Wednesday, April 1, 2020

გიორგი კვინიტაძე – „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“, პარიზი, 1985


(ნაწილი VIII) 


 


თ ა ვ ი XXVII 


საქართველოს სახალხო გვარდია 

რას წარმოადგენდა გვარდიული ორგანიზაცია? როგორია მისი ხარისხი და თვისებები? ნამდვილად კი წარმოადგენდა ჯარის ეს გვარეობა ახალ სამხედრო ორგანიზაციას, რომელიც არასოდეს ენახა მსოფლიოს. წარსულ დროთა ისტორიიდან ვიცით შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის ბევრი სხვადასხვა სისტემა, აგრეთვე ამ სისტემების უარყოფითი და დადებითი თვისებებიც. ჯარების ორგანიზაცია ხდებოდა შემდეგი სისტემების მიხედვით: 1) დაქირავება (наем), 2) მოგროვება (შეკრება, вербовка), 3) რეკრუტობა (სამხედრო ბეგარა), 4) კადრების სისტემა და 5) მილიცია. განვიხილოთ ეს სისტემები და შევხედოთ რომელ სისტემას შეიძლება მივაკუთვნოთ გვარდიული ორგანიზაცია? რომელი სისტემის ნიშნებს შეასხა ხორცი მან საკუთარ თავში? მაშინ ნათლად დასანახი შეიქნება მისი ყველა თვისება და ისიც, თუ რისი მოლოდინი შეიძლება გვქონოდა მისგან. აღნიშნული სისტემების გარდა, ძველ დროში იყო კიდევ ერთი სისტემა, სახელდობრ კი სამხედრო კასტა (მხედრები), რომელსაც ომის სიმძიმე აწვებოდა და რომელსაც სახელმწიფოში პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავა. ამ სისტემაზე არ შევჩერდები, რადგანაც ამ სისტემამ დიდი ხანია თავისი დრო მოჭამა; მხოლოდ ვიტყვი, რომ ყოველგვარი კასტა დანარჩენი კლასების მასში შესასვლელის ჩაკეტვით გადაგვარებისთვისაა განწირული.

1.  დ ა ქ ი რ ა ვ ე ბ ა  (наем). ეს სისტემა გამოჩნდა თითქმის ყველგან ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მომენტში, როცა ხელისუფლება თავის სახელმწიფოში ამკვიდრებდა თავის მდგომარეობას და ამისთვის დაქირავებულებით სარგებლობდა. თანდათანობით მათი გამოყენება გარეშე მტრებთან ომებშიც დაიწყეს. ამ ხანებში სამსახური ემყარებოდა არა სამშობლოს დაცვის მოვალეობასა და არა თითოეული მოქალაქის ვალდებულებას, არამედ ფულად ანაზღაურებას, ერთდროულსა და ყოველთვიურს. ამგვარი ჯარების თვისებაა: 1) ბრძოლისუნარიანობა მეტად დაბალია, ეროვნულ ჯარებთან შედარებით, ვინაიდან იბრძოდნენ ფულისთვის, და არა იდეალებისთვის; განსაკუთრებით, როცა დაქირავებულები უცხო ეროვნებისა გახლდნენ. იყო, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე კონტრაქტით აღებულ ვალდებულებათა პატიოსნად შესრულების შემთხვევებიც, მაგრამ ესენი ცალკეული შემთხვევები გახლდათ. 2) არცთუ იშვიათი იყო მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლა, როცა ის უფრო მეტ საზღაურსა და უკეთეს მატერიალურ პირობებს ჰპირდებოდა, ამასთან იყო ასეთი გადასვლის შემთხვევები ბრძოლის დროსაც. დადებული კონტრაქტი ყოველთვის ვერ წარმოადგენდა გარანტიას. 3) დაქირავება დიდი სახელმწიფო ხარჯი გახლდათ და მძიმედ აწვებოდა მოსახლეობას. 4) დისციპლინა დაფუძნებული იყო არა მოვალეობის გრძნობაზე, არამედ უფროსისადმი შიშზე, კაპრალის ჯოხზე. 5) პირადი შემადგენლობის ზნეობრივი დონე მეტად დაბალი იყო, ვინაიდან საკუთარი თავის გაყიდვაზე (ქირით ომში წასვლაზე) მიდიოდნენ მხოლოდ მაღალი იდეალების არმქონე ადამიანები. 6) სახალხო, ეროვნულ ჯარებთან შეხვედრისას ჩვეულებრივ მარცხდებოდნენ. 7) უფროსებში თავიანთი ხელქვეითებისადმი ნდობის არარსებობა.

2.  მ ო გ რ ო ვ ე ბ ა  (შეკრება, вербовка). 1) ზნეობრივი შემადგენლობა კიდევ უფრო დაბალი იყო, ვიდრე დაქირავებულებისა, ვინაიდან მოგროვებისთვის მიმართავდნენ სხვადასხვანაირ მოტყუებას, დათრობას, სატყუარებსა და სხვა. 2) მოგროვებული არმიების განმასხვავებელი ნიშანი გახლდათ ძარცვა, ძალადობა, რაც მათ თავიანთი მოსახლეობისთვის ისეთივე საშინელს ხდიდა, როგორიც იყვნენ მოწინააღმდეგის ჯარები. 3) შემადგენლობის სხვადასხვაგვარობა ზიანს აყენებდა სიმტკიცეს, ცალკეული ერთეულების შეკავშირებულობას, და შესაბამისად ბრძოლისუნარიანობაც მეტად დაბალი ჰქონდათ. 4) დეზერტირობა, რიგების დატოვება ჩვეულებრივი მოვლენა იყო და უფროსები თვით გამარჯვების შემდეგაც კი ხშირად ჯარების გარეშე რჩებოდნენ; დამარცხების შემდეგ ადამიანები (მებრძოლები) ჩვეულებრივ გარბოდნენ და ჯარიც არსებობას წყვეტდა. 5) უკეთესი მატერიალური უზრუნველყოფის აუცილებლობა იწვევდა დიდი აღალების შენახვას. 6) ჯარების ადგილობრივი საშუალებებით შენახვა არ შეიძლებოდა, რადგანაც დეზერტირობა და მძარცველობა ვითარდებოდა, ხოლო დიდი აღალები კი უფროსების მოქმედებათა თავისუფლებას ბოჭავდა. 7) დიდი ფულადი ხარჯი. 8) უფროსებში თავიანთი ხელქვეითებისადმი ნდობის არარსებობა. 9) სიძვირე, ბრძოლის დროს მასობრივი დეზერტირობა და ნდობის არარსებობა ახალისებდა უფროსებს ღია ბრძოლისთვის თავი აერიდებიათ და ომიც არა მტრის განადგურებაზე, არამედ ამა თუ იმ ქალაქის, ციხესიმაგრის დაუფლებაზე დაიყვანებოდა და სხვა. 10) დისციპლინა მიიღწეოდა ჯოხით. 11) რადგანაც მოგროვების დროს ჯარების ორგანიზაცია ამა თუ იმ პირს ევალებოდა, ამიტომ მმართველიც ამ პირზე დამოკიდებული ხდებოდა.

3.  რ ე კ რ უ ტ ო ბ ა  (рекрутчина). 1) არმიის ეროვნული სახე (облик) ჯარებს უფრო მეტად ბრძოლისუნარიანს ხდიდა. 2) ჯარების შემადგენლობის დონე იმაზე დაბალი იყო, რომლის მიცემაც ქვეყანას შეეძლო, ვინაიდან მემამულეები ჯარებში თავიანთი შეხედულებისდა მიხედვით ნიშნავდნენ, და შესაბამისად ცდილობდნენ თავიდან უფრო ცუდი ელემენტი მოეშორებიათ. 3) სიცოცხლის ბოლომდე სამსახური საშუალებას იძლეოდა ჯარისკაცში მოვალეობის გრძნობა ჩაენერგათ. ჯარისკაცად წაყვანილს აღარ შეეძლო სამშობლოში დაბრუნებულიყო და თანდათანობით შეკრულ-შედუღებული ჯარების გამომუშავება ხდებოდა. მაგრამ, იყო დიდი პროცენტი მოხუცებულობაში შესული ჯარისკაცებისა. 4) დისციპლინა ჯოხზე იყო დამყარებული.

4.  კ ა დ რ ე ბ ი ს   ს ი ს ტ ე მ ა.  1) სამხედრო სამსახურის სავალდებულობა; საფუძვლად ედება თითოეული მოქალაქისათვის თავისი სამშობლოს, თავისი სახელმწიფოს, თავისი ხალხის დაცვის სავალდებულობა. 2) სამსახურის სავალდებულობა იწვევს არმიის შეიარაღებული ხალხის სისტემის სახით ორგანიზაციას. 3) დისციპლინას საფუძვლად ედება მოვალეობის გრძნობა, სამშობლოსა და ხალხის წინაშე თავის ვალდებულებათა გრძნობა. ჯოხი, როგორც დისციპლინის დამნერგავი, დაბალი კულტურის მქონე ქვეყნებში გამოიყენება. 4) ჯარებში სამსახურის დადგენილი ვადა მოსახლეობას მშვიდობიანი შრომისგან მხოლოდ გარკვეული პერიოდით წყვეტდა. 5) არმიის ზნეობრივი სახე ძლიერ ამაღლდა და მთელი ხალხის ზნეობრივ სახეს შეესაბამებოდა, და არა მისი ერთი ნაწილის, და მასთან უარესისა, როგორც ეს ზემოთ ჩამოთვლილ სისტემებში (დაქირავება, ბოგროვება, რეკრუტობა) გახლდათ. 6) უკვე აღარ ეშინოდათ ღია ბრძოლისა; ადგილობრივი საშუალებებით სარგებლობის წყალობით, გადაადგილებისა და მანევრირების უნარი გაიზარდა, რამაც ომის, მოსახლეობისთვის ამ მძიმე მოვლენის ხანგრძლივობის შემცირება გამოიწვია. 7) ომისათვის მზადყოფნა გაიზარდა, ვინაიდან თითოეული მოქალაქე აუკვე აღზრდილი და განსწავლული მეომარი გახლდათ. 8) ჯარის ერთგვაროვნება და იარაღის ქვეშ ყოფნა ჯარებს შეკრულ-შეკავშირებულსა და შესაბამისად უფრო ბრძოლისუნარიანს ხდიდა. 9) უფროსის ნდობა თავისი ჯარებისადმი სრული შეიქნა.

5.  მ ი ლ ი ც ი ა.  1) სამხედრო სამსახურის სავალდებულობა. 2) შეიარაღებული ხალხი. 3) დისციპლინა მოვალეობის გრძნობაზე, სამშობლოს, სახელმწიფოს, ხალხის წინაშე ვალდებულების გრძნობაზეა დამყარებული; მაგრამ ჯარისკაცის აღზრდისათვის აუცილებელი ვადა მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე კადრების სისტემის დროს, რისი ძალითაც რაღაცას კარგავს (აგებს) დისციპლინა. 4) სამსახურის მოკლე ვადა მოსახლეობას უფრო ნაკლები დროით წყვეტს მშვიდობიან შრომას, ვიდრე კადრების სისტემისას. მაგრამ, ამასთან დაკავშირებული ნაკლები ბრძოლისუნარიანობა, კადრების სისტემასთან შედარებით, იწვევს დამარცხებას კადრების სისტემის მიხედვით ორგანიზებულ ჯარებთან შეხვედრის შემთხვევაში (1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომი, მე-2 ნახევარი). 5) სამსახურის სიმოკლე აქვეითებს ჯარების განსწავლულობასა და მათ მანევრულობას, ამ გვირგვინს საბრძოლო სწავლებისა. 6) ტექნიკური ჯარები, სამსახურის სიმოკლის წყალობით, უფრო სუსტი ხარისხისაა, ვიდრე კადრების სისტემის დროს. 7) ჯარების შეკრულ-შედუღებულობა თითქმის არ არის. 8) ნაკლები მზადყოფნა თვითდაცვისათვის. 9) ფულადი ხარჯები ზოგადად არ არის იმ ხარჯებზე ნაკლები, რომლებიც კადრების სისტემითაა გამოწვეული. 1912 წლის სმეტის მიხედვით შვეიცარიის მიერ სამხედრო უწყებაზე წარმოებული ხარჯების პროცენტი გერმანიის და ავსტრიისას მხოლოდ უმნიშვნელოდ ჩამორჩებოდა, ხოლო დანარჩენი სახელმწიფოების ხარჯებს კი აღემატებოდა.

ზემოთ გადმოცემული სისტემების განხილვიდან ძნელი არ არის მივიდეთ დასკვნამდე, რომ ყველაზე უფრო უპირატესია კადრების სისტემა. და მართლაც ეს სისტემა თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერაა მიღებული; გამონაკლისს მხოლოდ ის სახელმწიფოები შეადგენენ, რომლებიც განსაკუთრებულ პოლიტიკურ და გეოგრაფიულ პირობებში იმყოფებიან.

ახლა განვიხილოთ ჩვენი გვარდიული ორგანიზაცია. უწინარეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ ამ ორგანიზაციაში არ არსებობდა სამხედრო სამსახურის სავალდებულობა, ე. ი. ყველას კი არ უნდა ემსახურა გვარდიაში, არამედ მსახურობდა მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი, სხვანაირად რომ ვთქვათ, წარმოებდა მოსახლეობიდან რაღაც გარკვეული შერჩევა (გვარდია). ეს შერჩევა ჩვენთან სოციალისტური პარტიისადმი კუთვნილების ან თანაგრძნობის საფუძვლზე კეთდებოდა. ამრიგად ჩვენი გვარდია ერთი კლასის ჯარს წარმოადგენდა, სახელდობრ კი იმისა, რომელიც სოციალიზმის იდეებს აღიარებდა. მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილის ინტერესების დაცვის იდეით განმსჭვალული, იგი, რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა კიდეც ამ კერძო ინტერესებს ემსახურებოდა, და არა მთელი ხალხის, მისი ყველა კლასის ინტერესებს. ამიტომ მას შეეძლო ბრძოლისუნარიანობა, გარკვეული ძალის წინააღმდეგობა მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოეჩინა, როცა საბრძოლო შეჯახებით მას შეეძლო თავისი კლასობრივი ინტერესებისთვის მიეღწია. იმ გარეშე მტერთან შეჯახებისას, რომელსაც იგივე იდეები ჰქონდა, იყო მის მიერ ბრძოლაზე უარის თქმისა ან მეტად სუსტი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევები. სხვანაირად რომ ვთქვათ, უმჯობესი მატერიალური სიკეთეები და ბატონობა (პროლეტარიატის დიქტატურა) წარმოადგენდა ჯარის ამ გვარეობის სატყუარასა და შინაგან მამოძრავებელს, და ამ მიმართებით ჯარების ეს გვარეობა საკუთარ თავში მოგროვებული (შეკრებილი) ხასიათის ჯარების ნიშნებს ატარებდა. მაგრამ ზემოთ დასახელებული მამოძრავებლები ჩვენში გვარდიის შესაქმნელად საკმარისი არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ყოფნის მანძილზე გვარდიელი ჯარისკაცი უფრო მნიშვნელოვან ფულად ანაზღაურებას ღებულობდა, რომ დროშების ქვეშ მისი ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად უფრო მსუბუქი იყო, რომ მისი კმაყოფის პირობები უკეთესად იყო მოწყობილი, მაინც 1920 წელს ზაფხულში გამოირკვა ერთი გარემოება. სახელმწიფო თავდაცვის საბჭოში შემოტანილ იქნა გვარდიის შტაბის თხოვნა მიეცათ ერთი მილიონი გვარდიელთა ფულადი კმაყოფის გასაზრდელად, ჯილდოების სახით, რათა ისინი სამსახურში შეეკავებინათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ფარული სახით მყარდებოდა დაქირავება. რადგანაც მყარდებოდა დაქირავება, უნდა ვაღიაროთ, ჯარების ამ გვარეობას უნდა ეტარებინა საკუთარ თავში დაქირავებული ჯარის ნიშნებიც. უარყოფს რა სამსახურის სავალდებულობის იდეას, ეს სისტემა თავისი სულისკვეთების მიხედვით არ შეიძლება იქნას შედარებული იმ ჯარებთან, რომლებიც კადრების სისტემის ან მილიციის სისტემის მიხედვითაა ორგანიზებული. ამრიგად, შეიარაღებული ძალების ეს სისტემა საკუთარ თავში იმ ჯარების ნიშნებს ატარებდა, რომლებიც მოგროვებისა და დაქირავების ხერხითაა ორგანიზებული, იმ განსაკუთრებულობით, რომ იგი იმავე დროს მხოლოდ ერთი კლასის ჯარს წარმოადგენდა, ეს ხელისუფლების საყრდენი გახლდათ. ესენი იყვნენ პრეტორიანელები. მათ ჩვენი მმართველების დროს ისეთივე მდგომარეობა ეკავათ, როგორიც პრეტორიანელებს რომის იმპერატორების ხანაში. ისინი ასევე პრივილეგირებულები იყვნენ და საჭირო იყო ამისთვის ანგარიში გაგვეწია და მათი მოთხოვნებისთვის დაგვეთმო, როგორც ეს პრეტორიანელთა მიმართებაში გახლდათ. რევოლუციის დასაწყისში ეს ჯარი მეტად უმნიშვნელო რიცხვისა იყო, სულ რამდენიმე ასეული ადამიანი. შეიძლება დავუშვათ, რომ ესენი იყვნენ თავიანთი იდეისადმი ერთგული ადამიანები, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასამდე გაიზარდა. ესენი უკვე აღარ იყვნენ თავიანთი მოძღვრების იდეური წარმომადგენლები, ესენი გახლდნენ ადამიანები, რომლებსაც გვარდიაში შესვლა სხვა სტიმულებმა აიძულეს, როგორიცაა უკეთესი მატერიალური სიკეთეები, თავისთან სოფელში მდგომარეობის პრივილეგირებულობა, დროშების ქვეშ სამსახურის სიმსუბუქე, დროშებქვეშ რეგულარულ ჯარებში ყოფნისგან თავის არიდების შესაძლებლობა. მობილიზაციის დროს სხვადასხვანაირი შეღავათები ადგილებზე, ამა თუ იმ ადმინისტრაციული თანამდებიბის უფრო ადვილად მიღების შესაძლებლობა და სხვა სატყუარები. მათმა არასაკმარისობამ დროთა განმავლობაში გააკეთა ის, რომ 1920 წელს შევსების უკმარობის გამო სამხედრო უწყებისგან რამდენიმე ათასი ადამიანი მოითხოვეს ახალგაზრდების ყოველწლიური გაწვევის კონტინგენტიდან, რითაც მათ კიდევ ერთხელ დაარღვიეს ის დებულებანი, რომელთა საფუძველზეც ისინი არსებობდნენ. მაგრამ ამას ანგარიშს არ უწევდნენ. ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ გვარდია თავისი სულისა და ორგანიზაციის მიხედვით მოგროვებული, დაქირავებული და კლასობრივი ჯარი გახლდათ და, აქედან ამომდინარე, საკუთარ თავში ჯარების ორგანიზაციის ამ სისტემების ნიშნებიც უნდა ეტარებინა და ცხოვრების დინებასთან ერთად პრეტორიანელებად გადაქცეულიყო.

ახლა მივმართოთ თავად ორგანიზაციას. უწობდა თუ არა ხელს მისი ორგანიზაცია იმ უარყოფითი თვისებების მოსპობას ან შემცირებას, რომლებიც თან ახლავს ზემოთ დასახელებულ სისტემებს ან, პირიქით, ხელს უწყობდა მათ განვითრებას. დაკომპლექტება იყო ტერიტორიული. ეს მონაცემი უნდა მივიჩნიოთ დადებითად. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სრული სახით იქნებოდა გატარებული და ისე, როგორც კადრების სისტემის დროს. მაგრამ აქაც კლასობრივი შერჩევის პრინციპი იქნა გატარებული. გვარდიაში მშვიდობიანობის დროს, ასე ვთქვათ სამსახურში, კადრებს მხოლოდ უმნიშვნელო ზომებში ინარჩუნებდნენ. ბატალიონის მეთაური, ოფიცრების უმნიშვნელო ნაწილი, კიდევ უფრო ნაკლები უნტერ-ოფიცერი, აი ყველაფერი, რაც გვარდიას გააჩნდა. დანარჩენი ნაწილი, ე. ი. თითქმის ყველანი, ნაწილში მობილიზაციის დროს მოდიოდნენ და ამავდროულად სამეთაურო ურთიერთობებიც ყალიბდებოდა. ნათელია, რომ უფროსებს ავტორიტეტი ვერ შეიძლებოდა ჰქონოდათ. ეს ავტორიტეტულობა არ შეიძლება უეცრად გამოჩნდეს; ის ზოგჯერ წარმოადგენს ხანგრძლივი სამსახურის, დროშებქვეშ ყოფნის პირობებში ხანგრძლივად აღზრდის ნაყოფს. მოვალეობის გრძნობა, სამსახურის ვალდებულებათა გრძნობა ყოველთვის არ გახავთ ის მონაცემები, თვით უმაღლესი ინტელექტუალური განვითარების მქონე ადამიანებს შორისაც კი ყოველთვის არ იძლევიან დისციპლინისა და უფროსების ავტორიტეტულობის გარანტიას. უფროსების ავტორიტეტულობის შესაქმნელად აუცილებელია დისციპლინა და სხვა ღონისძიებები. და როგორი ავტორიტეტულობა შეიძლებოდა ჰქონოდათ უფროსებს, რომლებიც მხოლოდ მობილიზაციის დროს იყვნენ დანიშნულნი, როცა არცთუ იშვიათად შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევები, როდესაც სოფლებში ცხოვრების ან ფაბრიკასა და ქარხანაში ყოფნის პირობებში ეს უფროსები იყვნენ იმ პირთა დაქვემდებარებაში, რომლებიც მობილიზაციის შემდეგ მათი ხექვეითები ხდებოდნენ. გარდა ამისა, მათ შორის შეიძლებოდა ეარსება სხვადასხვა ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც ერთ ნაწილს სხვებზე დამოკიდებულებაში აყენებდა. ეს მონაცემები აისახებოდა, მაგალითად, კაზაკების დისციპლინაზეც, მიუხედავად იმისა, რომ კაზაკები დროშების ქვეშ ხანგრძლივად მსახურობდნენ. უფროსების ავტორიტეტულობის არარსებობა, დროშების ქვეშ ყოფნის დროს აღზრდის არარსებობა, უფროსების პატივისცემისა და ჩინის პატივისცემის არარსებობა, სამსახურის მოვალეობათა და წესების დარღვევისთვის სასჯელების არარსებობასთან კავშირში, იწვევდა დისციპლინის, ყველანაირი, თუნდაც არასამხედრო ორგანიზაციის ამ მთავარი საყრდენის დაცემას. მობილიზაციის სისწრაფე, ე. ი. ბრძოლისათვის მზადყოფნა, რაც ტერიტორიული სისტემის ხელსაყრელ მონაცემს წარმოადგენს, მხოლოდ მოჩვენებითი გახლდათ, რადგანაც არცთუ იშვიათი იყო შემთხვევები, როცა ამა თუ იმ გვარდიულ ბატალიონს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ 10–12 დღეზე ადრე არ შეეძლო დაძრულიყო თავისი ფორმირების ადგილიდან.

როცა დაკომპლექტების ტერიტორიულ სისტემაზე ვლაპარაკობთ, უნდა მოვიხსენიოთ არტილერიისა და ცხენოსანი ჯარის შესახებაც, რომლებიც კადრების სისტემის მიხედვით ყალიბდებოდა, და შინაგანი წესრიგის პირობებს ბევრი სურვილიც გააჩნდათ (и условия внутреннего порядка желали многого). ეს ნაწილები გამონაკლისს შეადგენდნენ. მე არ შევჩერდები ტექნიკურ ჯარებზე, რადგანაც ასეთები გვარდიაში ძლივს ჩანასახოვან მდგომარეობაში თუ იმყოფებოდნენ. ცხენოსან ჯარს ინახავდნენ მუდმივი შემადგენლობით და ეს გარემოება მაშინვე საგრძნობი ხდებოდა. ეს სხვებზე უკეთესი ნაწილი გახლდათ, მათი შინაგანი ცხოვრების აზრით და საბრძოლო აზრითაც. თუმცა კი გვარდიის მიერ დადგენილ მმართველობის წესებს აქაც არ შეიძლებოდა თავიანთი ნაყოფები არ გამოეღოთ. ამრიგად, სისტემის ტერიტორიულობამ მოსალოდნელი შედეგები ვერ მოგვიტანა.

ახლა მივმართოთ გვარდიული ერთეულების ორგანიზაციასა და მართვას. ორგანიზაციის გვარდიული სისტემა – ესაა ცალკეული ბატალიონების სისტემა. ერთი ტიპის ბატალიონების შტატი არ არსებობდა; ამ ბატალიონების ძალა იყო სხვადასხვა მათი დაკომპლექტების რაიონისა და მისი დასახლებულობის მიხედვით. ჩვეულებრივ ისინი შედგებოდა 3–4 ასეულისგან, მეტყვიამფრქვევეთა რაზმით. სწავლებისთვის პერიოდული გაწვევა არ არსებობდა. ორგანიზაცია მთავრდებოდა ბატალიონით. ბატალიონები არ იყვნენ შეყვანილი უფრო მაღალ საორგანიზაციო ერთეულებში. ყველა ბატალიონი, არტილერია, ცხენოსანი ჯარი და ტექნიკური ნაწილები უშუალოდ ექვემდებარებოდნენ გვარდიის მთავარ შტაბს. საბრძოლო მოქმედებების დროს ბატალიონები შეჰყავდათ რაზმებში, რომელთა უფროსებისა და შტაბების დანიშვნაც უკვე საომარი მოქმედებების დროს იმპროვიზაციის სახით ხდებოდა. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გვარდიის შტაბი იძულებული იყო შეერთებულ ბატალიონებზე უფროსობისთვის ამა თუ იმ პირების დასანიშნად სამხედრო უწყებისთვის მიემართა. რა თქმა უნდა, სამხედრო უწყება ძნელ მდგომარეობაში ვარდებოდა, ვინაიდან ვინმეს მივლინება საქმისათვის ზიანის გარეშე არ შეიძლებოდა. ეს პირები თავიანთ პირდაპირ საქმეს სწყდებოდნენ. საერთო უწესრიგობა, დისციპლინის არარსებობა, მეორე ხელისუფლების ყოფნა (გვარდიის შტაბი) ბევრ ზემდგომ უფროსს იმაზე ახალისებდა (ისეთნაირად განაწყობდა), რომ ასეთ დანიშვნებზე უარი განეცხადებიათ. ამრიგად გვარდიული ნაწილები თითოეული თავისი ცხოვრებით ცხოვრობდნენ; გამაერთიანებელი საწყისი არა მხოლოდ ჯართა სხვადასხვა გვარეობებში, არამედ ქვეით ჯარშიც კი არ არსებობდა. ყველა გვარდიული ნაწილი – ქვეითი ჯარი, ცხენოსანი ჯარი, არტილერია და ტექნიკური ნაწილები – ერთიანდებოდა გვარდიის მთავარ შტაბში. ამ შტაბს უშუალოდ 40-მდე და მეტიც ცალკეული ერთეული ექვემდებარებოდა, რაც არა მარტო ძოძროხა (громоздко) იყო, არამედ სამხედრო სამყაროში აღიარებულია აბსურდულ ორგანიზაციად. მმართველობა ორხელისუფლებიანობით იტანჯებოდა. სამეთაურო შემადგენლობასთან ერთად არსებობდა მართვის სხვა კორპუსიც. ეს იყო გვარდიის შტაბი. ისინი (ეს შტაბები) შედგებოდა ყოველ ბატალიონსა და ცალკეულ ნაწილში. გვარდიის შტაბის შემადგენლობის პირები გვარდიის მთავარი შტაბის მიერ ინიშნებოდნენ და, თუ შეიძლება ასეთი სიტყვის გამოყენება, უშუალოდ გვარდიის მთავარ შტაბს ექვემდებარებოდნენ. ამ ორი ხელისუფლების ფუნქციები გამიჯნული არ ყოფილა. ეს არ იყო სამწყობრო და სამეურნეო ხელისუფლება, ან სადისციპლინო და სასამართლო ხელისუფლება, როგორც სამხედრო უწყებაში, ან თუნდაც პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება, როგორც ბოლშევიკებთან. ეს გახლდათ სხვა ხელისუფლება, რომელიც მეთაურთა შემადგენლობას აღიარებდა (სცნობდა) იმდენად, რამდენადაც ეს მის სურვილებს პასუხობდა. თუ გვარდიის მთავარი შტაბი თავის მოვალეობად თვლიდა არა მარტო მთავარსარდლის კომპეტენციაში ჩარეულიყო, არამედ მთავრობის მოქმედებებშიც, მაშინ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიიღებოდა ისეთი მცირე ერთეულების ცხოვრებაში, როგორიც ცალკეული ბატალიონებია. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაწილები ჩნდებოდა საკუთრივ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რომელი გარემოებაც ამ ორი ხელისუფლების ურთიერთობებს კიდევ უფრო ართულებდა. ჩარევა, თათბირები, შეთანხმებანი, ყველანაირი კომპრომისები გვარდიის ცხოვრებაში დაუსრულებელი გახლდათ, თვით ბრძოლების დროსაც კი.

ამრიგად, ეს არის კლასობრივი ჯარი, მოგროვებული და დაქირავებული ჯარის ხასიათისა. აღზრდა, როგორც ჩვენ გვესმის, არ არსებობდა; გვარდიის სულისკვეთება კი, ზემოდან ყველაზე უფრო დაბალ ფენებამდე, მომავალი მებრძოლების სულზე გამხრწნელად მოქმედებდა. ბრძანებების არშესრულება, მათი განხილვა, მათივე შეცვლის მოთხოვნა (требование их изменить), პოზიციებზე ნაწილების შეცვლის მოთხოვნა (требование смены) ძირს უთხრიდა და სპობდა დისციპლინას, ხოლო უკანასკნელის არარსებობა კი პოზიციების თვითნებურ მიტოვებას, ძარცვებს, გადაწვებსა და ძალადობებს იწვევდა.

სწავლება, რა თქმა უნდა, არ წარმოებდა. არანაირი მანევრები, მეცადინეობანი, სროლები და ბანაკები არ არსებობდა. ნდობა უფროსებსა და ხელქვეითებს შორის, ეს ქვაკუთხედი დისციპლინის დასანერგად, არ ყოფილა, ვინაიდან უფროსები და მათდამი დაქვემდებარებულნი ერთმანეთს მხოლოდ თავად ბრძოლის წინ ხვდებოდნენ. არ იყო ნდობა ასევე ჯართა სხვადასხვა გვარეობებსა და სხვადასხვა ერთეულებს შორისაც, რადგანაც ნაცნობობა და ურთიერთგაცნობა მათ შორის არ ყოფილა. მართვა იყო კოლეგიური, დაქვემდებარება ორმაგი. საფუძველშივე იყო დარღვეული ერთიანი უფროსობის პრინციპი, რომლის გარეშეც არ შეიძლება არსებობდეს არმია. უფროსის განკარგულებებსა და მოქმედებებში შტაბის ჩარევა კი მათ ავტორიტეტულობასა და დისციპლინას, ამ სულს არმიისა, საბოლოოდ ძირს უთხრიდა და მათ საბრძოლო ოპერაციებზეც დამღუპველად აისახებოდა. ორგანიზაციისა და მართვის ყველა ეს პირობა ქმნიდა ადამიანების მასას დისციპლინის გარეშე, ნერგავდა მასში თვითნებობას და ჩვენი მოსახლეობის მთელ მასაზეც გამხრწნელად მოქმედებდა. სიყვარულისა და სამშობლოს წინაშე მოვალეობის გრძნობას, წესრიგის აუცილებლობას, ხელისუფლების ავტორიტეტის ცნობას ამ ორგანიზაციის მიერ ხალხში საფუძველშივე ძირი ეთხრებოდა. ატარებდა რა საკუთარ თავში კლასობრივი, მოგროვებული და დაქირავებული ჯარის ყველა უარყოფით თვისებას, ჯარების ეს გვარეობა არ წარმოადგენდა სამშობლოს დამცველს; ის მრისხანე იყო სახელმწიფოს შინაგანი ცხოვრებისთვის და გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარის ხმა დიქტატორული ნოტებითაც კი ჟღერდა.

მთავრობას არაერთხელ მოუხრია ქედი გვარდიის შტაბის მოთხოვნების წინაშე. ასეთ ნაირად საქართველოს მებრძოლების, მის დამცველთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ყველაზე უფრო გამხრწნელი სახით აღიზრდებოდა. კლასის ინტერესები, მოგროვებულობა და დაქირავება ძირშივე ფესვს უთხრიდა სამშობლოს დაცვის იდეას და გვარდიელებმა არ იცოდნენ, რისი დაცვაა უწინარეს ყოვლისა საჭირო – სამშობლოსი თუ თავიანთი პირადი და კლასობრივი ინტერესებისა. მეტსაც ვიტყვი. ის პირობები, რომლებშიც მათ მმართველები და გვარდიის შტაბი აყენებდნენ, პირიქით, მათ მიუთითებდნენ, რომ მათი პირველი და მთავარი მტერი – ესაა ბურჟუაზია. ეს მათ არანორმალურ პირობებში აყენებდა და საქართველოს დამცველებს, ე. ი. თავად ერს არ შეეძლო გამოეჩინა წინააღმდეგობის მთელი ის ძალა, რომელსაც იგი გამოავლენდა, ისინი რომ ნორმალურ, თავიანთი სამშობლოს დასაცავად ცხოვრების მიერ გამომუშავებულ პირობებში ყოფილიყვნენ ჩაყენებული.

ყოველივე ამას უნდა დავუმატო კიდევ ერთიც. გვარდიის განვითარება ხელს უწყობდა სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ უარყოფით მოვლენას. გვარდია თანდათანობით ფართოვდებოდა, მრავლდებოდა, იზრდებოდა და სახელმწიფოში ფაქტიურად მთელ ძალაუფლებას იპყრობდა. იგი გახლდათ კლასობრივი ჯარი, წარმოადგენდა ეგრეთ წოდებულ პროლეტარიატს და, შესაბამისად, ფაქტიურად პროლეტარიატის დიქტატურამდე მიგვიყვანა. მივუთითებ იმაზე, რომ ამ დომინირებას, მოსახლეობის ერთი ჯგუფის მიერ ძალაუფლების ამ დაპყრობას ხალხის დანარჩენი ჯგუფებისა და ფენების წინააღმდეგობამდე უნდა მივეყვანეთ. უეჭველია, რომ დროთა განმავლობაში, მოსახლეობის სხვა ჯგუფები, რომლებიც გვარდიის იდეებს არ აღიარებდნენ, მოახდენდნენ ორგანიზებას და, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ეს მოვლენა ძმათამკვლელ ომამდე, შინაომამდე მიგვიყვანდა, რაც იქნებოდა განსაკუთრებით მავნე ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა და ასე მაცდუნებელი ქართველი ხალხის მეზობლებისათვის. ამრიგად გვარდიული ორგანიზაცია მავნე იყო ყველა მიმართებით. იგი ძირს უთხრიდა ქვეყნის თავდაცვის ძალას, რყვნიდა არმიასა და მოსახლეობას, და სახელმწიფოს სრულ დაშლამდეც უნდა მივეყვანეთ. ბოლშევიკებთან საბრძოლო შეხვედრისას, რომელთა მთავარი მტერიც იყო ბურჟუაზია და რომელთა ლოზუნგებიც მენშევიკების ლოზუნგებზე უფრო გემრიელი გახლდათ, რიგითი მებრძოლები იბნეოდნენ, არ იცოდნენ, სად არის მათი მტერი, მათ პირისპირ თუ მათ უკან. ამიტომ გვარდიელებს არაერთხელ უარი უთქვამთ ბრძოლაზე ბოლშევიკებთან, რომლებიც, როგორც ისინი, ბურჟუების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ამ ორგანიზაციაში მკვიდრდებოდა სოციალიზმის იდეები. არ შეიძლებოდა არ დაგვენახა, რომ ეს ორგანიზაცია არ შეიძლება გვემსახურებოდეს სამშობლოს დამცველად, რომ ის არ შეიძლება არ გადაიქცეს პრეტორიანელებად. მაგრამ სამაგიეროდ, ეს გახლდათ მოსახლეობაში თავიანთი იდეების იძულებით დანერგვის საშუალება, იგი იყო ახალი სოციალისტური აზრებისა და შეხედულებების დამცველი, იგი იყო სოციალისტური ხელისუფლების დასაყრდენი. და როგორი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ? პარტიული ინტერესები, ახალ მიმდინარეობათა ინტერესები, რომელთა წარმომადგენლებიც იყვნენ მმართველები, იმარჯვებდნენ (брали верх) სახელმწიფო ხასიათის ინტერესებზე.

თუმცა კი, გვარდიის ბრძოლისუუნარობამ, რომელიც არაერთხელ იქნა ბრძოლებში გამოვლენილი, მმართველთა შორის ბევრი აიძულა არმიის დამცველად დამდგარიყო და მისი ორგანიზაციაც დაეშვა. მაგრამ მხოლოდ დაეშვა. თუმცა კი მისი ორგანიზაციის არასოციალისტებისთვის მინდობა მმართველებს არ უნდოდათ, და ამიტომ მმართველები მის მოწყობაში პირადად ერეოდნენ. არმიის ორგანიზაციაში შემოტანილ იქნა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, გვარდიის საწყისები. უმაღლეს მმართველობაში დაიშვა ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა სამხედრო საბჭო, გვარდიის მთავარი შტაბის მსგავსება. მართალია, მას გვარდიის შტაბის ორგანოები არ ჰქონია, მაგრამ კოლექტიურობა საინსპექტორო ხელისუფლების აზრით დაშვებულ იქნა. შემდეგ დაიშვა ისევ კოლექტიური ორგანო „სამხედრო-სამეურნეო კომიტეტი“. სამხედრო-სამეურნეო კომიტეტი ექვემდებარებოდა სამხედრო საბჭოს, ხოლო ეს უკანასკნელი კი არავის არ ექვემდებარებოდა. სამხედრო მინისტრისა და მისი თანაშემწეების ურთიერთობები ომის დროს, ერთის მხრივ მთავარსარდალთან და, მეორეს მხრივ, სამხედრო-სამეურნეო კომიტეტთან განსაზღვრული არ ყოფილა. ოფიცრებთან მიმართებაში გადადგმულ იქნა ნაბიჯი, რომელიც გვარდიაში იყო დაშვებული: ჩინები (სამხედრო წოდებები) გაუქმებულ იქნა. ოფიცრების ანაზღაურება, ცხოვრების გაძვირებისდა მიხედვით, თანდათანობით იზრდებოდა და ამით სარგებლობდნენ, რათა ყველა სამეთაურო ხარისხის ანაზღაურება თანდათანობით გაეთანაბრებიათ. ჯარები ერთი პირის უფროსობის ქვეშ გაერთიანებული არ ყოფილა; ამ მიმართებით სუსტი მცდელობა იქნა მოხდენილი სამხედრო მინისტრის მეორე თანაშემწის სახით, მაგრამ ეს პირი სრული ძალაუფლებით ვერ სარგებლობდა და მას სხვა თანაშემწესთან იყოფდა, როგორც სამეურნეო ნაწილში სამხედრო მინისტრის თანაშემწესთან, თანამდებობა, რომელიც სამხედრო საბჭოსადმი დაქვემდებარებული სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის არსებობის გამო, თითქოსდა, უკვე ზედმეტი იყო. ქვეყნის თავდაცვაზე ზრუნვა თითქმის არ ყოფილა. არმიის საწყობები ცარიელი იყო; გვარდიისა კი პირიქით სიუხვით გამოირჩეოდა. ეს სიუხვე იმდენად მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ გვარდია, რომელმაც თავისი არსებობა რამდენიმე ბატალიონით დაიწყო, 24 ბატალიონამდე განვითარდა, ე. ი. იმაზე 4–6-ჯერ მეტად, ვიდრე კანონით იყო განსაზღვრული. უყურადღებობა არმიისადმი, და შესაბამისად ქვეყნის თავდაცვისადმიც, იქამდე იყო მიყვანილი, რომ სამხედრო სამინისტრო შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრს (ნოე რამიშვილი) დაუქვემდებარეს. და ეს ხალხის ცხოვრების ისეთ მომენტში ხდებოდა, როცა ეს უკანასკნელი გაუთავებლად იძულებული იყო შეიარაღებული ხელით თავი დაეცვა.

* * *

სამხედრო სასამართლო სამხედრო უწყების ძალაუფლების ქვეშიდან იქნა ამოღებული და იუსტიციის სამინისტროს გადაეცა. სადისციპლინო წესდება, სწორედ ის, რომელიც დისციპლინის, არმიის სულის, დანერგვის საფუძველს წარმოადგენს, გამოცემული არ ყოფილა. საპენსიო წესდების გამოცემას აყოვნებდნენ საკანონმებლო წესით, და მხოლოდ იმის ძალით, რომ ის სოციალისტური რეფორმების სულისკვეთებას არ შეესაბამებოდა. ღირსების სასამართლო, ოფიცერთა შემადგენლობის მორალისა და სამხედრო სიქველეთა მაკონტროლებელი და მაკორექტირებელი, იმავე მიზეზის ძალით მოსპობილ იქნა. ოფიცერთა შემადგენლობა, სახელმწიფოს დაცვის მაღალი იდეის ეს მატარებელი, თანდათანობით მუშის ხარისხამდე იქნა დაყვანილი; ოფიცერთა წრეებში ირონიულად ლაპარაკობდნენ 8-საათიანი სამუშაო დღის დადგენაზე. ასეთი გახლდათ ოფიციალური ხასიათის ღონისძიებანი; ეს ღონისძიებები ნათლად უსვამენ ხაზს იმ ტონს, რომელიც მმართველებს ჰქონდათ აღებული არმიასთან მიმართებაში. არაოფიციალური ხასიათის ზომები, ის ზომები, რომლებიც ამ ტონის შესახებ მოწმობენ, კიდევ უფრო რელიეფურია. ერთ-ერთი დივიზიის სათავეში (ისინი კი სულ სამი იყო) დაყენებული გახლდათ სამოქალაქო პირი, რომელიც ოდესღაც იყო სამხედრო (ლაპარაკი უნდა იყოს გენ. იოსებ გედევანიშვილზე, რომელიც რუსეთის პირველი რევოლუციის დროს კაპიტნის წოდებაში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის შემადგენლობაში ფოსტაზე შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობდა და მეფის სასამართლოს მიერ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა – ი. ხ.), და ეს დიდი ევროპული ომის შემდეგ, რომელმაც ქართველ ოფიცერთა შორის უნარიანი გენერლების მთელი პლეადა წამოსწია. ასეთი მოვლენა მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ეს პირი სოციალისტურ პარტიას მიეკუთვნებოდა. მე ვიცი შემთხვევა, რომ ერთი პოლკოვნიკი თავიდან სამსახურიდან იქნა გაგდებული, მაგრამ შემდეგ, ჩაეწერა რა სოციალისტურ პარტიაში, პოლკის მეთაურად დაინიშნა. საერთოდ კი ყველაფერი, რაც არ თანაუგრძნობდა სოციალისტურ მოძრაობას, არმიიდან იდევნებოდა. თავისთავად წამოიჭრება შედარება ბოლშევიკებთან, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ არ მეტყველებს.

თუ შევადარებთ ყველაფერს, რაც კეთდებოდა არმიასთან მიმართებაში და გვარდიასთან მიმართებაშიც, მაშინ ყოველგვარი ნების წინააღმდეგ უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ უკანასკნელი განებივრებული შვილი გახლდათ, პირველი კი გერი. რა კამათებიც არ უნდა მომხდარიყო არმიასა და გვარდიას შორის, ასეთი განსაზღვრულად გვარდიის სასარგებლოდ წყდებოდა. რაიმენაირი დანაშაული, ბოროტად გამოყენება ან მცდარი საქციელი, რომელიც არმიაში იქნებოდა ჩადენილი, მაშინვე მთელ არმიას ბრალად ედებოდა, ხოლო გვარდიის მიერ საომარ მოქმედებათა თეატრიდან ნაძარცვი ხალიჩებითა და ყველანაირი ქონებით დავტვირთულ მთელ აღალებს ვერავინ ამჩნევდა; გვარდია უხინჯო დაწესებულება გახლდათ. ჩემს ჩანაწერებში ძალიან ბევრი მაგალითია მოყვანილი, რომლებიც ნათქვამს ადასტურებენ. ამრიგად, შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის საქმეში, წითელ ხაზადაა გავლებული მმართველთა მისწრაფება მხარი დაეჭირათ და განევითარებიათ ყველაფერი, რაც ხელს უწყობდა სოციალიზმის დანერგვასა და განმტკიცებას სახელმწიფო მშენებლობის საზარალოდ. უეჭველია, რომ სახელმწიფო მმართველობის სხვა დარგებშიც იგივე იდეა ტარდებოდა. მუშებს პრივილეგიებს ისე აფრქვევდნენ,როგორც სიუხვის ყანწიდან (как из рога изобилия); მუშა თბილისში ერთ ფუნტ პურს 5 მანეთად ღებულობდა იმ დროს, როცა ყველა სხვა მცხოვრებს 120–150 მანეთი უნდა გადაეხადა. მცხოვრებნი და არმია შავ პურს ჭამდნენ, გვარდია კი ყოველთვის თეთრ პურს. წარმომადგენლობით დაწესებულებებში არჩევნები ისეთ საწყისებზე იყო დაფუნებული, რომ მთელი მოსახლეობის 90 % სოციალისტი აღმოჩნდა, ამასობაში კი შეიძლება ითქვას, რომ 90 %-ზე მეტს არ ესმოდა, თუ რა არის სოციალიზმი. მმართველი, სათავეში მყოფი პარტია საკუთარი თავის ცდუნებაში ფიქრობდა, რომ მათ პროპაგანდას მოსახლეობაში ნაყოფიერი ნიადაგი დახვდა და მოსახლეობამაც მათი იდეები აღიქვა. მე ვამბობ „საკუთარი თავის ცდუნებაში“, ვინაიდან თუ იგი ასე ფიქრობდა, მაშინ საკუთარ თავს ატყუებდა. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ სარგებლობდა რა თავისი განვრცობილი და ძლიერი ორგანიზაციით, იგი იყენებდა ამ ძალაუფლებას, რათა ეჩვენებია ის, რისი ჩვენებაც მას უნდოდა. ყველა დაწესებულების სათავეში სოციალისტებს აყენებდნენ; ამ დაწესებულებებს სოციალისტებით ავსებდნენ; ამ პირებს კი ყველგან თავიანთი იდეები უნდა დაენერგათ და გაეტარებიათ. ხალხის მასის განწყობა სულაც არ ყოფილა ასეთი. ქართველი ხალხის მასა სულაც არ არიან სოცალისტები და საეჭვოა რომ მათ ასეთისადმი ჰქონდეთ მიდრეკილება.

* * *

მაგრამ ხალხი მმართველებს მიჰყვებოდა და მათ მხარს უჭერდა. და რა იყო ამის მიზეზი. ქართველი ხალხი ათასწლეულობით იყო დამოუკიდებელი; ათასწლეულებით იგი თავისი მიწის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ამ ხალხმა მთელი თავისი არსებობა ომებში გაატარა; იგი ყოველი მხრიდან მტრებით იყო გარშემორტყმული და, არ უხრიდა რა ქედს მრავალრიცხოვან მტერს, იგი თავის არსებობას, თავის თავისუფლებას, რწმენასა და მონაპოვარს იარაღით ხელში იცავდა. ძალთა უთანასწორობა ამ ხალხს არ აშინებდა. ამ იდეალებისთვის ბრძოლა სამშობლოსადმი სიყვარულის კულტად, პატრიოტიზმად გადაიქცა. ეს გრძნობა ხალხში გასაოცრად ბევრი აღმოჩნდა. სამშობლოსადმი სიყვარული არის ხალხის დაწინაურების საწინდარი და არ შეიძლება არ შევუერთდეთ რუზველტის სიტყვებს, იმ და არა ამ პრეზიდენტისა (იგულისხმება აშშ პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი – ი. ხ.). მან თქვა: „ადამიანი, რომელსაც უყვარს ყველა ქვეყანა, როგორც თავისი, ისეთივე მავნე წევრია საზოგადოებისა, როგორც ის, რომელსაც უყვარს ყველა სხვა კაცის ცოლი, როგორც თავისი“. კოსმოპოლიტიზმის იდეები, მთელი კაცობრიობის სიყვარულის იდეები არასოდეს შეიძლება იყოს ჩადებული თავისი სახელმწიფოს შენობის საფუძველში. სოციალიზმის ახალი აზრები, რომლებიც ქადაგებენ ამ იდეებს, მუშათა ინტერნაციონალისა და სხვა იდეები იმდენად უსიცოცხლონი აღმოჩნდნენ, რომ ყველგან საწინააღმდეგო იდეა გამოიწვიეს, სახელდობრ კი, ხალხებმა თავიანთი ეროვნებების მიხედვით დაიწყეს გაერთიანება და რუსეთიც ეროვნულ ერთეულებად დაიშალა. 

სოციალიზმი ცხოვრების მოწყობის მისეულ დებულებებს ადამიანური ცხოვრების მხოლოდ მატერიალურ მხარეზე, ადამიანების მხოლოდ მატერიალურ ურთიერთობებზე აფუძნებს, ხოლო ადამიანთა სულიერი ცხოვრება კი ყურადღების გარეშე რჩება. ამრიგად ადამიანის მორალური მხარე დავიწყებულია. ამასობაში სწორედ სულიერი მხარეა ადამიანური პროგრესის ნამდვილი მამოძრავებელი. სოციალისტები იძულებული არიან ავრცელებდნენ თავიანთ იდეებს ამა თუ იმ ერის ფარგლებს გარეთ და, აქედან ამომდინარე, მათი სწავლება გახლავთ ინტერნაციონალური. სიყვარული თავისი სამშობლოსადმი, თავისი ერისადმი საფუძველშივეა მორყეული. ბატონობს ადამიანური ცხოვრების მატერიალური მხარე. ადამიანი მატერიალური სიკეთეების ძიებაში ეფლობა თავისი სულიერი განვითარების საზარალოდ, და მორალიც თანდათანობით ეცემა. ჩვენი მმართველი სოციალისტები, დაიწყეს რა „სრულიად რუსეთის ერთიანი სოციალისტური და რევოლუციური ფრონტის“ ქადაგებით, წარუმატებლობის (უიღბლობის) შემდეგ მოუთვინიერებლად განაგრძობდნენ „ერთიანი ამიერკავკასიური ფრონტის“ ქადაგებას და მხოლოდ შემდეგ ცხოვრების მიერ შეიქნენ იძულებული დავიწყებული საქართველოსაკენ მობრუნებულიყვნენ. მე ვიცი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ, ჩვენი სოც-დემოკრატიული პარტიის მეთაურმა და ზოგიერთმა მისმა გამოჩენილმა ლიდერმა ფრაქციაში ხმა მისცეს ასეთი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მაგრამ ხალხი, ას წელიწადზე მეტ ხანს რუსეთის ძალაუფლების ქვეშ ყოფნის მიუხედავად, თავისი სულის სიღრმეში პატრიოტული გახლდათ; მას უყვარდა სამშობლო, უყვარდა საქართველო. ეს გრძნობა მასში თვლემდა და რევოლუციის დაწყებასთან ერთად მან გამოიღვიძა. ხალხი გრძნობდა და იცოდა რუსეთის ძალმოსილება, და დამოუკიდებლობის ამ ახალ გზაზე გაუბედავად მიდიოდა; იგი გრძნობდა მთელ საფრთხეს, ვინაიდან ნათლად აცნობიერებდა, რომ მტრების მიერაა გარშემორტყმული. გაუბედავად შედგა მან ფეხი ამ გზაზე, მაგრამ შემდეგ სამშობლოსადმი ბუნებრივმა სიყვარულმა მასში დამოუკიდებლობის სურვილი განამტკიცა და ახლა, ბოლშევიკების შემოსევის მიუხედავად, ეს გრძნობა მასში არა თუ არ დასუსტდა, არამედ, პირიქით, როგორც რეაქცია უცხოური მფლობელობის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა. გრძნობს რა მთელი თავისი არსებით რუსეთის წინაშე თავის უძლურებას, ხალხი მთელ თავის იმედებს ამყარებს დასავლეთზე; იქიდან მოელის იგი ხსნას რუსეთის მფლობელობისაგან. ხალხს არ სჯერა რუსი „ბოლშევიკებისა“, იგი ხედავს მათში მის ნებაზე, მის თავისუფლებაზე, მის დამოუკიდებლობაზე მოძალადეს. აი ამ გრძნობამ, სამშობლოსადმი ამ სიყვარულმა წაიყვანა ხალხი მმართველი პარტიის მხარეს (მის მომხრედ).

სოციალიზმის იდეები მისთვის არა თუ უცნობია, არამედ უცხოა კიდეც მისი მსოფლმხდველობისთვის. თუ დავუშვებთ, რომ რუსეთში არ ყოფილიყო აბსოლუტური მონარქია და რომ საქართველო არ ყოფილიყო რუსეთის ძალაუფლების ქვეშ, მაშინ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ სოციალიზმის იდეები თვით დასავლეთ საქართველოშიც კი ვერ ჰპოვებდნენ გავრცელებას, სადაც ცხოვრების პირობები ხალხს ამ იდეების აღსაქმელად უფრო განაწყობდა. აქ, მიწის უკმარისობის გამო, უფრო მეტნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთთვის საზრდელს მოიპოვებდნენ არა მიწის დამუშავებით, არამედ უმთავრესად სხვა გზებით. რუსეთში სოციალისტი და რევოლუციონერი სინონიმი გახლდათ. ყველასთვის ნათელია, რომ ეს ცნებები იგივური არ არის. ყველანაირი სოციალისტი და სახელდობრ რუსეთში იყო რევოლუციონერი, მაგრამ არა ყოველი რევოლუციონერი იყო სოციალისტი და ეს სავსებით გასაგებია, ვინაიდან რუსეთში მეფობდა მონარქია. ყველანაირი რევოლუციონერი, რომელიც ამ ხელისუფლების დამხობაზე ოცნებობდა, არ გახლდათ სოციალისტი. მონარქიის დამხობა იმათი მიზანიც იყო და სხვებისაც, და ის ამ ჯგუფებს აერთიანებდა. მაგრამ როცა გაჩაღებულ იქნა რევოლუცია და ეს ხელისუფლება დაემხო, სოციალისტები და რევოლუციონერები გაიყვნენ; თვით სოციალისტებიც კი თავიანთ მისწრაფებებში მოეწყოთ ცხოვრება ამა თუ იმ სოციალურ საწყისებზე, არა თუ ცალ-ცალკე წავიდნენ, არამედ სხვადასხვანაირი ჯგუფებიც შექმნეს, რომლებიც ერთი-მეორის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. აი რამდენადაც მმართველი პარტია საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მიდიოდა, იმდენად იგი თავის კვალდაკვალ ქართველი ხალხის მთელ ძალებს იზიდავდა. თავადაზნაურობა, ოფიცრობა, ინტელიგენცია, გლეხები, მრეწველები, მოვაჭრე ელემენტი, მუშები, ყველაფერი მმართველი პარტიის მხარეზე დადგა, რომელმაც რევოლუციის დასაწყისში დაიპყრო ხელისუფლება ამიერკავკასიაში, ხოლო შემდეგ კი საქართველოში, და საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ლაპარაკობდა. საქართველოში მათ ხალხს უბოძეს (ჩააბარეს) დამოუკიდებლობა და საჩვენებელია, რომ წითელი დროშა, რომელიც დამფუძნებელი კრების თავზე დიდხანს ფრიალებდა, თანდათანობით ჩვენი ეროვნული ფერებით იქნა შეცვლილი. თავადაზნაურობამ თავისი მიწები, თავისი მონაპოვარი უდრტვინველად შესწირა და მმართველებსაც არანაირი ოპოზიცია არ გაუწია; მას არ უნდოდა ძველისკენ წასულიყო სამშობლოსადმი, მისი დამოუკიდებლობისადმი იმავე სიყვარულის გრძნობის გამო. ოფიცრობა, სამსახურში მყოფი ხალხი და ინტელიგენცია, ასევე ამ გრძნობით განმსჭვალულები, მიჰყვებოდნენ ამ მმართველებს და მიჰყვებოდნენ უანგაროდ, ვინაიდან სამსახურისთვის მიღებულ ანაზღაურებას არ შეეძლო მათი თუნდაც პირველი აუცილებლობის საჭიროებანი დაეკმაყოფილებია. სავაჭრო და სამრეწველო ელემენტმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მმართველობის სოციალისტური მიმართულება მათ მატერიალურ მდგომარეობას ემუქრებოდა, ასევე ვერ ჰპოვეს თავიანთ გარემოში ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურვილი ექნებოდათ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლით გამოსულიყვნენ. და აქაც ენთო სამშობლოსადმი სიყვარული. რეჟიმს ეთანხმებოდნენ, ოღონდ კი ყოფილიყო საქართველო. რაც შეეხება გლეხებს, ასეთები ბუნებრივად უნდა წასულიყვნენ მათ მხარეზე, ვინც ხელისუფლებაში აღმოჩნდა და ვინც, აძლევდა რა მას უცხოური რეჟიმის ყველა სიმძიმისგან განთავისუფლებას, სამშობლოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მომხიბვლელი პროგრამებით აცდუნებდა. თვით მუშებიც კი, რომელთა შორისაც უმთავრესად სოც-დემოკრატიული პროპაგანდა უკვე დიდი ხნიდან წარმოებდა, ესენიც პატრიოტული გრძნობით იყვნენ მოცულნი. მუშები შედარებით ცოტანი იყვნენ. მახსოვს, ჩემთან სამხედრო სკოლაში მოდიოდნენ მუშა-გვარდიელები და დიდხანს იდგნენ პლაცზე, და პირდაპირ ტკბებოდნენ, ხედავდნენ და ისმენდნენ რა სწავლებას მშობლიურ ენაზე. მათ ჩემთან არაერთხელ გამოუხატავთ თავიანთი პატრიოტული გრძნობები, ამბობდნენ რა, დიდება ღმერთს, ახლა სწავლება ჩვენს ენაზე მიდისო.

საქართველო მმართველ პარტიას მიჰყვებოდა, ვინაიდან ამ უკანასკნელს იგი, თვით თავისი სურვილის წინააღმდეგაც კი, მაგრამ გარემოებათა ძალით დამოუკიდებლობისკენ მიჰყავდა. ეს ენა ყველასთვის გასაგები იყო და ყველანი მიჰყვებოდნენ იმათ, ვინც მათ სულიერ მისწრაფებებს პასუხობდა, რომლებიც მათი პატრიოტული გულების სიღრმეში სთვლემდა. სულაც არა სოციალიზმისადმი მიდრეკილებამ წაიყვანა ხალხი მმართველი სოც-დემოკრატიული პარტიის კვალდაკვალ, არამედ საქართველოს განთავისუფლების იდეამ, მისი დამოუკიდებლობის იდეამ და სამშობლოსადმი სიყვარულმა. მხოლოდ ამ გრძნობებმა წაიყვანეს მთელი ხალხი მმართველი პარტიის კვალში.

დასაწყისში ბევრი აფეთქება იყო მთავრობის წინააღმდეგ. ამ აფეთქებებს ვითომდა ბოლშევიკური გამოსვლების ხასიათი ეძლეოდა. არა, ეს ის არ არის. ხალხისათვის სოციალისტური ხასიათის ღონისძიებები გასაგები არ იყო და ამ აფეთქებებით ხალხი თავის უკმაყოფილებას გამოხატავდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში მმართველებს თავიანთი სოციალისტური იდეების წმინდა სახით ცხოვრებაში გატარებაზე უარი უნდა ეთქვათ და ამით მათ ამ გამოსვლებს ზღვარი დაუდეს. სოც-დემოკრატიული პარტია ძლიერი გახლდათ თავისი ორგანიზაციით და ამ გარემოებამ მისცა მას შესაძლებლობა დაეპყრო საქართველოში ძალაუფლება. დასაწყისში იგი სიმპატიით არ სარგებლობდა, მაგრამ რაც უფრო მეტად განისჭვალებოდა ის ნაციონალისტური იდეებით, მით უფრო მეტი მომხრეები აღმოუჩნდებოდა. ხელისუფლება ხედავდა ამას და ამიტომ მოახდინა მან თავისი გვარდიელი-პრეტორიანელების ორგანიზაცია.

მმართველი პარტიის ძალაუფლების დამკვიდრებას ჩვენში არ გამოუწვევია ისეთი სისხლისღვრანი, როგორებიც მოხდა რუსეთში. რუსეთის რევოლუცია დაიწყო სისხლის გარეშე. პოლიტიკური რევოლუცია, მონარქიის დამხობა, ისე რბილად მოხდა, როგორც არც ერთ ქვეყანაში. მაგრამ, შემდგომში, ძალაუფლებისთვის ბრძოლამ, პარტიების ბრძოლამ სწორედ მათი პროგრამის დამკვიდრებისთვის, ქვეყანა ისეთ სისხლისღვრამდე და ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ამ რევოლუციას შეიძლება ეწოდოს უბედურება რუსი ხალხისათვის. რევოლუციის ბელადები ახლა აღიარებენ, მათ რომ სცოდნოდათ, თუ რად გადაიქცეოდა რევოლუცია, როგორ ფორმებს მიიღებდა და როგორ უბედურებებს მოუტანდა რუსეთს, ისინი არასოდეს არ დაიწყებდნენ რევოლუციას. მე ვლაპარაკობ სოც-დემოკრატიული პარტიის ბელადებზე, რომლის გამოჩენილი წარმომადგენლებიც გარემოებათა ძალით რუსეთის რევოლუციის სათავეში აღმოჩნდნენ. შესაძლოა, ამას ისინი მხოლოდ იმიტომ გამოთქვამენ, რომ საბოლოოდ ძალაუფლება მათი პარტიული მოწინააღმდეგეების ხელში აღმოჩნდა. ძალაუფლება რომ მათ ხელში აღმოჩენილიყო, შეიძლება სინანული არც მათ ჰქონოდათ. საქართველოში პარტიების ეს ბრძოლა არ მომხდარა ჯერ ერთი იმიტომ, რომ სოც-დემოკრატიული პარტია გახლდათ დომინირებული თავისი ორგანიზაციის მიხედვით, ხოლო მეორე, და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ყველა ფენა, განმსჭვალული პატრიოტიზმით, ამ რევოლუციაში ხედავდა მოვლენას, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოს აღორძინებას, ხალხის ეროვნული სულისკვეთებით აღორძინებას და სამშობლოს დამოუკიდებლობის აღორძინებასაც. მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური იდეები ვერ ემსახურებიან ხალხში პატრიოტიზმის დანერგვას და მიუხედავად იმისაც, რომ სოც-დემოკრატიული პარტია უკვე ათწლეულების მანძილზე აწარმოებდა ქართველ ხალხში პროპაგანდას, ამ უკანასკნელმა რევოლუციის შემდეგ მასში მთვლემარე სამშობლოსადმი სიყვარულის მთელი ძალა გამოავლინა. და დიდება უფალს.

* * *

სახელმწიფოს შეუძლია არსებობა, როცა მას შეუძლია მასზე სხვა ხალხების თავდასხმებისგან საკუთარი თავის დაცვა. ქვეყნის თავდაცვა კი ემყარება შეიარაღებულ ძალასა და სამშობლოსადმი, თავისუფლებისადმი სიყვარულის გრძნობას; საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც ამსუბუქებს შეიარაღებული ძალების ამოცანას. სამშობლოსადმი სიყვარული უნდა ინერგებოდეს ხალხში; ეს ოჯახისა და სკოლის საქმეა. სამშობლოსადმი სიყვარული და მისგან ამომდინარე მამულის წინაშე მოვალეობის გრძნობა წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვის ფუნდამენტს, არამედ მისი სულიერი ძალების შემდგომი განვითარებისაც. ეს გრძნობა მმართველი პარტიის მიერ ხალხში არ ინერგებოდა და არც ვითარდებოდა. პირიქით, ზოგიერთი ღონისძიება სრულიად საწინააღმდეგოს ემსახურებოდა, საკმარისია მივუთითოთ სიმპტომატურ ფაქტზე. მიხეილის გამზირს პლეხანოვის სახელი გადაარქვეს; ეს ახალი სახელწოდება ქართველის არც გონებასა და არც გულს არაფერს ეუბნებოდა. ამასთან ერთად მეფის ერეკლე II-ის სახელობის ერთ-ერთი სკოლის სახელწოდებიდან სწორედ ამ უკანასკნელის სახელი იქნა ამოღებული.

მე თვითონ მოვისმინე ვ. ჯუღელის სიტყვა გვარდიელებისადმი, რომლებიც გაგრის ფრონტზე იგზავნებოდნენ. იგი გვარდიის შტაბის აივნიდან ლაპარაკობდა, და მე კი მის მოპირდაპირედ ვცხოვრობდი. მან დაასრულა: „მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი პირველი მტერი ბურჟუაზიაა“. შესანიშნავი დარიგებაა უცხო ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში მიმავალთათვის, რომლებსაც ასევე მტრად ჰყავთ ეს ბურჟუაზია. მარქსის პორტრეტს კი ყველა ცერემონიისა და დემონსტრაციის დროს, როგორც სიწმინდეს, ისე დაატარებდნენ. ამ მარქსს საქართველოს განთავისუფლების საქმისათვის არც ერთი წვეთი მელანი არ დაუღვრია და ყველგან პატივი მიეგებოდა, ხოლო ჩვენი გმირები კი, რომლებიც თავიანთი სამშობლოსათვის სისხლს ღვრიდნენ და სიცოცხლესაც სწირავდნენ, დავიწყებას ეძლეოდნენ. მმართველები ხალხს ყოველთვის მსოფლიო პროლეტარიატის შესახებ, მუშათა ინტრნაციონალის შესახებ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ პატრიოტოზმისკენ მის მოწოდებაზე არ ზრუნავდნენ. რა თქმა უნდა, საერთო პოლიტიკის ასეთ მიმართულებას არ შეეძლო სახელმწიფოს როგორც ეროვნული ერთეულის დამკვიდრების საქმისათვის სამსახური გაეწია. ჩვენს ომებში ხალხი ბრძოლის ველზე გამოდიოდა მტრისგან დასაცავად, რომელმაც მის თავისუფლებაზე, მის მონაპოვარზე აღმართა ხელი; ამასობაში კი მუშათა ინტერნაციონალის იდეები, კაპიტალთან ბრძოლის იდეები, მსოფლიო პროლეტარიატის ინტერესთა საერთოობის იდეები მის ფსიქოლოგიას გზიდან გადააცდენდა და მას არ შეეძლო გაერკვია თუ ვინ არის მისი ნამდვილი მტერი, ის, ვინც მას თავს დაესხა თუ „ბურჟუა“, რომელიც ქვეყანაში მის გვერდი-გვერდ ცხოვრობდა. და საგანთა ამ მდგომარეობას ჰქმნიდნენ იმ მომენტში, როცა სახელმწიფომ მხოლოდ დაიწყო ჩამოყალიბება და როცა ეს ჩამოყალიბება (ფორმირება) ჩვენი შეუწყვეტელი ომების პერიოდში ხდებოდა. მმართველი პარტიის საერთო პოლიტიკის აი ეს არასწორი მიმართულება წარმოადგენს კიდეც ჩვენი დამარცხების ძირითად მიზეზს. ყველა დანარჩენი მიზეზი ამისგან მომდინარეობს. სახელმწიფო მშენებლობის პროგრამაზე პარტიული პროგრამის დოიმინირებამ კიდეც რომ ჩვენს დაღუპვამდე მიგვიყვანა. მე უკვე აღარ ვილაპარაკებ იმაზე, რომ სოც-დემოკრატიული პარტიის ეს პროგრამა უძლური აღმოჩნდა საიმისოდ, რათა სახელმწიფო მმართველობის ამოცანებისთვის თავი გაერთვა. იგი გაკოტრდა შეიარაღებული ძალის მოწყობის საქმეში და სახელმწიფო მეურნეობის ფინანსურ-სამრეწველო განმგებლობის საქმეშიც. მუშათა კლასი მქონებელი კლასების ხარჯზე ცხოვრობდა, მუშებისა და გლეხების მდგომარეობა თითქოს გაუმჯობესდა, მაგრამ ის გაუმჯობესდა მქონებელი კლასის მარაგების ხარჯზე; ეს მარაგები კი არ შეიძლებოდა ამოუწურავი ყოფილიყო და საქართველოშიც ფინანსური კრახი აბობოქრდა. არანაირ საგარეო სესხს არ შეეძლო სახელმწიფოს გადარჩენა, ვინაიდან სახელმწიფო მეურნეობის წარმოება, მისი ვაჭრობა და მრეწველობა არ შეიძლებოდა დაქვეითებისკენ არ წასულიყვნენ, რადგანაც არ თქვეს უარი მათ წარმოებაზე სოციალისტური საწყისების შესაბამისად. ჩვენი მმართველი პარტია ბევრ რამეში თანდათანობით თავის სახელმძღვანელო საწყისებზე უარს ამბობდა; ცხოვრება კარნახობდათ. მაგრამ ისინი ებრძოდნენ ამ მბრძანებელს, და მისკენ არ მიდიოდნენ. აი ეს ბრძოლა დაუძლეველთან გახლავთ კიდეც იმის მაჩვენებელი, რომ, შეიძლება, ჩვენი მმართველები იყვნენ კიდეც მშვენირი სოციალისტები და პირადად ენერგიითა და კეთილი სურვილებით აღსავსენიც, მაგრამ ისინი შორს იყვნენ სახელმწიფო მშენებლობის იდეალისაგან. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თვით გამაწონასწორებელი კორექტორიც კი არ ყოფილა.

დამფუძნებელი კრება, სადაც არჩევნები ისე იქნა კონსტრუირებული, რათა იქ რაც შეიძლებოდა მეტი სოციალისტი და განსაკუთრებით სოც-დემოკრატი მომხვდარიყო, 90 %-ზე მეტად სოც-დემოკრატებისგან შედგებოდა. დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებები სოც-დემოკრატიულ ფრაქციაში მიღებული დადგენილებებით წინასწარვე იყო გადაწყვეტილი და ამ საკანონმდებლო დაწესებულების სხდომები უბრალო ფორმალობას წარმოადგენდა. თავად სოც-დემოკრატიულ პარტიაშიც კი არ ყოფილა მაკორექტირებელი საწყისი გატარებული; პირიქით, ყველა ზომა იქნა მიღებული იმისათვის, რათა ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონოდა: ერთი და იგივე პირები ისხდნენ მთავრობაშიც, პარტიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტშიც, მუშათა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტშიც. აქ ერთიანობა უზრუნველყოფილი გახლდათ; სწორედ იქ, სადაც ასეთ რამეს ადგილი არ უნდა ჰქონოდა. ფაქტიუად საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთი და იმავე ძალის, სოც-დემოკრატიული პარტიის ერთ და იამვე წარმომადგენელთა სახით იყო უზრუნველყოფილი. იქ კი, სადაც ასეთი გაერთიანება ნაყოფიერი მუშაობისთვისაა აუცილებელი, სამხედრო უწყებაში, იქ ყველაფერი უკუღმა იქნა მოწყობილი. ვინ გახლდათ პასუხისმგებელი სამხედრო უწყების მოქმედებისა და საქმეებისათვის? ასეთი პირი არ ყოფილა. პასუხს აგებდნენ, და იმავე დროს არ აგებდნენ, სამხედრო მინისტრიც, მისი ორი თანაშემწეც, გენერალური შტაბის უფროსიც, სამეურნეო კომიტეტიცა და სამხედრო საბჭოც.

აქ არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ გვარდიის შტაბის შესახებაც. ეს გახლდათ განსაკუთრებული დაწესებულება. ფაქტიური ძალაუფლება სახელმწიფოში მის ხელში იყო. სწორედ ამ მოვლენის წყალობით გვარდიის შტაბს შრომით ვალდებულების შესახებ თავისი დადგენილების თანახმად შეეძლო ხელი ჩაევლო მოქალაქეებისთვის თბილისის ქუჩებში და ისინი, როგორც დაპატიმრებულნი, ყარაიაზში სამუშაოებზე გაეგზავნა. დამფუძნებელი კრება, ხალხის ცხოვრების მომწყობი, და მთავრობა, დამფუძნებელი კრების ნების აღმასრულებელი, სახალხო გვარდიის შტაბის თვითნებობის ასეთი გამოვლენის გულგრილი მოწმეები აღმოჩნდნენ.

სოც-დემოკრატიული პარტია დაიბადა და ვითარდებოდა დასავლეთ საქართველოში, იქ უფრო მეტი ნიადაგი იყო ამ იდეებისათვის; აღმოსავლეთ საქართველოში ცოტანი იყვნენ ისეთნი, ვინც აღიქვა და მიიღო ეს იდეები. ჩაიგდო რა ხელში ძალაუფლება და უფრო მეტად ისწრაფვოდა რა თავისი იდეების პროპაგანდისკენ, ვიდრე სახელმწიფო მშენებლობისკენ, სოც-დემოკრატიულ პარტიას დაწესებულებებში, თვით საარჩევნო ხასიათის დაწესებულებებშიც კი, ყოველთვის თავისი წევრები გაჰყავდა. ამ ადგილების დევნაში დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები სოც-დემოკრატები ხდებოდნენ და დაწესებულებებს, სამმართველოებსა და კანცელარიებს იკავებდნენ. სოც-დემოკრატიული პარტიისადმი კუთვნილება იძლეოდა უფლებას ყოფილიყავი გამოჩენილი ადმინისტრატორი, ჩინებული ინჟენერი, შესანიშნავი კანცელარისტი და მოსამართლე, და თვით სამხედრო სტრატეგიც კი. აღმოსავლეთ საქართველო ამ მიმართებით ქუთაისიდან ჩამოსული ადამიანებით აღმოჩნდა დასახლებული და ამ გარემოებამ ერთ-ერთ მცხოვრებს საბაბი მისცა ეხუმრა, რომ ქუთაისის ქუჩებში ბალახი იყო ამოსული (რადგან ხალხი იქ უკვე აღარ დადიოდა, ყველანი თბილისში ჩამოვიდნენ – ი. ხ.). სახელმწიფო მშენებლობის საქმეში სოც-დემოკრატიული პარტიის ლიდერების სიბეცემ და ვერშორსმჭვრეტელობამ, მათ მიერ ქადაგებული იდეებით შეუკავებელმა გატაცებამ და მარქსისადმი ძლიერმა თაყვანისცემამ მიიყვანეს კიდეც დაღუპვამდე ჩვენი ქვეყანა. მათ წილად მოსული ამოცანა მათთვის დაუძლეველი აღმოჩნდა (оказалась им не по плечу).


თ ა ვ ი XXVIII 

კონსტანტინოპოლში ჩამოსვლა და ყოფნა. – ევაკუირებულთა მდგომარეობა. – ზოგიერთი ინციდენტი კონსტანტინოპოლში. – მთავრობის კმაყოფაზე გასამწესებელ პირთა სიების შედგენა


კონსტანტინოპოლში ჩამოსვლა და ყოფნა 

ახლა გადავალ შემდეგ მოგონებებზე. ბათუმიდან კონსტანტინოპოლში ჩამოსვლას ჩვენ სამ დღეღამეზე ნაკლები დრო მოვანდომეთ. 21 მარტს დილით ჩვენ უკვე ბოსფორში შევედით. ამინდი მშვენიერი იყო და ჩვენ გზა ძალზედ მშვიდად გავიარეთ. ამ გადასვლისას მთავრობის თავმჯდომარესთან სულ თათბირები მიმდინარეობდა. ამ თათბირებში მთავრობის წევრები და მათთან ახლო მყოფი ადამიანები ღებულობდნენ მონაწილეობას. მთავრსარდალს არ იწვევდნენ. იქ რაზე ლაპარაკობდნენ? უნდა ვიფიქროთ იქ შემდგომ ღონისძიებებს განიხილავდნენ და აშკარაა, რომ ეს ღონისძიებები სამხედროებისგან და, კერძოდ კი ჩემგან, საიდუმლოდ უნდა შეენახათ. ნათელი იყო, რომ იქ ამზადებდნენ რაღაცას, რის წინააღმდეგაც შეიძლებოდა პროტესტით გამოვსულიყავი. ეს ასე გამოვიდა კიდეც. „კირალით“ მგზავრობდა ასევე გენ. ოდიშელიძეც. მან რამდენჯერმე მომმართა, რათა სამხედროების მდგომარეობა გამომერკვია. მე ვპასუხობდი, რომ ასეთი რამ მთავრობის დადგენილებითაა გამორკვეული. იგი მეპასუხებოდა, რომ ეს დადგენილება არაფერს არ ნიშნავს, რომ ისინი სულ მუდამ იკრიბებიან და რაღაცეებს წყვეტენ, და, მეტად შესაძლებელია, რომ ამ გადაწყვეტილებასაც გააუქმებენ. სამწუხაროდ, იგი მართალი აღმოჩნდა. ბათუმში გამოცემულ იქნა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მთავარსარდალი, მისი შტაბი და 50 ოფიცერი ევაკუაციაში მიდიან ბრძოლის გარძელების მიზნით და ისინი მთავრობის კმაყოფაზე აიყვანებიან.

ჩვენი მოგზაურობის დასასრულს გენ. ოდიშელიძემ მითხრა, რომ ამ სხდომებზე, ეს მან დანამდვილებით იცის, გადაწყდა ყველა სამხედრო უცხოურ ლეგიონში იქნას ჩარიცხულიო. მე უკიდურესად გამაკვირვა არა მარტო ასეთმა გადაწყვეტილებამ, არამედ იმანაც, რომ ის ჩემთვის შეუტყობინებლად იქნა მიღებული. გადავწყვიტე ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარეს დავლაპარაკებოდი. მე იგი გემბანზე ვიხილე და ვკითხე, თუ რატომ არ მიწვევენ სხდომებზე, თუნდაც იმათზე, სადაც სამხედროების ბედი წყდება. მთავრობის თავმჯდომარემ მიპასუხა, რომ საკითხი სამხედროთა ხვედრის შესახებ ძალზედ მარტივია და გადაწყდა ყველა ისინი გაამწესონ უცხოურ ლეგიონში; შემდეგ მან დაუმატა, რომ უკანასკნელმა ომმა გამოარკვია, რომ ჩვენი სამხედრო უწყება არაფრის მაქნისი აღმოჩნდა და რომ უცხოურ ლეგიონში სამხედროები რაიმეს მაინც ისწავლიან. ნამდვილად მარტივად წყვეტდნენ. ძნელი იყო არ აღვშფოთებულიყავი ასეთი პრიმიტიული და უბრალო გადაწყვეტილებით. უბრალოებაში ყოველთვის არ არის გენიალურობა. მე შევეპასუხე, რომ ვარგოდა სამხედრო უწყება იმ აზრით, თუ როგორ ომობდნენ სამხედროები, თუ არ ვარგოდა იგი, ეს საკითხი არ წყდება ასე ადვილად; რომ მე მესმის, რომ ჩვენი სამხედროები სწავლებისთვის შეიძლება მივაბაროთ სხვადასხვა სკოლებში, მაგრამ არ მესმის, თუ რა შეიძლება ისწავლონ მათ უცხოურ ლეგიონში იმაზე მეტი, რაც რუსულ და ქართულ არმიებში თავიანთი სამსახურის მიხედვით იციან; რომ მთელი კორპორაციის მიცემა სამსახურში უცხო ქვეყანაში, როგორც საზარბაზნე ხორცისა, არ უნდა იყოს დასაშვები, თუ არ იკითხავთ მათ თანხმობას, ვისაც ეს შეეხება; რომ მხოლოდ ნიკოლოზ I-მა აჩუქა პრუსიის მეფეს მთელი ბატარეა, და მაშინაც ოფიცრები იქედან ამოღებულ იქნენ, და რომ დემოკრატიული მთავრობის ასეთი გადაწყვეტილება ძნელად თუ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად; რომ სამხედროებმა ამ ომში გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, და თუ იგი, მთავრობის თავმჯდომარე, უკმაყოფილოა სამხედრო უწყებით, მაშინ სამხედროები აქ არაფერ შუაში არიან, ვინაიდან შეიარაღებულ ძალას, არმიას, აწყობდნენ არა სამხედროები, არამედ  „თ ქ ვ ე ნ“,  როგორც მე ვუთხარი. ეს ბრალდებანი სამხედროებზე ისეთი საშინელი იყო, რომ მათი მშვიდად მოსმენა არ შეიძლებოდა, და ჩვენი საუბარიც, ბუნებრივია, ორივეს გვაღელვებდა. მე ხმამაღალი ტონით ვლაპარაკობდი. ე. პ. გეგეჭკორი მოგვიახლოვდა და გვკითხა, თუ რაში იყო საქმე. მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა: „გიორგი ივანეს ძე მუდმივად პრეტენზიებს გვიყენებს“, – და წავიდა, უფრო სწორედ გაიქცა, თავის სადგომში.

ეს ფრაზა ახასიათებდა ჩვენს უწინდელ ურთიერთობებს. ჩემში სულ მუდამ არარსებობა სურვილისა სამხედრო სისტემის ისე მოწყობაზე, როგორც მას სურდა, აღმოჩნდა „მუდმივი პრეტენზიები“. აღმოჩნდა, რომ მე მაქვს „პრეტენზიები“ და მხოლოდ იმიტომ, რომ პროტესტს ვაცხადებდი სამხედროებთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, გადაწყვეტილებისა, რომელიც მხოლოდ ნიკოლოზ I-ის ხანის შესაფერისია და სამხედრო უწყების ასეთი დადანაშაულების წინააღმდეგაც, რომელიც დაფუძნებული არაფერზე არ გახლდათ.

ასე ჩამოვედით ჩვენ კონსტანტინოპოლში. მთავრობის თავმჯდომარესთან პარიზში ჩემს ჩამოსვლამდე მეტად აღარ მილაპარაკია.

საერთოდ მმართველების ჩემდამი დამოკიდებულება ჩემში ერთ უმსგავსო აზრს წარმოშობს. დავფიქრდები რა ყველაფერზე, რაც ბათუმში ხდებოდა, მათი საქციელი ჩემთვის საეჭვო ხდება. ბათუმში თავაზიანები არიან (любезны), სხდომებზე მიწვევენ, დიდად თავაზიანებიც (предупредительны), გემზე კი უკვე არც ერთი სიტყვა, თითქოსდა არც ვარსებობ. შემდეგ, გემებში ჩასხდომისა და ჩატვირთვის დღედ 18 მარტს აცხადებენ, თვითონ კი 17-ის საღამოს სხდებიან და მე ერთ სიტყვასაც არ მეუბნებიან, თუმცა კი ვაგონში მათ გვერდით ვარ; გემზე კი კაიუტას ჩემთვის მხოლოდ უკანასკნელ წუთს თუ გამოძებნიან.

კონსტანტინოპოლში ჩვენ 21 მარტს ჩამოვედით და შემდეგ დილამდე გემზე დავრჩით. დილით 22 მარტს გემზე მოვიდა ადმირალი პელე. იგი მთავრობის თავმჯდომარეს ეწვია, შემდეგ კი გაემგზავრა. მაშინვე გაირკვა მისი სტუმრობის მიზეზიც. დიდმა ხალხმა, რომელიც გარს ერტყა მთავრობას, დაიწყო ლაპარაკი, რომ პელემ საფრანგეთის მთავრობის სახელით ჩვენს მთავრობას გადმოსცა მიპატიჟება, რომ გადასულიყვნენ საფრანგეთში; იგივე დიდი ხალხი ამბობდა, რომ პელე მთავარსარდალსაც ეპატიჟებოდა. არ ვიცი, სწორია თუ არა ეს უკანასკნელი. დავუშვათ, რომ პელეს მთავარსარდალი არ აღუნიშნავს, მაგრამ მთავრობას, იგი მტრული გრძნობებით რომ არ ყოფილიყო მოცული უკანასკნელისადმი, უეჭველად, ეს გადაწყვეტილება ჩემს მიმართაც უნდა განეხილა, და ალბათ არ იქნებოდა საფრანგეთის მთავრობა იმის წინააღმდეგი, რომ მთავარსარდალი პარიზში ჩასულიყო. მეორე დღეს ჩვენი კონსული გემზე მოვიდა და ყველას გამოგვიცხადა, რომ საკონსულოში მივსულიყავით, სადაც ოჯახებს სადგომი ექნებოდათ, ხოლო მამაკაცები კი ქართულ-კათოლიკურ მონასტერში უნდა წავსულიყავით. საკონსულოში ჩემს ოჯახსა და გენ. ჩხეტიანის ოჯახს ერთი ოთახი გამოუყვეს ერთი საწოლით, ხოლო მე და გენ. ჩხეტიანი ქართულ-კათოლიკურ მონასტერში მოვთავსდით, სადაც ერთი ოთახი გვერგო იუსტიციის მინისტრ არსენიძესთან ერთად; შემდეგ რამდენიმე დღის მერე გენ. ბაქრაძე და კიდევ ერთი ბატონიც შემოგვიერთდნენ. ამ ოთახში 2 ½ კვირა ვიცხოვრე. დილიდან, დავლევდით რა ჩაის, მე და გენ. ჩხეტიანი საკონსულოში მივდიოდით, სადაც ვატარებდით დროს სადილამდე, რომლის შემდეგაც 9 საათისათვის ჩვენ მონასტერში უნდა ვყოფილიყავით, სადაც ამ დროს კარი იკეტებოდა. საკონსულოშივე განთავსდნენ ნ. ბ. რამიშვილი ცოლით და ე. პ. გეგეჭკორი. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მამაკაცი, ჩვენთვის გამოცხადებულის თანახმად, მონასტერში არ განთავსებულა. ასე, თავად მთავრობის თავმჯდომარე და ე. პ. გეგეჭკორი სასტუმროში გაჩერდნენ. ასევე მონასტრის გარეთ განლაგდნენ ვ. ჯუღელი, ბ. ჩხიკვიშვილი, ხომერიკი და სხვები. საკონსულოში მთელი დროს სხდომებში გადიოდა. განიხილებოდა ზომები, რომლებიც უნდა მიგვეღო „მარიასა“ და „ვესტაზე“ მყოფი ევაკუირებულიებისადმი, რომელთაც მოველოდით.

კონსტანტინოპოლში ჩვენი ჩამოსვლის მოლოდინში ადგილობრივ ქართველთა მიერ ორგანიზებულ იქნა კომიტეტი, რომელშიც შევიდნენ გენ. მდივანი, ი. კემულარია, ძნელაძე, დანარჩენები არ მახსოვს. ჩამომსვლთათვის სადგომები უნდა გამოეძებნათ. გადაწყდა დახმარების მისაღებად ამერიკული კომიტეტისათვის მიგვემართა. ამავდროულად ცნობილი შეიქნა, რომ მთავრობა პარიზში მიემგზავრება. მთავრობის ზოგიერთი წევრი საკონსულოში სადილობდა, სადაც ვსადილობდით მეცა და გენ. ჩხეტიანიც ოჯახებით. სუფრასთან ხშირად იყო სიტყვიერი შეჯახებანი, ერთის მხრივ მე, მეორე მხრივ კი მმართველები, ეს ბატონები გესლს არ იშურებდნენ. ამ სიტყვებში მათი მხრიდან გამოითქმებოდა სამხედროებით უკმაყოფილება. იპოვნეს განტევების ვაცი. ვითარება და ურთიერთობები სულ უფრო დაძაბული ხდებოდა. შევიტყე რა, რომ მთავრობა მიემგზავრება, ნ. ბ. რამიშვილს ვუთხარი ჩემი შეხედულება, რომ არ ეგების მთელი მთავრობის ერთბაშად გამგზავრება, ისე რომ არ დაელოდონ ევაკუირებულებს. არ ვიცი, ამის ძალით თუ იყო, მაგრამ გაემგზავრნენ მთავრობის თავმჯდომარე ე. პ. გეგეჭკორთან და კ. ბ. საბახტარაშვილთან ერთად; ნ. ბ. რამიშვილი და კანდელაკი კონსტანტინოპოლში დარჩნენ. როცა მთავრობის თავმჯდომარე და ე. პ. გეგეჭკორი მიემგზავრებოდნენ, მე სხვებთან ერთად წავედი სადგურზე მათ გასაცილებლად. ამას ვაკეთებდი, რადგანაც ვთვლიდი, რომ მთავარსარდალმა უნდა გააცილოს მიმავალი მთავრობა. ახლა ვნანობ ამის გამო. სადგურში მთავრობის თავმჯდომარემ, როცა მემშვიდობებოდა, მითხრა: „მომწერეთ, გიორგი ივანეს ძევ, თუ თქვენ რაიმე დაგჭირდებათ, მომწერეთ“. ჩვენ დავშორდით.

ევაკუირებულთა მდგომარეობა 

მოვიდნენ ევაკუირებულები; თავიდან მოვიდა „ვესტა“, შემდეგ კი „მარია“. „მარიას“ გზაში რაღაც შეემთხვა; ამბობდნენ, ავარიამ თუ წყლის უკმარისობამ აიძულა იგი ერთ-ერთ თურქულ პორტში შესულიყო, მგონი სამსუნში. დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ჩვენი ხელისუფლების მეცადინეობით, ფრანგულმა სარდლობამ გაგზავნა ბრძანება ყველანი „მარიადან“ „მეგრელზე“ გადაესხათ. ეს გაკეთებულ იქნა და შემდეგ ჩამოსულები იმ უხეშობათა შესახებ ჰყვებოდნენ, რომლებიც მათ ამ გადაჯდომის დროს განიცადეს, რომელიც ამასთან ღამით იქნა ჩატარებული. როგორც შემდეგ გამოირკვა ამ გადაჯდომის არანაირი საჭიროება არ ყოფილა.

ამასობაში ამერიკული კომიტეტი გამოგვეხმაურა და ევაკუირებულები ჩამოსვლისას ბოსფორის ნაირზე იქნენ გადაყვანილი სოფ. ქავაქის ჩრდილოეთით, საკონტროლო პუნქტისა, სადაც მოწმდებოდა ყველა გემი, როგორც შავი ზღვიდან შემომავალი, ისე იქით მიმავალიც. იქ წინასწარ გაემგზავრა ბ. ჩხიკვიშვილი მომავალი სადგომებისა და სათავსოების სანახავად და, დაბრუნებულმა გამოგვიცხადა, რომ იქ ძაღლების განთავსებაც კი არ შეიძლება, იმდენად არ შეესაბამებოდა სადგომები საცხოვრებლებს. მაგრამ სხვა ადგილების ძებნას შედეგი არ მოჰყოლია და ევაკუირებულები ამერიკელებმა იქ გადაიყვანეს; იქვე წაიღეს სურსათიც. მე პირადად მივაცილებდი ამ პარტიას გზის ერთ ნაწილზე. ყველა ისინი პატარა გემებით წაიყვანეს თავიდან ერთ პუნქტში, სადაც მათ იარაღი ჩამოართვეს, ხოლო შემდეგ კი დანიშნულების ადგილზეც მიიყვანეს.

ამასობაში ადგილობრივ კომისიასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გენ. მდივანი და სხვები, შეიქმნა სხვაც, ეგრეთ წოდებული ლტოლვილთა კომისია. მე მის შესახებ ბ. ჩხიკვიშვილისაგან შევიტყე, რომელმაც მითხრა, რომ მთავრობის დადგენილებით შექმნილია კომისია, რომლის თავმჯდომარედაც იგია დანიშნული, და რომ მე იქ სამხედრო პირი უნდა დავნიშნო; მე გენ. ჩხეტიანი დავნიშნე. ამ კომისიას ლტოლვილებზე უნდა ეზრუნა. იგი გენ. მდივანის კომისიასთან გაერთიანდა.

მთავრობის თავმჯდომარის გამგზავრებიდან ერთი თუ ორი დღის შემდეგ საკონსულოში გამოაკრეს განცხადება, სადაც მოკლედ იყო აღნიშნული, რომ ყველა მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან და ყველა ისინი ამიერიდან „ლტოლვილებად“ ჩაირიცხებიან. მონახეს სამოქალაქო მდგომარეობის განსაზღვრება. ასეთი განკარგულება არასწორი გახლდათ, ვინაიდან „ლტოლვილები“ არიან ისინი, ვინც თავისი ნებით ტოვებს ტერიტორიას მოწინააღმდეგის შემოტევის ქვეშ, მაგრამ მოსამსახურენი, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არიან გამოყვანილნი, არანაირი სახით არ შეიძლება განიხილებოდნენ, როგორც ლტოლვილები. ეს მოსამსახურეთა უფლებების უკანონო და თვითნებური დარღვევა გახლდათ. კომისიაში მე, რა თქმა უნდა, პროტესტი განვაცხადე ამის წინააღმდეგ, მაგრამ მთავრობა უკვე გაემგზავრა; მან წინდახედულად უზრუნველყო საკუთარი თავი ამ პროტესტისაგან. მე მაინც ვუთხარი ამის შესახებ ნ. ბ. რამიშვილს, რომელიც დამპირდა პარიზში ჩასვლის შემდეგ ეს მთავრობისათვის მოეხსენებია და გამოთქვა თავისი აზრი, რომ შესაძლოა ეს გამოსწორებულ იქნას კიდეც. რა თქმა უნდა, ეს გამოსწორებული არ ყოფილა და მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარისადმი კონსტანტინოპოლიდან ჩემი პირველი წერილის შემდეგ პარიზიდან გამოიგზავნა მითითება, რომ „ლტოლვილები“ „ემიგრანტებად“ ჩაეთვალათ. როდესაც ნ. ბ. რამიშვილი მიემგზავრებოდა, მე მასთან მქონდა საუბარი, სადაც იგი დამპირდა სხვა საკითხებთან ერთად წამოეჭრა საკითხიც უფროს ოფიცერთა სხვადასხვა ქვეყნებში მივლინების თაობაზე სამხედრო საქმის უფრო საფუძვლიანად შესწავლისთვის. არ ვიცი დასვა თუ არა მან ეს საკითხი. მე შემდგომში რამდენჯერმე წამოვჭერი იგი, მაგრამ ყოველივე ამაო აღმოჩნდა, თუმცა კი გემ „კირალიზე“ მთავრობის თავმჯდომარემ მითხრა თავის აზრი, რომ ჩვენი სამხედრო უწყება ყოვლად უვარგისი აღმოჩნდა და გეგონებოდათ, სახელმწიფო ანგარიშებიდან ამომდინარე, საჭირო იყო საშუალება მიეცათ, სულ მცირე, უფროსი ოფიცრებისთვის მაინც, რომ „უფრო მეტი ესწავლათ“ (дать возможность... "поучиться").

გამგზავრებისას მთავრობამ დაგვიტოვა ორი კომისია: ერთი ბ. ჩხიკვიშვილის თავმჯდომარეობით, ეგრეთ წოდებლი „ლტოლვილთა“ კომისია, ხოლო მეორე კი კ. პ. კანდელაკის თავმჯდომარეობით „სამთავრობო“ კომისია; უკანასკნელი განაგებდა გამოტანილ ქონებას და თვალყურს ადევნებდა ლტოლვილთა კომისიას. სამთავრობო კომისია შედგებოდა ფინანსთა მინისტრ კ. პ. კანდელაკისგან, გ. ერაძისგან, რომელსაც ხელახლა ეწყალობა შრომის მინისტრის წოდება, ხელახლა, ვინაიდან იგი აღარ შედიოდა მთავრობის შემადგენლობაში ბათუმში მისი შემცირების შემდეგ, პ. სურგულაძის, მ. წერეთლისა და კონსტანტინოპოლში ჩვენი კონსულისაგან. ამ კომისიის შემადგენლობაში შედიოდა ასევე ბ. ჩხიკვიშვილიც. ამ კომისიასთან შეიქმნა კანცელარია ნ. ზ. ელიავასა და გეგელაშვილის შემადგენლობით. მე მითხრეს, რომ თუმცა კი არა ვარ ამ კომისიის წევრი, მაგრამ მაქვს უფლება, როგორც მთავარსარდალს, ვმონაწილეობდე ამ კომისიის მსჯელობებში და ვსვამდე საკითხებს, რომელთა საერთო განხილვისათვის გამოტანასაც საჭიროდ მივიჩნევ. ასეთივე უფლებებით საგებლობდა ვ. ჯუღელიც. ამ კომისიების გარდა დანიშნულ იქნა კ. გ. გვარჯალაძე, როგორც მთავრობის მთავარრწმუნებული. მას დაეკისრა ურთიერთობა და კავშირი კონსტანტინოპოლში მყოფ უცხოელ წარმომადგენლებთან.

ფაქტიურად ზემოაღნიშნული კომისიების სხდომებში, უკვე დიდი ხნის წინ მიღებული წეს-ჩვეულებით, მონაწილეობას ღებულობდა ყველა, ვისაც უნდოდა მათში მონაწილეობა; საჭირო იყო მხოლოდ ყოფილიყავი პოლიტიკური მოღვაწე, ე. ი. ყოფილიყავი სოც-დემოკრატიული პარტიისადმი მიკუთვნებული. მთავრობის გამგზავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კანდელაკის სამთავრობო კომისიამ წერილობით შემატყობინა მთავრობის ბრძანების ასლი, მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერული. ამ ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ „არმიის დემობილიზაციის“ გამო მე ვთავისუფლდები ჩემი თანამდებობიდან. სხვანაირად რომ ვთქვათ მეც „ლტოვილად“ ვიქენი გადაქცეული. მთავრობის ეს აქტი მოითხოვს იმას, რომ მასზე რამდენადმე შევჩერდეთ. თავისი გარეგნული მხარის მიხედვით, იმის მიხედვით, თუ როგორ იქნა ეს გაკეთებული, ე. ი. ხელი მოაწერონ ბრძანებას და პირადად პირში არ მითხრან, და მე ეს მხოლოდ თავიანთი გამგზავრების შემდეგ გამომიცხადონ, ეს აქტი თავისთავად მოწმობს ამ ადამიანებში წესიერების უბრალო წესების ცოდნის არქონას; მაგრამ ეს შეიძლება ვაპატიოთ ლანჩხუთელ ადამიანებს (но это можно простить людям из Ланчхут). თუმცა კი ეს მაიძულებს ბევრ სხვა რამეზეც დავფიქრდე. თუ არა მარტო არ მიცხადებენ პირში, არამედ ზომებსაც კი ღებულობენ იმისთვის, რათა მთავარსარდალმა ეს მხოლოდ მთავრობის გამგზავრების შემდეგ შეიტყოს, ეს ნიშნავს, რომ ამ ბრძანების გამომცემელნი გრძნობენ მთელ უსამართლობას ამ აქტისა, მთელ შიშს იმისა, რომ ეს პირში მითხრან. ეს ბრძანება ხომ მთავარსარდალს ეხებოდა, სწორედ იმ პირს, ვისი განკარგულებებიც საომარ მოქმედებათა თეატრზე ყველას მიერ სრულდება, როგორც მთავრობის განკარგულებები, ე. ი. უფლებებით იგი მთლიანობაში მთავრობასთან იყო გათანაბრებული. შემდეგ ეს ბრძანება თავისი არსითაც არასწორი გახლდათ, ვინაიდან არმია დემობილიზებული არ ყოფილა, ვინაიდან გამგზავრების მომენტში იგი ქემალისტებთან ბრძოლაშიც ჩაება. და ბოლოს, გამოუცხადონ ადამიანს, რომ იგი გაჰყავთ, როგორც მთავარსარდალი, ხოლო შემდეგ კი კონსტანტინოპოლში ჩამოსვლის მერე მისგან საიდუმლოდ გასცემენ ბრძანებას მისი გადაყენების შესახებ, ძნელად თუ არის ასეთი საქციელი ეთიკური რომელიმე ადამიანისათვის, ვინც ადამიანებს შორის ურთიერთობებში მიღებული წესებით ხელმძღვანელობს, და მით უმეტეს, როცა ასეთ რამეს ისეთი პირი აკეთებს, როგორიც მთავრობაა.

ფორმალური მხრით ეს ბრძანება იყო არასწორი, ვინაიდან არანაირი დემობილიზაცია არ ყოფილა, და თუ ამ ბრძანებას გასცემდნენ, ის უნდა გაეცათ ბათუმში დემობილიზაციის შესახებ ბრძანებასთან ერთდროულად, მაგრამ არანაირად კონსტანტინოპოლში. აშკარაა, რომ ბათუმში ამის გაკეთების რაღაცნაირი შიში ჰქონდათ. მე ეს საკითხი აღვძარი სამთავრობო კომისიაში, ვთვლიდი რა ზედმეტად სხდომებზე ჩემს დასწრებას. მიპასუხეს, რომ ეს უბრალო ფორმალობაა და რომ ჩემი მდგომარეობა, როგორც მთავარსარდლისა, უცვლელი რჩება. მართლაც, ასევე მექცეოდნენ კიდეც. ისიც მთხოვეს, რომ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ მიმეღო საერთო ბანაკი და დამემყარებია იქ წესრიგი არა მარტო სამხედროებს შორის, არამედ საერთოდ ყველა ლტოლვილს შორისაც. მე ყველგან ოფიციალურადაც, და არაოფიციალურადაც მთავარსარდალს მიწოდებდნენ; უკვე აპრილში, ხოლო შემდეგ კი ივლისშიც ჩვენი ოფიციალური დაწესებულება, ჩვენი გენერალური საკონსულო კონსტანტინოპოლში, მაძლევდა მოწმობებს, სადაც მე ვიწოდებოდი ჩვენი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად. მეტსაც ვიტყვი, სამთავრობო კომისიის სხდომები იმ დღეებსა და საათებთანაც კი დააკავშირეს, როდესაც მე სოფლიდან ჩამოვდიოდი, სადაც 9 აპრილს გადავსახლდი.

ამრიგად, რა მიზანს ისახავდა სინამდვილეში მთავრობა, როცა ამ ბრძანებას გასცემდა. შემდგომში მე წერილობით ვკითხე ამ მიზნის შესახებ მთავრობის თავმჯდომარეს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. რა თქმა უნდა, არაფრით არ იყო გამოწვეული ასეთი აუცილებლობა. არ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო დასჯა ან უუნარობის გამო თანამდებობიდან განთავისუფლება, როგორც ეს გენ. ოდიშელიძის მიმართ იქნა გაკეთებული. ამით რომ ეხელმძღვანელათ, მაშინ ეს უნდა გაეკეთებიათ თბილისში ან თბილისის შემდეგ, ან ბათუმამდე, ანდა ბათუმში, მაგრამ არანაირად არა კონსტანტინოპოლში. რჩება ერთი რამის დაშვება. ეს გახლდათ პირადი არამეგობრულობის, მტრობის, შურისმაძიებლობის გამოვლენა იმისათვის, რომ მე ვიყავი პირდაპირი და, შესაძლოა, მკვეთრიც პირად საუბრებში, რომ ღიად მივუთითებდი დაშვებულ შეცდომებსა და ჩადენილ უსამართლობებზე. ამ აქტის ბათუმში მოხდენა არ შეიძლებოდა; ის მხოლოდ ისეთ ვითარებაში შეიძლებოდა მოეხდინათ, რომელიც საშუალებას მისცემდათ არა მარტო დაძრომოდნენ პირად ახსნა-განმარტებას, არამედ სრული უზრუნველყოფილობის ვითარებაში. ბათუმში მე შემეძლო ისინი თავისუფლად დამეპატიმრებია; ჩემს შესახებ საკუთარი თავების მიხედვით მსჯელობდნენ. მათი ეს მოქმედება შეიძლებოდა მხოლოდ ქვენა გრძნობების დაკმაყოფილება ყოფილიყო და ეს იმდენად აშკარა გახლდათ, რომ აქაც კი, პარიზშიც, ბევრი მათგანი, როგორებიც არიან ჩხენკელი, ე. პ. გეგეჭკორი და სხვები უწინდებურად მთავარსარდლად მთვლიან და ამას პირადად მიდასტურებენ კიდეც. 

იურიდიული მხრივ ეს აქტი ასევე უკანონოც იყო. ბათუმში მთავრობა ოთხ წევრამდე იქნა შემცირებული. ყველას, ვინც კი შეამცირეს, ეს გამოეცხადა. სამხედრო მინისტრი და მისი ორი თანაშემწე შემცირებულ იქნენ. მე არაფერი მითხრეს, პირიქით მეუბნებოდნენ, რომ მთავარსარდალი უნდა გაემგზავროს. შესაბამისად, იმ თათბირმა, რომელმაც მთავრობა შეამცირა, მთავარსარდალი დატოვა. ამრიგად ახალი შემადგენლობის მთავრობას, რომელიც ძველი შემადგენლობიდან იყო გამოსული, უკვე აღარ გააჩნდა მთავარსარდლის შემცირების უფლება, როგორც ბათუმის თათბირის მიერ დატოვებულისა. პირიქით, ის ფაქტი, რომ ბათუმის თათბირმა მთავარსარდალი არ შეამცირა, იმაზე მიუთითებს, რომ ეს თათბირი ამ თანამდებობის დატოვებას აუცილებლად მიიჩნევდა. ამცირებდა რა მთავარსარდალს კონსტანტინოპოლში, მთავრობამ ამით აჩვენა, რომ იგი იქცევა ძველი მთავრობის ნათლად განსაზღვრულიო სურვილის საწინააღმდეგოდ, ე. ი. ჩაიდინა აქტი არსითაც და ფორმითაც უკანონო. მაგრამ განა ეს ადამიანები რაიმეს უწევენ ანგარიშს? მთავრობის შემდგომმა ქცევამ ჩემთან მიმართებით უფრო რელიეფურად გაუსვა ხაზი ჩემდამი მის მტრულობას. ამრიგად, დავუბრუნდები მოგონებებს. ლტოლვილებისათვის გამოყოფილი ბანაკი ნახევრად დანგრეული ყაზარმებისგან შედგებოდა, სადაც არც კარები იყო, არც ფანჯრები და არც ხის უბრალო საწოლები. ამერიკელებმა ინსტრუმენტები და რაღაც რაოდენობის ინვენტარი მოგვცეს. ფანჯრებზე ბეაზი გადავჭიმეთ. ლეიბები რითაც შეგვეძლო დავტენეთ. სამზარეულო მოვაწყეთ. სადგომ-სათავსოების უკმარისობის გამო ამერიკელებმა მოგვცეს კარვები, თავიდან ერთი, შემდეგ მეორე. კაცები, ქალები და ბავშვები იძულებული იყვნენ საერთო სადგომში ეცხოვრათ. იყო კიდევ ნახევრად დანგრეული ყაზარმები მთაზე, ნაპირიდან ერთ ვერსზე, მაგრამ მათი დაკავება არ შეიძლებოდა, ვინაიდან იქ წყალი არ ყოფილა. მაინც ერთი ჯგუფი იქ განთავსდა. სურსათი ამერიკელებს მოჰქონდათ. ბანაკის კომენდანტად ჩემს მიერ გენ. ჩხეიძე იქნა დანიშნული. იქ ცხოვრება ძალზედ უსიამოვნო იყო. რადგანაც ზოგიერთ „ლტოლვილს“ სადგომები ქართულ-კათოლიკურ მონასტერში ჰქონდა გამოყოფილი, ამიტომ დაახლოებით ასი ადამიანი იქ იყო მოთავსებული; ბევრი ბანაკში არ გაემგზავრა, ნაწილი იქიდან დაბრუნდა, ვინაიდან ბანაკში ცხოვრების ატანა არ შეეძლოთ. ოჯახებით წამოსულნი ბევრი, ბანაკის სრული მოუწყობლობისა და იქ სადგომების უკმარისობის გამო, იძულებული გახლდნენ ქალაქში დარჩენილიყვნენ და თავს, სადაც მოუხდებოდათ, იქ აფარებდნენ.

ლტოლვილების კომისიამ უწინარეს ყოვლისა გადაწყვიტა ყველასთვის ანკეტის ფურცლები დაეგზავნა. ვარაუდობდნენ ეკითხათ ყველასათვის, თუ ვის რისი უნარი ჰქონდა, და შემდეგ კი ყველანი მუშაობაში ჩაერთოთ. ეს გზა სწორი იყო. მთავრობას რომ ის ფულები, რასაც ლტოლვილებზე ხარჯავდა, იმისთვის გამოეყენებია, რათა ეს უკანასკნელნი ფეხზე დაეყენებია, მაშინ, რა თქმა უნდა, ერთი წლის მანძილზე, ყველა, ვინც მუშაობაზე უარს არ იტყოდა, ამა თუ იმ საქმეში იქნებოდა. ამასთან უნდა ითქვას, რომ 4–5 თვეს ლტოლვილებს ამერიკელები კვებავდნენ. მე არ ვიცი, რა მიზეზებმა აიძულეს ამერიკელები, რომ სურსათის მოწოდება შეეწყვიტათ, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ძალზედ უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ ლტოლვები მუშაობაში არ ერთვებიან. რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ლტოლვილების კომისია ამერიკელებთან, საიდუმლოდ რჩებოდა და, ჩემი მცდელობების მიუხედავად, ამ საიდუმლოებაში შეღწევა ვერ შევძელი. მაგრამ შემიძლია ერთი დამახასიათებელი ფაქტი აღვნიშნო. ეს უკვე ივლისში თუ აგვისტოში გახლდათ.

კონსულმა მითხრა, რომ ამერიკელები 6000 თურქულ ლირას იძლევიან ლტოლვილებისთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს ფულები ლტოლვილების რაიმეს წარმოებაში ჩართვაზე უნდა წავიდეს. ამ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გენ. მდივანი. ერთ-ერთ სხდომაზე, რომლის შესახებაც ქვემოთ ვიტყვი, გენ. მდივანის მოხსენების მიხედვით რაღაც სხვა გამოირკვა, და მე ვერ შევძელი ვერც კონსულის, და ვერც გენ. მდივანისაგან იმის გარკვევა, თუ რა უნდოდათ საკუთრივ ამერიკელებს. საბოლოო სახით გამოცხადებულ იქნა, რომ ამას გვაძლევენ ამერიკელები თავიანთი დახმარების ლიკვიდაციისათვის. ამასობაში, ამ ფულების რიცხვში, მგონი, 600 თურქულ ლირას ამერიკელები ქართული კლუბისთვის გვაძლევდნენ, რომელიც ლტოლვილების ერთ ჯგუფს ჰქონდა გახსნილი. შემდეგ, ერთი ვერსიის მიხედვით იუნკერებს ერთმეოდათ ეს დახმარება, მეორე ვერსიით კი ისინი მას ღებულობდნენ. ბოლოს კი, ამბობდნენ, რომ ამერიკელები 6000 თურქულ ლირას კი არ იძლევიან, არამედ სულ დაახლოებით 3000-ს, ხოლო დანარჩენს იძლევა ან მთავრობა, ან კიდევ კონსული შოულობს სადღაც სესხის სახით. სინამდვილეში გარკვევა ძნელი გახლდათ; ვიცი, რომ ეს 6000 მას შემდეგ გადააქციეს 3000-ად, რაც კონსულის პროექტი იმაზე, რომ 3000 ლირა მამულის ერთ-ერთი არენდატორის მამულაიშვილისთვის მიეცათ, ვერ გავიდა.

ამრიგად, თავიდან იყო კარგი იდეა, სახელდობრ კი ანკეტის გზით გაერკვიათ და ფეხზე დადგომაში დახმარებოდნენ იმ სახით, თუ ვის რისი გაკეთების უნარი ჰქონდა. შემდეგ ეს ჩვენმა მმართველებმა მაშინვე მიატოვეს და სხვა ხერხს მიმართეს, სახელდობრ კი იმას, რომ რაიმე ხერხით ლტოლვილები თავიდან მოეშორებიათ. და აი დაიწყეს მოქმედებაც. გამოგვიცხადეს, რომ მთავრობა, ბათუმში მიღებული დადგენილების თანახმად, თავის შენახვაზე დაიტოვებს მხოლოდ 50 სამხედროს; დანარჩენები კი საკუთარ თავს იქნებიან მინდობილნი, ამასთან სამშობლოში დამბრუნებლებს მიეცემათ 15-15 ლირა. ამ დროს კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა მოდებაძე, ბოლშევიკური მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც ყველასთვის უზრუნველყოფდა უფასო მგზავრობას, და კიდევ გზაზე სამ-სამ ლირასაც აძლევდა. ეს გაკეთებულ იქნა ჩვენი მმართველების მიერ უშუალო მოლაპარაკებებით მოდებაძესთან, ჩვენი მტრების წარმომადგენელთან; მაგრამ თავიდან უნდა მოეშორებინათ ლტოლვილები და ასეთი ურთიერთობა ჩვენს მტერთან დასაგმობად არ ითვლებოდა. ბევრი გამოეხმაურა ამ სატყუარას; ოფიცრებს შორის ასეთები ცოტანი აღმოჩნდნენ. შემდეგ ბევრმა დაიწყო ფულის მიღება გამგზავრების სახით, მაგრამ არ მიემგზავრებოდა და ეს 15 ლირა ყველასთვის მისაცემ კანონიერ თანხად გადაიქცა. ვფიქრობ, იშვიათი იქნებოდა ლტოლვილი, რომ ამით არ ესარგებლა. ამ საკითხმა ლტოლვილის „ანკეტიდან“ – მის „თავიდან მოშორებამდე“ სრული გაურკვევლობა მოახდინა. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მიაღწიეს სესხის სახით მიეღოთ დახმარებები ამა თუ იმ საქმის დასაწყებად, როგორებიცაა პურის საცხობი, სამრეცხაო, სამკერვალო და სხვა; შემდეგ მათვე მიიღეს საზაოდ ეგრეთ წოდებული ამერიკული სალიკვიდაციო ფულებიც; ბევრს კი ამ ფულებიდან არაფერიც არ მიუღია. ასე აწარმოებდნენ საქმეებს.

ლტოლვილთა კომისიამ დასვა საკითხი სახარჯო (ჯიბის) ფულების მიცემაზე იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც მთავრობას თავის კმაყოფაზე ჰყავდა აყვანილი. კამათების შემდეგ, რომლებშიც მე გახლდით ერთადერთი, ვინც პროტესტით გამოდიოდა, შემდეგი ნორმა იქნა განსაზღვრული. ყველანი დაყვეს 4 კატეგორიად. პირველი კატეგორია იუნკრები და ჯარისკაცები ღებულობდნენ 3-3 ლირას თვეში; ობერ-ოფიცრები 4-4 ლირას; შტაბ-ოფიცრები 6-6 ლირას; გენერლები 8-8 ლირას. ოჯახის თითოეულ წევრზე კიდევ 2 ლირა ემატებოდათ. არასამხედროები უთანაბრდებოდნენ სამხედროებს თავიანთი თანამდებობების მიხედვით. ეს დადგენილება, ხარისხების მიხედვით დაყოფაზე არ შეესაბამება ძირითად ბრძანებას, რომელმაც ყველანი თანასწორ ლტოლვილებად გადაგვაქცია. მე რამდენადმე მეტს მოვითხოვდი; ჩემი პროექტის მიხედვით გენერალი ღებულობდა 12 ლირას, შტაბ-ოფიცრები 8 და ობერ-ოფიცრები კი 6 ლირას.

უნდა დავხატო საერთო ვითარება, რომელიც კონსტანტინოპოლში ლტოლვილების მოსვლასთან ერთად შეიქმნა. ევაკუირებულებმა, ჩამოვიდნენ რა კონსტანტინოპოლში, იხილეს მათზე ზრუნვის არარსებობა მთავრობის მხრიდან; ამერიკელები რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, თუ ყველაფერი ეს რითი დამთავრდებოდა. ლტოლვილები საკონსულოსთან იკრიბებოდნენ და თავიანთ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდნენ; მათ ამშვიდებდნენ. ლტოლვილებს სთავაზობდნენ ბანაკში გამგზავრებას, სადაც არაფერი იყო მოწყობილი, და უცხადებდნენ, რომ ისინი არ მიიღებენ დახმარებას, თუ არ გაემგზავრებიან ბანაკში, სადაც იმავე ლტოლვილთა კომისიის თავმჯდომარის სიტყვით, ძაღლების ცხოვრებაც კი არ შეიძლებოდა. ამასთან ერთად ოჯახის პატრონებს დაუწყეს ფულის მიცემა ქალაქში ცხოვრებისათვის. რადგანაც ოჯახის მქონეთა ნაწილი ბანაკში ცხოვრობდა, ეს ბუნებრივად იწვევდა იმათ უკმაყოფილებას, რომლებიც ბანაკში, რა თქმა უნდა, მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ.

ზოგიერთი ინციდენტი კონსტანტინოპოლში 

ამავდროულად გავრცელდა ჭორი, სწორედ რომ ჭორი, სხვანაირად არ შემიძლია ვუწოდო, ჭორი „მარიასა“ და „ვესტაზე“ ცალკეულ პირთა მიერ თავიანთი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ. ლაპარაკობდნენ ქურდობებსა და ნაქურდალის გაყიდვებზე, რომლებიც ამ გემებზე ხდებოდა; ბრალს დებდნენ ოფიცრებსა და გემების ადმინისტრაციას. ლაპარაკობდნენ ყველანი: ორივე კომისიის წევრებიც, კონსულიც, და ბევრი სხვაც, რომელთა გვარები არ ვიცი. ამ ნიადაგზე მომიხდა შეტაკება ხომერიკთან. მე ვიყავი საკონსულოში; მომიახლოვდა ხომერიკი ვიღაც კაცთან ერთად, ვისი გვარიც არ ვიცი, და მითხრა, რომ ხომალდებზე დაშვებულია ბოროტად გამოყენებანი, რომ დატაცებები გრძელდება და დაუყოვნებლივ დაპატიმრებულ უნდა იქნას მიქელაძე, რომელიც ხომალდებიდან სახელმწიფო ქონებას ჰყიდდა. უნდა ითქვას, რომ საზღვაო უწყებაში იყო ორი მიქელაძე; ერთი მათგანი ფლოტის სარდლის შტაბის უფროსი გახლდათ, მეორე კი, მისი ძმა, აგენტის თანამდებობაზე მსახურობდა; ამ უკანასკნელს ქართულ ჯარებში არასოდეს უმსახურია და თანამდებობაზე მხოლოდ ევაკუაციის წინ ფლოტის სარდლის თაყაიშვილის მიერ იქნა დანიშნული. მე ვუპასუხე, რომ ბოროტად გამოყენებანი სავსებით შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა მიუთითოს კონკრეტული შემთხვევა და მისი წერილობითი განცხადების მიხედვით მე მაშინვე გამოვიძიებ და დამნაშავეებსაც პასუხისგებაში მივცემ. ჩემმა წინადადებამ, რომ ბოროტად გამოყენებების შესახებ წერილობით განეცხადებია, იგი რატომღაც გაანაწყენა. და ეს შეიქნა დავა-კამათის მიზეზიც. მან დაიწყო ლაპარაკი, რომ იგი არ არის ვალდებული ასეთი განცხადება შემოიტანოს, და რომ მე ვალდებული ვარ მისი ზეპირსიტყვიერი განცხადების მიხედვითაც მიქელაძე დაუყოვნებლივ დავაპატიმრო. ეს ადამიანი (ნოე ხომერიკი – ი. ხ.) ადრე მიწათმოქმედების მინისტრი გახლდათ; პირდაპირ ძნელია იმის წარმოდგენა, რომ სამართალსა და იუსტიციაზე ასეთი პრიმიტიული გაგების მქონე ადამიანს შეეძლო ასეთი მაღალი პოსტი სჭეროდა. მე შევეპასუხე, რომ როგორ შემიძლია რაიმე ვიღონო, როცა იგი უარზეა წერილობით დაადასტუროს ის, რაც სიტყვიერად მითხრა. საუბარი მან საქმის არსების სიბრტყიდან მაშინვე პიროვნებებზე გადაიტანა და იმაზე დაიწყო ლაპარაკი, უფრო სწორედ, ყვირილი, რომ მე ასე ლაპარაკი „მათთან“ მხოლოდ აქ, კონსტანტიბოპოლში დავიწყე, რომ ადრე საკუთარ თავს „მათ მიმართ“ ასეთი რამის უფლებას არ ვაძლევდი. ეს ვისთან „მათთან“; ხომერიკი წარმომადგენლობითი პირიც კი არ ყოფილა. მაგრამ ეს გამოთქმა „მათთან“, „მათ მიმართ“ ძალზედ დამახასიათებელია. სწორედ იგი საკუთარ თავს „იმათ“ შორის თვლიდა, ვისთანაც შემეძლო მელაპარაკა არა ისე, როგორც მას სურდა (с кем я мог говорить не так, как он хотел). იგი, მიუხედავა იმისა, რომ არანაირი დამოკიდებულება არ ჰქონდა მთავრობასთან, საკუთარ თავს ძალაუფლების მქონედ მიიჩნევდა და მართალიც გახლდათ საკუთარი თვალსაზრისით, რომელიც სოც-დემოკრატიული პარტიის ყველა ლიდერს ჰქონდა შეთვისებული. სწორედ ამიტომ მე ხშირად ვიყენებ ჩემს ჩანაწერებში გამოთქმას „ძალაუფლების მქონენი“, „მმართველები“. ამბობდა რა სიტყვას „აქ“ ბ-ნ ხომერიკს როგორც ჩანს უნდოდა ეთქვა, რომ მე „აქ“ საკუთარ თავს ვთვლი ჩემს თავზე მათი ძალაუფლებისაგან უზრუნველყოფილად. მით უარესი მისთვის და იმათთვისაც, ვისაც იგი თავის სახელთან აერთიანებდა, თუ მე მათი ხელისუფლების შიშით ვხელმძღვანელობდი. რა თქმა უნდა ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. დაე გაიხსენოს ყველამ, ვისაც ვხვდებოდი და ვისთანაც მიხდებოდა ლაპარაკი რევოლუციის პირველი დღიდან დღევანდელ დღემდე, მივეცი თუ არა საკუთარ თავს უფლება მეხელმძღვანელა მსგავსი შიშით თუნდაც ოდესმე. მსგავსი ბრალდება, რომელიც ბ-ნმა ხომერიკმა მესროლა, წრეგადასული გახლდათ და მე ვთხოვე მას ჩემთან ლაპარაკი შეეწყვიტა. ამ საუბრის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს უკვე აღარ ველაპარაკებოდით და არც ვესალმებოდით.

იმავე თუ მეორე დღეს ვ. ჯუღელთან ერთად ხომალდებზე გავემგზავრე. ამ დროს ევაკუირებულები უკვე ბანაკში იყვნენ გაგზავნილნი. ხომალდებზე უფროსობა ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო ქონებას კი ოფიცრების ჯგუფი იცავდა. ვ. ჯუღელმა საეჭვო ვერაფერი ნახა. ოფიცრები საზღაურის გარეშე იცავდნენ ქონებას, თუ არ ჩავთვლით 30 პიასტრს, რომელიც მათ ეძლეოდათ. ეს 30 პიასტრი, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ერთი კოლოგრამი პური 15 პიასტრი ღირდა, ძლივს თუ ჰყოფნიდათ იმაზე, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ნამდვილად იყო ბოროტად გამოყენებანი თუ არა, არც ჰო შემიძლია ვამტკიცო, და არც უარვყო. მართლაც, იმის გარკვევა, ახდენდა თუ არა ვინმე ბოროტად გამოყენებებს, შეუძლებელი გახლდათ; საჭირო იყო ძიების ჩატარება, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა გამოგვერკვია. ასე სდებდნენ ბრალს ოფიცრებსა და ადმინისტრაციას, ეს უკანასკნელნი კი ბრალს დებდნენ იმათ, ვინც ქონებასთან უშუალოდ იმყოფებოდნენ, და რომ ხმებს ბოროტად გამოყენებების შესახებ ავრცელებდნენ ისინი, რომლებიც გამოტანილ ქონებას განაგებდნენ, საკუთარი თავიდან ეჭვის აცილების მიზნით. ვინ მოახდინა გამოტანილი ქონების აღწერა. სავარაუდოა არავინ. ძალაუფლების მქონენი ძალზედ ბევრს ლაპარაკობდნენ ამის შესახებ, ზომებსაც კი ღებულობდნენ პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობა არავისთვის დაუკისრებიათ. მეტსაც ვიტყვი. სანამ კონსტანტინოპოლში ვიმყოფებოდი, ჩვენმა გენერალურმა კონსულმა გეგელაშვილმა რამდენჯერმე მითხრა, რომ გემებზე ხდებოდა ბოროტადგამოყენებანი, და რომ მას აქვს 5 გენერლისა და 40 ოფიცრის სია, რომელთაც უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მე ძალზედ დაბეჯითებით ვთხოვდი მას რომ ისინი პასუხსგებაში მიეცა. მას ეს არ გაუკეთებია. ესეც ცოტაა, მან ბრალდებულთა სიაც კი არ მომცა, რომელსაც მას არაერთხელ დაჟინებით ვთხოვდი. შემდგომში მან ერთხელ თავისთან მიმიწვია და ასეთი წინადადებით მომმართა. მან მითხრა, რომ ბათუმიდან კონსტანტინოპოლში გადმოსვლის გზაზე ოფიცრები „ვესტაზე“ შეიკრიბნენ და გამოტანილი ქონების შესახებ საკითხს განიხილავდნენ. გადაწყვიტეს შეედგინათ დოკუმენტები გამოტანილ ქონებაზე ერთი ოფიცრის სახელზე. თუ რა წახალისებით ხელმძღვანელობდნენ ოფიცრები მან, კონსულმა, არ იცის. შესაძლოა ისინი ხელმძღვანელობდნენ სურვილით, რომ დაეცვათ ეს ქონება ჩვენი კრედიტორებისაგან, რომლებიც გამოტანილ სახელმწიფო ქონებაზე უეჭველად აკრძალვას დაადებდნენ. ამასობაში, როგორც ამბობდა კონსული, ეს მგონი უკვე გვიან ზაფხულში გახლდათ, ამ ოფიცერმა გაყიდა დოკუმენტები ამ ქონებაზე. და აი ახლა კონსული მთხოვდა დავხმარებოდი მას რომ ზემოქმედება მოგვეხდინა იმ ოფიცერზე იმ აზრით, რომ მას ეს დოკუმენტები დაებრუნებია. მე თავიდან კატეგორიულად უარი განვაცხადე ყოველგვარ მონაწილეობაზე ამ საქმეში, რომლის არც დასაწყისი ვიცოდი, და არც ისტორია. მაგრამ იგი დაჟინებით მთხოვდა. მე დავთანხმდი მეკითხა ოფიცრისათვის ამ საქმეზე სინათლის მოფენის მიზნით. მაგრამ, ჩემი შეხვედრა ამ ოფიცერთან ვერ შედგა.

ახლა შევეხები ავტომობილების საკითხს. კონსტანტინოპოლში გამოირკვა, რომ გემ „ოლენით“ გამოტანილ იქნა ავტომობილები. ეს ავტომობილები ვიღაც ბატონმა მარგულისმა და ბ-ნმა მოგილევსკიმ ჩატვირთეს. ავტომობილები ნავმისადგომში იქნა გადმოტვირთული, მაგრამ მათი მიღება ვერანაირად ვერ ხერხდებოდა. ამ დრომდე არ ვიცი, რაში იყო შეყოვნება ან სად იყო ძაღლის თავი დამარხული. საბუთები კერძო პირზე გახლდათ შედგენილი. შემდეგ ეს საბუთები გადაცემის ხელმოწერით მოხვდა პოლკ. გოგიტიძესთან, საავტომობილო ასეულის მეთაურთან. ამასობაში ცნობილი შეიქნა, რომ რამდენიმე ავტომობილი მთავრობის მოთხოვნით პარიზში უნდა გაეგზავნათ. ავტომობილისტები, როგორც არმიის, ისე გვარდიისაც, შეშფოთებული იყვნენ. ხედავდნენ რა საკუთარ თავს მთავრობის მხრიდან შენახვის გარეშე დატოვებულს ისინი იმედოვნებდნენ, რომ ავტომობილები მათ გამოყენებისთვის თავიანთ გამგებლობაში მიეცემოდათ, რისი წყალობითაც შეძლებდნენ თავიანთი შრომით საზრდელი მოეპოვებინათ. არმიის ოფიცრები ღიად მიცხადებდნენ, რომ ეს ავტომობილები, ისინი დარწმუნებული არიან, ნაწილობრივ პარიზში იქნება გაგზავნილი, ნაწილობრივ კი გვარდიის ოფიცრებს მიეცემათ. მე, რა თქმა უნდა, მათ ვამშვიდებდი და ვუმტკიცებდი, რომ გვარდიელებსა და არმიელებს შორის ასეთ განსხვავებას არ მოახდენდნენ. შედეგებმა გვიჩვენეს, რომ მათ ასე სალაპარაკოდ საკმარისი საფუძვლები გააჩნდათ.

საგანთა ასეთი მდგომარეობის შედეგად, პოლკ. გოგიტიძე უარს აცხადებდა საბუთები მმართველებისთვის ჩემი გვერდის ავლით ხელში მიეცა. მან მე ისინი ნამდვილად ჩამაბარა. თუმცა კი ძალაუფლების მქონეთ ისინი არ დასჭირებიათ; მათ შეძლეს ეს ავტომობილები ამ საბუთების გარეშეც მიეღოთ. მათ ეს როგორ მოაწყვეს, არ ვიცი. პოლკ. გოგიტიძე არასწორი იმაში გახლდათ, რომ ეს საბუთები მან კონსტანტინოპოლში ჩამოსვლიდან მხოლოდ 12–15 დღის შემდეგ გადმომცა; იგი მოვალე იყო მეორე დღესვე გამოცხადებულიყო ჩემთან, ეთქვა რამდენი და რა ავტომობილებია ჩატვირთული და საბუთებიც ჩემთვის ჩაებარებია. თუმცა კი მას ეს არ გაუკეთებია. რით იყო ეს გამოწვეული, არ ვიცი. ჩემთვის ეს უცნაური გახლდათ, ხოლო ერთმა გარემოებამ მის მიმართ ეჭვიც გამიჩინა. გადმომცეს, რომ ჩამოტვირთულ ავტომობილებს შორის არის მთავარსარდლის მანქანაც „სპა“, რომელიც მე ბათუმში უკანასკნელ დღემდე დამატარებდა, და რომელიც მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა გენ. ჩხეტიანმა თავისი და ჩემი ოჯახი გემზე მიიყვანა. ეს მანქანა დაკარგული აღმოჩნდა. ის ვიღაცამ მიიღო და მისი კვალიც დაიკარგა. მე ვკითხე პოლკოვნიკ გოგიტიძეს იყო თუ არა ჩატვირთული გემ „ოლენში“ მანქანა „სპა“. მან სრული უცოდინრობით მიპასუხა, და ამასობაში იგი პირადად ამ გემითვე მგზავრობდა. მე მას ვუთხარი, რომ მანქანა აქ არის კონსტანტინოპოლში, და რომ ის გემ „ოლენით“ ჩამოიტანეს. აქ კი მან მომახსენა, რომ იცის, ბათუმში იყო იმავე ფირმის კერძო მანქანაც და სწორედ ასეთივე კონსტრუქციისა, და რომ ჩამოტანილი მანქანა, ალბათ, კერძო (პირისა) გახლდათ.

მაგრამ ეს მანქანა მთავარსარდლის მანქანა აღმოჩნდა. ამ მანქანას მთელ ქალაქში ეძებდნენ და აი, როცა იპოვნეს, გვარდიის შტაბის წევრმა ჭიაბრიშვილმა და ბ-ნმა კემულარიამ შემომთავაზეს გავმგზავრებულიყავი და ის მენახა, ხომ არ ამოვიცნობდი მას როგორც ჩემს მანქანას. ჩვენ სადღაც შიშლის თუ ნიშანთაშის რაიონში გავემგზავრეთ. აქ ერთ საავტომობილო ფარეხს მივუახლოვდით; ჩვენი შეშვება არ უნდოდათ. პოლიციის მოყვანით დამუქრების შემდეგ შეგვიშვეს, და მე ის ჩემს მანქანად შევიცანი. მართალია, ნომერი არ ჰქონდა და სანახევროდ დაშლილიც გახლდათ, მაგრამ მე ამ მანქანით 1920 წლის მთელ ზაფხულს ვმგზავროდი, აგრეთვე მას შემდეგაც, და ის ადვილად ვიცანი. თვით ის ვინტილიც კი, რომლითაც კარის სახელური იყო შეცვლილი, სწორედ იგივე გახლდათ. ის მანქანა იყო, რომლითაც მე ვმგზავრობდი. აი ამ გარემოებამ ჩამინერგა უნდობლობა პოლკ. გოგიტიძის მიმართ. როგორ შეეძლო ამ მანქანის შესახებ არ სცოდნოდა, როცა იგი „ოლენით“ მგზავრობდა და დანარჩენი მანქანებით ინტერესდებოდა, და რად უნდოდა ჩემთან რაღაც კერძო მანქანის შესახებ ლაპარაკი, რომლიც „სპას“ ჰგავდაო.

მმართველთა მიერ გოგიტიძისადმი წაყენებული მოთხოვნა, რომ საბუთები ჩაებარებია, იქცა საბაბად ერთი მეტად უმსგავსი სცენისათვის, რომლის მოწმეც შემთხვევით აღმოვჩნდი. ძალაუფლების მქონენი საკონსულოში, სალონში იმყოფებოდნენ, და როგორც ყოველთვის რაღაცაზე მსჯელობდნენ, უფრო სწორედ, კამათობდნენ. იქ მეც ვიყავი. ავტომობილების შესახებ ლაპარაკობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ პოლკ. გოგიტიძეს მანქანებით რაღაც გეშეფტმახერობის მოწყობა (ფულების შოვნა) უნდოდა. მე შევნიშნე, რომ არ შეიძლება ბრალი დასდო ადამიანს, ისე რომ საქმე არ გაარკვიო. ვიღაცამ თქვა, რომ გოგიტიძე საკონსულოშია და შეიძლებოდა ეს ახლავე გაგვერკვია. იგი მოიწვიეს. როცა შემოვიდა, მას შეკითხვების დასმა დაუწყეს, მაგრამ ვ. ჯუღელმა არ მისცა შესაძლებლობა, რომ ამ ჩახლართულ საქმეზე პასუხი გაეცა. მან პოლკ. გოგიტიძეს ყვირილი დაუწყო, მას თაღლითს, ქურდსა და არამზადას უწოდებდა, და საერთოდაც, სალანძღავი სიტყვების მთელი თავისი მარაგი გადმოანთხია. პოლკ. გოგიტიძე დუმდა. დაიწყეს ვ. ჯუღელის დამშვიდება, მაგრამ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ამან ცეცხლზე კიდევ უფრო ზეთი დაასხა და ისიც, ქუჩური სიტყვების ნთხევით, პოლკ. გოგიტიძეს მუშტების ქნევითაც მივარდა. ეს სცენა უმაღლესი ხარისხის უმსგავსოება გახლდათ. მე, რა თქმა უნდა, მივვარდი და მათ შორის ჩავდექი; სხვებიც მოცვივდნენ, მაგრამ ვ. ჯუღელი მუშტების ქნევით მაინც იწეოდა (но В. Джугели с кулаками лез через нас). ძლივს ავიცილეთ თავიდან ცემა-ტყეპა. გოგიტიძეს ვუბრძანე წასულიყო. მისი საქციელი მე საბოლოოდ არ მომეწონა. მართალია, შესაძლოა, მას უხეშ შეურაცხყოფაზე ჩემი თანდასწრებით არაფერი არ უნდა ეპასუხა, მაგრამ იგი მოვალე იყო ამის შემდეგ რაიმენაირად რეაგირება მოეხდინა. არაფერი მსგავსი მას არ გაუკეთებია.

მე, რა თქმა უნდა, ოფიცერს უნდა გამოვქომაგებოდი, თუმცა კი უკანასკნელის საქციელი ავტომობილებთან მიმართებით ძალიან არ მომწონდა. მაგრამ რა უნდა გვექნა ვ. ჯუღელისთვის, ამ რესტორნის ჩხუბისთავისთვის, რომელიც მუდამ მზად იყო ვინმე ეცემა ანდა ნაცემი თვითონ ყოფილიყო.

გარკვეული დროის შემდეგ მას მსგავსი შეტაკება მოუხდა ერთ ოფიცერთან, რომლის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ვ. ჯუღელი დუელში გამოიწვია. ვ. ჯუღელმა უარი თქვა და განაცხადა, რომ თავისი რწმენის გამო იგი დუელში არ იბრძვის, და დაე იმ ოფიცერმა მასთან შეხვედრისას მუშტებით ანგარიშსწორებას მიმართოს, რაზედაც იგი უპასუხებს, როგორც შეუძლია. ჩვენთვის, ოფიცრებისათვის, ეს ფსიქოლოგია გაუგებარია. რა პასუხისმგებლობა შემეძლო დამეკისრებია ვ. ჯუღელისთვის, ან როგორ? ვინ გაასამართლებდა მას? უკვე აღვნიშნავდი ჩემს ჩანაწერებში, რომ ჩემს საჩივარს, მთავარსარდლის საჩივარს, რკინიგზის ჩვეულებრივ მოსამსახურეზე, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. რა თქმა უნდა, ჩივილი პარიზში, სამთავრობო კომისიაში უსარგებლო იქნებოდა. ვუთხარი ვ. ჯუღელს, რომ არ შეეფერება გვარდიის შტაბის თავმჯდომარეს ასე იქცეოდეს და ვინმეს მუშტების ქნევით მივარდებოდეს, და რომ ძალზედ დაბეჯითებით ვთხოვ მას ჩემი თანდასწრებით ოფიცრებს ასე აღარ ექცეოდეს. მან მიპასუხა, რომ მართლაც გაფიცხდა, მაგრამ რომ იგი უკიდურესად აღაშფოთა გოგიტიძის საქციელმა, რომელსაც, უეჭველად, სურდა ავტომობილები მოეპარა. ასე რომ მაინც ვერ მოხერხდა ეს საქმე სწორი გზით წარგვემართა და გაგვერკვია, თუ ვინ არის დამნაშავე ამ საქმეში. ვ. ჯუღელი ამ დროს ეჭვს გარეშე ძლიერად განერვიულებულ მდგომარეობაში გახლდათ. 

კონსტანტინოპოლში ჩვენი ყოფნის სულ დასაწყისშივე მას ორი უსიამოვნო სცენის გადატანა მოუხდა. აღვწერ ორივეს.

მე როგორღაც საკონსულოს კანცელარიაში ვიმყოფებოდი, როცა ხმამაღალი ლაპარაკი და ლანძღვა-გინება მომესმა, რომელიც ვესტიბიულში ხდებოდა. აღმოჩნდა შემდეგი. ჯერ კიდევ 1920 წელს გაზაფხულზე, როცა გვარდიელები საქართველოს სამხედრო გზაზე დენიკინელებს სახაზინო ქონებას ართმევდნენ, ამ ქონებას შორის ვინმე იკაევს ეკიპაჟი და ცხენები ჩამოართვეს, უკანასკნელის განცხადების მიუხედავად, რომ ეს მისი კერძო ქონებაა; მას მისცეს ხელწერილი, რომლის მიხედვითაც მისთვის ფული უნდა დაებრუნებინათ. ჩამოვიდა რა თბილისში, ეს უკანასკნელი შეეცადა ფული მიეღო, მაგრამ მას ყველგან უარს ეუბნებოდნენ; გვარდიის შტაბში კი, სადაც იგი იმავე საქმის გამო მივიდა, მისი სიტყვებით, იგი დაპატიმრებულ იქნა და მას სიკვდილითაც ემუქრებოდნენ, ამასთან ვ. ჯუღელმა მას რევოლვერი საფეთქელზე მიადო. იკაევი ამტკიცებდა, რომ თავისი ცხენები მან მთავრობის თავმჯდომარის ეკიპაჟში შებმული იხილა. მე ვნახე ეს ცხენები თბილისში და, როგორც ამბობენ, ისინი პირადად მთავრობის თავმჯდომარის ადიუტანტის მიერ იყვნენ ნაყიდი, ამასთან ეს ადიუტანტი რაღაც თაღლითობის გამო იქნა ამ თანამდებობიდან მოშორებული, სწორედ ამ ცხენების თუ ეკიპაჟის ყიდვისას. შეიძლება, სწორად არ გადმომცეს და ეს ადიუტანტი მხოლოდ ეკიპაჟს ყიდულობდა, და არა ცხენებს. ცხენები მე ყოველ შემთხვევაში მინახავს. ამ იკაევმა კონსტანტინოპოლში „ენტერალიეს“ პოლიციაში საჩივარი განაცხადა და აი იკაევის პირადი მითითებით პოლიცია ვ. ჯუღელის დაპატიმრებას აპირებდა. ჯუღელი ქუჩაში გახლდათ, როცა იკაევმა პოლიციას მასზე მიუთითა. აი ამ საბაბით იდგა კიდეც ხმაური ვესტიბიულში, სადაც ჩვენმა კონსულმა პოლიციის წარმომადგენელს შემოსვლა შესთავაზა. პოლიციის წარმომადგენელი ჯუღელის გაცემას მოითხოვდა, კონსული მას ამშვიდებდა, იკაევი დაჟინებით მოითხოვდა დაპატიმრებას. კონსულმა მოახერხა პოლიციის წარმომადგენლის დამშვიდება, რომელიც მან ზემოთ თავის კაბინეტში მიიპატიჟა. დაპატიმრება არ შემდგარა. როცა ქუჩაში გამოვედი, იკაევი ჩემთან მოვიდა და მომიყვა ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე. მე მას ვუთხარი, რომ მის მიერ არჩეული გზა არასწორია. თუ მას აქვს სურვილი მიიღოს ფული, რომელიც მისგან მართებთ, მაშინ მან ის სამოქალაქო წესით უნდა ეძიოს: ხოლო თუ იგი შურისძიების სურვილით იყო მოცული, მაშინ მას შეხვედრისას ჯუღელისათვის ანგარიში ისე უნდა გაესწორებია, როგორც უკეთესად მიაჩნდა. იგი ძალზედ ჩიოდა იმ წყენის გამო, რომელიც მას გვარდიის შტაბში მიაყენეს. ხოლო კონსტანტინოპოლში პატიმრად ყოფნა კი ძალიან უსიამოვნო გახლდათ. იმავე დღეს კონსტანტინოპოლში დაპატიმრებულ იქნა ვინმე იმნაძე, გვარდიის შტაბის წევრი; პოლიციაში იგი ცემით თითქმის სიკვდილის პირას მიიყვანეს.

მეორე სცენა უფრო მშვიდობიანი გზით დასრულდა. ვიღაც რუსი, გვარი არ ვიცი, მაგრამ იმათთაგანი, ვისაც ჯერ კიდევ თბილისში ართმევდნენ სახაზინო ქონებას, საკონსულოში მოვიდა და ჩვენს კონსულს სთხოვდა დაბეჯითებით მოეთხოვა ჯუღელისათვის, რომ ამ უკანასკნელს მისთვის ბინოკლი დაებრუნებია, რომელიც ძალზედ ძვირფასი გახლდათ. ბინოკლი მართლაც ძალიან ძვირფასი იყო; მე ადრე ის ვ. ჯუღელთან მინახავს. მოვისმინე, თუ ეს სათვალეებიანი ადამიანი, დიდი მუქი წვერით, როგორ ეუბნებოდა კონსულს: „ის სოციალ-დემოკრატია, მეც ასევე სოციალ-დემოკრატი ვარ; ახლა მას ბინოკლი აღარ სჭირდება, დაე დამიბრუნოს“. რა ვთქვათ, წონადი მიზეზია ბინოკლის დასაბრუნებლად. კონსულმა დაიყოლია ჯუღელი რომ მას ბინოკლი დაებრუნებია. ალბათ ეს სცენები, და შესაძლოა სხვებიც, ძალზედ ანერვიულებდა ვ. ჯუღელს და მას ყოველთვის არ შეეძლო თავი შეეკავებია. დაცემა ძალზედ ძლიერი გახლდათ, თითქმის დიქტატორიდან საქართველოში იგი ჩვეულებრივ ადამიანად გადაიქცა, ვისთანაც, ვისაც როგორ შეეძლო, ანგარიშს ასწორებდა.

ახლა ავტომობილების საკითხს დავუბრუნდები. ავტომობილები, როგორც უკვე ვთქვი, საბაჟოდან საბუთების გარეშე იყო გამოყვანილი, რომლებიც გოგიტიძესთან იმყოფებოდა. სამთავრობო კომისიამ გადაწყვიტა ისინი პარიზში არ გაეგზავნა, არამედ ავტომობილისტების ჯგუფისთვის საკუთარი თავის სარჩენად გამოყენების მიზნით მიეცა. ამ საკითხის განხილვისას მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ავტომობილები ავტომობილისტთა საერთო ჯგუფისთვის მიეცათ, როგორც გვარდიელებისთვის, ისე არმიელებისთვისაც, იმ მიზნით, რათა მათი ექსპლუატაცია ამათ ერთობლივად მოეხდინათ. შეიქმნა კომისია ჭიაბრიშვილის თავმჯდომარეობით; იქ ერთი გვარდიელი ავტომობილისტი შედიოდა, ხოლო არმიული ჯგუფიდან კი ჩემს მიერ მასში პოლკ. ერისთავი იქნა დანიშნული. ამ კომისიას უნდა მოეხდინა ამ საქმის ორგანიზაცია. მაგრამ მალევე ჭიაბრიშვილი სამშობლოში გაემგზავრა და ეს საქმეც ჩაკვდა. ავტომობილისტი ოფიცრები არაერთხელ მეუბნებოდნენ, რომ მანქანები ხელიდან გაგვეცლება და რომ გვარდიელი ავტომობილისტები ამ საკითხზე ჯუღელს ელაპარაკებიან, და ის მათ მანქანების მიცემას დაპირდა. მართლაც, მაისში ასე მოხდა კიდეც. გვარდიელ ავტომობილისტებს ორი ავტომობილი მიეცათ, არმიელებისთვის კი არ მიუციათ. სამთავრობო კომისიის პირველივე სხდომაზე მე ეს საკითხი დავაყენე და ვიკითხე, რატომ შეიცვალა კომისიის დადგენილება და რატომ მისცეს მანქანები მხოლოდ გვარდიელებს. რა თქმა უნდა, ამაზე შემოკამათება არანაირად არ შეიძლებოდა, მაგრამ ვ. ჯუღელმა საკითხი მაშინვე სხვა სიბრტყეში გადაიტანა. იგი შემომეპასუხა, რომ მე ტყუილა-უბრალოდ ვუსვამ ხაზს და ვთესავ ანტაგონიზმს გვარდიელებსა და არმიელებს შორის, რომ აქ უკვე აღარ არიან არც გვარდიელები, არც არმიელები. მე შევეპასუხე, რომ სულაც არ ვყოფ გვარდიელებად და არმიელებად, მაგრამ, რომ, მისცა რა ავტომობილები მხოლოდ გვარდიელებს, სწორედ იგი ახდენს მათ განსხვავებას და აქაც პრივილეგიებს აღმოუჩენს გვარდიელებს, და რომ, თუ აქეთკენ წავიდა საქმე, მაშინ შემიძლია მიგითითოთ ასეთი განსხვავების კიდევ ერთი ფაქტი და მივუთითე იმაზე, რომ სააღდგომოდ ყველა გვარდიელმა გვარდიის შტაბისგან, აუშტროვის სახით, სახარჯო (ჯიბის) ფულები ხელმეორედ მიიღო; და ეს ბანაკში, იქ მცხოვრები არმიელების თალწინ გაკეთდა. გაჩაღდა კამათი. გვარდიელებისთვის სახარჯო ფულების ხელმეორედ მიცემა ფაქტად რჩებოდა. მე ეს მივუთითე კომისიას, რომელმაც თავისი თავმჯდომარის ბ-ნ კანდელაკის სახით მიპასუხა, რომ გვარდიის შტაბმა თავისი ქონება მის სანაცვლოდ მიღებული ფულის სახითაც ჩამოიტანა, და შეეძლო ის თავისი სურვილის მიხედვით განეკარგა. „და ხომ იყო დადგენილება, რომ მთელი გამოტანილი ქონება აღიარებულია სახელმწიფო ქონებად“, – შევეკამათე. ამას, როგორც ყოველთვის, მოჰყვება დუმილი. ვ. ჯუღელი აღელდა და თქვა, რომ აქ  „თ ქ ვ ე ნ  ბევრს ლაპარაკობთ იმიტომ, რომ იქ თბილისში  თ ქ ვ ე ნ  გაძლევდნენ ლაპარაკის უფლებას და რომ თვილისში დაბრუნების შემდეგ „ისინი“  „თ ქ ვ ე ნ“  სხვანაირად მოგექცევიან“. მე არ ვიცი, ვის შეეხებოდა ეს  „თ ქ ვ ე ნ“,  პირადად მე თუ მთელ საარმიო კორპორაციას. მე ვუპასუხე, რომ, თუ რა იქნება თბილისში ჩვენ ვნახავთ, ხოლო აქ კი ვხედავ, რომ ისევ გრელდება ისეთივე განსხვავება გვარდიისა არმიისაგან.

სამთავრობო კომისიამ დაადგინა ავტომობილები არმიელებისთვისაც მიეცათ. ეს ისტორია დიდხანს გაიწელა, ჩემი ყოველკვირეული შეხსენებების მიუხედავად. ავტომობილები ხანგრძლივი დავა-კამათების შემდეგ მხოლოდ აგვისტოში მისცეს. მოუხდათ ამ ავტომობილების შეკეთება და საარმიო ჯგუფი, როცა მე კონსტანტინოპოლიდან მივემგზავრებოდი, აღარ არსებობდა. ყველაზე უკეთესი დრო, ზაფხული, ხელიდან იქნა გაშვებული. ავტომობილებს ჯგუფს აძლევდნენ იჯარით, მგონი 50 ლირის ფასად თვეში თითოეულ მანქანაზე, ამასთან შეკეთება, როგორც წინასწარი, ისე შემდგომიც ჯგუფის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. გარდა ამისა, ავტომობილისტი მთავრობის კმაყოფიდან იხსნებოდა.

აქ უნდა დავთქვა, რომ აგვისტოდან დანიშნულ იქნა შენახვის ხარჯები (содержание, ჯამაგირი) არჩეული სიის მიხედვით; ეს სია კონსტანტინოპოლში შედგა, მაგრამ ამის შესახებ შემდეგში ვიტყვი. მთავრობის დადგენილების თანახმად ობერ-ოფიცრებს დაენიშნათ თვეში 200 ფრ., შტაბ-ოფიცრებს 250 ფრ. და გენერლებს კი 300 ფრ. კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ისინი, რომლებსაც რაღაც საწარმო გააჩნიათ, ამოირიცხებიან ამ სიიდან და შემდეგ უკან სიაში მათი ჩარიცხვა აღარ მოხდება. ეს დადგენილება გავრცელებულ იქნა ავტომობილისტებზეც. მაგრამ, როცა აგვისტოში შენახვის ხარჯები იქნა დანიშნული, მაშინ გვარდიულა ჯგუფმა უკანვე ჩააბარა ავტომობილები და მთავრობის კმაყოფაზე ჩაირიცხა. საქმე იმაშია, რომ ავტომობილები ძალზედ მცირე გამომუშავებას იძლეოდნენ და თითოეული ავტომობილისტი დაახლოებით იმავე თანხას ან კიდევ უფრო ნაკლებსაც გამოუმუშავებდა, რასაც მთავრობის მიერ დანიშნული კმაყოფა შეადგენდა. რა თქმა უნდა, უკეთესი იყო მუშაობის გარეშე აეღოთ ცნობილი თანხა, უზრუნველყოფილი, ვიდრე დღე და ღამე ბირჟაზე ეწანწალათ. გვარდიელმა ავტომობილისტებმა უარი თქვეს ავტომობილებზე და, მთავრობის კმაყოფაზე ჩარიცხვის შეუძლებლობის შესახებ არსებული დადგენილების მიუხედავად, იქ ჩარიცხულები აღმოჩნდნენ. როგორ და რით დამთავრდა არმიელებისთვის მიცემული ავტომობელების არსებობა, არ ვიცი; მგონი, ისინი გაყიდეს; მე ამ დროს უკვე პარიზში ვიყავი. 

ავტომობილებთან მიმართებაში ჩემს მიერ ყველაფერი არაა ნათქვამი. ავტომობილების გაცემის საქმე ერაძეს ჩააბარეს. იგი ადგენდა კონტრაქტს ჯგუფთან, რომლის სათავეშიც მე სამხედრო ინჟენერი პოლკ. კანდელაკი დავაყენე. მოითხოვდნენ თავდებობას; ერაძე ამბობდა, რომ გვარდიელებს თავდებობა ვ. ჯუღელმა გაუწია. მე, რა თქმა უნდა, არმიელთა ჯგუფის თავდებად გამოვედი. შემდეგ მომიტანეს ქაღალდი, რომელზედაც ხელი უნდა მომეწერა. ვუპასუხე, რომ თუ ვ. ჯუღელმა მოაწერა ხელი, მაშინ მეც მოვაწერდი. აღმოჩნდა, რომ ვ. ჯუღელს ხელი არ მოუწერია. არც მე მოვაწერე. აქაც ასევე პრივილეგიის მოწყობა უნდოდათ. ერაძესთან მოლაპარაკებების წარმოება რამდენიმე კვირას მომიხდა, სანამ მანქანებს გასცემდნენ. თუმცა კი, დადგენილება ავტომობილების მხოლოდ ავტომობილებისტებისთვის მიცემის შესახებ ასევე არ იქნა შესრულებული. 

ერთი ავტომობილი საექსპლუატაციოდ მიეცა გვარდიის შტაბის წევრს გლახოიანს, მეორე კი ვიღაც სხვას. რაც შეეხება ავტომობილ „სპას“, მოხერხდა მისი უკან დაბრუნება. კონსულმა ერთხელ ჩემგან აიღო მოწმობა, რომ ეს მთავარსარდლის მანქანაა და რომ მე მასზე ბათუმიდან ჩემი გამომგზავრების უკანასკნელ მომენტამდე ვმგაზრობდი. რით დამთავრდა „სპას“ ისტორია, არ ვიცი. რამდენჯერმე ვკითხე კონსულს, თუ რით დამთავრდა ეს ისტორია, დაეკისრათ თუ არა პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში არიან გარეული, და ვინ არიან გარეული; მაგრამ არანაირი პასუხი არ მიმიღია და ასე რომ ვერ მოვახერხე იმის გარკვევა, მაინც ვინ აპირებდა ამ მანქანის მითვისებას.

* * *

ამ ვითარებაში, რომელიც სავსე გახლდათ კინკლაობებით, ზურგს უკან და პირში ყველანაირი ჭორებითა და ბრალდებებით, ჩვენ ვიმყოფებოდით კონსტანტინოპოლში. ამასთან არაფრის გარკვევა არ შეიძლებოდა. თავიდან გულმხურვალედ შეუდგებოდნენ გამოძიებას, იწვოდნენ სურვილით რომ პასუხისმგებლობაში მიეცათ, შემდეგ კი ყველაფერი დუმდებოდა. ვღებულობდით შთაბეჭდილებას, რომ მივიდოდნენ გარკვეულ ადგილამდე, ყველანი თავს არიდებდნენ შემდგომ მომქმედებებს. მაინც რაში იყო მიზეზი? მე შემიძლია ჩემი მიხვედრები გამოვთქვა. ვფიქრობ, რომ მმართველები ისწრაფვოდნენ დაეცვათ გამოტანილი ქონება ჩვენი კრედიტორების მიერ მასზე აკრძალვის დადებისაგან. ამ მიზნით გამოტანილ ქონებას აჩვენებდნენ როგორც ამა თუ იმ პირის კერძო ქონებას. ეს პირები, იყენებდნენ რა მდგომარეობას, სავარაუდოდ, დუმილის სანაცვლოდ თავიანთთვის რაღაც-რაღაცეებს მოითხოვდნენ. როცა ძიება ამ პუნქტამდე მივიდოდა, ძალაუფლების მქონენი დამნაშავეთა პასუხისმგებლობაში მიცემას თავს არიდებდნენ, რომელიც გამოამჟღავნებდა მათ განზრახვას, რომ თავიანთი ვალების სანაცვლოდ ქონება არ მიეცათ.

რაღაც დროის შემდეგ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც მთელი ბოროტად გამოყენებანი უნდა გამოეძია. ის დაახლოებით ერთ თვეს არსებობდა, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოარკვია. მართალია, მან რაღაც გარკვეული მასალები შეაგროვა, თუმცა კი ამ ბოროტად გამოყენებებში დამნაშავედ არავინ უცვნია. მე უნდა ვთქვა, რომ მას საკმარისი ძალაუფლებაც არ გააჩნდა; მას შეეძლო მხოლოდ მასალები შეეგროვებინა და ისიც მხოლოდ გამოკითხვების გზით. ასევე დროც მას ძალზედ ცოტა მიეცა, რომ შეძლებოდა ჩადენილი ბოროტადგამოყენებანი სრული მოცულებით გამოერკვია.

ამ დროის მანძილზე ერთმა ოფიცერმა პატაკი გადმომცა, რომელშიც ითხოვდა დაენიშნათ გამოძიება. ეს გახლდათ კაპ. გოცირიძე. მისი თანდასწრებით ვინმე კიკვიძემ სიტყვიერად ბრალი დასდო შტაბის ოფიცრებს, რომ მათ წაიღეს შაქარი სამტრედიიდან. ეს შაქარი იტალიური შაქრის ფხვნილი გახლდათ. მართლაც, ჩემთვის ცნობილი იყო, შტაბის ოფიცრებმა სადგურ სამტრედიიდან ევაკუაციის მომენტში შაქარი ვაგონში ჩატვირთეს; შაქარი პატრონოს გარშე იყო, სადგურში დაცვის გარეშე რჩებოდა და უეჭველად მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდებოდა. როცა ბათუმში ვიყავი, მაშინ შაქრის მესაკუთრეც გამოჩნდა, რომელმაც კიდეც მომმართა თხოვნით, რომ შაქარი მისთვის დაგვებრუნებია. შაქარი კუთვნილების მიხედვით დააბრუნეს. მივიღე რა ოფიცრის პატაკი, მე გენ.ჯაფარიძეს ვუბრძანე ეს საქმე გამოეძია. მან გამოიძია და გამოარკვია, რომ არანაირი ბოროტად გამოყენება შტაბის ოფიცრებს არ ჩაუდენიათ; პირიქით, მესაკუთრე ძალზედ გახარებული იყო, როცა ბათუმში თავისი შაქარი მიიღო. მაგრამ როცა ამ საქმეს იძიებდა, გენ. ჯაფარიძე წააწყდა ვიღაც ერთი ბატონის მოქმედებებს, რომლის გვარიც ახლა დამავიწყდა; ამ უკანასკნელის მოქმედებები კანონზომიერი არ ყოფილა, და მე საქმის წარმოება ზემოთ მოხსენიებულ საგამოძიებო კომისიას გადავეცი. რით დამთავრდა ეს საქმე, არ ვიცი, ალბათ არაფრით.


მთავრობის კმაყოფაზე ასაყვან პირთა სიების შედგენა 

ახლა შევეხები იმ პირთა სიების შედგენის საკითხს, რომლებსაც მთავრობა თავის კმაყოფაზე იყვანდა. თავიდან შეადგინეს იმათი სიები, ვისაც უნდა მიეღო კმაყოფა იმ ნორმის მიხედვით, რომელიც ზემოთ მივუთითე, ე. ი. 3–4–6–8 ლირა. გადაწყვეტილ იქნა ეს სიები ცალ-ცალკე უწყებების მიხედვით შეგვედგინა. სამხედრო პირთა სია მე უნდა წაერმედგინა. აქ შეგახსენებთ, რომ ბათუმში მთავრობის დადგენილების თანახმად, მთავრობის კმაყოფაზე აჰყავდათ 10 პოლიტიკური მოღვაწე, 15 გვარდიელი, მთავარსარდლის შტაბი და 50 ოფიცერი. ამასობაში ევაკუაციაში გაცილებით უფრო მეტი წამოვიდა. სამხედროთა სიის შედგენისას მე საფუძვლად დავდე შემდეგი. სიაში ჩავრთე მხოლოდ ისინი, რომლებიც სამსახურში ომის წინ 1921 წლის უკანასკნელ მობილიზაციამდე იმყოფებოდნენ. ასეთები აღმოჩნდნენ შტაბის 12 ოფიცერი და 51 ოფიცერი; გარდა ამისა რჩებოდა მუდმივი სამსახურის 16 ოფიცერიც. ამის შემდეგ დანარჩენი ოფიცრების სიაც იქნა შედგენილი; ისინი 70-მდე ადამიანი იყვნენ; დანარჩენები უმეტეს წილად უკვე მობილიზაციისას და ომის დროს იქნენ გაწვეულნი. იუნკრებზე ცალკე სია იყო შედგენილი. რაც შეეხება მეზღვაურებს, კომისიამ ამ სიის შედგენას ხელი პირადად თვითონ მოჰკიდა. ამ საკითხზე მსჯელობისას მე ვთხოვე კომისიას სამხედროებისთვის მოცემული რიცხვი 50 გაეზარდათ, იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმური ნორმა სხვა უწყებებთან მიმართებაშიც არ იყო დაცული. გარკვეული კამათების შემდეგ სამხედროების სია 76 ადამიანის რიცხვით დაამტკიცეს. იუნკრები განსაკუთრებულ მდგომარეობაში იყვნენ; ცნობილი იყო, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ამერიკული კმაყოფით გახლდნენ უზრუნველყოფილნი, და ამ დროის მანძილზე კი მთავრობა მიიღებდა ზომებს მათი მოწყობისთვის სადმე, ან სამსახურში, ან კიდევ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში. ბათუმური ნორმა, რა თქმა უნდა, დაცული არ ყოფილა. 10 პოლიტიკური მოღვაწე თანდათანობით პოლიტიკურ კომისიებად გადაიქცა, რომლებიც ცალკე კონსტანტინოპოლსა და ცალკეც პარიზში შეიქმნა. დამფუძნებელი კრების წევრებმა ცალკე ჯგუფი წარმოქმნეს. შეიქმნა აგრეთვე საზოგადოებრივ მოღვაწეთა ცალკე ჯგუფიც. ამას უნდა დავუმატოთ კიდევ ადმინისტრაციულ მოსამსახურეთა სიაც. თითოეული ეს ჯგუფი ათეულობით პირს მოითვლიდა. ბათუმური ნორმის მიხედვით სამხედროების რიცხვი გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო არასამხედროთა რიცხვზე, ამასობაში კი მოხდა საწინააღმდეგო. თუ როგორ ირიცხებოდნენ სიებში, შეგვიძლია ერთი ინციდენტის მიხედვით ვიმსჯელოთ. როდესაც ადმინისტრაციულ მოსამსახურეთა სიებს ადგენდნენ, მაშინ ბევრი, განსაკუთრებით საგანგებო რაზმის თანამშრომლები (მგონი ეს ნოე რამიშვილის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი რაზმი გახლდათ, ანუ მაშინდელი უშიშროების „სპეცნაზი“– ი. ხ.), იქ შეყვანილი არ ყოფილან. ეს უკანასკნელნი, შეიკრიბნენ რა ჯგუფად, მოვიდნენ იმ შენობასთან, სადაც სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობდა, დაელოდნენ სხდომის დასრულებას, შემდეგ ქუჩაში ალყა შემოარტყეს სახლში მიმავალ კანდელაკს და მას სცენა გაუმართეს, რომლის შედეგადაც ისინი ყველანი სხდომების ბინაში შევიდნენ და იმავე დღეს ყველანი მთავრობის კმაყოფაზე იქნენ ჩარიცხულნი.

უკმაყოფილება საყოველთაო გახლდათ და უნდა ვთქვა, რომ ასეთ რამეს ბევრი საფუძველიც ჰქონდა. ლტოლვილებისადმი დამოკიდებულება ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი იყო. ამ უსახლკარო ადამიანების მიმართ გულისხმიერებაზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა; თვით საკონსულოშიც კი მათ ისე ექცეოდნენ, რომ მიიღებოდა შთაბეჭდილება, რომ ლტოლვილები ვიღაც უცხოები არიან და რომ საკონსულოს ერთადერთი საზრუნავია რაც შეიძლება მალე მოიშორს თავიდან ეს პუბლიკა. მახსენდება ამ დამოკიდებულების დამახასიათებელი ერთი შემთხვევა ალეკო მაღალაშვილთან. ახლა არ მახსოვს, თუ რისი მიღება უნდოდა საკონსულოსგან მაღალაშვილს. მან წამიკითხა კონსულისადმი მიმართული წერილი და მომიყვა, თუ რა მოხდა შემდეგ. ამ წერილს იგი ამთავრებდა მუქარით, რომ დაწერდა ღია წერილს მისი კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. იგი საკონსულოში მიიწვიეს და იქ გამოუცხადეს, რომ მასთან საუბარი სურს ნ. ბ. რამიშვილს. მან მისაღებში დაუწყო ლოდინი. რაღაც დროის შემდეგ იქ შემოვიდა რამიშვილი და მისაღებში აქეთ-იქით დაიწყო სეირნობა. მაღალაშვილი ელოდება. ბოლოს რამიშვილი მას მიმართავს და მათ შორის იწყება საუბარი, რომელსაც წინ უძღოდა დიალოგი: „ეს თქვენ ხართ მაღალაშვილი?“ „დიახ, ეს მე ვარ თავადი მაღალაშვილი“. „თქვენ გინდოდათ ჩემთან საუბარი?“ „არა, მე მითხრეს, რომ ეს თქვენ გსურთ ჩემთან ლაპარაკი, მე კი ასეთი სურვილი არავისთვის გამომითქვამს“. „დაბრძანდით, თავადო“, – აგრძელებდა რამიშვილი და მაშინ დაიწყო მათ შორის საუბარი, რომლის დაწვრილებითი საკითხები და არსიც არ მახსოვს. საბოლოოდ ალეკო მაღალაშვილმა მიიღო თავისი სურვილების დაკმაყოფილება.

ჩვენი ჩამოსვლის დასაწყისში მთავრობის წევრებს უხდებოდათ საკონსულოს მახლობლად მათ გარშემო შეკრებილ ბრბოსთან ესაუბრათ და იქ მყოფნი დაემშვიდებიათ. ეს უკმაყოფილება შეიძლებოდა რაიმენაირ ექსცესად გამოვლენილიყო. 

ბევრი მეუბნებოდა, რომ საჭირო იყო ოფიცრები შემეკრიბა და მათთან მელაპარაკა. სადგომების უკმარისობის გამო შტაბ-ოფიცრები და გენერლები გენ. ქუთათელაძის ნომერში შევკრიბე. მე ისინი ორჯერ თუ სამჯერ შევკრიბე; ერთ-ერთ მათგანზე დასწრება სამთავრობო მომისიის წევრს პ. სურგულაძეს ვთხოვე. პირველივე სხდომაზე ნათელი შეიქნა ოფიცრების გაწყობა. ისინი ამბობდნენ, რომ მათ ჩინებულად ესმით მდგომარეობა, მაგრამ რომ მთავრობის დამოკიდებულება მათ მიმართ აღმაშფოთებელია; ისინი საკუთრივ გადაყრილები აღმოჩნდნენ და, რომ არა ამერიკელები, მათ შიმშილით დახოცვა მოუწევდათ; რომ დანიშნული შენახვის ხარჯები მწეველებს პაპიროსებზეც ძლივს თუ ჰყოფნით. ისინი, რა თქმა უნდა, ამბობდნენ, რომ ნებას არ მისცემენ საკუთარ თავს მთავრობის წინააღმდეგ თავიანთი უკმაყოფილების არანაირი გამოვლენისთვის, მაგრამ ითხოვენ რომ შევიდნენ მათ მდგომარეობაში და ისე უზრუნველყონ, რომ მათ შიმშილით დახოცვა არ მოუწიოთ. დასკვნაში ოფიცრებმა დაადგინეს არ აეღოთ დანიშნული შენახვის თანხა (содержание) და ეთხოვათ მისი გაზრდა. მე მივუთითებდი, რომ შენახვის თანხაზე უარის თქმა ეს დიდი ნაბიჯია და ამაზე საჭიროა სერიოზული დაფიქრება, და, თუ წაუყენებდნენ ამ თავიანთ გადაწყვეტილებას, მაშინ შემდეგ მისგან ერთი ნაბიჯითაც აღარ უნდა დაეხიათ. მე რამდენჯერმე ვთქვი ეს და მივუთითებდი, რომ შევეცდები ამას მივაღწიო, თუ მათ მტკიცედ გადაწყვიტეს არ აიღონ შენახვის თანხა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ. ეს დადგენილება ბანაკში იქნა გადაგზავნილი, სადაც ოფიცრები მას შეუერთდნენ. მე ამის შესახებ კომისიის სხდომაზე განვაცხადე. მაგრამ, მთელი საქმე სხვანაირად შემობრუნდა. აპრილის თვეზე გასცეს ფულები. ისინი მისცეს გენ. ზაქარიაძეს ოფიცრებისთვის დასარიგებლად. მას უარი უნდა განეცხადებია მათ მიღებაზე, მაგრამ მან, ჩემს უკითხავად, აიღო ისინი. ოფიცრები შეკრებილ იქნენ; მე იქ არ ვესწრებოდი და არ ვიცი, თუ რა ილაპარაკეს. მგონი, ზაქარიაძემ შესთავაზა აეღოთ ფული იმ პირობით, რომ შემდეგ ჯერზე უარს იტყოდნენ. ამრიგად ფულები დარიგებულ იქნა და გადაწყვეტილება, რომ ისინი არ აეღოთ, მოკვდა. არ შემიძლია გავამართლო არც ზაქარიაძე, რომელიც დადგენილების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და საკუთრივ დაიყოლია ოფიცრები რომ ფული აეღოთ, არც ოფიცრები, რომლებმაც თავიანთ გადაწყვეტილებებში ასეთი მერყეობა გამოავლინეს. მე ვთვლი, რომ აქ გადაწყდა შემდგომი ხვედრი ოფიცრებისა, რომელთა საერთო მდგომარეობამაც დღითი დღე სულ უფრო მეტად დაიწყო გაუარესება.

უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი. ერთ-ერთ ამ სხდომაზე მოვიდა გვარდიის ოფიცერი ორჯონიკიძე. მე მხოლოდ არმიის ოფიცრებს ვკრებდი, რის გამოც მას ვუთხარი, რომ შეკრებებზე მხოლოდ ასეთებს ვიწვევდი. იგი წავიდა. მისი მოსვლა ნიშანდობლივია, და ის მე აქ აღვნიშნე, რათა სხვა შემდგომ ფაქტებს შევუპირისპირო. შემდეგი ფაქტი იყო ის, რომ მან ვ. ჯუღელის მეშვეობით მოახერხა ავტომობილების გვარდიელთა ჯგუფისთვის ცალკე გამოყოფა. მე მას შევუნიშე ამის შესახებ და ვუთხარი, რომ იგი არ მოქმედებს ამხანაგურად და რომ გვარდიელ ოფიცერ-ავტომობილისტებს ან უარი უნდა ეთქვათ ავტომობილებზე ან კიდევ ისინი არმიულ ჯგუფთან ერთობლივად მიეღოთ, მაგრამ ცალკე კი არანაირად.

შემდგომში, როდესაც მოხსენების დროს, რომელსაც კონსტანტინოპოლში დამფუძნებელი კრების წევრებსა და პოლიტიკურ მოღვაწეებს მოვახსენებდი, ვ. ჯუღელმა მოხსენების დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა, ორჯონიკიძემაც მის მაგალითს მიბაძა. არ ვიცი იგი რა გრძნობით ხელმძღვანელობდა. თუ ამ ფაქტებს ერთმანეთს შევუპირისპირებთ, მაშინ ძნელი არ იქნება იმის მიხვედრა, თუ რა გრძნობებით ხელმძღვანელობდა იგი, როცა ოფიცრების სხდომაზე მოვიდა, რომლებიც ჩემს მიერ გენ. ქუთათელაძის ბინაში იყვნენ შეკრებილნი.

როგორც ზემოთ აღვნიშნავდი, კომისიის იმ სხდომაზე, სადაც აღვძარი საკითხი, თუ რატომ მისცეს ავტომობილები მხოლოდ გვარდიელ ოფიცერთა ჯგუფს, მე ვ. ჯუღელთან მომიხდა შეკამათება. იგი ამტკიცებდა, რომ მე ვთესავ ანტაგონიზმს გვარდიელებსა და არმიელებს შორის, და აღნიშნა, რომ მე ოფიცერთა შეკრებაზე დასწრების უფლება არ მივეცი ორჯონიკიძეს. მისი ეს სიტყვები მხოლოდ ამტკიცებს ჩემს წინდახედულებას, რომ არ მივეცი დასწრების უფლება იმ პირს, რომელიც, ალბათ, გადაჭარბებული სახით გადასცემდა ყველაფერს, რაც ძალაუფლების მქონეთა მიმართებაში უსიამოვნო ითქმებოდა და ამას შეეძლო სამხედროების წინააღმდეგ არსებული უკმაყოფილება გაეღვივებინა. ამრიგად, ბატონ ორჯონიკიძის როლი მე ამოვიცანი.

რამდენიმე თვის შემდეგ ისევ შეუდგნენ სიების შედგენას. კომისიის მიერ გამოცხადებულ იქნა, რომ სახსრების უკმარისობის გამო აუცილებელია შედგეს მხოლოდ იმათი სიები, ვისაც არ შეუძლია სამშობლოში დაბრუნება, ე. ი. ვისაც ემუქრება რეპრესიები ბოლშევიკების მხრიდან. მე უნდა გამომეკითხვა ყველა ოფიცრისათვის იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც არ აძლევენ მათ სამშობლოში დაბრუნების საშუალებას. შემდეგ სამთავრობო კომისიას უნდა განეხილა და ემსჯელა ცალ-ცალკე თითოეულის მიერ წარმოდგენილ მიზეზებზე და უკვე ამის მერე შედგებოდა საბოლოო სია. რა თქმა უნდა, სამხედროებს შორის უმეტესი ნაწილი იყვნენ ისინი, ვისაც არ შეეძლო საქართველოში დარჩენილიყო; ვინც იყო სამხედრო სასამართლოებში წევრად ან თავმჯდომარედ, ვინც მსახურობდა კონტრდაზვერვაში, ვისაც გამოჰქონდა ქონება და ა. შ. თუ როგორ მოეკიდა კომისია ამ საკითხს, როგორ უყურებდა იგი იმ მიზეზებს, რომელიც არ აძლევდა ოფიცერს სამშობლოში დაბრუნების საშუალებას, ნათელი ხდება ერთი ფაქტიდან. განიხილავდნენ ჩემს მოხსენებას, კომისიამ გამოთქვა შეხედულება, რომ კონტრდაზვერვის ოფიცრებს არავინ ემუქრება და მათ თავისუფლად შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნება. ამასთან ამბობდნენ, რომ ჩვენს კონტრდაზვერვას ამ ომში არაფერი გაუკეთებია, რომ მას მოწინააღმდეგის შესახებ არანაირი ცნობები არ მოუცია და სხვა. მომიწია ამეხსნა განსხვავება დაზვერვისა და კონტრდაზვერვის საქმიანობაში. ჩემი ხანგრძლივი მტკიცებების შემდეგ მოხერხდა დამეცვა რომ ეს ოფიცრები სიებში ჩაერიცხათ.

რა თქმა უნდა, ის მასშტაბი არ გამოიყენებოდა, როცა საქმე ეხებოდა რომელიმეს არა სამხედროთაგან, რომელიმეს მმართველი პარტიიდან ან კიდევ, როცა საქმე ეხებოდა ვინმეს, ვისაც მმართველთაგან ვინმე უწევდა პროტექციას. მე დასამტკიცებლად შემდეგ მაგალითს აღვნიშნავ. როცა დასაწყისში შედგენილ იქნა სიები, მაშინ დაადგინეს, რომ ეს სიები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება. თუმცა კი ეს სიები ნაჩქარევად იყო შედგენილი და რაღაც-რაღაცეები გამორჩათ. ძალზედ ძნელი იყო ყველას დარეგისტრირება. ამის გამო უნდა მომხდარიყო შემდგომში ზოგიერთი ცვლილებები სიების გაზრდის აზრით.

ერთხელ შევიტყე, რომ ოფიცრების სიაში ჩარიცხეს ორნი; ეს გაკეთებულ იქნა ჩემი სანქციის გარეშე, ჩემს მიერ განხილვის გარეშე და, შესაბამისად, შეიძლებოდა ყოფილიყო უსამართლო იმ პირთა მიმართ, ვინც სიაში ჩარიცხულნი არ ყოფილან. მე განვუცხადე კომისიას, რომ მან დაარღვია ძირითადი წესი, რომ ოფიცრები გავიდნენ ჩემი სანქციის გარეშე და ვითხოვდი, რათა შემდგომში ასეთი რამ აღარ დაეშვათ. კომისიამ ასე დაადგინა კიდეც. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ორი ოფიცერი იქნა შეყვანილი, რომლებიც მხოლოდ ომის დროს გაიწვიეს, ისიც მის მეორე ნახევარში. ეს უსამართლობა გახლდათ და პრინციპში არღვევდა ყველა დადგენილებას. ოფიცრები აღშფოთდებოდნენ და ხედავდნენ, რომ კომისია ხელმძღვანელობს არა მეტად თუ ნაკლებად სამართლიანი პრინციპებით, არამედ კომისიის ამა თუ იმ წევრის ახირებით ან, უფრო სწორედ, პროტექციით. ჩემს პროტესტზე კომისიაში, თუ რატომ იქნა დაშვებული ისევ დადგენილების დარღვევა, პასუხი გამცეს დუმილით.

ამასობაში წამოვიდა თხოვნები ერთდროულ დახმარებაზე. მთხოვნელები წინკარებში ტრიალებდნენ (обивали пороги) და ამ დახმარებების მიღებას დაჟინებით ცდილობდნენ. რომელთაც შეეძლოთ კომისიის ამა თუ იმ წევრთან მისულიყვნენ, ან ვინმე ნაცნობის მეშვეობით მასზე გავლენა მოეხდინათ და ა. შ., ღებულობდნენ დახმარებებს იმ დროს, როცა სხვები უფრო მოკრძალებულნი, უუნარონი, მაგრამ რომლებიც უფრო მეტად იმსახურებდნენ, ასეთ დახმარებებს ვერ ღებულობდნენ.

არც ერთი პრინციპი, არც ერთი დადგენილება შეუცვლელი არ რჩებოდა; ყველაფერი კომისიის ამა თუ იმ წევრის მოწყალების და მიხედვით იცვლებოდა. როცა საბოლოო სია იქნა შედგენილი, მასშიც ხდებოდა ცვლილებები მთავრობის წევრების მიერ პარიზში, რომლებსაც იმ პირთა კერძო თხოვნების მიხედვით, რომლებიც სიაში არ იყვნენ შეყვანილი, ისინი შეყავდა. ეს ჰქმნიდა პრეცედენტს შემდგომი თხოვნებისთვის და უამრავ კამათსა და უკმაყოფილებას იწვევდა.

მეზღვაურების სიასთან მიმართებაში მოიქცნენ შემდეგნაირად. მოსამსახურეთა მთელი სიიდან, როგორიც იყო 90 ადამიანი, მთავრობის კმაყოფაზე მხოლოდ 3 ადამიანი დატოვეს. ესენი იყვნენ ფლოტის სარდალი, ახალგაზრდა ოფიცერი ოდიშარია და კიდევ ვიღაც. დანარჩენები ამორიცხულ იქნენ. მოტივირებას იმით ახდენდნენ, რომ ისინი ბოროტად გამოყენებებში არიან გარეულიო. დევნაც კი აღძრეს; მოახდინეს ჩხრეკა ბანაკში მეზღვაურებს შორის. თუმცა კი, ეს საქმე მტკიცებულებათა არქონის გამო ჩაკვდა. მეზღვაურებმა იმას მიაღწიეს, რომ მათ სამსახურის დროის მიხედვით ანგარიშები გაუსწორეს და სალიკვიდაციო თანხებიც მისცეს. თავიდან ნაღდი ფულით მათი კუთვნილი თანხების 1/3 მისცეს, შემდეგ, მგონი, დანარჩენიც შეუვსეს, მაგრამ ეს უკვე შემოდგომაზე მოხდა.

საინტერესოა საზღვაო შტაბის უფროსის მიქელაძის ბედი. იგი ამორიცხულ იქნა ბოროტადგამოყენებებში ეჭვის შედეგად. იგი რამდენჯერმე ითხოვდა მისი მოქმედებების გამოძიება მოეხდინათ. გამოძიება არ უწარმოებიათ, მაგრამ არც მთავრობის კმაყოფაზე ჩარიცხეს. მე არაერთხელ ვიზრუნე მასზე და დაჟინებითაც ვითხოვდი, მაგრამ ჩემი ხმა გახლდათ ხმა მღაღადებლისა. მიქელაძეს ამ ნიადაგზე მოუხდა ინციდენტი. ერაძესთან მისი ლაპარაკის დროს უკანასკნელმა მას ბოროტადგამოყენებათა გამო უსაყვედურა, თანაც შეურაცხმყოფელი ფორმით. არ ჰქონდა რა შესაძლებლობა თავი გამოძიებით გაემართლებია, რაზედაც მას უარს ეუბნებოდნენ, მიქელაძემ მიღებული შეურაცხყოფისთვის ერაძე დუელში გამოიწვია. რა თქმა უნდა, გამოწვევა მიღებული არ ყოფილა. მახსოვს, ამ დავა-კამათების განმავლობაში, მე შემთხვევით სამთავრობო კომისიაში ვიყავი. სხვებს შორის მახსოვს ჩხიკვიშვილი. ვიღაც შემოვიდა და თქვა, რომ მოვიდა მიქელაძე და უნდა ლაპარაკი ერაძესთან. მოხდა მღელვარება; როგორც ჩანდა მოელოდნენ, რომ მიქელაძე ერაძის ცემის მიზნით მოვიდა. მგონი, ჩხიკვიშვილი გავიდა მიქელაძესთან სალაპარაკოდ; საქმე დაწყნარდა, მაგრამ მე მივიღე შთაბეჭდილება, რომ ერაძე მშვიდობიანად მიიმალა დაწესებულებიდან. რამდენიმე თვის შემდეგ მიქელაძემ მიაღწია იმას, რომ მისი საქმე გაერჩიათ, განეხილათ ბრალდებები, რომლებსაც მას ხმამაღლა უყენებდნენ. საკონსულოსთან ამ დროისათვის დაწესებულ იქნა სასამართლო, რომელმაც მიქელაძის მოქმედებებში ვერანაირი ბოროტად გამოყენება ვერ იპოვნა. ამის შემდეგ დაიწყო ზრუნვა და გარჯა კმაყოფაზე მისი ჩარიცხვისათვის. მას დაუსრულებლად შეჰქონდა თხოვნები და, რა თქმა უნდა, ყველა უფლება ჰქონდა რომ ჩაერიცხათ. უარს არ ეუბნებოდნენ, მაგრამ არც რიცხავდნენ; უბრალოდ მის თხოვნებზე არ პასუხობდნენ. მისი ერთ-ერთი თხოვნა მე პარიზში, მთავრობაში გავგზავნე. არანაირი პასუხი არ მიმიღია. ასე რომ იგი არც ჩაურიცხავთ. 

სიების მთელი შემცირებების შედეგად 1921 წლის დეკემბრისთვის გამოირკვა, რომ სამხედროები, რომლებიც მთავრობის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ, აღმოჩნდა სულ 41 ადამიანი, და ამდენივე რჩებოდა კმაყოფის გარეშე, რომლებიც ბედის ანაბარა იქნენ მიტოვებულნი. ხოლო თუ არასამხედროთა სიაში ჩავიხედავთ, იქ სულ სხვა რაღაც ხდებოდა. არც ერთი არასამხედრო, განსაკუთრებით, თუ ის სოციალისტურ პარტიას მიეკუთვნებოდა, კმაყოფის გარეშე არ რჩებოდა. იქმნებოდა სინეკურები. ყველასთვის პოულობდნენ ადგილებს და ამ სახით ისინი ღებულობდნენ შენახვის სახსრებს. და თუ იყვნენ კმაყოფაზე არ აყვანილებიც, ეს იშვიათი გამონაკლისი გახლდათ. ვფიქრობ, რომ ასეთები არ ყოფილან. პირიქით, არასამხედროთა რიცხვი იზრდებოდა. სახელდობრ კი რამდენიმე პარტიული ჩამოვიდა საქართველოდან და კმაყოფაზე ჩარიცხულ იქნა. მეტსაც ვიტყვი, ძალაუფლების მქონეთაგან ზოგიერთმა თავისი ოჯახები საქართველოდან გამოიწერა და უკანასკნელნიც ასევე კმაყოფაზე იქნენ ჩარიცხულნი.

აქ უნდა მოვიხსენიო ერაძის შესახებ. დასაწყისში, ეს იყო სავარაუდოდ აპრილ-მაისში, მან გამოგვიცხადა, რომ საქართველოში მიემგზავრება. მაგრამ, იგი არა უ არ გაემგზავრა, არამედ ახლა უკვე აქ პარიზში შევიტყე, რომ მან საქართველოდან ოჯახი გამოიწერა. საერთოდ, დადგენილებების სიმკაცრე მხოლოდ ოფიცერთა გარემოს ეხებოდა; სხვებს უწევდნენ პრივილეგიებს, როგორც ეს ადრეც კეთდებოდა. მაგალითს ბევრს ვიპოვნით, თუ მოვახდენთ წერილობითი საბუთების რევიზიას; მათში უცერემონიულობის სურათი გამოიხატება. უკვე აქ, პარიზში, შემთხვევით წავაწყდი ერთ დადგენილებას. ამ დადგენილების მიხედვით დახმარება ეძლეოდათ ლევან ყიფიანს, ვლადიმერ გოგვაძეს და კიდევ ვიღაცას. მე ჩინებულად მახსოვს ციფრი 500 ფრ. ყიფიანს და, მგონი, 75 ფრ. გოგვაძეს. როგორც ჩანს, უკანასკნელს საჭიროება ჰქონდა; იგი ოჯახის პატრონია. მაგრამ ძნელად თუ შეიძლებოდა ყიფიანს, რომელიც როგორც პოლიტიკური კომისიის წევრი თვეში 1100 ფრ. ღებულობდა და ქართულ მონასტერში სადგომიც ჰქონდა, ისეთი გასაჭირი ჰქონოდა როგორიც ჰქონდა ოფიცერს, რომელსაც ოჯახი ტვირთად აწვა და რომელიც ამასთანავე კმაყოფაზე ჩარიცხული არ ყოფილა.

ჩემს მიერ აღძრული თხოვნები რამდენიმე ლირის მიცემაზე დახმარების სახით ამა თუ იმ ოფიცრისათვის მუდამ ამაოდ რჩებოდა. მაგრამ ვიცი შემთხვევები, როცა ჩემს თხოვნაზე უარის თქმის შემდეგ, იმავე პირებს აძლევდნენ ასეთ დახმარებებს ძალაუფლების მქონეთა თხოვნის საფუძველზე.

საინტერესოა, თუ როგორ მოიქცნენ ძალაუფლების მქონენი ქართულ-კათოლიკურ მონასტერთან მიმართებაში. ამ მონასტერმა ძალზედ თავაზიანად შესთავაზა ძალაუფლების მქონეთ ლტოლვილები თავისთან განეთავსებია. მონასტერი აივსო. იქ განათავსეს ყველანი, ვინც ბანაკში არ გაემგზავრა, ოჯახის მქონეთა და იმათ გარდა, ვინც ნახა შესაძლებლობა რომ მონასტერში არ ეცხოვრა. რაღაც დროის შემდეგ კონსულმა და ბევრმა სხვამაც დაიწყეს ლაპარაკი, რომ მონაზვნები უკმაყოფილონი არიან მათ მონასტერში ლტოლვილების ყოფნით და ითხოვენ მის განთავისუფლებას. შესაძლოა, მართლაც, რაღაც ელემენტი იძლეოდა კიდეც საბაბს ასეთი განცხადებისათვის, მაგრამ მე მაინც ამაში ეჭვი მეპარება, ვინაიდან ვიცი მონაზვნების სტუმართმოყვარეობა. შეიძლება, ისინი ითხოვდენ წესრიგის დამყარებას მის გარკვეულ ნაწილში. ოფიცრებთან მიმართებით მონაზვნები მეუბნებოდნენ, რომ მათით ძალზედ კმაყოფილნი არიან. საკითხი მონასტრის გაწმენდის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში იქნა აღძრული და რამდენიმე თვეს გაიწელა. სვამდნენ საკითხს მონასტრის მთლიანად გაწმენდის თაობაზე. მაგრამ საბოლოო სახით გამოვიდა, რომ ოფიცრები გამოყვანილ იქნენ იქიდან, თუმცა კი იქ დარჩნენ ძალაუფლების მქონენი და ის არასამხედრონი, ვისი დატოვებაც ამ ბატონებს სურდათ. სამხედროთაგან ხანგრძლივი და დაჟინებული თხოვნების შედეგად დატოვეს ორი: გენ. ქუთათელაძე და გენ. ყაზბეგი.

ახლა გამოვხატავ იმ ზომების ხასიათს, რომლებსაც ღებულობდა კომისია ლტოლვილთა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისა და მათი შემდგომი ხვედრის უზრუნველყოფისათვის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავიდან მოახდინეს ანკეტირება იმ მიზნით, რათა შემდეგ შესდგომოდნენ ორგანიზაციას. ეს აზრი მიტოვებულ იქნა და მიმართეს სხვას, სახელდობრ კი არა ლტოლვილებისთვის დახმარების აღმოჩენას, არამედ ლტოლვილთაგან საკუთარი თავების დახსნას; ამის მისაღწევად ყველანაირ ხერხებს იყენებდნენ. ერთ-ერთი ხერხი გახლდათ უკან სამშობლოში გაგზავნა. იმავდროულად ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენელი კონსტანტინოპოლში მოდებაძე სთავაზობდა უბილეთო მგზავრობას მის მიერ დაქირავებული გემებით და კიდევ 3 ლირას გზაზე. ჩვენი ძალაუფლების მქონენი თვალს ხუჭავდნენ უფასო მგზავრობაზე და მაინც ფულად აძლევდნენ 15 ლირას მგზავრობისთვის. ეს უკვე სატყუარა გახლდათ, ვინაიდან ეს ფული იმდროინდელი ვალუტის მიხედვით მილიონზე მეტ ქართულ ბონად ღირდა. ლტოლვილებმა დაიწყეს ამ ფულების აღება, მაგრამ ბევრი უწინდებურად კონსტანტინოპოლში რჩებოდა და, დახარჯავდა რა ამ ფულებს, დახმარებისთის ისევ კომისიას მიმართავდა. ბევრს უარს ეუბნებოდნენ, მაგრამ ზოგიერთი კი ახერხებდა მათ მიღებას.

ამ დადგენილებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ამ 15 ლირის მიღება ლტოლვილების მიერ ითვლებოდა, როგორც მათი განუყოფელი უფლება, და უკვე ყველამ გამგზავრების სახით დაიწყო მათი მოთხოვნა და მიღება. იძლეოდნენ რა ამ ფულებს, ამღებთაგან იღებდნენ ხელწერილებს, რომ ისინი ფულად დახმარებაზე არანაირი თხოვნებით მთავრობას უკვე აღარ მიმართავდნენ. ბევრი წინასწარ აცხადებდა, რომ ისინი, ამ ფულების მიღების შემდეგ არ გაემგზავრებიან, არამედ მათ ეს ფულები ამა თუ იმ საქმის ორგანიზებისთვის სჭირდებათ. მათაც დაუწყეს ამ ფულების მიცემა. ამრიგად ფულებმა, რომლებიც სამშობლოში გამგზავრებისთვის იყო განკუთვნილი, თავიანთი მიზანი დაჰკარგეს და ხაზინის უმიზნო ხარჯად გადაიქცნენ. ამ მოვლენასთან ერთად ზოგიერთებს აძლევდნენ თანხებს ამა თუ იმ საქმის დასაწყებად, როგორიც არის სამრეცხაო, პურის საცხობი, საავტომობილო სახელოსნო და სხვა. ეს ფულები ეძლეოდათ რჩეულებს ან სხვანაირად რომ ვთქვათ პროტექციით, ამისა თუ იმის უნარით გამოეთხოვა თავისთვის (выхлопотать себе) ეს დახმარება და სხვა; ფულების ოდენობა კონსპირაციული ხასიათის დადგენილებებით განისაზღვრებოდა და ყველაფერი ყოველთვის საიდუმლოთი იყო დაფარული. ყველა ამპირთაგან ასევე ღებულობდნენ ხელწერილს იმაზე, რომ ისინი ნებაყოფლობით ამორიცხავენ საკუთარ თავს მთავრობის მხრივ ყველა სახის ფულადი დახმარებიდან, თუმცა კი წინასწარ ნათელი იყო, რომ 20–30 ლირით არანაირი საქმის დაწყება არ შეიძლებოდა. მაგრამ მიზანს, რათა ლტოლვილებზე ყოველგვარი ზრუნვისგან თავი დაეღწიათ, განუხრელად მიჰყვებოდნენ. შედეგად ფულები იხარჯებოდა, მაგრამ ლტოლვილები რჩებოდნენ და არც შეეძლოთ არ დარჩენილიყვნენ. 

ამრიგად, ლტოლვილთაგან თავის დახსნის არჩეულმა ხერხმა მოსალოდნელ შედეგებამდე ვერ მიიყვანა. პირიქით, მან ძირი გამოუთხარა ნდობას ძალაუფლების მქონეთა დადგენილებების დაურღვევლობაში, საქმის წარმოების მათეულ უნარში, აგრეთვე ლტოლვილებს შორის მტკიცედ დამყარდა რწმენა, რომ ძალაუფლების მქონეთ მიზნად დაისახეს არა დაეხმარონ მათ მძიმე (საუბედურო) მდგომარეობიდან გამოსვლაში, არამედ მხოლოდ განთავისუფლდნენ მათზე ყოველგვარი ზრუნვისაგან. საგანთა ასეთი მდგომარეობის წყალობით ლტოლვილებს შორის გარკვევით დაისახა მიმდინარეობა რომ გამოეგლიჯათ ძალაუფლების მქონეთა ხელთაგან ფულების ესა თუ ის რაოდენობა ამა თუ იმ საბაბით. ნათელია, რომ ამ ხერხით ლტოლვილთა გარემოს ორგანიზება კი არ ხდებოდა, არამედ, პირიქით, მისი გახრწნა.

* * *

ახლა აღვწერ, თუ როგორ აღმოუჩინეს დახმარება, ან უფრო სწორედ, როგორ უნდოდათ მისი აღმოჩენა ლტოლვილების მთელი ჯგუფისათვის, 50 ადამიანისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე უნდა განეთავსებიათ. ერთხელ კონსულის მიერ მასთან ვიყავი მიწვეული. მივედი. კონსულმა გამომიცხადა, რომ არის დაახლოებით 6000 ლირა ლტოლვილთა ნაწილის მოწყობისთვის, რომ ნახევარს იძლევიან ამერიკელები, მეორე ნახევარს კი იძლევა მთავრობა. იგი ამბობდა, რომ ერთი ბატონის მამულაიშვილისგან შემოვიდა წინადადება მიიღოს 50 ლტოლვილი სასოფლო-სამეურნეო კოლონიაში იმ პირობით, რომ შეტანილ იქნება 3000 ლირა. აქვე მან (კონსულმა) გამოთქვა სურვილი, რომ შეტანილი ყოფილიყო 3000 ლირა და რომ ამ ჯგუფის სათავეში მე ჩავმდგარიყავი.

მე მოვისურვე გავცნობოდი პირობებს. წასაკითხად მომცეს წერილობითი პირობები, ხოლო შემდეგ კი იქვე კონსულის კაბინეტში და მისივე თანდასწრებით, მოხდა ჩემი შეხვედრა მამულაიშვილთანაც. მე ამ პირობების რამდენიმე პუნქტს მივუთითებ. წარმოების სათავეში დგებოდა 8 ადამიანი, ეგრეთ წოდებული მეპაიეები. ეს მეპაიეები შეადგენდნენ საწარმოს მმართველობას და შეეძლოთ მისგან მიღებული მთელი შემოსავლები დაეხარჯათ. ყველა დანარჩენი ითვლებოდნენ მუშებად და უფლება ჰქონდათ შემდგომში სუფთა შემოსავლის ნახევარი მიეღოთ. ამასთან, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ხარჯებს ეს 8 ადამიანი აწარმოებდა, ისე როგორც მოესურვებოდა, ნათელი იყო, რომ ამ 8 ადამიანს შეეძლო სუფთა მოგება მინიმუმამდე დაეყვანა, განსაკუთრებით თუ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ისინი, როგორც მეპაიეები და მეწარმეები, დაინტერესებული იყვნენ უწინარეს ყოვლისა მამულის შემოსავლიანობის გაზრდაში, და, შესაბამისად, მათთვის კუთვნილი უფლებით, ამ შემოსავალს დახარჯავდნენ შემოსავლიანობის გაზრდაში, ე. ი. სუფთა მოგება მხოლოდ მათ მიერ იქნებოდა განსაზღვრული. ამ დროს მუშები მხოლოდ ჭერითა და საკვებით იქნებოდნენ უზრუნველყოფილი; ტანისამოსი და ფეხსაცმელი, რომლებიც ასე სწრაფად ცვდება სასოფლო სამუშაოებზე, მუშებს საკუთარი სახსრებით უნდა შეეძინათ. ამრიგად მუშა თავისი მუშაობისთვის მხოლოდ თავშესაფარსა და საკვებს ღებულობდა; ანაზღაურება კი მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ ექნებოდათ და იმ ზომით, რომელიც თავად მეწარმეთა მიერ იქნებოდა განსაზღვრული. პირობები დრაკონული გახლდათ. თვით მონებიც კი ამერიკაში უწინდელ დროში თავიანთი მუშაობისთვის ღებულობდნენ არა მარტო საკვებსა და ჭერს, არამედ ტანისამოსსა და ფეხსაცმელსაც; მომგებიანობა კი მეტად პრობლემატური გახლდათ, ვინაიდან ხარჯებში მუშას ხმა არ გააჩნდა, თუმცა კი მუშების ჯგუფს თან მოჰქონდა 3000 ლირის ზომის სოლიდური თანხა. ამ პირობებზე დათანხმება არ შეიძლებოდა და ჩემმა საუბარმა ბ-ნ მამულაიშვილთან ვერანაირ შედეგამდე ვერ მიგვიყვანა. მე გამიკვირდა, თუ როგორ შეეძლო კონსულს ამ პირობების მიღება, თუნდაც მათი განხილვისთვის. ამ საუბარში საინტერესოა ბ-ნ მამულაიშვილის ზოგიერთი დებულება. არ ვკამათობ, შესაძლოა იგი ხელმძღვანელობდა ყველაზე უფრო უკეთესი სურვილებით რომ ლტოლვილებს დახმარებოდა და გადაწყვიტა სუფთა შემოსავლის განსაზღვრისას მიზნად უწინარეს ყოვლისა ლტოლვითა ხვედრის უზრუნველყოფა, და შემდეგ უკვე მამულის სარგებელი დაესახა, მაგრამ, მაინც აუცილებელი გახლდათ მუშების ეს ჯგუფი მამულის მმართველობაში ყოფილიყო წარმოდგენილი შემოტანილი კაპიტალის შესაბამისად, რისი დაშვებაც მას არ უნდოდა. საუბარში მან გულახდილად აღიარა, რომ მას მუშები კი არ სჭირდება, რომლებიც მას ისედაც ბევრი ჰყავს და რომელთა შოვნაც ყველგან შეიძლება, არამედ 3000 ლირა, და რომ 3000 ლირას იგი იღებს ამ მუშების 6 თვის მანძილზე სურსათით უზრუნველყოფაში. მე მას შევთავაზე, რომ მას ფულს შეუტანენ ყოველთვიურად; იგი არ დამეთანხმა. აქ უნდა ვთქვა, რომ კონსტანტინოპოლში მაშინდელი სავაჭრო ბაზრის პირობებით 3000 ლირიდან შეიძლებოდა პროცენტებში ყოველთვიურად 200 ლირა და მეტიც მიგვეღო, ე. ი. შევიტანდით რა ყოველთვიურად მუშების კვების თანხებს, შეგვეძლებოდა მთელი ეს კაპიტალი თითქმის ხელუხლებლად შეგვენარჩუნებია. ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ კონსული ბ-ნ მამულაიშვილის მიერ შემოთავაზებულ იდეას იცავდა. ასეთი წინადადების მიუღებლობის მიუხედავად, კონსულმა სპეციალური სხდომა მოაწყო, სადაც ძალაუფლების მქონე ბობოლებიც იყვნენ მიწვეულნი (куда были приглашены и большие власть имущие). დებატები არ ყოფილა, ვინაიდან ამ წინადადების დამცველები არ აღმოჩნდნენ; ყვლამ ამ წინადადების მიუღებლობაზე ილაპარაკა. წინადადება უარყოფილ იქნა. უეჭველად ეს საქმე ლტოლვილებისთვის დახმარების მიზნით კი არ ყოფილა დაწყებული, არამედ იმისთვის, რომ ლტოლვილთა დახმარების გარეგნული სახით ბ-ნ მამულაიშვილისათვის 3000 ლირა მიეცათ.

კონსულს ძალიან უნდოდა, რომ ეს წინადადება მიღებული ყოფილიყო. აი ამის დამტკიცებაც. როცა პირველი საუბრისას მე წინააღმდეგ გამოთქვი, მაშინ მაინც დაბეჯითებით მოითხოვეს, რომ ლტოლვილებს გაეგზავნათ დელეგატები ამ პირობების ადგილზე გასაცნობად. ასე გაკეთეს კიდეც. ერთ-ერთი დელეგატი გახლდათ პოლკ. წიკლაური. მე კონსულის კაბინეტში ვიყავი და აღმაშფოთებელი სცენის მოწმეც შევიქენი. კაბინეტში პოლკ. წიკლაური შემოვიდა. იგი ერთ-ერთი მოსამსახურის მოხსენების შემდეგ შემოუშვეს. კონსული, იჯდა რა სავარძელში, უსმენდა პოლკ. წიკლაურს, რომელიც ამ საქმის შესახებ მოახსენებდა და მე უკიდურესად ვიყავი გაოცებული, როცა მან, ისე რომ არ მოერიდა არც პოლკ. წიკლაურის პიროვნებას, არც ჩემს იქ დასწრებას, ყვირილი დაუწყო პოლკ. წიკლაურს და მაგიდაზეც ხელს ურტყამდა. „თქვენ უნდა მიიღოთ ეს წინადადება, სხვანაირად ჩვენ თქვენდამი ყოველგვარ დახმარებაზე უარს ვიტყვით“. ეს უკვე იძულება გახლდათ. მე ვთხოვე მას არ გაფიცხებულიყო. უკვე შემდგომში, მიუთითებდა რა ამ წინადადების უიღბლობაზე, კონსული ჩემთან საუბრებში არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ლტოლვილებს მუშაობა არ უნდოდათ. „ჩვენ მათ ვთავაზობდით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე წასულიყვნენ, ისინი კი არ დაგვეთანხმენ“, – ამბობდა იგი. შესაძლოა, ლტოლვილებს მართლაც არ უნდოდათ მუშაობა, მაგრამ აღწერილი ფაქტიდან მსგავსი დასკვნის გაკეთება ალბათ არ შეიძლებოდა. ვამტკიცებ, რომ მმართველებს არ ჰქონდათ სურვილი რომ ლტოლვილები რომელიმე სამუშაოსათვის მოემარჯვებიათ (приспособить беженцев к какой-либо работе). 

მე ვცხოვრობდი ქავაქში, სოფელში შავი ზღვიდან ბოსფორის სრუტეში შემოსასვლელთან. ჩემგან ერთ ვერსზე უკვე ივნისსა თუ ივლისში ვიღაც ტემნიკოვი დასახლდა ერთ მიტოვებულ მამულში, 20 რუსი ადამიანის ჯგუფით. მესაკუთრემ მას რაღაც ფული ასესხა და ჩემს თვალწინ ხდებოდა მამულის კეთილმოწყობა; ცოტ-ცოტად ყიდულობდნენ ინვენტარს, სულიერსა და უსულოს. იგი ჩეხდა შეშას, აკეთებდა ნახშირს, წნავდა კალათებს, მოაშენა ბოსტანი, ფუტკრები, სკებსაც აკეთებდა; ხედავდნენ რა მის მუშაობას ამერიკელებმა იგი უზრუნველყჰვეს საკვებით ოქტომბრის თვემდე; მათგანვე ღებულობდა იგი ტანისამოსსა და ფეხსაცმელს. ოქტომბერში, როგორც მეუბნებოდა ტემნიკოვი, იგი სურსათით ივნისამდე იყო უზრუნველყოფილი. ეს გაკეთებულ იქნა არაფრისგან; მე ვიცი, რომ ამ საქმის დაწყების წინ ორ უკანასკნელ კვირას ტემნიკოვი მხოლოდ ჩაითა და პურით საზრდოობდა; ჯვრისწერის ბეჭდებიც კი იქნა გაყიდული. ხოლო ჩვენ, თუმცა გვქონდა ფული, შრომის ამ დარგში მაინც ვერავინ დავასაქმეთ (никого не приспособили к этой отрасли труда).

იყო კიდევ ერთი წინადადებაც. ჩვენი ბანაკის მახლობლად, ხუთ ვერსზე, რუსების ჯგუფმა სასოფლო-სამეურნეო კოლონია შექმნა; მათ სათავეში გენ. სლაშჩევ-კრიმსკი ედგა. ეს საქმე იყიდებოდა. საკონსულოში სხდომა იქნა დანიშნული ამ საკითხზე. მე ვესწრებოდი. სხდომაზე გადაწყდა გაეგზავნათ იქ კომისია საკითხის გამოსაკვლევად. კომისიის არჩევისას დამახასიათებელი გახლდათ ის, რომ კომისიაში არჩეულ იქნენ ადამიანები, რომლებიც სხდომაზე უარყოფითად გამოთქვამდნენ; ეს უკანასკნელები ამბობდნენ, რომ ლტოლვილები ისეთი ხალხი არიან, რომლებსაც არანაირი მუშაობის უნარი არ გააჩნიათ. კომისია ადგილზე გაემგზავრა და დაბრუნდა დასკვნით, რომ იჯარის გადმოცემისთვის დანიშნული ფასი ძალიან მაღალია და ღირებულებას არ შეესაბამება. ასე რომ ეს საქმეც ჩაიშალა. მეტი აღარ უძებნიათ. საერთოდ აღარ უძებნიათ. მამულაიშვილის წინადადება თვითონ მისგან მოდიოდა, ხოლო სლაშჩევსკის მამულთან დაკავშირებით კი ინიციატორები თავად ლტოლვილები გახლდნენ. არც საკონსულო, არც კომისიები სრულებით არ ეძებდნენ. პოვნა კი შესაძლებელი იყო, ვინაიდან სხვები ხომ პოულობდნენ.

კურიოზულია ის, რომ კონსტანტინოპოლში აღადგინეს შრომის მინისტრის თანამდებობა, ხოლო შემდეგ კი ხომერიკის თავმჯდომარეობით შრომითი კომისიაც შეიქმნა; არც შრომის მინისტრს, არც შრომით კომისიას არც ერთი ლტოლვილი სამუშაოზე არ მოუწყიათ. ვიმეორებ, ლტოლვილების რაიმე ხერხით მოწყობის სურვილი არ ყოფილა.

ახლა შევეხები საკითხს, თუ როგორ ზრუნავდნენ ლტოლვილთა ყოფისა და ცხოვრების შემსუბუქებისთვის. მე უკვე ვამბობდი, თუ როგორ პირობებში ცხოვრობდნენ ბანაკში. უარი თქვა რა დახმარების აღმოჩენაზე არტელების ორგანიზებისა და სამუშაოების მოძებნის აზრით, კომისიამ დაადგინა გაეხსნა ბანაკში სხვადასხვა დაწესებულებანი ლტოლვილთა მომსახურებისთვის. ორგანიზებულ იქნა სამეწაღეო სახელოსნო, სადალაქო და სანიტარული დახმარება. მომსახურე პერსონალი ბანაკის შემადგენლობიდან ფულად ანაზღაურებას კომისიისაგან ღებულობდა; მასალები და ინსტრუმენტები ასევე კომისიის სახსრებით იქნა შემოტანილი; მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი პრიმიტიული სახით. სულ დასაწყისში, აპრილში, კომისიაში დაისვა საკითხი ბანაკის გაყოფის შესახებ. ბანაკში შეიკრიბნენ ლტოლვილები, რომელთა შორის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ კაზაკები. გადმოგვცემდნენ, რომ კაზაკებსა და ქართველებს შორის ხდებოდა დავა და კამათები, და აი გადაწყვიტეს ქართველებისთვის სხვა ბანაკი შეექმნათ. ასეც გააკეთეს. იპოვნეს გაძარცვული ყაზარმები მეორე, ევროპულ ნაპირზე, სწორედ ძველი ბანაკის საპირისპიროდ და გადაწყვიტეს იქ მათთვის საცხოვრებელი მოეწყოთ. ამ საქმის ორგანიზებისთვის 400 ლირა გამოიყო და მუშაობასაც შეუდგნენ. შეისყიდეს ფიცრები, ლურსმნები და საქმესაც ხელი მიჰყვეს. ამერიკელებისგან ერთი კარავი იშოვნეს და 21 თუ 22 აპრილს ქართველები ახალ ადგილას გადაიყვანეს. აქ არ შემიძლია არ მივუთითო ერთ გარემოებაზე. გაცემული 400 ლირა საკმარისი არ აღმოჩნდა და მოახდინეს 200 ლირამდე გადახარჯვა; კომისიამ ეს ხარჯი დაამტკიცა. შემდეგ მომდევნო სხდომაზე გამოირკვა, რომ ანგარიში არასწორად იქნა შედგენილი. სახელდობრ, 60 ლირა პიასტრების გრაფაში ეწერა. ეს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეამჩნიეს. კომისიამ ეს თანხაც შეავსო. გაოცების ღირსია, რომ ანგარიშის წარმომდგენლებმა ხარჯებისთვის მათ მიერ გაცემულ თანხაში ასეთი უკმარისობა ანგარიშის წარმოდგენის მომენტში ვერ შენიშნეს. როგორ შეიძლება ვერ შაეჩნიო 60 ლირა დაიხარჯა თუ 60 პიასტრი.

სხვა ადგილზე ამ გადასვლის შესახებ მე ქავაქში ყოფნისას შევიტყე, და მაშინვე მივწერე წერილი, ვთხოვდი რა რომ ამ გადასვლით არ აჩქარებულიყვნენ, რომელიც ძველ ბანაკთან შედარებით არანაირ განსაკუთრებულ უპირატესობებს არ იძლეოდა, და ფულების დიდ ხარჯვას კი იწვევდა. ჩემს მისვლას არ დაელოდნენ და ეს საქმე უჩემოდ გადაწყვიტეს. ორი ბანაკის შენახვამ, ბუნებრივია, ბანაკზე ყოველთვიური ხარჯები გაზარდა. რაღაც დროის შემდეგ, ლტოლვილი ქალების ინიციატივით შეიქმნა ქალთა კომიტეტი ლტოლვილების დასახმარებლად. ამ კომიტეტმა მოაწყო საქველმოქმედო საღამო, შემდეგ მეორეც, და ნოემბრისთვის უკვე სახლი იქნა დაქირავებული, სადაც ლტოლვილთა რიცხვიდან რამდენიმე ოჯახი ჩაესახლა, რომლებიც მთავრობის კმაყოფაზე არ შედგებოდნენ. ამ ორგანიზაციის შემდგომი მუშაობა და ხვედრი მე არ ვიცი. ამ საზოგადოების თავმჯდომარე ე. ვ. მდივანი გახლდათ.

საკონსულოს კომისიის მიერ გამოთქმულ იქნა მზრუნველობა ლტოლვილებისთვის დახმარების ორგანიზების შესახებ სასწავლო დაწესებულებებში ბავშვების განთავსების აზრით. უწინარეს ყოვლისა შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, თუ ვის მიჰყავს ეს საქმე. იგი ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო და უსასრულობამდე გაიჭიმა. მე რამდენჯერმე მივაწოდე ცნობები ჩემი შვილების შესახებ, მაგრამ წარმატებას მაინც ვერ მივაღწიე. უკვე ოქტომბერ-ნოემბერში, როცა კონსტანტინოპოლში გადავედი და ცალკე დავიწყე ზრუნვა, მოვახერხე ჩემი შვილები ქალთა კათოლიკურ მონასტერში მომეთავსებია. ვიცი, რომ პოლკ. ჩხეიძემაც ვერ შესძლო მიეღწია ამ ორგანიზაციისგან დახმარებისთვის თავისი ვაჟიშვილების მოსაწყობად. ვფიქრობ, რომ არავის მიუღია დახმარება. შვილების შესახებ ჩვენი განცხადებები გენ. მდივანისთვის უნდა წარგევდგინა, რომელმაც აიღო კიდეც საკუთარ თავზე მთელი ზრუნვა და გარჯა ბავშვების სასწავლო დაწესებულებებში მოსაწყობად.

მახსენდება ლტოლვილებზე ზრუნის კიდევ ერთი სურათი. როცა ბანაკს აწყობდნენ, წამოიჭრა საკითხი თევზის ჭერისთვის მოწყობილობათა ყიდვის სასურველობაზე ამ საქმის ორგანიზების მიზნით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ საქმისთვის საჭირო ხარჯი მეტად მნიშვნლოვანია. გადაწყვიტეს მხოლოდ ნავი ეყიდათ, რომლის დიდი აუცილებლობაც იდგა იმ სურსათის მოსატანად, რომელიც ამერიკელებს ძველ ბანაკში მოჰქონდათ, და ქავაქიდან პურის ყოველდღიურად მოსატანადაც. ნავის ყიდვა კომენდანტს კი არ ჩააბარეს, არამედ ვიღაცას; როგორც კომისიაში ამბობდნენ, სპეციალისტს. ნავი ძველი იყიდეს და ორი კვირის შემდეგ მასში წყლის შეჟონვა დაიწყო, ნიჩბები დაიმტვრა, ამ ნიჩბებიდან ერთი მეორეზე უფრო დიდი იყო და და ერთ-ერთი მათგანი უკვე შეკეთებულიც გახლდათ, როცა ნავს ყიდულობდნენ. ახალი ნიჩბები იყიდეს, ნავის შეკეთებაც ყოველდღიურად დაიწყეს, მაგრამ მისით მგზავრობა უსაფრთხო სულაც არ ყოფილა. ნავში მგონი დაახლოებით 70 ლირა გადაიხადეს; შემდეგ ნიჩბებში დაახლოებით 10 ლირა, და მერე კი ყოველდღიური შეკეთებაც ფული ღირდა. ამასობაში ქავაქში, სადაც მე ვცხოვრობდი, მენავე შევაჭრების გარეშე გვთავაზობდა თითქმის სრულებით ახალ ნავს, გამართულს, იალქნითა და ახალი ნიჩბებით, 80 ლირად. ჩვენთან ყველაფერი ასე კეთდებოდა. ფული იხარჯებოდა, სარგებელი კი არაფერი იყო. 

რათა დავასრულო ჩემი მოგონებები კონსტანტინოპოლის შესახებ, მოვიყვან ორ აღსანიშნავ ფაქტს. ეს გახლავთ სამხედრო სკოლისა და ქალაქების კავშირის ქონების ბედი. როგორც ზემოთ მივუთითე, ბათუმიდან გამოტანილი მთელი ქონება კომისიამ სახელმწიფოს მონაპოვრად გამოაცხადა და, შესაბამისად, მთავრობის სრულ განკარგულებაშიც. მე ერთხელ უკვე აღვნიშნე, თუ რა მიპასუხა კომისიამ, როცა განვაცხადე, რომ გვარდიის ჩინებმა მიიღეს ფული დადგენილ კმაყოფაზე ზევით; მიპასუხეს, რომ ეს ფული იმ ქონების გაყიდვით იქნა მიღებული, რომელიც გვარდიის შტაბმა გამოიტანა, და რომ უკანასკნელს უფლება ჰქონდა ის თავისი შეხედულებისდა მიხედვით განეკარგა. სამხედრო სკოლამ თითქმის მთელი თავისი ქონება ჩატვირთა და ბევრი ტანსაცმელიც ჩამოიტანა. ზაფხულში ვითხოვე ამ ტანსაცმლის ნაწილი გაეცათ, ვინაიდან იუნკრების სამოსელი საბოლოოდ შეილახა. დამპირდნენ და კომისიამაც ეს რამდენჯერმე დაადასტურა. საქმე იმ დრომდე გაიწელა, სანამ კანდელაკის სამთავრობო კომისიამ თავისი არსებობა არ დაასრულა. საქმე ამ ტანსაცმლის გაცემის შესახებ ბ-ნ ერაძესთან გადავიდა. მე მას კვირაში ორჯერ ვახსენებდი. მას არასოდეს უთქვამს უარი და ყოველ ჯერზე ამბობდა, რომ ყველა ზომას ღებულობს იმისთვის, რათა ეს ქონება მიიღოს და იუნკრებს გადასცეს. როცა მოთმინების ფიალა ამევსო, მაშინ გვარჯალაძეს მივმართე. უკანასკნელმა ჩემი თანდასწრებით მოიწვია ბ-ნი ერაძე და ჰკითხა მას, მაინც როდის მისცემენ იუნკრებს სამოსელს. გამოვიდა სტერეოტიპული პასუხი „ვღებულობ ზომებს“. საქმე ასე მოკვდა კიდეც, ხოლო რაღაც დროის შემდეგ იუნკრებმა, რომლებიც სტამბულში ერთ-ერთ სასადილოში შემთხვევით შევიდნენ, იქ თავიანთი სალოგინე თეთრეული იხილეს ზოგიერთი იუნკერის გვარების წარწერით. ასე მიიყვანეს ამ „ზომებმა“ იუნკერთა ქონება სტამბულის სასადილოებში.

ასე ვერ მოექცნენ ქალაქების კავშირის ქონებას, სადაც მეთაური ნ. ზ. ელიავა გახლდათ. მან კატეგორიულად განაცხადა, რომ ქალაქების კავშირის ქონებასთან მთავრობას არაფერი ესაქმება და იქიდან მას არაფერიც არ მისცა.

ლტოლვილთა ხვედრი ნაკლებად აწუხებდა ძალაუფლების მქონეთ. აი კიდევ ერთი შემთხვევა. არ მახსოვს რომელ თვეში, მაგრამ ერთხელ გამთენიისას მე ვიქენი გაღვიძებული. ბანაკიდან იუნკრები მოვიდნენ და გენ. ჩხეიძის მოხსენება გადმომცეს, რომ ღამით ბანაკს ყაჩაღები დაესხნენ თავს და ძარცვა მოახდინეს. გაძარცვულ იქნენ პირადად იგი და მასთან ერთ სახლში მცხოვრებნი მაიორი სულხანიშვილი და მ. წულუკიძე. გენ. ჩხეიძე და ზემოხსენებული პირები თავიანთი ოჯახებით ცალკე პატარა სახლში ცხოვრობდნენ სრუტის იქითა მხარეს, რომლის მახლობლადაც ბანაკი იყო განლაგებული; ეს პატარა სახლი ბანაკიდან ნახევარ ვერსზე იმყოფებოდა. კარები და ფანჯრები ამ სახლს არ ჰქონდა და ლაზი ყაჩაღები ღამით ბინაში თავისუფლად შევიდნენ. იარაღი არავის არ ჰქონდა. წაართვეს ფული, რაღაც ნივთები, რომელთა შორისაც გენ. ჩხეიძეს დაეკარგა ძვირფასი ხმალი, ერთ-ერთი იშვიათი ეგზემპლიარი მთელს კავკასიაში. მივიღე რა მოხსენება, გენ. ბაქრაძის თანხლებით, რომელიც მაშინ ჩემთან ცხოვრობდა, პოლიციაში გავემართე; იქ მითხრეს, რომ მე უნდა მეორე ნაპირის პოლიციაში განვაცხადო. გადავედი რა ბოსფორზე, უწინარეს ყოვლისა ჩვენს კონსულს გავუგზავნე ტელეგრამა, რომელშიც მომხდარის შესახებ შევატყობინე და ზომების მიღებაც ვთხოვე, შემდეგ კი პოლიციაში შესაბამისი განცხადებაც შევიტანე. იმავე მომენტში, ვისარგებლე რა პოლიციასთან ნაცნობობით, შიკრიკს გავატანე წერილი კონსულთან; ვთხოვდი მოეხერხებინა ნებართვის მიღება ბანაკში რამდენიმე შაშხანის მიცემის შესახებ. შემდეგ მივედი ბანაკში და მეორე დღეს საკონსულოში გავემგზავრე. კონსულმა სრული მზადყოფნა გამოთქვა, რომ დახმარება გაეწია და იარაღის მოცემაც გამოეთხოვა. მაგრამ, ჩემი თითქმის ყოველდღიური შეხსენებების მიუხედავად, საქმე არ იძროდა. ბანაკში კი ყოველ ღამეს უსიამოვნო საათებს განიცდიდნენ და ბევრი ქალბატონი მთელი ღამეებით ვერ იძინებდა, რადგანაც თავდასხმისა ეშინოდათ. ისიც უნდა ითქვას, რომ ყაზარმების მცველი თურქი ჯარისკაცები და ნაპირზე განლაგებული ზარბაზნებიც, უეჭველად, კავშირში იყვნენ ამ ყაჩაღებთან. თავდასხმის ღამეს ამ ჯარისკაცებმა სრული გულგრილობა გამოიჩინეს, ხოლო ერთი მათგანი კი, როგორც შემდეგ გამოირკვა, თავდასხმის მზადების შესახებ კიდეც აფრთხილებდა. კონსული ჩემი შეხსენებებისას ყოველივე მომხდარს ძალზედ ცივსისხლიანად ეკიდებოდა; დღე დღეს მისდევდა, იარაღს კი არ იძლეოდნენ; ასე გრძელდებოდა ორ კვირას, როცა ბანაკიდან საკონსულოში მივიდა გენ. ჩხეიძე ბანაკში არჩეულ დელეგატ, ექიმ კობერიძესთან ერთად. უკანასკნელმა გამოუცხადა, რომ იარაღის გარეშე ბანაკში ვერ გაემგზავრება. ასეთი ხერხი ჩემს მოთხოვნასა და ყიველდღიურ შეხსენებებზე უფრო ქმედითი აღმოჩნდა. მომდევნო დღეს 10 შაშხანა მისცეს. შემდგომში, უკვე შემოდგომაზე, გაცემული შაშხანები უკანვე მოითხოვეს. ჩემს განცხადებაზე კონსულისადმი, ხომ არ შეიძლება ითხოვოს შაშხანების დატოვება, კონსულმა მიპასუხა, რომ მან ითხოვა, მაგრამ ხელისუფალნი ამაზე არ თანხმდებიან და შემდეგ დაუმატა, რომ, შეიძლება, შაშხანების არარსებობამ აიძულოს ლტოლვილები უფრო მალე გაათავისუფლონ ბანაკი და ცალ-ცალკე წავიდნენ. დამახასიათებელია უმაღლეს ხარისხად. 

(დასასრული იხ. ნაწილი IX)


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment