(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ბოლო ნაწილს პროფესორ ვალერიან მაჭარაძის წიგნისა «ასპინძის ბრძოლა», სახელგამი, თბილისი, 1957)
შინაარსი
თავი IV. ტოტლებენის ღალატი და საომარ მოქმედებათა წარუმატებლობა ასპინძის ბრძოლის შემდეგ (დასასრული)
IV. 4. იმერეთის ციხეების განთავისუფლება თურქთა ბატონობისაგან
IV. 5. ფოთის კამპანიის მარცხი. ტოტლებენის ინტრიგები. სამხედრო «მოქმედებების» ახალი გეგმა
IV. 6. საომარი კამპანია 1771 წელს და რუსეთის ჯარის გაწვევა საქართველოდან
IV. 7. ლევან ბატონიშვილისა და ანტონ კათალიკოსის ელჩობა რუსეთს. საომარი მოქმედების განახლება. ომის დასასრული.
თავი V. თურქეთთან ომის შედეგები
თავი IV.
ტოტლებენის ღალატი და საომარ მოქმედებათა წარუმატებლობა ასპინძის ბრძოლის შემდეგ (დასასრული)
4. იმერეთის ციხეების განთავისუფლება თურქთა ბატონობისაგან
ქართლ-კახეთის ჯარების თურქეთზე გამარჯვებით ისარგებლა სოლომონ I-მა და 1770 წლის ზაფხულში იმერეთის ციხეების განთავისუფლებას შეუდგა. ჯერ ცუცხვათის სიმაგრე დაიკავა, შემდეგ ქ. ქუთაისი გაანთავისუფლა და, ბოლოს, შორაპნისა და ქუთაისის ციხეების ხანგრძლივ ალყაზე გადავიდა.
სწორედ ამ დროს ტოტლებენიც იმერეთისაკენ დაიძრა. რა თქმა უნდა, ტოტლებენს უნდა ეფიქრა, რომ მომხდარი ამბების შემდეგ რუსეთის მთავრობის თვალში საქმის «გამოსწორებაც» საჭირო იყო. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის მთავრობა მოიკითხავდა რისთვის იხარჯებოდა 134 ათასი მანეთი, რას აკეთებდა 4 ათასიანი კორპუსი. ამიტომაა, რომ ტოტლებენი ავანტიურაზე ხელის აღებისთანავე, 1770 წლის 10 ივნისს, ანანურიდანვე მოახსენებდა გრაფ ჩერნიშოვს: როგორც იქნა ჯარი შევკრიბე, ტომსკის პოლკის მეორე ბატალიონს ველოდები და როგორც კი შემიერთდება, პირდაპირ ქუთაისზე დავიძვრები, რომელიც სოლომონ I-ს გარემოცული აქვსო; მომავალ თვეში შავი ზღვის სანაპიროდან ბრწყინვალე პატაკებს გამოგიგზავნითო. ასეთი დაპირებების მიუხედავად, ტოტლებენი მაინც აცხადებდა, რომ ამ მხარეში სარგებლობის მოტანა არ შემიძლია და გამათავისუფლეთო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. II, лл. 581-583).
საკვირველია, გენერალი მთავრობას მომავალ თვეში ბრწყინვალე შედეგებს აღუთქვამს და იქვე, იმავე წერილში წერს – «ამ მხარეში სარგებლობის მოტანა არ შემიძლია და გამათავისუფლეთო».
სურდა თუ არა, ტოტლებენს მთავრობისათვის რაღაც საჩუქრად უნდა მიეტანა, ხოლო ასეთი მზად იყო, რაკი სოლომონს ფაქტიური მიღწევები გააჩნდა. 1770 წლის ივნისში ტოტლებენი იმერეთში გადავიდა. სოლომონ მეფე მას შეეგება და რუს-ქართველთა ჯარი 2 ივლისს ბაღდადის ციხეს შემოადგა (ЦГВИА, ф. ВУА, д. 2187), სადაც 30-მდე თურქი მეციხოვნე იყო (Грамоты, I, 179). სრული გარემოცვის პირობებში თურქ მეციხოვნეებს, რაკი ახალციხიდან დახმარების იმედი გადაეწურათ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, უნდა დანებებულიყვნენ. ლვოვი იუწყება – რადგან რუსის ჯარს საალყო ქვემეხები არ ჰქონდა, ციხის აღება დიდი მსხვერპლის გაღებას ითხოვდა, მაგრამ თურქმა მეციხოვნეებმა თვით ითხოვეს დანებებაო. თურქებს დანებების პირობად მოუთხოვიათ დედოფლის შეგზავნა ციხეში, რათა ამ უკანასკნელისაგან გარანტია მიეღოთ სიცოცხლის შენარჩუნებისა. დედოფალი 20 ვერსიდან მოუყვანიათ და მეციხოვნეებს მისთვის ჩაუბარებიათ ციხე. ლვოვი დასცინის ტოტლებენს, რომ ციხის სათოფურები არტილერიის ჭურვებით დახვრეტილ ადგილებად წარმომიდგინაო (იქვე, 251-254).
ბაღდადის ციხის აღების შემდეგ რუს-ქართველთა ჯარი ქუთაისისაკენ დაიძრა. 1770 წლის 13 ივლისს ტოტლებენი ქუთაისიდან მოახსენებდა გრაფ ჩერნიშოვს: «რუსეთის იმპერატორის ჯარით ორი სიმაგრე ბაღდადი და შორაპანი თურქებს წავართვი, არ დამიკარგავს არც ერთი კაცი... ქალაქი ქუთაისი მთლიანად დაკავებულია და სიმაგრე ბლოკადაშიაო» (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. II, лл. 628-629).
ამ «ბრწყინვალე» მოხსენებაში ორი სიყალბეა: შორაპნის ციხე სოლომონ I-მა რუსეთის ჯარის დაუხმარებლად აიღო და ქუთაისიც დაიკავა, ხოლო ქუთაისის ციხე კი ტოტლებენის ქართლში ყოფნის დროსაც ბლოკადაში იყო. 1770 წლის 14 ივლისს სოლომონ I ნ. პანინს სწერდა: «მანამ ბრწყინვალე ღრაფი იმერეთს მოვიდოდა, ცუცხვათის ციხე ავიღეთ, შორაპანს ჯარი შემოვაყენეთ და ჩვენ ურჩეულესის ჯარით ქუთაისის ქალაქს მოვადექით, და ქალაქი ყოველივე, გარდა ციხისა, ავიღევით და მრავალნი სულნი გამოვიყვანეთ...». იქვე განაგრძობდა მეფე, რომ ამასობაში ტოტლებენი იმერეთის საზღვარზე მოვიდა და ერთად ბაღდადის ციხეს შემოვადექით, ციხის აღების შემდეგ კი... «ქუთაისის ქალაქისა დანაშთენსა ციხესა მივადეგით, და შორაპანს, რომელი ჩემი ჯარისა მიერ ადრიდგან მოცულ იყო. გამორჩეულის ჩემის კაცით წაველ და იგიცა მისვლისავე ჩემსა ავიღე...» (Грамоты, II, в. I, 48-49; Грамоты, I, 152-154). ეკატერინესთან გაგზავნილ წერილში მეფე ამასვე იმეორებდა: «... შორაპანს ჩემი ჯარი ადრიდგანვე ადგა, და მათი მოუძლურება ვისმინე. წაველ სწრაფად და მხოლოდ ჩემის ჯარით და იგიცა დაუყოვნებელად ავიღე...» (Грамоты, II, в. I, 47-48). როგორც ჩანს, შორაპნის ციხის აღებაში ტოტლებენს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ სამხედრო მინისტრს იგი გაბედულად სწერდა თავის «წარმატებებზე» (მოსკოვის სამხედრო-ისტორიულ არქივში დაცულია შორაპნის ციხის აღების გეგმა, რომელიც ტოტლებენის სიყალბეს ააშკარავებს. ტოტლებენს, რაკი შორაპნის ციხე აღებული იყო, შეეძლო რუსეთის მთავრობისათვის ეს «საჩუქარიც» მიერთმია, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო ციხის ალყის გეგმა და აწერა გაეგზავნა სამხედრო კოლეგიაში. ამ მიზნით შორაპანში ოფიცერი ნეხლიუდოვი გაუგზავნია, რომელსაც ციხე აუწერია. იერიშით აღების ჩვენების მიზნით რუსეთის ჯარის საბრძოლო განლაგებაც გადაუტანიათ გეგმაზე, მაგრამ დავიწყნიათ, რომ სარდლის ბანაკი ბრძოლის დროს საბრძოლო დანაყოფების წინ, უშუალოდ ციხის კედელთან, არ შეიძლებოდა ყოფილიყო. გარდა ამისა, რაკი 1770 წელს ტოტლებენს ჯარით შორაპანში არ გაუვლია, 1769 წლის საბრძოლო განლაგება უნდა ეჩვენებინათ და ასეც მოქცეულან. მაგრამ აქაც დავიწყნიათ, რომ რუსეთის ჯარი შორაპნის ციხესთან 1769 წლის სექტემბერში კი არ მდგარა, არმედ 3 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე იდგა /შდრ. ЦГВИА, ф. ВУА, д. 2183/).
ბაღდადის ციხის აღების შემდეგ ტოტლებენი და სოლომონ მეფე ქუთაისის ციხეს შემოადგნენ. ქუთაისის ციხის ალყა, სადაც 60-მდე თურქი ჯარისკაცი და 220 ორივე სქესის მოქალაქე იყო, ერთი თვე გაგრძელდა (Грамоты, I, 256-259). მართალია, ტოტლებენი 1770 წლის 13 ივლისის პატაკით ქუთაისიდან აცნობებდა გრაფ ჩერნიშოვს, რომ «ქალაქი ქუთაისი მთლიანად დაკავებულია და ციხე ბლოკადაშია მოქცეულიო», მაგრამ ლვოვის მოხსენებიდან ირკვევა, თუ როგორ ყოფილა ჩატარებული ბლოკადა. ტოტლებენს გარნიზონთან მოლაპარაკება გაუმართავს და ციხის ჩაბარება მოუთხოვია (?). თურქები მზად იყვნენ ჩაებარებიათ ციხე, მხოლოდ ითხოვდნენ ტოტლებენს გაეშვა ისინი. ტოტლებენს გაუგია, რომ 6 აგვისტოს ღამით თურქები ციხიდან გაპარვას აპირებდნენ და სადარაჯო პუნქტების დაცვა გერმანელი ოფიცრებისათვის მიუნდვია (8 ოფიცრიდან 7 გერმანელი ყოფილა). 6 აგვისტოს ღამით თურქები ციხიდან გამოსულან და «პიკეტებს» შორის «გაპარულან». კაპიტანი ლვოვი იუწყება – ჩვენ ოთხი ათასი კაცი გვყავდა და მშიერი თურქების შეკავება ადვილი საქმე იყოო, მაგრამ ტოტლებენის მიერ «პიკეტებზე» გამოყოფილი გერმანელი ოფიცრები მტრის დაკავებისა და შეპყრობის ნაცვლად ციხეში შეიჭრნენ და მოქალაქეთა ძარცვას შეუდგნენო (Грамоты, I, 257-261). ამ ცნობას იაზიკოვიც ადასტურებს. იაზიკოვის ცნობით: ქუთაისის ციხეში 60 თურქი ჯარისკაცი იყო, რომლებიც ტოტლებენის მიერ დაყენებული «პიკეტების» სისუსტით ყველანი «პიკეტებს» შორის გაიჭრნენ და წავიდნენ; ხოლო ციხის აღებისას 70 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა (იქვე, 179). ტოტლებენს გვიან შეუტყობინებია სოლომონ მეფისათვის (როგორც ჩანს, ლვოვისაგან თავმობეზრებულს) თურქების გაქცევის ამბავი. სოლომონ მეფეს ზომები მიუღია, მაგრამ ამასობაში თურქებს გაუსწრიათ. სოლომონ მეფის ჯარისკაცებს მხოლოდ ერთი თურქი შეუპყრიათ და ერთიც მოუკლავთ, დანარჩენები მიმალულან (იქვე, 260).
მტრის ჯარისკაცების გაშვება, ნებით მოხდა თუ უნებლიეთ, ფაქტიურად დანაშაული იყო. ლვოვის მოხსენებიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თურქები უფრო გაშვებული ჩანს, ვიდრე გაპარული. ძნელი დასაჯერებელია, რომ 4 ათასიან რაზმს ალყაშემორტყმული 60 კაცი გაექცეს, თანაც ისეთ პირობებში, როცა სარდლისათვის ცნობილია, რომ მტერი იმ ღამეს უნდა გაიპაროს.
მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ტოტლებენს ცნობა გაუგზავნია ნეიმჩისათვის, რომ 7 აგვისტოს ქუთაისის ციხე იერიშით აიღო, მტრის ჯარისკაცების ნაწილი ტყვედ ჩაიგდო, სხვები დახოცა, თავი თითქმის არავის დაუღწევია, ჩვენს მხარეზე ზარალი უმნიშვნელოა, თითქმის არააო. ნეიმჩიმ ეს ცნობა თავის მხრივ სამხედრო კოლეგიის მეთაურს ჩერნიშოვს გაუგზავნა (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 172, д. 18, л. 67).
იმერეთის ციხეების შედარებით იოლი განთავისუფლება უთუოდ ასპინძის ბრძოლაში თურქთა დამარცხებამ განაპირობა, რაც მკვლევერთა მხრივ სათანადო ყურადღების საგანი უნდა გახდეს. ზემოთ დავინახეთ, რომ 1769 წელს სოლომონ I და ტოტლებენი ვერ ახერხებენ შორაპნის ციხიდან 23 თურქის გამოდევნას. 1770 წლის ზაფხულს კი სოლომონ I რუსეთის ჯარის დაუხმარებლადაც ადვილად იკავებს ცუცხვათისა და შორაპნის ციხეებს, ქალაქ ქუთაისს და ალყაში აქცევს ქუთაისის ციხეს. ცხადია, ეს ციხეები ისე ადვილად არ იქნებოდა აღებული, მით უმეტეს რუს-ქართველთა ჯარს საალყო ქვემეხები არ გააჩნდათ, რომ იმერეთში მყოფ თურქ მეციხოვნეებს ახალციხის ფაშის დახმარების იმედი ჰქონოდათ. სავსებით მართალი გვეჩვენება ერეკლე, როცა ნ. პანინს სწერს: «Ежелиб мы чрез одержание под Ацкуром сперва над турками, а потом над лезгинцами победы не пресекли неприятелю сообщения с Имеретинскими крепостями, и чрез то не довели б тамошних жителей до такого состояния, что они принуждены были кашачье мясо есть, то б, конечно гр. Тотлебен не столь скоро предуспел бы их покорить!» (Грамоты, I, 246).
რა თქმა უნდა, ასევე შეცდომა იქნებოდა ასპინძის ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება და იმერეთის ციხეების შედარებით იოლი განთავისუფლება, რუსეთ-თურქეთის ომის საერთო მსვლელობისაგან იზოლირებულად წარმოგვედგინა და დაგვევიწყებინა, რომ ამ დროს რუსეთის არმია დუნაის რაიონში თურქთა ძირითად ძალებს (400 ათასიან არმიას) აბანდებდა.
იმერეთის ციხეების განთავისუფლება რომ საყურადღებო მოვლენა იყო, ეს სადავო არაა, მაგრამ მართალი გვეჩვენება ერეკლე, როცა იგი ეკატერინესა და პანინისადმი წერილებში მიუთითებდა, რომ ახალციხის მიმართულებით ლაშქრობის გაგრძელებისა და წარმატების ვითარებაში იმერეთის ციხეები თვითონ დაგვნებდებოდა, რაკი არსაიდან დახმარების იმედი არ ექნებოდათო. სამწუხაროდ, ტოტლებენს ერთად მოქმედების სურვილი არ აღმოაჩნდაო (Грамоты, I, 243, 246).
მაშასადამე ტოტლებენის მიერ ერეკლეს გეგმის მიუღებლობა საერთო ინტერესებისათვის საზიანო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ჯარის იმერეთში გადასვლამ ციხეების განთავისუფლების საქმე დააჩქარა.
ტოტლებენი, იმერეთში გადასვლის შემდეგ, სოლომონ მეფესაც მალე წაეჩხუბა. მეფემ წინადადება მისცა შავი ზღვის მიმართულებით ელაშქრათ. ტოტლებენმა ეს უარყო და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ახალციხეზე ლაშქრობას აპირებდა. სოლომონ მეფე ახალციხეზე ლაშქრობაში მონაწილეობაზედაც მზადყოფნას აცხადებდა, მაგრამ ტოტლებენმა არც ეს ისურვა (ტოტლებენს სოლომონ მეფისათვის უთქვამს: «თუ ხუთასის კაცით წამოხვალ, წამოდიო, და თუ მეტს წამოიყვან, შენი წამოსვლა არ იქნებაო»). იგი რუსეთის ჯარით ახალციხისაკენ დაიძრა და გაურკვეველი მიზეზებით მალე უკან დაბრუნდა (იქვე, II, в. I, 54-58). ბოლოს ტოტლებენი სოლომონ მეფის მტერს, 1769 წელს თურქების მოკავშირეს, საეჭვო დადიანს დაუმეგობრდა და 1770 წლის 3 ოქტომბერს ფოთისაკენ დაიძრა (იქვე, I, 169).
5. ფოთის კამპანიის მარცხი. ტოტლებენის ინტრიგები. სამხედრო «მოქმედებების» ახალი გეგმა
რუხისა და ანაკლიის ციხეები, რომლებშიაც 20-20 კაცი იყო, თურქებმა რუსეთის ჯარის მოახლოვებამდე დატოვეს. ტოტლებენი ცარიელ ციხეებს დაეუფლა (Грамоты, I, 161) და შემდეგ დადიანთან ერთად ფოთს შემოადგა.
ფოთიდან ტოტლებენმა რუსეთის მთავრობას «სასიხარულო» ამბავი შეუთვალა. ამ «სასიხარულო» ამბავს ყიზლარის კომენდანტი ნეიმჩი, ტოტლებენის დავალებით, რუსეთის მთავრობას თავისი 5 დეკემბრის საიდუმლო პატაკით ასე გადასცემდა: «... იგი (ტოტლებენი) თავისი კორპუსით შავი ზღვის პირად იმყოფება ღვთის წყალობით, მ. ი. უ. საბედნიეროდ აღებულია მტრის ციხეები – ანაკლია და რუხი, ქალაქი ფოთი და მისი გარეუბანი, ხოლო ფოთის ციტადელი ბლოკადაშია მოქცეული. ყველა ეს ციხე და ქალაქი ფოთი სახელგანთქმულია და იწოდებიან: ფოთი – ქალაქ ეკატერინად, ანაკლია – ალექსეევნად, ხოლო რუხი – წმინდა პავლეს სიმაგრედ» (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, лл. 996-998).
ყიზლარში ლოცვები გადაუხდიათ, მაგრამ პეტერბურგში ამ ამბებს საზეიმოდ არ შეხვედრიან, რადგან ქალაქ «ეკატერინადან» ტოტლებენის მიერ გაგზავნილ «ბრწყინვალე» პატაკებზე ადრე იაზიკოვისა და ლვოვის მოხსენებები მიუღიათ და რუსეთის მთავრობისათვის ცხადი გამხდარა, რომ ტოტლებენის საქციელით ერთობლივი მოქმედება ჩაშლილი იყო, ხოლო ფოთის კამპანიასაც მარცხი ელოდა. ამიტომ ყიზლარის კომენდანტის 5 დეკემბრის საიდუმლო პატაკის მიღების წინა დღეს, 1770 წლის 31 დეკემბერს, სამხედრო კოლეგია უკვე ტოტლებენის შემცვლელს გენერალ სუხოტინს, ვრცელ სამოქმედო ინსტრუქციას აძლევდა (იქვე, 809-818). მაგრამ სუხოტინის ჩამოსვლამდე ტოტლებენს საკმაო დრო დარჩა, რათა ეფუჭებია საქმე.
ფოთის კამპანია სასურველი გზით როდი განვითარდა. 1770 წლის დეკემბრის ბოლოს თურქებმა ძალებს თავი მოუყარეს ბათუმში და ფოთის გარნიზონისადმი მიშველებას ცდილობდნენ, რაც ტოტლებენის დაუძლურებულ კორპუსს ხიფათში აგდებდა. სოლომონ მეფემ ეს დროულად შეიტყო და აცნობა რუსეთის წარმომადგენელს. ტოტლებენი, საეჭვო დადიანსა და გურიელზე დანდობილი (sic), ამ ცნობას სიყალბედ მიიჩნევდა სანამ მტრის ავანგარდი არ გამოჩნდა; იაზიკოვისა და ლვოვის თხოვნით სოლომონ I 1771 წლის იანვარში გურიაში შეიჭრა და თურქებს გზა გადაუჭრა. ამით იმერეთის მეფემ ერთდროულად ორი საქმე გააკთა – გურიაც დაიმორჩილა და რუსეთის კორპუსიც განადგურებისაგან იხსნა (Грамоты, I, 274-281, 282-287, 289-290, 296-300; Грамоты, II, в. I, 76-77).
ფოთის ალყა გაჭიანურდა, ტოტლებენის დანაშაულის გამო კორპუსმა ბრძოლის უნარი დაკარგა და ფოთის ალყაც მარცხით დამთავრდა. თუმცა ტოტლებენი მთავრობას 1771 წლის 15 თებერვლის პატაკით საქმეს ასე უხატავდა: ფოთს ავიღებდი, კიდევ 12 საათი მჭირდებოდა, მაგრამ სოლომონის გურიაში შეჭრამ და კლავერის, იაზიკოვისა და ლვოვის მოთხოვნამ ფოთის გარემოცვაზე ხელი ამეღო, მაიძულა 6 თებერვალს ფოთზე ალყა მომეხსნა, შემაშინა აქაურ «ბუნტოვშჩიკებს» კიდევ მახე არ გაეგოთ და ირაკლისა და ჩოგლოკოვის ტრაგედია კვლავ არ მოახლოვებულიყო (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, лл. 953-955).
მეორე პატაკში, რომელიც ტოტლებენმა 1771 წლის თებერვალშივე გაუგზავნა ჩერნიშოვს, წერდა: მე ახლა არა მარტო ფოთს ავიღებდი, არამედ შეიძლებოდა კიდევ მეტიც გამეკეთებია, მაგრამ იაზიკოვმა და ლვოვმა საქმე ისე ამირიეს და კორპუსი უწესრიგობამდე მიიყვანეს, ბოლოს და ბოლოს იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ სოლომონ მეფის განზრახვით იძულებული გავხდი ფოთიდან წამოვსულიყავი. ამ საქმეში აიზიკოვსა და ლვოვს თავიანთი მეგობრები: კლავერი, მარკოვი და სხვები დაეხმარნენო (იქვე, 929-931).
როგორც ზემოხსენებული წერილებიდან ჩანს, ტოტლებენი საკუთარი მარცხისათვის პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებდა. მაგრამ აქედან ისიც ჩანს, რომ ავანტიურისტი კვლავ ამზადებდა ახალ «შეთქმულებას» კლავერის, მარკოვის, იაზიკოვისა და ლვოვის თავიდან მოსაცილებლად.
ფოთის 1770-1771 წლების ზამთრის კამპანიის დროს რუსეთის საექსპედიციო კორპუსმა ბრძოლის უნარი დაკარგა – ჯარისკაცები გაშიშვლდნენ (თვით ტოტლებენიც არ ფარავდა, რომ ჯარისკაცები ისე გაშიშვლდნენ, რომ ჯარი მომავალი კამპანიისათვის გამოუსადეგარი გახდა) (იქვე, 848, 849-858, 864-967, 805-806), საჭურველი არ იყო, ცხენებიც გატაცებულ იქნა (თუმცა მტრის მიერ ცხენების გატაცების შემდეგ ტოტლებენი არწმუნებდა მთავრობას: ზარალი უმნიშვნელოა, რომ არ გაეტაცებინათ მაინც დაიხოცებოდნენო) (იქვე, 781-783). კიდევ მეტი, 1771 წლის 30 მარტის პატაკით მთავრობას არწმუნებდა: «აქაურ პირობებში ცხენოსნების გამოყენება არ შეიძლებაო» (იქვე, 858).
რა თქმა უნდა, გაშიშვლებული, უსაჭურვლო, ბრძოლის უნარდაკარგული კორპუსით ფოთის ციხის აღება ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ აიძულეს ოფიცრებმა ტოტლებენი ფოთის ალყაზე ხელი აეღო, რათა ჯარისკაცები უმიზნოდ არ დაღუპულიყვნენ.
ფოთის კამპანიის მარცხს ტოტლებენი ქართველ მეფეებს აბრალებდა – ხელს არ მიწყობენო. თუ რატომ არ უწყობენ ქართველი მეფეები ხელს ტოტლებენს, ამაზე პასუხს იაზიკოვის მოხსენება იძლევა: ტოტლებენს არ სურდა მეფეებთან ერთად მოქმედება, თავიდან იცილებდა მათ; შეურაცხყოფდა მეფეებს – სოლომონს «თურქს» ეძახდა, ერეკლეს – «მოღალატეს»; ასეთ პირობებში მეფეებიც გულგრილად ექცეოდნენ საექსპედიციო ჯარის მომარაგების საქმეს (Грамоты, I, 180-183).
ტოტლებენი ფოთის კამპანიის მარცხს აბრალებდა აგრეთვე მოზდოკისა და ყიზლარის კომენდანტებსაც.
ფოთიდან უშედეგოდ დაბრუნებული ტოტლებენი, 1771 წლის 19 თებერვალს, ასეთი შინაარსის ბრძანებას უგზავნიდა ნეიმჩს: დაუყოვნებლივ გამომიგზავნე კარაბინერთა და ჰუსართა ესკადრონებისათვის საჭურველი და ცხენები, განსაკუთრებით კი არტილერიის საჭურველი, რადგან საჭურველი, რომელიც კაპიტან ზარეცკის გამოატანეთ, ნაწილიც არ მოსულა, უმეტესი წილი გზაში გაფუჭდა და უმეთვალყურეობით დაიღუპა, თუმცა სპეციალური შიკრიკიც გამოვგზავნე, მაგრამ 4 თვეა ვერ ვეღირსე მიღებას, რის გამოც ფოთიდან უშედეგოდ დავიხიე, ამაზე პასუხს აგებთ; საჭურველი გამომიგზავნე საბარგო ცხენებით; გარდა ამისა, კაპიტანი ზარეცკი ამუნიციით დიდხანს იყო მთებში, რის გამოც ყველაფერი დალპა, ამის გამო აქ პოლკის ჯარისკაცები, კარაბინერები, ჰუსარები და არტილერისტები ტანშიშველი და ფეხშიშველია; შეეცადე თუნდაც ზედმეტი ფასის გაღებით შეისყიდოთ ცხენები და გამომიგზავნო; გააფრთხილე მოზდოკის კომენდანტი, შიკრიკებს გზაში ნუ აკავებს (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. II, лл. 893-898).
1771 წლის 16 თებერვალს ტოტლებენი გრაფ ჩერნიშოვს აუწყებდა: კაპიტანი ზარეცკი საჭურველით კიდევ არ მოსულა; რამდენიც არ მოვითხოვე ასტრახანიდან და ყიზლარიდან – არაფერს მიგზავნიან; ჩემგან გაგზავნილ შიკრიკებს აკავებენ; ფორპოსტები ყაზბეგთან ცუდადაა მოწყობილი და ვერც ერთი კურიერი გაუძარცველი ვერ მოდის (იქვე, 900, 908).
გზაზე მიმოსვლის გაძნელება, რამაც შეუძლებელი გახადა კორპუსის მომარაგება, ტოტლებენის დანაშაულით მოხდა.
ჯერ კიდევ 1770 წლის იანვარში, როცა ტოტლებენი მოზდოკიდან რაზმით საქართველოში ბრუნდებოდა, მაიორი ჟოლობოვი ერთ-ერთ სოფელში ღამის გასათევად არ შეუშვიათ. ტოტლებენს რაზმი მიუსევია და სოფელი გაუძარცვავს, ხოლო შემდეგ ოსი მამასახლისები შეუკრებია და 10 მამასახლისი ხუნდებგაყრილი ჩამოუყვანია ქართლში. ერეკლეს საქმეში ჩარევის შემდეგ ტოტლებენს თვით გაუშვია უდანაშაულო მამასახლისები (ЦГВИА, ф. 8, св. 7, оп. 94, д. 55, лл. 276-290). მიუხედავად ამისა, ოსებს აშკარა მტრობა მაინც არ დაუწყიათ სანამ ტოტლებენი ავანტიურაზე არ გადავიდა (რატიევის რაზმი 1770 წლის აპრილში უმტკივნეულოდ გამოუტარებიათ).
ტოტლებენის ავანტიურისტული საქციელი, რომელსაც რუსეთის მთავრობის მიზნებთან საერთო არაფერი ჰქონია, საკმარისი გახდა, რათა მთიელ ტომებს მიმოსვლა შეეფერხებინათ (1769 წელს ოსები რუსეთის ჯარს თავისუფლად ატარებდნენ და ეხმარებოდნენ კიდეც ხიდების შეკეთებასა და ტვირთების გადატანაში).
1770 წლის 11 ივლისს ყიზლარის კომენდანტი ნეიმჩი რუსეთის მთავრობას აუწყებდა: უკმაყოფილების გამო ახლა მთიელმა ტომებმა დაიწყეს გზებზე რუსების გატარების შერფერხება და აცხადებენ, რომ სრულებით არ გაგატარებთო (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, л. 663).
1770 წლის (წერია 1771, მაგრამ მგონი შეცდომა უნდა იყოს – ი. ხ.) 22 სექტემბერს იგივე კომენდანტი აცნობებდა მთავრობას: თუმცა 11 ივლისის პატაკით გაცნობებდით, რომ მთიელები შიკრიკებისა და ჯარების გატარებაზე უარს აცხადებენ, მაგრამ კაცი გავგზავნე და ფიცი მომცეს, რომ ასეთი რამ არ განმეორდებაო (აქვე ურთავდა ნეიმჩი ოსი მამასახლისების მიერ მიღებული ფიცის წიგნების ასლებს) (იქვე, 716-718, 719-722, 723-724).
ფიცის წიგნებიდან არაფერი გამოვიდა და ნეიმჩი იძულებული გახდა ერეკლესათვის მიემართა. 1770 წლის 30 ოქტომბერს იგი სწერდა ერეკლეს: თქვენი ბრწყინვალებისათვის ალბათ, ცნობილია, რომ ოსებისა და სხვა ტომების მამასახლისები არა მარტო აფერხებენ გზებზე მიმოსვლას, არამედ კლავენ და ძარცვავენ გამვლელთ; მე შევუთვალე მამასახლისებს ასეთი საქციელისაგან თავი შეეკავებინათ და გაეტარებინათ ხალხი; ამასთან, თანახმად გარიგებისა, ხიდები დაეცვათ. ფიცი მომცეს, მაგრამ ამის მიუხედავად გაძარცვეს ორი რაზმი, ერთი საქართველოდან მომავალი, მეორე მათ შესახვედრად აქედან გაგზავნილი; ვთხოვ თქვენს ბრწყინვალებას ახმატი (ჩიმის მამასახლისი) დააკავოთ და სანამ მისი შვილები ნაძარცვს უკან არ მოიტანენ, არ გაუშვათ; თქვენი მხრივ გააფრთხილეთ სხვა მამასახლისებიც, რომ საქართველოდან მომავალ ან საქართველოსაკენ მიმავალს რაზმს და შიკრიკებს წინააღმდეგობას ნუ გაუწევენ, ხიდები შეაკეთონ (ოსები 1769 წელსაც ანგრევდნენ ხიდებს, მაგრამ ერეკლეს გამოთქმა რომ ვიხმაროთ «ნივთთა სიხარბისათვის», რათა ხიდის გასაკეთებლად ხელახლა მიეღოთ ტილო, რაც შეეხება წინააღმდეგობას გატარებაზე, ცნობილი არაა); ვთხოვ თქვენს ბრწყინვალებას, სასტიკი სასჯელით აუკრძალოთ მთიელ ტომებს ასეთი საქციელი (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, лл. 773-774).
ძნელი დასანახი როდია, რომ ნეიმჩი უძლური აღმოჩნდა მოეგვარებია გზა. გზის მოგვარება შეეძლო ერეკლეს და თავის დროზე საამისო გარანტიასაც იძლეოდა (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, лл. 773-774). მაგრამ ნეიმჩს დაავიწყდა ერთი რამ, სახელდობრ, მეფეს რომ ეს საქმე გაეკეთებია, საამისო ხალისი და შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა; ტოტლებენის გამოსვლის შემდეგ ერეკლეს ხალისიც დაეკარგა და შესაძლებლობაც წაერთვა.
ამასთან, დარიალის გზის საკითხის მოგვარება და რუსებისათვის ტრანსპორტით დახმარება ერეკლეს დავალებული ჰქონდა არაგვის მოურავ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილისათვის. იგი ამ საქმეს გარკვეულ დრომდე კარგად უძღვებოდა. აწყურთან ღალატის შემდეგ ტოტლებენმა «ჩამოვლო რა ქართლი უსამართლობითა, მოსრულმან დუშეთად, წარიტაცნა ზარბაზანნი, დუშეთის ციხეში კაცნი შეიყვანნა... და თვინიერ შემოკითხვისა ჩვენისა – წერდა ერეკლე ნ. პანინს 1770 წლის 4 ივლისს – მბრძანებლობს და რაცა ჰნებავს მას ჰყოფს: ჯარი გამოუსივა ანანურითგან არაგვის მოურავს კნიაზ ქაიხოსროს, რომელიც დიდად სამსახურად აღმოჩენილ არის მ. ი. დ. ჯარის გადმოსვლაზედ სურსათის მიცემით, არტილერიის გადმოტანით... ამიტომ რომ რუსეთის იმპერიას მახლობელი რომელიმე ჩვენის ქვეყნის სამზღურები და გზები მას აბარია; მოურავი სულ აიკლო და მოურავი გაქცეული ივლტოდა ცოლ-შვილით...» (Грамоты, II, в. I, 44-45). ამ წერილის პარალელურად რუსეთში გაიგზავნა ტოტლებენის ნაძარცვის სიაც (იქვე, 18-19, 49). არაგვის მხარიდან გამოდევნილი, გაძარცვული და აკლებული მოხელე, ბუნებრივია, საქმეს ვერ მოაგვარებდა. გარდა ამისა, რუსეთისადმი ერთგულად ნამსახური კაცის მიმართ ასეთი მოპყრობა ხომ გაკვეთილი იყო ოსი მამასახლისებისათვის; მით უმეტეს, რომ მათ 1770 წლის იანვარში, როგორც ზემოთ გვქონდა აღნიშნული, ტოტლებენისაგან საკმაოდ იწვნიეს.
ავანტიურის ჩაშლისა და იმერეთში გადასვლის შემდეგაც ტოტლებენს ერეკლე მეფისადმი მტრობაზე ხელი არ აუღია, რის გამოც გართულდა ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობა. რაკი ახალციხეზე ლაშქრობა არ განახლდა, ახალციხის ფაშამ ლეკებთან კავშირი შეინარჩუნა და ლეკთა თარეში ქვეყანაში გაძლიერდა; შემორიგებული ჭარელებიც აიშლნენ; ერევნის ხანმაც «აიხადა საფარუჱლი საქართუჱლოსი», დაარღვია «მორჩილების პირობა» და თურქებთან კავშირი დაამყარა; «ეს ყოველი ღრაფ ტოტლებენის მიზეზით» მოხდა, როგორც ამის შესახებ ერეკლე II სამართლიანად სწერდა ნ. პანინს 1770 წლის 9 ოქტომბერს (Грамоты, II, в. I, 61-63).
ერეკლეს ისღა დარჩენოდა, რომ ნეიმჩის თხოვნით ჩიმის მამასახლისი დაეპატიმრებია და ამით ჩრდილო-კავკასიელი ოსების გადაეკიდებია.
გზის საკითხი რთულ პრობლემად იქცა. რუსეთის მთავრობამ სცადა მოეგვარებია გზა. გზის საკითხის შესასწავლად და «კორდონების» დასაწესებელი პუნქტების შესარჩევად 1770 წლის დეკემბერში სპეციალური დავალებით გაიგზავნა პოლკოვნიკი ლევინი. მისი მოხსენებების საფუძველზე ასტრახანის გუბერნატორი ბეკეტოვი 1771 წლის 18 იანვარს მთავრობას ატყობინებდა: კორდონების დაწესება შეუძლებელია, უშიშარი მიმოსვლის უზრუნველსაყოფად და ხიდების დასაცავად საჭიროა მთიელ ტომთა მამასახლისებს წლიური ხელფასი დაენიშნოთო (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, л. 956 და ა. შ.).
1770-1771 წლის ზამთარში რუსეთის მთავრობამ გზის საკითხი ვერ მოაგვარა. ყიზლარის კომენდანტს კორპუსი რომ მოემარაგებია, საჭირო იყო გამოეყო დიდი რაზმი ტრანსპორტის გასაცილებლად, ათასობით არშინი ტილო გაეცათ საჩუქრად; ამასთან, რაც მთავარია, საჭირო იყო დიდი რაოდენობით საბარგო ცხენები, რაც ფაქტიურად მას არ გააჩნდა. ამიტომ იყო, რომ ტოტლებენის გაგზავნილი ოფიცრები თვეობით ყიზლარში ისხდნენ, ხოლო თუ რაიმე იგზავნებოდა, მთიელი ტომები გზაში იტაცებდნენ და ჯარი მოუმარაგებელი რჩებოდა (იქვე, 730-731, 856-857, 996-998, 990, 1000, 921-923, 1000-1004).
აი რატომ იყვნენ საექსპედიციო კორპუსში ჯარისკაცები თითქმის ყველანი ტანშიშველი და ფეხშიშველი, და რომ ჰუსარებს სხეული დაეფარათ, ტოტლებენი იძულებული გახდა ბრძანება გაეცა უნაგირებიდან ტოლჩები აეძროთ და შარვლები შეეკერათ (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, л. 883).
ნეიმჩს ესმოდა, რომ გზის საკითხის გართულების მიზეზი ტოტლებენის მოქმედება იყო, მაგრამ ამას ადრე გაბედულად ვერ ამბობდა. შეიტყო რა ტოტლებენის განთავისუფლების ამბავი, 1771 წლის 11 მარტს ნეიმჩმა სამხედრო კოლეგიას აცნობა, რომ ტოტლებენს ერეკლესთან უთანხმოება რომ არ ჰქონოდა და დახმარება აღმოეჩინა, ტვირთის გაგზავნა არ შეფერხდებოდაო, ახლა ერეკლეს დახმარების იმედით შტეინის მეთაურობით ტრანსპორტი გავგზავნე, ხუთ დღეში მეორე ტრანსპორტსაც ვაგზავნიო (იქვე, 921-923).
რატომ ჰქონდა ნეიმჩს ერეკლეს დახმარების იმედი?
1771 წლის 9 მარტს ნეიმჩმა წერილი გაუგზავნა ერეკლეს, რომლითაც აცნობებდა ტოტლებენის განთავისუფლებას და აიმედებდა საქმე შენს სასარგებლოდ შეტრიალდებაო; თანაც სთხოვდა, შენი ქვეშევრდომები მომაშველე ტრანსპორტის საქმეშიო (იქვე, 925-926). საფიქრებელია ნეიმჩმა ანალოგიური ცნობა გაუგზავნა მთიელ ტომებსაც.
1771 წლის 4 მაისს ნეიმჩი რუსეთის მთავრობას აუწყებდა პირველი ორი ტრანსპორტი ოსებმა, სათანადო საფასურის გადახდის შემდეგ, მშვიდობით ჩაიტანეს, დამატებითი ჯარიც ყაზბეგში მშვიდობით იქნა გადაყვანილი; ჩემი თხოვნით ერეკლე მეხმარება და მის ქვეშევრდომებს ბარგი გადააქვთ, ოსები წინანდელისაგან განსხვავებით კეთილგანწყობილნი გახდნენ და მცირე ხელფასს იღებენ, გზაზე ახლა არავითარი საშიშროება არ არის, ერთ კაცს შეუძლია უიარაღოდ იმგზავროს, ოსებისაგან კარგის მეტს არაფერს ველიო (იქვე, 950).
ძნელი დასანახი როდია, რომ ტოტლებენის საეჭვო საქციელმა აამხედრა მთიელი ტომები; მეფეც, ამავე მიზეზით, გულგრილად მოეპყრო გზის მოგვარებას და თითქმის მთელი წლის განმავლობაში დარიალის გზა ფაქტიურად ჩაკეტილი აღმოჩნდა.
ტოტლებენის საქციელის უარყოფითი შედეგები ზემოაღნიშნულით არ ამოიწურება. მან ფაქტიურად ჩაშალა საომარი კამპანია ყველაზე მოსახერხებელ ვითარებაში, რითაც საქართველოსთან ერთად რუსეთსაც დიდი ზიანი მიაყენა.
1770 წლის ზაფხული ომის ცენტრალურ ფრონტზე რუმიანცევის მიერ ჩატარებულ ბრწყინვალე ოპერაციებს ლარგსა და კაგულთან დიდი შედეგები მოჰყვა: თურქეთის მთავარი ძალები სასტიკად დამარცხდნენ და საომარი ოპერაციები დუნაიზე იქნა გადატანილი. მეორე არმიაც წარმატებით იბრძოდა – ბენდერის ციხის წინააღმდეგობა გატეხილ იქნა, ყირიმელი თათრებიც ბლოკირებული იყვნენ. რუსეთის ფლოტმა ჩესმასთან თურქეთის ფლოტი გაანადგურა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გაბატონდა. ასეთ ვითარებაში თურქეთს კავკასიის ფრონტზე ძალების გადმოსროლის საშუალება არ ჰქონდა. რაკი ახალციხის ფაშის ჯარები განადგურებულ იქნენ ასპინძასთან, საქართველოდანაც საბრძოლო ოპერაციების გაშლა წარმატებით შეიძლებოდა ჩატარებულიყო, რომ ტოტლებენს საქმე არ ჩაეშალა (სპეციალური დავალებით გამოგზავნილი იაზიკოვი უძლური აღმოჩნდა მოეგვარებია საქმე და ტოტლებენი სასურველ გზაგე დაეყენებია, ხოლო მოურავოვის შემცვლელი კაპ. ლვოვი მალე თვით გახდა დევნის ობიექტი და დაპატიმრების შიშით სოლომონ მეფის კალთას აფარებდა თავს).
იაზიკოვი და ლვოვი ტოტლებენის მიერ სომარი კამპანიის ჩაშლას ტოტლებენის პატივმოყვარეობითა და სიხარბით ხსნიდნენ. პროფ. ცაგარელიც (შდრ. Грамоты, стр. XX-XXIII) მკითხველის ყურადღებას ამ მიმართულებით ამახვილებს.
შესაძლებელია, მართლა მარტო ეს იყო მიზეზი, მაგრამ ესეც ხომ დანაშაულია!
ვფიქრობთ, ტოტლებენის მიერ საქართველოს ფრონტზე საომარი კამპანიის ჩაშლის ასახსნელად იაზიკოვისა და ლვოვის თვალსაზრისი საკმარისი არ უნდა იყოს.
1770 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე საომარი კამპანიის გაშლა ყველაზე მიზანშეწონილი იყო ახალციხის მიმართულებით. ახალციხის მიმართულებით საომარი კამპანიის გაშლის ერეკლესეული გეგმა, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ტოტლებენის მიერ მოწონებული იქნა 1769 წელს.
1770 წელს ერეკლემ რამდენჯერმე შესთავაზა ტოტლებენს ახალციხის მიმართულებით კამპანიის განახლება, იაზიკოვიც მხოლოდ ამ მიმართულებით მიიჩნევდა შესაძლებლად, ერეკლესთან კავშირში, კამპანიის გაშლას (იქვე, 230, 238-241, 242-243, 172-179). ტოტლებენმა ახალციხეზე ლაშქრობა არ ისურვა.
ტოტლებენი 1771 წლის 4 აპრილს ქუთაისიდან უპატაკებდა გრაფ ჩერნიშოვს: კორპუსი ქუთაისში დგას, ჯარი კარგ მდგომარეობაშია და პირველი ბრძანებისთანავე მზადაა დაიძრას საომრად. არც თქვენგან და არც იმპერატორისაგან 8 თვეა არავითარი ბრძანება არ მიმიღია, როგორ ვიმოქმედო; ვრჩები აქ, რადგანაც ველოდები შემცვლელ გენერალს. ერთი წელია ვითხოვ, მაგრამ ყიზლარიდან საჭირო საჭურველი არტილერიისათვის არ მიმიღია. ამიტომ სარტილერიო ბომბები, რომელიც თადარიგში მაქვს თოფისწამლის უქონლობის გამო, იძულებული ვარ «წმინდად შევინახო» (ჩვენ არ ვჩერდებით პატაკის წინააღმდეგობრივ შინაარსზე: თუ საჭურველი არ არის, ჯარი ბრძანებისთანავე საომრად როგორ დაიძრება?), ერეკლე და იაზიკოვი მოითხოვდნენ საომარი კამპანიის დაწყებას ახალციხისაკენ, მაგრამ ახალციხეზე ლაქრობის ქართლიდან დაწყება შეუძლებლად მიმაჩნია: ბაღდადიდან გზა უკეთესია, იმერეთიდან უფრო მოხერხდება ჯარის მომარაგება; ქართლიდან გზა ძნელია, სოფლები, ერეკლეს გასული წლის ლაშქრობის შედეგად, დარბეულია და სურსათს ვერ ვიშოვნით. თუ ერეკლეს რჩევა იქნა მიღებული და კორპუსი თბილისიდან გავიდა ახალციხისაკენ, იგი დაიღუპება და საბოლოოდ უნდა დავემშვიდობოთ. თუ ჯერ ერეკლე წავა, ახალციხეს ბლოკადაში მოაქცევს, იქიდან ყარსის მხარეზე განავითარებს ოპერაციებს, შემდეგ მეც წავალ ახალციხისკენო, მათი (ერეკლეს და იაზიკოვის?) სურვილია, კორპუსმა იმერეთი დატოვოს, რათა ყაბარდოელებს, ოსებს, ყუბანელებს, აფხაზებს თურქებთან თავისუფალი კომუნიკაციები ჰქონდეთ და ჩემი შრომა ტყუილა დაიკარგოს. გარდა ამისა, ახალციხესთან მტერმა ჯარებს თავი მოუყარა, ჩვენი ჯარი კი მცირეა, თუ რუსეთის ჯარი და ადგილობრივი ჯარები მტრის სხვადასხვა ადგილებში, ე. ი. «სომხეთში, ალმაზიაში, ნატალიასა და სხვა ადგილებში დივერსიას მოაწყობენ, ახალციხესთან თავმოყრილი ჯარები სხვადასხვა ადგილას გაიფანტება და მტრის გეგმა ჩაიფუშება; აი რაზე ვმუშაობ დღე და ღამე და მეფეებს და მთავრებს თხოვნითაც და ძალითაც ვაიძულებ ეს შეასრულონ» (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. II, лл. 795-798).
ტოტლებენის აღნიშნული გეგმის კრიტიკაც კი ზედმეტად მიმაჩნია. ვფიქრობთ სწორი ვიქნებოდით თუ მას არა საომარი კამპანიის გაშლის, არამედ მისი ჩაშლის გეგმას ვუწოდებდით.
ტოტლებენმა სუხოტინს უფრო «დამუშავებული გეგმა» დაახვედრა, რაზედაც სამხედრო კოლეგიის მეთაურს პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ, 1771 წლის 19 ივლისს, მოახსენებდა: 14 მაისს სუხოტინს კორპუსი კარგ მდგომარეობაში ჩავაბარე, თან რჩევაც მივეცი: კორპუსით აუცილებლად შავი ზღვისაკენ დაიძრას, ქართლში არ დაბრუნდეს, ახლა შედეგები მოსალოდნელია ბათუმ-ტრაპეზონის ან ყირიმის მიმართულებით, ან კიდევ დადგეს შავი ზღვის სანაპიროებზე ანაკლიიდან კინტრიშამდე, სანამ აზოვთან კომუნიკაციები დამყარდებოდეს; უკეთესი იქნებოდა, თუ თბილისიდან წამოყვანილ ირაკლის თავადებს თავისი ხალხით, ცხენებითა და ხარებით უკანვე გაგზავნით და კავშირს დაამყარებს დადიანთან, თავდგირიძესთან, რომლებიც მზად არიან საომრად (ჩანს, ტოტლებენს აშინებს სუხოტინის კავშირი ერეკლესთან).
იქვე განაგრძობს ტოტლებენი, რომ შეუძლებელია მეფეებისა და მთავართა ძალების გაერთიანება და თურქების წინააღმდეგ გამოყენება, რადგან ისინი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულნი, ქართველები ირეგულარული ხალხია, გარდა ძარცვისა, არაფერი ეხერხებათ; მეფეებს ომი თურქეთის წინააღმდეგ არ სურთ; ერეკლეს ერთადერთი სურვილია რუსეთის ჯარი და ხაზინა სპარსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს, სოლომონი კი დადიანისა და გურიელის წინააღმდეგ იბრძვის, რასაც მე არ შემიძლია დავეთანხმო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. II, лл. 788-792).
ქვემოთ ტოტლებენი აცნობს ჩერნიშოვს საომარი კამპანიის საკუთარ გეგმას: «ახლანდელ კამპანიაში ოპერაციის ჩემი გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ მეფე ერეკლე ახალციხისა და ყარსის მხარეს, სოლომონი – დიდ ყაბარდოს, ხოლო დადიანი ყუბანს დასხმოდა თავს და მტრულად ებრძოლათ თურქების წინააღმდეგ. რუსის კორპუსს 2 ათას გურულთან ერთად ბათუმისა და ტრაპიზონის წინააღმდეგ წავიყვანდი სამოქმედოდ, რითაც მ. ი. უ. განზრახვით მტერი სხვადასხვა ადგილებში შეწუხდებოდა, თავის ძალებს დაქსაქსავდა, აქტიური მოქმედება კი მტრისაგან რუსეთის შეწუხებას უვნებელს გახდიდა და მდგომარეობას შეამსუბუქებდაო» (იქვე).
ასეთი იყო სამხედრო უმოქმედობის გეგმა თავისი დასრულებული სახით.
ამ გეგმას რეალურ შესაძლებლობასთან საერთო არაფერი აქვს. მას შეეძლო მხოლოდ შეცდომაში შეეყვანა მთავრობა, რომელსაც ადგილობრივ პირობებზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
რუსეთის მთავრობა იბრძოდა საქართველოს ძალების გაერთიანებისათვის, რათა მტრის ძალები საქართველოს ფრონტზე მოეზიდა, ხოლო ტოტლებენი – მისი დაქსაქსვისათვის; რუსეთი იბრძოდა ომში ერეკლეს მისამხრობად, ტოტლებენი – ერეკლეს ჩამოსაცილებლად. ამიტომ ურჩევდა იგი სუხოტინს ერეკლეს გამოტანებული ხალხი უკანვე გაგზავნეო, არწმუნებდა სუხოტინს და რუსეთის მთავრობას, რომ ერეკლეს, ასპინძის გმირს, თურქებთან ომი არ სურსო.
არა გვგონია ჭკუათმყოფელს თუ მოუვიდოდა აზრად სოლომონ I-ის ყაბარდოში, ხოლო დადიანის ყუბანში გაგზავნა. რა შეეძლო ტოტლებენს (ან სუხოტინს) გაეკეთებია ტრაპიზონის მიმართულებით, როცა ჯარი, თვით ტოტლებენის განცხადებით (1771 წლის მარტი), ბრძოლის უნარდაკარგული, მომავალი კამპანიისათვის გამოუსადეგარი იყო? ნუთუ ტოტლებენმა ფოთის კამპანიის შემდეგ მაინც არ იცოდა, რომ თავდგირიძის დახმარებით ტრაპიზონში ჩასვლას ვერ შეძლებდა?
გარდა ამისა, ტოტლებენი რუსეთის მთავრობას მეგობრებად უხატავდა დადიანს და გურიელს, ეს მაშინ, როცა თვითონ ტოტლებენი არ ფარავდა, რომ დადიანის ხელშეწყობით იქნა გატაცებული რუსეთის კორპუსის ცხენები; მაშინ, როცა საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ გურიელს არც გაუფრთხილებია რუსეთის ჯარი თურქების მოახლოვებაზე, პირიქით, გზა მისცა მათ. კორპუსი დაღუპვისაგან იხსნა სოლომონ მეფემ გურიაში შეჭრით, მაგრამ ტოტლებენი სოლომონს მაინც ლანძღავდა.
ტოტლებენი ერეკლეს რუსეთის მთავრობას თურქეთის აგენტად წარმოუდგენდა და აუწყებდა მთავრობას – სულთნისაგან საჩუქრები მოსდისო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. II, лл. 953-955).
ტოტლებენის საქმიანობის შესწავლა გარკვეულ საფუძველს იძლევა 1770 წლის დასაწყისიდან მის საქმიანობაში ეჭვი შევიტანოთ.
ქართველების ლანძღვა, ოფიცრებისათის ცილის დაწამება და მათი განდევნისათის ნიადაგის მომზადება 1770 წლის დამდეგიდან იწყება (იხ. ჩვენს მიერ გამოვლენილი და ცაგარელის მიერ გამოქვეყნებული საბუთებიც. შდრ. Грамоты, I, 196-216). ახალციხეზე ლაშქრობის საზეიმოდ აღიარებული გეგმის უარყოფა, აწყურთან ღალატი, ავანტიურა, ერეკლესთან და სოლომონთან ერთად მოქმედების უარყოფა, ახალი «შეთქმულების» მომზადება, იაზიკოვის, ლვოვის, კლავერისა და მარკოვის განსადევნად და ბოლოს საომარი მოქმედების ახალი «გეგმა» – ყოველივე ეს შეუძლებელს ხდიდა თურქეთის წინააღმდეგ სერიოზულ მოქმედებას და მათ ნამდვილად აძლევდა შესვენების საშუალებას საქართველოს ფრონტზე.
არსებობს საბუთები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ტოტლებენმა 1770 წლის დასაწყისში კავშირი დაამყარა ახალციხის ფაშასთან. ამ მხრივ ყაზანის სასამართლოს ოქმებმა საყურადღებო ცნობები შემოგვინახა.
დეგრალი 1770 წლის 4 ოქტომბერს სასამართლოს უჩვენებდა: «მე გამომიძახა გრაფმა ტოტლებენმა... მიბრძანა ახალციხის ფაშასთან მიმეწერა პირველი წერილი შემდეგი სიტყვებით: რამდენიმე დღის წინათ ჩემი რაზმიდან გაიქცა შვიდი ჰუსარი ქართველი თრჯიმნით და იმყოფება ხსენებულ ფაშასთან. თხოვდა მას, რომ რომ ისინი მისთვის გამოეგზავნა, აეღო მათი გამოსასყიდი ფასი ან თურქებში გაეცვალა, რომლებიც მას არ ჰყავდა. ბოლოს უცხადებდა მას, რომ მას იგი (ფაშა) ელოდეს სტუმრად 50 ათასიანი ჯარით. მეორე წერილი, ფრანგულ ენაზე მისი (ტოტლებენის) ხელით დაწერილი, რომელიც მან მიბრძანა მოსულ რემენნიკოვისა და ოფიცრებისათვის გადამეთარგმნა. იგი მე მაშინ გადავთრგმნე. თითოს ახალციხის ფაშამ აცნობა მას, რომ მან (ფაშამ) უბრძანა თავის თურქებს, თუ ისინი რუსეთის სარდლის თავს მოუტანენ, ათას თუმანს მისცემს, თუ ოფიცრისას – 100 მანეთს, კაზაკისას – 10 მანეთს, ხოლო გრაფმა ტოტლებენმა წერილში ჩადო ხუთი კაპიკი ფაშის ტყავის საფასოდ, გაუგზავნა თუ არა ეს წერილი, არ ვიცი». შემდეგ განაგრძობდა დეგრალი: «დეკემბრის დასაწყისში ვიღაცამ მოიყვანა შეპყრობილი ჯაშუში, ტომით ებრაელი, რომელიც, როგორც მე ბევრისაგან გავიგონე, მოგზავნილი იყო ახალციხის ფაშისაგან. იგი თვეზე მეტხანს იყო დამწყვდეული ცხინვალის ციხეში ძლიერი დაცვის ქვეშ. რის შემდეგ გრაფმა გამოიძახა დასახელებული ებრაელი და მიბრძანა მე მისი (ტოტლებენის) ბრძანებით მისივე მდივნის, რომელიც მასთან იმყოფებოდა, ქრისტიანი ზიგეს ხელით დაწერილი წერილი ამ ებრაელისათვის მიმეცა და ამასთანავე მიმეცა 7 მანეთი, თვით კი განუცხადა მას (ჯაშუშს), რომ თუ ის მასთან დაბრუნდებოდა და პასუხს მოუტანდა, მისცემდა 100 მანეთს; წერილის შინაარსი მე არ ვიცი, და არვისგანაც გამიგონია, მაგრამ როდესაც მე მეფესთან ვიყავი, მეფემ მკითხა, რა შემთხვევით გაუშვა გრაფმა პატიმრობიდან ის ებრაელი, რომელიც ჯაშუშად ითვლებოდა. ამაზე მე ვუპასუხე, რომ არ ვიცი, რისთვის ბრძანა გრაფმა მისი გაშვება მეთქი» (ЦГВИА, ф. 8, св. 7, оп. 94, д. 55, лл. 276-290).
ფულის გაცემის უწყისში ნაჩვენებია: რომ ახალციხეში გაიგზავნა ყიზლარელი აზნაური ნიკიტა ჩორნი სამი კაცით, რომელსაც მიეცა 33 მანეთი; ახალციხეში გაიგზავნა ქართველი აზნაური მაკარი ჯაშუშის მოსაყვანად, რომელსაც მიეცა 50 მანეთი; ებრაელ ჯაშუშს, რომელიც ახალციხეში გაიგზავნა, მიეცა 7 მანეთი (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 397-398). დანახარჯები 1769 წლის 31 დეკემბრის და 1770 წლის 1-3 თებერვლის უწყისებს და პატაკებს ერთვის, რომლებიც ერთად გაეგზავნა სამხედრო კოლეგიას.
დეგრალის ჩვენებაში არაფერია ისეთი, რისი დასაბუთებაც არ ხერხდებოდეს. მისი ჩვენება მეტად თავშეკავებულია. ცდილობს რაიმე არ წამოსცდეს და ამტკიცებს, რომ მე არ გამიბედავს და არც მიწოდებია სადმე ტოტლებენისათვის გამცემელიო.
დეგრალის ჩვენების დანარჩენი ნაწილი ფარდას ხდის ტოტლებენის სიხარბესა და უსინდისობას, უჩვენებს თუ როგორ არღვევდა ტოტლებენი მთავრობის მიერ მიცემულ ინსტრუქციებს, რომელსაც პირადად უთარგმნიდა რუსულიდან და სხვა. ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ დეგრალის პირდაპირობას და სიმართლეს იძულებული გაუხდია ბრანდტი, რათა საქმე არ გამწვავებულიყო, ახალციხის ფაშასთან ტოტლებენის ურთიერთობების შესახებ ძიება არ გაეგრძელებია.
ტოტლებენის მიმოწერა ფაშასთან, ჯაშუშის განთავისუფლება და ახალციხეში გაგზავნა უცილობელი ფაქტია. ტოტლებენის ოფიციალური ურთიერთობა ფაშასთან მის საეჭვობას დღის წესრიგიდან არ ხსნის (შვიდწლიან ომშიც ტოტლებენის ჯაშუშობა ასეთივე მეთოდით წარმოებდა). ამალითა და ჯარით გარშემორტყმული გენერალი, ბუნებრივია, სხვაგვარად უცხოეთის დაზვერვას ვერ დაუკავშირდებოდა.
დეგრალი სასამართლოს აუწყებდა კიდევ ერთ საინტერესო დეტალს: ტოტლებენი რუსეთის მთავრობას არწმუნებდა, რომ ერეკლეს თურქების წინააღმდეგ ომი არ სურს, მხოლოდ ირანის წინააღმდეგ სურს ომიო; მე ვიცოდი, ერეკლეს ასეთი განზრახვა არ ჰქონდა, მაგრამ ვერ გავბედე გრაფისათვის მეთქვა, რატომ მაწერინებდა ასეთ წერილებს პეტერბურგში გასაგზავნად; მე ეს ვუთხარი მოურავოვს, რომელმაც ეს ამბავი აცნობა მეფეს. როდესაც მეფე გრაფს შეხვდა, მას მოსთხოვა განემარტა მიზეზი. ტოტლებენმა დაუწყო მტკიცება მეფეს, რომ ასეთი რამ პეტერბურგში არ მიმიწერიაო და მოსთხოვა მას ვისგან გაიგო, მაგრამ მეფემ მე არ გამცა. გრაფმა გამომიძახა და მითხრა: შენ ხომ არ გიცნობებია, მე არ გამოვტყდი; შემდეგ გრაფმა ამიკრძალა მოურავოვთან შეხვედრა და საუბარი და გამომიცხადა, რომ მოურავოვი საეჭვოაო. შემდეგ მოურავოვს არც შევხვედრივარ სამსახურიდან ჩემს განთავისუფლებამდე, ე. ი. 11 აპრილამდე (ЦГВИА, ф. 8, св. 7, оп. 94, д. 55, лл. 276-290). საინტერესოა, რომ ტოტლებენი ამ ამბების შემდეგ დეგრალის კი არ აპატიმრებს, არამედ აწინაურებს – ობერ-ოფიცრის წოდებას აძლევს და ისე გზავნის რუსეთში. ალბათ, ეშინოდა არ გამცესო.
მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ტოტლებენი უცხოეთის აგენტი, ერთი რამ სადავოდ არ მიგვაჩნია: ტოტლებენმა ფაქტიურად ჩაშალა საომარი კამპანია საქართველოს ფრონტზე 1770-1771 წლებში, რითაც რუსეთს მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე 1761 წელს (ტოტლებენი შვიდწლიან ომში /1756-1763 წწ./ რუსეთის კორპუსს მეთაურობდა. ტოტლებენის მიერ ფრიდრიხ II-თან მიმოწერის გამართვის შემდეგ, რუსი ოფიცრები ეჭვში შევიდნენ და ტოტლებენის აგენტი შეიპყრეს ფრიდრიხ II-თვის გადასაცემი რუსეთის გენ. შტაბის საიდუმლო გეგმებით. ოფიცრებმა ტოტლებენი დააპატიმრეს, ხოლო სამხედრო სასამართლომ მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. ეკატერინე II-მ ტოტლებენი შეიწყალა და 1763 წელს განაჩენი შეუცვალა ჩინების აყრითა და რუსეთიდან გაძევებით. ამასთან, რუსეთის ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში ყოველ მოქალაქეს შეეძლო იგი, როგორც რუსეთის მოღალატე, მოეკლა, რისთვისაც პასუხს არ აგებდა /Сб. РИО, т. 7, стр. 372-373/.
1769 წლის მაისში ეკატერინეს მიუღია ტოტლებენის წერილი, რის გამოც ნ. პანინს სწერდა: «... Получила я письмо от Тотлебена, в котором просит, чтоб я ему приказала голову отсечь, или сослать в Сибирь в отдаленнейшее и мне благоугоднейшее место, и для того он у Брауна явиться будет, чтоб ожидать мое повеление, и что он никак нигде жить не может, и естьли не боялся душу погубить, зарезался бы. Мне кажется, что можно бы ему позволить иметь убежище где нибудь в России, в Сибири. Что вы об этом думаете?» /Сб. РИО, т. 10, стр. 349-341/. 1769 წლის ივნისში ტოტლებენი შეიწყალეს და საქართველოში გამოგზავნილი ჯარის მეთაურად დანიშნეს). რა თქმა უნდა, ამ საქმეში სარდლის უფლებრივმა მდგომარეობამ, პეტერბურგის სიშორემ (საქართველოდან სასწრაფო წერილი 40-45 დღეში ჩადიოდა პეტერბურგში) და საქართველოს რთულმა საშინაო პირობებმა გარკვეული როლი ითამაშეს.
ტოტლებენის, უცხოეთის ამ ყოფილი ჯაშუშის, ისეთ რთულ და საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნით, როგორიც საქართველოში გამოგზავნილი ჯარის სარდლობა იყო, რუსეთის მთავრობამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, რითაც როგორც საკუთარ ქვეყანას, ისე საქართველოსაც დიდი ზიანი მიაყენა.
6. საომარი კამპანია 1771 წელს და რუსეთის ჯარის გაწვევა საქართველოდან
ტოტლებენის ეჭვებს რუსი ოფიცრებისა და ქართველების მიმართ მალე დაურწმუნებია ეკატერინე II, რომ ტოტლებენს საქართველოში საქმის ჩაშლა უფრო შეეძლო, ვიდრე მისი რუსეთის სასარგებლოდ წარმართვა და პანინისათვის მიუწერია საჭიროა ვინმე სხვა დაინიშნოსო (Сб. РИО, Х, 441). მაგრამ 1770 წლის მაისში ტოტლებენის წინააღმდეგ ოფიცრების აშკარა გამოსვლის შემდეგ რუსეთში ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს ქვიშხეთში გახსნილი «შეთქმულება» საეჭვო არ უნდა ყოფილიყო და ტოტლებენის განთავისუფლების ნაცვლად წინა პლანზე მოურავოვის განთავისუფლების საკითხი წამოწეულა, თუმცა არც ტოტლებენის განთავისუფლების საკითხი მოხსნილა დღის წესრიგიდან, როგორც ამას ეკატერინე II-ის 1770 წლის 20-22 ივნისის წერილი მოწმობს (იქვე, 442). საექსპედიციო კორპუსში წესრიგის აღდგენის მიზნით საქართველოში კაპიტანი იაზიკოვი გამოგზავნეს. იაზიკოვის მოხსენებებით რუსეთის მთავრობა დარწმუნდა, რომ ტოტლებენი საქმისათვის გამოუსადეგარი იყო და 1770 წლის დეკემბერში კორპუსის უფროსობისაგან გაანთავისუფლეს. კორპუსის მეთაურად გენერალი სუხოტინი დაინიშნა.
სუხოტინის დანიშვნა შეცვლილ ვითარებაში მოხდა, რის გამოც მისი სამოქმედო ინსტრუქცია პრინციპულად განსხვავდებოდა მოურვოვ-ტოტლებენის სამოქმედო ინსტრუქციისაგან.
1771 წლის 13 იანვარს ეკატერინე II გენერალ სუხოტინს ასეთ დარიგებას აძლევდა: 1. ჩვენი განზრახვა იყო და არის ქართველების თურქეთის წინააღმდეგ ომში გამოყენება. საქართველოს შემოერთებას ჩვენ ამჯერად ამოცანად არ ვისახავთ (ე. ი. ზედმეტია ის, რასაც ტოტლებენი გვთავაზობდა); 2. «დივერსია» უნდა მოეწყოს შემდეგნაირად: კარგი იყო, რომ ქართველებს შეძლებოდათ ომის წესიერად წარმოება. რა თქმა უნდა, ამას დიდი შედეგები მოჰყვებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი რამ შეუძლებელია. ქართველებს ძარცვა და მიხდომა ემარჯვებათ და ასეც იმოქმედონ, რათა თურქები შეაწუხონ. ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული, რომელ მიმართულებით დაინახავთ საჭიროდ მათ გასამხნევებლად ჯარის მიშველებას. შეგიძლიათ შეუდგეთ ციხეების ალყასაც და სხვა. ამის უფლებას არ გართმევთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ძალები და ისიც, რამდენად შეგიძლიათ დაენდოთ ქართველების იმედს; 3. ტოტლებენის დაწყებული საქმე, ქართველების რუსეთის ერთგულებაზე ძალით დაფიცება – თუ ქართველების ომში მონაწილეობას ხელს შეუწყობს, შეგიძლიათ გააგრძელოთ, უამისოდ ზედმეტია. სოლომონისა და დადიანის ურთიერთობის საკითხში იმოქმედე ისე, როგორც რუსეთის ინტერესებისათვის სასარგებლო იქნეს (დადექი იმის მხარეზე, ვინც თურქეთის წინააღმდეგ საომრად არის სასარგებლო; შეეცადე მათს შერიგებას), ასევე მოიქეცი გურიის საკითხშიც. საქართველოში ჩასვლისთანავე კონტაქტი დაამყარე ერეკლესთან, როგორც უძლიერესთან, თუმცა ტოტლებენი მას საშიშ კაცად ხედავს, მაგრამ იაზიკოვი სხვანაირად უყურებს. იმოქმედე საკუთარი შეხედულებისამებრ; 4. ტოტლებენის მოხსენებებით ქართველები საშიში ხალხია და ფრთხილად იყავი. ამასთანავე შეინარჩუნე შენი მტკიცე პოზიცია და ხელმძღვანელობა, როგორც განათლებულმა, უმეცარი და გაუნათლებელი ქართველების მიმართ; 5. თუმცა ჩვენ თავდაპირველად საჭიროდ და შესაძლებლად ვთვლიდით ესწავლათ ქართველებს არტილერიის საქმე, ქალაქების ევროპულად გამაგრება, თოფისწამლის გაუმჯობესების საქმე და სხვა, მაგრამ, როგორც ტოტლებენის მოხსენებებიდან ჩანს და როგორც საქართველოში მომხდარმა ამბებმა დაგვარწმუნა, ასეთი რამ ზედმეტია (Грамоты, т. I, стр. 469-476).
ძნელი დასანახი როდია, რომ სუხოტინის სამოქმედო ინსტრუქცია არსებითად განსხვავდება პირველი (მოურავოვის) ინსტრუქციისაგან, რაც განაპირობა, ჯერ ერთი, 1770 წელს ომის ცენტრალურ ფრონტზე მიღწეულმა წარმატებებმა, რის შედეგადაც სასწორი რუსეთის მხარეზე გადაიხარა და საქართველოს მონაწილეობას ომში წინანდებური მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ამიტომ საქართველოს საკითხისადმი წინანდელი მიდგომა აუცილებელი არ იყო; მეორე, ტოტლებენის აშკარად ყალბმა მოხსენებებმა რუსეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ საქართველოდან თითქოს ნამდვილი სამხედრო მოქმედება შეუძლებელი იყო, ხოლო ქართველები საეჭვონი იყვნენ და მათზე დანდობა არ შეიძლებოდა.
ეკატერინეს რომ იაზიკოვისა და ლვოვის 1770 წლის დეკემბრიდან 1771 წლის მარტამდე გაგზავნილი მოხსენებები ხელთ ჰქონოდა და ყაზანის სასამართლოს მასალებიც მთავრობისათვის ცნობილი ყოფილიყო, საფიქრებელია, ინსტრუქცია სხვა იქნებოდა. თავის მხრივ სამხედრო კოლეგიამაც ვრცელი დარიგება მისცა სუხოტინს. გარდა იმისა, რომ სამხედრო კოლეგია აცნობდა მას საქართველოში მყოფი ჯარის მდგომარეობას, 1770 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით ავალებდა ჯარში დაცული ყოფილიყო მკაცრი დისციპლინა, ალაგმულიყო ყოველგვარი თვითნებობა და ადგილობრივი მცხოვრებლების შევიწროვება (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, лл. 809-818).
მთავრობა სუხოტინს მტრის რომელიმე ობიექტის დაკავებას არ ურჩევდა, რადგან ეს შეუძლებლად მიაჩნდა. მას მხოლოდ ქართველთა მოთარეშე რაზმები უნდა გაეძლიერებინა, იმის მიხედვით, როგორც ამას თვითონ სუხოტინი დაინახავდა საჭიროდ (Грамоты, ტ. I, გვ. 470-476).
უმთავრესი ამოცანა, რომელიც სამხედრო კოლეგიამ დაუსახა სუხოტინს, იყო საქართველოდან მოზდოკამდე გზის საკითხის მოგვარება (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, л. 815).
ეკატერინე კი ავალებდა: თუ ტოტლებენს ფოთი აღებული ჰქონდეს, შეინარჩუნე, რადგან ომის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება გამოგვადგესო (Грамоты, I, 469). ეს ამოცანა პირობითი იყო და არა კატეგორიული. ასეთი პირობითი ამოცანის წარმოშობის ინიციატივა უნდა ეკუთვნოდეს ნეიმჩს და არა ეკატერინეს. ნეიმჩი 1770 წლის 5 დეკემბრის პატაკით (რომელიც ანაკლიის, რუხისა და ქალაქ ფოთის დაკავებას აუწყებდა) წინადადებას აძლევდა მთავრობას: მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნება ტოტლებენის კორპუსი დონიდან აზოვ – შავი ზღვით მომარაგდეს, ხაზინისათვის ეს ნაკლებ საზარალო იქნებაო (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, лл. 996-998). ეს პატაკი პეტერბურგში 1771 წლის 1 იანვრისათვის უნდა მიეღოთ. ალბათ იმიტომ იყო, რომ ეკატერინე თავის 13 იანვრის წერილში ფოთის შენარჩუნების საჭიროებაზე მიუთითებდა.
1771 წლის თებერვალში მთავრობამ სპეციალურად იმსჯელა ამ საკითხზე (რადგან ნეიმჩი ამის შემდეგაც იმეორებდა თავის აზრს) და მისი გადაჭრა მიანდო უშუალოდ სუხოტინს (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, лл. 1005-1009), რადგან აზოვ–შავი ზღვის ფლოტის, რომელიც იმ დროს ხელახლა დაბადებას აპირებდა, შავ ზღვაზე გასვლისათვის საკმაო დრო იყო საჭირო. ამიტომ შემთხვევით როდია, რომ ყურადღების ცენტრში კვლავ დარიალის გზის საკითხი იდგა.
ასეთი ამოცანებით გამოისტუმრეს სუხოტინი საქართველოში 1771 წლის ზამთარში. მას თან მოჰქონდა იმპერატორისა და პანინის წერილები ქართველ მეფეებთან, რომლითაც აცნობებდნენ მეფეებს ტოტლებენის «მისივე თხოვნით» განთავისუფლებას და ურჩევდნენ მათ მიეღოთ სუხოტინის რჩევა (უფრო სწორედ – დამორჩილებოდნენ მის ბრძანებას) (Грамоты, I, 265-270).
1771 წლის გაზაფხულზე გენერალი სუხოტინი ყიზლარში მოვიდა. როგორც ზემოთ გვქონდა აღნიშნული, საეჭვო ტოტლებენის განთავისუფლების შემდეგ საშიში დარიალის გზა თითქმის სავსებით უშიშარი გახდა, სადაც, თვით ნეიმჩის სიტყვით, ერთ კაცს უიარაღოდ შეეძლო გავლა და სუხოტინიც უმტკივნეულოდ ჩამოვიდა საქართველოში.
ერეკლემ საზეიმო შევედრა მოუწყო სუხოტინს დუშეთსა და თბილისში. 1771 წლის 13 მაისს სუხოტინი ქუთაისში ჩავიდა.
ტოტლებენი რუსეთის მთავრობას მოახსენებდა: კორპუსი კარგ მდგომარეობაში ჩავაბარე სუხოტინს, ქართველი მეფეების დაუხმარებლად იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში თურქები სულ გავწყვიტე, შორაპნის, ბაღდადის, ქუთაისის, ანაკლიის, რუხისა და კინდრიშის ციხეებს დავეუფლე, ქალაქი ფოთი დავიპყარი, დარჩა ასაღები მარტო ფოთის ციხე; ფოთის ციხესაც ავიღებდი, მაგრამ სამხედრო საბჭომ მაიძულა თებერვალში ალყა მომეხსნა და ქუთაისში დავბრუნებულიყავი იმ დროს, როცა მტრის 6-ათასიანი მაშველი ჯარი გავფანტე და მზად ვიყავი ფოთის ციხის იერიშისთვისო (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. II, лл. 788-792) . აქვე აცნობებდა მთავრობას მის მიერ სუხოტინისათვის შეთავაზებულ «სამხედრო მოქმედების» გეგმას, რომელიც ჩვენ ზემოთ განვიხილეთ.
1771 წლის 5 ივნისს სუხოტინი ჯარის მდგომარეობის შესახებ მთავრობას უპატაკებდა: ჯარისკაცები უკარვოდ, უტანსაცმლოდ, არავითარი ჩინი, არც ერთი ცხენი, არც ერთი უნაგირი (გარდა იმისა, რომ ცხენები გაიტაცეს, უნაგირებიც დაიწვა ხონში), არც ერთი ჩარჩიკი, ქვემეხები უთოფისწამლოდ, ჯარისკაცები უთოფისწამლოდ, არც ერთი ცალი სასანგრო იარაღი, ხაზინა მთლიანად ვალშია, არ არის არავითარი აღრიცხვა. იქვე განაგრძობდა სუხოტინი – გაუშიშვლებია რა კორპუსი, მაბარებს იქამდე უძლურს, რომ ბევრი არ მრჩება, მეც მალე მისი (ტოტლებენის) ამხანაგი გავხდე ამ მხარეში უსარგებლო ყოფნით; მაგრამ ამასაც არ დასჯერდა, შეეცადა სხვადასხვა ხრიკებით, ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდების რუსეთში გაგზავნით, დაესუსტებია კორპუსი; მეც მიმზადებდა ნიადაგს მეფეებთან წასაჩხუბებლად, მარწმუნებდა – მეფეები მოღალატეებიაო (Грамоты, I, 480-481).
ამის პარალელურად 5 ივლისს სუხოტინი სამხედრო კოლეგიას უპატაკებდა, რომ გვჭირდება ფული 117.216 მანეთი და 1389 ცხენი, რომ კორპუსს ბრძოლის უნარი დაუბრუნდესო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 176, д. 3, лл. 33-39). ამასთან სუხოტინი სამხედრო კოლეგიას მოახსენებდა: კორპუსი ფეხშიშველი და ტანშიშველი დამხვდა, ცხენები გატაცებული, უნაგირები და ცხენის მორთულობანი დამწვარი, არ არის კარვები, არ არის სასანგრო იარაღები, «არ მქონდა რა კორპუსში მოსვლმდე ცნობა, არავითარი ზომა ამაზე არ მიმიღია, ამიტომ ვთხოვ სახელმწიფო სამხედრო კოლეგიას, რომ ლეგიონის (მოსკოვის ლეგიონი – ვ. მ.) მეთაურს უბრძანოს მათი სასწრაფოდ გამოგზავნა». და შემდეგ, «ჰუსართა, კარაბინერთა და კაზაკთა ცხენებთან ერთად გატაცებულია პოლკის (ტომსკის პოლკი – ვ. მ.) და საარტილერიო რაზმის ცხენებიც, ახლა კორპუსს არც ერთი სატვირთო ცხენი არ გააჩნია, ამიტომ ყოველი მოძრაობისას ერეკლე მეფეს უნდა მივმართო» (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 176, д. 3, лл. 33-39).
1771 წლის ივნისში სოლომონ მეფე და სუხოტინი ქართლში გადმოვიდნენ. 15 ივნისს ხელთუბანში ერეკლესთან შეხვედრისას სუხოტინს, სოლომონ მეფის მხარდაჭერით, შეუდგენია სამხედრო ოპერაციის გეგმა (გეგმის კრიტიკული გამოცემა ეკუთვნის პროფ. იასე ცინცაძეს. იხ. ენიმკის მოამბე, 1940, V-VI, გვ. 337-360).
გეგმა, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს როფესორი ი. ცინცაძე, მთლიანად ემსახურება ფოთის ციხის აღებას. ამ გეგმის მიხედვით, სუხოტინს რუსეთის ჯარით უნდა გარემოეცვა ფოთი, ქართველთა ძალებს კი უნდა დაეფარათ რუსეთის კორპუსი მტრის ძალებისაგან. დამხმარე ამოცანის შესასრულებლად ძალები ასე ნაწილდებოდა: ერეკლე მეფეს 14.300 კაცი უნდა გამოეყვანა, აქედან 2 ათასი კაცი დაეყენებია ბორჩალოს, 2 ათასი კახეთს, 300 კაცი გორს, ამ ჯარს ლეკებისაგან ქვეყანა უნდა დაეცვა. თვით მეფე 10 ათასიანი კორპუსით ახალქალაქ – ახალციხე – ყარსის მიმართულებით უნდა შეჭრილიყო, თარეშით თურქები შეეწუხებინა, რათა არ მიეცა მათთვის საშუალება მიშველებოდნენ ფოთის ციხეს; სოლომონ მეფეს 6 ათასიანი ჯარით ახალციხიდან ბაღდადისაკენ მომავალი ხეობები უნდა შეეკრა; გურიელს უნდა შეეკრა ტრაპიზონიდან ზღვის პირზე მომავალი გზა; ხოლო დადიანს – აფხაზეთიდან მომავალი გზა, ამასთან უნდა დაეცვა ქუთაისთან კომუნიკაციები და უშუალოდ დაეფარა კორპუსი (ენიმკის მოამბე, 1940, V-VI, გვ. 355-356).
ფოთი საჭირო იყო დროებით, თუ მოხერხდებოდა კორპუსთან შავი ზღვით კავშირი, თუ ამას შეიძლებდა ფლოტი, რომელიც ხელახლა დაბადებას აპირებდა; რაც შეეხება ხმელთაშუა ზღვაში მყოფ რუსეთის ესკადრებს, მათი შავ ზღვაში შეჭრა 1770 წლის ბოლოდან საიმედო არ იყო, შემთხვევით როდი სწერდა ეკატერინე სუხოტინს – თუ ფოთი აღებულია, შეინარჩუნე და არა – რადაც არ უნდა დაგიჯდეს, აიღეო.
კორპუსის ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით, სუხოტინი უკეთეს ამოცანას ვერც დაისახავდა, რაკი კორპუსს მანევრირება არ შეეძლო, ხოლო რუსეთის მთავრობა ქართველებზე დანდობას გენერალს არ ურჩევდა. სუხოტინს ყველაზე ნაკლები ჯარი ეგულებოდა ფოთში (Грамоты, I, 483), და ამიტომ, გარედან საკმაოდ დაცულს, გადაუწყვეტია ფოთის ციხის გასაღები, მიუხედავად კორპუსის მძიმე მდგომარეობისა, იმპერატორის ფეხქვეშ დაეგდო.
სუხოტინმა შეცდომა დაუშვა, მან არ გაითვალისწინა ადგილობრივი კლიმატი, რაზედაც თავის დროზე გაუფრთხილებია ერეკლეს, ხოლო უფრო გვიან შეუხსენებია სოლომონსაც (Грамоты, I, 486; Грамоты, II, в. I, 75). სუხოტინს არ გაუთვალისწინებია აგრეთვე, რომ საჭირო იყო საალყო ქვემეხები, უამისოდ ფოთის აღებას დიდი დრო უნდოდა.
სუხოტინის მთავარი შეცდომა იყო უნდობლობა მოკავშირე მეფეებისადმი (პროფ. ცაგარელი სუხოტინის შეცდომებიდან პირველ რიგში ასახელებს იმას, რომ მან ერეკლე მეფისაგან საჩუქრად გაგზავნილი ცხენი უკან დაუბრუნა, რითაც მეფე დიდად შეურაცხჰყო. შდრ. Грамоты, I, გვ. XXIV. ეს არ ყოფილა დიდი შეცდომა. ეს იყო უტაქტობა. ამ «შეურაცხყოფას» ერეკლე ადვილად აიტანდა, რადგან შემდეგ სუხოტინი თვით სთხოვდა მეფეს ცხენებს და არაერთი ცხენი ჰყავდა მისგან ნათხოვარი), რისთვისაც მათგან ხელთუბნის თათბირზე მძევლები მოითხოვა. «პლანის» ბოლო მუხლში ვკითხულობთ: «ფიცს გარდა ვითხოვ ამანათათ თუ მძევლათ ახლოთა ნათესავთაგან» (იხ. ენიმკის მოამბე, 1940, V-VI, გვ. 357). გვიან ერეკლე მეფე ასე უპასუხებდა: «ამანათის მთხოველი ვისაცა სთხოვს ან მტერი იქნება და ან მოყვარე და მიზეზსაც გამოუცხადებენ» (იქვე, გვ. 359). მართალია, ერეკლეს ეს პასუხი გვიანდელია, მაგრამ საეჭვო არაა, რომ მეფე ხელთუბნის თათბირზე ფარულად ამ ფაქტს ასევე უნდა შეხვედროდა.
სუხოტინის ამ შეცდომის მიზეზი გახდა თვით ეკატერინე და მისი 13 იანვრის ინსტრუქცია, სადაც იმპერატორი გენერალს ურჩევდა ქართველებს არ დანდობოდა.ეკატერინეს შეცდომის საფუძველი იყო ტოტლებენის, უცხოელი დაქირავებულის, ფრიდრიხ II-ის ყოფილი ჯაშუშის ყალბი მოხსენებები და მის მიერ ხელოვნურად შექმნილი ვითარება.
რაკი გენერალს, რომელსაც პირველად უხდებოდა საქართველოში ჩამოსვლა, მთავრობა წინასწარ აძლევდა რჩევას არ დანდობოდა ქართველებს, ისიც, საკუთარი შთაბეჭდილების მიუხედავად (რომ მას ტოტლებენის მიერ შეურაცხყოფილი მეფეები რუსეთისადმი უსაზღვროდ ერთგულნი დახვდნენ), მეფეებს უნდობლდ მოპყრობია, მათგან მძევლები მოუთხოვია და მიუღია კიდეც, რითაც ფაქტიურად შეურაცხყოფა მიუყენებია მათთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქცია საერთოდ არ ვარგოდა, სუხოტინს რომ საკმაო დაკვირვება გამოეჩინა, შეეძლო შეცდომა თავიდან აეცდინა. ცნობილია, რომ ჯერ მოურავოვს, ხოლო შემდეგ იაზიკოვსაც კურსი ერეკლეზე ჰქონდათ აღებული და მისი ინტერესების შესაბამისად ახალციხეზე ლაშქრობას მოითხოვდნენ. ინსტრუქციის მე-3 მუხლით რჩევას აძლევდნენ სუხოტინს საქართველოში ჩასვლისთანავე, ვიდრე სხვა მფლობელებთან საქმეს დაიჭერდე, ყველაფერი გადაწყვიტე იმის მიხედვით, თუ როგორ მოხერხდება ერეკლესთან, როგორც იმ მხარის უძლიერეს მფლობელთან, შეთანხმებულად იმოქმედო, რათა საქართველომ თავისი შესაძლებლობებისამებრ თურქეთის წინააღმდეგ უკეთ იმოქმედოსო. საჭირო იყო ამის გაგება, რაც სუხოტინმა ფაქტიურად ვერ შეძლო.
ჯარის ფაქტიურმა მდგომარეობამ და ეკატერინეს მიერ მიცემულმა ინსტრუქციამ დააბნია სუხოტინი, იგი სამხედრო კამპანიის გეგმის შედგენისას დიქტატის გზას დაადგა, შემდეგ, მეფეების რჩევის მიუხედავად, შუა ზაფხულს ფოთზე დაიძრა, კოლხიდის ჭაობებმა ხალხი დასცადა და კორპუსი მალარიით დაავადდა.
ფოთის კამპანიით გაწბილებული გენერალი 1771 წ. 29 ოქტომბერს ქუთაისიდან იმპერატორს უპატაკებდა: ბედმა მიმდინარე კამპანიაში მთელი ჩემი საქმე გაანადგურა: ავადმყოფს, რომელიც ძლივსღა ვსუნთქავ, არც კორპუსის მეთაურობისა და არც მტრის წინააღმდეგ მოქმედების თავი არა მაქვს. ისე მძიმე ავადმყოფი ვარ, რომ ჩემს გამოჯანმრთელებას დიდი დრო უნდაო (Грамоты, I, 485).
სამხედრო კოლეგიას კი აცნობებდა: მოკლულ იქნა 4 კაცი, დაიჭრა – 15, ავადმყოფობით და ჭრილობით მოკვდა – 293, გაიქცა – 57, სახეზეა ჯანმრთელი – 782, ავადმყოფი – 1994 (ЦГВИА, ф. 20, ..., д. 4, ч. I, лл. 457-465).
ზემოაღნიშნული პატაკი პეტერბურგში დეკემბერში მიიღეს და სახელმწიფო საბჭოს 15 დეკემბრის სხდომაზე საქართველოდან საექსპედიციო კორპუსის უკან გაწვევა გადაწყდა (Архив Гос. Совета, т. I, ч. II, стр. 774).
ხელთუბანში შედგენილი გეგმით განსაზღვრულ ძირითად ამოცანას შედეგი არ მოჰყოლია. დამხმარე ამოცანა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებს პასიურ თავდაცვას აკისრებდა და იგი ასევე შესრულდა.
დამხმარე ამოცანებიდან აქტიური მოქმედებები დაკისრებული ჰქონდა ერეკლეს, თანაც მას მხოლოდ აქტიური თარეში ევალებოდა და არა მტრის ხელში მყოფი ციხე-ქალაქების დაჭერა. მიუხედავად ამისა, რუსეთის წარმომადგენელი ლვოვი, 30 ოქტომბრის წერილით, ერეკლე მეფეს ქართლ-კახეთის ჯარის მიერ 1771 წლის 25-26 ოქტომბერს ხერთვისის ციხის აღებას ულოცავდა (Грамоты, I, 322-325).
ასეთი იყო საომარი კამპანიის შედეგები საქართველოს ფრონტზე 1771 წელს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სუხოტინმა თავისი უმეცრებით სოლომონ მეფეს დიდი ზიანი მიაყენა. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ტოტლებენის ფოთთან დგომის დროს გიორგი გურიელის მოღალატური საქციელით ისარგებლა სოლომონ მეფემ და გურიაში შეიჭრა, გიორგი გურიელი გადააყენა. მთავრობა მამიას მისცა და გურიაც შემოიმტკიცა (Грамоты, II, в. I, 76-77). ამ ფაქტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტოტლებენი მტრულად შეხვდა. იგი ვერ ურიგდებოდა თურქეთის აგენტის დასჯას და უმტკიცებდა რუსეთის მთავრობას და გენერალ სუხოტინს, რომ გურიელი და დადიანი რუსეთის მეგობრები არიანო. ნამდვილად კი მთავრების მოქმედება აშკარად საეჭვო იყო. როგორც ჩანს, ტოტლებენს გავლენა მოუხდენია და სუხოტინს თურქეთის აგენტი გურიის მთავრად აღუდგენია. მაგრამ ამ უკანასკნელს, როგორც ლვოვის პატაკიდან ჩანს, თავის სახე მალე გამოუმჟღავნებია, რაც სუხოტინს ძვირად დაჯდომია (Грамоты, I, 353-355). სუხოტინის ნაბიჯი რუსეთისათვის საზიანო იყო, რასაც ლვოვი არ ფარავდა, მაგრამ ეს ფაქტი საკმაოდ ცხადყოფს იმას, თუ ტოტლებენის ხელი სადამდე გასწვდა. სამართლიანად შენიშნავდა პროფ. ცაგარელი, რომ სუხოტინმა თავი ვერ გაართვა მისი წინამორბედის მიერ ცუდად წარმართულ საქმეს და ადგილობრივი პირობების უცოდინარობით ბევრი შეცდომა დაუშვაო (იქვე, გვ. XXIV).
* * *
1771 წლის ბოლოს რუსეთს თურქეთთან ომში გარკვეული წარმატებანი გააჩნდა: პირველი არმიის მიერ დამარცხებული და დუნაის გაღმა გადასროლილი თურქეთის მთავარი არმია თავდაცვის ტაქტიკას დაადგა, რუსეთის მეორე არმია დაეუფლა ყირიმის ნახევარკუნძულს, ხოლო ყირიმელი თათრები მზადყოფნას აცხადებდნენ საბოლოოდ ჩამოცილებოდნენ თურქეთს. ამ წარმატებებთან ერთად, იზრდებოდა ომის საფრთხე შვეციიდან, ავსტრიის პოზიცია მეტად საეჭვო ჩანდა, რუსეთის არმიაც მოღლილი იყო და შევსებას საჭიროებდა. რუსეთის მთავრობის გავლენიან წრეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ესარგებლათ თურქეთთან ომში მოპოვებული წარმატებებით, რუსეთიც გარკვეულ დათმობებზე წასულიყო და ზავი დაედოთ თურქეთთან. ასეთ ვითარებაში საქართველოდან საომარი მოქმედების გაშლის პერსპექტივა კლებულობდა.
ფოთის კამპანიის მარცხის შემდეგ სუხოტინის დამოკიდებულება ქართველ მეფეებთან არასასურველი გახდა. საქართველოში გამოგზავნილმა საექსპედიციო კორპუსმა სასურველი შედეგები ვერ მისცა რუსეთს. გარდა ამისა, საექსპედიციო კორპუსში ჯარისკაცები დაავადებულნი იყვნენ და საჭურველითა და ტანსცმლით მოუმარაგებელნი, კორპუსის წესრიგში მოსაყვანად საჭირო იყო საკმაო დრო და მნიშვნელოვნი სახსრები.
ეკატერინემ მიზანშეწონილად სცნო სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება და 1772 წლის 25 იანვარს სამხედრო კოლეგიას უბრძანა საექსპედიციო კორპუსი საქართველოდან გაეწვია, ხოლო ზედმეტი საჭურველი სოლომონ მეფისათვის დაეტოვებია (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 8, л. 1).
1772 წლის 4 თებერევლის წერილებით ეკატერინე II ერეკლესა და სოლომონს აცნობებდა: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობას ცდა არ დაუკლია და ხარჯიც გასწია, საქართველოდან საომარ კამპანიას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომ საქართველოში ჩვენი ჯარის დატოვება ზედმეტად მიგვაჩნია და საჭიროდ ვთვლით მის უკან გაწვევას, რათა გამოვიყენოთ იგი იქ, სადაც მას შეუძლია ნამდვილად სარგებლობა მოგვიტანოსო.
უკან იწვევდა რა საექსპედიციო კორპუსს, რუსეთის მთავრობა ცდილობდა თურქეთთან ომის დამთავრებამდე გამოეყენებია ქართველთა ძალები თურქეთის წინააღმდეგ. ამ მიზნით ეკატერინე II სოლომონ მეფეს აცნობებდა, რომ თანახმად შენი თხოვნისა, მომარაგებული იქნები საჭურვლითო და ავალებდა გაეგრძელებია ომი თურქეთის წინააღმდეგ. ამასთან, მეფეს იმედს აძლევდა, რომ პორტასთან ზავის დადებისას იმერეთი დავიწყებული არ იქნებაო. ხოლო ერეკლესთან წერილში ეკატერინე აღნიშნავდა: თუმცა ქართველები ჩვენს მოწოდებას და დახმარებას არსებითად ვერ გამოეხმაურენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პორტასთან ზავის დადებისას საქართველოს დაცვაზე ვიზრუნებთო. ეკატერინე იმედს აძლევდა ერეკლეს – თუ რაიმეს დაპყრობას შეძლებ, შევეცდებით პორტასთან ზავით სამუდამოდ დაგიმკვიდროთო (Грамоты, I, 334-338).
გარდა ამისა, რუსეთის მთავრობა საქართველოში ტოვებდა თავის წარმომადგენელს, ლვოვს, რომელსაც ევალებოდა ზეგავლენის მოხდენა ქართველ მეფეებზე, რათა ამ უკანასკნელთ გაეგრძელებიათ ომი თურქეთის წინააღმდეგ (იქვე, 341-342).
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა 1772 წლის აპრილში შეიტყვეს, რასაც უდიდესი გულისტკივილით შეხვდნენ. ეს მეტად მძიმე იყო ერეკლე მეფისათვის, რომელსაც ომის წინ საგარეო საკითხები შედარებით მოწესრიგებული ჰქონდა, ხოლო ომში მონაწილეობის გამო მეზობლები მტრად გადაიკიდა, მიზანი კი მიუღწეველი რჩებოდა. აქვე უნდა დაენახა მეფეს რუსეთში სპეციალური მისიით ახლახან გაგზავნილი ელჩობის მომავალი დიპლომატიური მარცხიც.
1772 წლის 21 აპრილს ერეკლე მეფე ნ. პანინს სწერდა: «... დუმილის დრო აღარ გუაქუს... წინაშე მ. ი. დ. სიმართლით ვიკადნიერებთ და ვიტყვით ამას: სანამდის მ. ი. დ. ბრძანება მოგვივიდოდა თურქთ მტერობისათვის – დაზავებით და მშვიდობით ვიყავით ხვანთქართან შერიგებულნი და დაწყნარებულნი; და სპარსეთის მფლობელს ხანებთან ასეთის საქმით ვიყავით – ზოგნი შეშინებულნი გვყვანდენ და ხარკს გვაძლევდენ, და ზოგნი მეგობრობით დაზავებულნი გვყვანდენ, და ზოგის შეშინებას ვცდილობდით, და ზოგნი ლეკნი მათის შეძლებით გვმტერობდენ და გვიჴდენდნენ, მაგრამ რამდენსამე წელიწადში ჩვენი ქვეყნის საქმეები ღვთით წარმატებაში მოგვყუანდა, – და ახლა ამ საქმეებითა და ამისთანას წინადადებათაგან... საქართველოში ქრისტიანიბა მოისპობის და სრულებით აღოჴრდების, თუ ეს კორპუსი აქეთგან უკუმობრუნდების» (Грамоты, II, в. I, 85-86).
ერეკლე მორალური ვალდებულების ქვეშ აყენებდა რუსეთის მთავრობას, მაგრამ ასეთი მოტივები დიპლომატიასა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში გადამწყვეტი როდია.
საქმე გადაწყვეტილი იყო. 1772 წლის 5 მაისს რუსეთის საექსპედიციო კორპუსი ქუთაისიდან გამოვიდა, იგი სოლომონ მეფემ ქართლის საზღვრამდე მოაცილა, მოამარაგა ტრანსპორტით და 26 მაისს რუსეთის ჯარს «თვალცრემლიანი გაშორდა». 31 მაისს კორპუსი ცხინვალში იყო, მალე ქართლიც დატოვა და 1772 წლის ოქტომბერს ცარიცინში მივიდა (Грамоты, I, 352-353, 365).
რუსეთის საექსპედიციო კორპუსის საქართველოდან გაწვევაში ერეკლე საკუთარ დიპლომატიურ მარცხს ხედავდა. 1772 წლის 2 ივნისს მეფე გრაფ ჩერნიშოვს (წერია ორლოვი, უნდა იყოს ჩერნიშოვი /შდრ. Грамоты, II, в. II, 263/) სწერდა: «... უნამეტნავესისა სიხარულითა და საცინელისა საქმითა გვაყვედრიან და გვეუბნებიან: ვისგანაც სასოება გქონდათ – მიგეფარათ და ნუღარა (ხართ) სასოებით მათგანაო, – ამისებრითა სიტყვითა ნიშნს გვიგებს წარმართნი» (Грамоты, II, в. I, 86-87).
საკუთარი დიპლომატიური მარცხის დასაფარავად ერეკლეს ყალბი ცნობა გაუვრცელებია, თითქოს მან ლევან ბატონიშვილისაგან (ლევან ბატონიშვილი ამ დროს ასტრახანში იყო) ცნობა მიიღო, რომ რუსეთი გაწვეული ჯარის ნაცვლად ახალ ჯარს გზავნიდა საქართველოში (Грамоты, I, 356).
რუსეთის საექსპედიციო კორპუსი ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე იყო, როცა თურქეთთან დროებითი ზავი ძალაში შევიდა.
1772 წლის 1 ივნისს რუმიანცევმა ცნობა გამოუგზავნა სუხოტინს დროებითი ზავის ჩამოგდების შესახებ. ცნობა დიდი ვეზირის ბრძანებასთან ერთად სუხოტინს 5 ივლისს მიუღია კავკასიის მთებში და გამოუგზავნია ლვოვისა და ერეკლე მეფისათვის (ЦГВИА, Ф. 20, ..., д. 8, лл. 40-48). ლვოვმა დიდი ვეზირის ბრძანება გაუგზავნა ახალციხის ფაშას, რომელსაც იმავდროულად მიუღია რუმიანცევის ბრძანება რუსი ჯარისადმი. ქართლ-კახეთის სამეფოსა და ახალციხის საფაშოს შორის დროებითი ზავი ჩამოვარდა. მაგრამ ფაშას დროებითი ზავი არ დაუცავს იმერეთის მიმართ და ლეკების რაზმი გაუსევია, რომელიც სოლომონ მეფეს სასტიკად დაუმარცხებია. ამის შემდეგ დროებითი ზავი იმერეთის სამეფოსთანაც შევიდა ძალაში. ლვოვი 1772 წლის 29 სექტემბერს აუწყებდა რუსეთის მთავრობას, რომ დროებითი ზავი «დღემდე საჭირო სიზუსტით ნამდვილად სრულდებაო» (Грамоты, I, 360).
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარი თითქმის სამი წელი იყო საქართველოში, რუს-ქართველთა ჯარების ერთობლივი შეთანხმებული მოქმედება ვერ განხორციელდა, ამიტომ საქართველოს ფრონტზე ფართო მასშტაბის ოპერაციების გაშლა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ეკატერინე და პანინი ქართველ მეფეებთან წერილებში, საქართველოს ფრონტზე წარუმატებლობისა და ერთობლივი მოქმედებების მიუღწეველობის ძირითად მიზეზად ქართველ პოლიტიკოსებს შორის უთანხმოებას ასახელებდნენ (იქვე, 335, 337, 339).
მართალია, ქართველ მეფეებს შორის ინტერესთა სხვადასხვაობას ადგილი ჰქონდა, მაგრამ ერთობლივი მოქმედებების გზაზე ეს არ ყოფილა ისეთი დაბრკოლება, რომლის დაძლევა შეუძლებელი ყოფილიყო. როგორც ზემოთ გვქონდა აღნიშნული, ქართველი მეფეები ტოტლებენს შეთანხმებული დახვდნენ. ქართველ მეფეებს შორის წინააღმდეგობა შეურიგებელი რომ ყოფილიყო, ცხადია, მათ შორის შეთანხმებაც არ მოხდებოდა. ცნობილია ისიც, რომ საექსპედიციო კორპუსის გაწვევის შემდეგ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ქართველი მეფეები შეთანხმდნენ და ერთად ილაშქრეს კიდეც ახალციხის მიმართულებით. ზემოაღნიშნული ფაქტები ცხადყოფენ, რომ ქართველი მეფეების შეთანხმება, მათი ერთად მოქმედება შესაძლებელი იყო, მხოლოდ საჭირო იყო საომარი მოქმედების გაშლისათვის შერჩეულიყო ისეთი მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფდა ორივე ქართული სამეფოს ძალების მონაწილეობას.
გარდა ამისა, საექსპედიციო ჯარის სარდლებს, თუ სურდათ ქართველების გამოყენება ომში, ყურადღების ცენტრში უნდა დაეყენებიათ საქართველოში უძლიერესი პოლიტიკური ერთეულის – ქართლ-კახეთის სამეფოს ინტერესები. ტოტლებენმა და მოურავოვმა კარგად გაიგეს ეს და 1769 წლის შემოდგომაზე, რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, უდავოდ სწორი ნაბიჯი გადადგეს, როდესაც რუსეთის მთავრობა აიძულეს ერეკლეს თხოვნისათვის ანგარიში გაეწიათ. მაგრამ 1770 წელს ტოტლებენმა უღალატა ერეკლე მეფეს, რუსეთის მთავრობას და საკუთარ საზეიმო განცხადებებსაც კი. მას არ შერჩა ერეკლესთან ერთად ახალციხის მიმართულებით საომარი მოქმედების გაშლის სურვილი, რის გამოც ერთობლივი საომარი მოქმედება არ განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტოტლებენის ყალბი მოხსენებებითა და 1770 წელს საქართველოში მომხდარი ამბებით შეცდომაში შევიდა რუსეთის მთავრობა, მას მაინც ყურადღების ცენტრში ჰქონდა ერეკლესთან, როგორც საქართველოში უძლიერეს მფლობელთან, ურთიერთობის საკითხი. მართალია, სუხოტინის შეცდომა ჯარის ფაქტიურმა მდგომარეობამ და იმ უნდობლობამ შეამზადა, რასაც რუსეთის მთავრობა მას წინასწარ უნერგავდა ქართველების მიმართ, მაგრამ სუხოტინს რომ ერეკლეს მიერ წამოყენებული ახალციხეზე ლაშქრობის გეგმა მიეღო, განა ერთობლივი მოქმედება უზრუნველყოფილი არ იქნებოდა? თვით სუხოტინის მოწმობით საეჭვო არ ხდება, რომ ერეკლეს გეგმას, სუხოტინს რომ მხარი დაეჭირა, მიიღებდა სოლომონ მეფეც, რადგან სუხოტინის განცხადებით: «სოლომონი... იწოდა რა მ. ი. უ. ერთგულებით, ყველაფერზე განუსჯელად აცხადებდა თანხმობას» (Грамоты, I, 482).
სუხოტინს არ ესმოდა, თუ რატომ იყო სოლომონ მეფე ყველაფერზე მზად «განუსჯელად». იმერეთის სამეფოსათვის ახალციხეს ფოთზე ნაკლები მნიშვნელობა როდი ჰქონდა. სოლომონ მეფემ კარგად იცოდა, რომ თურქები უფრო ფეხმოკიდებული იყვნენ ახალციხეში, საიდანაც იმერეთს ძირითად დარტყმას აყენებდნენ. აი, რატომ იყო, რომ სოლომონ მეფე «განუსჯელად» ყველაფერზე მზად იყო, რომ რუსეთის ჯარის გაწვევის შემდეგაც სოლომონ მეფემ ერეკლეს გეგმა მიიღო და მასთან ერთად ახალციხის მიმართულებით გაილაშქრა.
რაც შეეხება ერეკლე მეფეს, მისთვის ფოთზე ლაშქრობას არსებითად არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. იგი ქართლ-კახეთის სამეფოს არაფერს აძლევდა.
თურქეთის წინააღმდეგ ომში ქართველთა ძირითადი ძალების გაერთიანება და წარმართვა შეიძლებოდა მხოლოდ ახალციხის მიმართულებით, რაც წარმატების უტყუარი გარანტია იყო. ეს კარგად ესმოდა იაზიკოვს, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს ერეკლეს გეგმას, მაგრამ ტოტლებენი ამას წინ აღუდგა, ხოლო სუხოტინმა კი ვერ გაიგო იგი. აი რა იყო ერთობლივი მოქმედების განუხორციელებლობისა და საქართველოს ფრონტზე წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი.
მიუხედავად იმისა, რომ რუს-ქართველთა ჯარის ერთობლივი მოქმედება და ფართო მასშტაბის ოპერაციების ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა, რუსეთის ჯარის ყოფნას საქართველოში უშედეგოდ არ ჩაუვლია. მცირე საექსპედიციო რაზმის კორპუსად გადაქცევით, რუსეთის მთავრობა გარკვეულ დათმობაზე წავიდა ერეკლეს წინაშე, რამაც უზრუნველყო ქართლ-კახეთის სამეფოს ომში ჩაბმა. ასპინძის ომმა წელში გატეხა ახალციხის ფაშა და წაართვა მას იმერეთის ციხეების დასაკავებლად აქტიურად გამოსვლის შესაძლებლობა, რამაც უზრუნველყო თურქი ოკუპანტების იმერეთიდან განდევნა, ამას კი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთ საქართველოსათვის.
7. ლევან ბატონიშვილისა და ანტონ კათალიკოსის ელჩობა რუსეთს. საომარი მოქმედების განახლება. ომის დასასრული
1771 წლის დეკემბერში ქართლ-კახეთის სამეფო კარზე გადაწყვიტეს რუსეთთან დაახლოების საკითხში ახალი ნაბიჯი გადაედგათ და შეადგინეს კიდეც ხელშეკრულების პირობები (Грамоты, II, в. I, 83-84), რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში უნდა შესულიყო. ამ მიზნით 1772 წლის იანვარში ლევან ბატონიშვილისა და ანტონ კათალიკოსის მეთაურობით ფართო რწმუნებებით აღჭურვილი ელჩობა გაიგზავნა პეტერბურგში. ქართველი ელჩები გზაში იყვნენ, როცა საქართველოდან რუსეთის ჯარის გაწვევის საკითხი გადაწყდა. მალე თურქეთთანაც საზავო მოლაპარაკება დაიწყო. ასეთ პირობებში ელჩებს ჯერ ასტრახანში დასჭირდათ ლოდინი, შემდეგ პეტერბურგში და, ბოლოს, 1774 წელს ხელცარიელი გამოისტუმრეს სამშობლოში, რადგან ერეკლეს წინადადების მიღება თურქეთთან ომის გაჭიანურებასა და ირანთან ურთიერთობის გამწვავებას გამოიწვევდა, რაც რუსეთისათვის ხელსაყრელი არ იყო.
1772 წლის ზაფხულიდან დროებითი ზავი ძალაში შევიდა და 1773 წლის ზაფხულამდე ქართველებს საომარი ოპერაციები არ უწარმოებიათ თურქების წინააღმდეგ, მაგრამ ახალციხის ფაშამ არ დაიცვა დროებითი ზავის პირობები. 1772 წლის დეკემბერში ახალციხის ფაშას უსარგებლია ნურსალ-ბეგის აქტიური მოქმედებით და მოთარეშე რაზმი გამოუგზავნია საქართველოში, რომელსაც ქართლის სოფლები დაურბევია.
1773 წელს რუსეთ-თურქეთის საზავო მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა და ცენტრალურ ფრონტზე საომარი მოქმედება განახლდა. ასეთ პირობებში ერეკლემ და სოლომონმა ტოტლებენის ინტრიგებით შერყეული კავშირი აღადგინეს და ახალციხის მიმართულებით ლაშქრობა გადაწყვიტეს. ქართველ მეფეთა შორის კავშირის აღდგენით შეშფოთებული ახალციხის ფაშა ამოქმედდა. ამის გამო ერთობლივი ლაშქრობა დროებით შეფერხდა, მაგრამ 1773 წლის ოქტომბერში მეფეებმა ჯარები შემოიყარეს და გორიდან ჯავახეთში შეიჭრნენ. ახალქალაქის გარეუბნის დაკავების შემდეგ, ქართველებმა ოპერაციები ყარსის მიმართულებით განავითარეს და თვით არდაგანამდე მიაღწიეს, მაგრამ სოლომონ მეფის ავადმყოფობის გამო ლაშქრობის შემდგომი გაგრძელება არ მომხდარა.
1774 წლი თურქების ახალი შემოტევით აღინიშნა. იანვარში ახალციხის ფაშამ, დადიანისა და აბაშიძის დახმარების იმედით, 4 ათასიანი კორპუსი გამოგზავნა იმერეთის ასაოხრებლად. სოლომონ მეფის თხოვნით ერეკლემ დადიანს განზრახვაზე ხელი ააღებინა, ხოლო თვითონ ერეკლემ ჯარი შეყარა სოლომონის დასახმარებლად. თურქები მიხვდნენ, რომ ხაფანგში გაებნენ და სასწრაფოდ უკან დახევა იწყეს. სოლომონმა თურქებს ჩხერის ვიწროებში გზა მოუჭრა და 1774 წლის თებერვალში სასტიკად დაამარცხა ისინი (Грамоты, I, 401-403).
1774 წელს რუსეთის მთავრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გლეხთა ომის ხანძარი ფართოვდებოდა. ამიტომ პირველი არმიის სარდალს რუმიანცევს ავალებდნენ გადაელახა დუნაი და თურქების მთავარ სიმაგრეებზე დარტყმებით აეძულებია მტერი ზავი დაედო. 1774 წლის მაისსა და ივნისში რუსეთის ჯარებმა დუნაი გადალახეს და კურსი შუმლისაკენ აიღეს, სადაც დიდი ვეზირის მთავარბანაკი იყო. თურქები შეშინდნენ და ზავი ითხოვეს. 1774 წლის 10 ივლისს სოფ. ქუჩუკ-კაინარჯში რუსეთსა და თურქეთს შორის ზავი დაიდო, რითაც მთავარ უბანზე ომი დამთავრდა.
1774 წლის აგვისტოში რუსეთიდან ქართველი ელჩები დაბრუნდნენ. რუსეთის წარმომადგენელმაც (ლვოვმა) საქართველო დატოვა.
ერეკლემ ჯერ კიდევ არ იცოდა რუსეთსა და თურქეთს შორის ომის დამთავრების ამბავი, ამიტომ 24 აგვისტოს წერილით ერთხელ კიდევ მოაგონებდა რუსეთის მთავრობას, რომ იგი რუსეთის თხოვნით ჩაება ომში თურქეთის წინააღმდეგ, რის გამოც საგარეო პირობები გაურთულდა. ამიტომ რუსეთმა ზავის დადებისას ჩვენს დაცვაზე იზრუნოსო.
თუმცა ოფიციალური ცნობა ომის დამთავრების შესახებ რუსეთიდან საქართველოში 1774 წლის 5 სექტემბერს გამოიგზავნა, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ომის დამთავრების ამბავს საქართველოში აგვისტოს ბოლოს მოეღწია. ამის გამო უნდა მომხდარიყო, რომ 1774 წლის 30 აგვისტოს, როგორც დოკუმენტიდან ჩანს, ერეკლეს ახალციხის ფაშასთან დროებითი ზავი უკვე დადებული ჰქონდა. მეფე ზემო ქართლის სარდალს უბრძანებდა:
«... ზემო ქართლს ყადაღა უყავით, რომ ოსმალოს მხარისაკენ ნუღარავინ წავა. ნურც თავისთავად წავლენ და ნურც დავლაზე მიმავალს ლეკს გაჰყვებიან. თვარემ თუ წავიდა ვინმე ჩვენათ შეცოდებათ მოვიკითხავთ იცოდნენ. ეს ყველას ასე აცოდინეთ და გააფრთხილეთ, რომ არავინ წავიდეს» (საქ. ცენტრ. არქივი, ფ. 226, საბ. 392).
ამრიგად საომარი მოქმედება საქართველოს ფრონტზე დამთავრდა.
თავი V
თურქეთთან ომის შედეგები
რუსი და ქართველი ხალხების ბრძოლას თურქეთის წინააღმდეგ უშედეგოდ არ ჩაუვლია. ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთმა მიიღო ქერჩისა და კირნბურნის ნავსადგურები, ხოლო რუსეთის ფლოტმა – შავ ზღვაზე თავისუფლად ნაოსნობის უფლება. ხანგრძლივი ბრძოლა შავ ზღვაზე გასვლისათვის რუსეთის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. გარდა ამისა, თურქეთმა ყირიმისა და სხვა თათართა ურდოების დამოუკიდებლობის აღიარებით დაკარგა მნიშვნელოვანი რეზერვი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ იყენებდა. რუსეთის სამხრეთ რაიონების უშიშროება ამიერიდან უზრუნველყოფილი გახდა. დასასრულ, ომის შედეგებმა განაპირობა ყირიმისა და ყაბარდოს რუსეთთან შეერთების საკითხის რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტაც.
რუსეთ-თურქეთის ომს არც საქართველოსათვის ჩაუვლია უშედეგოდ, მაგრამ ისტორიკოსები ამ საკითხს ერთნაირად როდი უყურებენ. მაგ., ისტორიკოსი ზ. ავალოვი ერეკლესა და სოლომონს ომში მონაწილეობას შეცდომად უთვლიდა და წერდა: «Они (ერეკლე და სოლომონი – ვ. მ.) рискнули, как рискнул в свое время Вахтанг – и опять проиграли ставку» (З. Авалов, Присоединение Грузии к России, изд. 2-ое, СПб, 1906, стр. 102). იგივე ავტორი ქვემოთ წერს: «Трактат ни иоты не прибавляет к тому, что Соломон уже достиг, хуже того, Россия признает Status quo ante, именно тот порядок вещей, с которым Соломон желал порвать» (იქვე, გვ. 110-111).
რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თვალსაზრისს ვერ გავიზიარებთ.
ზემოთ დავინახეთ, რომ რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების წინ დასავლეთ საქართველოს მდგომარეობა უაღრესად მძიმე იყო. სოლომონ I-ის ბრძოლა ტყვის სყიდვის აკრძალვისა და თურქეთის სასარგებლო სამარცხვინო ხარკისაგან (ხარკი ქალ-ვაჟებით) ქვეყნის განთავისუფლებისათვის თურქეთის გააფთრებულ წინააღმდეგობას შეხვდა და მარცხით დამთავრდა. მაგრამ რუსეთთან ომში დამარცხების შემდეგ თურქები იძულებული გახდნენ ქართველი ხალხის დამამცირებელ ხარკზე ხელი აეღოთ.
ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულება პირველი საერთაშორისო ტრაქტატია, სადაც ომში დამარცხებული თურქეთი საზეიმოდ ხელს იღებს იმერეთის ხარკზე (ტრაქტატის 23-ე მუხლში აღნიშნული იყო: «Торжественно и навсегда отказывается она /თურქეთი – ვ. მ./ требовать дани отроками и отроковицами и всякого рода других податей...», Договоры России с Востоком, политические и торговые, издал Т. Юзефович, СПб., 1869, стр. 36), რაც თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება იყო.
მართალია, ტრაქტატით დასავლეთ საქართველო კვლავ თურქეთის ქვეშევრდომად რჩებოდა, მაგრამ თურქეთი ვალდებულებას იღებდა არ შეევიწროვებია დასავლეთ საქართველოში სარწმუნოება და არ დაესაჯა ქართველები ომში მონაწილეობისათვის, რაც თურქეთის საშინაო საქმეებში პირველი საერთაშორისო ჩარევა იყო.
დასასრულ, აღსანიშნავია, რომ ტრაქტატი სადავოს ხდიდა იმერეთის ციხეების საკითხს: «... ბაღდათის, ქუთაისისა და შეგერბნის (შორაპნის – ვ. მ.) ციხეები, რომლებიც რუსეთის იარაღით იქნა დაპყრობილი, რუსეთის მიერ ცნობილი იქნება იმის საკუთრებად, ვისაც ისინი ძველთაგანვე ეკუთვნოდა» (იქვე, 35-36).
ფაქტიურად საქმე მომავალში ძალას უნდა გადაეწყვიტა, ისევე როგორც ყაბარდოს საკითხი. თუ იმერეთს მიუხედავად იმისა, რომ იგი თურქეთის ვასალად რჩებოდა, ძალა აღმოაჩნდებოდა, შეეძლო დაეცვა თავისი უფლება, ამავე დროს, თუ ხელსაყრელი ვითარება იქნებოდა, ცხადია, რუსეთსაც შეეძლო ხელის გამოღება.
პროფ. კაკაბაძის აზრით, თურქებმა იმიტომ ვერ ისარგებლეს ტრაქტატით და ვერ შეძლეს იმერეთში კვლავ გაბატონება, რომ სოლომონ მეფემ ციხეები დაანგრია (ს. კაკაბაძე, საქართველოს ისტორია, 1922, გვ. 212).
მართალია, ციხეების დანგრევას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მთავარი ეს არ იყო. რომ საამისო პირობები ყოფილიყო, თურქები ციხეების აგებას შესძლებდნენ.
რუსეთთან ხანგრძლივმა ომმა თურქეთი საბოლოოდ გატეხა წელში და ერთბაშად მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ გადააქცია. ამასთან იგი ვალდებული იყო რუსეთისათვის 4,5 მილიონი მანეთი კონტრიბუცია გადაეხადა, რაც ისედაც ჩამორჩენილ და ეკონომიკურად სუსტ ქვეყანას მძიმედ აწვა. «დამოუკიდებელი» ყირიმი დღეს თუ ხვალ რუსეთის ხელში უნდა გადასულიყო, რითაც თურქეთი საბოლოოდ უნდა გამომშვიდობებოდა საიმედო რეზერვს. ასეთ ვითარებაში იმერეთის ციხეებზე წამოჭიდებას აზრი ეკარგებოდა. მით უმეტეს თურქებმა კარგად იცოდნენ, რომ იმერეთის მეფე თურქეთისათვის უფრო ხელსაყრელ ვითარებაშიც არაფერს თმობდა და, ცხადია, ახლა, რაკი იცოდა, რომ თურქეთის საკმაოდ იყო წელში გატეხილი და თანაც მისი დასჯაც აკრძალული ჰქონდა, არაფერს დათმობდა.
ზემოაღნიშნული პირობების გამო, თურქებმა ვერ გამოიყენეს ქუჩუკ-კაინარჯის ტრაქტატის 23-ე მუხლი. «სოლომონ მეფე ვერ დაიმორჩილეს, ვერც იმერეთის ციხეები დაიჭირეს. მეფემ სავსებით მოსპო ტყვეთა სყიდვა. მტკიცე ხელით ალაგმა თავადების აღვირახსნილობა... მეფე შესამჩნევად გაძლიერდა, მისი შიში და პატივისცემა დასჩემდათ დადიანსა და გურიელსაც. ქვეყანა დამშვიდდა და სწრაფად მოშენება დაიწყო. ათიოდე წელიწადში მოსახლეობამ თვალსაჩინოდ მოიმატა» (ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, ნაწ. I, გვ. 401-402).
ასეთი იყო ომის შედეგები დასავლეთ საქართველოსათვის, რაც ქართველი ხალხის გმირულმა ბრძოლამ და რუსეთის სამხედრო და დიპლომატიურმა დახმარებამ განაპირობა.
მართალია, ტრაქტატი ქართლ-კახეთის სამეფოს სამხრეთ საქართველოს ვერ უბრუნებდა და ქვეყანა რუსეთის მფარველობაში ვერ შეჰყავდა, მაგრამ მნიშვნელობას მოკლებული არ იყო ის, რომ თურქეთს ამიერიდან ეკრძალებოდა ომში მონაწილე ქართველებისათვის სამაგიეროს გადახდა, ხოლო პორტა ვალდებულებას კისრულობდა «не почитать между ними (იგულისხმება ქართველები – ვ. მ.) никого за своих поданных кроме тех, кои издревле ей принадлежали...» (Договоры, 36).
თურქეთის მთავრობას ამ აქტით უნდა გაეგო, რომ ამიერიდან აღმოსავლეთ საქართველოს საკითხი თურქეთ-ირანის ორთაბრძოლიდან, საერთაშორისო დავის საკითხად იქცეოდა და რუსეთის პოლიტიკური ძლიერების ზრდის პარალელურად ამ უკანასკნელის სერიოზული ყურადღების საგანი ხდებოდა, რაც კავკასიაში ირან-თურქეთის ბატონობას კითხვის ქვეშ აყენებდა. ეს ახალი ძალა მით უფრო ანგარიშგასაწევი და თურქეთისათვის საშიში ხდებოდა, რაც უფრო ახლოვდებოდა ყაბარდო-ყირიმის რუსეთთან შეერთების საკითხი, რისთვისაც ომმა ნიადაგი საფუძვლიანად მოამზადა.
მართლაცდა დამარცხებული თურქეთის მეურვეობიდან გამოსულმა «დამოუკიდებელმა» ყირიმის სახანომ ვერ შეძლო ყაბარდოს შენარჩუნება და იგი რუსეთს დაუთმო, ხოლო შემდეგ საკუთარი დამოუკიდებლობაც კი დაჰკარგა. ყაბარდო-ყირიმის საკითხის გადაწყვეტით რუსეთმა საბოლოოდ მტკიცედ მოიდგა ფეხი ჩრდილოეთ კავკასიაში, რითაც საქართველოსთან ურთიერთობა გაადვილდა და გეორგიევსკის ტრაქტატიც დაიდო. ასე განვითარდა მოვლენები საქართველოს ჩრდილოეთით რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ. რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნულ მოვლენებთან კავშირში უნდა იქნეს გაგებული თურქეთის დამოკიდებულება ქართლ-კახეთის სამეფოსთან რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდგომ. ზოგიერთი ისტორიკოსი კი, სამწუხაროდ, რთული საგარეო ურთიერთობების მოწესრიგებას მხოლოდ ერეკლეს ნიჭით ხსნიდა. მართალია, ერეკლეს ნიჭსა და უნარს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ერეკლეს წარმატებითი მოღვაწეობა, საშინაო და საგარეო დარგში 70-იან წლებში, რომ მარტო ამით აგვეხსნა, მაშინ 90-იანი წლების ერეკლე შეშლილად უნდა გამოგვეცხადებია.
ომმა საერთოდ შესცვალა ძალთა თანაფარდობა კავკასიისათვის მებრძოლ დიდ სახელმწიფოებს შორის, რასაც უთუოდ უნდა გაეწიოს ანგარიში, როცა ქართველ პოლიტიკოსთა წარმატებით მოღვაწეობაზე ვლაპარაკობთ. ამასთან, ქართველი ხალხის გაბედულ ბრძოლას აქ თავისი ადგილიც უნდა დაეთმოს.
ერეკლეს, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, 1774 წლის 30 აგვისტოს ახალციხის ფაშასთან წინასწარი ზავი ჰქონდა დადებული. მალე მოლაპარაკებაც გაიმართა და საქმე წარმატებით დამთავრდა (გამორიცხული არაა, რომ მოლაპარაკების ინიციატივა ეკუთვნოდეს ახალციხის ფაშას, რომელმაც ასპინძასთან მწარე გაკვეთილი მიიღო).
ქართველი მემატიანის ცნობით: «განვრცნა რა ხდომვა შორის ქართლისა და ახალციხისა და იქმნენ ორნივე კერძონი შემჭირვებულ, ამად ზავ-ჰყვეს ურთიერთ-არს და წარგზავნა მეფემან დესპანი თვისი ორგზის მირზა გურგინა ენაკოლოფაშვილი, რომელსაცა მოერთვა სულთანისაგან აჰმიდისა ორგზისვე ქურქი, ხმალი, აღკაზმული ჰუნე და უმეტეს ათორმეტი ათასისა ოქრო, ხოლო ვეზირისაგან საათი ძვირფასი მოოჭვილი» (შედეგი კახეთის ცხოვრებისა. იხ. საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭ. გამ., 287; შდრ. დ. ბატონიშვილი, ახალი ისტორია,თბილისი, 1941, გვ. 13). ისტორიკოსი ო. ხერხეულიძე იუწყება: «თუცა აქვნდა მრავალი წყენა მეფის ირაკლისაგან, გარნა დიდად მხიარულ იქმნა ვეზირი მისვლისათვის ირაკლის ელჩისა. ცნობილ იყო მეფე ირაკლი ფრიად წინააღმდგომ ყოველსა ხვანთქრისა საბრძანებელთა შორის და ამისგამო ესე ვითარითა პატივითა შეიწყნარეს, რომელ უმეტესისა წადილი არღარა აქვნდა ელჩსა მეფისა ირაკლისასა». იქვე განაგრძობს ისტორიკოსი – «აჩუქეს მრავალი, წარმოუვლინეს დესპანი, მოუძღვანეს ცხენი მშვენიერად აღკაზმული და ძვირფასი ქურქი და გარდა ამისა, რომელიცა უწინარეს ამისსა დატყვევებულნი ხალხნი აღსიხას (ახალციხე) წარესხათ რაოდენიმე თავადთა გვამნი ცოლ-შვილით და სხვანიცა მდაბალნი გლეხნი, რომელიცა ქრცხინვალით წაყვანილ იყვნენ და გინათუ სხვათა სოფლებითაგან აღსიხას, იგინი ყოველნი განათავისუფლეს და მოუწერეს სულეიმან-ფაშას განთავისუფება მათი და მშვიდობა ურთიერთისადმი და მოიყვანეს იგი ტყვენი ტფილისად და რომელნიცა ჰყვა ფაშას ჯარად დაღისტანელნი, იგინიცა დაითხოვა მამულისაგან თვისისა» (ო. ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა; იხ. საქ. ცხოვრება, 1913, გვ. 270-271).
როგორც ზემოთ მოტანილი ცნობებიდან ჩანს, ერეკლეს ელჩი ორჯერ ყოფილა კონსტანტინეპოლში და ორივეჯერ კარგად მიუღიათ. მართალია, გურგინას ორგზის ელჩობა სხვადასხვა დროს ეხება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, პირველი ელჩობა 1774 წლის აგვისტო-დეკემბერში უნდა მომხდარიყო, რადგან, როგორც ო. ხერხეულიძე იუწყება, ტყვეთა გაცვლა და ახალციხის ფაშასთან ურთიერთობის მოწესრიგება გურგენას ელჩობას მოჰყოლია. ამავე დროს ეს მომხდარა თურქეთის მთავრობის ნებით. ერეკლეს ხელიდან გამოსული საბუთით კი დაბეჯითებით ვიცით, რომ მეფეს ახალციხის ფაშასთან 1774 წლის დეკემბერში ურთიერთობა მოწესრიგებული აქვს. 1774 წლის 30 დეკემბერს ერეკლე მეფე წერდა: «... ჩვენ და ახალციხის ფაშას შუა შერიგება და დიდი ერთობა არის. ვისაც სავაჭროთ ან თავის საქმეზე ახალციხეს ან ჯავახეთის ქვეყანაში წასვლა უნდოდეს, წავიდეს, ფიქრი ნურა აქვს რა. ამას იქით ერთმანეთში წასვლა-მოსვლა აღარ დაეშლებათ» (საქ. ცენტრ. არქივი, ფ. 226, საბ. 383).
აქვე უნდა მივაქციოთ მკითხველის ყურადღება ერთ გარემოებას. თანამედროვე ისტორიკოსის აზრით ელჩი თუ თურქეთში დიდის პატივით იმიტომ შეუწყნარებიათ, რომ «ცნობილი იყო მეფე ერეკლე ფრიად წინააღმდგომ ყოველსა ხვანთქრისა საბრძანებელთა შორის». ასე რომ, თანამედროვე ისტორიკოსი კი არ გმობს ერეკლეს გაბედულ ნაბიჯს, მსგავსად ზოგი გვიანდელი ავტორისა, არამედ თავგანწირულ ბრძოლას მიიჩნევს პატივისცემის საფუძვლად.
მეფე ერეკლეს რუსეთთან კავშირით განაწყენებული ქარიმ-ხანიც დაუტკბა. «შირაზიდამ თქვენი წიგნი მოგვივიდა – სწერდა ერეკლე გრიგოლ სახლთუხუცესს 1775 წლის 15 ივნისს – რაც მოგეწერათ ყველა ვსცანით... ბედნიერის ვექილისაგან ჩვენზედ წყალობით ყოფნა და თქვენი პატივით შეწყნარება და მიჩნევა მოგეწერათ... აქაურს ამბავს იკითხავ ვინცავინ გარეშემო მეზობლები ღვთით ყველასა ჩვენი საქმე სჯობს. ფაშა ახალციხისა და სხვანი მეზობლებიც ჩვენთან კაის დოსტობით არიან. ყველას კაცი მოდის და მიდის» (საქ. მუზეუმი, ფ. Hd, საბ. 8520).
ასე რომ, თუ ერეკლემ აწეწილი საგარეო ვითარება 70-იან წლებში ადვილად მოაგვარა და თურქეთი მას პატივით ეპყრობა, ეს მარტო ერეკლეს ნიჭის ნაყოფი არაა. იგი შედეგად მოჰყვა ომში თურქეთს გატეხას, საერთაშორისო ვითარების შეცვლას და ქართველი ხალხის გმირულ, თავგანწირულ ბრძოლას, რომლის დაგმობა დიდი შეცდომაა.
მორიგე ჯარის შექმნით ერეკლემ მოთარეშე ლეკებისაგან ქვეყნის თავდაცვის საქმეც დროებით მოაწესრიგა.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ერეკლეს წერილები, რომლებიც ომის დამამთავრებელ ეტაპზე გაიგზავნა რუსეთში, ერთი შეხედვით ისეთ შთაბედილებას ტოვებს, თითქოს ომში მონაწილეობის შედეგად ქვეყანა მხოლოდ დაქცეულიყოს და ისტორიკოსებიც ასე განიხილავენ მას. მაგრამ ერეკლე თუ მართლა ასე აფასებდა რუსეთთან კავშირის შედეგებს, რატომ იყო, რომ ომის დამთავრებისთანავე ერეკლე, ჩრდილოეთ კავკასიასა და კასპიისპირეთში რუსეთის პოლიტიკური აქტივობის სიმპტომების გამოვლენისთანავე, რუსეთის მთავრობას ირანის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ფართო პროგრამას თავაზობდა?
* * *
რუსი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნიანი ურთიერთობის ისტორიაში პირველად სამხედრო კავშირი 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომის წლებში განხორციელდა. მართალია, ამ კავშირს თან ახლდა მთელი რიგი მომენტებიც, რომლებიც ჩრდილს აყენებდნენ მას, – ტოტლებენის ავანტიურა, სუხოტინის უტაქტო მოქმედება, რუსეთის მთავრობის არაგულისხმიერი დამოკიდებულება ქართველი პოლიტიკოსებისადმი და სხვა. მაგრამ ეს ოდნავადაც არ არყევდა მოწინავე ქართველ ისტორიკოსთა რწმენას – რ ო მ | რ უ ს ე თ ი | ე რ თ ა დ ე რ თ ი | დ ი დ ი | ქ რ ი ს ტ ი ა ნ უ ლ ი | ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო | ი ყ ო, | რ ო მ ე ლ ს ა ც | ა მ ი ე რ კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი | რ ე ა ლ უ რ ი | პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი | ი ნ ტ ე რ ე ს ე ბ ი | ჰ ქ ო ნ დ ა, | რ ო მ ე ლ ი ც | ქ ა რ თ ვ ე ლ ი | ხ ა ლ ხ ი ს | პ ო ლ ი ტ ი კ უ რ | მ ი ს წ რ ა ფ ე ბ ა ს | ა რ | ე წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ე ბ ო დ ა (ნ. ბერძენიშვილი, XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან; იხ. მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, 1944, ნაკ. I, გვ. 186), რის გამო მასთან კავშირი აუცილებელი იყო. ხოლო საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღვრილი სისხლი განამტკიცებდა რუსი და ქართველი ხალხის საუკუნოებრივ მეგობრობას, ხელს უწყობდა მათს შემდგომ დაახლოებას.
ტექსტი ბლოგზე გამოქვეყნებისთვის
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment