29 ოქტომბერი. დღეს არჩევნებია ინგლისში. მუშათა პარტიის წინააღმდეგ გაერთიანებულია მთელი ბურჟუაზია, ცხადია მაკდონალდი ხმების საგრძნობი მომატებითაც კი ვერ დაბრუნდება მთავრობაში, მაგრამ გარეშე ამ დიდი საკითხისა მუშათა პარტიის შედარებით გამარჯვებასაც აქვს უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა. კაცობრიობამ ფეხი შედგა მუშათა კლასის ემანსიპაციის ეპოქაში, როცა კაპიტალისტური წარმოების წესი უნდა შესცვალოს სოციალისტურმა. ინგლისის მუშათა მთავრობის პირველი მოღვაწეები ამ ამავალი კიბის პირველი საფეხურებია. პროლეტარიატი გრძნობს თავს ისეთ ძლიერ კლასათ და ორგანიზაციულათ და იდეოლოგიურათ დარაზმულ ძალათ, რომ ის ვერ კმაყოფილდება უბრალო ოპოზიციონერობით და ძალაუფლებას უწოდებს ხელს. ცხადია, ეს დროებითი დამარცხება და თითქო უკან დახევა ვერ შეაჩერებს ისტორიულ მსვლელობას, დღეს არა, ხვალ კვლავ დაბრუნდება მუშათა მთავრობა და ეს დაბრუნება არ იქნება ისეთი შემთხვევითი, როგორც გუშინ იყო, არამედ იქნება ბუნებრივი შედეგი განვითარებისა, მას ექნება ეკონომიური და პოლიტიკური საფუძველიც. უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს ყველა ქვეყნების სოციალისტებისათვის ეხლანდელ ინგლისის არჩევნებს, ამისთვის არის, რომ ასეთის გულის ფანცქალით ვუცდით ჩვენ ამის შედეგებს... [დღეს მიღებულ „კომუნისტში“ მოთავსებულია რუბენის წერილი „როგორ დავშორდით ერთმანეთს“. საინტერესო, პირდაპირ ისტორიული მნიშვნელობის წერილია. ამ წერილით ბევრი რამ ირკვევა ჩვენთვის. რუბენი აგვიწერს თავის ტყვეობას აჯანყების დროს. მისი წერილი გამოუწვევია იმ მდგომარეობას, რომ „ხმები გაუვრცელებიათ მენშევიკებს და ჭორიკანებს თითქოს რუბენს და ვანო სტურუას აჯანყებულთათვის მიეცეთ კომპარტიის შემურაწყოფელი ხელწერილი“. რუბენი „უარყოფს“ ამას და აგვიწერს აჯანყების სურათს და თავის თავგადასავალს. ის ტყვეთ ჩავარდნილა საჩინოს რაიონში, რომელიც ოკუპანტებმა გამოაცხადეს „თავად აზნაურების კუთხეთ“ და აჯანყებაც მათ მიაწერეს. რუბენი ერთი სიტყვითაც არ ახსენებს თავადაზნაურებს და ამბობს, რომ „ფრონტის იდეური ხელმძღვანელი და სულის ჩამდგმელი იყო ძველი მუშა ვანო გალდავა, რაზმი იყო გლეხებისო და მათ მეთაურებათაც გლეხების გვარებს ასახელებს. საინტერესოა მისი აღსარება თუ რათ არ დახვრიტეს აჯანყებულებმა ისეთი დიდი პასუხისმგებელი მოსკოვის აგენტები, როგორც თვითა და მისი თანმხლები ვანო სტურუა არიან. რუბენი ამბობს: „ამის მიზეზია ჯერ ერთი საკუთარი ტყავის საკითხი, შემდეგ ეშინოდათ სამაგიეროს გადახდის, მეორე ის რომ ვანო გალდავას ქონდა თავის ცეკადან დირეკტივები ასე მოქცეულიყვნენ და მესამე კი ის, თუ რას იტყვის და როგორ შეხედავს ამას ევროპა და მთელი კულტურული კაცობრიობაო“. „და მაშინაც კი, როცა აჯანყებულებმა შეიტყვეს თავის მეთაურთა დახვრეტა სწორეთ ამავე მოსაზრებებით არ დაგვხვრიტეს ჩვენო“. ასეთია დაახლოებით რუბენის აღსარება. მერე რას ამბობს ყველაფერი ეს? თავიდან ბოლომდე ამტყუნებს და საზიზღარს ხდის მტერს და ამართლებს და აკეთილშობილებს საქართველოს, ამაღლებს და საამაყოს ხდის მის წარსულ და აწმყო გზას. უდიდესი მორალური ლახტია ეს წერილი მტრისთვის და ზეიმი და გამარჯვება საქართველოს და მისი თავისუფლების იდეიის. ამ აღსარებით რუბენმა დაასაფლავა მოსკოვი და მის შუბლს მიაწერა, თავის კალმით ამოწვა, რომ საქართველოს დამპყრობი ძალა უდიდესი ამორალური ძალაა და ქართველი ხალხი თავის ნაციონალური მეობის შენარჩუნებაში ამ ძალას შეეგება თავის მშვენიერი რაინდობით და კულტურული ევროპის ჰუმანიური და მორალური, დემოკრატიული და სამართლიანი საშვალებებით. ამ ბრძოლამ, ამ თავგანწირვამ, ამ მშვენიერმა რაინდობამ და ლამაზმა სიყვარულმა გამარჯვებული მტრის სისხლიანი ხმალი არარათ აქცია და ის ნამტვრევებათ გადმოუყარა წრეს გადასულ და სისხლისაგან თავბრუდახვეულ მტარვალებს. „რას იტყვის კულტურული კაცობრიობა!“ „ტყვეს მხოლოდ ლაჩარი კლავს“. „მუშათა კლასის პარტიამ ბრძანა – ეს ბრძანება ჩვენთვის კანონია!“ და ამას ასრულებს აჯანყებული ხალხი, ბრძოლის დროს, აღელვებულ გრძნობებში, შურისძიების და თავდაცვის ცეცხლში, ამას ასრულებს ის მაშინაც კი, როცა მარცხდება და როცა მის საუკეთესო გმირებს გულს უგმირავენ ციხეებში და სარდაფებში. ჭეშმარიტათ, ბრძოლის ეს სილამაზე, ეს უდიდესი რაინდობა და სიკვდილშიაც კი თავის კულტურულ სიმაღლეზე დარჩენა და იდეალების სიწმინდის შენახვა – არის და სამარადისოთ დარჩება ქართველი ხალხის უდიდეს გამარჯვების ძეგლათ, მის მორალურ და კულტურულ საზომათ, ის იქნება მომავალ თაობებისათვის აღმზრდელი და იმედის ჩამნერგავი, ის შეინახავს ჩვენი ერის წმინდა სახეს და საქართველოს იდეიის სიმართლეს, ის აღადგენს მძინარეთაც კი და თავის დახოცილ გმირებივით მათებრ კეთილშობილ და რაინდულ ბრძოლაში წაიყვანს სამშობლოსათვის... და ამ უდიდეს გამარჯვებას, ქართველი ერის სულის ზეიმს და მის მორალურ მიუწდომელ სიმაღლეს დაუპირისპირდება ის მხეცური, მდაბალი, ცხოველური და ანგარებით სავსე სული რუსული ბუნტისა და პოგრომისა, რომლის გამომხატველი ყოფილა, რუბენის სიტყვით, ბ-ნი ვანო სტურუა, რომელიც საქართველოში ქართულ გვარს იმისთვის ატარებს, რომ მოსკოვი აცხონოს და აცხოვროს. მას განუცხადებია ხალხისთვის: „მე თუ მომკლავთ მომკალით, მოხუცი ვარ, ჩემი ცხოვრების დღენი დავლიე, მაგრამ ერთი უნდა იცოდეთ, ჩემს მაგიერ ასობით აგებთ პასუხს თქვენი თავებითო“. შეადარეთ ამ პატარა კაცუნას, უბრალო ცხოველის და მხეცის ინსტინკტი იმ დიდ, რაინდულ სულთან, რომელსაც ატარებდა რუსეთისაგან გასანთავისუფლებლათ ამდგარი ხალხი და ნათლათ გამოისახება ორი, სხვა და სხვა ქვეყანა, ორი სხვა და სხვა რასა, ორი სხვა და სხვა სიმაღლე და ფსიქოლოგია... საქართველო დამარცხდა ამ ომში ფიზიკურათ, მაგრამ მან შეირჩინა თავისი მორალური სიმართლე და სიმაგრე. კიდევ მეტი – ქართველი ერის სულის სიდიადე გაიზარდა ამ დამარცხებით, მან მთელ მსოფლიოს უთხრა ამ რაინდობით, რომ ის კულტურისთვის და სამართლიანობისთვის წამებული ერია. ამით უკვდავი გახდა საქართველოს სული, ფიზიკურ დამარცხებაში გამოჩენილმა რაინდობამ და კეთილშობილებამ ხმალით გამარჯვებული დიდი რუსეთი მიწაზე დაანარცხა და მას საშინელი მორალური უძლურება განაცდევინა. მომავალი ისტორია და პირუთვნელი მკვლევარი ქართველი ხალხის . . . . . ამ ისტორიულ დღეებში დიდის მოწიწებით მოიხსენიებს და მასთან დაპირდაპირებით ერთხელ კიდევ ხაზს გავუსვამს იმ შავ ლაქას, რომელსაც ეწოდება რუსულათ „სმერდიაკოვშჩინა“ და „კარამაზოვშჩინა“. [ტფილისის გაზეთებში მოთავსებული აგრეთვე მთავარ სახელოსნოების და ტფილისის კვანძის მუშების (ყოფ. მენშევიკების და უპარტიოთა) კრების რეზოლიუცია მომხდარ ამბებზე. რეზოლიუციას ხელს აწერენ: ძამანაშვილი, კოლია მაჭარაძე, პეტრე ხურცილავა, სანდრო გუმბრაძე და პაპიძე. ყველანი ძველი, დაწურული სოც. დემ. მუშებია. რეზოლუცია ჩვეულებრივი ჩეკისტური არ არის, ის უფრო რბილია, მართალია ის ნაძალადევია მრავალმხრივათ, მაგრამ მაინც არის ზოგი ნამდვილი გულიდან ამონახეთქი ხაზები. ეს არის გოდება ერზე და ეროვნულ ტრაღედიაზე. „ჩვენ მუდამ ვიბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და კიდევ ვიბრძოლებთო“. შემდეგ გმობენ ბრძოლის ძველ ტაკტიკას, მოუწოდებენ არალეგალურ ორგანიზაციებს დაიშალონ და სულ ბოლოს კი მიკერებულია: „გაუმარჯოს კომინტერნსო“. ეს ხომ ფიცია ისე, როგორც სახარებაში „ამინ“!.. ის შემოღებულია კომუნისტური ეკლესიისაგან და ვის აქვს ნება არ შეასრულოს. როგორი გულითაც არ უნდა ამბობდენ ზოგ მოსაზრებებს ეს მუშები, ერთი მაინც აშკარაა: ის მთავარი, ის ძირითადი რისთვისაც ასე თავგანწირვით იბრძვის საქართველო უზრუნველყოფილია მომავლისათვის. მუშათა კლასი მას დაიცავს. პირდაპირ ტანჯვას, მწუხარებას და ტრაღედიას განიცდი კაცი როცა კითხულობ ამ რეზოლიუციას, იქ არის ცდა სთქვან სიმართლე, მაგრამ ის ნებადართული არ არის და ისევ გვერდს უხვევენ და ბურუსში ხვევენ, ლაპარაკობენ რაღაც მიდებულ-მოდებულათ, მაგრამ მაინც ცდილობენ აგრძნობინონ ყველას და თავის თავსაც, რომ ეხლა ძველი ტაკტიკა აღარ გამოდგება, საჭიროა ახალი გზები, შეგუება და შეგუების ტაკტიკით ძველი საქმის, საქართველოს დამოუკიდებლობის საქმის კეთება. აქ არის საღი ინსტინკტი, ინსტინკტი მასისა, რომელმაც იგრძნო, რომ პირდაპირი გზა მიზნისაკენ ჯერ-ჯერობით გადაულახველია და ცდილობს უფრო გრძელი დროთი და შორი გზით წავიდეს მიზნისაკენ. განზე მინდა დავტოვო უკადრისი და შემურაწყოფელი ეპიტეტები, დამამცირებელი მუშებისათვის, დამამცირებელი განსაკუთრებით იმ დროს, როცა მათი ამხანაგების გაჭრილ საფლავებს ჯერ პირიც კი არ წაშრობია. მე ვიცი, რომ ეს უკადრისი ეპიტეტები არ ეკუთვნის ქართველი მუშის გულსა და სულს, ის არ არის ამონაღები გრძნობიდან და უშუალოთ ნათქვამი. ის ჩვეულებრივი, დღევანდელი დესპოტიური დროისთვის აუცილებელი „ჩეკისტური“ საღებავია, ურომლისოთ არ შეიძლება არც ერთი აზრის თქმა და გამხელა. მომავალი უთუოდ მოაშორებს ამ რუსულ-ჩეკისტურ სიმყრალეს ბევრი ჩვენი მოღვაწეთა და მუშების გამოსვლებს, როცა წამებისა და სკვდილის წინ თავის დასაფარათ და შემდეგ საქმის გასაგრძელებლათ თავს იფარავდენ მუშები. ეხლა მაინც ასეთ გამოსვლებზე უარესს მოველოდი. მეგონა ეს გამოსვლა უფრო მკაცრი იქნებოდა, მაგრამ რამდენათაც ეტყობა აქედან, მტერი მოშალა სასტიკმა იზოლაციამ. მან მარტოთ იგრძნო თავი და ცოტა „შეუშვა ხელი“, „დაგმეთ მომხდარი, თუნდ ლმობიერათ, მაგრამ მაინც დაგმეთო“. მტრის ასეთი მოთხოვნის და ბრძანების შედეგია ეს რეზოლუცია. მასებს ის უნდა შეესრულებია, რადგან დამარცხებულებს მეტი გზა არ შერჩენიათ და ამ მტრის ნაკარნახევ რეზოლიუციაში თავის გულებში იდუმალათ ჩაწოლილი ქართული პროლეტარული გრძნობებიც შეეცადენ აერიათ და მკითხველისთვის მიეცათ გაგება, რომ „ყველაფერ ამას ამბობენ, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობას მაინც იცავენ. ამ კრებაზე გამოსულა სეით დევდარიანი მოხსენებით. საინტერესოა რა სთქვა ნეტავი. გაზეთები არავითარ ანგარიშს არ იძლევიან. ეყო ნეტავ სეით დევდარიანს გამბედაობა და უსირცხვილობა მიეფურთხებია გუშინდელ ამხანაგების სისხლისათვის?.. დაუცადოთ ხვალინდელ დღეს.
30 ოქტომბერი. სეითის პირველი წერილი წავიკითხე „კომუნისტში“. გაზეთი, რომელშიდაც მოთავსებულია ის, თავისთავად ლაპარაკობს იმაზე, თუ რამდენათ დაექანა ქვევით სოც. დემოკრატი დევდარიანი. ის ეხება უკანასკნელ ამბებს და არკვევს ორ ხაზს ნოე ჟორდანიას ეროვნულ შეხედულებაში. ჩვეულებრივი სეითისებური დაფასებაა, უფრო კი გადმოთარგმნა და კალმის გარდიგამო გაკვრაა, თითქო ეს დიდი საკითხი დამჯდარი და დაფიქრებული შრომის ღირსი მაინც არ იყვეს. ის, ვინც საქართველოს ამ ძირითად საკითხს ასე ზერელე ეპყრობა და რაც დღეს-ხვალ მოადგება ენაზე დაუფიქრებლათ წამოისვრის, ის ვერ გამოდგება ხელმძღვანელათ, ის არ არის დაბადებული ხელმძღვანელათ. შეიძლება ამაში იყო ჩვენი პარტიის უმთავრესი უბედურება 1922–23 წლებში. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ სეითი სავსებით უვარგისათ უდგებოდეს საკითხებს, მაგრამ მას არ აქვს და, სამწუხაროთ, არასოდეს არ ქონია ერთი ხაზი, მთლიანი შეხედულება, მას არ ქონია გეგმა და პროგრამა, ის შემთხვევიდან შემთხვევამდი ხტოდა, ნაჭრებიდან კერავდა რაღაც მოზაიკურ სხეულს, რომელიც არ წარმოადგენდა ერთს, დასრულებულს და მთლიანს. მან იცის ხშირათ სრულიად დაუფიქრებლათ დაწერა, სიტყვების წამოსროლა, ისეთი რამის თქმა, რაც მეორე დღეს უხდება შესწორება და შელამაზება, განმარტება და შეპაჩინკება. ამ მისი მერყეობის, მუდმივი ქანაობის და უხერხემლობის შედეგია ალბათ ის ლაპსუსიც, რომელიც მას წამოუსროლია, ნაძალადევში: „1921 წ. რომ არ დავეპყარით, სულ ერთია ჩამოვარდებოდა ჟორდანიას მთავრობაო“. თურმე ამით გაუადვილდებოდა კომპარტიას „შოვინიზმის გადალახვა და ინტერნაციონალიზმის ხელახლა ჩანერგვა მუშებში“... ეს აზრია დაახლოვებით სეითის წერილში; მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის ერთგვარი დათმობა სიტყვიერათ, რომ ამით სეითმა საშვალება მიიღოს გამოსთქვას შეხედულება და იშოვნოს ტრიბუნა, ერთგვარი ფეხმოსაკიდებელი... მაგრამ განა ეპატიება სეითს ისეთი ლაპსუსები, რომ ჟორდანიას მთავრობა მაინც ჩამოვარდებოდაო? საიდან, როგორ გამოიყვანა ასეთი დასკვნა მან? რით ამტკიცებს ამას და როგორ უნდა გაამართლოს რუსეთის თავდასხმა, თითქო საქართველო მაინც დაემხობოდა... და ამას ლაპარაკობს სეითი დღეს, როცა ოთხი წლის შემდეგაც რუსეთს მხოლოდ ზიზღით უყურებს მთელი საქართველო, როცა დამპყრობს დღესაც გააფთრებით ებრძვის მთელი ხალხი. მგონია ეს ყველაზე კარგად შესახედი უნდა იყოს სეითისთვის, ის თავისუფალია იმ საქართველოში, რომლისთვისაც მისმა ყოფილმა ამხანაგებმა სიკვდილი მიიღეს. ან განა ის არ ესმის სეითს, რომ სწორეთ ამ დაღვრილი სისხლის წყალობით და მისი ყოფილი ამხანაგების თავგანწირვის წყალობით მიიღო მან საშვალება დღეს ლაპარაკისა, თორემ ვინ არ იცის, რომ სეითი აგერ რამდენიმე თვე მიგდებული იყო განზე და კომპარტიის ყრილობაზედაც კი გამოიტანეს რეზოლუცია, რომ საკმარისათ გამოვიყენეთ და გადავაგდოთ აწი ეს მჩვარიო. ვგონებ ესეც გასაგები უნდა იყოს სეითისთვის, საყურადღებოა წერილში სეითის შენიშვნა: „ერთმა მუშამ მითხრა: რომ დამარცხდა აჯანყება იმისთვის უწოდებ ეხლა ავანტიურასო“... ეს იმას ამტკიცებს, რომ ეს მუშა ინსტინკტით მაინც გრძნობდა დამარცხდა თუ გაიმარჯვა ხალხმა, ეს მაინც მისი საქმე იყო, ახლო მუშური, ეროვნული და სოციალისტური საქმე. ამავე ნომერში საყურადღებოა ალისტრო ვადაჭკორიას წერილი: „გვაკმარეთ წამება!“ ცრემლით და სისხლით ნაწერია ეს წერილი. ბევრი აბდა-უბდაა შიგ და გულწრფელათ ნათქვამი რომ იყოს „პადლეცობა“ იქნებოდა, მაგრამ ყველა ამით ალისტო მხოლოდ ერთს ამბობს: „წყდება, ნადგურდება ერი, დავანებოთ თავი ყველაფერს, იქნებ ცოცხლები მაინც გადავრჩეთო!“ ჭეშმარიტათ ჟამობის დრო დაუდგა საქართველოს, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლათ პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი მუშები იძულებული არიან სთქვან: „ცოცხალი მაინც დაგვტოვეთ, ნუ სწყვეტთ ერსო“. რა საშინელი საბრალდებულო ოქმია რუსეთზე ეს და რა აღმოსავლურ-ფანატიური დესპოტიზმის სუნი უდის ყველაფერ ამას!..
1 ნოემბერი. საფრანგეთმა იცნო ს.ს.რ.კ.-ი. გაზეთებში მოთავსებულია ცნობის ტექსტი პერიოს ხელმოწერით. ნოტაში უმთავრესათ ლაპარაკია რუსეთზე და ნათქვამია რომ საფრანგეთი ცნობილობს საბჭოთა მთავრობას „იმ ტერიტორიებზე, რომელთა მცხოვრებნი ცნობილობენ მის ხელისუფლებას“. ეს დაახლოებით ინგლისური ცნობის განმეორებაა. ნათქვამია აგრეთვე, რომ საფრანგეთი უარს არ ამბობს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებზეო. საერთოთ ისეთი რედაქციაა ეს, რომ აქედან ყველაფერი შეიძლება გამოიყვანო. ამით შეუძლიათ დაიცონ საქართველო და შეუძლიათ გასცენ კიდეც. ყოველ შემთხვევაში ბრძოლის საგნათ მას ალბათ არც საფრანგეთი გახდის, თუმცა მგონია, რომ რენოდელი უფრო ბეჯითად დაიცავს საქართველოს და ისე უღირსათ არ მოხსნის მის დროშას, როგორც ეს ლონდონმა ქნა, ხოლო მასვე დასჭირდა შემდეგ იმავე საქართველოს დაცვა ერთა ლიგაში. გაზეთებში სენსაციური ცნობაა მოთავსებული. ინგლისის მთავრობამ ნოტა გადასცა რაკოვსკის და პროტესტი განუცხადა კომინტერნის მიერ გაგზავნილ საიდუმლო დირეკტივებზე ინგლისში კომპარტიის მუშაობის შესახებ. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს წერილი ყალბია. თვით მაკდონალდიც კი არ ყოფილა მის სინამდვილეში დარწმუნებული. კონსერვატორები ამ წერილს იყენებენ საარჩევნო ბრძოლაში. გაზეთების აზრით მაკდონალდს ეს ინციდენტი მეტათ აზარალებს. [საპყრობილე მოელის პროკურორ კატანიანს. ამზადებენ მოთხოვნილებებს.
3 ნოემბერი. მუდმივი წვიმები დადგა, მზე სადღაც მიიმალა, ტყვიისფერი ღრუბლებით შეკრულია ცა, ყინულიანი ამინდი და ცივი, ზამთრის პირის სუსხიანი ქარი დასტრიალებს საპყრობილეს, სიყვითლისაგან შემჭკნარი ფოთლების უკანასკნელი ფერადები ჩაეკეცა ატალახებულ ეზოს და ტიტველი ხეები სიცივისაგან თითქო ცახცახებენ. რუხი, ფერწასული შემოდგომაა, მისი მიწურული ზამთარს ეპატიჟება. დღეს ერთი წელია რაც იაროსლავის ციხიდან აქ მოგვიყვანეს. შარშანაც ასეთი ამინდები იყო. მაშინ ძველ ციხეში მოგვათავსეს, იქ, სადაც ძველათ სექტანტები ყავდა უმართებულეს სინოდს და მრავალი ამათი საფლავებით მოკირწლულია აქაურ ციხის „სასეირნო“ ეზოები. მართლაც საშინელი იყო შარშანდელი ციხე, ბნელი, ნესტიანი, დაბალი, უზარმაზარი კედლებით მორკალული, მთელი სიცოცხლე რომ დაეტოვებინე იქ, ერთ უცხო კაცსაც კი ვერ შეხედავდი. ეხლაც სავსეა თურმე ეს ციხე. შეუძლებელია იქ თუნდ ერთი თვის გატარება რომ რევმატიზმით არ დაავადმყოფდე. კედლები სველია ბალავრიდან ამოსული წყლით, ეხლაც არ მასვენებს იქ მიღებული რევმატიზმი, ამის გამო ცივი ამინდები ჩემთვის წამებაა. როცა თვალს ვავლებ აქ გატარებულ ერთ წელს, ასე მგონია რომ საუკუნე გავატარე და უკან მიხედვისას ვხედავ უთვალავ პარტახებს, მიმონგრეულ სახლებს, მიტოვებულ კერას და დაძველებულ, ხავს მოდებულ ნანგრევებს ჩემი წარსულისა. და მართლაც, რამდენი დაინგრა ამ ერთ წელში და რამდენი ისეთი ჭრილობა მივიღე, რომელიც ადამიანს ერთ წელში კი არა, მთელ სიცოცხლეშიდაც ეყოფა სატანჯველათ. მეშინია უკან მიხედვა. მე მეშინია განვლილის თუნდ ერთი წუთით ხელახლა განცდა, გული ვერ უძლებს ამას, ვეება ლოდს ვერ ასწევს ჩემი სუსტი ხელები, მე ვერ შევხედავ ერთი წლის სისხლს, ვერ დავაცქერდები ათასობით დაღუპულ ჩემ მოძმეთა სისხლით გადაფენილ შუბლს... ოჰ, წყეულიმც იყავ შენ სუზდალის საპყრობილის ერთო წელო, რამდენი იმედი წაიღე შენ, რამდენი ოცნება დამიმარხე შენს ცივ კედლებში!.. ჩემი ღიმილის ნაცვლად დარდის და მწუხარების ნაოჭებით შენაკერი ჩემი სახე უცნობი იქნება ჩემი სამშობლოსათვის, ვეღარ გაიღიმებს ძველებურათ ჩემი ბაგენი, განა ადამიანის მოკლე სიცოცხლეს შეუძლია ამოსწუროს ის დიდი გლოვა, რომელიც მე მმართებს დაღუპულ ამხანაგებზე? არის ცხოვრებაში ისეთი მწუხარება, რომელსაც ვერ გადალახავ, გული ერთხელ კვდება თუ მართლა გულია ის და სიყვარული იცის მან. სიყვარულმა განმეორება არ იცის. მე იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ამ სიყვარულით მოვკვდები. სწორეთ დღეს ვფიქრობდი ამაზე: ბედნიერებაა თუ არა, როცა შენ იცი რა არის სიყვარული, როცა შენ მართლაც გიყვარს და როცა შენი სიყვარულის საგანი არის ყველა სიყვარულზე უძვირფასესი და უღრმესი სიყვარული – სიყვარული სამშობლოსა!.. ოჰ, ასეთ ბედნიერ სიყვარულს ვერასოდეს ვერ მოესწრება ადამიანი – თუ მართლა არ გიყვარს სამშობლო ნამდვილი სიყვარულით, შეყვარებულის სიყვარულით. და ვერასოდეს, ვერასოდეს, ბედნიერებაში და მშვიდობიანობაში ვერ იგრძნობ ამ სიყვარულს და ვერ განიცდი სამშობლოს ისე, როგორც განიცდი უბედურებაში, როგორც შეგიყვარდება ის მაშინ, როდესაც დაგიდგება შიში მისი დაკარგვისა და შენი საკუთარი სახის გადაგვარებისა!.. უბედურებაა, უბედურებაა ასეთი სიყვარული, რადგან მაშინ უბედურია შენი სამშობლო და უბედურებაა ისიც ადამიანისათვის, რომ მისი სამშობლოს ნამდვილ სიყვარულს ის მხოლოდ ამ უბედურებაში განიცდის. როგორ, როგორ შეუძლია უყვარდეს მას ნამდვილი და მთელი სიყვარულით, ვისაც სატრფოს დაკარგვის იჭვი არ დადგომია თვალწინ, ვისაც არ დაუკაწრავს ლოყები და ცრემლებით არ ამოუწვავს თვალები!.. დიახ უბედური ვარ რომ განვიცდი ამ სიყვარულს დღეს, მარა ბედნიერიც ვარ, რომ მოვკვდები ამ სიყვარულით. უზენაესი გამარჯვება, უწმინდესი და უმართებულესი გამარჯვება მოქალაქისათვის სამშობლოსთვის სიკვდილი უნდა იყოს, ის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასათ უნდა ღირდეს. მე მეზიზღება სუზდალის საპყრობილის ერთი წელი, როცა მთელი 12 თვის განმავლობაში ჩაქუჩივით მცემდა გულში საქართველოს დამარცხებები, მე მეზიზღება ეს საკანში ცეცხლით და სისხლით განცდილი უბედურება, მაგრამ მიყვარს მეორე უკიდურესობით მთელი ეს განვლილი წამება, რადგან ამ წამებაში ვიგრძენი სავსებით სამშობლო და მისი სიყვარულის სრულობა განვიცადე!.. უბედურიც არის და ბედნიერიც ვინც ასე განიცდის სიყვარულს. უბედური მით, რომ იმედი აღარ აქვთ მისი უსაზღვრო სიყვარულის პირადათ განცდისა და სიცოცხლეში მოსწრებისა, მაგრამ ბედნიერები მით, რომ უყვარდათ და ეს სიყვარული ისე განიცადეს, როგორც მას მხოლოდ ბედნიერები განიცდიან... დიდება შენ სამშობლოვ! არ არის ქვეყნად უფრო წმინდა ტაძარი, ვიდრე შენა ხარ, შენ ჩრდილავ ყველა წარმავალს და ერთი ხარ, რომელზედაც ღირს ლოცვა ნამდვილი სიყვარულით, მშობლიური სიყვარულით, ყველა სიყვარულზე ტკბილი სიყვარულით!..
4 ნოემბერი. გაზეთების ცნობით ფინლანდიამ დააკმაყოფილა რუსეთი საქართველოს შესახებ ერთა ლიგაში გამოწვეულ ინციდენტზე. არსებითად კი ეს არაფერი დაკმაყოფილება არ არის. ფინლანდიას განუცხადებია, რომ ს.ს.რ.კ.-ს ჩვენ უცქერით როგორც სუვრენულ სახელმწიფოთა კავშირს და აქედან გამოვდივართ, როცა ვიცავთ დამოუკიდებელ საქართველოს რუსეთის ძალადობისაგანო. შინაურ საქმეებში ჩარევას რასაკვირველია ადგილი არ აქვსო. ეს ჩასთვალა რუსეთმა დაკმაყოფილებათ. კითხვა სწორათ არის დაყენებული. რუსეთის საქმეებში ჩარევას აქ ადგილი არ აქვს, რადგან საქართველო არ არის რუსეთის შინაური საქმეები, ვინაიდან საქართველო ცალკე სახელმწიფოა და თვით ს.ს.რ.კ. ფორმალურ კონსტიტუციითაც კი ის „ნებაყოფლობით“ შედის კავშირში, ხოლო როცა საქართველო ებრძვის თავის „მოკავშირე“ რუსეთს ეს არის არა რუსეთის შინაური საქმე, არამედ საერთაშორისო გართულება, საერთაშორისო დამოკიდებულება, რადგან თვით ს.ს.რ.კ.-ის კონსტიტუცია და მისი „საკავშირო“ ხასიათი არის მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო დოკუმენტი და არა რუსეთის ფსევდონიმი. ყოველ შემთხვევაში ასეთია მისი ფორმალური სახე და რამდენათ მეტჯერ გაუკეთებენ ფიქსაციას ამ გარემოებას საერთაშორისო დამოკიდებულებებში, იმდენათ უფრო ჩამოისკვნება და ჩამოყალიბდება საკავშირო რესპუბლიკების სახე. [ფრანგულ გაზეთებში ყოფილა მოთავსებული ცნობა, რომ საფრანგეთის მთავრობის ნოტაში შენახულია საქართველოს უფლებებიცო. ყოველ შემთხვევაში ერთი მაინც აშკარათ რჩება უდაოთ: საქართველომ განვლო ეროვნულ ჩამოყალიბების და ბრძოლის უმთავრესი გზა. ის სახელმწიფოთ აღორძინდა, ის მსოფლიო ერთა ოჯახში ერთ-ერთ წევრათაა ჩარიცხული, მიმდინარე ეპოქამ მისი კითხვა ძალუმათ დააყენა და ადრე იქნება თუ გვიან ქართველი ხალხი მაინც თავისას გაიტანს, გადაარჩენს თავის ეროვნულ დროშას და სავსებით გამოვა თავის აღორძინების ისტორიულ გზაზე. ამ მიდგომით, ამ დიდ დადებით მოვლენათა დაფასებით საქართველოს სასოწარსაკვეთი არაფერი აქვს, მისი საკითხი მკვიდრ ნიადაგზე დგას, მას ჭირისუფალი ყავს, ერი გამოღვიძებულია და მისი საერთაშორისო სარბიელიც არაჩვეულებრივათ გაჭრილია: ვრჩებით დროებით რუსეთთან შეთრეულ კავშირში? რას ვიზამთ, საკუთარ ძალით ვერას გავხდებით, მაშინ საჭიროა ცოტა განზე გადახვევა, თავის მოვლა, იმ ცოტა საშვალებების გამოყენება, რომელიც საქართველოს დარჩენია. მთელი ენერგია ერის შიგნით უნდა დატრიალდეს და ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ჩამოყალიბებას მოხმარდეს, ამით მომზადებული დავხვდებით ახლო მომავალს და ნაკლები მსხვერპლით აღვადგენთ სრულ ეროვნულ თავისუფლებას.
5 ნოემბერი. ინგლისის პარლამენტის არჩევნები არაჩვეულებრივი შედეგებით დასრულდა. კონსერვატორებმა მიიღეს 400 ადგილი, მუშებმა 150, ლიბერალებმა მხოლოდ 40. ეს უკანასკნელი პარტია თითქმის სავსებით განადგურდა და ინგლისი ისევ შედგა თავის ტრადიციულ ორპარტიანობის სისტემაზე. ცხადია, მომავალში მუშათა პარტია ერთის მხრით და მეორეს მხრით კონსერვატორების სახით ბურჟუაზია იქნებიან მეტოქე ძალებათ. ამხანათ ბურჟუაზიამ უდიდესი გამარჯვება ნახა, მაგრამ მუშათა პარტიამაც წარსდგა ერთი ნაბიჯი წინ, მან მილიონზე მეტი ახალი ხმები მიიღო. ის საშიში მეტოქე ხდება არსებული სისტემისა და ხელისუფლებისა. არჩევნებმა თითქო ორათ გაყო, კლასიურათ დაანაწილა ინგლისი. მართალია მუშათა პარტია დამარცხდა როგორც ხელისუფლება, მაგრამ ეს არ არის მუშათა პარტიის დამარცხება იმ ხასიათის, თითქო მან უკან დაიხია და მისი ძალები დასუსტდა. პირიქით, ის გაძლიერდა კიდეც და თუ მაინც რჩება გარეგნული შთაბეჭდილება დამარცხებისა, ეს მხოლოდ იმისთვის, რომ მუშათა პარტია არ იყო ხელისუფლებასთან თავის საკუთარი ძალებით მისული, არამედ ის იყო სხვისი წყალობით და დახმარებით სუსტათ ფეხმოდგმული ხელისუფლების სათავეში, და როცა გამოეცალა მას „დამხმარე“ ლიბერალური პარტია, ბუნებრივათ ის უმცირესობაში დარჩა. მოსკოვის გაზეთები ნიშნს უგებენ დემოკრატიას და ნაღარას სცემენ: „აკი გიწინასწარმეტყველეთ, რომ დემოკრატიულ-პაციფისტური ხანა მალე დასრულდება და კვლავ რეაქცია გაბატონდებაო“. მართლაც რეაქციათ უნდა ჩავთვალოთ მუშათა მთავრობასთან შედარებით კონსერვატიული ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში ასეა მიღებული დემოკრატიულ და სოციალისტურ აზროვნებაში, მაგრამ განა მოსკოვი უნდა გაჰკივოდეს ინგლისის კონსერვატიზმის რეაქციონერობაზე? არ მეშინია იმის თქმის, რომ მე სოც. დემოკრატს შეიძლება ამისთვის მიწოდონ „რეაქციის მოციქული“ მაგრამ დეე ვიყვე ასეთი მე, თუ მწამს, რომ რუსეთისთვის და რუსეთის ხალხისთვის ინგლისის კონსერვატიზმი ისეთი ნანატრი თავისუფლება და დემოკრატიზმია, როგორიც კომუნისტურ ხელისუფლების დროს მხოლოდ სიზმარში შეიძლება ნახოს მოქალაქემ, იმ წყობილებას რომელსაც რუსეთში ეწოდება სოციალისტური, არაფერი საერთო არ აქვს სოციალიზმთან, ის უფრო მახინჯი „ოტრიაჟკაა“ რუსული დესპოტიური მონარქიზმის და შემდეგ ომის დაშლილობის და დეკლასაციის, ეკონომიურ სიღატაკის და დიდი კატაკლიზმებისაგან დაწრეტილი ამორალობის. კიდევ მეტი რუსის ერის თვითმოქმედება უფრო ნორმალურათ მიმდინარეობა თვით თვითმპყრობელობის ხელში, ვიდრე დღეს, ის ეკონომიურათ და პოლიტიკურათ შებორკილია, მისი ეროვნული ენერგია არ მოძრაობს და არ ქმნის ასაღორძინებელ სიმდიდრეს, ის გაყინული და ფსკერამდე დასულია. და ყველა ეს შეადარეთ, თქვე დალოცვილებო, ინგლისს და მერე დასცინეთ თუნდ კონსერვატორებსაც კი...
ტფილისის გაზეთებში დაიწყო კახიანმა ბეჭდვა მთელი სერია წერილებისა მომხდარ ამბებზე, მოგვითხრობს ახლო წარსულის „ისტორიას“, ერთხელ კიდევ მოყავს რენოდელის წერილი და შემდეგ გვპირდება, რომ „რაკი ნაწილმა მაინც მიიღო გლეხობისამ აჯანყებაში მონაწილეობა, საჭიროა გავუწიოთ ანგარიში მის მოთხოვნილებასო“. დავუცადოთ და ვნახოთ რას იტყვის. სამაგიეროთ ს. დევდარიანის მეორე წერილი მეტად საყურადღებოა. ის გადაჭრით ამტკიცებს, რომ უცხოეთი საქართველოს არ ეხმარება და ბრძოლას საქართველოში თვით საქართველო აწარმოებსო. როგორ დაბეჭდა ეს და ისიც უშენიშვნოთ „კომუნისტმა“? მესამე წელია მეტს არაფერს ამტკიცებდა რუსეთი, ევროპა ეხმარება საქართველოსო, და ეხლა კი სეით დევდარიანს ათქმევინებს თავის გაზეთის ფურცლებზე: „მიქარვაა ყველაფერი ეს, ევროპა არც ფიქრობს აქ მოსვლას, ამას თვით ქართველი ხალხი სჩადისო“. რა მჭერმეტყველური გაბახება და გატიტვლებაა ეს მოსკოვის და მისი პოლიტიკის!.. „საქართველოს სტკივა ის, რაც 1921 წ. ატკინეთ მასო“. სეითი ვარაუდობს, რაღაცას ბადუნობს, უხეირო პროგნოზებს კიდებს ხელს და უნდა დაამტკიცოს, რომ სულ ერთია ჟორდანიას მთავრობა დაეცემოდა და მაინც ასეთი ბოლო იქნებოდა, ვაპატიოთ ეს რუსებს და მოვნახოთ საერთო ენაო. და რადგანაც ეხლა მიღებულია, რომ რაც არ უნდა სთქვან ყველაფერი ეს ლენინის ნათქვამით უნდა დაამტკიცონ, ისე როგორც სამღვთო წერილის ტექსტებით დღემდი სამოთხის და ჯოჯოხეთის სიცოცხლე, სეითიც მისდგომია ლენინის ნაწერებს და ცოხნის ძველი ფოშტის ცხენივით, იფიცებს ამ ახალ სახარებაზე და „მმართველ პარტიას“ ედავება „შენ გლახათ მოიქეცი, უღალატე ლენინს, შენ ბუხარინის გზას გაყევიო“. რომელ მმართველ პარტიაზე ლაპარაკობს ბ-ნი სეითი? მოსკოვიდან გამომწესებულ მმართველ პარტიაზე თუ იმ კომუნისტურ ქართულ მცირე ჯგუფზე, რომელიც მოსკოვმა ვერ მოითმინა საქართველოში და კაი ხანია რაც დააპანღურა?! ჩვენში იციან, უნამუსოს ჭამას რომ დაიწყებს კაცი, მერე მას ყველაფერი შეუძლია ქნასო. სეითი დაეშვა თავქვე და ამ მოლიპულ გზაზე ის ფენომენათაც კი ხდება და ისეთ საქმეს ახერხებს, რაც იშვიათ მოქალაქეს და მით უმეტეს პოლიტიკურ მოღვაწეს მოუხერხდება – სეითი იფურთხებს საკუთარ სახეში. ძნელია შენივე პირით (შენივე პირში) ჩაფურთხება, მაგრამ გაჭირვება ბევრ რამეს აქნევინებს კაცს. წარმოიდგინეთ თურმე საქართველოს მუშები და გლეხები შოვინისტებიც კი ყოფილან და მერე როგორი შოვინისტები? საქართველოში თურმე „შოვინისტობენ“ რუსების და სხვა უცხოელების წინააღმდეგ. ასე უსირცხვილოთ სწერს ოდესღაც მარქსისტი სეითი, ასე უნამუსოთ ამბობს ის ტკივილს და ქართველ ხალხს აწერს იმას, რასაც ის თვით ამ უდიდეს ეროვნულ ჩაგვრის დროსაც კი არ წარმოადგენს. რომელი მარქსიზმი, რომელი სოციალიზმი, რომელი კომუნიზმი მოითხოვს იმას, რომ საქართველოში პურდებოდეს რუსი და შიმშილით წყდებოდეს ქართველი. დღევანდელ გაზეთში საქ. პროფკავშირთა ყრილობაზე გამოქვეყნებული ციფრებია მოთავსებული საქართველოს პროფ. წევრების ეროვნულ შემადგენლობაზე. და ოი საშინელებავ! საქართველოს პროფკავ. მხოლოდ 53 % ქართველი ყოფილა. მერე რას ამბობს ეს გულშემზარავი ციფრი? საქართველოში რესპუბლიკის მასშტაბით 75 % წმინდა ქართველია, მაშასადამე ყოველ 75 ადგილში ქართველ ხალხს თუ მეტს არა, 22 ადგილს მაინც ართმევენ, ან ფულზე რომ გადავიტანოთ: ქართველი მუშა კარგავს მთელი მის ეროვნულ შემოსავლიდან ყოველ 75 მანეთში 22 მანეთს. სად, რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ და რომელ კოლონიას ბეგრავს ასეთი გადასახადებით ან ინგლისი, ან საფრანგეთი, ან სხვა რომელიმე თქვენ მიერ „მარქსისტულათ“ გაბახებული „რაქციონერი“ და „კაპიტალისტური“ სახელმწიფოები ბ-ნო სეით? და თქვენ გაქვთ გამბედაობა უსაყვედუროთ ქართველ მუშას, რომ მას სძულს რუსი და ის გრძნობებზე აყოლილი გზაჯვარედინზე გაიძახის: „მე ქართველი ვარ, მხოლოდ ქართველიო?“ ასეთი ლაპარაკი შეუძლია დღეს საქართველოში ან „პადლეცს“, ანდა სილაჩრემდი შეშინებულს. რომელი ბრძანდებით ამათში თქვენ სეით? რომელიც გინდათ აირჩიეთ, ორივე ეს ერთმანეთს სჯობია. წერილებს კიდევ გვპირდება სეითი. ვნახოთ რას იტყვის ახალს და რა სიბრძნეს მოგვასმენს. იქნებ იანვარივით წამოაყენოს „ეროვნული პროგრამა“ და იქ ისეთი ისტორიული მუხლიც ჩაურიოს, როგორიც არის „წერა-კითხვის უცოდინართა ლიკვიდაციის საქმის გაძლიერება“!.. ღმერთი რომ კაცს დასჯის, უწინ ჭკუას წაართმევს. საქართველოში რომ პოლიტიკური მოღვაწე ეხლა ამ დონკიხოტობას საქმეთ ჩათვლის და მას ეროვნულ პროგრამის მუხლათ ჩაიტანს, ასეთი მოღვაწის საქმე წასულია, ის თავის ჭკუას თავს ვერასდროს ვერ მოუყრის. ეს დალოცვილები რაღა ამ დედაბრებს და ხანგადასულებს მიდგომიან „სალიკვიდაციოთ“, როცა ათი ათასობით სკოლის ასაკის ბავშვები უსწავლელები რჩებიან!.. ყოველ შემთხვევაში დაუცადოთ სეითს, მისი წერილები ერთ სარგებლობას მაინც გვაძლევს, სტრიქონებ შუა გაკვრით მაინც ვამჩნევთ ერის სულისკვეთებას, მის განცდებს და ზრახვებს. ამისთვის მაინც უნდა ვუთხრათ მადლობა სეითს...
6 ნოემბერი. ჩვენი ციხის აბანო ჯერაც არ დაუმთავრებიათ. დავყავართ ციხის გადაღმა ერთ ბინძურ ქოხში, სადაც თბება ორი ქვაბი წყალი. ორ-ორი, სამ-სამი კაცი შეიძლება მოთავსდეს მხოლოდ ამ აბანოში. განსაკუთრებით საშიშია იქ სიარული ასეთ ზამთრის ამინდებში. იქიდან გამოსული კაცი შეიძლება გზაში გაცივდეს. დღეს წაგვიყვანეს მე და გრიგოლი ამ აბანოში. ჭიშკრის გადაღმა რომ გადაგვიყვანეს დავინახეთ მოედანზე ხვალინდელი სადღესასწაულო სამზადისი. ლატიში ჩეკისტები ამზადებდენ არკებს და რთავდენ გირლიანდებით. აბანო ნახევრათ ცივი იყო, ამ ყინვებში იქ მთელი კუთხის ბაყაყებს მოუყრია თავი. მიუხედავათ ამ სიმყრალისა და სიბინძურისა მაინც გვიხარია ამ აბანოში წამოსვლა. ეს არის ერთად ერთი დრო როცა უცხო ვინმეს შევხვდებით გზაში და საერთოთ ცხოვრების სარკმლის ჭუჭრუტანაში გავხედავთ, რაღაც თითქო მოეშვება გულს, როცა მოვშორდებით მონასტრიის ვეება კრემლს, მის ჟანგიან და ხავსიან კედლებს. [დღეს ვათვალიერებდით ახალ „კრასნაია ნოვს“. მგონია საუკეთესო ჟურნალია ეხლანდელ რუსეთში, რამდენათ შეიძლება პრესის კომუნისტური მონოპოლიის დროს საუკეთესო ჟურნალის გამოშვება. ჟურნალი იწყება ვსევოლოდ ივანოვის მოთხრობით „კურგანები“. ვისაც უნდა იცოდეს რუსეთის უკანასკნელი წლების ცხოვრება და გაიგოს თუ რა საშინელება განვლო მან, უთუოდ უნდა წაიკითხოს ეს მოთხრობა. ის ნამდვილი სურათია, ციმბირის ცხოვრებიდან, სამოქალაქო ომის ერთი ნაგლეჯია. ივანოვი თვით არის მონაწილე სამოქალაქო ომისა და მნახველი და მკეთებელი ამ სურათებისა. „კურგანებში“ აგვიწერს ის თუ როგორ დამარხა მან 8000 ცხედარი და შექმნა ცხედრების კურგანი. ჟრუანტელი გივლის ტანში და შიში გიპყრობს როცა ამას კითხულობ და თან ფიქრობ იმაზე, თუ როგორ მორალურ სიმაღლეზე სდგას ეხლანდელი რუსეთი, რომელიც ასე თავისუფლათ, იოლათ, თითქმის ცინიზმამდი მისულ დაცინვით ლაპარაკობს ადამიანების სიცოცხლეზე, რომელთა შორის ბავშვების გაყინული თითებიც კი როგორც ბროლის შუშები ტყდებიან და ნაპერწკლებათ სცვივიან. სურათი ისე წრეს გადასულია და გაუგონარია, რომ გამუნჯებს, ძალას გართმევს. და ფიქრსაც გიკარგავს. ცხოვრება თითქო გაფასებულია, სიცოცხლე ჩირათაც აღარ ღირს და არც ვინმე ფიქრობს დააფასოს შენი სიცოცხლე. ვისაც უნდა ეხლანდელი რუსეთის გაგება, მან უნდა წაიკითხოს ეს მოთხრობა. [ამავე „კრასნაია ნოვშია“ მოთავსებული ცნობილ ხრუსტალიოვ ნოსარზე (?). ის უკრაინაში დაუხვრეტიათ. გამოცხადებულა ჩეკაში საჩივლელათ, რომ მისი ძმა უდანაშაულოთ დაიჭირეს, ის ჩეკაში დააკავეს და დახვრიტეს. დღემდი ვფიქრობდი, რომ ის დიდ პოსტზე იყო სადმე, ანდა როგორც საპატიო მოქალაქეს ინახავდნენ, ის ხომ პირველი მუშათა საბჭოს თავმჯდომარეა 1905 წ...
7 ნოემბერი. დღეს რუსეთი დღესასწაულობს მეშვიდე წლისთავს ოქტომბრის გადატრიალებისა... „ზავი, დამფუძნებელი კრება, დემოკრატია, ერთა თვითგამორკვევა, მუშათა კლასის ხელისუფლება“ – აი, ეს იყო მაშინ ლენინის ოფიციალური ლოზუნგები, ამისთვის მოახდინეს გადატრიალება. და დღეს, საერთო ზეიმზე და დღესასწაულზე რომ გამოჩენილიყო ვინმე და წამოეყენებია ესევე ლოზუნგები, თვით ბოლშევიკური შინაარსით, იჭვი არა მაქვს ასეთი თავხედი თავს დაკარგავდა, ანდა ჩვენს პირობებში მაინც მოხვდებოდა. თვითაც ვერ ამჩნევს კომუნიზმი იმ ევოლიუციას, რაც მან გაიარა და ვერ ხედავს ვერც იმას, თუ რად გადაიქცა ის რუსეთის სინამდვილეში. ჭეშმარიტათ ურყევი და მარადისია მოხუცი მარქსი, რომელიც ქვეყნათ დადიოდა და ქვეყნიურ ეკონომიური პირობების მიხედვით ფიქრობდა ცხოვრების გარდაქმნას, ხოლო ვინც მოინდომებს მარქსიზმის ასე გამარტივებას და გამასხრებამდი მიყვანას, როგორც ეს სცადეს მოსკოვში, მათ ცხოვრება თვით გაამასხრებს და დეკრეტებით და ხიშტებით შემოღებულ სოციალიზმს მიიყვანს იმ საცოდავ გაკოტრებამდე, როგორც ეს ოქტომბრის სულისჩამდგმელებს მოუვიდათ. მოითხოვდენ ზავს იმისთვის, რომ შემდეგ მთელი წლები ეომებიათ, იბრძოდენ დამფ. კრებისთვის, რომ მისი შეკრების პირველ დღესვე მატროსის მათრახებით გაერეკათ; ეფიცებოდენ დემოკრატიას, რომ მოესპოთ ეს დემოკრატია; თავისუფლებას პირდებოდენ და ხელშეკრულებას უდებდენ ერებს, რომ შემდეგ დაეპყროთ და ტყვეებით აევსოთ ველიკოროსია, მუშათა კლასს ბედნიერებას აძლევდენ, რომელსაც ეს ბედნიერება დარბევათ და გაღატაკებათ, დეკლასაციათ და საუკუნით უკან დახევათ, წარმოების დარბევათ გადაექცა. ყველა ზეიმობს დღეს და ყველა მადლობელია საბჭოურ რუსეთის. ეს ზეიმი სახელმწიფო ბეგარაა და ის უნდა არ უნდა ხალხმა უნდა ასრულოს. დიახ, ყველა მადლიერია არსებული „მუშურ-გლეხური“ ხელისუფლებით, მაგრამ რომ უფრო გამოვხატოთ მისი არსება, მოვიგონოთ ორი წლის წინათ ბურიატ-მონღოლთა ყრილობაზე ერთი ბურიატის სამადლობელი სიტყვა საბჭოთა ხელისუფლებისადმი: «Республика наша, власть ваша, спасибо! Земля наша, хлебушко ваша, спасибо! Корова наша, молочко ваша, спасибо! Курочка наша, яичко ваша, спасибо!..» ასეთი «спасибо» გაისმის დღეს კიდით კიდემდე და მოსკოვი არც ფიქრობს შეამჩნიოს რამდენათ დამცინავი და გამანადგურებელია ეს „სპასიბო“. სწორეთ ამაზე იტყვიან „ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ეგონა!..“ შეიძლება წლების მთელი რიგი იცოცხლოს არსებულმა ხელისუფლებამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის გამარჯვებას. ოქტომბერი დიდი ხანია დამარცხდა, ის თვით მისმა სულისჩამდგმელებმა გააბახეს და გასვარეს. მომაკვდავს ვერავინ გააცოცხლებს, მით უმეტეს გამოცოცხლებლებათ ვერ გამოდგებიან ისინი, ვისაც მხოლოდ სიკვდილი ეხერხება და მისი მოციქულია. დღეს მოსულა კალისტრატესთან სანახავათ ირინა. დღსასწაულის გამო ნახვა ხვალისთვის გადაუდვეს. ირინამ გამოგვიგზავნა გუშინდელი გაზეთი. შიგ ცნობაა, რომ პარიზში გამოვიდა საბჭოთა პლატფორმაზე მდგომი ქართული გაზეთი „ახალი საქართველო“ ვეშაპელის რედაქტორობით. გული გულს იგრძნობს, ვეშაპელს შეუშფოთებლათ შეეძლო მისულიყო საქართველოს სისხლში გასვრილ ხელისუფლებასთან, ამბორი მიეძღვნა იმ მოსკოვისათვის, რომელმაც გუშინ დაკლა და დღესაც კლავს საქართველოს დამცველ რაინდებს. ვეშაპელი შეიძლება განსაკუთრებული ამორალური ტიპი იყოს ქართულ ცხოვრებაში. მას თავის გამოსაჩენათ და კერძო დიდებისთვის ყველა საშვალება დასაშვებათ მიაჩნია. მისთვის არ არსებობს არც ერთი სიწმინდე, ის ამ შემთხვევაში ბოლშევიზმის მონათესავეა. მაგრამ ამით გაითხარა უკვე ვეშაპელის საფლავი. ის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ვინც დღეს მიაფურხებს და გადააბიჯებს ჯერ კიდევ გაუმშრალ ერის გმირთა სისხლზე, ვეღარ დაუბრუნდება საქართველოს ცხოვრებას და მას ადგილი არ ექნება ერის ხელმძღვანელობაში. ვეშაპელი ამ მხრით ყველა რენეგატებზე საზიზღარი იქნება. მის შუბლზე მიეწერება – შეგნებული მოღალატე. „ჰე სოფელო რაშიგან ხარ“, რომ საქართველოს პატრიოტთა ნაკვალევზე წარმოშვი უღირსი და ბინძური ცხოველი, რომელმაც ოცი წლის შემდეგ ფეხით დაჯეგა და გასვარა არჩ. ჯორჯაძის პარიზის „საქართველო“, ერის რუსეთისაგან გასანთავისუფლებლათ მოწოდებული ახალი სიტყვა, რომელიც შემდეგ გადაიქცა საქართველოს იდეალისა და რომანტიკოს ინტელიგენციის წმინდა დროშათ და რომელსაც ეს ინტელიგენცია დღესაც იდუმალათ ინახავს გულში. დროშა, რომლის ეროვნული პრინციპი უფრო მეცნიერული გაგებით შეიგრძნო და შეითვისა შემდეგ მთელმა საქართველომ და მის მესაჭეთ გამოვიდა საქართველოს მუშათა კლასი, რომლის ქვეშ დადგა და იბრძოდა, დღესაც იბრძვის ისტორიისაგან განაწამები საქართველო. არჩ. ჯორჯაძის იდეალიზმი ეროვნულ საკითხში და მუშათა კლასის მიერ ეროვნული ფენების ძირიანათ ამოძრავება და ამ ორი მომენტის შემდეგ ერთად თავმოყრა და ერთმანეთზე დამატება, ერთ ეროვნულ მოძრაობათ მისი აღნაგობა – აი რა იყო ურყევი და უძლიერესი მეოცე საუკუნის საქართველოში, რომ მუხანათ რუსეთს არ დაეკლა და დაენგრია ქართველი ხალხის აღტაცებით და ეროვნულ-სოციალისტური შეგნებით საძირკველ ჩაყრილი, საყვარელი დამოუკიდებელი რესპუბლიკა... დამარცხდება თუ გაიმარჯვებს საქართველო ვეშაპელი მაინც ყველა რენეგატზე საზიზღარი იქნება. ეხლანდელ პირობებში საქართველოში გარენეგატებულებს აქვთ ოდნავი გამართლება მაინც ქვეყნის დესპოტიური მმართველობით, მაგრამ მუდამ ბინძური ვეშაპელი ვერასოდეს ვერ აღიდგენს ქართველის სახელს... [რუსეთის ელჩათ საფრანგეთში დაინიშნა კრასინი – საფრანგეთმა კი მოსკოვში დანიშნა ჟან გაიბეტი – ოფიციალ გაზეთ „ტანის“ რედაქტორათ ნამყოფი. ხუთი თვის წინეთ ის სწერდა: რუსეთი უნდა შევიყვანოთ ერთა ლიგაში და ერთა ლიგის საშვალებით უნდა გადავსწყვიტოთ კარელიის და საქართველოს საკითხიო. [ამერიკის პრეზიდენტათ აირჩიეს კულიჯი, ვიცე-პრეზიდენტათ კი დაუესი – ევროპულ-რეპარაციული გეგმის შემდგენი. ამ არჩევნების და ინგლისში ბალდუინის კაბინეტის შედგენის გამო მოსკოვის გაზეთები სწერენ: „შეხედეთ ქვეყანა რა ხალხის ხელშია, რა მექრთამეები და მაშეინიკები მართავენ ევროპას და ამერიკას, ხოლო ამავე დროს შეგვხედონ ჩვენ და აბა გაბედოს ვინმემ სთქვას, რომ ასეთი მაშეინიკები და მექრთამეები იყოს ჩვენში, გაბედონ და სთქვან, რომ ჩვენ არა ვართ მთელი ქვეყნისათვის სამაგალითო სიფაქიზე და სამართლიანობის მოციქულებიო“. აბა რა მეთქმის ამაზე, ცხონებულმა ბებია ჩემმა, ძველმა დარბაისელმა ქალმა იცოდა, როცა ხედავდა ვისმეს უსირცხვილო ტყვილს: „დიდება შენს სახელს, ღმერთო, რა უტიფარი რამ არისო“.
8 ნოემბერი. კალისტრატე იყო ნახვაზე ირინასთან. საქართველოზე თითქმის არაფერი ახალი არ უთქვამს. საერთოთ სამშობლოს ცნობებით ნაკლებათ გვაწუხებენ. გავიგეთ მხოლოდ, რომ ჩელიაბინსკის ციხიდან ავადმყოფი ტერენტი ხურცილავა მოსკოვში გადმოუყვანიათ. მას დამბლა მოსვლია და ნახევარი სხეული გაკავებია. თან ჭლექიც მოძალებია. საწყალი ტერენტი, რა იმედებით იყო სავსე მეტეხში, შემდეგ იაროსლავშიც გულს იმაგრებდა, ბუნტარობდა, ჩელიაბინსკიდანაც გვწერდა წერილებს... შევხვდებით კი ერთხელ კიდევ ერთმანეთს?.. ჰეხ, როგორ დაილეწა საქართველო, როგორ განადგურდა მთელი თაობა, ვინ სად დაიღუპა და ვინ სად ჩაკვდა!!.. კიდევ რამდენი დაიღუპება, რამდენი ვერ ეღირსება თავისუფალ სამშობლოში მოქალაქის სიცოცხლით ცხოვრებას?!.. [ტფილისის გაზეთებში საინტერესო ცნობებია. კახიანის და სეით დევდარიანის წერილები გრძელდება. პირველი არკვევს მომხდარ ამბებს და ეძებს ახალ ღონისძიებებს. მომხდარის დახასიათება, რასაკვირველია, ჩვეულებრივი რუსულ-ჩეკისტურია, მაგრამ მოყვანილი ცნობები ზოგი მეტად საყურადღებოა და განსაკუთრებით ჩვენთვის, სამშობლოდან მოშორებულებისთვის, რომელთაც მხოლოდ გაზეთით თუ გვერგება სინამდვილის ნასუფრალი და ოდნავ მაინც გავიგებთ მომხდარ დიდ ამბებს. ამხანათ საყურადღებოა ნაგლეჯი კ. ანდრონიკაშვილის ჩვენებიდან. მეტად გასახარია, რომ ასე ღირსეულათ და მაგრათ უჭირავს მას თავი. ეხლა კი იჭვიც არ მეპარება, რომ 4 სექტემბერს ჩეკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ან პადლოგია, ანდა პადლოგს მაინც არ გასცილდება არსებითათ. მე მაშინ აღმაშფოთა ამ დოკუმენტმა და არც ვზოგავდი კოტეს და სხვების დასახასიათებლათ ეპიტეტებს, მაგრამ ეხლა... ეხლა, როცა ვიცი კოტეს თუნდ ორი სიტყვა, მე ბოდიშს ვიხდი მის წინაშე და მინდა შევსძახო: „გაუმარჯოს საქართველოს, მისთვის სიკვდილი უდიდესი გამარჯვებაა!“ კოტეს ჩვენებაში მოცემულია ერი გაერთიანებული, ერი შედუღებული, ერი მუშების, გლეხების, ინტელიგენტის, ვაჭარის, ოფიცერის და ყველა, ყველა მისი შემადგენელი ნაწილების, ერთი ოჯახის წევრების, რომელნიც როგორც ქართველები, როგორც ერთი სხეულის ნაწილები მოვალენი არიან ერთნაირათ დაიცონ სამშობლო, ერთნაირათ გასწირონ თავი თავის სამშობლოსთვის. კოტე იყო და არის ერის მესაჭე განსაზღვრულ პერიოდში, შეიძლება ყველაზე პასუხისმგებელ პერიოდში და საქართველოს ისტორიის ერთ უმშვენიერეს ფურცლის გადაშლის დროს, ის იყო ყველა პარტიათა კრებულის ხელმძღვანელი და, რასაკვირველია, მასში უნდა ერთიანდებოდეს ერის ზრახვები მთლიანათ, ერის სული და მისი ტკივილები. არის ერის ცხოვრებაში მომენტები, როცა პარტიული და კლასიური იჩრდილება და ერთმანეთის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივი წრეები ერთნაირათ სწირავენ თავს და ერთ მთავარ მიზანს ემსახურებიან. ასეთ მომენტში იყო კოტე ერის სათავეში. დამარცხდა თუ გაიმარჯვა მისმა შრომამ და თავგანწირვამ, ის მაინც ერს ეკუთვნის მთლიანათ, ვერავინ ვერ გაექცევა მას და ვერც მიისაკუთრებს კერძოთ. კოტეს ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, მისი ბრძოლა ეხლა უფრო პასუხსაგებია, ვიდრე გუშინ, მან ეხლა მტრის წინაშე, სიკვდილის აჩრდილში სიტყვით უნდა გამოკვეთოს ის, რისთვისაც უკანასკნელი წლები ასე თავგამოდებით იბრძოდა. იქნება მისი გასამართლება, თუ ჩვეულებრივათ ჩეკისტურათ გაასამართლებენ, ათქმევინებენ მეტს თუ მოკლავენ მის ენას უკვე ნათქვამით, დღეს მაინც ერთის იმედი აღმეძრა: კოტე ერს შერჩა, კოტემ რაინდულათ უპასუხა დამპყრობს ის, რასაც რაინდულათვე აკეთებდა დატყვევებამდე. სეითის დღევანდელი წერილიც არის საყურადღებო. ის უარყოფს, თითქოს საქართველოს ეხმარებოდეს ევროპა და ამბობს: განა 7000 ლირა ეყოფოდა აჯანყებასო? «Курам на смех»-ო თავისებურათ უმატებს რუსულათ. წერილში არის ერთი საყურადღებო ადგილი. ეს პირადათ სეითს შეეხება. სოც. დემ. ცეკას მიუწერია ნაძალადევის კრებაზე არჩეულ მუშათა კომისიისათვის: „სეითს ყველაფერი ეპატიება, ის რუსი ინტელიგენტია და საქართველოსთანაც ისღა კავშირი დარჩენია, რომ ქართველ გვარს ატარებს, მაგრამ თქვენ ვინ მოგცათ უფლება, რა უფლებით ლაპარაკობთ ასეთ რამეებს და უდიდეს ისტორიულ მომნტში ერს ღალატობთო“. ჭეშმარიტათ, მართლაც რუსი ინტელიგენტია სეითი. მას ეს ძალზე ეწყინებოდა, საწყენიც არის, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სეითი ქართულ ლიტერატურას მხოლოდ უკანასკნელ წლებში ეცნობოდა და სწავლობდა. მან უფრო მეტი იცოდა და იცის კოზმა პრუტკოვზე, ვიდრე ქართულ მწერლობაზე. საერთოთ კი სეითის წერილში მხოლოდ სეითისებური ბადუნია. უკვირს ის, რაც დღეს არავისთვის არ არის გასაკვირველი, ეუცხოვება ის, რასაც ეხლა მტერიც კი ვერ აუხვევს გვერდს და იძულებულია ავათ თუ კარგათ მაინც ყურადღება მიაქციოს. „გვიან ჩამოვედი რუსეთიდან და მეუცხოვა რაც ვნახე აქ, ნაციონალიზმით იყო მოწამლული ხალხიო“. უნდა აუწიო ამ კაცს ყური და მაგრათ წკეპლი უნდა მიარტყა, რა ეუცხოვა, რა გაუკვირდა ამ „დიაკონს“, განა ის, ეუცხოვა, რომ რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ, როცა მოვიშორეთ მოძალადე დამპყრობი, ქართველი ხალხი დაეპატრონა თავის მიწა-წყალს და ნამესტნიკების მოტანილი რუსეთი ნამესტნიკებსვე გაყვა, ხოლო ქართველმა ხალხმა თავის მშვენიერი ქართულით დაიწყო აღორძინება და აზროვნება? ის გაუკვირდა ბ-ნ სეითს, რომ ტფილისი გაქართულებული ნახა, რომ რუსულ არმიების შტაბები აღარ იყო აქ და არც მათი „ვივესკები გვიმშვენებდენ ინტერნაციონალურათ“ ტფილისს? ან იქნებ ის ეუცხოვა, რომ მისმა რუსებმა ზოგმა ადგილები ვერ იშოვეს, რადგან ორ მილიონიან საქართველოს უნდოდა ქართულათ ლაპარაკი და არა თითო ოროლა სტუმრების ენაზე „სოციალისტობა“, რა პირით ამბობს და როგორ აცხადებს დღეს ამას მაინც სეითი? რომელი შოვინიზმი, რომელი კაციჭამიობა ნახა საქართველოში სეითმა? სირცხვილი არ არის სოციალისტისათვის ამბობდე უტიფარ ტყვილს და ისიც შენი ერის წინააღმდეგ მიმართულს? რომელ რუსს, ან სომეხს, ან თათარს ვაწამებდით ჩვენ? ან იქნებ ის გონია სეითს შოვინიზმი, რომ ქართველ ხალხს ქონდა თავხედობა ეომა რუსეთთან, როცა რუსეთი თითქმის ყოველ თვეობით იჭრებოდა საქართველოს მიწა-წყალზე? ეს თავხედობა და შოვინიზმი კი არა, ეს ჩვენი ეროვნული და სოციალისტური მოვალეობა იყო. „ბადუნობს-თქვა“ – ვუწოდე სეითის წერას და მართლაც ბადუნობს, თორემ აბა რა ჭკუაში მოსავალია ერთ ადგილას ამბობდე ასეთ აშკარა ტყვილს და ძველი დედაბრებივით ამტკიცებდე, რომ მართლა იჯედი მგელზე და ტურა-მელაობდი, ხოლო იქვე ამბობდე, რომ რუსები კი არ იჩაგრებიან, ქართველებს ყრიან ადგილ-ბუდიდან და ქართველი ხალხი ამბობსო: „მოვიდეს ვინაც უნდა, მაგრამ ქართველი საქართველოში შიმშილით არ კვდებოდესო“. და როცა ასეა გაწამებული ქართველი საქართველოში, როცა მოშიებულს და ადგილიდან დათხოვნილ ქართველს ბოღმა აქვს გულში, რადგან მის ლუკმას რუსი და სხვა მოსულები სჭამენ. თქვენ ბატონო სეით ამას შოვინიზმს უწოდებთ? რა უფლებით? რომელი სამართლით? მოშორდეს რუსი საქართველოს, დაანებოს თავისი წილხდომილი ლუკმა ქართველ მუშას და გლეხს და მაშინ არც იქნება სიძულვილი რუსებისადმი. მანამ კი დამსახურებულ ზიზღს რუსეთი ვერ მოიშორებს და ვერც თქვენი „ბადუნი“ უშველის რუსებს და შეაყვარებს მათ თავს ქართველებს, ბ-ნო სეით!..
9 ნოემბერი. ფინლიანდიასთან კვლავ გაუგებრობა ჩამოვარდა საქართველოს შესახებ. ფინლიანდიის სტოკგოლმელ ელჩს განუცხადებია: ფინლიანდიას ამ საკითხში უკან არ დაუხევია და ერთა ლიგაში ენკელის გამოსვლა საქართველოს დასაცავათ ეთანხმებოდა საერთაშორისო უფლებას და კანონიერებას, რომ ეს არ არის რუსეთის საქმეებში ჩარევაო“. ამის გამო ს.ს.რ.კ.-ს საგარეო კომისარიატი აქვეყნებს ცნობებს და მიაჩნია, რომ ფინლიანდია არღვევს აღებულ ვალდებულებებს და ერევა ს.ს.რ.კ. შინაურ საქმეებშიო. წინათ ვამბობდი, რომ ეს „მართლაც არ არის რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევა რადგან საქართველო არ არის რუსეთის ნაწილი, ფორმალურათ ის დღესაც კი დამოუკიდებელია. ამ ურყევ პოზიციაზე სდგას ალბათ ფინლიანდია და აქედან გამოდის, როცა რუსეთს ესხმის ერთა ლიგაში საქართველოს უფლებების შელახვის გამო. [დღეს ლაპარაკი გვქონდა ამხანაგებს იმის შესახებ, რომ იქნებ მოვიდეს ტფილისის მუშების კრებაზე არჩეული კომისია ჩვენთან მოსალაპარაკებლათ. ჯერ არ დავდგომივართ განსაზღვრულ გზას და არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ხვალ დილით გაგრძელდება კამათი ამაზე. ახალ მდგომარეობას ახალი ტაკტიკა უნდა, მაგრამ არა იმისათვის, რომ პირში ვიფურთხო, არამედ შესაძლებელ პირობებში ოდნავ გასაქანი მაინც ექნეს ეროვნულ მუშაობას. რა პირობებში შემიძლია უკან დავიხიო და გადავლახო, დავაჩუმო ჩემი ეროვნული და სოციალისტური ბოღმა და შეძლებისდაგვარათ წავიდე თანამშრომლობაზე? თუ რუსეთი: 1) საქართველოს ახსნის „ნადზორს“ („ზედამხედველობას“ – ი. ხ.) და მისცემს საშვალებას პირდაპირ შევიდეს ს.ს.რ.კ-ში, 2) გამოყოფს საქართველოს რკინის გზებს, ფოსტა-ტელეგრაფს, 3) შექმნის ქართულ არმიას, 4) საქართველოს ეყოლება თავისი სავაჭრო ფლოტის ნაწილი და სამხედროში ცალკე ერთეული, 5) საქართველოს ეყოლება საგარეო საქმეების სამმართველოში თავისი წარმომადგენელი, 6) საქართველოს ექნება თავისი უფრო დამოუკიდებელი ბიუჯეტი, 7) თუ რუსეთი დააკმაყოფილებს საქართველოს ტერიტორიალურ უდაო უფლებებს აღმოსავლეთ საზღვრებზე და აღადგენს რესპუბლიკის ასეთივე უფლებებს ჯიქეთში და დვალეთში, 8) თუ რუსეთი ვალად აიღებს, რომ მომავლისთვის საკავშირო მთავრობის მოქმედება მიმართული იქნება ენერგიული ბრძოლისთვის, რათა სომხეთს დაუბრუნდეს ოსმალთაგან თავისი ტერიტორია და საქართველოს მისი არტაანი, ფოცხოვი, შავშეთი, ისპირი, თორთომი და ჭანეთი. 9) თუ რუსეთი მისცემს საქართველოს თავის კუთვნილ ძირითად თანხას ძველი საიმპერიო თანხებიდან, 10) თუ რუსეთი ერთხელ და სამუდამოთ აიღებს ხელს კოლონიზაციაზე, წაიყვანს რუს ჩამოსახლებულებს და ჩინოვნიკობას, თუ რუსეთი უარს იტყვის თავისი რუსულის ამიერკავკასიაში „საერთაშორისობაზე“, რომლითაც თავს აბამს რუსულ საქმეს და აგრძელებს მეფეების პოლიტიკას, 11) თუ საქართველოს ერთა ლიგაში ეყოლება თავისი წარმომადგენელი, როცა რუსეთი შევა ერთა ლიგაში და სხვა და სხვა... ერთი სიტყვით, თუ საქართველოს რესპუბლიკა იქნება მართლა დამოუკიდებელი და თავისუფალ კავშირში რუსეთთან, თუ მას ექნება შერჩენილი სუვერენობის მთავარი ატრიბუტები, მაშინ ქართველ ხალხს შეუძლია მართლა მოკავშირეობა გაუწიოს რუსეთს და უკვე განვლილი უბედურებანი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ამოიწუროს და გზა გაეხსნეს მართლა თანამშრომლობას და მეზობლობას, და არა როგორც დღემდე იყო მტაცებლობას და ძლიერისა და დიდისაგან სუსტის და პატარას შეჭმას. უნდათ რომ უთუოდ იყოს დიქტატურა საქართველოში? დეე იყოს, ჩვენ შეგვიძლია ესეც დავთმოთ, მაგრამ დეე იყვეს ქართული კომუნისტური დიქტატურა და საქართველოს ქართველები მართავდენ. შესძლებს ამას მოსკოვი, უნდა მართლა მეზობლობა და მეგობრობა? მაშინ ჩვენც შეგვიძლია ბევრის დათმობა და შეთანხმების ენის მონახვა.
10 ნოემბერი 1924 წ. რუსეთი. ქ. სუზდალი. სამონასტრო საპყრობილე. საკანი # 32. ლეო რუხაძე. დღეს დაიწყო ნამდვილი ზამთარი. ყინვებს მოყვა თოვლი. აღმოსავლეთის ქარი ქრის და თეთრათ ჩაცმული ტიტველი ხეები წმინდანებივით სდგანან ციხის ეზოში, ხან ტოტებს იბერტყავენ და ხან კიდევ ხელახლა იმოსებიან, რომ ზამთრის ღამეში თავი გაიტანონ. რა დიდი მანძილია ზამთრის წინ! დღეს თითქო ხალისიანია თოვლის სამოსი, მაგრამ მალე თავს მოგვაწყენს, დაუსრულებელია მისი ოთხი ცივი და ერთფეროვანი, მუდამ ნისლიანი და ბუქიანი თვეები. მზე თითქო დაგვემალა, ის სანატრელად გაგვიხდა. [დღეს წავიკითხე კახიანის უკანასკნელი ორი წერილი. ცოტა ცნობებს კიდევ იძლევა: წინასწარ გაუწმენდიათ ქართული ჯარი, დაუთხოვიათ 300 კაცი, ე. ი. ერთ დივიზიიდან ალბათ გაუყრიათ ყველა ოფიცრობა, ეს თურმე „მუშურ-გლეხური“ ხელისუფლების შესარჩენათ ყოფილა საჭირო. მასვე უფრო კონკრეტიულათ მოყავს სოც. დემ. ფურცლის შინაარსი, რომელიც გამოსულა 10 სექტემბერს. ფურცელში მოწოდებაა, რომ შესწყვიტოს ხალხმა იარაღით ბრძოლა, დაემორჩილოს გამარჯვებულ დამპყრობს და ნუ აჟლეტინებს თავს იმ ძალას, რომელიც არავითარ საშვალების წინაშე არ იხევს. ეს ფურცელივე აძლევს მეზობლურ და მეგობრულ რჩევას სომხებს ნუ სარგებლობენ საქართველოს გაჭირვებული მდგომარეობით და ნუ ეხმარებიან დამპყრობთ, ნუ ხდებიან რუსეთის ბრმა იარაღათ. ამ მოწოდებას უწოდებს კახიანი პოგრომულს. ამ კანტი-კუნტი ცნობებით და კახიანისვე აღსარებით „რომ ტფილისში ისევ დამძიმებული ატმოსფეროა, რომ მენშევიკურ პროვოკაციას კომუნისტებშიც კი აქვს გასავალიაო“ – აშკარა ხდება და მთელი სურათი იშლება ჩვენთვის თუ რა იყო და რა არის დღეს საქართველოში. რუსეთმა ნაწილობრივათ მაინც გააკეთა თავისი საქმე. მან წაუსია საქართველოს სომხები, ეს უკანასკნელები გამოიყენა ბრმა იარაღათ და ამიერკავკასიის ერთა შორისვე დაატრიალა ის უნდობლობა და სიძულვილი, რაც თვით დაიმსახურა თავისი პოლიტიკით სამივე ერისაგან. რუსეთი ამით ცდილობს რისხვის თავიდან აცდენას და „მშვიდობიანობის თვალთმაქცი დროშით“ თითქო აკეთებს თავის „კუთვნილ ინტერნაციონალურ საქმეს“. ჰო, სასახელო ხელობა რომანოვთა დინასტიისა, რომელიც კიდევ უფრო მახინჯი და გაველურებული მოიტანა ჩვენში გაკომუნისტებულმა რუსეთმა!.. მაგრამ ყველაფერი ეს მოგეჩვენებათ მხოლოდ ერთის შეხედვით, მხოლოდ წუთით თუ იგრძნობთ იჭვს, თითქო რუსეთმა აიცდინა რისხვა და თავისი ნაცადი პროვოკაციით ქვეყანას მოაჩვენა, თითქო ის არაფერ შუაშია. ნამდვილათ კი არასოდეს რუსეთს საქართველოში ისეთი დამარცხება არ განუცდია, როგორც ამ უკანასკნელ ორ თვეში. რუსეთმა მოიკლა თავი ეხლანდელი მისი ქართული პოლიტიკით, მან ისე დაიმცირა და საზიზღარი გახადა რუსული სახელი, რომ საქართველოში ის საუკუნეებითაც კი ვერ აღიდგენს პრესტიჟს და ვერ დაიმსახურებს პატივისცემას. მტერი ლაპარაკობს ქართულ შოვინიზმზე, ამ ზღაპრებში მას ზოგი ქართველი გვარის ინტელიგენტიც ეხმარება, ბ-ნი დევდარიანი წელებზე ფეხს იდგამს და კანში ძვრება, რომ დაამტკიცოს ქართველი ხალხის ეხლანდელი ნაციონალისტობა, რომელიც მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ქართველ ხალხს თავისი ქართულით საკუთარ ჭერს ქვეშ უნდა ცხოვრება და ძალათ მოსულ სტუმრებს ეუბნება: „მეც დამაყენეთ ჩემს ნაწვავ ნადაგში, ჩემი ნაშრომით მეც მინდა ვიცხოვრო წუთი სოფლათო“. და თუ არის სამართლიანი სიძულვილი და ზიზღი უცხოელებისადმი და განსაკუთრებით რუსებისადმი, მერე ვისი ბრალია ეს, ვინ შეაძულა საქართველოს რუსეთი? რუსეთმა თვით საძულველათ გაიხადა თავისი თავი, მისთვის სავსებით დამსახურებულია ის ზიზღი, რომლითაც აღსავსეა ქართველი ხალხი მისდამი. განა რამდენი წელია მას შემდეგ რაც ტფილისი მართლაც ქვეყნის სასტუმროს წარმოადგენდა, სადაც გულუხვი ქართველი ხალხი ყველას მასპინძლობდა; რუსეთის პოგრომებიდან გადმოხვეწილებს, პოლონეთიდან რუსეთის მეფის მიერ გაძევებულებს, ანარქიისგან დევნილებს, ოსმალეთის დესპოტიის მიერ ოსტრაკიზმით გაძევებულებს და სხვა?!.. და დღეს კი რუსი უცხოელები სძულთ საქართველოში, სძულთ და ეზიზღებათ ისინი, ვინც ყოველ გაჭირვების დროს თავშესაფარს პოულობდა ტფილისში, ხოლო ამ მეგობრობისთვის საქართველოს ზურგიდან დანა ჩასცეს და მის სამშობლოში ქართველ ხალხს დღე გაუმწარეს. ჰო, სამწუხაროა ეს, სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხი აღვსილია ასეთი ზიზღით რუსეთისადმი და ყველა მოძალადე სტუმრებისადმი, მაგრამ ჩაუფიქრდით მაინც ერთი წუთით ვისი ბრალია ეს, ვინ შეაძულა რუსეთი საქართველოს? და ამ სიძულვილის მოსასპობათ და რუსეთის ხელახლა შესაყვარებლათ დღეს ტრიალობს და ცელავს ქართველებს რუსული მახვილი... უგუნურებს გონიათ, რომ რუსეთის საქმეს აკეთებენ... არა, ისინი რუსეთის საფლავს ამით დღითი დღე აღრმავებენ საქართველოში... ეს სიძულვილი არც ისე მოკლე ფესვებით არის ჩანერგილი, რომ მახვილმა შესძლოს მისი ამოგლეჯა. ისლამისაგან განაწამებმა საქართველომ რუსეთს მეგობრობა სთხოვა XVIII საუკუნეში. ერთი საუკუნე „მეგობრობდა“ რუსეთი საქართველოს და ქართველი ხალხი იტანდა ამ მძიმე უღელს იმ იმედით, რომ რუსეთის ხალხი მას მართლა უმეგობრებდა და მეფეთაგან შექმნილ იჭვს გაფანტავდა. მაგრამ რუსეთის ხალხმა ქართველი ხალხის იჭვი გაფანტვის მაგიერ დაადასტურა. ერთი საუკუნე სძულდა იჭვით საქართველოს რუსეთი, მაგრამ იმედი მაინც ქონდა მეგობრობისა, 1921 წელს რუსეთის ხალხი მოვიდა საქართველოში, რომ ეს იმედიც გაეფანტა და რუსეთის ტირანიის ნასაქმარი თავის თავზე მიეღო და მისი მემკვიდრეობა ეკისრა. დიახ, მეფეთაგან ჩანერგილი სიძულვილი რუსეთისადმი, კომუნისტურმა რუსეთმა საქართველოს 1921 წ. დაპყრობით უფსკრულამდი გააღრმავა და ამიერიდან ქართველი ხალხის გულში ამ სიძულვილს ვერაფერი ვერ ამოფხეკს. ეს სიძულვილი დღეს წრე გადასულ მწვერვალებამდეა აღწეული, აგვისტო-სექტემბრის სისხლი რუსეთის საფლავია საქართველოში და ის „მონანიებანი“, რომელიც ამოგლიჯა მახვილით პირიდან საქართველოს რუსეთმა, არის სულთათანა და სიკვდილის ფსალმუნი საქართველოში გაკოტრებულ და საზიზღრობამდი მისულ რუსეთის საქმისა... რით შეანელებს ამას რუსეთი? მხოლოდ საქართველოდან წასვლით და ქართველი ხალხის განთავისუფლებით.
11 ნოემბერი. ირინა გაბრუნდა მოსკოვში. წასვლის დღეს ეთქვა მამისთვის: „მოსკოვში ლაპარაკობენ, თითქო საქართველოში დახვრეტილთა რიცხვი 1500-მდე აღწევდეს“... ამას წინეთ უფრო მეტსაც გვეუბნებოდენ. საერთოთ არავინ იცის მსხვერპლთა რიცხვი, ეს შეიძლება მტერმაც არ იცის, მაგრამ რომ მსხვერპლი დიდია და ასეთი დღე საქართველოს დიდი ხანია არ დადგომია, ამას არც მტერი მალავს. საშინელებას განიცდის, საშინელებას ეხლანდელი საქართველო და ბოლო მაინც უჩანდეს ამ ტრაღედიას, ან ისეთი მტრის ხელში მაინც ვიყვეთ, რომელიც ცხოვრების საშვალებას მოგვცემს და უუფლებო ადამიანებათ მაინც დაგვტოვებს... [გერმანიის სოც. დემოკრ. ერთ-ერთ ლიდერს კრისპინს გაუკეთებია მოხსენება ბერლინის ორგანიზაციის პასუხისმგებელ ამხანაგებში, სადაც შეხებია მაკდონალდის მუშაობას და მის დამოკიდებულებას საქართველოს საკითხისადმი. კრისპინს უთქვამს: „მაკდონალდი იძულებული იყო ბევრი რამ ისეთი გაეკეთებია, რაც მუშათა პარტიის პროგრამაში არ შედიოდაო“. ჰო, იძულებული ყოფილა უღირსათ მოეხსნა საქართველოს დროშა და თვით საბჭოთა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებიც კი წაერთმია მისთვის. მაკდონალდს ეკუთვნის ის სამარცხვინო გამოსვლა ინგლისის პარლამენტში, როცა მან განაცხადა, რომ „საქართველოს საკითხი რუსეთის შინაური საქმეაო“. შემდეგ თითქო გამოასწორა ერთა ლიგაში ეს შეცდომა, მაგრამ მეორე დღესვე ჩააფურთხა მისმა მთავრობამ ამ „ინტერნაციონალურ სუპში“, როცა პონსობიმ განაცხადა: „დიახ, კი ვცნობთ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოზეო“. რა ფასი უნდა ქონდეს ინტერნაციონალს თუ მისი შემადგენელი ნაწილები, როცა ძალაუფლებათ გადაიქცევიან ამ ინტერნაციონალის მუშაობას ებრძვიან და მის საქმეს პირველები თვითონ მარხავენ. მაკდონალდმა უკან დასახევიც კი ვერ დაიტოვა საქართველოს საკითხში, აბა რა პირით შეუძლია მას ოპოზიციაში ყოფნის დროს მოსთხოვოს რამე კონსერვატორების მთავრობას, როცა თვით, საქართველოს მეგობარმა და ინტერნაციონალის ხელმძღვანელმა, პირველმა დაასაფლავა საქართველო და როცა შემდეგ სცადა ამ კითხვის კვლავ გამოცოცხლება ერთა ლიგაში, ორი დღეც არ დააყოვნა, რომ ხელახლა წიხლი ჩაეცა მისთვის. ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ თითქო საქართველოს რომ ეხება ეს საკითხი ასე განსაკუთრებით იმისთვის განვიცდი. არა, ამას ვიტყოდი ყველა შემთხვევაში, თუნდ საქმე ეხებოდეს შორეულ და ჩემთვის უცნობ და უცხო ქვეყანას. საქართველოს საკითხი ოთხი წელია გახდა ინტერნაციონალის ერთ-ერთ დიდ საკითხათ. მასში ჩაქსოვილია მისი პრინციპიალური ინტერესებიც. არ ყოფილა ინტერნაციონალის არც ერთი კრება, რომ საქართველოზე არ გამოეტანოს რეზოლიუციები. საქართველო იყო უმთავრესი კოზირი კომუნიზმსა და სოციალიზმს, დემოკრატიისა და დესპოტიის შორის ბრძოლაში. არა ერთი და ორი ბრწყინვალე გამოსვლები ქონია თვით მაკდონალდს საქართველოზე. და ბოლოს, ბოლოს? უბრალო ფარატინა ქაღალდათ გადაიქცა მაკდონალდის ხელში ყველაფერი ეს და იმ დროს, როცა მაკდონალდის ქართველი ამხანაგები მიწაში ეწყვენ, როცა ჯერ კიდევ სისხლი იღვრებოდა და რუსეთის ხმალი გამალებული მუშაობდა საქართველოს დასაკლავათ, აი მაშინ დაცვის ნაცვლათ, საქართველოს მფარველობის ნაცვლათ, მაკდონალდის მთავრობამ განაცხადა ინგლისის პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან: „დიახ, ინგლისის მთავრობა სცნობს საქართველოზე რუსეთის ხელისუფლებასო“. ფერმკრთალი და უმნიშვნელოა ამასთან შედარებით ის გულისტკენა, რომელსაც განვიცდი მე როგორც სოციალისტი და ქართველი რუსეთისადმი. მეგობრის ასეთი ღალატისაგან მოყენებულ გულისტკენას ვერავითარი დანაკარგი ვერ შეედრება. მგრძნობიარეა ქართული გული. ნეტამც სულაც არ დაგვმეგობრებოდა მაკდონალდი!.. ჰო, თურმე „იძულებული იყო“!.. მე კი მატირა ამ იძულებამ, მან დამალაპარაკა სოციალისტურ სინდისთან და დამიბადა იჭვი და რყევა, იჭვი ჩემი უწმინდესი და დღემდი თითქო ურყევ ზრახვების... თავს ვეკითხები: „ნუ თუ დაიმსხვა რწმენა, ნუ თუ არარაა ის, რაც კაცობრიობის მხსნელათ მიმაჩნდა და ჩემი ეროვნული და მოქალაქობრივი ჭრილობების განკურნას მისი მალამოთ მოველოდი?!“ საშინელია ეს იჭვი, კიდევ უფრო საშინელი, ვიდრე ჩემი სინამდვილე, რომელსაც განვიცდი და რომელიც მუდამ თვალწინ მიდგას: აი კომუნიზმი – ის ხომ გაშიშვლებულია დღეს, მას სახელიღა შერჩა და ეხლა რუსულ იმპერიას აშენებს და მე მაღრჩობს; იქ გადაღმა, მეორე მხარეზეც თურმე ქაღალდზე იწერება და პრინციპები მხოლოდ საქმის საძირკველამდი შეიძლება ატარო. გუშინ ამსტერდამის ხელმძღვანელი ედო ფიმენიც არ შურავდა ძალღონეს, რომ წიხლი ჩაეცა ჩემთვის და, სახელით ჩემს ამხანაგს, საქმით კონტრ-რევოლიუციონერათ მოვენათლე მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემ ქართულ და დემოკრატიულ სახეს ვიცავ და ამ დაცვით ვემსახურები იმავე ამსტერდამის და ლონდონის ინტერნაციონალების ქაღალდზე დაწერილ სოციალისტურ პრინციპებს. რა უწოდო ყველაფერ ამას? ღალატი? მაშინ აბა მითხარით სად არის სამართალი და უფლება, უფლება ადამიანისა, მოქალაქისა, ერისა? თუ უფლება მხოლოდ ძალაა, შიშველი ძალა და ანგარიში? და ამ შიშველი ძალისა და ანგარიშის გარეგნული საფარია მაღალი იდეები კომუნიზმისა და სოციალიზმისა?..
12 ნოემბერი 1924 წ. არ გამართლდა იჭვი, რომ ანანიაც წაიყვანეს საქართველოში. ის კვლავ ევპატორიაში ყოფილა ავადმყოფი. სჩანს კოლიასა და გენოს მეტი არავინ წაუყვანიათ საქართველოში. არც პროცესის ისმის რაიმე, რაშია საქმე – ვერ მოუყარეს თავი მათთვის სასარგებლო საბუთებს რუსებმა, თუ ჯერაც ვერ ბედავენ, რომ რაც არ უნდა იძალადონ და მასკარადები არ მოაწყონ, საქართველოს დაპყრობა და მასზე ძალმომრეობა იმდენათ მყვირალაა, რომ ქვებიც კი ალაპარაკდებიან. ყოველ შემთხვევაში ერთის იმედი მაქვს: კოტე ანდრონიკაშვილი იქნება ღურსეული დამცველი საქართველოს სახელისა და პატივისა. [დღეს მოიყვანეს მოსკოვიდან მიხ. ბერდიჩევსკი, რომელიც 1920 წელს გადმოსახლებული იყო უკრაინიდან საქართველოში. მან მოგვიტანა ამბავი, რომ საქართველოში გამოაცხადეს საყოველთაო ამნისტია, აჯანყების მეთაურებს გადაუწყვიტეს ათ-ათი წელი, ხოლო დანარჩენებს აპატიესო. რამდენათ მართალია ეს და რა სახისაა ამნისტია ჯერ არ ვიცით. გაზეთები ალბათ მოგვიტანს ამაზე ცნობებს. მისივე ცნობით მას უნახავს გეპეუს „საბაჩნიკში“ ექვთიმე სართანია, დაუჭერიათ როსტოვში. იქვე ყოფილა ვიღაც საბაშვილი თურქესტანიდან მოყვანილი, რომელმაც იცის გადასახლებული ქართველების ამბავი. ალ. ლომთათიძე ტაშკენტში ყოფილა, გაგი ძიძავა კოკანდში. ეს ორი გვარი ახსოვს მას. ბერდიჩევსკისთან ლაპარაკი სარკმლიდან გვქონდა, კარგათ ვერ ვაგონებდით, მალე ალბათ სხვა გზით მისგანვე სრულ ცნობებს მივიღებთ. თურქესტანელი ამხანაგების სახელმა მომაგონა ბევრი წარსული მშვენიერი განცდები. თვალწინ გამირბინა მეტეხის მთელმა გალერეიამ, მომასმინა ჩვენი ახალგაზდების მომხიბლავი სიმღერები და სათითაოდ მომაალერსა იმ იმედით და ბრძოლის ცეცხლით სავსე ქართველ სოციალისტებს, რომელნიც დღეს ჩემგან შორს, საქართველოს მთებში, თუ რუსეთის ტყვეობაში აგრძელებენ თავის წმინდა საქმეს. ჰე, რა ბედნიერები არიან ჩვენთან შედარებით თუნდ თურქესტანელი ტყვეები?!. მიუხედავათ გაჭირვებისა, მიუხედავათ სამშობლოდან გლოვის ცნობებისა და დამარცხების ამბებისა, მაინც მგონია, რომ იქ ჩვენი ახალგაზდები უფრო ქართულათ ცხოვრობენ, იქ უფრო იქართველებ, ვიდრე აქ, ამ დასაქცევ სუზდალში, ძველ სამონასტრო ციხეში, სადაც დარჩენილ ეკლესიებს და ხატებსაც კი რუსული სუნი უდის და ჰაერს მიხუთავს, მწამლავს და ბოღმით და შურისძიებით მავსებს... შორეულ ზღაპარივით, დედის ნანინათ მაქვს ჩარჩენილი ხმა ჩვენი ეტაპის უკანასკნელი სიმღერებისა, ქართული სიმღერებისა, ჩვენი სიმღერებისა, ტკბილის და ნაზისა, როგორც თვით საქართველოს ბუნებაა ტკბილი და ნაზი. ჰახ, ერთი მომასმინა კიდევ ეს ქართული ხმა, ეს ქართულ გულის გრძნობათ ნალესი მუსიკა, ეს ჭრილობების დამაამებელი მალამო ერთხელ, ერთი წუთით მაინც დასდო ჩემს გულს და ამის შემდეგ განა სიკვდილი სანანიებელი იქნებოდა!.. ვიცი, ეხლა თურქესტანში დიდი გლოვაა, ქართველი ტყვეები დასტირიან გადამწვარ და აოხრებულ სამშობლოს, მაგრამ მათ ექნებათ გლოვის სიმღერებიც, ქართული მოთქმა, რომელიც აუცილებელი და ვგონებ ჩვენი ქართული ეროვნული გრძნობების მოთხოვნილებაა გლოვის და კაეშანის დროს, როცა ვაი და ვიში გვიდგას სახლში და დამარცხებულებს ისღა შეგვრჩენია, რომ ვიგლოვოთ, რათა ეს გლოვა მომავალს გადაეცეს და ერის სულის ჩივილი მისთვის გასაგები იქნეს. მაგრამ როგორიც არ უნდა იყვეს ეს გლოვა იქაურ ჩვენს ტყვეებში, იქ მაინც მეტი ქართული სულია, იქ მაინც მეტ ქართველობას და პატრიოტობას განიცდი, იქ ოდნავ მაინც კმაყოფილდება ქართული სულის მოთხოვნილება, იქ ქართულ სიმღერას მაინც მოისმენ. და ვინ იცის იქნებ ისიც კი მატებს ეხლანდელ თურქესტანელ ქართველ ტყვეებს ძალას და ქართულ ენერგიას, რომ იქ, თურქესტანში, შეიძლება ეხლაც ათასობით დადიან ძველი საქართველოს ლანდები, გაელამებული სახით, დამახინჯებული გულით, წარყვნილი და გადაგვარებული სისხლით, მაგრამ მაინც ქართველები, მაინც აჩრდილები ჩვენი წარსულისა, რომელნიც ჩვენებრ ტყვეებათ იყვნენ წამოსხმული, მაგრამ არა „სოციალიზმისა და კომუნიზმის“ სახელით, არამედ ისლამისა და სპარსთა შაჰების ნება-სურვილით და მახვილით. იქ, თურქესტანის ცხელ მიწაზე, ხომ არის დაწერილი ქართული სისხლით ისტორიის ის საზიზღარი ფურცელი, როცა სამოცი ათასი საქართველოში აყრილი ქართველობა, ტყვეთ ქმნილი და მონებათ ქცეული სპარსთა დესპოტებმა გურგანის ზღვის გადაღმა წაასხეს და ეხლანდელ თურქესტანში დაასახლეს, ველურ ტომებს შორის: სარტებში – თურქმენებში – სპარსებში – ტაჯიკებში – უზბეკებში – ყირგიზებში – მონღოლებში, რომ ამ ველურ და ამღვრეულ სტიქიას თავის ტალღებში გაელესა და დაეღრჩო ქართული სული, მოერეცხა ქართული სახე, გაემრუდებია და სიმახინჯემდი მიეყვანა საქართველოს იდეიისთვის წამებული ქართული ეროვნება... მხოლოდ ორი-სამი საუკუნე გვაშორებს ამ დროს და ამ ხნის განმავლობაში ჩაიძირა საქართველოს ტყვეთქმნილი სული, ის თურქესტანის ნიადაგში დაიმარხა და ეხლა... ეხლა... მეოცე საუკუნეში... როცა თითქო კულტურისათვის და სოციალიზმისათვის იმავე თურქესტანში მიერეკება საქართველოს რუსეთი, რუსეთი გაისლამებული და მონღოლურ სიმდაბლემდე ჩამოსული, დავიჯერო რომ იქ, ქართველი ძვლებით გამძღარ თურქესტანის ნიადაგზე ახლად მიყვანილი ქართველი ტყვე ვერ დაინახავს თავის წარსულის ლანდებს და ვერ იგრძნობს ობლად სხვისას და სხვის მიწაზე დაკარგულ ქართული სულის მწუხარებას?!.. ჰო, მე მწამს, მწამს, რომ ჩვენი ტყვეები უმღერიან ეხლა იქ სამასი წლის წინეთ დაკარგულ საქართველოს, უჭირისუფლებენ იმათ, ვინც მოკვდა მონობაში და ტყვეობაში და შეიძლება მომავლის იმედიც საფლავში ჩაყვათ – „საქართველო აწი ვეღარ წამოდგებაო“. მწამს, მწამს, რომ ქართული ძვლებიც კი იგრძნობენ ცოცხალი საქართველოს ახალ სუნთქვას... და რა კარგია, რა ტკბილი და საოცნებოა თუნდ ის ნიადაგი, სხვისი და მოძალადის ნიადაგი, სადაც შენი ეროვნული ნაწილი გეგულვება, სადაც ფეხქვეშ გრძნობ შენ წინაპართა ძვლებს და ხედავ შენი სამშობლოს წარსულ ლანდებს მაინც!.. თურქესტანში დღეს ორასამდე ქართველია. მათ შორის ერთი ჯგუფი ახალგაზდა მეგრელებისა. ჰო, რა ნაზი და მგრძნობიარე სიმღერებით მოგვაცილებდა ეს ჯგუფი ჩვენი საქართველოდან რუსეთის ტყვეობაში!.. კოლხეთის სინაზით და მისი ფერადებით ვიყავით სავსე ჩვენ და ეხლა ალბათ გაუბედურებულ სამეგრელოს, გადამწვარ და აკლებულ სამეგრელოს ასევე ნაზათ და მგრძნობიარეთ დასტირიან თურქესტანში მეგრელი ტყვეები და მომავალ საქართველოს უწნავენ სიმღერებში ეხლანდელ ცრემლების კონებს, რომ იცოდენ შვილებმა, შვილისშვილებმა, იცოდეს საქართველომ, რომლის სიცოცხლის მარადისობაში იჭვი ჯერ არ შეპარულა, იცოდეს, რომ უცხო და გადამთიელი, იქნება ის ისლამის ძალა, თუ „კომუნიზმის სოლიდარობა“, ყველა, ყველა იბრძვის და მოქმედებს თავის საკუთარისთვის, თავის ძლიერებისთვის და ბატონობისთვის და შენც, ჩემო საქართველოვ, შენთვის და შენი სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო, შენს საკუთარ სახლში ჩამჯდარი „მოკეთე“ მხოლოდ მოძალადეა... ასე მენატრება მე დღეს ქართველი ტყვეების ნახვა, მარტო ნატვრა დამრჩა მე და ისიც კარგია, რომ ოცნებით მაინც მუდამ საქართველოსთან, მუდამ ქართულთან და მშობლიურთან ვცხოვრობ. ეს თითქმის ნახევარ ტანჯვას მიმსუბუქებს და რა ჯოჯოხეთი იქნებოდა, რომ ადამიანს ოცნებაც წართმეული ქონდეს. ტყვილათ კი არ უთქვამს ბარათაშვილს „ოხვრა არის შვება უბედურისა“...
13 ნოემბერი. დღეს ერთი წელი შესრულდა რაც გავიგეთ აქ ნოე ხომერიკის ტფილისში დაპატიმრება. მაშინ გაზეთებს არ ვღებულობდით, ძველი სამონასტრო ციხის საკნებში ვიყავით მოთავსებული. ნოეს დაპატიმრება „გვახარა“ პროკურორმა კატანიანმა. მახსოვს მაშინ მწუხარე და მოწამლულ ხასიათზე დაგვაყენა ამ ამბავმა. ვერც ის გავიგეთ როგორ მოხდა მისი ჩავარდნა, მხოლოდ შემდეგ, როცა სეით დევდარიანმა „რაინდობა“ გამოიჩინა „ჩეკაში“, მაშინ გავიგეთ, რომ ნოე გასცეს, ნოესთან ჯაშუშები მიიყვანეს. დღეს, ამ საბედისწერო წლისთავზე ნოე აღარ არის, აღარ არიან ბევრი სხვა მეგობრებიც. ჩვენ თითქო იმედი გვქონდა, რომ ნოე ციხეში მაინც შეგვხვდებოდა. ეს იმედი თითქო განხორციელდა კიდეც. აგვისტოში ხუთი ამხანაგი ნოეს მეთაურობით მოსკოვში მოიყვანეს. გვაცნობეს კიდეც „სუზდალში მოყავთო“... მოლოდინი, სიხარული, უძილო ღამეები, ოცნება მეგობრის ნახვისა და... ამ ოცნებაში და მოლოდინში საშინელი ეროვნული კატასტროფა და ბევრი საუკეთესო ქართველის დაღუპვა... ვინ მონახავს მათ საფლავებს, ან ეღირსათ კი საფლავები? ნოე მასწავლებელი, ნოე მეგობარი, ნოე გულითადი სიახლოვე ჩემი სიყმაწვილისა, ნოე იმედი გასაჭირში და მალამო ჭრილობებისა!.. როგორ შავათ მიდგას თვალწინ ეს წამებული ოჯახი. ჩვენი ანეტა, ყველას დედა, ყველას და, ყველა ჩვენთაგანის მომვლელი და ჭირისუფალი, ჩვენი ფიქრით და ოცნებით მთელ სიცოცხლეში დასაქმებული და სიკვდილშიდაც კი თავის ტრაღედიით მხოლოდ ერთგულების ფიცის აღმასრულებელი... ტრაღედია ფსკერამდე დასული, ტრაღედია, რომელმაც ამოსწურა ეროვნული და ოჯახური გრძნობები და მსხვერპლათ მოგვიტანა, რისი მსხვერპლათ მიტანაც კი შეუძლია ადამიანს. და ამ თავშეწირულ ოჯახის ფინალათ დაგვრჩა პატარა ბავშვი, სამშობლოდან გადახვეწილი მამასთან ერთად, მაგრამ მამის მიერ სამშობლოსათვის უცხოეთში მიტოვებული. ჰო, რომ იცოდე, მეგობარო ნოე, ჩვენო პატარა ნოე, რა ლამაზი და წარმტაცი ხარ შენ შენი რაინდული და სიყვარულით სავსე ხანმოკლე სიცოცხლით! რა მარადიული ძეგლი დაიდგი საქართველოში და როგორ დაამტკიცე სიღრმე იმ სიყვარულისა, რომლითაც ყველას გვხიბლავდი და ბრძოლის ენერგიას გვმატებდი!.. საფლავშიდაც კი უჭირისუფლებ, ჩემო ნოე, შენს გვერდით მწოლარე ამხანაგებს, შენს მოწაფეს გოგიტას, შენ ხომ ჩვენი მასწავლებელი იყავი!.. რამდენჯერ მინდოდა, ჩემო ნოე, შენი სახის ამ ჩემი ციხის შავი დღის რვეულში ჩატანა, მოვალეობის მოხდა, გაუბედურებულს და სადღაც, სხვისი და უცხო მონასტერში, მისი ციხის ყრუ სენაკში მიგდებულს, მინდოდა შენი სავსებით წარმოდგენა, რომ დღევანდელ გლოვისა და ზარის ხანაში, საქართველოს შავ ხანაში, როცა დამპყრობმა ძალამ საუკუნობით უკან დაგვხია და კულტურული ქართველი ერის ერთი დიდი მონაპოვარი – ქართული თავისუფალი პრესაც კი გააუქმა და ერს პირზე ბოქლომი დაადო, აი ამ სიმუნჯის და ველურობის დროს, არა შენს საყვარელ პარტიულ ჩვენს გაზეთში, არამედ აქ, ჩემი შავი დღის შავ რვეულში მაინც მომეგონებინე, მაგრამ ჩემო ნოე, ვინ მომცა ამდენი ძალა, ვინ მომაშავა სულის იმდენი სიგამძლე, რომ დავაყუჩო გრძნობები და კალამს ხელი მოვკიდო?! ხელიდან მივარდება მე ის მუდამ, როგორც კი დავიწყებ შენს მოგონებას, როცა კი დამიდგები თვალწინ და შენთან ერთად არიან ჩვენი ბენია, ჩვენი გოგიტა, ჩვენი ვასო, ჩვენი ვალიკო, შენი ყველა, შენი მეგობრები და ამხანაგები, შეგირდები და აღმზრდელები!.. ვერც ეხლა, აი ამ წუთში, შენი ტყვეთ ჩავარდნის წლისთავზე, როცა მინდოდა მე გადამელახა ცრემლები და ნერვიული აღელვება, ვერ მოვახერხე მე ეს ჩემო ნოე, ვერ დაგიტირე იმ კალმით, რომელიც შენ მომეცი ხელში და მასწავლიდი მისი მტრისკენ მომარჯვებას!.. აღარც მომავლის იმედი მაქვს, ჩემო ნოე!.. ჟამივით ჩამოწოლილია ღრუბლები ირგვლივ და რა მომცემს იმედს, რომ სარკმელი გამოჩნდება თუნდ ერთხელ, ერთი დღით ვეღირსები სამშობლოს ნახვას და მუხლების მოყრას თქვენი საფლავების წინაშე... გული სტირის და ვერც გამოგიტირებთ მეგობრებო თქვენ, სანამ გასძლებს ის მუდამ გიტირებთ და როცა გასკდება, დეე თქვენ წმინდა სისხლს დააკვდეს ისიც. მაპატიე, მაპატიე ჩემო ნოე, რომ იმდენათ ღარიბი ვარ და იმდენათ ძალა დაკარგული, რომ ცრემლის მეტი ვერა შევძელი. მეხდაცემულს და მკვდრების აჩრდილებში მყოფს რა დამიბრუნებს ძალას, რა შემაძლებინებს თქვენს წინაშე დიდი მოვალეობის მოხდას... მე მეტი არ შემიძლია, ავად ვარ... ნოე... გოგიტა... ბენია... ვასო... ვალიკო... გაბო... ვაი, ვაი, ვაი... დანგრეულო სამშობლოვ, დამსხვრეულო იდეალებო!..
14 ნოემბერი – 1924 წელი. საქართველოს ეხლანდელ „მთავარმართებელს“, რომლის არც გვარი და არც სახელი არავინ იცის გარდა იმისა, რომ მისი პარტიული „კლიჩკა“ – რუბენია – გამოუცია წიგნი „საქართველოს ჟირონდას გახრწნა“ ე. ი. საქ. სოც. დემოკრატ. დანგრევა. წიგნი უნიჭოთ და გაუთლელი ტრაფარეტებითაა შედგენილი. ბევრგან მოყავს ნოე ჟორდანიას ახალ ნაწერებიდან ციტატები. ეს წიგნი საჭიროა გამოიცეს ჩვენი შენიშვნებით და განმარტებებით, მაშინ ის საუკეთესო იარაღი იქნება თვით დამპყრობი რუსეთის წინააღმდეგ. ასეთ დიდ საკითხზე და რუსეთისთვის საჭირო საქმეზე უფრო კარგი მწერალი ვერ იშოვეს და ქართველი მაინც ვერ გამოსძებნეს? მოყავს მრავალი ციფრები და საბუთები, მაგრამ არაფერი დამარწმუნებელი, არაფერი ღრმა ნაფიქრი და ნაკვლევი არ არის შიგ. ეს უფრო სოფლის პროპაგანდისტის გაზეპირებულ და უშინაარსო ლაქლაქს წააგავს. აბა რა მოსაყვანია ასეთი ციფრები: „დამოუკიდებელ საქართველოს დროს ტფილისის აბანოებში 50 ათასი კაცი იბანდა თვიურათ, ეხლა კი საქმე წინ წაიწია – 60 ათასი იბანსო“. რა გულს გვამადლიან ეს დალოცვილები. ტფილისში ათი ათასობით ჩამობარგდა რუსობა და რუსის ჯარები. ტამბოველი მუჟიკი ბანაობს ქართულ აბანოებში და ჩვენვე გვიწყრებიან „აბა საქართველო თუ აბანავებდა ამდენ ხალხსო“. ჩვენ ვაბანავებდით კი არა მაგ ზედმეტათ ჩამოთესლებულ ჩვენ მტრებს შიდაც ჩავაღრჩობდით მაგ აბანოებში რომ შეგვეძლოს. საყურადღებოა, რომ ამ წიგნით რუბენმა თითქო დამარხულათ გამოაცხადა საქ. სოც. დემ., მაგრამ ერთი კვირის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ იარაღით ამდგარ ქართველ ხალხს ტყვეთ ჩაუვარდა. ამ მის მიერ ყბათ აღებულ და ცინიკურათ შეფურთხებულ ქართველ სოც. დემ. უნდა უმადლიდეს დესპოტი რუბენი, რომელიც მთელი სხეულით გაბანილია ქართველი ხალხის სისხლით, რომ მას წელი არ გაუთრიეს ტყვეობის დროს და მისი უღირსი და მდაბალი, მხეცური სიცოცხლე შეუნარჩუნეს... [ჩამოვიდა მოსკოვში ინგლისის ტრედიუნიონების დელეგაცია პროფსაბჭოთა ყრილობაზე. ჯერ კიდევ გზიდან გვაცნობეს თავისი ბრძნული აზრები. მეთაურობს პერსელი – ამსტერდამის ინტერნაციონალის ბიუროს თავმჯდომარე, თურმე პერსელმა ნახა რუსეთში ბავშვები მშვენიერ მდგომარეობაში, ყველაფერი ფეხზე წამომდგარი და ისე განვითარებული, რომ ნატრულობს: „როდის იქნება ამას ინგლისში მოვესწრებითო“. „რუსეთის მუშათა კლასი, როგორც ის ეხლა არის, თვალმარგალიტია მსოფლიო მუშათა მოძრაობისო“. განა ასეთები ყავს ამსტერდამის ინტერნაციონალს მეთაურები და ასეთი პრინციპის მატარებელი ბელადები უდგანან მას სათავეში? მაშინ მართლაც ნაჭრებისაგან დაკერებული მოზაიკა ყოფილა ამსტერდამი და არა შტაბი მსოფლიო მუშათა მოძრაობისა!.. შეგნებული ღალატია ეს, თუ სისულელე?.. რომელიც არ უნდა იყვეს მეტათ უარყოფითათ ახასიათებს ამსტერდამს და განსაკუთრ. ინგლისის სექციას, მარწმუნებს, რომ ეს ინტერნაციონალი კი არა, რაღაც უსახო კრებულია. პერსელი და მისი ამხანაგები მიდიან საქართველოშიც. მეორე ინტერნაციონალის წევრები თავისი ამხანაგების დახვრეტის შემდეგ სტუმრობენ ჯალათებს და ვინ იცის, იქნებ მაკდონალდივით იმართლონ თავი: „ჩვენ ფაქტებს ვუწევთ ანგარიშსო“. რას იტყვის ნეტავ კულტურული და ამაყი ბრიტანელი პერსელი, მას რომ ხუთი კაცი დახვდეს, ჩაალეწონ კბილები და მერე კი უთხრან: „ეხლა გალახული ხარ, ეს ფაქტია, გაუწიე ანგარიში და მოდი იცანი ეს ფაქტი და დაგვეთანხმეო“... არ ვფიქრობ, რომ „ბრეკვესტის“ იდეალისტებს მოეწონონ ასეთი ფაქტები... მთელი ჩემის არსებით აღშფოთებული ვარ ინგლისელების ასეთი საქციელით, რომელნიც მუდამ ერთსა და იმავეს გაიძახიან: „ჩვენ სამუშაო გვინდა, ინგლისის უმუშევრობის მოსასპობათ ვურიგდებით რუსეთს, ბრიტანელი მუშა ამით კუჭს გაიძღებსო“. კუჭის გაძღებაზე თუ მიდის საქმე, სად არის იმოდენი მშიერი და უმუშევარი, რამდენიც ეხლა რუსეთშია? თუ ინგლისელის კუჭი უთუოდ უნდა იქნეს მაძღარი და სხვა თუნდ საფლავშიც ჩასულა მისი მშიერი კუჭით? გამომდგარან ცინიკურათ და ყველგან ყვირიან კუჭი, კუჭი და კუჭიო! ჩასკდა თქვენი ღორი კუჭი! რაღა მაინცა და მაინც სოციალისტური დროშით ყვირით მაგ კუჭზე და კუჭზე და ლამის არის შეგვჭამთ, რომ ამ კუჭისთვის თვით ჯერ არნახულ დესპოტიას და მტარვალებსაც კი „თვალმარგალიტათ“ ასაღებთ და საკუთარ ამხანაგებს ბინძურათ ადგამთ ფეხებს საფლავებზე...თქვენ ხართ ჩვენი ამხანაგები?.. ყველა მტრებზე უფრო საზიზღარია თქვენი საქციელი გაუმაძღარო კუჭებო!.. მე, რუსეთის ტყვეს, თქვენი „თვალმარგალიტის“ ტყვეს, მხოლოდ შეგაფურთხოთ შემიძლია, შგაფურთხოთ იმისთვის, რომ გუშინ საქართველო დაკლა თქვენმა „თვალმარგალიტმა“ რუსეთმა და თქვენ სტუმრობთ დღეს საქართველოში ჩვენს მკვლელებს და ალბათ ისეთივე სიმართლეს იტყვით ხვალ იქაც, როგორითაც აქ გააბედნიერეთ რუსეთი. რა შემიძლია ტყვეს და სუსტს გარდა იმისა, რომ გულწრფელათ მეზიზღებით ასეთი საზიზღარი და წრეს-გადასული ცინიზმისთვის... გაპატიებთ თქვენ ამას სოციალიზმი და მუშათა კლასი? არასოდეს.
15 ნოემბერი. თუ ოდესმე დასჭირდეს ვისმეს დახასიათება ეხლანდელი საქართველოს გლეხკაცობის მდგომარეობისა და იქ არსებული რუსული ხელისუფლებისა, მონახეთ 1924 წ. 7 ნოემბრის საიუბილეო ნომერი „კომუნისტისა“ და წაიკითხეთ ფ. მახარაძის ფელეტონი. იქ მოცემულია ჯამი საქართველოში არსებული დესპოტიური ხელისუფლებისა, რომელიც ხალხს არას ეკითხება და ხიშტებზე მდგარი ასრულებინებს თავის წრეს-გადასულ და უხამს სურვილებს. ეს წერილი არის ნიმუში იმისა, თუ სანამდი გაიხრწნა, როგორ გადაგვარდა და გადაშენდა რუსული კომუნიზმი და ხალხური ხელისუფლების ლოზუნგით ცხოვრებაში გამოსული როგორ მოკვდა როგორც ხალხური ხელისუფლება და დარჩა მხოლოდ მაუზერით და კომპარტიის მანდატით შეიარაღებული განუსაზღვრელი უფლების მქონე აპრეჩნიკები. შეიძლება თვითაც კარგათ ხედავ(ს) ფილიპე როგორ უმოწყალოთ იროზგავს თავს, მაგრამ ამ როზგებითაც ვერ გამოისყიდის იმ დიდ დანაშაულს, რომლის მონაწილე ქართველი ერის წინაშე ის არის. „ზარია ვოსტ.“ საიუბილეო ნომერშია მოთავსებული საოკუპაციო ჯარების სარდლის პუგაჩოვის მოგონებები. თურმე 1921 წ. ბორჩალოში აჯანყებულან რუსები, სომხები და თათრები და მათ დახმარებია საქართველოს გასასაბჭოებლათ რუსეთის ჯარები. რა უფლებით „ასაბჭოებდა“ საქართველოს ყველა ეს მოთრეულები? თუმც არც ამ მოთრეულებს მიუღიათ მონაწილეობა რუსეთის ჯარების ნამდვილ ომებში საქართველოსთან. უნდა აიღო, ეს თეთრზე შავათ ნაბეჭდი, დააყენო ფ. მახარაძე და მისი ძმები და უთხრა: „როგორ, რა სასწაულით აგირჩია შულავერში თქვენ ქართველმა აჯანყებულებმა, სად ნახეთ ეს აჯანყებულები, ან იყავით კი შულავერში?“ და უნდა მოაგონო მათ მათივე გაზეთებში დაბეჭდილი მამხილებელი ცნობები: „ფილიპე მახარაძე ბაქოდან ჩამოვიდა, საშა გეგეჭკორი კავკავიდანო და სხვა!!. ტყუილებზე, სიყალბეზე, ძალადობაზე და სისხლზე აგებული რუსული ხელისუფლება სწორეთ ისეთი გამოვიდა, როგორიც ეხლა ფ. მახარაძეს აწუხებს და ფიქრობს ცოტათი მაინც შეამსუბუქოს თავისი უდიდესი დანაშაული.
16 ნოემბერი. გაზეთებმა სამწუხარო ცნობა მოგვიტანა. ტფილისში გარდაცვლილა ვანო სარაჯიშვილი. მივეჩვიეთ მკვდრებს, მივეჩვიეთ ისეთ დიდ და შემზარავ კატასტროფებს, რომ ერთი კაცის სიკვდილი და ისიც ბუნებრივი სიკვდილი აბა რა უნდა იყვეს... მაგრამ ვაი რომ ეს სიკვდილი საქართველოში დატრიალებულ ყველა სიკვდილებს ერთად გაგონებს და ერის მწუხარებას თითქო თავის ზეპარტიულ და მაღალი სახით ერთ მთლიან შეზვინულ გოლგოთათ წარმოადგენს. ვანო სარაჯიშვილი ეკუთვნის იმ ახალ საქართველოს, რომელმაც თავის დანგრეული და საუკუნეთა განმავლობაში მოძალადეთაგან კულტურულათ დაქვეითებული საქართველოს საძირკვლების ხელახლა აშენება იწყო და მთელი თავისი ეროვნული ენერგიით, ცხოვრების ყველა დარგში გასაოცარი ნიჭი და ცხოველმყოფელობა გამოიჩინა. საქართველო საუკუნეთაგან ნაწვავ-ნადაგი თავის ისტორიულ ფერფლიდან ვით ზღაპრული ჩიტი ფასკუნჯი აღორძინდა და დავითისა და თამარის ოქროს ხანა გააგრძელა, მან ქუდი თავზე დაიხურა და ევროპულ-კულტურული ერის სახე მიიღო, ამაყი და თავისუფალი ის ბედნიერი იყო ამ გამარჯვებით. თითქო შეუმჩნევლათ, მაგრამ მეტათ მსწრაფლი და ძლიერი ტემპით მიდიოდა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ეს ეროვნული პროცესი. მუშათა კლასი, ინტელიგენცია, ვაჭარ-მრეწველთა წრეები, ქართული სოფელი – ყველა აკეთებდა თავის ისტორიულ საქმეს და ერის სიმდიდრეში თავისი ნაოფლარი შექონდა. და იმ აღდგომა დღეს, როცა სასწაული მოხდა და საქართველო გამოცოცხლდა, როცა ერი თავისი ძველი სახით და ახალი ენერგიით აღორძინდა, იმ ჩვენი შობა დღეს, რომელსაც ეწოდება 26 მაისი, დიახ მაისი, მაისი მშვენებისა და სილამაზისა, მისი სიკვდილის შიშით გაცოცხლებული და უფსკრულის წინაშე საქართველოს ყველა ტომების ერთ სხეულში ამსახავი, აი ამ მაისში საქართველოს განახლებულ სახელმწიფოს ქონდა თავისი ტაძარი, თავისი მეცნიერება, თავისი ძალა, თავისი ტვინი და თავისი ხმა, თავისი სალამური, თავისი ეროვნული, ათასი წლების ნაანდერძევი მშობლიური ნანა, საქართველოს სახის შემნახავი და თვით უსაშინლეს დროებშიდაც კი იდუმალათ ერისთვის არსებული, ერისთვის მომღერალი. და ვანო სარაჯიშვილი იყო ის ბედნიერი ქართველი, საქართველოს მუსიკათ აჟღერებული და არაკრაკებული ხმა, რომელმაც გადარჩენილ და თავის თავზე კუთნებულ საქართველოს, პირველი თავმოყრისა და პირველი აღდგომის დღესვე ახარა, რომ ქართული სიმღერა, ქართული მუსიკალობაც ამ აღორძინებულ საქართველოსთვის ახალი ენერგიით და ახალი ხალისით აჟღერდება, ერს ჩვენც ვემსახურებითო... საქართველო აღორძინდა და ამ აღორძინებაში დაიბადა ქართული ოპერა. ოპერამ ევროპის კულტურის გვირგვინით დაუმშვენა თავი ქართველ ხალხს და ამ გვირგვინში უპირველესი ეროვნული მარგალიტი ვანო სარაჯიშვილი იყო, ვანო სარაჯიშვილი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოთ აღორძინებამდე მთელ ქართველ ხალხთან ერთად აკეთებდა ერის აღორძინების უდიდეს და წმინდა საქმეს. როცა ქართველი მუშა ჩაქუჩით მუშაობდა და პოლიტიკურ და ეროვნულ თავისუფლების დროშას ქარგავდა, როცა ქართველი მეცნიერი რუსულ-სულმხუთავ მარწუხებში გმირობდა და მეცნიერებას აქართულებდა, როცა ქართველი მწერალი საქართველოს გულს მესაიდუმლეობდა – მაშინ ქართული მუსიკაც მუსიკობდა და მისი პირველი მომღერალი თვით ქართველი ხალხის გულში სადგურობდა, მის ქოხში და ღარიბ ქალაქებში ხალხთან ერთად იყო, რომ ხალხთან ერთავე გამარჯვების დროს ერის ხმის მებუკეთ გამოსულიყო და მშობლიური ხმების წკრიალით დაეტკბო. აი ვინ იყო საქართველოსთვის ვანო სარაჯიშვილი. ის ბედნიერი იყო მით, რომ მოეწსრო საქართველოს გაცოცხლებას და ერთი იმ უბედურთაგანია დღეს, რომელთაც საფლავში ჩაყვათ საქართველოს ელანდელი შხამი და საბედისწერო წუხილი. ვინ იცის, იქნებ ამ წუხილმა, ამ კვნესამ ერის გულისა დააზიანა ეს ფაქიზი სული და ის გაყინული და დალეწილი გადატყდა!.. შეიძლება... სილამაზე და სულის სიფაქიზე ვერ უძლებს წრეგადასულ ცინიზმს და ის ადვილათ ჭკნება. სილამაზე მუდამ სიცოცხლის მატარებელია, სული რომელიც სიცოცხლეს ქმნის, ვერ ურიგდება ლეშის სიმყრალეს და საფლავის გახრწნას. ყვავილი მუდამ ჭკნება ზამთარში, სუსხი ღიმილს უკარგავს და სურნელებას ართმევს ვარდს, ბულბული გაზაფხულზე და სიცოცხლის წიაღში გალობს, სიცოცხლეზე და სიცოცხლისთვის სწრაფვა თვით გალობაა, გალობა კი შეიძლება იქ, სადაც სიცოცხლეა... დიდი ძალა დაკარგა საქართველომ, ასეთი მარგალიტის გამოკლება დიდ ერებსაც აგრძნობინებს, თორემ ჩვენ, ღატაკებს და პატარებს აბა ვინ მოგვცა იმდენი სიმდიდრე, რომ ეს დანაკლისი პატარათ ჩავთვალოთ... ვეღარ გაიგონებს საქართველო ვანოს ხმის რაკრაკს, ვეღარ მოისმენს მის აბესალობს!.. ჩვენთვის, ტყვეებისთვის კი განსაკუთრებულია ასეთი განცდა დღეს. რამდენი ხანია არ გვსმენია ქართული მუსიკა, მთელი სიცოცხლის მიცემა შეიძლებოდა ქართული სიმღერის სანაცვლოთ. ტყვეობაში, უცხოეთში, სხვისას და სხვების წრეში ქართველს შიში გიპყრობს, გეშინია არ დავიკარგო, არ დავიღუპო, ქართული არ გადამავიწყდეს, საქართველოს სულს არ მოვწყდეო. ზოგჯერ მივარდები ქართულ წიგნს, ათასჯერ გადანაფურცლ ქართულ წიგნს, აიღებ ხელში, დაიწყებ, სულ ნაცნობი, ძველისძველი სიტყვებია, დაეწაფები თითქო ჯერ გაუგონარს, უცხოს, რაღაც მაინც ახლის მთქმელს, დაიღლები, ხმა ჩაგელეწება და ნერვიულ ღელვაში, საქართველოზე კოშმარებში ჩაგეძინება საკნის იმ ლოგინზე, რომელიც შენი საწოლიც არის და სკამიც... ასეთ პირობებში ქართული სიმღერა, ქართული მუსიკა ხომ სიზმრებათ აქვს ქართველს გადაქცეული... ბევრჯერ ვყოფილვარ ბედნიერი დავმტკბარიყავი ვანოს ხმით, რომელი ერთი მოვიგონო მისი სახის გამომეტყველება!.. მაგრამ ყველას ჩრდილავს ერთი, ერთი დრო როცა მე ის ვნახე არა მომღერალი, არა მუსიკათ გადაქცეული, არამედ როგორც მოქალაქე, როგორც ქართველი, როგორც მოვალეობის მომხდელი თავისი ერის წინაშე პოლიტიკურათ. ეს იყო საქართველოს დაპყრობის შემდეგ. 1921 წ. 10 აპრილს სახელმწიფო თეატრში პარტიული ისტორიული კრება გვქონდა. თეატრის ადმინისტრაცია არ გვინდოდა კრებაზე დარჩენილიყო. ვანო სარაჯიშვილი მოვიდა. „მე გაუშვებ ყველა გარეშეებს, ყველაფერს მოგიწყობთ, ამ საქმისთვის როგორ არ ვიმუშავებო“. და მართლაც მთელი ოთხი საათი მუშაობდა. კრებაზე დაშვებაც ასე ითხოვა: „ხომ მაქვს ნება კრება მოვისმინო, საქართველოს საქმეა, აქ მეც მაქვს წილიო“. ასე უბრალო მსახურის მოვალეობა იკისრა მან საქართველოსთვის. აბა ვინ ეტყოდა უარს. ეს ხომ ვიწრო პარტიული კრება არ იყო. ეს იყო ქართველი ერის ტრაღედიიდან გამოსავალი გზების ძებნა, ყოველი ქართველის გული ამ საქმესთან იყო, მით უმეტეს ქართველი ინტელიგენციის გული. და იმ დღიდან არა ერთხელ მომგონებია ამ კრების გახსენებისას ვანო სარაჯიშვილი და მუდამ მესმოდა: „საქართველოს საქმეა, აქ მეც მაქვს წილიო“. ოღონდაც ქონდა წილი... და შეიძლება ისეთი დიდი წილი, რომელსაც ხმლით გაკეთებული საქმე ვერც კი ასწონის... მშვიდობით ჩვენო ვანო, მშვიდობით ტკბილო მომღერალო, ტკბილი ქართული მუსიკისა... ხელახლა აღმდგარი საქართველო შენივე ხმით შემოგძახებს: „აქ შენც გაქვს წილი!..“
ქართულ „კომუნისტს“ მოყვა მისი დამატება „ჩირაღდანი“. ასეთი უმწეო და უნიჭო არაფერი მინახავს ჯერ ქართულ პერიოდულ პრესაში. ეს ჟურნალი კი არა მოწაფეთა სავარჯიშოა, რომელიც ეხლა ჟურნალათ იმისთვის საღდება, რომ საქართველოს და მის სიტყვას დარაჯათ მიყენებული ყავს რუსის სალდათი და მწერლების მაგიერ მეჩექმეები მწერლობენ, პოლიტიკური პრესა უვიცების და მონების ხელშია, რომელთაც მხოლოდ ერთად ერთი გააჩნიათ: „კარგი მონები იყვნენ, უხმოთ ემსახურონ ბატონს“. ეს ჟურნალი (უკაცრავად პასუხია!) დაცინვაა საქართველოზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსპო მშვენიერი ქართული ლიტერატურული ენა, გააუქმო ქართული მწერლობის ტრადიციები და გაამწერლო ისეთი „მწერლები“, როგორც ეხლა აღმოჩენილა „ღენტორ რუხაძე“; გვარი კი აქვს ქართული, თორემ აბა რა იცის ქართულის და რა კავშირი აქვს ქართულ მწერლობასთან! და თურმე მას „მნათობის“ რედაქტორობაც შეუძლია! „ჩირაღდანში“ ზოგჯერ თუ შეხვდები ან ქუჩიშვილს, ან ლევ. მეტრეველს... სხვა ღმერთმა დაგვიფაროს. ჰო, და ეს „ჩირაღდანი“ მივიღეთ. მოწინავე წერილია ხელმოწერილი ე. წ“-ით. ოქტომბრის რევოლუციის მერვე წელს უკმევს. ე. წ. ჩემი კარგი ნაცნობი – ახალგაზრდაა. პატრიოტი იყო. საქართველოსთვის იბრძოდა. და ეს ახალგაზრდა დღეს წერს: „...და როდესაც საერთაშორისო იმპერიალიზმის უკანასკნალი ცდა – მენშევიკური ავანტიურა საქართველოში ასე სამარცხვინოთ დამარცხდა“... სიმწრის და სირცხვილის ოფლმა არ დაასხა ამ ჭკუაზე შემცდარ ახალგაზრდას, როცა ამას სწერდა?!. მაგრათ წკეპლი უნდა რბილ ნაწილზე ასეთებს, რომელთაც ყველაფერი შეუძლიათ, შეუძლიათ სიყვარულიც და ამ „სიყვარულის“ გასვრაც... რა ვიწამო ამის შემდეგ მე მისი. [„პრავდაში“ დეპეშაა საქართველოდან. შრომის კომისარი სჩივის, რომ დონბასიდან აუარებელი უმუშევრები მოდიან საქართველოში, ადგილს ვერ შოულობენ და სამართლიანათ საყვედურს აცხადებენ და უკან დაბრუნება უხდებათო. დედა რა მომხდარა, რომ რუსებს ადგილი ვერ უშოვიათ საქართველოში და წარმოიდგინეთ, თურმე, „სამართლიანათ“ სჩივიან და საყვედურობენ! რა უფლებით და რომელი სამართლით?!. ადგილები ახლებისთვის კი არა, ძველებსაც ცეცხლი უნთიათ ფეხ ქვეშ და ვაი მას, ვინც განკითხვის დღეს საქართველოს ლუკმის წაგლეჯაში იქნება დაჭერილი. და რომ გვგლეჯენ ჩვენს საკუთარ ლუკმას, ეს ხომ თვით მტრის მიერ გამოქვეყნებულ ცნობებიდანაც კარგათ სჩანს. საქართველოს პროფკავშირთა ყრილობაზე ყურულაშვილი საქართველოში 120 ათას მუშას ანგარიშობდა. აქედან მხოლოდ 53 % ქართველი. გამოვიანგარიშოთ როგორ იდევნება ქართველი მუშა და მოხელე საქართველოში. იმავე მტრის ცნობებით საქართველოს მოსახლეობის 75 % წმინდა ქართველობა შეადგენს. ეს ხომ უდაოა, რომ მპყრობელ ერს თუ მეტი არა თავისი პროცენტის შეფარდებით მაინც უნდა ქონდეს სამუშაო და სამსახური თავის ქვეყანაში. მაშასადამე, საიდან, რათ და რისთვის ყოველ 100 კაცში ქართველობას თუ მეტი არა 75 ადგილი მაინც არ ერგება? ეხლა გამოვიანგარიშოთ ციფრებზე. ყოველ 75 ადგილში ქართველობა კარგავს 22 ადგილს, ხოლო ყოველ 100 ადგილში დაკარგავს 29 ადგილს. მაშასადამე 120 ათას მუშა-მოსამსახურეში ქართველობას ეკარგება სულ ცოტა 34 ათასი ადგილი, ხოლო თითოეული მუშის ხელფასი ყოველთვიურათ საშვალოთ 25 მანეთი რომ ვიანგარიშოთ, მაშინ ყოველთვიურათ ქართველ მუშას და მოსამსახურეს ართმევენ თითქმის ერთ მილიონ მანეთამდე, ხოლო ერთ წელში არა ნაკლებ თერთმეტ მილიონი მანეთისა. და ამ ფულს, ქართველის წილხდომილს, მის უდაოს, საქართველოში, ქართველი მუშის სახლში, სჭამს უსამართლოთ და ძალადობით უცხოელი: რუსი და ნაწილობრივათ სომეხი. რათა, რისთვის? რომელი სოციალიზმი, რომელი კომუნიზმი მოითხოვს ამ ველურობას და ყაჩაღობას? ეს არის აშკარა ყაჩაღობა და მტაცებლობა, ეს არის ძარცვის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი და ყველა რომ ჩამოვთვალოთ, თუ ეკონომიურათ განადგურებული რუსეთი როგორ გვხდის ტყავს და ეროვნულათ გვკლავს, მაშინ ხომ წარმოგვიდგება საშინელი სურათი, საშიში პერსპეკტივა სრული გადაგვარების გზაზე შედგომისა და ფიზიკურათ მოკვლისა. და მერე რა უფლებით, რა სამართლით ამბობენ, რომ „რუსის მუშები ადგილების უქონლობის გამო სამართლიან საყვედურს აცხადებენო“. ახლები კი არა, ძველებიც უნდა წაეთრიონ საქართველოდან, არც თქვენი კომუნიზმი გვინდა, არც თქვენი ლოთობა და დედის გინება და თქვენი ძარცვა და ჩვენი ლუკმის მისაკუთრება მიგვაჩნია ჩვენ „ინტერნაციონალისტობათ“. ეს ისევ რუსეთში გაასაღეთ სიტკბოთ, ჩვენ კი ვიცით მისი მწარე გემო.
17 ნოემბერი. რუსეთში ჩამოსულ ინგლისელ მუშათა დელეგატების მეთაურ პერსელის მოღალატურ განცხადებების გამო ევროპის გაზეთებში უკვე დაუწყიათ წერა. გერმანული „ფორვერტსის“ აზრია დეპეშით გადმოცემული. გაზეთს უკვირს, რომ ისეთი პასუხისმგებელი მოღვაწე როგორიც არის ინგლისის ტრედუნიონების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პერსელი რუსეთის საზღვარზე მისვლისთანავე ლაპარაკობს ისეთ დაუშვებელ სიყალბეს და ათახსირებს სინამდვილეს, რომ ძნელი წარმოსადგენიც კი არის თუ ამას მართლა აქვს ადგილიო. მართლაც იჭვს შეიტანდა ამაში კაცი, მაგრამ მთელი ქცევა დელეგაციისა, ყველა მათი ნალაპარაკები – ფანტავენ ამ იჭვებს. არც ისე შეიძლება წარმოდგენა, რომ მოსკოვის გაზეთები სავსებით ამახინჯებენ მათ ნათქვამს. ამას ვერ იზამენ, რადგან ევროპაშიც წაიკითხავენ რუსულ გაზეთებს და დელეგაცია ხომ დაბრუნდება ინგლისში, მაშინ მას შეუძლია უარესათ გააბახოს რუსეთი. ამ მხრით საკმაო ჭკვერია მოსკოვი, რომ ასე დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგას. აშკარაა, ინგლისელების დელეგაციას მუშათა ინტერნაციონალის ხელმძღვანელებისთვის არასაკადრისათ უჭირავს თავი. ჯერ ისინი კიდევ კარგა ხანს დარჩებიან რუსეთში. საქართველოშიც აპირებენ წასვლას. ვნახოთ, ევროპაში გამოთქმული იჭვები და საყვედურები ჩააფიქრებს და კალაპოტში ჩააყენებს პერსელს და მის ამხანაგებს, თუ ისინი გაყვებიან იმ უმზგავსო გზას, რომლითაც დაიწყეს საზღვარზე გადმოსვლიდან. მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს მათი მოღვაწეობა ახლო მომავალში, ერთი მაინც აშკარაა – პერსელის გამოსვლებმა, პირდაპირ უღირსმა გამოსვლებმა, ერთგვარი კრიზისი შექმნეს ევროპულ მუშათა მოძრაობაში. დღეს არა, ხვალ მაინც იჩენს თავს ეს კრიზისი. მოსკოვისთვის კი ასეთი კრიზისები აღდგომაა, ის მხოლოდ ამას აკეთებს და ნატრობს. [„პრავდას“ ცნობით სეით დევდარიანს მოხსენება გაუკეთებია ტფილისის საოპერო თეატრში საქართველოში მომხდარ ამბებზე. რასაკვირველია, გაზეთის ცნობა ტენდენციური იქნება, მაგრამ არცთუ მთლათ თითებიდან გამოწოვილი, სეითი იტყოდა ბევრ ისეთ რამეს, რაც რუსეთს საბუთს მისცემდა გამოეყვანა ამ ნათქვამიდან ისეთი უმზგავსოება და ყოველი ქართველისთვის სასირცხო სიტყვა, რასაც დღეს „პრავდა“ სეითს აწერს. მას განუცხადებია: „ხელისუფლება ვერ მოითმენს მის წინააღმდეგ ბრძოლას და ის მართალია, რომ საქართველოში მომხდარ ამბების გამო ბევრი მსხვერპლი შეიწირაო“. მაშ ასე, სეით დევდარიანო, რუსეთი მართალია რომ დაკლა შენი ამხანაგი ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი, გოგიტა ფაღავა, სარდიონ თებზაძე, ვასო ნოდია და მრავალი სხვა?!. ეს გაბედე შენ ბ-ნო სეით, ენა მოგიბრუნდა შენ გეთქვა ეს ცინიკური გამართლება რუსეთის მოქმედებისა? დაუფიქრდი თუ არა გზადაბნეულო და გარეტიანებულო რა სთქვი შენ და ამით რა სიმდაბლემდი დაეშვი? თუ... თუ დაჰკარგე ყოველგვარი საზომი შენს საზიზღარ ხელობაში და ეხლა აღარც გონება გაქვს რომ დაუფიქრდე რას ამბობ და რას სჩადიხარ? წყეულიმც იყავი შენ საქართველოსთვის მებრძოლთა სისხლზე მიმფურთხებელო!.. ჭკუაზე ვიშლები, აღშფოთება მიკარგავს საზღვარს და ვერ წარმომიდგენია, ვერ შემიგრძვნია რა დაემართა ამ კაცს, როგორ, რა სიმდაბლემდი მიდის... მაგრამ იქნებ ოთარბეგობს?!. შეუძლია კი ოთარბეგობა?!. მათხოვრის ოთარბეგობა განა შეიძლება!..
18 ნოემბერი. სიზმრები ღამის კოშმარს მიქმნიან. თვალს ვერ მივლულავ, რომ არ წარმომიდგეს ნაცნობი სურათები, დახოცილი ამხანაგები და ახალის უარესი მოლოდინები. ადვილი წარმოსადგენიც არის ასეთი ლანდები სიზმრებათ. განუწყვეტელი ფიქრი საკანში და ოცნება საქართველოზე ისეთ ნერვიულ მდგომარეობაში გვაგდებს, რომ მოჩვენებები არ გვასვენებენ. სრული იზოლიაცია სამშობლოდან, თვით უმნიშვნელო ბარათების მიუღებლობაც კი და განუწყვეტელი ვარაუდი: „აი ასე ხომ არ იქნება, ეს ხომ არ მოხდებოდა, ეს ამხანაგი სად არის, მეორე სად წავიდა, იქნებ ისიც მკვდარია“ და სხვა – ყველა ეს უფრო მუქ ფერს აძლევს ჩვენს ისედაც ჩამობნელებულ, გამწარებულ და განმარტოვებულ სიცოცხლეს ამ ხავსით დაბერებულ და დაობებულ რუსულ მონასტრის კედლებში. წუხელის სიზმარში ნოე რამიშვილი ვნახე. შიში ვიგრძენი. „ხომ არ დაიღუპა?“ მიჩხვლიტა რაღაც იჭვმა გულში. ეხლა ისე მგონია, რომ ვისი ლანდიც არ უნდა მეჩვენოს ყველა ესენი დაღუპულები არიან, ან დაიღუპებიან. ისე ვნახე წუხელის ნოე რამიშვილი როგორც ათი წლის წინეთ მინახავს. მაშინ ტფილისში არალეგალურათ ვმუშაობდით. „აზრის“ არალეგალური რედაქცია იყო ჩვენი სული და გული. ბინიდან ბინაზე, ქუჩიდან ქუჩაზე, უბნიდან უბანში – დაგვქონდა ჩვენი ჯიბის რედაქცია და გაზეთი კი თანაბრათ სხვა ნორმალურ რედაქციების ნამუშევარივით გამოდიოდა. მაშინ სამნი ვიყავით. ნოე, გოგოტა და მე. მასწავლებელი და შეგირდები. უფროსი და უმცროსები. რა კარგი იყო ეს დრო, რა მომხიბლავი და წარმტაცი იყო თვით ეს გაჭირვებაც კი!.. და ვინ იფიქრებდა, რომ დადგებოდა ისეთი ხანა, როდესაც ეს დრო, ეს მეფურ რეაქციის სუსხი, უკეთილშობილეს ლიბერალიზმათ მომეჩვენებოდა შედარებით იმასთან, რომელსაც თურმე შექმნიდა რუსული ბოლშევიკური ტირანია!.. მალე ნოე ხომერიკიც მოემატა რედაქციას. დღეს კი 1914 წ. ნოემბრიდან ათი წლის შემდეგ არც ნოეა ცოცხალი და არც ყველაზე ახალგაზდა ჩვენთაგანი – საყვარელი გოგიტა. ჰო, იმაზე მოვაყოლე, ნოე რამიშვილი ვნახე სიზმარში. შიში ვიგრძენი არაფერი დაემართოს. საქართველოს მასში დიდი კაცი ყავს. ნიჭიერი ორგანიზატორი, მცოდნე და ჭკუიანი ქართველი. მე მეტს ვიტყოდი: საქართველოს აღორძინების ახალ პერიოდში ნოე რამიშვილი იყო ღერძი ამ აღორძინებისა. ნოე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი და გრ. ლორთქიფანიძე – აი ვისი განუსაზღვრელი რწმენა მაქვს საქართველოს იდეიისთვის. ყველა ამათ გარდა იმისა, რომ უყვართ საქართველო და ნამდვილი ქართველები არიან, ესმით კიდეც საქართველოს საკითხი და ალბათ, თუ საქართველოს ეღირსა რამე, თუ ის მოესწრო ხელახლა ამოსუნთქებას, ეს ერის ნამდვილი მესაჭენი ბევრ და მეტად საპატიო სამსახურს გაუწევენ თავის ქვეყანას. ზედმეტია ლაპარაკი ნოე ჟორდანიაზე, ის ერის სინდისის განხორციელებათ, მომავალი გამარჯვების ემბლემათ ყავს საქართველოს. ის ჩვენში ზეკლასიურია და თანაბრათ დარჩება დავითთან და თამართან. ამ უმწიკვლოებას არც უნდა ჩრდილის მიყენება. ხალხს, მთელ ერს აქვს თავისი სულის, ნაციონალური მეობის მოთხოვნილება, რომ ყავდეს სახე გამაერთიანებელი, ყველასათვის ერთნაირათ საყვარელი. ჰო, არაფერს ისე არ ვნატრობ, არაფერი ისე არ მინდა, რომ საქართველოს ტრაღედია დასრულდეს ეხლა საქართველოსთვის თავდადებულთა თაობის ხელში. ეს სურვილი არ არის ჩემი კერძო ეგოიზმით გამოწვეული, ის არც ამხანაგური და პარტიული სიყვარულით მალაპარაკებს, არამედ ვფიქრობ, მე ასე მგონია, რომ ეს არის ჩემი ქართველური, ეროვნული ინსტინკტი. აქ მე მალაპარაკებს ჩემი ბიოლოგიური, ჩემი რასიული, ჩემი მშობლიური ინსტინკტი... მე ერთი უმნიშვნელო ატომი ვარ ერის სხეულის და მეც მტკივა ის, რაც ერს სტკივა. ყოველი ატომი კი სიცოცხლისთვის იბრძვის, სიცოცხლის ინსტინკტი ჩემშიც ძლიერია. და მე მინდა, მე ვგრძნობ, რომ ეხლანდელი თაობა, რომელმაც გადმოლახა საქართველოს დაქვეითების და დენაციონალიზაციის უღელტეხილი, რომელმაც გაიარა მთელი ვეება შკოლა პოლიტიკური და ეროვნული ბრძოლისა, რომელმაც ბრძოლებით და ტკივილებით მივიდა ერის მიზანთან და სავსებით შეიგრძნო ხალხის ინტერესები, რომელმაც ნახა კატასტროფული გაჭირვებები და ტანჯვებით შობა ეროვნული მთლიანობის და სახელმწიფოებრივობის იდეა, აი ეს თაობა რომ მოესწრებოდეს საქართველოს განთავისუფლებას, მას რომ ერგებოდეს ერთხელ, ერთ პერიოდში ეროვნული თავისუფალი გემის მესაჭეობა, მაშინ საქართველოს ტრაღედია დასრულებული იქნებოდა, მაშინ სამშვიდობოს გასული ვიქნებოდით. ზოგს გაეცინოს შეიძლება და სთქვას: „რა ოქროს კაკლები არიან ეს ეხლანდელი ხელმძღვანელები, მომავალი იქნებ უკეთესსაც მოგვცემსო“. ოღონდაც, ამ იმედით ვცოცხლობ მეც. მაგრამ ვინც დაუკვირდება საქართველოს ისტორიას მისი ოქროს ხანიდან, ვინც გულწრფელად ჩააფიქრა ახლო წარსულში განვლილმა ბრძოლებმა, მას უთუოდ დაუდგა თვალწინ საქართველოს ერთი უდიდესი ისტორიული უბედურება. ეს არის თაობათა შორის ნაკლები კავშირი, მისი ნაწყვეტებათ დაქსაქსვა, ეროვნული ტრადიციების მიკვეც-მოკვეცა და ამ მიხვეულ-მოხვეულებში ეროვნული სულის მინელება, საქართველოს იდეიის შესუსტება. ამ სენით დაავადებულია საქართველო მონღოლთა შემოსევიდან. გარეშე მტერი მას საშვალებას ართმევდა ბუნებრივი ტემპით, დაუმახინჯებლათ დაკავშირებოდა თავის მომავალ თაობებს და ეროვნული სულის განვითარება ისე წაეყვანა, რომ მომავალი წარსულისაგან დაბადებულიყო, შვილს და მამას ერთმანეთის სახე ჩარჩენოდათ გულში, ერთი იმედით წასულიყო წინ, ხოლო მეორე იმავე იმედით მომკვდარიყო. ეს ნაკლი, ეს ჩვენი დიდი ეროვნული ხარვეზი მეტად დასანახი შეიქნა საქართველოსთვის ვაშინ, როცა ის საერთაშორისო პირობების მეოხებით და თავისი ეროვნული ინსტინკტით კვლავ ფეხზე წამოდგა და სახელმწიფოებრივათ აღორძინება იწყო. საქართველოს წარსულში აღურაცხელი სიმდიდრე მარხია, ქართველი – ისეთი ძველი და კულტურული სხეულია, რომლის სავსებით გაცოცხლებას შეუძლია ბევრი სასახელო ფურცლები მოსცეს ერს, ის სასახელო გახადოს კულტურულ ევროპულ ერთა შორისაც კი. მაგრამ მთელი უბედურება, მთელი ტრაღედია ჩვენი ეროვნული სულისა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არა გვაქვს უშუალო კავშირი ჩვენს წარსულთან, ბევრი ხრამები, ბევრი გაწყვეტილი ინტერვალები გვაშორებს წინაპრებს, წარსული ჩვენთვის თითქო ბურუსია, იქედან მხოლოდ ლანდებსა ვხედავთ და მოჩვენებებს ვგრძნობთ. მეტად სასტიკი იყო ჩვენი ისტორიული ხვედრი, დიდი და აუტანელი მონობა გვაქვს გავლილი, ბევრჯერ გაგვწყვეტია სიმი და ლამის სავსებით მილულულა ქართული გულის ძგერა, რაც სწყვეტდა, დროებით ამახინჯებდა და ამრუდებდა ქართულ ეროვნულ ტრადიციებს, სახელმწიფოებრივ სახის და კულტურული ძალის მთლიანობას არღვევდა. მართალია, შემდეგ, ყოველი უბედურების შემდეგ სწარმოებდა ხელახალი აღორძინება, ერი იკრეფდა ძალებს ფეხზე წამოსადგომათ, მაგრამ იმ ხანებიდან, როცა ისლამი მოძალდა და დასავლეთის გზა ჩაგვიკეტა – საქართველოს აღარ ღირსებია მშვიდობიანი ცხოვრება, ქართველ ერს აღარ უცხოვრია თავისი ბუნებრივი, დამოუკიდებელი და მავნე გავლენისაგან თავისუფალი სიცოცხლით. ამისთვის არის, რომ ასე მიიწურა, ასე მინელდა, მიიმკრთალა თამარისა და დავითის ხანის საქართველოს მთლიანობის და სახელმწიფოებრივ-ეროვნული ტრადიციები, თითქმის დაიფერფლა მისი კულტურა და მხოლოდ ამ ფერფლებიდან უამრავი ენერგიით და ისიც საშინელ მრუდე და ნაღრძობ პირობებში აღორძინდა ახალი საქართველო, საქართველო ქართველი მუშისა და გლეხისა: დიდი და ჯერ საშიში კილი, მოურჩენელი ჭრილობები აჩნია ეხლანდელ საქართველოს წარსულისაგან. მის ქართულ ტანზე მრავალი უცხო და მავნე მუწუკებია, რომელთაც ეხლა უვლის და კიდევ უფრო შხამიანათ აღვივებს ახალი რუსეთი. დიახ, საქართველო ჯერაც არ განკურნულა. მან გადაიტანა საშინელი სახადი, მისმა გულმა გაუძლო უდიდეს კრიზისებს და ეხლა ის ამ კრიზისების უღელტეხილის გადმოღმა არის, თითქო გამოიარა სამშვიდობომდე, მაგრამ კრიზისის გადატანა არ ნიშნავს კიდევ მორჩენას. ნაავადმყოფარი სუსტია დიდხანს, მის ორგანიზმს მოღონიერება ესაჭიროება და ძველი ძალის აღდგენა. აი ამ პერიოდშია დღეს საქართველო. მან გადაირჩინა მთავარი ეროვნული სული, მაგრამ ის ჯერ მორჩენილი მაინც არ არის და ამას ხომ ახალი რუსული ავადმყოფობა, რუსული შხამი დაემატა. და ჩემი ნატვრა იმაში მდგომარეობს, რომ ეს სურდო, ეს ახალი ავადმყოფობა არ იქნეს ხანგრძლივი, რომ ახალი ინტერვალებით ხელახლა არ ჩაილეწოს ასეთი დიდი მსხვერპლით აღდგენილი საქართველოს წარსულ სახელმწიფოებრივ-ეროვნულ ტრადიციებთან მიმავალი ხიდი. ამ მხრით უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ერის ეხლანდელი ხელმძღვანელები, მისი პასუხუსმგებელი პირები გადარჩენ და მომავალ თაობას მისცენ ერთგავი კავშირი წარსულთან. გაამაგრონ ძველისაგან ნასესხები და ახალი გამოცდილებით გამდიდრებული საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოს ტრადიციები. ყველაფერი ეს ფიქრებათ მირბენს, როცა ვიგონებ ჩვენს მოღვაწეებს, არის ის ნიკო ნიკოლაძე თუ ექვთიმე თაყაიშვილი, სამსონ ფირცხალავა თუ სიმონ მდივანი, ნოე ჟორდანია თუ ნოე რამიშვილი, პარიზში მოღვაწე აკაკი ჩხენკელი თუ ჩემთან მყოფი რუსეთის ტყვე გრ. ლორთქიფანიძე, ინტერნაციონალის ბელადი ირ. წერეთელი, თუ საქართველოზე შეყვარებული, ეხლა სამშობლოდან გაძევებული და თურქესტანის ტყვეობაში მყოფი ალ. ლომთათიძე – ყველა ესენი ჩემთვის, როგორც ქართველისათვის, ერთნაირათ ძვირფასნი, ერთნაირათ საყვარელნი და სათაყვანებელი არიან. სიზმრიდან დავიწყე. ნოე რამიშვილი ვნახე წუხელის სიზმარში. დღეგრძელობა მას. მე ის საქართველოს ერთ-ერთ დიდ მოქალაქეთ და მისი ინტერესების სავსებით გამომხატველათ მიმაჩნია. აღორძინებულ საქართველოს ერთი დიდი ყავარჯენი ნოე რამიშვილი იყო. და რომ ნაწილი მაინც გადარჩეს ამ ხალხისა, შეიძლება თაობათა შორის კავშირი აღდგეს, უკვე გაცოცხლებული ეროვნული ტრადიციები არ მინელდეს და საქართველო სავსებით გამოვიდეს სამშვიდობოზე. ეს არის ჩემი სანუკვარი ოცნება, ამას საიდუმლოთ მეუბნება ჩემი გულის ქართული ინსტინკტი. ხომ იცით დედის მოსიყვარულე ბავშვს როგორ უნდა ავადმყოფი დედის მორჩენა! ასე მინდა მეც საქართველოს მორჩენა და რადგანაც საქართველო განვლილი ბრძოლის შემდეგ მისთვის დაღუპულ გმირების და ეხლა მებრძოლ რაინდების სახით მყავს წარმოდგენილი, არ დამეძრახება, რომ მებრძოლი საქართველოს ხელმძღვანელების გადარჩენა ასეთი ნდომით მინდოდეს თვით საქართველოს ისტორიული და მომავალი დიდი მიზნების სადღეგრძელოთ...
18 ნოემბერი. საღამოს 10 საათი. სამშაბათი. ეხლა მივიღეთ კვირის გაზეთი. პერსელი აცხადებს, რომ მოსკოვის გაზეთებში მისი სიტყვა სწორათ იყო მოყვანილი, რომ ის ამ აზრის იყო მუდამ, ამ აზრს იცავდა ამსტერდამში, ვენაში და სხვაგან. ძველ განცხადებას ემატება ახლები. პერსელი ამბობს, რომ რუსეთის მუშათა კლასი მსოფლიოს სარკეა და ამისგან უნდა ისწავლოს მსოფლიომ. დელეგაციები აცხადებენ, რომ რუსეთმა გვიჩვენა გზა, ინგლისიც და სხვა ქვეყნებიც ამ გზას უნდა გაყვენო. ეს განაცხადეს მიტინგებზე, ეს განაცხადეს მოსკოვის კოოპერატორების კრებაზე. უკანასკნელი იჭვიც კი, რომელიც შეიძლებოდა დაგბადებოდა კაცს, თითქოს გაზეთები სწორათ არ გადმოგვცემდა დელეგატების ნათქვამს, გაფანტა თვით პერსელმა მისი განცხადებით. ეხლა კი ერთი აშკარაა: ან ინგლისის მუშათა კლასი უნდა გაყვეს მართლაც რუსეთის გზას და მოახდინოს იდეოლოგიურ-ორგანიზაციული რასკოლი, ანდა რუსეთში მოსული დელეგატები უნდა გაშორდენ ინგლისის მუშებს. ასე იქნება თუ ისე, კრიზისის და რასკოლების გამოსაწვევი მასალა მრავლათ დაგროვდა. ყოველ შემთხვევაში ამ დელეგაციას მისი გამოსვლების შემდეგ იდეოლოგიური კავშირი უწყდება ამსტერდამის და ლონდონის ინტერნციონალებთან. სულ ახლო მომავალი კიდევ უფრო გამოარკვევს დელეგაციის სახეს. საქართველოში მისი მისვლა და იქაური მოღვაწეობა კი მდგომარეობას უფრო გაანათლებს.
19 ნოემბერი. საქართვლოდან გაზეთებმა ვანო სარაჯიშვილის დასაფლავების ამბავი მოიტანეს. აწერილია სურათი გლოვისა ტფილისში. ამბობენ, თითქო ასეთი დასაფლავება ჯერ ტფილისს არ ენახოს. მთელი ზღვა ხალხი გულამოსკვნილი სტიროდაო. ეს სურათი ბუნებრივია დღეს საქართველოსათვის. საქართველოს დამპყრობლები ფიქრობენ, რომ ეს ცრემლები იყო ვანო სარაჯიშვილის დაკარგვით გამოწვეული ცრემლები. ოღონდაც, ქართველ ხალხს უნდა ეტირა მისი სულის სინაზის ადრე დამჭკნარი წკრიალა სიმი და ამ ცრემლს ვანო სარაჯიშვილი ყოველთვის გულწრფელად მიიღებდა საქართველოდან, თუნდა მას დიდხანაც ეცოცხლა და ღრმა მოხუცებამდი ტკბილათ ემღერა მისი ტკბილი სამშობლოსათვის. მაგრამ მე მგონია, რომ ტფილისში გუშინ ვანოს კუბოზე დაღვრილი ცრემლები სხვა რამის, უფრო ღრმა მოვლენის და უფრო დიდი ტრაღედიის ცრემლებია, ვიდრე ვანოს საკუთარი დატირალი. ეს მოთქმაა ერის, გოდებაა საქართველოს სულის, მოხუცი ტფილისი სტიროდა თავის თავს, სტიროდა გაუბედურებულ და მანდილ მოხდილ საქართველოს. არასოდეს, არასოდეს ისტორიის გაყოლებაზე საქართველოს ისე არ ქონია თავის გრძნობის გამოთქმა აკრძალული, როგორც ეს მას აქვს დღეს. ქართველ დედებს შვილებს უხოცავენ, ბავშვებს მამები ეკარგებათ, ქვრივები ვერ პოულობენ ქმრებს. საქართველო, სადაც მიცვალებულის სახე ქართულ ოჯახისათვის წლების ლანდებათ დადის; საქართველო, რომელსაც მკვდრის პატივისცემა კულტათ აქვს გადაქცეული, აი ეს საქართველო მოკლებული იმის საშვალებასაც კი, რომ მისი მკვდარი შვილები კუბოში ჩააწვინოს და ცრემლებით და გლოვით მაინც იჯეროს გული. დიდი შხამი, დიდი მწუხარება და ზღვა ცრემლებია დაგუბული ქართველი ხალხის სულსა და გულში. და ჰა, საკმარისი იყო ერთი დიდი მიცვალებული, ერთი ეროვნული საუნჯის დაკარგვა, რომ მთელი ტფილისი შემოკრებილიყო ამ ერთი კუბოს გარშემო და ყველა ქართველებს ერთნაირათ გულამოსკვნილი ეტირათ. და მე მწამს, ჩემი ქართული გულის შეგრძნებით ვიცი, რომ ვანო სარაჯიშვილის კუბოსთან ქართველს დღეს მხოლოდ საქართველოს უბედურებაზე შეეძლო ეტირა. დიდი ხნის ბოღმამ, ღრმა მწუხარებამ და მუნჯმა სიყვარულმა ერთბაშათ იცის გადმოხეთქა და მისი რეაქცია ზოგჯერ ისე ძლიერია, რომ მთელ ხალხსაც ისე ბოჭავს როგორც თვითეულ მწუხარეს. ვანო სარაჯიშვილი იყო დღეს საქართველოსთვის ის საერთო კუბო, რომლის სახით მთელ ერს უნდა ეტირა გაუბედურებული საქართველო!.. იტირე, იგლოვე ტანჯულო საქართველო, შენი ცრემლებიც კი მხოლოდ შენი სილამაზის, სიმართლის და მომავალი გამარჯვების თავდებია!.. ნეტარება თქვენ ვინც სტიროდით საქართველოზე და საქართველოს მაინც ხედავდით...
19 ნოემბერი. სუზდალი. სამონასტრო საპყრობილე. საკანი # 32. ლეო რუხაძე. დღეს ორი თვე შესრულდა რაც ინგლისურს ვსწავლობთ. 25 გაკვეთილი გავედით. ჩვენი მასწავლებელი მეტათ ენერგიული კაცი გამოდგა და არ გვეშვება, „ისწავლეთ, მსოფლიოს ნახევარი ამ ენაზე ლაპარაკობსო“. ყველაზე წინ მიდის გრიგოლი. მან კარგათ გაიმართა ენა, მე გვარიანათ ვზარმაცობ. გრიგოლის გავლენით, თორემ შეიძლება დღემდე დავნებებოდი. მით უმეტეს ეხლა ინგლისელებზე და ინგლისურზე გაჯავრებული ვარ. შეიძლება სოციალისტისათვის სასირცხოა, რომ მე ეხლა რუსული მძაგს და თუ მაინც ვკითხულობ რუსულათ, ეს იმიტომ, რომ რუსეთის ტყვეობაში ძალაუნებურათ იძულებული ვარ ასე მოვიქცე. იცის ღმერთმა მე გუშინ ასეთი არ ვიყავი. ჩემს საკუთრათ და სასიყვარულოთ მიმაჩნდა რუსების პუშკინი, ტურგენევი, ტოლსტოი, ბელინსკი, დობროლიუბოვი. მაგრამ მე დღეს თვით პუშკინიც კი მძულს, ყოველ რუსულ წიგნს შურით, ბოღმით და ზიზღით ვეკიდები. რათა მერე, რისთვის? იმისთვის რომ რუსებმა და რუსულმა სიმწრის ცრემლები მაღვრევინა, ამიპარტახა სამშობლო და სამშობლოში სიკვდილიც კი მომანატრა. რა უნდოდა ჩემგან, რას მერჩოდა ეს ვეებერთელა ქვეყანა, რათ არ მაყენებს ჩემს ვიწრო და ღარიბ ქვეყანაში? საქართველომ იბრძოლა თავისი უფლებისათვის. დიდთან პატარა დამარცხებული გამოვიდა. ეს არის მხოლოდ ჩვენი დანაშაული. დამპყრობელი ჩემთვის საზიზღარია. და თითქმის ასეთივე ზიზღით აღვივსე მე დღეს ინგლისელებისა და ინგლისურისადმი. მოსკოვში გამართულ პროფკავშირთა ყრილობის ანგარიშს ვკითხულობდი. ინგლისელების დელეგაციას სიტყვები უთქვამს. დღეს ეს სიტყვები სტენოგრაფიულათ გამოქვეყნდა. და აი სხვა სისაძაგლეებთან ერთად, ერთ-ერთ დელეგატს – ბენ-ტილეტს – ასე დაუწყია თავისი სიტყვა: „ძვირფასო ამხანაგებო, თუმცა მე არა მაქვს საშუალება მოგმართოთ თქვენ რუსულათ, მაგრამ მე ვილაპარაკებ იმ ენაზე, რომელიც მომავალში უნდა გადაიქცეს ყველა ქვეყნის მუშების ენათო“. რა უფლებით? რათა, რისთვის? განა 40-მილიონიან ბრიტების ენაზე მოვალეა ილაპარაკოს მთელმა მსოფლიომ? ან განა თუნდ 400 მილიონი იყვეს, ან კიდევ მეტი, ეს აძლევს საბუთს ამ ძლიერ ერს ალაპარაკოს სხვები თავის ენაზე? რას ნიშნავს „უნდა გადაიქცესო“? ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ჩვენი მეზობელი რუსეთისათვის ასეთი „უნდა“, ხოლო ის მაინც აღარ მეგონა, რომ კულტურული ბრიტანელებისათვისაც კი ნაწარმოებ საქონელთან ერთად ენაც თურმე საეკსპორტო საგანს წარმოადგენს. და ეს ჭკუის კოლოფები სოციალიზმის სახელით ქადაგობენ ამას. რა აქვს ამ იმპერიალიზმს საერთო სოციალიზმთან?.. აბა რა უნდა უპასუხო ამ მოძალადეებს გარდა ზიზღისა!.. თავის უპირატესი მდგომარეობით, უფლებით და ძალით არიან გავირებული, თორემ ჩვენსავით რომ ენახათ თავის ზურგზე დიდმპყრობელობის მათრახი, მაშინ ბრიტებიც სხვა ენაზე აჭიკჭიკდებოდენ. ვიქონიოთ იმედი, რომ ბენ-ტილეტები გამონაკლისები არიან. [საქართველოს გაზეთების ცნობით ოსმალეთის მთავრობას ართვინიდან გადაუსახლებია თავის საზღვრებ გარეშე საქართველოდან იქ მისული აჯანყებაში მონაწილენი. ნუთუ ოსმალეთმა რუსეთს დაუბრუნა ეს გაჭივრებული ქართველები? რაღაც წარმოუდგენელი კოშმარი იქნება ეს! რა დღეს მოესწრო საქართველო, რა საშინელ ისტორიულ უკუღმართობაში მოექცა ქართველი ხალხი? ართვინიდან, საქართველოს ძველ აკვანიდან, ოსმალო გვერეკება, ხოლო აქეთ რუსი არ გვაყენებს. იშვიათად თუ ახსოვს საქართველოს ისეთი პერიოდი, როცა ასე ორი ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალები, როგორც არიან რუსები და ოსმალები, გადაჯვარულიყვნენ და მეგობრულათ გაეწოდებიათ ერთმანეთისთვის ხელი საქართველოს ამოსაგდებათ. როდემდის, როდემდის გაგრძელდება ეს ისტორიული საშინელება? ნუთუ მეოცე საუკუნეში მოსპობა და გადაშენება, ოსმალეთისა და რუსეთის ნაწილებათ გადაქცევა გვიწერია?..
20 ნოემბერი. თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ, კალისტრატემ წერილი მიიღო: ტაშკენტში 2 ნოემბერს ალექსანდრე ლომთათიძე გარდაცვლილა, უშანგის მოუწერია ეს ამბავი იულიასთვის. თავის მხრით იულია ამბობს, რომ მან არც იცოდა ალექსანდრეს ავადმყოფლობა, მაგრამო – უმატებს – ძნელი იყო ალბათ მისთვის მისი ცოლის და მისი საკუთარი ოჯახის უბედურების გადატანაო. სჩანს აჯანყების დროს ალექსანდრეს ნათესავებიც დახოცეს. ნუ თუ ალექსანდრეს ძმა არსენაც მკვდარია? ჰო, რამდენი არ ვიცით თურმე ჩვენ საქართველოს უბედურებიდან! და იქნებ, რომ გავიგოთ ყველა ეს საშინელება, ჩვენი გულებიც სუსტები გამოდგენ ამ ლახვარისათვის!.. განა მოველოდით ეხლა ამ უბედურებას? განა გვეგონა რომ ალექსანდრე თურქესტანში ჩაკვდებოდა და სამშობლოში ვერ მიიტანდა მთავარ სეულს? ამაზედ არც გვიფიქრია. სექტემბრის სისხლიდან ჩვენ მხოლოდ საქართველოში დარჩენილებზე ვფიქრობდით და ალექსანდრე მასთან მხლებლებით მაინც სამშვიდობოს გვეგონა. ვისაც ვერ კლავს მტერი, მას მისი დახმარებით სიკვდილი გვაცლის. მეშინია უკან მიხედვა, მეშინია გახსენება დაკარგული ქართველების სახისა... რამდენი, რამდენი მოღვაწე, რამდენი ქართული გული და ქართული სული დასჭკნა!.. ნადგურდება საქართველო, სპობენ მის ინტელეკტუალურ ძალას, ხოლო როცა ეს ძალა განადგურებული იქნება, მაშინ საქართველოს აღსასრულიც დადგება. ცრემლები საშვალებას არ მაძლევენ გავაგრძელო. ალექსანდრე ჩვენი ერთი დიდი მოღვაწე იყო და კერძოთ ჩემი მეგობარიც. მასთან ბევრი მოგონებები მაკავშირებს. ეხლა აღარ შემიძლია აღელვების დაძლევა, იქნებ ხვალისთვის დავმშვიდდე... რა გაათენებს ამ გრძელ, სიზმრებით მოწამლულ რუსულ ზამთრის ღამეს!.. ჩემი, ალექსანდრე, ამ იმედით დავშორდით ერთმანეთს იაროსლავის ციხეში?.. და სად დაიკარგე, სად? უცხოეთში, უცხო მიწაში როგორ მოისვენებს შენი ქართული გული? ვაიმე ძმაო, ვაიმე მეგობარო ქართველო, ასე გავიწირეთ და გავირიყეთ, რომ ბედმა სამშობლოს მიწა საფლავათაც კი არ გვაღირსა?.. მე უნდა გიტირო ამეღამ, ჩემო ალექსანდრე, მე მოვალე ვარ რუსეთში დაკარგულ ქართველ ტყვეს, ქართული ცრემლები დაგაყარო, და ამით ჩემი ტყვეობაც ვიტირო. ცხრა წლის წინეთ, სწორეთ ასევე ნოემბერში, ტფილისში, „აზრის“ რედაქციაში სხვებთან ერთად მოველოდი სარატოვში დაღუპული ჭოლას ცხედარს. მაშინ მკვდარს მაინც მოველოდით სამშობლოში!.. ეხლა კი „თავისუფალი“ რუსეთი მკვდრების დამარხვასაც კი არ გვანებებს. ჰო, წყეულიმც იყავი შე ბოროტო და შურიანო რუსეთო, რომ ქართველ ხალხს ასე დაუბნელე მისი ნათელი მზე და ჩაუშხამე მხიარული გული!.. ძმაო ალექსანდრე, მეგობარო ალექსანდრე, ათას ტანჯვაზე უფრო დატანჯულო ალექსანდრე, ტყვეობაში და უთვისტომობით სხვის მიწაში ჩასულო ჩემო ალექსანდრე, დაგტირი მე შენ, შენი ქართული გული ისევ ჩვენ, შენებრ ტყვეებმა უნდა დავიტიროთ ქართულათ...
21 ნოემბერი. სულ რაღაც ორი დღის წინეთ ვნატრობდი, ვოცნებობდი, იქნებ ამ უბედურ დროში და საქართველოს ეროვნულ განადგურების ხანაში ერს ნაწილი ხელმძღვანელებისა მაინც გადაურჩეს, რომ თაობათა შორის კავშირი არ გაგვიწყდეს, რომ კვლავ მთლიანობა არ დაგვერღვეს და ისევ არ დავექანოთ დაქვეითებისა და ეროვნულ დაკნინების გზისკენთქვა. და ამ ნატვრის დროს მე თვითო ოროლა ჩვენი მოღვაწენიც დავასახელე. ამათ შორის ვრცახდი ალექსანდრე ლომთათიძესაც. დღეს ის აღარ არის. თურქესტანში, შუა აზიის სიცხიან ქვეყანაში, ქართველისათვის საძულველ და მოწამლულ თურქესტანში, საიდანაც მთელი საუკუნეების განმავლობაში გვაწვებოდენ ველური ტომები და დავით-თამარის ხანიდან მიგვიყვანეს თითქმის სრულ გადაშენებამდე, თურქესტანში, რომლის ნიადაგს აპოხიერებს სამოცი ათასი ქართველის ძვლები, ტყვეთ და მონებათ საქართველოდან რომ მოერეკებოდენ აღმოსავლეთის დესპოტები, აი ამ თურქესტანში, მეოცე საუკუნეში, სოციალიზმისა და კომუნიზმის სახელით წამოსხმულ ქართველ ტყვეებიდან, ჩაესვენა საფლავში ალექსანდრე ლომთათიძე. ახალი საქართველოს მებრძოლი, მისი ეროვნული დამფ(უძნებელი) კრების თავმჯდომარის ამხანაგი, ქართველი მუშის და გლეხის დროშით ხელში მავალი, ამ მუშების და გლეხების ტრიბუნი, მათი ზრახვების და სურვილების გამომხატველი. განგებამ ინება, რომ მეოცე საუკუნეში მიმატებოდა თურქესტანის ისტორიულ ქართულ საფლავებს ახალი საქართველოს ახალი საფლავი, მაგრამ არა შახებისა და ემირების დესპოტიზმის სახელით, არამედ რუსეთის ხელით და მისი მიზნებით, იმ რუსეთის, რომელიც ერთი საუკუნის წინეთ საქართველომ დაიმეგობრა, როგორც ერთმორწმუნე, მაგრამ მეგობარმა მამინაცვლობა გაგვიწია და ერთი საუკუნე სულს და გულს გვიშხამავდა, ქართულ „ქრისტეს“ გვიკლავდა, რომ რუსული „ბოღი“ გვეწამებია და ჩვენი ქართველობა გადაგვეგდო. მარტო ერთი საფლავი მიემატა ათიათასობით თურქესტანში ჩახოცილ ძველ ქართველთა საფლავებს და ამ ერთი საფლავითაც კი თითქო გაიფსკვნა ახალი კვანძი საქართველოს ისტორიული ტრაღედიისა. ამით ქართველი ერის ეხლანდელმა წამებამ და რუსეთის მოძალადეობამ მიიღო დასრულებული სურათი. ალექსანდრეს ტყვეობაში სიკვდილმა ხაზი გაუსვა საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობას და რუსეთ-საქართველოს ომების ხანას ერთ პერიოდზე მიჯნა გაუკეთა. შვიდი წლის წინეთ, ძველი სტილით 29 ნოემბერს ალექსანდრე სხვა ქართველებთან ერთად თავს ესხმოდა ტფილისის არსენალში გამაგრებულ რუსის ჯარებს და მისი აღებით ახდენდა პირველ ეროვნულ რევოლიუციას, როცა საქართველო თავის საზღვრებიდან მიერეკებოდა რომანოვთა დინასტიის დატოვებულ რუსულ წიწილებს. ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ, საქართველო თავის თავს ეკუთვნა. ქართველი ერი სამი წელი სცხოვრობდა სრული ქართული სიცოცხლით და ამ გამარჯვებაზე გასამარჯვებლათ ახალმა რუსეთმაც ძველ გზას გამოყვა, უამრავი ლაშქარი შემოგვისია, შური იძია და საქართველოსთვის მებრძოლებს ზოგს საფლავი უჩვენა, ზოგი უცხოეთში გადარეკა და ზოგი კი თავისას ტყვედ წაიყვანა. ალექსანდრეს სიკვდილი 1924 წლის 2 ნოემბერს რუსეთის ტყვეობაში, არის შურისძიება რუსეთისა საქართველოს 1917 წლის 29 ნოემბერზე (12 დეკემბერი – გვარდიის დღე). წარსულ სექტემბერში ხელმეორეთ რუსეთთან ომში დამარცხებული საქართველო თავის გაღებულ მსხვერპლთა შორის ალექსანდრესაც ჩაიტანს. რუსეთის წინააღმდეგ აღმართულ ქართულ ეროვნულ ფრონტის ერთ-ერთ მიჯნაზე დაეცა ისიც და რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივ-ეროვნული ურთიერთობის სურათს დასრულებული სახე მიაღებინა. ამ სტრიქონებს ვწერ და დაჟინებით ჩამჩიჩინებენ მოგონებანი, ახლო წარსულის მოგონებანი, ალექსანდრესთან დაკავშირებული მოგონებანი. 1921 წელს რუსეთის მიერ ჩვენი დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე მე პირველათ მეტეხის ციხეში ვნახე. ის ლეგალურათ ცხოვრობდა პირველ თვეებში და სხვებთან ერთად მალე დააპატიმრეს. თითქმის ორი წელი ვიყავი არალეგალურათ. ბოლოს მეც მივედი იმ ადგილას, საიდანაც ბევრი ჩვენთაგანი სახეიროთ აღარ გასულა. 1922 წლის ოქტომბრის თვე იყო, ვგონებ 23 დღე. ჩეკიდან მეტეხში მიგვიყვანეს კარგა მოზრდილი ეტაპი. იმავე დღეს მივედი ჩვენების შტაბ-კვარტირაში. ეს იყო მეტეხის ძველი საავადმყოფის ნაწილი, საკანი # 58. საშუალო ოთახში დამხვდა გრ. ლორთქიფანიძე, ალ. ლომთათიძე და ან. სალუქვაძე. მეოთხე ლოგინიც იდგა ოთახში. აქ გიზო ანჯაფარიძე ყოფილიყო, გაეშვათ და ხაბაკები ჯერაც ეწყო იქვე. ეს ადგილი დავიკავე მე. მეტეხი ჩემთვის არალეგალობასთან შედარებით სამოთხე იყო. ორი წლის განმავლობაში პირველათ აქ დავინახე მზე და ვეპკურე მისი სხივებით. საოცარი იყო პირველი შთაბეჭდილება. აქ ისეთი სიცოცხლე იყო, თითქო მთელ საქართველოში არაფერი მომხდარიყოს. არაფერი ამბობდა იმაზე თუ რა საშინელი დესპოტიური და მაჯლაჯუნა ძალა აწვა საქართველოს. მეტეხი კუნძული იყო, განმარტოვებული კუნძული, სადაც შეხიზნულიყო ქართული სული და აჩქარებული ტემპით განაგრძობდა თავის ქართულ სიცოცხლეს, თითქო აქაც ეშინოდა სუსხის და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ეგრძნო, მეტი განეცადა, მეტი ესუნთქვა ქართული სუნთქვით. იატაკს ქვეშიდან მოსულმა და მხეცივით ნადევნმა პირველათ აქ დავიამე ნაგვემ-ნატანჯი სული. აქ მოვისმინე ქართული ნანა, ქართული გრძნობით დამთვრალი სიმღერები, აქ მომეალერსა თითქო გახარებული დედა და შეეცადა ჩემი გულის ჭრილობების განკურნას. ჰო, მეტეხი მართლაც საქართველოს სამკურნალო იყო 1921–22 წლებში, მეტეხში იკრებდა ძალას დევნილი და განაწამები ქართული სული. მეტეხი იყო ის ნუგეში ქართველ ტყვეებისთვის, სადაც ქართველი გულის იჭვებს გაიფანტავდა და ხელახლა თავის რწმენაში გამაგრებული, თუ თავისუფლებას ეღირსებოდა, კიდევ მეტის ენერგიით გააგრძელებდა სამშობლოს სამსახურის საქმეს, ხოლო ვისაც ამისთვის ენერგია არ ეყოფოდა და განზე გადგებოდა, თვით ასეთ დაღლილებს, დამარცხებულებს და უძლურებსაც კი, მეტეხი სახლში ატანდა იმოდენ სითბოს, იმოდენ ურყევ რწმენას საქართველოს მომავლისადმი, რომ ასეთი განზე განდგომილებიც კი მხოლოდ ქართველებათ რჩებოდენ და რაგინდ მყრალი და უღირსი აღსარება არ უნდა ამოეგლიჯა შემდეგ მტერს ამათ პირიდან, მე მაინც მწამს, მე უეჭვოთ ვიცი, რომ ყველა ეს გარეგნულათ გარენეგატებული, დამარცხებით მტერზე შეტყებული ქართველებიც კი მხოლოდ ქართველები არიან და საქართველოს სიყვარულს მათი გულების იდუმალობაში ადამიანის გრძნობის ყველა კუნჭულები უკავია. მეტეხი იყო ის სამეცნიერო ცოდნის და პოლიტიკური იდეების ქურა, სადაც სამი წლის ბრძოლას და ერის განვლილ გზებს ჯამს უკეთებდენ და იდეოლოგიურათ აყალიბებდენ იმ ეროვნულ ომს, ჯერ კიდევ დაუსრულებელ სხეულს, რომელიც ხმლით და სისხლით გაიჭედა სამი წლის განმავლობაში, რომელიც მთლიანათ ერის სულს და მის ენერგიას წარმოადგენდა, მაგრამ მას აკლდა მოქანდაკის ხელი, მას აკლდა პოლიტიკურ-იდეოლოგიური ხაზები, რომ ამ უკანასკნელ „რეტუშით“ დაესრულებიათ ახალი საქართველოს, აღორძინებულ საქართველოს სიცოცხლით სავსე და მომავლის იმედით გაბრწყინებული საქმე. არ ვიცი საქართველოს ბედი იყო, თუ მისი უბედურება, რომ ამ უდიდეს ისტორიულ და პასუხისმგებელ პერიოდში მისი ზოგიერთი მაღალნიჭიერი და ტაკტიკოსი ხელმძღვანლები თითქმის თავიდანვე მეტეხში მოხვდენ, მაგრამ ერთი კი უდაოა: ამ პირებმა მეტეხში გააჩაღეს თავისი მუშაობა და მათ შკოლაში ათასობით გაიარა შეგირდობის სკამზე ქართველმა მუშებმა და გლეხებმა, თითქმის ერის მთელმა აკტიურმა პოლიტიკურმა ძალამ. ამ მუშაობის სათავეში იდგა გ რ. ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე. ის იყო ტვინი და გონება მეტეხისა, ის იყო ეროვნული პროგრამის უმთავრესი მომხაზავი და საქართველოს იდეიის სრულყოფით შემგრძნობი და შემგნები. ეს იყო მისი სახელოსნო, სადაც ნიჭიერი ხელით წრთვნიდა და ავაჟკაცებდა, იდეოლოგიურათ არკვევდა და ანათლებდა მრავალ ბურუსიან და მერყევ თავებს. მაშინდელ მეტეხს მე შემიძლია ვუწოდო ეროვნული იდეოლოგიის უნივერსიტეტი, ხოლო მისი სულის ჩამდგმელი კი გრ(იგოლ) ლ(ორთქიფანიძე) იყო. და მის გვერდით, ამ ქართველი დიდი პატრიოტის და და სრული მოქალაქის გვერდით თანამშრომლობდენ ბევრი სხვა ქართველი მოღვაწეები, რომელთა შორის ალ. ლომთათიძე იყო უშუალო და ყველაზე ახლობელი, თითქმის თანაბარი, უმთავრეს სამუშაოს თავის ზურგით და ძალით გამტანი. რა სიყვარულით, რა მონდომებით და მასწავლებლური უმწიკვლოებით ამზადებდა წინასწარ ჩვენს საკანში ალექსანდრე შემდეგი დღისთვის წასაკითხავ ლექციებს. დატვირთული ცნობებით, ყოველმხრივათ გაშუქებული კითხვით ის მიდიოდა ყოველ დღე გაკვეთილებზე და ასობით ერთად თავშეყრილ პატიმრებს უკითხავდა აღტაცებულ ლექციებს. მახსოვს, მაშინ როგორ უყვარდა ტყვეებს ალექსანდრე. ციხი ეზო ლექციის დროს დადუმდებოდა, თითო ოროლას თუ ნახავდით გზათ ეზოში გავლილს, ან სადმე საკნებში შეხიზნულს, ყველანი ალექსანდრესთან იყვნენ, ყველანი მას გულდასმით უსმენდენ და შემდეგ კი მის მიერ ნაჩვენებ მასალებით უფრო საფუძვლიანათ და გულდადებით სწავლობდენ საგნებს. ალექსანდრე საქართველოს ისტორიას და გეოგრაფიას გადიოდა. სამშობლოს საზღვრების მოხაზვა, მისი სახის შეგრძნობა და შეთვისება და ქართველი ერის ვინაობის შეგნება, საქართველოს წარსულის გაცოცხლება, ძველის აღდგენა, რომ ამით ახალი გამაგრებულიყო და მისთვის ბრძოლა გაადვილებულიყო. ჩვენს ეროვნულ ტრაღედიას, საქართველოს ახალ განსაცდელს ყოველი ქართველის გულში პირველათ ყოვლისა ქართველი გაეღვიძებია და საუკუნეთა განმავლობაში დაქვეითებული ეროვნული გრძნობა და შეგნების სურვილი ხელახლა აჩუხჩუხებულიყო, ქართული სული ბორგავდა, რომ გაეგო ვინ იყო ის და ამ გაგებით ასახსნელი მოენახა მისი ეხლანდელი წამებისათვის და ამ ახსნით, ამ შეგნებით გული გაემგრებია, რწმენა აღედგინა, რომ ყველაფერი ეს წარმავალი იყო და რომ საქართველოს ასეთი რამ ბევრი გადახდენოდა, ბევრი გადაეტანა და რომ ის ამასაც გადაიტანს და მას ამ გასაჭირშიც სიცოცხლე უწერია, რომ მას ვერ დაკლავენ, და ეს მაძიებელი ქართული სული როგორც დედის რძით პურდებოდა მეტეხში, მისი აფორიაქებული გრძნობები ეროვნულათ, ნამდვილ ქართულათ და ვაჟკაცურათ ლაგდებოდა, ის შეუმჩნევლათ, მაგრამ თითქო ხილულათ უწოდებდა ხელს იმ საქართველოს, რომლისთვისაც მეტეხი მართლაც მეტეხი იყო და არა სპარსეთის შახების და რუსეთის მეფეთა ქართველების დასატყვევებელი ციხე. დიდი სამსახური, დიდი ქართული გრძნობა და ქართული გონება დაუტოვა და აღუძრა ალექსანდრემ თავისი შრომით მეტეხის ტყვეებს. დღეს მის სიკვდილზე, თუ გაიგებს ამ შემზარავს ამბავს მისი ნაშეგირდალი ქართველი ტყვე საქართველოში, არის ის დღეს დამარცხების შემდეგ იძულებით გარენეგატებული, მთებში შეხიზნული, იატაკს ქვეშ ჩასული, ჩეკის სარდაფში მოთავსებული თუ კვლავ მეტეხში მყოფი, ყველა ესენი თავებს მოიშიშვლებენ და იდუმალათ გულში იგლოვებენ ამ დიდ პატრიოტს, როგორც იდუმალათ გლოვობენ თავის გაუბედურებულ და რუსეთის საჯიჯგნათ გადაქცეულ სამშობლოს თავისუფლებას. მეტეხის მხოლოდ დასასრულს მივუსწარი მე. უკანასკნელი თვე იყო ჩვენი სამშობლოში ყოფნისა. ნოემბერი თავდებოდა. მოსკოვმა დროულათ სცნო დაეპაღურებია 1921 წელში მის მიერ ხიშტებით დაყენებული ქართველ კომუნისტების მთავრობა. რუსეთმა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოუწყო თავის ამხანაგ კომუნისტებს და საქართველოს ფორმალური ანექსია მოუხდინა. ამის შემდეგ რუსეთისკენ გზა გაიხსნა ქართველი ხალხის გაციმბირებისა და ტყვეებათ წამოყვანისთვის. 12 დეკემბრის გვარდიის დღისთვის ვემზადებოდით. წინა დღით უეცრათ გამოგვიცხადეს 17 კაცს ჩეკაში წაყვანა. მოლაპარაკების შემდეგ დაგვთანხმდენ 8 კაცის წაყვანაზე. ეს მოხდა 12 დეკემბერს დილით. ალექსანდრე ამ დროს ავად იყო, სიცხე ქონდა, ექიმმა საავადმყოფოში გასაგზავნათ გაამზადა. საკანში დავშორდით ერთმანეთს, დარაჯს გაყვა ალექსანდრე, აკანკალებდა – ნაბადი ეხურა. ეს იყო უკანასკნელი დაშორება მეტეხში. ერთი საათის შემდეგ ჩვენ ჩეკაში წაგვიყვანეს. (გრ. ლორთქიფანიძე, ალ. დგებუაძე, ვლ. ჯიბლაძე, სიკო ახმეტელაშვილი, გიორგი ახმეტელაშვილი, გ. ფარნიევი, უშანგი ელიავა და მე). ხუთი დღე კიდევ და სამშობლოსაც მოვწყდით. 53 ქართველი რუსეთში წამოგვასხეს ტყვეებათ. ალექსანდრეს სახადი აღმოჩნდა და საავადმყოფოში დატოვეს. სწორეთ ოთხი თვის შემდეგ იაროსლავში შევხვდით ისევ ალექსანდრეს. ვგონებ 5 აპრილს მოიყვანეს კაროვნიკის საკატორღო ციხეში და მე-18-ტე საკანში მოათავსეს. ერთი კვირის შემდეგ ჩვენც შემოგვიერთეს. ნანობდა, სწუხდა, რომ მეორე ჩვენი ჯგუფი ვერ ნახა, რომ გრიგოლს ვერ დაელაპარაკა. მოგვიყვა გზის თავგადასავალი, ეტაპის გასაჭირი, შემდეგ მოსკოვის ციხეეებში თრევა და იაროსლავის სადგურიდან კაროვნიკამდე წვალება. სუსტათ იყო, ჭაჭების ავადმყოფობას ემდუროდა, კაეშანით იყო დანისლული მისი სახე და საერთოთ ძლიერი სულიერი განცდები ქონდა. ზინადან წერილებს ღებულობდა, ყოველი ასეთი მომენტი მისთვის მეტათ მძიმე იყო, ღელავდა, თავს ძლივს იკავებდა, აფორიაქებულ ფიქრებს მიყვებოდა. თუ მეტეხში მას ხშირათ ქონდა ასეთი მომენტები, აქ იაროსლავში, თითქმის თავს ვერ ართმევდა კაეშანს და განიცდიდა რაღაც უდიდეს ტრაღედიას, რომლის სიღრმეში მას იმედებიც კი თითქმის გაწყვეტილი ქონდა და ხელ ჩაქნეული ზოგჯერ ოხვრით ამბობდა: „კიდევ კარგი რომ ქართველათ მოქცეული და ისევ საქართველოსთვის ვკვდებითო“. ამ კაცის სახეზე, მის ბოღმიან და ნაღველნალეს სიტყვებში ისმოდა და იხატებოდა თითქო მონანიება მთელი საუკუნისა, რომ იყო შეიძლება დღემდე თითო-ოროლა ქართველი, რომელთაც არ სწამდათ სამშობლო, მაგრამ თავის წამებით სამშობლომ მათ აწამებინა თავი და გულგრილობის დანაშაული მძიმე მსხვერპლებით გამოაყიდვინა. ალექსანდრე იყო ის ქართველი, რომელმაც აქ, რუსეთის ტყვეობაში, სამშობლოდან გაძევებულმა მთელი თავისი სიმძიმით და კოშმარებით ფსკერამდე იგრძნო საქართველოს ტრაღედია და მისი ქართული სულის ყველა საიდუმლო კუნჭულები განათლდა, მან სრულყოფილათ, სავსებით, უმაღლესი ეროვნული გაგებით შეიგნო და დაინახა სამშობლო. მახსოვს ციხის ეზოში სეირნობის დროს მისი საუბრები. დღეში ორჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს, როცა თითო საათით სასეირნოთ გამოგვიშვებდენ. ისე კი განთვისებულ საკნებში ვიყავით. დარბაისელი ალექსანდრე თავის ტკბილი ქართულით, იყო იშვიათი მოსაუბრე და ამხანაგურ დამოკიდებულებაში შეყვარებულის სიყვარულით დღის გამატარებელი. არ იყო არც ერთი სეირნობა, არც ერთი დრო, რომ ალექსანდრეს საუბარში, მის უმნიშვნელო სიტყვებშიც კი არ გაგვეგონა წუხილი სამშობლოზე და ამ წუხილში არ გვეგრძნო ის მაღალი, წმინდა და განსაკუთრებული მოქალაქური სიყვარული, რომლითაც ალექსანდრეს უყვარდა საქართველო. იჭვებმა, აწმყოს კოშმარებმა, ლანდებმა, რომ იქნებ ვერ ვნახო სამშობლო, ვაი თუ ამ დასაქცევ რუსეთის მიწაში ჩავიდე მკვდარიო, ნახევარი ძალა მაინც წაართვეს ალექსანდრეს და მოუსწრაფვეს სიცოცხლე. ძნელია შეყვარებულის მდგომარეობა, მით უმეტეს იჭვებში მყოფ შეყვარებულის, აქ ფიქრები და მოჩვენებები გართმევენ ძალას, გიკარგავენ სიმტკიცეს და რაც უფრო ღრმად გრძნობ სიყვარულს, რაც უფრო მეტად გიყვარს შენი სატრფო, იმდენათ უფრო მეტად გჭამენ იჭვები და გაცლიან ძალას. ალექსანდრემ ეს სიყვარული რუსეთის ტყვეობაში მეტად ავადმყოფურათ განიცადა, იჭვებმა დასჭამა ის, გულმა ვერ გაუძლო იდუმალ ცრემლებს და ალბათ უკანასკნელი დიდი ეროვნული დამარცხება ლახვარივით მოხვდა ისედაც დაიჭვებულ და ჭრილობებით დაკოდილ გულს. საქართველოს სიყვარულს გადაყვა ქართული გული. თითქო იაროსლავშიც ეტყობოდა მას, რომ ამ წრეგადასულ სიყვარულმა ის რამდენიმეთ ფატალისტათაც გახადა, ის რაღაც ბედისწერის შიშს განიცდიდა და ალბათ ეს შიში მაშინ იყო ის ინსტინკტი, რომელიც მგრძნობიარე ხალხს მეტად განვითარებული აქვთ და მთელი თავისი არსებით განიცდიან მოახლოვებულ უბედურებას. ალექსანდრე მეტის მეტად ნამდვილი ქართველი იყო, მისი გული იმდენათ მოქარგული იყო ყველა ქართული ნაციონალური თვისებებით, რომ არც შეიძლებოდა ამ ქართულს და მისი სინაზემდი მისულ სიყვარულის გრძნობას წინასწარ არ განეცადა შიში მოახლოვებული ახალი ეროვნული დამარცხებისა და მისი სატრფოს გაუბედურებისა. იაროსლავიდან ალექსანდრე ივნისის 5–10-ს გააგზავნეს ჩუვაშეთში. წასვლის წინ დაგვემშვიდობა, კიდევ უფრო ადრე გრიგოლისთვის მიეწერა გამოსათხოვარი წერილი. გრიგოლი ამბობს, რომ ეს წერილი თითქო ანდერძი იყო, ის გოდებას შეიცავდა და მხოლოდ კაეშანზე ლაპარაკობდაო. ერი და მისი წუხილი – აი რა იყო თურმე ამ წერილში. იაროსლავშივე, შეერთებემდე, გვეკითხებოდა გრიგოლი „რა მოუვიდა ალექსანდრეს, რაშია საქმე, მისი წერილი ცრემლებით და სისხლით არის ნაწერი, ის ანდერძს წააგავსო“. ალექსანდრე მაშინ წაყვანილი იყო. შემდეგ რამოდენიმე წერილი მივიღეთ მისგან, გაჭივრებული ცხოვრობდა. სუზდალში მოსვლის შემდეგ თითქო კავშირი გაგვიწყდა, მხოლოდ ერთიღა ბარათი ჩაგვივარდა ხელში 12 დეკემბრის მოლოცვისა. ეს იანვარში მოგვივიდა, შემდეგ ალექსანდრე ჩუვაშეთიდან სხვებთან ერთად თურქესტანში წაიყვანეს. არც არაფერი გაგვიგია მისი მდგომარეობის შესახებ. მათთან მიწერ-მოწერა აგვიკრძალეს კაი ხანია. და მხოლოდ უკანასკნელი ცნობა, საბედისწერო ცნობა: „ალექსანდრე 2 ნოემბერს გარდაიცვალაო“. განა ეს გვეჭირვებოდა შავებში ჩაცმულებს და მწუხარებით დაისრულებს? ყველა მძიმეთ განვიცდით ამ დანაკლისს, მაგრამ ყველაზე უფრო მგრძნობიარეთ, ყველაზე უფრო ტანჯვით და მწუხარებით ამას განიცდის ალ. დგებუაძე. ეს თითქო პარადოქსია, მაგრამ ეს ასეა სინამდვილეში, ალექსანდრე მეტად გულწრფელი ადამიანია და მთელი მისი სიცოცხლის შინაარსს ამხანაგები და მათთან დამოკიდებულება შეადგენს. მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაც ახალი რაც ალექსანდრეს განასხვავებს ამ შემთხვევაში ყველასაგან. ესეც თითქო პარადოქსია, მაგრამ ალექსანდრეს სასახელოთ ესეც სინამდვილეა. ალ. დგებუაძე ისე მძიმეთ განიცდის საქართველოს ტრაღედიას, მას იმდენი მწუხარება აქვს საქართველოზე, უკვე განვლილს მასში იმდენათ ძლიერათ აქვს მისი რწმენის სიმართლე განმტკიცებული, რომ ეს ძველი ქართველი მუშა, ეს საქართველოს რევოლუციის შეწირული ფანატიკოსი, თავისი იდეებისა და პროგრამის შეურყეველი მოციქული დღეს ასევე შეურყევლათ და მოწამებრივათ სდგას ერის სადარაჯოზე და საქართველოს ყველა ტკივილს განიცდის იმ მაღალი ევროპულ-კულტურული შეგნებით, რომელსაც ახასიათებს მოწინავე ქვეყნების მართლაც შეგნებულ და მარქსისტულათ გაწვრთნილ მუშებს. ამისთვის არის, რომ ალექსანდრეს ასე სტკივა ერის ტკივილი, ერის წუხილი მისი საკუთარი წუხილია, საერთო საეროვნო ტრაღედია ფარავს მის კლასიურს და ის მთელი თავისი მუშური და რევოლუციონური აღშფოთებით ზიზღით უყურებს იმ მასკარადს, რომელიც სოციალიზმის სახელით სოციალიზმს ასამარებს... მეტი რა უნდა დავწერო, ან ესეც რათ მინდა, თითქო გულს ვიფხან, ვღლი თავს ამ განცდებში, მწუხარებას გამოსავალს ვაძლევ. განა ასე მოკლეთ და მჭლეთ უნდა დამეწერა ალექსანდრეზე? მაპატიე, ჩემო ალექსანდრე, გული როცა სტირის, ენა მუნჯობს. შენ შეიძლება ყველაზე კარგად იცოდი თუ რაოდენი ნაღველია ამ სიმუნჯეში. მშვიდობით მეგობარო, მშვიდობით სამშობლოს სიყვარულში დამჭკნარო ქართველო, შენი ხსოვნას მით გავამტკიცებ ჩემს გულში, რომ შენებრ შხამით და გესლით მეძულება ჩვენი საქართველოს პატივ-ამყრელი და გამაუბედურებელი დამპყრობი რუსეთი... იჭვებით კი ჩადი საფლავში, მაგრამ საქართველოს იმედი არ გაწყვეტია, სიცოცხლის წილხდომილს ვერ მოკლავს წარმავალი და მომაკვდავი, საქართველო კიდევ აღსდგება და იქნებ შენი საფლავიც გამოიხსნას ტყვეობიდან... მშვიდობით, მშვიდობით შეყვარებულო ქართველო.
22 ნოემბერი. ციხიდან ხომ საერთოდ ძნელია ცხოვრებაზე ლაპარაკი, მაგრამ გაზეთი მაძლევს საბუთს ჩემიც ვთქვა. პარადოქსებითაა ეხლანდელი ცხოვრება სავსე; ზოგი რასაც ხედავს, უარს ამბობს არ ვხედავო, ზოგსაც სულ არ უნდა დაინახოს და თავს იიმედებს, ესააოდა მაინც ჩემი გავაო. ინგლისის მუშების დელეგატები არიან ეხლა მოსკოვში. არ მჯერა, რომ ინგლისელ მუშებს არ ესმოდენ რა ხდება ეხლა რუსეთში, რას წარმოადგენენ რუსული პროფკავშირები და რა არის იმ დიქტატურის შინაარსი, რომელიც დიქტატორთა მცირე წრესაც არ აძლევს თავისუფლათ არა თუ მოქმედების, არამედ ლაპარაკის საშვალებასაც კი. ამას დიდი გაგება არ უნდა. მაგრამ მიუხედავათ ამისა ისინი გამომდგარან და ხოტბას ასხამენ რუსულ დესპოტიას, ისინი ვაშას უმღერიან მას, ისინი ნატრობენ, რომ ინგლისშიდაც გადანერგილიყოს ასეთი რამ. მაგრამ განა შეიძლებოდა წარმომედგინა, რომ ბ-ნი პერსელი ილაპარაკებდა ასეთი პარადოქსებით, როცა მის თვალწინ, მის გასაგონათ და ქვეყნის გასაგონათ კითხულობს მოხსენებას რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე რიკოვი და ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობაზე საშინელ სურათს გვიხატავს? თურმე მუშები თვეობით ვერ ღებულობენ ჯამაგირებს, სოფელს არ აქვს საქონელი, კოოპერაცია ფლანგავს სახელმწიფოს თანხებს, თურმე ერთად-ერთი გირაო კოოპერაციას წაღებულ საქონლის ასანაზღაურებლათ გააჩნია მხოლოდ ლენინის ბროშურა კოოპერაციაზე და სხვა და სხვა... რამდენათ არაგულწრფელი და ძალათ დაბრმავებული და დაყრუებული უნდა იყვეს ინგლისელი მუშათა მოძრაობის ბელადი, რომ ეს მყვირალა ამბები არ გაიგონოს და არ შეხედოს. დღეს „პრავდაში“ კარიკატურაა პერსელზე. რუსულათ ჩაუცვამს, აუღია ხელში რუსული ვარსკვლავებიანი გარმოშკა და უკრავს. იქვეა ტომსკი ამ ამბით გახარებული. პერსელის ხელითვე მიწერილია ამ კარიკატურაზე: „ჩვენს დროში ასეთი რამე მოულოდნელი არ არისო“. მაგრამ ცოტა შესწორება კი უნდოდა ამ კარიკატურას: გარმოშკა ხელში უნდა ქონდეს ტომსკის და მის ხმაზე პერსელი უნდა დავლურს უვლიდეს. ფაქტიურათ, ჩვენს სინამდვილეში ეს ასე ხდება ეხლა. პროფკავშირების ყრილობა გათავდა. ინგისელები ალბათ მალე საქართველოში წავლიან. რა კარგს უნდა მოველოდეთ ასეთ ამხანაგებიდან?.. სულ გარიყული რომ დავრჩე, არავინ მყავდეს მოამაგე და მეგობარი, მე მაინც არ მინდა ვირიცხებოდე ისეთი „ამხანაგის“ ამხანაგათ, რომელიც თავის სახელით და მოქმედებით ყოველგვარ ამორალობას და მასკარადულ კარიკატურას გადაეფარება და გაამართლებს უსაშინლეს უსამართლობას. არ ვარ ბოროტებით სავსე, არაფერი საბუთი მაქვს მძულდეს ინგლისი მისი ძლიერი კულტურით, მაგრამ როცა მისი მუშათა კლასის „მეთაურები“ გამომდგარა და ჩემს მონობას თავისუფლებათ ნათლავს და მორალურ სიმაგრეს აძლევს ჯერ არნახულ დესპოტიას, მაშინ მინდა შევძახო მათ: დაფიქრდით რას სჩადიხართ!..
23 ნოემბერი. ერთ წელზე მეტია კვდება ლევ დავიდოვიჩ ტროცკი და ძლივსღა გარდაიცვალა. მოკვდა ტროცკი, აღარ არის ტროცკი. ჩაესვენა საფლავში ოქტომბრის ერთი სულისჩამდგმელთაგანი... ჰო, ფიზიკურათ კი არ მომკვდარა ტროცკი, მისი სხეული კი არ ჩასულა საფლავში!.. არა, დეე დიდხანს იცოცხლოს მან, დიდხანს აძაღლღოროს მისი ნაძრახი და უკვე ცინიზმამდე გაბახებული სიცოცხლე. ტროცკი მოკვდა პოლიტიკურათ, ტროცკი ბოლომდე გაკოტრდა, ნაფოტივით გაირიყა, ტროცკი ჩაიღრჩო იმ ნიაღვარში, რომლის სათავეც ლენინთან ერთად მან აუშვა შვიდი წლის წინეთ და ქვეყანა წალეკა და ააოხრა. ტროცკი დიდებისათვის მებრძოლი, ტროცკი სახელისათვის უსასტიკეს ჯალათად მოვლინებული, ტროცკი ცინიზმამდე მისული თავის გამარჯვებაში და ფეხით გამქელავი და მიმფურთხებელი ყველა იმ სიწმინდეზე, რომელიც ასე სასოებით ეწერა მთელი ათეული წლების განმავლობაში მუშათა კლასის დროშაზე. და ბოლოს... ბოლოს... ტროცკი ჩემი სამშობლოს ამკლები, ჩემი ნაციონალური მეობის მომსპობი, ქართველი მუშების და გლეხების მკვლელი, ტროცკი დამპყრობი, რომელმაც დაპყრობაც არ გვაკმარა და უმდაბლესი ცინიზმით დაგვცინოდა დამარცხებულებს, იწვევდა გახელებულ მის ბრბოებში ახალი შურისძიების ექსტაზებს და სისხლით მოწყურებული მთელი თავისი ბოროტი სიძულვილით შხამს და გესლს გვანთხევდა, დამარცხებულებისთვის ჰაერიც აღარ ემეტებოდა, დღეს ერთს ამბობდა, რომ მეორე დღეს ცინიკურათ განეცხადებია, გუშინ ტყვილს ვამბობდი, გუშინ მართლაც მოძალადე ვიყავი, მაგრამ ეს ძალადობა „სოციალიზმს“ ესაჭიროებოდაო. ტროცკი, რომელიც ქართველი მუშების და გლეხების სახელით მოდენიდა საქართველოში რუსეთის ჯარებს და ქართველ მუშებს გულში ტყვიას ესროდა, ტროცკი, რომელიც საფლავის ქვას გვადებდა და საქართველოს ხმა უნდოდა საფლავში ჩამკვდარიყო... აი ეს ტროცკი აღარ არის დღეს... ის მოკვდა, მოკვდა სასირცხოთ, მოკვდა ნაძრახათ, მოკვდა როგორც სულით მათხოვარი; მოკვდა, მაგრამ სიკვდილიც აღარ ეღირსა და სიცოცხლეში ლეშათ დარჩა... ხა... ხა... ხა... მე შემიძლია მას ჩემი ქართული შურისძიებით გადავხარხარო და მივაფურთხო როგორც უღირს და მდაბალ დესპოტს, სისხლითგაუმაძღარს; მრისხანეს, მაგრამ ლაჩარს, სუსტთან გოლიათს, მაგრამ როცა გმირობაა საჭირო მაშინ მათხოვარს, მდაბალ კაცუნას და მახინჯ მშიშარას, რომელსაც ოღონდ სიცოცხლე შეარჩინე და ნაძრახ სიცოცხლეშიც კი მოგყიდის ადამიანისათვის ყველა ძვირფას მორალურ სამკაულებს. დიახ ტროცკი მოკვდა, გადაგორდა საფლავში, მაგრამ მიწას არავინ არ წააყრის მას და მთელი მისი ცხოვრების ცინიზმი მოეხვევა მას გარს რომ მისი სიცოცხლის უკანასკნელი ნამუს ახდილი დღეები დაასრულოს და არარათ გადაქცეული ბელადი შთამომავლობას ტიკინათ და მჩვარათ დაუტოვოს. მე ხომ მოსისხლე მტერი ვარ რუსული კომუნისტური იდეოლოგიის, არ მწამს მე მისი სიმართლე, ვერ ვიწამებ მე მას, რის წინააღმდეგ ლაპარაკობს მთელი ჩემი არსება, მაგრამ რაოდენი პატივისცემა მაქვს მე იმ იდეური ხალხის, რომელნიც იდგენ და დგანან თავის გარკვეულ პოზიციაზე და მიყვებიან მას გადაუხვეველათ. ტროცკი კი არის ის ღძუ და ბოროტი სული, ის მეფისტოფელური შურიანობა და შხამი, რომელიც მხოლოდ პირადულს დაეძებს, დიდებას ემსახურება, რომელსაც მთელი თავისი არსებით სძულს ნიჭი და ტალანტი, რადგან ეს ნიჭი და ტალანტი მის გარდა არავის არ უნდა ქონდეს. ერთი კვირაა კომუნისტურ პრესაში კამპანიაა გამართული ტროცკის შესახებ. მას გამოუცია წიგნი „ოქტომბრის გაკვეთილები“, სადაც თურმე ზინოვიევ-კამენევს უწუნებს ხელმძღვანელობას. სამაგიეროთ ზინოვიევ-კამენევმა ბრალი დასდეს ტროცკის ლენინიზმის გადამახინჯებაში და მისი ტროცკიზმათ გადაკეთებაში. ეს კი დღევანდელ დროში, აქ არსებულ დესპოტიაში, საკმარისია სიკვდილით სასჯელისთვისაც. და ასეთ სიკვდილს, რასაკვირველია ჯერ პოლიტიკურს, უთუოდ მიუსჯიან ტროცკის. უკვე არის დადგენილებები მოსკოვის კომიტეტის, პროფკავშირთა ყრილობის, უკრაინის პარტიის, კომსომოლის, სამხედრო აკადემიის და სხვა. ტროცკი თავდება, ტროცკის მზე ესვენება, ტროცკი ნაძრახათ კვდება, ტროცკი სიცოცხლეშივე იხრწნება და მყრალდება, ასეთი ღალატით, შურისძიებით, მქირდაობით, სისხლით და უსასტიკესი დესპოტობით ნაშოვნი სახელი და დიდება ერთ დღეს თიხის ქოთანივით იმსხვრევა და მსოფლიო ცინიკი ლევ დავიდოვიჩი ტროცკი სიცოცლეშივე იმკის იმას, რისი ღირსიც არის. ხა... ხა... ხა... მიიღე ჩემო ქვეყნის ამკლებო და სისხლით გაბრუებულო დესპოტო, ეხლა გაბახებულო და ჩირათაც არ ღირებულო ლაჩარო და მხდალო ჩემი ზიზღიც... მაგრამ ეხლა ზიზღის ღირსიც არა ხართ?.. [საქართველოს ამბები და მისი გამოხმაურება თითქმის მიწყნარდა. ყოველ შემთხვევაში რუსული გაზეთები ამის შესახებ არაფერს გადმოგვცემენ. მხოლოდ ამას წინეთ კომუნისტი რაპოპორტი იწერებოდა პარიზიდან, რომ რენოდელი ბევრი ეცადა შეეტანა ს.ს.რ.კ-ს ცნობის ტექსტში საქართველოს შესახებ გარკვეული განცხადება, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და მხოლოდ ისღა ქნა, რომ ორზაროვანი და ბუნდოვანი ადგილი შეიტანა „საფრანგეთი სცნობს საბჭოთა მთავრობას იმ ტერიტორიების მთავრობათ, რომელთა მცხოვრებნი სცნობენ მის ხელისუფლებასო“. რაპოპორტის აზრით ეს შეეხება საქართველოს და მას თუ დავუმატებთ ოფიციალურ გაზეთ „კოტიდიენის“ (მემარცხენე ბლოკის გაზეთია) განცხადებას, რომ საქართველოს ინტერესები დაცულია ცნობის ტექსტშიო, მაშინ მართლაც უნდა ვიფიქროთ, რომ ზემომოყვანილი ადგილი ცნობის ტექსტიდან მართლაც საქართველოს უნდა შეეხებოდეს. დღეს კი იმავე საქართველოს საკითხზე პარიზიდან ცნობაა, რომ პლატის საგარეო კომისიაში სოციალისტმა ბონკურმა შეეკითხა პერიოს რა შედეგი გამომდინარეობს საქართველოსთვის ცნობის აკტიდანო? ამის საპასუხოთ პერიოს განუცხადებია, რომ რადგანაც კითხვა მეტად კონფიდეციალურია და საიდუმლოს წარმოადგენს, ამისთვის ჩემი განცხადება საქართველოს საკითხზე უნდა დარჩეს საიდუმლოთო. კომისიის სხდომაზე დამსწრე კომუნისტ დორიოს, მიუხედავათ პერიოს განცხადებისა, გაუგრძელებია პრემიერის ლაპარაკის ჩაწერა. პერიოს შეუწყვეტია განცხადება და უთქვამს: „ასეთ პირობებში მე არ შემიძლია ვილაპარაკოო“. დორიოს მოქმედებაზე კომისიის წევრ ლეუშერსაც განუცხადებია პროტესტი. გარეშე იმ ვარაუდისა, თუ რა უნდოდა პერიოს განეცხადებია, მეტად ახირებულ მდგომარეობაში უნდა იყვეს მართლაც ეხლანდელი ევროპა. აბა წარმოიდგინეთ ისეთი მდგომარეობა, როცა საპარლამენტო მთავრობას თავის პარლამენტის კომისიის ყველა წევრებისათვის ვერ გაუმხელია თავის საიდუმლო, რადგანაც კომისიაში უცხო სახელმწიფოთა აშკარა აგენტები სხედან. და რომ კომუნისტები დღევანდელ პირობებში რუსეთის აგენტობას ასრულებენ, ამაში ხომ იჭვის შეტანაც არ შეიძლება. თუ რაიმე ძალა ხელს უწყობს რეაქციას და ებრძვის დემოკრატიზმის აღდგენას, თუ კი ვინმეს უნდა გაგრძელდეს ომის შემდეგი დროის კრიზისები და ქვეყანა არ ჩადგეს მშვიდობიან კალაპოტში – ასეთი ძალა უპირველესათ ყოვლისა ეხლანდელი რუსეთია. ტყვილა კი არ უწოდა რუსულ კომუნიზმს მაკდონალდმა რუსული თვითმპყრობელობის და იმპერიალისტური ომის პირმშო შვილი, მისი ინერცია და „ოტრიჟკა“.
24 ნოემბერი. ქართულ „კომუნისტში“ მოთავსებულია მოკლე წერილი „ყარაიაზის ველები“. დამახასიათებელია ეს წერილი საქართველოს თანამედროვე სულისკვეთებისათვის. რა ძლიერი და მარადისია ისტორიული აუცილებლობა! როგორ უმოწყალოთ ამსხვრევს და ანადგურებს ეს აუცილებლობა თავის ურყევი კანონებით სიტყვის კორიანტელის ილუზიებს და მათ, ვისაც ისტორიაზე გადახტომა უნდოდათ, საცოდავათ ფეხქვეშ იყოლიებს და თავის სურვილზე აწრიპინებს. ვინ არ იცის, რომ ქართული კომუნიზმი და ისიც რუსული ხიშტით გამაგრებული ქართული კომუნიზმი, საქართველოს ეხლანდელ სოციალ-ეკონომიურ და ეროვნულ პირობებისთვის არის ყველა ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებზე უფრო უნიადაგო და უსუსური ჯგუფი. ეს ის ძალაა, რომელსაც ქართულ სინამდვილეში არ აბადია არავითარი საგძალი და მის ნიადაგში ფესვები არ აქვს გადგმული. ის სავსებით ეყრდნობა მოსულ ძალას, მისი სული და გული უცხო გავლენისაგან შესდგება, ის საქართველოს ჰაერში გამოკიდებული რუსული სულით გაბერილი ბუშტია. ეს უნიადაგობა, სავსებით გარიყვა, საქართველოს სრული არ ცნობა და მისი ინტერესების ამის გამო არ შეგნება გამოსჭვივის ფ. მახარაძის ცნობილ საიდუმლო მოხსენებიდან, რომელიც მან უქვეშევრდომილესათ წარუდგინა მის გამომგზავნ მოსკოვს. და ეს გარიყული ჯგუფი, როცა მოხვდა საქართველოს ნიადაგზე, როცა მათ ირგვლივ თვეების და წლების განმავლობაში მაინც ეროვნულათ და ისტორიული აუცილებლობით ვითარდებოდა საქართველოს ცხოვრება, აი ამ სინამდვილემ თვით ეს მოუტეხელი და უცხო სულით დაავადმყოფებული რენეგატებიც მოღუნა და ძალაუნებურათ ერის ტკივილებს და მის ინტერესებს დაუახლოვა. ამის შედეგია ქართული უკლონიზმი. ცდება ის, ვინც იფიქრებს, რომ უკლონიზმი გათავდა, ის მოკვდა, ის აღარ სცოცხლობს. მისი მოკვლა შეუძლებელია, მას ვერ მოკლავენ, ისტორიას ვერავინ გადაახტება. შეიძლება მოკლან უკლონიზმის მატარებელი პირები, შეიძლება არ იქნეს უკლონისტებათ მდივანი, ტოროშელიძე, მახარაძე და ოკუჯავა, მაგრამ ცხოვრება, საქართველოს ისტორიული განვითარება ამ ეხლა გადაყრილ და დატუქსულ უკლონისტების გზაზე დააყენებს ინტერნაციონალიზმის დროშით მოსულ, უკლონისტების შემცვლელ, რუს კოლონიზატორების მარჯვენა ხელებს ორჯონიკიძე-კახიანებს. სხვანაირათ არ შეიძლება, სხვაფერ საქართველოს ნიადაგზე სიარული არ შეიძლება და მისი ჰაერის სუნთქვა მოსწამლავს ყველა იმათ, ვინც არ შეეგუება საქართველოს, ვინც არ დაუახლოვდება მაინც მის სულს. და ყველაფერი ეს წარმომიდგა თვალწინ, როცა წავიკითხე „კომუნისტში“ წერილი ყარაიაზის ველებზე. რა არის ამ წერილში, რაშია მისი შინაარსი და რომელი სიმპტომების მთქმელია ის. თითქო სულ პატარა და საქართველოსთვის ჩვეულებრივი და მეტად ბუნებრივი საკითხია, მაგრამ ამავე დროს დამახასიათებელი იმის, რომ თვით რუსეთის აგენტებსაც კი, თვით საქართველოს ყველაზე უფრო გარიყულ ჯგუფსაც კი, არ შეუძლია აუხვიოს ისტორიულ აუცილებლობას და რაკი ამ აუცილებლობაზე გამარჯვება არ შეიძლება, რაკი ისტორიას ტრაბახი არ უყვარს „ხომ დაგამარცხეო“, ამისთვის გარეგნულათ ისე გამოდის, თითქოს მართლა გაიმარჯვენ იმათ, ვინც დონკიხოტობით დაიწყენ და მოინდომეს ცხოვრებას გადახტომოდენ და ისტორია მოეტყუებიათ. ნამდვილათ კი ისტორიამ დასცინა ამ ტიკინებს და მათ უკვე თავის ხმაზე ცეკვაც დააწყებინა. წერილის ავტორი ეხება ყარაიას ველების ძველ წარსულს, აგვიწერს აწმყოს და სვამს კითხვას: „ყარაია საქართველოს ბეღელია, ვახტანგ გორგასლანის და თამარის დროს ის საქართველოს მარჩენალი იყო, იქ უმთავრესათ შორიდან მოსული რუსები და თათრები სახლობენ, ჩვენი გლეხობა კი უმიწობით შიმშილისაგან წყდება, უნდა გადმოვასახლოთ ამ ადგილებში ქართველებიო“. სწორი და სამართლიანია. ეს საქართველოს ერთი უდიდესი და აუცილებელი საკითხია. მას ჩვენი მომავალი გვერდს ვერ აუხვევს, მას შეიძლება ხელი შეუშალონ ხელოვნურათ უცხოელებმა, მაგრამ დრო მაინც თავისას იზამს, ადრე თუ გვიან ტფილისის აღმოსავლეთი პროვინციები ქართველებით უნდა გაიჭედოს, საქართველოს დედა ქალაქი ქართული ღობით უნდა შემოკავდეს. განა ფიქრობდა ნეტავ ოდესმე ასეთ პროზაზე მსოფლიო რევოლიუციის ბელადი“ ორჯონიკიძე და მისი ამხანაგები? თამამათ შეიძლება (ითქვას), რომ არასოდეს. თამარი და გორგასლანი! რა დაცინვაა ეს მოსკოვზე!.. მაგრამ ცხოვრებამ თავისი გაიტანა, უკლონისტების ადგილი „კოლონიზატორებმა“ დაიკავეს და უკლონიზმის სული შეითვისეს, მომავალი კიდევ უფრო მოსტეხს მათ, საქართველოდან მოწყვეტილ და ქართველი გვარის ამარა დარჩენილ ქართველს საქართველოს ნიადაგი, რაწამს ეს გადაგვარებული მშობლიურ მიწას დაუბრუნდება, მაინც თავისებურათ აალაპარაკებს და გააკეთებინებს იმას, რაც მას სიზმრადაც არ ენახოს. მართალია ყველაფერი ეს მრუდეთ, მიხვევ-მოხვევით, ნაღრძობათ მოხდება, მას სიმახინჯე გარეგნულათ ყოველგვარ მიმზიდველობას ართმევს და აელამებს, მაგრამ ცხოვრებას არ ეჩქარება, ისტორიას თავის გზები აქვს, ის ყოველთვის თავისას აკეთებს და დონკიხოტებს ადრე თუ გვიან კალაპოტში ჩააყენებს. უმჯობესია გვიან, ვიდრე არასოდეს. ისტორია საქართველოს სასარგებლოთ ლაპარაკობს, მისი მომავალი ეროვნულ მთლიანობისა და აღორძინებისკენაა უმთავრესათ მიმართული, ამ მთავარ გეზს ვერავინ გასწყვეტს ისე, რომ ყველაფერი თავუკუღმა დატრიალდეს. მართალია უკვე მოგებულიდან ერი დიდათ დახიეს უკან, მაგრამ საქართველო მაინც თავის ეროვნული აღორძინებისა და სახელმწიფოთ აღდგენის გზით მიდის, ამას ვერავინ შეაჩერებს, საქართველოს იდეა მაინც მთავარია, ის ყველას იპყრობს.
25 ნოემბერი. ტფილისის გაზეთებმა სამწუხარო ამბავი მოიტანა. პარიზში ქართველ სტუდენტს ვასილ ჯეჯავაძეს რევოლვერით დაუჭრია საბჭოთა პლატფორმაზე შემდგარ სტუდენტების მეთაური ლადო ყანდარელი. ამის გამო ა. გეგეჭკორი პოგრომულ წერილებს ათავსებს, „სისხლი თუ გინდათ, ჩვენ ამას ვერ გვასწავლითო“. აბა ამაში ვინ შეგეცილებათ! ეს ამბავი მაჩვენებელია იმის თუ რამდენათ შესძლო დამპყრობმა რუსეთმა ქართველი ერის გათიშვა და სისხლის მისივე ოჯახში დატრიალება. შურისძიების გრძნობა, რომლითაც აღვსილია საქართველო დამპყრობ რუსეთისადმი, მტერს უნდა ჩვენში შიგნითვე დატრიალდეს და მან თავიდან აიცილოს საქართველოს რისხვა. ეს ხელობათ ქონდა გადაქცეული რუსეთის თვითმპყრობელობას, ესევე კარგათ შეითვისა და გააგრძელა საბჭოურმა რუსეთმა. გათიშე და იბატონე – აი რუსეთის დევიზი. უდიდესი საფრთხე მოელის საქართველოს ეროვნულ მთლიანობას. ჯერ საქართველო ამ მხრით არ გატეხილა წელში და თუმც მტერმა რამოდენიმეთ შესძლო გაებზარა ჩვენი ერთობა, მაგრამ ახალი საქართველო იმდენათ ძლიერი იყო თავის პოლიტიკურ-ორგანიზაციულ და მორალურ მთლიანობით, რომ ჩვენი ერი ალბათ ჯერ კიდევ დიდხანს შეინახავს ამ მთლიანობის სულს. მაგრამ ამით თავი არ უნდა მოვიტყუვოთ, რუსეთმა მაინც შესძლო საქართველოს მთლიანობაში ბზარის შეტანა, დაპყრობილ საქართველოში ერთგვარი კილი ჩაეწვეთა გამთიშავი რუსეთის ხელით და მომავალი საქართველოს მთელი ეროვნული ენერგია უნდა იქნეს იმისკენ მიმართული, რომ ეხლა რუსეთისაგან ჩვენში ჩამოთესლებული ხანურ-ბეგური შუღლი და გამცემლობა არ წავიდეს ერის შიგნით, არ ჩაეზარდოს კვლავ საქართველოს ნიადაგს და არ დაგვაბრუნოს მეთვრამეტე საუკუნის საშინელებასთან. დღეს საქართველოში ბევრია გამცემლები, რენეგატობა ხელობათ გადაიქცა, ვინც მოღალატე ვერ შეიქნა ზოგი განზე გადგა, ბრძოლის ასპარეზს გაშორდა, მდგომარეობამ აიძულა ხალხი თავის დასაფარავათ კომპრომისების და შეგუების გზას დასდგომოდა. ბუნებრივია, რომ მოღალატებით აღშფოთებულია ხალხი, გამცემლები სძაგს ყველას, განდგომილებს კიცხავს ვინც კიდევ იბრძვის საქართველოსთვის და მისთვის თავს სწირავს. ერთი სიტყვით თითქო ისეთი სურათია შექმნილი, როცა ერი სხვადასხვა ნაწილებათაა დაყოფილი და ეს ნაწილები ბარიკადების აქეთ-იქითა მხარეებზე არიან, სამოქალაქო ფრონტების სხვადასხვა პოზიციებზე იმყოფებიან. ასეთი უნდა რომ იყოს საქართველო მტერს, ეს სანუკვარი ოცნებაა რუსეთის, რომ დაქსაქსოს და დაანაწილოს საქართველო, რომ ძმა ძმას გადაკიდოს და დამპყრობი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ხმალი თვით ქართველი ხალხის ოჯახში დაატრიალოს. ამით გაუადვილდება მას საქართველოს შენარჩუნება, ამით დასუსტდება საქართველო და დაიქსაქსება მისი სახელმწიფოებრივ-ეროვნული მთლიანობა. და ყველაფერი ის, რაც თითქო ერთის შეხედვით მოგეჩვენებათ საქართველოს ეროვნულ ძალების ჭიდილათ დღევანდელ ისტორიულ პერიოდში არის მხოლოდ ცალკე ეპიზოდები იმ დიდი ეროვნული ბრძოლისა, რომელსაც საქართველო აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ. და თუ საქართველოს უნდა ბრძოლის გაადვილება, თუ მისთვის მეტად მძიმეა ხედავდეს თითო ოროლა გუშინდელ მოამაგეებს და თანამემამულეებს მტრის ბანაკში, საქართველოს ხელმძღვანელებმა უნდა შეიგნონ უპირველესათ, რომ ყველაფერი: გამცემლობა, მოღალატეობა, რენეგატობა, განდგომილება, ყველაფერი, ყველაფერი რაც ასუსტებს და ამახინჯებს საქართველოს მთლიანობას, დიახ ყველაფერი ეს ჩამოთესილია ჩვენში რუსეთის ხელით და რუსეთის მიზნებისთვის, საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელია შეგნებული გამცემლები. ისინი გზირებათ მოუძღოდენ რუსეთის ჯარებს, მათი სახელები დღეს ბავშვებმაც კი იციან საქართველოში და შთამომავლობა მხოლოდ ზიზღით და წყევლით მოიგონებს დედის გამცემლებს. მაგრამ არ შემიძლია გამცემლები უწოდო მათ ვინც სიკვდილის წინაშე სიცოცხლე იყიდა თავის სახეზე შეფურთხებით, ვინც შიშით, შიმშილით და ტანჯვით თითქო შეიყვარა მტერი და ამოუდგა გვერდში, ვინც წამებაში იძულებული შეიქნა გაეცა ამხანაგები, ერთი სიტყვით არ შევიძლია ვუწოდო მოღალატენი მათ, ვინც ფიზიკურათ და სულიერათ ვერ გაუძლო დესპოტიას და დაიჩოქა, მოღლილი დაეცა მუხლებზე და მორჩილებით ფიქრობს სიცოცხლის შენარჩუნებას. ასეთ ისტორიულ უბედურებათა პერიოდებში საქართველოს ყოველთვის უძებნია სიცოცხლის გადასარჩენი გზები. განა ჩვენი გამუსლიმანებული ძმები ასეთი ველური საშვალებებით არ მოგვწყდა გულიდან და ამით არ დაიწყო საქართველოს დაღუპვა და განადგურება? ჰო, საქართველომ ბევრი იცის ასეთი შავი დღეები და ამისთვის ეხლანდელი საქართველო მოვალეა არ ჩაყვეს მტერს მის მიერ დანთებულ ხანძრის მორევში. საჭიროა მან მეტი წინდახედულობა გამოიჩინოს და მტრის მიერ ნაცად პროვოკაციას გაუშინჯოს კბილები, ის არ უნდა აყვეს გრძნობებს და წუთიერ-წარმავალ მოვლენებს. დინჯათ, აუჩქარებლათ, ჩვენი საქმის სიმართლეში დარწმუნებულნი და მომავლის გამარჯვების იმედებით აღფრთოვანებულნი, ჩვენ უნდა მივყვებოდეთ საქართველოს მთავარ ისტორიულ გზას, უნდა გამოვიჩინოთ მეტი მოთმინება, მეტი გამძლეობა, მეტი სულგრძელობა, უნდა გვქონდეს მეტი პასუხისმგებლობა, ამ ისტორიულ ქარტეხილების შემდეგ მაინც უნდა ავმაღლდეთ პირადზე და ყველაფერი დავუმორჩილოთ ერთ მთავარს, ერთ ძირითადს: საქართველოს აღდგენას, მის მომავალს. საქართველოს მომავლისთვის კი საჭიროა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (ჩემს ხელთ არსებული ტექსტი აქ წყდება – ი. ხ.)
(გაგრძელება იხ. ნაწილი III)
ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მასალა მოამზადა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment