Wednesday, May 30, 2018

ვალერიან მაჭარაძე ასპინძის ბრძოლის, ტოტლებენის ღალატისა და მისი თანმხლები უშუალო მოვლენების შესახებ

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს შუა ნაწილს პროფესორ ვალერიან მაჭარაძის წიგნისა «ასპინძის ბრძოლა», სახელგამი, თბილისი, 1957)


შინაარსი 

თავი III. ასპინძის ბრძოლა
თავი IV. ტოტლებენის ღალატი და საომარ მოქმედებათა წარუმატებლობა ასპინძის ბრძოლის შემდეგ (დასაწყისი)
IV. 1. ტოტლებენის ავანტიურა და ახალციხეზე ლაშქრობის ჩაშლა
IV. 2. ტოტლებენის ავანტიურასთან რუსეთის სამეფო კარისა და ქართველი თავადების დამოკიდებულების საკითხისადმი
IV. 3. ოფიცერთა შეთქმულების საკითხისათვის


თავი III 


ასპინძის ბრძოლა 

ერეკლე II-მ კარგად იცოდა, რომ რუსეთთან კავშირს საგარეო ურთიერთობების გართულება, მეზობელი მაჰმადიანური ქვეყნების მხრივ მტრობის გაძლიერება მოჰყვებოდა. ამიტომ რუსეთის მთავრობის წინადადებას – გამოსულიყო ქრისტიანების საერთო მტრის, სულთანის თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა ერეკლე უპასუხებდა ამაზე «განმზადებული ვართო», მაგრამ იქვე დასძენდა: «რადგან სარწმუნოების სარჩულით იმოქმედება კეთილ აღრჩევა ესე, – ზედმიწევნით ვუწყით, იგინიცა ჩუჱნდამო მტერობას შეძლებისაებრ უმეტესად ჰყოფენო» და «გასწავლული ჯარი გუჱებოძოს, რომ მისი ი. დ. საფარუჱლი ჩუჱნდამო ყოველთა თანა განცხადნესო» (Грамоты, II, в. I, 6-7).

ასეთ რთულ ნაბიჯს ქართლ-კახეთის მეფე იმიტომ დგამდა, რომ რუსეთთან კავშირს და მის მფარველობას ფართო საგარეო პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებდა, რომელთაგან უმთავრესი სამხრეთ საქართველოს თურქი დამპყრობლების ხელიდან გამოგლეჯა იყო (რა თქმა უნდა, ქართველი პოლიტიკოსები ანგარიშობდნენ, რომ რუსეთთან კავშირი სამუდამო მფარველობის გარანტიაც უნდა გამხდარიყო და ირან-ოსმალეთის ძალმომრეობისაგან ქვეყანა ამიერიდან დაცულიყო: ამ მფარველობაზე დაყრდნობით ჭარ-ბელაქანის დაპყრობის საკითხიც უნდა გადაწყვეტილიყო და ლეკთა თარეშებსაც ბოლო მოღებოდა).

ამ ამოცანის წინა პლანზე წამოწევა იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენი სამშობლოს ამ უძველეს კულტურულ რეგიონში ახალციხის თურქული საფაშო არსებობდა, რომელიც თურქეთის აგრესიის ბაზას წარმოადგენდა. ვიდრე ეს პლაცდარმი, რომელიც ქართლსა და იმერეთში შემოსასვლელ გზებზე ბატონობდა, მტრის ხელში იყო, ცხადია, საქართველოს დანარჩენი რაიონების უშიშროება ურუნველყოფილი არ იყო. რუსეთ-თურქეთის ომის დროს ქართლ-კახეთის პოლიტიკოსებს ეს ამოცანა შეეძლოთ დაესვათ თავიანთი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში, როგორც ყველაზე უახლოესი და რეალური.

ირკვევა, რომ მესხეთის შემოერთება ერეკლე II-ს რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლისთანავე გადაუწყვეტია და, რაკი მცირე საექსპედიციო რაზმი, რომელიც 1769 წელს გენერალ ტოტლებენის განკარგულებაში იყო, არ მიაჩნდა საკმარისად ამ ამოცანის გადასაჭრელად, იგი მტკიცედ იბრძოდა რუსეთიდან 5 ათასიანი კორპუსის მისაღებად. აღსანიშნავია ისიც, რომ ერეკლე ამ უმთავრეს ამოცანას რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისას ცალკე როდი გამოყოფდა.

მაგალითად, 1769 წლის 4 სექტემბერს ერეკლე ნ. პანინს სწერდა: «ეს ხუთი პოლკი ჯარი ამად გვნებავს, რომ რადგან ოსმალთ ძალი ჩუჱნს საზღურადმდე არ მოწეულა, ჩუჱნ იმ ჯარის შეწევნით, რომელნიც რომ არარატის მთის გარშემო, ანუ ახალციხისა და ანუ ყარსისა გარშემო ქრისტიანნი არიან, და იგინი ოსმალთა მონებასა ქუჱშე იმყოფებიან, და კუალად, რომელნიც შავი ზღვის გარშემო ჩვენ კერძო ადგილნი უჭირავს, შესაძლებელი არს, რომ ყოველივე ძალითა ღვთისათა მიუღოთო» (Грамоты, II, в. I, 14). აქ ნათლად ჩანს, თუ რომელი მიმართულებაა ერეკლესათვის უფრო საინტერესო. მეფე აქ მხოლოდ საქრისტიანო ქვეყნების განთავისუფლების საერთო ლოზუნგსა და ამ მიმართულებით მტრისათვის დასწრების გეგმას აყენებს და არა მხოლოდ ახალციხის მიმართულებით მტრისათვის დასწრებისა და მისი განთავისუფლების კონკრეტულ გეგმას, რაც მთავარი იყო ერეკლესათვის.

ქართლ-კახეთის პოლიტიკოსების წერილებიდან განსხვავებულ სურათს გვიშლის ტოტლებენის წერილები. 1769 წლის 3 ნოემბერს ტოტლებენი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გენ. პოტაპოვს სწერდა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს პირდაპირ ახალციხეზე გალაშქრება. ამ საკითხზე მას მიუწერია ასტრახანის გუბერნატორისთვისაც თავისი 1769 წლის 30 ოქტომბრის წერილით, როგორც ამის შესახებ 1769 წლის 27 ნოემბერს გენ. ბეკეტოვი სწერდა გრაფ ჩერნიშოვს (ЦГВИА,....., д. 4, ч. I, лл. 266-267, 289-292 ).

როდის მიიღო ტოტლებენმა ეს გადაწყვეტილება?

ჩვენი აზრით ეს გადაწყვეტილება ოქტომბერში არ უნდა იყოს მიღებული. ცხადია, შორაპნის ციხესთან 23 თურქის პირისპირ გაწბილებული გენერალი 1500 კაცის მოლოდინში ახალციხეზე ლაშქრობის ფართო გეგმას ვერ დაისახავდა (მით უმეტეს, ტოტლებენი ხაზგასმით მიუთითებდა – იმერეთიდან იმიტომ დავბრუნდი, რომ სოლომონ მეფისაგან დახმარება ვერ მივიღეო), რომ აქ ერეკლეს მონაწილეობაც არ ყოფილიყო ნავარაუდევი. მაგრამ ერეკლესა და ტოტლბენს შორის შეხვედრა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1769 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 1769 წლის ოქტომბრის ბოლომდე არ შემდგარა. მაშასადამე, ახალციხეზე ლაშქრობის შესახებ გადაწყვეტილება 1769 წლის აგვისტო-სექტემბერში უნდა მიეღოთ.

მართალია, ტოტლებენი 1769 წლის სექტემბერში ახალციხეზე ლაშქრობის შესახებ არაფერს სწერდა ყიზლარის კომენდანტსა და ასტრახანის გუბერნატორს, როცა დამატებით 1500 კაცის გამოგზავნას სთხოვდა, მაგრამ ტოტლებენს მაშინ არც შეეძლო გაბედულად ეთქვა, თუ რომელი მიმართულებით აპირებდა დარტყმას, რადგან ადვილი როდი იყო მთავრობის უნებართვოდ ჯარის მიღება, ხოლო უამისოდ ერეკლეს თანამონაწილეობა გამორიცხული იყო. სულ სხვა იყო მდგომარეობა ნოემბრისათვის. 1769 წლის 29 ოტომბერს ტოტლებენმა მიიღო დრაგუნთა ესკადრონი (158 კაცი) და 70 კაზაკი. ამ პირველი ნაწილობრივი წარმატებით წახალისებულმა, რადგან ასტრახანის გუბერნატორისგანაც მოელოდა დამხმარე ჯარს და 1500 კაცის მიღების იმედი ჰქონდა, ყიზლარის კომენდანტს პოტაპოვსა და ასტრახანის გუბერნატორს ბეკეტოვს აღარ დაუმალა, რომ ის აპირებს ახალციხისაკენ დაძვრას.

შემთხვევითი როდია, რომ ტოტლებენი დამხმარე ჯარის მიღებისთანავე ფიქრობს დაიძრას მაინცდამაინც ახალციხისაკენ და არა სხვა მიმართულებით. ერეკლეს თანამოქმედება მხოლოდ ახალციხის მიმართულებით იყო მოსალოდნელი.

ამრიგად, ახალციხეზე ლაშქრობის გეგმა ერეკლეს მიერ იქნა წამოყენებული ჯერ კიდევ 1769 წლის აგვისტო-სექტემბერში, მაგრამ მეფე მის განხორციელებაზე თავს იკავებდა, სანამ რუსეთი დამხმარე ჯარს არ გაადიდებდა. ტოტლებენის ნაბიჯი, მთავრობის დაუკითხავად 1500 კაცის გადმოყვანის შესახებ ერეკლეს გეგმის მიღების მომასწავებელია.

გვიანდელი საბუთები უფრო რელიეფურად გვიჩვენებს, რომ ერეკლე ახალციხის შემოერთებისათვის იბრძოდა. ხელთუბნის თათბირის შემდეგ, გენერალი სუხოტინი 1771 წლის 5 ივნისს ნ. პანინს სწერდა: «ერეკლე მეფეს თავისი ჯარითა და თავადებითურთ ისე არაფერი უნდოდათ, როგორც ის რომ მიმდინარე კამპანია მე ახალციხეზე მომეწყო» (Грамоты, I, 482). 1771 წლის 30 დეკემბერს ერეკლე II სწერდა ეკატერინე II-ს: «კუალად ვედრებით მოვახსენებ თქვენს ყოვლად მოწყალებასა, რათა ამავე გაზაფხულსა არ უტეონ დაუპყრობელად ქვეყანა ახალციხისა, და უკეთუ შერიგება მოხდეს თ. დ. სულტანისა, მაშინაც გარეთ არ დარჩეს ქვეყანა ახალციხისა, ვინაჲდგან საქართველოსა შინა არის და ქართული ენა აქუსთ, და მრავალნი ქრისტიანენი არიან იმათში, და სხუანიც ახალნი გარდაქცეულნი არიან მაჰმადიანობაზედ» (Грамоты, II, в. I, 84). ამასვე იმეორებდნენ რუსეთის სამეფო კარზე, ერეკლე მეფის დავალებით, ლევან ბატონიშვილი და ანტონ კათალიკოსი 1773 წლის 27 აპრილს: «არ დაშთეს... დაუპყრობელად ქვეყანა ახალციხისა, რამეთუ ჩვენი ადგილი იყო..., რადგან საქართველოს მიწა არის და მრავალნი ქრისტიანები არიან მას შინა, და ყოველს წელიწადს მძლავრობით მახმადიანად მრავალს გარდააქცევენ» (იქვე, 92).

ზემოთ მოტანილი მასალა საკმაოდ ცხადყოფს, რომ ერეკლეს რუსეთის ჯარის სამი ასეულის საქართველოში შემოსვლისთანავე ახალციხის შემოერთების საკითხი თავისი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში დაუსვამს. ხოლო რადგანაც ამ ამოცანის გადასაჭრელად ასეთი მცირე რაზმი საკმარისად არ მიაჩნდა, თავგამოდებით იბრძოდა საექსპედიციო ჯარის რაოდენობის გადიდებისათვის.

ახალციხისათვის ბრძოლას ქართველი პოლიტიკოსები ორ ამოცანას უკავშირებდნენ: მტრისათვის ქართლზე თავდასხმის მარჯვე პლაცდარმის მოშლასა და ქართული მიწა-წყლის შემოერთებას. ერეკლეს გადაწყვეტილი ჰქონდა ესარგებლა რუსეთ-თურქეთის ომით, როგორც ხელსაყრელი ვითარებით, და რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური დახმარებით მტრის ხელიდან გამოეგლიჯა ძველისძველი ქართული მიწა-წყალი. 

ერეკლეს მიერ წამოყენებულ სამხედრო მოქმედების გეგმას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ, ჯერ-ერთი, მოწინააღმდეგეს ხელიდან აცლიდა მოხერხებულ სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმს, რომელიც უკეთ უზრუნველყოფდა საომარ მოქმედებათა წარმატებით გაშლას, ვიდრე სხვა რომელიმე მიმართულება. კიდევ მეტი, თუ ახალციხე დაკავებული არ იქნებოდა, მოწინააღმდეგეს საშუალება ეძლეოდა, მოეშალა რუს-ქართველთა ჯარების ზურგი შავი ზღვის სანაპიროების მიმართულებით საომარი მოქმედებების წარმართვის შემთხვევაში; მეორე, იგი უკეთ უზრუნველყოფდა მოკავშირე მხარეთა ერთობლივ მოქმედებას, ვიდრე სხვა რომელიმე გეგმა, რადგან მას ორივე ქართული სამეფოსათვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა.

რადგან რუსეთი საქართველოში დამკვიდრებას იმხანად მიზნად არ ისახავდა, ბუნებრივია, მისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო ყველა გეგმა, საიდანაც მტრის ძალების დაბანდება და «დივერსიის» მოწყობა მოხერხდებოდა (არც ტოტლებენს და არც სუხოტინს რაიმე წინასწარ შემუშავებული სამხედრო ოპერაციის გეგმა არ ჰქონიათ მიცემული. მათ ევალებოდათ ემოქმედათ ისე, როგორც ადგილობრივი პირობები უკარნახებდათ). მაგრამ რაკი საომარი ოპერაციების გაშლას იმერეთიდან, მისი სისუსტის გამო, კარგი პირი არ უჩანდა, ხოლო შედარებით ძლიერი ქართლ-კახეთი ახალციხის მიმართულებით ითხოვდა ლაშქრობას, რუსეთის წარმომადგენლებს ეს გეგმა უნდა მიეღოთ.

ქართლ-კახეთის სამეფოსათვის ამ გეგმას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ახალციხის დაკავებით მთელს ომში ქართლს თურქეთის აქტიური შემოტევის საფრთხე ეხსნებოდა, ისპობოდა ბუდე, საიდანაც თურქეთის ქვეყნის დაპყრობას ლამობდა; ისპობოდა ლეკი აბრაგების თავშესაფარი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. გარდა ამისა, ახალციხის დაკავება მესხეთის დაბრუნების იმედსაც იძლეოდა.

ახალციხეზე ლაშქრობის გეგმა იმერეთის სამეფოსათვის ობიექტურად სასარგებლო იყო, რადგან, ჯერ ერთი, იგი იმერეთზე თავდასხმის ბუდეს მოშლიდა (ცნობილია, რომ თურქეთი დასავლეთ საქართველოს საქმეებს ახალციხის ფაშის ხელით «აწესრიგებდა»); მეორეც, ახალციხის დაკავება იმერეთის თავადებს გარედან დახმარების იმედს გადაუწურავდა და ისინი განმარტოებული დარჩებოდნენ სოლომონ მეფეს. მართალია, სანამ იმერეთის ციხეებში თურქი მეციხოვნეები იდგნენ, სოლომონ მეფეს ერთგვარი სიძნელეები ექნებოდა, მაგრამ წარმატებანი ახალციხის მიმართულებით იმერეთის ციხეების განთავისფლების საუკეთესო საშუალება იყო, რადგან იმერეთის ციხეებში გამოკეტილ თურქ მეციხოვნეებს აქტიური მოქმედება არ შეეძლოთ, ხოლო მათი პასიური თავდაცვაც ახალციხის ფაშის იმედს ემყარებოდა. ამ უკანასკნელი იმედის გადაწურვას, ბუნებრივია, მათი დანებება უნდა მოჰყოლოდა.

ერეკლეს მიერ წამოყენებული სამხედრო მოქმედების გეგმა 1769 წლის შემოდგომაზე ტოტლებენს, როგორც ჩანს, მიუღია და რუს-ქართველთა ჯარს 1770 წლის გაზაფხულზე ამ გეგმით უნდა დაეწყო მოქმედება.

1770 წლის 17 მარტს ერეკლე II შვიდი ათასი კაცითა და 3 ქვემეხით მივიდა სურამში, ხოლო 2 ათას კაცს მეფე უახლოეს დროში ელოდა. გარდა ამისა, ერეკლეს 4 ათასი კაცი ყარაბაღის ხანისათვის მიუშველებია. დანარჩენი ძალები მეფეს ქვეყნის დასაცავად დაუტოვებია (Грамоты, I, 216).

1770 წლის 2 მარტიდან 24 მარტამდე ტოტლებენი რუსის სამხედრო რაზმით (დაახლოებით 1200 კაცი) (თებერვლის უწყისით ტოტლებენის რაზმში ნაჩვენები იყო 1228 კაცი) სურამში იდგა, საიდანაც 24 მარტს ერეკლესთან ერთად გადავიდა ქვიშხეთში (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. III, лл. 49-52).

ერეკლეს, როგორც მოურავოვის ცნობიდან ჩანს, იმედი ჰქონია, რომ მას სოლომონ მეფეც შეუერთდებოდა, როცა ეს უკანასკნელი დადიანთან ზავს დადებდა (Грамоты, I, 219). ჩვენ არ ვიცით, რამდენად სწამდა ერეკლეს მაშინ სოლომონის მხრივ აქტიური მონაწილეობის მიღება ახალციხეზე ლაშქრობაში, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ამ დროს სოლომონი, თავისი სისუსტის მიუხედავად (თურქებს ეჭირა შორაპნის, ბაღდადის, ცუცხვათის, ქუთაისის ციხეები; საშინაო მდგომრეობაც მტკიცე არ იყო), თვითონ ფიქრობდა «საათაბაგოს» დაკავებას (იქვე, 20). და საეჭვოა, რომ იგი ერეკლეს მიერ წამოყენებულ საქმეში აქტიურ მონაწილეობას ადვილად მიიღებდა (ცნობილია, რომ ხელთუბნის თათბირზე სოლომონ მეფემ ახალციხეზე ლაშქრობას მხარი არ დაუჭირა, თუმცა პრინციპულად წინააღმდეგიც არ ჩანს. შდრ. Грамоты, I, 482), აქ ჩანს ქართული სახელმწიფოების ინტერესთა სხვადასხვაობა, რაც ერთობლივი მოქმედებების შემაფერხებელი პირობათაგანი იყო.

1770 წლის აპრილში ტოტლებენი წინანდებურად არ ჩქარობს ახალციხისაკენ დაძვრას. იგი აპრილის პატაკით, რომელიც ქვიშხეთიდან გუგზავნია, სამსახურიდან განთავისუფლებას ითხოვს. «უმორჩილესად გთხოვ, აქედან ჩქარა წამიყვანოთ, – სწერდა ტოტლებენი ზ. ჩერნიშოვს 1770 წლის 6 აპრილს, – ჩემს მაგივრად ჩემი რაზმი სხვა გენერალს ჩააბაროთ... ძალა არ მყოფნის» (ЦГВИА,....., д. 4, ч. III, лл. 49-52).

სურდა თუ არა ტოტლებენს, იგი მაინც უნდა დაძრულიყო ერეკლესთან ერთად ახალციხისაკენ, რადგან მისი ადრინდელი განცხადებები ახალციხეზე ლაშქრობაში მონაწილეობაზე აშკარა უარის თქმის უფლებას არ აძლევდა.

1770 წლი 14 აპრილს ერეკლე მეფე და ტოტლებენი რუს-ქართველთა ჯარით სადგერში იდგნენ (ЦГВИА, ф. ВУА, д. 2194). ტოტლებენს მეფისათვის წინადადება მიუცია ქართველი ჯარის ნაწილი სადგერის ციხეში დაეტოვებინა, თვითონაც სურვილი გამოუთქვამს ერთი ზარბაზნისა და სამოცი (60) ჯარისკაცის დატოვებაზე, მაგრამ ერეკლე მეფე ამის წინააღმდეგ წასულა. «სადგერის ციხეში ჯარი მთხოვა დასაგდებად, – სწერდა ერეკლე რატიევს, – და თავის ჯარსაც მითხრა სამოც კაცს და ერთ ზარბაზანს დავაგდებო. დავუშლე, მაგრამ ჩემი რჩევა არ მიიღო» (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. III, лл. 18-19).

ერეკლე ქართველი ჯარითა და რუსეთის ჯარის ზარბაზნებით მდ. შავი წყლის («ბორჯომკა») გაყოლებით აწყურისაკენ დაიძრა. ტოტლებენს თავისი რაზმის ნახევარი და ექვსი ზარბაზანი სადგერში დაუტოვებია და მეორე დღეს უმოკლესი გზით (მდ. მტკვრის ხეობით) აწყურისაკენ წასულა. იგი მეფეს საკირესთან შეერთები და რუს-ქართველთა ჯარი 17 აპრილს აწყურის ციხეს შემოდგომია.

რა ძალები მიიყვანა ტოტლებენმა აწყურთან? ერეკლე წერდა: «დავუშლე, მაგრამ ჩემი რჩევა არ მიიღო და რაც კარავი ჰქონდა და ექვსი ზარბაზანი და ნახევრამდის ჯარი, რომელნიც იმხანად ორივ საჭირო იყო, ჩემს შეუტყობრად დაეგდო (სადგერში – ვ. მ.), აწყურს რომ მივედით ორის კარვის მეტი არა ჰქონდა რა» (იქვე, ფურც. 18-19). «ექვსი ზარბაზანი თავისის გაწყობილობით და 400-ზე მეტი ჯარის კაცი – სწერდა ერეკლე რუსეთის ვიცე-კანცლერს გოლიცინს – ბარგითა, და რაც კარავი ჰქონდა იქ სადგერს დაეგდო» (Грамоты, II, в. I, 28). «სადგერში დატოვებულ იქნა ექვსი ზარბაზანი და თითქმის ნახევარი რაზმისა» (Грамоты, I, 228) – სწერდა მოურავოვი პანინს.

ერეკლესა და ტოტლებენს შორის განხეთქილების ჩამოვარდნის შემდეგდროინდელ ცნობებს ტენდენციურად მივიჩნევდით, რომ ასეთ ეჭვს არ აქარწყლებდეს მოურავოვის 19 აპრილის წერილი ტოტლებენისადმი. 19 აპრილს მოურავოვი სწერდა ტოტლებენს: «თუ არტილერია და რაზმის ნახევარი სადგერში არ ყოფილიყო დატოვებული», ჯავახეთიდან უკეთესი გზით შეიძლებოდა თბილისში დაბრუნება (Грамоты, I, 220-221). 19 აპრილს მოურავოვი და ერეკლე ტოტლებენის მიმხრობაზე ფიქრობდნენ. ამ დროს საქმე ტოტლებენის ბრძოლის ველზე შეკავებას ეხებოდა და, რა თქმა უნდა, მოურავოვი ტოტლებენს ტყუილს არ მისწერდა, უკმაყოფილებისათვის საბაბს არ მისცემდა.

ყველა მონაცემებით, ტოტლებენს აწყურთან ჰყვდა 600-მდე რუსი ჯარისკაცი და ჰქონდა 8 მცირეყალიბიანი ქვემეხი (შდრ. აგრეთვე Грамоты, II, в. I, 28). ამ მასალის გათვალისწინება გვიჩვენებს, რომ ერეკლე საკუთარი ძალით ვარაუდობდა დაუფლებოდა მესხეთს, სანამ თურქები დამხმარე ძალებს მოაშველებდნენ ახალციხის ფაშას. ამასთან, მეფეს იმედი ჰქონდა, რომ ვიდრე თურქები ძალების გადმოყვანას მოასწრებდნენ, იგი რუსეთიდან დამხმარე ჯარებს მიიღებდა.

1770 წლის 17 აპრილს, შუადღისას, რუსეთისა და ქართველთა ჯარი აწყურის ციხეს შემოადგა. «აწყურის ციხის შემოდგომა ჩემი ნება არ იყო, – სწერდა ერეკლე გოლიცინს 1770 წლის 10 მაისს, – იმისათჳს, რომ რადგან მტრის მამულში ვიყავით, უმჯობესად ეს აღმოჩნდა: მათნი ქონებულნი, რომელნიც სოფლებით სურსათი აქუნდათ, სულ ჩუჱნთან მოგვეგროვებინა და შემდგომად მისსა, უკეთუ უმჯობეს იქნებოდა, მივსულიყავით ახალციხეზედ...» (იქვე)

აწყურისათვის დროის დაკარგვა შეცდომა იყო, რადგან რუს-ქართველთა ჯარს საალყო ქვემეხები არ ჰქონდა; ხოლო მცირეყალიბიანი ქვემეხებით ციხის იერიშით აღების ცდა, ბუნებრივია, უშედეგოდ უნდა დამთავრებულიყო, სანამ გარნიზონს საკვები და წყალი ექნებოდა, და გარედან დახმარების იმედი, ციხის აღება დიდი მსხვერპლის გაღებასა და დროს ითხოვდა (შდრ. ლვოვის მიერ ბაღდადის ციხის ალყის აღწერა, Грамоты, I, 251-252).

აწყურის ციხის აღების სხვა საშუალება არსებობდა – მტრის ზურგში ღრმად შეჭრა, მეციხოვნე ჯარის მოწყვეტა მტრის დანარჩენი ჯარებისგან – აი, რას შეეძლო ციხის გარნიზონის წინააღმდეგობის გატეხა. ასეთ პირობებში ციხის ალყა მცირე ძალითაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო და გარედან დახმარებას მოკლებული მტერიც წინააღმდეგობას ვეღარ გასწევდა.

ერეკლეს გეგმა გაბედული და სწორი იყო.

სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით აწყურის ციხის ალყა არასწორად იქნა ჩატარებული. ტოტლებენის შტაბში დადგენილი გეგმიდან ჩანს, რომ 1770 წლის 17-18 აპრილს ციხისათვის ბრძოლა წარმოებდა სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. მტკვრის გაღმა არ იყო არც ერთი კაცი რუს-ქართველთა ჯარისა და ახალციხიდან მომავალი გზაც გადაუჭრელი იყო (ЦГВИА, ф. ВУА, д. 2186). რადგანაც სრული გარემოცვა არ იყო, მტერს საშუალება ჰქონდა ციხეში შეეგზავნა დამხმარე ჯარი საჭურველითა და სურსათით.

თუ ტოტლებენს ციხის აღება ნამდვილად სურდა და ეს მას შესაძლებლად მიაჩნდა, მაშინ მას ციხის სრული გარემოცვა უნდა განეხორციელებია.

ერეკლე აწყურის გარემოცვის წინააღმდეგი ყოფილა, ამიტომ, ტოტლებენის ჯიუტი საქციელით თავსმოხვეული ამ ძნელი და თანაც უმნიშვნელო ამოცანის გადაწყვეტის დროს ალბათ ხელი აიღო საკუთარ ინიციატივაზე და საქმე მიანდო, ან იძულებული გახდა მიენდო ტოტლებენისათვის. როგორც მეფის წერილებიდან ჩანს, ტოტლებენს პირობა დაუდვია, რომ ციხეს დაუყოვნებლივ აიღებდა. შესაძლებელია, რომ მეფემ ჯერ კიდევ არ იცოდა რუსეთიდან ჩამოტანილი მცირეყალიბიანი ქვემეხების ცეცხლის ძალა და დაენდო კიდეც ტოტლებენის დაპირებას. ერეკლე წერს, რომ ტოტლებენმა «პირობა დაჰსდუა ჯარში, რომ მტერს დღესვე ციხეს წავართმევო, და ეს ვერ შევიტყუეთ – ვერ შეიძლო, თუ არ ინებაო» (Грамоты, II, в. I, გვ. 28).

რადგანაც ციხეზე მისასვლელი გზა გადაჭრილი არ იყო, ახალციხის ფაშას უსარგებლია და 18 აპრილს 2000 კაცი შეუგზავნია ციხეში (იქვე, გვ. 29; Грамоты, I, 461, 462-463). 19 აპრილს ტოტლებენს ბრძოლა მიუტოვებია და აწყურიდან წამოსულა. ერეკლე, როგორც თვითონ წერს, შეხვეწია ტოტლებენს დაბრუნებულიყო – «მე მიველ და ღრაფს დიდად ვევედრე, – სწერდა ერეკლე ვიცე-კანცლერ გოლიცინს, – და ჩემი თავი ვითარცა ერთი მისისა კამანდისა აფიცერი ეგრეთ კამანდაში ვაძლივე, და მრავალს ვევედრე გამობრუნებას მტერზედ... იმ ჩემს ვედრებაზედ ორი ზარბაზანი გამოაბრუნა და ერთს მაღალს გორაზედ აიტანა, რომელიც დიდად შორევდა მტერზედ, მუნითგან ოთხი-ხუთი ზარბაზანი ესროლა და გაბრუნდა, და აღმითქვა, რომ აქავ ახლო ერთს ბალახიანს ადგილს ჩამოვჴდებიო, და ამ სახით გამოიპარა» (Грамоты, II, в. I, 29). მოურავოვსაც უცდია ტოტლებენზე გავლენის მოხდენა (Грамоты, I, 220-221), მაგრამ ამაოდ. 

ტოტლებენის მიერ ბრძოლის ველის მიტოვებას ქართველთა ჯარში უწესრიგობა მოჰყოლია, ხოლო მტერი გამხნევებულა. «ეს გამოპარვა იარანალისა, – სწერდა ერეკლე გოლიცინს, – ჩვენმა ჯარმა რა ჰსცნა, დიდსა და გამოუთქმელსა დრტვინვასა მიეცნეს. და მტერთა, რა იხილეს და სცნეს, დიდად განიხარეს და სიმჴნე მიიღეს» (Грамоты, II, в. I, 29). ერეკლეს მთელი სიმკაცრის ამოყენებით მოუხერხებია ქართველ ჯარში დისციპლინის ადგენა და ციხიდან უკან დაუხევია. გამხნევებული მტერი შეტევაზე გადმოსულა, მაგრამ ქართველთა კონტრშეტევით დამარცხებული ისევ ციხეს შეფარებია (Грамоты, I, 105-106; Грамоты, II, в. I, 29).

ამის შემდეგ ერეკლეს არ შეეძლო მისდაუნებურად დაწყებული ციხის ალყის გაგრძელება.

აწყურის გარემოცვა მარცხით დამთავრდა. აწყურის ოპერაციის მარცხს მკვლევარები სხვადასხვანირად ხსნიან: ზოგი მკვლევარი – ორსარდლობით ხსნის, ზოგი – რუსეთის მთავრობის მიერ ტოტლებენისათვის მიცემული სამოქმედო ინსტრუქციით. ეს ავტორები თავიანთ შეხედულებებს არ ასაბუთებენ და მასზე აღარ შევჩერდებით.

აკად. ბუტკოვი ტოტლებენის აწყურიდან დაბრუნებას ასე ხსნიდა: «როდესაც ისინი (ტოტლებენი და ერეკლე – ვ. მ.) სოფელ ასპინძასთან მივიდნენ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, რომელიც ახალციხიდან 35 ვერსზე მდებარეობს, მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა ზოგიერთი გაუგებრობის გამო, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ ერეკლე ეძებდა საშუალებას არა თავისი ძალებით, არამედ რუსეთის დამხმარე ჯარით საკუთარი ბატონობის-მოყვრულობისათვის სამსახური გაეწია და მოეხდინა დაპყრობები რუსების ხელით, მაშინ როცა მათი დანიშნულება იყო მხოლოდ დახმარება გაეწიათო» (П. Г. Бутков, Материалы, I, стр. 281-282).

განა დახმარებაა მოკავშირის ბრძოლის ველზე მიტოვება? გარდა ამისა, თუ ერეკლეს საკუთარი ძალებით ბრძოლა არ სურდა და მხოლოდ რუსების ხელით ფიქრობდა თავისი საქმის კეთებას, რატომ არ დაუცადა მოზდოკიდან მომავალ ძირითად ძალებს, რომელნიც მალე ჩამოვიდოდნენ? რატომ იწვევდა იგი ტოტლებენს ახალციხისაკენ, როცა ამ უკანასკნელს აწყურთან 600-ზე მეტი ჯარისკაცი არ ჰყოლია? რა თქმა უნდა, ასეთ თვალსაზრისს სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს.

«ტოტლებენის მიერ ბრძოლის ველის მიტოვების მიზეზი, – წერს ს. კაკაბაძე, – იყო მის წინააღმდეგ ზოგი რუსი ოფიცრის შეთქმულება, რომელშიდაც ეჭვიანმა გენერალმა რუსის მთავრობის მიერ საქართველოში დანიშნული რეზიდენტი და თვით მეფეც გარია» (ს. კაკაბაძე, საქართველოს ისტორია, ახალი საუკუნეების ეპოქა, თბილისი, 1922, გვ. 208). ჩვენ შეთქმულების საკითხზე ქვემოთ მოგვიხდება შეჩერება, მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ «შეთქმულების» ლიკვიდაცია მოხდა ტოტლებენის აწყურთან მისვლამდე ორი კვირით ადრე (ქვიშხეთში). ტოტლებენს «შეთქმულები» კარგა ხანია განდევნილი ჰყავდა და რაზმში მხოლოდ ერთგული ოფიცრები ჰყავდა, რომელთაც შემდგომ კიდეც ეყრდნობოდა ავანტიურის დროს.

ბუტკოვისა და კაკაბაძის თვალსაზრისს უარყოფს თვით ტოტლებენი და მისი თანამოსაქმე ლვოვი. «გრაფ ტოტლებენის მიერ მტრის ქვეყნებიდან უკან დახევა და ერეკლეს მიტოვება, მისი მოხსენების მიხედვით უმთავრესად მოხდა სურსათის ნაკლებობის გამო... 13 მაისს ლვოვი იწერებოდა, რომ მხოლოდ მოახლოებულმა შიმშილმა გვაიძულა დავბრუნებულიყავითო... მტრის ქვეყანაში რომ გავედით, მხოლოდ ექვსი დღის საკმარი პური გვქონდა, ხოლო ქართველები სოფლებს ძარცვავდნენო» (Грамоты, I, 200).

ასეთია ტოტლებენისა და ლვოვის მოხსენების შინაარსი, რომელიც რუსეთის მთავრობას გაუკეთეს.

საბუთების ახლო გაცნობით ირკვევა, რომ აწყურთან ტოტლებენის ღალატი სურსათის უქონლობით არ შეიძლება აიხსნას.

ტოტლებენის 1770 წლის 6 აპრილის პატაკით დასტურდება, რომ რუსეთის ჯარს მოზდოკიდან გამოსვლის დროიდან 1770 წ. აპრილამდე არაფერი ჰკლებია (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. III, лл. 49-52).

საქართველოს ცენტრალურ არქივსა და საქართველოს მუზეუმში დაცული ერეკლე მეფის განკარგულებები (1769–1770 წლებისა) ნათლად ადასტურებენ, რომ მეფე დიდი ყურადღებით ექცეოდა რუსეთის ჯარის მომარაგების საქმეს და მათთვის სურსათის მიყიდვა ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა.

მოვიყვანთ ორ საბუთს. ერეკლე II, 1770 წლის 16 იანვარს ზემო ქართლის სარდალს რ. ამილახვარს სწერდა: «ქ. რუსებისათვის მისატანათ ვიზედაც მიწერილი ბზე და შეშა იყოს დარჩომილი ახლავ მიუტანეთ და თუ ამ იანვრისათვის ის არ ეყოფოდესთ, როგორც წინაზე სოფლებისათვის ბზე და შეშა შეგვეწიროსთ ამ იანვრის საყოფი შეაწერეთ და მიუტანეთ. ამაზე ბეჯითი იყავით, რომ შეშა და ბზე არ დააკლდესთ. ამ იანვრის საყოფი გაურიგეთ, რაც ერისთვის ყმაზე იყოს იასაულები გაგზავნე მიატაინე, რაც საკათალიკოზოზე არის შოშია სარდლისათვის ოქმი მიგვიწერია. გაუგზავნე მიატანიე. ერთი პირი ჯარი ახლა მოსასვლელია რუსისა. პატარა ლიახვზე უნდა დადგეს. ყველგან ყადაღა უყავით ფქვილი, ქერი მზად დაიჭირონ გასასყიდათ. თქვენც პატარა გაიძარით, საქმე ნახეთ, საქმეზე ბეჯითი იყავით» (საქ. მუზეუმი, ფ. Hd, საბ. 14 346).

1770 წლის 24 თებერვალს მეფე სწერდა რ. ამილახვარს: «ქ. რუსების აზუღის სურამს ატანისათვის ურმების გარიგება წინაზედ მოგწერეთ, თუ გაგირიგებიათ ხომ კარგი, თუ არა ახლა სია გამოგვიგზავნია ღრაფის წიგნში ძეს ის გამოართვი და როგორც მოგვეწეროს ახლავ ისე გაარიგე. ღრაფისათვის მიგვიწერია, ეს მიგვიყვანს; წიგნებსაც მოგცემს და კიდეც დაგარიგებს, როგორც ღრაფმა და თქვენ ამჯობინოთ ისე გაარიგეთ იასაულებიც განგვიწესებია თქვენც ბეჯითი იყავით და გაარიგეთ» (საქ. მუზეუმი, ფ. Hd, საბ. 9456). ჩვენს ხელთაა სხვა მრავალი საბუთიც, რომელთა აქ მოტანა ზედმეტად მიგვაჩნია. აქვე უნდა დავძინო, რომ ერეკლე ამ დროს მისი ბრძანების შეუსრულებლობას არავის აპატიებდა. აი, რატომ არ ჰკლებია რუსეთის ჯარს სურსათი 1770 წლის 6 აპრილამდე. 

ცაგარელის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ცნობილია, რომ ერეკლე უსასყიდლოდაც აძლევდა რუსეთის ჯარს სურსათს. მაგალითად, 15 აპრილს მოურავოვი სადგერში ტოტლებენს სწერდა: თქვენი ბრძანებით გამოვცხადდი ერეკლესთან, რომელმაც მაცნობა რომ თქვენ ქვიშხეთში საკმაო რაოდენობით მიიღეთ პური, ამასთან მითხრა, რომ ახლა ვიმყოფებით მტრის ქვეყნებში და ვფიქრობთ თქვენ პური და ხორცი საკმაო რაოდენობით გაგაჩნიათ; თუ თქვენი მაღალაღმატებულება ფიქრობს მარაგი მოამზადოს, დანიშნეთ ადგილი, გამოყოფილ კომისარს ხომ არ უბრძანებთ დაამზადოს ხარჯი მომავალი ჯარისათვის? 16 აპრილის წერილით მოურავოვი ტოტლებენს აცნობებდა – თქვენი ბრძანებით მეფესთან გამოვცხადდი და მისი დავალებით გაცნობებთ, რომ ერეკლე ქვიშხეთში მოცემული პურისათვის ფასს არ ითხოვს, ასევე 6 ძროხისა და დეკეულისათვის, 4 ცხვრისა და 3 თხისათვის – უფასოდ გაძლევთ; იმ 50 მანეთს, რომელიც ხორცის სასყიდლად გამოგზავნე ვისაც მიბრძანე იმას გადავცემო (Грамоты, I, 104-105).

უცნაურია, რომ ტოტლებენი 1770 წლის 6 აპრილის პატაკით გრაფ ჩერნიშოვს აუწყებდა მოურავოვი საერთოდ არ ზრუნავს ჯარის მომარაგებაზე, იგი კავშირშია ქართველ თავადებსა და რუს ოფიცრებთანო, ხაზინისათის ზიანის მიყენებას ცდილობსო. ამიტომ მას საქმეში არ ვიყენებო და დასძენდა: ჩემი მოვალეობის გამო ყველაფერს ვეცდებიო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. III, лл. 49-52).

საყურადღებოა ერთი გარემოებაც, სახელდობრ: «მტრის ქვეყანაში» მისვლისას, როგორც ტოტლებენის თანამოსაქმეს, ლვოვს რუსეთში მიუწერია, რუსებს 6 დღისათვის საჭირო პურის მარაგი ჰქონიათ. «მტრის ქვეყანაში» ისინი 15 აპრილს შევიდნენ. 19-ში კი ტოტლებენი უკან დაბრუნდა. დავუშვათ, რომ სურსათის ნაკლებობას მართლაც ჰქონდა ადგილი, განა სურსათის უქონლობით ჯარი ფრონტს სტოვებს? განა ეს მოკავშირე ჯარის მტრის პირისპირ მიტოვებას ამართლებს?

დავუშვათ, რომ რეგულარულ ჯარს არ შეეძლო რეკვიზიციისათვის მიემართა (მხედველობაში გვაქვს ლვოვის განცხადება – ქართველები «თურქეთს ტერიტორიაზე» სოფლებს ძარცვავენო), მაგრამ თუ პეტერბურგელი ჩინოვნიკი ამ ფაქტს სამარცხვინოდ მიიჩნევდა, რატომ არ დაგმო ტოტლებენი, რომელიც როცა ლვოვი ზემოაღნიშნულ პატაკს წერდა, მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიაზე თვითნებობდა, მაშინ როცა რუსეთის მთავრობა ასეთ საქციელს სასტიკად უკრძალავდა (სამხედრო კოლეგია, 1769 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით, ტოტლებენს წინასწარ აფრთხილებდა ასეთი საქციელი დაშვებული არ ყოფილიყო / ЦГВИА, ф. 20, ....., д. 4, ч. I, лл. 212-214/).

სურსათის ნაკლებობის მომიზეზება ტოტლებენს მოაგონდა 19 აპრილს, რათა გაემართლებია ბრძოლის ველის მიტოვება. ხოლო 13 მაისს ამასვე იმეორებდა ლვოვიც, რათა რუსეთის მთავრობის თვალში აწყურიდან დაბრუნება გაემართლებია. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სურსათის ნაკლებობის მომიზეზება ავანტიურისტებს გვიან მოაგონდათ.

ტოტლებენის შტაბში შედგენილი აწყურის ოპერაციის გეგმა ცხადყოფს, რომ ტოტლებენს 18 აპრილს ციხის აღების გეგმა გადაუფიქრებია: მეფის ჯარის განლაგება წინანდებური რჩება, ტოტლებენის კი თანდათან იცვლის პოზიციას ისე, რომ 19-ში საკმაო მანძილითაა მოცილებული ციხეს და, ბოლოს, როგორც ერეკლე იტყობინება, «ომში გაუჭირებლად» წამოსულა. რადგან ტოტლებენის წამოსვლის შემდეგაც ქართველი ჯარის განლაგება უცვლელი დარჩენილა. ერეკლე მეფე მართალი გვეჩვენება, როცა წერს: «აწყურის ციხიდამ (ტოტლებენი) ომში გაუჭირებლად გამოპარვით წამოვიდა, რომ მე მომატყუა ბალახში მახლობლად დავდგებიო... პირველვე გაბრუნება ზდებია გულშია, რომლითაც უფრო დამტკიცდება რომ აქავ სურამს და ქუშხეთს დიდად ეზარებოდა მტერზედ წამოსვლა» (ЦГВИА, ....., д. 4, ч. III, л. 18). ერეკლეს ცნობა, რომ ტოტლებენს ქვიშხეთშივე ეზარებოდა ახალციხეზე წასვლა, მტკიცდება ტოტლებენის მიერ ჩერნიშოვისადმი გაგზავნილი პატაკითაც: «უმორჩილესად გთხოვ აქედან ჩქარა წამიყვანო, ხოლო ჩემი რაზმი ჩემს მაგივრად სხვა გენერალს ჩააბაროთ... ძალა არ მყოფნის» (იქვე, лл. 49-52). რომ ტოტლებენის ამ პატაკს არ ვიცნობდეთ, კიდევ შეიძლებოდა მეფის წერილში დაეჭვება, მაგრამ ამის შემდეგ, მეფის წერილი ტენდენციური და საეჭვო არ უნდა იყოს. მოურავოვიც ამ აზრისა იყო, რომ ტოტლებენის აწყურიდან დაბრუნება წინასწარი განზრახვით მოხდა (Грамоты, I, 200).

აწყურის მარცხიანი გარემოცვის შემდეგ, ერეკლე II ქართველი ჯარით ასპინძის მიმართულებით წავიდა; ახალციხის ფაშამ მთელი ძალები მის წინააღმდეგ დაძრა. ფაშამ ახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან სასწრაფოდ 1500 კაცი გამოიყვანა, რათა გზა გადაეჭრა მეფისათვის ასპინძასთან. მეფე რჩეული ქართველი მხედრებით გზიდანვე შეუჩერებლად ეკვეთა მტერს და დაამარცხა ის (Грамоты, I, 106-107; Грамоты, II, в. I, 29). დამარცხებული მტრის დევნა დამთავრებული არ იყო, რომ ახალციხის ფაშის მიერ გამოგზავნილი დიდი კორპუსი ასპინძასთან გამოჩნდა.

ერეკლე მეფისა და მოურავოვის ცნობით, მტრის 4 ათასიანი კორპუსი მოსულა ასპინძასთან (Грамоты, II, в. I, 29-30; Грамоты, I, 107), ტყვეების ჩვენებით კი 8 ათასიანი კორპუსი. «როგორც კი მიღებულ იქნა ცნობა, რომ ერეკლე მეფე მიდის ქალაქების ახალქალაქისა და ხერთვისისაკენ, – უპასუხებდნენ ტყვეები ყიზლარის კომენდანტს, – ნიამან ფაშამ მას დაადევნა რვაათასიანი ჯარი, რომელთა რიცხვში ისინი იმყოფებოდნენ» (Грамоты, I, 463). ტყვეების ცნობა საეჭვო არ უნდა იყოს, რადგან მარცხის შემდეგ საკუთარი ჯარის რიცხვის გადიდება დასაქადი საქმე როდი იყო. გარდა ამისა, ტყვეებს ერეკლესადმი პატივისცემის საფუძველიც არ ჰქონდათ, რადგან მეფემ მათი გამოსყიდვა არ დაუშვა და ისინი რუსეთში გაგზავნა. ამასთან, ეს ტყეები რიგითი მებრძოლები არ ყოფილან, რომ მათთვის ჯარის რიცხვი უცნობი ყოფილიყო. ასე რომ, ტყვეების ჩვენებას ანგარიში უნდა გაეწიოს. რაც შეეხება ერეკლეს ცნობას, რადგან მეფე საექსპედიციო ჯარის გადიდებისათვის კვლავაც იბრძოდა, ერეკლეს ამჯერად საჭიროდ არც მიაჩნდა რუსეთის მთავრობისათვის ემტკიცებია, რომ მან თურქთა დიდი ძალები დაამარცხა. ალბათ, ამიტომ ერეკლე მტრის ძალების რიცხვს განგებ ამცირებდა.

19 აპრილს მტრის მთავარ ძალებთან ბრძოლა არ გამართულა (იქვე, 462-463). ქართველი მემატიანის ცნობით: «გამოვიდნენ უკვე ნახევარნი (მტრის ჯარებისა – ვ. მ.) ხიდსა ასპინძისასა და ნახევარიცა ლამობდნენ მეორესა დღესა გამოსვლად, ხოლო ღამესა მას წარგზავნა მეფემან ერისთავის-შვილი აღაბაბა, სვიმონ მუხრან ბატონის-შვილი ნასაღჩიბაში და ხუდია ბორჩალოელი, ჩინებული და მამაცი ყოველსა საქართველოსა შინა და ამცნო მათ, რათა აჰყარონ ხიდი ასპინძისა და მათ სრულ-ჰყვეს ყოველივე ბრძანებული მეფისა» (შედეგი კახეთის ცხოვრებისა. იხ. საქ. ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოც., გვ. 286). ერეკლეს წერილები, ზაალ ორბელიანის ნაამბობი და ტყვეთა ჩვენება არ მიუთითებს მტრის ჯარის ნახევარის გადმოსვლაზე. ასე, რომ სავარაუდებელია მისი მთლიანად ან მეტი ნაწილის გადმოსვლა. რაც შეეხება მემატიანის ცნობის მეორე ნაწილს ხიდის მოშლის შესახებ ყველანი ადასტურებენ (Грамоты, II, в. I, 29-30; Грамоты, I, 462-463) და, ცხადია, საეჭვო არ უნდა იყოს.

1770 წლის 20 აპრილს გაიმართა ბრძოლა, ქართველთა ჯარის საბრძოლო განლაგება, როგორც ბრძოლის მონაწილე ზ. ორბელიანი იუწყება, ასეთი იყო: მარჯვენა ფლანგის სარდლობა დავით ორბელიანს ჰქონდა მინდობილი, სადაც თვით ზაალიც იდგა, მარცხენასი კი – გ. ბატონიშვილს, ხოლო ცენტრს თვით მეფე ედგა სათავეში. ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობა ერეკლეს ეკუთვნოდა. ქართველები, ერეკლე მეფის სარდლობით, შეტევაზე გადავიდნენ და თურქებისა და ლეკების ძლიერ კორპუსს მედგრად შეუტიეს. ქართველთა სწრაფი და გაბედული შეტევის შედეგად მტრის წინა რიგები გატყდა, მტერმა უწესრიგოდ უკანდახევა დაიწყო, რამაც მისი რიგები არია. ხოლო რაკი აღმოჩნდა, რომ უკანდასახევი გზაც მოჭრილი იყო მეფის ბრძანებით ხიდის წინასწარ დაზიანების გამო, მტერი მორალურადაც დაეცა და ბრძოლის უნარი დაკარგა. მან ბრძოლის ველზე 4000 მოკლული დატოვა, ხოლო ბრძოლაში გადარჩენილი მტრის ჯარის ნაწილი ადიდებულ მტკვარში გადაეშვა, რომელმაც იგი შთანთქა. 8 ათასიანი კორპუსიდან, ტყვეების ჩვენებით, ახალციხეს 13 კაციღა დაბრუნებულა. დაღუპულა მტრის კორპუსის მთავარსარდალი, 12 სანჯაყის მფლობელი, და ყულიანის, კარცხალისა და ოლთისის ფაშები (Грамоты, I, 463). ერეკლე II პანინისადმი გაგზავნილ წერილში მოკლულთა შორის ასახელებს – თურქთაგან: არტანბეგი ბექირბეგს, გოლა ფაშას, შავშეთის ბეგს და სხვა; ლეკთაგან: მალაჩილას (კოხტა ბელადი), უსუფ ბელადს, ჰაჯი მამედ ბელადს და სხვა. დაღუპულად თვლიდა მეფე ყუმუხის მთავრის შვილს ჰაჯი გაჰრაის, სულთანის მიერ წინასწარ თბილისის ფაშად დანიშნულს, რადგან ამ უკანასკნელის ცხენი მეფეს მიჰგვარეს. ქართველ ჯარს ტყვედ ჩაუვარდა 56 თურქი და ერთი ლეკი. ქართველებმა ხელთ იგდეს მრავალი დროშა, ცხენი და დიდძალი იარაღი. 

ქართველთა ზარალი უმნიშვნელო იყო. მოკლული და დაჭრილი იყო რამდენიმე ათეული კაცი. დაჭრილთა შორის დასახელებულია სარდალი ალექსანდრე ციციშვილი და იასე ერისთავი.

ბრძოლაში თავი გამოუჩენია ერეკლე მეფესა და დავით ორბელიანს. მოურავოვის ცნობით (იქვე, 107-108), ერეკლეს თავისი ხელით მოუკლავს წინამძღოლი მალაჩილა, ქართველი ხალხის სისხლის მსმელი. მისივე ცნობით, ბრძოლაში უშუალო მონაწილეობა მიუღია მხოლოდ 3000 ქართველს. როგორც ჩანს, ქართველთა დანარჩენი ძალების ბრძოლაში ჩაბმა საჭირო აღარ გამხდარა.

ასპინძასთან მტრის ჭარბ ძალებზე ქართველების ბრწყინვალე გამარჯვება მათმა გმირობამ და სამშობლო ქვეყნის უანგარო სიყვარულმა განაპირობა. ქართველი ჯარი, რომელსაც სათავეში ედგა ყირხბულახისა და მჭადიჯვრის ომების ვეტერანი, დიდი სარდალი ერეკლე II, იბრძოდა მშობლიური მიწა-წყლის გასანთავისუფლებლად, მას ფეხქვეშ მშობლიური მიწა ჰქონდა, ხოლო წინ ნანგრევებად ქცეული ქართული კულტურის აკვანი – მესხეთი იდო. ამას არ შეეძლო არ ჰქონოდა უდიდესი მნიშვნელობა ქართველთა საბრძოლო განწყობილების შექმნაში. ამასთან, ერეკლემ ისარგებლა თურქების შეცდომით, სუსტად დაცული ერთადერთი ხიდი მეფემ თავის რჩეულ მეომრებს წინასწარ ღამით ააყრევინა და მტერს მოუსპო უკან დახევის, მაშველი ძალების მიღებისა და მანევრირების საშუალება, რამაც მტრის სრული განადგურება უზრუნველყო. კარგად მოფიქრებული, გაბედული, რთული ოპერაცია ბრწყინვალედ დაგვირგვინდა. ასპინძის ოპერაციით ქართველი ხალხის გმირული ისტორიის მატიანეში ერთ-ერთი ბრწყინვალე ფურცელი ჩაიწერა. ქართველმა ხალხმა დიდების შარავანდედით შემოსა ასპინძის გმირები და დღესაც სიყვარულით ინახავს მათ სახელებს. ასპინძის ბრძოლის გმირი სარდალი – მეფე ერეკლე II – ქართველი ხალხის ერთ-ერთ საყვარელ ეროვნულ გმირად გადაიქცა.

ხალხურ ლექსში უცხოელ მოძალადეთა წინააღმდეგ მებრძოლი გმირის სურათი ასპინძის ფონზე დინამიკურადაა დახატული:

ასპინძას ერეკლე ვნახე
ხელში ეჭირა ხმალიო,
ხოცვა დაუწყო ლეკ-ოსმალთ
ადინა სისხლის ღვარიო...

ტოტლებენის ღალატის გამო ერეკლემ ასპინძის ველზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება ვერ გამოიყენა.


თავი IV 


ტოტლებენის ღალატი და საომარ მოქმედებათა წარუმატებლობა ასპინძის ბრძოლის შემდეგ 

1. ტოტლებენის ავანტიურა და ახალციხეზე ლაშქრობის ჩაშლა 

ასპინძასთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, რაკი ახალციხის ფაშის განკარგულებაში მყოფი ძირითადი ძალები განადგურებული იყო, ერეკლეს შეეძლო ქართლ-კახეთის ჯარებით დაუფლებოდა ახალციხეს. მარჯვე სამხედრო-სტრატეგიული პლაცდარმის დაკავებით ინიციატივა ერეკლეს ხელში გადადიოდა და საომარი ოპერაციების გაშლის პერსპექტივაც ისახებოდა. გარდა ამისა, რაკი თურქეთს ახალციხის დაკარგვით, ლეკებთან უშუალო კავშირის შესაძლებლობაც წაერთმეოდა, ქართლ-კახეთის სამეფოს აქტიური მოქმედებისათვის ეხსნებოდა ხელები. მაგრამ ტოტლებენის აწყურიდან საეჭვო დაბრუნებამ ეს შეუძლებელი გახადა. თუმცა ერეკლე, როგორც მოურავოვის ცნობიდან ჩანს, არ ფიქრობდა ქართლში დაბრუნებას, მაგრამ დიდებულებს ურჩევიათ, რომ ახლა «მტრის ქვეყანაში» დარჩენის დრო არ არისო (Грамоты, I, 108) და იგი ჯარით 29 აპრილს (ჯავახეთის გზით) თბილისში დაბრუნდა.

აწყურიდან დაბრუნებული ტოტლებენი სურამს მივიდა და 24 აპრილს მაიორი კარპი, კაპიტნები ზორნაი და პიკსნერი 30-მდე ჰუსარით გაგზავნა მოზდოკიდან მომავალი რატიევის შესაპყრობად. ტოტლებენი მუქარით სავსე საიდუმლო ბრძანებით ატყობინებდა რატიევს – დამორჩილებოდა კარპს.

1770 წლის 27 აპრილს რატიევი ჰუსართა ესკადრონით, დრაგუნთა რაზმითა და არტილერიით ანანურში იდგა. აქ მას მოულოდნელად ღამით თავს დაესხა ტოტლებენის მიერ გაგზავნილი რაზმი და წინადადება მისცა დამორჩილებოდა. რატიევს განუცხადებია, რომ რადგან იგი რაზმის საჭურველისა და ხაზინის მატერიალურად პასუხისმგებელი იყო მთავრობის წინაშე, ვერავის ენდობოდა, რომ იგი თვითონ გამოცხადდებოდა ტოტლებენთან. მაგრამ ტოტლებენის გაგზავნილ რაზმს განგაში აუტეხია – ზორნაისა და ჰუსარ ნეიმანს რევოლვერით სროლა დაუწყიათ. უწესრიგობისათვის რატიევს ზორნაი დაუპატიმრებია და რაზმი რატიევთან დარჩენილა, ხოლო კარპი ერთი ჰუსარის თანხლებით დაბრუნებულა ტოტლებენთან (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. III, лл. 7-8, 23-24). რატიევს ანანურში შეუტყვია ტოტლებენის აწყურთან ღალატის ამბავი და 27 აპრილს წერილით მოურავოვისათვის უცნობებია, რომ საჭიროა გამცემელი ტოტლებენი თავიდან მოვიშოროთ, ვიდრე მეტ უბედურებას მოგვაყენებდესო (Грамоты, I, 202-203). აღნიშნული წერილი მოურავოვს მიუღია თბილისში 29 აპრილს და იმავე დღეს უცნობებია რატიევისათვის, რომ აუცილებელი იყო მისი თბილისში მოსვლა (ЦГВИА, ф. 20, ....., д. 4, ч. III, л. 9). როგორც რატიევი იტყობინება, გზაში მას ერეკლე მეფის იმავე შინაარსის წერილი მიუღია და კურსი თბილისისაკენ აუღია. 1 მაისს რატიევი და ბოგდანოვი (ეს უკანასკნელი დრაგუნთა რაზმით აცილებდა რატიევს) თბილისში მოვიდნენ (ЦГВИА, ф. 8, св. 4, оп. 94, д. 55, лл. 123-150; ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 440-441). თბილისში მოვიდნენ აგრეთვე ჩოგლოკოვი და დეგრალი.

1770 წლის 11 აპრილს ტოტლებენს თავისივე თხოვნით დეგრალი სამსახურიდან გაუთავისუფლებია, ოფიცრის წოდებით დაუწინაურებია და მიუცია ატესტატი (ЦГВИА, ф. 8, оп. 6/95, д. 6, л. 2), რათა თავისუფლად გაეტარებინათ. ერთი კვირის შემდეგ დეგრალი დუშეთში მისულა, სადაც დახვედრია მაიორი ტოტინი (ჩოგლოკოვის გამცილებელი); ტოტინის ავადმყოფობის გამო ჩოგლოკოვის გამცილებელი რაზმი დუშეთში დარჩენილა; რადგან დეგრალის მარტო წასვლა, ჩრდილოეთის გზაზე საშიშროების გამო, არ შეეძლო, იგი დუშეთში დარჩენილა (ЦГВИА, ф. 8, св. 7, оп. 94, д. 55, лл. 276-290).

დეგრალის განთავისუფლება და მისი დაწინაურება შემთხვევით არ მომხდარა. დეგრალისა და ტოტლებენს შორის ჯერ კიდევ 1770 წლის 11 აპრილამდეც ყოფილა ცუდი დამოკიდებულება. უთანხმოების მიზეზი ის ყოფილა, რომ ტოტლებენი დეგრალის აწერინებდა რუსეთში გასაგზავნ ყალბ წერილებს, რომ თითქოს ერეკლე ემზადებოდა არა თურქეთის, არამედ ირანის წინააღმდეგ საომრად. დეგრალის ვერ გაუბედავს ტოტლებენისათვის ეკითხა, თუ რად ჩადიოდა ასეთ სიყალბეს. მაგრამ ეს ამბავი უცნობებია მოურავოვისათვის, როგორც რუსეთის მთავრობის წარმომადგენლისათვის. მოურავოვისაგან ეს ამბავი შეუტყვია ერეკლეს და ტოტლებენისაგან ახსნა-განმარტება მოუთხოვია. თუმცა მეფეს არ გაუმხელია, თუ ვისგან შეიტყო, მაგრამ ტოტლებენს ეჭვი აუღია დეგრალიზე და აუკრძალავს მისთვის მოურავოვთან შეხვედრა. 11 აპრილს ტოტლებენს, ერეკლესთან შეხვედრის შემდეგ, დეგრალისათის განუცხადებია, რომ შენ პეტერბურგში ერეკლეს საწინააღმდეგო წერილები მიგიწერიაო. დეგრალის უპასუხნია – იმაზე მეტი არაფერი მიმიწერია, რასაც თვით მავალებდიო. თანაც ეს განცხადება ოფიცრების – ლვოვისა და ჟოლობოვის – თანდასწრებით გაუკეთებია. ამის შემდეგ დეგრალის შეშინებია ტოტლებენთან დარჩენისა და განთავისუფლება უთხოვია (იქვე, 276-290). გასაგებია, რომ ასეთი კაცი ტოტლებენს აღარ გამოადგებოდა და იგი გაუნთავისუფლებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ტოტლებენს მისი განაწყენებაც საშიშად მიუჩნევია (დეგრალი ტოტლებენის მიმოწერის მასალებს იცნობდა, საიდუმლო იცოდა), და უკმაყოფილო რომ არ ჰყოლოდა, დაუწინაურებია ჩინით.

დუშეთში დეგრალი არაგვის მოურავის შვილს შეხვედრია. ამ უკანასკნელს განუცხადებია დეგრალისათვის, რომ მეფე შენით უკმაყოფილოა, რადგან მეფის საწინააღმდეგო წერილები მიგიწერია პეტერბურგში, ამიტომ გრაფს გაუგდიხარ, პეტერბურგში რომ ჩახვალ, პასუხისგება გელისო. დეგრალი სინდისს შეუწუხებია და გადაუწყვეტია ტოტლებენის მიერ მიცემული ატესტატი მეფისათვის ეჩვენებია და თავისი პატიოსნება დაემტკიცებია (იქვე, 276-290; Грамоты, II, в. I, 24-25). აქ სხვა ამბებიცაა სავარაუდებელი. მან, ალბათ, ამასობაში გაიგო კიდეც ტოტლებენის აწყურთან ღალატის ამბავიც და გადაწყვიტა მოხსენება გაეკეთებია მეფისა და მოურავოვისათვის. 1 მაისს დეგრალი თბილისში მოვიდა.

აწყურიდან მოსულ ამბებს არ შეეძლო არ დაეეჭვებია უმიზეზოდ დაპატიმრებული ჩოგლოკოვი ტოტლებენის საქციელში. იგი პატიმრობიდან გაქცეულა და 1 მაისს თბილისში ჩამოსულა.

1770 წლის 2 მაისს ტოტლებენმა გამოსცა მანიფესტი, რომლის შინაარსი ასეთი იყო: ვინც გამცემლებს რატიევს, ჩოგლოკოვსა და დეგრალის რუსეთის კორპუსში ცოცხალს მიიყვანდა, მისცემდა 1000 თუმანს, ხოლო ვინც მკვდარს – ათას მანეთს (Грамоты, I, 221-222).

ტოტლებენი ამაზე არ შეჩერებულა, 1770 წ. 7 მაისს მან ბრძანება გაუგზავნა თბილისში რატიევთან მყოფ ოფიცრებს – კაპიტან პიკსნერსა და პოდპორუჩიკ კორობინს. პირველს უბრძანებდა: თუ მთელი ესკადრონით არა, რამდენიმე ჰუსარით მაინც გაქცეულიყო თბილისიდან და მისულიყო დუშეთში, წაეყვანა რამდენიმე ცხენი, თუ მოახერხებდა მთელი რემა გაერეკა. არტილერიის პოდპორუჩიკ კორობინს უბრძანებდა: როგორც კი ბრძანება მიიღო, არტილერიით წამოდი დუშეთში, თუ დაგიპირონ დაკავება, სროლა ატეხე, თუ ზარბაზნების წამოღება ვერ მოახერხო, გააფუჭე, დაამტვრიე, ცეცხლი წაუკიდე, საჭურველი წყალში ჩაყარე ან მიწაში დამარხე, შეჯექი ცხენებზე და წამოდი ჩემთან დუშეთშიო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. III, лл. 21-22).

ტოტლებენი ამაზე არ შეჩერებულა. ქართლში ციხეების დაჭერას, მოსახლეობის რუს ხელმწიფის ერთგულებაზე ძალით დაფიცებასა და ძარცვას შეუდგა. «12 მაისს ტოტლებენი წერდა, რომ ტომსკის პოლკის შეერთებისთანავე განზრახული აქვს დაუყოვნებლივ თბილისზე დაიძრას... მთელი საქართველო რუსეთის ხელისუფლებას დაუმორჩილოს, ერეკლეს ამას წინათ ბოძებული ანდრიას ორდენი ჩამოართვას და გაგზავნოს პეტერბურგში ან შავი ზღვისაკენ განდევნოს» (С. М. Соловьев, История России, кн. VI, т. XXVIII, 669).

როგორც ლვოვის 15 მაისის წერილიდან ჩანს, ტოტლებენის რაზმში გადაუწყვეტიათ: ქართლ-კახეთის დაპყრობა, ერეკლეს ტხტიდან ჩამოგდება, მისი დაპატიმრება და რუსეთში გაგზავნა ან განდევნა. ეს საქმე მათი აზრით, მეტად ადვილი იყო 3000 რუსის ჯარისკაცისათვის (Грамоты, I, 225-226). მაგრამ 3000 კაცი ავანტიურისტს ჯერ არ ჰყავდა, ამიტომ ელოდა მოზდოკიდან მომავალ ტომსკის პოლკს.

პოდპოლკოვნიკი ჩოგლოკოვი წერდა, რომ ტოტლებენი ან ჭკუაზე შეიშალა, ან გამცემლობას ჩადის, როდესაც რუსეთის სამეფო კარის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს: მეფეები ერთმანეთს გადაამტერა, თავადებს ცუდად ექცევა, სოფლები ააწიოკა – უსასყიდლოდ ართმევს საქონელს, ახალციხის ფაშასთან მოლაპარაკება გამართა, 12 საუკეთესო ოფიცერი რუსეთში გაგზავნა, არავის არ იტოვებს გარდა გერმანელებისა და უსაქციელო რუსებისაო (С. М. Соловьев, История России, кн. VI, т. XXVIII, стр. 669).

საისტორიო ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ ტოტლებენმა ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდების საკითხზე სამხედრო საბჭოს თანხმობა მიიღოო. ცხადია, საინტერესოა ვიცოდეთ, თუ რას წარმოადგენს ეს საბჭო, რომელიც ტოტლებენს ავანტიურისტულ გადაწყვეტილებებზე თანხმობას აძლევდა. ჩვენ ზუსტად ვერ დავადგინეთ ტოტლებენთან მყოფი მცირე რაზმის ოფიცრების გვარები, მაგრამ მისი ბრძანების აღმასრულებელთა გვარები ჩვენთვის ცნობილია. ესენია: კარპი, ზორნაი, პიკსნერი, ტოტინი, ბარონი შტეინი, ვინკლერი, კელერი და სხვანი. ამათგან რუსი მხოლოდ კარპია. რაც შეეხება კაპიტან ლვოვს, იგი რუსეთის მთავრობამ შიკრიკად გამოგზავნა და გამოატანა ერეკლესათვის გადასაცემი ორდენი და ფული. სიბეცით თუ შიშით, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ტოტლებენმა იგი თავის თანამოსაქმედ გაიხადა. 

სამაგიროდ ტოტლებენმა სხვადასხვა საბაბით რაზმიდან განდევნა: პოდპოლკოვნიკი ჩოლოყაშვილი (გენერალ პროკურორისა და სამხედრო კოლეგიის არჩეული), როგორც საეჭვო; მაიორი რემენნიკოვი (სამხედრო კოლეგიის არჩეული, საიმედო კაცი), როგორც მის წინააღმდეგ შეთქმული და საეჭვო; კაპიტანი ზამარაევი (სამხედრო კოლეგიის არჩეული), როგორც მხდალი; პოდპოლკოვნიკი ჩოგლოკოვი, როგორც შეთქმული (ეკატერინე II სწერდა ნ. პანინს: «...не хвалю и неслихания подозрительности Тотлебенова», Сб. РИО, т. Х, 441); ცხადია, დანარჩენები ან ძალაუნებურად უნდა დამორჩილებოდნენ ტოტლებენის ბრნებას, ანდა ჩოლოყაშვილისა და რემენნიკოვის ბედი გაეზაირებიათ. ტოტლებენი არც ამაზე შეჩერებულა: მან ბრძანა რატიევის დაპატიმრება, რომელიც პირადად ტოტლებენის სურვილითა და დაჟინებითი მოთხოვნით იქნა ყიზლარიდან წამოყვანილი (რატიევს ამ დროს რუსეთის მთავრობის ნდობა ჰქონდა მოპოვებული); მოურავოვს, რუსეთის მთავრობის წარმომადგენელს საქართველოში, წინადადება მისცა მთავრობისაგან ნებართვის მიღებამდე დაეტოვებია საქართველო, თუმცა ამის უფლება მას არ ჰქონდა; წინადადება მისცა რატიევს უკანვე გაეგზავნა მაიორი ანდრონიკოვი (სამხედრო კოლეგიის მიერ გამოგზავნილი) და ყველა ქართველი ოფიცერი.

2 მაისს ერეკლემ დეგრალისაგან შეიტყო, რომ ტოტლებენი რუსეთის მთავრობის მიერ მიცემულ ინსტრუქციებს არღვევდა (დეგრალი სამხედრო სასამართლოს უყვებოდა, თუ როგორ არღვევდა ტოტლებენი ინსტრუქციებს, რომელსაც იგი უთარგმნიდა: რუსეთის ჯარს უბრძანებდა ქართველებისათვის წაერთმიათ პირუტყვი, რასაც ინსტრუქცია, რომელიც მას ჰქონდა მიცემული, არ ითვალისწინებდა. კაზაკებმა მისი ბრძანებით ქართველებს 70 ხარი წაართვეს, 1770 წლის იანვრის თვეში, როცა გრაფი ტოტლებენი მოზდოკიდან საქართველოში ბრუნდებოდა, მაიორ ჟოლობოვისა და ჩემი თანხლებით, ოსეთში, სოფელ მელეთში, მცხოვრებლებმა მაიორი ჟოლობოვი ღამის გასათევად არ შეუშვეს, რისთვისაც გრაფმა ტოტლებენმა ბრძანა გაეძარცვათ სოფელი; შეკრიბა ათი მამასახლისი, დაადო ხუნდები და წამოიყვანა თან, რომლებიც დიდხანს ჰყავდა დაპატიმრებული – ЦГВИА, ф. 8, оп. 94, св. 7, д. 55, лл. 276-290. 

დეგრალის ჩვენებები ბევრ სხვა საინტერესო ცნობასაც შეიცავს. რაც მთავარია, ტოტლებენის თვითნებობა, რომელსაც დეგრალი აუწყებდა სასამართლოს, ეხება მეფესა და ტოტლებენს შორის განხეთქილების ჩამოვარდნის წინაპერიოდს. ტოტლებენს არც თვითნებობის და არც სოფლების ძარცვის უფლება არ ჰქონდა. სამხედრო კოლეგიის 1769 წლის 13 ნოემბრის ბრძანება მიუთითებდა ტოტლებენს: 

«...Всякое своевольство, обиды обивателям и тому подобные непорядки с краиним прилежанием предупреждены и отвращены быть» /ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 212-214/. 

შემთხვევითი როდია, რომ ერეკლემ 1770 წლის მაისში დაიწყო საჩივრები რუსეთის მთავრობის წინაშე ტოტლებენის თვითნებობის შესახებ. მეფემ იცოდა დეგრალისაგან, რომ ტოტლებენს ასეთ საქციელს მთავრობა უკრძალავდა). რუსეთის მთავრობის თვალში მეფეს სახელს უტეხდა და მას ქართლ-კახეთის დაპყრობა ჰქონდა გადაწყვეტილი (Грамоты, II, в. I, 24-25). დეგრალისაგან ერეკლემ, ალბათ, ისიც შეიტყო, რომ ტოტლებენი დეგრალის აწერინებდა ახალციხის ფაშასთან გასაგზავნ წერილებს. მეფემ სარწმუნოდ იცოდა, რომ ახალციხის ფაშის ჯაშუში თვეზე მეტ ხანს ჰყავდა პატიმრობაში ტოტლებენს, რის შემდეგ იგი გაუშვა ფაშასთან წერილით (ЦГВИА, ф. 8, св. 7, оп. 94, д. 55, лл. 276-290). ამ ამბებს დაემთხვა გაურკვეველი მიზეზით რუსი ოფიცრების განდევნა საქართველოდან, აწყურთან ღალატი. 2 მაისის მანიფესტი და 7 მაისის ბრძანება თბილისში მყოფი რუსეთის ჯარის ოფიცრებისადმი.

საფუძველი არსებობდა ტოტლებენის საქციელში დაეჭვებულიყო ერეკლე II და ყველა პატიოსანი რუსი ოფიცერი.

ერეკლე დარწმუნდა, რომ ტოტლებენის მოთმენა საქართველოს ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა. ამიტომ 1770 წლის 7 მაისს მეფემ წინადადება მისცა რატიევს: «...მე ამას განვაცხადებ შენდამი და ყოველთა შტაფთა აფიცერთა წინაშე ტოტლებენს არესტი უყოთ და მისის დიდებულების უმაღლესსა კარსა გაგზავნოთ და ვინც თქვენმა გონებამ ამჯობინოს, ის თავად დააყენოთ ტომსკის პოლკის პოლკოვნიკის მოსვლამდის... თუ ამას არ აღასრულებთ ყოვლად მოწყალის ხელმწიფის უმაღლესს კარს პასუხი ყველამ გაეცით...» (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. III, лл. 18-19).

8 მაისს, როგორც დეგრალის ჩვენებიდან ჩანს, რატიევი, ბოგდანოვი, ერეკლე და მოურავოვი ესკადრონებით და 3 ქვემეხით უნდა დაძრულიყვნენ ტოტლებენის ბანაკისაკენ, მაგრამ შეჩერებულან. დეგრალი უჩვენებდა სასამართლოს, რომ რისთვის მიდიოდნენ არ ვიცოდიო, მაგრამ სისხლისღვრა რომ არ მომხდარიყო, ვურჩიე მოურავოვს შეჩერებაო (ЦГВИА, ф. 8, св. 7, оп. 94, д. 55, л. 283). მიზანი ცხადია ტოტლებენის დაპატიმრება იყო.

როგორც ერეკლე მეფის 13 მაისის წერილიდან ჩანს, მეფისათვის შეჩერება მოურავოვს ურჩევია. «რადგან დაჟინებით გირჩევია არესტის უქნელობა... ამ საქმისათვის დიდათ მადრიელნი ვართ» (Грамоты, II, в. I, 34) – სწერდა ერეკლე მოურავოვს.

რაკი რატიევი და ერეკლე შეჩერდნენ, საქმე ტომსკის პოკლს უნდა გადაეწყვიტა.

1770 წლის 19 მაისს პოლკოვნიკი კლავერი უპატაკებდა სამხედრო კოლეგიას, რომ 10 მაისს მან მიიღო ტოტლებენის ბრძანებები და ლვოვის წერილი; 15 მაისს – ერეკლეს, მოურავოვისა და რატიევის წერილები; ხოლო 19 მაისს დამატებით მიიღო ტოტლებენის ბრძანება. აცნობებდა რა საქართველოში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას, პოლკოვნიკი კლავერი სამხედრო კოლეგიას სთხოვდა სასწრაფოდ ეცნობებიათ მისთვის თუ როგორ მოქცეულიყო (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. I, л. 430). თუმცა კლავერის პატაკს ასეთი მინაწერიც აქვს: ეს პატაკი დაიწერა 30 ვერსზე იმ ბანაკიდან, სადაც ტოტლებენი იმყოფება, პოლკი ხვალ დაიძვრება და ტოტლებენს შეუერთდებაო (იქვე, л. 431)

კლავერის პატაკს დართული აქვს 10 დოკუმენტი? ამათგან ნაწილი ტოტლებენის ბრძანებებია ტომსკის პოლკის მეთაურისადმი (ცხინვალიდან და ანანურიდან გაგზავნილი 1770 წლის 30 აპრილს, 2 მაისსა და 16 მაისს), რომლებითაც ტოტლებენი კლავერს ავალებდა: გზების შეკვრას, ყაზბეგის მცხოვრებლების რუსთა ხელმწიფის ერთგულებაზე ძალით დაფიცებას (ვინც წინააღმდეგობას გასწევს დააპატიმრეო), აღალისა და საჭურველის გზაში დატოვებასა და ქვეითი ბატალიონებით სწრაფად მასთან შეერთებას; დოკუმენტების მეორე ნაწილი მოურავოვის, რატიევისა და ერეკლეს წერილებია (10-11 მაისით დათარიღებული) ტომსკის პოლკის მეთაურისადმი, რომლითაც ამ უკანასკნელს თბილისიდან აცნობებდნენ: ტოტლებენის აწყურთან ღალატს, მის საეჭვო საქციელს, რუსი ოფიცრების უმიზეზოდ დაპატიმრებას, ქართველი თავადებისადმი უხეშად მოქცევასა (რითაც გულს უცრუებს რუსეთის ერთგულებაზეო) და ინსტრუქციების დარღვევას; ამასთან სთხოვდნენ: ან გამოცხადდეს თბილისში და ჯარის საერთო უფროსობა აიღოს, ანდა ტოტლებენთან მისვლის შემთხვევაში, ჩააგონოს ამ უკანასკნელს ავანტიურაზე ხელი აიღოს; გარდა ამისა, სთხოვენ საქმის ვითარების უკეთ გასაცნობად შტაბს-ოფიცერი გამოგზავნოს თბილისში (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 430-441).

ტოტლებენის ავანტიურა ტომსკის პოლკმა ჩაშალა. მართალია, კლავერი 19 მაისს პატაკით აცნობებდა სამხედრო კოლეგიას ტოტლებენის ბანაკიდან (ანანურიდან) 30 ვერსზე ვიმყოფები და ხვალვე შევუერთდები ტოტლებენსო, მაგრამ ტომსკის პოლკში 57 რუსი ფიცერი იყო, მათ შორის შტაბს-ოფიცრები: პოლკოვნიკი ვოლკოვი, პოდპოლკოვნიკი ტიუტჩევი, მაიორი მარკოვი, – მათთან თათბირის გარეშე პოლკოვნიკ კლავერს ასეთი რთული საკითხის გადაჭრა არ შეეძლო. ვერ შევძელით დოკუმენტურად დაგვედგინა როდის ითათბირეს ან რა გადაწყვიტეს ტომსკის პოლკში, ვერც ის დავადგინეთ – კლავერმა, თანახმად მოურავოვის და რატიევის თხოვნისა, როდის გამოგზავნა შტაბს-ოფიცერი თბილისში (ლვოვის ცნობა გვიანდელია, ზოგადია, ტენდენციურია. შდრ.Грамоты, I, 250-251). ერთი კი დავადგინეთ, რომ ტომსკის პოლკი, ნაცვლად 20 მაისისა, ტოტლებენს ივნისში შეუერთდა. კლავერი ერთი ბატალიონით 1 ივნისს გამოცხადდა ანანურში, ე. ი. 30 ვერსის გავლას 13 დღე მოანდომა (თანაც იმ დროს, როცა რატიევი თბილისიდან ანანურში ორი დღის მისული იყო), ხოლო მეორე ბატალიონი კარგა ხანს კიდევ თადარიგში იდგა. 1770 წლის 10 ივნისს ტოტლებენი გრაფ ჩერნიშოვს მოახსენებდა: «როგორც კი რატიევი თავისი რაზმით გასული თვის 30-ს (მოვიდა), პოლკოვნიკი კლავერი 1 ივნისს პირველი ბატალიონით მოვიდა ჩემთან ანანურში... ორ დღეში ველოდები პოდპოლკოვნიკ ვოლკოვს ტომსკის პოლკის მეორე ბატალიონით. მისი მოსვლისთანავე იმერეთის გზით პირდაპირ ქუთაისზე წავალო...» (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, лл. 581-583). ავანტიურისტი ამბობდა, რომ მას ძლიერ გაუჭირდა ჯარის შეკრება, თითქმის ძალით გადმოიყვანა ტომსკის პოლკი სტეფანწმინდიდან და რატიევის რაზმი თბილისიდან (იქვე, 581-583).

არა გვგონია საჭირო იყოს მტკიცება, რომ საქმე ტომსკის პოლკმა გადაწყვიტა. მოსალოდნელია, ტომსკის პოლკი რომ დაუყოვნებლივ შეერთებოდა ტოტლებენს, ავანტიურისტი განზრახვის შესრულებას შეუდგებოდა.

ტომსკის პოლკის მოქმედებას დაურწმუნებია ტოტლებენი, რომ რუსი ოფიცრების დაყოლიება ავანტიურაზე ადვილი საქმე არ იყო.

ამასთან, უნდა შევნიშნოთ, რომ ტომსკის პოლკის ოფიცრებს, ტოტლებენის ბრძანების აშკარა შეუსრულებლობის დაფარვის მიზნით, რომ წესდების დარღვევა (დაუმორჩილებლობა) არ დაებრალებიათ, მარშრუტის გეგმა ისე შეუდგენიათ, რომ პოლკი სამ-ხუთ დღეობით დგას და ქვემეხების დაშლა-აწყობას, ყუთების გადატან-გადმოტანას აწარმოებდა (იქვე, 657-660). მაგრამ ტოტლებენი 30 აპრილის, 2 და 16 მაისის ბრძანებით (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 431, 434, 445) ხომ ავალებდა კლავერს ზედმეტი ტვირთი გზაში დაეტოვებია და ბატალიონებით სწრაფად შეერთებოდა მას? კლავერის 19 მაისის წერილის მინაწერით ხომ ეცნობა სამხედრო კოლეგიას, რომ პოლკი 30 ვერსზე იყო ტოტლებენის ბანაკიდან (იქვე, 430) და მეორე დღესვე შევუერთდები ტოტლებენსო? რატომ არ შეასრულა პოლკმა ყოველივე ეს?

თუ ტოტლებენის წერილების დიდი უმრავლესობა ეჭვის აღმძვრელია, სხვა მასალებთან შედარების გარეშე მათი შინაარსის ჭეშმარიტად მიჩნევა ძნელია (მხედველობაში გვაქვს ტოტლებენის ცილისმწამებლური წერილების ექსტრაქტები, იხ. Грамоты, I, 204-216), სრულებით არ მიგვაჩნია საეჭვოდ, რომ ტოტლებენის დაჟინებითი მოთხოვნა პოლკის სტეფანწმინდიდან ანანურში მოსვლის შემდეგ უშედეგოდ დარჩა (ვიდრე ტოტლებენმა ავანტიურაზე ხელი არ აიღო).

შემთხვევითი როდი იყო, რომ 8 ივნისის შემდეგ ერეკლე სხვანაირად უყურებდა ტოტლებენს. 8 ივნისის წერილში უკანასკნელად გამოთქვა მეფემ შიში ტოტლებენის მოქმედებებისადმი (Грамоты, I, 124-125). მართალია, 17 ივნისის წერილით, მოურავოვი არწმუნებდა მეფეს, რომ ტოტლებენს უფლება არა აქვს წაგართვას ციხეებიო, მაგრამ ეს მეფის 8 ივნისის წერილის (იქვე, 237) პასუხი იყო და 8 ივნისის შემდგომ მოვლენებს არ შეეხება.

ერეკლემ არსებითად იცოდა, რომ ტოტლებენს 1770 წლის ივნისში ფაქტიურად არაფრის გაკეთება არ შეეძლო და 3 ივნისს შესთავაზა მას – დაევიწყებინათ ძველი მტრობა და მტრის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება განეახლებიათ (იქვე, 230).

მართალია, 8 ივნისის წერილში ერეკლე კიდევ ეჭვის თვალით უყურებდა ტოტლებენს, მაგრამ რუს ოფიცრებში და რუსეთის ჯარში მას ეჭვი არ ეპარებოდა. გარდა ტოტლებენისა მთელს მის რაზმში ჩემდამი სიყვარულით განმსჭვალულ ადამიანებს ვხედავო (იქვე, 125) – წერდა მეფე.

როგორც ერეკლე II-ის 18 ივნისის წერილიდან ირკვევა, ტოტლებენს 9 ივნისის წერილით უცნობებია მეფისათვის, რომ იგი ჯარით იმერეთში მიდიოდა, საიდანაც გაილაშქრებდა ახალციხეზე (იქვე, 238-241). ამის შემდეგ მეფე ენერგიულად ცდილობს განაახლოს ერთობლივი მოქმედება ახალციხის მიმართულებით და წინადადებას აძლევს ტოტლებენს, თუ იგი არ ინებებს ერთად მოქმედებას, თუნდაც 5–6 ვერსის დაშორებით იმოქმედოს, ოღონდ ახალციხის მიმართულებით (იქვე, 238-241). როგორც ჩანს, ერეკლესათვის ცნობილი იყო პატრ დომენიკთან ტოტლებენის მიერ 16 ივნისს გაკეთებული განცხადება (იქვე, 128-129) და იგი აქარწყლებს ტოტლებენის მიერ წამოყენებულ უსაფუძვლო მოტივებს (თითქოს, რაკი მტკვარზე ხიდი აყრილია, ქართლიდან ახალციხისაკენ გზა არ იყოს და სხვა...). მაგრამ ერეკლეს ყველა ცდა, ტოტლებენთან ერთად განეახლებია საომარი მოქმედებები ახალციხის მიმართულებით, მარცხით დამთავრდა. ტოტლებენი იმერეთისაკენ დაიძრა.

2. ტოტლებენის ავანტიურასთან რუსეთის სამეფო კარისა და ქართველი თავადების დამოკიდებულების საკითხისადმი 

ზოგიერთი მკვლევარის აზრით ტოტლებენის ავანტიურას ერეკლეს წინააღმდეგ რუსეთის სამეფო კარი ასულდგმულებდა და მასში ქართველი თავადები (დავით ქსნის ერისთავი და ზაალ ორბელიანი) მონაწილეობდნენ, ხოლო შეთქმულების მიზანი ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდება და საქართველოს რუსეთთან შეერთება იყო.

ასეთი თვალსაზრისი უმთავრესად ეყრდნობა ეკატერინე II-ის ორმაგ დამოკიდებულებას ერეკლეს ბედისადმი და იესე ბარათაშვილის ცნობას ზაალ ორბელიანის მიერ რუსეთში ჩადენილი საქციელის შესახებ (ბაკუნინს ზ. ორბელიანისათვის უთქვამს: «არ იცი, ხელმწიფე მეფე ერეკლეს უწყრებაო. მერმე მე უთხარო /აცხადებდა ზაალ ორბელიანი – ვ. მ./ – თუ მეფეს ერეკლეს უწყრება, ან რუსს ვისმე უბოძოს ქვეყანა და ან მეფეს სოლომონსაო». იხ. იესე ბარათაშვილის ცხოვრება – ანდერძი, თბილისი, 1950, გვ. 67).

ჩვენ ვერ გავზიარებთ აღნიშნულ თვალსაზრისს. მკვლევარები, პროფ. ა. ცაგარელი და პროფ. ი. ცინცაძე, რომელთაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დოკუმენტებზე უშუალოდ უმუშავნიათ, რუსეთის სამეფო კარის ინტერესების განსაზღვრისას სხვა თვალსაზრისზე დგანან. მაგ., პროფ. ცაგარელი დოკუმენტების შინაარსის გადმოცემისას განსაკუთრებით ხაზს უსვამს რუსეთის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელთა შემდეგ სიტყვებს: «... теперь главнейшая нужда, чтоб грузинцы нам в войне помогали»... «неищется присовокупить грузинских земель, как отделенный и совсем неподручных, к нашей империи...» (Грамоты, I, გვ. XVIII, XXIV /ხაზგასმა ცაგარელისაა/), რაც საკმაოდ ნათლად მოწმობს, რომ პროფ. ცაგარელის აზრით რუსეთის მთავრობა მაშინ საქართველოს ანექსიას მიზნად არ ისახავდა. პროფ. იასე ცინცაძე კი წერს: «1768-1774 წლებში, საქართველოს სამეფო-სამთავროების თურქეთის წინააღმდეგ ომში გამოყენება ძირითადი ამოცანაა რუსეთის პოლიტიკისა ამიერკავკასიაში... რუსეთს, საქართველოს მიმდინარე ომში გამოყენება დაუსახავს მიზნად და არა საქართველოს ანექსია» (ენიმკის მოამბე, V-VI, 1940 წ., გვ. 340-341). რუსეთის მდგომარეობის გათვალისწინება და ცნობილი საბუთების საერთო ანალიზი სხვა დასკვნის უფლებას არ იძლევა.

გარდა ამისა, ჩვენ გვინდა მკითხველის ყურადღება მივაქციოთ შემდეგ გარემოებას: ზემოთ საკმაოდ ნათლად იყო ნაჩვენები, რომ რუსეთის მთავრობამ საქართველოში ტოტლებენი გამოგზავნა სამი ასეულითა და ექვსი ქვემეხით. ამ ძალებით საქართველოს დაპყრობა რომ არ მოხერხდებოდა, ეს არავისთვის საეჭვო არ უნდა იყოს. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობა იმასაც კი შიშობდა მთიელი ტომები გაატარებდნენ თუ არა სექსპედიციო რაზმს საქართველოში. დარიალის გზაც ხომ ერეკლეს დახმარებით მოწესრიგდა. საქართველოში რაზმის ჩამოსვლის შემდეგ გამოირკვა, რომ სოლომონ მეფე სუსტი იყო და ერეკლეს დახმარების გარეშე მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ერეკლე კი ჯარის გადიდების გარეშე თურქეთის წინააღმდეგ საომრად იარაღს არ აიღებდა. მთელი დიპლომატიური ბრძოლა წარმოებდა რუსეთიდან 5 ათასიანი დამხმარე ჯარის მისაღებად და როგორც იქნა რუსეთის დათანხმდა. ცხადია, თუ რუსეთს საქართველოს ანექსია ჰქონდა გადაწყვეტილი, ჯარის გადიდების თაობაზე ამდენი დავი-დარაბა არ ატყდებოდა.

საექსპედიციო ჯარის გადიდების შემდეგ ამოცანა არ შეცვლილა. რუსეთის იმპერიის უპირველესი მინისტრი გრაფი ნ. პანინი, 1769 წლის 16 დეკემბრის წერილით საგარეო კოლეგიის რწმუნებულს საქართველოში თავ. ა. მოურავოვს, აცნობებდა რა ჯარის გადიდებას, სწერდა, რომ ამოცანა ახლაც იგივე რჩება, ძალიან გვჭირდება, რომ ქართველებმა ჩქარა დაიწყონ ბრძოლა თურქების წინააღმდეგო (Грамоты, I, 444-445)

საქართველოში რუსეთის ჯარის გადიდებასთან დაკავშირებით ეკატერინე II 1769 წლის 16 დეკემბერს წერილობით აუწყებდა ტოტლებენს, რომ ერეკლე მოითხოვს 10-15 პოლკი ჯარის გაგზავნას და აცხადებს – ამ ჯარის გარეშე, ლეკების შიშით, თურქეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღება არ შემიძლიაო. ეს სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ერეკლემ სპარსეთში არეულობის დროს შესძლო არა მარტო ლეკების მოგერიება, არამედ სპარსეთის ქალაქების დამორჩილება, რომელთაც ახლაც ფლობსო; ზემოაღნიშნული ნათლად მოწმობს, რომ მას ადრეც საკუთარი ძალები საკმაოდ ჰყოლია და ახლაც საეჭვო არაა უფრო მეტი ეყოლებაო, რომ მას შეუძლია გამოიყვანოს 40 ათასიანი ჯარი. ეს დასტურდება არა მარტო სხვა ცნობებით, არამედ თვით მისი ელჩის დამოწმებითაც კი. ასეთი ჯარი საკმარისია არა მარტო ქვეყნის დასაცავად, არამედ თურქეთის წინააღმდეგ სამოქმედოთაც. შემდეგ, განაგრძობდა ეკატერინე, თქვენი ერთგულებისა და უნარისაგან მოველით, რომ დაარწმუნებთ ერეკლეს სამეფო კარზე მის მიერ წამოყენებულ მოთხოვნათა ზედმეტობაში და იმაში, რომ ახლანდელ პირობებში ჩვენ საქართველოში დიდი ჯარის გაგზავნა არ შეგვიძლია (Грамоты, I, 85-87).

ყოველივე ამის შემდეგ არა გვგონია, რომ ეკატერინეს ტოტლებენისათვის საქართველოს დაპყრობა დაევალებიოს.

ყურადღებას იქცევს ისიც, რომ რუსეთის მთავრობამ ერეკლე სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ტახტიდან ჩამოსაგდები კაცი სახელმწიფო ორდენით დაეჯილდოვებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მომხდარი უკანასკნელი ამბები არ იცოდნენ, 1770 წლის 16 ივლისს პანინი ტოტლებენს სწერდა: ქართველების რუსეთის ერთგულებაზე დაფიცება, თუ ძალდატანების გარეშე წარმოებს და ეს საქმე ხელს შეუწყობს თურქეთის წინააღმდეგ ომში მათ მონაწილეობას, შეიძლება მისი გაგრძელება, რაც შეეხება სხვა სარგებლობას (ქვეყნის სიმდიდრე და სხვა), შეიძლება ის მართლაც დიდი იყოს, მაგრამ ეს საქმე ბევრ სხვა ამბებსაც მოითხოვს, რაც ახლანდელ ვითარებასთან შეუთავსებელიაო; ამასთან, «отдаленность Грузии и трудность проездов – два обстоятельства которыя присвоение сей земли также непрочным делают. Может статься, что в продолжение времени представятся и средства, по которым сии неудобности не будут больше такими казаться, но теперь главнейшая нужда, чтоб грузинцы нам в войне помогали...» (იქვე. გვ. 155).

იმპერატორმა კაპიტან იაზიკოვს, რომელსაც საქართველოში აგზავნიდა აქაური ამბების მოსაგვარებლად, შემდეგი დავალება მისცა: თუ ტოტლებენმა ნამდვილად ჩამოაგდო ტახტიდან ერეკლე და ეს საქმე ქართველების ომში მონაწილეობას აფერხებს, იგი კვლავ აღადგინეო (იქვე, 139-145).

როგორც ინსტრუქციის შინაარსიდან ჩანს, ერეკლეს ჩამოგდება და საქართველოს დაპყრობის საკითხი კი არ იდგა იმ დროს, არამედ საქართველოს თურქეთთან ომში აქტიურად ჩაბმა. ამ ამოცანისათვის ერეკლე, რუსეთის მთავრობის აზრით, ყველაზე კარგი კანდიდატურა იყო. ეს იქიდან ჩანს, რომ ეკატერინე II, ვოლტერთან გაგზავნილ წერილში, 1770 წლის იანვარში, ერეკლეს საქართველოში უპირველეს თავიან კაცად იხსენიებს; ხოლო ინსტრუქციაში, რომელსაც ეკატერინეს აზრით ერეკლეს ბედი უნდა გადაეწყვიტა, ერეკლე კვლავ ასევე იხსენიება.

მართალია, რუსეთის მმართველი წრეების ორმაგი დამოკიდებულებაც, მაგრამ ამის მიზეზი ის იყო, რომ ტოტლებენი რუსეთის მთავრობას არწმუნებდა ერეკლეს თურქეთის წინააღმდეგ ომი არ სურს, მისი მიზანია რუსის ჯარი ირანის წინააღმდეგ გამოიყენოსო. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობის გაკვირვებას იწვევდა ის ამბავი, რომ ერეკლე რუსეთის ჯარის ოფიცრებს ტოტლებენის დაპატიმრების წინადადებას აძლევდა.

ასე რომ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში 1769 წლის შემდგომასა და 1770 წლის ზამთარში საქართველოს დაპყრობის საკითხი არ დასმულა და არც რუსეთის მთავრობის რომელიმე მესვეურთაგანი ჩანს ტოტლებენის ავანტიურისტულ საქმიანობაში გარეული და არც მისი თანამგრძნობი.

რაც შეეხება ბაკუნინს, თუ იგი რაიმეში ერია, ეს უფლებას როდი გვაძლევს მისი მოქმედებისათვის ბრალი დავდოთ რუსეთის სამეფო კარს. ბაკუნინი კანცელარიის უბრალო მუშაკი იყო, მისი თვალსაზრისის რუსეთის სამეფო კარის თვალსაზრისად მიჩნევა შეცდომა იქნებოდა. მაგრამ ჩვენს განკარგულებაში არსებული წყაროები არ იძლევა უფლებას ამ კაცს ბრალი დავდოთ ამ საქმეში. ცნობილია, რომ ერეკლე ბაკუნინს ენდობოდა და თავისი ელჩებისათის დაბარებული ამბების სამეფო კარისათვის «ჩქარა უწყებას» ავალებდა (Грамоты, II, вып. I, 74-75).

მაინც რა იყო ბაკუნინის დანაშაული? ბაკუნინს ზაალ ორბელიანისათვის უთქვამს: «არ ვიცი, ჴელმწიფე მეფეს ერეკლეს უწყრებაო. მერმე მე უთხარო (აცხადებდა ზაალ ორბელიანი – ვ. მ.): თუ მეფეს ერეკლეს უწყრება, ან რუსს ვისმე უბოძოს ქვეყანა ან მეფეს სოლომონსაო» (იესე ბარათაშვილის ცხოვრება – ანდერძი, თბილისი, 1950 წ.. გვ. 67). მაგრამ იმის განცხადება, რომ რუსეთის ხელმწიფე ერეკლე მეფეს «უწყრება» ნიშნავს, რომ ბაკუნინი ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეა?

რატომ «უწყრებოდა» ეკატერინე ერეკლეს?

ეკატერინემ, როგორც კი ტოტლებენის მიერ ქვიშხეთიდან გაგზავნილი პატაკები გაიცნო, ნ. პანინს მისწერა: «მე გადავათვალიერე ტოტლებენის წერილები, საიდანაც დავინახე მისდამი ჩოგლოკოვის დაუმორჩილებლობა და ამ უტვინო ახალგაზრდის ლაყბობა; ამასთანავე არ ვაქებ ტოტლებენის გაუგონარ ეჭვიანობას. ვფიქრობ, რომ მას უფრო შეუძლია ჩვენი საქმე საქართველოში გააფუჭოს, ვიდრე სასარგებლო მდგომარეობაში მოიყვანოს; მე ვფიქრობ საჭიროა ვინმე სხვა დაინიშნოს» (Сб. РИО, Х, 441).

1770 წლის 20 ივნისს რუსეთის მთავრობამ შეიტყო საქართველოში მაისის პირველ ნახევარში მომხდარი ამბებიც (მიიღეს კლავერის 19 მაისის პატაკი დანართებითურთ) (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, лл. 519-520). ამ ამბებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 20 ივნისს სამხედრო კოლეგიამ ბრძანებების სერია გამოგზავნა საქართველოში, რომლითაც ოფიცრების საქციელს სამედრო კოლეგია აფასებდა, როგორც არმიისათვის შეუფერებელს, როგორც სამხედრო წესდების დარღვევას და უბრძანებდა ოფიცრებს დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყვნენ სამხედრო კოლეგიაში (იქვე, 517-532).

მაგრამ კლავერის გაგზავნილ 10 დოკუმენტს განსაკუთრებით გაუკვირვებია ეკატერინე. იგი სწერდა პანინს: – «მე მგონია, რომ საჭიროა მოურავოვის საქართველოდან გამოძახება; და მასვე უბრძანეთ, რომ მან აუცილებლად თან წამოიყვანოს ჩოგლოკოვი და რატიევი, ოფიცრით (დეგრალი), რომელზედაც წერს თავის მანიფესტში გრაფი ტოტლებენი; თუ ისიც კიდევ მართალია, რომ ტოტლებენმა ის (მანიფესტი – ვ. მ.) გამოსცა; საეჭვოა ამ ხალხის (ოფიცრების – ვ. მ.) შედგენილი არ იყოს – როგორც ეს ანიფესტი, ისევე რატიევისადმი ერეკლე მეფის წერილი; ამ უკანასკნელს (ერეკლეს – ვ. მ.) გაგიჟების გარეშე არ შეეძლო აზრად მოსვლოდა მიესაკუთრებია ჩემი ჯარების მეთაურების დანიშვნის უფლება. ვფიქრობ ყაზანის გუბერნატორ ბრანდტს... უბრძანოთ გაარჩიოს ეს საქმე ყაზანში, ხოლო გრაფი ტოტლებენი საჭიროა შეიცვალოს» (ლაპარაკია 2 მაისის ცნობილ მანიფესტზე და ერეკლეს 7 მაისის წერილზე რატიევისადმი, სადაც მეფე ტოტლებენის დაპატიმრების წინადადებას აძლევდა რუს ოფიცრებს / Сб. РИО, Х, 442/)

ეკატერინე II-ის წერილებიდან (შდრ. იქვე, გვ. 441-442) პირველი უფრო ადრინდელია. მათი შინაარსის შედარება ამას საეჭვოდ არ ხდის. ამავე დროს უნდა ვიფიქროთ, რომ მეორე წერილი ივნისის 20-22 რიცხვებში უნდა იყოს დაწერილი.

მაინც რატომ უწყრებოდა ეკატერინე II ერეკლეს 20-22 ივნისის წერილით? როგორც ზემოთ წარმოდგენილი წერილის ტექსტიდან ირკვევა, ეკატერინე ორ საბუთს – ტოტლებენის 2 მაისის მანიფესტსა და ერეკლეს მიერ რატიევისადმი 7 მაისს გაგზავნილ წერილს – ოფიცრების მიერ ყალბად შედგენილად მიიჩნევდა. ამავე დროს იმპერატორი მიუთითებდა თუ პირველი, ე. ი. 2 მაისის მანიფესტი ტოტლებენმა ნამდვილად გამოსცა, საჭიროა გრაფი ტოტლებენი შეიცვალოსო. ხოლო 7 მაისის წერილის მიმართ ეკატერინეს აზრი ასეთი იყო: თუ ნამდვილია, რომ იგი ერეკლემ დაწერა, ალბათ გაგიჟებულა, რომ ჩემი ჯარების მეთაურების დანიშვნის უფლება მიისაკუთრაო (Сб. РИО, Х, 442).

აი რატომ უწყრებოდა ეკატერინე ერეკლეს.

სანამ საქმის ვითარება გამოირკვეოდა (სასამართლო ძიება ოფიციალურად დამთავრდა 1771 წლის გაზაფხულზე), ეკატერინეს ჰქონდა საფუძველი გაწყრომოდა ერეკლეს, მაგრამ ეს გაწყრომა იქამდე არ მისულა, რომ ეკატერინეს, ნ. პანინს ან ზ. ჩერნიშოვს წაქეზებიათ ტოტლებენი ერეკლეს წინააღმდეგ.

ის ფაქტი, რომ ზაალის კერძო განცხადება ბაკუნინთან ბატონიშვილებმა რუსეთში შეიტყვეს, უფრო საწინააღმდეგო დასკვნის საშუალებას იძლევა; საფიქრებელია, თვით ბაკუნინმა აცნობა მათ ქართველი ელჩის საქციელი.

შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ზაალ ორბელიანს ეშინოდა რუსეთში მისი უსაქციელობისა და იესე ბარათაშვილს სწერდა, – ბატონიშვილებმა ჩემს შესახებ რა ამბავი ჩამოიტანეს რუსეთიდანო (იესე ბარათაშვილის ცხოვრება – ანდერძი, დას. გამ., გვ. 66). რუსეთში რომ ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულების ცენტრი ყოფილიყო, ზაალს საშიში არაფერი ექნებოდა. ზემოაღნიშნულის გამო, მტკიცება – ბაკუნინის შეთქმულებაში მონაწილეობის შესახებ – საფუძველს მოკლებულია, ყოველ შემთხვევაში საამისო წყაროები ჯერჯერობით არ გაგვაჩნია.

არც ქართველი თავადების მონაწილეობა მტკიცდება შეთქმულებაში.

ცნობილია, რომ ერეკლე შეთქმულებს საერთოდ მკაცრად ეპყრობოდა და, ცხადია, გაქცეული ზაალი ახალციხიდან არ ჩამოვიდოდა, რომ მისი დანაშაული ლაყბობაზე დიდი ყოფილიყო. ერეკლე ენდობოდა ზაალს, ყველაზე კრიტიკულ მომენტში რუსეთში გასაგზავნ ელჩად სწორედ ის ამოირჩია. ზაალი, როგორც ელჩი, ვითარებაში ვერ გაერკვა, ვერ გაიგო იმპერატორის «გაწყრომის» ხასიათი და ბაკუნინთან ლაყბობით თავისი თავადური ბუნება გამოამჟღავნა, მაგრამ მეფემ აპატია მას დანაშაული და 1775 წელს მარნეული უბოძა (საქ. მუზეუმი, ფ. Hd, საბ. 1987, 522).

რაც შეეხება დავით ქსნის ერისთავს, იგი არ დაიხევდა უკან აშკარად გაჰყოლოდა ტოტლებენს, მაგრამ ეს თვითმპყრობელი მეფის შიშით ვერ გაუბედავს.

1770 წლის 4 ოქტომბერს დეგრალი სამხედრო სასამართლოს დაკითხვისას უჩვენებდა: «ამ ზამთარს, გრაფმა დავით ერისთავი, საქართველოში პირველი კაცი, თავისთან გამოიძახა და გამოუცხადა, რომ მას მეფის ნებართვის გარეშე თავის ქვეშევრდომებისაგან შეეკრიბა ექვსათასიანი ჯარი და წასულიყო მასთან ერთად ახალციხის წინააღმდეგ; ამასთანავე გრაფმა დააიმედა იგი, რომ მხარის დაპყრობის შემდეგ იგი (ტოტლებენი) მ. ი. უ. ნებართვას გამოითხოვდა და მას (დ. ერისთავს) დაპყრობილი მხარის მფლობელად გახდიდა; მაგრამ თავადმა ერისთავმა განუცხადა მას, რომ, რადგანაც ის ერეკლე მეფის ქვეშევრდომია და მეფისათვის ერთგულებაზე ფიცი მიცემული აქვს, ასეთ წინადადებაზე მეფის ნებართვის გარეშე არ შეუძლია დათანხმდეს; მან (ტოტლებენმა) თავის მხრივ ამის შესახებ წინადადება მისცა მეფეს და თუ მას ეს ებრძანება (მეფისაგან), ის ვალდებულია ყოველთვის მეფის ნება აღასრულოს; გრაფს ამის შემდეგ ძალა არ დაუტანებიაო» (ЦГВИА, ф. 8, св. 7, оп. 94, д. 55, лл. 287-288).

ერეკლემ ეს ამბავი ალბათ იცოდა, ამიტომ ცილისმწამებლების – გიორგი ყულარაღასის, არჯევანისა (ფიცხელაური ?) და მისი ძმის რამინის დაბეზღება სარწმუნოდ არ მიუჩნევია. თვითონ არჯევანი და რამინი თავიანთ სიმართლეში არ ყოფილან დარწმუნებულნი და სასამართლოდან გაპარულან. მაბეზღარები მეფემ დავით ერისთავს მისცა ყმად 1770 წლის სექტემბერს (საქ. ცენტრ. არქივი, ფ. 229, დავთარი 23, # 141, ფურც. 135). შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ერეკლე 1771 წლის საბუთითაც დ. ერისთავს პატიოსან კაცად იხსენიებს და რუსეთის ჯარის მიგებებასა და მისი მომარაგების საქმეს, რ. ამილახვართან ერთად, მას ანდობს (საქ. მუზეუმი, ფ. Hd, საბ. 5340; საქ. ცენტრ. არქივი, ფ. 229, დავთარი 23, # 140, ფურც. 133-134).

ჯერჯერობით არაა ცნობილი დოკუმენტები, რომლებიც 1770 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე ზაალ ორბელიანისა და დავით ერისთავის მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაზე ან შეთქმულებაში მონაწილეობაზე მიუთითებდეს.

მართალია, ზაალ ორბელანის საქციელი მის ორმაგ ბუნებაზე მიუთითებს, მაგრამ იგი არსებითად იყო ლაყბობა და არა შეთქმულება ერეკლეს წინააღმდეგ. თუ ამ პერიოდში მეფის წინააღმდეგ ორგანიზებული შეთქმულება იყო, ეს უნდა ყოფილიყო 1770 წლის მაისამდე და არა მაისის შემდეგ. მაისში ტოტლებენი აშკარად აჯანყდა მეფის წინააღმდეგ და ამის შემდეგდროინდელ ამბებს შეთქმულება კი არა, აჯანყება უნდა ეწოდოს. რას უცდიდა ზაალ ორბელიანი და დავით ერისთავი ტოტლებენის აშკარა გამოსვლის დროს? რატომ არ დადგნენ მის მხარეზე?

საბუთების შესწავლა გვარწმუნებს, რომ ტოტლებენის ავანტიურის შესახებ რუსეთის მთავრობამ მისი ლიკვიდაციის შემდეგ შეიტყო. ამასთან, რუსეთის მთავრობამ გამოამჟღავნა ორმაგი დამოკიდებუება ერეკლესადმი (იაზიკოვს ავალებდნენ – თუ ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდება აფერხებს ქართველების ომში მონაწილეობას, იმ შემთხვევაში აღადგინეო). ამის მიზეზი ტოტლებენის ყალბი ინფორმაციებიც იყო, რომლითაც რუსეთის მთავრობამ ისე იცოდა, თითქოს ერეკლეს თურქების წინააღმდეგ ბრძოლა კი არ სურდა, არამედ იგი რუსეთის ჯარის სპარსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ფიქრობდა. რაც სინამდვილეს არ შეეფერებოდა.

იმის გამო, რომ ტოტლებენის განზრახვას ერეკლე მეფის წინააღმდეგ რუსეთის სამეფო კარმა, როგორც იმ დროს რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის საზიანოს, მხარი არ დაუჭირა, ტომსკის პოლკი, რომელზედაც ავანტიურისტი მთავარ იმედს ამყარებდა, მას არ გაჰყვა; ქართლის რეაქციონერმა თავადებმა ტოტლებენის მხარეზე დადგომა, ერეკლეს შიშით, ვერ გაბედეს, ავანტიურა უდღეური გამოდგა. ერეკლეს მის წინააღმდეგ გამოსვლა არ დასჭირდა.

3. ოფიცერთა შეთქმულების საკითხისათვის 

1770 წლის 3 აპრილს ქვიშხეთში ტოტლებენმა რუსი ოფიცრები (მაიორი რემენნიკოვი და პოდპოლკოვნიკი ჩოგლოკოვი) დააპატიმრა იმ საბაბით, რომ თითქოს მათ განზრახული ჰქონდათ ტოტლებენის მოკვლა და საექსპედიციო რაზმის ჩოგლოკოვისათვის ჩაბარება. 

პროფ. ცაგარელს, ტოტლებენისა და ლვოვის მოხსენებების საფუძველზე, შეთქმულების არსებობა საეჭვოდ არ მიუჩნევია. იგი წერდა: «მეფე ერეკლესა და ტოტლებენის სურამში ბანაკად დგომისას (პროფ. ცაგარელს შეცდომით ეგონა, რომ 3 აპრილს ტოტლებენი სურამში იდგა. ნამდვილად, 1770 წლის 24 მარტიდან ტოტლებენი და ერეკლე ბანაკად იდგნენ ქვიშხეთში /შდრ. ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. III, лл. 49-52/) გაიხსნა შეთქმულება ტოტლებენის წინააღმდეგ; შეთქმულების მეთაური იყო საქართველოში მოხალისედ მოსული პოდპოლკოვნიკი ჩოგლოკოვი; ხოლო მისი მთავარი თანამოსაქმე იყო პოდპოლკოვნიკი რემენნიკოვი» (Грамоты, I, стр. ХII). პროფ. ს. კაკაბაძე ამ ე. წ. შეთქმულებას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ტოტლებენის აწყურიდან დაბრუნების მიზეზადაც კი აღიარებს (ს. კაკაბაძე, საქართველოს ისტორია, თბილისი, 1922, გვ. 208), თუმცა «შეთქმულების» ლიკვიდაცია აწყურში წასვლამდე მოხდა. რუსი ისტორიკოსები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ტოტლებენის ავანტიურა შეთქმულ რუს ოფიცერთაგან თავდაცვის ღონისძიებად გამოაცხადეს (П. Г. Бутков, Материалы, ч. I, 285; В. Потто, Кавказская война, ч. I, стр. 87).

საისტორიო ლიტერატურამ და ცნობილმა წყაროებმა გავლენა მოახდინეს მხატვრულ ლიტერატურაზე და ოფიცერთა «შეთქმულებამ» აქაც თავისებური ასახვა ჰპოვა. 

ოფიცერთა შეთქმულების არსებობის ფაქტებისადმი ეჭვმიუტანლობა იმანაც განაპირობა, რომ ზოგი «შეთქმულთაგანი» შემდეგ ტოტლებენის წინააღმდეგ აშკარად გამოსულთა გვერდით აღმოჩნდა და დაისაჯა. გარდა ამისა, ოფიცერთა «შეთქმულების» შესახებ მკვლევარები მხოლოდ ტოტლებენისა და ლვოვის ცალმხრივ მოხსენებებს იცნობდნენ, რაც შეეხება ოფიცერთა საქმეზე სპეციალური სამხედრო სასამართლოს რკვევის მასალებს, მას დღემდე არავინ გასცნობია.

როცა «შეთქმულებაზე» ვლაპარაკობთ, ზუსტად უნდა გავარკვიოთ – არსებობდა თუ არა შეთქმულება ტოტლებენის წინააღმდეგ აწყურის ამბებამდე და რა მოხდა შემდეგ. საკითხისადმი ასეთ მიდგომას შეუძლია სწორ დასკვნამდე მიგვიყვანოს.

საბუთების შესწავლას ჩვენ იმ დასკვნამდე მივყევართ, რომ რუსი ოფიცრები კი არ იყვნენ შეთქმულნი, არამედ თვითონ ტოტლებენია შეთქმული ოფიცრების წინააღმდეგ და 1770 წლის თებერვლიდან, თანდათანობით, ოსტატურად იცილებს მათ თავიდან, ხოლო როცა აწყურთან უმსგავსო საქციელი გამოამჟღავნა და მოკავშირე ბრძოლის ველზე მიატოვა, თანაც ახალციხის ფაშასთან საეჭვო მიმოწერა გააბა, პატიოსანი ოფიცრები ეჭვში შევიდნენ და აშკარად გამოვიდნენ ტოტლებენის წინააღმდეგ. ასეთია ისტორიული სინამდვილე.

გენ. ტოტლებენმა საკუთარი შეხედულებისამებრ ოფიცრების დაპატიმრება და მათი თავიდან მოცილება ჯერ კიდევ 1770 წლის თებერვლიდან დაიწყო. პირველი მსხვერპლი რუსეთის არტილერიის ნოვატორი პოდპოლკოვნიკი ს. ჩოლოყაშვილი იყო, რომელიც გენერალ-პროკურორის ვიაზემსკისა და სამხედრო კოლეგიის წინადადებით იქნა საქართველოში გამოგზავნილი. უმნიშვნელო უთანხმოება ტოტლებენსა და ჩოლოყაშვილს შორის განხეთქილების საბაბი გახდა, ხოლო შემდეგ ტოტლებენმა მის წინააღმდეგ ყალბი ცნობები შეთხზა, მთავრობის ნებართვამდე დააპატიმრა, გაძარცვა და 1770 წლის თებერვალში ბადრაგით რუსეთს გაგზავნა. რაკი ჩოლოყაშვილის წინააღმდეგ საჩივრის აღძვრის საფუძველი არ არსებობდა, გაათავისუფლეს, მაგრამ ტოტლებენის მიერ ნაძარცვის დაბრუნებას ვეღარ ეღირსა. ტოტლებენი ჩოლოყაშვილს სწამებდა შეთქმულებაში მონაწილეობას, მაგრამ ეს იმდენად უსაფუძვლო იყო, რომ მისი დაკითხვაც საჭიროდ არავის მიუჩნევია (საქმე იმაშია, რომ ტოტლებენის მიხედვით შეთქმულებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ტოტლებენის წინააღმდეგ თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანა 3 აპრილს, ხოლო ჩოლოყაშვილი თებერვალში გააძევეს საქართველოდან). სამაგიეროდ თვითონ ჩოლოყაშვილი უჩიოდა ტოტლებენს და ითხოვდა ნაძარცვის დაბრუნებას (ჩოლოყაშვილის შესახებ იხ. ჩვენი წერილი /ჟურნ. «მეცნიერება და ტექნიკა», 1955, # 10/).

მაიორი რემენნიკოვი, რომელიც სამხედრო კოლეგიის მიერ სპეციალურად იქნა შერჩეული, ტოტლებენმა 1770 წლის 3 აპრილს დააპატიმრა. ტოტლებენი მას, ჩოგლოკოვთან ერთად, შეთქმულების მეთაურად მიიჩნევს; თითქოს 3 აპრილს შეთქმულებს ტოტლებენი უნდა დაეღუპათ და მისი რაზმი ჩოგლოკოვს უნდა ჩაებარებია. ჩოგლოკოვი ოთხი დღის მისული იყო რაზმში, როცა ტოტლებენს ეს ამბავი «შეუტყვია». ნუთუ შეთქმულებას არც მიზეზი სჭირდებოდა, არც მოსამზადებელი პერიოდი? ნუთუ გასულელდა რემენნიკოვი და მკვლელობის მონაწილე გახდა, რომ რაზმის უფროსობა ჩოგლოკოვს მოეპოვებია? სასამართლოში ეკითხებოდნენ რემენნიკოვს – რატომ უწოდებდი ჩოგლოკოვს შენს მეთაურსო. ბრალდებათა შორის იხსენიება: ლოთობა, უდისციპლინობა, ავადმყოფობით სიმულაცია და სხვა (ЦГВИА, ф. 8, оп. 94, св. 7, д. 55, лл. 223-237). ტოტლებენს ეს ყალბი დასმენები არ დაუდასტურეს თვით თანამოსაქმეებმაც და რემენნიკოვი გამართლდა. რაც შეეხება შეთქმულებას, ტოტლებენმა ყალბი მოწმის დასახელებაც კი ვერ შესძლო; ვერ დაუსახელა სასამართლოს, თუ ვინ შატყობინა მას, რომ 3 აპრილს მისი დაღუპვა იყო დანიშნული. სასამართლოს არ შეეძლო ცილისწამების სარწმუნოდ მიღება და განაჩენში ჩასწერა: სასამართლო ითხოვს ტოტლებენისაგან, დამადასტურებელ საბუთს, თუ ვინ შეატყობინა მას, რომ 3 აპრილს ღამით მისი დაღუპვა იყო ანიშნული, უამისოდ სასამართლო მათ არავითარ სასჯელს არ ადებსო (ЦГВИА, ф. 8, оп. 6/95, д. 6, лл. 5-8). ტოტლებენი მაიორ რემენნიკოვს საეჭვო კაცადაც კი თვლიდა, მაგრამ ეს «საეჭვო» კაცი 1774 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინით პერეკოპის კომენდანტი იყო.

ჩოგლოკოვის დაკითხვისას პირველი სპეციალური კითხვა ასეთი იყო: საქართველოში ჩამოსვლისთანავე გრაფმა ლვოვის თანდასწრებით წინადადება მოგვცა, რომ «თქვენ არავითარი ნაცნობობა არ გქონოდათ ქართველებთან, აგრეთვე მაიორ რემენნიკოვთან და თავად მოურავოვთან». რატომ დაარღვიეს ეს განკარგულება? (ЦГВИА, ф. 8, оп. 94, св. 7, д. 55, лл. 205-222).

ჩვენ ზემოთ გავეცანით რემენნიკოვის «დანაშაულს» და თუ რემენნიკოვთან და რუსეთის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელ მოურავოვთან ნაცნობობა რუს ოფიცერს დანაშაულად ჩაეთვლება, ეს სხვა საქმეა, მაგრამ შეთქმულებაში მონაწილეობა მას არ დაუდასტურდა, კიდევ მეტი, ასეთი შეთქმულება საერთოდ არ არსებულა. ჩოგლოკოვი მხოლოდ პირადი მტრობით დაღუპა ლვოვმა. ლვოვის წერილი პერფილიევისადმი ღვარძლითაა სავსე (Грамоты, I, 222-226). შესაძლებელია, ასეთ რამეზე წააქეზა კიდეც ტოტლებენმა. ყოველ შემთხვევაში ლვოვის წერილი, სადაც იგი ჩოგლოკოვს ლანძღავს, გვიანდელია (1770 წლის მაისში ლვოვი ტოტლებენის აქტიური თანამოსაქმე იყო და ბუნებრივია, ტოტლებენს ყოველმხრივ იცავდა), მაგრამ ეს გვიანდელი წერილი გახდა ფაქტიურად ჩოგლოკოვის დაღუპვის მიზეზი. ცენტრალური პუნქტი, რომლის ირგვლივ ტრიალებდა ჩოგლოკოვისა და საერთოდ ოფიცრების დაკითხვა, იყო შემდეგი: თქვა თუ არა ჩოგლოკოვმა, რომ ის მესამე კაცია რუსეთში და ეკატერინეს და პავლეს თუ რაიმე დაემართათ, ტახტი მას ეკუთვნისო. ძნელია იმის თქმა, თქვა თუ არა ასეთი რამ ჩოგლოკოვმა, მაგრამ ამ ერთადერთ ბრალდებას ადასტურებდნენ ტოტლებენი და ლვოვი. ორი «მოწმე», ფაქტიურად მომჩივანნი, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩოგლოკოვი რიგითად დაექვეითებინათ და 10 წლით ციმბირში გაეგზავნათ (ფაქტიურად ეკატერინეს სივდილამდე იქ დაჰყო). ჩოგლოკოვის დანაშაული მისმა პატიმრობიდან გაქცევამაც დაამძიმა (ЦГАДА, разр. VII, д. 2434, ч. I, лл. 496-499).

არსებობს ტოტლებენის ორი ყალბი, ურთიერთ საწინააღმდეგო დასმენა: პირველი 30 მარტს არის დაწერილი, სადაც ნათქვამია, თითქოს ერეკლემ მას მიუგზავნა თავისი მკურნალი, რომელსაც იტალიურ ენაზე უნდა ეცნობებია ტოტლებენისათვის საიდუმლო. ეს მკურნალი (იქნებ ვინმე «საბატკა» ?) «მიუღია» ლვოვის თანდასწრებით და მოუთხოვია წერილობით ეცნობებია ეს საიდუმლო. შემდეგ თითქოს მეფეს საიდუმლოდ ეცნობებიოს ტოტლებენისათვის შეთქმულების ამბავი (ЦГАДА, разр. VII, д. 2434, ч. I, лл. 496-499). რად დასჭირდა მეფეს, როცა იგი ტოტლებენთან ერთად იდგა ბანაკად, ვიღაც «მკურნალის» მიგზავნა, რატომ «მკურნალთან» ერთად თვით არ მივიდა გრაფთან? თანახმად ტოტლებენის თხოვნისა, «მკურნალმა» რატომ წერილობით არ მოახსენა მას? რა თქმა უნდა, ეს იყო ცილისწამება ერეკლე მეფისადმი. თუ ვინმე მართლა მიიღო ტოტლებენმა 30 მარტს ლვოვის თანდასწრებით, ეს იყო ალბათ, 4 დღის ჩამოსული ლვოვის შეცდომაში შესაყვანად. ეს უფრო ინსცენირებას წააგავს. ყოველ შემთხვევაში დაემოწმებოდა თუ არ დაემოწმებოდა, ტოტლებენს სასამართლოსათვის მოწმის დასახელება შეეძლო, თუ ასეთი არსებობდა და თუ ყველაფერი «განგებას» არ უცნობებია მისთვის. მეორე დასმენა, ტოტლებენის 8 აპრილის წერილი, ფაქტიურად ეწინააღმდეგება პირველს. ამ წერილით ტოტლებენი ატყობინებს მეფეს – მე დიდი ხანია რჩევას გაძლევ, მაგრამ ჩემ რჩევას არ იღებ, ამის გამო შენს თავადებს ჩემს ოფიცრებთან შეთანხმება აქვთ; მე დიდი ხანია გაცნობებდი, რომ გაფრთხილდე, მაგრამ ვგრძნობ, რომ არათუ ჩემს რჩევას არ იღებ, წინანდებური ნდობითაც არ მეპყრობიო, – უნდობლობის მიზეზად თვით ოფიცრებია დასახელებული. დასასრულს ნათქვამია, რომ ოფიცრების შეთქმულება «მადლობა ღმერთს შევიტყვეო» (Грамоты, I, 213).

ძნელი დასანახი როდია, რომ ეს ორი ცნობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუ მეფემ ტოტლებენს (როგორც 30 მარტის წერილიდან ჩანს) აცნობა, რომ ოფიცრები მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ, რატომ ტოტლებენი 8 აპრილის წერილით მადლობას არ უთვლის მეფეს ხსნისათვის, როცა «მკვლელები» დააპატიმრა და დაღუპვას გადარჩა? რატომ მადლობის მაგიერ მეგობარი მეფე საყვედურის ღირსი გახდა? რატომ წინანდებური ნდობით არ ეპყრობა ტოტლებენს მეფე, თუ მან შეუწყო ხელი ოფიცრების დაპატიმრებაში? საეჭვოა, რომ ტოტლებენს მისი 8 აპრილის წერილი მეფისათვის გაეგზავნოს. ყოველ შემთხვევაში, ეს ორი წერილი ერთმანეთს გამორიცხავენ.

რა თქმა უნდა, ასეთი ცნობები სასამართლოს არ გამოადგებოდა.

არ უნდა უგულვებელვყოთ ის ფაქტიც, რომ ოფიცრები მოულოდნელად იქნენ დაპატიმრებული და მიმოწერის მასალები ტოტლებენმა ხელთ იგდო. მიუხედავად ამისა, ეს მასალები ოფიცრებს შორის, ან ოფიცრებსა და ქართველებს შორის რაიმე საეჭვო კავშირზე არ მიუთითებდა.

რატომ უნდა მივიღოთ ტოტლებენის ყალბი საჩივრები სარწმუნოდ და ოფიცრებს შეთქმულები ვუწოდოთ, როცა მეფის ბიუროკრატიულმა სასამართლომაც კი ვერავითარი საფუძველი ვერ იპოვა ასეთი დასკვნისათვის? ტოტლებენის საჩივრები რატომ უნდა იქნეს მიღებული სარწმუნოდ, როცა სხვა საბუთებით მათი აშკარა სიყალბე დასტურდება.

ასეთია «შეთქმულების» ისტორია აწყურამდე.

რუს ოფიცერთა უმიზეზოდ დაპატიმრებას და შემდეგ ტოტლებენის აწყურთან ღალატს არ შეეძლო ეჭვში არ შეეყვანა რუსი ოფიცრები. ამის შემდეგ იწყება დაუმორჩილებლობა, სამხედრო წესდების დარღვევა, ოფიცერთა დანაშაული ტოტლებენის და არა რუსული სახელმწიფოს წინაშე. ზემოაღნიშნული ვითარება გახდა რატიევისა და ბოგდანოვის «დანაშაულის» მიზეზი (შდრ. Грамоты, I, 202-203). მათი დანაშაული, როგორც სასამართლოს განაჩენიდან ჩანს, იყო მხოლოდ და მხოლოდ წესდების დარღვევა, უფროსისადმი დაუმორჩილებლობა, ის ფაქტი, რომ რატიევი და ბოგდანოვი აშკარად დადგნენ ერეკლეს მხარეზე.

მეფის ბიუროკრატიულ სასამართლოს დაუმორჩილებლობის ობიექტური მიზეზები მხედველობაში არ მიუღია. 1771 წლის 22 აპრილს სამხედრო კოლეგიის უმაღლესმა სასამართლომ, მოისმინა რა ყაზანის გუბერნატორ ბრანდტის მიერ გამოტანილი განაჩენი, დაადგინა: პოდპოლკოვნიკ რატიევს აეყაროს ჩინები და დამსახურებამდე განწესდეს II არმიაში რიგითად (ЦГАДА, разр. VII, д. 2434, ч. I, лл. 497-498. რატიევი ნაცვლად მეორე არმიისა გაიგზავნა პირველ არმიაში, სადაც მალე ისახელა თავი და სახელმწიფო საბჭომ 1771 წლის 10 დეკემბერს, რუმიანცევის შუამდგომლობით, იგი პოდპოლკოვნიკის წოდებაში აღადგინა. Архив гос. совета, т. I, ч. I, 130-131).

დანარჩენი ბრალდებულები: დეგრალი, ხვაბულოვი, ბოგდანოვი და ნაზაროვი – ყაზანის სამხედრო სასამართლოს დამნაშავედ ვერ უცვნია და არავითარ სასჯელს არ ადებდა. მაგრამ სამხედრო კოლეგიის უმაღლესმა სასამართლომ საკმარისად ჩათვალა პიკსნერის ჩვენება – ბოგდანოვმა ტოტლებენს და მას (პიკსნერს) მოღალატე უწოდაო და ბოგდანოვსაც, რატიევის მსგავსად, აყარეს ჩინი და II არმიაში რიგითად გააწესეს. აქ, ბუნებრივია, მთავარი ის იყო, რომ ბოგდანივი დრაგუნთა რაზმით გაბედულად დადგა (რატიევთან ერთად) ერეკლეს მხარეზე. ასევე შეცვალა სამხედრო კოლეგიის უმაღლესმა სასამართლომ ბრანდტის მიერ გამოტანილი განაჩენი სხვა ბრალდებულთა მიმართ – დეგრალი, ტოტლებენის მიერ პორუჩიკად დაწინაურებული, ტოტლებენის საიდუმლოების გაცემისათვის – უნტერ-ოფიცრამდე ჩამოაქვეითეს, დაკარგა ტოტლებენის მიერ მიცემული ჩინი; პორუჩიკი ხვაბულოვი ტოტლებენთან გამოუცხადებლობისათვის ჩამოაქვეითეს პრაპორშჩიკამდე.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საქმის გამოძიება ოფიცრებისათვის არახელსაყრელ პირობებში წარმოებდა. რუსეთის მთავრობა ბრმად მიენდო ტოტლებენისა და ლვოვის მოხსენებებს, რადგან ავანტიურისტებმა შეძლეს ეკატერინეს მგრძნობიარე ნერვს შეხებოდნენ – ეკატერინეს აუწყეს, რომ შეთქმული, შემდეგ აჯანყებული და პატიმრობიდან გაქცეული ჩოგლოკოვი აცხადებდა – ხელმწიფის ბიძაშვილი ვარ და ცესარევიჩის შემდეგ ტახტის მემკვიდრეო. 1770 წლის 20 ივნისის ბრძანებით თუმცა განზრახული იყო ოფიცრების პეტერბურგში ჩაყვანა, მაგრამ ეკატერინემ უბრძანა ჩერნიშოვს – ოფიცრები ყაზანის აქეთ არ გამოაცილოთ, ყაზანის გუბერნატორს ბრანდტს დაავალეთ იქ გაასამართლოსო. ოფიცრები ევედრებოდნენ ჩერნიშოვს სამხედრო კოლეგიაში მიყვანას, მაგრამ ვიშნევოლოჩეკიდან ყაზანისაკენ შეაბრუნეს. გასამართლებაც მათთვის არახელსაყრელ ვითარებაში მიმდინარეობდა – ტოტლებენი «ბრწყინვალე» პატაკებით ბაღდადის, შორაპნის, ქუთაისის დაჭერას აუწყებდა რუსეთის მთავრობას, თანაც დაუკავებელი ფოთი «ეკატერინათ» იწოდებოდა. ასეთ პირობებში ტოტლებენის ერთგულებაში ეჭვი არავის შექონდა, ხოლო პატიმარი ოფიცრები ბრანდტს კედელთან ყავდა მიმწყვდეული და ეძიებდა თუ ვინ გაბედა, რომ ტოტლებენს გამცემელი უწოდა, თქვა თუ არა ჩოგლოკოვმა მესამე კაცი ვარ რუსეთშიო. ცხადია, ასეთი სასამართლო ტოტლებენის საქციელს ვერ განსჯიდა.

შეიძლება ითქვას, რომ თუ ტოტლებენს წინასწარ თავიდან არ მოეცილებია ჩოლოყაშვილი, ზამარაევი, რემენნიკოვი და ჩოგლოკოვი, ალბათ იგი აწყურთან ღალატს ვერ შესძლებდა, რატიევის და ბოგდანოვის მოქმედება და ტომსკის პოლკის პოზიცია ამის თავდებია. მართალია, რემენნიკოვი და ჩოლოყაშვილი ტოტლებენის წინააღმდეგ აშკარად გამოსულთა რიცხვში არ გვხვდება, მაგრამ ისინი აპრილში საქართველოს საზღვრებს გაცილებული იყვნენ და ტოტლებენის უმსგავსო, რუსეთის გმირი არმიის ისტორიაში ამ უპრეცედენტო საქციელს, ბუნებრივია, წინ ვერ აღუდგებოდნენ.

ტექსტი ბლოგზე გამოქვეყნებისთვის 
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment