Wednesday, May 30, 2018

ვალერიან მაჭარაძე რუსეთ-თურქეთის ომის წინ საქართველოს მდგომარეობის, ომის წარმოშობისა და მასში ქართველი მეფე-მთავრების მონაწილეობის შესახებ

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს დასაწყის ნაწილს პროფესორ ვალერიან მაჭარაძის წიგნისა «ასპინძის ბრძოლა», სახელგამი, თბილისი, 1957)


შინაარსი  

ავტორისაგან
თავი I. აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა რუსეთ-თურქეთის ომის წინ
თავი II. რუსეთ-თურქეთის ომის წარმოშობა. ქართლ-კახეთის სამეფოს მიმხრობა რუსეთ-იმერეთის სამხედრო კავშირისადმი
II. 1. რუსეთ-თურქეთის ომის წარმოშობა
II. 2. რუსეთ-იმერეთის შეთანხმება და რუსეთის ჯარის ჩამოსვლა საქართველოში
II. 3. ქართლ-კახეთის სამეფოს მიმხრობა რუსეთ-იმერეთის სამხედრო კავშირისადმი 


ავტორისაგან 

საქართველოს არაერთი მძვინვარე აგრესორი უნახავს, მაგრამ თურქ დამპყრობთა ბარბაროსული ბატონობის დამღუპველ შედეგებთან, ალბათ, შაჰ-აბასის ველური ურდოების სისხლიანი საქმეებიც კი დაიჩრდილება. ამიტომ ქართველი ხალხის ბრძოლა თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ შეუპოვრობითა და თავგანწირულობით ხასიათდებოდა. 

წინამდებარე მონოგრაფიის მიზანია გააშუქოს ქართლ-კახეთის ბრძოლა თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ სამხრეთ საქართველოს განთავისუფლებისათვის, რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წწ. ომის პერიოდში, რომლის ყველაზე ბრწყინვალე ეპიზოდიც ასინძის ბრძოლა იყო.

მართალია, ნარკვევის ძირითად თემას ასპინძის ბრძოლა წარმოადგენს, მაგრამ იგი თვითკმარი და განცალკევებული მოვლენა კი არა, რუსეთ-თურქეთის ომისა და თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ხანგრძლივი ბრძოლის შემადგენელი ნაწილია და ამ მოვლენებთან კავშირის გარეშე მისი გაშუქება შეუძლებლად მიმაჩნია. ამიტომ აღნიშნულ საკითხებს ნარკვევში სათანადო ადგილი დაეთმო. ამასთან რამდენადაც ასპინძის ბრძოლა რუსეთთან კავშირს მოყვა, ხოლო ტოტლებენის ავანტიურისტულმა ნაბიჯებმა რუსეთთან ურთიერთობასაც ჩრდილი მიაყენა და ასპინძის ომის შედეგები არარად აქცია, საჭიროდ ვცანი რუსეთთან ურთიერთობის საკითხები წინა პლანზე წამომეწია.

ასპინძის ბრძოლის ისტორიით არა ერთი მკვლევარი დაინტერესებულა, მაგრამ იგი სპეციალური კვლევის საგნად დღემდე არავის გაუხდია და მონოგრაფია, რომელსაც პრეტენზია ჰქონდეს რამდენადმე სრულყოფილად წარმოადგინოს ქართველი ხალხის გმირული ისტორიის ეს შესანიშნავი ეპიზოდი, არ არსებობს.

ქართველი ხალხის დიდი ინტერესი თავისი გმირული წარსულისადმი ამოძრავებდა ავტორს, როცა კვლევის საგნად ასპინძის ბრძოლის ისტორია გაიხადა. მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჟამთა სიავის გამო ქართული წყაროების დიდი ნაწილი განადგურებულია ან ჯერ კიდევ არ არის მიკვლეული, რაც სერიოზულ სიძნელეებს ქმნის ქართველი ხალხის გმირული ისტორიის შესწავლის საქმეში, რასაც არ შეიძლებოდა თავისი დაღი არ დაემჩნია წინამდებარე ნაშრომისათვის.

წარმოდგენილ ნაშრომს პრეტენზია არა აქვს სრულყოფილად გააშუქოს ასპინძის ბრძოლის ისტორია. ავტორი ყველა სამართლიან შენიშვნას კმაყოფილებით მიიღებს.


თავი I 


აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა რუსეთ-თურქეთის ომის წინ 

XVIII საუკუნის შუახალებისათვის საქართველო სამეფო-სმთავროებად იყო დაქუცმაცებული. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებობდნენ ქართლისა და კახეთის სამეფოები, რომლებიც ირანის პოლიტიკურ გავლენას ექვემდებარებოდნენ, ხოლო მის დასავლეთ ნაწილში – იმერეთის სამეფო და მისგან ფაქტიურად დამოუკიდებელი გურიისა და სამეგრელოს სამთავროები, რომლებიც თურქეთის ბატონობის მძიმე უღელქვეშ გმინავდნენ. რაც შეეხება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთს, იგი ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ჩამოგლიჯა თურქეთმა დედასამშობლოს და მის ძალდატანებით გათათრებას შეუდგა. თურქეთმა მესხეთში შექმნა ახალციხის თურქული საფაშო, რომელიც საქართველოში თურქეთის აგრესიის უმთავრეს პლაცდარმს წარმოადგენდა. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლიც მტერს ეკავა და დასავლეთ საქართველოს საბოლოოდ დაპყრობისათვის ამ მიმართულებითაც გზას იკაფავდა.

საქართველოს ასეთი დაძაბუნება განაპირობა, ერთის მხრივ, ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებმა – ფეოდალთა სეპარატიზმის გაძლიერებამ, ხოლო მეორეს მხრივ, XV საუკუნის ბოლოდან გარეშე მტრების (თურქეთი, ირანი, ლეკები) ინტენსიურმა დაწოლამ. გარდა ამისა, ქვეყანა, იმის გამო, რომ თურქეთი შავი ზღვის სრუტეებსა და ბალკანეთში გაბატონდა, მოწყვეტილი აღმოჩნდა კულტურულ დასავლეთთან ეკონომიკურ კავშირს. მართალია, XV საუკუნის ბოლოდან ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთით მონღოლთა უღლისაგან განთავისუფლებული ახალგაზრდა რუსეთი სერიოზულ ძალად იქცეოდა, რაც ქართველ პოლიტიკოსებს მხედველობიდან არ გამოპარვიათ, მაგრამ მაშინ საქართველოს ოქროს ურდოს ნაშთები – ყირიმის, ასტრახანისა და ყაზანის სახანოები – თიშავდნენ და რუსეთთან კავშირის დამყარებას შეუძლებელს ხდიდნენ, ხოლო როცა რუსეთმა ვოლგის აუზში თათრულ სახანოებს ბოლო მოუღო და თერგზე გამოვიდა, შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილსა და ქვემო დონზე გაბატონებულმა თურქებმა (სავასალო ყირიმის მეშვეობით) ჩრდილო კავკასიის გზებიც გადაჭრეს და 200 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ მიმართულებითაც გზას გვიხშობდნენ. აზერბაიჯანში დამკვიდრებულმა ირანმაც დერბენდის გზა ჩაჰკეტა. ამრიგად, საქართველო ძლიერი მაჰმადიანური ქვეყნების გარემოცვაში აღმოჩნდა. ისინი სამი საუკუნის მანძილზე განუწყვეტლივ ესხმოდნენ თავს საქართველოს და მის წინააღმდეგ აქეზებდნენ დაღესტნელ ფეოდლებსაც.

ორი მოძალადის – თურქეთისა და ირანის – ინტენსიურმა შემოსევებმა, გამუდმებულმა «ლეკიანობამ» და დაუსრულებელმა შინაფეოდალურმა ომებმა მკვეთრად შეამცირა მოსახლეობის რიცხვი (XIII საუკუნის შუახანებში საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონზე მეტი იყო, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ½ მილიონზე ნაკლები), დასცა მეურნეობა, კულტურა და ყოველივე ამან ქვეყანა ისე დააძაბუნა, რომ მას საკუთარი ძლებით თავდაცვის გაგრძელება თითქმის აღარ შეეძლო.

ასე წარმოგვიდგება საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის საერთო სურათი XVIII საუკუნის პირველი ნახევრისათვის.

XVIII საუკ. 20-იან წლებში ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთის იმპერია ისეთ ძალად ეჩვენებოდათ, რომელიც ირანს საბოლოოდ გააძევებდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან, ამიტომ პეტრე I-ის მოწოდებისთანავე ვახტანგ VI უყოყმანოდ დადგა რუსეთის მხარეზე, მაგრამ რუსეთმა ამ დროს საქართველოს საჭირო დახმარება ვერ აღმოუჩინა და ვახტანგ VI-ის პოლიტიკამ მარცხი განიცადა. ქართლში ოსმალები გაბატონდნენ. ოსმალები 30-იან წლებში ყიზილბაშებმა შეცვალეს, მაგრამ აგრესორებმა თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი წელში ვერ გატეხეს და იძულებული გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ. 1744 წელს ნადირ-შაჰმა კახეთის მეფე თეიმურაზ II ქართლის მეფედ დანიშნა, ხოლო მისი შვილი ერეკლე II – კახეთის მეფედ; ამასთან ირანის მბრძანებელმა ხელი აიღო ქართლის გამაჰმადიანების პოლიტიკაზე (თეიმურაზს ნება დართო ქრისტიანული წესით ასულიყო ტახტზე) და ქართლს დაუბრუნა შაჰ-აბასის მიერ მიტაცებული ლორე, ბორჩალო და ბაიდარი. ცხადია, ეს შაჰის წყალობა კი არა, ქართველთა შეუპოვარი ბრძოლით მონაპოვარი იყო (ნ. ბერძენიშვილი, XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან. იხ. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1944, ნაკ. I, გვ. 210).

1747 წელს ნადირ-შაჰმა მთელ ირანს და აღმოსავლეთ საქართველოსაც, როგორც საყმო ქვეყანას, დიდი გადასახადი შეაწერა, რაც გაპარტახებული ქვეყნისათვის აუტანელი იყო. ქართველმა პოლიტიკოსებმა აჯანყება გადაწყვიტეს. განრისხებულმა შაჰმა აჯანყებულ ქართველთა დასასჯელად 34 ათასიანი კორპუსი გამოჰყო, რომელსაც გ. ამილახვარი უთავა, მაგრამ შაჰმა შეცდომა იგრძნო, განზრახვაზე ხელი აიღო და მეფეებს «დაუტკბა». ამასთან, შაჰმა ერეკლე II თავისთან დაიბარა. თეიმურაზ II-მ იცოდა, რომ სიამტკბილობით ირანს დაბარებული ქართველი სახელმწიფო მოღვაწე შეიძლებოდა შაჰის რისხვის მსხვერპლი გამხდარიყო. ამიტომ გადაწყვიტა შვილის მაგივრად თვითონ წასულიყო. მაგრამ ქართლის მეფემ ნადირ-შაჰს ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. თეიმურაზ II გზაში იყო, როცა შაჰი შეთქმულებმა მოკლეს (1747 წ. მაისში). ირანის ტახტს შეთქმულთა მეთაური, ნადირ-შაჰის ძმის შვილი, ალი-ყული-ხანი დაეუფლა და ტახტზე ადილ-შაჰის (სამართლიანის) სახელით დაჯდა. ამ დროიდან ირანში ბრძოლა დაიწყო ტახტის მაძიებელთა შორის, რომელიც 60-იან წლებში ძლივსღა მინელდა. ირანში დაწყებულმა ამბებმა თავისებური გავლენა მოახდინეს საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე. 

ირანში დაწყებული არეულობითა და თეიმურაზ II-ის საქართველოდან წასვლით ისარგებლა აბდულა-ბეგმა და ქართლში გაბატონება სცადა. იგი ამიერკავკასიაში მყოფ ყიზლბაშ სარდლებს დაუკავშირდა, საბარათიანოს თავადები შემოიფიცა და ერეკლეს მოსწერა: «მეფე არჩილობით ქართლი ჩემია, დამანებე და შენ კახეთს მიეპატრონეო» (საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913, გვ. 133-134). ამასობაში აბდულა-ბეგმა აზერბაიჯანში მყოფი ირანელი სარდლებისაგან ჯარიც მიიღო და თბილისის ციხის ყიზილბაშური გარნიზონის დახმარების იმედით დედაქალაქს მოადგა, ხოლო ერეკლეს წინადადება მისცა დაეცალა თბილისი. მოქალაქეთა აქტიური დახმარებით ერეკლემ აბდულა-ბეგი დაამარცხა.

დამარცხებულმა აბდულა-ბეგმა თავი სამშვილდეს შეაფარა. ერეკლესათვის ცხადი იყო, რომ თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი აბდულა-ბეგს უჭერდა მხარს. ამიტომ ქართლის ტახტის ამ პრეტენდენტის წინააღმდეგ ბრძოლა თბილისის ციხეებიდან უნდა დაწყებულიყო. 1748 წლის ივლისში ერეკლემ თბილისის ციხეები აიღო (იესე ბარათაშვილის ცხოვრება-ანდერძი, თბილისი, 1950, გვ. 11) და ყიზილბაშური გარნიზონი ქართველი მეციხოვნეებით შეცვალა. მალე აბდულა-ბეგმა მეორე მოკავშირე – ირანელი სარდალი ამირ-ასლან-ხანიც დაკარგა და მარტოდ დარჩენილმა ფარხმალი დაყარა. ერეკლე სამშვილდესაც დაეუფლა.

ასე რომ, 1749 წელს, როცა თეიმურაზ II ირანიდან დაბრუნდა, ქართლი და კახეთი უცხოელთა ბატონობისაგან ფაქტიურად განთავისუფლებული იყო.

ირანში ტახტის მაძიებელთა შორის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა, პროვინციების მმართველებმა და სარდლებმა დრო იხელთეს და თავიანთი სამფლობელოების გაფართოება დაიწყეს. ერთერთი ასეთი ბედის მაძიებელი – მაჰმად-ხანი, ერევანს მოადგა. ერევნელებმა ქართველ მეფეებს მიმართეს დახმარებისათვის (საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913, გვ. 251).

ცხადია, ქართველი პოლიტიკოსები მაყურებლის როლში ვერ დარჩებოდნენ. ქართლ-კახეთის ჯარი დაუყოვნებლივ ერევნისაკენ დაიძრა, მაჰმად-ხანი დაამარცხა და, დახმარების პირობის თანახმად, ერევნის სახანომ ხარკი იკისრა ქართლ-კახეთის სამეფოების სასარგებლოდ. აქედან ქართლ-კახეთის ჯარი განჯისაკენ დაბრუნდა, რადგან ჯერ კიდევ ერევნისაკენ მიმავალმა მეფეებმა გზაში განჯის ხანისაგან წერილი მიიღეს, რომ ფანა-ხანი განჯა-ყარაბაღის ქვეყნებს ანადგურებსო (იქვე, გვ. 164). ქართველთა ჯარის გამოჩენისას ფანა-ხანი განჯას გაეცალა და განჯის სახანოც საქართველოს საყმო გახდა (1749). ამ ხანებში ქართლ-კახეთის გავლენა ნახჭევნის სახანოზედაც გავრცელდა (იქვე, გვ. 167).

1748-1750 წლებში წარმოებული ბრძოლების შედეგად ქართლისა და კახეთის სამეფოები ირანის ბატონობისაგან ფაქტიურად განთავისუფლდნენ, ხოლო ირანის ყოფილი პროვინციების ნაწილი ქართლის მოხარკე გახდნენ. ასეთი იყო პირველი წარმატებანი. 

1751 წლის ზაფხულში ქართველებმა ერეკლეს მეთაურობით დიდი ბრძოლა გადაიხადეს ერევანთან, რომელსაც ირანის ტახტის პრეტენდენტი აზატ-ხანი უზარმაზარი არმიით მოდგომოდა (აზატ-ხანის ჯარს 18-დან 40 ათას კაცამდე ანგარიშობენ, ხოლო ერეკლეს 5 ათასამდე კაცი ჰყოლია). ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს, ხოლო ირანის ტახტის მაძიებელმა თავს გაქცევით უშველა.

ქართველი პოლიტიკოსების წარმატებებმა საგონებელში ჩააგდო ამიერკავკასიის მაჰმადიანი მფლობელები, შაქი შარვანის ხანი ჰაჯი-ჩალაბი, გადაიბირა რა ერთმორწმუნე ხანები და ლეკთა მოთარეშე ბანდები, ორგზის დაუპირისპირდა საქართველოს (1751 და 1752 წწ.) და ქვემო ქართლს მოსათხრელად მოადგა, მაგრამ ქართველებმა ამჯერადაც მოახერხეს მოზღვავებული მტრის უკუგდება.

შაქის ხანზე გამარჯვებას დიდი შედეგები მოჰყვა: საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებული მაჰმადიანური სახანოების კავშირი დაიშალა, ხანები ქართველი მეფეების მიმართ ისევ მორჩილების გზას დაადგნენ, აზატ-ხანმაც ზავი ითხოვა. «ხუთი წლის განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად ქართლ-კახეთმა უკუაგდო აზატ-ხანი, წარმატებით მოიგერია მეზობელი ხანების გაერთიანებული შემოტევა და უდაოდ ცხადყო თავისი უპირატესობა აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიაში» (ნ. ბერძენიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, ნაწილი I, 1950, გვ. 383).

ამ გამარჯვების შემდეგ ქართლ-კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე კარგა ხნით, შედარებით, მშვიდობიანობა დამყარდა, რადგან ირანში ტახტისათვის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა. ამასთან საკმარისი იყო ირანში სტაბილური მდგომარეობა შექმნილიყო, რომ საქართველო კვლავ განსაცდელის წინაშე აღმოჩენილიყო, ამიტომ ირანის ბატონობისაგან საბოლოოდ თავის დასაღწევად და საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ქვეყნის ტექნიკურ-ეკონომიკური პროგრესისა და მისი მტკიცე ცენტრალიზაციისათვის ზრუნვა. მაგრამ XVIII საუკუნის 50-იან წლებში ლეკთა შემოსევებმა ისეთი ინტენსიური ხასიათი მიიღო, რომ ქვეყნის ძალები ამ უკანასკნელს დასჭირდა.

კახეთის მეზობლად მცხოვრები დაღესტნის მთიელი ტომები თავიანთი ყაჩაღური თავდასხმებით ქვეყანას განადგურებას უქადდნენ.

მთიელ აბრაგთა რაზმები ქურდულად იჭრებოდნენ ქართლ-კახეთის სოფლებში, იტაცებდნენ ადამიანებს, საქონელს, ნივთებსა და კვლავ მთებს აფარებდნენ თავს.

მთიელ ყაჩაღთა თარეში არა მარტო ინტენსიურ მეურნეობას არღვევდა, არამედ აგრეთვე ქვეყანას მოსახლეობისგანაც ცლიდა. ავაზაკობას ასულდგმულებდა სამხედრო-ფეოდალური თურქეთი, რომელიც მონათა ბაზარს წარმოადგენდა. ყაჩაღები თურქეთის მონათა ბაზრებს ორი გზით უკავშირდებოდნენ: ჩრდილო კავკასიიდან – ყირიმის, ხოლო სამხრეთიდან – ახალციხის საფაშოს გზით.

მართალია, პირდაპირ ბრძოლებში ქართველები ყოველთვის ამარცხებდნენ მთიელთა მოთარეშე რაზმებს, მაგრამ მათი საბოლოოდ ალაგმვა ვერ ხერხდებოდა. ქვეყნის საგარეო მდგომარეობის გართულების პირობებში ლეკთა თარეში კიდევ უფრო ძლიერდებოდა – საქართველოს მტრები ლეკებს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდნენ (პროფ. იასე ცინცაძე იმ აზრისაა, რომ XVIII საუკ. 50-იან წლებში ლეკთა ინტენსიური შემოტევისა და მეზობელ მაჰმადიან მფლობელთა კოალიციური თავდასხმების ორგანიზატორი თურქეთის ფული და აგენტურა იყო /იხ. საქ. სსრ შ. ს. ს. საარქივო სამმართველოს «საისტორიო მოამბე», ტ. VI, 1952, გვ. 90-91/). უცხოელთა ბატონობის შედეგად ეკონომიურად დასუსტებულ ქვეყანას, რომელსაც მუდმივი ჯარისა და კორდონების შექმნის შესაძლებლობა არ ჰქონდა, საკუთარი ძალებით საკითხის გადაჭრა, ცხადია, არ შეეძლო.

გარდა წვრილი ყაჩაღური თარეშისა, XVIII საუკუნის 50-იან წლებში ლეკებმა მოაწყვეს მსხვილი ლაშქრობებიც, რომლებიც «ლეკიანობის» ჩვეულებრივი ხასიათისაგან განსხვავდებოდა.

ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი 1754 წელს ლეკთა დიდი ჯარით შემოიჭრა კახეთში და იქიდან ქართლის მთიანეთს მოადგა, სადაც აგვისტოში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს იგი მჭადიჯვართან. 1755 წელს იგი უზარმაზარი არმიით კვლავ შემოიჭრა კახეთში და ყვარლის ციხეს შემოადგა. ამჯერად ლეკთა მეთაურმა ჭარელები გამოიყვანა, ამიერკავკასიის მაჰმადიან მფლობელებსაც მოუხმო და ყვარლის ციხესთან 20 ათასიან არმიას მოუყარა თავი, მაგრამ ერეკლემ შეძლო ქართველთა ძალების დარაზმვა და მოხერხებული მოქმედებით მტრის გეგმები ჩაშალა.

ლეკთა თარეში მომდევნო წლებშიც ინტენსიური ჩანს.

მართალია, ლეკებს ერთი დაკვრით საქართველოს განადგურება არ შეეძლოთ, მაგრამ «ლეკიანობა მის ჩვეულებრივი სახით მართლაც რომ მოთხრას უქადდა ქვეყანას». 

ბუნებრივია, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ პოლიტიკოსებს ლეკთა ბანდების თარეშის საკითხი უნდა გადაეჭრათ, მაგრამ რაკი ეკონომიურად სუსტ ქვეყანას მუდმივი ჯარის შექმნა ან ჯარის დაქირავება და კორდონების მოწყობა არ შეეძლო, ქვეყნის გადასარჩენად სხვა გზა უნდა ეძიათ. გარდა ამისა, ამ დროს ქართლ-კახეთი ირანის ბატონობისაგან ფაქტიურად თავისუფალი იყო, მაგრამ ეს საქმე ხომ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ იყო. ერეკლესა და თეიმურაზის დიპლომატიურ უნარსა და ერეკლეს ბრწყინვალე სამხედრო ნიჭს შედეგები ირანში შექმნილი ვითარების წყალობით მოჰყვა, სხვა პირობებში პატარა საქართველო დიდ ირანს ვერ გაუძლებდა. ირანში კი, მართალია, ტახტის მაძიებლებს შორის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ხომ უნდა დასრულებულიყო.

საგარეო პოლიტიკის ამ ორი ამოცანის გამო თეიმურაზ II იძულებული გახდა 1760 წელს რუსეთში წასულიყო. ერეკლესა და თეიმურზის გეგმა ასეთი იყო: რუსეთის მთავრობას სთხოვდნენ ჯარს ან ფულს სესხად, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ ჯარის გამოყვანისა; ამ ჯარით ალაგმავდნენ ლეკთა თარეშს ქვეყანაში; ამის შემდეგ შეიჭრებოდნენ ირანში და ირანის შაჰის ტახტზე რუსეთისათვის სასურველ პირს გაიყვანდნენ (Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относящиеся к Грузии, под. ред. А. А. Цагарели, Т. I, С.-Петербург, 1891, стр. 12).

ეს გეგმა გაბედული იყო, მაგრამ რეალური არ ყოფილა. იგი ვერ ითვალისწინებდა, რომ შვიდწლიან ომში ჩაბმული რუსეთი სამხრეთელი მეზობლების განაწყენების გზას ვერ დაადგებოდა. რაკი საქმის ვითარება ასეთი იყო, ყიზლარის კომენდანტ ფრაუენდორფს, 1760 წ. 30 ივნისს, პეტერბურგიდან ატყობინებდნენ: ზუსტად გაეგო, თუ რა მიზნით მოდის თეიმურაზი რუსეთში; თუ იგი თავისი ამალით მოდის რუსეთში საცხოვრებლად და არა სხვა მიზნით, ამავე დროს, თუ აქვს საშუალება თავისი ხარჯით იცხოვროს, წამოვიდეს, თუ არა და ჩააგონე, სამშობლოში დაბრუნდესო; ამასთან, თუ რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე აქვს მოსახსენებელი, თქვენი საშუალებით გვაცნობოს და პასუხს ყიზლარში დაელოდოსო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 10, д. 7, лл. 9-10, 21-22). ბუნებრივია, თეიმურაზის ელჩობა უშედეგოდ უნდა დამთავრებულიყო.

მართალია, თეიმურაზმა მოახერხა პეტერბურგში ჩასვლა, მაგრამ დახმარების ამაო მოლოდინში იქვე გარდაიცვალა 1762 წ. 8 იანვარს.

თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ ერეკლემ თავი გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. ამასობაში ირანში ტახტის მაძიებლებს შორის ბრძოლაც დასასრულს მიუახლოვდა. ქერიმ-ხან-ზანდმა დაამარცხა თითქმის ყველა მოწინააღმდეგე, მათ შორის აზატ-ხან ავღანიც, რომელიც აიძულა ირანიდან გაქცეულიყო. ერეკლემ აზატ-ხანი შეიპყრო და ქერიმ-ხანს გაუგზავნა. 1761 წელს ქერიმ-ხანმა თავრიზიც აიღო და იმ დროიდან თითქმის მთელი ირანის მმართველი გახდა. 

ერეკლე მეფის მიერ ქერიმ-ხანისათვის გაწეულ სამსახურს უქმად არ ჩაუვლია – «ქერიმ-ხანმა იცნო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება, აგრეთვე ერეკლეს უფლება განჯა-ერევნის სახანოებზე და ამით აღიარა საქართველოს მეფის უპირატესობა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში» (ნ. ბერძენიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, 1, გვ. 387)

შედარებით მშვიდობიანობა დამყარდა ქართლ-კახეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზეც, რადგან XVIII საუკუნის 60-იან წლებში თურქეთს ყურადღება რუსეთისაკენ ჰქონდა მიპყრობილი. გარდა ამისა, იმერეთიც ხომ თავგანწირვით ებრძოდა თურქ დამპყრობლებს, რაც მტრებს იაფად როდი უჯდებოდათ. ამიტომ თურქეთი იძულებული იყო ქართლ-კახეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა.

ასე გამოიყურებოდა გარეგნულად აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა XVIII საუკუნის 60-იან წლებში.

* * *

გარეშე მტრებთან წარმატებით ბრძოლა ქვეყნის მტკიცე ცენტრალიზაციისა და მისი ეკონომიური აღორძინების გარეშე შეუძლებელი იყო. ქვეყნის ცენტრალიზაციის გზაზე მთავარ დაბრკოლებას სათავადოების სისტემის არსებობა წარმოადგენდა. სეპარატისტული ტენდენციები და შიდაფეოდალური ქიშპი, რომელიც სათავადოების სისტემის არსებობას თან სდევდა, ქვეყნის ძალებს თიშავდა და აკნინებდა. დამოუკიდებლობის შენარჩუნების მისწრაფება ფეოდალებს სამშობლოს მოღალატის მდგომარეობაშიც აგდებდა, რადგან ცენტრალური ხელისუფლების ძალმომრეობისაგან თავის დაღწევის საშუალებას თავადები უცხო ძალებში ხედავდნენ (ამიტომ იყო რომ ისინი ქვეყნის ყველა მტერს თანაბრად უკავშირდებოდნენ). ბვუნებრივია, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა სათავადოების სისტემის წინააღმდეგ ბრძოლასაც მოითხოვდა. ეს კარგად ესმოდათ თეიმურაზსა და ერეკლეს და ფაქტიურად მათი «ბატონობა არაგვის საერისთაოს გაუქმებითა და თავადებთან ბრძოლით დაიწყო» . ცენტრალიზაციისათვის ენერგიული მებრძოლი ერეკლე II თავადებს საშიშ ძალად მიაჩნდათ. ამიტომ იყო, რომ თავადები 40-იანი წლების მიწურულს ქართლის ტახტზე გამაჰმადიანებული აბდულა-ბეგის გამეფებას უჭერდნენ მხარს. აჯანყებულები ირანის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ვარაუდობდნენ ერეკლეს ქართლიდან განდევნას (ერეკლეს კახელობა როდი იყო მის წინააღმდეგ ქართლის თავადების ბრძოლის მთავარი მიზეზი), მაგრამ სწორედ ამან განაპირობა მათი მარცხი. უცხო ძალებზე დაყრდნობით ეროვნულ ნიადაგზე მყარად დგომა შეუძლებელი იყო, ამიტომ ქვეყნის მოწინავე ძალები მათ შორის აბდულა-ბეგის ძმაც (ანტონ კათალიკოსი), ერეკლეს ბანაკში აღმოჩნდნენ. 

XVIII საუკუნის 60-იან წლებში საერთაშორისო ვითარება გაერთიანებული ქართლ-კახეთის სასარგებლოდ შემოტრიალდა: ირანის მმართველი ქერიმ-ხანი ერეკლესთან მეგობრობას არჩევდა (იძულებულიც კი იყო ეცნო ქართლ-კახეთის მეფის უფლება ირანის ყოფილ პროვინციებზე – განჯა-ერევნის სახანოებზე); თურქეთი, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობისა და იმერეთში გართულებათა გამო, იძულებული იყო ქართლ-კახეთთან მეგობრობის გზას დადგომოდა. ასეთ პირობებში ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი თავადები, რომელთაც 1765 წელს სცადეს გამოსვლა, საკუთარი ძალების ამარა აღმოჩნდნენ. თუმცა მათ «აბირეს ბუშსა ვახტანგ მეფისასა პაატას... რათამცა წარეწყმინდათ მეფე ირაკლი და დაეპყრათ თვით მეფობაჲ ქართლისა» (ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თბ. 1941, გვ. 52-53), მაგრამ ერეკლემ დროულად შეიტყო შეთქმულების განზრახვა და ისინი დააპატიმრა; ხოლო სასამართლოს განაჩენით: «მოჰკუეთეს პაატას თავი და დაწვეს ცეცხლში თაქთაქიშვილი ელისბარ და დიმიტრი (ამილახვარი – ვ. მ.) პატიმარ ჰყვეს და შეურაცხჰყვეს აღჯდომითა მისითა კარაულსა ზედა, და მოჰკვეთეს ძესა მისსა ალექსადრეს ცხვირი და გლახა ციციშვილსაცა მოჰკვეთეს ენა» (დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თბ. 1941, გვ. 10).

ერეკლეს დაუნდობელი მოპყრობა თავადთა შეთქმულებისადმი მტკიცე ზურგის შექმნის მიზანს ემსახურებოდა, მაგრამ შეთქმულების ლიკვიდაცია და მასთან ასეთი სასტიკი და გაბედული ანგარიშსწორება როდი ნიშნავდა, რომ ამიერიდან მტკიცე ზურგი უზრუნველყოფილი იყო. სათავადოების არსებობა, რაც იმ დროს საკმაოდ მყარ ნიადაგზე იდგა, მტკიცე ზურგს გამორიცხავდა.

ქართლ-კახეთის გაერთიანება და შედარებით მტკიცე ხელისუფლების შექმნა, რომელიც ერეკლემ მოახერხა, მხოლოდ ზედაპირული ხსიათისა იყო. სხვანაირი არც შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკური დაქუცმაცებულობის პირობებში. მაგრამ თუ ერეკლეს ერთგვარი წარმატებები მაინც გააჩნდა, უთუოდ საგარეო ვითარებით იყო განპირობებული, რადგან ქვეყნის მოწინავე ძალები გამოსავალს ამაში ხედავდნენ. 

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურებოდა ერეკლეს საგლეხო პოლიტიკაც.

გვიანფეოდალურ ხანაში საქართველოში ბატონყმობამ ისეთი უხეში ფორმები მიიღო, რომ იგი ფეოდალური სამართლითა და ტრადიციით განმტკიცებული ნორმების ფარგლებს გასცდა. მემამულეები გლეხის არავითარ უფლებას არ სცნობდნენ, რაც აიძულებდა გლეხებს მიეტოვებიათ კარ-მიდამო გახიზნულიყვნენ, ან სამშობლო მხარიდან გადაკარგულიყვნენ.

ცხადია, ასეთი მდგომარეობა სახელმწიფოს დიდ საშიშროებას უქადდა. ჯერ ერთი, ირღვეოდა ინტენსიური მეურნეობა, კლებულობდა სახელმწიფო შემოსავალი; მეორე – მცირდებოდა სამშობლოს დამცველ გლეხთა რიცხვი, სახელმწიფოს აკლდებოდა მოლაშქრეები.

ბუნებრივია, გლეხთა საკითხი მთავრობის მხრით სპეციალური ყურადღების საგანი უნდა გამხდარიყო.

1765 წელს გამოიცა კანონი, რომლითაც გლეხი, რომელიც თავისით დააღწევდა თავს უცხოეთის ტყვეობას, ძველი მებატონის ყმობისაგან თავისუფლდებოდა (Грузинския крестьянския грамоты, Составил Д. Пурцеладзе, Тифлис, 1882, стр. 17). ეს კანონი სტიმულს აძლევდა ტყვეობაში მოხვედრილ გლეხს ებრძოლა თავის დასაღწევად. თუმცა ტყვეობიდან თავდაღწეული გლეხი ისევ ახალი მებატონის ყმა ხდებოდა, რადგან მას საწარმოო საშუალებები არ გააჩნდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ერეკლე II აქტიურად ერეოდა ბატონისა და ყმის ურთიერთობაში. მაგალითად, მეფე ქიზიყის ასისთავის შვილს წყალობის წიგნში (1771 წ.) უწერდა: «... გლეხს კაცს უსამართლოდ არა დაემართოს რაო» (საქ. ცენტრ. არქივი, ფ. 226, საბ. 5643). 1772 წელს მეფე უბრძანებდა რევაზ ამილახვარს: «ამილახვარო რევაზ! ან თქვენ და ან რომელმაც ამილახორის შვილმა ამ საღალუღში მდგომელს კაცს ძალა და უსამართლო და ჯაბრი უყო რამე, და ის კაცი იქიდამ აიყარენ და გადაიკარგნენ, ან ჩვენის სახასო კაცი ან თქვენი კაცი, იცოდეთ დიდათ მოვიკითხამთ, ამ საღალუღსაც წავართვამთ და ვისიც საბაბითა და უსამართლოს ქნით იქიდამ კაცი აიყრება, იმასაც დიდათ მოვიკითხამთ, გარდავახდევინებთ იცოდეთ» (საქ. ცენტრ. არქივი, ფ. 226, საბ. 1. 153). 1774 წ. ჯავახიშვილებს მათი ყმების საჩივრის გამო მეფემ უბრძანა: «... რომელიც ამათი დებულება არ არის და არა სდებიათ, იმის გარდა თუ მეტი რამ მოინდომეთ, ჩვენგან მოსაკითხი იქნება. ამათ სამართლიანის საქმით მოექეცით, თორემ თუ კიდევ ამათ ჩვენზე გიჩივლეს, იცოდეთ რომ გიწყენთ» (საქ. მუზეუმი, ფ. Hd, საბ. # 11, 542).

ერეკლე, პირველი ფეოდალი ქვეყანაში, გლეხებისგანაც მოითხოვდა დამორჩილებოდნენ მებატონეებს. მაგ., ზემოთ მოტანილ საბუთში ერეკლე ჯავახიშვილებს ჰპირდებოდა: «თუ ესენი თქვენს ბატონყმობაზე იმტყუნებენ, მოგვახსენეთ და გარდავახდევინებთო» (იქვე). კიდევ მეტი, 1775 წელს მეფე ქიზიყის მოურავს ავალებდა დაესაჯა ურჩი სამონასტრო გლეხები, თანაც უფლებას აძლევდა დასჯის დროს მთელი სიმკაცრე გამოეყენებია (Груз. крест. грамоты, გვ. 27).

ერეკლე მოითხოვდა როგორც მებატონისაგან, ისე გლეხისაგან «ბატონ-ყმობის რიგის» დაცვას, ხოლო «ბატონ-ყმობის რიგი» რომლის დაცვას მთავრობა ითხოვდა, საქართველოში იმ დროს საკმაოდ მძიმე იყო, რადგან გლეხი მიმაგრებული იყო მიწაზე (30-წლიანი ხანდაზმულობა კანონმდებლობითაც და პრაქტიკითაც ძალაში რჩებოდა). შუა საუკუნეებში «ფეოდალური ჩაგვრის წყარო იყო არა მოსახლეობისათვის მიწის ექსპროპრიაცია, არამედ, პირიქით, მისი მიწაზე მიმაგრება» (მარქსი და ენგელსი). გლეხები, განსაკუთრებით კერძო მფლობელთა, «ბატონ-ყმობის რიგის» დაცვის პირობებშიც უკიდურეს დღეში იყვნენ. ბატონს უფლება ჰქონდა ყმა გაეჩუქებია, გაეყიდა, მზითვად გაეტანებია, გაეჯოხა და სხვა.

ერეკლეს განკარგულებანი ფეოდალიზმის საფუძველს არ შეხებია. ასეთი რამ მოსალოდნელი არც იყო. იგი მხოლოდ უბრუნებდა გლეხებს იმ უფლებებს, რაც მათ ფეოდალთა თვითნებობით, ფეოდალური სამართლისა და ტრადიციის წინააღმდეგ დაკარგული ჰქონდათ.

ერეკლეს ღონისძიებებს მაინც დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი რამდენადმე მაინც ზღუდავდა მემამულეთა თვითნებობას. გლეხმაც იცოდა, რომ «რაც თავადის შვილს ან აზნაურის შვილს ყმა ჰყავს, რაც ძველთაგან არა აძევს სამსახური, მეტობით ვერ იმსახურებენ» (საქ. მუზეუმი, ფ. Hd, საბ. # 11, 542). ბუნებრივია, ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა ბატონისა და ყმის ურთიერთობაში ხელს უწყობდა ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტის ზრდას, რაც უთუოდ დადებითად მოქმედებდა ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეზე.

ამითვე უნდა აიხსნას ის წარმატებანი, რომელსაც ერეკლემ მიაღწია საგარეო და საშინაო მტრებთან ბრძოლაში. ცხადია, ქვეყნის მოწინავე ძალების მხარდაჭერის გარეშე ქართლ-კახეთი 60-იან წლებში აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში სერიოზულ ძალად ვერ გადაიქცეოდა.

მიუხედავად წარმატებებისა ქართლ-კახეთი კვლავ სუსტი რჩებოდა, რადგან მოსახლეობა წინა საუკუნეებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებული იყო, ხოლო მეურნეობა – დაცემული. მაგ., მიუხედავად ჯალალედინის და მონღოლების შემოსევისა, საქართველოს მოსახლეობა 1254 წელს 5 მილიონამდე აღწევდა (ნ. ბერძენიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, I, გვ. 246). 1770 წლის ცნობით კი ქვეყნის მთელი რიგი სამეურნეო რაიონები აოხრებული, აყრილი და «უმკვიდროქმნილი» ყოფილა, ხოლო ფიზიკური განადგურებისა და აყრა-გაქცევის გამო მოსახლეობა საკმაოდ შემცირებული. 1770 წელს ქართლ-კახეთის მოსახლეობა ყაზახ-შამშადილისა და დიდოეთის ჩათვლით, 67 ათას კომლამდე ძლივსღა აღწევდა (ჟურნ. «კვალი», 1898 # 11 /საბუთი, როგორც გამომცემელი ა. ხახანაშვილი იუწყება, ერეკლე II-ის ბრძანებით შედგენილი სტატისტიკური ცნობაა, ი. ჯავახიშვილი ზემოაღნიშნულ ცნობას საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილად თვლის/); თუმცა აკად. ი. ჯავახიშვილი ამ ცნობაზე დაყრდნობით, სამეფოს მოსახლეობას, აკლებს რა დიდოეთსა და ყაზახ-შამშადილოს, ანგარიშობს 55 290 კომლამდე (იხ ჟურნალი «პრომეთე», # 1, 1918, გვ. 35-61). მართალია, აქ არ შედის ცნობები დასავლეთ საქართველოს შესახებ, მაგრამ XVIII საუკუნის 70-იანი წლების ცნობებით, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უფრო ნაკლები ჩანს (დაახლ. 31 ათასი კომლი), ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოსი (მოურავოვის ცნობით, 1769 წელს იმერეთში 8 ათასი კომლი ცხოვრობდა, სამეგრელოში – 13 ათასი, გურიაში – 5 ათასი, რაჭაში – 5 ათასი. იხ. Грамоты, I, გვ. 72-73). ასე რომ, უცხოელთა მძლავრობისა და ლეკთა თავდასხმების შედეგად, საქართველოს მოსახლეობა თითქმის 10-ჯერ შემცირებულა (5 მილიონიდან ½ მილიონამდე დასულა). გარდა ამისა, რაკი ქვეყნის მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რაიონები აოხრებული და მოსახლეობისგან დაცლილი, «უმკვიდრო ქმნილი» იყო, ცხადია, მეურნეობაც დაცემული იქნებოდა.

ქვეყანაში არც მსხვილი მანუფაქტურული წარმოება იყო განვითარებული. მაგ., აკად. გიულდენშტეტი მიუთითებდა, რომ საქართველოში მსხვილი მანუფქტურული წარმოება განვითრებული არ არისო, ხოლო დედაქალაქის მოსახლეობა უმთავრესად თავიანთი ბაღ-ვენახებით ირჩენდნენ თავსაო (И. А. Гилденштедт, Географическое и статистическое описание Грузии и Кавказа, СПб, 1809, стр. 184-185, 262). 1770 წელს საქართველოში მყოფი რუსი ოფიცერი იუწყებოდა: «არავითარი ქარხანა, არც ფაბრიკა, არ იყო და არც ახლაა საქართველოშიო» (Грамоты, I, გვ. 189).

ცხადია, მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რაიონების მოსახლეობისგან დაცლისა და მეურნეობის დაცემის პირობებში, რაკი ქვეყანაში მსხვილი მანუფაქტურებიც არ არსებობდა, სამეფოს შემოსავალი უმნიშვნელო იქნებოდა. მართლაცდა, ქართლ-კახეთის მთავრობის 1770 წლის 5 აპრილის ცნობით, სამეფოს შემოსავალი წელიწადში 10-12 ათასი თუმნით განისაზღვრებოდა (ჟურნ. «კვალი», 1898, # 11 – იაზიკოვი ერეკლეს შემოსავალს 150 000 მანეთამდე ვარაუდობს, მაგრამ იაზიკოვი ამ რიცხვს საეჭვოდ მიიჩნევს. შდრ. Грамоты, I, გვ. 287; პროფ. ნ. ქოიავა ფიქრობს, რომ სამეფოს შემოსავალი მეტი უნდა ყოფილიყო. შდრ. ეკონომიკის ინსტიტუტის შრომები, 1954, ტ. VIII, გვ. 352). ამიტომ იყო, რომ თუმცა სამეფოს 23 ათასი ჯარისკაცის გამოყვანა შეძლებია (იქვე), მაგრამ იგი ეკონომიკური სისუსტის გამო ვერ ახერხებდა 5 ათასიანი რეგულარული ჯარის შექმნას, ვერც მის დაქირავებას, რომ ქვეყანაში ლეკთა ყაჩაღური თარეშები აელაგმა.

ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს კარგად ესმოდათ, რომ ქვეყნის ეკონომიური აღორძინების გარეშე მისი თავდაცვა შეუძლებელი იყო, მაგრამ საგარეო ფაქტორი პირუკუ მოქმედებდა და სამთო და მეტალურგიის საქმის განვითარებას შეულებელს ხდიდა. მაგ., 1769 წელს ერეკლე თავის ელჩებს რუსეთში აბარებდა, რომ «საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც ოქროს, ვერცხლისა და სხვა მადნები მოიპოვება... მაგრამ ამ დრომდე მათი გახსნა დიდად საშიში იყო ბარბაროსების მხრიდან საფრთხის გამო» (Грамоты, I, გვ. 431). ერეკლეს სიტყვები საქართველოში 1770 წელს მყოფმა კაპიტანმა იაზიკოვმა დაადასტურა, რომელიც აღნიშნავდა, რომ ერეკლე II ბორჩალოში რკინის დამმუშავებელ საწარმოს აწყობდა, მაგრამ ლეკთა თავდასხმების გამო იძულებული გახდა დაენგრიაო (იქვე, გვ. 189).

ასე რომ, საქართველოს თავდაცვა ძნელდებოდა ქვეყნის ტექნიკურ-ეკონომიური ჩამორჩენილობის გამო და, პირიქით, თავდაცვის მოუგვარებლობის პირობებში ვერ ხერხდებოდა მისი ეკონომიური აღორძინება. საჭირო იყო ძლიერი მოკავშირე, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოსულიყო.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ქვეყანა და მისი გული, თბილისი, იმ დროს ამიერკავკასიაში წინ იდგა. თბილისში ამზადებდნენ იარაღს, საარტილერიო ჭურვებს, თოფისწამალს; ქალაქში იყო სტამბა, ზარაფხანა, იყო სახელოსნოები, სადაც ამზადებდნენ სხვადასხვა ნაკეთობებს, ქალაქის სავაჭრო დუქნებში ვაჭრობდნენ აზიური და ევროპული ნაწარმით (იქვე, გვ. 183-193).

ქართლ-კახეთის მეფე ახერხებდა ბრძოლის ველზე 10-15 ათასიანი ლაშქრის გამოყვანას. ქართველი ჯარი განთქმული იყო თავისი მამაცობით, ხოლო მეფე – მხედართმთავრობით. მეფეს მეზობელი მაჰმადიანი ხანები შიშის ქვეშ ჰყავდა და თვით აწესრიგებდა მათ საქმეებს (იქვე, გვ. 183-184; 75-76; 187 /ქართლ-კახეთის მეფის მოხარკე იყო განჯისა და ერევნის სახანოები; პირველი უხდიდა 10 000 მანეთს, მეორე – 30 000/)

მაგრამ ამიერკავკასიის მასშტაბით აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს ავტორიტეტი და ადგილი როდი განსაზღვრავდა მის მომავალს. საჭირო იყო ირანთან სამხედრო და დიპლომატიური ბრძოლით მონაპოვრის შენარჩუნება და ლეკთა საკითხის საბოლოოდ გადაჭრა. ამასთან, მართალია, XVIII საუკუნის 60-იან წლებში თურქეთთან კარგი ურთიერთობა იყო დამყარებული, მაგრამ ეს როდი ნიშნავდა, რომ მათი შემოტევისაგან ქვეყანა დაზღვეული იყო. თურქეთთან სამი საუკუნის ურთიერთობაც ამას ნათლად მოწმობდა. რა თქმა უნდა, ეს ამოცანები საკუთარი ძალებით ვერ გადაწყდებოდა. 

როგორც ვხედავთ, XVIII საუკუნის 60-იან წლებში გაერთიანებული ქართლ-კახეთი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში სერიოზულ ძალას წარმოადგენდა, რომელსაც მეზობლები არსებითად უწევდნენ ანგარიშს, მაგრამ, ამასთან ქართლ-კახეთის ეს წარმატებანი მყარ ნიადაგზე არ იდგა, იგი განპირობებული იყო თურქეთსა და ირანში დროებით შექმნილი ვითარებით. ამიტომ ქვეყანას სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე, რომელიც თურქეთისა და ირანის აგრესიის განახლებისას დაიცავდა მას განადგურებისაგან.

ქართველ პოლიტიკოსებს კარგად ესმოდათ ვითარების მთელი სირთულე და კურსს რუსეთზე იღებდნენ, რომელიც თუმცა ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით მოიწევდა კავკასიისაკენ; თეიმურაზის ელჩობის წარუმატებლობას ქართველი პოლიტიკოსების მერყეობა და ორიენტაციის გადასინჯვა არ შეეძლო გამოეწვია, რადგან ქართველებმა კარგად იცოდნენ, რომ თურქეთიცა და ირანიც საქართველოს მოსპობის მეტს არაფერს მოუტანდნენ, ხოლო ერთმორწმუნე რუსეთი, ყოყმანის მიუხედავად, დღეს თუ ხვალ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმებოდა თურქეთსა და ირანს, რათა კასპიისა და შავი ზღვის აუზებისაკენ გზა გაეკაფა და ქართველებიც თავიანთ ენერგიას არ იშურებდნენ, რათა ეს ძალა საკუთარი ქვეყნის აგრესორებისათვის დაეპირისპირებინათ და საქართველო გადაერჩინათ.


თავი II 


რუსეთ-თურქეთის ომის წარმოშობა. ქართლ-კახეთის სამეფოს მიმხრობა რუსეთ-იმერეთის სამხედრო კავშირისადმი 

1. რუსეთ-თურქეთის ომის წარმოშობა 

XVIII საუკუნის 60-იან წლებში რუსეთი საერთაშორისო მასშტაბის სერიოზულ ძალად იქცა, რადგან შვიდწლიანი ომის (1756-1763 წწ.) შემდეგ ევროპის დიდი ქვეყნები საკმაოდ დასუსტებული აღმოჩნდნენ, ხოლო რუსეთი გადატანილი ომის სიმძიმეს სხვა ქვეყნებზე ნაკლებად გრძნობდა.

ასეთ ვითარებაში რუსეთს თავისი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში კვლავ შეეძლო დაესვა ის ამოცანები, რომლებიც XVII საუკუნის ბოლოდან გადაუჭრელი რჩებოდა. სახელდობრ სახელმწიფო საზღვრის შავი ზღვის სანაპირომდე გადაწევა და შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობის უფლების მოპოვება; უკრაინისა და ბელორუსიის იმ მიწების შემოერთება, რომლებიც პოლონეთს ჰქონდა მიტაცებული.

შავი ზღვის სანაპიროსათვის ბრძოლის ამოცანა, რომელმაც XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-თურქეთის ომების წარმოშობა განაპირობა, რუსეთის სამხედრო-ფეოდალურ-ვაჭრული ზედაფენების ინტერესებით იყო ნაკარნახევი. სასაქონლო წარმოების ზრდა ფეოდალურ რუსეთში აძლიერებდა მემამულეთა კლასის სამეურნეო დაინტერესებას. ამიტომ მემამულეები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ ახალი მიწები და ყმები, რათა გაეფართოებინათ ფეოდალური ექსპლუატაციის ბაზა. გარდა ამისა, რუსი მემამულეები და ვაჭრები დაინტერესებულნი იყვნენ შავი ზღვის სავაჭრო გზის გახსნითაც, საგარეო ვაჭრობის გაფართოების მიზნით.

ამასთან, ვლაპარაკობთ რა ამ ომების წარმოშობის მიზეზებსა და ხასიათზე, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ მას ობიექტურად რუსეთისათვის პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა.

ჯერ-ერთი, გაბატონებული კლასების ეკონომიური ინტერესები აჩქარებდა სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას, სამხრეთის საზღვრის უშიშროების განმტკიცებას, რასაც რუსეთისა და უკრაინისათვის საერთო ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა. საკმაოდ ცნობილია, რომ თათრები და თურქები, ბატონობდნენ რა შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, თითქმის სამი საუკუნის მანძილზე რუსეთისა და უკრაინის მიწა-წყალზე თავიანთი ყაჩაღური თავდასხმებით უდიდეს ზიანს აყენებდნენ ამ ორ ხალხს – თარეშობის შედეგად ირღვეოდა ინტენსიური მეურნეობა, ჩანაგდებოდა საწარმოო ძალები, ფიზიკურად ნადგურდებოდა მოსახლეობა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თარეშების შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებოდა რუსეთის ფეოდალური საზოგადოების ძირითადი მწარმოებელი კლასი – გლეხობა.

მეორე, სამხრეთის რაიონების ეკონომიური ათვისება და შავი ზღვის სავაჭრო გზის გახსნა, რომელიც ამ ომების შედეგებმა განაპირობეს, ბიძგს აძლევდა რუსეთში სასაქონლო წარმოების განვითარებას, რაც თავის მხრივ აჩქარებდა რუსეთში ფეოდალურ-ბატონყმური სისტემის რღვევას.

მესამე, რამდენადაც ეს ომები ასუსტებდა სამხედრო-ფეოდალურ თურქეთს, იმდენად აადვილებდა ბალკანეთისა და კავკასიის ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, აახლოვებდა ამ ხალხების განთავისუფლებას თურქეთის მონობისაგან. 

რუსეთისადმი უშუალოდ დაპირისპირებული ქვეყნები – თურქეთი და პოლონეთი – როდი იყვნენ წინანდებურად ძლიერნი. რუსეთის გეგმების განხორციელების გზაზე მთავარ დაბრკოლებას ამ ქვეყნების ზურგს უკან მდგარი საფრანგეთი ქმნიდა.

ინგლისთან ბრძოლაში დამარცხებული და კოლონიებიდან გამოდევნილი საფრანგეთი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კვლავ ინარჩუნებდა გაბატონებულ მდგომარეობას აღმოსავლეთთან ვაჭრობაში, ამიტომ ფრანგი ვაჭრები და მრეწველები შავი ზღვისაკენ რუსეთის წინსვლისა და თურქეთის სამფლობელოებისადმი საფრთხეს მათი ინტერესების სახიფათოდ მიიჩნევდნენ.

გარდა ამისა, საფრანგეთი ვერ ურიგდებოდა რუსეთის გავლენის ზრდას აღმოსავლეთ ევროპაში და ცდილობდა თურქეთის, პოლონეთისა და შვეციის (ამ უკანასკნელს ნიშტადტის ზავის შედეგები ვერ მოენელებია და მზად იყო რევანშისათვის) ძალების გაერთიანებით რუსეთის წინსვლისათვის ამ მიმართულებითაც ზღვარი დაედო. ამიტომ იყო, რომ ლუდოვიკო XV თავის ელჩს განუმარტავდა: ჩემი პოლიტიკის მიზანია შეძლებისდაგვარად ევროპის საქმეებიდან რუსეთის ჩამოცილებაო (С. М. Соловьёв, История России..., кн. V, т. XXV, стр. 1431).

თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნები ავსტრიას რუსეთთან აახლოებდა. XVIII საუკუნეში იგი არა ერთხელ ყოფილა კიდეც რუსეთის მოკავშირე. მაგრამ 60-იან წლებში რუსეთის დიპლომატიის დიდი წარმატებანი პოლონეთში ავსტრიის მთავრობას არ მოსწონდა, რადგან პოლონეთზე მასაც თვალი ეჭირა. გარდა ამისა, მართალია, ავსტრია რუსეთის დახმარებით ოცნებობდა გაეფართოებინა თავის ტერიტორია ოტომანთა იმპერიის სამფლობელოების ხარჯზე, მაგრამ მისთვის სასურველი არ იყო რუსეთის წინსვლა, რადგან იგი თვითონ ფიქრობდა დუნაის შესართავის ხელში ჩაგდებას. ავსტრიას აშინებდა ისიც, რომ რუსეთის ავტორიტეტის ზრდა ავსტრიის უღელქვეშ მყოფი სლავების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საშიშროებასაც ზრდიდა.

რუსეთის მთავრობა ხედავდა, რომ ავსტრიასთან თანამოქმედება გამორიცხული იყო და კურსი პრუსიასთან დაახლოებაზე აიღო, რამაც ავსტრია საბოლოოდ მიაჯაჭვა საფრანგეთზე. ამიერიდან ავსტრიამ მცირედი როლი როდი ითამაშა რუსეთის წინააღმდეგ თურქეთის ამხედრების საქმეში.

ასეთ პირობებში რუსეთის დიპლომატია იძულებული გახდა მოკავშირე საფრანგეთისა და ავსტრიისადმი მტრულად განწყობილ პრუსიასა და ინგლისში ეძება.

ელისაბედის უეცარი სიკვდილის შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მკვეთრი მობრუნების წყალობით გადარჩენილი პრუსიისათვის, რომელიც იზოლირებული იყო ევროპაში, რუსეთთან კავშირი მართლაც ძვირად ღირდა. შვიდწლიანი ომის დამთავრების შემდეგ «Фридриху, покинутому своей последней и единственной союзницей, Англией, надолго рассорившемуся с Австрией и Францией, и истощённому семилетней борьбой... не было другого выбора как броситься к ногам новой русской императрицы» (მარქსი და ენგელსი).

პოლონეთის ტერიტორიაზე თვალი ეჭირა პრუსიასაც და რუსეთთან სიახლოვით უნდოდა გარკვეული სარგებლობა მიეღო. წელში გატეხილი პრუსია კი რუსეთისათვის ამჯერად საშიში აღარ იყო. ამიტომ მიიჩნია რუსეთის მთავრობამ შესაძლებლად პრუსიასთან დაახლოება, რაც 1764 წელს რუსეთ-პრუსიის სამხედრო კავშირის დადებით დამთავრდა. შეთანხმების საიდუმლო მუხლი გულისხმობდა რუსეთ-პრუსიის ერთობლივ მოქმედებას თურქეთში, პოლონეთსა და შვეციაში; გარდა ამისა, თუ რუსეთს პრუსიიდან დაშორებულ თურქეთთან ან ყირიმთან ომი ექნებოდა, პრუსია ყოველწლიურად 400 000 მანეთით დაეხმარებოდა მას.

საფრანგეთის მხრით რევანშის საფრთხე და სავაჭრო ინტერესები ინგლისს აახლოვებდა რუსეთთან, მაგრამ ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ამჯერად ინგლისს შეეძლო რუსეთისათვის ხელიც კი შეეწყო აღმოსავლეთში, ინგლისმა საფრანგეთის ენერგიული კონკურენციის წყალობით თურქეთში პოზიციები დაკარგა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ინგლისის მთავრობა, როგორც აკადემიკოსი ტარლე შენიშნავს, «ორი ბოროტებისაგან უმცირესს ირჩევდა». მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ინგლისისა და რუსეთის სამხედრო შეთანხმების მიღწევა და ინგლისის აშკარა თანამოქმედება აღმოსავლეთის საკითხში შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ინგლისი შიშობდა თურქეთში ეკონომიური პოზიციები მთლიანად არ დაეკარგა.

1763 წლის 5 ოქტომბერს პოლონეთის მეფე ავგუსტ III გარდაიცვალა, რამაც პოლონეთის საშინაო საქმეებში ჩარევის საბაბი წარმოშვა. ავსტრია-საფრანგეთისა და რუსეთ-პრუსიის დაჯგუფებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და პოლონეთის ტახტზე თავიანთი კანდიდატები წამოაყენეს. ეს კამპანია რუსეთ-პრუსიის გამარჯვებით დამთავრდა და 1764 წელს ტახტზე სტანისლავ პონიატოვსკი აიყვანეს.

ამის შემდეგ რუსეთმა პოლონეთის მთავრობას მოსთხოვა დისიდენტების (არაკათოლიკები – მართლმადიდებლები და პროტესტრანტები) კათოლიკებთან სამოქალაქო უფლებებში გათანაბრება და პოლონეთის კონსტიტუციის რუსეთის დაცვის გარანტიის ქვეშ დაყენება. პირველი საბოლოოდ მტკიცე და საიმედო «პარტიას» შეუქმნიდა რუსეთს პოლონეთში, ხოლო მეორე – პოლონეთის საშინაო საქმეებში მუდმივად ჩარევის შესაძლებლობას მისცემდა. კათოლიკური სამღვდელოება და შლიახტა არ ფიქრობდნენ დათმობას დისიდენტთა საკითხში, რადგან ეს იყო უმთავრესი საშუალება, რომ მონობაში ჰყოლოდათ უკრაინელი და ბელორუსი მოსახლეობა.

რუსი ელჩის ენერგიული მოქმედებით პოლონეთის საკითხი 1768 წლის დასაწყისში მოგვარებული ჩანდა და რუსეთის ჯარი, გამოვიდა რა ვარშავიდან, პოლონეთის ტერიტორიის დასატოვებლად ემზადებოდა. მაგრამ უკმაყოფილო ელემენტებმა ქ. ბარში მოაწყვეს კონფედერაცია.

პოლონეთში აქტიურად მოქმედებდა საფრანგეთის აგენტურა. იგი კონფედერატებს ამარაგებდა იარაღითა და ფულით. ამ მიზნით გამოაგზავნეს აქ გენ. დ ი უ მ უ რ ი ე, ოფიცერთა მთელი შტატითა და იარაღით. საფრანგეთის აგენტებმა დაწოლა გააძლიერეს თურქეთზედაც. ავსტრია და რუსეთის მოკავშირე პრუსიაც კი თურქებს აქეზებდნენ. ასეთ პირობებში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა უაღრესად დაიძაბა და ომის საბაბიც გამონახულ იქნა.

პოლონელი პანებისა და ბარის კონფედერატების თვითნებობით შევიწროებული უკრაინელი გლეხობა გამოვიდა უცხო მჩაგვრელების წინააღმდეგ. აჯანყებულ გლეხთა ერთი რაზმი, რომელიც თურქეთისაკენ გაქცეულ კონფედერატებს მისდევდა, შეიჭრა სასაზღვრო სოფელ ბალტაში, რომელიც ყირიმის ხანს ეკუთვნოდა. ბალტის უმნიშვნელო ინციდენტი, რომელსაც რუსეთის მთავრობის საქმიანობასთან არაფერი ჰქონდა საერთო, თურქეთმა ხელზე დაიხვია, რათა ომი გამოეცხადებია რუსეთისათვის (თურქეთის მთავრობამ ბალტის ინციდენტი მიაწერა რუსეთის ჯარს).

1768 წლის 11 ივლისს რუსეთის წარმომადგენელს კონსტანტინოპოლში ა. ობრეზკოვს წინადადება მისცეს დაუყოვნებლივ გაეყვანათ რუსეთის ჯარი პოლონეთიდან. 1768 წლის 25 სექტემბერს დიდმა ვეზირმა ობრეზკოვისაგან მოითხოვა გარანტია, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ გაიყვანდა ჯარს პოლონეთიდან და ხელს აიღებდა პოლონეთის საქმეებში ჩარევაზე. ობრეზკოვმა მოითხოვა დრო, რათა დაკავშირებოდა რუსეთის მთავრობას, მაგრამ თურქეთის მთავრობამ რუსეთის მთელი საელჩო დააპატიმრა, რითაც კონფლიქტის დიპლომატიური მოლაპარაკებების საშუალებით გადაჭრა შეუძლებელი გახდა.

თურქეთის გამოსვლას პოლონეთის დაცვის კეთილშობილურ მიზნებთან საერთო არაფერი ჰქონია. ევროპის ქვეყნების დახმარებით დაიმედებული თურქეთის მთავრობა ვარაუდობდა, რომ პოლონეთის საქმეებში გახლართულ რუსეთს ადვილად წამოაჩოქებდა და უკრაინას მიიტაცებდა; ამასთან, დამარცხებულ რუსეთს შავი ზღვის სანაპიროებისათვის ბრძოლაზე საბოლოოდ ხელს ააღებინებდა, ხოლო წარმატების შემდეგ კავკასიაშიც ფეხს მტკიცედ მოიკიდებდა.

აი, რა იყო თურქეთის გამოსვლის ნამდვილი მიზეზი.

მაგრამ თურქეთის მთავრობა ვერ ანგარიშობდა, რომ რუსეთი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო; ამასთან, ოფიციალურად მოკავშირის გარეშე დარჩენილ რუსეთს საიმედო მოკავშირე ჰყავდა თურქეთის უღელქვეშ მყოფი ქრისტიანი ხალხები, რომლებმაც თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ თავიანთი ბრძოლით, ოსმალური სამხედრო-ლენური სისტემის რღვევასთან ერთად, მცირედი როლი როდი ითამაშეს ოტომანთა სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების გატეხვის საქმეში.

ბუნებრივია, რომ ბალკანეთისა და კავკასიის ხალხები, რომლებსაც თურქი ასიმილატორები ასეული წლებს მანძილზე ფლეთდნენ და ასახიჩრებდნენ, სანამ ისინი თურქეთის ბატონობის უღელქვეშ რჩებოდნენ, თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლ რუსეთში ხედავდნენ «თავიანთ ბუნებრივ დამცველსა და განმათავისუფლებელს» (მარქსი). ცხადია, რუსეთ-თურქეთის ომის დაწყება ამ ხალხებში გამოძახილის გარეშე ვერ დარჩებოდა.

2. რუსეთ-იმერეთის შეთანხმება და რუსეთის ჯარის ჩამოსვლა საქართველოში 

1768 წლის ნოემბრის პირველ რიცხვებში პეტერბურგში ცნობილი გახდა თურქეთის მთავრობის ზრახვები. რუსეთის მთავრობისათვის ცხადი იყო, რომ მას ომი რთულ ვითარებაში მოახვიეს თავს და უკან დახევაც შეუძლებელი იყო. რაკი ომი გარდაუვალი გახდა, რუსეთის მთავრობამ გადასწყვიტა ებრძოლა სახელმწიფო საზღვრის შავი ზღვის სანაპირომდე გადატანისა და შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობის უფლების მოპოვებისათვის, რომ ამით უზრუნველეყო ქვეყნის უშიშროება და ნორმალური ეკონომიური განვითარება.

რუსეთის მთავრობამ იცოდა, რომ მოკავშირის გამონახვა ევროპის დიდ ქვეყნებში გამორიცხული იყო. ამიტომ 1768 წლის 4 ნოემბერს სახელმწიფო საბჭოს (მისი უდიდებულესობის კარის საბჭო) პირველსავე სხდომაზე, სამხედრო ხასიათის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (ეს გადაწყვეტილება გულისხმობდა ჯარების ასეთ დისლოკაციას: 1-ლი არმია /შემტევი/ საწყის მდგომარეობას მიიღებდა პოდოლიაში და იქიდან განავითარებდა ოპერაციებს, მე-2 არმია დაიცავდა სამხრეთ საზღვარს, ხოლო სარეზერვო კორპუსი იმოქმედებდა პოლონეთში), თურქეთის უღელქვეშ მყოფი ხალხების ამხედრების საკითხიც წამოიჭრა. კერძოდ, გ. ორლოვს დაუსვამს საკითხი – ხომ არ მოხერხდებოდა ხმელთაშუა ზღვაში ესკადრის გაგზავნა და იქიდან თურქეთზე თავდასხმის მოწყობა (Архив Гос. Совета, т. 1, СПб, 1869, стр. 4-5). რა თქმა უნდა, გრ. ორლოვი იმთავითვე ბალკანეთის ხალხების თანამოქმედებასაც გულისხმობდა, როცა რუსეთის ფლოტს ასეთ რთულ ამოცანას უსახავდა.

საბჭოს მეორე სხდომაზე, 1768 წლის 12 ნოემბერს, გრ. ორლოვის წინადადება სპეციალური მსჯელობის საგანი გახდა და გადაწყდა: მოწოდება გაეგზავნათ ბალკანეთის ქვეყნებისა და საქათველოს ქრისტიანი ხალხებისათვის, რომლებიც თურქეთის უღელქვეშ გმინავდნენ, რომ რუსეთი იძულებულია საწრმუნოებისათვის აწარმოოს ომი თურქეთთან (იქვე, გვ. 10). აქ ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ რუსეთის მთავრობა, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის პირველი დღეებიდანვე საქართველოს, ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, თავის შესაძლო მოკავშირედ მიიჩნევს. 

1768 წლის ნოემბერში თურქეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩაბმის საკითხი რუსეთის მთავრობის სპეციალური ზრუნვის საგანი იყო, როგორც ეს ნათლად ჩანს პროფ. ალ. ცაგარელის მიერ გამოქვეყნებული ერთი საბუთიდან (იხ. Грамоты, I, გვ. 1-9). აღნიშნულ დოკუმენტში აღწერილია საქართველოს მდგომარეობა და გაკეთებულია დასკვნა, რომ ომში იმერეთის სამეფოს ჩაბმა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან იგი თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლი ვასალია, ხოლო რაც შეეხება ქართლ-კახეთს, მათ თურქები არ აწუხებენ და ერეკლეს დაძვრა ძნელი საქმეაო, მაგრამ იმედსაც გამოთქვამდნენ – ქართველებში სარწმუნოებისადმი სითბო დიდია და ერეკლეს სიმტკიცე დაძლეული იქნებაო.

საგარეო საქმეთა კოლეგია რუსეთის მთავრობას ასეთ გეგმას წარუდგენდა:

1. რუსეთის მთავრობის სახელით ქართველები დაიმედებული ყოფილიყვნენ, რომ პორტასთან ზავის დადებისას დავიწყებულნი არ იქნებოდნენ. 2. ქართულ სამეფოებს გაეწეოდათ ფულადი დახმარება. 3. თუ ქართველებს არტილერია სრულებით არ გააჩნდათ, საქართველოში გაგზავნილიყო ქვემეხები არტილერისტებითურთ. რაც შეეხება საექსპედიციო ჯარის გაგზავნას, დოკუმენტში ნათქვამი იყო: «По трудности проездов Грузинцы войском здешным никаким образом подкреплены быть не могут» (იხ. Грамоты, I, გვ. 7).

ასეთი სამზადისი მიმდინარეობდა პეტერბურგში, როცა მიიღეს ყიზლარის კომენდანტის გენ. პოტაპოვის 1768 წლის 4 ოქტომბრის პატაკი, იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ელჩის მაქსიმე ქუთათელის (აბაშიძე) ყიზლარში მისვლის შესახებ.

* * *

იმერეთის ელჩის რუსეთის ტერიტორიაზე გამოჩენა შემთხვეით არ მომხდარა.

XVIII საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. ქვეყანა, როგორც თურქეთის ვასალი, ვალდებული იყო ხარკის სახით ეძლია მისთვის ქალ-ვაჟები, ან ფული და ტილო. გარდა ამისა, ვალდებული იყო დაეშვა ტყვეთა სყიდვა. დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ციხეებში – გონიის, ბათომის, ციხისძირის, ფოთის, ანაკლიის, სუხუმის, ცუცხვათის, შორაპნის, ბაღდადისა და ქუთაისის – თურქ იანიჩართა გარნიზონები იდგნენ (იქვე, გვ. 14-15, 68-75 და ა. შ.). ეს «... ციხეები ტყვის მსყიდველთა ბუნაგებად იქცნენ. ციხისა და მის გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობა თანდათან მაჰმადიანდებოდა. ოსმალები ამ ციხეებიდან ადვილად ერეოდნენ ფეოდალების ურთიერთობაში და ქვეყნის საბოლოოდ დასაპყრობად თანდათან გზას იკვლევდნენ» (ნ. ბერძენიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, ნაწ. 1, 1950, გვ. 393-394). მთავრები (დადიანი და გურიელი) მეფისაგან დამოუკიდებელნი იყვნენ, ხოლო იმერეთის ძლიერი თავადები დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. ასეთი იყო დასავლეთ საქართველოს მდგომარეობა, როცა ტახტზე სოლომონ I ავიდა (1752 წ.).

ნიჭიერი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე იმერთა მეფე სოლომონი ტახტზე ასვლისთანავე შეუდგა ტყვეთა სყიდვის აკრძალვასა და მაჰმადიანობის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.

ეროვნული ამოცანებისათვის მებრძოლ პოლიტიკოსს, იმერეთის მეფის ხელისუფლების გაძლიერების მიზნით, თურქებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს რეაქციული თავადობაც ებრძოდა.

ხრესილის ომში გამარჯვების (1756 წ.), ქართლისა და კახეთის მეფეებთან თავდაცვითი კავშირის დადებისა (1758) და 1759 წლის საეკლესიო კრების შემდეგ, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ დასავლეთ საქართველოში საქმე წარმატებით მიდიოდა. მართლაცდა, თურქების შემოტევა მოგერიებულ იქნა, სოლომონი მთელი დასავლეთ საქართველოს თვითმპყრობელ ხელმწიფედ ჩანდა. მაგრამ ეს წარმატებანი მყარ ნიადაგზე არ იდგა. სოლომონს კარგად ესმოდა, რომ თურქეთის გამკლავება პატარა იმერეთს გაუძნელდებოდა. ამიტომ იმერეთის მეფე, 1761-1763 წლებში თურქთა სამი შემოტევის უკუგდების შემდეგ, 1764 წელს ალექსანდრე ბაქარის ძეს რუსეთში სწერდა – იქნებ თურქებს ვერ გავუძლო და იმედი მაქვს რუსეთში ჩემი წამოსვლისას დახმარებას გამიწევო (ЦГАДА, ф. 250, в. 356, д. 1/7087, л. 69).

1765 წელს თურქებმა შემოტევა განაახლეს. ჰასან-ფაშა თურქების დიდი ჯარით გურიაში შეიჭრა. მამია გურიელი დაამარცხა და ტახტზე გიორგი დასვა. შეშინებული დადიანი მტერთან მორიგების გზას დაადგა. 1766 წელს თურქები ოდიშიდან იმერეთშიც შეიჭრნენ, სოლომონი დაამარცხეს და იმერეთის ტახტზე, სულთანის სახელით, თურქეთში გადახვეწილი თეიმურაზ ბაგრატიონი დასვეს. სოლომონ I-მა თავი საწერეთლოს მოდინახეს ციხეს შეაფარა.

1766 წელს სოლომონ I-მა რუსეთში ელჩი გაგზავნა და რუსეთის მთავრობისაგან, საბოლოოდ დამარცხების შემთხვევაში, თავშესაფარი ითხოვა. თურქეთთან ურთიერთობის გართულების შიშით, რუსეთის მთავრობამ სოლომონ I-ს თხოვნაზე უარი შემოუთვალა. ვიდრე რუსეთიდან პასუხს მიიღებდა (1768 წ.), სოლომონმა ლეკთა დაქირავებული მცირე რაზმითა და ერთგული ქვეშევრდომების შემოკრებით, ისარგებლა რა თურქთა ძირითადი ძალების იმერეთიდან წასვლით, ტახტი დაიბრუნა. ეს წარმატება არსებითად არ სცვლიდა ქვეყნის მდგომარეობას, რადგან ციხეები კვლავ მტერს რჩებოდა, მთავრები და თავადები მეფისადმი მტრულ პოზიციაზე იდგნენ, ხანგრძლივი ბრძოლით მოსახლეობა სისხლისაგან დაცლილი იყო, ხოლო მეურნეობა დაცემული. ცხადია, თურქების ახალი შემოტევის შემთხვევაში ყველაფერი ბეწვზე ეკიდა.

აი, რა აიძულებდა სოლომონს 1768 წლის 23 ივნისს, რუსეთის მთავრობის მიერ ახლახანს შემოთვლილი უარის მიუხედავად, დიდი რწმუნებით აღჭურვილი ელჩი (მაქსიმე ქუთათელი) გაეგზავნა რუსეთში.

სოლომონ I 1768 წლის 23 ივნისს, თურქეთის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე სამი თვით ადრე, ეკატერინე II-ს სთხოვდა: იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობის ქვეშ შეყვანას; თუ ეს არ მოხერხდებოდა, დახმარებოდა ფულით, რომ ჯარის გამოყვანისა და ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა და, ბოლოს, თუ უთანასწორო ბრძოლაში მეფე დამარცხდებოდა, მიეცა თავშესაფარი რუსეთში (Грамоты и другие исторические документы относящиеся до Грузии, т. II, вып. I, под редакцией А. А. Цагарели, СПб, 1898, стр. 1-2 /ქვემოთ ასე: Грамоты, II, в. I/).

ასეთი დავალებით წასული იმერეთის ელჩი 1768 წლის 4 ოქტომბერს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყიზლარში იყო. რაკი რუსეთის მთავრობა ერიდებოდა საქართველოსთან ოფიციალურ ურთიერთობას თურქეთის გაღიზიანების შიშით, ყიზლარის კომენდანტი პეტერბურგში გაშვებაზე უარს ეუბნებოდა იმერეთის ელჩს. როგორც ყიზლარის კომენდანტის 1769 წლის 4 ოქტომბრის პატაკიდან ჩანს, იმერეთის ელჩს კომენდანტისათვის განუცხადებია, რომ თუ იმერეთის მეფეს რუსეთი საიდუმლო დახმარებას მაინც აღმოუჩენდა, სამაგიეროდ, როდესაც არ უნდა მოეთხოვა რუსეთს, სოლომონ I წაართმევდა თურქებს შავი ზღვის სანაპიროზე სიმაგრეებს და არ მისცემდა მათ საშუალებას რუსეთთან ომის შემთხვევაში იქაური ადგილებიდან ჯარი მიეღოთ (Грамоты, I, 13). ე. ი. საიდუმლო დახმარების აღმოჩენისათვის სამხედრო კავშირს სთავაზობდა.

როგორც ვხედავთ, რუსეთის მთავრობა 1768 წლის ნოემბერში (ვიდრე იმერეთის ელჩის ყიზლარში მოსვლის ამბავს შეიტყობდა) მზად იყო იმერეთის სამეფოს ფულითა და საჭირო შემთხვევაში არტილერიით დახმარებოდა, ხოლო ქართველი პოლიტიკოსები (ვიდრე რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების ამბავს გაიგებდნენ) საიდუმლო დახმარებისთვისაც კი რუსეთს სამხედრო კავშირს სთავაზობდნენ რუსეთ-თურქეთის მომავალ ომში.

როგორც ვხედავთ, სამხედრო კავშირი ორივე მხრიდან წინასწარ ისე მზადდებოდა, რომ დაბრკოლება გამორიცხული იყო.

მართალია, მაქსიმე აბაშიძის რუსეთში გამგზავრების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა – სულთანმა სოლომონ I-ს წყალობის წიგნი გამოუგზავნა, ხოლო ამ უკანასკნელმა თურქეთის სასარგებლოდ 30 ათასი მანეთის გადახდა იკისრა, მაგრამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მ ხ ო ლ ო დ | რ უ ს ე თ - თ უ რ ქ ე თ ი ს | უ რ თ ი ე რ თ ო ბ ი ს | გ ა მ წ ვ ა ვ ე ბ ა მ | დ ა | ო მ ი ს | დ ა წ ყ ე ბ ა მ | გ ა დ ა ა რ ჩ ი ნ ა | დ ა ს ა ვ ლ ე თ | ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო | თ უ რ ქ თ ა | ა ხ ა ლ ი | გ ა მ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ე ლ ი | ლ ა შ ქ რ ო ბ ი ს ა გ ა ნ. ცხადია, თურქეთი, რომელმაც 1769 წელს მარტო დუნაის ფრონტზე 400 ათასიანი არმიის თავმოყრა შეძლო, იმერეთის მეფეს არაფერს დაუთმობდა, მაშინ როცა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა (აჭარის გამოკლებით) 31 ათას კომლს ან 155 ათას სულს არ აღემატებოდა. საკუთრივ იმერეთში კი 8 ათასამდე კომლიღა იყო, საიდანაც სოლომონ I ექვსი ათასამდე ჯარისკაცის გამოყვანას გაჭირვებით ახერხებდა (შდრ. Грамоты, I, 72-73)

თურქეთისა და საქართველოს ინტერესთა შეურიგებლობა მოწინააღმდეგე ძალთა ასეთი თანაფარდობის პირობებში, ცხადია, ხსენებულ ზავს მხოლოდ დროებით შესვენებად აქცევდა.

* * *

ქართველი ელჩის რუსეთის ტერიტორიაზე (ყიზლარში) გამოჩენის შესახებ ცნობას პეტერბურგში კმაყოფილებით შეხვდნენ. პოტაპოვს აცნობებდნენ, რომ თურქეთთან ომის დაწყების გამო მიტროპოლიტის მოსვლა მეტად დროული და ხელსაყრელია, საჭიროა ვისარგებლოთ მისი მფლობელის თურქეთისადმი მტრული განწყობილებითო (იქვე, გვ. 20). რაც მთავარია, რუსეთის მთავრობამ, პოტაპოვის მოხსენების საფუძველზე, უკვე იცოდა არა მარტო იმერეთის მძიმე მდგომარეობა და მისი საბრძოლო განწყობილება, არამედ ისიც, რომ იმერეთიდან მოდიოდა ფართო რწმუნებით აღჭურვილი ელჩი, რომელსაც ყველა საქმეზე, რომელსაც უმაღლესი კარი მოითხოვს, მფლობელისაგან რწმუნება აქვს და თან აქვს მფლობელის ბეჭედიც... (იქვე, გვ. 13). ცხადია, ასეთ კაცთან სამხედრო კავშირზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა გარანტირებული იყო.

ამიტომ იყო, რომ რუსეთის მთავრობა 1768 წ. 30 ნოემბრის ბრძანებით ყიზლარის კომენდანტს ავალებდა: მაქსიმე მიტროპოლიტი თავისი ამალით დაუყოვნებლივ სამეფო კარზე გაეგზავნა, ხოლო არქიმანდრიტი (მაქსიმე მიტროპოლიტის ამალიდან) – იმერეთის მეფესთან გაეშვა. ამასთან არქიმანდრიტთან ერთად საქართველოს მდგომარეობის შესასწავლად საიმედო და უნარიანი კაციც გაეგზავნა (Грамоты, I, 19-22)

1768 წლის 30 ნოემბრით დათარიღებული წერილით, რომელიც არქიმანდრიტს უნდა წამოეღო საქართველოში, ნ. პანინი სოლომონ I-ს რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებასა და იმერეთის თხოვნის შეწყნარებას აცნობებდა და მოუწოდებდა დაუყოვნებლივ აქტიური გამოსვლისაკენ. თან წერდა, რომ როდესაც მიტროპოლიტი (მაქსიმე) პეტერბურგში ჩავიდოდა, სათანადო გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული და ი მ ე რ ე თ ს | ი ს ე თ ი | დ ა ხ მ ა რ ე ბ ა | გ ა ე წ ე ო დ ა, | რ ო გ ო რ ი ც | შ ე ს ა ძ ლ ე ბ ე ლ ი | ა ღ მ ო ჩ ნ დ ე ბ ო დ ა, | ხ ო ლ ო | თ უ | რ უ ს ე თ ი ს | ი ა რ ა ღ ს | წ ა რ მ ა ტ ე ბ ა | ე ქ ნ ე ბ ო დ ა, | ტ რ ა ქ ტ ა ტ შ ი | ი მ ე რ ე თ ი ს | ს ა ს ა რ გ ე ბ ლ ო | მ უ ხ ლ ე ბ ი ც | ი ქ ნ ე ბ ო დ ა | შ ე ტ ა ნ ი ლ ი. ბოლოს ნ. პანინი სოლომონ მეფეს ერეკლეს მიმხრობასაც ავალებდა (იქვე, გვ. 22-26)

ყიზლარის კომენდანტმა მაქსიმე აბაშიძე 1769 წლის 6 იანვარს სამეფო კარზე გაგზავნა, ხოლო 14-16 იანვარს არქიმანდრიტი და იმერეთის მეფესთან გასაგზავნად შერჩეული პორუჩიკი ხვაბულოვი (ქობულაშვილი), პანინის ხსენებული წერილით, იმერეთისაკენ გამოისტუმრა.

არქიმანდრიტი და ხვაბულოვი 1769 წლის 20 მარტს სოლომონ I-ს შეხვდნენ (რაჭაში). სოლომონ I, როგორც ხვაბულოვი იუწყება, პანინის წერილს სიხარულით შეხვედრია. იმერეთის მეფეს თავისი ელჩის მისია მიღწეულად შეეძლო ჩაეთვალა. ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ რ უ ს ე თ - თ უ რ ქ ე თ ი ს | ო მ ი ს | დ ა წ ყ ე ბ ა | ი მ ე რ ე თ ი ს | მ ი მ ა რ თ | თ უ რ ქ ე თ ი ს | ა გ რ ე ს ი უ ლ | ზ რ ა ხ ვ ე ბ ს | დ რ ო ე ბ ი თ | მ ა ი ნ ც | შ ე ა ნ ე ლ ე ბ დ ა | დ ა | ქ ვ ე ყ ა ნ ა ს | ა ხ ლ ო | მ ო მ ა ვ ა ლ შ ი | მ ო ს ა ლ ო დ ნ ე ლ ი | შ ე მ ო ტ ე ვ ი ს ა გ ა ნ | გ ა დ ა ა რ ჩ ე ნ დ ა.

შეცვლილ ვითარებაში სოლომონი რუსეთისაგან საიდუმლო დახმარებას არ ჯერდებოდა, დამხმარე ჯარის გარეშე ომის გამოცხადებაც კი არ შემიძლიაო – აცხადებდა იგი. ამასთან, რუსეთიდან დამხმარე ჯარის მიღების შემთხვევაში 20 ათასი ჯარისჯაცის გამოყვანის პირობას დებდა (იქვე, გვ. 426-427). სოლომონის ზემოაღნიშნულ განცხადებებს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ეს საკითხი ამ დროს იმერეთის სრულუფლებიან ელჩთან ერთად პეტერბურგში წყდებოდა.

სოლომონმა პანინის წერილი ერეკლეს გაუგზავნა და 1769 წ. 26 მარტს სოლომონიც თბილისში მოვიდა. აქ მეფეებმა ერთობლივი მოქმედების შესახებ წინასწარ გადაწყვეტილება მიიღეს და ხვაბულოვს კონკრეტული პირობები წაუყენეს (Грамоты, I, 428-429). მაგრამ ხვაბულოვის რწმუნება ცნობების შეგროვებით განისაზღვრებოდა და, ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო. ამიტომ მეფეებმა საგანგებო ელჩები შეარჩიეს (სოლომონმა – დ. კვინიხაძე, ერეკლემ – ა. ანდრონიკაშვილი) პეტერბურგში გასაგზავნად. ამასობაში ცნობაც მოვიდა, რომ რუსეთიდან ჯარი იგზავნებოდა.

მართალია, რუსეთის მთავრობას 1768 წლის ნოემბერში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში ჯარის გამოგზავნა შეუძლებლად მიაჩნდა, მაგრამ იმერეთის ელჩის მაქსიმე აბაშიძის პეტერბურგში ჩასვლისთანავე (1769 წლის მარტი) რუსეთის მთავრობის პოზიცია შეიცვალა.

ქართველმა დიპლომატმა, იმერეთის მდგომარეობის სურათის შელამაზებითა და მისი რეალური შესაძლებლობების გადიდებულად დახატვით, რუსეთის მთავრობა დაარწმუნა საქართველოში საექსპედიციო ჯარის გამოგზავნის სარგებლიანობაში და რუსეთის დიპლომატია თავისი წინანდელი პოზიციებიდან დასძრა.

1769 წლის 16 მარტს ნ. პანინმა სახელმწიფო საბჭოს გააცნო მდგომარეობა და წინადადება შეიტანა სოლომონ I-თვის დახმარება აღმოეჩინათ ჯარისა და ფულის გაგზავნით. ამ საკითხზე პროექტის შედგენა დაევალა გრაფ ჩერნიშოვს. ამ უკანასკნელმა სახელმწიფო საბჭოს გააცნო თავისი პროექტი, რომელიც საბჭოს მიერ მოწონებულ იქნა (Архив Гос. Совета, т. I, ч. II, 770-771). პროექტი გაეგზავნა იმპერატრიცას.

1769 წლის 27 მარტს ეკატერინე II-მ ხელი მოაწერა ბრძანებას სამხედრო კოლეგიისადმი, რომლითაც საქართველოში გამოსაგზავნი საექსპედიციო ჯარის შემადგენლობა განისაზღვრა სამი ასეულითა და საველე არტილერიის ექვსი სამგირვანქიანი ქვემეხისაგან შემდგარი რაზმით. ხსენებული რაზმის შტატი ასეთი უნდა ყოფილიყო: «მთავარი მეთაური» გენერალი ან შტაბს-ოფიცერი, ერთი შტაბს-ოფიცერი, ქვეითი ასეული 159 კაცით, დრაგუნთა ასეული 92 კაცით, ჰუსართა ასეული 85 კაცით, საველე არტილერიის ექვსი ქვემეხის მომსახურე პერსონალი 72 კაცი, საინჟინრო ჯარების პოდპორუჩიკი 1, მკურნალი 1, სულ 411 კაცი. რაზმისათვის გამოყოფილი წლიური ხარჯთაღრიცხვა 21 256 მანეთსა და 92,5 კაპ. შეადგენდა (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 1-3).

საექსპედიციო რაზმის ფორმირება უნდა მომხდარიყო ყიზლარში. ამ მიზნით 1769 წლის 3 აპრილს ბრძანება გაუგზავნეს ფელდცეხმეისტერს, გრ. ორლოვს, რათა გამოეყო 6 ქვემეხი საჭურველით, ცხენებით, მომსახურე პერსონალითა და საინჟინრო ჯარის ერთი ოფიცრით და გაეგზავნა ყიზლარში (იქვე, ფურც. 5).

1769 წლის 6 აპრილს განკარგულება გაუგზავნეს ასტრახანის გუბერნატორს გენერალ-მაიორ ბეკეტოვს: ასტრახანის გარნიზონიდან შეერჩია ჯანსაღი და ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცებისაგან 1 ქვეითი ასეული, ჩაებარებია სამხედრო კოლეგიის მიერ გაგზავნილი კაპიტან როგოვისათვის და გაეგზავნა ყიზლარში; კოლეგია მასვე ავალებდა ორენბურგის დრაგუნთა პოლკიდან გამოეყო ასეული, ჩაებარებია კაპიტან ზამარაევისათვის და გაეგზავნა ყიზლარში; ქართველ ჰუსართა პოლკიდან, რომელიც ყიზლარში იდგა, გამოეყო ასეული თავისივე ოფიცრებით; გარდა ამისა, როგორც კი არტილერიის რაზმი ასტრახანში მოვიდოდა, შეუფერხებლად გაეგზავნა იგი ყიზლარში (იქვე, ფურც. 8-9)

სამხედრო კოლეგიამ ამ რაზმისათვის ოფიცრების შერჩევაც დაიწყო. 1769 წ. 3 აპრილს ბრძანება გაუგზავნეს გენ. გოლიცინს, რათა სამხედრო კოლეგიაში გამოეგზავნა კაპიტანი რემენნიკოვი. ეს უკანასკნელი მაიორის ჩინით 25 აპრილს სიმბირსკის პოლკიდან სამხედრო კოლეგიაში გაიგზავნა. აქ მას გააცნეს საქმის ვითარება და უბრძანეს ასტრახანსა და იქიდან ყიზლარში გამგზავრება, რათა სათავეში ჩადგომოდა საექსპედიციო რაზმის ფორმირების საქმეს და წესრიგში მოეყვანა იგი უფროსის მოსვლამდე (იქვე, ფურც. 22, 44-45). 29 აპრილს გენ. პროკურორს ვიაზემსკის, სამხედრო კოლეგიის თხოვნით, სიტყვიერი წინადადება შეუტანია სენატში, რათა არტილერიის პოდპოლკოვნიკი თავ. ჩოლოყაშვილი სამხედრო კოლეგიაში გაეგზავნათ. ჩოლოყაშვილი საექსპედიციო ჯარში არტილერიის უფროსად დანიშნეს (ჩოლოყაშვილი არტილერიის იარაღის პროექტების ავტორი იყო, რისთვისაც პრემია ჰქონდა მიღებული; ხოლო 1764 წლიდან იგი კიევის სიმაგრეების მშენებლობას ხელმძღვანელობდა) და ყიზლარში გამგზავრება უბრძანეს (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 38, 39, 40, 52 /ჩოლოყაშვილის შესახებ იხ. ჟურნ. «მეცნიერება და ტექნიკა», 1955, # 10/).

ამის პარალელურად საგარეო კოლეგიამ საქართველოში გამოსაგზავნ რწმუნებულად შეარჩია თავ. ანტონ მოურავოვი (თარხან მოურავი), რომელიც ვახტანგ VI-ის დროს რუსეთში გადასახლებულ თავადთა ოჯახიდან იყო (Грамоты, I, 39-50, 417).

ამ წინასწარი სამზადისის ჩატარების შემდეგ, ჯარის გამოგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის თავზე, ეკატერინე II და ნ. პანინი 1769 წლის 26 მაისის წერილებით (იქვე, გვ. 50-57) აცნობებდნენ სოლომონს დამხმარე ჯარის გაგზავნის შესახებ. პატარა ჯარისა, რომელიც 3 ასეულისა და 6 ქვემეხისაგან შემდგარ საარტილერიო რაზმს მოიცავდა (411 კაცი), «მთავარ მეთაურად» იმპერატორის 1769 წლის 27 ივნისის ბრძანებით გრაფი ტოტლებენი დაინიშნა: სამხედრო კოლეგიას დაევალა მისთვის ინსტრუქციის მიცემა და ყიზლარში გაგზავნა (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, л. 67).

1769 წლის ივლისში სამხედრო კოლეგიამ ტოტლებენს დარიგება მისცა, სამოქმედო ინსტრუქციად თავ. ანტონ მოურავოვისადმი საგარეო კოლეგიის მიერ მიცემული ინსტრუქციის ასლი გადასცა (დედანი იხ. წიგნში: Грамоты, I, გვ. 39-50) და ყიზლარში გამგზავრება უბრძანა (ტოტლებენის თავგზააბნეული მოქმედებანი მრავალი გაუგებრობის წყარო გახდა. ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია აქვე ხაზი გავუსვათ, რომ ტოტლებენს არსად იმპერატორისაგან რაიმე საგანგებო საიდუმლო მითითება არ მიუღია. სამხედრო კოლეგია კი, რომელსაც ტოტლებენისათვის ინსტრუქციის მიცემა დაევალა, ამ უკანასკნელს აცნობებდა: «Дабы... уведомить вас о предмете сей экспедиции прилагаетца вам при сем под лит. Н- копия с инструкции, данной на Г. К. И. Д., отправленному в Имеретию при кутаиском митрополите, назначенном для пребывания при имеретинском владетеле, надворному Советника князь Антону Моуравову. Сия инструкция не только будет вам служить руководством во всех ваших к дальнейшему походу приготовлениях, но по оной имеете вы распорежати и действительное ваше со всею командою заграницу движению...» ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, я. I, л. 68 /გენ. სუხოტინისადმი მიცემულ ინსტრუქციაშიც აღნიშნულია, რომ ტოტლებენს მოურავოვის ინსტრუქციით უნდა ემოქმედა: «... в данной н. с. кн. Моуравову инструкции, по которой и г.-м. гр. Тотлебен исполнять имел». იხ. Грамоты, I, 475; ეკატერინე II-ის 1769 წ. 16 დეკემბრის წერილითაც იგივე დასტურდება. შდრ. Грамоты, I, 87/).

1769 წლის 10 ივლისს რემენნიკოვი სამხედრო კოლეგიას ასტრახანიდან აცნობებდა, რომ მან ორი ასეული (ქვეითი და დრაგუნთა) ჩაიბარა (256 კაცი) (ЦГВИА, ф 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 142, 76, 78-79). ხოლო 26 ივნისს ტოტლებენიც ასტრახანში ჩავიდა, საიდანაც 29 ივლისს გრაფ ჩერნიშოვს აცნობებდა, რომ აქ რემენნიკოვის მიერ წესრიგში მოყვანილი 2 ასეული დახვდა, რომელიც 1-ლ აგვისტოს ასტრახანიდან გავა ყიზლარისაკენო. ამასთან, რადგან ექსპედიციისათვის გამოყოფილი არტილერია არ ჩანს, რაზმი გზაში უიარაღოდ რომ არ დარჩენილიყო, ასტრახანის არსენალიდან მივიღე ორი ქვემეხი და ჩავაბარე რაზმს; მოვაწესრიგე რა ყველაფერი, დღესვე (29 ივლისი) ყიზლარში მივდივარო. პატაკს აქვს დანართი, საიდანაც ჩანს, რომ საექსპედიციო რაზმში 29 ივლისს (ასტრახანში) ყოფილა: ქვეითი ასეული – 163 კაცი, დრაგუნთა – 93 კაცი, საინჟინრო კორპუსიდან – 2 კაცი, ორი ქვემეხის მომსახურე პერსონალი – 32 კაცი, მკურნალი – 1; სულ საექსპედიციო რაზმში 291 კაცი (იქვე, ფურც. 103-106).

ტოტლებენმა რაზმი ასტრახანში დატოვა, ხოლო თვით კაპიტან კარპისა და 20 ჰუსარის თანხლებით ყიზლარისაკენ წამოვიდა. 4 აგვისტოს გენერალი ტოტლებენი ყიზლარში იყო, სადაც ჰუსართა ასეული შეარჩია (იქვე, ფურც. 149, 152, 154) და ისიც ადგილზე დატოვა და იგი მცირე ამალისა და მაიორ რატიევის თანხლებით მოზდოკში წავიდა (ტოტლებენს ორგზის უთხოვია ყიზლარის კომენდანტისათვის მიეცათ მისთვის მაიორი რატიევი /რატიშვილი/, როგორც სამხედრო საქმისა და ენების მცოდნე და თხოვნაც დაუკმაყოდილებიათ /იქვე, ფურც. 120, 122/). 12 აგვისტოს, შეავსო რა ამალა მოზდოკში, საქართველოსაკენ წამოვიდა (2 ქვემეხითა და 110 კაცით). რაც შეეხება საექსპედიციო რაზმს, იგი მაიორ რემენნიკოვის უფროსობით 1 აგვისტოს გამოვიდა ასტრახანიდან და 12 აგვისტოს მოვიდა ყიზლარში, სადაც შეიერთა ჰუსართა ასეული. 14 აგვისტოს მაიორი რემენნიკოვი სამი ასეულით (370 კაცი) ყიზლარიდან საქართველოსაკენ წამოვიდა (ყიზლარის კომენდანტმა 1769 წ. 8 აგვისტოს სამხედრო კოლეგიას უპატაკა, რომ გენერალს მივეციო თარჯიმნები ფიცხელაუროვი და ბოგდანოვი; გამცილებლად: პირადი მცველი რაზმი – 21 ჰუსარი, 12 საუკეთესო კაზაკი, სერჟანტი 1, კაპრალი 2, რიგითი 2 და მედოლე; მივეცი მარშრუტის გეგმა: ხევი – ჩიმი. გენერალი წავა მოზდოკში და დაელოდება ერეკლეს პასუხსო /იქვე, 149, 120-122/).

გენ. პოტაპოვი 6 სექტემბრის პატაკით აცნობებდა სამხედრო კოლეგიას: ტოტლებენმა მოზდოკიდან წაიღო ორი ქვემეხი, წაიყვანა 6 დურგალი, 25 კაზაკი, უფის დრაგუნთა პოლკიდან ვახმისტრი, კაპრალი, მონადირე, მედოლე, 16 დრაგუნი და 12 აგვისტოს მოზდოკიდან გავიდა საქართველოსკენო; ხოლო მაიორი რემენნიკოვი 12 აგვისტოს ქვეითი და დრაგუნთა ასეულებით ყიზლარში მოვიდა. აქ ჩავაბარე ჰუსართა ასეული კაპიტან კარპის მეთაურობით (ჰუსართა ასეული ტოტლებენმა შეარჩია, მაგრამ წესრიგში იყო მოსაყვანი და რემენნიკოვის ასტრახანიდან ჩამოსვლამდე აქ დარჩა). აქ შეკეთებულ იქნა თვლები ასტრახანიდან წამოღებული ორი ქვემეხისა, მიეცა რემენნიკოვს საჭირო სურსათი 370 კაცისათვის და 14 აგვისტოს ყიზლარიდან მოზდოკში წავიდა (იქვე, ფურც. 211).

რაც შეეხება იმპერატორის 27 მარტის ბრძანებით ექსპედიციისათვის განკუთვნილი 6 ქვემეხისაგან შემდგარ საარტილერიო რაზმს (72 კაცი), იგი მხოლოდ 1769 წლის 7 ოქტომბერს მოსულა ასტრახანში, როგორც ეს ასტრახანის გუბერნატორის 10 ოქტომბრის მოხსენებიდან ირკვევა, ხოლო 4 ნოემბერს მოზდოკში (ЦГВИА, ф 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 235-236, 222).

ამრიგად, საქართველოში 1769 წლის აგვისტოში ყიზლარიდან და მოზდოკიდან წამოვიდა რუსეთის ჯარის სამი ასეული (კომპლექტით როგორც ეს განსაზღვრული იყო იმპერატორის 27 მარტის ბრძანებით) და 4 ქვემეხის მომსახურე პერსონალი. ტოტლებენის პირად მცველ რაზმთან ერთად (კომპლექტს გარეთ), სულ დაახლოებით 480 კაცი. 

რუსეთის ჯარის გადმოსაყვანად ერეკლესთან შეთანხმებით, – სოლომონმა და ხვაბულოვმა დარიალის გზა შეარჩიეს, რომლის მოგვარება ერეკლემ იკისრა. ხოლო როცა ტოტლებენი ყიზლარში მოვიდა, პოტაპოვმა აცნობა ერეკლეს გამოეგზავნა რაზმი გენერლის შესახვედრად (იქვე, 120-122). თერგზე გადასასვლელად 10 ხიდი შეუკეთებიათ (მათ შორის 3 ქართველებს), ვიწროებზე დაშლილი ქვემეხები (2 ქვემეხი) ერეკლეს მიერ გაგზავნილ ქართველებს ხელით გადმოუტანიათ სტეფანწმინდამდე (სამხედრო ისტორიულ არქივში დაცულია მარშრუტის რუკა. მარშრუტი ასეთია: მოზდოკი – ჩიმი – ლარსი – დარიალი – სტეფანწმინდა – აჩხოტი – სიონი – ადოს მინდორი. ЦГВИА, ф. ВУА, д. 67 022). სამეფოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე ტოტლებენს წერილი გაუგზავნია ერეკლესათვის, რომ ის ავანგარდით მოვიდა სამეფოს ტერიტორიაზე (ავანგარდში იგულისხმება ტოტლებენის ამალა /ასიოდე კაცი/. რაც შეეხება რემენნიკოვის რაზმს, იგი ტოტლებენის მიერ გაგზავნილ გამცილებლებს წამოჰყოლია მოზდოკიდან 2 სექტემბერს) და იმპერატორის ბრძანებით მიდის იმერეთის მეფესთან, ამიტომ თხოვს ჯარის გატარებასა და სურსათის ყიდვის ნებართვას. ამასთან უცნობებია, რომ მას სურდა პირადად განუცხადოს ერეკლეს ზოგი საიდუმლო რამ (Грамоты, I, გვ. 61).

1769 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში ტოტლებენი შეხვდა კიდეც ერეკლეს, ხოლო ერეკლესთან მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ, იგი რაზმით იმერეთისაკენ დაიძრა (1769 წლის 11 ოტქომბრისათვის, როგორც ამ რიცხვით დათარიღებულ პატაკზე დართული უწყისი მოწმობს, საქართველოში მყოფი რუსეთის ჯარის რაოდენობა ასეთი ყოფილა: რემენნიკოვის მიერ ჩამოყვანილი საექსპედიციო რაზმი – 372 კაცი, ტოტლებენის მიერ ყიზლარიდან და მოზდოკიდან წამოყვანილი – 108 კაცი. სულ 480 კაცი. იხ. ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. III, лл. 119-120. სექტემბრის უწყისი არ არის, რადგან იგი ასტრახანიდან გამოსვლის შემდეგ არ შეუდგენიათ 11 ოქტომბრამდე, რაც პატაკში აღნიშნულია).

1769 წლის 26 სექტემბერს ტოტლებენი და მოურავოვი სამი ასეულით იმერეთის საზღვარს მიადგნენ, სადაც მათ 27 სექტემბერს შეხვდა სოლომონ მეფე იოსებ კათალიკოსისა და დიდებულების თანხლებით. მოლაპარაკებებისას 28 სექტემბერს, ტოტლებენს მეფისათვის განუცხადებია, რომ მას იმპერატორისაგან დავალებული აქვს: იმერეთის ციხეებიდან თურქების განდევნა და სოლომონ მეფისათვის ქვეშევრდომების დამორჩილება; ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებს, სოლომონს თავისი ოჯახით წაიყვანს რუსეთში, სადაც მეფე დიდი პატივით იქნება მიღებული (Грамоты, I, 68).

რუსეთის მთავრობა დამხმარე ჯარითა და სესხით (50 ათასი მანეთი) ცდილობდა განემტკიცებია იმერეთის სამეფოს მდგომარეობა, რომ ამ უკანასკნელს თურქეთთან აქტიური ბრძოლის უნარი ჰქონოდა. ამიტომაა, რომ სამოქმედო ინსტრუქცია დასაშვებად სთვლიდა ქართველებს რუსეთის ოფიცრებისაგან ესწავლათ ჯარის სამხედრო წყობა, იარაღის ხმარება, თოფისწამლის გაუმჯობესება, ქვემეხების ჩამოსხმა, მათი ლაფეტებზე გაწყობა, ადგილების «ევროპულად» გამაგრება და სხვა. გამოთქმული იყო სურვილი, თუ იმერეთში რეგულარული ჯარის შექმნა არ მოხერხდებოდა, იქნებ მოსახერეხებელი გახდეს მორიგეობის დაწესება მოსახლეობისა, რათა მთელი ერი რიგიან ჯარად იქცესო (შდრ. Грамоты, I, 39-50).

რუსეთის მთავრობა ვარაუდობდა, რომ გაძლიერებული იმერეთის სამეფო, თურქეთის შეურიგებელი ვასალი, თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეულ წვლის შეიტანდა, რომ გაძლიერებული სოლომონ მეფე, რუსეთის ჯარის მეთაურებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს მთავართა და ქართლ-კახეთის მეფის მიმხრობასაც შეძლებდა და ქართველთა მონაწილეობა ომში უფრო ეფექტური იქნებოდა. ხოლო საქართველოდან აქტიური მოქმედება, თავის მხრივ, აიძულებდა თურქებს ცენტრალური ფრონტი შეესუსტებია, რაც დუნაის რაიონში მოქმედ რუსეთის არმიას მდგომარეობას შეუმსუბუქებდა.

მართალია, რუსეთის საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოდიოდა, როცა იმერეთს დახმარების ხელს უწვდიდა, მაგრამ იმერეთის სამეფოსათვის ეს დახმარება უმნიშვნელო როდი იყო.

1769 წ. 3 ოქტომბერს რუსეთისა და ქართველთა ჯარი შორაპნის ციხეს შემოადგა.

3. ქართლ-კახეთის სამეფოს მიმხრობა რუსეთ-იმერეთის სამხედრო კავშირისადმი 

1768 წლის ნოემბერში რუსეთის მთავრობას ქართლ-კახეთის სამეფოს თურქეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა საეჭვოდ მიაჩნდა რადგან ფიქრობდნენ, რომ ერეკლეს მხოლოდ ლეკებისაგან სჭირდება თავისი სამფლობელოების დაცვა, ხოლო რაც შეეხება თურქებს, ქართლ-კახეთი მათი მეზობლობის სიმძიმეს არ გრძნობსო (Граморы, I, 6-7). კიდევ მეტი, რუსეთში იმისიც კი ეშინოდათ, რომ ერეკლემ სოლომონს არ ურჩიოს თურქეთთან ბრძოლაზე ხელის აღება, და თუ მეტი არა, ის მაინც მოვახერხოთ, რომ სოლომონს თავი არ შეაკავებინოს თურქეთის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებისაგანო (იქვე). არც 1769 წლის მაისში ჰქონიათ იმედი თურქეთის წინააღმდეგ ომში ქართლ-კახეთის სამეფოს მონაწილეობისა. ამიტომ მოურავოვისათვის მიცემული ინსტრუქციის მე-8 მუხლში ერეკლეს აშკარა «დახმარება» სოლომონ მეფისადმი საეჭვოდაა მიჩნეული და მოურავოვს ავალებენ (იგულისხმება ტოტლებენსაც), თუ ერეკლეს არ შეუძლია აშკარად დაეხმაროს იმერეთის მეფეს, შეეცადეთ ფარული დახმარება მაინც გაუწიოს მას, როცა ლეკებთან ომით დაკავებული არ იქნებაო (იქვე, გვ. 46-47).

ერეკლე II-ის 1769 წლის ცნობილი წერილები და განცხადებები ერთი შეხედვით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რუსეთის მთავრობის ეს ეჭვი მთლიანად უსაფუძვლო გამოდგა. ამასთან ცნობილი დოკუმენტებიდან (Грамоты, т. I – II) ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერეკლე II-ის წინადადებებს ჯარის გადიდების თაობაზე, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართლ-კახეთის სამეფო ომში მაინც ჩაება (შეიძლება ითქვას, ასე ესმოდა პროფ. ცაგარელს ერეკლეს დიპლომატიური ბრძოლის შედეგი, როცა იგი წერდა: ტოტლებენს, 16 დეკემბრის წერილით, ერეკლეს თხოვნით ჯარის გადიდებაზე უარი შემოუთვალესო. შდრ. Грамоты, I, გვ. XI).

რადგანაც საქმის ვითარების შესწავლამ სხვა სურათი გადაგვიშალა, საჭიროდ მიგვაჩნია დაწვრილებით შევჩერდეთ ერეკლეს დიპლომატიურ ბრძოლაზე.

რუსეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ერეკლეს ხვაბულოვის საქართველოში ჩამოსვლამდე შეუტყვია და რუსეთის წარმომადგენლის საქართველოში გამოჩენა სასარგებლო საქმედ მიუჩნევია. ამასთან, ის ამბავი, რომ ხვაბულოვი ჯერ სოლომონ I-თან მიდიოდა, ერეკლე მეფეს საწყენადაც კი მიუღია, რადგან იგი თავის თავს საქართველოში უპირველესად თვლიდა (Грамоты, I, 422, 426)

1769 წლის მარტის ბოლოს ხვაბულოვი იმერეთიდან ქართლში დაბრუნდა. იმ დროს თბილისში თურქეთის ელჩები ყოფილან, რომელთაც ქართლ-კახეთის სამეფოსაგან ნეიტრალიტეტი უთხოვიათ. ერეკლეს, თურქი ელჩებისათვის რუსეთის წარმომადგენლის მოსვლის დაფარვის მიზნით, ხვაბულოვი ქართულ ტანსაცმელში გადაცმული ჩამოუყვანია თბილისში, მაგრამ თურქებს აგენტების საშუალებით შეუტყვიათ ხვაბულოვის ადგილსამყოფელი და ბინის დათვალიერება დაუწყიათ, რის გამოც გაჯავრებულ ერეკლეს თურქი ელჩები გაუძევებია. 1769 წლის 11 აპრილს ერეკლეს ხვაბულოვი მიუღია.

რუსეთის წარმომადგენელთან საუბარში ერეკლე II-ს, როგორც ხვაბულოვის მოხსენებიდან ჩანს, განუცხადებია, რომ თუ საქართველოში რუსეთის თუნდაც მცირე რაზმს გამოგზავნიან, მას «შეუძლია თურქეთში ქალაქები დაიპყროს თვით ცარგრადამდეც კი; აქაური (რუსეთის – ვ. მ.) დამხმარე ძალები მას უმთავრესად იმიტომ სჭირდება, რომ საქართველოში მათი ჩასვლით შიში შეუდგებათ არა მარტო თურქეთისა და ირანის ქვეყნებში? არამედ აგრეთვე მთელს იმ მხარეში და ყველა იგრძნობს რა? რომ მეფე ერეკლე მიღებულია მ. ი. უ. მფარველობის ქვეშ, თავზარი დაეცემაო...» (Грамоты, I, 427-428).

1769 წლის 21 მაისს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოლომონ I ჩამოსულა თბილისში. მეფეებს თურქეთის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება დაუთქვამთ. ერეკლეს საიდუმლო სამზადისიც კი დაუწყია, მაგრამ გადაწყვეტილებას ძალა ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ერეკლეს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. სახელდობრ, თუ რუსეთი 7 – 5 პოლკ (7-5 ათასი კაცი) დამხმარე ჯარს გამოგზავნიდა და თურქეთთან ზავის დადებისას ტრაქტატში ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში იქნებოდა შეყვანილი. ამასთან, ერეკლეს მტკიცედ განუცხადებია, რომ დამხმარე ძალების მიღების გარეშე მას ომში ჩაბმა არ შეუძლია (იქვე, გვ. 429).

რაკი ხვაბულოვის რწმუნება მხოლოდ ცნობების შეგროვებითა და ქართველი მეფეებისადმი მოწოდებით განისაზღვრებოდა, მეფეებმა ელჩები შეარჩიეს რუსეთში გასაგზავნად (ერეკლემ – ა. ანდრონიკაშვილი, სოლომონმა – დ. კვინიხაძე). ამასობაში ხვაბულოვს რუსეთიდან ცნობა მოუვიდა იმერეთის დასახმარებლად ჯარი იგზავნება და გზის საკითხი მოაგვარეო.

ბუნებრივია, რუსეთის მთავრობის ეს ნაბიჯი ერეკლეს გარკვეულ მობრუნებად მიუჩნევია რუსეთის საგარეო პოლიტიკაში. ქართლ-კახეთის მეფის გააქტივებაც ამით უნდა აიხსნას. ამის გამო იყო, რომ 1769 წლის 5 ივნისის წერილით, რომელიც ანდრონიკაშვილს მიჰქონდა რუსეთში, ერეკლე II ნ. პანინს აცნობებდა – თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად, თანახმად თქვენი წინადადებისა, გამზადებული ვართ, ოღონდ გაწვრთნილი ჯარი გამოგვიგზავნეთ (მართალია, ერეკლემ იცოდა, რომ ჯარი მოდიოდა, მაგრამ არ იცოდა რა რაოდენობით, რადგან ჯარის რაოდენობა და შეიარაღება ხვაბულოვისთვისაც უცნობი იყო. პოტაპოვი აცნობებდა საგარეო კოლეგიას – მართალია, ხვაბულოვს ვაცნობე ჯარის გაგზავნის შესახებ. მაგრამ «не открывая и Хвабулову число людей и орудий». ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 93-95), რომ რუსეთის მხრივ მფარველობა საყოველთაოდ ცხადი გახდესო და ბრძოლასაც უკეთესი შედეგი მოყვესო (Грамоты, т. II, вып. I, გვ. 6-7).

ანდრონიკაშვილს მეფისაგან დავალებული ჰქონდა ზეპირად განეცხადებია ნ. პანინისათვის, რომ, როცა რუსეთის მოსახერხებლად დაინახავდა ირანთან ომის დაწყებას, ერეკლე მზად იქნებოდა გამოსულიყო ირანის წინააღმდეგაც, ხოლო ახლა კი, ირანი რომ არ დაეჭვებულიყო ერეკლეს სამზადისით, რუსეთს წერილობით დაერწმუნებია ირანის მთავრობა, რომ ეს სამზადისი მის წინააღმდეგ არ იყო მიმართული; მეორე, რუსეთის მთავრობას წიაღისეულის დასამუშავებლად, დამხმარე ჯართან ერთად, სპეციალისტებიც გამოეგზავნა. ელჩს თან მიჰქონდა მოხსენებითი ბარათი საქართველოს მეზობლების პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.

ა. ნდრონიკაშვილი, ხვაბულოვთან და კვინიხიძესთან ერთად, 21 ივლისს ყიზლარში ჩავიდა. სანამ ასტრახანის გუბერნატორისაგან გამგზავრების ნებართვას მიიღებდა, იგი ავად გახდა. ამასობაში ყიზლარში ტოტლებენიც მოვიდა და ყიზლარის კომენდანტმა ქართველ ელჩს ადგილზე დაცდა ურჩია, რადგან გენერლისა და ერეკლეს შეხვედრის შედეგად იქნებ დამატებითი დავალებებიც გაჩნდესო. მაგრამ ელჩი ამაზე არ დაეთანხმა და კომენდანტიც, რომ არ გაენაწყენებია იგი, დაპირდა 12 ან 14 აგვისტოს სამეფო კარზე გაგგზავნიო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, мв. 245, д. 4, ч. I, лл. 120-122).

ანდრონიკაშვილი მალე პეტერბურგში ჩავიდა, მაგრამ რუსეთის სამეფო კარზე არსებითი როლის თამაში მას წილად არ ხვდა, რადგან ამასობაში რუსეთის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ, რომელთაც საქართველოს მდგომარეობისა და მისი არსებითი პრეტენზიების შესახებ უკეთესი ინფორმაცია შეეძლოთ გაეკეთებინათ რუსეთის სამეფო კარისათვის, ვიდრე ქართველ დიპლომატს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტოტლებენმა საქართველოში ფეხის შემოდგმისთანავე ერეკლეს იმერეთში გატარების ნებართვა სთხოვა, ამასთან სწერდა, საიდუმლო მაქვს გასახცადებელიო. 1769 წლის 29 აგვისტოს იგი შეხვდა კიდეც ერეკლეს სოფელ ხოდასთან (Грамоты, I, 61-62). რა თქმა უნდა, ტოტლებენს გასაცხადებელი არავითარი საიდუმლო, რაც დღეს ცნობილი არ იყოს, არა ჰქონია. ეს საიდუმლო მოურავოვისათვის მიცემული ინსტრუქციით განსაზღვრული ამოცანა – ქართლ-კახეთის სამეფოს ომში მიმხრობა იყო. მაგრამ რაკი რუსეთის მთავრობა 1769 წლის მაისში ერეკლეს დათანხმებას საეჭვოდ მიიჩნევდა და მთელს იმედებს სოლომონზე ამყარებდა, მოურავოვს (ტოტლებენსაც) მისცა დარიგება: ერეკლეს ომში მიმხრობის შესახებ სოლომონს მოეთათბირეთო («Кчему и каким образом его /ერეკლე – ვ. მ./ склонять... в том согласиться вам с Имеретинским владетелем», Грамоты, I, 47). ინსტრუქციის დაწერის შემდეგ (1769 წ. მაისი) ცხადი გახდა, რომ ერეკლე დიდ აქტივობას იჩენდა. ბუნებრივია, ასეთ პირობებში რუსეთის წარმომადგენლებს აღარ ჭირდებოდათ სოლომონის კონსულტაცია, რაკი ერეკლე ომში მონაწილეობის სურვილს აცხადებდა და ერეკლესთან უშუალო მოლაპარაკება დაიწყეს. 

ერეკლესთან შეხვედრისას ტოტლებენს ეს «საიდუმლო» გაუმხელია: «მისი ი. უ. ბრძანებით საქართველოში მოვედითო» (იქვე, გვ. 62). ამ განცხადებას სიხარულით შეხვედრიან ქართლ-კახეთის პოლიტიკოსები. რა თქმა უნდა, საქართველოში გამოგზავნილი რუსეთის ჯარის უმთავრესი ამოცანა ქართველთა ძალების თურქების წინააღმდეგ ომში მიმხრობა და ცენტრალური ფრონტიდან თურქთა ძალების მოზიდვა იყო და, ცხადია, თუ რუსეთის მოხელეები ასეთი განცხადებით იმერეთთან შედარებით ძლიერ ქართლ-კახეთის სამეფოს მიიმხრობდნენ, რუსეთის მთავრობა მათ ამ ნაბიჯს არ დაუწუნებდა. 1769 წლის 20-30 აგვისტოს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრას გულთბილ ვითარებაში ჩაუვლია.

რუსეთის წარმომადგენლებს საქართველოში ჩამოსვლისთანავე შეუტყვიათ, რომ იმერეთის სამეფო ძალზე სუსტი იყო და თურქეთთან აქტიური ბრძოლის უნარი, ისე რომ რუსეთისათვის თვალსაჩინო სარგებლობა მოეტანა, არ გააჩნდა. ხოლო ერეკლე მზადყოფნას აცხადებდა «დახმარებოდა სოლომონ I-ს», მაგრამ აქვე ითხოვდა რუსეთს გამოეგზავნა 5-ათასიანი დამხმარე ჯარი. თუ ეს 5 ათასიანი ჯარი დაზამთრებამდე გადმოსვლას ვერ მოახერხებდა, 1500 კაცი მაინც გადმოეყვანათ, ხოლო დანარჩენი მომავალი წლის გაზაფხულამდე. უამისოდ კი, თუმცა «მისი ი. უ. ბრძანებით მზადაა თურქებს ომი გამოუცხადოს და სოლომონს აშკარა ან ფარული დახმარება აღმოუჩინოს, მაგრამ გამოგზავნილი რაზმი (სამი ასეული – ვ. მ.) არასაკმარისად მიაჩნია და ამიტომ ეშინია ომის გაურკვეველი ხვედრისა» (Грамоты, I, 64).

გარდა დამხმარე ჯარისა, ერეკლეს მოუთხოვია სპეციალისტები არტილერიის გასამართავად და წიაღისეულ სიმდიდრეთა დასამუშავებლად (Грамоты, I, 64-65)

რუსეთიდან სპეციალისტების გამოგზავნა დიდ სიძნელეს არ წარმოადფენდა, მით უმეტეს, რომ არტილერიის საქმის სპეციალისტი ჩოლოყაშვილი უკვე წამოსული იყო. რაც შეეხება ჯარის გადიდებას, აქ სერიოზული სიძნელე იყო, ამიტომ პასუხში მოურავოვს, ჩანს, ინტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად ჩამოუთვლია მიზეზები: რუსეთში საკუთარი საჭიროება ჯარზე, გზის სიძნელე, ჯარის შენახვის სიძნელე, გაურკვევლობა იმისა, თუ რა სარგებლობა შეუძლიათ მოუტანონ ქართველებმა ომში თავიანთი მონაწილეობით რუსეთს. ერეკლეს გაუქარწყლებია ეს მოტივები და დაპირება მიუცია: გზის საკითხს იგი მოუგვარებდა, მოთხოვნილი ჯარის მომარაგებას თვითონ იკისრებდა, ხოლო დამხმარე ჯარის მიღებით საკუთარ ჯარსაც გაამხნევებდა და ასეთ პირობებში რუსეთის სასარგებლოდ დიდი წარმატებები ინებოდა მოპოვებული.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, დარწმუნებულან რა ერეკლეს მოთხოვნებისადმი ანგარიშის გაწევის აუცილებლობაში, მეფისათვის დაპირება მიუციათ. მოურავოვი მთავრობას აუწყებდა: «გრაფმა ტოტლებენმა მისი ი. უ. სახელით მეფე ერეკლე მის ყველა მოთხოვნაზე დააიმედაო...» (იქვე). კონკრეტულად, როგორც ერეკლე იუწყება, ტოტლებენი მას სამეფო კარის დაუკითხავად ზამთრამდე 1500 კაცის გადმოყვანასა და დანარჩენზე მთავრობის წინაშე შუამდგომლობას დაპირებია. «ამისმა ღ. ბ. ათას ხუთასი კაცი აღგვითუა მაღალს კარს მოუხსენებლადაო...» (Грамоты, II, в. I, 14; Грамоты, I, 447-448) – წერდა ერეკლე ნ. პანინს.

ინსტრუქცია რუსეთის წარმომადგენლებს ავალებდა თავი შეეკავებინათ საექსპედიციო ჯარის გადიდების მოთხოვნაზე დადებითი პასუხის მიცემისაგან. ისინი, როცა თანხმობას აძლევდნენ ერეკლეს, ინსტრუქციას არღვევდნენ, მაგრამ ასეთ ნაბიჯს ისინი ასაბუთებდნენ იმით, რომ იმერეთის სამეფო სუსტია და თურქეთთან ომში არსებითი როლის თამაში არ შეუძლიაო, ხოლო ქართლ-კახეთის ძლიერი სამეფო, თუ მის წინადადებას ანგარიში გაეწევა, ომში ჩაებმება, რაც დიდ იმედებს იძლევაო.

1768 წლის 3 სექტემბრის პატაკით მოურავოვი ნ. პანინს სწერდა: «სოლომო მეფე ძალზე სუსტია და ერეკლეს გარეშე არავითარი მოქმედების წარმოება არ შეუძლიაო...» (Грамоты, I, 65).

ტოტლებენის 5 სექტემბრის წერილიც ამას ადასტურებდა და ჯარის გადიდების მოტივად ამასვე აყენებდა: «საჭიროა ჯარები გადიდდეს იმის გამო, რომ სოლომონ მეფის ჯარების დახმარების არავითარი იმედი არა მაქვსო...» (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, л. 164).

ამასთან რუსეთის წარმომადგენლების ანგარიშით, რაკი ქართლ-კახეთის ძლიერი, ჭკვიანი და თვითმპყრობელი მეფე ჯარის გაუდიდებლად ომში ჩაბმას არ აპირებდა, საჭირო იყო დათმობაზე წასვლა, რადგან ქართლ-კახეთის ომში ჩაბმით – «უმოკლეს დროში აუცილებლად შეიძლება ველოდეთ დიდ შედეგებს რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ» (Грамоты, I, 65).

მოურავოვსა და ტოტლებენს სამეფო კარზე შუამდგომლობით მაიორი თავ. რატიევი გაუგზავნიათ, რომელსაც ერეკლეს, მოურავოვისა და ტოტლებენის წერილებთან ერთად ზეპირი დანაბარებიც ჰქონია. «...სხუას ჩუენგან თ. ღ. ბ. განსაცხადებელს ზეპირს სიტყუას, – სწერდა ერეკლე პანინს, – უფალი მაიორი რატიევი მოგახსენებს» (Грамоты, II, в. I, გვ. 14).

რატიევს ჯერ ყიზლარსა და ასტრახანში უნდა მოეგვარებია 1500 კაცის საქართველოში გამოგზავნის საქმე, ხოლო შემდეგ პეტერბურგში მთავრობას წარსდგომოდა ერეკლესადმი მიცმული დაპირების შესასრულებლად.

რუსეთიდან პასუხის მიღებამდე ერეკლეს ომში მონაწილეობა გამორიცხული იყო, ხოლო პასუხი მალე არ იყო მოსალოდნელი, ამიტომ ტოტლებენი, როგორც კი მოზდოკიდან რემენნიკოვი რაზმით (სამი ასეულითა და ორი ქვემეხით) ჩამოვიდა, იმერეთისაკენ დაიძრა (სექტემბრის მეორე ნახევარი).

* * *

1769 წლის 10 სექტემბერს მაიორი რატიევი ყიზლარში მისულა და ყიზლარის კომენდანტ პოტაპოვისათვის ტოტლებენის 5 სექტემბრის წერილი გადაუცია, რომლის შინაარსი ასეთია: ერეკლე მეფესთან კავშირი დავდე, რათა თურქეთის იმპერიის ჯარს ვებრძოლო, საქმის სასწრაფოდ და წარმატებით დაწყებისათვის საჭიროა ჯარის გადიდება, რადგანაც სოლომონ მეფისაგან არავითარი დახმარების იმედი არა მაქვს; გთხოვ გამოგზავნოთ: ჰუსარი (რამდენიც შეგიძლია), ჯარისკაცები ყიზლარის და მოზდოკის ბატალიონებიდან; უფის პოლკიდან ერთი ესკადრონი და 300 კაზაკი; შეუფერხებლად გამოგზავნე ჩოლოყაშვილიც (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, л. 164). პოტაპოვს ერეკლეს წერილიც მიუღია. ალბათ რატიევის პირადმა განცხადებებმაც მასზე ზეგავლენა მოახდინა და კომენდანტს მთავრობის დაუკითხავად ნაბიჯი გადაუდგამს – ტოტლებენისათვის დრაგუნთა ესკადრონი და 70 კაზაკი გამოუგზავნია (იქვე, ფურც. 163).

რა თქმა უნდა, გენერალ პოტაპოვს აწუხებდა ის, რომ, თუ საექსპედიციო ჯარის რაოდენობა არ გადიდდებოდა, ერეკლე ომში მონაწილეობას არ მიიღებდა და რუსეთის სასარგებლო საქმე შეჩერდებოდა. ეს ნათლად ჩანს პოტაპოვის 12 სექტებრის საიდუმლო პატაკიდან (იქვე). აი რატომ გადადგა მან მთავრობის დაუკითხავად ეს ნაბიჯი. პოტაპოვი დარწმუნებული იყო, რომ ერეკლეს 30 ათასიანი ჯარის გამოყვანა შეეძლო. გარდა ამისა, რაკი როგორც პოტაპოვმა იცოდა, მთიელი ლეკებიც, რომლებიც აქამდე საქართველოს აოხრებდნენ, ახლა ერეკლეს ერთგულნი იყვნენ და მას ემსახურებოდნენ, ერეკლეს შეეძლო თავისი ძალები კიდევ უფრო გაედიდებინა. ცხადია, ასეთ პირობებში ერეკლე სერიოზულ მოკავშირედ გამოიყურებოდა (დამახასიათებელია, რომ 1769 წლის ზაფხულში ერეკლეს დიპლომატიურ შიკრიკებს ყიზლარის კომენდანტი დაურწმუნებიათ, რომ ერეკლეს შეუძლია 30 ათასიანი ჯარის გამოყვანა. ამის გარდა მას დახმარებაზე არც ლეკები ეტყვიან უარს, რადგან ლეკები, რომლებიც აქამდე ქვეყანას აოხრებდნენ, ახლა ერეკლე მეფეს ერთგულობენ, რომელთაგან 4 ათასი კაცი ერეკლეს სამსახურში ჰყავსო. თავის მხრივ, ერეკლეს აგენტების მიერ შეცდომაში შეყვანილი კომენდანტი 1769 წლის ივლისში რუსეთის მთავრობას არწმუნებდა, რომ «здесь... о усердности Тавлинцев и Лезгинцев к царю Ираклию слышно, яко оне ту преданность к нему возимели, потому больше, что когда при разорении ими Грузии цар Ираклий, одерживал над ними победы захватывал народ в плен, то их не только ничем не озлоблял, но еще отпрусками награждал, почему оне очувствуясь сколько не дики, к нему стали отменно доброрады и на службу для него употребляется чрезмерною ревностью» /იქვე, ფურც. 93-95/).

1769 წლის 18 სექტემბრის ტოტლებენის წერილი ასტრახანის გუბერნატორსაც მიუღია და მასაც სათანადო ნაბიჯი გადაუდგამს საქართველოში საექსპედიციო ჯარის გამოსაგზავნად – თუმცა, როგორც იგი სამხედრო კოლეგიას 19 სექტემბრის პატაკით აცნობებდა, ჯარის გადიდება განსაზღვრული არ ყოფილა (იქვე, ფურც. 160-161)

ოქტომბერში რატიევი პეტერბურგში იყო. მისი ზეპირი მოხსენებით, მოურავოვის, ტოტლებენისა და პოტაპოვის წერილებით რუსეთის მთავრობისათვის ცნობილი გახდა, რომ ომში ქართლ-კახეთის მონაწილეობას შეუძლია გარკვეული შედეგი გამოიღოს. ამავე დროს ცნობილი იყო ისიც, რომ ერეკლე 5 ათასიანი დამხმარე ჯარის მიღების გარეშე ომში არ ჩაებმებოდა, რომ ერეკლეს 30-50 ათასიანი ჯარის გამოყვანა შეეძლო (Грамоты, I, 86, 432; ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 93-95), რომ იგი ჭკვიანი, საქმიანი, მტკიცე ხელისუფლების მქონე მეფე იყო, რომელსაც შეეძლო ჯარის მომარაგება და გზის მოწესრიგება. ასეთი მოკავშირე რუსეთისათვის ძვირად ღირდა. მით უმეტეს, რომ საქართველოში რუსეთის ჯარის გადიდების საკითხში გარკვეული ნაბიჯებიც იყო გადადგმული პრაქტიკულად და უკან დახევაც უხერხულობას შექმნიდა.

ასეთ ვითარებაში რუსეთის მთავრობამ საექსპედიციო ჯარის გადიდება გადაწყვიტა და 1769 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული ბრძანება გაეგზავნა სამხედრო კოლეგიას, რომელსაც ეკატერინე II აწერდა ხელს. ბრძანებაში ნათქვამი იყო: «გენერალ-მაიორ გრაფ ტოტლებენის პატაკებიდან ჩანს, რომ მასთან მყოფი ჯარი საკმარისი არაა ჩვენს მიერ მისთვის დავალებული მოქმედებების საწარმოებლად, ამიტომ ვბრძანებ მისი კორპუსი გადიდდეს ისე, რომ იმ ჯარების ჩათვლით, რომლებიც ახლა მასთან იმყოფება, იგი შედგებოდეს ერთი ქვეითი, სახელდობრ ტომსკის პოლკისაგან, მუშკეტერთა ერთი ასეულისაგან, კარაბინერთა ორი ესკადრონისაგან, ჰუსართა ორი ესკადრონისაგან, 200 დონელი კაზაკისაგან და 300 ყალმუხისაგან, აგრეთვე გარდა პოლკის ქვემეხებისა საველე არტილერიის 12 ქვემეხისაგან კუთვნილი მომსახურე პერსონალით» (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, л. 181).

იმპერატორის 22 ოქტომბრის ბრძანებას აქვს დანართი, სადაც მოცემულია ჯარის შტატი და მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა. ჯარის სტატი ასეთია:

ტომსკის პოლკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2093 კაცი
მუშკეტერთა ერთი ასეული . . . . . . . . . . . . . .164 კაცი
კარაბინერთა ორი ესკადრონი . . . . . . . . . . . .361 – ‘’ –
ჰუსართა ორი ესკადრონი . . . . . . . . . . . . . . .349 – ‘’ –
დონის კაზაკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .201 – ‘’ –
ყალმუხი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .311 – ‘’ –
არტილერიის მომსახურე პერსონალი . . . . . 288 – ‘’ –
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ს უ ლ . . . 3767 კაცი

ხარჯთაღრიცხვა 1770 წლის იანვრიდან 1771 წლის იანვრამდე შეადგენდა 134 600 მან. და 94 ¼ კაპ.-ს (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. I, лл. 182-183).

როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობას ერეკლეს მოთხოვნისათვის ანგარიში არსებითად გაუწევია და საექსპედიციო ჯარის რიცხვი 9-ჯერ და კიდევ მეტად გაუდიდებია, ხოლო საქართველოში გამოგზავნილი ჯარის შესანახი თანხა 22 256 მანეთიდან 134 600 მანეთამდე გაზრდილა (ეს თანხა ერეკლეს 1770 წლის შემოსავალს ბევრად სჭარბობდა. შდრ. ჟურნ. «კვალი», 1898 წ., მარტი, # 11).

რა თქმა უნდა, პროფ. ცაგარელი ცდებოდა, როცა ეკატერინე II-ის 16 დეკემბრის წერილში ერეკლეს მოთხოვნით ჯარის გადიდების თაობაზე მხოლოდ უარს ხედავდა (შდრ. Грамоты, I, გვ. 85-89 და იქვე, გვ. XI /შესავალი/).

* * *

როგორც უკვე ვთქვით, 1769 წლის 3 ოქტომბერს რუსეთ-იმერეთის ჯარები შორაპნის ციხეს შემოადგა. ტოტლებენმა გარნიზონისაგან დანებება მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ამასობაში იმერეთის ტერიტორიაზე დადიანი და თურქები შემოიჭრნენ; სოლომონი იძულებული გახდა მტერს მიგებებოდა და ტოტლებენი ციხესთან დაეტოვებია. ოთხი დღის უშედეგო გარემოცვის შემდეგ ტოტლებენმა ციხეს ალყა მოხსნა და 13 ოქტომბერს იმერეთიც დატოვა. 29 ოქტომბერს ტოტლებენი და მოურავოვი რუსის სამხედრო რაზმით ცხინვალში იყვნენ (შდრ. Грамоты, I, გვ. 443-444).

იმერეთიდან რუსეთის ჯარის დაბრუნება მოურავოვის 29 ოქტომბრის პატაკით სურსათისა და ალაფის ნაკლებობითაა ახსნილი (Грамоты, I, გვ. 443). რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი ეს არ ყოფილა. ცნობილია, რომ 1770-1771 წლებში იმერეთში რუსეთის 4 ათასიანი კორპუსი ახერხებდა სურსათ-სანოვაგის შოვნას და შეუძლებელია 1769 წელს 400 კაცი ვერ გამოეკვებათ. ტოტლებენის 1770 წლის 6 აპრილის პატაკიდანაც დასტურდება, რომ მოზდოკიდან გამოსვლის შემდეგ 1770 წლის 6 აპრილამდე რუსეთის ჯარს შიმშილობა არ განუცდია, თუმცა იმერეთში ყოფნისას ადგილი ჰქონდა ნაკლებობას, მაგრამ ჯარისკაცებისათვის დღეში 4 კაპ. მიუციათ და ყოველთვის ჰქონიათ სურსათი საჭირო რაოდენობით (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. III, лл. 49-52).

იმერეთიდან დაბრუნების მიზეზად სურსათის ნაკლებობის მიჩნევა უსაფუძვლოა. 

მოურავოვის 1769 წლის 12 ოქტომბრის პატაკით იმერეთის დატოვება რუსეთის მთავრობის თვალში დასაბუთებულია და მომავალი (13 ოქტომბრის) პრაქტიკული ნაბიჯი წინასწარ გამართლებული. მოურავოვის მოხსენება ისეა აგებული, რომ ჯერ იმერეთის მძიმე მდგომარეობაა აღწერილი და შემდეგ მოყვება დასკვნა: «სოლომონი უძლურია რუსეთის საიმპერატორო ტახტს სამსახური და სარგებლობა უჩვენოსო» (Грамоты, I, 74). ქვემოთ ავტორი ქართლ-კახეთის მდგომარეობის აღწერაზე გადადის და ასაბუთებს, რომ ქართლ-კახეთს 15 ათასიანი ჯარის გამოყვანა შეუძლია და თუ რუსეთიდან 5 ათასიანი ჯარი იქნება გამოგზავნილი, ქართლ-კახეთის შედარებით ძლიერი სამეფო ომში ჩაებმება. ამ უკანასკნელს კი შეუძლია უმოკლეს დროში წარმატება მოიპოვოს და დიდი სამსახური გაგვიწიოსო (იქვე, გვ. 75-76).

მაშასადამე, რაკი იმერეთიდან თურქეთის წინააღმდეგ ომის გაშლას დიდი პერსპექტივა არ უჩანდა, აუცილებელი იყო ერეკლესა და ტოტლებენის წინასწარი შეთანხმების განაღდება, ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა მაინც მისი რეალიზაციისათვის, რათა უზრუნველყოფილიყო ქართლ-კახეთის ჩაბმა ომში, რომელიც დიდ იმედებს იძლეოდა. 

ჩვენ არ ვიცით, მიიღო თუ არა ტოტლებენმა იმერეთში რაიმე ცნობა ყიზლარის კომენდანტისა და ასტრახანის გუბერნატორის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მაგრამ 29 ოქტომბერს, როგორც ტოტლებენის 3 ნოემბრის წერილიდან ჩანს, მას მთავრობის დაუკითხავად დრაგუნთა ესკადრონი (158 კაცი) და 70 კაზაკი მიუღია, რისთვისაც მადლობას უთვლიდა პოტაპოვს (ЦГВИА, ......, д. 4, ч. I, лл. 266-267). საფიქრებელია, ტოტლებენმა ცნობა ამის შესახებ იმერეთშივე მიიღო და ქართლშიც ამიტომ დაბრუნდა.

ხსენებულ წერილში ტოტლებენმა ყიზლარის კომენდანტს დამატებით მოსთხოვა ჯარი და პირველი წარმატებით წახალისებული თავის გეგმასაც უმხელდა: მე მხოლოდ დამხმარე ჯარს ველოდები, რის შემდეგ პირდაპირ ახალციხეზე დავიძვრები, საჭიროა დრო არ დავკარგო და დავასწრო მტერს, ვიდრე მცირე ძალები ჰყავსო (ЦГВИА, ....., д. 4, ч. I, лл. 266-267).

რა თქმა უნდა, შორაპნის ციხესთან (სადაც 23 თურქი იჯდა) გაწბილებული გენერალი 1500 კაცის მოლოდინში ახალციხეზე ლაშქრობის ფართო გეგმას ვერ დაისახავდა, თუ აქ ერეკლეს თანამონაწილეობაც გარანტირებული არ იქნებოდა. ერეკლეს შეხვედრა ტოტლებენთან სექტემბრის პირველი რიცხვებიდან ნოემბრის დასაწყისამდე არ შემდგარა. მაშასადამე, ახალციხეზე ერთობლივი ლაშქრობა აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში უნდა გადაწყვეტილიყო, ოღონდ მისი განხორციელება დამატებითი ჯარის მიღებამდე იყო გადადებული. ტოტლებენის წერილი ემთხვევა ერეკლეს მიერ ნ. პანინისადმი 1769 წლის 4 სექტემბერს გაგზავნილი წერილის აზრს იმ განსხვავებით, რომ ერეკლე ლაპარაკობს მტრისათვის დასწრებაზე საერთოდ და არა კერძოდ ახალციხეზე (Грамоты, II, в. I, 14). მაგრამ ვიდრე დამატებითი ჯარი არ გამოჩნდებოდა, კონკრეტული გეგმის გამხელას ხომ აზრი არ ჰქონდა და, ალბათ, ამიტომ ერეკლეც ამაზე წინასწარ არაფერს წერდა. ადრე არც ტოტლებენს უთქვამს ამის შესახებ რაიმე (5 სექტემბრის წერილებში პოტაპოვისა და ბეკეტოვისადმი).

საბუთების შესწავლას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ახალციხეზე ლაშქრობის გეგმა ერეკლეს მოურავოვთან და ტოტლებენთან პირველი შეხვედრისას წამოუყენებია, რუსეთის წარმომადგენლებს ეს გეგმა მიუღიათ და ამიტომ ცდილობდა ტოტლებენი სასწრაფოდ ყიზლარ-ასტრახანიდან 1500 კაცის მიღებას, რომ ეს გეგმა განეხორციელებია. 

ასე რომ, რაკი იმერეთში თურქების შემოჭრის შედეგად, შორაპნის ციხესთან საქმე კარგად ვერ წავიდა, თანაც ყიზლარიდან დამატებით ჯარს მოელონენ და ერეკლეს ომში ჩაბმის იმედიც ჰქონდათ, ტოტლებენმა და მოურავოვმა ქართლში დაბრუნება გადაწყვიტეს. 

იმერეთიდან რუსეთის ჯარის ქართლში დაბრუნება, რამდენადაც იგი მიზნად ისახავდა ერეკლესთან კავშირში ფართო მასშტაბის ოპერაციების გაშლას, ობიექტურად იმერეთის სამეფოსათვისაც სასარგებლო იყო. ცხადია, ახალციხის დაკავების შემდეგ იმერეთის ციხეების განთავისუფლება, რომლებშიც 20-23 თურქი ჯარისკაცი იჯდა თითოეულში, მხოლოდ დროის საკითხი იყო, რადგან ეს მცირერიცხოვანი გარნიზონები მხოლოდ ახალციხიდან დახმარების იმედით ბედავდნენ წინააღმდეგობის გაწევას.

რუსეთის მთავრობის მიერ ოქტომბერში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საქართველოში არაფერი იცოდნენ; ყიზლარსა და ასტრახანშიც საქმე არსებითად წინ ვერ წავიდა და ერეკლეს წინაშე დაპირება ვერ იქნა შესრულებული (მართალია, ასტრახანის გუბერნატორმა სცადა გამოეგზავნა 1000 ყალმუხი, მაგრამ ცდა უშედოდ დამთავრდა. შდრ. ЦГВИА,......, ч. I, лл. 217-220), ამიტომ 1769 წელს ახალციხეზე ლაშქრობა ვერ განხორციელდა.

1769 წლის დეკემბერში ტოტლებენი თვით წავიდა რუსეთში ჯარის გადმოსაყვანად. 1770 წლის 1 იანვარს იგი მოზდოკში იყო, ხოლო 6 იანვარს სამი ასეულითა და კაზაკებით მოზდოკიდან საქართველოში წამოვიდა (იქვე, ფურც. 329-330, 387-388), რის შედეგადაც 1770 წლის 3 თებერვლისათვის საქართველოში მყოფი რუსეთის ჯარის რიცხვი 1228 კაცამდე გაიზარდა (იქვე, ფურც. 406, 393).

როგორც აღვნიშნეთ, იმპერატორის 1769 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებით საქართველოში საექსპედიციო ჯარი 3769 კაცამდე უნდა გადიდებულიყო. სამხედრო კოლეგიამ იმავე წლის 25 ოქტომბერს დაგზავნა სათანადო ბრძანებები, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დამატებითი ჯარის ჩამოსვლა დაგვიანდა. ტომსკის პოლკმა (შტატით 2093 კაცი) პოლკოვნიკ კლავერის მეთაურობით, 1769 წლის 19 ნოემბერს გადმოლახა ვოლგა ყაზანთან, 1770 წლის 10 იანვარს მივიდა ცარიცინში (იქვე, ფურც. 424, 297-303, 425-428) და იქ დაიზამთრა. 1770 წლის 16 მარტს ტომსკის პოლკი ცარიცინიდან მოზდოკისაკენ დაიძრა, 30 აპრილს მოზდოკიდან საქართველოსაკენ წამოვიდა (იქვე, ч. II, лл. 650-651, 539) და მხოლოდ იმავე წლის ივნისში, ანანურში, შეუერთდა აწყურიდან დაბრუნებულ ტოტლებენს (იქვე, ч. II, ფურც. 581-583).

სამხედრო კოლეგიამ, 1769 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებით, რატიევს დაავალა ჰუსართა ორი ესკადრონის, რომლის მეთაურად იგი დაინიშნა, და კარაბინერთა ორი ესკადრონის ჩამოყალიბება. რატიევი გზაში ავად გახდა, რის გამოც მხოლოდ 1770 წლის იანვრის შუა რიცხვებში მიაღწია ყიზლარსა და მოზდოკს, სადაც შეუდგა დავალების შესრულებას. 26 მარტს რატიევი ახერხებს ჰუსართა ესკადრონით, დრაგუნთა რაზმით, არტილერიის საჭურველითა და ქვემეხებით (სულ 400-მდე კაცი) ყიზლარიდან, ხოლო აპრილის დასაწყისში მოზდოკიდან გამოსვლას. 28 აპრილს რატიევი დუშეთში იყო (ЦГВИА,....., ч. I, лл. 194-197, 448-450, 411).

რაც შეეხება 300 ყალმუხს, ისინი 1770 წლის ზაფხულს გამოგზავნეს საქართველოში, მაგრამ ტოტლებენის ავანტიურის დროს მთიელებმა გზა ჩაკეტეს და რაზმი არ გამოატარეს. ყალმუხებმა დრო იხელთეს და ყველანი გაიქცნენ, ხოლო მათი გამცილებელი ბოუმგარტენი ხელცარიელი დაბრუნდა ყიზლარში. ყალმუხების რაზმი საერთოდ არ ჩამოსულა საქართველოში. რუსეთის მთავრობამ ისინი 1771 წელს კაზაკებით შეცვალა (1770 წლის 11 ივლისს ნეიმჩი /ყიზლარის კომენდანტი/ საიდუმლო პატაკით აცნობებდა მთავრობას: მთიელები გზებზე არავის ატარებენ, «следующей в Грузию калмыцкой команде путь пресекают, выезжая против оной в разных местах партиями» /ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 272, д. 13, лл. 65-66/. 1770 წლის 12 აგვისტოს ნეიმჩი მოახსენებდა სამხედრო კოლეგიას: ყალმუხები ბოუმგარტენს გაექცნენ «а за побегом оных осталось при нем только 89 человек» /ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. II, лл. 705, 810/. 1771 წლის 16 თებერვლის პატაკით ტოტლებენი აცნობებდა ჩერნიშოვს: «Калмыки хотя триста человек сюда и следовали но все в дороги разбежались...», ხოლო მათი გამცილებელი ბოუმგარტენი... «возвратясь назад и по днесь живет в Кизляре» /იქვე, ფურც. 900, 908/; მთავრობამ ეს ამბავი ტოტლებენზე ადრე იცოდა და 1770 წლის 31 დეკემბერს სუხოტინს აცნობებდა, ყალმუხების ნაცვლად დამატებით 300 კაზაკი იგზავნებაო /იქვე, ფურც. 810/)

ასე რომ, 1770 წლის თებერვლიდან აპრილამდე რუსეთის ჯარის რიცხვი საქართველოში ფაქტიურად არ გადიდებულა (1770 წლის 6 აპრილის პატაკით ტოტლებენი აცნობებდა ჩერნიშოვს: «Хотя от меня минувшаго февраля 1-го пять курьеров в Кизляр и Астрахань отправлены были и о поспешном марше предлагаемо было, но никакого успеху не видно, только один порутчик Пикснер с пятидесяти одним гусаром и с двумя трех фунтовыми единорогами ко мне и с одним подлекарем 26-го марта прибыли З господином подполковником Чоглоковым и господином капитином порутчиком Львовым». /ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 245, д. 4, ч. III, лл. 49-52/. ეს 51 კაცი ანგარიშში ჩასათვლელი არ არის, რადგან 1770 წლის 4 აპრილს დაპატიმრებულ ჩოგლოკოვს რუსეთისაკენ გამცილებლად უკანვე გაატანეს კაპიტანი ტოტინი 30-ზე მეტი ჯარისკაცით /შდრ. Грамоты, I, გვ. 212/, ხოლო თებერვლიდან ასეთი პატიმარი ორი სხვაც /პოდპოლკოვნიკი ჩოლოყაშვილი და მაიორი რემენნიკოვი/ გაიგზავნა. ასე რომ, ასპინძის ომის წინ რუსეთის ჯარის რიცხვი საქართველოში 1200 კაცს არ აღემატებოდა). მაგრამ რაკი ერეკლესათვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობა საექსპედიციო ჯარის რაოდენობის გადიდებას პრინციპულად დათანხმდა და დამხმარე ძალებიც გზაში იყო, ამიერიდან ერეკლეს ომში ჩაბმა გადაწყვეტილი იყო. ამიტომ ერეკლეს აღარ დაუყოვნებია. 1770 წლის 17 მარტს მეფე 7 ათასი კაცითა და 3 ქვემეხით სურამში მივიდა, სადაც ტოტლებენი 1200-მდე რუსი ჯარისკაცით იყო დაბინავებული, რათა ახალციხისაკენ დაძრულიყვნენ.

ტექსტი ბლოგზე გამოქვეყნებისთვის 
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment