Tuesday, February 22, 2011

მარიამ ქსოვრელი–ხართიშვილის ლექსები

ცოტა რამ ავტორის შესახებ
(კრებულიდან „პოეტური სიტყვის რთველი“)

დავიბადე 1956 წლის 21 იანვარს თბილისში, გავიზარდე სოფ. კავთისხევში. მშობლების, შუათანა დისა და ნათესვების შემდეგ მეორე სახლს ჩვენთვის, ყველა ბავშვისათვის კერა _ საბავშვო ბაღი წარმოდგენდა, რომელიც კავთურის პირიდან შემაღლებულ ადგილზე სოფლის შუაგულში მდებარე თარხნიშვილების სახლში იყო გახსნილი თავისი აკაციის ხეებით შემოფარგლული, დიდი ყვავილნარიანი ლამაზი ეზოთი. მაშინ ყველაფერი ჩვეულებრივი, თბილი და ტკბილი იყო, რაღაც გამოკვეთილად მაინც და მაინც არაფერი ხდებოდა, რადგან ყველაფერს ერთნაირად აღვიქვამდი.

დავამთავრე თბილისის 58-ე საშულო სკოლა. დაბალ კლასებშივე, როცა ლიტერატურას ვსწავლობდი, მახსოვს, და დღეს ვაცნობიერებ, ჩემთვის გამორჩეული ლექსები, მოთხრობები და ისტორიული ამბები გაკვეთილი კი არ იყო მარტო რაღაც სასწავლი, მას წაკითხვისთანავე არა მარტო ვიმახსოვრებდი, არამედ ვიაზრებდი და ახლანდელი გადასახედიდან რომ შევხედოთ, საყრდენს ვნახულობდი მასში. „ცოდნა სინათლეა...“ ვკითხულობდი, ვხედავდი და ჩუმი სიხარული მიპყრობდა.

ჩაბმული ვიყავი საქართველოს ნორჩ ტურისტთა და მხარეთმცოდნეთა კლუბში საქვეყნოდ ცნობილი მზია დეიდას, მზია ერისთავის თაოსნობით. ბორჯომის რაიონში, გუჯარეთისწყლის ხეობში, გვერდისუბანში გვქონდა კარვებიანი ბანაკი ზაფხულობით, სადაც ვიკრიბებოდით სხვადასხვა კუთხის მოწაფეები და ვეცნობოდით ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიასა და ისტორიას, თბილისის ისტორიას, და ვმოგზაურობდით.

1978 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, გერმანისტიკის განყოფილება, აგრეთვე ხელოვნებთმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი. ვესწრებოდი გოეთეს სახელობის ლიტერატურული საზოგადოების სხდომებს, რომელიც იმ პერიოდში საოცარი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. ვიღებდი ზოგად განათლებას, ვუსმენდი საინტერსო ლექციებს. ვსწავლობდი და ვეცნობოდი ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, რაშიც მეხმარებოდნენ ჩვენი გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები. ეს იყო ძნელი და სერიოზული გზა, უნდა ჩავწვდომოდი სიღრმისეულად ამ ცოდნას და მიმეღო ის, რაც მჭირდებოდა შემდგომი ცხოვრებისა და საქმინობისთვის. ასევე რაც უმთავრესია, უნდა მეპოვნა სულიერი სიმშვიდე. და აი, ამ ძიებამ მალევე მომიყვანა ტაძარში, რომელიც თავდაპირველად აღმოჩნდა ჩემი სულიერი თავშესაფარი, შემდეგ კი მთელი ცხოვრების გზის მაჩვენებელი, მომნიჭებელი უფლისმიერი სიხარულისა და სათნოებისა.

ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ვთარგმნი გერმანული ლიტერატურის ნიმუშებს. გამოცემული მაქვს ნათარგმნი წიგნები. მათ შორის მინდა გამოვარჩიო: „გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია“, ჰერმან ჰესეს რომანი „ნარცისი და გოლდმუნდი“, ფრიდრიხ ჰოლდერლინის „იმედი მომავალ საუკუნეთა“, ანგელუს სილეზიელის „ქერუბიმული მოგზაური“ (I წიგნი), სელმა ლაგერლოფის „მოთხრობები“, გრიგოლ რობაქიძის „წერილები ნიკოს კაზანძაკისისადმი“.

ვწერ ლექსებს, ძირითადად სტუდენტობის შემდეგ დავიწყე ლექსებად იმის გადმოცემა, რასაც ვწვდებოდი და ჩემთვის ამისი გადმოცემის აუცილებლობა იქმნებოდა. ეს ნაწერები მდინარის წყალს ჰგავს, მხოლოდ ხანდახან გამოჩნდება გამოკვეთილი სახე. ეს ასე იყო, ძალით არაფერი მომიგონია, დაკვირვებითა და წვდომით ჩამიწერია. და ეს ერთგვარად ჩემს სულიერ ავტობიოგრაფიას წარმოადგენს. ჩემი ლექსების პირველი კრებული გამოვაქვეყნე 1996 წელს. წლების მანძილზე ვასწავლიდი გერმანულ ენას უმაღლეს სასწავლებელში.

მყავს მეუღლე, ორი და, ხუთი დისწული _ სულ ერთმანეთზე უკეთესები, საყვარელი და ძვირფასი მეგობრები. ვაფასებ ყველგან ღირსეულ და პატიოსან ადამიანებს. ვისურვებ ერთმანეთი შესაფერისად დაგვეფასებინოს და ყველას ჩვენ-ჩვენი საქმით გაგვეწიოს სამსახური ჩვენი ქვეყნისათვის, რაც ყოველთვის სჭირდება მას, მით უმეტეს დღეს, როცა მარადიული ღირებულებების ნაცვლად წარმავალს აყენებენ უცერემონიოდ წინ. დღეს ვინც პირველს მიჰყვება, რადგან სხვაგვარად არ ძალუძს, მავანთ მოძველებულად, ჩამორჩენილად უნდათ ჩათვალონ, მაგრამ მარადიული მარადიულია და წარმავალში უნდა დაიჭიროს ის თითოეულმა.

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი


ლექსები ძველი კრებულიდან

(გამოიცა 1996 წელს)


* * *

მე არ ვტიროდი.
მე ვისმენდი სხვათა ტირილებს
და შევდიოდი მამლის ყივილში
და ძაღლის ყეფას მივყვებოდი იმ ადგილისკენ,
სადაც გოდებენ მხოლოდ უხმოდ,
მე არ ვტიროდი.


ტანჯვა

მთვარისფერი სახე
სევდაში გარდამეცვალა.
თვალების სხივი
მიწას აფიქრდება
და ფორმათა ჩაკეტილი სიმარტოვე
მიუკარებლად
გამოუთქმელ სიმყუდროვეში მიმეძალება.
მდინარედ მივალ,
მარადს შევერთვი
ვერამოსუნთქვად.


* * *

გზა შედის
უსიერ ტყეში,
სადაც ხარობენ
შავი ხეების
მწვანე დღეები, _
და მე მივყვები. . .
ჩემი ღრუბლები
შენზე ტირიან
დიდი ხანია, _
დავიწყებიათ საკუთარი.


* * *

მთვარე ჩადგა.
ჩაწვა სამთვაროს.
ის იღვრებოდა ღამის სიუცხოვით.
(გადამილოკეს სიხარული).
და ჩადის ნახევარმთვარე
მკვდარი სისავსით.


* * *

შენმა ნაცრისფერი წვიმიანი
ღამეების სიჩუმემ
ჩემი იისფერი სიმყუდროვის
სარკმელებთან ჩამომსხდარი
გათოშილი ბეღურების
უსინთლო იმედების
უმწეო ზღაპრები
დაათრო.


* * *

შენ გარდამცვალე ყველას გულებში,
გადამაფარე ჩემეული ჩუმი საღამო.
მიმაცილებდა გალობა შაშვის. . .
თვალთ ყოველივე
გაიმარტოვეს,
ო, ისე მყუდროდ,
ამომისუნთქე
ვით სამუდაოდ.


საღამო

ბინდი მიცურავდა
და ყანაც ღვინისფრად სთვლემდა,
მომკილ თავთავებს
მოხუცი ცოლ-ქმარი
კონებად კრავდა,
ყრმა მწყრებს დასდევდა,
ხბო ბალახობდა,
შაშვი გალობდა, _
ბინდი მიცურავდა. . .


* * *

შენი ხეების დამტვრეული ტოტები,
ნაადრევად ზამთრიანი,
ჩემი მთვარიანი ღამის კალთაზე დაიყარა. . .
ჩემი პატარა ვარსკვლავები,
სიზმრინი, ცისფერი ყვავილები
თოვლის ფანტელებით დაიფარა.


საღამო

ცა დუმილისფერობდა
ღრუბელთა მწუხრში,
როგორც ქვათა ოცნების
სიზმარში გაჭრა.
მიწა ეხვეოდა საღამოს ხელებით
და იხუტებდა დახურულ მკერდთან.
მეფობდა ღამის უმანკო გოდება;
სიჩუმე წურავდა დარდიან მანდილს
და გვატკბობდა.


* * *

შენ იფერებ
მხოლოდ შენ მსგავსებს,
მხოლოდ პოეტებს. . .
შენ წვიმხარ ჩემი დღეების ფერით
და ვმყუდროვდები.
მიედინები და ისევ ის ხარ.
მოვარდება მერე ხანი
და ისე მიხვევს,
რომ ხელმეორედ ამოფეთქვით,
ოჰ, მერამდენედ ვიბადები!
ჩვილის ცრემლების ნათლით
ყველას გეხვევით,
თქვენ, ვინც ეხვევით
ბორბალზე ბედის.


* * *

მიუცხოვდება წარსული
და ძვალდება დარდი.
ჩვენს შორისა წევს
სიჩუმისფერი სივრცე.
ყოველ საღამოს მე ვიბადები
და ღამეული გაზაფხულებით
გიახლოვდები.
(მე ვხედავ დედამიწას,
როგორ ამოსდის ტანზე ყვავილი
და მეხილება სამყარონი სულიერ თოვის).


წვიმა

წვიმს.
გული წვიმს
მიწად იგრძნო
კოსმიურმა ცრემლმა,
გულმა ჩემფერმა.
ჩავინისლები
და დავრჩები სამუდამოდ,
ვითა სიზმარი,
რომელსაც ვეღარ იხსენებენ _
იწვიმებს ბევრჯერ ათასფერებად.


ჟამს ფერისცვალების

ქარი ქრის,
ქარი ქრის
და მე ვარ საყდრად _
ჩემს სიმარტოვედ.
მდინარის შუაწელი
ღამისკენ მიიქცა,
დამძიმდა სარკმელთან
ცის ჩამონაჭერი
და დმიღონდა ფერი მტრედისა _
ჩაფერფლილ სახიდან აღმდგარი თვალები.


* * *

შენი არს უფალო,
მსუფევი ყოველი.
შენდამი მომნდობი
წყალობას მოველი.

დაჩრდილე ცოდვანი,
სინათლით დაფარე.
მივუხვდი განსაცდელს,
არცოდნა მაკმარე.


ქება შემოდგომისა

სიტკბოს მოწეულს,
დაბინდულ ძოწეულს,
გადასცემ ნაყოფს
და მერე ფიქრად ჩამოიფოთლები,
დადგები სხივოსანი,
გარინდების ფრთოსანი,
და თესლს ნაყოფისას
დაესიზმრები და აუხდები
სიტკბოს მოწეულს,
დაბინდულ ძოწეულს, უძღვნიან ნაყოფს. . .


* * *

სინანულის დიდ ქვეყანაში
დრო უსასრულოდ გამეფებულა.
ო, მერამდენედ
ლოკავს წყალი
ზღვის სანაპიროს.
თვალ-მარგალიტი
ფსკერით ამომაქვს
დრო და დრო თმენით.
მაცხოვრის ხატის წინ
იფრქვევა
ნაჟური ჩუმი.


ლიტანიობა

სულისწამღები სიმყუდროვითა და სიჩუმით,
ნათლიანი ბინდით ჩაკარგულა გზა,
შენსკენ მავალი, შენი წიაღისკენ, ადამიანო,
გზა მარტოული, მოხილული ღვთის
სხივოსნობით,
გზა უღრან ტყეში,
სად ხეთა ჩრდილი
უტყვი დინებით
უბრუნდება საკუთარ სახეს,
და სად შროშანა ცრემლიანი ზარებით
ხარობს
და მგალობელი ტყისა ფრინველი
გზად გეგებება _
ხმა მოღაღადე, _
რათა დათრგუნო შიში ნადირთა _
ხმა ძალოვანი. . .
გზა შენსავ თავში,
შენი სახლისკენ მიმავალია,
დასაწყისია და დასაყრდენი,
საყდარია შენი ხატების,
შენი, უფალო.
მარადწვანეა ჩვენი ღიმილი და
მოკრძალება. . .


მხედართა დაკრძალვა სოფელში

წყვილ-წყვილად მიაქვთ თქვენი ცხედრები
დღეს-ხვალიობით. . .
სუნთქავს სოფელი, ის ცხოვრებას მაინც აგრძელებს.
თქვენი დუმილი აჯავრიანებს შეწუხებულებს.
სიცხეა მწველი, ქარი დაჰქროლებს.
სროლის ხმა ისმის ;
ეს ნიშანია ავბედითი ჟამიანობის,
დედაბუნებას რომ ეუცხოვა.
წამს ირინდება ყველა სულდგმული,
და ოდეს კარი იმა ქვეყნისა მთლად განიხვნება,
მამლიხ ყივილი ერთიანად მარადისობას
აახმიანებს. . .
შედიხართ იქით,
ჩვენ აქეთ ვრჩებით.
განშორებულნი მაინც ერთად ვართ.
ამაღამ ჭოტი უკვდავების ხმით დაიძახებს
სახელებს თქვენსას,
და გარდასული წინაპრები, დაოსებულნი გარინდებით, შეირხევიან
და ცას დაცხრილულს ვარსკვლავებით ჩვენ დაგვილოცვენ,
ნეტარ არს იგი, ვის შეწირულის ლოცვა ეწევა.


ლოცვა

მომხედენ, უფალო,
გააღვიძე ჩემში სიხარული შენი და კეთილნი
საქმენი შემასრულებინე.
სიბეცისა გამო ნცრისფრად იქცა შუქი ჩემი
და უგუნურების შეცხადების გამო მწუხრად ვიქმენი და
ზედმეტი მგრძნობელობისა გამო
მცირედღა შემწევს ძალა მე ბრძოლისა.
შენად მომაქცია გაჭირვებამ, _
მფარავდე მარად.
განვიდეს ყოვლისაგან ფუჭი ღირსებანი და
მთლად საკუთარი სამყაროს შენად მოქცევის
კრძალვა და შიში მოენიჭოს.
რამეთუ მშვიდობაი მოწეული თმენით და
მთელი არსების ყურად შენად მოპყრობა
ღირსგვყოფს ჩვენ სუფევად.
გვიწყალე, ღმერთო ჩვენო, და
ჩვენი უვიცობისა გამო
ნუ მიიქცევ პირსა ჩვენგან,
შენ ჩაგვისახე სიხარული შემდგომ ტანჯვის გადატანისა.


საქართველო

წარსული ჩვენში _ მთავარი ძარღვი _
ვინ იგრძნო დღეს აქ,
ვინ მოირჩინა დიდი წყლული _ წარმართი _
გულში,
ვინ, ვინ შეჰხარის
მომავალს უფლით,
ვინ იღვწის მისთვის,
უფლის გულისთვის,
ვინ ებრძვის ხილულს
და უხილავს მტერს უძინებელს?
აი ამათი ხარობს სიცოცხლე _
ქვეყანა მკვიდრობს.


ბრძოლა

ბოროტი სოფლისა
ხარობდა რამდენჯერ,
მამჩნევდა სიმწარეს
ოდეს ამქვეყნიურს.
და თავად მძლავრობდა,
ლოდს როს დამადებდა,
მდუმარედ მიმზერდა,
შვებით ისვენებდა.
არ იცის, არა სცნობს
სიმართლეს, სძულს ოდენ. . .
ქვა ქვას ედებოდა,
სახლი შენდებოდა,
სული წმიდითა _
ტაძარი ძლევისა.


* * *
(ხე შემოდგომის ხეივანში)

ეს წელი შენს ტანს, ო, რა ლამაზად
შემოეღვენთა,
ენთე, იწვოდი და
ნაღვლიანი მომწვანო ფერი,
მოზეიმე ყვითელ-ყვითელი
გარს გეხვეოდა.
შენ შენი წილი სილამაზით ჩუმად ტკბებოდი
და ალდებოდი. . .
თავისთავადი სუფევა ხომ შენი წესი არს.
შენ არავის უხმობ,
მაგრამ ვინმე თუ მოგიხილავს,
მწამს, ორნივ ერთად რომ გაიხარებთ.


* * *

ზეცად მიიწევს, მიილტვის სული
დღითი-დღე ლოცვით.
ამაოებას განვეშორები.
სული იდუმალ
ახლდება შენით.
შეხლა-შემოხლით გაწამებას
ითმენს სალმობით,
დასცქერს სიმაღლით
საზრიან ყოფას, უაზროდა ქმნილს,
რამეთუ ნატრობს,
გულით ითხოვს
ირგვლივ მყოფთა თვალის ახელას,
თვალის ახელას,
უფალო შენით,
რამეთუ კაცი
ღვთის ხატად ქმნილი
სათუთი არის
ვითარც ყვავილი.


* * *

სად ხარ სამშობლოვ,
სად ვეძიო ფესვები შენი?
ჯვარცმულსა გხედავ,
მეც ჯვარვცმულვარ
სალმობით შენით.
ვინაც ჯვარცმასა ვერ დაითმენს,
ვერ ეღირსება
ის აღდგომის გაზაფხულებას,
ის ვერ შეიტკბობს
წამებულთა ნეტარ დიდებას,
ვერცა აწმყოის უგვანობას
განეშორება და
მომავალსა _ სასოდქმნილსა
ლოცვისა ძალით
ვერ დაენდობა.
ტაძრებსა შინა შენ მოგიხილავ
მამულო ჩემო,
მაცხოვრის ხატსა _ მარადუხრწნელსა,
უკვდავ ცხოვრებას _ წარუვალსა მდინარესა
მე მივემთხვევი.


ბუნებითი ცხოვრება

შაშვი იძახის,
ნეტარად გალობს,
ადიდებს უფალს,
თვვის თავს ვერ ფარავს.
თავს ვხრი მადლობით
წინაშე ღვთისა.
ოდეს დიდებით
მე რ მიქია,
ვიდრეკ ქედს კრძალვით.
როს მერეოდა ძალა ამაო, ამქვეყნიური,
მასულდგმულებდა ციური ძალა,
თრგუნავდა ნებას.
არის ცხოვრება ნამდვილი, წმინდა,
მივიწყებული ყოველი მხრიდან.
ფრინველ-ყვავილნი,
ღვთის ხელით ქმნილნი,
ხარობენ თვისთვის.
უსიყვულოდ ძენი კაცისაც
რომ ვერა სძლებენ?
ნუთუ დაჩება გარნა სულისა
რამე მუდმივი ამ ქვეყანაზედ?


* * *

სიყვარულის წილ
მწარე ნაყოფს სიძულვილისას
როს გაგემებენ,
წყნარი ნაბიჯით
გაუყვები კვლავ ტყეს უსიერს,
შენ ყურს მიაპყრობ ფრინველთ გალობას,
ველის ყვავილებს თვალს ვეღარ მოწყვეტ,
საგრილობელში ღვთის ანგელოზი
ციურ მანანას შემოგთავაზებს.


ლექსები კრებულიდან „პოეტური სიტყვის რთველი“

(გამოქვეყნდა 2010 წლის ივლისში)


* * *

ბუნება ესე უნაზესი ფერებით ხარობს:
ზეაღტაცდება კვლავაც ყვავილით...
სკდება კვირტები, სუნთქვა მატულობს,
ქვეყანა ფიქრის გადაიშლება,
მოდის ფოთლები...
სურნელი ტკბილი ყოველს აფხიზლებს,
სულს წამიერად გამოაღვიძებს.

ვნებათ დათმენის დღეებია, დიდი დღეები,
შენს ტაძრად კრებულს განუცდია წამება შენი,
ვითა ფრინველნი შემოყუჟულან, მოსულან შენით,
მათ თვალებიდან ცრემლი მოჟონავს
და დადინდება მართალი ცრემლი _ ვით მარგალიტი.
როს იხილვიან ამ დათმენას,
შეარცხვენთ ბიწი მათ საკუთარი;
ფრინველთა სტვენა ტაძარშიც აღწევს,
ისმის გარედან გალობა მათი.
ო რა სინაზით ჩანს სილამაზე _
იესო ტკბილის ცხოვრებას ავყვეთ:
რეკენ ზარები, დღეს უფრო სევდით რეკენ ზარები,
სული ყოველი, სული მღვიძარე მოემართება
უფალო შენით შენს წიაღისკენ _
მარადიული სამკვიდროსაკენ უქნიათ პირი.


* * *

მარადისობა დღეს
ჩვენში სუნთქავს,
ჩვენში ცხოველობს.
ვინც ეს შეიცნო
ნიადაგ ცდილობს ღირსებით განვლოს
გზა გასავლელი.
ჩვენო მამულო,
ჩვენო ლამაზო და მშვენიერო,
შენი ბუნებით გამორჩეულო,
ჩვენს წინაპართა, ო რა დიდებით,
აქ უღწვიათ,
და უქიათ სახელი უფლის.
სულზე უტკბესო,
ჩვენ ამას ვხედავთ:
ჩვენი წარსული სანუკვარი
ძირია ჩვენი,
უნდა ვიფხიზლოთ,
გამოვაღვიძოთ ნამდვილი სისხლი _
ღვინო და პური _
მარადისის მაურწყებელი, _
მამულო ჩვენო,
თბილო და ტკბილო,
უნეტარესო,
უნდა ვიხმიოთ.


* * *

მახსოვს მიყვარდა გაცილება საღამოების,
ჩამავალი მზის სევდიანი თბილი ფერები,
მოუხილავი უცნაური ნათელი ჩუმი
გულს მეღვრებოდა მყუდროებით,
სულს დამიტკბობდა,
მიყვარდა ძლიერ.
თურმე იდუმალ ვემზადებოდი,
რომ გაცილება შემძლებოდა
მარადისისკენ, დედავ, მე შენი.
უთქმელი სევდა დამეუფლა
ტკივილის თმენით;
მახსოვს, მამა რომ გარდაიცვალა
ძალა მომეცა, ღვთის ნუგეში, ამა ცხოვრების განსაგრძელებლად.
ვხედავდი რადგან:
სნებით დაღლილ გვამს
ნათელი ადგა აშკარად მჩენი.
ახლა თქვენ ორნი იმ ქვეყნიდან
ერთად გვიყურებთ,
ახლა ის მხარე უფრო მეტად ხდება ნაცნობი
სევდანარევად დაგვიტკბა სული
ჩვენ, თქვენთა შვილთა, ერთმანეთის ფასი შევიგრძენთ,
დადუმებული სახლი, ნივთები,
სულ სხვა ენაზე ამეტყველდნენ.
ჩვენ ვიცით, ველით გარდასვლას იქით
სხვისის თუ ჩვენის,
მაგრამ კი მაინც რა მალე მოხდა ეს ყველაფერი,
როგორ იცვალა შვილების როლი,
განგრძობითობა ღირსეულად უნდა შეიგრძნონ,
უწყვეტი უნდა დარჩეს ჯაჭვი, _
მამულზე ზრუნვა ზეცისკენ მივალს.


* * *

გზა წყნეთში ადის...
გვერდით იტოვებს სივრცეს, ხეობას
შემოდგომის მკრთალი ნისლებით.
ნაძვების რიგში
გამჭვირვალე წარსული მოჩანს _
ფარდაა ნაზი და სასურველი:
ჩამოწურული ეს დროება
ამოიქსოვა რა სინარნარით.
ჩემი ფიქრების სარკმელთან ვდგავარ,
ფარდა იცვლება იდუმალად
სინანულის უთქმელი ფერით.


* * *

სიმარტოვის დღეთა
ფოთოლცვენას ვუმზერ:
დრონი, განსაცდელნი
მოდის ათასფერი...
ირეკლება გულში,
სურათ-ხატად ჩნდება,
მიაქვს მდინარებას,
ეთვისება სული
გზას არ სიმარტოვის,
გზას ერთობით შენსკენ.
მიწას გადაფოთლილს
ცრემლიანი წყალი
ალტობს და ასველებს.


* * *

მოსავს სიმშვიდე,
მადლით ფენილა
სოფელი ესე.
ბინდი მოიწევს,
დაღლილან მკვიდრნი
გარჯით, წვალებით.
ღამეც უმთვარო
შემოიპარა.
ბნელა სულებში.
აქა-იქ ჩნდება
მღვიძარი სული,
ყურის დამგდები
უფლის სიტყვისა.
დედაო ნინოვ,
კვლავ შენეული
შველის დრო დადგა,
მეოხ გვეყავი
შენეულ ლოცვით,
რომ გაგვინათო
წყვდიადი დიდი.


* * *

როდესაც ბოროტს ძლევა სურს შენი,
შენ რად ერთვები, თავს რად ვერ იხსნი?
თუმც მართალი ხარ შენ ამ ჭიდილში,
მაშ ნუ გძლევს იგი.
თვალნი აღაპყარ,
ჩამოიწურე ზეციურიდან
თუნდ ერთი სხივი.
სწრაფვა იქითკენ, ზეცისაკენ უნდა ისურვო.


* * *

სინანულის დღეებს
მარხულების გულში
შუქი ზეციური
უკვე შემოადგა.
გარეთ გაზაფხული
ქუჩებს სიხარულის
დღეებს უსაჩუქრებს
უხვად, გარინდებით.
ზარი როცა რეკავს
გული იქით გვიწევს,
ჩვენ შენ დაგენდობით,
შენ მხოლოდ უფალო.
კაცთა ნამდვილ საქმეთ
ხარ შენ განმკითხველი,
რომ ცხოვრებას ვუძლოთ,
არ მოგვაკლდეს მადლი.


* * *

გულისწყვეტის თვლები
ზეცის თვლებად იქცა,
არ უბრალო ქვებით,
ფერად-ფერადებით,
მოთმინების ქვებით
სიმარტოვის მხარე
სასოებად იქცა;
ლოცვა სინანულის _
ნიადაგი მყარი _
უფლის მოსაწონი
არის დასაყრდენი.
თავმდაბლობით მდგომი
მოლოდინით სავსე
მოწყალების მდომი
დიდ სიწმინდეს უმზერს.


* * *

გამოეტაცე ამა ქვეყნის ძლიერსა ძალებს,
მარტოდენ ხილულს რომ სჯერდება გონება მათი.
გამოეტაცე ამაოს მადლით,
გზა ღვთისკენ ჩნდება,
გზა უძნელესი, გზა უმძიმესი.
ეკლნარში უნდა კრიფო ვარდები,
და ვარდებს _
ცვრიან თაიგულს სულის _ უფალს მიართმევ.


* * *

მტრის ბუნებაა სხვისი დაპყრობა
და გაწამება.
კეთილს წაართვას მოსვენება
და წარიტაცოს.
ამ ქვეყნიური საზომით მზომი საბრალო არის,
მან ხომ არ უწყის, რომ მისგან ტანჯულს
მსხვერპლი მიაქვს სწორედ უფალთან.
ის სხვა გზით მიდის
ამიტომ უკვირს: რად არ ეცემა?
ვინაც ძლიერად უკავშირდება
უფლის ცხოვრებას,
ის მტრის წინაშე ვერ დამარცხდება.


* * *

მტერი ირევა,
აზრზენილია
და იკლაკნება,
გესლსა და შხამს ჰყრის,
რომ არ მოგწამლოს, რომ არ განგმსჭვალოს,
ლოცვად დაუხვდი უხმოდ, უჩუმრად,
თუმცა ესეც კი შეგიგინეს,
შენი სუნთქვა _ შენი სუფევა
ყალბად შერაცხეს.
რად გტკივა ასე? რად განიცდი წამიერ ყოფას?
რად ეწამები, ენდე ღვთის ძალას,
საკუთარ თავში დაიბრუნე
სიმყარე კვლავაც:
მას ხომ ნაყოფი კეთილი არ აქვს,
ამაოდ დრტვინავს.
ნუ მიიკარებ,
რომ კვლვაც შენვე ჩვეული სითბო
გამოავლინო.
სწორედ ჭიდილში მოიპოვებდე
წრთობას სულისას.


* * *

იქ სოფელია,
კავთურის ხიდი,
ზემოთ ლომისის წმინდა გიორგი,
გზა ნაცნობ-ნაცნობ ადგილთა გავლით
მიგიყვანს სახლთან.
აქ ყველა ძარღვი მგრძნობიარეა, შენია რაკი.
ყმაწვილობაში ჩვეულებრივი, ულამაზესი
ჩვენი სახლ-კარი ისე ჩუმია
და ისე მშვიდი,
რომ უთქმელობით უკვე მეტყველებს,
თვის ნაშიერთა დამლოცველი და მომლოდინე
და საკითხავი მრავალფურცელი...

და უფრო ქვემოთ მიწა გვარისა,
მამის და დედის წყნარი ალაგი,
განსასვენები მარადიული,
თბილი საფლავი,
აქედან მოდის ის სიყვარული
რაც დებს ვერასდროს ვერავინ გაგვყრის.
ასე ყოფილა.


* * *

არც შეცდომაა
ჩვენთვის უცხო,
არც უცდომლობა,
რადგან ვართ კაცნი.
ვის მოეცემა სიყვარული,
წყარო უშრეტი?!
სულის სინედლე
გვაქვს სინანულით
და მის გარეშე ნუ დაგვტოვებ,
მაღალო ღმერთო,
ხრიოკ მიწაზედ ჩვენ დამაშვრალთ
ნუ გაგვაჩერებ,
მოყვასზე ფიქრი,
ზრუნვა, წუხილი
ჩვენ არ მოგვაკლო.


* * *

სულის მოთქმა ხარ შეჭირვებისას
სიტყვათ ნიავო,
გამოსაცურად, ფონს გასასვლელად
და სვლის განგრძობად
უცილობელ ხარ, რომ შევისვენო, გავხედო განვლილს
დამბადებელო, ნათლისაო
მოდიხარ სიღრმით.
ვისაც სიმძიმის შემსუბუქება
შენი გზით სურის,
მიხვდება განცდილს.


* * *

დედაო უფლის,
ღვთისა მშობელო,
ვერ შეურაცხჰყვეს
ასი ათასმა
ხატება შენი.
საამბორებლად მოისწრაფვოდნენ
ბაგენი მათნი
ძისა შენისკენ.
გულით ეწადათ
შენ შეგხებოდნენ
და არა ფეხი ებიჯებინათ.
ღვთისა მშობელო,
ჩვენთა მრავალთა
ჭირთა შემცვლელო
თმენით და შვებით.
შენით სულდგმულობს
ჩვენი სამკვიდრო
ღვთისგან ცნობილი.
ის, ვინც მოგენდო, იმას ხომ იცავ,
ვისაც შენდამი არა აქვს თვალნი
ზეაღპყრობილნი, იფარავ მასაც.
მაგრამ მათ მოსულთ
შენდა ვედრებად
მაინც სხვაგვარად
სულს უცისკროვნებ.


* * *

ყველა ჭრილობა პირს რომ მოიხსნის,
მაშინ წადილი სახიერების მოგვეძალება,
გაუძელ ტკივილს;
ნაღვლიანობა მართლაც ეგების,
მაგრამ მიიღე ეს ყოველივე
ვით უფლისაგან, დადრიკე თავი
და შენ შეერთე იმ საიდუმლოს,
რომელიც ყველას ვერ ეხილება
თუ მარტოოდენ არა დათმენით.


* * *

ჰოი, დედოფალო ზეცისაო,
შენს წიაღს იქით
ვინ სად წავიდეს.
წვიმდა და წვიმდა
ჩუმი წვიმა
ვისთვის უჩინო
ალბათ ყოველთვის წვიმდა ასე
განსაწმენდელად
და დგება გულში
ტბა სინანულის.
ვხედავ რომ ცრემლებს
სისხლის წვეთები უკვე შეერთო
და შენს საფარველს ვეამბორები.
გულში ჩამიკარ დედაო ღვთისავ,
მეოხ მეყავი წინაშე ძისა.


* * *

მახსოვს, როს თოვდა
თავბრუდახვეულს
მატკბობდა ფიქრი.
ახლაც თოვლია,
პირველი თოვლი.
მოდის საამოდ,
ზეიმობს სულიც.

მყუდრო სინათლის
ჩამდგარა შუქი,
რადგან მივენდე
უფალს სიმშვიდით,
რომელსაც ვსწავლობთ
თანდათანობით,
დღითი დღეობით.


* * *

ქრისტეს ცხოვრებას
მართალი რწმენით ნაზიარებნი,
სუფთა ჭურჭელნი,
ვაზის რქისანი,
ვითა ვენახი
გასახარებლად უფლის წყალობას
ნიადაგ ელის.
ვინც მიენდობა,
ვინც არ იჩქარებს,
სულის მკვიდრობას ის მოიპოვებს.
მათ ცვილისფერი დაჰკრავთ სახეზე,
ვალს დაკისრებულს
რუდუნებით და მდუმარებით აღასრულებენ
და მათ თვალებში უკვე გამოკრთის
ციური შუქი, შორითვე უკვე იცნობიან
ისინი სახით.


* * *

ქრისტეს ცხოვრებას
მართალი რწმენით ნაზიარებნი,
სუფთა ჭურჭელნი,
ვაზის რქისანი,
ვითა ვენახი
გასახარებლად უფლის წყალობას
ნიადაგ ელის.
ვინც მიენდობა,
ვინც არ იჩქარებს,
სულის მკვიდრობას ის მოიპოვებს.
მათ ცვილისფერი დაჰკრავთ სახეზე,
ვალს დაკისრებულს
რუდუნებით და მდუმარებით აღასრულებენ
და მათ თვალებში უკვე გამოკრთის
ციური შუქი, შორითვე უკვე იცნობიან
ისინი სახით.


* * *

ვინაც სიმშვიდეს და მორჩილებას
სურს ეზიაროს,
ჩაივლის მისი უცოდნელობა,
სილაღე, შფოთი.
სულს შერჩენილი ტკივილი რჩება
ზესწრაფვის ნდომით,
მაგრამ ამ სოფლის სიმძიმის განცდა
ეწევა ქვევით.
ხან ბრძოლა მიდის.
მებრძოლ სულისთვის გახსნილა კარი:
აღევლინება ლოცვა ტაძარში
სიტყვები სულში იბუდებენ, აზრსა ჰპოვებენ
მარადიულით დარწყულდება
აქ ქრისტიანი.
მფარველი ჩვენი ანგელოზი
თავს დაგვტრიალებს,
ვით ჩვილს მშობლები.
ვინაც ამ ცოდნას
ერთხელ მაინც ეტკბო, მერწმუნეთ,
ვერ განიშორებს.
ცდილობს, ეს მადლი რომ ყოველთვის
შეინარჩუნოს.
ვედრება, თხოვა
ჩვენს ბაგეთაგან აღევლინება:
საკმევლის სურნელ შეზავებული _
თეთრი ყვავილი _
ღვთისმშობლის ფერხთქვეშ
ხარობს, ყვავილობს.
დავდრიკოთ თავი,
მის სურნელ-ფრქვევას დაველოდოთ
მშვიდად და წყნარად.


* * *

უკვე შორს ჩანდა ტკბილი ბავშვობა,
არცოდნით ცოდვა და მწუხარეთი.
მძიმედ რომ აწვა სულს კარგა ხანი,
ვით მძაფრი განცდა უჰაერობის,
უსივრცობის და უსინათლობის.
გაყუჩდა სული და გაინაბა.
გულს შიგან ჩასწვდა ხმა იდუმალი.
მიყურადებით იწყო ცხოველქმნა.
შეიფრთხიალა... გამოჩნდა შორით
არე მსუბუქი,
იქითკენ მხოლოდ განწმენდისაკენ
მიმსწრაფ არსებებს მიესვლებოდათ.
წადილი უნდა გქონოდა დიდი,
წმინდანთ სახელის ხსენებაზედ რომ
მწე-მეოხება გეგრძნო იმათი,
და უსასრულოდ აღივსებოდი
იმ მშვიდი ძალით,
რაიც სიხარულს მოგანიჭებდა
და განგაწყობდა კეთილის ქმნისკენ,
რომელიც ყველას და ყველაფერს ასე სჭირდება.
სხვა გზა ყოველი არის მოკლე:
სულის წარტაცვა და დანთქმა მხოლოდ.


* * *

მწუხრს გათენება მოჰყვება,
თეთრ თოვლს _ ენძელა, იები,
კაცის ცხოვრებას ტანჯვა და
კეთილის ცნობას _ ცრემლები.
ჩნდება სიმყარე თმენის წილ
და სიყვარულის სურვილი.


* * *

დრო მიდის, მიჰქრის,
მწუხრი წვება,
თენდება მერე.
დროები წლისა ენაცვლება
მუდმივ ერთმანეთს.
კაცის ბუნებაც შეიცვლება
აზრის მძებნელის,_
ხილულის მიღმა
ელტვის სათავეს...
სულს დარწყულება სურს,
უხარია და როცა მასში
იშვება ქრისტე,
სულ სხვაფერდება მერე ქვეყანა,
ცისა საუფლო
ნათლით მწვანდება.


* * *

ერის მშვიდობა,
განწმენდილობა,
და მფარველობა
წინაპართაგან,
ტაძართ სიმყარე,
ყრმათა გამოზრდა
უფლის საქებად,
ზრდილთა განბრძნობა,
ღვთით გახარება,
ცოდვათა ცნობა,
სხვათა შენდობა,
თხოვათ სრულებად
ღირს გვყავ უფალო.


საახალწლოდ

გული ორად გაპობილი,
მოსაქცევი ერი.
წარმავლობით შეპყრობილი,
ვერ ღირსების მჩენი.
არც მწყემსს კეთილს
მიმყოლი და
არცა მინდობილი,
დაბნეული თვით მმართველი
არა მსმენი უფლის
და ვერ აღმასრულებელი
წმინდა კანონების,
თავის თავის არ მძებნელი
ვერ დამდგენი წესით.
სული მათთვის მზრუნველი
და მათთვის მვედრებელი,
სული მათგან განდევნილი
მათთვის გადამკვდარი,
ამაღლებას ვინ მიაღწევს
ღვთის წიაღის გარდა.
არც მადლობა, არცა კდემა
მათთვის უცხო ქმნილა.
წმინდანებს და დიდ წინაპრებს
უცხოვრიათ უფლით.
რად დაგვიბრმა გონის თვალი,
რად ვერ აგვეხილა?!
მის გზის მძებნელს შეეწევა
მათი მეოხება,
ოღონდ კავშირს ჩვენ ნუ გავწყვეტთ
სასწაული ხდება.


* * *

ჩვენ თითოეულს,
და ყველას ერთად,
შეგვინდევ ღმერთო.
ღირს გვქმენ იმად, რომ
სამკვიდრო ჩვენი
ავაღორძინოთ.
სულმა სპეტაკმა
სიმძიმე დროის
აღამსუბუქოს,
შენთვის უფალო,
შენ სუფევ შენი მშვენიერებით
მაგრამ შენს შვილთა
უპირველესად რად არ სჭირდები?...


* * *

ბაღში ტაძარი,
ახლად ნაგები,
ყვავილი სულის.
სვეტიცხოვლობის
მყუდრო დილა,
წყნარი მლოცველი.
საკმევლის კმევას
სურნელი მოაქვს
უკვე განცდილი:
უფლის შეგრძნება _
შენარჩუნება
საკუთარ თავში.
ტირის ჭარმაგი,
მხურვალე გულით
აღარას ამბობს.

ჩვილი კი ხარობს
სული ბუდეში
ფართხალებს უკვე.
დგას ახალგაზრდა
ორივეს რკალში
მშვენიერ მზერით.
ორივეს იტევს
მოხუცს და ყრმასაც,
ხიდია იგი.
სარწმუნოებით
მკვიდრნი ეგების
აწ იღვიძებენ.
ჭეშმარიტ ნდობას
უფლის მიმართ
მოიპოვებენ.


* * *

შენს საყდრამდე მავალი
გზები შენით მშვენია.
განფენილი ბუნება
მეტად იდუმალია.
ჩვენ კი შენსკენ მოვიწევთ
სწრაფვა მადლით მჩენია
ეს სამზერო სოფელი
მრავლად დაქსელილია.


* * *

მცხეთას გამოჩნდა ცისარტყელა,
სვეტიცხოველს რომ მივუახლოვდით,
ჯვარი თვის თაღში მოიქცია,
შემოერკალა ვით დიადემა.
გაბრწყინდა არე და აელვარდა.
დაიმშვენა ამგვარად თავი.
ამ ბრწყინვალებით ჩვენც ვხარობდით
მისი მძებნელნი.


* * *

მეფეო დავით,
მხედველო უფლით
ერისა შენის.
შემწეო ჩვენო,
ჩვენც გაგვიხილე
გონების თვალი,
მივმართოთ მამულს
მზერა მზრუნველი,
რა მდიდარია ჩვენი ქვეყანა,
ო რა მაღალი ზეცა დაგვყურებს,
რა ახლოსა ვგრძნობთ.
სული გვაქვს ერთი,
გული ამჟამად ჩვენ გვიძგერს მისთვის
ამ სიყვარულის გარეშე მყოფთა
მოახილვინე სამკვიდრო ჩვენი,
სადაც ციური სურნელ ტრიალებს,
არ ქრება კერა, წმინდა კანდელი.
იქა ერთდება ცა და ქვეყანა,
იქ სათავეა მარადისობის,
იქ უფლის ვნებათ დათმენის გვარად,
გვაქვს გადატანა ჩვენ ბოროტების.
დათმენით ვწვდებით მის სიდიადეს,
დათმენით მდაბლად გვიჭირავს თავი,
დათმენის შემდეგ მოდის ღირსება,
ქრისტიანისთვის მყარი საყრდენი.


* * *

სახლებს გასცდები,
მაღლებს, მოსაწყენს,
თითქოს ქალაქის დასრულდა ბოლო,
ჟამია მწუხრის, ტაძრისკენ მივალთ,
სასაფლაოზე ვიწრო გზა შედის;
აჰა მოვედით: და მარადისის წვება ბურუსი,
ძველი და მყუდრო,
კვლავაც ახალი, სანთლების შუქით განათებულა
ტაძარი წყნარი.
გალობა ისმის,
ენით ქართულით,
განაბულია მრევლი იმედით.
მშვიდ სახეთაგან იღვრება შუქი,
აქ სიცოცხლეა, გული მიხარის
და ჭეშმარიტი მბრძანებლობს ღმერთი.
ქალწულმოწამე ბარბარეს ლოცვა
გვეწევა დღესაც, მივმართავთ თუკი.


* * *

მქრქალი ნისლი ჰაერში,
ნაწვიმარი დილა,
შორით ბაღში მოისმის
ფრინველთ ტკბილი სტვენა.
ტაძრად გუნდის გალობა,
იდუმალი ლოცვა,
მჭვირვალია ყოველი,
ო რა სიღრმით ვსუნთქავ.


* * *

იშრიტებოდა ღვთის მადლისაგან
თაობა ჩვენი. გამორკვევისას
სულზე მოგვისწრო საჭეთმპყრობელმა
და კურთხეული გვაპკურა წყალი.
ცხოველმყოფელი ტაძარი ჩვენი
ნელ-ნელა ჩვენში გადმოიტანა,
გვაშენებინა ტაძარი სულის.
გამოცდილება, გრძნობა შეგვძინა.
დაგვტრიალებენ მოძღვარნი ტკბილად,
ღვთისა შვილობა მათით გვარგუნა.
ლოცვა-მწეობა შეგვაძლებინა.
გარდასულების მიპატრონება
იდუმალ ლოცვით შეგვატკბობინა.
სამკვიდრო ჩვენი რომ არ შეირყეს,
მტკიცედ და მყარად აქ დაგვადგინა.
ღმერთო მადლობა ყოველისთვის,
სირცხვილი ჩვენს ბიწს, წაშლა კვალისა.
ერთურთზე ზრუნვა საყოველთაო
დაცვა ქვეყნისა დაჩაგრულისა,
არ მარტო თვისთვის, შენით უფალო.
შეგვაძლებინა ქართველთ მორჩილად.


* * *

ჯვარო უფლისავ,
ჯვარცმულის ვნებათ მონაწილენი
შენ დაიფარე,
წინააღმდგომნი შენ მოაქციე
ჯვრის გადასახვით
და უაზრობა მათ აგრძნობინე
და შენი მადლი _ შენი ამინდი
იმათ მოჰფინე,
უახლოესნი გვიფრთხილდებიან,
მოყვარენი ჩვენ გვეპყრობიან იმ სისათუთით
რომ ფეხზე ვიდგეთ,
(მტერი კი გვთხრის და გვანადგურებს,
გვშლის და ურგვყოფს).
რომ სიყვარულით ჩვენ შევიგრძნოთ
აზრი ცხოვრების, ყოვლისმომცველი _
უფალი დიდი და ბოძებული მისგან ყოველი _
სამშობლო ჩვენი, მამა-პაპანი,
უახლოესნი და მეგობარნი _
ჩვენი სურვილით ამორჩეულნი,
რომ ვზიდოთ ტვირთი, უფლით მსუბუქი,
ისინი გვწყვეტენ ამ ყოველივეს,
გვმართებს სიმყარე.
ნუთუ ამ საზრისს მოერვა ის უაზრობა,
თუნდაც სხეული გაანადგურონ,
ის სულით უკვე უფალშია დამკვიდრებული,
მტერი დიდია და მრავალგვარად
რყევა და დანთქმა ძალუძს მას ჩვენი.
და მხოლოდ ძლიერთ შესწევთ უნარი
უძლონ ამ ბრძოლას,
რადგან უფლისგან ვართ ჩვენ რჩეულნი.


* * *

გზა ლოცვის, შენსკენ მოლტოლვის,
შენითვე ის ჩასახული,
ქვეყანას დაშორებული
და ქვეყანაზედ ფენილი;
გზა ზენაართა საუფლოს
ბრწყინვალის მრავლის მხილველის;
გზა ვისი შევა ნეტავ იქ
იქნება ღირსი ნეტა ვინ.
წინაშე წმიდის წარსდგება,
ვინ დაიუნჯებს ამიერს
ნათელსა იმა ქვეყნისთვის.


* * *

ო, ღვთისმშობელო,
მავედრებელთა სანატრელო,
სულიერი მშვიდობის წყაროვ,
და სიხარულის უწყვეტად მდენო,
საყვარელო ხატო უცვლელო,
შენს წიაღ მოსულთ
გზად სასოების ყვავილები
აგვიყვავილე...
გადმოგვეცემა
ძალის ძალი,
რომ კვლავაც ვუძლოთ
ნაირგვართა უაზრო მბრძოლთა,
თუმც ამა ქვეყნად მტკიცედ მოარულთ,
ვინაც დამაშვრალთ მსწრაფლ გვავიწყდება
შენს წინ მდგომარეთ.
სახებავ ტკბილო, თბილო, მარადო,
იმედო ჩვენო.


* * *

იქ, სად ველოდი, მეტკბო ნაყოფი,
კვლავ უმწიფრობა შემომეფეთა,
ჰოი, უფალო, ნუ მიმატოვებ;
მათ უმეცართა
გზა სულიერი არარად უჩანთ,
სურვილი ღვთისკენ მისწრაფების
მათ მიაშველე.
ო, საბრალონი,
მტერნი რომ ჰქვიათ,
და ყოველივეს მართლაც გართმევენ,
მაგრამ სანაცვლოდ მათთვის უჩინოს
სანუგეშებლად ღვთისგან ვღებულობთ,
რაიც მწარე არს, ის ღვთისგან ტკბება.


* * *
(ასევე დაიბეჭდა ჟურნალ “ხელეურში”)

წვიმს,
სველია დაბლა ჭრელი ფოთლები,
მზე მათში მდუმარ რომ ჩაწურულა.
წვიმს...
შიშვლდებიან ხეთა რიგები,
შეიცვლებიან, დროს იძარცვიან,
წვიმს...
გულის მიდამოს ცრემლი ასველებს
სიწმინდისაკენ რომ იმზირება,
დრო გარდასულა ღვთის უგრძნობლობით
არცოდნით თუნდაც.
წვიმს...
სველი მიწის სურნელი მოდის,
მიწას წვიმები ასაზრდოებს,
გულს _ სინანული.
ისინი მხოლოდ
წვიმით ცოცხლობენ, ზეცით მოსულით,
ღვთისა წიაღში ნაწვიმარი გაიცისკროვნებს,
შეერთვის მდუმარს და ინეტარებს.


ლექსები ჟურნალ „კარიბჭედან“
(2010 წლის მარტის მეორე ნახევარში)


* * *

დედაო ნინო,
გააღვიძე გულისხმა კვლავაც
ამ სოფლის მკვიდრთა.
გზა ვიწრო არის,
გზა საძნელო, რთულად სავალი,
მაგრამ უფლისგან ის კურთხეულა.
არ ცოდნის შიში,
მწუხრი სულეთის,
განსრულდა უკვე.


* * *

ლოცვების შემდეგ ფერნაცვალები
ჭვრეტ გარდასახვას
ცხოვრებისას ამ სოფლიერის.
სულიერდება ყველაფერი:
მცირდება თხოვა მრავალი სახის;
სად მეოხება ღვთისმშობლისა
გვიძლიერდება,
მშვიდობას გვედრი, შენ უფალო,
ყოვლგნით, ყოველთვის
უწყვეტელობით.


* * *

სახე ღვთისმშობლისა,
სახე ნუგეშინის,
ჩვენდამი მებრძოლთა
ძლევისა იმედი,
ნავსაყუდელია
ჭეშმარიტ ცხოვრების.
სულიერ ნისლებით
წამოვა წვიმები,
იდუმალ სიჩუმის
ამ ამონატირით
გამოდის ამინდი
ამინდი დარების.


* * *

ურთიერთლტოლვა
ვისთვის ბიწი,
ვისთვის სიწმინდე...
ზეცა მსწრაფია,
სტოვებ მიწიერს _
თუმც მიწაზეა სხეული შენი სამკვიდრებელად,
სულით შექმნილა ყოველივე,
კეთილად ქმნილა.
კაცის ვალია იგი შეიცნოს,
სულის სიმაღლე მას ხომ თან ახლავს.


* * *

ლალისთვლებით მოოჭვილ
შინდისფერ სამოსელში
თავს ჩავრგავთ და ვიფარვით,
დედავ და დედოფალო,
ღვთისმშობელო მარიამ,
სიხარულს ნუ მოგვაკლებ,
შენსკენ სწრაფვის მოსურნეთ.


ლექსები ჟურნალ „ხელეურიდან“

(2010 წლის # 1)


* * *

ერთ სამკვიდროში
ყოველი კაცის
უფლისკენ სწრაფვა,
მათი ერთობა,
უფლით სუფევა.
საქმეთა მათთა
ღვთის სადიდებლად
ქმნა, აღსრულება.
ამ ცხოველმყოფელ
ტაძარს ურყეველს,
უმტკიცესს, წმინდას
უფალი იცავს.


* * *

ღვთისკენ პირის ქცევით,
იძლევიან მტერნი,
ავნი, დამთრგუნველნი,
ამა ქვეყნისანი.
თმენით დავფუძნდებით.
დავიღალე რადგან
ქარით, ღელვით, გვემით,
ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით,
მოვალთ თანხმობაში.
ლოდი ლოდზე დადე
დიდი ლოდინისთვის:
სულში ბუნებითი
განათებულია.
რომ ავშენდეთ მყარად,
რომ სუფევდეს იგი,
თვის მშვენიერებით
ჩვენშიც, ლხენით, შვებით.


* * *

ახლა შორს არის ბრძოლის ველი...
მტერი ვერ გრძნობდა
სხვის ტკივილებს, არად მიაჩნდა,
მკლავდა სიჩუმე, ყრუ სიჩუმე,
მაგრამ სურნელი საკმეველისა
სულს მიბრუნებდა,
იმ უდაბური სიმარტოვის ჟამს
მისი სიმძაფრე თუ მაცოცხლებდა.

მაცხოვართან ნათესაობას
აბა ვით ჰპოვებ,
თუ არ დაითმენ შენს იარებს,
მეც მისიანი მქვია უკვე,
გზას რომ იმისკენ მივყავდი ხოლმე,
რომ თავად ვეხსნე და დავეფარე.
მეც ჭეშმარიტად დავუფენ ტოტებს
ბზის თუ პალმისას...
სულის ცხოვნება
რადგან მოაქვს გაზაფხულებას,
განახლებას ბუნებისას თვალით ვიხილავთ,
და სულისა მადლის შეძენით,
წაქცეულნი შვებას უფლით ვგრძნობთ
და ვიკრიბებით სვეტიცხოველში
(ერთ დიდ ტაძარში).


* * *

ჩვენ ერთ ხიდად ვართ,
დიდ წინაპართა ღვაწლით მოსულნი,
ჩვენც უნდა შევძლოთ
მათ გადავცეთ, ჩვენ მომავალთა
სული და ხორცი
უფლისმიერი,
რადგან ყოველი დარჩენილი
მადლის გარეშე არის შთენილი და დაკარგული.


* * *

დღე არის დიდი,
ღრუბლიანის გამონათება _ დიდი ნათებით _
წარსული აწცა ცხოველქმნილი
და სასოება მომავლისადმი.
უფლის განგებით
ბნელი, უჩინო, არ სახიერი
წარტაცულ არის.
რჩება მხოლოდღა ბნელთან მებრძოლი
მკვიდრი ამ ქვეყნის,
რომელს ნათელი მარადიული
ბრძოლის წიაღ აქვს მოპოვებული.
ზეცისკენ მხედი
ამა ქვეყნის ვალს აღასრულებს.


* * *

აღევლინება ლოცვა უჩუმრად
მოიხილება ქმედი ნათელი,
გვწადს, ყოველს ერგოს
ესე სიწმინდე _ მიუწვდომელი.
თუ არ მდაბლობით,
მოყვასისათვის თავგანწირვით,
დრო-ჟამის ცნობით,
უცხო იქნება დაბრუნება
ისევ ბუდეში, სად დავფრთიანდით,
რომ დასთა დასში უკუნისამდე
დავიმკვიდრებდეთ ადგილს მარადის.


* * *

წმინდა ნიკოლოზ,
ამჟამად მოველ მადლიერებით,
მოველ თხოვათა
ჩემთვის სრულების
ჩამონათვალი
რომ გავიაზრო,
მსურს დაგიფასო.
შენს საქებელად მოველთ
მდაბალო,
შეგვინდევ, რადგან ვკადნიერდებით;
ჩვენ ვერ გამოვთქვამთ
შენს ბრწყინვალებას,
მსწრაფლშემწეობას
თუმც ვხედავთ ყოვლგნით,
ჩვენ ქრისტეანთა შენ არა გვტოვებ
ღვთის სიყვარულით
და ვერც დაგვტოვებ.
ჩვენი სანთლების შუქზე ბრწყინვალებ,
მეოხ-გვეყოფი შეუწყვეტელად,
მდაბალო, წყნარო,
არ დამგდებო თხოვათა ჩვენის.


მშობლებს

თავს ვინუგეშებ სინანულით,
თქვენს წინაშე ცდომა მრავალი რომ მახსენდება.
აწ უთქვენობა გახდა ცხოვრება,
თქვენში კი თქვენი
წინაპრები შემყვარებია.
ესე დროება ახლა ჩვენია.
ღვთისგან ბოძებულს
ვით ვიყენებთ, დავფიქრდეთ ყველა.
ღმერთო მოგვეცი ძალი ძლიერი
ვალის ჩვენის აღსრულებისა.
ტკბილი დროება
ღმერთო, მოგვეცი.


* * *

აქვე არის შენი სითბო,
აქვე იღვრება, ვხედავთ უფალო,
მშობლების ზრუნვა და ამაგი,
უსიტყვოდ გვმოძღვრავს:
ღვთისნიერად დამკვიდრება მშობელ მიწაზე,
არ სხვის ტაცება, მოყვასზე ზრუნვა,
დაცვა ზნეობის, შენარჩუნება ღირსებისა
თავისი თავის, მთელი ქვეყანის,
არ იმედი სხვის, არ დალოდება,
შემდგომ ამისა ვით გვეგონება
სამშობლო ჩვენი დედინაცვალი.


* * *

ურთიერთით ვართ აგებულნი,
ერთურთით ვხარობთ.
ამ სიყვარულის
დამანგრეველი უკუძალები
ვერ ჩერდებიან მარადიულში.
წუთი სოფელში
წუთის ყოფაში
თუმცა მძლავრობენ.


* * *

უფლის სახელით,
უფლის მადლით,
ქვეყნის წინაშე მოვალეობით
შევკრბეთ ჩვენ ერთად.
ურთიერთაზე ზრუნვით, ამაგით
ვხარობდეთ მუდამ, რომ სიყვარული
ყოფილიყოს ჩვენში მეტყველი
და ცრუ ყოველი წარხოცილიყოს.


* * *

ლოცვით შენს წიაღ
იმედსა ვპოვებთ
და ვმოქმედებთ შენის წყალობით,
გზას შენსას ვხვდებით:
შენი დათმენა, გულში ჩამწვდომი,
ჩვენც ჭირთა თმენას შეგვაზიარებს.
ეს თავმდაბლობა გვძენს ჩვენ ღირსებას
გულისგულ მშვიდად, სხვა ყოველივე:
დაკარგულია,
უღვთო ცხოვრება სინათლისაგან წარტაცულია.


* * *

იგრძენ სიმყარე _ მოიპოვე იმედი ღვთისა,
რომელს ვერასდროს განეშორები;
უწყოდე, მრავალს ენდომება
შენი შერყევა,
მაგრამ ვინც გემო უკვდავებისა
უკვე იხმია,
მან გაფრთხილებაც უნდა შესძლოს,
მასზე ზრუნვა და მისი მოვლა უნდა იცოდეს,
რათა ღირს ვიქმნათ უფალთან ყოფნის.


* * *

ასი ათასი მოწამე ერის
ვერ გაბიჯებდა, დედაო ღვთისავ,
პირისპირ შეგხვდნენ,
სულით გიგრძნეს,
შემოიძარცვეს იგი გვამისგან.
გუნდ-გუნდად ერთად შემოგყურებდნენ
(ბასრმა მახვილმა მათი სხეული
მტკვარს გაატანა, წარმავალს მისცა).
ათთა მათ ბევრთა ნაშიერთა
რად ვერ უხილავთ ამჟამად აზრი,
ამ დიდი მსხვერპლის და უამრავის
გათავისებით
რად არ უცდიათ იმათ განმსჭვალვა.
მშობლიურისგან გაუცხოება სახეს გვიკარგავს,
დედაო ღვთისავ,
შეგვეწიე და დაგვაბრუნე სახიერ ღმერთთან,
შენი სითბო და ნუგეშინი მოგვაწყურე,
რომ მფარველობა შენი შევიგრძნოთ.


* * *

ღამეულ ნისლებს გაუთენე,
რადგან წილად გხვდა
შენ მძიმე ხვედრი.
სახე ცისკარი სხვას მიაგებე,
შესძელ შენდობა და პატიება,
მოწყალე იქმენ.
როს ნისლებს გაჰყრი და სინანულის
ცრემლით მოირწყვის შენივე მიწა,
აყვავილდება ფერად-ფერადად,
და ვის სჭირდება, ყველას აჩუქე
ეს თაიგული შენ უშურველად.


* * *

ყოველს თვის თავი შენით ეძიოს,
გამოირჩიე, შენ სცან ყოველი,
შენ აღუხილე თვალი გონების ამაოს ზედა,
განაცდევინე შენი ვნება და სალმობანი.
შენით ცხოვრება მას მიანიჭე,
თანაზიარი შენ ჰყავ ყოველი,
ნალურსმევებით ნაიარევი შენი სხეული
რომ არ გაიხსნას ისევ შენს ვნებად
ჩვენი ქმედების უსჯულოებით.
თმენა ვნებისა _ ამმაღლებელი _
სასიქადულო იყოს ყოველთვის.

2 comments:

  1. ლამაზი ლექსებია,თარგმანებიც ძალიან მომწონს და მინდა დიდი სიყვარულით მოგიკითხო.
    ქეთი გორდაძე

    ReplyDelete
  2. ქეთი, ძალიან გამეხარდა, რომ შემომეხმიანე. მალევე მივხვდი, რომ შენ იყავი. დიდ მადლობას გიხდი თბილი სიტყვებისთვის. შენც ბევრ წარმატებას გისურვებ, ღმერთმა გაგახაროს. გილოცავ დამდეგ შობა–ახალ წელს. მარიამი.

    ReplyDelete