Wednesday, April 1, 2020

გიორგი კვინიტაძე – „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“, პარიზი, 1985


(ნაწილი IX) 




თ ა ვ ი XXIX 


წერილი ნ. ნ. ჟორდანიასადმი და მისი პასუხიც 

ვზრუნავდი რა ლტოლვილებზე, რა თქმა უნდა, არაერთხელ განვაცხადე კომისიებში და კონსულთანაც ლტოლვილთა ამა თუ იმ გასაჭირის შესახებ; ამისადმი ყრუები რჩებოდნენ. ჯერ კიდევ აპრილში გადავწყვიტე მთავრობის თავმჯდომარისათვის წერილით მიმემართა, რომელშიც მას მაშინდელი ვითარება დავუხატე და ვთხოვდი ლტოლვილების ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებას. აი ჩემი წერილის ასლიც.

„დიდად პატივცემულო ნოე ნიკოლოზის ძევ. აუცილებლად ვთვლი შეგატყობინოთ აქ შექმნილი ვითარების შესახებ, უმთავრესად შევეხები რა სამხედროებს.  თ ქ ვ ე ნ,  ალბათ, ნოე ბესარიონის ძემ მოგახსენათ საერთო მდგომარეობის შესახებ; მე ვთხოვე მას მოეხსენებია  თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს,  კერძოდ, სამხედროების თაობაზე.  თ ქ ვ ე ნ ი  ბრძანება ყველა სახელმწიფო მოსამსახურის თავიანთი „თანამდებობებიდან“ განთავისუფლებისა და „ლტოლვილებად“ მათი ცნობის შესახებ კონსულის მიერ ამ აპრილის 2 რიცხვში გვექნა გამოცხადებული. ამ ბრძანებამ სამხედროებს შორის, არ ვიცი დანარჩენებთან როგორაა, მეტად უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ბრძანებით ყველა სამხედრო მთელი მსოფლიოს მოქალაქედ აღმოჩნდა გადაქცეული. ისინი გამოემგზავრნენ საქართველოდან, როგორც არ მქონენი შესაძლებლობისა დარჩენილიყვნენ საბჭოთა რეჟიმის ხელში და, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ აღიარონ საკუთარი თავი საბჭოთა საქართველოს მოქალაქეებად, სხვა საქართველო კი ჯერჯერობით არ არის. თავიანთი თანამდებობებიდან განთავისუფლებულნი ისინი იურიდიულად ახლა არაფერი აღარ არიან. ამასობაში საქართველოს მთავრობა არსებობს. თუ ისინი განთავისუფლებულ იქნენ თანამდებობებიდან იმიტომ, რომ არ არიან ის ნაწილები და დაწესებულებანი, რომელთა სათავეშიც ისინი იდგნენ, მაშინ ყველას ბუნებრივად დაებადა კითხვა: „როგორღა შეუძლია ასეთ შემთხვევაში არსებობა მთავრობას, თუ მას არც ხალხი ჰყავს და არც ტერიტორია გააჩნია? თუ მთავრობას არა აქვს ორგანოები, თუნდაც მომავალი მმართველობისათვის, მაშინ რაღას წარმოადგენს თავად იგი?“ თქვენი ბრძანების შემდეგ ხომ მიიღება რაღაც შერევა ცნებებისა და, როგორც შედეგი, გამომდინარეობს, ისპობა მთელი ორმხრივი ურთიერთობები მთავრობასა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის (იყო შემთხვევა, როცა ერთმა ბანაკში განაცხადა, რომ აქ დავრდომილთა თავშესაფარია და რომ მათ უფროსებად აქ გახლავან ამერიკელები; მართალია, ამის გამცხადებელი ქართველი არ ყოფილა), ყველანი თავისუფალი არიან თავიანთ მოქმედებებში და, თუ შემდგომში ისინი მთავრობისთვის საჭირო აღმოჩნდებიან, მათ უფლება აქვთ მთავრობას თავიანთ თანადგომაზე უარი უთხრან. ყველა განთავისუფლებულს შეუძლია უყურებდეს მთავრობას, როგორც კერძო პირებს, და ანგარიშს უწევდეს მათ იმდენად, რამდენადაც ამაზე იქნება მათი კეთილი ნება. ალბათ არ არის სასარგებლო და სასურველი ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება მოსამსახურეებისა, განსაკუთრებით კი სამხედროების. ამასთან ერთად სამხედროები ამ ბრძანების შემდეგ სრულებით თავისუფალი არიან იმაში, რომ თავად მოჰკიდონ ხელი საკუთარი ბედ-იღბლის წარმართვას; თვითონ მიმართავენ ყველას, მიუთითებენ რა შექმნილ მდგომარეობაზე; იქნება საჩივრები, დავა-კამათები, ლანძღვა-გინება პრესაში და სხვა. ყველაფერი ეს არავისთვის სასურველი არ არის. ყოველ შემთხვევაში სამხედრო ჯგუფი, ჩაყენებული ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობაში, ბუნებრივია თანდათანობით გაიფანტება. სხვა გამოსავალი მას არ ექნება. და რადგან ეს ასეა, ყველას უფლება აქვს იფიქროს, რომ იგი უკვე საჭირო აღარ არის და რომ მას მსოფლიო ყოფიერების ზღვაში გადაისვრიან, და საკუთარი ბედის ანაბარა სტოვებენ, სწორედ მას შემდეგ, როცა იგი ბოლომდე დარჩა ერთგული მთავრობისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის მართვის სადავეები ეპყრა ხელში. ძნელად თუ იქნება ეს მდგომარეობა, რომელშიც ახლა ჩავარდა სამხედრო, ჯილდო მისი უანგარო, თავდადებული სამსახურისათვის. მე ველაპარაკე ამის შესახებ ნოე ბესარიონის ძეს; იგი დამეთანხმა და გამოხატა შეხედულება, რომ სამხედრო ჯგუფი არ უნდა გაიფანტოს (გაიწოვოს, не должна рассосаться) და დამპირდა ამის შეცვლას, დაელაპარაკებოდა რა აქ მთავრობის წევრებს. მაგრამ იგი გამოემგზავრა და, ალბათ,  თ ქ ვ ე ნ  ამის შესახებ მოგახსენათ. მე დაჟინებით გთხოვთ, რომ  თ ქ ვ ე ნ  ეს ბრძანება გააუქმოთ. შეიძლება არც კი გამოსცეთ რაიმე ახალი; ბუნებრივად და უბრალოდ თითოეული უკვე განთავისუფლდა თავისი მოვალეობების ფაქტიური შესრულებისაგან ნაწილებისა და დაწესებულებათა არქონის გამო, თუმცა კი უწინდებურად ჩაითვლება იმ თანამდებობაზე, რომელიც ადრე ეკავა. ჩემი თავის გამო არ ვზრუნავ. მთავრობას ყოველთვის აქვს უფლება გაუშვას ესა თუ ის თანამდებობის პირი და შეცვალოს იგი სხვით, და ამ საკითხის განხილვაში მე არ შევალ. აქ არის სამთავრობო კომისია. იგი შედგება თავმჯდომარის ბ-ნ კანდელაკის და წევრების ბ-ნების ერაძის, ჩხიკვიშვილის, კონსულ სურგულაძისა და მ. წერეთლისგან. ქართველების რიცხვიდან მთავარ მასას შეადგენენ სამხედროები, ისინი 200-ზე მეტნი არიან. ანგარიშს ვუწევ რა მათ განწყობას, მე აღვძარი საკითხი სამთავრობო კომისიაში ერთი სამხედროს შეყვანის თაობაზე ჩემგან დანიშვნის ან თავად სამხედროთაგან არჩევის მიხედვით. ამის შესახებ ველაპარაკე სურგულაძეს და მან ორი-სამი დღის შემდეგ, როგორც ჩანს დაელაპარაკა რა სამთავრობო კომისიის წევრებს, მითხრა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ვინაიდან კომისიის შემადგენლობა მთავრობის მიერაა დანიშნული, და იქ ვინმეს შეყვანა მხოლოდ მთავრობის განკარგულებით თუ შეიძლებაო. ამასობაში, გუშინ შევიტყვე, რომ გამგზავრებული მ. წერეთლის ნაცვლად კომისიის შემადგენლობაში შეყვანილია გენ. მდივანი თავად კომისიისავე განკარგულებით. რაღაც უცნაური და გაუგებარი გამოვიდა. სამხედროები თავიანთი შემდგომი ბედით არიან შეშფოთებულნი. ისინი ხედავენ, რომ მათ აჭმევენ ამერიკელები; აძლევენ, მართალია ნაწილობრივ, ტანსაცმელს, თეთრეულს, ფეხსაცმელს. ამასობაში მთავრობამ მატერიალური დახმარება არ აღმოუჩინა, ხოლო მორალური აზრით კი, გაანთავისუფლა რა ყველანი სამსახურიდან და გადააქცია რა ლტოლვილებად, თითქოსდა თავად ისიც უთხრა, რომ ისინი მთავრობას უკვე აღარ სჭირდებიან, ე. ი. სხვანაირად რომ ვთქვათ საქართველოსაც აღარ სჭირდებიან. სამხედროები, არ თვლიან რა ამერიკულ კმაყოფას უზრუნველყოფად, ჩემი მეშვეობით ეკითხებიან მთავრობას, თუ რით და რა დროით უზრუნველყოფს მათ მთავრობა. ნოე ბესარიონის ძემ ამაზე ვერ მიპასუხა და ჩემი თხოვნით  თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს  უნდა მოეხსენებია. ამაზე პასუხს ვითხოვ  თ ქ ვ ე ნ გ ა ნ.  სამთავრობო კომისიამ დაადგინა მათთვის, ვისაც მთავრობა თავის კმაყოფაზე იყვანს, სახარჯო ფულები: 1-ლი კატეგორიისთვის
– გენერლებისა და შესაბამისი ჩინებისთვის – 8 ლირა თვეში
მე-2 კატეგორიისთვის – შტაბ-ოფიცრებისა – 6
მე-3 კატეგორიისთვის – ობერ-ოფიცრებისა – 4
მე-4 კატეგორიისთვის – ჯარისკაცებისა – 3
გარდა ამისა ოჯახის თითოეულ წევრზე – 1 ლირა.

ასეთი გადაწყვეტილებით სამხედრო მოსამსახურენი დაკმაყოფილებული ვერ აღმოჩნდნენ და მთხოვეს გამომეთხოვა მათთვის შემდეგი სახარჯო ფულები:

1-ლი კატეგორიისთვის – 12 ლირა
მე-2 კატეგორიისთვის – 10
მე-3 კატეგორიისთვის – 6
მე-4 კატეგორიისთვის – 3

და ოჯახის თითოეულ წევრზე 3–3 ლირა. სამთავრობო კომისია ამოდიოდა იმ მოსაზრებიდან, რომ ფული არ არის და რომ სახარჯო ფულებისთვის მას შეუძლია გამოჰყოს მხოლოდ 1500 ლირა და ისიც მხოლოდ პირველ თვეზე, ხოლო მეორეზე კი, შეიძლება, ესეც აღარ იყოს. მეორე ციფრები იწვევს ყველაზე ხარჯს დაახლოებით 750 ლირას 1500 ლირაზე ზევით და მე ვურჩევდი, თუნდაც პირველი თვისათვის, გაეცათ იმ მინიმუმის მიხედვით, რომელსაც სამხედროები ითხოვდნენ. სამხედროები ამოდიოდნენ შემდეგი მოსაზრებებიდან. სამთავრობო კომისიის მიერ დადგენილი სახარჯო ფულები არ ჰყოფნით, როგორც იტყვიან, თამბაქოზეც. ამასობაში ევაკუაციაში ყველანი წამოვიდნენ იმაში, რაც მათ ტანზე ეცვათ, რის შედეგადაც ხომ უნდა იყიდონ თუნდაც ერთი წყვილი საცვალი (ამერიკელებმა მხოლოდ თითო მისცეს), ცხვირსახოცი, პირსახოცი, აგრეთვე შემდგომში, ხოლო ზოგიერთებმა კი ახლაც, ფეხსაცმელი; გარდა ამისა თითოეულს უხდება შეიძინოს გამოყენების პირველი აუცილებელი საგნები, განსაკუთრებით ოჯახის პატრონებს; ეს წვრილმანები,  თ ქ ვ ე ნ  თავად იცით, ძალზედ ბევრია. გარდა ამისა ხომ არ შეიძლება ცხოვრების უსაქმურობაში გატარება; უნდა იქნან დაკავებული თუნდაც თვითგანათლებით, თუნდაც ერთ-ერთი ენის შესწავლით; ამისთვის საჭიროა სახელმძღვანელოების, წერილობითი მასალების შეძენა; ბოლოს კი სკამის, მაგიდისა. ჩემთვის ნათელია, რომ მთელი ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე რა თქმა უნდა, ვერ იქნება საკმარისი ის ფულები, რომელსაც სამხედროები ითხოვდნენ. სამხედროებს, ყურად იღებდნენ რა სამთავრობო კომისიის ბუნებრივად შევიწროვებულ მდგომარეობას ფულადი მიმართებით, მაინც არ შეეძლოთ შეჩერებულიყცნენ სხვა ციფრებზე, გარდა მათ მიერ თხოვნილისა, და კატეგორიულად განაცხადეს, რომ 4–6–8 ლირას არ აიღებენ, ვინაიდან ეს წარმოადგენს არა კმაყოფაზე ყოფნას, როგორც მთავრობის მიერ იყო დაპირებული, არამედ ფიქტიურ დახმარებას. მე ვურჩევდი სამთავრობო კომისიას ეშოვნათ აუცილებელი 750 ლირა სესხის აღების გზით, მაგრამ მიპასუხეს, რომ ისინი ამაზე მთარობის მიერ უფლებამოსილი არ არიან. სამხედროთა მიერ სახარჯო ფულების აღებაზე უარის თქმა ქმნის არასასურველ ვითარებას და მე ძალიან გთხოვთ გამოძებნოთ სახსრები მათი სურვილის დაკმაყოფილებისათვის, და, უნდა ვაღიაროთ, რომ მათი სურვილები წარმოადგენს მინიმუმს სურვილებისა და სრულებით არ შეესაბამება ნამდვილ მოთხოვნილებას. მათი სურვილის დასაცავად უნდა ვთქვა შემდეგი. იმაზე უწინ, სანამ იმოქმედებ, ხომ უნდა არსებობდე. ოფიცრები კი ხედავენ, რომ  თ ქ ვ ე ნ ს ა  და საგარეო საქმეთა მინისტრს გარდა აქედან გაემგზავრნენ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი, თანაც ოჯახებით. ეს გამგზავრებული პირები ხომ ვერ შეიძლება იქნენ აქტიური მოღვაწეები ჩვენი სამშობლოს მომავალი ბედის მოწყობისათვის; ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით შეიძლებოდა ისინი არ გადაგეყვანათ, რადგანაც მათში ძნელად თუ იქნებოდა ასეთი საჩქარო აუცილებლობა. ხოლო მათმა გამომგზავრებამ კი ზედმეტი ხარჯები გამოიწვია, ალბათ იმაზე არანაკლები, რომელიც საკმარისი იქნებოდა სახარჯო ფულების გასაზრდელად. ძალზედ ბევრი ხმები დადის საერთოდ ხარჯებთან მიმართებაში, რომლებსაც აქ სამთავრობო კომისია ეწევა; დაწვრილებით ამბებზე ლაპარაკი არ ღირს,  თ ქ ვ ე ნ,  ალბათ, გესმით თუ ეს როგორ ტონებში გადაიცემა. ამ მიზნით მე ვთხოვე ნოე ბესარიონის ძეს დაესვა საკითხი საკონტროლო ორგანოს შესახებ და, ყველანაირი ხმების შეწყვეტისთვის, ამ ორგანოში სამხედროს შეყვანის შესახებაც ჩვენგან დანიშვნის მიხედვით. ნოე ბესარიონის ძემ თქვა, რომ ასეთი ორგანო არის და რომ იქ სამხედროს შეყვანის წინააღმდეგ პრინციპში არაფერი გააჩნია. საერთოდ, კონტროლის აუცილებლობა ყველასთვის ნათელია. მაგრამ, ჯერჯერობით ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. აუცილებელია ამის რაც შეიძლება მალე გაკეთება. აქ არის შრომის კომისია, მაგრამ ამ დრომდე რეალურად მას თავი ჯერ არ გამოუჩენია; სულ მცირე სამხედროებთან მიმართებაში. უნდა გითხრათ, რომ სამხედროებს შორის გარკვევით ლაპარაკობენ: „იქ, სამშობლოში ხდებოდა დაყოფა ჩვენებად და არაჩვენებად, ოფიცრებს არაჩვენების რიცხვს აკუთვნებდნენ; ახლა უცხოეთშიც სწორედ იგივე გრძელდება“. მე ვთვლი, რომ ჩვენი შინაური საქმეები და ყოველგვარი ანგარიშები ჩვენს შორის უნდა დარჩეს, მაგრამ მეშინია, რომ იქმნება ისეთი ვითარება, როცა ჩხუბის ქოხიდან გატანის აღკვეთა შეუძლებელი შეიქნება. ძალზედ გულმხურვალედ ჰგმობენ 3 ავტომობილის პარიზში გამოგზავნას, რაც დიდ ხარჯებს იწვევს; ეს იმ დროს, როცა აქ დარჩენილებს მინიმუმზე უარს ეუბნებიან. თითქოსდა საკმარისი იყო ერთი ავტომობილის გამოგზავნა.  თ ქ ვ ე ნ,  ალბათ, გახსოვთ მთავრობის სხდომა  თ ქ ვ ე ნ თ ა ნ  ვაგონში, როცა წყდებოდა საკითხი მათ დაკმაყოფილებაზე, ვინც გაემგზავრა საქართველოდან, და როცა გადაწყდა ყველა მსურველი წაგეყვანათ. მაშინ საკითხი ფულადი კმაყოფის შესახებ გადაწყვეტილ იქნა იმ აზრით, რომ მისი ზომა გამორკვეული სახსრების და მიხედვით იქნება დადგენილი. ამ სხდომაზე, თუ გახსოვთ, ე. პ. გეგეჭკორი ლაპარაკობდა ყველას კომუნალურ საწყისებზე ცხოვრების შესახებ. ავტომობილების გადმოგზავნის ფაქტიდან, რომელმაც ზედმეტი ხარჯები გამოიწვია, ეს არ ჩანს. ამრიგად, ვაჯამებ რა ნათქვამს, აუცილებელია მივიღო პასუხები შემდეგ კითხვებზე. 1) რას წარმოადგენენ ყველა მოსამსახურენი? როგორია მათი ორმხრივი ორთიერთობები მთავრობასთან? 2) როგორია აქ დარჩენილი კომისიების უფლებები და უფლებამოსილებანი და ვის აქვს მათი შემადგენლობის შეცვლის უფლება? 3) რით და რა ვადით, თუნდაც მიახლოებით, იღებს ვალად მთავრობა უზრუნველყოს ისინი, ვინც თავის კმაყოფაზე აიყვანა? 4) სახარჯო (ჯიბის) ფულების ზომების გაზრდის შესახებ იმ ციფრებამდე, რომლებსაც სამხედრო მოსამსახურეები თხოულობენ. 5) სახელმწიფო კონტროლის ორგანოს დაარსებისა და მასში ერთი სამხედროს ჩემი დანიშვნით შეყვანის შესახებ. 6) შრომის კომისიაში ერთი სამხედროს შეყვანისა და საერთოდ ყველა ახლად წარმოქმნილ კომისიაში სამხედროების, როგორც სამხედრო ჯგუფის წარმომადგენელთა შეყვანაზე საკითხის პრინციპულად გადაწყვეტის შესახებ.

ვრჩები ყოველთვის  თ ქ ვ ე ნ ი  პატივისმცემელი გიორგი კვინიტაძე.
1921 წლის 26 აპრილი.

სწორია: მაიორი გოცირიძე.

ვკითხულობ რა ახლა ამ წერილს, ის მე მეტად გულუბრყვილოდ მეჩვენება. მე მჯეროდა, რომ ნამდვილად ცოტაა ფული. მახსოვს მთავრობის წევრთა გამგზავრების შემდეგ ძალაუფლების მქონენი ლაპარაკობდნენ, რომ მთავრობის წევრებმა თან მხოლოდ 700 ლირა წაიღეს, და ღმერთმა უწყის პარიზში როგორ იცხოვრებენო. სესხის აღების იმედს გამოთქვამდნენ.

ჩემს წერილზე არანაირი პასუხი არ მიმიღია. მხოლოდ ა. ი. ჩხენკელისადმი ჩემი წერილისა და მთავრობის თავმჯდომარისადმი ხელმეორედ მიმართვის შემდეგ, რომელშიც მივუთითებდი, რომ პასუხის მიუღებლობამ წამართვა შესაძლებლობა გავაგრძელო მასთან მიმოწერა, მივიღე პასუხი. ჩემი ხელმეორე მიმართვა ნ. ნ. ჟორდანიასადმი გამოწვეული იყო ჩემი სურვილით გავმგზავრებულიყავი საცხოვრებლად პარიზში; ამავე წერილში პროტესტს ვაცხადებდი ჩემთვის შენახვის თანხის (содержание) შემცირების გამოც. საქმე იმაშია, რომ 1-ლი აგვისტოდან პარიზში შედგენილ იქნა სმეტა, რომლის მიხედვითაც ყველას შენახვის თანხები განისაზღვრებოდა. ამ სმეტის მიხედვით შემიმცირეს კმაყოფა 180 ლირამდე თვეში, ნაცვლად 200-ისა, რომელიც მანამდე მეძლეოდა. თუმცა კი ჩემი პირადი საქმეებისა და ურთიერთობათა შესახებ მოგვიანებით ვიტყვი; ახლა მოვიყვან სიტყვა-სიტყვით ნ. ნ. ჟორდანიას წერილს, რომელიც იქცა პასუხად ჩემს 1-ლ, მეორე და მესამე წერილებზე. აი ისიც:

28.8.21 პარიზი.

დიდად პატივცემულო გიორგი ივანეს ძევ. მე  თ ქ ვ ე ნ ი  ორივე წერილი მივიღე. პირადად არ მიპასუხია პირველ წერილზე, რადგანაც არსებითად მთავრობამ უპასუხა:  თ ქ ვ ე ნ ს  მიერ ამ წერილში წამოწეული საკითხები განიხილებოდა მთავრობაში და გადაწყვეტილებებიც გეცნობათ. ამ გადაწყვეტილებათა წინააღმდეგ შემოპასუხებანი არ მიმიღია. რაც შეეხება მეორე საკითხს, ის გაუგებრობაზეა დამყარებული.  თ ქ ვ ე ნ  არავის მიუჯაჭვიხართ კონსტანტინოპოლზე. შეგიძლიათ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში იცხოვროთ, ჩვენ ვისურვებდით, რომ ავტორიტეტის მქონე სამხედროთაგან ვინმე ჯერჯერობით ცხოვრობდეს კონსტანტინოპოლში; თუ  თ ქ ვ ე ნ  არა, მაშინ ზაქარიაძე. მე სავსებით გეთანხმებით, რომ ძალზედ სასურველი იქნებოდა, რათა ჩვენი სამხედროები გამგზავრებულიყვნენ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში და გაცნობოდნენ იქ სამხედრო საქმის დაყენებას. ჩვენ ამის შესახებ  თ ქ ვ ე ნ  უკვე გწერდით და შემოგთავაზეთ გადასულიყავით დაბალი ვალუტის მქონე ქვეყნებში: გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში და ა. შ. ან პოლონეთში, იუგოსლავიაში, სადაც შეიძლება რუსული ენითაც იოლად გახვიდე. იმ ჯამაგირით, რასაც იქ ღებულობთ, უკეთესად შეგიძლიათ ამ ქვეყანაში იცხოვროთ. მაგრამ რატომ არავინ გვეპასუხება ამ დრომდე ჩვენს წინადადებაზე? აი  თ ქ ვ ე ნ  მოჰკიდეთ ხელი, შეკრიბეთ ჯგუფი და გაემგზავრეთ პოლონეთში, სადაც ფრანგები განაგებენ ბევრ რამეს და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იქ საგანთა მდგომარეობა. ცხოვრება იქ სამჯერ უფრო იაფია კონსტანტინოპოლთან შედარებით და რუსული ენითაც იოლად გახვალთ; იქიდან ესტუმრებით რუმინეთსაც, ესტონეთსაც და ა. შ. რაც შეეხება ჯამაგირის შემცირებას, ეს მარტო  თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს  არ გაუკეთებიათ, არამედ ჩვენ ყველასთვის; თქვენ შეგიმცირეს 200 ფრაკით, აქ კი ყველას შეუმცირეს 500 ფრანკით. ასე რომ  თ ქ ვ ე ნ  წყენის საფუძველი არა გაქვთ, შემცირებები თავად ჩვენთვისაც მოახდინეს; ყველაფერი რომ რამდენიმე თვეში დავხარჯოთ, მაშინ რაღა გვაქვს – რომ შემდეგ გავაკეთოთ (если в несколько месяцев истратили все, что у нас есть – что бы сделали потом). ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოს დაცვას ემსახურებოდნენ, ჩვენ ბედის ანაბარად არასოდეს მივატოვებთ და არ მოვითხოვთ, რომ ისინი უკანვე გაემგზავრონ; ჩვენ დიდი დანაშაული ჩავიდინეთ, რომ მარკოზაშვილი თან არ წამოვიყვანეთ. მაგრამ კონსტანტინოპოლში ისეთი სამხედროებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც ომში არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდნენ; მათ მიმართ კი ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნია. სირიაში გვთავაზობენ ძალიან კარგ პირობებს ჩვენი იუნკრებისთვის; ჰავა იქ კარგია; უფრო დაწვრილებით  თ ქ ვ ე ნ  გამოჰკითხეთ იქ სირიული არმიის წარმომადგენელს. გვთავაზობენ შეადგინონ ქართველებისგან სპეციალური რაზმი სპეციალური მიზნებისთვის, ე. ი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდები იქ თავს გამოიჩენენ; მაგრამ, მთავარია, გრძელი ვადით არ გვიბოჭავენ ხელ-ფეხს; განსაზღვრულია ხუთი წელი, მაგრამ შეიძლება ასევე ერთი წლის შემდეგაც. თუ ჩვენში რაიმე გაჩაღდება, ყველას უკანვე წამოვიყვანთ. აი, მგონი, ყველაფერია. ხელს გართმევთ, სალამი გადაეცით ზაქარიაძეს.

ნ. ნ. ჟორდანია.

რაღა უნდა ვთქვა, წერილი შესანიშნავია, მაგრამ როგორც ყოველთვის, მათი საქმეები სიტყვას შორდება. მთავრობის თავმჯდომარე თავის წერილს იწყებს იმით, რომ „მიხსნის“ თუ რატომ არ მიპასუხა, და მიხსნის იმით, რომ მთავრობამ უკვე გვიპასუხა ჩემს მიერ წამოჭრილ საკითხებზე და უმატებს, რომ შეკამათებანი ამ გადაწყვეტილებებზე არ მიუღია. მაგრამ, სინამდვილეში, არც ერთ კითხვაზე პასუხი გაცემული არ ყოფილა. ჩემი წერილი გაგზავნილია 28 აპრილს; პასუხი დათარიღებულია 28 აგვისტოთი. მე უნდა მივუთითო ერთ გარემოებაზე. ჩემი ზემოხსენებული წერილი კონსულთან იდო ორ კვირას, ჩემი არაერთი შეხსენების მიუხედავად და მხოლოდ, როცა ვითხოვე იგი ჩემთვის უკანვე დაებრუნებიათ, მაშინ კი გაგზავნილ იქნა. შემდეგი წერილები მე უკვე პირადად გავგზავნე. ამ დროის მანძილზე კონსტანტინოპოლში, მმართველ სფეროებში, მოხდა შემდეგი ცვლილებები. სამთავრობო კომისიამ, ჯერ კიდევ აპრილში, თვითონ თავის შემადგენლობაში შეიყვანა გენ. მდივანი, თუმცა კი, ჩემი პირველი განცხადების დროს, რომ ეს გაეკეთებინათ, უარით მიპასუხა, მიუთითებდა რა იმაზე, რომ ამ კომისიის პირადი შემადგენლობა მთავრობის განკარგულებითაა შედგენილიო. ივლისის თვეში ამ კომისიამ საკუთარი თავი გააუქმა და შექმნა ახალი ლტოლვილთა კომისია. ლტოლვილთა ძველი კომისია, სადაც ბ. ჩხიკვიშვილი თავმჯდომარეობდა, გაუქმებულ იქნა. მის ნაცვლად კონსულის თავმჯდომარეობით შეიქმნა კომისია, რომელსაც ლტოლვილების საქმეები ეკისრებოდა. იგი შედგებოდა თავმჯდომარის, ბ-ნი კონსულისა და ორი წევრისგან: გენ. ზაქარიაძისა და ბ-ნ გეგელაშვილისგან. უნდა აღვნიშნო, რომ გენ. მდივნისა და გენ. ზაქარიაძის დანიშვნები მოხდენილ იქნა არა მარტო ჩემი თანხმობის გარეშე, არამედ ჩემი აზრი არც კი უკითხავთ. გენ. ჩხეტიანი კი, ჩემს მიერ დანიშნული სულ თავიდანვე ბ. ჩხიკვიშვილის კომისიაში, წამოვიდა კომისიიდან, რადგანაც შეუძლებლად მიიჩნევდა შექმნილ პირობებში მუშაობას, როცა ყველაზე უფრო მეტად ზრუნავდნენ ლტოლვილების გაფანტვაზე, და არა მათი ბედის მოწყობაზე. თუ შევადარებთ კომისიებში სამხედროთა მოხდენილ დანიშვნებს იმ გარემოებასთან, რომ მე არ მაძლევდნენ შესაძლებლობას ამ დანიშვნების მოსახდენად, ნათელია, თუ ძალაუფლების მქონენი რითი ხელმძღვანელობდნენ. არც გენ. მდივანი, არც გენ. ზაქარიაძე, თავიანთი ხასიათით, არ შეიძლებოდა ამ კომისიებში ყოფილიყვნენ ის პირები, რომლებიც მტკიცედ დაიცავდნენ სამხედროთა ინტერესებს.

შემდეგ, 1-ლი აგვისტოსთვის შედგენილ იქნა სია იმ ოფიცრებისა, რომლებსაც მთავრობა იყვანდა თავის კმაყოფაზე და რომელთათვისაც განისაზღვრა შენახვის ჯამაგირი. მთავრობის თავმჯდომარის საპასუხო წერილში აღსანიშნავია ის, რომ სიტყვაც არ არის ნათქვამი საკონტროლო ორგანოს შესახებ.


თ ა ვ ი XXX 

იუნკრების ბედი. – მთავრობის გადაწყვეტილება საზღვარგარეთ ჩემი საცხოვრებელი ადგილის შესახებ




იუნკრების ბედი 

იყო კიდევ საკითხი; ეს გახლდათ იუნკრების შესახებ. აი მისი ისტორია. იუნკრები კონსტანტინოპოლში ჩამოვიდნენ 69 ადამიანი. როცა გამოირკვა, რომ გადის თვეები, ხოლო ლტოლვილების ხვედრი კი, და კერძოდ იუნკრებისა, არა მარტო ვერ ირკვევა, არამედ, პირიქით, ისინი საკუთარ თავს არიან მინდობილნი, მაშინ 14 იუნკერი სამშობლოში სახლებში დაბრუნდა. ძალაუფლების მქონეთა მიერ ამასობაში მიღებულ იქნა ზომები სამშობლოში დასაბრუნებლად. მე უკვე ვილაპარაკე ამის შესახებ. ლტოლვილების ნაწილი დაბრუნდა; ოფიცერთაგან მხოლოდ ერთეულნი თუ დაბრუნდნენ. არასამხედროთაგან, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ, მეტ-ნაკლებად ბევრი გვარდიელი დაბრუნდა, რომელთა შორის გვარდიის შტაბის რამდენიმე წევრიც იმყოფებოდა. მაგრამ ეს კონსტანტინოპოლში ჩვენი ყოფნის სულ დასაწყისშივე იქნა გაკეთებული. როცა ამ ზომამ მოსალოდნელი შედეგები ვერ მისცათ, მაშინ ძალაუფლების მქონეებმა გადაწყვიტეს სხვა ზომა გამოეყენებიათ, სახელდობრ კი, მხოლოდ იმათი სია შეედგინათ, ვისაც არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება. ამ ზომამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ იმ სამხედროების რიცხვი, რომლებიც მთავრობას თავის კმაყოფაზე უნდა აეყვანა, მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული, ხოლო არასამხედროთა რიცხვი კი მნიშვნელოვნად გაზრდილი აღმოჩნდა. „ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოს ემსახურებოდნენ, ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ბედის ანაბარად და არ მოვითხოვთ, რომ ისინი უკანვე გაემგზავრონ“... წერს თავის წერილში მთავრობის თავმჯდომარე. ამასობაში კი კონსტანტინოპოლში ღებულობდნენ ზომებს ამ სიტყვების სრულიად საწინააღმდეგოს. მაგრამ ძალაუფლების მქონეთა სიტყვები ჩვეულებრივ საქმეებს შორდებოდა. დარჩენილი იუნკრების შესახებ (14 იუნკერის გამგზავრების შემდეგ) საკითხი ღიად რჩებოდა. ლტოლვილების შესახებ საკითხების განხილვისას, და კერძოდ სამხედროთა შესახებაც, მე უკვე აღარ მეძახდნენ. თანდათანობით ამისგან განზე მაყენებდნენ. მაგრამ ამის შესახებ შემდეგ. იუნკრებზე ზრუნვაში მე არაერთხელ მივმართე არა მარტო ჩვენი მთავრობის მიერ რწმუნებულ კ. გ. გვარჯალაძეს, არამედ პარიზშიც წერილებით თავად მთავრობას. ჩემი შუამდგომლობების შედეგი გახლდათ ის, რომ 5 იუნკერი საფრანგეთში ერთ-ერთ სამხედრო სკოლაში მოათავსეს. დანარჩენები კი კონსტანტინოპოლში ჩვენი ძალაუფლების მქონეთა მიერ გადაწყვეტილ იქნა სამშობლოში გაეგზავნათ. მაგრამ ამაზე უწინ გვარჯალაძე ჩემთან ერთად სტუმრობდა სერბეთის, იტალიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან; ჩვენ ვთხოვდით ისინი მათ სამხედრო¬-სასწავლო დაწესებულებებში განეთავსებიათ. პასუხი შემდგომში უარყოფითი აღმოჩნდა. თუმცა კი მოხერხდა 20 იუნკერის საბერძნეთში, სამხედრო სკოლაში განთავსება. ამრიგად კიდევ დაახლოებით ოცდაათი რჩებოდა. მათ მიმართებაში, როგორც ზემოთ უკვე მივუთითე, ძალაუფლების მქონეთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ისინი სამშობლოში გაეგზავნათ. როცა იუნკრებმა ამის შესახებ შეიტყვეს, მაშინ მათ გამგზავრებაზე უარი განაცხადეს. მე არ ვერეოდი ამ საქმეში, ვინაიდან იუნკერთა შესახებ მთელ საკითხს ჩემს გარეშე აწარმოებდნენ, თუ არ ჩავთვლით ჩემს ერთადერთ მგზავრობას, კ. გ. გვარჯალაძესთან ერთობლივად, უცხოელ წარმომადგენლებთან.

წააწყდნენ რა იუნკერთა წინააღმდეგობას, გადაწყვიტეს ჩემთვის მოემართათ, ე. ი. რათა მე მებრძანებია იუნკრებისთვის სახლში დაბრუნებულიყვნენ. როცა კ. გ. გვარჯალაძემ მე ამის შესახებ მითხრა, მე ვუპასუხე, რომ რადგანაც მთელი საქმე ჩემს გარეშე მიჰყავდათ, მაშინ ახლა მე არ ვერევი და დაე თვითონ უშუალოდ მისცენ იუნკრებს ბრძანება სამშობლოში გამგზავრების შესახებ, როგორც ისინი ადრე აძლევდნენ ბრძანებებს ჩემს გარეშე, ზოგადად, სამხედროებს, და კერძოდ იუნკრებსაც. მაშინ მოწყობილ იქნა პოლიტიკურ მოღვაწეთა დიდი სხდომა მთავრობის რწმუნებულის თავმჯდომარეობით. ამ სხდომაზე თავიდან გადაწყვიტეს, რომ მე მებრძანა იუნკრებისთვის სამშობლოში გამგზავრება. მე უარი ვთქვი და მივუთითე, რომ არ შემიძლია ასეთი ბრძანების გაცემა, რადგანაც არასოდეს მიმიცია ისეთი ბრძანებები, რომლებიც შეიძლებოდა არ ყოფილიყო აღსრულებული. მოცემულ შემთხვევაში იურიდიულად მე უფლება არ მქონდა ასეთი ბრძანებები გამეცა, ვინაიდან უკვე განთავისუფლებული გახლდით მთავარსარდლის თანამდებობიდან. ზნეობრივი მხრით კი მე ვიძლევი ისეთ ბრძანებებს, რომლებიც მე თავად შემიძლია შევასრულო, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მე თვითონ უნდა ჩავუდგე მათ სათავაში და დავბრუნდე სამშობლოში; იუნკრების დარჩენისთვის ყველა საშუალება ამოწურული არ არის. კრებაზე გადაწყვეტილ იქნა მიეღოთ ყველა ზომა იუნკრების დარჩენისათვის. მართლაც. კ. გ. გვარჯალაძემ მოახერხა მათი პოლონეთში მოწყობა. თუმცა კი ვიზის თაობაზე საკითხი დიდხანს გაიწელა; ვიზებს რუმინეთის მთავრობა არ იძლეოდა. ბოლოს, ორი-სამი თვის შემდეგ ვიზა მიღებულ იქნა და იუნკრებიც პოლონეთში გაემგზავრნენ.


მთავრობის გადაწყვეტილება საზღვარგარეთ ჩემი საცხოვრებელი ადგილის შესახებ 

ახლა შევეხები მოგონებებს, რომლებიც პირადად მე მეხება. კონსტანტინოპოლში ჩვენი ყოფნის დასაწყისში, ჩვენი მთავრობის პარიზში გამგზავრებისა და თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების შემდეგ, სამთავრობო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მ. წერეთელმა, მითხრა, რომ კომისია, თუმცა კი ჯერ არ გადაუწყვეტია, მაგრამ შემომთავაზებს იტალიაში გადასახლებას; მე დამენიშნება 100 თურქული ლირა, რაც იტალიაში ცხოვრების სიიაფის გამო საკმარისად ითვლება. მე უარი ვუთხარი, მივუთითებდი რა, რომ არ მაქვს ზნეობრივი უფლება მივატოვო სამხედრო გარემო, რომლის ხვედრიც ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი. შემდეგ მივედი კომისიის თავმჯდომარესთან კ. პ. კანდელაკთან და მასაც ზუსტად იგივე გავუმეორე. მან მითხრა, რომ პროექტში აქვთ ჩემი შენახვის თანხა 120 ლირით განისაზღვროს. მე შევეპასუხე, რომ ამ ფულით მე 6-სულიან ოჯახს კონსტანტინოპოლში ვერ შევინახავ. რამდენიმე დღის შემდეგ მითხრეს, რომ კომისიამ შენახვის თანხად 200 ლირა დამინიშნა და 9 აპრილს საკონსულოდან სოფელ ქავაქში გადავსახლდი. კონსტანტინოპოლში არ შემეძლო მიღებულ ჯამაგირზე მეცხოვრა. საჭირო კი გახლდათ რომ თეთრეული, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და სხვა ნივთები შემეძინა. ბათუმიდან ისე გამოვემგზავრე, რომ ორი ხელი საცვალი თუ გამაჩნდა. 

ამრიგად, საკონსულოში ჩემი ოჯახი 22 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით ცხოვრობდა. ჩემი ოჯახი და გენ. ჩხეტიანის ცოლი ერთ ოთახში ცხოვრობდნენ და ჩვენც საკონსულოში ვსადილობდით. როცა საკონსულოდან გადავდიოდით, მე კონსულს ვკითხე, თუ რამდენი უნდა გადავიხადო სადილებისთვის საკონსულოში ყოფნის მანძილზე. მან მიპასუხა, რომ გადაწყვეტილია არ აიღონ ფული სადილებისთვის და მთავრობა ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს. შემდეგ რაღაც დროის მერე მითხრა, რომ მთავრობა თავის თავზე ღებულობს ხარჯებს მხოლოდ 1-ლ აპრილამდე, ხოლო ამის შემდეგ კი გადახდა მომიწევს. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ მან გამომიცხადა, რომ არაფრის გადახდა არ არის საჭირო, რადგანაც მთავრობამ გადაუხადა ყველას, მათი ყოფნის მთელი დროის მანძილზე. უკვე მაისში, თვის ბოლოს, მან ჩემთვის მოულოდნელად გამომიცხადა, რომ მე 32 ლირის გადახდა მომიწევს, გენ. ჩხეტიანს კი 16 ლირისა. მაგრამ გენ. ჩხეტიანისგან ეს ფული არ აუღიათ; იგი საქართველოში გაემგზავრა. ვინ გადაიხადა ეს ვალი ჩემთვის უცნობია და საინტერესოა ვიცოდე, თუ როგორ დაფარეს ეს ვალი, ე. ი. რა თანხებიდან. ვიხდიდი რა ჩემს ვალს, მე ვთხოვე კონსულს ის ჩემი შენახვის თანხებიდან (ჯამაგირიდან, содержание) ორი თვის მანძილზე დაეკავებია. მიკავებდა რა ივნისში პირველ ნახევარს, მან შემინიშნა, მაქვს კი იმედი შემდეგ თვეში შენახვის თანხის მიღებისა. მე უკიდურესად გამაოცა ასეთმა კითხვამ; მაგრამ ის დამახასიათებელია. თუკი უშვებდნენ შესაძლებლობას რომ საკუთარი თავის ანაბარა დავეტოვებიეთ, შენახვის სახსრების გარეშე დავეტოვებიეთ, მაშინ აღარაფერია სალაპარაკო მთავრობის დამოკიდებულების შესახებ ყველა დანარჩენი სამხედროს მიმართ, სამშობლოს ამ უანგარო დამცველების მიმართ. საინტრესოა ვიცოდეთ გადაიხადეს თუ არა დანარჩენებმა, ვინც საკონსულოში ცხოვრობდნენ, ე. ი. რამიშვილმა და გეგეჭკორის ოჯახმა. არა მგონია.

სოფელი, სადაც მე გადავსახლდი, უბრალო თურქული სოფელი გახლდათ. ამ სოფელში ვიპოვნე 3 ოთახი; მათგან ორი ოთახი ზემოთ და ერთიც ქვემოთ; გარდა ამისა ზედა სართულზე იყო შიდა წინკარიც, რომელშიც ჩვენ სასადილო მოვაწყეთ. სახლი ორსართულიანი გეგონებოდათ, მაგრამ იმის გამო, რომ ის მთის ფერდობზე იყო აშენებული, ზედა სართული მიწის დონეზე იყო. ამ სახლში არანაირი ავეჯი არ ყოფილა და მე დიდი შრომით მივაღწიე იმას, რომ ჩემთვის ერთი საწოლი, 4 ნახევრად გატეხილი სკამი და ორი მაგიდა მოეცათ, ისეთი პატარები, რომ მათი ერთად შეერთებით სადილისთვის ადგილს ძლივსღა ვღებულობდით. ჩემთან ერთად მოთავსდა ჩემი ცოლისძმა გენ. მაყაშვილი, რომელიც ასევე თბილისიდან გახლდათ ევაკუირებული. იგი 1919 ან 1920 წლებში არ მსახურობდა. ჩინებული, კეთილსინდისიერი და სამსახურის მცოდნე ოფიცერი, იგი თავიდან საზღვრის დაცვის უფროსად იქნა დანიშნული, მაგრამ შემდეგ უცნობი მიზეზების გამო განთავისუფლებული, როგორც ბევრი სხვა უნარიანი ოფიცერიც გაანთავისუფლეს. მისთვის ჩვენ ფიცრებისგან ტახტი შევაკოწიწეთ და ის ჩვენს სასადილოში დავდგით. ამერიკელებისგან ჩვენ ყველამ მივიღეთ საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა საბნები, დანები, ჩანგლები, რკინის ფინჯნები, თეფშები და მატრასის ტომრები, რომლებიც თივით დავტენეთ. ასეთნაირად ბავშვები ბაბალესთან ერთად ერთ ოთახში მოთავსდნენ; მე ცოლთან ერთად მეორეში, მაყაშვილი „სასადილოში“, ჩხეტიანი კი ცოლთან ერთად ქვედა ოთახში. ბავშვებსა და ძიძას ძილი იატაკზე მოუწიათ.

შემდგომში ამერიკელებმა ყველა ლტოლვილს მისცეს რაღაც ტანსაცმელი. ეს ყველაფერი ძველმანები გახლდათ (это был все старый хлам), მაგრამ ცოლმა რაღაც-რაღაცეები აიღო, ხოლო ამერიკულ პალტოს კი იგი აქ პარიზშიც ატარებს. ამერიკელთა დახმარება რომ არ ყოფილიყო, მაშინ ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ შევძლებდი ყოველივე აუცილებლის შეძენას. ეს ამერიკული დახმარება ცხოვრებაში ჩემს მიერ პირველად მიღებული დახმარება გახლდათ; შემდგომში მომიწია ასეთის მიღება კერძო ადამიანებისგანაც. ასე გამოვლინდა მთავრობის ზრუნვა თავის მთავარსარდალზე, იმ გენერალზე, რომელსაც არაერთხელ გადაურჩენია ისინი და ქვეყანა კრიტიკული მდგომარეობისგან, რომელშიც მისი ხელმძღვანელები მას თავიანთი უუნარო მმართველობით აყენებდნენ.

ჩვენ გვქონდა სამზარეულო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გვქონდა არც ფილაქურა (плита), არც კერა. დიდ თურქულ ბუხარში დავდგით რამდენიმე აგური და ამ იმპროვიზებულ კერაზე ვიმზადებდით ჩვენთვის საჭმელს; მაგრამ ცეცხლი ისეთი პატარა გამოდიოდა, რომ ორი ქვაბის დადგმა არ შეიძლებოდა, ასე რომ წყლის ადუღება და საჭმლის მოხარშვა ერთდროულად შეუძლებელი გახლდათ. მოგვიხდა სამზარეულოს რაღაც ჭურჭლეულობა გვეყიდა. წყლის მოტანა წყაროდან გვიწევდა. რამდენიმე დღის შემდეგ ერთი თურქის დაქირავება მოვახერხე, რომელსაც თვეში ორი ლირის საფასურად დილაობით ორ-ორი ვედრო წყალი მოჰქონდა. მაგრამ იგი თავისი მოვალეობების იგნორირებას ახდენდა და ხშირად წყლისთვის სიარული ჩვენ თვითონ გვიხდებოდა; სარეცხის დღეებში კი, და ეს ხშირად იყო ხოლმე, წყლის ზიდვა მთელ დღეს გვიწევდა. 

ამერიკელები კმაყოფას უწევდნენ ლტოლვილებს. თავიდან ეს კმაყოფა საკმარისი ზომით გვეძლეოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ჩამოჭრა დაიწყეს. ამერიკელები გვაძლევდნენ ჩაის, შაქარს, მარილს, საპონს, დაკონსერვებულ რძეს, სანთლებს, თეთრ ლობიოს, რომლის მოხარშვაც შეუძლებელი გახლდათ, ბრინჯს, ძმარს და 10 დღეში ერთხელ ძროხის ხორცსაც. ეს გაცემა მე ძალზედ მეხმარებოდა, თუმცა კი ბევრი რამის ყიდვაც მიხდებოდა. თუ როგორ ვიყავი შეზღუდული, ამის მაჩვენებლად შეიძლება გამოდგეს ის გარემოება, რომ მხოლოდ ივლისში შევძელი პირადად ჩემთვის 2 ხელი საცვალი მეყიდა. ბათუმიდან მხოლოდ ორი ხელი საცვალი წამოვიღე, ერთი ტანზე მეცვა, ხოლო მეორე კი ამ დროს ირეცხებოდა. თითქმის ასეთსავე მდგომარეობაში იყო მთელი ჩემი ოჯახიც; გვიხდებოდა ყველაფერი თანდათანობით შეგვეძინა.

ორ-სამჯერ კვირაში კონსტანტინოპოლში მგზავრობა მიწევდა, ხოლო კვირაში ერთხელ კი ბანაკში ან მივემგზავრებოდი, ან ფეხით მივდიოდი. ყოველი მგზავრობა მთელ დღეს მართმევდა, რის შედეგადაც დღეების ნახევარს სახლის გარეთ ვატარებდი; ეს ზედმეტ ხარჯს იწვევდა. ივლისში მომიხდა მეყიდა საზაფხულო პალტო და მას ახლაც ვატარებ; მასში მიწევდა პარიზში ზამთარში სიარულიც. სოფელ ქავაქში გადმოსახლდა ზოგიერთი ოფიცერი; აქ გადმოვიდნენ მაყაშვილი და ზალდასტანიშვილი თავიანთი ოჯახებით, ვალია ერისთავი, მკურნალი (გვარია – ი. ხ.) და ყიფიანი ცოლებით. მკურნალმა და ყიფიანმა გახსნეს სამრეცხაო; თეთრეულს კონსტანტინოპოლში შოულობდნენ. მაყაშვილი ზრუნავდა ვიზებისთვის გერმანიაში გადასასვლელად. ზალდასტანიშვილს ასე თუ ისე თავი გაჰქონდა და ავტომობილების გაცემის მოლოდინში ცხოვრობდა. დღეები დღეებს, კვირები კვირებს მოსაწყენად მიჰყვებოდა.

აგვისტოს თვისათვის ზოგიერთ ოფიცერს დაუდგინეს შენახვის სახსრები მთავრობისგან. იუნკერთა საკითხი გადაწყვეტილ იქნა, ავტომობილისტებს მისცეს ავტომობილები და სამთავრობო კომისიამაც თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. ჩემი შემდგომი ყოფნა კონსტანტინოპოლში ზედმეტი გახლდათ და მეც დავსვი საკითხი პარიზში ჩემი გადასახლების შესახებ.

უნდა აღვნიშნო, რომ ამ დროის მანძილზე პარიზში რკინიგზით გაემგზავრნენ ვ. ჯუღელი და ბ. ჩხიკვიშვილი. მე არ ვუშვებდი აზრს, და ახლაც არ ვუშვებ, რომ მათ ისეთი სახსრები ჰქონოდათ, რომლებიც ასეთი გამგზავრების საშუალებას მისცემდათ. ჩემს შეკითხვაზე სამთავრობო კომისიაში, თუ რა სახსრებით გაემგზავრნენ ისინი, კონსულმა გოგოლაშვილმა მიპასუხა, რომ ისინი თავიანთი სახსრებით გაემგზავრნენ. მე არ დავუჯერე, ვინაიდან ამ ბატონის დაჯერება არ შეიძლება. ჩემი შეკითხვა იმით იყო გამოწვეული, რომ კომისია არაერთხელ უარს ეუბნებოდა ოფიცრებს მკურნალობაზე დახმარებაში ფულის არარსებობის გამო; მიუხედავად ამისა, ზემოხსენებულ პირთა გამგზავრებისთვის ფულები მოიძებნა. ვ. ჯუღელი მალევე დაბრუნდა. რაც შეეხება ბ. ჩხიკვიშვილს, იგი პარიზში დარჩა. მე შემდეგ მოვისმინე, რომ დამფუძნებელი კრების წევრებმა აღძრეს საკითხი ანაზღაურების მიხედვით ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრების წევრებთან გათანაბრების თაობაზე; ის, როგორც ლტოლვილთა კომისიის თავმჯდომარე, შენახვის სახსრებს არანაკლებ ასი ლირისა ღებულობდა. დამფუძნებელი კრების წევრები, რა თქმა უნდა, მართალი იყვნენ, ვინაიდან თავისი ფუნქციები მან დაასრულა. მაგრამ, პარიზში მას ახალი ადგილი გამოუძებნეს და იგი პოლიტიკური კომისიის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი.

შევეხები ამ საკითხს. პოლიტიკური კომისია იყო ორი; ერთის ორგანიზება მოახდინეს კონსტანტინოპოლში, მეორესი კი პარიზში. დამფუძნებელი კრების წევრთა იქ ყოფნისას ასეთი დაწესებულებები სრულიად ზედმეტი გახლდათ; ისინი საქართველოში ხომ არ არსებობდა. აშკარად შექმნილი იყო სინეკურები, საპალატო ადგილები თავისიანებისთვის. რა თქმა უნდა, საჭიროდ არ მიიჩნევდნენ სამხედრო კომისიის შექმნას. რა საჭიროება უბიძგებდათ ამ პოლიტიკური კომისიების შესაქმნელად, განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ ფულადი სახსრების შეზღუდულობას. სამხედროების მუშაობა კი გამოირიცხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ დაბეჯითებით აუცილებელი გახლდათ. მაგრამ საჭირო იყო ფულის მომტანი ადგილები თავისიანებისთვის ეშოვნათ; საჭირო იყო ისეთი კომისიები გამოეგონათ, რომ მათში თავიანთი ადეპტების ყოფნა გამართლებული და, ასე რომ ვთქვათ, კანონიერიც ყოფილიყო. ძალაუფლების მქონენი ისე უსირცხვილონი აღმოჩნდნენ, რომ ახლა, 1922 წლის ზაფხულში, პოლიტიკურ მოღვაწეთა გაზაფხულზე შემდგარი კონფერენციის მერეც, როცა გადაწყვეტილ იქნა, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მიიღებდნენ მთავრობის სხდომებში მონაწილეობას, მაინც პოლიტიკური კომისიების არსებობა ძველებურად დატოვეს.

ჩხიკვიშვილისა და ჯუღელის პარიზში გამგზავრება მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასათვის, რა თქმა უნდა, იმათთვის, ვინც კონსპირაციულ დადგენილებათა საიდუმლოებებში განდობილი არ ყოფილა; მათი გამგზავრების შესახებ არც მე ვიცოდი, თუმცა კვირაში ორჯერ მათთან ერთად კომისიების სხდომებს ვესწრებოდი.

პარიზში ჩემი გადასახლების მოტივირებას მე ვახდენდი ჯერ ერთი იმით, რომ მთავრობასთან უნდა ვყოფილიყავი, და მეორეც იმით, რომ ჩემი ყოფნა საზღვარგარეთ არ აღმოჩენილიყო უშედეგო სხვა ქვეყნებში სამხედრო საქმის მოწყობასთან გაცნობის თვალსაზრისით; მე შეხედულებასაც კი გამოვთქვამდი, რომ უკეთესი და ყოველმხრივი გაცნობისთვის ცუდი არ იქნებოდა პარიზიდან სხვა ქვეყნებში გამგზავრებაც. ჩემს წერილზე საპასუხოდ მივიღე ნ. ნ. ჟორდანიას ზემოთ მოყვანილი 28 აგვისტოს წერილი, აგრეთვე კ. პ. კანდელაკის წერილიც. ჩემს წერილში განვაცხადე პროტესტი ჩემი ანაზღაურების შემცირების წინააღმდეგ, რომელიც ისედაც ძლივს მყოფნიდა, და რომელიც მაიძულებდა არა ქალაქში, არამედ სოფელში მეცხოვრა. შენახვის თანხის 200 ფრანკით ეს შემცირება საერთო მდგომარეობას ვერ შველოდა, მაგრამ, შევუდარებთ რა ამას იმ გარემოებას, თუ როგორ ვიქენი გადაქცეული მთავარსარდლიდან ლტოლვილად, ეს სიმპტომატური რამ გახლდათ. ანაზღაურების ამ შემცირებაში აისახა სურვილი ისეთ მდგომარეობაში ჩავეყენებიეთ, რომ ამა თუ იმ გზით კიდეც თავიდან მოვეშორებინეთ. უკიდურეს გაჭირვებამდე მიყვანილს, შემეძლო საქართველოში გავმგზავრებულიყავი, რაც უეჭველად ხელს აძლევდა მთავრობის წევრებს, რომლებიც ღებულობდნენ ზომებს რომ ჩემგან განკერძოებულიყვნენ. შემდგომი თხრობა გვიჩვენებს, რომ ჩემი ეჭვები მართალი აღმოჩნდა. აი კ. პ. კანდელაკის წერილიც:

26.8.1921. პარიზი.

დიდად პატივცემულო გიორგი ივანეს ძევ. გუშინ მთავრობაში მოისმინეს  თ ქ ვ ე ნ ი  განცხადება იმასთან მიმართებით, რომ  თ ქ ვ ე ნ  ისურვებდით კონსტანტინოპოლიდან გამგზავრებას* (*და არა პარიზში გადასახლებას). მთავრობამ დაადგინა, რომ  თ ქ ვ ე ნ ი  კონსტანტინოპოლში ყოფნა აუცილებელი არ გახლავთ და თ ქ ვ ე ნ შეგეძლოთ საცხოვრებელი ადგილი თავად განგესაზღვრათ. მხოლოდ აუცილებელია მხედველობაში გქონდეთ, რომ  თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს  განსაზღვრული ანაზღაურება ზღვრულია (1800 ფრ.) და მის გაზრდაზე დაიმედება არ გამოვა. თუ თქვენი არჩევანი შეჩერდება, მაგალითად, გერმანიაზე (იაფი ვალუტის ქვეყანა), შესაბამისად შეიძლება ეს ციფრიც შემცირებულ იქნას, ვინაიდან იქ 1800 ფრ. ჩვენს ანაზღაურებებთან შედარებით საერთოდ გაზრდილი იქნება (ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი ბერლინში 5000 მარკას, ე. ი. 900 ფრ.-ს ღებულობს), მაგრამ უფრო ნაკლები თანხითაც იქ შეიძლება კარგად მოეწყოთ. მე ვფიქრობ რომ ოჯახის პატრონს შეუძლია საფრანგეთშიც 1800 ფრანკზე უფრო უკეთ იცხოვროს, ვიდრე კონსტანტინოპოლში, მაგრამ მხოლოდ თვითონ პარიზში კი ეს ძნელი იქნება. საერთოდ მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ცხოვრების უნარზეა დამოკიდებული. ოჯახიანი მინისტრები თვეში 2500 ფრ. ღებულობენ, სოფლებში ცხოვრობენ და მუდამ ტირიან; მართალია, მათ ქალაქში ჩამოსვლა, სხვადასხვა პირებთან ყოფნა და სხვა ასეთი რამ ყოველ დღე უხდებათ. მაგრამ, როგორც თავად  თ ქ ვ ე ნ  წერთ, ქალაქში ყოველდღიურად ყოფნის აუცილებლობა არა გაქვთ, ხოლო პროვინციაში კი ვვარაუდობ, რომ შეგიძლიათ კარგად (რა თქმა უნდა შედარებით) მოეწყოთ. ამრიგად გარკვეული დადგენილება მთავრობას არ გამოუტანია, არამედ მხოლოდ დაადგინა, რომ შეგიძლიათ  თ ქ ვ ე ნ ი  არჩევანის მიხედვით გადასახლდეთ. სამგზავრო ფულს მიიღებთ იმ თანხიდან, რომელიც ემიგრანტების მგზავრობისთვის კონსულის განკარგულებაში იმყოფება. ოფიცრებსა და სხვა ემიგრანტებსაც ასევე ნება აქვთ იცხოვრონ და გაემგზავრონ მთავრობის თავმჯდომარის წინადადების თანახმად  (თ ქ ვ ე ნ ი  წერილის საფუძველზე), მაგრამ მხოლოდ ჩვენს მიერ აღნიშნულ ქვეყნებში (გერმანია, ავსტრია) ასევე პოლონეთშიც. ვარაუდობდი, რომ ჩვენს მიერ განსაზღვრულ ჯამაგირებს (ჩვენი სახსრებისას) ჩვენი ემიგრანტები უნდა დაეკმაყოფილებიათ; ამასობაში, მე უკვე ვღებულობ საყვედურებს კერძო წერილებში. ამავე დროს ჯერჯერობით არავის უცდია გამგზავრებულიყო „წყეული კონსტანტინოპოლიდან“. განა 250–200 ფრ. – 1500–1200 გერმანული მარკა, ავსტრიულზე უფრო მეტი არ არის, და ჩეხოსლოვაკურზე და პოლონურზე კიდევ უფრო მეტიც. რატომ უნდა იცხოვრონ დედაქალაქებში, ხოლო პროვინციაში კი ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით შეიძლება ასეთი ჯამაგირებითაც თავის გატანა. ნოე ნიკოლოზის ძემ მეუბნებოდა, რომ ასევე მოგწერთ  თ ქ ვ ე ნ  წერილს. საუკეთესო სურვილებით კ. კანდელაკი. მომწერეთ, როგორ გადაწყვეტთ.

კ. კანდელაკი

მივიღე რა ასეთი წერილი, გეგონებოდათ, ვიზები უნდა ამეღო და გავმგზავრებულიყავი. თუმცა კი, ასე იწერება, მაგრამ სხვანაირად წარმოითქმება. ამ წერილის შემდეგ მივედი კონსულთან. მას, როგორც ჩანს, ამის შესახებ ჰქონდა მითითება, ვინაიდან დამიწყო ლაპარაკი ჩემი გზის თაობაზე და იმის დაანგარიშებაც, თუ რა დამიჯდებოდა ეს პარიზამდე. მე მას ვუთხარი, რომ ამ დღეებში ვეტყვი, თუ სად გადავწყვეტ გამგზავრებას. რამდენიმე დღის შემდეგ შევედი მასთან და ვუთხარი, რომ მივემგზავრები პარიზში. ეს რამდენიმე დღე მჭირდებოდა, რათა გამერკვია მეყოფოდა თუ არა 1800 ფრ. საფრანგეთში ცხოვრებისთვის. ზემოთ მოყვანილი წერილითაც და ცნობებითაც გამოდიოდა, რომ უფრო უკეთ და იოლად ვიცხოვრებ, ვიდრე კონსტანტინოპოლში. მაგრამ ამ რამდენიმე დღის მანძილზე რაღაც მოხდა ძალაუფლების მქონეთა კონსპირაციულ გარემოში. კონსულმა ცივად მიპასუხა, რომ არ შეუძლია მომცეს ფული თითოეული ემიგრანტისთვის დადგენილ 50 ლირაზე ზევით; რომ ეს თანხა დადგენილია გერმანიაში გამგზავრებისთვის, და თუ მსურს პარიზში გამგზავრება, მაშინ ფული ჩემი სახსრებიდან უნდა დავუმატო; რომ, ბოლოს, ეს დამოკიდებულია გვარჯალაძეზე, და არა მასზე. მე მას შევუნიშნე, რომ რამდენიმე დღის წინ მან დაანგარიშებაც კი დაიწყო, თუ ჩემთვის რამდენი ფული უნდა მოეცა. მან თავისი გამიმეორა. შემდგომი ლაპარაკი ამ ტიპთან ზედმეტი ჩანდა, და მეც მისგან წამოვედი. მივედი გვარჯალაძესთან. მან მითხრა, რომ მიიღო წერილი ნ. ნ. ჟორდანიასგან, სადაც უკანასკნელი რეკომენდაციას მაძლევდა პოლონეთში გადავსახლებულიყავი და ამიტომ მას მოუწევს ამ საკითხის გარკვევა. ვიზის თაობაზე ზრუნვის ნაცვლად მომიხდა პარიზში წერილები მიმეწერა. ჩემს წერილებზე მივიღე პასუხი კ. პ. კანდელაკისაგან. აი ისიც:

28.9.1921. პარიზი.

დიდად პატივცემულო გიორგი ივანეს ძევ. ერთი თვის წინ,  თ ქ ვ ე ნ ი  წერილის პასუხად, შეგატყობინეთ მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც  თ ქ ვ ე ნ  ნება გეძლეოდათ გამგზავრებულიყავით კონსტანტინოპოლიდან. მე დღეს ა. ჩხენკელმა მითხრა, რომ  თ ქ ვ ე ნ  ჯერ არ გამგზავრებულხართ და საჭირო იყო გამოგვერკვია, და  თ ქ ვ ე ნ ც  გარკვეულ მდგომარეობაში ჩაგვეყენებიეთ. როგორც წარსულშიც გწერდით, ჩვენი მატერიალური მდგომარეობა ძალზედ და ძალზედ უსიამოვნოა. არა მარტო ჩვენი ემიგრანტების თავმოყრა გვიწევს იაფი ვალუტის მქონე ქვეყნებში, არამედ ამ დღეებში მთავრობამ დაადგინა, რომ ის სტუდენტებიც, რომლებიც ინგლისში, საფრანგეთსა და ბელგიაში სწავლობენ, ავსტრიაში გავგზავნოთ. იანვრის თვიდან კი ალბათ ზოგიერთ ჩვენგანსაც მოუწევს აქედან გამგზავრება, თუ ხარჯების შემცირების სხვა ზომები არ იქნება გამოძებნილი, რაზედაც თუმცა კი იმედები ცოტაა. ამის გათვალისწინებით, ა. ჩხენკელისა და მთავრობის თავმჯდომარის თათბირის საფუძველზე გატყობინებთ, რომ  თ ქ ვ ე ნ  უნდა გაემგზავროთ გერმანიაში. როგორც არ უნდა წავიდეს ჩვენი საქმეები, გერმანიაში ცხოვრება უფრო იოლი იქნება, ვიდრე აქ ან კონსტანტინოპოლში. განსაკუთრებით კი ოჯახისა და შვილების პატრონისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზაში  თ ქ ვ ე ნ  დაბრკოლებები არ გექნებათ. მგზავრობის ფული კონსტანტინოპოლში უნდა გადმოგცენ, მე ამის შესახებ უკვე დიდი ხანია კონსულს მივწერე. ჯამაგირი მარკებში ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, მაგრამ იქნება დადგენილი, როგორც კი  თ ქ ვ ე ნ  გამგზავრების შესახებ შეგვატყობინებთ. იმ დრომდე ძველი ჯამაგირი გამოგეგზავნებათ ფრანკებში. მიიღეთ დარწმუნება ჩემს ღრმა პატივისცემაში.

კ. კანდელაკი.

ამრიგად, აგვისტოს ბოლოს შესაძლებლად ითვლება ჩემი პარიზში გადასახლება, სექტემბრის ბოლოს კი, ერთი თვის შემდეგ, უკვე ვითარება ისე შეიცვალა, რომ ასეთი გადასახლება შეუძლებელი შეიქნა. და, რა თქმა უნდა, პარიზში ჩემს გადასახლებაზე აცილების მიზეზი მატერიალური სახსრების უკმარისობა სულაც არ ყოფილა. მთავრობის წევრები და ყველანი, ვინც აქ პარიზში ამ დრომდე იყვნენ, ახლა კი 1922 წლის 22 ივლისია, აქ ცხოვრობენ, გაზაფხულზე კი პარტიული დელეგატების კონფერენცია იქნა მოწყობილი, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯი გამოიწვია, რადგანაც მასზე ჩამოვიდნენ სხვა ქალაქებიდან, აგრეთვე კონსტანტინოპოლიდანაც. ახლახანს აქ კონსტანტინოპოლიდან ხომერიკი ჩამოვიდა და რაღაც დროის შემდეგ უკანვე გაემგზავრა. ხოლო ჰააგაში კონფერენციაზე კი, სადაც მხოლოდ ექსპერტები შეიკრიბნენ და სადაც არანაირი პოლიტიკური საკითხების განხილვა არ შეეძლოთ და ასეთი რამ არც შეიძლებოდა, ს. მდივანი იქნა გაგზავნილი.

ისევ მომიხდა პარიზში წერილის მიწერა. მივუთითებდი, რომ ცხოვრების პირობები პარიზში სიძვირის აზრით არ შეიძლებოდა ერთ თვეში შეცვლილიყო და მე დაჟინებით მოვითხოვ ჩემს გადასახლებას პარიზში. ამასთან ერთად წავედი გვარჯალაძესთან. მან მითხრა, რომ მთავრობა ხელმძღვანელობს, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩემი მგზავრობის ხარჯებით. მე შევეპასუხე, რომ პარიზში ან ბერლინში მგზავრობის ხარჯებს შორის სხვაობა დიდი არ არის და 1000 ფრანკზე მეტს ალბათ არც შეადგენს, მაგრამ რომ, როგორც ჩანს, არის სხვა მიზეზები, რომლებიც განაწყობს მთავრობას აირჩიოს ჩემი საცხოვრებელი ადგილი ყველგან, ოღონდ არა პარიზში; რომ დარწმუნებული ვარ, თუ დავთანხმდებოდი ჩემი მგზავრობის ხარჯების დაფარვაში ჩემი სახსრებითაც მონაწილეობას, მაშინაც მთავრობა პარიზში ჩემს გადასახლებაზე არ დამთანხმდებოდა; ყოველივე ეს ძალზედ სუსტადაა შენიღბული და მთავრობის თითოეულ დადგენილებაში ჩემთან მიმართებით ჩანს მხოლოდ გაბოროტება, რომელსაც ისინი ჩემდამი განიცდიან; რომ, ბოლოს, საგანთა ასეთი მდგომარეობა მაიძულებს გავემგზავრო და ბოლშევიკებს ჩავუვარდე თათებში, მაგრამ რომ ამაზე ადრე მომიხდება საჯარო გავხადო მთავრობის დამოკიდებულება თავისი მთავრსარდლისადმი. ჩვენი საუბრის შედეგად გვარჯალაძემ მითხრა, რომ იგი წერილს მისწერს პარიზში და დარწმუნებულია, რომ საკითხი ჩემთვის კეთილსასურველად გადაწყდება. ჩვენ ერთ ბოთლ ანანოვის შამპანურზეც კი დავნიძლავდით. მართლაც, ჩვენმა წერილებმა, უფრო მეტად კი ალბათ მისმა, იმოქმედეს, და მე მივიღე შეტყობინება ფინანსთა მინისტრის ამხანაგის ბ-ნ ელიგულაშვილისაგან. აი ისიც:

პარიზი. 1921 წლის 4 ნოემბერი. ბატონ გენერალს გიორგი ივანეს ძე კვინიტაძეს. კონსტანტინოპოლი.

დიდად პატივცემულო გიორგი ივანეს ძევ. 2 ნოემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა დააკმაყოფილოს  თ ქ ვ ე ნ ი  შუამდგომლობა სარანგეთში გადმოსახლებაზე. გატყობინებთ რა ამის შესახებ, ამასთან ერთად ვაძლევ განკარგულებას ჩვენს კონსულს კონსტანტინოპოლში მოგცეთ ფული მგზავრობისათვის.

თ ქ ვ ე ნ ი  პატივისმცემელი ფინანსთა მინისტრის ამხანაგი ი. ელიგულაშვილი.

ერთხელ ნოემბერში ქუჩაში შემხვდა ჩემი ძველი თანამოსამსახურე და მითხრა, რომ საკონსულოში პარიზიდან მიღებულია ქაღალდი, რომლის თანახმადაც ნება მეძლევა გადავსახლდე პარიზში. მე საკონსულოში წავედი. კონსულმა მითხრა, რომ ნამდვილად არის ასეთი და ფულიც კია გადმორიცხული ჩემი გამგზავრებისათვის. თითქოსდა მორჩა. თითქოსდა შემიძლია გავემგზავრო. მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა. რამდენიმე დღის შემდეგ მე ისევ ქუჩაში შევიტყე, რომ არის ტელეგრამა გამგზავრების ფულის მოცემის შესახებ ჩემთვისა და გენ. მდივანისთვის. მაგრამ ამის წინ ვიყავი საკონსულოში, სადაც ვნახე გენ. მდივანი. მე ვკითხე მას, მიემგზავრება თუ არა ამერიკაში. მან მიპასუხა, რომ მას პარიზში იძახებენ, ეტყობა, შემდგომი გაგზავნისთვის ამერიკაში, მაგრამ მას არ შეუძლია გამგზავრება, ვინაიდან ტელეგრამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იგი უნდა გაემგზავროს მარტო, ოჯახის გარეშე, რომ ოჯახის მიტოვება არ შეუძლია, რომ, ბოლოს, მისთვის არ განუსაზღვრავთ, თუ იქ შენახვის რა თანხას მიიღებს. ჩვენ დავშორდით, და მე წამოვედი, თან სულაც არ ვეჭვობდი, რომ მისი და ჩემი გამგზავრება შეიძლებოდა ერთმანეთთან ყოფილყო დაკავშირებული. უკვე შემდეგ, როცა ყველაფერი შევაჯერე, გამოვარკვიე, რომ გენ. მდივანმა სწორედ მასთან ჩემი საუბრის დღეს, მიიღო 3000 ფრ. პარზში გასამგზავრებლად. ამრიგად, შევიტყე რა რამდენიმე დღის შემდეგ ასეთი ტელეგრამის შესახებ, მივედი საკონსულოში და ვკითხე კონსულს ამ ტელეგრამის თაობაზე. მან მე ის მიჩვენა. მასში იყო ასეთი ფრაზა: გენ. მდივანი და გენ. კვინიტაძე თავისი ოჯახით და ა. შ. ამ ტელეგრამაში იყო ნათქვამი, რომ მგზავრობისთვის გენ. მდივანსა და გენ. კვინიტაძეს თავისი ოჯახით გამოეყოფათ 5000 ფრ. კონსულმა მითხრა, რომ მოუწევთ ფულის შუაზე გაყოფა ჩემსა და გენ. მდივანს შორის. მან გამომიცხადა, რომ რომ სიტყვა „თავისი“ უნდა მცდარად მივიჩნიოთ და ჩავთვალოთ როგორც „თავიანთი“. რატომ? აქვე უნდა ვთქვა, რომ ტელეგრამა აღმოჩნდა არა ტელეგრამა, არამედ ფინანსთა მინისტრის ამხანაგის ელიგულაშვილის მიმართვა (сношение). დავიწყე იმის მტკიცება, რომ ტელეგრამაში ნათლადაა აღნიშნული, რომ ფული გამოგზავნილია მხოლოდ გენ. მდივნისათვის და ჩემთვის კი ოჯახთან ერეთად. იგი უარყოფდა და მთავაზობდა მიმეღო ნახევარი. მე ამ ნახევრით არ შემეძლო გამგზავრება. ვუპასუხე, რომ ფულს არ მივიღებ, რომ საჭიროა გაარკვიოს პარიზში, თუ ვის და რამდენი ერგება ამ გამოგზავნილი ფულიდან. მან მიპასუხა, რომ გაგზავნის შეკითხვას პარიზში. დამახასიათებელი ნიშანია: როცა მას ვკითხე, თუ რის გამო არ მითხრა არაფერი სულ თავიდანვე ამ ტელეგრამის შესახებ, როცა მატყობინებდა, რომ შემიძლია პარიზში გავემგზავრო, მან მიპასუხა, რომ არ არის ვალდებული მის მიერ მიღებული მთელი მიმოწერა მიჩვენოს. „და რატომ შევიტყე ამის თაობაზე გარედან, სხვა პირთაგან, ქუჩაში?“ – ვკითხე მას. „ნუთუ გენ. მდივანმა გითხრათ ამის შესახებ?“ – მიპასუხა მან. აქედან ნათელია, რომ მან აუცილებლად მიიჩნია ამ ტელეგრამის შესახებ ეთქვა გენ. მდივნისათვის, ჩემთვის თქმას კი შეუძლებლად თვლიდა. ეს ნიშნავს, რომ საჭირო იყო ჩემთვის ეს ტელეგრამა დაემალათ. ამას უნდა დავუმატოთ, რომ მასთან ჩემი საუბრის დღეს მან 3000 ფრ. მისცა გენ. მდივანს. ისევ მომიხდა კ. კანდელაკისთვის მიმეწერა. ამასობაში ნოემბრის ბოლოც დადგა. ჩემს წერილში ვითხოვდი გაუგებრობა გაერკვიათ და პასუხი ტელეგრამით გამოეგზავნათ. პასუხიც მოვიდა. ჩემთვის 4000 ფრ.-ის მიღება იყო განსაზღვრული, გენ. მდივნისათვის კი 1000 ფრ.-ისა. მე მართალი აღმოვჩნდი. შემდგომში პარიზში გამოვარკვიე, რომ იქ გაკვირვებული იყვნენ ჩემი შეკითხვით; ვინაიდან გენ. მდივნის ოჯახის შესახებ არასოდეს ყოფილა ლაპარაკი, არამედ მარტო გენ. მდივანს იძახებდნენ. მაგრამ გენ. მდივანისთვის უკვე მიცემული ჰქონდათ 3000 ფრ. მე ვკითხე, თუ რატომ იჩქარეს და პასუხს არ დაელოდნენ. მიპასუხეს, რომ გენ. მდივანი საჩქაროდ უნდა გამგზავრებულიყო. მაგრამ გენ. მდივანი ამ დღემდე, 1922 წლის 22 ივლისამდე ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში იმყოფება. მე არ ვიცი, თუ როგორ მოეწყო გენ. მდივნისათის 3000 ფრ. მიცემის საქმე, და ის, ასე უნდა იყოს, კონსულის კონსპირაციულ უღრანებშია ჩამარხული.

თითქოსდა ყველაფერი გაკეთებულია. მრჩებოდა ვიზები მიმეღო და გავმგზავრებულიყავი. მაგრამ აქაც კამათები გამომივიდა, კონსულმა მითხრა, რომ მე laisser-passer-ის მიხედვით უნდა გავემგზავრო. მე სრულებით არ გახლდით ამ საქმეების კურსში, ხოლო კონსული კი, რა თქმა უნდა, არ ზრუნავდა იმაზე, რომ ჩემთვის მგზავრობა შეემსუბუქებია. მან მითხრა, რომ წერილს მისწერს ბ-ნ როსეს, რომელიც ამ საქმეს განაგებს. შემდეგ ორი დღის მერე შემატყობინა, რომ მე თვითონ პირადად მომიწევს გალათიაში როსესთან გამგზავრება. მე, საგანგებოდ, ვკითხე ვ. ჯუღელს, უწევდა თუ არა მას პირადად ევლო ვიზებისთვის და ეწანწალა ყველა იმ დაწესებულებაში; მან უარყოფითად მიპასუხა. გალათიაში 4-ჯერ მომიწია მგზავრობა, კონსულის არა დაუდევრობის, არამედ ინტრიგანობის წყალობით. მან გაგზავნა პარიზში ტელეგრამა, ითხოვდა რა ვიზებს ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის, ძიძა კი არ მოუხსენებია; პასუხი სწრაფად მოვიდა. მაგრამ პასუხში ჩვენი ძიძა არ ყოფილა მოთავსებული, რის გამოც მასზე ვიზას არ იძლეოდნენ. მომიხდა ტელეგრამა ცალკე ჩხენკელისთვის გამეგზავნა, გემი 10 დეკემბერს გადიოდა, ხოლო ეს კი 6–7 დეკემბერს მოხდა; შემდეგი გემი კი მხოლოდ 20 დეკემბერს გადიოდა. პასუხის მიღება მაინც ვერ მოვასწარით. ვიზის საქმე საკონსულოს მდივნის ტალეჯიოს დახმარებით მოვაგვარეთ. იგი ჩემს ცოლთან ერთად მდივან პელესთან გაემგზავრა და ისიც თავაზიანად დათანხმდა ეცნობებია როსესთვის, რომ ვიზა მიეცა. მხოლოდ ამ ზრუნვისა და მეცადინეობათა წყალობით მოვახერხე 10 დეკემბერს გამგზავრება. მაგრამ ასეთ კამათებთან ერთად კონსულის დაუდევრობამ ან უფრო სწორად მისმა ინტრიგანობამ მე როსეს წინაშე, რომელიც საფრანგეთში საშვებს იძლეოდა, განსაკუთრებით საჩოთირო მდგომარეობაში ჩამაყენა. კონსულმა თავის წერილში, რომელშიც ითხოვდა ჩემთვის ვიზა მოეცათ, მე პარიზში ჩვენს დელეგაციაში ატაშედ დამასახელა. ნათელია, რომ არ უნდოდათ ფრანგების ცნობამდე მიეტანათ ის, რომ კონსტანტინოპოლში არის ქართული არმიის მთავარსარდალი. როსეს შეკითხვის ტელეგრამა უნდა გაეგზავნა. წაიკითხა რა წერილი, მან მითხრა, რომ არანაირი შეკითხვითი ტელეგრამის გაგზავნა საჭირო არ არის, ვინაიდან მე ვარ ატაშე, რომ, პირიქით, პარიზიდან მიღებული ტელეგრამის მიხევით მან უნდა მომძებნოს და გამგზავრების ნებართვის შესახებ შემატყობინოს. მე შეცბუნებული ვიყავი, ვინაიდან არ გახლდით ატაშე. მეთქვა, რომ ატაშე ვარ, არ შემეძლო, ვინაიდან ეს სიმართლე არ იქნებოდა; თუ ვიტყოდი, რომ არ ვარ ატაშე, გამოვიდოდა, რომ ან მე ვცრუობ, ან კიდევ ცრუობს კონსული, რომელიც თავის ოფიციალურ წერილში ასეთად მასაღებს. მე მას ვუთხარი, რომ შეკითხვითი ტელეგრამის გაგზავნა არ წაახდენს მთელ პროცედურას. იგი დამთანხმდა გაეგზავნა, მაგრამ რამდენჯერმე მითხრა, რომ ეს ყველაფერი უცნაურია, რომ კონსულმა წესი და რიგი უნდა იცოდესო. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასეთ სულელურ და უხერხულ მდგომარეობაში! ამ ფრანგისათვის ნათელი იყო, რომ ყველაფერი კარგად ვერ არის.

მე, როგორც ზემოთ ვთქვი, 4000 ფრ. მაძლევდნენ. ამ ფულით შემეძლო მხოლოდ პატარა ბერძნული გემით გავმგზავრებულიყავი. „პაკეს“ საზოგადოების ფრანგულ გემზე 5 ბილეთი უნდა ამეღო, ვინაიდან ბავშვებმა უკვე შვიდი წლის ასაკს გადააბიჯეს, ე. ი. მე-2 კლასის თითოეულ ბილეთში მარსელამდე 800 ფრანკზე მეტი უნდა გადამეხადა ანდა ზამთარში უნდა გავმგზავრებულიყავი მესამე კლასით, ხოლო შემდეგ პარიზამდე მგზავრობა აღარ შემეძლებოდა. მომიწია ბერძნულ გემში ჩავმჯდარიყავი, სადაც 10 წლამდე ბავშვებისათვის ნახევარ ბილეთს იღებდნენ. მხოლოდ ასეთი ხერხით შემეძლო პარიზამდე მიმეღწია და ისიც მარსელიდან იძულებული შევიქენი მე-3 კლასით მემგზავრა. როცა შევიტყე, რომ ბერძნული გემი ათენში ჩერდება, გამეხარდა რომ ჩვენი იუნკრების ნახვის შესაძლებლობა მეძლეოდა. ამ მიზნით, წინასწარ გავითვალისწინე რა ყველანაირი სასაზღვრო კამათები, მე ვთხოვე კონსულს საბერძნეთის კონსულს დაკავშირებოდა, რათა უკანასკნელისგან რაიმე ქაღალდი მიმეღო, რომელიც გემიდან ნაპირზე ჩასვლაში დამეხმარებოდა. მე ეს ჩემს გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე განვაცხადე. გამგზავრების დღემდე მას ამის შესახებ ყოველი შეხვედრისას 5-ჯერ გავახსენე. როცა გამგზავრებამდე ორი დღე რჩებოდა, მან მითხრა, რომ არ შევშფოთებულიყავი და გემში ჩაჯდომის მომენტში ასეთ ქაღალდს აუცილებლად მომცემდა; იგივე გამიმეორა მან გამგზავრების დღესაც.

მაგრამ მე არაფერი მიმიღია და ათენში, ამის წყალობით, საკმარისად შეჭირვებული ვიყავი. უფრო მეტიც; ბერძნულმა პოლიციამ, როცა გემზე მოვიდა და კონტროლს ახდენდა, პასპორტი ჩამომართვა, რითაც ნაპირზე ჩასვლის შესაძლებლობას მართმევდა. ხანგრძლივი ახსნა-განმარტების შემდეგ შევძელი რომ პასპორტი უკანვე დამებრუნებია. 

ვემზადებოდი რა პარიზში გასამგზავრებლად, გვარჯალაძეს ვთხოვე ჩემთვის დიპლომატიური პასპორტი მოეცათ. რა თქმა უნდა, უარი მითხრეს; მაგრამ ვიცი, რომ პოლიტიკური პარტიული წარმომადგენლები ასეთებს ღებულობდნენ. როგორ ჩანს მე დაბალ ფენად ვყავდით შერაცხული (По-видимому я причислялся к черной кости). საერთოდ, ჩვენი წარმომადგენლობა კონსტანტინოპოლში ჩემს მიმართ დაუშვებლად არაკორექტულ დამოკიდებულებას იჩენდა, უფრო უარესი რომ არ ვთქვათ. თავიდან, როცა მთავარსარდლის თანამდებობიდან ჩამომაქვეითეს, ძალაუფლების მქონენი, გრძნობდნენ რა მთელ შეუსაბამობას (нелепость) ასეთი ქმედებისა, წესიერებას იცავდნენ და გარეგნულად სამუშაოებშიც მრთავდნენ, მაგრამ შემდეგ თანდათანობით განზე მწევდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ აპრილში და თვით ივნისშიაც კი კონსული მაძლევდა მოწმობას, სადაც მთავარსარდლად ვიყავი დასახელებული. მაგრამ, როცა ვთხოვე გარჯილიყო ჩემთვის, რომ რევოლვერის ტარების ნებართვა მოეცათ, იგი ამ საქმეს წელავდა, მიუხედავად იმისა, რომ ყაჩაღებმა მოახდინეს თავდასხმა ბანაკზე, რომლის მახლობლადაც მე ვცხოვრობდი. ასე რომ, მას ასეთი ნებართვა ჩემთვის არ გამოუთხოვია; საკონსულოს მოსამსახურე კი ჩემს წინაშე ტრაბახობდა, რომ მან ასეთი ნებართვა 4 დღეში მიიღო. სხვათა შორის, იარაღის გარეშე სოფელში ცხოვრება უსაფრთხო არ ყოფილა. ასე ერთხელ, დავაგვიანე რა გემზე ჩემთან ქავაქში დასაბრუნებლად, იძულებული შევიქენი ღამით ბაბექიდან ქავაქში ნავით დავბრუნებულიყავი; მენავეებმა სცადეს გზაში გავეძარცვე, მაგრამ ფხიზლად ვიყავი და თან რევოლვერიც მქონდა, რომლის დახმარებითაც ვაიძულე ისინი დანიშნულების ადგილამდე მივეყვანე. მენავეების პოლიციაში წარდგენა არ შემეძლო, რადგანაც გაირკვეოდა, რომ მე რევოლვერით ვიყავი, რომლის ტარებაც აკრძალული მქონდა. მე ვუთხარი ამის შესახებ კონსულს, მაგრამ მასზე ამას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა; ზღვაში რომ გადავეგდეთ, ალბათ, იგი კმაყოფილი დარჩებოდა, ვინაიდან ამით კვინიტაძის საკითხი ლიკვიდირებული იქნებოდა.

ჩვენი მთავრობის რწმუნებული გვარჯალაძე წარმომადგენლობაზე საგანგებო ფულებს ღებულობდა და ყოველდღიურად ფაივოქლოქებსა და სუარეებს აწყობდა; სამხედროებს არ პატიჟებდნენ, არც თვით მთავარსარდალს. მეტსაც ვიტყვი, კონსტანტინოპოლში ჩამოსვლის შემდეგ ჩემმა ცოლმა აუცილებლად მიიჩნია რწმუნებულსა და კონსულს ვიზიტით სწვეოდა. ვიზიტს პასუხი არ მოჰყოლია.

კონსტანტინოპოლში ინგლისური სამსახურის პოლკოვნიკი სტოქსი ჩამოვიდა. იგი იქ გენერალ პოსტოვსკის ქალიშვილზე დაქორწინდა. მე ქორწილში ვიქენი დაპატიჟებული. აუცილებლად ვთვლიდი თავაზიანობაზე მეც თავაზიანობითვე მეპასუხა, მაგრამ ამ დროს ჩემი შვილები ავად გახდნენ და, მქონდა რა სულ ორი ოთახი, ასეთ გარემოებებში სტუმრების მიღება შეუძლებელი გახლდათ. რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვები მომჯობინდნენ, და მეც იგი დავპატიჟე, საამისოდ დღეც დავუნიშნე. მაგრამ პოლკ. სტოქსს არ მოუწია ჩემი მოპატიჟებით ესარგებლა, ვინაიდან დანიშნული დღე მისი გამგზავრების დღეს დაემთხვა და მას ბილეთებიც აღებული ჰქონდა. გამგზავრების წინა დღეს, როგორც შემდეგ გამოირკვა, იგი ჩვენს რწმუნებულთან იყო სუარეზე მოპატიჟებული და, იმედოვნებდა რა იქ ჩემთან პირადად შეხვედრას, უნდოდა მადლობა ეთქვა და ბოდიშიც მოეხადა, რომ არ შეეძლო ჩემთან მოსულიყო. მაგრამ იგი შეცდა, მე ამ სუარეზე მიპატიჟებული არ ვყოფილვარ; მეორე დღეს დილით საკონსულოდან მივიღე სტოქსის წერილი, რომელიც იძულებული შეიქნა იქვე საკონსულოში სუარეს დროს დაეწერა. მსგავსი უტაქტობები მრავალრიცხოვანი იყო; ვფიქრობდი, რომ საერთოდ სამხედროების და კერძოდ მთავარსარდლის ეს იგნორირება, ასე ვთქვათ, ადგილობრივი კონსტანტინოპოლური ხელისუფლების მიერ ხდება; თუმცა კი, სამწუხაროდ, პარიზში ჩამოსვლის შემდეგ მომიხდა იმაში დავრწმუნებულიყავი, რომ ამაზე ტონს პარიზიდან იძლეოდნენ. ხოლო რაც შეეხება კონსულის პიროვნებას, თავის იგნორირებაში იგი ისეთ ზღვრამდე მივიდა, რომ მე მომიხდა მისთვის ამაზე მიმეთიებინა. მიწოდებდა რა თავიდან მთავარსარდალს და თავიც ისე ეჭირა, თითქოს იგი ამას ანგარიშს უწევდა, თანდათანობით ჩემთან ურთიერთობაში მასხრად აგდების ტონზეც კი გადავიდა. ყველაფერი ეს თანდათანობით კეთდებოდა. ერთ-ერთი ასეთი სცენა ლელი ჯაფარიძის თანდასწრებით მოხდა.

მე ყურადღება მივაქციე, რომ წერილები, რომლებსაც პარიზში ვაგზავნიდი და რომლებსაც პირადად ხელში გადავცემდი კონსულს, დიდხანს გაუგზავნელი რჩებოდა; ასევე აყოვნებდა იმ წერილებს, რომლებსაც პარიზიდან მიგზავნიდნენ, და მათ დიდი ხნის მანძილზე არ გადმომცემდა. ასე, მაგალითად, ჩხენკელის წერილი ერთი კვირის განმავლობაში იდო მის მაგიდაზე; ამის მტკიცებულებაც გამაჩნდა. ეს წერილი კონსულის თანმხლებ წერილთან ერთად მივიღე და ამ წერილის თარიღი კონსტანტინოპოლში ჩხენკელისგან მიღებული წერილის შტემპელს 7 დღით ჩამორჩება.

აქ პარიზში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იგი ხსნის ჩემს სახელზე მოსულ წერილებს. მე აქ პარიზში მივიღე კონვერტი კონსულის ხელით ჩემს სახელზე შესრულებული წარწერით. ეს წერილი გადმომცეს ჩვენს დელეგაციაში პარიზში. შიგნით აღმოჩნდა წერილები თბილისიდან ჩემი დებისა და ნათესავებისაგან. მთელი ეს წერილები გახსნილი იყო და ერთად ელაგა კონვერტში, რომელზედაც, როგორც ზემოთ ვთქვი, მისამართი ჩემს სახელზე კონსულის ხელით იყო დაწერილი. მე მაშინვე მივაქციე ყურადღება ამ გარემოებას. ვკითხულობდი რა წერილებს, ერთ-ერთ მათგანში ვნახე, რომ ამ წერილებთან ერთად იგზავნებოდა წერილი ერთი ჩემი ნაცნობისაგან. დავინტერესდი და გავუგზავნე წერილი პავლე ივანეს ძე ქავთარაძეს, რომელმაც წერილები თბილისიდან კონსტანტინოპოლში ჩამოიტანა; ვეკითხებოდი მას ხომ არ დარჩა მასთან რაღაცის გამო კიდევ ერთი წერილიც და მივუთითე, რომ წერილები კონსულის კონვერტში მივღე. პასუხი ჩემთვის გასაოცარი გამოვიდა. ქავთარაძე მწერდა, რომ ყველა წერილი ჩემს სახელზე შვედეთის საკონსულოს დალუქულ კონვერტში იყო მოთავსებული ამ უკანასკნელის შტემპელით და ჩემთვის შემდგომი გადმოსაგზავნად მის მიერ პირადად კონსულისთვის ხელში გადაცემული, რადგანაც მან ჩემი მისამართი არ იცოდა. ნათელია, რომ შვედეთის კონსულის კონვერტი კონსულ გოგოლაშვილის მიერ იქნა გახსნილი. მე ამის შესახებ ჩხენკელს განვუცხადე და მან მითხრა, რომ ამაზე კონსულს მისწერს და მისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. ამ საქმის შემდგომ ბედს მე აღარ მივყოლივარ, წერილობითი მტკიცებულებები კი ხელთ გამაჩნია. ასეთია ჩვენი კონსული, ასეთია ჩვენი წარმომადგენელი საქართველოსი კონსტანტინოპოლში.


თ ა ვ ი X X X I 


ქართული კლუბი კონსტანტინოპოლში 

აღვწერ რა ჩემს ცხოვრებას კონსტანტინოპოლში, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა ქართული კლუბის შესახებ. ქართული კლუბი ჩვენი რამდენიმე ლტოლვილის მიერ იქნა მოწყობილი. მისი ორგანიზატორები იყვნენ: დათა მაჭავარიანი, გორის გვარდიის შტაბის ყოფილი წევრი; მგალობლიშვილი, რომელიც საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა; გენ. კონიაშვილი, პოლკ. ვაჩნაძე, პოლკ. კანდელაკი, ალიკო მაღალაშვილი და კაპ. ვაჩნაძე. როცა კლუბის ორგანიზებას ახდენდნენ, ისინი მთავაზობდნენ დამფუძნებელ წევრთა რიცხვში ჩავწერილიყავი, მაგრამ უარი ვთქვი, რადგანაც არ მქონდა სახსრები, რომ ფული შემეტანა. ქართული კლუბი ერთადერთი ადგილი გახლდათ, სადაც შეიძლებოდა თბილისის ვითარებაში გადასულიყავი და დაგესვენა; იქ შეიძლებოდა თითქმის ყველა ჩვენიანს შეხვედროდი. თუმცა კი ჩვენი დიდი ხალხი იქ არ დადიოდა.

მახსოვს 26 მაისი. ძალაუფლების მქონეებმა გადაწყვიტეს ეს დღე აღენიშნათ. დანიშნულ იქნა მსახურება ქართულ-კათოლიკურ მონასტერში, რომლის შემდეგაც იქვე ბოკალი ღვინოც შემოგვთავაზეს. მეც იქ ვესწრებოდი. წინამძღვარმა მხურვალე სიტყვა წარმოსთქვა, შემდეგ კი სუფრასთან ასევე იქნა ნათქვამი სიტყვები, რომლებიც ვითარებას შეესაბამებოდა. შემდეგ ქართულ კლუბში სადილი იყო მოწყობილი. სადილის დროს ბევრს ვლაპარაკობდით, შემდეგ კი იქ მყოფნი შევჩერდით და სასტუმრო ოთახებში გადავედით. ერთ-ერთ ასეთ ოთახში მეგობრული საუბრები გაიმართა, თითოეულს უნდოდა თავისი აზრები გამოეთქვა, მაგრამ შემდეგ უეცრად ცხარე კამათიც იქნა გაჩაღებული. ეს კამათი ბ-ნ არსენიძის სიტყვების შედეგად წარმოიშვა. მან თქვა, რომ საქართველოს აღორძინების ინიციატორებს ისინი, სოციალ-დემოკრატები წარმოადგენენ; რომ მათ აიძულეს საზოგადოება ელაპარაკა ქართულად და ჰყვარებოდა ყველაფერი ქართული, და შემდეგ ამავე სულისკვეთებით. იქ მყოფი კოლია ნიჟარაძე მხურვალედ შეეპასუხა, რომ არაფერი მსგავსი არ ყოფილა, რომ, პირიქით, ისინი, სოციალ-დემოკრატები, უკვე 25 წელია რაც თავიანთი ინტერნაციონალური სწავლებით ჰკლავენ პატრიოტიზმს, რომ სამშობლოსადმი სიყვარულის დამნერგავები ყოველთვის იყვნენ თავად-აზნაურები და ა. შ. კამათში ყველა იქ მყოფმა მიიღო მონაწილეობა და გაიყვნენ ორ ნაწილად, სოციალ-დემოკრატებად და სამხედროებად. მე თავიდან არ ვერეოდი, ხოლო შემდეგ კი, დავიჭირე რა მომენტი, ვთქვი, რომ შეიძლება მხოლოდ გვიხაროდეს ის, რომ მოკამათეების ორი ჯგუფი ისწრაფვის დაუმტკიცოს ერთი-მეორეს, თუ ვინ არის უფრო მეტი ქართველი და ვის უყვარს უფრო მეტად საქართველო. ჩემს სიტყვებზე ჩაწყნარებული კამათი შემდეგ ისევ იქნა გაჩაღებული და მაშინ უკვე მეც სერიოზულად ჩავერიე. მთავარი მოკამათე სოციალ-დემოკრატების მხრიდან გახლდათ არსენიძე. მივუთითე რა იმაზე, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია არც სახელმწიფო სათათბიროში, არც რევოლუციის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ არასოდეს ლაპარაკობდა და საქართველოზე მხოლოდ ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დაიწყო ლაპარაკი; მანამდე კი სრულიად რუსეთის ერთიან რევოლუციურ ფრონტზე ლაპარაკობდა; მე შეკითხვა დავუსვი არსენიძეს და ვთქვი შემდეგი: „ჩვენ, სამხედროებმა, რუსი მეფისადმი მიცემულ ფიცს ვუღალატეთ და უკან ქვეშევრდომობაში არ წავალთ. ახლა ჩვენ რუსი ბოლშევიკების მიერ ვართ გამოდევნილნი; თქვენ საკუთარ თავს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებად აცხადებთ; ასეთივენი არიან ჩვენი თავადაზნაურობაცა და ოფიცრებიც. ჩვენ ყველანი ამ იდეის ზეიმისათვის ხელი-ხელ ჩაკიდებულნი წამოგყვებით; ჩვენ გამოვნახავთ თქვენთან საერთო ენას, როგორც ვნახულობდით სამი წლის განმავლობაში, მაგრამ გვიპასუხეთ, მოგვეცით სიტყვა, რომ არ უღალატებთ ამ იდეას და არასოდეს დაიწყებთ რუსეთის ერთიანი ფრონტის შესახებ ლაპარაკს“.

არსენიძემ ამ კითხვაზე პირდაპირ არ მიპასუხა. მან თქვა, რომ, შეიძლება, ვითარების გარემოებათა მიხედვით მათ მოუხდეთ ლაპარაკი რუსეთის ერთიანი ფრონტის შესახებ, მაგრამ რომ საბოლოო ჯამში ისინი საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ იქნებიან მისწრაფებულნი. პასუხს ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა დავეკმაყოფილებინეთ. ასეთი პოლიტიკა არ შეიძლებოდა გუწრფელობაში აღზრდილ ოფირეთა შესაბამისი ყოფილიყო. მაგრამ პასუხი დამახასიათებელია. ეს პასუხი დამახასიათებელია და გვიჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა სოც-დემოკრატიული პარტიის მიზანი არ გახლავთ და შეცდომა არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ პარტიისათვის საქართველოს დამოუკიდებლობა არის მხოლოდ საშუალება თავისი ძირითადი იდეის, სოციალიზმის მისაღწევად.

არ შემიძლია არ გავიხსენო იქვე მომხდარი ჩემი საუბარი ბ-ნ რუსიასთან, სოც-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ წევრთან. ლაპარაკში მან მითხრა, რომ იგი ვარაუდობდა, რომ ჩვენთან სამხედრო უწყებაში ყველაფერი კარგადაა, რომ ჩვენ სრულებით მზადა ვართ ომისათვის. მე შევეპასუხე, რომ სინამდვილეში ეს ასე სულაც არ არის. „თქვენ იცოდით ეს?“ – მკითხა მან – „და რატომ ჩვენ არაფერი გვითხარით?“. მე მას ვუპასუხე, რომ არაერთხელ ველაპარაკებოდი ამის შესახებ მთავრობას. „თქვენ ამის შესახებ ჩვენთვის უნდა გეთქვათ“ – შემაწყვეტინა მან. მე შევეპასუხე, რომ მთავრობის წევრები მათი გარემოდან არიან არჩეულნი და უეჭველად მხოლოდ მათთვის შემეძლო მეთქვა; რომ მე დამფუძნებელი კრების წევრი არ ვყოფილვარ, რათა ამის შესახებ ტრიბუნიდან მელაპარაკა, ხოლო დამფუძნებელი კრების თითოეულ წევრს რომ გამოვკიდებოდი და მისთვის ამის შესახებ გამეცხადებინა, ეს ინტრიგანობის მსგავსი რამ გამოვიდოდა, რის გამოც მე პირდაპირი გზა ავირჩიე, ე. ი. დამფუძნებელი კრების წევრთაგან არჩეულ მთავრობის წევრებს ველაპარაკებოდი, და განსაკუთრებით კი მთავრობის თავმჯდომარეს. „ხოლო თუ  თ ქ ვ ე ნ,  როგორც დამფუძნებელი კრების წევრი“ – დავუმატე – „დაინტერესებული იყავით ამით, მაშინ რატომ არ მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ გენ. კვინიტაძე, რომელიც არაერთხელ მდგარა შეიარაღებული ძალების სათავეში ომის დროს, მშვიდობის დადგომის შემდეგ არაერთხელ წავიდა თადარიგში; რატომ არ დაუსვით  თ ქ ვ ე ნ  ამაზე დამფუძნებელ კრებაში შეკითხვა მთავრობას და მაშინ შეიძლებოდა ჭეშმარიტებაც გარკვეულიყო“. თუმცა კი ყველაფერს აქვს დასასრული და ამ საღამოს მხურვალე კამათები თანდათან მინელდა, და ჩვენც დავიშალეთ, ისე რომ ერთმანეთი ვერ დავარწმუნეთ.

კონსტანტინოპოლიდან ჩემი გამომგზავრების დღემდე ქართული კლუბი განაგრძობდა არსებობას, მაგრამ ის თანდათანობით ინავლებოდა (но он постепенно прогорал) და მისი დღევანდელი ბედი ჩემთვის უცნობია.

გავიხსენე რა პოლკ. სტოქსი, უნდა აღვნიშნო მასთან ჩემი ერთი საუბარიც. კონსტანტინოპოლში ჩემი ყოფნის სულ დასაწყისში, როგორც კი ჩვენ იქ ბათუმიდან ჩავედით, გადმომცეს, რომ პოლკ. სტოქსს უნდა ლაპარაკი ჩემთან და გენ. ზაქარიაძესთან. მე მზადყოფნით ვუპასუხე და მან დაგვინიშნა დრო, როცა ჩვენ მასთან უნდა მივსულიყავით. ჩვენ მივედით. საქმე ლტოლვილებს ეხებოდა. მან გვითხრა, რომ მისთვის ცნობილია რომ ინგლისს საქართველოს საკმარისად მნიშვნელოვანი ფულადი ვალი აქვს; როგორც მახსენდება, მან 260 000 გირვანქა სტერლინგი დაასახელა. იგი ამბობდა, რომ მას, როგორც ვარაუდობს, ნიშნავენ სპარსეთში იმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ორგანიზატორად და რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს სარგებელი მისცეს ლტოლვილებს. ამ მიზნით იგი, როცა ინგლისში დაბრუნდება, წამოჭრის საკითხს ამ ვალიდან მის განკარგულებაში გარკვეული თანხის გადმოცემის შესახებ, რომლის დახმარებითაც შესაძლებლობა ექნება ლტოლვილები სპარსეთში მოაწყოს, რომელთა ნაწილის სამხედრო სამსახურში მიღებაც შეეძლებოდა. მე მრჩებოდა მისთვის მხოლოდ მადლობა გადამეხადა. დავბრუნდი რა მისგან, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე ამის შესახებ ნ. ბ. რამიშვილისათვის მეთქვა. ჩვენს საუბარს გენ. ზაქარიაძეც ესწრებოდა, და, რა თქმა უნდა, იგი სულ ერთია ამ საუბრის შესახებ ნოე რამიშვილს გადასცემდა. ეს ჯერ კიდევ იმ დროს იყო, როცა ვფიქრობდი, რომ მთავრობა ლტოლვილთა ბედზე ზრუნვით აპირებს დაკავებას, და არა იმით, თუ ისინი თავიდან როგორ მოიშოროს. ნ. ბ. რამიშვილმა მითხრა, რომ იგი მომდევნო დღეს ექსპრესით პარიზში მიემგზავრება და ამის შესახებ მთავრობის მთელ შემადგენლობას იქ მოახსენებს. შეიტყო რა ჩემგან, რომ სტოქსიც პარიზში იმავე ექსპრესით მიემგზავრება, მან მითხრა, რომ გზაში მას ამის თაობაზე დაელაპარაკება. ნ. ბ. რამიშვილთან ამ საუბრიდან ერთ დამახასიათებელ ნიშანს აღვნიშნავ. ჩემს შეკითხვაზე „აქვს თუ არა ინგლისს ჩვენი ვალი“, მან არცოდნით მიპასუხა. ძალზედ უცნაური იყო, რომ მთავრობის წევრმა ეს არ იცოდა.

ეს 1921 წლის აპრილის დასაწყისში იყო, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში კი პოლკ. სტოქსი კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. მე წამოვჭერი მასთან საუბარი ლტოლვილებისათვის დახმარების თაობაზე. მან მიპასუხა, რომ ინგლისის მთავრობამ უარი უთხრა, მაგრამ ამის მიზეზი მას ჩემთვის არ აუხსნია. საერთოდ, ამ ჯერად მან ლტოლვილთა ბედისადმი გულგრილობა გამოიჩინა, რაც მე მასში ჩვენი პირველი შეხვედრის დროს აპრილში არ შემინიშნავს. შეიძლია გამოვთქვა ვარაუდი, რომ თუ მთავრობას ლტოლვილებზე ზრუნვის სურვილი ექნებოდა, მას შეეძლო იმისთვის მიეღწია, რომ ინგლისის მთავრობისგან ლტოლვილებისთვის ფული მიეღო. თუ დღეს დიდი დერჟავები, კერძოდ ინგლისი, გამოთქვამენ სურვილს დაეხმარონ რუსებს მათ მიერ არაღიარებული ბოლშევიკური მთავრობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს თვითონ აქვს ვალი, მაშინ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართველი ლტოლვილების დახმარებაზე ინგლისი უარს იტყოდა, განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მას აქვს საქართველოს ვალი, და არა საქართველოს მისი. მაგრამ ეს არ მომხდარა; სადღაც არის ძაღლის თავი ჩამარხული.


თ ა ვ ი XXXII 


დამფუძნებელი კრების კომისიის ანკეტა 

სექტემბრის თვეში უფროსმა ოფიცრებმა, კონსტანტინოპოლში, დამფუძნებელი კრების კომისიისგან მივიღეთ შეკითხვის ფურცლები თანდართული ქაღალდით ქართულ ენაზე. აი თარგმანი.

„გიგზავნით რა შეკითხვების ფურცელს, კონსტანტინოპოლში მყოფ დამფუძნებელი კრების წევრთა მიერ არჩეული კომისია, უმორჩილესად გთხოვთ გამოთქვათ  თ ქ ვ ე ნ ი  აზრი დასახელებულ საკითხებთან მიმართებაში. ამასთან ერთად კომისია აუცილებლად მიიჩნევს გაცნობოთ, რომ ეს კითხვები ანკეტა არ არის, რომელიც ითხოვს „ჰოს“ ან „არას“; ამ ფურცლის დანიშნულებაა შეგახსენოთ ის საკითხები, რომლებიც დამფუძნებელი კრების წევრებს უმთავრესად აინტერესებთ და რომლებზედაც დასაბუთებულ პასუხს ველოდებით. სასურველია პასუხი დაწერილ იქნას მოხსენების ფორმით ქართულ ან რუსულ ენაზე, მიუყვებით რა შეძლებისდაგვარად იმ წესსა და რიგს, რომელიც გამოკითხვის ფურცელშია აღნიშნული. თუ ზოგიერთ კითვაზე რაიმენაირი მიზეზების გამო პასუხი შეუძლებელია, სასურველია, რომ ეს მოხსენებაში იქნას აღნიშნული. კომისიის სურვილია, რათა მოხსენება ამა წლის 1-ლი სექტემბრისთვის მ. არსენიძის სადგომში იქნას წარმოდგენილი. ხელმოწერილია: კომისიის წევრები: მ. არსენიძე, ნ. ელიავა, ი. ჭავჭანიძე. დედანთან სწორია. გაბუნია.

გ ა მ ო კ ი თ ხ ვ ი ს    ფ უ რ ც ე ლ ი

1) რამდენად შეესაბამებოდა ჩვენი რეგულარული არმიის ორგანიზაცია თანამედროვე სამხედრო მოთხოვნებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და ტოპოგრაფიული პირობებით.

2) სახელდობრ, ორგანიზაცია: ა/ ქვეითი ჯარის, ბ/ კავალერიის, გ/ არტილერიის, დ/ ავიაციის, ე/ ჯავშნოსანი მატარებლებისა და ავტომობილების, ვ/ საინჟინრო ნაწილების, ზ/ დაზვერვის, თ/ კონტრდაზვერვისა და სხვა ნაწილების.

3) როგორი იყო ოფიცერთა შემადგენლობა ცოდნის, მომზადებისა და სხვა მხარეებთან მიმართებაში.

4) რას წარმოადგენს ქართველი, როგორც მეომარი, მისი დახასიათება: ღირსებები და ნაკლოვანებანი.

5) იურიდიული და ფაქტიური დამოკიდებულება ჯარისკაცებსა და უფროსებს შორის სამსახურში და სამსახურის გარეთ. დისციპლინა არმიაში.

6) უმაღლესი მმართველობის ორგანიზაცია, მთავარისა და ადგილობრივის. შტაბები, სამინისტრო: მათი ღირსებები და ნაკლოვანებანი.

7) რამდენად აკმაყოფილებდა არმიას შეიარაღება, ადგილობრივ პირობებში როგორი გვარეობის ბრძოლაში აღმოჩნდა იარაღი უფრო მეტად გამოყენებადი.

8) სამეურნეო განყოფილება: ქვეითი ჯარის, კავალერიის ამუნიცია, საკვები და სხვა, როგორ იყო ეს საქმე დაყენებული.

9) განათლების განყოფილება არმიაში.

10) რეზერვები, ჯარისკაცები და ოფიცრები, მობილიზაციის ორგანიზება.

11) ოფიცრებისა და უნტერ-ოფიცრების სკოლა.

12) ქართული არმიის განვითარების მოკლე მიმოხილვა.

13) ზემოჩამოთვლილი საკითხები გვარდიასთან მიმართებაში (1–10).

14) გვარდიის პოლიტიკური და საზოგადოებრივი როლი; მისი ეკონომიკური დაწესებულებანი (ее экономические установления).

15) არმიისა და გვარდიის ისტორია საშინაო და საგარეო მიზნების თვალსაზრისით.

16) სისტემის ორობითობის (двойственность) გავლენა სამხედრო ოპერაციებზე და საერთოდ სახელმწიფოს თავდაცვაზე.

17) უკანასკნელი (თებერვლის) ომისათვის მომზადება: არმიის მობილიზაცია, დისლოკაცია, დეზერტირობა ომის დაწყებამდე, დამოკიდებულება (როგორი) ამ საქმეში ოფიცრებისა და უმაღლესი სამხედრო სარდლობის.

18) არმიის შეიარაღება და საკვები ამ ომში.

19) ომის პირველი პერიოდი; მოწინააღმდეგის შემოტევა ბორჩალოში. ჩვენი დამარცხებების მიზეზები ბორჩალოში და წითელ ხიდთან.

20) ბრძოლები თბილისის გარშემო; მხარეთა ჯარების მდებარეობა (ან მდგომარეობა /положение войск сторон/); უკანდახევის მიზეზები და მნიშვნელობა.

21) როგორი ყურადღება იყო დათმობილი ჯავისა და აფხაზეთის ფრონტებისათვის; მათი მნიშვნელობა; ჩვენი უკანდახევის მიზეზები.

22) უკანდახევა თბილისიდან. ბრძოლები გომთან, სურამთან. ჩვენი დამარცხების მიზეზები.

23) სარდლობა და არმია უკანდახევის დროს.

24) როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი არმიის ორგანიზაცია ჩვენი პატარა ქვეყნის მტრისგან თავდაცვისა და დემოკრატიული წყობილების შინაგანი დაცვისათვის, თუ მხედველობაში მივიღებთ თანამედროვე სამხედრო ტექნიკის პირობებს; რეგულარული სისტემა, მილიცია თუ რაიმე სხვა, მაგალითად, შერეული.

25) არის თუ არა აუცილებლობა, რომ არმიის ორგანიზაციისთვის ვიწვევდეთ უცხოელ ინსტრუქტორებს.

26) როგორაა საჭირო საჯარისო ნაწილების ორგანიზაცია (იხ. კითხვები 1–8).

27) სახელდობრ: რამდენი ჯარისკაცი უნდა გვყავდეს თოფქვეშ.

28) რამდენი ჯარის გამოყვანა შეუძლია ომის დროს ჩვენს ქვეყანას.

29) როგორი იარაღი და რამდენი უნდა გვქონდეს ხელშეუხებელ მარაგში.

30) ჩვენი ცნობების მიხედვით მობილიზაციით გაწვეულები დაგვჭირდებიან დაუყოვნებლად ბრძოლისთვის, შეიძლება თუ არა, მათი თავდაპირველი მომზადება საბრძოლო წეს-რიგისთვის (для боевого порядка), ე. ი. მათი წვრთნები ომისთვის მობილიზაციის გარეშე, მაგალითად, ინსტრუქტაჟი სოფლებში, ყოველწლიური მობილიზაციები საწვრთნელად და სხვა.

31) რამდენ ხანში და როგორი თანამიმდევრობით შეიძლება  თ ქ ვ ე ნ ს  მიერ აღნიშნული სისტემის რეალიზაცია.

როგორი იყო ამ გამოკითვითი ფურცლების მიზანი. თუ უნდოდათ ჩვენი სამხედრო წარუმატებლობების (უიღბლობების) მიზეზები გაერკვიათ, მაშინ ამ ხერხით მათი დადგენა შეუძლებელი გახლდათ, ვინაიდან პასუხებს მათზე ინდივიდუალური და არა მომცველი ხასიათი ექნებოდა. კითხვების განხილვიდან ირკვევა, რომ კომისია შედგენილია იმ პირთაგან, რომლებმაც არ იციან სამხედრო საქმე და არც ესმით, რაც შეუსაბამო საკითხების დასმიდანაც ნათლად მოჩანს. მიუხედავად ამისა ინდივიდუალური პასუხების შეჯერებას (сводка ответов) პროფანების ეს კომისია საკუთარ თავზე იღებს, ე. ი. მეორდება სწორედ იგივე, რაც იყო საქართველოში, უნდობლობა ოფიცერთა შემადგენლობისადმი და ჩარევა არა თავიანთი კომპეტენციის საქმეებში. შემდეგ ისევ ეძიებენ, როგორც საქართველოში, შეიარაღებული ძალების ახალ სისტემას, მხოლოდ არა რეგულარულ არმიას. შემდეგ, არ იყო დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი საფუძველია მომხდარის გასარკვევად; ამასთან ერთად იმ პირებსაც კი ესმებოდათ შეკითხვები, რომლებიც ომში არ მონაწილეობდნენ, აგრეთვე ისეთ პირებს, რომლებსაც თავიანთი სამსახურეობრივი მდგომარეობის მიხედვით შეეძლოთ მხოლოდ ის სცოდნოდათ, რაც მარტო იმ მცირე ერთეულს შეეხებოდა, რომლის შემადგენლობაშიც ისინი მსახურობდნენ. დაბოლოს, ვინ მოახდენდა ყველა პასუხის შეჯერებას, თუ შეიძლებოდა დაგვეშვა, რომ ასეთები დოკუმენტების სიზუსტით იქნებოდა გაცემული. ნათელია, რომ ძალაუფლების მქონენი სამხედრო წარუმატებლობათა მიზეზების გარკვევით სულაც არ ხელმძღვანელობდნენ. ხოლო თუ ჩვენი ჯარების მომავალი ორგანიზაციის დადგენის მიზნით ხელმძღვანელობდნენ, მაშინ აუცილებელი იყო ამისათვის კომპეტენტურ ადამიანთა კომისია დაეარსებინათ. ნამდვილი მიზანი, ამრიგად, ძალაუფლების მქონეთა კონსპირაციულ უღრანებში რჩება დამალული. შეკითხვის მიმღები სამხედროები შევიკრიბეთ იმის განსახილველად, თუ როგორ მოვქცეულიყავით, ე. ი. გვეპასუხა თუ არ გვეპასუხა.

ზემოთ მითითებული გამოკითხვის ფურცლები მივიღეთ შემდეგმა სამხედროებმა: გენ. ოდიშელიძემ, გენ. მდივანმა, გენ. ზაქარიაძემ, გენ. ყაზბეგმა, გენ. ქუთათელაძემ, გენ. ჩხეიძემ, გენ. ბაქრაძემ და მე. ისინი მიიღეს ასევე ვ. ჯუღელმა და, მგონი, აუშტროვმაც. განხილვისას გადაწყდა გვეპასუხა. პირველ განხილვაზე გენ. ოდიშელიძე და გენ. მდივანი არ მონაწილეობდნენ. მე ამ განხილვაზე მოვიწვიე სხვა სამხედროებიც, და სახელდობრ გენ. კონიაშვილი, პოლკ. ვაჩნაძე და კანდელაკი, აგრეთვე სახალხო გვარდიის შტაბის ყოფილი წვრი დათა მაჭავარიანი. აუცილებლად ვთვლიდი, რომ უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც დასმულ შეკითხვებს განიხილავდა, და იმათზე, რომლებზედაც შეიძლებოდა პასუხის გაცემა, ძალაუფლების მქონეთ ერთ საერთო (ზოგად) წერილობით პასუხს მისცემდა. უმრავლესობა ამას შემოუერთდა, მაგრამ გენ. ქუთათელაძე და გენ ზაქარიაძე იმ თვალსაზრისს იცავდნენ, რომ თითოეულმა ცალკე უნდა უპასუხოს, თუმცა კი შეიძლება მანამდე დასმულ კითხვებზე პასუხები ერთობლივად განვიხილოთო. ჩვენი მსჯელობის შედეგად გადაწყვეტილ იქნა, რომ მე ბ-ნ არსენიძესთან მივალ იმის სათქმელად, ხომ არ იქნებოდა უკეთესი შეიქმნას კომისია, რომელიც, ყოველმხრივ იმსჯელებდა რა დასმულ კითხვებზე, შეძლებდა ამომწურავი და ერთიანი პასუხი გაეცა. მე ვიყავი ბ-ნ არსენიძესთან. მან უარყო ეს ჩვენი წინადადება. იგი მიუთითებდა, რომ მათ კომისიას სურს თითოეულისაგან ცალკე პასუხი მიიღოს; რომ შეკრებილ პასუხებს თავად კომისია დაამუშავებსო. ასეთი პასუხი ჩემთვის უცნაურზე უფრო მეტი გახლდათ. მე შევუნიშნე, რომ ასეთი მასალის დამუშავება და ამასთან სპეციალურისა, ძნელად თუ იქნება მოხდენილი არაკომპეტენტურ ადამიანთა მიერ და მოვუყვანე მაგალითიც. „დაუშვით“ – ვუთხარი მას – „რომ ავადმყოფთან მოიწვიეს სამი ექიმი; ერთმა მათგანმა დასვა დიაგნოზი, რომ ავადმყოფს აქვს ტიფი, მეორემ, რომ არის ჭლექი, მესამემ კი – მალარია; და თქვენ შემოგთავაზებენ, მოისმენთ რა თითოულის დიაგნოზს, წამალი გამოუწეროთ“. მაგრამ ჩემი მოსაზრებები (საბუთები) ბ-ნ არსენიძისათვის ამაო აღმოჩნდა; იგი შემომეკამათა, რომ მას „რაღაც-რაღაცეები“ ესმის სამხედრო საქმეში, რომ ისინი წაიკითხავენ „რაღაც-რაღაცეებს“ და მას სავსებით შესაძლებლად მიაჩნია იყოს ამ საქმეში კომპეტენტური. და მაინც იგი დამპირდა ამის შესახებ თავისი კომისიისათვის მოეხსენებია, თუმცა კი დაუმატა, რომ ეს ზედმეტი იქნება და წინასწარ იცის, რომ პასუხი ჩვენს განცხადებაზე უარყოფითი გაიცემაო. მე მისგან წამოვედი და პასუხი შევატყობინე. იმ სხდომაზე, სადაც პასუხი შევატყობინე, გენ. ოდიშელიძეც ასევე მონაწილეობდა; გენ. მდივანი, ჩემი შეტყობინების მიუხედავად, არ მოსულა. ამ სხდომაზე გადაწყდა მხოლოდ ერთობლივად გვეპასუხა. გადაწყვეტილება ამჯერად ერთხმა გახლდათ. ამას ძალიან დაეხმარა გენ. ოდიშელიძე, რომელმაც კატეგორიულად გამოთქვა, რომ იგი არანაირ პასუხს არ გასცემს. მან თავის სიტყვებში ძალაუფლების მქონეთა მიმართ ისეთი შეურიგებელი და მკვეთრი პოზიცია დაიკავა, რომ მე ძლიერად ვიყავი გაკვირვებული. ჩვენი ეს გადაწყვეტილება მთავრობის მიერ რწმუნებულს კ. გ. გვარჯალაძეს გადავეცით, ხოლო მე კი ამ დროს ჩამოსულ ნ. ბ. რამიშვილს თხოვნით მივმართე ამ საკითხში დაგვხმარებოდა. უკანასკნელი დამეთანხმა ამის თაობაზე ვისთანაც საჭიროა ეთქვა, თუმცა კი შემინიშნა, რომ ამ სამუშაოს, მისი აზრით, რეალობა არ გააჩნია, რადგანაც მთავრობის მიერ უცხოელ ინსტრუქტორთა მოწვევის შესახებ საკითხი უკვე გადაწყვეტილია, და ისინი მოაწყობენ კიდეც ჩვენს მომავალ შეიარაღებულ ძალასო. მე საწინააღმდეგო არაფერი მითქვამს. ნ. ბ. რამიშვილის გასაოცარ დასკვნებს დიდი ხანია მივეჩვიე.

როგორ გენიალურებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ინსტრუქტორები, ისინი თავიანთი გადაწყვეტილების დროს ადგილობრივ საშუალებებს, ადგილობრივ პირობებს, ადგილობრივი სამხედრო ძალების ცოდნასა და გამოცდილებას უნდა დამყარებოდნენ. ჩვენ ქართველებს მნიშვნელოვანი რიცხვით გვყვანან მცოდნე სამხედრო ადამიანები და სამხედრო მოწყობის საფუძვლებში ძნელად თუ შეიძლება დავშორდეთ შეხედულებებით ინსტრუქტორებს. ხოლო ამ საფუძვლების გამოყენებისა და შეგუების (მისადაგების) საქმეში, უცხოელ ინსტრუქტორებს მოუხდებოდათ ადგილობრივი სამხედროებისთვის ანგარიში გაეწიათ. თუმცა კი, არ შეიძლება უარვყოთ ინსტრუქტორების სარგებლიანობაც. მათი მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა სხვა მიზეზებით, რის შედეგადაც ისინი მეტად სასურველები გახლავან. ჯერ ერთი, ადგილობრივ ძალებსა და მოსულ ინსტრუქტორებს შორის არ იქნებოდა შეხედულებათა ის განსხვავება შეიარაღებული ძალების მოწყობისა და მისი გამგებლობის საქმეში, როგორიც სამხედროებსა და ძალაუფლების მქონეთა შორის; ინსტრუქტორებს შეუდარებლად უფრო იოლად შეიძლება შეუთანხმდე, რადგანაც ორი მხარე ერთსა და იმავე სამხედრო ენაზე ლაპარაკობს. მეორე, ძალაუფლების მქონენი ანგარიშს გაუწევენ ინსტრუქტორებს და უკანასკნელები ნებას არ მისცემენ მათ ისე ითამაშონ სამხედრო საქმის საფუძვლებით, როგორც ამას ისინი ყოველთვის აკეთებდნენ; ესე იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია ჯეროვანი სახით იქნება გადაწყვეტილი. მესამე, ინსტრუქტორები ზღვარს დაუდებენ დოქტრინის ერთიანობის იმ არარსებობას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზების ძალით ჩვენი შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამეთაურო შემადგენლობას შორის მკვიდრდებოდა. დაბოლოს, არც ერთი ინსტრუქტორი არც ერთი ქვეყნისა არ დაეთანხმება სამხედრო ძალის დაარსებას ჩვენი სახალხო გვარდიის საფუძვლებზე; ეჭვი არ არის, გვარდიის მოსპობის შესახებ საკითხი ძალაუფლების მქონეთათვისაც გაიოლდება. ინსტრუქტორების გარეშე ძნელად თუ შეიძლებოდა ამ კორპორაციის გაუქმება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ისევ ჩაისახება და ისევ დაიწყებს დამკვიდრებას; მხოლოდ ინსტრუქტორების ყოფნას შეუძლია ამას ზღვარი ძალაუფლებრივად დაუდოს. მე არ დამიწყია ლაპარაკი ამის შესახებ ნ. ბ. რამიშვილთან, თუმცა კი მომეჩვენა, რომ მან ეს იმ მიზნით თქვა, რათა ამ საკითხზე ჩემი აზრის გამოსათქმელად წავეხალისებინე. ელაპარაკა ვინმეს ნ. ბ. რამიშვილი ჩემს მიერ დასმულ საკითხზე თუ არა, არ ვიცი; საქმემ კი შემდეგი დინება მიიღო. კ. ვ. გვარჯალაძემ გვიპასუხა, რომ იგი ეთანხმება ჩვენს შეხედულებას და რომ ჩვენთან ერთობლივად შეკრებს დამფუძნებელი კრების წევრებს საერთო განხილვისათვის. კრება მართლაც შედგა. ის არაფრით დასრულდა; თითოეული მხარე თავის აზრზე დარჩა. მაგრამ, მე ამ კრების იმ ზოგიერთ დაწვრილებით ამბავს აღვწერ, რომლებიც ღირსია რომ აღინიშნოს. ამ ანკეტის ინიციატორები, განსაკუთრებით არსენიძე, აგრეთვე ვ. ჯუღელიც, თავიანთ თვალსაზრისს იცავდნენ; უკანასკნელმა მაგალითისათვის ლუდენდორფის მემუარებიც მოიყვანა. ეს მაგალითი, რა თქმა უნდა, არც სოფლისა იყო, არც ქალაქისა და ჩვენი კამათის საგანს არც ერთი მხრით არ შეესაბამებოდა. ამ ბატონის მიერ გამოთქმული აზრები არ იყო გასაკვირი; მე იმან გამაოცა, რისი ლაპარაკიც უეცრად გენ. ოდიშელიძემ დაიწყო. იგი ბვრს ლაპარაკობდა, ხშირად ერთმანეთთან დაუკავშირებლადაც. ჩვენ ჩვენს წინა სხდომაზე გადავწყვიტეთ არასამხედროთა დასწრების გარეშე გვემუშავა და ძალაუფლების მქონეთათვის ჩვენი საბოლოო ნაშრომი შეგვეთავაზებინა. აქ მან უეცრად განაცხადა, რომ აუცილებლად მიიჩნევს ვაწარმოოთ მუშაობა ძალაუფლების მქონეებთან ერთობლივად, რადგანაც ერთის მხრივ, ეს უკანასკნელნი გააშუქებენ საკითხებს ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ კი, მონაწილეობენ რა ამ ერთობლივ მუშაობაში, ძალაუფლების მქონენი ამ სამუშაოსათვის პასუხისმგებელნიც იქნებიან; ეხებოდა რა ამ მეორე პუნქტს იგი ამბობდა, რომ არ აპირებს მარტომ ატაროს პასუხისმგებლობა, რომ იყო შემთხვევა, როცა დამფუძნებელ კრებაზე მის ისეთ აზრებზე მიუთითებდნენ სამხედრო საკითხებში, როგორებიც მას არასოდეს გამოუთქვამს. თავის სიტყვაში მან ისევ უეცრად განაცხადა, რომ გენ. კვინიტაძეს არასოდეს არაფერში არ დაეთანხმება. რისთვის განაცხადა მან უკანასკნელი, ალაჰმა უწყის. ძალაუფლების მქონეთა წარსული მუშაობის შესახებ იგი ძალზედ მკვეთრ ფორმაში გამოთქვამდა; ეს სულაც ვერ მოდიოდა ჰარმონიაში იმასთან, თუ როგორ ეჭირა უწინ თავი ჩვეულებრივ მათთან მიმართებით და სრულებით ვერ მახსენებდა იმ გენ. ოდიშელიძეს, რომელიც უწინდელ დროში ყოველთვის ეძებდა შესაძლებლობას რომ ძალაუფლების მქონეთა აზრს დათანხმებოდა.

როგორც ზემოთ მივუთითებდი, ამ თათბირმა ვერანაირ შედეგამდე ვერ მიგვიყვანა. თუმცა კი, თათბირის შემდეგ კ. გ. გვარჯალაძემ გვითხრა, რომ ჩვენ დაგვეწყო მუშაობა და რომ იგი ამის შესახებ პარიზში მთავრობას მისწერს. ჩვენ გადავწყვიტეთ შემდეგი დღიდან საქმეს შევდგომოდით. გადაწყდა ყოველდღე დილის 9 საათისათვის ქართულ-კათოლიკური მონასტრის სადგომში შევკრებილიყავით. ამ სხდომებზე მონაწილეობა უნდა მიეღოთ შემდეგ პირებს: გენ. ოდიშელიძეს, გენ. მდივანს, გენ. ქუთათელაძეს, გენ. ყაზბეგს, გენ. ზაქარიაძეს, გენ. კონიაშვილს, გენ. ჩხეიძეს, გენ. ბაქრაძეს, გენ. გიორგი ერისთავსა და მე. გადაწყვეტილ იქნა ასევე, რომ ზოგიერთ საკითხზე მოვიწვევდით სხვა სამხედროებსაც, რომლებიც კონსტანტინოპოლში იმყოფებოდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ გენ. მდივანი ერთხელაც არ მოსულა ამ სხდომებზე. დანარჩენები თითქმის ყველანი კი მათ მონდომებით ესწრებოდნენ. პირველივე სხდომაზე თავმჯდომარეობა გენ. ოდიშელიძეს შევთავაზე, რომელმაც მიიღო კიდეც ეს მოვალეობა. დადგენილ იქნა მთელი მუშაობის პროგრამა. საკითხები ყველას შორის იქნა დანაწილებული და თითოეულს თავისი ნამუშევარი საერთო განხილვისათვის უნდა წარმოედგინა და შემდეგ ისინი მოწონების მერე გენ. ზაქარიაძეს საერთო ანგარიშის შედგენისთვის გადაეცემოდა, მას ასევე სხდომების მოკლე ოქმებიც უნდა ეწარმოებინა.

პირველივე სხდომებიდან გამოირკვა, რომ მართლაც გენ. ოდიშელიძე არაფერში არ შეიძლება დაეთანხმოს გენ. კვინიტაძეს. ამ ნიადაგზე მოხდა რამდენიმე ინციდენტიც. გენ. ოდიშელიძეს უნდა დაეწერა განყოფილება „სამხედრო-პოლიტიკური მიმოხილვა“. მისი დებულებების წინააღმდეგ შეიძლებოდა გვეკამათა, შეიძლებოდა არც გვეკამათა. იგი ამტკიცებდა, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით იქცევა განხეთქილების ვაშლად რუსეთსა და ინგლისს შორის. განიხილა რა ჩვენი შესაძლო მტერ-მეზობლები, იგი საბოლოო ჯამში გამოთქვამდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად, დასავლეთევროპული დერჟავების დახმარების გარეშე, რუსეთის ან თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლია, და მით უმეტეს ერთად ორივეს წინააღმდეგ. ქვეყნის თავდაცვის, გარეშე მტრისგან მისი დაცვის საფუძვლად იგი დებდა ორ დებულებას: 1) არმიას და 2) საგარეო პოლიტიკას. შემდეგ, აფასებდა რა ჩვენს საზღვრებს, იგი მიუთითებდა ჯარების რაოდენობას, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ საზღვარზე, ამა თუ იმ მიმართულებაზე, რომელ მსჯელობათა შედეგადაც იგი ჩვენი ჯარების რიცხვს 120 000 ადამიანით ანგარიშობდა. მას შემდეგ, რაც მან წაგვიკითხა თავისი განყოფილება, შევუდექით განხილვას. არ გამოვსულვარ რა კამათით მთლიანობაში მოხსენების წინააღმდეგ, მე ჩემი აზრი მხოლოდ შემდეგ საკითხებზე გამოვთქვი.

მივუთითე, რომ გარეშე მტრისგან ქვეყნის თავდაცვისათვის, საგარეო პოლიტიკისა და არმიის გარდა, აუცილებელია დავამყაროთ ხალხში სამშობლოსადმი სიყვარულის, პატრიოტზმის გრძნობა, რომელსაც არმიის ზნეობრივი სახისათვის კოლოსალური მნიშვნელობა გააჩნია და რომ ამას არსებულ ვითარებაში სასურველია განსაკუთრებით ხაზი გაესვას.

ჩვენს მოხსენებაში გადავწყვიტეთ მკაცრად მივყოლოდით მხოლოდ იმ პრინციპებს, რომლებსაც უშუალო დამოკიდებულება აქვთ არმიის შექმნასთან, რის გამოც სახელმწიფოს ცხოვრების დანარჩენ მხარეებს მე აღარ შევეხებივარ. სიტყვამ მოიტანა და, მისი მოხსენება თითქმის სრულებით არ ეხებოდა ჩვენი შესაძლო ომის თეატრების სამხედრო-სტრატეგიულ ნარკვევს (მიმოხილვას). შემდეგ შევნიშნე, რომ ჯარების რიცხოვნების დაანგარიშებამ უნდა შეადგინოს ცალკე თავი ქვეყნის ძალებისა და საშუალებათა განყოფილებაში, სწორედ იმაში, რომელიც თავის თავზე აიღო გენ. ზაქარიაძემ; რომ შეიარაღებული ძალის რაოდენობის დაანგარიშება არ შეიძლება მხოლოდ ტოპოგრაფიაზე დამოკიდებულებით იქნას წარმოებული, არამედ საჭიროა მხედველობაში გვქონდეს უწინარეს ყოვლისა შესაძლო მოწინააღმდეგის ძალების რაოდენობა; ხოლო რაც შეეხება ძალების მაქსიმუმის გამოთვლას, რომლებიც ქვეყანამ შეიძლება ბრძოლის ველზე გამოიყვანოს, ეს უწინარეს ყოვლისა დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე, და არა ტოპოგრაფიაზე. ამ ჩემმა შენიშვნებმა მხურვალე შემოკამათებანი გამოიწვია მისი მხრიდან. გენ. ოდიშელიძე იმ ძალების დაანგარიშების მისეულ მეთოდს იცავდა, რომლებიც აუცილებელია საქართველოსთვის საზღვრების დასაცავად. გენ. ზაქარიაზეც მას შეუერთდა. ამოვწურე რა ყველა საბუთი და მოსაზრება, მე ვკითხე მათ, როგორც გენერალური შტაბის ოფიცრებს, მოეთითებინათ ჩემთვის თუნდაც ერთი სამხედრო-სტარეგიული მიმოხილვა, სადაც ქვეყნის ჯარების რაოდენობა მხოლოდ ტოპოგრაფიით განისაზღვრებოდა. გენ. ზაქარიაძემ გენ. მოლტკეს გეგმა დამისახელა 1870–1871 წწ. ომისა. მაგალითი, რა თქმა უნდა, შეუსაბამო იყო, ვინაიდან მოლტკე წყვეტდა თავის ამოცანას, ჰყავდა რა განსაზღვრული მოწინააღმდეგე, საფრანგეთი, რომლის ძალასაც ღებულობდა სწორედ იგი მხედველობაში, და არა ტოპოგრაფიას. არ შემიძლია გავიგო, როგორ შეიძლება განისაზღვროს ამა თუ იმ ადგილმდებარეობაზე მოქმედებებისთვის საჭირო ჯარების რიცხვი ისე, რომ არ გეცოდინება თუ როგორი ძალებითა და საშუალებებით მოვა (გამოცხადდება) მოწინააღმდეგე, და ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც კი ციფრი მეტად სამკითხავო (სავარაუდო) და ბევრ ისეთ მონაცემზე დამოკიდებული იქნება, როგორებიცაა: ხელმძღვანელობა, ზნეობრივი ელემენტი, ჯარების ხარისხი, მისი ტექნიკური საშუალებანი და სხვა. ასე რომ ეს აკადემიური კამათი ვერ იქნა გადაწყვეტილი. მაგრამ მოვახერხე, რომ ჯარების ეს დაანგარიშება გენ. ოდიშელიძის განყოფილებიდან ამოგვეღო და გენ. ზაქარიაძის განყოფილებაში გადაგვეცა, სადაც უკანასკნელი, განსაზღვრავდა რა თავისი განყოფილების შესაბამის თავში ქვეყნის ძალებსა და საშუალებებს, ჯარების რიცხოვნების შესახებ საკითხს, უეჭველად, სამხედრო-ტოპოგრაფიულ ნარკვევზე დამოკიდებულების გარეშე მიუდგებოდა. ჩვენი სხდომების დროს მსგავსი კამათები არაერთხელ გაჩაღებულა; ამ კამათებში ჩვეულებრივ გენ. ოდიშელიძე, გენ. ზაქარიაძე და ზოგჯერ გენ. ქუთათელაძეც ერთ მხარეს იჭერდნენ, მე და დანარჩენები კი მეორეს.

გენ. ოდიშელიძე ამ სხდომებზე, აგრეთვე კერძო საუბრებში არაერთხელ გამოთქვამდა, რომ საბოლოოდ გადაწყვიტა არასოდეს იმსახუროს ძალაუფლების მქონეებთან, არასოდეს იმუშაოს მათთან ერთად, არც მომავალში, არც აწმყოში; რომ მას ამიერიდან არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს მათთან. ერთხელ სხდომაზე გამოირკვა, რომ ხომერიკი სთხოვს გენ. ზაქარიაძესა და გენ. ოდიშელიძეს მასთან საკონსულოში მისვლას. მაშინ სხდმაზე განვაცხადე, რომ ჩვენ ყველამ დიდი ხანია გადავწყვიტეთ ცალკე არ ვიმუშაოთ ძალაუფლების მქონეებთან, რომ ამიტომ ყველა საკითხი, რომლებსაც რომელიმე ჩვენგანს ცალკე დაუსვამენ, საერთო სხდომაზე უნდა იქნას გამოტანილი და რომ მხოლოდ განხილვის შემდეგ შეიძლება გაეცეს პასუხი ძალაუფლების მქონეთ. ამის გამო მხურვალე კამათი გაიმართა. გენ. ოდიშელიძე მოქმედების თავისუფლებას იცავდა. ეს მის უწინდელ განცხადებებს ეწინააღმდეგებოდა. მე აღვნიშნე, რომ, თუ ხდება დადგენილი პრინციპის უარყოფა, მაშინ ჩემთვის კომისიაში მუშაობა შეუძლებელი ხდება, რადგანაც მისი (კომისიის) ერთიანობა ირღვევა; მხოლოდ კომისიაა მთლიანობაში კომპეტენტური პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებზე, და არა მისი ცალკეული წევრები. „რა ვქნათ, თუ შენ უარს ამბობ კომისიაში მონაწილეობაზე, უშენოდაც გავართმევთ თავს“, – შემინიშნა ოდიშელიძემ. მე ავდექი და წამოვედი. ამ კამათების დროს გენ. ოდიშელიძემ განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს თუ ვინ ვარ მე, ე. ი. ვარ თუ არა მთავარსარდალი, და რომ იგი ამის შესახებ გვარჯალაძეს შეეკითხება. მე ვუპასუხე, რომ კითხვა ზედმეტია, ვინაიდან უკვე დიდი ხანია არის ბრძანება, რომლითაც ვთავისუფლდები მთავარსარდლის თანამდებობიდან. აქ აღვნიშნავ ერთ დამახასიათებელ ნიშანს გენ. ოდიშელიძის სიტყვაში. იგი ამბობდა, რომ მე განმიხილავს როგორც სხვებს და რომ ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ „ძალზედ დიდ შენახვის თანხას (чрезмерно большое содержание)“ ვღებულობ. მე 6-სულიან ოჯახზე ვღებულობდი 1800 ფრ., ის კი მარტო ღებულობდა 300 ფრ.; არ მესმის თუ რაშია „ძალზედ დიდობა“, „ზომაგადასულობა“ (чрезмерность). ფულები გენ. ოდიშელიძეს არასოდეს აძლევდნენ მოსვენებას.

მეორე დღეს დილას ჩემთან გენ. ბაქრაძე მოვიდა და მითხრა, რომ კომისია მთხოვს სხდომაზე მისვლას. მე წავედი. როცა ჩემს ადგილზე დავჯექი, გენ. ოდიშელიძემ მომმართა შეკითხვით: „რა გინდა რომ ჩვენ გვითხრა“. მე ვუპასუხე, რომ აქ მომიწვიეს, რომ თვითონ არ მოსვულვარ და რომ, ალბათ, ჩემთვის რაიმეს თქმა უნდათ. მაშინ გენ. ოდიშელიძემ თქვა, რომ ისინი გამოიძახეს, ახლა არ მახსოვს, რაღაც უბრალო საკითხზე, რომელიც განხილვას არ საჭიროებს, რომ ამრიგად მე დაკმაყოფილებულ უნდა ვიქნე და ამიტომ მუშაობა უნდა გავაგრძელო; რომ გუშინ ტყუილ-უბრალოდ გავცხარდი და წავედი. მე ვუპასუხე, რომ გუშინ გაცხარების გამო არ წავსულვარ, არამედ იმიტომ რომ მან მითხრა, რომ კომისია ჩემს გარეშეც იოლად გაართმევს თავსო. მან მითხრა, რომ ეს არ ახსოვს, მაგრამ თუ ასეთი რამე თქვა, მაშინ ბოდიშს მიხდის. ამავე სხდომაზე გენ. ოდიშელიძის სურვილით კომისიის წევრებმა დამიწყეს ლაპარაკი, თუ როგორ მიყურებენ ჩემს თანამდებობასთან დაკავშირებით (ჩემი თანამდებობის აზრით). ყველა ამბობდა, რომ თუმცა კი მთავარსადლის უფლებები ჩამორთმეული მაქვს, მაინც ყველანი ჩემში ხედავენ მთავარსარდალს, რომელსაც თავისი ფუნქციები მხოლოდ ჯარების არარსებობის გამო ჩამოერთვა. შემდეგ სხდომები გრძელდებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ საკონსულოში ვიყავი და იქ შევიტყე, რომ გენ. ოდიშელიძე, კომისიიდან ჩემი წამოსვლის დღეს, ბ-ნ გვარჯალაძესთან გაემართა და უკანასკნელს განუცხადა, რომ კვინიტაძე წავიდა კომისიიდან, რადგანაც მისი მოთხოვნა, რათა ისინი ძალაუფლების მქონეებთან მის გარეშე არ მისულიყვნენ, არ შესრულდა. როგორია? 

სხდომები აზრების ჩვეულებრივი გაცვლა-გამოცვლით გრძელდებოდა, რომლებიც ხშირად კამათშიც გადადიოდა. დამსწრენი ჩვეულებრივ ორ ბანაკად იყოფოდნენ. უნდა აღვნიშნო მიზეზი მომხდარი უთანხმოებებისა. არ მინდა შევჩერდე იმ აზრზე, რომ უთანხმოების მიზეზს ამა თუ იმ საკითხზე შეხედულებების განსხვავება კი არ წარმოადგენდა, არამედ პირადი ანტიპათიები თუ სიმპათიები; არა ის, რომ ამ უკანასკნელის საბაბად შეიძლებოდა ქცეულიყო გენ. ოდიშელიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ იგი გენ. კვინიტაძეს არაფერში არ დაეთანხმება. მიზეზს მე სხვას ვპოულობ. როცა აზრები იყოფოდა, მაშინ გენ. ოდიშელიძე და გენ. ზაქარიაძე ჩვეულებრივ ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრებების მოწინააღმდეგენი ხდებოდნენ, იმ დროს როცა გენ. ბაქრაძე, გენ. ჩხეიძე, გენ. ერისთავი, გენ. კონიაშვილი ჩემი შეხედულებების მხარეს იკავებდნენ. გენ. ქუთათელაძე და გენ. ყაზბეგი ან ერთ ან მეორე მხარეს უერთდებოდნენ. რატომ მიიღებოდა შეხედულებების ასეთი განსხვავება. ამას იმით ვხსნი, რომ მე აკადემიური განათლება მივიღე მას შემდეგ, რაც ოფიცრად 13–14 წელი დავყავი და რუსეთ-იაპონიის ომში მონაწილეობის შემდეგაც. ამ გარემოების წყალობით ჩემს შეხედულებებში პრაქტიკული სამსახურის ელემენტი სჭარბობს და სამწყობრო ოფიცრებიც ჩემს შეხედულებებში თავიანთი აზრების უფრო მეტ გამოძახილს პოულობდნენ. გენერლები ოდიშელიძე და ზაქარიაძე აკადემიაში ისე შევიდნენ, რომ ჩემზე ნაკლები დრო ჰქონდათ მწყობრში ნამსახური, რის შედეგადაც მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებში ხშირად კაბინეტურობის განწყობა გამოსჭვიოდა (веяло часто кабинетностью). მართალია, გენ. ოდიშელიძე პოლკსაც მეთაურობდა და ასეულსაც, მაგრამ იგი ძალზედ ადრე შევიდა აკადემიაში, ხოლო შემდეგ კი ომის წინ საკმაოდ ხანგრძლივი დროით მოწყვეტილი იყო ჯარებისაგან; ერთ ხანს იგი გუბერნატორი გახლდათ. გენ. ზაქარიაძეს კი არანაირი სამწყობრო ნაწილისათვის არ უმეთაურია, არამედ აკადემიაში შესვლის წინ იგი პოლკის ადიუტანტი გახლდათ. საქმიანობის გვარეობა განსაზღვრავს შეგნების მოწყობასაც; ამიტომ გასაკვირი არ იყო ჩვენი აზრების ხშირი განსხვავება. და მთელი მათი სამსახურიც საქართველოს ფარგლებში და ჩემიც ყოველთვის ურთიერთ წინააღმდეგობაში მიმდინარეობდა (были всегда в противоречии). აი საკუთრივ ძირითადი მიზეზი ჩვენი შეხედულებების განსხვავებისა. ამას უნდა დავუმატოთ ჩემდამი მათი პირადი დამოკიდებულებანი და მათი პირადი ხასიათიც, რომელიც ხშირად საკუთარ სურვილებს საქმის არსზე უფრო მაღლა აყენებდა. ამ წინააღმდეგობებს, მთელი ჩემი სიფრთხილის მიუხედავად, ხშირად შეჯახებამდეც მივყავდით.

ერთხელ გენ. ოდიშელიძემ გაფიცხებულ კამათში მითხრა, რომ იგი არასოდეს მისცემდა ნებას საკუთარ თავს ჩემზე ცუდი რამ ეთქვა, და რომ ეს მე მის მიმართ გავაკეთე. მე შევთავაზე მას ახლავე ნათელი გაგვეხადა და გაგვერკვია თუ ვინ და რას ლაპარაკობდა. არ მივცემ ნებას საკუთარ თავს ზურგს უკან ვილაპარაკო ის, რისი პირში თქმაც არ შემიძლია; ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი მართალი არ აღმოჩნდებოდა. ზემოთ მოყვანილი მისი განცხადება ბ-ნ გვარჯალაძისადმი კომისიაში მონაწილეობაზე ჩემი უარის თქმის მიზეზის შესახებ, რელიეფურად ამტკიცებს თუ ვინ და ვის შესახებ ლაპარაკობდა და ამ დროს როგორ ხერხებს მიმართავდა. ჩემი წინადადება მან უარყო, რაც მხოლოდ იმას ამტკიცებს რომ იგი მართალი არ გახლდათ. ამ ჩვენმა თითქმის ყოველდღიურმა შეჯახებებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ გენ. ოდიშელიძემ თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა და შემოგვთავაზა თავმჯდომარე აგვერჩია, ამასთან გენ. ქუთათელაძეზე მიგვითითა. კომისიის წევრებმა უპასუხეს, რომ რაკი იგი უარს ამბობს, ისინი ამას ურიგდებიან, მაგრამ თავმჯდომარეობა კი უნდა გადავიდეს გენ. კვინიტაძეზე, რომელსაც ისინი კვლავ ისე განიხილავენ, როგორც მთავარსარდალს; მით უმეტეს, რომ მან თავისი თავმჯდომარეობა დაუთმო გენ. ოდიშელიძეს, და ამიტომ მე ავტომატურად თავმჯდომარის ჩემეულ თანამდებობაზე უნდა დავდგე, რომელიც მანამდე ნებაყოფლობით დავთმე.

მე შევუდექი თავმჯდომარეობას. თითქოსდა, შეიძლებოდა ასეც გაგვეგრძელებინა. მაგრამ უეცრად, ერთი სხდომის დასაწყისში გენ. ზაქარიაძემ განაცხადა, რომ წინა დღეს, როცა სხდომიდან მიდიოდა, გენ. ოდიშელიძემ მას თავისი წერილობითი მოხსენება ჩააბარა და სთხოვა კომისიისათვის გადმოეცა, რომ იგი მეტად მასში მონაწილეობას აღარ მიიღებს, მაგრამ თუ კომისია მოისურვებს, მას შეუძლია მისი ნაშრომით ისარგებლოს. მე კომისიას შევთავაზე ახლავე აგვერჩია რამდენიმე წევრი, რომლებიც უნდა წასულისყვნენ გენ. ოდიშელიძესთან თხოვნით, რომ მას კომისიის მუშაობაში მონაწილეობა გაეგრძელებია, ამასთან შევთავაზე საკუთარი თავიც ამ დელეგაციის შემადგენლობაში. იმავე დღეს მე, გენ. ქუთათელაძე, გენ. ზაქარიაძე და გენ. ჩხეიძე მასთან ბინაზე გავემართეთ. აქ ჩვენ ვთხოვდით მას დაწყებული საქმე არ მიეტოვებია. იგი ჩვენთან მუშაობის გაგრძელებაზე დაგვეთანხმა. როცა ჩვენთან ამ საკითხზე ლაპარაკობდა, მან სხვათა შორის გამოთქვა რომ არა აქვს სურვილი რაიმე-ნაირ პარტიულ ორგანიზაციაში მიიღოს მონაწილეობა, განსაკუთრებით მთავრობის საწინააღმდეგო ორგანიზაციაში. აშკარაა, რომ ჩემს მიერ არაერთხელ დაბეჯითებით გამოთქმული სურვილი სამეთაურო შემადგენლობას შორის ერთიანობის დანერგვისა, რომლის არარსებობამაც საქართველოში ჩვენი ყოფნის დროს შეიარაღებული ძალების მოწყობის საქმე არაკომპეტენტურ პირებს ჩაუგდო ხელში, ჩემი ეს სურვილი, რომელიც არასოდეს დამიმალავს, მან მთავრობის საწინააღმდეგო ორგანიზაციად მიიღო. ოდიშელიძემ ჩვენს შეკრებებზე დაიწყო დასწრება, თუმცა კი ხშირად მათზე არც მოდიოდა. მუშაობა წინ მიდიოდა და საკმაოდ წარმატებითაც. მისი დასრულების შესახებ რამდენადმე უფრო გვიან ვიტყვი, ახლა კი აღვწერ ერთ შემთხვევას, რომელიც ისევ იმავე გენ. ოდიშელიძეს უკავშირდება.

სანამ მიდიოდა სხდომები, იმავე დროს წარმოებდა ჩემი მიმოწერა მთავრობასთან პარიზში ჩემი გადასახლების საკითხზე. ეს ისტორია აგვისტოდან იწელებოდა და ყველამ, ჩემს გარშემო, მის შესახებ იცოდა. სხდომაზე ვიღაცამ გადმოგვცა ახალი ამბავი, რომ პარიზში საჩქაროდ გენ. მდივანს იძახებენ. ისე გამოდიოდა, რომ ჩემი, მთავარსარდლის საცხოვრებლად იქ გადასვლას დაბრკოლებებს უქმნიდნენ, იმ დროს, როცა გენ. მდივანს საჩქაროდ იძახებდნენ. გენ. ოდიშელიძემ უეცრად ინიციატივა გამოიჩინა და განაცხადა, რომ ეს საკითხი ჩვენ ყველამ უნდა განვიხილოთ. იგი ამბობდა, რომ გენ. მდივანის პარიზში ეს გამოძახება რაღაცას ნიშნავს; ესე იგი იქ განიხილება რაღაც, რაშიც სამხედრომ უნდა მიიღოს მონაწილეობა; რომ გენ. მდივანი ძალზედ რბილი და ნაკლებად დაჟინებული ადამიანია, ამიტომ სასურველი იქნებოდა, რომ პარიზში გენ. კვინიტაძე გაემგზავროს, როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია სამხედრო ინტერესები დიდი შეუპოვრობით დაიცვას. დასასრულს მან შესთავაზა, რომ საჭიროა ამხანაგურად დაელაპარაკონ გენ. მდივანს და სთხოვონ მას უარი თქვას ამ მგზავრობაზე, ვინაიდან მთავრობის დარწმუნების სხვა ხერხი არ ჩანს. მე, რა თქმა უნდა, ამ თავი შევიკავე ამ საკითხზე ჩემი ყველანაირი აზრების გამოთქმისგან. კომისიამ სთხოვა გენ. ოდიშელიძეს თავის თავზე აეღო ეს მისია. იგი დაეთანხმა. ამ სხდომაზე მან ბევრი გულფიცხელობა გამოიჩინა და მთავრობის განკარგულების გამო თავის აღშფოთებას გამოთქვამდა. შემდეგ სხდომაზე მან გამოგვიცხადა, რომ იყო გენ. მდივანთან, რომ იგი ავად არის და ლოგინში წევს და, შესაბამისად, პარიზში გამგზავრება არ შეუძლია, რის გამოც ინციდენტი შეიძლება ამოწურულად ჩაითვალოს. ამ მისმა გულგრილმა განცხადებამ ძალიან გამაკვირვა: ისე არ შეესაბამებოდა იგი არც მის ინიციატივას ამ საკითხში, არც წინა სხდომაზე მის მიერ გამოხატულ გულფიცხელობას. მე ერთი სიტყვაც არ მითქვამს. 

ამასობაში ჩვენი სამუშაოები დასასრულს უახლოვდებოდა, როცა, პარიზში ჩემი გამგზავრების შესახებ საკითხი საბოლოოდ იქნა გადაწყვეტილი. ყველა ნაშრომი შავად იყო შესრულებული; რჩებოდა რედაქცია, რომელიც ჩვენგან გენ. ზაქარიაძეს ჰქონდა დავალებული. უნდა აღვნიშნო, რომ, გენ. ქუთათელაძე უფრო ადრე გერმანიაში გადასახლდა, რის გამოც იგი ჩვენი სამუშაოების დასრულებაში ვეღარ მონაწილეობდა. სხდომების ოქმებს გენ. ზაქარიაძე აწარმოებდა. ჩვენ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კომისიის თითოეულ წევრს შეუძლია ამა თუ იმ საკითხზე თავისი განსაკუთრებული აზრი დაურთოს. მე უკვე აღვნიშნავდი, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხშირად მწვავე და ვნებებით დატვირთულ ხასიათს იძენდა. მოვიყვან რამდენიმე შემთხვევას, რომელთაგან გამოჩნდება, რომ საკითხების გადაწყვეტილებანი არცთუ იშვიათად მხოლოდ იმ სურვილს ემყარებოდა, რომ სწორედ თავისი აზრი დაეცვათ. ასეა ცნობილი, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიხედვით გასაწვევ ასაკად 20 წელი იყო მიღებული; მე ჩემი გამოცდილებით ვხედავდი, რომ ეს ასაკი ჩვენ გვაძლევს დიდ პროცენტს ბოლომდე ვერგანვითარებული ახალგაზრდა ადამიანებისა, რის შედეგადაც ჯარებში, და კერძოდ სამხედრო სკოლაშიც, ისეთების მეტად დიდი პროცენტი აღმოჩნდა, ვისაც გაწვევა გადაუვადდათ ან ავადმყოფობის გამო შვებულებები მიეცათ. მე ვთავაზობდი გაწვევის ასაკად 21 წელი დაგვედგინა. ისინი, რომლებიც (თავის დროზე) ჩვენი ჯარების მიღებული ორგანიზაციის დადგენის სამუშაოებში მონაწილეობდნენ, ძველ თვალსაზრისს იცავდნენ, ისე რომ ოცწლიანთა გაწვევის უპირატესობის სასარგებლოდ არსებითად ვერანაირი მტკიცებულებანი ვერ მოჰყავდათ. მე მაშინ შევთავაზე ეს ასაკი ახლა არ დაგვედგინა, არამედ საკითხი თბილისამდე გადაგვედო, როცა კომისიაში მოწვეულ იქნებიან ექიმები და სადაც შეიძლება იყოს დოკუმენტური მონაცემებიც. მაგრამ ვნებიანობამ (страстность) სხვანაირად გადაწყვიტა და შემთხვევითი უმრავლესობით 4 წინააღმდეგ 3-ისა საკითხი 20-წლიანთა გაწვევის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილი.

ვიხსენებ სხვა შემთხვევას. ხდებოდა დებატირება საკითხისა ცხენოსანი არტილერიის რაოდენობის შესახებ. ჩვენი პროექტით იგეგმებოდა 3 ცხენოსანი პოლკი 4-ესკადრონიანი შემადგენლობისა და თითოეულ პოლკში ცხენოსანი სატყვიამფრქვევო რაზმიც შედიოდა. გენ. ოდიშელიძე გამოთქვამდა, რომ ამ ცხენოსანი ბრიგადისათვის უნდა შეიქმნას სამი ცხენოსანი ბატარეა 4-4 ქვემეხით თითოეულში. ამის მოტივირებას იგი უმთავრესად იმით ახდენდა, რომ ცხენოსან ჯარს მდგრადობა უნდა მიეცეს. მე წინააღმდეგ გამოვდიოდი. მივუთითებდი, რომ ჩვენს მიერ დაპროექტებულ ორგანიზაციაში ქვეით ჯარს სულაც არა აქვს არტილერიასთან ასეთი თანაფარდობა; ჩვენთან 3-ბატალიონიან საველე პოლკზე გამოდიოდა 4-4 ქვემეხი და, რა თქმა უნდა, ცხენოსანი პოლკისათვის აღნიშნული თანაფარდობა ზომაზე გადაჭარბებული იქნებოდა და შეეძლო უფრო მეტად შეებოჭა ცხენოსანი ჯარი, ვიდრე მას მოქმედებებში დახმარებოდა. მაგრამ გენ. ოდიშელიძე მხურვალედ იცავდა თავის თვალსაზრისს და მიუხედავად იმისა, რომ გენ. გ. ერისთავი, როგორც კავალერისტი, მის წინააღმდეგ გამოთქვამდა, საკითხი ისევ 4 ხმით იქნა გადაწყვეტილი 3-ის წინააღმდეგ; ამ სხდომაზე ყველანი არ მოვიდნენ. ყველაზე უფრო კურიოზული ის იყო, რისი გარკვევაც მე კომისიის ზოგიერთ წევრთან კერძო საუბრებში მომიხდა. აღმოჩნდა, რომ გენ. ზაქარიაძე მხარს უჭერდა 3 ბატარეას და მხედველობაში ჰქონდა, რომ ეს 4 ზედმეტი ქვემეხი ჩვენი საზღვრის დაცვისათვის იქნებოდა გამოყენებული, რომლის შემადგენლობაშიც ჩვენი ორგანიზაციის მიხედვით არტილერია არ შედიოდა, ხოლო გენ. ყაზბეგი კი იმ მოსაზრებით აძლევდა ხმას, რომ ჩვენს ჯარებში არტილერია უფრო მეტი ყოფილიყო. ამ ორ საკითხზე მე ვთხოვე გენ. ზაქარიაძეს აღენიშნა, რომ მივაწვდი ჩემს ცალკეულ მოსაზრებას. სამწუხაროდ, მე გამგზავრება ჩვენი სამუშაოს რედაქტირებამდე მომიხდა, ხოლო გენ. ზაქარიაძეს კი წარდგენილ ნაშრომში არ აღუნიშნავს, რომ არის ცალკეული შეპასუხებანი (отдельные возражения) ამა თუ იმ პუნქტების წინააღმდეგო.

ნაშრომი საბოლოო ფორმით გენ. ზაქარიაძის მიერ პარიზში 1922 წლის თებერვალში იქნა წარდგენილი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რომ გენ. ოდიშელიძემ უარი განაცხადა ამ ჩვენს ერთობლივ ნამუშევარზე ხელი მოეწერა. აქ პარიზში ერთი ეგზემპლარი მე გენ. ერისთავს გადავეცი, ჩვენს დელეგაციასთან სამხედრო ატაშედ დანიშნულს; სხვა ეგზემპლარი კ. გ. გვარჯარაძეს კონსტანტინოპოლში ჩაბარდა.


თ ა ვ ი XXXIII 

მოხსენება 1921 წლის ომის შესახებ. – გენ. ოდიშელიძის მოხსენება


მოხსენება 1821 წლის ომის შესახებ 

ჩვენი სამუშაოების ბოლოში, ეს იყო იმ კვირის ორშაბათს, რომლის შაბათ დღესაც გემში ვჯდებოდი პარიზში გასამგზავრებლად, შემდეგი თხოვნით მომმართა რ. ყიფიანმა, დამფუძნებელი კრების წევრმა. მან მითხრა, რომ დამფუძნებელი კრების წევრებს ძალიან აინტერესებთ საკითხი ბოლშევიკებთან ჩვენი უკანასკნელი ომის შესახებ, რომ ისინი დიდად ისურვებდნენ, რათა მე გამეკეთებინა მოხსენება ამის შესახებ; რომ მას უნდა, რომ. გენ. ოდიშელიძემაც გააკეთოს ასეთი მოხსენება. ამასობაში მე უკვე ვიცოდი, ასეთ მოხსენებებს უკვე აკეთებს ვ. ჯუღელი ამ წრეში. ჩვენ, სამხედროებს, ამ მოხსენებებზე არ გვპატიჟებდნენ. მე მზადყოფნით ვუპასუხე, მაგრამ აღვნიშნე, რომ მოხსენებას იმ პირობით გავაკეთებ, თუ არანაირი დებატები დაშვებული არ იქნება. მოხსენებას უნდა დასწრებოდა სამხედრო კომისია. ჩემი მოხსენება წავიკითხე ოთხშაბათს და ხუთშაბათს. 

ჩემს მოხსენებას საფუძვლად დავუდე ის დებულება, რომ ჩვენი დამარცხების მიზეზები ღრმაა; მე ვემხრობოდი და ვემხრობი იმ შეხედულებას, რომ შეიარაღებული ძალებში, როგორც სარკეში აირეკლება სახელმწიფოს მთელი ცხოვრება და ამიტომ ხალხის კეთილმოწყობისა და კეთილდღეობის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ შეიარაღებული ძალის მიხედვით. ჩემი მოხსენების დროს ოთხშაბათს შევნიშნე, რომ ზოგიერთი იქ მყოფი რაღაცას იწერდა, ჩანიშვნებს აკეთებდა, ხოლო მოხსენების შემდეგ კი ვ. ჯუღელმა შემინიშნა, რომ „(მთლიანი) მოხსენების შემდეგ ჩვენ ვილაპარაკებთო“. მე ამ დებატების წინააღმდეგი ვიყავი, ვინაიდან ჩინებულად ვიცი, რომ დებატები მხოლოდ პოლემიკად გადაიქცეოდა და ჩვენს გარემოში, რომელიც ისედაც ნაკლებად თუ იყო მეგობრული, შეეძლო მხოლოდ უთანხმოებები დაეთესა. ამიტომ ხუთშაბათს, იმის წინ, სანამ მოხსენებას გავაგრძელებდი, მე ავუხსენი, რომ ვითხოვ ჩემი მოხსენების შემდეგ არ იქნას დაშვებული კამათი, მაგრამ რომ მზად გახლავართ ყველა დასმულ კითხვაზე გავცე პასუხი. ჩემმა ამ განცხადებამ ზოგიერთებში უკმაყოფილება გამოიწვია. კამათი საათნახევარს გაგრძელდა; მე არ შემეძლო დამერწმუნებია, რომ ამ კამათს შეუძლია მხოლოდ გააღიზიანოს მხარეები და რომ ის უმიზნო იქნება, ვინაიდან ამ კამათიდან არანაირი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება; აქვე მომხდარ მაგალითზეც კი მივუთითე. ჩემი მოხსენების დროს უნდა მესარგებლა რუკებით, რომლებიც კედელზე იყო გაკრული და რომელთა მიხედვითაც მანამდე თავისი მოხსენება ვ. ჯუღელს წაეკითხა. ერთ-ერთ მათგანზე ჩვენი და მოწინააღმდეგის ჯარების განლაგება 24 თებერვალს არასწორად იყო ნაჩვენები. მოწინააღმდეგეთა ურთიერთგანლაგება ნაჩვენები გახლდათ, როგორც ფრონტალური; სინამდვილეში კი ჩვენ ალყაშემორტყმული ვიყავით და ალყის რგოლი თითქმის შეკრულიც იყო. ჩემს მითითებას ამ რუკის არასწორობის შესახებ და რომ მოწინააღმდეგე უკვე ჩვენს უკან იყო და ზურგთან ჩვენი შეტყობინების გზებსაც ფლობდა, მოჰყვა ვ. ჯუღლის რეპლიკა: „ისინი იქ ცოტანი იყვნენ“, თითქოს იგი მათ ითვლიდა. უეჭველია, კამათში იგი დაიწყებდა, სრულიად დაუსაბუთებლად, თავისი თვალსაზრისის დაცვას და მსგავსი კამათი უმიზნო და უშედეგო იქნებოდა. როცა მე ჩემს განცხადებას ვაკეთებდი, თავმჯდომარე მ. არსენიძე შემომეკამათა, რომ ამ საკითხის დებატირება ჩემი მოხსენების შემდეგ მოხდება. მე შევეკამათე, რომ ამ მოხსენებაზე მხოლოდ კამათის არმოწყობის პირობით დავთანხმდი და რომ ამიტომ აღარ გავაგრძელებ მოხსენებას, თუ ჩემი სურვილი არ შესრულდება. როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, კამათი ამ საკითხზე 1 ½ საათს გრძელდებოდა. თავიდან ბევრი კამათის დაშვების სასარგებლოდ გამოთქვამდა, მაგრამ როცა ნ. ვ. ელიავამ შენიშნა, კამათის დაშვება ან არდაშვება მომხსენებლის უფლებააო, მაშინ მხოლოდ ორი შეურიგებელი ადამიანი-ღა დარჩა: ვ. ჯუღელი და ხომერიკი. ვ. ჯუღელმა, რომელიც თავის შემოკამათებას უჭერდა მხარს, აღნიშნა, რომ გენ. კვინიტაძემ მხოლოდ თავისი ჩვეულებრივი თვისებები გვიჩვენა – თავისი პოზიციის შეურიგებლობაო.

ჩემამდე მოაღწია, რომ თავისი მოხსენებისას მან ჩვენი გენერლები დაახასიათა და ჩემს შესახებ თქვა, როგორც ადამიანზე, რომელთანაც შეუძლებელია საქმის დაჭერა (с которым невозможно ладить) და, საერთოდ, რომელთანაც ძნელია რაიმეზე შეთანხმება. ჩემს შესახებ ამ შეხედულებას ძალაუფლების მქონენი ყველგან ავრცელებდნენ და მხარს უჭერდნენ. ასეთი შეხედულება, შეხედულება კი არა, არამედ ჩემი ასეთი თვისება ჩემთვის მეტად გასაოცარი გახლავთ. ჯერ კიდევ კორპუსში, ხოლო შემდეგ კი სამხედრო სასწავლებელში, პოლკში, აკადემიასა და შემდგომ სამსახურშიც, ყოველთვის სხვებთან კარგად შემთვისებელ ამხანაგად, მოწესრიგებულ და სასურველ ხელქვეითად ვითვლებოდი; ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ოფიცრები და ჯარისკაცები ყოველთვის სიმპათიით მექცეოდნენ და მოსასალმებელი ადრესებიც (მომართვებიც) კი მაქვს ჯარისკაცებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ გენერალური შტაბის ოფიცერი ვარ და იმისაც, რომ ეს კორპუსი რუსულ არმიაში ყოველთვის (მის მიმართ) უსიამოვნო დამოკიდებულებას (неприязнь) იწვევდა, ერთი და იმავე დივიზიის შტაბის უფროსის თანამდებობაზე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყოფნის დროს, მე არაფერი სიმპათიის გარდა დივიზიის ოფიცრებისაგან არ მინახავს, და რევოლუციის შემდეგ კი ჩემთან მომსახურე ჯარისკაცების ჩემდამი სიმპათიები წესრიგის შენარჩუნებაში არაერთხელ დამხმარებია. მახსოვს, ჯერ კიდევ ომამდე, როცა კაპიტანი გახლდით, ერთ-ერთ ნაწილში მოწყობილ ზეიმზე მე მიმზიდველ (მომხიბვლელ) ადამიანად დამასახელეს; არ ვდავობ, შესაძლოა ეს ზომაზე მეტად გადაჭარბებული შეფასება იყო, მაგრამ ამის მთქმელებს ენაზე არავინ ექაჩებოდა და ეს ნათქვამიც სულ არ პასუხობს ახლა ეჭვს გარეშეა განზრახ, გარკვეული მიზნით გავრცელებულ აზრს ჩემს შესახებ. მაგრამ ძალაუფლების მქონეებმა დაიკავეს ასეთი შეურიგებელი პოზიცია, და თან ისეთ საკითხებში, რომლებშიც მათ იმდენივე ესმით, რამდენიც მე ჩინურ ენაში; უკეთესი იქნებოდა მათ საკუთარი თავისათვის მოეკითხათ. კატეგორიულად უნდა ვთქვა, რომ ერთეულების გამოკლებით, როგორებიც გენ. ოდიშელიძე, გენ. ზაქარიაძე, გენ. ა. გედევანიშვილი და ი. გედევანიშვილი არიან, ჩემს შეხედულებებს ყველა დანარჩენი ოფიცერი ეთანხმება, რომლებსაც თადარიგში ჩემი ყოფნის დროს ჩემთვის თავიანთი სიმპათიები და ჩემდამი მათი სოლიდარობაც არაერთხელ გამოუხატავთ. ვხედავდი რა, რომ ჩემი საბუთები დამარწმუნებელი ვერ აღმოჩნდა, პალტო ჩავიცვი რათა შეკრება დამეტოვებია.

არ ვიცი, რატომ მოითხოვდა ვ. ჯუღელი ასე დაჟინებით კამათს. მე ხომ ვუშვებდი შეკითხვებს და ამ დასმული შეკითხვებით შეიძლებოდა ესა თუ ის საკითხი, რომელიც გაურკვეველი დარჩებოდა, ყოველთვის გაგვეშუქებინა; კამათი კი შეიძლება წარმოებდეს მხოლოდ მოხსენებულ საკითხში კომპეტენტურ პირებთან; მაგრამ ამ სხდომაზე არ იყვნენ ასეთები ჩვენი სამხედრო კომისიის წევრების გამოკლებით. როცა ნახეს, რომ წასვლას ვაპირებ, გადაწყვიტეს ჩემს განცხადებას დათანხმებოდნენ. თუმცა კი, შეურიგებლებმა, ვ. ჯუღელმა და ხომერიკმა სხდომის დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს. ვ. ჯუღელმა წასვლისას, კარებში, ისროლა ფრაზა: „გენ. კვინიტაძეს კრიტიკის ეშინია“. ეს ბიჭური გამოხტომა გახლდათ, რაზედაც მე რეპლიკით ვუპასუხე: „და თქვენ განა რაიმე გესმით ამ საქმეში, რომ შეიძლება თქვენი კრიტიკისა მეშინოდეს“. ამ ორს უკან მიჰყვა გვარდიის ოფიცერი ორჯონიკიძეც. უკანასკნელის დასწრება ამ მოხსენებაზე ჩემთვის უცნაური გახლდათ, ვინაიდან ამ სხდომაზე შეიძლებოდა მხოლოდ ჩვენი კომისიის წევრი ოფიცრები ყოფილიყვნენ; დანარჩენი ოფიცრები დაშვებული არ ყოფილან. მაგრამ გვარდიისათვის კანონი დაწერილი არ გახლავთ.

ჩემს მოხსენებაში მე ჩვენს დამარცხებაში დამნაშავეებს სულაც არ შევხებივარ და მათზე მითითების ადგილი ამ მოხსენებაში არც ყოფილა. ბრალდებები ხშირად შეიძლება ცალმხრივი და უნიადაგოც კი იყოს. შემდეგ მეუბნებოდნენ, რომ ჩემი მოხსენება ძალზედ ობიექტური აღმოჩნდა. მოხსენების შემდეგ რამდენიმე შეკითხვა დამისვეს; ზოგიერთი კითხვა ისეთი შინაარსისა იყო, რომ მათ დამნაშავეთა დასახელება უნდა გამოეწვია, მაგრამ მე მათზე არ მიმითითებია, თუმცა კი ვიცოდი ისინი. ასევე არ ვუპასუხე კითხვებზე, რომლებიც მთავარსარდლის თანამდებობაზე ჩემს დადგომამდე პერიოდს შეეხებოდა. აუშტროვი თავისი ბავშვური შეკითხვებით გამოირჩეოდა. მისი კითხვა ასეთი იყო: „ცნობილი იყო თუ არა სარდლობისათვის, რომ ბოლშევიკები ასევე კახეთის მხრიდანაც გვიტევდნენ, კახეთის გზატკეცილის გამოყოლებით, და რა იქნა გაკეთებული სარდლობის მიერ, რათა ეს შემოვლა მოეგერიებინა“. უნდა ითქვას, რომ გვარდია ბრძოლებს სწორედ ამ მიმართულებაზე აწარმოებდა. მე მას ჩემი მხრიდან ვკითხე, თვითონ მისთვის ეს თუ იყო ცნობილი. მან მიპასუხა რომ იყოო. „და შეატყობინეთ თქვენ ამის შესახებ მთავარ სარდლობას“? – ვკითხე მე. მან უარყოფითად მიპასუხა და დაუმატა, რომ იგი ასე, საერთოდ ამის შესახებ იქ მყოფთ ელაპარაკებოდა. მე მას ვუპასუხე, რომ სარდლობისათვის ცნობილი იყო მოწინააღმდეგის შემოტევის თაობაზე კახეთის გზატკეცილის გამოყოლებით და რომ იქ ამ მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გვარდია გაიგზავნა, რომელსაც მის პირისპირ მყოფი მტერი უნდა დაემარცხებია, და რომ კახეთის გზატკეცილი ჩვენი მარცხენა სანაპიროს უბნის შუა ნაწილში გამოდის, რის შედეგადაც შემოტევა კახეთიდან კახეთის გზატკეცილის გამოყოლებით ჩვენი საერთო განლაგების ფლანგიდან შემოვლა ვერ იქნებოდა. ჩემი მოხსენების დაწვრილებით საკითხებზე აღარ შევჩერდები. მოხსენების შემდეგ ზოგიერთი მეუბნებოდა, რომ ტყუილად არ დავუშვი კამათი. მაგრამ, მე მართალი აღმოვჩნდი და შედეგებმა ეს კიდეც დაადასტურეს.


გენ. ოდიშელიძის მოხსენება 

საფრანგეთში ჩემი გამგზავრების შემდეგ გენ. ოდიშელიძის მიერ იქნა წაკითხული მოხსენება, რომლის შემდეგაც კამათი იქნა დაშვებული. კამათმა ვნებებით სავსე და პოლემიკური ხასიათი მიიღო, რომელსაც ურთიერთ ბრალდებების მთელი ნაკადი მოჰყვა. კონსტანტინოპოლიდან მწერდნენ, რომ ყველა ნანობდა, რომ კამათი დაუშვეს და ამბობდნენ, რომ გენ. კვინიტაძე მართალი აღმოჩნდა, როცა კამათზე უარი თქვაო. მე შევეხები ამ მოხსენებას. მის შესახებ საკმარისად სრული აღწერა მაქვს მიღებული.

ჩემს მოხსენებაში მე სრულებით არ ვეხებოდი საკითხს იმის შესახებ, რაც მთავარსარდლის თანამდებობაზე ჩემს დანიშვნამდე მოხდა; არ შევჩერებულვარ წინამორბედ მოქმედებებზე და არ გამირჩევია, არც წინანდელი სარდლობის შეცდომებისთვის გამისვამს ხაზი, თუმცა კი, უეჭველია, უნდა შევხებოდი ამას, რათა მომეხაზა ის ვითარება, რომელშიც სარდლობას შევუდექი. ასე არ მოქცეულა გენ. ოდიშელიძე. თავის მოხსენებაში მან ჩემი გვარი და ჩემი მოქმედებების წესი არაერთხელ ახსენა; მიუხედავად იმისა, რომ მე თანამდებობის აღსეულებას მის შემდეგ შევუდექი, ხოლო მას კი უნდა მოეხსენებია იმ ყველაფერზე, რაც მხოლოდ მისი მთავარსარდლობის დროს მოხდა; მას თავისუფლად შეეძლო ჩემი გვარი არ ებრუნებია.

ახლა მოვიყვან რამდენიმე ამონაწერს მისი წერილობითი მოხსენებიდან.

1-ლი ამონაწერი: „სამხედრო საბჭო სამეურნეო კომიტეტისა და გოგუასი, როგორც მისი თავმჯდომარის, კოლექტიური უფროსი გახლდათ; გოგუამ, მიიღო რა ვიღაცისგან საიდუმლო, თითქმის სრულიად დიქტატორული უფლებები და რაღაც რწმუნებანი, სამხედრო საბჭოს არსებობის მთელი დროის მანძილზე მისი (ამ საბჭოს) არც ერთი დადგენილება ერთხელაც არ შეასრულა. თავად სამეურნეო კომიტეტში კი ყველაფერს მარტო იგი განკარგავდა“.

მე-2 ამონაწერი: „მე უნდა ვაღიარო ჩემი დიდი დანაშაული სამშობლოს წინაშე, არ უნდა დამეჯერებინა, რომ ოდესმე გვარდია ნებაყოფლობით წავა, რომ მე და ჩემს ამხანაგებს ოდესმე გვექნება ხმა, რომ ოდესმე ჩვენ, საქმის კარგად მცოდნეები, დამოუკიდებლად და არმცოდნე და გაგების არმქონე ადამიანებისგან ხელშეშლის გარეშე, არმიის ნამდვილად მოწყობის საქმეს შევუდგებით. მე კიდევ სხვა რამეშიც შევცოდე, უფრო მნიშვნელოვანში; 1920 წლის იანვრის შუახანებში რამიშვილისა და ლორთქიფანიძის გაძლიერებული თხოვნით დავთანხმდი მიმეღო სამხედრო მინისტრის სამწყობრო ნაწილში მე-2 ამხანაგის თანამდებობა. მე დამარწმუნეს, რომ ხელს არავინ შემიშლიდა“.

მე-3 ამონაწერი: „სახელმწიფოს მთელი სამხედრო მომზადების ¾, ყველაზე უფრო რთულის და დელიკატურისა, რომელიც უზარმაზარ სამხედრო-ადმინისტრაციულ გამოცდილებას მოითხოვდა, იურიდიულადაც და ფაქტიურადაც უშუალოდ და მხოლოდ სამხედრო საქმის ისეთი კარგი მცოდნეების ხელში იმყოფებოდა, როგორებიც იყვნენ ლორთქიფანიძე, გამოჩენილი საერო (საადგილ-მამულო, земский) მოღვაწე, ჭიჭინაძე, ჩინებული ექიმი და გოგუა, ხომალდის კარგი მექანიკოსი. ლორთქიფანიძე მალე მოაშორეს იმის გამო, რომ ნამდვილი და ჩინებული სახელმწიფო გონება ჰქონდა: ეს თვისება სამხედრო მინისტრისათვის ისეთივე ფუფუნებად ითვლებოდა, როგორც სამხედრო საქმის ცოდნა. დარჩნენ ჭიჭინაძე და გოგუა, რომელთაც დაახლოებით ისეთივე თვისებები მიეწრებოდათ, როგორც გენ. კვინიტაძეს, ე. ი. ნათელი გონება და მტკიცე ნება. თითქოსდა საგანთა ლოგიკა მინისტრის მეორე ამხანაგად კვინიტაძის დანიშვნას მოითხოვდა, მაგრამ ასე არ მომხდარა...“

მე-4 ამონაწერი: „აპრილში გენ. კვინიტაძე მთავარსარდლად იქნა დანიშნული და ძალაუფლება, არა მარტო მთელ ჯარებზე, არამედ ზურგის მომარაგებაზეც მის ხელში გადავიდა; მასვე ექვემდებარებოდა გვარდიაც. მას მიცემული ჰქონდა მთავარსარდლის სრული ძალაუფლება რუსული კანონის მიხედვით (ეს არ არის სწორი და თავის ადგილას მე აღვნიშნე, თუ ჩემი უფლებამოსილებანი როგორი იყო). ამ უზარმაზარ უფლებებს შეუერთდა (დაემატა) მორალური მხარდაჭერაც: მან წარმატებით მოიგერია წითელი რუსული დივიზიის თავდასხმა და სამხედრო მინისტრი ოფიციალურად მიესალმა მას, როგორც მეორე გიორგი სააკაძეს (დამახასიათებელია, რომ სწორედ ამ გარემოების აღნიშვნა ჩათვალა საჭიროდ გენ. ოდიშელიძემ). მთავრობის თავმჯდომარე მას განსაკუთრებულად დემონსტრირებულ ნდობას უცხადებდა. და რა? ისარგებლა მან თავისი ასეთი მომგებიანი მდგომარეობითა და უზარმაზარი უფლებებით? მოამზადა მან ომის თეატრი და არმიის ზურგი წითლების ახალი მცდელობის შემთხვევისათვის, რომელიც სრულებით აშკარა გახლდათ? ოდნავადაც არა და არც არანაირ ხარისხში“.

მე ადრე უკვე აღვნიშნავდი, რომ 1920 წელს მთავარსარდლის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან ორი-სამი დღის შემდეგ, მობილიზაციასთან ერთდროულად, მოწინააღმდეგემ საზღვარი გადმოლახა; მაშინვე შევუდექი თბილისის გამაგრებას, რომლის მოწყობაც, ზავის დადების მიუხედავად, რაც 18 მაისს შედგა, შემდეგაც გრძელდებოდა. და ვისთვის არ არის ცნობილი, რომ ომისთვის მზადება ომამდე უნდა იქნას დაწყებული, და არა ომის დროს, როცა შეიძლება მხოლოდ გააგრძელო ის, რაც ქვეყნის თავდაცვისთვის ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს წინასწარ იყო დასახული და მოხაზული. ყველაფერი ეს კარგად უნდა იყოს ცნობილი და განსაკუთრებით გენერალური შტაბის ოფიცრისათვის.

„იგი აქ  თ ქ ვ ე ნ  მოგახსენებდათ და  თ ქ ვ ე ნ ც  ალბათ მოითხოვეთ მისგან ახსნა-განმარტება. მან, რა თქმა უნდა, გადმოგცათ ყოველივე ის, რაც თავად მასში და მის გარეთ ხელს უშლიდა მის საქმიანობას, როგორც მთავარსარდლისა, რომელსაც ნათლად და სწორად ესმის თავისი როლი. მაგრამ როდესაც მე პარიზიდან ჩამოვედი, ვერ ვპოვე ვერანაირი კვალი და ვერანაირი მცდელობა მისი ამ ნაწილში საქმიანობისა. სამაგიეროდ ვნახე ბრძოლები, რომლებსაც იგი თავდაცვის საბჭოსა და მინისტრებს ყველანაირი საბაბითა და ყველანაირ შემთხვევაში უმართავდა, თანაც ყოველი ორი სიტყვის შემდეგ დაუყოვნებლივ გადადგომით იმუქრებოდა“ (ოდიშელიძის აზრით ყოველივე ამას მისი მოხსენებისთვის 1921 წლის ომის შესახებ, რომელიც ჩემი გადადგომიდან ნახევარი წლის შემდეგ მოხდა, უზარმაზარი მნიშვნელობა გაანია). „აქ, თავის მოხსენებაში მან   თ ქ ვ ე ნ  სიტყვა გადაგიკრათ (მიგანიშნათ), რომ მე მას მოშლილი არმია და სრულებით მოუმზადებელი ზურგი დავუტოვე. მოშლილი არმიის შესახებ ჩვენ შემდეგ ვილაპარაკებთ და ვნახავთ, თუ ვინ და რამ მოშალა არმია და როდის დაიწყო მან გახრწნა (დაშლა), ახლა კი შეგახსენებთ, რომ მთავარსარდლად იგი 5 თვეს იყო და საკმარისად მშვიდ 5 თვეს, უზარმაზარი უფლებებით, ხოლო მე კი სულ 15 დღეს, ე. ი. ზუსტად ათჯერ ნაკლებ დროს“ (რა დამოკიდებულება აქვს ამას არმიის მოშლის მიზეზებთან; მაგრამ გენ. ოდიშელიძე თავის სიტყვებში ყოველთვის იფანტება /მიედ-მოედება/ და არასოდეს არის ხოლმე თანამიმდევრული).

მე-5 ამონაწერი: „მე სამხედრო მინისტრის ნებართვით ოფიციალური მოხსენება გავაკეთე მთავრობაში, 1920 წლის ოქტომბერში. ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდა ყველა, გადაჭრით ყველა, და ჩემს გამოანგარიშებაზეც, რომ რუსეთთან ბრძოლისათვის აუცილებელია სულ მცირე 75 ათასი, ნამდვილი არმია და 75 ათასი მომზადებული რეზერვი. ნ. ბ. რამიშვილმა, რომელიც ფაქტებითა და ციფრებით თავისუფლად და თავდაჯერებით ჟონგლირებდა, მთელ სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 25 ათასი სავსებით საკმარისია (25 тысяч достаточно за глаза). ამის შემდეგ მე სევდა და გულგატეხილობა დამეუფლა“. (აი აქ იყო კიდეც საჭირო, როგორც სამხედრო მინისტრის მე-2 თანაშემწე და ჯარების სათავეში მყოფი, ან გადამდგარიყო ან კიდევ საომრად ნამდვილი მზადებისათვის მიეღწია; ხოლო სევდა და გულგატეხილობა კი სახელმწიფო, და განსაკუთრებით სამხედრო საქმეებში ცუდი წამალია). „მე ბევრს ვლაპარაკობდი ამის შესახებ, მართალია, ხმაურის გარეშე, ყვირილის გარეშე, ცენტრალურ კომიტეტში ან მთავრობის თავმჯდომარესთან უკანა შესასვლელებით შერბენების გარეშე; პოზისა და გადადგომით მუქარის გარეშე და ეს, როგორც აქ დამსწრე ხომერიკმა ამიხსნა, ჩემი მთავარი დანაშაულია... შეიძლება“.

მე-6 ამონაწერი: „ჩვენი რესპუბლიკის არსებობის მთელი დროის მანძილზე მე ფაქტიურად მხოლოდ 4 ½ თვით მქონდა დაკისრებული საპასუხისმგებლო სამუშაო, ისიც მხოლოდ სამწყობრო ნაწილში. მიმაჩნია, რომ იმ როლში, რომელიც ჩემთვის იქნა მოცემული, მე დროულად და საკმარისად ქმედითად ვამბობდი, თუ რისი გაკეთება იყო საჭირო. მაგრამ ის, რომელსაც დამფუძნებელი კრებისაგან დიქტატორის უფლებამოსილებანი ჰქონდა,  თ ქ ვ ე ნ ი  შეუზღუდავი ნდობით სარგებლობდა და სარგებლობს, ჰქონდა ხელისუფლებაც, განკარგვის უფლებაც, ვინც იყო ნიჭიერი და ქმედითი (кто был даровит и деятелен), ვინც ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდა, ყველაფერს და ყველას ხელმძღვანელობდა, ნ. ნ. ჟორდანია მპასუხობდა მეც, და ყველას, ვინც მასთან ასეთი საკითხებით ცხვირს შეჰყოფდა, დაახლოებით ასე: ნავთობი, იოლად გავალთ, არ არის საჭირო; ფორმის ტანსაცმელი, აღკაზმულობა, დაველოდოთ, იოლად გავალთ; გორგოლი, არ არის საჭირო, ძვირია; საავიაციო ბენზინი, ფული არ არის, ძვირია და ა. შ. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო 10 აეროპლანის ყიდვაზე 1 მილიონი ლირა დავხარჯეთ, ხოლო ბენზინსა და გორგოლზე კი რამდენიმე ათეული ათასი ლირის დახარჯვა დაგვენანა. აეროპლანები ომის დროს უმოქმედოდ იყვნენ“.

მე-7 ამონაწერი: „ასეთივე საბედისწერო როლი ითამაშა ჩვენმა ბრძნულმა მომჭირნეობამ ფორმის ტანსაცმელსა და აღკაზმულობაზე... ჩვენ მოვახდინეთ 12 ბატარეის მობილიზაცია 36-ის ნაცვლად, იმის შედეგად, რომ ნოე ჟრდანიამ ნება არ მოგვცა ფორმის ტანსაცმელი და აღკაზმულობა გვეყიდა... ეს ცოტაა, ჩვენ შეგვეძლო 48 ქვემეხი გამოგვეყვანა, და 24 კი გამოვიყვანეთ; ბატარეებმა 2 ყუთი გამოიტანეს 8-ის ნაცვლად; ერეკლე მეფეს ახალციხესთან 2 ქვემეხი ჰქონდა და 1000 კაცი ჰყავდა, ჩვენ კი ახლა მხოლოდ 1 გვქონდა. და ეს  თ ქ ვ ე ნ ი  დანაშაული გაორმაგებული, და გაოთხმაგებულიც კი იყო,  თ ქ ვ ე ნ ი  ბელადისა და ჩვენი სამეურნეო დიქტატორის მიერ; ჟორდანიამ არ მოგვცა ცხენები, რადგანაც გოგუას ფურაჟი (ცხენების საკვები) არ ჰქონდა...“

მე-8 ამონაწერი: „ეკონომიამ, ბენზინზე, გორგოლზე, ტანისამოსზე, აღკაზმულობასა და ცხენებზე, რომელსაც ყოველგვარი სიაშკარავის მიუხედავად  თ ქ ვ ე ნ ი  ბელადი და  თ ქ ვ ე ნ ი  ამხანაგები მიჰყვებოდნენ, საშუალება მოგვცა მხოლოდ იმის 1/3 ქვეითი ჯარი გამოგვეყვანა, რისი გამოყვანაც შეგვეძლო, არტილერია ოთხჯერ უფრო სუსტი, და ჩვენი მშვენიერი საჰაერო ესკადრაც ჩვენი გამოჩენილი მფრინავებით სრულიად არარად გადააქცია.

ამ უგუნური და დანაშაულებრივი ეკონომიის გვერდით, რომელიც ღალატის ზღვარზე იდგა, სამხედრო მინისტრი თავის კაბინეტში საათობით იჯდა და შინაგანი ჯაშუშების შარიან (ცილისმწამებლურ) დასმენებს კითხულობდა და ისმენდა, რომლებიც თითოეულ ნაწილში არანეკლებ სამისა იყვნენ... ჯაშუშები უმცროსი ოფიცრის ჯამაგირს ღებულობდნენ... სულ 108 ჯაშუში იყო..., თვეში ისინი 540 ათასი მანეთი უჯდებოდათ და წელიწადში კი 6480 ათასი მანეთი ანუ 260 ათასი ფრანკი; ციფრი ავიაციისათვის გორგოლის და ბენზინის საყიდლად საკმარისზე მეტიცაა... ჩვენ ხელთ გვქონდა დოკუმენტი, რომელიც მიგვითითებდა, რომ რუსეთმა ჩვენი გასრესა გადაწყვიტა, და მაინც ჩვენი დიქტატორები მომჭირნეობას თამაშობდნენ. სამაგიეროდ ნოე ნიკოლოზის ძე თავად ომის დროს ათეულ მილიონობით აყრიდა ფულებს ისეთ ბატონებს, როგორიც კერესელიძეა, და მათ მისთვის 20–30 ქვეითი ბოგანოსგან შემდგარი მრისხანე რაზმები გამოჰყავდათ, დაპირებული ცხენოსანი პოლკების ნაცვლად. თუ, ბატონებო, ყველაფერი ეს  თ ქ ვ ე ნ ი  ბელადის სახელმწიფოებრივი სიბრძნე და მისი ორგანიზატორული უნარია, მაშინ მე ბედნიერი ვარ ვიყო უნიჭო ორგანიზატორი, სიტყვა, რომელიც მე და საერთოდ ყველა სამხედროს ერთ-ერთმა  თ ქ ვ ე ნ მ ა  ბრძენმა ამხანაგმა აქ კონსტანტინოპოლში გვესროლა. ჩვენი დამოუკიდებელი არსებობის მთელი დროის მანძილზე პასუხისმგებელი პირი მე 3-ჯერ გახლდით: 1) ორ თვენახევარს პარიზში გამგზავრებამდე, 2) ოთხ თვეს პარიზიდან დაბრუნების შემდეგ; ორივეჯერ მხოლოდ სამწყობრო უფროსი, /?/ 3) ორ კვირას ვიყავი მთავარსარდალი; ჯამში ექვს თვე ნახევარს ომამდე და ორ კვირას ომის დროს.  თ ქ ვ ე ნ ი  ბელადები შეუსვენებლად იყვნენ ხელისუფლებაში ჩვენი არსებობის მთელი დროის მანძილზე; ძალაუფლება და უფლებამოსილებანი მათ ჰქონდათ დიქტატორული, და არა ისეთი, როგორიც მე მქონდა; ისინი გადაჭრით ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდნენ, მათ შორის ჯარების მოწყობას და ომისთვის მომზადების ¾-საც; ისინი ჩვენს შეიარაღებულ ძალას თავად მისი დაბადების მომენტშივე გამორიცხავდნენ, ორმაგი ორგანიზაციით...“ (თვითონ კი ყოველთვის ასეთს იცავდა). „აი, ბატონო მენშევიკებო, ჩემი როლი ჩვენი არმიის ომისათვის მომზადებაში და  თ ქ ვ ე ნ ი  ბელადებისა და პასუხისმგებელი ამხანაგების როლიც“.

ამ ამონაწერებიდან ჩანს, თუ რით ხელმძღვანელობდა გენ. ოდიშელიძე თავის მოხსენებაში, რა იყო მისი ძირითადი აზრი. სურდა რა საკუთარი თავი გაემართლებია, იგი სხვებს დებდა ბრალს. ბრალს დებდა რა სხვებს, იგი ამით საკუთარ თავს ადანაშაულებდა. თუ იგი არ ეთანხმებოდა და წინააღმდეგიც კი იყო ამა თუ იმ ღონისძიებებისა, მაშინ, იმყოფებოდა რა ისეთ საპასუხისმგებლო პოსტზე, როგორიც სამხედრო მინისტრის თანაშემწეა, მას უნდა ჰქონოდა სამოქალაქო ვაჟკაცობა და საქმეებიდან წასულიყო; წინააღმდეგ შემთხვევაში, აგრძელებდა რა მისი შეხედულებით მავნე ღონისძიებებში დარჩენას, იგი ამით ასეთებს მდუმარედ ეთანხმებოდა და, ეს ნიშნავს, ან არ მიაჩნდა ისინი მავნედ, ან კიდევ არ იყო დარწმუნებული მის მიერ შეთავაზებულ ღონისძიებებში. ამაოდ უწოდებს იგი საკუთარ თავს პატრიოტ-წამებულს; უფრო პატრიოტული იქნებოდა არ მიეღო მონაწილეობა იმ საქმეში, რომელსაც იგი თავისი სამშობლოსათვის მავნედ თვლიდა. მოხსენების ტონის შესახებ ყველაზე უკეთესია ამ მოხსენების ერთ-ერთი მსმენელის სიტყვებით ვიმსჯელოთ. აი როგორ წერს იგი: „მოხსენებაში ბევრი იყო ნათქვამი იმასთან მიმართებაში, თუ სამხედრო სამინისტროში მუშაობა, საერთოდ, როგორ მიდიოდა; ბევრი ადგილი დაეთმო იმას, რომ მას არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას, რომ მას ხელს უშლიდნენ, არ აქცევდნენ ყურადღებას მის მოხსენებებს მუქარის შემცველი საფრთხის შესახებ; მითითებული იყო იმაზე, რომ გვარდიის ჩინოსნებიდან რომელიმეს აზრს ყოველთვის მის მოსაზრებაზე უფრო მაღლა აყენებდნენ და ა. შ. მან აღნიშნა, რომ მთელი სამხედრო საქმე სამოქალაქო ადამიანებს მიჰყავდათ, რადგანაც ყველგან ისინი იყვნენ აღმატებულნი, რომ ეს ყოველივე განგებ იყო მოწყობილი, რომ იგი არმიის ორგანიზატორს არანაირ ხარისხად არ წარმოადგენდა და ასეთი არც გახლდათ, არამედ უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ მრჩეველი იყო. ბევრი ბრალდება იყო მიმართული ჟორდანიასადმი; რომ იგი ხშირად ძუნწობდა იქ, სადაც ფულის გაცემა იყო საჭირო და, პირიქით, ზოგჯერ ფულებს სრულებით ტყუილ-უბრალოდ ხარჯავდა. ძალზედ ბევრი თქვა მან გოგუას მისამართით; რომ იყო უუნარო, უცოდინარი იყო და არც იმის სურვილი ჰქონდა, რომ ვინმეს დამორჩილებოდა, რომ მას დიქტატორული უფლბამოსილებანი გააჩნდა. მოგვახსენა, რომ გოგუას ყოველ ნაწილში თავისგან თითო ჯაშუში ჰყავდა, რათა იქ სამეურნეო ჩინოსნებზე თვალყური ედევნებიათ. ამბობდა, რომ თავდასხმის მზადების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული საიდუმლო დოკუმენტის მიუხედავად, მის თხოვნებსა და მოხსენებებს არმიის გაძლიერების თაობაზე ყურადღებას მაინც არ აქცევდნენ... თავად ომის წინ ჯარების განლაგების შესახებაც კი ლაპარაკობდა და ყველაფერი სოსო გედევანიშვილს დააბრალა; მე, ამბობს, ჯარების ჩამოვლისას მას მივუთითე, რომ ჯარების ასე გაფანტვა არ შეიძლება და ვუბრძანე ისინი სხვანაირად განელაგებია, მაგრამ ჩემი ბრძანება შესრულებული არ ყოფილაო. რეპლიკაზე, რატომ ვერ მიაღწიეთ  თ ქ ვ ე ნ ს ა ს,  უპასუხა – „მე, როგორც მთავარსარდალი, სახელმძღვანელო საწყისებს ვაძლევდი, ხოლო შემდეგ კი ფრონტის სარდლის საქმე გახლდათ; მე არ ვარ ჩვეული რომ ჯარებს სხვანაირად ვუხელმძღვანელო; ცენტრალურ ადგილში ვიჯექი, ფრონტის სარდალს მითითებებს ვაძლევდი, ხოლო თუ მან ასე რატომ გააკეთა – ეს თვითონ მას ჰკითხეთ. მე არ ვარ ჩვეული ვუსარდლო ისე, როგორც გენ. კვინიტაძე სარდლობდა, რომელიც ცხენს დააჭენებდა და მთელ ფრონტზე მგზავრობდა; სარდლობის ასეთი ხერხი ეს მან აირჩია“. რეპლიკა: იქნებ  თ ქ ვ ე ნ ი  ხერხი კარგიცაა დიდი ფრონტისა და დიდი არმიის დროს, მაგრამ ჩვენი პატარა არმიისას საჭირო იყო მასთან უფრო ახლოს ყოფილიყავით. უპასუხა – „მე სხვა ხერხი არ ვიცოდი და თუ კიდევ მომიწევს სარდლობა, კვლავ ასევე მოვიქცევი“. შემდეგ თქვა, რომ ომის დაწყების მერე ფრონტი მოიშალა და ჯარებიც თბილისისაკენ იხევდნენ. „თქვენ აქ გენ. კვინიტაძე გეუბნებოდათ, რომ მე ნახევარი არმია მოვშალე – ეს სწორი არ არის, სულ ერთნახევარი ბატალიონი დაზარალდა, ხოლო დანარჩენი ჯარები კი წესრიგში იყვნენ“. ამასთან ერთად ამბობდა, რომ გედევანიშვილი დაიბნა და ვერაფერი იღონა და ისე გამოვიდა მისი სიტყვებიდან, რომ იგი თავად ცუდად იყო გათვითცნობიერებული იმაში, რაც იქ კეთდებოდა. „შემდეგ მე გამაგდეს“. მოხსენების უწინ მას როგორღაც უთქვამს: „მე კიდევ ვნახავდი, თუ რით დასრულდებოდა, რომ არ შევეცვალეთ, და კარგად კი გააკეთეს, რომ შემცვალეს...“ მართალი რომ ვთქვათ, მთელი მიხსენება ძალზედ მკვეთრი გამოთქმებით იყო შედგენილი და მთელ მთავრობასაც მოხვდა და ჟორდანიასაც, მაგრამ ყველაფერი ეს როგორღაც არასაქმიანად გამოვიდა (но как-то это все вышло неделовито); იგრძნობოდა, რომ მას გაცნობიერებული აქვს თავისი ბრალეულობა და აი, საკუთარი თავის გადასარჩენად გადმოანთხია მთელი მარაგი თავისი ბრალდებებისა ყველას წინააღმდეგ და თვით  თ ქ ვ ე ნ ს  წინააღმდეგაც.

მე მოხსენებამდე ველაპარაკე მას იმის შესახებ, რაც  თ ქ ვ ე ნ  შეგეხებათ; მან ამიხსნა, რომ არ გდებთ ბრალს  თ ქ ვ ე ნ  იმაში, რაც თითქოსდა გამოდის მისი სიტყვებით – ზურგისა და ფრონტის მოუმზადებლობა, თანაც აღნიშნავდა, რომ  თ ქ ვ ე ნ ი  ძალაუფლების მთელი სისრულის დროსაც კი მათთან ვერაფერს გახდებოდით. მე მას ვუთხარი, რომ  თ ქ ვ ე ნ  ერთი სიტყვითაც არ შეხებიხართ მას ჯარების მოშლასთან მიმართებაში. მან მიპასუხა – „ეს მან ბათუმში თქვა“.

მოჰყვა შეკითხვები: 1) გქონდათ თუ არა  თ ქ ვ ე ნ,  გენერალო, შედგენილი სახელმწიფოს თავდაცვის გეგმა? პასუხი: გეგმა არასოდეს დგება წინასწარ. (ამას ამბობს გენერალური შტაბის გენერალი). გეგმა დგება ვითარების და შესაბამისად. მაგრამ აქ აშკარად მიხვდა, რომ სისულელეს ლაპარაკობს და დაუმატა: „თავში მე, რა თქმა უნდა, მქონდა გეგმა, და როდესაც ბათუმში მივემგზავრებოდი, მაშინ გენერალური შტაბის უფროსს მივუთითე, თუ როგორ ემოქმედა“.

იყო კიდევ შეკითხვა: „გქონდათ თუ არა  თ ქ ვ ე ნ  დასახული პოზიციების ხაზები თბილისის წინ და მის უკან, და იყო თუ არა რაიმე მომზადებული ამ პოზიციებზე?“ პასუხი. „მე წარვადგინე თბილისის გამაგრების დაწვრილებითი პროექტი, მაგრამ ფულის გაღებაზე უარი განმიცხადეს“. შემდეგ მას დაუწყეს შეკამათება. ხომერიკი: იგი დელიკატურად და ფრთხილად ლაპარაკობდა, მიანიშნებდა, რომ გენ. ოდიშელიძე არასოდეს გარკვევით არაფერს აცხადებდა და თავის ნათქვამს დაბეჯითებით არ იცავდა, და ამიტომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მისი მოთხოვნა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი – „ძალზედ სამწუხაროა, რომ  თ ქ ვ ე ნ  მხოლოდ ახლა გაბედეთ ჩვენთან ასე მტკიცედ და გარკვევით ილაპარაკოთ“. ჯუღელი: ეს უკვე მორიდების გარეშე ლაპარაკობდა. თავიდან თქვა, რომ უხდებოდათ ზოგჯერ უარი ეთქვათ შესყიდვებზე, რადგანაც ფულები არ ჰყოფნიდათ, მაგრამ ხშირად მნიშვნელოვანი მოთხოვნის გარკვევა უმნიშვნელოსაგან უბრალოდ შეუძლებელიც გახლდათ; ყველაფრის მოხსენება რაღაც ფორმისათვის ყოველგვარი დაბეჯითებისა და დაჟინების გარეშე ხდებოდა. საკმარისი იყო ჟორდანია ან რამიშვილი რაიმეზე შეპასუხებოდნენ, რომ გენ. ოდიშელიძე ჩუმდებოდა, და საქმე ამით კიდეც მთავრდებოდა.  „თ ქ ვ ე ნ  ამბობთ, რომ მხოლოდ რამდენიმე თვე იყავით საქმეში, ეს არ არის მართალი.  თ ქ ვ ე ნ  მთელ სამ წელიწადს მაღალ ადგილებზე იყავით, ხან ერთ დარგში, ხან მეორეში, და სხვებზე დაბრალებას ნუ დაიწყებთ.  თ ქ ვ ე ნ  ამბობთ, რომ არ მოგცეს ფულები თბილისის გასამაგრებლად; დიახ არ მოგცეს, იმიტომ რომ  თ ქ ვ ე ნ  400 მილიონს ითხოვდით; მაგრამ განა არ შეიძლებოდა ნაკლები აგეღოთ და რაიმე მაინც გაგეკეთებინათ. ხომ შესძლო გენ. კვინიტაძემ 1920 წელს თბილისის წინ სანგრები მოეწყო, რომლებშიც ჩვენ ერთ კვირას ვიყავით გამაგრებული; და, მგონი, ამაზე სულ რამდენიმე მილიონი დაიხარჯა. ბევრ საკითხში, რომლებშიც  თ ქ ვ ე ნ  ჟორდანიას დებთ ბრალს,  თ ა ვ ა დ  ხართ დამნაშავე, იმიტომ რომ გარკვევით და დაბეჯითებით არასოდეს მოახსნებდით, არამედ ყოველთვის ჩქარობდით რომ ყველას დათანხმებოდით. აი, ბატონებო, იყო ასეთი სურათები. მოგვახსენებს გენ. ოდიშელიძე, მე ვიწყებ მასთან შედავებას, გენერალი მეთანხმება; შემდეგ გამოდის დგებუაძე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ძალიან ხშირად გამოდიოდა, მაშინ გენერალი დგებუაძეს ეთანხმება. მოდით და გაარკვიეთ, ბატონებო, რა უნდოდა გენ. ოდიშელიძეს. ასე მიდიოდა კიდეც საქმე ყოველთვის ყველა საკითხში. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ  თ ქ ვ ე ნ  ჩვენი კანდიდატი იყავით და პირადად ჩემი, მაგრამ მტკიცე ხასიათის სრულიად არმქონე და უნებისყოფო ადამიანი აღმოჩნდით. ჩვენ ხშირად ამხანაგებს შორის   თ ქ ვ ე ნ ზ ე  ვლაპარაკობდით და მე ამხანაგები ხშირად მიმითითებდნენ: „აი გენ. კვინიტაძე ჩვენ სხვანაირად გველაპარაკება, გვეკამათება, თავის აზრზე დგას და ჩვენც ყველას გვესმის, თუ მას რა უნდა, გენ. ოდიშელიძისა კი არ გვესმის“. ისმის რეპლიკა: „მაშინ რატომ სდევნიდით გენ. კვინიტაძეს“. ჯუღელი პასუხობს: „სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვეძლო მასთან გვემუშავა, მისი ხასიათის წყალობით“. განაგრძობს, მიმართავს რა გენ. ოდიშელიძეს:  „თ ქ ვ ე ნ  ამბობთ: გენ. კვინიტაძემ თქვა, რომ  თ ქ ვ ე ნ  მას მოშლილი არმია დაუტოვეთ. არ ვიცი, რა თქვა მან, მაგრამ არ შემიძლია არ დავადასტურო, რომ თანამდებობაზე მისი დადგომისას ომი ¾-ით უკვე წაგებული იყო. ბატონებო, მე ვნახე გენ. ოდიშელიძე მას შემდეგ, რაც ბომბი ესროლეს, და იგი ისე მშვიდი იყო, თითქოს ქაღალდის ბურთულა ესროლესო; და ამიტომ იმას, რასაც ვიტყვი, პირად სიმამაცეს თუ სილაჩრეს არ მივაწერ, არამედ მას, როგორც მთავარსარდალს. მოხდა, ბატონებო, საშინელი რამ. ფრონტზე პირველ გასროლებთან ერთად გენ. ოდიშელიძე ისე დაიბნა, რომ საომარი მოქმედებების მართვის ყოველგვარი უნარი დჰკარგა და ჯარებიც ამის შემდეგ ვერანაირ მითითებებს ვერ ღებულობდნენ, და თითოეული ნაწილი იმას აკეთებდა, რაც უნდოდა. ასე გრძელდებოდა 16-მდე, როცა გადავწყვიტეთ იგი შეგვეცვალა და ჯარების სათავეში შესაფერისი ადამიანი დაგვეყენებია; ასეთი მხოლოდ გენ. კვინიტაძე გახლდათ, და მე გავემგზავრე მასთან რომ დამეყოლიებინა. კვინიტაძემ მაშინვე მითხრა – ახლა ყველაფერი დაკარგულია, მაგრამ მე უარს არ ვამბობ გავაკეთო ის, რასაც შევძლებ – და მაშინვე ჩემთან ერთად გამოემგზავრა.

აუშტროვს ყველანაირი წვრილმანი ამბები მოჰყავდა, ბრალს დებდა რა მთელ არმიას, მაგრამ არანაირად არ ეწინააღმდეგებოდა მომხსენებელს: დაიწუნა საჯარისო ანგარიშწარმოება, მიმოწერისა და ბრძნებების სისტემა და ა. შ., და თავს ნება მისცა ორაზროვნად ელაპარაკა, რომ ფულებს ყველაფერზე იძლეოდნენ, მაგრამ ჯარები მაინც არ იყოო. ცხენოსან პოლკში პოლკის ნაცვლად იყო ერთი ესკადრონი; დაზვერვაზე უზარმაზარ ფულებს ხარჯავდნენ, ცნობები კი არ იყოო. თქვა, მიმართავდა რა ოდიშელიძეს: „ილია ზურაბის ძევ, ჩვენ, როცა მივდიოდით რა კომისიიდან ან სამხედრო საბჭოდან, არასოდეს შეგვეძლო იმის გაგება, თუ  თ ქ ვ ე ნ  რა გსურდათ,   თ ქ ვ ე ნ  არასოდეს იცავდით რაიმე გარკვეულს, არამედ ყოველთვის ყველას ეთანხმებოდით“. 

ქარცივაძე: ასევე თავს დაესხა სამხედროებს და სხვადასხვანაირ შეცდომებს (ბოლომდე ვერ გათვალისწინებებს, недочеты) ეძიებდა. ძალზედ გესლიანად ლაპარაკობდა ჩვენი დაზვერვისა და კონტრდაზვერვის შესახებ, და თავად გენერალურ შტაბში მუშაობის შესახებაც (ზაქარიაძეს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს, სხდომის თავმჯდომარის მხრიდან შეთავაზების მიუხედავად).

არსენიძე: „მე უნდა ვაღიარო ის ფაქტი, რომ გვარდია უდავოდ უშლიდა ხელს არმიის ფორმირებასა და გაძლიერებას“. (ისმის ჯუღელის რაღაც რეპლიკა). აგრძელებს: „დიახ, დიახ,  თ ქ ვ ე ნ  ხელს უშლიდით და ერეოდით,  თ ქ ვ ე ნ  თვით პოლიტიკაშიც კი ერეოდით და თვით ჩემს სამინისტროშიც... ჩვენ, სოციალისტები, ოფიცრებისგან თავს განზე ვიჭერდით და ეს შეცდომაა. დიახ, ისინი სოციალისტები არ არიან, მაგრამ ჩვენ ხომ აქამდე 40-40 წელი სოციალისტები ვიყავით, ხოლო ისინი კი ამდენ ხანსვე მეფეების ხელში მსახურობდნენ და არც არის გასაკვირი, რომ მაშინვე სოციალისტებად გახდომა არ შეეძლოთ.  თ ქ ვ ე ნ  უნდა გეცადათ (მიმართავდა რა გვარდიას) დაახლოებოდით მათ, დახმარებოდით მათ ჩვენს შეხედულებებში გარკვეულიყვნენ.  თ ქ ვ ე ნ  ბრალს დებთ გენ. ოდიშელიძეს, რომ იგი არ გელაპარაკებოდათ ისე თავისუფლად და მკვეთრად, როგორც  თ ქ ვ ე ნ  ხართ ლაპარაკს ჩვეულნი – ეს იმიტომ, რომ იგი ჩვენს გარემოს არ მიეკუთვნებოდა და ამის გამო თავშეკვებული გახლდათ. ისმის ხომერიკის რეპლიკა: „და გენ. კვინიტაძე კი იყო სოციალისტი? მას ხომ შეეძლო ელაპარაკა ჩვენთან, როგორც უნდოდა“. არსენიძე პასუხობს: „გენ. კვინიტაძე სხვა ადამიანი იყო, იგი ჯიუტია“. საერთოდ,  თ ქ ვ ე ნ  ალბათ ბევრი სლოკინი მოგიწევდათ; ერთი მხარეცა და მეორეც  თ ქ ვ ე ნ ს   სახელს იყენებდა და გენ. ოდიშელიძის სურვილის მიუხედავად, რომ მათ თვალში  თ ქ ვ ე ნ ს  შესახებ აზრისათვის ძირი გამოეთხარა, მან სულ საწინააღმდეგოს მიაღწია. მე კერძო საუბრებში მეუბნებოდნენ: ყველამ ყურადღება მიაქცია, რომ ოდიშელიძე  თ ქ ვ ე ნ თ ვ ი ს ა ც  კი ცდილობდა ძირი გამოეთხრა. ბოლო სიტყვაში ოდიშელიძემ, სხვათა შორის, ისევ  თ ქ ვ ე ნ ს  შესახებ თქვა: „აი  თ ქ ვ ე ნ  მე შემცვალეთ, კვინიტაძე დანიშნეთ, მან კი  თ ქ ვ ე ნ  თბილისი მიგიტოვათ და არმია მორალურად მოკლა. ჰო, მას მტკიცე ხასიათი აქვს“. ჯუღელის რეპლიკა: „როგორი ფაქიზი ირონიაა“. როგორი ჟონგლირებაა.

აქ უნდა აღვნიშნო, 18-დან 19 თებერვალს ღამის პირველი შემოტევის დროს, როცა ჩვენ მოვახერხეთ არათუ მოგვეგერიებინა მოწინააღმდეგის შემოტევა, არამედ ათასზე მეტი ადამიანი ტყვედაც აგვეყვანა, ამ ღამეს, არ დალოდებია რა შემოტევის შედეგს, გენ. ოდიშელიძე მცხეთაში გაემგზავრა. მომდევნო დღეს მან მე ტელეფონში თხოვნით მომმართა რომ მისთვის ავტომობილი გამეგზავნა, რადგანაც იგი „შემთხვევით“ მცხეთაში მოხვდა.

მისი სიტყვებიდან გამოდის, რომ თბილისი თვითნებურად იქნა დატოვებული; ამ დროს კი ჯარები თბილისში ალყაშემორტყმულნი იყვნენ და ალყის რგოლი (кольцо окружения) 24-დან 25 თებერვლის ღამეს თითქმის შეკრულიც გახლდათ. მისი სიტყვებიდან გამოდის, რომ არმიის სულისკვეთება თბილისის დატოვებით იქნა მოკლული, როცა არმია ისე მიდოდა, რომ ტყვეები მიჰყავდა და ნადავლიც მიჰქონდა, არ დაუტოვა რა მოწინააღმდეგეს არც ერთი ტყვე და არც რაიმე ნადავლიდან; და იგი სრულებით არ ანიჭებს მნიშვნელობას ბრძოლებს 12-დან 15 თებერვლის ჩათვლით, როცა თითქმის მთელი ჯარები გაიფანტნენ და მთელი ჯარიდან მე მხოლოდ 600–700 ადამიანიღა ვიხილე.

ოდიშელიძემ თავის ბოლო სიტყვაში თქვა შემდეგი. არაფერი ახალი მას არ უთქვამს. იგი ამბობდა: „მე ახლაც ვამტკიცებ, რომ  თ ქ ვ ე ნ თ ა ნ  ორგანიზატორად ერთ საათსაც კი არ ვყოფილვარ; არმიის ორგანიზატორები და მშენებლები იყავით  თ ქ ვ ე ნ.  ყველა ჩემს წინადადებასა და მოთხოვნას უარყოფდით; რომელიმე  თ ქ ვ ე ნ გ ა ნ ი ს  შემოპასუხება (возражение) ჩემს ყველა წინადადებას აგდებდა. დიახ, მე ისეთი სულელი ვიყავი, რომ არ წავედი; სულ ვფიქრობდი, რომ რაიმეს გაკეთებას მაინც შევძლებდი.  თ ქ ვ ე ნ  ამბობთ, რომ სამხედროებმა რევოლუციის სული ვერ გავიგეთ.  თ ქ ვ ე ნ  კი გაიგეთ.  თ ქ ვ ე ნ  30 პარტიად დაიყავით და თითოეულს თავისებურად ესმოდა რევოლუცია.   თ ქ ვ ე ნ  ამბობთ, რომ აი მილიერანი სამოქალაქო პირია, საუკეთესო სამხედრო მინისტრი კი იყო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მილიერანსა და ჭიჭინაძეს შორის არის პატარა განსხვავება...  თ ქ ვ ე ნ  სრულიად არ იცით, თუ როგორ აშენებდა არმიას ტროცკი, ჩვენ ნახევარი ტროცკიც გვეყოფოდა. აი  თ ქ ვ ე ნ  ამბობთ, რომ მე ყველას წინაშე ვკანკალებდი,  თ ქ ვ ე ნ ს  წინაშეც კი, ბატონო აუშტროვ; ამბობთ, რომ არ ვიყავი მტკიცე და დაჟინებული, ცუდი ორგანიზატორი გამოვდექი, ხოლო ფრონტზე პირველ გასროლებთან ერთად ჯარების მართვის უნარი დავკარგე – მაშინ ნება მომეცით გკითხოთ,  თ ქ ვ ე ნ  რომელი ადგილით ფიქრობდით, როცა ასეთი გენერალი მთავარსარდლად მოიწვიეთ?“

ამით დასრულდა მოხსენება. მე ვთვლი, რომ გენ. ოდიშელიძის მთელი მოხსენებიდან მისი უკანასკნელი ფრაზაა ყველაზე უფრო სწორი და ძლიერი ბრალდება, რომელიც მან მმართველებს წაუყენა.


თ ა ვ ი XXXIV 


საფრანგეთში გამგზავრება 

1921 წლის 10 დეკემბერს მე ბერძნულ გემში ჩავჯექი. ჯერ კიდევ გამგზავრების წინ მივმართე კ. გ. გვარჯალაძეს თხოვნით რომ ჩემთვის დიპლომატიური პასპორტი მოეცა, რათა საბაჟოზე წვალებისათვის თავი ამერიდებინა. მე უარი მითხრეს და განმიმარტეს, რომ მთავრობამ ბრძანა მეტად აღარ მიეცათ ასეთი პასპორტები, და არის განკარგულებაც ჩამოერთვას ისინი მათ, ვისაც ასეთები ჰქონდათ. თუმცა კი ვიცი, რომ გენ. ქუთათელაძე გერმანიაში დიპლომატიური პასპორტით გაემგზავრა; მას ის ადრე ჰქონდა და მისთვის არც ჩამოურთმევიათ. შემდეგ ვიცი, რომ პარტიული წარმომადგენლები, რომელთაც ჩვენს დიპლომატიურ კორპუსთან არანაირი მიმართება არ ჰქონდათ ასევე დიპლომატიური პასპორტებით მგზავრობდნენ ევროპის ქვეყნებში. სიმკაცრე მხოლოდ ჩემთან მიმართებაში იქნა გამოყენებული. პასპორტის ნაცვლად მივიღე ქაღალდი, რომელშიც მთავრობის რწმუნებული სთხოვდა ხელისუფალთ ჩემთვის თანადგომა აღმოეჩინათ; ეს ქაღალდი მე, რა თქმა უნდა, არავისთვის წარმიდგენია, ვინაიდან მას არ შეეძლო რაიმენაირი რეალური მნიშვნელობა ჰქონოდა და, პირიქით, შეეძლო ჩვენი წარმომადგენელი უცხოელ მოხელეთა თვალში დაემცირებია.

ნავმისადგომში გემში ჩასხდომის პროცედურა რამდენიმე საათს გაიწელა. ბოლოს, ნავში ჩავსხედით და გემისკენ გავემგზავრეთ. ბორტთან ასევე მოგვიწია კონტროლის დასრულებისთვის გვეცადა, რომელიც გემს ათვალიერებდა; ცოტათი გვარწევდა და ჩემი პატარა ქალიშვილი, ძუძუთა ბავშვი რყევისგან ცუდად გახდა და მას გული აერია. ბოლოს, გემში ავედით. ჯერ კიდევ ნავმისადგომში პროცედურის მომქანცველი ლოდინი ჩემს გასაცილებლად მოსულებმა ძალიან გამიხალისეს; ესენი ოფიცრები და იუნკრები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი ნავში ჩაგვიჯდა და ხომალდამდე გაგვაცილა. გემზე ისინი აღარ შემოუშვეს. სიბნელის დადგომასთან ერთად გემი გზას გაუდგა.

მარსელში 19 დეკემბერს ჩამოვედი. თითქმის მთელ გზას გვარყევდა, განსაკუთრებით კი მარსელში ჩამოსვლამდე უკანასკნელ ღამეს.

საბედნიეროდ გემი სმირნასა და ათენში შევიდა, და ამ გაჩერებების დროს ჩემმა ოჯახმა შეძლო ცოტათი დაესვენა; დანარჩენ დროს იგი სულ იწვა. როცა ბილეთებს ვყიდულობდი, ვითხოვე ჩემთვის ცალკე კაიუტა მოეცათ. სააგენტო დამპირდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გემზე ამის მიღწევა მხოლოდ გრძელი კამათების შემდეგ თუ მოვახერხე; ბოლოს, მომცეს, მაგრამ საშინელი; ის ძალიან პატარა იყო, კიჩოს ბოლოში გახლდათ განლაგებული და ბორტს მიბჯენილი; იქ 4 საწოლი ძლივს თავსდებოდა და ისე პატარა იყო, რომ კაიუტაში ერთი რომელიმეს ყოფნის დროს კარის გაღება უკვე შეუძლებელი ხდებოდა.

ათენის ნავსადგურში სამ დღეს ვიდექით. როგორც კი გავჩერდით, გემზე კონტროლი ამოვიდა და პასპორტების შემოწმება დაიწყო. როგორც კი თვალი შეავლო ჩემს პასპორტს, მოხელემ ის აიღო და გავიდა. როგორც გამოირკვა, მან მე რუსად ჩამთვალა. მომიწია დიდხანს ამეხსნა მისთვის ხომალდის მოსამსახურს შუამავლობით, რომელიც ფრანგულ ენას ცოტათი ფლობდა. ბოლოს პასპორტი დამიბრუნეს. მგზავრებმა ნაპირზე ჩასვლა დაიწყეს. მათ ატარებდნენ, მაგრამ საბაჟოზე პასპორტებს ართმევდნენ. შემდეგ დღეს ცოლთან ერთად ნაპირზე ჩავედი და საბაჟოს გავლით გავიარე. არავის გავუჩერებივართ და ჩვენც ქალაქში გავედით. ვისარგებლეთ რა ერთი ბერძნის თავაზიანობით, რომელიც დავთანხმდა ჩვენი გამცილებელი ყოფილიყო, ათენამდე ვიმგზავრეთ და ტრამვაით სამხედრო სკოლისაკენ გავეშურეთ, რათა ჩვენი იუნკრები გვენახა. ჩვენი თავაზიანი გიდი უფრო ადრე ჩავიდა, მაგრამ მანამდე ჩვენს კონდუქტორს რაღაც უთხრა. კიდევ ცოტა მგზავრობის შემდეგ ვაგონი გაჩერდა და კონდუქტორმა გამოგვიცხადა, რომ უნდა ჩავსულიყავით; შემდეგ, როცა ჩამოვედით, იგი ერთ-ერთი ქუჩით ჩვენთან ერთად წამოვიდა, 100 ნაბიჯი გაგვატარა და სამხედრო სკოლის შენობაზე მიგვითითა, რომელიც პლაცზე იყო განლაგებული, ქალაქის გარეთ; ვაგონი იდგა და ელოდა.

ჩვენ სკოლაში გავემართეთ. აქ მორიგე ოფიცერი ძალზედ თავაზიანად შემხვდა. იუნკრები ჩემი ჩამოსვლით ძალიან კმაყოფინლი იყვნენ. იქ ყოფნის ნახევარი წლის მანძილზე ძალიან მოიწყენეს. თავიდან მათ ბერძენი იუნკრები ძალიან კარგად დახვდნენ, მაგრამ შემდეგ მათ მიმართ უფრო გულგრილნი შეიქნენ. საქმე იმაშია, რომ ამ სკოლას ძალზედ არქაული ტრადიციები გააჩნია. მათთან ყველა ჩვენგანისთვის კარგად ცნობილი ეგრეთ წოდებული „ცუკი“ გამოიყენება, ამასთან უმცროსი კლასები იძულებული ხდებიან არა მხოლოდ ლანძღვა და აბუჩად აგდება აიტანონ, არამედ ცემაც. ჩვენები, რა თქმა უნდა, ამას წინ აღუდგნენ. მათ ხელს არ ახლებდნენ, მაგრამ საერთოდ განზე გაუდგნენ. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით ენის შესწავლის სიძნელის გამო მძიმდებოდა. ჩემმა ჩამოსვლამ ისინი გამოაცოცხლა. ჩემი პირველი სტუმრობა საღამოს იყო; ამიტომ სკოლის უფროსს ვერ მივუსწარი. მომდევნო დღეს დილიდან ისევ სკოლაში მივედი. სკოლის უფროსი გაფრთხილებული იყო. იგი ჩემთან ძალზედ თავაზიანი გახლდათ და ჩვენ ერთად მთელი შენობა შემოვიარეთ; ვეწვიეთ კლასებს. შენობა ძალიან კარგია; ადგილი სწავლებისათვის ვრცელია; ქალაქის გარეთ განლაგება კი საველე განსწავლას უწყობს ხელს. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ წესები იქ არქაულია. საკმარისია აღვნიშნო, რომ 200-ზე ცოტათი მეტ აღსაზრდელზე 40 კარცერი აქვთ; ისინი ცალკეა განლაგებული და მათ საკმარისად ვრცელი ფლიგელიც უკავიათ; სკოლის უფროსმა კი, რომელიც უკვე ერთი თვეა რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა, მგონი, შენობა პირველად მოიარა; სულ მცირე ჩვენმა იუნკრებმა მითხრეს, რომ მათ იგი მაშინ პირველად იხილეს. იუნკრები, ბუნებრივია, ჩვენი სკოლის წესებს ბერძნული სასწავლებლის წესებთან ადარებდნენ, და ეს შედარება უკანასკნელის სასარგებლოდ სულაც არ მეტყველებდა. მამობრივ დამოკიდებულებასა და ზედამხედველობას უფროსების მხრიდან ისინი საერთოდ ვერ ხედავდნენ; მათ შინაგან ცხოვრებას უფროსი კლასი არეგულირებდა, ხოლო „ცუკი“ მათ მუდმივად ტანჯავდა. ისინი ძნელად იტანდნენ „ცუკის“ სცენებს, რომლებშიც უფროსები უმცროსებზე ვარჯიშობდნენ. სწავლებაც მათ ასევე არ აკმაყოფილებდა. მათემატიკურ მეცნიერებები სჭარბობდა. ტაქტიკაში უმცროს კლასში არ მეცადინეობდნენ; საშუალო კურსზე ამ მეცნიერებას ორი საათი ჰქონდა კვირაში დათმობილი, უფროს კურსზე კი ხუთი; ამასობაში კი ჩვენთან უმცროს კლასში ამ მთავარ საგანს 5 საათი ჰქონდა დათმობილი, უფროსში 8 საათი. სამხედრო ისტორიაში ძველ ომებს გადიოდნენ; უახლესი ომები კი არ ისწავლებოდა. სამწყობრო მეცადინეობებიც ჩვენს იუნკრებს ასევე არ მოსწონდათ, ვინაიდან მთავარი ყურადღება შაგისტიკაზე იყო მიქცეული. აღსაზრდელებს შორის ამხანაგობა, რომელსაც ჩვენ ასე ძალიან ვუჭერდით მხარს, აქ არ არსებობდა. ყოველივე ეს იუნკრებს ტანჯავდა და ლტოლვილების მათ მდგომრეობას, სამშობლოსთან კავშირის არარსებობისას კიდევ ბევრ სიმწარეს უმატებდა. სწავლების ხანგრძლივობა კი (3 წელი) ბერძნული ენის სწავლის სიძნელესთან კავშირში მათ მორალურ ძალებს საბოლოოდ ძირს უთხრიდა. ორი დღე ვიყავი მათთან; ჩვენ ქალაქში დავდიოდით და მის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებდით, სტადიონის ჩათვლით.

ქალაქს ძალიან მიმზიდველი შესახედაობა აქვს; ბერძნული სტილის არქიტექტურის შენობები ძალზედ ლამაზია და თავიანთი ხაზების უბრალოებითა და სინატიფით მეტად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენენ, ხოლო ნათელი ტონები კი სულში ნათელ და სასიამოვნო აზრებს აღვიძებენ. ათენის ქუჩაში მე შევხვდი ერთ ქართველს – ერისთავს. 1918 წელს, როცა სამხედრო მინისტრის თანაშემწე გახლდით, ვთავაზობდი მას ჩემს ადიუტანტად ამეყვანა, ვინაიდან იგი უცხო ენებს ჩინებულად ფლობდა; მაგრამ მანამდე, ვიდრე ამის გაკეთებას მოვასწრებდი, განთავისუფლებულ ვიქენი ჩემი თანამდებობიდან. ჩვენ ერთმანეთთან შეხვედრა ორივეს გაგვეხარდა. იგი ათენში ცხოვრობდა, როგორც ლტოლვილი, იქვე იყო მისი ძმაც. მეორე დღეს ჩვენ პირობის თანახმად სამხედრო სკოლის შენობაში შევხვდით, და შემდეგ კი იქიდან ერთად წამოვედით. ორივე ძმამ მე ცოლთან ერთად სადილად რუსულ რესტორანში მიმიპატიჟა, რომელსაც ლტოლვილი რუსი გენერალი ინახავს. ერისთავები თავიანთ ისტორიას მიყვებოდნენ. ის, რომელსაც მე ჩემს ადიუტანტად ვვარაუდობდი, შემდგომში შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით დაპატიმრებულ იქნა, მაგრამ თუ რისთვის – ამ დრომდე არ იცის. იგი გაიქცა ციხიდან, და შემდეგ საქართველოდანაც. აქ, ათენში, მათ იმით დაიწყეს, რომ მისი ძმა მსურველებს თავისი საარტილერიო მილ-ბინოკლის მეშვეობით ვარსკვლავებს უჩვენებდა; ამ ოპერაციას ისინი პირდაპირ ქუჩაში აწარმოებდნენ. ახლა მათ რამდენადმე თავი გაართვეს ცხოვრებას და სინემატოგრაფის კომპანიაში მსახურობენ; ცხოვრობენ, შიმშილით არ კვდებიან. ორივენი სულ მეკითხებოდნენ, როდისღა იქნება შესაძლებელი სამშობლოში დაბრუნებაო. მე ვთხოვე მათ ჩვენს იუნკრებთან კავშირი ჰქონოდათ, რასაც ისინი, როგორც შემდეგ გავიგე, სრული მონდომებითა და ხალისით აკეთებდნენ, და იუნკრებიც თავიანთ წერილებში მათ ყოველთვის ყველაზე უფრო კეთილი გრძნობით იხსენიებდნენ.

მარსელში 19 დეკემბრის განთიადისას ჩამოვედი; იმ ღამით სულ ვერ დავიძინე, ვინაიდან ძლიერად გვარყევდა და მთელი ღამე გემბანზე უნდა გამეტარებია. მარსელში ჩვენ გარეთა რეიდზე 9–10 საათი გაგვაჩერეს, ხოლო შემდეგ კი შიდა რეიდზე შეგვიყვანეს და ნაპირსაც მივადექით. დაიწყო პასპორტების შემოწმება, შემდეგ კი საბაჟოში წვალებაც. 

ჩვენ მარსელში დილით ჩამოვედით, პარიზის მატარებელი კი ღამის 11 საათზე გადიოდა. მთელ დღეს უნდა გველოდა. მატარებლის ბილეთები დილიდანვე შევიძინე. მომიწია მე-3 კლასის ბილეთები მეყიდა, რადგანაც ფული არ მყოფნიდა. მე 4000 ფრ. გამომიგზავნეს, ამასობაში კი „პაკეს“ საზოგადოების გემზე მე-2 კლასის ბილეთი კონსტანტინოპოლიდან მარსელამდე 800 ფრანკზე მეტი ღირდა, ამასთან 7 წელზე უფროსი ბავშვებისათვის ბილეთის ფულს ისევე იღებდნენ, როგორც ზრდასრულისას; ამრიგად, 4000 ფრანკით მარსელში ჩამოსვლასაც ვერ შევძლებდი, არა თუ პარიზში. კონსული კონსტანტინოპოლში მთავაზობდა ისე მოეწყო ჩემთვის საქმე, რომ ჩემი შვილები 7 წლის ასაკზე ნაკლებისა ყოფილიყვნენ, ე. ი. პასპორტი გადაეკეთებინა; მე, რა თქმა უნდა, არ შემეძლო ამ კომბინაციაზე დავთანხმებულიყავი. მესამე კლასში კი ზამთარში ბავშვებთან ერთად გემით მგზავრობა შესაძლებლად წარმოუდგენელი გახლდათ.

ჩემს მიერ კონსტანტინოპოლში აღწერილი მოვლენები მკითხველს შეიძლება მხოლოდ პირადი ხასიათისა მოეჩვენოს, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა არ გააჩნიათ. შეიძლება.

მე ისინი დაწვრილებით აღვწერე და აი რატომ. ჯერ ერთი, 1922 წელს გადავწყვიტე აღმეწერა ყველაფერი, რისი მოწმეც ვიყავი.

მეორე, ვთვლი, რომ ეს მოვლენები შეიძლება და უნდა იყოს კიდეც აღწერილი, ვინაიდან მოვლენები ისტორიაში ხდება არა თავისთავად, არამედ მათ ის ადამიანები ჰქმნიან, რომლებიც ხალხის ბედს მართავენ. ისტორიკოსებისათვის, უეჭველად, სასურველია და საინტერესო იცოდნენ როგორც იმ პირთა დახასიათება, რომლებიც ხალხს მართავენ, ისე ორმხრივ ურთიერთიობათა და მმართველობის ტენდენციებიცა და გამოყენებული ხერხებიც.

მე ვამტკიცებ, რომ საქართველოს ბედი იმ ადამიანთა ხელში, რომლებიც თავიანთი სამშობლოსადმი გულწრფელი სიყვარულით არიან განმსჭვალულნი და გააჩნიათ, რა თქმა უნდა, არა ისეთი ინტელექტი, როგორიც ჩვენს მმართველებს, სრულიად სხვაგვარი იქნებოდა. კონსტანტინოპოლში მომხდარი მოვლენები ჩვენს მმართველებსა და მათთან დაახლოებულ გენერლებს საკმარისად ნათლად ახასიათებენ.


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment