Wednesday, April 1, 2020

გიორგი კვინიტაძე – „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“, პარიზი, 1985


(ნაწილი VII) 




გვარდიის თვითნებური წასვლა ბრძოლის ველიდან 

მე ვთქვი, რომ ჩემი შტაბი გამოცოცხლდა და მოსალოდნელი წარმატებით ხარობდა. „ხვალ ჩვენ იმათ მივცხებთ“ ("Завтра мы им влепим") – ამბობდნენ ისინი. არ ვიცი, მაგრამ რაღაც მძიმედ მაწვებოდა გულზე. თითქოსდა, მშვიდად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გულზე რაღაც სიმძიმე მაწვებოდა, მას შიგნით რაღაც ფხაჭნიდა. „ჯერ ნუ გიხარიათ“ – ვუპასუხე მათ – „ყველაფერი არაა გაკეთებული; აი ხვალ თუ მოწინააღმდეგეს გავრეკავთ, მაშინ გავიხარებთ კიდეც“.

ღამით, 1 საათზე ან მის მახლობლად, გენ. კონიაშვილისგან მივიღე მოხსენება. ეს მოხსენება ყველაფერს ცვლიდა. გენ. კონიაშვილი მომახსენებდა, რომ მისდამი რწმუნებულმა ჯარებმა თვითნებურად, მოწინააღმდეგის მხრიდან ყოველგვარი მოწოლის გარეშე, დატოვეს პოზიციები და სრული უწესრიგობით სურამში მიდიან. მდგომარეობა ერთბაშად იცვლებოდა. ჩვენ უკვე აღარ ვიყავით გამარჯვებულნი; პირიქით, დილიდან გენ. მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის უბნები, რომლებიც დაბლობზე წინ იყვნენ გასულნი, მძიმე მდგიომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. მოწინააღმდეგეს, რომელიც უკვე ფლანგიდან იყო შემოვლილი, შეეძლო ამ მთებით თვითონ ესარგებლა და ჩვენი საარმიო ნაწილებისთვის ფლანგიდან შემოევლო, რომლებიც იძულებული შეიქნებოდნენ გაშლილ ადგილმდებარეობაზე დაეხიათ. მე გულში ტკივილით გავეცი ბრძანება სურამის ქედზე გამაგრებულ პოზიციაზე უკანდახევის შესახებ. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მუდამ ეს გვარდია აფუჭებდა საქმეს. გენ. მაზნიაშვილს გვირაბთან არსებულ პოზიციაზე უნდა დაეხია; გენ. კონიაშვილს თავისი უკანდახეული ჯარებით პოზიციები სურამის თავზე უნდა დაეკავებინა; გენ. სუმბათაშვილს გვირაბი უნდა გაევლო და სურამის ქედის დასავლეთ კალთაზე რეზერვში უნდა დამდგარიყო. უკანდახევის შემსუბუქებისთვის 11-ე პოლკის ბატალიონი გამოვიყენე, რომელიც ბორჯომის მხრიდან გვიახლოვდებოდა. დილით მის მიერ ხაშურთან მთისწინეთში იქნა პოზიციები დაკავებული. მე პირადად ვუთითებდი ბატალიონის მეთაურს თუ სად დამდგარიყო; მას ჯარების გავლის შემდეგ უნდა დაეხია და მათი უკანდახევა დაეფარა, ხოლო შემდეგ კი გენ. მაზნიაშვილის ჯარების შემადგენლობაში შესულიყო. არტილერია უკან რკინიგზის ლიანდაგის გამოყოლებით იხევდა, სხვა გზა არ იყო, ლიანდაგი კი ამისთვის წინასწარ გახლდათ მომზადებული. 

უკანდახევა კეთილსასურველად აღესრულა და შუადღისთვის გენ. მაზნიაშვილმა გვირაბთან პოზიცია დაიკავა, ხოლო გენ. სუმბათაშვილი კი უკვე მთის კალთებზე ადიოდა. აქ უნდა დავუმატო, რომ გვარდიის უკანდახევისას ახალციხის გვარდიული ბატალიონი თავისთან ახალციხეში წავიდა. დავრწმუნდი და პოზიციების დაკავებაში, მე წიფაში გავემგზავრე. აქ მომიხდა ზომების მიღება წიფის გასაწმენდად, სადაც საზიდრების მასა იყო დაგროვებული, უმთავრესად გვარდიის საზიდრებისა. ღამით, მის დასაწყისში მე კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა. ჩემთან გენ. კონიაშვილი, ლადო ჯიბლაძე, აუშტროვი და გვარდიის შტაბის სხვა წევრები გამოცხადდნენ და მითხრეს, რომ გვარდია მითითებულ პოზიციაზე არ გაჩერდა და მთის კალთის ჩვენს მხარეზე წიფაში ჩამოვიდა.

ამასობაში საღამოსთვის მოწინააღმდეგე უკვე სურამში გამოჩნდა და გვირაბის წინაც. დაიკავებდა რა დილიდან, თუ ღამიდან არა, სურამის უღელტეხილს, მოწინააღმდეგე წიფაში გამოვიდოდა და გენ. მაზნიაშვილის რაზმი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდებოდა; მას უკანდახევისთვის მხოლოდ გვირაბი ჰქონდა, რომლის დასავლეთ გამოსასვლელიც მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდებოდა. ამასობაში გვარდიელები უკვე წიფაში აღმოჩნდნენ და სადგურთან მშვიდად დაბანაკებულიყვნენ. მე ვუთხარი გვარდიის წარმომადგენლებს, რომ სურამის უღელტეხილი ახლავე უნდა დავიკავოთ, და რომ მათ ეს ზომა ამ წუთშივე უნდა მიიღონ და თუნდაც რამდენიმე ასეული ადამიანი უკანვე წაიყვანონ. ისინი დამპირდნენ და გვარდიელების დასაყოლიელებლად წავიდნენ. ლადო ჯიბლაძე მარწმუნებდა, რომ ამას ისინი ახლავე გააკეთებენ. ღამის 3–4 საათზე ვაგონიდან გამოვედი იმაში დასარწმუნებლად წავიდნენ თუ არა გვარდიელები. რა თქმა უნდა, არავინ არ წასულა. მე ვიპოვე გვარდიის შტაბის წევრები და ჩემი გაკვირვება გამოვუთქვი, თუ რატომ არ არის აღსრულებული ის, რასაც წინა დღეს დამპირდნენ. გამართლებანი ისეთივე იყო, როგორც ყოველთვის. ადამიანები დაიღალნენ, არაფერი უჭამიათ, არ უძინიათ და სხვა. ვუბრძანე ახლავე ფეხზე აეყენებიათ ხალხი და უღელტეხილზე წაეყვანათ. მხოლოდ გამთენიისას დაიძრა გვარდია უღელტეხილისკენ, მაგრამ ის უკვე მოწინააღმდეგის მიერ აღმოჩნდა დაკავებული. მოწინააღმდეგემ უკვე წიფასკენ დაიწყო წინსვლა, როცა გენ. სუმბათაშვილის ჯარების ერთ-ერთმა ასეულმა თავისი ინიციატივით წიფასთან უახლოესი მთის თხემი დაიკავა და მოწინააღმდეგეც შეაჩერა (ეს გახლდათ მე-7 პოლკის მე-7 ასეული). და სწორედ რომ დროულად. გვარდიული ნაწილები ამ თხემზე ავიდნენ, თხემები და უკანა კალთებზე პატარ-პატარა მწვერვალები დაიკავეს, და გენ. სუმბათაშვილის ფრონტი ასეთნაირად გააგრძელეს. ამრიგად ჩემი რეზერვი ამოწურულ იქნა იმის შედეგად, რომ გვარდიამ სურამის უღელტეხილზე გაჩერება არ მოინდომა. უღელტეხილის უკან წართმევა უკვე შეუძლებელი გახლდათ, ვინაიდან გაბატონებული სიმაღლეებისთვის შუბლში უნდა შეგვეტია, თან კიდევ გვარდიის ძალებით. მოწინააღმდეგემ კი, ვრცელდებოდა რა დაპყრობილ თხემზე, უკვე დაიწყო გენ. მაზნიაშვილის ფლანგზე დაწოლა, რომელსაც ასევე ფრონტიდანაც უტევდა. ამ უკანასკნელს მე უკვე გავუგზავნე ბრძანება უკან დაეხია. საღამომდე ჯარები პოზიციებს ინარჩუნებდნენ; მე სიმწარესა და გულისტკივილს განვიცდიდი (мне было горько и обидно). გვარდიას ამჯერად ბრძოლის ველი არ მიუტოვებია და მედგრად იდგა. მას რომ ეს სიმედგრე და შეუპოვრობა გუშინ გამოეჩინა, ჩვენ შეგვეძლო უღელტეხილი შეგვენარჩუნებია და ჩვენი მდგომარეობაც თანდათანობით გაუმჯობესდებოდა.

მაზნიაშვილისა და გვარდიის უკანდახევის შემდეგ, გენ. სუმბათაშვილის დარჩენა უკვე უაზრო გახლდათ. მათ მომდევნო დღეს ფლანგში დაარტყამდნენ ის ჯარები, რომლებმაც გენ. მაზნიაშვილს გვირაბის წინ მის პოზიციებზე შემოუტიეს. სიბნელის დადგომის შემდეგ მე შემდეგ პოზიციაზე დასავლეთით 10 ვერსზე დავიხიე. ჩემი იმედი, რომ გამეგრძელებია ბრძოლა, დავემყარებოდი რა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას, დაიკარგა; სურამის უღელტეხილი გვარდიამ ბრძოლის გარეშე ჩააბარა.

ამასთან უკვე ჩვენი ზურგისთვის გაგრის მიმართულების მხრიდან მუქარის მდგომარეობა შეიქმნა. მოწინააღმდეგე ჩვენ გაგრის მიმართულებაზე გვავიწროვებდა. მამისონის უღელტეხილის მხრიდან საფრთხე ნაკლები გახლდათ, ვინაიდან მოწინააღმდეგე აქ ცოტა იყო. მამისონის მიმართულებაზე მოქმედებების შესახებ პირველი შეტყობინება, ზუსტად არ მახსოვს, ჯერ კიდევ თბილისში მივიღე თუ როცა თბილისიდან უკან ვიხევდით, შესაძლოა გორშიც. პირველი შეტყობინება ასეთი გახლდათ: „ადგილობრივმა ბანდებმა რომელიღაც სოფლები დაიკავეს“. ამას ჩვენ ქუთაისიდან გვატყობინებდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნავდი, ქუთაისში იყო ევაკუირებული ყველაფერი – დაწესებულებებიცა და მარაგებიც. შემდეგ უეცრად, სწორედ რომ უეცრად, ქუთაისიდან მივიღე შეტყობინება, რომ ჩვენი ჯარები ონს სამი მიმართულებით უტევენ: ონის გზატკეცილის გაყოლებით, ასევე ტყვიბულისა და საჩხერის გავლით გენ. მაქაშავიძის, გენ. ბაქრაძისა და კიდევ ერთი პირის უფროსობით, ახლა გვარი არ მახსოვს. ეს ცნობა, რომელმაც მე გამაოცა, მგონი მაშინ მივიღე, როცა ჩვენ გორში თუ ხაშურში ვიყავით. როგორი ძალისაა თითოეული რაზმი, ვინ გაგზავნა ისინი, როგორი ამოცანები აქვთ მათ, როგორია მოწინააღმდეგის ძალები, ვინ არის მოწინააღმდეგე, ყოველივე ეს ჩემთვის საიდუმლო გახლდათ. მე მაშინვე გავუგზავნე მათ ტელეგრამები მოთხოვნით რომ ჩემთვის მოხსენებები გამოეგზავნათ და მითითებებიც ჩემგან მიეღოთ. მთელი ეს ორგანიზაცია, მთელი ეს მოქმედებები ჩემთვის შეუტყობინებლად დაიწყეს. და აი, როცა იქ, ამ მიმართულებაზე, ვითარება არასასურველი შეიქნა, მთავარსარდლის შტაბს მაშინღა მომართეს. ეს მაშინ გახლდათ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ხაშურში ვიმყოფებოდით. ნ. ბ. რამიშვილმა გენ. ზაქარიაძე აპარატთან გამოიძახა; ეს უკანასკნელი დაბრუნდა და მომახსენა, რომ ქუთაისიდან მთხოვენ დავნიშნო ვინმე ქუთაისში სამხედრო ხელისუფლების გაერთიანებისა და მამისონის უღელტეხილზე გადმოსული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოქმედებათა ხელმძღვანელობისთვის.

მე უნდა ვაღიარო, რომ ამ უღელტეხილზე ზამთარში მოწინააღმდეგის გადმოსვლა თავისი სიმამაცისა და სიძნელის მიხედვით უგანსაკუთრებულესთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ, და ჯარები, რომლებმაც ეს აღასრულეს, ყოველგვარი ქების ღირსნი არიან. მე სულით აღვშფოთდი (В душе меня взорвало). ისევ რაღაცას გვიკეთებენ, მე არაფერს მატყობინებენ და როცა უკვე ცუდ დღეში ვარდებიან, მხოლოდ მაშინ მოდიან გონს და მომმართავენ. ჩემს ვაგონში ამ დროს ავადმყოფი გენ. ანდრონიკაშვილი იწვა, წინა დღეს მას 39 გრადუსზე მეტი სიცხე ჰქონდა; დღეს იგი უფრო უკეთ გახლდათ. „კარგით“ – ვუთხარი გენ. ზაქარიაძეს – „მე დავნიშნავ, მაგრამ მაინც უთხარით ნოე ბესარიონის ძეს, რომ მათთან ქუთაისში იმყოფება ორი გენერალი, რომლებსაც ისინი 3 წლის განმავლობაში ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო პოსტებზე ამყოფებენ; ერთ-ერთი მათგანი შეძლებდა ეს მოვალეობა თავისუფლად შეესრულებია“. გენ. ზაქარიაძე წავიდა და მე გენ. ანდრონიკაშვილს მივმართე: „რაო, სანდრო, შეძლებ გამგზავრებას? თავს როგორ გრძნობ? სხვა შესაფერისი ახლა მე ხელქვეით არა მყავს; მხოლოდ შენ შემიძლია მიგავლინო“. მან მიპასუხა, რომ რომ დღეს იგი უკეთაა, სულ 38 და თავსაც არაუშავს გრძნობს. „მაშ კარგი“ – ვუთხარი მას – „გაემგზავრე, დაამყარე იქ წესრიგი, გაერკვიე რაშია საქმე და შემატყობინე; და მიიღე ზომები, რომ ხელი არავინ შეგიშალოს; დამოუკიდებლად იმოქმედე და განსაკუთრებით თვითმარქვია სტრატეგებს განერიდე“. გენ. ზაქარიაძე დაბრუნდა. არ ვიცი, ზუსტად გადასცა თუ არა ის, რაც მას ვუთხარი. ყოველ შემთხვევაში მან ასეთი პასუხი მოიტანა: გენ. ოდიშელიძე ახლა ზუგდიდშია, გენ. გედევანიშვილი კი პლევრიტითაა ავად. უკანასკნელი უცნაური გახლდათ, ვინაიდან იგი ნოე ბესარიონის ძესთან ერთად აპარატთან იმყოფებოდა.

რამდენადაც მახსენდება, გენ. ზაქარიაძემ, როცა პასუხს გადმომცემდა, მითხრა, რომ ნოე ბესარიონის ძე ამბობს, რომ, საერთოდ, მათ ორივეს არ შეუძლიათ. მე აქ უნდა აღვნიშნო შემდეგი.

18-დან 19 თებერვლის ღამეს, როცა ბოლშევიკებმა თბილისს შემოუტიეს, ეს ორივე გენერალი მეტად უცნაურად მოიქცა. გენ. ა. გედევანიშვილმა ამ ღამეს პორტფელით ადგილი მატარებელში დაიკავა, რომელიც თბილისიდან მიდიოდა. ხოლო როცა დილით მას ჩვენი წარმატების შესახებ მოახსენეს, მაშინ ვაგონიდან ჩამოვიდა და თქვა: „ბედი კი სწყალობს ამ კვინიტაძეს“. გენერალი ოდიშელიძე კი ამ ღამეს მცხეთაში აღმოჩნდა. 19 თებერვლის დილას იგი ტელეფონით დამიკავშირდა და მთხოვდა მისთვის ავტომობილი გამეგზავნა. აღმოჩნდა მან საავტომობილო ასეულს მიმართა, მაგრამ უარი უთხრეს. მე მას დაუყოვნებლივ გავუგზანე ავტომობილი და იგი თბილისში დაბრუნდა.

„გადაეცით“ – ვუთხარი ზაქარიაძეს – „რომ გენ. ანდრონიკაშვილი ახლა მოემგზავრება“. მე ამ დრომდე ზუსტად არ ვიცი, თუ როგორი ძალებით გადმოვიდა მოწინააღმდეგე მამისონის უღელტეხილზე. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელო რაზმი იყო 200–300 ადამიანისგან. ვემხრობი იმ აზრს, რომ ის ნაწილობრივ ოსებით გაძლიერდა, რომლებიც იქვე მახლობლად ცხოვრობენ, ნაწილობრივ კი ადგილობრივი მაცხოვრებლებითაც. ადგილობრივი მოსახლეობის ასეთ მტრულ განწყობას მე მაშინ წავაწყდი, როცა უკვე სამტრედიაში ვიყავი. სამტრედიიდან ჩრდილოეთით ერთ-ერთ ჩვენს რაზმს, სახელდობრ კი ხომერიკის გურიის ბატალიონს, არა მარტო არამეგობრულად დახვდნენ, არამედ მუქარითაც. ის გარემოება, რომ გენ. მაქაშავიძე, რომელიც ონის გზატკეცილის გაყოლებით უტევდა, არაერთხელ აღმოჩნდა ფლანგიდან შემოვლილი, ხოლო ზოგჯერ კი მოწინააღმდეგე მის ზურგშიც ჩნდებოდა, ჩემს მიერ გამოთქმულ ვარაუდს ადასტურებს. მამისონის უღელტეხილის წინააღმდეგ მდგომარეობა იყო ასეთი. მოწინააღმდეგე ონის რაიონში გახლდათ; ჩვენი რაზმები მის წინააღმდეგ უღელტეხილებზე იდგნენ: ერთი დასავლეთით, ორი დანარჩენი სამხრეთიდან. მოწინააღმდეგე მეტად სუსტ აქტიურობას იჩენდა.

ამასობაში გაგრის მიმართულებაზე მდგომარეობა გაცილებით უარესი შეიქმნა. უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებაზე ჯარები ძალზედ მცირე სიმედგრეს იჩენდნენ (войска выказали очень мало стойкости). ამ რაზმს თავიდან გენ. მაჭავარიანი მეთაურობდა; იგი დაიჭრა და მე იქ გენ. ართმელაძე დავნიშნე. მაგრამ ომისთვის მოუმზადებლობამ აქაც თავისი საბედისწერო გავლენა იქონია. ნაწილები დროულად არ იყვნენ საომარი დროის შტატებამდე შევსებული. ჩვენი გამაგრებული პოზიცია, რომელსაც სულ მუდამ ამაგრებდნენ და რომელსაც მიუდგომლადაც კი მიიჩნევდნენ, სწრაფად იქნა აღებული; როგორც ყოველთვის, მას შემოუარეს. დამხმარე ძალები იქ ყოველთვის ბათუმიდან იგზავნებოდნენ, მაგრამ ეს ძალები არ იყვნენ სამხედრო ნაწილები, არამედ საკუთრივ სამარშო კოლონები გახლდნენ, რომლებიც ერთმანეთში შეთანხმებული და შეკრული სულაც არ იყვნენ. ვფიქრობ, რომ გაგრის ფრონტის გაძლიერებაზე 3000 ადამიანამდე იქნა გაგზავნილი. გაძლიერების ეს ძალები რამდენიმე ასეული ადამიანის შემადგენლობის დასტებად ჩადიოდნენ. როგორი ძნელიც არ უნდა ყოფილიყო გარემოებები, რომლებშიც ეს რაზმი იბრძოდა, მაინც უნდა ვაღიარო, რომ ეს რაზმი უკან განსაკუთრებით სწრაფად იხევდა. ერთხელ ერთ დღეში მან 50 ვერსით დაიხია და ამ გარემოებამ მომცა საბაბი ბათუმში გაგზავნილ ტელეგრამაში ასეთი გამოთქმა გამომეყენებია: „ართმელაძე გადმოხტა“ ("Артмеладзе отскочил"). გენ. ართმელაძემ სამტრედიაში ჩემთან შეხვედრისას პირდაპირ მომახსენა, რომ ადამიანებს უბრალოდ ბრძოლა არ უნდოდათ; მოწინააღმდეგის პირველივე მოახლოვებისას ისინი პოზიციებს ტოვებდნენ და მათი შეკავება არანაირი ძალებით არ შეიძლებოდა; რომ ეს უკანდახევები სულაც არ იყო გეგმის შესაბამისი, არამედ სრულიად შემთხვევითი, და ყველა შეჩერებაზე იგი მხოლოდ დიდი ძალისხმევით აიძულებდა მათ რომ პოზიციებზე წასულიყვნენ. მის წინააღმდეგ ერთი დივიზია და მატროსების პოლკი იქნა აღმოჩენილი.

ეს სწრაფი უკანდახევა იმ დროისთვის, როცა ჩვენ უკვე სურამის უღელტეხილის დასავლეთით ვიმყოფებოდით, დასავლეთ საქართველოს თავდაცვისთვის ძალზედ მუქარის შემცველ მდგომარეობას (очень угрожающее положение) ჰქმნიდა და, ბოლოს, შეიქმნა ვითარება, როცა მე იძულებული ვიყავი ჯარების რიონის მარცხენა ნაპირზე გადაყვანისა და მხოლოდ გურიისა და აჭარის ტერიტორიის თავდაცვის გაგრძელების შესახებღა მეფიქრა.

სურამის ურელტეხილის ჩაბარების შემდეგ გენ. მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის ჯარები და გვარდია ნელ-ნელა უკან იხევდნენ; ჩვენ მოწინააღმდეგეს დღე-ღამეში 5-დან 10 ვერსამდე ტერიტორიას ვუთმობდით. როცა დასავლეთ საქართველოსთვის უიმედო ვითარება შეიქმნა, მე ერთი საათით ქუთაისში მთავრობის თავმჯდომარესთან გავემგზავრე.

* * *

ჩემი გამგზავრების მომენტში მოხდა ინციდენტი. როგორც ზემოთ მივუთითებდი, ჩვენ არაფრით არ შეგვეძლო სარკინიგზო ევაკუაცია მოგვეხდინა; მატარებლები ყოველთვის თითქმის ჯარებთან ერთდროულად გადიოდნენ და ეს დიდი საცდური გახლდათ ჯარისკაცებისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ მატარებლებში ჩამსხდომთა შორის მთავარი ელემენტი იყვნენ გვარდიელები. ჩვენ ვღებულობდით ყველანაირ ზომებს, ძალით ჩამოვსხამდით, მე თვითონ პირადად ვაკეთებდი ამას. საერთოდ ჩვენ რაღაცას მაინც მივაღწიეთ ამ მიმართებით. ზურგის სადგურებში იდგნენ ჯარისკაცთა რაზმები ოფიცრებით, რომლებსაც მიმავალი მატარებლებისთვის თვალ-ყური უნდა ედევნებიათ. ერთ სადგურში ოფიცერი ამ ისტორიას ერთ-ერთ მატარებელს უტარებდა. მე იქვე ბაქანზე ვიმყოფებოდი და უეცრად ჩემს უკან შაშხანის ჩამკეტის ჩაკეტვის დამახასიათებელი ხმა მომესმა. შევბრუნდი და ასეთი სცენა ვიხილე. მატარებლიდან ჩამოყვანილ გაქცეულებს სადგურის ბაქანზე აწყობდნენ, და აი მოწყობილი მწკრივების წინ მე დავინახე ჯარისკაცი ოფიცრის წინააღმდეგ შემართული თოფით, ხოლო ეს უკანასკნელი კი რევოლვერს იღებდა. მე ჩავერიე და სცენა გავაჩერე, რომელიც ერთ-ერთი მათგანის სიკვდილით შეიძლებოდა დამთავრებულიყო. ვუბრძანე ახლავე მოეხდინათ მოკვლევა და დამნაშავე სასამართლოსთვის გადაეცათ. თუმცა კი ამით არ დამთავრებულა. იქვე მდგომი გვარდიის შტაბის წევრი ლადო ჯობლაძე ჩაერია, რომელმაც დაიწყო ლაპარაკი, რომ არ შეიძლება ჯარისკაცის ცემა და ყვირილი დაუწყო ოფიცერს. ირგვლივ ჯარისკაცები და ოფიცრები იდგნენ და ისმენდნენ. მე შევეცადე იგი მშვიდად გამეჩერებინა, მივუთითებდი რა, რომ სასამართლოში ყველაფერი გაირკვევა და თითოეული დამნაშავე ღირსეულ სასჯელს მიიღებს. მაგრამ მისი გაჩერება უკვე არაფრით აღარ შეიძლებოდა; იგი ოფიცრისკენაც კი მიიწევდა რათა მისთვის გაერტყა, და მე მომიხდა მისთვის გზა გადამეღობა. გონდაკარგული, იგი იმასაც ყვიროდა – „არ მოგცემთ ნებას, რომ ჩემს გვარდიელებს სცემოთ“. „ჩემი“? ამ ფრაზას შჩედრინისეული გუბერნატორის სუნი უკვე ძალიან უდიოდა. მე ვთხოვე მას არ ჩარეულიყო იმაში, რაც მისი საქმე არ გახლდათ, მაგრამ მისი დაწყნარება შეუძლებელი იყო, და მე მომიწია მისი მკვეთრი ტონიცა და მისი უხამსი ფრაზებიც მომესმინა. ირგვლივ ოფიცრები იდგნენ და მათი სახეების გამომეტყველებით ვხედავდი, რომ ძლივს იკავებენ თავს და ჩემს ერთ ნიშანს ელოდებიან, რათა მას მივარდნენ. მაგრამ, ომის მოწყობა საკუთარი განლაგების შიგნით ალბათ მიზანშეწონილი არ იქნებოდა. მე გადავწყვიტე იგი ჯარებისგან ჩამომეშორებინა, მაგრამ არა ჩემი ძალით, ვინაიდან იგი უეჭველად გვარდიაში პროვოკაციას მოაწყობდა. სწორედ რომ ქუთაისში მივემგზავრებოდი და გადავწყვიტე ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარისთვის მომეხსენებია. იქ გვიან ღამით ჩავედი. როცა მთავრობის თავმჯდომარის ვაგონში შევედი, იქ დამსწრეთა შორის ლადო ჯიბლაძეც შევნიშნე; როგორც ჩანს, იგი ჩემი ორთქლმავლით მგზავრობდა. მე მთავრობის თავმჯდომარეს საქმეებზე დაველაპარაკე, რომელსაც მოვახსენე ვითარება და აღვნიშნავდი, რომ მთავრობა და დაწესებულებები უნდა გაემგზავრონ და საერთოდ აუცილებელია ქუთაისის ევაკუაცია. მე კი მივიღებ ზომებს სამტრედიის დასაცავად, რის შემდეგაც გადავალ რიონის მარცხენა ნაპირზე ჩვენს მფლობელობაში დარჩენილი ტერიტორიის თავდაცვის გაგრძელების მიზნით. დავასრულე რა საუბარი ყველა დაწვრილებითი საკითხის განხილვით, მე ვთქვი, რომ ერთი-ერთზე მსურდა მასთან საუბარი. ყველანი გავიდნენ. მე მას ლადო ჯიბლაძის საქციელის შესახებ მოვახსენე და ვთხოვე იგი ჯარებიდან მოეშორებინა. რა თქმა უნდა, ამას დაჟინებით მოვითხოვდი და თითოეული გაიგებს, რომ ეს იყო უმცირესი, რაც შეიძლებოდა მთავარსარდალს მოეთხოვა. იგი დამპირდა რომ ამას გააკეთებდა; მე გავემგზავრე და გამთენიისას უკვე ჩვენი დასავლეთის ფრონტის ჯარებში ვიყავი. და როგორი იყო ჩემი გაოცება, როცა იმავე დღეს იქ ლადო ჯიბლაძე ვიხილე; იქვე იყო ვ. ჯუღელიც. მე ვკითხე უკანასკნელს, თუ რას ნიშნავს ეს და ვუთხარი, რომ თუ ლადო ჯიბლაძე ახლავე არ გაემგზავრება, მაშინ მე გავემგზავრები. მან დამშვიდება დამიწყო და მეუბნებოდა, რომ ჯიბლაძე დღეს გაემგზავრება. „მაშინ იგი რატომღა ჩამოვიდა“? – ვკითხე მე. „ჩვენ აქ ჩამოვედით“ – მიპასუხა ვ. ჯუღელმა – „და სხდომაზე მას სხვა სამუშაოს დავავალებთ“. საჭიროა კი კომენტარები? მკითხველისთვის ნათელია, თუ რაშია საქმე. ლადო ჯიბლაძის მოშორება არ შეიძლებოდა, იგი უნდა დაეყოლიებიათ გამგზავრებულიყო. აი როგორი გახლდათ წეს-ჩვეულებანი. იგი მართლაც გაემგზავრა; სულ მცირე, მე იგი მეტად აღარ მინახავს. 

მსგავსი ინციდენტი გენ. ანდრონიკაშვილსა და ალექსანდრე დგებუაძის შორისაც მოხდა. უკანასკნელი გენ. ანდრონიკაშვილის განკარგულებებში ჩაერია და ამ ნიადაგზე მათ შორის ხმაურიანი შელაპარაკება გამოვიდა. არ მოერიდა რა იქ დამსწრეებს, დგებუაძე ანდრონიკაშვილს დაპატიმრებით ემუქრებოდა და მას კონტრრევოლუციონერსა და მეფის გენერალს უწოდებდა. გენ. ანდრონიკაშვილმა ამის შესახებ წერილობით მომახსენა, როცა მე უკვე ბათუმში მივემგზავრებოდი. მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა მაიძულა ეს საქმე დავიწყებისთვის მიმეცა. მე ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარისთვის არ მომიხსენებია, ბათუმში ამისთვის აღარ გვეცალა.

შემდგომი უკანდახევის დროს გვარდია ზურგში გადავიყვანე და გვარდიის შტაბს ვთხოვე ამ საერთო ფაფიდან რამდენიმე ბატალიონი ჩამოყალიბებიათ. უკვე დაწყებული გორიდან მე, როცა გვარდიას ვაძლევდი განკარგულებებს, მივუთითებდი რამდენი ხიშტი გამოეგზავნათ; ბატალიონების რიცხვის განსაზღვრით დაკმაყოფილება უკვე აღარ შეიძლებოდა. გვარდიაში იყო 60–70-კაციანი ბატალიონები, ასევე 200-, 180-, 250- და 350-კაციანიც და ა. შ. მახსოვს სამტრედიაში იყო გურიის ბატალიონი ხომერიკის მეთაურობით; მან მომახსენა, რომ მას დაახლოებით 600კაცი ჰყავს. ეს ბატალიონი უნდა გასულიყო, მე მას ვუბრძანე ხალხი გამოეყვანა და მოეწყო, რათა დანიშნულების მიხედვით წაეყვანა. იგი მოვიდა და მომახსენა, რომ მზად არის გასასვლელად; აღმოჩნდა, რომ მას სულ 300 კაცი ჰყავდა. „სად არიან დანარჩენები“ – ვკითხე მას – „ორი საათის წინ ხომ მომახსენებდით, რომ თქვენ დაახლოებით 600 ადამიანი გყავთ“. „დანარჩენები დაიშალნენ“ – გაწბილებით მომახსენა მან.

საჭირო იყო სამტრედია ჩვენს ხელში შეგვენარუნებია, რათა ჯარებს შესაძლებლობა ჰქონოდათ რიონის მარცხენა ნაპირზე გადასულიყვნენ. ამასობაში მოწინააღმდეგე უკვე ძლიერად აწვებოდა ართმელაძეს და სამტრედიის სადგურს ემუქრებოდა, რომლის აღებასთან ერთადაც ჩვენი ჯარები მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე გადასასვლელებისგან მოყვეტილი იქნებოდნენ. აუცილებელი იყო ართმელაძე გამეძლიერებია და რიონის მარცხენა ნაპირზე ჯარების გადაყვანას შევდგომოდი. აქ საჯავახოსთან მიმდინარეობდა პოზიციის გამაგრება. ჯერ კიდევ ხაშურში ყოფნისას მე იქ გენერალური შტაბის ოფიცრები გავგზავნე, მათ რიცხვში გენ. ჯიჯიხიაც, და სამხედრო ინჟინრებიც, ჩემს მიერ მითითებული ხაზის გამაგრების მიზნით. პოზიცია მარცხენა ფლანგით მდ. რიონს ებჯინებოდა, ხოლო მისი მარჯვენა ფლანგი კი მთებში მთავრდებოდა; ფრონტით იგი დასავლეთისკენ გახლდათ. რიონი ფონით უკვე გაუვალი იყო და წყალი ყოველ დღე ემატებოდა. რიონის გაუვალობის წყალობით ამ პოზიციითაც შეგვეძლო ჩვენ შემდგომი წინააღმდეგობის ორგანიზაცია მოგვეხდინა. რიონის მარცხენა ნაპირზე ჯარების გადასვლის შესასრულებლად სურამის უღელტეხილის მიმართულებაზე მხოლოდ გვარდია დავტოვე. გენ. მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის ნაწილები ჩვენი უკანასკნელი საყრდენის, ბათუმისთვის იყვნენ განკუთვნილი.

* * *

ბათუმი – იმ დროისთვის მეტად სოლიდური ციხესიმაგრე (крепость) გახლდათ, და მისი თავდაცვა იმით მსუბუქდებოდა, რომ მისი საზღვაო შეტყობინებები ჩვენს ხელში იყო, რისი ძალითაც ჩვენ შეგვეძლო ბრძოლის გაგრძელებისთვის აუცილებელი საშუალებები დაუბრკოლებლად მიგვეღო. შანსები ამ ციხესიმაგრის თავდაცვისთვის შეუდარებლად უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე თბილისის თავდაცვის პირობები, როგორც სიმაგრეებისა (укрепления) და არტილერიის აზრით, ისე ციხესიმაგრის სიმაგრეთა გარშემოწერილობისადმი ჯარების რიცხვის შესაბამისობის აზრითაც. მყარად შევინარჩუნებდით რა ბათუმს, ჩვენ გვექნებოდა მთელს ჩვენს ტერიტორიაზე აჯანყების კერების ორგანიზებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა, და ხელსაყრელ გარემოებებში, მოვახდენდით რა ორგანიზებას, შეტევით ოპერაციებზე გადასვლის შესაძლებლობაც. ის გარემოება, რომ სვანეთი კიდევ დიდხანს იდგა მტრის წინააღმდეგ, აგრეთვე ისიც, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვები ამ დრომდეც განაგრძობენ ბრძოლას, ადასტურებს ამ შეხედულებას. ბათუმის დაცვა კი შესაძლებლობას მისცემდა ჩვენს ხალხს პარტიზანულ ომზე გადასულიყო; ჩვენი ტერიტორიის პირობები მეტად ხელსაყრელია ომის ამ ხერხისათვის. მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე ბრძოლის გაგრძელების ამ ხერხით ჩვენ შევქმნიდით ჩვენი მტრისთვის აუტანელ მდგომარეობას, თუ მხედველობაში მივიღებთ შეტყობინებისა და ტრანსპორტის საშუალებათა მთელ სიძნელეებს, როგორშიც იგი იმყოფებოდა. უეჭველია რომ საგარეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც ეს წინააღმდეგობა ჩვენთვის მეტად კეთილსასურველი მონაცემი იქნებოდა.

გენ. ართმელაძის სწრაფმა უკანდახევამ წამახალისა რომ იგი გამეძლიერებინა. იგი უკვე ხეთასთან იყო. მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის ჯარები მატარებლებით იქნენ გაგზავნილი სამტრედიაში და უფრო შორსაც ართმელაძის რაზმის გასაძლიერებლად. 

სამტრედიაში* (*მდინარე რიონზე, ქუთაისსა და ფოთს შორის) მე ისევ სარკინიგზო ქაოსი ვიხილე. აქ მიხდებოდა არაერთხელ ჩავრეულიყავი და მატარებლების გამგზავრებისთვის თვალყური მედევნებია. აღვნიშნავ ერთ შემთხვევას. გამგზავრებისთვის ემზადებოდა ერთი ეშელონი გენ. ართმელაძის ჯარების გასაძლიერებლად. მე ამ ეშელონის გასვლას ვაჩქარებდი. როცა ის გავიდა, აღმოჩნდა, რომ ვაგონების ნაწილი, რომლებშიც რამდენიმე ასეული ადამიანი ისხდა, ჩახსნილი იყო. როცა სადგურს ჩამოვუარე, მე ეს ჯარუსკაცები დავინახე და ასეთნაირად შემთხვევით გავარკვიე, რომ მათი ვაგონები ჩახსნეს. ევაკუაციის ქაოსის კიდევ ერთ შემთხვევას მივუთითებ. ჯერ კიდევ თბილისიდან იყო გამოგზავნილი რამდენიმე ვაგონი საბრძოლო მასალებით. ისინი ან ქუთაისში უნდა ჩასულიყვნენ, ან სამტრედიაში, სადაც ჩვენი მარაგის სამსახური უნდა გაეწიათ. გენ. ყაზბეგმა მომახსენა, რომ მას ამ ვაგონების მოძებნა არ შეუძლია, თუმცა კი მათი ნომრები მისთვის ცნობილი გახლდათ. გამოძიების შედეგად, რამდენიმე დღის შემდეგ, ისინი ფოთში ჩიხში შეყვანილები ვიპოვნეთ.

გენ. ართმელაძეს შევატყობინე, რომ მის გასაძლიერებლად რკინიგზით მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის ჯარებია გაგზავნილი. მაგრამ გენ. ართმელაძე მათ არ დაელოდა და შეტევაზე მარტო გადავიდა. შეტევა, რომელშიც 1000 ადამიანზე ცოტათი მეტი მონაწილეობდა, ვერ გამოვიდა და მისი რაზმი გაიფანტა. ეს შეცდომა გახლდათ. იგი შემდეგ სამტრედიაში მხოლობით რიცხვში (მარტო) გამოცხადდა.

მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის ჯარები ზუგდიდში ჩამოსხდნენ და მითითებული პოზიციები დაიკავეს. ზემდგომ უფროსად გენ. მაზნიაშვილი იქნა დანიშნული. რაც ჩვენს აღმოსავლეთის ფრონტს შეეხება, აქ შემდეგი შინაარსის განკარგულებები იქნა გაცემული.

ქუთაისის საბოლოო ევაკუაციის შემდეგ გვარდიას სურამის მიმართულებიდან სამტრედიისკენ უნდა დაეხია, ხოლო გენ. ანდრონიკაშვილს კი თავისი ჯარებისგან არიერგარდი უნდა შეედგინა. ცხენოსან ჯარს ჩემგან ნაბრძანები ჰქონდა რიონის მარცხენა ნაპირზე ორი გზით დაეხია, თან შეინარჩუნებდა რა მოწინააღმდეგესთან შეხებასაც.

გენ. ანდრონიკაშვილთან იყო სამი რაზმი: 1) ონის გზატკეცილზე, 2) ტყვიბულისა და 3) საჩხერის მიმართულებებზე. მე-2 და მე-3 რაზმებს სიბნელის დადგომის შემდეგ უნდა დაეხიათ, ვაგონებში ჩამსხდარიყვნენ და რკინიგზის მთავარ ხაზზე გამოსულიყვნენ, სადაც მათ არიერგარდი უნდა შეედგინათ. ასეთივე ბრძანება უნდა გადაეცათ 1-ლი რაზმის უფროსის გენ. მიქაშავიძისთვისაც. არ ვიცი, მიიღო თუ არა მან ეს ბრძანება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგი მოწყვეტილი და პირადად ტყვედ აყვანილიც იქნა. ქუთაისიდან გენ. ანდრონიკაშვილმა თავისი მატარებელი ქალაქში შემოსული მოწინააღმდეგის გასროლების ქვეშ დაძრა. მომდევნო დილას ჩვენი ჯავშნოსანი მატარებელი ალფონს გოგუაძის უფროსობით ქუთაისის სადგურში შევარდა, იქ მყოფი მოწინააღმდეგე გაფანტა, რამდენიმე ადამიანი ტყვედ აიყვანა, ვერგამოტანილი ქონებით დატვირთული რამდენიმე ვაგონი ჯავშნოსან მატარებელს ჩაუბა და რიონის სადგურში დაბრუნდა. ეს მამაცური თავდასხმა ჩვენი ჯავშნოსანი მატარებლების მოქმედებათა სამკაულად უნდა ჩაითვალოს.

ამასობაში გენ. მაზნიაშვილი მოწინააღმდეგის ზეწოლის ქვეშ ნელ-ნელა უკან იხევდა. მისი მარჯვენა ფლანგის მოწინააღმდეგის მხრიდან უზრუნველყოფისთვის, რომელიც ქუთაისს დაეუფლა, მე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთი ასეული გავგზავნე სამტრედიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით და გურიის ბატალიონის ასეული იმავე სამტრედიიდან ჩრდილო-დასავლეთით. ეს ასეული დანიშნულ სოფელში მივიდა და მისმა უფროსმა ტელეფონით გადმომცა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას თავი მის მიმართ ძალზედ მუქარის განწყობით უჭირავს (держит себя очень угрожающе), თავიდან მისი შეშვება არ უნდოდათ, ხოლო შემდეგ კი მოითხოვენ, რომ მან სოფელი დატოვოს, და რომ იგი შეშფოთებულია დანარჩენი ძალებისგან მოჭრილი არ აღმოჩნდეს. მე მას ვუბრძანე მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი დელეგატები დააპატიმროს და მოსახლეობას გამოუცხადოს, რომ მცხოვრებთა უმცირესი მტრობის შემთხვევაში დელეგატები დახვრეტილი იქნებიან. მიღებული ზომა ქმედითი აღმოჩნდა. ერთი საათის შემდეგ მან შემატყობინა, რომ დაპატიმრებამ იმოქმედა. მე მას მაშინვე ვაცნობე, რომ დამხმარე ძალები გავუგზავნე.

* * *

ჩვენი ევაკუაციის უკანასკნელი დღე ჩემთვის უსიამოვნო გახლდათ. მაზნიაშვილი ახალ-სენაკიდან უკან იხევდა და სამტრედიიდან სულ 20 ვერსზე იყო. ანდრონიკაშვილის ჯარებს ჯერ არ გაევლოთ. მატარებლები ციებ-ცხელებიანივით იგზავნებოდა. და აი, ამ დროს სამრედიის სადგურიდან რიონის სადგურის მხარეს გასასვლელში ორი ვაგონი მანევრირების დროს რელსებიდან გადავიდა. აღმოსავლეთიდან მომავალი ჯარებისა და ეშელონებისთვის გზა დაკეტილი აღმოჩნდა. მაგრამ, თავი გაართვეს, ეს ვაგონები ისევ რელსებზე დააყენეს.

სადგურ სამტრედიაში გატარებულ ერთ-ერთ ღამეს ვიხსენებ შემდეგ ეპიზოდს. ღამით გზები ჩამოვიარე და რომელიღაც ეშელონი შევნიშნე, ეს გენ. ანდრონიკაშვილის ერთ-ერთი ეშელონი გახლდათ. ორთქლმავალი ჩახსნილი იყო. მე ყველგან ვეძებდი და ვკრებდი ჯარებს, აქ კი ეშელონი გზაზე დგას და ეს ჩემთვის უცნობია.

ამავე დროის მანძილზე ერთი დამახასიათებელი შემთხვევაც მახსენდება. მომახსენეს, რომ ახალ-სენაკიდან ტელეგრაფის აპარატთან გენერალ-გუბერნატორი მთხოვს მისვლას. მომხსენებელი ქალაქის სადგურიდან მოვიდა და ამბობდა, რომ გენერალ-გუბერნატორი მთხოვს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმის გამო. მე წავედი. გენერალ-გუბერნატორმა მალახიამ გადმომცა, რომ ხეთადან გადმოსცეს გენ. ართმელაძის ტელეგრამა ჩემს სახელზე და რომ ეს ტელეგრამა, კავშირგაბმულობის გაწყვეტის გამო, უეცრად გაჩერებულ იქნა; მან მაშინვე გადმომცა ტელეგრამის დასაწყისი. ტელეგრამის დასაწყისის მიხედვით არ შეიძლებოდა იმის მიხვედრა, თუ რა ხდება. გენერალ-გუბერნატორს ვთხოვე გაერკვია, თუ რატომ გაწყდა კავშირი. მან მზადყოფნა გამოხატა და მთხოვა ნებართვა, რომ აპარატთან ისევ გამოვეძახე, რაზედაც მე შევეკამათე, რომ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ვთხოვ, რომ მან საუბარში თავი აარიდოს ისეთ გამოთქმებს, რომელიც განგაშს სთესავენ ტელეგრაფის პერსონალს შორის და შეუძლიათ მათში პანიკა გამოიწვიონ. ამ ეპოზოდში დამახასიათებელია ჩემთვის მოულოდნელად გენერალ-გუბერნატორის თანამდებობის გამოჩენა. შემდეგ გავიგე, რომ ქალაქების თვითმმართველობათა ყველა თავმჯდომარე გენერალ-გუბერნატორად იქნა გადაქცეული. ზომა, შესაძლოა, სასარგებლოცაა, მაგრამ მთავარსარდალი ამის შესახებ გაცნობიერებული უნდა ყოფილიყო.

მგზავრობის დროს ჩემმა მატარებელმა ავარია განიცადა. ღამით ჩემი მატარებელი საჯავახოსკენ დავძარი. მას კვალში ევაკუირებულთა ეშელონი მოსდევდა. ჩემი მატარებელი შედგებოდა შტაბის ვაგონებისა და კიდევ რამდენიმე ვაგონისგან სამხედრო სკოლის ასეულის, საბრძოლო მასალებისა და სურსათისათვის. გზაში ყოფნის დროს, რიონზე გადასასვლელი ხიდის მახლობლად ორთქლმავალს რაღაც მოუვიდა და მატარებელიც გაჩერდა. უკნიდან მომავალი მატარებელი ჩემს მატარებელს დაეჯახა, რომლის რამდენიმე ვაგონიც რელსებიდან გადავარდა. გადარჩენილ ვაგონებს ავარიაში მოყოლილები ჩამოხსნეს და ჩვენ მოძრაობა გავაგრძელეთ. გზა გაწმინდეს და დარჩენილი მატარებლები, რომელთა რიცხვში ჯავშნოსანი მატარებლებიც იყვნენ, ღამის განმავლობაში რიონის მარცხენა ნაპირზე გადმოვიდნენ; ჯარების გადმოსვლის შემდეგ ხიდი აფეთქებულ იქნა.

მეორე დღეს დილიდან ჯარებმა არჩეულ პოზიციაზე დაიწყეს განლაგება. აქ გამოირკვა, რომ ჩვენი ცხენოსანი ჯარი უკვე მოუახლოვდა პოზიციას. პოწინააღმდეგე რიონის მარცხენა ნაპირზე არ ყოფილა, და ცხენოსანმა ჯარმა ქვეითი ჯარის პოზიციაზე ზედმეტად დაჩქარებით დაიხია. მე იგი ისევ წინ გავწიე და მის ნაწილებს ხიდის ზემოთ რიონზე მეთვალყურეობა დავავალე, ხოლო ქვემოთ კი დინების გაყოლებით იმავე მიზნით იქნა დაყენებული ქაქუცა ჩოლოყაშვილის ასეულიც. ქალაქი ფოთი ჩემს მიერ ძალების ნაწილით იქნა დაკავებული და იქ ზემდგომ უფროსად დაინიშნა გენ. ფურცელაძე. როგორც ცნობილია, ადგილმდებარეობა ფოთთან ძალზედ ხელსაყრელია თავდაცვისთვის ფრონტით ჩრდილოეთისკენ. აქ პოზიციას ხმელეთის ვიწრო ზოლი შეადგენს; მარცხნივ ზღვაა, მარჯვნიდან კი რიონის ჭაობებითაა უზრუნველყოფილი; ეს პოზიციაც ასევე წინასწარ იქნა მოყვანილი თავდაცვით მდგომარეობაში. ამ პოზიციის თავდავცა უნდა მოგვეხდინა მდ. რიონის იქითა მხარეზე, ესე იგი მის მარჯვენა ნაპირზე. 

საჯავახოს პოზიციაზე ჯარები ისე განლაგდნენ, რომ რეზერვი ჰყავდათ მარჯვენა ფლანგზე, ცოტათი უკან. მარცხენა ფლანგი ებჯინებოდა მდინარეს, რომელიც ფონში გაუვალი გახლდათ, და მისთვის შეიძლებოდა მხოლოდ საარტილერიო ცეცხლი დაეშინათ. უკანასკნელის წინააღმდეგ სამოქმედოდ სპეციალური ბატარეები იქნა დაყენებული ფრონტით ჩრდილოეთისკენ. ჩვენი ბატარეების მდებარეობა მომგებიანი იყო მოწინააღმდეგის არტილერიის მდებარეობასთან შედარებით, ვინაიდან ჩვენი არტილერია მოფარებულად იდგა და სიმაღლეებზე სადამკვირვებლო პუნქტები ჰქონდა, საიდანაც საპირისპირო ნაპირის ადგილმდებარეობა რამდენიმე ვერსზე ხელისგულივით ჩანდა; რიონის მიმდებარე ადგილი თანაბარი და გაშლილი გახლდათ, რაც მოწინააღმდეგეს ჩვენს შეფარებულ არტილერიასთან ბრძოლას უძნელებდა. ჩვენი გამაგრებული პოზიციის წინ ცხენოსანი ჯარი იდგა. მოწინააღმდეგე ამასობაში რიონის მარჯვენა ნაპირის გამოყოლებით სულ ჩვენ მოგყვებოდა და, რათა ჩვენი საჯავახოს პოზიციითვის შემოეტია, რიონის აქეთა ნაპირზე გადმოსვლა სადღაც სადგურ რიონის რაიონში უნდა მოეხდინა, ე. ი. თავიდან უკან გაბრუნებულიყო. ეს ჩვენ დროის მოგებას, და აქედან გამომდინარე, დარჩენილი ძალებისა და საშუალებათა საბრძოლველად საჯავახოს პოზიციაზე და ფოთთან თავმოყრის შესაძლებლობასაც გვაძლევდა. ამ პოზიციიდან უკანდახევის ორი გზა გახლდათ: 1) ერთი ოზურგეთის გავლით და 2) მეორეც რკინიგზის გაყოლებით. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართებით უკანდახევის ეს გზები სასურველ მოთხოვნებს პასუხობდა, მაგრამ, გვყავდა რა რეზერვი მარჯვენა ფლანგის უკან, ჩვენ ამ არასასურველობის პარალიზებას მოვახდენდით.

ჩვენ რიონის მარცხენა ნაპირზე, თუ მეხსიერება არ მღალატობს,12 მარტს გადავედით. 12 მარტს მოწინააღმდეგემ სადგურს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა; მაგრამ ეს ცეცხლი ძალიან მოკლე ხანს გრძელდებოდა, მხოლოდ რამდენიმე ჭურვი იქნა ნატყორცნი; ცეცხლი ძალიან შორი მანძილიდან წარმოებდა და სრულებით უშედეგო გახლდათ. ამასობაში გენ. ართმელაძე სადგურ ლანჩხუთში მივავლინე, სადაც მას ხალხი უნდა შეეკრიბა და თავისი დივიზიის ბატალიონები ჩამოეყალიბებია.


თ ა ვ ი XXV 


ბათუმში ყოფნა 

12 მარტს ბათუმში გავემგზავრე. ბრძოლის გაგრძელებისთვის დარჩენილი ძალები და საშუალებანი უნდა გამერკვია, აგრეთვე ბათუმის ციხესიმაგრე, ჩვენი უკანასკნელი საყრდენი, თავდაცვისთვის მომემზადებია. ლანჩხუთში გენ. ართმელაძე გამოვიძახე და ვუბრძანე მას ჩამოყალიბებისთვის ნატანებში გადასულიყო, სადაც ოზურგეთის სათადარიგო პოლკის ხალხის მიყვანა უფრო ადვილი იქნებოდა.

ბათუმში 13 მარტს სადილის შემდეგ ჩამოვედი; გზაში 21 საათი დავყავი; ეს იმაზე მოწმობს, თუ რამდენად იყო გზა გაჭედილი, თუ მთავარსარდალმა გზის ამ შუალედის გავლა ასეთი დიდი დროის განმავლობაშიღა შეძლო; ამ გადასვლაზე ნორმალური მატარებლისთვის 4 საათი დრო საკმარისია. იმან, რაც ბათუმში ვნახე, ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

სარკინიგზო სამყაროში ქაოსი გახლდათ. გზების უფროსის იქ ყოფნამ, რომელიც ბათუმში უფრო მოხერხებული მართვის მიზნით გაემგზავრა, საქმეს ვერ უშველა. არანაირი განაწილება, ევაკუირებული მატარებლებისა და ტვირთების არანაირი დახარისხება არ კეთდებოდა. მატარებლები, მათი მოსვლის და მიხედვით, მთელი შემადგენლობებით ჩიხებში და სათადარიგო ხაზებზე შეჰყავდათ. ეშელონები ჯარისკაცებით, ახალგაზრდებითა და სათადარიგოებით, ზურგის დაწესებულებებით, საბრძოლო მასალებითა და მარაგებით, სამხედრო ტვირთებითა და სურსათით სხვა უწყებებისა და სამინისტროების ტვირთებთან, წითელი ჯვრისა და ქალაქების კავშირის ტვირთებთან, აგრეთვე კერძო ტვირთებთან იყო შერეული. ასეთი ქაოსის ძალით არათუ ვაგონების ამ ზღვიდან ამა თუ იმ მატარებლებისა და ვაგონების გამოყვანა, არამედ მათი მოძებნაც კი არ შეიძლებოდა. რკინიგზის უწყებამ წინდახედულება ვერ გამოიჩინა. როცა ბათუმიდან საზღვარგარეთ საევაკუაციო ქონების გატანის ორგანიზება გახდა საჭირო, მაშინ დაუთვალავი სიძნელეები წარმოიქმნა. იმ ქონებით დატვირთული ვაგონების გამოყვანა, რომლებიც გატანას ექვემდებარებოდნენ, და გემებში ჩასატვირთად ნავმისადგომთან მიყვანა, შეუძლებელი გახლდათ. მე თვითონ ვნახე, რომ საავიაციო ქონება ნავმისადგომთან ხელითაც კი მიჰქონდათ. საზღვაო უწყებაშიც ხარვეზები აღმოჩნდა. საომარი მოქმედებების დროს ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სათავეში ფლოტის სარდალი 1-ლი რანგის კაპიტანი თაყაიშვილი იქნა დაყენებული. მას სატრანსპორტო ცურვის რამდენიმე გემი დაექვემდებარა. მთელი პორტების უფროსი, სამოქალაქო უწყებისა, ამას შეეწინააღმდეგა და ტელეგრამით მთხოვდა ეს ჩემი განკარგულება გამეუქმებინა. მე უარი ვუთხარი. და აი ბათუმში, ფლოტის სარდალმა თაყაიშვილმა მომახსენა, რომ მას გემებს ართმევენ და მხოლოდ გამანადგურებლებს „მარიასა“ და „ვესტას“ უტოვებენ. პორტების უფროსმა, როცა მას პასუხი მოვთხოვე, განმიცხადა, რომ ამაზე არის სამთავრობო დადგენილება და მე ასეთის ასლი მიჩვენა. მართლაც, ასეთი რამ მისი მოხსენების მიხედვით 12 თუ 13 მარტს შედგა. მთავრობამ საჭიროდ არ ჩათვალა მთავარსარდლის მიერ გამოცემულ ბრძანებაზე თუნდაც მთავარსარდლის აზრი ეკითხა და ჩემი ბრძანება გააუქმა. შედეგები სატირალი აღმოჩნდა. ფლოტის სარდალმა თაყაიშვილმა მისდამი დაქვემდებარებული გემების რაზმების პერსონალს წინდახედულად შესთავაზა, რომ ვისაც ევაკუირება არ სურდათ, ნაპირზე ჩამოწერილიყვნენ და ისინი სხვებით შეცვალა. ამის შედეგად მისდამი დაქვემდებარებულ გემებს შეეძლოთ ბათუმიდან გაეცურათ. დანარჩენმა სახელმწიფო გემებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს, ვინაიდან საჭირო მომენტში რაზმებმა მუშაობაზე უარი განაცხადეს. ეს გემები თაყაიშვილის გამგებლობიდან რომ არ ამოეღოთ, უეჭველია, იგი თავის ზემოაღნიშნულ ღონისძიებას ამ გემებზეც გაავრცელებდა, და მაშინ ბათუმიდან ეს გემებიც გაცურავდნენ.

სამხედრო უწყებაშიც არანაკლები ქაოსი გახლდათ. როგორც ცნობილია იანვრის მეორე ნახევარში მოვიდა გაწვევა (ახალგაზრდები). მთავარსარდლად ჩემი დანიშვნის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ახალგაზრდები ზურგში, დასავლეთ საქართველოში იყვნენ გაგზავნილი სწავლების გაგრძელებისთვის, ვინაიდან აღმოსავლეთ საქართველო საომარ მოქმედებათა თეატრად გადაიქცეოდა. შემდეგ, შემდგომი ევაკუაციის დროს ისინი ბათუმში იქნენ გადაყვანილი. იქვე შეიკრიბნენ სათადარიგონი და ჩემი ჩამოსვლისთვის იქვე აღმოჩნდნენ ევაკუირებული არტილერია და საინჟინრო ნაწილები, ასევე ავიაცია, ავტომობილები.

ჩამოვედი რა ბათუმში, იმავე დღეს ვკითხე ციხესიმაგრის კომენდანტს, რამდენი და რა ნაწილებია ბათუმში. მან სრული უცოდინრობით მიპასუხა. რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა უფროსები იყვნენ დამნაშავენი, რომლებსაც თავიანთი ჩამოსული ნაწილების შესახებ კომენდანტისთვის უნდა მოეხსენებიათ. მაგრამ თუ უკანასკნელნი ამას არ აკეთებდნენ, კომენდანტს თვითონ უნდა მოეკიდა ამისთვის ხელი და მიეღწია, რათა სცოდნოდა, თუ მასთან ბათუმში რა შეიკრიბა. ამაში ასევე სამხედრო მინისტრის თანაშემწეც იყო დამნაშავე.

აქ ბათუმის მოვლენების აღწერას რამდენადმე უნდა დავშორდე. მთავარსარდლის შესახებ დებულების თანახმად, ასეთი მხოლოდ მოქმედი ჯარების უფროსი გახლდათ. მარაგების მომზადების მთელი რთული სამუშაო სამხედრო სამინისტროს ხელში იყო, რომელიც მთავარსარდალს არ ექვემდებარებოდა, ასე ვთქვათ, ღრმა ზურგი მისდამი დაქვემდებარებული არ ყოფილა. სამხედრო სამინისტროსა და მთავარსარდალს შორის ურთიერთობები არ იყო მოხაზული. მაგალითად, თანამდებობაზე დანიშვნის საკითხში მთავარსარდალი ასეთს მხოლოდ სამხედრო სამინისტროსთან შეთანხმებით აკეთებდა, რომელსაც საკითხის ასეთნაირად დაყენების წყალობით შეეძლო მთავარსარდლის მიერ წარდგენილი კანდიდატები უარეყო, თუმცა კი უკანასკნელი თავის დაქვემდებარებაში მყოფებზე ერთადერთი პასუხისმგებელი გახლდათ. ურთიერთობათა ასეთი გაურკვევლობის შედეგად, სამხედრო მინისტრი და მისი თანაშემწეები ან მიმდინარე ამბების უბრალო მოწმენი იყვნენ, ან კიდევ, თუ მოქმედებას დაიწყებდნენ, შეიძლებოდა მთავარსარდლის განკარგულებებს განშორებოდნენ. მთავარსარდალს, რომელიც საომარი მოქმედებებით იყო დაკავებული, რა თქმა უნდა, არ შეეძლო დაწვრილებით მოეხდინა იმის რეგისტრირება, რაც ბათუმში ხდებოდა; მართალია, ეს კომენდანტის უშუალო საქმე გახლდათ, მაგრამ იმ საგანგებო ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, სამხედრო მინისტრის თანაშემწეს შეეძლო თავისი ინერტულობიდან გამოსულიყო. იგი უნდა გამოსულიყო იქიდან, თუ სურდა ამა თუ იმ ხერხით საერთო საქმეს დახმარებოდა. მას ყველა ზომა უნდა მიეღო იმ რესურსების გაზრდისათვის, რომელთაგანაც მთავარსარდალი ამოხაპავდა ძალებს მტერთან საბრძოლველად. იმყოფებოდა რა ბათუმში, იგი უნდა ჩაფლულიყო იმაში, რაც ბათუმში ხდებოდა, და კომენდანტი მისი პირდაპირი საქმიანობისკენ მიემართა. ასე თუ ისე ბათუმის კომენდანტმა არ იცოდა, როგორ საშუალებებს ფლობს ბათუმი ცოცხალი ძალის აზრით. მე მას ვუბრძანე მომდევნო დღის 12 საათისათვის ჩემთვის ეს ცნობები მოეწოდებია. ეს ცნობები ჩემთვის მოწოდებულ იქნა, და მე მაშინვე ვუბრძანე ასეულების, ბატალიონებისა და არტილერიის ჩამოყალიბებას შესდგომოდნენ.

მთავრობაში დაბნეულობა იყო გამეფებული. მხოლოდ აქ, მთავრობის თავმჯდომარესთან შევიტყე, რომ თურქებს ართვინის ოკრუგი და არტაანი დაუთმეს მათი ნეიტრალიტეტის საზღაურად. მე ხაზი უნდა გავუსვა, მთავარსარდალი სრულებით არ იყო თურქებთან მიმდინარე მოლაპარაკებების კურსში. სამხედრო, თუნდ მთავარსარდალიც კი, მმართველთა აზრით ზედმეტი გახლდათ პოლიტიკური ხასიათის საკითხების განხილვისას. ამიტომ თურქების გამოჩენა ჩვენს საზღვრებში და განსაკუთრებით ბათუმში, მისთვის სრულ მოულოდნელობად იქცა. როცა ბათუმში ჩამოვედი, მინდოდა ეს ციხესიმაგრე თავდაცვისთვის მომემზადებია; ეს ჩვენი უკანასკნელი საყრდენი იყო და, რადგანაც საზღვაო შეტყობინებები სრულიად თავისუფალი გვქონდა, ჩვენ შეგვეძლო რესურსების გარედან ამოხაპვით (მოზიდვით) თავდაცვა გაგვეგრძელებია. მაგრამ, თურქული ჯარების ბათუმში ყოფნა, ბოლშევიკების ამ გამოუცხადებელი, თუმცა კი უეჭველი მოკავშირეებისა, ამ შესაძლებლობას არ უშვებდა. მთავარსარდალი რომ ამ მოლაპარაკებებში თავის დროზე ყოფილიყო გაცნობიერებული, მაშინ შეიძლებოდა თურქების აჭარის წყალთან ან ჭოროხის ხიდზე გაჩერება როგორც ისინი გაჩერებულ იქნენ მათი მცდელობისას რომ ფორტები დაეკავებიათ, რის შესახებაც ქვემოთ ვიტყვი. ამასობაში თურქები უკვე ბათუმის ოლქში შემოვიდნენ და შემოვიდნენ ახალციხეშიც. ასევე შემოვიდნენ ისინი ბათუმში ჩემთვის შეტყობინების გარეშე და მათ დაბინავებისთვის ბორცხანას ფორტი დაუთმეს. ჩვენ რომ ბათუმის ციხესიმაგრის თავდაცვა მოგვენდომებია, ამ თავდაცვის ჩატარება უკვე აღარ შეგვეძლო, ვინაიდან ციხესიმაგრეში უკვე მტერი იმყოფებოდა; თურქეთის, როგორც რუსეთის მოკავშირის, სხვანაირად განხილვა არც შეიძლებოდა.

როცა მე ბათუმში ჩამოვედი, თურქული პატრულები უკვე ქალაქში დადიოდნენ. დაუჯერებელი ვითარება იქმნებოდა. კომენდანტისადმი ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ არის დაშვებული ასეთი მოვლენა, მან მიპასუხა, რომ თურქებმა იმისთვის დაამყარეს პატრულირება, რომ რაიმენაირი უწესრიგობა არ მოხდეს. მე შევეკითხე ქაზიმ-ბეის და ვთხოვე მას პატრულირება შეეწყვიტათ. პასუხი თავის ამრიდებლური (уклончивый) გამოვიდა. მაშინ ვბრძანე ჩვენი პატრულირება დაეწესებიათ და ჩვენი ჯარისკაცები რაზმებად თურქული პატრულების უკან დადიოდნენ. ამავდროულად ფორტების დაკავებას შევუდექი და თურქებს ჩვენს მტრებად განვიხილავდი, ასევე ამოვიცანი ქაზიმ-ბეის სურვილი რომ ბათუმი თავის ხელში ჩაეგდო.

მე მთავრობის თავმჯდომარეს ბათუმში მყოფი თურქული ჯარების შესახებ შევეკითხე. მან საკმარისად თავისამრიდებლურად და ბუნოვნად დაიწყო მათი ყოფნის ახსნა. ხოლო იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ მთავრობის წევრები მეტად და მეტად ინტერესდებოდნენ გამოიარეს თუ არა ბოლშევიკებმა ახალციხეზე, შემდეგ კი ხულოზე, სადაც თურქული ნაწილები იყვნენ, უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ ჩვენს მთავრობას გულუბრყვილოდ სჯეროდა იმისა, რომ თურქების ყოფნა ბოლშევიკების შემოტევას გააჩერებს. ძალზედ გამჭრიახულია, რა უნდა ვთქვათ.

სხვათა შორის, კახაბერის ფორტზე ჩემს მიერ პოდპ. ქარუმიძის ბატარეა იქნა დაყენებული, რომელსაც პირადად ვუბრძანე, რათა მისი ზარბაზნები მზად ყოფილიყო ნებისმიერ მომენტში ბორცხანასთვის ცეცხლის გასახსნელად. ქაზიმ-ბეიმ უეცრად მომმართა თხოვნით გამომეყო სადგომები და სათავსოები ბათუმში მისი მომსვლელი ბატალიონებისთვის. მე ვუპასუხე, რომ ბათუმში სადგომები და სათავსოები არ არის და მის ბატალიონებს შეუძლიათ განთავსდნენ სოფლებში მდინარე ჭოროხის იქითა მხარეს, სიტყვამ მოიტანა და, ეს ბატალიონები მოკრიანის მხრიდან მოდიოდნენ. თუმცა კი ეს ჯარები ღამით ქალაქში შემოვიდნენ და დილიდან ფორტებზე წამოვიდნენ, მაგრამ ფორტები უკვე ჩემს მიერ იყო დაკავებული.

ამ ნიადაგზე მოხდა ინციდენტი. ერთ-ერთმა თურქულმა ასეულმა კახაბერის ფორტზე დაიწყო ამოსვლა. ამ ფორტის კომენდანტმა გაგზავნა კაცი თურქებისთვის სათქმელად, რომ ისინი გაჩერებულიყვნენ და გაშალა ჯაჭვი, რითაც აფრთხილებდა, რომ თურქების შემდგომი მოძრაობისას მათ ცეცხლს გაუხსნის. თურქებმაც ასევე ჯაჭვი გაშალეს, თუმცა კი წინ აღარ მოდიოდნენ. ჩემთან ქაზიმ-ბეის წარმოგზავნილი მოვიდა თხოვნით ნება მიმეცა ამ ასეულისთვის ფორტში განლაგებულიყო. მე უარი ვუთხარი და აღვნიშნავდი, რომ მივუთითებდი ადგილებს ჭოროხის იქითა მხარეზე, სადაც შეუძლია კიდეც ამ ასეულს გაემართოს, და რომ ფორტზე ჩვენი ჯარები იმყოფებიან. შემდგომში მოლაპარაკებებში ქაზიმ-ბეი მთხოვდა ნება მიმეცა ამ ასეულისთის ფორტში „ძმურად“, ჩვენს ჯარებთან ერთობლივად განლაგებულიყო და რომ მას არ გააჩნია ზნეობრივი უფლება გააბრუნოს ასეული, რომელიც ამ ფორტზეა გამოგზავნილი. მე ვუპასუხე იმავე ზნეობრივი უფლების არქონით გავაუქმო ჩემს მიერ ნაბრძანები, რომ არავინ შეუშვან ფორტში, მით უმეტეს, რომ ფორტის გარნიზონმა წინასწარ გააფრთხილა იქ მიმავალი თურქები და იძულებულიც შეიქნა საბრძოლო წყობა გაეშალა.

ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს მოლაპარაკებები, მაგრამ ერთი ასეულის მეთაურის ინიციატივამ ზღვარი დაუდო ფორტთან საგნების ასეთ სულელურ მდგომარეობას. ეს ასეული მეზობელის ფორტის დასაკავებლად მიდიოდა, როცა დაინახა, რომ თურქები მის წინ საბრძოლო წყობაში არიან გაშლილი, ხოლო ქართული ჯაჭვი კი მათ წინააღმდეგაა ჩაწოლილი. მან ასეული ჯაჭვში გასალა, ის თურქების უკან ჩააწვინა და ამის შესახებ მომახსენა. წარმოგზავნილს ვუპასუხე, რომ ასეულის მეთაური მშვენივრად მოიქცა და რომ პირველივე გასროლისას, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, დაუყოვნებლივ შეუტევს თურქებს. თურქები, ხედავდნენ რა საკუთარ თავს ზურგიდან შემოვლილებად, მოიხსნენ და წავიდნენ. ინციდენტი დასრულებულ იქნა.

მთავარი, რაც ხელს მიშლიდა, ეს იყო თურქებთან ჩვენი ურთიერთობების განუზღვრელობა. მმართველები სულ მუდამ მთხოვდნენ, რომ მათთან თავაზიანი ვყოფილიყავი. თურქები ჩვენ გველაპარაკებოდნენ, როგორც მეგობრები, მაგრამ მოქმედებდნენ, როგორც მტრები. მთავრობის თავმჯდომარემ ჩემთან რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ მე თურქებს რაც შეიძლება მშვიდობისმოყვარულად მოვქცეოდი, რათა ჩვენსა და თურქებს შორის რაიმენაირი ინციდენტი არ მომხდარიყო, რომელიც შეიძლებოდა ჩვენი მშვიდობიანი ორმხრივი ურთიერთობების დარღვევის მიზეზად და საბაბად გამხდარიყო. როგორც ჩანს, მთავრობას სჯეროდა იმისა, რომ თურქები გადაუღობავდნენ ბოლშევიკებს მათ შემდგომ წინსვლას.

ვითვალისწინებდი რა შეიარაღებული შეტაკების შესაძლებლობას თურქებთან, რომლებიც უკვე ბათუმში იმყოფებოდნენ, წინასწარ დავიკავე ფორტები; ახალა მე ნატანებიდან გამოვიძახე ყველაფერი, რაც იქ გენერალმა ართმელაძემ ჩამოაყალიბა. გენ. ართმელაძე თავისი ჯარებით საჯავახოს* ფრონტის (*საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში) გაძლიერებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ბოლშევიკებთან ზავის შესახებ დაწყებულმა მოლაპარაკებებმა და იმ მდგომარეობამ, რომელიც ბათუმში იქ თურქების დაშვებასთან დაკავშირებით შეიქმნა, წამახალისა რომ ეს ჯარები ბათუმში გამომეთხოვა. გასაოცარი მდგომარეობა შეიქმნა. ჩვენს მტერთან, ბოლშევიკებთან, ზავი დავდეთ და ეს ნიშნავს, რომ მათ ბათუმში ვუშვებდით, ხოლო თურქები კი, ეგრეთ წოდებული „მეგობრები“, ჩვენს ქვეყანაში ისე მოქმედებდნენ, როგორც დაპყრობილში, და ყოველ წუთს შეიძლებოდა მათთან შეიარაღებული შეჯახების მოლოდინი გვქონოდა.

გენ. ართმელაძემ თავისთან ბათუმში 1500 კაცი მოიყვანა.

17 მარტს მე აზიზეს მოედანზე ამ ჯარების აღლუმი მოვაწყე. ვუშვებდი რა, რომ ქაზიმ-ბეი შეიძლება შეეცადოს მთავრობა დააპატიმროს, ჯარების უმეტესი ნაწილი აზიზეს მოედნის მახლობლად განვალაგე, სადაც მთავრობის მატარებელი იმყოფებოდა. არ შემიძლია ზუსტად მივუთითო, მაგრამ მივიღე შთაბეჭდილება, რომ მმართველთა შორის ღვიოდა იმედი, რომ თურქები, დაიკავებენ რა ჩვენს ტერიტორიას, არ გამოატარებენ ბოლშევიკებს თავიანთი ჯარების გამოვლით, და იმავე დროს აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ზავის შესახებ ბილშევიკებთან. ეს უკანასკნელი იმედი იმით იქნა დამსხვრეული, რომ თურქებმა, დაიკავეს რა ხალციხე, ჟლობას ცხენოსანი ჯარი გამოატარეს, რომელიც ახალციხის მხრიდან ბათუმში მოემართებოდა, როცა ჩვენი ჯარები, რომლებიც თურქებთან ბრძოლაში ჩაებნენ, ისინი ციხესიმაგრიდან გამოდევნეს. ვიხსენებ იმ ინტერესს, რომლითაც მთავრობის წევრები მომმართავდნენ, რათა გაეგოთ, იმყოფებიან თუ არა თურქები ახალციხეში და გამოიარეს თუ არა მათ განლაგებაზე ჩვენი მტრის ჯარებმა.

აღვნიშნავ კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც ახასიათებს თურქების ჩვენდამი დამოკიდებულებას. როცა გადაწყვეტილ იქნა მოწინააღმდგესთან მოლაპარაკებებს შევდგომოდით, მაშინ ახალციხის მხარეს გაიგზავნა ოფიცერი პარლამენტიორის დროშით, რათა მოწინააღმდეგის ჯარებისთვის, რომლებიც ახალციხის მხრიდან მოემართებოდნენ, საომარ მოქმედებათა შეწყვეტის შესახებ გამოეცხადებია. ხულოში მყოფმა თურქებმა, პარლამენტიორის დროშის მიუხედავად, ჩვენი წარმომადგენელი დააპატიმრეს. ამრიგად, თურქები თავიანთი ნაწილების გამოვლით ჩვენს მოწინააღმდეგეს დაუბრკოლებლად უშვებდნენ, ჩვენი პარლამენტიორი კი დააპატიმრეს. 

მთავრობამ ამასობაში გადაწყვიტა მოწინააღმდეგესთან ომი შეეწყვიტა და ევაკუაციის შესახებ დადგენილებაც გამოსცა. ეს 15 რიცხვში გახლდათ. მე სხდომას ვესწრებოდი. საბოლოო მოლაპარაკებებისთვის პირობად მოწინააღმდეგე თავისი ჯარების ბათუმში შეყვანას გვიყენებდა. ეს პირობა მიღებულ იქნა და ზავზე ხელის მოსაწერად 15 მარტს სამტრედიაში გრ. სპ. ლორთქიფანიზე გაიგზავნა. სამხედრო წარმომადგენლის სახით ასეთი საქმისათვის დავნიშნე გენ. ი. გედევანიშვილი. ზავის შესახებ ხელშეკრულება სამტრედიაში 16 მარტს იქნა ხელმოწერილი.

ჯარების საზღვარგარეთ ევაკუაციასთან მიმართებაში ჩემს მიერ მთავრობის თანხმობით ბრძანება იქნა გაცემული; ეს ბრძანება წინასწარ განიხილეს. პირველ პუნქტში ჩემს მიერ მოთავსებული იყო ფრაზა, რომ ევაკუაცია „წარმოებს ბრძოლის გაგრძელების მიზნით“. ამ სიტყვებმა ჩემდა გასაოცრად მხურვალე კამათი გამოიწვია; დიახაც რომ – ზავს დებდნენ ბოლშევიკებთან. ამ სიტყვების დაშვება არ უნდოდათ, და მხოლოდ კონსტანტინოპოლში გავიგე თუ რაშია საქმე.

როგორც მთავრობის წევრები, ისე სხდომაზე დამსწრენიც, როგორც მაგალითად, კარლო ჩხეიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ამ ფრაზის წინააღმდეგ იყვნენ. თუმცა კი, ჩემს ბრძანებაში ამ ფრაზის შენარჩუნება მოხერხდა. ბრძანებაში მოხსენიებული იყო, რომ ევაკუირება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც მოისურვებს. განხილვის დროს მოხდა სამხედრო მინისტრ ჭიჭინაძის განცხადება. მან მოულოდნელად, სწორედ რომ მოულოდნელად, დაიწყო ლაპარაკი, რომ მას არავის და არაფრის არ ეშინია, და შემდეგ მე უკვე არ მახსოვს რა; როგორც ჩანდა ნათქვამი მე მეხებოდა; ისე გამოდიოდა, რომ მე ვიღაცას რაღაცით ვემუქრებოდი. მე უკიდურესად გაოცებული ვიყავი და ვუპასუხე, რომ არავის არ ვემუქრები. საუბარი მკვეთრ და ხმამაღალ ტონში წარმოებდა, მაგრამ დანარჩენები ჩაერივნენ და სამხედრო მინისტრი დაამშვიდეს. როგორც ჩანს მმართველთა შორის არსებობდა აზრი, რომ მე შემიძლია მთავრობა დავაპატიმრო.

მთავრობის ეს ბრძანება ჯარებში გადავეცი. ეს ბრძანება, რა თქმა უნდა, ეცნობა სამხედრო სამინისტროსაც. სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენ. ა. გედევანიშვილი თავისი გარინდებიდან გამოვიდა. მე იმავე დღეს მივიღე შეტყობინება, კანცელარიის უფროსის გენ. ქავთარაძის მიერ ხელმოწერილი, რომელშიც სამხედრო მინისტრის თანაშემწის გენ. გედევანიშვილის ბრძანებით, ოფიცრებს იწვევდნენ (მითითებული იყო ადგილი) „ევაკუაციის შესახებ მთავარსარდლის ბრძანების განხილვისთვის“. მე მაშინვე გავაუქმე ეს შეკრება. მაგრამ გენ. გედევანიშვილის ეს ბრძანება ძალზედ დამახასიათებელია. ის მიუთითებს, თუ როგორი იყო ორმხრივი ურთიერთობანი მთავარსარდალსა და სამხედრო სამინისტროს შორის. სამხედრო მინისტრის თანაშემწეს არ რცხვენოდა გაეცა ბრძანება მთავარსარდლის თანდასწრებით, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ოფიცრების შეკრება მთავარსარდლის ბრძანების განსახილველად დაუშვებელია.

მთავრობის ზემოხსენებული ბრძანება ევაკუაციის შესახებ აღსრულებაში ვერ იქნა მოყვანილი. 17 მარტს მთავრობის სხვა დადგენილების ასლი მომაწოდეს. მასში მითითებული იყო, რომ ევაკუაციისთვის მთავრობის გარდა დაიშვებიან 10 პოლიტიკური მოღვაწე, გვარდიის 15 წარმომადგენელი, მთავარსარდლის შტაბი და 50 ოფიცერი. ჩემს პროტესტზე მიპასუხეს, რომ სახსრები არ არის. თუმცა კი ესეც ვერ იქნა შესრულებული; მაგრამ ამის შესახებ მე შემდგომ მოგონებებში ვიტყვი.

ამ მეორე ბრძანების საჯავახოში გადაცემა ვერ მოვახერხე, ვინაიდან ამ დღეს ცენტრალური სატელეგრაფო სადგური ქალაქში თურქების მიერ იქნა დაკავებული. მინდოდა სადგური უკან ისევ ძალით ამეღო, მაგრამ მთავრობა, როგორც ადრეც, როგორც ყოველთვის, დაჟინებით მოითხოვდა იმას, რომ ჩვენსა და თურქებს შორის სისხლიანი შეტაკებები არ ყოფილიყო. თურქების ეს მოქმედებები საკუთრივ უკვე საომარი მოქმედებების დაწყება გახლდათ. თვითონ მთავრობას კი, როგორც ჩანდა, არ შეეძლო სატელეგრაფო სადგურის განთავისუფლებისთვის მიეღწია. ჩასხდომა-ჩატვირთვისა და გამგზავრების მოხდენას 17-ში კი არ ვარაუდობდნენ, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა, არამედ არაუადრეს 18 მარტისა.

როცა გრ. სპირ. ლორთქიფანიძე ზავის დასადებად სამტრედიაში გაემგზავრა, მაშინ გენ. მაზნიაშვილს, ჯარების უფროსს საჯავახოში, გადაეცა, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად მას მოწინააღმდეგის ეშელონი დაუბრკოლებლად გამოეტარებია, რომლისთვისაც სადგურ საჯავახოში ვაგონები უნდა მოემზადებია; ხიდზე მოძრაობა მატარებლებს, მისი გაფუჭების გამო, არ შეეძლოთ.

ბათუმში ამასობაში, კომენდანტის ყოფნის მიუხედავად, იყო გენერალ-გუბერნატორი გრ. თეიმ. გიორგაძე. მან მიიღო ცნობები და მთავრობას ჩემი თანდასწრებით ძალზედ აღელვებით გამოუცხადა, რომ ქალაქის ერთ-ერთ ტიპოგრაფიაში ბეჭდავენ ქაზიმ-ბეის განცხადებას, რომელშიც უკანასკნელი ბათუმის გენერალ-გუბერნატორად აწერს ხელს; რიგ პუნქტებში იყო ერთი, რომლის მიხედვითაც მთელ შეიარაღებულ ძალებს იარაღი უნდა დაეყარა. ეს იყო ღამით და დილით კი ეს განცხადება კედლებზე უნდა გამოჩენილიყო. მან არ იცოდა, და ასევე სხვებმაც, თუ რა გაეკეთებიათ. მე ვურჩიე ჩემი ძალაუფლებით იმ ტიპოგრაფიაში ახლავე ჩხრეკვა მომეხდინა და ყველაფერი დამელუქა. ამრიგად ქაზიმ-ბეის ამ ბრძანების გამოცხადება გაჩერებული აღმოჩნდებოდა. ასეც გავაკეთეთ.

მაგრამ, შემდეგ დღეს ე. პ. გეგეჭკორის ვაგონში ქაზიმ-ბეის წარმოგზავნილი მოვიდა, რომელსაც უნდოდა მისთვის განცხადების ტექსტი ჩაებარებია, რომელიც მთავრობის სახელზე იყო გამოგზავნილი. ე. პ. გეგეჭკორმა ეს გზავნილი არ მიიღო და წარმოგზავნილმა, წასვლისას, ის ვაგონში კარის ქვეშიდან შეაცურა. თურქებმა ამ ბრძანებით ზარადი აიწიეს და თავიანთი ნამდვილი სახე გამოაჩინეს.

* * *

ამასობაში მთავრობის თავმჯდომარემ მიბრძანა არმიის დემობილიზაციის შესახებ ბრძანება გამეცა. ეს ბრძანება უცნაური იყო და, თურქების მიერ ჩვენდამი გამოხატული აგრესიულობის გათვალისწინებით, ვითარებას არ შეესაბამებოდა. მე კი, როცა ჯარებს ფორტებში ვაყენებდი, მივუთითე მათ განსაკუთრებით დაეცვათ პოზიციები თურქების მიერ მტრული მოქმედებების დაწყების შემთხვევაში; ართმელაძის ჯარებს ჩემს რეზერვში ვიტოვებდი. დემობილიზაციის შესახებ ბრძანება ვერ შეიძლებოდა საჯავახოში ყოფილიყო გადაცემული, ვინაიდან სატელეგრაფო სადგური ჩვენს ხელში აღარ გახლდათ. მე ვერ ვიხსენებ, მაგრამ მგონი ჩვენ გვინდოდა ეს ბრძანება რკინიგზით გაგვეგზავნა, ან კიდევ შეიძლება ჩვენ გვინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ აღმოჩნდა რომ მისი გადაცემა შეუძლებელი იყო. ყოველ შემთხვევაში ეს ბრძანება მე განსაკუთრებულად არსებითი არ მეჩვენებოდა, რათა განსაკუთრებით მეცადა ჯარებში მისი გადაცემა. დემობილიზაცია ძალზედ რთული ოპერაციაა და რადგანაც მას ატარებ, მაშინ უნდა მიუთითო, თუ როგორ ჩაატარონ იგი, სად წავიდნენ კადრები, სად ჩააბარონ ქონება და ა. შ. მთავრობის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს, დემობილიზაცია წარმოედგინა როგორც კრების ან მიტინგის დაშლა. ყველაფერ ამის გაკეთება ჩვენ არ შეგვეძლო და ეს ბრძანებაც არარეალური და ვერშესრულებადი აღმოჩნდა. ამ დრომდე არ ვიცი, თუ რითი იყო ეს გამოწვეული. უნდა ვიფიქროთ, რომ გრ. ლორთქიფანიძის მიერ ბოლშევიკებთან დადებულ საზავო ხელშეკრულებაში ბოლშევიკების მიერ ჩვენი ჯარების დემობილიზაცია მოითხოვებოდა; ამ ხელშეკრულების მუხლები ჩემგან დაფარული გახლდათ. ბათუმის გარნიზონში მე ის, რა თქმა უნდა, არ გადამიცია.

გადაწყვეტილი ევაკუაციის გათვალისწინებით მმართველების მიერ დადგენილ იქნა მთავრობის წევრთა შემადგენლობის შემცირება. სხვათა შორის ამორიცხულ იქნენ სამხედრო მინისტრი თავის თანაშემწესთან ერთად. მთავარსარდალი არ ამოირიცხებოდა. ნათელია, რომ ეს თანამდებობა დატოვებას ექვემდებარებოდა; წინააღმდეგ შემთხვევაში მე ჩემი გაუქმების შესახებ ისევე მაცნობებდნენ, როგორც აცნობეს დანარჩენებს, რომლებიც შემცირებას ექვემდებარებოდნენ.

მთავრობის შემადგენლობაში დატოვებულ იქნენ: მთავრობის თავმჯდომარე ნ. ნ. ჟორდანია, საგარეო საქმეთა მინისტრი ე. პ. გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. ბ. რამიშვილი და ფინანსთა მინისტრი კ. ნ. კანდელაკი. თუმცა კი შემდეგ, ნაწილობრივ გზაში, ნაწილობრივ კონსტანტინოპოლში და პარიზშიც კი, ყოველივე ეს შეიცვალა. სხდომებზე ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ მე ოჯახთან ერთად უნდა გავემგზავრო და რომ ჩემთვის მომზადებულიქნება კაიუტა „კირალიში“. ამასვე ამბობდნენ შტაბის უფროსის გენ. ზაქარიაძის მიმართებითაც. შემდეგ გენ. ოდიშელიძე მეუბნებოდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე მასაც ეუბნებოდა გამგზავრების შესახებ. ჩემი მომავალი მატერიალური უზრუნველყოფის თაობაზე მე საკითხი არ წამომიყენებია. საერთოდ არ მომდიოდა თავში ის აზრი, რომ ისეთ მდგომარეობაში ვიქნებოდი ჩაყენებული, როგორშიც მათ შემდგომში ჩამაყენეს. მახსოვს ერთ-ერთ სხდომაზე, როცა ოფიცრებთან მიმართებით, ევაკუირებულთა შენახვის ფულადი სახსრების შესახებ, ჩემს მიერ შეტანილი საკითხი განიხილებოდა, ლაპარაკი იყო იმ შესაძლებლობაზე, რომ ყველას, მთავრობასაც და დანარჩენებსაც, კომუნალურ საწყისებზე გვეცხოვრა. სიტყვასიტყვით ამას ე. პ. გეგეჭკორი ამბობდა, ძნელი იყო ამ ადამიანებისთვის არ დამეჯერებინა. გამგზავრების დღე დანიშნული არ ყოფილა.

ამასობაში ქალაქში არ იყო სიმშვიდე. ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, როცა ყველასათვის ნათელი შეიქნა, რომ ჩვენ ომისთვის სრულებით არ ვიყავით მომზადებული, ოპოზიციურ პარტიებს შორის შეიქმნა მთავრობის მოქმედებებით უკმაყოფილება. არ შევცდები, რომ ასეთ მოვლენას ადგილი ჰქონდა არა მარტო ოპოციციურ პარტიებსა და თბილისის საზოგადოებრივ წრეებს შორის, არამედ თავად სოციალ-დემოკრატიული პარტიის შორისაც. თბილისის თავდაცვის უკანასკნელ დღეებში ჩემთან გამოცხადდა დეპუტაცია დამფუძნებელი კრებიდან წინადადებით, ხომ არ მიმაჩნია სწორად, რომ გამოცხადებული ყოფილიყო დიქტატურა. რამდენადაც მახსოვს, არ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ დიქტატორი ვინ იქნებოდა. დიქტატორის დანიშვნა იმ მომენტში, როცა ქვეყანას არ გააჩნდა სახსრები ბრძოლისათვის, საქმეს ვერ უშველიდა. დიქტატორს არ შეეძლო ეშვა არ ჯარები, არც ვაზნები, არც ჭურვები, არც თოფები, არც სანივთე კმაყოფა (вещевое довольствие). მე ამ აზრით ვუთხარი მათ კიდეც. უკვე როცა ჩვენ ხაშურში ვიყავით, ჩემთან ჩამოვიდა დამფუძნებელი კრების კომისია მთავრობის მოქმედებებზე და საერთოდ ყოველივე მიმდინარეზე საკონტროლო ხასიათის უფლებამოსილებებით. ზემოხსენებული კომისიის დანიშვნა დამახასიათებელია და გვაძლევს იმის ნიშნებს, რომ მთავრობის მოქმედებები დამფუძნებელ კრებასაც ვერ აკმაყოფილებდა. რაც უფრო ახლოს ვიყავით ბათუმთან, მით უფრო ძლიერი ხდებოდა მთავრობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. ბათუმში, უკანასკნელ დღეებში, უკვე აშკარად ჩანდა მთავრობით ღია უკმაყოფილება. ჩემთის, რა თქმა უნდა, ეს ცნობილი გახლდათ. ამავე დროს ასეთი მოვლენა თვითონ მთავრობისთვისაც იყო ცნობილი. იგი ზომებს ნ. ბ. რამიშვილის მეშვეობით ღებულობდა. ეს უკანასკნელი შინაგანი ცხოვრების ყველა საკითხს უკვე დიდი ხანი იყო დაშინებითა და დაჭერით წყვეტდა. მან თავისი საყვარელი სისტემა აქაც გამოიყენა. დაჭერები თვით იმ დღის დილითაც კი წარმოებდა, რომლის საღამოსაც მთავრობა გემში ჩასხდა.

არ მახსოვს მან თუ მთავრობის თავმჯდომარემ მაცნობეს კონფიდენციალურად, ამისთვის საგანგებოდ ვიქენი დაძახებული, რომ ზოგიერთ წრეებში შემჩნეულია საქმიანობა, ასე ვთქვათ, თურქული ორიენტაციის მხარეს, და რომ დაპატიმრებები მათ წინააღმდეგაა მიმართული. მე ძალზედ გაკვირვებული ვიყავი იმით, რომ ასე კონფიდენციალურად გამანდეს საშინაო პოლიტიკის საქმეები, რასაც ადრე არასდროს აკეთებდნენ, როცა შეიარაღებული ძალების სათავეში ვიყავი ხოლმე დაყენებული. მე მაშინ ამ საკითხზე არ შევჩერებულვარ: ძალზედ ბევრი მქონდა ჩემი უშუალო საქმე, და ყველაფერი ესეც მათი ეშმაკური ნახლართები გახლდათ. სხვა შორის დაპატიმრებულ იქნა ყოველთვის უბედური დღის მქონე მეზღვაური, საშა ჭავჭავაძე. ვფიქრობ, რომ იგი ისევე იყო ბრალეული თურქებთან ურთიერთობებში, როგორც მე ჩინელებთან. საშა ჭავჭავაძე კი დიდი ხანი იყო ცნობილი გახლდათ თავისი უთანხმოებებით მმართველ წრეებთან მათ მიერ საზღვაო უწყებაში საქმეების წარმოებასთან მიმართებაში; ამას იგი არც მალავდა. მე ვთხოვე ნ. ბ. რამიშვილს იგი გაეთავისუფლებია, და თავდებადაც ვუდგებოდი, რომ არანაირი ურთიერთობებში თურქებთან იგი გარეული არ ყოფილა. იგი გაანთავისუფლეს. დაჭერებში თავგამოდება ისეთი ძლიერი ჰქონდა ნ. ბ. რამიშვილს, რომ, როგორც შემდეგ კონსტანტინოპოლში სარწმუნო წყაროებიდან გადმომცემდნენ, მას ბათუმში ჩემი დაპატიმრებაც უნდოდა. რაში ჰქონდა მას ჩემზე ეჭვი, არ ვიცი. მას შეუძლია ვინც უნდა და რაშიც უნდა დაადანაშაულოს და არ გამიკვირდება, რომ მე მას თვით ბოლშევიკებთან ურთიერთობებშიც კი თუ დავედანაშაულებინე.

ამრიგად ბათუმში შეიქმნა მთავრობის მიმართ მეტად მტრული დამოკიდებულება. ჩემთან ბევრი მოდიოდა, რომელთა შორისაც იყვნენ პოლიტიკური მოღვაწეები, და აღნიშნავდნენ, რომ მთავრობამ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო ხალხი, ის არ ზრუნავდა ქვეყნის თავდაცვაზე და სხვა; შედეგად ისინი მიიჩნევდნენ, რომ საჭიროა მთავრობის დაპატიმრება. ეს ადამიანები მოდიოდნენ, ითხოვდნენ რა აუდიენციას – საიდუმლო საუბრის მიზნით. მომსვლელთა შორის იყვნენ ოფიცრებიც, რომელთაც არ ერიდებოდათ ღიად სწორედ იგივე ეთქვათ. შეიძლება მისაყვედურონ, თუ ეს ჩემთან მოსულები რატომ არ დავაპატიმრე. მაგრამ მე მაშინ ვთვლიდი და ახლაც ასე მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როცა საერთო განწყობა ძალზედ აღელვებული იყო, დაპატიმრება დამაშინებელ აქტად ვერ გამოდგებოდა, არამედ, პირიქით, დენთში ნაპერწკალი იქნებოდა და მთავრობის წინააღმდეგ საერთო გამოსვლას გამოიწვევდა, რისი თვით მცდელობაც კი, საკუთარ თავში შედეგების შემცველი, საქართველოს მთავრობისთვის არაკეთილსასურველი იქნებოდა. ჩვენთან იყვნენ უცხოური მისიები. მე ვპასუხობდი სხვანაირად. ვპასუხობდი ღიმილით და ვუმატებდი, რომ ასეთი რამის მოხდენის ნებას არ მივცემ და არც პასიური მოწმე ვიქნები, ერთ ჯგუფს კიდეც ვუთხარი: „მხოლოდ ჩემს გვამზე გადავლით“. მე ამის დაშვება არ შემეძლო. არ შემეძლო ამის დაშვება იმიტომ, რომ საკმარისად პატიოსანი ვიყავი, რათა არა თუ არ გამოვსულიყავი მთავრობის წინააღმდეგ, არამეც არც პასიურად დავსწრებოდი ასეთ უკანონო აქტს; და მთავრობის ცხოვრების უძნელეს მომენტში მისი დაპატიმრების ნება მიმეცა, როცა მას საკუთარი თავი შეიძლებოდა ყველასაგან მიტოვებულად ეგრძნო, ჩემი ხასიათის პირად ნიშნებს არ შეესაბამებოდა. ცხოვრების ძნელ მომენტში უარის თქმა მათზე, ვისთანაც ბედმა დამაკავშირა, ნაძირლობა იქნებოდა.

მაგრამ აუცილებელია მხედველობაში გვქონდეს სხვა გარემოებაც, რომელიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. საჭირო იყო მთავრობის გადარჩენა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ხორცშესხმას წარმოადგენდა. ის არ შეიძლებოდა დაპატიმრებული ყოფილიყო, ვინაიდან მაშინ ჩვენს მოწინააღმდეგეს, ბოლშევიკებს, ხელში უდაო ფაქტი ექნებოდათ, რომ მთავრობა ხალხის მიერ იქნა დამხობილი და მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას ვერ შეეძლებოდა დასავლეთ ევროპის დერჟავებს შორის დამცველნი ეპოვა. თვით მცდელობაც კი ამ მიმართულებით ამ მიზნისათვის დასავლეთ ევროპის არა მხოლოდ სამთავრობო, არამედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებშიც მეტად და მეტად არასასურველად აისახებოდა. ჩვენი იდეა დამცველებს დაკარგავდა. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ აქვე ბათუმში უცხოური დერჟავების – ინგლისის, იტალიის, საფრანგეთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

შესაძლო მოვლენების თავიდან აცილებისთვის მონაწილეობა მიიღეს ჩემმა უახლოესმა თანაშემწეებმა, რომელთა შორისაც დავასახელებ გენ. ჩხეტიანს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მმართველი წრეების მოქმედებებს ძალზედ უარყოფითად ეკიდებოდა. ჩემის მხრივ მე მივიღე ზომები. იუნკერთა ასეული მუდამ ჩემთან იყო მატარებელში, რომელიც მთავრობის მატარებლის გვერდით იმყოფებოდა. მე ჯავშნოსანი მატარებელი გამოვიძახე და ის სამთავრობო მატარებლის მეორე მხარეს დავაყენე და არაერთხელ ვაფრთხილებდი ვ. ჯუღელს, რათა მას მთავრობის დაპატიმრების მცდელობის შესაძლებლობის შემთხვევისთვის საიმედო გვარდიელები მზად ჰყოლოდა. ამასთან ერთად 17 მარტის დაღამებამდე სულ მუდამ ან მთავრობის მატარებელში ვიყავი, ან კიდევ ბაქანზე მის მახლობლად. მცდელობის შემთხვევაში მე ასეთს პირადი ჩარევით და, ვფიქრობ, გასროლის გარეშე გავაჩერებდი; სამხედროების გარეშე ამას ვერ მოახდენდნენ, ხოლო სამხედროები კი, დარწმუნებული ვარ, ჩემს სიტყვას უფრო მეტად მოისმენდნენ, ვიდრე რომელიმე სხვისას. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მთავრობამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენა და აქ, უცხოეთში, ასე საძაგლად მომექცა, მე მაინც არ ვნანობ იმის გამო, რაც გავაკეთე.

ვიხსენებ ერთ პატარა სცენას. მე ბაქანზე ვიდექი და ვაგონების იქითა მხრიდან 40–50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დავინახე, ოფიცრებიცა და არაოფიცრებიც. ეს ჯგუფი ბაქნისაკენ მოემართებოდა. მათი განზრახვები მე არ ვიცოდი და, ძალიანაც შესაძლებელია, რომ ისინი ყველაზე უფრო მშვიდობიანიც კი ყოფილიყო. ისინი ბაქანს მოუახლოვდნენ, შემამჩნიეს, სამხედრო სალამი მომცეს და გვერდით მშვიდობიანად ჩამიარეს.

პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობა გემში სხდება და ბარგდება მე ჩემი ერთი ნაცნობი ქალის ანიკო ქავთარაძისგან შევიტყე. როგორც ვთქვი, ნავარაუდევი იყო 18 მარტზე ადრე არ ჩამსხდარიყვნენ. იგი მე გადმომცემდა, რომ სერიოჟა ქავთარაძე, მისი ქმრის ძმა, დაპატიმრებული ბოლშევიკი, მთავაზობდა არ გავმგზავრებულიყავი და ჩემი უსაფრთხოების საკითხში თავდებად მიდგებოდა. მე მხოლოდ ვუპასუხე: „მას კი ვინ დაუდგება თავდებად“.

შევიტყე რა ამ გადაწყვეტილების შესახებ მე სამთავრობიო მატარებელთან დავბრუნდი, სადაც ბაქანზე მაცნობა კიდეც გვარჯალაძემ ის, რასაც ზემოთ ვწერდი. უკვე საღამოვდებოდა; მე ოჯახი გემ „კირალიზე“ გავგზავნე. ვთხოვე გენ. ჩხეტიანს ოჯახი გაეცილებია, რომელმაც ჩასვა რა გემში ჩემი ოჯახი, თავისი ცოლის წამოსაყვანად გამოემართა და ისიც იქვე მოათავსა. როცა გემიდან ჩამოვიდა, მან უკვე ჩემი ავტომობილი „სპა“ ვეღარ იპოვნა, რომლითაც იგი სარგებლობდა, და იძულებული შეიქნა ჩემთან ვაგონში უკვე ღამით მოსულიყო, სადღაც შუაღამის მახლობლობაში, როცა ქალაქში ძალაუფლება უკვე რევკომის ხელში იყო და ყველგან გასროლების ხმები ისმოდა.

* * *

17-ში საღამოს, როცა სიბნელე ჩამოწვა, მომახსენეს, რომ მოვიდა 11-ე არმიის პოლიტხელი პოლკ. ტულაევის თანხლებით. ისინი შემოიყვანეს. ამ პოლიტხელის შესახედაობა დაუვიწყარი გახლდათ. დაბალი ტანის, ნაზი, ციმბირულ, შავ, ცხვრის ტყავის გრძელბეწვიან ფაფახში, ჯარისკაცის მაზარაში, სასტუმროს კარის პრიკაზჩიკის სახით, ზურგზე მოკიდებული საინტენდანტო ნიმუშის ნახშირით გამურული დიდი ტომრით, რომელშიც კონსერვის რამდენიმე ქილა ედო, იგი მეტად კომიკურ შთაბეჭდილებას ახდენდა, რაც იმ მედიდურობის ფონზე, რომლითაც იგი მიმდინარე მოვლენების შესახებ ლაპარაკობდა განსაკუთრებით რელიეფურად გამოიკვეთებოდა. „მართალია, რომ მთავრობა მიემგზავრება“ – ამბობდა იგი – „რატომ? ჟორდანიასა და გეგეჭკორს შეუძლიათ დარჩნენ, ჩვენ მათ მოველაპარაკებით. აი მარტო რამიშვილი დაე წაეთრიოს თავისი საგანგებო რაზმით; დანარჩენებს შეუძლიათ დარჩნენ. თურქებს უნდათ ბათუმი დაიკავონ – განაგრძობდა იგი – ჩვენ ამის ნებას არ მივცემთ. თუ ძალით მოინდომებენ, მივანაყავთ (покроем); ჩვენ ანტანტასაც ვუჩვენებთ. მე აქ წინდაწინ ჩამოვედი, რათა ხვალვე გაზეთი გამოვცე“ – ამბობდა იგი – „ზავი ხომ დადებულია“. მთელი თავისი კომიკურობის მიუხედავად ეს ტიპი მაინც საინტერესო გახლდათ, და მე გავგზავნე ოფიცერი ეკითხა მთავრობისთვის, მოისურვებს თუ არა იგი ამ კომისრის მიღებას და აღვნიშნე, რომ მისთვის შეხედვა საინტერესოა.

მოვიდა თანხმობა, და მე იგი მთავრობის თავმჯდომარის ვაგონში მივიყვანე. როცა ის შევიყვანე, ვაკვირდებოდი იმას, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა იგი იქ დამსწრეებზე. ვერავინ ვერ შეძლო სახის მშვიდი გამომეტყველება შეენარჩუნებია და ნათელი იყო, რომ ამ კომისრის შესახედაობამ მათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მას ლაპარაკი დაუწყეს. იგი იმავე კომიკური მედიდურობით პასუხობდა. მახსენდება, მას მისცეს შეკითხვა, თუ რატომ დაესხნენ ისინი თავს საქართველოს. მან შეაწყვეტინა და თქვა: „ჰო, რა თქმა უნდა, თქვენ მეტყვით, რატომ დავესხით ჩვენ სოციალისტები თავს საწყალ, პატარა სოციალისტურ საქართველოს; ვიცით, ამხანაგო, რას მეტყვით; მაგრამ თქვენთან ხომ გლეხებისა და მუშების აჯანყება იყო, და მათ ჩვენ დახმარება გვთხოვეს“. შემდეგ ე. პ. გეგეჭკორმა იგი თავის ვაგონში წაიყვანა. „წავედით, ამხანაგო, თქვენ, ალბათ, ძილი გინდათ“ – ეუბნებოდა იგი მას და წაიყვანა. მისი წასვლის შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ... და დავიწყეთ გადაწყვეტა საკითხისა, თუ გემში როდის ჩავმსხდარიყავით. უმრავლესობა დაუყოვნებლივ ჩასხდომას გვთავაზობდა. ნ. ნ. ჟორდანია არ თანხმდებოდა და დაბეჯითებით მოითხოვდა კიდევ დავრჩენილიყავით. როგორც ყოვლთვის, ეს საკითხი ვერ გადაწყვიტეს, და მეც ჩემს ვაგონში წამოვედი. ამ ვაგონში მე უკვე გამგზავრებამდე ვიმყოფებოდი. ამასობაში ქალაქში გასროლების ხმა ისმოდა. ეს გასროლები სულ მუდამ გრძელდებოდა, სანამ არ გავემგზავრე. ჯერ კიდევ დაღამებამდე, როცა მე ისევ სამთავრობო მატარებლის წინ ბაქანზე ვიმყოფებოდი, ჩემთან ესტატე მაჩაბელი მოვიდა და მითხრა, რომ მთავრობისა და, მათ რიცხვში, ჩემი გამგზავრების გამო, მათ უნდოდათ შეკრებილიყვნენ და რევკომი აერჩიათ და მე ამას როგორ ვუყურებდი. ამ შეკითხვით იგი ორჯერ მოვიდა ჩემთან. მე ვუთხარი, რომ მთავრობის გამგზავრებამდე ამის გაკეთება არ შეიძლება, რომ მთავრობა, სანამ არ გაემგზავრება, ჩვენს უმაღლეს ხელისუფლებას წარმოადგენს, და რომ მისი გამგზავრების შემდეგ მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რასაც შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით უკეთსად ჩათვლიან.

შემდგომის შესახებ ამ მიმართებით მე არაფერი დადებითის თქმა არ შემიძლია. ამბობდნენ, რომ იყო კრება და არჩეულ იქნა დროებითი რევკომი, მაგრამ მე არ ვიცი. ჯერ კიდევ დილით, როცა გამოცხადებულ იქნა, რომ მთავრობის განკარგულებით მხოლოდ 50 ოფიცერი გაემგზავრება, მე დავნიშნე კომისია პოლკ. კაკაბაძის თავმჯდომარეობით, რომელმაც თვითონ გამოთქვა ამის სურვილი, ამოცანით, რომ ეს სია შეედგინათ. ეს სია შედგენილი არ ყოფილა. შემდეგ, უკვე კონსტანტინოპოლში, გადმომცემდნენ, რომ პოლკ. კაკაბაძე, რომელიც თავიდან ამ საქმეს გულმხურვალედ შეუდგა, შემდეგ არა მარტო მიატოვა ეს, არამედ ოფიცერთა შეკრებაზე კიდეც ამბობდა, რომ ვინც მიემგზავრებიან, ესენი ლაჩრები და ნაძირლები არიან.

მე ვაგონში ვიმყოფებოდი რამდენიმე პირთან ერთად, მათ რიცხვში გენ. ზაქარიაძესთან, გენ. ჩხეტიანთან, გენ. ბაქრაძესთან, გენ. კონიაშვილთან, გენ. გელოვანთან, გენ. გედევანიშვილთან, პოლკ. თულაშვილთან, პოლკ. გველესიანთან და სხვებთან ერთად. ზოგიერთი მათგანი მიემგზავრებოდა, დანარჩენები, თუმცა კი რჩებოდნენ, გადაწყვიტეს სანამ არ გავემგზავრებოდი ჩემთან ყოფილიყვნენ.

ამ დროს ვაგონისგან შორიახლოს ხმაური და ყვირილი შემომესმა, რაღაცას ტეხავდნენ. იუნკრები გავგზავნე გამოსარკვევად და აღმოჩნდა, რომ არც თუ შორს ერთ-ერთ პაკჰაუზში სხვადასხვანაირი მაუდისა და მატერიის საწყობი იმყოფებოდა, და რომ მას ძარცვავდნენ; როგორც ჯარისკაცები, ისე არა ჯარისკაცებიც. გაგზავნილ იქნენ იუნკრები და ძარცვა გააჩერეს. ჩემი ვაგონის ახლოს მძარცველებისთვის ჩამორთმეული მატერიის უზარმაზარი გროვა იქნა დახვავებული. ვიღაცამ შენიშნა, ყველაფერი ეს თან ხომ არ წავიღოთო. მე ვუპასუხე, რომ ჩვენ მძარცველებს იმიტომ კი არ ჩამოვართვით, რომ თვითონ ჩვენ წავიღოთ. მთელი ეს გროვა პაკჰაუზში უკანვე შეიტანეს, კარი ჩაკეტეს და ყველაფერი ადგილობრივ მილიციელებს ჩააბარეს, რომელთაგან პაკჰაუზთან ყარაული იქნა დაყენებული. ჩემს გამგზავრებამდე იქ ყველაფერი მშვიდად გახლდათ.

უკვე შუაღამე იყო გადასული, როცა მე ერთ-ერთი ოფიცერი სამთავრობო მატარებელში გავგზავნე იმის გასაგებად, თუ იქ რა ხდება, „თორემ“ – დავუმატე – „შეიძლება გაემგზავრონ და მე არაფერი მითხრან“. ოფიცერი დაბრუნდა და მომახსენა, რომ არც მთავრობის ვაგონებში, არც მათ სიახლოვეს, კაციშვილის ჭაჭანება არ არის. ამრიგად, მთავრობა გაემგზავრა და თავისი გამგზავრების შესახებ არ შეატყობინა მთავარსარდალს, რომელიც მათ გვერდით იმყოფებოდა. მე ვაგონში დარჩენას განვაგრძობდი.

ჯერ კიდევ იმ დღეს, თუ ადრეც არა, ქალაქ ბათუმში ზემდგომ უფროსად დევნიშნე გენ. წულუკიძე. მასთან კავშირს ვაგონიდან ვინარჩუნებდი. იგი ციხესიმაგრის შტაბის სადგომში იმყოფებოდა. არ მახსოვს 17 მარტს თუ მის წინა დღეს გენ. ზაქარიაძემ ჩემი თანხმობით გენ. მაზნიაშვილი საჯავახოდან გამოიძახა. ვერ შევძლებ ვთქვა, თუ იგი ბათუმში როდის ჩამოვიდა. მე ვაგონში სადღაც 3 საათამდე ვრჩებოდი; შეიძლება უფრო გვიანობამდეც. ამ დროს მომახსენეს, რომ ნავმისადგომთან მდგომმა გამანადგურებელმა მთელი ბენზინი დახარჯა და ის მას მხოლოდ გემემდე რეისზე თუ ეყოფა; საღამოს აქეთ ყველა გემი რეიდზე იყო გასული.

ამ გამანადგურებლის იქ ყოფნა ჩემთვის სიახლე აღმოჩნდა; გენ. ზაქარიაძემ მომახსენა, რომ მან იგი გემზე ჩემი გამგზავრების შემთხვევისთვის გამოითხოვა. მაშინ მე არ ვიცოდი, რომ ყველა გემი, მათ შორის უცხოურებიც, უკვე რეიდზე იყვნენ და რომ ეს გამანადგურებელი ერთადერთი საშუალება გახლდათ გემზე მოსახვედრად.

ამასობაში, როგორც შემდეგ გამოირკვა, მთავრობის თავმჯდომარემ გამგზავრების წინ ძალაუფლება ქალაქის საზოგადოებრივ თვითმმართველობას გადასცა, დაპატიმრებული ბოლშევიკები გამოშვებულ იქნენ და ნამდვილი ძალაუფლება რევკომის ხელში იმყოფებოდა. არ ვიცი სწორია თუ არა, მაგრამ შემდეგ გადმომცემდნენ, რომ ამ საღამოს მთავრობის თავმჯდომარე თავის ვაგონში შეხვდა სერიოჟა ჯაფარიძეს; მე ამისა პირადად დღემდე არ მჯერა.

ნაპირზე ჩემს შემდგომ ყოფნას უკვე აზრი არ ჰქონდა. მე გავემგზავრე, მაგრამ თავიდან „მარიაზე“ მივედი. აქ დილამდე ვრჩებოდი და დილის 10 საათზე გენ. ზაქარიაძესთან ერთად მთავრობის თავმჯდომარესთან „კირალიზე“ ვიყავი. თუ როგორ შემხვდნენ და შემდეგ რა გავაკეთე, ამას შემდეგ აღვწერ, ახლა კი რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ევაკუაციის შესახებ.

ვინ განკარგავდა ევაკუაციას, ამ დრომდე არ ვიცი. მე არ ვიცნობ იმ პირს, რომელიც მთელ განმკარგავებს უხელმძღვანელებდა. შესაძლოა ასეთი თავად მთავრობის თავმჯდომარე გახლდათ. განმკარგავები კი ბევრნი იყვნენ. განკარგავდა გენერალ-გუბერნატორი გიორგაძეც, ბენია ჩხიკვიშვილიც, რომელსაც ჰქონდა უკვე ახალი ტიტული, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგისა, კ. გრ. გვარჯალაძეც, შრომის მინისტრი ერაძეცა და სხვებიც. მე ხალხის ჩასხდომისა და სამხედრო ქონების ჩატვირთვისათის „მარია“ და „ვესტა“მქონდა დათმობილი. ამ დრომე არ ვიცი, თუ რა იქნა ჩატვირთული ამ გემებში, ვინაიდან კონსტანტინოპოლში ჩამოსვლის შემდეგ ჩამოშორებული ვიქენი ამ საქმისგან. ჩასხდომა და ჩატვირთვა, ზემოთ გადმოცემული გარემოებების გამო, მეტად გაძნელებული გახლდათ. ხოლო როცა გამოცხადდა, რომ ევაკუირება შეუძლია არა ყველა მსურველს, არამედ 50 ოფიცერს, მაშინ ჩასხდომა გაჩერდა, ვინაიდან ჩამსხდომებმა ევაკუირების იმედი დაკარგეს. ისინი ამბობდნენ, თუ ჩვენ გვტოვებენ, მაშინ ქონებაც უნდა დარჩეს. გამგზავრებას 18 მარტზე ადრე არ ვარაუდობდნენ. იმედოვნებდნენ, რომ ჩასხდომისა და ჩატვირთვის გაგრძელება 18-ში მაინც შესაძლებელი იქნებოდა. მე ამიტომ 17-დან 18 მარტის ღამეს გამგზავრებას არ ვაპირებდი. 18-ში დილას ბრძოლა დაიწყო და გემებს ნაპირთან მოდგომა უკვე აღარ შეეძლოთ.

მახსენდება შემდეგი. მთავრობის თავმჯდომარის ვაგონში ვიყავი. შემოვიდა შრომის მინისტრი ერაძე. როცა ჩატვირთვის თემაზე ლაპარაკობდა, მან სიტყვა-სიტყვით შემდეგი განაცხადა: „მე თვითონ პირადად ჩემი ხელებით ვტვირთავ“. უკვე კონსტანტინოპოლში ვკითხე მას ერთხელ, როცა იმაზე ვლაპარაკობდით, რომ გამოტანილი მხოლოდ „მარიასა“ და „ვესტაზე“ იმყოფებოდა და ბევრი რამ გაქურდული აღმოჩნდა: „და სად წავიდა ის, რასაც თქვენ პირადად ტვირთავდით. „მარია“ და „ვესტა“ ხომ ჩემთვის იყო განკუთვნილი სამხედრო ტვირთების გამოსაზიდად“. „მე არაფერი ჩამიტვირთავს. აი რაც „მარიასა“ და „ვესტაზეა“ ეს არის კიდეც ყველაფერი“ – მიპასუხა მან. მის სინდისზე ვტოვებ, თუ როდის ამბობდა იგი სიმართლეს.

„მარიასა“ და „ვესტაში“ სხდებოდნენ სამხედროები და ბევრი არასამხედროც იმ რიცხვზე ზევით, რაც საევაკუაციოდ იყო დადგენილი. მათ უცხადებდნენ, რომ მათ მხოლოდ კონტანტინოპოლამდე მგზავრობითა და კმაყოფით უზრუნველყოფდნენ, ხოლო შემდგ კი მთავრობა მათ კმაყოფაზე ვერ აიყვანდა; ისინი ამაზე თანხმდებოდნენ. შემდგომში, კონსტანტინოპოლში, ამ საკითხმა სრულიად სხვა მიმართულება მიიღო და მისი სწორად დარეგულირება უკვე შეუძლებელი გახლდათ: იმიტომ რომ საკითხი ევაკუირებულთა შესახებ კონსტანტინოპოლში სხვა ნიადაგზე იქნა დასმული. ამ საქმის ჩვენმა მოხერხებულმა ყველაფრის მცოდნეებმა (наши умелые знатоки этого дела) პირადად მოჰკიდეს ხელი და, დაუდეს რა ამ საკითხის გადაჭრას არასწორი საფუძველი, მისი გადაწყვეტა ვეღარ შეძლეს.

მახსენდება ერთი მოვლენა მმართველ წრეებს შორის. გამგზავრების წინ, როცა ახალი მთავრობა ყალიბდებოდა, დადგენილ იქნა ეროვნულ-დემოკრატებისთვის მიეცათ სამი ადგილი მთავრობის შემადგენლობაში, მათ შორის ერთი ადგილი სამხედრო მინისტრისა ეძლეოდა სპირიდონ კედიას. ეს ადგილები ეროვნულ-დემოკრატების მიერ უარყოფილ იქნა; თუმცა კი, მახსენდება, რომ თვით 18 მარტსაც, გამგზავრების დღეს, სპირიდონ კედიას ისევ სთავაზობდნენ გამგზავრებას; მის მოსაყვანად მთავრობის თავმჯდომარის მდივანი გიორგი ცინცაძე იყო წასული. ეს გამოწვეული გახლდათ დამფუძნებელი კრების სხდომით ბათუმში, სადაც ოპოზიციონისტები გმობდნენ მთავრობის მოქმედებებს. შემდეგ გადმომცემდნენ, რომ გრ. ვეშაპელის სიტყვის დროს, როცა მან გამოთქვა, რომ სარდლობას ძალაუფლების სისრულე ჰქონდა წართმეული: „ყველა ერეოდა მის საქმეებში“, მოჰყვა მოუთვინიერებელი ვ. ჯუღელის რეპლიკა: – „საუბედუროდ არავინაც არ ერეოდა“. ეს არ არის არსებითად სწორი; განცხადება მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ვ. ჯუღელი, როგორც ისტერიული ადამიანი, თავისი ენის შეუკავებლობით იტანჯებოდა.

* * *

ამრიგად, 17-დან 18 მარტის ღამეს 3 და 4 საათს შორის მე შტაბის ოფიცრებით, ასევე სხვა ოფიცრებითა და იუნკრებით გამანადგურებელში ჩავსხედით. შტაბის არცთუ ყველა ოფიცერმა გადაწყვიტა გამგზავრება. მე მხოლოდ ერთი ოფიცრის გადაწყვეტილებამ გამაოცა. პოლკ. ნ. გედევანიშვილმა გადაწყვიტა დარჩენილიყო; მე ვკითხე მიზეზი. მან მიპასუხა: „თუ მიბრძანებთ, გავემგზავრები, მაგრამ ჩვენ, ყველა ძმამ, დარჩენა გადავწყვიტეთ“. მე არ მქონდა ზნეობრივი უფლება რომ ასეთი ბრძანებები გამეცა და ვითარებაც ისეთი იყო, რომ თითოეულს თავად უნდა გადაეწყვიტა. მას ეს ვუთხარი კიდეც. მან მიპასუხა, რომ მაშინ დარჩენას გადაწყვეტს.

ბათუმიდან გამგზავრების უკანასკნელ დღეს გადმომცემდნენ, ჩემს შესახებ ბათუმში გავრცელდა ხმა, რომ მე ურთიერთობები მქონდა ბოლშევიკებთან; ჩემთვის ეს ისეთი გასაოცარი გახლდათ, რომ კარგად გამეცინა. თუმცა კი მარწმუნებდნენ, რომ ეს ხმა მოდის უმაღლესი სფეროებიდან და გენ. ა. გედევანიშვილს ასახელებდნენ. თუ მას ოდესმე შევხვდები, მაშინ დაპირისპირებას მოვუწყობ იმასთან, ვინც ამის შესახებ მითხრა. ამ ხმას გადმომცემდნენ როგორც დავალებულს, მაგრამ სხვა წყაროს არ მისახელებდნენ. ნოე ბესარიონის ძე ხომ არ არის მეორე წყარო.

18 მარტის დილას, როცა გენ. ზაქარიაძესან ერთად მთავრობის თავმჯდომარესთან მივდიოდით, ქალაში უკვე იწყებოდა ბრძოლა ჩვენს ჯარებსა და თურქებს შორის; არტილერიისა და თოფების სროლა ისმოდა; ტყვიამფრქვევებიც კაკანებდა. ამ დროს მე ვხედავდი ჩაქვის მხრიდან მოახლოვებულ სატვირთო ვაგონების გრძელ მატარებელს; ეს ბოლშევიკების ეშელონი გახლდათ, რომელსაც ელოდებოდნენ; ის თითქმის ბორცხანამდე მოვიდა, ხოლო შემდეგ კი უკან დაიხია. მე მთავრობის თავმჯდომარესთან შევედი და გენ. ზაქარიაძის თანდასწრებით ვითარება მოვახსენე, რომელშიც გამოვხატე დარწმუნება, რომ მიდის ბრძოლა, მაგრამ არ ვიცი ვისა და ვის შორის; აქვე ვთქვი, რომ ნაპირიდან მე ღამის დაახლოებით 3–4 საათზე გამოვემგზავრე. „ესე იგი თქვენ გამოიქეცით, თქვენ თქვენი პოსტი მიატოვეთ“ – შემაწყვეტინა მთავრობის თავმჯდომარემ. მე გაოგნებული ვიყავი. ასეთი სიტყვებისთვის ჩვენში ან სცემენ, ანდა დუელში იბრძვიან. მას როგორც ჩანს არ ესმოდა ის, თუ როგორ ბრალდებას მახლიდა სახეში, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს არასწორი გახლდათ არსებითად და თავხედურიც. ადამიანი, რომელმაც ბათუმში პატიმარი ბოლშევიკები გამოუშვა, რომლებიც მისი ბრძანებით ჯერ კიდევ თბილისიდან მოჰყავდათ, რომელმაც ძალაუფლება სხვებს გადასცა და, აქედან ამომდინარე, თავისი პოსტი თვითონ მიატოვა, დაბოლოს, გასცა ბრძანება არმიის დემობილიზაციის შესახებ, ეს ადამიანი საყვედურობდა მთავარსარდალს, რომელმაც ნაპირი მასზე რამდენიმე საათით ადრე თვითონვე დატოვა, ისე რომ მთავარსარდალი არც გააფრთხილა, და იტალიური დროშის დაცვის ქვეშ გადავიდა. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის უკან, ჯერ კიდევ წინა დღეს, ამ ადამიანმა თავი ისე დაკარგა, რომ არ იცოდა, თუ რა ებრძანებია და რა არ ებრძანებია, ახლა კი აქ საკუთარ თავს უხეშობისა უფლება მისცა, რომ არ ვთქვა თავხედობისა* (*როგორც მე შემდეგ პარიზში გავიგე /понял/, ეს იყო მისი მცდელობა რომ ვეიძულებინე დავრჩენილიყავი და ბოლშევიკების ხელში ჩავვარდნილიყავი). მე მშრალად ვუპასუხე, რომ არ გამოვქცეულვარ, არამედ რომ იქ უკანასკნელ წუთამდე ვიცდიდი, სანამ შეიძლებოდა დავრჩენილიყავი და ნაპირიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოვემგზავრე, როცა მთავრობამ და მან, მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ტერიტორია დატოვეს. 

„თქვენ გადაეცით ჩემი ბრძანება არმიის დემობილიზაციის შესახებ?“ – მკითხა მან. მე ვუპასუხე, რომ არა, რადგანაც ამის შესაძლებლობა არ მომეცა, და რომ ახლა ბრძოლის გათვალისწინებით ეს ალბათ ვერც იქნება რეალური და მიზანშეწონილი. „აუცილებლად უნდა გადასცეთ“ – მითხრა მან. მე მაშინ არ მესმოდა მისი ასეთი დაჟინება ამ მობილიზაციასთან მიმართებით. ორი კვირის შემდეგ კონსტანტინოპოლში გავიგე (понял); მთავრობის თავმჯდომარის კონსტანტინოპოლიდან გამგზავრების შემდეგ მე ჩამაბარეს მისი ბრძანება, რომელშიც „დემობილიზაციის გათვალისწინებით“ მთავარსარდლის თანამდებობა უქმდებოდა.

გახურებულ ბრძოლაში ჯარებში ამ „დემობილიზაციის“ გადაცემა აშკარად უაზრობა გახლდათ; მაგრამ, მივიღე რა საყვედური, რომ „გამოვიქეცი“, მე შეიძლებოდა ეჭვის ქვეშ აღმოვჩენილიყავი იმაში, რომ ამ ბრძანების გაცემის უსარგებლობის სახით მე უბრალოდ ნაპირზე გამგზავრებისა მეშინია, სადაც მიდგომა ბრძოლის გამო ნამდვილად შეიძლებოდა სახიფათო ყოფილიყო. მე ნაპირზე გავემგზავრე. გამანადგურებელზე თან გენ. ზაქარიაძე და კაპ. მიტო გოცირიძე მახლდნენ, იქვე იმყოფებოდნენ ფლოტის სარდალი 1-ლი რანგის კაპ. თაყაიშვილი და მისი შტაბის უფროსი პოლკ. მიქელაძე. უკანასკნელი „კირალიზე“ გახლდათ და მიიღო ფული საზღვაო რაზმიდან იმათთვის დასარიგებლად, რომლებმაც ბათუმში დარჩენა გადაწყვიტეს. ჩვენ ნავმისადგომთან მივედით. პოლკ. მიქელაძე და გემის მცირე რაზმი მექანიკოსთან ერთად ნაპირზე ჩავიდნენ და თავიანთ შტაბში გაემართნენ, რომელიც იმ ადგილიდან არცთუ შორს იყო განლაგებული; იქ პოლკ. მიქელაძეს ფულის გაცემა უნდა მოეხდინა. გამანადგურებელზე დავრჩით მე, გენ. ზაქარიაძე, კაპ. მიტო გოცირიძე, თაყაიშვილი და, როგორც შემდეგ გამოირკვა, მექანიკოსის თანაშემწე. ნაპირზე 10–12 ჯარისკაცი აღმოჩნდა. მე ვუბრძანე ოფიცრისთვის დაეძახათ. ოფიცერი მოვიდა და ჩვენთან გემბანზე ჩამოხტა. ვკითხე მას ვითარების შესახებ. მან მომახსენა, რომ ძალაუფლება ბოლშევიკური რევკომის ხელშია, რომ თურქებთან ყველგან მიდის ბრძოლა, რომ ახლა, როგორც კი ნაპირს მოვადექი, ნავმისადგომთან მყოფი ბოლშევიკები გაიქცნენ რათა ვისაც საჭიროა შეატყობინონ და რომ მე დამაპატიმრებენ. ყველაფერ ამას იგი მე დაბალი ხმით მეუბნებოდა, როგორც ჩანს, რათა აქვე ნავმისადგომთან მდგომ ჯარისკაცებს არ მოესმინათ. მე იგი ნაპირზე გავუშვი. 

შემდეგ მივედი თაყაიშვილთან და ვუბრძანე, ავუხსენი რა ვითარება, ნაპირს რამდენადმე დავშორებოდით; აქვე ვუთხარი მას, რომ ტყვიამფრქვევი მოქმედებისთვის მოემზადებია. როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში, ტყვიამფრქვევს მოქმედება არ შეეძლო, ვინაიდან ლენტები და ვაზნები არ იყო, ხოლო მექანიკოსის თანაშემწეს კი მანქანების ამუშავება არ შეეძლო. მოგვიწია ნაპირს აქვე შემთხვევით აღმოჩენილი აჭარელის ნავის დახმარებით დავშორებოდით. ამ დროს თაყაიშვილს მივუთითე კაპ. გოცირიძისთვის ქვემეხიდან მოქმედება ესწავლებია. ქვემეხი დატენეს და ნაპირისკენ მიმართეს. დავშორდით რა ნავმისადგომს 50 ნაბიჯით, ლოდინი დავიწყეთ. დამავიწყდა აღმენიშნა, რომ მე თან ორი იუნკერი წამოვიყვანე. ისინი ნაპირზე გადავსვი და მათი ხელით გენ. წულუკიძეს წერილი გავუგზავნე, რომელიც მათ ციხესიმაგრის შტაბში უნდა ეპოვნათ. მინდოდა მასთან კავშირში შესვლით ვითარება დანამდვილებით გამერკვია. იუნკრებს მივუთითე, რათა მათ ჩემი წერილი ყველა ზემდგომი უფროსისთვის წაეკითხებიათ, ვისაც ქალაქში შეხვდებოდნენ.

იუნკრები თოხაძე და ნიკოლაძე, და პოლკ. მიქელაძე არ ბრუნდებოდნენ. ამ დროს ბუხტაში კასრებზე მიბმული კიდევ ორი ჩვენი გამანადგურებელი დავინახე. თაყაიშვილს ვკითხე: „ესენი ექვემდებარებიან გაყვანას?“ მან მიპასუხა, რომ უნდა მათი თან წაყვანა, მიაბამს რა გემებს. „ჩავლენ კი კონსტანტინოპოლამდე“ – ვკითხე მას. „თუ კარგი ამინდი იქნება, ჩავლენ“ – მიპასუხა მან. „მაშ კარგი, იმოქმედეთ; მოდით ისინი სადაც საჭიროა წავიყვანოთ“ – ვუთხარი ისევ. ჩვენ ბუქსირზე ერთი გამანადგურებელი ავიყვანეთ. მექანიკოსის თანაშემწემ მანქანას თავი გაართვა და ჩვენ იგი (გამანადგურებელი), არ მახსოვს, „ვესტასა“ თუ „მარიასკენ“ წავიყვანეთ. შემდეგ დავბრუნდით და ეს ოპერაცია მეორე გამანადგურებელსაც ჩავუტარეთ.

შევასრულეთ რა ეს, ნავმისადგომთან დავბრუნდი და ლოდინი დავუწყე პოლკ. მიქელაძეს, აგრეთვე ცნობებს გენ. წულუკიძისაგან, რომელსაც ჩემს წერილში მიმდინარე ამბების შესახებ ზუსტ მითითებებს ვეკითხებოდი. ამ დროს ქალაქში სროლა გრძელდებოდა; რამდენიმე ტყვიაც კი შევნიშნე, რომლებიც ჩვენს მახლობლად ბუხტის წყალში ჩატყაპუნდნენ. რაღაც დროის შემდეგ ნაპირზე იუნკრები შევნიშნეთ; ჩვენ მივცურდით, თუმცა კი არა მჭიდროდ ნაპირთან. პოლკ. მიქელაძეც ასევე მათთან აღმოჩნდა და ჩვენ ისინი ბორტზე ავიყვანეთ.

იუნკრებმა მომახსენეს, რომ მათ შტაბში გენ. წულუკიძე ვერ იპოვნეს და შტაბის მითითებით სადგურში გაემართნენ, სადაც იგი უნდა ყოფილიყო. მათ იგი იქ იპოვნეს კიდეც და გენ. წულუკიძემ მათი ხელით წერილი გამოგზავნა. ამ წერილში გენ. წულუკიძე მწერდა, რომ ვითარება მისთვის არცთუ სავსებით ნათელია, რომ ყველგან მიდის ბრძოლა, რომ სიტუაცია მას თავის ხელში უჭირავს და რომ ახლა თურქებს სატვირთო სადგურიდან გამოდევნიან (выбивают турок из товарной станции), რომ ბრძოლა საერთოდ მის მახლობლად სადგურის ორივე მხარეს წარმოებს. იუნკრებმა სიტყვით მოგვახსენეს, რომ როცა ისინი ციხესიმაგრის შტაბში იყვნენ, იქ უკვე იმყოფებოდა გენ. მაზნიაშვილი, როგორც ახალი მთავარსარდალი, რომ მათ მის მკერდზე წითელი ბაფთი შენიშნეს, რომ მან გენ. წულუკიძის მისამართით გაგზავნილი ჩემი წერილი წაიკითხა, მაგრამ არაფერი უთქვამს, და ისინიც სადგურში გაემართნენ; რომ გზაზე მათ უკვე წითელი არმიის ჯარისკაცები ხვდებოდნენ და რომ ქალაქში წითელი დროშებით ავტომობილები და ცხენოსანი ჯარი დადიან. კარგი ვინმე ვიქნებოდი, დილამდე რომ ქალაქში „ჩემს პოსტზე“ დავრჩენილიყავი, როგორც მთავრობის თავმჯდომარე მეუბნებოდა. და რომელ „ჩემს პოსტზე“? მე უკანვე „მარიასა“ და „ვესტაზე“ გავემგზავრე, სადაც ერთ-ერთ მათგანზე, მგონი „ვესტაზე“ კომენდანტად პოლკ. ვაჩნაძე დავნიშნე, რომელსაც ვუბრძანე მთელი გამოტანილი ქონების აღწერა შეედგინა. „მარიაზე“ გენ. ზაქარიაძეს მივეცი რწმუნება რომ მისი არჩევის მიხედვით დაენიშნა. გენ. ზაქარიაძეს „მარიაზე“ თვითონ უნდა ემგზავრა. გენ. კონიაშვილის მოხსენებით, რომელმაც მომახსენა, რომ „ვესტაზე“ სურსათი არ არის, მე ვუბრძანე მისი საჭირო რაოდენობა „მარიადან“ მიეღოთ. ეს ჩემი უკანასკნელი განკარგულება გახლდათ.

აქ უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი. ნავმისადგომთან და უკან ჩემი რამდენჯერმე მგზავრობის დროს არაერთხელ მომიხდა „ოლენის“ მახლობლად ჩამევლო. აქ ბორტზე კერძო მგზავრები იყვნენ, რომლებიც ბათუმიდან მიემგზავრებოდნენ. როცა დამინახავდნენ, ისინი ყოველთვის შეძახილებითა და ტაშისკვრით მესალმებოდნენ. კერძო პირები ჩემდამი სიმპათიებს გამოხატავდნენ; ამ სიმპათიებს მე ხშირად თბილისშიც შევხვედრივარ, დაწყებული 1919 წლიდან. როცა თადარიგში ვიყავი და საზოგადოებრივ ადგილებში ვსტუმრობდი, არაერთხელ მიმიღია პატივისცემა ცალკეული ჯგუფებისგან, აგრეთვე ვახშამზე დამსწრე ყველა პირისგან, როგორც ოფიცრების, ასევე არაოფიცრებისა. თბილისის საზოგადოება ჩემდამი სიმპათიებს გამოხატავდა; ასეთივე მოვლენა ხდებოდა ახალციხეშიც, სოფლებშიც, სადაც ყოფნა მიხდებოდა. ერთხელ მივიღე ოვაციები დამფუძნებელ კრებაშიც. ერთადერთი, სადაც ვხვდებოდი თავიდან სიცივეს, შემდეგ კი არაკეთილგანწყობას ესენი იყვნენ მთავრობის წევრები, რომელთაგან ვხედავდი მხოლოდ მტრობას, განსაკუთრებით 1920 წლის ზაფხულიდან. ასეთ დამოკიდებულებას ჩემდამი მე იმით ვხსნი, რომ ისინი არა მხოლოდ გრძნობდნენ, არამედ შეხვედრებისა და დაუსრულებელი კამათების წყალობით იცოდნენ, რომ მე მათ კარგად ვიცნობ. მინისტრთა თანამდებობების ორეოლი ჩემზე არ მოქმედებდა. მე მათ გამჭოლად ვხედავდი. ჩემთვის ისინი ინტელექტის მიხედვით ძლივსძლიობით თუ იქნებოდნენ საშუალო დონისა და სრულებით არ შეესაბამებოდნენ იმ როლებს, რომლებიც მათ ბედმა არგუნათ. სათათბიროში, პეტერბურგში ყოფნა, როგორც ჩანს ვერ დაეხმარათ. ყველა ისინი მცირედ იყვნენ განათლებულნი; არანაირი ფართო სახელმწიფოებრივი შეხედულებები. მარქსის ლოზუნგებით გამოკვებულნი, ისინი მათ ისე ეჭიდებოდნენ, როგორც ბრმა ეჭიდება კედელს; ვიწრო დოქტრინიორები, თეორეტიკოსები და მეტად სუსტნიც, მარქსის გარეთ ისინი უმეცარნი იყვნენ და არ შეეძლოთ იმ საკითხებში გარკვეულიყვნენ, რომლებიც მათ გადასაწყვეტად ეძლეოდათ. ეს ადამიანები არიან რევოლუციის გეშეფტმახერები (საქმოსნები – ი. ხ.). მათ მშვენივრად იცოდნენ, თუ რას ვფიქრობ მათზე, და აი მიზეზიც ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულებისა.

მოვედით რა ჩვენს ხომალდებთან, შევიტყეთ, რომ ფრანგულმა სარდლობამ „მარიასა“ და „ვესტას“ უბრძანა დღის ოთხის ნახევარზე ღუზიდან მოხსნილიყვნენ; უკვე ორ საათზე მეტი იყო. ახლა არ მახსოვს, სახელდობრ რა, მაგრამ საზღვაო უწყებას გამოუჩნდა რაღაც საჭიროება, რომლის მიზეზითაც მათ უნდოდათ უფრო მოგვიანებით გამგზავრებულიყვნენ და ითხოვდნენ მათი თხოვნა შეესრულებიათ. მე „კირალიზე“ გავემგზავრე და საგარეო საქმეთა მინისტრ ე. პ. გეგეჭკორს თხოვნით მივმართე, რომ გამგზავრების საათის გადასადებად ვინმე ფრანგებთან გაეგზავნა. ე. პ. გეგეჭკორმა მის განკარგულებაში მყოფი აფხაზი (მოხელის გვარია – ი. ხ.) გაგზავნა. ამავდროულად ზაქარიაძეს მივუთითე გენ. წულუკიძისთვის დემობილიზაციის შესახებ ეს ბედნავსი ბრძანება გადაეცა, რომელიც ახლა, როცა ძალაუფლება უკვე უცხო ხელში იყო, სასაცილოც გახლდათ. მაგრამ მთავრობის თავმჯდომარე ამას ისევ დაჟინებით მოითხოვდა. ზაქარიაძე აფხაზთან ერთად გაემგზავრა. მე „კირალიზე“ დავრჩი. რაღაც დროის შემდეგ აფხაზი დაბრუნდა, იგი აღელვებული იყო. რომელიღაც ფრანგმა უფროსმა, არ ვიცი სახელდობრ ვინ, მასთან საუბარი არ მოისურვა, არამედ პირველივე სიტყვებზე მას ყვირილი დაუწყო. იგი მას უხეში გამოთქმებით დაახლოებით შემდეგს ეუბნებოდა: „წაეთრიეთ თქვენ თქვენი მინისტრითა და მთავრობით; ისინი არიან თაღლითები, ქურდები და მატყუარები და ა. შ.“. მან იმით დაასრულა, რომ აფხაზი კიბიდან ჩამოაგდო. აფხაზი ამის შესახებ გეგეჭკორს მოახსენებდა, შედეგები არ ვიცი. 

„მარია“ და „ვესტა“ ზღვაში დანიშნულ საათზე გავიდნენ. გენ. ზაქარიაძე მე უკვე კონსტანტინოპოლში ვნახე და მან, დემობილიზაციის შესახებ ამ ბრძანების შესახებ ჩემს შეკითხვაზე მიპასუხა, რომ დროის უკმარისობის გამო მას მისი გადაცემა არ შეეძლო. მე ამან ძალიან გამახარა.

„კირალიზე“ იტალიური სამსახურის პოლკ. ბოდრერა ჩემთან მოვიდა და მკითხა საბოლოოდ ვარ თუ არა „კირალიზე“ და არის თუ არა აქვე მთელი ჩემი ოჯახიც. მე დასტური ვუთხარი და ისიც წავიდა. უკვე აქ პარიზში გადმომცემდნენ (მოწმე, რომელიც იტალიის საელჩოსთან ერთად მგზავრობდა), რომ იტალიის რწმუნებული მინისტრი ჩერუტი ჩემი არყოფნის გამო წუხდა და ბრძანა, რომ, „კირალი“ არ მოხსნილიყო ღუზიდან, სანამ მთავარსარდალი ბორტზე არ იქნებოდა.

„კირალიზე“ ჩემს ოჯახს დიდი შრომით გამოუყვეს მე-2 კლასის კაიუტა 4 საწოლით. ჩვენ 6 სული ვიყავით; მე-6 ნახევარი წლის ჩვილი გახლდათ. ეს კაიუტა ჩემს ოჯახს გენ. ჩხეტიანთან და მის ცოლთან ერთად გამოეყო. სულ 8 სული. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ფიზიკურად არ შეგვეძლო განვთავსებულიყავით. გენ. ჩხეტიანი ამაზე საზრუნად წავიდა. ამის შედეგად მას ბატონ ბერგის კაიუტაში ერთი ადგილი გამოუყვეს. მის ცოლს არაფრის გულისთვის არ უნდოდა კაიუტაში დაწოლილიყო, სადაც მე მას ჩემს ადგილს ვთავაზობდი; ვერანაირმა დაჟინებამ ვერ გვიშველა. იგი კაიუტის გარეთ ფანჯრის რაფაზე მოეწყო. და მთელი ღამეები კონსტანტინოპოლამდე ასე გაატარა. ბოლოს, დაახლოებით საღამოს 6–7 საათზე „კირალი“ ღუზიდან მოიხსნა და ამავდროულად მთავრობის წევრთა ჩემდამი დამოკიდებულებაც მკვეთრად შეიცვალა. მე უკვე ვეღარ მხედავდნენ და ვეღარც მამჩნევდნენ.

თავს ნებას მივცემ გამოვთქვა რამდენიმე მოსაზრება, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს ჩემი ოჯახისთვის, აგრეთვე ჩემი მეგობრებისთვისაც. „კირალიზე“, როგორც ახლახანს გამოვთქვი, მე მთავრობისთვის უკვე აღარ ვარსებობდი. რატომ? კაიუტა ჩემთვის წინასწარ არ იყო გამოყოფილი და მხოლოდ ჩემი ოჯახისა და გენ. ჩხეტიანის გემბანზე რამდენიმე საათით ყოფნის შემდეგ ერთი კაიუტა გამოძებნეს. რატომ არ იყო ეს წინასწარ გაკეთებული? გემზე ისე გამგზავრება, რომ თავიანთი წასვლის შესახებ მთავარსარდალს არ შეატყობინეს, თუმცა კი იგი გვერდით ვაგონში იმყოფებოდა. რატომ? საყვედური მთავარსარდლისადმი იმისთვის, რომ მან „თავისი პოსტი მიატოვა“. და როგორი პოსტი ჰქონდა მთავარსარდალს, როცა მთავრობა უკვე გემში ჩასხდა, თავისი ძალაუფლება ბოლშევიკებს გადასცა, ზავი დადო თავის მოწინააღმდეგესთან, თურქული ჯარები ბათუმში შემოუშვა და, ბოლოს, ჯარების დემობილიზაციის შესახებ ბრძანებაც გამოსცა. რატომ ეს აღმაშფოთებელი საყვედური? თუ ყველაფერ ამას მივუმატებთ მათ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელსაც მაშინვე წავაწყდი „კირალის“ ზღვაში შესვლის შემდეგ, მაშინ უნებურად წარმოიშვება კითხვა: ხომ არ უნდოდა მთავრობის თავმჯდომარეს, ჩამაგდებდა რა ვითომდა შემთხვევით ბოლშევიკების ხელში, მთელი მისი ეშმაკური ნახლართების ცოცხალი მოწმე ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოვეშორებინე. მხოლოდ ჩერუტიმ გადამარჩინა, როცა ბრძანა არ წასულიყო „კირალი“, სანამ მთავარსარდალი ბორტზე არ იქნებოდა, თუ არა და, დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემს გარეშე გაცურავდნენ, როგორც „აზიზეს“ მოედანზე მიმატოვეს და გემში თავიანთი ჩასხდომის შესახებ არ გამაფრთხილეს.


თ ა ვ ი XXVI 


ფიქრები 1921 წლის კამპანიის შესახებ 

სანამ შევუდგებოდე შემდეგ მოგონებებს, მინდა გამოვთქვა რამდენიმე მოსაზრება ბოლშევიკებთან 1921 წლის კამპანიასთან მიმართებაში. ომის საბაბი, როგორც ცნობილია, იყო ვითომდა აჯანყებული მუშებისა და გლეხების თხოვნა, მიმართული ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლებისადმი, რათა დახმარებოდნენ. მოვლენების მოწმეებმა ჩინებულად იციან, რომ ასეთ აჯანყებას ადგილი არ ჰქონია და არც შეიძლება ჰქონოდა. მასებში განწყობები გარკვეულად ბოლშევიკურ-რუსულ-საწინააღმდეგო იყო და ასეთი აჯანყების სიმულირებაც კი არ შეიძლებოდა. ჯერ კიდევ 1920 წელს ბოლშევიკებმა მიმართეს შინაგანი გადატრიალების მცდელობას წითელ ხიდთან გარედან შემოტევასთან ერთად, იმავდროულად ბოლშევიკების თავდასხმით სამხედრო სკოლაზე, მაგრამ ის ვერ გამოუვიდათ და აშკარად გვიჩვენა, რომ ეს გახლდათ სიმულაცია. 1921 წელს მასების განწყობა სავსებით განმტკიცდა. თვით თბილისში ზომაზე მეტად დიდი ბოლშევიკური დელეგაციის ყოფნამაც კი, რომელიც ბოლშევიზმის პროპაგანდით იყო დაკავებული, თვით ამ იდეის პროპაგანდაზე ნების მიცემამაც ვერ შეარყიეს ბოლშევიკურ-საწინააღმდეგო განწყობილება. ამ საბაბს, ამ ეგრეთ წოდებულ „გლეხებისა და მუშების აჯანყებას“ არანაირად არ შეუძლია შენიღბოს მოსკოვური მთავრობის ნამდვილი განზრახვები.

საქართველოზე შემოსევა არის ერთ-ერთი საფეხური ამ მთავრობის მიერ ანტანტასთან ბრძოლასა და თავისი მდგომარეობის განმტკიცებაში. საქართველოს დაუფლება მომწიფებული მოვლენების ყველა საკითხს პასუხობდა. ჯერ კიდევ 1920 წელს მიმართეს მცდელობას საქართველოს დასაუფლებლად. მაგრამ მაშინ პოლონეთთან და ვრანგელთან საბრძოლო მოქმედებების გათვალისწინებით მოსკოვის მთავრობას არ შეეძლო ამიერკავკასიისათვის საკმარისი სამხედრო ძალების გამოყოფა. მან პროპაგანდას მიმართა და აზერბაიჯანიც უნარიანად წარმართული პოლიტიკური პროპაგანდის მსხვერპლი შეიქნა. იმავე წელს ბოლო მოუღეს სომხეთსაც, რომელიც დაპყრობილ იქნა, თუმცა კი შეიარაღებული ძალის გამოყენებით, მაგრამ უმთავრესად სარგებლობდნენ რა თავიანთი პროპაგანდითაც, რომელმაც, სომხურ პოლიტიკურ წრეებს შორის უთანხმოებების შედეგად, მეტად შეუწყო ხელი მის დაცემას. აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ გამოყენებულმა მოქმედებების ამ სახეობამ, ამ ხერხმა, საქართველოსთან მიმართებით 1920 წელს წარუმატებლობა განიცადა. მოსკოვურმა მთავრობამ მაშინ გადაწყვიტა საქართველოს დაპყრობისთვის უფრო მეტი რაოდენობის ძალები დაერაზმა და 1921 წლის გაზაფხულისთვის იგი შემოტევისთვის მოემზადა.

მოსკოვურმა მთავრობამ დაიპყრო საქართველო, რადგანაც საქართველოს დაუფლება წარმოადგენდა აუცილებლობას. საქართველოს ფლობა განამტკიცებდა ამიერკავკასიაში მათ მდგომარეობას. შეიძლება ითქვას, რომ ამიერკავკასიის ფლობის გასაღები არის საქართველო. დამორჩილებული აზაერბაიჯანისა და სომხეთის გვერდით დამოუკიდებელი საქართველოს ყოფნა ამ სახელმწიფოებში ბოლშევიკურ-რუსული ძალაუფლებისგან მათი განთავისუფლების ფსიქოლოგიურ ხელშემწყობს (წამქეზებელს, подогреватель) წარმოადგენდა. ეკონომიკური მიმართებით ბაქოს რაიონიდან ნავთობის გამოტანა იძენდა უზარმაზარ მნიშვნელობას. რუსეთიდან ნედლეულის ყოველგვარი ექსპორტი, ტრანსპორტის არარსებობისა და საერთო სამეურნეო ნგრევა-მოშლის შედეგად, თითქმის შეწყვეტილ იქნა. ნავთობის გატანა და, სახელდობრ, ბაქოს ნავთობისა რუსეთისთვის უკვე საარსებო მნიშვნელობას იძენდა და მოსკოვური მთავრობის ხელში მის მიერ საერთაშორისო ურთიერთობებში გამოყენებისთვის დიდ კოზირს წარმოადგენდა. ბაქოს ნავთობი ბათუმის გავლით მის გატანასთან კავშირში (ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი) მოსკოვის მნიშვნელოვანი ელემენტი გახლდათ მის ეკონომიკურ ურთიერთობებში უცხოურ დერჟავებთან. ხოლო ანტანტის დაუინტერესებლობა კი, განსაკუთრებით ინგლისისა, ამიერკავკასიური ბლოკის ჩავარდნის შედეგად (1920 წლის 25 აპრილს სან-რემოში მასზე ჩვენგან უარის თქმა) საქართველოს დაპყრობას უადვილებდათ. ეს კოზირი თავის ხელში უნდა ჰქონოდათ და მოსკოვის მთავრობამ ეს სწორად გაითვალისწინა.

იგი დიდი ხანია ხედავდა, რომ სამეურნეო ნგრევისგან ქვეყნის აღდგენა მხოლოდ ამ საქმეში დასავლეთ ევროპის დერჟავების ჩართვით იყო შესაძლებელი. ნავთობმა, წარმოების იარაღების ტექნიკაში მისი მნიშვნელობის გადიდების შედეგად, უკანასკნელ ორ ათეულ წელიწადში კოლოსალური მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა და მის ექსპლუატაციაზე უფლების მიღება მოსკოვთან ეკონომიკური ხელშეკრულებების დასადებად უცხოური დერჟავებისთვის წამახალისებელი ფაქტორი იქნებოდა. დამოუკიდებელ საქართველოს, რომლის გავლითაც ნავთობსადენი და რკინიგზა გადიან, შეეძლო ამ ხელშეკრულების დადებისთვის ხელი შეეშალა. ბაქოცა და ბათუმიც თავიანთ ხელში უნდა ჰქონოდათ. საქართველოს დაპყრობა ამა თუ იმ ხერხით მოსკოვური მთავრობისთის აუცილებელი გახლდათ. ანტანტასთან ბრძოლისათვის მოკავშირეების ძებნაში მოსკოვის მთავრობა ანგორის მთავრობაზე შეჩერდა. თურქეთის ძალა ანატოლიაშია. მთელ თავის ძალებსა და საშუალებებს, ხალხითა და ნედლეულით, თურქეთი იქ ხაპავდა (Турция черпала там). ნამდვილი თურქეთი იქ არის.

ამასობაში ანგორის მთავრობამ, რომელიც თავიდან მეამბოხე ძალად განიხილებოდა, თანდათანობით საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. თავიდან სუსტი, რომელიც დროთა განმავლობაში ძალებს ანატოლიის რესურსებში ხაპავდა, ანგორა თანდათანობით გაძლიერდა და შეიქნა ის ძალა, რომლისთვისაც არ შეიძლებოდა ანგარიში არ გაეწიათ, და დასავლეთ ევროპის დერჟავებმა ანგორას ანგარიშის გაწევა დაუწყეს უკვე როგორც დერჟავას და იწყეს მასთან ამა თუ იმ ხელშეკრულებების დადება. და აი, მოსკოვის მთავრობა, რომელიც თავისი იდეებისა და გაცხადებული პოლიტიკის საფუძვლების მიხედვით ინტერნაციონალურად ითვლება, ჰკრავს კავშირს თურქეთთან, რომელიც რუსეთის ძირძველი და ისტორიული მტერი გახლდათ ამიერკავკასიასა და აზიაში აგრესიული პოლიტიკის მიხედვით, და რელიგიური ხასიათის მიზეზების მიხედვითაც. კონსტანტინოპოლის დაუფლება და ხმელთაშუა ზღვისკენ გასვლა ძველი დროიდან რუსული პოლიტიკის მიზანს წარმოადგენდა. თურქეთთან კავშირმა მოსკოვური მთავრობის საერთაშორისო მდგომარეობა განამტკიცა, რომელიც ანგორული მთავრობის გაძლიერებისთვის მას საბერძნეთთან ბრძოლის საშუალებებით ამარაგებდა, ხოლო ეს უკანასკნელი კი ანტანტის ხელში საკუთრივ ანგორასთან ბრძოლის იარაღს წარმოადგენდა.

დამოუკიდებელი საქართველო სოლისებურადაა შეჭრილი თანამედროვე რუსეთსა და თურქეთს შორის, მას ყოველთვის შეეძლო გამომდგარიყო ბაზად ანტანტისთვის, მოკავშირე რუსეთისა და თურქეთის განსაცალცალკევებლად. ანგორულ მთავრობას არ შეეძლო არ შეეფასებინა ეს მდგომარეობა და მისთვის უფრო ხელსაყრელი გახლდათ, რომ საქართველო, შექმნილი ვითარების შედეგად, მისი მოკავშრის, რუსეთის ხელში ყოფილიყო, და არ ქცეულიყო დამოუკიდებელი დერჟავად. საქართველოს ტერიტორია შეიძლებოდა გამხდარიყო ადგილი კონსტანტინოპოლს დაუფლებული დასავლეთ ევროპის ჯარების დესანტისთვის, და ბაზა თურქეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ. ამას უნდა დავუმატოთ, რომ ანგორული მთავრობისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა საქართველო თანამედროვე პირობების მიხედვით სუსტი რუსეთის ხელში ეხილა, და არა ძალმოსილი ანტანტის ხელში ან მის მხარეზე. თავს ნებას მივცემ გამოვთქვა შეხედულება, რომ, თუ მოხდება შეიარაღებული შეჯახება თანამედროვე რუსეთსა და დასავლეთ ევროპის დერჟავებს შორის, ჩავთვლით რა უკანასკნელში არა მხოლოდ ანტანტას, მაშინ საქართველო და ამიერკავკასია საომარ მოქმედებათა თეატრი შეიქნებიან. დაიკავებენ რა ბათუმს და უზრუნველყოფენ რა ამით თავიანთ ზურგს თურქეთისგან, გადმოსხდარ ჯარებსა და ძალებს, ექნებათ რა თავისუფალი საზღვაო შეტყობინებანი, ექნებათ სრული შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი მოქმედებები შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებით, აგრეთვე ბაქოს მიმართულებითაც. უკანასკნელ შემთხვევაში, თუ ანგორის მთავრობა რუსეთის მხარეზე აქტიურად გამოვა, საქართველო და სომხეთი იქცევიან იმ წყაროდ, რომლიდანაც დესანტის მომწყობნი ამოხაპავენ საკმარის ცოცხალ ძალას ბაქოზე თავიანთი ოპერაციის თურქეთის მხრიდან უზრუნველყოფისთვის.

აფასებდა რა ამ მნიშვნელობას, მოსკოვის მთავრობას არ შეეძლო დაპყრობის გარეშე დაეტოვებია ტერიტორიის ეს უბანი, რომელიც მომავალში შეიძლებოდა ქცეულიყო ბაზად დასავლეთ-ევროპული დერჟავების მის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის და წარმოადგენდა ტერიტორიას, საიდანაც ამ დერჟავებს შეეძლოთ გაეცალკევებიათ რუსეთი თურქეთისგან და ყოველთვის დამუქრებოდნენ ბაქოს, ე. ი. ნავთობს.

კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც ასევე პასუხობდა საქართველოს დაპყრობა. მოსკოვის მთავრობა საკუთარ თავს აცხადებს მუშებისა და ხალხის მასების დამცველად, შრომის დამცველად კაპიტალის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ეწევა იგი თავისთან, საშინაო პოლიტიკაში, ხალხის აღზრდას. ბლოკადის მომწყობი ანტანტა ცხადდება რუსი ხალხის მტრად და ამ მიმართულებით წარმოებს მათი დაუღალავი პროპაგანდა. ვინც ანტანტასთანაა, ის რუსი ხალხის მტერია, მუშებისა და გლეხების მტერია. მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ამ იდეებმა რუსეთის ხალხთა მასებში ფესვები გაიდგა; მაგრამ ისინი ინერგებოდა და ხალხის ნაწილის მიერ უეჭველად შეთვისებულ იქნა. საქართველოს მუშებისა და გლეხებისათვის დახმარების იდეას, და ომს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ანტანტის მხარეზე, და, ესე იგი კაპიტალის მხარეზე იხრებოდნენ, არ შეეძლო რუსული ხალხური მასის მხრიდან წინააღმდეგობა გამოეწვია, რომელიც თუმცა კი ყოველთვის მორჩილი გახლავთ, მით უმეტეს, რომ მის ნაწილს შორის ამ იდეის მხურვალე დამცველები იმყოფებოდნენ; ერთის მხრივ, კომუნისტები და მეორეს მხრივ კი ყველანი, რომლებიც სასურველად მიიჩნევდნენ ასეთ დაპყრობას, მაგალითად ველიკოდერჟავნიკები (დიდმპყრობელები). ამრიგად, ამ მიმართებითაც საქართველოს დაპყრობას, რუსეთის სახელმწიფოს ყოფილი ნაწილისა, რომელიც აშკარად რუსეთის მტრისა და კაპიტალის მხარეზე იხრებოდა, და სადაც მუშები და გლეხები ვითომდა დახმარებას ითხოვდნენ, პოლიტიკურ წრეებშიცა და იმათ თვალშიც ამართლებდნენ, ვინც თავისი პოლიტიკური რწმენის მიხედვით ამის მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო. ასეთი მდგომარეობა, უეჭველად, ასევე ამაგრებდა მოსკოვური მთავრობის საშინაო მდგომარეობასაც, რომელიც გარემოებების ძალით იძულებული იყო მასების ყურადღება იმ სამეურნეო ნგრევისგან სხვა რამეზე გადაეტანა, რომლის გამოსწორებაც მას არ შეეძლო და რომლის ნამდვილი მიზეზებიც უნდა დაემალა. ამრიგად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და თავისი საშინაო მდგომარეობის განმტკიცების აზრით, ასევე ეკონომიკური აზრით, და სამხედრო-სტრატეგიული აზრითაც საქართველოს დაპყრობა მოსკოველი მმართველებისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა.

1920 წელს მოსკოვის მთავრობას, რომელიც პოლონეთთან და ვრანგელთან ომით იყო დაკავებული, არ შეეძლო საკმარისი ძალები გამოეყო საქართველოს დასაპყრობად. თუმცა კი მან მაინც მიმართა მცდელობას; მაგრამ ძალები საკმარისი ვერ აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვური მთავრობის ხელშეკრულება საქართველოსთან, რომელშიც აღიარებული იყო უკანასკნელის დამოუკიდებლობა, 1920 წლის 7 მაისს იქნა ხელმოწერილი. ამასობაში მოსკოვური მთავრობის ჯარები ჩვენს საზღვარზე ჯერ კიდევ 2 მაისს, ე. ი. ხელშეკრულების ხელმოწერამდე გადმოვიდნენ. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები საქართველოს მიძინების მიზნით წარმოებდა; ისარგებლებდნენ რა ამ მიძინებით, მათ შეეძლებოდათ სწრაფი შემოტევით ჩვენთვის თავგზა აებნიათ (застать нас врасплох) და თავიანთი ნამდვილი განზრახვების წარმატებით დასრულებისთვის მიეღწიათ. თუ განვიხილავთ ხელშეკრულებას, შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პუნქტები მხოლოდ უძლიერესს აძლევდნენ იმის შესაძლებლობის გარანტიას, რომ ნებისმიერ მომენტში ომი დაეწყო; იმდენად გაურკვევლად იყო ისინი შედგენილი და იმდენად შეეძლოთ მათ იქ აღნიშნულ ნებისმიერ საკითხში დავა-კამათები გამოეწვიათ. და საერთოდაც, ხელშეკრულება არ გახლავთ გარანტია. ყველა ხელშეკრულება ყოველთვის ირღვეოდა. თვით ამა თუ იმ ქვეყნის ნეიტრალიტეტიც კი შეიარაღებული შემოსევის წინააღმდეგ უზრუნველყოფას ვერ წარმოადგენდა. არ შევჩერდებით რა ბელგიის მაგალითზე, შეიძლება აღვნიშნოთ ჩინეთი, რომლის ტერიტორიასაც რუსეთმა და იაპონიამ ომის საშინელებები დაატეხეს და, სიტყვამ მოიტანა რათა ითქვას, რომ ჩინეთის ტერიტორიის ხელშეუხებლობა დიდი დერჟავების პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენდა, რასაც ხაზი არაერთხელ ესმებოდა (რაც არაერთხელ აღინიშნებოდა). მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-იაპონიის ომის წინ, სწორედ ჩინეთის ტერიტორიის ამ ხელშეუხებლობის სააფუძველზე, დიდმა დერჟავებმა მოთხოვეს იაპონიას მის მიერ დაპყრობილი პორტ-არტური უკანვე ჩინეთისთვის დაებრუნებია და, მიუხედავად იმისაც, რომ მისი იერიში იაპონიას ძვირადაც დაუჯდა.

მოსკოვის მთავრობასთან დადებულმა ხელშეკრულებამ ჩვენ მთლიანად ვერ მიგვაძინა. მე ვამბობ მთლიანად ვერა, ვინაიდან, როცა მოსკოვური მთავრობის ჯარები ბაქოში შევიდნენ, 1920 წელს, ჩვენთან მობილიზაცია იქნა გამოცხადებული და ჩვენც ციებ-ცხელებიანად შევუდექით ომისთვის მზადებას. მაგრამ, ომისთვის ჩვენ მზად არ ვიყავით. ომისთვის დიდი ხნით ადრე უნდა ემზადო, და არა ერთი კვირის მანძილზე. აზერბაიჯანთან სამხედრო კავშირის დადება, რომელიც რომელიც 1919 წლის ზაფხულში მოხდა, მე არ შემიძლია მომზადებად მივიჩნიო, ვინაიდან ქაღალდზე გაფორმებული ხელშეკრულების გარდა არაფერი გაკეთებულა; თვით ომის შემთხვევაში ურთიერთ მოქმედებების ძირითადი ნიშნებიც კი არ გამოუმუშავებიათ. დანარჩენზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს, არაფერი არ გაკეთებულა. ჩვენი მობილიზაციის მიუხედავად მტერმა მაინც მოულოდნელი დარტყმით დაგვაბნია (враг все же нас застал врасплох) და მხოლოდ მტრის მცირერიცხოვნებამ და ფოილოს ხიდის აფეთქებამ გვიხსნა. უკანასკნელმა მოწინააღმდეგე შეაჩერა, აიძულა იგი რკინიგზას გასცილებოდა და ქვეითი წესით წამოსულიყო, რამაც საშუალება მოგვცა წინააღმდეგობის ორგანიზაცია მოგვეხდინა. ჩვენ მოვიგეთ ეს კამპანია. ასე რომ, 1920 წელს მოსკოვური მთავრობის პოლიტიკა, ჩვენს დასაპყრობად მომართული, წარუმატებლად (უიღბლოდ) დასრულდა. ამრიგად, თუ მხედველობაში მივიღებდით 1920 წელში ომის მიზეზებსა და საქართველოსთან მიმართებით მოსკოვური მთავრობის მოქმედებებს, შეიძლებოდა დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ამას საქართველოს დაპყრობის ახალი მცდელობა მალევე მოჰყვებოდა.

შეგვეძლო კი თავიდან აგვეცილებია ეს დაპყრობა, ანუ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, შეგვეძლო კი ისე მოვმზადებულიყავით ომისათვის, რომ გვქონოდა შეძლება და უნარი შეიარაღებული ხელით ამ შემოჭრისგან თავი წარმატებით დაგვეცვა. წამოიჭრება ძირითადი საკითხი, შეეძლო კი „პატარა საქართველოს“ წინააღმდეგობა გაეწია „დიდი რუსეთისთვის“. განვიხილოთ ეს საკითხი. თუ მას მხოლოდ ამ სიბრტყეში განვიხილავთ, სახელდობრ კი „პატარა“ და „დიდი“, მაშინ, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. მაგრამ, ვაფასებთ რა ვითარებას, არ შეიძლება მისი ცხოვრების ამ დროის რუსეთი მივიჩნიოთ „დიდ რუსეთად“, როგორც ეს სიტყვა რევოლუციამდე ესმოდათ. დიდი რუსეთი დაიშალა. უზარმაზარი ოლქები უკვე ვეღარ იყო ის რესურსები, რომელთაგანაც დიდი რუსეთი ბრძოლისთვის თავის ძალებსა და საშუალებებს ამოხაპავდა. მთალ ციმბირს, თურქესტანს, კასპიისიქითა მხარეს, უკრაინას, პოლონეთს, ფინეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ბესარაბიას, ამიერკავკასიას არა თუ არ შეეძლოთ იმ რესურსის სამსახური გაეწიათ, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა რუსეთს ბრძოლის ძალები და საშუალებანი ამოეხაპა, არამედ მათი ნაწილი უკვე საბოლოოდ იყო ჩამოშორებული, ხოლო სხვა ნაწილები კი მოითხოვდნენ ჯარებს მოსკოვური მთავრობის ორბიტაში მათი შენარჩუნებისთვის. ამას უნდა დავუმატოთ დონის, კავკასიის, ურალისა და სხვა კაზაკები, რომლებიც, თუ მტრულად არ გამოდიოდნენ მოსკოვური მთავრობის წინააღმდეგ, ყოველ შემთხვევაში, ამ დროს თავიანთ მასაში მხოლოდ პასიურ მოწმეებს თუ წარმოადგენდნენ. ამრიგად, მხოლოდ ევროპული რუსეთის ნაწილიღა რჩებოდა, ე. ი. ველიკოროსია, მისი ცენტრალური ნაწილი და ვოლგისპირეთის ნაწილიც. უკანასკნელ დიდ ომამდე ევროპული რუსეთი დახლოებით 100 მილიონ მცხოვრებს მოითვლიდა. თუ გამოვრიცხავთ აქედან ყველა ჩამოშორებულ ნაწილს და მხედველობაში მივიღებთ იმას, თუ რამდენი ჯარები უნდა ჰყოლოდა მოსკოვის მთავრობას იმ ნაწილებში, სადაც მისი ძალაუფლება მხოლოდ ხიშტებზე თუ ემყარებოდა, როგორც უკრაიკასა და სხვა ოლქებში, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ცნება „დიდი“ საგანთა ნამდვილ მდგომარეობას უკვე ვეღარ პასუხობდა, ვერც ტერიტორიის დიდი სივრცის მიხედვით და ვერც მოსახლეობის რიცხვისა. ამაზე უკვე მოწმობს ის გარემოება, რომ 1920 წელს გენ. ვრანგელთან და პოლონეთთან ბრძოლისთვის ბოლშევიკებს მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის გამოყვანა შეეძლოთ (დაახლოებით 300 ათასისა), მაშინ როდესაც ნამდვილ დიდ რუსეთს ისინი მილიონობით გამოჰყავდა. სამეურნეო ნგრევა და ტრანსპორტის ძლიერი უკმარისობა ამ „დიდ რუსეთს“ კიდევ უფრო მეტად აუძლურებდა. მისი სისუსტე სავსებით გამოჩნდა მის ომში პოლონთთან. უეჭველია, რომ პოლონეთი ვერასოდეს გაუწევდა წინააღმდეგობას იმ დიდ რუსეთს, რომელიც ჩვენ ვიცოდით. პოლონეთმა არა მხოლოდ მოიგერია ახლანდელი რუსეთი, არამედ ომი მის ფარგლებში შეიტანა და აიძულა იგი მისთვის სასურველ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა, ფულიც კი გადაუხადა რუსეთმა პოლონეთს. და ამასობაში განა კი შეიძლებოდა პოლონეთი ძალმოსილ დერჟავად მიგვეჩნია? რა თქმა უნდა, არა. სულ იმ ხანებში ხდებოდა მისი შედგენა იმ ნაწილებისგან, რომლებიც ასწლეულების მანძილზე გერმანიის, ავსტრიისა და რუსეთის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ; იგი ჯერ კიდევ შეკრულ-შეკავშირებული არ ყოფილა. მან მხოლოდ დაიწყო ჩამოყალიბება და სულაც არ წარმოადგენდა იმ შეკრულ მექანიზმს, რომელსაც ჩვენ სახელმწიფოს ვუწოდებთ. ჯარები იმხანად მხოლოდ ეწყობოდა. ახალი დინებები, რომლებიც არყევდა და ანგრევდა დისციპლინას, სამხედრო ძლიერების ამ საფუძველს, არმიაში განიარაღებული არ ყოფილა და ეს არმიაც მზად არ იყო და, რა თქმა უნდა, შორს გახლდათ არა თუ იდეალისგან, არამედ იმისგანაც, რომ მისთვის საშუალო დონის არმია ეწოდებიათ. მან მოიგო და მოიგო მშვენივრად, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯარები იძულეული შეიქნენ 200 ვერსამდე უკანდახევა მოეხდინათ, ხოლო უკანდახევა კი ყოველთვის ამცირებს ჯარების ბრძოლისუნარიანობას. ნათელია, რომ მოსკოვური მთავრობის ჯარის სამხედრო ძლიერება შორსაა საიმპერატორო რუსეთის ჯარების ძლიერებისგან და მისი გამარჯვება დენიკინზე, ვრანგელსა და ჩვენზე მხოლოდ იმის მაჩვენებლებია, თუ სინამდვილეში როგორი სუსტები იყვნენ დამარცხებულნი.

არ შემიძლია პოლონური არმიის წარმატება მივაწერო ფრანგ ინსტრუქტორებსა და თვით ფრანგულ სარდლობასაც კი. ადამიანების პატარა ჯგუფს (გროვას, кучка людей) არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მთელი კამპანიის შედეგზე, თუ არა მთელი ომისა. ინსტრუტორებს შეუძლიათ განსწავლონ არმია, მაგრამ ამისთვის საჭიროა წლები და ათეული წლებიც კი, მაგრამ არა კვირები. ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, აქვს გავლენა; მაგრამ ხელმძღვანელობას არ ძალუძს შეცვალოს არმია; ხელმძღვანელობას არ შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, თუ საჯარისო ერთეულებს არ შეუძლიათ ტაქტიკური წარმატების მიღწევა; ხელმძღვანელობას არაფრის გაკეთება არ ძალუძს, თუ არმია უარს ამბობს ომზე. არანაირად რომ არ ვეუბნები უარს ფრანგულ სარდლობასა და ინსტრუქტორებს მათ სამხედრო ნიჭსა და უნარებში, მაინც უნდა ვაღიარო, რომ პოლონელები თავიანთი წარმატებით დავალებული არიან უმთავრესად თავიანთი არმიისაგან, რომლის თვისებებიც, საერთოდ ბრძოლისუნარიანობაცა და სარდლობაც მოსკოვური მთავრობის არმიის ასეთ თვისებებზე უფრო მაღლა აღმოჩნდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ხარისხის თვალსაზრისით რუსულ-ბოლშევიკური ჯარები სულაც არ წარმოადგენენ მრისხანე ძალას. 1920 და 1921 წლებში ჩვენი ჯარების მათთან შეტაკებების კრიტიკულ ობიექტურ მიმოხილვას შეუძლია ეს კიდევ ერთხელ დაადასტუროს. კერძოდ, უნდა ითქვას, ჩვენ კიდევ ერთ ხელსაყრელ მონაცემს ვფლობდით. ეს მონაცემი იმაში შედგებოდა, რომ ბოლშევიკური რუსეთისთვის ამიერკავკასიაში ომი რამდენადმე კოლონიური ხასიათის ომი გახლდათ. მე არ წამიკითხავს ჰეკერის მოხსენება (საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიის სარდლისა – ი. ხ.), მაგრამ მის შესახებ მონათხრობების მიხედვით ვიცი, რომ ჰეკერი საქართველოზე შემოტევისთვის დაახლოებით 35 000 ხიშტს მოითხოვდა. მოსკოვურ მთავრობას რომ შეძლებოდა აზერბაიჯანში ამ ძლებისთვის თავი 1920 წლის აგვისტოს, სექტემბრის ან ოქტომბრისთვის მოეყარა, მაშინ იგი ჩვენ უფრო ადრეც დაგვესხმებოდა თავს, და არა შემდეგი წლის თებერვალში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტრანსპორტის უკმარისობა და, საერთოდ მათი არმიების ადგილებზე მიყვანის საშუალებათა უკმარისობაც, იმდენად ძნელი იყო რუსეთში, რომ ეს მოსამზადებელი სამუშაო ძალიან ბევრ დროს მოითხოვდა. გარდა ამისა, ამ ომმა გვიჩვენა, რომ ჰეკერის მიერ მითითებულ რიცხვის ჯარებს ძლივს-ძლივობით თუ მოუყარეს თავი მოქმედებების დასაწყისისათვის, ხოლო ხაშურთან იმ ბოლშევიკური ჯარების მოქმედება, რომლებიც პირდაპირ პეტროვსკიდან გაუჩერებლად ჩამოვიდნენ, ჩემს ამ მოსაზრებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მოსკოვური მთავრობისთვის ეს ომი განაპირა მხარის ომს წარმოადგენდა, იგი სასიცოცხლო ცენტრებიდან შორს იყო, და როსტოვ–ბალაჯარი–თბილისის ერთ სარკინიგზო ტოტზე, როგოც ძაფზე, ისე ეკიდა. ასევე ცნობილია, რომ ომი, როცა ომის თეატრი მოშორებულია სასიცოცხლო ცენტრებისგან, როცა შეტყობინებები ომის თეატრთან გაძნელებულია, ამ სახელმწიფოებისთვის ძალზედ ძნელია. პატარა იაპონიამ გაბედა რუსეთთან ომი, ჩინებულად იცოდა რა ეს გარემოება. ციმბირში რომ რკინიგზა ორლიანდაგიანი ყოფილიყო, 30–40 წყვილი მატარებლის გამტარუნარიანობით, იაპონია ერთი-ერთზე რუსეთის წინააღმდეგ საომრად ვერასოდეს გამოვიდოდა, ვინაიდან რუსეთს შეეძლებოდა იაპონიის წინააღმდეგ სამჯერ მეტი ძალებისთვის თავი ადვილად მოეყარა. ინგლისი ბურებთან, ერთ მუჭა ადამიანებთან ომს 2 ½ წლის მანძილზე აწარმოებდა.

ამრიგად უნდა ვაღიაროთ, რომ „პატარა საქართველოს“ ეომებოდა არა „დიდი რუსეთი“ და რომ უკანასკნელისთვის ეს ომი კოლონიური ხასიათის ომის ძნელ პირობებში წარმოებდა. თუ ყურადღებას მხოლოდ ჯარების იმ რიცხვს მივაქცევთ, რომელიც რუსეთის მხრიდან მონაწილეობდა, მაშინ პატარა საქართველოს თავისუფლად შეეძლო რიცხობრივად უფრო მეტი ჯარები გამოეყვანა. ომისთვის მომზადება რომ ყოფილიყო წარმოებული, როგორც ეს ყოველთვის უნდა გვესმოდეს, ომი რომ ყოფილიყო მომზადებული ისე, როგორც საჭიროა, მაშინ მოსკოვური ნთავრობის ჯარები ან უმალვე მოგერიებულნი იქნებოდნენ, ანდა ომის მოსამზადებლად მეტი ჯარებისთვის უნდა მოეყარა თავი და შესაბამისად შემოტევა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროისათვის გადაედო, ან კიდევ ომი გაჭიანუდებოდა და შესაბამისი მომზადებისას შეიძლებოდა დაუსრულებელ ომადაც ქცეულიყო. ხომ შეძლეს დაღესტნის მთიელებმა რუსეთთან ომი 60 წლის განმავლობაში ეწარმოებინათ, ისე რომ ყველა მხრიდან ალყაში იყვნენ მოქცეულნი. ბურებმა შეძლეს 2 ½ წლის განმავლობაში გაეწიათ წინააღმდეგობა ინგლისისათვის, რომელსაც საზღვაო შეტყობინებები თავის ხელში ჰქონდა. ჩვენ კი ამ მიმართებითაც ხელსაყრელ გარემოებებში ვიყავით. შავი ზღვა მოსკოვურ მთავრობას არ ეკუთვნოდა; პირიქით, შავი ზღვის მეშვეობით ჩვენ შეგვეძლო ბრძოლის საშუალებები მიგვეღო. მაგრამ საჭირო იყო მოვმზადებულიყავით ომისთვის და 1) არ დაგვეზოგა ფული, რომელიც სულ ერთია შემდეგ საზღვარგარეთ ყოფნაზე დავხარჯეთ, და 2) არ აგვეგო თავდაცვა ისეთ საწყისებზე, როგორზედაც ჩვენი მთავრობა აგებდა, ჯარების გვარდიულ საწყისებზე ორგანიზაციის ჩათვლით.

ქვეყნის თავდაცვის საქმეს არასერიოზულად ეკიდებოდნენ. არმიის მობილიზაცია ომისთვის ერთადერთ მომზადებად ითვლებოდა. ამასობაში ასეთი რამ თავის დასაცავად ქვეყნის მომზადების საქმეში მხოლოდ უკანასკნელი აქტი გახლავთ. არც სახელმწიფოს საინჟინრო მიმართებით მომზადება, არც საომარი მარაგებისა და მატერიალური ნაწილის დამზადება, არც ომის გეგმა, არც ჯარების ორგანიზაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემდა თავიდანვე ველზე დიდი რიცხვის მებრძოლები გამოგვეყვანა, არც ზომები მობილიზაციის დასაჩქარებლად, არაფერი, არაფერი გაკეთებული არ ყოფილა. მოსკოვური მთავრობის დელეგაციას, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, არ შეიძლებოდა ომისთვის ჩვენი მოუმზადებლობა არ დაენახა და მხოლოდ ამიტომ თვლიდა ჩვენი მოწინააღმდეგე, რომ საქართველოს დასაპყრობად მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი მებრძოლია საკმარისი.

მართლაც, შეიარაღებული ძალების ჩვენი ორგანიზაციის მიხედვით ჩვენ გვყავდა არმიის 12 ბატალიონი, რომლებიც მობილიზაციის შემდეგ 3-ასეულიანი შემადგენლობის 36 ბატალიონად იშლებოდნენ, ე. ი. დაახლოებით 10–12 ათასი ხიშტი; გვარდიაში იყო 20–24 ბატალიონი დაახლოებით 10–12 ათასი ხიშტის ძალისა. ამრიგად ჩვენ შეგვეძლო სულ 32–34 ათასი ხიშტი გამოგვეყვანა. ეს უბრალო არითმეტიკაა და ჰეკერიც, სავსებით სწორად ითვალისწინებდა რა, რომ ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე ამ რიცხვიდან შეგვეძლო უკეთეს შემთხვევაში ჩვენი ძალების 2/3-თვის, ე. ი. 22–23 ათასისთვის მოგვეყარა თავი, თავისთვის 35 ათას ხიშტს მოითხოვდა, სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი ძალებში ერთნახევრიან უპირატესობას (აღმატებას) აღწევდა. ჩვენი ძალების მესამედი, თუ არა მეტიც, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე მოქმედებებით იყო დაკავებული. ჩვენი ორგანიზაცია საშუალებას არ იძლეოდა მოქმედებებისთვის ჩვენს სათადარიგოთა დანარჩენი რეზერვი გამოგვეყენებია, სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ, შეიარაღებული ძალების ჩვენეული ორგანიზაციის წყალობით, არ შეგვეძლო წინააღმდეგობის მთელი ის ძალა გამოგვეყენებია, რომელიც ხალხს შეეძლო გამოეჩინა. ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ ომისთვის სათანადო (ჯეროვანი) მომზადების დროს, „პატარა საქართველოსა“ და „დიდ რუსეთს“ შორის ძალთა თანაფარდობა სულაც არ იქნებოდა ცნებების „პატარასა“ და „დიდის“ შესაბამისი. მე არ შემიძლია და არც მინდა შევეხო ომისათვის მომზადების შესახებ საკითხს მთელი მისი მოცულობითა და დეტალებში.

* * *

თავს ნებას მივცემ მოვნიშნო (наметить) ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძირითადი ეტაპები მაშინდელი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. უწინარეს ყოვლისა, უნდა ყოფილიყო ერთი შეიარაღებული ძალა და სახელდობრ კი არმია. მისი ორგნიზაცია ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენ შეგვძლებოდა მაშინვე ველზე შეძლებისდაგვარად მეტი რიცხვის მოქმედი ხიშტები გამოგვეყვანა. ამისთვის შიძლებოდა მიგვეღწია, თუ მშვიდობიანობის დროს 20–25 ბატალიონი გვეყოლებოდა, რომლებსაც გაშლის ამა თუ იმ სისტემისდა მიხედვით შეეძლებოდათ 60-დან 100 ბატალიონამდე მოეცათ. 20–22 ბატალიონის რიცხვი ჩვენთვის შეუძლებელი სულაც არ გახლავთ, ვინაიდან არმიის 12 და გვარდიის 20–22 ბატალიონს ვინახავდით. ორგანიზაციის შემდგომ დაწვრილებით საკითხებზე აღარ შევჩერდები. შემდეგ თბილისი გადაქცეული უნდა ყოფილიყო მანევრულ გამაგრებულ რაიონად. სიმაგრეების ძალა მოწინააღმდეგის ძალის შესაძლებლობასა და ფინანსური სახსრების არსებობაზეა დამოკიდებული. არ ვიხელმძღვანელებდით რა ფართო მასშტაბით, შესაძლებელი იყო თბილისის თავდაცვისუნარიანობა მაინც გაგვეძლიერებინა, დაახლოებით, როგორც ის 1920 წელს გავაძლიერეთ, როცა მტკვრის მარცხენა ნაპირის სიმაგრეები იქნა აგებული. თუ თავდაცვის გამაგრებულ კვანძებს მოვაწყობდით დაახლოებით ლილო-მახათასა და კუკიის ტბების რაიონში, აგრეთვე არსებულ ძველ სიმაგრეებს განვავითარებდით მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე ავჭალის რაიონში და მის მარჯვენა ნაპირზე მუხათგვერდის რაიონში, ჩვენ მანევრულ გამაგრებულ რაიონს მივიღებდით, რომელიც ზურგით მთებზე იქნებოდა მიბჯენილი. ამ რაიონის შემოვლა შესაძლებელი იქნებოდა ან კახეთისა და თიანეთის გამოვლით, და შემდეგ კი დუშეთისა, ანდა მანგლის–ახალქალაქ–ბორჯომის გამოვლით. ამ შემოვლისთვის მოწინააღმდეგეს შეეძლებოდა მხოლოდ ძალებში მნიშვნელოვანი აღმატების (უპირატესობის) დროს მიემართა და ასეთი მოქმედებები ჩვენთვის მეტად სახიფათო შეიქნებოდა, თუ მხედველობაში მივიღებდით თბილისის მხრიდან ჯარების აქტიურობასა და საოპერაციო მიმართულებების თბილისზე მთავარი მიმართულებისგან განკერძოვებულობას. მობილიზაციისა და გაშლის დასაფარად სიმაგრეები უნდა ყოფილიყო აგებული წითელ ხიდთან, სადახლოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში და საყარაულოს მთაზე. ფოილოს ხიდი აუცილებლად აფეთქებისთვის უნდა ყოფილიყო მომზადებული და ხიდისზედა სიმაგრეებიც მოწყობილი. ეს სიმაგრეები იმ ვითარებაში, რომელიც იქმნებოდა, შეიძლებოდა ისეთივე ხასიათისა ყოფილიყო, როგორიც უკვე აგებული გახლდათ, ე. ი. საველე ტიპისა, და რაიმე განსაკუთრებულ ხარჯებსაც არ მოითხოვდა. შემდეგ გამაგრებული უნდა ყოფილიყო სურამის ქედი, აგრეთვე აგვეგო სიმაგრეები ზეკარისა და გოდერძის უღელტეხილებზე, და კავკასიონის ქედის უღელტეხილებზეც. უნდა ყოფილიყო სიმაგრეები გაგრის მიმართულებაზეც. ამ სიმაგრეებიდან სურამის ქედის სიმაგრეები და ზეკარისა და გოდერძის ურელტეხილებზეც შეიძლებოდა მეორე რიგში ყოფილიყო დაყენებული, მაგრამ მთელი მოსამზადებელი სამუშაოები წინასწარ უნდა გვეწარმოებინა. ეს შავი სქემა გვიჩვენებს, რომ მთავარი მოქმედებები უნდა მომხდარიყო თბილისის რაიონში, ხოლო თუ მოწინააღმდეგე ამის საშუალებას მოგვცემდა, მისგან აღმოსავლეთითაც. და მხოლოდ ამოვწურავდით რა აქ თავდაცვის მთელ ძალებს, შეიძლებოდა გაგვეგრძელებია თავდაცვა უკვე დასავლეთ საქართველოზე დაყრდნობით. მაგრამ, იძულებული ვიქნებოდით რა დაგვეტოვებია კახეთი, სადაც მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის მოქმედებები იქნებოდა განვითარებული, და ქართლიც, საჭირო იყო ამ ოლქებში წინასწარ მოწინააღმდეგის ზურგზე მოქმედებების ორგანიზება მოგვეხდინა, რასაც ხელს ამ ოლქების მთიანი და ტყიანი ხასიათი უწყობს, და განსაკუთრებით კახეთში (თელავი – ხევსურეთი), ხოლო ქართლში კი თრიალეთი და მესხეთი. შემდგომში, სურამის ქედზე გამაგრების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოგვიწევდა მთავარი თავდაცვა გურიაში გადაგვეტანა, და შემდეგ უკანასკნელ ბურჯზე ბათუმში, ხოლო დამხმარე კი სვანეთში. მაგრამ ასეთი გეგმისათვის წინასწარ უნდა უნდა მოვმზადებულიყავით და მარაგებიც, განსაკუთრებით კი საბრძოლო მარაგები წინასწარვე გაგვენაწილებია (განგვეწერტა). მე ვთვლი, რომ დამოუკიდებლობის 2–3 წლის მანძილზე ჩვენ ამისთვის დრო საკმარისად გვქონდა. ზემოთ გადმოცემული ღონისძიებები რომ დროულად ყოფილიყო მიღებული, მაშინ მოწინააღმდეგე ვერ გაბედავდა დაეწყო ომი, სულ მცირე, იმ ძალებით, რომლებითაც მან ის დაიწყო, ხოლო სერიოზული შემოტევისთვის რომ მომზადებულიყო, მაშინ მას საკმარისი ძალების თავმოსაყრელად ომის დასაწყისის გადავადება მოუწევდა და ეს ჩვენ საომრად შემდგომი მომზადებისთვის დროს მოგვცემდა. უნდა მოვმზადებულიყავით და სერიოზულადაც მოვმზადებულიყავით, და არა მთვარისა და ვარსკვლავებისთვის დაგვეწყო ღაღადი.

ზემოთ გადმოცემული მოსაზრებები და ქვეყნის თავდაცვისთვის თუნდაც რაიმე სერიოზული ზომების არარსებობა დაედო საფუძვლად იმ შეხედულებას, რომელიც 15-დან 16 თებერვლის ღამეს ჩემთან მოსულ ვ. ჯუღელს გამოვუთქვი, რომ ომი უეჭველად წაგებული იქნება, მაგრამ რომ ყოველ შემთხვცევაში საჭიროა ბრძოლა, რის გამოც დავთანხმდი კიდეც რომ შევსულიყავი სამსახურში. მთელი ეს ფიქრები გამოვთქვი, ვღებულობ რა მხედველობაში

1920–1921 წლებში შექმნილ ვითარებას. 1921 წლის 16 თებერვლის შემდეგ შეუძლებელი იყო მოგვეხდინა ქვეყნის წინააღმდეგობის ორგანიზაცია გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე. არ იყო არც დრო, არც საშუალებები, არც შეიარაღებული ძალები. არ გვყავდა რა ჯარები და არ გვქონდა ბრძოლის საშუალებანი არც შეიძლებოდა გვეოცნება ომის მოგებაზე. ეს არ გამორიცხავს ხალხის წინააღმდეგობას, მაგრამ სხვა ხერხით, სახელდობრ კი პარტიზანული სახალხო ომის ორგანიზაციით. ჩვენი ქვეყნის ადგილობრივი ელემენტი ამას ხელს უწყობს. თუმცა კი ეს უკანასკნელიც მოითხოვდა წინასწარ მომზადებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ქვეყნის თავდაცვის გეგმაში ომის ეს ხერხი დადგენილ უნდა იქნას და დროულადაც უნდა იქნას მიღებული ზომები იმ შემთხვევისათვის, თუ მოწინააღმდეგის მოგერიება ჩვენთვის ხელსაყრელად ვერ დასრულდებოდა, ე. ი. თუ მთავარი საომარი მოქმედებები ბრძოლის ველებზე მტერზე გამარჯვებას ვერ მოგვიტანდა.

არ შევჩერდები რა იმაზე, თუ რატომ ვერ აღვმოჩნდით ჩვენ მზად 1921 წლის ომისათვის, და ვინ იყო ამაში მთავარი დამნაშავე (ამ კითხვაზე ჩემი მოგონებები მთლიანად პასუხობს), მხოლოდ შევჩერდები რა ომის სულ დასაწყისზე და იმ დროზეც, რომელიც მას უშუალოდ წინ უძღოდა, უნდა ვაღიარო, რომ ბრალი ედება ყველა იმას, ვინც უშუალოდ, თავისი თანამდებობით, უმაღლეს ხელისუფლებასთან იდგა. რაც უმაღლეს სამხედრო ჩინებს შეეხება, მაშინ, ვუშვებ რა, რომ სამხედრო მიმართებით ქვეყნის მომზადების მთლიანი ვრცელი სისტემა მათ ხელიდან გაუსხლტათ, მაინც არ შემიძლია უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ბრალად არ წავუყენო ის გარემოება, რომ ის სახსრები და საშუალებანი, რომლებსაც ისინი ფლობდნენ, არ ყოფილა მიზანმიმართულად გამოყენებული და ასევე არ ყოფილა მიღებული ის ღონისძიებები, რომლებიც სრული მთლიანობით მათზე და მხოლოდ მათზე იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა, უმჯობესია ებრძოდე მოწინააღმდეგეს, სავსებით მომზადებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, თუ შენ ყველაფერი მზადყოფნაში არ გაგაჩნია, მაშინ არ არის საჭირო ზომების მიღება არსებული საშუალებების საუკეთესოდ გამოყენებისთვის. ამაში ბრალი ედებათ სამხედრო მინისტრს მისი ორი თანაშემწითა და გენერალური შტაბის უფროსს. ეს ადამიანები გახლდნენ ქვეყნის თავდაცვის უახლოესი გუშაგები. პასუხისმგებლობის ზნეობრივი მხარე სამხედრო მინისტრს, როგორც არასამხედრო ადამიანს, ეხსნება (отпадает); მისთვის ძნელი იყო მიმხვდარიყო რომ ქვეყნის თავდაცვა არ მდგომარეობს მხოლოდ მობილიზაციასა და ამა თუ იმ პოლკების აქა და იქ დაყენებაში, თუნდაც ეს მუქარის ქვეშ მყოფი საზღვარი იყოს. მით უმეტესი ზნეობრივი ბრალი ედებათ უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების სამხედრო წარმომადგენლებს.

მათ მიერ დაშვებული შეცდომები იყოფა ორ კატეგორიად: 1) შეცდომებად უშუალო მომზადების პერიოდში და 2) შეცდომებად ხელმძღვანელობაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. პირველ შეცდომებს უნდა მივაკუთვნოთ თავიდან ომის გეგმის არარსებობა. ომის გეგმის შედგენა გენერალური შტაბის ხვედრია, ეს მისი მთავარი ამოცანა გახლავთ. ასეთი გეგმა არ ყოფილა შედგენილი არც მისი სრული მოცულობითა და არც სქემატურად. რა თქმა უნდა, ასეთი გეგმა შედგენილი უნდა ყოფილიყო იმ დირექტივების თანახმად, რომლებსაც უმაღლესი დაწესებულება გამოიმუშავებდა. მაგრამ, თუ ეს დირექტივები არ იქნებოდა, მაშინ ისინი უნდა გამოეთხოვათ. უშუალო მეთვალყურეობა (დაკვირვება) ამ სამუშაოზე, უფრო სწორად, იმაზე, რათა ის წარმოებდეს, ეკისრება სამხედრო მინისტრის ორ თანაშემწეს, თითოეულს თავის სფეროში. მათი ბრალეულობა კიდევ იმ გარემოებითაც ძლიერდება, რომ ნოებერში გამოცხადებული იყო მობილიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი წლის თებერვლამდე საომარი მოქმედებები დაწყებული არ ყოფილა, ამ დროის მანძილზე ამ მიმართებით არაფერი გაკეთებულა. როგორც ჩანს ითვლებოდა, რომ მობილიზაცია და ჯარების ნაწილით მუქარის ქვეშ მყოფი საზღვრის დაკავება არის კიდეც ყველაფერი ომისთვის ქვეყნის მომზადების საქმეში. ომის გეგმის მომზადების სფეროში მხოლოდ ჯარების მობილიზაციის განყოფილება იქნა შედგენილი, მაგრამ ეს განყოფილებაც ძლიერ მოიკოჭლებდა. მაგალითად, სათადარიგო პოლკები მხოლოდ ჩემი ბრძანებით შეიქმნა და მათ სათავეში გენ. ვ. წულუკიძე იქნა დაყენებული. არ ყოფილა მიღებული ზომები იმისთვის, რათა მოსული სათადარიგო შემადგენლობისთვის მარაგები და მატერიალური ნაწილი ბატალიონების შტაბებთან ყოფილიყო შენახული. რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ყველაზე უფრო მეტად თვალშისაცემ შეცდომებზე მივუთითებ. მობილიზაციის გეგმის დეტალური განხილვა ბევრ სხვა ნაკლოვანებასაც გვიჩვენებდა. უშუალოდ საომარი მოქმედებების დაწყების წინა პერიოდში მომავალი მოქმედებების გეგმა შედგენილი არ ყოფილა, ე. ი. თუ საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში როგორი სახის მოქმედებებისთვის უნდა მიგვემართა და, აქედან ამომდინარე, როგორია შეიარაღებული ძალების თავმოყრისა და გაშლის გეგმა; ეს ბრალი მთლიანად ედება სარდლობას გენ. ოდიშელიძის სახით, რომელიც იდგა ჯარების სათავეში.

ომის მოლოდინის დროში, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, ჯარები მუქარის ქვეშ მყოფ საზღვარზე იქნა გაშლილი. ნათელია, რომ ეს იმ მიზნით იყო გაკეთებული, რათა საომარი მოქმედებების დაწყებისთვის მზად ვყოფილიყავით. მაგრამ, უეჭველია, თვითონ ჩვენ არ ვვარაუდობდით ომის დაწყებას. ჩვენ მოლოდინის მდგომარეობა გვეკავა და მოწინააღმდეგის პარირების გზით მოგერიებისთვის ვემზადებოდით; სანამ მოწინააღმდეგე შეტევაზე არ გადმოვიდოდა, ჩვენ უძვრელად დავრჩებოდით. აქედან ნათელია, რომ ჯარების განლაგებაც, მათი დაჯგუფებაც იმ ძირითადი ხერხის შესაბამისი უნდა ყოფილიყო, რომელიც ჩვენს მიერ წინასწარ დასახული სახის მოქმედებებს უპასუხებდა. იყო თუ არა ეს გაკეთებული? არა.

ჯარები აღმოსავლეთ საზღვარზე შემდეგნაირად იყო განლაგებული. ლორეში გვარდიის სამი ბატალიონი, დაახლოებით 1500–1800 ადამიანი; სანაიანის მიმართულებაზე 5, 7 და 8 ბატალიონები. მე არ ვიცი, იყვნენ თუ არა ისინი როგორც 3-ბატალიონიანი პოლკები (სავარაუდოდ არა) თუ როგორც ცალკეული ბატალიონები, აგრეთვე შედიოდნენ თუ არა ამ ჯგუფის შემადგენლობაში გვარდიის ბატალიონებიც; ყოველ შემთხვევაში უნდა ვაღიარო, რომ ეს ჯგუფი ლორეს ჯგუფზე უფრო ძლიერი გახლდათ. შემდეგი ჯგუფი იდგა წითელ ხიდთან; იგი გვარდიის 7 ბატალიონის ძალისა იყო და სანაიანის ჯგუფს აღემატებოდა. შემდეგ ფოილოს ხიდთან იდგა გვარდიის 2 ბატალიონი და ზაქათალას წინააღმდეგ 1 არმიის და 1 გვარდიის ბატალიონები. ამ ჯგუფების უახლოესი რეზერვი, 1-ლი პოლკის 1 ბატალიონი და საგანგებო გვარდიული ბატალიონი იდგნენ თბილისში. საყარაულო ბატალიონი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ველზე გასაყვან ერთეულად. დანარჩენი ჯარები თავიანთ სადგომებში იყვნენ განლაგებულნი და აღმოსავლეთ საზღვარზე გაშლილი ჯარებისთვის რეზერვად არ ითვლებოდნენ; ეს იმით დასტურდება, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან 15 თებერვლამდე ამ წყაროდან მხოლოდ მე-9 პოლკის ერთი ბატალიონი იქნა მოთხოვნილი, რომელიც ბათუმში იყო განლაგებული, და თვით გვარდიული ბატალიონებიც კი გორიდან გამოძახებული არ ყოფილან. ამრიგად, გაშლილი ძალების მთავარი მასა იმყოფებოდა საზღვარზე – უბანზე ვორონცოვკიდან მდ. მტკვრამდე წითელ ხიდთან. ამასთან, ამ უბანზე ლორეს მიმართულებას ყველაზე უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა, ხოლო სანაიანისა და წითელი ხიდის მიმართულებებს კი – უფრო მეტი მნიშვნელობა, ამასთან უკანასკნელს, წითელი ხიდის მიმართულებას ყველაზე უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამაზე უკვე მიგვითითებს თბილისური რეზერვის განლაგებაც, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს წითელი ხიდის მიმართულების ჯარებთან იმყოფებოდა. შემდეგ, ვორონცოვკიდან ფოილოს ხიდის ჩათვლით სარდლობა გაერთიანებული გახლდათ გენ. ი. გედევანიშვილის სახით (მის ხელში). ეს სრულებით არასწორი რამ იყო. ჯარებს ერთ სარდლობაში მაშინ აერთიანებენ, როცა ამ ჯარებისთვის ისმება ერთი განსაზღვრული და მათთვის საერთო ამოცანა. იმჟამინდელ პირობებში ასეთი ერთიანი მიზანი არ ყოფილა, რადგანაც მიზნები, რომლებიც შეიძლებოდა ამ ოთხი ჯგუფის ჯარებისთვის დაესვათ, არ შეიძლებოდა ერთი და იგივე ყოფილიყო. ორი მთავარი ჯგუფი, სანაიანისა და წითელი ხიდის, ორ სხვადასხვა მიმართულებაზე იდგა და არ შეიძლებოდა მათთვის მოქმედებათა ერთი და იგივე მიზანი დაესვათ. ამ ძალების ურთიერთმოქმედების მოწყობა არანაირად არ შეიძლებოდა მათ ორივესთვის ერთი საერთო მიზნის დასმით; ამ ჯგუფთაგან თითოეულს შეტევითი და თავდაცვითი ხასიათის თავისი საოპერაციო ხაზი ესახებოდა. ეს მიმართულებები, თითოეული ცალ-ცალკე, მთელი ქვეყნის თავდაცვის საკითხში სავსებით დამოუკიდებელ მნიშვნელობას იძენდნენ და მათთვის მიზნებისა და ამოცანების დასმა უნდა ყოფილიყო უმაღლესი სარდლობის ხელში. რაც შეეხება ლორეს მიმართულებას, ეს მეორეხარისხოვანი მიმართულება გახლდათ და შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო, როგორც საერთო ფრონტის მარჯვენა ფლანგის უზრუნველყოფა, და შესაბამისად ასეთი რამ ასევე უმაღლესი სარდლობის ხელში უნდა ყოფილიყო, ამასთან, მთავარი მოქმედებების თეატრისგან თავისი მოშორებულობის და მისგან უზარმაზარი მთიანი სივრცით განცალკევების გამო, ის საკუთრივ დამოუკიდებელ მიმართულებას შეადგენდა. ქვეყნის თავდაცვის საქმეში გენ. ი. გედევანიშვილი, როგორც კერძო უფროსი, ვერ შეიძლებოდა ქვეყნის თავდაცვის საერთო (ზოგადი) იდეის ხორცშემსხმელი ყოფილიყო; ასეთი უნდა ყოფილიყო თავად მთავარსარდალი. ჩააბარა რა გენ. ი. გედევანიშვილს თითქმის მთელი ჯარები, რომლებიც აღმოსავლეთ ფრონტზე და მის სხვადასხვა საოპერაციო ხაზებზე მოქმედებებისთვის იყვნენ განკუთვნილი, მთავარსარდალმა თავის განკარულებაში მხოლოდ უმნიშვნელო რეზერვი დაიტოვა. ამრიგად მან ჯარების მთავარი მასის პირად ხელმძღვანელობაზე, და ამასთან ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებაზეც, უარი განაცხადა.

გაშლილი ჯარების წინასწარი დაჯგუფების განხილვას შემდეგ დასკვნებამდე მივყავართ. ყველაზე უფრო მეტი ძალის მქონე ორი ჯგუფი დგას სანაიანისა და წითელი ხიდის მიმართულებებზე სუსტი რეზერვით თბილისში. ეს მთავარი ჯგუფები იმყოფებიან კერძო უფროსის გენ. ი. გედევანიშვილის განკარგულებაში, რომელსაც შეეძლო კიდეც მათთვის სავსებით დამოუკიდებლად ეხელმძღვანელა. მთავარსარდალს შეეძლო მხოლოდ იმით ჩარეულიყო, რომ საქმეში თავის უმნიშვნელო რეზერვს შეიყვანდა, რომელსაც თავისი მცირერიცხოვნების გამო არ შეეძლო ბრძოლის ბედ-იღბლის გადამწყვეტი ყოფილიყო ისეთ ვრცელ ფრონტზე, როგორიც ვორონცოვკა – ფოილო გახლავთ. რეზერვი არის მომავალი ოპერაციის მართვის საშუალება, თუ ვითარება მოითხოვს მომლოდინე სახის მოქმედებების წარმოებას. რეზერვს მცირერიცხოვნება, რომელიც შეიძლება მხოლოდ არასასურველი შემთხვევითობების პარირებისთვის (მეგერიებისთვის) გამოდგეს, აღნიშნავს, რომ ვითარება საკმარისად გამორკვეულად ითვლება, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რომ საბრძოლო წყობის ყველა ნაწილს მიეცა ამოცანა, დაესვა მიზანი, რომ დასახულია მთავარი დარტყმა, რომ რჩება მხოლოდ მოქმედება, ე. ი. რომ დადგა დარტყმის უკანასკნელი აქტი და რომ ყველაფერი სასწორზეა დადებული. განა კი ასეთი იყო მდგომარეობა?

რა თქმა უნდა, არა. ვითარება სულაც არ ყოფილა გამორკვეული და, როგორც ცნობილია, ჩვენ მომლოდინე მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ამ მდგომარეობისთვის უნდა გვყოლოდა ძლიერი რეზერვი. ვიმეორებ, რომ ტერიტორიაზე დარჩენილი ნაწილები აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებებისთვის რეზერვში არ ითვლებოდნენ, და არც შეეძლოთ მომავალი ბრძოლის ველზე დროულად გამოცხადებულიყვნენ. მაინც როგორი იყო მთავარი სარდლობის განზრახვები? რა სურდა ეღონა მას საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება. ჩააბარა რა თითქმის მთელი ჯარები გენ. ი. გედევანიშვილს, მთავარსარდალი ამით ამ ჯარების მოქმედებათა თავის პირად ხელმძღვანელობაზე უარს ამბობდა, და დაიტოვა რა თავისთვის უმნიშვნელო რეზერვი, საკუთარ თავს ამ ოპერაციების მსვლელობაზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა წაართვა. მე არ ვიცი, როგორი ინსტრუქციები ჰქონდა მიცემული გენ. ი. გედევანიშვილს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ კი სანაიანისა და წითელი ხიდის ჯგუფების უფროსებს. შესაძლოა წერილობით დოკუმენტებს ნათელი მოეფინათ იმისთვის, თუ რა სურდა მთავარსარდალს და რას მოითხოვდა იგი.

ყოველ შემთხვევაში, ჯარების განლაგება და მათი თავდაპირველი მოქმედებები მიგვითითებს, რომ ასევე არ ყოფილა მომავალი მოქმედებების განსაზღვრული გეგმაც. და აი რატომ. მოქმედებების დაწყების შემდეგ წითელი ხიდის ჯგუფი სანაიანის ჯგუფის დასახმარებლად იქნა დაძრული. მიმართულება, რომელსაც აქამდე ერთი დღით ადრე ისეთი უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ ამ მიმართულებაზე ყველაზე უფრო ძლიერი ჯგუფი იყო თავმოყრილი, შიშვლებოდა. მაინც რა სურდა მთავარ სარდლობას, როცა ამ მიმართულებაზე ყველაზე უფრო ძლიერ ჯგუფს უყრიდა თავს და პირველივე გასროლების შემდეგ კი ამ მიმართულებას აშიშვლებდა. პასუხის გაცემას ვერ შევძლებ. მე არ ვეხები ამ ჯგუფების დეტალურ განლაგებას. ვიცი, რომ ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში მთავარსარდალი იქ მგზავრობდა და, ეს ნიშნავს, რომ ჯარების დაწვრილებითი განლაგება არა მხოლოდ რუკაზე, არამედ ადგილმდებარეობაზეც არ შეიძლებოდა მას თვალთაგან გამოჰპარვოდა. არ ჩავუღრმავდები რა იმას, თუ ვისი ბრძანებით იქნა გაშიშვლებული წითელი ხიდის მიმართულება, მთავარი სარდლობის ბრძანებით თუ გენ. ი. გედევანიშვილისა, მაინც ასეთი გადაჯგუფება არ შეიძლებოდა უცნობი ყოფილიყო მთავარი სარდლობისთვის და, თუ უკანასკნელი ამას არ ეთანხმებოდა, მას შეეძლო და მოვალეც იყო ამის ნება არ მიეცა.

საომარ მოქმედებათა დაწყების შემდეგ მთავარმა სარდლობამ დაიწყო დამარცხებული სანაიანის რაზმის გაძლიერება პაკეტებით თავისი უმნიშვნელო რეზერვიდან და მხოლოდ მისი ამოწურვის შემდეგ, როცა საყარაულო ბატალიონის 2 ასეულიც კი გაგზავნა, მან ბათუმიდან მე-9 პოლკის ბატალიონი გამოიძახა. ამასთამ, აძლიერებდა რა პაკეტებით ამ რაზმს, გენ. ი. გედევანიშვილს ამოცანად უსვამდა „შეტევაზე გადასვლას“. ეს არ არის ხელმძღვანელობა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, როცა მთავარი სარდლობა საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომლოდინე მდგომარეობაში თავის პირად განკარგულებაში იმდენად უმნიშვნელო რეზერვს იტოვებს, რომ საქმეში მისი შეყვანით არ შეუძლია ბრძოლის ან ოპერაციის მსვლელობაზე გავლენა მოახდინოს. 

ამრიგად, ვაჯამებ რა იმ შეცდომებს (подводя итоги недочетам), რომლებსაც ადგილი ჰქონდა საომარ მოქმედებათა დასაწყისის უახლოეს პერიოდში, უნდა აღვნიშნო: 1) ომის გეგმის არარსებობა, 2) ძალების არასწორი გაშლა, თითქმის არ არის რეზერვი, 3) მომავალ საომარ მოქმედებათა გეგმის არარსებობა, 4) სხვადასხვა საოპერაციო მიმართულებებზე სარდლობის გაერთიანება, 5) მთავარი სარდლობის მიერ საომარ მოქმედებათა მთავარ თეატრზე პირად ხელმძღვანელობაზე უარის თქმა, 6) წითელი ხიდის მიმართულების გაშიშვლება, 7) ბრძოლის ველზე იმ ჯარების გამოყვანაზე უარის თქმა, რომლებიც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებული (მხოლოდ ერთი ბატალიონი იქნა გამიძახებული), 8) სანაიანის ჯგუფის ჯარების პაკეტებით გაძლიერება, 9) გენ. გედევანიშვილისთვის ამოცანების არასწორად დასმა, სახელდობრ კი „შეტევაზე გადასვლა“, რომელიც იმ ვითარებაში მიზანშეუწონელი და შეუსაბამო გახლდათ.

* * *

ასეთი იყო გაუთვალისწინებლობანი და შეცდომები (недочеты и ошибки), რომლებიც ომის წინ უახლოეს პერიოდსა და მის დასაწყისში იქნა ჩადენილი. მათ ჩვენი ჯარების უმეტესი ნაწილის სრულ დამარცხებამდე მიგვიყვანეს; იმ ჯარების რიცხვიდან (შემადგენლობიდან), რომლებიც ვორონცოვკა–წითელი ხიდის ფრონტზე იყვნენ გამოყვანილი და მიიღეს ბრძოლა 16 თებერვალს, თბილისში მეტ-ნაკლები წესრიგით დაახლოებით 600–700 ადამიანი დაბრუნდა, რომლებიც 12–15 ერთეულის (ბატალიონის) ნარჩენებს შეადგენდნენ. ამან გადაწყვიტა კამპანია. მე უკვე ვიანგარიშე, თუ რა დარჩა ამ დამარცხებით ხელუხლებელი. აქ მათ ჩამოვთვლი. ესენი იყვნენ: მე-4 პოლკის 1 ბატალიონი, მე-9 პოლკის 1 ბატ., 10-ე პოლკის 1 ბატ., 11-ე პოლკის 1 ბატ. და 12-ე პოლკის 1 ბატ., სამხედრო სკოლა, რომელთა მთავარ კონტინგენტს სულ ახლახანს გაწვეული ახალგაზრდები შეადგენდნენ; ამ რიცხვიდან 11-ე პოლკის 1 ბატალიონს არ შეეძლო თბილისში ჩამოსვლა მოესწრო და მხოლოდ ხაშურში გამოცხადდა იმ მომენტში, როცა ჩვენ იქ ვიმყოფებოდით, ხოლო 12-ე პოლკის ბატალიონი კი, რომელიც ცალ-ცალკე ნაწილებად იყო დაყოფილი და არტაანსა და მანგლისში იდგა, საერთოდ უნდა ამოგვერიცხა მოქმედი ჯარების რიცხვიდან. სულ ჯამში 4 ბატალიონი და სამხედრო სკოლა. ამას უნდა დავუმატოთ გორის 2 გვარდიული ბატალიონი, ბათუმისა და ახალციხის გვარდიული ბატალიონები, სულ 4 ბატალიონი, ხოლო მთლიანობაში კი 8 ბატალიონი და სამხედრო სკოლა. დამარცხება განიცადეს: არმიის 1-ლი პოლკის 1 ბატალიონმა, 5, 7 და 8 პოლკებმა და მთელმა გვარდიამ, ზემოთ ხსენებული ბატალიონების, სოხუმის ბატ-ნის, ფოილოს მიმართულებაზე მყოფი 2 ბატ-ნისა და კახეთის ერთი ბატ-ნის გამოკლებით: სულ 4 საარმიო და 13 გვარდიული ბატალიონი, ანუ მთლიანობაში 17 ბატალიონი. თუ მთელ ძალებს ჩავთვლით 12 საარმიო და 24 გვარდიული ბატალიონის შემადგენლობით, მაშინ დამარცხება განიცადა 3/4-მა იმ რიცხვიდან, რომელსაც შეეძლო მონაწილეობა მიეღო ბრძოლებში მხოლოდ აღმოსავლეთ საზღვარზე და არა ნაკლებ ნახევარმა რესპუბლიკის მთელი შეიარაღებული ძალებისა.

და როგორი იყო ჩვენს მიერ ომის წაგების საერთო (ზოგადი) მიზეზები? ამ კითხვას პასუხობს მთლიანობაში ჩემი მოგონებები. ახლა დასკვნებს განვაზოგადებ. შევჩერდები მხოლოდ ფაქტებზე, რომელთა თანამიმდევრულად ჩამოთვლაც წარმოადგენს მმართველთა ნამდვილი განზრახვების მაჩვენებელს.

შეიარაღებული ძალები თავისი არსით სახელმწიფოს საყრდენია; იგი თავისი სახელმწიფოს დამცველი გახლავთ და მისთვის რკინის გალავნის სამსახურს სწევს, რომლის შიგნითაც ხალხი თავისი ძალების მშვიდობიან განვითარებას ეძლევა. შეიარაღებული ძალები და მისი მოწყობა უნდა იქცევდეს (იზიდავდეს) მმართველთა ყოველმხრივ ყურადღებას, რათა უზრუნველყონ ხალხისათვის მშვიდობიანი ცხოვრება. ამასთან ერთად არმია წარმოადგენს თავისი ხალხის ყველა თვისების ასახვას, ვინაიდან არმია ხალხიდან იბადება, იგი გახლავთ მისი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. არმია საკუთარ თავში როგორც სარკეში ასახავს თავისი ხალხის ყველა დადებით და უარყოფით ნიშანს, ხოლო მისი ძალმოსილებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი ხალხის შინაგანი ძალების განვითარების ძალასა და ხარისხს შეესაბამება. ხალხის ძლიერების ან სისუსტის მომენტში, თავისი კულტურის უმაღლესი განვითარების ან დაქვეითების მომენტში, არმია ასეთივე მომენტებში შესაბამისად ან თავისი განვითარების უმაღლეს ძალას აღწევს ან კიდევ მიდის თავისი დაქვეითებისკენ. ეს კანონი იმდენად განუხრელია, რომ არმიის მიხედვით, როგორც თერმომეტრის მიხედვით, შეიძლება მსჯელობა ხალხის ძალმოსილებისა და მისი ძალების განვითარების ხარისხზე. აზრთა მიმართულებანი, რომლებიც მოიცავს ხალხს, მაშინვე ჰპოვებს თავის ასახვას არმიაში. ეს მოვლენა განსაკუთრებით საგრძნობია იმ ხალხებში, რომლებსაც წარმომადგენლობითი სახის მმართველობა გააჩნიათ. აბსოლუტური მონარქიული მმართველობის მქონე ქვეყნებში ღებულობენ ზომებს არმიის იზოლირებისათვის სახელმწიფოს შინაგანი ცხოვრებისგან; მაგრამ, რადგანაც არმია აქაც იმავე ხალხისგან, იმავე ერთეულებისგან შედგება, მაშინ ყურადღებიანი მკვლევარი აქაც იპოვნის იმავე მოვლენებს არმიაში, და ეს კანონი მონარქიულ ქვეყნებშიც სწორი რჩება.

ეს მოვლენა იყო კიდეც იმის შედეგი, რომ რუსეთში 1917 წელს, არმია მთლიანად შეუერთდა რევოლუციას, რაც არ გაუკეთებია მას 1905 წელს, როცა აზრთა ამ ახალ განწყობილებებს ვერ მოესწროთ ხალხის ხშირ რიგებში შეღწევა. იყო რევოლუციასთან ასეთი ერთსულოვანი შეერთების სხვა მიზეზებიც, მაგრამ ეს მისი მთავარი მიზეზი გახლდათ, ეს იყო საფუძველი ყველა დანარჩენი მიზეზისა. შეიარაღებული ძალის, ხალხის არმიის ცივსისხლიან და მიუკერძოებელ კრიტიკოსს, რომელიც იკვლევს მის თვისებებს და, ეს ნიშნავს, რომ იკვლევს მის შინაგან ცხოვრებას, ყოველთვის შეუძლია სწორად განსაზღვროს ხალხის შინაგანი ძალების მდგომარეობის ხარისხი, რომლიც (ეს ხალხი) შეიარაღებულ ძალებში გამოავლენს თავის ნიშნებსა და თავის განვითარებას ყველაზე უფრო მკვეთრი, თვალში საცემი სახით. ის ტონი, რომელიც აიღება შეიარაღებულ ძალასთან მიმართებაში, ის მიმართულება, რომელსაც მიჰყვებიან მმართველები მასთან მიმართებით თავიანთ ღონისძიებებში, ის პირობები, რომლებშიც ჩაყენებულია არმია, ხალხის დამცველი, მეტად რელიეფური სახით ახასიათებს კიდეც შექმნილ ვითარებას.

აი რატომ, გამოვიკვლევთ რა ყველაფერს, რაც ხდებოდა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, მის სულსა და იმ ღონისძიებებს, რომლებსაც მმართველები ღებულობდნენ მასთან მიმართებით, შეიძლება ვიმსჯელოთ კიდეც იმის შესახებ, თუ რა კეთდებოდა მმართველთა მიერ და რა ხდებოდა ხალხის წიაღში. აქ შეიძლება ვიპოვოთ კიდეც ის ზოგადი მიზეზები, რომლებიც იქცნენ ჩვენი დამარცხების მიზეზად.

ამას შევუდგები კიდეც. უწინარეს ყოვლისა შევჩერდები საკითხზე, უნდოდათ თუ არა მმართველებს შეექმნათ შეიარაღებული ძალა, თვლიდნენ თუ არა ისინი, რომ შეიარაღებული ძალა წარმოადგენს აუცილებლობას სახელმწიფოს ცხოვრებისათვის. ამ კითხვაზე გარკვეული და ნათელი პასუხის გაცემა, დადებითის ან უარყოფითის, არ შეიძლება. მმართველები, როგორც აზრთა ახალი მიმართულებების, სოციალიზმის ახალ სწავლებათა წარმომადგენლები, თავიანთი მოძღვრების არსით იყვნენ ომების მოწინააღმდეგენი და, შესაბამისად, სადავო საერთაშორისო ურთიერთობების გადაწყვეტას აფუძნებდნენ მშვიდობიანი გზით მათი გადაწყვეტის საწყისებზე. მაგრამ, ცხოვრების სინამდვილემ გვიჩვენა, რომ მსოფლიოს სულაც არ მიუღწევია ისეთი განვითარებისათვის, რათა სადავო საკითხების გადაწყვეტა შეიძლებოდეს სხვანაირად, თუ არა შეიარაღებული ხელით. ამ გარემოებამ, ამ, ასე ვთქვათ, თავად ცხოვრებამ უკარნახა მათ ეღიარებინათ შეიარაღებული ძალა. თუმცა კი, ამას ისინი აღიარებდნენ, როგორც ბოროტ აუცილებლობას. იმ ვითარებაში, რომელშიც მოხდა რევოლუცია, ისინი ხედავდნენ, რომ რუსეთის დამარცხება მას დამონებამდე, დაღუპვამდე მიიყვანდა. აი ამიტომ, რევოლუციის დაწყებიდანვე რუსეთის სოციალისტებმა, და მათ შორის მენშევიკებმაც, საკუთარი თავი გერმანიასთან ბრძოლის გაგრძელების მომხრედ გამოაცხადეს. მაგრამ ეს მათ შეკუმშული გულით გააკეთეს. მსგავსი ვითარება იყო საქართველოშიც, სადაც უშუალო საფრთხე გვემუქრებოდა თურქეთის მხრიდან და, რა თქმა უნდა, რუსეთისა და ჩვენი მეზობლების მხრიდანაც. და აი საქართველოში სოციალისტ-მენშევიკები, რომლებიც აქ მდგომარეობის ბატონ-პატრონები იყვნენ, იმავე გზას დაადგნენ და შეიარაღებული ძალის მომხრენი შეიქნენ, თუმცა კი თავიანთი ნების წინააღმდეგ.

თითქოსდა უნდა დაეწყოთ კიდეც ეს საქმე. მაგრამ არა, მათ აღიარეს, რომ შეიარაღებული ძალა უნდა არსებობდეს, მაგრამ სურდათ მისი ორგანიზება მოეხდინათ „ახალ“ საწყისებზე, მასში უწინარეს ყოვლისა ჰქონოდათ რეჟმის მხარდაჭერა. ჰქონდათ რა ძალზედ ბუნდოვანი წარმოდგენა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროის რევოლუციური არმიის შესახებ და ვარაუდობდნენ რა, რომ ეს რევოლუციური არმია წარმოადგენდა რაღაც ახალს, მათ აქაც, საქართველოშიც, დაიწყეს იმ საფუძვლებისა და იმ ორგანიზაციის კატეგორიული უარყოფა, რომლებზედაც უნდა იქნას აგებული შეიარაღებული ძალები და იწყეს ახალი გზების ძიება შეიარაღებული ძალების „ახლებურად“ შექმნისათვის. ეს მისწრაფება ჩანს ნათლად; იგი ვლინდებოდა ყოველთვის და ხაზგასმულად ჩემს მოგონებებში. ჯერ კიდევ 1917 წლის დეკემბერში ჩვენი ეროვნული კრების სამხედრო სექცია დაადგა იმ თვალსაზრისს, რომ ჩვენს არმიაში დაშვებულ უნდა იქნას კომიტეტები და პარტიულობა. ახალი გზების ეს ძიება გამოვლინდა იმ კრიტიკაშიც, რომელიც გამოთქვეს ეროვნული კრების აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა არმიის ორგანიზაციის პროექტის შესახებ, რომელიც წარადგინა სამხედრო კომისიამ. სიმპტომატურია ნ. ბ. რამიშვილის ფრაზა, რომელმაც თქვა, რომ ამ პროექტში სულ უფრო მეტია ძველი და ძალიან ცოტაა „ახალი“. მაგრამ, მეორე სხდომის დროს, როცა უშუალო თურქული საფრთხე წამოიმართა, გადაწყდა მიეღოთ ეს პროექტი. ამის მომხრედ სოც-დემოკრატიული პარტიის მეთაური გამოდიოდა. თუმცა კი, ეს გადაწყვეტილება გულწრფელი არ ყოფილა, პროექტი დასამარებულ იქნა და ისევ დაიწყეს „ახალი საწყისების“ ძიება, რომლებზედაც უნდა ყოფილიყო აგებული ახალი შეიარაღებული ძალა. და იპოვნეს კიდეც. რევოლუციიდან გამოჩენილ (გამოსულ) „წითელ გვარდიას“ სახელი გადაარქვეს და „სახალხო გვარდია“ უწოდეს. ეს გახლდათ ის ახალი შეიარაღებული ძალა, რომელიც არმიის ორგანიზების შესახებ მმართველი პარტიის გაგებას აკმაყოფილებდა. შეიარაღებული ძალის გვარდიის საწყისებზე ორგანიზაციის მთელი აბსურდულობის მიუხედავად, დაიწყეს ამ უკანასკნელის ყველა ხერხით განმტკიცება. რა თქმა უნდა, მან ვერ გაუძლო პირველივე საბრძოლო გამოცდებს, მაგრამ ამაზე თვალი დახუჭეს.

(გაგრძელება იხ. ნაწილი VIII)


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment