(ქვემოთ მოყვანილი ტექსტი გახლავთ დასაწყისი ნაწილი პროფესორ იასე ცინცაძის წიგნისა «1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი /მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის/», თბილისი, 1960 წ.)
შინარსი
წინასიტყვაობა
თავი I. საქართველოს საკითხი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მე-18 ს-ში
თავი II. რუსეთზე ორიენტირების საკითხი ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკაში მე-18 ს-ში
წინასიტყვაობა
1783 წლის რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ტრაქტატის წარმოშობის ისტორიული პირობები დღეს ასე არის წარმოდგენილი სპეციალურ ლიტერატურაში: ქართლ-კახეთის სამეფო, შინაგანი პროცესებისა და აგრესიული მეზობლების შემოტევების შედეგად დაუძლურებული, კარგა ხანს იშვერდა ხელს საშველად ჩრდილოეთისაკენ. მე-18 საუკუნეში შინაგანი პროცესების შედეგად ირანის სახელმწიფოც დაქვეითდა და ათეული წლების მანძილზე შაჰობის პრეტენდენტთა შორის ბრძოლის ასპარეზად გადაიქცა.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელებმა ირანში შექმნილი ვითარებით სარგებლობა დაგეგმეს, მაგრამ ამისათვის ამიერკავკასიაში დასაყრდენის მოპოვება იყო საჭირო. ამ მხრივ აღმოსავლეთ საქართველოს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
მაშასადამე, 1783 წლის ტრაქტატის წარმოშობა სამმა ძირითადმა გარემოებამ განაპირობა: 1. საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობამ, 2. სპარსეთის დაუძლურებამ და 3. რუსეთის ინტერესებმა ირანში. ასეთია დღეს ჩვენს საისტორიო მეცნიერებაში გაბატონებული აზრი 1783 წლის ტრაქტატის წარმოშობის ისტორიული პირობების შესახებ.
რა თქმა უნდა, 1783 წლის ტრაქტატის წარმოშობა საქართველოს დაუძლურების, ირანის დაცემისა და თვითმპყრობელური რუსეთის ამ მხარეებით დაინტერსების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა და აქ საკამათო თითმის არაფერი დარჩა. მაგრამ მკვლევართა ყურადღება უმთავრესად რუსეთ-ირანის ურთიერთობებებისადმია გამახვილებული და ამ დროის რუსეთის საგარეო პოლიტიკის სხვა საკითხები უგულებელყოფილია, მაგალითად, ყურადღება არ ეთმობა ამ ზერელედ განიხილება ამ დროის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა. ამიტომ 1783 წლის ტრაქტატის წარმოშობის ისტორია დღეს ყოველმხრივ გაშუქებულად არ გამოიყურება და 1783 წლის შემდგომ მომხდრი რიგი მოვლენების მართებული ახსნაც არ მოგვეპოვება.
ამდენად, 1783 წლის ტრაქტატის წარმოშობის საკითხის ისევ გადასინჯვა დაგვიანებული თუ არა, დროული ინება. არც ტრაქტატის გარშემო არსებული დოკუმენტური საარქივო მასალაა საკმარისად გამოცემული. არსებული ხარვეზის ნაწილობრივ შესავსებად წინამდებარე ნაშრომში დანართის სახით შესულია მოსკოვის სამხედრო არქივში დაცულ, ე. წ. «პოტიომკინის ფონდიდან» ამოკრეფილი საბუთები. ზოგიერთი საბუთი კი ძველი გამოცემებიდან გადმოვწერეთ და აქ ვბეჭდავთ მასალის სისრულისათვის.
ავტორი
თავი I
საქართველოს საკითხი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მე-18 ს-ში
ცნობილია, რომ მე-16 საუკუნემდე ამიერკავკასიაში ჰეგემონობისათვის ირანი და თურქეთი ებრძოდნენ ერთმანეთს და ამ საუკუნის შუა წლებისათვის ამიერკავკასია გავლენის სფეროებად გაინაწილეს. ამ აქტის შედეგად დასავლეთი საქართველო თურქეთისეულად იქნა ცნობილი, ხოლო აღმოსავლეთი მესხეთის ნაწილით ირანს დარჩა.
მაგრამ სწორედ ამ დროს რუსეთის სახელმწიფოს საზღვრები კასპიის ზღვას და ჩრდილოეთ კავკასიას მიებჯინა. თვითმპყრობელობა ამიერკავკასიაში ფეხის მოსადგმელად იწყებს მუშაობას. საქართველოს სამეფო-სამთავროები რუსეთის საიმედო დასაყრდენი ხდებიან ამიერკავკასიაში (მე-16 საუკუნიდან კახეთის სამეფო, ხოლო მე-17 საუკუნიდან – იმერეთი, ქართლი, გურია, სამეგრელო და თუშ-ფშავ-ხევსურეთი). საგრძნობი მატერიალური დახმარება, დიპლომატიური შუამდგომლობა, დამხმარე რაზმის გამოგზავნა (1565 წ.) და მფარველობის აღთქმა რუსეთიდან, საქართველოს სამეფო-სამთავროების მოწინავე წრეებში განამტკიცებდნენ რწმენას, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში საქართველოს საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ქართველი ელჩების რუსეთში მოგზაურობის შედეგად რუსეთის სახელმწიფოს ძლიერების შესახებაც საკმაო ცნობები იქნა შეკრებილი და რუსეთი ერთადერთ ისეთ ძალად გამოიყურებოდა, რომელიც თურქეთისა და ირანის ძალმომრეობას დათრგუნავდა ამიერკავკასიაში. საქართველოს მაშინდელ მოწინავე წრეებში ამ რწმენის შეურყევლობამ რუსული ორიენტაციის სიმტკიცე განაპირობა ჩვენში.
თურქეთისა და ირანის დიპლომატები გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. მათ კარგად იცოდნენ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს სამეფო-სამთავროების პოზიციას ამიერკავკასიაში ჰეგემონობისათვის მებრძოლთათვის. რუსეთისათვის ამიერკავკასიაში დასაყრდენის მოსასპობად ჯერ ქართველების გამაჰმადიანება მოინდომეს, შემდეგ ქართული მოსახლეობის აყრა და ირანში გადასახლება სცადეს, კახეთის ველზე კი თურქმანთა მეჯოგე ტომების დასახლება სინჯეს. მაგრამ მოძალადეთა ამ ჯოჯოხეთურ ღონისძიებებს იშვიათი თავგანწირულობით წინაღუდგა ეს პატარა ქვეყანა და არსებობა შეინარჩუნა.
რუსეთის სახელმწიფოს ექსპანსიას სამხრეთისაკენ, სხვაზე უფრო აქტიურად, თურქეთი აღუდგა წინ. იგი მე-16 საუკუნეში უძლიერესი სახელმწიფო იყო წინა აზიაში და შიშის ზარს სცემდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებსაც. ხსენებული საუკუნის 80-იან წლებში თურქეთმა ირანიც საგრძნობლად შეავიწროვა, ისე რომ ერთხანად თურქეთის საწინააღმდეგოდ რუსეთ-ირანს შორის ურთიერთდახმარებაზე და კავშირზე საფუძვლიანი მოლაპარაკება მიდიოდა და სავაჭრო ურთიერთობაც ჰქონდათ ერთმნეთთან.
თურქეთი, ყირიმის სახანოსა და დაღესტნელ მფლობელებთან მტკიცე კავშირით, ფიქრობდა რუსეთისათვის გზა შეეკრა სამხრეთისაკენ და დაუძლურების გზაზე დამდგარი ირანის პროვინციები რუსეთისათვის არ უნდა დაენებებინა.
მე-17 საუკუნის პირველ ნახევრამდე რუსეთის დიპლომატიისათვის ნათელი იყო, რომ ამიერკავკასიაში ირანის პროვინციების ხარჯზე შემოჭრა მარტო რუსეთ-ირანის დამოკიდებულების საკითხი არ იყო, იგი უპირატესად რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის საქმეს ეხებოდა და, ცხადია, თურქეთის დიპლომატია გულზე ხელებდაკრეფილი ვერ შეხვდებოდა რუსეთის ამიერკავკასიაში გადმოსვლას. მე-18 საუკუნის რუსეთს, თუ არა თურქეთის წინააღმდეგობა, მთელი ირანის ხელში ჩაგდება შეეძლო, ირანს საგრძნობი წინააღმდეგობის გაწევის თავი კარგახანია რაც აღარ ჰქონდა.
საკმარისია მოვიგონოთ პეტრე I-ის ლაშქრობა კასპიის ზღვის დასავლეთისა და სამხრეთის სანაპიროებისაკენ (ირანის დაუძლურების ხანაში 1722-1723 წწ.). 1723 წლის ხელშეკრულებით ირანი დათანხმდა რუსეთისათვის დარუბანდი, ბაქო, გილანი, მაზენდერანი და ასტრაბადი დაეთმო. მართალია პეტრე I ირანისაკენ ლაშქრობას თვით ირანის გასამტკიცებლად ჩატარებულ ღონისძიებად ასაღებდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ლაშქრობა ირანის ხარჯზე კასპიის ზღვაზე გასაბატონებლად და აქედან ინდოეთისაკენ გზების გასაკვლევად იყო თავის დროზე დაგეგმილი. პეტრე I-ს ამიერკავკასიაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ქართველებისა და სომხებისათვის სავალალოდ, ამ გეგმებს სასიკვდილო ლახვარი ჩასცა თურქეთმა და მისმა ქომაგმა საფრანგეთმა. პეტრე ამიერკავკასიაში საქართველოსა და სომხეთის გაძლიერებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ასეთი გეგმის განხორციელებას რუსეთი მაშინ შეძლებდა, თუ კი იგი ამიერკავკასიაში ჰეგემონი შეიქმნებოდა. მაგრამ ამ ერთმა ლაშქრობამ გაბატონებული მდგომარეობა ვერ შეუქმნა რუსეთს კავკასიაში და ამ ფართო გეგმის ნაცვლად, თურქეთის მუქარით, 1724 წლის 12 ივნისს კონსტანტინეპოლში დადებული ხელშეკრულებით, რუსეთი ირანის ხარჯზე აკმაყოფილებს თურქეთს (კონსტანტინეპოლის ხელშეკრულების შესახებ იხ. В. П. Лисцов, Персидский поход Петра I, 1951, გვ. 237-238). რუსეთის ხელმწიფე თურქეთს ხელშეკრულებით უმტკიცებდა აღმოსავლეთ საქართველოს, შირვანს, განჯას, ერევანს, ყარაბაღს და ირანის აზერბაიჯანის ნაწილს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო და სომხეთი პეტრე I-ის მოკავშირენი იყვნენ ამ ლაშქრობის დროს და აქედან აშკარა უნდა იყოს, თუ როგორ ანგარიშგასაწევი ძალა იყო თურქეთი, რომ მოკავშირენი დათმო რუსეთმა იმ ხანებში («Понеже вся провинция Георгия остаётся под властью Высокой Порты и везде там находятся гарнизоны и коменданты со стороны Высокой Порты»). რამდენად სიმპათიური იყო პეტრეს გეგმები საქართველოსათვის, იმდენად არასიმპათიურად დასრულდა იგი ჩვენი ქვეყნისათვის. მაგრამ ცნობილია, რომ პეტრე სრულადაც არ ფიქრობდა მხოლოდ კასპიის ზღვის სანაპიროების ხელში ჩაგდებით დაკმაყოფილებას (იქვე, გვ. 239). მაგრამ 1725 წელს იგი გარდაიცვალა და მისი გეგმებიც არქივს ჩაბარდა.
რუსეთის დიპლომატია 1725 წლის შემდეგ თავის მხრივ თვალყურს ადევნებდა თურქეთის საქმიანობას კავკასიაში და რაკი დარწმუნდა, რომ ირანი კვლავ ფეხზე წამოდგა და ნადირ-შაჰის აქტიური მოქმედებების შედეგად უკან დაიბრუნა ადრე დაკარგული პროვინციები (ქართლ-კახეთის ჩათვლით), პეტრეს დროს კასპიის ზღვის მიდამოებში დაპყრობილი ყველა პუნქტი უკლებლივ ირანს გადასცა 1732-1735 წლებში და ამით დასავლეთ ევროპისაკენ სამოქმედოდ ხელი გაიხსნა. მაგრამ ირანთან ახლად დადებულ ხელშეკრულებებში (რეშტის და განჯის) საგანგებოდ იყო ხაზგასმული, რომ ეს ტერიტორიები არ უნდა ჩავარდნოდა ხელთ სხვა სახელმწიფოს (იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, თურქეთი).
მაგრამ, რომ მე-18 საუკუნეში ირანში სტაბილური მდგომარეობა ვერ შეიქმნა. ნადირ-შაჰის პოლიტიკამ ირანი აჯანყებამდე მიიყვანა, შეთქმულების გზით ნადირ-შაჰი მოკლეს და მის მიერ დროებით შეკოწიწებული ირანის სახელმწიფო კვლავ დაიშალა და ათეული წლების მანძილზე შინაბრძოლები აღარ დამცხრალა.
ქართლ-კახეთის მეფეებმა, მამა-შვილმა, თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ ამ შემთხვევით ისარგებლეს და რამდენიმე წლის ბრძოლის შედეგად განჯის, ერევნის და ნახჭევნის ხანები საქართველოს მოხარკენი შეიქნენ; ხოლო ირანის შაჰობის პრეტენდენტი თავრიზის მფლობელი აზატ-ხანი კი ერევნის მახლობლად ერეკლე II-მ სასტიკად დაამარცხა. ქართველების გმირობის სახელი აზიის ფარგლებს გასცდა. ისეთი ხმები გავრცელდა, თითქოს ერეკლე II მთელი ირანის დაპყრობას და სპარსეთში შაჰად დაჯდომას ფიქრობდა. ეს ხმები დასავლეთ ევროპასაც მოედო.
მწვავედ განიცადა ეს გაზვიადებული ხმები რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიამ. რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელები იმას შიშობდნენ, რომ ქართველების აქტიური მოქმედება სპარსეთში თურქეთს წონასწორობიდან გამოიყვანდა და იგი ირანის საქმეებში აქტიურად ჩაერეოდა, საქართველოს სახელმწიფო კი თურქეთს ვერ გაუმკლავდებოდა და ეს უკანასკნელი ჰეგემონი შეიქმნებოდა კავკასიასა და ირანში. ასეთ ვითარებაში კი რუსეთს ნეიტრალურად დარჩენა აღარ შეეძლო. ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბების შესახებ ცნობების დასაზუსტებლად რუსეთიდან საგანგებო დავალებით ერთი პოდპოლკოვნიკი გამოიგზავნა. ამის შესახებ ცნობას პაპუნა ორბელიანიც გვაწვდის: «მოვიდა რუს ხელმწიფის ბრძანებით ერთი პოდპოლკოვნიკი, რომელ არს ხუთასის თავი, ქალაქსა თფილისისასა ცნობათ ამბავთა ქართლისათა» («საქართველოს ცხოვრება /1469-1800/», ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913, გვ. 199).
სამწუხაროდ, ამ პოდპოლკოვნიკის მოხსენებითი ბარათი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ ან ვისგან ჰკრებდა იგი ცნობებს საქართველოში, მაგრამ მის მიერ 1752 წელს საქართველოში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე უნდა იყოს აგებული 1753 წლის 23 ნოემბერს რუსეთის მთავრობის ოფიციოზში «Саткт-Петербургские ведомости» გამოქვეყნებული ცნობები ირანის პროვინციებში ქართველი მეფეების ნამდვილი საქმიანობის შესახებ. აქ აღნიშნულია, რომ ქართველი «პრინცის» ერეკლეს დაპყრობების შესახებ გავრცელებული ცნობები გაზვიადებულია და სინამდვილეს არ შეესაბამებაო (იხ. საქართველოს ცენტრარქივის ორგანო «საისტორიო მოამბე», № VI, 1952, ი. ც ი ნ ც ა ძ ე, «ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში», გვ. 86-90). ამ ინფორმაციას რუსეთის ოფიციოზი, მთავრობის დავალებით, უმთავრესად თურქეთის დასამშვიდებლად აქვეყნებდა; ამავე დროს, შესაძლებელია, პრუსიის მაშინდელი მეფის, ცნობილი ფრიდრიხ II-ის საყურადღებოდაც ვარაუდობდნენ, ვინაიდან პრუსიაში ერეკლეს გამარჯვებების შესახებ ცნობები ხალისით ვრცელდებოდა (შესაძლებელია რაიმე მიზანდასახულობითაც).
ამავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგია თავის კონსტანტინეპოლელ რეზიდენტს ასე მოძღვრვდა, რომ თურქეთის დიპლომატები დაამშვიდეთ, ნუ აღელდებიან, საქართველოს სახელმწიფო ისეთი უმნიშვნელო ძალის მქონეა, რომ თურქეთის ყურადღების ღირსი არ არის, ირანის საქმეების გამო გულდამშვიდებით იყვნენ და status quo დაიცვანო, ჩვენის მხრივ კი საქართველოს არ დავეხმარებითო: «По персидским делам трудов и издержек жалеть вам не следует... повторите турецким министрам, что мы до сих пор грузинцам помощи не подаём, что этот народец не заслуживает внимания такой знатной державы, как Порта, досадовать на них ей не за что. Эти ваши внушения должны вызвать со стороны турецких министров ответ, из которого можно будет что нибудь извлечь относительно решения Порты» (С. Соловьёв, История России с древних времён, СПб, кн. V, стр. 737).
თურქეთიც თავის მხრივ რუსეთს ადევნებდა თვალყურს, ქართლ-კახეთს დახმარება არ აღმოუჩინოს და ამ გზით ირანში თავის საქმეებს არ აგვარებდესო. ქართველი მეფეების, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის აქტიურობის შესაკვეცად კი თურქეთის მთავრობამ დაღესტნელ მფლობელებს და საქართველოს სხვა მაჰმადიან მეზობლებს სათანადო ფულადი დახმარება გამოუგზავნა და საქართველოში თარეშების მოწყობა შეუკვეთა. ყოველი მხრიდან შემოუტიეს ქართლსა და კახეთს, იგი მაჰმადიანი მეზობლების მძარცველ-მოთარეშე რაზმების ასპარეზად იქცა. რუსეთში გაგზავნილ ერთ წერილში, 1752 წელს, თეიმურაზ II და ერეკლე II ელისაბედ I-ს სწერდნენ: «ესრეთი მოუთმენელნი ჭირნი აროდეს მოვლენიეს ქვეყანასა ამას... სამეფონი ჩვენნი მგრგვლივ გარეშეცულ არიან უცხო თესლთა წარმართთაგან და დაუცადებლად ჰყოფენ ჩვენდა მიმართ ზამთარ და ზაფხულ ბრძოლასა, ოხრებასა, კლვასა და ტყვეობასა...» («საისტორიო მოამბე», VI, 1952, გვ. 140).
ამ წლებში ისე გაუჭირდა აღმოსავლეთ საქართველოს, რომ ირანის დაპყრობა კი არა, თვით ქართლ-კახეთის არსებობის შენარჩუნება მოხერხდებოდა თუ არა, საკითხავი იყო.
ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართლ-კახეთის მეფეებმა 1752 წელს ელჩები გაგზავნეს რუსეთში და რუსეთის ხელმწიფისაგან ჯარით ან ფულით დახმარება ითხოვეს. ამასთანავე რუსეთის სამეფო კარს ირანისაკენ ლაშქრობის ხელსაყრელობა ურჩიეს – ირანის მდიდარი პროვინციების ადვილად დაპყრობის შესაძლებლობაც აუწყეს.
ზემოთ უკვე გავარკვიეთ, თუ რა პოზიცია ეჭირა რუსეთს ამ ხანებში და როგორ ერიდებოდა რუსეთი თურქეთის სახელმწიფოს გაღიზიანებას. ამდენად, ქართველი მეფეების ელჩებს რუსეთში მეტისმეტად არახელსაყრელ პოლიტიკურ სიტუაციაში მოუხდათ მოღვაწეობა. რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგია აუჩქარებლად და სიფრთხილით შეუდგა ქართველ ელჩებთან მოლაპარაკებას.
იმ დროის რუსეთის ცნობილი კანცლერი ა. პ. ბესტუჟევ-რიუმინი, ქართველი მეფეების და მათი ელჩების მოხსენებითი ბარათების გაცნობის შედეგად თავის ხელმწიფეს ელისაბედ I-ს, სათანადო მოხსენებით ბარათში ერთგან აუწყებდა: «Интересы здешней империи напротив того требуют, чтоб самим делом в защищение грузинцев и в сопряженные с тем персидские дела отнюдь не вступать и не мешаться, сколь долго турецкой двор в таком же молчании об оных пребудет» («საისტორიო მოამბე», VI, გვ. 158. ეს მოხსენებითი ბარათი ელისაბედ I-ის მიერ მოწონებულია და საკუთარი ხელრთვით დამტკიცებული: «Быть по сему»).
როგორც ვხედავთ, ძირითადი დაბრკოლება არის თურქეთის სახელმწიფოს პოზიცია ირანის საკითხში. აღმოსავლეთ საქართველოს საკითხი ირანის პრობლემასთან არის დაკავშირებული და იმდენად აფიქრებთ რუსეთის დიპლომატებს თურქეთის გაღიზიანება (ევროპაში გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო), რომ ქართველი მეფეების მიმართვებზე წერილობითი პასუხის გაცემაც კი სახიფათოდ მიიჩნია კანცლერმა ბესტუჟევ-რიუმინმა. იგი წერს: «... Не подлежит на прошение их (თეიმურაზსა და ერეკლე II-ზეა საუბარი – ი. ც.) с помянутыми присланными от них митрополитом и князем Макаевым что либо п и с ь м е н н о \ о т в е т с т в о в а т ь, \ и б о \ т а к а я \ п и с ь м е н н а я \ п е р е с ы л к а \ у \ н и х \ г р у з и н ц о в, \ н е \ т о к м о \ с к р ы т а \ б ы т ь \ н е \ м о ж е т, \ н о \ о н и \ т е м \ е щ ё \ и \ п о х в а л я т ь с я \ с т а н у т. Но можно их отпустить обратно словесным ответом, или токмо для памяти им дать записку на грузинском языке такого содержания...» (ი. ცინცაძე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები საქართველოდან. იხ. ..... თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, XXVII, 1946, გვ. 1-32)... თუმცა აღმოსავლეთ საქართველო მე-18 საუკუნეშიაც ირანისეულ სამფლობელოდ ითვლებოდა, მაგრამ რუსეთი ამ ქართულ პოლიტიკურ ერთეულთან ურთიერთობის დროს თურქეთს უწევდა ანგარიშს, საქართველოს საკითხი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში არა მარტო ირანის, არამედ უშუალოდ რუსეთ-თურქეთის დამოკიდებულების საკითხს უკავშირდებოდა.
როგორც ვხედავთ, ქართველი მეფეების მიერ აღძრულმა საკითხმა მაშინდელ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მდგომარეობა დააზუსტა რუსეთის სამეფ კარზე, ხოლო თვით საქართველოს საკითხი ამ მთავარ პრობლემას – რუსეთის თურქეთთან დამოკიდებულებას დაუქვემდებარა და ირანის პრობლემასთან ერთად ხელსაყრელ შემთხვევამდე გადაიდო. ასეთ ვითარებაში თეიმურაზისა და ერეკლეს ელჩები ხელცარიელი უნდა დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. რუსეთი ე. წ. შვიდწლიან ომში ჩაება და გერმანიის სამეფო-სამთავროების პრუსიის გარშემო გაერთიანების ცდას ლახვარი ჩასცა.
მაგრამ რუსეთის დიპლომტია იმით როდი დაკმაყოფილდა, რომ ქართველი ელჩები ხელცარიელი გამოისტუმრა საქართველოში. ამიერკავკასიაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების საქმის კურსში რომ ყოფილიყო, რუსეთი ამისათვის საგანგებო საიდუმლო მზვერავს, სომეხ ოთარ თუმანოვს გზავნის საქართველოში. ამ აგენტის ვინაობისა და საქმიანობის შესახებ გამოკვლევა და საარქივო დოკუმენტები უკვე გამოქვეყნებულია და აქ აღარ გავიმეორებთ. აქ გვჭირდება მხოლოდ მზვერავისადმი განკუთვნილი ინსტრუქციიდან ერთი ადგილი, სადაც მზვერავის ძირითად ამოცანაზეა საუბარი. საგარეო საქმეთა კოლეგია საქართველოში გამოგზავნილ მზვერავს მიუთითებს: «Особливо же надлежит вам доставить частые и верные ведомости о \ п е р с и д с к и х \ п р о и с х о ж д е н и я х \ и \ н е \ б у д е т \ л и \ и н о г д а \ к а к и я \ д в и ж е н и я \ о т \ т у р к о в \ к \ г р а н и ц а м, \ и л и \ в н у т р \ П е р с и и \ в \ т а к о м \ н а м е р е н и и, \ ч т о б \ н а с т о я щ и м и \ т а м о \ з а м е ш а т е л ь с т в а м и, \ к о г д а \ ш а х о м \ н и к т о \ е щ ё \ с о в е р ш е н н о \ н е \ у т в е р д и л с я, \ п о л ь з о в а т ь с я \ и \ н е к о т о р ы м и \ з е м л я м и \ з а в л я д е т ь...» (ი. ცინცაძე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები საქართველოდან, გვ. 13). ოთარ თუმანოვმა დავალება პირნათლად შეასრულა. იგი, ოსტატურად შენიღბული, რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას ცნობებს აწვდიდა ორი წლის განმავლობაში. მიღებულმა ინფორმაციამ ცხადყო რუსეთის დიპლომატიისათვის, რომ ამიერკავკასიაში მდგომარეობა შედარებით სტაბილური შეიქნა. დაღესტნელმა მფლობელებმა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოები ისე შებოჭეს, რომ ამ უკანასკნელთა საქმიანობა თურქეთს წონასწორობიდან ვეღარ გამოიყვანდა. ირანს შაჰი ჯერ კიდევ არ ჰყავდა და იქაური მფლობელების ურთიერთშორის ბრძოლა გრძელდებოდა. რუსეთი პრუსიის წინააღმდეგ კოალიციურ ომს განაგრძობდა (1756-1761). საქართველოში რუსეთზე ორიენტაციის გეგმა მაინც ცოცხლობდა და ამჯერად თვით თეიმურაზ II-ის რუსეთში წასვლა გადაწყვიტეს. ქართველი დიპლომატები ამხელადაც სპარსეთისაკენ სალაშქროდ იწვევდნენ რუსეთს, მდიდარი პროვინციების იოლად ხელში ჩაგდების პერსპექტივას უსახავდნენ და ამ გზით საქართველოს ხსნას ელოდნენ. მაგრამ ევროპის საქმეებში ჩაფლულ რუსეთს მაშინ სპარსეთისათვის არ ეცალა. მართალია იგი პრუსიის წინააღმდეგ ომში ბრძოლებს იგებდა, მაგრამ, რადგანაც მისი მოკავშირეები ზედიზედ მარცხდებოდნენ, ხოლო ინგლისი ფინანსურად კვებავდა აგრესიულ პრუსიას, ომს ბოლო არ უჩანდა და ახლა ირანის პროვინციებისათვის თურქეთთან ახალი ომის წამოწყება ყოველგვარ შესაძლებლობას აღემატებოდა. თეიმურაზის მისიაც იმთავითვე განწირული გამოიყურებოდა. იმედგაცრუებულ თეიმურაზს სამშობლოში დაბრუნება აღარც მიცვალებულს ეღირსა. აღმოსავლეთ საქართველოს დიპლომატები იმაში იყვნენ მართალი, რომ ითვალისწინებდნენ რუსეთის ინტერესებს ირანში და საქართველოს გამოხსნას რუსეთის ირანზე გალაშქრებას უკავშირებდნენ. მაგრამ სამხრეთით მომხდარ ასეთ ცვლილებებს თურქეთი რომ გამოეხმაურებოდა და თურქეთის დამარცხებაც რომ აუცილებელი იქნებოდა, ამას ანგარიშობდნენ თუ არა ქართველები, წყაროებიდან არ ჩანს.
რუსეთის დიპლომატია თუ თურქეთის გაღიზიანების შიშით ირანის ხელქვეითად ცნობილ აღმოსავლეთ საქართველოსთან ურთიერთობის დროს ზემოაღნიშნულ სიფრთხილეს იჩენდა, რაღა უნდა ყოფილიყო დასავლეთ საქართველოსთან რუსეთის ურთიერთობა ამ ხანებში? იმერეთის სამეფო ხომ თურქეთის გავლენის სფეროდ იყო ცნობილი. 1766 წელს იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს ყიზლარის კომენდანტისთვის (პოტაპოვისთვის) წერილი გაუგზავნია, სადაც თხოვდა მას ეშუამდგომლა რუსეთის მეფის წინაშე, რათა თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლის წარუმატებლობის შემთხვევაში, ნება მისცემოდა თავის ამალით რუსეთის ფარგლებში გადასახლებულიყო. სოლომონ I-ის თხოვნა ეცნობა რუსეთის სამეფო კარს. საგარეო საქმეთა კოლეგიას სიფრთხილით ასე უანგარიშია: «Дозволение владетелю Соломону, как турецкому вассалу, с народом его здешней протекции могло-б привесть Порту в крайнюю досаду, а раздражение ея дороже стало-б, нежели приобретение ненадёжных Грузинцов; неизбежно было-б подозрение ея (ე. ი. თურქეთის – ი. ც.) и в случае самопроизвольного иногда приближения его (ე. ი. სოლომონის – ი. ც.) к Российским границам, равно как и заступление за него, а пока Порта в посторонные дела мешаться не намерена была, настояла нужда для содержания ея в таком полезном расположении, всё то престерегать и отвращать что и малейшее смущение внушило-б...» (А. Цагарели. – Грамоты и др. исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии, т. I, 1891, стр. 3). სავსებით ბუნებრივად გვესახება რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის ზემოთ მოტანილი მსჯელობა. ყოველი სახელმწიფო ერიდება, თუკი ეს რაიმე მოსაზრებით სასარგებლო არ არის, მეზობელთან ურთიერთობების გართულებას, და თუ ჩვენ მაინც რუსეთ-იმერეთის ურთიერთობაზე სიტყვა ჩამოვაგდეთ, მხოლოდ სურათის სისრულისათვის. თურქეთის გაღიზიანებას ამიერკავკასიის საკითხების გამო რუსეთის დიპლომატია ერიდებოდა და თურქეთს საერთოდ დიდი ანგარიში ეწეოდა გარკვეულ დრომდე, სახელდობრ 1768 წლამდე. რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომის შემდეგ კი სრულიად შეიცვალა მდგომარეობა. რუსეთი მე-18 საუკუნის 70-იანი წლებიდან სხვარიგად მსჯელობს თურქეთზე. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ მე-18 საუკუნის პოლიტიკოსებისათვის, როგორც ევროპაში, ისე რუსეთში შეუმჩნეველი არ დარჩენილა თურქეთის დაუძლურების შინაგანი პროცესი, მაგრამ რომ ეს სენი თურქეთს წაქცევის პირას მიიყვანდა საუკუნის ბოლოს, ან მე-19 საუკუნეში, ამას არ ფიქრობდნენ მაშინ. თურქეთს სერიოზული ანგარიში ეწეოდა როგორც ევროპაში, ისე რუსეთშიაც. მხოლოდ რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომმა ნათელი გახადა ყველასათვის თურქეთის სრული დაუძლურება და თვალსაჩინო ჩამორჩენილობა. ფეოდალური რუსეთის დიდი უპირატესობა თურქეთზე აშკარა შეიქნა ევროპისათვის. რუსეთის სარდლობა დარწმუნდა, რომ თურქეთი უკვე ის სერიოზული მოწინააღმდეგე აღარ იყო, როგორიც წინათ წარმოედგინათ.
ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულებაზე (1774 წ.) თურქეთის მხრივ დათანხმება მის წინანდელ ძლიერებას არ შეშვენოდა. მართალია, მიმდინარე ომში თურქეთი საგრძნობლად დამარცხდა ზღვაში და ხმელეთზე, მაგრამ ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო პირობებზე ხელის მოწერა უფრო დიდი მარცხი იყო, ვინემ ბრძოლის ველზე განცდილი.
არც რუსეთს ჰქონდა იმ დროს სახარბიელო მდგომარეობა. ომის სიმძიმემ რუსეთში გლეხთა მდგომარეობა გაართულა და სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობა აჯანყებით იმუქრებოდა. ჯერ იყო და 1771 წელს რუსეთში შავი ჭირის ეპიდემია გაჩნდა და მოსკოვსაც მოედო იგი. ამ ნიადაგზე მოსკოვში აჯანყებაც დაიწყო. ღელავდა კაზაკობა იაიკზე (ურალში), დონსა და ვოლგაზე. როგორც ცნობილია, 1773 წელს დაიწყო გლეხთა გრანდიოზული აჯანყება ემელიანე პუგაჩოვის მეთაურობით და იმპერიის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე მთავრობას აღარ ემორჩილებოდა, თავადაზნაურობის გადარჩენილი ნაწილი დასავლეთისაკენ გამორბოდა, ხოლო ნაწილი კი საზღვარგარეთ გასაქცევად ემზადებოდა. იმპერიის არც ცენტრალური გუბერნიების გლეხობა იყო საიმედო. აჯანყების ჩაქრობას გამოცდილი სარდალი და რეგულარული ჯარების ფრონტიდან გადმოსროლა დასჭირდა.
ასეთ ვითარებაში მყოფი რუსეთის მთავრობა თურქეთის წინააღმდეგ ომს როგორღა გააგრძელებდა და სასწრაფოდ ზავის დადების მონატრული იყო. ამიტომაც თურქეთთან საზავო მოლაპარაკების დროს თავის წარმომადგენელს მითითებას აძლევდა საგრძნობ დათმობებზე წასულიყო. ახლა დანამდვილებით ცნობილია, რომ რუსეთი მზად იყო წინასწარ შემუშავებულ საზავო პირობებში რადიკალური ხასიათის ცვლილებები მოეხდინა, რუსეთი თანახმა იყო ყირიმის სახანოს საკითხიც მოეხსნა და ომამდე არსებული მდგომარეობა უცვლელად დაეტოვებინა. მხოლოდ მთავარსარდალ რუმიანცევის სიმტკიცემ იხსნა ყველაფერი, იგი საკუთარი ინიციატივით შეტევაზე გადავიდა, კვლავ ახალი გამარჯვება მოიპოვა მოლაპარაკების პროცესში, თურქეთის დელეგაციას არ გაუმჟღავნა რუსეთის მხრივ ნავარაუდევი დათმობები და ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულებაც დაიდო. ყირიმის ნახევარკუნძულიც დათმო მაშინ თურქეთმა, მართალია მისი სრული შემოერთება ცოტა გვიან მოხდა (1783 წ.), მაგრამ არსებითად 1774 წლის ზავმა განაპირობა იგი.
საყურადღებოა, როგორ აისახა საქართველოს საკითხი ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულებაში. ცნობილია, რომ 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომში საქართველოს სამეფო-სამთავროები აქტიურად გამოვიდნენ რუსეთის მხარეზე. დასავლეთ საქართველო 1768 წლამდეც საომარ მდგომარეობაში იყო თურქეთთან და რუსეთ-თურქეთის ომის დაწყება ხომ შესანიშნავი შემთხვევა იყო ომის განგრძობის, მით უმეტეს, რომ რუსეთი დახმარებას აღუთქვამდა იმერთა მეფეს. ამ ომში ქართლ-კახეთის სამეფოც ჩაება.
თურქეთი ამის გამო ირანის ვექილს ქარიმ-ხანს, როგორც ქართლ-კახეთის სამეფოს პრინციპალს, საყვედურობდა – ირან-თურქეთს შორის საზავო ხელშეკრულებით არსებულ მშვიდობას «გურჯისტანის ვალი ერეკლე ხანი» არღვევს და დროზედ დააწყნარეო. ამ ომში ერეკლე II-ის რუსეთის მხარეზე გამოსვლამ სპარსეთშიაც შეშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით ეწყინათ რუსეთის დამხმარე რაზმის შემოსვლა დარიალის გზით აღმოსავლე საქართველოში. რუსეთის ხელისუფლებას ხომ მაშინ საქართველოში დამკვიდრება არ ჰქონდა განზრახული, იგი მხოლოდ თურქეთის დამარცხებაზე ზრუნავდა და საქართველოს ძალები ამ მიზანს უნდა მომსახურებოდა (ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის /ე ნ ი მ კ ი/ «მოამბე» V-VI, 1940, ი. ცინცაძე, ორი საბუთი რუსეთ-თურქეთის 1768-74 წწ. ომის ისტორიიდან).
რუსეთის ხელისუფლება იძულებულია სპარსელ მფლობელთა დასამშვიდებლად საგანგებო მიმართვა გაგზავნოს, რომ რუსეთის რაზმი საქართველოს დატოვებს თურქეთთან ომის დამთავრებისთანავეო. როგორც მასალებიდან საფიქრებელი ხდება, ხსენებული მიმართვის გაგზავნა ერეკლე II-ის რჩევით მომხდარა. 1769 წლის ზაფხულში ერეკლე II თავის ელჩს ა. ანდრონიკაშვილს ავალებდა ნ. ი. პანინისათვის მოეხსენებინა: «ჩვენ გვგონია, რომ ჰერანში ვინც ჩინებულნი არიან იმათი ასეთი რიგი, კაცი, წიგნი და სიტყვა ებრძანოთ, რომ იმათ თავიანთ თავზედ არა იფიქრონ რა და დაწყნარებულის გულით იყვნენ...» (იხ. «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», ნაკვ. 32, 1955, ი. ცინცაძე, XVIII საუკუნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის არქივიდან, გვ. 125). ირანელი მფლობელების ამ გზით ასე დამშვიდებას ერეკლე II მართლა იმიტომ კი არ ცდილობდა, რომ საერთოდ ირანთან ომის წინააღმდეგი იყო. პირიქით, მას იმავე ანდრონიკაშვილისათვის დაუვალებია მოეხსენებინა რუსეთის მინისტრისათვის: «...თუ რომ მისის დიდებულების (რუსეთის იმპერატრიცის – ი. ც.) ნება იქნება, ოდეს და სპარსეთზე ლაშქრობას ინებებენ მაშინ ღვთითა და მისის დიდებულების ბედნიერების საფარველითა და ძალითა იმაზედაც ს ა მ ს ა ხ უ რ ე ბ ი | ჩ ვ ე ნ გ ა ნ | შ ე ი ძ ლ ე ბ ა...» (იქვე, გვ. 127).
ქართლ-კახეთის მეფეს თურქეთთან და ირანთანაც თავისი ანგარიშები ჰქონდა. ამ ომში კი თურქთაგან სამცხის გათავისუფლება უნდოდა, სოლომონ I-ს კი თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლება სურდა. რუსეთის ხელისუფლებაც მათ ასე აიმედებდა, რომ ომის დასრულების შემდეგ საზავო ხელშეკრულებაში საქართველოს შესახებ საგანგებო მუხლი იქნებოდა შეტანილი. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის დიპლომატიის დაჟინებული მოთხოვნით თურქეთი იძულებული შეიქნა დათანხმებულიყო საზავო ხელშეკრულებაში საქართველოს შესახებ სპეციალური მუხლი ყოფილიყო გამოყოფილი. მართლაც ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებაში XXIII მუხლი მთლიანად საქართველოს შეეხება. საზავო მოლაპარაკების დროს თურქეთის წარმომადგენლები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის დელეგაციის წევრებს დასავლეთ საქართველოს სამეფოს შესახებ წამოყენებული წინადადებების გამო. რუსეთის დიპლომატია მოითხოვდა იმერეთის ციხეები ქუთაისი, ბაღდადი და შორაპანი თურქეთს ეცნო იმერეთის საკუთრებად. თურქეთი კი იმერეთზე ბატონობას ამ ციხეებში თავისი გარნიზონის ჩაყენებით აფორმებდა და რაკი ამ ომის დროს თურქები ამ ციხეებიდან გამოდევნეს, რუსეთი ამ ფაქტიური მდგომარეობის გაფორმებას ცდილობდა. ამასთანავე რუსეთის დელეგაცია მოითხოვდა თურქეთს ოფიციალურად უარი ეთქვა დასავლეთ საქართველოდან ხარკის სახით ტყვე ახალგაზრდობის წაყვანაზე. თურქეთის წარმომადგენლები ამ წინადადებაზე კატეგორულ უარს აცხადებდნენ. მაშინ რუსეთის დიპლომატიას ხერხისათვის მიუმართავს. ციხეების შესახებ ხელშეკრულების ტექსტი ისე არის რედაქტირებული, რომ ვითომ თურეთის ინტერესები უგულვებელყოფილი არ არის. საზავო ხელშეკრულების XXIII მუხლში იმერეთში ციხეების შესახებ აღნიშნულია: «В части Грузии и Мингрелии находящиеся крепости: Богдадчик, Кутеис и Шагербан (ბაღდადი, ქუთაისი და შორაპანი – ი. ც.) российским оружием завоёванные, будут Россиею признаны принадлежащими тем, кому они издревле принадлежали, так, что ежели оные города издревле, или с давняго времени были под владением блистательной Порты, то то будут признаны ей принадлежащими» (Т. Юзефовичь, Договоры России с Востоком, политические и торговые, 1869, стр. 36). ასეთი ორაზროვანი დებულების შეტანა ხელშეკრულებაში თურქეთის დიპლომატიამ ალბათ თავის სასარგებლოდ ჩათვალა. აქ ხომ მართლაც არ არის განსაზღვრული რას ნიშნავს «издревле» და «с давняго времени». რომელი წლიდან უნდა ვიანგარიშოთ ციხე-ქალაქების (ქუთისის, ბაღდადისა და შორაპნის) მფლობელობა, რომ ისინი ამა თუ იმ მხარის საკუთრებად ვიცნოთ და, რაც მთავარია, რომელია ის ინსტანცია, სადაც ამ ციხეების მფლობელობის ხანდაზმულობის შესახებ ისტორიული ცნობებით მტკიცებას მოისმენენ და განაჩენს გამოიტანენ. საზავო ხელშეკრულებით ისეთი კომისიის არსებობა არ არის გათვალისწინებული, სადაც იმერეთის აღნიშნული ციხეების მფლობელობის ისტორიას განიხილავდნენ და მფლობელობაში დაუმტკიცდებოდა პატრონს.
ქართველებს იმერეთის ციხეების შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი დებულება იმერეთის სამეფოს სასარგებლოდ უნდა ჩაეთვალათ იმიტომ, რომ ეს ციხეები უკლებლივ «издревле»-ც და «с давняго времени»-ც იმერეთის საკუთრება იყო.
ასევე ორაზროვნად არის ჩამოყალიბებული ქუჩუკ-ყაინარჯის (ხელშეკრულების) XXIII მუხლის მეორე დებულებაც. აქ აღნიშნულია: «Торжественно и навсегда отказывается она (Порта) требовать дани отроками и отроковицами и всякаго рода других податей, обязывается не почитать между ними никого за своих подданных, кроме тех, кои излревле ей принадлежали» (Т. Юзефовичь, Договоры России с Востоком, стр. 36).
იმერეთის სამეფოს მოსახლეობა ძველად თურქეთის ქვეშევრდომი არ ყოფილა; მაგრამ განიხილავენ ისტორიულ ცნობებს რუსეთისა და თურქეთის საზავო დელეგაციების სხდომებზე და დაემორჩილება თუ არა თურქეთი აქ მიღებულ გადაწყვეტილებებს? მაგრამ საქმე ის არის, რომ ამავე XXIII მუხლში ერთგან აღნიშნულია: «Но как помянутые народы находятся подданными блистательной Порты, то Российская империя не имеет совсем впред в оные вмешиваться ниже притеснять их...»
როგორც ჩანს, რუსეთის დიპლომატიამ დასავლეთ საქართველოს სამეფო თურქეთთან იმავე დამოკიდებულებაში აღიარა, რომელშიაც იგი 1768-74 წლების ომამდე იყო. ამის შემდეგ ერთის შეხედვით XXIII მუხლში მოცემულ დებულებებს ყოველგვარი ფასი ეკარგება იმერეთისათვის.
XXIII მუხლის შესახებ მსჯელობა შეიძლებოდა კიდევ გაგვეგრძელებინა და ცალკეული დებულებანი დაწვრილებით გაგვეხილა, მაგრამ ამჟამად ჩვენ გვაინტერესებს არა ის, თუ კონკრეტულად რა სარგებლობა მოუტანა ქუჩუკ-ყაინარჯის ზავმა დასავლეთ საქართველოს, არამედ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში ამიერკავკასიის და კერძოდ საქართველოს საკითხს რა ადგილი ეჭირა.
რუსეთ-თურქეთის 1774 წლის ხელშეკრულების XXIII მუხლი რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე დიპლომატიური ფანდია და უდაოდ ოსტატურად მოფიქრებული და რედაქტირებული.
როგორც ჩანს, როცა ხელშეკრულებაში ამ მუხლის შეტანაზე თურქეთი თანხმობას აცხადებდა, უმთავრეს ყურადღებას იმას აქცევდა, რომ იმერეთის სამეფო ამ მუხლის ძალით ისევ თურქეთისეულ სავასალოდ რჩებოდა და იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ცდა რუსეთის საშუალებით თავი დაეხსნა ოსმალთა ბატონობისაგან, უშედეგოდ დასრულდა. იმერეთს თავისი ძალების ამარა კვლავ უნდა ებრძოლა თავისუფლებისათვის.
იმერეთის სამეფო ყირიმის სახანოსავით თურქეთისაგან დამოუკიდებლად არ ცხადდებოდა. ეს გარემოება თურქეთის დიპლომატიას აკმაყოფილებდა. ომში მოგებული რუსეთი ერთგვარ დათმობაზე წავიდა ვითომ. ამ აქტით თურქეთს ყირიმის სახანოს შესახებ მსჯელობის დროს დავის ხალისიც უნდა შემცირებოდა.
მაგრამ საქმე ის არის, რომ XXIII მუხლის მნიშვნელობა საზავო ხელშეკრულებაში თურქეთ-იმერეთის დამოკიდებულების განსაზღვრით როდი მთავრდებოდა. ამ მუხლის ძალით, რუსეთის სახელმწიფომ თურქეთ-იმერეთის დამოკიდებულებაში დიპლომატიური ჩარევის უფლება მოიპოვა. თუ ეს მუხლი ორაზროვანი იყო და თურქეთ-იმერეთის დამოკიდებულებაში წინანდელ მდგომარეობას არ ცვლიდა, სამაგიეროდ ტექსტის იგივე ორაზროვნება რუსეთს მომავალში საშუალებას აძლევდა თურქეთ-იმერეთის გართულებული დამოკიდებულება საბაბად გამოეყენებინა და და სიუზერენის და ვასალის ურთიერთობის შინასაქმეებში ჩარეულიყო. XXIII მუხლის ხელშეკრულებაში შეტანაზე თანხმობა ნაწილობრივ იმრეთზე რუსეთის უფლების აღიარებაა. რუსეთის მთავრობას ამ უფლების გამოყენება მაშინ შეეძლო, როცა მისთვის ხელსაყრელი სიტუაცია დადგებოდა.
აქვე ხაზი უნდა გაესვას ამ მუხლის ერთ მხარესაც. ცნობილია, რომ 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართლ-კახეთის სამეფოც. ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებაში კი ეს სამეფო ერთი სიტყვითაც არ არის მოხსენებული, თითქოს იგი არავითარ მონაწილეობას ამ ომში არ ღებულობდა; ჩვენ კი ვიცით, რომ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის ისეთივე მოკავშირე იყო ამ ომში, როგორც იმერეთი და არაერთი ბრძოლა გადაიხადა. თურქეთი იძულებული შეიქნა სპარსეთისათვის, ქართლ-კახეთის სამეფოს მაშინდელი პატრონისათვის საგანგებოდ მიემართა – «გურჯისტანის ვალმა» ნეიტრალიტეტი დაიცვასო. როგორც ჩანს, რუსეთ-თურეთის საზავო ხელშეკრულებაში ქართლ-კახეთის სამეფოზე პირდაპირი საუბარი არ შეიძლებოდა, რადგანაც ეს სამეფო ირანის კუთვნილ ქვეყნად იყო ცნობილი. ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულება კი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად იყო გამიზნული. აღმოსავლეთ საქართველოს საკითხის შეტანა რუსეთ-თურქეთის საზავო ხელშეკრულებაში წამოჭრიდა ირანის პროვინციების საკითხს საერთოდ. ეს კი ზავის დადების საქმეს გაართულებდა, ხოლო ზავის დადება ორივე მხარეს ეჩქარებოდა. მაგრამ ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთ-თურქეთის ომში ჩაბმის და მოკავშირის საქმიანობის სრული უგულვებელყოფა რაკი მიზანშეწონილი არ იყო მომავალი თვალსაზრისით, ხელშეკრულების XXIII მუხლში ერთგან ისეთი დებულებაა შეტანილი, სადაც ქართლ-კახეთის სამეფოზე მზრუნველობის კვალი ჩანს, თუმცა აქ თვით ქართლ-კახეთი ნახსენები არ არის: «Блистательная же Порта со своей стороны обязывается, всходственность с содержанием первого артикула, дозволить совершенную амнистию всем тем, которые в том краю, в течении настоящей войны, какими ни есть образом ея оскорбили... н е \ п о ч и т а т ь \ м е ж д у \ и м и \ н и к о г о \ з а \ с в о и х \ п о д д а н н ы х, \ к р о м е \ т е х, \ к о и \ и з д р е в л е \ е й \ п р и н а д л е ж а л и» (Т. Юзефовичь, Договоры России с Востоком..., გვ. 36).
ასეთი სიფრთხილით მოაგვარა რუსეთის დიპლომატიამ საქართველოს სამეფო-სამთავროების საკითხი ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულებაში. თურქეთის სამარცხვინოდ წაიქცა ბრძოლის ველზე და დიპლომატების კაბინეტებშიაც.
1774 წელს თურქეთმა მართალია საზავო ხელშეკრულება დაამტკიცა, მაგრამ კარგა ხანს ეძებდა ევროპის სახელმწიფოებში თანამგრძნობს, რათა საზავო პირობების გადასინჯვა მოეხდინა. ყველაზე უფრო ყირიმის სახანოს ხელიდან გაშვება უმძიმდა და მის დასაბრუნებლად დამხმარეებს ეძებდა. თურქეთის სულთანს, ვითარცა ხალიფების მემკვიდრეს, ყირიმის სახანოში კიდევ რჩებოდა სარწმუნოების ხაზით უფლებები და იმედოვნებდა რაიმე გართულების შემთხვევაში ამ გზით ესარგებლა და პოლიტიკური უფლებებიც აღედგინა. მაგრამ რუსეთის დიპლომატიაც ფხიზლად იყო და ყირიმში თავის დასაყრდენს ჰქმნიდა. სავსებით სამართლიანია ისტორიკოს ს. სოლოვიოვის შენიშვნა, რომ 1774 წლის შემდეგ საზავო ხელშეკრულების არსებობის პირობებშიაც შენიღბული ომი ყირიმში გრძელდებოდა (С. Соловьёв, Европа в конце XVIII века, იხ. ჟურნალი «Русский Вестник», ტ. 39, 1862, გვ. 32-35).
რომ ყირიმში ორი პარტია ებრძოდა ერთმანეთს საჰიბ-გირეისა და დევლეთ-გირეის მეთაურობით, პირველს რუსეთი უჭერდა მხარს, მეორეს კი – თურქეთი. ეს ბრძოლა წლების მანძილზე გრძელდებოდა და ყირიმის ხანის ტახტზე მონაცვლეობით ადიოდნენ პრეტენდენტები. გრ. პოტიომკინი ურჩევდა ეკატერინე II-ს შემოეერთებინა ყირიმი და ეს საკითხი ამით საბოლოოდ გადაეწყვიტა. მაგრამ ამ აქტის შემდეგ თურქეთთან ომიც უნდა ევარაუდა რუსეთს, თუ საქმეს წინასწარ არ მოაგვარებდა. ჩვენ ვიცით, რომ 1783 წელს ყირიმის სახანო რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა და ამით დასრულდა ძველი ოქროს ურდოს განაყოფის, მისი უკანასკნელი ნაშთის არსებობა. ამავე 1783 წელს მფარველობითი ტრაქტატი გააფორმა რუსეთმა აღმოსავლეთ საქართველოსთანაც. რატომ გადაწყვიტა რუსეთის დიპლომატიამ 1783 წელს ორი ისეთის საკითხი, რომელთაც ასე ენერგიულად უთვალთვალებდა თურქეთი? რატომ არავითარი ანგარიში არ გაეწია ამჯერად თურქეთის სახელმწიფოს? განა არსებობდა რაიმე გარანტია იმისათვის, რომ რუსეთის დიპლომატიას თურქეთის ნეიტრალიტეტი ევარაუდა ყირიმისა და საქართველოს საკითხების ამნაირად გადაჭრის დროს? ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლობა 1783 წლის რუსეთ-საქართველოს შორის დადებულ მფარველობით ტრაქტატის წარმოშობას სრულიად გაუგებარს ხდის იმის შემდეგ, რაც ჩვენ მე-18 საუკუნის რუსეთ-თურქეთის (ურთიერთობას, თუ დაპირისპირებას ან წინააღმდეობას) გავეცანით ამიერკავკასიის საკითხთან დაკავშირებით.
მე-18 საუკუნის 80-იანი წლების ზემოაღნიშნული მოვლენების ასახსნელად ე. წ. «საბერძნეთის პროექტის» წარმოშობასა და მის ძირითად დებულებებზე მოგვიხდება მოკლედ შეჩერება.
გრაფი ნ. ა. სამოილოვი, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის გრ. პოტიომკინის მკვიდრი დისწული, 1787-91 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, ოჩაკოვისა და იზმაილის ციხეების აღების თვითმხილველი თავის თხზულებაში «Жизнь и деяния кн. Г. А. Потёмкина-Таврическаго», აღწერს, თუ როგორ ვითარებაში აღეძრა გრ. პოტიომკინს თურქეთის სახელმწიფოს დანაწილების გეგმა (იხ. ჟურნალი «Русский Архив», 1867, «Жизнь и деяния кн. Г. А. Потёмкина-Таврическаго». თვით სამოილოვის შესახებ ცნობები იხ. იქვე, გვ. 575).
ცნობილია, რომ ეკატერინე II-ის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეებს ჯერ გრაფი ნიკიტა პანინი ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ კი გრ. პოტიომკინი დაწინაურდა და იგი ეკატერინეს ერთერთი უახლოესი ნიჭიერი მრჩეველთაგანი იყო.
გენერალი გრ. პოტიომკინი რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომის დროს რუსეთის ლაშქარში ერთერთი დანაყოფის მეთაური იყო. იგი დარწმუნებულა იმაში, რომ თურქეთის ჯარს უკვე აღარ შეუძლია მე-18 საუკუნის დაწინაურებულ არმიებთან ბრძოლა, თურქეთის ლაშქრის გარდასაქმნელად თვით თურქეთის გარდაქმნა იქნებოდა საჭირო, ეს კი ხანგრძლივი პროცესის შემდეგ თუ მოხდებოდა. მდ. დუნაის ნაპირებზე ლაშქარში ყოფნის დროს გრ. პოტიომკინი თურმე იმ ადგილებს ეძებდა, სადაც ძველი რუსეთის კიეველი დიდი მთავარი სვიატოსლავ იგორის ძე გმირის სახელს იხვეჭდა ბიზანტიასთან ომების დროს X საუკუნეში. სვიატოსლავის მიერ ერთ დროს დაპყრობილ ადგილებს და ციხესიმაგრეებს პოტიომკინი ისტორიულად რუსეთისეულად თვლიდა. აქ დუნაის ნაპირებზე აღეძრა გრ. პოტიომკინს თურქეთის დაქცევის გეგმა.
მართლმადიდებლური ქრისტიანული ბიზანტიის როლის შესრულებას რომ რუსეთი კისრულობდა აღმოსავლეთში, ეს იდეა, როგორც ვიცით, ძველი იყო. ჯერ კიდევ მე-15 საუკუნის მოსკოვის სამთავროს პოლიტიკოსები თვლიდნენ რუსეთს, მაშინ ახლად დაქცეულ, მართლმადიდებელი ბიზანტიის მემკვიდრედ. მოსკოვის მთავარმა იოანე III-მ რომ ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახის წევრი, იტალიაში გადახვეწილი, სოფიო პალეოლოგი გამოძებნა და დედოფლად მიიყვანა მოსკოვში, ეს შემთხვევითი აქტი არ ყოფილა, არამედ საქმის პოლიტიკური თვალსაზრისით განხილვის შედეგი. არც ბიზანტიის სახელმწიფო ღერბის, ორთავიანი არწივის რუსეთის სახელმწიფო ღერბად შემოღება იყო შემთხვევითი. მართლმადიდებლური ბიზანტიის მემკვიდრეობას რუსეთი მე-15 საუკუნიდანვე იჩემებდა. თურქეთის მიერ დარბეული ქრისტიანული ბალკანეთის ხალხებიც მსოფლიო არენაზე ახლად გამოსულ მოსკოვის სახელმწიფოსაკენ იშვერდნენ ხელს საშველად. ამდენად რუსეთის სახელმწიფოსაც მე-15 საუკუნის შემდეგ მტკიცე საყრდენი ჰქონდა ბალკანეთში.
თავისთავად ცხადია, რომ თვითმპყრობელური რუსეთი, როცა ბიზანტიის მემკვიდრედ აცხადებდა თავს და ბალკანეთიდან და სრუტეებიდან თურქების განდევნას გეგმავდა, არსებითად საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოდიოდა. მაშინდელ რუსეთს ხალხთა განთავისუფლების იდეით მოქმედება არ შეეძლო, მაგრამ მისდაუნებურად რუსეთი ბალკანეთის ხალების თურქთა ბატონობისაგან განთავისუფლების მებაირაღტრედ შეიქნა ობიექტურად.
რუსეთი გეგმაზომიერად მოიწევდა შავი ზღვის ნაპირებისაკენ. მე-18 საუკუნის რუსეთ-თურქეთის ომებმა უზრუნველყვეს შავი ზღვის ჩრდილო ნაპირებზე რუსეთის დამკვიდრება. მაგრამ შვი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი სრუტეები თურქეთს ეპყრა მტკიცედ და მის ზურგს უკან ამოფარებული ინგლისი, საფრანგეთი და ზოგჯერ ავსტრიის იმპერიაც რუსეთის ვაჭრობას ზღუდავდნენ და ხმელთაშუა ზღვისაკენ გასაქანს არ აძლევდნენ. ასეთ ვითარებაში შავი ზღვის ნაპირებზე გამოსვლის მნიშვნელობა იკვეცებოდა. ამიტომ ქუჩუკ-ყაინარჯის ზავი არსებითად შესვენება იყო მომავალი ომის მოსამზადებლად. გრ. პოტიომკინი მეტისმეტად უკმაყოფილო დარჩენილა 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგებით. მას აღარ აკმაყოფილებდა ის გამარჯვებები, რომლებიც რუსეთის ლაშქარმა მოიპოვა ამ ომში ხმელეთზე და ზღვაზე. პოტიომკინი ვერ ისვენებდა იმის გამო, რომ მიუხედავად არაერთი სერიოზული მარცხისა, თურქეთი კვლავ დიდ სახელმწიფოდ გამოიყურებოდა.
გრ. პოტიომიკინისა და ა. ბეზბოროდკოს ჩაგონებით ეკტერინე II თურქეთის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკის წარმოების მომხრე შეიქნა. დედოფალი გაიტაცა თურქეთის იმპერიის დაქცევის გეგმამ და ბალკანეთის ქრისტიანების თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლების იდეამ.
რუსეთში გრ. პოტიომკინისა და ა. ბეზბოროდკოს უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ე. წ. «საბერძნეთის პროექტი». სინამდვილეში ასეთი სახელწოდების პროექტი რუსეთის არქივსაცავებში არსად არ მოიპოვება, მაგრამ ძირითადი არსი ამ პროექტისა მოცემულია იმ მიმოწერაში, რომელიც ავსტრიის იმპერატორსა და რუსეთის დედოფალს შორის 1781-82 წლებში გაიმართა, აგრეთვე კანცლერ ა. ბეზბოროდკოს მოხსენებით ბარათში.
რუსულ დოკუმენტებში ტერმინი «საბერძნეთის პროექტი» არ იხმარება, ამის ნაცვლად აქ გვხვდება «известный план» ანდა «большой план». «საბერძნეთის პროექტს» უცხოეთის დიპლომატები უწოდებენ მას. მართალია, ეს გეგმა საბერძნეთს ეხებოდა, მაგრამ ბალკანეთის სხვა ხალხების მომავალ ბედსაც ითვალისწინებდა.
«საბერძნეთის პროექტი» მას შემდეგ ჩამოყალიბდა სავსებით, როცა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების დაჯგუფებანი და ინტერესთა წინააღმდეგობანი მკვეთრად მოიხაზა. შექმნილმა საერთაშორისო პირობებმა რუსეთი და ავსტრია ჯერ დააახლოვა, ხოლო შემდეგ დაამეგობრა. 1781 წლისათვის ურთიერთ სამხედრო დახმარების პირობებიც შეიკრა. ავსტრიის იმპერატორი რუსეთში ჩამოვიდა და ეკატერინე II და იოსებ II პირადად გაეცვნენ ერთმანეთს. თურქეთი, როგორც ცნობილია, რუსეთისა და ავსტრიის უშუალო მეზობელი იყო და, ბუნებრივია, რუსეთისა და ავსტრიის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება პირველ რიგში თურქეთთან ამ სახელმწიფოების დამოკიდებულებასაც ითვალისწინებდა. ავსტრიის იმპერატორი კისრულობდა რუსეთისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების დარღვევას შეეცდებოდა.
როგორც ცნობილია, 1774 წლის ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულების ძალით თურქეთი ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობაზე დათანხმდა. მაგრამ როგორც ზემოთ ერთგან აღნიშნული იყო, ხელშეკრულების პირობებს თურქეთი არ იცავდა და ყირიმის კვლავ ვასალურ დამოკიდებულებაში მოქცევაზე ზრუნავდა. 1782 წლის 18 ივნისს ეკატერინე II აუწყებდა ავსტრიის იმპერატორს, რომ თურქეთთან მოსალოდნელ ომში მოკავშირისაგან დახმარების მიღებას იმედოვნებს. ავსტრიის იმპერატორს სასწრაფოდ დადებითი პასუხი გაუცია რუსეთის დედოფლის ამ მიმართვაზე, მაგრამ იმავე დროს უთხოვია იმ მიზნებისა და გეგმების გაცნობა, რომლებიც ამ ომთან დაკავშირებით რუსეთის დიპლომატიას შეიძლებოდა დამუშავებული ჰქონოდა. ეკატერინე II-ს 1782 წლის 21 სექტემბრის თარიღით დაწერილ წერილში იმპერატორ იოსებ II-თვის გაუნდვია თურქეთის იმპერიის განაწილების საიდუმლო გეგმა, რომელიც წინასწარ ა. ბეზბოროდკოს დაუმუშავებია. გეგმის თანახმად მოლდავეთის, ვლახეთისა და ბესარაბიის პროვინციებისაგან იქმნებოდა ერთი სახელმწიფო, რომელიც ძველ დროს ცნობილი იყო დაკიის სახელწოდებით. ამ სახელმწიფოს სათავეში ნავარაუდევი იყო (დაესვათ) ადგილობრივი წარმოშობის, დაწინაურებული გვარის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მქონე. დაკიის სახელმწიფო სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა როგორც ავსტრიისაგან, ისე რუსეთისაგან და, მითუმეტეს, თურქეთისაგან. ეს სახელმწიფო არასოდეს შეუერთდებოდა სხვა სახელმწიფოს. დაკიის საზღვრებად დაწესებული იყო დნესტრი, შავი ზღვა, დუნაი და ალუტა. ამ გეგმით რუსეთს თურქეთის ხარჯზე ტერიტორია უნდა მომატებოდა – ქალაქი ოჩაკოვი ბუგსა და დნესტრს შორის არსებული ტერიტორიით, ერთი ან ორი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში არქიპელაგის რაიონში. თუ ომის მსვლელობაში გამოირკვეოდა, რომ თურქები სავსებით განიდევნებიან ევროპიდან და კონსტანტინეპოლიდან, ავსტრიის იმპერატორს ხელი უნდა შეეწყო საბერძნეთის სახელმწიფოს აღდგენისათვის. საბერძნეთის სახელმწიფოში ტახტზე აყვანილ უნდა ყოფილიყო ეკატერინეს შვილიშვილი კონსტანტინე პავლეს-ძე. ეს სახელმწიფო რუსეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა და კონსტანტინე პავლეს-ძე არასოდეს არ შეეცდებოდა რუსეთის ტახტის ძიებას. «რუსეთისა და საბერძნეთის გვირგვინები არასოდეს არ უნდა შეერთებულიყო ერთ თავზე».
საინტერესოა, რომ საბერძნეთის სახელმწიფოს აღდგენის გეგმას ისე გაუტაცებია თავის დროზე ეკატერინე II, რომ 1779 წლის აპრილში დაბადებულ შვილიშვილს საგანგებოდ დაარქვა სახელი კონსტანტინე, ვითომც ქალაქ კონსტანტინეპოლის ფუძემდებლის კონსტანტინე იმპერატორის საპატივსაცემოდ. ბიზანტიის სახელმწიფოს პირველი იმპერატორი რაკი კონსტანტინე იყო ძველად, ახლა მისი აღდგენის ფუძემდებელიც კონსტანტინე იქნებოდა. ყრმა კონსტანტინე პავლეს-ძეს, ეკატერინეს განკარგულებით, გამზრდელად ბერძენი ქალი და ბერძენი კამერდინერი მოუყვანეს. დაარსებულ იქნა აგრეთვე ბერძნების კადეტთა კორპუსი. გამზადებული ყოფილა ორი მედალი – ერთი ძვირფასი ლითონისა და მეორე – თითბერისა. მედლის ერთ მხარეს ეკატერინე II იყო გამოსხული წარწერით: «Б. М. Екатерина II императрица и самодержица всероссийск. заступница верных». მეორე მხარეს გამოსახული იყო ზღვის ტალღების ფონზე ალში გახვეული კონსტანტინეპოლის მისგითის ნგრევა, ზევით კი ღრუბლების სხივებში ჯვარი ქრისტესი წარწერით: «Потщитеся и низринетися», «Поборнику православия» (ამის შესახებ ცნობა იხ. «Кое что о временах Екатирины II. Из записок Н. В. Сушкова». წერილი მოთავსებულია ჟურნალში «Русский Архив», 1865 г., გვ. 1505-1506. აგრეთვე С. Ж и г а р е в, Русская политика в восточном вопросе, ტ. I, გვ. 208).
კონსტანტინეპოლის საბერძნეთის სატახტო ქალაქად ქცევა არსებითად სრუტეების თურქეთის ხელიდან გამოგლეჯას ნიშნავდა. მაგრამ, რადგნაც სრუტეებზე რუსეთის გაბატონებას არც ერთი მაშინდელი ევროპის სახელმწიფო არ დაუშვებდა, ამიტომ, როგორც ვხედავთ, მოინახა მეორე გზა, საკმაოდ კარგად შენიღბული. რა მოუვიდოდა თურქეთის მცირე აზიის სამფლობელოებს შემდეგში, ამის შესახებ გეგმაში ლაპარაკი არ არის, მაგრამ ალბათ ისე ვარაუდობდნენ, რომ შემდეგ მოვლენებს თვით საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია განავითარებდა. ავსტრიის იმპერატორმა თავისი პროგრამა წამოაყენა და თურქეთის ტერიტორიების ხარჯზე თავისი სახელმწიფოსათვის ახალი «ბუნებრივი საზღვრები» მოხაზა. იოსებ II-ისა და ეკატერინე II-ის მიმოწერაში თურქეთის წაქცევის გეგმა ძირითადად დაზუსტდა. რუსეთის დედოფალი დარწმუნებული ყოფილა იმაში, რომ თურქეთის წინააღმდეგ შედგენილი გეგმა ადვილად განხორციელდებოდა და, რაც მთავარია, ეკატერინე ამაში ავსტრიის დიპლომატიასაც არწმუნებდა და ალბათ დაარწმუნა კიდეც. ავსტრიელებს ხმა არ ამოუღიათ კონსტანტინე პავლეს-ძის მომავალ სბერძნეთის სახელმწიფოში დინასტიის ფუძემდებლდ დასმის საწინააღმდეგოდ («საბერძნეთის პროექტის» შესახებ მასალა ამოღებულია Ф. М е т р е н с-ის გამოცემიდან: «Собрание трактатов и конвенций заключённых Россиею с иностранными державами. Трактаты с Австриею. 1772-1818 г., т. II, 1875, стр. 131-135». იხ. აგრეთვე: Я. Б у т к о в с к и й, Сто лет австрийской политики в восточном вопросе, т. I, 1888 г.; Л. Д о б р о в, Южное славянство, Турция и соперничество европейских правительств на Балканском полуострове, 1880 г., стр. 545-551; С. Ж и г а р е в, Русская политика в восточном вопросе, т. I, стр. 203-221).
ასეთი შეთანხმების შემდეგ დაიწყო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. პირველ ასეთ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ რუსეთის მიერ ყირიმის სახანოს გაუქმება და მისი სრული შემოერთება, მას მოჰყვა ტამანის და მთელი მხარის ანექსიაც. რუსეთის ხელისუფლება (1783 წ. 8/IV) სათანადო მანიფესტით აუწყებდა მსოფლიოს, რომ თითქოს ყირიმის სახანოს დამოუკიდებლად არსებობას თვით რუსეთის ინტერესები მოითხოვდა. ამ გზით რუსეთსა და თურქეთს შორის ომის მიზეზებს ბოლო მოეღებოდა, მაგრამ დამოუკიდებელი ყირიმი თურქეთის მიზეზით, განუწყვეტელი შინაბრძოლის ასპარეზად იქცა და რუსეთს 12 მლნ. მანეთი დაუჯდა იქ წესრიგისთვის ზრუნვაო. რადგანაც თურქეთი ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულების პირობებს არღვევს, რუსეთი უფლებას იტოვებს ისარგებლოს 1768-74 წლების ომში გამარჯვებული სახელმწიფოს პრივილეგიებით და ნახევარკუნძული ყუბანის მხარითურთ რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოაქციოსო.
ყირიმისა და ყუბანის შეერთება უმტკივნეულოდ შერჩა რუსეთის დიპლომატიას. სხვის დაუხმარებლად თურქეთმა ომის დაწყება ვერ გაბედა – ვაი თუ ყირიმსა და ყუბანს სხვა ტერიტორიებიც მიჰყვესო. ევროპას იმ ხანად თურქეთისათვის არ ეცალა. ინგლისი ჩრდილოეთ ამერიკაში აჯანყებული კოლონიების წინაღმდეგ ომში იყო ჩაბმული. საფრანგეთიც ამერიკაში იბრძოდა და მისი ძალებიც გამოფიტული იყო. პრუსიის სახელმწიფო, ბავარიის მემკვიდრეობისათვის ახლად ომგადახდილი, თავის საქმეებს აგვარებდა გერმანიაში. ავსტრიის იმპერატორი ხომ იმთავითვე რუსეთს უჭერდა მხარს. ასეთ პირობებში თურქეთი იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. მართალი, საფრანგეთის მმართველი წრეები დატრიალდნენ და ევროპის სახელმწიფოებს რუსეთ-თურქეთის ამ კონფლიქტში ჩარევის მიზანშეწონილება ურჩიეს, თურქეთისათვის დახმარების აღმოჩენა სცადეს, მაგრამ რეალურად ვერავინ ვერაფერი გაბედა.
ყირიმის ხელში ჩაგდება პატარა საქმე არ იყო. რუსეთი შავ ზღვაზე ბატონდებოდა. კონსტანტინეპოლის ხელში ჩასაგდებად ამ ნახევარკუნძულს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თურქეთი ამის შემდეგ კავკასიის სამფლობელოებიდანაც უნდა აბარგებულიყო და აკი წავიდა კიდეც. ყირიმის საკითხზე მკითხველის ყურადღება იმიტომ შევაჩერეთ, რომ გვეჩვენებინა, როგორ კარგად დაიწყო თურქეთის დაცემის «დიდი გეგმის» სისრულეში მოყვანა და როგორ უნდა წაეთამამებინა მაშინდელი რუსეთის დიპლომატები ამ ფაქტს. რუსეთი თურქეთს უკვე ანგარიშს ისე აღარ უწევდა, როგორც წინათ და განუხრელად მიისწრაფოდა ახალი გამარჯვებებისაკენ. რაკი თურქეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი დასმული და დაგეგმილი იყო, ხოლო ავსტრიასთან მტკიცე მეგობრული კავშირის იმედით «დიდი გეგმის» სისრულეში მოყვანა ყირიმის ხელში ჩაგდებით დაიწყო, ამიერკავკასიის საკითხების გადადება შეცდომა იქნებოდა, რადგანაც ასეთი ხელსაყრელი სიტუაცია მეორეჯერ შეიძლებოდა აღარც შექმნილიყო. ირანში არსებული მდგომარეობა კი კარგა ხანია ანდამატივით იზიდავდა რუსეთის დიპლომატიას ამიერკავკასიისაკენ და კერძოდ აღმოსავლეთ საქართველოსაკენ.
მას შემდეგ, რაც ნადირშაჰი შეთქმულებმა მოკლეს (1747 წ.), სპარსეთში ხანგრძლივი შინაომები დაიწყო. ნადირის დასაყრდენი ძალები ავღანელებისგან შედგებოდა. მათმა ხელმძღვანელმა, ახმედ ხანმა, ნადირშაჰის ბანაკი გაძარცვა და ავღანეთისაკენ გაეშურა, იქაური ტომების ძალებს თავი მოუყარა, ხელთ იგდო ქვეყნის მთავარი პუნქტები და ირანისაგან დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა თავი. ირანში სასახლის კარზე ბრძოლა დაიწყო და 1751 წლისათვის ქვეყანას უკვე ერთი ხელისუფალი აღარ ჰყავდა. ირანი დაიყო წვრილ ფეოდალურ სამფლობელოებად, რომელთა პატრონები ერთი-მეორეს ებრძოდნენ. 1753 წლისათვის სამხრეთ ირანის მეტი ნაწილი ქარიმ-ხან ზენდის ხელში მოექცა. 1769 წელს დაასრულა მან მთელი ირანის ხელში ჩაგდება, გარდა ხორასნისა. ქარიმ-ხანს თავი შაჰად არ გამოუცხადებია, იგი თავის თავს ვექილს უწოდებდა. თავის რეზიდენციად შირაზი აირჩია. ათეული წლის განმავლობაში განუწყვეტელმა შინაომებმა დასცეს ირანის მეურნეობა და ვაჭრობა. ქარიმ-ხნის მმართველობის დროს ირანი ფეხზე წამოდგომას იწყებს, მაგრამ მისი გარდაცვალების (1779 წ.) შემდეგ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაც ვეღარ მოხერხდა. ირანში ისევ ბრძოლა დაიწყო ჯერ თვით ქარიმხან ზენდის მახლობელ ნათესავებს შორის, ხოლო შემდეგ ზენდებსა და ყაჯარებს შორის. ზენდებს შორის გამარჯვება ქარიმ-ხანის ძმისწულს ალი-მურად-ხანს ხვდა წილად 1782 წელს, რომელმაც თავი შაჰად გამოაცხადა ისფაჰანში.
სანამ ზენდები ერთი-მეორეს ებრძოდნენ, მაზანდარანსა და ასტრაბადში (ირანის ჩრდილო მხარეში) ყაჯარების გვარი დაწინაურდა და ისე გამაგრდა, რომ ზენდების მორჩილებას სრულიადაც არ ფიქრობდა. ყაჯარების სათავეში გაბედული და კარგი ორგანიზატორი აღა-მაჰმად-ხანი ჩადგა. აღა-მაჰმადი ქერიმ ხანს კარგა ხანს შირაზში ჰყავდა მძევლად, მაგრამ ქერიმის გარდაცვალების წინ იგი გამოიქცა თეირანში, შემდეგ მაზანდარანში გადავიდა და ყაჯარ ძმებს შორის გამართულ ბრძოლაში ჩაება. გამარჯვებაც აღა-მაჰმადმა მოიპოვა და მალე აქედან მახლობელი პროვინციების დამორჩილებას შეუდგა. ახლა უკვე ბრძოლა ალი-მურად ზენდის წინააღმდეგ დაიწყო (სპარსეთის შესახებ ცნობები ამოვიღეთ მ. ს. ივანოვის წიგნიდან «Очерк истории Ирана», 1952, გვ. 106-109).
რუსეთის ხელისუფლებას თავისი აგენტები ჰყავდა ირანის კუთვნილ ნავსადგურებსა და შიდა პროვინციებში, ისე რომ საგარეო საქმეთა კოლეგია ზუსტ ინფორმაციას ღებულობდა ირანში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამ მასალების საფუძველზე რუსეთის დიპლომატია დარწმუნდა იმაში, რომ სპარსეთში ერთი ხელისუფალის გაბატონებას, ცენტრალური ხელისუფლების შექმნას და ქვეყნის დამშვიდებას უახლოეს წლებში პირი არ უჩანდა.
რუსეთის დიპლომატიამ ისიც იცოდა, რომ ირანი ყოველმხრივ ჩამორჩენილი ქვეყანა იყო მე-18 საუკუნის მეორე ნახევრისათვის. ირანს ევროპული წესით გაწყობილი მუდმივი ლაშქარიც არ ჰყავდა. საჭირო შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ომი ირანს არ შეეძლო, მისი მარცხი იმთავითვე აუცილებელი მოჩანდა. სპარსეთის ასეთი მდგომარეობა რუსეთის დიპლომატიისათვის ნადირშაჰის მოკვლის წლიდან იყო ცნობილი, მაგარმ, როგორც აღვნიშნეთ, თურეთის სახელმწიფო ზღუდავდა კარგა ხანს რუსეთის ექსპანსიას ირანისაკენ.
ახლა კი, მე-18 საუკუნის 80-იანი წლებისათვის, როგორც დავინახეთ, თურქეთი სასიკვდილოდ განწირული ჰყავდა რუსეთს და «დიდი გეგმის» სისრულეში მოსაყვანად წინასწარი სამზადისი ტარდებოდა. რუსეთის დიპლომატების აზრით, თურქეთს ირანის დაცვა კი არა, საკუთარი პროვინციების შესანარჩუნებლად აღარ ეყოფოდა ძალა. ევროპას კი თურქეთისათვის რეალური დახმარების აღმოსაჩენად თითქოს აღარ ეცალა და ამდენად თურქეთის წინააღმდეგ დამუშავებულ «დიდ გეგმას» ახალი «გეგმაც» მიემატა. მაგრამ ამის შესახებ ცოტა ქვემოთ.
ირანში რუსეთის ინტერესების დასაცავად მუშაობა ჯერ კიდევ ქარიმ-ხანის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაიწყო. ქარიმ-ხან ზენდის ღრმა მოხუცებულობისა და ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო, რუსეთის მმართველი წრეები შინაბრძოლის განახლებას მოელოდნენ ირანში. 1778 წელს, ქარიმ-ხანის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, რუსეთის სამეფო კარს ირანისაკენ გზის გასაკაფავად საიდუმლო გეგმა ჰქონდა შედგენილი და ამის შესაბამისად ფარული სამზადისიც მიმდინარეობდა. ყაზანში სასწრაფოდ აგებდნენ სამ სამხედრო და ზარბაზნებით შეიარაღებულ ოთხ სატრანსპორტო გემს.
ქარიმ-ხანის გარდაცვალების (1779 წ.) შემდეგ დწყებული შინაბრძოლების დროს საგრძნობლდ დაზარალდნენ სპარსეთის სხვადასხვა ქალაქებში მყოფი რუსი ვაჭრები. ეს ფაქტი რუსეთის ხელისუფლებას საბაბად გამოადგა და ყაზანში დამზადებული სამხედრო და სატრანსპორტო გემები ასტრახანში გადმოიყვანეს და საბრძოლველად მოამზადეს. გრ. პოტიომკინის განკარგულებით, 1781 წლის მაისში ამ გემების უფროსად კაპიტანი მ. ვოინოვიჩი დანიშნეს, რომელსც ებრძანა მიმართულება აეღო კასპიის ზღვის სპარსეთის კუთვნილი ნაპირებისაკენ. ვოინოვიჩს ევალებოდა ბაქოსა და გილანის ხანების დაშინება და შესაძლებლობის პირობებში მათი დასჯა, რუსი ვაჭრების დარბევის საპასუხოდ. ამას გარდა, მას უნდა დაეკავებინა ასტრაბადის ყურესთან არსებული კუნძული, სადაც შემდეგში რუსული მოსახლეობა დამკვიდრდებოდა. ამ მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ვაჭრობა იქნებოდა. აქედან ინდოეთამდე გაიმართებოდა სავაჭრო მიმოსვლა. კუნძულის დასახლებული ადგილისათვის ვოინოვიჩს «მელიტონისი», ანუ «ფუტკართ კუნძული» უნდა ეწოდებინა.
1781 წლის ივნისში ვოინოვიჩი მის განკარგულებაში მყოფი გემებით და მცირე ქვეითი რაზმით ასტრაბადისაკენ გაემართა და ივლისში ასტრაბადის ყურეში შევიდა. იგი მაშინვე დაუკავშირდა აღა-მაჰმად-ხანს (ყაჯარს), რომელიც სპარსეთის ამ მხარეების მფლობელი იყო იმ ხანებში და მთელ ირანში გაბატონებოსათვის იბრძოდა. ვოინოვიჩს განზრახული ჰქონდა რუსთა ახალშენის დაარსება და ამისათვის, აღა-მაჰმად-ხანთან შეთანხმებით, მიიღო ერთი ადგილი ასტრაბადის ყურეში. გემებიდან ზარბაზნები გადმოიტანეს და ეს ადგილი საგანგებოდ გაამაგრეს. გალავანი 1000 კაცისაგან შემდგარ გარნიზონს იტევდა. ვოინოვიჩმა ინტენსიური მუშაობა გააჩაღა – კრებდა ცნობებს აღმოსავლეთისაკენ მიმავალი გზების შესახებ, საქონლის შესახებ და სხვა.
რუსეთის ამ ახალშენის მახლობელი პროვინციების მოსახლეობა კმაყოფილი იყო იმით, რომ რუსები სოფლის მეურნეობის პროდუქტებს დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ, და ამ გზით შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდათ. მაღალი წრეების წარმომადგენლებს კი თავაზიანი მიღების შემდეგ ასაჩუქრებდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ აღა-მაჰმად-ხანის ძმები და ასტრაბადის გუბერნატორი. მათ ვოინოვიჩი მიუპატიჟებიათ თავიანთ ოჯახებში. თითქოს საქმე ძალიან კარგად აეწყო.
მაგრამ 1781 წლის დეკემბერში აღა-მაჰმად-ხანის განკარგულებით ვოინოვიჩი და მისი მხლებლები სადღესასწაულო ნადიმზე მიიპატიჟეს, მუხანათურად დაატყვევეს და ბორკილები დაადეს. მათ მოთხოვეს დაუყოვნებლივ სიმაგრის დანგრევა და ზარბაზნების მოხსნა. რამდენიმე ხნის შემდეგ ვოინოვიჩი დათანხმდა აღა-მაჰმად-ხანის წინადადებაზე და ტყვეები გაათავისუფლეს. როგორც ვოინოვიჩის ახსნა-განმარტებიდან ჩანს, სიმაგრეების გაკეთების ბრძანება რუსეთის ხელისუფლებას არ გაუცია, ისე რომ ვოინოვიჩს პირადი ინიციატივით გაუმაგრებია რუსეთის ახალშენი. მაგრამ სპარსელებისათვის სულ ერთი იყო ვისი განკარგულებითაც არ უნდა აგებულიყო სიმაგრეები, ისინი ამ აქტში საფრთხეს ხედავდნენ და თუკი შესაძლებლობა იყო, წინააღმდეობა უნდა გაეწიათ. ვოინოვიჩი იძულებული შეიქნა ასტრაბადის ყურის ნაპირები დაეტოვებინა 1782 წლის იანვარში და რადგანაც ასტრახანში გამგზავრება ზამთრის თვეებში სახიფათო იყო, დაიკავეს იმავე ყურეში ერთი კუნძული, რომელზედაც რუსული ახალშენის მოწყობას ფიქრობდნენ.
როდესაც აღა-მაჰმად-ხანს მოწინააღმდეგე ხანებმა შემოუტიეს და შეავიწროვეს, იგი თურმე ნანობდა ვოინოვიჩის და მისი კომპანიის დატყვევებას და შეურაცხყოფას. მას მიზანშეწონილად მიუჩნევია ახლა რუსების იარაღის გამოყენება თავისი მტრების წინააღმდეგ; მან ვოინოვიჩს მოციქული გაუგზავნა და მეგობრობას სთავაზობდა. ამასთანავე რუსული ახალშენისათვის ასტრაბადის სანაპიროზე კარგ ადგილსაც ჰპირდებოდა. მაგრამ ასეთ მუხანათ ადამიანთან საქმის დაჭერას რუსები შეუძლებლად თვლიდნენ. უკანასკნელად აღა-მაჰმად-ხანი ვოინოვიჩს თხოვდა ხელი შეეწყო მისი მოციქულისათვის, რომელიც პეტერბურგში უნდა მისულიყო და დანაშაულის პატიება ეთხოვა რუსეთის დედოფლისათვის. მოციქული რუსეთში გააჩერეს ოთხი თვის განმავლობაში (ეკატერინე II-მ იგი არ მიიღო) და შემდეგ მრისხანებით აღსავსე წერილით გამოისტუმრეს. წერილში აღნიშნული იყო, რომ რადგანაც რუსეთის სამეფო კარი არ ცნობს აღა-მაჰმად-ხანს ასტრაბადისა და მაზანდარანის კანონიერ მფლობელად, ამდენად მის მოციქულთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს. ამასთანავე, მისი მოქმედება რუსეთის ფლოტის უფროსის წინააღმდეგ შეუძლებელს ხდის აღა-მაჰმად-ხანთან რაიმე საქმის დაჭერას, მანამ, სანამ ამ თავის დანაშაულს კეთილმოქმედებით არ გამოსყიდის (იხ. П. Бутков, Материалы для новой истории Кавказа, кн. II, გვ. 70-72, 84-92, 95, 98-99).
სტაბილური ურთიერთობის დამყარება ვერც სხვა ხანებთან მოაგვარეს რუსეთის რწმუნებულებმა. მუხანათობა და ვერაგობა თვით ეპოქის მიერ იყო კულტივირებული სპარსეთში და არც ერთი სპარსი მფლობელის ნდობა არ შეიძლებოდა პირობის მიცემის შემთხვევაშიც კი. აღა-მაჰმად-ხანის, გედაეთ-ხანის და სხვათა საქციელი რუსეთის ხელისუფლებას აიძულებდა მუდამ ეჭვით მოკიდებოდა მათთან ურთიერთობას. გედაეთ-ხანს ბრძოლა ჰქონდა თავის მოქიშპეებთან და, როცა გაუჭირდა, ენზელის ყურეში მდგომ რუსეთის გემს თხოვა მისი საგანძურის დიდი ნაწილი შეენახა. გემმა მიიღო ეს საგანძური გილანში მყოფ რუსეთის კონსულის ტუმანოვსკის დასტურით. მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ გამოირკვა, რომ ეს სავაჭრო გემი დაძველებული იყო და ამინდის შეცვლის პირობებში ქარიშხალს ვერ გაუძლებდა. რუსეთის კონსულმა ხანს შეატყობინა მოსალოდნელი საფრთხე და თხოვა გემი დაეცალა. გედაეთ-ხანი თავისი ქონების წაღებას აგვიანებდა. ერთ დღეს ღელვა ამოვარდა, გემი დაამტვრია და ხანის ბარგი ნაპირზე გამორიყა. მაგრამ საბედნიეროდ არაფერი არ დაკარგულა. სიის მიხედვით ყველაფერი მოიძებნა და პატრონს ჩაბარდა. როცა გედაეთ-ხანი თავის საქმეებს მორჩა და მოწინააღმდეგენი დაამარცხა, კონსულ ტუმანოვსკის განუცხადა, რომ ერთი მილიონი მანეთის ქონება დამაკლო თქვენმა გემმაო და ურცხვად მოითხოვდა ტუმანოვსკისაგან ანაზღაურებას. ხანმა დაიწყო რუსების შევიწროება, ხოლო როცა შენიშნა, რომ კონსული რუსი ვაჭრებითურთ ენზელიდან წასვლას აპირებდა, ჯარი შეაგროვა და მათ დატყვევებას შეეცადა. როცა ტუმანოვსკიმ ასტრაბადის ყურეში მყოფ რუსეთის სამხედრო ფლოტს დახმარება სთხოვა და გედაეთს არაფერი გამოუვიდა, სპარსელმა ხანმა უკან დაიხია, წერილობით აღნიშნა, რომ მას არაფერი დაკლებია, და შერიგება ითხოვა. ასეთი მაგალითების მოტანა კიდევ შეიძლებოდა (იხ. П. Бутков, Материалы для....., II, გვ. 99-100).
ასეთ ვითარებაში სპარსელ ხანებზე დანდობა და რუსეთის კომერციის საქმის წარმართვა არ შეიძლებოდა, ხოლო ირანში მტკიცე ცენტრალური ხელისუფლების შექმნა შორეული მომავლის საქმედ ჩანდა. ამიტომ რუსეთის სამეფო კარზე «საბერძნეთის პროექტთან» დაკავშირებით «ახალი გეგმაც» დამუშავდა. ირანის ხარჯზე ამიერკავკასიაში ორი ახალი ბუფერული სახელმწიფო უნდა შექმნილიყო, ხოლო უკვე არსებულისათვის – ქართლ-კახეთის სამეფოსათვის, არსებითი ხასიათის დახმარების აღმოჩენა იყო განზრახული. ეს ქრისტიანული სახელმწიფოები რუსეთის დასაყრდენი იქნებოდნენ ამიერკავკასიაში სპარსეთ-ინდოეთის სავაჭრო გზაზე.
ამიერკავკასიის «გეგმა» უშუალოდ «დიდი გეგმიდან» – «საბერძნეთის პროექტიდან» გამოდიოდა, ისე რომ «დიდი გეგმის» მარცხის შემთხვევაში «პატარა გეგმაც» ჰაერში გამოკიდებული რჩებოდა, მაგრამ ამის შესახებ ქვემოთ.
მაინც როგორი იყო რუსეთის დიპლომატიის გეგმა ამიერკავკასიაში?
როგორც აღნიშნული იყო, ირანის ხარჯზე რუსეთის დიპლომატია ბუფერული სახელმწიფოების შექმნას გეგმავდა 80-იანი წლების დასაწყისისათვის. უნდა აღდგენილიყო სომხეთისა და ალბანეთის სახელმწიფოები. ამ მიზნით სომხეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა. სომხური მოსახლეობა მართალია დაფანტული იყო სხვადასხვა მხარეებსა და სახელმწიფოებში, მაგრამ მე-18 საუკუნისათვის ყარაბაღში კომპაქტური სომხური მოსახლეობა ჯერ კიდევ გადარჩენილი იყო. სომხებს სამეფო და სამთავრო არ შერჩათ, მაგრამ ყარაბაღში სომხურ მოსახლეობას ერთგვარი ავტონომიური მმართველობა ჰქონდა სამელიქოების სახით. სულ ხუთი სამელიქო იყო. ნადირ-შაჰის დროს ეს სამელიქოები ხარკს უხდიდნენ სპარსეთს, მაგრამ თავიანთ შინაურ საქმეებში დამოუკიდებელი იყვნენ და შედარებით მშვიდად ცხოვრობდნენ. მათ საკუთარი ლაშქრის გამოყვანაც შეეძლოთ. ნადირშაჰის სიკვდილის შემდეგ ირანის სახელმწიფოში დაწყებული არეულობის დროს ყარაბაღელი სომხების მდგომარეობაც გაუარესდა. ყარაბაღში შეიჭრა მომთაბარე თურქული ტომების ბელადი ფენაჰ-ხანი და მიუვალ მთებში ციხე ააგო, რომელსაც შუშა უწოდა და თავის რეზიდენციად გაიხადა. ასე წარმოიქმნა მე-18 საუკუნის შუა წლებისათვის ყარაბაღის ანუ შუშის სახანო. სომხური მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა და საშველად ქართლ-კახეთის სამეფოსაკენ იშვერდა ხელს. ქართლ-კახეთის სამეფო ერთადერთი ოაზისი იყო მათთვის მაჰმადიანური გარემოცვის პირობებში. მაგრამ ქართლ-კახეთს თვითონ უჭირდა და, ცხადია, მისი მფარველობა ყოველთვის ეფექტური ვერ იქნებოდა.
ასეთ ვითარებაში მყოფი სამელიქოებიც ჩრდილოეთისაკენ იცქირებოდნენ და საბოლოო ხსნას რუსეთიდან მოელოდნენ. ყარაბაღში სომხური საეკლესიო ორგანიზაცია არსებობას განაგრძობდა, ალბანთა კათალიკოსის მეთაურობით. მისი რეზიდენცია ხაჩენის სამელიქოში იყო განძასარის მონასტერში. განძასარელი კათალიკოსი ეჯმიაწინის პატრიარქს ემორჩილებოდა და ეს უკანასკნელი ამტკიცებდა მას. როგორც სამართლიანად აღნიშნავს პროფ. ა. იოანესიანი, ცალკე საკათალიკოსოს არსებობა ყარაბაღში ასახავდა პოლიტიკური პირობების თავისებურებას ამ მხარეში.
სომხური მოსახლეობა რუსეთშიაც ფეხმოდგმული იყო, განსაკუთრებით ვოლგისპირა სავაჭრო ცენტრებში, აგრეთვე მოსკოვსა და პეტერბურგში. ზოგიერთი სომეხი ისე დაწინაურდა კომერციის ხაზით, რომ მათ ახლო ნაცნობობა ჰქონდათ რუსეთის მაღალ არისტოკრატიასა და თვით სამეფო კარზე მიღებულ პირებთან. ერთ სომეხს, პეტერბურგში დაწინაურებულს, რუსეთის ხელისუფლებამ აზნაურობაც კი უბოძა (ივანე ლაზარევს). რუსეთში სომხობას თავისი სამლოცველო შენობები ჰქონდა აგებული. მათ თავისი ეპისკოპოსიც ჰყავდათ რუსეთში.
სომხეთის საკითხი რუსეთის დიპლომატთა წრეებში რადიკალურად 1780 წელს დაისვა, როცა კასპიის ზღვის სანაპიროების სპარსელ მფლობელებთან რუსეთის ვაჭრებს კონფლიქტი მოუვიდათ და რუსეთის ხელისუფლებამ იქ ჯარის გაგზავნა გადაწყვიტა. ამ საექსპედიციო კორპუსის მეთაურად ცნობილი სარდალი ა. ვ. სუვოროვი იყო დანიშნული. გრ. პოტიომკინმა დაიბარა პეტერბურგში მყოფი სომეხი ეპისკოპოსი იოსებ არღუთინიანი და მოთხოვა ინფორმაცია ამიერკავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. მას განსაკუთრებით აინტერესებდა ცნობები სომხებისა და ქართველების შესახებ.
მალე თვით სუვოროვს ჰქონია სომეხ ეპისკოპოსთან ლაპარაკი და განუცხადებია მისთვის, რომ სომხეთის სახელმწიფოს ახლო მომავალში აღადგენს რუსეთიო. დაიწყო მოლაპარაკება და მიმოწერა ყრაბაღის მელიქებსა და რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოგზავნილ მოციქულებს შორის. მაგრამ, როგორც ჩანს, კასპიის ზღვის სანაპიროებზე გასაგზავნი ექსპედიციის გეგმა შეიცვალა უფრო ვრცელი გეგმით. მალე გამოირკვა, რომ სპარსეთში შინა ომები გაცხოველდა და რუსეთის ინტერესებისათვის ფართო გასაქანი შეიქმნა.
კავკასიის საქმეების მოსაგვარებლად 1782 წლის სექტემბერში გენერალი პავლე სერგის-ძე პოტიომკინი დაინიშნა. პოტიომკინმა, გაეცნო რა საგარეო საქმეთა კოლეგიის ხელთ არსებულ ცნობებს ამიერკავკასიის შესახებ, ახალი ინფორმაცია შეაგროვა და ამის შესაბამისად მოქმედების დაწყება დაგეგმა. საინტერესოა იოსებ არღუთინიანის მიერ მიწოდებული ცნობები გენ. პოტიომკინის შეკითხვებზე.
რუსეთის გენერალი იოსებ ეპისკოპოსს სხვა საკითხებს შორის ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემისას სთხოვდა: «Армяне упражняясь по большей части в торгах и промыслах, по свободности каковую имеют они производить торги, по долговременной привычке к своему состоянию, желая сохранить достояние каковое каждый имеет, не похотят может быть променить лучшего будущего на то состояние и по мнению общему как сие состояние почитается выгодным или посредственным, ибо генеральное примечание зделано, что все те люди кои обращаются в торговле всякое другое чувствование затушают кроме жадности и корысти своей» (А. П. Иоанесян, Россия и армянское освободительное движение в 80-ых годах XVIII столетия, 1944, გვ. 204-205. ზემოთ მოცემული ცნობებიც სომხეთის შესახებ ამოღებული მაქვს ამავე ნაშრომიდან).
მიუხედავად იმისა, რომ გენერალს მთელი ხალხი ვაჭრად ჰყავს წარმოდგენილი, ხოლო ვაჭრები სახელმწიფოს მოვლა-პატრონობისათვის უვარგისად მიაჩნია, დასმული კითხვა იმით არის საინტერესო, რომ სომხეთის სახელმწიფოს აღდგენაზე ნამდვილად ფიქრობდნენ რუსეთში და რაკი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ტრადიციები დიდი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდა სომხეთს, ახალ ინფორმაციას ჰკრებდნენ – შერჩა თუ არა ხალხს საკუთარი სახელმწიფოს აღდგენის და მოვლის უნარი.
შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე თავადი გრ. ა. პოტიომკინი 1783 წლის მაისში ეკატერინე II-ს მოახსენებდა: «Не имев сие повеление вашего императорского величества я дал резолюцию генерал-порутчику Потёмкину об Ибрагим-хане Шушинском сближающую его к повиновению. Тут надлежит к рассмотрению, чтоб при удобном случае область его, которая составлена из народов армянских, дать в правление национальному, и чрез то возобновить в Азии христианское государство, сходственное высочайшим вашего императорского величества обещаниям данным чрез меня армянским меликам» (ЦГДА, фонд кн. Потёмкина, К – IX, д. № 32, ფურც. 110-111).
კავკასიის საქმეების ხელმძღვანელს პავლე პოტიომკინს კი ამაზე ასე მოძღვრავდა გრ. ა, პოტიომკინი: «Шушинского хана Ибрагима свергнуть должно, ибо после сего Карабаг составит армянскую независимую, кроме России, никому область. Вы тут употребите всё старание, чтоб новая сия область устроилась наивыгоднейшим образом для народа... Для пособия исполнению сего дела следует вам занять Дербент... Сим способом вы зближаетесь к Карабагу и им верное будет в Дербенте убежище» (А. Иоанесян, Россия и армянское освободительное движение в 80-ых годах XVIII столетия, გვ. 236).
სომხეთის სახელმწიფოს გარდა, განსაზღვრული იყო ალბანეთის სახელმწიფოს აღდგენაც. ალბანეთისათვის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი იყო ნავარაუდევი (იქვე, საბუთი № 60, გვ. 238). ამ ახალ სახელმწიფოებს ტერიტორიები პირველ რიგში ირანის სამფლობელოების ხარჯზე უნდა მიეღოთ, მაგრამ შემდეგ, როცა ჟამი დადგებოდა, თურქეთის კუთვნილი პროვინციებიც შემოუერთდებოდნენ (მაგალითად, სომხეთსა და საქართველოს). სპარსეთში შაჰობის პრეტენდენტ ალი-მურად-ხანთან გაგზავნილ რუსეთის წარმომადგენელს პოლკოვნიკ ტამარას ასეთი ინსტრუქცია ჰქონდა: «буде Али Мурат хан предполагает какое либо для себя завоевание на счёт Порты, но из того всемерно выключить должно во первых земли царя Имеретинскаго с его вассалами, второе, часть Армении, коя во владении турецком остаётся и которая натурально к своему корпусу присоединиться должна; и третье область Ахалцихскую, о коей цари карталинские мнят, что она им принадлежит» (იქვე, გვ. 282-282).
საქართველოს ვითარება, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა სომხეთისა და ალბანეთის მდგომარეობისაგან, აქ სამეფოები და სამთავროები არსებობდა და სახელმწიფოებრივი აპარატი ახლად შესაქმნელი არ იყო. მაგრამ პირველ რიგში მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს საკითხს იხილავდა რუსეთის დიპლომატია. ქართლ-კახეთის სამეფო თურქეთის კუთვნილად არასოდეს არ ითვლებოდა და ამდენად მასთან ურთიერთობა და მისი რუსეთის მფარველობაში მიღება ფორმალურად და იურიდიულადაც თურქეთს არ უნდა შეხებოდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის არქივში საკმაო ცნობები ინახებოდა, მაგრამ პოტიომკინს არ შეეძლო ძველი ცნობებით დაკმაყოფილებულიყო. მას ახალ ვითარებაში უნდა დაეწყო თავისი მთავრობის დავალების შესრულება და, ცხადია, ახალი ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა. 1782 წლის დეკემბერში იოსებ არღუთინიანისათვის საგანგებოდ კითხვა დაუყენებია: «... Я прошу Вашего преосвященства заметить мне, как далеко простирается союз грузинского царя Ираклия с армянскими, какую поверхность имеет он над теми ханами, кои прилежат приделам его земель, вся ли Карабагская провинция платит дань царю Ираклию и хан Шушинский подчинён ли ему и при том как велика сила войск царя Ираклия» (А. Иоанесян, Россия и армянское освободительное движение, გვ. 209). მეტისმეტად საინტერესოა ეპისკოპოს არღუთინიანის პასუხი: «... Ныне царь Ираклий сильняя всех ханов и владельцев персидских, и почитают его по шаха первою знаменитою особою. Владение его простирается кроме Грузии на Ганжу, Ериван и Нахичеван, а прочия начиная от Тавриза присылают ему все ханы, как сильнейшему их, из почтения и уважения ежегодно знатные дары, потому единственно, что после Шах Надыра он победил и поймал тех, которые покушались искать сего степени, причём царь Ираклий, имеет больше силы и владения, и больше может собирать войска из обитателей в горах Кавказских. Шушинский хан по неприступным местам его владения безопасен для нападения разных ему ханов, кроме царя Ираклия. Царь Ираклий может в нужное время выставить войска до 40 000 из грузинцов, армян и татар» (იქვე, გვ. 203). ასეთ ინფორმაციას უდაოდ მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს საკითხის გადასაწყვეტად. ბუფერული სახელმწიფოების შექმნის დროს ყველაზე ადვილად საქართველოს სამეფოს ფეხზე დაყენება წარმოუდგებოდა რუსეთის დიპლომატიას. გრ. პოტიომკინი ეკატერინე II-ს მოახსენებდა: «В Грузии жители время от времени начинают надёжнее становиться в своём состоянии, а когда помощию оружия вашего императорского величества укротятся лезгиня, тогда придёт Грузия в такую силу, что составит перевес против Порты. Сверх укрощения лезгин полезно придать грузинскому царю часть земли до моря Каспийского, которая с Дербентом в назначенные границы вашего императорского величества входит...» (ЦГДА, фонд кн. Потёмкина, К – IX, д. № 32, ფურც. 110).
1783 წლის 28 მარტს პეტერბურგში საგარეო საქმეთა კოლეგიის წვრებისა და ვიცე-კანცლერის მორიგი კონფერენცია შემდგარა, რომელზედაც სხვა საკითხებს შორის კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის მიზნები საბოლოოდ მოიხაზა. იგი ასე იყო ფორმულირებული: «Обладание Каспийским морем и союз с нами грузинцов и армян». საგარეო საქმეთა კოლეგიის საიდუმლო საბუთებს შორის დაცულ გრიგოლ პოტიომკინის წერილში კი, რომელიც მას ა. ბეზბოროდკოსათვის გაუგზავნია, ვკითხულობთ: «Касательно границ, полагаемых в стороне Персии я подал карту государыне, где оны назначены были. Сии границы нигде почти не касаются турецких земель, потому что мы займём только по Баку, Армения же Перситцкая, состоящая из Карабага и Карадага и царство Ираклиево примкнёт к турецкой Армении» (იხ. А. Иоанесян, Россия и армянское освободительное движение..., გვ. 68). აი როგორი გეგმით მოდიოდა მაშინდელი რუსეთი ამიერკავკასიაში და კერძოდ საქართველოში. ამიერკავკასიის ეს სახელმწიფოები რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ერთეულები უნდა ყიფილიყვნენ, მაგრამ იმავე დროს მასთან მეგობრულ ურთიერთობებში მყოფი. არავითარი თვალთმაქცობა ამიერკავკასიის გეგმაში არ მოჩანს. რა თქმა უნდა, თვითმპყრობელური რუსეთის დიპლომატია ქველმოქმედებას არ ისახავდა მიზნად, ბალკანეთსა და შავი ზღვის სრუტეებზე და ამიერკავკასიაში რუსეთის ბატონობა იგეგმებოდა როგორც «საბერძნეთის პროექტით», ისე ამიერკავკასიისათვის განკუთვნილი გეგმითაც. მაგრამ ჩამორჩენილი თურქეთის და ირანის მიერ შევიწროვებული ძველი და მაღალი კულტურის მქონე ამ ქრისტიანული ხალხებისათვის, ამავე დროს, უდიდესი მნიშვნელობის საქმეც კეთდებოდა. რუსეთის ორბიტაში მოქცეულ ამ სახელმწიფოების ხალხებს აღარ ექნებოდათ გათურქებისა და გასპარსების შიში და ნაციონალური განვითარების ფართო სარბიელი მიეცემოდათ.
აი ასეთ ვითარებაში დაიწყეს ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ და მისმა თანაგამზრახებმა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება 1782 წელს. მაგრამ როგორც ცნობილია, ამ შემთხვევაში ინიციატივა რუსეთს ეკუთვნოდა, თუმცა კი ქართლ-კახეთის მეფეს რუსეთის მფარველობაში შესასვლელად ზრუნვა ამაზე კარგა ხნით ადრე ჰქონდა დაწყებული. განვიხილოთ ქართლ-კახეთის მეფის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
თავი II
რუსეთზე ორიენტირების საკითხი ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკაში მე-18 ს-ში
ერეკლე II-ს, როგორც ქართლ-კახეთის მეფეს, რუსეთის სახელმწიფოსაგან მფარველობის სათხოვნელად ისტორიული და იურიდიული საფუძველი ჰქონდა. ცნობილია, რომ კახეთის მეფეებმა რუსეთის სახელმწიფოსთან მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობა, სხვა ქართველ ხელისუფლთაგან განსხვავებით, ყველაზე უფრო ადრე დაამყარეს.
კახეთის მეფემ ლევან გიორგის-ძემ მე-16 საუკუნის 60-იან წლებში მოსკოვის მეფესთან იოანე IV-თან დაკავშირება მოახერხა და დახმარება სთხოვა. ლევან მეფის თხოვნა დაემთხვა იმ დროის მოსკოვის სახელმწიფოს ინტერესებს და კახეთში რუსეთიდან კაზაკების დამხმარე რაზმი მოვიდა, რომელიც დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში იცავდა კახეთის ციხეებს. ჯერჯერობით გამოქვეყნებული საარქივო დოკუმენტების მიხედვით, არ ჩანს, რომ ლევან მეფის დროს მოსკოვ-კახეთის სამეფოთა პოლიტიკური დამოკიდებულების განმსაზღვრავი რაიმე იურიდიული საბუთი გაფორმებულიყოს იმ დროს არსებული წესით.
მაგრამ XVII საუკუნის რუსეთის საგარეო საქმეთა საგანგიოს დოკუმენტები კახეთის სამეფოს რუსეთის სახელმწიფოს მფარველობაში იურიდიულად მოქცევას ლევან მეფის დროიდან ანგარიშობენ. ჩვენს ხელთ არსებული ცნობებიდან კი საფიქრებელი ხდება, რომ საგარეო საქმეთა საგანგიოს ანგარიში უმთავრესად უნდა ემყარებოდეს არა ლევანის დროს გაფორმებულ იურიდიულ დოკუმენტებს, არამედ იმ დახმარების ფაქტს, რომელიც ლევანმა რუსეთიდან მეციხოვნე კაზაკების რაზმის კახეთში მოსვლით მიიღო.
კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში სათანადო წერილობითი დოკუმენტებით 1587 წელს გაფორმდა.
როგორი იყო მფარველობის დოკუმენტების გაფორმების წესი?
რუსეთის თვითმპყრობელობის დიპლომატია, შეარჩევდა თუ არა რუსეთის სახელმწიფოებრივი გეგმების რეალიზაციისათვის გამოსადეგ სუსტ პოლიტიკურ ერთეულს, იწყებდა მასთან მოლაპარაკებას დახმარების შესახებ და შესთავაზებდა მფარველობაში მიღებას სიუზერენ-ვასალის დამოკიდებულებით.
რუსეთის მფარველობაში შემავალი პოლიტიკური ერთეულის ხელისუფალს რუსეთში შედგენილ ერთგულების «ფიცის წიგნზე» უნდა მოეწერა ხელი და შემდეგ სათანადო ფიცის რიტუალი უნდა შეესრულებინა თავისი სარწმუნოების მიხედვით. ამ წესით გაფორმებულს საბუთს რუსები «крестоцеловальная запись»-ს უწოდებდნენ. საბუთზე ხელის მოწერასა და ფიცის რიტუალის შესრულებაზე რუსები ამბობდნენ: «правду дал, крест целовал»-ო. იმის შემდეგ, როცა ხელმოწერილი ფიცის წიგნი მიუვიდოდა რუსეთის ხელისუფალს, მფარველობაში შესული ხელისუფალის სახელზე დაიწერებოდა «წყალობის სიგელი», რომელსაც რუსულად «жалованная грамота» ეწოდებოდა. წყალობის სიგელს თვით რუსეთის მეფე აწერდა ხელს და ოქრობეჭედშეკიდული გამოეგზავნებოდა მფარველობაში შესულ ხელისუფალს. ფიცის წიგნი ინახებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა საგანგიოს არქივში, ხოლო წყალობის სიგელი ვასალის სახელმწიფო არქივში.
1587 წელს ასეთი საბუთებით გაფორმდა კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლა. ფიცის წიგნით ალექსანდრე კახთა მეფე ვალდებულებას კისრულობს ემსახუროს რუსეთის მეფეს და არ ჩამოცილდეს: «И служити мне и моим людем всею Иверскою землею великому государю Федору Ивановичу всея Руси и от него не отставати» (С. Белокуров, Сношения России с Кавказом...., вып. I, 1578-1613 гг., 1889, გვ. 29). რუსეთის მეფის წყალობის სიგელშიაც ალექსანდრეს მოაგონებენ: «И быти тебе Александру царю... и всей твоей Иверской земле в нашем жалованье под нашею царскою рукою и нам служити и прямити» (იქვე, გვ. 89).
მოსკოველი მეფე «წყალობას» კისრულობს თავისი სიგელით, ქართველი მეფე კი «სამსახურს» ფიცის წიგნით. მაგრამ რა ვადით განისაზღვრება მოსკოვ-კახეთს შორის დადებული ურთიერთვალდებულება? სანამდე არის ძალაში «ფიცის წიგნი» და «წყალობის სიგელი»? ეს საბუთები კონკრეტული წლებით განსაზღვრული არ არის. «ფიცის წიგნში» აღნიშნულია, რომ კახეთის მეფე სიკვდილამდე ერთგული უნდა იყოს რუსეთის მეფის: «...быти неоступну со всею своею Иверскою землею и во всем мне государю прямити по сей записи и д о \ с в о е г о \ ж и в о т а...» (С. Белокуров, Сношения России с Кавказом..., вып. I, 1578-1613 гг., 1889, გვ. 29). მაშასადამე ალექსანდრე კახთა მეფის სიკვდილამდე ძალაში უნდა ყოფილიყო ეს ფიცის წიგნი. მაგრამ შემდეგი ამბებიდან ვტყობილობთ, რომ ალექსანდრე მეფის მიერ ხელმოწერილი ფიცის წიგნი ძალაში იყო მანამ, სანამ თვით ალექსანდრე კახეთის ტახტზე იჯდა. როცა ალექსანდრე მისმა შვილმა დავითმა ტახტიდან გადააყენა და კახეთში თვითონ გამეფდა, მოსკოვის დიპლომატიამ დავით მეფესაც ფიცის წიგნზე ხელის მოწერა მოსთხოვა. ხოლო როცა ალექსანდრე მეფემ, დავითის გარდაცვალების შემდეგ, კახეთის ტახტი კვლავ დაიბრუნა, მოსკოვმა ალექსანდრეს ისევ ახალი ფიცის წიგნის გაფორმება მოსთხოვა. მაშასადამე ფიცის წიგნს ძალა აქვს სანამ ფიცის მიმცემი ტახტზე არის. ამავე დროს თუ მოსკოვის ტახტზე ცვლილება მოხდა, ფიცის წიგნი ამ შემთხვევის გამოც უნდა განახლდეს. მაგალითად, როდესაც გონებასუსტი თევდორე გარდაიცვალა და მოსკოვის ტახტს ბორის გოდუნოვი დაეპატრონა, ალექსანდრე კახთა მეფეს ახლა გოდუნოვის სახელზე «ფიცის წიგნის» გაფორმება და სათანადო რიტუალის შესრულება მოთხოვეს (იქვე, გვ. 334-335). კახელი პოლიტიკოსები საყვედურსაც კი გამოთქვამდნენ ასეთი გაუთავებელი საბუთების გაფორმებისა და რიტუალების შესრულების მოთხოვნის გამო.
ზემოთ აღნიშნული გვქონდა, რომ კახეთის სამეფოსთან გაფორმებული საბუთების ძალით რუსეთი კახეთის მეფისაგან «სამსახურს» მოითხოვდა. მაგრამ ჩვენ არ გაგვირკვევია, თუ რა იგულისხმება ტერმინ «სამსახურში» კონკრეტულად.
რუსეთის მეფის თევდორე ივანეს-ძის მიერ ბოძებულ «წყალობის სიგელში» გარკვევით არის აღნიშნული თუ ძირითადად რა უნდა გაუკეთოს თავის ახალ სიუზერენს ალექსანდრე კახთა მეფემ. «წყალობის სიგელში» ერთგან აღნიშნულია: «А которые будут князи и мурзы нашему царскому в-ву непослушны будут и к нашей отчине к Астрахани и Терскому городу не пристанут и в нашем жалованье быти не хотят Шевкал и черкаские и горские князя хто из них, и тебе Александру царю... на тех на всех наших непослушников... самому на них ходити и рат свой посылати и в нашу волю их к нашей отчине к Астрахани и Терскому городу под нашу царскую руку приводити... А которой будет наш недруг пойдет я нашей к Астрахани или к Терскому городу или людей своих пошлет – и тебе, Александру царю... нашей отчине Астрахани и Терскому городу помогати и против наших недругов стояти» (იქვე, გვ. 89). როგორც ვხედავთ, კახეთის მეფე თავისი ძალებით საჭირო შემთხვევაში რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, კავკასიის ფარგლებში უმთავრესად. როგორც ჩანს ასეთი სამსახურის საწინააღმდეგო კახეთში არაფერი ჰქონიათ, რადგანაც საშამხლო და თურქეთის სხვა კავკასიელი ვასალების წინააღმდეგ ბრძოლა თვით კახეთის ინტერესებსაც შეესაბამებოდა. და თუკი ამ საქმეში რუსეთიც წამოეხმარებოდა ჩრდილოეთიდან, კახეთის მიზნებიც სავსებით განხორციელდებოდა. ინტერესთა ასეთ დამთხვევას ჰქონდა ადგილი მე-16 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში და მოსკოვ-კახეთის მეგობრობაც ამან განაპირობა.
მაგრამ კახეთის მეფის «სამსახური» მარტო ზემოაღწერილით არ განისაზღვრებოდა. მოსკოველმა დიპლომატებმა კახეთის მეფეს მოთხოვეს: «...поминков по десяти агрумаков добрых, по 10 коней добрых, по пяти иноходцев, по пятидесят камок золотых кизилбашских з золотом и серебром лутчих, по десяти ковров з золотом и серебром и с шелки» («არგუმაკი» არაბული ჯიშის მერანს ეწოდება, ხოლო «ინოხოდეც» იორღა ცხენს). როცა კახეთში რუსი ელჩისაგან ქსოვილებისა და ხალიჩების გაგზავნის წინადადება მოისმინეს, ხალისით არ დათანხმებულან, მაგრამ რუსეთისათვის საინტერესო ქსოვილების რამდენადმე შემცირებული რაოდენობის გაგზავნაზე უარი არ უთქვამთ; კახელები აღნიშნავდნენ, რომ კახეთში ყიზილბაშური ოქროქსოვილები და ხალიჩები არ მზადდება და რამდენის შოვნასაც უცხოეთში შევძლებთ მოგართმევთო. ხოლო ჯიშიანი ცხენებისა და აბრეშუმის გაგზავნაზე ულაპარაკოდ დათანხმდნენ. ის გარემოება, რომ მოსკოვის ელჩებს, როცა კახეთში მოვიდოდნენ, აუცილებლად ადგილობრივი ცხენი უნდა შეეძინათ და წაეყვანათ, გვაფიქრებინებს, რომ მოსკოვში დიდად ფასობდა კახური ცხენი, იგი თვით მოსკოველი მეფისათვის სჭირდებოდათ. თვით რუსული ტერმინები «агрумак» და «иноходец» იმის მაჩვენებელია, რომ უძვირფასესი ჯიშის ცხენები იშოვებოდა იმ დროს.
რაც შეეხება აბრეშუმს, უნდა აღვნიშნოთ, რომ მასზე დიდი მოთხოვნილება იყო მთელ ევროპასა და რუსეთშიაც. როგორც ცნობილია, აბრეშუმი რუსეთში არ მოდიოდა. ირანთან სავაჭრო ურთიერთობა სახიფათო გზების გამო გართულებული იყო, კასპიის ზღვის გაყოლებით არსებული თურქეთის ვასალები თავისი სიუზერენის კარნახით რუსეთისაკენ მიმავალ ვაჭრებს ძარცვავდნენ და არ უშვებდნენ. და თუკი კახეთიდან აბრეშუმის მიღება მოხერხდებოდა, ეს მეტად მნიშვნელოვანი შენაძენი იქნებოდა. მოსკოვის დიპლომატია ხედავდა, რომ კახეთი ის ქვეყანა იყო, სადაც ძვირფას ირანულ და თურქულ ქსოვილებს, აგრეთვე ადგილობრივი წარმოების ძვირფას ნედლეულს «მოსაკითხის» სახით (ფაქტიურად ხარკის სახით) თითქმის მუქთად მიიღებდა. კახეთი მაშინ ირანსა და თურქეთსაც ხარკს აბრეშუმით უხდიდა – ყოველწლიურად 50 საპალნე აბრეშუმი იგზავნებდა ამ ქვეყნებში. ამის შესახებ მოსკოვში ცნობა მიღებული ჰქონდათ (Веселовский, Памятники дипломатич. и торговых снош. московской Руси с Персией, т. I, გვ. 276). და თუ კახეთი ირან-თურქეთის ამ ხარკისაგანაც განთავისუფლებოდა რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ, აბრეშუმის ნედლეულის მოსკოვში გატანა გაორკეცდებოდა.
ვასალად ნაფიც კახეთის ვალდებულებებზე («სამსახურზე») მკითხველის ყურადღება იმისათვის შევაჩერეთ, რომ მე-18 საუკუნის «მფარველობითი ტრაქტატის» მუხლების ისტორიულ საფუძველზე მართებული წარმოდგენის შექმნისათვის წინა საუკუნეების მასალის გათვალისწინებაა საჭირო. მაგრამ ამის შესახებ ქვემოთ.
ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ «ფიცის წიგნი» უნდა განახლებულიყო ვასალისა და სიუზერენის ტახტებზე მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე ხდებოდა «წყალობის სიგელების» განახლებაც. ალექსანდრე II-დან მოკიდებული კახეთის მეფეები სასახლის არქივში ინახავდნენ რუსეთის მეფეების მიერ ბოძებულ «წყალობის სიგელებს». თეიმურაზ I-ს მიხეილ თევდორეს-ძის მიერ ბოძებული სიგელის განახლება მოუთხოვია მოსკოვში ყოფნის დროს. საბუთში ვკითხულობთ: «А как-де в прошлом 166 году приехал к нам... царскому величеству, он царь Теймураз Давидович, бити челом о своих делах и подал нам великому г-д~рю отца нашего блаженные памяти великого г-р~ря ц~ря великого князя Михаила Феодоровича всея великия России самодержца, тое жалованную грамоту, какова ему царю Теймуразу Давидовичу дана в прошлом 140 году, и чтоб нам великому г-д~рю, тое отца нашего блаженные памяти великого г-д~ря жалованную грамоту велеть переписать на наше г-д~рское имя, для утверждения ему, царю Теймуразу, и всей грузинской земли» («საისტორიო მოამბე», VI, 1952, გვ. 135).
განახლებული სიგელი ალექსი რომანოვის ხელრთვით და ოქრობეჭდით თეიმურაზს მიუბოძეს და სამშობლოში გამოისტუმრეს. თეიმურაზის დაბრუნების შემდეგ, როგორც ცნობილია, საქართველოში დიდი უბედურება დატრიალდა. იმერეთში, სადაც თეიმურაზი თავს აფარებდა, შინაბრძოლა დაიყო. თეიმურაზი იძულებული შეიქნა სპარსეთის შაჰთან გამოცხადებულიყო. მოსკოვში კი იმ დროს იმყოფებოდა იქვე აღზრდილი თეიმურზის შვილიშვილი ერეკლე ბატონიშვილი. როგორც ჩანს, თვით თიმურაზთან შეთანხმებით, საქართველოს მაღალ წრეებში გადაწყდა ერეკლე ბატონიშვილის რუსეთიდან გამოწვევა. თეიმურაზი კი იმ ხანებში სპარსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა. რუსეთიდან საქართველოსაკენ მომავალ ერეკლე ბატონიშვილს (რომელსაც რუსეთში ნიკოლაის უწოდებდნენ, იხ. ისტორიის ინსტიტუტის «მიმომხილველი», II, 1951, გვ. 121-122) რუსეთის მეფისათვის, ალექსი რომანოვისათვის, თხოვნა მიურთმევია – თეიმურაზს რომ წყალობის სიგელი უბოძეთ, ჩემს სახელზე გადაწერეთ, განმიახლეთ და გამატანეთო. ერეკლე ბატონიშვილის ეს თხოვნა შეწყნარებულ იქნა და მას სათანადო წესით გაფორმებული მფარველობითი «წყალობის სიგელი» უბოძეს. რუსეთის მეფის სიგელში ვკითხულობთ: «А ныне де по нашему великого г-д~ря указу, а по его челобитию, велено его царевича Николая Давидовича, отпустить с Москвы в свою землю; а в челобитной его написано: воспитан он, царевич, при нашей царского величества пресветлой милости и желает впредь быть у нас, г-д~ря нашего царского величества, в подданстве наипаче прородителей своих, прежних царей, и чтоб нам великому г-д~рю... пожаловать ево, подданного нашего... царевича Николая Давидовича; велеть дать нашу... жалованную грамоту за золотою печатью, против деда его... Грузинского царя Теймураза Давидовича» (ი. ცინცაძე, იხ. «საისტორიო მოამბე», VI, 1952, გვ. 135-136).
ეს სიგელი კახთა მეფეების არქივსაცავში მე-18 საუკუნეშიაც ინახებოდა. 1736 წელს თეიმურაზ II, მაშინ კახეთის მეფე, რუსეთის დედოფალს ანა ივანეს ასულს სწერდა: «ნეტარ ხსენებულს დიდებულს, ხელმწიფეს პაპა თქვენს მამის ჩემის მეფის ნიკოლოზისათვის (ერეკლე I-თვის) რომ ოქროს ბეჭდით ულუფისა და წყალობის წიგნი უბოძებია მე მაქვს და ჩემი ქრისტიანობის იმედი ეს არის და ის წიგნი ახლა მანდ მომირთმევია და იმ ოქროს ბეჭდით დაბეჭდილი სარგუჩი მანდ გვიახლებია, ამ წყალობის წიგნი მანდაც თქვენს ბედნიერს კარზედ იქნების, დავთარში გამოჩნდება...» (М. Броссе, Переписка, на иностранных языках, грузинских царей с Российскими государями..., 1861, გვ. 209). როგორც ჩანს, ერეკლე ბატონიშვილისადმი ბოძებულ «წყალობის სიგელის» ოქრობეჭდის დედნის გაგზავნა, სახიფათო გზების გამო, ვერ გაუბედიათ და ლუქის ანაბეჭდი გაუგზავნიათ.
1752 წელს თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ რუსეთში ელისაბედ I-ის კარზე გაგზავნეს ელჩები ათანასე თბილელი და სიმონ მაყაშვილი. პირველი ქართლის მეფის თეიმურაზის წარმომადგენელია, ხოლო მეორე (მაყაშვილი) – კახეთის მეფის ერეკლესი. ელჩებისათვის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირთა მისამართით წერილები გაუტანებიათ ქართველ მეფეებს. ელჩებს, ამას გარდა, ალექსი რომანოვის მიერ ერეკლე ბატონიშვილისადმი 1674 წელს ბოძებული «წყალობის სიგელის» პირი მიჰქონდათ, რუსული ენის კარგი მცოდნის მიერ გადაწერილი. სიგელის პირს ბოლოში თეიმურაზ II-ის და ერეკლე II-ის ხელრთვა უზის ნიშნად იმისა, რომ გადანაწერი პირი სახელმწიფოს არქივში დაცული დედნიდან არის ნამდვილად გადაწერილი.
ელისაბედ I-სადმი გაგზავნილ წერილში თეიმურაზ II და ერეკლე II სწერენ: «ოდესმე მის დიდებულებისა სანატრელისა პაპისა შენისა ალექსი თეოდორესისა მიერ მამასა ჩვენსა მ ე ფ ი ს | შ ვ ი ლ ს ა | ნ ი კ ო ლ ა ს | დ ა ვ ი თ ი ს ს ა მოეღო მრავალ მოწყალებისა მამისა მიერ წიგნი შეწყალებისა ოქრობეჭდოვანი, რომლისა გარდაღებული პირიცა მისი გვიწინაშებიეს და რაიცა აღვგვეთქვა ჟამსა მას მსახურება ყ~დ დიდებულებისა მათისა და თანამდებობისა ჩვენისაებრ მასზე ზედა ვჰგიეთ მტკიცედ»-ო (იხ. «საისტორიო მოამბე», VI, 1952, გვ. 141). ქართველი მეფეების წერილის ზემომოტანილი ადგილი დიპლომატიური თავაზიანობით არის შედგენილი. აქ ქართველი მეფის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე არის საუბარი, მაგრამ ამით რუსეთსაც თავისი ვალდებულებების შესრულებაზე მიუთითებენ, რომელიც ერეკლე ბატონიშვილისადმი ბოძებულ «წყალობის სიგელის» გარკვეულ ადგილას არის მოცემული: «... а нам великому г-д~рю... и нашим государским детям и наследникам, впредь ево царевича Николая Давидовича, и внучат ево, и наследников, которые у них впредь будут, их людей и всю Иверскую землю держати под нашею высокою рукою... в жаловании и оберегании, смотря по их службе и правде» (იქვე, გვ. 139).
მაშასადამე, ჩვენს ხელთ არსებული საბუთებიდან ირკვევა, რომ 1752 წლის ელჩობით ქართლისა და კახეთის მეფეები რუსეთის დედოფლის წინაშე წინადადებას აყენებდნენ იმ პოლიტიკური დამოკიდებულების განახლების შესახებ, რომელიც სათანადო აქტებით გაფორმდა მე-17 საუკუნეში კახეთის მეფე თეიმურაზ I-სა, ერეკლე (ნიკოლოზ) I-სა და მიხეილ და ალექსი რომანოვებს შორის. და რომ რუსეთის სამეფო კარისათვის ცნობილი ყოფილიყო თუ რა ნათესაური დამოკიდებულება არსებობდა მე-17 საუკუნის ქართველ ბატონიშვილს – «ნიკოლოზ» დავითის ძესა და მე-18 საუკუნის მეფეებს თეიმურაზ და ერეკლეს შორის, მოსკოვში გაგზავნილი წერილების შესავალში რუსული წესით წერენ: «მეფე ქართლისა თეიმურაზ ნიკოლასი და მეფე კახეთისა ირაკლი თეიმურაზისა...» (იხ. «საისტორიო მოამბე», VI, 1952, გვ. 140-141).
თუ როგორ წარიმართა ეს ელჩობა და რა შედეგი მოუტანა ქართველ მეფეებს, ამის შესახებ საგანგებო გამოკვლევა და საარქივო საბუთებიც გამოქვეყნებულია და ახლა აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ, როცა ერეკლე II მე-18 საუკუნის 70-იან წლებში რუსეთის სამეფო კარზე უაღრესად ავტორიტეტულ ელჩებს გზავნიდა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის მუდმივი მფარველობის მოსაპოვებლად, მას ისტორიული და იურიდიული საფუძველი ჰქონდა. იგი ამ საფუძვლებს კარგად იცნობდა და ამის შესაბამისად მოქმედებდა. სათანადო საბუთების განხილვა ამაში სავსებით დაგვარწმუნებს.
ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ რუსეთის მფარველობაში შესვლის პირობების დამუშავება და ელჩების მომზადება 1771 წელს განაახლა. როგორც ჩანს, ქართველი პოლიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ 1771-სა და მომდევნო წელს ხელსაყრელი სიტუაცია იყო დასახული მიზნების განსახორციელებლად. მართლაც 1768-74 წლებში რუსეთ-თურქეთის ომი მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, ამ ომში საქართველოს სამეფო-სამთავროებიც გამოვიდნენ რუსეთის მხარეზე და შესაძლებლობის პირობებში მათ არაერთი სახელოვანი ბრძოლა გადაიხადეს. როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგია, ეკატერინე II-ის დასტურით, ქართველებს რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობის მისაღებად იწვევდა, 1769 წელს ნ. პანინი ერეკლე II-ს სწერდა: «Из высочайших граммат, ныне к вашей светлости посылаемых, с подробностию усмотреть изволите о всемилостивейшем ея имп. в~ва монаршем к вам благоволении и о подаваемом точном обнадёживании утвердить безопасность и благосостояние Грузии самым прочным образом, когда сия область в пользу всего христианства, а не меньше в собственную свою, ныне против Порты оттоманской себя употребит. К приобретионному по справедливости вашею с~ью славному имяни «защитника отечества» присовокупите вы славнейшее «избавителя» доставлением Грузии высочайшего ея имп в~ва покровительства» (А. Цагарели, Грамоты и др. ист. док... т. I, გვ. 79-80). მართალია, მოტანილ ტექსტში არავითარი განმარტება არ არის თუ რას ნიშნავს და როგორ ჰქონდათ გათვალისწინებული ეკატერინე II-ის მფარველობა საქართველოზე, მაგრამ ქართველი დიპლომატები გულისხმობდნენ, რომ მფარველობის კონკრეტული პირობები შემდეგ დამუშავდებოდა, რაკი საკითხი პრინციპულად გადაწყვეტილი ჩანდა. 1771 წელს რუსეთ-თურქეთს შორის სამი წლის ბრძოლის შემდეგ ქართველი პოლიტიკოსებისათვის სავსებით ნათელი გახდა, რომ თუმცა თურქეთი ბრძოლას კიდევ აგრძელებდა, მაგრამ იგი არსებითად უკვე წაქცეული იყო. საქართველოში რუსეთიდან და სხვა მხარეებიდან ზუსტი ინფორმაცია მოდიოდა თურქეთის მარცხის შესახებ. ერეკლე II 1771 წელს სპარსეთის იმდროინდელ პატრონს (ვექილს) ქარიმ-ხან-ზენდს რჩევა-დარიგებას თავაზობდა – დროა თურქეთს სპარსეთმაც შეუტიოს და ძველი ანგარიშები გაასწოროსო. და რომ ირანელები საამისოდ ხასიათზე მოსულიყვნენ, ქარიმ-ხანს ასეთ ინფორმაციას აწვდიდა: «По известной моей преданности не могу премянуть донесть вашему высочеству какие по достоверным известиям российскими войсками при одержании над турками шести или семи знатных побед, завоеваны их государства, а именно: на сухом пути 1-ое Молдавское государство, Булгары тож со всеми принадлежащими в оном городами и уездами. 2-ое государство Волоское со многими в оном... государство Бухарест... Также флот российской подошёл к Дарданелям... Какиеж впред ещё в получении мной будут ведомости, не оставлю вашему в~ву донести» (იხ. «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», ნაკვეთი 32. ისტორიის ინსტ. გამოც. გვ. 146. ჩვენ ერეკლეს წერილის მხოლოდ რუსული თარგმანი ვიპოვეთ რუსეთის არქივში და გამოვეცით). ეს ინფორმაცია არსებითად გადაჭარბებულს არაფერს შეიცავდა და, თავისთავად ცხადია, ქართველ დიპლომატებს შეეძლოთ ევარაუდნათ, რომ რუსეთის მფარველობაში ქართლ-კახეთის სამეფოს შესვლა შეუძლებელს არაფერს შეიცავდა. დამარცხებული თურქეთი საზავო ხელშეკრულების დადების დროს რუსეთს საქართველოს საკითხის გამო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, თუკი, რა თქმა უნდა, თვით რუსეთი ამას მოიწადინებდა.
ამიტომ საქმე ისე უნდა წარმართულიყო, რომ რუსეთი თვით დაინტერესებულიყო ქართლ-კახეთის სამეფოს თავის მფარველობაში მიღებით. სწორედ ეს მომენტი არის გათვალისწინებული და რუსეთის საქართველოთი დაინტერესების თვალსაზრისით არის წარმართული 1772-73 წლების ელჩობა რუსეთში ქართლ-კახეთის სამეფოდან. როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის მფარველობაში მისაღებად ელჩობის მზადება 1771 წელს დაწყებულა. ჩვენ არ ვიცით იმ თათბირის შემადგენლობა, რომელზედაც ერეკლე II-ის ხელმძღვანელობით რუსეთის მფარველობაში შესვლა ირჩეოდა, მაგრამ რომ ეს საკითხი ერთერთ მნიშვნელოვან სახელმწიფიებრივი მნიშვნელობის ღონისძიებად იყო მიჩნეული, იქიდანაც ჩანს, რომ ამ საქმის გამო რუსეთში იმ დროის აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზედ განათლებული და საქმიანი პირები – ანტონ კათალიკოსი და ლეონ ბატონიშვილი – გაიგზავნენ.
1771 წლის დეკემბერში ელჩობასთნ დაკავშირებული ყოველი საკითხი დამუშვებული ყოფილა. 30 დეკემბრის თარიღით თვით ერეკლეს დაუწერია წერილი ეკატერინე II-ის მიმართ. მზად იყო წერილები რუსეთის სამეფო კარზე დაწინაურებული მოღვაწეების მისამართითაც. 1772 წლის 5 იანვარს ელჩები თავისი ამალით (60 კაცი) საქართველოდან გაემგზავრნენ და 6 მარტს ასტრახანში მივიდნენ (А. Цагарели, Грамоты и другие ист. док..., II вып., т. I, გვ. 88). როგორც ასტრახანელი გუბერნატორის მოხსენებიდან ჩანს, ქართველი ელჩები ასტრახანში პატივით მიუღიათ, მაგრამ შემდეგ მეტისმეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილან. რუსეთის სამეფო კარი ყალბი ინფორმაციის შედეგდ ამ დროს ქართველ მეფეებზე მწყრალად ყოფილა. ქართველების მონაწილეობა მიმდინარე ომში მათ არ აკმაყოფილებდათ. საქართველოში რუსეთიდან გამოგზავნილი უნიჭო და უხეირო გენერლების – ტოტლებენისა და სუხოტინის უთავბოლო და ანგარებითი საქმიანობა და ამის გამო მიღებული არადმაკმაყოფილებელი შედეგები ქართველ მეფეებს გადაბრალდა და, სანამ რუსეთიდან ამ საქმეების გამომძიებლად გამოგზავნილი კაპიტან იაზიკოვის მოხსენებითი ბარათი პეტერბურგში მიუვიდოდათ, რუსეთის სამეფო კარზე ისეთი აზრი იყო შემუშავებული, რომ ქართველ მეფეებთან წინანდელი ურთიერთობის გაგრძელება საჭირო აღარ იყო (იქვე, დოკ. 1, გვ. 368-369).
კაპიტან იაზიკოვის მოხსენებითმა ბარათმა გენ. ტოტლებენის ავანტიურისტული საქმიანობა გამოამჟღავნა და იგი საქართველოდან გაიწვიეს, მაგრამ მის ნაცვლად გამოგზავნილი გენ. სუხოტინიც არ აღმოჩნდა უკეთესი. საქართველოში მყოფი გვარდიის კაპიტნის ლვოვის მოხსენებითი ბარათები ამას ცხადჰყოფენ. მაგრამ სანამ ეს საქმეები განიხილებოდა, პეტერბურგში ქართველ ხელისუფლებზე უკმაყოფილება სუფევდა, მომხრეები ტოტლებენსაც აღმოუჩნდა სამეფო კარზე და სუხოტინსაც.
ასეთ ვითარებაში ასტრახანში მისული ქართველი ელჩები, პეტერბურგიდან მიღებული მითითებების თანახმად, ასტრახანშივე დატოვეს. ასტრახანელ გუბერნატორს ატყობინებდნენ პეტერბურგიდან: «... в ожидании возвращения здешнего войска и происходящих из того дальнейших следствий в поведении Ираклия и протчих грузинских владетелей, небезполезно... продержать сего Ираклиева сына с каталикосом в Астрахани для того, чтоб, соображаясь с тогдашним временем, возможно было взять их сюда, ежели Ираклий некоторое... уважение и ещё заслуживать будет, или же, в противном тому случае, приказать им в своё отечество возвратиться, но с точным из’яснением тех причин, по коим ко двору ея имп. в~ва допущены не будут» (А. Цагарели, Грамоты..., т. I, გვ. 369). ქართველ ელჩებს კი, სანამ მათი შემდგომი მგზავრობის სკითხი გადაწყდებოდა, პეტერბურგისაკენ გამგზავრების შეფერხების სხვა მიზეზი უთხრეს – ჯერ გაზაფხულის გამო ცუდი გზები, ხოლო შემდეგ მოსკოვის მიდამოებში გავრცელებული ეპიდემია. გუბერნატორს აგრეთვე მიუთითეს, რომ ელჩებს პატივისცემა არ მოკლებოდა და არ მოწყენოდათ. მიუხედავად პატივისცემისა, ქართველი ელჩები მოთმინებიდან გამოსულან, ისინი დაეჭვებულან ასტრახანელი გუბერნატორის ნ. ბეკეტოვის კეთილსინდისიერებაში, ფიქრობდნენ თურმე, რომ გუბერნატორი არ ატყობინებდა სამეფო კარს მათ ასტრახანში ჩამოსვლას და პეტერბურგში გამგზავრების სურვილს (იქვე, გვ. 365).
მეტისმეტად მწვავედ განიცდიდა თურმე ასტრახანში ხანგრძლივად დარჩენას ლევან ბტონიშვილი. გუბერნატორი ბეკეტოვი სწერდა ცენტრში: «... особливо царевич, по молодости своей, желая видеть свет, недопущением сим крайне скучает по том печалитца» (იქვე). არა გვგონია, რომ აქ მოხსენებულ ქართველ ელჩს პეტერბურგის ბრწყინვალე საზოგადოების ნახვის დაგვიანება აწუხებდა. ლევნ ბატონიშვილი სახელმწიფო საქმეებში ჩაბმული ჰყავდა თავის მშობელს, ერეკლე II-ს, და უმად ყოფნას ვერ იტნდა. იგი მთელი წლის განმავლობაში ასტრახანში უსაქმოდ ყოფნის გამო თავმობეზრებული, 1772 წლის 24 ოქტომბერს კათალიკოსთან ერთად ნ. პანინს სწერდა: «აქამომდე აქა მყოფნი არა მცირედსა შინა მწუხარებასა და სიმწარესა, რომელ ვითარცა ტყუენი ვიმყოფებით დაკლებულნი მამულისაგან ჩუენისა და ვერ მიწთომილნი სრულყოფად კომისიისა, რომელიც გვრწმუნებიეს მეფისა ირაკლისაგან, მრავალი საქმენი თანანადებნი ჩვენნი მამულსა შინა ჩვენსა განსაგებელნი ჩვენგან, რომელიცა საჭიროდ თანაგუაქს, მდგომარეობენ ვერ მიწევნითა დასასრულისათა, და აქა ჩვენ ყოვლითურთ მოცლილნი, უქმად მყოფნი მივცემულ ვართ, ჰაერისა სიმძიმეთა ვერ შემწყნარებელნი...» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. 1, გვ. 88).
1772 წლის იანვარში საქართველოდან გამგზავრებული ელჩები მხოლოდ 1773 წლის იანვარში ღებულობენ პეტერბურგში გამგზავრების ნებართვას. 1773 წლის 24 აპრილს საგარეო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელს მოხსენებითი ბარათი მიართვეს ელჩებმა. სწორედ ამ მოხსენებით ბარათსა და ერეკლე II-ის ეკატერინე II-ისდმი 1771 წლის 30 დეკემბრის თარიღით დაწერილ წერილშია ჩამოყალიბებული ის პირობები, რომლებითაც რუსეთის მფარველობაში შესვლა სასურველი იქნებოდა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის. ეს საბუთები გამოცემული აქვს პროფ. ალ. ცაგარელს (А. Цагарели, Грамоты и др. ист. д. ..., т. II, вып. 1, გვ. 83-84 და 90-92).
ორივე საბუთში საქართველოსათვის სასურველი პირობები ერთნაირად არის ჩამოყალიბებული, მხოლოდ აზრის დალაგებისა და სათანადო მუხლების განმარტების მხრივ ანტონ კათალიკოსისა და ლევან ბატონიშვილის მოხსენებითი ბარათი უფრო ვრცელი და უკეთ გამართულია. მოხსენებითი ბარათი უდაოდ ანტონ კათალიკოსის შედგენილი უნდა იყოს.
პირველ რიგში მართებული იქნება განვიხილოთ ის, თუ რა სურს ერეკლე II-ს და მის გარშემო მყოფ მოწინავე ქართველთა წრეს და რას გამოელის მე-18 საუკუნის საქართველო რუსეთის მფარველობისაგან. საბუთის შესავალში წერია: «მისის იმპერატორობის დიდებულებისაგან უ~დ უქვემოესად ითხოვს მეფე ჩვენი, რომელ განვთვისუფლდეთ აწვე წარმართთაგან, და როგორც უკაზით ებრძანა მეფესა ჩვენსა საქართველოსი მფარველობასა შინა თვისისა დიდებულებისასა მიღება, რომ ბრძანებული ესე აღსრულდეს» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. 1, გვ. 90). მაშასადამე ქართველი ელჩები მოაგონებენ რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელს ნ. პანინს, რომ მფარველობაში აყვანა რუსეთის ხელმწიფის შეპირება არის და ეს ბრძანებული უნდა აღსრულდეს. ახლა ქართველი ელჩები ძველ წყალობის სიგელზე კი აღარ მიუთითებენ, არამედ ახალი შეპირების განახლებას ითხოვენ.
მაგრამ ერეკლე II-ის წერილში, რომელიც ეკატერინე II-ს მიართვეს ელჩებმა, აღნიშნულია, რომ რუსეთის მეფეები წინადაც ჰპირდებოდნენ ქართველ მოღვაწეებს მტერთაგნ დაცვას და გამოხსნას: «მოწყალეო ჴელმწიფეო, რომელიც წინაპართა ჩამომავლობათა ჩვენთა სუროდა, ვინაიდგან ვიმყოფებით იმ დროსა შინა, რომელიცა აქვს ყოველთა საქართველოსა გამოხსნისა ღირსად დიდებით ჴსენებულთა დიდთა ჴელმწიფეთაგან მოცემული იმედი» (იქვე, გვ. 80).
რაში უნდა გამოიხატოს რუსეთის მფარველობა? საბუთში პირველ რიგში აღნიშნულია: «მოეცეს ჯარი, კაცი რიცხვით ოთხი ათასი რეგულარნი და ნახევარი ურეგულო, საკუთრად ჩვენს მხარეზედ, რათა ებრძოდენ ესენი და მეფე ჩვენი ზოგად ჩვენის მხრიდამ ოსმალთა, და როგორც მეფე ჩვენი ისმენდეს ამა თქმულის კორპუსის კამანდირისას, ეგრეთვე კორპუსის კამანდირიც ისმენდეს ჩვენის მეფისას, ვითარცა იქურთა საქმეთა გამოცდილისას» (იქვე, გვ. 91). მაშასადამე, ქართლ-კახეთის მეფის განკარგულებაში უნდა ინეს 4 ათასი კაცისაგან შემდგარი კორპუსი თავისი სარდლით. რუსი სარდალი თავის მოსაზრებებს აცნობს ქართველ მეფეს ბრძოლის დროს და მეფე ამას ანგარიშს უწევს, მაგრამ სარდალიც ვალდებულია ქართველი მეფის რჩევას უსმინოს და ამით იხელმღვანელოს, რადგანაც მეფე ადგილობრივი საქმეების უკეთესი მცოდნეა. ამასთანავე, ქართველი დიპლომატები, ითვალისწინებენ რა ჯრის შესანახ ხარჯებს, ითხოვენ: «როდესც კორპუსი ჩვენს ქვეყანაში გარდმოვა, ამისათვის ხაზინიდან თეთრი მიეცეს სესხათ, და ჩვენის ჯარისთვისაც სესხადვე, და ისევ ხაზინისა მიმართ უკუიზღვიოს მეფისაგან ჩვენისა» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. 1, გვ. 91). სესხის ოდენობა კონკრეტულად ნაჩვენები არ არის არც ვარაუდით, იმიტომ რომ ჯერ პრინციპულად უნდა გადაწყდეს სესხის საკითხი და თუ იგი დადებითად გადაწყდა, სესხის ოდენობას თვით ხარჯის მოცულობის აღნუსხვა გადაწყვეტს.
რუსეთის მფარველობაში შესული ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი გეზიც მოცემულია ქართველი ელჩების მოხენებით ბარათში. რუსეთის კორპუსით გაძლიერებული ქართლ-კახეთის სამეფო თავდაცვაზე კი არ გადადის, არამედ ირანსა და თურქეთს შეუტევს: «როდესაც იმისის დიდებულების კორპუსი გარდმოვა ჩვენს ქვეყანაში და იმათის შეწევნით სხვის ადგილების დაპყრობამდენ... არ დაშთეს ამის გამო გრძლად დაუპყრობლად ქვეყანა ახალციხისა, რომელიც ჩვენი ადგილი იყო, და თუ შერიგება იქნება, მაშინაც თურქის სახელმწიფოდ არ დარჩეს, არამედ გამოერთვას, რადგან საქართველოს მიწა არის და მრავალნი ქრისტიანენი არიან მას შინა, და ყოველს წელიწადს მძლავრობით მახმადიანად მრავალს გადააქცევენ» (იქვე, გვ. 92). ამას გარდა, ძველი კახეთის ტერიტორიიდან მონატაცებ პროვინციების დაბრუნებასც გეგმავს მეფე: «თუ კახეთის მამულები, რომელიც წართმეული აქვს, დაიპყრობს ბედნიერებითა დიდებულებისა მისისათა...» (იქვე). როგორც ვხედავთ, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ საზღვრებში აღდგენას გეგმავს ქართლ-კახეთის სამეფოს დიპლომატია რუსეთის მფარველობაში შესვლის წინ. მას აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოების იმედი აქვს. სპარსთა და თურქთა ძალმომრეობისაგან უნდა გამოხსნილ იქნას არა მარტო მაშინდელი ქართლ-კახეთი, არამედ ისტორიული საქართველოც. ეს ტერიტორია კი მთლიანად ქართველი მეფეების სამფლობელო იქნება, ვინაიდან ეს რუსეთის მფარველობაში ქართლ-კახეთის სამეფოს შესვლის ერთი მთავარი პირობაა, რომელიც რუსეთის ხელმწიფემ უნდა დაიცვას: «რათა ეგოს მეფობაჲ ქართლისა და კახეთისა უცვალებელად, ვითარცა პირველ ყოფილა და აწ არს, მაგრა მორჩილებასა ქვეშე და მსახურებასა მისის იმპერატორობის დიდებულების რუსეთის მონარქისასა» (იქვე, გვ. 91). საქართველოს ეკლესიაც დამოუკიდებელი რჩება თავისი პატრიარქით: «ეგრეთ კათოლიკოზიცა ეგოს განწესებასავე შინა თვისსა უცვალებელად» (იქვე).
ახლა საჭიროა იმის განხილვა, თუ რით უნდა დაინტერესებულიყვნენ რუსეთის მესვეურნი საქართველოს სამეფოს მფარველობაში მიღებისას. ზემოაღნიშნული პირობების მიხედვით მფარველობის გაწევა ქველმოქმედების საფუძველზე ხომ არ მოხდებოდა, რუსეთის სახელმწიფოს რა სარგებელი ექნებოდა?
ქართველი ელჩების მოხსენებით ბარათში ასე იწყება რუსეთისათვის გათვალისწინებული მუხლები: «ესე ვით არის, წყალობაებისა ჩვენისათვის, ნიშნად მადლობისა მოართმევს დიდებულებასა მისსა მეფე ჩვენი ძესა თვისსა რომელსამე და ეგრეთვე რაოდენთამე კნიაზთა, და აზნაურთა შეძლებისამებრ მისისა» (ი. ცინცაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის წარსულიდან, იხ. საქართველოს მეცნ. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. I, 1955, გვ. 245-270).
ასეთი აქტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთისადმი ერთგულების აღმნიშვნელი საწინდარი იქნებოდა, მაგრამ საინტერესოა რატომ ფიქრობდნენ ქართველი დიპლომატები, რომ ასეთი საწინდარი რუსეთის ხელისუფლებას რაიმე მხრით დააკმაყოფილებდა? თურქეთში და ირანში რომ მძევალი მიჰყავდათ საქართველოდან ერთგულების ნიშნად, ეს ცნობილი ფაქტი არის და ამაზედ სიტყვის გაგრძელება აქ საჭირო არ არის. მაგრამ აქ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ქართველ მფლობელებს არც თურქეთის და არც სპარსეთის ხელქვეით ყოფნა არ სურდათ, პირიქით, განუწყვეტლივ ებრძოდნენ მათ და მხოლოდ დამარცხების შემდეგ აძლევდნენ მძევალს ქართველი მეფის ოჯახიდან, რათა ამ უკანასკნელს კვლავ მორჩილებიდან გამოსასვლელად ბრძოლა არ დაეწყო და დამამცირებელი ბატონობა აეტანა.
ჩვენ აქ კატეგორიულად უნდა განვაცხადოთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის 300 წლის ისტორიაში არ ყოფილა ისეთი ფაქტი, რომ რუსეთის მეფეს და მის დიპლომატიას ქართველ მეფეებთან მოლაპარაკების დროს ქართველი მეფის ოჯახის წევრის, ვითარცა მძევალისა და ამანათის სახით მოსკოვში წაყვანის საკითხი წამოეჭრათ საკუთარი ინიციატივით. რუსეთის დიპლომატია ქართველ ხელისუფალთაგან მხოლოდ ერთგულების «ფიცის წიგნზე» ხელის მოწერას და სათანდო ქრისტიანული ფიცის რიტუალის შესრულებას მოითხოვდა. ვინაიდან ამ საკითხს ჩვენ ერთერთ წერილში საგანგებოდ შევეხეთ, ახლა აქ ამ მასალის განმეორებას თავს ვარიდებთ, მხოლოდ ერთ საკითხზე ისევ შეჩერება მოგვიხდება.
ცნობილი არის, რომ მე-17 საუკუნის შუა წლებიდან, თითქმის მთელი 20 წლის განმავლობაში, ქართველი ბატონიშვილი ერეკლე დავითის-ძე, ერეკლე II-ის პაპა, მოსკოვის სამეფო კარზე იმყოფებოდა, შეიძლება ითქვას, რომ იგი აქ აღიზარდა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის თვალსაზრისით მნიშვნელობას მოკლებული არ არის საკითხი, თუ ვის ეკუთვნოდა ერეკლე ბატონიშვილის რუსეთის სამეფო კარზე გამგზავრების ინიციატივა. დღემდე გამოქვეყნებული საარქივო დოკუმენტებიდან არ ჩანს, როდის და ვისი ინიციატივით წამოწყებულა ეს საქმე. მხოლოდ პლოენის მიერ შედგენილ «дела грузинские»-ს მოკლე მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ თეიმურაზ I-მა მე-17 საუკუნის 40-იან წლებში, თავისი ელჩის «შახლიკუჩევის» მეშვეობით, საკითხი აღძრა ერთერთი ბატონიშვილის, თეიმურაზის შვილიშვილის რუსეთის სამეფო კარზე წარგზავნის შესახებ. ახლა განსვ. პროფ. მ. პოლიევქტოვის მიერ გაწეული შრომის შედეგად ჩვენს ხელთ არის საარქივო მასალა, საიდანაც უტყუარი ცნობების მოშველიება შეიძლება დასმული საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად.
ქართველი ბატონიშვილის რუსეთში სამეფო კარზე წარგზავნის იდეა თვით თეიმურაზ I-ს ეკუთვნის, მაგრამ ეს შეეხება არა ერეკლე ბატონიშვილს, არამედ გიორგი ბატონიშვილს, ამ ერეკლეს უფროს ძმას. 1646 წელს თეიმურაზ მეფეს საგანგებო ელჩი გაუგზავნია რუსეთში, რომელსაც, დახმარებისა და შემწეობის თხოვის გარდა, ორი საქმის მოგვარება ჰქონია დავალებული: მოსკოვის მეფისათვის კარზე აღსაზრდელად და «საყმოდ» შეეთავაზებინა გიორგი ბატონიშვილი (თეიმურაზის შვილის დავითის-ძე), ხოლო მეორე (უფროსი) შვილიშვილისათვის, ლუარსაბ ბატონიშვილისათვის, საცოლედ გამოეთხოვა მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის-ძის და. თეიმურაზ მეფის მიერ რუსეთის ხელმწიფისადმი გაგზავნილი წერილის რუსულ თარგმანში ამის შესახებ აღნიშნულია: «а внука своего... Григория пришлю в холопы к тебе великому государю к Москве. А за большово моево внука... Иасафа (უნდა იყოს ლუარსაბ) пожаловать... выдать сестру свою государыню царевичу...» ამ წერილის მიღებისთანავე თეიმურაზის ელჩი დაუკითხავთ საგარეო საქმეთა საგანგიოში და ცნობები შეუკრებიათ თეიმურაზ მეფის ოჯახის შემადგენლობის შესახებ. ეს არის პირველი ცნობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში ქართველი ბატონიშვილის მოსკოვში «холоп»-ად გამგზავრების საკითხის დაყენების შესახებ და, როგორც ვნახეთ, ინიციატივა თვით თეიმურაზ მეფისაგან მომდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ საარქივო მასალა არ გვაკლია ამ საკითხის გარშემო და არ ვცდებით, რომ ქართველი ბატონიშვილის მოსკოვში სამეფო კარზე გაგზავნის ინიციატივა და იდეა თვით თეიმურაზს ეკუთვნის, მაშინ ჩვენ უნდა ავხსნათ – რამ გამოიწვია ქართველი მეფის ოჯახში და მის დიდებულთა წრეში ასეთი საკითხის დასმა და გადაწყვეტა.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დაუძლურების შემდეგ მეფის ოჯახის წევრის სხვის კარზე გაგზავნა ჩვენში უცხო აქტი არ ყოფილა, მაგრამ იგი ყოველთვის დაკავშირებული იყო ჩვენი დაუძინებელი მტრების ძალმომრეობასთან.
ჩვენ პირდაპირი ცნობებით არ ვიცით, როგორ მსჯელობდნენ ქართველი პოლიტიკოსები, როცა ქართველი ბატონიშვილის რუსეთში გამგზავრების საკითხს სწყვეტდნენ, მაგრამ ზოგიერთი მასალა მაინც საშუალებას იძლევა თეიმურაზისა და მისი მრჩეველი დიდებულების მოსაზრებებზე ვარაუდი გავწიოთ.
ქართული სახელმწიფოების დიპლომატიის პრაქტიკაში სამეფო ოჯახის წევრის ან დიდებულის ოჯახის წევრის ამა თუ იმ სახელმწიფოს სამეფო კარზე წარგზავნა ერთგულების გარანტიად იყო მოღონებული და ამ აქტს ჩვენში ასეთ საწინდრად გულისხმობდნენ მე-17 საუკუნეშიაც. როცა თეიმურაზი შვილიშვილის მოსკოვში გაგზვნას თავაზობდა ალექსი მეფეს, ამით მას რუსეთისადმი უსაზღვრო ერთგულების ხაზგასმა სურდა, მაგრამ ამავე დროს, თუკი რუსეთის სამეფო კარი ქართველ ბატონიშვილს მიიღებდა, ეს თეიმურაზისათვის იმის საწინდარი იყო, რომ რუსეთის სამეფო კარიც გარკვეულ ვალდებულებას კისრულობდა. თეიმურზი, როგორც ჩანს, საკმარისად არ თვლიდა «ფიცის წიგნზე» ხელის მოწერას და «წყალობის სიგელის» მიღებას, რადგანაც ამ აქტების შემდეგ რუსეთიდან რეალური დახმარება, კარგა ხნის ლოდინის მიუხედავად, არ ჩანდა. სამეფო კარზე ქართველი ბატონიშვილის წარგზავნის წინადადება ახალი ღონისძიება უნდა იყოს რუსეთიდან სამხედრო დახმარების მისაღებად. როდესაც რუსეთში თეიმურაზის წინადადებას გაეცნენ, საგარეო საქმეთა საგანგიოში ნასიამოვნები დარჩნენ. ქართველი მეფის ასეთი თავგამოდებული ერთგულება და რუსეთთან განუყრელი კავშირის წინადადება ასეთი მნიშვნელოვანი საწინდრით უმნიშვნელო ფაქტი არ იყო იმ გეგმების სარეალიზაციოდ, რომელთაც რომანოვების რუსეთი სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ სახავდა მომავლისათვის.
თეიმურაზის წინადადებას ხელი მაგრად ჩაჰკიდა რომანოვების დიპლომატიამ, მაგრამ ერთი შესწორებაც შეჰქონდათ ამავე დროს. რუსეთში არა მარტო ის ბატონიშვილი უნდოდათ წაეყვანათ, რომელსაც თეიმურაზი სთავაზობდა, არამედ ის ბატონიშვილიც, რომლისათვის თეიმურაზი რუსეთის მეფის დას ითხოვდა საცოლედ. ეტყობა რუსეთის სამეფო ოჯახის წევრის, ლუარსაბ ბატონიშვილისათვის განკუთვნილი საცოლის მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში გამოგზავნა იმხანად რუსეთის სამეფო კარმა მიზანშეუწონლად მიიჩნია. თეიმურაზი კი ამ გზით რუსეთის სახელმწიფოს ამიერკავკასიაში ირან-თურქეთის წინააღმდეგ ჩათრევის შესაძლებლობის ნიადაგს სინჯავდა.
თეიმურზთან გამოგზავნილი რუსეთის ელჩები ახლა დაჟინებით მოითხოვდნენ ქართველი ბატონიშვილის, თუ ორის არა, ერთის მაინც აუცილებლად მოსკოვში გაგზავნას. თეიმურაზის ვარაუდი სწორი გამოდგა, რუსეთში სასურველი გამოხმაურება ჰპოვა ქართველი ბატონიშვილის მოსკოვში გაგზავნის წინადადებამ და როდესაც თეიმურაზმა ეს გაიგო, რუსეთის ელჩებთან მოლაპარაკება სხვა ჰანგზე დაიწყო: «только я внука своего пошлю к государю, а он государь не изволит государства моего Кахети очистить и ратных людей и казны не пришлёт, чтож моя и посылка (ე. ი. ბატონიშვილის რუსეთში გაგზავნას რა ფასი აქვსო)» (М. Полиевктов, Посольство Толочанова и Иевлева в Имеретию, 1926, გვ. 40). ახლა უკვე საუბარია ერეკლე ბატონიშვილის რუსეთში გაგზვნაზე, რადგანაც თავდაპირველად რუსეთში გასაგზავნად განკუთვნილი გიორგი ბატონიშვილი ამ დროისათვის გარდაცვლილიყო.
რუსეთის სამეფო კარზე ქართველი ბატონიშვილის ყოფნა უმნიშვნელო არ ყოფილა რუსეთის დიპლომატიისათვის. მართალია ქართველ პოლიტიკოსთა შორის რუსეთზე ორიენტირების მისწრაფება ძლიერი იყო, მაგრამ იმ დროს არსებულ პირობებში ზოგჯერ თავს იჩენდა სპარსეთზე ორიენტირების იდეაც, თუმცა ამას დროებითი და იძულებითი ხასიათი ჰქონდა. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ რუსეთი ამჯერადაც სამხედრო ძალებით ამიერკავკასიაში შემოჭრას არ ჩქარობდა, დასავლეთით არსებულ გართულებათა გამო. ირანიც გულზე ხელდაკრეფილი არ უცქეროდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რუსეთის საწინააღმდეგო ღონისძიებებს საკმაოდ მოხერხებულად ატარებდა (სპარსეთის სამეფო კარის ამ ღონისძიებების შესახებ იხ. ი. ცინცაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების წარსულიდან, ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. I, 1955, გვ.245-270). ასეთ ვითარებაში რუსეთის მეფის კარზე აღზრდილი ქართველი ბატონიშვილი თვითმპყრობელობას საქართველოში უდაოდ სჭირდებოდა. და რაკი თვით ქართველმა ხელისუფალმა შესთავაზა შვილიშვილის სამეფო კარზე მივლენა, ამაზე უკეთესი შემთხვევა რაღა იქნებოდა და დანაპირების შესრულებას აჩქარებდნენ თეიმურაზს. მცირეწლოვან ერეკლე ბატონიშვილის რუსეთში გამგზავრება თეიმურაზმა დააგვიანა და როცა გაამგზავრა, ახლა წერილებში აყვედრებდა რუსეთის მეფეს, რომ ერეკლე ბატონიშვილის მსგავსი უფლისწული რუსეთის სამეფო კარს ჯერ არ ღირსებიაო: «такой прекрасный царевич николы не бывал к вашему царскому престолу», მეორე ადგილას: «А из послал к вам внука своего Ираклия, чого николы такова прекрасного царевича к престолу царствия вашего не бывало». სხვა წერილებშიც ხაზგასმულია ეს მომენტი სხვა ვარიანტით: «А к царствию вашему такой царевич не бывал». თეიმურაზ მეფის ასეთი უაპელაციო და კატეგორიული განცხადება გვაფიქრებინებს, რომ ერეკლე ბატონიშვილი მართლაც არაჩვეულებრივი გარეგნობის ბავშვი უნდა ყოფილიყო. თუმცა გარეგნული სილამაზე მემკვიდრეობით ყოველთვის არ გადადის თაობიდან თაობაზე, მაგრამ თეიმურაზისა და დავით ბატონიშვილის (ერეკლეს მამის) გარეგნული სილამაზის შესახებ რუსულ ძეგლებში დაცული ცნობები გვაფიქრებინებს, რომ ერეკლე ბატონიშვილი ჩამომავლობით ლამაზი უნდა ყოფილიყო და მოსკოველი მეფის სასახლეში მას ვერ დაიწუნებდნენ. საქართველოში ნამყოფი რუსეთის ელჩობის წევრი ასე აღწერს თეიმურაზისა და დავით ბატონიშვილის გარეგნობას: «А в летах Теймураз царь в 50 лет, волосом борода черна, кругла, а лицом бел... ростом средней, плоск, в плечах широк, вовсём уряден. А царевич Давид лет в 18, ростом с отца – с Теймураза царя или и выше. Очи черны и велики, волосы на голове русы, лицом бел и румян, собою уряден» (М. Полиевктов, Материалы по истории русско-грузинских взаймоотношений, 1937, გვ. 420). თვით ერეკლე ბატონიშვილის შესახებ შემონახული ცნობები (უცხოელ ავტორთა) გვაფიქრებინებს, რომ თეიმურაზს თავისი შვილიშვილის ბუნებრივი შემკულობა მოსკოვის სამეფო კარისათვის შეეძლო დაეყვედრებინა, რომ ქართველი ბატონიშვილი მშობლებისაგან მოძულებული დეგენერატი კი არ არის, არამედ მათი «ნამდვილი მარჯვენა თვალი», რომელიც მხოლოდ სამეფო კარისათვის გაიმეტეს. ერეკლე ბატონიშვილის გარეგნული სილამაზის შესახებ განცხადებაშიაც, როგორც ვხედავთ დიპლომატიური ანგარიშიანობაა და არა მარტო სილამაზე-მოხდენილობის გულუბრყვილო კონსტატაცია.
მაგრამ გარეგნული სილამაზის დაყვედრებით როდი მთავრდება ერეკლე ბატონიშვილის რუსეთში გამგზავრება. თეიმურაზის მიერ რუსეთის მეფისადმი გაგზავნილ წერილებში ხაზგსმით არის აღნიშნული, რომ ქართველი ბატონიშვილი რუსეთის მეფის სასახლეში ქართულ ნაციონლურ ტანსაცმელში უნდა დარჩენილიყო: «... внука моего Ираклия почтите по подобию по достоянию царствию вашему... И сего ради бью челом, да произволите да будет насити одежду по нашему, как у нас носят, для того, что приезжают к царствию вашему многих земель послы, и видя его, что имеешь такова царевича от наших мест, и учнут завидовать недруги вашего царского в~ва и мои недруги». სხვა წერილებშიაც სხვადასხვა რედაქციით იგივე აზრია განმეორებული (ამის შესახებ იხ. ი. ცინცაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის არქივიდან /XVII ს./, ისტორიის ინსტიტუტის მიმომხილველი, ტ. II, 1951, გვ. 118). ეს მასალა ჩვენ შემთხვევით არ მოგვიტანია ახლა აქ. ჩვენ არ გვჯერა, რომ თეიმურაზი ამგვარი თხოვნისას იმით ხელმძღვანელობდა, თითქოს ქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქართველი ბატონიშვილი მოსკოვის სასახლეში რუსეთის მტრებს «თვალს დაუყენებდა», სინამდვილეში თეიმურაზ მეფეს ის აინტერესებს, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა ქართველი ბატონიშვილის ნაციონალურ ტანსაცმელში დანახვით რუსეთთან საქართველოს მ ე გ ო ბ რ უ ლ ი ურთიერთობა გაიგონ.
ამა თუ იმ სახელმწიფოს სასახლეში უცხო ტანსაცმლის ტარება პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი იყო იმ დროს. ტანსაცმლის შეცვლა სრულიადაც არ იყო ისეთი მარტივი საქმე, როგორც ეს ჩვენ დღეს შეგვიძლია წარმოვიდინოთ. ტანსაცმელი ხალხის თვითმყოფადობის მაჩვენებელს წარმოადგენდა, მისი და თავსახურავის შეცვლა ხალხის პოლიტიკურად ყოფნა-არყოფნის სიმბოლური გამოხატულება იყო.
XIX საუკუნის პირველ ნახევარშიაც კი ქართველი ბატონიშვილი, უკანასკნელი ქართველი მეფის გიორგის შვილი თეიმურაზი დასავლეთ ევროპაში მოგზაურობის დროს ერთ შემთხვევაში ევროპულ ტანსაცმელს ატარებს, ხოლო მეორე, საგანგებო შემთხვევისათვის აუცილებლად მიიჩნევს ქართული ტანისამოსის ჩაცმას. თავის თხზულებაში «მოგზაურობა ჩემი ევროპიისა სხვათა და სხვათა ადგილთა» თეიმურაზს აღწერილი აქვს, რომ, როცა იგი მარიამბადს იმყოფებოდა, მასთან მისულ მეგობარს ბარონ შილინგს სხვა ამბავთა შორის თეიმურაზისათის უთქვამს: მარიამბადს იმყოფება მეფე ოტონ I და, რადგანაც საქართველოს მეფენი ევროპაში ცნობილი არიან, საჭირო იქნება თქვენი სადარბაზოდ მისვლა ოტონთანო. თვით თეიმურაზი ასე აღწერს მეფე ოტონთან წასვლის სამზადისს: «მშვენივრად ჩავიცვი ჩემი ქართული ტანისამოსი და ორდენით, როგორც რიგია, და ძვირფასის ყეენის ნაბოძების ხრმლით მოვიკაზმე და მშვენიერის კალასკით მეთერთმეტეს დილის საათზედ წავედით... კოროლი ოტონ კარებთან მოგვეგება, ხელი მომკიდა, მიმიყვანა და თავის გვერდით დამსო კანაფაზედ... პირველს სიტყვის დაწყებაში კოროლმან მიბრძანა: დიდად მოხარული ვარ ამ შემთხვეულებისათვის, რომ საქართველოს მეფეს შვილს გავიცნობო» (თეიმურაზ ბატონიშვილი, მოგზაურობა ჩემი ევროპიისა სხვათა და სხვათა ადგილთა, სოლომონ იორდანიშვილის რედაქციით, 1945, გვ. 86). ქართველი ბატონიშვილი, რაკი ოფიციალური ვიზიტით მიდიოდა უცხო ქვეყნის მეფესთან, საგანგებოდ ქართულ ტანსაცმელში გამოეწყო.
მაგრამ მარტო ამაში არ არის თეიმურაზ I-ის თხოვნის ძირითადი არსი. ტანსაცმლის შეცვლას პოლიტიკური მნიშვნელობა და შინაარსი ჰქონდა წინათ. 1640-42 წლებში თეიმურაზ I-თან გამოგზავნილი რუსეთის ელჩი თავადი მიშეცკი თავის საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნავს, რომ მისი კახეთში ყოფნის დროს, ერთ დღეს თეიმურაზ მეფესთან აუდიენციის დროს ცნობა მოვიდა, რომ ალავერდში ირანის შაჰის ელჩი ელოდება მეფესო. თეიმურაზ I-ს და მის ამალას ქართული ტანსაცმელი გაუხდიათ, სპარსულად მორთულან და ისე შეგებებიან სპარსეთის ელჩს. მიშეცკის უკითხავს თეიმურაზის კარისკაცისათვის, ვინმე რევაზისათვის, ტანსაცმლის შეცვლის მიზეზი: «... боярину Реваз бею говорил: для чево Теймураз царь и царевич Давид и вы Теймураза царя ближние люди встречали шахова посла в чалмах и в озямах по кизилбашски? И боярин Реваз бей... говорил: сами де вы то видите, что мы у кизилбашских людей живём в неволе. Только де нам так не делать, и нам от кизилбашских людей и часу не жить» (М. Полиевктов, Посольство князя Мишецкого и Дияка Ключарева в Кахетию, 1928, გვ. 147).
თეიმურაზ I-ის ოჯახის არაერთი წევრი იყო წარგზავნილი ირანის შაჰის კარზე იძულებით და მათ ირანული წესით უნდა ჩაეცვათ; ეს ირანის საქართველოზე ბატონობის გამოხატულება იყო და ამას არც სპარსეთი და არც თურქეთი არ თმობდა.
ახლა, როცა იმავე თეიმურაზს საქმე რუსეთთან ჰქონდა, იმავე მონური მორჩილების პირობებში ყოფნა არ სურდა, როგორშიაც ირანის ხელქვეითობის დროს იმყოფებოდა. კახეთი ირანს ბრძოლით ჰყავდა დამორჩილებული, რუსეთთან კი იგი თავისი ნებით მივიდა და მასთან მეგობრული ურთიერთობა სწადდა და არა მონობა. ამიტომ თეიმურაზი, როცა ქართველი ბატონიშვილის ნაციონალურ ტანსაცმელში დატოვებას თხოვდა რუსეთის მეფეს, იგი დიპლომატიურ ენაზე მეტყველებდა და რუსეთის მფარველობაში ყოფნა სახელმწიფოებრივი უფლებებით სურდა.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ XVII ს. რუსეთს ქართველი ბატონიშვილის უფლებები ერთხელაც არ შეულახავს და მას ისეთივე პატივი ჰქონდა სამეფო კარზე, როგორც თვით რუსეთის მეფის ოჯახის წევრებს. რუსეთის იმდროინდელი საგარეო საქმეების საგანგიოს თანამშრომელი გრ. კოტოშიხინი თავის შესანიშნავ თხზულებაში ერთგან იქ, სადაც ლაპარაკი აქვს რუსეთის სამეფო კარზე მცხოვრებ ციმბირელი ხანის შვილების უფლებებზე, შენიშნავს, რომ ციმბირელი ბატონიშვილები რუსეთის ბოიარებზე უფრო მაღლა დგანან, მაგრამ თათბირებზე მათ არ ასწრებენ, რადგან ისინი დაპყრობილი ქვეყნის ბატონიშვილები არიანო. მათი უფლებრივი მდგომარეობის მკაფიოდ გასარკვევად მას მოჰყავს რუსეთის სამეფო კარზე ქართველი ბატონიშვილის უფლებრივი მდგომარეობის მაგალითი და წერს: «А как грузинской царевич с материю своею (ერეკლე ბატონიშვილზეა საუბარი) был на Москве, или вперёд будет, и ему честь была такова, что природному сыну царскому... и за него может быть что царь выдаст дочь или сестру свою царевну, понеже он не положенный есть, но единие с ним веры а землю его царь (რუსეთის მეფეზეა საუბარი) не владеет» (Гр. Котошихин, О России в царствование Алексея Михайловича, 1906, გვ. 27).
ასეთივე უფლებებით იმყოფებოდა მეორე ქართველი ბატონიშვილი ალექსანდრე არჩილის-ძე რუსეთის მეფე პეტრე პირველთან.
ეს ისტორიული ექსკურსი ქართველი ბატონიშვილის რუსეთის სამეფო კარზე ცხოვრებიდან ჩვენ იმისათვის გავაკეთეთ, რომ ნათლად წარმოგვედგინა, თუ რა ჰქონდა მხედველობაში ერეკლე მეორეს, როცა 1773 წ. მისი საპატიო ელჩები ქართველი ბატონიშვილის რუსეთში მივლენას სთავაზობდნენ. ეჭვს გარეშეა, რომ XVIII ს. ქართლ-კახეთის სამეფო კარზე დაცული ჰქონდათ ცნობები XVII ს. ერეკლე ბატონიშვილის რუსეთში ცხოვრების პირობების და მიზეზების შესახებ. საფიქრებელია, რომ თბილისის სასახლის არქივში საამისო დოკუმენტური და ნარატიული ხასიათის ძეგლებიც იყო. ჩვენ ხომ აღნიშნული გვქონდა ზემოთ, რომ ერეკლე ბატონიშვილის სახელზე გაცემული «წყალობის სიგელი» XVIII ს. 50-იან წლებშიც თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის სასახლეში ჰქონდათ. და როცა ერეკლე II თავისი ოჯახის წევრს, ერთერთ ბატონიშვილს, რუსეთის სამეფო კარს სთავაზობდა, იგი თავისი პაპის ერეკლე I-ის თავგადასავალს იცნობდა კარგად და XVII საუკუნის ისტორიული მოვლენების ანალოგიით, XVIII ს. მეორე ნახევარშიც, რუსეთის სამეფო კარს ქართველი უფლისწულის იქ მივლენით დააინტერესებდა ეგონა.
მეორე პირობა საქართველოს მფარველობაში მიღებით რუსეთის სამეფო კარის დაინტერესებისა, ელჩების მოხსენებაში ასეა ჩამოყალიბებული: «რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მეტალი არის და ან ამიერითგან იპოვება, და იქიდამ სარგებელი მოიპოვება – ნახევარი მისისა დიდებულების ხაზინას მიერთმის» (А. Цагарели, Грамоты и др. ист. док... т. II, вып. 1, გვ. 91). საქართველოს წიაღისეული სიმდიდრით რუსეთი ადრე დაინტერესდა. ეს ინტერესი ქრთველმა პოლიტიკოსებმა აღუძრეს რუსეთის დიპლომატებს. რუსეთის ელჩებს საქართველოში საიდუმლოდ ეუბნებოდნენ, რომ ოქროსა და ვერცხლის მადნები გვაქვს მოკვლეული მთებში, მაგრამ გვეშინია თურქეთმა და სპარსეთმა არ გაგვიგოს და ამიტომ მათ დამუშავებას ვეღარ ვბედავთო. ამ მხრივ მეტად საინტერესოა თეიმურაზ I-ის წერილი მიხეილ რომანოვისადმი, გაგზავნილი 1639 წელს. დედანი ბერძნულ ენაზე არის დაწერილი (იხ. М. Броссе, Переписка на иностранных языках, грузинских царей с Российскими государями..., 1861, გვ. 1-34). ამ წერილში თეიმურაზ მეფე აღწერს იმ დიალოგს, რომელიც ვითომ გაიმართა რუსეთში ელჩად გასამგზავრებელ ნიკიფორე მიტროპოლიტსა და თეიმურაზ მეფეს შორის. ამ შესიტყვებას ვითომ კახეთის სამეფო კარის დიდებულებიც ესწრებიან. დიალოგი იმით იწყება, რომ ნიკიფორე მიტროპოლიტს თხოვენ რუსეთში ელჩად წასვლას. ნიკიფორე უარს ამბობს – მე უთავბოლოდ და უსაქმოდ ხეტიალი ასეთ შორეულ მანძილზე არ შემიძლიაო. რუსეთის ხელმწიფის წინაშე ისეთი წინადადებით წარდგომა არ შემიძლია თქვენ რომ მავალებთო. თეიმურაზის შეკითხვაზე თუ რა არის ცუდი ჩვენს წინადადებაში, ნიკიფორე უპასუხებს, რომ თქვენ რუსეთის მეფის სასარგებლოდ არაფრის გამეტება არ გინდათ, თქვენ მხოლოდ რუსეთიდან დახმარების მიღება გსურთო. თეიმურაზ მეფე შეკითხვია, თუ რას მოითხოვს ნიკიფორე ისეთს, რითაც რუსეთი სარგებლობას ნახავს. ნიკიფორეს პასუხი ამ შეკითხვაზე ასეა რუსულ თარგმანში მოცემული: «Царь мой Теймураз; ты знаешь, царь мой, очень хорошо, что в стране великого государя (რუსეთზეა ლაპარაკი – ი. ც.) нет руды, где находилось бы серебро или золото; а в твоей стране, царь мой, в Туских и Дитских горах рождается серебро и золото, как ты сам это знаешь, и в то время как ты меня посылал послом в Константинополь, несколько раз мне приказывал привести мастеров, а я опасаясь турок не привёз тебе. Но теперь время пришло, царь мой, и я побуждаю тебя известить о том великого государя (რუსეთის მეფე – ი. ც.), чтоб он дал нам мастеров и мы открыли бы руду». ამ წინადადებაზე ვითომც თეიმურაზსა და მის მრჩევლებს უპასუხიათ: «Мы это знаем, потому что ни при отце моём Александре, ни при другом царе ея не открывали». ნიკიფორე აცხადებს ვითომ, რომ იგი ელჩად არ წავა რუსეთში, თუკი ამ საიდუმლოებას რუსეთის მეფეს არ განდობენ. თეიმურაზი ვითომ იძულებული შეიქმნა დათანხმებულიყო: «Так как ты, Митрополит Никифор, говоришь, что это хорошо и берёшь на себя это дело то напишем об этом. Только ради Христа пусть это дело будет тайным, и пусть никто кроме великого государя и его визиря и тебя митрополита Никифора не знает о том. И если даст Бог... и пришлёт нам великий государь мастеров и харчи и мы откроем руду, то пусть половина будет нам, другая многолетнему государю, и будет ли то серебро или золото, мы разделим пополам» (М. Броссе, Переписка на иностранных языках..., 1861, გვ. 16-17).
თეიმურაზ I-ის წერილიდან ზემოთ მოტანილი დიალოგი ნიკიფორე ელჩსა და თეიმურაზს შორის, რა თქმა უნდა, განზრახ არის ამ სახით დაწერილი, იგი ერთგვარი დიპლომატიური სვლაა ქართველი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ცდილობენ დააინტერესონ რუსეთი კახეთის სამეფოთი და დაჩქარებით მიიღონ დამხმარე ლაშქარი რუსეთიდან.
XVII საუკუნის ამ მასალზე მკითხველის ყურადღებას იმიტომ ვაჩერებთ, რომ ძვირფასი ლითონით რუსეთის დაინტერესების ცდები ქართველ პოლიტიკოსების მხრივ ახალი ხერხი არ ყოფილა. სოლომონ I-ის ელჩიც, მაქსიმე ქუთთელი 1769 წელს რუსეთის ხელისუფლებას მოახსენებდა: «ზოგიერთს ალაგს იმერეთში ოქროსი და ვერცხლის და სხვების ქანი არის, მაგრამ ესენი იმერეთს არასოდეს არ მოუხმარია, ერთი რკინის მეტი, ამიტომ რომ მეტი მტერი არ აუჩნდეს, ყოველთვის ამის ცდაში არიან, რომ დაფარონ და ოსმალთ არ შეიტყონ...» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. 1, გვ. 3-4). ჩვენ არ ვიცით, რომელ საბადოებს გულისხმობდა ერეკლე II, როცა მოპოვებული ძვირფასი ლითონის ნახევარს სთავაზობდა რუსეთს, მაგრამ იმ დროს რომ ქართლ-კახეთის სამეფოში ოქრო-ვერცხლის მოპოვება უცხო საქმე არ იყო, ეს საკმაოდ ცნობილი ფაქტია.
მაგრამ ერეკლე II ამ შემთხვევაში თავის სარგებელსაც გეგმავდა. ჯერ კიდევ 1769 წელს, რუსეთში გაგზავნილ ელჩს ა. ანდრონიკაშვილს, ავალებდა სამთამადნო საქმის ოსტატების საქართველოში გამოგზავნის ბრძანებულების გამოთხოვას: «... ღვთის ნებით, როდესაც ყოვლად მოწყალის ხელმწიფის ძალი ჩვენს ქვეყანაში მოვა, ეს საქმე დიდი სახმარი არის, რომ რამდენიმე მადნების კარგი ოსტატები თან მოყვესთ, რომ ყოველს ალაგს საქართველოში მრავალი რიგი მადნები არის მრავალს ალაგს, და უქმად არის რომ არავის უმუშავნიათ წარმართთ შიშისაგან და არც ცდილან იმის გამოჩენას. მაგრამ მე დიაღ ვეცადე და ოსტატი ვერ ვიშოვე და ვგონებ, რომ მისი დიდებულების აქეთ სამსახურში მრავალს საქმეში გამოსაყენებელი იყოს» («მასალები კავკასიისა და საქართველოს ისტორიისათვის, XXXII», ი. ცინცაძე, XVIII საუკუნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის არქივიდან, გვ. 132). 1770 წლის 4 ივნისს ნ. პანინს კვლვ სწერდა ერეკლე II: «ოდეს იგი წარმოვგზავნეთ კნიაზ არტემონ ანდრონიკოვი უმაღლესსა კარსა, მოხსენდა ეს სათხოვარი ჩვენი, რათა მიწის მთხრელნი ქიმიადნი გამომდნობელნი, და გამომაჩენნი სხვათა და სხვათა მიწისა გამონაღებთანი, და აგრეთვე სხვანი ხელოვანნი გვებოძნეს, რომელნიც ფრიად სახმარ არიან ქვეყანასა ჩვენსა...» (ЦГДА, Дела грузинские, К – 66 1769-76 г., ფურც. 184).
როდესაც 1772 წელს ერეკლე II-ის თხოვნის თანახმად ადგილზე მადნეულის შესამოწმებლად რუსეთიდან საქართველოში პროფ. გიულდენშტედტი ჩამოვიდა და რკინის, სპილენძის, ტყვიისა და ვერცხლის მადნები ნახა, ქართველი მეფე მას ამ მადნების დამუშავების დაწყებას სთავაზობდა თურმე: «Профессор Гильденштет осматривая его светлости царя Ираклия земли, нашёл много железных и медных руд, так-же некоторую часть свинцу и серебра... Царь Ираклий принуждал памянутого профессора, что бы он те найденныя руды начал разрабатывать, но господин профессор искусным образом от того отговорился» (А. Цагарели, Грамоты..., т. I, გვ. 357).
აქედან ჩანს, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს მესვეურნი სამთამადნო მრეწველობის განვითარებისათვის იღწვიან და ახლა რუსეთის დაინტერესებით ფიქრობენ ამ საქმისათვის თავის მობმას.
შემდეგი პირობაა «სარუსეთო გადასახადის» დაწესება აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოში. «რაოდენიცა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებელნი არიან ყოველს წელიწადს ამათგან თითოს კომლზე 14 შაური იმის დიდებულების ხაზინას მოერთმეოდეს» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. 1, გვ. 91). თუკი საქართველოში რუსეთის მფარველობის შედეგად მშვიდობიანი ცხოვრების პირობები შეიქმნებოდა და ქვეყანა დაწყნარდებოდა, აღებ-მიცემობა ნორმალურ პირობებში წარიმართებოდა და გლეხს ყოველდღიურად გაძარცვისა და დატყვევების შიში არ ექნებოდა, «სარუსეთო» გადასახადის აკრეფა და რუსეთის ხაზინაში შეტანა არ გაძნელდებოდა. ისე, რომ ქართველ პოლიტიკოსთა ვარაუდი ამ მხრივ არარეალურს არაფერს შეიცავდა.
შემდეგ ელჩების მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელმწიფეს ყოველ წელიწადს 14 რჩეულ ცხენს მიართმევენ საქართველოდან: «რაოდენიცა ჩვენს ქვეყანაში რჩეული ცხენი იშოვება – ათოთხმეტი ცხენი ყოველს წელიწადს იმის დიდებულებას მიერთმეოდეს» (იქვე). ჩვენ არ ვიცით რით იხელმძღვანელეს საქართველოს სამეფო კარზე, როცა რუსეთის ხელმწიფისათვის გასაგზავნი ცხენების რიცხვი 14-ით განსაზღვრეს, მაგრამ რომ რუსეთში ქართული ჯიშის ცხენები დიდად ფასობდნენ და ისინი ყოველთვის თვით მეფისათვის იყვნენ გათვალისწინებული, ამის დადასტურება ჩვენ შეგვიძლია XVI, XVII და XVIII საუკუნეთა ისტორიული ცნობებით. ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი თავის თხზულებაში ერთგან წერს: «მოვიდა რუსეთით ბარათას-შვილი თომა ქართლში, რომელი გაყოლოდა ქართვლს ბატონს მეფეს ვახტანგს რუსეთს: მეფე ვახტანგ რა გარდაცვლილიყო, ვინა ქართველი თავადთა-შვილი იყო რუსეთის ხელმწიფის დავთარში დაწერილ-იყვნენ, მიეცათ ჯამაგირი და მას აქეთ იყოფებოდნენ იქ ქართველნი რომელიმე და მსხურებდეს: ახლა ამ თომასათვის მიეცათ თეთრი და იმ ქვეყნიდამ ეთხოვნათ ხელმწიფისა შესაკადრნი ცხენნი ბედაურნი: წავიდა ეს თომა ახალციხის ქვეყანასა, გადავიდა იმერეთს, ოდიშ-გურიას და სადა ჰპოვა ცხენნი ბედაურნი, იყიდნა ძვირფასად და გარდმოიყვანა და დააყენა სურამს, ბრძანებითა ქართლის მპყრობელისა მეფის თეიმურაზისათა, მოუყენა რუსნი, რომელნი ახლდნენ რუსისა ხელმწიფისა გამოტანილნი რუსნი. თვითონ თომა ჩამოვიდა ქალქსა თფილისისასა, დააყენა პატივით მეფემა» («საქართველოს ცხოვრება. ახალი მოთხრობა 1469-1800 წლამდე», ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913, გვ. 217).
პაპუნა ორბელიანის ზემოთ მოყვანილი ცნობა თომა ბარათაშვილის შესახებ ჩვენ თავის დროზე გვაეჭვებდა – ნამდვილად იგი ცხენების შესყიდვის მიზნით იყო გამოგზავნილი საქართველოში, თუ საგარეო საქმეთა კოლეგიის მზვერავად. ასეთი იჭვი მართებულად მივიჩნიეთ იმიტომ, რომ სწორედ XVIII საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო საგარეო საქმეთა კოლეგიამ საიდუმლო მზვერავების გზავნა საქართველოში.
ამიტომ ბარათაშვილის საქართველოში გამოგზავნის საარქივო საქმეს გავეცანით რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის «Грузинские дела»-ს ფონდში. საბუთების გადასინჯვამ ცხადყო, რომ ბარათაშვილი ნამდვილად ცხენებისათვის გამოგზავნეს საქართველოში და მას სხვა არავითარი დავალება არ ჰქონია (თომა ბარათაშვილის საქართველოში საქმიანობის შესახებ იხ. ისტორიის ინსტიტუტის «მიმომხილველი», ტ. III, 1953, გვ. 93-95). რუსეთის დედოფლის ელისაბედ I-სადმი ღრმა პატივისცემის გამოსახატავად, ქართველ დედოფალს, თეიმურაზ II-ის მეუღლეს, თავის მხრივ, თომა ბარათაშვილისათვის ჯიშიანი ცხენი გაუგზავნია თავისი მორთულობით. ისე რომ ერეკლე II-თვის რუსეთის სამეფო კარის ინტერესები ჩვენებური ცხენებისადმი ცოცხალი ამბავი იყო და სრულიად ბუნებრივად გვესახება ქართველი ელჩების მოხსენებით ბარათში ყოველწლიურად რუსეთის სამეფო კარისათვის ცხენების მირთმევის შესახებ საუბარი.
საქართველოს ელჩები რუსეთის ხელისუფლებას ყოველწლიურად 2000 ვედრო ღვინის მირთმევას სთავაზობენ: «ახლა ჩვენ რიცხვით ორი ათას ვედრას ჩვენის რჩეულს ღვინოს ყიზლარს სახელმწიფოდ ყოველს წელიწადს ჩვენის ხარჯით მოვიტანთ» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. 1, გვ. 91). ღვინის შეთავაზება ყოველწლიური გადასახადის სახით შემთხვევითი არ არის. საქართველოში როგორც ჩანს, კარგად ცოდნიათ, რომ რუსეთში ყურძნის ღვინოზე უდიდესი მოთხოვნილება იყო იმ დროს. რა თქმა უნდა, ფართო რუსული მოსახლეობა მას სრულებით არ იცნობდა და თუ სამხრეთიდან რუსეთში ღვინო შეჰქონდათ, მხოლოდ მაღალი არისტოკრატიის წრეებისათვის, თვით რუსეთის მეფის სასახლისათვის, ცინგით დაავადებულთათვის სამკურნალოდ და, რაც მთავარია, ქრისტიანული ეკლესიის რიტუალური საჭიროებისათვის. XVII საუკუნის ერთი რუსული საბუთიდან ჩანს, რომ საქართველოდან რუსეთისაკენ მოსკოვში მიმავალ ერეკლე ბატონიშვილს და დედამისს დედოფალ ელენეს ქალაქ ყაზანსა და ვლადიმირს შორის გზაზე ქრისტიანების დღესასწაულმა მოუსწრო. რუსეთის მეფის განკარგულებით მგზავრების მოთხოვნილება ისე უნდა დაეკმაყოფილებინათ, როგორც თვით რუსეთის მეფის ოჯახის წვრების მოთხოვნილება და გზაზე არსებულ სახაზინო საწყობებიდან ქართველ მგზავრებს არაფერს აკლებდნენ. სადღესასწაულოდ მათ სხვადასხვა სახეობის რუსული სპირტოვანი სასმელები მიართვეს როგორც ულუფა, მაგრამ ბატონიშვილსა და დედოფალს ეს სასმელები უკან დაუბრუნებიათ და ყურძნის ღვინო მოუთხოვიათ. ამის გამო ამ საპატიო სტუმრების თვალყურის მდევნებელი რუსი მოხელე გზიდან მოსკოვში თავის ხელმწიფეს მოახსენებდა: «Тогож... числа говорили, нам государь, холопем твоим, царевич Миколай Давидович (ერეკლე ბატონიშვილი – ი. ც.) и мать его царица Елена о церковном вине (ყურძნის ღვინო), чтоб промыслить к празднику рождеству Христову. А здесь государь взять его негде, а ближние люди их сказывают, что царевич Николай Давидович и мать его царица Елена, кроме церковного вина хмельного питья никакова не пьют» (ЦГДА, Дела грузинские, საქ. № 3, 1652-53, I, ფურც. 146). ამ უზარმაზარ სახელმწიფოს ასეთი მნიშვნელოვანი პროდუქტი საკუთარი არ ჰქონდა და, იმ დროის ტრანსპორტის პირობებში, ადვილი წარმოსადგენია ღვინო რუსეთში როგორი იშვიათი უნდა ყოფილიყო. ეტყობა საქართველოში ეს კარგად იცოდნენ. ამდენად ყოველწლიურად ღვინის მირთმევა, ისიც 2000 ვედროს რაოდენობით, უმნიშვნელო არ უნდა ყოფილიყო და, როგორც ქვემოთ დავინახავთ, სამეფო კარის ყურადღება ელჩების მოხსენების ამ მუხლსაც მიუქცევია.
საქართველოს ისტორიული მიწების – სამცხე-საათაბაგოს, უფრო გარკვევით ახალციხის საფაშოს, და კახეთის დაკარგული (კაკ-ელისენი) ადგილების მტრისაგან განთავისუფლების საბადლოდ ფულად გადასახადსა და ყოველწლიურად 200 ფუთ აბრეშუმს სთავაზობენ ელჩები რუსეთის მეფეს. ელჩების მოხსენებაში ამის გამო აღნიშნულია: «შემდგომად დაპყრობისა ოსმალთაგან ჩვენის წართმეულის ადგილებისა იმ ახალ დაპყრობილთა ადგილთაგან მიერთმეოდეს ხარჯი სახელმწიფოდ რაოდენიც რუსეთში სოფლების პატრონების გლეხნი აძლევენ – იმის ნახევარი. თუ კახეთის მამულები, რომელიც წართმეული აქვს დაიპყრობს ბედნიერებითა დიდებულებისა მისისათა, იმათგანაც თქმულისამებრ თვითოს გლეხის სახლითგან ათოთხმეტი შაური სახელმწიფოდ მიერთმეოდეს ყოველს წელიწადს, და კვალად ოთხასი ფუთი აბრეშუმი; და თუ ის მამულები მეტს შეიძლებენ, მეტი მოერთმის» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, გვ. 92).
საქართველოში კარგად ცოდნიათ აბრეშუმის ნედლეულზე რუსეთში არსებული დიდი მოთხოვნილება. ჩვენს ხელთ არის ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთში მიმავალ ელჩებს აბრეშუმის ნედლეული გარკვეული რაოდენობით თან მიჰონდათ გასაყიდად. მაგ., თეიმურაზ I-ის ელჩს გრიგოლ ჩოლოყაშვილს აბრეშუმი მოსკოვში ჩაუტანია, საგანგებოდ კაცი დაუქირავებია და მოსკოვის ბაზარზე უნდოდა გაეყიდა. ცნობა რუსეთში აბრეშუმზე დიდი მოთხოვნილების შესახებ XVIII საუკუნის საქართველოშიაც უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით სომეხი ვაჭრების მეშვეობით. რუსეთის ვაჭრები რომ ჩრდილოეთ აზერბაიჯანში და სპარსეთში ამ საქონლით იყვნენ დაინტერესებული XVI საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნემდე, ეს საკმაოდ ცნობილი ფაქტი უნდა ყოფილიყო ჩვენში.
აბრეშუმსა და ფულად გადასახადს გარდა, ელჩები რუსეთის ხელისუფლებას რუსეთში არსებულ რეკრუტის წესით ჯარისკაცის გაყვანას სთავაზობენ საქართველოს იმ ტერიტორიებიდან, რომელიც მას რუსეთის მფარველობაში შესვლამდე ჰქონდა, აგრეთვე იმ ადგილებიდანაც, რომლებიც რუსეთის დამხმარე ჯარებით განთავისუფლდება მომავალში: «როდესაც მისის დიდებულების ბედნიერებით ჩვენი ქვეყანა წარმართთაგან განთავისუფლდება და დამშვიდდება, მაშინ ჩვენის მამულიდამ, ქონებულისა და ახალ დაპყრობილიდამ, მიართვამს იმის დიდებულებას გლეხის სახელზედ სალდათს რაოდენსაც სულზე რუსეთი აძლევს» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, გვ. 92). რუსეთის რეგულარულ ჯარში რეკრუტის წესით საქართველოს მოქალაქეთა გაყვანაზე თანხმობა არა გვგონია მარტო რუსეთის ინტერესებით იყოს გაანგარიშებული საქართველოს დიპლომატიის მიერ. საქმე ის არის, რომ ფეოდალურმა საქართველომ მუდმივი რეგულარული ჯარის შექმნა ვერ შეძლო. მართალია, ერეკლე II-ის დროს იმავე ლევან ბატონიშვილის დაუცხრომელი მუშაობით ე. წ. «მორიგე ლაშქარი» შეიქმნა, მაგრამ ამ ლაშქარმა დიდხანს ვერ იარსება და, რაც მთავარია, იგი სახელმწიფო ხარჯზე ვერ იქნა გადაყვანილი, ისე როგორც ეს რუსეთში იყო. და თუკი საქართველოდან რუსეთი რეკრუტის წესით ჯარისკაცს გაიყვანდა, საფიქრებელია, რომ ქართველი დიპლომატები იმას ვარაუდობდნენ, რომ ქართველთაგან შემდგარი ჯარის ნაწილი აქვე გაიწვრთნებოდა და საქართველოში დარჩებოდა იმ «ოთხი ათასი რეგულის» შემადგენლობაში, რომელიც მფარველ რუსეთს უნდა მოეცა ქართლ-კახეთის სახელმწიფოსათვის. ასეთი ფაქტი კი, სამხედრო საქმეში იმ დროს საგრძნობლად დაწინაურებული რუსეთის მეშვეობით, საქართველოში სამხედრო რეფორმის ჩატარების შესაძლებლობის საწინდარი იქნებოდა. რუსეთის რეგულარული ნაწილების უპირატესობას და ამის მიხედვით საქართველოში სამხედრო რეფორმის საჭიროებას რომ კარგად ხედავდა ერეკლე II და რომ მას მაშინ ამის საშუალება არ ჰქონდა, ეს იმ დროს საქართველოში მყოფ კაპიტან ლვოვის 1772 წლის მოხსენებითი ბარათის ერთი ადგილიდანაც კარგად მოჩანს. ლვოვი წერდა: «Его светлость царь Ираклий намерен у себя завести регулярное войско и уже до тысячи человек к тому назначил, но как он для такового заведения знающих военный порядок людей не имеет, то надлежащим образом приступить к тому не может. Потданные его светлости, по привычке их к сумасбродной своей вольности, хотя нашу военную дисциплину весьма не любят, но видимая от оной польза и собственная их в этом необходимая нужда принуждает их к регулярной службе охотниками себя показывать» (А. Цагарели, Грамоты..., т. I, გვ. 357).
დაბოლოს, ქართველი ელჩები რუსეთის სახელმწიფოს დაინტერესებას ფიქრობენ არა მარტო მდიდარი წიაღისეულით, «სარუსეთო გადასახადით», აბრეშუმით, ცხენით და ღვინით, არამედ ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებით. ქართველი დიპლომატების თვალსაზრისით, რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ პირველ ეტაპზე ხდება ისტორიული საქართველოს საზღვრების აღდგენა – მიტაცებული ქართველთა მიწა-წყლის დაბრუნება. ეს ტერიტორია ქართველი მეფის მფლობელობაში რჩება, ხოლო გადასახადბის სარგებელი რუსეთის სახელმწიფოსაც უნაწილდება. მეორე ეტაპი არის სხვისი კუთვნილი ტერიტორიების მიტაცება რუსეთისა და ქართველი მეფის შეერთებული ძალებით. მისატაცებელი ტერიტორიები კონკრეტულად მოხაზული არ არის, მაგრამ გაერთიანებული ძალებით დაპყრობილი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორია რუსეთის სახელმწიფოს განკარგულებაში გადადის მთლიანად: «თუ შეწევნითა ღვთისათა და ძლიერითა საჭურველითა მისის დიდებულებისათა სხვადასხვა მტრის მამული დაიჭირება მისის დიდებულების კორპუსის და ზოგად ჩვენის მეფის ბრძოლითა, – ის დაპყრობილი ადგილები ნებასა შინა მისის დიდებულებისასა იქნების» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. 1, გვ. 92).
მაშასადამე, ქართველი პოლიტიკოსები თავისი ქვეყნის მომავალს ისე გეგმავენ, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს ისტორიულ საზღვრებში აღდგენის შემდეგ საქართველოს მომიჯნავე ტერიტორიები რუსეთმა უნდა ჩაიგდოს ხელთ და ამით შექმნას ერთგვარი ბარიერი საქართველოსა და მის დაუძინებელ მტრებს შორის.
როგორც ვხედავთ, საკმაოდ შორსმჭვრეტელურად არის დამუშავებული საქართველოს აღდგენის და მტერთაგან გამოხსნის გეგმა, მაგრამ ახლა უმთავრესი ის იყო, ისურვებდა თუ არა რუსეთი ამიერკავკასიის საქმეებში ასე აქტიურად ჩარევას.
1772-73 წლებში ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში მიღება იმ პირობებით, რომელთაც ქართველი მეფე სთავაზობდა რუსეთს, არ შედიოდა რუსეთის გეგმებში. რუსეთს ზავი ესაჭიროებოდა და საზავო მოლაპარაკებების გაჭიანურება და გართულება საქართველოს გამო არ შეიძლებოდა. ამიტომ ლეონ ბატონიშვილის და ანტონ პატრიარქის ელჩობა იმთავითვე განწირული მოჩანდა. ქართველ მოციქულებს უარი ეთქვა მფარველობაში მიღებაზე. 1773 წელი პეტერბურგში გაატარეს ქართველმა ელჩებმა. თხოვნაზე წერილობითი პასუხი ხელზე 1774 წ. თებერვალში მიიღეს, ისე კი მფარველობის საკითხი 1773 წლის თებერვალში ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებას გადაწყვტილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ელჩების სამშობლოში გამომგზავრება არ ხერხდებოდა. მთელი ვოლგის და ურალის მხარე 1773-74 წლებში ემელიანე პუგაჩოვის ხელმძღვანელობით დაწყებული გლეხთა აჯანყების ალში იყო გახვეული და ელჩების მოგზაურობა ამ გზით სახიფათო უნდა ყოფილიყო. ეტყობა, რომ ქართველი ელჩები ამისა და თურქეთთან საზავო მოლაპარაკების გამო პეტერბურგში იყვნენ გაჩერებული. ჩვენ არ ვიცით, ჰქონდათ თუ არა ლეონ ბატონიშვილსა და ანტონ კათალიკოსს ცნობები რუსეთში გლეხთა დიდი მოძრაობის შესახებ. ცნობილია, რომ რუსეთის მთავრობა ელჩების ქალაქის მოსახლეობასთან თავისუფალ კონტაქტს ერიდებოდა.
მართალია, რუსეთის გლეხთა აჯანყებას საქართველოსათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ სწორ ინფორმაციას ამის შესახებ შეიძლებოდა ნაწილობრივ გასაგები გაეხადა ქართველი დიპლომატებისათვის რუსეთის იმპერიის საშინაო და საგარეო მდგომარეობა, და აქედან გამომდინარე მათი მისიის არასასურველი შედეგების აუცილებლობა.
ეკატერინე II თავის სიგელში ერეკლე II-ს ატყობინებდა, რომ მან სიამოვნებით მიიღო ერეკლეს ვაჟიშვილი და პატრიარქი, რომ რუსეთის სამეფო კარს სასიამოვნოდ დარჩა ერეკლეს ასეთი ერთგულება და რუსეთის ხელმწიფესთან დაკავშირების ასეთი სურვილი. მაგრამ მფარველობა და ჯარის გამოგზავნა საქართველოში იმ დროს, როცა რუსეთ-თურქეთის ომი დასასრულისაკენ გადაიხარა, კვლავ განაახლებდა სისხლის ღვრას და საქართველოსაც უარეს მდგომარეობაში ჩააყენებდაო. დედოფალი მწუხარებას გამოთქვამდა, რომ მიმდინარე ომით მტერთაგან საქართველოს სრული გათავისუფლება არ მოხერხდა, მაგრამ საზავო ხელშეკრულებაში თურქეთთან საქართველოს დაცვა გათვალისწინებული იქნებაო: «... о Грузии старатся продолжаем, твёрдо вознамерившись при будущем заключении с Портою мира формальной взять от нея обещание о безопасности и безвредности грузинского народа, а на себя и точное всего того наблюдение, чем конечно надёжнее Грузии будет пособлено, нежели предначинанием новых воинских действий, при времяны нынешнем, толико для сих последних мер несвойственном» (А. Цагарели, Грамоты..., т. I, გვ. 396). ამასთანავე მომავალ ხელსაყრელ ვითარებაშიაც საქართველო დავიწყებული არ იქნებაო.
და მართლაც, როგორც კი დაიდო ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულება, 23-ე მუხლის ტექსტი დიდის ამბით გამოუგზავნეს რუსეთიდან ქართველთა მეფეებს. საზავო ხელშეკრულების ამ მუხლის შესახებ ჩვენ ზემოთ გვქონდა საუბარი და ახლა განმეორება საჭირო არ იქნება. საჭიროა მხოლოდ იმის აღნიშვნა, თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ხელშეკრულების ზემოხსენებული მუხლის გაცნობამ დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ოფიციალურ წერილებში ერეკლე II და სოლომონ I დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ ხელშეკრულების 23-ე მუხლის გამო. ერეკლე II ამის გამო პანინს სწერდა: «... მათის იმპ.-ბის ნებითა ოსმალთ შერიგებაში რომ ჩვენ და ჩვენს საქართველოში მყოფნი ერნი დიდის რუსეთის იმპერიასთან საერთოდ განუწესებივართ და საბოლოოთ თურქთაგან ჩვენი ქვეყნისათვის ყოვლითურთ უფიქრელობა უზრუნვებია – ამისათვის ყ~დ მოწყალისა დიდისა ხელმწიფისა, ვითაც ჩემს ერთგულებას შვენის, ერთისა უმეტესისა მადლობისა მომხსენებელი ვარ... და ახლა შერიგებაში რუსეთის სახელმწიფოში საერთოდ დავფარულვართ, – ამისთვის უმეტესის მადლობის მომხსენებელი ვიმყოფებით» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. 1, გვ. 178-179). უდაოდ სწორად არის გაგებული 23-ე მუხლის ძირითადი არსი: საქართველოს საკითხი რუსეთ-თურქეთის დამოკიდებულებაში ამიერიდან ოფიციალურად დგას და რუსეთს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაში ჩარევის უფლება ენიჭება. მაგრამ ქართლ-კახეთის სამეფოზე ხომ იქ ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი. 1774 წლის 14 სექტემბერს კანცლერი ა. ა. ბეზბოროდკო კონსტანტინეპოლში მყოფ რუსეთის ელჩს ი. ბულგაკოვს სწერდა: «Содержание прилагаемых при сем писем, без сомнения не обойдётся без хлопот; но здесь так привыкли надеятся на ваше рвение и искуство, что всякое почти дело, хотя и трудное, считают не невозможным, когда оно через ваши руки делается. Дело состоит в том, что поправить о ш и б к у \ т р а к т а т а \ К а й н а р д ж с к о г о \ о \ Г р у з и и, \ г д е \ о \ н е й \ в о в с е \ н е б р е г л и \ д а \ и \ п о п р а в и т ь \ х о т я \ н е \ п и с ь м о м, но de fait. Край тамошний для нас очень важен; но жаль, ежели бы из-за сего без временно война загорелася» (П. Григорович, Канцлер кн. А. А. Безбородко в связи с событиями его времени, т. 1, გვ. 445. აქ ციტირებულია О. Маркова-ს ნაშრომიდან იხ. «Историк Марксист», 1940, III, გვ. 61). ამიტომ კითხვა იბადება – სწორად უთარგმნეს თუ არა საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლი ერეკლე II-ს და ნამდვილად იცოდა თუ არა მან, რომ ქართლ-კახეთის შესახებ იქ ერთი სიტყვაც არ იყო ნიშანდობლივ ნათქვამი? ასეთი კითხვის დაყენება უმართებულოდ არ გვესახება იმიტომ, რომ რუსეთის სამეფო კართან მიმოწერაში ერეკლე II არსად არ საყვედურობს 23-ე მუხლში მისი ქვეყნის მოუხსენებლობაზე. საჭირო შემთხვევაში ერეკლე ყოველთვის აცნობებს თავის გულისწყრომას რუსეთის სამეფო კარს, რა თქმა უნდა, უაღრესად ზრდილობიან ფორმებში. ამიტომ საფიქრებელი ხდება, რომ სწორად არ უთარგმნეს ხელშეკრულების ტექსტი, ანდა ჩვენ იმდროინდელი საბუთები გვაკლია. მაგრამ ერეკლე II-ს ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულების იმედის ამარა დარჩენა და უდარდელად ყოფნა არ შეეძლო. ლევან ბატონიშვილისა და ანტონ კათალიკოსის ელჩობის უშედეგოდ დასრულების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს ხელმძღვანელთათვის ნათელი შეიქნა, რომ მათი სამეფო მხოლოდ თავისი ძალების ამარა რჩებოდა მეტისმეტად განაწყენებული მეზობლების გარემოცვაში. 1774 წლის აგვისტოსა (А. Цагарели, Грамоты..., т. I, გვ. 408-409) და 1775 წლის მაისის (იგივე, т. II, вып. 1, გვ. 178-179) თარიღებით გაგზავნილ წერილებში ერეკლე II საყვედურით მიმართავდა რუსეთის საგარეო საქმეების ხელმძღვანელს ნ. პანინს, რომ თურქეთი თქვენის რჩევის და იმედით მტრად მოვიკიდე და ახლა «ჩვენი საქმე საფიქრელად გავიხდეთო», რუსეთ-თურქეთის ომში ჩარევით 430 ათასი მანეთის ხარჯი მომივიდა და რაკი რუსეთიდან ჯარით არ მეხმარებით, სესხად ან «პენსიონის» სახით ფული მომაშველეთ, რომ სამი-ოთხი წლის განმავლობაში ჯარის დაქირავება და შენახვა შევძლოო.
რუსეთიდან პასუხი იგვიანებდა და ამის გამო ფულის სესხად შოვნა და სხვა სახის დახმარების მიღება კათოლიკურ დასავლეთ ევროპაში სცადა ერეკლე II-მ. რომ ქართლ-კახეთის სამეფომ ევროპაში მოციქულები გაგზავნა და სესხი ითხოვა, ამის შესახებ საისტორიო ლიტერატურაში ცნობა იყო, მაგრამ რატომ ფიქრობდნენ ერეკლე II და მისი მრჩევლები, რომ ევროპის რომელიმე სახელმწიფო ქართლ-კახეთს დაეხმარებოდა, ამის შესახებ არავინ არაფერს წერს რატომღაც.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში რომის კათოლიკური ეკლესია აქტიურ ბრძოლას იწყებს ამიერკავკასიის ქრისტიანებს შორის კათოლიკური ტიბიკონის გასავრცელებლად. ამ მოვლენას თავისი საფუძველი ჰქონდა, რა თქმა უნდა. ადგილობრივი ეკლესიები, საქართველოსა და სომხეთის, წინაღუდგნენ კათოლიკობას და იგი სასტიკად შეავიწროვეს, ეკლესიის შენობები ჩამოართვეს და სხვა. მეტისმეტად გამწვავდა ბრძოლა 70-იან წლებში კათოლიკე მისიონრებსა და სომხეთის ეკლესიის ხელმძღვანელებს შორის. გორსა და თბილისში კათოლიკურმა სარწმუნოებამ ფეხი მოიდგა სომხურ მოსახლეობაში. 1775 წელს ერეკლე II-ს სომხური ეკლესიის სასარგებლოდ გადაუწყვეტია საკითხი და დიდი ჯარიმა დაუწესებია იმ სომეხ მოქალაქეზე, რომელიც კათოლიკურ სარწმუნოებაში მოიქცეოდა. ამას გარდა, საქართველოდან იდევნებოდა ის კათოლიკე მისიონერი, რომელიც სომეხს გააკათოლიკებდა.
ჩვენ დოკუმენტებიდან არ ვიცით თუ რით ხელმძღვანელობდა ერეკლე II, როცა სომხურ ეკლესიას მფარველად დაუდგა, მაგრამ საფიქრებელია, რომ სომხეთის ეკლესიის მეთაურმა ქართველ მეფეს ფულით სცა პატივი და კათოლიკე მისიონერთა საწინააღმდეგო ბრძანების გამოცემა ამ გზით მოხერხდა. ფინანსურად ხელმოკლე ქართველ მეფეს ორი ეკლესიის წინააღმდეგობით შეიძლებოდა ესარგებლა თავის სამშობლოში.
მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისში მუდმივი რეგულარული ჯარის შექმნის მონატრული ერეკლე ცდილა კათოლიკე მისიონერებიც გამოეყენებინა. მას მოუწვევია გორიდან კათოლიკე მისიონერების წარმომადგენელი და მისთვის განუცხადებია, რომ თუკი საქართველოში მყოფი კათოლიკე მისიონერები და პატრები რომის პაპის მეოხებით, თუ სხვა გზით, მოახერხებენ ევროპის რომელიმე სახელმწიფოსთან ქართველი მეფის ისე დაახლოებას, რომ იგი სესხს ან სხვა მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს იქიდან, საქართველოში მყოფ კათოლიკე მისიონერებს სამაგიეროდ 18-მდე ეკლესია დაუბრუნდება და სხვა მხრივაც ხელი შეეწყობაო (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 1902, გვ. 398-403). საქართველოში მყოფი უფროსი პატრი ანდრია 1782 წელს რომში კარდინალს სწერდა ერეკლე II-ის შესახებ: «ხოლო ეკლესიის მიცემას წერილში გვპირდება, მომიხერხეთ ევროპის მთავრობათ დავუახლოვდე და დაგიბრუნებთ ეკლესიებს, ჩამორთმეულ სახლებს, პატრებს და კათოლიკებს მფარველობას აღმოვუჩენო. გვპირდება ეგრეთვე თბილისში მუდამ თავისი ხარჯით შეინახოს ექვსი პატრი და ამბობს ესე: თუ ეს პირობა სავსებით არ აღგისრულეთ მაშინ მე მტყუანი და ქრისტიანე მეფეთა შებრალების უღირსი ვიქმნებიო» (იქვე, გვ. 401).
საქართველოში მყოფი კათოლიკე პატრები და მისიონერები ერეკლეს წინადადებით მეტისმეტად ნასიამოვნები დარჩენილან და თვით უკისრიათ ევროპაში გასაგზავნი წერილების თარგმნა და წაღებაც. ერეკლეს დამოკიდებულებაც მათდამი რადიკალურად შეცვლილა. 1781 წლის ნოემბრის პირველს საქართველოში მყოფი პატრებისათვის წყალობის სიგელი მიუბოძებია: «ესე წყალობის წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქვენ პატრი უფროსს ანდრიასა და ერთობილ პატრებსა. ასე, რომ ვინცა ვინ თქვენი ყმანი ან ქალაქში ან გორში იმყოფებიან, ამ თქვენს ყმებს არა ხარჯი და არა გამოსაღები არა სათხოვარი და ბეგარა არა ეთხოვებოდეს რა. და არცა რა გამოეთხოვასთ, სალეკოსა და მორიგის მეტი... ვერც ვერავინ შეაწუხოს, და რომელნიც აქ ქალაქში ან გორში მებაჟები იმყოფებოდეთ... ასე გვიბრძანებია, რაც ბაჟი ეჩმიაწინის ყმებს და თუ ეკლესიების ყმებს ერთმეოდესთ, ამათს ყმებსაც ის ბაჟი უნდა გამოართვათ» (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., 1902, გვ. 397-398).
ერეკლე II-ის წერილები ევროპისა და რუსეთის არქივებშია დაცული. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში გაგზავნილმა ელჩებმა პატრმა დომნიკემ და პატრმა მავროსმა ცოცხლებმა დანიშნულ ადგილამდე ვერ ჩააღწიეს. დომნიკე 1781 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა კონსტანტინეპოლში. პატრი მავროსი კი რუსეთის გზით გაემგზავრა ევროპაში და გზაზე პოლონეთში გარდაიცვალა 1782 წლის მაისში.
1782 წლის 18 ოქტომბერს ვენეციის რესპუბლიკას ერეკლე II სწერდა: «მათ განათლებულთა დიდსა ვენეციის შეკრებილთა. თუმცა ამ მოხსენებისათვის დიდად ვრცხობთ და ვეკრძალვით, მაგრამ რომელიც ჩვენის ქვეყნის მწუხარება და შეჭირვება სხვას აზრით მოგვიხსენებია ის მაკადნიერებს: ჩვენის სათხოვარის ჰაზრი ეს არის, რომ ერთის პოლკის ჯარის ჯამაგირი გვებოძოს, რომ კაცი ჩვენ ვიშოვოთ, და იმ ჯამაგირით ის ჯარი გავაწყოთ ევროპის რიგზე, რომ მტერი ამ ჯარის რიგის საბოლოოთ რომ სცნობს, ვერას დროს ჩვენს მტრობას ვეღარ გაბედავს» (იქვე, გვ. 402-403).
მავროს პატრს ავსტრიის იმპერატორთანაც მიჰქონდა ერეკლეს წერილი, მაგრამ ერეკლეს საჭიროდ დაუნახავს ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებისათვის ცნობა მიეწოდებინა. ქართლ-კახეთის მმართველ წრეებში კარგად სცოდნიათ, რომ 1782 წლისათვის ავსტრიის იმპერატორი იოსებ II და ეკატერინე II მოკავშირე და მეგობრულად განწყობილი მონარქები იყვნენ. ამ მოტივით სურთ გაამართლონ ავსტრიის იმპერატორთან ქართლ-კახეთის სამეფოს ურთიერთობა, რომ რუსეთს საწყენად არაფერი დარჩეს:
«... და ჩვენს ჩამომავლობას გულის ერთგულების მეტი როდესაც ღონე არა ჰქონიათ რუსეთის დიდებულის ხელმწიფისათვის მხოლოდ სრულის გულით ერთგულნი ყოფილან, და თავიანთ თავი ქრისტიანობაში მართლმორწმუნისა დიდის რუსეთის ხელმწიფის თანამდებად სრულის ერთგულობის დამტკიცებით შეუნახავთ. და მეც ვინათგან ამ საქმეების განმხილველ და ზემიწევნულ ვარ და ესეც ვიცოდი რომის კეისარსა და ჩვენს ყ~დ მოწყალეს ხელმწიფესა შორის ერთობა და მეგობრობა არის და ჩვენ რომ მარადის მტერთა ჩვენთაგან საფიქრებელად გვაქვს საქმეები ვცდილობთ, რომ ეგების საიდამაც იყოს ჩვენნი საქმენი მტკიცედ ვიპყრათ, ვინათგან მე თანამდები და მოვალე ვარ რომ ჩემს სიცოცხლეში ჩემს ქვეყანას ვარგო რამე. ამისთვის დიდებულს კეისარს ეს აზრი მივსწერე და ეს ისტრუქციაც გაუგზავნე და აგრეთვე რომის სარწმუნოების მქონებელთა ხელმწიფეთაცა მივსწერე და საბოლოოს ჯარის ჯამაგირი ვსთხოვე და უმაღლეს კეისარს ნება მივართვი, რომ თუ ნება ჰქონდეს სხვას ხელმწიფეებსაც თავიანთ ჩემგან მირთმეული წიგნები გაუგზავნას, თუ ნება არა ჰქონდეს ჩვენვე გვიბოძოს და რაც მივწერე კეისართან იმისი კოპია და იმ ინსტრუქციის პირიც მანდ მიახლებია...» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 6, ფურც. 17. ავსტრიის იმპერატორთან გაგზავნილი წერილების რუსული თარგმანი იტალიური დედნიდან დაბეჭდილი აქვს ა. ცაგარელს ზემოდდასახელებულ ნაშრომში, გვ. 13-16).
ეს ვრცელი ამონაწერი ერეკლე II-ის წერილიდან იმისთვის მოვიტანეთ, რომ ნათელი გაგვეხადა ის ხერხი, რომლისათვისაც ქართველ მეფეს მიუმართავს სესხის საშოვნელად. ქართლ-კახეთის სამეფო კარზე არავინ იყო ისეთი გულუბრყვილო არ სცოდნოდა, რომ რუსეთის მაშინდელ ხელმძღვანელობას სასიამოვნოდ არ დარჩებოდა ავსტრიის იმპერატორის ამიერკავკასიის საქმეებში რაიმე სახით ჩარევა. ამიტომ უმართებულო არ იქნება კითხვის დაყენება – ქართლ-კახეთის სამეფოს ხელმძღვანელობა, როცა ავსტრიის სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების შესახებ რუსეთის სამეფო კარს ცნობას აწვდიდა, ხომ არ ცდილობდა ამით რუსეთისა და ავსტრიის დაპირისპირებას და რუსეთის ხელმძღვანელობაში შურის აღძვრას? ასეთი საკითხის დასმა უმართებულოდ არ წარმოგვიდგება, თუ რუსეთის მაშინდელი კანცლერის ა. ბეზბოროდკოს ხელით დაწერილი საბუთის ერთ ადგილს გავითვალისწინებთ. ამ საბუთში, რომელშიც ლაპარაკია ერეკლე II-ის ავსტრიის იმპერატორთან და ევროპის სხვა სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ინსტრუქციის სახით აღნიშნულია: «Отклонить их знакомство с императором (римским) и с другими христианскими державами, сказав, что оне имеют условие не мешаться в дела до Азиатских наших соседей касающияся; да и писем к императору (римскому) не посылать» (А. Цагарели, Грамоты..., т. II, вып. II, გვ. 30).
მაგრამ ერეკლე II-ის დიპლომატიურ სვლებს ამ დროს არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, 1781-82 წლებისათვის რუსეთის პოლიტიკურ მოღვაწეებს თავისთავად «გრანდიოზული გეგმა» ჰქონდათ დამუშავებული. ეს გეგმა, როგორც წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილში გვქონდა საუბარი, თურქეთის წაქცევას, ევროპიდან მის სრულად განდევნას, ბალკანეთში ძველი სახელმწიფოების აღდგენას, ამიერკავკასიაში საქართველოს სამეფოს გაძლიერებას და სომხეთის და ალბანეთის სახელმწიფოების ახლად შექმნას ითვალისწინებდა. საქართველოსა და ამიერკავკასიის საკითხი ე. წ. «საბერძნეთის პროექტთან» იყო დაკავშირებული და ამდენად ქართლ-კახეთისათვის დახმარებისა და მფარველობის გაწევა თვით «საბერძნეთის პროექტიდან» გამომდინარე აქტი ხდებოდა.
ტექსტი ბლოგზე გამოქვეყნებისთვის
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment