Sunday, January 6, 2013

იოზეფ ფონ აიხენდორფის (1788-1857) ცხოვრება და ლირიკის ნიმუშები

(ლექსები გამოქვეყნებულ იქნა ლიტერატურულ ჟურნალ “ხელეურის” 2009 წლის მე–4 ნომერში)

დიდი გერმანელი რომანტიკოსი პოეტი იოზეფ ფონ აიხენდორფი დაიბადა 1788 წლის 10 მარტს სილეზიის სამხრეთში, რატიბორის მახლობლად მდებარე ლუბოვიცის სასახლეში და იქვე გაატარა სიჭაბუკის წლებიც. მშობლები მას ზრდიდნენ მკაცრი კათოლიკური მსოფლმხედველობით. 1799 წლიდან აიხენდორფი ძმასთან ერთად სწავლობდა ბრესლაუს (ვროცლავის) კათოლიკურ გიმნაზიაში, შემდეგ ჰალესა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, სადაც ისინი ისმენდნენ ლექციებს სამართალში, ფილოსოფიასა და ფილოლოგიაში. ჰაიდელბერგში პირველად გამოქვეყნდა პოეტის ლექსები. შემდეგ ძმები ბერლინში ისმენდნენ ფიხტეს ფილოსოფიურ ლექციებს. ეცნობოდნენ იმდროინდელ გამოჩენილ ადამიანებს. 1813 წელს, რუსეთიდან ნაპოლეონის ჯარების განდევნისა და გერმანიის სახელმწიფოებშიც განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებისას თავისუფალ მსროლელად წავიდა ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად.

1814 წელს აიხენდორფმა შეირთო მეუღლე ლუიზე ფონ ლარაში, რომელთანაც მთელი ცხოვრების მანძილზე დიდი სიყვარული აკავშირებდა.

შემდეგ წლებში მან შესანიშნავად ჩააბარა დიდი სახელმწიფო გამოცდა და სამსახური დაიწყო ბერლინში კულტურის სამინისტროში, მსახურობდა ასევე კენიგსბერგში სამთავრობო მრჩევლად, დამხმარე თანამშრომლად ბერლინში სასულიერო გარემოებათა სამინისტროში შემავალი კათოლიკური სკოლის სისტემაში, 1841 წლიდან კი უკვე მთავრობის საიდუმლო მრჩევლად. თუმცა მალევე თავს ანებებს სამსახურს და 1846 წელს მეუღლესთან ერთად ვენაში მიემგზავრება, სადაც ლიტერატურული წრეები მას გულთბილად ხვდებიან. აიხენდორფები საბოლოოდ ნაისში სახლდებიან და ორივე აქვე გარდაიცვლება, ჯერ მეუღლე და სამი წლის შემდეგ 1857 წლის 26 ნოემბერს _ თავად პოეტიც.

„იოზეფ ფონ აიხენდორფი ნამდვილი გერმანელი პოეტია. იგი გადმოგვცემს გერმანულ ხასიათსა და მის შემგრძნებ სამყაროს. ამაში მდგომარეობს მისი სიძლიერე, მისი სახასიათო თვითმყოფადობა. ყველაფერი, რასაც ის აღწერს: სიყვარულის ბედნიერება, ბუნების მადლი, უპირატესად კი მოგზაურობის წყურვილი, მომდინარეობს გერმანული მგრძნობიარე ბუნებიდან. გერმანული ლირიკის მშობლიურ საგანძურში ბევრი არ მოგვეპოვება ისეთი ლექსი, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსითა და გამომხატველობით აიხენდორფის „დილის ლოცვას“ გვერდში დაუდგეს. ეს არის იმავ დროს მისი სუფთა რელიგიური გრძნობის გამოხატულებაც. მისთვის რომანტიზმი სხვა არაფერია, „თუ არა მუდმივად განვითარებადი და სხვადასხვა ერების მიერ მრავალმხრივ გამოხატული მცდელობა იმისა, რომ პოეზიის სფეროში აისახოს ქრისტიანობის დიდი დავალება _ მარადიულისა და მიწიერის შერწყმა“, _ ვკითხულობთ პოეტის შემოქმედების ადრეული მკვლევარის გუსტავ კარპელესის ნაწერებში.

ქვემოთ მოტანილი თარგმანის ავტორია მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი, გერმანისტი, მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ყოფილი კოლეგიის წევრი. დაიბადა 1956 წელს თბილისში. ბავშვობა გაატარა სოფ. კავთისხევში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1980-იანი წლების დასაწყისში ვიტალი დარსანიასთან ერთად შეასრულა პწკარედული თარგმანი გერმანულიდან ლ. ალიმონაკის წიგნისთვის _ ლაო-ძი, „დაო დე ძინი“ (1983), შემდეგ მისივე წიგნისთვის „უპანიშადები“ (გამოიცა 1997-ში), გარკვეული ნაწილი. 1991 წლიდან კი აქვეყნებს საკუთარ თარგმანებს, რომელთა შორის აღსანიშნავია: გერმანული ლირიკის ნიმუშები, სელმა ლაგერლოფის მოთხრობები, ანგელუს სილეზიელის „ქერუბიმული მოგზაური“ (ჟურნალი «საუნჯე», 1993 წ.), ფრიდრიხ ჰოლდერლინის „იმედი მომავალ საუკუნეთა“ (1999 წ.), გრ. რობაქიძის „წერილები ნიკოს კაზანძაკისისადმი“ (დაიბეჭდა თამარ მესხის წიგნში „დიდი ხანძრის მეწამული ანარეკლი“, 1996), ჰერმან ჰესეს „ნარცისი და გოლდმუნდი“ (2001), „გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია“ (2009). 1996 წელს გამოაქვეყნა საკუთარი ლექსების კრებული.






















აიხენდორფის ლირიკიდან


გატეხილი ბეჭედი*


იმ წყლისა პირზე, გრილის, ანკარის,
ერთი წისქვილის ბრუნავს ბორბალი,
გაუჩინარდა არ ვის სადარი,
აქ რომ ცხოვრობდა, სატრფო სად არის?

იგი შემპირდა მე ერთგულებას,
გამომიწოდა თანაც ბეჭედი,
ეჰ, ერთგულების ფიცი გატეხა,
ორად გაიპო ჩემი ბეჭედი.

ვიხეტიალებ ვით მომღერალი
და მთელ ქვეყანას ასე მოვივლი,
განქარდეს იქნებ ეს გულის დარდი,
მომიწევს ყველგან მე წოწიალი.

როგორც მხედარი მინდა გავფრინდე,
აღმოვჩნდე ბრძოლის სისხლიან ველზე,
წამოვწვე მიმქრალ კოცონის პირზე,
უკუნი ღამის წყვდიადში ველზე.

ო, როგორ ბრუნავს წისქვილი, მესმის,
მე არ ვიცი რა, არც მაქვს სურვილი;
რომ გავქრე მართლაც არს უმჯობესი,
ჩაწყნარდეს ერთხელ გული ურვილი.

* პოეტი რომანსად მოიხსენიებს


მონატრება


ცაზე ვარსკვლავნი ოქროსფრად ჩანდნენ,
სარკმელთან ვიდექ განმარტოებით,
და მოაღწევდა ამ წყნარ ქვეყნამდე
ხმა საყვირისა შორეულ სივრცით.
აძგერდა მკერდში ეს ჩემი გული,
წამოიშალა ფიქრი ფარული:
ნეტავ შემეძლოს იქ ხეტიალი,
იქ, ამ მშვენიერ ღამეს ზაფხულის.
ორი ყმაწვილი გზას მიუყვება,
გადაიარეს მთისა ფერდობი.
ისინი გზაში მღეროდნენ, მესმა,
წყნარი მიდამოს გაყოლიებით:
იმ მოციმციმე კლდის ნაპირებზე.
სადაც ტყეები შრიალებს ნაზად,
ხევების გავლით იმ წყაროებზე,
ღამეულ ტყეში რომ გადმოსკდება.

მღეროდნენ ორნი ქანდაკებებზე,
და იმ ბაღებზე, მთასთან რომლებიც
სიმუქით ჰგვანან უსიერ ტყეებს;
მთვარიან შუქზე სასახლეებში,
ყურს მიუგდებდნენ სად გოგონები,
სარკმელთან მდგარნი, მღერას ბარბითის,
ძილს მისცემიან როს ირგვლივ ჭები
აქ, ამ დიდებულს ღამეს ზაფხულის.


დილის ლოცვა


ო, საოცარო, ღრმა მდუმარებავ,
წევს აქეთ მაინც რა სიმარტოვე!
კრძალვით მხოლოდ ტყე გადაიხრება,
ჩაივლის მინდორს უფალი ოდეს.

თავს რა შვებით ვგრძნობ, თითქოსდა ახლა
გავჩნდი და გაჰქრა ესე წუხილიც,
რომ მომესვენა, რაც გუშინ მწადდა,
მრცხვენია ახლა ცისკარზე დილის.

ქვეყანა თვისი ჭირით და ლხინით
მსურს რომ მხნეობით ვით მომლოცველმა
გადავიარო, გავცდე დროის ხიდს,
რომ ღმერთო, ძლევით მოვიდე შენთან.

სიმღერით ვეტრფო სიკეთეს ქვეყნის,
ამ მაცდურს ოქროს ამაოების.
იმსხვრევა ჩემი სიმთა საკრავი,
შენს წინ ვარ მდუმარ უკუნისამდის.


მხიარული მოგზაური


ვიზეც უფალი წყალობას იღებს,
შემოატარებს ქვეყნებს, უცხოს, შორს;
მოახილვინებს მთას, ბარს და ხევებს,
სურს სასწაული თვისი უჩვენოს.

სახლში რომ წვანან ის მცონარენი,
გამოაფხიზლებს რიჟრაჟი დილის?
იმათ იციან მხოლოდ აკვნები,
ლუკმა პურისთვის ზრუნვა, წუხილი.

მოიჩქარიან ნაკადულნი მთით,
მიაშურებენ ცას ტოროლები;
აბა, მე მათთან რაღას ვიმღერდი,
ხმის სისავსით და გულის სიწრფელით?!

ტკბილ უფალს ვუთმობ, მხოლოდ მან მართოს:
ტოროლა, ველი, ტყე, ნაკადული,
მიწა და ზეცა მას სურს მიიღოს,
მეც ხომ საქმე მაქვს დაკისრებული!


* * *


ო, შემოდგომავ, შენი სიმდიდრე
შენს ტკბილ დღეებში ირგვლივ, ყოველგან,
რა გასაოცრად გამოაჩინე
გაცრეცით, მაგრამ ფერად-ფერადად.

რა მიუსაფრად, ძმების გარეშე
ჩემი ხეობა ჩანს იქ შორეთში,
ძლივსღა შეგიცნობ, ძლივსღა გიხსენებ
აქეთ, ასე შორს, სიმარტოვეში.

რა მიმზიდველად, საოცარია,
სიმღერა ისმის ფერმკრთალ ბაგეთგან,
თითქოს ფარულად, ასე მგონია,
იხსნება ჩემი გული სიღრმითგან.

თავს თუმც ვიმშვიდებ, ფიქრ მეძალება,
შენ კი მღერიხარ ისევ უწყვეტად.
ზემოდან ცაცხვი ირხევა ნელა,
ფოთოლი მისი მფარავს მთლიანად.


* * *


ჩიტებო, ტყეებში ხალისით
ჭიკჭიკებთ, ვიდრეა სიმწვანე,
რა მალე, რა მალე ვინ იცის,
ყოველი, ეჰ, უნდა ჩამოჭკნეს!

ბრწყინვალეს ყოველგან ყოველსა
ვუმზერდი ადრე ხომ მე მთიდან.
ვიცოდი, თითქოსდა რატომაც
ნეტარო ბულბულო, ჩივი რად.

ძლივს, ძლივსღა ვვიდოდი ამ ქვეყნად
სალმობით, სიცოცხლით, ხალისით.
იცვლება ყოველი და ვდგავარ
დაღლილი ბინდბუნდში დაისის.

ჰაერის ნაკადი მიმოქრის,
სიმწვანე ხუნდება თანდათან,
ჩიტებო, მიფრინავთ, მშვიდობით,
ნეტავი შემეძლოს მეც თქვენთან!


მუსიკოსები


ადრიან დილით, ხევში, ჭალებში
ჩავბერთ საყვირებს გამარჯვებისას!
ტოროლა სტვენით აიჭრა ცაში:
„მუსიკოსები აქვე არიან!“
და აი კოშკი ამოიმართა
ჩაძინებული დილის რიჟრაჟში,
თითქოს სიზმრიდან ფხიზლდება ახლა
ნაკადი, ზლაზვნით რომ დის მინდორში.
აი, მინდორი მალე თვალს ჰკიდებს
ნაკადულს, ტყეში რომ გადაუხვევს,
ფოთლოვან ტყეში მირბის, რაკრაკებს,
აყრუებს არეს და ხალისს ჰმატებს.

მოგზაურობა საამური არს,
გვაგრილებს მუხა თავისი ჩრდილით,
ძნელი არ არის გაშლა სუფრისა,
მწვანეზე ვსხდებით, სადაც ვნაყრდებით.
საუზმისათვის ლხენით ჩიტები
შეასრულებენ მსწრაფლვე მუსიკას,
ტყე კი, როდესაც დუმან ჩიტები,
საოცრებებით ეხმიანება.
ის კენწეროებს თავს ახრევინებს,
თითქოსდა ტრაპეზს ის გვიკურთხებსო,
და რტოთა შორის ჩვენ ის გვიჩვენებს
მდიდრულად გაშლილს ხეობას ქვემოთ.

იქ კი დაბლობზე ერთი ბაღია,
ლამაზ ქალს სადაც დაუდევს ბინა,
დიდხანს ლოდინი არ შეგვიძლია,
შიგ ვიჭვრიტებით რკინის ჭიშკრიდან.
თეთრად მოჩანან ქანდაკებები,
გამეფებულა გრილში სიწყნარე,
ამოფრქვეულა წყლის შადრევნები,
იასამანის სურნელ ტრიალებს.
ირიჟრაჟა და დილაა წყნარი,
წინ მივიწევთ და თან მივიმღერით,
ისმენს სიზმარში სიმღერას ქალი,
ჩვენ კი მივდივართ, დავტოვეთ შორით.



გერმანულიდან თარგმნა
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment