(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს შესავალ ნაწილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარის ვალიკო /ვლადიმერ/ ჯუღელის წიგნისა „მძიმე ჯვარი /სახალხო-გვარდიელის ჩანაწერები/“, ტფილისი, 1920 წ., რუსულ ენაზე, /Валико Джугели, «Тяжёлый крест /записки народногвардейца/», Тифлис, 1920 г./; ხოლო თავად წიგნის სრული ტექსტი ელექტრონული სახით შეიძლება ინახოს „ინტერნეტში“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის /ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის/ მასალებში)
„ჩვენ ვცხოვრობთ დიდი და ძნელი აგონიის დროში;
ეს საკმარისად ხსნის ჩვენს სევდას“
ა. ი. გერცენი
ვუძღვნი ამხანაგი სახალხოგვარდიელების
ძვირფას საფლავებს
ავტორი
წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა
(წინასიტყვაობა წიგნისა, წამძღვარებული რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის – რსდმპ /მენშევიკების ფრაქციის/ გამოჩენილი მოღვაწის, აგრეთვე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორის მიერ)
„მძიმე ჯვარი“!... ვფიქრობ, რომ ჩანაწერების ავტორმა არასწორად დაასათაურა ის ფიქრები, გრძნობები და განცდები, რომლებიც ამ ჩანაწერებშია დაფიქსირებული. მართალია, მძიმე განსაცდელების ბრძმედის გავლით მოუხდათ ვლ. ჯუღელსა და მის თანამებრძოლებს გამოეტანათ ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი დემოკრატიის დამოუკიდებელი არსებობის დროშა; არცთუ ცოტა წინააღმდეგობა და ეკალი იყო ამ გზაზე; ძალზედ ბევრი კაშკაშა და მძიმე, მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, დამტკიცების გაღება მოუხდა სახალხო გვარდიას იმაზე უწინ, სანამ იგი სრულიად სახალხო აღიარებას მოიპოვებდა და იმ მრისხანე ძალად გაიზრდებოდა, რომელსაც ის მოცემულ მომენტში წარმოადგენს. მაგრამ სამაგიეროდ, როგორ საპატიო და დიდია მის წინაშე დასმული ამოცანა, და როგორ ბრწყინვალედაა ის შესრულებული!
სრული ზნეობრივი დაკმაყოფილების გრძნობით შეუძლიათ სახალხო გვარდიის ბელადებს მიმოიხილონ ვრცელი ველი თავიანთი საქმიანობისა. იგი მოსიყვარულე ხელითაა მოხნული! ერთი გოჯიც კი არ არის სათანადო და მოფრთხილებული დამუშავების გარეშე დატოვებული, და ამონაყარიც შესანიშნავი გამოვიდა! ჯერ კიდევ არ მოსულა დრო ჩვენი ბრძოლის ისტორიის დაწერისთვის: ჩვენ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას. თუმცა კი ერთი რამის კონსტატირება ახლაც შეგვიძლია უეჭველი სიაშკარავით: თუ ჩვენი დემოკრატია განზე დარჩა იმ საშინელი სამოქალაქო ომისაგან, რომლის ცეცხლშიც დაიღუპა და იღუპება რუსეთის ყველა კულტურული ფასეულობა, თუ რუსეთის დიადი რევოლუციის შედეგად საქართველოს დემოკრატიამ დაიცვა თავისი საბრძოლო პოზიციები, თუ ბრძოლის პროცესში, დამანგრეველ სტიქიასთან ერთ რიგში იქმნებოდა და ძლიერდებოდა ახალი დემოკრატიული ორგანიზაციები, სოციალიზმისთვის შემდგომი ბრძოლის ეს ავანპოსტები, თუ სოციალიზმის იდეა ჩვენი რესპუბლიკის ფარგლებში არა თუ არ არის კომპრომეტირებული, არამედ ყველას თვალწინ იგი პრაქტიკულად ავლენს სააღმშენებლო შემოქმედებით ძალებს, აიძულებს რა თავიანთი ცილისმწამებლობის დადუმებას ბურჟუაზიული სამყაროს წარმომადგენლებს, – ყოველივე ამაში დამსახურების უზარმაზარი წილი ეკუთვნის, რა თქმა უნდა, სახალხო გვარდიასა და მის ბელადებს!
არის ერთი განსაკუთრებული მომენტი სახალხო გვარდიის მუშაობასა და ორგანიზაციაში, რომლისთვისაც მინდოდა ხაზი გამესვა. ყველა რევოლუციაში დიდ როლს თამაშობდა პრეტორიანობის ელემენტი. წითელი არმია საბჭოთა რუსეთში ამის ყველაზე უფრო კაშკაშა მტკიცებას წარმოადგენს. მაგრამ სახალხო გვარდიის თვით ყველაზე უფრო შარიან კრიტიკოსებსაც კი არ შეუძლიათ მასში ეს ელემენტი აღნიშნონ!
ტრიუმფალურად მიდიოდა რა გამარჯვებიდან გამარჯვებისაკენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვებდა რა მხურვალე სიმპათიებს საკუთარი თავისადმი საქართველოს რევოლუციური დემოკრატიის რიგებში, სახალხო გვარდია რჩებოდა უცვლელად ერთგული დემოკრატიზმის მკაცრი საწყისებისადმი. იგი როგორც იყო, ისე დარჩა კიდეც თავისი პრეტენზიების მიხედვით, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების იმ მოკრძალებულ ფაქტორად, რომელმაც ხალხის ინტერესებისადმი უსაზღვრო მსახურება თავისი არსებობის ძირითად, განუხრელ პრინციპად აიყვანა. და რამდენი იყო წარსულში ამასთან დაკავშირებით შიში, ეჭვი, ზოგჯერ კი გულსატკენი დაეჭვებანიც?! და არა მხოლოდ მათი მხრიდან, რომლებმაც სახალხო გვარდიასთან მიმართებაში თავიდანვე მტრული პოზიცია დაიკავეს. და ცდუნებაც დიდი იყო! მაგრამ სახალხო გვარდიის ხელმძღვანელებმა აქაც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. გამარჯვება, თუ გსურთ, უფრო ბრწყინვალეც, ვიდრე ბრძოლის ველზე, ვინაიდან იგი მდგომარეობდა ყოველგვარ სიკეთეზე იმ წმინდა უარის თქმაში, რომლის არარსებობამაც შექმნა განხეთქილება რუსეთის დემპოკრატიის რიგებში და ქვეყანაც ანარქიის მორევში შთანთქა.
„მძიმე ჯვარი“!... მესმის, ვალიკო ასე რატომ ლაპარაკობს. ეს სათაური სავსებით პასუხობს იმ განწყობას, რომელიც მასში დომინირებს. გახლავთ რა უგუნურად მამაცი, ათეულობით ჩაუხედავს რა სიკვდილისათვის თვალებში, იგი თავისი მდუღარე ტემპერამენტის მთელი გზნებით გადაეშვება ბრძოლაში. უშუალო შეტაკებების მომენტებში მან რყევა არ იცის. მაგრამ დაე ნურავინ დაიწყებს მასში იმ სპეციფიური სულისკვეთების ძიებას, რომელიც პროფესიონალი მეომრებისთვისაა დამახასიათებელი. უკანასკნელთათვის ომი, დიდი და მცირე ბრძოლები არის ის სტიქია, რომელშიც ისინი მიეჩვიენ ისე გრძნობდნენ თავს, როგორც მშობლიურ ატმოსფეროში. ისინი მხოლოდ ასეთ მომენტებში ცხოვრობენ კიდეც. მაგრამ ამხ. ვალიკოსათვის ეს უცხოა. იგი მახვილს მხოლოდ აუცილებლობის გამო ჰკიდებს ხელს, და როცა დარწმუნებულია მის მიერ დასაცავი საქმის სამართლიანობაში. „ტფილისიდან სამწუხარო და შემზარავი ამბავი გადმოგვცეს: – წერს იგი (გვ. 77) – ბორჩალოს მაზრაში დაიწყო შეტაკებები სომხებსა და ქართველებს შორის. ეს საშინელი ცნობა ღრმად მამწუხარებს. მე ბრძოლის არ მეშინია, მაგრამ, ეს ხომ ორმხრივი დაღუპვაა!... ნუთუ ომი იქნება? არ მინდა ეს დავიჯერო. საშინელია დაჯერება! ნუთუ ორი პატარა, უბედური, საშინელ ტანჯვა-წამებაში განთავისუფლებული ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შეეჯახება და ყელებს გამოჭრის ერთმანეთს?!“ საშინელი ბოროტმოქმედება აღესრულა. გაჩაღდა ომი. დადგა საკითხი, იყოს თუ არა ჩვენი რესპუბლიკა, და ჩვენ ვხედავთ ვალიკო ჯუღელს, ალექსანდრე დგებუაძეს, სანდრო მაისურაძეს, ვლადიმერ ჯიბლაძესა და მთელ სახალხო გვარდიას, როგორც ერთ ადამიანს, რომლებიც მკერდით დადგნენ რესპუბლიკის დასაცავად. და ასე ყველგან! გვარდიის არსებობის მთელი დროის მანძილზე! ამ სტრიქონების ავტორმა უნდა დაამოწმოს, რომ უფრო მეტად მშვიდობიანად განწყობილი მოღვაწეები, ვიდრე ვალიკო ჯუღელი, ალექსანდრე დგებუაძე და გვარდიის სხვა მოღვაწენი არიან, მან თავის გარემოში არ იცის. მეზობლებთან სადავო საკითხების მშვიდობიანად გადაწყვეტის პოლიტიკა უცვლელად მათში ყველაზე უფრო მგზნებარე და ენერგიულ მომხრეებს პოულობდა. მაგრამ გარკვეულ საზღვრამდე, – როცა რესპუბლიკის მშრომელი მასების სასიცოცხლო ინტერესებს შეეხებოდნენ. ხოლო როგორც კი მოწინააღმდეგე სასწორზე მახვილს დადებდა, ჩვენი მებრძოლები ბრძოლის ველებზე მიიჩქაროდნენ, და მტერიც ღირსეულ გაკვეთილს ღებულობდა.
„ბევრი „უნიადაგო ინტელიგენტი“ კი თვით ჩვენი ამხანაგების რიცხვიდანაც – (სამწუხაროდ, ასეთებიც არიან), წერს ამხ. ვალიკო, (გვ. 75) – ალბათ, ვარაუდობს, რომ სალაშქრო ცხოვრებისაკენ მე მიზიდავს ჩემი ბუნების ავანტიურიზმი“.
ძნელად თუ მოიძებნება, ვინც ასე იფიქრებდა... არა ავანტიურიზმი, არამედ ხალხის ინტერესებისადმი უსაზღვრო ერთგულება, აი რა ასაზრდოებს სახალხო გვარდიისა და მისი ბელადების საბრძოლო ძლიერებასა და ღრმა მორალურ წონას. კიდევ არა ერთი განსაცდელია ჩვენს გზაზე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იმედით ვუყურებდეთ მომავალს, ვინაიდან მეტად საიმედო ხელშია ჩვენი თავისუფლების დროშა.
ე. გეგეჭკორი
სახალხო გვარდია
მოხსენება მუშათა დეპუტატების საბჭოში 1918 წლის 11 დეკემბერს
ამხანაგებო! უწინარეს ყოვლისა მადლობას გიხდით მთავარი შტაბისა და მთელი ჩვენი სახალხო გვარდიის სახელით იმ მოსალმებებისთვის, რომლებიც ახლა თქვენ ჩემს სახელზე გამოგზავნეთ. მე ვიცი, ამხანაგებო, რომ ჩემს სახელზე გამოგზავნილი ეს მოსალმებები, არსებითად, მიმართულია მთელი ჩვენი გვარდიისადმი, და მე, როგორც სახალხო გვარდიის ერთ-ერთ მოღვაწეს, მგონია, რომ ჩვენი დემოკრატიული სახალხო გვარდია, რომელმაც ჩვენი დემოკრატიის ცხოვრებასა და ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს ცხოვრებაში გარკვეული როლი ითამაშა, შეიძლება იყოს ღირსი ასეთი მისალმებებისა. მე თქვენთან ერთად, ამხანაგებო, ვიხსენებ გასულ წელს... სწორედ გასულ წელს ამ დღეს ტფილისის შეიარაღებულმა პროლეტარიატმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი. ამ ნაბიჯის წარმატებასა ან წარუმატებლობაზე იყო დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ბედ-იღბალი. ეს ნაბიჯი, იმ ვითარებასა და იმ პირობებში, გადამწყვეტი ნაბიჯი გახლდათ. ამ ნაბიჯის ჩავარდნისაგან შეიძლებოდა ჩავარდნილიყო მთელი ჩვენი რევოლუციაც ამიერკავკასიის მასშტაბით! მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს სარისკო ნაბიჯი, რომელიც ერთ მუჭა შეიარაღებულ პროლეტარიატს ეყრდნობოდა, თავისი არსით ემყარებოდა ტფილისის მთელ პროლეტარიატსა და ამიერკავკასიის მთელი ორგანიზებული დემოკრატის თანაგრძნობას, ეს ნაბიჯი არ ჩავარდა და მან დადებითი შეეგებიც მოგვცა (ლაპარაკია შეიარაღებული მუშების მიერ ტფილისში რუსული არმიის არსენალის დაკავებაზე ვალიკო ჯუღელის მეთაურობით – ი. ხ.). ახლა ჩვენს ორგანიზებულ დემოკრატიას გააჩნია ის შეიარაღებული ძალა, ჭეშმარიტად დემოკრატიული ძალა, რომელიც ერთი წუთითაც არ უშვებს ხელიდან თავის წითელ დროშას და არც გაუშვებს მას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ხვალ ტფილისის დემოკრატიას ექნება შესაძლებლობა იხილოს თავისი შეიარაღებული გვარდია და, შეადარებს რა ჩვენს ხვალინდელ შეიარაღებულ ძალებს იმ ძალებთან, რომლებიც გასულ წელს არსენალის დასაკავებლად გამოვიდენ, ჩვენ გვიწევს ვთქვათ, რომ ორგანიზებული სახალხო გვარდიის მიერ მიღწეული წარმატებები უზარმაზარია.
დემოკრატიის შეიარაღებას სულ თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ტფილისის მუშათა დეპუტატების საბჭომ, უმთავრესად კი, ამ ს ა ბ ჭ ო ს მოღვაწეთა ერთმა ჯგუფმა – ქ. ტფილისის მოწინავე მუშებმა! მაგრამ რადგანაც 1905 წელმა და 1906 და 1907 წლების რეაქციამ გარკვეულად უარყოფითი შედეგები მოგვცა მუშათა ჯგუფების შეიარაღების საქმეში, როცა ეს შეიარაღებული ჯგუფები ექსპროპრიატორთა და ანარქისტების ჯგფებად გადაგვარდებოდა (მახინჯდებოდა), ჩვენი მოწინავე ტფილისელი ამხანაგები უკვე დიდი სიფრთხილითა და დიდი შიშით ეკიდებოდნენ მუშათა შეიარაღების ტენდენციას. მათ ეშინოდათ წარსულის გაკვეთილებისა, რომლებიც ამტკიცებდა მუშათა კლასიის ვიწრო ფენების შეიარაღების უარყოფითობას, და ამიტომ რევოლუციის პირველ დღეებში, როცა ტფილისის მოწინავე მუშებისა და ს ა ბ ჭ ო ს მოღვაწეების ამ ერთი მუჭა ჯგუფმა ს ა ბ ჭ ო ს სხდომაზე მუშათა შეიარაღების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, – ამ იდეამ, თუმცა კი მიიღო პრინციპული თანაგრძნობა, ცხოვრებაში პრაქტიკული განხორციელება ვერ ჰპოვა.
მაგრამ, იმისდა მიხედვით, როგორც ერთის მხრივ იმარჯვებდა რევოლუცია, და მეორე მხრივ კი, – ამ გამმარჯვებელი რევოლუციის ნიადაგზე, იზრდებოდა ახალი კონტრ-რევოლუციური ძალაც, რომელსაც უნდოდა ორგანიზებულიყო იმ მიზნით, რათა რევოლუციისათვის ზურგში გამყიდველური დარტყმა მიეყენებია, მუშათა შეიარაღების იდეა საბჭოთა მოღვაწეებს შორის სულ უფრო მეტ გავრცელებას ღებულობდა და ნიადაგს ტფილისის პროლეტარიატის ფართო მასებშიც პოულობდა (აქ „საბჭოთა მოღვაწეებში“ იგულისხმებიან ამიერკავკასიის რევოლუციურ მუშათა და გლეხთა საბჭოების ხელმძღვანელი პირები, სადაც წამყვანი ადგილი ეკავათ ქართველ მენშევიკებს ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, და საბჭოთა ხელისუფლებაც საქართველოში წარმოადგენდა ქართული მენშევიკური პარტიის ხელისუფლებას. საკუთრივ რუსეთში კი მუშათა და გლეხთა საბჭოებში წამყვანი ადგილი ეკავა სოციალისტ-რევოლუციონერების ე. წ. „ესერების“ პარტიას, ბოლშევიკები კი იქაც უმცირესობაში იყვნენ; და სწორედ ამის გამო მოუხდათ ხელისუფლების დამპყრობ ბოლშევიკებს თავიანთ გზაზე საშინელი რეპრესიების გატარება. ეს მე წავიკითხე პროფ. ანატოლი სმირნოვის ლექციების მოკლე კურსში რუსეთის იმდროინდელ ისტორიაზე, რომლის თარგმანიც ამ ბლოგში მაქვს გამოყვეყნებული 2010 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში /აქვე აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცთა საბჭოებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ბოლშევიკებს, ვინაიდან მსოფლიო ომის საწინააღმდეგო აგიტაცია იმხანად ჯარისკაცთა შორის მეტად პოპულარული იყო/ – ი. ხ.). მახსოვს მნიშვნელოვანი დღე მუშათა დეპუტატების საბჭოს სხდომისა ტფილისის საქალაქო სათათბიროში, როცა ამხანაგმა ალ. დგებუაძემ შემოგვთავაზა რეზოლუცია მოწინავე მუშებისა და მოწინავე გლეხობის შეიარაღებისა და კონტრ-რევოლუციონერთა ქონების კონფისკაციის შესახებ. ეს რეზოლუცია თითქმის ერთხმად იქნა მიღებული და თეორიულად ამ დღიდან შეიძლება ჩაითვალოს ტფილისის დემოკრატიის შეიარაღებისა და ტფილისის წითელი გვარდიის ორგანიზაციის დასაწყისი. მაგრამ ძალზედ დიდი დრო გავიდა, სანამ ამ რეზოლუციის პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარება დაიწყებოდა. ხოლო რაც შეეხება შეიარაღების წყაროებს, ის შეიარაღება, რომელიც აუცილებელი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გაგვაჩნდა. არსენალი ჯერ კიდევ ტფილისის პროლეტარიატის ხელში არ იმყოფებოდა. არსენალი დემოკრატიის სხვა ნაწილის ხელში, ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ხელში გახლდათ, და იმ დროს ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოსთან ჯერ კიდევ არ იყო გაერთიანებული. ჯარისკაცთა საბჭო იმ ხანებში თავის პოლიტიკას აწარმოებდა და მუშათა დეპუტატების საბჭოს მაინც და მაინც არ ენდობოდა.
პირველი იარაღი ჩვენ ჟანდარმერიის საგუბერნიო სამმართველოდან მივიღეთ. როცა რევოლუციის პირველივე დღეებში ს ა ბ ჭ ო მ დაადგინა მთელი ჟანდარმერიის სამმართველოს დაპატიმრება, სწორედ მაშინ ჩვენ მოვიპოვეთ გარკვეული რაოდენობით შეიარაღება, და ეს იარაღი საყარაულო ბატალიონში იქნა შეტანილი. მაშინ არ უნდოდათ ამ იარაღის მუშათა დეპუტატების საბჭოსათვის გადმოცემა, ვინაიდან, ვიმეორებ, წარსულის სამწუხარო გაკვეთილებისა ეშინოდათ. მაგრამ როდესაც ს ა ბ ჭ ო მ მიიღო მუშათა შეიარაღების შესახებ გადაწყვეტილება, ამ იარაღით ჩვენ შევაიარაღეთ ს ა ბ ჭ ო ს წევრები, ჩვენი ამხანაგები მუშების გარემოდან. ამ დროს ტფილისის საბჭოთა ჯგუფში შეიქმნა პატარა ჯგუფი ამხანაგებისა, რომელმაც თავისი თავდაპირველი თავშესაფარი, ეგრეთ წოდებულ, მილიციის კომისიაში ჰპოვა, ე. ი. კომისიაში, რომელიც რეკომენდაციებს აძლევდა მილიციელებს. სწორედ ამ კომისიამ დაიწყო თავდაპირველად მთელი კონფისკებული იარაღის შეგროვება. შემდგომში ეს კომისია ერთიანდება ქალაქ თბილისის წესრიგის დაცვის კომისიასთან და, ეგრეთ წოდებულ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისიასთან. იმის წყალობით, რომ ეს 3 კომისია გაერთიანდა, ამ გაერთიანებულმა კომისიამ მიიღო საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისიის საერთო (ზოგადი) სახელწოდება. სწორედ ამ კომისიაში მოხვდნენ პირველ რიგში ის ამხანაგები, რომლებიც მუშათა შეიარაღების არა მარტო თეორიული მომხრენი იყვნენ, არამედ ცდილობდნენ ეს ზომა პრაქტიკულადაც გაეტარებიათ. მაგრამ ვიმეორებ, რადგანაც მუშათა შეიარაღების იდეას ჯერ კიდევ ვერ მიეღო ჩვენი ხელმძღვანელი ამხანაგების მოწონება, ამ პატარა ჯგუფს, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისიაში ერთიანდებოდა, დიდი შრომით უხდებოდა შეიარაღების ორგანიზაციის გატარება და ძალზედ ძნელი იყო საკმარისი რაოდენობით შეიარაღების შოვნაც. დიდი შრომით, დიდი სიძნელეებით ამ კომისიას, რომელშიც, სხვათა შორის, მეც ვმუშაობდი, უხდებოდა შეიარაღების ყველა გზაჯვარედინზე ძებნა. მე მახსოვს ეს პირველი დღეები იარაღის ბეჯითი და მუდმივი ძებნისა! როგორც კი კომისიაში ვღებულობდით ცნობას, რომ რომელიღაც ადგილას იმყოფება ერთი რევოლვერი ან ერთი შაშხანა, იქ რამდენიმე ამხანაგი იგზავნებოდა, რომლებსაც კომისიაში ეს იარაღი დიდი ზეიმითა და ტრიუმფით მოჰქონდათ. ამრიგად დღიდან დღემდე, თანდათანობით ჩვენს ხელში დაგროვდა იარაღი, მაგრამ ეს იარაღი ჯერ კიდევ ამხანაგებს შორის არ ნაწილდებოდა. ჩვენ გვეშინოდა ვინმეს ხელში მისი მიცემისა და, როგორც ძუნწები, ამ აიარაღს ზემოდან ვასხედით. მახსოვს გრძელი საღამოები, როცა ეს ერთი მუჭა ადამიანები, სასახლეში ბნელ ოთახში ვიკრიბებოდით და იქ შევხაროდით ამ იარაღს, რომლის შეგროვებაც ასეთი შრომით გვიხდებოდა. იქ ირიცხებოდა ძველი იარაღი, ძველი ვაზნები! თითოეული ვაზნა, თითოეული შაშხანა, მზრუნველობით იყო ჩალაგებული და დათვლილი. ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს. და ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ვერ შევძელით რამდენიმე ათეულზე მეტი რევოლვერისა და 150 სხვადასხვა იარაღის შეგროვება! ჩვენს წინაშე დადგა საკითხი: – რა ვუყოთ ამ იარაღს, როგორ გამოვიყენოთ იგი? ჩვენ გადავწყვიტეთ ეს იარაღი ტფილისის პროლეტარიატის საიმედო ხელებში დაგვერიგებია. რადგანაც ჩვენ თვითონ ვერ ვბედავდით ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმას, ჩვენ მოვიწვიეთ რამდენიმე ძველი ამხანაგი რევოლუციონერი და დიდხანს ვმსჯელობდით საკითხზე, თუ როგორც მოვქცეოდით ამ იარაღს. ზოგიერთი, ყველაზე უფრო გამოცდილი ამხანაგი ამბობდა, რომ არ არის საჭირო ამ იარაღის მუშებისათვის ხელში მიცემა, ვინაიდან იარაღი უდიდეს საცდურს წარმოადგენს, ამ იარაღმა შეიძლება ეს ერთი მუჭა შეიარაღებული მუშები სრულებით არასასურველ გზაზე გაიტაცოს (დააყენოს). ამიტომ ჩვენ უნდა ჩვენი საკუთარი არსენალი დავაარსოთ, უნდა აღრიცხვაზე გვქონდეს ეს იარაღი, ზუსტად ასევე უნდა აღრიცხვაზე გვყავდეს ჩვენი მუშებიც, რომლებიც ძნელ მომენტში იარაღით წავლენ და ისინიც სწორედ ამ საპასუხისმგებლო მომენტში შევაიარაღოთ. მაგრამ იყო სხვა ჯგუფიც ამხანაგებისა, რომელიც ამბობდა: თუ რევოლუციას საფრთხე დაემუქრება, ეს საფრთხე უეცრად მოვა, ისე რომ არავის ჰკითხავს. თუ ჩვენ, სწორედ უდიდესი საფრთხის ამ წუთში დავიწყებთ ჩვენი არსენალის ძებნასა და არსენალიდან ამ შეიარაღების დარიგებას, რა თქმა უნდა, მომენტი ხელიდან იქნება გაშვებული და რევოლუციაც დამარცხდება. ამიტომ ეს ჯგუფი დაჟინებით იდგა იმ აზრზე, რომ ეს იარაღი ხელზე დაგვერიგებია. ბოლოს და ბოლოს ამ კრებამ სასახლის ბნელ ოთახში, სადაც ჩვენი ძველი ამხანაგი სილიბისტრო ჯიბლაძეც ესწრებოდა, ვერანაირი შედეგები ვერ მოგვცა და ჩვენც ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივედით. მაგრამ რადგანაც მუშების ამ პატარა ჯგუფს, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისიაში მუშაობდა, მაინც არ სურდა ტყუილა-უბრალოდ ჰქონოდა ეს იარაღი და რადგანაც მას ჰყავდა საიმედო ამხანაგები მუშებს შორის, რომელთაც შეეძლოთ ეს იარაღი გამოეყენებიათ, ამიტომ მან თავისი რისკითა და შიშით გადაწყვიტა ამ იარაღის დარიგება, და პირველი პარტიაც სხვადასხვა სისტემის – რუსულის, გერმანულისა და თურქულის – 40 შაშხანის რაოდენობით, ნახალოვკაში გააგზავნა. ეს იყო 1917 წლის 5 სექტემბერს! ეს გახლდათ ჩვენი დიდი დღესასწაული, იმიტომ რომ, როდესაც იარაღის პირველი პარტია ნახალოვკაში, მუშათა ყველაზე უფრო საიმედო რაიონში გავაზავნეთ, ამხანაგებო, ჩვენ მაინც გვეშინოდა, რომ დავდექით რა ამ გზაზე, ისე რომ არ გვქონდა ჩვენი ამხანაგების სრული თანხმობა და მოწონება, რომ შეიძლება გამართლდეს ჩვენი გამოცდილი ამხანაგების წინასწარმეტყველება, რომ იარაღის ამ დარიგებამ შეიძლება ისეთივე სამწუხარო შედეგამდე მიგვიყვანოს, როგორც ეს წარსულში იყო, და მთელი პასუხუსმგებლობაც ამ ნაბიჯის გამო ჩვენ დაგვეკისრება! მაგრამ მაინც გავბედეთ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, და შემდგომში აღმოჩნდა, რომ ჩვენ მაშინ მართალი ვიყავით! მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს 40 შაშხანა და ის შაშხანებიც, რომლებიც ჩვენ კუსტარული ხერხით ვიშოვნეთ, სრულებით არ იყო საკმარისი ტფილისის პროლეტარიატის შესაირაღებლად, და ჩვენც დავიწყეთ ახალი გზების ძიება, უფრო ლეგალურისა და უფრო ფართოსი ტფილისის პროლეტარიატის შეიარაღებისათვის. მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ ვერსად ვერ შევძელით მოგვეძია ეს შეიარაღება. ამ დროს ჩვენს დასახმარებლად ამიერკავკასის რკინიგზების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი მოვიდა. მის საწყობებში 300-მდე ძველი ბერდანა და შაშხანა აღმოჩნდა; ეს იარაღი ჩვენთვის იქნა გადმოცემული, და ჩვენც გავაგრძელეთ ტფილისის ყველა რაიონში მისი განაწილება. ამრიგად, შედგა პირველი კადრი, ეგრეთ წოდებული, მუშათა რევოლუციური შეიარაღებული მილიციისა. ვემყარებოდით რა ამ კადრს, გვყავდა რა უკვე 200 კარგად შეიარაღებული მუშა, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო დარწმუნებულად გვრძნობდით საკუთარ თავს, როგორც წარმომადგენლები შეიარაღებული დემოკრატიისა.
ჩვენ დავიწყეთ მოქმედება აღმასრულებელი კომიტეტის მეშვეობითა და ჩვენი ამიერკავკასიის რევოლუციური ცენტრის მეშვეობით. ამხანაგებო, ვიხსენებ მეტად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას; სახელდობრ: მუშათა დეპუტატების ტფილისის საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე დაადგინეს მოეწონებიათ მუშათა რევოლუციური მილიციის ორგანიზაციის გეგმა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისიის წარმომადგენლებად არჩეულ იქნენ შემდეგი პირები: ვლადიმერ ჯუღელი, ვლადიმერ ჯიბლაძე, ს. ფტაძე, ო. შენგელია, ნ. კახიანი, ალექსანდრე მაისურაძე, გახოკია, ალექსანდრე დგებუაძე, ზ. ტრაპაიძე, მოროზოვი, კორზიუკოვი. ამრიგად, ამხანაგებო, ამ სიაში 11 წევრიდან იყო 5 ბოლშევიკი და ერთი მემარცხენე ეს-ერი. როცა დგებოდა ასეთი სია, ჩვენ მას ვადგენდით სავსებით შეგნებულად! მე ვიცოდი, ამხანაგებო, რომ ბოლშევიკების წარმომადგენლები შეიარაღების არა მარტო თეორიული მომხრეები არიან, არამედ ამ იდეის პრაქტიკული გამტარებლებიც. მეორე მხრივ, ვიცოდი, რომ თუ მარტო ბოლშევიკები უხელმძღვანელებენ ამ საქმეს, მაშინ ისინი ადვილად შეიძლება ავანტიურიზმში გადაეშვნენ. ამიტომ ჩვენ, ამ კომისიაში მომუშავენი, ვცდილობდით ამ ორი ელემენტის შეხამებას, რომელთაც შეეძლოთ მოეხდინათ ერთმანეთის ნეიტრალიზება და ერთმანეთი კიდეც შეევსოთ – ერთის მხრივ, ზომიერი მენშევიკებისა, რომლებიც სიფრთხილითა და შიშითაც კი ეკიდებოდნენ შეიარაღებას, მეორე მხრივ კი – უკიდურესი ბოლშევიკებისა, რომელთაც შეეძლოთ ავანტიურიზმში გადაშვებულიყვნენ. როდესაც ამ ორი საწყისის შეხამება ხდებოდა და როცა ამ კომისიაში ჩვენი ამხანაგი მუშები ერთიანდებოდნენ, უნდა ვთქვა, რომ, ჩვენთან ყველაფერი წყნარად მიედინებოდა. სახელდობრ, სწორედ ის ბოლშევიკები, რომლებიც ჩვენს კომისიაში მუშაობდნენ, რომლებიც ბოლომდე ბოლშევიკებად რჩებოდნენ – კორზიუკოვი და ტრაპაიძე, ჩვენ ძალიან დიდ სამსახურს გვიწევდნენ, განსაკუთრებით კი ტრაპაიძე. თვით ბოლშევიკებთან ჩვენი ურთიერთობების ყველაზე უფრო მეტად გაწყვეტის მომენტშიც კი, როდესაც ბოლშევიკებმა ომი გამოგვიცხადეს, ეს ამხანაგები ცდილობდნენ მწვავე საკითხები შეერბილებიათ და კონფლიქტები ყველანაირად თავიდან აგვეცილებია...
როდესაც პრაქტიკულად გვიხდებოდა ამ მუშაობისათვის ცხოვრებაში ხორცი შეგვესხა, როცა გვიხდებოდა იარაღი ხელზე დაგვერიგებია, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულებით არ ამოვდიოდით ფრაქციული მოსაზრებებიდან, და ყველანაირად ვცდილობდით ყველაზე უფრო მოწინავე მუშები შეგვეიარაღებია, ყველაზე უფრო პატიოსანი მუშები, რომელთათვისაც შორს იყო და უცხო ყოველგვარი ავანტიურიზმი, კერძოდ, პირადად მე, თუმცა კი მთლიანად ბოლშევიკების მხარეზე ვიყავი, დიდი შიშით ვეკიდებოდი ბოლშევიკების შეიარაღებას, ვინაიდან უკვე მაშინ რაღაცნაირი შინაგანი გრძნობა მკარნახობდა, რომ თუ ჩვენ მუშა ბოლშევიკებს შევაიარაღებთ და ეს შეიარაღებული მუშა ბოლშევიკები უფრო ჭარბად იქნებიან მუშების შეიარაღებულ ძალაში, მაშინ ადვილად შეიძლება დავდგეთ ავანტიურიზმის გზაზე, მთელი ჩვენი რევოლუციის დაღუპვის გზაზე. და ბოლშევიკებთან ურთიერთობების გაწყვეტის მომენტში, როცა ჩვენ ჩვენი ძალების დაანგარიშება დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ 400–500 შეიარაღებული მუშიდან ბოლშევიკი იყო მხოლოდ 100, და იმიტომ, რომ ისინი ასე ცოტანი იყვნენ, მათ არ შეეძლოთ რაიმენაირი აქტიურობის გამოჩენა, მათ არ შეეძლოთ იმ ფერმენტის შექმნა, რომელიც ტფილისის ბოლშევიკურ გარნიზონს საბოლოოდ აამხედრებდა (აღაგზნებდა) და მას რევოლუციურ არენაზე გამოიყვანდა! ამრიგად, ეს კომისია, რომლის განკარგულებაშიც თავდაპირველად 200 მანეთი იქნა ასიგნებული და რომელსაც, მაინც არ მისცეს ავტომობილი, ეს კომისია თავისი შესაძლებლობის-და მიხედვით მუშაობდა, და მან შექმნა ის მუშათა გვარდია, რომელსაც ჩვენ თვალს ხვალ მივადევნებთ. ახლა, რა თქმა უნდა, ამ სახალხო გვარდიის ბიუჯეტი არა ასეულობით მანეთით, არამედ მრავალი ათეული მილიონით მოითვლება, და ამ კომისიის განკარგულებაში, ე. ი. სახალხო გვარდიის მთავარი შტაბისა, ავტომობილებიც საკმარისი რაოდენობითაა. მე ვადარებ, ამხანაგებო, პირველ ნაბიჯებს სახალხო გვარდიის ორგანიზაციის საქმეში, ვიხსენებ გასულ წელს, როცა აღმასრულებელმა კომიტეტმა ჩვენ 200 მანეთი გამოგვიყო, და მახსენდება, რომ საშინლად გახარებულები და ძალზედ ბედნიერები ვიყავით ამ მომენტში! შემდეგ ტფილისის საქალაქო მმართველობამ ჩვენს განკარგულებაში გამოყო 3000 მანეთი და ჩვენც ვფიქრობდით, რომ ჩვენს ორგანიზაციაზე უფრო ბედნიერსა და მდიდარ სხვა რევოლუციურ ორგანიზაციას ვერსად და ვერასოდეს ვერ იპოვნით! დაიწყო რა ამ ცოტადან, თავისი ძალების და მიხედვით, კომისიამ შეძლო შეექმნა ის გვარდია, რომელიც სულ თავიდანვე დემოკრატიის ინტერესებს იცავდა, აქ – ამიერკავკასიაში, და ანარქიის დაძლევაც შეიძლო.
მივიღეთ რა რკინიგზების საწყობებიდან დიდი რაოდენობით შეიარაღება, ჩვენ მაინც ვიცოდით, რომ ეს იარაღი ძალზედ არასაკმარისია. ამასთან ერთად, ეს იარაღი ძალიან მოძველდა, თანამედროვე ტექნიკის თვალსაზრისით. ამიტომ, ამხანაგებო, აღმასრულებელი კომიტეტის მეშვეობით ჩვენ მივმართეთ ჯარისკაცთა დეპუტატების სამხარეო კომიტეტს. და აქ ძალიან დიდი სამსახური აღმოგვიჩინა ამხ. ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა. იგი თანხმობით მოეკიდა ჩვენს სურვილს და მისი დახმარებით მივიღეთ განწესი 500 შაშხანასა და 15 000 ვაზნაზე. ჩვენ რუსული ნიმუშის 3-ხაზიანი შაშხანების მიღების იმედი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბ-ნმა გენერლებმა გენ. ლებედინსკის მეთაურობით, რომლებიც ჯერ კიდევ შტაბში ისხდნენ, ჩვენ შვეიცარიული ნიმუშის ძველი შაშხანები მოგვცეს. ჩვენ ისინი მადლიერებით მივიღეთ! როცა ამ შაშხანების მისაღებად გამოვცხადდით, საარტილერიო რაზმს, რომელიც უკვე ბოლშევიკურად იყო განწყობილი, არ უნდოდა ჩვენთვის ეს შაშხანები მოეცა. ხოლო როცა ჩვენ მათთან ტფილისის მთავარი სახელოსნოების მუშები მივიყვანეთ და როცა ტფილისელმა მუშებმა მათ უთხრეს, რომ მათ უნდა შეიარაღდნენ, მაშინ ეს რაზმიც დაგვთანხმდა რომ იარაღი მოეცა. მივიღეთ და გავინაწილეთ რა ეს 500 შაშხანა, ჩვენ საბოლოოდ დავდექით ფეხზე და უფრო გაბედულად დავიწყეთ ლაპარაკი ჩვენს მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც ცოტანი არ იყვნენ. რადგანაც სახალხო გვარდიაში შემოსვლის მსურველები უფრო მეტნი აღმოჩნდნენ და რადგანაც შეიარაღება მაინც არ გვყოფნიდა, და ბევრი მუშა „ვეტერლის“ ტიპის მოძველებული შაშხანების აღებაზეც უარს ამბობდა, ჩვენ მოგვიხდა 2000 შაშხანაზე ახალი განწესი დაგვეწერა. როცა ჩვენმა განწესმა ყველა ინსტანცია გაიარა, როცა მან მიიღო აღმასრულებელი კომიტეტის დამტკიცებაც, სამხარეო ცენტრისაც და შტაბისაც, და როცა ჩვენ ამ განწესით საარტილერიო კომისიაში მივედით, ჩვენ ეს შეიარაღება არ მოგვცეს. გვითხრეს, – ჯერ ერთი, თქვენ ყველა მუშას არ აიარაღებთ, არ გინდათ ბოლშევიკები შეაიარაღოთ, მეორე, თავიდან ტფილისის გარნიზონის არასამწყობრო რაზმები შეაიარაღეთ, ხოლო შემდეგ კი მუშებიო. სწორედ მაშინ დაიწყეს ბოლშევიკებმა განსაკუთრებით გულმოდგინედ ტფილისის გარნიზონში არასამწყობრო რაზმების შეიარაღების აუცილებლობაზე ქადაგება, რათა იგი საბოლოოდ თავის მხარეზე გადაეყვანათ. ყველა არასამწყობრო რაზმის აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოიტანა რეზოლუცია, რომ ისინი შეეიარაღებიათ. საავტომობილო რაზმებმა და სხვა დანარჩენმა არასამწყობრო რაზმებმაც გამოიტანეს რეზოლუციები შეიარაღების მოთხოვნით! როცა საარტილერიო რაზმმა მკვეთრად და გარკვევით გვითხრა უარი, ჩვენ ვუთხარით. „თუ თქვენ ბრძოლა გსურთ, თუ თქვენ ბრძლაში გვიწვევთ, მაშინ ჩვენ ამ გამოწვევაზე უარს არ ვამბობთ და, იცოდეთ, ჩვენ ძალით წავიღებთ ამ იარაღს“!...
ჩვენ იქიდან წამოვედით და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისიაში მოვედით. მაშინვე ყველა რაიონში შევატყობინეთ, რომ მათ დაუყოვნებლივ თავიანთი შეიარაღებული ძალები გამოეყვანათ და სასახლეში გამოეგზავნათ. როცა ყოველი მხრიდან მოვიდნენ ჩვენი ამხანაგი მუშები და როცა ჩვენ დავითვალეთ მთელი ძალები, რომლებიც არსენალის დასაკავებლად უნდა წასულიყვნენ, ეს ძალები, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა აღმოჩნა, – სულ 225 შეიარაღებული ადამიანი იყო, იმ დროს, როცა ტფილისის გარნიზონი 20 000 ადამიანს აღემატებოდა, და თითქმის ყველა ეს 20 000 ადამიანი, ბოლშევიკების მხარეზე იდგა! მაგრამ რადგანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვქონდა, ვინაიდან ჩვენ რომც აღარ წავსულიყავით არსენალზე, ბოლშევიკები ჩვენზე წამოვიდოდნენ და ხელში ჩაგვიგდებდნენ, საჭირო იყო აგვეღო არსენალი, ან დავღუპულიყავით! როცა ყველა მხრიდან სამი მცირე რაზმი არსენალისკენ გაემართა, ჩვენ მაშინვე გავიგეთ, რომ ინიციატივა ჩვენს ხელშია, და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და უნდა გავიმარჯვოთ! ბოლშევიკები კონტ-რევ. მენშევიკებისგან, რა თქმა უნდა, ასეთ გადამწყვეტ ნაბიჯს სრულებით არ ელოდნენ! ისინი დაიბნენ და არ შეეძლოთ ერთბაშად მთელი თავიანთი ძალების მობილიზაცია მოეხდინათ და მაშინვე შეტევაზე გადმოსულიყვნენ. ჩვენ ღამით არსენალს ყველა მხრიდან ალყა შემოვარტყით. მაშინ მთელი ტფილისის გარნიზონიდან ჩვენ როგორღაც მოვახერხეთ მოგვეგროვებინა 30 ჯარისკაცი 218-ე პოლკიდან, რამდენიმე ასეული ადამიანი 1-ლი ქართული პოლკიდან და ჩვენთან იყვნენ იუნკერთა მეორე სკოლის იუნკრებიც: – დაახლოებით 500-ზე მეტი ადამიანი არ ვყოფილვართ. მაგრამ ნაშუაღამევს 218-ე პოლკის ეს 30 ჯარისკაცი ჩვენგან წავიდა, პირველი ქართული პოლკის ჯარისკაცებიც აგრეთვე გამთენიისას წავიდნენ, ზუსტად ასევე მოიქცნენ იუნკრებიც! და მხოლოდ ტფილისელი მუშებიღა დარჩნენ, რომლებიც სულ ახლახანს შევკრიბეთ და რომლებსაც სამხედრო ფორმის ტანსაცმელი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ! მახსოვს, თუ როგორ იდგნენ ეს ტფილისელი მუშები ცივ ღამეში თავიანთ პოსტებზე. ისინი სიცივისგან საშინლად კანკალებდნენ და გახევებულიც იყვნენ, მაგრამ არც ერთ მათგანს თავისი პოსტი არ მიუტოვებია. ჩვენ მთელ ღამეს ასე ვიდექით, და როცა ირიჟრაჟა, გავიგეთ, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეზეა. ჩვენ ვიცოდით, რომ ბოლშევიკები ვერ გარისკავენ ჩვენზე წამოსვლას, ვინაიდან მათ გაიცნობიერეს, რომ საქმე აქვთ არა მარტო იმ შეიარაღებულ ძალასთან, რომელმაც არსენალი დაიკავა, არამედ იმ მუშებთანაც, რომლებიც ამ შეიარაღებული მუშების ზურგს უკან იდგნენ, და ამით ჩვენ მორალურად გავტეხეთ ბოლშევიკები! და როცა ჩვენ მორალურად გავტეხეთ ბოლშევიკები, რა თქმა უნდა, ჩვენს ფიზიკურ ზეიმშიც არანაირი ეჭვი აღარ შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ ბოლშევიკების ერთ ჯგუფს მაინც არ უნდოდა ჩვენთვის ასე იოლად დაეთმო და ეს ჯგუფი ერთი ახალგარდა მწყობრსგარეშე ჯარისკაცი მეთაურობით, ერთ სატვირთო ავტომობილზე, რომლებმაც თან სამი ტყვიამფრქვევიც წამოიღეს, არსენალისკენ ჩვენს წინააღმდეგ გამოემართა. ეს იყო ღამით. აქ ეს სატვირთო ავტომობილი, სადაც სარძოლველად სრულებით მზადმყოფი სამი ტყვიამფრქვევიც იმყოფებოდა, რომლებიც შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში აემოქმედებიათ, ჩვენი მუშა-ამხანაგების მიერ იქნა გარშემორტყმული, იმ რევოლუციონერ ინტელიგენტებთან ერთობლივად, რომლებიც მთელ ამ დროს ჩვენთან იყვნენ, კერძოდ ამხ. ლომთათიძესთან ერთად. ეს 3 ტყვიამფრქვევი ჩვენ ჩავიგდეთ ხელში! ეს ის პირველი ტყვიმფრქვევები გახლდათ, რომლებიც სახალხო გვარდიის ხელში ჩავარდა, და ეს ტყვიამფრქვევები ჩვენ ბოლშევიკებისგან გვერგო!...
როცა ეს ტყვიამფრქვევები ჩვენს მიერ იქნა აღებული და როცა ამ ტყვიამფრქვევებთან ერთად ხელში ნიკოლოზ კუზნეცოვი და კოტე ცინცაძე ჩაგვივარდნენ, მაშინ ბოლშევიკები საბოლოოდ იქნენ დემორალიზებულნი და ჩვენთან დელეგაციების გამოგზავნა დაიწყეს და შერიგებას ითხოვდნენ (კოტე ცინცაძე საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოს ჩეკას უფროსად იყო დანიშნული, და ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან მებრძოლი ქართველი სოციალ-დემოკრატებიც ჩეკას ციხეს „ოტელ-კოტეს“ უწოდებდნენ /დავით ქარცივაძის მოგონებიდან „მეტეხი – ოტელ-კოტე“/; შემდეგ ამ პოსტზე ცნობილი ლავრენტი ბერია იქნა დანიშნული – ი. ხ.). როცა, ბოლოს და ბოლოს, შედგა შერიგება, ეს იყო ჩვენი გამარჯვების, ჩვენი ზეიმის ნიადაგზე. ამის შემდეგ არსენალი ფაქტიურად ჩვენს ხელში გადმოვიდა. 218-ე პოლკმა სწრაფად დაიწყო ლიკვიდაცია და მაშინ გამოჩნდა ჯარისკაცების საშინელი ლტოლვა სახლებისკენ, და ტფილისის გარნიზონმაც სწრაფად იწყო დნობა. ყველა ამ მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტფილისში არც ერთი მსხვილი ბოლშევიკური ნაწილი აღარ დარჩენილა.
ცნობა არსენალის აღების შესახებ, სადაც თითქმის არ ყოფილა ბრძოლა, სადაც მხოლოდ ერთი ჯარისკაცი იქნა მოკლული, ეს ცნობა სწრაფად გავრცელდა ფრონტზე და იქ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არსენალის აღებამ დაიცვა ტფილისი ბოლშევიკური ბანდებისგან, დეზორგანიზებული ჯარისკაცებისგან, რომლებიც სახლებში მიდიოდნენ და ჰქონდათ სურვილი ტფილისში შემოეხვიათ, რათა მასში ხელი მოეთბოთ. ტფილისის პროლეტარიატის შეიარაღებული გამოსვლის შემდეგ, მათ უკვე აღარ ჰქონდათ არანაირი სურვილი იმისა, რომ თბილისში შემოეხვიათ, ვინაიდან იცოდნენ, რომ მუშათა პროლეტარიატის შეიარაღებული წინააღმდეგობა დახვდებათ. არსენალის აღებამ საბოლოოდ დაიცვა ტფილისი ძარცვა-რბევისაგან. და ამის შემდეგ ჩვენ 2000 შაშხანაც მივიღეთ! ამ ხანებში მოხდა 218 პოლკის ლიკვიდაცია და ჩვენს განკარგულებაში კიდევ 6000 შაშხანა შემოვიდა, და, ასეთნაირად, შეიარაღების აზრით ჩვენ სრულებით ვიყავით უზრუნველყოფილი.
მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შაშხანები სრულიად არ არის საკმარისი თანამედროვე ომში, თუნდაც სამოქალაქოში. ჩვენ გვჭირდებოდა ზარბაზნები, ტყვიამფრქვევები, ვინაიდან საფრთხე თანდათანობით იზრდებოდა.
მე მახსოვს, ამხანაგებო, როცა პირველად აღმასრულებელი კომიტეტის ბიუროში ჩვენმა რამდენიმე ამხანაგმა ჩვენი საკუთარი ქვემეხების, ჩვენი საკუთარი არტილერიის შეძენაზე საკითხი ძალზედ გაუბედავად დააყენა, ამხ. ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია არცთუ ხუმრობით იყო გაკვირვებული და მან, ღიმილით, გვკითხა: „რად გინდათ თქვენ ზარბაზნები, რას გააკეთებთ ზარბაზნებით?“ და ახლა ნ. ნ. ჟორდანიამ, ვფიქრობ, იცის, თუ რად გვინდოდა ჩვენ ეს ზარბაზნები, როგორ ვექცეოდით ამ ზარბაზნებს და რას ვიცავდით ჩვენ ამ ზარბაზნებით (ტაში).
ასეთი იყო, ამხანაგებო, ჩვენი მდგომარეობა. თავად ჩვენ არ ვენდობოდით ჩვენს საკუთარ ძალებს, თავად ჩვენ არ ვიცოდით, რომ მუშების შეიარაღება, რევოლუციური დემოკრატიის შეიარაღება მტკიცე და ფართო ნიადაგზე შეიძლება იქნას დაყენებული. მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როცა ჩვენ ჯარისკაცული რუსული ბოლშევიზმის ლიკვიდაცია მოვახდინეთ, ბოლშევიზმმა ჩვენს ჯარისკაცებს შორის ჰპოვა გავრცელება, და ჩვენს სახალხო გვარდიას, ჩვენს შეიარაღებულ მუშათა მილიციას, მთელი ძალისხმევის მიმართვა უხდებოდა იმაზე, რათა ეს ბოლშევიკური ბანდები განეიარაღებია. დაწყებული გორის ქვეითი პოლკიდან, როცა ჩვენ გახულიგნებული გორის ქვეითი პოლკი განვაიარაღეთ, სულ უკანასკნელ დრომდე, ჩვენს მუშათა მილიციას, ჩვენს წითელ და სახალხო გვარდიას, თითქმის არც ერთხელ არ მოუწია რომ თავისი ხელიდან იარაღი განზე დაედო!
აქ მე იმ ლაშქრობებს ჩამოგითვლით, რომლებშიც ტფილისელ შეიარაღებულ მუშებს მოუწიათ მიეღოთ მონაწილეობა.
უწინარეს ყოვლისა, ამხანაგებო, ჩვენი პატარა რაზმით გორში გავემართეთ და იქ, როგორც უკვე ვთქვი, გახულიგნებული ქართული პოლკი განვაიარაღეთ. შემდეგ ქუთაისში განვაიარაღეთ ორი პოლკი, დუშეთში ცხენოსანი პოლკი იქნა განიარაღებული, რომელიც ხულიგნობის გზას დაადგა, თელავში – მე-8 პოლკი, სადახლოში მთელი დიდი ბრძოლა გვქონდა თათრების ბანდებთან და, როცა ბრძოლის მომენტში ამ თათრული ბანდების წინააღმდეგ – ომით ახალი სომხური ბანდები წამოვიდნენ, რომლებიც თავიანთ გზაზე ყველაფერს წვავდნენ, ჩვენ მოგვიხდა ორ ბანდას შორის ჩავმდგარიყავით და სომხებისა და თათრებისთვის გაგვეცხადებია: „თუ ახლავე არ შერიგდებით, თუ ურთიერთ შორის ამ საშინელ, საზიზღარ ბრძოლას არ შეწყვეტთ, მაშინ ჩვენ იარაღს მივმართავთ როგორც ერთი მხარის წინააღმდეგ, ისე მეორისაც“. ამრიგად, ბრძოლა და ურთიერთჟლეტა შეიარაღებული ტფილისელი მუშების დახმარებით იქნა შეწყვეტილი.
შემდეგ გვარდია ცხინვალში იქნა გაგზავნილი. თქვენ, ალბათ, გახსოვთ ეს სამწუხარო (мрачные) ცხინვალის მოვლენები, სადაც მოკლულ იქნენ ჩვენი ძვირფასი ამხანაგები სანდრო კეცხოველი და გიორგი მაჩაბელი. ცხინვალში დაახლოებით ორ კვირას გვიხდებოდა ბრძოლის გადატანა ბანდებთან, რომლებიც ბოლშევიკების მიერ იყვნენ პროვოცირებული. ამ ბრძოლაში ჩვენ რამდენიმე საუკეთესო ამხანაგი დავკარგეთ.
ცხინვალის შემდეგ მოგვიხდა გამგზავრება ყველაზე უფრო მძიმე და, შესაძლოა, ყველაზე უფრო სამარცხვინო ფრონტზეც. მხედველობაში მაქვს ბათუმის ფრონტი. როცა ჩვენ ცხინვალში ვიყავით და დაჩქარებით ვახდენდით ცხინვალის მოვლენების ლიკვიდაციას, მაშინ ტფილისიდან მოგვივიდა ტელეგრამა – საჩქარო წესით წავსულიყავით ბათუმში! მაგრამ ჩვენ შორს ვიყავთ რკინიგზისგან, და არც შეიძლებოდა ისე სწრაფად მოგვეხდინა მობილიზება, რომ ბათუმში დროულად ჩაგვესწრო. ჩვენი ნაწილები სამტრედიამდეც არ იყვნენ ჩასული, როცა შევიტყეთ, რომ ბათუმი უკვე დაეცა! ამ მომენტს დაემთხვა ბოლშევიკების აჯანყება სამეგრელოში და ჩვენც მოგვიხდა საჩქაროდ იქით წავსულიყავით. ბოლშევიკები უბედურ გლეხებს უმტკიცებდნენ, რომ, საკუთრივ რომ ვთქვათ, არანაირი ომი არ არის, რომ თურქებს ბათუმი არ აუღიათ, რომ მენშევიკებს უნდათ გლეხები ბათუმში შეიტყუონ, რათა იქ ისინი განაიარაღონ. როცა მათ გაიგეს, რომ სამეგრელოში გლეხების შეიარაღებული ჯგუფი შეიკრიბა 500 ადამიანის რაოდენობით, რომელიც ბათუმის დასაცავად მიემართება, იქ გაგზავნილ იქნენ ბოროტმოქმედი (преступные) აგიტატორები, შალვა ასკურავასა და საშა გეგეჭკორის მსგავსი. ისინი ეუბნეოდნენ გლეხებს: „წადით თქვენს ახლებში, გამართეთ თქვენი ფრონტი არა თურქების წინააღმდეგ, ვინაიდან ასეთები არც არიან, არამედ განაწყვეთ თქვენი ფრონტი მენშევიკების წინააღმდეგ“. ამ აგიტაციის შედეგად თურქეთის ფრონტის ნაცვლად ჩვენ საჩქაროდ სამეგრელოში გავემართეთ. იმის წყალობით, რომ წითელი გვარდია გამარჯვებას არა მარტო თავისი შეიარაღებით აღწევდა, არამედ თავისი მორალური გავლენითაც, ჩვენ სწრაფად მოვახერხეთ სამეგრელოს ანარქიის ლიკვიდაცია. შემდეგ ბათუმის ფრონტზე გავემგზავრეთ და მდინარე ნატანების გასწვრივ განვლაგდით. მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როცა ბრძოლა ჩაღდებოდა, მივიღეთ შეტყობინება დაზავების თაობაზე.
ამ დროს ახალმა დანაშაულებრივმა პროვოკაციამ ჰპოვა გავრცელება სოხუმის ოკრუგში. სწორედ ის ბოლშევიკები, რომლებსაც თურქებთან ბრძოლა არ უნდოდათ, შეიარაღდნენ და შეკრიბეს ჯარისკაცები იმისთვის, რათა სოხუმი დაეპყროთ. მათ აიღეს სოხუმი და თავიანთი მეწინავე პოსტი მდინარე კოდორზე დააყენეს, რათა მდინარე გადმოელახათ და პროვოკაციის დანაშაულებრივი ტალღა მთელს აფხაზეთსა და სამურზაყანოში გაევრცელებიათ და შემდეგ დარტყმა რევოლუციის გულში – თავად ტფილისში მოეყენებიათ. ჩვენ მოგვიხდა მოვხსნილიყავით ბათუმის ფრონტიდან და სოხუმის ლაშქრობაში წავსულიყავით. თქვენ იცით, რომ სოხუმის ლაშქრობა ჩვენმა გვარდიამ ბრწყინვალედ ჩაატარა. მაგრამ ვერ მოვასწარით სოხუმელი ბოლშევიკების საბოლოოდ ლიკვიდირება, ვინაიდან ჩვენ გამოგვიძახეს ტფილისში, რომელსაც დიდი საფრთხე ემუქრებოდა – თურქები ტფილისს 60 ვერსზე მოუახლოვდნენ! როგორც კი ჩვენ ტფილისში ჩამოვედით, მაშინვე დავიკავეთ პოზიცია მის გარშემო. ამხ. ახმეტელოვს, რომელიც მაშინ ტფილისის თავდაცვის უფროსი გახლდათ, შეუძლია დაგიდასტუროთ, რომ ტფილისის თავდაცვის მთელი სიმძიმე ტფილისელ მუშებსა და იმ შეიარაღებულ გლეხებს დააწვათ, რომლებიც სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა პროვინციიდან გამოიძახა. სწორედ იმ მომენტში, როცა ჩვენ ტფილისის გარშემო განვლაგდით და ჩვენს პოზიციებს ვამაგრებდით, თურქებმა თათრებთან ერთად შემოტევა დაგვიწყეს და სადგურ სანაინამდე მოვიდნენ. სწორედ ამ დროს ჩვენ ერთობლივი ბრძოლის წარმოება მოგვიხდა გერმანელებთან, რომლის შესახებაც ამბობდა აქ ამხ. ბაუერი გერმანელი ჯარისკაცების სახელით.
მე მახსოვს ეს დღეები, ვინაიდან მაშინ ამ ექსპედიციაში ვიყავი. ჩვენი მდგომარეობა მაშინ მძიმე იყო, ვინაიდან სულ ერთი მუჭა ვიყავით. სახალხო გვარდიის დაახლოებით 500 ადამიანი იყო თავიანთი არტილერიითა და დაახლოებით 300 ჯარისკაცი. ჩვენი ძალები უმნიშვნელო გახლდათ, იმ დროს როცა ჩვენს გარშემო მყოფ თათართა ბანდები ათასებს მოითვლიდნენ. ამბობდნენ, რომ ბანდებთან ერთად რეგულარული თურქული ნაწილებიცააო. ჩვენ მდ. ხრამს მივადექით, რომლის იქითაც თათრები და თურქები განლაგდნენ. დავაპირეთ შეტევაზე გადავსულიყავით, თუმცა ვიცოდით, რომ ეს მეტად სარისკო და საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომ ჩვენი შეტევა, მთელი ჩვენი რევოლუციური ენთუზიაზმის მიუხედავად, შეიძლება, ჩვენი ძალების სისუსტის გამო, ადვილად იქნას დამარცხებული. და აი მაშინ გამოჩნდნენ გერმანული ეშელონები. დავინახეთ რა ისინი, რაღაცნაირ იმედთან ერთად, ჩვენ უდიდესი მწუხარებაც ვიგრძენით, – მაშინ არ გვინდოდა გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად გვებრძოლა, მაშინ ჩვენ გერმანელებს, როგორც არამეგობრებს, ისე ვეკიდებოდით. მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ ვიცოდით, რომ ამ გერმანელი ჯარისკაცების გარეშე ძალიან მძიმედ იქნებოდა ჩვენი საქმე, და როცა გამომუშავებული გეგმის მიხედვით გერმანელ ჯარისკაცებს მდ. ხრამზე არსებული ხიდის გავლით მოუხდათ შტევა ჩვენს რეგულარულ ნაწილებთან ერთად, და როცა სახალხო გვარდიას დამოუკიდელად მარჯვენა ფლანგზე უნდა შეეტია, ჩვენ შემსუბუქებით ამოვისუნთქეთ იმის შეგნებისაგან, რომ დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ და არ ვიქნებით გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად!
რა თქმა უნდა, ეს იყო მაშინ, ამხანაგებო! ახლა, როცა გერმანიაში მოხდა რევოლუცია, როცა იშვა ახალი გერმანია, ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ. მაგრამ მაშინ იყო ვილჰელმის გერმანია, მილიტარისტული, საშიში გერმანია, და მაშინ ჩვენს სახალხო გვარდიას არ უნდოდა ბრძოლა გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად!
მდ. ხრამზე ჩვენი ყველაზე უფრო ფასეული, ძვირფასი ამხანაგი დავკარგეთ, ვალიკო შარაშიძე, რომელიც ჩვენი არტილერიის სიამაყე გახლდათ. მისი დაკარგვა უდიდეს დარტყმად იქცა ჩვენი საქმისათვის, უმთავრესად, ჩვენი არტილერისათვის.
ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოგვესწრო ბორჩალოს ექსპედიციის საბოლოოდ ლიკვიდაცია, როდესაც ბოლშევიკებმა დაიწყეს ჩვენზე შემოტევა დუშეთის მხრიდან. დუშეთის აჯანყებულებმა დაიკავეს დუშეთის მაზრა, დაამარცხეს ჩვენი რეგულარული რაზმები ნატახტართან და მოადგნენ მცხეთას. მდგომარეობა მუქარის შემცველი გახლდათ. მე არ ვიცი, სჯეროდა თუ არა ბევრს მაშინ, რომ ჩვენ ღირსეულად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. მაშინ ხშირად ვფიქრობდი: – ტყუილად შევიყვანეთ ჩვენი ცხოვრების ამ უძნელეს მომენტში მთავრობაში ნ. ნ. ჟორდანია – ჩვენი მთავრობის მეთაურის სახით. მაგრამ, შესაძლოა, სწორედ იმის წყალობით, რომ ამ მთავრობის სათავეში იყო ბელადი, რომელსაც ჩვენ ყველანი ბოლომდე ვენდობოდით, ჩვენი რიგები მჭიდროდ შეიკრა, და თქვენ იცით, ამხანაგებო, რომ ამ ბრძოლამ დადებითი შედეგები მოგვცა. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში სრულებით მოვახდინეთ დუშეთის მოვლენების ლიკვიდაცია. მიუხედავად იმისა, რომ დუშელმა აჯანყებულბმა მიიღეს გაძლიერება ვლადიკავკაზის მხრიდან შეიარაღებითაც, ჯარისკაცებითაც, არტილერიითაც და ტყვიამფრქვევებითაც, – ჩვენ მოვახერხეთ საბოლოოდ სასტიკად დაგვემარცხებია ისინი. მე ვფიქრობ, – ეს ყველაზე უფრო სახელოვანი, ყველაზე უფრო ბრწყინვალე გვერდია ჩვენი სახალხო გვარდიის ისტორიისა.
მაგრამ მე ვამბობ, დაე ნურავინ, და პირველ რიგში, ჩვენი სახალხო გვარდია, ნუ ფიქრობს, რომ ის, როგორც შეიარაღებული ძალა, დაუმარცხებელია. ჩვენ ვამარცხებდით არა მარტო იმის წყალობით, რომ ძლიერი ვიყავით იარაღით, არამედ უმთავრესად, იმის წყალობით, რომ მორალურად ჩვენს საქმეს ვთვლიდით სამართლიანად! (მქუხარე ტაში). როცა ჩვენ ბოლშევიკების მიერ პროვოცირებულ გლეხებთან მივდიოდით, როცა უბრალო მუშები მათ თავიანთ დაკოჟრილ ხელებს უჩვენებდნენ და როცა თავიანთ მუშაკაცის სულს გადაუხსნიდნენ, გლეხები მაშინვე იწყებდნენ თავიანთი მეგობრებისა და მტრების შეცნობას. დუშეთის მაზრაში, ზოგიერთ წვრილ და უბადრუკ აზნაურს, რომლებმაც დაინახეს, რომ სახალხო გვარდიამ წესრიგი აღადგინა, უნდოდა ესარგებლა მდგომარეობით და მათ უთხრეს გლეხებს: „აი მოვიდა თავადაზნაურობის გვარდია, თქვენ უნდა აღასრულოთ ბეგარის ვალდებულებანი, უნდა გადაგვიხადოთ ღალა“. და საწყალმა გლეხებმაც, რომლებსაც ყველაფერი არ ესმოდათ, დაიწყეს გადახდა: მაგრამ როცა ამის შესახებ შეიტყო სახალხო გვარდიამ, მაშინ იგი გაემართა გლეხებისა და აზნაურებისკენ და აიძულა აზნაურები გლეხებისგან ყოველივე ჩამორთმეული დაუყოვნებლივ მათთვისვე დაებრუნებიათ. და მაშინ გლეხებმა გაიგეს, რომ გვარდია აზნაურების მიერ დაქირავებული არ გახლავთ. როცა ჩვენ მივედით ახალგორში, ანარქიისა და ბოლშევიზმის ამ ცენტრში, ჩვენ პირველ რიგში დავუძახეთ ვაჭრებს, მოვახდინეთ საწყობების დათვალიერება და როცა ვნახეთ, რომ არის მარილის მარაგები, იმ დროს როცა გლეხებს ისინი არ გააჩნიათ, და როცა გავიგეთ, რომ ვაჭრებს აქვთ გარკვეულად ჭარბი საქონელი, ჩვენ მოვახდინეთ ამ საქონლის კონფისკაცია და ის გლეხთა დემოკრატიულ კოოპერატივს გადავეცით. ეს, შეიძლება, ყველაზე უფრო ძლიერი, ყველაზე უფრო გადამწყვეტი დარტყმაა ბოლშევიზმისათვის! ჩვენ ბოლშევიკები დავამარცხეთ არა მარტო როგორც შეიარაღებულმა ძალამ, არამედ, უმთავრესად, როგორც მორალურმა ძალამ! თუ სახალხო გვარდია დაკარგავს ამ მორალურ ძალას, თუ სახალხო გვარდია მხოლოდ შეიარაღებულ ნაწილად გადაიქცევა, რა თქმა უნდა, სწორედ ამ მომენტში, სახალხო გვარდია საკუთარ თავს დაასამარებს.
დუშეთის ექსპედიციის შემდეგ მოგვიხდა სოჭის ფრონტზე გამგზავრება. სოჭის ფრონტი ჩვენთვის ყველაზე უფრო სასიამოვნო იყო, ვინაიდან უნდა ვთქვა – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის პატიოსნად და გადაჭრით ვებრძოდით ბოლშევიკებს და ვამარცხებდით მათ, თითოეული ჩვენგანი – ხელმძღვანელებისგანაც, და უბრალო გვარდიელებისგანაც – ყოველთვის გრძნობდა თავის სულში რაღაცნაირ უთანხმოებას. როცა ჩვენ იარაღით ხელში მივდიოდით ბოლშევიკების წინააღმდეგ, რომელთა რიგებშიც ჩვენი ყოფილი საუკეთესო, გულითადი ამხანაგები იყვნენ, რომელთა რიგებშიც გარკვეული მოწინავე ტფილისელი მუშები იბრძოდნენ, რა თქმა უნდა, თითოეული გვარდიელისათვის ეს მძიმე გახლდათ და ისინი საკუთარ თავში ჰკლავდნენ დიდი ტკივილსა და დიდ მწუხარებას, მაგრამ მაინც მიდიოდნენ საბრძოლველად, ვინაიდან იცოდნენ, რომ ამით სახალხო საქმე და რევოლუციის საქმე გადარჩება...
ამხანაგებო! როცა ჩვენ გავემართეთ სოჭის ფრონტზე, ალექსეევის წინააღმდეგ, როცა ჩვენი სანგრების საპირისპიროდ ხდებოდა ალექსეევის მოხალისეთა სანგრების მოწყობა, იქ, რა თქმა უნდა, უთანხმოებასა და მწუხარებას სრულიად აღარ ჰქონდა ადგილი! ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენს წინაშე გვყვანან სრულიად არშენიღბული კონტრ-რევოლუციონერები, რომელთაც უნდათ ძირფესვიანად მოთხარონ რევოლუცია, და ამიტომ თითოეული სახალხოგვარდიელი იქ თავს გაცილებით უკეთესად, გაცილებით უფრო მხნედ გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იქ მთელი სამი თვე ვიდექით, სახალხო გვარდია იმ ფრონტზე არ იწყენდა, ვინაიდან იცოდა, რომ თავის წინ ჰყავს უბოროტესი მოწინააღმდეგე. ძალზედ ხშირად სახალხოგვარდიელები თავად მოგვმართავდნენ ჩვენ და გვეუბნებოდნენ: „რატომ უნდა ვიდგეთ ასე დიდხანს მტრის პირისპირ, უკეთესია შეტევაზე გადავიდეთ და კონტრ-რევოლუციონერებს ვებრძოლოთ“.
ამხანაგებო, მე აქ სრულებით არ მომიხსენებია ნაწილობრივი ლაშქრობების შესახებ, იმ ლაშქრობებისა, რომლებიც თავიანთ მხრებზე ტფილისის სახალხო გვარდიამ და აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო რაზმმა გადაიტანეს, რომლებიც გენ. მაზნიევის რაზმში იმყოფებოდნენ შავი ზღვის სანაპიროზე, და იმ ექსპედიციების შესახებაც, რომლებსაც პროვინციული სახალხო გვარდია აწარმოებდა, ვინაიდან ეს ექსპედიციები ძალიან ბევრი იყო და მათი ჩამოთვლა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნებოდა. მე მხოლოდ ძირითადი ლაშქრობები ჩამოვთვალე.
ამხანაგებო! თქვენ იცით, რომ სახალხო გვარდიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს. ახალი წყობილების ყველა მტერსა და ძველი რეჟიმის მომხრეებს, რა თქმა უნდა, სურდათ მოეძებნათ ის გზები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა სახალხო გვარდიის დისკრედიტირება! უწინარეს ყოვლისა, მათ ხმა გაავრცელეს, რომ სახალხო გვარდია თავადაზრაურებისა და მდიდართა მიერაა დაქირავებული. მაგრამ პრაქტიკით, თავისი სისხლით, თავისი ვალის აღსრულებით, თავისი წითელი დროშით სახალხო გვარდიამ ეს დანაშაულებრივი პროვოკაცია დაამსხვრია. შემდეგ დაიწყეს იმის მტკიცება, რომ წითელი გვარდია ჯარისკაცების მტერი გახლავთ. აქ ისევ და ისევ თავისი მუშაობითა და თავისი სისხლით სახალხო გვარდიამ ჯარისკაცების მეგობრობა და ნდობა მოიპოვა, და ახლა შეიძლება გაბედულად ვამტკიცოთ, ამხანაგებო, დროულად რომ არ შეგვექმნა სახალხო გვარდია, მაშინ ჩვენ სრულებით არ გვეყოლებოდა ჩვენი რეგულარული ჯარისკაცებიც.
ამხანაგებო, ჩვენ მუდმივი არმიის მტრები ვართ მხოლოდ განსაზღვრულ დროსა და მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა შეიძლება გადარჩენილ იქნას არა მარტო სახალხო გვარდიით, არამედ რეგულარული არმიითაც, და ეს არმია უნდა იყოს დემოკრატიული. რამდენადაც შენდება დემოკრატიული არმია, რომლის სათავეშიც იმყოფება საიმედო დემოკრატიული მეთაურთა შემადგენლობა, იმდენად ჩვენი სახალხო გვარდია მთელი ძალებით შეუწყობს ხელს ამ დემოკრატიული არმიის მშენებლობასა და ზრდას.
აქედან გამომდინარე, ამხანაგებო, ცილს გვწამებენ და დანაშაულებრივად გვწამებენ ცილს ისინი, რომელთაც უნდა დათესონ მტრობა სახალხო გვარდიასა და რეგულარულ დემოკრატიულ არმის შორის. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მიზანი ერთია – არმიაცა და გვარდიაც ერთსა და იმავე დემოკრატიულ რესპუბლიკას ემსახურებიან! იმ დრომდე, სანამ ცოცხლობს გვარდია, სანამ იგი თავისი ხელიდან არ გაუშვებს იარაღს, ის რეგულარულ არმიასთან ერთად დაიცავს დემოკრატიისა და ინტერნაციონალიზმის დიად პრინციპებს!
და სწორედ ინტერნაციონალიზმშია ჩვენი ყველაზე უფრო დიდი (მსხვილი) ძალა, მორალური ძალა. პირადად მეც, და ყველა ამხანაგიც, რომლებიც ჩვენს გვარდიაში ვმუშაობდით, უდიდესი სიყვარულით ვეკიდებოდით ინტერნაციონალიზმს! და ყველა ჩვენს ლაშქრობაში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ არა მარტო ქართველი გვარდიელები, არამედ ქართველებთან ერთად – სომხები, თათრები, რუსები, რომლებიც ერთნაირი თავგანწირვით ებრძოდნენ რევოლუციის მტრებს! იყო ასეთი შემთხვევები: როცა ბრძოლა თათრების წინააღმდეგ გვიხდებოდა, მაშინ ჩვენს მეწინავე რიგებში თათრების წინააღმდეგ ჩვენი თათარი სახალხო გვარდიელები იბრძოდნენ. როცა გვიხდებოდა გვებრძოლა რომელიმე ეროვნული ელემენტის წინააღმდეგ, მაშინ იმავე ეროვნების ელემენტები ჩვენს გვარდიაში, ყოყმანის გარეშე ღებულობდნენ ბრძოლაში მონაწილეობას. ამრიგად, ჩვენ არ ვიცოდით ჩვენს გარემოში არც ელინი, არც იუდეველი. ჩვენ გვქონდა ერთი გამაერთიანებელი იდეა, ადამიანური იდეა, ერთი მუშათა დემოკრატიული, ყოვლადადამიანური მიზანი! და ამ მიზნის გარშემო, ეროვნებათა გარჩევის გარეშე, ინტერნაციონალიზმის ნიადაგზე, ჩვენ ყველანი ვერთიანდებოდით! ეს ბრწყინვალე შედეგებს გვაძლევდა.
მე მჯერა, რომ შემდგომში ინტერნაციონალიზმი ჩვენს რიგებში არა მარტო არ შესუსტდება, არამედ იგი იქნება ის საფუძველი, რომელზედაც გაიზრდება ჩვენი დემოკრატიული რევოლუციური გვარდია. (მქუხარე ტაში).
წინასიტყვაობის ნაცვლად
20 დეკემბერი 1908 წ. პეტერბურგი.
...ადამიანებს თრგუნავს და ტანჯავს რეალობის გარემომცველი ვითარება. მოსაწყენად რუხი უვარგისობა (недотыкомка) მუდმივად ცქმუტავს და წკმუტუნებს ჩვენს თვალწინ. მოვლენების გადაბმა, საგნები გადაბმა, ადამიანთა გადაბმა – ყოველივე ეს უცნობლობის (უცოდინრობის) წყვდიადითაა გარემოცული, ყოველივე ეს მტრულად უყურებს ადამიანს. არსებული სამყარო, რეალური სამყარო მთლიანად დიდი საიდუმლოთი, სასწაულითაა განსულიერებული. და ძალიან ხშირად ცხოვრების ეს საიდუმლო ისე ულამაზოა, იგი ისე ტანჯავს „მეფეთა მეფეს“, ისე თამაშობს მისით და დასცინის, რომ ადამიანს უხდება ზურგი შეაქციოს რეალობას და ახალი ცხოვრება ეძიოს. და დაბნეული ადამიანი იჩქარის ცხოვრების ამოუხსნელი საიდუმლო, მისი სასწაული შეცვალოს – წარმოსახვის საიდუმლოთი, ოცნების სასწაულით. ახალი სასწაულის, ახალი, მიღმიერი ცხოვრების ეს ძიება განსაკუთრებით მკვეთრად და მწვავედ საზოგადებრივი გულჩაწყვეტილობის მომენტებში, საზოგადოებრივ-ეკონომიკური კრიზისებისა და ჭკნობის მძიმე მომენტებში ვლინდება. როცა რეალური ცხოვრების სოციალურ-პოლიტიკური ჰორიზონტი ტყვიისფერი ღრუბლების შუქშეუღწეველი საბურველით იფარება, როცა ყველაფერი ჭაბუკური, კაშკაშა და ცოცხალი ან დაუნდობლად ითელება, ან კიდევ შემზარავ უძრაობასა და გაშტერებაში რჩება, ერთი სიტყვით – როცა როცა სინამდვილე უკვე ნათელი და მაცდუნებელი ღიმილით აღარ იღიმება, – იმედგაცრუებულ ადამიანს უხდება ჰქმნიდეს ფიქციებს, უხდება ზურგს აქცევდეს არსებულ სამყაროს და თავისთვის ოცნებებისა და ზმანებათა ახალ სამყაროს ჰქმნიდეს...
მეორე მხრივ, – როცა გაბატონებული კლასი, რომელმაც თავისი კაშკაშა დღის ყველა ეტაპი გაიარა, მზის ჩასვენებისკენ გადაიხარა, როცა მან თავისი სოციალური ყოფიერების უკანასკნელ მწვერვალებს მიაღწია, რომელთა იქითაც მას უკვე წასასვლელი აღარსადა აქვს, – ეს კლასი უკვე აღარ ეძიებს ახალ ჰორიზონტებსა და ახალ ზეაღსვლას. იგი ცდილობს ფსკერამდე დაცალოს სიცოცხლის თასი! და ამიტომ მომაკვდავი არისტოკრატიის ძველი ლოზუნგი: „ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა იყოს!“ – იქცევა ამ საზოგადოებრივი კლასის რწმენის სიმბოლოდ. „დაიჭირე ცხოვრების ყველა სიტკბოება, დაიჭირე აღტაცების (ექსტაზის) მომენტები, ემსახურე მხოლოდ საკუთარ ღმერთს, საკუთარ მეს!“ – მუდმივად გვესმოდა ჩვენ ამ კლასის გარემოდან...
მაგრამ ჩვენი აღზრდა ხდებოდა საზოგადოებრივი მოვალეობის მკაცრ პრინციპებზე, ჩვენ გვასწავლიდნენ საკუთარი თავი მიგვეტანა მსხვერლად საერთო სიკეთისათვის, და ჩვენს მასწავლებლებსაც არაერთხელ შეუღებავთ ჯალეთების სასტიკი მახვილები თავიანთი წმინდა სისხლით. და ახლაც გვთავაზობენ უარი ვთქვათ მოვალეობის კაშკაშა, გმირულ, სისხლით გაზრდილ ტრადიციაზე! გვეუბნებიან: „მე კი არ მევალება, არამედ მე მინდა“. დიახ, ეს ბრწყინვალე, კაშკაშა ლამაზი პრინციპია და მას ასეთივე მდიდრული, კაშკაშა ცხოვრებისაკენ უნდა მივყავდეთ. ეს ჩვენი პრინციპია! მაგრამ ჩვენ ვამბობთ: მე მიმდა ჩამოვიყვანო ზეცა დედამიწაზე, მინდა დავიპყრო (მოვიპოვო) სამოთხე დედამიწაზე. მე მინდა ვიქცე ცხოვრების ღმერთად, მინდა მოვსპო ადამიანის ბატონობა ადამიანზე, ნივთების ბატონობა ადამიანებზე. მე ვისწრაფვი სავსე ცხოვრებისაკენ. და შორს ვამჩნევ ამ ცხოვრებისეული აღვსებულობის კაშკაშა სხივებს, მივისწრაფვი ამ სხივებისკენ. მაგრამ მბოჭავენ ბორკილები, საზოგადოებრივი უსამართლობის ბორკილები, და ვცდილობ დავამსხვრიო ისინი. რისთვის ავმაღლდე ცაში, როცა მე ვცხოვრობ უკვე აქ, დედამიწაზე. ჩემთვის სამყარო არსებობს იმდენად, რამდენადაც მე მას ვიღებ, ხელებს შემოვხვევ, საკუთარ თავში ვითავსებ. და მთელი ჩემი ამოცანაც საკუთარ თავთან მიმართებაში დაიყვანება ამ თავსებადობის (ტევადობის), ამ შემეცნების უსაზღვრო გაფართოებაზე. და მე ვცდილობ გავხსნა (გავშალო) სამყარო, ვაღწევ მის ყველა საიდუმლოებაში ჩემი გამოცდილების სწორი დარტყმით, ვკლავ სასწაულს. ამაშია – ცხოვრება! მაგრამ პირადად მე ძალზედ სუსტი ვარ – იზოლირებულობა ჩემი უბოროტესი მტერია, ამიტომ ვსარგებლობ უცხო (სხვისი) ძალით, უცხო შემეცნებით, უცხო გამოცდილებით. მე შევდივარ, როგორც ნაწილი, სოციალურ გარემოში და შევდივარ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია ცხოვრება, იმიტომ რომ მინდა საკუთარ თავს ვემსახურო. ჩემი ინდივიდუალური თვალსაწიერი შეზღუდულია – მე მას კოლექტიური ცოდნით ვიფართოვებ. ჩემი იზოლირებული ძალა სუსტია – მე მას სოციალური ძლიერებით ვიმრავლებ. ჩემი ინდივიდუალური სამყარო ძალიან ღარიბია, და მე მას საზოგადოებრივი ცხოვრების დიადი ჯამით ვამდიდრებ! მაგრამ არ მინდა ვიყო ვამპირი, რომელიც მხოლოდ სისხლს სვამს. მე ვცდილობ ჩემი ღარიბი ნიჭი აღმავალი საზოგადოების საკურთხეველზე მივიტანო. მე ვმდიდრდები, რათა სხვები გავამდიდრო! ეს მე ისევ მამდიდრებს. აი ეს არის „ჩემი მორალი“! თუ ჩვენს საუკუნეს ეშინია სიტყვების „ვალი, მევალება, მსხვერპლი“, მაშინ მე არ დავიწყებ მათ გამოყენებას. მე უბრალოდ ვამბობ: არა მოვალეობის შეგნება, არამედ მხოლოდ სწორი შეფასება და სწორი აღრიცხვა! მე ვემსახურები საკუთარ თავს, ხშირად ვუკმევ ნელსურნელებას ჩემს პიროვნებას, მაგრამ ვემსახურები რა საკუთარ თავს, უწინარეს ყოვლისა ვემსახურები საზოგადოებას, ვინაიდან მხოლოდ საზოგადოებაშია დამალული ჩემი ძალა, ჩემი სილამაზე, ჩემი სიამაყე. მხოლოდ საზოგადოებაში და საზოგადოების მეშვეობით ჭეშმარიტად ხდება ადამიანი მეფეთა-მეფე!
მაგრამ საზოგადოებასაც არ ვუდგები როგორც რაღაც მკვდარს, განუყოფელს. ჩემი ანალიზით ვცდილობ გავხსნა (გავშალო) იგი, შევიცნო. და თანამედროვე საზოგადოებაში ვიწყებ ყველა საწყისის შემეცნებას. მე ვხედავ ზედა და ქვედა ფენებს, ვამჩნევ მის შინაგან ბრძოლას! ვიწყებ თანამედროვეობის სტიქიური ანარქიზმის გაგებას. და ანარქიისაგან ვცდილობ შევქმნა ჰარმონია, აუცილებლობისაგან მინდა შევქმნა თავისუფლება. და მე მეშინია! და ამ ბრძოლაში ვპოულობ მე ჩემს თავისუფლებას, ჩემს განთავისუფლებულ „მეს“... და საბოლოო თავისუფლებისა და უკანასკნელი ჰარმონიისათვის ამ ბრძოლაში მე მივდივარ ხელიხელ ჩაკიდებული იმ საზოგადოებრივ კლასთან, რომელიც ცხოვრების მაქსიმუმისაკენ მიისწრაფვის. და ვაყირავებ რა წინააღმდეგობებს, ვამსხვრევ რა მათ, მე ვქმნი ადამიანის თავისუფლებას. ჩემს საკუთარ თავისუფლებას!...
5 იანვარი 1909 წ. პეტერბურგი.
განწყობა დაჟინებით-მკაცრი მაქვს, ჩაკეტილად-მხნე... დღეს ვკითხულობდი კარეილს. იგი გვასწავლის გმირების თაყვანისცემას. როგორი მონური ტიტინია! როგორი უფრთოებაა და როგორი ფრთიანი ფრაზეოლოგია! გვასწავლის მუხლის მოდრეკას, გვასწავლის თავყანისცემას, გვასწალის მონობას, რა არის ამაზე უარესი?! არა, უნდა ასწავლო ყველას იყვნენ გმირები და უნდა ჰქმნიდე პირობებს ამისათვის. და რამდენი სიძულვილია ჩემში თანამედროვე მახინჯი ინდივიდუალიზმისადმი, პიროვნების არისტოკრატიული კულტისადმი! ეს ბატონები ლეშით ძღებიან. მათთან დაუნდობელი ბრძოლა! დიახ, დაუნდობელი...
„წაბორძიკებულს ხელი ჰკარი!“, – გვასწავლით – თქვენ, მაძღრებო! – სხედხართ რა ბრბოზე, იკვებებით რა მისი სისხლით, თქვენ გეზიზრებათ იგი. როგორ უსასრულოდ ბედნიერი ვიქნებოდი, ამ ბრბოს, ამ წაბორძიკებულებს – რომ ეყოფოდეთ ძალა, რათა თქვენცა და მეც თავის დაცემაში თან წაგვიყოლონ! ჰო, თქვენთან ბრძოლა, შეურიგებელი ბრძოლა, ბატონო „ჰიპერბორეებო“! ჩვენ ხომ ისევ შევხვდებით?! „და თქვენს საფლავებზე ვივლით“! პროლოგი შეიძლება ხვალ დაიწყოს...
3 აპრილი 1909 წ. პეტერბურგი. ღამე.
თუ ხვალ უბედურებს ვაქცევთ ბედნიერებად, მაშინ განა არ შეიძლება ბედნიერები უბედურებად ვაქციოთ... ესეც ხომ თანასწორობაა!...
9 მარტი 1917 წ. ტფილისი.
აღესრულება დიადი, იქმნება სასწაული. დღეს შედგა არტილერისტების გრანდიოზული მანიფესტაცია. ამბობდნენ სიტყვებს, ბევრ სიტყვას. მე ორჯერ გამოვედი აღმასრულებელი კომიტეტის სახელით. ტრიბუნების სამსახურს ჩვენ ქვემეხები გვიწევდნენ. მაგრამ ჩემში არ არის უწინდელი აღტაცება: მე ზუსტად არ მჯერა გამარჯვებისა, ვშიშობ მის გამო. და როგორ უცნაურია! იქმნება დიდი სასწაული, ხალხი თავის საუკუნოებრივ ოცნებას ახორციელებს, მაგრამ ხალხი არ იხდის სამგლოვიარო სამოსელს, არ იმოსება კაშკაშა ფერებით. შესაძლოა, ამის მიზეზია – მსოფლიო ომი... და არც მქუხარე აღტაცებაა, ცოტაა ენთუზიაზმიც. ეს რევოლუცია თითქმის სიმღერების გარეშეა, თითქმის სისხლის გარეშე, თითქმის ბრძოლის გარეშე. ამაშია მისი ძალა და მისი სისუსტეც. უფრო სწორად სისუსტე.
22 მაისი 1917 წ. ტფილისი. დილა.
გუშინ გააფთრებით თავს დამესხნენ ამხანაგი ბოლშევიკები. მე მივედი მათ კრებაზე. მათ აღიზიანებდა ჩემი უბრალოება, ჩემი შეკითხვები. მე ვამბობდი: ყველანაირი ტაქტიკა უნდა ამოდიოდეს რეალური საზოგადოებრივი ძალების გათვალისწინებიდან. მრავალმილიონიანი შეიარაღებული არმიის აქ ყოფნა ბოჭავს ჩვენს ტაქტიკას, ვინაიდან არ არის სრული ნდობა ეგრეთ წოდებული რევოლუციური არმიისადმი. მე ცუდად მჯერა ჯარისკაცული ბოლშევიზმისა. საჭიროა რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მოვახდინოთ ომის ლიკვიდაცია, არმიის დემობილიზაცია და შევაიარაღოთ პროლეტარიატი და მოწინავე გლეხობა. ხალხმა შეგნებულად უნდა აიღოს საკუთარ ხელში ძალაუფლება. და მაშინ დავიწყებთ ლაპარაკს არა მიწის ნაციონალიზაციის შესახებ, არამედ მთელი მრეწველობის ნაციონალიზაციისა, ე. ი. სოციალიზმის შესახებ...
ბოლშევიკები იწყებენ ჩემდამი დიდი უნდობლობით დამოკიდებულებას.
5 ნოემბერი 1917 წ. ტფილისი.
სიმწარე! სიმწარე ყველას ჩვენ! პეტერბურგში ხდება გრანდიოზული მოვლენები, და მე მთლიანად მათ მხარეზე ვარ. მაგრამ გადაჭრით ვეწინააღმდეგები ადგილობრივ ბოლშევიკებს, რომელთაც უნდათ განხეთქილება ჩვენი ორგანიზებული რევოლუციური დემოკრატიის შიგნით! და გუშინ მათ გახლიჩეს იგი. ისინი წავიდნენ აღმასრულებელი კომიტეტიდან. ამან აღმაშფოთა და სასტიკად დავატყდი თავს ბოლშევიკებს, კერძოდ ნიკოლოზ კუზნეცოვს. იწყება ბრძოლა. მძიმე საშინელი ბრძოლა. და ჩვენ ერთად დავიღუპებით.
იღუპება დემოკრატია...
16 თბერვალი 1918 წ. ტფილისი.
ვიყავი „სნეგუროჩკაზე“. საბანეევას გამოსამშვიდობებელი ბენეფისია. მე ახლა იშვიათად, ზედმეტად იშვიათად ვარ ხოლმე თეატრში. დრო არა არის. სრულიად გადავეჩვიე „კულტურას“ და მთლიანად წავედი რევოლუციურ „ვოენშჩინაში“. ვიგონებ ძველ დროს: პეტერბურგს, დებს, მეგობრებს! როგორ შორსაა ყოველივე ეს და ახლოსაც ამასთან ერთად. და რა ბევრი დრო გავიდა, რა ბევრი მოვლენა მოხდა იმ დროიდან! ჩემი საყვარელი დღიური კი დუმს. დიდი ხანია დუმს. ახლა ის ისევ უნდა ალაპარაკდეს...
მჯერა ჩემი ვარსკვლავის... მე ძალიან ვუყვარვარ ბავშვებსა და ძაღლებს. ეს კარგია!...
25 თებერვალი 1918 წ. ტფილისი.
გუშინ, საღამოს, დავბრუნდი თელავიდან. დავბრუნდი ფიზიკურად და ზნეობრივად გატეხილი. მაშინვე საწოლზე დავვარდი და მხოლოდ ახლა ავდექი. ახლა მშვიდად ვარ, თითქმის მშვიდად. უკან ვიყურები ჩავლილი მოვლენებისაკენ და ვმშვიდდები. გუშინწინ სწორედ ამ დროს ბრძოლაში ვიყავი. ტყვიები წიოდნენ. ჩვენ მე-8 ქართულ პოლკს განვაიარაღებდით. და ბრძოლაც დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა. ეს უკვე მეოთხე ქართულ პოლკს განაიარაღებს ტფილისის წითელი გვარდია. ღმერთო! როგორ გახულიგნდნენ ეს უბედური ჯარისკაცები.
თელავში ჩემთან ერთად იყვნენ დათიკო და შალვა. შალვა ახლაც იქ არის პატარა რაზმით. მეგობრების ყოფნა მე მახარებს, მამხნევებს...
ბრძოლაში მოკლულ იქნა ჩვენი სახელოვანი, უშუშარი ჟორჟიკ მირზოევი და დაიჭრა ძველი მუშა ლევან ლასარაშვილი. ლევანი პირველივე დღეებიდან ჩვენთანაა. და საწყალი, ძვირფასი ჟორჟიკაც სულ მოუცილებლად ჩვენთან იყო...
ნუთუ ჩვენ მომავალშიც მოგვიწევს შეტაკებები გახულიგნებულ პოლკებთან? როგორ მძიმეა ეს ყველაფერი. მძიმეა, ვინაიდან მათში ხედავ შენს გზაარეულ მეგობრებს. სისხლის გარეშე კი არ გამოდის. მე სულ მუდამ თავს ვარიდებდი სისხლს და ეს თითქმის ყოველთვის გამომდიოდა. მაგრამ თელავში უკვე ვეღარ გამოვიდა. ეს პირველი მსხვერპლია წითელი გვარდიისა.
პირადად მე, ვმონაწილეობდი რა ტფილისური წითელი გვარდიის ყველა ლაშქრობაში, ჯერ არც ერთხელ არ მისროლია ბრძოლის დროს ჩემი შესანიშნავი კარაბინიდან. არ მინდა ადამიანების დახოცვა... მაგრამ გუშინ მოგვიხდა სამი ბოროტმოქმედის დახვრეტა. ეს ჩვენი პირველი დახვრეტაა. ისინი თელავის რკინიგზის სადგურთად დახვრიტეს, ყველას თვანწინ. და ისინიც მოცელილივით დაეცნენ. სხვა გამოსავალი არ იყო. ჩვენ მისი პოვნა ვერ შევძელით! რათა მოვკლათ თვითგასამართლების იდეა, საჭირო იყო დამნაშავეები დაგვეხვრიტა. დამნაშავეებს კი ასამართლებდა მთელი გვარდია და თელავის რევოლუციური ორგანიზაციების წარმომადგენლები...
გადავარჩენთ რა მთლიანს, გვიხდება ვკლავდეთ ნაწილს! ვუფრთხილდებით რა ბევრს, გვიხდება მოვკვეთავდეთ მცირეს! ვუფრთხილდებით რა საზოგადოებას, გვიხდება ზოგჯერ მოვკლათ პიროვნება! მე დახვრეტის შეგნებული მომხრე ვიყავი, მაგრამ თავად დახვრეტის ფაქტმა ჩემზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა: მთელი დღე სრულიად გატეხილი გახლდით. მაგრამ ახლა ისევ მხნედ ვარ. მინდა ვიყო მტკიცე და გაბედული. ვიცავ რა რევოლუციის ინტერესებს, მე არ მეცოდინება რყევა და ყოყმანი.
გაუმარჯოს რუსეთის დიად რევოლუციას და საუკუნო სიმშვიდე მის ყველა მსხვერპლს!
28 თებერვალი 1918 წ. ტფილისი.
დიადი რუსული რევოლუციის სევდიანი, მოღუშული წლისთავია. დღეს ჩვენ თითქმის მთელი წითელი გვარდია გამოვიყვანეთ, და მეც მასთან ერთად ვიყავი. ვამბობდით სიტყვებს: კარლო ჩხეიძე, ისიდორე რამიშვილი, ევგენი გეგეჭკორი, ვოიტინსკი, მე და სხვები. განწყობა იყო მხნე, დარწმუნებული. სიმღერებითა და დროშებით დავდიოდით ტფილისის ვიწრო ქუჩებში. და დღის დასასრულს – სამწუხარო, ტრაგიკული ახალი ამბავი: არზრუმი თურქების მიერაა აღებული! ამრიგად, ახალი ომია. მაგრამ ჩვენ ხომ არ გვინდოდა ომი?! ჩვენ ხომ ასე ტანჯვითა და პატიოსნად ვისწრაფოდით დემოკრატიული მშვიდობისაკენ?! მაგრამ მათ უნდათ მონებად გვაქციონ. ჩვენ დავიღუპებით, მონები კი არ ვიქნებით. და ჩვენ გავიმარჯვებთ!
28 თებერვალი 1918 წ. ტფილისი.
ჩემი დღიურის ძველ გვერდებს ვკითხულობ. ვკითხულობ შორეული, შორეული დებისა და მეგობრების წერილებს. რა მოუვიდათ მათ, სად არიან ისინი? როგორ მინდა ვხედავდე მათ, ხელები მოვხვიო...
„ზღაპარი ჩემი საგაზაფხულო“. დიახ, ეს მომაჯადოვებელი, შეუდარებელი ზღაპარი გახლდათ. გასხივოსნებული, სუფთა, უმწვერვალესი სიყვარული! და როგორ მაღლა შეგვეძლო ავფრენილიყავით!
„დაიწვით, დაიწვით, ვალოდია!“ მწერდა კლავდია. „ვიწვი, ვიწვი, ყველა მხრიდან“. შეიძლება მალე მთლიანად ჩავიწვა. და როგორ მინდა სიცოცხლე! როგორ მიყვარს უხვსხივიანი, ნათელი ცხოვრება და როგორ მწამს მისი! მისი გულისათვის აღტაცებით დავიწვები... მე მორწმუნე ვარ და რწმენით მოვკვდები! თუ ომი იფეთქებს, მე მთლიანად მასში წავალ. ვერ გადავიტან ახალი დამონების, ახალი დამცირებისა და მთელი ქვეყნის განადგურების სირცხვილს. ჩვენ გვინდა ვიყოთ ბედნიერები და ამაყნი.
გვინდა და შეგვიძლია!
4 მარტი 1918 წ. ტფილისი.
ამ დღეებში მე მძიმე, სამგლოვიარო განწყობა მაქვს. ამ დღეებში მინდოდა მარტოს მეტირა, რათა ჩემი ცრემლები არავის დაენახა. ამ დღეებში მთლიანად გატეხილი ვიყავი. მიზეზი? ისინი ბევრი იყო. თურქების შემოტევა, ეროვნული საჯარისო ნაწილების სრული დეზორგანიზაცია, ძვირფასი შალვას მძიმე ჭრილობა, 12 დამნაშავის ვაკეში დახვრეტა, საწყალი, პატარა დათიკოს სიკვდილი, ბოლშევიკების ხულიგანიზმი, სოხუმის მოვლენები, მშობლებისა და და-ძმის ბედის უცოდინრობა! აი მთელი ეს მიზეზები. მაგრამ ახლა განწყობა მინათდება: შალვა თავს კარგად გრძნობს, 12-ის დახვრეტა მუშათა დეპუტატების მთელი საბჭოს მიერ იქნა მოწონებული და თურქების შემოტევაც, მგონი, შეჩერებული იქნება... და როგორ უნცაურია! ოდესღაც თურქების გულწრფელი მეგობარი ვიყავი, ახლა კი მათი უბოროტესი მტერი ვარ. დროება შეიცვალა! დიახ, მე ყოველთვის მიყვარდა და მეცოდებოდა საწყალი თურქეთი, რომელსაც გლეჯდნენ და ძიძგნიდნენ ყველა მხრიდან. მე მძულდა იტალიელები მათი ტრიპოლიტანიის გამო, მძულდა ბალკანეთის სახელმწიფოები თურქეთის განადგურების გამო და მახსოვს, როცა მოვიდა ცნობა ადრიანოპოლის დაცემის შესახებ, მაშინ ზღვის ნაპირზე გავერიდე და მთელი დღე იქ დიდ სევდაში გავატარე. და მთელ დღეს არაფერი მიჭამია. მე თურქოფილად ვრჩებოდი მსოფლიო ომის დროსაც, ვინაიდან ვიცოდი, რომ თურქეთის განადგურება აღმოსავლეთის დაღუპვის თანაბარია. და ამიტომ კვნესოდა ჩემი სული თურქების წარუმატებლობათა გამო. მაგრამ როდესაც იფეთქა დიადმა რევოლუციამ, როცა ჩვენ მსოფლიოს ახალი, ამაღლებული ლოზუნგები გამოვჭედეთ, როცა რუსეთის რევოლუციამ უარი თქვა ომის ყველანაირ დამპყრობლურ მიზნებზე, მე რუსეთის რევოლუციის მგზნებარე პატრიოტად ვიქეცი. და ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ რუსეთის რევოლუციას... მოველით მრისხანე, საშინელ ომს. და მე ვედრებით ვამბობ: „უფალო, თუ შესაძლებელია, დაე აგვცილდეს ჩვენ ეს სასმისი“. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ჩვენ სასმისს ფსკერამდე შევსვამთ და ახალი, ბედნიერი, ნათელი ცხოვრებისთვის ავღორძინდებით! უდიდესი განსაცდელების ბრძმედის გავლით, მძიმე მსხვერპლთა განმწმენდელი ცეხლის გავლით, გაძლიერდება განთავისუფლებული დემოკრატიის დიადი სული და გამრავლდება, ერთად შეიკვრება მისი რიგები.
30 მარტი 1918 წ. ტფილისი.
განსაცდელების, უდიდეს უბედურებათა სასმისი ვერ აგვცდა! აალდა ახალი, საშინელი ომი. ომი თურქეთთან! დღეს რკინიგზის სადგურში დევნილების მთელი ბრბოები ვნახე. ხვალ ამხანაგებთან ერთად ბათუმის ფრონტზე მივემგზავრებით.
ჩვენ მხოლოდ გუშინ ჩამოვედით ცხინვალიდან. იქ ჩვენს სახელოვან გვარდიასთან ერთად 19 მარტს გავემგზავრეთ. პირდაპირ სადახლოდან. სადახლოში ჩვენ თათრებს ვებრძოდით. იმ დროიდან განუწყვეტელ ბრძოლებში ვართ. ჩვენ როგორღაც მოვახდინეთ სამწუხარო, მძიმე ცხინვალის ტრაგედიის ლიკვიდაცია. ჩვენ ბათუმში მივიჩქაროდით. გუშინწინ მე თვითონ გავემგზავრე სახალხო მიტინგზე ანდრო ჭიაბეროვთან და გიორგი გაგლოევთან ერთად და იქ მიტინგზე შემდეგი რამ ჩავწერე: „28 მარტი. მსხლები. „ცოტაა ნაცხოვრი, ბევრია გადატანილი“. 20-დან მთელ დროს სამხედრო მდგომარეობაზე ვიმყოფები. ვმონაწილეობდი ბევრ ბრძოლაში და, „გამარჯვებების“ მიუხედავად, სულ მუდამ მძიმედ ვიყავი. სევდიანი ვარ ახლაც. ხდება ყველაზე უფრო სამწუხარო და საზიზღარი ტრაგედია. ვომობთ პროვიცირებულ, მოტყუებულ, უბედურ გლეხობასთან, რომელსაც ყოფილი სტრაჟნიკები და გახულიგნებული ინტელიგენტები ხელმძღვანელობენ. ვანდეაა?! არა, უფრო მეტად რთული, სამწუხარო და უარესი რამ! ჩვენ ახლა ოსური საზოგადოებების ყრილობაზე ვართ ჯავის მახლობლად. საცოდავი, მოტყუებული გლეხები! როგორ მიყვარს ისინი და როგორ მეცოდებიან. „სიყვარულით მოკლა“ («Убить любя»). მაგრამ შესაძლოა მეტად აღარ მოგვიწიოს მოკვლა?! მგონი ყოველივე ამის ლიკვიდაციას მშვიდობიანად მოვახერხებთ. დაე მალე იყოს ეს! ჩვენ უკვე ბათუმში გვეძახან. იქ უფრო მეტად სერიოზული, სისხლიანი და მძიმე მოვლენები გველოდება. მე ვიჩქარი იქით და მჯერა (მწამს)“.
დიახ, ჩვენ მოვახდინეთ ცხინვალის მოვლენების ლიკვიდაცია, და ხალხმაც გაგვიგო. ახლა ბათუმის გამოსახსნელად მივიჩქარით. და ჩვენს თავს მთლიანად თავისუფლებისა და სამშობლოს მგზნებარე საკურთხეველზე მივიტანთ. ჩვენი ნაციონალისტები კი სამშობლოსადმი სიყვარულის არქონაში გვდებდნენ ბრალს. ისინი განსაკუთრებით ჩემში უარყოფდნენ ამ სიყვარულს! მაგრამ ჩვენ ყოველთვის ჩვენი პატარა სამშობლოს დიდი პატრიოტები ვიყავით! მე მიყვარდა და მიყვარს საქართველო მგზნებარედ, ნაზად, წმინდად. როგორც საქმროს თავისი სატრფო! მაგრამ ამ სიყვარულის შესახებ ყველა გზაჯვარედინზე არ გავიძახოდი. ახლა ჩვენ სიცოცხლითაც და სიკვდილითაც დავამტკიცებთ ამ სიყვარულს...
მე ისევ მჯერა. მჯერა კიდევ უფრო ღრმად, კაშკაშად ჩვენი ზეიმისა, ჩვენი ნათელი, თავისუფალი მომავლისა. მე მჯერა ვარსკვლავისა!...
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment