Wednesday, March 25, 2020

ვიქტორ ნოზაძე – საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბილისი, 1989

(გამომცემელთა შესავალი: პარიზში 1975 წელს გარდაცვლილი ქართველი მეცნიერის ვიქტორ ნოზაძის წიგნი „საქართველოს აღდგენისათვის“ ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ისტორიას 1918 – 1921 წლებში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ისტორიას ვიქტორ ნოზაძე ანზოგადებს უცხოეთში გამოცემულ მანამდე უცნობი მასალების მიხედვით, რაც ამ ნაშრომს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართულ ისტორიოგრაფიაში. წინამდებარე წიგნი ქართულ საისტორიო კლასიკას მიეკუთვნება და საქართველოში პირველად იბეჭდება.

საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1989)




შინაარსი 

1. ძველი მესხეთი და საქართველო
2. მესხეთი რუსეთის იმპერიაში
3. საზღვრების საკითხი კავკასიაში
4. ამიერკავკასიის სეიმი და საზღვრების საკითხი
5. საზავო მოლაპარაკება ბრესტ-ლიტოვსკში და მესხეთის ბედი
6. ბრძოლა მესხეთის გამო ტრაპიზონში და ომი ოსმალეთთან
7. ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლის მიზეზები
8. საქართველოს რესპუბლიკისა და ოსმალეთის იმპერიის ბათუმის საზავო ხელშეკრულება და მესხეთის ბედი
9. ოსმალეთის იმპერიის კავკასიური პოლიტიკა და მისი მარცხი
10. საქართველო-სომხეთის დავა და ომიც მესხეთის გამო
11. „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობა და ინგლისელების პოლიტიკა მესხეთში
12. ქართულ-სომხური, ინგლისურ-ოსმალური და რუსული ინტერესები მესხეთში
13. „მუსულმანური კომიტეტების“ ბრძოლა მესხეთში
14. ქართული პოლიტიკის გამარჯვება მესხეთში
15. ინგლისი და ბათუმის საკითხი
16. საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება
17. მესხეთისათვის ბრძოლა უცხოეთში
18. ახალი ოსმალეთის წარმოშობა და მესხეთის საკითხი თურქულ „ეროვნულ პაქტ“-ში
19. საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური ოსმალეთის მოქმედება კავკასიაში
20. რუსეთ-ოსმალეთის მოსკოვის ხელშეკრულება, ყარსის ხელშეკრულება და მესხეთის საკითხი
21. რუსეთის მზადება საქართველოზე თავდასასხმელად და ოსმალეთ-საქართველოს ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს ომის დროს
22. ოსმალეთის დაპირება და ღალატი
23. ოსმალეთის ღალატის გამართლება „თურქეთის რესპუბლიკის ისტორიით“
24. სამი წლის ბრძოლა მესხეთის გამო

რედაქტორისაგან


(ნაწილი I) 


ისტორიის მთელ სიგრძეზე მესხეთის პოლიტიკური ამბავი არის სამხრეთ მეზობლებთან საქართველოს ურთიერთობის ქვაკუთხედი. ამ მცირე ნარკვევიდანაც სჩანს, თუ როგორი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მესხეთს საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის და რაოდენი მსხვერპლი გაუღია ქართველ ერს მესხეთისათვის ბრძოლაში. ამ ნარკვევის ავტორმა თავისი ყურადღება შეაჩერა მესხეთის უკანასკნელი ჟამის ამბებზე და მათ გასარკვევად ისარგებლა მხოლოდ გამოქვეყნებულით, რადგან არქივებში მდებარე მასალები მისთვის მიუწვდომელი იყო. ავტორი ფიქრობს, მესხეთის ისტორიის სრული სურათის აღბეჭდვა ჯერჯერობით ნაადრევია. ეს ნარკვევი გვიჩვენებს მხოლოდ საერთო ბედს, რომელზეც საკმაო სიცხადით მოსჩანს მესხეთის სახე და საქართველოს ბედი.


* * *

ნუ იპოებიან ჭურჭელსა შენსა სასწორი ერთი დიდი და ერთი კნინი. ნუ იყოფინ სახლსა შენსა ორი საწყაული, ერთი დიდი და ერთი კნინი, არამედ... საწყაული ჭეშმარიტი და მართალი.
(II შჯული, XXV. 18)

სასწორი მართალი და საწყაო მართალი და კაბიწი მართალი იყავნ თქვენდა. 
(ეზეკიელი 45. 10)


1. ძველი მესხეთი და საქართველო 

ზემო ქართლი ანუ მესხეთი შესდგებოდა შემდეგი ნაწილებისაგან: 

შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე:

1) აჭარა, 2) ქობულეთი, 3) ლივანა, 4) ჭანეთი ანუ ლაზიკა (ლაზისტანი).

ჭოროხის ხეობაში:

5) შავშეთი, 6) კლარჯეთი, 7) ტაო, 8) ბასიანი, 9) ისპირი, 10) თორთომი.

მტკვრის ხეობაში:

11) სამცხე, 12) ჯავახეთი, 13) არტაანი (არდაგანი), 14) კოლა, 15) აბოცი (ანუ პალაკაციო, ანუ ყაიყული, ანუ ჩილდირი).

ისპირი და ლაზისტანი უძველეს დროში ხალიბებს ანუ ლაზებს ეკუთვნოდა. მეორე საუკუნეში ქრისტეს წინ სომხებმა დაიკავეს ტაო და გაქრისტიანების დროს (IV საუკუნე) ეს მხარე თითქოს სომხების ხელში უნდა ყოფილიყო. მაგრამ მალე ისევ ქართველთ ანუ იბერიელთ განუვრციათ აქ თავისი ხელისუფლება და, როგორც პროკოფი კესარიელი, ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი, რომელიც გარდაიცვალა დაახლოებით 562 წელს, წერს: – მესხები „ძველითგანვე იბერთა ქვეშევრდომები“ არიან (ანუ პოლიტიკურად ქართლს ეკუთვნიან) და მათ „მთებში აქვთ საბინადრო ადგილები“-ო.

მეექვსე საუკუნეში და შემდეგ, ომებისა და მძაფრი სენის შედეგად, თითქმის მთელ ზემო ქართლში, განსაკუთრებით კი სამცხეში, შავშეთ-კლარჯეთში და ტაოში მოსახლეობა სრულებით მოსპობილა. მხოლოდ მეცხრე საუკუნიდან იწყება ამ მხარეში ქართველების ხელახლა დასახლება და მეთერთმეტე საუკუნეში იქ უკვე წმინდა ქართული მოსახლეობაა და იგი ქართული სახელმწიფოებრივი და კულტურული აკვანია.

ზემო ქართლი ანუ მესხეთი სამცხე-ჯავახეთითგან მოყოლებული ტაო-ისპირამდე ერთს საგამგეო ერთეულს, საერისთავთ-ერისთავოს და სამთავროს შეადგენდა. მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მესხეთის მთავრის განსაგებელი იწყებოდა ბორჯომის ხეობითგან, ტაშისკარითგან და კარნუქალაქამდის აღწევდა. მეცამეტე საუკუნის დამდეგს თამარ მეფის მიერ დაარსებულ ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა ლაზისტანი, ანუ ჭანეთი, მაგრამ შემდეგ იგი გურიელს ეჭირა, ხოლო 1511 წელს სამცხის მთავრის, ათაბაგის ხელში გადავიდა.

ათაბაგის ანუ ათაბეგის სახელწოდება პირველად იხმარეს თამარ მეფის (1184–1214) დროს, როდესაც მესხეთში გამგედ დანიშნეს ივანე მხარგრძელი. გიორგი მეხუთემ (1314–1346) ათაბაგობა უბოძა ყვარყვარე ჯაყელს (1334 წელს), ხოლო გიორგი მერვეს დროს ყვარყვარე მეორემ 1463 წელს თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა და ამას შემდეგ ამ მხარეს დაერქვა სამცხე-საათაბაგო, რომელიც ხან მტრულ და ხან მეგობრულ დამოკიდებულებაში იყო დანარჩენ ქართულ სამეფოებთან.

ოსმალეთის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ და 1453 წელს ბიზანტიის იმპერიის მოსპობის მერმე, აგრეთვე ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შედეგად (1461 წელს) ოსმალეთი ხშირად ესხმოდა მესხეთს ანუ სამცხე-საათაბაგოს და საუკუნეთა მანძილზე მათ შორის მუდმივი ომი ხდებოდა. ოსმალეთის იმპერიის ძლიერებით ქედმოხრილი ათაბაგები ბოლოს იძულებული გახდნენ სულთანის უზენაესი ხელისუფლება ეღიარებინათ, მაგრამ ეს ათაბაგები ქართველ მეფეებთან ჯერ კიდევ კავშირს არ წყვეტდნენ და ქართული ქრისტიანული კულტურის ფარგალში იმყოფებოდნენ.

სამცხის უკანასკნელი ქრისტიანი ათაბაგი იყო მანუჩარი (1614–1624), რომელმაც ცნობილ და განთქმულ მარაბდის ომში სპარსეთის წინააღმდეგ დანარჩენ ქართველ მეფეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო. მან აღიარა ოსმალეთის უზენაესი ხელისუფლება, მაგრამ მისმა ბიძამ მოწამლა იგი, თვით წავიდა სტამბოლს, მიიღო მაჰმადიანობა და სულთანის ანუ ხონთქარის მიერ იგი დანიშნულ იქნა ახალციხის ფაშად, საფარ ფაშის სახელით. 

საფარ ფაშამ მესხეთში შემოიღო ოსმალური წესები, ანუ როგორც აგვიწერს ბატონიშვილი ვახუშტი (1696–1772): „და დაჯდა ესე საფარ-ფაშა და დაიპყრა სრულიად საათაბაგო... და მართვიდა, ვითარცა წესი არს ოსმალთა: ამან აღწერა ქვეყანა და შეჰკვეთეს ხარკი ქრისტიანეთა სულზე დრაჰკანი და ყოველსა მოსავალსა ზედა ხილითურთ შვიდის-თავი, ცხვარზედ ორი შაური, ზროხაზედ აბაზი, ცხენსა და კამბეჩზედ ექვსი შაური; ხოლო საფაშოდ ხარკი დრაჰკანის მესამედი, რომელი არს ათი შაური წესისამებრ ოსმალთა: არამედ ეპისკოპოსნი და მონასტერნი წინათვე შლილობათა ამათ შინა ათაბეგთათა და უმორჩილებითა ქართლისა კათალიკოზისათა შემცირდებოდნენ ურწმუნოებითა მესხთათა, რამეთუ მიუხმიდნენ (ართმევდნენ) მამულ-შეწირულებათა, შემცირდებოდნენ და მოიშლებოდნენ მთავართაგან და შემდგომად უმეტეს დაპყრობისა ტაო-კლარჯეთისა და შავშეთ-არტანუჯისა ოსმალთაგან, არღარა მოიპოვებოდა მუნ, ვინადგან მიუხვნეს ოსმალთა სრულიად მამულ-შეწირულებანი და არღარავინ იყო მეტრფე მონაზონებისა... ვინადგან რისხვითა ღუთისათა გამაჰმადიანდებოდნენ ყოველნი წარჩინებულნი ამ ქვეყნისანი და დაიწყეს მიერით თათრობა... ხოლო მორწმუნენი ჰფარვიდნენ და მალვიდნენ ხატთა, ჯუართა და ნაწილთა წმიდათათ და სხუთა წარაქუნდათ პირველსაებრ იმერეთს და ქართლს ივლტოდიანცა წარჩინებულნი, რომელნი სძულობდნენ მაჰმადიანობასა, რამეთუ განაგებდა საფარ-ფაშა ნებითა ოსმალთათა ყოველსავე“.

როგორც ვხედავთ, ოსმალთა გავლენით საფარ ფაშამ დაიწყო ადმინისტრაციული და ფისკალური ზომებით ქრისტიანობის ანუ ქართველობის წინააღმდეგ ბრძოლა და ქართული კულტურის აღმოფხვრა. ეს ძველი, ნაცადი, მაჰმადიანური ბრძოლის მეთოდია, ქართველების წინააღმდეგ არაერთხელ ნახმარი, და ეს ბრძოლა გაგრძელდა ორ საუკუნეზე მეტ ხანს. ამ ბრძოლაში ქართველობა დამარცხდა, თუმცა აქა-იქ გადარჩნენ ქრისტიანული კერანი, ხოლო ქართული ენა დიდხანს კიდევ გაბატონებულად ითვლებოდა, ვინაიდან თვით ახალციხის ფაშებიც ქართულ სამეოებთან ქართულ ენაზე აწარმოებდნენ მიწერ-მოწერას, ოღონდ მესხთა ზნე-ჩვეულებაში ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა თურქული, და ეს ბრძოლა იმდენად მწვავე და მწარე უნდა ყოფილიყო, რომ მასში საქრისტიანო საქართველოს ქალებიც კი ჩაერივნენ. ეს მჭერმეტყველურად ჩანს იმ ლექსიდან, რომელიც დღემდე სიმღერად არის დარჩენილი აჭარაში. ძველი გადმოცემით, ეს ლექსი ქართლელ ქალებს მიუწერიათ მესხი ქალებისათვის:

„თქვენც ქალები, ჩვენც ქალები,
მაგრამ არ ვგავართ სრულებით.
მზის ნამზგავს სახეს იფარავთ,
გაქვან ფარული ჩადრები,
რაც კაცმა მაგი გასწავლა,
ნურას გზით ნუ ეთანხმებით“...

ქართველი ქალი, რომელიც იყო ქრისტიანობისა და კულტურის დამცველი, შემნახველი და გადამცემი, ლიტერატურულ ომს უტეხს მესხ ქალებს და, ალბათ დროთა განმავლობაში კილოშეცვლილი ამ პოლიტიკური ლექსით, რომელიც სიმღერად იქცა აჭარაში, ბრძოლას ქართველობის შესანარჩუნებლად აგრძელებდა... ოღონდ ჟამი იყო მეტად მძიმე და უხეშობით დატვირთული... და ამას ნათლად ადასტურებს ბატონიშვილი ვახუშტი, რომელიც ქართველი ერის-ტომთა დახასიათების დროს, მესხთა შესახებ წერს: „ხოლო კაცნი და ქალნი არიან მზგავსნი ქართველთანი, არამედ უმეტეს ნელიად და ენა-ტკბილად მოუბარნი, ტან-ახოვანნი, მხნენი, შემმართებელნი, შვენიერნი, ცოდნა-ხელოვნების მოყვარენი, არამედ აწ, მაჰმადიანობისა გამო, არღარა“...

მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი მეოთხედიდან დაწყებული „გათათრების“ პროცესი მეცხრამეტე საუკუნის დამდეგამდე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ქართლი, იმერეთი, გურია მუდამჟამს ცდილობდნენ მესხეთის დაბრუნებას და ხელში ჩაგდებას, მაგრამ ამაოდ. ახალციხის ფაშას ზურგს უმაგრებდა სტამბოლის ხონთქარი და ხშირად ახალციხის ფაშა ოსმალეთის კარნახითა და ჯარითაც ქართულ სამეფოთა საქმეებში ერეოდა და ოსმალურ პოლიტიკას ატარებდა.

დაბოლოს, ოსმალეთმა მოიწადინა მესხეთის ავტონომიური არსებობის მოსპობაც და ათაბაგ უსუფ მესამის შემდეგ (1737–1744) სამცხის ათაბაგობა აღკვეთილ იქმნა (1744 წ.) და მთელი სამცხე თურქულ ადმინისტრაციას დაუმორჩილეს.

ქართველი მეფეები იმედს მაინც არ კარგავდნენ მესხეთის საქართველოს წიაღში დაბრუნებაზე და ერეკლე მეორე, რუსეთთან ხელშეკრულების დადებისას (1783 წ.) მოითხოვდა, მომავლისათვის მესხეთის შემოერთებას, მაგრამ რუსეთმა პირველად ყოვლისა თვით საქართველო „შეიერთა“.


2. მესხეთი რუსეთის იმპერიაში 

პირველად 1828 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიის ფარგლებში შევიდა და „საქართველოს“ „შეუერთდა“ ძველი მესხეთის ნაწილები: ქობლიანი, ოძრხე (აბასთუმანი), ახალციხე, აწყვერი, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჯარაქი, ფოცხოვი და აბოცი (ჩილდირი); ანუ ძველი სამცხე, ჯავახეთი, პალაკაციო (აბოცი) და ერუშეთი. 

შემდეგ, 1877–78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, პარიზის ზავით (მუხლი 58), შემოერთებულ იქმნა მესხეთის მეორე ნაწილიც: აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილო ნაწილი – ოლთისი.

მთელი ეს მხარე რუსეთის იმპერიის დროს მოქცეული იყო შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში:

1) ახალციხის მაზრა (სამცხე), 2) ახალქალაქის მაზრა (ჯავახეთი), ბათუმის ოლქი (აჭარა, ქობულეთი, შავშეთი), ყარსის ოლქი (ერუშეთი, ფოცხოვის უბანი, არტაანი ანუ არდაგანი და ოლთისი). 

რუსეთის დროს შემოერთებული ტერიტორია შემდეგი სივრცისა იყო:

ახალციხის მაზრა – 2706 კვადრატული კილომეტრი; ახალქალაქის მაზრა – 2793; ბათუმის ოლქი – 3779; ართვინის ოლქი – 3339; ფოცხოვის უბანი – 588; არდაგანის ოლქი –5137; ოლთისის ოლქი – 3051.

სულ მესხეთის ტერიტორია უდრიდა 21 393 კვადრატულ კილომეტრს ანუ მთელი საქართველოს მესამედზე მეტს!

ძველი მესხეთის ნაწილებიდან ოსმალეთის საზღვრებში დარჩა ჭანეთი ანუ ლაზისტანი და ზემო ჭოროხზე მდებარე ნაწილი.

„ადგილები, რომელნიც ერგო რუსეთს ოსმალეთისაგან ბერლინის ტრაქტატის ძალით 1878 წელს“, გვამცნობს ჩვენი მხცოვანი მეცნიერი პროფ. ექ. თაყაიშვილი, „რუსის მთავრობამ გაჰყო ორ ადმინისტრციულ ოლქად, ყარსისა და ბათუმისა*. ყარსის ოლქს შეადგენდა ოკრუგები ყარსისა, ყაღიზმანისა, არდაგანისა და ოლთისისა. ისტორიულად და ეთნოგრაფიულად ყარსის და ყაღიზმანის ოკრუგები ეკუთვნოდა სომხეთს, არდაგანისა და ოლთისის – საქაერთველოს. ოლთისის ოკრუგი ხელოვნურად იყო მიწერილი ყარსის ოლქზე, გეოგრაფიულად ის უნდა შესულიყო ბათუმის ოლქში, ვინაიდან ის მოქცეულია ჭოროხის შემდინარე ოლთისის წყლის არე-მარეში, და ჭოროხი ეკუთნის შავი ზღვის ბასეინს, ხოლო ყარსის სხვა ოკრუგები ეკუთვნიან კასპიის ზღვის ბასეინს. არდაგანის ოკრუგი, რომელიც მდებარეობით წარმოადგენს ზეგანის პლატოს, გაყოფილი იყო უჩასტკებად: ჩილდირისა, არდაგანისა, გელისა და ფოცხოვისა. პირველი სამი უჩასტკა მდებარეობს მტკვრის ზემო წელზე, ხოლო ფოცხოვის უჩასტკა – ფოცხოვის წყალზე. ეს უჩასტკაც ხელოვნურად იყო მიწერილი არდაგანის ოკრუგზე, ვინაიდან გეოგრაფიულად ფოცხოვი სრულიად არ შადგენს არდაგანის ზეგანის პლატოს ნაწილს, არამედ ეკუთვნის ახალციხის ტერასას და შეიცავს ფოცხოვის წყლის ბასეინის ნაწილს“.

(* ბათუმის შესახებ შემდეგი ცნობაც არსებობს: 1828 წელს, როდესაც იწერებოდა ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთს შორის, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია მდინარე ჭოროხამდე /ძველად აკამფსისის/, რომელიც შეერთვის შავ ზღვას ბათუმის იქით, დასავლეთით. ამ დათმობის მიხედვით, ბათუმი უკვე 1828 წელს უნდა შეერთებოდა რუსეთს, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან, რომელიც შეედინება ზღვას ბათუმის აქეთ, ჩრდილო-დასავლეთით. ამ ხაზის მიხედვით, ბათუმი დარჩა ოსალეთს. შეცდომა შემჩნეულ იქნა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და დამტკიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა, და ამ შეცდომის შედეგად ბათუმი ოსმალეთს შერჩა /იხ. ჯ. ბრაისისა და ფონ-ტილმანის შრომები/.) 

ამ ადმინისტრაციულმა პოლიტიკამ მერმედ გამოიღო ნაყოფი და საქართველოს ტერიტორიული საზღვრების საკითხი მეტად გაართულა. ამას ჩვენ ხშირად შევხვდებით ხოლმე.

თვით შემოერთებულ მესხეთში, ომის გამო, მოსახლეობის მოძრაობა მოხდა, გადასვლ-გადმოსვლა დაიწყო. მაჰმადიანი ქართველები არ შეურიგდნენ ქრისტიანული რუსეთის მოსვლას, ათასობით აიყარნენ მესხეთიდან და ოსმალეთს მიაშურეს. პირველი ასეთი დიდი აყრა მოხდა 1828 წელს, განსაკუთრებით ჯავახეთიდან (ახალქალაქის მაზრა), ხოლო 1878 წელს მარტო არდაგანის რაიონიდან ოსმალეთში გადასახლდა 22 743 ქართველი მაჰმადიანი. სამაგიეროდ ამ მხარეებს მოაწყდნენ სომხები, რომელნიც ქრისტიანულ რუსეთში თავშესაფარს ეძებდნენ. რუსეთის მთავრობაც მათ დახმარებას უწევდა და ქართულ მიწა-წყალზე ასახლებდა. ახალციხის აღების შემდეგ მაშინდელი კავკასიის მთავარმართებელს ქართველი თავად-აზნაურები წარუდგნენ და მას ქართველ მეფეთა წყალობის წიგნები მიართვეს, რომლითაც მტკიცდებოდა ქართველთა უფლება ახლად შემოერთებულ სამცხე-ჯავახეთზე, მაგრამ მთხოვნელებს პასკევიჩმა ცივი უარი სტკიცა და გაურისხდა, ხოლო გადმოსახლებულ თითოეულ სომეხს 25 მანეთი დახმარება მისცა და ექვსი წლის განმავლობაში გადასახადებიდან განათავისუფლა. მარტო აცალხიხე-ახალქალაქის (სამცხე-ჯავახეთი) მაზრებში ჩასახლებულ იქმნა 30 000-მდე სომეხი. აი, ამ გზით გაჩნდნენ სომხები მესხეთში და ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა მიეცა, როცა საქართველოს რესპუბლიკის საზღვრების მოხაზვის საკითხი წამოიჭრა. 

რუსეთის ბატონობის დროს საზღვრების საკითხი საიმპერიო იყო, რასაკვირველია, და თუ ქართველობას პირდაპირ ეხებოდა იგი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ოსმალეთთან ომი ხდებოდა. ამ ომში ქართველობას შეჰქონდა თავისი განსაკუთრებული აღტყინება და თავგანწირულობასაც იჩენდა. ამისი მთავარი მიზეზი იყო დროთა განმავლობაში ოსმალეთის მიერ საქართველოსადმი მუდმივი მტრობა და ქართული საკუთარი მიწა-წყლის წაგლეჯა და ამ ნიადაგზეც შურისძიების სურვილიც.

ოსმალეთმა ქართველ ერს უდიდესი და აღურაცხელი ზიანი და ზარალი მიაყენა და მით წარუშლელი დაღი დაადო ქართულ შეგნებასა და სულს. ამიტომაც ოსმალეთთან ომის დროს ფიცხლავ და ზეიმით ირაზმებოდა ქართველობა და, რეგულარული ჯარის გარდა, მილიციაც დგებოდა ხოლმე. ყოველი გამარჯვება რუსის იარაღისა ქართველობას სიხარულს ჰფენდა და თითოეული ნაჭერი მიწა, უკან მიღებული, ახლა უკვე გამაჰმადიანებული სამკვიდრებელისა, დაკარგული ძმისა და მამულის დაბრუნებას უდრიდა. ამიტომაც დღესასწაულობდა და ზეიმობდა ქართველობა და გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის პირით ამ ზეიმს მთელს საქართველოს ამცნობდა. საზეიმოც იყო: თუმცა რუსეთის ფარგლებში, მაგრამ მაინც საქართველოს უბრუნდებოდა ძველი მესხეთი, მრავალი ნაჭირნახულევი და საკუთარ კერას მოწყვეტილი ძმათა სამკვიდრებელი და ქართული კულტურის სავანე. და ქართველობა რუსული ადმინისტრაციის ხელისშეშლისა და დატუქსვის მიუხედავად, მესხეთზე შეძლებისდაგვარად ზრუნვას შეუდგა. რუსული ადმინისტრაცია თავის მხრივ მესხეთში გამარუსებელ პოლიტიკას მისდევდა და სკოლებში შემოიღო რუსული და თურქული. დიახ, თურქული ენა. ქართული განდევნილი იყო! და ამის გამო ქართული ენა, გუშინ ჯერ კიდევ მოსახლეობის მიერ ხმარებული, რუსულმა და თურქულმა შესცვალა; ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული ენა ეჯავრებოდათ და მას ადგილობრივი გარემოცვაც არა ჰქონდა, ცხადია, თურქულმა იწყო ბატონობა. მაგრამ ამის მიუხედავად, ქართული ელემენტი მესხეთში მაინც სჭარბობდა და 1917 წლისათვის მესხეთის მცხოვრებთა საერთო რიცხვში – 419 000 – ქართველთა რიცხვი უდრიდა 268 000, ანუ 64 %-ს.

და ეს გასაკვირია, რადგან რუსეთის მთავრობა ხელოვნურ ზომებს მიმართავდა მესხეთში დარჩენილ ქართველ მაჰმადიანთა გადასაგვარებლად. ქართულ ენას ხომ უსპობდა მათ, მაგრამ ამასთანავე იქ სხვადასხვა ეროვნებებს ასახლებდა (სომხებს, თურქებს, ქურთებს, ბერძნებს და რუსებს). მაინც მესხეთის მოსახლეობის სურათი 1917 წელს ამგვარი იყო: 

ახალციხის მაზრა – მთელი მოსახლეობა იყო 72 000 სული; ქართველები – 66 000. 

ახალქალაქის მაზრა – მთელი მოსახლეობა იყო 101 000 სული; ქართველები – 22 000. 

ბათუმის ოლქი – მთელი მოსახლეობა – 82 000 სული; ქართველები – 74 000.

ართვინის ოლქი – მთელი მოსახლეობა – 61 000; ქართველები – 56 000.

ფოცხოვის უბანი – მთელი მოსახლეობა – 15 000; ქართველები – 15 000.

არდაგანის ოლქი – მთელი მოსახლეობა – 56 000; ქართველები – 15 000.

ოლთისის ოლქი – მთელი მოსახლეობა – 32 000; ქართველები – 20 000.

სულ მთელს მესხეთში მოსახლეობის რიცხვი უდრიდა – 419 000; ქართველობის რიცხვი – 268 000 სულს ანუ 64 პროცენტს, რაც ეთნოგრაფიულადაც ჭარბი არის.

მსოფლიო ომის დროს (1914–1918) ნაციონალისტ ქართველების ზოგი წრე ლაზისტანის შემოერთებაზეც ზრუნავდა და ამ მიზნისათვის ქადაგობდა, რუსეთს გამარჯვებას უსურვებდა; მაგრამ რუსეთის იმპერია დაემხო ამ ომში, რევოლუციამ კი სრულიად ახალი ვითარება შეჰქმნა და 1918 წლის მაისის 26-ს თვით საქართველომ გამოაცხადა თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.


3. საზღვრების საკითხი კავკასიაში 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ბუნებრივად, თან ახლდა საზღვრების გამიჯვნის საკითხიც. საქართველო იმიჯნებოდა არა მარტო რუსეთისაგან, არამედ ოსმალეთისაგან და სომხეთ-აზერბაიჯანისგანაც.

რევოლუციამდე შინაკავკასიური საზღვრების საკითხი არც არსებობდა. კავკასია დაყოფილი იყო ადმინისტრაციულ ნაწილებად: გუბერნიებად, მაზრებად, სოფელთა საზოგადოებრიობებად. თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულს განაგებდა სათანადო მოხელე, რომელთა თავში იდგა ნამესტნიკი და ეს უკანასკნელი ცენტრალურ ხელისუფლებას მორჩილებდა.

პირველად შინაკავკასიური გამიჯვნის საკითხი წარმოსდგა კავკასიაში ერობის („ზემსტვო“) შემოღების გეგმასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევისათვის საჭირო გახდა რაიმე საერთო დებულების მიღება ტერიტორიების გასანაწილებლად. მაშინ არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, დიდი დავის შემდეგ, აღიარეს რეალური მოსახლეობის პრინციპი. ეს იმას ნიშნავდა, რომ საერობო ტერიტორიების შემოხაზვის დროს ყურადღება მიექცეოდა არა ეროვნულ-ისტორიულ და სხვა რომელიმე მოსაზრებას, არამედ მხოლოდ მოსახლეობის ეროვნების უმრავლესობას. სადაც, მაგალითად, სომხობა იყო მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარე ქართული იყო ისტორიულად და შეხედულებითაც, იგი სომხურ ერობას უნდა მიკუთვნებოდა. ერობისათვის ამ პრინციპის დადება შესაძლოდ ხდიდა უმტკივნეულოდ კავკასიაში ერობის ადმინისტრაციული დანაწილების მოხდენას, მაგრამ ერობის შემოღებას ომმა მოუსწრო და კავკასიის ადმინისტრაციული გამიჯვნის საკითხი გამოურკვევი დარჩა, ხოლო როდესაც კავკასიის ხალხებმა თავისი სახელმწიფოებრივი განცალკევება შეჰქმნეს, რასაკვირველია, საზღვრების საკითხი პირველ რიგში წამოიჭრა და გადაწყვეტის წინაშე დადგა. საზღვრების საკითხი ერთბაშად წამოიჭრა ჯერ ოსმალეთის მხრიდან და შემდეგ შინაკავკასიურ ასპარეზზეც.

რა დებულებით უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას საზღვრების დადგენის საკითხში? შეეძლო აღნიშნულ მთავრობას, იმის მიუხედავად, რომ იგი დემოკრატიული და სოციალისტური იყო, რეალური მოსახლეობის პრინციპით ანუ ეთნოგრაფიული დებულების მიხედვით ეხელმძღვანელა და მით შემოესაზღვრა საქართველო? თუ საზღვრის საკითხი არის მოსახლეობის გარდა ისტორიის, პოლიტიკის, სტრატეგიის, ეკონომიკის, თავდაცვის საკითხიც? ეს უბრალოდ ისტორიული საკითხი აღარ იყო, და დღეს, როდესაც ვიხსენებთ ამის გამო ქარიშხალივით მოხეთქილ დავასა და ომს, დადებითად უნდა დავაფასოთ ის ბრძოლა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასწია საზღვრების დადგენის საქმეში.

ჩვენ აქ მოკლედ და ზოგადად შევეხებით შინაკავკასიურ საზღვრებს, რადგან ამჟამად უმთავრესად ოსმალური საზღვრების ამბავი გვაინტერესებს.

რას მოითხოვდა სომხეთი? რა მოიწადინა აზერბაიჯანმა? ჩვენმა მეზობლებმა? 

სახელმწიფოებრივი საზღვრების დადგენისათვის უეცრად ყველამ მოიგონა პარტიათაშორისო შეთანხმება ერობის შემოღების საკითხში რეალური მოსახლეობის პრინციპის გატარების შესახებ. მაშასადამე, სახელმწიფოებრივი საზღვრები უნდა გატარებულიყო ეთნოგრაფიის თუ მოსახლეობის მიხედვით, და კიდევ მეტიც: რელიგიის მიხედვითაც, მუსულმანობის საფუძველზე!

სომხებმა გაამზადეს სომხეთის რუკა პარიზის საზავო კონფერენციისათვის წარსადგენად: და ამ რუკაზე, როგორც სომხეთში შემავალი ტერიტორიები, აღნიშნული იყო – თბილისი, ბორჩალოს მაზრა, ახალციხის მაზრა, ახალქალაქის მაზრა, მცხეთა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი!

მოსახლეობის პრინციპის მიხედვით სომხეთი მოითხოვდა, მაშასადამე, საქართველოს უუძველეს დედაქალაქს – მცხეთას, საქართველოს ძველ დედაქალაქს – თბილისს, საქართველოს მუდმივსა და განუყოფელ ნაწილს – ბორჩალოს და მთელს მესხეთს! ასეთი იყო სომხური გეგმა.

რას მოითხოვდა აზერბაიჯანი?

აზერბაიჯანმაც არ გამოიჩინა ნაკლები მადა, ვინემ სომხეთმა. პარიზის საზავო კონფერენციისათვის აზერბაიჯანელებმაც განამზადეს მოთხოვნილებანი, რომელთა მიხედვით, აზერბაიჯანის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო: საინგილო (ზაქათალა), ბორჩალოს მაზრა, ახალციხის მაზრა, ბათუმის ოლქი. მაშასადამე, უძველეს ქართულ ტერიტორიების გარდა, აზერბაიჯანი მოითხოვდა, აგრეთვე, მესხეთს ბათუმითურთ!

ეს მოთხოვნილება უკვე ემყარებოდა რელიგიურ პრინციპს, ვინაიდან ცნობილია, რომ ეთნოგრაფიულად არც ერთ მხარეს არავითარი საერთო არა აქვს აზერბაიჯანულ მოდგმასთან.

ამგვარად, ყველა მეზობელი საქართველოს მიწა-წყალს მოისურვებდა და მის გაგლეჯას ლამობდა.

საქართველომ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის მაისის 26-ს, და იმავე წლის 11 ივნისს, ნოე ჟორდანიას წინადადებით, დაარსებულ იქმნა საზღვრების გამომრკვევი კომისია, რომელსაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრების საკითხი უნდა გაესინჯა, ესე იგი, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები დაედგინა. დასახელებულ კომისიაში შედიოდნენ: ირაკლი (კაკი) წერეთელი (სოც. დემ.), დავით ონიაშვილი (სოც. დემ.), პავლე ინგოროყვა და გენერალი ოდიშელიძე. კომისიამ გამოიმუშავა საქართველოს საზღვრები, რომელიც ამნაირი უნდა ყოფილიყო: 

საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი სამხრეთიდან გადის მცირე კავკასიის ქედზე, მიდის ბორჩალოს მაზრის სამხრეთ საზღვართან, გადადის გოგჩის ტბის ჩრდილო ნაპირამდე, უხვევს ჩრდილოეთით მდინარე აღსტაფაზე, მიდის სადგურ ძეგამამდე, შეიცავს საინგილოს და თავდება სილავათის მთით. ესე იგი, ყველა ის მხარენი, რომელნიც მეზობლებმა თავის საკუთრებად და თავისად გამოაცხადეს, საქართველომ თავისად აღიარა.

განსაკუთრებული ბრძოლა ასტეხეს სომხებმა, რომელთაც უცხოეთის პრესაშიც კი საქართველოს მთავრობას განგაში დაუწყეს და იმპერიალისტობაში, დემოკრატიისა და სოციალიზმის ღალატში ბრალსა სდებდნენ. ეს ხომ დიდი ცოდვა უნდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული ქართული მთავრობისათვის! საკითხი მუშათა სოციალისტურ ინტერნაციონალშიც კი დაისვა!

მაინც სოციალ-დემოკრატმა ირაკლი წერეთელმა ასეთი „იმპერიალისტობა“ გამოიჩინა და სომხებს უმტკიცებდა, რომ ახალქალაქის მაზრა, ბორჩალოს მაზრა, ყოველთვის საქართველოს ეკუთვნოდა და იყო მუდამ მისი ბეღელი, ურომლისოდაც ქართველ ხალხს ცხოვრება არ შეუძლია, ხოლო ბამბაკის და ყაზახის რაიონები საქართველოსათვის თავდაცვითი სტრატეგიული მნიშვნელობის არიანო, და საერთოდ, სახელმწიფოს აშენების დროს, ქართველ ხალხს არ შეუძლია უბრალო ეთნოგრაფიული, მცხოვრებთა მოსახლეობის პრონციპით იხელმძღვანელოსო; ხოლო ნოე რამიშვილი, საქართველოს მთავრობის სახელით, 1918 წლის 17 ივნისს, აზერბაიჯანის მთავრობას სწერდა, რომ საინგილო და ბორჩალო მუდამჟამს საქართველოს ეკუთვნოდა და ეს სადავო არასოდეს არ ყოფილა, თუმცა კი შერეული მოსახლეობა ყოველთვის იყოო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს ჩვენ შინაკავკასიურ საზღვრების საკითხს არ ვეხებით. პირველ რიგში გვაინტერესებს მხოლოდ მესხეთის ამბავი და ამგვარად ოსმალეთთან დამოკიდებულებათა და ურთიერთობათა საკითხი, რომლის გამო საქართველოს ომები და აჯანყებანი დაატყდა თავზე.


4. ამიერკავკასიის სეიმი და საზღვრების საკითხი 

ცენტრალურ სახელმწიფოთა მხარეზე და ანტანტის წინააღმდეგ მსოფლიო ომში ჩარევის შემდეგ, ოსმალეთმა გაუქმებულად გამოაცხადა 1916 წლის ნოემბრის 1-ს პარიზის (1856 წ.) და ბერლინის (1878 წ.) ხელშეკრულებანი, და, მაშასადამე, ამ ხელშეკრულებათა გაუქმებით, სხვათა შორის, კვლავ დასმულ იქნა კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს საზღვრების გადასინჯვის საკითხიც, და როდესაც მსოფლიო ომის მძიმე ტექნიკურ-ეკონომიკურ და მორალურ პირობებში რუსეთის იმპერია ასხლტა და წაიქცა, რევოლუციამ იგი შთანთქა. გამარჯვებულმა ცენტრალურ სახელმწიფოთა კავშირმა, გერმანიის მეთაურობით, ბრესტ-ლიტოვსკში ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან საზავო მოლაპარაკება გამართა.

რევოლუციით რუსეთს მოწყვეტილმა კავკასიამ შექმნა ამიერკავკასიის კომისარიატი 28 ნოემბერს 1917 წელს, ევგენი გეგეჭკორის თავმჯდომარეობით. დასახელებული კომისარიატი თავის თავს ადგილობრივ დროებით ხელისუფლებად თვლიდა, რადგან ბოლშევიკების დაცემასა და დემოკრატიული რუსეთის აღდგენას სულ მოკლე ხანში მოელოდა. ეს იყო ყალბი რწმენა და საზიანო მიმართულება, რომელზედაც დაშენდა ამიერკავკასიის კომისარიატის პოლიტიკა, რის მიხედვითაც ამიერკავკასია კვლავ რუსეთის იმპერიის ნაწილად ითვლებოდა. ამ პოლიტიკის წყალობით, როგორც ეს ჩვენ უკვე ერთჯერ დავახასიათეთ (იხილ. „ორნატი“, კრებული მესამე, მაისი, 1934 წ.), „ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოხდა მეტად გვიან, როცა ამიერკავკასიის საქმე უკვე წაგებული იყო და მადაგახსნილი ოსმალეთის სარდლობას კავკასიის მკერდზე ბებუთი მობჯენილი ჰქონდა“; მაგრამ, როგორც არ უნდა ეფიქრა ევგენი გეგეჭკორის კომისარიატს, იგი მაინც იძულებული ხდებოდა ოსმალეთთან დამოუკიდებელი დიპლომატიური ურთიერთობა ეწარმოებინა ან ომი განეგრძო.

ომის გაგრძელება კავკასიას არ შეეძლო და, მაშასადამე, ისმებოდა ოსმალეთთან ზავის საკითხი. მართლაც, 4 დეკემბერს 1917 წელს ამიერკავკასიის კომისარიატმა გამოიტანა დადგენილება ოსმალეთთან დროებითი ზავის ჩამოგდების შესახებ. 18 დეკემბერს 1917 წელს დაიდო დროებითი ზავის ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვით არც ოსმალეთს და არც ამიერკავკასიას უფლება არა ჰქონდათ სტრატეგიული გადასვლა თუ გადაჯგუფება მოეხდინათ. ცოტა ხნის შემდეგ ოსმალეთის მთავრობამ ამიერკავკასიის კომისარიატი მიიწვია (16 იანვარს 1918 წელს) ბრესტ-ლიტოვსკში საზავო მოლაპარაკებაზე და ამასთანავე, ალბათ ზეგავლენის მიზნით, 22 იანვარს 1918 წელს დაარღვია დროებითი ზავის პირობები. ოსმალეთის მთავრობას ამიერკავკასიის კომისარიატის პასუხი ბრესტ-ლიტოვსკში წასვლა არ წასვლის შესახებ ჯერ კიდევ არ მიეღო, რომ 1918 წლის 12 თებერვალს ოსმალეთის ჯარი კავკასიის საზღვრებისაკენ დაიძრა. ვინაიდან 1918 წლის დეკემბერ-იანვრის განმავლობაში რუსეთის ჯარი დაიშალა, დაინგრა და გააშიშვლა კავკასიის ფრონტი, ოსმალებმა დაიწყეს წინსვლა და ადვილად დაამარცხეს სომხური ახლად შედგენილი ნაწილები და 30 დეკემბერს 1917 წელს დაიბრუნეს ერძინჯანი, 4 თებერვალს 1918 წელს ბაიბურთი, 8 თბერვალს – მამახათუნი, 12 მარტს – ერზერუმი (არზრუმი, კარნუქალაქი). ამის საპასუხოდ ამიერკავკასიის კომისარიატმა დაადგინა ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების დაწყება, რაც ევგ. გეგეჭკორმა ოსმალეთის სარდალს – ვეხიბ ფაშას აცნობა. იწყებოდნენ მეტად რთული და პასუხსაგები მოვლენანი, რომელთა გარკვევა არც იოლი იყო, და ისმებოდა საზღვრების საკითხიც.

1 მარტს 1918 წელს საზავო კომისიის სახელით ამიერკავკასიის სეიმში ნოე რამიშვილმა წინასწარმეტყველური განცდით განაცხადა:

„როგორც უწყით, მოქალაქენო, ამიერკავკასიის სეიმის წევრნო, ჩვენ, რევოლუციური პარტიების წარმომადგენელნი, სრულებითაც არა ვართ იმის თაყვანისმცემელნი, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უსათუოდ დავიცვათ ძველი სახელმწიფოებრივი საზღვრები... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი მხრით ამიერკავკასია და მეორე მხრით ოსმალეთის იმპერია, იმ საზღვრებში, რომელშიაც ისინი არსებოდნენ ომამდე, 1914 წელში, წარმოადგენენ განსაზღვრულ მთლიანობას და ამ მხრით ყოველგვარი დარღვევა სახელმწიფოებრივი საზღვრებისა მიგვიყვანდა ისეთ გართულებამდე, რომლის შედეგები გამოჩნდება მრავალი წლის განმავლობაში. ეს იქნება მეტად სავალალო, როგორც ჩვენთვის, ისე, ალბათ, ოსმალეთის იმპერიისთვისაც. ჩვენ ვფიქრობთ, ამიერკავკასიის ხალხები ისე შეზრდილი არიან თავისი სასიცოცხლო ინტერესებით, რომ ყოველგვარი ჩამოჭრა, თუგინდ უმცირესი ნაწილისა, გამოიწვევდა ისეთ არევ-დარევას, რომელიც მოიტანდა მეტად არასასურველ შედეგებს ამიერკავკასიის ხალხების მშვიდობიანი ცხოვრებისათვის... კომისია ფიქრობდა, რომ მომავალ საზავო ხელშეკრულებას საფუძვლად უნდა დაედოს ის სახელმწიფო საზღვრები, რომელიც არსებობდა რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომის გამოცხადების დროს 1914 წელში“.

ამნაირად, ამიერკავკასიამ ავიდანვე გამოარკვია თავისი შეხედულება საზღვრების შესახებ და 1 მარტს 1918 წელს ამიერკავკასიის სეიმმა ერთხმად და ერთსულოვნად დაადგინა: ოსმალეთთან საზავო ხელშეკრულებას საფუძვლად დაედოს ის სახელმწიფო საზღვრები, რომელიც არსებობდა რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომის გამოცხადების დროს, 1914 წელს.

ამ დავალებით არჩეულ იქმნა საზავო დელეგაცია აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით. 

ამავე დროს პარალელურად, ბრესტ-ლიტოცსკში გრძელდებოდა საზავო მოლაპარაკება და კავკასიის საკითხიც იქ იჭრებოდა. ოსმალეთს სურდა, ფორმალურად რუსეთისაგანაც მიეღო ზავი და ამავე დროს ამიერკავკასიის ფაქტიურ მთავრობასთანაც ეწარმოებინა მოლაპარაკება, – ოსმალეთი მოიგებდა ან ბრესტ-ლიტოვსკში, ან თბილისში. ამგვარი გზით ერთ-ერთ ხაზზე მოსალოდნელი იყო მისი გამარჯვება, და როგორც ვიცით, ამ გამარჯვებას ოსმალეთმა მიაღწია სწორედ ბრესტ-ლიტოვსკში.


5. საზავო მოლაპარაკება ბრესტ-ლიტოვსკში და მესხეთის ბედი  

როგორ მოხდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ხელშეკრულება და რა მოხდა იქვე მესხეთის შესახებ?

როგორც ცნობილია, ფრონტის მოშლის შემდეგ ბოლშევიკურმა მთავრობამ გადაწყვიტა გერმანიასთან საზავო მოლაპარაკების დაწყება და ცენტრალურ სახელმწიფოების (ანუ გერმანიის, ავსტრო-უნგრეთის, ბულგარეთის და ოსმალეთის) წარმომადგენლები ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საზავო მოლაპარაკება დაიწყო 22 დეკემბერს 1917 წელს და ეხებოდა უმთავრესად საერთო პრინციპებს, რომელზეც ზავი უნდა აგებულიყო. ეს მოლაპარაკება შეწყდა და ცხრა იანვარს 1918 წელს განახლდა.

კავკასიური საზღვრების საკითხი ამ პირველ ხანაში არ წამოჭრილა, ხოლო მეორე ხანაში, 18 იანვარს 1918 წელს, პოლიტიკური კომისიის სხდომაზე გერმანიის საზავო დელეგაციის წარმომადგენელი, სტატსსეკრეტარი ფონ-კულოვი შეეკითხა ბოლშევიკური დელეგაციის წარმომადგენელს ლეონ ტროცკის: არის თუ არა კავკასიის არმია ბოლშევიკური ხელისუფლების ანუ პეტროგრადის მთავრობის განკარგულებაში? ფონ-კულოვმა ისიც დაუმატა, რომ ტროცკის შეუძლია ამაზე პასუხის არგაცემაო. მაგრამ ტრაბახა და მკვეხარა ტროცკიმ, რომელიც მაშინ მსოფლიო რევოლუციას სასწრაფოდ მოელოდა, მას განუცხადა, რომ კავკასიის არმია არის სახალხო კომისართა ბრძანებულებაშიო.

ამით გადაწყდა ფორმალურად კავკასიის საკითხი, ვინაიდან რაღაი ტროცკიმ განაცხადა, რომ კავკასიის ჯარი მის განკარგულებაშია, მაშასადამე, კავკასიური ჯარის მიერ დაკავებული ოსმალური ფართო ტერიტორიების დაცლასაც მასვე მოსთხოვდნენ. 

სწორედ ასეც მოხდა. 9 თებერვლის 1918 წლის სხდომაზე ფონ-კულმანმა განაცხადა, რომ მიუღებელი იქნება ისეთი საზავო ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული არ იქნება გარანტიები, რომლის მიხედვით პეტროგრადის მთავრობა გერმანიის მოკავშირის (ესე იგი ოსმალეთის) ტერიტორიებს არ დასცლისო. კულმანმა დასძინა: ტროცკის მიერ წინად ნათქვამი, რომ პეტროგრადის მთავრობის განკარგულებაში იმყოფებიან ჯარები, რომელთაც ოსმალური ტერიტორიები აქვთ დაკავებული, ეჭვს არ იწვევსო. ტროცკიმ უპასუხა: ჩვენ ისე დავცლით ანატოლიის ადგილებს და სომხეთს, როგორც სპარსეთსო. 

აი, ამ სიყალბით და სიცრუით ჩაეყარა საფუძველი ფორმალურ ლაპარაკსა და დავას კავკასიის საქმეების შესახებ, – ამ სიყალბითა და ტყუილით, ვინაიდან 1918 წლის იანვარ-თებერვალში და მაშინ არც ერთ დროს, საბჭოთა ხელისუფლება ამიერკავკასიაში და კავკასიის ფრონტზე არ არსებულა. ამ ტყუილით გერმანიისა და ოსმალეთის დელეგაციას მიეცა ფორმალური საბუთი: მოეთხოვათ ტროცკისაგან არამც თუ რუსეთის მიერ დაკავებული ადგილების დაცლა ოსმალეთში, არამედ მეტიც; ის მეტიც, რომელმაც კავკასიაში დიდი უბედურება გამოიწვია, ესაა – ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მეოთხე მუხლი, რომელიც კავკასიას ეხება.

ბრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკების მეორე ხანა უშედეგოდ დასრულდა. გერმანელებმა ომი განაახლეს ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ და თან წარუდგინეს ულტიმატუმი 21 თებერვალს 1921 წელს, რომლის მეხუთე მუხლის მიხედვით, რუსეთს სასწრაფოდ უნდა დაებრუნებინა ოსმალეთისათვის „ანატოლიის პროვინციები“; თუ რა იყო ეს „ანატოლიის პროვინციები“, რუსეთის დელეგაციამ კარგად გაიგო, როცა ეს ულტიმატუმი მიღებულ იქმნა და საზავო მოლაპარაკება მესამეჯერ განახლდა. ახლა უკვე ხიშტების მფარველობის ქვეშ, ვინაიდან ომი ზავის დასრულებამდე არა წყდებოდა და ზავზე ხელი სამი დღის განმავლობაში უნდა მოეწერათ.

და აი, 1 მარტს 1918 წელს გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ელჩმა როზენბერგმა წაიკითხა ის საზავო ტექსტი, რომელიც რუსეთს უნდა მიეღო და ულტიმატუმში ზემოთ ხსენებული მეხუთე მუხლის შესახებ შემდეგი განმარტება გააკეთა:

რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ მეხუთე მუხლში ჩვენ ვლაპარაკობდით არა იმ ოსმალურ ოლქებზე, რომელნიც რუსულ ჯარებს ჰქონდათ დაკავებული, არამედ, სახელდობრ, აღმოსავლეთ ანატოლიის პროვინციებზე. ეს გარემოება გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ანგარიში გავუწიეთ არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოლქთა მცხოვრებლების სურვილს, იმ ოლქებისა, რომელიც 1878 წელს ოსმალეთმა რუსეთს იძულებით დაუთმო. ადგილობრივმა მუსულმანურმა მოსახლეობამ ჩვენ მოგვმართა თხოვნით, მივეშველოთ მას და ვიხსნათ იგი იმ ძალადობისაგან, რომელსაც ხმარობენ მასზე რუსული ჯარები. ეს მუსულმანური მოსახლეობა დაჟინებით თხოვს ოსმალეთისა და ბერლინის მთავრობას: მიეცეს მას საშუალება ხელახლა ოსმალეთს შეუერთდეს, მაგრამ ჩვენ ამას დაჟინებით არ მოვითხოვთ, რომ არ დაგვაბრალონ ანექსიური მისწრაფებები. ამგვარად, მეოთხე მუხლის მეორე ქვემუხლი განისაზღვრება ჩვენ მოთხოვნათა მინიმუმით. ესე იგი: არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები დაუყოვნებლივ უნდა დაცლილ იქმნენ რუსული ჯარებისაგან; რუსეთი არ ჩაერევა აღნიშნული ოლქების შინაურ ცხოვრებაში და საერთაშორისო მდგომარეობაში და მისცემს უფლებას მოაწყონ მათ თავისუფალი სახელმწიფოებრივი მშენებლობა მეზობელ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით ოსმალეთთან, შეთანხმების გზით. პირველ პირობას მიზნად აქვს შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილ იქნეს მოსახლეობა შემდგომი ძალადობისაგან; მეორე პირობა კი, რუსეთის მთავრობის მიერ განცხადებული პრინციპის თანახმად, ხალხთა თვითგამორკვევის შესახებ, მიზნად ისახავს აღნიშნული ოლქების მცხოვრებლებს მიეცეს საშუალება გამოსთქვან აზრი თავისი მომავალი ბედის შესახებ...

ამგვარად იქმნა დასაბუთებული გერმანული დელეგაციის წარმომადგენლის მიერ ბათუმ-ყარს-არდაგანის საკითხი. ხოლო 3 მარტის 1918 წლის სხდომაზე რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა, სოკოლნიკოვმა, ფორმალურად უარყო გერმანული დასაბუთება და განაცხადა:

გერმანიის მთავრობის მიერ 21 თებერვლის ულტიმატუმში წარმოდგენილი პირობები ახლა დარღვეულია. გერმანიის მთავრობა არავითარ ყურადღებას არ აქცევს ყარს-არდაგან-ბათუმის ოლქების მცხოვრებთა ნამდვილ ნებისყოფას და გერმანია გვართმევს ამ ოლქებს ოსმალეთის სასარგებლოდ, რომელიც ოსმალებს არც კი დაუპყრიათ. ოსმალეთის ხელში ყარსის გადასვლა ნიშნავს თბილისის დაცვის შესუსტებას, და ბათუმის დაკარგვა კი წყვეტს ნორმალურ ურთიერთობას თბილისთან და ბათუმი გახდება სამხედრო ოპერაციების ბაზად კავკასიის წინააღმდეგ, რიონისა და მტკვრის ხეობებზე თავდასასხმელადო და სხვა.

თავისთავად იგულისხმება, რომ აღძრულ საკითხზე სოკოლნიკოვს პასუხი გასცა ოსმალეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ხაკი ფაშამ. იგი იხსენებს, რომ ყარს-არდაგან-ბათუმის ოლქები ოსმალეთს ეკუთვნოდა ოთხი საუკუნის განმავლობაში; ყარსი არასოდეს არ ემუქრებოდა რუსეთს. იგი იყო თავდაცვითი სიმაგრე რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთმა მას ანექსია მოუხდინა. ოთხი საუკუნის განმავლობაში ოსმალეთს არ უსარგებლია ბათუმით კავკასიაზე თავდასასხმელად. რაც შესანიშნავია, ეს ის, რომ ისეთი დიდი იმპერია, რომელსაც ხელთ ჰქონდა პორტი ბათუმი, არასოდეს თავს არ დასხმია პატარა სახელმწიფო საქართველოს. რუსეთს აქვს კავკასიაში საკმაო პორტები, მაგალითად, ფოთი, რომელიც მოხერხებულია თბილისთან ვაჭრული ურთიერთობისათვის. ბათუმი დავუთმეთ რუსეთს 1877–1878 წლის ბერლინის ტრაქტატით, როგორც სამხედრო კონტრიბუციის ნაწილი, რომელსაც დღევანდელი პრინციპები, საზავო კონფერენციის მიერ აღიარებული, აღარ სცნობს. ჩვენ ამ ოლქებს ანექსიას არ ვუხდენთ, რაც შეეხება არდაგან-ყარს-ბათუმის მოსახლეობის ინტერესებს, მე ვკითხულობ: რომელ სახელმწიფოს აქვს მეტი უფლება ამ მხარეზე, ვინემ ოსმალეთს, რომელსაც ოთხი საუკუნის განმავლობაში ეჭირა იგი და თავის წინააღმდეგ არავითარი რევოლუციური მოძრაობა არ გამოუწვევია? ამას გარდა, ბევრი რამ აკავშირებს ოსმალეთს ამ ოლქებთან. მაგალითად, საერთო ეროვნება. რუსეთმა ძალით მოუხდინა ანექსია ამ სამ ოლქს ვალში, რომლის გადახდა ჩვენ არა გვსურს. ამ ოლქების მცხოვრებთათვის რუსეთის ხალხი უცხოა ყოველი მხრივ: თუ მათ უნდა მოახდინონ შეთანხმება, მგონია, მხოლოდ ოსმალეთთან.

კამათში ერევა გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელი, როზენბერგი, და საკითხს ასე განმარტავს: მეოთხე მუხლის პირობები არ ლაპარაკობს ოსმალურ პროტექტორატზე, არ ლაპარაკობს არც ამ აღნიშნული ოლქების ოსმალეთისათვის შეერთებაზე, – იქაა ლაპარაკი მოსახლეობის უფლებაზე დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკითხები სახელმწიფოებრივ-უფლებრივ და საერთაშორისო-უფლებრივ დამოკიდებულებით. რაც შეეხება იმ შიშს, თბილისისა და სამხრეთ კავკასიის შესახებ, რომელიც გამოთქვა რუსული დელეგაციის თავმჯდომარემ, ეს შიში უსაფუძვლო მგონია, რადგან ჩვენი წინადადების პირობები ზუსტად მიუთითებს, რომ ახალი წესრიგი დამყარდება აღნიშნული ოლქების მოსახლეობასთან შეთანხმებით, და მაშასადამე, მოსახლეობას საშუალება ექნება თავისუფალი ნებისყოფის გამოჩინებისაო.

აი, მთელი ის კამათი, რომელიც კავკასიას შეეხებოდა, და ვინაიდან საზავო ხელშეკრულებაზე ულტიმატუმის ძალით ბოლშევიკურ რუსეთს ხელი უნდა მოეწერა სამი დღის განმავლობაში, დაიბადა 3 მარტს 1918 წელს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება.

უკვე ორ მარტს 1918 წელს კარახანი იტყობინებოდა, რომ რუსეთს ჩამოეჭრა ყარსის, არდაგანის და ბათუმის მხარენი თვითგამორკვევის უფლებითურთო.

რასაკვირველია, თბილისში ამაზე პასუხი არ დააყოვნეს და იმავე დღეს, 2 მარტს 1918 წელს, ევგენი გეგეჭკორმა და ნ. ჩხეიძემ პროტესტი განაცხადეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის გამო, უარყვეს იგი და ეს პროტესტი ყველა სახელმწიფოს შეატყობინეს.

როგორც ჩანს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკებათა ანგარიშებიდან, თავიდანვე არ იდგა კავკასიის საზღვრების საკითხი და იგი წამოიჭრა მხოლოდ 18 იანვარს 1918 წელს ოსმალეთის მოთხოვნილებით. ამ მოთხოვნილებას გერმანიამ, როგორც მოკავშირემ, მხარი დაუჭირა და დაეთანხმა.

კავკასიის სახელმწიფოების საკითხი მაშინ არ არსებობდა. ბოლშევიკური რუსეთი კავკასიას თავისად თვლიდა, პასუხიც მას მოსთხოვეს, თუმცა იმავე დროს, როგორც მოვიხსენიეთ, ოსმალეთმა მიიწვია ამიერკავკასიის კომისარიატი ბრესტ-ლიტოვსკში საზავო მოლაპარაკებაზე, რაც უკანასკნელისაგან მიღებული არ იქმნა. ასე რომ, გერმანიის მიერ ოსმალეთისათვის მხარის მიცემა გასაკვირი არ იყო, არამედ ბუნებრივიც. ასეთი გაგება ჩანს თვით ლუდენდორფის მოგონებიდანაც, სადაც ამ საკითხის შესახებ იგი ამბობს: „თურქებმა მოითხოვეს ბათუმი და ყარსი. ორივე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა ოსმალურ სახელმწიფოს. ჩვენთვის (ოსმალთა) სურვილები უმნიშვნელო იყო. მათი განხორციელება შეეფერებოდა ჩვენ სამოკავშირეო ურთიერთობასაც“-ო.

ამრიგად, ამიერკავკასიის ერების დაუკითხავად, ამ ერთა სურვილისა და დასტურის გარეშე, დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება (3 მარტს 1918 წ.), რომლის მეოთხე მუხლის ძალით ყარსის, არდაგანის და ბათუმის მხარენი რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა დაეცალა და ამ მხარეთა ბედი თვითგამორკვევის სახით უნდა გარკვეულიყო.

ამ დადგენილებით აღჭურვილი და თოფ-ზარბაზნებით შეიარაღებული ოსმალეთი მოადგა ამიერკავკასიის მთავრობას და 10 მარტს 1918 წელს ვეხიბ ფაშამ მოითხოვა ყარსის, არდაგანისა და ბათუმის მხარეთა დაცლა-მიტოვება.


6. ბრძოლა მესხეთის გამო ტრაპიზონში და ომი ოსმალეთთან 

ამიერკავკასიის საზავო დელეგაცია აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით უკვე ტრაპიზონში იმყოფებოდა და 10 მარტს 1918 წელს ევგ. გეგეჭკორი მას აცნობებს, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშერულება, რაც დადებულია იმ მთავრობის (ბოლშევიკების) მიერ, რომელსაც ჩვენ არა ვსცნობთ, ჩვენთვის სავალდებულო არაა და რომ ამიერკავკასია, როგორც თვითმყოფი ერთეული, მზად არის აწარმოოს საზავო მოლაპარაკება ოსმალეთთანო.

ამიერკავკასიის სეიმმა 11 მარტს 1918 წელს იმსჯელა ბრესტის ზავის შესახებ და ერთხმად უარყო ოსმალეთის მოთხოვნილებანი, ხოლო 13 მარტს 1918 წელს გაიხსნა ტრაპიზონის საზავო კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ოსმალეთი, ისე ამიერკავკასია.

ამიერკავკასიის რესპუბლიკა ყალბ მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ მხრით, რომ მას დღემდე ფორმალურად არ ჰქონდა დამოუკიდებლობა გამოცხადებული, თუმცა ფაქტიურად იგი ასეთი იყო. მაგრამ ოსმალეთი დაინტერესებული იყო ბოლშევიკური რუსეთის მიერ ხელმოწერილი ბრესტ-ლიტოვსკის ზავი თვით ამიერკავკასიასაც დაედასტურებინა და ამიტომ ტრაპიზონის საზავო კონფერენციაზე ოსმალეთის დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ-ბეიმ მოითხოვა: 16 მარტს 1918 წელს ყარს-არდაგან-ბათუმიდან ამიერკავკასიის გასვლა.

ამავე დროს ოსმალოს აგენტები შეესივნენ მესხეთს და შადგინეს მუსულმანური რაზმები, რომელთაც ხელთ იგდეს 19 მარტს 1918 წელს არდაგანი, – დაიწყო საერთო აღრევა და ქრისტიან მცხოვრებთა ლტოლვილება.

ამიერკავკასიის დელეგაციამ რაუფ-ბეის საპასუხოდ განუცხადა, რომ მისთვის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება ფორმალურად სავალდებულო არ არის და არც არსებითადაა იგი მისაღებიო, მაგრამ გამარჯვებული ოსმალეთი ამ განცხადებას ყურად არ იღებს და იმავე 20 მარტს 1918 წელს ამიერკავკასიის დელეგაციისაგან ხელშეკრულების მიღებას მოითხოვს.

მეორე დღეს, 21 მარტს 1918 წელს, აკ. ჩხენკელი არდგენს საზავო გეგმას, რომლის მიხედვით, საზავო ხელშეკრულებას საფუძვლად უნდა დაედოს 1914 წლის საზღვრები. თავის მხრით ოსმალეთის დელეგაცია უპასუხებს, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება სავალდებულოა ამიერკავკასიის მთავრობისათვისაცო.

ეს საკითხი განმეორებით იქნა დასმული თბილისში და 25 მარტს 1918 წელს ამიერკავკასიის სეიმის პრეზიდიუმის, მთავრობის და ფრაქციათა წარმომადგენლების გაერთიანებული კრება ერთხმად ადგენს: დაცულ იქმნას 1914 წლის საზღვრებიო. იგივე დადასტურებულ იქმნა სეიმის სხდომის გადაწყვეტილებით 25 მარტს 1918 წელს, მაგრამ ამავე დროს აკაკი ჩხენკელს მიეცა სრული, არაჩვეულებრივი რწმუნება, აწარმოოს ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკება.

შექმნილ მძიმე პირობებში, ხიშტის ენაზე, ხდება ერთგვარი დახევა და ამიერკავკასიის დელეგაცია 5 აპრილს 1918 წელს ოსმალეთს ატყობინებს საზღვრების ახალ ხაზს, რომლის მიხედვით ოსმალეთის ხელში გადავა: ოლთისის მხარე, არდაგანის ოლქის სამხრეთ ნაწილი, ყარსის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი და ყაღიზმანის დასავლეთი ნაწილი.

ეს მცირე დათმობა ოსმალეთს არ ეჭაშნიკება და 7 აპრილს 1918 წელს რაუფ-ბეი აკ. ჩხენკელს ულტიმატუმს ურდგენს: 48 საათის განმავლობაში პასუხი გასცეს, ღებულობს იგი თუ არა ბრესტ-ლიტოვსკის ზავს.

იმავე 7 აპრილს 1918 წელს ჩხენკელი სთხოვს ევგ. გეგეჭკორს: დაუსვას მან საკითხი სეიმს პირდაპირ – შეუძლია თუ არა მას დაიცვას იარაღით ბათუმი, არდაგანი, ყარსი? მაგრამ ოსმალეთმა უკვე გადადგა სათანადო ნაბიჯი და მისი ჯარები უკვე შემოიჭრნენ ამიერკავკასიის საზღვრებში. ამგვარად, ოსმალეთმა მოისურვა ამიერკავკასიის ფაქტის წინაშე დაყენება.

ამ მოვლენისა და ულტიმატუმის შედეგად, 8 აპრილს 1918 წელს თბილისში მთავრობის, სეიმის პრეზიდიუმისა და სეიმის ყველა ფრაქციების თავმჯდომარეთა სხდომამ დაადგინა, ოსმალეთს დაეთმოს ის საზღვრები, რაც აღნიშნულია თვით აკ. ჩხენკელის დეპეშაში. ესე იგი: ყარსის ოლქი ყარსითურთ და ართვინის მაზრის გამოკლებით, ხოლო სომხები თხოვენ აკ. ჩხენკელს: როგორმე შესძელით ქალაქ ყარსის დატოვება ამიერკავკასიის ფარგლებშიო.

მაგრამ იმავე 8 აპრილს 1918 წელს ოსმალებმა მიიღეს ბრძანება, ჯარები წასწიონ ამიერკავკასიის საზღვრებს შიგნით, და ამიტომ აკ. ჩხენკელი ევგ. გეგეჭკორისაგან მოითხოვს: მთავრობამ ბრესტ-ლიტოვსკის ზავი მიიღოსო.

შემოსეულ ოსმალურ ჯარებს წინ დახვდა არარეგულარული სომხური და ქართული რაზმები და ომი დაიწყო. ამავე დროს დიპლომატიური მოლაპარაკება გრძელდება და 10 აპრილს 1918 წელს აკ. ჩხენკელი ატყობინებს ოსმალეთის დელეგაციას, რომ იგი აღიარებს და ცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას; ხოლო საზავო დელეგაციის წევრი სომხები: ა. ხატისოვი და კაჩაზნუნი ატყობინებენ ტრაპიზონიდან მთავრობის თავმჯდომარე ევგ. გეგეჭკორს, რომ შექმნილ პირობებში ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების მიღება ერთადერთი გამოსავალია და ნაკლები უბედურებაო. ამიტომ აკ. ჩხენკელი თავის მხრით 12 აპრილს 1918 წელს სთხოვს ევგ. გეგეჭკორს: შეაჩეროს სამხედრო მოქმედება ოსმალეთის წინააღმდეგ. ამავე დღეს, 12 აპრილს 1918 წელს ოსმალეთის მთავარსარდალი ულტიმატუმს ურდგენს ბათუმის კომენდანტს და მოითხოვს დაუყოვნებლივ დასცალოს ბათუმი.

ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში, 13 აპრილს 1918 წელს თბილისში მოხდა ამიერკავკასიის მთავრობის, სეიმის პრეზიდიუმის და სეიმის ფრაქციათა წარმომადგენლების გაერთიანებული კრება, რომელზეც ერთხმად იქნა მიღებული ირაკლი წერეთლის რეზოლუცია – გამოწვეულ იქმნას ტრაპიზონიდან საზავო დელეგაცია.

იმავე დღეს იგივე დადგენილება მიიღო სეიმმაც, მაგრამ იქ გარკვევით გამოჩნდა, რომ სეიმის მაჰმადიანური ნაწილი ოსმალეთის წინააღმდეგ მოქმედებაში არავითარ მონაწილეობას არ მიიღებდა.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძველად მაჰმადიანები ჯარში არ გაჰყავდათ, ასე რომ, პრაქტიკულად, მაჰმადიანი ჯარისკაცები არც არსებობდნენ. მაგრამ ამასთან თვით აზერბაიჯანული უძლიერესი პოლიტიკური პარტია „მუსავატი“ („თანასწორობა“) ოსმალური ორიენტაციის მომხრე იყო და გასაკვირველი არ იყო ის მოვლენა, რომ სეიმის იმავე სხდომაზე, აზერბაიჯანელმა რუსტამბეკოვმა, როგორც „მუსავატის“ ფრაქციის, მაჰმადიანთა უპარტიო ჯგუფის, რუსეთის მუსულმანური პარტიის („იტტიხატის“) ანუ მთელი მაჰმადიანური ნაწილის სახელით, 13 აპრილს 1918 წელს განაცხადა, რომ ოსმალეთთან ომი შეგვიძლია მოვიგოთ მხოლოდ სრული სოლიდარობით და ერთიანობითო. „მაგრამ“, ამბობდა იგი, „ამ ერთიანობის მიღწევაში ჩვენ ეჭვი გვეპარება, თუ დაიწყება სამხედრო მოქმედება. ამ ომში აქტიური მონაწილეობის მიღება ჩვენ არ შეგვიძლია და ამიტომ აქტიური პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვეკისრება“-ო.

ამგვარად, როგორც პრაქტიკულად, ისე ფორმალურად, აზერბაიჯანი უარს აცხადებდა ოსმალეთის წინააღმდეგ მოქმედებაზე და რუსტამბეკოვის განცხადების მიხედვით „ნეიტრალიტეტს“ იცავდა, თუმცა სეიმს სიტყვიერად აღუთქვამდა: რაც შეიძლება დაგეხმარებითო!

მაშასადამე, სანამ ოსმალეთთან ზავზე მოლაპარაკებების საკითხი იდგა, აზერბაიჯანი მონაწილეობას ღებულობდა, ხოლო ომის საკითხში უარს ამბობდა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზავის საკითხშიც, აზერბაიჯანი ოსმალეთის თალსაზრისზე იდგა. 

ცხადია, თავიდანვე ამ ომისა და ზავის საკითხზე მოხდა ამიერკავკასიის ხალხთა დანაწილება და ერთი-მეორესაგან დაშორება. და ამგვარად, სეიმის რეზოლუცია საზავო დელეგაციის უკანგამოწვევის შესახებ, რომელიც ომის გაგრძელებას ნიშნავდა, მოკლებული იყო მაჰმადიანების მხრიდან პრაქტიკული განხორციელების საშუალებას. და ბრძოლის ველზე რჩებოდნენ მხოლოდ და მარტოდ სომხები და ქართველები. 

ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკება შეწყდა და დაიწყო ომი ოფიციალურადაც. იმავე დღეს მთავრობამ მოუწოდა ხალხს იარაღისაკენ.

არაოფიციალურად უკვე 9 აპრილიდან 1918 წელს დაწყებული ომი, 13 აპრილს უკვე ოფიციალური ხდება და სამხედრო მოქმედება ოსმალურ ჯარსა და ქართულ-სომხურ ნაწილებს შორის გრძელდება 22 აპრილამდე 1918 წლის. მოუწყობელი ქართულ-სომხური მოხალისე რაზმები ოსმალურ რეგულიარულ ჯარებს ვერ უძლებენ. 15 აპრილს 1918 წელს ოსმალებმა დაიკავეს ბათუმი, უკვე 7 აპრილს ოზურგეთი და ბოლოს გაიმართა ბრძოლა ჩოლოქზე, სადაც ოსმალები სასტიკად დამარცხდნენ.

მაგრამ მაინცდამაინც ოსმალეთის იარაღს ხვდა „ბრწყინვალე“ გამარჯვება და მათ მიერ დაკავებულ იქმნა ამიერკავკასიის დიდი ნაწილი, კერძოდ, მთელი მესხეთი თითქმის ბორჯომამდე.

ასეთ ვითარებაში ომის გაგრძელება უკვე შეუძლებელი გახდა და ამიერკავკასიის მთავრობამ გამოაცხადა რა 22 აპრილს 1918 წელს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, იმავე დღესვე დაადგინა ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების დაწყება.

დამოუკიდებელი ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი ვეხიბ ფაშას სთხოვს, 23 აპრილს 1918 წელს სამხედრო მოქმედებების შეჩრებას, რაც იმავე დღეს სრულდება, მაგრამ ოსმალები მას მაინც არღვევენ, შედიან ყარსში და მიიწევენ გუმბრისაკენ ანუ ალექსანდროპოლისკენ. აკ. ჩხენკელი პროტესტს აცხადებს ოსმალთა ასეთი საქციელის გამო, მაგრამ ოსმალეთი მას ყურადღებას არ აქცევს, ხოლო ვეხიბ ფაშა ატყობინებს მას, რომ ოსმალეთის მთავრობამ აღიარა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა და საზავო მოლაპარაკება დანიშნულია ბათუმშიო. 3 მაისს 1918 წელს კი იგივე ვეხიბ ფაშა აცნობებს აკ. ჩხენკელს, რომ ოსმალეთის ჯარები გავლენ ოზურგეთიდან და დასდგებიან 1877 წლის საზღვრებზეო. ეს იმისი ნიშანი იყო, რომ ოსმალებს დაებადათ განზრახვა, ბრესტ-ლიტოვსკის ზავი განზე დაეტოვებინათ და ახალი საზღვრების დადგენა მოეთხოვათ, ამჟამად უკვე 1877 წლის რუსეთ-ოსმალეთის საზღვრების მიხედვით. ამიტომაც ბათუმის საზავო კონფერენციის გახსნაც არ დაყოვნებულა და 11 მაისს 1918 წელს დაიწყო საზავო მოლაპარაკება.

ოსმალეთის იუსტიციის მინისტრი და ოსმალური საზავო დელეგაციის თავმჯდომარე ხალილ-ბეი კონფერენციის გახსნისთანავე მოითხოვდა ამიერკავკასიის რკინიგზებით ოსმალეთის ჯარების გაშვებას ბაქო-სპარსეთისაკენ. 15 მაისს 1918 წელს ამიერკავკასიის მთავრობისა და დელეგაციის თავმჯდომარე აკ. ჩხენკელი ამის გამო პროტესტს აცხადებდა, მაგრამ იმდღესვე, 15 მაისს 1918 წელს, ოსმალები ალექსანდროპოლისაკენ გაეშურნენ. ამიერკავკასიის დელეგაციამ პროტესტით მიმართა გერმანიის წარმომადგენელს, ოსმალთა მოკავშირეს, ოსმალთა სამხედრო მოქმედების შესახებ, და იმავე დღეს, 15 მაისს 1918 წელს, ხალილ-ბეიმ მოითხოვა აკ. ჩხენკელისაგან: მიიღოს მან ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება და ამას გარდა დადგენილ იქმნეს ახალი საზღვრებიო.

მდგომარეობა გართულდა კიდევ იმით, რომ საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარი ჩიჩერინი გერმანიის მთავრობასთან პროტესტს აცხადებს ამიერკავკასიის მთავრობის არსებობის წინააღმდეგ, მოითხოვს ბათუმის საზავო კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას და თან დასძენს, რომ ასეთი მონაწილეობა ამიერკავკასიის მთავრობის ცნობას არ მოასწავებსო.

ამიერკავკასიის დელეგაციამ, რასაკვირველია, უარყო ხალილ-ბეის მემორანდუმი და თავის მხრივ მოითხოვა: საზავო მოლაპარაკება სწორედ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ფარგლებში უნდა მიმდინარეოდესო.

ამავე დროს გერმანიის წარმომადგენელი ფონ-ლოსოვი უკვე ღებულობს მონაწილეობას დავაში და 16 მაისს 1918 წელს ატყობინებს აკ. ჩხენკელს, რომ მან მიიღო ზომები ოსმალთა ჯარის წინსვლის შესაჩერებლად და თავისი აზრიც აცნობა ოსმალეთის დელეგაციასო. მაგრამ ოსმალებმა ფონ-ლოსოვის ეს ნაბიჯი ალბათ უბრალო დიპლომატიურ მოვლენად ჩასთვალეს და ალექსანდროპოლზე თავდასხმა გააჩაღეს, რის შესახებ აკ. ჩხენკელი კიდევ პროტესტს აცხადებს, რაზეც იმავე დღეს ხალილ-ბეი უპასუხებს, რომ ოსმალური ჯარები მხოლოდ სტრატეგიულ მოძრაობას აწარმოებენო. 

იმავე დღეს, 17 მაისს 1918 წელს ამიერკავკასიის საზავო დელეგაცია კვლავ უმეორებს ოსმალეთის დელეგაციას, რომ საზავო ხელშეკრულება უნდა დაიდოს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ფარგლებშიო, მაგრამ ამის საპასუხოდ ოსმალებმა 18 მაისს 1918 წელს დაიკავეს ალექსანდროპოლი და მოითხოვეს გზა ჯულფისაკენ ულტიმატუმით და პასუხის მიცემის ერთი საათის ვადით.

ასეთი ძალადობის წინ, იმავე დღეს, 18 მაისს 1918 წელს, აკ. ჩხენკელი ატყობინებს ხალილ-ბეის, რომ იგი არა არის წინააღმდეგი, ოსმალებმა გადაიყვანონ ჯარები სპარსეთისაკენ, მაგრამ საჭიროა გარანტიები მცხოვრებთა დასაცავადო. იმავე დღეს ოსმალეთის დელეგაცია ამიერკავკასიისას ურდგენს მემორანდუმს, სადაც ნათქვამია, რომ ამიერკავკასიისათვის ამჟამად ახალი საზღვრების საკითხი უნდა დაისვასო.

საბჭოთა რუსეთის ჩარევა ამიერკავკასიის საქმეებში, რასაკვირველია, მიუღებელი იყო და 19 მაისს 1918 წელს აკ. ჩხენკელი მიმართავს გერმანიის იმპერიის დელეგაციის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფონ-ლოსოვს და ამ მიმართვით ჩიჩერინის ნოტას უკუაგდებს. ამ დროს გერმანია უკვე აქტიურად ერევა ამიერკავკასიის და ოსმალეთს შორის დავაში და 19 მაისს 1918 წელს ფონ-ლოსოვი წერს ამიერკავკასიის დელეგაციას – ვინაიდან თქვენსა და ოსმალეთს შორის მოლაპარაკება წინ არ მიიწევს, წინადადებას გაძლევთ, მოიხმაროთ ჩემი შუამდგომლობაო, რაც იმავე დღეს სიხარულით იქმნა მიღებული.

ამ მოლაპარაკებათა და მიწერ-მოწერის დროს ოსმალებს ჯარების მსვლელობა, რასაკვირველია, არ შეუჩერებიათ და 20 მაისს კარაკლისის ფრონტისაკენ გასწიეს და, ნაზარბეკოვის ცნობით, ისინი მიიწევენ ლორესაკენ და თბილისის დასაკავებლადო.

25 მაისს 1918 წელს თბილისის თვითმმართველობა აცნობებს ხალხს, რომ ოსმალთა ჯარები მოდიან ქალაქისაკენ და საჭიროა თბილისის დაცვაცო. აკ. ჩხენკელი კი კვლავ პროტესტს უგზავნის ოსმალეთის დელეგაციას ჯარების წამოწევის წინააღმდეგ. შეტაკებები ხდება.

ამ უბედურებათა დროს საბჭოთა რუსეთი კვლავ ერევა ამიერკავკასიის ამბებში და 19 მაისს 1918 წელს თარიღით დეპეშით პროტესტს აცხადებს იმის შესახებ, რომ ამიერკავკასიის მთავრობა ზღვისაკენ გზას უჭრის აფხაზეთს, რომელიც საბჭოთა რუსეთის ერთგულიაო. ამაზე თვითონ ფონ-ლოსოვი უპასუხებს, სოხუმიდან და ბაქოდან თვით საბჭოთა რუსეთი ემუქრება ამიერკავკასიის ტერიტორიას და შეიკავეთ თავიო. აქ აღსანიშნავია, რომ ამ დროს სოხუმში ბოლშევიკური აჯანყება მოეწყო, რომელიც ქართული ძალებით იქმნა ჩაქრობილი. მაშინ ჩიჩერინმა ისევ მოითხოვა საზავო მოლაპარაკებაში მონაწილეობა და ითხოვა, მოლაპარაკება წარმოებდეს რომელიმე სხვა ქალაქში, მოსკოვთან ახლოსო. იმხანად უკვე აღარავის ეცალა მისთვის პასუხი გაეცა.

24 მაისს 1918 წელს ოსმალეთის დელეგაციის თავმჯდომარე ხალილ-ბეიმ უარყო ფონ-ლოსოვის შუამდგომლობა საზავო მოლაპარაკებაში შუაკაცობის შესახებ და 25 მაისს 1918 წელს თვით ფონ-ლოსოვი ამაზე უარს აცხადებს, ვინაიდან ამიერკავკასიის რესპუბლიკა თვით არის დაშლის გზაზეო.

26 მაისს 1918 წელს ოსმალეთის დელეგაცია ამიერკავკასიის დელეგაციას ულტიმატუმს ურდგენს და პასუხს მოითხოვს 72 საათის განმავლობაში შემდეგ საკითხებზე – ახალი საზღვრების დადგენა, ჯარის თავისუფალი გადაყვანა და სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთს არავითარი წინააღმდეგობის არგაწევა.

იმავე 26 მაისს 1918 წელს სამ საათზე შედგა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა, სადაც გამოტანილ იქმნა რეზოლუცია ერთხმად, დამოუკიდებელი ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლის შესახებ.

რა მოხდა? რამ დაშალა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა?


7. ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლის მიზეზები 

25 მაისს 1918 წელს ფონ-ლოსოვმა უკვე აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაშლის გზაზეაო, მაგრამ ფაქტიურად მისი დაშლა დაიწყო უფრო ადრე. მაშინ, როცა ოსმალეთის ჯარები კავკასიას მოადგნენ და კავკასიის მუსულმანური მოსახლეობის მეთაურებს გაეღვიძათ სურვილი, ოსმალეთთან შეერთების თუ ოსმალეთის მფარველობის შესახებ.

რუსეთი აღარ იყო, ამიერკავკასიის რესპუბლიკა მათ არ სწამდათ და არც უნდოდათ, და ამიტომ ყოველ ღონეს ხმარობდნენ, ოსმალეთის წინაშე ამიერკავკასია დაეჩოქებინათ და ამგვარად მთელი კავკასია სულთნის იმპერიის გარემოცვაში ჩაეყენებინათ. ამიტომ იყო, აზერბაიჯანელი ხალხის წარმომადგენელნი, როგორც მთავრობაში, ისე სეიმში, უარს აცხადებდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მაშასადამე, ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაცვაზე, და ამავე დროს ფართო ქადაგებით მაჰმადიანურ მოსახლეობას მესხეთში და სხვაგან აჯანყებდნენ, აწერინებდნენ თხოვნებს ოსმალეთთან დაბრუნების შესახებ, და საზავო მოლაპარაკებათა განმავლობაში ხან ჩუმად, ხან აშკარად მხარს უჭერდნენ ოსმალურ დელეგაციას, რომლის ნამდვილი აგენტები ამიერკავკასიურ დელეგაციაში ისინი იყვნენ.

ამნაირად, აზერბაიჯანის მხრივ ოსმალური ორიენტაციის აღებამ საფუძველი გამოაცალა ამიერკავკასიის მთლიანობას და ამით ამიერკავკასიის რესპუბლიკა განწირული აღმოჩნდა, როგორც სახელმწიფო. ეს არ შეეძლო არ დაენახა გერმანელ ფონ-ლოსოვსაც. მით უმეტეს, ამას ცხადად ხედავდნენ სომხები და ქართველები, რომელნიც განმარტოებულნი დარჩნენ ბრძოლის ველზე ოსმალეთის წინააღმდეგ. ასეთი არაჩვეულებრივი მძიმე და სასტიკი ვითარება შესაფერისად დაახასიათა ამიერკავკასიის სეიმში ირაკლი წერეთელმა, როდესაც მან ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლის მიზეზების შესახებ შემდეგი განაცხადა: „ამიერკავკასიის გამაერთანებელი ძალები უფრო სუსტი აღმოჩნდნენ, ვინემ დამარღვეველი ძალები... განსაკუთრებით, საგარეო ვითარებათა გავლენით – ამიერკავკასიის საზღვრებთან უცხო და მტრული ძალის მოახლოებისა და შემდეგ შემოსევის დროს. ოსმალეთის მოახლოებამ და ამიერკავკასიის ფარგლებში მისმა შემოჭრამ გააძლიერა ოსმალეთისაკენ მიდრეკა, ამიერკავკასიის მთლიანობისაგან ჩამოგლეჯა მრავალრიცხოვან ეროვნებაში, რომელიც სახლობს ამიერკავკასიაში – მუსულმანურ ეროვნებაში... მდგომარეობის საშინელება არა მხოლოდ იმაშია, რომ უფრო ძლიერი მტერი გვიკარნახებს ულტიმატუმით, რომ იგი იჭრება ჩვენს საზღვრებში და ჩვენ გვაყენებს ამიერკავკასიის ამა თუ იმ ოლქის ფაქტიური ოკუპაციის წინაშე. საშინელება იმაშია, რომ როცა სახელმწიფოებრივ ორგანიზმში იჭრება ეს დამარღვეველი ძალები, ამ სახელმწიფოს არა აქვს ორგანიზაციაც კი, რომელიც გამოხატავს მთელ მცხოვრებთა ჭეშმარიტ მისწრაფებებს, რომელსაც, როგორც ასეთს, ანგარიშს უწევდეს მოწინააღმდეგე ძალა... იქ, ბათუმში, არ არის ორი მხარე, ერთი-მეორის წინააღმდეგ მდგომი... ჩვენ წინააღმდეგ არის ოსმალთა იმპერიის სახელმწიფო დელეგაცია, გერმანიის იმპერიის დელეგაცია, მაგრამ მას უპირისპირდება დელეგაცია, რომლის შესახებ იქვე მყოფი სხვა დელეგაციები, რომელნიც ამიერკავკასიის მცხოვრებთა დიდ უმრავლესობასთან უსათუოდ დაკავშირებული არიან, აცხადებენ, რომ ეს დელეგაცია (ამიერკავკასიის მთავრობის – ვ. ნ.) არ გამოხატავს მცხოვრებთა უმრავლესობის ნებისყოფას და განწყობილებასო. სახელმწიფო სახე, რომელსაც დამარცხების შემთხვევაში მაინც კი, შესძლებოდა ლაპარაკი, ჩვენის მხრით, ბათუმში არ არსებობს... რა მოხდა? მოხდა ის, რომ საზავო მოლაპარაკებათა პროცესში ტარდება სასწრაფო ოკუპაცია ამიერკავკასიის ტერიტორიისა. სასწრაფო ოკუპაცია, რომელიც წინააღმდეგობას ხვდება მხოლოდ მცხოვრებთა ერთ ნაწილში, ერთი ხალხის შორის, მაგრამ არამც თუ არ ხვდება წინააღმდეგობას, არამედ აშკარა თანაგრძნობას მცხოვრებთა მეორე საგრძნობი ნაწილის მხრივ. და ჩვენ ვხედავთ, რომ მოწინააღმდეგე მხარე მშვენივრად სარგებლობს შექმნილი ვითარებით და ამიერკავკასიის რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენლებს აყენებს ამა თუ იმ ოლქის დაკავების ფაქტის წინაშე... ფაქტიურად, აღმოსავლეთი ამიერკავკასია (აზერბაიჯანი – ვ. ნ.) ზურგს არ უმაგრებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელთაც ღებულობს მთელი ამიერკავკასიის ოფიციალური წარმომადგენლობა აქ, ან ჩვენი ოფიციალური დელეგაცია ბათუმში... ამიერკავკასიის დიდი ნაწილი (მაჰმადიანური – ვ. ნ.) პირდაპირ თუ არაპირდაპირ არის მათ მორჩილებაში, ვინც ჩვენს დელეგაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებს (ოსმალეთი – ვ. ნ.). ამიერკავკასიის დიდი ნაწილი უკვე ჩამოშორდა ამიერკავკასიის რესპუბლიკას; ერთი იარაღის ძალით, აქ მხედველობაში მყავს სომეხთა ერი, რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, მაგრამ იძულებული გახდა თავისი ტერიტორიის საგრძნობი ნაწილი მტრისათვის მიეცა, რომელსაც მეტი ძალა ჰქონდა. მეორე ნაწილიც (აზერბაიჯანი – ვ. ნ.) ფაქტიურად წავიდა, რადგან მან გადამწყვეტ წუთში მხარი არ დაგვიჭირა და მისი წარმომადგენლები კი გვერდში ამოუდგნენ მოწინააღმდეგე მხარეს (ოსმალეთს – ვ. ნ.), აშკარად თუ ოფიციალურად“-ო...

და ამიერკავკასიის რესპუბლიკის სეიმმა ყველა ხმით ორის წინააღმდეგ, მიიღო შემდეგი რეზოლუცია:

„ვინაიდან ომის და ზავის საკითხში აღმოჩნდნენ ძირითადი განსხვავებანი იმ ხალხებს შორის, რომელთაც შეჰქმნეს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, და ამიტომ შეუძლებელი გახდა გამოსვლა ერთი ავტორიტეტული ხელისუფლებისა, რომელიც ამიერკავკასიის სახელით ილაპარაკებდა, სეიმი ადასტურებს ამიერკავკასიის დაშლის ფაქტს და თავის რწმუნებულებაზე უარს ამბობს“.

ამგვარად დაირღვა ამიერკავკასიის რესპუბლიკა, დაიშალა იგი ორიენტაციის სხვადასხვაობის ნიადაგზე და კავკასიური პოლიტიკის უქონლობის გამო. დაიღუპა მესხეთის და ყარსის დაცვის ნიადაგზე და გამოცხადდენ დამოუკიდებელი რესპუბლიკები – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.


8. საქართველოს რესპუბლიკისა და ოსმალეთის იმპერიის ბათუმის საზავო ხელშეკრულება და მესხეთის ბედი 

26 მაისს 1918 წელს 4 საათზე და 50 წუთზე გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. მთავრობის თავმჯდომარეა – ნოე რამიშვილი.

მაგრამ იარაღამოღებული ოსმალეთი, გაშიშვლებული ხმლით თავს დაადგა ახლადშობილ რესპუბლიკას და 27 მაისს 1918 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო იგივე ულტიმატუმი, რაც ამიერკავკასიის მთავრობას 26 მაისს 1918 წელს წარედგინა. 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი ეკითხება ხალილ-ბეის: ეხება ეს ულტიმატუმი თუ არა საქართველოსო. 31 მაისს 1918 წელს ხალილ-ბეი ულტიმატუმს უდასტურებს და 12 საათის ვადაში მასზე პასუხს მოითხოვს. 

აქ უკვე აშკარად ასპარეზზე გამოდის გერმანია, რომელმაც საქართველოს აღუთქვა დახმარება და თან ურჩია ოსმალეთთან მალე ზავის დამყარებაც. ამიტომ 31 მაისსავე 1918 წელს ნოე რამიშვილი ხალილ-ბეის პასუხს აძლევს და ატყობინებს: ომალეთის ჯარს უფლებას ვაძლევთ ისარგებლოს რკინისგზებით, ხოლო საზღვრები უნდა დადგინდეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მიხდვით; რაც შეეხება ახალქალაქ-ახალციხის საკითხს, ამაზე საზავო მოლაპარაკებისას ვიმსჯელოთო.

ეს საზავო მოლაპარაკება დასრულდა ბათუმში 4 ივნისს 1918 წელს, სადაც საქართველოს რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის დაიდო „ზავისა და მეგობრობის“ ხელშეკრულება. ამ ბათუმის ხელშეკრულების ძალით ოსმალეთმა მიიღო მთელი სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ანუ სამუსულმანო საქართველო, მთელი მესხეთი აწყურისა და აბასთუმნის გამოკლებით.

ვინაიდან, ბათუმის ზავის მიუხედავად, ოსმალების ჯარი კიდევ მიიწევდა საქართველოს საზღვრებში და ამიტომ შეტაკებები ხდებოდა, გერმანიის შტაბმა მიიღო ზომები ოსმალთა ეს წინსვლა შეეჩერებინა.

ქართველ ერს საქართველოს მთავრობამ გერმანული ჯარების შემოსვლის შესახებ ოფიციალურად აცნობა 13 ივნისს 1918 წელს და ამ ცნობაში ნათქვამი იყო, რომ გერმანული ჯარები მოწვეული არიან თვით მთავრობის მიერ და მათ მიზნად აქვთ მთავრობასთან შეთანხმებით და მთავრობის მითითებით დაიცვან საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებიო.

მართლაც, გერმანიის ჯარის ნაწილებმა მონაწილეობაც მიიღეს ოსმალების წინააღმდეგ მოქმედებაში და 13 ივნისს 1918 წელს მაგალითად ბორჩალოს მაზრაში ბრძოლამ ოსმალების წინააღმდეგ რამოდენიმე გერმანელიც იმსხვერპლა. ამასთანავე, ფონ-ლოსოვმა აუწყა საქართველოს მთავრობას, რომ რკინისგზებზე და პორტებში დაყენებული გერმანული და ქართული ნაწილები ოსმალებს იარაღით არ შეხვდნენ, არამედ განუცხადონ, რომ ისინი დაყენებული არიან გერმანიის მთავრობის ბრძანებითო. 

ბათუმის ხელშეკრულებით დასრულდა ომი ოსმალეთსა და საქართველოს შორის. ამ ომის წაგების გამო საქართველომ დაკარგა მესხეთი და ბრძოლა დატრიალდა ახლა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მეოთხე მუხლის განხორციელების გარშემო. 

ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მე-4 მუხლის ძალით – ყარსს, არდაგანს და ბათუმს უნდა მომხდარიყო თვითგამორკვევა კენჭისყრით. ოსმალეთი თავისი აგენტების საშუალებით, რომელთაც ოსმალეთის მოსვლის დროს მესხეთში აჯანყებები მოაწყვეს, ახლა დევნიდა ყველა მათ, ვინც საქართველოს ორიენტაციის აღმოჩნდნენ.

უკვე 29 ივნისს 1918 წელს ნოე ჟორდანია თხოვს გერმანიის წარმომადგენელს გრაფ ფონ-დერ-შულენბურგს, მიაქციოს მან ყურადღება ოსმალების უკანონო მოქმედებებს ბათუმში. ოსმალები იჭერენ და ასახლებენ აჭარლებს და საერთოდ იმ მაჰმადიანებს, ვინც ქართველად იგრძნობს თავსო.

მაგრამ ოსმალეთის გეგმა მესხეთის ხელში ჩაგდებით არ ამოწურულა. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ მათი შეტევა ბორჩალოში. ახლა მათ მოიწადინეს აფხაზეთის წაღებაც და ივნისში იქ დესანტი გადასხეს. საქართველოს მთავრობა 28 ივნისს 1918 წელს აცნობებს რა ამას გენერალ ფონ-კრესს კრესსენშტაინს, აფხაზეთის ეროვნულ საბჭოსთან ერთად პროტესტს აცხადებს და თხოვს მას მიიღოს ამისი საწინააღმდეგო ზომები. ამასთანავე ბათუმის ზავის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მოითხოვს ოსმალეთმა გაანთავისუფლოს აწყური და აბასთუმანი (ოძრხე).

ბორჩალოსა და აფხაზეთის გარდა ოსმალები შეიჭრნენ საინგილოშიც (ზაქათალა), სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შორის აგიტაციას ეწეოდნენ ქართველების წინააღმდეგ.18 ივლისს 1918 წელს საქართველოს მთავრობა ნოტას უგზავნის გენერალ ფონ-კრესს საინგილოს შესახებ, სადაც ნათქვამია: საინგილო ანუ „ზაქათლის ოლქი ისტორიულად და გეოგრაფიულად მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან. მისი ნაწილი დასახლებულია ქართული ტომით – ინგილოებით“-ო.

ამავე ხანაში ოსმალები ამზადებენ რეფერენდუმს ბათუმში და 14 ივლისს 1918 წელს კიდეც მოაწყვეს იგი მარტოდ, მაშინ როცა რეფერენდუმის მოწყობაში მეზობელ სახელმწიფოებსაც და, მაშასადამე, საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა. რეფერენდუმის ოსმალური წესის შესახებ საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის წარმომადგენელს ფონ-კრესს, რომელიც ადასტურებს, რომ ოსმალთა მიერ შემოღებული წესი რეფერენდუმისა არ არის კანონიერიო. საქართველოს მთავრობა 1 აგვისტოს 1918 წელს ოსმალეთს პროტესტს უცხადებს ბათუმში არაკანონიერად მოწყობილი რეფერენდუმის გამო, მაგრამ 12 აგვისტოს, ესსადი, ოსმალეთის მეხუთე არმიის უფროსი, პასუხს იძლევა, რომ რეფერენდუმი კანონიერად მოხდაო.

ამავე დროს საქართველოს მთავრობამ საკითხი გადაიტანა საერთაშორისო ასპარეზზე და მიმართა ყველა სახელმწიფოებს და ერებს განსაკუთრებული მემორანდუმით, სადაც მოთხრობილია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორია და აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფოებრივი ტერიტორიული შემადგენლობა შემდეგი სახით:

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორია შედგება: „ამიერკავკასიის ყოფილ სამ გუბერნიისაგან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის და ორ ოლქისაგან: სოხუმისა და ზაქათლის. ეს ტერიტორია შეიცავს დაახლოებით 80 000 ოთხკუთხედ კილომეტრს და მასზე ცხოვრობს 3 100 000 სული. აქედან ბათუმის გუბერნია, დაახლოებით 7000 ოთხკუთხედი კილომეტრი 200 000 მცხოვრებით დაჭერილი აქვს სრულიად უკანონოდ ოსმალეთის ჯარს, რომელიც თანახმად პრეზიდენტ ვილსონის პროგრამისა დაუყოვნებლივ გაყვანილ უნდა იქნას იქიდან... როცა ოსმალეთი გაიყვანს თავის ჯარებს ყოფილ ყარსის გუბერნიიდანაც, მაშინ ეს უკანასკნელი უნდა გაიყოს შუაზე და აქედან დასავლეთი ნახევარი (არტაანისა და ოლთისის ოლქები) უნდა შეუერთდეს ეთნოგრაფიულად და ისტორიულად მონათესავე საქართველოს, ხოლო მეორე, აღმოსავლეთი ნახევარი (ყარსისა და ყაღიზმანის ოლქები) უნდა შეუერთდეს სომხეთს“-ო.

ამგვარად, საქართვალოს მთავრობა, იმის მიუხედავად, რომ თითქმის მთელი მესხეთი ოსმალეთს ეპყრა, მოითხოვდა არამც თუ ბათუმის მხარის შემოერთებას, არამედ არდაგან-ოლთისის მხარის საქართველოს საზღვრებში მოქცევას. ესე იგი, მოითხოვდა სამუსულმანო საქართველოს, მოითხოვდა მთელ მესხეთს. ეს ბრძოლა იყო ახლა მხოლოდ დიპლომატიური, მაგრამ დიდად მნიშვნელოვანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის; მოითხოვდა მაშინ, როცა ოსმალეთი მესხეთში ბატონობდა, მაგრამ უკვე მოახლოებული იყო ჟამი განწირვისა. ოსმალეთს კბილები ჩაამტვრიეს მცირე აზიაში და სწრაფი ნაბიჯით თვით ოსმალეთის იმპერიაც ნგრევისაკენ მიექანებოდა.

საბოლოოდ დამარცხების წინ, 18 ოქტომბერს 1918 წელს ოსმალებმა გაანთავისუფლეს ბათუმის ზავით საქართველოსათვის დატოვებული აწყური და აბასთუმანი, ხოლო სტამბულში ხიკმეტ-ბეი საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელს ზურაბ ავალიშვილს ეუბნებოდა, რომ ოსმალეთი დასტოვებს ყველა იმ ადგილს, რაც ბრესტ-ლიტოვკის ზავში არაა აღნიშნულიო; ხოლო იზეტ ფაშა ამბობდა: თუ ოსმალეთი იძულებული იქნება დასტოვოს სამი სანჯაყი (ბათუმი, არდაგანი, ყარსი), მაშინ იგი მზადაა ამ ტერიტორიის ქართული ნაწილი დაუთმოს საქართველოსო...

ცნობილია, რუსეთს ჰქონდა გერმანიასთან ბრესტ-ლიტოვსკის „დამატებითი ხელშეკრულება“ 17 აგვისტოსი 1918 წლის. ამ დამატებითი ხელშეკრულების ძალით გერმანიამ რუსეთის თანხმობით იცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. მე-13 მუხლი ამ მოვლენას ასე გამოხატავს: „რუსეთი თანხმობას აცხადებს, რომ გერმანიამ იცნოს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არსება“ და ამავე ხელშეკრულების მიხედვით ბაქო უნდა დარჩენილიყო რუსეთის ხელში (მუხლი 14). გერმანიის მთავრობის ოფიციალური განმარტება ამ საკითხის შესახებ ამბობს შემდეგს: კავკასიის სხვა სახელმწიფოთა შესახებ ვერ მივაღწიეთ ისეთ შედეგი, როგორც საქართველოსათვის, რადგან საბჭოთა რუსეთი ბაქოსა და მისი ნავთობის შენარჩუნებას დიდ ფასსა სდებდაო. ამგვარად ბაქო რუსეთს დარჩა და როდესაც 15 სექტემბერს 1918 წელს ოსმალურმა ჯარებმა ბაქო დაიკავეს, საბჭოთა რუსეთის მთავრობამ 20 სექტებერს 1918 წელს ამის გამო პროტესტი განაცხადა და ფორმალურად კიდეც გააუქმა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, რამდენადაც იგი რუსეთ-ოსმალეთის ურიერთობას ეხებოდა.

შემდეგ, გერმანიაში მომხდარი რევოლუციის შედეგად, უკვე 13 ნოემბერს 1918 წელს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა მთლიანად ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება.

ამ ხანის განმავლობაში, ბათუმის 4 ივნისის 1918 წლის საზავო ხელშეკრულებას ძალა არ მისცემია, არავის დაუმტკიცებია, რადგან მიღებული იქმნა ზომები ეს მძიმე და საქართველოსათვის აუტანელი ხელშეკრულება თუ არ მოსპობილიყო, შეცვლილიყო მაინც. ამიტომ, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ორი დღის შემდეგ, ესე იგი, 6 ივნისს 1918 წელს ქართულმა მისიამ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა ნოტა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბათუმის ზავზე ხელის მოწერა მოხდა ოსმალური ხიშტების ძალდატანებით და მოთხოვნილი იყო, რომ ბათუმის საზავო ხელშეკრულება გადასინჯული ყოფილიყო ცენტრალურ სახელმწიფოთა განსაკუთრებულ კონფერენციაზე. გერმანიის მთავრობის თავმჯდომარე ფონ-კულმანმა გაიზიარა ქართული მისიის წინადადება და აცნობა მას, რომ იგი დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს, რათა ასეთი კონფერენცია მოწვეულ იქმნესო. ოსმალეთი დაეთანხმა გერმანიას კონფერენციის მოწვევაზე, მაშასადამე, ბათუმის ხელშეკრულების გადასინჯვაზე. ამგვარად, აღნიშნული ბათუმის ხელშეკრულება აღარ დამტკიცებულა და თვით კონფერენცია კი აღარ მოესწრო ცენტრალურ სახელმწიფოთა დამარცხების გამო.

მსოფლიო ომში განადგურებულ და განიავებულმა ოსმალეთმა ანტანტის სახელმწიფოთა წარმომადგენელ გენერალ კოლთროპთან მუდროსის დროებითი საზავო ხელშეკრულება დასდო 30 ოქტომბერს 1918 წელს.

უკვე დაზავებამდე ოსმალეთმა დაიწყო ამიერკავკასიიდან ჯარების გაყვანა, ხოლო მუდროსის დაზავების მე-11 მუხლის ძალით, სადაც ეს ფაქტიც არის აღნიშნული, ოსმალეთს უნდა გაეყვანა თავისი ჯარები ამიერკავკასიის იმ ადგილებიდანაც, რომელიც ჯერ ოსმალების მიერ კიდევ არ იყო განთავისუფლებული, თუ ამას ანტანტა მოითხოვდა. მუდროსის დაზავების მე-15 მუხლის ძალით ამიერკავკასიის რკინისგზები, რომელზეც კი ოსმალებს კონტროლი ჰქონდათ, გადადიოდა ანტანტის კონტროლში. აქვე იყო აღნიშნული აგრეთვე ბათუმის ოკუპაციის შესახებაც და ნათქამია აგრეთვე, რომ ოსმალეთი ხელს არ შეუშლის ანტანტას ბაქოს დაკავების საქმეშიო.

ამნაირად: გაუქმებულ იქნა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, რომელიც მოისპო საბოლოოდ ვერსალის საზავო ხელშეკრულებით (მუხლი 116) 1919 წლის 19 ივნისს. 

დამარცხებულმა ოსმალეთმა საქართველოს მთავრობას ადრევე აცნობა, რომ იგი სტოვებს მის მიერ დაკავებულ ადგილებსო. ამდენი უბედურებითა და სისხლით მორწყული მესხეთიდან ოსმალები გადიან. ასე დასრულდა იმხანად ოსმალეთის კავკასიური პოლიტიკა: დასრულდა სრული დამარცხებით.


9. ოსმალეთის იმპერიის კავკასიური პოლიტიკა და მისი მარცხი 

ამ მცირე დროის, მაგრამ მრავალ და მდიდარ მოვლენათა ასპარეზზე, გამოაშკარავდა ოსმალეთის ზრახვები და მისი პოლიტიკის საერთო გეზი. გამარჯვებულ ოსმალეთს მადა გაეხსნა და ძველ ხონთქართა პოლიტიკას ისევ ფრთები შეასხა: მან როგორც წარსულ საუკუნეთა განმავლობაში, ახლაც მოისურვა მთელი კავკასიის ხელში ჩაგდება. ამისათვის მან ბრესტ-ლიტოვსკში მიღებული ყარს-არდაგან-ბათუმი საბაბად გამოიყენა და ამნაირად კავკასიაში ფეხისშემოდგმით მისი დაპყრობა მოიწადინა.

მაგრამ ვიფიქროთ ასე: ამიერკავკასიის მთავრობა რომ თავიდანვე დათმობის გზაზე დამდგარიყო და ოსმალეთს ბრესტ-ლიტოვსკის ზავზე უყოყმანოდ დასთანხმებოდა, – შეჩერდებოდა ოსმალეთი ამ ფარგლებში და არ გადასცდებოდა იგი ყარს-არდაგან-ბათუმის ოლქებს? ამ საკითხზე უეჭველი პასუხის გაცემა შეიძლება.

კავკასიის ფრონტზე დამარცხებულმა ოსმალეთმა, როცა რუსეთის რევოლუცია მოხდა, რუსული ჯარი დაიშალა და ფრონტი გაშიშვლდა, სწრაფი ნაბიჯით დაიბრუნა თავისი დაკარგული ტერიტორია და 1914 წლის კავკასიის საზღვრებს მოადგა. აქ ოსმალეთის წინაშე დადგა საკითხი: დახმარება გაეწია ფაქტიურად შექმნილ ამიერკავკასიის მთავრობისათვის, ხელი შეეწყო ამიერკავკასიის რესპუბლიკის შექმნისა და დამკვიდრება-განმტკიცებისათვის, – თუ ესარგებლა შემთხვევით და ეცადა ძველებურად კავკასიის დაკავება, ყოველ შემთხვევაში ეცადა მისი სამუსულმანო ქვეყნები წარეღო? 

ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკა, როდესაც მოვლენებს უკან თვალს ვავლებთ, აღმოჩნდა ბეცი, არაშორსმჭვრეტი. მან მოიწადინა კავკასიის ხელში ჩაგდება და ნაწილობრივ მიაღწია კიდეც ამას, რადგან ოსმალეთის ხელში იმყოფებოდა მთელი აზერბაიჯანი, სომხეთის რესპუბლიკის ნახევარზე მეტი, და საქართველოს რესპუბლიკის შემდეგი ადგილები: ბათუმის ოლქი, ყარის ოლქის ქართული მხარე, ახალქალაქის მაზრა, ახალციხის და ბორჩალოს მაზრების დიდი ნაწილები და განსაკუთრებული იერიში მიიტანა კავკასიის საქრისტიანო ნაწილზე, ვინაიდან ეს იყო ერთადერთი ხელისშემშლელი ოსმალეთის პანთურანული პოლიტიკისათვის.

ოსმალეთის იმპერიის პანთურანული პოლიტიკა იყო ფართო, კავკასიის გარდა იგი სწვდებოდა სპარსეთს, თურქესტანს, ავღანისტანს და საერთოდ ცენტრალურ აზიას და ამ გზაზეც კი სწორედ კავკასია წარმოადგენდა ერთ იმ რგოლს, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ამ პანთურანულ პოლიტიკაში იმყოფებოდა.

ცნობილია, ენვერ ფაშას ძმამ, ნური ფაშამ მოაწყო კავკასიის განსაკუთრებული ჯარი, ეგრეთწოდებული „ისლამის არმია“, რომლის მთავარი შტაბი იმყოფებოდა განჯაში და რომელსაც უნდა გაეერთიანებინა ყველა მუსულმანურ-თურქული ქვეყანა: თურქესტანი, ცენტრალური აზია, ჩრდილო სპარსეთი, კავკასია, სამხრეთ რუსეთის თათრები. ამ საერთო დიდ პანთურანულ გეგმაში კავკასიას თავისი საპატიო ადგილი ეჭირა პირველ რიგში, რასაკვირველია. და აი, კავკასიის ფრონტის გაშიშვლების შემდეგ, ოსმალური ჯარი შეეცადა სწორედ მის დაკავებას, – ეს ოსმალურ მხედრობას იოლი ეგონა. მისი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო უბრალო სამხედრო გასეირნება, რადგან აქ მოელოდნენ მოძმე აზერბაიჯანელთა, საერთოდ მუსულმანთა დიდ დახმარებას, რაშიც არც მოტყუვდნენ. მაგრამ ამასთან აღმოჩნდა, რომ ამ გასეირნებას წინ გადაეღობნენ მოუწყობელი ქართული და სომხური ჯარები და ქართული დიპლომატიაც. დაიღვარა სისხლი, გაფუჭდა დღემდე არსებული კეთილი განწყობილება, შეიქმნა მტრობა, და ბოლოს, გერმანიის ჩარევით, მადა შეუკვეცეს ფართო ოსმალურ გეგმას კავკასიის მიმართ. ჩვენი მოსაზრება რომ მართალია, ამას ადასტურებს აგრეთვე გერმანიის ჯარის მთავარსარდალი ლუედენდორფიც. თავის „სამხედრო მოგონებებში“ იგი სხვათა შორის წერს:

„ყარსისა და ბათუმის დაკავებას ოსმალები არ დასჯერდნენ: ისინი არ ფიქრობდნენ ამით დაკმაყოფილებულიყვნენ, არამედ სურდათ კავკასიაში კიდევ უფრო მეტი გავლენა მოეპოვებინათ. ამ მიზნით მათ აზერბაიჯანის მაჰმადიანურ მოსახლეობაში გაფურჩნეს და ააყვავეს პროპაგანდა. ენვერის ძმაც, ნური, გაჩნდა იქ, რათა ახალი რაზმები შეედგინათ. ამავე დროს ოსმალეთმა დაიწყო მოლაპარაკება კავკასიის სამხრეთში რუსეთის ნაწილ რესპუბლიკების საქართველო, აზერბაიჯან, სომხეთთან, რომელსაც გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებით გენერალ ფონ-ლოსოვი ესწრებოდა. 

თავისუფლად შემეძლო მე ოსმალეთის მიერ მიღებული ზომები დამედასტურებინა, რომელიც საერთო ომის წარმოებას ხელს შეუწყობდა, მაგრამ ამ ზომებს არ უნდა გამოეწვიათ ოსმალეთის განსაკუთრებული სამხედრო ამოცანების შესუსტება ან გაეძნელებინათ ჩვენთვის კავკასიიდან ნედლ მასალათა მიღება, რომლისგანაც ჩვენ მეტად საგრძნობ შემსუბუქებას მოველოდით. ენვერის ამოცანა იყო ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლა, და სახელდობრ, პალესტინის ფრონტზე. ამაზე მივუთითებდი გამუდმებით მე მას გარკვეული დეპეშებით. ახლა ჩნდებოდა შემთხვევა ჩრდილოეთ სპარსეთში ინგლისელებს შევხვედროდით. რკინისგზა ბათუმიდან თბილისზე თავრიზისაკენ ამას ხელს უწყობდა. ჩრდილოეთ სპარსეთში ოსმალებს შეეძლოთ ინგლისელებზე უპირატესობა ჰქონოდათ. აზერბაიჯანის მცხოვრებთა გამოყენება მათ წინააღმდეგ დამსახურება იქნებოდა. ყველაფერს გულითადათ დავეხმარებოდი, რაც ამას გამოადგებოდა. ენვერი და ოსმალური მთავრობა უფრო ნაკლებ ფიქრობდნენ ინგლისის წინააღმდეგ ომზე, ვინემ თავის პანისლამისტურ მიზნებზე კავკასიაში. ამასთან დაკავშირებული იყო მეტად რეალური მიზნებიც, სახელდობრ, იქაურ ნედლ მასალათა მომგებიანი ხმარება, რომ გერმანულ სამხედრო მეურნეობას ამით სამსახური არ ეწეოდა. იცოდა თვითეულმა, ვინც იცნობდა ოსმალთა საქმიანობის უნარს. ამგვარად, ჩვენ დავუპირისპირდით ოსმალეთის მიზნებს“.

ამ დაპირისპირებამ ანუ ინტერესთა წინააღმდეგობამ და გერმანიის მთავრობის საქართველოსადმი კეთილად განწყობილმა პოლიტიკამ გამოიწვია გერმანიის ხელისგამოწვდენა საქართველო-სომხეთისადმი, და კერძოდ საქართველოს დახმარება, როგორც ეს ჩვენ უკვე აღვწერეთ.

რას მიაღწია ოსმალეთმა კავკასიაში?

გერმანელი მხედარი ლიმან ფონ-ზანდერს, რომელიც განაგებდა ოსმალეთის მილიტარულ მოღვაწეობას, სხვათაშორის, თავის „მოგონებებში“ წერს, რომ ოსმალეთის ამოცანა იყო, დაეცვა დარდანელი, დაეპყრო ეგვიპტე, აღედგინა სპარსეთის დამოუკიდებლობა, დახმარებოდა კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შექმნას და საფრთხე შეექმნა ინდოეთისათვის ავღანისტანის გზითო.

იმის მაგივრად, რომ ოსმალეთი კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს დახმარებოდა, გაემაგრებინა, მან, პირიქით, ბრძოლა გამოუცხადა მათ და ამნაირად არ გაუმართლა იმედი დიდ ქართველ ცნობილ პატრიოტს მიხეილ წერეთელს, რომელიც ფიქრობდა, რომ ოსმალეთი კავკასიას დაეხმარებოდა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიხეილ წერეთელსაც ეჭვი ეპარებოდა ამაში და ოსმალებს აფრთხილებდა ციურიხში სამ ენაზე გამოცემულ თავის წიგნში მსოფლიო ომისა და საქართველოს შესახებ, სადაც წერდა: კავკასიის მკვიდრთა წინააღმდეგ ძალით გატარებულ დაპყრობას ოსმალების მიერ აღმოსავლეთისათვის და შეიძლება დასავლეთისათვისაც საშინელი შედეგები ექნებაო. იგი, კავკასია, გახდება მუდმივი მიზეზი ომებისა და არეულობისა. „ამიტომ ოსმალებმა ამგვარი ფიქრი თავიდან უნდა მოიშორონ და კავკასიის ხალხებს თავის სოლიდარობა გამოუცხადონ, რათა დამოუკიდებელი და ნეიტრალური კავკასია შეიქმნას. ეს არის ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტა კავკასიური პრობლემისა“-ო, დაასკვნის მიხ. წერეთელი.

მაგრამ ასეთ წინასწარ გაფრთხილებას ოსმალეთმა ყურადღება არ მიაქცია, არ მიაქცია მან ყური არც სხვა ქართველების და კერძოდ ნიკო ნიკოლაძის და ზურაბ ავალიშვილის საბუთებს, რომ ოსმალეთისათვის სასარგებლოა ძლიერი კავკასია. პანისლამიზმითა და პანთურქიზმით გატაცებულმა ოსმალეთმა კავკასიაში დაღვარა სისხლი, დასთესა უნდობლობა თავისადმი, დაანგრია ამიერკავკასიის რესპუბლიკა, ხელისშეწყობის მაგიერად გაანახევრა და ძირი გამოუთხარა სომხეთ-საქართველოს, ხოლო საბოლოო დამარცხების შემდეგ სადავოდ გახადა მის მირ დაკავებული ტერიტორიები, რადგან მუდროსის ზავის ძალით, ყველა მხარე, სადაც ოსმალური ჯარები იდგნენ, აწ მოკავშირეთა ჯარებს შეეძლოთ დაეკავებინათ. ოსმალეთის იმპერიის მთავრობამ ვერ გამოიჩინა გამჭრიახი პოლიტიკა და მის პოლიტიკურ შეცდომათა შედეგების ნაყოფს, მაგრამ მწარე ნაყოფს, მომავალშიც ვიგემებთ.


10. საქართველო-სომხეთის დავა და ომიც მესხეთის გამო 

ჩვენ უკვე ვთქვით, ოსმალეთმა შემოსევის წინ და მერმე დიდი პროპაგანდა გასწია კავკასიის მუსულმანურ მხარეებში თავის სასარგებლოდ-თქო. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს ხდებოდა ეს მუშაობა და ოსმალური აგენტები დაძრწოდნენ ყველგან, ხოლო იმპერიის დაშლა-დანგრევამ მათ მუშაობას ფართო გასაქანი მისცა და რევოლუციის ალში გახვეულ კავკასიაში მათთვის თითქმის თავისუფალი ასპარეზი შეიქმნა.

ოსმალების მოახლოებისთანავე მოწყობილ იქმნა მაჰმადიანური შეიარაღებული რაზმები, რომელნიც ოსმალურ ჯარს წინ მოუძღოდნენ და გზას უკაფავდნენ. მესხეთში ამ აგენტებმა მოაწყვეს აჯანყება ამიერკავკასიის რესპუბლიკის დროს. მათ ხელში ჩაიგდეს თითქმის მთელი ეს მხარე და ოსმალეთის ოკუპაციას შეეგებნენ. ტრაპიზონისა და ბათუმის საზავო კონფერენციის დროს ამ მხარეში იგივე აგენტები აწყობდნენ კრებებს, გამოჰქონდათ რეზოლუციები ოსმალეთთან შეერთების შესახებ და ამ მუშაობაში აზერბაიჯანელი მოღვაწეებიც გაცხარებულ მონაწილეობას ეწეოდნენ. მოხსენებული რეზოლუციებით იქაური მცხოვრებნი „მოითხოვდნენ“ ოსმალეთთან შეერთებას და ამ რეზოლუციებს აგზავნიდნენ ბრესტ-ლიტოვსკში და ტრაპიზონში, შემდეგ კი ბათუმის საზავო კონფერენციაზე. ასეთია მაგალითად, ერთი ოფიციალური რეოლუცია, მიღებული 13 აპრილს 1918 წელს ახალქალაქისა და ახალციხის მუსულმან მცხოვრებთა „დელეგატების“ მიერ. ეს „დელეგატები“, რიცხვით 40 კაცი, თავის რეზოლუციაში ამბობდნენ: ვიღებთ რა მხედველობაში, რომ მალე დასრულდება ომი ამიერკავკასიასა და ოსმალეთს შორის, ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხარე უნდა შეუერთდეს ოსმალეთსო. ამ „თვითგამორკვევის საბუთით“, ოსმალები, რასაკვირველია, ითხოვდნენ მთელი მესხეთის მათთვის შეერთებას და ბათუმის ზავით ამას კიდეც მიაღწიეს. მაგრამ ოსმალეთის დამარცხების შემდეგ, მას მუდროსის დაზავების შედეგად, უნდა დაეტოვებინა მთელი მესხეთი და მე-11 მუხლის ძალით ყველგან, სადაც იდგა ოსმალეთის ჯარი და სადაც ამას საჭიროდ დაინახავდა ანტანტა, იქ მოკავშირეთა სახელმწიფოების ჯარი (ანტანტის) უნდა დამდგარიყო. მუდროსის დაზავების მიხედვით (და კიდევ უფრო ადრეც) ოსმალები შეუდგნენ საქართველოს ტერიტორიის დაცლას და საქართველოს მთავრობა შეუდგა დაცლილი ადგილების დაკავებას. ჯერ კიდევ ცხრა ნოემბერს 1918 წელს საქართველოს მთავრობამ მოწოდებით მიმართა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრათა მცხოვრებთ და სიხარულით აღნიშნა მათი სამშობლოს წიაღში დაბრუნება. ამ მოწოდებაში, სხვათაშორის, ნათქვამი იყო: „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, მისგან დამოუკიდებელ ვითარებათა გამო, აქამდე საშუალება არა ჰქონდა გამოეჩინა თავისი მზრუნველობანი ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების მკვიდრთა მოსაწყობად. ეს მხარე რამოდენიმე თვის განმავლობაში საქართველოსაგან უცხო ძალების მიერ მოწყვეტილი, ისევ უბრუნდება მას“... და გენერალ-მაიორი კ. მაყაშვილი 10 ნოემბერს 1918 წელს აცხადებს, რომ იგი დანიშნულია ახალციხე-ახალქალაქის მხარეთა ჯარების უფროსად გენერალ-გუბერნატორის უფლებებით და მოუწოდებს ხალხს წესრიგისა და მშვიდობისაკენ. 

მაგრამ აქ წამოიჭრა სამი მოვლენა, რომელიც ერთი-მეორის გვერდით წარმომდინარდა. ერთია – სომხეთ-საქართველოს ომი, მეორეა – ინგლისის შემოსვლა და მესამე – ეგრეთწოდებული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობის“ ამბავი.

18 ოქტომბრიდან 1918 წელს საქართველოსა და სომხეთს შორის დაიწყო დიპლომატიური დავა საზღვრების შესახებ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ დასაწყისში სომხები ბევრ რამეს ითხოვდნენ და სომხეთის საზღვრებში არამც თუ მესხეთს, არამედ თბილისსა და ბათუმ-გორსაც ათავსებდნენ.

საზღვრების გაურკვევლობის საკითხი თავიდანვე ჭირვეულ მოვლენად გადაიქცა და უცხო სახელმწიფოთა ჩარევისათვის საბაბად, ჯერ კიდევ ოსმალეთის ბატონობის დროს. 4 ივნისს 1918 წელს საქართველოს მთავრობა პროტესტს აცხადებდა იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოსმალეთთან მოლაპარაკება დაიწყეს საზღვრების გაყვანის შესახებ. საქართველოს მთავრობა ამბობდა, რომ საზღვრების საკითხი არის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხი, და ამ საქმეში ოსმალეთს არ უნდა რევდეთო.

ვინაიდან ოსმალეთს ეჭირა დიდი ნაწილი კავკასიისა, თავისთავად საზღვრების საკითხის გამორკვევა იმხანად არც სასურველი და არც შესაძლებელი იყო; ხოლო ოსმალეთის წასვლის მოლოდინში, საქართველოს მთავრობამ აცნობა 27 ოქტომბერს 1918 წელს სომხეთს, აზერბაიჯანს და ჩრდილო კავკასიის მთიელთა კავშირს რომ სასურველია კავკასიის სახელმწიფოთა კონფერენციის მოწყობა, რათა ამ ქვეყნებს ეცნოთ ერთმანეთი და მოეგვარებინათ ყველა სადავო საკითხი. ამ კონფერენციისათვის მიწერ-მოწერა გაგრძელდა, ბოლოს სომხები მას არ დაესწრნენ და ამგვარად სადავო საკითხები გადაუწყვეტლი დარჩა იმ დროს, როცა ინგლისური ჯარი კავკასიაში უნდა შემოსულიყო. 

საქართველო-სომხეთის ცხარე დიპლომატიური დავა დაიწყო 10 ოქტომბერს 1918 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ პროტესტი განაცხადა სომხების მიერ თბილისის გუბერნიის ნაწილის ანუ ბორჩალოს მაზრის (ქვემო ქართლი), ქობერისა და სანაინის დაკავების გამო. დაწვრილებით ამ მიწერ-მოწერას არ შევხებით, ხოლო აღვნიშნავთ, თუ საერთოდ როგორ განვითარდა მდგომარეობა.

ოსმალეთის წასვლის მერმე საქართველომ შეიყვანა, როგორც მოვიხსენიეთ, თავისი ჯარები მესხეთში და 5 დეკემბერს 1918 წელს დაიკავა ახალქალაქი. ამავე დღეს სომხეთმა მოითხოვა, რომ საქართველოს არ შეეყვანა თავისი ჯარები ახალქალაქში, რომელიც უკვე დილის ათ საათზე დაკავებული იყო. ამის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგ. გეგეჭკორი წერდა სომხეთის მთავრობას: საქართველოს მთავრობის მიერ ახალქალაქის მაზრის დაკავება არც ისტორიულად, არც პოლიტიკურად, არც მორალურად სადავო არ არის – და საერთოდ საზღვრების შემოხაზვაზე კი კეთილგანწყობილად მოვილაპარაკოთო.

ამავე დღეს სომხები აწვებოდნენ ბორჩალოს მაზრაში და აგროვებდნენ ძალებს ახალქალაქის მიმართულებითაც. 13 დეკემბერს 1918 წელს სომხური ჯარები, სომხეთის მთავრობის დადგენილებით, იწყებენ მოქმედებას ლორისა ბორჩალოს მაზრის დასაკავებლად.

საქართველოს მთავრობამ არაერთჯერ მოითხოვა სომხეთ-საქართველოს კონფერენციის მოწვევა სადავო საკითხების გადასაჭრელად, ოღონდ სომხები შეეცადნენ იარაღით გადაეჭრათ საკითხი და ომის მუქარით მოითხოვეს საქართველოსაგან: ბორჩალოს მაზრის და ახალქალაქის მაზრის დაუყოვნებლივ დაცლა. ომიც დაიწყო. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია 17 დეკემბერს 1918 წელს საქართველოს პარლამენტში ამბობდა: „ჩვენ დავიკავეთ ბორჩალოს მაზრის ხაზი, რომელიც ჩვენ გვეჭირა ორი თვის წინადაც მათთან (სომხებთან) შეთანხმებით... ჩვენ თავის დროზე გავაცხადეთ, რომ საქართველოს ფარგლებში ჩვენ ვსთვლით მთელ თბილისის გუბერნიას და რომ ამ ტერიტორიას დავიკავებთ... ჩვენ დავიკავეთ ჯავახეთი. ჩვენ დიდი ხანია გავგზავნეთ იქ ჯარები და დავაწესეთ განსაკუთრებული გენერალ-გუბერნატორობა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში. ჩვენ ამის გამო მიწერ-მოწერას ვაწარმოებდით ოსმალეთთან. ოსმალები წავიდნენ, და ჩვენ დავიკავეთ ეს ადგილები, და ეს არავისათვის საიდუმლო არ იყო, არც მოულოდნელი ყოფილა“...

საკითხი უკვე იარაღით წყდებოდა.

სომხურმა მმართველმა წრეებმა ომი გაბედეს მხოლოდ იმ იმედით, რომ კავკასიაში მომავალი ინგლისი მათ მხარს დაუჭერდა, და თუ სომხეთი ინგლისელებს ფაქტის წინაშე დააყენებდა, მას ხელში შერჩებოდა ყველა მის მიერ დაკავებული ტერიტორია.

სომხური ფართო გეგმის მიზანი იყო – თბილისის ხელში ჩაგდება და მესხეთის დაკავება. ამგვარად, სომხეთი ზღვასთან იქნებოდა შეერთებული ბათუმით.

ამ მიმართულებით სომხებს ანტანტის წარმომადგენელთ შორის სათანადო პროპაგანდაც ჰქონდათ გაწეული და მოელოდნენ კიდეც თბილისის აღებას, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა და სომხები დამარცხდნენ. და ამის შედეგად არც მეორე მოლოდინი გამართლდა: ინგლისელები ფორმალურ ნიადაგზე დადგნენ და მოითხოვეს მხოლოდ სადავო ტერიტორიების დაცლა, ხოლო რაც შეეხებოდა იმ ადგილებს, რომელნიც ოსმალებს ეკავათ, იქ ინგლისელების ჯარი უნდა შესულიყო პარიზის საზავო კონფერენციის გადაწყვეტილებამდე.

საქართველოს მთავრობამ მიიღო წინადადება ომის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ მოითხოვა სტატუს ქვო ანტებელუმის აღდგენა, ესე იგი, ომის დრომდე არსებული მდგომარეობის დამტკიცება და ამასთანავე სადავო საზღვრების შეთანხმებით გამორკვევა.

ინგლისელი გენერალ-მაიორი რაიკფორტი, ფრანგი კოლონელი შარდინი და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია მორიგდნენ 21 დეკემბერს 1918 წელს შემდეგ საფუძველზე: დაუყოვნებლივ შეწყდეს სომეხ-ქართველთა სამხედრო მოქმედება; ინგლისელი და ფრანგი ოფიცრების კომისია, რომელსაც დაემატება საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, გაემგზავრება ფრონტზე, ადგილობრივ გამოარკვევს შეთანხმების მუხლებს, განახორციელებს მათ. ესე იგი, აღადგენს ომამდე არსებულ საზღვრებს. სომხეთის მთავრობის წარმომადგენელი არ დაეთანხმა ამ შეთანხმებას იმ მუხლში, რომელიც ახალქალაქის მაზრას ეხებოდა. იგი ამ ახალქალაქის მაზრის სომხეთზე გადაცემას მოითხოვდა. ამის მიუხედავად, 25 დეკემბერს 1918 წელს რაიკფორტმა, შარდინიმ და ჟორდანიამ დაადგინეს: ინგლისელ, ფრანგ, ქართველ და სომეხ წარმომადგენელთა შერეული კომისია სასწრაფოდ გაემგზავრება ფრონტზე, რათა განახორციელოს შემდეგი შეთანხმება – კომისია განსაზღვრავს გარნიზონების რიცხვს, რომელიც უნდა დასტოვონ ქართველებმა ბორჩალოს მაზრის ჩრდილო ნაწილში და რამდენი უნდა დასტოვონ სომხებმა ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილში და რამდენი ქართველებმა ახალქალაქის მაზრაში; ქართული ჯარები დარჩებიან მათ მიერ დღეს დაკავებულ ხაზზე; სომხები დაიხევენ ოსმალურ ხაზისაკენ: დისიხ – ჯელალ-ოღლი. ინგლისური პიკეტები ჩადგებიან რკინისგზაზე ქართველ და სომეხ ჯარებს შუა. ამ სადავო ნაწილში ადმინისტრაცია იქნება შერეული. ახალქალაქის მაზრაში ადმინისტრაცია იქნება ქართული, ხოლო მას მეთვალყურეობას გაუწევს ანტანტის წარმომადგენლების კომისია, რომელშიც შევლენ აგრეთვე ადგილობრივი სომხების და მუსულმან მცხოვრებთა წარმომადგენლებიც. საბოლოოდ საზღვრები გამორკვეული იქნება პარიზის საზავო კონფერენციაზე.

30 დეკემბერს 1918 წელს სომხეთის მთავრობამ მიიღო ეს დადგენილება და 31 დეკემბერს 12 საათზე (ღამის 12 საათზე, ანუ 24 საათზე – ი. ხ.) საქართველო-სომხეთის ომი შესწყდა. 

ამგვარად, სომხეთის ცდა, რათა განეხორციელებინა თავისი დიდი გეგმა მესხეთის დაპყრობის შესახებ უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ საქართველოს ვნება დიდი მიადგა. ზარალი იყო თვით ომი. ზიანი იყო ის მოვლენა, რომ უდავო ქართული ტერიტორია, ჯავახეთი ანუ ახალქალაქის მაზრა სადავოდ გახდა ინგლისელების თვალშიც და მაზრის ქართული ადმინისტრაცია ანტანტის სახელმწიფოთა წარმომადგენლების კომისიის მეთვალყურეობაში დარჩა, თუმცა დროებით.

სწორედ ჯავახეთისათვის დავაში იჩინა თავი იმ პოლიტიკამ, რომელიც გაატარა პასკევიჩმა იქ სომხების დასახლებით და რუსის მთავრობის ამ ვერაგულმა პოლიტიკამ შესაფერი ნაყოფიც დასტოვა ერთა ურთიერთ გადაკიდებისათვის.


11. „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობა და ინგლისელების პოლიტიკა მესხეთში 

ომის დასრულების შემდეგ და მუდროსის დროებითი ზავის მიხედვით, ანტანტის სახელმწიფოთა ჯარებს ოკუპაცია უნდა მოეხდინათ ყველა იმ მხარისათვის, სადაც ოსმალთა ოკუპაცია არსებობდა, ან სადაც ისინი ამის საჭიროებას დაინახავდნენ. 1918 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ინგლისური ჯარის წარმომადგენლები უკვე თბილისში იყვნენ და საოკუპაციო ჯარების უფროსმა გენერალმა ტომსონმა განაცხადა, რომ ინგლისის ჯარი მოდის წესრიგის დასამყარებლად „კასპიისა და შავი ზღვის შორის მდებარე რუსეთის ტერიტორიაზე“-ო. ამ განცხადებამ საქართველოს მთავრობის წრეებში და საზოგადოებაში გაკვირვება და უკმაყოფილება გამოიწვია და გენერალს მთავრობამ პროტესტით მიმართა, ხოლო ზემოაღნიშნული განცხადების ქუჩებში გაკვრის ნება არ მისცა და დაატუსაღა კიდეც პროკლამაციის გამკვრელნი. გენერალი ტომსონი იძულებული გახდა კილო შეეცვალა და განეცხადებინა, რომ ინგლისელები საქართველოს დამოუკიდებლობას სიმპატიით უყურებენ და მის შინაურ საქმეებში არ ჩაერევიანო; მაგრამ იქ, სადაც მათ პირდაპირ უფლება ჰქონდათ ამისათვის, ბათუმში და მის ოლქში, ზემოაღნიშნული განცხადება გააკრეს კიდეც და 18 იანვარს 1919 წელს ინგლისური ჯარიც შევიდა ბათუმში და მთელი ოლქის ოკუპაცია დაიწყო. 

ინგლისელების მოსვლამდე, როდესაც ოსმალეთი საბოლოოდ დამარცხდა, საქართველოს მთავრობა შეუთანხმდა ოსმალეთის მთავრობას იმის შესახებ, რომ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები დაცლილ იქნებოდნენ ერთი თვის განმავობაში – 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე 1918 წლის – და დაცლისთანავე იქ შევიდოდნენ ქართული ჯარები. გენერალი მაყაშვილი იქმნა დანიშნული ამ მაზრების გენერალ-გუბერნატორად და მასვე დაევალა 4 დეკემბერს ქართული ჯარის ნაწილები შეეყვანა ამ მხარეში.

მაგრამ, როდესაც ოსმალებმა გაანთავისუფლეს ახალქალაქის მაზრა, მაშინვე დაარსდა იქ კომისარიატი და გამოცხადებულ იქმნა ყარსში „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის მთავრობა“. 

„სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის“ სახელმწიფოს პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურად საფუძველი ჩაეყარა უკვე 1917 წელს აბასთუმანში მოწყობილ მაჰმადიანთა ყრილობაზე. ამ ყრილობამ მაშინ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით – აჭარა, არტაანის მხარე, ახალციხე და ახალქალაქის მაზრები ყარსის ოლქს გაერთიანებოდა და შექმნილიყო, ამგვარად, ცალკე ადმინისტრაციული ერთეული სადაც მაჰმადიანური მოსახლეობა ამის შედეგად გაერთიანებული იქნებოდა. მაგრამ ეს გეგმა მაშინ ცხოვრებაში არ გატარდა და ეხლა შეუდგნენ მის განხორციელებას, ხოლო უკვე სხვა სახით – სახელმწიფოს შექმნით. აშკარაა, მესხეთის საქმეს გამოცდილი და ჭკვიანი ნება ხელმძღვანელობდა.

რა იყო ეს უცნაური „ყარსის მთავრობა“? ვინ შეადგინა იგი და რას ემსახურებოდა?

ამ საქმეში ასპარეზზე მოსჩანს სერვერ-ბეგ ათაბაგი, სამცხე-საათაბაგოს უკანასკნელი შთამომავალი, ქობლიანის პრინცი.

სერვერ ათაბაგი თავიდანვე საქართველოს მტერი არა ყოფილა, იგი არც ოსმალეთის მოტრფიალე იყო.

რევოლუციამ თავისთავად დააფრთხო მესხეთის მაღალი წოდება. სოციალისტურმა ქადაგებამ ააღელვა მორწმუნე მაჰმადიანობა, განსაკუთრებით სასულიერო წოდება. აგრარულმა რეფორმამ გადაატრიალა მიწისმფლობელთა მდგომარეობა და მამულის დაკარგვის აუცილებელმა შიშმა ერთბაშად შექმნა თბილისის საწინააღმდეგო განწყობილება. ეს ვითარება პირდაპირ სცემდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სამწუხაროდ, სერვერ ათაბაგი – დიდი მფლობელი, ფრიად გავლენიანი – გახდა საქართველოს მოწინააღმდეგე მოძრაობის მეთაური და საქართველო მაშინ იყო ხომ სოციალისტური, მაგრამ მაინც საქართველო.

ეს წარჩინებული და განათლებული პიროვნება გადაუდგა საქართველოს და ჩაება მეტად რთულ ავანტიურაში, რომლითაც მხოლოდ საქართველოს მტრებმა ისარგებლეს. ეს იყო ქართული სოციალისტური, კლასობრივი პოლიტიკის ნაყოფი – საქართველოს ყველა კუთხისათვის ერთი ზომით აგრარული რეფორმის გამოცხადება. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ თვით ეს აგრარული რეფორმა როგორც ეკონომიური, ისე პოლიტიკურ-ეროვნული თალსაზრისით მიუღებელი იყო, რასაკვირველია, დაუშვებელი და შეუძლებელი იყო მესხეთისათვის, ადგილობრივ პირობათა და ვითარებათა განუკითხავად. საქართველო „ტაბულა რაზა“, სუფთა ფიცარი არ იყო, რომ მასზე ფანატიზმის შთაგონებით ეხაზათ, როგორც ეს ზოგს პასუხისმგებელ პირთ ეგონათ.

და აი, ეს სერვერ ათაბაგი, იმჟამად უკვე საქართველოს გადამტერებული, თავისი მომხრეებით მოევლინა გენერალ მაყაშვილს აწყურში და განუცხადა მას, რომ იგი არა სცნობს საქართველოს მთავრობას და რომ მას ჰყავს საკუთარი მთავრობა, რომელიც „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის სახელმწიფოს“ წარმოადგენსო...

გენერალი მაყაშვილის პასუხი იყო სადა – გენერალი მხოლოდ თავისი მთავრობის განკარგულებებს ასრულებს, არა სცნობს არვითარი ახალი ხელისუფლების შექმნას, არა სცნობს სერვერ-ბეგს, და მან იცის: ოსმალებმა დასცალეს ახალციხე-ახალქალაქი საქართველოსათვის გადასაცემადო.

როდესაც გენერალმა მაყაშვილმა დაიკავა ახალციხის მაზრა, ათაბაგი წავიდა ბათუმს და ინგლისურ მისიას იქ გადასცა მემორანდუმი, რომელზეც ხელი უწერია ხუთ კაცს. ამ პირებმა მუშაობა განაგრძეს ბათუმიდან, იქიდან აგზავნიდნენ ისინი თავის აგენტებს ფოცხოვში, ახალციხეში და ახალქალაქში, აწყობდნენ და ამზადებდნენ აჯანყებას საქართველოს წინააღმდეგ.

ინგლისელებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკავებული არდაგანის მხარე და ოლთისი, და თავის მხრივ გენერალი უოკკერი დაჰპირდა ნოე ჟრდანიას, რომ იგი დაამყარებდა წესრიგს ამ მხარეებში. საერთოდ ამ გენერალს სასურველად მიაჩნდა, რომ მთელი ბათუმის მხარე საქართველოს დაბრუნებოდა და რომ იგი ამისათვის მიიღებს კიდეც შესაფერ ზომებსო. მაგრამ ეს იყო სიტყვიერი დაპირება, და ფაქტიურად კი ქართული ჯარი სერვერ-ბეგის აჯანყებულ რაზმებს ებრძოდა.

თუ ოსმალთა შემოსევის დროს ანტიქართული მოძრაობის მიზეზები ადვილი ასახსნელი იყო, რადგან მას მიზნად ჰქონდა დასახული ოსმალეთთან მესხეთის და საერთოდ მთელი მუსულმანური კავკასიის შეერთება და აშკარად მოწყობილი იყო ოსმალთა აგენტების მიერ, ასე ადვილი ასახსნელი და მისახვედრი არაა ანტიქართული მოძრაობა ინგლისელების მოსვლის დროს, რადგან ამ მოძრაობაში გადახლართულია სხვადასხვა ინტერესები და ნაკარნახევია იგი ნაირი ზრახვებით. მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია თავისი საუბრის დროს ამიერკავკასიაში ინგლისელების ჯარების უფროსთან უოკკერთან ამ მოძრაობის მომწყობად თვით ინგლისელებს აცხადებდა და ბრალსა დებდა ინგლისის სარდლობას ამ საქმეში. ნ. ჟორდანიამ სიტყვა-სიტყვით გენერალ უოკკერს განუცხადა: „საქართველოს მთავრობა ყოველთვის სთვლიდა, რომ ბათუმისა და არდაგანის ოლქები იმყოფება ინგლისის სამხედრო ძალების პირდაპირ გავლენაში და მმართველობაში, და მე ვფიქრობ, რომ ოსმალური ჯარის ასკერები და ოფიცრები ამ ტერიტორიიდან გაყვანილ იქნებიან ინგლისური სარდლობის განკარგულებით... ყარსის ოლქს რაც შეეხება, ჩვენ გვეგონა – და ამის საბუთი გვქონდა – მას კანონიერ ნიადაგზე სომხეთს გადასცემდით. ახლა კი ჩემს მიერ აღნიშნულ სივრცეებზე შედგენილ იქმნა ახალი ცრუწოდებული (სამოზვანნოე) სახელმწიფო, რომელიც აშკარად აცხადებს, რომ იგი იმყოფება ინგლისის პირდაპირ მფარველობაში... ამ ცრუ მთავრობამ შეადგინა რეგულარული ჯარი, რომელშიც იმყოფებიან ასკერები და სადაც მსახურობენ როგორც ოსმალო, ისე რუსის ოფიცრები. იგი აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ ომს, და მისი ჯარები შემოიჭრენ არდაგანიდან ახალციხეში, და ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ამ აჯანყებულთა ბანაკში (სხვაგვარ არ შემიძლია მათ ვუწოდო) იმყოფება ორი ინგლისელი ოფიცერი, რომელიც შევიდა იქ აჭარით ბათუმიდან. ჩვენ ყოველთვის გვეგონა, რომ ინგლისი თავისი გავლენიანი სიტყვით ნებას არ მისცემდა მათ შემოჭრილიყვნენ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში, და ამ რწმენის ნიადაგზე ჩვენ იქ არ ვაგზავნიდით ჩვენს ჯარებს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა, და ჩვენ იძულებული გავხდით გაგვეწმინდა მათგან ახალციხე“-ო.

გასაკვირველი არაა, რომ გენერალმა უოკკერმა ნოე ჟრდანიას ასეთი ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ინგლისელებს ამ საქმეში არავითარი ბრალი არ მიუძღვით და თან დაურთო: „მე ამჟამად გავაგზავნე ახალციხის მაზრაში ინგლისური რაზმები, და ალბათ, გავაგზავნი პიკეტებს სხვა ადგილებშიც“-ო.

აღძრული საკითხის შესახებ მთავრობის თავმჯდომარესა და გენერალ უოკკერს შორის საუბარი მოხდა ჯერ კიდევ 1919 წლის 23 თებერვალს. ამ საუბრის ინიციატივა ეკუთვნოდა უკვე გენერალ უოკკერს, რომლიც შეეკითხა ნოე ჟორდანიას, თუ როგორი იქნება საქართველოს შემდგომი პოლიტიკა ახალციხის მაზრაში. ნოე ჟორდანიას პასუხი ერთია: ჩვენ მოვსპობთ შეიარაღებულ ბანდებს და გავაძევებთ არასასურველ ელემენტებსო. და რადგან გენერალ უოკკერს ეგონა, რომ აჯანყებულები არიან მარტო ადგილობრივი მცხოვრებნიო, ნოე ჟორდანია მას უმტკიცებს, რომ სერვერ-ბეგის განკარგულებაში იყო ათასი ჯარისკაცი, რომელთაგან უმრავლესობა ოსმალო ასკერები არიანო.

სერვერ-ბეგის მოძრაობას რომელიც მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ, შეეძლო დიდი საფრთხე შეექმნა საქართველოსათვის, და ამიტომ ქართული წრეები შეეცადნენ მისთვის საფუძველი გამოეცალათ თვით ხალხის შემწეობით – საქართველოსათვის პროპაგანდის გაწევით. და 1 იანვარს 1919 წელს ახალციხის გლეხთა ყრილობამ მისალმება გაუგზავნა საქართველოს მთავრობას და ამასთანავე მოუწოდა დანარჩენ სამუსულმანო საქართველოს შემდგი სიტყვებით: „ახლა, როდესაც საქართველოს გაუერთიანდა მუსულმანური საქართველოს ერთი ნაწილი ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების სახით, სდგება საკითხი დანარჩენი მუსულმანური საქართველოს: აჭარის, ქობულეთის, არდაგანის და შავშეთის განთავისუფლების შესახებ... მხოლოდ ერთი მუშაობით, მუსულმანური და ქრისტიანული საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ოჯახში გაერთიანებული ძალებით მთელი საქართველოს მცხოვრებნი მოიპოვებენ ბედნიერებას“... რასაკვირველია, სერვერ-ბეგი და მისი მომხრენი, რომელთაც შეჰქმნეს „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის“ მთავრობა არა ცხრებოდნენ და როდესაც ქართულმა ჯარებმა ახალქალაქიც დაიკავეს, სერვერ-ბეგმა თავისი რაზმებით ქართულ ჯარებს ბრძოლა გაუმართა, დაამარცხა კიდეც ეს მცირე ნაწილები, რომელნიც იძულებული გახდნენ ბორჯომისაკენ დაწეულიყვნენ; მაგრამ ცოტა ხნის მომზადების შემდეგ და გენერალ გ. კვინიტაძის ხელმძღვანელობით დაიწყო კონტრშეტევა და ქართული ჯარების მიერ აღებულ იქმნა ახალციხე და ახალქალაქიც, ხოლო 20 აპრილს 1919 წელს მათ დაიკავეს არდაგანიც. არდაგანის დაკავება არღვევდა ფორმალურად ინგლისური ოკუპაციის ხელისუფლებას, თუმცა იქ ჯერ ინგლისური ჯარი არ იდგა. ამიტომ გენერალ უოკკერის შემდეგ დანიშნულმა გენერალმა კორიმ კატეგორიულად მოითხოვა არდაგანიდან ქართული ჯარის გაყვანა. მოლაპარაკებათა შედეგად, ამ მოთხოვნილების ძალით, ქართული ჯარები გამოყვანილ იქმნენ და მოლაპარაკების თანახმადვე გენ. კორისთან, არდაგანში დატოვებულ იქმნა მცირე ქართული რაზმი, 50 კაცისაგან შემდგარი. 1919 წლის 31 მაისს კი გენერალმა კორიმ, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის მოთხოვნილების თანახმად, საქართველოს მთავრობას კვლავ მოსთხოვა ეს მცირე ქართული ნაწილიც გაეყვანა არდაგანიდან და ამისათვის მოიმიზეზა რომ იქ ინგლისურ რაზმს ვაგზავნით და მისი მისვლისთანავე ქართული ჯარის ნაწილმა უნდა დასტოვოს ქალაქიო. ამავე დროს არდაგანში გამოჩნდა სომეხი ჯარის ოფიცერი და აშკარა გახდა, რომ ინგლისელებს სურდათ არდაგანის მხარე სომხებისთვის გადაეცათ. გენერალმა კორიმ ასეთი ბრალდება, რასაკვირველია, უარყო და განაცხადა, რომ ინგლისელების არდაგანში მისვლის შემდეგ არც სომხური და არც ქართული ჯარის ნაწილები საჭირო აღარ იქნებიანო, მაგრამ ქალაქ არდაგანში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი და ქართული მცირე რაზმი მაინც დატოვებულ იქმნა, ხოლო შემდეგში შეყვანილ იქმნა აგრეთვე სომხური რაზმიცა და ინგლისური ჯარის ნაწილიც.


12. ქართულ-სომხური, ინგლისურ-ოსმალური და რუსული ინტერესები მესხეთში 

დასახული გართულება გამოწვეული იყო იმ მოვლენით, რომ საქართველოს გარდა, არდაგანს მოითხოვდა სომხეთიც, და ფორმალურად კი ოკუპაცია ინგლისს ეკუთვნოდა. არსებითად აქ ინგლისი წყვეტდა საკითხს და როგორც ჩანს იგი მომხრე იყო იმისა, რომ არდაგანის მხარე სომხებისათვის გადაეცათ, – ეს სურვილი ღიად გამოჩნდება კიდევ შემდეგში. ამიტომ გენერალმა კუკკოლისმა, რომელსაც ებარა ბათუმის ოლქის ოკუპაცია, კვლავ მოითხოვა, ქართველებს დაეტოვებინათ არდაგანი. საქართველოს მთავრობამ ამაზე კიდევ განაცხადა უარი და მოლაპარაკების შედეგად გადაწყვეტილ იქმნა: ინგლისელები დაიკავებენ მთლიანად არდაგანის ოლქის ჩრდილო ნაწილს, სომხები დაიკავებენ სამხრეთ ნაწილს, ხოლო ქართველების მცირე რაზმი კი ქალაქ არდაგანში ისევ დარჩებოდა.

ამნაირად, მესხეთში აღარ იყო ტერიტორია, რომელზეც შეეძლო „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობას ეარსება და იმ მთავრობას თვით ინგლისელებმა მოუხდინეს ლიკვიდაცია, მაგრამ სერვერ-ბეგს და მის მომხრეთ იარაღი არ დაუყრიათ და შეჰქმნეს მათ ეგრეთწოდებული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობის“ დელეგაცია და ადგილებზე კი უკვე დაარსებული „მუსულმანთა ეროვნული კომიტეტები“ ამოძრავდნენ, რომელთა მიზანი იყო ერთი მხრით საქართველოსთან ბრძოლა, მეორე მხრით არარსებული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობის“ დაცვა.

უფრო ადრე, 28 ივლისს 1919 წელს „არდაგანის მუსულმანთა ეროვნული კომიტეტი“ პროტესტს აცხადებდა ქართველების არდაგანში შესვლის გამო და „ახალციხისა და ახალქალაქის მუსულმანთა ეროვნული კომიტეტი“ ახალციხე-ახალქალაქიდან (სამცხე-ჯავახეთიდან) ქართული ჯარების გაყვანას მოითხოვდა.

თავის მხრით კიდევ ხუთ აგვისტოს 1919 წელს „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მუსულმანთა ცენტრალური კომიტეტის“ სახელით ყარსიდან დოქტორი ესსადი ამავე მხარის ზემოაღნიშნულ დელეგაციას თხოვდა: დიდი სახელმწიფოების წინაშე პროტესტი განეცხადებინა სომხების მიერ ყარსის დაკავების გამო.

ინგლისის ოკუპაციის ფრთის ქვეშ მოკალათებული რუსული (თეთრგვარდიული) ძალებიც ჩაერივნენ ამ გაცხარებულ ბრძოლაში მესხეთის გამო. რუსი თეთრგვარდიელები, რომელნიც საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ ურიგდებოდნენ, ებრძოდნენ მას გამწარებით და ამ მხრივ ერთგვარ გავლენასაც ახდენდნენ ინგლისურ წარმომადგენელთა პოლიტიკაზეც. მაგრამ რუსები პრაქტიკულადაც ჩაებნენ ამ ბრძოლაში, დენიკინის აგენტები აგზავნიდნენ თავის აგენტებს მესხეთში და ეწეოდნენ პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ. ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ სოფლებში გამოეტანინებინათ რეზოლუციები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და სადაც ნათქვამი უნდა ყოფილიყო, რომ სოფელს არა სურს საქართველოსთან შეერთება. ასეთი რეზოლუციები ზოგან გამოჰქონდათ კიდეც და მყისვე დენიკინელები მას უგზავნიდნენ რუსეთის იმპერიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს საზონოვს პარიზში, რომელიც პარიზის საზავო კონფერენციაზე დიდ და განუყოფელი რუსეთის ინტერესების დაცვას მოელოდა. თუ ეს მიზანი მიღწეული არ იქნებოდა, დენიკინელები ფიქრობდნენ მაინც, რომ გაგზავნილი რეზოლუციების მიხედვით, ბათუმის ოლქი მაინც შერჩებოდა რუსეთს და ეს იქნებოდა ის გზა, საიდანაც შემდეგ, როგორც საქართველოს, ისე მთელ კავკასიას ისევ ხელში ჩაიგდებდნენ.

მაგრამ არც ქართველობა იყო გულზე ხელდაკრეფილი და ისიც იბრძოდა თავისი ქვეყნის ნაწილის საქართველოს ფარგლებში შემოყვანისათვის.

ამ მხრით წარმოებდა ქართულ ძალთა თავდადებული მუშაობა ქართველ მუსულმანთა შორის საქართველოს მხარის დაჭერის გულისათვის. 31 აგვისტოს 1919 წელს ბათუმში, ინგლისელების ოკუპაციის დროს, მაშასადამე სავსებით ხელისშემშლელ პირობებში, შედგა ბათუმის ოლქის მაჰმადიანთა ყრილობა, რომელმაც შემდეგი გადაწყვეტილბა მიიღო:

„ბათუმის ოლქის მუსლიმანთა წარმომადგენელნი, რიცხვით ასი კაცი, ვაცხადებთ ღვთისა და ქვეყნის წინაშე, რომ ბათუმის ოლქის მკვიდრნი, სარწმუნოებით მუსულმანები, ისტორიით, სისხლით და ხორცით, ენით, კულტურით და ადათებით ვართ მუსლიმანი ქართველები და ტერიტორიულად და ეკონომიურად ყოველთვის ჩვენი მხარე დედა-სამშობლოს საქართველოს განუყრელ ნაწილს შეადგენდა.

გამოვსთქვამთ შეურყეველ ნებისყოფას და მტკიცე გადაწყვეტილებას: ამიერიდან და სამარადისოდ ბათუმი და მისი ოლქი შეუერთდეს თავის ბუნებრივ სამშობლოს, საქართველოს რესპუბლიკას, სამუსულმანო საქართველოს ფართო ავტონომიის ნიადაგზე და ამ ავტონომიის ფარგლებში უმცირესობათ მიენიჭოთ ჩვენთან თანასწორი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება. დადგენილება ესე ეცნობოს პარიზის საზავო კონფერენციას და ეთხოვოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას მიიღოს ყოველივე ზომა ჩვენი დადგენილების განსახორციელებლად“.

ყრილობის მიერ არჩეული ოცი კაცისაგან შემდგარი დელეგაცია მაჰმედ-ბეგ აბაშიძის ხელმძღვანელობით ეწვია თბილისს და გადასცა საქართველოს დამფუძნებელ კრებას ყრილობის დადგენილება.

ეს იყო პასუხი როგორც ოსმალების აგენტებისათვის, ისე ინგლისელებისა და რუსებისადმი.


13. „მუსულმანური კომიტეტების“ ბრძოლა მესხეთში 

1919 წლის აგვისტოს დამლევს ინგლისელებმა დასტოვეს მათ მიერ დაკავებული ზონა არდაგანის მხარეში. მათი დადგენილების თანახმად, ეს მხარე სომხეთს უნდა გადასცემოდა, მაგრამ ქართული რაზმის მეთაურმა მიიღო სათანადო ზომები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით და არდაგანში სომხები არ შეუშვა და თანაც გამოაკრა განცხადება, რომ არდაგანის ჩრდილო ნაწილიც, სადაც აქამდე ინგლისელები იდგნენ საქართველოს უერთდებაო. ამ გზით, არდაგანის ჩრდილო ნაწილი ფაქტიურად საქართველოს მიემატა და 1920 წელს, ნოემბერში, როდესაც ოსმალეთი სომხეთს თავს დაესხა, სომხები იძულებული გახდნენ ოსმალების მიერ ყარსის დაკავების გამო გზის გადაჭრის შედეგად, არდაგანის ოლქის სამხრეთ ნაწილი მიეტოვებინათ. ქართველებმა დაიკავეს სომხების მიერ ეს მიტოვებული, არდაგანის სამხრეთი ნაწილიც, და ამგვარად მთელი არდაგანის მხარე საქართველოს ხელში აღმოჩნდა.

საქართველოს მოწინააღმდეგე „მუსულმანურმა კომიტეტებმა“, რომელნიც მუშაობას არ აჩერებდნენ, იმჟამად კალამს წაავლეს ხელი და საქართველოს წინააღმდეგ საჩივრების წერა დაიწყეს.

რასიმ-ბეი, არდაგანის „მუსულმანური კომიტეტის“ თავმჯდომარე, მურთაზა-ბეი, ახალციხისა და ახალქალაქის „მუსულმანთა კომიტეტის“ თავმჯდომარე, ესსადი და სხვები მოხსენებებს უგზავნიან ბათუმში მოკალათებულ „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის დელეგაციას“ და მისი საშუალებით მიუთითებენ დიდ სახელმწიფოებს ქართველთა მიერ ჩადენილ უწესობებზე მესხეთში და მოითხოვენ გაყვანილ იქმნან ქართული ჯარები ახალციხე-ახალქალაქიდან, ხოლო ამ მოძრაობის სულისჩამდგმელი სერვერ-ათაბაგი, პარიზის საზავო კონფერენციისათვის მემორანდუმს ამზადებს და ბათუმში 19 ოქტომბერს 1919 წელს კიდეც აქვეყნებს.

სერვერ-ათაბაგის მემორანდუმი ნათლად გვაჩვენებს ჩვენ, თუ რა პოლიტიკას მისდევდა მის მიერ შექმნილი ანტიქართული მოძრაობა და საით სურდა მას წაეყვანა მესხეთი. 

სერვერ-ათაბაგი, პრინცი ქობლიანის, მიმართავს პარიზის საზავო კონფრენციას და „მუსულმანური ეროვნული ყრილობის სახელით“ გამოდის, ხოლო ხელს აწერს შემდეგნაირად: – „ს. ფ. ათაბეკ, პრინცი კობლიანისა, სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მცხოვრებთა ინტერესების დამცველ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდენტის მაგიერ“. 

რას ატყობინებს ათაბაგი პარიზის საზავო კონფერენციას და რას მოითხოვს იგი? 

მემორანდუმში აღნიშნულია სამცხე-საათაბაგოს სრულიად მოკლე ისტორია და შემდეგ ნათქვამია, რომ ქართველბმა და სომხებმა ეს მხარე ააწიოკესო. ამიტომ დაისვა საკითხი, რა გვსურს ჩვენ: – გვსურს ჩვენ დამოუკიდებლობა, თუ გვსურს დავრჩეთ სისხლიანი მჩაგვრელების უღლის ქვეშო.

მემორანდუმი ამბობს:

„ეროვნულმა ყრილობამ, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მხარეებს, ზეიმით უპასუხა ამ საკითხს, გამოაცხადა რა კატეგორიულად თავისი დამოუკიდებლობა“-ო.

და ეს განცხადება, რასაკვირველია, დასაბუთებულია მაშინ ხელიხელ საგოგმანები ვილსონური პრინციპებით.

უნდა გავეცნოთ ამ მემორანდუმს. იქ ნათქვამია შემდეგი:

„ვემყარებით რა ვილსონის პრინციპებს, რომელიც ხალხებს თვითგამორკვევის უფლებას ანიჭებს, ეროვნული ყრილობა ფიქრობს, რომ კავკასიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ტერიტორიები არის კანონიერი საკუთრება იმ ხალხებისა, სადაც ისინი ცხოვრობენ და რომელზედაც გადაბმული არიან ინტერსების კავშირებით, მინიჭებულ ისტორიულ და პრეისტორიულ უფლებათა განუკითხავად“.

ეროვნულმა ყრილობამ, რომელიც შეიცავს თვით უმცირესობის შემადგენელ ნაწილებს, როგორიც არიან რუსები, ბერძნები და სხვანი, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

1. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის სახელმწიფო, რომელიც შესდგება პროვინციებისაგან: ბათუმისა, ყარსისა; მაზრებისაგან: ახალციხისა და სურმალისა; აგრეთვე: ახალქალაქისა და ეჩმიაძინის მაზრების ჩრდილოეთ ნაწილებისაგან და რომელნიც დასახლებული არიან დიდ წილად მუსულმანების მიერ, არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. იგი აცხადებს რესპუბლიკას ამ მხარეებში, დამფუძნებელი კრების მოწვევამდე. ეროვნული ყრილობა უარს არ აცხადებს არც იმ წინა დადგენილებაზე, რომელიც მიიღო ბათუმის, ყარსის და არდაგანის მცხოვრებლებმა და რომელიც ოსმალეთთან შეერთებას შეეხებოდა. კიდევ მეტი, იმ შემთხვევაში, თუ წინანდელი პლებისციტის შედეგები ნაცნობი იქნება ან საზავო კონფერენცია გადასწყვეტს ხელახლა მიმართოს ახალ პლებისციტს, ეროვნულ ყრილობას სურს, რომ ეს პლებისციტი მოხდეს აგრეთვე სურმალისათვის და ჩრდილოეთის ნაწილში ახალქალაქისა და ეჩმიაძინისა“-ო.

რას გვეუბნება ჩვენ ეს მემორანდუმი და რა მიზნითაა იგი გამსჭვალული?

მემორანდუმის ავტორები ათქმევინებენ „ეროვნულ ყრილობას“ და თვლიან, რომ „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის“ სახელმწიფოში უნდა შედიოდეს მთელი ბათუმის ოლქი, ახალციხე-ახალქალაქის მაზრები, – ეს ქართული ტერიტორიაა, და ამასთანავე სომხური ტერიტორია: სურმალი და ეჩმიაძინი!

მემორანდუმის ავტორები ათქმევინებენ „ეროვნულ ყრილობას“ და თვლიან, რომ ისინი დროებით აცხადებენ რესპუბლიკას, თორემ არსებითად ოსმალების მიერ 1918 წელს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების მიხედვით მოწყობილი პლებისციტის ძალით, ბათუმის, ყარსის და არდაგანის მხარენი ახლავე შეუერთდენ ოსმალეთსო და ამის წინააღმდეგი არ ვართო.

მაშასადამე, მთელი ეს ხუხულა „სახელმწიფო“ და მთელი მოთხოვნილება საზავო კონფერენციისადმი პარიზს და მთელი ბრძოლა და ომი, რომელიც აწარმოვა სერვერ-ათაბაგმა მიმართული ყოფილა იქით, რომ „სამხრეთ-დასავლეთი კავკასია“ ოსმალეთს მიეძღნას და დაემკვიდროს!

აშკარაა, სერვერ-ბეგის მოძრაობა დაკავშირებული იყო იმ პოლიტიკასთან, რომელიც ოსმალეთმა დაიწყო და ერთ ხანში გაატარა კიდეც კავკასიაში იარაღის ძალით. ოსმალეთს სურდა მთელი მესხეთი შეეერთებინა და სომხეთის ნაწილი. ამას მიაღწია, როგორც ვიცით, დიდი ომის დროს, და დამარცხების შემდეგ მას დარჩა კავკასიაში ერთგული აგენტები, რომელნიც მის პოლიტიკას განაგრძობდნენ, შექმნილ მძიმე და რთულ ვითარებაში საქართველოს ებრძოდნენ და მის სუვერენიტეტს მესხეთზე ხან იარაღით, ხან დიპლომატიით ეწინააღმდეგებოდნენ.

საქართველომაც თავის მხრით მიიღო თავდაცვის ზომები, დაიკავა მესხეთი მთლიანად, სადაც კი ინგლისური ოკუპაცია არ არსებობდა და ბათუმში 1919 წლის 31 აგვისტოს შემდგარ მაჰმადიანთა ყრილობის დადგენილების თანახმად, 1919 წლის 25 დეკებერს საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა და მიანიჭა სამუსულმანო საქართველოს ავტონომია და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ მოუწოდა ქართველ მუსულმანებს ძმური სიტყვით, სადაც სხვათა შორის ნათქვამია:

„რამდენიმე საუკუნის წინეთ, დროთა ვითარებით, თქვენ მოსწყდით ძველ საქართველოს და მას ჭირსა და ლხინში გამოეთიშეთ, მაგრამ თქვენი სულირი კავშირი სამშობლო კერასთან, საქართველოსთან არ შეწყვეტილა. თვით დაუძინებელი მტერიც კი თქვენ გურჯებად, ანუ ქართველებად გიხსენიებდენ. მიუხედავად სასტიკი დევნისა, დღემდის შეინარჩუნეთ მამა-პაპათა ენა და ადათები. თანახმად მთელი საქართველოს მოქალაქეთა სურვილისა და პარლამენტის დადგენილებისა, ყოველივე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს დემოკრატიული მთავრობა საყოველთაოდ და გადაჭრით აცხადებს, რომ სამუსლიმანო საქართველოს ის ანიჭებს ავტონომიას, თვით მუსლიმან ქართველების წარმომადგენლები გამოსცემენ კანონებს, რომლითაც ისინი თავის გემოზე მოაწყობენ თავის ცხოვრებას, მოაწესრიგებენ ადგილობრივ საქმეებს, დაამყარებენ სამშობლო მხარეში ბედნიერებას“...

თავისთავად, ავტონომიის გამოცხადებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამით ერთგვარად საფუძველი ეცლებოდა იმ დემაგოგიურ ქადაგებას, რომელიც მიმართული იყო ქრისტიანული საქართველოს წინააღმდეგ.

როგორც მოვიხსენიეთ, ინგლისის ოკუპაციური ჯარების წასვლა მესხეთიდან დაიწყო 1919 წლის აგვისტოდან და ამნაირად თითქმის მთელი სამუსულმანო საქართველო, ძველი მესხეთი (რუსეთის ფარგლებში), და არდაგანის სამხრეთი ნაწილის გამოკლებით, რომელიც მაშინ სომხებს ეკავათ, საქართველოს საზღვრებში შედიოდა, ინგლისელების ოკუპაციაში დარჩა მხოლოდ ბათუმი.

ასე დასრულდა ამ მცირე, ბრძოლით მდიდარი ხანის მოკლედ მოთხრობილი ამბავი 1919 წლის ბოლომდე, – იწყება ახალი, კიდევ უფრო რთული და მძიმე ბრძოლა.


(დასასრული იხ. ნაწილი II)

No comments:

Post a Comment