Monday, January 14, 2013

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს რუსეთის აგრესიული გამოხდომებისგან დაიცავს?

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2002 წლის სექტემბრის ნომერში /24 სექტემბერს/)

უკანასკნელ ხანს ჩვენი ხელისუფლება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო, კვლავ გააქტიურდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო-ში) საქართველოს გაწევრიანებისთვის ზრუნვის დაწყების საკითხში. ამ პროცესის მომხრეები აცხადებენ, რომ საქართველოს არ შეუძლია იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, ვინაიდან ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს – შვედეთს, შვეიცარიასა და ფინეთს – ძლიერი შეიარაღებული ძალები გააჩნიათ და ჩვენი ქვეყანა კი დღესდღეობით ამ საშუალებას მოკლებულია. გარდა ამისა, თუ ნატო-ში გავწევრიანდებით, მაშინ რუსეთი უკვე ვეღარ შეძლებსსაქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის წარმოებასო. ვნახოთ, რამდენად მართებულია ასეთი მოსაზრებები.

1. ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოები მართლაც დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად ძლიერი შეიარაღებული ძალების მშენებლობას. ცივი ომის პერიოდში ომიანობის დროისთვის მათი სარდლობები ვარუდობდნენ შეიარაღენულ ძალებში მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის მობილიზებას, დღესდღეობით კი ეს მაჩვენებელი რამდენადმე შემცირებულია. ცხადია, რომ საამისოდ მათ სათანადო რიცხვის მომზადებული რეზერვისტები და შეიარაღება გააჩნიათ. ცხრილში ნაჩვენებია, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, შვედეთის, შვეიცარიისა და ფინეთის მოსახლეობის, შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების მაჩვენებლები 2000 წლის მდგომარეობით.

ცხრილი

ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების მოსახლეობა, შეიარაღებული ძალები და ძირითადი შეიარაღება 2000 წლის მდგომარეობით*

ქვეყნის მოსახლეობა და . . . . შვედეთი . . შვეიცარია . . ფინეთი
შეიარაღებული ძალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოსახლეობა, ადამიანი . . . . . . . . . 8947000 . . . . .7090000 . . . . 5183000
მშვიდობიანობის დროის
რეგულარული შეიარაღებული
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . .52700 . . . . . . . . * . . . . . . . . . 31700
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . . . . 570000 . . . . . 351000 . . . . . .485000
ძირითადი შეიაღება:
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . 537 . . . . . . . .556 . . . . . . . . . 230
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1856 . . . . . . 1538** . . . . . . .1063**
საველე საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1050 . . . . . . 1092 . . . . . . . . .1917
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . 250 . . . . . . . 154 . . . . . . . . . . 64
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . .
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . .
მსხვილი წყალზედა
საბრძოლო ხომლდები . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . .
მცირე საბრძოლო ხომალდები
და კატარღები*** . . . . . . . . . . . . . . . . . . .45 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 10

შენიშვნები: * – ეს ცხრილი რამდენადმე განსხვავებულია გაზეთში გამოქვეყნებულთან შედარებით და მასში დამატებით შეყვანილია შეიარაღებაში არსებული დამრტყმელი ვერტმფრენების, წყალქვეშა ნავების, მსხვილი საბრძოლო წყალზედა ხომალდების, აგრეთვე მცირე ხომალდებისა და კატარღების რაოდენობაც.

** – აქ მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებთან ერთად, თავად ბრიტანულ წყაროში, ნაჩვენებია მათ ბაზაზე შექმნილი არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანებიც – სამეთაურო-საშტაბო, საინჟინრო, მეწინავე საარტილერიო დამკვირვებლებისა და სხვა.

*** – აქ უნდა დავუმატოთ ზღვაში სანაღმო ომის წარმოების მცირედ ხომალდებიც: შვედეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში 22 ხომალდი (ორი ნაღმგადამღობი და 20 გამნნაღმავი /ტრალერი/), ხოლო ფინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში კი 23 (ათი ნაღმგადამღობი და 13 გამნნაღმავი /ტრალერი/).

ნეიტრალურ სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის პარამეტრებზე გასასვლელად საქართველოს ბევრი რამ უშლის ხელს. ჯერ ერთი, 1990 და 1992 წლებში ეუთო-ს ეგიდით დადებული ხელშეკრულებებით საქართველოს უფლება აქვს მუდმივად თავის ტერიტორიაზე იყოლიოს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემი, 50 დამრტყმელი ვერტმფრენის და 100 საბრძოლო თვითმფრინავისა. როგორც ბევრჯერ გვითქვამს, ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ზემოაღნიშნული კვოტები მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი საქართველოს თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს. ჩვენ ამის შესახებ ღვთის წყალობით, უკვე 1999 წლის დასაწყისიდან ვიცოდით და იმ დროიდან მოყოლებული რამდენჯერმე დავაყენეთ ეს საკითხი როგორც საქართველოს ხელიუფლების წინაშე, ისე ჩვენში ჩამოსული ნატო-ს ბლოკის მაღალჩინოსანი მოხელეებისაც. ისინი ამას ვერ უარყოფდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ქმედითი დაინტერესება გამოუჩენიათ ვითარების გამოსასწორებლად. ამიტომ მეტად გვაფიქრებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკლები ყურადღების მიქცევა საკუთარი ქვეყნის გაძლიერებისადმი და უპირატესად საერთაშორისო ორგნიზაციების ინტერესების წინ წამოწევა, მათ მიმართ აპელირება, შესაძლოა, მომავალში მძიმე შედეგებით შემოგვიბრუნდეს.

ზუსტად ასეთსავე მდგომარეობას აღწერს ზურაბ ავალიშვილი თავის წიგნში “საქართველოს დამოუკიდებლობა...”, როდესაც ჟორდანიას მთავრობა, იმის ნაცვლად, რომ თავად ეძებნა მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტა, ძირითად იმედებს ამყარებდა საერთაშორისო “არბიტრაჟსა” და დიდი ქვეყნების მომხრობაზე. ხოლო ამ გზაზე ცალკეულ წარმატებებსა და წარუმატებლობებს კი შედეგად მოჰყვა 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა. ამრიგად ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საკუთარ ფეხზე მყარად დადოგმა გაცილებით უფრო საშური და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე “დიდ ძიებზე” იმედების დამყარება.

2. საკუთარ ფეხზე მყარად დადგომისთვის კი აუცილებელია, სახელმწიფოებრივი მშენებლობის ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვაშიც, მცოდნე და კომპეტენტური სპეციალისტების დასაქმება. ჩვენთან რომ ამ მხრივ საქმე ძალზედ ცუდად მიდის, ამას დაადასტურებენ ამ წერილში ქვემოთ მოყვანილი პუნქტები. ჯერ ერთი, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მომხრე ერთერთი საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა ტელევიზიით განაცხადა, რომ თურმე ნეიტრალურ შვეიცარიას შეუძლია ერთ დღეღამეში შეიარაღებულ ძალებში გაიწვიოს 1 მლნ. რეზერვისტი. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს.

7,1-მილიონიან შვეიცარიაში სამობილიზაციო რესუსრი შეადგენს 1,9 მლნ. ადამიანს, მათგან სამხედრო სამსახურისთვის ვარგისია 1,6 მლნ. მაგრამ ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში ვარაუდობენ სულ 351200 ადამიანის მობილიზაციას. ცივი ომის მიწურულს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო და 625000 რეზერვისტს უტოლდებოდა, მაგრამ მათი სრული მობილიზაცია უნდა მოეხდინათ არა ერთ დღეღამეში, არამედ ერთი კვირის განმავლობაში.

თავიდან 2-3 დღეღამის მანძილზე გაიწვევდენ შედარებით ნაკლები ასაკის რეზერვისტებს (21-32 წლისა), რომლებიც შეადგედნენ ე. წ. “აუსცუგის” ჯარებს (Auszug ქართულად ნიშნავს “აბა ჰეს”, ინგლისურად coll out – “დაძახების თანავე”). მათ ომის საწყის ეტაპზე უნდა ეწარმოებინათ თავდაცვითი და შემკავებელი მოქმედებები და საშუალება მიეცათ ქვეყნის ხელისუფლებისთვის სრულად ჩაეტარებინა მობილიზაცია. შემდეგ ეტაპზე 33-42 წლის რეზერვისტებით აკომპლექტებდნენ “ლანდვერის” ჯარებს (Landwehr – “მამულის თავდაცვის ჯარები”), რომლებიც შეადგენდნენ ძირითად სახაზო ნაწილებს, ხოლო ამავდროულად 43-50 წლის რეზერვისტებით ხდებოდა ტერიტორიული (ადგილობრივი) თავდაცვის ჯარების “ლანდშტურმის” (Landsturm) დაკომპლექტება, ასევე ქვეყნის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანა, სამოქალაქო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მობილიზაცია, და მთელ ამ ღონისძიებებს დაახლოებით ერთი კვირა სჭირდებოდა. დღესდღეობით სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლებიც რამდენადმე შემსუბუქებული იქნება.

3. ჩვენში ხშირად ამბობენ, რომ ვითომდა ე. წ. “ნატო-ს სტანდარტებს” შეესაბამება მცირერიცხოვანი პროფესიული და მობილური ჯარების მშენებლობა. ესეც ტყუილია და გაანგარიშებულია საქმის ნამდვილ არსში ჩაუხედავი ადამანების შეცდომაში შეყვანაზე. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტუტუტის მონაცემებით, ცივი ომის მიწურულს (1991 წელს) ბელგიასა და ნიდერლანდებში, რომლებიც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის საზღვრებიდან დაშორებული იყვნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიით, ომიანობის დროს ვარაუდობდნენ შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის სულ 1,0-2,4 %-ის მობილიზებას, დანიაში კი ეს მაჩვენებელი 2,8 %-მდე ადიოდა; მაგრამ ნორვეგიაში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრებოდა საბჭოთა კავშირს და ე. წ. “ცხელ რაიონში” იმყოფებოდა, ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში უნდა გაეწვიათ ქვეყნის მთელი მოსახლეობის 8,5 %, ანუ ამ მაჩვენებლით იგი უახლოვდებოდა მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების “სტანდარტებს”.

საქართველო, როგორც ვიცით, დღესდღეობით ასეთსავე “ცხელ რაიონში” იმყოფება და თუნდაც ნატო-ს ბლოკის გამოცდილების მართლა გათვალისწინებით, ჩვენი ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ომიანობის დროს გამოსაყვანად 400-500 ათასიანი შეიარაღებული ძალების შექმნაზე. სინამდვილეში კი იმავე ნატო-ელი სპეციალისტების რჩევით, სრულიად საწინააღმდეგოს ვაკეთებთ და ეს მეტად შემაშფოთებელი უნდა იყოს.

4. ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ვეღარ განახორციელებს თავის აგრესიულ გამოხდომებს. მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის წევრ სახელმწიფოს სამხედრო ძალით იცავს მხოლოდ ბლოკის გარეთ მყოფი ქვეყნის ან ქვეყნების მხრიდან თავდასხმების შემთხვევაში. ხოლო როცა კონფლიქტი წარმოიქმნება თავად ბლოკის შიგნით მყოფ სახელმწიფოებს შორის, მაშინ კი მისი დარეგულირება ხდება შიდაბლოკური კონსულტაციებისა და მოლაპარაკებათა გზით.

ასეთი კონფლიქტი უკვე 30 წელია არსებობს საბერძნეთსა და თურქეთს შორის, კვიპროსის გამო, და დღემდე მისი დარეგულირება ვერ მოხერხდა. ამ პირობებში საკმარისია თავად რუსეთი გაწევრიანდეს ნატო-ში, ან მიაღწიოს ალიანსთან შესაბამისი ხელშეკრულების დადებას, ვთქვათ განსაკუთრებული პარტნიორობის შესახებ, რათა რუსეთის აგრესიული ქმედებები (უფრო სწორედ, გარკვეული პრეტენზიები) ალიანსის რომელიმე წევრის მიმართ აღიქმებოდეს არა გარეშე აგრესიად, არამედ ურთიერთ-კონსულტაციების საგნად, და მაშინ კვლავ მოწმენი გავხდებით სავსებით ნათელ საკითხებში გაჭიანურებული და არაფრისმომცემი მოლაპარაკებების, სამიტებისა და სხვა.

ამის დასადასტურებლად შეგვიძლია ისევ 1921 წელი და მისი მომდევნო მოვლენები გავიხსენოთ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება იმედოვნებდნენ “ერთა ლიგაში” ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებით რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებას. “ერთა ლიგაში” კი გაგვაწევრიანეს, მაგრამ საქართველოს ოკუპცია-ანექსიის გამო საბჭოთა რუსეთისთვის სერიოზულად პასუხი არავის მოუთხოვია. პირიქით, 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ სწორედ ჟორდანიასა და მისი პარტიის უწინდელი “მეგობრები”, ევროპელი სოციალ-დემოკრატები, მხურვალედ უჭერდნენ მხარს საბჭოთა რუსეთს საქართველოს რუსულ-კომუნისტურად “ათვისებაში”. ვფიქრობთ, კომენტარები ზედმეტია.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment