Thursday, January 10, 2013

თანამედროვე ჯავშანსატანკო ჯარების შესახებ

(გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ “საქართველოს” 2002 წლის თებერვლის ნომერში /6 თებერვალს/, სათაურით “ასეთია ამერიკის, გერმანიის, ისრაელის ჯარების სტრუქტურა. როგორია ქართული?”)

სამხედრო ლიტერატურაში გამოთქმული შეხედულებებით, საბრძოლო მოქმედებები თანამედროვე ომში გამოირჩევა გაბედულებით (გადამჭრელობით), დაძაბულობით და დაკავშირებულია დიდ დანაკარგებთან. მათთვის დამახასიათებელია ორმხრივი ინტენსიური საცეცხლე ზემოქმედების დროს მოწინააღმდეგესთან სწრაფად მიახლოება, დამსწრები დარტყმების მიყენება, სხვადასხვანაირი საბრძოლო სისტემების, პირველ რიგში, ავიაციისა და საზენიტო საშუალებების, ტანკებისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების გააფთრებული დაპირისპირება. ასეთ მოქმედებებში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ჯართა სხვადასხვა გვარეობისგან შემდგარი შენაერთებისა და ნაწილების, აგრეთვე ქვედანაყოფების ეფექტური, მჭიდრო და უწყვეტი ურთიერთმოქმედება, განსხვავებული შეირაღების შესაძლებლობათა რაციონალური გამოყენება, მათი შეუფერხებელი მომარაგებისა და მომსახურების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, უკვე დაბალი რგოლის ტაქტიკურ საჯარისო ერთეულებს აგებენ საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის, მართვისა და მომსახურების წვრილი ქვედენაყოფების რაციონალურად დაბალანსების საფუძველზე. ამის ტიპიური მაგალითია თანამედროვე არმიების სატანკო, მოტოქვეითი (მოტომსროლელი), ქვეითი, სამთოქვეითი, აერომობილური, საპარაშუტო-სადესანტო და სხვა ბატალიონები.

სახმელეთო ჯარების ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენს ჯავშანსატანკო (სატანკო) ჯარები. მის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს გააჩნიათ ბრძოლის ველზე მაღალი მობილურობა, ჯავშანდაცულობა და საცეცხლე ძლიერება, რაც მათ საშუალებას აძლევს აწარმოებდნენ აქტიურ შეტევით მოქმედებებს დღისითა და ღამით, სხვა ჯარებისგან მნიშვნელოვანი მოწყვეტით; საკუთარი ცეცხლით ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის ტანკებსა და სხვა მოჯავშნულ მიზნებს, ცოცხალ ძალას, ანგრევდნენ მის თავდაცვით ნაგებობებს, ებრძოდნენ დაბალ სიმაღლეზე მფრენ საჰაერო მიზნებს, სვლით გადალახავდნენ რადიოაქტიური დასნებოვნების ვრცელ ზონებსა და წყლის დაბრკოლებებს; საჭიროების შემთხვევაში კი სწრაფად ჰქმნიდნენ მტკიცე თავდაცვას და წინ აღუდგებოდნენ მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შემოტევას.

70-იანი წლების აშშ არმიის სატანკო ბატალიონის სტრუქტურა ნაჩვენებია 1-ლ ნახატზე.

[1–ლ ნახატზე, რომელსაც ეწოდება “70–იანი წლების აშშ სატანკო ბატალიონი”, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და მისი შტაბი. მათ ექვემდებარება ხუთი ასეული: საშტაბო, სამი სატანკო და საბრძოლო უზრუნველყოფის. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და ოთხი სექცია: სატანკო, ბატალიონის შტაბის მომსახურების, სარემონტო და მომარგების; სატანკო სექციაში – სამი საბრძოლო ტანკი. ამავე ასეულში ნაჩვენებია ოთხი ოცეული: კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის. თითოეულ სატანკო ასეულში ნაჩვენებია მართვა (ორი საბრძოლო ტანკი) და სამო სატანკო ოცეული (თითოეულში ოცეულის მართვა და ოთხი სატანკო ეკიპჟი, სულ ხუთი საბრძოლო ტანკი). საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა, ორი ოცეული (სადაზვერვო და ნაღმსატყორცნების) და ოთხი სექცია: რადიოსალოკაციო, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების “რედ აი”, სარემონტო და სატანკო ხიდგამყვანების (ორი სატანკო ხიდგამყვანი)]

როგორც ვხედავთ, 70-იან წლებში აშშ სატანკო ბატალიონი შედგებოდა შტაბისა და ხუთი ასეულისგან: საშტაბო, სამი სატანკო და საბრძოლო უზრუნველყოფისა. თითოეული სატანკო ასეული შედგებოდა მართვისა (ორი ტანკი) და სამი სატანკო ოცეულისგან, ხოლო თითოეულ სატანკო ოცეულში კი იყო ხუთი სატანკო ეკიპაჟი (ოცეულის მეთაურის ტანკის ჩათვლით). ამრიგად, თითოეულ სატანკო ასეულში შედიოდა 17 საბრძოლო ტანკი (5 X 3 + 2 = 17), ხოლო სატანკო ბატალიონში კი, მთლიანად, – 54 (17 X 3 + 3 = 54). საშტაბო და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულებში შედიოდა საბრძოლო უზრუნველყოფისა (კავშირგაბმულობის, სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, საზენიტო, საინჟინრო-მესანგრეთა და სხვა) და ზურგის უზრუნველყოფის (სარემონტო, მომარაგების, სამედიცინო) ოცეულები და სექცუიები. სულ ბატალიონში შტატით მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 570 ადამიანზე მეტი, 54 საბრძოლო ტანკი M60A1, 19 40-მმ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, ხუთი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი “რედ აი” (თანამედროვე “სტინგერების” წინამორბედი მოდელი), ხუთი 12,7-მმ საზენიტო ტყვიამფრქვევი, სხვადასხვა ტიპის 100 ავტომობილი, ორი სატანკო ხიდგამყვანი და სხვა შეიარაღება.

80-იან წლებში აშშ არმიის სარდლობამ ჩაატარა სახმელეთო ჯარების რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც სატანკო ბატალიონმა მიიღო შემდეგი სახე (იხ. ნახატი 2).

[მე–2 ნახატზე, რომელსაც ეწოდება “80–იანი წლების აშშ სატანკო ბატალიონი”, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და მისი შტაბი. მათ ექვემდებარება ხუთი ასეული: საშტაბო და ოთხი სატანკო. საშტაბო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა (ორი საბრძოლო ტანკი) და ექვსი ოცეული: სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, უზრუნველყოფისა და სარემონტო. თითოეულ სატანკო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა (ორი საბრძოლო ტანკი) და სამი სატანკო ოცეული; თითოეულ სატანკო ოცეულში – ოცულის მართვა და სამი სატანკო ეკიპაჟი (სულ ოთხი საბრძოლო ტანკი)]

როგორც ვხედავთ, რეორგანიზაციის შედეგად, აშშ სატანკო ბატალიონში ჩამოყალიბებულ იქნა საშტაბო და ოთხი სატანკო ასეული. თითოეულ სატანკო ასეულში ძველებურად დატოვეს სამ-სამი სატანკო ოცეული, მაგრამ ოცეულებში კი სატანკო ეკიპაჟების რაოდენობა შეამცირეს ოთხამდე (მეთაურის ტანკის ჩათვლით). შესაბამისად, სატანკო ასეულში შევიდა 14 საბრძოლო ტანკი (უწინდელი 17-ის ნაცვლად), ხოლო მთლიანად ბატალიონში კი – 58 (17 X 4 + 2 = 58). ერთი სატანკო ასეულის დამატებით ბატალიონს უკვე მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ ბრძოლის ველზე შეუტიოს ერთდროულად ორ ობიექტს.

აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად საბრძოლო უზრუნველყოფის ასეული გაუქმებულ იქნა, მაგრამ მისი სადაზვერვო და ნაღმსატყორცნების ოცეულები შეიყვანეს საშტაბო ასეულის შემადგენლობაში. საზენიტო და სატანკო ხიდგაყვანების სექციები კი გადაიყვანეს ზემდგომი საჯარისო რგოლის – ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვითი) ბრიგადის შემადგენლობაში, საიდანაც სწავლებების პერიოდში ან საბრძოლო მოქმედებების დროს სატანკო ბატალიონს ეძლევა შესაბამისი გაძლიერების საშუალებები საჭირო რაოდენობით.

შტატით კი 80-იანი წლების აშშ სატანკო ბატალიონში შედიოდა პირადი შემადგენლობის 560 ადამიანი, 58 საბრძოლო ტანკი, M1/M1A1 “აბრამსი”, ექვსი საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა M3 “ბრედლი”, 13 ჯავშანტრანსპორტერი M113A1/A2, ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2, რვა სამეთაურო-საშტაბო მანქანა M577A1, დაახლოებით 80 ავტომობილი და სხვა შეიარაღება.

სწავლებების პერიოდში და საბრძოლო მოქმედებების დროს იარაღის უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით, ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ბრიგადების შემადგენლობაში სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების ბაზაზე აყალიბებენ შერეული შემადგენლობის საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფებს. სახელდობრ, სატანკო საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლოა შეყვანილ იქნას ორი-სამი სატანკო და ერთი-ორი მოტოქვეითი ასეული, ერთი-ორი საარტილერიო ბატარეა (8-16 ქვემეხი), საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სადაზვერვო ოცეულები, ქიმიური დაცვის ათეული, ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ასეთ შერეულ ტაქტიკურ ჯგუფებს, ამერიკული სარდლობის აზრით, უფრო ეფექტურად შეუძლიათ მათ წინაშე დასმული ამოცანების შესრულება.

ამ მხრივ მეტად საინტერესოა დასავლეთ გერმანული და ისრაული გამოცდილების გაცნობაც. 70-იან წლებში ბუნდესვერის სატანკო ბატალიონშიც, ამერიკულის მსგავსად, 54 საბრძოლო ტანკი შედიოდა. ზემდგომ საჯარისო რგოლში, სატანკო ბრიგადაში, შედიოდა ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონები, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების საარტილერიო დივიზიონი, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ასეთი შემადგენლობის ბრიგადაში მოითვლებოდა 110 საბრძოლო ტანკი “ლეოპარდ-1”, 60-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი M113, 18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M-109G, აგრეთვე სხვა შეიარაღება.

80-იან წლებში სატანკო ოცეულში საბრძოლო ტანკების რაოდენობა შეამცირეს ოთხამდე (ოცეულის მეთაურის ეკიპაჟის ჩათვლით), სატანკო ასეულში – 13-მდე, სატანკო ბატალიონში კი – 41 ტანკამდე. სამაგიეროდ სატანკო ბრიგადის შემადგენლობაში ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონების გარდა, ჩამოყალიბებულ იქნა შერეული სატანკო ბატალიონიც, რომელშიც შედიოდა ოთხი ასეული: საშტაბო და მომარაგების, ორი სატანკო და ერთიც მოტოქვეითი. შერეულ სატანკო ბატალიონში მოითვლებოდა 28 საბრძოლო ტანკი “ლეოპარდ-2”, 11 ქვეითთა საბრძოლო მანქანა “მარდერი”, ექვსი თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი და სხვა შეიარაღება. მთლიანობაში კი სატანკო ბრიგადაში საბრძოლო ტანკების რაოდენობა უცვლელი დარჩა – 110 ტანკი “ლეოპარდ-2”.

თავისთავად ცხადია, რომ ამ რეორგანიზაციით ბუნდესვერის სარდლობამ სატანკო ბრიგადების მეთაურთა განკარგულებაში უკვე მზა სახით ჩამოაყალიბა ტაქტიკური სატანკო საბატალიონო ჯგუფის ძირითადი ბირთვი, რომელსაც კონკრეტული საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად მისცემდნენ შესაბამისი მხარდაჭერის ძალებს – საარტილერიო, საზენიტო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, მედიკურ-სანიტარულ, მომარაგებისა და სხვა ქვედანაყოფებს.

ისრაელის არმიის სატანკო ბრიგადის სატანკო ბატალიონის სტრუქტურა ნაჩვენებია ნახატ 3-ზე. ისიც, როგორც ვხედავთ, ძირითადში იმეორებს ბუნდესვერის 80-იანი წლების შერეული სატანკო ბატალიონის ორგანიზაციას და წარმოადგენს ტაქტიკური საბატალიონო ჯგუფის ბირთვს. მასში მოითვლება პირადი შემადგენლობის 515 ადამიანი, 36 საბრძოლო ტანკი (12 X 3 = 36), 23 ჯავშანტრანსპორტერი, ?? 81-მმ ნაღმსატყორცნი, სამი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპელექსი, ექვსი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, ცხრა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, 23 ავტომობილი და სხვა შეიარაღება.

[მე–3 ნახატზე, რომელსაც ეწოდება “ისრაელის ჯავშანსატანკო ბრიგადის სატანკო ბატალიონი”, სათავეში ნაჩვენებია ბატალიონის მეთაური და მისი შტაბი, რომელთაც ექვემდებარება ხუთი ასეული: საშტაბო და მომსახურების, სამი სატანკო და მოტოქვეითი. საშტაბო და მომსახურების ასეულში ნაჩვენებია მართვა და ოთხი ოცეული: სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, ტექნიკური მომსახურების, სატრანსპორტო და მომარაგების. თითოეულ სატანკო ასეულში ნაჩვენებია ასეულის მართვა და სამი სატანკო ოცეული; თითოეულ სატანკო ოცეულში – ოცეულის მართვა და სამი სატანკო ეკიპაჟი (სულ ოთხი საბრძოლო ტანკი). მოტოქვეით ასეულში ნაჩვენებია ოთხი ოცეული: სამი მოტოქვეითი და მხარდაჭერის]

ჩვენი მეზობელი თურქეთის სატანკო ბატალიონები იმეორებენ დასავლურ სტრუქტურებს (ამერიკულსა და გერმანულს) და მათში გვხვდება 54-დან 58 საბრძოლო ტანკამდე. სახელდობრ, საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მახლობლად, თურქეთის ქალაქ არტაანში განლაგებულ 25-ე მექანიზებულ ქვეით ბრიგადაში (ერთი სატანკო და ორი მექანიზებული ქვეითი ბატალიონები, საარტილერიო დივიზიონი და სხვა ქვედანაყოფები) 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 56 საბრძოლო ტანკი M48A5, 142 ჯავშანტრანსპორტერი M113, 53 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (25 ბუქსირებადი ჰაუბიცა და 28 106,7-მმ ნაღმსატყორცნი). მის სამხრეთით ქალაქ სარიყამიშში დისლოცირებულ მე-9 ქვეით დივიზიაში (სატანკო, ორი ქვეითი და საარტლერიო პოლკები, აგრეთვე უზრუნველყოფის ქვედანაყოფები) ნაჩვენები იყო 112 საბრძოლო ტანკი M48A5, 64 ჯავშანტრანსპორტერი M113, 128 საველე საარტილერიო სისტემა (34 105-მმ, 27 155-მმ და ოთხი 203,2-მმ ბუსირებადი ჰაუბიცა, 42 106,7-მმ და 21 120-მმ ნაღმსატყორცნი).

როგორც ვხედავთ, დასავლური არმიების სატანკო ბატალიონებში საბრძოლო ტანკების საშტატო რაოდენობაა 54 მანქანა (თითოეულ სატანკო ოცეულში ხუთი საბრძოლო ტანკი, ასეულში კი 17). ასეთი შეიარაღების მქონე ბატალიონს შეტევაში ჩვეულებრივ უნიშნავენ უბანს სიგანით (ფრონტში) 3 კმ-მდე და ზოგჯერ კი 5 კმ-მდეც. უახლოეს ამოცანას (ობიექტს) უნიშნავენ მოწინააღმდეგის განლაგების სიღმეში 5 კმ-მდე, ხოლო მომდევნო ამოცანას კი 10 კმ-მდე. თავდაცვაში ამერიკულ (გერმანულ, თურქულ) სატანკო ბატალიონს განესაზღვრება თავდაცვის რაიონი 3-5 კმ ფრონტსა და სიღრმეში.

რუსეთის ფედერაციის სატანკო პოლკის სატანკო ბატალიონში შედარებით ნაკლები როდენობის საბრძოლო ტანკებია – 31. მაგრამ ასეთ ბატალიონს შეტევაში უნიშნავენ 2 კმ-მდე ფრონტში, ხოლო გარღვევის უბანზე კი 1 კმ-მდე. თავდაცვაში მას განესაზღვრება რაიონი 3-5 კმ ფრონტში და 2,5 კმ-მდე სიღრმეში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველომ თუნდაც სრულად რომ აითვისოს ეუთო-ს ეგიდით დადებული “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებითა” (1990 წლის 19 ნოემბერი) და ტაშკენტის შეთანხმებით (1992 წლის 15 მაისი) მისთვის განსაზღვრული 220 საბრძოლო ტანკის კვოტა, ამ შეიარაღებით ჩვენ შევძლებთ დასავლური ნიმუშის მხოლოდ ოთხი სატანკო ბატალიონისა და, შესაბამისად, მინიმალური შემადგენლობის ორი ჯავშანსატანკო ბრიგადის ჩამოყალობებას. ეს კი სრულებით ვერ იქნება საკმარისი 5,5-მილიონიანი სახელმწიფოს მიერ თავდაცვისუნარიანი სახმელეთო ჯარების ასაშენებლად. შემდგომ წერილებში ჩვენ ვნახვთ, რომ მოჯვშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე არტილერიის კვოტების მხრივ კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამიტომ თუ არ მოხდა საქართველოს სამხედრო მშენებლობის პროცესში ჩვენში არსებული კვალიფიციური მკვლევარების აქტიურად ჩართვა (რაც ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს) და მათი მუშაობის შედეგად დასავლეთისა და რუსეთის მმართველი წრეების წინაშე საქართველოსთვის განსაზღვრული ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების საკითხის დაყენება, მასზე თანხმობის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მაშინ ჩვენი ქვეყანა თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდება.

ირაკლი ხართიშვილი


მცირე შენიშვნა: როგორც ადრე უკვე გვქონდა აღნიშნული, საქართველოს სამხედრო მშენებლობის აქტუალური და საჭირბოროტო საკითხების შესახებ წერილების გამოქვეყნება, მადლობა უფალს, დავიწყეთ ძირითადად საქართველოს სახალხო ფრონტის გაზეთ “საქართველოში”, 1999 წლის ივნისის თვიდან, წერილების ციკლის სახით, საერთო სათაურით “იცნობ მედზობელს?! ჩასწვდომიხარ ღირსებას მისას?!”, რაც მოულოდნელად და ჩვენგან დამოუკიდებლად იქნა შეწყვეტილი 2000 წლის აპრილის თვეში, ისე რომ წერილების ციკლი მაშინ ვერ იქნა დასრულებული. შემდეგ, კვლავ განახლებულ იქნა აღნიშნული გაზეთის გამოცემა და 2001 წლის ივლისიდან ისევ შევუდექით სტატიების გამოქვეყნებას. ზემოთ მოცემული წერილი “თანამედროვე ჯავშანსატანკო ჯარების შესახებ” როგორც დასაწყისშივე იყო აღნიშნული, გამოქვეყნებულ იქნა 2002 წლის თებერვლის ნომერში, ხოლო მარტის ნომრისთვის კი მივიტანე სხვა წერილი “თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ”, რომელიც თემატიკისა და შინაარსის მიხედვით, პირდაპირ აგრძელებდა ამ წერილში დაწყებულ თემას. მაგრამ, ისევ ჩემგან დამოუკიდებლად, ამ ახალი წერილის გამოქვეყნება კიდევ რამდენიმე თვით იქნა გაჩერებული. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ მაშინ დაიწყო “წვრთნისა და აღჭურვის” ამერიკული პროგრამა და ვინაიდან ჩემი სტატიები აშშ-ის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, ამიტომ საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ნოდარ ნათაძემ, აღარ ისურვა თავის გაზეთში ასეთი მასალების გაშვება. მაგრამ იმავე წლის ზაფხულის მიწურულს ბ-ნი ნოდარი მოულოდნელად შემხვდა ქუჩაში, უკმაყოფილება და ეჭვები გამოთქვა ამერიკელთა მხრიდან ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში დახმარების გულწრფელობაში, და მთხოვა, რათა განმეახლებინა მის გაზეთთან თანამშრომლობა. მე ვუპასუხე, რომ უკვე კარგა ხნის დატოვებული მქონდა გაზეთ “საქართველოს” რედაქციაში წერილი, რომელიც თემატურად აგრძელებდა თანამედროვე სახმელეთო ჯარების სხვადასხვა გვარეობათა თანამიმდევრულად განხილვის თემას და კარგი იქნებოდა, თუკი იმას გამოაქვეყნებდნენ, ხოლო შემდეგ კი სხვა წერილებსაც მივიტანდი. მართლაც ასე მოხდა და 2002 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ადრე მიტანილი წერილი “თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ”. ამის შემდეგ ჩემი თანამშრომლობა გაზეთ საქართველოსთან 2005 წლამდე პრაქტიკულად შეუფერხებლად მიდიოდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ბ-ნ ნოდარ ნათაძესა და გაზეთის იმჟამინდელ რედაქტორს, ქ-ნ მანანა ლობჯანიძეს.

No comments:

Post a Comment