Sunday, January 6, 2013

გერმანელი რომანტიკოსი პოეტი ქალების შემოქმედებიდან

ცნობები ავტორების შესახებ


(გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალ "ხელეურის" 2011 წლის მე–2 ნომერში)


ლუიზე ჰენზელი (1798-1876) _ რელიგიური შინაარსის პოეტი, ამ ლექსებში ნაჩვენებია ბუნებასთან ადამიანის სიახლოვის ზღვარი, რომლის იქით სიცარიელე, სიცივე და მოწყენილობა სუფევს, და საიდანაც იწყება ახალი რამ და მის შემდგომ ღვთის სიყვარულის მცდელობა. იგი მეგობრობდა კლემენს-მარია ბრენტანოსთან, რომელზედაც გარკვეული გავლენა მოახდინა თავისი რელიგიურობით.

კაროლინე ფონ გუნდეროდე, ბადენის მხარის მთავრის კარის მრჩევლის ქალიშვილი, იზრდებოდა ჰანაუში 1797-1799 წლებში. მაინის ფრანკფურტში ქალთა ერთ-ერთ დაწესებულებაში იყო გაერთიანებული. იგი მეგობრობდა კლემენს-მარია ბრენტანოსა და ბეტინასთან. ამ ორ რომანტიკოს პოეტ ქალს, ბეტინასა და გუნდეროდეს შორის საოცარი მეგობრული კავშირი დამყარდა. 1799 წელს იგი ეცნობა სამართლის სპეციალისტს ფონ სავიგნის, ხოლო 1804 წელს _ ფილოლოგიისა და ისტორიის ჰაიდელბერგელ პროფესორს ფრიდრიჰ კროიცერს. გუნდეროდე წერდა მეტად მგრძნობიარე და მელანქოლიურ ლექსებს, მოგვიანებით პიესებს. მას ძლიერი გატაცებით შეუყვარდა კროიცერი, რომელსაც კაროლინეს გულისათვის სურდა თავისი 13 წლით უფროსი მეუღლე მიეტოვებინა. მაგრამ როდესაც კაროლინემ შეიტყო, რომ კროიცერი თავის მოვალეობას ვერ უღალატებდა, რადგან ამ ნაბიჯით სიცოცხლეს სარფთხეში ჩაიგდებდა, ვერ გაუძლო ამ განსაცდელს და 1806 წელს ვინკელში მდ. რაინთან მოიკლა თავი. ბეტინა ფონ არნიმი 1833 წელს გუნდეროდეზე წერს მოსაგონარ წერილს, სადაც იგი იხსენებს, რომ ერთხელ ისინი სწორედ თვითმკვლელობის შესახებ მსჯელობდნენ გოეთეს “ახალგაზრდა ვერტერის” წაკითხვის შემდეგ. კაროლინეს უთქვამს, ჩვენ არ უნდა მივეკუთვნებოდეთ იმ უსულოებს, რომლებიც ამ გზით სტოვებენ მიწასო, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.



ლუიზე ჰენზელის შემოქმედებიდან


ოხვრა შემოდგომით შორს


გადაფრინდნენ უკვე ჩიტები,
დაიყვავილეს აგერ ყვავილთაც,
ჩამოიქუფრა ზეცა ღრუბლებით,
და მზის მცხუნვარე შუქიც მინავლდა.
ეჰა ზაფხულო, კარგო ზაფხულო,
ეგ სილამაზე ასე წავიდა.

ჩრდილოეთიდან ქარი უბერავს,
მიჰყრის და მოჰყრის მზის ათინათებს,
რასაც კი იგი ერთხელ ეხება,
თავს ხრის ყოველი და მერე ჩასთვლემს.
ოი, ზამთარო, მიუსაფარო,
რა მოწყენით და სევდითა დგები.


შეუსვენებლად


ჩემს სახლში უკვე რაღაც ვეღარ ვძლებ,
წავალ, გადვივლი შორეულ მინდვრებს.

მივალ და ვნახავ ეულსა მდელოს,
და ვით ირწევა ნაძვის კენწერო.
განქარდეს სადმე ეს კაეშანი,
დაყუჩდეს ეგებ გული მტკივანი.

მინდა ანკარა ნაკადულთან ვდგე,
რომ შევისვენო, ტალღებს ჩავცქერდე.
იქნებ ჩავძირო სალმობა მწარე,
ეს გული ეგებ მიყუჩდეს მალე.

მინდა რომ მაღალ მთაზე ავიდე,
და თვალი ვკიდო ხეობებს, შორეთს.
იქნებ მოშუშდეს ჭრილობა მძიმე,
ეგებ ეს გულიც სულ მიმავიწყდეს.

მინდა წავიდე ვძებნო ყვავილი,
თავი მოვირთო ლამაზ გვირგვინით,
ყვავილთ სურნელმა დაფაროს დარდი,
იქნებ ტყუილით დავუგო ფანდი.

მაგრამ არ მინდა მე არაფერი:
ვხედავ სამყაროს, ცარიელს და ცივს.



კაროლინე გუნდეროდეს პოეზიიდან


ერთი ჩივილი


ჭრილობა იგრძნო ვინაც უღრმესი,
ჭრილობათ შორის ეს უძნელესი,_
განშორებისა მწარე ტკივილი;
უნდა დასცილდეს შეყვარებული
მძიმე დანაკარგს _ ეს არის გული,
მოპოვებული დიდ სიყვარულით.

ვინაც გაიგებს ხალისში ცრემლთ ღვრას,
და სიყვარულის სრულ მონატრებას,
ერთად, ერთ ყოფნას ორის არსების,
მეორეს შინა თვის თავის პოვნას,
ზღვარი ეშლება სადაც ორობას _
ტანჯვა-წამება ყოფიერების.

ვინც სძლო ეპოვნა დიდ სიყვარული,
ერთი არსების გრძნობით და გულით,
ვერაფრით ვერ სცემს მას ეს ნუგეშინს
სიხარულისთვის, რაც მან დაკარგა,
კვლავ გაჩნდებიან განცდანი ახლად
მაგრამ ისინი როდისღა იშვის?

შეყვარებულის ტკბილი ცხოვრება,
მის მოპოვება, სხვის გახარება,
მეტყველი სახე, აზრი და სიტყვა,
მის მოძიება, მისი მიგნება,
და ეს შეგრძნება, ფიქრი ამგვარი
აღარ ბრუნდება ხომ უკან ღვთისგან.


* * *


მდუმარია და ცარიელი ეს ყველაფერი,
მე მეტ სიხარულს მომანიჭებს ვეღარაფერი,
ყვავილნი ნაზად სურნელს უკვე აღარ მაფრქვევენ,
ჰაერი გრილი სისუფთავით აღარ მაცოცხლებს,
ისე დამძიმდა ეს გული ჩემი.

გაუდაბურდა და წავიდა ეს ყველაფერი,
ეს სული ჩემი, შიშნარევი, გრძნობანი ჩემნი,
რა აქვთ სურვილი, აღარ ვიცი, ეჰ, იმათ ნეტავ?!
მდევნიან უწყვეტ, მატარებენ შეუსვენებლად,
მაგრამ საითკენ, ვეღარ ვერკვევი.

კალმით ნახატმა, მშვენიერმა, მის სახემ, ქმნილმა,
აზრი და გრძნობა დაიპყრო და მომხიბლა მთლიან,
ვნახე სიტურფე და სინაზე, შემდგომად ამის
წავიდა შორს და, მაგრამ მუდმივ ის ახლოს არის,
ნათესავია ჩემი სულისა.

აჰა, მიწყნარდა, გულში ჩამრჩა უკვე სიმღერა,
რომელიც კიდევ შემომმატებს მხნეობას ჯერაც,
თითქოს ფლეიტის სუნთქვა არის ის სიტყვა ერთი,
ჟღერს წყნარად იგი და კვლავადაც ეს ხმა ჩამესმის,
ცრემლთა ნაკადის სურს მას დაშრეტა.

გაზაფხულობით ყვავილები ისევ ხარობენ,
კვლავ ერთგულებით ბრუნდებიან და ყვავილობენ,
მაგრამ არ მოაქვთ სიყვარულის ბედნიერება,
ეჰ, სიყვარული აღარასოდეს არ დაბრუნდება,
ტურფა ყვავილნი არ ერთგულობენ.

ეს სიყვარული შეიძლება უსიყვარულოდ,
ის რაც ჩემია წავიდეს და დარჩეს ჩემგან შორს?
ასე მტკივანი შეიძლება იყოს წადილი
და ორგულობა იყოს განა კი გულითადი?
ოჰ ნეტარებავ, ოი ტკივილო.

სიყვარულობის ეს ფენიქსი შენ შორს წაგიყვანს,
წაგიღებს იქით, გაგიყოლებს ლამაზ ფრთებიანს;
მზის სხივისაკენ გაგაქროლებს, მასთან მიგიყვანს,
რა მოგივიდა, ჰა ტკივილო, იქნება მითხრა,
ამ მარტოეულს რა დამემართა?!


გერმანულიდან თარგმნა
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment