშალის ცენტრშიც, სადაც მიდიოდა ერთკვირიანი მუშაობა ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების წარმომადგენლებთან სამხედრო საკითხებში კომპიუტერული მოდელირების თემატიკაში. მანამდე რამდენიმე თვით ადრე პრეზიდენტის აპარატიდან შეგვიკვეთეს ორი საკითხის შესწავლა: 1) როგორია საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობა, და 2) როგორი უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომ მას შეეძლოს ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა. ამ ორივე საკითხის შესახებ ძირითად წერილში ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი.

ამჯერად გვინდა შევეხოთ ერთ დეტალს; საქმე იმაშია, რომ საქართველოს გარშეო განლაგებული თურქეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯარების 1998 წლის მდგომარეობის ამსახველი სურათის შესწავლის შემდეგ დადგა 1990 წლიდან დინამიკაში მისი ცვლილებების შესწავლის მოთხოვნილებაც, რისთვისაც ვიყენებდით სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემის Military Balance მონაცემებს, ხოლო თავად ამ კრებულებს ვნახულობდით “კავკასიურ ინსტიტუტში” რომელთანაც მაშინ კარგი და თბილი კოლეგიალური ურთიერთობები გვქონდა. ამ სამუშაოს შევუდექით უკვე 1999 წლის ადრეულ გაზაფხულზე, და სწორედ ამ მონაცემების შედარებით გამოჩნდა ის, რომ, ჯერ ერთი, 90-იან წლებში, ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ სამხედრო ხარჯებს ამცირებდნენ, თურქეთი კვლავ განაგრძობდა ამ ხარჯების ზრდას, ხოლო საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების ის ახალი ნიმუშები, როლებიც მის შეიარაღებაში წლიდან წლამდე ჩნდებოდა, გახლდათ ამერიკული და გერმანული წარმოებისა, ანუ ეს ორი სახელმწიფო უწევდა მას სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას, რის შედეგებზეც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი. მეორეს მხრივ, ეუთო-ს ეგიდით საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების შედარება ნატო-ს წევრი და ნეიტრალური ევროპული ქვეყნების, აგრეთვე ისრაელის ამ კატეგორიების შეიარაღებასთან ნათლად გვარწმუნებდა იმაში, რომ საქართველო, ამ კვოტების გადასინჯვის გარეშე, ვერ შეძლებდა თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას. ხოლო როდესაც ამის შესახებ ვეუბნებოდით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელობასა და აპარატის თანამშრომლებს, მათ კი არ სურდათ მათ გარშემო დისკუსიების დაწყება და საქართველოსთვის ასე საჭირო საკითხების დაყენება, რადგანაც ეს არ უნდოდათ ამერიკასა და ნატო-ში, მაშინ უკვე ბუნებრივია, ის ძველი სიმპატიები და მოწონება დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა მიმართ აღარ გვექნებოდა, რადგან მათი საქმიანობა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ იყო და დღესაც არის მომართული.

როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩვენ 1992 წელს მოვინათლეთ და გავხდით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წევრი, შეძლებისდაგვარად აქტიურიც, მაინც 1999 წლის გაზაფხულამდე ვიყავით განწყობილი პროდასავლურად, და ამ პროდასვლურობაში კი, უფრო მეტად, პროამერიკულად, ვინაიდან ამერიკული ჯარების შესწავლამ ჩვენი საქმიანობით უფრო მეტად დაგვაახლოვა ამ ქვეყანასთან. ჩვენი დამოკიდებულების გაციება აშშ-ის მიმართ და შემდეგ ანტიამერიკულად ჩვენი განწყობა განაპირობეს არა ჩვენი მღვდლების ქადაგებებმა, ან ფარულმა წაქეზებებმა, არამედ ამერიკელთა ხელებში შემყურე ქართველი სახელმწიფო მოხელეების, არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის კავკასიური ინსტიტუტისაც), პარტიებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანამშრომელთა საქციელებმა და მათი მხრიდან, ვისთანაც გვიხდებოდა კონტაქტები, საქართველოს თავზე მუქარით დაწოლილი ამ პრობლემისადმი, დასავლეთის მმართველი წრეებისადმი მაამებლობის მიზეზით, გულგრილი დამოკიდებულების გამოჩენამ. ჩვენი აზრით, ყველა ჭკუათმყოფელი და საღად მოაზროვნე ქართველი ასე შეხედავდა ამ საკითხს, მაგრამ ისინი, ვინც თავიანთ სამშობლოზე უფრო მაღლა თავიანთ პირად კარიერასა და კეთილდღეობას აყენებენ, ცხადია, ასე არ მოიქცეოდნენ და არც დღეს იქცევიან. რაც შეეხება ჩვენს პრორუსულობას, ეს განვითარდა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გავეცანით რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-პატრიოტული ნაწილის წიგნებს, აგრეთვე ინტერნეტში გამოქვეყნებულ სიმღერებსა და სტატიებს. რა თქმა უნდა, საკუთარი სამშობლოს სიყვარული რუსეთში აქვთ არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანებს, არამედ არაეკლესიურ რუს ადამიანებსაც და ათეისტებსაც, ისევე როგორც ჩვეენთან. უბრალოდ პირადად ჩვენთვის უფრო ახლოა სწორედ მართლმადიდებელ მორწმუნე ადამიანთა ხედვა და აღქმა საკითხებისა, და ამდენად ვეცნობით სწორედ რუს მართლმადიდებელ ავტორთა ნაშრომებს, არაეკლესიური ქართველი ადამიანებისთვის კი უფრო მისაღები და გასაგები იქნება, ალბათ, საკუთარი სამშობლოს მოყვარული, მაგრამ არაეკლესიური რუსი ავტორების წიგნები და სტატიები, ქართველი ათეისტებისთვის – რუსი ათეისტებისა. აქ უფრო მთავარია ის, რომ როდესაც ვკითხულობთ საკუთარი სამშობლოს მოყვარული რუსი ადამიანების ნაშრომებს და მათი მამულიშვილური გულის ტკივილი ხვდება ჩვენს გულსაც, გვიჩნდება იმედი, და ეს იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა, რომ პირად და საქმიან ურთიერთობებში ისინიც გაიგებენ ჩვენს გულისტკივილს, და უფრო მეტ საერთო ენას გამოვნახავთ მათთან, ვიდრე კაბინეტის სავარძლებზე, დოლარებსა და ევროებზე გაყიდულ ჩვენსავე თანამემამულეებთან. შესაძლოა ამ უკანასკნელთაც უყვარდეთ თავიანთი სამშობლო, მაგრამ მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესებისა და ანგარების შემდეგ, რაც ძალზედ სამწუხაროა, და რაც აქცევს მათ საკუთარი სამშობლოს ნგრევისა და განადგურების იარაღად უცხოელთა ხელში.

No comments:

Post a Comment