(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ამონარიდს /პირობითად, მეორე ნაწილს, შესავალი ნაწილის შემდეგ/ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის /1918–1921 წწ./ სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის უფროსის ვალიკო /ვლადიმერ/ ჯუღელის წიგნიდან „მძიმე ჯვარი /სახალხო-გვარდიელის ჩანაწერები /“, რუსულ ენაზე, ტფილისი, 1920 წ. /Валико Джугели, «Тяжёлый крест /записки народногвардейца/», Тифлис, 1920 г./; ხოლო თვითონ წიგნის ტექსტი კი მთლიანად შეიძლება ინახოს „ინტერნეტში“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის /თბილისის ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის/ ფონდებში)
ვალიკო ჯუღელი და ალექსანდრე დგებუაძე სახალხო გვარდიელებთან
1. ომი თურქეთთან
1 აპრილს (19)18 წ., სადგური მცხეთა
ბათუმიდან – საშინელი ცნობებია!...
შესაძლოა ციხე-სიმაგრე უკვე ჩაბარებულია... ჩვენ კი ჯერ კიდევ გუშინ ასე ამაყად ვწყვეტდით ომის გამართვას და გუშინვე ასე აღტაცებით მხვდებოდა სეიმი – როგორც წითელი გვარდიის წარმომადგენელს! და მე ამაყი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი!... და როგორ მეზიზღება დღეს ჩემი თავი. როგორ მრცხვენია გუშინდელი აღტაცების გამო!... ახლა ჩვენ მატარებელში ვართ. ნ. ნ. ჟორდანია, ირ. გ. წერეთელი, ალ. დგებუაძე და ვლ. მგელაძე ბათუმს მივემგზავრებით. ჩვენ ყველანი შეიარაღებული ვართ, გვინდა საკუთარ თავში დარწმუნებულები ვიყოთ, მაგრამ ჩვენი პირი-სახე მწუხარებამ დაფარა და საუბრებიც ჩუმდება... მაგრამ ჩვენ გვინდა გვჯეროდეს და გაუბედავად გვჯერა. ჩქარა ჩავიდეთ ბათუმში – თავდაცვისათვის!...
2 აპრილს 18 წ., სამტრედია.
იმედების დაღუპვაა... ყველა იმედისა. 1-ლში ბათუმი აიღეს... ჩამოუბანელი სირცხვილია! მინდა ამ სიმწარისა და სირცხვილისაგან წავიდე – მინდა მოვკვდე... და მრცხვენია ხალხის გამო – ამ ლაჩრულად გამოქცეული, უბედური ჯარისკაცებისა და სრულიად დაბნეული უფროსების გამო. აქ უამრავი დევნილი შეგროვდა, მათი მდგომარეობა საშინელია. ირგვლივ ყველაფერი სიბნელით იფარება და გზის მაჩვენებელი ვარსკვლავიც უკვე აღარ მოჩანს. მძიმე და მტკივნეულია ხედავდე ჩვენს ბელადებს... ისინი დიდი უბედურების სიმძიმემ გატეხა...
3 აპრილს 18 წ., მატარებელში. სამტრედიიდან ნატანებში.
განწყობა საშინელია. ახლა რამდენადმე უკეთესი. იმედის გაუბედავი სხივი ჩვენსკენ მოიწევს. ვერთვებით მუშაობაში, ვახდენთ ბრძოლის ორგანიზებას. ვზრდით იმედს, რწმენა კი არა გვაქვს! ნუთუ ყველაფერი დაიღუპა?! ნუთუ ჩვენი ხალხი მხოლოდ მშიშარა მონაა?!
მძიმეა, მტკივნეული, შემზარავი. სინათლეები ქრება. და ისევ ინთება. გაუბედავად... თითქოსდა ხალხმა უმძიმეს მოვლენათა დარტყმების ქვეშ დაიწყო გამოღვიძება... კარგია!...
4 აპრილს 18 წ., სამტრედია.
ნათელი, კარგი დილაა. მაგრამ იქნება კი კარგი დღე?... აღდგება კი ოცნებები?...
გუშინ ვიმგზავრე ნატანებში ჟორდანიასთან, წერეთელთან და შტაბთან ერთად. ნატანები ჩვენი უკანასკნელი სადგურია. ქობულეთში უკვე თურქები არიან. ვფიქრობთ გამაგრებას, ვემზადებით ამისათვის, მაგრამ მოგვცემს კი ამის ნებას მოწინააღმდეგე?
აქ კი უკვე ახალი უბედურებაა – ეგრეთ წოდებ. „ბოლშევიზმი“. ჩემი სოხუმი უკვე ბოლშევიკების ძალაუფლების ქვეშაა, სამეგრელოში კი ისინი თანდათანობით თავხედდებიან. თურქები და ბოლშევიკები. ამ საბედისწერო და უმძიმეს დროში ბოლშევიკები დარტყმას ზურგში გვაყენებენ. ესენი – დემოკრატიის შიდა მტრები არიან. და მეცოდება უბედური დემოკრატია, ტკივილამდე მეცოდება... ეყოფა კი მას ძალები და თავგანწირვა? ბოროტმა ისტორიამ მას მძიმე, საბედისწერო ამოცანა დაუსვა. შეძლებს კი იგი მის გადაწყვეტას, თუ მისი ტვირთვის ქვეშ დაიღუპება?...
4 აპრილს 18 წ., სადგ. აბაშა.
ისევ უბედურება: საგარეო ფრონტის ნაცვლად, საშინაო ფრონტზე მოვხვდით!...
აქ, სამეგრელოში ბოლშევიზმის შესახედაობით თავი წამოსწია ანარქიამ, კონტრ-რევოლუციამ და თურქულმა აგენტურამ. და რა დროს? როცა მტერი კარების წინ კი არ არის, არამედ უკვე ძალმოსილ ტალღად ჩვენს კარებში შემოიჭრა...
ეს ყველაზე უფრო საზიზღარი, ყველაზე უფრო სულმდაბალი ღალატია. აქ დანდობა არ უნდა იყოს!...
ხვალ შევუდგებით გადამწყვეტ, სწრაფ მოქმედებებს, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ამ ღალატის ლიკვიდაცია, რათა დროულად ჩავასწროთ ფრონტზე. ბოლშევიკებმა ერთხელ უკვე მოგვაყენეს ჩვენ დარტყმა ზურგში: – ეს იყო ცხინვალში. ცხინვალის აჯანყებამ, რომლის დროსაც მოკლულ იქნენ ჩვენი საუკეთესო ამხანაგები – სანდრო კეცხოველი და გიორგი მაჩაბელი – ხელი შეგვიშალა რომ მიგვესწრო ბათუმის დასახმარებლად. მართალია, ჩვენ ბათუმის გადარჩენა აღარ შეგვეძლო, ვინაიდან ბათუმი უკვე განწირული გახლდათ, მაგრამ შეგვეძლო იქ მოვმკვდარიყავით, შეგვეძლო გვეჩვენებინა, თუ როგორ უნდა კვდებოდე... და ახლა აღარ ვიხილავდით ამ უმძიმეს სირცხვილსა და ხალხის უსაზღვრო უბედურებას...
აუცილებელია დანაშაულებრივი ბანდები რაც შეიძლება სწრაფად დავამარცხოთ.
ამ ბანდების სათავეში დგანან ყოფილი სტრაჟნიკები, ყოფილი სოფლის მწერალი ოჩიგავა, უნიჭო შალიკო ასკურავა და შანტაჟისტი მიშა გეგეჭკორი. ხუჭუჭთმიან შალიკოსთან ერთად მეტეხის ციხეში ვიჯექი ერთი პროცესის გამო: ბოლშევიკების პროცესისა. ეს გადატრიალებამდე გახლდათ მე მე მაშინ დაჯერებული ბოლშევიკი ვიყავი, თუმცა კი ფრაქციონერად თავს არასდროს მივიჩნევდი. დამფუძნებელი კრების გარეკვამ თავგასული ბოლშევიზმისაგან საერთოდ ჩამომაშორა და მეც უბრალოდ სოციალ-დემოკრატი გავხდი...
დიახ, ასკურავა ბოლშევიკების საქმეზე იჯდა, მაგრამ პასუხისგებაში კიდევ ყალბი ბლანკებისა და ბეჭდის შენახვისათვის იყო მიცემული, საქალაქო სასწავლებლის დასრულების შესახებ მოწმობების დასამზადებლად. სულელი, უკულტურო ბიჭ-ბუჭა, რომელმაც გოგოლისეული გოგონას მსგავსად არ იცის „სად არის მარჯვენა – სად მარცხენა“. და იგი ახლა ჩემი მოწინააღმდეგეა, მას უსმენენ უბედური გასულელებული გლეხები. „ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, ასე მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო“.
6 აპრილს 18 წ. ბანძა. დილა.
სამეგრელოს ქურდული დედაქალაქი. ყოველ შემთხვევაში, ასე მღერიან სიმღერებში...
ბანძაში ჩვენ გასროლის გარეშე შევედით, თუმცა კი გვარწმუნებდნენ, რომ ბანძაში აჯანყებულთა შტაბიაო. მოსახლეობა ჩვენი სვლის გზაზე საშინლად დაშინებულია; ბევრი სახლი თითქმის დაცარიელდა, მთელი მამრობითი ახალგაზრდობა გამქრალია. ეს – ბოლშევიკური პროვოკაციის ნაყოფებია: დაარწმუნეს გლეხები, რომ ჩვენ ცეცხლითა და მახვილით მოვდივართ. ბოროტმოქმედები არიან და მატყუარები!... ჩვენ განსაკუთრებული მოფრთხილებით ვეკიდებით გლეხებს, და გლეხებიც ამას მალე გაიგებენ...
ვლ. ჯიბლაძის რაზმი ახალ-სენაკის მხრიდან ბრძოლით უტევდა. მოწინააღმდეგე ნაქალაქევის ციხესიმაგრეში გამაგრდა და მოუხდათ იგი არტილერიის ცეცხლით იქიდან გამოედევნათ. ვლადიმერი ბანძაში ჯერ კიდევ არ შემოსულა, მაგრამ მისი ქვემეხები უკვე დადუმდნენ... დღეს ამ საზიზღარი ისტორიის ლიკვიდაცია უნდა მოვახდინოთ.
მარტვილი-ახალგალი (Новогалеви) – აპრილს 18 წ. საღამო.
დღის 2 საათზე თვალწარმტაც სოფელ მარტვილში შემოვედით.
მარტვილის ახლოს ჩვენს ცხენოსან მზვერავებს ბანდამ ცეცხლი დაუშინა. არტილერისტმა ვალიკო შარაშიძემ უმალვე ქვემეხები პოზიციაზე გამოაგორა: „დაუმიზნე ჯიხურს!“ – გაისმა მისი მჭახე ბრძანება.
„მილაკი ამდენი და ამდენი, სამიზნე ამდენი და ამდენი“ – და შემდეგ ჩემი საყვარელი ბრძანება: „ცეცხლი“.
ჯიხური დანგრეულია და რამდენიმე შრაპნელის (ფინდიხის) შემდეგ ბანდაც გაიქცა.
მარტვილში ჩვენ სახალხო ყრილობა მოვაწყეთ – გლეხებს ჩვენი მოსვლის მიზანი და მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების აზრი ავუხსენით. ახალგაზრდობას ფრონტზე მოვუწოდებდით. ჩვენ ყრუდ და ჩლუნგად გვისმენენ (Нас слушают глухо и тупо). ხალხი „ბოლშევიკმაგვარი“ დეზერტირების მიერ გზას აცდენილი და დაშინებულია. პროვოკატორებმა ხალხი დაარწუნეს, რომ არანაირი ომი არ არის, რომ თურქები არც კი ფიქრობდნენ ბათუმზე შემოტევას, რომ მხოლოდ მენშევიკებს უნდათ შეიარაღებული ახალგაზრდობა მოტყუებით ბათუმის სიმაგრეებში შერეკონ და იქ განაიარაღონ. ერთ ადგილას რამდენიმე ასეული შეიარაღებული ახალგაზრდა კიდეც შეიკრიბა ფრონტზე წამოსასვლელად, მაგრამ ბოლშევიკებმა ისინი არ გამოუშვეს...
დღეს სახელგანთქმულ მარტვილის მონასტერში მივედით. შესანიშნავი სიძველეა. და როგორი საოცარი, თვალწარმტაცი კუთხე! დიდხანს ვტკბებოდი პეიზაჟით მონასტრის მთის სიმაღლიდან. მაგრამ სულში უთანხმოება (მოშლილობა) და განგაშია: არ მაქვს დარწმუნება ხვალინდელ დღეში. ამ პირობებში ძნელია ტკბებოდე სილამაზით. მუნდა უფრო მშვიდობიან დროს მოვიდე ამ გაჭაღარავებულ მონასტერში.
8 აპრილს 18 წ. ბანძა. შუადღეს.
დავბრუნდით ბანძაში. მარტვილიდან გუშინ, დილას, გაშლილი კოლონით ინჩხურზე წავედით და ამ საწყალ, მთის სოფელს ყოველი მხრიდან ალყა შემოვარტყით. აჯანყებულთა ხელში ჩაგდება ვერ მოვახერხეთ: ისინი წინასწარ გაიქცნენ. ლაჩრები!
ინჩხურში დიდი მიტინგი მოვაწყეთ. წინასწარ გავაფრთხილე ჩვენი არტილერია, რომ მიტინგის დაწყების მომენტში რამდენჯერმე გაესროლათ და შეკრებილთა თავებს ზევით ყუმბარები გადაეფრინებიათ. ვერ მოვასწარი სიტყვის სათქმელად ეკლესიის გალავანზე ასვლა, რომ გასროლებმაც დაიქუხეს, და ჩვენს ზევით კი ჭურვებმა ბოროტი, გააფთრებული წივილით გადაიფრინეს. ბრბო ძლიერად შეკრთა და მიჩუმდა. შთაბეჭდილება უზარმაზარი იყო! მე ბრბო სწრაფად დავამშვიდე...
სასაცილოა და სევდიანი! უბედურებაა, როცა გიხდება მიმართო მსგავს იმპროვიზაციებს. უბედურებაა, როცა გიხდება ქვეყნისა და რევოლუციის თავდაცვის იდეა ქვემეხების ზალპებით ჩანერგო!... ხალხი ამ რაიონში ღარიბია, ბნელი, მოტყუებული და არ მიმნდობი (недоверчив). იგი გვისმენს, ისეთ სახეს ღებულობს, რომ სჯერა, დაპირებებს გვაძლევს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი არ შეასრულოს. „სჯობს ამათ დავუჯეროთ, ვინაიდან ამათ ზარბაზნები აქვთ, ხოლო იმათ კი მარტო შაშხანები“, – ჩურჩულებდა ერთი გლეხი. ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. დიახ, ასთი საქმეებია!
ინჩხურზე ლაშქრობით ვისარგებლე, რათა აბაშის ჩანჩქერი მენახა. ამ ჩანჩქერის შესახებ ბევრი რამ გამეგონა, ბევრიც მიოცნებია და დიდი ხნიდან, დიდი ხნიდან ვაპირებდი იქ გამგზავრებას. და ბოლოს, ეს მომიხერხდა! მაგრამ როგორ ვითარებაში! როცა ჩვენ გაშლილი ჯაჭვით მივდიოდით და ყოველი მხრიდან ჩასაფრებას მოველოდით! და მიუხედავად ამისა, ჩანჩქერის განსაკუთრებული სილამაზით ვტკბებოდი! და მე ისევ ვოცნებობ ამ ჩანჩქერზე. ვოცნებობ და ველოდები...
ნატანებთან კი ბრძოლა მიდის. ჭკნება ოცნებები...
10 აპრილს 18 წ. ოზურგეთთან. საღამო.
განწყობა საშუალოა, უფრო სწორად საზიზღარი... დღეს დიდი ბრძოლა იყო ოზურგეთთან. ადრეული დილიდან ენერგიული შეტევა დავიწყეთ ოზურგეთზე და ვიმედოვნებდით მის დაპყრობას. შეტევის გეგმა გენ. მაზნიევის მიერ იყო შემუშავებული. მისი არსი ერთდროულად სამი მხრიდან შეტევასა და ოზურგეთისთვის ფლანგებიდან შემოვლაში მდგომარეობდა. ძირითადი კოლონა, რომელიც ნატანების მხრიდან უტევდა, პოლკოვნიკ კონიევს მიჰყავდა, ცენტრში გედევანოვის რაზმი იდგა, ხოლო ნასაკირალის მხრიდან კი პოლკოვნიკი სუმბათოვი უნდა დაძრულიყო. ტფილისის წითელი გვარდია რეზერვში იდგა.
გეგმა კარგი იყო, მაგრამ ის საზიზღრად იქნა შესრულებული. შემტევ კოლონებს შორის არანაირი კავშირი არ ყოფილა და იმ დროს, როცა პოლკოვნიკ კონიევის კოლონა ენერგიულად უტევდა, ორი სხვა კოლონა, რომლებიც შეტევის დაწყების დროის შესახებ წინასწარ არ ყოფილან გაფრთხილებული, თავიანთ ადგილებზე მშვიდად იდგნენ. ამის წყალობით ბრწყინვლე გეგმა ჩაიშალა. და ახლა ჩვენ ისევ გატეხილ ვარცლთან ვართ: ძველ პოზიციებზე ვდგაგართ.
ჯერ კიდევ დილით ხომ ჩვენ ასე თავდაჯერებითა და ამაყად დავიძარით წინ! მაშინვე ჩემს ქვევით ცხენი წამექცა, ხელი ძლიერად დამეჟეჯა და უნებურად ვიფიქრე: საზიზღარი ნიშანია! საუბედუროდ, მართალი აღმოვჩნდი...
სულ უფრო მეტად მეკარგება იმედი, მეღუპება ოცნებები. რევოლუციაში ნათელი, კაშკაშა ზმანებებით შევედი, ახლაკი თითქმის იმედების გარეშე ვიბრძვი, სისხლიანი, მოუშუშებელი ჭრილობით სულში.
ხალხმა იმედები გამიცრუა, მისი ჩლუნგი გულგრილობა ჰკლავს ჩემს მორწმუნე იდეალიზმს... თვით ამ თავდაცვით წმინდა ომშიც კი ხალხი არ შერხეულა, თავისი რევოლუციისა და თავისი უკანასკნელი იმედების დასაცავად არ დამდგარა. არა არის არანაირი აღმაფრენა, არ არსებობს არანაირი ენთუზიაზმი. თითქოს ყველაფერი დაჩლუნგდა, ყველაფერი მასში ჩაქრა (ჩაიხშო). საუკუნო მონობამ ხალხში ცოცხალი სული ჩაკლა და მას არ ძალუძს გაიგოს თავისუფლება და შეიგრძნოს...
„ხოხვისათვის დაბადებულს ფრენა არ შეუძლია“. მთელი ბურჟაზია და თავადაზნაურობა, თვით მეშჩანობაც კი ქვეყნის ბედისადმი გულგრილია. ბურჟუაზია გასაოცრად პასიურია: იგი არ იძლევა ფულს, არ ახდენს ფრონტისათვის რაიმენაირი დახმარების ორგანიზებას! მხოლოდ მოწინავე მუშები და შეგნებული გლეხები აღიმართნენ ქვეყნისა და რევოლუციის დასაცავად, და ისინიც არა მეგობრულად (შეთანხმებულად). ამასთანავე ესენი ისე ცოტანი არიან, ძალზედ ცოტანი.
მასა ზედმეტად პასიურია, იგი მშვიდად შეჰყურებს თავის მძიმე სირცხვილს და მხოლოდ ყრუდ, უსუსურად ჰკვნესის.
და ჩაიშალა, ჩავარდა თავდაცვა. თავდაცვა კი შესაძლებელი იყო! ბრწყინვალე, ძლევამოსილი თავდაცვა...
მაგრამ ახლა ყველაფერი დაიღუპა. ზურგი საბოლოოდ დეზორგანიზებულია, ფრონტი ნერვებდაწყვეტილი, ყველაფერი მოშლილია... და იზრდება სკეპტიციზმი, რომელიც საფლავისკენ გვეწევა.. უცნაური განგაში ეუფლება სულს... ჩემში ხდება გარდატეხვა, მაგრამ გატეხვა ჯერ კიდევ არ არის: ჯერ კიდევ შორს პატარა ცეცხლი ანათებს.
დღეს, დილით, ჩვენ ცხენებით დაზვერვაზე გავემგზავრეთ ოზურგეთის მიმართულებით. უკვე ცხარე ბრძოლა იყო და ჩვენც თანდათანობით ცეცხლს ვუახლოვდებოდით. მეცხრე ვერსზე თურქებმა ნატანების მარცხენა ნაპირიდან ტყვიამფრქვევების ცეცხლი დაგვიშინეს. ჩვენ იარაღის იშვიათი ცეცხლით ვუპასუხეთ... შემდეგ რეზერვისაკენ ვიჩქარეთ, რათა მათთან ერთად ბრძოლაში შევვარდნილიყავით. მაგრამ ღრმა, მძიმე იმედგაცრუება გველოდა: გზაში შეგვატყობინეს, რომ ევგენი თანამდებობიდან გადადგა და ჩხენკელის ახლად შექმნილმა კაბინეტმა ნაშუადღევის ხუთი საათისათვის თურქებს დაზავება შესთავაზა. მე თითქოს თავში ხმლის ყუა ჩამარტყესო. ცხენი მაზნიევისაკენ გავაჭენე. ისიც ასევე შეცბუნებული და დამწუხრებული გახლდათ. ჩვენ ფრონტზე არ გვინდოდა და არც გვინდა დაზავება... ევგენის გადადგომამ დამამწუხრა, ვინაიდან მე მას ვაფასებ, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, და მიყვარს, როგორც ადამიანი. იქმნება ჩაკეტილი წრე – რომლიდანაც გამოსასვლელი არ არის: მე მთელი სულითა და გულით დაზავების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამასთან ერთად, ბრძოლისადმი ჩვენს უუნარობასაც ნათლად ვგრძნობ. ტრაგედიაა... მაგრამ ეს კომედიაზე უკეთესია...
მე ექსტრენად მიძახებენ ტფილისში. რატომ?... გუშინ ჩოლოქზე მივედი და იქ ძალიან ბევრი თურქული გვამი ვნახე. ეს გორის გვარდიამ, აღმასრულებელი კომიტეტის რაზმმა და # 4 ჯავშნოსანმა მატარებელმა იმუშავეს. გვამები უკვე იხრწნება და მათ შორის ბევრი სპარსელია. გვამების ასეთი მასა არასოდეს მინახავს, და სული მიკვნესოდა. როგორი უბედურებაა ომი, როგორ ვერ აიცდენ მას ზოგჯერ! აი ახლაც ჩვენ დარბეულ სახლში ვართ და ირგვლივ სოფლის ყველა სახლი დაცარიელდა. როგორ მეცოდება მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ერთი და მეორე მხრიდანაც ყველაზე უფრო მეტად იტანჯება.
ახლა სანიტარულ რაზმში ვარ. ჩვენი დები კარგი მუშაკები არიან. მათ პატივს უნდა მივაგებდეთ.
17 აპრილს 18 წ., სადგ. ბელაგორი.
ტფილისიდან პოზიციაზე ვბრუნდებით. ტფილისში საზიზღარი, მძიმე განწყობაა. მე იქ თბილად შემხვდნენ, მაგრამ მრცხვენოდა, ვინაიდან თავს დამარცხებულად ვთვლიდი. ტფილისში ცხოვრება ძნელია და მოსაწყენი. მივემგზავრებით თავდაცვის ორგანიზებისთვის. პოზიციაზე სულისთვის უფრო იოლია, იქ მეტია თავის მოტყუება... და ეს უკეთესია...
4 მაისს 18 წ. მატარებელი.
ლანჩხუთში მივემგზავრებით. ჩემი მეგობრები სილამაზეზე კამათობენ და ამ კამათების მოსმენა როგორღაც უცნაურია. ალექსანდრე სილამაზეს სრულებით უარყოფს და ასამარებს. სხვები არ აძლევენ მას ამ საზეიმო დასამარების ნებას. და როგორღაც უცნაურია გაიფიქრო, რომ ამ გაცხოველებით, უდარდელად მოკამათე ადამიანებს, რომლებიც სამსახურეობრივი ვაგონის კუპეში მჭიდროდ არიან შეყრილი, დიდი ხარისხით შეუძლიათ მოახდინონ გავლენა განვითარებად მოვლენებზე...
უკვე საბოლოოდ გადაწყდა გავემგზავროთ სოხუმში – წავართვათ ის ბოლშევიკებს. უნდა ვიჩქაროთ, ვინაიდან მუქარის შემცველი მდგომარეობა შეიქმნა. ბოლშევიკები კოდორის მარჯვენა ნაპირზე გამაგრდნენ და ყოველ წუთს მზად არიან მარცხენა ნაპირზე გადმოსასვლელად. თუ ეს მათ მოუხერხდებათ – მშვიდობით რევოლუციავ, მშვიდობით თავდაცვავ!
ძნელია და მტკივნეული ფრონტთან დაშორება, ვინაიდან ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ფრონტს, ხოლო ფრონტი კი ჩვენ მოგვეჩვია. ტფილისური წითელი გვარდიის ყოფნა რამდენადმე ამშვიდებს ხალხს. ფრონტიდან წასვლა თითქოსდა გაქცევას ჰგავს, მაგრამ ის აუცილებელია, უწინარეს ყოვლისა, თავად ფრონტისათვის, ვინაიდან ბოლშევიკური ანარქიის ზეიმი ფრონტის სრული გახრწნის (დაშლის) თანაბარია...
ამ დღეებში ტფილისური გვარდიის შტაბმა მთელი ჩვენი ფრონტი მოიარა – ნატანებიდან შემოქმედამდე. მე ვიხილე საწყალი, შეგინებული გურია!... იგი ნამუსახდილ ლამაზ ქალსა ჰგავს... ღარიბი, უბედური, მაგრამ ამაყი და მშვენიერი გურია!...
შემოქმედის მონასტრიდან ბათუმისა და ნატანების ხეობებზე საოცარი სანახაობა იშლება. ბინოკლში ჩვენ ოზურგეთს ვათვალიერებდით და თითო-თითოდ მოხეტიალე ასკერები ვიხილეთ...
ეს მათ დაგვამარცხეს! როგორი სირცხვილია...
2. სოხუმის ლაშქრობა
6 მაისს 18 წლისა, მატარებელი ჭალადიდი.
დიდ ეშელონად მივემგზავრებით ფოთში. მივემგზავრებით სოხუმში ისევ უბედურ შიდა ფრონტზე...
გუშინ მწუხარე, სევდიანი აღდგომა გვქონდა პოზიციებზე.. ძლიერი წვიმა მოდიოდა, და ადამიანები ჭუჭყიან სანგრებში სველდებოდნენ... და თითქმის არავის გახსენებია ეს მდუმარე გმირები, რომლებიც მზად არიან მტრის დარტმები მიიღონ და მოიგერიონ. მხოლოდ ქუთაისელმა ქალებმა და ტფილისელმა მუშებმა გაიხსენეს ფრონტი და ის თავიანთი მოკრძალებული საჩუქრებით გაახარეს. და სად არის ეგრეთ წოდებული საზოგადოება? სად ხართ თქვენ – ჩვენო დიდო პატრიოტებო და ბურჟუაზიის ქალებო, რომელთაც იცოდით და შეგეძლოთ ასეთი მონური გულმოდგინებით გემსახურათ თვითმპყრობელობის ფრონტისათვის?! თუ თქვენ მიეჩვიეთ თვითმპყრობელი მეფის ლაქიები ყოფილიყავით, მაგრამ არ გსურთ, არ შეგიძლიათ ხალხის მეგობრები იყოთ?
6 მაისს 18 წლისა. ფოთი. საღამო.
დღეს ჩვენი შტაბი ოჩამჩირეში გაემგზავრა კატარღა „რუმინე“-თი, მაგრამ ქარიშხალმა უკან დაგვაბრუნა. ენერგიულად ვემზადებით სოხუმის ექსპედიციისათვის. ეს ლაშქრობა მეორეხარისხოვანი გარემოებების სირთულითა და თავისი პოლიტიკური მხრით მახალისებს (მიტაცებს). მოგვიხდება დიდი ტაქტი გამოვიჩინოთ, რადგანაც მოსახლეობა პროვოცირებულია, ხოლო ბოლშევიკებს კი აქვთ ზარბაზნები, ტყვიამფრქვევები და ჰყავთ ბევრი ხალხი... ვიცი, რომ მთელი ეს სიკეთე ჩვენს ხელში მოხვდება...
7 მაისს 18 წლისა. ზღვა.
პატარა კატარღა „რუმინე“-თი ოჩამჩირეში მივემგზავრებით დასაზვერად. ხვალ დესანტის გადასხმას დავიწყებთ და აქტიურ ოპერაციებსაც შევუდგებით სოხუმელი ხულიგნების წინააღმდეგ. საჭირო იქნება გადაჭრით (გაბედულად) მოქმედება! და რამდენი ჩემი ყოფილი მეგობარია მათ შორის, რამდენი ძვირფასი და ნათელი მოგონება მაკავშირებს მე მათთან. სიოვა, ეფრემი, ამბრეკი! ყველა ესენი ხომ ჩემი მეგობრები არიან. განსაკუთრებით სიოვა. მე იგი ძალიან მიყვარდა; ახლაც კი მიყვარს, მაგრამ ჩემი გული გაუხეშდა. ძალზედ მძიმეა რევოლუციის ჯვარი, იგი მსხვერპლებს მოითხოვს. მე ეს სისხლიანი მსხვერპლები არ მინდა. მთელ ძალისხმევას მივმართავ, რათა ისინი არ იყოს, მაგრამ თუ მოწინააღმდეგე ბრძოლას არჩევს – მე გაბედული ვიქნები (გადაჭრით ვიმოქმედებ)...
უკვე მდევნიან (травят) ეგრეთ წოდებული „ბოლშევიკები“. ისინი ჯალათს, რენეგატსა და პროვოკატორსაც კი მიწოდებენ. და სულ იმიტომ, რომ რევოლუციის ზეიმისათვის ვიბრძვი და არ ვხდები ანარქისტი!
ჩემი ღვიძლი ნათესავები სოხუმში არიან ჩაკეტილი. მათი ბედი ძალიან მაღელვებს. ამაზე ფიქრისაც კი მეშინია... მაგრამ თუ ისინი მოხუცებს რაიმეს უზამენ – მე ვიქნები...
ვკითხულობ გერცენის სევდიან, ლამაზ წიგნს „იმ ნაპირიდან“ და სევდაში ვპოვებ სიმშვიდეს.
9 მაისს 18 წლისა. ზღვა. დილა.
ჩვენი „დიდი არმადა“ ოჩამჩირეს უახლოვდება. მთელი ჩვენი ფლოტის მობილიზაცია მოვახდინეთ და შთამბეჭდავი სურათიც გამოდის. გვიცავენ სწრაფი გამანადგურებლები. ჩვენი გაბედული ღონისძიება ბრწყინვალედ გამოგვივიდა. გვყავდა რა მტრები ორივე მხრიდან, ვრისკავდით რა რომ თურქებისა და ბოლშევიკების დარტყმების ქვეშ აღმოვჩნდებოდით, – მაინც მთელი ჩვენი ძალები ზღვით გადმოვისროლეთ. ავანტიურის გაბედულება! ომში ძალაინ ბევრი ავანტიურიზმია და საუკეთესო მხედართმთავრები ყველაზე უკეთესი და ბედნიერი ავანტიურისტებიც გახლდნენ...
ბევრ წითელარმიელს ზღვისა ეშინოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მოგვიხდება რამდენადმე გავწვალდეთ ხალხის, ცხენებისა და არტილერიის გადმოტვირთვაში: ოჩამჩირეში ხომ ნავმისადგომი არ არის...
ზღვა საოცარია, დილა წყნარი, რბილი. ვტკბები ზღვითაც და მთების ამაყი პეიზაჟითაც. მაგრამ როგორღაც უფრო ცუდად ვიწყებ სილამაზის გაგებას... მოვლენების სიმძიმემ გემოვნება დამიჩლუნგა.
ოჩამჩირეში ჩვენ მეგობრები დაგვხვდებიან. დაგვხვდებიან, ალბათ, ის თავადებიც, რომლებიც გუშინწინ ასე ცივად და მშრალად მივიღე. უბრალოდ რომ ვთქვათ, ვთხოვე მათ „გარეთ გასულიყვნენ“. დღეს მათთან კიდევ უფრო მეტად მჭახე ვიქნები. რევოლუციის სახელით ჩვენ მივდივართ დემოკრატიისაკენ.
9 მაისს 18 წ. ოჩამჩირე. საღამო.
დესანტი მშვიდობით გადმოსხდა. ჩვენმა ძალებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და შეშფოთებული ქალაქი დაამშვიდეს. აქ ჩვენ მაშინვე დემოკრატიულ თვითმმართველობასა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს დავუკავშირდით. თავადებისგან მაშინვე მკვეთრად გავიმიჯნეთ და ახლა ისინი ჩვენ ცერად გვიყურებენ. თავადების სათავეში დგანან: მოხუცი ალექსანდრე შერვაშიძე, ყაჩაღების შემფარებელი ტატაშ მარშანია და ცნობილი რეაქციონერი დიმიტრი მარშანია. ლიბერალური თავადი ნიკო მათ სიახლოვესაა. ალექსანდრემ მთხოვა მასთან მივსულიყავი. „მე მინდა დაგეხმაროთ“ – მითხრა მან. „ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ხელს გვიშლით“, – ვეუბნები მე მას. „ყველაზე უკეთესია, რომ დაუყოვნებლივ აქედან გაემგზავროთ“. „კარგით! – ამბობს მოხუცი, – მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემი სამასი მხედარი ყოველთვის მზადაა თქვენი სამსახურისათვის“. „ჩვენ ჩვენი ძალებიც საკმარისად გვყავს“, – ვეუბნები მას და მივდივარ.
11 მაისს 18 წ., სოფ. აძიუბჟა. შაშკოვსკის მამული.
გუშინ საღამოს კოდორზე მოვედით. ჩვენ გვაქვს რვა ქვემეხი და თორმეტი ტყვიამფრქვევი და გვყავს დაახლოებით 300 ხიშტი. აი მთელი ჩვენი ძალები... გვქონდა შეკრება გუდაუთისა და გუმისთის უბნების წარმომადგენლებთან. კოდორის უბნის წარმომადგენლებს თავი კარგად და მტკიცედ ეჭირათ, გუდაუთელებსა და გუმისთელებს სთავაზობდნენ სწრაფად მოეხდინათ სამწუხარო ისტორიის ლიკვიდაცია. მე გლეხებს ჩვენი ექსპედიციის მიზანსა და ხასიათზე ველაპარაკებოდი. მოღუშულად, მაგრამ ყურადღებით მისმენდნენ.
ჩვენ ულტიმატუმი წავუყენეთ: იარაღის ჩაბარება და სოხუმში თავისუფალი შესვლა. ულტიმატუმის ვადა დღეს საღამოს 5 საათზე იწურება. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ. მტანჯველად არ მინდა სისხლი!...
დღეს ჩემი ნაცნობი გლეხები ვნახე. ოდესღაც მათ შორის ვმუშაობდი. ისინი ნდობით მომეკიდნენ, და ამან გამახარა. მთელ ძალისხმევას მივმართავ მშვიდობისათვის. არ არის საჭირო სისხლი.
წარმოვიდგენ, როგორ განგაშში არიან ჩემი მოხუცები. არაფერია, ძვირფასებო, მალე თქვენთან ვიქნები...
ჩვენი შტაბი გენერალ შაშკოვსკის, მიწათმოქმედების სამინისტროს კავკასიაში ყოფილი მთავარი რწმუნებულის, მამულში განვათავსეთ. ეს დიდი გენერალი რევოლუციამ საშინლად გააუბრალოვა და ახლა იგი უბრალო გლეხსა ჰგავს. მოსახლეობა მას კარგად ექცევა. ჩვენთან იგი თავაზიანია. მე მას მისი დიდების დღეებში ვიცნობდი და ახლა იგი მეცოდება...
ღმერთო! რა უქნეს რევოლუციას ბოლშევიკებმა! როგორ წაახდინეს, დაანამცეცეს და შებილწეს იგი. საჭიროა გადავარჩინოთ ის ან დავიღუპოთ...
12 მაისს 18 წ. აძიუბჟა. შაშკოვსკის მამული.
ჩვენს ულტიმატუმზე ზუსტად 11 მაისის საღამოს 5 საათზე, მოწინააღმდეგემ ქვემეხების, ტყვიამფრქვევებისა და თოფების ცეცხლით გვიპასუხა. ეს იყო ვერაგობა, ვინაიდან სროლა მშვიდობიან აფხაზებს აუტეხეს, რომლებიც ჩვენი კანცელარიის მახლობლად უდარდელად მიმოდიოდნენ. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა, რადგანაც არამზადები საზიზღრად ისროდნენ. მაგრამ პანიკა კი ძლიერი ატყდა. აფხაზები ერთ წამში გაიფანტნენ და თავიანთი ცხენები გააჭენეს. ჩვენ ასეულები მდინარისკენ სწრაფად წავიყვანეთ და რამდენიმე ჭურვიც ვისროლეთ. საშინელი წვიმა გვასხამდა!...
დილით 12-ში ისევ ატყდა სროლა, მაგრამ ამჯერად ბრძოლის ინიციატივა ჩვენ გვეკუთვნოდა. მოწინააღმდეგის რიგებში დაახლოებით ექვსი ქვემეხი იქნა აღმოჩენილი: ოთხი დრანდის მონასტერთან და ორიც კოდორის ხიდს იქით. ჩვენმა შეუდარებელმა ვალიკო შარაშიძემ საველე ბატარეის მხოლოდ ერთი ოცეული აამოქმედა და მოწინააღმდეგის ყველა ქვემეხი აიძულა გაჩუმებულიყო.
მე და ალექსანდრე ამ დროს სათვალთვალო პუნქტზე ვიყავით – სკოლაში. ვალიკო ციებ-ცხელებიანივით უყურებდა მოწინააღმდეგეს. უეცრად იგი ცოცხლდება, მისი სახე განგაშნარევ აღტაცებას გამოხატავს და იგი ტელეფონისტს უყვირის: „ოცეული ბრძოლისათვის! მოწინააღმეგის ბატარეა აღმოჩენილია“. და მართლაც – ჩვენ ოთხ ცეცხლოვან ენას ვხედავთ, რომლებიც ქვემეხების ლულიდან დროდადრო ამოიჭრებიან – მონასტრის მარჯვენა მხარეს. ისმის ვალიკოს მშვიდი, მკვეთრი ბრძანება. ოცეული მოწინააღმდეგის ბატარეის მოსინჯვას იწყებს. მაგრამ ჩვენი ჭურვების გასკდომები ძალზედ მაღალია და მოწინააღმდეგისგანაც დაშორებული. მე და ალექსანდრე დუმილით შევავლებთ თვალს ერთმანეთს და ვალიკოს საარტილერიო ნიჭსა და უნარში რწმენას ვკარგავთ. მაგრამ სულ ახალი და ახალი ბრძანება გვესმის. ახალი გადროლები ხდება და ჭურვების გასკდომებიც სულ უფრო მეტი მუქარით მოწინააღმდეგის თავზე ეკიდება. „სწრაფი ცეცხლი ოცეულით! ყუმბარით! ცეცხლი!“ – ბრძანებას იძლევა ვალიკო, და ჩვენ ბინოკლში მოწინააღმდეგის არტილერიის გაქცეულ მომსახურე პერსონალს ვაკვირდებით. ბატარეა და ცხენები მიტოვებულია. ჩვენ ტაშს ვუკრავთ და ბრავოს ვიძახით. ვალიკოს ჩუმად ეცინება... ყოჩაღ!...
მოწინააღმდეგე სულელურად და უწესრიგოდ ისროდა. მისი ჭურვები ყველგან ეფინებოდა, ზოგჯერ ჩვენს ახლოსაც სკდებოდა, მაგრამ დანაკარგებს სრულებით ვერ გვაყენებდა. ჩვენები მიეჩვიენ მათ და არანაირ ყურადღებას უკვე აღარ აქცევენ.
მაგრამ ჩვენთან ერთი უბედური, ტრაგიკული შემთხვევა იყო: ჩენი ჭურვის დროზე ადრე გასკდომამ ერთი სანიტარი და ჩვენი საოცარი მეტყვიამფრქვევე აბულაძე მოგვიკლა. აბულაძის სიკვდილმა ღრმად დამამწუხრა – ეს ერთ-ერთი საუკეთესი გვარდიელი გახლდათ. მე მას ვაფასებდი და მიყვარდა იგი...
დღეს დილიდან ისევ ატყდა სროლა. მოწინააღმდეგესთან მარტო ერთი ქვემეხი მუშაობდა, რომელიც ჩვენი სამეთვალყურეო პუნქტის აფეთქებას ცდილობდა. ჩვენ მოწინააღმდეგის სანგრებს დავუშინეთ ცეცხლი ხიდის ორივე მხარეს და იგი სანგრებიდან ამოვყარეთ.
ქვეითი ჯარი და მეტყვიამფრქვევეები გაქცეულ მტერს ცეცხლს აყრიდნენ.
14 მაისს 18 წ. აძიუბჟა. სამეთვალყურეო პუნქტი.
ნისლიანი, მოსაწყენი დილაა, მაგრამ კარგი დღე იქნება. ერთეული იშვიათი, მორიგეობითი სროლა ისმის. გუშინ ჩემი სახელოვანი ილიკო ჩამოვიდა თავისი რაზმით: ესენი მამაცი, კარგი ბიჭები არიან. ამ რაზმის ჩამოსვლა, რომელიც 200-მდე ხიშტს მოითვლის, ძალიან მახარებს, ვინაიდან გაჭიანურებული ბრძოლის შედეგი ამით უკვე წინასწარ განისაზღვრება.
ბოლშევიკებს მსხვილი ძალები ჰყავთ: ჩვენს ფრონტზე მათთან დაახლოებით 10 ქვემეხი, ბევრი ტყვიამფრქვევი და ორი ათასამდე მებრძოლია აღმოჩენილი. მაგრამ ისინი საშიშნი არ არიან: ჩვენი რაზმი ამ ამხედრებულ ბანდას გააკნატუნებს...
15 მაისს 18 წ. აძიუბჟა. სამეთვალყურეო პუნქტი.
გადაწყდა ხვალ დილით შეტევაზე გადავიდეთ. ვფიქრობთ მოწინააღმდეგის მარცხენა ფლანგს შემოვუაროთ, გადავისვრით რა აფხაზურ ცხენოსან ასეულს ტფილისის აღმასრულებელი კომიტეტის ნაცად რაზმთან ერთად კოდორის იქით – ფონით, და მოწინააღმდეგეს დავარტყათ, შუბლშიც –კოდორის გაჭიმულ ხიდზე გადასვლით. ხვალ ამ დროისათვის რაღაც-რაღაცეები ნათელი იქნება...
16 მაისს 18 წ. წყურგილი. ზღვის ნაპირი.
მე და ლევან ტუმარკინი გამანადგურებლებს ველოდებით. საზღვაო დაზვერვაში გავდივართ და ვფიქრობთ ამბოხებულთა ნაპირს ცეცხლი დავუშინოთ.
ადგილმდებარეობა აქ მომაჯადოვებელია!.. შევყურებ რა ზღვას, მე ვიწყებ ოცნებას. როგორ მშვენიერია ბუნება და როგორ გააფუჭეს იგი ადამიანებმა. რამდენი სივრცეა მასში, სიფართოვე და რა ბევრი ოროლი (გისოსი) დააყენეს ადამიანებმა! რევოლუციის ნათელი, სუფთა იმედები გაფერმკრთალდა და საბოლოოდ შემოიცვითა...
საჭიროა ისე მოვფინოთ ნათელი რევოლუციას და ყვავილებით შევამკოთ იგი...
ჩვენს გარშემო ბნელი ხელით ხდება საზიზღარი პროვოკაციის ბადის შემოხვევა. თავიდან ჩვენ თავადაზნაურების გვარდიას გვიწოდებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავად გლეხობამ იხილია, თუ როგორ მოვექეცით ყოფილ ბრწყინვალე წოდებას – ეს პროვოკაცია ჩაიშალა. ახლა წამოვიდა ახალი, კიდევ უფრო ბილწი და სულელური ჭორი – ჩვენ თურქეთის აგენტებსა და თურქული ბანდების მოკავშირეებს გვიწოდებენ! ჩვენთან სომხური დელეგაციაც კი ჩამოვიდა, რათა ჩვენი რაზმის ნამდვილ ხასიათში თვალნათლივ დარწმუნებულიყვნენ. ჩვენ მათ ჩვენი მუშა წითელგვარდიელები ვუჩვენეთ და მათ შორის ბევრი სომეხიც.
„ჩვენ კი გვეუბნებოდნენ, რომ თქვენთან ერთად თურქები მოდიან, – ამბობდნენ ისინი, – ახლა ჩვენ ვიცით, რომ ისინი ტყუოდნენ“.
და ამ მარადიული, სულმდაბალი სიცრუით ისინი ხალხს ასულელებენ! და ეს ნაძირალა დემაგოგები ჩვენ თურქეთის აგენტებს გვიწოდებენ, ჩვენ, ვინც ბათუმის ფრონტიდან ვბრუნდებით! თავხედობა და უსირცხვილობა ამაზე შორს აღარ შეიძლება წავიდეს...
თავადებმა აქ ისევ ყოველი მხრიდან დაგვიწყეს მოწებება. ჩვენ ისინი უბრალოდ გავყარეთ. გუშინ ჩვენმა შტაბმა მღვდელი თუმანოვი და ნიკოლოზ თავდგირიძე საომარი მოქმედებების ფარგლებიდან გაისტუმრა. უკანასკნელი იმისთვის, რათა „თავისი ყოფნით გლეხობის გონებაში დაბნეულობა და არეულობა არ შეჰქონდეს!“. იგი შეურაცხყოფილი და განაწყენებულია. მაგრამ სრულებით ამაოდ...
ვკითხულობ ჯეკ ლონდონს და ვისვენებ. მე ისე დავიღალე...
17 მაისს 18 წ. დილა. სმეცკის სანატორიუმი.
დღეს დილის 4 საათიდან ჩვენ შეტევა დავიწყეთ და მტერი სწრაფად განვდევნეთ.
საქმე ასე გახლდათ.
15-ში საღამოს ჩვენ ორი გამანადგურებლიდან სოხუმსა და კოდორის შესართავს შორის ნაპირს ცეცხლი დავუშინეთ. ამით მოწინააღმდეგის ბანაკში დაბნეულობა შევქმენით.
16-ში დილით – შინაური ხასიათის ზოგიერთი მიზეზის გამო – შეტევაზე გადასვლა ვერ მოვახერხეთ. მთელი გუშინდელი დღე ციებ-ცხელებიან მოსამზადებელ სამუშაოებში გავატარეთ.
რათა პუბლიკა გამემხნევებინა, მე ჯავშნოსანი საზიდრის კეთება დავიწყე. ამ იმპროვიზაციას ღამის 12 საათამდე მოვანდომეთ, განთიადზე კი შეტვა იქნა დანიშნული. ჩვენი იმპროვიზავია ვერ გამოგვივიდა, ვინაიდან ჩვენი ჯავშნოსანი ადგილიდან არ იძროდა, მიუხედავად ამისა ამ სამუშაომ გვარდიელები გაართო: ადამიანებს უყვართ თავის მოტყუებანი.
ღამის 12 საათზე სამეთვალყურო პუნქტში ვალიკოსთან მივედი, რათა ცოტა წამეთვლიმა. უეცრად ტკბილ, მშვიდ ძილში ვალიკოს მბრძანებლური ხმა მესმის: „არტილერია ბრძოლისათვის!“
წამში წამოვხტები და ნაპირისკენ – იერიშზე წასული ასეულებისკენ მივრბივარ. უცებ ქვემეხის პირველი გამკინავი გასროლა ისმის. „ეს საველე ზარბაზანია – 902 წლისა“, – ვფიქრობ და სირბილს ვუმატებ. ქვემეხების გასროლები ხშირდება; მალევე ჯოჯოხეთური, საშინლად-მომაჯადოვებელი მუსიკა იწყება. ეს გრიგალური ცეცხლია. ჩვენი ასეულები ხიდს უკვე მჭიდროდ მიადგნენ და მიიმალნენ (მიჩუმდნენ).
მე სწრაფად დავდივარ მათ რიგებში და ვამხნევებ. ისინი მხიარულად ეჩურჩულებიან ერთმანეთს... ალექსანდრე მათ შორისაა და თავისი იქ ყოფნით ყველას ამამაცებს. ჩვენი სახელოვანი ქრისტეფორე შარაძე ცეცხლმოკიდებულივით დარბის და თავის ტყვიამფრქვევებს განალაგებს. ასეულების მეთაურნი თავიანთ პოსტებზე არიან.
უეცრად ვალიკოს რვა ქვემეხის ცეცხლი მოწინააღმდეგის სანგრებზე გადააქვს. ეს შეტევის სიგნალია! „ვაშა! შა-ა-ა-ა!..“ ყველანი აირივნენ. ჩვენ ხიდზე ვართ, უკვე გავირბინეთ ხიდი და მოწინააღმდეგის სანგრებში შევვარდით. ისინი თითქმის დაცარიელდა; დარჩენილ მებრძოლებს საცოდავი, შეშინებული შესახედაობა ჰქონდათ. ჩვენები მათ გარს ერტყმიან, ლანძღავენ. მაგრამ მათზე ძალადობას არ ახდენენ. რევოლუციის მეომრები დამარცხებული მტრის მიმართ მოწყალენი არიან... ერთმანეთს ვულოცავთ სახელოვან გამარჯვებას; ბევრი ჰკოცნის ერთი-მეორეს.
ჩვენ ენერგიულად ვდევნით გაქცეულ მოწინააღმდეგეს, ავიყვანეთ ტყვეთა ბრბოები, ავიღეთ ზარბაზნები, ტყვიამფრქვევები და სურსათის საწყობები. როგორი წარმატებაა! ჩვენთან მხოლოდ შვიდია მსუბუქად დაჭრილი!
ახლა ჩვენ სანატორიუმის მშვიდობიან, მშვიდ და მდიდრულ ვითარებაში ვართ. აქ კარგად მიგვიღეს და ამ დარბაზში სალაშქრო ცხოვრების განგაშისა და სიძნელეების შემდეგ თავისუფლად ვსუნთქავთ. ჩვენ დაახლოებით თხუთმეტი მხედარი ვართ. მტერს ვერეკებით და სოხუმში მივიჩქარით... ღვიძლ ნათესავებთან.
17 მაისს 18 წ. სოხუმი. დღის 3 საათი.
დღის 1 საათზე ჩვენ, 20 მხედარი, სოხუმში შევედით. მთელ დროს დაბრკოლების გარეშე ვმგზავრობდით. დამარცხებული მოწინააღმდეგე არც კი ცდილობდა შეჩერებულიყო და წინააღმდეგობა გაეწია. ჩვენი გადასვლა, ისევე როგორც ჩვენი პირველი მიწოლა (натиск) ელვისებური გახლდათ.
შეუძლებელია აღვწერო განთავისუფლებული სოხუმლების ბობოქარი აღტაცება. მოზეიმე ხალხის ბრბოები სასიხარულო შეძახელებით გვხვდებოდნენ და ყვავილებს გვაყრიდნენ! ზეიმობდა არა ბურჟუაზია, რომელიც ჩვენ საკმაოდ თავშეკავებით შეგვხვდა, – ზეიმობდა ნამდვილი დემოკრატია, რომელიც ბოლშევიკური ტყვეობიდან გამოიჭრა. არასოდეს დამავიწყდება ეს სიხარული და ჩვენდამი ყველაზე უფრო გულწრფელი, ყველაზე უფრო შეულამაზებელი მადლიერება. სული ხარობდა, სინდისი მშვიდდებოდა ამ მადლიერი აღტაცებული ბრბოს ხილვისას...
ბოლშევიკები ასეთ სწრაფ და სამარცხვინო ფინალს არ ვარაუდობდნენ. მათი „სოხუმის პრავდა“ დღესაც ისევ ბეჭდავს გამარჯვების ცრუ რელაციებს და თამამად აცხადებს, რომ მდგომარეობა ფრონტებზე განსაკუთრებით მტკიცეა. ჩვენ „პრავდას“ ვკითხულობთ და სიცრუეზე მხიარულად ვიცინით! ბოლშევიკური შტაბი გაიქცა და თავისი უბედური თანამებრძოლები ბედის ანაბარად მიატოვა. აშკარაა, ეს მათთან კარგ ტონად ითვლება! განსაკუთრებით უცნაურია, საწყენიც კი, რომ ლაჩრულად გაქცეული შტაბის რიგებში იყო სიოვა, რომელსაც მე მამაც და გადამწყვეტ ზომებზე წამსვლელ მეომრად ვიცნობდი. ვფიქრობდი, რომ მას თავგანწირვის უნარი აქვს. და ახლაც ვამბობ, გამარჯვების შემდეგ: არ არის საჭირო წარმატებით ტკბობა! ბოლშევიკებს რომ მამაცი და პატიოსანი ბელადები ჰყოლოდათ, ისინი ჩვენ აუცილებლად დაგვამარცხებდნენ! ისინი ხომ ჩვენზე ბევრჯერ უფრო ძლიერები იყვნენ, ჩვენ ხომ მარტო ტყვეებად ჩვენს რაზმზე ერთნახევარჯერ უფრო მეტი ადამიანი წამოვიყვანეთ, წავართვით რა მოწინააღმდეგეს 18 ქვემეხი და 30-მდე ტყვიამფრქვევი! მაგრამ მათ არ ჰყავდათ ბელადები, არამედ ჰყავდათ მარტო მოთავისე (საკუთარ ტყავზე მზრუნველი) ხელმძღვანელები (а были только шкурники)... და ამ მოთავისეებს, როგორც ჩანს, კარგად ცხოვრება უყვარდათ! ისინი დიდებულ სასტუმროში განთავსდნენ და ნატიფი კერძებითაც იკვებებოდნენ. ჩვენ მათი შტაბის სადილი ხელში ჩაგვივარდა და ბევრსაც ვიცინოდით, როცა ეშბას, სიოვას, ლაკობას, ამბრეკისა და ბევრი სხვის – რჩეულთა – მდიდრულ პორციებს მივირთმევდით! მათი სია კედელზე ეკიდა, და მკაცრადაც იყო ნათქვამი, რომ უფასო სადილებით არავის, შტაბის წევრებს გარდა, არ შეუძლია ისარგებლოს. უზარმაზარი დარბაზის ცენტრში შტაბისთვის დიდი მაგიდა იყო გაშლილი. დამშეულები, მაგრამ მხიარულები ჩვენ ამ მაგიდის გარშემო განვთავსდით, და ჩვენს ხუმრობებსაც ბოლო არ უჩანდა. მადლობა თქვენ, გაქცეულო „ამხანაგებო“, გემრიელი და ნაჩუქარი სადილისათვის!.. ჩვენ ხომ თქვენზე გაცილებით უფრო ცუდად ვცხროვრობთ და მხოლოდ საერთო ქვაბი ვიცით (и знаем только общий котёл)...
22 მაისს 18 წ. სოხუმი.
მე მშობლიურ ვითარებაში ვარ, ჩემს ქალაქში და ჩემიანებს შორის. საწყალი, ჩემი ძვირფასი მოხუცები! როგორ ბევრი მღელვარება გადაიტანეს და როგორ უგონოდ გაუხარდათ ჩემი და ძმის ნახვა! მამაჩემი იმალებოდა, რადგანაც შურისძიებისა ეშინოდა... დიდი ბედნიერება ადამიანებს არ ეძლევათ! ახლა სოხუმში ყველაზე უფრო საპასუხისმგებო, მძიმე სამუშაო გვაქვს: ახალი ხელისუფლების ორგანიზაცია და რევოლუიციური წესრიგის აღდგენა. მე დავრწმუნდი, რომ გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე ახალი ხელისუფლების ორგანიზება! ყველა უბედურება იმაშია, რომ სერიოზული და საქმიანი მუშაკები ადგილებზე ძალიან ცოტანი არიან...
დღეს ჩვენთან სომეხთა ეროვნული საბჭოს დელეგაცია იყო მოსული.
დელეგაცია თავს რამდენადმე დარცხვენილად გრძნობდა, ვინაიდან სოხუმის ოკრუგის სომხები თავიანთი მასით ბოლშევიკებს შეუერთდნენ. და ეს არა იმიტომ, რომ სომეხი-მოიჯარადრეები ბოლშევიკური კომუნიზმის იდეებით ღრმად განიმსჭვალნენ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბოლშევიზმში თავიანთი გადამრჩენელი ფარის პოვნას იმედოვნებდნენ. ფარის ამ ძიებაში, საკუთარ ძალებში ამ საუკუნოებრივ დაურწმუნებლობასა და გარეშე, უცხო ძალების (чужих и чуждых сил) განგაშიან, შეშფოთებულ ძიებაშია – ამ ტანჯული, დევნილი ხალხის დიდი უბედურება. და იმიტომ კი არ არის სატირალი და ზოგჯერ დანაშაულებრივიც კი „სომხური პოლიტიკა“, რომ სომეხი პოლიტიკური მოღვაწენი ცუდები და ბოროტმოქმედები არიან, არამედ იმიტომ, რომ სომეხ ხალხს მტკიცე საკუთარი ნიადაგი არა აქვს, და, აქედან ამომდინარე, არც საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა. აქედან მომდინარეობს ყველა შეცდომა, ყველა ზიგზაგი სომხური პოლიტიკისა. სომეხი ხალხის მდგომარეობის ტიპიური გამომხატველი პარტია „დაშნაკცუტიუნი“ გახლავთ, და ამ ხალხის დიდი უბედურება იმაშია, რომ მას სხვა ეროვნული პარტიის წარმოშობის უნარი ჯერჯერობით ობიექტურად არ გააჩნია. საჭიროა გავიგოთ პატარა ხალხის ეს ტრაგედია და საჭიროა მისი ყველა ტკივილიც შევიგრძნოთ.
დელეგაციამ გადმომცა, რომ სოხუმის ოკრუგის სომხებს სურთ ოკრუგის ფარგლებიდან გასახლება და თავიანთთვის სხვა ადგილის ძიება. ჩემთვის მძიმე და მტკივნეული იყო მათი მოსმენა, და ყველანაირად ვურჩევდი მათ საცხოვრებელი ადგილები არ მიეტოვებინათ. „თქვენი მღელვარება გაგაკოტრებთ და მთელ ოკრუგსაც უზარმაზარ ზარალს მიაყენებს“, – ვეუბნებოდი მათ. ისინი მეთანხმებოდნენ, მაგრამ მოღუშულად ამატებდნენ: „ზოგჯერ გამოსავალი არა გვაქვს: თურქული დესანტისა გვეშინია“. მე მათ ვამხნევებდი, საწინააღმდეგოში ვარწმუნებდი, მაგრამ თვითონვე ცუდად მჯეროდა...
დიახ, ახლა უკეთ მესმის სხვისი უბედურება, ვინაიდან ჩვენ თვითონ უბედურნი ვართ. და მთელი ეს გამარჯვებები და აღტაცებანი ვერ ამარცხებენ ჩემს სამწუხარო განგაშს: თურქული საფრთხე მტანჯავს!... წინ ცოტაა სინათლე...
ჩვენ ისევ საჩქაროდ ტფილისში გვიძახებენ; თურქები უკვე მისგან 80 ვერსზე არიან! ჩვენ ყველანი იქითკენ მივიჩქარით, გვინდა ბრძოლა და კიდეც ვიბრძოლებთ.
14 მაისს. ადრეული დილა. სოხუმი.
ახლახანს დავბრუნდი გუდაუთიდან: იქ გ. ლომთათიძის ასეულთან ერთად ვმგზავრობდი. დიდ აფხაზურ ყრილობაზე გამოვდიოდი. მოხუცი აფხაზები მპასუხობდნენ და ჩვენ მადლობას გვიხდიდნენ. ეს სულ ყოფილი „ბოლშევიკები“ არიან! ისინი საკუთარ თავს დამნაშავეებად თვლიან და ამბობენ: „ჩვენ მძიმე სნეულებით ვიყავით ავად, და თქვენ გამოგვაჯანმრთელეთ“! მე მინდოდა მათთვის დამეჯერებინა...
ყრილობაზე გაბედულად ერთი გუდაუთელი ბოლშევიკი ქალიც გამოცხადდა. ოდესღაც, და არც ისე დიდი ხნის წინ, მე მას კარგად ვიცნობდი და პატივსაც ვცემდი. იგი ყურადღებით ისმენდა და დუმდა. მისი იქ ყოფნა მაღიზიანებდა, რამდენადმე მაღელვებდა და მე ვთქვი: „აქ არიან ბურჟუაზიის ქალები, რომლებიც ბოლშევიკებთან გადავიდნენ. ჩვენ მათ ვპატიობთ ყველა ძველ ცოდვას, მაგრამ დაე ჩვენი დიდსულოვნებით ბოროტად ნუ ისარგებლებენ“. ყველამ გუდაუთელ ბოლშევიკ ქალს შეხედა და მან თავი დახარა. შეკრების შემდეგ იგი ახლოს მოვიდა და მითხრა: „მე რატომ გამკენწლეთ? თუ გინდათ, დამაპატიმრეთ, დაპატიმრებისა არ მეშინია“. „არა, ქალბატონო! – ვეუბნები მას. – ჩვენ არ გაქცევთ თქვენ იდეისთვის წამებულად. ამასთანავე თქვენ ასე უმნიშვნელო პირი ბრძანდებით“...
გაქცეული ბოლშევიკები გაგრაში ჩასხდნენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დრო მათ მისახედად: ტფილისი დაჟინებით და ნერვიულად გვეძახის! აქ ჩვენ ილიკოსა და სამსონს ვტოვებთ თავიანთი რაზმებით: თავად ისინი სახელოვანი ბიჭები არიან, და რაზმებიც კარგი ჰყავთ. თვითონ მე ტფილისის ფრონტზე მივიჩქარი, და მოუთმენლობა მჭამს: თურები ხომ ასე ახლოს და ასე თავხედურად მოადგნენ ტფილისს. და ვინ იცის, იქ რა მელოდება? და დავბრუნდები კი ისევ ამ ადგილებში? შესაძლოა, უკვე ყველაფერი დასრულდა, ყველაფერს წერტილი დაესვა?!
25 მაისს 18 წ. სოხუმი. ნათელი ღამე.
ყველანი ერთად ვვახშმობდით, მაგრამ მხიარულება არ ყოფილა. მოკლულია სული, და იმედებიც არ არის! ძალაინ დიდია უბედურებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა, და ძალზედ სუსტია თავად ქვეყანა, ძალზედ უმნიშვნელონი ვართ ჩვენ! მგონია, ჩვენ ყველანი უფსკრულს ვუახლოვდებით და იქ უნდა გადავცვივდეთ ჩვენი ტანჯული იმედების ნარჩენებით... და უფსკრულში გადაჩეხვა ხომ ასე არ გვინდა! ზოგჯერ ისე მტანჯველად გვინდა ვცხოვრობდეთ, გვიყვარდეს და გვჯეროდეს (გვწამდეს)... მაგრამ არ არის სიყვარული და ფერმკრთალდება, ქრება რწმენაც... მძიმეა!..
27 მაისს 18 წ. შუადღე. ზღვა.
ხელში ჩაგდებულ ტრანსპორტზე # 107. დილით ადრე გამოვემგზავრეთ სოხუმიდან. სოხუმში დავტოვეთ ილიკო, სამსონი, ლეონიდე, მაიკა, ლევანა. მათთან ორი გამოცდილი რაზმია დატოვებული, მათ უნდა საბოლოოდ მოახდინონ ოკრუგში ანარქიის ლიკვიდაცია. მე ალექსანდრესთან და ძირითად რაზმებთან ერთად ტფილისში მივიჩქარი – რევოლუციის გარეშე და შიდა მტრებისაგან მის დასაცავად. დავიცავთ მას მთელი ძალებით, ვინაიდან ტფილისის დაცემა ამიერკავკასიაში რევოლუციის დაცემის თანაბარ-მნიშვნელოვანია! ღამით ჩემიანებს დავემშვიდობე. საყვარელნი, მშობლიურები – ერთხელაც ვერ მოვახერხე რომ მათთან მესადილა და მათაც არ შეეძლოთ ჩემთან გულის დაჯერებამდე ესაუბრათ! მაგრამ მე ხომ ასე ვიყავი დაკავებული!...
რა გველოდება ტფილისში?
ვიხსენებ ჩემს ბავშვობას: „ბედნიერ, დაუბრუნებელ ბავშვობას“. თავიდან მე ძალიან მიყვარდა გმირული ოცნებები, შემდეგ დავიწყე დაფიქრება წყეულ საკითხებზე და ხშირად ვკითხულობდი: „რაშია ცხოვრების მიზანი?“ და ვპასუხობდი: „საუკუნო ძიებასა და მუდმივ მოძრაობაში. მიზანი არ არის, არის მხოლოდ მიზნისკენ მისწრაფება და ამაშია ცხოვრების მთელი აზრი, მთელი შინაარსი და ბედნიერება“... ამ უბედურ, მძიმე ვითარებაში სულ უფრო ვრწმუნდები ჩემი ბავშვური ფილოსოფიის სიმართლეში.
3. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და დუშეთის აჯანყების შესახებ
23 მაისს 18 წ. ფოთი. დილა
ბევრი, ბევრი სიურპრიზია. თავბრუს რომ გახვევენ და ფეხქვეშ მიწას გაცლიან! და ყველა სევდიანი... ბევრი ხმა (ჭორი) იყო, ყველაზე უფრო განსხვავებული და რაღაც, შეიძლება, უარესი, გამართლდა. უწინარეს ყოვლისა, ჩვენ შეგვაცბუნა და ძალიან დაგვწყვიტა გული გერმანულმა გემმა ფოთის რეიდზე. „გერმანული დროშა“, – თქვა კაპიტანმა, მიგვითითებდა რა ნავმისადგომზე. ჩვენ იქით გავიხედეთ, და ყველამ საშინელი ტკივილი ვიგრძენით. შემდეგ ვიხილეთ მთელი ოცეულები ყოფილი გერმანელი ტყვე ჯარისკაცებისა, რომლებიც ჩვენი სამხაზიანი შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულნი. სრულიად დავიბენით. ბოლოს შეგვატყობინეს, რომ ამიერკავკასიის სეიმმა საკუთარი თავი დაითხოვა, და საქართველომ 26 მაისს 4 საათზე თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საწყალი, უდღეური და უნაყოფო სეიმი! საწყალი, მიტოვებული, თავის უბედურებაში „დამოუკიდებელი“ საქართველო!.. დამოუკიდებლობა პატარა ჩიტისა, რომელიც ძერის ძლიერ ბრჭყალებშია შეპყრობილი!.. და იყო კი გამოწვეული ეს დამოუკიდებლობა საბედისწერო აუცილებლობით თუ აქ წყეული ნაციონალიზმი ზეიმობდა?! მე ჩუმად ვარ, ვინაიდან შერეულ მოვლენათა საშინელ კვანძში ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე. ერთი ვიცი: „დამოუკიდებელმა საქართველომ“ კიდევ უფრო შეასქელა ჩემი სევდა. მაგრამ ვიცი ისიც, რომ ომმა და რევოლუციამ ჩვენ ცეცხლოვან წრეში გადაგვისროლეს და რომ საკუთარი ძალებით ამ ცეხცლოვანი წრიდან ვერ გამოვხტებით. შექნილ მდგომარეობაში ყველაზე უფრო ნაკლებ ბოროტებად გერმანიის მეგობრული პროტექტორატი მიმაჩნია, ვინაიდან რუსეთი ჩვენგან მოწყვიტეს, ხოლო ინგლისი და საფრანგეთი კი ჯერჯერობით ჩვენთვის მიუღწეველნი არიან: საწყალო, საცოდავო, დასახიჩრებულო რუსეთო! როგორ მიყვარდი შენ, შენი ნათელი მომავალი, შენი სამომავლო გაცისკროვნებული თავისუფლება და როგორ ვწუხვარ ახლა, როგორ ვდარდობ შენს დარღვეულ, უძლურ, დაღუპვის პირამდე მიყვანილ სხეულზე...
გერმანული ტრანსპორტით ფოთში გერმანული დელეგაცია ჩამოვიდა გენერალ ფონ-ლოსოვის მეთაურობით. მე ვნახე ეს წარმოსადეგი, მბრძანებლური და ქედმაღალი გენერალი: როგორ კარგია იყო გამარჯვებული!..
ამბობენ, რომ ბათუმში უთანხმოებაა გერმანელებსა და თურქებს შორის ამიერკავკასიის გაყოფის ნიადაგზე. ოპტიმისტები ამტკიცებენ, თითქოს გერმანია ენერგიულად გამოდის თურქეთის ყაჩაღური პოლიტიკის წინააღმდეგო. მინდა ოპტიმისტი ვიყო.
29 მაისს 18 წ. ტფილისის მატარებელი.
მალე, მალე ვიქნებით ტფილისში – საქართველოს უძველეს და ახალ „დედაქალაქში“...
რა არის იქ ახალი, რით ცოცხლობენ ადამიანები? რას აკეთებს ჩვენი სახელოვანი აღმასრულებელი კომიტეტი? ბევრი უკვე ამბობს: „მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრს შეუძლია წავიდეს“-ო. და ცინიკურადაც კი უმატებენ: „უნდა წავიდეს“...
17 ივნისს 18 წ. ტფილისი.
მძიმეა, ძალზედ მძიმეა, მაგრამ აღდგება ოცნებები. და თუმცა კი ჩვენს ქვეყანასა და რევოლუციას ასეთი საშინელი კრიზისი არ გადაუტანიათ, მაგრამ მე ვიწყებ დაჯერებას, რომ კრიზისი ჩაივლის...
ზავი უკვე ხელმოწერილია ბათუმში. მძიმე, სამარცხვინო, უბედური ზავი. ამ ზავმა ჩემზე დამთრგუნველი (მტანჯველი) შთაბეჭდილება მოახდინა. ფრაქციაში მე ომს ვიცავდი და ვამბობდი: „სჯობს სახელოვანი სიკვდილი ბრძოლაში, ვიდრე ხალხის სამარცხვინო ცხოვრება“. მაგრამ თითქმის მარტო დავრჩი. ამან კიდევ უფრო მეტად აამღვრია ჩემი მწუხარება და გააღრმავა ჩემი სასოწარკვეთა და მომინდა გავქცეოდი ყველაფერს, ჩემი მშობლიური ქვეყნის სირცხვილსა და საკუთარ უძლურებასაც. უკვე ვეღარ ვფლობდი საკუთარ თავს, ჩემს ირგვლივ ყველაფერი ბინდდებოდა და მე ვთქვი, რომ არ ვენდობი მთავრობას, რომელმაც ამ უბედურ ზავზე ხელი მოაწერა და რომ გავდივარ ყველა სამუშაოდან. და მე წამოვედი გატეხილი, ნახევრად სამხედრო, გამოცარიელებული სულით. და ჩემს კვალად ჩემთან დიდი ნოე და შეუდარებელი გერასიმე მოვიდნენ. და მათ დამშვიდება, ნუგეშისცემა დამიწყეს. და უეცრად მე შემრცხვა! დიდი ნოე, აღიარებული ბელადი ჩვენი დემოკრატიისა, ბელადი, რომელიც იმედების დაღუპვის უდიდეს მწუხარებას საკუთარ თავში ატარებს, – მამშვიდებდა მე – პატარა ადამიანს! შემრცხვა ჩემი სულმოკლეობისა, სევდის დანაშაულებრივი ფუფუნებისა, ვინაიდან სევდა და სასოწარკვეთა ახლა სამარცხვინო ფუფუნებას წარმოადგენენ. საჭიროა დაუღალავი მუშაობა, საჭიროა დაუღალავი ბრძოლა...
გუშინ ჩვენი ბელადების მნიშვნელოვან თათბირზე ვიყავი. გადაწყდა ნ. ნ. ჟორდანია გავხადოთ მთავრობის მეთაურად. ესაა უკანასკნელი ფსონი, საუკეთესო მსხვეროლი დემოკრატიისა. ის აუცილებელია... მე დიდი ენერგიითა და აღტაცებით შევუდგები მუშაობას...
ნ. ნ. ჟორდანიას მთავრობაში შესვლის იდეა თავდაპირველად ე. პ. გეგეჭკორს ეკუთვნოდა. ეს დიდი ხნის წინ იყო ჩხენკელის ბინაში, ირ. გ. წერეთლის ბოლშევიკურ რუსეთში გამგზავრების წინ. მაშინ ევგენიმ ვერ ჰპოვა მომხრეები. ახლა მე წყალწაღებულივით ჩავეჭიდე ამ იდეას! და თუმცა კი გმირთა კულტის მომხრე არ გახლავართ, მაგრამ ვიცი, რომ ნ. ნ.ჟორდანია ყველაზე უფრო მსხვილი (დიდი) პიროვნებაა, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. და ეს პიროვნება ჩვენს ხელისუფლებას სათავეში უნდა ჩაუდგეს...
9 ივნისს 18 წ. მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომა. ტფილისი.
ჩხეიძე ხელისუფლების შესახებ ლაპარაკობს. ცოცხლად მეტყველებს. დარბაზში ბევრი სიცილია, მაგრამ ირგვლივ სევდა დასადგურებულა... ახლახანს ჩამოვედი პოზიციიდან. ხვალ ისევ იქ ვბრუნდები. ახლა ჩვენ თათრებისა და თურქების წინააღმდეგ ფრონტი გვიჭირავს. ძველი სანგრები, რომლებიც ტფილისს სარტყელივით შემორტყმია – ჩვენ ძალზედ გამოგვადგა. მოწინააღმდეგე თითქმის მოადგა ტფილისს... ამხანაგებთან ერთად სანდარიში ვიყავი. ასკრები იქ ჯერჯრობით არ ჩანან. ვნახოთ (რა იქნება) შემდეგში...
12 ივნისს 18 წ. სანდარი. დილა.
საოცარი, მზიანი, რბილი დღეა. ერთი საათის შემდეგ გზას ვაგრძელებთ: ახალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს საზღვრების დასადგენად. ადგილმდებარეობა აქ მშვენიერია, მოსავალი დიდებული...
მე ძალიან მეცოდებიან თათრები, და მასთან ერთად საშინლად ვარ მათზე გაბოროტებული! თავიანთი უმეცარი უგუნურობით ისინი ჩვენც გვღუპავენ და საკუთარ თავსაც... გუშინ მე, ალექსანდრე, ვალიკო და დანელია სოფელ სარვანში თათრების ყრილობაზე გავემგზავრეთ. იქ ბევრი შეიარაღებული ცხენოსანი და ქვეითი თათარი იყო. მშვიდობიანად და დიდხანს ვესაუბრებოდით მათ, განვთავსდით რა რბილ ხალიჩებზე ძლიერი ხეების ჩრდილში. მე ამ ველური თათრების დისციპლინირებულობამ გამაოცა; შეკრებილი ხალხის სიმრავლის მიუხედავად, ხმაური არ ყოფილა. ლაპარაკობდა მარტო ერთი, დანარჩენები მას მდუმარედ და ყურადღებით უსმენდნენ და მას მდუმარედვე ეთანხმებოდნენ... თათრები ძალზედ თავაზიანები იყვნენ და ჩვენ გემრიელი, კარგი ჩაით გაგვიმასპინძლდნენ...
„როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ხალხთა თვითგამორკვევისადმი?“, – მკითხა ერთმა ნახევრად ინტელიგენტმა თათარმა.
„ჩვენ მას მთლიანად ვიცავთ“, – სიამაყოთ ვუპასუხე მას.
თათარმა მდუმარედ მრავალმნიშვნელოვნად თავი დამიქნია.
გუშინ ჩვენთან მთავარსარდალი კვინიტაძე მოვიდა გენერლებით ახმეტელოვითა და მაზნიევით. კვინიტაძე მკვეთრ გაბედულებასა (резкая решительность) და თათრების საყოველთაო განიარაღებას გვთავაზობდა. ჩვენ რამდენამე შევარბილეთ მისი სიმკაცრე და გავუგრილეთ მას მგზნებარება. ჩვენ აქაც ტრადიციის მიხედვით ვიმოქმედებთ: მარტო ფიზიკურად კი არ მოვახდენთ ზემოქმედებას, არამედ მორალურადაც. ეს უფრო ბრწყინვალე შედეგებს იძლევა... და ამაშია ჩვენი ძალა. დემოკრატიის ძალა...
12 ივნისს 18 წ. ველი. ყრუ ღამე.
საშინელებაა! გამოუთქმელი საშინელება... დღეს მოჰკლეს ჩემი ვალიკო, ვალიკო შარაშიძე! შეუფასებელი და აუნაზღაურებელი დანაკარგია.
14 ივნისს 18 წ. სადგური სადახლო.
ჩვენ ისევ სადახლოში ვართ. აქ ჩვენ ოდესღაც მრავალრიცხოვან თათრულ ბანდებს ვებრძოდით და ამ ბანდებმა ორი ჩვენი კარგი ამხანაგი მოგვიკლეს – კანდელაკი და რეზვიი. მაშინ პირველად მოვიდა ჩვენთან ძვირფასი ვალიკო და მას ორი პატარა, ორნახევარ დუიმიანი ზარბაზანი ჰქონდა... ეს ჩვენი გვარდიის ახლადჩასახული არტილერია გახლდათ...
კედლებში ძველი სათოფურები დარჩა და ირგვლივ ჩვენი სანგრებია შემორჩენილი...
ხასიათი მძიმეა, მომაკვდინებელი, ჩვენი წარმატებების მიუხედავად...
გუშინ ცხელი, მხურვალე დღე იყო! ჩვენ ბრძოლით ავიღეთ სოფელი დიდი ქოშა-ქილისა, სადაც ჩვენი ვალიკო იქნა მოკლული. საწყალი, შეუდარებელი, შეუცვლელი ვალიკო! მას ტოლი არ ჰყავდა ჩვენს შორის!.. ვალიკო უგუნურად მამაცი გახლდათ, არაჩვეულებრივად მოკრძალებული და უბრალო. იგი გამოჩენილი, თვითმყოფადი არტილერისტი და კარგი ორგანიზატორი იყო. ვისით შევცვალოთ იგი?!..
მის სიკვდილში ნაწილობრივ მეც ვარ დამნაშავე, ვინაიდან თავდასხმის იდეა ალყაშემორტყმული შულავერის გასანთავისუფლებლად მე მეკუთვნოდა... მაგრამ უგუნურად მამაცმა მეგობარმა არ დამიცადა! ათი ცხენოსანი მზვერავით, ტყვიების სეტყვის ქვეშ – მან მდინარე ხრამი გადასცურა და სოფელიც აიღო. იგი აქ ჩასაფრებიდან იქნა მოკლული... ჩვენ ამაოდ ვეძებდით მას ამ ნაპირზე და რაღაცნაირი განგაში სულს მიშფოთებდა... უეცრად მზვერავმა ცხენი მოაჭენა და გვითხრა: „ვალიკო მოჰკლეს“. მე თავზარდაცემული ვიყავი. ძველმა არტილერისტებმა ტირილი დაიწყეს. ჩემი ცხენი გავაჭენე და თვალის დახამხამებაში იმ ნაპირზე აღმოვჩნდი. ვალიკო პატარა მინდორზე იწვა. მზვერავები მის გარშემო იდგნენ და ჩუმად ქვითინებდნენ. ზოგიერთი მათგანი დაჭრილი გახლდათ... ვალიკო ჩემს წინ წამოაჯინეს, მე იგი მაგრად ჩავიკარი გულში და აქვითინებული ბატარეისაკენ ჩუმად გავემგზავრე... ცრემლები არ მქონდა...
გუშინ ჩვენი მეგობრის გამო შური ვიძიეთ! ზუსტად დილის 5 საათზე მდინარე ხრამზე გადავედით. ეს თავზეხელაღებული შეტევა გახლდათ! ჩვენს გვარდიასა და პირველ ცხენოსან პოლკს მარჯვენა ფლანგი ეკავათ; მარცხენა ფლანგზე ხრამის ხიდთან გერმანელები, რეგულარული ქვეითი ჯარის რამდენიმე ასეული და ჯავშნოსნები იდგნენ. მე კმაყოფილი ვიყავი, რომ ჩვენს ფლანგზე გერმანელები არ იყვნენ... ხუთს რომ თხუთმეტი აკლდა ჩვენმა არტილერიამ ქოშა-ქილისასთან გამაგრებულ ნაპირს სწრაფი ცეცხლი გაუხსნა. ქრისტეფორე თავისი ტყვიამფრქვევით მდინარის ნაპირთან მიცოცდა. საშინელი კაკანი იყო. ჩემი ცხენი ჩემს ქვეშ ფიცხობდა. თათრული ტყვიები ჩვენს თავებს ზევით საცოდავად წიოდნენ... მე ერთი საკავალერიო ოცეულით მდინარესთან მივედი... მდინარე ღრმა იყო, მაგრამ ჩემი ცხენი მამაცურად და სწრაფად წინ მიიწევდა. ჩემს წინ ორი დრაგუნი და ოფიცერი კახაშვილი იყვნენ. ტყვიების წივილი წყლის ხმაურიანი დგაფუნით იხშობოდა, შიშის გრძნობა უკვე არ მქონდა.
5 საათზე ჩვენ იქითა ნაპირზე ვიყავით და სანგრებიდან თათრების განდევნა დავწიყეთ, რომლებიც თავს შეუპოვრად იცავდნენ.
მე მარცხენა ფლანგზე აღმოვჩნდი და ჩემს გვერდით ანდღულაძე, ოფიცერი ამილახვარი და მზვერავი ვალიკო გიორგაძე. საწყალი, კარგი ანდღულაძე სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი...
რამდენიმე საათის შემდეგ განთავისუფლებულ შულავერში შევედით.
მთელი მოსახლეობა ჩვენ შესახვედრად გამოვიდა, ყველას მოჰქონდა რაც შეეძლო: პური, წყალი, ხილი. თვალცრემლიანი დედაბრები ჩვენს მოსვლას აკურთხევდნენ, ბავშვები მხიარულად ჰყვიროდნენ, ქალები კი ღიმილით მადლობას გვიხდიდნენ... და თუმცა კი კვნესოდა, იტანჯებოდა სული – ეს საყოველთაო სიხარული მამშვიდებდა და მანუგეშებდა. და როგორ ვიზეიმებდი, საწყალი ვალიკო რომ ჩემს ახლოს ყოფილიყო!
17 ივნისს 18 წ. ტფილისი.
გუშინ ვალიკოს სამწუხარო დაკრძალვიდან დავბრუნდი.
საბედისწერო შემთხვევითობაა: ვალიკო თავისი ნავარაუდევი ქორწილის დღეს იქნა დაკრძალული! 15 ივნისს. იგი მიწასთან შეუღლდა... სუფსაში დაასაფლავეს და მას ყველა სამხედრო პატივი მივაგეთ. დამკრძალავი პროცესია ტფილისში გრანდიოზული გახლდათ: ვალიკოს, დანელიასა და ანდღულაძის გვამებს სამ შავ ლაფეტზე მივასვენებდით! კუბოში მას მშვიდი, ნათელი და წყნარი სახე ჰქონდა. ნათელი სევდა გაიყინა ამ პატიოსან სახეზე.
საწყლები, ძვირფასები, საყვარელნი!
27 ივნისს 18 წ. ტფილისი.
ისევ ლაშქრობა! ისევ სისხლი, მსხვერპლი და ტანჯვა... დუშეთის მაზრაში მივემგზავრებით. იქ პროვოცირებული, მოტყუებული გლეხობის გაფორმებული (სრული) აჯანყებაა.
მე შესაძლებელი ტაქტით ვიმოქმედებ, შევეცდები რა ჯანსაღი ელემენტები გათავხედებულ ხულიგნებსა და პროვოკატორებს მოვწყვიტო.
პოლიტიკაში ბევრი რამ ახალია. ჩემი ოცნება განხორციელდა: მთავრობის სათავეში ნ. ნ. ჟორდანია დადგა. მან თავის მთავრობაში აღმასრულებელი კომიტეტის ბიუროს რამდენიმე წევრი შეიყვანა. ეს კარგია: ასეთ მთავრობას შეიძლება თავდადებულად ემსახურო. მაგრამ ძნელ, მძიმე წუთს მიიღო ჟორდანიამ ხელისუფლება: გერმანელები, თურქები, ანარქია. ზოგჯერ შემზარავი განწყობა მეუფლება... სამხედრო მინისტრის ამხანაგის (თანაშემწის) პოსტს მთავაზობენ... მაგრამ გადაჭრით ვთქვი უარი, არ მინდა, რომ გვარდიამ დამკარგოს და მეც გვარდია დავკარგო...
გუშინ ახალ კლუბში რაუტი იყო გერმანულ-ბულგარულ-ავსტრიული დელეგაციის საპატივსაცემოდ. მე მიწვევა მივიღე და კლუბში გავემართე. ვიღაც სიტყვას ამბობდა, როცა იქ გამოჩნდი. უეცრად რაღაც აუტანელი სევდა დამეუფლა, რაღაცნაირი წყენა აღწევდა ჩემს სულში და, ისე რომ მაგიდებთან არ მივსულვარ, წამოვედი...
უდიდესი უბედურებაა იყო დამარცხებული ქვეყანა!..
28 ივნისს 18 წ. მცხეთა. საღამოს 7 საათი.
ახლახანს დავიკავეთ ბებრის-ციხე და ამ უძველესი ციხე-სიმაგრის მთელი რაიონიც. მე ალექსანდრესთან ერთად შემტევ ჯაჭვში (შარში) მივდიოდით და თავს დიდებულად ვგრძნობდით. 5 საათზე 14 ქვემეხიდან გრიგალისებური ცეცხლი გავუხსენით ბებრის-ციხეს, რომელშიც აჯანყებულები ჩასხდნენ. ეფექტი დიდებული გახლდათ... ბანდები წინააღმდეგობის გარეშე გარბოდნენ, უკანმოუხედავად, დატოვეს რა „ბრძოლის ველზე“ ტყვიამფრქვევები და ყოველგვარი მარაგები. კარგი დასაწყისია.
29 ივნისს 18 წ. მცხეთის მახლობლად. დილა.
ღამე ველზე გავათიეთ. წვიმა მოდიოდა; ახლა კარგი ამინდია. ვიწყებთ გეგმის შესრულებას. სამ რაზმად ვიყოფით: არაგვის მარცხენა ნაპირის გაყოლებით არჩილ ფურცელაძის კოლონა უტევს, ცენტრში ა. გ. კონიევი მიდის, ქსნის გადალახვით ალექსანდრე და მე მივდივართ. სოხუმიდან ისევ სიურპრიზია: წყურგილში თურქებმა დესანტი გადმოსხეს. ეს ალექსანდრე შერვაშიძისა და ტატაშ მარშანიას ინიციატივით მოხდა... ბოლშევიკური ანარქია მათ დაეხმარა.
საჩხერეში საგანგაშო მდგომარეობაა, საძაგელია... ანარქია ყველგან იზრდება... გაბედულები უნდა ვიყოთ, დაუნდობელნიც კი რევოლუციის გადარჩენის საქმეში!..
1 ივლისს 18 წ. სოფ. ქანდა. დილა.
მივდივართ დუშეთზე მჭადისჯვრის გავლით. აქამდე ბრძოლითა და ძალზედ წარმატებით ვმოძრაობდით. მოწინააღმდეგე უკვე მოშლილი და დემორალიზებულია. მე მჯერა წარმატებისა...
2 ივლისს 18 წ. გზა მჭადისჯვრის გავლით დუშეთისაკენ. ადრეული დილა.
გუშინ ღამით მე და ალექსანდრე ტფილისში ვმგზავრობდით. იქ კარგი ცნობებია; თურქული დესანტი დამარცხებულია, ამხედრებული ლეჩხუმის წინააღმდეგ საჩხერეში ექსპედიციაა აღკაზმული და ანარქიის ლიკვიდაცია ყველგან სწრაფად ხდება... თავად ტფილისში რამდენადმე საგანგაშო მდგომარეობაა: როგორც ჩანს, იქ მზადდება „შეთქმულება“ დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ და ეს შეთქმულება ბოლშევიკებს, რუს მოხელეებსა და ნაწილობრივ დაშნაკცაკანებსაც აერთიანებს... ერთ გენერალს ბევრი დინამიტი უპოვნეს. ძალიან ფხიზლები და წინდახედულნი უნდა ვიყოთ, ძალზედ ბევრი მტერი ჰყავს დემოკრატიას...
ჩვენი ექსპედიცია კარგად მიმდინარეობს. მოსახლეობა იწყებს ჩვენს გაგებას და საკმარისად ხალისით აბარებს იარაღს. ჯერჯერობით სისხლი ცოტაა, ეს მე მახარებს... ამ დრომდე დაახლოებით 500 შაშხანაა ჩაბარებული. პროვოკაცია თანდათანობით ჰკარგავს ნიადაგს... ჩვენ ყველგან ვცდილობთ მიტინგების მოწყობას და ჩვენი მოწინავე მუშები გვარდიელები ენერგიულ აგიტაციას ეწევიან... იარაღის ძალას ჩვენ ზნეობრივი ძალით ვამაგრებთ...
ამინდი საოცარია. ღამეები შესანიშნავი, მაგრამ დღისით რამდენადმე ცხელა. სრული სალაშქრო ცხოვრებით ვცხოვრობთ; დღისთაც და ღამითაც ღია ცის ქვეშ ვიმყოფებით... ნათელ, ვარსკვლავიან ღამეებში მოციმციმე ვარსკვლავებს ვუყურებ და ბევრ რამეზე ვფიქრობ, ვოცნებობ. სული მშვიდდება და ფიქრებიც ისვენებს...
მთელი ძალებით ვცდილობ შეიარაღებული შეტაკებებისა და სისხლის თავიდან აცილებას. ჯერჯერობით ეს ხერხდება.
ბოლშევიკები თავიანთ სააგიტაციო ფურცლებში დაუნდობლად მდევნიან. რენეგატს, ჯალათს, პროვოკატორს მიწოდებენ. ბოროტმოქმედებო! ისტორიამ თქვენ უკვე გაგასამართლათ!..
3 ივლისს 18 წ. დუშეთის ზევით. დილა.
ღამემ მშვიდად ჩაიარა. კონიევის კოლონა ჯერ ისევ სადგურ წილკანთანაა.
3 ივლისს 18 წ. დუშეთის ზევით, დღის 3 საათი.
ახლა ქვემეხების ცეცხლს ვიწყებთ და მე შემოვლითი კოლონა მიმყავს კონიევთან შესაერთებლად. დილით მე და ალექსანდრემ მასთან ვიმგზავრეთ და ვგებულობთ, რომ წარმატებული შეტევის შემდეგ – მან ისევ უკან დასწია თავისი კოლონა. ეს ჩვენ რამდენადმე გვაშფოთებდა. დღეს რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მას უნდა შევუერთდეთ.
მოსახლეობა თანდათანობით მშვიდდება, ცხოვრება თავის ნაპირებში შედის. გლეხები საველე სამუშაოებს შეუდგნენ, ნამგლები ელავენ, ურმები ამოძრავდნენ. ყოველივე ეს სულს ახარებს.
4 ივლისს 18 წ. საგზაო ჯიხური, დუშეთის მახლობლად.
დილა. ამ ჯიხურში ჩვენი შტაბია განთავსებული. ადრეული დილიდან დაიწყო საარტილერიო სროლა. მოწინააღმდეგე ორი ქვემეხიდან ისვრის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მათი აღმოჩენა. ჩვენს ერთ ბატარეას იგი შესანიშნავად ხედავს და ცეცხლს უშენს მას. ჩვენს არტილერისტებს თავი ყოჩაღად უჭირავთ. მოწინააღმეგის არტილერია საშუალოზე ცუდად ისვრის (стреляет на три с минусом): ჭურვები ჩვენი ბატარეის ირგვლივ და ახლოს ეცემა.
საჭიროა მოწინააღმდეგეს ზურგიდან მოვუაროთ და იგი იქ გავაუვნებელვყოთ.
5 ივლისს 18. წ. დუშეთის თავზე. შუადღე.
ზაფხულის საოცარი დღეა. იშვიათი საარტილერიო სროლა. ღრმა დაზვერვაზე მივემგზავრები. ხვალ საერთო შეტევაზე გადავდივართ. მომბეზრდა გაჯანჯლება...
6 ივლისს 18 წ. ადრეული დილა.
ახლა მარცხენა კოლონით გავდივარ მოწინააღმდეგის ღრმა შემოვლისათვის. ჩვენ გვყავს 250 ხიშტი, დ. ყანჩელის სამთო ოცეული და ქრისტეფორეს ოთხი ტყვიამფრქვევი. ფურცელაძე-გედევანოვის კოლონა უკვე გუშინ წავიდა ანანურზე არაგვის ხეობაში – ჟინვალის გავლით (через Минван)... ამინდი მოწყენილად იღუშება...
6 ივლისს 18 წ. სოფელ ანანურის თავზე. შუადღე.
მომქანცველ და ღრმა შემოვლას ვასრულებთ მოწინააღმდეგის ზურგსა და ფლანგში. მოპირდაპირე გაშიშვლებულ თხემზე შეიარაღებულ ადამიანთა მწყობრი ჯაჭვები (შარები) გამოჩნდა. ეს, აშკარად, გიორგი ლომთათიძის ასეულია, რომელიც აჯანყებულებს მარჯვნიდან უვლის. ჩვენს მარჯვენა ფლანგზე თოფებისა და ტყვიამფრქვევების ძლიერი სროლაა. ის თანდათანობით წყნარდება. აშკარაა, მოწინააღმდეგე დაჩქარებით უკან იხევს. მეშინია, რომ იგი ხელიდან დაგვისხლტება... ამინდი საოცარია. მზე მხიარულად და ძლიერად გვაცხუნებს. შემოგარენი მომხიბვლელია. სოფელი დაცარიელდა.
6 ივლისს 18 წ. საღამო. ცხენით ანანურიდან დუშეთისაკენ.
სიხარულიან-სევდიანი ფიქრებით მივემგზავრები ბოლშევიკებისათვის წართმეული ცხენით ჩვენი რაზმის შესახვედრად. მიხარია წარმატება. ჩვენმა შემოვლებმა საბოლოოდ მოახდინეს მოწინააღმდეგის დემორალიზება. სოსო გედევანოვის რაზმი გაქცეულ მტერს დაეწია და მას ორივე ქვემეხი წაართვა. მაგრამ მაინც სევდა მაწვება ომში... იწყენს სული დაცარიელებული სოფლებისა და ომის უნებური სისასტიკეების ხილვისას...
გლეხობა აქ ჩვენ მოღუშულად გვხვდება. აშკარაა, იგი მტრებად მიგვიჩნევს. მტკივა და ვნაღვლობ...
8 ივლისს 18 წ. ანანური. ადრეული დილა.
გუშინ ანანურში ვისვენებდით... დღემ მშვიდად ჩაიარა. გედევანოვის რაზმს შევხვდით.
ახლა ანანურზე გავდივართ... ჩვეულების მიხედვით მე და ალექსანდრე მეწინავე კოლონაში მივდივართ და შემდეგ კი მეწინავე ჯაჭვში... მიყვარს მე ეს...
ჩემს წინ ხმაურიანი, მხიარული არაგვია. ბავშვობაში შევიყვარე მე ეს მდინარე და ბევრიც მიოცნებია მასზე...
8 ივლისს 18 წ. 14-ე ვერსი. დღის 3 საათი.
მიდის შეუპოვარი ბრძოლა. მოწინააღმდეგეს სიმაღლეები უჭირავს და ყოველი მხრიდან ცეცხლს გვიშენს. ჩვენ მძიმე ღრმა შემოვლას ვასრულებთ. მთებში. დაახლოებით ოცი ადამიანი ვართ. გვინდოდა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევებისათვის ზურგიდან მოგვევლო... მთა ძალზედ ციცაბოა, ფეხები გვიცურავს. ყოველი წაქცევისას ალექსანდრე ყველას წყევლის... მე მხიარულად ვიცინი... დაღლილობა გვძლევს...
ფასანაური. საღამო.
ფასანაურში საღამოს 9 საათზე შემოვედით. დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე ცხარე ბრძოლა იყო... ჩვენ მოწინააღმდეგე მივბეგვეთ და ისიც საჩქაროდ გაიქცა. რამდენიმე ადამიანი, სატყვიამფრქვევო ბუდეებში შეპყრობილი, ადგილზევე იქნა დახვრეტილი. მე ვნახე ეს მძიმე და საშინელი სურათი... საბედისწერო აუცილებლობა... ორ ახალგაზრდა რუს მეტყვიამფრქვევეს სიცოცხლე გადავურჩინე და ეს მანუგეშებს. და რაც უფრო ძნელი იყო მათი გადარჩენა, მით უფრო მეტია სიხარული... მოწინააღმდეგე უწესრიგოდ გაიქცა და პირველმა თავს ბელადებმა უშველეს. მათ რიცხვში იყო სერიოჟა!.. უცნაური და საშინელი რამაა! მე და სერიოჟა, ყოფილი საუკეთესო მეგობრები, რომლებმაც წარსულში ასე ბევრი ერთობლივი სიმწარე და სიხარული ვიცოდით, საერთო რევოლუციური მუშაობის შესახებ ასე ხშირად ვოცნებობდით – უეცრად ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. ჯერჯერობით ჩემმა მხარემ გაიმარჯვა. სერიოჟა სამარცხვინოდ გაიქცა... წარსულის ნათელი სახეები თვალწინ წარმომიდგება, ყოფილი ოცნებები აღორძინდება და მე ვწყევლი ამ ბრძოლას, ამ სახელგანთქმულ სამოქალაქო ომს... ამ ბრძოლაში იღუპება რევოლუცია...
სერიოჟა, საყვარელო. მე შენ მიყვარხარ და მეზიზღები. მიყვარს შენი წარსული, ჩვენი ნათელი მეგობრობა და ჩვენი ოცნებები. და მეზიზღება შენი ლაჩრული პატივმოყვარეობა, შენი სულმოკლეობა ბრძოლაში... მე ვლოცავ ბედს იმისათვის, რომ შენ არ შეგხვდი ბრძოლის ველზე: შენს გამო შემრცხვებოდა...
საკუთარ სიკვდილზე უფრო მეტად შენთან შეხვედრისა მეშინოდა... მაგრამ შენ გაიქეცი, ისე რომ არ დამელოდე და ამისათვის მადლობას გიხდი...
11 ივლისს 18 წ. ფასანაური. დილა.
გუშინ მთავარ, მარცხენა კოლონას ბრძოლა ჰქონდა. მოწინააღმდეგესთან ისევ ქვემეხები გამოჩნდა. მე შემომვლელი, მარჯვენა კოლონით გავდივარ... მან გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს...
11 ივლისს 18 წ. გუდამაყრის ხეობა. სოფ. ზანდუკი. საღამოს 6 საათი.
ჩვენი შემოვლითი კოლონა არ. ფურცელაძის მეთაურობითა და ქრ. შარაძის სატყვიამფრქვევო რაზმით ფასანაურიდან დღის 2 საათზე გამოვიდა. ყაზბეგიდან ჩვენთან 12 ცხენოსანი მოხევე ჩამოვიდა, რომლებიც ჩვენ ყაზბეგში გვეძახიან და მოსახლეობის შეიარაღებულ დახმარებასაც დაგვპირდნენ. ესენი ყველა მაღალი, ყოჩაღი ბიჭები არიან. ისინი წითელგვარდიელმა ავსაჯანოვმა მოიყვანა...
ჩვენი შემოვლისაგან მე ბევრს ველოდები. წარმატების შემთხვევაში მტერს ერთი დარტყმით მოვუღებთ ბოლოს. წარუმატებლობა თვითონ ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. ხვალ დილით ჩვენსკენ გ. ლომთათიძის ასეული წამოვა. ის ჩვენ საკმარისად გაგვაძლიერებს...
ჩვენმა მარცხენა კოლონამ უკვე მლეთა დაიკავა. მოწინააღმდეგე ბრძოლით იხევს. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, რათა იგი მკვდარ წრეში მოვიმწყვდიოთ (ჩავკეტოთ).
11 ივლისს 18 წ. დუმაცხო. საღამო. ეკლესია „პირი-მზე“.
მომაჯადოვებელი სილამაზეა! მისი ჯადოქრობით ვარ მთვრალი!.. პატარა სოფლები, რომლებიც ძალმოსილი მთების მწვანე კალთებზე გრაციოზულად შეყუჟულან, მერცხლის ბუდეებს მაგონებენ.
მოსახლეობა ჩვენ თეთრი დროშებით გვხვდება და გაოცებულია. აქ ისევ შუა საუკუნეები მეფობს: არ არის სკოლები და არც კულტურის რაიმენაირი ელემენტებია. მაღალ მთებს შორის მომწყვდეული მოსახლეობა გარემომცველ მოვლენებში სრულებით ვერ ერკვევა. იგი მთებით, სიღარიბითა და უმეცრებითაა დათრგუნული. ჩვენთან თანდათანობით ცხენებზე ამხედრებული შეიარაღებული, კარგი აღნაგობის მოხევეები მოდიან... უმრავლესად ისინი ყაზბეგლები ან სნოს მაცხოვრებლები არიან... ხვალ ჩვენი ღრმა შემოვლის ბედი გადაწყდება...
12 ივლისს 18 წ. დუმაცხო. ადრეული დილა.
ცივი ღამე კოცონთან გავატარე... საბანაკო ცეცხლები დავანთეთ და როგორღაც გვეძინა მხიარულ მინდორზე ძველ ნანგრევებთან. თუმცა კი, მე თითქმის ნორმალურად მეძინა, ვინაიდან ყველანაირ პირობებში შემიძლია დავიძინო... ჩემს ნესტორს (ეშმაკს) თითქმის არ ეძინა და ალბათ იგი ჩვენს შემოვლასა და მთებში ამ ცივ ღამესაც წყვლიდა. ნესტორს ძალიან ორიგინალური შესახედაობა აქვს: კალოშების ნაცვლად მას ფეხზე არყის ხის ქალამნები (ლაპტები) აცვია, თავზე კი რბილი ფართოფარფლებიანი შლაპა ახურავს. იგი მოუხეშავ, ძლიერ ცხენზე ზის და განებივრებულ, ტანით უკვე შემძიმებულ ტურისტს ჩამოჰგავს... იგი ანანურში ჩამოვიდა, და ჩვენ კი შემომვლელ კოლონაში თან წამოვიყვანეთ... მე მიყვარს ნესტორთან ერთად ლაშქრობებში ყოფნა: უფრო სრულად გჯერა წარმატების...
12 ივლისს 1918 წ. ბურსაჭირის უღელტეხილი. დილის 8 საათი.
ჩვენ უღელტეხილზე ვართ! როგორი აღტაცებაა... უღელტეხილსა და გარემომცველ ქედებს სნოსა და კარკუჩის მცხოვრებლები იცავენ (სნო ჩემი მამა-პაპის სოფელია – ი. ხ.). მათი ნაწილი ჩვენ უღელტეხილზე დაგვხვდა და მოგვესალმა. მათ შესანიშნავი შესახედაობა აქვთ და კარგ ცხენებზე სხედან. როგორი ბედნიერებაა, რომ ისინი ჩვენთან არიან! მათი დახმარების გარეშე ჩვენი შემოვლა თითქმის უიმედო იქნებოდა... მოხევეების ყველა სოფელი, სიონისა და გერგეთის გამოკლებით, ჩვენს მხარეზეა...
აქედან საოცარი ხედია ჭაღარა ყაზბეგზე. მე დიდხანს ვტკბები მისი ამაყი, მოღუშულად საიდუმლო სილამაზით...
ზღაპარია!..
აქ ჩვენ ბოლშევიკების ტელეფონოგრამები გადმოგვცეს. ისინი ჩვენ მათ სატირალ მდგომარეობასა და მათი ძალების არარაობას გვიჩვენებენ. ყველანი ტყვიამფრქვევების, მეტყვიამფრქვევეთა, ვაზნების ან პურის არქონაზე ჩივიან... „ჩვენ ვშიმშილობთ!“, – ღაღადებენ ისინი, მაგრამ ყველას თეთრ პურს კი ჰპირდებიან!.. საცოდავი ავანტიურისტები!..
12 ივლისს 18 წ. კარკუჩა. დღის 2 საათი.
ჩვენი რაზმი გზაში მოიქანცა. კარკუჩის მაცხოვრებლებმა მთელ რაზმს სადილი გაუმართეს. მათი ძალდაუტანებელი სიხარული და ფართო სტუმართმოყვარეობა გვაიძულებს დაღლილობა დავივიწყოთ. ახალციხელებმა, რომლებიც აქამდე ცელქობდნენ, დელეგაცია გამოგვიგზავნეს თეთრი დროშებით... „ძალა თივის ღერს ტეხავს“...
სასიამოვნო და საგანგაშო ცნობაა. ყაზბეგში ვლადიკავკაზიდან საშა გეგეჭკორის რაზმი ჩამოვიდა. ჩვენ ეს გვაწყობს: ეს რაზმი დაიღუპება...
ყაზბეგის მთა ღრუბლებში გაეხვია... ამაყი, მძლე, მკაცრი ყაზბეგი!..
13-ში 18 წ. სნო. დილა.
გუშინ ღამეს ჩვენთან ლომთათიძის ასეული მოვიდა. მან დღის განმავლობაში ფასანაურიდან მომქანცველი გადმოსვლა შეასრულა! ახლა ჩვენ ძალები საკმარისად გვყავს – დაახლოებით 250 ხიშტი 8 ტყვიამფრქვევით. ჩვენ შეგვიძლია გაბედულად და გადაჭრით ვიმოქმედოთ...
გუშინ მოწინააღმდეგემ ქვემეხებიდან სოფელ ყაზბეგს (სტეფან-წმინდას) ცეცხლი დაუშინა. ჩვენ ფაქტიურად უკვე მოვუჭერით მტერს გზა უკან დასახევად, თუმცა კი იგი ჯერ ვერა გრძნობს თავისი მდგომარეობის საშინელებას... მალე ჩვენ საბრძოლო ოპერაციებს შევუდგებით და მტერს დავამარცხებთ...
13 ივლისს 18 წ. აჩხოტი. შუადღე.
11 საათზე ჩვენ აჩხოტის ციხე დავიკავეთ, რომელიც საქართველოს სამხედრო გზის თავზეა განლაგებული. ამრიგად, მოწინააღმდეგეს უკანდასახევი გზა უკვე მოჭრილი აქვს!.. ზოგიერთებმა, აშკარაა, ღამით მოასწრეს ყაზბეგში გასხლეტვა და ახლა ისინი ქვემეხებიდან ცეცხლს უშენენ იმ მთების თხემებსა და ფერდობებს, რომლებითაც ლომთათიძის ასეული დაბლა ეშვება. მაგრამ მჯერა, რომ მოხევეები მათ უკანდასახევ გზას მოუჭრიან და გეგეჭკორის მთელი „სოციალისტური რაზმი“ ხელში ჩაგვივარდება!..
გაბატონებული სიმაღლეები უკვე ჩვენს ხელშია.
ამ სიმაღლიდან ირგვლივ ვიყურები და აღტაცებული ვარ მთების მძლავრი სილამაზით. აქედან მოჩანს ჩანჩქერები, ძველი ციხე-სიმაგრეები და თვალწარმტაცი სოფლები... და ყველაფერზე მწვანე, ძლიერი, ლამაზი მთები ბატონობენ...
რაღაც წამებში ომს ვივიწყებ და შრაპნელების გასკდომის ხმაც არ მესმის... მე მთლიანად ბუნებაში მივდივარ...
დიდებული ყაზბეგი დილით მოჩანდა. შემდეგ იგი თავის ღრუბლებში წავიდა...
სნოს მოსახლეობა ჩვენ ძალზედ თბილად (приветливо) და სიხარულით დაგვხვდა... დიდებულად გაგვიმასპინძლდნენ. ცხოვრებაში პირველად ვჭამდი მის გემრიელ და მსუყე „ხაბიზგინებს“...
ქალები, განსაკუთრებით მოხუცები, ჩვენთან შეხვედრისას ტირიან და ჩუმად გვლოცავენ საბრძოლველად. მათი ბევრი ვაჟიშვილი ჩვენს ჯარს შემოუერთდა და ეს კიდევ უფრო აძლიერებს მათ ნათელ სევდას... სიყვარულითა და ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებ მე ამ საყვარელ მოხუც ქალებს და უძველეს, გმირ ქართველ დედას ვიხსენებ...
14 ივლისს 18 წ. ყაზბეგი. დილა.
გუშინ საღამოს ჩვენ სასტიკად დავამარცხეთ (наголову разбили) „ბოლშევიკები“. სრული, საბოლოო განადგურებაა... მათი 2 ქვემეხი, 4 ბომბსატყორცნი, ტყვიამფრქვევები, მთელი აღალი და დაახლოებით 200 ტყვე ხელში ჩავიგდეთ... საშა გეგეჭკორის „სოციალისტური რაზმიდან“ მარტო „რქები და ჩლიქები“-ღა დარჩა. ვლადიკავკაზისკენ მიმავალ გზაზე მოწინააღმდეგის ბევრი გვამი ჰყრია. მძიმე სურათია, მაგრამ გაქვავდა, მოკვდა გული...
ტყვეთა შორის ძიმედ დაჭრილი თომა ჩუბინიძე და სოხუმელი შანტაჟისტი მიშა გეგეჭკორი არიან, რომლიც ხელს აწერდა „მთავარსარდლის მაგიერ“.
მე და შარაძე ოთხი გვარდიელითა და ლუისის ორი ტყვიამფრქვევით მივდევდით გაქცეულ მოწინააღმდეგეს, ჯგუფებით მოგვყავდა რა იგი ტყვედ. დამარცხებული მტერი საცოდავ, უბედურ სანახაობას წარმოადგენდა. ჩვენ იგი დარიალის ხეობის ვიწრო, საშინელ ადგილას ჩავიგდეთ ხელში – კლდე „ღმერთო ამარიდე“-სა და გველეთის დიდს შორის. ამ სოფლის თავზე პატარა სოფელი ცდოა განლაგებული, რომელმაც ბოლშევიკებისათვის საბედისწერო როლი ითამაშა...
არ აარიდა მათ უფალმა...
მოწინააღმდეგეს არანაირი ხსნა აღარ ჰქონდა: წინ მოხევეები ჩასდხნენ და ჩვენი ტყვიამფრქვევიც მოქმედებდა, მარჯვნივ თერგი თავის მღვრე ტალღებს ცოფიანად მოაგორებდა, მარცხნივ ციცაბო, მაღალი კლდეები იყო აღმართული, უკნიდან ჩვენები აწვებოდნენ... სასიკვდილო, საბედისწერო წრე გამოვიდა!.. მაგრამ საშა გეგრჭკორმა ამ წრიდან მოასწრო გასხლტომა. იგი პირველ რიგში გადარჩა. ასეთია მათი ტაქტიკა...
უკვე დაბინდდა, როცა ჩვენ მეთერთმეტე ვერსს მივაღწიეთ. ჩვენ ექვსი ადამიანი და დაახლოებით ოცი ტყვე ვიყავით... დაქანცულები გახლდით და მეტად აღარ შეგვეძლო მტერი გვედევნა. ამასთანავე ტყვეები გვთხოვდნენ უფრო შორს აღარ წავსულიყავით, რადგანაც ბოლშევიკები დარიალის ციხესიმაგრეში იყვნენ გამაგრებულნი. „ჩვენც დავიღუპებით და თქვენც“, – საწყლად გვარწმუნებდნენ ისინი...
მოხევეები ლომებივით იბრძოდნენ. ჩვენმა მოსვლამ ისინი აღაფრთოვანა. ისინი დიდებული მსროლელები და კარგი მეომრები არიან. და როგორ უყვართ მათ იარაღი! მე ვნახე მოხევეები, რომლებსაც ზურგს უკან ბოლშევიკებისათვის წართმეული 10-12 შაშხანა ჰქონდათ გადაკიდებული, და მიუხედავად ამისა მამაცურად, დაუღალავად სდევნიდნენ მტერს... ისინი საშინლად იყვნენ გაბოროტებულნი ბოლშევიკებზე, რომლებმაც სრულებით გაძარცვეს ყაზბეგი. მე დიდი შრომით ვახერხებდი მათ დამშვიდებასა და შერბილებას. მაგრამ მაინც ვახერხებდი... რას ფიქრობდნენ ტყვე „ბოლშევიკები“, როცა ხედავდნენ, თუ როგორ იხსნიდა და იცავდა მათ „ჯალათი“ შეუპოვარი დაჟინებულობით?!.. და ეს უბედური ტყვეები მე ადამიანურად მეცოდებოდა! თავიანთ უმეტესობაში ესენი მეგრელები და ლეჩხუმელები იყვნენ, რომლებსაც საშა გეგეჭკორი ოქროს მთებს დაჰპირდა, მაგრამ დარიალის საბედისწერო ვიწრობები კი არგუნა... არტილერისტები რუსები იყვნენ...
მიფიქრია კი ოდესმე, რომ ამ საშინლი და სევდიანი ტრაგედიის აქტიური მონაწილე ვიქნებოდი?!.. მიფიქრია კი, რომ რევოლუციის ჯვარი ასე სასტიკად მძიმეა!.. თქვენ, ახლა თქვენს მეშჩანურ წყნარ მოხერხებულ კერებში რომ სხედხართ, ალბათ, გგონიათ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებების დაფნის გვირგვინები გვატყვევებს, რომ ჩვენ ეს გამარჯვებები გვიყვარს. მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ, თუ როგორ მძულს ეს გამარჯვებები, როგორ ჰკვნესის და იტანჯება სული! და ქვითინებს გული. გაქვავებული გული!..
მე ხშირად ვფიქრობ: რატომ მოვიდა ჩემს წილად ეს სასტიკი, სიხლიანი და ტრაგიკული გზა?! რატომ ვატარებ გარეგნულად მშვიდი, თითქმის ბედნიერი შესახედაობის ქვეშ უდიდეს ტანჯვასა და დიდ მწუხარებას?! და აი ახლაც: ჩემს მარტოობაში ირგვლივ ვიყურები, შევყურებ ჭაღარა ყაზბეგს, ჩემი ბავშვობის ამ მუდმივ ოცნებას, სამების ზღაპრულად ამაყ მონასტერს, გარემომცველ ძალმოსილ მთებს და ვერ გვრძნობ ყოფილ სიხარულს... რაღაც უკან მოუბრუნებლად მოკვდა ჩემში და შეწყვიტა ყვავილობა... მე წარსულში შემეძლო მყვარებოდა ბუნება და სილამაზე... გაზაფხულზე და ზაფხულში ბუნებაში მივდიოდი და მასთან ერთად ჩემს სიხარულსა და სევდას განვიცდიდი... შემოდგომა არ მიყვარდა... ახლა ცუდად მესმის ბუნებისა და არ შემიძლია მასში ჩემი მწუხარება განვიქარვო... მძიმეა...
მაგრამ თავს გავიქნევ და მწუხარე ფიქრებსაც შორს ვდევნი. მე ვამარცხებ რეფლექსიასა და სულის დონდლოობას და ვამბობ: რევოლუცია, დემოკრატია და სოციალიზმი „გამოსასყიდ მსხვერპლებს მაპატიებენ“! რევოლუცია დღესასწაული არ არის, არამედ მძიმე, მკაცრი და სასტიკი შრომითი დღეებია! რევოლუცია – გზაა დღესასწაულისაკენ. ნათელი დღესასწაული ჯერ კიდევ წინაა. და ამ კაშკაშა, აღტაცებული სრულიად საკაცობრიო დღესასწაულის გულისათვის ჯვრის მთელი სიმძიმე უნდა ავიტანო და სისხლს შევურიგდე... დიახ, სევდიან ფიქრებს მე შორს ვდევნი. ვამბობ: „სიცოცხლეს და მის ეკლიან გზას გაუმარჯოს!“
გუშინდელ სისხლიან დღეს ვუბრუნდები. ბოლშევიკებს დილიდანვე არ გაუმართლათ, რადგანაც სწორედ დილით ჩვენს მიერ შემთხვევით იქნა მოკლული „ამიერკავკასიის სოციალისტური რაზმების მთავარსარდალი“ ოფიცერი კ. ჭავჭავაძე. მისმა სიკვდილმა რაზმში პანიკა შექმნა და მისი უწესრიგო გაქცევაც დააჩქარა.
15 ივლისს 18 წ. ყაზბეგი. დილა.
გუშინ, საღამოს 5 საათზე, დარიალის ციხე-სიმაგრეზე შეტევა მივიტანეთ. პირველ თავში ალექსანდრე დგებუაძე, სანდრო მაისურაძე, მე და 12 ადამიანი ვუტევდით ფურცელაძის რაზმიდან მამაცი ვ. ქარცივაძის მეთაურობით. მალე ციხე-სიმაგრის დაბალი კოშკები გამოჩნდა და ჩვენ მათთან ფრთხილად დავიწყეთ მიახლოება... გზაზე ულამაზესი პატარა მთის მდინარე ქისტურა შეგვხვდა და მეც მისი თავისებური, ამაყი სილამაზით მოვიხიბლე... უეცრად სანდრო, რომელიც ყველაზე წინ მიდიოდა, შეჩერდა, ბინოკლში ციხესიმაგრეს ყურადღებით მიაჩერდა და ჩუმად ამბობს: „იქ მოწინააღმდეგეა“. მე დავუმიზნე და ვისროლე... ატყდა გაძლიერებული სროლა. ციხიდან ჩვენ თოფებისა და ტყვიამფრქვევების ცეცხლით გვიპასუხეს. ჩვენც ასევე მაქსიმის ტყვიამფრქვევები მოვაგორეთ. მოხევეების ჯგუფმა, რომელმაც ციხე-სიმაგრის „თამარ-ღაზნელი“ ნანგრევები წინასწარ დაიკავა, თავის მხრივ ასევე ცეცხლი დაუშინა ბოლშევიკებს. ჩვენ ციხე-სიმაგრესთან სევ. ვასაძის სამთო ოცეული მივაგორეთ, რომელმაც რამდენიმე ძალზედ იღბლიანი ჭურვი გაუშვა... ვხედავდით, თუ როგორ დაიწყო მოწინააღმდეგემ ციხე-სიმაგრიდან გამოსვლა და გაქცევა... მაშინ „ვაშას“ ძახილით ჩვენ ციხეში შევვარდით და ის თვალის დახამხამებაში დავიკავეთ. ჩვენ იქ ხელში ტყვიმფრქვევები, ტყვეები და სურსათი ჩავიგდეთ. ჩვენთან ერთი მეტყვიამფრქვევე იქნა მოკლული. მე საშა გეგეჭკორის ცხენი ჩავიგდე ხელში. თვითონ საშა აქაც გაგვისხლტა... დარიალის ციხე-სიმაგრის დაკავების შემდეგ ჩვენ სწრაფად გავწიეთ წინ და მოწინააღმდეგეს ბრძოლებით ლარსამდე მივდიეთ. ლარსი საღამოს 9 საათზე დავიკავეთ, ხელში ჩავიგდეთ რა იქ ორი სალაშქრო სამზარეულო ცხელი საჭმელით და ბომბსატყორცნები. ამ ოპერაციაში გედევანოვის რაზმის ერთი ნაწილი მონაწილეობდა, თავად სოსო კი კოლონის უფროსი გახლდათ. ეშმაკი ჩვენს კოლონაში იყო.
ახლა ჩვენი მეწინავე რაზმი თერგის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დგას. ამრიგად, ჩვენ საკუთარი ტერიტორია ბოლშევიკური ბანდებისაგან გავწმინდეთ და უკვე უცხო მიწაზე ვდგავართ... შესაბამისად, ჩვენი სამუშაო არსებითად დასრულებულია. სრული წარმატებაა...
ტფილისში ზოგიერთმა გაზეთმა ჩემი სიკვდილი მსხვილი შრიფტით შეატყობინა. და უკვე არა ერთხელ მოცლილი ხალხის ხმები მკლავდა! მაგრამ მე ჯერჯერობით სიკვდილს არ ვაპირებ. მინდა და ვიცოცხლებ კიდეც! რევოლუციისა და თავისუფლების მტრებისათვის თავზარის დასაცემად...

17 ივლისი 18 წ. ტფილისი.
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
ხელმძღვანელი ს.-დემოკრატიულ. ორგანიზაციების სხდომა.
სხდომა მიდის მონოტონურად, დუნედ. ველოდები მიწის საკითხის განხილვას; მთელი ენერგიით შევებრძოლები გამოსყიდვას... ხვალ უკან ყაზბეგში მივემგზავრებით. ვისწრაფვით საყვარელი სიმაღლეებისკენ...
20 ივლისი 18 წ. არშის ციხე.
დღეს ლარსში ვიმგზავრე. მოველოდით ინგუშების დელეგაციას, მაგრამ ის არ ჩამოსულა...
ჩვენ ულტიმატუმი გავუგზავნეთ თერგის მთავრობას. ულტიმატუმი ოფიცრებმა ნ. წივწივაძემ და ბერძენიშვილმა წაიღეს. ჩვენმა მთავრობამ რწმუნებებით აღგვჭურვა ივ. ლორთქიფანიძე, გერ. მახარაძე და მე რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები თერგის რესპუბლიკასთან...
ველოდებით პასუხსა და შეხვედრას.
ახლა ჩვენ უძველესი, თვალწარმტაცი და მიუდგომელი ციხესიმაგრის ნანგრვებზე ვართ. კარგი დღეა.
ქვემოთ, აჩხოტში, ყოველი მხრიდან მოედინებიან მოხევეები. სახალხო ნადიმი და ხევის შერიგება იქნება. ესეც ასევე ჩვენი გამარჯვების შედეგია...
21 ივლისი 18 წ. სამების მონასტერი.
დღეს ამ უძველეს, ჩაფიქრებულ ტაძარში გერგეტლებმა შერიგების ლოცვა აღასრულეს. გუშინ ყაზბეგლები და სიონელები შერიგდნენ. დღეს გერგეტლები ამბობენ უარს უწინდელ გატაცებებზე და ყაზბეგლებს ურიგდებიან. და გჯერა, რომ უბრალო ფიცი, რომლითაც ეს მკაცრი ადამიანები, განმარტოებული სახალხო ტაძრის ბნელი, მაგრამ ლამაზი თაღების ქვეშ ერთმანეთს ეფიცებიან, წმინდა და გაუტეხელი იქნება...
ძველი მონასტრის გალავანში გერგეტლებმა შერიგების ნადიმი მოაწყვეს. გერასიმე მახარაძე, ივანე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე დგებუაძე და მე საპატიო სტუმრები ვიყავით. გამასპინძლება უხვი იყო, მასპინძლები მხიარულნი და გულგახსნილები. ამაყ, მაგრამ არც თუ სრულებით მელოდიურ სიმღერებს მღეროდნენ...
აქ ჩვენ შევხვდით გამცილებლებს, რომელნიც არაერთხელ ყოფილან ძალმოსილი ყაზბეგის მწვერვალებზე. მათ ყველას ახსოვთ და უყვართ ცნობილი ალპინისტი ქალი მარია პავლეს ასური პრეობრაჟენსკაია, რომელიც მათთან ერთად იყო მყინვარწვერის მწვერვალზე. მკაცრი და მამაცი მონადირეები სიყვარულით ლაპარაკობენ მასზე და მას მარი პოლოს უწოდებენ.
და ამ უცნაურ, მისტიკურად ველურ ვითარებაში, ძველი ტაძრის გალავანში, რომელიც ყაზბეგის მარადიული სილამაზითაა ნაკურთხი, მხიარული, კეთილმოსურნედ მკაცრი ბრბოს შორის – ფიქრები თოვლის ფიფქებივით ირევა და იქვე დნება...
გუშინ ჩვენთან ვლადიკავკაზიდან ინგუშური დელეგაცია ჩამოვიდა. გუშინვე ულტიმატუმი გავუგზავნეთ თერგის მთავრობას. ინგუშები დაგვპირდნენ სრულ მხარდაჭერასა და ჩვენი ულტიმატუმის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. თერგის ოლქში ბოლშევიკების საქმე ცუდადაა. მათ კაზაკები ურტყამენ... ესეც ასევე უბედურებაა...
22 ივლისი 18 წ. ყაზბეგი. საღამო.
ყაზბეგი ჩემს თავზეა!..
ახლა ტელეგრაფში ვარ. გერასიმე ჩვენი ულტიმატუმის ტექსტს ტფილისში გადასცემს. თერგის საბჭოთა რესპუბლიკისგან პასუხი დღეს 2 საათზე მივიღეთ. „საბჭოთა რესპუბლიკა“ ფორმალურად თავიდან აცილებას ახდენს: ჩვენი ულტიმატუმი მთავრობის ბლანკზე არ არის დაწერილი და სახელმწიფო ბეჭდით განმტკიცებული!..
სამწუხაროდ, ისინი ფორმალურად მართალნი არიან...
ხვალ მათ გადასცემენ ულტიმატუმს ბლანკზე და ბეჭდით! ვნახოთ, მაშინ რას იტყვიან. ჩვენთან გადაწყვეტილია: ულტიმატუმის უარყოფის შემთხვევაში – შევუტიოთ! მაგრამ მე ამ შეტევის პერსპექტივა არ მახარებს: ძალზედ ჩახლართული, რთული და წინააღმდეგობრივია ოლქში ეროვნული ურთიერთობები. ჩვენ არ გვინდა ბოლშევიკების დამხობა იმისთვის, რათა იმათ ადგილზე კიდევ უფრო ბოროტი და უიმედო რეაქცია გამეფდეს...
ყაზბეგი დღეს მთლიანად ჩანს. იგი კაშკაშა, ამაყი და მოღუშულია... შევყურებ მას და ვტკბები...
25 ივლისი 18 წ. ყაზბეგი. დილა.
გუშინ მივიღეთ პასუხი თერგის მთავრობისაგან. თერგის რესპუბლიკა თანახმაა ყველა ჩვენი ტყვე დაუყოვლებლივ გამოუშვას, სხვა საკითხებზე კი ძველ ლარსში პაემანი შემოგვთავაზა. ამრიგად – დღეს ჩვენ უნდა შევხვდეთ... საბჭოთა რესპუბლიკა თანდათანობით გვნებდება...
25 ივლისი 18 წ. ძველი ლარსი. საღამოს 6 საათი.
ახლა მიდის მოლაპარაკებები თერგის სახალხო საბჭოს დელეგაციასთან. მოლაპარაკებებს ჩვენთვის კეთილსასურველი ხასიათი აქვს. დელეგაციის თავმჯდომარე ლატვიელი ბულე, – იგივე გახლავთ სახალხო ყრილობის თავმჯდომარეც, – კარგ შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა კი ეშმაკობაც ეტყობა: ზედმეტად ტკბილად ლაპარაკობს და მღერის. დელეგაციის ორი სხვა წევრი – ჩეჩენი ოფიცერი არსანოვი და ინგუში სტუდენტი არხიევი – ორივენი დიდებული ბიჭები არიან და, რა თქმა უნდა, ისინი ყველაზე უფრო ნაკლებად გახლავან ბოლშევიკები. კაზაკებისადმი სიძულვილმა მიიყვანა ისინი ბოლშევიკებთან... „თავიდან კაზაკები გახდნენ ბოლშევკები, რათა ინგუშებს ებრძოლონ, – ამბობდნენ ისინი, – ახლა ჩვენ გავხდით ბოლშევიკები, რათა კაზაკები დავამარცხოთ“.
ახლა ლაპარაკობს ბულე. იგი ძალზედ დამყოლია და შემპარავი, თავაზიანი ღიმილი მის ბაგეებს არ სცილდება.
27 ივლისი 18 წ. ყაზბეგი. დილა.
ნათელი, დიდებული დღეა... ჩვენი ნაწილები თანდათანობით უკან – სახლში მიდიან! სახელოვანი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ! ვლადიკავკაზმა ყველა ჩვენი მოთხოვნა მიიღო და პირველ რიგში, გაათავისუფლა რა ჩვენი ტყვეები... საქმეები კარგადაა...
27 ივლისი 18 წ. სოფ. ცდო. დღის 3 საათი.
ეს სოფელი – საშა გეგეჭკორის რაზმის სამარეა. ვათვალიერებდით ამ მთის სოფელს, ციცაბო ფერდობებზე შეფენილს, და ვისმენდით მამაც მონადირეთა (მოხალისეთა) მონაყოლს რაზმის განადგურების შესახებ. ეს სოფელი რომ არ ყოფილიყო – გეგეჭკორის რაზმი ჩვენგან გასხლტომას მოასწრებდა. მაგრამ ცდოს მცხოვრებნი – ძველი მონადირეები არიან და მათ გამოცდილი თვალიც აქვთ. მათ შესანიშნავად იციან მთის ყოველი ბილიკი, გაყვითლებული კლდეების თითოეული შვერილი, და რა თქმა უნდა, ავანტიურისტი ეგეჭკორის მოტყუებული მეომრები მათ ვერ შეედრებოდნენ... ახლა ჩვენ მდიდარი გლეხკაცის ლამაზად მოწესრიგებულ, სუფთა ოთახში ვართ და მე სიხარულიანი ცნობისმოყვარეობით ვიყურები ირგვლივ. როგორ სასიამოვნოა იპოვო აქ, ყველაზე უკიდურეს ჩრდილოეთ ქართულ პატარა სოფელში, რაღაც გარკვეული კომფორტი და უბრალო მყუდროება! როგორ კარგია ხედავდე და გრძნობდე სისუფთავეს ლაშქრობაში გადატანილი მთელი ჭუჭყისა და ტალახის შემდეგ!
სოფელი ცდო ძალიან კარგია სტრატეგიული მიმართებით, მაგრამ ის ძალზედ ღარიბია. არ არის სიმწვანე, მიწა ცოტაა, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი ქვა და კლდეა. ყვითელი და ცეცხლოვანი კლდე.
დუშეთი 31 ივლისი 18 წ. გვიანი საღამო.
ალექსანდრე და მე ტფილისიდან დავბრუნდით. ტფილისში ჩვენ ყველაზე მეტად აგრარული საკითხი გვაინტერესებდა. ჩვენ, „ფრონტელები“, გამოსყიდვის ყველაზე უფრო გადამჭრელი მოწინააღმდეგენი ვიყავით და ამ მიმართულებით რაღაც-რაღაცეების გაკეთებაც მოვახერხეთ. ჩვენ კომპრომისზე შევთანხმდით და ეს კომპრომისი მე სავსებით მაკმაყოფილებს! ირაკლიმ შესანიშნავი, ნაგრძნობი სიტყვა წარმოსთქვა და მან ჩემი გაბედულება ძლიერად შეარყია. მიყვარს ირაკლის მოსმენა. საერთოდ მიყვარს იგი... მის სიტყვებში ლირიზმი ყველაზე უფრო ნაკლებადაა, მაგრამ სულშიც ყველაზე უფრო ღრმად იგი შემოდის... მისი ძალდაუტანებელი, ღრმა გულწრფელობა გიმორჩილებს. შთაგონების პათოსი ყოველთვის ფლობს მას... მაგრამ როგორი სევდიანია მისი ბედი, როგორ ძნელია მისთვის მთელი თავისი ძალების გაშლა ჩვენი ცხოვრების ჯუჯა პირობებში. ზოგჯერ ვუყურებ მას და სევდა მეუფლება. შებოჭილი, მაგრამ ვერ დამარცხებული პრომეთეოსის ხატება წარმოდება ჩემს წინაშე და მე ვიწყებ გალიაში ჩამწყვდეული ლომის ტრაგედიის გაგებას...
მაგრამ სნეული ლომიც ხშირად შეარხევს ხოლმე ფაფარს და მაშინ მთელი უდაბნო თრთოლვით უსმენს მის ამაყ ღრიალს.
1 აგვისტო 1918 წ. ოძისი. მცხუნვარე დღე.
დილით მჭადისჯვრიდან გამოვედით ქსნისა და რეხულას ხეობაში. ღია ცის ქვეშ გავათენეთ; ღამით წვიმა სცრიდა. მჭადისჯვარში ჩვენთან საწყალი საშა რიკაძის დახვრტამისჯილი მკვლელების უბედური დედები მოდიოდნენ. ისინი უკვე სიკვდილით უნდა ყოფილიყვნენ დასჯილნი, მაგრამ მიშა კლიმიაშვილის თხოვნით – მე ეს დასჯა შევაჩერე. ვთხოვე საქმე ბოლომდე გამოიძიონ, ვინაიდან უდანაშაულოთა სიკვდილით დასჯა უბედურება იქნებოდა... მაგრამ ამ პატიოსანი მუშის საზიზღარ მკვლელობაში დამნაშავენი ჩვენ არ უნდა დავინდოთ!.. მე ამას ვამბობ გულში ტკივილით, მაგრამ ღრმა რწმენით. მთლიანის გულისთვის ნაწილი მსხვერპლად უნდა შევწიროთ; გადავარჩენთ რა საზოგადოებას, მისი დამნაშავე წევრები სიკვდილით უნდა დავსაჯოთ! ამაშია ტრაგიკული, სასტიკი აუცილებლობა... ასეთია გზა რევოლუციისა...
ახლა ჩვენ ახალგორში მივდივართ. მასში აჯანყებულებს ჩვენი ტყვეები ჰყავდათ, და პატიმართა დაუყოვნებლივ განთავისუფლებაზე ჩვენი მოთხოვნის საპასუხოდ მათ ისინი ვლადიკავკაზში გარეკეს! და ჩვენ ამ ბოროტმოქმედებს ჭკუა უნდა ვასწავლოთ...
მე მთრგუნავს ადგილობრივი გლეხობის სიჩლუნგე, სიბნელე და სიბეჩავე. ისინი ბოლშევიზმს შეუერთდნენ, თვითონ კი ტიპიური მესაკუთრენი და კულაკები არიან! მჭადისჯვარში ყველაზე უფრო მდიდარმა გლეხებმა მუხრანსკის მიწები მიიტაცეს და მოხნეს, ხოლო ქვრივები და ობლები, და საერთოდ ღარიბები კი, მიწის გარეშე დატოვეს. ამაშია მათი „ბოლშევიზმი“! და ეს ხალხი ჩვენ თავადაზნაურთა მომხრეებს გვიწოდებს, და საცოდავ გლეხობას მათი სჯეროდა... გლეხებს რომ ჩვენი სიყვარულის გაგება და შეგრძნება შესძლებოდათ!
მსხვერპლად მიტანილი სიყვარულისა!
ახალგორი, 2 აგვისტო. საღამო ჭექა-ქუხილის შემდეგ.
ერისთავის საბატონო სახლი. უძველესი ფეოდალური ციხე-სასახლე!.. „ჭექა-ქუხილი იყო და ბუნებაში ყველაფერი განახლდა. ის მხოლოდ მე ერთს ვერ განმაახლებს“!.. არა, არა! მე საოცარი, ნათელი, სიხარულიანი განწყობა მაქვს. დიდი ხანია, დიდი ხანია ასეთი მშვიდი, მხნე, კარგი განწყობა არ მქონია. და ჭექა-ქუხილით განახლებულ ამ საღამოს, როცა გრძნობებიცა და ფიქრებიც ახალია, მინდა ბევრი რამ გავიხსენო, ბევრ რამეზე ვიოცნებო... მაგრამ სანთელი მალე ჩაქრება და არ ვიცი – მოვახერხებ კი ყველაფრის გახსენებასა და ჩაწერას...
აღტაცებული ვარ ახალგორით. საოცარი, მდიდარი, თვალწარმტაცი სოფელია და პირველ პლანზე ძველი, უზარმაზარი, ორიგინალურ-ლამაზი ფეოდალური ციხე-სასახლეა... ფიქრები იღვიძებენ და ჭაღარა, მკაცრ და სასტიკ ბატონყმურ ეპოქაში მიდიან. ფიქრები უკან მიდიან!.. და ყველაფერი ეს – ფუფუნებიანი სასახლეც, მიუდგომელი ვრცელი კედელიც – ჩაგრული გლეხების მონური შრომითაა აშენებული! და ამ განთავისუფლებულ მონებს, რომლებმაც დამსხვრეული ჯაჭვები და სასურველი თავისუფლება მიიღეს, ჯერ კიდევ არ სჯერათ გამარჯვების ბედნიერებისა და ამიტომ ნერვიულობენ, ღელავენ და ყველანაირ პროვოკაციებზე ეგებიან. და თავიანთთვის შეუჩნევლად ისინი ახალ, მძიმე ბორკილებს იჭედავენ! ეს უბედურები ძალზედ დიდხანს იყვნენ მონები და თავისუფლების ჰაერი მათ ათრობს, გონებას ურევს!.. ამ პირობებში ძალზედ ძნელი და საშიშია მუშაობა. ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რათა რევოლუცია და მისი ყველა მიღწევა გადავარჩინოთ, მაგრამ არ ვიცი, მოხერხდება ეს თუ ვერა...
მაგრამ ჩვენ არ ვიშურებთ საკუთარ სიცოცხლეს!.. სჯობს მოვკვდეთ რევოლუციაში და მასთან ერთად, ვიდრე ვიცოცხლოთ მის გარეშე და მის აღტაცებათა გარეშეც...
დანგრეული, დაქვეითებული თავადაზნაურული ბუდე! ბევრი სხვადასხვაგვარი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი და ჭრელი ფიქრებია. და კიდევ უფრო მეტი გრძნობები. ოდესღაც, დიდი ხნის წინ აქ სხვა, უფრო მშვიდი, ლაღი და ლამაზი ცხოვრება მიედინებოდა. „ბედნიერი ცხოვრება თავის მწვანე ნაპირებს ავსებდა“.
აქ, ამ ძველ სახლში, სადაც ახლა ჩვენი შტაბი განთავსდა, ოდესღაც ბევრი ბედნიერება და სიხარული იყო! აქ ბედნიერ ადამიანთა წკრიალა, ვერცხლისებრი სიცილი ცის ნათელ ლაჟვარდამდე ადიოდა!.. მაგრამ ყველაფერი ეს, სიხარულიც, ბედნიერებაც, სიცილიც ბევრთა უბედურებისა და საუკუნო სიმწრის სისხლიან-მძიმე ფასად იყო ნაყიდი... თითქმის ყველასი!.. ახლა დამსხვრეულია ეს დანაშაულებრივი ბედნიერება ერთეულებისა! უკვე მოკლულია ეს დანაშაულებრივი ბედნიერება ცოტათა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ყველას ბედნიერება! ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ვანგრევთ. მშენებლობისა და წმინდა შემოქმედების დღე ჯერ არ დამდგარა... მაგრამ ის დადგება. განთავისუფლებული შრომის ბრწყინვალებასა და ცისკროვანებაში...
ჯერჯერობით ის არ არის.
და თუმცა კი მე მესმის „შემოქმედი ნგრევის“ ფილოსოფია, თუმცა კი ჩემი „გლეხური სული“ ყოველივე ფეოდალურისადმი შეურიგებლად მტრულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნგრევის გზაზე დამდგარი, დაღუპვისკენ უკანმოუბრუნებლად მიმავალი თავადაზნაურული ბუდეების ხილვისა და დაჭკნობის პირას მისული თავადაზნაურული კულტურის უკანასკნელი არომატის შეგრძნებისას, სევდა და მწუხარება მეუფლება! ვინაიდან ეს მაინც იყო კულტურა... სასტიკი, მძიმე, ჩაკეტილ-შეზღუდული, მაგრამ მიუხედავად ამისა თავისებურად ლამაზი და ძალმოსილი კულტურა...
მახსენდება ერედვი... ეს ჩვენი ცხივნალის ოპერაციების დროს იყო, გიორგი მაჩაბლისა და საყვარელი მოხუცის სანდრო კეცხოველის მხეცური მკვლელობის შემდეგ... ჩვენ დიდი სოფელი ერედვი ბრძოლით დავიკავეთ და იქიდან „ბოლშევიკები“ განვდევნეთ... ჩვენ ფავლენოვის დიდ, გადაწვენილ ბატონკაცურ სახლში განვთავსდით, სადაც მანამდე „აჯანყებულთა“ შტაბი იყო განთავსებული...
ამ სახლში ყველაფერი დამტვრეულ-დამსხვრეული იყო, საშინელი უწესრიგობით მიმოფანტული და ჭუჭყიან იატაკზე დახეული ქაღალდების ზღვა ეყარა. და ნგრევისა და ჭუჭყის ამ უწესრიგო ქაოსში დაობლებული, დაჭმუჭნული წერილები შევნიშნე, ქალის მძივებივით მიწყობილი ხელწერით დაწერილი. მე ეს წერილები ავიღე, მაგრამ არ წამიკითხავს. და ეს წერილები, ნაზ-ლამაზ ქაღალდზე უცნობი ქალის მიერ დაწერილი, საშინლად მიღელვებდა სულს და მოგონებების მთელ გროვას მიღვიძებდა. ახლა ეს წერილები არავის სჭირდება, მათ „ბოლშევიკების“ უხეში ქუსლები თელავდნენ, მათ ჩვენც ვთელავთ. მაგრამ ოდესღაც მათ სიყვარულით წერდნენ, ტკბილი თრთოლვით კითხულობდნენ და მოფრთხილებით, სიყვარულით ინახავდნენ...
ოდესღაც ეს საწყალი წერილები სიცოცხლით სუნთქავდნენ და სხვებს სულსა და გულს უღელვებდნენ, მაგრამ ახლა ისინი „მოკვდნენ, მოკვდნენ“... და უეცრად სევდა მომაწვა, და ეს სევდა ბევრი რამის შესახებ მეუბნებოდა...
მომაკვდავი სილამაზე...
დიახ, ახლა გამახსენდა ბატონის გაძარცვული სახლი და ქალის ობლად დარჩენილი წერილები. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვდარდობ. რაღაცნაირი მშვიდი, დიდი სიხარული დამეუფლა და ამ სიხარულით დასაძინებლად მივდივარ...
ამხანაგებს უკვე დიდი ხანია სძინავთ. მთვარე არ არის და ვარსკვლავებიც უფრო კაშკაშად ბრწყინავენ... ქრება სანთელი...
4 აგვისტო 18 წ. ახალგორი.
საღამოს 5 საათი. ციხე-სასახლის სასტუმრო დარბაზი.
ცოტათი მაციებს, მაგრამ ავად გახდომა არ მინდა. ჩემი ავადმყოფობა არ შეიძლება! ჩემს ფიქრებთან და ჩემს დღიურთან მივდივარ. ოდესღაც, ჩემი სიჭაბუკის დღეებში მე ძალიან მიყვარდა და დღიურის წარმოებაც ვიცოდი... ახლა, სამწუხაროდ, გრძნობები დამიჩლუნგდა და გულიც გამიქვავდა... და თავიც მიჭაღარავდება...
და თუმცა კი მე კვლავ გამოუსწორებელ მეოცნებეს მიწოდებენ, მაგრამ ჩემმა ოცნებებმა ყოფილი არომატი და სურნელება დაჰკარგეს... ჭკნება ოცნებები! შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს...
არ ვიცი.
დღეს მთელი დღე წვიმდა და მოწყენილად ვიყავით. გარეშემო მცხოვრები გლეხობის კრება მოვიწვიეთ და მათთან კარგად, თბილად ვისაუბრეთ. გლეხები იწყებენ ჩვენს გაგებას და უკვე სჯერათ ჩვენი. მშვიდობიანი გამარჯვების ბედნიერებაა!.. ყოველი მხრიდან მოქავთ შაშხანები და მათ ხალისით გვაბარებენ. მარტო ახალგორის რაიონში უკვე 300-ზე მეტი შაშხანა ჩაგვაბარეს. უნდობლობითა და მტრულად მარტო ოსები გვეკიდებიან, მაგრამ ისინიც მალე მოვლენ ჩვენთან... გუშინ მე ერთმა ოსის ქალმა გამაოცა, აღტაცება მომგვარა და იმავე დროს კიდეც გამაბრაზა. ჩვენ – ოცი ამხედრებული ადამიანი ლუისის ოთხი ტყვიამფრქვევით – იკოთისა და კაიუზავეთის გავლით ზახორში – რეხულას ველზე გავემგზავრეთ. ქართული სოფლები კარგად გვხვდებოდნენ და იარაღს ადვილად გვაბარებდნენ. პატარა ოსური სოფლის არმაზის მახლობლად თეთრ თავსაფრიანი ახალგაზრდა ქალი შევნიშნე, რომელიც სოფლისკენ სწრაფად გარბოდა. დავუწყე მას თვალის დევნება. მან სოფლამდე მიირბინა, მოხერხებულად შევარდა ერთ-ერთ სახლში და უმალვე იქიდან ხელებში ორი შაშხანითა და სავაზნეთი გამოვარდა. ცოტა ხნით შეჩერდა და მიმოიხედა რა ირგვლივ, ისევ გაიქცა, ცდილობდა რა ჩვენს თვალს მიფარებოდა. ჩვენ ცხენები მივუშვით და მას ვეწეოდით. ვუყვიროდით მას გაჩერებულიყო და შაშხანებიც დაეყარა. იგი სასოწარკვეთით მოიხედავდა ხოლმე ჩვენსკენ, და სირბილს განაგრძობდა. დარწმუნდა რა, რომ მისი მცდელობა უიმედოა, მან ერთი შაშხანა დააგდო, და მეორეთი კი მახლობელ სახლში შეირბინა. ჩვენ დაგდებული შაშხანა ავიღეთ და გაქცეულს მივუახლოვდით. იგი ჩუმად იდგა კარებში. მისი სახე ყველა გრძნობას გამოხატავდა: გადაწყვეტილებას (გაბედულებას), შიშს, გმირობას, უბედურებას, სასოწარკვეთასა და სიძულვილს! გადააგდო რა მეორე შაშხანა, მან ღრმად ამოისუნთქა: თითქოსდა ყველაფერი დაკარგა! უფრო მეტი დაჟინებით იგი ალბათ თავის შვილსაც კი არ გადაარჩენდა...
ახლა მინდა დავისვენო. ამ შესანიშნავ, ლამაზ და სუფთა ოთახში შეიძლება დასვენება; და ჩვენი საყვარელი ალექსანდრე გრიგოლის ძეც უკვე ისვენებს, იატაკზე გაშხლართული. ამ გენერალს ჩვენ უკვე სრულებით ჩვენიანად ვთვლით. ჩვენ მას ვაფასებთ, პატივს ვცემთ და რაც მთავარია – გვიყვარს იგი...
ჩემს წინ დიადი პოემა „ვეფხის ტყაოსანი“ დევს. დაბნეულად ვფურცლავ მას. „ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების“ – შემთხვევით წავიკითხე და რაღაც ახლობელი, ძვირფასი მონაბერი ვიგრძენი. მე ვხურავ ამ პოემას და ვოცნებობ. საყვარელი სახეები დაფრინავენ ჩემს წინ და თანდათანობით ფიქრები იმ „თავადის ასულ ნინოს“ გარშემო იკრიბება, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, რომელსაც მე არ ვიცნობდი და ალბათ არც არასოდეს გავიცნობ, მაგრამ რომლის შესახებაც ლაპარაკობს ჯიბო... და მე ისევ ვლოცავ სიცოცხლეს...
5 აგვისტო 18 წ. ახალგორი. დილა.
ნათელი, მოზეიმე დღეა. ჩვენი რაზმის ნაწილი არტილერიით დღეს ოძისის გავლით მრგვალ ჭალაზე გაემართა. ჩვენ ტყვიამფრქვევებით ხვალ ზახორის გავლით რეხულას ხეობაში შევდივართ. ეს ჩვენი ექსპედიციის ბოლო აქტია. შემდეგ – ტფილისში!
დღეს ჩვენ ორი დახვრეტამისჯილი შვიწყალეთ. ამხანაგმა წითელარმიელებმა (ანუ წითელ გვარდილებმა, სახალხო გვარდიელებმა – ი. ხ.) გვთხოვეს ამის შესახებ.
5 აგვისტოს 18 წ. ახალგორი. საღამო.
ვამარცხებ ციებ-ცხელებას. ხვალ სრულებით ჯანმრთელი და ლაშქრობისათვის ვარგისი ვიქნები. ახლა დამტვერილ როილათან ვზივარ და ჩუმად ვნატრულობ მუსიკას. როგორ საწყენია, რომ მთელს რაზმში არც ერთი პიანისტი არ არის! არასოდეს მქონია ასეთი ძლიერი სურვილი კარგი მუსიკის მოსმენისა...
ირგვლივ მყოფი მოსახლეობა მახარებს, თავისი ნდობით მამშვიდებს.
მალე ტფილისში ვიქნებით და იქ ჩვენი შეირაღებული ძალების შიდა ორგანიზაციის საქმეებს მივხედავთ. ჩვენ გვინდა მწყობრად შევუხამოთ ერთმანეთს იარაღი და შრომა. მინდა მჯეროდეს, რომ ორგანიზებული დემოკრატია ანარქიის სტიქიას დაამარცხებს!..
6 აგვისტოს 18 წ. ზახორი. დღის 11 საათი.
დილით ადრე გავდივართ ახალგორიდან. ახლა ჩვენ ვისვენებთ. იყო სიმღერები, ცეკვები. გვარდიელები მხირაულნი და კმაყოფილნი არიან. ოსები არ გვაბარებენ იარაღს. გვიხდება დაპატიმრებებს მივმართოთ. გვიხდება...
6 აგვისტოს 18 წ. სოფ. ცივი.
წყენა მეუფლება: ოსები შეუპოვრად არ გვაბარებენ იარაღს. არ გვინდა რეპრესიებს მივმართოთ. სოფლებში ქალები, ბავშვები და მოხუცები დარჩნენ: მთელი შეიარაღებული ახალგაზრდობა ტყეებსა და მთებში წავიდა. ადგილმდებარეობა აქ ველურია, მაგრამ ლამაზი, მოსახლეობა ღარიბია, ბნელი, უკულტურო. სოფლები საცოდავი და ჭუჭყიანი...
სოფელ წუბენში სასიამოვნო სჲურპრიზი იყო: სრულიად შემთხვევით შევხვდით ინტელიგენტ, მოხდენილ და ლამაზ ახალგაზრდა ოს ქალს! იგი ველურად მოხდენილ ბუნებასთან ჰარმონირებდა. როგორც მიკარგული მთის პატარა ყვავილი, იგი სილამაზით ბრწყინავდა და დაღლილი მზერა მასზე სასიამოვნოდ ისვენებდა...
7 აგვისტოს 18 წ. სადგური კასპი. დილა.
დასრულდა ჩვენი ლაშქრობა. ის ბრწყინვალედ დამთავრდა. მალე ტფილისია! მხიარულად სიხარულით ვართ!
„ჩემი უწინდელი ტყვეობის დასასრულია,
ახლა მე თავისუფალი ფრინველი ვარ!
თავისუფლებაში, თავისუფლებაში, თავისუფლებაში!!!“
13 აგვისტო 1918 წ. ტფილისი. სასახლე.
დათიკო მოჰკლეს! ჩემი დათიკო!.. მოკლულია ჩემი ნათელი მეგობრობა! დიდი ხნის, კაშკაშა და ნათელი სიყვარული...
რაღაცნაირი ბოროტი ბედისწერა სდევნის და ღუპავს ჩემს საუკეთესო მეგობრებს...
ალექსანდრე, კუკური, პოლიკარპე, მამია, ჩიკო, ვალიკო, დათიკო! ყველა ისინი დაიხოცნენ ან მოკლულ იქნენ!.. ჩემი მეგობრების გვამებთან ერთად მე ჩემი სულის ნაწილსაც ვასაფლავებ, და გაღატაკდა, დაცარიელდა სული.
მე ბევრს ვუყვარვარ და ბევრიც მაფასებს; მე „წკრიალა დიდების“ რაღაც ორეოლიც კი შევიძინე, მაგრამ სიხარული ჭკნება და კვდება ჩემში... ირგვლივ მძიმე ღრუბლები ეკიდება, მეგობართა რიგები კი იშვიათდება (მეჩხერდება)...
შესაძლოა, უკეთესი იქნებოდა მეც მოვმკვდარიყავი?..
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
ბოდიში მინდა მოვუხადო ბლოგის მკითხველებს იმის გამო, რომ ამ წერილის გამოქვეყნებისას მისი ბოლო ნაწილი როგორღაც გამომრჩა მხედველობის არიდან და გამოვაქვეყნე ტექსტი მხოლოდ 1918 წლის 15 ივლისის ჩათვლით. არადა 17 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით ჩანაწერები მაშინ გამოუქვეყნებელი დარჩა. ახლა უკვე დავასრულე ვალიკო ჯუღელის დღიურების ამ ნაწილის თარგმანი და ადრე გამოქვეყნებულ ტექსტს დავუმატე. მკითხველს უკვე შეუძლია მას სრულად გაეცნოს.
ReplyDelete