გრიგოლ ლორთქიფანიძის ფუნდამენტური ნაშრომი „ფიქრები საქართველოზე“ 1995 წელს წიგნად გამოაქვეყნეს აკაკი და პაატა სურგულაძეებმა, რომელსაც ბოლოში სხვა მასალებიც ჰქონდა დართული სრულად ან ნაწილობრივ. მე მაშინ უკვე ვიყავი პატარა ჯგუფში, რომელიც იმ ხანებში უშვებდა სამხედრო-ისტორიულ ჟურნალ „მხედარს“ და მთლიანად სამხედრო თემატიკაზე იყო გადასული. მე პირადად ვსწავლობდი აშშ შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებს და შესაბამის ნაშრომებს ვაქვეყნებდი როგორც ჟურნალ „მხედარში“, ისე პარლამენტის კვლევით სამსახურშიც /შემდეგ დეპატამენტში/, სადაც 1993 წლის ბოლოდან ვმუშაობდი. 1999 წელს დავიწყე თანამშრომლობა საქართველოს სახალხო ფრონტის გაზეთ „საქართველოში“, სადაც ვაქვეყნებდი წერილებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის აქტუალურ საკითხებზე. ამასთანავე, ცალკე მქონდა ამოწერილი მცირე ამონარიდები ლეო რუხაძის დღიურებიდან, რომლებიც 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის აჯანყებას შეეხება და ვაჩვენე ისინი გაზეთის რედაქტორს. მას მოეწონა მასალა და უნდოდა ის დაებეჭდა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ სრულად ეს დღიურები ინახება ბ-ნ თეიმურაზ ლორთქიფანიძის სახლში, რომ გრიგოლ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემაზე მუშაობს ახალგაზრდა ისტორიკოსი გრიგოლ ზარქუა, და მას უფრო მეტი წერილების მოტანა შეეძლება იმ მასალებიდან. რედაქტორი ამაზე დამეთანხმა და გრ. ზარქუაც შემდგომში გაზეთ „საქართველოში“ აქვეყნებდა ამონარიდებს ლეო რუხაძის დღიურებიდან, თუმცა კი ცალკე წიგნად მისი გამოქვეყნება დღემდე ვერ მოხერხდა.
უკანასკნელ წლებში აქტიურად ვარ დაინტერსებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიით და შესაბამის მასალებსაც ვაქვეყნებ ჩემს ბლოგზე. ლეო რუხაძის დღიურების ქსეროასლიც მაქვს სახლში და მისი სრულად გამოქვეყნების სურვილიც გამიჩნდა, თუმცა კი მანამდე ვამჯობინე გენერალ გიორგი კვინიტაძის „მოგონებებისა“ და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის უფროსის ვალიკო ჯუღელის წიგნის თარგმნა და ბლოგზე გამოქვეყნება. ამავე დროს მივედი თეიმურაზ ლორთქიფანიძის სახლში, და თუმცა კი იგი უკვე გარდაცვლილი დამხვდა, მაგრამ მისმა ქალიშვილმა ნება მომცა ეს ნაშრომი ბლოგზე გამომექვეყნებია. ახლა მინდა ბლოგის მკითხველს გავაცნო სრული სახით ლეო რუხაძის „დღიურები“, რომლებიც უმთავრესად საქართველოში 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის აჯანყებას და მის შემდგომ მოვლენებს შეეხება, და ვფიქრობ მკითხველიც მას ინტერესითა და მოწონებით მიიღებს.
დასასრულს ვიტყვით, რომ ამჟამად გრიგოლ ლორთქიფანიძის არქივი დაცულია და ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში /ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი/. ი. ხ.)
(ნაწილი I)
დღიურები. 10 აგვისტო. 1924 წელი. საკანი # 32. დღეს მივიღეთ იულიასაგან წიგნი: „კულტურული საუნჯე რუსეთისა – სუზდალი“. აღწერილია შიდ სუზდალის ისტორიული ძეგლები, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი უკავია ჩვენს მონასტერს – „სპასოეფიმისას“. წინათ, ერთ-ერთ ადგილას აღვნიშნე, რომ სუზდალის ტაძრების აღმშენებლობაში ქართველ ხუროთმოძღვრებსაც მიუღიათ მონაწილეობა-თქო. ზემოაღნიშნულ წიგნში ამის შესახებ სწერია: „როდესაც სწავლობთ ორნამენტიკას სუზდალის ტაძრებისა, ძალაუნებურათ გაგონდებათ შორეული. აზია, ან ნაშთები ბრამინთა ეპოქისა. ძველ რუსულ XII საუკუნის ორნამენტაციაზე აღმოსავლეთის გავლენა მტკიცდება ბევრი ახალი აღმოჩენებით და არქეოლოგიური ნაშთებით. მაგრამ ყველა ამ აზიურის გარდა სუზდალის არქიტექტურას ახასიათებს უფრო ძლიერი გავლენა კავკასიისა. როგორც ვიცით რუსეთის მთავრები კარგათ იყვნენ გაცნობილი კავკასიას, ხოლო ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი გიორგი ქმარი იყო ქართველთა თამარ მეფისა. ამისთვის არაფერია გასაკვირვალი, რომ სუზდალის ტაძრების აშენების დროს აზიელ ხელოსნების გარდა მუშაობდენ ქართველებიც, მით უმეტეს, რომ მატიანე აღნიშნავს ამ აღმშენებლობისთვის „მთელი ქვეყნიდან იყვნენ მოწვეული ხელოსნებიო“. ამავე წიგნში პოკროვსკის ქალთა მონასტრის შესახებ სწერია: „მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეთა სიძველეებიდან პოკროვსკის მონასტერში ყველაზე შესანიშნავია ქართული ხატი ღვთისმშობლისა, რომელიც შესწირა იოანე მრისხანემ 1552 წელს ყაზანიდან დაბრუნებისას. ხატია შემკული იშვიათი მარგალიტებით, საუცხოვოთ და ლამაზათ მორთული, ეს მარგალიტების მძივი იყო მზითვი იოანე მრისხანის მეორე ცოლისა, ჩერქეზთა მფლობელის ქალისა მარიამისა“. ამავე წიგნშია გაკვრით ნათქვამი სუზდალის ძველ სამონასტრო ციხეზე, რომელშიდაც ჩვენ ვართ ახლა დატყვევებული. აი რას სწერს ამ ციხეზე წიგნის ავტორი მილი დოსტოევსკი (ვგონებ შვილი მწერალ დისტოევსკისა): „დაახლოებით პეტრე დიდის დროს ეკუთვნის „სპასო-ეფიმის“ მონასტერში აშენებული ერთსართულიანი ქვის სახლი, რომელმაც შემდეგში მეტად სამწუხარო როლი ითამაშა მონასტრის ისტორიაში და ფართოთ გაითქვა სახელი სუზდალზე უფრო შორსაც. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ცნობილი «тюрьма безумствующих комодников». არა ერთი და ორი სიცოცხლე დაღუპულა აქ, ის საფლავი გახდა ბევრი მოღვაწეებისაც“...
11 აგვისტო 24 წელი. ჩვენი კობას მიერ შეხელთილი ტროცკი იმდენათ არის ეხლა დაკოდილი, რომ დიდ კრებებზე და სახელმწიფო დაწესებულებებში აღარც უშვებენ სიტყვების სათქმელათ. არის პირში წყალ დაგუბებული და ისევ ცდილობს სადმე უფრო დაბალ საზოგადოებაში და უმნიშვნელო კრებაში მაინც იშოვოს აუდიტორია, რომ ამით საშვალება მიეცეს სიტყვის გაზეთში დაბეჭდვისა. ამას წინეთ ბეითლების ყრილობაზე გამოვიდა პოლიტიკური სიტყვით, შემდეგ სადღაც უნივერსიტეტში ვგონებ ფიზიკო-მათემატიკური ფაკულტეტის დამხმარე-მეგობართა წრეში, ეხლა კიდევ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა ყრილობაზე, და სხვა. ერთ ასეთ აუდიტორიაში ნათქვამი მისი სიტყვაა დღეს მოთავსებული გაზეთში „საერთაშორისო მდგომარეობაზე“. ამხანაგების თხოვნით გრიგოლმა გააკეთა განცხადება ტროცკის დებულებების შესახებ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე მსოფლიო მდგომარეობა ხასიათდება: ერთგვარი სტაბილიზაციით, მშვიდობიანობაზე გადასვლით, საწარმოვო ძალების კაპიტალისტური წესით აღორძინებით, კომუნისტურ-ანარქიული ტალღების დაწევით და საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის, როგორც მშვიდობიანობის მოციქულის უფრო გამაგრებით და გაფართოვებით. კომუნიზმი და მასთან ერთად კომუნისტური რუსეთი შესული არიან კრიზისების პერიოდებში. ადრე იქნება თუ გვიან საქმე გათავდება კომუნისტური რუსეთის სრული კაპიტულაციით. ამ წყობილებას მომავალი არ აქვს, ის წინასწარ განწირულია. [მოხსენების შემდეგ გავიგეთ, რომ იულია ჩამოსულა მოსკოვიდან, გვითვლის, რომ უნახავათ ისევ უკან ბრუნდება. ამ მოვლენამ ძალზე აგვაღელვა, რაშია საქმე? ხომ არაფერი მოუვიდათ ნეტავ ანდროს და უშანგის?
12 აგვისტო. „პრავდაში“ დეპეშაა მოთავსებული: ტფილისში დაუპატიმრებიათ საზღვარგარედიდან ჩამოსული ვალიკო ჯუღელი. ამ ამბავმა ჩვენ თავზარი დაგვცა. ამ ცნობით გავიგეთ მისი ჩამოსვლა. იჭვებით ვართ სავსე, ნეტავ რა აზრი და მიზანი ჰქონდა ეხლა მის ჩამოსვლას.
13 აგვისტო. ვერა არკავინამ გამოგვიგზავნა არკომედის (ყარაჯიანის) წიგნი „რევოლიუციონური მოძრაობა კავკასიაში“. ეს მეორე გამოცემაა ამ წიგნის. ძველი ნაწერი რაც არის ის არის შედარებით პატიოსანი და მიუდგომელი, მაგრამ ეხლა მიუმატებია ამ საცოდავს რუსეთის გულის მოსაგებათ პირდაპირ სასაცილო შენიშვნები და ამტკიცებს, რომ საქართველოს სოც(იალ) დემ(ოკრატია) მუდამ ნაციონალისტური და შოვინისტური იყოვო. ამ შენიშვნებისთვის გამოუცია ეს წიგნი რ. კ. პ. ცეკას. მაგრამ საკმარისია თვით ამ ცალმხრივი წიგნის წაკითხვაც, რომ ნათელი გახდეს, რომ ქართველი სოციალდემოკრატია იყო ღერძი სოციალისტური და რევოლიუციონური მოძრაობისა არა მარტო ამ(იერ)კავასიაში, არამედ მას გავლენა ჰქონდა თვით რუსეთის ცენტრებზედაც კი.
14 აგვისტო. 1924 წელი. საკანი # 32. ინგლისისა და საბჭოთა კავშირის მოლაპარაკება დამთავრდა. ხელშეკრულება დაიდო. გაზეთებში მოთავსებულია როგორც პოლიტიკურ ხელშეკრულობის ტექსტი, ისე სავაჭროსა და სხვა. ამის გამო მთელი კორიანტელია გაზეთებში, რომ საბჭოთა კავშირმა უდიდესი გამარჯვება ნახა და ინგლისი დააჩოქა. ნამდვილათ კი ამ ბაქიაობის შემდეგ ხელშეკრულებათა გულდასმით წაკითხვა სასაცილო შთაბეჭდილებას ახდენს. რა მოხდა, ვინ გაიმარჯვა? რასაკვირველია ინგლისმა მთელ ფრონტზე და დააჩოქა, მართლაც საძაგლათ დააჩოქა, საბჭოთა კავშირი. არაფერი სატრაბახო აქ არ არის. ვითომ სესხი იშოვეს, მაგრამ საიდან, როგორ, ვინ მისცემს სესხს, როცა სესხამდი აუარებელი დაბრკოლებებია გადასალახი, სახელდობ ის, რომ მართლაც უნდა დაიდვეს ნამდვილი ხელშეკრულება, უნდა დააკმაყოფილონ მევალეები და ნაციონალიზაცია ქმნილი წარმოებების პატრონები. სანამ ეს არ იქნება არც სესხი იქნება, ხოლო როცა ეს იქნება სესხის ნაწილი ვალების პროცენტებს მოხმარდება, მეორე ნაწილში მაშინებს მისცემენ. ინგლისს თავისი ანგარიშები აქვს. მას კოლონია უნდა და საბჭოთა კავშირსაც კოლონიის თვალით უყურებს. ერთში მართლაც დიდი გამარჯვებაა რუსეთის. ინგლისმა იცნო მისი საზღვრები თუნდ ს. ს. რ. კ-ს ფსევდონიმით. რუსეთს კოლონიები დაუმტკიცა და რუსეთი კი კოლონიებითვე თავის კოლონიათ გაიხადა. როგორც სოციალისტურს, ისე კომუნისტურ ინტერნაციონალებს შეუძლიათ „იამაყონ“ მიღწევებით. მაკდონალდი დიდგულათ მიყვება ინგლისის ტრადიციულ გზას, მოსკოვი კი რომანოვთა ნაკვალევს.
15 აგვისტო. დღეს ჩამოვიდა ჩვენი შეფი ქ-ნი ანდრეევა. ხშირად მობრძანდება ის ჩვენზე „სამზრუნველოთ“. ამ მოსვლაზე ძალზედ მწყრალათ დაგვრჩა. ყველაფერზე უარით გვიპასუხებს. რაც წინეთ შგვპირდა უარობს, ნათქვამს გადათქვამს. წერილების რიცხვი სამამდი შეგვიმოკლა, ამბობს წინეთაც მეტის ნება არ გქონდათო. ანდრო და უშანგიზე ვკითხეთ და არაფერი გვიპასუხა. საერთოთ მწყრალი იყო, გულმოსული და დუკისთან ერთად მუქარის კილოთი გველაპარაკებოდა.
16 აგვისტო. კაი ხანია ანდრო და უშანგი წაიყვანეს. მოუთმენლათ მოველით თუ როდის გაუშვეს ციხიდან, ან სად მისცეს ცხოვრების ნება და ჯერაც არაფერი გვესმის. შეპირებული პირობითი დეპეშებიც არ მიგვიღია მათგან. მთელი დღეები ვნერვიულობთ, ნუთუ არ შეიძლებოდა იულიას აქ ყოფნისას გარკვევით შემოეთვალა თუ სად არიან ეხლა ანდრო და უშანგი? ზოგჯერ გულს ვაკვდები, არ ვიცი რა ვქნა. ნუ თუ ისე მიჩლუნგდა ყველას გრძნობები, რომ არ იციან რა არის პატიმრობა და როგორ მოელის ტუსაღი რკინის ღობეებს უკან მისთვის ძვირფას ცნობებს?..
17 აგვისტო. 24 წელი. დღეს ჩვენს ციხეში ქორწინება იყო. ამას წინეთ ჩვენს მეზობლათ ნაცხოვრები ქალი და კაცი, რომელიც მოსკოვში ყავდათ საექიმოთ წაყვანილი, უკანვე დააბრუნეს და მოათავსეს 39 საკანში. მასთანავე გადაიყვანეს მემარჯვენე ესერი ბელიაევი, რომელიც ზამთარში მის მეზობელ საკანში სცხოვრობდა და კედლის კაკუნით გაცნობიან ერთმანეთს. ამ ნაცნობობის შედეგათ მივიღეთ ეს შეუღლება. საერთოთ რუსეთის ციხეებში ეხლა ხშირია თხოვება გათხოვება. ჩვენს ციხეში ხუთი ცოლქმარი სცხოვრობს. ორს ვგონებ ეტაპში მოუნახავთ ცოლები. ხშირია ისიც, რომ ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანის დროს ცოლქმარი იყრებიან და სხვაგან და სხვასთან ისევ უღლდებიან. რა გაეწყობა რუსულ-კომუნისტური „ახალი ბიტია“. რაღაც უცხო ....... (შემდეგ ქსეროასლში ტექსტი არ იკითხება) ....... და ისიც ასეთ სიმახინჯემდი მისულ კერძოზე, როდესაც ფიქრები არ გასვენებენ და რუსეთის ციხეებში ორი წლის დაუსრულებელი დღეების განმავლობაში ერთხელაც კი არ გიგრძვნია, რომ შენ რუსეთში ხარ და შენი სამშობლო შორს არის. არა... ჩვენთვის ქართველებისთვის მართლაც უცხოა ყველაფერი ეს...
19 აგვისტო. ციხის ცხოვრებაში არევ-დარევა მოხდა. მემარჯვენე ესერებმა დღეს შიმშილი გამოაცხადეს. შიმშილის მიზეზათ ასახელებენ: „ჩვენის ცნობებით, ვგონებ, სუზდალის ციხის საავადმყოფოში მოყვანილი არიან ხუთი ესერი. ვფიქრობთ რომ ისინი შიმშილობენ, მოითხოვენ სხვა პატიმრებთან შეერთებას, ამის გამო თანაგრძნობისთვის ჩვენც ვაცხადებთ შიმშილს“. დანარჩენ პატიმრებში ამან დიდი განხეთქილება გამოიწვია. ციხე დადგა ფაქტის წინაშე და არც აქვს სარწმუნო ცნობები მართლა არიან მოყვანილი ასეთი ესერები და მართლა შიმშილობენ თუ არა. ეს დანამდვილებით არც მემარჯვენე ესერებმა იციან. ციხის ადმინისტრაცია ფიცავს, რომ არავინაც არ შიმშილობსო. ქართველების პოზიცია ამ საკითხში გარკვეული იყო. ჩვენ განვაცხადეთ: „შიმშილი ჩვენს პირობებში სიკვდილს ნიშნავს. გაუგებარი და უცნაური საქმისათვის ჩვენ არ ვიშიმშილებთ, თანაც არაამხანაგობა და არაკოლეგიალობაა როცა ერთი ნაწილი პატიმრებისა ფაქტის წინაშე გვაყენებს“. მე კი ამხანაგებს ასე განუცხადე: „ყველამაც რომ იშიმშილოთ ამ სასაცილო მოთხოვნილებისთვის, მე ამას არ ვიზამ. რუსეთში თავს არ მოვიკლავ რუსული საქმისთვის, თუნდ ამას რუსეთელ ამხანაგების ინტერესებიც მოითხოვდეს. მე წამოყვანილი ვარ საქართვლოდან საქართველოსთვის. თუ თავს მოვიკლავ, მოვიკლავ მხოლოდ საქართველოსთვის“. სამი დღე იშიმშილეს ესერებმა. აღმოჩნდა რომ მათი მოთხოვნილება ჰაერის რხევა იყო. საავადმყოფოში თურმე არავინაც არ შიმშილობდა. არ არის კარგი სერიოზულ მოღვაწეთათვის ასეთი მასხრობამდი მისული თამაში.
21 აგვისტო. დღეს ვასილიევის ცოლმა მოიტანა ამბავი, რომ ანდრო და უშანგი გაუშვესო. დანამდვილებით კი ვერაფერი გავიგეთ სად გაუშვეს, როდის, და სად გაგზავნეს. ნახეს თუ არა ცოლები და რა შემოგვითვალეს ჩვენ. ახ, რა გლახა ამხანაგობაა, როცა იცი ამხანაგები ცნობას მოელიან, მოუთმენლად უცდიან შეპირებულს და შენ, ციხიდან გამოსული, ციხის კარებშივე ივიწყებ დაპირებულს, ამხანაგურათ ნათქვამ პატიოსან სიტყვას! აბა რა უჭირდათ გარკვევით შემოეთვალათ ორიოდე სიტყვა მაინც, რომ ჩვენ დავწყნარებულიყავით!.. [დღეს მივიღე სამტრედიიდან 10 მანეთი. გადმომცეს მხოლოდ ფული, არავითარი წერილი არ მიმიღია. მე კი წერილი მერჩივნა ამ ფულსა. ოთხი თვეა ერთი განაწერიც არ მღირსებია, ხან რას ვფიქრობ და ხან რას. მთელი ჩემი სული და გული სოფელშია და ჩვენებთან. ჩემი დაჟინებით მომიტანეს ფულის კუპონი. რამდენიმე სტრიქონია ზედ. მიგზავნის ვანო. მწერს, რომ წერილებს ჩვეულებრივათ მწერს, მე კი დიდი ხანია აღარ ვღებულობ. ამ რამდენიმე სტრიქონში იწერება, რომ მამა იყო ავათ, მაგრამ ეხლა უკეთ არისო. ამ უკანასკნელი წლების უბედურ ტრიალში ორი და მომიკვდა. არც ერთი არ მინახავს. ვინ იცის ვინ დამხვდება, ან ვნახავ კი როდისმე სოფელს და ჩემს შინაურებს? ან ვნახავ კი მეგობრებს, ჩემს მეგობრებს? ახ, რუსეთო, არასოდეს არ მეზიზღებოდი ისე, როგორც დღეს მეზიზღები მე შენ. გულგრილობა შენდამი მე აწი აღარ შემიძლია. მე მხოლოდ ზიზღი და გაბოროტებული სიძულვილი შემიძლია შენი. მე მხოლოდ გესლი მაქვს შენთვის... მაგრამ ვაი რომ უძლური ვარ, სუსტი ვარ, პატარა ერის შვილი ვარ, მაგრამ სიძულვილი მაინც შემიძლია, ღრმა და დიდი სიძულვილი და ამას არ მოგაკლებ შენ. ამ შხამს მუდამ ვიშოვნი შენთვის ჩემი სამშობლოს ამკლებო და ამპარტახებელო რუსეთო...
22 აგვისტო. ქართულ „კომუნისტში“ ხელმეორეთ მოუწოდებენ ახალგაზრდა მარქსისტთა ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრები ციხეებში მყოფ და არალეგალურათ მომუშავე ამხანაგებს ხელი აიღონ საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლის ტაკტიკაზე და დადგენ საბჭოთა ნიადაგზე. ძნელია აქედან თქმა იმისი, თუ რამ აიძულა ეს ამხანაგები ხელმეორეთ მოწოდებისთვის. იქნებ ისინი ციხეში იყვნენ? მაგრამ ეტყობა, რომ ომის განახლების ტაკტიკა გრძელდება საქართველოში, ამის ნიშანია ვალიკოს ჩამოსვლაც. მაგრამ ნეტა ვიცოდე რა პერსპეკტივა, რა იმედები აქვთ ამხანაგებს, ნუ თუ ამ ორ უკანასკნელ წლებში დიდათ განადგურებულ საქართველოს შესწევს რაიმე საგრძნობი ძალა, რომ განახლებული ომი მოიგოს? აქედან შეხედვით საერთო შთაბეჭდილება ისეთია, რომ ამის ოდნავი იმედიც არ უნდა იყოს. ამ განცხადებამ მე შემაეჭვა. ავტორების გულწრფელობაში იჭვი არ შემიძლია შევიტანო, ისინი არ უღალატებენ საქართველოს და არც პარტიას, ეს ღალატი მათგან შეუძლებელია. ერთია მხოლოდ, იქნებ ეხლაც ჩეკაში იძულებული გახდენ ასეთი განცხადებით გამოსულიყვენ.
23 აგვისტო. ლონდონის მოკავშირეთა კონფერენცია დასრულდა. გერმანიის საკითხი ასე თუ ისე მოგვარდა. ევროპა შედის მშვიდობიან ცხოვრებაში. ცხადია ეს მშვიდობიანობა თავის გავლენას იქონიებს რუსეთზე, იქნებ ამას მოყვეს ახალი ცნობები და საქართველო, ალბათ, საბოლოოთ ამ პერიოდში მოხვდება საბჭოთა კავშირში. არც საფრანგეთი შეიტკენს ჩვენს შესახებ თავს, იქნებ სთქვან სიტყვა, მაგრამ მარტო სიტყვა... საქმეთ ჩვენი საკითხი არ გადაიქცევა. საშინელია საქართვეკლოსთვის ეს ხვედრი: განადგურებული, აპარტახებული რუსეთის, თვით საკოლონიო რუსეთის კოლონიათ უნდა დარჩეს საქართველო. ეს არის ჩვენი ერისთვის ათწლეულებით უკან დახევა და მისი დაგლახაკება. ყველაზე უფრო ველურმა და პირველყოფილმა იმპერიალიზმმა დაგვიპყრა ჩვენ და გვაღრჩობს. [„კომუნისტში“ თეზისებია „თანამედროვე მენშევიზმზე“. უმთავრესად ეხება საქართვ. სოც. დემოკრატიას და შიშობს, რომ ამა თუ იმ გასაძრომს პოულობს მენშევიზმი საბჭოთა დაწესებულებებში და მუშათა კლასშიო. არ არის არც ერთი ისეთი გაზეთი, სადაც არ იწერებოდეს სოც. დემოკრატიის სიკვდილზე, მაგრამ არც ისეთი გაზეთია, სადაც არ იყვეს ნერვიულობა იმის შესახებ, რომ მენშევიზმი გასაძრომს პოულობსო. ნეტავ მართლა თუნდ ერთი ისეთი რეგვენი კომუნისტი თუ მოიპოვება, რომელიც ფიქრობს, რომ გარდა კომუნისტურ იდეოლოგიისა მოკვდება და ბუნებრივათაც უნდა მოკვდეს სხვა დანარჩენი ყოველგვარი მიმართულება? ან განა რუსული კომუნიზმი იმას არ ხედავს, რომ საქართველოში გარდა კომუნისტური უტოპიისა და ველურობისა, ის პირწმინდა მატარებელია ნამდვილი რუსული ნაციონალისტურ-შავრაზმული დიდმპყრობელობისა? არა მგონია, რომ დღეს თუნდ ერთი ვირი იყვეს ისეთი, რომელსაც ეს არ ესმოდეს. და მაშ რათ გონიათ, რომ მარტო ძალმომრეობით შეიძლება საქართველოში ყოველგვარი მოძრაობის და მსოფლმხედველობის მოკლვა, განა მარქსისტს, როგორც თვითონ უწოდებენ დამპყრობნი თავის თავს, შეუძლია წარმოიდგინოს ასეთი ზღაპარი, და რუსული „ჩუში“ (სისულელე - ი. ხ.)? მაგრამ ისტორიულ აუცილებლობას აბა ვინ გაექცევა? ცხოვრება კისერს მოსტეხს ეხლანდელ კერპებსაც. ტკივილებით და დიდი მსხვერპლით, ადრე თუ გვიან საქართველო მაინც თავისუფალი იქნება. მეოცე საუკუნემდე მოვატანეთ სული და ეხლა ვეღარ შესძლებს თუნდ მრავალმილიონიანი რუსეთიც კი ჩვენს დაკვლას და თავის სხეულზე შეხორცებას. [პირდაპირ საზიზღარ კამპანიას ეწევიან ქართულ გაზეთებში და რუსულშიც ვალიკოს შესახებ. ასე წარმოიდგინეთ დადგენილებებსაც კი მიმართავენ, კრებებზე გამოაქვთ გადაწყვეტილებები ვალიკოს სიკვდილით დასჯის შესახებ. ამაზე გათახსირება შეიძლება?!..
27 აგვისტო. ..... მოვიდა მოსკოვიდან ცოლი სანახავად. ეს ადამიანი ჩვენი მზრუნველიც არის. გაგვახარა, ამბავი მოგვიტანა ანდრია და უშანგი უკვე ტაშკენტში არიანო. ანდრიას ადგილიც კი უშოვნია საზეინკლოში, ის ხომ კარგი ხარატია. მოსკოვში დარჩენილან რვა დღე, უნახავთ ცოლები და შემდეგ სურვილი განუცხადებიათ ტაშკენტში ამხანაგებთან გამგზავრებისა. ეს ერთად-ერთი სასიხარულო დიდი ამბავია ჩვენთვის. მშვიდობით გავიდენ და თავის საქმეს ეწიენ – ეს პატარა საქმე არ არის ჩვენს პირობებში... აბა ანდრო და უშანგი თუ გამარჯვებული ხართ, თუ შემისრულეთ თხოვნაი ჩემი!...
29 აგვისტო. დღეს ... ... გადმოგვცა ..., რომ მოსკოვში ბუტირკის ციხეში ხუთი ქართველი მოიყვანესო. სახელი და გვარები მათი არ იცის. ჩვენ ამან გაგვახარა და ავმოძრავდით. ვვარაუდობთ, ვფიქრობთ, ვმარჩიელობთ, ნეტავი ვინ უნდა იყვნენ, როდის დაჭერილები არიან, და ან სად მიყავთ. იქნებ ჩვენთან მოყავენ? ჰო, ეს მთელი სიხარული იქნება, განუსაზღვრელი სიხარული!.. იქნებ მათ შორის გოგიტაც არის, ჩემი გოგიტა!.. რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, თითქმის ორი წელია, ასეთ მანძილზე არასოდეს არ დავშორებივართ ერთანეთს, რა მენატრება მისი ნახვა, ვიცი რომ მასაც ენატრება. არც კი გამოვთხოვებივართ ერთმანეთს, მხოლოდ წერილებით დავემშვიდობეთ 1922 წ. 16 დეკემბერს, მე მეტეხიდან და ის კი ჭერს ქვეშ იყო. მახსოვს კოცნაც გაუგზავნე, სანახავადაც მოვიდენ ეტაპის წინ ქეთო და ლილი, გადამკოცნეს, სამაგიერო მე მათ გოგიტასთან გავატანე, საწყალი გოგიტა... იაროსლავში მომწერა: „კაცო შემოუთვალე ლილის და ქეთოს გადმომცენ შენ მიერ გამოტანებული კოცნა, მას შემდეგ სულ მაწვალებენ და არაფერი ეშველათ. ის არ გეგონოს, რომ მე ლილის ჟინი მჭირს, არა ღმერთმანი, მე შენი კოცნა მინდა, ხომ იცი ერთმანეთს არ გამოვთხოვებივართ და ვნახავთ კი, ვნახავთ ერთმანეთს?.. ეხლა აქ სანატრელათ გვაქვს შარშანდელი დრო, შენთან ერთად რომ ვიყავით ის დრო“... ეს იყო -23 წლის გაზაფხულზე. მერმე მისგან არაფერი არ მიმიღია. მე კი მივსწერე იმავე წლის სექტემბერში, ვურჩევდი უცხოეთში წასვლას, დასვენებას... ყველა ეს მოგონებები გამიცოხლდა დღეს, რა კარგი ინება, რომ მართლა ნატვრა ასრულდებოდეს და ვნახავდე მას. იქნებ ნოეც აქ არის, ჩემი ნოეც... ჰო, როგორ ვიკივლებ მაშინ სიხარულით, როგორ შეუხტები და აქაობას ავაკივლებ, მერმე თუნდ ათი წელი ვიყვე აქ, თუნდ მოვკვდე აქ, მაგრამ მინდა, მინდა ახალი მეგობრები, ჩვენი მეგობრები, ქართველი მეგობრები. შემდეგ იქნებ მოძველდენ ეს ახალი სტუმრებიც, მაგრამ დღეს კი მაქვს ასეთი სურვილი, დღეს კი ვარ თანახმა პირობა მივსცე ათი წლით აქ ვიჯდე და ერთი ვნახო ჯერ გოგიტა და შემდეგ ნოე, ვალიკო და ყველა, ყველა, ყველა ჩვენები. როდის, როდის გავიგებ სად წაიყვანეს ბუტირკელი ქართველები და მოიყვანებენ აქ, ვნახავ მე მათ?!..
30 აგვისტო. ამ ბოლო დროს ცოტა შეუძლოთაც ვარ. ისე ვარ გამხდარი, მგონია ქარი წამიღებს; ვგრძნობ, რომ ფუთამდე მაინც დავიკელი. თვალის ტკივილმაც გამიჭირა საქმე. ჩვენს ციხეში თვალის ტკივილი მაინც ჩვეულებრივია. დღეს ამის გამო მოსკოვიდან მოსულ ექიმს ვეჩვენე. ჩემთვის მოულოდნელათ გული დამიწუნა, საგრძნობლათ გაქვს დაზიანებულიო. გრიგოლიც იყო ჩემთან ერთად. მას სკლეროზი აწუხებს. გამოგვიწერა წამლები, მარა ჩემს გულს განა ეს წამლები მოარჩენს? ვიცი მთელი მქონდა გული და დარდმა, გარდაუვალმა სევდამ ის დასერა და შეარყია. რა წამალი დაედება მალამოთ იმ გულს, რომელსაც წვეტიან ისარივით სჩხვლეტს ყოველ დღე საქართველოდან მოსული საშინელი ამბები, მით უმეტეს რუსული წამალი არ მოარჩენს ჩემს გულს. მას არც წამალი უნდა. მომეცით საქართველო და მის ცის ქვეშ მე გავმრთელდები, თქვენი წამალი კი რუსულ გაქვავებულ გულზე მიიდევით, იქნებ გაგათბოთ...
1 სექტემბერი 1924 წ. საპატიმროს ცხოვრება იმდენათ არანორმალურია, რომ ვერც კი გრძნობს როგორ დაშორდა ცხოვრებას და ციხეში ის ზოგჯერ ისეთ მოვლენათა რკალშია, რომელსაც თავისუფალ პირობებში სულიერ სიმშვიდის დაკარგვას და პსიქოლოგიურ აშლილობას დაარქმევდა. დღით ფიქრები, მწარე ფიქრები, წარსულში თვით მწარეთაც განცდილიც კი ახლა ტკბილ მოგონებებათ გადაქცეული, ხოლო ღამღამობით დაუსრულებელი სიზმრები, სიზმრები და სიზმრები. ზოგჯერ ისიც კი მიფიქრია, ფატალისტი ხომ არ გავხდითქო. ჩემს თავში იჭვებიც შემაქვს. რას არ ვნახულობ, ვის არ ვნახულობ იმ სიზმრებში. წუხანდელმა სიზმარმა კი მეტად მომაწყინა, მომაგონა ახლო წარსული, სიტკბოც და მწუხარებაც, სიყვარულიც და მისი შემოდგომაც. თითქო გურიაში ვიყავი, რა ლამაზი იყო მერე გურია! სინამდვილეში გურია ასეთი ლამაზი არასოდეს არ მჩვენებია. მე ყოველთვის მწამდა გურიის სილამაზე, მაგრამ რაჭას ხომ ვერ შეედრება ის, ან სამცხეს – მის ქვაბლიანით?.. ჰოდა გურიაში ვიყავი, სოფელში, სოფლის განაპირას, მინდორზე, გაზაფხულის ყვავილებში. ბევრი იყო ხალხი, სადღესასწაულოთ მორთული ხალხი... ისეთი სიმღერა მესმოდა, ისეთი სიმღერა, რომ ფრინველთა გალობას დაჩრდილავდა. ჩემთან იყო თ. ჩემი უკანასკნელი სიყვარული, ან შეიძლება სიყვარული არ იყო ეს, და იყო დატყვევებული ოცნების მართლა სიზმარი, მაგრამ მაშინ არ ვიყავი მე ციხის ტყვე, მაშინ მხოლოდ რუსის ტყვე ვიყავი საქართველოში, დატყვევებულ საქართველოში და მიყვარდა, ისე მიყვარდა, როგორც არასოდეს. მასში მყავდა მე განხორციელებული ქართველი ქალი, ქართველი ქალი წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც. ის ქართველი დედის იდეა იყო ჩემთვის. მიყვარდა ყოველმხრივათ, მიყვარდა ისე როგორც ქართველი, როგორც დედა, როგორც ქალი, მიყვარდა როგორც სახე მთელი ჩემი რასის – ეროვნების. და ალბათ კიდევ იმისთვის მიყვარდა მე ის, რომ როცა [ის მოვიდა ჩემთან მე განვიცდიდი მწუხარებას საქართველოზე და მქონდა მოთხოვნილება, მქონდა ჩემი ეროვნული მოთხოვნილება პირისპირ დავრჩენილიყავ მარტოდ მარტო საქართველოსთან და განმეცადა მისი სიყვარული, მეგრძნო მისი თბილი მკერდი. ასეთი სიყვარული ხომ მუდამ საიდუმლოა და აბა როგორ შემეძლო დავკმაყოფილებულიყავ მე იმ საქართველოთ(ი), რომელსაც მტერი ადგა ხმლით თავზე და მილიონი უცხო ჩექმის ქუსლი უვლიდა გულმკერდზე. მე მინდოდა ჩემი საქართველო, ქართული საქართველო, დედის უბესავით ტკბილი საქართველო, ჩემი საიდუმლო საქართველო, რომელშიდაც ყველა ჩემი იქნებოდა, ქართული იქნებოდა, ერთგული იქნებოდა, მე მინდოდა მეტირა, ცრემლი აუცილებელი მოთხოვნილება იყო ჩემი სევდით ამომწვარი გულისათვის, მაგრამ სად უნდა მეტირა, ვისთან უნდა მეტირა, მე ჩემი მინდოდა, საიდუმლო კუთხე მინდოდა, მე ქართული კალთა მინდოდადა ქართული გულიზე მიყრდნობა დამაამებდა. ეს თურმე აუცილებელი თანამგზავრია. ეროვნული ტრაღედიის დროს, ასეთი მეგობარი გვჭირია სამშობლოზე შეყვარებულს, რადგან ბევრია ასეთ დროს გამცემი და გამყიდავი, მოღალატე და ცბიერობით მოსული. მოღალატეთა წარღვნის ტალღებში დაეძებ ნაპირებს, დაეძებ დასაყრდნობ ნიადაგს. და პირველი ვინც იყო ამ ეროვნულ გოდების დროს, რომელსაც უნდა მოესმინა ჩემი და იმედი გამეგონა მე ეს. წუხანდელი ჩემი სიზმრის საგანი თ. იყო. შემდეგ ღალატიც მოვიდა. საერთო ღალატში აბა მასაც არ ეღალატნა, ისიც არ წასულიყო მოღალატესთან?.. დიახ მოღალატესთან; ერთ, ერთ სამშობლოს გამყიდველთან. ნახევრათ დაცარიელდა მაშინ ჩემი გული, მაგრამ ნახევარში მაინც იყო დიდი სამშობლო და დაცარიელებული ნახევარიც ამივსო მისმა კიდევ უფრო დამწუხრებულმა ბედმა. გული დარჩა მხოლოდ სამშობლოს ტკივილებით ავსებული. მას შემდეგ მე ის აღარ მინახავს. როცა მეტეხიდან მამგზავრებდენ რუსეთის ტყვვეობაში, შემომითვალა: „ნახვა მინდაო“. აღარ მოსულა, ვეღარ მობედა... ერთი თვის წინ გავიგე, ის ციხეში ყოფილა. საქართველომ ისიც ციხეში მიიყვანა. გული თითქო მოლბა, გამრთელდა. რა მშვენიერებაა ქართველი ქალი საქართველოსთვის წამებული!.. ნეტავ თუ შეიძლება მოინახოს საქართველოში ასეთ ქალზე ლამაზი ქალი?! ყველაფერი ვაპატიე მე მას. ან განა რაიმეში ვდებდი მე ბრალს? არა იმაში, რომ წავიდა ჩემგან, ჰო არა, მე ალბათ არც მიყვარდა ის როგორც მარტო ქალი, მე მისგან არასოდეს არ განმიცდია აღელვება მამაკაცისა, მე მასში ვხედავდი ჩემთვის სათაყვანებელ მთელ ქართველ ქალს, დიდ ქართველ ქალს, სიყვარულის მოციქულ ქართველ ქალს, რომელიც საქართველოსთან ერთსახეთ მიყვარდა. ჩემში ალბათ არის დარჩენილი კერპთაყვანისმცემლური და მე მინდოდა კერპი, განსახიერებული კერპი, საკუთარი კერპი, საქართველოს კერპი, რადგან თვით საქართველოს ვერ ვხედავდი და არც მინდოდა დამენახა, რადგან მის ტანზე ჭიანჭველებივით ირეოდენ უცხოეთიდან მოთრეული ურდოები. მე მაშინ საქართველოს მზის სინათლეზე არ ვიყავი, მის იატაკს ქვეშ ვბოგინობდი, ბნელში ვიღრჩვებოდი და აქ კერპი მინდოდა, ქართულათ სალოცავი კერპი, ქართულათ სულის საცხონებელი ხატი და სახარება. ასეთი ქართული სალოცავი იყო ის ჩემთვის და წარმოიდგინეთ ღალატი... მოღალატესთან ღალატი, ეროვნულ ფრონტს გადაღმა, მტერთან და არ უნდა დამეწყევლა?.. თვალითაც აღარ დამინახავს შემდეგ. და როცა გავიგე, რომ ის ციხეშია, საქართველოსთვის არის ციხეში, გულმა სიხარულით იკივლა და ვაპატიე მე მას, ყველაფერი ვაპატიე. ეს უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის, რადგან თუნდ მარტო იმასაც ვერ შევრიგებოდი, რომ თამარი, დიახ სახელი „თამარი“ გასვრილი იყო ჩემს თვალში და მერე ვისი სახელი, დიდი თამარის, საქართველოს თამარის. ყოველ უღირს ქართველ ქალს უნდა წაერთვეს ეს სახელი, ის ერის არის, წმინდა როგორც თვით ერია თავის სულის სიღრმეში წმინდა... მოკლე იყო ჩემი სიზმარი, მხოლოდ ვნახე მე გურია და გურიაში ჩემი უკანასკნელი სიყვარული თ. რა კარგია ასეთი ნახვა პატიების შემდეგ... რაღაც სიტკბო ჩამრჩა გულში და ტკივილიც არის ასეთ სიტკბოში. ასეთი მოლოდინი მაქვს თითქოს ვიღაც უნდა მოკვდეს წამართვას ეს სიტკბო, ჩამაშხამოს სიხარული...
2 სექტემბერი. როცა დღეს სასეირნოთ გავედით თითქო მეხი დამეცა, ისე იმოქმედა ჩემზე „პრავდაში“ წაკითხულმა დეპეშამ ვალიკო ჯუღელის წერილების შესახებ. გაზეთი გამოიტანა კალისტრატემ. ვალიკოს დაუწერია „ჩეკაში“ წერილები, სადაც აღიარებს ბრძოლის ტაკტიკის გადათვალიერების აუცილებლობას და შეიარაღებული გამოსვლის დამღუპველ შედეგებს. მოკლეა „პრავდას“ დეპეშა. რაშია ნეტავ საქმე? მაგრამ ამავე ნომერში ვნახეთ კიდევ უფრო დიდი ამბავი. საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომი განახლებულა. მოთავსებულია უწყებულობა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსაგან, სადაც ნათქვამია, რომ 28 აგვისტოს ღამით თავს დაესხენ ჭიათურას და ხელთ იგდეს ქალაქიო. გამოსვლები ყოფილა სხვა ქალაქებშიც. საოკუპაციო ხელისუფლება იუწყება, რომ წესიერება მალე იქნება აღდგენილიო. აქვე კოღუაშვილის ჩვენება, რომ ის ს. დ. ცეკას დავალებით აწარმოებდა ტერორისტულ აქტებს და სხვათა შორის მანვე მოკლა ალ. გიორგაძე. ყველაფერი ეს რისხვაა ჩვენთვის. გაუგებარია რა მოხდა და როგორ, რაშია საქმე. იმდენათ გამაბრუებელია ეს ცნობა, რომ დღეს მთელი დღე არეული დავდივართ საკანში და ვერ გავრკვეულვართ. გაზეთებიდან ძნელი წარმოსადგენია რა ხდება საქართველოში. მოკლე და არეული ცნობებია. ყველაფერს ბანდიტურს და თავად-აზნაურულს უწოდებენ, როგორც ჩვეულებრივათ. წარმოვიდგინოთ, რომ სრულიათ უპერსპექტივო ომზე წავიდენ საქართველოში და მსხვერპლათ მიიტანეს ამდენი ეროვნული ცოცხალი ძალები? ეს ხომ სიგიჟე იქნებოდა, მაგრამ ვაი რომ არ არის იმის ნიშნები, რომ ამ ომს რაიმე სასარგებლო შედეგები მოყვება ერისათვის. საშინელ მოუთმენლობას ვგრძნობთ. ასეთი სიშორე, ცნობების უქონლობა და ყოფნა არყოფნის დღეები საქართველოსთვის!.. თითებს ვიკბენ სიმწარისაგან და მძულს, მეზიზღება ჩემი თავი, რომ უძლური ვარ და არ მაქვს ბედნიერება გავინაწილო ჩემიანების ხვედრი, თუნდ ეს ხვედრი კიდევ უფრო მწარე და საშინელი იქნეს, ვიდრე ამ ტყვეობაში ყოფნა და დაუსრულებელი დღეების ციხის სარკმელთან თვლა და ლოდინი... ახ, როდის წავა ეს ორი დღე, რომ მოვიდეს შემდეგი გაზეთები და იქნებ გავიგოთ ნამდვილათ რაშია საქმე, რა ხდება საქართველოში...
4 სექტემბერი. ორი დღე, საშინელი ორი დღე!.. მოლოდინის და აჩრდილების დღეები, მოლოდინის, რომ მიგვეღო გაზეთები და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ცნობები მაინც გაგვეგო. მაგრამ დღევანდელ გაზეთში სრულიად არაფერია საქართველოზე. ნუთუ შესწყვიტეს ცნობების ბეჭდვა? ნუთუ აღარ დაბეჭდავენ ხვალ-ზეგ? შეიძლება მიმართონ ჩვეულებრივ საშვალებას – წაიყრუონ... მხოლოდ ერთი სიტყვაა საქართველოზე დღევანდელ „პრავდაში“. გენტში საერთაშორისო კოოპერატ. ყრილობაზე დამსწრე რუს კომუნისტ ქალმა ოსტროვსკაიამ თურმე პროტესტი განაცხადა რუსეთი განიარაღებას მოითხოვს და თქვენ რუსეთის ამ სიკეთეს არც აღნიშნავთო. ამ სიტყვის დროს რეპლიკით გაუცია პასუხი ოსტროვსკაიასათვის ყრილობაზე დამსწრე ქართველ დელეგატ ქალს და აღუნიშნავს რუსეთის დამპყრობი პოლიტიკა. გაკვრით არის ეს ნათქვამი, მაგრამ გამახარა და იცით როგორ გამახარა?! ქართველი ქალი და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე – საქართველოს იდეიის დამცველი! ამაზე დიდი საჩუქარი განა შეეძლო რომელიმე დღეს მოეტანა? არა, საქართველო არ მოკვდება, მას მეოცე საუკუნეში ვეღარ დაკლავენ. შეიძლება დღეს სისხლი იღვრება საქართველოში, იწვის ჩვენი სოფლები, კვდებიან ვაჟკაცები, შეიძლება კიდეც დამარცხდენ ამ ბრძოლაში და დღეს უკვე გლოვის ზარი დადის სოფლიდან სოფელში, მაგრამ მაინც არ მჯერა, მაინც არ მწამს, რომ საქართველო მოკვდება. როგორც არ უნდა დაგვამარცხოს რუსეთმა – ერთი აშკარაა, წარსულს მონობისას ვერავინ დააბრუნებს. გამოვედით ბრძოლის საერთაშორისო გზაზე და ამიდან ვეღარ დავიხევთ უკან. ამ ბრძოლაში კაციან ქალიანათ ჩაბმული ვართ. გაუმარჯოს ქართველ ქალს, გაუმარჯოს მის პირველ მედროშეს გენტში, საქართველოს თვითმყოფობის მაძიებელს საერთაშორისო ასპარეზზე. [დღევანდელ გაზეთშივეა ივ. როსტომაშვილის გარდაცვალების ამბავი. მართალია, ეხლა საერთო ამბებით არეული ვარ, მაგრამ ამ ამბავმა ძალზე მატკინა გული. აქ, რუსეთის ციხეში ერთხელ არ მიფიქრია, რომ თუ მეღირსებოდა საქართველოში დაბრუნება უნდა მენახა ეს მოხუცი. მასთან მაქვს ბევრი და თანაც ტკბილი მოგონენები. ის იყო 1918 წელს ახალქალაქის ქართული გიმნაზიის დირექტორი. ეს ის ხანა იყო, როცა საქართველო ბორგავდა და თავის საზღვრებს დაეძებდა, დაკარგულს იძიებდა. ამ ძიებაში, ამ ერის აღდგენისათის ბრძოლაში ივ. როსტომაშვილმა ჯავახეთში გააკეთა დიდი ისტორიული საქმე, მან მოქიშპეთაგან თავდასაცავათ საქართველოს სახის აღსადგენათ შექმნა ქართული გიმნაზია. არასოდეს არ დამავიწყდება იანვრის დღეები ჯავახეთში, ჯავახელ ქართველთა ყრილობა, სასწავლებლის შენობაში ბავშვთა ჟრიამული. ეს თითქმის ერთად ერთი იმედი იყო მაშინ ჩვენთვის ჯავახეთში. ეს უდრიდა ათას დანგრეულ ისტორიულ ძეგლების აღდგენას და ქართულათ აღორძინებას. ივ. როსტომაშვილს აქვს მეტად საყურადღებო შრომა ჯავახეთზე „ჯავახეთი არქეოლოგიური მხრით“. სამწუხაროთ ის რუსულია. ყოველი ქართველისათვის კი ის აუცილებელი წასაკითხი წიგნია. ჩემი მადლობა და შენდობა კარგ მოხუცს და მოღვაწეს.
6 სექტემბერი. დღეს მოვიდა ტფილისის გაზეთები. მოთავსებულია ვალიკოს წერილები, ზაკჩეკაში დაწერილი. ბევრი მხრით არის ეს წერილები საყურადღებო. ის ჩვეულებრივათ ვალიკოსებური, გულწრფელი წერილებია. ყველას გვეწყინა ეს, რომ ჩეკაში მოხდა და იქიდან ითქვა, მაგრამ ამასთანავე ყველა გრძნობს, რომ რამოდენიმეთ მაინც ღირსება დაცულია. ეტყობა რომ ძაან დიდი განცდები გაიარა და საშინელი საფრთხის წინაშე მიმართა გმირულ საშვალებას, თავგანწირვას, მაგრამ მტერსაც ქონდა ალბათ გამოანგარიშებული თავისი საქმეები და ეს წერილები გამოაქვეყნა მხოლოდ მაშინ, როცა აჯანყება ფაქტათ იქცა და საჭირო იყო მისი განელება, დასაწყისშივე დაკვლა. აქედან იბადება იჭვი – უნდოდა მტერს ეს გამოსვლა? წერილების დატები (თარიღები – ი. ხ.), დრო დაწერისა გვაფიქრებინებს, რომ ვალიკოს განცდები უსაზღვრო იყო და ეროვნული კატასტროფის წინაშე, მისი თავიდან ასაცილებლათ ის არ ზოგავდა პირადს, საკუთარს, ის ყველაფერს თმობდა, ოღონდ მის სამშობლოს ნაკლები ტკივილები მიყენებოდა. ეს არის ვალიკოს პირადი ამაღლება, მისი ეროვნული გამარჯვება. „პრავდა“ აგრძელებს უკანასკნელ ცნობების ბეჭდვას: აჯანყება ყოფილა ჭიათურაში, ქალაქი ხელთ უგდიათ, შემდეგ სენაკ-ზუგდიდში და აფხაზეთში, თითქმის მთელს გურიაში, ქობულეთში და აღმოსავლეთ საქართველოში სართიჭალა-გომბორში და მანგლის-კავთისხევის რაიონებში. ეტყობა მას მიუღია საერთო მასიური ხასიათი, თუმც გაზეთები აღნიშნავენ, რომ აჯანყებაში მონაწილეობას ღებულობდენ მხოლოდ ზედა ფენები და თითო ოროლა გლეხებიო. ბათუმში შტაბი წინასწარ ჩაუგდიათ ხელში და საქმე ამით გათავებულა. საოკუპაციო ხელისუფლება იტყობინება, რომ ბევრ ადგილას წესრიგი აღდგენილია და დანარჩენ ადგილებშიც მიღებულია ზომები მის აღსადგენათო. მოსკოვის გაზეთები იმასაც იტყობინება, რომ აჯანყების 24 ხელმძღვანელს ჩეკამ დახვრეტა გადაუწყვიტაო. არეული ვართ, კოშმარები გვეხვევიან, ხან რას ვფიქრობთ და ხან რას. ნეტავ ის მაინც ვიცოდეთ ვინ არიან დახვრეტილები, ან განა ამ 24 დაჯერდებიან? ვინ იცის ბრძოლებში რამდენი დაიღუპება!..
9 სექტემბერი. დღევანდელმა ქართულმა გაზეთებმა მუხლებში მოგვსერა, თავზარი დაგვცა, ნოე ხომერიკი, ვალიკო, ბენია, გოგიტა და სხვა საუკეთესო ამხანაგები და მამულისშვილები დაუხვრეტიათ. მე უბედურს კი მეგონა, რომ მათ მაინც აქ მოიყვანდენ, მერე როგორ ველოდი გოგიტას შეხვედრას!... რათ, რათ მიგრძნობდა გული მაშინ, ორი წლის წინეთ, რომ ვერ ვნახავდი მას და ვერ შევხვდებოდი მე მეგობრებს!.. რა უნდა ვსთქვა, რა უნდა დავწერო, ხელი მიკანკალებს, თვალები მიბნელდება, ცრემლები მაღრჩობს და მინდა, მინდა საქართველოს გასაგონათ ვიკივლო: „დიდება დაღუპულ გმირებს! დიდება საქართველოსთვის თავგანწირულებს, საქართველოსთვის სიკვდილი საუკეთესო ძეგლია ქართველისათვის“. როგორ უნდა გამოგეთხოვოთ მეგობრებო, ამხანაგებო, ქართველებო, ან რად გინდათ თქვენ ჩემი ცრემლები, თქვენ მთელი საქართველო გიტირებთ და გიგლოვებთ, თქვენ მისი ხართ, საკუთარი ხართ, სამშობლოს ხართ და ამაზე უკეთეს გვირგვინს ხომ ვერასოდეს ვერ დაიდგამდით თავს თუ არა თავგანწირვით და სამშობლოსათვის მოწამებრივი სიკვდილით... ზოგი ამხანაგი იმ აზრისაა, რომ სიკვდილით დასჯა არ არის სისრულეში მოყვანილი. ვეჭვობ რომ ასე იყოს. ერთი კითხვა მაინც არ გვშორდება თავიდან. სად დახვრიტეს ბუტირკაში მყოფი ქართველები. ვიცით მხოლოდ ერთი, რომ ისინი წაიყვანენ ბუტირკიდან 22-23 აგვისტოს, მაგრამ ნუთუ დააბრუნეს საქართველოში. ნეტამც ასე იქნებოდეს. როგორ არ მინდა რომ ამ საზიზღარ რუსეთის მიწაში ჩაფლან ქართველი პატრიოტები!..
10 სექტემბერი. კოშმარები იზრდებიან, ათასი ფიქრები გვახვევია. რა მოხდა, რა მოუვა საქართველოს? არ გვშორდება კითხვები და ერთმანეთს შევცქერით შვიდი ქართველი. ვის შეუძლია, ვის, გამოსთქვას ის ტანჯვა სამშობლოზე შეყვარებულთა, როცა შორიდან, ტყვეობიდან ყურს უგდებ თუ რა ხდება შენს სახლ კარში, გესმის მშობლიური ტრაღედიის საშინელი გამოძახილი და შენ კი უძლური ხარ, საშვალება არა გაქვს ცდება თუ მართალია შენი ხალხი, მაინც მასთან ამჯობინო სიკვდილი, მაინც მასთან გინდოდეს სიმწარე და სიტკბოც. რა საშინელებაა, რა საშინელება!..
12 სექტემბერი. მოვიდა დახვრეტილთა მეორე სიაც. იჭვები გაიფანტა, რომ წინანდელი სიის განაჩენი არ არის სისრულეში მოყვანილი. ამაზე დღეს გარკვევით ამბობენ. დახვრეტილთა უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოდან არიან და ვგონებ ყველანი მძევლები. ომის სურათები ნათლად იხატება. ეტყობა ხალხია მთელი ამდგარი, თორემ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ჩვენი ტერენტი წერეთელი ვიღაც გამვლელებს ჩაუდგებოდა ჭიათურაში სათავეში, ან ბარნაბა ძველაია და შალვა იოსელიანი ჩაებმებოდენ საქმეში? ისიც ირკვევა თუ როგორი კომუნარები ებრძოდა აჯანყებულებს. ჭიათურას უშენდენ ჰაეროპლანები და უტევდენ კურსანტები. იმ მჭლე ცნობებიდანაც, რომელსაც იძლევა ქართული საოკუპაციო პრესა, ნათელია ომის სურათები. ყველგან ხალხი მოძრაობს, დაკავებულ ადგილებში აღადგენს ერობებს და დემოკრატიულ მმართველობას, იცავს წესრიგს. ყველგან ეროვნული დროშები ფრიალებენ და „საქართველოს დამოუკიდებლობის“ აღდგენისკენ მოუწოდებენ. ოფიციალური ცნობებით აჯანყება ჩაქრობილია ყველგან. დიდი უბედურება დაატყდა ალბათ საქართველოს. პირდაპირ სწერენ, რომ მენშევიკური ელემენტებიდან უნდა გავსწმინდოთ საქართველოო. ეს ნიშნავს ერის სასიცოცხლო ძალების ამოღრჩობას... გული სტირის, სწუხს და უნდა, უნდა თუნდ ერთი დღით მაინც შენთან იყოს ჩემო საქართველო...
12 სექტემბერი. საქართველოს ამბებს ჩვენი ციხე დიდის ყურადღებით ეკიდება. ყოველ დღე გვეკითხებიან განმარტებებისთვის. არა ერთხელ გვქონია რუს პოლიტიკურებთან ჩვენ შემთხვევა აღგვენიშნა ჩვენი ქართული განსაკუთრებული მდგომარეობა და გვეთქვა, რომ ჩვენ ტყვეები ვართ და გარდა ამისა კიდევ მძევლები, რომელთაც პასუხს გვაგებინებენ ქართველი ხალხის ამა თუ იმ აქტიურ გამოსვლებზე. ეს ბევრს არ სჯეროდა, ხოლო იჭვი კი ამაში თითქმის ყველას ეპარებოდა. ფიქრობდენ, რომ მძევლობა არსად არის დღეს დარჩენილი და რაღა მარტო ქართველების მიმართ აწარმოებენ მასო. უკანასკნელმა ამბებმა კი ფარდა ახადა რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულებას და ისინიც კი გააკვირვა, რომელნიც დღემდე მორიდებული ირონიით ლაპარაკობდენ ქართველების მძევლობაზე. ბუტირკაში მიყვანილი ქართველების და სხვა ძველი დაპატიმრებულების დახვრეტის შემდეგ – ყველანი ამბობენ, რომ საქართველო მართლაც რაღაც არაჩვეულებრივ და სასტიკ ტერორს განიცდის. მით უმეტეს დასანახი შეიქნა ეს მას შემდეგ, რაც დახვრიტეს ვალიკო ჯუღელი, რომელმაც სამი კვირის წინეთ შეეცადა საქართველოსთვის თავიდან აეცდინა მოსალოდნელი სისხლის ღვრა და ამას მოსკოვმა მონანიება უწოდა და ის სავინკოვის მონანიებასაც კი შეადარა. სავინკოვი ცოცხლია. ვალიკო დახვრიტეს. მაგრამ სავინკოვმა მოინანია რუსეთის სიყვარულისთვის, მისი რუსული სამშობლოსთვის, ხოლო ვალიკო ჯუღელი საქართველოს სიყვარულისთვის დახვრიტეს ისე, რომ სავინკოვისებური სასამართლოც არ აღირსეს, რასაკვირველია, განა შეიძლება სავინკოვის და ვალიკოს შედარება! განა ვალიკო, რომელიც იბრძოდა დამპყრობთა წინააღმდეგ არ მოკვდა როგორც გმირი და პატრიოტი? ხოლო სავინკოვი როგორც თავიდან, ისე ეხლაც არ იბრძოდა საერთაშორისო გზით, ის რუსეთის შიგნით იბრძოდა, რუსეთის „ხალხის“ წინააღმდეგ. ვალიკო და საქართველო არ იბრძოდენ სამოქალაქო ომის ბარიკადებზე, ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით სამშობლოსათვის უცხოელთა წინააღმდეგ. დაპყრობილ ერს აქვს უფლება თავი დაიცვას. მთელი ეს სურათი მომხდარი ამბების ფონზე ისე მჭერმეტყბელურათ ღაღადებს საქართველოს ტრაღედიაზე და მისი ეროვნული მეობისთვის თავგანწირვაზე, რომ დღეს მტერიც კი ვერ ბედავს ეს სხვანაირათ ახსნას. საერთოთ კი უკანასკნელმა ბრძოლებმა საქართველოში განსაკუთრებით პოპულიარული გახადა საქართველო რუსეთში და მის სოციალისტურ წრეებში. გაზეთების მჭლე ცნობებიდანაც ნათელია თუ როგორ „ანთავისუფლებს“ მოსკოვი საქართველოს. ამ მხრით დიდ მსხვერპლებს უშედეგოთ არ ჩაუვლია: ეს მსხვერპლი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზედაც მეტ წონას მისცემს. მაგრამ რამდენათ ღირსეულია გაღებული მსხვერპლი ერის მომავლისათვის, იმდენათ უღირსია „პარიტეტის“ (საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტი – ი. ხ.) ჩეკადან გამოცემული განცხადება საქართველოში მომხდარ ამბებზე. რაც უნდა შემცდარი, ან მიზანშეუწონელი ყოფილიყო ომის განახლება საქართველოს ეხლანდელ პირობებში, მაინც გამოისყიდიდა ავათ თუ კარგათ გაღებულ მსხვერპლს ის დიდი ისტორიული დატა (თარიღი – ი. ხ.), სისხლიანი დატა, როცა ერმა ერთხელ კიდევ მოაგონა მთელ ქვეყანას თავის უფლებებზე და უსწორო ბრძოლაში თავგანწირვით შეება მტერს თავის ეროვნული დროშის დასახსნელათ. ეს დატა ერთი ძლიერი საძირკველთაგანი იქნება მომავალი საქართველოსთვის, ის ლეგენდათ გადაიქცევა, მას თაობიდან თაობა ზღაპრებათ და სიმღერებათ მიიღებს, ის მუდამ იქნება ზარების გუგუნსავით ახმაურებული ჩვენს მთებში და მძინარეთ ზეზე წამოაყენებს, საფლავებიდან აჩრდილებს აღადგენს, ის შეაკავშირებს, შეადუღებს მომავალ თაობებს და ერის თავისუფლების იდეას გამარჯვებით დააგვირგვინებს. მაგრამ რათ, რათ იყო საჭირო ეს უღირსი დაფასება „პარიტეტისაგან“ ამ დიდი ისტორიული დატისა?! განა იმისთვის შეიძლება მისი დაგმობა, რომ ის დამარცხებით დასრულდა? მაგრამ ვინ არ იცის, რომ ამ დამარცხებაში არის ერის უდიდესი გამარჯვებაც, მისი იდეა სცოცხლობს, ის იცოცხლებს...
13 სექტემბერი. დღეს ციხეში სამგლოვიარო დღეა. რუსმა სოციალისტებმა საქართველოში დახვრეტილი მებრძოლების შესახებ საპროტესტოთ ერთი დღით იშიმშილეს. სამარისებური დუმილი იყო მთელი დღე. ჩვენის მხრით რუს სოციალისტებს წერილით მივმართეთ.
მოვიდა ახალი ქართული გაზეთები. კოშმარული ცნობებია. ოკუპაციური ხელისუფლება გაცოფებულია. უსისინებს ინტელიგენციას და „თავადაზნაურობას“. ერთ ადგილას ასეთი ცნობაა: ტფილისში დემონსტრაციას ახდენენ კბილებამდე შეიარაღებული რუსის ჯარები, ერთ პლაკატზე სწერია: „ქართველო ექიმებო, მასწავლებლებო, ინტელიგენციავ გამოარკვიეთ თქვენი სახეო“. ამას მოყვა პროფესორების განცხადება და სასტიკი დაგმობა მომხდარი ამბებისა. ასევე მოიქცენ ექიმები, მასწავლებლები. ქარხნებში, სოფლებში, ყველგან კრებებზე გამოაქვთ პირდაპირ პოგრომული (დამარბევლური – ი. ხ.) რეზოლუციები. ამის შედეგათ, თვით მთავრობის წასისინებით უკვე დაიწყო კახეთის და შორაპნის „თავადაზნაურობის“ დარბევა და აწიოკება.
14 სექტემბერი. დღეს შევიტყვეთ პოლინა მოსკოვიდან არ გაუშვიათ. ის გეპეუს (მთავარი პოლიტიკური სამმართველო – ი. ხ.) ციხეშია მოთავსებული. ამბავი მოგვიტანა არკავინამ... ...დგომივართ და არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ხვალ დილით გაგრძელდება კამათი ამაზე. ახალ მდგომარეობას ახალი ტაკტიკა უნდა, მაგრამ არა იმისათვის, რომ პირში ვიფურთხოთ, არამედ შესაძლებელ პირობებში ოდნავ გასაქანი მაინც ექნეს ეროვნულ მუშაობას. რა პირობებში შემიძლია უკან დავიხიო და გადავლახო, დავაჩუმო ჩემი ეროვნული და სოციალისტური ბოღმა და შეძლებისდაგვარათ წავიდე თანამშრომლობაზე? თუ რუსეთი: 1) საქართველოს ახსნის „ნადზორს“ (ზედამხედველობა – ი. ხ.) და მისცემს საშვალებას პირდაპირ შევიდეს ს. ს. რ. კ-ში, 2) გამოყოფს საქართველოს რკინის გზებს, ფოსტა-ტელეგრაფს, 3) შექმნის ქართულ არმიას, 4) საქართველოს ეყოლება თავისი სავაჭრო ფლოტის ნაწილი და სამხედროში ცალკე ერთეული, 5) საქართველოს ეყოლება საგარეო საქმეების სამმართველოში თავისი წარმომადგენელი, 6) საქართველოს ექნება თავისი უფრო დამოუკიდებელი ბიუჯეტი, 7) თუ რუსეთი დააკმაყოფილებს საქართველოს ტერიტორიალურ უდაო უფლებებს აღმოსავლეთ საზღვრებზე და აღადგენს რესპუბლიკის ასეთივე უფლებებს ჯიქეთში და დვალეთში, 8) თუ რუსეთი ვალად აიღებს, რომ მომავლისთვის საკავშირო მთავრობის მოქმედება მიმართული იქნება ენერგიული ბრძოლისთვის, რათა სომხეთს დაუბრუნდეს ოსმალეთიდან თავისი ტერიტორია და საქართველოს მისი არტაანი, ფოცხოვი, შავშეთი, ისპირი, თორთომი და ჭანეთი, 9) თუ რუსეთი მისცემს საქართველოს თავის კუთვნილ ძირითად თანხას ძველი საიმპერიო თანხებიდან, 10) თუ რუსეთი ერთხელ და სამუდამოთ აიღებს ხელს კოლონიზაციაზე, წამოიყვანს რუს ჩამოსახლებულებს და ჩინოვნიკობას, თუ რუსეთი უარს იტყვის თავისი რუსულის ამიერ კავკასიაში „საერთაშორისობაზე“, რომლითაც თავს აბამს რუსულ საქმეს და აგრძელებს მეფეების პოლიტიკას, 11) თუ საქართველოს ერთა ლიგაში ეყოლება თავისი წარმომადგენელი, როცა რუსეთი შევა ერთა ლიგაში და სხვა და სხვა... ერთი სიტყვით თუ საქართველოს რესპუბლიკა იქნება მართლა დამოუკიდებელი და თავისუფალ კავშირში რუსეთთან, თუ მას ექნება შერჩენილი სუვერენობის მთავარი ატრიბუტები, მაშინ ქართველ ხალხს შეუძლია მართლა მოკავშირეობა გაუწიოს რუსეთს და უკვე განვლილი უბედურებანი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ამოიწუროს და გზა გაეხსნეს მართლა თანამშრომლობას და მეზობლობას და არა როგორც დღემდე იყო მტაცებლობას და ძლიერისა და დიდისგან სუსტის და პატარას შეჭმას. უნდათ რომ უთუოდ იყოს დიქტატურა საქართველოში? დეე იყოს, ჩვენ შეგვიძლია ესეც დავთმოთ, მაგრამ დეე იყოს ქართული კომუნისტური დიქტატურა და საქართველოს ქართველები მართავდენ. შესძლებს ამას მოსკოვი, უნდა მართლა მეზობლობა და მეგობრობა? მაშინ ჩვენც შეგვიძლია ბევრის დათმობა და შეთანხმებული ენის მონახვა.
15 სექტემბერი 1924 წელი. სუზდალის სამონასტრო საპყრობილე, საკანი # 32. მეგონა ბევრიც მინახავს უბედურება, ბევრხელ შევხვედრივარ პირისპირ განსაცდელს და მიგრძვნია შიში, შიში არა მარტო საკუთარი და პირადი სიცოცხლის დაკარგვისა... არა, ასეთი შიში ეხლა მაინც რათ უნდა ვიგრძნო, სულ ერთია ის ვერ დამიხსნის, ვერ ამაცდენს მოსალოდნელს, თუ კი ის რაღაც „განგებით“ მაინც მოდის ჩემთან და მიახლოვდება. მე ვამბობ საერთო შიშზე, საერთო უბედურებაზე... და განა ასეთი უბედურება არ გვინახავს ჩვენ უკანასკნელ წლებში? განა 1921 წლის თებერვალ-მარტი ეროვნული უბედურების დღეები არ იყო ჩვენთვის? და მე ვფიქრობდი, რომ ამით განვიცადე უუდიდესი უბედურება, რომელიც კი ოდესმე შეუძლია იგრძნოს მოქალაქემ. ეს გრძნობა, ეს გლოვის და მწუხარების განცდები დაგვეუფლა ჩვენ ეს სამი წელია და თითქო აღარ იყო შესაძლებელი გამოჩენილიყო რაიმე ისეთი ახალი მწუხარება, რომელსაც დაეჩრდილა ეს ჩვენი ისტორიული, ჩვენი საშვილიშვილო, ჩვენი დაუვიწყარი და მუდამ წარუშლელი ცრემლიანი და სისხლიანი ეროვნული ტრაღედია. მართლაც ტრაღედია!.. საშინელი ტრაღედია!.. კატასტროფული ტრაღედია, როგორიც საქართველოს არ განუცდია შახაბასის შემოსევის ხანიდან და რაც თითქო გაუმეორებელი უნდა ყოფილიყო მეოცე საუკუნეში, კულტურისა და ცივილიზაციის საუკუნეში, სოციალიზმის და ერთა თავისუფლების საუკუნეში!.. მაგრამ ყოველ ეპოქას ხომ აქვს დაუზოგველად რისხვა ჩვენი პატარა, უბედური საქართველოსათვის, ხომ ყოველ საუკუნეს უხვი გესლი და შხამი აქვს ჩაგუბებული, რომ გადმოგვანთხიოს და ეს-ეს არის ფეხზე წამომდგარი და წელში გასამართად მომზადებული ერი მოგვკეცოს და მოგვცელოს, თავი მოგვჭრას და დაგვასახიჩროს. შვიდი საუკუნეა არ ვიცით რა არის მშვიდობიანობა და თავისუფლება, შვიდი საუკუნეა ერი იგერიებს აღმოსავლეთის ბარბაროსებს და კავკასიონის ნაოჭებში შეხიზნული გულს იმაგრებს, რომ დაჰკრავს საათი და მას გზა გაეხსნება კულტურისაკენ, ევროპისაკენ, ცივილიზაციისაკენ, რომ ერთ დღეს ჩვენც გვიწერია ემანსიპაცია და თავის დაღწევა აღმოსავლურ-აზიურ ველურობისაგან. ამ ევროპულმა ლტოლვამ, ამ ცივილიზაციისათვის აღგზნებამ მიიყვანა საქართველო რუსეთთან მეთვრამეტე საუკუნის ბოლოში, რომ ამ შორი გზით, ნახევრათ დამახინჯებულათ, მაგრამ მაინც გადაელახა მას ისლამის ზღუდეები და რუსეთის საშვალებით ევროპისკენ გზა გაეკაფა. იმ მომავალმა, იმ იმედმა, რომ ადრე თუ გვიან საქართველო საკუთარი ძალებით დაუკავშირდებოდა ევროპას, აგვატანინა რუსეთის მწარე და ტირანიული უღელი, რუსეთის ნახევრათ აზიური და ჩვენი ეროვნულათ გამანადგურებელი ხელი... და თითქო მოვესწარით კიდეც... ქართველი ხალხი დაუკავშირდა რუსის მუშას, რადგან რუსი მუშა ებრძოდა თავის მეფეს და ჩვენთვის კი ეს მეფე სამოქალაქო და ეროვნული ტირანიც იყო. ჩვენ გავიმარჯვეთ და ორმაგი თავისუფლება ვიგრძენით, თავისუფლება ეროვნული და თავისუფლება პოლიტიკური. ჩვენ გამოვედით ისტორიის შარა გზაზე, ნამდვილ გზატკეცილზე და მსოფლიო ერთა მწკრივში ამაყათ ჩავდექით ჩვენი ეროვნული და სოციალისტური დროშით. საქართველო აღორძინდა და დამოუკიდებლობა აღიდგინა მუშათა კლასის მებაირაღტრობით, მან მოახდინა ეროვნულ ძალების ჩამოყალიბება და საქართველო შეაკავშირა როგორც თანამედროვე კულტურული, ევროპული ერი, ის ჩაუდგა მას სათავეში და ზეიმი იყო საქართველოში, ზეიმი ისტორიული და ნანატრი, იცინოდა ერი, იცინოდენ ჩვენი მთები, იღიმებოდენ წარსულის ნანგრევები... საქართველო... საქართველო... საქართველო... გაისმოდა კიდით კიდემდე და ყოველი ქართველი სიამაყეს გრძნობდა, თავისუფლების, საკუთარი თავის პატრონობის სიამაყეს... უბედურ, განაწამებ, ბედისაგან დაჩაგრულ და ქვეყნისაგან ყბათ აღებულ კაცს სიზმარში თუ მოეჩვენება ბედნიერება და ნეტარება, სიმდიდრე და თავისუფლება. და ეს სიზმარიც თითქო იმისთვის მოევლინება, რომ შემდეგ ცხადში კიდევ უფრო იგრძნოს თავისი დაჩაგრული, უბედური მდგომარეობა... ნუ თუ ასეთი სიზმარი იყო თავისუფალი საქართველო, ნუ თუ ის მოჩვენება იყო, რომ კიდევ უფრო გვეგრძნო ჩვენი მონობა და ამ გრძნობით ისევ მონებათ დავრჩენილიყავით და უკანასკნელი იმედებიც დაგვმსხვრეოდა, თვით წითელი დროშის იდეაც ტალახში გასვრილიყო და იქ, სადაც მეგობარი გვეგულებოდა, მხოლოდ მოღალატე, საზიზღარი, სისხლიანი მოღალატე დაგვენახა?.. მოვიდა ჩვენი „მოკავშირე“ რუსის მუშა და გლეხი და რუსი მეფის ადგილი დაიკავა. ის თურმე თავის მეფობისთვის იბრძოდა, დესპოტი გადმოაგდო ტახტიდან, რომ თვით გადესპოტებულიყო და ძველი მპყრობელობა თავისთვის შეენახა. ეს იყო თებერვალ-მარტის კატასტროფა... საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, სიზმარი მეორე დღეს საშინელი ტრაღედიით შეიცვალა... და განა შემეძლო მეფიქრა, რომ ეს ტრაღედია იყო მხოლოდ ფერმკრთალი ანარეკლი მომავალი უბედურებისა?.. მაშინ თურმე დაიწყო ტრაღედია, მაშინ თურმე მხოლოდ ფარდა აიწია და გათამაშდა პირველი მოქმედება იმ სისხლიანი დრამისა, რომელსაც თურმე დასასრული არ უჩანს, რადგან ასეთი ყოფილა საქართველოს ბედი, ასეთი ყოფილა მისი ისტორიული ხვედრი... დიახ, მეგონა ბევრხელ განმიცდია უბედურება, ბევრხელ შევხვედრივარ მას პირისპირ, მაგრამ ვაი რომ წარსული უბედურება თურმე მხოლოდ დასაწყისი, ფერმკრთალი დასაწყისი ყოფილა იმ საშინელი მომავალისა, რომელიც ნამდვილ ტრაღედიად გადაიქცეოდა და რუსეთის მეფეთა მფლობელობის უგლახეს დროებს მოგვანატრებდა... 15 დღეა რაც ეს ტრაღედია თავის სისხლით გადაშლილია საქართველოში და მისი ღაღადისი მთელ მსოფლიოს ესმის... ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ 1921 წ. 11 თებერვალს, გაგრძელდა 1924 წ. აგვისტო-სექტემბერში კიდევ უფრო მეტი სისასტიკით, მეტი მსხვერპლით და საქართველოსთვის უფრო დიდი დამარცხებით. დღეს საქართველო მეორე დამარცხებას გლოვობს. ჯერ არც მოგვინახავს 1921 წ. გმირთა საფლავები, დედები უცდიან შვილებს, შვილები მამებს, ობლები მარჩენალს... რამდენი დავკარგეთ შემდეგ, რამდენს დაეძებს ახლობელი და მაძებარს ვერც უკითხავს თავისი საყვარელი და მეგობარი. იდუმალათ ჩაწვა ერის გულში ნაღველი, და ბოღმა აღრჩობს ცრემლ მორეულ ჭირისუფლებს, რომელთაც მოთქმა არ შეუძლიათ, რადგან ნებადართული მხოლოდ სიცილი და ტირანიის ქება-დიდებაა, ჰო, სიცილი თქვა ვამბობ... მაგრამ არა ჩვენებური სიცილი, არა ქართული სიცილი, არა ნამდვილი სიცილი, ასეთი მხიარული სიცილი აღარც შეუძლია ეხლა საქართველოს, არა, ხალხს აქვს ნება დართული მხოლოდ „ვაშა“ უძახოს ტირანიას და სახეზე ამ ტირანიისადმი კმაყოფილება და სიყვარული გამოხატოს. ოთხი წლის მსხვერპლები და ამ მსხვერპლებზე ახალი საფლავები, მოთქმა და ცრემლები, იდუმალი ცრემლები, წყევლა და ზიზღი გულის სიღრმეში და „ვაშა“ და „გამარჯვება“ შესახედავათ, გარეგნულათ შესამჩნევათ. ვაი და ვიში, ზარი და საფლავები... ორი ათას ვერსზე მოშორებული სამშობლოდან ვხედავ ამ საფლავებს, მესმის გოდება ერისა, გულს მწვდება დედის მოთქმა და მინდა ვიტირო, მინდა ჩემი ცრემლებიც ერის ცრემლებთან დაიღვაროს; მაგრამ რათ... რათ არა მაქვს ცრემლები, რათ გამიშრა თვალები, და რათ შევსცქერი ასე ამ საფლავებს, რათ ვერ ვგრძნობ, რომ შიდ ჩემი მეგობრები, ჩემი ძმები, ჩემი ახლობლები ჩაუწყვიათ და დასცინიან, მოურიდებლათ დასცინიან მათ... ალბათ ჯერ არ მინახავს უბედურება, ჯერ არ მიგრძვნია ტრაღედია სრული და უფსკერო... ეხლა კი ვდგევარ მის წინაშე და მინდა დავიტირო დაკარგული მეგობრები, მაგრამ კაეშანის სიღრმეში ჩაიძირა ჩემი გრძნობა და მე გამშრალი, უსიტყვო, თავბრუდახვეული და გონება დაკარგული ვდგევარ რუსეთის საპყრობილეში და გავსცქერი სარკმელს. ჯერ ვერ მოვიკრიფე ღონე, ხელები ჩამოშვებული მაქვს, რაღაც უძლურებას ვგრძნობ და თუ დამიბრუნდა განცდების სიცოცხლე, თუ ვიგრძენი სრულად რა დავკარგე და ვინ დავკარგე, მაშინ... მაშინ უნდა კბილებით დაუწყო ღრღნა სარკმლის რკინის მოაჯირს, უნდა შევაკვდე მას, რადგან სიკვდილს დავეძებ, სიკვდილი მინდა დღეს. რა საშინელებაა ათას მკვდარში ორი-სამი დარჩე ცოცხალი და შეყურებდე იმათ გასისხლულ სახეებს, ვინც გიყვარდა და ვისაც შეფიცე, საფლავამდი შეფიცე... მაგრამ, მაგრამ... განა უფრო საშინელი არ არის, რომ აქ ჩაგდებენ მიწაში, აქ დაიკარგები შენ, აქ დაგატყვევებს სამუდამოთ რუსული მიწა, მტარვალი და ბარბაროსი რუსეთის მიწა!.. ჰო, ეს ყველაზე საშინელია, ეს ყველა სასჯელზე უფრო დიდი სასჯელია ქართველისათვის... განგებავ, ჩემო განგებავ, ერთად ერთი ჩემი ვედრება, ჩემი სათხოვარია ეს სასჯელი ამაშორე მე, მუდმივი ტყვეობიდან დამიხსენი მე, რუსული მიწის სამარეს გადამარჩინე მე... საქართველოში სიკვდილი საქართველოსთვის სიცოცხლეს უდრის...
დღეს „იზვესტიაში“ წავიკითხე ინტერვიუ უსეინოვთან საქართველოს ამბების შესახებ. ყველა დღემდე დაწერილიდან უსეინოვის ნათქვამი ოდნავ მაინც განირჩევა, საიდანაც გაკვრით მაინც შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა მოძრაობის სიდიდე და მისი მიზანი. ეს ინტერვიუ შესანიშნავი მასალაა საქართველოზე თვით რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. ასეთ დათვურ სამსახურს უსეინოვი ხშირათ უწევს რუსეთს. ამ ორი თვის წინეთ მან გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობის საგარეო სამინისტროს დოკუმენტები და უნდა ითქვას, რომ იქ საქართველოს ქების და ღირსების მეტს ვერც ერთი მკითხველი ვერ ამოიკითხავს. ასე ძლიერია ფაქტები და სიმართლე. თვით მტერიც კი უძლურია უარყოს ნათელი კითხვები, თუ კი ის შეეცდება ფაქტებით ხელმძღვანელობას. უსეინოვი ცდილობს ამას, უნდა ფაქტებით დაამარცხოს საქართველო, მაგრამ ეს ფაქტები ყოველ სიმახინჯეშიც კი საქართველოს სასარგებლოთ ლაპარაკობენ. რუსეთი უძლურია დამალოს შიშველი საერთაშორისო ომი, რუსეთ-საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დავა. ის დამპყრობია და საქართველო თავდამცველი. ეს არის ძირითადი და აბა რა წვრილმანები შეიძლება მონახო ისეთი, რომ ეს მყვირალა, უდიდესი უსამართლობა მიჩქმალო და წაშალო, ხოლო რუსული იმპერიალიზმი ყოველი სიკეთის მატარებლათ გამოიყვანო. ეს შეუძლია ამტკიცოს მშრალათ მხოლოდ რუსეთმა. აბა რომელი კახპა ამბობს თავის თავზე სიმართლეს და არ ამაყობს, რომ ის ყველაზე პატიოსანია?!.
16 სექტემბერი. საათობით და წუთობით მოველით გაზეთებს. ყოველ ნომერს მოაქვს რაღაც ახალი ამბავი და ყველა ამ ამბებში ნაწყვეტ-ნაწყვეტათ, მაგრამ მაინც ნათლად გვეხატება საქართველოში დატრიალებული საშინელება. დღეს უკვე გვაქვს წარმოდგენილი, რომ სამეგრელო განადგურებულია, აფხაზეთს არბევენ, გურია ჯარების ბანაკათაა გადაქცეული, ზემო იმერეთი განიცდის საშინელ ტერორს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში საოკუპაციო ხელისუფლება ხელმძღვანელობს კახეთის და ქართლის, თითქო „თავად-აზნაურობის“ წინააღმდეგ გლეხთა „მოძრაობას“ და არბევს საქართველოს კულტურულ ძალას, ფიზიკურათ სპობს ერის გონებრივ საუნჯეს. თითქო რაღაც განგებ ეხლანდელი კომუნისტური რუსეთი ტყუპათ გადაიქცა 1863 წლის ალექსანდრე მეორეს რუსეთის, როცა თვითმპყრობელობამ დაპყრობილ და გაყოფილ პოლონეთში „გლეხები“ შეუსია „შლიახტას“ და ამაყობდა, რომ ის „გლეხებს“ „იცავდა“ და პოლონეთის თავადაზნაურობას ებრძოდა... ამას ამბობდა მაშინ რომანოვების რუსეთი. ნარიშკინების, ტრეპოვების, ვორონცოვების და სხვა დიდ და პატარა ფეოდალების რუსეთი, რომელსაც თავისი გლეხი მონათ ყავდა, რომელსაც თავადაზნაურული კასტა „სამართლიანობის“ უმაღლეს ტახტზე ყავდა აყვანილი და მას ღვთის ნებათ აცხადებდა, და თითქო ისტორიამ დასცინა ეხლანდელ კომუნისტურ რუსეთს, რომ რომანოვთა დინასტიის ნაკეთები პოგრომები პოლონეთში, ეხლა საქართველოში კომუნიზმის სახელით გაამეორებინა. ამაზე უდიდეს დასამარებას, ამაზე უფრო გაბახებას, ამაზე სასირცხო საქმეს, ვერ გააკეთებინებდა ვერც ერთი მტერი რუსულ კომუნიზმს. მან ამით პირწმინდათ მიიკრა შუბლზე გაშიშვლებული მარკა რუსული შოვინიზმისა და ქართველ ხალხის განცდიდან ამორეცხა ყოველგვარი ნდობა რუსეთისადმი. გაივლის დრო, რუსული ტირანია ისტორიას ჩაბარდება, მომავალი თაობა შეუდგება დაფასებას წარსულისა და ამ დაფასებაში საქართველოს ეხლანდელი ტრაღედია იქნება ყველაზე სასირცხო რუსი ხალხის ღირსებისათვის. [დღეს მიღებულ ქართულ „კომუნისტში“ მოთავსებულია პროფესორების დეკლარაცია, სადაც გმობენ მომხდარ ამბებს, მას „ავანტიურას“ უწოდებენ და კივიან, რომ „ერი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დადგაო“. ამ დეკლარაციაზე შეიძლებოდა ბევრი რამ ეთქვა კაცს, რომ დარწმუნებული ვიყო ის მართლა გამოხატავს ქართველ პროფესორთა გულის ნადებს, რომ ასეთი გამოსვლა მომხდარიყო ოდნავ მაინც თავისუფალ პირობებში, მაგრამ აბა რა უნდა თქვა მაშინ, როცა მთელი ერი კანონს გარეშეა გამოცხადებული და ტერორის ქვეშ ქვეყანა იძულებულია დაწიხლოს ის, რაც მას უყვარს და რისთვისაც წამებას განიცდის. ეს დეკლარაცია არის ინტელიგენციის და უმთავრესად კი უნივერსიტეტის გადარჩენის სურვილით ნაკარნახევი. საშინელ მსხვერპლს, ნაძალადევ, ზეეროვნულ მსხვერპლს იღებენ ისინი, ვინც გულში სტირიან საქართველოზე, მაგრამ სახეზე მაინც ღიმილი უკრთით, რომ დესპოტიას შეეგუონ და ცოტა მაინც გადაარჩინონ იმ ეროვნულ დოვლათიდან, რომელიც ცეცხლს და სისხლს მისცა დამპყრობმა რუსეთმა. ასე ვუდგები მე პროფესორთა გამოსვლას. ასე მწამს მე ის შინაური, ქართული რწმენით... და ეს ასე რომ არ იყოს, ერთი წუთითაც რომ იჭვი მეპარებოდეს იმაში, რომ ეს არის მხოლოდ „საპარადო“ გამოსვლა და არა შინაური, ქართული, ეროვნული აღსარება, ჰო მაშინ უკვე განცდილს შეიძლება მიმატებოდა გადაულახველი მწუხარება და სასოწარკვეთამდი მივსულიყავი, მაშინ შეიძლება გამწყვეტოდა იმედის ძაფები და უფსკრულს გავყოლოდი... მაგრამ მაქვს რწმენა, სადღაც შორს ჩაწოლილი რწმენა, რომ თვით ამ გარეგნულ „ღალატში“, ნაძალადევ „რენეგატობაში“ არის უდიდესი სიყვარული საქართველოსა და მით უმეტეს მწამს, რომ ქართული მეცნიერება ვერასოდეს ვერ გამოვა საქართველოს მოღალატეთ. მძიმეა გაიგონო ასეთი წყევლა, საშინელებაა იცოდე, რომ დედას უნდა მოგეალერსოს და ალერსის ნაცვლად კი გესმის გესლიანი წყევლა, მაგრამ განა სიგიჟე არ იქნებოდა, რომ უკვე დაღვრილ ქართულ სისხლზე წაეკლათ თავისი თავიც ქართველ მეცნიერებს?! ერი იბრძვის, ის მარცხდება, მისი მხედრობა წყდება, მაგრამ ნურამც მოსწრებოდეს ჩვენი მტერი იმას, რომ საქართველოს მხედრობასთნ ერთად საქართველოს ტვინიც გასრესილიყვეს! არა, ტვინმა უნდა განაგრძოს მუშაობა ერისთვის, დღეს დახოცილებს ახალი თაობები შესცვლიან, ერის თავი და მისი აზროვნება მუდამ უნდა სდარაჯობდეს ეროვნულ მეცნიერების ჭურჭელს. [დღეს მოსკოვიდან რუს პატიმრებს მოუვიდათ მნახველები. ამბავი მოიტანეს საქართველოს შესახებ დიდი მითქმა-მოთქმააო, ფიქრობენ დახვრეტილები 400 მეტიაო.
18 სექტემბერი. დღევანდელი გაზეთების ცნობით 11 სექტემბერს ჟენევაში ერთა ლიგას გამოუტანია დადგენილება საქართველოს შესახებ, რომ „გამოყენებულ იქნეს ყველა საშვალებები, რათა საერთაშორისო უფლებათა მიხედვით აღდგენილ იქნეს საქართველოში მშვიდობიანობაო“. ამ საკითხზე მომხსენებლათ გამოსულა ფრანგი სოციალისტი პოლ ბონკური და ინგლისის, საფრანგეთის და ბელგიის დელეგაციების სახელით მოუთხოვია საქართველოს ინტერესების დაცვა. მოსკოვის გაზეთები დორბლებს ყრიან ამის გამო და ქვას და გუნდას აყრიან „სოციალ-გამყიდველებს“, რომ „ერევიან რუსეთის შინაურ საქმეებში“... ამ უკანასკნელ ხანებში მოსკოვი უკვე აღარ მალავს, რომ ს.ს.რ.კ. იგივე რუსეთია და საქართველოც რუსეთის შემადგენელი პროვინციაა. კიდევ მეტი, თითქმის კოლონიასაც უწოდებენ მას, რადგან მოსკოვის აზრით თუ ინგლისს და საფრანგეთს შეუძლია ყავდეს კოლონიები, რუსეთს რათ არ შეუძლია იყვეს საქართველოს მფლობელიო. საერთოთ მოსკოვის პრესა მეტად მჭლე ცნობებს გვაწვდის ევროპაში საქართველოზე ატეხილ კამპანიის შესახებ, მაგრამ იმიდანაც, რაც იბეჭდება, აშკარაა, რომ საქართველოს ომმა უდიდესი გამოხმაურება ნახა მთელ მსოფლიოში და მის დასაცავათ ხმა აღიმაღლა მთელმა დემოკრატიამ. დღეს ერთა ლიგამ უკვე ერთხელ კიდევ გაუკეთა ფიქსაცია რუსეთ-საქართველოს ომს და საქართველო აღიარა სახელმწიფოთ, ქართველი ერი შეიყვანა როგორც ერთი ნაცია მსოფლიოს ერთა ოჯახში. როგორიც არ უნდა იქნეს შედეგი დღევანდელი ამბებისა, ერთი ხომ აშკარაა, რომ საქართველო აღარ არის რუსეთის პროვინცია, მართალია ის დაპყრობილია, მაგრამ ის ერათ და სახელმწიფოთ არის ცნობილი, მისი მომავალი უკვე გამორკვეულია, რუსული კომუნისტური იმპერიის დანგრევა საქართველოს შეხსნის ტყვეობის არტახებს და ის უყოყმანოთ დაიჭერს თავის ადგილს, ადგილს დამოუკიდებლათ, როგორც სახელმწიფო და თვითმყოფი ერი. ეს პირველი, მძიმე და საშინელი მსხვერპლით მოპოვებული საფეხური საქართველოს სახელმწიფოთ აღორძინებისა და ძველი ისტორიული ადგილის კვლავ დაბრუნებისა, ჩვენმა ხალხმა საბედნიეროთ განვლო, ამიერიდან არავის ძალუძს ისტორიის უკუღმა შემობრუნება და საქართველოს სახის წარეცხვა, რუსეთის ეხლანდელი ცდა არის უკანასკნელი რეციდივი რომანოვთა დინასტიის პოლიტიკისა, ის უძლურია რუსეთს დაუბრუნოს ძველებურათ ასი წლობით საქართველო. რუსეთმა ამით დაისამარა თავისი თავი. საქართველოში რუსს ამიერიდან აღარ ეცხოვრება, თუ ის ქართველ ხალხს არ გაჟლეტს და სავსებით არ აყრის. და რამდენათ მხეცური არ უნდა იყოს დღევანდელი მოსკოვის პოლიტიკა საქართველოში, მეოცე საუკუნეში რუსეთი მაინც ვერ შესძლებს საქართველოს დაკვლას. საქართველო მაინც აღზდგება, მისი აღორძინების გზის ნახევარი მანძილი დღეს განვლილია და ერს შეუძლია იმედით შეყურებდეს მომავალს. ამ იმედებს კი ერთხელ კიდევ აძლიერებს და საფუძველს უდებს ერთა ლიგის გამოსვლები და მსოფლიო დემოკრატიის მეგობრული, უანგარო თანაგრძნობა საქართველოსადმი.
19 სექტემბერი. ტფილისის გაზეთები მივიღეთ. საშინელ გავლენას ახდენს ეს გაზეთები ჩვენზე. მე კი ასე მგონია, რომ გასახეთქ ყუმბარას ვკიდებ ხელს, როცა ვშლი საქართველოს გაზეთებს. კარგს ამ გაზეთებიდან არაფერს მოველი. მას ან სიკვდილი მოაქვს, ან დამარცხება, ორივე ერთად კი მხოლოდ საშინელი სურათებით ღებავენ იმ უდიდეს კატასტროფას, რომელიც საქართველომ განიცადა რუსეთთან წაგებულ მეორე ნაციონალური ომით. ყოველ დამარცხებას ბუნებრივათ ყვება გახრწნა და დაშლა. თვით დამარცხებაც ასეთი დაშლა და დასუსტებაა მოლოდ. და აი ამ დიდ დამარცხების ნაყოფს ამ რამდენიმე დღეშიდაც საკმაოთ ვხედავთ. ჯერ იყო და რომ თავი „ისახელეს“ პარიტეტის წევრებმა, როცა ხელი მოაწერეს ჩეკაში ისეთ უმზგავსო დოკუმენტს, რომელსაც ეხლა მტერი ყოველ გზა-ჯვარედინზე, შინ და გარეთ, ყველას პირში აჩრის. თითქო რაღაც პარადოქსალური და სინამდვილიდან სრულიად დაშორებულია ეს განცხადება ჩვენთვის აქ. ჩვენ ხომ არ ვიცით საქმის ნამდვილი ვითარება, მაგრამ მტრის გაზეთებიდან მიღებულ კანტი-კუნტ ცნობებიდანაც კი აშკარა ხდება, რომ საქართველოში აგვისტო-სექტემბერში მომხდარი ამბები იყო უდიდესი ხალხური, ეროვნული, ენტუზიაზმით აღსავსე მოძრაობა. ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება აქ ჩვენ, მიუხედავათ იმისა, რომ სრულ იზოლაციაში ვართ სამშობლოდან და ცოცხალ კაცსაც კი არ აქვს ნება ჩვენთვის რაიმე ამბავი მოიტანოს. ასეთ შთაბეჭდილებას ღებულობენ აქ მყოფი რუსი პოლიტიკურებიც. თითქო ჩვენ უნდა ვიყვეთ ისეთ მდგომარეობაში, როცა შეიძლება აყვე მტრის ხმას და მან რომ „ქურდი“ გიწოდოს, შენც უნდა დარწმუნდე ძალაუნებურათ, მაგრამ ჩვენც კი ვხედავთ იმ აშკარა მყვირალა და თვით ბრმათათვის დასანახ დიდ ისტორიულ ფაქტს, რომ ქართველი ერი გმირულათ ებრძოდა დამპყრობ რუსეთს. და როცა ხელმძღვანელები აწერენ ხელს მტრის მიერ შედგენილ საძაგელ დოკუმენტზე, მაშინ უნდა ითქვას, რომ ეს ხელმძღვანელები არ არის იმ დიდი და გმირი ხალხის ღირსი, რომელიც ესოდენ რაინდი და თავგანწირულია თავის ნაციონალური სახის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. რასაკვირველია, როცა ამას ვამბობ, მხედველობაში მაქვს, რომ ეს დოკუმენტი მართლაც ხელმოწერილია იმათგან, ვისი სახელითაც ის რუსეთმა გამოაქვეყნა, ხოლო რომ არის უდიდესი შანსები, რომ ეს დოკუმენტი „პადლოგის“ ელემენტს ატარებს, ამაზე იჭვიც არ შეგვაქვს. ყოველ შემთხვევაში მომავალი გვიჩვენებს სინათლეს. თითქო ბუნებრივათ გამოეხმაურა გიზო ანჯაფარიძე ამ საძაგელ დოკუმენტს და დასწერა არა ნაკლებ საძაგელი და სასირცხო დოკუმენტი. „ქართველმა ხალხმა დღესაც, როგორც ასი წლის წინეთ ხმა მისცა რუსეთის ორიენტაციასო“. როცა კაცი წახდება, მას ყველაფერი მოუვა, მაგრამ მაშინ უმჯობესია სთქვა სიმართლე, რომ გქონდა სამართლიანი მიზანი, ხოლო დამარცხდი და დამარცხებული კი მტერთან ყოველთვის მტყუანია. გიზო ანჯაფარიძე ისეთი ჩერჩეტი არ არის, რომ იფიქროს, თითქო პატარა საქართველოს შეეძლოს გაუმკლავდეს უზარმაზარ და მრავალმილიონიან რუსეთს, საქართველოს დამარცხება რუსეთთან ომში ბუნებრივია, მაგრამ საქართველოს, პატარა ერის, გმირობა და თავდადება სწორეთ იმაში გამოიხატება, რომ ის ბედავს წინააღმდეგობის გაწევას, ის მომხდურს პასუხს აძლევს, როცა წინასწარ იცის, რომ ერთთან ერთი ის ვერას გახდება უძლიერეს რუსეთთან და თავის თავგანწირულ თავდაცვით პატარა ერი ელაპარაკება მთელ კაცობრიობას: „მე პატარა ვარ, მაგრამ მინდა სიცოცხლე და მაქვს ამის უფლება, ისე როგორც დიდ რუსეთს აქვს უფლება და უნდა სიცოცხლე. მე ვერ გაუმკლავდები მის ძლიერებას, მაგრამ მაინც ვიღებ ხმალს ხელში და ვიცავ ჩემს უფლებას და შენ, კაცობრიობავ, გელაპარაკები გამომესარჩლე სუსტს და პატარას, აღიმაღლე სამართლიანობის ხმა, რადგან ჩემი წინასწარ განწირული გაბრძოლება ხმამაღალი მოწოდებაა მთელი ქვეყნისადმი სამართლიანობისათვის, უფლებისათვის, თანასწორობისათვის“. ასეთი მოწოდება იყო ჩვენი ომი 1921 წელში და ასეთივეა ის დღეს. ჩვენ მაშინაც დავმარცხდით და დღესაც. ერი დაიმორჩილა რუსეთმა, მაგრამ ერმა დაღვრილი სისხლით და ამ ომებით სთქვა, რომ მას არ უნდა რუსეთთან ყოფნა, მას უნდა თავისუფლება და დამოუკიდებელი არსებობა. ასეთივე იყო ქართველი ხალხის ბრძოლა XIX საუკუნის დასაწყისში, საქართველო თავის საქმით მაშინაც ეუბნებოდა რუსეთს: „როგორც დამპყრობი მეზიზღებიო“, მაგრამ ომებში დამარცხებული ის იძულებული იყო ქედი მოეხარა და 117 წლის განმავლობაში მონის და დაჩაგრულის უღელი ეზიდა. და ასეთ დამორჩილებას, ასეთ საზიზღარ დაპყრობას ერთის მხრით და დამარცხებას მეორე მხრით გიზო უწოდებს „რომ ქართველმა ხალხმა გამოსთქვა თავისი სურვილი ორიენტაციაზეო“. დიდი ისტორიული ამბების დაფასებაც ასეთი უნდა!.. მაგრამ როგორც არ უნდა ნაღრძობათ არ დაიწეროს დღეს დამარცხებული საქართველოს „ისტორია“, არავის ძალუძს ამოფხიკოს ის სისხლიანი დატა (თარიღი – ი. ხ.), რომლითაც საქართველომ ერთხელ კიდევ უთხრა დამპყრობ რუსეთს: „როგორც დამპყრობი მეზიზღებიო“.
20 სექტემბერი. მოკოვის და ტფილისის გაზეთებში მოთავსებულია (ამბობენ სავსებით) ნ. ჟორდანიას წერილი, რომელიც თითქო ბენია ჩხიკვიშვილს დაუჭირეს. ამ წერილიდან ეხლა ბევრი რამ ირკვევა. წინააღმდეგ პირველი ცნობისა, ნოე გადაჭრით წინააღმდეგი ყოფილა მარტო საქართველოს მასშტაბით გამოსვლისა და უპირატესობას აძლევს ტაკტიკის შეხამებას ხანგრძლივ მუშაობაზე, რათა საქართველომ კურსი აიღოს რუსეთის საშინაო კრიზისზე და ამ კრიზისის დროს საბოლოოთ დაიძვრინოს თავი დამპყრობელთაგან. 1924 წელში მაინც ყველასთვის უდაო უნდა ყოფილიყო ეს აზრი. საბრალო ვალიკოს ჩეკაში დაწერილი წერილებიც ხომ ამას ამბობს. ამ გზაზე გადახვევამ ჩვენ დიდი დამარცხება განგვაცდევინა. საქართველო დიდი ხნით წელში გატეხეს და მას ბრძოლის უნარი წაართვეს. სისასტიკე, რომლითაც დაამარცხეს საქართველო, სპარსთა შემოსევას თუ შეედრება. დღესვეა მოთავსებული პიერ რენოდელის მშვენიერი, გრძნობით აღსავსე წერილი საქართვ. სოც. დემოკრატიისადმი. მოსკოვის „პრავდას“ ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, რომ მოსკოვის მთავრობას ნოე ჟორდანიადან დეპეშა მოსვლია: „შეაჩერეთ ომი და 1920 წ. (შეცდომით წერია 1921 წ. – ი. ხ.) 7 მაისის ზავის ნიადაგზე მოვილაპარაკოთო“. ბონკურის გამოსვლით ერთა ლიგაში და ნოეს ამ დეპეშით მივიღეთ სრული სურათი იმ დაფასებისა, რომელიც პოვა ევროპაში რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულებამ. მხოლოდ როგორც ომი, როგორც ორი სუვერენული სახელმწიფოს ერთმანეთთან საერთაშორისო ომი, შეიძლება დაფასდეს ოთხი უკანასკნელი წელი რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულებისა. ამ ნათელ საქმეს თავიდანვე ბურუსში ხვევდა რუსეთი, მას სამოქალაქო ელფერს აძლევდა და რამოდენიმე დოზას კომუნისტურ-სოციალისტურ ელემენტებსაც უმატებდა. ეს იყო უხამსი საფანელი იმ ველური დამპყრობი საქმისა, რომელიც მან ჩაიდინა 1921 წ. დღეს რუსეთის ეს იმპერიალისტური ნასაქმარი გატიტვლებული სდგას კაცობრიობის წინაშე, ის ვერც მსოფლიო კომუნიზმის მყვირალა ფრაზებმა და რუსეთის უხვათ გაღებულმა ხარჯებმა დაფარეს. ვინ იცის იქნებ ასეთ სასწაულსაც მოვესწროთ: რუსეთის კაპიტულაციის შემდეგ, იქნებ იმავე რუსეთს მოუხდეს რეპარაციების გადახდა მის მიერ დაპყრობილ და აკლებულ საქართველოს აღსადგენათ...
21 სექტემბერი. ვანოსაგან ორი წერილი მივიღე. ორივე ძველია, ორი თვით ადრე წამოსული. ახალის არაფერი ვიცი. საერთოთ ჩვენი წერილების საქმე უხეიროთაა მოწყობილი. თვეში ერთხელ გვაძლევენ და ისიც ძველ მოსულებს. ბევრი კი სრულიად იკარგება. ჩვენ გაგზავნილსაც ნაკლებათ ღებულობენ. ამ საერთო არეულობაში კი, ეხლა სულ შეგვიწყდა წერილები. საერთო უბედურება ხომ თავზარს გვცემს, მაგრამ ყველა ჩვენგანს ხომ ყავს თავისი, საკუთარი, მშობლიური და ამ კატასტროფაში მათი ჯავრიც გვკლავს და გვდაგავს. ალბათ ჩვენი ნათესავები ჩვენებრ ტანჯვას განიცდიან ჩვენზე. მოუთმენლათ მოველოდით დღეს გაზეთებს, მაგრამ ვერ მივიღეთ. გაზეთი ერთადერთი საშვალებაა, მიუხედავათ ეხლანდელი გაზეთების სიმახინჯისა, ჩვენს დასაწყნარებლათ და გაკვრით მაინც შესატყობათ იმ მდგომარეობისა, რომელსაც ეხლა განიცდის უბედური საქართველო.
23 სექტებერი. დღევანდელ „კომუნისტით“ გავიგეთ დაუპატიმრებიათ დავით ონიაშვილი. ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი წევრია ს. დ. არალეგალურ ცეკასიო. მისი განცხადება ჯერ არსად სჩანს. მიასნიკოვი რომელიღაც კრებაზე ამბობს, რომ „ონიაშვილი ისეა გაბრუებული მომხდარი ამბებით, რომ ხმა ვერ ამოვაღებინეთ და მისგან საერთოდ ძნელია რამის გაგებაო“. კარგია მაინც დაჩუმდებოდეს თუ გაბედულს და ღირსეულს ვერას იტყვის. დ. ონიაშვილი მე მიყვარს. ის სპეტაკი, გულწრფელი და იდეალისტი ქართველია. ახ... რაოდენ მწუხარებას, რაოდენ ტრაღედიას და სულის შფოთვას განიცდიდა ის დაპყრობილ და გაუბედურებულ საქართველოზე!.. არასოდეს, არასოდეს არ დამავიწყდება მისი ცრემლები, ის დასტიროდა ჩამობნელებულ და სხვის საჯიჯგნად გადაქცეულ საქართველოს. ბევრ რამეს შევეჩვიეთ, ღალატის და გაცემის ხანაში ფასიც კი დაკარგა გამცემლობამ. დღეს ბევრი ამხანაგის უღირსი განცხადება აღარც კი ხვდება გულს, თითქო ასეც უნდა იყვეს, თითქო მართლია ეს ხალხი, რომ თავს ირჩენენ და სიკვდილის წინაშე დამპყრობლებს ემორჩილებიან, ქედს იხრიან (ეს ჩვენი ისტორიული ხვედრია, ჯელალედინი მეტეხთან ქართველთაგან მოითხოვდა ჯვარზე მიფურთხებას და ქართველობის დატოვებას. ბევრმა გასწირა თავი, მაგრამ ერს უნდა მოენახა სხვა გამოსავალი და მან დამორჩილება ამჯობინა), მაგრამ დ. ონიაშვილის განცხადება ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. ის თითქმის ყველა წარსულ უღირს განცხადებებს აიწონის, რადგან ის მინისტრია თავისუფალ საქართველოსი და ამასთან ერთად ონიაშვილს ვიცნობ მე როგორც შეყვრებულს, მგოსანივით შეყვარებულს საქართველოზე. და ასეთი სიყვარულის ღალატი ხომ ყოვლად უმდაბლესი საქმე იქნება... [მოსკოვის გაზეთებში მოთავსებულია ჩიჩერინის ინტერვიუ ერთა ლიგის დადგენილების შესახებ საქართველოს საკითხში. არავითარ სალანძღვს არ იშურებს პატივცემული კომისარი და რიხიანათ აცხადებს, რომ ე. წ. ერთა ლიგა ტყვილა იწუხებს კაპიტალისტების სასარგებლოთ თავს, რადგან საქართველო ვინ არ იცის ნამდვილათ დამოუკიდებელი სახელმწიფოაო, ასეთი რამ ხომ პირველათ არ გაგვიგონია მოსკოვიდან. ეხლანდელი რუსეთი თავის ისტორიულ მოვალეობათ სთვლის რომანოვთა რუსეთის გზა გააგრძელოს და რადგან ამ საქმეში „კომუნიზმსაც“ იხმარებს, ამისთვის საჭიროა ბევრი რამ რასაც თვითონ აკეთებს არ დაინახოს და შავი თეთრათ გაასაღოს. როცა 1921 წ. ომი აგვიტეხეს, ყველაფერს ფიცულობდენ, როგორ გეკადრებათ ეს ჩვენ არა ვართო. როცა დაგვიპყრეს და რუსის ჯარებმა აავსო საქართველო, თვით რუსის ჯარები საქართველოში სასაცილოთ გვიგდებდენ „როგორ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ რუსები ვართ და დაგიპყარით, ამხანგებო აკი თქვენ აჯანყდითო“. როცა შემდეგ საბუთებით მისჩიხეს მოსკოვი, „ბოდიში“ მოიხადეს „ღმერთო კი მომკალი რა მომხდარაო“ და განაცხადეს, რომ „ჩვენ ღმერთმანი არც კი გაგვიგია მაგ ამბავი, ეს თქვენ ქართველ კომუნისტებს გაუტყვილებიათ ჩვენი დივიზიებიო“. შემდეგ ეს ქართველი კომუნისტებიც გამოაძევეს საქართველოდან და ეხლა ჩიჩერინი ამტკიცებს და ამტკიცებს, რომ საქართველო თავისუფალია, ხოლო „საქართველოში რაღაც ორი მილიონი ქართველი მენშევიკი, კონტრრევოლუციონერი და თავადაზნაურობაა, და ამას ვებრძვითო“, აბა ვინ არ დაუჯერებს ამ წმინდანს, მუსულმანურად მონათლულ წმინდანს, რომ საქართველო მართლაც თავისუფლდება ქართველებიდან...
24 სექტემბერი. სამი დღეა სერ. ილიას ძე ბერდიჩევსკიმ დაგვაწყებინა ინგლისურის სწავლა. ვის აქვს ამის ხასიათი და გულდადება დღეს, ჩვენი მწუხარების და ეროვნული აფორიაქების დროს, მაგრამ რითიმე მაინც უნდა შევეცადოთ დავაყუჩოთ ნერვიული განცდები და გაუმაგრდეთ იმ დიდ უბედურებას, რომლიც საქართველოს დაატყდა თავს. ამბის მომტანი და გარედან მანუგეშებელი არავინ გვყავს, მართალს და სწორს ვერას გავიგებთ, აქედანაც უძლური ვართ რითიმე დავეხმაროთ სამშობლოს, შეგვიძლია მხოლოდ მწუხარება და ცრემლები, ცრემლები და მწუხარება... მერე რას შესძენს ეს საქართველოს... ისევ გული უნდა გავიმაგროთ, უნდა შევსძლოთ გადალახვა უფსკრულის და ჩვენ ხვედრს სრული შეგნებით, ეროვნული სიმართლით და მომავლისადმი რწმენით შევხვდეთ... ასე მასწავლის ჩემი გრიგოლი... რა გაეწყობა, შეუდგეთ სწვლას, მაგრამ რა მასწავლის, რა მაფიქრებს ინგლისურზე, როცა ძილშიდაც კი საქართველოში დაკლული ამხანაგები მიდგას წინ, კოშმარები სიზმრებათ მეხვევიან და მიაქვთ სული და გული, მწამლავენ და ძალას მაცლიან... ნიკო ყველაზე უფრო ნერვიულობს, მაგრამ მანაც კი მოკიდა ხელი ინგლისურს... ვნახოთ რა გამოვა.
25 სექტემბერი. დღეს მიღებულ მოსკოვის გაზეთებში კიდევ არის ცნობები ერთა ლიგაში საქართველოს საკითხის გამო წარმოთქმულ სიტყვებზე. გამოსულა ბელგიის წარმომადგენელი, საქართველოსთვის კარგად ცნობილი, დე ბრუკერი. მას წარმოუთქვამს ვრცელი სიტყვა და დაუსვამს კითხვა, რომ საქმე გვაქვს ომთან ორ სახელმწიფოთა შორის და ერთა ლიგისთვის არ უნდა იყოს სხვა არჩევანი გარდა პატარა საქართველოს სასარგებლოთ გამოსარჩლებისა, რადგან ის დაპყრობილი და ოკუპაცია ქმნილია რუსეთის მიერო. გაზეთის ცნობიდან სჩანს, რომ ბრუკერი სხვა დროსაც გამოსულა ერთა ლიგაში საქართველოს დამცველათ. ერთა ლიგას შეუდგენია ამ სხდომაზე სპეციალური კომისია საქართველოს საკითხის შესასწავლათ და ზომების მისაღებათ. დიდის სიხარულით ვწერ მე ამ ცნობას და შეიძლება ოდესმე რომ ვინმემ წაიკითხოს, გაეცინოს კიდეც და სთქვას: „შე მამაცხონებულო, რათ გინდა ამის ასე დაწვრილებით ჩაწერა, ასეთი ამბავი ხომ მაინც მთელმა ქვეყანამ იცის და შენ მოგონებებში ქრონიკასავით რომ ჩაგაქვს, ნუ თუ ვერ ფიქრობ, რომ შენზე უკეთ სხვას არ შეუძლია მოაგროვოს ასეთი ამბებიო“. ასეთი საყვედური მე თითქო ყოველ დღე მომესმის და ვგრძნობ, რომ ეს მართალია, მაგრამ, მეგობარო მკითხველო, მე ისეთ დროს და ისეთ პირობებში ვცხოვრობ, რომ ასეთი პატარა ცნობის გაგება გაზეთიდან მთელი ამბავია, ის თითქო ობოლი სხივია, რომელიც ზოგჯერ შემოანათებს ჩემს საკანში და რაღაც ზღაპრის მზგავს ამბავს მეტყვის. დანარჩენი კი მე თვით უნდა მივხვდე, საკუთარი მარჩიელობით უნდა გავიგო, სტრიქონებს შორის უნდა წავიკითხო. მე მარტო კი არ ვცხოვრობ ასეთ საკანში და სიბნელეში ეხლა, არა, ასე სცხოვრობს მთელი ხალხი, რომელმაც მხოლოდ უნდა აქოს აქ არსებული და გაიგონოს ის, რასაც აქ ამბობენ. მართალი სიტყვა, ობექტიური დაფასება ჩვენთვის შორეულ წარსულის ლანდია და სიზმარში თუ ნახავს ვინმე, რომ აზრთა წინააღმდეგობა და სიტყვის თავისუფლათ თქმა ოდესმე ეღირსება ეხლანდელ თაობას... დიახ, აღარ მესმის მართალი სიტყვა და ვერც მე ვიტყვი მას, ან რათ მინდა, გიჟივით მარტო ჩემს თავს უნდა ველაპარაკო და ასეთ სიგიჟეთ ვთვლი კიდეც, რომ დღიურებს ვაწარმოებ, რადგან სულ ერთია რათ მინდა, ის მე არ გამყვება, ანდა მე ვერ გავყვები ციხიდან მას. ალბათ ეს სიტყვები ჩემთანვე მოკვდება. მაგრამ გულს ვიფხან, სულს ვიტყუებ, მინდა ვსძლიო ჯოჯოხეთს, მაგრამ ვაი თუ ამ ჯოჯოხეთში დავიღუპო... ამ ჯოჯოხეთით არის გამოწვეული სწორეთ ჩემი აღტაცება და უსაზღვრო აღტყინება ზოგჯერ, როდესაც მართალ სიტყვას და მოსარჩლის ხმას მოვკრავ ყურს. დღესაც ასეთი გადაჭარბებული აღტყინება გამოიწვია ჩემში მეგობრის შორიდან მოსულმა ერთმა ხმამ... მხოლოდ ხმამ, რადგან არავინ ისე არ გრძნობს იმ საშინელებას, როდესაც ადამიანი თითქო კვდება და სიკვდილის ჟამს კი მას არა თუ ნუგეში არ ესმის, პირიქით მხოლოდ ხარხარი და დაცინვა, ზიზღი და მტრობა ახვევია გარს... ასეთი სიკვდილი მართლაც სიკვდილია... ხოლო რა არის სიკვდილი მაშინ, როცა მეგობრები გყავს და იცი რომ შენი სიკვდილით ბრძოლა არ წაგებულა, შენი იდეა არ მომკვდარა, რომ შენს გზაზე იბრძვიან და კიდევ იბრძოლებენ მთელი ლეგიონები. ბრუკერის ხმა ჩემთვის დღეს დედის ალერსს წააგავდა, ის ისე გავიგონე თითქო ანთებით ვიყავი ავათ და შუბლზე დედის გრილი, სიყვარულის მოალერსე და ათრთოლებული ხელი ვიგრძენი... მით უმტეს ბრუკერის ხმა, ბელგიელის ხმა, კულტურულ ეროვნულ სოციალისტის ხმა, ნამდვილი ხმა, გულწრფელი ხმა, რადგან ის ბელგიელია და პატარა ერის შვილმა იცის როგორ უნდა სიყვარული დაჩაგრულ ერის შვილებისა... ჰო, მე მწამს, რომ ბრუკერს ისე უყვარს დღეს საქართველო, როგორც მე მიყვარს ის, რადგან ბრუკერმა იცის რა არის სამშობლოს დაკარგვა და მოქალაქის სამშობლოდან განდევნა... გული დაამდა, სულმა მეგობარი იგრძნო, მეგობრის ცხედრებ შორის თავს მადგია ჭირისუფალი და დედასავით მივლის... რა დიდი იმედია როცა ჩამობნელებულ ცაზე სადღაც ღრუბელი გაგჯება და სარკმლიდან სხივი შემოგეგებება. დღესაც ვხედავ ბრუკერს, ის თითქო ტფილისში დადის ეხლაც, ასე მყავს მე ის წარმოდგენილი, საქართველოს ბელგიელი სტუმარი მეგობრათ გავიცანი და ეხლა, ეხლა მიჭირისუფლებს. მადლობა მინდა მე მას ვუთხრა, მაგრამ არა სიტყვით, არა წერილით, არა, ასეთი უბრალო მადლობა მე მისთვის არა მაქვს, ჩემი მადლობა საიდუმლოა, ისე როგორც საიდუმლოა ძლიერი სიყვარული, მასზედ არ ლაპარაკობენ, მას მხოლოდ გულში ინახავენ. ასეთი სიყვარულით მე დღემდე მხოლოდ ჩვენი სილიბისტრო და ნოეს გაბრწყინებული სახე მიყვარდა.
26 სექტემბერი. დ. ონიაშვილი რომ მომკვდარიყო ისე არ ვიტირებდი, როგორც სტირის დღეს ჩემი გული. ქართულ „კომუნისტში“ დაბეჭდილია მისი განცხადება, ვიზიარებ „პარიტეტის“ განცხადებასო. რას, რას იზიარებ?.. რა კარგი იყო, რომ მომკვდარიყავი, ჩემო დათიკო, ქართველო დათიკო, შეყვარებულო დათიკო!.. ასე უნდა სატრფოს ერთგულება, ასე უნდა სიყვარულში დაჭკნობა?.. მე ვიცი, რომ შენ ზიზღით მოაწერე ამას ხელი, შენ ეხლაც სიყვარულით გყავს გულში ჩაწვენილი საქართველო, მაგრამ ერთი მითხარი, რათ, რათ, თუნდაც ნაძალადევათ სთქვი აუგი შენს საყვარელ საქართველოზე?!.. რით გამოიყიდი და როდის გამოიყიდი შენ ამ შეცოდებას... ის გამოუსყიდავია... [დაბეჭდილია „ზარ. ვოსტ.“ მიასნიკოვის მოხსენება საქართველოში მომხდარ ამბებზე. ეზოპეს ენითაა ის წარმოთქმული, მაგრამ თვით კომუნისტისთვისაც და ჭკუაზე შეშლილ რუს ველიკოდერჟავნიკისთვისაც კი მისახვედრი და გასაგებია, რომ „საქართველოს ეზიზღება მოსკოვის უღელი და მთელ ერს უნდა მისი კისრიდან მოხსნა“.
27 სექტემბერი. დღეს მოსკოვის „პრავდაში“ წავიკითხეთ რადეკის დიდი ფელეტონი საქართველოს შესახებ. მას მოყავს ორი წერილი ინგლისურ „ტაიმსიდან“ და „დეილი ტელეგრაფიდან“. უკანასკნელში მოთავსებული ყოფილა მეტად მგრძნობიარე წერილი საქართველოზე. „შენ იცი მაკდონალდო კარგად საქართველოს თავგადასავალი – მიმართავს „დეილი ტელეგრაფი“ პრემიერ მაკდონალდს – შენ იყავი საქართველოში და აღტაცებით ამცნობდი ევროპას მის გამარჯვებით წინსვლას. საქართველო მართლაც ამაყი და ბედნიერი იყო თავისი თავისუფლებით, მას ყავდა თავისი ნაციონალური მთავრობა, რომელიც ესოდენ ნიჭიერათ მართავდა თავის ქვეყანას, საქართველო იცნო რუსეთმა, მასთან ხელშეკრულება დასდო, საქართველო იცნო ევროპამაც და ამის შემდეგ მოსკოვმა დაიპყრო პატარა ერი და ის აგერ მეოთხე წელია გმინავს უცხო ხიშტებ ქვეშ, და შენ მაკდონალდო, რას იტყვი ეხლა, დაიცავ თუ არა საქართველოს, როცა იქ სისხლი იღვრება და მოსკოვი ახდენს ქართველი ერის „პოგრომს“?“ დაახლოებით ასე სწერს „დეილი ტელეგრაფი“. გული მომფხანა ცოტა ამ სიტყვებმა. რადეკიც არ ჩამორჩება სხვა რუს კომუნისტებს კალმის შანტაჟში და რომ მიჩქმალოს ნათელი საქმე, რაებს არ ბოდავს ბაქოს ნავთზე, ავღანისტანზე, ჩინეთზე და ვისზე არ გინდა. თურმე ყველასთან ყოფილა შეთანხმებული და შეთქმული საქართველო, მოუსყიდია ის ყველას და ევროპის კაპიტალის ინტერესებისთვის გაუწირავთ ქართველი ხალხი... თურმე ნუ იტყვი, ჟორდანიას გაუყიდია საქართველო და ეხლა საწყალ ქართველ ხალხს რადეკი უჭირისუფლებს და ერთგულებას ეფიცება... ფეხის ხმას შალვა ელიავაც აყოლია, ან უფრო ააყოლეს მოსკოვში და დღეს დაბეჭდილია ინტერვიუ მასთან, სადაც ისიც „აქარწყლებს“ ერთა ლიგის დადგენილებას და აცხადებს, რომ საქართველო ასეთი თავისუფალი არასოდეს არ ყოფილაო. მართლაც რომ არასოდეს არ ყოფილა საქართველო ასეთი თავისუფალი ყოველი უფლებისაგან!.. რომელი ლექსიკონიდან უნდა იხმარო სიტყვები, რომ ეს ხალხი დაახასიათო. დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს. დღეს ერთს დასწერენ, ხვალ იუარებენ. უდიდეს ველურობას ჩაიდენენ და კახპებივით ყვირიან: რას ამბობთ, სად, როდის, არაფერი ამის მზგავსიო. ელიავამ ამ წლის იანვარში „იზვესტიაში“ დასწერა, რომ საქართველო ინდოეთს დაემსგავსა, ის კოლონიათ გადაიქცაო და სჩივოდა, ფრთხილად სჩივოდა. მეტს არც სხვა ამბობდა: „საქართველო დაპყრობილია, ის რუსეთის კოლონიათ გადაიქცაო“ ამას კივის ოთხი წელია მთელი საქართველო. ეს დაადასტურა ბერლინში რადეკმა, ტროცკიმ („დიალოგი კომსომოლთან“), „იზვესტიაში“ელიავამ,
„პრავდაში“ ორახელაშვილმა და ყველა ამის შემდეგ ფიცულობენ „საქართველო ეხლაა თავისუფალიო“. ეს დამტკიცდა ეხლაც, აგვისტო-სექტემბერში განახლებულ ომის ეპიზოდებით, როცა მოსკოვმა ქართველი მძევლები გაჟლიტა და ერი კანონს გარეშე გამოაცხადა, სოფლები გადაბუგა და ხალხზე მხეცებივით ნადირობდა. და ყველა ამის შემდეგ მაინც იმეორებენ: „არაფერი არ მომხდარა, არავინაც არ მომკვდარა, რუსი რუსი არ არის, მე მე არა ვარ я не я лошадь не моя“-ო. რუსი რომ შარიანია ეს ყველა ქართველმა იცის, მაგრამ ძველ რუსეთს შარის და ტყვილის ოდნავი შნო მაინც ქონდა, ახალმა ესეც კი დაკარგა და არც იცის რას სჩადის და რას ამბობს. [გულდასმით ვათვალიერებ საქართველოდან მოსულ გაზეთებს და ჯერ ვერსად შევხვდი ვერც ერთ იმ ცნობებს საქართველოზე, რაც მოსკოვის გაზეთებში იბეჭდება. განსაკუთრებით უფრთხიან ერთა ლიგის დადგენილების დაბეჭდვას და ევროპაში საქართველოზე წარმოებულ კამპანიას. ეს უდიდესი უბედურებაა დღეს საქართველოსთვის, საჭირო იყო ამ ნახევრად ნაღრძობ და მიკიბულ-მოკიბულ ცნობების მაინც გაგება ხალხისათვის. ეს მორალურათ მაინც გაამაგრებდა ომში დამარცხებულებს და ნაწამებ ხალხს.
28 სექტემბერი. დღეს ერთი პირდაპირ სასაცილო დოკუმენტი წავიკითხეთ საქართველოს შესახებ. კომინტერნს გაუგზავნია საინფორმაციო წერილი თავის სექციებისათვის საქართველოს შესახებ და, ღმერთო ჩემო, რაებს არ ბოდავენ და რა უნიჭოთაა შედგენილი ის. მოყავთ რაღაც ისეთი დოკუმენტები, რაც თავის თავად ფანტასტიურია, მაგრამ საქართველოსთვის არც ერთი სასირცხო არ არის და პირიქით მტერს აბახებს. აბა სადაური გენერალია იოსებ სალაყაია!.. ვინ შეადგინა ნეტა ასეთი კლასიკურათ უნიჭო და სასაცილო დოკუმენტი? „პრავდამ“ ალბათ მიხვდა ეს და არც დაბეჭდა. მხოლოდ „იზვესტიის“ ფურცლებს შეეძლო ამ სისულელის გასაღება. საქართველოში ეს გამოსაჩენიც არ არის, იქ ამით ბავშვსაც ვერ მოატყუებენ... [გრიგოლი სწერს ნეკროლოგებს დახოცილ ამხანაგებზე. სია აღებულია ოფიციალურ ცნობებით, სხვებზე ჩვენ არაფერი ვიცით. ეს მოთავსდება ციხის ჟურნალში „სუზდალის ისკრაში“. მეშინია იმ ქაღალდის შეხედვა, სადაც ჩამოწერილია ნოე ხომერიკი, ვალიკო ჯუღელი, ბენია ჩხიკვიშვილი, გოგიტა ფაღავა, წინამძღვარიშვილი, ვასო ნოდია, გაბო ცისკარიშვილი და სხვები... რა საშინელი სანახავია ეს მიჯრით მიწყობილი საუკეთესო, კეთილშობილ, თავგანწირულ და წმინდა რევოლუციონერების და პატრიოტების სამგლოვიარო არშია!.. და რამდენი აკლია ამ არშიას, რამდენია დახოცილი იქ, სოფლებში და მთებში, უთვალავათ და განუკითხავათ... დიდია ეს მწუხარება და უსაზღვროა მისი კაეშანი, ყველა ერთია და ერთი კი ყველა, მაგრამ ამ ყველაში ჩემს გულს ყავს მაინც თავის ყველა, სამეგობრო ყველა, საკუთარი და სასურველი ყველა... გოგიტა. რამდენი მომაგონდება თავბრუ მეხვევა და ვმუნჯდები მე. დავიჯერო, რომ ის მკვდარია? დავიჯერო, რომ მას ვეღარ შევხვდები? როგორ დაგიტირო მეგობარო, როგორ? სად მოგძებნო ძმაო, სად? რით აგისრულო ფიცი ამხანაგო, რით?
30 სექტემბერი. მოსკოვის გაზეთებში დღეს მოთავსებულია ერთა ლიგის საბოლოო დადგენილება საქართველოს შესახებ. ის თითქო გამეორებაა პირველის. ერთა ლიგა ვალად იღებს თვალ-ყური ადევნოს საქართველოს საკითხს და გამოიყენოს ყოველგვარი საშვალებები საერთაშორისო უფლების თანახმათ საქართველოში ნორმალური პირობების აღსადგენათ. მოსკოვის გაზეთები ბევრს სწერენ საქართველოზე, უსაქართველოთ არც ერთი ნომერი არაა. განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოსთქვამენ გაზეთები ფინლიანდიის წარმომადგენლის ენკელის სექციის გამო ერთა ლიგაში, რომელიც იცავდა საქართველოს და რომლის თავმჯდომარეობით ერთ-ერთმა კომისიამ მიიღო ეს საკითხი. აღშფოთება პოლონეთისადმიც არა ნაკლებია. ვარშავის ქალაქის საბჭოს საქართველოს სასარგებლოთ გადაუდვია 10,000 ოქრო, ხოლო პ. პ. ს. საპროტესტო დემონსტრაცია გაუმართავს რუსეთის საელჩოსთან. მოსკოვის ელჩი ობოლენსკი ამაზე პროტესტს აცხადებს. პოლონეთს უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ მოსკოვის გაზეთები. [დღევანდელ გაზეთებშივეა სუნიატსენის დეპეშა ერთა ლიგისადმი, სადაც ის ამბობს, რომ მაკდონალდი ჩინეთის დასამონავებლათ ინტერვენციას აწყობს, ხოლო საქართველოს გასანთავისუფლებლათ კონტრ-რევოლუციას ახდენსო. საწყალი სუნიატ სენი! წასულია მისი საქმე თუ მოსკოვის მეტი ხაზეინი ვერ იშოვა და ყველაფერს წმინდა წყლათ ღებულობს რასაც კარახანი ეტყვის. ამასაც მოესწრო საქართველოს სოციალისტები, რომ სუნიატსენი სოციალისტობას გვიწუნებს! მაგრამ რაა ამაში გასაკვირველი, როცა ქემალიც კი რევოლიუციონერის პასპორტით დადის და რუსეთის ლოცვა-კურთხევით ფლობს ძველ საქართველოს და ორ მესამედ სომხეთს. [დღევანდელი ცნობით პეტროგრადი წყალდიდობამ წალეკა და ათეული მილიონების ზარალი მიაყენა...
1 ოქტომბერი 1924 წელი. სწორეთ ერთი თვეა, რაც კოშმარებში ვცხოვრობთ. დღით მწუხარება გვკლავს და ღამით სიზმრები გვაფორიაქებს. არ არის არც ერთი წამი, არც ერთი დროს უბრალო შერხევაც კი, რომ მოგვშორებოდა თავიდან ეს საშინელი სურათები და ჩვენი სამშობლოს უბედურება არ დაგვდგომოდა თვალწინ, როგორც აპოკალიფსიური წარღვნა და განადგურება. სწორედ აპოკალიფსიური, რადგან სხვაფერ არა გვაქვს წარმოდგენილი საქართველოს დღევანდელი განსაცდელი, რადგან ის დამარცხდა ბრძოლაში და დამარცხდა ისეთ ძალასთან, რომელმაც არ იცის ბრძოლის საშვალებათა გარჩევა და ყველა ისტორიულ დამპყრობელთაგან განირჩევა თავის წრეგადასულ ამორალობით და სისასტიკით... ჰო, ვინ იცის დღეს რაოდენი ...უბლია ჩვენს სამშობლოში, ვინ უწყის რაოდენი ვაჟკაცთა გულები გაპობილია მტრის მახვილით და როგორ დამხობილი და დამარცხებულია ერის დროშა, რომელმაც უკანასკნელ გააფთრებულ გაბრძოლებაში ერთხელ კიდევ გაიფრიალა და კვლავ იდუმალათ ჩაწვა ერის დამარცხებულ, ცრემლიან და სასოწარკვეთით სავსე გულში!!.. ყველა ამ განცდებს, კოშმარულ მოჩვენებებს და ნავარაუდევ უბედურებას, ცხადლივ ამტკიცებს და ადასტურებს ტფილისიდან მიღებული გაზეთები [მოთავსებულია ივ. გომართელის უღირსი განცხადებაც კომუნისტში. მანაც ჩასცა წიხლი დამარცხებულ ერს. ყოველ დამარცხების დროს ის ხომ პირველი მესაფლავეა და პირველი გარბის, რომ დაუშინოს ქვები მის თანამებრძოლთ... მაგრამ, მე მაინც არ მეგონა, რომ ამ ეროვნულ უბედურების დროს, როცა საქართველო მოფენილია წმინდა ცხედრებით, ივანე გომართელს, ქართველ მწერალს და ქართველ პატრიოტ ივანე გომართელს, ეყოფოდა გამბედაობა, უსირცხვილო გამბედაობა ერის გამყიდველები და ავანტიურსტები ეწოდებია იმათთვის, ვინაც ერისთვის გასწირეს თავი და მისი სიყვარულისთვის სიკვდილი მიიღეს... დღეს ივ. გომართელში მოკვდა ჩემთვის ის კარგიც, რისთვისაც მე პატივს ვცემდი. ეს კარგი იყო ერის სიყვარული. მას ხომ სიკვდილი არ მოელოდა, ის ხომ არაფერში ერია ალბათ და როცა პატრიოტი იმასაც ვერ შესძლებს, რომ ტყვეობა აიტანოს სამშობლოსათვის, ასეთი პატრიოტი მხოლოდ არარაობაა და საპნის გაბერილი ბუშტია... მაგრამ, იქნებ მე ვცდებოდე... ჰო, რა ბედნიერი ვიქნები, რომ ეს შეცდომა იყვეს და მე ოდესმე გავიგონებდე ჩემ გასამტყუნებელ სიტყვებს და საბუთებს!.. ვ. მალაქიაშვილიც გამოდის გრძელი წერილით. ბევრ სიმართლეს ამბობს, მაგრამ ბოლოს კომინტერნზე იფიცებს. ყველაფერს ხედავს ეს დალოცვილი, მაგრამ რა გაუჭირდა ამ დამპყრობ რუსი ჯარების შეხედვა? როცა პოლონეთის მაგალითზე ლაპარაკობს კარგია, მაშასადამე ჩვენც პოლონეთის მდგომარეობაში ვართ, მაგრამ რა საჭიროა ამდენი მიკიბ-მოკიბა, მწერალი ხარ, ქართველი მწერალი, უბრალო მოქალაქესთან შედარებით ცოტა მეტი რაინდობა მაინც უნდა შეგრჩეთ და სთქვათ გაბედულათ, რომ დავმარცხდით, რუსეთმა გაიმარჯვა და გამარჯვებულს მისი გამარჯვება ჩვენ საკუთარ განცდათ უნდა მოგვახვიოს თავზე. ეს დიდი გმირობაც არ იქნება, შედარებით თავგანწირულ ვაჟკაცებთან... მაგრამ ივ. გომართელთან შედარებით მალაქიაშვილის წერილი მაინც რაინდულია, ამას მას ვერ წავართმევთ. [ტფილისის გაზეთებშივეა მოთავსებული ს. გეგეჭკორის, თ. დოლიძის და სხვების წერილები დასავლეთ საქართველოში სამხედრო მდგომარეობაზე. საშინელი სურათი მოსჩანს თვით ამ მოღალატურ და პოგრომულ-რუსულ დაფასებაში. სამეგრელო მაინც განადგურებულია. გეგეჭკორი პირდაპირ ამბობს: „ცრემლების ზღვა დადგაო“. უბედური სამეგრელო, განადგურებული სამეგრელო, აპარტახებული, აკლებული და აცრემლებული სამეგრელო!.. ჰო, დიდი უბედურება გადაიტანე შენ სამეგრელოვ, მაგრამ იცი შენ, რომ შენი უბედურება იყო, არის და სამარადისოთ დარჩება საქართველოსთვის ერთ უდიდეს ისტორიულ აქტად, უდიდეს ეროვნულ ფაქტორათ, რომ ის საძირკვლად დარჩება მომავალი საქართველოს აღორძინება-აღდგომისათვის?!.. იცი შენ სამეგრელოვ, რომ საქართველო შენს სისხლში დაიბადა ახალ საქართველოთ და ტომობრივ ზოლებით გაბზარული ერი, რომელიც დაავადებული იყო სამი უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში ხანურ-ბეგური განკერძოვებით და დაქსაქსულობით, ეხლა შენს წმინდა სისხლში ამოიბანა და დაიბადა ნამდვილ ერათ, ჩამოყალიბებულ ნაციათ, რომ ამიერიდან საქართველოს ნებისყოფა უფრო ძლიერი, უფრო მონოლიტური, უფრო მთლიანი არის?!.. გესმის შენ სამეგრელოვ, რომ შენი ხელებით საქართველოს დროშის ფრიალი და „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“ კივილი იყო ერთი ისეთი უდიდესი ეროვნული მოვლენა, როგორიც შეიძლება საქართველოს მთელ თავის ისტორიაში მხოლოდ რამოდენიმე განუცდია?.. ოჰ, შენ უნდა გესმოდეს ეს სამეგრელოვ, შენ უნდა გრძნობდე ამას სამეგრელოვ, შენ უნდა გწამდეს ეს სამეგრელოვ, რადგან შენ ამისთვის გაიღე აღურაცხელი მსხვერპლი და საქართველოს იდეას შესწირე შენი მშვენიერი არწივები... შენ უნდა გრძნობდე ამას სამეგრელოვ, ეროვნული ინსტინკტით მაინც უნდა გრძნობდე სისხლით და ცრემლით განბანილო სამეგრელოვ, რადგან მხოლოდ ამ საღ ინსტინკტს, ერის გადარჩენის და საქართველოს საკუთარი სახის შენარჩუნების ინსტინკტს მიყავდი შენ უსწორო ბრძოლაში... დიდება შენს ვაჟკაცებს მშვენიერო სამეგრელოვ... მიიღე ჩემი ცრემლებიც სამეგრელოს დედავ, შეუერთე შენს ცრემლებს ის და შენი მომხიბლავი ნანინით აკვანში აღზარდე ახალი ვაჟკაცები და უმღერე მათ დაკარგულ მამათა გმირობა, საქართველოსთვის თავდადება... [დღეს შემთხვევით გავიგეთ, რომ ძველ ციხეში (სადაც ჩვენ ვიყავით ბნელ საკნებში ამ წლის თებერვლამდე) მოუყვანიათ გენო ბელთაძე. იქნებ სხვებიც არიან მოყვანილები. დავფაცურდით დღეს, ზომები მივიღეთ, იქნებ როგორმე გადმოვიყვანოთ ჩვენთან. ჩვენები მას არ იცობენ. ჩემი კი დიდი მეგობარია. შეგნებული, გაბედული და დიდი პატრიოტი ახალგაზრდაა. უკანასკნელ წლებში ბევრჯერ მქონდა შემთხვევა ამაში დავრწმუნებულიყავი. [მენატრება კიდეც მისი ნახვა. აბა რას ვიფიქრებდი, რომ ის აქ ყავდათ, ბევრჯერ, ბევრჯერ მოვიგონე სიბრალულით და მიყვარდა კიდეც, რომ არაფერი ისმოდა... სალამი, ჩემო გენო, ალბათ გნახავ მალე და რომ იცოდე როგორ გადაგკოცნი!.. შენგან ამბებსაც ბევრს მოველი. შენ ხომ ეხლახან დაგაპატიმრეს?.. ბარემც, ბარემც მალე გნახო! სალამი, სალამი ჩემო გენო!..
3 ოქტომბერი. საქართველოში საშინელი ტერორი გრძელდება. ამის მაჩვენებელია ქართველ მწერალთა გამოსვლა და დაგმობა ეროვნული მოძრაობის. ყველას შეუძლია დღეს ასეთი განცხადების დაწერა საქართველოში, ამით უნდა დაიფაროს თავი ინტელიგენციამ, რადგან მტერს სწორეთ ინტელიგენციაზე მიაქვს მძაფრი და გამანადგურებელი იერიშები. მართალი არიან პროფესორები, როცა ასე იქცევიან, მართალი არიან მასწავლებლები, ექიმები და ყველა, ყველა, ვინც კი როგორიც არ უნდა იყვეს, რაიმე განცხადებით მოახერხებს ადგილზე დარჩენას და სხვა რომ არა იყოს, თავის ქართულ სულს მაინც შეინახავს, მაგრამ ქართველ მწერალთა კრებულს არ შეფერის ასეთი გამოსვლა. მას თავი უნდა შეეკავებია ამისაგან. მწერლობა თანამედროვე მნიშვნელობით მაინც სინდისია ერის და საკუთარ სინდისზე მიფურთხება არ შეშვენის იმ მოღვაწეთ, რომელნიც ათეული წლების განმავლობაში ემსახურებიან ქართულ კულტურას. ლენინის სიკვდილის დროს ჩაიდინა ჩვენმა მწერლებმა ასეთი სასირცხო რამ, როცა ლენინს, დამპყრობ ლენინს, „პატარა ერების განმათავისუფლებელის“ პასპორტი უბოძეს... მე ამაზე საშინელი რისხვის და აღშფოთების წერილი მივსწერე ქართველ მწერალთა კავშირის მეთაურს კოტე მაყაშვილს. მთელი ჩემი ქართველური აღშფოთებით დღესაც მინდა გავიმეორო მაშინდელი გაანჩხლებული მიმართვა ქართველ მწერლებისადმი და კიდევ უფრო დიდი გულის ტკენით შევსძახო აქედან: „რა სჩადით, რა? ვის მიაფურთხეთ, ვის? შეგიძლიათ თქვენ ამის შემდეგ შეხედოთ პირდაპირ გასისხლიანებულ საქართველოს, გაქვთ უფლება თქვენ ატაროთ ქართველი მწერლების სახელი და დაგრჩათ ქართული გრძნობა, რომ საქართველოს ტკივილებს უმღეროთ? როგორ გაბედეთ ეს თქვენ ტფილისში, როგორ? უგნურებო, ის მაინც არ მოგაგონდათ, რომ ორი ფეხის ნაბიჯზე თქვენგან მთაწმინდას სდარაჯობდა საქართველოს უკვდავი სული და ქართული მწერლობის სინიდისი ილიასა და აკაკის სახით? დედის მკვლელებო, პირმშოს გამყიდველებო, საქართველოს წმინდა ტაძრის გამქურდავებო, როგორ გაბედეთ ქართული კალამის აღება ასეთი ბინძური საქმისათვის?.. და ნუთუ დავიჯერო, რომ თქვენ ეს გამცემლობა ჩაიდინეთ მწერალთა კავშირის დარბაზში, სადაც მუდამ დაგცქერით შოთა, თამარი, აკაკი, ილია, ყაზბეგი, ვაჟა? ნუ თუ თქვენ ასე გარეწრები გახდით, რომ არ მოერიდეთ ამ წმინდა სახეებს და ჩაიდინეთ საშვილისშვილოთ სასირცხო საქმე, რომელიც ერს მუდმ მძიმე ლოდათ დარჩება გულზე და როგორც წყევლა დაუწყებს დევნას მის მომავალს!.. ჰო, რისხვა იყოს მუდამ თქვენს თავზე და გაგხმებოდეთ ხელები თქვენ, რადგან ყველაზე საყვარელი იყავით ჩემთვის და დღეს კი ყველაზე წმინდა სამლოცველო დაამსხვრიეთ ჩემი და დამტოვეთ ისე ობოლი, ისე განწირული, ისე უმეგობრო, ისე შეფურთხებული და შეგინებული, როგორც ალბათ არასოდეს არც ერთ ქართველს არ უგრძვნია ჯერ თავი... სადა ხარ ნატვრავ!.. უმალ თქვენი კუბო ენახა საქართველოს, ვიდრე ამ სირცხვილს დაუტოვებდით შთამომავლობას... ოჰ ნეტა არ მიყვარდეთ თქვენ და მძულდეთ და მეზიზღებოდეთ თქვენ, რადგან ვერავის ვერ ვაპატიებ საქართველოს სულში ჩაფურთხებას, ეს სული მუდამ წმინდა იყო და ეხლაც ვერ მიეკარება მას თქვენი მდაბალი, მშიშარა, ადამიანური და წარმავალი შეურაწყოფა. ამით გააგდეთ თქვენ ქართული კალამი ხელიდან, არ მიეკაროთ მას, არ გაბედოთ მისვლა თქვენ ძველ ნაწერებთან, ის საქართველოს ეკუთვნის, თქვენ კი ამიერიდან არც საქართველო მიგიღებთ და არც თქვენი ძველი ქმნილებანი მიგიღებენ მოღალატე მშობლებს... რათ სჩადით ამას, რათ? რათ მატკინეთ გული და მატირეთ რუსეთის ცივ ციხეში ჩემო ძველო საყვარელო მწერლებო, რათ? ჰო, რომ იცოდეთ როგორ ვიხუტებ დღეს თქვენ ძველ ნაწერებს, როგორ მინდა გავითბო მით გული, სწორეთ ისე, როგორც სატრფოს საფლავთან მიაქვთ სატრფოს მიძღვნილი სამკაული და დაობლებულები ამ სახსოვარით ცხოვრობენ ქვეყანაზე. მაგრამ ასეთი ობლები უფრო ბედნიერებია, ვიდრე ჩემებრ თქვენზე შეყვარებულები დღეს, რადგან მათ სატრფო დჰაკარგეს სიყვარულში და ერთგულებაში, მე კი დჰაგკარგეთ დღეს, ღალატში დჰაგკარგეთ დღეს, რადგან ერის მოღალატეობა გასწიეთ თქვენ ქართველო მწერლებო!.. მე ეხლაც მესმის, მესმის თქვენი მოთქმა, რომ ეს იყო ძალდატანება, მაგრამ არ მინდა მე, არ მინდა თქვენი სინანული, ეს უთქვენოთაც ვიცი მე, მე მინდა მხოლოდ ქართული სული, მოუხრელი, ამაყი ქართული მწერლის წმინდა სული. ასეთი კი დჰაკარგეთ თქვენ და ამისთვის გწყევლით მე....
5 ოქტომბერი. საქართველოს ამბებმა მთელი ქვეყანა აალაპარაკა. მოსკოვის გაზეთების ცნობებით ისეთი ყვირილია მთელ მსოფლიოში, ისეთი სიძლიერით და შეუნელებლათ გაისმის ყველა ქვეყანაში ამაზე ძახილი, რომ ყოველი ჩვენი ცდა დავამტკიცოთ წინააღმდეგი უშედეგოთ თავდებაო. ვინ გინდა ეხლა არ სწერდეს საქართველოზე, მტერი და მოყვარე, მცოდნე და არმცოდნე, შინაური და უცხო, ყველა დასტრიალებს ამ საკითხს და ყველა თავისებურ სარჩულს უძებნის საქართველოში მომხდარ ამბებს. მოსკოვი ძალღონეს არ ზოგავს, რომ დაამტკიცოს თითქო ყველა მომხდარი ამბები მსოფლიო ნავთის მწარმოებელთა მოწყობილია და საქართველოში ისინი ხარჯავენ ოქროსო. ხან საფრანგეთს აწერენ ამას, ხან ინგლისს, ეხლა კი თურმე ამერიკასაც ქონია რაღაც დამოკიდებულება ამასთან. რადეკი სწერს ამაზე გაწიწმატებულ წერილს „პრავდაში“ და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველაფერი ნავთის ბრალია და საქართველო ამ მტაცებელთა მსხვერპლი შეიქნაო. მას მოყავს „ლუმანიტედან“ წერეთლის წერილი, სადაც ის თურმე მოითხოვს დაამტკიცონ, რომ „საქართველოს აჯანყება მოწყობილია უცხოელთა ფულებითო“. მე არ ვიცი თუ რა წერილია წერეთლის მიერ მოთავსებული „ლუმანიტეში“, არც ის ვიცი ასე დააყენა თუ არა წერეთელმა საკითხი, მაგრამ ამ კითხვის გარშემო იმდენი ყაყანია, იმდენი საგაზეთო წერილები იხარჯება და ისე „შერცხვენას“ უპირებენ საქართველოს, რომ დღეს სწორეთ, როცა ამ საკითხზე ასე ისტერიულათ კივის მტერი, მინდა ჩემი გულის ნადები ვთქვა, ჩვენში იციან ბავშვზე დაცინვა: „აი შე შავ თვალაო“. ერთხელ ეტყვიან ასე, ორხელ, სამხელ და შემდეგ ყოველ ასეთ შეძახებაზე ბავშვი ტირილს მორთავს, ჯუჯღუნობს, იგერიებს მტრებს და არ უნდა გაიგონოს, ეს მისი შესაგინებელი „შავ თვალა“. მეშინია, რომ ასე არ მოსდიოდეს ზოგიერთ ქართველს და არ ფიქრობდეს, რომ თუ მას „შავ თვალა“ დაუძახეს ეს მისი დაღუპვა და ამოგდებაა, რომ მას ქვეყანაზე შემდეგ გამოსაყოფი თავი არა აქვს. მართლაც რაშია საქმე? ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთმა 1920 წ. 7 მაისს უსიტყვოთ და ზეიმით სცნო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და მისი სუვერენობა. ორივე სახელმწიფომ ელჩები გასცვალეს, მეზობლობას შეუდგენ. მაგრამ მალე რუსეთმა დაარღვია მის მიერვე 7 მაისს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, ქურდულათ დაესხა პატარა მშვიდობიან საქართველოს, სამი მხრიდან მიუსია მას არმიები და ბოლოს ოსმალეთსაც შეუკავშირდა, რომ დაეპყრო საქართველო და დაემხო მისი სახელმწიფოებრიობა. საქართველომ ეძება ომის დროს მოკავშირე, მან ამისთვის ნიადაგი მოსინჯა თვით ოსმალეთთანაც კი, მაგრამ ოსმალეთი რუსეთთან აღმოჩნდა წინასწარ შეთანხმებული საქართველო-სომხეთის გასაყოფათ და პატარა საქართველო განმარტოვებული მთელი ქვეყნისაგან დაიპყრო რუსეთ-ოსმალეთის შეერთებულმა ძალებმა. მთელი ამ უსწორო ომში საქართველომ ნახა დამხმარე მხოლოდ საფრანგეთის ფლოტში, რომელმაც ქართულ ლაშქარს დაეხმარა ზღვის ნაპირის დაცვაში. ამ დღიდან საქართველო დაპყრობილია რუსეთის მიერ. საქართველოს მთავრობა გაიხიზნა უცხოეთში, მას პოლიტიკური კაპიტულიაცია არ გამოუცხადებია. ქუთაისის რუსეთ–საქართველოს კონფერენცია 1921 წ. მარტში იყო მხოლოდ დროებითი ზავის და იმხანათ სამხედრო მოქმედების შეწყვეტის კონფერენცია. და ეს ოთხი წელია საქართველო ეძიებს თავის საერთაშორისო უფლებას და ყოველის საშვალებით ცდილობს კისრიდან მოიძროს დამპყრობი რუსეთის უღელი. დამონავებული და დაპყრობილი ერის სამღვთო, წმინდა უფლებაა ებრძოლოს თავის დამმონავებელს. საქართველომ სცადა ყოველგვარი საშვალება, მან ინტერნაციონალისტურ-სოციალისტური საშვალებით შეეცადა აღედგინა თავისი შელახული უფლება. რუსეთი გახვეულია კომუნისტურ-სოციალისტურ ქურქში და მას თავი მსოფლიო მუშათა კლასის მესაჭეთ მოაქვს, ამისთვის საქართველომ თავის სოციალ-დემოკრატიის საშვალებით საქართველოს საქმეში პირუთვნელ მსაჯულათ და დამხმარეთ მოიწვია მთელი ქვეყნის მუშები და მტერს წინადადება მისცა: „გაგვასამართლოს მსოფლიო პროლეტარიატმაო“. მოსკოვი გაურბოდა და გაურბის ყოველგვარ ცდას საქართველოსთან საქმის მშვიდობიანათ გადასაჭრელათ. საქართველომ, ამრიგათ ამოსწურა ყველა მშვიდობიანი საშვალებანი, მან ვერას გახდა მუშათა კლასის მოციქულობით, მოსკოვმა ყველას მიაფურთხა და ერთად ერთ უფლებათ აღიარა მხოლოდ თავისი უხეში ძალა. ამგვარათ ჩვენს თვალწინაა გამარჯვებული დიდი იმპერიალისტური და დამარცხებული პატარა ქვეყანა. რა საშვალებას უნდა მიმართოს პატარამ და დაჩაგრულმა? მას დარჩენია ერთად-ერთი საშვალება – ეძებოს მოკავშირე. ეს მოკავშირე საქართველოს თავიდანვე ყავს – ის არის მსოფლიო პროლეტარიატი, რომლის თანაგრძნობა მორალურ სიმართლეს აძლევს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. და აქ იბადება კითხვა, შეუძლია თუ არა საქართველოს დაიხმარიოს ფულით, იარაღით, ჯარებით რომელიმე სახელმწიფო, რომ თავი დაიძვრინოს რუსეთის უღლისაგან? და მე გადაჭრით და გაბედულათ უნდა ვუპასუხო: შეუძლია კი არა საქართველოს მთავრობის წმინდა მოვალეობაა, ეს მისი უძირითადესი ამოცანაა – მონახოს მოკავშირე და ამისთვის შევიდეს ყოველგვარ შეთანხმებაში, როგორშიდაც კი შეუძლია სახელმწიფომ სახელმწიფოსთან შევიდეს. ვაი იმ მთავრობას, ვაი იმ წარმომადგენლებს ხალხისას, რომელნიც თავის სამშობლოს დამპყრობელთაგან გასანთავისუფლებლათ გაუშვებენ თუნდ უბრალო შემთხვევასაც კი, რომ სხვა სახელმწიფოსთან კავშირით შეეცადონ ერის სუვერენობის აღდგენას. აქ, რასაკვირველია, თავის თავად მისახვედრია, რომ დაპყრობილს თუ აქვს რაიმე საფასური დახმარებისთვის და რამდენს გასცემს ის ამისთვის, ეს ანგარიშის საკითხია და არ ყოფილა ჯერ ქვეყნათ არც ერთი ნამდვილი ...ური მთავრობა და არც იქნება, რომ თუ მისი ერისთვის ხელსაყრელია რაიმე საერთაშორისო კომბინაცია, რომ არ გამოეყენებიოს ეს მას. ეს დალოცვილი მოსკოველები მოგვდგომიან და საშინელი კილოთ გვეძახიან: „აი თქვე შავ თვალა, აი თქვე საფრანგეთის მოკავშირენო, აი თქვე ფულის მსესხებლებო, აი თქვე კონცესიების გამცემლებოვო“. თვალებსაც დაგთხრით, საფრანგეთს კი არა პაპუასებსაც დავიხმარ თუ დამეხმარებიან და გებრძოლებით მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიაზე თუნდ ერთი რუსის ჯარის კაცი იქნება. ფულებს სესხულობთო. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ფულს არავინ აჩუქებს, ასეთი გულკეთილები განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში არ მოიპოვებიან, მაშასადამე საქართველოს თუ მისცენ მხოლოდ ასესხებენ ფულს და ამ სესხში მას გარანტიებს მოსთხოვენ. და მერე რაა აქ სასირცხო? განა არ ისესხა საქართველომ 1920 წ. ინგლისში მილიონ ნახევარი გირვანქა სტერლინგი თავის ფულის საფუძვლის დასადებათ? (რომლის აღება მას არ მოესწრო რუსეთის ვერაგობის გამო). ან განა ასეთივე სესხისთვის მუხლზე ჩოქით არ დადის რაკოვსკი ლონდონში? ან განა ნავთის, მარგანეცის და სხვა კონცესიებს მოსკოვი არ გასცემს საქართველო–ადერბაიჯანის მაგიერათ? რომელ მთავრობას მეტი უფლება აქვს გასცეს მარგანეცის კონცესია – საქართველოს თუ მოსკოვის? თუ რიკოვი და კრასინი აბრამის ბატკნებია და მათ „კომუნისტურათ“ უფრო შეუძლიათ საქართველოს ინტერესები დაიცონ ევროპასთან ვაჭრობის დროს და ნოე ჟორდანია კი გაყიდის ქართველ ხალხს? ვის ატყუებს ამით მოსკოვი და ვინ უნდა ამით შეაშინოს? ნამდვილ მოქალაქეს, ქართველ მოქალაქეს არ სცხვენია და არც ეშინია, რომ მას „მშვენიერი შავი თვალები აქვს“. და უმჯობესი არ არის ყველა ამ აყეფებულმა ჟურნალისტებმა ვიდრე ამით „გვაფრთხონ“ წაიკითხონ თავის ლენინის ბროშიურა „კარიკატურა მარქსიზმზე“, სადაც ის ასე მშვენივრად ანვითარებს ერის ბრძოლის უფლებას თავის დამოუკიდებლობისთვის და სადაც მას არ მიაჩნია უბედურებათ „ეკონომიური დამოკიდებულება“ თუ ერს პოლიტიკური თავისუფლება აქვს და სწორეთ ამ პოლიტიკური თავისუფლებისთვის მას შეუძლია გაიღოს ნაწილი თავის ეკონომიური დოვლათისა?! ან რა გახტუნებთ თქვენ და რას ცდილობთ დაამტკიცოთ, თითქო ეხლანდელი პირობები საქართველოში, როცა ეკონომიურათაც მონა ვართ და პოლიტიკურათაც, სჯობდეს იმას, როცა პოლიტიკური თავისუფლება გვექნება და ეკონომიურათ ევროპაზე ვიქნებით დამოკიდებული. ორი უღელზე მჩატე ერთი რომ არის ამას განა მტკიცება უნდა? ან განა ევროპის ეკონომიკაზე აბმას თქვენი დანგრეული და ქვეყანაზე უძვირესი საფაბრიკო წარმოებაზე აბმა და მიჯაჭვა სჯობია? თქვენ დღეს სულს ართმევთ საქართველოს, სულს ეროვნულ-პოლიტიკურს და ეკონომიურ-სამეურნეოს. თქვენ დღეს ანადგურებთ ერს, სპობთ მის საწარმოვო ენერგიას. ვაი რომ არავინ მოგვცა ფული, არ აიღენ დღევანდელ პირობებში კონცესიები და არ დაგვეხმარენ, თორემ გვაქვს ვინმესთან რაიმე მოსარიდებელი და ყოველგვარი უფლება არ ლაპარაკობს საქართველოს მხარეზე და ქართველი ხალხის სასარგებლოთ!.. მე მგონია ასევე უცქერის ამას ყოველი ქართველი, ვინც მოქალაქეა და ვისაც ესმის თუ რა დამოკიდებულებაშია დღეს საქართველო რუსეთთან. და მე ვფიქრობ, რომ წერეთლის გამოსვლა „ლუმანიტეში“ იყო ალბათ ერთის მხრით კონსტატაცია ფაქტის, რომ საქართველოს არავისგან დახმარება არ მიუღია და ამავე დროს სინანული, საშინელი ბოღმიანი საყვედური, რომ მსოფლიოში არ აღმოჩნდა ისეთი ძალა და შესაძლებლობა, რომ პატარა საქართველოს თავის სამართლიან საქმეში რეალურათ დახმარებოდა...
6 ოქტომბერი. რამდენიმე დღეა, რაც რუსეთმა იდღესასწაულა პირველი ინტერნაციონალის 60 წლის თავი. ამ დღესასწაულს ყველა ქვეყნის მუშები მართავენ. ლონდონში მარქსის საფლავზე მივიდენ მუშათა სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგატები და საფლავი ყვავილებით შეამკეს. წარმოუთქვამთ სიტყვები. მოსკოვი ამბობს, რომ ჩვენ ვაჯობეთ; „ყვითლების“ გვირგვინებს ზევით კომუნისტური წითელი გვირგვინები დავადევითო. ამ დღეს დიდი ამბავი ყოფილა საქართველოშიც. „კომუნისტის“ გადმოცემით ეს ამბავი იმაში გამოხატულა, რომ ქუჩებზე დაყავდათ მასკარადი და ხალხს აცინებდენ. ავტომობილზე დაუსვამთ მაკდონალდი და აყვირებდენ თურმე: „ვის გინდათ ჩემი ბისკვიტიო“, ხოლო მეორე ინტერნაციონალისთვის მოუწყვიათ საძაღლე გალია და ერთ-ერთი სოციალისტი კიდეც შეუგდიათ შიგ. „აი ასეთია მათი ბედიო“, მიუწერიათ ამ საძაღლე გალიაზე. რა უნდა სთქვა კაცმა ყველა ამაზე, გარდა იმისა, რომ „როცა ღმერთები განურისხდებიან ვინმეს, პირველად ყოვლისა მას ჭკუას წაართმევენ“. დღეს რუსეთი და მისი დაპყრობილი კოლონიები საგიჟეთს წარმოადგენენ...
7 ოქტომბერი. გრიგოლმა წერილი მიიღო საქართველოდან. ლიუბა სწერს „დედა, მამა და ასინეთი (და არის მისი) ცოცხლები არიანო“. ამ ამბავმა ძალიან ააღელვა გრიგოლი და ის დასკვნა გამოიყვანა, რომ მისი მოხუცი დედმამა სახლიდან გამოყარეს, რადგან მისი დისწული მთაში წასულა... საშინელ ტაჯვას განიცდის ის ამის გამო. ცოტა იცის მან ლაპარაკი თავის კერძო საქმეებზე და ეხლაც ორი სიტყვით სთქვა: „დაეხოცათ მოხუცები, ეს უფრო ნაკლები ტანჯვა იქნებოდა მათთვის, ვიდრე თავის ნაამაგარ სახლკარიდან აყრაო“. დღეს მან დეპეშა გაუგზავნა ლიუბას: „მიდეპეშე სად არიან მოხუცებიო“. [დღევანდელი მოსკოვის გაზეთები იტყობინება, რომ ინგლისის თემთა პალატაში, საქართველოს შესახებ შეკითხვაზე, გარეშე საქმეთა მინისტრმა პონსობიმ უპასუხა, რომ ინგლისი სცნობს საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოზეო“. იმავე გაზეთების ცნობით, ერთა ლიგის წრეებში გაკვირვებული არიან ასეთ განცხადებითო. საქართველოს დელეგატს შავიშვილს განუცხადებია, რომ აქ ალბათ რაიმე შეცდომაა გადმოცემაში, რადგან ეს განცხადება ეწინააღმდეგება ინგლისის პოზიციას საქართველოს საკითხში როგორც რუსეთის ცნობიდან ისე ერთა ლიგის უკანასკნელ სესიაზედო... რუსული გაზეთები სიხარულით ცას ეწევიან ამის გამო. ტფილისში კი ნიშნს უგებენ ქართველ ხალხს „ჰა, ხომ ხედავ როგორ გაგცათ მაკდონალდმაო!..“ ძნელია ამ უკანასკნელ გამოსვლაზე ჯერ-ჯერობით რაიმეს თქმა, მაგრამ ინგლისის მუშათა მთავრობას რომ სახარბიელოთ არ უჭირავს თავი საქართველოს საკითხში, ეს ხომ არავისთვის საიდუმლოება არ არის დღეს. საქართველოს მეგობარი მაკდონალდი პირველი წაეპოტინა საქართველოს ეროვნულ დროშას საერთაშორისო სარბიელიდან მოსახსნელად. სუსტის და პატარას დამცველი იშვიათია ამ ქვეყნათ. უფლება ძალაშია. როცა უცქერი ქვეყანას, ხედავ როგორც იმპერიალისტურ, ისე „კომუნისტურ“ და „სოციალისტურ“ სამართლიანობას, ფიქრობ, რომ არსად, არც ერთ დროს არ არსებულა და არც იარსებებს სამართალი და სამართლიანობა, თითქო არც სოლიდარობა და მეგობრობაა საწამებელი, რადგან ყველა მხოლოდ თავის კუჭში იხედება. ინგლისის მუშა მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორ გაძღეს მან, დანარჩენი კი მისთვის ყველაფერი მისაფურთხებელია. მისი სინდისი მხოლოდ ანგარიშია. თუ ის მოიგებს, შენ თუ გინდა ამისთვის სულიც ამოგხდეს. ასე არ მესმოდა მე წინეთ სოციალისტური სოლიდარობა!.. (.....) როგორ გვწამდა, როგორ გვაფრთოვანებდა მუშათა კლასის იდეალები და მისი გამარჯვება!.. და დღეს კი ორივე ფერის გამარჯვებულმა მუშათა კლასმა რა საშინელი დაცინვით შეხვდენ ჩემს ოცნებას, ჩემს გატაცებას და წმინდა იმედებს. ერთმა დამიპყრო, მეორემ კი სანამ ხელისუფლებას მოკიდებდა ხელს სიტყვით მაიმედა, ხოლო როცა ძალაუფლებასთან მივიდა, მან პირველმა შემომძახა, მე პატარას, სუსტს, მის მეგობარს და ამხანაგს: „იყავი მაგ დამპყრობის ხელში, შენთვის არ მცალია, მე კუჭი მინდა გავიძღო და შენს დამპყრობს ანგარიშებზე ველაპარაკებიო“... [ნიკომ გვითხრა, რომ ის შავიშვილს იცნობს, ემიგრანტია ძველი, ჭიათურელი მუშა, რომელიც 1907 წ. გაქცეულა საქართველოდან, შვეიცარიაში მომზადებულა და დღეს ის უკვე საგრძნობ ძალას წარმოადგენს, ცნობილია ჟენევის პოლიტიკურ წრეებში. გრიგოლმა, ზაქარიამ და ალექსანდრემაც გაიხსენეს შავიშვილი. სასახელოთ საქართველოსთვის რომ მისი მუშა ასე გაიზარდა და ერთა ლიგაში ბელგიის, საფრანგეთის და ინგლისის არა თუ მუშებს, არამედ მსოფლიო დიდ მოღვაწეებსაც უტოლებს და მათთან დიდ სახელმწიფო საქმეებზე ბჭობს... ყველაფერი ქონდა და ყავდა მისი საკადრისი უბედურ საქართველოს, მაგრამ დღეს მას მტერმა ისეთი დღეს მოასწრო, რომ ბედს აწყევლინებს და სამი წლის თავისუფალ სიცოცხლისთვის აღურაცხელ სასჯელს აღებინებს... ჰო, საქართველოვ, ჩემო წამებულო და ჯვარზე გაკრულო საქართველოვ, ეღირსება შენი ეხლანდელი თაობა თავისუფალ ჰაერს და კვლავ საქართველოს დროშას ააფრიალებს?..
8 ოქტომბერი. „იზვესტიას“ მოწინავედან ვტყობილობთ, რომ საფრანგეთის და ბელგიის სოციალისტურმა პარტიებმა მოსკოვის მთავრობას პროტესტით მიმართეს ქართველი ხალხის გაჟლეტის გამო. რაღაც საშინელება და ჩვენთვის წარმოუდგენელი უნდა იყოს მომხდარი საქართველოში, რომ თვით კომუნისტურ პრესიდანაც კი ამდენ ამბებს ვტყობილობთ და ყველა ეს ისეთ გავლენას ახდენს, თითქოს თვით მოსკოვიც ვერ მალავს, რომ მართლაც საშინელება დატრიალდა საქართველოში. დღეს ფრ. ცოლმა ნახვაზე გადასცა ქმარს, რომ მოსკოვში ამბობენ თითქო 3000-დეა მკვდარი საქართველოში და ბევრია დახოცილი ინტელიგენციიდანაც. თითქო მოკლულია ისეთი ნეიტრალური და საქმის გარეთ მდგომი პირები როგორიც იყვნენ ექიმი სიმონ ჯაფარიძე და ვასო ცაბაძე. ამ უკანასკნელის მოკვლა პირდაპირ ვერ წარმომიდგენია. ის სრულიად განზე იდგა თავიდან და ესეც რომ არ ყოფილიყო ნუ თუ ოკუპანტებმა იმისთვის აქეს და ადიდეს ის თავის „რევოლ. მატიანეში“ და გამოაცხადეს მუშათა კლასის პირველ აღმზრდელათ, რომ შემდეგ მოეკლათ და მოესპოთ?! რაღაც მართლაც აპოკალიფსიური და მხეცური დატრიალდა საქართველოში, თორემ გაგონილა ამოდენა მსხვერპლი და განადგურება? ამდენს დიდ ომებშიდაც არ დაკარგავს ჯარი, მაგრამ ფრონტზე მებრძოლ ჯარს ამ მხრით უკეთესი პირობები აქვს, იქ არის რაღაც ნორმა და საომარი კანონები, ხოლო საქართველოში კი ალბათ სექტემბერში იყო ნამდვილი პოგრომი (რბევა-აწიოკება – ი. ხ.), რუსული პოგრომი, თავშეუკავებელი და გახელებული რუსული პოგრომი...
9 ოქტომბერი. ერთი კვირაა რაც ყვითლდება ფოთლები და ხეივანი ტიტვლდება. ციხის ეზო მოგებულია დაცვენილი ფოთლებით. მზეს უკვე დაეკარგა ძალა, ცაზე ხშირია დაგლეჯილი ღრუბლები, შემოდგომა მთელი თავის ძალაშია და ზამთარი გვიახლოვდება. ჩვენი სასეირნო ეზო დაჭკნა, ყვავილები მიითენთა, რტო დალეწილი ვარდები დაგებულია მიწაზე, ალუბლის ტყე ისეა გაცრეცილი თითქო სიცივისაგან კანკალებს, გვრჩება ოთხი მაღალი კედელი, კედლის თაღათ ღრუბლიანი ცა ატალახებული ეზო თავის ნაცრისფერ, მოსაწყენ და უშნო ბილიკებით... დღეს პირველი თოვლიც მოვიდა, ცაში ათასი ჯვარედინათ დაფრინავს მისი ფანტელები. ზამთარი მოდის, ნამდვილი ზამთარი, ან რათ აგვიანებდა ნეტა დღემდე, გულში ხომ დიდი ხანია ზამთარი და მოთქმაა, დეე ცამაც მოიღრუბლოს და შავები ჩაიცვას, ისე როგორც ჩემს სულს აცვია შავები და მეგობრების საფლავებთან გულისწამღები მოთქმით დაძრწის... რაღაც მოთქმის და მწუხარების ხმით მესმის თითქო კახური სიმღერა „ჰეი ზამთარია ბიჭებო“... ჩვენები იმღეროდენ მას საეტაპო მატარებელში 1922 წ. დეკემბერში, როცა ტფილისიდან მოვყავდით რუსის ჯარებს...
10 ოქტომბერი. დილის 6 საათი. ეხლა შესრულდა სწორეთ ორი წელი რაც მე ტყვეთ ჩაუვარდი საქართველოს დამპყრობთ ტფილისში. დილის 8 საათზე მიმიყვანეს ჩეკის საკომენდანტოში, ერთი დღე და ღამე იქ დავყავი. შემდეგ წამიყვანეს ცალკე ბნელ და ნესტიან საკანში. სინათლე არ იყო და მთელი დღე მბჟუტავი ელექტრონის პატარა ლამფა ლანდივით მინათებდა. ძლივს ვარჩევდი კედლებზე დაწერილ საშინელ სიტყვებს. ეტყობოდა ბევრ მსხვერპლს გაევლო აქ. უმთავრესად სჩივოდენ, რომ ახალგაზრდები და ვაჟკაცები ესალმებოდენ სიცოცხლეს. მაშინ განვიცადე პირველათ ის, რაც ათასებმა და ათი ათასებმა განიცადეს საქართველოში. კახელი ჯარისკაცი მდარაჯობდა. შევეცადე გამოვლაპარაკებოდი. შეშინდა. – მეც შენსავით ჩამაგდებენ მაგ პადვალში ამხანაგო – მიპასუხა მან. ცოტა ხნის შემდეგ ჩამილაპარაკა – რათ დაგიჭირეს? მე ვუპასუხე: „საქართველოს დაცვისთვის“. გაჩუმდა, დადიოდა ფრთხილი ნაბიჯით. კიდევ მომესმა: „შემცდარხარ, ამხანაგო, მაგისთვის ეხლა კაცებს კლავენ“... „მაშ რა უნდა მექნა, ქართველმა საქართველო არ დავიცვა?“ – გაუჯავრდი მე. „ძალა აღმართს ხნავს, უნდა უტიოთ, გაგვწყვეტენ ეს ურჯულოები“ – კიდევ სიარულში მიპასუხა კახელმა. მოვიდა რუსი კომენდანტი, სადღაც გაეგონა ჩვენი ხმა. აყვირდა. გამოცვალეს კახელი. მოიყვანეს მეგრელი. ხმა არ გამცა. საღამოს პური შევაძლიე. ჩუმათ ჩაილაპარაკა: „მშია, მაგრამ ვერ ავიღებ, შენი გულისთვის ერთი პადვალში ჩააგდესო...“ თავი მივანებე, არ მინდოდა მისი ხიფათში გახვევა. გამოცვლის დროს წინ ფრთხილათ მითხრა: „მომეცი ეხლა პური, გამოვიცვლები, ჯიბით წავიღებო“. წამოვხტი, მივაწოდე, გამომართვა და ჩურჩულით მომესმა „გაუმარჯოს საქართველოს“. ჩემს საკანთან მერე აღარ მინახავს ქართველი ჯარისკაცები. თურმე მეგრელიც დაეჭირათ, რადგან ჯიბაში ჩემი მიცემული პური ენახათ. რუსებთან არც მინდოდა დალაპარაკება. არ კმაროდა, რომ დღიან-ღამიანათ მათ აპრეხილ ცხვირებისთვის უნდა მეცქირა და გული მომეწამლა!.. ასე განმარტოვებული გავატარე ერთი კვირა. შემდეგ ამიყვანეს ჩეკის თავმჯდომარე ოკუჯავასთან. მთელი საათი გვქონდა საუბარი. ჩემგან უნდოდა რაიმეს გაგება. რა შედეგი უნდა ქონოდა ასეთ ცდას? სხვა არაფერი, გარდა იმისა რომ ხელში ჩავუარდი. ოკუჯავას ლაპარაკში ყველაზე საინტერესო იყო მისი გულახდილი აღსარება, რომ ის იყო შეინმანის მისიის საინფორმაციო ბიუროს უფროსი და რომ მან იცის თუ როგორ მიმართა 1920 წ. დეკემბერში ოსმალეთმა რუსეთს: „ჩემი ძალებით ავიღებ საქართველოს და სანახევროთ გავინაწილოთო“. „ამაზე ოსმალეთმა რუსეთიდან უარი მიიღო – დაუმატა ოკუჯავამ – რადგან მაშინ თვით რუსეთს უკვე გადაწყვეტილი ქონდა საქართველოს აღება და ჩვენ ამას დღე-დღეზე ველოდებოდითო“. „და მე მეცინებოდაო – ამბობდა ოკუჯავა – როცა 1921 წ. 27 იანვრის იურიდიულათ ცნობის გამო საქართველოში ზეიმი იყო, მაშინ დიპლომატიური კორპუსიც ულოცავდა საქართველოს და პარადებზე და სამინისტროში ქიაზიმ ბეი, სწორეთ ის ქიაზიმ ბეი, რომლის პირით მისცა ეს წინადადება ოსმალეთმა რუსეთს, თითქო აღფრთოვანებული იყო და არ შურავდა ძალას კეთილი გული ოსმალეთისა ეჩვენებია საქართველოსათვისო“. რა ცინიზმით სავსე იყო ეს დამცინავი კილოთი ნათქვამი ამბავი!.. და რომ კიდევ უფრო დაეცინა მას, მახარა, რომ ეხლაც საჩუქრებით გვყავს გაგზავნილი ქემალთან ბუდუ მდივანიო. რათ უნდა ყველა ამას რაიმეს დამატება. დეე, ქართველი ერის შთამომავლობამ დააფასოს უფრო მიუდგომლათ იმ თითო-ოროლი გარეწარი ქართველის მოქმედება, რომელნიც „იცინოდენ“ მაშინ, როცა იცოდენ, რომ საქართველო სასიკვდილოთ იყო გამზადებული და რუსეთი და ოსმალეთი მის გასაყოფათ ვაჭრობდენ... გამომძიებლისაგან წინა დღით დაკითხული ვიყავი. ეს დაკითხვა სასაცილოც იყო და სატირალიც. ამიყვანეს სარდაფიდან მეორე სართულში. შემიყვანა თავის კაბინეტში კაჟევნიკოვმა, რომელმაც წინა დღით დამიჭირა. მოინდომა დაკითხვა. მე განვუცხადე, რომ წინასწარ ვიცოდი ჩეკას ქართველი მოსამსახურეები არ ყავდა და ამისთვის დიდის ყოყმანით და გულის ტკენით, მაგრამ მაინც გადავლახე ბუნებრივი ქართული ზიზღი რუსეთისადმი და მე საკომენდანტოში შევადგინე ანკეტა რუსულათ, რომ ჩემ დამტყვევებლებს სცოდნოდათ ჩემი ვინაობა, ხოლო გამოძიებაში კი მე უარს ვამბობ ერთ რუსულ სიტყვის ხმარებაზეც კი და უმალ ხელს მოვიჭრი, რომ რაიმე რუსულ ოქმს მოვაწერო ხელი. გაჯავრდა კაჟევნიკოვი, მეც არანაკლებ გავჯავრდი. მითხრა: „რა ვქნათ აბა ქართველი ჩეკისტი სპეცები არა გვყავსო“. აღელვებით ვუპასუხე: „საქართველო დოსტოევსკის სადისტების და დამთხვეულების ქვეყანა არ არის და ვერასოდესაც ვერ იშოვნით კაცისმკვლელ სპეცებსთქო“. მაგიდაზე დჰაკრა ხელი და გაიქცა. კარებიდან მომესმა: „ნახავ აბა თუ ვერ ვიშოვით ქართველ ჩეკისტსო“. მალე შემოიყვანა ვიღაც გამხთარი შუა ტანის კაცი. სახე ქართველს არ უგავდა. მანაც რუსულად სცადა დალაპარაკება. ხმა არ გავეცი. შემდეგ მითხრა ქართულათ: „სოციალისტს უწოდებთ თავს და ასე შოვინისტურათ კი იქცევითო“. ძლივს წააბა ეს სიტყვები ერთმანეთს. მისი დამტვრეული ფრაზების აღდგენა ჩემთვის შეუძლებელია. მე ეხლა მასაც ქართულათაც განუმეორე, რომ საქართველო დაპყრობილია, მარა მოსკოვი თვალთმაქცურათ ამტკიცებს თითქო საქართველოს სუვერენობა არ არის შელახული და თვით ოკუპანტების კონსტიტუციითაც კი საქართველოში ქართული ენაა სახელმწიფო ენათ გამოცხადებული, ამისთვის კეთილ ინებენ და თვით თქვენი დაპირება შეასრულეთთქო“. ბევრხან ვიდავეთ ამაზე და როგორც იქნა საქმეზე გადავედით. დამისვა კითხვები. სცადა დაეწერა ქართულათ ჩემი ნათქვამი და, ჰოი საკვირველებავ, აღმოჩნდა რომ ანბანიც ძლივს სცოდნია და ასო „ო“-ს დაწერის დროს გაწითლდა, ფერმა გადაკრა და იძულებული შეიქნა ეკითხა „ხომ ასე იწერება „ო“-ვო“. სიმწრით გამეღიმა და გვარი ვკითხე: „რა გიკვირს, ამხანაგო, – დამშვიდებულმა მომიგო, – რუსეთში ვარ დაბადებული, დედა რუსის ქალი მყავდა, იქ გავიზარდე, საქართველოში მხოლოდ 1919 წ. გამომგზავნეს რუსეთიდან კომუნისტურათ სამუშაოთ, აქედან თქვენმა მთავრობამ გადამასახლა, ეხლა კი ჯარებს მოვყევი, რასაც ვწერ ესეც ეხლა ვისწავლე აქ, დღემდე ქართველის მხოლოდ გვარი მქონდა, მე კაპანაძე ვარო“. ტრაღედია იყო ეს ჩემთვის. იმ წუთებში საქართველოს უბედურება ჩემთვის ასათ გაიზარდა და მე თავი ჩავღუნე, თვალები ცრემლებით ამევსო და გული კი იძახოდა, ყვიროდა, ისტერიულათ ყვიროდა: „გაფურთხებ, გაფურთხებ ჩემო გადამგვარებელო და გამაუბედურებელო რუსეთო! გაფურთხებ, გაფურთხებ დამპყრობო და დამწიხლაო, ჩემი სისხლის წამხდენო და მომსპობო რუსეთო!...“ არ ვიცი რას განიცდიდა მაშინ ამ გადაგვარებულმა ქართველმა ჩეკისტმა, მაგრამ მეტი არც დამლაპარაკებია, მალე ადგა და წავიდა. თუ კაცის სახის გამომეტყველება კი ამბობს ოდესმე რაიმეს, მე მგონია მანაც განიცადა იმ წუთებში რაღაც დიდი ტკივილი და იგრძნო საშინელი ჭრილობები. ვინ იცის, იქნებ სადღაც, გულის მეასე კუნჭულში დაილაპარაკა ქართულმა სისხლმა და თვალწინ დაუყენა საშინელი ტრაღედია!.. კაჟევნიკოვთან შევთანხმდი, რომ ის მეტყოდა რუსულათ კითხვებს, მე მას ქართულათ ჩამოვუწერდი, ქართულათვე უპასუხებდი და მხოლოდ ასეთ ოქმს მოვაწერდი ხელს. ნახევარი საათი მოუნდი ამ წერას, გადავეცი და ვთხოვე ჩემს საკანში წაყვანა. ცუდ ხასიათზე იყო, ამბობდა გაჯავრებით: „ქართველი კომუნისტები არ მოდიან ჩეკაში, ასე გონიათ ეს სასირცხო საქმეაო“. „ცუდათ ყოფილა თქვენი საქმე თუ ამოდან დროში ქართველი თითო ოროლა ჩეკისტებიც კი ვერ მოგიძებნათ-თქო. ... ყველა ამაზე ვუამბე ოკუჯავას და უკვირდა, რომ მე ასე „გავშოვინისტდი და დავკარგე მარქსისტული პრინციპები“... ადვილი წარმოსადგენია თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამ „უკლონისტების“ ქართველობა თუ ასეთ ერთგულებას იჩენდენ რუსულათ საქართველოს მართვაში, და სრულ უმწეობას თუნდ იმაში, რომ რუსეთის ქართველ მსვერპლთათვის ქართულათ მაინც დაეკითხათ. ამის შემდეგ გადამიყვანეს საერთო საკანში # 7. ვნახე ბევრი ნაცნობები. 22 ოქტომბერს ჩვენი საკნიდან გაიყვანეს ოთხი დასახვრეტი ქართველი. ერთი ჩვენი ამხანაგი იყო შაქრო გოგინაშვილი. უკანასკნელ ომის დროს დაჭრილი. იმ დღეს მოიყვანეს საგუბერნიო საავადმყოფოდან საცვლებ ამარა. ორი იყო ზუგდიდიდან აბრამია და ვეკუა. მეოთხე კი ბორჩალოდან იყო – გვარი არ მახსოვს. გაყავდათ ღამით, სათითაოდ, ორი საათის განმავლობაში. მეთაურობდა ცნობილი შულმანი, მას ახლდა ბაღდასაროვი და ოგანეზოვი, ჯარის კაცები და ახალგაზრდა სომეხი ჩეკისტები. ეს ორი საათი დაუსრულებელი კოშმარი იყო. ბევრ პატიმარს ისტერიკა მოუვიდა. მეორე დღეს საკანში არავის არაფერი უჭამია. პირველ ნოემბერს გადამიყვანეს მეტეხში... აქ ეხლა შევჩერდები... ყველა მოგონებებს ვერ დავსწერ დღეს დილით... [საღამოს 9 საათი. მთელი დღე წარსულის შთაბეჭდილებებით და ახლო განცდილით ვიყავი დამწუხრებული. საღამოთ კიდევ უფრო სამწუხარო ამბავი მოვიდა. დადასტურდა ს. ჯაფარიძის და ვასო ცაბაძის მოკვლა. კალისტრატეს სწერენ ამაზე წერილში. პირდაპირ ასე სწერია: „მთელი ერი თალხებშია და ყველგან მოთქმა-გოდება გაისმისო“... უბედური საქართველო, განწირული საქართველო!.. დღეს წერილი მივსწერე ძმას სოფელში, ვინ იცის იქნებ ჩვენი სოფელიც აკლებულია. დეპეშაც გავაგზავნე დღეს მეორე ძმასთან, ვთხოვ ოჯახის ამბები მიდეპეშოს.
12 ოქტომბერი. საღამოს 9 საათზე ნიკო ქარცივაძეს გამოუცხადეს: „შეკარი ხაბაკები მოსკოვში იგზავნებიო“. მთელი ციხე შეინძრა, ჩვენ ფანჯრიდან გადმოგვძახეს ამის შესახებ. ავღელდით და კომენდანტს ვთხოვეთ ჩვენთან მოსვლა. მალე მოვიდა, მაგრამ მიზეზი არ იცის, „ვგზავნი სასწრაფო მოთხოვნილებითო“. ათასი აზრი დაგვებადა თავში. ეხლანდელ პირობებში გარეთ არავინ გაუშვებს მას, ვფიქრობთ, რომ ის პროცესზე მიყავთ საქართველოში. ამას წინეთ გაზეთები იტყობინებოდა „კრილენკო ტფილისში ჩამოვიდაო“. სჩანს ამისთვის ჩავიდა ტფილისში რუსეთის სახელმწიფო პროკურორი. ნახევარი საათის შემდეგ სასეირნოთ გაგვიშვეს. საბედნიეროთ კოლიაც გამოუშვეს ჩვენთან, იჭვები კი გვქონდა, გვეშინოდა აღარ გვანახვებენ-თქო. ასე იციან აქ ჩვეულებრივათ. თითქმის ერთი საათი დარჩა ჩვენთან კოლია, ვბაასობდით. უმთავრესად გრიგოლი ანვითარებდა თავის აზრს მომხდარ ამბებზე და მოსალოდნელ ტაქტიკის შეცვლაზე. კოლია სწევდა თამბაქოს და დამშვიდებულათ უსმენდა. დაუძახეს, წასვლის წინ გადავკოცნეთ ერთმანეთი. მე კიბეზე ავყევი მას, ერთხელ კიდევ ვაკოცე და ცრემლნარევი ხმით ყურში ჩავჩურჩულე: „მე ვიცი ნიკო როგორ გიყვარს საქართველო და გაფუცებ შენს შვილებს ასახელე შენი საქართველო-თქო“. შემდეგ მოგვესმა ავტომობილის ხმა... მიყავდათ ნიკო, ჩვენი საყვარელი ნიკო... რა კოშმარები აქვს საბრალოს გამოვლილი და ვაითუ კიდევ უარეს კოშმარებში მოხვდეს ის. იქნებ გენოც წაიყვანეს მეორე ციხიდან... ამოდენ გლოვას დღეს ახალი გლოვაც მიემატა... როდის, როდის ექნება დასასრული ამ წამებას!?
13 ოქტომბერი. დღეს დილით დეპეშა მივიღე ვანოდან: „ყველა კარგათ ვართო“. დაუჯერო? მაკდონალდის მთავრობა დაეცა. კონსერვატორების და ლიბერალების შეერთებულმა ხმებმა გადასწყვიტეს მისი ბედი. ახალი არჩევნები დანიშნულია 29 ოქტომბერს. გაზეთების ცნობით საარჩევნო ბრძოლას კლასიკური ხასიათი ექნებაო. გაერთიანდა ბურჟუაზია და თავის პოზიციების დაცვას შეუდგა, მეორე მხრით მუშათა კლასმაც გაუცნო ხელისუფლებას გემო და უფრო ძლიერი იერიში მიაქვს მოპოვებული ხელისუფლების შესანარჩუნებლათ. შეიძლება ინგლისის უკანასკნელ ისტორიულ პერიოდს არც ენახოს, ისეთი საარჩევნო ბრძოლა გაჩაღდეს ინგლისში. რამდენათ სასურველი არ არის ინგლისის მუშების გამარჯვება დღეს, მაგრამ საეჭვოა, რომ ამხანათ ბურჟუაზიის გაერთიანებული ფრონტი დაამარცხოს მან. უფრო მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებასთან მივა ან კონსერვატორები და ან ორივე ბურჟუაზიული პარტიების კოალიცია. რუსული გაზეთები ფრთხილათ აგინებენ ეხლა მაკდონალდს, თუმც გულახდილათ ამბობენ, რომ სესხის იმედი არც მისგან გვქონდაო. მეტათ საინტერესოა და უდიდესი საერთაშორის მნიშვნელობაც აქვს რით გათავდება ინგლისის არჩევნები. ორი კვირა არც ისე დიდი დროა, დაუცადოთ და ვნახოთ... [ორჯონიკიძის მოხსენებაა ქართულ კომუნისტში. გაუკეთებია მომხდარი ამბების გამო ნაძალადევის თეატრში. მოყავს პარიტეტული კომიტეტის წევრების ჩვენებები. პირდაპირ სამარცხვინო ჩვენებები მიუცია მიხ. ბოჭორიშვილს. ქართველი მწერალია ეს? მიხ. იშხნელის ჩვენებებიც დაბნეული და გადაჭარბებულია. არაფერი მოყავს ანდრონიკაშვილის, პირიქით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის მაგრათ სდგას. არც ჯავახიშვილის ნალაპარაკებია დიდი. ჯინორიაზე სულ არაფერი ისმის. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის თუ როგორ ჩატარდება პროცესი. ავია თუ კარგი, მოხდა დიდი ეროვნული გამოსვლა. დამარცხება სრულიად არ ამცირებს მის ისტორიულ მნიშვნელობას, მხოლოდ ეხლა საჭიროა მისი დაფასება და სწორათ გაშუქება იმისი, თუ რა იყო და რა არის რუსეთ-საქართველოს თანამედროვე დამოკიდებულება. ვინც ამ საქმეს აკეთებდა მას უნდა სცოდნოდა ეს და ერისთვის საჭირო მომენტში მიეცა ნათელი დაფასებები გადადგმული ნაბიჯისა. თუ ეს მოახერხა კოტე ანდრონიკაშვილმა, შეცდა ის თუ მართალია, მისი მხრით მაინც დიდი ისტორიული მოვალეობა იქნება შესრულებული და მუდამ ქართველი ერის გმირათ დარჩება. მაგრამ მიუხედავათ ყველა იმისა, თუ როგორაც არ უნდა დამახინჯდეს დღეს ეს მოვლენა, სულ ერთია, მომავალი მას თავის ღირსეულ სიმაღლეზე აიყვანს, ქართველი ერის ბრძოლას პირუთვნელათ დააფასებს, დღეს დაღვრილ სისხლს ლეგენდების და ზღაპრების საგნათ გახდის, ამ მსხვერპლთა აჩრდილები აღადგენს მძინარეთ, გაუღვიძებს მომავალ თაობებს ბრძოლის ცეცხლს და საქართველოს კვლავ გამარჯვებისთვის ახალ ბრძოლებში წაიყვანს. საქართველო არ დაიღუპება, XX საუკუნეში მას ვერ დაკლავენ.
16 ოქტომბერი. კალ(ისტრატემ) წერილი მიიღო მოხუცი დედიდან. საქართველოდან სწერს. ყოველი წერილი ხომ მწუხარებითაა სავსე, აბა კარგი და გულის დასაამებელი რა უნდა გავიგოთ დამარცხებულებმა და გასისხლიანებულებმა? ამოუწურავია ერის მწუხარება და ჩვენ ალბათ წლობითაც რომ დავრჩეთ ასეთ პირობებში, მეათასედს ვერ გავიგებთ იმისა რასაც განიცდიან საქართველოში და რაც მოხდა იქ. ამ წერილით ვტყობილობთ, რომ ნოე ჟორდანიას სახლი დაუწვავთ ლანჩხუთში. ისარივით მოხვდა ეს ცნობა გულს. გაველურებაა, თორემ, აბა რით დაეხმარება მტერს ასეთი საქციელი. საბრალო მოხუცი დედა ნოესი!.. თვალწინ მიდგას ხის ოდა სამხრეთისკენ აივანით, წინ ბაღჩა, ბაღჩაში ნოეს ერთადერთი ვაჟის – ანდრეიკას საფლავი, ეზოდან მარჯვნით მინდორი, იქვე სტადიონი... და მერე როგორ უყვარდა ნოეს მისი მამაპაპისეული ქოხი, მშობლის ჭერი, როგორ ალერსით და გატაცებით უვლიდა მის პატარა კუთვნილს და რა ღიმილი უკრთოდა სახეზე, როცა უქებდენ ამ მართლაც ჩვენებურ, უბრალო სოფლურ ქოხმახს, თავის კოპწია და პაწია ეზო-გარემოთი!.. ბევრხელ დავფიქრებულვარ მე იმ მოვლენაზე, რომ ქართველ კაცს განსაკუთრებული სიყვარული აქვს თავის ეზო-გარემოსი, თავისი ქოხისა, თავისი სოფლური ცხოვრებისა. აბა დამისახელოს ვინმემ ისეთი ქართველი კაცი, რომელსაც არ ქონდეს საკუთარი ქოხი სოფელში, ან მისი ახლობელის არ იყვეს მისი საკუთარის მსგავსი, ან თუ არა აქვს, რომ არ იღწვოდეს ამისთვის და არ იტანჯებოდეს. ბევრს ეს შეიძლება ჩამორჩენილობათ მიაჩნია, ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ პატრიარქალურ მდგომარეობაში ვართ ჩვენ და მომავალი მოსპობს ასეთ ურთიერთობას. შემცდარი აზრია. ასეთებმა ქართველი კაცის სული არ იციან, მათ არ აქვთ შეგნებული ერთი ჩვენი განსაკუთრებული ნაციონალური თვისება: შეყვარება და მიჯაჭვა კარ-მიდამოზე, მშობლიურ კუთხეზე. აბა კითხეთ რომელ ქართველსაც გინდათ თავის მოგონებები სოფელზე, მამისეულ ჭერზე, შინაურ-ახლობლბზე, ბავშვობის მეგობრებზე!.. ჰო, ეს მოგონებები, რაც უნდა სადა და მშრალი იქნეს ის, მაინც ლეგენდებია, ზღაპრები, წარმტაცი და მომხიბლავი ზღაპრები. ყოველ ჩვენგანს აქვს ასეთი რომანები, დაუბეჭდავი, გაუმხელი რომანები სოფელზე და უსაიდუმლესათ და უდიდესი სიყვარულის გრძნობით ინახავს მას. შეიძლება ეს ქართველი ხალხის სიძველითაც აიხსნებოდეს. დიდია ჩვენი ისტორია და დიდი კულტურული განძი გვაქვს უკან დატოვებული. ისტორიასაც არ ახსოვს როდის ვიყავით ჩვენ ქოჩათ-მავალი. ყოველი საბუთი, მწერლური და ძეგლური, ლეგენდარული და ნაკვლევი ლაპარაკობს, რომ ჩვენ ვესახლეთ, გვქონდა ქალაქები, სოფლები, გზები, წყლები, ზღვა და სხვა. საქართველო არასოდეს არ ყოფილა უთვისტომო, ქართველი კაცი გარიყული და გაბოსიაკებული, ნათესავთა უხსოვარი (не помнящий родства) აბა ვის უნახავს, ისე როგორც ხშირია ასეთები რუსეთში და ამ უკანასკნელათ ხომ ასეთ უთვისტომოთა მთელი არმიები დაძრწიან. განა ჩვენში თითო ოროლა გამონაკლისები არ არიან ისეთები, რომელთაც გასწყვიტენ სამშობლოსთან კავშირი და დაკარგეს ნათესაობა? დიახ, ასეთები გამონაკლისებია. ალბათ ასეთი ერთმანეთთან დაახლოვება, ჩაკირკიტება, გადაბმა და სიყვარული გვშველიდა, რომ არ ვშორდებოდით ჩვენი მთა-ხევებს და ამოდენ გაჭირვებაში მოგვიტანია დღემდე სული. დღეს მაინც, ჩვენი ეროვნული წამების დროს, კარგათ უნდა დაფასდეს ეს ჩვენი ნაციონალური ღირსება და მას უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს. ერის ყავარჯენი არის მიწაზე მიჯაჭვული, სახლკარის და საყვარელი მშობლიური ჭერის პატრონი ხალხი. ვაი იმ ერს, ვისაც ქოჩათ-მავლათ გადაექცევა თავისი უმრავლესობა... შორს წავედი. რა დროს ამ დიდ კითხვაზეა ეხლა აქ, უადგილო ადგილას წერა, მაგრამ ამაზე არა ერთხელ მიფიქრია და ყოველ ასეთ ფიქრის დროს თვალწინ წარმომიდგებოდა ნოე ჟორდანიას ლანჩხუთელი სოფლური სახლკარი... სიყვარულით ვფიქრობდი ამ ოდაზე და გული გრძნობდა თუ როგორი ქართული სიყვარულით, ნაზი, გურული სიყვარულით უყვარდა ეს მისი ჭერი ჩვენს მოხუცს... მწარე წუთებს განაცდევინებს უცხოეთში მას ეს... და რამდენი, რამდენი ქართველის გული განიცდის ეხლა ასეთ წუხილს და დასტირის დაღუპულ სახლკარს, აოხრებულს და აპარტახებულს, ცეცხლში გარუჯულს და დაფერფლილს!.. გრიგოლიც საშინლად განიცდის ამ მწუხარებას. ის დარწმუნებულია, რომ ისრითში მისი სახლიც გადაწვეს.
17 ოქტომბერი. გაზეთებმა მოგვიტანა ცნობა: „პარიზში გარდაცვლილა ანატოლ ფრანსიო“. გავიგონე თუ არა ეს, გულმა ამომძახა: „მარიამ ბაგრატიონი?“ ვგონებ ერთ დღეს ვწერდი მე მარიამ ბაგრატიონზე. ანატოლ ფრანსის პირველი სიყვარულია. ეს მის მოგონებებში წავიკითხე რამდენიმე თვის წინეთ. ეხლაც მაგიდაზე მიდევს ეს წიგნი: „ცხოვრება ყვავილებში“. და როცა მე ვკითხულობდი ამ წიგნს, გული მიეჭვდებოდა, ვაი თუ მოკვდეს მალე ანატოლ ფრანსი და ჩემი გულის ბოღმა დამრჩეს მუდამ ისე, რომ მარიამ ბაგრატიონის სახის დამხატავს ვერ შვატყობინო-თქო. ალბათ ეს სიკვდილი მიგრძნო მაშინ გულმა. მე კი საჩივარი მქონდა, ჩემი საჩივარი, ქართული საჩივარი, რუსეთისაგან დატყვევებული ქართველის საჩივარი. ანატოლ ფრანსი იცნობს მარიამ ბაგრატიონს რუსის ქალათ. და მე მინდოდა მეკივლა მისთვის, გადამელახა საზღვრები და მეთქვა: „ცდები შენ დიდო ანატოლ, გულთმისანი და წმინდაა შენი სული, მაგრამ რათ მაყენებ შეურაწყოფას მე, რათ გინდა რომ ჩემს ისედაც დაჩრდილულ და საუკუნოებით დაბნელებულ საქართველოს მიბნელებ, განა არ გრძნობ, არ ხედავ, რომ შენი პირველი სიყვარული ქართველი ქალი იყო, მოპარული ქართველი, დატყვევებული ქართველი, ქართული სულისაგან გაქურდული ქართველი, რომელიც რუსეთმა, ჩემმა დამღუპველმა რუსეთმა, შეიხორცა და შეისრუტა, გადამიგვარა და მომსერა, მომგლიჯა და წამართვა?!. და რომ შენამდი მოსულიყო ანატოლ ეს, თვით ეხლაც კი, როცა ნახევარი საუკუნე გაშორებდა მარიამ ბაგრატიონის სახეს, მაინც მიხვდებოდი, მაინც იგრძნობდი საქართველოს წარსულ და აწმყო განსაცდელს, რომელსაც აღმოსავლეთით სულს უხუთავდა ისლამი და XIX საუკუნეში კი ჩრდილოეთიდან რუსეთმა დაღრღნა და გამოსჭამა, სიკვდილის პირზე მიიყვანა და დღეს ცოცხალ-მკვდარი საქართველო მისივე რკინის მუხრუჭებში ლევს სულს... მე ეს თავი მისი მოგონებებისა გადავთარგმნე და როცა არ უნდა გამახსენდეს ანატოლ ფრანსი, პირველათ ყოვლისა მარიამ ბაგრატიონი დამეხატება... „მსოფლიო თითქო დაბნელდაო“, ამბობენ ფრანგული გაზეთები ანატოლ ფრანსის გარდაცვალების გამო.
[ტფილისის გაზეთებში მოთავსებულია ფ. მახარაძის და მიასნიკოვის მოხსენებები აჯანყებაზე. ჟრუანტელი გივლის კაცს ტანში, როცა გაიგებ, რომ მთელი პროვინციები აოხრებულია და აკლებული. ყველაფრიდან სჩანს, რომ რუსის ჯარებმა სასტიკათ გაუსწორდენ საქართველოს. ერთი საუკუნეზე მეტია ასეთი რამ ჯერ არ მოსწრია საქართველოს. მიასნიკოვის მოხსენებიდან ვტყობილობთ, რომ ამერიკის სომხურ გაზეთებში თანაგრძნობის წერილებია საქართველოსადმი და ქართველი ერის ხელმძღვანელებს უწოდებენ ნიჭიერ, მცოდნე და ევროპულათ მომზადებულ პოლიტიკურ მოღვაწეებს. ასეთი თანაგრძნობა სომხეთიდან ბუნებრივია, ის უფრო დაგვაახლოვებს ჩვენ და ჩვენი ისტორიული ხვედრი ხომ მოითხოვს სომხეთ-საქართველოს გაერთიანებას და მჭიდრო მეზობლობა-მეგობრობას?..
18 ოქტომბერი. „იზვესტიაში“ მოწინავეა სტეკლოვის საქართველოზე. მოყავს ცნობები, რომ რუსი მემარჯვენეთა გაზეთებიც კი იცავენ საქართველოსო. „ნოვოე ვრემიაში“ პროფ. პოგოდინს მოუთავსებია ვრცელი წერილი, სადაც თურმე თანაგრძნობას გამოსთქვამს ქართველი ხალხისადმი. იმავე გაზეთში ყოფილა სტამბოლიდან წერილი საქართველოს შესახებ. კორესპონდენტი დასტირის თურმე, რომ მთის არწივებს, რაინდ ქართველ ხალხს პირდაპირ ანადგურებენ და საქართველოში აპოკალიფსიური საშინელება სდგასო. სტეკლოვი აღშფოთებულია ასეთ კამპანიით და გაკვირვებით კითხულობს, რომ ამ საქმეში განა „ნოვოე ვრემია“ ჩვენ წინააღმდეგ უნდა იყოსო?! ჭეშმარიტად ამ რუსულ შავრაზმულ საქმეში „ნოვოე ვრემიაც“ ეხლანდელ მოსკოვთან უნდა იყვეს, მაგრამ სწორეთ ის არის დამაფიქრებელი, რომ საქართველოში დღეს ისეთი წრეს გადასული ველურობა ხდება, რომ რუს კაციჭამია შავრაზმელებისთვისაც კი სასირცხოა მასთან დაკავშირება და პასუხისმგებლობის განაწილება. იმდენათ დიდია საქართველოს უბედურება და იმდენათ აშკარა მტყუანი და საზიზღარია რუსეთის პოლიტიკა დღეს საქართველოში, რომ მისგან პირს იბრუნებენ და უარს ამბობენ თვით მონარხისტები, საქართველოს შემჭმელი მონარხისტები. ეს ყველაზე უფრო დიდი დამარცხებაა კომუნისტური რუსეთისა, ეს მისი ფსკერზე დასვლაა და სავსებით გაკოტრებაა. ეს მისი ნაციონალური პოლიტიკის ძირიანათ დალპობა და გახრწნაა... იმავე სტეკლოვის ცნობით 4 ოქტომბრის „კოტიდიენში“ ყოფილა რენოდელის ვრცელი წერილი საქართველოზე, რომელშიდაც მოთხრობილი ყიფილა საქართველოს უკანასკნელი წლების თავგადასავალი და გაშუქებული რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულების საკითხი. რენოდელი მოითხოვს თურმე საქართველოს აღდგენას რუსეთის ცნობასთან ერთად. ვინ იცის რა ეპიტეტებით არ ამკობენ რენოდელს რუსეთში და უმთავრესად იმისთვის, რომ ის საქართველოს ერთგული დამცველია. რუსული პრესიდან ვიცი და იქნებ მართალიც იყოს, რომ მას განუცხადებია თითქო: „უმალ ხელს მოვიჭრი, ვინემ მაკდონალდივით საქართველოს ღალატს მოვაწერდე ხელსო“. დიდია ასეთი დაპირება. ეს იმედია, მორალური იმედი მაინც დღევანდელ სასოწარკვეთის და იჭვების ხანაში... ჩემი მადლობა რენოდელს, საქართველოს მეგობარ რენოდელს!.. ჩვენთვის მაინც სულ სხვაა ფრანგი, იგი უფრო ახლოა საქართველოსთან, ქართულ ხასიათთან, ქართულ ტემპერამენტთან! ჩვენი გრძნობა მუდამ აღტაცებულია და აფეთქებული, ისე როგორც ფრანგების, ბევრი რამ გვაერთებს ჩვენ მათთან, ბევრ რამეში ვგევართ ორივე ერი ერთმანეთს... ფრანგი უფრო გაიგებს დღეს ჩვენ მწუხარებას, ის უფრო გვიგრძნობს ჩვენ და მან უფრო იცის თუ რა მოუხდება და ოდნავ მაინც დაუამებს დაჭრილ და დაკოდილ გულს... ყველაფერი ეს კი დიდი მორალური სიმაგრეა ქართველი ხალხისთვის...
[ქემალი მოსულა ყარსში და არტაანში. ის თურმე აღმოსავლეთის პროვინციებს ათვალიერებს. ვაი, ვაი, ვაი! რა დროს მოვესწარით ამ XX საუკუნეში, როგორ დაიმსხვრა ჩვენი იმედები და როგორ გამოგვჭრა ყელი რუსეთმა!.. ჰოი უბედურო, უსახლკარო, აყრილო და ყველასაგან გაცემულო სომხეთო! ჰოი, ჩემო გულის საუნჯევ, ჩემო საყვარელო ძველო საქართველოვ! მორღვეულო ლოდებო, შერყვნილო ძეგლებო ჩემი წარსული დიდებისა სად ხარ ეხლა და ვისი ბილწი ხელები ადვია შენს მშვენიერ ჩუქურთმებს. ჩემო არტაანო, შავშეთო, ოლთისო, ისპირ-თორთომო, ჭანეთო, დაღუპულო და ცრემლებისაგან ამომწვარო ძველო საქართველოვ, როგორ, როგორ უნდა ითქვამდეს სულს და სცოცხლობდეს უშენოთ შენი შექმნილი და შენით აღზრდილი ერი, შენ აკვანში ნანანინევი და დარწეული, შენი კალთებით სამშობლოზე შეყვარებული და სამშობლოსთვის უკვე განწირული ქართველი ხალხი!?.. ვაი, ვაი, ვაი!.. ვინ დადის ეხლა ჩვენს სახლკარში და ვინ გვიფურთხებს ათასი წლების ეროვნულ საკურთხეველს!.. ჩვენი და სომხის მიწაწყალი, გაცემული, გაყიდული და რუსეთისაგან ოსმალეთისთვის სამეგობროთ მიჩუქებული მიწაწალი!.. ბოღმავ, ჩაწევი გულში, წყევლავ არ მოაკლო რისხვა გამყიდველს და მოვკვდები თუ ცოცხალი ვიქნები დარჩი შენ ბოღმავ, დარჩი ნაღველო, რადგან უნაღვლო ქართული გული არ იქნება მანამ, სანამ ის არ მივა თავის ჭერს ქვეშ და ეხლა ოსმალეთის ტყვეობაში მყოფ დედას არ გამოიხსნის... დაიხსომე, დაიხსომე გულო ეს და არასოდეს, არასოდეს არ შეურიგდე, რომ შენ თითქო შეგიძლია სიცოცხლე ძველი მესხეთის საქართველოსთვის დაუბრუნებლათ...
19 ოქტომბერი. მოსკოვიდან შემოგვითვალეს: „ნიკო საქართველოში წაიყვანეს პროცესზე. წაყვანილია აგრეთვე ბელთაძე და სამიც სხვა გადასახლებულებიდანო“. მე კი საწყალ გენოს აქ მოველოდი. მაშ ასე, პროცესი იქნება. ჯერ ხალხი დასთობით დაკლეს, უმთავრესი მომქმედი პირები, რომლებიც მძევლებათ ყავდენ, მოიშორეს და ეხლა მასკარადს აწყობენ, რომ თავი იმართლონ, თუ კი სჭირდება ასეთ ხელისუფლებას რაიმე თავისმართლება. ნიკო გაიარს კიდევ იმ საშინელებაში, რომელზედაც აქ გვიამბობდა ახალ მოსული. და ვინ იცის, იქნებ ვერც გადაიტანოს ყველაფერი ეს... თუმც გვითვლიან, რომ თითქო მისი სიცოცხლე უზრუნველყოფილიაო. ოდნავ ნორმალური პირობები რომ იყვეს განა სასიხარულო არ არის ასეთი პროცესი? აქ დაისმებოდა ნათლად კითხვა და მტერი ერთხელ კიდევ გაშიშვლდებოდა. მაგრამ ეხლანდელ პირობებში ის მხოლოდ მასკარადი იქნება, მტერი იმისთვის აწყობს მას, რომ თავისი მრუდე და ყალბი პოზიციები გაიმაგროს... ამაო ცდაა. ისტორიას ვერავინ გადაახტება. ვერც მოსკოვი შესძლებს თავისი ფუყე საფუძვლების გამაგრებას. რამდენი არ უნდა არწმუნოს მან თავის თავი და სხვები მაინც შეუძლებელია, რომ შეირჩინოს დაპყრობილი ერები და თვით დანგრეულმა და საკოლონიოთ გამხდარმა მეტროპოლიობა გასწიოს და კოლონიებს მოუაროს... ეხლანდელი საბჭოური იმპერია ბედისაგან განწირულია. მას ეპიზოდიური გამარჯვებები ვერ მიანიჭებს ძირითად გამარჯვებას. ვაი რომ ჩვენ წაგვაკლა თორემ მისი ბედი ხომ მაინც გამორკვეულია. ასე მწამს მე. ყველაფერი დროის საკითხია. დღეს იქნება თუ ხვალ, მაგრამ მაინც იქნება, აქეთკენ მივყავართ ცხოვრებას. ყველა მტრებმაც, რომ შესცვალონ სურვილი და შეიყვარონ ეხლანდელი რუსეთი, თვით ასეთი სიყვარულიც მას ვერას შემატებს, ვერ გააცოცხლებს, ის განწირულია...
„დეილი ჰერალდში“ დაბეჭდილია ინტერნაციონალის მანიფესტი საქართველოში მომხდარ ამბების შესახებ. რეზოლიუცია შედგენილია მოკლეთ და სხარტლათ. საქართველო შედარებულია პოლონეთთან, როდესაც ის სამათ იყო დახლეჩილი და დაპყრობილი. „როგორც პირველი ინტერნაციონალის მოვალეობას შეადგენდა პოლონეთის დაცვაო – ისე ეხლა სოციალისტური და მუშათა ინტერნაციონალის წმინდა მოვალეობაა დაიცოს საქართველოო“. „აღშფოთებით და ზიზღით მოვისმინეთ რუსული დესპოტიის მიერ ჩადენილ მხეცობაზეო“. რეზოლიუციაში მხოლოდ ერთი ადგილია ჩემთვის გაუგებარი, სახელდობრ, სადაც ლოზუნგია წამოყენებული, რომ ყველა ქვეყნის მუშებმა მოითხოვონ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა და შემდეგ კი თვითგამორკვევის პრინციპის თანახმათ მოხდეს თავისუფალი რეფერენდუმი. ასეთ მოთხოვნილებას ვაყენებდით ჩვენ მუდამ მოსკოვთან ბრძოლაში და დღესაც ამ მოთხოვნილებიდან არ დავიხევთ უკან. მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის თვითგამორკვევის საქმე დღსაც არაა გათავებული და მას კიდევ ესაჭიროება რაიმე გზით თვითგამორკვევა? საქართველო ყოველმხრივათ გამოერკვა, მაგრამ მისი გამორკვეული ნებისყოფა გადალახა და დაწიხლა რუსეთმა. საქართველო არ არის რუსეთსა და რომელიმე სხვა სახელმწიფოს შორის სადაო ტერიტორია. მადლობა ღმერთს ჩვენს შორის იალბუზია, ქართველი ხალხი არ მოითხოვს რუსეთზე მოშორებას და სამაგიეროთ ვისმეზე მიკვრას, არა, მას სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა უნდა, ის განსაკუთრებული ერია, მისი ნაციონალური თვისებები საჩინოთ განირჩევიან სხვა მეზობელ ერთაგან. მას აქვს თავისი ენა, ლიტერატურა, თავისი ისტორია, თავისი ტერიტორია. რუსეთთან საქართველოს გასაყოფი არაფერი აქვს. თუ დღეს ვაყენებდით რეფერენდუმს და პლებისციტს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გაგვეშიშვლებია ცბიერი მოსკოვი, რომ ამ ერთხელაც დაგვემტკიცებია მთელი ქვეყნისათვის ქართველი ერის სურვილი და ნებისყოფა. მაგრამ როდესაც კითხვა ისმება საერთაშორისო მასშტაბით, განა საქართველოს ესაჭიროება კიდევ რეფერენდუმები? მას მხოლოდ რუსეთისაგან თავდახსნა უნდა, რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულება და მთელი დავა მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისოა, აქ ორიენტაციებზე არაა ლაპარაკი, ამ ერს თავისუფლება უნდა, პოლიტიკური თავისუფლება. გაგვშორდეს რუსეთი, წაიყვანოს მისი ჯარები, საქართველო აღიდგენს მის სუვერენობას და შემდეგ იქნებ თვით ქართველმა ხალხმა ინებოს, რომ ეკონომიურათ უფრო მჭიდროთ რუსეთთან ითანამშრომლოს, რომ ეკონომიური „ორიენტაცია“ იქნებ მასზე აიღოს, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური მონობა, მაშინ საქართველო თავისი ბატონ-პატრონი სუვერენი ერი იქნება...
20 ოქტომბერი. ნიკოს წაყვანა ჯერაც არ მაძლევს მოსვენებას. საწყალი კაცი, რამდენი ტანჯვა გამოიარა და ეხლა კიდევ უნდა იტანჯოს. თუ ანანია წაიყვანეს საქართველოში იქნებ მეც წამიყვანონ. მე ხომ სამი-ოთხი თვით უფრო გვიან დაჭერილი ვარ. ამაში მოულოდნელი არაფერი იქნება. ძალიან არ მინდა ეხლა თრევა, მით უმეტეს ასე სუსტათ არასოდეს არ მიგრძვნია თავი, ძვლების ჩონჩხი ღა დავრჩი, მაგრამ თუ პროცესი იქნება მართლა და ლაპარაკის ოდნავ საშვალება მაინც დარჩება, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, დეე დავიღუპო, მას მაინც ხომ ვერ ავცდები თუნდ ასეთ პირობებშიდაც კი, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც სიკვდილის წინ შენი გულის ნადები გადმონთხეული იქნება, მაშინ მორალურათ მაინც კმაყოფილი იქნები... მე უუფლებო ვარ, ვინ მკითხავს წაყვანას ან მოყვანას, როგორც უნდათ ისე მომექცევიან. „ასეთია თურმე რევოლუციის და მუშათა კლასის ნებისყოფა!“... ხა... ხა... ხა... მუშათა კლასის! სანამდის შეიძლება თურმე მივიდეს ცინიზმი!.. [დღეს მოსულ ტფილისის გაზეთებში საყურადღებოა საქართველოს კომპარტიის ცეკას პლენუმის რეზოლუცია მომხდარი ამბების გამო. და, ღმერთო ჩემო, როგორ დაიმარხა მტერმა ერთხელ კიდევ ისედაც დამარხული თავი! როგორ დაიხია მან უკან და რა საშინელი მორალური დამაცხება განიცადა, პირდაპირ ზღაპრული, პოლიტიკურ პარტიისათვის სრული სიკოტრის მომასწავებელი მორალური დამარცხება... ეს რომ საქართველოს პარტია იყოს და არა დამპყრობლის უბრალო იარაღი, მას ერთ დღესაც არ შეეძლო ამის შემდეგ ხელისუფლებასთან გაჩერება, ის ერთი დაცხინკვებით გადმოვარდებოდა და ამით გაათავებდა თავის ნაძრახ სიცოცხლეს. მართლაც და რა გამოირკვა. დღსაც ამბობენ, რომ გლეხობა არ იყო მონაწილე ამ ამბებისო, მაგრამ რამდენათ, თურმე, მცირე ნაწილი მაინც ღებულობდა მონაწილეობას, იმდენათ საჭირო ყოფილა აღმოეჩინათ ნაკლუვანებანი ხელისუფლების მუშაობაში. და ეს ნაკლულოვანებები, მხოლოდ ნაწილი, ავტორთა თქმით, აღმოჩნდა სრული ჯამი ჩვენი ეროვნულ-პოლიტიკურ-ეკონომიური ცხოვრებისა. მტერმა განაცხადა, რომ „გაუქმებულ უნდა იქნეს მონოპოლია აბრეშუმზე და გლეხს ამიერიდან უფლება უნდა მიეცეს თავის ნაწვავ ნადაგის ისე მოხმარის, როგორც ეს მას სურს; გაუქმებულ უნდა იქნეს მონოპოლია მატყლზე; შეწყვეტილ უნდა იქნეს ეკლესიების დახურვა; მასწალებლებს, ექიმებს, მილიციას უნდა მიეცეს ჯამაგირი და თავის დროზე; უნდა გამოსწორდეს შეცდმები აგრარული რეფორმისა; უნდა გაუქმდეს შინაური აქციზი გლეხებს შორის ნაწარმოებთა გადაცვლის დროს; უნდა აღდგეს ძველი თემური მმართველობა საქართველოს რესპუბლიკისა; უნდა გადასინჯულ იქნეს გადასახადების რაოდენობა და აეკრძალოს ყველა ცალკე ნარკომატებს თავისი განსაკუთრებული გადასახადების შემოღებისა; გაუქმებულ იქნეს იძულებითი დაზღვევა; უნდა მიღებულ იქნეს ზომები სოფელზე შეღავათიან ფასებში საფაბრიკო ნაწარმოებთა მიწოდების, და ბოლოს უმთავრესი, ძირითადი კითხვა: გადასინჯულ იქნეს დაწესებულებების მოსამსახურეთა სიები და შესწორებული იმ მხრით, რომ დაცულ იქნეს საქართველოში მოსახლე ეროვნებათა პროპორცია“ – ე. ი. გათანაბრებულ იქნეს ეროვნულ უმცირესობებთან მპყრობელი ქართველი ერი და პროპორციის მიხედვით აღდგენილი იქნეს მისი უფლებები... ეს რეზოლუცია არის პირდაპირ საბრალდებო ოქმი დამპყრობ რუსეთზე და მის პოლიტიკაზე საქართველოში. თუ გამოვყოფთ ცალკე, ერის სუვერენობის ძირითად კითხვას, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კითხვები არის ის „წვრილმანები“, რაც საერთოთ ადგენს ერის ცხოვრებას და მაჯისცემას. ყველა ეს დადგენილებები რომ მართლაც გატარდეს ცხოვრებაში, ის ერთ ძველ მანიფესტზე მეტი იქნება დღევანდელ პირობებში საქართველოსთვის. მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ არსებული ხელისუფლება უძლურია რაიმე ძირითადი შემოტრიალება მოახდინოს, ის ვერ წავა რეფორმებზე, მიუხედავათ იმისა, რომ თვითაც გრძნობს საკუთარი პოლიტიკის სრულ სიკოტრეს და მის უნიადაგობას, დათმობებზე წასვლა ნიშნავს ეროვნულ და პოლიტიკურ არტახების შეხსნას, ხოლო ამის ლოღიკური შედეგი იქნება დიკტატურის დამხობა... ამას ვერ იზამს ეხლანდელი რუსეთი, ის ასეთ „ელასტიურ“ და თვითმკვლელობის პოლიტიკას ვერ აწარმოებს. მაგრამ არც ჯიუტობა უშველის მას, მისი მომავალი განზომილი და გამორკვეულია, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია და დღეს კი მე მინდოდა მეთქვა მხოლოდ ის, რომ საქართველოს განახლებული ომი 1924 წ. აგვისტო-სექტემბერში, რომელიც რუსეთმა ჯერ არ ნახული სისასტიკით დაამარცხა, არის მიზეზი იმ დიდი „აღსარებისა“, რომელიც მოსკოვისაგან განწესებულმა ხელისუფლებამ გამოსცა კომპარტიის პლენუმის რეზოლუციების სახით საქართველოში. ძვირათ დაუჯდა ქართველ ხალხს ეს გამარჯვება, მაგრამ ეს გაღებული მსხვერპლი თუ საძირკველია ერთის მხრით მომავალი საქართველოს აღორძინებისა, სამაგიეროთ ესევე მსხვერპლი გახდა მიზეზი იმ დიდი რეფორმებისა, რომელზედაც მტერი იძულებული შეიქნა წასულიყო. ვიმეორებ, ეს არის უუდიდესი მორალური დამარცხება მოსკოვისა საქართველოში, ეს არის სიკოტრის, უნიადაგობის და უსუსურობის დუბლიკატი. ხელისუფლება, რომელიც პრეტენზიებს აცხადებს გლეხის და მუშის სულის მესაიდუმლოებაზე, აი ეს ხელისუფლება იძულებული შეიქნა ეთქვა, რომ ქართველი ხალხის 99 % მისგან შებორკილი და შეხუთულია და რომ მან ეს სულთამხუთაობა იგრძნო მხოლოდ მაშინ, როცა მეხი გავარდა და ხალხი ტირანიას დაეჯახა. ეს რეზოლიუცია გვეუბნება იმას, რომ მოსკოვისაგან განწესებული მთავრობა საქართველოში ჰაერშია გამოკიდებული, მას ნიადაგზე არ უდგია ფეხი და არც შეიძლება ის მიეკაროს ქართულ ნიადაგს, რადგან ერთი იოტის ოდნავათაც კი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს და ნებისყოფას: ამ რეზოლუციით ერთხელ კიდევ გაითახსირა თავი მოსკოვმა, ის ეხლა ვერავითარ სიყალბით და სიტყვათა კორიანტელით ვერ დაუძვრება ხელიდან ისტორიის მსჯავრს, მის საფლავს მან თვით დაადვა უმძიმესი ლოდი, რომელზედაც რუსეთისავე ხელით აღნიშნულია რუსეთისავე სიკოტრე და სრული გაბახება საქართველოში. ეს არის მისი მორალური სიკვდილი, მისი უკანასკნელი დამარცხების გედის სიმღერა.
21 ოქტომბერი. დღეს მივიღეთ „სუზდალის ისკრა“, ჩვენს ციხეში გამოცემული. მოთავსებულია პირველ ადგილზე, სხვათა შორის, ჩვენი დახოცილი ამხანაგების ნეკროლოგები. შიგ არი ზოგი საყურადღებო წერილები ეკონომიური ხასიათისა. [დღეს „პრავდაშია“ პარიზიდან დეპეშა როსტასი, ვიღაც ვაჩაბელს განუცხადებია, რომ ვღებულობ რუსეთის ორიენტაციასო. უნდა იყოს ალბათ ვეშაპელი. სხვა მაჩაბელი, ან კიდევ ვინმე, ისეთი, რომელიც დამფ. კრ. ნაც. დემოკრ. ფრაქციის წევრი ყოფილიყოს და შემდეგ პარიზის ინტერფრაქციულ ჯგუფში მიეღოს მონაწილეობა, მე არ მახსოვს. ვეშაპელი ამბობს, რომ მიმდინარე წლის მაისში გამოვედი ინტერფრაქციული ორგანიზაციიდან და ეხლანდელი ამბების პასუხისმგებლობა სრულიად თავზე აწევს უცხოეთში მყოფ ემიგრაციასო. თუ მართლა ვეშაპელია ეს, მაშინ აშკარად უნდა ითქვას, რომ მეტად მდაბალი და პირადი სარგებლობის პროვნება ყოფილა. არასოდეს არ მქონია მე მასზე როგორც მორალურათ სპეტაკ კაცზე დიდი წარმოდგენა. ეს უსინდისო გამოსვლა ძალიან წააგავს მთელ მის წარსულს. მე მესმის, რომ ვინმე უბრალო გაჭირვებულმა მოქალაქემ ეს ჩაიდინოს, მაგრამ როცა ამაყობ და ყველაზე დიდ პატრიოტათ მოგაქვს თავი, როცა შენი თავი ეროვნულ იდეის მონოპოლისტათ მიგაჩნია, მაშინ ასეთი უხამსი და უსინდისო გამოსვლა ფასს უკარგავს არა მარტო მთელ შენ პიროვნებას (დღემდეც არ ქონია მის პიროვნებას ფასი), არამედ ბღალავს და ამრუდებს თვით ეროვნულ იდეასაც. და ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც, დღევანდელ ისტორიულ მომენტში საქართველოს ეროვნულ იდეას მიაყენებს რაიმე ჩრდილს და ისიც ამ იდეის სახელით, ასეთი მოღვაწე ყველა მოღალატეზე საზიზღარი და მისაფურთხებელია...
24 ოქტომბერი. გერმანიის რეიხსტაგი დაითხოვეს. არჩევნები, ალბათ, ამ მოკლე ხანში მოხდება. თვით კომუნისტებიც კი არ მალავენ, რომ ეს არჩევნები მათ ბევრ სადეპუტატო მანდატს წაართმევს და ალბათ სოციალ-დემოკრატებს შემატებს. გერმანიის ეხლანდელი არჩევნები მოგვცემს უფრო სწორ სურათს ცენტრალური ევროპის სულისკვეთებისა. ექვსი თვის წინეთ შექმნილი სტაბილური მდგომარეობა ალბათ უფრო განმტკიცდება და ევროპა ამ უკანასკნელათ სავსებით გადავა მშვიდობიან პერიოდში და დემოკრატიის დროშით უფრო ენერგიულათ შეუდგება ნორმალურ საერთაშორისო ურთიერთობის დამყარებას. ამის მაჩვენებელია ახლო წარსული და ამისივე თავდებია ევროპის მუშათა კლასის გაძლიერება და მისი დემოკრატიულ-ფაციფისტური სამოქმედო პროგრამა. [ქართულ გაზეთებში მოთავსებულია მამია ორახელაშვილის სიტყვა განათლების მუშაკთა კონფერენციაზე, სადაც ის ეხება უკანასკნელ ამბებს და სხვათა შორის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ ამბებმა ჩამოაგდო ერთგავრი ეროვნული შუღლი სომხებსა და ქართველებს შორისო. მას მოყავს რაღაც ამონაგლეჯი სოც. დემ. პროკლამაციიდან, სადაც თითქო ეწეროს, რომ „სომხები სარგებლობენ ქართველი ხალხის უბერდურებითო“. რაღაც ისე გამოდის, თითქო ეს პროკლამაცია ახალი უნდა იყოს, ამ პოგრომების და დამარცხების შემდეგ გამოსული. თუ ეს ასეა, მაშინ, გარეშე იმისა, თუ როგორი შინაარსისაც არ უნდა იყვეს ეს ფურცელი, უნდა მივესალმოთ მას და ვსთქვათ: ვაშა, საქართველოს და მის სოციალ-დემოკრატიას!.. ეს პირდაპირ გმირობა იქნება, ნამდვილი ზღაპრული გმირობა... ეს ფერფლიდან აღდგომა და გაცოცხლება იქნება, ეს მორალური გამარჯვება, სიცოცხლის ინსტინკტი და მომავლის საიმედო თავდები იქნება... ჰო, რომ მართლა ვიცოდე უკანასკნელია თუ არა ეს ფურცელი, ამ პოგრომების და სისხლის, ცეცხლის და წარღვნის შემდეგ გამოცემული!.. მაშინ ავმაღლდებოდი ერთი თავით, მაშინ ვიგრძნობდი იმოდენ ძალას და მორალურ სიმტკიცეს, რომ ეს ახალი სული მთელი წელი მეყოფოდა და მაცოცხლებდა... მე მაინც მინდა დავიჯერო, მინდა ვიწამო, რომ ეს ფურცელი ახალია, რომ ორგანიზაცია ცოცხლობს, რომ გარეშე დამარცხებისა საქართველო მაინც იბრძვის, ის მაინც იბრძოლებს. [მამია სჩივის, რომ ინტელიგენცია და მენშევიზმი აღვივებს ნაციონალურ შუღლსო. უმჯობესი არ იქნებოდა, რომ თავის რუსეთისათვის ესაყვედურებია ეს? რა უფლება აქვს ჩვენ შოვინისტები გვიწოდოს რუსეთმა, როცა მისი ხელით კეთდება ყოველგვარი ნაციონალური აღრევის და შურის საქმე. ეტყობა კახეთის ამბებში უმთავრესათ დამრბევებათ ყავდათ სომხები და ალბათ ამაზეა ლაპარაკი. და მართლაც რა ცინიკურათ და უსირცხოთ სწერდა ლევან ღოღობერიძე თავადაზნაურობაზე და კახეთის „გლეხთა მოძრაობაზე“. ყველაფრიდან სჩანდა, რომ ეს „გლეხური აჯანყება“ მოაწყო ჩეკამ. აკი ამბობდა კომპარტიის ცეკას მოწოდება: „არ გაუშვათ მაგათი სინსილა, ჰკა მაგათო“. მე მესმის სხვებმა მაინც რომ სწერონ ასეთი რამ, მაგრამ, რა მორალურ-პოლიტიკური უფლებით სწერენ და ამბობენ ამას ღოღობერიძე, გეგეჭკორი, ელიავა, კახიანი და სხვა. რა უფლება აქვთ ილაპარაკონ მათ თავადაზნაურობაზე, მაშინ როცა ყველა ესენი მართლაც „დვარიანჩიკებია“ იმ მნიშვნელობით, რომ ფუქსავატობით ჩვენი ქვეყნის ვერც ერთი წრეს გადასული ქვედა ფენაც კი ვერ შეედრება ამათ. თუ მართლა ასეთი აღელვებაა სომხების წინააღმდეგ, ეს მეტად სამწუხაროა, ეს უდიდესი ისტორიული ლახვარი იქნება ჩვენთვის, რადგან საქართველო-სომხეთისათვის დღეს არ არის სხვა ხსნის გზა გარდა გაერთიანებისა და თანამშრომლობის და მეზობლობა-მეგობრობის პოლიტიკისა. სხვა გზა ორივეს დაგვღუპავს, როცა ჩვენ და სომხები ერთმანეთს ვჭამთ, მაშინ ორივეს ერთად გვჭამს თათარი და რუსი. [მოსკოვის გაზეთებში მოთავსებულია ს.ს.რ.კ. სესიაზე წარმოთქმული მიხა ცხაკაიას და შალვა ელიავას სიტყვები. ცხაკაია სხვებსაც ურჩევს ჩვენგან ისწავლეთ ხალხის დაკვლა, ჩვენ კარგათ შევასრულეთ მოვალეობაო. ელიავა აფრთხილებს საკავშირო მთავრობას, რომ ყოველი ხელშეკრულების დროს ევროპის სახელმწიფოებმა გარკვევით უნდა სთქვან, რომ ხელს იღებენ საქართველოს დაცვაზეო...
25 ოქტომბერი. „კომუნისტში“ მოთავსებულია ლევ. მეტრეველის ფელეტონი „დარიალის ხეობაში“. ის თურმე გზათ ახლდა ფრანგ ჟურნალისტს, მოსკოვისაგან მიწვეულ, საქართველოს საძაგებლათ და მოსკოვის გასამართლებლათ მოსულ დავიდს. აგვიწერს დარიალის ხეობას. თავდაჭერილი წერილია, შიგ თითქმის არაფერია რენეგატური, გარდა იმისა, რომ „ამხანაგს“ უწოდებს დავიდს. და დავიჯეროთ, რომ პატრიოტმა ლევ. მეტრეველმა განზე, ორი სიტყვით მაინც არაფერი უთხრა უცხოელ კაცს, რომელიც ასეთ საზიზღარ მისიით ჩამოვიდა საქართველოში? დავიჯერო, რომ ლევ. მეტრეველს ასე მალე შეაშრა ეროვნული ცრემლები, მწარე ცრემლები, რომლითაც ის ჯერ კიდევ შარშან ასე გულსაკლავად დასტიროდა ქართულ ენას და ქართულ კულტურას? ეხლაც მესმის მისი შარშანდელი სიტყვები მის მიერ შეკრებილ ქართულ ანდაზებზე და იგავ-არაკებზე, ეხლაც მაღელვებს ის ღრმა გრძნობა და სიყვარული, რომლითაც ის „ქართული სიტყვის“ ფურცლებზე თავს ევლებოდა ქართულ კულტურას და დავიჯერო რომ რაღაც ერთ წელში, თითქმის უფრო მცირე ხანში, ასე დაეწრიტათ იმედი ჩვენს მწერლებს, ასე გაირიყენ ისინი, რომ თვით საქართველოს უცხოელ მტერსაც კი ეგუებიან და ამ შეგუების დროს შეუძლიათ ასე პირწმინდათ დაივიწყონ და დამარხონ ჯერ კიდევ გუშინ განცდილი, რომელიც დღესაც გულის სიღრმეშია ჩაწოლილი და ქართველ კაცს, რაგინდ მოღალატე არ გახდეს ის, მაინც არ მოშორდება?.. ვერ დავიჯერებ ამას მე, ვერა... და ვიფიქრო, ვიქონიო იმედი, რომ ლევ. მეტრეველმა ერთმა ერთთან გაუმხილა უცხოელს და უთხრა საქართველოს გულის ნამდვილი ზრახვები?.. ჰო, თუ ეს ვერ გაბედა მან, ის ქართველი მწერალი კი არა უბრალო კაცუნა ყოფილა. მას სიყვარულის კი არა მრუშის გრძნობა ქონია... სიყვარული იმას კი არ ქვია, რომ კახპასავით ყველას კალთაში უგორდებოდე, არა, ქართული და საქართველოს სიყვარული და მით უმეტეს ქართველი მწერლის სიყვარული მუდამ იყო საქართველოში მაღალი სიყვარული, ერთი სიყვარული, გაუცვლელი სიყვარული... და ვინც ქართველი მწერლის სახელს ატარებს და ამას კი ღალატობს, ის ყველა მოღალატეზე უფრო მოღალატე და საზიზღარია... მე არ მაქვს საბუთი ასეთი რამ მივაწერო ლევ. მეტრეველს. ვინ იცის, იქნებ ქართველმა მწერალმა დასძლია მასში, უბრალო სიცოცხლის მოყვარულ ადამიანს და იმდენი რაინდობა გამოიჩინა, რომ ერთმა ერთსა, პირისპირ გადმოუნთხია უცხოეთიდან მოსულს, უცხო დამპყრობისაგან გამოგზავნილს საქართველოს ნაღველი და გულის შხამი. დეე დამრჩეს ეს იმედი მე, ღალატისათვის მერმეც მოესწრება ჩვენი მომავალი ზიზღის მიძღვნას და მოღალატის დასაფლავებას... [მეტრეველის წერილში ერთი სამწუხარო ცნობაც არის. ქისტები კვლავ აწუხებენ ხევსურებს. მის იქ ყოფნის დროს აუკლიათ ერთი სოფელი, მოუკლავთ ორი კაცი, ტყვეთ წაუყვანიათ 20 და აუარებელი ჯოგი გაუდენიათ. საერთოთ უკანასკნელ წლებში საშინელი ცნობები მოდის ფშავ-ხევსურეთიდან. მცხოვრებთა რიცხვი კლებულობს. ქისტებისაგან შეწუხებული ქართველობა იყრება ადგილებიდან და ეშვება კახეთისაკენ. ეს კი ჩვენი ნამდვილი ეროვნული უბედურებაა. იმ დღეს, როცა საქართველო დაჰკარგავს აღმოსავლეთ საქართველოში მთის იქითა ფერდობებს და საქართველოს ისტორიულ ავანპოსტებს მტერს დაუთმობს, აი სწორეთ იმ დღეს დაიწყება საქართველოს დაღუპვა და განადგურება. ამის საუკეთესო გაკვეთილია დვალეთი, როცა საქართველომ დვალეთი დაჰკარგა, მან ვერც როკზე შეჩერდა და ქართლის გულს შემოეზარდა ოსეთი, რომელმაც უდიდესი დამშლელი და გამხრწნელი როლი ითამაშა აღორძინებული საქართველოსთვის და ეხლაც ის უდიდესი მტკივანი ადგილია ქართლის გულზე. საქართველო რა პირობებშიდაც არ უნდა დარჩეს ის, დაპყრობილი იქნება ის თუ თავისუფალი, მთელი თავისი ენერგიით უნდა შეებრძოლოს ფშავ-ხევსურეთის დასუსტებას, მან უნდა შექმნას ისეთი პირობები, როცა ამ მივარდნილ მთებში ცხოვრება შესაძლებელი გახდება და ხალხის სიცოცხლეც უზრუნველყოფილი იქნება. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ფშავ-ხევსურეთი საქართველოს უძლიერესი ლაშქარია ჩრდილო საზღვრების დასაცავათ და თუ ეს ლაშქარი შედრკა და უკან დახევა დაიწყო, ვაი მაშინ ჩვენ, მაშინ საქართველოს დანგრევის და სრული მოსპობის დასაწყისი დაუდგება... განა ის არ გვეყოფა ჩვენ, რომ მთელი სამხრეთ საქართველოს და აღმოსავლეთის საზღვრები წართმეული და შემოტრეცილი გვაქვს, რომ გულგრილათ უცქიროთ ფშავ-ხევსურეთის აყრას და ჩვენი საზღვრების ციხე-სიმაგრეების დანგრევას?
27 ოქტომბერი. საქართველოში ომის უკანასკნელმა ეპიზოდებმა დიდი არევ-დარევა შეიტანა მტრის ბანაკში. თუ გუშინ ყვიროდენ „ყველაფერი რიგზე გვაქვსო“, დღეს ყველაზე შეურიგებელი კოლონიზატორებიც კი იძულებული არიან აღიარონ თავისი რუსული პოლიტიკის შეცდომები და თითქმის გაკოტრება. საქართველოზე გაბატონებული ჯგუფის პირით კვლავ აგრძელებს მოსკოვი თავისი შეცდომების აღიარებას და რუსიფიკაციის რამოდენიმეთ მაინც შერბილებას ფიქრობს. ეს გამოიხატა საქ. კომ. ცეკას პლენუმის დადგენილებებში, სადაც მტერმა მთელ ფრონტზე იწყო უკან დახევა და რაც უმთავრესია – სრული მორალური უმწეობა გამოააშკარავა. ამ დადგენილებებს დასტრიალებს თავს ოკუპანტების პრესა საქართველოში და ცდილობს დაიწყოს მაინც დადგენილებათა განხორციელება, რომ ერთგვარი მოჩვენება მაინც შექმნას ხალხთან დაკავშირებისა. ამ საკითხზე დიდი წერილით გამოვიდა სერგო ორჯონიკიძე. ეს წერილი დღეს წავიკითხეთ „ზარ. ვოსტ.“ და „კომუნისტის“ ფურცლებზე. ეს, ასე ვთქვათ, პროგრამული გამოსვლაა. ის, რაც ცეკას დადგენილებებში არ არის ბოლომდი ნათქვამი, არ არის სავსებით გამხელილი, აქ – ორჯონიკიძის წერილში – გადაშლილია მთელი თავისი შინაარსით... და მერე რას ღაღადებს ის? ეს მართლაც ღაღადისია იმაზე, თუ რა საშინელ პირობებში ჩააყენა დამპყრობმა რუსეთმა საქართველო, თუ როგორ პოლიტიკურ, ეროვნულ და ეკონომიურ დესპოტიის უღლის ქვეშ გმინავს ერი და თუ რა სარჩული, რა მიზეზები ედო საფუძვლათ აგვისტო-სექტემბერში მოთმინებიდან გამოსულ ქართველი ხალხის მიერ რუსეთის წინააღმდეგ განახლებულ ომს. ეროვნული მონობა, ეკონომიური განადგურება და სარწმუნოებრივი დევნა – აი რა მოუტანია თურმე საქართველოსთვის იმ „წითელ“ დროშას, რომლის სახელით მოსკოვმა დაკლა საქართველო და „პროლეტარიატის“ გამარჯვებისათვის საქართველოს შეუფურთხა და შეუგინა ყველა პროლეტარული და სოციალისტური სიწმინდენი. „მიეცით გლეხებს ეკლესიის კლიტეები, დაანებეთ თავი მის გაძარცვას, გვეყოფა ამდენი კლუბები და ახალი დაუმთავრებელი ელექტროსადგურების დაწყება, შეამოკლეთ გადასახადები, განდევნეთ უცხო ბიუროკრატი ჩინოვნიკები და რუსეთიდან მოსული შავრაზმელები – ასე ყვირის ბ-ნი ორჯონიკიძე და ისე გეონებათ ერთის შეხედვით, თითქო ყველაფერი ეს მან დღეს გაიგო და ყველაფერი ეს ნაკეთებია ვიღაც გარეშე, მათთვის უცნობ ხელებით. მერე და ვინ მოიყვანა ეს რუსი ჩინოვნიკობა, ვინ ჩამოასახლა ხელმეორეთ საქართველოში ეს გოროდცევის და ტიმოშკინის წიწლები, ვის შეყავდა ქართულ ეკლესიებში ვირები, მაშინ როცა ისლამის გულის მოსაგებათ მოსკოვის მთავრობა მახმადის ჩალმას იდგამდა თავზე, ვინ სჩადიოდა ისეთ დონკიხოტობას და მატრაკვეცობას, რომ მშიერ გლეხს, უპერანგოს, რომელსაც თოხი და ბარი არ მოეძებნება მეურნეობისათვის, აშენებინებენ კლუბებს, ელექტრო-სადგურებს, კინემატოგრაფებს, ახდევინებდენ ათას ბეგარას: გერმანიის რევოლუციისთვის, ჩინეთის „რუკი პროჩისთვის“, იაპონიის მიწისძვრისთვის, რემელასისთვის, საჰაერო ფლოტისთვის, ქიმიური ომისთვის და რისთვის არ გინდა, იქ, სოფელში ყოველი მოხელე და ყოველი დაწესებულება თავისი გეგმების შემდგენი და თავისი გადასახადების გამწერი იყო. და ყველაფერი ეს ეხლა გაიგო მოსკოვმა და მისმა განწესებულმა მთავრობამ, მან თითქო ეხლა გაიგო, რომ საქართველოს რუსეთის გაპარტახებული და გავერანებული მრეწველობის ნაწარმოებთა გასაღებისთვის, აქვს დღეს ყველა დღემდე არსებულ კოლონიებზე უფრო შემზარავი და საშინელი სახე, რომ ქართველ ხალხს არასოდეს არ მოსწრია ასეთი მძიმე და აუტანელი ბეგარა მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთის საშვალო საუკუნომდე ჩამოსულ მრეწველობას ბაზარი ესაჭიროება... ორჯონიკიძის წერილი გვიშლის სურათს საქართველოს ეროვნული ენერგიის სრული შებორკვისა და ქვეყნის ეკონომიური გაპარტახებისა. ამ წერილიდან ნათლად სჩანს თუ რაოდენი როლი ითამაშა ეკონომიურმა დიქტატურამ და რუსეთის ძვირმა საქონელმა ქართველი ხალხის აჯანყებაში. ეროვნულს დაემატა ეკონომიური, ამას კიდევ სარწმუნოებრივი და მოსკოვმა მიიღო ჯამი თავის ნასაქმარისა, ქართველმა ხალხმა მას უთხრა: არც შენი რუსი ჩინოვნიკობა და რუსი მუშები მინდა, არც შენი ძვირი და უვარგისი საქონელი და არც შენი „კულტურული გაბედნიერება“, რომელიც მხოლოდ მასკარადია და ნამდვილ კულტურასთან არაფერი საქმე არ აქვსო. [მოსკოვის გაზეთებში დეპეშაა საქართველოდან: „მთავარ სახელოსნოს ყოფილ მენშევიკების და უპარტიოთა კრებამ გამოიტანა დადგენილება მომხდარ ამბებზე და მოუწოდებს არალეგალურ ს(ოციალ) დ(ემოკრატიულ) ორგანიზაციებს დაანებონ თავი მუშაობას, რადგან ის ისეთივე შედეგებს მოგვცემს, რაც დღემდე მოგვცაო“. ცხადია საქართველოში აღმდგარა ორგანიზაციები. ვფიქრობდით, რომ დამარცხების შემდეგ ის დიდხანს ვერ წამოდგებოდა ფეხზე. ეს ფაქტი კი დამახასიათებლია. სჩანს საქართველოში ისე ძლიერია ს. დ. ორგანიზაციები და ანტირუსული მოძრაობა, რომ მას ნიადაგი არ გამოეცლება და თვით ასეთ საშინელ მომენტებშიც კი მისცემს ორგანიზაციებს კადრებს თავგანწირულ მებრძოლებისას. ეს ნიშნავს ერის მორალურ მთლიანობას, საქართველოს ეროვნულ და პოლიტიკურ სიმწიფეს, ის მაჩვენებელია იმის, რომ საქართველო, რაგინდ ხანგრძლივ ტანჯვაში არ დარჩეს ის, მაინც დააღწევს თავს მონობას და განთავისუფლდება... [მოსკოვში ერთი კვირაა გაიხსნა ს.ს.რ.კ. ცაკის სესია. საინტერესოა დღევანდელი ანგარიშები საკავშირო სასამართლოების შესახებ. ორი მიმდინარეობა იბრძვის. ერთია ნაციონალური, რომელიც ფიქრობს დამოუკიდებელ რესპუბლიკების რიგ პრეროგატივების შენახვას მაინც, ხოლო მეორე „თავს უყრის“ ყველაფერს და „სოციალიზმის საქმეს ამაგრებს“. ერთმანეთს ველიკოდერჟავნიკები და ნაციონალისტებიც კი უწოდეს, ქართველი მიხა ცხაკაია, რასაკვირველია, კოსმოსს არ ღალატობს და „რუსეთის თავის მოყრას“ ემსახურება, მედგრათ იცავს თავის ინტერესებს უკრაინა, წარმოიდგინეთ ადერბაიჯანიც კი ფაფხურობს... ცხოვრებას თავისი გააქვა, ახლად თავმოყრილი საბჭოური იმპერიის სახსრები მწიფდება, თვით კომუნისტურათაც კი მხოლოდ ეროვნული სახსრებით მწიფდება. ისტორია იტყვის თავის სიტყვას, ის თავის კანონს ადრე თუ გვიან ცხოვრებაში გაატარებს – საბჭოურ იმპერიასაც კი, განსაზღვრული პროცესების შემდეგ ეროვნულ სახსრებში დახსნის და მით დაამთავრებს 1917 წ. დაწყებულ ერთა თვითგამორკვევის და სახელმწიფოებათ ჩამოყალიბების პროცესს.
28 ოქტომბერი. ფრანგულ „ერნუველში“ საქართველოზე წერილი ყოფილა. მოსკოვის გაზეთებში მას რაცხენ მთავრობის მომხრე ორგანოთ. წერილის შინაარსი დაახლოვებით მოსკოვის აზრს უთანხმდება და მოსკოვის ცნობებს ემყარება საქართველოში მომხდარ ამბებზეო. ძვირი დაუჯდებოდა ალბათ მოსკოვს ეს წერილი. ევროპაში ხომ აზრიც ფულზე იყიდება, მაგრამ, დამახასიათებელია მაინც ეს წერილი, ის ნიშნავს საქართველოს საკითხში უკან დახევას. შეიძლება პარიზმაც ისე ნაკლებ დაიცვას დაპყრობილი საქართველო, როგორც ლონდონმა ქნა მაკდონალდის პირით... ამით ამოიწურება ერთი პერიოდი საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლისა. მისი საერთაშორისო ხასიათი ამხანად დამთავრდება. ბრძოლა გადმოვა ს.ს.რ.კ.-ის შიგნით და მის კონსტიტუციის ნიადაგზე, რომ ამ იძულებითი შეთრეულ საკავშირო მდგომრეობაში ასე თუ ისე გაგრძელდეს საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია, რომ ერი ახალ ისტორიულ ეპიზოდებს და რუსეთის მომავალ აუცილებელ კრიზისს უკვე გარკვეული ეროვნული იდეოლოგიით შეხვდეს. [გრ. მიიღო სახლიდან წერილი. სწერენ სოფლის გადასახადებზე. მისი მოხუცებისთვის ასი მანეთი შეუწერიათ. საშვალო გლეხის შეძლებაც არ აქვს და ამოდენა გადასახადი?.. „ჩვენზე მეტი სხვებს აქვსო“. რაღაც საშინელი დაბეგვრა და სპარსული გადასახადები უნდა არსებობდეს დღეს საქართველოში. ასეთი გადასახადები ჩვენ სოფელს არ ღირსებია არც ერთ შავ დროსაც კი... ეს პირდაპირი გადასახადები და ამაზე მეტი იქნება ხომ არაპირდაპირი? არაპირდაპირს გარდა ხომ იხდის ქართველი ხალხი ე. წ. „ნებაყოფლობით“ გადასახადებს. დღეს, მაგალითად, გაზეთების ანგარიშებით საქართველოში მოგროვილია 20 ათასი საჰაერო ფლოტისთვის, 40 ათასი რემედასისთვის, ამას წინეთ შეაგროვეს 60 ათასი გერმან. რევოლიუციისთვის. ამას დაუმატეთ ათასი სხვა ბეგარა გლეხკომების თუ სხვა სახით და მართლაც საშინელ სურათს მივიღებთ... საქართველოს საფუძველი გლეხობაა, ერის ძარღვი სოფელია და როცა სოფელი ასეთ ეკონომიურ დაბეგვრას იტანს, მაშინ მისი განვითარება და აღმშენებლობა იკვეცება, ნადგურდება და ეროვნული სიმდიდრე გამოფიტვის გზას ადგება... ჭეშმარიტათ უდიდესი საფრთხე უდგას წინ საქართველოს. [გამართლდა ვეშაპელზე. ის ყველაფერში პირველია. ემიგრაციიდან ვეშაპელმა პირველმა ესროლა ქვა საქართველოს. კახპის სიყვარული ანგარიშის სიყვარულია. ვინც ყველას უგორდება კალთაში ის ოჯახს ვერ დაიცავს და სიყვარულს ვერ შეინახავს. [რაღაც ან დიდი სიგიჟე უნდა სჭირდეს ჩინეთს და ან დიდი ქონება უნდა ქონდეს. რა უძლებს ამდენ რევოლიუციებს, რაც თავი მახსოვს ჩინეთის რევოლიუცია „ვითარდება“. დღესაც მთავრობა გადმოვარდნილია. გენერლები შვიდსართულიანი გვარებით ერთმანეთს ებრძვიან...
ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მასალა მოამზადა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment