Monday, February 11, 2013

“ნატო-ს სტანდარტები” – მითი და სინამდვილე

(წერილი გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ “საქართველოს” 2003 წლის 25 თებერვალი – 11 მარტის ნომერში)

ჩვენი გაზეთის უკანასკნელი თვეების ნომრებში გამოქვეყნებულ წერილებში შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ დასავლური (და საერთოდ მსოფლიოს ქვეყნების) სამხედრო მშენებლობის გამოცდილების გათვალისწინებით, საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფისთვის რეალურად მზრუნველ 5-მილიონიან სახელმწიფოს მშვიდობიანობის დროს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში მამრობითი სქესის სამხედროვალდებული ახალგაზრდობის გაწვევისა და მომზადების, აგრეთვე რეზერვისტების გადამზადების პროცესები ისე უნდა ჰქონდეს აწყობილი და დარეგულირებული, რომ კრიზისულ სიტუაციებში ან ომიანობის დროს ერთი კვირის განმავლობაში საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში შეეძლოს იარაღით ხელში 500-550 ათასი ადამიანის მობილიზაცია.

სახმელეთო ჯარების თითოეულ ბატალიონს (დივიზიონს), ბრიგადას, დივიზიას ან საარმიო კორპუსს, თავისი შემადგენლობის და მიხედვით, გააჩნია განლაგების, გაშლისა და საბრძოლო მოქმედებათა წარმოების გარკვეული ტერიტორიულ-სივრცული მაჩვენებლები (ნორმატივები) როგორც ფრონტზე, ასევე სიღრმეშიც. ასეთივე მაჩვენებლები (საბრძოლო შესაძლებლობები) გააჩნიათ საბრძოლო ავიაციის თითოეულ რგოლს, ესკადრილიას, პოლკს ან საავიაციო ფრთას, საავიაციო დივიზიას, აგრეთვე საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდების (კატარღების) დივიზონს, ესკადრას, ფლოტილიას, სამხედრო-საზღვაო ბაზას. ასეთ პირობებში საქართველოს ტერიტორიისთვის დაახლოებით 500-ათასიანი შეიარაღებული ძალები, პლიუს სამოქალაქო თავდაცვის ძალები და საშუალებები, მეტად შთამბეჭდავი ძალა იქნებოდა ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად და ნებისმიერ პოტენციურ აგრესორს დააფიქრებდა, ღირებული იქნებოდა თუ არა მისთვის საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის განხორციელება.

როგორც ადრეც აღვნიშნავდით, ამასვე გვირჩევდნენ 1996 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ჩატარებული ნატო-ს ბლოკის პირველი წარმომადგენლობითი ღია კონფერენციის მონაწილე ნატო-ელი ექსპერტები და ჩვენში მომუშავე ამავე ქვეყნების სამხედრო ატაშეები. მაგრამ ასეთი გეგმების განხორციელებას წინ ეღობებოდა ის გარემოება, რომ 500-ათასიან შეიარაღებულ ძალებს სჭირდება შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის ჯავშანსატანკო ტექნიკა, საველე და სანაპირო არტილერია, საარმიო და ტაქტიკური ავიაცია, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო (საჰაერო თავდაცვის) შეიარაღება, საინჟინრო, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, მიზანჩვენების, მართვისა და სატრანსპორტო საშუალებები, მცირე ხომალდები და კატარღები, ხომალდსაწინააღმდეგო და ნავსაწინააღმდეგო (წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო) მართვადი სარაკეტო კომპლექსები და სხვა შეიარაღება.

მთელი ამ შეიარაღების შეძენისა და ექსპლუატაციისთვის ფინანსური სახსრებისა და დროის ფაქტორის გარდა, დამაბრკოლებელ გარემოებებს წარმოადგენს ისიც, რომ 1990 და 1992 წლებში მაშინდელი ევროთათბირის (ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით პარიზსა და ტაშკენტში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მაქსიმალური დასაშვები რაოდენობები (კვოტები) – 220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 285 საველე სარტილერიო სისტემა – მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნილებებს. შედარებისთვის, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს 5,2-მილიონიანი ფინეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 230 საბრძოლო ტანკი, საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის 1065-მდე მოჯავშნული მანქანა, 1940-მდე 100 მმ და მეტი ყალიბის საარტილერიო სისტემა, და სხვა შეიარაღება; 7,1-მილიონიანი შვეიცარიის არმიის შეიარაღებაში კი – 560-მდე საბრძოლო ტანკი, 1540-მდე მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფისა), საველე არტილერიის 1090-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, და სხვა შეიარაღება.

საქართველოს სამხედრო მშენებლობის ასეთი მიმართულებით განვითარების ნაცვლად, უკვე 1998 წლიდან, იმავე ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სპეციალისტებისა და ექსპერტების დაჟინებული რეკომენდაციებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებით, ჩვენში დაიწყო სულ უფრო ინტენსიური ლაპარაკი მცირერიცხოვანი, მობილური, პროფესიული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაზე, რაც ვითომდაც ნატო-ს ბლოკის სტანდარტებს შეესაბამება და ქვეყნის თავდაცვისთვისაც სავსებით საკმარისია. ვინაიდან ამ წლებში ქართულ საზოგადოებაში აღნიშნულ მოსაზრებას ბევრი ადამიანი ნდობით მოეკიდა, ამიტომ შევეცდებით ჩვენს მკითხველს ვაჩვენოთ, თუ როგორია სინამდვილეში ნატო-ს ბლოკის მონაწილე ქვეყნების მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და ომის დროს გამოსაყვანი შეიარაღებული ძალების რიცხოვნება და რა ძირითადი ფაქტორებით არის ისინი გათვალისწინებული.

1-ლ ცხრილში ნაჩვენებია სწორედ იმავე ლონდონირი წყაროს მონაცემები ნატო-ს ბლოკის რიგი სახელმწიფოების მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების შესახებ 1991 და 2000 წლებში. მთლიანობაში კი 90-იანი წლების დასაწყისში ნატო-ს მსხვილი ევროპული სახელმწიფოების – საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, თურქეთისა და ესპანეთის – მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 344,6 მლნ. ადამიანს, სამობილიზაციო რესურსი იყო 84,5 მლნ. ადამიანი, ხოლო მათგან ომიანიბის დროს ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავდა სულ დაახლოებით 9,6 მლნ. ადამიანის გამოყვანას. ამათ ემატებოდა აშშ და კანადიდან გადმოსროლილი გაძლიერების ჯარები, აგრეთვე ნატო-ს მცირე ევროპული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები, და, შესაბამისად, მოსახლეობასთან შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლის მიუხედავად (2,5 – 4 %), რიცხობრივად მაინც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

ცხრილი 1

ნატო-ს ბლოკის რიგ სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების რიცხოვნება

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები, ადამიანი /მოსახლეობის %/, B – ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები, ადამიანი /მოსახლეობის %/)

სახელმწიფო . . . მოსახლეობა, . . . . . A . . . . . . . . . . . . . . . B . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1991 წელს

საფრანგეთი . . . . . .56655800 . . . 453100 (0,79 %) . . . 2186600 (3,86 %)
გერმანია . . . . . . . . . 76877400 . . . 476300 (0,62 %) . . . 1485700 (1,93 %)
თურქეთი . . . . . . . . 56981800 . . . 579200 (1,02 %) . . . 1686200 (2,69 %)
საბერძნეთი . . . . . . 10174400 . . . .158800 (1,56 %) . . . . 591500 (5,81 %)
ნიდერლანდები . . 14810800 . . . 101400 (0,69 %) . . . . .253800 (1,72 %)
ბელგია . . . . . . . . . . . .9860800 . . . . 85450 (0,88 %) . . . . 314400 (3,24 %)
დანია . . . . . . . . . . . . . 5081800 . . . . 29400 (0,58 %) . . . .172100 (3,39 %)
ნორვეგია . . . . . . . . . .4207800 . . . . 32700 (0,78 %) . . . . 390700 (9,28 %)

2000 წელს

საფრანგეთი . . . . . 59425000 . . . . 294430 (0,49 %) . . . 1671930 (2,81 %)
გერმანია . . . . . . . . 82111000 . . . . 321000 (0,39 %) . . . . 658300 (0,83 %)
თურქეთი . . . . . . . 66130000 . . . .609700 (0,92 %) . . . . 988400 (1,49 %)
საბერძნეთი . . . . . .10692000 . . . .159170 (1,49 %) . . . . 450270 (4,21 %)
ნიდერლანდები . . 15794000 . . . . 51940 (0,39 %) . . . . . 84140 (0,53 %)
ბელგია . . . . . . . . . . 10126000 . . . . 21800 (0,42 %) . . . . 191300 (1,89 %)
დანია . . . . . . . . . . . . 5267000 . . . . 39250 (0,39 %) . . . . 145400 (2,76 %)
ნორვეგია . . . . . . . . . 4443000 . . . . 26700 (0,60 %) . . . . 287400 (9,28 %)

ასეთ პირობებში, ცივი ომის მეორე ნახევარში, ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობის გეგმებით, სადავლეთ გერმანიის საზღვრისპირა რაიონებში აღმოსავლეთ გერმანიისა და ჩეხოსლოვაკიის მახლობლად, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ განლაგებული იყვნენ ბრიტანული რაინის არმია, სამი დასავლეთგერმანული და ორი ამერიკული, თითო-თითო ნიდერლანდური და ბელგიური საარმიო კორპუსები, რომელთაც ევალებოდათ მუქარის პერიოდში საზღვრის მთელ გაყოლებაზე მათთვის დანიშნულ სამოქმედო ზონებში გაშლა და იქ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოება. ამას ითვალისწინებდა “მეწინავე მიჯნებზე თავდაცვის” ბლოკური კონცეფცია, რათა არ დაეშვათ ვარშავის პაქტის ჯარების არათუ დასავლეთით, საფრანგეთისა და ესპანეთის მიმართულებაზე გაჭრა, არამედ თავად გფრ-ის ტერიტორიის სიღრმეში გარღვევაც კი. ფედერაციული გერმანიის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი შედიოდა ცენტრალური ევროპის საომარ მოქმედებათა თეატრში (ომთ), რომელზედაც განლაგებული იყო ნატო-ს ბლოკის არმიების ორი კოალიციური ჯგუფი. არმიების ჩრდილოეთის ჯგუფში შედიოდნენ ბრიტანული რაინის არმია (საარმიო კორპუსის შემადგენლობისა), თითო-თითო დასავლეთგერმანული, ნიდერლანდური და ბელგიური საარმიო კორპუსები, ერთი ტაქტიკური საავიაციო სარდლობა და სხვა ჯარები. მის სამხრეთით განლაგებულ არმიების ცენტრალურ ჯგუფში – ორი დასავლეთგერმანული და ორი ამერიკული საარმიო კორპუსები, კანადური ჯავშანსატანკო ბრიგადა, კოალიციური ტაქტიკური საავიაციო სარდლობა და სხვა ჯარები.

შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სარდლობის გეგმებით, ნიდერლანდებისა და ბელგიის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ევალებოდა გფრ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში დისლოცირებული თითო-თითო საარმიო კორპუსის დაკომპლექტება, რაც შედარებით ნაკლები რიცხვის რეზერვისტების მობილიზაციას ითვალისწინებდა. ნიდერლანდური საარმიო კორპუსის საბრძოლო შემადგენლობაში 1980-იან წლებში შედიოდა სამი მექანიზებული ქვეითი დივიზია (თითოეულში ერთი ჯავშანსატანკო და ორი მექანიზებული ქვეითი ბრიგადით), აგრეთვე ერთი ცალკეული ქვეითი ბრიგადა; ბელგიური საარმიო კორპუსის შემადგენლობაში – ერთი ჯავშანსატანკო და სამი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, ერთი საპარაშუტო (“კომანდოსების”) პოლკი, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. თავად ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება მოსალოდნელი არ იყო, ხოლო მოწინააღმდეგის დესანტებთან და სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლის ამოცანების გადაწყვეტა ეკისრებოდა ადგილობრივი (ტერიტორიული) თავდაცვის ჯარებს. სწორედ ასეთი მოკრძალებული ამოცანით იყო განპირობებული თავად ამ ქვეყნების ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების მეტად მოკრძალებული რიცხოვნებაც – მოსახლეობის 1,7 – 3,3 %.

ნიდერლანდებისა და ბელგიის ანალოგიურად დანიაც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის საზღვრებიდან ფედერაციული გერმანიის ტერიტორიით იყო დაშორებული და, შესაბამისად, მისი სარდლობის წინაშე საკუთარი ტერიტორიის თავდაცვის შედარებით მოკრძალებული ამოცანები იდგა, სადაც ასევე ნაკლებ სავარაუდო იყო მოწინააღმდეგის მსხვილი დაჯგუფებების შეჭრა. ამიტომ დანიის სახმელეთი ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა ერთი დივიზიის შტაბი, ხუთი მექანიზებული ქვეითი და სამი ქვეითი ბრიგადა, ორი ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი, ტერიტორიული თავდაცვის ჯარების ხუთი პოლკი და სხვა ერთეულები. ხოლო მთლიანად შეიარაღებულ ძალებში ომიანობის დროს დანიური სარდლობა გეგმავდა მოსახლეობის სულ 3,4 %-ის მობილიზაციას.

მათგან განსხვავებით ნორვეგია უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს, ანუ დღევანდელი ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, “ცხელ რაიონში” მდებარეობდა. ამიტომ ამ ქვეყნის სარდლობა და ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობა გეგმავდნენ ომიანობის დროს ნორვეგიის თავდაცვის უზრუნველყოფისთვის მისი მოსახლეობის 9,3 %-ის მობილიზაციას, რასაც დაემატებოდა თავიდან ნატო-ს მობილური ძალების რამდენიმე გაძლიერებული ბატალიონი და საავიაციო ესკადრილია, ხოლო შემდეგ კი დამატებით გაძლიერების ძალები დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.

ნორვეგიის ტერიტორიაზე თავდაცვითი მოქმედებების წარმოებაში ნატო-ს ბლოკის სარდლობას დიდად დაეხმარებოდნენ ნეიტრალური სკანდინავიური ქვეყნებიც – შვედეთი და ფინეთი, რომელთა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძვანელობაც საკუთარი ტერიტორიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად ომიანობის დროს გეგმავდა შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის 10 – 12 %-ის მობილიზაციას. ასეთ პირობებში საეჭვო იყო, რომ საბჭოთა მოტომსროლელ დივიზიებს ადვილად დაეძლიათ ფინური და შვედური არმიების წინააღმდეგობა და ხმელეთიდან მსხვილმასშტაბიანი შეჭრა განეხორციელებინათ ნორვეგიის ტერიტორიაზე. ამიტომ ნატო-ს სარდლობა ამ თეატრზე უფრი მეტად მოელოდა მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო და საჰაერო დესანტების გადმოსხმას და ძირითადად მათთან საბრძოლველად ამზადებდა ნორვეგიულ და კოალიციურ ჯარებს.

მაგრამ ამჯერად ჩვენთვის აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნატო-ს ბლოკში ცივი ომის პერიოდში ჯარების რიცხოვნებასთან დაკავშირებით არანაირი “სტანდარტები” არ არსებობდა, არამედ თითოეული სახელმწიფო, ბლოკის სარდლობასთან შეთანხმებით და ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით, კონკრეტული ამოცანებიდან ამომდინარე, გეგმავდა ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნებას და ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს. ნატო-ს ბლოკში მიღებული პრაქტიკით, ე. წ. “ცხელი რაიონებიდან” დაშორებული მცირე სახელმწიფოების სარდლობები შეიარაღებულ ძალებში ითვალისწინებდნენ ქვეყნის მთელი მოსახლეობის 1,7 – 3,4 %-ის მობილიზაციას, ხოლო “ცხელი რაიონის” სახელმწიფოები კი, ნეიტრალური ქვეყნების მსგავსად, მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის ტოლი შეიარაღებული ძალების გამოყვანას.

ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო-ს ბლოკის უმეტეს სახელმწიფოებში მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და გასაწვევად განკუთვნილი მომზადებული რეზერვის რიცხოვნება, ძირითადი შეიარღება, შენაერთებისა და ნაწილების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნა. მაგრამ ამ პირობებშიც უცვლელი დარჩა მოსალოდნელ სამხედრო მუქარებზე ადექვატური რეაგირების ფუძემდებლური პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით, თუკი 2000 წელს ნიდერლანდების, ბელგიისა და დანიის სარდლობები გეგმავდნენ კრიზისულ სიტუაციებში შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის სულ 0,5 – 2,8 %-ის მობილიზაციას, ნორვეგიაში ეს მაჩვენებელი მაინც შეადგენს 5,6 %-ს. ამასთანავე, ასეთი დაბალი რიცხობრივი მაჩვენებლის გამომწვევი პირობების უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩენისთვის მე-2 ცხრილში მოვიყვანთ ევროპის ტერიტორიაზე ნატო-ს ბლოკის ძირითადი შეიარაღებისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსეთისა და მის მოკავშირეთა) ძირითადი შეიარაღების რაოდენობრივ მონაცემებს, როგორც 80-იანი წლების მიწურულს, ისე 2000 წელშიც.

ცხრილი 2

ნატო-ს ბლოკისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსეთ-ბელორუს-სომხეთის კავშირის) ძირითადი შეიარაღება 1980-იანი წლების მიწურულსა და 2000 წელში

1980-იანი წლების ბოლოს

შეიარაღება . . . . ნატო-ს ბლოკში . . ვარშავის ხელშეკრულებაში

საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . . . . .22700 . . . . . . . . . . . . . 35560
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . .30125 . . . . . . . . . . . . . 48900
საველე
საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . 18580 . . . . . . . . . . . . . 29300
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . . . . . 1690 . . . . . . . . . . . . . . 1560
საბრძოლო
თვითმფრინავები . . . . . . 5580 . . . . . . . . . . . . . . .8730

2000 წელს

შეიარაღება . . . .ნატო-ს ბლოკში . . . რუსეთ-ბელორუს-სომხეთის
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . კავშირში . . . . . . . . . 

საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . . . . .16850 . . . . . . . . . . . . . . 7100
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . .31480 . . . . . . . . . . . . . 12230
საველე
საარტილერიო
სისტემები . . . . . . . . . . . . 17530 . . . . . . . . . . . . . .7850
დამრტყმელი
ერტმფრენები . . . . . . . . . . 1390 . . . . . . . . . . . . . . .815
საბრძოლო
თვითმფრინავები . . . . . . 4280 . . . . . . . . . . . . . . 1855

აღნიშნული ცხრილი მიახლოებითია, მაგრამ მაინც კარგად გვიჩვენებს ძალების განაწილებას და ნატო-ს ბლოკისადმი არსებულ პოტენციურ სამხედრო მუქრებს ცივი ომის ბოლო წლებში და დღევანდელ ეტაპზე. მასში არ არის ნაჩვენები რუსეთის აზიურ ნაწილში და აშშ-ის კონტინენტზე განლაგებული შეიარაღება, არც დღევანდელი ირანის შეიარაღების რაოდენობა, რომელიც სავარაუდო კონფლიქტში შესაძლოა თურქეთის საწინააღმდეგოდ რუსეთის მხარეზე მოვიაზროთ, მაგრამ თავად ირანს ასეთ პირობებში სპარსეთის ყურის რაიონში შეექმნება სერიოზული სამხედრო მუქარა თუნდაც მხოლოდ აშშ-ის “სწრაფი გაშლის ძალებისგან” და, ბუნებრივია, მას თავად დასჭირდება რუსეთისა და სხვა მოკავშირეების დახმარება. ომს ასეთი კანონები აქვს და ეს ბუნებრივია.

საგარეო სამხედრო მუქარის მნიშვნელოვნად შემცირების შედეგად, ნატო-ს ბლოკის უმეტეს სახელმწიფოთა წინაშე ალიანსის ხელმძღვანელობა სვამს უკვე ახალ ამოცანებს. მაგალითად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალის Зарубежное Военное Обозрение, რომელიც თავის წერილებს ამზადებს დასავლურ ღია სამხედრო გამოცემებში გამოქვეყნებული მასალების დაფუძველზე, 1996 წლის 10-ე ნომერში გამოქვეყნებულ წერილში «Сухопутные войска Бельгии» ვკითხულობთ: “ბელგიის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ცივი ომის დასრულების შემდეგ გაატარა რეფორმები შეიარაღებულ ძალებში, რომელთა ძირითადი მიზანიც იყო მცირერიცხოვანი, მობილური, მაღალეფექტური შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელსაც შეეძლება (უზრუნველყოს) ქვეყნის აუცილებელი მონაწილეობა ლოკალური კონფლიქტების აცილებასა და დარეგულირებაში როგორც ნატო-ს პასუხისმგებლობის ზონაში, ისე მის გარეთაც” (როგორც ვხედავთ, ქვეყნის თავდაცვაზე აქ არაფერია ნათქვამი, რადგან ასეთ ამოცანას უკვე ვეღარც ხედავენ და შესაბამის შეიარაღებულ ძალებსაც აშენებენ; ჩვენთან კი მდგომარეობა ასე არ არის).

ამის შესაბამისად, როგორც ზემოთ ვნახეთ, ომიანობის დროის ბელგიის შეიარაღებული ძალების რიცხოვნება შემცირებულ იქნა 191300 ადამიანამდე, რაც ქვეყნის მოსახლეობის სულ 1,9 %-ს შეადგენს, ხოლო ამ შემცირებული ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში 2000 წელს ნაჩვენები იყო სახმელეთო ჯარების ერთი მექანიზებული ქვეითი დივიზია (სამი მექანიზებული ქვეითი ბრიგადით), საბრძოლო უზრუნველყოფის დივიზია, “კომანდოსების” საპარაშუტო ბრიგადა და მსუბუქი საავიაციო ბრიგადა (ორი ტანკსაწინააღმდეგო და ერთი სადაზვერვო სავერტმფრენო ბატალიონებით), ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 11 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი; საჰაერო ძალების შვიდი საბრძოლო და ორი სასწავლო-საბრძოლო ესკადრილია, ორი სატრანსპორტო, ორი სასწავლო და ერთიც ბრძოლის ველზე მეთვალყურეობის საავიაციო ესკადრილიები; საზღვაო ძალების საბრძოლო და ზღვაში ნაღმსაწინააღმდეგო ბრძოლის ესკადრები. მათ შეიარაღებაშია 140 საბრძოლო ტანკი, 141 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 230 საბრძოლო უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანა, 242 საველე საარტილერიო სისტემა და 100 ერთეული 81-მმ ნაღმსატყორცნი, 480-მდე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 50-ზე მეტი თვითმავალი საზენიტო დანადგარი და 180-მდე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 28 დამრტყმელი, 18 სადაზვერვო და 40-მდე სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენი; 165 საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო, 80 სატრანსპორტო და სხვა დანიშნულების თვითმფრინავი; სამი მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი, 11 ტრალერი (საზღვაო ნაღმებთან ბრძოლის ხომალდი), 12 დამხმარე გემი და სხვა შეიარაღება.

ასეთია თუნდაც “მცირერიცხოვანი, მობილური და ეფექტური” ბელგიური შეიარაღებული ძალები, რომლის მიზანიცაა ბელგიის ტერიტორიიდან მრავალი ასეული და ათასეული კილომეტრის დაშორებით “ლოკალური კონფლიქტების თავიდან აცილებასა და დარეგულირებაში მონაწილეობა”. მაგრამ თავად ბელგია რომ მდებარეობდეს ე. წ. “ცხელ რაიონში”, მას რომ ჰქონდეს ტერიტორიები დაკარგული და ჰყავდეს მოსახლეობა, საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული, მაშინაც მისი სარდლობა მხოლოდ ასეთი მცირერიცხოვანი ჯარების შექმნით შემოიფარგლებოდა, თუ უფრო მეტ ღონისძიებებს მიმართავდა საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად? და თუკი ნატო-ს ბლოკის სარდლობა მოსთხოვდა მას, შემოფარგლულიყო ისევ მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯარების მშენებლობით, და მეტი ზომებისთვის არ მიემართა, მაშინ თანამედროვე სამხედრო საქმეში კარგად გაცნობიერებული ბელგიური ხელმძღვანელობა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა?

მაგალითად, იმავე ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1991 წლის მე-2 ნომერში გამოქვეყნებულ წერილში «Морская стратегия» ვკითხულობთ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა ფიქრობდა თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის გააქტიურებას თავად საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ჩრდილო-დასავლეთ საზღვრების მახლობელ წყლებში, მაგრამ “სკანდინავიური ქვეყნების უარყოფითმა პოზიციამ, რომლებიც ობიექტურად აფასებენ ნორვეგიისა და ბარენცის ზღვებში ამერიკული ფლოტის ღრმა წინსვლის მთელ საშიშროებას, აიძულა ამერიკელები, მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვათ კოლის ნახევარკუნძულის მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გეგმების შემუშავებაზე”.

სამწუხაროდ ჩვენთან “ნატო-ს სტანდარტებად” ასაღებენ იმას, რაც არათუ ნატო-ს ბლოკში, არამედ სამხედრო საქმეში ჩახედული ხელისუფლების მქონე და საკუთარი თავის პატივისმცემელ არც ერთ ქვეყანაში სიზმრადაც კი არ მოეჩვენებათ. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება, ე. წ. პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი ნორვეგიელი, შვედი და ფინელი კოლეგებივით მფრთხალები და ლაჩრები არ გამოდგნენ და უკანმოუხედავად დაუჭირეს მხარი კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით “შეტევითი მოქმედებების” განვითარებაში იმათ, ვინც კარგად იციან თუ რას რიშნავს თუნდაც “ნატო-ს სტანდარტების მცირერიცხოვანი, მობილური და ეფეტური” შეიარაღებული ძალების ნამდვილი საბრძოლო შემადგენლობა და შეიარაღება (ახლა ეს ჩვენც ვიცით, თუნდაც ბელგიის მაგალითზე), ჩვენ კი თუნდაც ამ “ძალების” მეათედით დაკმაყოფლებას გვირჩევენ, ანუ უბრალოდ გვატყუებენ.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment