(ქვემოთ მოყვანილი ტექსტი გახლავთ საბოლოო ნაწილის ამონარიდი პროფესორ იასე ცინცაძის წიგნიდან «1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი /მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის/», თბილისი, 1960 წ.)
შინაარსი
თავი IV. 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი – მახლობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ყურადღების ობიექტი
თავი IV
1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი – მახლობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ყურადღების ობიექტი
გეორგიევსკში ტრაქტატის საბოლოოდ გაფორმების შემდეგ (1783 წ. 24 ივლისი) გრ. პოტიომკინის განკარგულებით საგანგებო მიმართვები დაეგზავნა აზერბაიჯანის სახანოებს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში მიღების შესახებ. შიშმა მოიცვა ერეკლე II-ის მეზობელი მაჰმადიანი მფლობელები. თურქეთშიაც ასეთივე გამოძახილი ჰქონდა ამ ფაქტს. ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ახლო მომავალში რუსეთი საქართველოზე დაყრდნობით ირანისა და თურქეთის პროვინციების დაპყრობას შეუდგებოდა. მცირე აზიაში, 1768-74 წლების ომში თურქეთის დიდი დამარცხების შემდეგ, რუსეთის ძლიერების შესახებ ცნობები ისე იყო გავრცელებული, რომ მოსახლეობა ყოველგვარ ჭორს იჯერებდა. ერთ-ერთ მიმართვაში გენ. პოტიომკინი პოლკოვნიკ ბურნაშოვს ატყობინებდა, რომ 1783 წლის ივნისში ტრაპიზონის მახლობელი რაიონის ნისლით დაბურვის დროს დღისით ზღვის ფრინველები შემოჭრილიყვნენ ყურეში. მოსახლეობაში ხმა დარხეულა, თითქოს ყირიმიდან რუსეთის ფლოტი შემოესია თურქეთის ნაპირებს. მცხოვრებთ ქალაქი მიუტოვებიათ და პანიკით მოცულთ მახლობელი მთებისათვის შეუფარებიათ თავი (იხ. П. Бутков, Материалы для..., II, 132. ამის შესახებ იხ. აგრეთვე Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 23-24). არზრუმის მოსახლეობასაც თადარიგი დაუჭერია და გამაგრებულ ადგილებში გადასულა.
მაგრამ პირველ რიგში ირანის მფლობელები მოელოდნენ უბედურებას და არ იცოდნენ რა გზას დადგომოდნენ. ირანში ერთმმართველობა არ იყო, რომ გაერთიანებული ძალებით რუსეთის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. ამას გარდა, ისინი კარგად ხედავდნენ, თუ როგორ ჩამორჩენილი იყო ირანი და ძალთა გაერთიანების შემთხვევაშიც გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. ამიტომ პირველ თვეებში საქართველოს მეზობელი სახანოები დაბნეულები იყვნენ. დარუბანდიდან მიღებული საიდუმლო ცნობით, ფათალი-ხანს მისი მრჩევლები აშინებდნენ, რუსები აუცილებლად ტახტიდან ჩამოგაგდებენ და მეღორედ დაგაყენებენო. ეტყობა დარუბანდში ორი პარტია იბრძოდა, თვით ხანი რუსეთთან საერთო ენის გამონახვის მომხრე იყო, თურქეთზე ორიენტირების მომხრე ოპოზიცია კი ყოველნაირად აშინებდა ისედაც თავზარდაცემულ ხანს.
ხმები რუსეთის შემოსევის შესახებ მთელ ამიერკავკასიაში გავრცელებულა ჯერ კიდევ 1783 წლის გზაფხულზე. მარტში რუსეთის ერთი აგენტი იტყობინებოდა: «Чёрный народ от Дербента до Баки и Салиана не ведомо почему прослыша радуется бытию в Персию российских войск, ждя чрез то тишины от междуусобий» (ციტიტებულია ა. იოანესიანის წიგნიდან «Россия и армянское освободительное движение», 1947, გვ. 71). ყველაზე ადრე ყარაბაღის ხანს დაუნახავს საჭიროდ დროულად ზომების მიღება და რუსეთთან მოლაპარაკება დაუწყია. მაშინ აზერბაიჯანის ხანებს ალბათ არ ჰქონდათ ზუსტი ცნობები საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლის შესახებ, მაგრამ რომ რუსეთი ირანისაკენ სალაშქროდ სამზადისს ატარებდა და ყარაბაღელი სომხები რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ამის შესახებ ალბათ იცოდა იბრაჰიმ-ხანმა, და საფრთხის მოახლოება რაკი იგრძნო, რუსეთის მფარველობაში შესვლაზე სურვილი განაცხადა, ფიქრობდა რა ნიადაგის მოსინჯვას. რუსეთის სამეფო კარი იბრაჰიმ-ხანის სამფლობელოს მომავალ სომხეთის სახელმწიფოს ტერიტორიად გეგმავდა და პასუხს არ უჩქაროდა.
1784 წლის იანვარში საშამხლოს ბატონმა მურთუზალმა მიმართა რუსეთის ხელისუფლებას მფარველობაში მიმიღეო. მაგრამ იგი მალე გარდაიცვალა. მის ნაცვლად ტახტზე ასული შამხალი ბამატი საგანგებო წერილობით თხოვნას გზავნის მფარველობაში მისაღებად. ამასთანავე მოითხოვდა, რომ ერეკლე II-ზე დაბლა არ დამაყენოთ, რადგანაც იგი ხარისხით არასოდეს შამხალ ბატონზე მაღალი არ ყოფილაო, იგი ჩემი ტოლი ვალი იყოო (П. Бутков, Материалы..., გვ. 134).
1783 წლის ტრაქტატის გაფორმება ყველაზე მწვავედ განიცადა ახალციხელმა სულეიმან-ფაშამ. ამ გარემოებას საგანგებოდ აღნიშნავს ნ. დუბროვინი და სულეიმანის შეშფოთების მიზეზის ახსნასაც გვთავაზობს; იგი წერს: «При болтливости, свойственной всем азиатским народам, грузины не могли скрыть главнейших статей трактата, и Сулейман, не без страха за свою будущность, узнал о существовании второго параграфа секретных условий, в котором русская императрица не только ручалась за сохранение в целости настоящих владений царя Ираклия, но обещала распространить это ручательство и на все те владения, которые будут им приобретены в последствии» (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 23).
ნ. დუბროვინს ალბათ მხედველობაში ჰქონდა ტრაქტატის მე-2, საიდუმლო ნაწილის არა მე-2, როგორც იგი ამას აღნიშნავს, არამედ მე-4 პარაგრაფი, სადაც საგანგებოდ აღნიშნულია: «დიდებულება იმპერატორებისა მისისა აღსთქუამს, რათა დროსა ბრძოლისასა იხმაროსმცა ყოველი შემძლებლობაჲ მეცადინეობისა ღონითა საჭურუჱლისათა, ხოლო დროსა მშვიდობისასა დაზავებისა მიერ უკუმოქცევისათვის ქუჱყანისა და ადგილთა მტერთაგან ქონებულთა და ძუჱლადვე სამეფოჲსა მიმართ ქართლისა და კახეთისა შერაცხილთა – ესენი უკუჱ დაშთებიან სამფლობელოდ მუნებურთა მეფეთა...». აქ თუმცა სამცხე-საათაბაგო დასახელებული არ არის, მაგრამ იგი აშკარად იგულისხმება და, რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლება, ამ მე-4 არტიკულის ძალით, კისრულობს სხვების მიერ მიტაცებული ქართული ტერიტორიების გამოხსნას და ქართლ-კახეთის სამეფოსათვის გადაცემას. თუკი სულეიმან-ფაშა ამ მუხლის შინაარსს გაიგებდა, ცხადია, განგაში უნდა აეტეხა. მაგრამ საიდან ჩანს, რომ იგი ამ მუხლის შინაარსს გაეცნო ქართველების გაუფრთხილებლობით ან ლაყბობით?
ამას გარდა, განა ტრაქტატის პირველი ნაწილის მე-2 მუხლი, რომლის გამოქვეყნება არ დააყოვნა რუსულ და ქართულ ენებზე თვით რუსეთის ხელისუფლებამ, დამაფიქრებელი და ეჭვის აღმძვრელი არ უნდა ყოფილიყო სულეიმან-ფაშასა და მისი მსგავსი რენეგატის და მტაცებლისათვის? სულეიმან-ფაშას კარგად ახსოვდა რა დღე დააწია ერეკლე II-მ 1770 წელს აწყურთან და ასპინძასთან ახალციხელი ფაშისა და თურქეთის გაერთიანებულ ჯარებს. მან კარგად იცოდა რა გეგმებს ისახავდნენ ქართველი მეფეები სამცხე-საათაბაგოს მიმართ, და საქართველოში რუსეთის დამხმარე კორპუსის მოსვლის მნიშვნელობა მას სხვანაირად არც შეეძლო გაეგო, თუ არა საქართველოს ისტორიულ საზღვრებში აღდგენის დასაწყისად. ამიტომ იყო, რომ, როგორც კი დარიალით დამხმარე რაზმი დაიძრა რუსეთიდან და ახალციხის საფაშოს ამის შესახებ ცნობა მოუვიდა, მაშინვე შიკრიკი გაიგზავნა კონსტანტინოპოლში მაშველი ჯარის გამოგზავნის შესახებ.
სულთანის კარი თითქოს სრულიად დამშვიდებულ პასუხს აძლევს სულეიმან-ფაშას, რომ თურქეთს რუსეთთან ზავი და მშვიდობა აქვს და არავითარი თავდასხმა მოსლოდნელი არ არის, მაგრამ თუ მტრული მოქმედება იქნება შენიშნული, საკადრისი პასუხი უნდა გაეცესო. ამ ცნობებს რუსეთის კონსტანტინოპოლელი რეზიდენტი გზავნიდა რუსეთში თურქეთიდან, მაგრამ, როგორც ეტყობა, ყველაფერი ეს კეთდებოდა რუსეთის თვალის ასახვევად.
თურქეთის აგენტები სასწრაფოდ გამოეშურნენ ამიერკავკასიასა და აზერბაიჯანში. თვით სულეიმან-ფაშას საგანგებო ინსტრუქცია მოუვიდა და ახალციხის საფაშო საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებების მთავარი შტაბი გახდა. სულეიმანისათვის 50 ქისა თეთრი გამოუგზავნია სულთანს, რათა დაღესტნიდან დაუყოვნებლივ გადმოეყვანა ლეკთა ჯარი და საქართველოზე თავდასხმები დაეწყო. ამას გარდა, სულეიმან-ფაშას დაევალა სასწრაფოდ აზერბაიჯანისა და დაღესტნელ მფლობელებთან შიკრიკების გაგზავნა, რათა ყველა გაერთიანებულიყო და საქართველოს შესეოდა. სულეიმან-ფაშას ყველაზე მეტად ყარაბაღელი იბრაჰიმ-ხანის იმედი ჰქონდა. ყარაბაღში სომხური მოსახლეობა იყო უმთავრესად, ამიტომ იბრაჰიმი სხვაზე უფრო დაშინებული იყო და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლთა შორის უფრო საიმედო ჩანდა.
1784 წლის აპრილში ერთი სომეხი დიაკვანი სტეფანე პოპოვიანი პავლე პოტიომკინს ატყობინებდა: «Шушинский Ибрагим-хан купно с гойским, шакинским и бакинским ханами утвердили между собою согласие в том, что ежели против кого встретятся им воинские действии, тоб продолжать общую подпору...» (А. Иоанесян, Россия и армянское национальное движение, გვ. 271). მაჰმადიანი მფლობელები ამ შეთანხმებას საიდუმლოდ ინახავდნენ და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს თავს ისე აჩვენებდნენ, თითქოს რუსეთის დიდი ერთგულები იყვნენ. მათ თბილისში ელჩები გამოგზავნეს საჩუქრებით, ვითომ ერეკლე მეფეს გაბედნიერებას ულოცავდნენ. ამავე დროს პოლკოვნიკ ბურნაშოვის ნახვა ისურვეს და რუსეთის დედოფლის ერთგულებას და პატივისცემას აღარებდნენ. სინამდვილეში თბილისში მიმდინარე ამბების გასაგებად და დასაზვერად მოვიდნენ. იბრაჰიმ-ხანი ამავე დროს ქართველ მეფეს თხოვდა: ფიცით დამიმტკიცე, რომ რუსეთის მფარველობაში თუ შევალ, ყარაბაღის სახანოს ტახტი დამრჩებაო. ბუნაშოვთან მოთათბირების შემდეგ ერეკლემ იბრაჰიმ-ხანს რუსეთის მფარველობის სათხოვნელად ელჩის გაგზავნა ურჩია, ამასთანავე გააფრთხილა, რომ რუსეთის დედოფლის მოწყალებას უნდა მიენდო ყოველგვარი წინასწარი პირობების წამოყენების გარეშეო. ელჩი მართლაც გაგზავნა იბრაჰიმმა, მაგრამ იმავე დროს რუსეთის წინააღმდეგ საიდუმლოდ მოქმედებდა და საომრად ემზადებოდა. რუსეთისათვის აშკარა იყო, რომ ყარაბაღის სახანო იარაღით უნდა დაპყრობილიყო და სომხეთის სახელმწიფო ამ გზით უნდა აღმდგარიყო.
რუსეთის ჯარის ნაწილები აზერბაიჯანისაკენ სალაშქროდ ემზადებოდნენ. ისინი ყიზლარიდან უნდა დაძრულიყვნენ დარუბანდისაკენ. განზრახული იყო ფათალი-ხანის დატუსაღება და ასტრახანში გადმოყვანა. აქედან კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპიროები გილანამდე უნდა დაეკავებინათ. რუსეთის მეორე კორპუსი საქართველოს ლაშქრობასთან ერთად გადალახავდა საქართველოს საზღვრებს, ყარაბაღს ჩაიგდებდა ხელთ და აღსდგებოდა სომხეთის სახელმწიფო, მის აღმოსავლეთით კი – ალბანეთის სახელმწიფო. რუსეთის სარდლობა იმასაც ვარაუდობდა, რომ რუსეთის ლაშქრობას ამ მხარეებში შეეძლო თურქეთი გამოეყვანა წონასწორობიდან და ომი დაწყებულიყო თურქეთთანაც (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 91; ამ ლაშქრობის შესახებ იხ. აგრეთვე П. Бутков, Материалы..., т. II, გვ. 142-143). გენ. პოტიომკინს საჭირო თანხები გადმოეგზავნა ლაშქრობისათის მარაგის დასამზადებლად.
ლაშქრობის დაწყება 1784 წლის ზაფხულისათის გადაიდო. ახლად შემოერთებული ყირიმის და ყუბანის საქმეები რაკი სავსებით მოთავებული არ ყოფილა. კავკასიაში მოქმედი ჯარების ზურგის წესრიგში მოყვანა იყო საჭირო.
1784 წლის გაზაფხულზე რუსეთის სარდლობა საომარ თადარიგს შეუდგა. მაგრამ ეს სამზადისი არ დაიფარა და ხმები რუსეთის სპარსეთისაკენ სალაშქროდ მზადების შესახებ მთელს აზერბაიჯანში და თვით ირანში სწრაფად გავრცელდა. ამან პავლე პოტიომკინი დაფიქრა და საქართველოში მყოფ რუსეთის რეზიდენტს პოლკოვნიკ ბურნაშოვს მისწერა: «ხმები გაავრცელე, რომ ჯარი საქართველოს დასაცავად მოდისო» (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 122).
მაგრამ სომხეთისა და საქართველოსათვის სამწუხაროდ საქმე სულ სხვარიგად წარიმართა. ჩვენ ზემოთ ერთგან აღნიშნული გვქონდა, რომ ქარიმ-ხან ზენდის გარდაცვალების შემდეგ ირანში ტახტის პრეტენდენტებს შორის ბრძოლა გაიმართა და ბოლოს 1784 წლისათვის სხვა პრეტენდენტებს შორის ორი დაწინაურდა, ზენდების მოდგმიდან – ალი-მურად-ხანი და ყაჯარების მოდგმიდან – აღა-მაჰმად-ხანი ასტრაბადელი. ალი-მურად-ხანს სპარსეთის ძირითადი ტერიტორიები – ცენტრი და სამხრეთ ნაწილი უკვე დაკავებული ჰქონდა, მაგრამ აღა-მაჰმად-ხანიც ენერგიულად მოქმედებდა და შინაბრძოლა კიდევ უნდა გაგრძელებულიყო. ამავე დროს ირანის ჩრდილოეთით მყოფი სახანოების პოზიცია გარკვეული არ იყო. თურქეთი აზერბაიჯანის სახანოებთან იყო დაკავშირებული და ირანში ერთხელისუფლებიანობის აღდგენას არ თანაუგრძნობდა. ალი-მურად-ხანისათვის შაჰის ტახტის ხელში ჩასაგდებად მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა იყო საჭირო. ასეთ ძალად რუსეთის სახელმწიფო გამოიყურებოდა. ალი-მურად-ხანისათვის დაფარული და უცნობი არ ყოფილა რუსეთის ინტერესები სპარსეთში, და რუსეთთან შეთანხმება ერთადერთი გამოსავალი იყო შექმნილ ვითარებაში. რუსეთის საშუალებით შინაომებსაც ადვილად ეღებოდა ბოლო და თურქეთსაც ლაგამი ამოედებოდა.
რუსეთის დიპლომატია თვალყურს ადევნებდა ირანში მიმდინარე პროცესებს და ალი-მურად-ხანის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიღებული ჰქონდა. 1784 წლის იანვარში გენ. პოტიომკინმა ერთი სომხის «თოქალთოვის» საშუალებით ალი-მურად-ხანს ისპაჰანში წერილი აწვდინა, რომლითაც მეგობრულ ურთიერთობას თავაზობდა (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 123).
«თოქალთოვი» დიდი პატივისცემით მიიღო ისპაჰანის მფლობელმა ალი-მურადმა და რუსეთში გამოსტუმრებისას თან გამოაყოლა თავისი ელჩი მუჰამედ-ხანი; ამ უკანასკნელს, წერილის გარდა, ზეპირად მოსახსენებელიც ჰქონდა. როგორც დაცული ცნობებიდან ჩანს, ალი-მურადი მზად იყო დაეთმო რუსეთისათვის ყველა ის პროვინცია, რომლებიც პეტრე I-ის დროს დაიპყრო რუსეთმა კასპიის ზღვის მხარეში. ამას გარდა, რუსეთს უთმობდა ყარადაღს, ყარაბაღს, ნახჭევანსა და ერევანს მისადგომი მხარეებით, იმ პირობით, რომ რუსეთი მას იცნობდა როგორც ირანის შაჰს, ამასთანავე დაიცავდა თურქეთის ძალმომრეობისაგან. რუსეთს ჰპირდებოდა აგრეთვე ვაჭრობის თავისუფლებას. ალი-მურად-ხანს პასუხი გრ. ა. პოტიომკინმა წერილობით გასცა. პოტიომკნი აღუთქვამდა მას რუსეთის დედოფლის დახმარებას (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 124).
ალი-მურად-ხანი სპარსეთის იმ პროვინციებს უთმობდა რუსეთს, რომლებიც მას იმხანად არ ემორჩილებოდნენ. ამით იგი თავიდან იცილებდა ისეთ მოწინააღმდეგესაც როგორიც აღა-მაჰმად-ხანი ყაჯარი იყო. ახლა ალი-მურად-ხანთან საფუძვლიანი მოლაპარაკება და სათანადო ხელშეკრულების გაფორმება იყო საჭირო. თავადი გრ. ა. პოტიომკინი ეკატერინე II-ს მოახსენებდა: «... владеющий сердцем персидские земли хан Али-Мурат ищет союза с Россиею; при поманке его шахством можно отделить добровольно Армению Персидскую... Знатное число владельцев Азии – покорясь под державу вашего императорского величества, составят вам империю в той части, наподобие германской, с тою разницею, что, власть ваша там будет не мнимая... как императора Римского» (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 124). დაყოვნებას აზრი არ ჰონდა და დიპლომატების მიერ საკითხის დამუშავების შემდეგ გადაწყდა ისპაჰანში ალი-მურად-ხანთან პოლკოვნიკ ვასილ სტეფანეს-ძე ტამარას გაგზავნა. ეს უკანასკნელი საკმაოდ გამოცდილი პიროვნება იყო, იგი არაერთხელ ყოფილა უცხოეთში გარკვეული დავალებებით. პოლკოვნიკ ტამარასათვის საგანგებოდ დამუშავებულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მან ისპაჰანში. ერთგან ტამარას მიუთითებენ, რომ პირველ რიგში გასარკვევია ალი-მურად-ხანის როგორც ხელისუფალის მდგომარეობა ირანში. იმ შემთხვევაში, თუ მას არავითარი გავლენა არ აქვს თავის სამფლობელოში და მოსალოდნელია მისი ჩამოგდება, ასეთ ხელისუფალთნ საქმის დაჭერას აზრი არა აქვსო: «... ежели власть его не твёрдая и он подвержен всеминутной опасности лишиться правления, то было бы конечно сомнительно для двора нашего завести и достоинство и силы наши в дело не весьма по себе надёжное» (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 281). მაგრამ რუსეთის სამეფო კარის ხელთ არსებული ცნობებით ალი-მურად-ხანი ირანის მფლობელთა შორის ყველაზე უფრო ძლიერი და ავტორიტეტიანია, ამდენად პოლკ. ტამარას მიუთითებენ, რომ თუ მის მიერ შეკრებილი ცნობებითაც დადასტურდება ალი-მურად-ხანის ძლიერება, რუსეთის ხელისუფლების სახელით ტამარამ ირანის შაჰობა უნდა მიულოცოს მას, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ დაუპირისპირდება იგი და მზად იქნება ხელი შეგვიწყოსო: «... вам позволено поманить его шахским достоинством... естли он заслужит то готовностию податься на все наши виды и намерения» (იქვე). პოლკ. ტამარას ევალება ჩააგონოს ალი-მურად-ხანს, რომ ირანის სახელმწიფოს მოვლა და იქ შაჰად დაჯდომა ძნელი საქმე იქნება თუ ირანის სახელმწიფოში ეთნოგრაფიულად ერთგვარი მოსახლეობა არ იქნებაო. სხვადასხვა მოდგმისა და სარწმუნოების ქვეშევრდომები სახელმწიფოს დაასუსტებენ და შინააშლილობას გააღვივებენო: «... нужно объяснить ему всю надобность состояния ея монархии из самых персиян, таковое соединение будет твёрдо и прочно, когда напротив того разность народов всегда готовых к свержению ига не умножают силы государственныя но паче... ослабляет оныя. Сие говорю я об Армении и других окрестных провинциях: ибо что принадлежит до Грузии то об ней ни слова участь же ея уже решена» (იქვე, გვ. 280). მაშასადამე, აზერბაიჯანი, სომხეთი და დაღესტანი სპარსეთის სახელმწიფოს სიმტკიცეს ხელს უშლის და რუსეთის თვითმპყრობელობა კისრულობს «მეგობრობის ნიადაგზე» ეს არასპარსული ტერიტორიები ირანს ჩამოაცილოს და თავისი მფარველობის ქვეშ მიიღოს. რუსეთის დიპლომატები საჭიროდ არ თვლიან ალი-მურად-ხანთან საქართველოს საკითხის განხილვას, რადგან იგი დამთავრებულ და სამუდამოდ გადაწყვეტილ საკითხად მიაჩნიათ. ჩვენ არ ვიცით, რატომ ჰყავდა ალი-მურად-ხანი ასეთ გულუბრყვილო ადამიანად წარმოდგენილი თვითმპყრობელობის დიპლომატიას, რომ ამოდენა ტერიტორიების დათმობას ასეთი არგუმენტებით მოელოდა მისგან. საფიქრებელია, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ და შაჰობის პრეტენდენტ ალი-მურად-ხანს თვითმპყრობელობა «მწარე აბის ჩაყლაპვას» უადვილებდა ამ არგუმენტებით. მან აგენტურის მეშვეობით იცოდა, რომ ალი-მურად-ხანს გადაწყვეტილი ჰქონდა დათმობებზე წასულიყო.
ამასთანავე პოლკ. ტამარას ევალებოდა თურქეთის საწინააღმდეგო თავდაცვითი კავშირის ხელშეკრულებაც დაედო ალი-მურად-ხანთან, რადგანაც თურქეთი რუსეთისა და ირანის მოწინააღმდეგე სახელმწიფოდ იყო მიჩნეული. თითქოს ყველაფერი რუსეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ეწყობოდა. მაგრამ ირანი არც ისე უპატრონო აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მარტივად მოგვარებულიყო.
ცნობა 1783 წლის ტრაქტატის გაფორმების შესახებ დასავლეთ ევროპაშიც იმავე წელს მივიდა. ეს ფაქტი განიხილებოდა როგორც მეფის დიპლომატიის ტრიუმფი აღმოსავლეთში. განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიქცია ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში შესვლის ფაქტმა საფრანგეთისა და ინგლისის დიპლომატიურ წრეებში. შემთხვევითი არ იყო, რომ 1783 წლის აგვისტოში ეკატერინე II გრ. ა. პოტიომკინს სწერდა: «... я письмо твое... получила чрез полковника Тамару, который привёз и грузинское дело, за которое снова тебе же спасибо... На зависть Европы я весьма спокойно смотрю, пусть балагурят, а мы дело делаем» (Н. Дубровин, История войны и..., II, გვ. 11; ტრაქტატის გამო ევროპის გამოხმაურების შესახებ იხ. О. П. Маркова, Присоединение Грузии к России, журн. «Историк Марксист», 1940, III, გვ. 63). ტრაქტატის ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ევროპაში, მაგრამ ამით არ ამოწურულა ევროპის სახელმწიფოების საქმიანობა.
1784 წლის გაზაფხულზე საფრანგეთის მთავრობის დავალებით ისპაჰანში კონსტანტინეპოლიდან გრაფი ფერიერ-სოვბეფი ჩავიდა. საფრანგეთის ამ აგენტმა რამდენიმე ხნის შემდეგ აღმოსავლეთში მისი მოგზაურობის აღწერილობა გამოაქვეყნა. ფერიერის გარდა, 1784 წლის თებერვალში ფრანგი ოფიცრები მარკიზი დე ლარმანი, ბარონი დე ბორტი და შევალიე დე ბულონი კიევისა და ყირიმის გავლით გაემგზავრნენ კავკასიის ხაზის სანახავად. გრ. ა. პოტიომკინს გენ. პავლე პოტიომკინისთვის მიუთითებია, რომ თავაზიანად მიეღო ისინი, მაგრამ იმავე დროს თვალყური ედევნებინა. გაზაფხულზე სტუმრებს მოუწადინებიათ საქართველოსაკენ დარიალით მომავალი გზის დათვალიერება. მაგრამ პავლე პოტიომკინს ნება არ დაურთავს. ერთი სტუმართაგანი თურმე ღამით იმ ადგილების რუკას ადგენდა, რომელთაც დილით გაივლიდნენ. ოფიცრები ასტრახანით პეტერბურგში დაბრუნდნენ. 1797 წელს პარიზში მათი მოგზაურობის აღწერილობა წიგნად გამოსულა (П. Бутков, Материалы..., II, გვ. 149-150). ეს პირები ტურისტები არ ყოფილან და თავისი მთავრობის დავალებას ასრულებდნენ – რუსეთის საქმიანობას ზვერავდნენ კავკასიასა და ირანში.
ფერიერი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ, როცა იგი სპარსეთში მივიდა, ალი-მურად-ხანი რუსეთთან იყო მეგობრულად დაკავშირებული და თურქეთს აშკარად მტრობდა, შირაზელ ხანს თურქეთის კუთვნილ ბასრაზე თავდასხმა ნაბრძანევი ჰქონდაო. თურქეთის სულთნის ელჩი კი, რომელიც მეგობრობის ხელშეკრულების დადებას თავაზობდა, ალი-მურადს საპყრობილეში დაემწყვდიაო (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 132).
ირანში ფერიერის საქმიანობის შესახებ ცნობებს გვაწვდის მოხსენებითი ბარათი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვერჟენის სახელზე გაუგზავნია ფერიერს. ეს დოკუმენტი ხელთ ჩავარდნია რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის მზვერავს და მისი პირი დღესაც დაცულია ამ კოლეგიის არქივში.
რუსეთის საწინააღმდეგო საქმიანობას ფერიერი ისპაჰანში ჩასვლამდე შესდგომია. ბაღდადიდან მომავალი ქერმანშაჰში შეჩერებულა და ადგილობრივი ხანისათვის რუსეთის დაპყრობითი მიზნები დაუხასიათებია. სპარსეთში რუსეთის ზრახვების შესახებ სწორი წარმოდგენა აქვთო, წერს ფერიერი, და ჩვენი საუბრის შემდეგ იქ სწრაფად გავრცელდა ხმები რუსეთის წინააღმდეგ საფრანგეთის, თურქეთისა და სპარსეთის კოალიციის შედგენის შესახებო. ისპაჰანში ჩასვლისას (1784 წ. 20 მარტი) მან აუწყა ალი-მურად-ხანის ვეზირს საფრანგეთისა და თურქეთის მეგობრული კავშირის არსებობა, რომლის მიზანია თითქოს ძლიერის ძალმომრეობისაგან სუსტის ხსნა. ფერიერს განუმარტებია ვეზირისათვის თუ რა მნიშვნელობა აქვს რუსების მიერ ყირიმის დაპყრობას და აგრეთვე მფარველობითი ტრაქტატის დადებას რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც «სათანადო ფერებით აღვწერეო». ბოლოს, ფერიერი მოითხოვს თავისი მინისტრისაგან ფულად თანხებს და საჩუქრებს ალი-მურად-ხანისათვის. იგი არწმუნებს მინისტრს, რომ ამ გზით შეძლებს საფრანგეთის, თურქეთისა და სპარსეთის კავშირის შეკვრას, მიმართულს რუსეთის წინააღმდეგ.
თავისი მოგზაურობის აღწერილობაში იგი ერთ სიტყვასაც არ ამბობს თუ რა დავალებით გაემგზვრა ირანში. ცხადია, სადაზვერვო დავალების შესახებ წიგნში წერა სავალდებულო არ იყო. იგი აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ როცა იგი ირანში მივიდა, რუსეთისათვის ხელსაყრელი სიტუაცია იყო შექმნილი, ხოლო მისი იქ ყოფნის დროს მდგომარეობა ისე შეიცვალა, თითქოს, რომ ალი-მურად-ხანმა თურქეთის ელჩი გაათავისუფლა, დაასაჩუქრა და დადებითი პასუხით გაისტუმრა თურქეთში, ამასთანავე, თითქოს, რუსეთში გაგზავნილ ელჩს მუჰამედ-ხანს ახალი ინსტრუქციები გაუგზავნა და სხვა (ფერიერის მოხსენებითი ბარათის შესახებ იხ. А. Иоанесян, Россия и..., გვ. 131-134).
ჩვენ ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს იმაში, რომ ფერიერი და სხვა მისი მსგავსი მზვერავები რუსეთის სასიკეთოდ არაფერს გააკედებდნენ ირანში, მაგრამ რომ ასეთი გამარჯვებით დასრულდა ფერიერის მისია ისპაჰანში, ხელაღებით დასაჯერებელი არ უნდა იყოს.
საქმის ვითარების სრულად გარკვევას ის გარემოება აძნელებს, რომ პოლკოვნიკი ტამარა 1784 წლის ოქტომბერში გამოემგზავრა პეტერბურგიდან ირანისაკენ. იგი სადღაც გზაში დიდხანს გააჩერეს. მხოლოდ 1785 წლის 12 თებერვალს გავიდა თბილისიდან. ერევანში მისვლისას გაიგო, რომ ალი-მურად-ხანი გარდაიცვალა. ამ ხმების შესამომებლად ხოის სახანომდე მივიდა და რაკი დარწმუნდა, რომ ცნობა მართალი იყო, ისევ გამობრუნდა. ირანი ისევ შინაომის ასპარეზად გადაიქცა, ისპაჰანი მალე აღა-მაჰმად-ხანმა (ყაჯარმა) ჩაიგდო ხელში. პოლკ. ტამარას რომ ალი-მურად-ხანი ენახა, საფრანგეთის აგენტურის საქმიანობის შედეგების შესახებ ზუსტი ცნობები გვექნებოდა. არავითარი ცნობა არ მოეპოვება რუსეთის არქივებს იმის შესახებ, რომ ალი-მურად-ხანმა რუსეთთან დამოკიდებულება შეცვალა. პ. ბუტკოვი, რომელიც ახლო იცნობდა საარქივო მასალებს, ისპაჰანში ფერიერის მოღვაწეობის შესახებ აღნიშნავს: «Между тем, Французский двор старался, равно как и турки, полагать препоны российскому распространению а Азербайджане. Весною 1784 года прибыл... в Испаган граф де Фериори... Но внушения его были недействительны» (П. Бутков, Материалы..., II, გვ. 149). სათანადო არქივები გულმოდგინედ გადასინჯა ისეთმა გამოცდილმა და ფრთხილმა ისტორიკოსმა, როგორიც არის ა. იოანესიანი, მაგრამ ფერიერის ცნობების დამადასტურებელი მასალა რუსეთის არქივებში ვერ იპოვა. პროფ. ა. იოანესიანი სამართლიანად ვარაუდობს, რომ ალი-მურად-ხანის ვეზირებმა შესაძლებელია ფერიერს თავი ისე მოაჩვენეს, რომ ვითომ მისი გეგმების მომხრე იყვნენ, მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო ვეზირების და თვით ალი-მურად-ხანის განცხადება, დამატებითი დოკუმენტური მასალის აღმოჩენამდე არ გადაიჭრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალი-მურად-ხანს მისი ელჩის მუჰამედ-ხანის რუსეთიდან დაბრუნებამდე ფერიერისათვის თავი ისე უნდა მოეჩვენებინა, რომ რუსეთზე ორიენტირების გზა თითქოს უარყო. ასეთი დიპლომატიური სვლა იმ გარემოებით უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი, რომ ალი მურადის ელჩს რუსეთიდან დაბრუნება მეტისმეტად დაუგვიანდა. მართალია, პოტიომკინმა წერილობით აცნობა ალი-მურადს რუსეთის დედოფლის კმაყოფილება, მაგრამ კონკრეტულა საქმეების მოგვარებას აგვიანდებოდა. ფერიერი კი მარტო საფრანგეთის სახელით კი არ ლაპარაკობდა, არამედ თურქეთის სახელითაც. ასეთ ვითარებაში ალი-მურად-ხანის კარს შეეძლო თურქეთის ელჩი ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა, ფერიერისათვის რაიმე დაპირება მიეცა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა რუსეთზე ორიენტირების უარყოფას. პროფ. იოანესიანი მართალია, როცა წერს, რომ საფრანგეთის აგენტურამ ასე თუ ისე რუსეთს ისპაჰანში საქმე გაურთულაო (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 134).
საფრანგეთის აგენტის ირანში საქმიანობის შესახებ ერეკლე II-ის მზვერავსაც შეუკრებია ცნობები, რაც ქართველმა მეფემ გარსევან ჭავჭავაძის მეშვეობით აცნობა რუსეთის სამეფო კარს. გარსევანი თავის მოხსენებით ბარათში ფელდმარშალ პოტიომკინს სწერს: «სიცოცხლესა შა ალი-მურად-ხანისა, დროს ოდეს იმყოფებოდა შა ქალაქს თეჰრანს, მოიწია ელჩი ფრანცუცის ესრეთის წიგნითა და შემოთვლილობით ვ~დ რუსები რომ ადირბეჯანის მხარეს იჭერენ რატომ ანებებ და ჯარით არ ეწინააღმდეგები. და თუ ახლა თავს არ შეიდებ ბოლოს გაშავებული საქმე უმეტეს დაგიმძიმდება და ინანებ ამისთანა საქმეში მოექცევი» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 5, ფურც. 65).
საფრანგეთის დიპლომატია დაინტერესებული იყო ირანთან სავაჭრო ურთიერთობებით და გულგრილად არ შეეძლო რუსეთის იქ გაბატონებისათვის ეცქირა. 1784 წლის მაისში საგარეო საქმეთა მინისტრი ვერჟენი სწერდა ისპაჰანში ფერიერს – შეესწავლა და ეცნობებინა მისთვის მოხერხდებოდა თუ არა საფრანგეთის იმ საქონლის შავი ზღვით საფრანგეთისაკენ გაგზავნა, რომელიც დღეს რუსეთში მიდისო. საფრანგეთის წარმომადგენელი შუაზელ-გუფიე კი კონსტანტინეპოლში იმას ცდილობდა, როგორმე საფრანგეთის გემებისათვის თავისუფალი მიმოსვლის უფლება მოეპოვებინა დარდანელის სრუტით შავ ზღვაში.
საფრანგეთის დიპლომატია განსაკუთრებით მწვავედ განიცდიდა თურქეთის მძიმე მდგომარეობას. რუსეთ-ავსტრიის კავშირი, ყირიმის შეერთება რუსეთის მიერ, ყუბანისა და ამიერკავკასიის ტერიტორიებზე დასაყრდენების შექმნა რომ თურქეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამის არდანახვა გაწვრთნილ საფრანგეთის დიპლომატიას არ შეეძლო. კონსტანტინეპოლში ახლად დანიშნულ საფრანგეთის ელჩს შუაზელ-გუფიეს თან მოჰყვა მრავალი სამხედრო სპეციალისტი, რომლებიც თურქებს შველოდნენ შავი ზღვის სანაპიროს გამაგრებაში, აგრეთვე რუსეთის საზღვრებზე ციხე-სიმაგრეების აგებაში. ფრანგი მზვერავები კი რუსეთის ჯარების დისლოკაციისა და შავი ზღვის მიდამოებში მიმდინარე სამზადისის შესახებ ცნობებს კრეფდნენ და დანიშნულებისამებრ აწვდიდნენ.
თურქეთი ახლა უფრო გაბედული ხდება და არ ზოგავს თანხებს რუსეთის წინააღმდეგ კავკასიის მაჰმადიანური მოსახლეობის ასამხედრებლად. თუ წინათ, 1783 წელს, შეშინებული დაღესტნელები და აზერბაიჯანელი ხანები რუსეთის ხელისუფლებას მფარველობას თხოვდნენ, ახლა, 1784 წლიდან მოკიდებული, თურქეთის მფარველობით დაიმედებულნი, რუსეთის საწინააღმდეგო კოალიციას ადგენენ. თურქეთის აგენტები ხმებს ავრცელებდნენ, რომ თითქოს რუსეთის ხელისუფლებამ ერეკლე II-ს ირანის სახელმწიფო აღუთქვა სამფლობელოდ და თუ წინააღმდეგობა არ შეხვდა, ირანში შაჰად დაჯდებაო. ქართლ-კახეთის დესპანი გარსევან ჭავჭავაძე ასე ატყობინებდა ამ ამბავს რუსეთის სამეფო კარს: «ადრიბეჟანის ხანებისათვის ხონთქრის ფარვანი რომ იყო მოწერილი ასრე ეწერა: მეფე ერეკლემ თავისის სჯულის თასლიბი გასწივაო და რუსეთის ხელმწიფის საფარველს ქვეშე მივიდაო და იმათგანაც წყალობა მოუვიდაო და იცოდეთ ერანიც იმისთვის აღუთქვამთო, რომ უნდა დაიჭირონ და მეფე ერეკლეს მისცენო. ხათრიჯამი იყავით, რომ იმათი სწორე განზრახვა ეს არისო» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 5, ფურც. 65). ადვილი წარმოსადგენია როგორი გამოხმაურება უნდა ჰქონოდა ასეთ პროვოკაციულ ხმებს მაჰმადიანურ სამყაროში. 1784 წელს იბრაჰიმ-ხანი, ფათალი-ხანი, ხოელი ხანი ახმედი და სხვა დაღესტნელი და აზერბაიჯანები წვრილი მფლობელები თურქეთის სულთანს ფინანსურ დახმარებას თხოვენ და აღუთქვამენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას. 1785 წლის დასაწყისში სულთანის განკარგულებით სამ ზემოხსენებულ ხანს საჩუქრად გამოუგზავნეს თითოეულს 100 000 მანეთი, ძვირფასი თვლებით მოჭედილი საათი და სამურის ბეწვეული. გენ. პოტიომკინის საიდუმლო აგენტი ამის გარდა იტყობინებოდა: «Письма султанские были читаны в местах с объявлением, чтоб все магометане старались защищать веру и не допустить россиян к завладению Персии и Дагестана» (А. Иоанесян, Россия и..., გვ. 166; ა. იოანესიანის ნაშრომიდან არის ამოკრებილი ზემოთ მოცემული ცნობებიც).
1785 წლის გაზაფხულზე ჩრდილოეთ კავკასიაში რელიგიის ქურქში გახვეული რუსეთის საწინააღმდეგო მოძრაობა დაიწყო, რომელსაც «წინასწამეტყველად» წოდებული ვინმე მანსური მეთაურობდა. აქაური მაჰმადიანური მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მიემხრო მას და «საღვთო ომისაკენ» მოუწოდებდა «ურწმნოების» ანუ რუსების წინააღმდეგ. ეს მოძრაობაც თურქების მოწყობილი იყო (Н. Смирнов, Шейх Мансур и его турецкие вдохновители, журн. «Вопросы истории», 1950, № 10, გვ. 22-23). უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ორგანიზებული ეს მოძრაობა საფრთხეში აგდებდა რუსეთის მიერ ამიერკავკასიაში ჩატარებულ ღონისძიებებს. რუსეთს ერთხანს საქართველოში შემოსასვლელი გზაც გადაეჭრა. მანსურის მეთაურობით დაწყებული მოძრაობის სრული ლიკვიდაცია 1787 წლამდე ვერ მოხერხდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს ყოველი მხრიდან უტევდნენ თურქეთის მიერ შემოჩენილი დაღესტნელები და ახალციხელი სულეიმან-ფაშა. ქართლ-კახეთის მეფე რუსეთის დამხმარე რაზმით თითქმის ყოველდღე საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებოდა. რუსეთის კონსტანტინეპოლელი რეზიდენტის ბულგაკოვის პროტესტები, თურქეთის მთავრობის მისამართით, საქმეს ვერ შველოდა. სულთანი თავს ისე აჩვენებდა, რომ თურქეთი ვითომ უდანაშაულო იყო თარეშების მოწყობაში, მაგრამ ფარულად ახალ დავალებებს აძლევდა ძარცვა-მოტაცებაში დახელოვნებულ დაღესტნელ ფეოდალებს.
თურქეთი უფრო იმ გარემოებამ გაათამამა, რომ რუსეთმა საქართველოში ორ ათასეულზე მეტი ჯარი ვერ გადმოიყვანა, რომელიც 1783 წლის ტრაქტატის ძალით იმავე წლის შემოდგომაზე თბილისში მოვიდა. ორი წლის განმავლობაში ქართლ-კახეთს ყოველი მხრიდან უტევდნენ და იგი მხოლოდ თავდაცვაზე იყო გადასული. მართალია, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა რუსეთის რაზმის დახმარებით სასტიკად დამარცხდა ახალციხის მხრიდან შემოსეული მოთარეშე ლეკებისა და თურქების რაზმები. ერეკლე II 1785 წლის 21 აპრილს ფელდმარშალ გრ. პოტიომკნს აღტაცებით სწერდა რუსეთის ჯარის ნაწილების მტერზე გამარჯვებისა და ოფიცერთა «მხნედ და მარჯვედ» ქცევის შესახებ: «ამ ბედნიერს შემთხვევაების ვერ დავსთმევით რომ თანამდებობისაებრ, ჩუჱნის წერილით არ გვემოწმებინა ჩუჱნი მხიარულებითა კმაყოფა... უფალთ პოდპოლკოვნიკთა და შტაბოფიცერთა შესაბამი... ქცევა... რომლისაცა დასამტკიცებელად კმა არს აწინდელი სურამს მყოფის სამი როტის მხნურად მოქცევა კამანდასა ქუეშე უფლის სეკუნდ მაიორის თეოდორე სენენბერღისასა პირისპის ორის ათასთა ახალციხელთ ლეკთა და თათართა, რომელთაც ქართლის სამი სოფელი აიღეს სრულებით და ექვსასამდის ქართველი ტყვე იშოვეს. ამის მსმენელი უფალი სეკუნდ მაიორი სენენბერღი გამოუდგა ორასის იეგერით და ერთის ჩუჱნის ზარბაზნით შემოეყარა მტკვრის პირს და ოთხის საათის ბრძოლასა შინა ამოწყვიტა და დაარჩო მდინარესა შინა ათასხუთასამდინ; თვინიერ ვნებისა რისამე თვისისა კამანდისა...» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 5, ფურც. 6). იმავე სენენბერგის თაოსნობით მეორეჯერაც სასტიკად დამარცხდნენ მოთარეშენი, თვით ერეკლე II-მ მცირე რაზმით არა ერთხელ შავი დღე გაუთენა მძარცველებს, მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანას არ შველოდა, რადგანაც მოწინააღმდეგე ასეთ მარცხს არ შეუშინდა.
როგორც 1785 წლის 23 მაისის მიწერილობიდან ჩანს, რუსეთის დედოფალს იმ ხანებში არ ესმოდა, რომ განუწყვეტელი თარეშები და თავდასხმები საქართველოზე თურქეთის მიერ იყო ორგანიზებული. ეკატერინე II კონსტანტინეპოლში თავის რეზიდენტს ბულგაკოვს სწერდა, რომ თურქეთის ქვეშევრდომების ლეკებთან გაერთიანება და თარეშები პირადად სულეიმან-ფაშას მოწყობილია, და არ ვფიქრობ, რომ თვით თურქეთს რაიმე მიზნები ჰქონდეს ამ თერეშებით დასახულიო. «Соединение отоманских подданных с лезгинами, относим единственно на счёт ахалцыхского Сулеймана паши... а нимало не подозреваем чтобы тут Порта имела, вопреки мира к нам, какие либо виды» (Н. Дубровин, История войны и..., II, გვ. 82-83). ამიტომ რუსეთის დედოფალი ბულგაკოვს ავალებდა მოეთხოვა სულეიმან-ფაშას და იმ პირების დასჯა, რომლებმაც ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიის საძარცვავად შესევის ნება დართესო. პავლე პოტიომკინს და თვით ერეკლე II-ს სადაზვერვო საქმე ცუდად არ ჰქონდათ დაყენებული, ისე რომ მათთვის გარკვეული იყო ვისი კარნახით მოქმედებდა სულეიმან-ფაშა. სულეიმან-ფაშას არ გაჩნდა იმის სახსრები, რომ დაღესტნისა და აზერბაიჯანის ხანები საქართველოს საძარცვავად დაექირავებინა. ფული და სხვა დახმარება კონსტანტინეპოლიდან მოსდიოდა სულეიმან-ფაშად წოდებულ სამცხის ათაბაგს, სოლომონ ჯაყელს.
სულეიმან ფაშამ მეორეჯერ დაიქირავა მძარცველი ბანდების მეთაური ომარ-ხანი. 7 ათასი მარბიელი წვრილ რაზმებად დაიფანტა ქართლის სხვადასხვა მხარეში. ერეკლე II იძულებული გახდა თხოვნით მიემართა სულეიმან-ფაშასათვის, რათა ამ უკანასკნელს აეკრძალა ლეკებისათვის თარეში. სულეიმანმა აღუთქვა თხოვნის შესრულება იმ შემთხვევაში, თუ ერეკლე რუსეთის ჯარს არ მოიყვანდა საქართველოში, არ მიიღებდა რუსეთის დედოფლის მიერ ნაჩუქარ ზარბაზნებს და მტრების მოსაგერიებლად რუსებს არ დაიხმარებდა. ქართველი მეფე ამ წინადადებაზე არ დათანხმდა (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 207-208).
ქართლ-კახეთის სამეფოზე თავდასხმებისა და თარეშების ორგანიზების შემდეგ თურქეთის კარნახით გილანის ხანი და არზრუმის ფაშა რჩევა-დარიგების წერილებს უგზავნიან ერეკლე II-ს. ამ პოლიტიკურ ერთეულებთან ერეკლე მეფეს უშუალო ბრძოლები არ ჰქონია და, როგორც ჩანს, თურქეთის ხელისუფლებას ამ როლისათვის უფრო ნეიტრალური პირები შეურჩევია. ჩვენს ხელთ არის გილანის ხანის და არზრუმის ფაშის ერეკლესადმი გაგზავნილი წერილების რუსული თარგმანი (ერეკლეს წერილები რუსეთის რეზიდენტისათვის გადაუცია გასაცნობად, თანახმად ტრაქტატის მეოთხე არტიკულისა. წერილების რუსულ ენაზე გადათარგმნის შემდეგ დედნები ალბათ ერეკლე II-ის კანცელარიას დაუბრუნდა).
გილანის ხანი აფრთხილებს ქართველ მეფეს, რომ თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით აიმხედრეთ თურქეთიო. ხოლო ამ უკანასკნელმა საქართველოს წინააღმდეგ ფეხზე დააყენა მთელი დაღესტანი, ყარაბაღის ხანი და ახმატ ხანიო: «Таким образом от всех сторон пресеклась наша дружба и я удивляюсь, что как вы имеете более разума и во многих делах искушившись, как вы это сделали... лутче чтоб вы имели дорогу и из других строн, дабы и оттуда иметь помощь, а как я друг ваш, желая по просьбе дружбы, дабы вы имели и других друзей, может статца что дружба и правда их будет крепче и большая...» (ი. ცინცაძე, «მიმომხილველი», III, 1953, გვ. 105). გილანის ხანი მართალია მთლიანად ფრჩხილებს არ ხსნის თავის წერილში, მაგრამ ერეკლე II-ს თურქთთან საერთო ენის გამონახვას ურჩევს, ამასთანავე მიუთითებს, რომ ასეთი ცდა უშედეგო არ იქნებაო.
უფრო გარკვეულია არზრუმის ფაშის ფატალ-უსეინის წერილი. აქ საქართველოს თურქეთთან ძველ მეგობრობაზეა ჯერ საუბარი, ვითომც ერეკლე II თურქეთის სულთანის ძველი ერთგული ვასალი მფლობელი იყო და სურვილიც ჰონდა პირნათლად ემსახურა. ამის შედეგი იყო ვითომ თურქეთის სულთანის უხვი წყალობა. ახლა კი მას ჩამოშორდი და რუსეთის მფარველობა ისურვეო. სინამდვილეში კი ვერაფერს ვერ მიიღებ რუსეთისაგან, გარდა იმისა, რომ ამის გამო ლეკები ესხმიან შენს ქვეყანას და ანგრევენო. ამიტომ რჩევას აძლევდა ქართველ მეფეს: «От российского правительства усердность свою пресеките и отдалитесь, а примите покровительство моего государя. Ежели оное вам угодно будет, то прошу в непродолжительном времени меня уведомить, чрез что всей стране загорающее пламя гасить стараться буду, и его величества государя визир Азаму донесу... Вы же сначала принятия от России покровительства сколько уже имеете разорения и убытку? Да и впредь сколько же оного иметь будете» (იქვე, გვ. 106).
ამ წერილში თურქეთის მთავრობის მთელი პროგრამაა მოცემული: საქართველოზე თავდასხმების ორგანიზებით ამიერკავკასიაში და კერძოდ საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს ძლიერების პრესტიჟის დაცემა, დაუძლურებული ირანის ამიერკავკასიიდან განდევნა და საქართველოს თურქეთის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარება. მაგრამ თურქეთს ისე სურს მოაწყოს საქმე, რომ ვითომც თვით ქართველი მეფის სურვილი იყო თურქეთის ხელქვეით მოქცევა.
რუსეთის სამეფო კარისათვის ბოლოს აშკარა შეიქმნა, რომ რუსეთის მფარველობაში მყოფ ქართლ-კახეთის სამეფოს სისტემატიური აწიოკებისათვის პასუხი თურქეთის მთავრობას უნდა მოეთხოვოს კატეგორიულად. კონსტანტინეპოლში მყოფ რეზიდენტს ბულგაკოვს ებრძანა თურქეთის მთავრობისთვის განეცხადებინა: «... мы не можем взирать равнодушно на молчание и медление Порты в справедливых наших требованиях, а потому указали вам объявить, что буде Порта оставит сего пашу без наказания и смены за его дерзкие поступки пособием лезгинам прикоснуться к границам... царя Карталинского, мы в полном праве себя почитаем, и конечно, не преминем употребить силы наши... и упорство Порты вменим в сущее небрежение ея быть в добром с нами согласии» (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 208).
სანამ რუსეთის დედოფლის განკარგულება კონსტანტინეპოლამდე მიაღწევდა, სულემან-ფაშა ხმებს ავრცელებდა, რომ ახალი დიდი თავდასხმა მზადდებოდა ქართლ-კახეთის სამეფოზე. რუსეთიდან განმეორებით მიუთითეს ბულგაკოვს პროტესტი განეცხადებინა თურქეთის მთავრობისათვის სულეიმან-ფაშას მოქმედების გამო. რადგანაც თურქეთს გადაწყვეტილი ჰქონდა ახლო მომავალში ომი დაეწყო რუსეთის წინააღმდეგ და საამისოდ სამზადისში იმყოფებოდა, საჭიროდ მიიჩნია კონფლიქტი დროებით თავიდან აეცდინა და სულეიმან-ფაშას კატეგორიულად უბრძანა ქართველ მეფეს მორიგებოდა (იქვე, გვ. 209).
როგორც რუსეთის მზვერავის მიერ მოპოვებული ერთი ცნობიდან ჩანს, ყოფილა ისეთი მომენტიც, როცა თურქეთის დიპლომატია შიშობდა: საქართველოზე თავდასხმების ორგანიზების გამო რუსეთი ისე არ გაღიზიანებულიყო, რომ საქართველოსა და ამიერკავკასიაში დამატებით ახალი ჯარის ნაწილები არ გადმოეყვანა და შერყეული პრესტიჟი ახალი დაპყრობებით არ აღედგინა. ამიტომ თურქეთის სულთანი სულეიმან-ფაშას საგანგებო ფირმანით აფრთხილებდა თითქოს: «ნუ შეეხებით ხარს, როცა ის წევს, და ნუ აიძულებთ წამოდგესო» (П. Бутков, Материалы для..., გვ. 183).
ერეკლე II-ის მზვერავებმა გაიგეს, რომ ფოთსა და ბათუმში თურქეთი სამხედრო მარაგს აგროვებდა, ანატოლიის მიდამოებში კი ჯარებს უყრიდა თავს. საქართველოში შექმნილი მძიმე ვითარების გამო და ერეკლეს დასამშვიდებლად გენ. პ. პოტიომკინმა სულეიმან-ფაშის შესაშინებლად დარიალის გზის შეკეთება და ძაუგთან ჯარის ნაწილების თავმოყრა დაიწყო. სულეიმან-ფაშას მრავალი ჯაშუში ჰყავდა ოსებს შორის და რუსეთის სარდლის ეს სამზადისი არ გამოეპარა. ამავე დროს სულეიმან-ფაშამ გაიგო, რომ თურქეთის ჯარები ბათალ-ფაშას მეთაურობით, საქართველოსა და ირანის საზღვრებისაკენ მოდიოდა. ბათალ-ფაშა სულეიმან-ფაშას მოწინააღმდეგე იყო და ერთმანეთს მტრობდნენ. ამიტომ ამ უკანასკნელს არ სურდა, რომ მისი პირადი მტერი კონტროლიორად ყოფილიყო სამცხე-საათაბაგოში. სულეიმან-ფაშას ხომ დამოუკიდებლობისაკენ ჰქონდა კურსი აღებული. ამიტომ ხერხს მიმართა: ერეკლე II-თან კაცი გამოგზავნა საზავო ხელშეკრულება დავდოთ და სულთანს და მის ვეზირს ვაცნობოთო. ამ გზით სულეიმანი კონსტანტინეპოლის მთავრობის დამშვიდებას და ბათალ-ფაშას ჯარების თავიდან მოცილებას ფიქრობდა. თურქეთის ჯარების გაჩერებას საზღვრებთან, თუკი ქართლ-კახეთის მეფესთან საზავო ხელშეკრულება დაიდებოდა, აზრი ეკარგებოდა (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 212).
ქართლ-კახეთის სამეფო ისე იყო შეწუხებული მტრის სისტემატიური თარეშობით, რომ სულეიმან-ფაშასთან მოლაპარაკება ზავის დასადებად რუსეთის რეზიდენტის ს. ბურნაშოვის მონაწილეობის გარეშე დაიწყო ერეკლე II-მ და 1786 წლის სექტემბერში სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო კიდეც. ჩვენს ხელთ არის გარსევან ჭავჭავაძის მოხსენების დანართი, რომელშიაც მუხლობრივად ჩამოყალიბებულია სულეიმან-ფაშასთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების პირობები: «მისის სიმაღლისაგან (ერეკლე II – ი. ც.) სულეიმან-ფაშასთან მიცემული პირობა... და სულეიმან ფაშასაგან მის სიმაღლესთან მოცემული პირობა».
რას კისრულობდა შეთანხმების ძალით ქართლ-კახეთის მეფე? «1. მისის დიდებულების და ათამანის პორტას საშუალ მანამდინ მშვიდობა არის, ჩვენის მხრიდამ ხონთქარის რიათას არაფერი მტერობა და ზიანი არა მიეცემა რა. 2. რუსეთის დიდებულის ხელმწიფის სამი ათასი კაცი რომ ჩვენის მტრის პასუხის მისაცემად უბოძებია, საბოლოოდ ამ რიცხვით უნაკლულოდ უნდა გვყვანდეს და სამი ათასზე მეტი რუსის ჯარი არ მოვიყვანოთ. 3. ვინც ჩვენს საფარველს ქვეშ მყოფს ქვეყნებზედ მოინდომოს მტერობა, ამ სამი ათასის რუსის ჯარით და ჩვენის ჯარით პასუხი გაეცეთ» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 4, ფურც. 20).
შეთანხმების ეს მუხლები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თითქოს ქართლ-კახეთის სამეფო თავდამსხმელი იყო, ხოლო მაჰმადიანი ათაბაგის ხელში მყოფი სამცხე-საათაბაგო თავს იცავდა.
ქართველი მეფე ამ თავისი «პირობებით» 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებულ ფარგლებს არ სცილდება. პირველი «პირობით» ქართველი მეფე ახალციხელ მფლობელს აღუთქვამდა, რომ, სანამ რუსეთსა და თურქეთს შორის ზავი და მშვიდობაა, თურქეთის ქვეშევრდომებს არავითარ ზიანს არ მივაყენებო. მაშასადამე, რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში იგი ხელგახსნილია და თანახმად ტრაქტატის მე-7 არტიკულისა, პირველი მოწოდებისთანავე თავისი ლაშქრით რუსეთის ხელმწიფის სამსახურისათვის უნდა გამოვიდეს.
მეორე «პირობით» ქართველი მეფე ქართლ-კახეთის სამეფოში რუსეთის ჯარის რიცხვს განსაზღვრავს (3000 კაცით). ცნობილია, რომ ტრაქტატით 2 ათასი რუსის ჯარისკაცი უნდა ყოფილიყო ქართლ-კახეთში, მაგრამ რადგანაც სულეიმან-ფაშას ამის შესახებ ცნობა არ ჰქონია, ერეკლე მეფის ზეპირ განცხადებას დაუჯერა. ხოლო ქართველმა მეფემ სამი ათას ჯარისკაცზე თურქეთის ვასალის ეს თანხმობა გამოიყენა და რუსეთის სამეფო კარს ათასი კაცის დამატება მოთხოვა. თუ რა მდგომარეობა შეექმნებოდა ამის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს, ამის გასათვალისწინებლად ახალციხელი მფლობელის სულეიმანის «პირობების» გაცნობა იქნება საჭირო: «დაღისტნის ჯარი თავის ქვეყანაში არ დააყენოს და არც თავისი ჯარით საქართველოს უმტეროს, არც ცხადად და არც დაფარულად. და არც იმ მხარეს საქართველოს ტყვე არ ასყიდვინოს და არც გაასყიდინოს. სულეიმან ფაშამ სიტყვით და საქმით, ცხადად და ფარულად ჩვენს მეზობლებთან და მტრებთან არა გვიმტროს რა. 3. ხონთქარის ჯარი ჩვენს საზღვრებზედ არსად დააყენოს» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 3, საქმე # 4, ფურცელი 20). ასეთ პირობებში, როცა დაღესტნელი ფეოდალები და სულეიმან-ფაშა ქართლ-კახეთის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერდნენ, სახანოებად დაქუცმაცებულ ირანს აღმოსავლეთ საქართველო არ შეუშინდებოდა.
ერეკლე მეფეს ახალციხის ფაშასთან მორიგებისთანავე თურქეთის ვეზირისათვის წერილი მიუწერია და სულეიმან-ფაშასათვის გაუგზავნია დანიშნულებისამებრ გადასაცემად. აქ, წერილის შესავალში, ერეკლე II აღწერს თუ რა მიზეზის გამო თხოვა რუსეთის სამეფო კარს მფარველობა, როგორ შეიწყალა რუსეთის ხელმწიფემ ქართლ-კახეთის სამეფო და უწყალობა ქვეყანის დასაცავად «ს ა მ ი | ა თ ა ს ი |კ ა ც ი». ამის შემდეგ იგი წერს: «სამი წელიწადი არის, ეს სამი ათასი კაცი ჩვენს ქვეყანაში არის მოსული. მაგრამ არც იმათგან და არც ჩვენის კაცისაგან დიდებულის ხვანთქარის ქვეყანაში, რაც ჩვენი მეზობლები არიან იმათს ადგილებში ერთი იოტის ოდენი არც მალვით და არც ცხადად არა წამხდარა რა. და თუ ვინმე ჩვენს ქვეყანაში მტერი მოსულა შეძლებისამებრ იმათს პასუხის მიცემას ვცდილვართ. თვარემ სხვა რიგათ არავისთვის არა გვიწყენინებია, მაგრამ სულეიმან ფაშამ ჩვენს ქვეყანაში ამ სამი ათასის რუსის მოსვლა იწყინა და დაღესტანი მიიყვანა, ახალციხეს დააყენა. ჩვენს ქვეყანაში მრავალი სოფლები ააოხრა, მრავალი ტყვე წაასხეს და მრავალი სული დახოცეს. რადგანაც ორსავ დოვლათში (ე. ი. რუსეთსა და თურქეთს შორის) შერიგება იყო ჩვენი დიდებული ხუანთქრის მორიდებისა და წყენისათვის ახალციხის ქვეყნიდამ ერთი იოტის ოდენა არა წაგვიხდენია რა... თორემ თუ დიდებულის ხონთქრის წყენას არ მოვრიდებოდით, იქნებოდა რომ ჩვენც წაგვეხდინა» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 121, საქმე # 1, ფურცელი 19). ამავე საბუთში, ქვემოთ, ერეკლეს საუბარი აქვს სულეიმან-ფაშასთან მორიგებაზე და აცნობს იმ პირობებს, რომელზედაც ათაბაგი სულეიმანი და ერეკლე II შეთანხმდნენ.
მაგრამ, როგორც ჩანს, სულეიმან-ფაშა არ დააკმაყოფილა ვეზირისადმი ერეკლე II-ის წერილმა და თავისი გულნაკლულობა წერილით აცნობა ერეკლეს. იგი სწერდა, რომ უფრო გაბედული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო სულთანის დასამშვიდებლადო. 1786 წლის 26 დეკემბრის თარიღით გენ. პავლე პოტიომკინს ერეკლე II აუწყებდა სულწიმან-ფაშას ახალი წინადადებების შესახებ: «პირველად პირობის აზრად ითხოვს ამას ფაშა ჩვენ მიერ, რომ რომელიც დღეს აქ რუსეთის მჴედრობა იმყოფება ესენი დავითხოოთ და იმის დიდებულების კარზე მყოფნი ჩვენი შვილები მოვიყვანოთ (მირიანი და ანტონი – ი. ც.) და თუ ამას ვიქმთ, აღგვითქვამს, რომ ვითამც ხვანთქარი მრავალს წყალობას და კმაყოფას იმოქმედებს ჩვენზედ. მეორედ პირობის აზრად ითხოვს, თუ რუსეთის მჴედრობას არ დავითხოვთ გულის დასაჯერებლად, რომ არც თქვენგან და არც მანდ მყოფის რუსებისაგან, ჩვენ ვნება არა მივიღოთ რაო, ორს თავადს ჩვენგან ამანათად ითხოვენ, რომ თვითონ ჰყვანდეს გულის დასაჯერებლადო» (იქვე, ფურც. 25-26). ერეკლე აქვე გენ. პოტიომკინს განუმარტავს, რომ ერთი მტერი მას არ შეაშინებდა, მაგრამ რადგანაც ყოველი მხრიდან უტევენ საქართველოს, თურქეთის შემოჩენით, და ახლა ისევ გამზადებული არიან, აზერბაიჯანისა და დაღესტნის მფლობელები საქართველოზე თავდასასხმელად, «ჩვენგან დათმენის ღონე ძნელი არის, ამისათვის ამჟამად ფაშას ორ თავადს ელჩად უგზავნით, და თუ შერიგების პირობას აღასრულებს ამანათის მიცემასაც დავპირდით და ჩვენც ამანათსა ვთხოვთ, მაგრამ თუ ფაშა ჩვენის აზრისაებრ ამანათს არ მოგვცემს, მაინც ჩვენგან შეუძლებელია, რომ ამანათი არ მივსცეთო» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 121, საქმე # 1, ფურცელი 19).
1786 წლის 18 დეკემბერს ერეკლეს განკარგულებით საგარეჯოში დიდებულნი შეკრებილან სათათბიროდ. თათბირს გიორგი ბატონიშვილი და პატრიარქიც დასწრებიან. აქ გადაწყვეტილა ახალციხეში ამანათების გაგზავნა. როგორც ჩანს, შეკრებილთა უმრავლესობა მხარს უჭერდა ამანათების გაცემას. რუსეთის რეზიდენტი ბურნაშოვი მოითხოვდა ამ საკითხის პოტიომკინთან შეთანხმებას თანახმად ტრაქტატის მე-4 არტიკულისა. მეფეს განუცხადებია, რომ ყველაფერს პოტიომკინს ვაცნობებო და ასეც გააკეთა; მაგრამ სანამ პოტიომკინის პასუხს მიიღებდა, ახალციხეში ნიკოლოზ ორბელიანი და თეიმურაზ ციციშვილი გაგზავნა ისევ ზავის საკითხებზე მოსალაპარაკებლად და ცნობების დასაზუსტებლად.
გენ. პავლე პოტიომკინი ერეკლე II-ს ურჩევდა არ გაეცა ამანათები და საერთოდ შეეწყვიტა სულეიმან-ფაშასთან ასეთ საკითხებზე მოლაპარაკება. ამ რჩევას ქართველი მეფე უნდა დამორჩილებოდა ტრაქტატის მიხედვით, მაგრამ ამავე ტრაქტატის ძალით ქართლ-კახეთის დასაცავად საჭირო ძალების მოშველიებაც იყო გათვალისწინებული, მაგრამ ამას არავინ ასრულებდა, ხოლო ქვეყნის მოსვენებას თუ ამანათების გაგზავნა ხელს შეუწყობდა, ამაზე, ცხადია, ქართლ-კახეთის მესვეურნი უნდა დათანხმებულიყვნენ.
მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ სულეიმან-ფაშა სულთანის დიპლომატიის დავალებას ასრულებდა და საქართველოს სიკეთეს ერთი წუთითაც არ ფიქრობდა.
თურქეთის დიპლომატია წათამამდა, რაკი ერეკლე II იძულებული გახდა მოლაპარაკებაში ჩაეთრია. სისტემატიური თარეშების მოწყობით ნიადაგი მოისინჯა. გამოირკვა, რომ რუსეთი ახალი და დამატებითი ძალებით ამიერკავკასიაში მოქმედებას ჯერჯერობით არ ფიქრობდა, ირანისაკენ ლაშქრობა ხომ გადაიდო და ბოლოს შეფერხდა კიდეც. ქართლ-კახეთის დიპლომატიას მოუთმენლობა დაეტყო, რაკი რადიკალური ხასიათის დახმარება ჩრდილოეთიდან არ გამოჩნდა. სულეიმან-ფაშამ თურქეთის დავალებით ქართლ-კახეთის მეფე და მისი მრჩევლები ზავის დადების პერსპექტივით წაახალისა და დააინტერესა. ეტყობა ერეკლეს სამეფო კარზე ორი პარტია ერთიმეორეს დაუპირისპირდა თურქეთთან მორიგების შესაძლებლობის საკითხში. უმრავლესობისათვის იგი სადაო არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ახალი ნაბიჯის გადადგმა რუსეთისაგან ჩამოცილებას არ გულისხმობდა.
სულეიმან-ფაშასთან მოლაპარაკება დროებითი ღონისძიებაა შექმნილი ვითარების გამო თვით ერეკლე მეფისთვისაც. ერეკლეს ერთ თავის წერილში შექმნილი ვითარება ასე აქვს წარმოდგენილი: «ჩვენ მრავალჯერ წერილით მოვახსენეთ უმაღლეს კარს, რომ თუ ან მარტო ადრიბეჟანის ხანები გვყვანდეს მტრად ამ მარტო დაღისტანი და ხუანთქარიც არ იყოს ჩვენზედ მტრად აღძრული კიდევ შეიძლებოდა ჩვენგან დათმენა, მაგრამ ყოვლის მხრიდან უძლიერესი მტერნი არიან ხვანთქრისაგან ჩვენს ქვეყანაზე აღძრულნი და მოსეულნი. და ესეც არ არის რომ გაიოს არქიმანდრიტს აქეთ ჩვენგან მიწერილი წიგნები უმაღლესს კარზე აღარ მისულა და არც ერთი ნუგეშის საცემელი აზრი ესოდენს ჟამს უავღუსტესის კარიდამ ჩვენ ვერღარა მივიღევით რა. მოგეხსენებათ, რომ, რადგან ამისთანას დამჭირნეოებაში მყოფნი ვართ, ეს ჩვენგან ძნელად დასათმენელი არის და ესეც ასე შეტყობილი გვაქვს და ვიცით, რომ ხვანთქრისაგან ფარვანით და ხაზინით ჩვენი მეზობლები ადრიბეჟანისა და დაღისტნის მოადგილენი ყველანი მომზადებულნი არიან რომ ამავ გაზაფხულზე თავ-თავის მხრიდამ ყველანი გვიმტერებენ ან ერთად შეყრით გვიმტერებენ, მაგრამ რომ ამბობენ და გვესმის უფრო თავ-თავის მჴრიდან გვიმტერებენ...» (ЦВИА, პოტიომკინის ფონდი, კონა # 121, საქმე # 1, ფურცელი 26). ქართლ-კახეთისათვის ასეთ მძიმე ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებას ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი საქმე ჰქონდა გაჩენილი – ვინმე მანსურის მეთაურობით, და თურქეთის შემოჩენით მთელი მაჰმადიანური მოსახლეობა აჯანყდა და ორი წლის განმავლობაში, როგორც აღვნიშნეთ, ბრძოლები არ დამცხრალა. ალბათ ამის შესახებ ცნობები ერეკლეს სამეფო კარსაც ჰქონდა.
ამ ვითარებაში ფიქრობდნენ ქართლ-კახეთის ხელმძღვანელები ესარგებლათ სულეიმან-ფაშას მიერ შემოთავაზებული ზავით და ამანათების გაცემის საკითხი ამიტომ გადაწყდა დადებითად. თვით ერეკლე II იყო საქმის ასე წარმართვის მომხრე და მას ამით რუსეთზე ორიენტაციის გზა არ უარუყვია. «რა დიდი საქმეა ორი ჩვენი ამანათი ახალციხეში იყოს? – სწერდა ერეკლე II პოტიომკინს, – თუ ომი მოხდება ორ დიდ სახელმწიფოს შორის (რუსეთსა და თურქეთს შორის – ი. ც.), მაშინ ჩვენ იმ ამანათერბს იქიდან გამოვიყვანთ, და ბოლოს იმათ ხელშიაც რომ დარჩეს, დიდი საქმე არ იქნება მისი უდიდებულესობის ერთგულების და სამსახურისათვის მათი იქ დატოვება» (Н. Дубровин, История..., II, გვ. 218). სულეიმან-ფაშამ როგორც კი მიიღო ცნობა ამანათების გაცემაზე ერეკლეს თანხმობის შესახებ, მაშინვე კონსტანტინეპოლში კაცი აფრინა მოხსენებით, რომელშიაც ვეზირს არწმუნებდა ერეკლე რუსეთს ჩამოსცილდებაო. ამ ცნობის მიღებისთანავე კონსტანტინეპოლიდან მდიდარი საჩუქრებით საგანგებო პირი გამოიგზავნა, რომელსაც სულეიმან-ფაშასთან ერთად სათანადო ხელშეკრულების გაფორმება და ამ გზით თურქეთის მფარველობაში ერეკლე II-ის გადაყვანა დაევალა.
ამანათების გადაცემა რაკი გადაწყვეტილი იყო, სულეიმან-ფაშასთან ზავის დასადებად მოლაპარაკება აღარ გაჭიანურებულა. მაგრამ თურქეთი ამაზე როდი ამთავრებდა ერეკლე მეფესთან საქმეს. სულთანი ახლა მეორე ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდა სულეიმან-ფაშას პირით. სულეიმანი ერეკლეს სწერდა: «ახლა სულთანის იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენ სიმართლის გზას ნამდვილად ადგიხართ... და წყალობის ფირმანის მისაღებად მოწადინებული ხართ, თქვენ უნდა შეეცადოთ უცხო ჯარის მოცილებას, გაკეთებული გზის დანგრევას. ამის შემდეგ სხვა სახელმწიფოებს კი არ უნდა შეუერთდეთ, არამედ სულთანთან თხოვნა უნდა გაგზავნოთ, რომელშიაც თქვენი გულწრფელობა გამოცხადდება» (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 220). ამ მომართვას ერეკლე II-მ კატეგორიული უარით უპასუხა. გულმოსული მეფე საპასუხო წერილში სულეიმან-ფაშას მოაგონებდა თუ რა დათმობების გზას დაადგა ქართლ-კახეთის სამეფო და როგორ ცდილობდა კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონოდა როგორც ოსმალეთთან, ისე მის ხელქვეითებთან და თვით სულეიმან-ფაშასთან, მაგრამ «თქვენ არ შეასრულეთ თქვენი პირობები და ა ხ ლ ა | კ ი | შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ს | მ ო ი თ ხ ო ვ თ ო» (იქვე, გვ. 221).
ეს უკვე ის დროა, როცა რუსეთსა და თურქეთს შორის ომის დაწყება უკვე გადაწყვეტილი იყო. სულეიმან-ფაშა ახლა თავის გადასარჩენად ნიადაგის მომზადებას შეუდგა. იმის ნაცვლად, რომ ერეკლეს ასეთი კატეგორიული უარის საპასუხოდ ისევ მუქარისათის მიემართა, თბილისში ელჩები გამოგზავნა, რომელთაც ერეკლე მეფეს სიტყვიერად განუცხადეს, რომ მომავალ ომში თუ რუსეთი გაიმარჯვებდა, სულეიმან-ფაშა რუსეთს მაშინვე დაემორჩილებოდა. წერილობით კი ასეთი განცხადების გაკეთება სულეიმან-ფაშას არ შეეძლო, იმიტომ რომ ქართველ მეფეს ასეთი დოკუმენტი სულეიმანის წინააღმდეგ შეეძლო გამოეყენებინა.
სულეიმან-ფაშა შემთხვევით არ ეძებდა თავშესაფარს ქართლ-კახეთის მეფესთან. ივლისის დასაწყისში კონსტანტინეპოლიდან ხმები გავრცელდა, რომ თითქოს რუსეთს საქართველოში 30 ათასამდე ჯარისკაცი გადმოჰყავსო თურქეთზე თავდასხმების დასაწყებად. თურქეთის მთავრობაც ამ ხმების შესაბამისად თადარიგს შეუდგა. ვანის, ბაიაზეთის, ყარსის, არზრუმისა და ახალციხის საფაშოებს ებრძანა 60 ათასი კაცის გამოყვანა. ამასთანავე სულეიმან-ფაშას მიეთითა საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები დაეცვა (Н. Дубровин, История войны..., II, გვ. 221). ასეთ პირობებში ცბიერი სულეიმან-ფაშა ერეკლესთან თავს იზღვევდა, ყველაფერს სულთანს აბრალებდა რაც წარსულში მოხდა, და ძმობასა და მეგობრობას ეფიცებოდა.
ასეთი მდგმარეობა შეიქმნა 1787 წლისათვის, როცა ევროპის სახელმწიფოების მიერ გაბრიყვებული თურქეთი რუსეთზე თავდასასხმელად გაემზადა.
რა მოუვიდა «საბერძნეთის პროექტს»?
რუსეთ-ავსტრიის დამეგობრებას, ყირიმის სახანოს მოსპობსა და ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლას დასავლეთ ევროპის მთავარი სახელმწიფოები არ შეურიგდნენ. მართალია, პირველ ხანებში თურქეთის გამოქომაგება რეალურად ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ გაბედა და თურქეთიც იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. თურქეთის მესვეურები წინასწარ გრძნობდნენ, რომ რუსეთ-ავსტრიის კავშირი თურქეთთან ანგარიშსწორებას მარტო ყირიმის წართმევით არ დაამთავრებდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში მიღებაც რომ უარესის დასაწყისი იყო, ესეც ცხადი იყო მათთვის. ამავე დროს თურქეთის დიპლომატია იმაშიც დარწმუნდა, რომ მის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო ყოველმხრივ ჩამორჩენილი იყო, 1768-74 წლების ომმა ნათელყო თურქეთის სამხედრო მექანიზმის უვარგისობა. ამიტომ პირველ რიგში თურქეთმა ჯარების რეორგანიზაცია და ახალი საჭურველით მისი შეიარაღება დაიწყო. მაგრამ საკუთარი საშუალებებით ამ საქმის მოგვარება თურქეთს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო, და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს დახმარების იმედი ჰქონდა.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, საფრანგეთიდან გამოგზავნილი ინჟინრები თურქეთის ციხე-სიმაგრეებს ევროპული წესით ამაგრებდნენ. საფრანგეთის შტაბის ოფიცრები თურქეთის არმიისა და ფლოტის უფროს შემადგენლობას წვრთნიდნენ. ალბათ ამ მუშაობის შედეგები ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდნენ კონსტანტინეპოლის მაღალ წრეებზე, რომ თურქეთის ვეზირები ადვილად იჯერებდნენ ინგლისისა და პრუსიის აგენტების მტკიცებას თურქეთის შეურყეველი ძლიერების შესახებ.
ამავე დროს თურქეთს ინგლისისა და პრუსიის დიპლომატიაც გვერდით ამოუდგა. ინგლისს აშინებდა რუსეთი ზღვებზე არ გაბატონებულიყო და ინგლისის მეტოქედ არ გამხდარიყო. 1783-84 წლებში ინგლისის დიპლომატიამ რუსეთს მოკავშირეობა შესთავაზა და წერილობითი ხელშეკრულებით ამ მეგობრობის გაფორმება თხოვა. ახლა გამორკვეულია, რომ ინგლისის დიპლომატიას ეს «მეგობრობა» სინამდვილეში რუსეთის საგარეო პოლიტიკის საკუთარი კონტროლის ქვეშ დასაყენებლად სჭირდებოდა და არა რუსეთის დახმარებით რაიმე პრობლემის გადასაჭრელად. ინგლისელ დიპლომატებს რუსეთისა და ავსტრიის დამეგობრება მოსვენებას არ აძლევდა. «საბერძნეთის პროექტის» შესახებ ცნობები ინგლისს ჯერჯერობით არ ჰქონდა. რუსეთში ინგლისელი დიპლომატების მიერ შემოთავაზებულ «მეგობრობას» ეჭვის თვალით შეხედეს, მათი ზრახვები გაიგეს და ხელშეკრულების დადებაზე უარით უპასუხეს.
როდესაც რუსეთის სამხრეთი მხარეების უფროსად გრ. ა. პოტიომკინი დაინიშნა და იგი შავ ზღვაზე ფლოტის მშენებლობას შეუდგა, მაშინ აშკარა შეიქმნა ინგლისისათვის, რომ კონსტანტინეპოლისა და სრუტეების საკითხი რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში უკვე დასმული იყო.
ამიერიდან ინგლისს თურქეთის სახელმწიფოს დაქცევის პროცესისათვის ცქერა გულგრილად აღარ შეეძლო, განსაკუთრებით იმის შემდეგ განიმსჭვალა თურქეთზე «მზრუნველობით», როცა ინგლისს ჩრდილო-ამერიკის კოლონიები ხელიდან გამოეცალა და ინდოეთისაკენ ვაჭრობის განვითრებით ამერიკაში დანაკარგის ანაზღაურებას ფიქრობდა. თურქეთის სახელმწიფოს (როგორც ინდოეთის გზაზე მდებარე ქვეყნის) ტერიტორიულ ხელშეუხებლობას ინგლისის ვაჭრობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც თურქეთი დაუძლურების გამო თვით იყო ინგლისელების ექსპლუატაციის ობიექტი. ინდოეთისაკენ მიმავალ გზაზე რუსეთის გამოსვლა კი ინგლისს კარგს არას უქადდა. ამიტომ ავსტრიისა და რუსეთის კავშირს ინგლისმა თურქეთის, პრუსიისა და შვედეთის კოალიცია დაუპირისპირა.
პრუსიის სახელმწიფო 80-იანი წლებისათვის უკმაყოფილო იყო რუსეთით. ცნობილია, რომ ავსტრიისა და პრუსიის ინტერესები 18-ე საუკუნის 80-იანი წლებიდან მკვეთრად დაუპირისპირდა ერთმანეთს. პრუსიის სათავეში მყოფი ფრიდრიხ II, როგორც ცნობილია, გერმანული სამეფო-სამთავროების პრუსიის გარშემო გაერთიანებისათვის იბრძოდა, ავსტრიის სახელმწიფო კი, პირიქით, გერმანული პოლიტიკური ერთეულების ავსტრიის გარშემო გაერთიანებისათის იღწვოდა. რუსეთი მაშინ (მისი ინტერესების თვლსაზრისით) სავსებით მართებულად ავსტრიის მხარეზე გამოვიდა, პრუსიის წინააღმდეგ იბრძოდა და ფრიდრიხ II-ს გეგმები საფუძვლიანად ჩაუშალა. ეკატერინე II-ის გამეფების შემდეგ (1762 წ.) რუსეთი პრუსიის სახელმწიფოზე დაყრდნობით ევროპაში ძალთა წონასწორობას იცავდა 1781 წლამდე. 80-იანი წლებიდან კი, რაკი რუსეთი ავსტრიის მოკავშირე შეიქმნა, პრუსია თურქეთის ხარჯზე ავსტრიისა და რუსეთის გაძლიერებას წინ აღუდგა და რუსეთის საწინააღმდეგო კოალიციაში თავი ადვილად ამოჰყო. შვედეთის სახელმწიფოს კი ვერ დაევიწყებინა პეტრე I-ის დროის მარცხი და ისევ ბალტიისპირეთის დაბრუნებაზე და პეტერბურგის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა. ერთი სიტყვით, თურქეთის სახელმწიფო ახლა თავს მარტოდ აღარ გრძნობდა და სიცოცხლის იმედი მიეცა. ინგლისის, საფრანგეთისა და პრუსიის დიპლომატებს არ გაუჭირდათ რუსეთზე გაგულისებული თურქი ვეზირების დარწმუნება იმაში, რომ ვითომც თურქეთი ხმელეთსა და ზღვაზეც რუსეთზე ძლიერი იყო.
უცხოელთა მიერ წათამამებული თურქეთის მმართველი წრეები რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ და გამალებით ემზადებოდნენ. სწორედ ამ დროს (1787 წ.) ეკატერინე II-მ ახლად შემოერთებული ყირიმის სახანოს ტერიტორიების დათვალიერება ისურვა, ვითომ ყირიმის ბუნებისა და შავი ზღვის სილამაზის სანახავად მოგზურობდა, სინამდვილეში კი ავსტრიის იმპერატორთან შეხვედრა და თურქეთთან ომისათვის სამზადისის მიმდინარეობის შემოწმება იყო განზრახული. ეს მოგზაურობა დიდის ზეიმით მოეწყო. სახელმწიფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში რუსეთის დიდძალ ჯარს მოუყარეს თავი რუსეთის დედოფლის ამალას ავსტრიის იმპერატორი იოსებ II და პოლონეთის მეფე თავიანთი მხლებლებით შემოუერთდნენ. როდესაც დნეპრით მომავალი რუსეთის დედოფალი ხმელეთზე გადმოვიდა, პოტიომკინის განკრგულებით სგანგებოდ მომზადებულ თაღს ქვეშ გატარეს. ამ თაღს კი ზემოთ ასეთი წარწერა ჰქონდა: «გზა საბერძნეთისაკენ». ეკატერინეს ამალაში საფრანგეთისა და ინგლისის წარმომადგენლებიც იყვნენ. საბერძნეთის სახელმწიფო მაშინ არ არსებობდა და არც ისე დიდი დიპლომატიური ნიჭი სჭირდებოდა ასეთი წარწერის მნიშვნელობის გაგებას.
თურქეთის «მეგობრებს», ინგლისისა და საფრანგეთის დიპლომატებს არ გაუჭირდათ ასეთი ფაქტების შემდეგ თურქეთის მთავრობის დარწმუნება იმაში, რომ თურქეთს ომი დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო. დიდ ვეზირს მიუთითებდნენ, რომ სანამ რუსეთს თურქეთის წინააღმდეგ ომის სამზადისი დასრულებული არ აქვს, მოულოდნელი თავდასხმით უპირტესობა მოვიპოვოთ და ომის მსვლელობაც თურქეთის სასარგებლოდ წარიმართებაო. თავის ძლიერებაში უკვე დარწმუნებული თურქეთი ადვილად გააბრიყვეს და 1787 წლის 27 ივლისს კონსტნტინეპოლში მყოფ რუსეთის რეზიდენტს ბულგაკოვს ულტიმატუმური ხსიათის ნოტა გადასცა ვეზირმა. აქ პირველ პუნქტში აღნიშნული იყო: რუსეთის ხელისუფლებამ სცნოს თურქეთის ქვეშევრდომად მეფე ერეკლე, რადგანაც საქართველო ვითომ უძველესი დროიდან თურქეთს ეკუთვნოდა და მისი უფლებები ამ სამეფოზე თვით ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულების XXIII მუხლით არის დადასტურებულიო.
ჩვენ წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილში საგანგებოდ განვიხილეთ ქუჩუკ-ყაინარჯის (ხელშეკრულების) XXIII მუხლი და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საზავო ხელშეკრულებაში ქართლ-კახეთის სამეფო ერთი სიტყვითაც არაა ნახსენები. ეს ხელშეკრულება გამოქვეყნებულია და მსურველს შეუძლია საგანგებოდ შეამოწმოს (Т. Юзефович, Договоры России с Востоком, 1869, გვ. 24-41; XXIII მუხლი იხ. გვ. 35-36). დაახლოებით ასეთივე უსაფუძვლო ჩანს თურქეთის ულტიმატუმის დანარჩენი მუხლებიც. მაგრამ ამას არსებით მნიშვნელობა მაშინ არც ჰქონდა, რაკი რუსეთთან ომის დაწყება საერთოდ გადაწყვეტილი იყო.
1787 წელს რუსეთს ომისათვის სამზადისი დასრულებული არ ჰქონდა და თურქეთის ულტიმატუმმა მის მმართველ წრეებში ერთგვარი შეშფოთება გამოიწვია. გრ. ა. პოტიომკინი ისე დააფიქრა მოულოდნელად ომში ჩაბმის პერსპექტივამ, რომ ეკატერინე II-ს ყირიმის დათმობა ურჩია და ამ გზით დროის მოგებას ფიქრობდა. რუსეთის დედოფალი ამაზე არ დათანხმდა. იგი თავის კონსტანტინეპოლელ რეზიდენტს ავალებდა საქმის ისე წარმართვას, რომ 1788 წლამდე საზავო მდგომარეობა შენარჩუნებული ყოფილიყო. რეზიდენტს ნებას აძლევდა ვეზირისათვის განეცხადებინა, რომ რუსეთი თნახმაა უარი თქვას საქართველოს პროტექტორატზეო.
როგორც ჩანს, გრ. პოტიომკინი და თვით რუსეთის სამეფო კარი 1784-86 წლების მანძილზე დარწმუნდნენ იმაში, რომ ქართლ-კახეთის, მომავალი სომხეთის და ალბანეთის სამეფოების დაცვა რუსეთს მეტისმეტად ძვირი უჯდებოდა. 1783 წლის ტრაქტატის გაფორმებაც ნაჩქარევად გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნიეს. სანამ თურქეთის პრობლემა რადიკალურად არ გადაიჭრებოდა, ამიერკავკასიის გეგმები საქმეს გაართულებდნენ მხოლოდ. პარალელურად ერთსა და იმავე დროს ორი საქმის კეთება გაძნელდა ინგლის-საფრანგეთისა და პრუსიის წინააღმდეგობით. როგორც გამოქვეყნებული ცნობიდან ჩანს, 1785 წელს სომხეთის სამეფოს აღდგენის საკითხზე გრ. პოტიომკინი თურმე წინანდელი ხალისით აღარ ლაპარაკობდა. პეტერბურგში მყოფი, სიმდიდრით გაზნაურებული სომეხი ლაზარევი ცნობილ სომეხ მოღვაწეს ეპისკოპოს არღუთინიანს სწერდა, რომ თავადი პოტიომკინი ახლა სომხეთის შესახებ აღარაფერს მეკითხება და ვერც მე გამიბედნია რაიმე შევეკითხო ჩვენს საქმეზე, მეშინიან უპასუხოს დამტოვებსო (А. Иоанесян, Россия и армянское освободительное движение, გვ. 174). სომეხი მელიქების წარმომდგენელს, მართალია, ჯერჯერობით სამშობლოში არ ისტუმრებდა გრ. პოტიომკინი, ყოველი შემთხვევისათვის ის რუსეთში დატოვა, მაგრამ სომხეთის გათავისუფლების საკითხი მიყუჩდა. არღუთინიანს თავისი სამშობლოს ბედის გამოსარკვევად რუსეთის სამეფო კარზე მიუმართავს წინადადებით – ხელშეკრულება დაიდოს სომხეთსა და რუსეთს შორისო, და ასეთი პასუხი მიუღია: «ხელშეკრულებას მეფეები მეფეებთან სდებენ, ხოლო თქვენი ხალხის მეფე სად არის, რომ აქ ხელშეკრულების დადებაზე ლაპარაკს ბედავთო» (იქვე, გვ. 175). ასეთი პასუხი კარგის მომასწავებელი არ იყო. რუსეთის ხელისუფლების მიერ დამუშავებული ამიერკავკასიის გათავისუფლების გეგმა სიძნელეებს წააწყდა. თურქეთის ზურგს უკან ამოფარებულმა საფრანგეთმა და ინგლისმა ქართველებისა და სომხების გათავისუფლების გეგმა ჩაშალეს ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის 1787-91 წლების ომის დაწყებამდე. ამიტომ იყო, რომ 1787 წელს რუსეთის დედოფალი თავის კონსტანტინეპოლელ რეზიდენტს 1783 წლის ტრაქტატის გაუქმებაზე მის თანხმობას აუწყებდა და ამ დათმობით თურქეთთან მოსალოდნელი ომის დროებით მაინც შესაჩერებლად კონსტანტინეპოლის მთავრობასთან მოლაპარაკებას ავალებდა. ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავდა, რომ რუსეთი თურქეთს უთმობდა საქართველოს. ბეზბოროდკოსა და ოსტერმანს 1788 წლის 16 დეკემბერს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მოხსენებითი ბარათი წარმოუდგენიათ, თუ რა პირობებით იქნებოდა შესაძლებელი რუსეთისათვის თურქეთთან ზავის დადება. აქ ერთგან აღნიშნულია: «... самый затруднительный пункт споров с Портой есть дело о части Грузии, владаемой царём Ираклием...». ამიტომ რუსეთის ხსენებული დიპლომატები ხელსაყრელად მიიჩნევენ ერთგვარ დათმობაზე წასვლას, რადგანაც ომი რუსეთისათვის ჯერ კიდევ სასურველად არ მიმდინარეობდა. იმავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთის დასამშვიდებლად საჭირო იქნება საზავო ხელშეკრულების სათანადო მუხლში შეტანილ იქნეს დებულება: მეფე ერეკლე იმავე მდგომარეობაში რჩება, როგორშიაც იგი 1774 წლის ქუჩუკ-ყაინარჯის საზავო ხელშეკრულების გაფორმების დროს იყოო (О. Маркова, Присоединение Грузии к России. იხ. ჟურნალი «Историк Марксист», № 3, 1980, გვ. 61-62). აზერბაიჯანის საკითხშიაც დათმობაზე მიდიოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის საზღვრები სპარსეთთან იგივე დარჩება, რაც 1735 წლის განჯის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებულიო.
როგორ მოაგვარა თვითმპყრობელობის დიპლომტიამ თურქეთთან ომის დროს ქართლ-კახეთის მტერთაგან დაცვის საქმე?
რუსეთის სარდლობას ამჯერად გადაწყვეტილი ჰქონდა თურქეთისათვის ბალკანეთის მხრიდან შეეტია. ამიერკავკასიაში ჯარების გადმოყვანა და აქედანაც თურქეთის საზღვრებში შეჭრა მიზანშეწონილად არ იქნა ცნობილი. მცირე რაზმი აქ საქმეს წინ არ წასწევდა, ხოლო დიდი ძალების ამიერკავკასიაში დაბანაკება და წლების მანძილზე რჩენა, იმ დროს თითქმის გადაულახავ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ რუსეთის სამეფო კარზე გადაწყდა ხელსაყრელ შემთხვევამდე ამიერკავკასიის სრულიად მიტოვება. 1787 წლის 29 აგვისტოს თარიღით გაცემულ საიდუმლო ორდერით გენერალი პავლე პოტიომკინი საქართველოში მყოფ ბურნაშოვს ატყობინებდა გენერალ-ფელდმარშლის გრ. ალ. პოტიომკინის განკარგულებას რუსეთის ორი ბატალიონის საქართველოდან რუსეთის საზღვრებში დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ. ამ ბრძანებამ ბურნაშოვს განჯის მიდამოებთან მოუსწრო, სადაც ქართველი მეფე თავისი ლაშქრით იყო დაბანაკებული. ბურნაშოვმა ერეკლეს მიღებული ბრძანების შინაარსი აუწყა. ქართველი მეფისათვის პირველ ხანებში ალბათ გაუგებრი აღმოჩნდა მოკავშირე-მფარველის ასეთი განკარგულება. მაგრამ არა გვგონია შემდეგ არ მიმხვდარიყვნენ ქართველი დიპლომატები რუსეთის სამეფო კარის ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას როგორც რუსეთისათვის, ისე თვით ქართლ-კახეთისათვის. პ. პოტიომკინი ბურნაშოვს განუმარტავდა თუ რა მოსაზრებით არის გაცემული ასეთი ბრძანება: «Поелику же пребыванием наших баталионов царь (ე. ი. ერეკლე II – ი. ც.) имел более неприятелей, уповательно облегчится он от скопов вражеских... Под рукою же объявите его высочеству, чтобы он поладил с Ахалцихским пашею» (С. Н. Бурнашёв, Новые материалы для жизнеописания и деятельности С. Д. Бурнашёва..., 1901, გვ. 29).
რუსეთის დამხმარე რაზმის საქართველოდან წასვლამ მართლაც დაამშვიდა მეზობელი მაჰმადიანური სამყარო და, პირველ რიგში, თურქეთი და მისი ერთგული ხელქვეითი ახალციხელი სულემან-ფაშაც. ერეკლემ შეძლო ურთიერთობის აღდგენა მოწინააღმდეგეებთან.
პ. ბუტკოვის ცნობით, 1788 წელს თავადი გრ. პოტიომკინი თითქოს ურჩევდა ერეკლე II-ს იმერეთის მეფესთან შეთანხმებას და გაერთიანებული ძალებით თურქეთზე თავდასხმების მოწყობას. ერეკლე მეფეს ამჯერად თითქოს თავი შეუკავებია და თურქეთს თავს არ დასხმია (П. Бутков, Материалы..., II, გვ. 197). ჩვენ არ ვიცით რამდენად სწორია ბუტკოვის ზემოთ მოცემული ცნობა გრ. პოტიომკინის «რჩევის» შესახებ, მაგრამ ერეკლე II-ის განკარგულებით 1789 წელს ქართლ-კახეთის ჯარები დავით ბატონიშვილის ხელმძღვანელობით რომ ყარსამდე მივიდნენ და მნიშვნელოვანი ბრძოლები ჩაატარეს, ამის შესახებ თვით დავით ბატონიშვილი გვაწვდის ცნობას: «წელსვე ამას 1789 ბრძანებითა მეფისათა მიუხდა მეფის ძის ძე დავით ყარსსა ათასითა კაცითა და მოსტყვენა იჯადარა, ფალდერევან და ჯამუშლი და იალაფეს უმეტეს ათასისა ტყვისა...» (დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თ. ლომოურის გამოცემა, 1941, გვ. 20).
თურქეთს 1789 წლისათვის მეტად მძიმე მდგომარეობა შეექმნა. რუსეთის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა თურქეთი ზღვასა და ხმელეთზე და სულთნის ვეზირებს ქართლ-კახეთის სამეფოს ძიების თავი აღარ ჰქონდათ. ერეკლე მეფე ამ მდგომარეობით, როგორც ჩანს, სარგებლობდა და შედარებით უკეთესი პირობები შეუქმნა თავის სახელმწიფოს. ჩვენ არ ვიცით, იცოდნენ თუ არა ქართლ-კახეთში, რომ თურქეთი თავის 1787 წლის ულტიმატუმში რუსეთისაგან ერეკლეს სამფლობელოს თურქეთის სავასალო ქვეყნად ცნობას მოითხოვდა.
როგორ წავიდა «დიდი გეგმის» («საბერძნეთის პროექტის») საქმე? მართალია, რუსეთის ჯარებმა თურქეთი დაამარცხეს, მაგრამ ომის გაგრძელება მძიმე ტვირთად დააწვა რუსეთსაც. მოკავშირე ავსტრიამ, რომელმაც უმნიშვნელო როლი შეასრულა ამ ომში, 1790 წელს იმპერატორ იოსებ II-ის გარდაცვალებისთანავე თურქეთთან ზავი დასდო. რუსეთს ომი უნდა განეგრძო მძიმე პირობებში. შვედების შემოტევების შეჩერებაც საგრძნობ სახსრებს და ძალებს მოითხოვდა. პოლონეთის სამეფოშიც მღელვარება დაიწყო, და აქ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი პრუსიისათვის თვალყურის დევნება იყო საჭირო, რათა შექმნილი მდგომარეობით მას არ ესარგებლა და პოლონეთის ტერიტორიების მიტაცება არ დაესწრო რუსეთისათვის. 1789 წელს, როგორც ცნობილია, საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია დაიწყო და საგონებელში ჩააგდო მთელი ფეოდალური სამყარო. განსაკუთრებით რუსეთის სამეფო კარი დააფიქრა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებმა. რუსეთის არისტოკრატიას კარგად ახსოვდა ე. პუგაჩოვის მეთაურობით დაწყებული გლეხთა აჯანყება, რომელიც გაჭირვებით ჩააქრეს. მაგრამ ის მიზეზები, რომლებმაც გლეხთა ეს დიდი მოძრაობა წარმოშვეს, არ მოსპობილა, პირიქით უფრო ღრმავდებოდა. თვითმპყრობელობას პუგაჩოვის აჩრდილი თვალიდან არ შორდებოდა და ახლა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებმა შიში კიდევ უფრო გააძლიერეს.
1791 წელს «საბერძნეთის პროექტისა» და «ამიერკავკასიის გეგმის» თავგამოდებული დამცველი გრ. ა. პოტიომკინი გარდაიცვალა. სპარსეთშიაც წინათ არსებული მდგომარეობა შეიცვალა. ირანის გასაერთიანებლად ბრძოლა თვითქმის მთავრდებოდა – აღა-მაჰმად-ხანი ყაჯარი მოწინააღმდეგეებს ამარცხებდა და ამიერკავკასიის ხალხების კვლავ დასამონებლად იარაღს აჟღარუნებდა. ასეთ პირობებში «საბერძნეთის პროექტზე» ფიქრი აღარ შეიძლებოდა, ხოლო ამ პროექტთან უშუალოდ დაკავშირებული «ამიერკავკასიის გეგმა» და მისი ერთი ნაწილი – 1783 წლის ტრაქტატიც, ამ წლებში ჰაერში გამოკიდული აღმოჩნდა.
მაგრამ როგორ გადაწყდა ომის დამთავრების შემდეგ 1787 წლის ულტიმატუმში ასე მწვავედ დასმული ქართლ-კახეთის სამეფოს საკითხი? ომი, როგორც ვიცით, 1791 წელს დასრულდა და ქ. იასში ზავი დაიდო. იასის ზავის მე-5 მუხლში აღნიშნულია: «... блистательная Порта обещает подтвердить вновь издавемым фирманом данный прежде, чтоб Ахалцихский губернатор, пограничные начальники и прочие отныне впредь ни тайно, ни явно, ни под каким видом не оскорбляли и не безпокоили земель и жителей владеемых царём Карталинским, о чём и отправить к помянутому Ахалцихскому губернатору... с строжайшим прошением и подтверждением указы» (Т. Юзефович, Договоры России с Востоком, გვ. 44-45).
როგორც ჩანს, რუსეთის დიპლომატიას საკითხი არ გაუმწვავებია და თურქეთის მთავრობისაგან ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის ფაქტის იურიდიულად ცნობა არ მოუთხოვია. იასის ზავის ხელშეკრულებაში ლაპარაკია ქართლ-კახეთის სამეფოზე, მაგრამ 1783 წლის ტრაქტატის შესახებ ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება ადამიანს, რომ რუსეთს 1791 წლის რუსეთ-თურქეთის საზავო ხელშეკრულებაში არც უნდა დაეშვა საუბარი 1783 წლის ტრაქტატის შესახებ. თურქეთის უფლებები ხომ აღმოსავლეთ საქართველოზე არ ვრცელდებოდა.
დამარცხებულ თურქეთს 1791 წელს თავისი კუთვნილი ტერიტორიების შენარჩუნების იმედი აღარ ჰქონდა და ქართლ-კახეთს რაღას დაეძებდა. ახლა იმედად მხოლოდ ისღა რჩებოდა, რომ დღეს თუ არა ხვალ ქართლ-კახეთს აღა-მაჰმად-ხანის სპარსეთი მოიკითხავდა.
იასის საზავო ხელშეკრულების მე-5 მუხლიდან ჩანს, რომ თურქეთის დიპლომატია რუსეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მაშინდელ დამოკიდებულების de factos-ს აღიარებდა; მით უმეტეს, რომ 1787 წლიდან რუსეთის ჯარის ნაწილები საქართველოში აღარ იყო. სხვაგვარად გაუგებარი იქნებოდა თურქეთის მხრივ 1791 წლის ხელშეკრულებაში მე-5 მუხლის შეტანაზე თანხმობა.
მაშასადამე, 1791 წლის ზავით 1783 წლის ტრაქტატი არ გაუქმებულა, მაგრამ არც დადასტურებულა, თურქეთს იგი არ უცვნია. რუსეთის დიპლომატიას ეს არც მოუთხოვია, ალბათ ევროპაში გართულებული მდგომარეობის გამო საზავო ხელშეკრულების გაფორმება ეჩქარებოდა. თვითმპყრობელობა ახლა 1783 წლის ტრაქტატით ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად თავს ისე აღარ იწუხებდა, როგორც პირველ წლებში. რუსეთის ორი ბატალიონი, 1787 წელს საქართველოდან რუსეთში გაწვეული, უკან აღარ ბრუნდებოდა. რუსეთის ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ზარბაზნები, ჩრდილოეთ კავკასიამდე ჩამოტანილი, შემდეგ ადგილიდან აღარ იძროდა.
«ამიერკავკასიის გეგმა» თვითმპყრობელობის დიპლომატიას ძირითადად არ უარუყვია, მაგრამ ახლა სხვა ფორმით და სხვა სიტუაციაში უნდა მომხდარიყო მისი რეალიზაცია. თვითმპყრობელობას შეეძლო ხელსაყრელი პირობებისთვის დაეცადა. ქართლ-კახეთის სამეფოს ჰორიზონტზე კი სამხრეთიდან შავი ღრუბლები იყრიდა თავს. წელში გამართულმა აღა-მაჰმად-ხანის ირანმა ქართველ მეფეს რუსეთისაგან ჩამოცილება მოთხოვა. რუსეთის მიერ საფუძვლიანად მიბეგვილი თურქეთი ქართველებზე ჯავრის ამოსაყრელად აღა-მაჰმად-ხანს ფარულად ზურგს უმაგრებდა და საქართველოს დაქცევას მოუთმენლად მოელოდა.
(ამის შემდეგ წიგნში მოთავსებულია ისტორიული დოკუმენტები, რომელთა მთლიანი მოცულობაც თავად ტექსტის ძირითადი /თხრობითი/ ნაწილის მოცულობის ტოლია)
ტექსტი ბლოგზე გამოქვეყნებისთვის
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment