Monday, May 25, 2020

სამოქალაქო ომი რუსეთში – რუსულენოვანი ვიკიპედიის მიხედვით

(გენერალ გიორგი კვინიტაძის წიგნის „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“ /რუსულ ენაზე, პარიზი, 1985/ თარგმნის შემდეგ გამიჩნდა სურვილი შეძლებისდაგვარად უფრო ახლოს გავცნობოდი იმდროინდელ სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიას; ქვემოთ შემოთავაზებული მასალაც ამ ინტერესს ეხმაურება. ის ვთარგმნე „ვიკიპედიის“ რუსულენოვან მასალებში გამოქვეყნებული ვრცელი წერილიდან Гражданская война в России. თავად რუსულ დედანში ჰიპერტექსტია გამოყენებული, როცა გარკვეული სიტყვების ან დასახელებების ქვეშ მათი შესაბამისი სხვა წერილებია ატვირთული; ასეთი სიტყვები და ფრაზები აქ ქვეშ ხაზის გასმითაა მოცემული, რაც ქართველ მკითხველს დაინტერესებას მისცემს შევიდეს რუსულ დედანში შესაბამისი წერილების გასაცნობად. გარდა ამისა, დედანში გამოყენებულია ცალკეული ნაწილების დახრილი შრიფტით ატვირთვა და დანარჩენი ტექსტისაგან მათი ასე გამოყოფა. ბლოგი, სამწუხაროდ, ამ ბოლო ხანებში, ქართული ტექსტის დახრილი შრიფტით ატვირთვის საშუალებას აღარ მაძლევს, ამიტომ ტქსტში ასეთი ნაწილები წითელი ფერითაა გამოყოფილი. ვფიქრობ, ეს მასალა საინტერესო და სასარგებლო იქნება საქართველოს მაშინდელი ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის)

სამოქალაქო ომი რუსეთში (25 ოქტომბერი /7 ნოემბერი/ 1917 წლისა – 25 ოქტომბერი 1922 | 16 ივლისი 1923 წლისა) – შეიარაღებული კონფლიქტების რიგი სხვადასხვა პოლიტიკურ, ეთნიკურ, სოციალურ ჯგუფებსა და სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს შორის ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, რომლებიც მოხდა ბოლშევიკთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შედეგად.

სამოქალაქო ომი წარმოიშვა როგორც რევოლუციური კრიზისის შედეგი, რომელიც გაიშალა რუსეთის იმპერიაში XX საუკუნის დასაწყისში. ეს მოძრაობა დაიწყო 1905–1907 წლების რევოლუციით, გაღრმავდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და ქვეყანა მიიყვანა მონარქიის დამხობამდე, სამეურნეო ნგრევამდე, რუსეთის საზოგადოების ღრმა სოციალურ, ეროვნულ, პოლიტიკურ და იდეურ განხეთქილებამდე (გახლეჩვამდე). ამ გახლეჩვის (განხეთქილების) აპოგეად იქცა კიდეც გააფთრებული ბრძოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბჭოთა ხელისუფლების, თეთრი მოძრაობისა და დამოუკიდებლობისთვის ეროვნულ მოძრაობათა შეიარაღებულ ძალებს შორის ცენტრალური დერჟავებისა და ანტანტის უშუალო მონაწილეობით. სამოქალაქო ომი დასრულდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, ბოლშევიკების მიერ ფინეთის, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის დამოუკიდებლობის ცნობით, აგრეთვე ბოლშევიკთა კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების შექმნით, რომლებმაც 1922 წლის 30 დეკემბერს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სსრკ-ის შექმნის შესახებ. დაიღუპა დაახლოებით 10,7 მლნ. ადამიანი; დაახლ. 2 მლნ ადამიანმა, რომლებიც ახალი ხელისუფლების შეხედულებებს არ იზიარებდნენ, ამჯობინა ქვეყანა დაეტოვებინა.

შესავალი

სამოქალაქო ომის პერიოდში ძირითადი ბრძოლა ძალაუფლებისთვის წარმოებდა ერთის მხრივ ბოლშევიკებისა და მათ მომხრეთა შეიარაღებულ ფორმირებებს (წითელი გვარდია და წითელი არმია) და მეორეს მხრივ კი – თეთრი მოძრაობის შეიარაღებულ ფორმირებებს (თეთრი არმია) შორის, რამაც ასახვა ჰპოვა კონფლიქტის მთავარ მხარეთა მდგრად სახელდებაში „წითლებად“ და „თეთრებად“. ორივე მხარე თავის საბოლოო გამარჯვებამდე და ქვეყნის დაწყნარებამდე პერიოდის განმავლობაში ვარაუდობდა თავისი პოლიტიკური ძალაუფლების დიქტატურის გზით განხორციელებას. 

ბოლშევიკები, რომლებიც პირველ რიგში ემყარებოდნენ ორგანიზებულ სამრეწველო პროლეტარიატს, ისწრაფვოდნენ ქვეყანაში ხელისუფლების შენარჩუნებისკენ მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის ბაზად მისი გადაქცევისა და, პერსპექტივაში, უკლასო კომუნისტური საზოგადოების შექმნის (აშენების) მიზნით როგორც რუსეთში, ისე ევროპაშიც.

თეთრი მოძრაობის ბევრი მონაწილისათვის – ოფიცრობის, კაზაკობის, ინტელიგენციის, მემამულეთა, ბურჟუაზიის, ბიუროკრატიის და სასულიერო წოდებისა – ბოლშევიკებისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა მიზნად ისახავდა დაკარგული ძალაუფლების აღდგენასა, ასევე თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და პრივილეგიების აღდგენასაც. ამისათვის ანტიბოლშევიკური ძალები ყოფილი რუსეთის იმპერიის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდნენ ხელახლა შეექმნათ არმია და სამოქალაქო მმართველობის აპარატი, აღედგინათ საკუთრებისა და თავისუფალი ვაჭრობის უფლებები, მოეხდინათ ადამიანური და სამეურნეო რესურსების მობილიზაცია მასობრივი და კარგად აღჭურვილი არმიის შექმნის მიზნით, უზრუნველეყოთ მისთვის მხარდაჭერა მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან და დაემხოთ ბოლშევიკების ხელისუფლება. ოფიცრებმა და სოფლის ბურჟუაზიამ შექმნეს პირველი კადრები თეთრი ჯარებისა. თეთრების საბოლოო მიზნად ცხადდებოდა ახალი დამფუძნებელი კრების მოწვევა, რუსეთის პოლიტიკური მოწყობის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად მის განხილვაზე გადაცემით.

სამოქალაქო ომის დამახასიათებელი თავისებურება იყო მისი ყველა მონაწილის მზადყოფნა ძალადობის ფართო გამოყენებისთვის თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად (იხ. „წითელი ტერორი“ და „თეთრი ტერორი“). ისტორიკოსები ამ სიტუაციას ხსნიან იმით, რომ:

„სამოქალაქო ომის სტადიამდე მისული სოციალური და კლასობრივი კონფრონტაცია საზოგადოებას ჰყოფს „ჩვენებად“ და „უცხოებად“, „ჩვენ“ და „ისინი“-დ. მტრები და მოწინააღმდეგენი საერთო გაჰყავთ ასეთ მომენტებში მორალის სფეროდან, განიხილავენ როგორც „არაადამიანებს“, რომლებზედაც არ ვრცელდება ზოგადადამიანური ნორმები. სწორედ ეს ჰქმნის კიდეც იმის შესაძლებლობას, რომ ამორალური ტერორი მორალურად გამართლებულ ტერორად იქნას გადაქცეული...“

სამოქალაქო ომის შემადგენელი ნაწილი გახლდათ ყოფილი რუსეთის იმპერიის ეროვნული განაპირა მხარეების შეიარაღებული ბრძოლა თავიანთი დამოუკიდებლობისათვის და მოსახლეობის ფართო ფენების აჯანყებითი მოძრაობა (повстанческое движение) მათდამი ძირითადი დაპირისპირებული მხარეების – „წითლებისა“ და „თეთრების“ წინააღმდეგ. დამოუკიდებლობის გამოცხადების მცდელობებმა გამოიწვია გადაჭრით წინააღმდეგობა (отпор) როგორც „თეთრების“ მხრიდან, რომლებიც „ერთიანი და განუყოფელი რუსეთისათვის“ იბრძოდნენ, ისე „წითლების“ მხრიდანაც, რომლებიც ნაციონალიზმის ზრდაში რევოლუციის მონაპოვრებისადმი მუქარას ხედავდნენ. ფაქტიურად ბოლშევიკები ნაციონალურ განაპირა მხარეთა დამოუკიდებლობის აღიარების წინაშე არ ბრკოლდებოდნენ, თუმცა კი ცდილობდნენ შემდეგ იქ ხელისუფლებაში თავიანთი მომხრეების მოყვანისათვის მიეღწიათ.

სამოქალაქო ომი იშლებოდა უცხოური სამხედრო ინტერვენციის პირობებში და მას თან ახლდა ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე როგორც ოთხთა კავშირის ქვეყნების ჯარების საბრძოლო მოქმედებები, ისე ანტანტის ქვეყნების ჯარებისაც. წამყვანი დასავლური დერჟავების აქტიური ჩარევის მოტივები გახლდათ გერმანიასთან ბრძოლა, რუსეთში საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების რეალიზაცია და ბოლშევიკური ხელისუფლების ლიკვიდაციის მიზნით თეთრებისათვის თანადგომის (დახმარების) აღმოჩენა. თუმცა კი ინტერვენტთა შესაძლებლობები თავად დასავლეთის ქვეყნებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისითა და პოლიტიკური ბრძოლით იზღუდებოდა, მაინც ინტერვენციამ და თეთრი არმიებისათვის მატერიალურმა დახმარებამ ომის მსვლელობაზე არსებითი გავლენა იქონიეს.

მიზეზები და ქრონოლოგიური ჩარჩოები 

თანამედროვე ისტორიულ მეცნიერებაში ბევრი საკითხი, რომლებიც რუსეთში სამოქალაქო ომის ისტორიასთანაა დაკავშირებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საკითხებიც მისი მიზეზებისა და ქრონოლოგიური ჩარჩოების შესახებ, ამ დრომდე სადისკუსიო საკითხებად რჩება. თანამედროვე ისტორიოგრაფიაში მიღებულია სამოქალაქო ომის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიზეზებად თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში შენარჩუნებული სოციალური, პოლიტიკური და ეროვნულ-ეთნიკური წინააღმდეგობების გამოკვეთა. უწინარეს ყოვლისა, 1917 წლის ოქტომბრისათვის რუსეთში გადაუჭრელი რჩებოდა ისეთი არსებითი საკითხები, როგორიც იყო ომის დამთავრების საკითხი და აგრარული საკითხი.

პროლეტარული რევოლუცია და სამოქალაქო ომი რუსეთში უმჭიდროესი სახითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ლენინი და ბოლშევიზმის სხვა თეორეტიკოსები პირდაპირ სვამდნენ ტოლობის ნიშანს მათ შორის, განიხილავდნენ რა რევოლუციას „როგორც სამოქალაქო მშვიდობის გაწყვეტას“. სამოქალაქო ომი მათ მიერ განიხილებოდა როგორც თანამედროვე კლასობრივი ბრძოლისბურჟუაზიისა და საერთაშორისო პროლეტარიატის ბრძოლის „მწვავე“ და „უმაღლესი“ ფაზის გამოვლენა. დებულება ერთაშორისი ომის გადაქცევის შესახებ კლასთაშორის (სამოქალაქო) ომად ერთ-ერთი მთავარი გახლდათ ბოლშევიკურ თეორიაში დიდი ხნით ადრე ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლამდეც. ბოლშევიკები არა მარტო მზად იყვნენ კულტურულად და ფსიქოლოგიურად, თავიანთი სწავლების თეორიული ფოსტულატების ძალით, სამოქალაქო ომის წარმოებისათვის, არამედ უნდოდათ კიდეც მისი დაწყების მოახლოვება, წამოაყენეს რა ჯერ კიდევ 1914 წელს ლოზუნგი „გადავაქცევთ იმპერიალისტურ ომს სამოქალაქო ომად!“ მსოფლიო ომის მსოფლიო რევოლუციად გადაქცევის მიზნით. კორნილოვის გამოსვლის ჩახშობის შემდეგ კურსი „შეიარაღებულ აჯანყებასა“ და „სამოქალაქო ომზე“ საბოლოოდ იქნა დამტკიცებული. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლასა და რუსეთში სამოქალაქო ომს შორის არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება. ამას არც კი მალავდა ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი ლ. დ. ტროცკი, როცა ამბობდა: „საბჭოთა ხელისუფლება – ეს არის ორგანიზებული სამოქალაქო ომი მემამულეების, ბურჟუაზიისა და კულაკების წინააღმდეგ“. ისტორიკოსი რიჩარდ პაიფსი ამტკიცებდა, რომ ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ სამოქალაქო ომის გაჩაღების მიზნით. ბოლშევიკების მისწრაფებამ იქითკენ, რომ ნებისმიერი, უწინარეს ყოვლისა ძალადობრივი, საშუალებებით შეენარჩუნებიათ ხელისუფლება, დაემყარებიათ პარტიის დიქტატურა და აეშენებიათ ახალი საზოგადოება, თავიანთი თეორიული დებულებებიდან ამომდინარე, სამოქალაქო ომი გარდაუვალად აქცია. 

თანამედროვე რუსი ისტორიკოსების უმრავლესობა სამოქალაქო ომის პირველ აქტად მიიჩნევს ბრძოლებს პეტროგრადში ბოლშევიკების მიერ განხორციელებული ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყების დროს, ხოლო დასრულებად კი – „წითლების“ მიერ უკანასკნელი მსხვილი ანტიბოლშევიკური შეიარაღებული ფორმირებების განადგურებას ვლადივისტოკის აღებისას 1922 წლის ოქტომბერში. დათარიღების ასეთი ვარიანტის შემთხვევაში (1917 – 1922/1923) სამოქალაქო ომის მსვლელობა შეიძლება დაიყოს სამ ეტაპად, რომლებიც ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდებიან დაპირისპირებულ მხარეთა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობით, მონაწილეთა შემადგენლობითა და საგარეოპოლიტიკური პირობებით:

პირველი ეტაპი – 1917 წლის ოქტომბრიდან 1918 წლის ნოემბრის ჩათვლით (პირველი მსოფლიო ომის ეპოქა, 7 ნოემბერი 1917 წ. – 11 ნოემბერი 1918 წ., „თავდაპირველი ეტაპი“), როცა ხდებოდა დაპირისპირებულ მხარეთა შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება და დამკვიდრება (формирование и становление), აგრეთვე მათ შორის ბრძოლის ძირითადი ფრონტების წარმოქმნა. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლამ გამოიწვია თეთრი მოძრაობის წარმოქმნა, რომელიც მოწოდებული გახლდათ ახალი რეჟიმის განადგურებისა, რომელსაც დენიკინი უწოდებდა „ავთვისებიან ჩირქგროვას რევოლუციის სხეულზე“, და „ქვეყნის დაუძლურებული მოწამლული ორგანიზმის“ გამოჯანმრთელებისთვის. სამოქალაქო ომი ამ პერიოდში იშლებოდა გაგრძელებულ მსოფლიო ომთან ერთდროულად, რაც იწვევდა ოთხთა კავშირისა და ანტანტის ჯარების აქტიურ მონაწილეობას რუსეთში შიდა პოლიტიკურ შეიარაღებულ ბრძოლაში. საბრძოლო მოქმედებები ხასიათდებოდა ლოკალური შეტაკებებიდან, რომელთა შედეგადაც ვერც ერთი დაპირისპირებული მხარე გადამწყვეტ უპირატესობას ვერ იძენდა, თანდათანობითი გადასვლით ფართომასშტაბურ მოქმედებებზე.

მეორე ეტაპი – 1918 წლის ნოემბრიდან 1920 წლის მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისის ჩათვლით, როცა მოხდა მთავარი მასშტაბური ბრძოლები (главные сражения) მუშურ-გლეხურ წითელ არმიასა (მგწა) და თეთრ არმიებს შორის და დადგა ძირეული გარდატეხა სამოქალაქო ომში. ამ პერიოდში აღინიშნება საბრძოლო მოქმედებების მკვეთრი შემცირება უცხოელი ინტერვენტების მხრიდან მსოფლიო ომის დასრულებასა და უცხოური ჯარების ძირითადი კონტნგენტის რუსეთის ტერიტორიიდან გაყვანასთან დაკავშირებით. ფართომასშტაბური საბრძოლო მოქმედებები გაიშალა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, მოუტანა რა დასაწყისში წარმატება „თეთრებს“, ხოლო შემდეგ კი „წითლებს“, რომლებმაც მოწინააღმდეგე დაამარცხეს და ქვეყნის ძირითადი ტერიტორია თავიანთი კონტროლის ქვეშ აიყვანეს.

მესამე ეტაპი – 1920 წლის მარტიდან 1922 წლის ნოემბრის ჩათვლით, როცა ძირითადი ბრძოლა ხდებოდა ქვეყნის განაპირა მხარეებში და უკვე აღარ წარმოადგენდა უშუალო მუქარას ბოლშევიკთა ხელისუფლებისათვის.

ამასთან ერთად, საბჭოთა ისტორიოგრაფიაში, დაწყებული ი. ბ. სტალინის მმართველობის პერიოდიდან, ბატონობდა სამოქალაქო ომის უფრო ვიწრო დათარიღება ყველაზე უფრო აქტიურ საბრძოლო მოქმედებათა პარიოდის მიხედვით, რომლებიც ხდებოდა 1918 წლის მაისიდან 1920 წლის ნოემბრის ჩათვლით. ამასთან ცნება „სამოქალაქო ომი“ ჩაწნული გახლდათ კომპლექსში „1918 – 1920 წლების სამოქალაქო ომი და სამხედრო ინტერვენცია“, და საკუთრივ მის დასაწყისად ითვლებოდა ჩეხოსლოვაკური კორპუსის აჯანყება, რომელიც ანტანტის სარდლობის ქვეშ იმყოფებოდა. ასეთი განმარტებით სამოქალაქო ომის ინიციატორებად გამოდიოდნენ არა ბოლშევიკები მათი პოლიტიკური პროგრამით, არამედ გარეშე ძალები. ამასთან ასევე კეთდებოდა აქცენტი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შედარებით სიიოლეზე 1918 წლის გაზაფხულისათვის ყოფილი რუსეთის იმპერიის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე. ომის პერიოდიზაცია ხდებოდა ასევე მასში ანტანტის მონაწილეობის კრიტერიუმის მიხედვითაც: 1919 წლის მარტამდე უშუალოდ ჯარებით, შემდეგ 1920 წლის აპრილამდე რუსული თეთრი არმიის აღჭურვის მეშვეობით, შემდეგ კი – პოლონური არმისა.

საზღვარგარეთულ ისტორიოგრაფაში გავრცელებულია დათარიღება ასევე ყველაზე უფრო აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდის მიხედვით დაწყებული ჩეხოსლოვაკური კორპუსის აჯანყებიდან.

რუსეთში საკანონმდებლო დონეზე სამოქალაქო ომის პერიოდი განისაზღვრება 1918 წლის 23 თებერვლიდან 1922 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ამასთან დასაწყისი ზღვარი საბჭოთა რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული ძალების (წითელი არმიის) წარმოქმნასთანაა დაკავშირებული.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სამოქალაქო ომის აქტიურ საბრძოლო მოქმედებათა დაწყებამდე (1918 წლის მაისი) პერიოდში საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ გადადგა რიგი პოლიტიკური ნაბიჯებისა, რომლებსაც სამოქალაქო ომის მიზეზებს მიაკუთვნებენ ის მკვლევარები, რომლებიც მისი უფრო ვიწრო დათარიღების ვარიანტს ემხრობიან:

წარმოების საშუალებათა, ბანკებისა და მსხვილი მრეწველობის ნაციონალიზაცია და აგრარული საკითხის გადაწყვეტა ესერთა პარტიის პროგრამის შესაბამისად, მემამულეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ, რამაც მანამდე გაბატონებული წინააღმდეგობა კლასების გამოიწვია, რომლებმაც დაკარგეს საკუთრება;

დამფუძნებელი კრების გარეკვა;

გამოსვლა ომიდან გერმანიასთან განმძარცვავი და დამამცირებელი ბრესტის ზავის ხელმოწერის გზით;

ბოლშევიკური სასურსათო რაზმებისა და ღარიბთა კომიტეტების საქმიანობა სოფელში, რომელმაც გამოიწვია საბჭოთა ხელისუფლების ურთიერთობების გაწყვეტა მემარცხენე ესერებთან.

ომის წინაისტორია 

იხ. ასევე: თებერვლის რევოლუცია და რუსეთის რესპუბლიკა 

1917 წლის 27 თებერვალს ერთდროულად შეიქმნა სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტი და მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების პეტროგრადის საბჭო, რამაც საქმე „ორხელისუფლებიანობის“ წარმოქმნამდე მიიყვანა.

1 მარტს პეტერბურგის საბჭომ გამოსცა ბრძანება # 1, რომელმაც არმიის დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო.

2 მარტს იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ტახტზე უარი განაცხადა. პეტროგრადის საბჭოს აღმასკომმა სახელმწიფო სათათბიროს დროებით კომიტეტთან დადო შეთანხმება დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ამოცანაც გახლდათ დამფუძნებელი კრების მოწვევამდე ქვეყნის მართვა.

3 მარტს ნიკოლოზ II-ის ძმამ მიხეილ ალექსანდრეს ძემ ტახტზე უარი განაცხადა, გამოსცა რა აქტი უმაღლესი ხელისუფლების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რომელშიც მან რუსეთის შემდგომი ბედის გადაწყვეტის უფლება დამფუძნებელ კრებას გადასცა.

10 მარტს გაუქმებული პოლიციის დეპარტამენტის შესაცვლელად 17 აპრილს დაიწყო ადგილობრივ საბჭოებთან მუშათა მილიციის (წითელი გვარდიის) ჩამოყალიბება.

18 აპრილს დროებითი მთავრობის მიერ ანტანტის მთავრობებისათვის ნოტის გაგზავნის შემდეგ, თავისი სამოკავშირეო ვალდებულებებისადმი რუსეთის ერთგულებისა და ომის გამარჯვებით დასრულებამდე გაგრძელების განზრახვის შესახებ, დროებითი მთავრობის შემადგენლობა სულ უფრო მეტად სოციალისტური ხდებოდა.

1917 წლის მაისიდან სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე მე-8 დამრტყმელი არმიის სარდალი გენერალი ლ. გ. კორნილოვი იწყებს იწყებს მოხალისეთა ნაწილების („კორნილოველები“, „დამრტყმელები“) ჩამოყალიბებას.

სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ კადეტები გავიდნენ მთავრობის შემადგენლობიდან, უკრაინისათვის ავტონომიის მიცემის საკითხში მთავრობის დათმობების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

1917 წლის 4 ივლისს პეტროგრადში შეიარაღებული აჯანყების ჩახშობის შემდეგ, რომლის გამოყენებასაც, ერთ-ერთი ვერსიით, უკვე გეგმავდნენ ბოლშევიკები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, მინისტრ-თავმჯდომარედ პირველად გახდა მემარცხენეების წარმომადგენელი ა. თ. კერენსკი, რომელმაც აკრძალა ბოლშევიკების პარტია და წავიდა მემარჯვენეებისადმი დათმობებზე, აღადგინა რა ფრონტზე სიკვდილით დასჯა. ახალი მთავარსარდალი ინფანტერიის გენერალი ლ. გ. კორნილოვი მოითხოვდა სიკვდილით დასჯის აღდგენას ასევე ზურგშიც.


                  თეთრი მოძრაობის ლიდერი რუსეთის სამხრეთში (1917-1918)
                                             გენერალი ლ. გ. კორნილოვი

27 აგვისტოს კერენსკიმ დაითხოვა კაბინეტი და თვითნებურად მიითვისა „დიქტატორის უფლებამოსილებანი“, ერთპიროვნულად ჩამოაცილა გენერალი კორნილოვი თანამდებობას და უმაღლეს მთავარსარდლად საკუთარი თავის დაინიშნა.

კორნილოვის გამოსვლის დროს კერენსკი იძულებული შეიქნა ბოლშევიკების დევნა შეეწყვიტა და დახმარების მისაღებად საბჭოებისათვის მიემართა. კორნილოვმა კონფლიქტში მისდამი ყველაზე უფრო ერთგული, დამრტყმელი ნაწილების გამოყენებისგან თავი შეიკავა.

კორნილოვის გამოსვლის ჩახშობიდან და მის ძირითად მონაწილეთა ბიხოვსკის ციხეში ჩასმიდან ორი თვის განმავლობაში ბოლშევიკების რიცხოვნება და გავლენა განუხრელად იზრდებოდა. ქვეყნის მსხვილი სამრეწველო ცენტრების საბჭოები, ბალტიის ფლოტის, აგრეთვე ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფრონტების საბჭოებიც ბოლშევიკების კონტროლის ქვეშ გადავიდნენ.

1917 წ. ოქტომბერი – 1918 წ. მაისი 

ოქტომბრის რევოლუცია 

ძირითადი წერილი: ოქტომბრის რევოლუცია 

აფასებდა რა პეტროგრადში 1917 წლის 24 ოქტომბრის (6 ნოემბრის) მდგომარეობას როგორც „აჯანყების მდგომარეობას“, დროებითი მთავრობის მეთაური კერენსკი პეტროგრადიდან ფსკოვში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთის ფრონტის შტაბი იმყოფებოდა, რათა მისი მთავრობის მხარდასაჭერად ფრონტიდან გამოძახებულ ჯარებს შეხვედროდა. 25 ოქტომბერს (7 ნოემბერს) უმაღლესმა მთავარსარდალმა კერენსკიმ და რუსეთის არმიის შტაბის უფროსმა გენერალმა დუხონინმა მისცეს ბრძანება ფრონტებისა და შიდა სამხედრო ოლქების სარდლებს, ასევე კაზაკთა ჯარების ატამანებს, რათა მათ გამოეყოთ საიმედო ნაწილები პეტროგრადსა და მოსკოვზე ლაშქრობისათვის და ბოლშევიკების გამოსვლა სამხედრო ძალით ჩაეხშოთ.

25 ოქტომბრის საღამოს პეტროგრადში გაიხსნა საბჭოების II ყრილობა, რომელიც შემდგომში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ იქნა გამოცხადებული. ამასთან მენშევიკებისა და ესერების ფრაქციათა წევრებმა, რომლებმაც უარი თქვეს ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების მიტაცების მიღებაზე, ყრილობა დატოვეს და „სამშობლოსა და რევოლუციის ხსნის კომიტეტი“ ჩამოაყალიბეს. ბოლშევიკებს მხარი მემარცხენე ესერებმა დაუჭირეს, რომლებმაც საბჭოთა მთავრობაში რიგი პოსტები მიიღეს. ყრილობის მიერ მიღებული პირველი დადგენილებები გახლდათ დეკრეტი მშვიდობის შესახებ, დეკრეტი მიწის შესახებ და ფრონტზე სიკვდილით დასჯის გაუქმება. 2 (15) ნოემბერს ყრილობამ მიიღო რუსეთის ხალხების უფლებათა დეკლარაცია, რომელშიც გამოცხადებული გახლდათ რუსეთის ხალხების უფლება თავისუფალ თვითგამორკვევაზე, თვით გამოყოფამდე და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნამდეც კი.

25 ოქტომბერს 21:45-ზე „ავრორას“ ცხვირის ქვემეხის ფუჭმა გასროლამ მისცა სიგნალი ზამთრის სასახლეზე იერიშისათვის. წითელგვარდიელების, პეტროგრადის გარნიზონის ნაწილებისა და ბალტიის ფლოტის მატროსების მიერ ვლადიმერ ანტონოვ-ოვსეენკოს მეთაურობით დაკავებულ იქნა ზამთრის სასახლე და დაპატიმრებულ – დროებითი მთავრობა. თავდამსხმელებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. შემდგომში ეს მოვლენა რევოლუციის ცენტრალურ ეპიზოდად განიხილებოდა.


                                 დონის მხედრობის ატამანი პ. ნ. კრასნოვი

ვერ ჰპოვა რა საგრძნობი მხარდაჭერა ფსკოვში ჩრდილოეთის მთავარსარდლის ა. ი. ვერხოვსკის მხრიდან, კერენსკი იძულებული შეიქნა დახმარება მის მიერ შერისხულ გენერალ პ. ნ. კრასნოვთან ეძია, რომელსაც იმ ხანებში ბინა ქ. ოსტროვაში ჰქონდა. გარკვეული ყოყმანის შემდეგ დახმარება აღმოჩენილ იქნა. ოსტროვადან პეტროგრადზე მე-3 ცხენოსანი კორპუსის ნაწილები დაიძრნენ, რომლებსაც კრასნოვი მეთაურობდა. 27 ოქტომბერს მათ დაიკავეს გატჩინა, 28 ოქტომბერს ცარსკოე სელო, გავიდნენ რა დედაქალაქის ახლო მისადგომებთან. 29 ოქტომბერს პეტროგრადში იფეთქა იუნკრების აჯანყებამ „სამშობლოსა და რევოლუციის ხსნის კომიტეტის“ ხელმძღვანელობით, მაგრამ ის მალე ჩახშობის იქნა ბოლშევიკების აღმატებული ძალების მიერ მ. ა. მურავიოვის მეთაურობით. თავისი ნაწილების უკიდურესი მცირერიცხოვნებისა და იუნკერთა დამარცხების გამო კრასნოვმა დაიწყო მოლაპარაკებები „წითლებთან“ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამასობაში კერენსკი, ეშინოდა რა იმისა, რომ კაზაკები მას ბოლშევიკებს გადასცემდნენ, გაიქცა. კრასნოვი კი წითელი რაზმების სარდალს პ. ე. დიბენკოს მოელაპარაკა პეტროგრადის მისადგომებიდან კაზაკების დაუბრკოლებლად წასვლის შესახებ.

კადეტების პარტია კანონგარეშედ იქნა გამოცხადებული, 28 ნოემბერს მისი რიგი ლიდერები დააპატიმრეს, კადეტების რამდენიმე ბეჭდური გამოცემა კი დახურეს. 

ადგილებზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარება 

იხ. ასევე: საბჭოთა ხელისუფლების ტრიუმფალური მსვლელობა 

1917 წლის ოქტომბრიდან (ნოემბრიდან) 1918 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდი ბოლშევიკთა ხელისუფლების დამყარებისა და მათ მოწინააღმდეგეთა შეიარაღებული წინააღმდეგობის ლიკვიდაციის შედარებითი სისწრაფითა და სიიოლით გამოირჩეოდა. ზოგიერთ შემთხვევაში (ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყება მოსკოვში /1917/1917 წლის დეკემბრის ბრძოლები ირკუტსკში) ბოლშევიკები უპირატესობის მიღწევას მხოლოდ დამხმარე ძალების მიღების შემდეგ ახერხებდნენ იმ ქალაქებიდან, რომლებშიც მანამდე უკვე იყო დამყარებული საბჭოთა ხელისუფლება.

საბჭოთა ხელისუფლება არ სცნო კაზაკების არც ერთმა რეგიონმა. უკვე 1917 წლის 25 ოქტომბერს ატამანმა ალექსი კალედინმა დონის მხედრობის ოლქში შემოიღო სამხედრო მდგომარეობა და დაამყარა კონტაქტები ორენბურგის, ყუბანის, ასტრახანისა და თერგის კაზაკების ხელმძღვანელობასთან. გააჩნდა რა თავის განკარგულებაში თხუთმეტათასიანი ჯარი, მან შესძლო დაეპყრო დონის-როსტოვი, ტაგანროგი და დონბასის მნიშვნელოვანი ნაწილიც.


                        გენერალი, დონის მხედრობის ატამანი ა. მ. კალედინი

კორნილოვის დამრტყმელი პოლკი, რომელსაც 1917 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაერქვა თავიდან 1-ლი რუსული დამრტყმელი, ხოლო შემდეგ კი სლავური პოლკი 1-ლი ჩეხოსლოვაკური დივიზიის შემადგენლობაში, სხვა ნაწილებთან ერთად სამხრეთ-დასავლეთის ფრონტიდან გადასროლილ იქნა კიევში კანონიერი ხელისუფლების დასაცავად, მაგრამ ქუჩის ბრძოლების შემდეგ იძულებული გახდა დონზე წასულიყო კიევის სამხედრო სასწავლებლების იუნკრებთან ერთად (ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყება კიევში). ჯერ კიდევ 1917 წლის მარტში შექმნილმა კიევის ცენტრალურმა რადამ, რომელიც თავიდან ბოლშევიკებთან კავშირში გამოდიოდა, 1917 წლის 7 ნოემბერს უკრაინის სახალხო რესპუბლიკის (უსრ) წარმოქმნა გამოაცხადა, თუმცა კი გააკეთა დათქმა, რომ განზრახული აქვს „არ გამოეყოს რუსეთის რესპუბლიკას“, არამედ დაეხმაროს მას „იქცეს თანასწორი, თავისუფალი ხალხების ფედერაციად“. უსრ შეუდგა საკუთარი არმიის შექმნას, ხელში ჩაიგდო სამხრეთ-დასავლეთისა და რუმინეთის ფრონტების შტაბები, გაყარა საბჭოები, წინააღმდეგობას უწევდა უკრაინის ტერიტორიის გავლით დონისკენ კალედინის წინააღმდეგ წითელი ნაწილების მოძრაობას და უარი თქვა წინააღმდეგობა გაეწია ფრონტიდან კონტრრევოლუციური ნაწილების დონისკენ წინსვლისათვის. 1917 წლის 3 დეკემბერს სახკომსაბჭომ (სახალხო კომისართა საბჭომ) სცნო უკრაინის უფლება თვითგამორკვევაზე, ამასთან უკვე 6 დეკემბერს შექმნა პირველი ფრონტი სამოქალაქო ომში, ხოლო 11 დეკემბერს კი ხარკოვში უკრაინელმა ბოლშევიკებმა მოიწვიეს სრულიად უკრაინის საბჭოების ყრილობა, რომელმაც „აიღო საკუთარ თავზე ხელისუფლების მთელი სისრულე უკრაინაში“, აირჩია რა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკ). 8 თებერვალს ხისტი ხუთდღიანი საარტილერო ცეცხლის დაშენის შემდეგ კიევი წითელი ჯარების მიერ იქნა აღებული, რომლებმაც ხიდებისა და სანაპირო სიმაგრეების იერიშების მსვლელობისას მომწამვლელი გაზები გამოიყენეს. ქალაქში წითლების ყოფნის რამდენიმე დღის მანძილზე არანაკლებ 2 ათასი ადამიანისა იქნა დახვრეტილი, ძირითადად რუსი ოფიცრები. 9 თებერვალს უსრ-ის დელეგაციამ ხელი მოაწერა სეპარატიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას გერმანიასა და მის მოკავშირეებთან სურსათის მოწოდების სანაცვლოდ.

1917 წლის 18 (31) დეკმბერს სახკომსაბჭომ აღიარა ფინეთის დამოუკიდებლობა, თუმცა კი უკვე 27 იანვარს ფინეთში დაიწყო წითლების აჯანყება, რომელსაც მხარს უჭერდა საბჭოთა რუსეთი. მოგვიანებით, 1918 წლის 29 აგვისტოს, სახკომსაბჭომ გამოსცა დეკრეტი, რომლითაც უქმდებოდა მეფის რუსეთის მიერ XVIII საუკუნის ბოლოს დადებული ხელშეკრულებები ავსტრიასთან და გერმანიასთან პოლონეთის გაყოფის შესახებ და ხდებოდა პოლონელი ხალხის თავისუფალ არსებობაზე უფლების აღიარება. ამიერკავკასიაში ოქტომბრის რევოლუციაზე რეაქციის შედეგად ტფილისში 1917 წლის 15 (28 ნოემბერს) წარმოიშვა „ამიერკავკასიის კომისარიატი“, რომელიც შეიქმნა რუსეთის დამფუძნებელ კრებაში არჩეული დეპუტატებისა და წამყვან ადგილობრივ პარტიათა მოღვაწეების მიერ. თურქესტანში ჯერ კიდევ 1917 წლის სექტემბერში ტაშკენტის საბჭოს აღმასკომმა განახორციელა შეიარაღებული აჯანყება და დაამხო დროებითი მთავრობის წარმომადგენელთა ხელისუფლება. მაგრამ რეგიონის მუსლიმანური მოსახლეობა საბჭოთა ხელისუფლებას მხარს არ უჭერდა.

შეიარაღებული ძალები 

გახდა რა მთავარსარდალი კერენსკის გაქცევის შემდეგ გენერალმა ნ. ნ. დუხონინმა უარი განაცხადა საბჭოთა მთავრობას დაქვემდებარებოდა, 19 მარტს ბიხოვსკის ციხიდან გენერლები კორნილოვი და დენიკინი გაათავისუფლა, რომლებიც დონზე გაემგზავრნენ, სარდლობაში (ставка) თავმოყრილი დამრტყმელი ბატალიონების დახმარებაზე უარი განაცხადა და უბრძანა მათ მოგილევიდან დონზე წასულიყვნენ, ხოლო 20 ნოემბერს ბოლშევიკების მიერ იქნა გადაყენებული და გამძვინვარებული ჯარისკაცების მიერ მოკლულიც.


                                              გენერალი ნ. ნ. დუხონინი

1917 წლის 10 ნოემბერს სახკომსაბჭომ მიიღო დეკრეტი „არმიის რიცხოვნების თანდათანობით შემცირების შესახებ“. მის თანახმად უვადო თადარიგში თავისუფლდებოდნენ 1899 წლის გაწვევის ჯარისკაცები, შემდეგ დეკემბრის ბოლომდე 1900 და 1901 წლებისაც. დემობილიზაციის ჩატარების დაჩქარება ფრონტიდან ჯარისკაცების მასობრივი თვითნებული წასვლით იყო გამოწვეული, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პირველი დეკრეტების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, განსაკუთრებით კი „მიწის შესახებ დეკრეტის“ გამოქვეყნების შემდეგ. დეზერტირობას ამ პერიოდში ვერავინ გააჩერებდა: ოფიცერთა კორპუსი ყველგან მეთაურობისგან იყო ჩამოშორებული, ბოლშევიკური რევკომები და გაბოლშევიკებულ ჯარისკაცთა კომიტეტები ხელისუფლებისთვის იბრძოდნენ, თან იმავდროულად არმიაში ატარებდნენ დემოკრატიზაციას და ახდენდნენ დროებით დაზავებებს მოწინააღმდეგესთან.

თეთრი არმია 

მკვლევარები აღნიშნავენ ფენებად დაშლის პროცესებს, რომლებიც ძველი არმიის რიგებში ოქტომბრის რევოლუციის მომენტისათვის ხდებოდა: ეს არმია თავისი დაშლის პროცესში გამოჰყოფდა კადრებს არა მხოლოდ მომავალი წითელი არმიისათვის, არამედ ანტიბოლშევიკური არმიებისთვისაც. დამრტყმელი ნაწილები, ეროვნული ფორმირებანი, კაზაკთა ჯარების ნაწილი, უმაღლესი შტაბები, ოფიცერთა საზოგადოებანი, რომლებიც თებერვლის რევოლუციის დღეებში წარმოიქმნა, – ყველა ეს ორგანიზაცია თავისი უმრავლესობით ოქტომბრის რევოლუციისადმი მტრულ ძალას წარმოადგენდა. ბიხოვოდან განთავისუფლებული გენერლების, სამხრეთ-დასავლეთ ფრონტიდან წამოსული კორნილოვლების, მოსკოველი და კიეველი იუნკრების და ა. შ. გარდა, დონზე გადავიდნენ ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე შექმნილი ალექსეევის ორგანიზაციის წევრებიც პეტროგრადიდან. 1917 წლის 25 დეკემბერს ნოვოჩერკასკში ბოლშევიკებთან საბრძოლველად შეიქმნა მოხალისეთა არმია. მაგრამ რამდენადაც ატამანი კალედინი ფრონტიდან დაბრუნებულ, ომით დაღლილ კაზაკებს შორის მხარდაჭერით ვერ სარგებლობდა, მოხალისეთა არმიას მოუწია ყუბანზე წასულიყო (ყუბანის პირველი ლაშქრობა). ატამანმა კალედინმა 1918 წლის თებერვალში როსტოვისა და ნოვოჩერკასკის დაკარგვის შემდეგ თავი მოიკლა, 1918 წლის მარტში ეკატერინოდარის იერიშის დროს ლ. გ. კორნილოვიც დაიღუპა. თებერვალში რუმინეთის ფრონტიდან დონზე პოლკოვნიკ დროზდოვსკის ბრიგადაც დაიძრა, რომელმაც 1200-კილომეტრიანი გადმოსვლა შეასრულა და აპრილში სვლიდან ნოვოჩერკასკი აიღო, რითაც დახმარება აღმოუჩინა დონის კაზაკებს, რომლებიც იმ დროისათვის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდნენ, ხოლო შემდეგ კი მოხალისეთა არმიას შეუერთდა.


                                        პოლკოვნიკი მ. გ. დროზდოვსკი

წითელი არმია 

ძველი არმიის დემობილიზაციასთან ერთდროულად სახკომსაბჭო მიმართავდა ძალისხმევას ახალი, მოხალისეთა არმიის შესაქმნელად. 1918 წლის 15 თებერვალს ვ. ი. ლენინმა ხელი მოაწერა დეკრეტს წითელი არმიის შექმნის შესახებ, 29 იანვარს – წითელი ფლოტისა. მოქმედ არმიაში გაბოლშევიკებული ჯარისკაცთა კომიტეტებისა და რევკომების კამპანიამ ახალ შეიარაღებულ ძალებში მოხალისეთა ჩასაწერად საგრძნობი შედეგები ვერ მოიტანა. ასე, მკვლევარ პ. ა. გოლუბის დაანგარიშებებით 1918 წლის გაზაფხულისათვის ფრონტმა მხოლოდ დაახლოებით 70 ათასი მოხალისე მისცა, რაც დაახლობით 1 %-ს უთანაბრდებოდა (როგორც ცნობილია, 1917 წლის შემოდგომაზე მოქმედ არმიაში დაახლოებით 7 მლნ ადამიანი იმყოფებოდა). მოხალისეთა წითელი არმიის საბრძოლო თვისებები დაბალი იყო, რამდენადაც იგი სრულიად სხვადასხვაგვარი ელემენტებისაგან ყალიბდებოდა – ძველი არმიის ნაწილების, წითელგვარდელთა და მატროსების რაზმების, გლეხთა სახალხო ლაშქრებისაგან – და მასში გამეფებული იყო „პარტიზანშჩინა“ (მეთაურების არჩევითობა, კოლექტიური მეთაურობა და მიტინგური მმართველობა, როცა ოპერაციების ჩატარების საკითხებს მებრძოლები მიტინგებზე განიხილავდნენ). მიუხედავად ამისა წითელი არმიის პირველმა ნაწილებმა მოსახლეობის მხარდაჭერის, დიდი რიცხობრივი უპირატესობისა და ძველი არმიის საწყობებიდან საბრძოლო მასალებით კარგი მომარაგების ხარჯზე მოახერხეს ანტიბოლშევიკური წინააღმდეგობის კერების ჩახშობა, კერძოდ – დონზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და ყუბანში, ეკატერინოდარის შენარჩუნება, რომლის დაპყრობასაც მოხალისეთა არმია ცდილობდა.

ლენინის მხარეზე 40 ათასი ლატვიელი მსროლელი დადგა, რომლებმაც მთელ რუსეთში ბოლშევიკების ძალაუფლების დამყარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

1918 წლის 22 აპრილს სრულიად რუსეთის ცაკ-ის დეკრეტით „მუშურ-გლეხურ წითელ არმიაში თანამდებობების დაკავების შესახებ“ გაუქმებულ იქნა საკომანდო შემადგენლობის არჩევითობა. მეთაურთა შემადგენლობის მხოლოდ კლასობრივი ნიშნით დაკომპლექტების უზრუნველყოფის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, საჭირო შეიქნა მის რიგებში ძველი არმიის ოფიცერთა – „სამხედრო სპეციალისტების“ მიზიდვა. წითელ არმიაში პოლიტიკური კონტროლის უზრუნველყოფისთვის 1918 წლის მარტ-აპრილში დაარსდა სამხედრო კომისრების ინსტიტუტი. ასეთნაირად მგწა-ის ორგანიზაციაში ორუფროსობის (ორმაგი უფროსობის) პრინციპი იქნა შეტანილი. 1918 წლის 29 მაისს საყოველთაო სამხედრო ვალდებულების (მობილიზაციის) საფუძველზე იწყება რეგულარული წითლი არმიის შექმნა, რომლის რიცხოვნებამაც 1918 წლის შემოდგომაზე 800 ათასი ადამიანი შეადგინა, 1919 წლის დასაწყისისათვის – 1,7 მლნ, 1919 წლის დეკემბრისათვის – 3 მლნ, ხოლო 1920 წლის 1 ნოემბრისათვის – 5,5 მლნ ადამიანი. 

წითელი არმიის გამოჩენილი მხედართუფროსები: 

(შემდეგ მოდის სურათები და მათი მინაწრები: წითელი არმიის ერთ-ერთი შემქმნელი ლ. დ. ტროცკი; მგწა-ის მთავარსარდალი /01.09.1918 – 09.07.1919/ ი. ი. ვაცეტისი; მგწა-ის მთავარსარდალი /1919 – 1924/ ს. ს. კამენევი; ა. ი. ეგოროვი; 1-ლი ცხენოსანი არმიის სარდალი ს. მ. ბუდიონი; მ. ვ. ფრუნზე)

სხვა შეიარაღებული ფორმირებანი 

ძირითადი წერილები: სახალხო არმია, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის არმია და ციმბირის არმია 

დამფუძნებელი კრების გარეკვა 

ძირითადი წერილი: სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრება 

არჩევნებმა სრულიად რუსეთის დამფუძნებელ კრებაში, რომლებიც დროებითი მთავრობის მიერ 1917 წლის 12 ნოემბერს იყო დასახული (დაგეგმილი), აჩვენა, რომ ბოლშევიკებს ხმის მიმცემთა მეოთხედზე ნაკლები უჭერს მხარს. სხდომა გაიხსნა 1918 წლის 5 იანვარს ტავრიდის სასახლეში პეტროგრადში. სოციალისტებს ესერებით სათავეში და მათ მხარდამჭერ უპარტიო დეპუტატებს, რომლებიც არ შეურიგდნენ ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების უზურპაციას, განზრახული ჰქონდათ ჩამოეყალიბებიათ ახალი მთავრობა სახკომსაბჭოს ნაცვლად, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდნენ მთელი დემოკრატიული ძალები და არ იქნებოდნენ ბოლშევიკთა ლიდერები ლენინი და ტროცკი. ესერების უარის შემდეგ იმაზე, რომ განეხილათ „მშრომელი და ექსპლუატირებული ხალხის უფლებათა დეკლარაცია“, რომელიც რუსეთს „მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების რესპუბლიკად“ აცხადებდა, ბოლშევიკებმა, მემარცხენე ესერებმა და ეროვნული პარტიების ზოგიერთმა დელეგატმა სხდომა დატოვეს. ამან კრებას დააკარგვინა ქვორუმი, ხოლო მის დადგენილებებს კი – ლეგიტიმურობა. მიუხედავად ამისა, დარჩენილმა დეპუტატებმა ესერთა ლიდერის ვიქტორ ჩერნოვის თავმჯდომარეობით გააგრძელეს მუშაობა და მიიღეს დადგენილებანი საბჭოების II ყრილობის დეკრეტების გაუქმებისა რუსეთის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შესახებ.

5 იანვარს პეროგრადში და 6 იანვარს მოსკოვში დახვრეტილ იქნა დამფუძნებელი კრების მხარდამჭერი მიტინგები. 6 იანვარს ლენინის გადაწყვეტილებით ბოლშევიკებმა დამფუძნებელი კრება გარეკეს და დაიწყეს რეპრესიები თვითმპყრობელობასთან ბრძოლაში თავიანთი ყოფილი ამხანაგების წინააღმდეგ: სოციალისტური პარტიები კონტრრევოლუციურ პარტიებად იქნა გამოცხადებული, მათი გზეთები იხურებოდა, ხოლო მათ ლიდერებსა და აქტივისტებს კი აპატიმრებდნენ. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დამფუძნებელი კრების გარეკვას დაუჭირა მხარი, იყვნენ მემარცხენე ესერები, რომელთა წარმომადგენლებსაც ჯერ კიდევ დეკემბერში სახკომსაბჭოში სამი ადგილი ჰქონდათ მიღებული. სრულიად სახალხოდ არჩეული დამფუძნებელი კრების გარეკვამ, მისი „კონტრრევოლუციურობის“ საბაბით, ნათლად გამოავლინა ბოლშევიკების მისწრაფება ნებისმიერი ხერხებით შეენარჩუნებიათ მიტაცებული ხელისუფლება, და ამით შეარყია სიმპათიები ბოლშევიკებისადმი გლეხებსა და მუშათა ნაწილს შორის, გამოიწვია მათდამი მტრული დამოკიდებულების ზრდა ასევე ინტელიგენციისა და ქალაქების წვრილი და საშუალო ბურჟუაზიის მხრიდან.

18 დეკემბერს სრულიად რუსეთის საბჭოების III ყრილობამ მოიწონა დეკრეტი დამფუძნებელი კრების დაშლის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება კანონმდებლობიდან ამოეღო მითითებები არსებული მთავრობის დროებით ხასიათის შესახებ („მომავალში დამფუძნებელი კრების მოწვევამდე“). დამფუძნებელი კრების აღდგენა თეთრი მოძრაობის ერთ-ერთ ლოზუნგად იქცა.

ბრესტის ზავი. ცენტრალური დერჟავების ინტერვენცია 

ძირითადი წერილები: ბრესტის ზავი (უკრაინა – ცენტრალური დერჟავები), ბრესტის ზავი და ცენტრალური დერჟავების ინტერვენცია რუსეთში 

ბოლშევიკები ხელისუფლებისაკენ მიდიოდნენ ლოზუნგით „მშვიდობა ანექსიისა და კონტრიბუციის გარეშე“, რაც ნიშნავდა ომამდელი საზღვრების შენარჩუნებას. მაგრამ ამ წინადადებას არც ერთი მეომარი მხარე არ გამოხმაურებია.

1917 წლის 20 ნოემბერს (3 დეკემბერს) ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა მთავრობამ დადო შეთანხმება დაზავების შესახებ გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან. 9 (22) დეკემბერს დაიწყო მოლაპარაკებები ზავის (მშვიდობის) შესახებ. 14 (27) დეკემბერს საბჭოთა დელეგაციას გადაეცა წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებდა მნიშვნელოვან ტერიტორიულ დათმობებს რუსეთის მხრიდან. გერმანიამ ამით წამოაყენა თავისი პრეტენზიები რუსეთის ვრცელ ტერიტორიებზე, რომლებსაც სურსათის დიდი მარაგები და მატერიალური რესურსები ჰქონდათ. ბოლშევიკურ ხელმძღვანელობაში მოხდა განხეთქილება. ლენინი კატეგორიულად გამოდიოდა გერმანიის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების მომხრედ. ტროცკი სთავაზობდა მოლაპარაკებების გაჭიანურებას. მემარცხენე ესერები და ზოგიერთი ბოლშევიკიც სთავაზობდნენ არ დაედოთ ზავი და გერმანელებთან ომი გაეგრძელებიათ, რაც არა მარტო იწვევდა კონფრონტაციას გერმანისთან, არამედ ბოლშევიკების პოზიციებსაც ძირს უთხრიდა რუსეთის შიგნით, რამდენადაც მათი პოპულარობა ჯარისკაცთა მასებში ომიდან გამოსვლის დაპირებაზე იყო აგებული. 1918 წლის 28 იანვარს (10 თებერვალს) საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ლევ ტროცკიმ შეწყვიტა მოლაპარაკებები ლოზუნგით „არც ზავი, არც ომი: ზავზე ხელს არ ვაწერთ, ომს ვწყვეტთ, ვახდენთ არმიის დემობილიზაციას“, და 18 თებერვალს გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ჯარებმა დაიწყეს შემოტევა ფრონტის მთელ ხაზზე. იმავდროულად ცენტრალურმა დერჟავებმა გაამკაცრეს ზავის პირობები. 3 თებერვალს საბჭოთა დელეგაცია იძულებული იყო ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 1 მლნ კმ² ტერიტორია (უკრაინის ჩათვლით) და იკისრა მოეხდინა არმიისა და ფლოტის დემობილიზაცია, შავი ზღვის ფლოტის ხომალდები და ინფრასტრუქტურა გერმანიისათვის გადაეცა, 6 მლრდ მარკის ზომის კონტრიბუცია გადაეხადა, ეცნო უკრაინის, ბელორუსიის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთის დამოუკიდებლობა. საბჭოების IV საგანგებო ყრილობამ, რომელსაც ბოლშევიკები აკონტროლებდნენ, „მემარცხენე კომუნიტებისა“ და მემარცხენე ესერების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც ზავის დადებას აფასებდნენ როგორც „მსოფლიო რევოლუციის“ ინტერესებისა და ეროვნული ინტერესების ღალატს, გასაბჭოებული ძველი არმიისა და წითელი არმიის სრული უუნარობის გათვალისწინებით, რომ დაპირისპირებოდნენ გერმანული ჯარების თუნდაც შეზღუდულ შემოტევას, და ბოლშევიკური რეჟიმის განსამტკიცებლად სულის მოთქმის აუცილებლობის გათვალისწინებითაც, 1918 წლის 15 მარტს მოახდინა ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების რატიფიკაცია.

მაგრამ მოსახლეობის ძირითადმა მასამ, რომელიც თუნდაც სასიკვდილოდ იყო დაღლილი ომის სიმძიმეებისაგან და მშვიდობას მოითხოვდა, ვერ შეძლო შეერიგებინა თავისი პატრიოტული გრძნობები მომავალ მსოფლიო რევოლუციაზე ბოლშევიკების იმედებთან და ანგარიშებთან. სეპარატიული ზავის დადება გერმანიასთან, მისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიის დათმობა და დიდი ფულადი თანხების გადახდა აღქმულ იქნა როგორც ბოლშევიკების მიერ თავიანთი დაპირებების არშესრულება და როგორც რუსეთის ეროვნული ინტერესების ღალატი.

ამასობაში უკვე 1918 წლის აპრილისათვის გერმანული ჯარების დახმარებით ფინეთის ბურჟუაზიულმა მთავრობამ აღადგინა კონტროლი თავისი სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე. გერმანულმა არმიამ მოახდინა ოკუპირებულ ბალტიისპირეთში საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია.

აპრილის ბოლოსათვის უკრაინის მთელი ტერიტორია (და მიმდებარე რუსული ტერიტორიების ნაწილიც) გერმანული და ავსტრია-უნგრული ჯარების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. 29 აპრილს უკრაინაში მოხდა გადატრიალება, რომლის შედეგადაც გერმანული საოკუპაციო არმიის მხარდაჭერით ხელისუფლებაში გეტმანი სკოროპადსკი მოვიდა. გეტმანმა მოახდინა ცენტრალური რადისა და მისი დაწესებულებების, მიწის კომიტეტების ლიკვდაცია, ხოლო რესპუბლიკა და მთელი რევოლუციური რეფორმები კი გააუქმა. უკრაინის სახალხო რესპუბლიკა (უსრ) გარდაიქმნა უკრაინის დერჟავად გეტმანის ნახევრად მონარქიული დიქტატორული მმართველობით, რომელიც სახელმწიფოს, არმიისა და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ხელმძღვანელი შეიქნა.

ბელორუსიის რადამ დოვბორ-მუსნიცკის პოლონელ ლეგიონერებთან ერთობლოვად 19-დან 20 თებერვლის ღამეს დაიკავა მინსკი და მასში გერმანულ ჯარებს გზა გაუხსნა. გერმანული სარდლობის ნებართვით ბელორუსიის რადამ შექმნა ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა რ. სკირმუნტის მეთაურობით და, გააუქმა რა საბჭოთა ხელისუფლების დეკრეტები, ბელორუსიის რუსეთისაგან გამოყოფის შესახებ გამოაცხადა (1918 წლის ნოემბრამდე).

გერმანულმა ჯარებმა, შევიდნენ რა დონის ოლქში, 1 მაისს დაიკავეს ტაგანროგი, 8 მაისს – დონის-როსტოვი. ამ დროისათვის დონის ოლქი მოცული გახლდათ ანტიბოლშევიკური აჯანყებით, რომელიც მარტის ბოლოს დაიწყო გენერალ კრასნოვის ხელმძღვანელობით. 10 მაისს აჯანყებულმა კაზაკებმა დროზდოვსკის რუმინეთიდან მოსულ რაზმთან ერთობლივად დონის მხედრობის დედაქალაქი, ნოვოჩერკასკი დაიკავეს. მაისის შუა რიცხვებისათვის ოლქი მთლიანად იყო გაწმენდილი ბოლშევიკებისაგან. კრასნოვმა, რომელიც ყოვლად დიდი დონის მხედრობის ატამანად იქნა არჩეული, შეკრა კავშირი გერმანიასთან და უკვე მისგან დაიწყო იარაღის მიღება რუსეთის ყოფილი სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის საწყობებიდან, სურსათის სანაცვლოდ. როგორც გენერალი კრასნოვი აღნიშნავდა: „დენიკინისათვის ადვილია, რა თქმა უნდა, ჩემი დადანაშაულება გერმანელთა მხარდაჭერაში, მაგრამ იარაღი კი დენიკინს ჩემგან მიაქვს, თუმცა მე მას პურით ვყიდულობ გერმანელებისაგან, ყოფილი რუსეთის არმიის სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის საწყობებიდან“.

თურქეთისა და გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ამიერკავკასიაში. ამიერკავკასიის დემოკრატიულმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეწყვიტა თავისი არსებობა, დაიყო რა სამ ნაწილად.

უკრაინის დაკავებამ განსაკუთრებით გააფართოვა ცენტრალური დერჟავების ეკონომიკური ბაზა, განსაკუთრებით კი გერმანიისა, და უზრუნველყო მათთვის მომგებიანი სტრატეგიული საფლანგო პოზიციები, გერმანიის საწინააღმდეგო ახალი აღმოსავლეთ ფრონტის აღორძინების შემთხვევისათვის, ანტანტის ძალისხმევის გავლენით. გერმანია, ცნობდა რა საბჭოთა მთავრობას, მხარდაჭერას აღმოუჩენდა ანტიბოლშევიკურ ორგანიზაციებსა და დაჯგუფებებს, პირველ რიგში დონზე, საქართველოსა და ბალტიისპირეთში, რაც სერიოზულად აძნელებდა რუსეთის მდგომარეობას.

სასურსათო დიქტატურის შემოღება 

დამფუძნებელი კრების გარეკვისა და ბრესტის ზავზე ხელმოწერის შემდეგ ბოლშევიკებისადმი მტრობის მკვეთრი ზრდა გლეხურ მოსახლეობში გამოიწვია მათმა სასურსათო პოლიტიკამ. მიიღეს რა მემამულეთა მიწა, მარცვლის მწარმოებელი გუბერნიების გლეხები (განსაკუთრებით უკრაინის და რუსეთის სამხრეთისა) უსამართლოდ მიიჩნევდნენ დროებითი მთავრობის მიერ პურზე შემოღებულ სახელმწიფო მონოპოლიას, რომელიც საშუალებას აძლევდა სახელმწიფოს ქაღალდის ფულის გაუფასურებისა და ინფლაციის პირობებში მარცვლეულობა დაბალ ფასად შეესყიდა. სოფლის შეძლებული ზედაფენა („კულაკები“) და საშუალო შეძლების მქონე გლეხები ბოლშევიკებისაგან თავისუფალი ვაჭრობის ნებართვას მოელოდნენ და იმავდროულად მარცვლეულობას სპეკულატიურ ფასებში ჰყიდდნენ, მდიდრდებოდნენ რა ქალაქებისა და მარცვალმომხმარებელ გუბერნიათა მოსახლეობის შიმშილზე. 

გერმანულ-ავსტრიული ჯარების მიერ უკრაინის ოკუპაციამ და დონის ოლქის ტერიტორიაზე მათმა წინსვლამ გამოიწვიეს რუსეთის ცენტრალურ გუბერნიებში მარცვლეულის მიწოდების შეწყვეტა უკრაინიდან, აგრეთვე მისი შეზღუდვა დონიდან და ყუბანიდან. მკვეთრად შემცირდა პურის გაყიდვა ქალაქებში, გაიზარდა რიგები, ამაღლდა პანიკური განწყობილებები. ქალაქებში ერთმანეთის მიყოლებით წარმოიშვა სტიქიური მშიერი ამბოხებანი, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა წინააღმდეგ იყო მიმართული. ხალხის სტიქიური უკმაყოფილებისა და მუქარად აღმართული შიმშილის წინაშე შიშის გამოყენებას ცდილობდნენ ბოლშევიკების მოწინააღმდეგენი.

მკვეთრად გამწვავებული სასურსათო პრობლემის გადასაწყვეტად 1918 წლის მაისში სურსათის სახალხო კომისარიატს (სახკომპროდი) მიეცა შეუზღუდავი საგანგებო უფლებამოსილებანი დაბალ სახელმწიფო ფასებში სურსათის შესყიდვის საქმეში, აიკრძალა თავისუფალი ვაჭრობა, შემოღებულ იქნა სადამსჯელო ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც „ჭარბ“ პურს მალავდნენ და სახელმწიფოს მიერ დადგენილ დაბალ ფასებში სახელმწიფოსათვის მარცვლეულობის მიყიდვაზე უარს აცხადებდნენ. ეს ნიშნავდა სასურსათო დიქტატურის შემოღებას. მსხვილი ქალაქების მუშებმა, რომლებიც შიმშილისაგან ყველაზე უფრო მეტად იტანჯებოდნენ, საკუთარი თაოსნობით დაიწყეს შეიარაღებული სასურსათო რაზმების (პროდრაზმების) ჩამოყალიბება და სურსათისათვის სოფლებში მათი გაგზავნა. ეს ინიციატივა სახკომსაბჭოს მიერ იქნა მხარდაჭერილი.

ივნისში, როცა ჩეხოსლოვაკური კორპუსის აჯანყების შედეგად შეწყდა ციმბირიდან და ვოლგისპირეთის ზოგიერთი რაიონიდან პურის შემოტანა, სასურსათო მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად იქნა გამწვავებული. ასეთ პირობებში პურზე მონოპოლიისა და მისი ჩატარების დიქტატორული მეთოდების შენარჩუნება შიმშილისაგან მოსახლეობის გადარჩენის ერთადერთი ხერხი აღმოჩნდა ქალაქებში და ასევე სოფლის მოსახლეობისაც იმ გუბერნიებში, რომლებიც მარცვლეულობას ვერ აწარმოებდნენ, მაგრამ, ბუნებრივია, მოიხმარდნენ.

თუმცა კი, პურზე მონოპოლიისადმი შეძლებული გლეხების წინააღმდეგობა იზრდებოდა, და ბოლშევიკების ერთადერთ საყრდენად სოფელში იქცნენ უღარიბესი გლეხები და ბატრაკები (მოჯამაგირენი), რომლებიც ეკონომიკურად და პოლიტიკურად სოფლის შეძლებულ ნაწილზე იყვნენ დამოკიდებული. ივნისში საბჭოთა მთავრობა შეუდგა ღარიბთა კომიტეტების (კომბედების) ორგანიზებას, რომლებიც სოფლად ხელისუფლების საგანგებო ორგანოები შეიქნენ. ბოლშევიკები წარმართავდნენ კომბედების საქმიანობას შეძლებული გლეხების წინააღმდეგ, რომელთაც ჰქონდად გასაყიდად გამიზნული მარცვლეულობა. ამასთან ითვალისწინებდნენ და იყენებდნენ ღარიბი მოსახლეობის სიძულვილს მდიდარი თანასოფლელებისადმი („ქვეყნის მჭამელებისადმი“), ასევე მის დაინტერესებასაც მიეღო კონფისკებული პურის ნაწილი და მოეხდინა მემამულეთა ყოფილი მიწების გადანაწილება, რომელთა უკეთესი და უმეტესი ნაწილიც კულაკებს ჰქონდათ მიტაცებული. ზაფხულის მანძილზე ღარიბთა კომიტეტებმა სასურსათო რაზმებისა და წითელი არმიის ნაწილების დახმარებით მოაგროვეს საკმარისი მარცვლეულობა (ხორბალი), რათა ქალაქებისა და მომხმარებელი გუბერნიების ნახევრად მშიერი არსებობა შეენარჩუნებიათ. კულაკებისგან კონფისკებული მიწა, საქონელი და ინვენტარი ღარიბებს შორის ნაწილდებოდა.

მოხსნეს რა სასურსათო პრობლემის სიმწვავე, კომბედებმა, ამასთანავე, ბოლშევიკურ ხელისუფლებას ჩამოაშორეს საშუალო გლეხობა, რომლებმაც შეძლებული ზედაფენების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ ზომებში მათი საკუთარი ინტერესებისადმი მუქარა დაინახეს. ამის შედეგად საშუალო გლეხებმა მხარი დაუჭირეს კულაკობას მის ბრძოლაში ბოლშევიკების წინააღმდეგ, და ხორბლის მწარმოებელ გუბერნიებში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად აღიმართა სოფლის მოსახლეობის ძირითადი მასა. ბოლშევიკების წინააღმდეგ გამოვიდა ყველაზე უფრი აქტიური ძალა – მსოფლიო ომის ფრონტებზე ნაბრძოლი ჯარისკაცები, რომლებიც 1917 წლის ოქტომბერში მათ მხარს უჭერდნენ. იმავდროულად იზრდებოდა მემარცხენე ესერების პოპულარობაც, რომლებიც როგორც ბრესტის ზავის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ისე კონფისკაციების, სასურსათო რაზმებისა და ღარიბთა კომიტეტების წინააღმდეგაც.

1918 წლის მაისი – ნოემბერი 

ჩეხოსლოვაკური კორპუსის აჯანყება. აღმოსავლეთში ომის გაშლა 

იხ. ასევე: სამეფო ოჯახის დახვრეტა 

უკვე 1917 წელს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ მიიღეს გადაწყვეტილება ანტიბოლშევიკური ძალების მხარდაჭერის შესახებ, ჩერჩილმა მოუწოდა „აკვანშივე დაეხრჩოთ ბოლშევიზმი“. 22 დეკემბერს ანტანტის ქვეყნების წარმომადგენელთა კონფერენციამ პარიზში აუცილებლად მიიჩნია შეენარჩუნებიათ კავშირები უკრაინის, კაზაკური ოლქების, ციმბირის, კავკასიისა და ფინეთის ანტიბოლშევიკურ მთავრობებთან და მათთვის კრედიტები გაეხსნათ. 23 დეკემბერს დაიდო ინგლის-საფრანგეთის შეთანხმება რუსეთში მომავალ საომარ მოქმედებათა სფეროების განაწილების შესახებ: დიდი ბრიტანეთის ზონაში შევიდნენ კავკასია და კაზაკთა ოლქები, საფრანგეთის ზონაში – ბესარაბია, უკრაინა და ყირიმი; ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი განიხილებოდნენ როგორც აშშ-ისა და იაპონიის გავლენის სფერო.

ჩეხოსლოვაკური კორპუსი (40-45 ათასი ადამიანი) რუსეთის ტერიტორიაზე იქნა ჩამოყალიბებული პირველი მსოფლიო ომის წლებში, ძირითადად ჩეხი და სლოვაკი ტყვეებისაგან – ავსტრია-უნგრეთის არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ ომში გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ. საფრანგეთის მთავრობის დეკრეტის საფუძველზე საფრანგეთში ავტონომიური ჩეხოსლოვაკური არმიის ორგანიზაციის შესახებ, 1918 წლის 15 იანვრიდან ჩეხოსლოვაკური კორპუსი ფორმალურად ფრანგული სარდლობისადმი იქნა დაქვემდებარებული, და გერმანული შეტევის დაწყებასთან ერთად უკრაინიდან საბჭოთა რუსეთის ტერიტორიაზე მოახდინა ევაკუაცია და ვლადივისტოკში მიემართებოდა, საიდანაც იგეგმებოდა ზღვით მისი დასავლეთ ევროპაში გადაყვანა ანტანტის მხარეზე საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად. 21 მაისს გერმანიის ზეწოლით ბოლშევიკებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩეხოსლოვაკური ეშელონების სრული განიარაღებისა და დაშლის შესახებ. ჩეხოსლოვაკებმა სასტიკად დაამარცხეს მათ წინააღმდეგ გადასროლილი წითელი გვარდიის ნაწილები, რითაც შექმნეს ხელსაყრელი სიტუაცია საბჭოთა ხელისუფლების ორგანოების სალიკვიდაციოდ ვოლგისპირეთში, ურალზე, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.


                                               ჩეხოსლოვაკური კორპუსი

1918 წლის 8 ივნისს წითლებისაგან განთავისუფლებულ სამარაში ესერების მიერ შეიქმნა დამფუძნებელი კრების კომიტეტი (კომდამფ). მან საკუთარი თავი დროებით რევოლუციურ ხელისუფლებად გამოაცხადა, რომელსაც, მისი შემქმნელების ჩანაფიქრით, გავრცელდებოდა რა მთელი რუსეთს ტერიტორიაზე, ქვეყნის მმართველობა კანონიერად არჩეული დამფუძნებელი კრებისათვის უნდა გადაეცა. კომდამფ-ის ძალაუფლების ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ივლისში მოხდა ყველა ბანკის დენაციონალიზაცია, გამოცხადდა სამრეწველო საწარმოთა დენაციონალიზაციაც. კომდამფ-მა შექმნა საკუთარი შეიარაღებული ძალები – სახალხო არმია. ამავდროულად, 23 ივნისს, ომსკში ჩამოყალიბებულ იქნა ციმბირის დროებითი მთავრობა, რომელიც 23 სექტემბერს კომდამფ-თან გაერთიანდა სრულიად რუსეთის დროებით მთავრობად (უფის დირექტორიად). კომდამფ-ის სახალხო არმიამ პოდპოლკოვნიკ ვ. ო. კაპელის სარდლობით ვოლგისპირეთში გაშალა შეტევა, რომლის ყველაზე მეტ წარმატებად 7 აგვისტოს ყაზანის აღება იქცა.


                      გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენნატი ვ. ო. კაპელი

ყაზანის აღებაზე კაპელის დეპეშიდან: „მე-5 ლატვიური პოლკი, მისი მეთაურით სათავეში, ჩვენ დაგვნებდა“. – ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა მთელი სამოქალაქო ომის მანძილზე, როცა ლატვიური ნაწილი დანებდა.

მაშინვე ყაზანის აღების შემდეგ კაპელი დაჟინებით, მაგრამ წარუმატებლად მოითხოვდა შემდგომ შეტევას მოსკოვზე ნიჟნი ნოვგოროდის გავლით, სადაც რუსეთის ოქროს მარაგის მეორე ნაწილი ინახებოდა, რამდენადაც ხანგრძლივი პოზიციური თავდაცვა იმ სიტუაციაში, რომელიც ყაზანის აღების შემდეგ უმალვე შეიქმნა, შესაძლებლად ვერ წარმოუდგებოდა. მისმა ოპონენტებმა კი, ჩეხოსლოვაკების ჩათვლით, ამჯობინეს ყურადღებისა და ძალისხმევის კონცენტრაცია დაკავებული მიჯნების თავდაცვაზე მოეხდინათ.

1918 წლის სექტემბერში საბჭოთა აღმოსავლეთ ფრონტის ჯარები, თავი მოუყარეს რა ყაზანთან 11 ათას ხიშტსა და ხმალს 5-ათასიანი მოწინააღმდეგის საპირისპიროდ, შეტევაზე გადავიდნენ. სასტიკი ბრძოლების შემდეგ 10 სექტემბერს მათ ყაზანი დაიპყრეს, და გაარღვიეს რა ფრონტი, შემდეგ 12 სექტემბერს დაიკავეს სიმბირსკი, 7 ოქტომბერს – სამარა, მიაყენეს რა სასტიკი დამარცხება კომდამფ-ის სახალხო არმიას. გაძლიერების ჯარების მოსვლის შემდეგ (საფუძველი შეადგინეს ლატვიური დივიზიის 1-ლმა, მე-2, მე-4 და მე-6 პოლკებმა), სიტუაცია ფრონტზე კარდინალურად შეიცვალა – 1918 წლის შემოდგომისათვის სახალხო არმიის რაზმებს უკვე აღარ შეეძლოთ წითელი არმიის მათზე მრავალჯერადად აღმატებული ძალების შეკავება.

1918 წლის 7 აგვისტოს იფეთქა მუშების აჯანყებამ იარაღის ქარხნებში იჟევსკში, შემდეგ კი ვოტკინსკში, სადაც აჯანყებულებმა საკუთარი მთავრობა და არმიაც ჩამოაყალიბეს 35 ათასი ხიშტის რიცხოვნებით. ეს აჯანყება, რომელიც ფრონტელთა კავშირისა და ესერების მიერ იყო მომზადებული, 1918 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. 7 ნოემბერს წითლების საგანგებო და მე-2 შეერთებული დივიზიების დარტყმების ქვეშ, რომლებიც ბალტიელი მატროსების, ლატვიელებისა და ყოფილი სამხედრო ტყვე მადიარებისაგან (უნგრელებისაგან) შედგებოდა, აჯანყებული იჟევსკი დაეცა, ხოლო 13 ნოემბერს კი – ვოტკინსკიც.

აჯანყებები ცენტრალურ რუსეთში 

იხ. ასევე: მემარცხენე ესერების აჯანყება 

ასევე შეიძლება ინახოს: სამშობლოსა და თავისუფლების დაცვის კავშირის აჯანყებანი 

ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ პირველ ხანებში მემარცხენე ესერები წითელი არმიის შექმნასა და სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის (ვეჩეკა) მუშაობაში ბოლშევიკებთან ერთობლივად მონაწილეობდნენ.

თანამშრომლობის გაწყვეტა მოხდა 1918 წლის თებერვალში, როცა სრულიად რუსეთის ცაკ-ის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის) სხდომაზე მემარცხენე ესერებმა ხმა მისცეს ბერსტის ზავზე ხელის მოწერის წინააღმდეგ, შემდეგ კი საბჭოების IV საგანგებო ყრილობაზე – მისი რატიფიკაციის წინააღმდეგაც. ვერ შეძლეს რა თავისი პოზიციის გატანა, მემარცხენე ესერები გავიდნენ სახკომსაბჭოს (სახალხო კომისართა საბჭოს) შემადგენლობიდან და ბოლშევიკებთან თავიანთი შეთანხმების გაწყვეტის შესახებაც გამოაცხადეს.

საბჭოთა ხელისუფლების მიერ ღარიბთა კომიტეტების შესახებ დეკრეტების მიღების შემდეგ, უკვე 1918 წლის ივნისში მემარცხენე ესერების პარტიის ცეკამ და პარტიის III ყრილობამ დაადგინეს გამოეყენებიათ ყველა ხელმისაწვდომი საშუალება იმისათვის, რათა „საბჭოთა პოლიტიკის ხაზი გამოესწორებიათ“. სრულიად რუსეთის საბჭოების V ყრილობაზე ივლისის დასაწყისში ბოლშევიკებმა, მემარცხენე ესერების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც უმცირესობაში იმყოფებოდნენ, მიიღეს პირველი საბჭოთა კონსტიტუცია, ჩაწერეს (გაამაგრეს) რა მასში ახალი პოლიტიკური რეჟიმის იდეოლოგიური პრინციპები. მისი ძირითადი ამოცანა გახლდათ „ქალაქისა და სოფლის პროლეტარიატისა და უღარიბესი გლეხობის დიქტატურის დამყარება სრულიად რუსეთის ძალმოსილი საბჭოთა სახელმწიფო ხელისუფლების ფორმით ბურჟუაზიის სრული განადგურების (შემუსვრის) მიზნით“. ამ კონსტიტუციის მიხედვით, თანატოლი რიცხვის ამომრჩევლებიდან მუშებს შეეძლოთ 5-ჯერ მეტი დელეგატები გაეგზავნათ, ვიდრე გლეხებს (ამასთან, ქალაქებისა და სოფლების ბურჟუაზიას, მემამულეებს, მოხელეებსა და სასულიერო წოდებას საბჭოებში საარჩევნო უფლებები საერთოდ ჩამორთმეული ჰქონდათ). წარმოადგენდნენ რა უწინარეს ყოვლისა გლეხობის ინტერესებს და იყვნენ რა პროლეტარიატის დიქტატურის პრინციპული მოწინააღმდეგენი, მემარცხენე ესერები აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ.

6 ივლისს მემარცხენე ესერმა იაკობ ბლიუმკინმა მოჰკლა მოსკოვში გერმანიის ელჩი მირბახი, რაც იქცა სიგნალად მემერცხენე ესერთა აჯანყების დაწყებისათვის მოსკოვში, რომელსაც მიზნად ჰქონდა სახკომსაბჭოს დამხობა და გერმანიასა და რსფსრ-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების გაწყვეტა. 10 ივლისს თავის თანამებრძოლთა მხარდასაჭერად მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) აღმოსავლეთ ფრონტის სარდალი მემარცხენე ესერი მიხეილ მურავიოვი შეეცადა დაეწყო აჯანყება ბოლშევიკების წინააღმდეგ, მაგრამ იგი თავის შტაბთან ერთად მოლაპარაკებების საბაბით ხაფანგში შეიტყუეს და ჩახოცეს. ბოლშევიკებმა მემარცხენე ესერებს თავზე რეპრესიები დაატეხეს, რასაც შედეგად მოჰყვა ბოლშევიკური პარტიის ერთპარტიული დიქტატურის საბოლოოდ დამყარება.


                        წითელი არმიის ერთ-ერთი შემქმნელი ლ. დ. ტროცკი

პარალელურად 6 ივლისის გათენების ღამეს დაიწყო იაროსლავლის აჯანყება, რომელიც ბორის სავინკოვის სამშობლოსა და თავისუფლების დაცვის კავშირის მიერ იყო ორგანიზებული, 8 ივლისს კი – რიბინსკისა და მურომის აჯანყებანი. 21 ივლისისათვის ყველა აჯანყება ჩახშობილ იქნა.

თეთრი ტერორი 

ძირითადი წერილი: თეთრი ტერორი (რუსეთი) 

თეთრი ტერორი – ანტიბოლშევიკური ძალების რეპრესიული პოლიტიკის უკიდურესი ფორმების ერთობლიობა სამოქალაქო ომის დროს (1917–1922), რომლებიც შეიცავდა თეთრების სახელისუფლებო ორგანოების მიერ რეპრესიული აქტების მიღებასა და რადიკალური ზომების სახით მათ პრაქტიკულ რეალიზაციას, რომლებიც მიმართული გახლდათ საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენელთა, ბოლშევიკებისა და მათი თანამგრძნობი ძალების წინააღმდეგ.

ზოგადად აღიარებული თვალსაზრისის თანახმად, „თეთრი ტერორის“ პირველი აქციები ანტიბოლშევიკური იაროსლავლის აჯანყების დროს1918 წლის ივლისში აღინიშნებოდა. იმავე 1918 წელს ანტიბოლშევიკური დამფუძნებელი კრების წევრთა კომიტეტის მიერ პირველი სადამსჯელო ორგანოები შეიქმნა და რეპრესიული ზომებიც იყო მიღებული: აგვისტოში შეიქმნა საგანგებო სასამართლო, საზოგადოებრივი წესრიგოს დაცვის სამინისტრო და მისი საგანგებო ნაწილი, სექტემბერში შემოიღეს სიკვდილით დასჯა, ოქტომბერში დაადგინეს სამხედრო მდგომარეობა და თეთრების კონტროლქვეშ არსებულ მთელ ტერიტორიაზე შემოიღეს სამხედრო-საველე სასამართლოები. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს სათავეში ე. თ. როგოვსკი ჩაუდგა. დაახლოებით 20 ათასი ადამიანი იქნა დაპატიმრებული და ციხეებში ჩასმული. 

წითელი ტერორის დასაწყისი 

ძირითადი წერილი: წითელი ტერორი 

ქვეყანაში სიტუაციის გამწვავების და მიხედვით ბოლშევიკები აძლიერებდნენ რეპრესიებს რეალურ და პოტენციურ მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ. 1918 წლის 13 ივნისის გათენების ღამეს პერმში მოკლულ იქნა დიდი მთავარი მიხეილ ალექსანდრეს ძე. ეკატერინბურგში 17 ივლისის გათენების ღამეს დაიხვრიტა იქ პატიმრობაში მყოფი ყოფილი იმპერატორი ნიკოლოზ II ოჯახთან ერთად. სამეფო ოჯახის დახვრეტასთან თითქმის ერთდროულად ჩადენილ იქნა დიდი მთავრების მკვლელობა, რომლებიც გადასახლებაში იყვნენ ქალაქ ალაპაევსკში, 140 კილომეტრში ეკატერინბურგიდან.

30 აგვისტოს მოხდა თავდასხმა ლენინზე, მოკლულ იქნა პეტროგრადის ჩეკას თავმჯდომარე ურიცკი. ბოლშევიკ ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებზე საპასუხოდ ბოლშევიკებმა გამოაცხადეს წითელი ტერორი. სრულიად რუსეთის ჩეკა (ვჩკ) და მისი ადგილობრივი ორგანოები აპატიმრებდნენ და მძევლებად აცხადებდნენ ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, გენერლებსა და ოფიცრებს, თავადაზნაურობის, ბურჟუაზიის, ინტელიგენციისა და სასულიერო წოდების წარმომადგენლებს, რომლებსაც ხვრეტდნენ კონტრრევოლუციური გამოსვლებისა და საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმების შემთხვევაში. ვჩკ-ის განაჩენებით დაუნდობლად ნადგურდებოდნენ ისინი, ვინც არა მარტო საქმით, არამედ სიტყვითაც იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ამასთან ბევრ შემთხვევაში ბრალეულობის დადგენა ხდებოდა მხოლოდ სოციალური წარმოშობის საფუძველზე. დაიწყო ბანაკების ორგანიზაცია „კლასობრივი მტრების“ წინააღმდეგ (1920 წლის ბოლოსათვის 100-ზე მეტი ბანაკი იყო შექმნილი, რომლებშიც დაახლოებით 75 ათასი ადამიანი იმყოფებოდა). წითელი ტერორი იქცა „კლასობრივად უცხო ელემენტების“ გაჟლეტისა და მოსახლეობის დაშინების მასობრივ საშუალებად. თანდათანობით ბოლშევიკების სახელმწიფო აპარატის საქმიანობაში ხდებოდა მოუწესრიგებელი და საგანგებო ზომების გამოდევნა მართვის ცენტრალიზებული დიქტატორული მეთოდებითა და ოგანიზებული ტერორით ყველა იმ სოციალური ჯგუფისა და ცალკეული პირის წინააღმდეგ, რომლებიც ასე თუ ისე ეწინააღმდეგებოდნენ ახალ ხელისუფლებას.

ომის გაშლა სამხრეთში 

ძირითადი წერილი: სამოქალაქო ომი დონზე 

უკვე მარტის ბოლოს (1918 წ.) დონზე დაიწყო კაზაკების ანტიბოლშევიკური აჯანყება გენერალ კრასნოვის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც მაისის შუა ხანებისათვის დონის ოლქი მთლიანად იქნა გაწმენდილი ბოლშევიკებისაგან. დონის ოლქის დასავლეთ ნაწილში შევიდნენ გერმანული ნაწილები. კრასნოვი სურსათის საჭიროების მქონე გერმანულ არმიას დონის ოლქში მოყვანილ პურს აძლევდა, და სანაცვლოდ კი გერმანელთა განკარგულებაში ჩავარდნილი ყოფილი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის საწყობებიდან იარაღს ღებულობდა. დონის არმიამ, რომლის რიცხოვნებამაც ივლისის შუა რიცხვებისათვის 50 ათასი ადამიანი შეადგინა, ცარიცინის აღების რამდენიმე წარუმატებელ მცდელობას მიმართა.


                      მოხალისეთა არმიის შექმნელი გენერალი მ. ვ. ალექსეევი

ივნისში 8-ათასიანმა მოხალისეთა არმიამ დაიწყო თავისი მეორე ყუბანური ლაშქრობა, რომელიც ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყებული ყუბანისაკენ იყო მიმართული. გენერალმა ა. ი. დენიკინმა თანამიმდევრულად სასტიკად დაამარცხა ბელაია გლინასა და ტიხორეცკაიასთან კალნინის 30-ათასიანი არმია, ხოლო შემდეგ კი გააფთრებულ ბრძოლაში ეკატერინოდართანსოროკინის 30-ათასიანი არმია. აგვისტოს ბოლოსათვის ყუბანის მხედრობის ტერიტორია სრულად იყო გაწმენდილი ბოლშევიკებისაგან, ხოლო მოხალისეთა არმიის რიცხოვნებამ კი 40 ათას ხიშტსა და ხმალს მიაღწია. თუმცა კი მის პირისპირ ჯერ ისევ იდგა ტამანის არმია.

8 ივნისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაიშალა 3 სახელმწიფოდ: საქართველოდ, სომხეთად და აზერბაიჯანად. საქართველოში გადმოსხდნენ გერმანული ჯარები; სომხეთმა, დაკარგა რა ტერიტორიის დიდი ნაწილი თურქული შემოტევის შედეგად, ზავი დადო. აზერბაიჯანში თურქულ-მუსავატისტური ჯარებისაგან ბაქოს თავდაცვის ორგანიზების უუნარობის გამო ბოლშევიკურ-მემარცხენეესერულმა ბაქოს კომუნამ ხელისუფლება მენშევიკურ ცენტროკასპიას გადასცა და ქალაქიდან გაიქცა.

თურქესტანში წითლები თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას ძირითადად ახერხებდნენ. მუშა-რკინიგზელების აჯანყება ასხაბადში (კასპიისიქითა ოლქი) 1918 წლის ზაფხულში და ანტიბოლშევიკური აჯანყება ტაშკენტში 1919 წლის იანვარში ჩახშობილ იქნა.

1918 წლის ნოემბერი – 1919 წლის მარტი 

გერმანული ჯარების გაყვანა. წითელი არმიის დასავლეთისაკენ შეტევა 

ირითადი წერილები: წითელი არმიის ლაშქრობა ბალტიისპირეთსა და ბელორუსიაში (1918–1919) და უკრაინის ფრონტის შეტევა 

1918 წლის ნოემბერში მკვეთრად შეიცვალა საერთაშორისო მდგომარეობა. დასავლეთის ფრონტზე ანტანტის გადამწყვეტი შეტევის წარმატებისა და ნოემბრის რევოლუციის შემდეგ გერმანიის იმპერიამ და მისმა მოკავშირეებმა განიცადეს პირველ მსოფლიო ომში დამარცხება. 1918 წლის 11 ნოემბრის კომპიენის დაზავებაზე საიდუმლო პროტოკოლის შესაბამისად გერმანული ჯარები უნდა დარჩენილიყვნენ რუსეთის ტერიტორიაზე ანტანტის ჯარების მოსვლამდე, მაგრამ, გერმანულ სარდლობასთან შეთანხმებით იმ ტერიტორიების დაკავება, რომელთაგანაც გერმანული ჯარები გაიყვანებოდნენ, დაიწყო წითელმა არმიამ, და მხოლოდ ზოგიერთ პუნქტში იქნა ჩანაცვლებული გერმანული ჯარები ანტანტის ჯარებით. 31 იანვარს ფრანგულ-ბერძნული ჯარები უკრაინის სამხრეთში გადმოსხდნენ და ოდესა, ხერსონი და ნიკოლაევი დაიკავეს.

თუმცა კი, ბერძენთა ბატალიონის გარდა, რომელიც ატამან გრიგორიევის რაზმებთან ოდესასთან ბრძოლაში მონაწილეობდა, ანტანტის დანარჩენი ჯარები, ისე რომ ბრძოლა არც მიუღიათ, 1919 წლის აპრილში ოდესიდან და ყირიმიდან წავიდნენ. საფრანგეთის სამხედრო ფლოტი 1919 წლის მაისისათვის იქნა შავი ზღვიდან გაყვანილი ამბოხების შედეგად, რომელიც რამდენიმე ხომალდზე მატროსებმა ინტერვენციის შეწყვეტის მოთხოვნით დაიწყეს.

იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ბრესტის ზავით გერმანიის ხელში გადავიდა, წარმოიქმნა სახელმწიფოები: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბელორუსია, პოლონეთი, უკრაინა, რომლებმაც მოგვიანებით, როცა გერმანიის მხარდაჭერა დაკარგეს, ორიენტაცია ანტანტაზე აიღეს და შეუდგნენ საკუთარი არმიების ჩამოყალიბებას. საბჭოთა მთავრობამ გასცა ბრძანება თავისი ჯარების წინ გაყვანის შესახებ უკრაინის, ბელორუსიისა და ბალტიისპირეთის ტერიტორიების დასაკავებლად. ამ მიზნებისათვის 1919 წლის დასაწყისში შეიქმნა დასავლეთის ფრონტი (სარდალი დ. ნ. ნადიოჟნი), რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ მე-7, ლატვიური, დასავლეთის არმიები და უკრაინის ფრონტი (სარდალი ვ. ა. ანტონოვ-ოვსეენკო); ამ უკანასკნელის შემადგენლობაში კი იყო სამი უკრაინული საბჭოთა არმია, ჩამოყალიბებული უკრაინაში უპირატესად აჯანყებული რაზმებისაგან. იმავდროულად პოლონური ჯარებიც წამოვიდნენ ლიტვისა და ბელორუსიის დასაპყრობად. სასტიკად დაამარცხა რა ბალტიისპირული და პოლონური ჯარები, წითელმა არმიამ 1919 წლის იანვრის შუა რიცხვებისათვის ბალტიისპირეთისა და ბელორუსიის დიდი ნაწილი დაიკავა, და იქ საბჭოთა მთავრობებიც შექმნა. 


                    წითელი არმიის მთავარსარდალი (1918-1919) ი. ი. ვაცეტისი

უკრაინაში უკრაინის საბჭოთა ჯარებმა 1918 წლის დეკემბერ – 1919-ის იანვარში დაიკავეს ხარკოვი, პოლტავა, ეკატერინოსლავი, 1919 წლის 5 თებერვალს – კიევი. უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარების ნარჩენებმა ს. ვ. პეტლიურას სარდლობით კამენეც-პოდოლსკის რაიონში დაიხიეს. 1919 წლის 6 აპრილს ატამან გრიგორიევის აჯანყებულებმა, რომელიც ბოლშევიკების მხარეზე გადავიდა, დაიკავეს ოდესა; 1919 წლის აპრილის ბოლოსათვის საბჭოთა ჯარები ყირიმს დაეუფლენ. საბჭოთა სარდლობის გეგმებში შედიოდა ბესარაბიაზე შეტევა და უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის დასახმარებლად ლაშქრობა, მაგრამ ატამან გრიგორიევის საბჭოთა ხელისუფლების მტრების მხარეზე გადასვლასა და სამხრეთ ფრონტზე თეთრების შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით უკრაინის ფრონტი ივნისში გაუქმებულ (განფორმირებულ) იქნა, და შემოდგომისათვის წითლებმა უკრაინა კიდეც დატოვეს.

ხელისუფლებაში ადმირალ კოლჩაკის მოსვლა 

ძირითადი წერილი: ხელისუფლებაში ადმირალ კოლჩაკის მოსვლა 

ბოლშევიკებისადმი წინააღმდეგობის ორგანიზების უუნარობამ გამოიწვია ესერების მთავრობის მიმართ თეთრგვარდიელთა უკმაყოფილება. 18 ნოემბერს ომსკში ოფიცრების ჯგუფმა მოახდინა გადატრიალება, რომლის შედეგადაც ესერების მთავრობა განდევნილ იქნა, ხოლო ძალაუფლება კი რუს ოფიცერთა შორის პოპულარულ ადმირალ ალექსანდრე ვასილის ძე კოლჩაკს გადაეცა, რომელსაც რუსეთის უმაღლესი მმართველის წოდება მიენიჭა. მან სამხედრო დიქტატურის რეჟიმი დაამყარა და არმიის რეორგანიზაციას შეუდგა. კოლჩაკის ხელისუფლება იცნეს ანტანტაში რუსეთის მოკავშირეებმა და სხვა თეთრი მთავრობების უმრავლესობამ. 1918 წლის დეკემბერში კოლჩაკის ჯარები შეტევაზე გადავიდნენ და 24 დეკემბერს პერმს დაეუფლნენ (პერმის ოპერაცია /1918–1919/), მაგრამ უფასთან დამარცხება განიცადეს და იძულებულნი გახდნენ შეტევა შეეწყვიტათ.

1919 წლის თებერვალში მემარჯვენე ესერების პარტკონფერენციაზე პეტროგრადში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მცდელობებზე უარი ეთქვათ.

რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების (რსშძ) წარმოქმნა 

ძირითადი წერილი: რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალები 

1919 წლის იანვარში კრასნოვი მესამეჯერ ეცადა ცარიცინს დაუფლებოდა, მაგრამ კვლავ დამარცხება განიცადა და იძულებული შეიქნა უკან დაეხია. გერმანელების წასვლის შემდეგ უკრაინის მხრიდან წითელი არმიის ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე, თან ვერ ხედავდა რა დახმარებას არც ანგლო-ფრანგ მოკავშირეების, არც დენიკინის მოხალისეთა მხრიდან, ბოლშევიკების ანტისაომარი აგიტაციის გავლენით დონის არმიამ დაიწყო დაშლა. კაზაკებმა დაიწყეს დეზერტირობა ან წითელი არმიის მხარეზე გადასვლა – ფრონტი დაინგრა. ბოლშევიკები დონზე შეიჭრნენ. დაიწყო მასობრივი ტერორი კაზაკობის წინააღმდეგ, რომელსაც შემდგომში „განკაზაკება“ ეწოდა. მარტის დასაწყისში ბოლშევიკების გამანადგურებელ ტერორზე საპასუხოდ ზემოდონის ოკრუგში კაზაკების აჯანყებამ იფეთქა რომელმაც მიიღო ვიოშენსკოეს აჯანყების სახელწოდება. აჯანყებულმა კაზაკებმა ჩამოაყალიბეს 40 ათასი ხიშტისა და ხმლის ძალის მქონე არმია, მოხუცებისა და მოზარდთა ჩათვლით, და სრულ ალყაში იბრძოდნენ, სანამ 1919 წლის 8 ივნისს მათ დასახმარებლად წითლების ალყის გარღვევით დონის არმიის ნაწილები არ მივიდნენ. 

1919 წლის 8 იანვარს მოხალისეთა არმია გაერთიანდა სამხრეთის სხვა თეთრ არმიებთან რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების (რსშძ) შემადგენლობაში, იქცა რა მის ძირითად დამრტყმელ ძალად, ხოლო მისი სარდალი გენერალი დენიკინი – რსშძ-ს სათავეში ჩაუდგა. 1919 წლის დასაწყისისათვის დენიკინმა მოახერხა ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლშევიკური წინააღმდეგობის ჩახშობა, დონისა და ყუბანის კაზაკთა ჯარების დაქვემდებარება, შავი ზღვის პორტების მეშვეობით ანტანტის ქვეყნებისაგან დიდი რაოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღკაზმულობის მიღება. ანტანტის ქვეყნების მხრიდან დახმარების გაფართოებას პირობად ედებოდა თეთრი მოძრაობის მიერ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ახალი სახელმწიფოების აღიარება (ცნობა).


                 რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
                                               გენერალი ა. ი. დენიკინი

1919 წლის იანვარში დენიკინის ჯარებმა საბოლოოდ დაამარცხეს ბოლშევიკების 90-ათასიანი 11-ე არმია და მთლიანად დაეუფლნენ ჩრდილოეთ კავკასიას. თებერვალში დაიწყო მოხალისეთა ჯარების გადასროლა ჩრდილოეთით, დონბასში და დონზე, დონის არმიის უკანდახეული ნაწილების დასახმარებლად.

მთელი თეთრგვარდიული ჯარები სამხრეთში რუსეთის სამხრეთის შეიარაღებულ ძალებში (რსშძ) იქნენ გაერთიანებული დენიკინის სარდლობით, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ: მოხალისეთა, დონის, კავკასიის არმიები, თურქესტანის არმია და შავი ზღვის ფლოტი.

მარტი 1919 – აპრილი 1920 

1919 წლის გაზაფხულზე რუსეთი სამოქალაქო ომის ყველაზე უფრო მძიმე ეტაპში შევიდა. ანანტის უმაღლესმა საბჭომ მორიგი სამხედრო ლაშქრობის გეგმა შეიმუშავა. ამჯერად, როგორც ერთ-ერთ საიდუმლო დოკუმენტში აღინიშნებოდა, ინტერვენცია უნდა „...გამოხატულიყო რუსული ანტიბოლშევიკური ძალების და მეზობელ მოკავშირე სახელმწიფოთა არმიების კომბინირებულ საომარ მოქმედებებში...“. მომავალ შეტევაში წამყვანი როლი გამოყოფილი ჰქონდათ თეთრ არმიებს, დამხმარე როლი კი – მცირე მოსაზღვრე სახელმწიფოთა: ფინეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის ჯარებს.

ბრძოლები აღმოსავლეთში 

მთელი თეთრგვარდიული ჯარები აღმოსავლეთში გაერთიანებულ იქნენ აღმოსავლეთის ფრონტად კოლჩაკის სარდლობით, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ: დასავლეთის, ციმბირის, ორენბურგისა და ურალის არმიები.

1919 წლის მარტის დასაწყისში ა. ვ. კოლჩაკის 107-ათასიანმა არმიამ გაშალა შეტევა აღმოსავლეთიდან მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) აღმოსავლეთ ფრონტის დაახლოებით მისი თანაზომადი ძალების წინააღმდეგ, განზრახული ჰქონდა რა ვოლოგდის რაიონში გენერალ მილერის ჩრდილოეთის არმიას (ციმბირის არმია) შეერთებოდა, ხოლო ძირითადი ძალებით კი მოსკოვზე შეეტია.

ამავე დროს წითლების აღმოსავლეთ ფრონტის ზურგში იწყება მძლავრი გლეხური აჯანყება (ჩაპანის ომი) ბოლშევიკების წინააღმდეგ, რომელიც სამარისა და სიმბირსკის გუბერნიებს მოიცავდა. აჯანყებულთა რიცხოვნებამ 150 ათას ადამიანს მიაღწია. მაგრამ ცუდად ორგანიზებული და შეიარაღებული აჯანყებულები აპრილისათვის სასტიკად იქნენ დამარცხებული წითელი არმიის რეგულარული ნაწილებისა და საგანგებო დანიშნულების ნაწილების (ჩონ) სადამსჯელო რაზმების მიერ, და აჯანყებაც ჩახშობილ იქნა.


                                                 ადმირალი ა. ვ. კოლჩაკი

მარტ-აპრილში კოლჩაკის ჯარებმა, აიღეს რა უფა (14 მარტს), იჟევსკი და ვოტკინსკი, მთელი ურალი დაიკავეს და ბრძოლებით ვოლგისაკენ მიიწევდნენ, მაგრამ მალევე იქნენ გაჩერებული წითელი არმიის აღატებული ძალების მიერ სამარისა და ყაზანის მისადგომებთან. 12 აპრილს თეზისებში აღმოსავლეთ ფრონტზე მდგომარეობის შესახებ ლენინმა წამოაყენა ლოზუნგი „ყველაფერი კოლჩაკთან საბრძოლველად!“ 1919 წლის 28 აპრილს წითლები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რომლის მსვლელობისას 9 ივნისს უფა დაიკავეს.

უფის ოპერაციის დასრულების შემდეგ კოლჩაკის ჯარები მთელ ფრონტზე ურალის მთისწინეთში იქნენ განდევნილი. რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს თავმჯდომარემ ლ. დ. ტროცკიმ და მთავარსარდალმა ი. ი. ვაცეტისმა შესთავაზეს შეეჩერებინათ აღმოსავლეთ ფრონტის არმიების შეტევა და მიღწეულ მიჯნაზე თავდაცვაში გადასულიყვნენ. პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გადაჭრით უარყო ეს წინადადება. ი. ი. ვაცეტისი განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და მთავარსარდლის პოსტზე ს. ს. კამენევი დაინიშნა, და, რუსეთის სამხრეთში ვითარების მკვეთრად გართულების მიუხედავად, აღმოსავლეთის ფრონტზე შეტევა გაგრძელებულ იქნა. 1919 წლის აგვისტოსათვის წითლებმა დაიპყრეს ეკატერინბურგი და ჩელიაბინსკი.

11 აგვისტოს საბჭოთა აღმოსავლეთ ფრონტის შემადგენლობიდან გამოიყო თურქესტანის ფრონტი, რომლის ჯარებიც აკტიუბინსკის ოპერაციის მსვლელობისას 13 სექტემბერს თურქესტანის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტის ჯარებს შეუერთდნენ და ცენტრალური რუსეთის შუა აზიასთან კავშირიც აღადგინეს.

1919 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მდინარეებს ტობოლსა და იშიმს შორის თეთრები შეეცადნენ სტრატეგიული ინიციატივა დაებრუნებიათ, მაგრამ კავალერიამ წითლების ზურგებში შეჭრა ვერ მოახერხა. კოლჩაკმა იმ აზრისაკენ დაიწყო გადახრა, რომ ომსკი უკანასკნელ შესაძლებლობამდე უნდა დაეცვათ: დედაქალაქის დაკარგვა აზრს აცლიდა სრულიად რუსეთის ხელისუფლების მთელ სტრუქტურას, სარდლობა და მთავრობა ავტომატურად „მოხეტიალეთა“ სტატუსში გადადიოდნენ. მაგრამ გენერალმა კ. ვ. სახაროვმა ომსკის არც თავდაცვის ორგანიზება მოახდინა და არც ევაკუაციისა, რის შემდეგაც ფრონტი დაინგრა, და კოლჩაკის არმიის ნარჩენებმა ციმბირის სიღრმეში დაიხიეს. ამ უკანდახევის მსვლელობისას კოლჩაკის ჯარებმა ციმბირის დიდი ყინულოვანი ლაშქრობა მოახდინეს, რომლის შედეგადაც დასავლეთ ციმბირიდან მათ აღმოსავლეთ ციმბირში დაიხიეს, გადალახეს რა ამ დროს 2 ათას კილომეტრზე მეტი, და ალყაში ჩავარდნას თავი დააღწიეს. ფრანგი გენერლის ჟენანისა და მთელი დიპლომატიური კორპუსის წინადადება ოქროს მარაგის საერთაშორისო მეურვეობის ქვეშ აღების, დაცვისა და ვლადივოსტოკში ტრანსპორტირების შესახებ კოლჩაკის მიერ აღქმულ იქნა როგორც დაპირებული დახმარებისათვის უზომოდ დიდი ფასის დადება. მან უარით უპასუხა, რაც, ისტორიკოს ზირიანოვის აზრით, კოლჩაკს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ამ მომენტიდან უცხოელმა წარმომადგენლებმა მის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაჰკარგეს.

ამ დროს ესერებმა კოლჩაკის ზურგში მოახდინეს რიგი ამბოხებების ორგანიზება, რომელთა შედეგადაც მათ ირკუტსკის ხელში ჩაგდება მოახერხეს, სადაც ძალაუფლება ხელში ესერების პოლიტცენტრმა აიღო, რომელსაც 15 იანვარს ჩეხოსლოვაკებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადმირალი კოლჩაკი გადასცეს (ჩეხოსლოვაკებს შორის ძლიერი იყო პროესერული განწყობილებები და ასევე მათ არც ომის გაგრძელების სურვილი გააჩნდათ). 1920 წლის 4 იანვრის ამ თავისი უკანასკნელი ბრძანებულების წინ ა. ვ. კოლჩაკმა რუსეთის უმაღლესი მმართველის თავისი უფლებამოსილებანი ა. ი. დენიკინს გადასცა (ამ უკანასკნელმა თანამდებობის მიღებაზე უარი განაცხადა), ხოლო ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთი ტერიტორიაზე ხელისუფლება კი ატამან გ. მ. სემიონოვს ჩააბარა, რომელსაც გენერლის ჩინი მიენიჭა. 1920 წლის 21 იანვარს ირკუტსკის პოლიტცენტრმა კოლჩაკი ბოლშევიკურ რევკომს (რევოლუციურ კომიტეტს) გადასცა. ადმირალი კოლჩაკი 1920 წლის 6-დან 7 თებერვლის გათენების ღამეს იქნა დახვრეტილი. კოლჩაკის დასახმარებლად საჩქაროდ მომავალმა რუსულმა ნაწილებმა, რომლებსაც ვ. ო. კაპელის სიკვდილის შემდეგ ს. ნ. ვოიცეხოვსკი ედგა სათავეში, ირკუტსკის იერიში დაიწყეს, მაგრამ, როცა კოლჩაკის დაღუპვის შესახებ შეიტყვეს, ქალაქიდან უკან დაიხიეს. 

ბრძოლები სამხრეთში 

ძირითადი წერილი: ლაშქრობა მოსკოვზე 

1919 წლის ზაფხულში შეიარაღებული ბრძოლის ცენტრმა სამხრეთის ფრონტზე გადაინაცვლა. ყველა ადგილას მომხდარმა გლეხურ-კაზაკურმა აჯანყებებმა მოახდინეს წითელი არმიის ზურგის დეზორგანიზება. განსაკუთრებით დიდი გაქანება ჰქონდათ გრიგორიევსკის აჯანყებას, რომელმაც 1919 წლის მაისში უსსრ-ში სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, და ასევე დონზე ვიოშენსკოეს აჯანყებასაც. მათ ჩასახშობად მგწა-ის მსხვილი ძალები იქნა გადასროლილი, აჯანყებულ გლეხებთან ბრძოლებში წითლების ჯარისკაცები ხშირად მედგრობას ვერ იჩენდნენ. შექმნილ ხელსაყრელ პირობებში მოხალისეთა არმიამ მის პირისპირ მდგარი ბოლშევიკური ძალები გაანადგურა და ოპერატიულ სივრცეზე გავიდა. ივნისის ბოლოსათვის მან დაიკავა: ცარიცინი, ხარკოვი (იხ. წერილი მოხალისეთა არმია ხარკოვში), ალექსანდროვსკი, ეკატერინოსლავი, ყირიმი. 1919 წლის 12 ივნისს დენიკინმა ოფიციალურად აღიარა ადმირალ კოლჩაკის როგორც რუსული სახელმწიფოს უმაღლესი მმართველისა და რუსული არმიების უმაღლესი მთავარსარდლის ძალაუფლება.

30 მაისს აღებულ იქნა ცარიცინი. ბარონი ვრანგელი დაჟინებით მოითხოვდა იმას, რათა შემდგომში ეკატერინოსლავ – ცარიცინის ხაზი შეენარჩუნებიათ, თავს მოუყრიდნენ რა ხარკოვის რაიონში 3-4 საკავალერიო კორპუსს წითლების ზურგებში მოსკოვამდე მოქმედებებისთვის, და აეწყოთ ურთიერთმოქმედება აღმოსავლეთში ადმირალ კოლჩაკის ჯარებთან. მაგრამ 1919 წლის 3 ივნისს დენიკინმა, იმყოფებოდა რა ცარიცინში, გამოსცა ეგრეთ წოდებული „მოსკოვური დირექტივა“, და უკვე 9 ივლისს ბოლშევიკების პარტიის ცეკა-მ გამოაქვეყნა წერილი „ყველანი დენიკინთან საბრძოლველად!“, დანიშნა რა 15 აგვისტოს კონტრშეტევის დაწყება. ივლისში რუსეთის სამხრეთის შეიარაღებულ ძალებს (რსშძ) მარტო ურალის კაზაკთა ცხენოსანი სადაზვერვო რაზმი შეუერთდა, ხოლო შემდეგ კი აღმოსავლეთ ფრონტის ჯარებმა ციმბირში უკანდახევა დაიწყეს; 13 სექტემბერს სადგურ მუგოჯარსკაიას რაიონში წითელი აღმოსავლეთ ფრონტის ჯარები თურქესტანის რესპუბლიკის ნაწილებს შეუერთდნენ, რითაც ქვეყნის ცენტრის თურქესტანთან კავშირი აღადგინეს. წითლების კონტრშემოტევის ჩაშლის მიზნით, სამხრეთ ფრონტის ზურგებში გენერალ კ. კ. მამონტოვის მე-4 დონის კორპუსმა 10 აგვისტოს – 19 სექტემბერს რეიდი ჩაატარა, რომელმაც წითლების შეტევა ორი თვით გადაავადა. ამასობაში თეთრი არმიები შეტევას აგრძელებდნენ: 18 აგვისტოს აღებულ იქნა ნიკოლაევი, 23 აგვისტოს – ოდესა, 30 აგვისტოს – კიევი, 2 სექტემბერს – კურსკი, 30 სექტემბერს – ვორონეჟი, 13 ოქტომბერს – ორიოლი. ბოლშევიკები კატასტროფის პირას იყვნენ და იატაკქვეშეთში გადასვლისათვის ემზადებოდნენ. შეიქმნა მოსკოვის პარტიის იატაკქვეშა კომიტეტი, სამთავრობო დაწესებულებებმა კი ვოლოგდაში დაიწყეს ევაკუაცია.


                                                        დონელი კაზაკი

დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით წითლებმა დასავლეთიდან ჯარების ნაწილის მოხსნა, ლატვიელი და ესტონელი მსროლელების ჩათვლით, და მათი სამხრეთში გადასროლა მოახერხეს. წითლების სამხრეთ ფრონტის შემადგენლობიდან 30 სექტემბერს სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტი გამოიყო. თეთრებისათვის ცნობილი შეიქნა კორნილოველების მარცხენა ფლანგში კონტრდარტყმის მზადების შესახებ, მაგრამ კუტეპოვმა უარყო წინადადება, რომ მთლი ძალების კონცენტრაცია კრომის რაიონში მოეხდინათ და წითლებისათვის შემხვედრი დარტყმა მიეყენებიათ, გადასცემდნენ რა ფრონტის ჩრდილოეთ ფრთას ალექსეეველებს. 15-27 ოქტომბრის გააფთრებული ბრძოლების შედეგად თეთრებმა სტრატეგიული ინიციატივა დაკარგეს, მაგრამ შეძლეს სამხრეთისკენ ორგანიზებულად დაეხიათ, თავიდან აიცილეს რა ალყაში მოქცევა, თუმცა კი ორიოლ-კრომის ოპერაციასთან ერთდროულად, რსშძ-ის მოსკოვზე შემტევი ნაწილების მარჯვენა ფლანგზე წითლებმა, ბუდიონის ცხენოსანი კორპუსით, მამონტოვისა და შკუროს კაზაკთა კორპუსების წინააღმდეგ წარმატებული ვორონეჟ-კასტორნენსკის ოპერაცია ჩაატარეს. სექტემბრის ბოლოდან რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების (რსშძ) ნაწილების ყურადღება ასევე მახნოს რეიდის წინააღმდეგ იქნა გადატანილი უკრაინაში ტაგანროგის მიმართულებით. ბრძოლა პერეგონოვკასთან, რომელშიც თითოეული მხრიდან 40-40 ათასი მებრძოლი მონაწილებდა, თეთრების მიერ წაგებულ იქნა. ჩრდილოეთში გასაგზავნად გამზადებული შევსების ძალების გამოყენება მახნოს წინააღმდეგ შეიქნა საჭირო.


                                                 გენერალი ს. ლ. მარკოვი

შემდეგ თეთრებმა თანამიმდევრობით დაკარგეს ხარკოვი, კიევი, როსტოვი, ოდესა. 1919 წლის დეკემბერში მარკოვის დივიზია თითქმის მთლიანად დაიღუპა ხარკოვიდან უკანდახევისას წითლების აღმატებული ძალების პირისპირ ბრძოლაში სოფელ ალექსეევო-ლეონოვოსთან დონის მხედრობის ოლქში. წითლების სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტს 1920 წლის 16 იანვარს დაერქვა კავკასიის ფრონტის სახელი, რომლის სარდლადაც 4 თებერვალს მ. ნ. ტუხაჩევსკი დაინიშნა. დაისვა ამოცანა დაესრულებიათ გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიის განადგურება და მანამდე დაეპყროთ ჩრდილოეთ კავკასია, სანამ დაიწყებოდა ომი პოლონეთთან. ფრონტის ზოლში წითელთა ჯარების რიცხოვნება 50 ათას ხიშტსა და ხმალს შედგენდა, თეთრების 46 ათასის წინააღმდეგ.

თებერვლის დასაწყისში მდინარე მანიჩზე სასტიკად იქნა დამარცხებული ბ. მ. დუმენკოს წითელი ცხენოსანი კორპუსი, ხოლო მოხალისეთა კორპუსის შეტევის შედეგად 20 თებერვალს თეთრები როსტოვსა და ნოვოჩერკასკს დაეუფლნენ. მაგრამ მოხალისეთა კორპუსის შეტევის ერთდროულად წითლების 10-ე არმიის დამრტყმელმა ჯგუფმა თეთრების თავდაცვა არამდგრადი და დაშლის (გახრწნის) პროცესში მყოფი ყუბანის არმიის პასუხისმგებლობის ზოლში გაარღვია, და ამ გარღვევაში 1-ლი ცხენოსანი არმია იქნა შეყვანილი ტიხორეცკაიას მიმართულებით წარმატების განვითარებისთვის. მის წინააღმდეგ გამოყვანილ იქნა გენერალ ა. ა. პავლოვის ცხენოსანი ჯგუფი (მე-2 და მე-4 დონის კორპუსები), რომელიც 25 თებერვალს ეგორლიცკაიასთან გააფთრებულ ბრძოლაში (წითლების 15 ათასი კაცი თეთრების 10 ათასის წინააღმდეგ) დამარცხებულ იქნა, რამაც ყუბანისათვის ბრძოლის ბედი კიდეც გადაწყვიტა.


                    წითლების 1-ლი ცხენოსანი არმიის სარდალი ს. მ. ბუდიონი

1 მარტს მოხალისეთა კორპუსმა დონის-როსტოვი დატოვა, და თეთრმა არმიებმა მდინარე ყუბანისაკენ უკანდახევა დაიწყეს. ყუბანის არმიის კაზაკთა ნაწილები უკვე მასობრივად ნებდებოდნენ ტყვედ წითლებს ანდა „მწვანეთა“ მხარეზე გადადიოდნენ, რასაც შედეგად მოჰყვა თეთრების ფრონტის მოშლა, მოხალისეთა არმიის ნარჩენების ნოვოროსიისკში უკან დახევა, ხოლო იქიდან კი 1920 წლის 26-27 მარტს ზღვით ყირიმში ევაკუაცია. ამ კუნძულზე ვრანგელი ჯერ კიდევ დონბასიდან სთავაზობდა უკან დაეხიათ, მაგრამ დენიკინმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ეს აღქმული იქნებოდა როგორც კაზაკების ღალატი მოხალისეთა მხრიდან. ჩრდილო-კავკასიის სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის მთავარ შედეგად იქცა რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების მთავარი დაჯგუფების განადგურება.

დენიკინმა 1920 წლის 4 აპრილს რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების (რსშძ) მთავარსარდლის პოსტი დატოვა, სარდლობა გენერალ ბარონ პ. ნ. ვრანგელს გადასცა და იმავე დღეს ინგლისური სახაზო ხომალდით „ინდოეთის იმპერატორი“ თავის მეგობარ, თანამებრძოლ და რსშძ-ის მთავარსარდლის შტაბის ყოფილ უფროს გენერალ ი. პ. რომანოვსკისთან ერთად ინგლისში გაემგზავრა, შუალედური გაჩერებით კონსტანტინოპოლში, სადაც უკანასკნელი კონსტანტინოპოლში რუსეთის საელჩოს შენობაში პორუჩიკმა მ. ა. ხარუზინმა – რსშძ-ის კონტრდაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა გასროლით მოჰკლა.

იუდენიჩის შეტევა პეტროგრადზე 

ძირითადი წერილი: პეტროგრადის თავდაცვა 

1919 წლის 5 ივნისს ნ. ნ. იუდენიჩი დანიშნულ იქნა ა. ვ. კოლჩაკის მიერ რუსეთის მთელი იმ სახმელეთო და საზღვაო შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, რომლებიც მოქმედებდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე. 1919 წლის 11 აგვისტოს ტალინში შეიქმნა ჩრდილო-დასავლეთ ოლქის მთავრობა, რომელმაც იმავე დღეს ინგლისელების ზეწოლით, რომლებიც დაპირდნენ არმიისათვის შეიარაღებასა და აღკაზმულობას, აღიარა ესტონეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობა და შემდგომში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფინეთთანაც. მაგრამ კოლჩაკის საერთო-რუსულმა მთავრობამ უარი განაცხადა ფინელებისა და ბალსტიისპირელთა სეპარატისტული მოთხოვნების განხილვაზე. იუდენიჩის შეკითხვაზე კ. გ. ე. მანერჰაიმის მოთხოვნათა შესრულების შესაძლებლობის შესახებ (რომლებიც მოიცავდა მოთხოვნებს პეჩენგის ყურის რაიონისა და დასავლეთ კარელიის ფინეთთან შეერთების თაობაზე), რომლებსაც იუდენიჩი, ძირითადად, ეთანხმებოდა, კოლჩაკმა უარით უპასუხა.

თეთრებმა მიმართეს ორ შეტევას პეტროგრადზე: 1919 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მაისის შეტევის შედეგად ჩრდილოეთის კორპუსმა დაიკავა გდოვი, იამბურგი და ფსკოვი, მაგრამ 26 აგვისტოსათვის წითლების დასავლეთ ფრონტის მე-7 და 15-ე არმიების კონტრშეტევის შედეგად თეთრები განდევნილ იქნენ ამ ქალაქებიდან. მაშინვე 26 აგვისტოს თეთრი მოძრაობის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა რიგაში მიიღეს გადაწყვეტილება ბოლშევიკების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებებისა და 15 სექტემბერს პეტროგრადზე შეტევის შესახებ. მაგრამ, საბჭოთა მთავრობის მიერ შეთავაზების შემდეგ (31 აგვისტოსა და 11 სექტემბერს) დაეწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან მათი დამოუკიდებლობის აღიარების საფუძველზე, იუდენიჩმა ამ მოკავშირეების დახმარება დაკარგა.

იუდენიჩის შემოდგომის შეტევა პეტროგრადზე წარუმატებელი გახლდათ, ჩრდილო-დასავლეთ არმია ესტონეთში იქნა განდევნილი, სადაც რსფსრ-სა და ესტონეთს შორის ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ იუდენიჩის ჩრდილო-დასავლეთ არმიის 15 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი თავიდან განიარაღებულ იქნა, ხოლო შემდეგ კი მათგან 5 ათასი შეიპყრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. 

ბრძოლები ჩრდილოეთში 

ჯერ კიდევ 1918 წლის 6 მარტში არცთუ მრავალრიცხოვანი ინგლისური დესანტი – საზღვაო ფეხოსნების ორი ასეული – გადმოსხდა მურმანსკში გერმანელების მიერ უზარმაზარი რაოდენობით იმ სამხედრო ტვირთების ხელში ჩაგდების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც მოკავშირეებმა რუსეთს მიაწოდეს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ არანაირი მტრული მოქმედებებისათვის არ მიუმართავს (30 ივნისამდე). 1918 წლის 2 აგვისტოს გათენების ღამეს მე-2 რანგის კაპიტნის ჩაპლინის ორგანიზაციამ (დაახლოებით 500 ადამიანი) დაამხო საბჭოთა ხელისუფლება არხანგელსკში, 1-ათასიანი წითელი გარნიზონი გასროლის გარეშე გაიფანტა. ძალაუფლება ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში გადავიდა და ჩრდილოეთის არმიის შექმნაც დაიწყო. შემდეგ არხანგელსკში 2-ათასიანი ინგლისური დესანტი გადმოსხდა.

1918 წლის ნოემბერში ჩრდილოეთ ოლქის ანტიბოლშევიკურმა მთავრობამ მიიწვია გენერალი მილერი ჩრდილოეთ ოლქის გენერალ-გუბერნატორის პოსტის დასაკავებლად, რომელმაც 1919 წლის 30 აპრილს ა. ვ. კოლჩაკის უმაღლესი ხელისუფლება აღიარა. 1919 წლის შემოდგომაზე თეთრების ჩრდილოეთის არმიამ მიმართა შეტევას ჩრდილოეთის ფრონტზე და კომის მხარეში. შედარებით მოკლე დროშო თეთრებმა ვრცელი ტერიტორიების დაკავება მოახერხეს. კოლჩაკის აღმოსავლეთით უკანდახევის შემდეგ კოლჩაკის ციმბირის არმიის ნაწილები მილერის სარდლობის ქვეშ იქნენ გადაყვანილი. 1919 წლის ბოლოსთვის დიდმა ბრიტანეთმა უმეტეს წილად შეწყვიტა რუსეთის ანტიბოლშევიკური მთავრობების მხარდაჭერა, ხოლო სექტემბრის ბოლოს კი მოკავშირეებმა არხანგელსკიდან ევაკუაცია მოახდინეს. დეკემბერში წითლები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, დაიკავეს შენკურსკი და უშუალოდ არხანგელსკს მიუახლოვდნენ. 1920 წლის 24-25 თებერვალს ჩრდილოეთის არმიის დიდმა ნაწილმა კაპიტულაცია მოახდინა. 800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მილერის ჩათვლით, და სამოქალაქო ლტოლვილებიც 1920 წლის თებერვალში ნორვეგიაში წავიდნენ ემიგრაციაში.

მარტი – ნოემბერი 1920 

საბჭოთა-პოლონეთის ომი  

ძირითადი წერილი: საბჭოთა-პოლონეთის ომი (1919–1921) 

1920 წლის 25 აპრილს პოლონეთის არმია, რომელიც საფრანგეთის სახსრებით იყო აღჭურვილი, საბჭოთა უკრაინის ფარგლებში შეიჭრა და 6 მაისს კიევი დაიპყრო. პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურს იუ. პილსუდსკის გამოჰქონდა „ზღვიდან ზღვამდე“ კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის გეგმა, რომელშიც პოლონეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და ლიტვის ტერიტორიები იქნებოდა ჩართული.

14 მაისს დაიწყო დასავლეთის ფრონტის ჯარების წარმატებული კონტრშეტევა (სარდალი მ. ნ. ტუხაჩევსკი), 26 მაისს – სამხრეთ-დასავლეთ ფრონტისა (სარდალი ა. ი. ეგოროვი). ივლისის დასაწყისში ისინი ეთნიკური პოლონეთის საზღვრებს მიუახლოვდნენ.


                                                         ა. ი. ეგოროვი

რკპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიურომ წითელი არმიის სარდლობას დაუსვა ახალი სტრატეგიული ამოცანა: ბრძოლებით შესულიყვნენ პოლონეთის ტერიტორიაზე, აეღოთ მისი დედაქალაქი და შეექმნათ პირობები ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებისთვის. თუმცა კი ტროცკი ჯარების დაღლილობასა და ზურგების გაწელილობაზე ამახვილებდა ყურადღებას, აგრეთვე უკვე პოლონელთა მხრიდან სამშვიდობო წინადადებების მოსვლის თაობაზეც. გარდა ამისა, შეტევა განშლადი მიმართულებებით იყო დაგეგმილი: ვარშავაზე შეტევა დასავლეთის ფრონტს ბარდებოდა, ლვოვზე შეტევა კი – სამხრეთ-დასავლეთის ფრონტს, რომლის სარდალიც ალექსანდრე ეგოროვი გახლდათ.

ბოლშევიკური ბელადების განცხადებებით, მთლიანობაში ეს იმის მცდელობა გახლდათ, რომ „წითელი ხიშტი“ ევროპის სიღრმეში შეეწიათ და ამით „დასავლეთევროპული პროლეტარიატი აემოძრავებიათ“, მისთვის მსოფლიო რევოლუციის მხარდაჭერისაკენ ებიძგებიათ.

ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებია ჩვენი სამხედრო ძალები, რათა დავხმარებოდით პოლონეთის გასაბჭოებას. აქედან მომდინარეობდა შემდგომი საერთო პოლიტიკაც. ჩვენ ეს არ ჩამოგვიყალიბებია ოფიციალურ რეზოლუციაში, რომლიც ცეკა-ს ოქმში ინებოდა ჩაწერილი და იქნებოდა კანონი პარტიისათვის ახალ ყრილობამდე. მაგრამ ურთიერთ შორის ჩვენ ვამბობდით, რომ ხიშტებით უნდა მოვსინჯოთ, ხომ არ მომწიფდა პროლეტარიატის სოციალური რევოლუცია პოლონეთში.
– ლენინის გამოსვლის ტექსტიდან რკპ(ბ)-ის IX სრულიად რუსეთის კონფერენციაზე 1920 წლის 22 სექტემბერს. 

ეს მცდელობა კატასტროფით დასარულდა. დასავლეთის ფრონტის ჯარები 1920 წლის აგვისტოში სასტიკად იქნენ დამარცხებულნი ვარშავასთან (ე. წ. „სასწაული ვისლაზე“) და უკან წამოვიდნენ. ბრძოლის მსვლელობისას დასავლეთის ფრონტის ხუთი არმიიდან მხოლოდ მესამე გადარჩა, რომელმაც მოასწრო უკან დაეხია. დანარჩენი არმიები განადგურებულ იქნენ: მეოთხე არმია და 15-ის ნაწილი აღმოსავლეთ პრუსიაში გაიქცნენ და ინტერნირებულ იქნენ, მოზირის ჯგუფი, 15-ე და 16-ე არმიები ალყაში მოექცნენ და დამარცხებულ იქნენ. სხვადასხვა შეფასებით, 120-დან 200 ათასამდე წითელარმიელი ტყვედ ჩავარდა. ისინი უმეტეს წილად ვარშავასთან ბრძოლის მსვლელობისას იქნენ დატყვევებულნი, და კიდევ 40 ათასი მებრძოლი აღმოსავლეთ პრუსიაში ინტერნირებულთა ბანაკებში იმყოფებოდა. წითელი არმიის ეს დამარცხება სამოქალაქო ომის ისტორიაში ყველაზე უფრო კატასტროფული გახლავთ. რუსული წყაროების თანახმად, შემდგომში დაახლოებით 80 ათასი წითელარმიელი, პოლონურ ტყვეობაში ჩავარდნილთა საერთო რიცხვიდან, დაიღუპა შიმშილის, ავადმყოფობის, წამების, აბუჩად აგდებისა და სიკვდილით დასჯისაგან. დანამდვილებითაა ცნობილი დაბრუნებულ სამხედრო ტყვეთა რაოდენობის შესახებ – 75 699 ადამიანი და იმ წითელარმიელთა რაოდენობის შესახებაც, რომლებიც პოლონურ ბანაკებში ეპიდემიების, შიმშილისა და შენახვის მძიმე პირობებისაგან დაიხოცნენ – 16-20 ათასი ადამიანი. სამხედრო ტყვეთა საერთო რიცხოვნების შეფასებებში რუსეთისა და პოლონეთის მხარეები განსხვავდებიან – 85-დან 157 ათას ადამიანამდე.


               პოლონელების ხელში ჩავარდნილი საბჭოთა ჯავშანავტომობილი

მოლაპარაკებებმა ვრანგელის არმიის ხელში ჩაგდებული ქონების ნაწილის გადაცემის შესახებ ვერანაირ შედეგებამდე ვერ მიიყვანეს, თეთრი მოძრაობის ხელმძღვანელობის უარის გამო იმაზე, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ოქტომბერში მხარეები დაზავდნენ, ხოლო 1921 წლის მარტში კი დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. მისი პირობების მიხედვით პოლონეთთან გადადიოდა მნიშვნელოვანი რაოდენობით მიწა-წყალი უკრაინისა და ბელორუსიის დასავლეთში 10 მლნ ადამიანის მოსახლეობით. 

ვერც ერთმა მხარემ ომის მსვლელობისას დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია: ბელორუსია და უკრაინა პოლონეთსა და იმ რესპუბლიკებს შორის იქნენ გაყოფილი, რომლებიც 1922 წელს საბჭოთა კავშირში შევიდნენ. ლიტვის ტერიტორია პოლონეთსა და ლიტვის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის გაიყო. რსფსრ-მ თავის მხრივ აღიარა პოლონეთის დამოუკიდებლობა და პილსუდსკის მთავრობის ლეგიტიმურობა, დროებით უარი თქვა „მსოფლიო რევოლუციისა“ და ვერსალის სისტემის ლიკვიდაციის გეგმებზე. სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შემდგომი ოცი წლის მანძილზე დაძაბული რჩებოდა, რამაც საბოლოო ჯამში საქმე 1939 წელს პოლონეთის გაყოფაში სსრკ-ის მონაწილებამდე მიიყვანა.

ყირიმი 

ნოვოროსიისკიდან ყირიმში ევაკუირებულ რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებს სათავეში ბარონი პ. ნ. ვრანგელი ჩაუდგა. ზემოქმედების მკაცრის ზომების, მათ შორის დემორალიზებულ ოფიცერთა საჯაროდ სიკვდილით დასჯის დახმარებით, გენერალმა დენიკინის განცალკევებულ-გათიშული დივიზიები დისციპლინირებულ და ბრძოლისუნარიან არმიად გადააქცია.


                                         გენერალი ბარონი პ. ნ. ვრანგელი

საბჭოთა-პოლონეთის ომის დაწყების შემდეგ ბარონ ვრანგელის რუსეთის არმიამ ივნისში ჩრდილოეთ ტავრია დაიკავა და იქ წითელი ცხენოსანი კორპუსი გაანადგურა, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე ჰქმნიდა პლაცდარმს პოლონურ არმიებთან შესაერთებლად, მაგრამ იძულებული იყო უკან დაეხია. ასევე აგვისტოში ყუბანში გადასხმულმა დესანტმა ვერ შეძლო იქ ფეხის მოკიდება.

28 ოქტომბერს საბჭოთა-პოლონური დაზავების შემდგ წითლების სამხრეთ ფრონტის ნაწილები მ. ვ. ფრუნზეს სარდლობით კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ვრანგელის არმიის ძირითადმა ნაწილმა 3 ნოემბერს ყირიმში დაიხია, დააღწია რა თავი ალყაში მოხვედრას. წითლებმა, თავი მოუყარეს რა 190 ათას მებრძოლს ვრანგელის 41 ათასი ხიშტისა და ხმლის წინააღმდეგ, 7 ნოემბერს ყირიმის იერიში დაიწყეს. 11 ნოემბერს ფრუნზემ დაწერა მიმართვა გენერალ ვრანგელისადმი, რომელიც ფრონტის რადიოსადგურით იქნა გადაცემული და რომელშიც ყველას, ვინც საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს იტყოდა, პატიების გარანტია ეძლეოდა. მას შემდეგ რაც რადიოტელეგრამის ტექსტი ვრანგელს მოახსენეს, მან ბრძანა დაეხურათ ყველა რადიოსადგური, ერთის გარდა, რომელსაც ოფიცრები ემსახურებოდნენ, რათა არ დაეშვათ რომ ჯარები ფრუნზეს მიმართვას გასცნობოდნენ. პასუხი გამოგზავნილი არ ყოფილა.

ცოცხალ ძალასა და შეიარაღებაში მნიშვნელოვანი აღმატების მიუხედავად, წითელ ჯარებს რამდენიმე დღეს არ შეეძლოთ ყირიმის დამცველთა წინააღმდეობა გაეტეხათ, და მხოლოდ 11 ნოემბერს, როცა მახნოელთა აჯანყებული არმიის ნაწილებმა ს. კარეტნიკის მეთაურობით სივაშის ფორსირება მოახდინეს და ჭანარის ხეობასთან ბარბოვიჩის ცხენოსანი კორპუსი დაამარცხეს, თეთრების თავდაცვა გარღვეულ იქნა. წითელი არმია ყირიმში შეიჭრა. დაიწყო თეთრი არმიის და შესაბამის თეთრგვარდიელთა ანტანტის მიერ ოკუპირებულ კონსტანტინოპოლში ევაკუაცია. სამი დღის განმავლობაში ჯარები, ოფიცერთა ოჯახები, ყირიმის პორტების – სევასტოპოლის, იალტის, ფეოდოსიისა და ქერჩის სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილი 126 გემში ჩასხდა და ჩაიტვირთა. ემიგრანტების საერთო რაოდენობამ 150 ათასი ადამიანი შადგინა.

ამნისტიის შესახებ წინადადებაზე პასუხის არარსებობამ შემდგომში საბჭოთა მხარეს შესაძლებლობა მისცა ემტკიცებინა, რომ ამნისტიის შესახებ წინადადება ფორმალურად გაუქმებულ იქნა. ისტორიკოსთა შეფასებებით, 1920 წლის ნოემბრიდან 1921-ის მარტის ჩათვლით ყირიმში 60-დან 120 ათასამდე ადამიანი იქნა დახვრეტილი, ოფიციალური საბჭოთა მონაცემებით კი – 52-დან 56 ათას ადამიანამდე.


                                                         მ. ვ. ფრუნზე

1920 წლის 21 ნოემბერს მოხდა ფლოტის რუსულ ესკადრად რეორგანიზაცია, რომელიც ოთხი რაზმისაგან შედგებოდა. მის სარდლად კონტრ-ადმირალი კედროვი იქნა დანიშნული. 1920 წლის 1 დეკემბერს საფრანგეთის მინისტრთა საბჭო რუსული ესკადრის ტუნისში ქალაქ ბიზერტაში გაგზავნაზე დაეთანხმა. არმია ემიგრაციაში ნარჩუნდებოდა როგორც საბრძოლო ერთეული დაახლოებით 50 ათასი მებრძოლის რიცხოვნებით ახალ ყუბანურ ლაშქრობაზე დაიმედებით თვით 1924 წლის 1 სექტემბრამდე, როცა იგი რუსეთის საერთო მეომრულ კავშირად (რსმკ /РОВС/) გარდაიქმნა, რის შემდეგაც „თეთრებისა“ და „წითლების“ ბრძოლამ უკვე სხვა ფორმები მიიღო (სპეცსამსახურების ბრძოლა: რსმკ-ის ბრძოლა სსრკ-ის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს /ОГПУ/ წინააღმდეგ, რუსეთის სოლიდარისტთა სახალხო-შრომითი კავშირის /НТС/ ბრძოლა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის /КГБ/ წინააღმდეგ ევროპისა და სსრკ-ის ტერიტორიებზე).

იმიერბაიკალეთი 

კოლჩაკის მითითების საფუძველზე გ. მ. სემიონოვმა 1920 წლის 16 იანვარს ჩიტაში რუსეთის აღმოსავლეთ განაპირა მხარის მთავრობის შექმნის შესახებ გამოაცხადა. მაგრამ 1920 წლის 31 იანვარს ვლადივოსტოკში მომხდარი აჯანყების შედეგად ზღვისპირეთის საოლქო საერობო მმართველობის წარმოქმნით სემიონოვის ძალაუფლების ქვეშ მხოლოდ იმიერბაიკალეთის ტერიტორიაღა დარჩა. 1920 წლის თებერვალში ვ. ო. კაპელის ნაწილების ნარჩენები ს. ნ. ვოიცეხოვსკის მეთაურობით სემიონოვის კაზაკებს შეუერთდნენ, რის შედეგადაც შორეული აღმოსავლეთის არმია იქნა ჩამოყალიბებული. 

ეშინოდათ რა რეგიონში მყოფი იაპონელების გააქტიურებისა, ბოლშევიკებმა 1920 წლის დასაწყისში თავიანთი ჯარების აღმოსავლეთისკენ მოძრაობა შეაჩერეს. გამოცხადებულ იქნა „ბუფერულიშორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა (შარ), რომელიც მთლიანად მოსკოვის კონტროლქვეშ იმყოფებოდა. 1920 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით სემიონოველები შეუპოვარ ბრძოლებს აწარმოებდნენ შარ-ის სახალხო-რევოლუციურ არმიასთან. 1920 წლის შემოდგომისათვის დიპლომატიურ ძალისხმევათა წყალობით იაპონური ჯარები გაყვანილ იქნენ იმიერბაიკალეთიდან. 1920 წლის 22 ოქტომბერს წითლებმა ჩიტა აიღეს, სემიონოვის ჯარების ნარჩენებმა მანჯურიაში დაიხიეს. თვითონ ატამანი, დატოვა რა ჯარები, ქალაქიდან აეროპლანით გაიქცა.

ანტისაბჭოთა აჯანყებები წითლების ზურგში 

ძირითადი წერილები: მწვანეების აჯანყებები, სლუცკის აჯანყება, ტამბოვის აჯანყება (1920–1921), დასავლეთ-ციმბირის აჯანყება (1921–1922) და კრონშტადტის აჯანყება (1921)

1921 წლის დასაწყისისათვის გლეხთა აჯანყებები, რომლებიც 1918 წლიდან არ წყდებოდა, ნამდვილ გლეხთა ომში გადაიზარდა, რასაც ხელს უწყობდა წითელი არმიის დემობილიზაცია, რომლის შედეგადაც არმიიდან სოფელში სამხედრო საქმის მცოდნე მილიონობით მამაკაცი დაბრუნდა. ამ ომებმა ტამბოვის მხარე, უკრაინა, დონი, ყუბანი, ვოლგისპირეთი და ციმბირი მოიცვეს. გლეხები მოითხოვდნენ აგრარული პოლიტიკის შეცვლას, რკპ(ბ)-ის დიქტატურის ლიკვიდაციას, საყოველთაო თანაბარი საარჩევნო უფლების საფუძველზე დამფუძნებელი კრების მოწვევას. ამ გამოსვლების ჩასახშობად ხდებოდა წითელი არმიის რეგულარული ნაწილების გადასროლა არტილერიით, ჯავშანტექნიკითა და ავიაციით.

უკმაყოფილება გადაედო პროლეტარიატსაც. 1921 წლის თებერვალში პეტროგრადში დაიწყო მუშების საპროტესტო გაფიცვები და მიტინგები პოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნებით. რკპ(ბ)-ის პეტროგრადის კომიტეტმა ქალაქის ფაბრიკებსა და ქარხნებში მღელვარებას ამბოხების კვალიფიკაცია მისცა და ქალაქში სამხედრო მდგომარეობაც შემოიღო, დააპატიმრა რა მუშა-აქტივისტები. მაგრამ მღელვარება ახლა უკვე კრონშტადტს მოედო.

1921 წლის 1 მარტს კრონშტადტის სამხედრო ციხესიმაგრის მეზღვაურებმა და წითელარმიელებმა (გარნიზონი 26 ათასი ადამიანი) ლოზუნგით „საბჭოები კომუნისტების გარეშე!“ გამოიტანეს რეზოლუცია პეტროგრადის მუშათა მხარდაჭერის შესახებ და მოითხოვეს სოციალისტური პარტიების ყველა წარმომადგენლის პატიმრობიდან განთავისუფლება, საბჭოების გადარჩევების ჩატარება და, როგორც ლოზუნგიდან გამომდინარეობს, მათგან ყველა კომუნისტის გარიცხვა, ყველა პარტიისათვის სიტყვის, შეკრებებისა და კავშირების თავისუფლების მიცემა, ვაჭრობის თავისუფლების უზრუნველყოფა, საკუთარი შრომით კუსტარულ წარმოებაზე ნების დართვა, გლეხებისათვის თავიანთი მიწებით თავისუფლად სარგებლობისა და თავიანთ მეურნეობათა პროდუქციის განკარგვის ნების მიცემა, ესე იგი პურზე მონოპოლიის ლიკვიდაცია. დარწმუნდნენ რა მატროსებთან შეთანხმების შეუძლებლობაში, ხელისუფალთ აჯანყების ჩასახშობად მზადება დაიწყეს.

5 მარტს აღდგენილ იქნა მე-7 არმია მიხეილ ტუხაჩევსკის სარდლობით, რომელსაც ებრძანა „უმოკლეს ვადაში ჩაეხშო კრონშტადტში აჯანყება“. 1921 წლის 7 მარტს ჯარებმა დაიწყეს კრონშტადტისათვის ცეცხლის დაშენა. აჯანყების ხელმძღვანელი ს. პეტრიჩენკო შემდგომში წერდა: „იდგა რა წელამდე მშრომელთა სისხლში, სისხლიანმა ფელდმარშალმა ტროცკიმ პირველმა გაუხსნა ცეცხლი რევოლუციურ კრონშტადტს, რომელიც აჯანყდა კომუნისტების მფლობელობის წინააღმდეგ საბჭოების ნამდვილი ძალაუფლების აღსადგენად“.

1921 წლის 8 მარტს რკპ(ბ) X ყრილობის გახსნის დღეს წითელი არმიის ნაწილები კრონშტადტის იერიშზე წავიდნენ. მაგრამ იერიში მოგერიებულ იქნა, განიცადეს რა დიდი დანაკარგები, დამსჯელმა ჯარებმა საწყის მიჯნებზე დაიხიეს. იზიარებდნენ რა აჯანყებულთა მოთხოვნებს, ბევრი წითელარმიელი და არმიის ქვედანაყოფები აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ. დაიწყო მასობრივი დახვრეტები. მეორე იერიშისათვის კრონშტადტთან ყველაზე უფრო ერთგულ ნაწილებს უყრიდნენ თავს, თვით პარტიული ყრილობის დელეგატებიც კი ბრძოლაში გადაისროლეს. 16 მარტის გათენების ღამეს ციხესიმაგრეზე ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის დაშენის შემდეგ ახალი იერიში დაიწყო. გადამღობი რაზმების მიერ უკანდახეულთა დახვრეტის ტაქტიკის, აგრეთვე ძალებსა და საშუალებებში უპირატესობის წყალობით, ტუხაჩევსკის ჯარები ციხესიმაგრეში შეიჭრნენ, გააფთრებული ქუჩის ბრძოლები დაიწყო, და მხოლოდ 18 მარტის დილისათვის იქნა გატეხილი კრონშტადტელთა წინააღმდეგობა. ციხესიმაგრის დამცველთა დიდი ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, მეორე – ფინეთში წავიდა (8 ათასი), დანარჩენები კი დანებდნენ (მათგან რევტრიბუნალების განაჩენებით 2103 ადამიანი იქნა დახვრეტილი).

მალევე შემოიღეს „ახალი ეკონომიკური პოლიტიკა“, რამაც მნიშვნელოვანხარისხად დააკმაყოფილა ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, ესე იგი წვრილი გლეხობა. 

ფინური „საძმო ომები“ 

ძირითადი წერილი: ფინური საძმო ომები 

იხ. ასევე: პირველი საბჭოთა-ფინური ომი და მეორე საბჭოთა-ფინური ომი 

ფინური „საძმო ომები“ – კრებითი აღწერილობა სხვადასხვა შეიარაღებული კონფლიქტებისა ფინურ-უიღურული ხალხებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ფინეთში სამოქალაქო ომის დროს საბჭოთა რუსეთი მხარს უჭერდა წითელ ფინელებს მათ ბრძოლაში თეთრი ფინელების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც თეთრმა ფინელებმა წითელ ფინელებზე გამარჯვება მოიპოვეს, ფინეთში სხვა ფინურ-უიღურული ხალხებისათვის დახმარების მიღწევაში დახმარებაზეც დაფიქრდნენ.

1921 წელს დაიწყო აჯანყება რუსეთის კარელიაში.

საბრძოლო მოქმედებები ამიერკავკასიასა და შუა აზიაში 1920–1921 წლებში 

ამიერკავკასია 

ძირითადი წერილები: ბაქოს ოპერაცია, ენზელის ოპერაცია და საქართველოს გასაბჭოება 

იხ. ასევე: განჯის ამბოხება (1920), სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა საქართველოში (1920) და მაისის აჯანყება სომხეთში (1920) 

1920 წლის აპრილში დამყარებულ იქნა საბჭოთა ხელისუფლება აზერბაიჯანში, ნოემბერში – სომხეთში. მაისში ჩატარდა ენზელის ოპერაცია თეთრგვარდიული კასპიის ფლოტის ხელში ჩასაგდებად. 1921 წლამდე საბჭოთა რუსეთი და საბჭოთა აზერბაიჯანი მხარს უჭერდნენ გილანის სსრ-ის სპარსეთის წითელ არმიას.

1921 წლის 26 თებერვალს დაიდო საბჭოთა-ირანის ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ, ხოლო მარტში კი – „ხელშეკრულება მეგობრობისა და ძმობის შესახებ“ საბჭოთა რუსეთსა და თურქეთის ქემალისტურ მთავრობას შორის. მაშინვე საბჭოთა ხელისუფლება დამყარებულ იქნა საქართველოშიც.

შუა აზია 

ძირითადი წერილები: რევოლუცია ბუხარაში და ბუხარის ოპერაცია (1920) 

იხ. ასევე: ინგლისური ინტერვენცია შუა აზიაში და ბასმაჩობა 

1920 წლის აპრილში თურქესტანის ფრონტის საბჭოთა ჯარებმა დამარცხება მიაყენეს თეთრებს შვიდმდინარეთში, ხოლო 1920 წლის სექტემბერში საბჭოთა ხელისუფლება დამყარებულ იქნა ბუხარაში.

წინააღმდეგობის უკანასკნელი კერები შორეულ აღმოსავლეთში 

1921 წლის 26 მაისს გადატრიალების შედეგად ხელისუფლება ვლადივისტოკში ისევ თეთრებთან გადავიდა. პრაქტიკულად მაშინვე ზღვისპირეთის ტერიტორიაზე განახლდა ფართო პარტიზანული მოძრაობა ბოლშევიკების ხელმძღვანელობით. 1921 წლის დეკემბერში თეთრმეამბოხე არმიამ მოახერხა რომ ორი თვით ხაბაროვსკს დაუფლებოდა. მაგრამ პარტიზანებთან გამკლავებაში უუნარობამ და 1922 წლის დასაწყისში მომხდარმა სამხედრო დამარცხებებმა, ძმებ მერკულოვების მთავრობის გადადგომა გამოიწვიეს. 1922 წლის 4-25 ოქტომბერს განხორციელებულ იქნა ზღვისპირეთის ოპერაცია – სამოქალაქო ომის უკანასკნელი მსხვილი ოპერაცია. მისი შედეგის მიხედვით შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის (შარ) სახალხო-რევოლუციური არმიის ნაწილები ვლადივოსტოკში შევიდნენ, ხოლო მ. კ. დიტერიხსის თეთრგვარდიული ჯარების ნარჩენებმა კი ევაკუაცია მოახდინეს. მაშინვე რეგიონი იაპონელებმაც დატოვეს. 1922 წლის 15 ნოემბერს თვითდაშლილი შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა რსფსრ-ის შემადგენლობაში შორეული აღმოსავლეთის ოლქის სახით შევიდა.

1921 წლის სექტემბერში დაწყებული პეპელიაევის იაკუტიის ლაშქრობა 1923 წლის ივნისამდე გაგრძელდა, საომარი მოქმედებები რუსეთის შორეული აღმოსავლეთის აიან-მაისკის რაიონში იყო კონცენტრირებული.

ბოლშევიკების გამარჯვების მიზეზები სამოქალაქო ომში 

სამოქალაქო ომში ანტიბოლშევიკური ძალების დამარცხების მიზეზები ისტორიკოსების მიერ ბევრი ათეული წლის მანძილზე განიხილებოდა. მთლიანობაში აშკარაა, რომ მთავარ მიზეზად იქცა თეთრების პოლიტიკური და გეოგრაფიული დაშორიშორებულობა და განკერძოებულობა, აგრეთვე თეთრი მოძრაობის ხელმძღვანელთა უუნარობა ბოლშევიზმით ყველა უკმაყოფილოთა თავიანთი დროშების ქვეშ გაერთიანების საქმეში. თანამედროვე სამხედრო ისტორიკოსს ნ. დ. კარპოვს თეთრი მოძრაობის დამარცხების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოჰყავს მისი პოლიტიკური სისუსტე. თეთრების წინამძღოლებმა თვით ომის დასასრულამდეც კი ვერ შეძლეს თუნდაც თავიანთი ძირითადი მიზნების ჩამოყალიბება და მასების შეგნებამდე მიტანა. გარდა ამისა, პოლიტიკური მუშაობა როგორც ჯარებთან, ისე მოსახლეობასთანაც, როცა კი ის თეთრი არმიის მიერ საერთოდ წარმოებდა, დამატებითი დატვირთვის სახით ოფიცრებს ეკისრებოდათ, რომლებიც ასეთი მუშაობისათვის სრულიად არ იყვნენ მომზადებულნი. მაშინ როდესაც წითელ არმიაში ეს ფუნქციები მხოლოდ და განსაკუთრებით ბოლშევიკური პარტიის წევრებს ეკისრებოდათ, რომლებსაც სპეციალური მომზადება გააჩნდათ და მძლავრ პროპაგანდისტულ აპარატსაც ემყარებოდნენ. ნ. დ. კარპოვს მოჰყავს ამერიკელი მწერლის ა. რ. უილიამსის ასეთი მოსაზრება: „სახალხო კომისართა პირველი საბჭო, თუ დავემყარებით მისი წევრების მიერ დაწერილი წიგნების რაოდენობას და იმ ენების რაოდენობასაც, რომლებსაც ისინი ფლობენ, თავისი კულტურისა და განათლებულობის მიხედვით ნებისმიერ მინისტრთა კაბინეტზე უფრო მაღლა იდგა მსოფლიოში“.

თეთრი მოძრაობის ხელმძღვანელებს, თვით ყველაზე უფრო მაღალი რანგისაც, რომლებსაც, როგორც წესი, მხოლოდ სამხედრო განათლება ჰქონდათ, არ გააჩნდათ პოლიტიკური თვალსაზრისით რაიმე ბოლშევიკებისთვის დასაპირისპირებლად. თეთრი მოძრაობის ლიდერებს შორის პოლიტიკური ორიენტირების არარსებობა იწვევდა მათ მოქმედებებში არათანამიმდევრობასა და რუსეთში პოლიტიკური ბრძოლის აზრსა და შინაარსზე მეტად ორიგინალური შეხედულებების განვითარებას.

სამოქალაქო ომის დროს მეომარი არმიების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა იყო მასობრივი დეზერტირობა.

დეზერტირობა მგწა-ში 1919 წელს

თებერვალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 26 115
მარტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 54 696
აპრილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 28 236
მაისი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .78 876
ივნისი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .146 453
ივლისი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .270 737
აგვისტო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .299 839
სექტემბერი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 228 850
ოქტომბერი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 263 671
ნოემბერი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 172 831
დეკემბერი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .172 831
   ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 761 105

ფაქტიურად, 1919 წლის შემოდგომაზე წითელი არმიიდან რამდენჯერმე უფრო მეტი ჯარისკაცი გახდა დეზერტირი, ვიდრე საერთოდ მსახურობდა თეთრგვარდიულ არმიებში. 1919 წლის ივნისიდან 1920-ის ივნისის ჩათვლით 2,6 მლნ ადამიანამდე წავიდა დეზერტირად, და მარტო უკრაინაში 500 ათასამდე დეზერტირი იქნა გამოვლენილი. მასობრივი დეზერტირობის ასეთივე პრობლემა დგებოდა თეთრების წინაშეც, როგორც კი ისინი ცდილობდნენ „განთავისუფლებულ“ ტერიტორიებზე მობილიზაციის ჩატარებას. ასე, დენიკინის არმია ყველაზე უფრო დიდი წარმატებების პერიოდში აკონტროლებდა ტერიტორიებს დაახლოებით 40 მლნ ადამიანის მოსახლეობით, მაგრამ თავისი რიცხოვნების გაზრდა მაინც ვერ შესძლო. ამის შედეგად თეთრები იძულებული იყვნენ რეკრუტები შეეკრიბათ თვით ტყვედ აყვანილი წითელარმიელებისგანაც. მაგრამ ასეთი ნაწილები არა მარტო სხვებზე უფრო სწრაფად იხრწნებოდა, არამედ, ხშირად, სრული შემადგენლობით წითლების მხარეზეც გადადიოდა.

მწვანე“ და „შავი“ ხროვებისა და მოძრაობების არსებობა, რომლებიც, წარმოიქმნებოდნენ რა თეთრების ზურგში, ფრონტიდან მნიშვნელოვან ძალებს აცდენდნენ და მოსახლეობას აწიოკებდნენ, ამ უკანასნელის თვალში წითლების თუ თეთრების ქვეშ ყოფნის განსხვავებას შლიდა, და მლიანობაში თეთრი არმიების დემორალიზაციასაც ახდენდა. დენიკინის მთავრობამ ვერ მოასწრო სრულად განეხორციელებია მის მიერ შემუშავებული მიწის რეფორმა, რომელსაც საფუძვლად უნდა დასდებოდა სახაზინო და მემამულეთა მიწების ხარჯზე წვრილი და საშუალო მეურნეობების გაძლიერება. ასევე მოქმედებდა კოლჩაკის დროებითი კანონიც, რომელიც ბრძანებდა, დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებამდე შეენარჩუნებიათ მიწის იმ მფლობელების ხელში შენარჩუნება, ვისთანაც იგი ფაქტიურად იმყოფებოდა. უწინდელი მფლობელების მიერ თავიანთი მიწების ძალადობრივი მიტაცება მკვეთრად აღიკვეთებოდა. მიუხედავად ამისა, მსგავსი ინციდენტები მაინც ხდებოდა, რაც ფრონტისპირა ზონაში ნებისმიერ ომში გარდაუვალ ძარცვა-რბევასთან ერთობლიობაში წითლების პროპაგანდას ჰკვებავდა და გლეხობას თეთრების ბანაკისაგან განიზიდავდა.

თეთრების მოკავშირეებს ანტანტის ქვეყნების რიცხვიდან ასევე არ ჰქონდათ ერთიანი მიზანი და, ზოგიერთ საპორტო ქალაქში ინტერვენციის მიუხედავად, არ აძლევდნენ თეთრებს საკმარისი რაოდენობით სამხედრო ქონებას წარმატებული საბრძოლო ოპერაციების საწარმოებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე რაიმე-ნაირ სერიოზულ მხარდაჭერაზე თავიანთი ჯარების ძალებით.

წითლების თვალსაზრისი 

წითელი არმიის გამარჯვებათა უმნიშვნელოვანეს პირობად ბოლშევიკები თვლიდნენ საომარ მოქმედებათა ხელმძღვანელობის ერთიან ცენტრს თავდაცვის საბჭოს სახით, აგრეთვე აქტიურ პოლიტიკურ მუშაობას, რომელსაც ფრონტების, ოკრუგებისა და არმიების რევსამხსაბჭოები, აგრეთვე ნაწილებისა და ქვედანაყოფების კომისრები ატარებდნენ. ყველაზე უფრო მძიმე პერიოდებში ბოლშევიკების პარტიის მთელი შემადგენლობის ნახევარი არმიაში იმყოფებოდა, სადაც კადრები იგზავნებოდნენ პარტიული, კომკავშირული და პროფკავშირული მობილიზაციის შედეგად („რაიკომი დაკეტილია, ყველანი ფრონტზე წავიდნენ“). ასეთსავე აქტიურ საქმიანობას აწარმოებდნენ ბოლშევიკები თავიანთ ზურგშიც, ახდენდნენ რა ძალისხმევის მობილიზაციას სამრეწველო წარმოების აღდგენაზე, სურსათისა და საწვავის (სათბობის) დამზადებაზე, ტრანსპორტის მუშაობის აწყობაზე.

გარდა ამისა ბოლშევიკები ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იყენებდნენ ძველი რეჟიმის გამოცდილ სამხედრო სპეციალისტებს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს წითელი არმიის მშენებლობასა და მის მიერ გამარჯვებების მიღწევაში. 

შესაძლებელია, რომ ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტად, რომელმაც ბოლშევიკები სამოქალაქო ომში გამარჯვებამდე მიიყვანა, იქცა სწორედ სამოქალაქო ომში ბოლშევიკების მხარეზე მეფის არმიის მშვენივრად განათლებული და ნიჭით დაჯილდოვებული ყოფილი ოფიცრების ფართო მონაწილეობა, ამასთან არა უბრალოდ მათი „ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე გამოყენება“, და თანაც მათი სავსებით შეგნებული მონაწილეობა, და არა იძულებით, რაც მათი პატრიოტული განწყობებით იყო გამოწვეული იმ პირობებში, როცა ანტიბოლშევიკური ძალების მხარეზე ფართო ფრონტით ბევრი უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები გამოდიოდნენ.

საბჭოთა ისტორიოგრაფიაში თეთრების დამარცხების მთავარ მიზეზად ითვლებოდა წითლების ხელში უფრო ვრცელი სოციალური ბაზის არსებობა, რამდენადაც თეთრები ანტიხალხური და კონტრრევოლუციური ელემენტებისგან შედგებოდნენ, რომლებიც მუშებსა და გლეხებზე პარაზიტირების ხარჯზე არსებობდნენ, ხოლო მუშები და გლეხები კი, რომლებსაც თებერვლამდელი რუსეთის რესტავრაცია არ უნდოდათ, ბოლშევიკთა დროშების ქვეშ დადგნენ. ბოლშევიკებმა შეძლეს სრული ზომით მოეხდინათ თავიანთი სოციალური ბაზის მობილიზაცია. მხოლოდ მოსკოვსა და მის მახლობელ რაიონში 125-ზე მეტი მუშათა და ინტერნაციონალური საბრძოლო ნაწილი და შენაერთი იქნა ჩამოყალიბებული, ექვსი ქვეითი დივიზიის, 7 ქვეითი ბრიგადის, საკავალერიო დივიზიის, 11 საარტილერიო დივიზიონის, 3 ჯავშანმატარებლის, საავიაციო და სხვა რაზმების ჩათვლით. ბოლშევიკური იდეოლოგების აზრით, წითელ არმიას დიდი დახმარება აღმოუჩინეს ბოლშევიკურმა იატაკქვეშეთმა, ასევე პარტიზანულმა რაზმებმაც, რომლებიც თეთრების ზურგში მოქმედებდნენ.

          წითელი არმიის ჯავშანდივიზიონი ფრანგული ნადავლი ტანკით FT-17.

გლეხებს განსაკუთრებით ეშინოდათ მემამულეობის რესტავრაციისა. ასევე საბჭოთა ისტორიოგრაფიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება 1905–1907 წლების რევოლუციას, რამდენადაც ბევრი სოციალური ჯგუფი, რომლებმაც იმ წლებში რეპრესიები განიცადეს მეფის რეჟიმის მხრიდან, ბოლშევიკების მხარეზე დადგნენ, ხოლო სამოქალაქო ომი კი ამ ჯგუფებისათვის ცარიზმთან მრავალწლიანი ბრძოლის გაგრძელებად იქცა, ასევე ეროვნულ და სოციალურ ჩაგვრად მეფის რუსეთის დროინდელი ძალაუფლების მქონე კლასების მხრიდან.

როგორც თეთრებიც, ბოლშევიკთა გამარჯვების ძირითად პირობას ვ. ი. ლენინი იმაში ხედავდა, რომ სამოქალაქო ომის მთელ სიგრძეზე „საერთაშორისო იმპერიალიზმმა“ ვერ შეძლო მოეხდინა მთელი თავისი ძალების საერთო ლაშქრობის ორგანიზაცია საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, და ბრძოლის ყოველ ცალკეულ ეტაპზე მხოლოდ მათი ნაწილი გამოდიოდა. ისინი იყვნენ საკმარისად ძლიერნი, რათა სასიკვდილო მუქარები შეექმნათ საბჭოთა სახელმწიფოსათვის, მაგრამ ყოველთვის ძალზედ სუსტები აღმოჩნდებოდნენ იმისათვის, რათა ბრძოლა გამარჯვებამდე მიეყვანათ. ბოლშევიკები ღებულობდნენ შესაძლებლობას თავი მოეყარათ გადამწყვეტ უბნებზე წითელი არმიის აღმატებული ძალებისთვის და ამით აღწევდნენ კიდეც გამარჯვებას.

ბოლშევიკები ასევე იყენებდნენ მწვავე რევოლუციურ კრიზისს, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოიცვა ევროპის თითქმის ყველა კაპიტალისტური ქვეყანა, და ანტანტის წამყვან დერჟავებს შორის არსებულ წინააღმედობებსაც. „სამი წლის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე ინგლისის, საფრანგეთის, იაპონიის არმიები იყვნენ. ეჭვი არ არის, – წერდა ვ. ი. ლენინი, – რომ ამ სამი დერჟავის ძალების სულ უმნიშვნელო დაძაბვაც კი სავსებით საკმარისი იქნებოდა, რათა რამდენიმე თვეში, თუ არა რამდენიმე კვირაში, ჩვენზე გამარჯვება მოეპოვებიათ. და თუ ჩვენ ამ თავდასხმის შეკავება მოვახერხეთ, ეს მხოლოდ ფრანგულ ჯარებში მიმდინარე გახრწნით, ინგლისურ და იაპონურ ჯარებში დაწყებული დუღილით (брожение). წითელი არმიის გამარჯვება შეამსუბუქა საერთაშორისო პროლეტარიატის რევოლუციურმა ბრძოლამ შეიარაღებული ინტერვენციისა და საბჭოთა რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ, როგორც თავიანთი ქვეყნების შიგნით გაფიცვებისა და საბოტაჟის სახით, ისე წითელი არმიის რიგებშიც, სადაც ათეულობით ათასი უნგრელი, ჩეხი, პოლონელი, სერბი, ჩინელი და სხვები იბრძოდნენ.

ბოლშევიკების მიერ ბალტიისპირა სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის აღიარებამ გამორიცხა მათი მონაწილეობის შესაძლებლობა ანტანტის ინტერვენციაში 1919 წელს. 

ბოლშევიკების თვალსაზრისით მათი მთავარი მტერი იყო მემამულურ-ბურჟუაზიული კონტრრევოლუცია, რომელიც ანტანტისა და აშშ-ის პირდაპირი მხარდაჭერით იყენებდა მოსახლეობის წვრილბურჟუაზიული ფენების მერყეობას, ანუ გლეხური მოსახლეობისა თავის მასაში. ქვეყნის გლეხობის მთელი მასის მერყეობანი უკიდურესად საშიში გახლდათ ორივე მხარისათვის, რადგანაც მრავალრიცხოვანი „მწვანეები“, „პარტიზანები“ და უბრალოდ ბანდები როგორც თეთრი, ისე წითელი ჯარების ზურგში თავიანთი საერთო რიცხოვნების მიხედვით არცთუ იშვიათად მათ (თეთრებსაც და წითლებსაც) აღემატებოდნენ და მათი მნიშვნელოვანი ძალების ყურადღება თავიანთ თავზე გადაჰქონდათ. „უკანასკნელი ანგარიშით (საბოლოოდ) სწორედ გლეხობის, როგორც მშრომელთა წვრილბურჟუაზიული მასის მთავარი წარმომადგენლის, ეს რყევები წყვეტდა საბჭოთა ხელისუფლებისა და კოლჩაკ-დენიკინის ხელისუფლების ბედს“, – იმეორებდა თეთრი მოძრაობის ლიდერების ნათქვამს წითლების ბელადი ვ. ი. ლენინიც. 

ბოლშევიკური იდეოლოგია სამოქალაქო ომის ისტორიულ მნიშვნელობად თვლიდა იმას, რომ მისმა პრაქტიკულმა გაკვეთილებმა აიძულეს გლეხობა დაეძლია რყევები და მიიყვანეს იგი სამხედრო-პოლიტიკურ კავშირამდე მუშათა კლასთან. ამან, ბოლშევიკების აზრით, განამტკიცა საბჭოთა სახელმწიფოს ზურგი და შექმნა წინაპირობები მასობრივი რეგულარული წითელი არმიის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც, გახლდათ რა თავისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით გლეხური, იქცა პროლეტარიატის დიქტატურის იარაღად.

თეთრების თვალსაზრისი 

თეთრებისადმი თანამგრძნობი პუბლიცისტები და ისტორიკოსები თეთრი საქმის დამარცხების შემდეგ მიზეზებს ასახელებენ:

1. წითლები აკონტროლებდნენ ქვეყნის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრალურ რეგიონებს. ამ ტერიტორიებზე იყო უფრო მეტი ხალხი, ვიდრე თეთრების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.

2. რეგიონები, რომლებმაც თეთრების მხარდაჭერა დაიწყეს (მაგალითად, დონი და ყუბანი), როგორც წესი, ამაზე უწინ სხვებზე უფრო მეტად შეიქნენ დაზარალებულნი წითელი ტერორისაგან.

3. თეთრი ბელადების გამოუცდელობა პოლიტიკასა და დიპლომატიაში.

4. თეთრების კონფლიქტები ეროვნულ-სეპარატისტულ მთავრობებთან მათი ლოზუნგის გამო „ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთის შესახებ. ამიტომ თეთრებს არაერთხელ უხდებოდათ ომი ორ ფრონტზე.

თეთრი მოძრაობის ბევრი ლიდერი თავისი დამარცხების ძირითად მიზეზად თვლიდა თავიანთი არმიების უკიდურეს არამრავალრიცხოვნებას წითელ არმიებთან შედარებით, წითლების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე უზარმაზარი მატერიალურ-სარესურსო ბაზის არსებობას, თეთრების კონფლიქტებს ეროვნულ განაპირა მხარეებთან, ანტანტის ინტერვენტთა არასაკმარის დახმარებასა და რაც მთავარია – ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში თეთრების მხარდაჭერის არარსებობას.

თეთრი მოძრაობის ბევრი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი (ყუბანური არმიის სარდალი გენერალი ა. გ. შკურო, ყირიმის თავდაცვის გმირი გენერალი ია. ა. სლაშჩიოვი, არმიისა და ფლოტის ყოფილი ეპისკოპოსი ვრანგელის შტაბში ბენიამინი /ფედჩენკოვი/) თეთრი მოძრაობის იდეოლოგიის სისუსტისა და არასრულყოფილების შესახებ ლაპარაკობდა. 

უცხოური ინტერვენციის როლი სამოქალაქო ომში 

ძირითადი წერილი: უცხოური სამხედრო ინტერვენცია რუსეთში § უცხოური ინტერვენციის როლი სამოქალაქო ომში რუსეთში 

1918 – 1919 წლების ზამთრის მანძილზე მიწოდებულ იქნა ასეულობით ათასი შაშხანა (250–400 ათასი კოლჩაკს და 380 ათასამდე დენიკინს), ტანკები, სატვირთო ავტომობილები (დაახლ. 1 ათასი), ჯავშანავტომობილები და თვითმფრინავები, საბრძოლო მასალები და ფორმის ტანსაცმელი რამდენიმე ასეული ათასი ადამიანისათვის. რუსეთის სამხრეთის ოკუპაცის გეგმაზე უარის თქმის შემდეგ 1919 წლის გაზაფხულისთვის ინგლისმა, საფრანგეთმა და აშშ-მ უშუალო სამხედრო ყოფნაზე ძირითადში უარი განაცხადეს და ახლა ორიენტაცია კოლჩაკისა და დენიკინის მთავრობებისათვის ეკონომიკურ დახმარებაზე აიღეს. აშშ-ის კონსულს ვლადივსტოკში კოლდუელს ატყობინებდნენ: „მთავრობამ ოფიციალურად აიღო თავის თავზე ვალდებულება დაეხმაროს კოლჩაკს აღკაზმულობითა და სურსათით...“ აშშ გადასცემს კოლჩაკს 262 მლნ დოლარის თანხის კრედიტებს, რომლებიც დროებით მთავრობას მიეცა და ვერ იქნა გამოყენებული, აგრეთვე 110 მლნ დოლარის თანხის იარაღს. 1919 წლის პირველ ნახევარში კოლჩაკი აშშ-გან ღებულობს 250 ათასზე მეტ შაშხანას, ათასობით ქვემეხსა და ტყვიამფრქვევს. წითელი ჯვარი აწვდის თეთრეულის 300 ათას კომპლექტსა და სხვა ქონებას. 1919 წლის 20 მაისს კოლჩაკს ვლადივოსტოკიდან გაეგზავნა 640 ვაგონი და 11 ორთქლმავალი, 10 ივნისს – 240 000 წყვილი ჩექმა, 26 ივნისს – 12 ორთქლმავალი და ა. შ. ეს მხოლოდ ცალკეული ფაქტებია.

ამასთან ერთდროულად ანტანტა თეთრი მთავრობების წინაშე სვამდა საკითხს ამ დახმარების გამო კომპენსაციის აუცილებლობაზე, კერძოდ, ხორბლის სახით. გენერალი დენიკინი ასკვნის, რომ „ეს იყო უკვე არა დახმარება, არამედ უბრალოდ საქონელგაცვლა და ვაჭრობა“.

ვერსალის ზავის დადების შემდეგ (1919), რომელმაც გააფორმა ომში გერმანიის დამარცხება, დასავლელი მოკავშირეების დახმარება თეთრი მოძრაობისათვის, რომლებიც მასში უწინარეს ყოვლისა ბოლშევიკების მთავრობასთან მებრძოლებს ხედავდნენ, თანდათანობით წყდება. ასე, ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი ლოიდ ჯორჯი, მალევე ვერშემდგარი მცდელობის შესახებ დაესვა თეთრები და წითლები მოლაპარაკებათა მაგიდასთან პრინცის კუნძულებზე, გამოთქვამდა „ერთიანი რუსეთის“ შესახებ თეთრი ლოზუნგის შეუსაბამობის თაობაზე დიდი ბრიტანეთის პოლიტიკასთან. 

ფრანგი გენერლის ჟანენისა და მთელი დიპლომატიური კორპუსისაგან წამოსული წინადადება რუსეთის ოქროს მარაგის საერთაშორისო მეურვეობის ქვეშ აღების, დაცვისა და ვლადივოსტოკში ტრანსპორტირების შესახებ ადმირალმა ა. ვ. კოლჩაკმა აღიქვა როგორც დაპირებული დახმარებისათვის უზომო ფასის მოთხოვნა. ალექსანდრე ვასილის ძემ კატეგორიულად უარყო მათი წინადადება: „მე თქვენი არ მჯერა. ოქროს უფრო ბოლშევიკებს დავუტოვებ, ვიდრე მოკავშირეებს გადავცემ“. ისტორიკოს ზირიანოვის აზრით, ეს სიტყვები ალექსანდრე ვასილის ძეს (კოლჩაკს) სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ამ მომენტიდან უცხოელმა წარმომადგენლებმა მისდამი ყოველგვარი ინტერესი დაჰკარგეს.

დენიკინის სიტყვებით, „ბრძოლის ფინალურ, ყირიმის პერიოდში“ საგრძნობ დახმარებას საფრანგეთისაგან მხოლოდ პოლონეთი ღებულობდა, რომელიც საბჭოთა რუსეთისაგან დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. 

სამხედრო ხელოვნება სამოქალაქო ომში 

სამოქალაქო ომის მთავარი თავისებურება (განსაკუთრებულობა) იყო შედარებით მცირერიცხოვანი არმიები (წითლებთანაც და თეთრებთანაც), რომლებიც უზარმაზარ ფრონტებს იკავებდნენ. ფრონტის სიმჭიდროვე ძალზედ მცირე იყო. ასე, წითლების ქვეით დივიზიაზე, რომელიც თავის შემადგენლობაში 5–6 ათას ხიშტს მოითვლიდა, ფრონტის 50 და 100 კმ-მდეც კი მოდიოდა.

ეს, აგრეთვე მორალური არამდგრადობა ორივე მხარის არმიებში, რომელსაც შედეგად მოჰყვებოდა ზოგჯერ მოწინააღმდეგისათვის მთელი მიმართულებების გახსნა ან კიდევ ვრცელი უკან წამოსვლები, ორივე მხარის პირადი შემადგენლობის შედარებით სუსტი განსწავლულობა (ნაკლებ ნამდვილი ცეცხლი, ბრძოლების ნაკლები დაძაბულობა), აჯანყებები ზურგში, რომლებიც აიოლებდნენ ან აძნელებდნენ ოპერაციების წარმოებას, წინ არა მარტო სურსათის, არამედ საბრძოლო მასალებისა და იარაღის მიღების შესაძლებლობა ორივე მოწინააღმდეგისათვის თითქმის ერთნაირი გახლდათ, რკინიგზების სუსტი გამტარუნარიანობა ორივე მხარეზე (თავდაცვაში მყოფთა სარკინიგზო მანევრის შეზღუდულობა და შეუძლებლობაც კი) შეტევისათვის დიდ ოპერატიულ შესაძლებლობებს ჰქმნიდა, უზრუნველყოფდა ოპერაციების უფრო მეტ გაქანებას, ვიდრე პირველ მსოფლიო ომში. შესაძლებელი იყო განუწყვეტელი შეტევა რამდენიმე თვის განმავლობაში.

სამოქალაქო ომის წლებში თეთრებთანაც და წითლებთანაც ცალკეულ ოპერაციებში კავალერია ქვეითი ჯარის რიცხოვნების 50 %-მდე შეადგენდა. კავალერიის ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების მოქმედებათა ძირითადი ხერხი ცხენოსანი მწყობრით შეტევა (ცხენოსანი შეტევა) გახლდათ, რომელსაც მხარს უჭერდა ტყვიამფრქვევების მძლავრი ცეცხლი საზიდრებიდან. განსაკუთრებული პოპულარობით საზიდრები მახნოელებთან სარგებობდნენ. უკანასკნელები საზიდრებს არა მარტო ბრძოლაში იყენებდნენ, არამედ ქვეითი ჯარის გადასაყვანადაც. ამასთან რაზმის მოძრაობის საერთო სიჩქარე ჩორთით მიმავალი კავალერიის სიჩქარეს შეესაბამებოდა. ასეთ ნაირად მახნოს რაზმები ადვილად გადიოდნენ 100 კმ-მდე დღეში რამდენიმე დღეს მიყოლებით. ასე, პერეგონოვკაიასთან წარმატებული გარღვევის შემდეგ 1919 წლის სექტემბერში მახნოს მსხვილმა ძალებმა 11 დღეში 600 კმ-ზე მეტი გაიარეს უმანიდან გულიაი-პოლემდე და თეთრების ზურგის გარნიზონებს მოულოდნელად თავზე დაატყდნენ.

როცა ადგილმდებარეობის პირობები და მოწინააღმდეგის შეუპოვარი წინააღმდეგობა კავალერიის ცხენოსანი მწყობრით მოქმედებებს ზღუდავდა, იგი ბრძოლას ჩამოქვეითებულ საბრძოლო წყობაში აწარმოებდა. დაპირისპირებულ მხარეთა სამხედრო სარდლობამ სამოქალაქო ომის წლებში შეძლო წარმატებით გადაეწყვიტა კავალერიის მსხვილი მასების გამოყენების საკითხები ოპერატიული ამოცანების შესასრულებლად. მსოფლიოში პირველი მოძრავი გაერთიანებების (подвижные объедининия) – ცხენოსანი არმიების შექმნა სამხედრო ხელოვნების გამოჩენილ მიღწევას წარმოადგენდა. ცხენოსანი არმიები იყვნენ სტრატეგიული მანევრისა და წარმატების განვითარების ძირითადი საშუალება, გამოიყენებოდნენ მასირებულად და გადამწყვეტ მიმართულებებზე მოწინააღმდეგის იმ ძალების წინააღმეგ, რომლებიც მოცემულ ეტაპზე ყველაზე უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენდნენ.

კავალერიის საბრძოლო მოქმედებების წარმატებას სამოქალაქო ომის წლებში ხელს უწყობდა საომარ მოქმედებათა თეატრების დიდი სივრცეები, მტრული არმიების ფართო ფრონტებზე გაჭიმულობა, სუსტად დაფარული ან ჯარების მიერ სულაც დაუკავებელი შუალედების არსებობა, რომლებსაც საკავალერიო შენაერთები მოწინააღმდეგის ფლანგებზე გასვლისა და მის ზურგში ღრმა რეიდების შესრულებისათვის იყენებდნენ. ამ პირობებში კავალერიას შეეძლო სრულად მოეხდინა თავისი საბრძოლო თვისებებისა და შესაძლებლობების – ძვრადობა, დარტყმების მოულოდნელობა, მოქმედებათა სისწრაფე და გადამჭრელობა (გაბედულება) – სრულად რეალიზაცია.


                                      წითლების ცხენოსანი ჯარის შეტევა

სამოქალაქო ომში ფართოდ გამოიყენებოდა ჯავშანმატარებლები. ეს გამოწვეული გახლდათ მისი სპეციფიკით, ისეთით, როგორიცაა ფრონტების მკაფიო ხაზების ფაქტიური არარსებობა, და რკინიგზებისათვის, როგორც ჯარების, საბრძოლო მასალებისა და პურის სწრაფი გადასროლის ძირითადი საშუალებისათვის, მწვავე ბრძოლა. ჯავშანმატარებლების ნაწილი მუშურ-გლეხურმა წითელმა არმიამ (მგწა) მემკვიდრეობით მიიღო მეფის არმიისაგან, იმ დროს როცა გაიშალა ახლების სერიული წარმოება. გარდა ამისა, თვით 1919 წლამდეც კი ნარჩუნდებოდა „სუროგატული“ ჯავშანმატარებლების მასობრივი დამზადება, რომლებსაც ხელთ არსებული მასალების გამოყენებით ჩვეულებრივი სამგზავრო ვაგონებისაგან, ყოველგვარი ნახაზების გარეშე აწყობდნენ; ასეთი „ჯავშანმატარებელი“ შეიძლებოდა ერთ დღე-ღამეშიც კი აეწყოთ. 


                      თეთრების ჯავშნოსანი მატარებელი "ერთიანი რუსეთი"

გარდა ამისა, საბრძოლო მოქმედებების მაღალმანევრულმა ხასიათმა, კომუნიკაციის სახით შიდა წყალსაცავებზე დაყრდნობამ, აგრეთვე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილი მტერიალური ნაწილის არსებობამ, გამოიწვია სამოქალაქო ომის წლებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ახალი ტაქტიკური ფორმის გამოჩენა: მოწინააღმდეგის სახმელეთო ჯარების წინააღმდეგ სამდინარო ბაზირების საზღვაო ავიაციის აქტიური გამოყენება (იხ. ვოლგა-კასპიისზღვის სამხედრო ფლოტილიის საჰაერო ბრიგადა).

სამოქალაქო ომის შედეგები 

1921 წლისათვის რუსეთში, სპეციალისტების დაანგარიშებებით, მოსახლეობის რიცხოვნება დარჩენილ ტერიტორიაზე ძლივს თუ აღწევდა 135 მლნ ადამიანს. დანაკარგები ამ ტერიტორიებზე 1914 წლიდან ომების, ეპიდემიების, ემიგრაციის, შობადობის შემცირების შედეგად არანაკლებ 25 მლნ ადამიანს შეადგენდა.

საომარი მოქმედებების დროს განსაკუთრებით დაზიანდა დონეცკის ქვანახშირის აუზის, ბაქოს ნავთობიანი რაიონის, ურალისა და ციმბირის მომპოვებელი საწარმოები, დანგრეულ იქნა ბევრი შახტა და საბადო. საწვავისა და ნედლეულის უკმარისობის გამო ჩერდებოდა ქარხნები. მუშები იძულებული იყვნენ ქალაქები დაეტოვებინათ და სოფელში გადასახლებულიყვნენ. სამრეწველო წარმოების საერთო დონე 5-ჯერ შემცირდა. აღჭურვილობა დიდხანს არ განახლებულა. მეტალურგია იმდენ ლითონს აწარმოებდა, რამდენსაც მას პეტრე I-ის დროს ადნობდნენ.

სამოქალაქო ომის მსვლელობისას შიმშილის, ავადმყოფობების, ტერორისაგან და ბრძოლებში (სხვადასხვა მონაცემებით) 8-დან 13 მლნ ადამიანამდე დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 1 მლნ წითელი არმიის მებრძოლი. ქვეყნიდან ემიგრაციაში 2 მლნ ადამიანამდე წავიდა. პირველი მსოფლიო ომისა და სამოქალაქო ომის შემდეგ უპატრონო ბავშვების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ერთი მონაცემებით, 1921 წელს რუსეთში 4,5 მლნ უპატრონო ბავშვი იყო, სხვა მონაცემებით – 1922 წელს 7 მლნ უპატრონო ბავშვი. სახალხო მეურნეობის ზარალმა დაახლოებით 50 მლრდ ოქროს მანეთი შეადგინა, სამრეწველო წარმოება 1913 წლის დონესთან შედარებით 4–20 %-მდე დაეცა. რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მიიღეს პოლონეთმა, ფინეთმა, ლატვიამ, ესტონეთმა და ლიტვამ, ასევე დაკარგულ იქნა დასავლეთ უკრაინა და ბელორუსია, ყარსის ოლქი (სომხეთში) და ბესარაბია.

დანაკარგები სამოქალაქო ომის მსვლელობისას (ცხრილი)

დანაკარგების კატეგორია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ადამიანი

სულ მოიკლა ან ჭრილობებისგან მოკვდა . . . . . . . . . 2 500 000
წითელი არმია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 950 000
თეთრი და ეროვნული არმიები . . . . . . . . . . . . . . . . . . .650 000
მწვანე აჯანყებულები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 900 000

ტერორის შედეგად დაიღუპა . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 000 000
წითელი ტერორისაგან . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 200 000
თეთრი ტერორისაგან . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .300 000
მწვანე ტერორისაგან . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .500 000

შიმშილისა და ეპიდემიებისაგან მოკვდა . . . . . . . . . . 6 000 000
სულ დაიღუპა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 500 000
ემიგრაციაში წავიდა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 000 000

საერთო დანაკარგები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .12 500 000

(შემდეგ მოდის განყოფილებები: ხსოვნა; სამოქალაქო ომი რუსეთში ხელოვნების ნაწარმოებებში: დრამატურგია, კინემატოგრაფი, მხატვრული ლიტერატურა, ფერწერა, და თითოეულ მათგანს ახლავს შესაბამის ნაწარმოებთა ვრცელი ჩამონათვალიც. მათი ნახვა შეიძლება წერილის დედანში – ვიკიპედიის რუსულ წერილში: Гражданская война в России)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment