(დაიბეჭდა მწერალთა ეროვნული აკადემიის ჟურნალში „სხვა დრო“, რომლის წევრი გახლავთ თავად მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილიც)
წინათქმა
ჩინური ხალხური სიბრძნის უტყუარი ნიმუშები, „ძველი ჩინური იგავები“ გერმანული ენიდან თარგმნა მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილმა, რომელმაც 1980-იანი წლების დასაწყისში შეასრულა ლაო ძის დაო დე ძინის პწკარედული თარგმანი ქართულ ენაზე ორი სხვადასხვა გერმანელი მთარგმნელისა. იმავე ხანებში მანვე მოამზადა „უპანიშადების“ (ძველი ინდური ტექსტები) გარკვეული ნაწილის თარგმანები გერმანული ენიდან.
მასვე ეკუთვნის ჰერმან ჰესეს ორი რომანის თარგმანი: „ნარცისი და გოლდმუნდი“ და „რიოში მარგალიტებით თამაში“; ჰ. ჰესეს შემოქმედებაში უდიდესი გავლენა აქვს აღმოსავლურ კულტურას, კერძოდ კი ჩინურს („რიოში მარგალიტებით თამაში“). ამის გამო შემთხვევითი არ არის მთარგმნელის მიერ არჩეული „ძველი ჩინური იგავები“-ც.
ძველი ჩინური იგავები ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში აღწევს აყვავების ხანას. ეს ალტერნატიული ჟანრი დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცვლილებებთან, რომლებიც სულიერ კულტურასთანაა თანხვედრაში. ძველი იგავები დღესაც ცოცხლობს ხალხში. პოლიტიკურ-ფილოსოფიური შინაარსის იგავებს აღმზრდელობითი ხასიათის დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ამაყი მეეტლე
ქის სახელმწიფოს კანცლერი, ძანცი, ერთ დღეს ეტლით მიემგზავრებოდა. როცა ეტლმა მეეტლის სახლს ჩაუარა, კარის უკან დადარაჯებულმა მისმა ცოლმა გაიხედა და დაინახა, როგორ ამაყად ეჭირა თავი ჩარდახის ქვეშ დაბრძანებულ თავის ქმარს და თვითკმაყოფილი ჰაერში მათრახს როგორ ათამაშებდა.
სახლში დაბრუნებულ მეეტლეს ცოლმა უთხრა, შენი მიტოვება გადავწყვიტეო. კაცმა ქალს მიზეზი გამოჰკითხა.
„იანცი ქის კანცლერია“, განუმარტავდა იგი, „საქვეყნოდ ცნობილი. ფიქრებში ჩაძირული თავმდაბლად იჯდა ეტლში. შენ კი მეეტლე ხარ, და თვითკმაყოფილებასა და სიამაყეს შეუპყრიხარ, მე შენთან დამრჩენი აღარ ვარ!“
მეეტლე ამ დღიდან შეიცვალა და მოკრძალებული გახდა. როცა გაოცებულმა იანციმ მას უეცარი ფერისცვალების მიზეზი ჰკითხა, მან ეს ამბავი მოუყვა.
ამის შემდეგ იანციმ მეფეს შესთავაზა, მეეტლე მოხელედ დაენიშნა.
(იანცის გაზაფხული და შემოდგომა)
დრაკონების მოყვარული
ბატონი ში ციგაო დრაკონების მოყვარული გახლდათ. თავისი სახლის ყველა ოთახი დრაკონების სურათებით შეამკო და სვეტებზეც დრაკონების გრავიურები ჩაატანებინა.
ეს რომ ცის დრაკონმა შეიტყო, მასთან ჩამოეშვა, თავი სამხრეთის ფანჯარაში შეყო და კუდის ბოლო ჩრდილოეთის ფანჯარაში გადო.
ბატონი ში შიშისაგან გაშეშდა, როცა ეს დაინახა.
ის სწორედ რომ არ ყოფილა ნამდვილი დრაკონების მოყვარული. მას დრაკონები სურათებსა და სვეტებზე უყვარდა და არა სინამდვილეში.
(შენცი)
მწყერი და ფრინველი როკი
იყო ერთი უზარმაზარი ფრინველი, სახელად როკი. ზურგი ტაის მთის სიმაღლისა ჰქონდა, და როცა იგი ფრთებს გაშლიდა, იმ ღრუბლებს ჰგავდა, ცას რომ მთლიანად დაფარავენ ხოლმე. როგორც კი ჰაერში აიწეოდა, საშინელი ქარიშხალი ამოვარდებოდა, და როცა ის ლაჟვარდოვან ცაში ღრუბლების ზემოთ დანავარდობდა, ფრთის ერთი მოქნევით ათას მილს უკან მოიტოვებდა. ერთხელაც ჩრდილოეთიდან სამხრეთის ზღვისაკენ გაფრინდა.
„რა დაემართა ნეტავ?“ გაუკვირდა მწყერს და სიცილის დაფარვა ვეღარ შეძლო. „მე ბუჩქს თუ შემოვუვლი და ესეც საკმარისია. ეს სად მიფრინავს!“
როცა ჰორიზონტი სხვადასხვაა, აზრებიც სხვადასხვაა.
(ცჰუანგცი)
სასიკვდილო მასპინძლობა
ლუს სახელმწიფოს დედაქალაქის მიდამოებში ერთხელ მიწაზე ზღვის თოლია დაეშვა. ლუს თავადმა არ უარყო თოლიას მისალმებოდა და მის საპატივცემულოდ სასახლეში დიდი ზეიმი მოეწყო. დიდებული მუსიკა აჟღერდა, მდიდრული მსხვერპლი შესწირეს, მაგრამ ფრინველი დაყრუებულივით იჯდა, შეწუხებული იცქირებოდა და არც ხორცის ლუკმა და არც ღვინის ყლუპი არ მონდომებია, სამი დღის შემდეგ კი მოკვდა.
ლუს თავადმა თავის სტუმარს ის შესთავაზა, რაც მას უყვარდა, მაგრამ იმაზე არც უფიქრია, რა უყვარს ზღვის თოლიას.
(ცჰუანგცი)
რაც ძნელად დასახატია
ერთი მხატვარი მეფე ფონ ქის სურათებს უხატავდა. ერთ დღეს მეფემ ჰკითხა: „რა არის ყველაზე ძნელად დასახატი?“
„ძაღლები და ცხენები“ უპასუხა მხატვარმა.
„და ყველაზე ადვილი დასახატი რა არის?“ ჰკითხა მეფემ.
„ღმერთები და სულები“, მიუგო მხატვარმა. „ძაღლი და ცხენი ყველამ კარგად იცის, ყოველ დღე ხედავენ. კარგი და მარჯვე დასახატი რომაა ისინი, ამისი მიხვედრა ყველას შეუძლია, მაგრამ ღმერთებისა და სულების ნამდვილი სახე არავინ უწყის. არავის უნახავს ისინი, ამიტომ იხატებიან ადვილად“.
ჰან ფეიცი
ანარეკლი
ზაფხულის ერთ დღეს, მზის ჩასვლისას, ჯის მხარის გამგებელმა თავისი მდივანი, დუ ქსუანი საზეიმო ვახშამზე მიიპატიაჟა. კედელზე წითლად მბრწყინავი მშვილდი ეკიდა, რომელიც სტუმრის ღვინის სასმისში პატარა გველივით არეკლილიყო. დუ ქსუანს შეეზიზღა, მაგრამ ღვინის უკან მიწოდება ვერ გაბედა. ვიდრე სახლამდე მიაღწევდა, კუჭის ძლიერ ტკივილებს გრძნობდა; მას აღარაფრის ჭამა უნდოდა. და დღითიდღე ხდებოდა, არც საიმისო წამალი არსებობდა, რომ ის განეკურნა.
ერთ დღეს გამგებელმა ჰკითხა, თუ საიდან შეეყარა ეს ავადმყოფობა. მაშინ მდივანმა უამბო, რომ იგი ძლიერი ტკივილებით იტანჯებოდა მას შემდეგ, რაც მან ღვინის დალევისას გველი გადაყლაპა.
შინ დაბრუნებული გამგებელი ამ ამბავმა ღრმად ჩააფიქრა. როგორც კი მობრუნდა, მას მზერა მშვილდისაკენ გაექცა, და წამიერადვე მიხვდა, რაც მომხდარიყო.
მდივანი მაშინვე ეტლით თავისთან მოაყვანინა, და იმავე ადგილზე ფიალა ღვინით აუვსო. კვლავ გამოჩნდა სასმისში გველი! „შეხედე, ეს ხომ მშვილდის ანარეკლია“, უთხრა გამგებელმა.
ამის შემდეგ, მდივნის გულიდან შიში გაქრა, და იგი თავს კვლავ განკურნებულად გრძნობდა.
(ფენგსუტონგ)
ერთი სწავლული ვირს ყიდულობს
ერთ დღესაც ერთ სწავლულს ბაზარში ვირის ყიდვა სურდა. შესყიდვის ხელშეკრულების დადებისას ვირის გამყიდველი მას აკვირდებოდა, თუ როგორ ავსებდა თაბახის ფურცლებს ერთმანეთის მიყოლებით. სამი ფურცელი უკვე სავსე იყო მჭიდროდ დაწერილი იეროგლიფებით, მაგრამ ხელშეკრულებაში სიტყვა „ვირი“ ჯერ არსად ჩანდა. გამყიდველმა სწავლულს დაჟინებით მოსთხოვა, შეთანხმებას საშველი დააყენე და ბოლომდე დაამთავრეო.
„მხოლოდ იმის განმარტებაა საჭირო, რომ ვირის ყიდვის ფული გადახდილია და ორივე მხარემ თავისი მოვალეობა შეასრულა. ამდენს რას წერთ მაინც?“ ჰკითხა მან გაოცებით.
„მოითმინეთ, ვირამდეც მალე მივალ“, იყო პასუხი.
ძანის ოჯახის წამყვანი მოტივები
No comments:
Post a Comment