(ნაწილი IV)
თ ა ვ ი XIII
მივლინება ბაქოში და პირველი ომი ბოლშევიკებთან (1920 წ.). – მობილიზაცია. – სახელმწიფო თავდაცვის საბჭო
მივლინება ბაქოში და პირველი ომი ბოლშევიკებთან 1920 წელს
აპრილში ერთხელ მე სამხედრო მინისტრთან, გრ. სპირ. ლორთქიფანიძესთან ვიყავი მიწვეული. მან გამომიცხადა, რომ მთავრობის დავალებით უნდა გავემგზავრო აზერბაიჯანში. ჩვენმა მთავრობამ ჯერ კიდევ 1919 წელს შეკრა სამხედრო კავშირი აზერბაიჯანთან, რომლის მიხედვითაც ორივე სახელმწიფგო შეიარაღებული ხელით უნდა მოსულიყო ერთმანეთის დასახმარებლად იმ შემთხვევაში, თუ ერთი მათგანი განიცდიდა თავდასხმას რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან. მე სრულებით არ ვყოფილვარ ამ მოლაპარაკებების კურსში, არ ვიცნობდი ხელშეკრულებასა და მთელ მის წინამორბედ და თანმხლებ პერიპეტიებს. ეს კავშირი ან უფრო სწორად ამ კავშირის მუშაობა, მისი დადებისთანავე ჩაკვდა. რატომ მოხდა ეს, მე არ ვიცი; ეს საქმე ბიუროკრატიული მიმოწერის უღრანებში ჩაიძირა თუ მან სიმწვავე დაკარგა, ან კიდევ სხვა რომლიმე მიზეზმა იგი უკანა პლანზე გადაწია, არ შემიძლია ვიცოდე, ვინაიდან ამ საქმისთვის არასოდეს მივუწვევივართ. სამხედრო მინისტრის მითითებების თანახმად მე ეს კავშირი უნდა „გამეცოცხლებინა“.
საქმე იმაშია, რომ 1920 წლის გაზაფხულზე დენიკინის მოხალისეთა არმია დამარცხებულ იქნა, და ის ნაწილობრივ დაიშალა, ნაწილობრივ ყირიმში მოხვდა, ნაწილობრივ კი იძულებული შეიქნა ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსულიყო, სადაც ინტერნირებულ იქნა. ინტერნირებულთათვის ბანაკი ფოთში იყო მოწყობილი. მოხალისეთა ნარჩენები თავიანთ ძალებს ყირიმში კრებდნენ. ბოლშევიკებმა ამასობაში ჩრდილოეთ კავკასია და დაღესტანი დაიკავეს, და ჩვენი სასაზღვრო ნაწილები უშუალო შეხებაში იყვნენ მათთან შავი ზღვის სანაპიროზე და დარიალის ხეობაში. დაღესტნის მხრიდან ბოლშევიკებმა მდინარე სამურამდე შეამოაღწიეს. ჩვენი წარმომადგენელი, ნიკო ურატაძე, მოსკოვში ბოლშევიკებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბოლშევიკების მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და კეთილმეზობლური ურთიერთობების თაობაზეც ხელშეკრულების დადების მიზნითაც. სამხედრო მინისტრი მირჩევდა თან რამდენიმე ცხენოსანი ჯარისკაცი წამეყვანა, როგორც იგი ამბობდა, წარმომადგენლობისთვის, თითქოსდა საპატიო ყარაულად. მე სრულებით არ ვყოფილვარ იმის კურსში ჩაყენებული, რომ იყო აზერბაიჯანში ბოლშევიკური ჯარების მშვიდობიანად შემოშვების შესაძლებლობა აზერბაიჯანის მიერ საბჭოთა ხელისუფლების აღიარების გზით. მაშინდელი აზერბაიჯანული განწყობები ჩემთვის არ იყო ცნობილი. ჩემი შემდგომი შთაბეჭდილებებით აზერბაიჯანის ინტელიგენტურ წრეებში იყო სამი დინება. ერთი ნაწილი, უფრო დიდი, ემხრობოდა თურქეთზე ორიენტაციას; მეორე, უფრო მცირე, იხრებოდა ამა თუ იმ დროშის ქვეშ რუსეთთან შეერთებისკენ. ეს მიმდინარეობა დენიკინის არმიის დაცემის შემდეგ და ბოლშევიკების უშუალოდ აზერბაიჯანის საზღვართან მოახლოების დროს გაიზარდა. და ბოლოს, იყვნენ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მომხრენიც, მაგრამ ასეთები ცოტანი გახლდნენ. ხალხის მასა კი თურქეთის მხარეზე იყო, რომელიც თავისი ღია და ფარული ემისრების მეშვეობით ამ მიმდინარეობას ხელს უწყობდა (подогревала это течение). როგორც შემდგომში გამოირკვა, აზერბაიჯანის მთავრობის გარკვეული ნაწილი, თურმე, მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბოლშევიკებთან საბჭოთა ხელისუფლების აღიარებისა და აზერბაიჯანული სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ. საჭიროა აღინიშნოს, რომ ბაქოში ძალზედ ბევრი რუსი მუშა იყო, რომლებიც რუსეთისკენ იყვნენ მიდრეკილნი, აგრეთვე რუსეთის მხარეზე იყვნენ ადგილობრივი სომხებიც, რომლებსაც ყოველთვის თათრების მხრიდან ხოცვა-ჟლეტის გაჩაღებისა ეშინოდათ.
დაახლოებით 20 აპრილს მე ბაქოში გავემგზავრე. ჩემთან ერთად გამოემგზავრნენ გენ. ქუთათელაძე, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის სამხედრო-სამოკავშირეო საბჭოს წევრი, და გენ. თაყაიშვილი, რომელიც სიმაგრეებს აპროექტებდა ბაქოში და მდინარე სამურზე, აგრეთვე შუალედურ პოზიციებსაც ბაქოსა და სამურს შორის. მე თან სამხედრო სკოლის 12 ცხენოსანი ჯარისკაცი წავიყვანე კაპ. თავ. მაყაშვილის მეთაურობით. ბაქოში ჩვენ საპატიო ყარაულით დაგვხვდნენ, რომელიც აზერბაიჯანის იუნკერთა სასწავლებლით გახლდათ შედგენილი. სკოლის უფროსი იყო გენ. ჩხეიძე, ჩემი თანაშემწის ძმა. საპატიო ყარაულმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოხდინა, და მე გაკვირვებულიც კი ვიყავი, თუ ასეთ მოკლე ვადაში იუნკრებმა როგორ მიიღეს ასეთი ყოჩაღი შესახედაობა. სამწუხაროდ, მათ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაში დარწმუნება ვერ მოვახერხე, რადგანაც უწინარეს ყოვლისა სამხედრო კავშირის საქმეებით უნდა დავკავებულიყავი და არ მქონდა იმის დრო, რომ სასწავლებელსაც ვწვეოდი. ჯერ კიდევ თბილისში მაფრთხილებდნენ, რომ სამხედრო-სამოკავშირეო საბჭოს სხდომაზე გენერლები ოდიშელიძე და მეხმანდეროვი (აზერბაიჯანის სამხედრო მინისტრი) დავობდნენ თავმჯდომარის ადგილის გამო. ჩვენი მთავრობა უდავოდ ემხრობოდა იმას, რომ ეს ადგილი საქართველოს წარმომადგენელს უნდა დაეკავებია, მაგრამ ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, გარკვევით არ ყოფილა გადაწყვეტილი. მე ვიცნობდი გენ. მეხმანდეროვს, ჯერ კიდევ უკანასკნელ ევროპულ ომამდე, როგორც პირველი კავკასიური კორპუსის არტილერიის ინსპექტორს. მე იმ დროს მხოლოდ გენერალური შტაბის კაპიტანი გახლდით და ოლქის შტაბში ვმსახურობდი. მე ჩინებულად მესმოდა, რომ გენ. მეხმანდეროვისთვის უსიამოვნო იქნებოდა, თუ მე დავიწყებდი ამ სამხედრო-სამოკავშირეო საბჭოში თავმჯდომარის ადგილის მოთხოვნას. მეორეს მხრივ, მისთვის ამ ადგილის დათმობაც არ შემეძლო, ვიცოდი რა ამაზე ჩემი მთავრობის შეხედულება. გადავწყვიტე სრულებით არ დამესვა ეს საკითხი, რათა ის განხეთქილების ვაშლად არ გადაგვექცია, მით უმეტეს, რომ ვითარება მოქმედებებს მოითხოვდა, და არა უნაყოფო დავა-კამათებს. ჩავედი რა ბაქოში, გავიგე, რომ გენ. მეხმანდეროვი ავადაა და რომ მის თანამდებობას მისი თანაშემწე გენ. ალი-აღა შიხლინსკი აღასრულებს, რომელიც დამხვდა კიდეც საგურში. სადგურიდან მე მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ უსუბეკოვთან გავემგზავრე და ვუთხარი მას ჩემი ჩასვლის მიზეზი, სახელდობრ ის, რომ ჩავედი მათი საომარი მზადების გაცნობის მიზნით და რომ ამისთვის მომიხდება გავეცნო ბაქოსა და სამურის სიმაგრეებს. იგი თავაზიანი იყო ჩემს მიმართ; ჩვენ ერთმანეთს ჯერ კიდევ 1918 წლიდან ვიცნობდით, როცა იგი ამიერკავკასიის მთავრობის წევრი გახლდათ, მე კი იმავე მთავრობის სამხედრო მინისტრის თანაშემწე და ამიერკავკასიის არმიის მთავარსარდალი. მისგან მე გენ. შიხლინსკისთან გავემგზავრე. უკანასკნელს ვკითხე, შემიძლია თუ არა გენ. მეხმანდეროვის ნახვა. გენ. შიხლინსკიმ ტელეფონით ჰკითხა უკანასკნელს. გენ. მეხმამნდეროვმა მთხოვა მაშინვე მასთან მივსულიყავი. მე ვიყავი მასთან. შემდეგ შემდგომ დღეებში დავათვალიერე ბაქოს სიმაგრეები, როგორც სახმელეთო, ისე ზღვისპირაც. მე ვერ შევნიშნე ინტენსიური სამუშაოები, თუმცა კი ბოლშევიკები უკვე სამურზე იყვნენ და მათთან ომის სიახლოვეც საგრძნობი უნდა ყოფილიყო. მთელ სიმაგრეებზე, რომლებიც სულაც არ იყო დასრულებული, მე მხოლოდ რამდენიმე ათეული მუშა დავითვალე. შემდეგ სამურზე გავემგზავრე. სამურის სიმაგრეებიც ასევე არ იყო დასრულებული და სამუშაოები კი სრულებით არ წარმოებდა. მთებიდან ზღვამდე სიმაგრეების ხაზი 15–20 ვერსის სიგრძისა გახლდათ და მდინარე სამურის გაყოლებით იყო გადაჭიმული, რომელზედაც იყო ხიდი. ეს ხიდი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელთა ხელში უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როცა იქ მივედი, გავიგე, რომ ის ბოლშევიკების ხელში იმყოფება და ასეთ ნაირად ბოლშევიკებს, ჰონდათ რა თავიანთ ხელში ხიდი, შეეძლოთ ნებისმიერ მომენტში სრულებით დაუბრკოლებლად გადმოელახათ მდინარე და შემდეგ აზერბაიჯანული ჯარებისთვის მოულოდნელად შემოეტიათ. ამ მგზავრობაში აზერბაიჯანელთა მხრიდან მე გენ. უსუბოვი და პოლკ. კარგარეთელი მახლდნენ. პირველი ბაქოს ციხესიმაგრის კომენდანტი გახლდათ, მეორე კი აზერბაიჯანული ჯარების შტაბის გენ. კვარტერმაისერი. გენ. უსუბოვი კორპუსიდან ჩემი ძველი ნაცნობი იყო, და მე აზრადაც კი არ მომსვლია, რომ მას უკანასკნელად ვხედავდი. რამდენიმე დღის შემდეგ იგი ბოლშევიკების მიერ იქნა დახვრეტილი. მე მას ჯერ კიდევ რუსეთ-იაპონიის ომში შევხვედრივარ და მასზე ყოველთვის ჩინებული შეფასებები მესმოდა. უკანასკნელ ომში იგი გენერლის ჩინამდე იქნა დაწინაურებული, მიიღო გიორგის ჯვარი და ბოლშევიკების ხელით დაიღუპა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ განესახიერებიათ ის ხალხი, რომელსაც უსუბოვი ასე პაიოსნად და ერთგულად ემსახურებოდა. მივედი რა ბოლოს სადგურზე, მე მაშინვე გავემგზავრე პოზიციების დასათვალიერებლად, და თან ჩემი ბადრაგიც გავიყოლე. ჩვენ ამ სადგურზე საკმარისად გვიან მოგვიყვანეს, უკვე სადილის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე ჩემი მატარებელი ჯერ კიდევ ღამით დაეძრათ ბაქოდან. გვიანი დროისა და ნისლის წყალობით მე ვერ შევძელი ყველაფრის დათვალიერება. უნდა აღვნიშნო, რომ, ინჟინრის ყოფნის მიუხედავად, რომელიც სამუშაოებს განაგებდა, ჩვენ გზა აგვებნა და სიმაგრეების ხაზიც კი დავკარგეთ. მე ცხენი უახლოესი სოფლისკენ მივაბრუნე, ადგილობრივი მაცხოვრებლისგან, რომელმაც ჩვენ თავიდან ბოლშევიკებად მიგვიჩნია, გავიგე თუ როგორ წავსულიყავით სადგურისკენ, და ჩამოწოლილი ბინდ-ბუნდის გამო სადგურზე გავემართე. როცა სადგურზე მივედი, შევიტყე, რომ აქვე სადგურში იმყოფება აზერბაიჯანის შეტყობინების გზათა მინისტრი, მელიქ-ასლანოვი, რომლის ვაგონიც ჩემი მატარებლის მახლობლად იდგა. მე იქვე გავიგე, რომ იგი აწარმოებს მოლაპარაკებებს ბოლშევიკებთან, მაგრამ სახელდობრ რა მოლაპარაკებებს, ამის გარკვევა კი ვერ მოვახერხე. გენ. უსუბოვმა მითხრა, რომ მინისტრს ჩემი ნახვა უნდა და მთხოვს მასთან ვაგონში მივიდე. მე მივედი მასთან. პაემანი ხანმოკლე გახლდათ. მისი მოსვლის მიზეზის შესახებ ჩემს შეკითხვაზე მან მიპასუხა, რომ იგი ჩამოვიდა რათა ამ გზის სამსახური და გამართულობა შეამოწმოს. დავბრუნდი რა უკან ვაგინში, გადავწყვიტე ბაქოში დავბრუნებულიყავი და შემდეგ კი თბილისისკენ ამეღო გეზი. ჩემთვის ნათელი იყო, რომ აზერბაიჯანი ბოლშევიკებთან ომისთვის არასაკმარისად ინტენსიურად ემზადება, რომ ბაქოს აღება მხოლოდ დროის საკითხია. აქ უნდა ვთქვა, რომ 15–20 ვერსის სიგრძის სამურის სიმაგრეებს მხოლოდ ერთი ბატალიონი იცავდა. დანარჩენი აზერბაიჯანული ჯარები სახელმწიფოს სამხრეთში გახლდნენ, სადაც ისინი სომხებთან ომს აწარმოებდნენ. ბატალიონს, რომელიც სამურის სიმაგრეებზე იდგა, მეთაურობდა ქართველი პოლკ. თუმანიშვილი. რამდენიმე დღის შემდეგ იგი ბოლშევიკების მიერ იქნა დახვრეტილი წინააღმდეგობისა და მისდამი ჩაბარებული პოსტის დაცვის მცდელობისთვის.
ვბრუნდებოდი რა უკან ბაქოში, ჩემთან ვაგონში პირადი საუბრისთვის დავიტოვე პოლკ. კარგარეთელი. კარგარეთელს მე მეტ-ნაკლებად დიდი ხანი იყო ვიცნობდი. მე მას შევხვდი ომის დროს კავკასიის ფრონტზე, სადაც იგი უფროსი ადიუტანტი გახლდათ გენ. ბარათაშვილის შტაბში. შემდეგ მას უკვე ომის მერე შევხვდი. იგი 1918 წელს ქართული კორპუსის მე-2 დივიზიის უფროსის როლში იყო. როცა მე საქართველოს სამხედრო მინისტრის თანაშემწის თანამდებობის აღსრულებას შევუდექი, იგი ჩემთან გამოვიძახე და მას ჩვენს შტაბში, სადაც შტაბის უფროსად მაშინ გახლდათ გენ. ანდრონიკაშვილი, გენერალ-კვარტერმაისტერის თანამდებობა შევთავაზე. მახსოვდა რა ჩვენი ამხანაგური ურთიერთობანი, ჩემთან კაბინეტში ორი საათი ვცდილობდი მის დაყოლიებას რომ ეს თანამდებობა მიეღო. ჩემი მოსაზრებანი ამაო აღმოჩნდა, მან კატეგორიული უარი განაცხადა: მისი მოსაზრებანი საფუძვლიანი არ გახლდათ; სულ მცირე რომლებიც მან წამოაყენა. მისი საბუთებიდან ერთ-ერთი გასაოცარიც კი იყო; იგი ამტკიცებდა, რომ უკვე ნახევარი წელია დივიზიას მეთაურობს და რომ შეთავაზებულ თანამდებობაზე წასვლა მისთვის ჩამოქვეითებაა. როცა ყველა ხერხი ამოვწურე, მე ვბრძანე რომ მისთვის წერილობით ეკითხათ. პასუხი თავისამრიდებლურად უარყოფითი გამოვიდა. მაშინ მე გადავწყვიტე რომ იგი დივიზიის მეთაურის თანამდებობიდან გამერიცხა, მაგრამ უფრო ადრე მე თვითონ აღმოვჩნდი გარიცხული ჩემი თანამდებობიდან. შემდგომში იგი ამ თანამდებობიდან ბაქოში ჩვენს ატაშედ იქნა დანიშნული, მაგრამ იქ შემთხვეულმა კამათებმა ჩვენი მთავრობის რწმუნებულ ბ-ნ ალშიბაიასთან გამოიწვია ის, რომ იგი შევიდა აზერბაიჯანულ ჯარებში სამსახურში. შევხვდი რა მას ახლა, მინდოდა მესაუბრა მასთან და თავისთან სამშობლოში მუშაობისკენ მომეწოდებია, სადაც გენერალური შტაბის ოფიცერს ოქროს ფასი უნდა ჰქონოდა. ჩვენს მეგობრულ, თბილ საუბარში კარგარეთელს გრძნობები მოერია, და მე დავრწმუნდი, რომ მას უყვარს სამშობლო, და მთელი სულითა და გულით სურს მას ემსახუროს. შესაძლოა, მას ჰქონდა გატაცებები და რწმენა რევოლუციის დასაწყისში (და ვის არ ჰქონდა ისინი), მაგრამ ახლა აუცილებელი იყო იგი თავისი სამშობლოსთვის გამოგვეყენებია, რომლისთვისაც სათანადო ფარგლებში ჩასმულ მის მუშაობას არ შეიძლებოდა მეტად ფასეული სარგებელი არ მოეტანა. ამ განზრახვით ბაქოდან გამოვემგზავრე.
სიმაგრეებზე ჩემს გამგზავრებებს შორის შესვენებებში მიხდებოდა მსჯელობები გენ. მეხმანდეროვთან და გენ. შიხლინსკისთან, რომლებსაც ასევე გენ. ქუთათელაძეც ესწრებოდა. ამ თათბირებზე გენ. მეხმანდეროვი, რომელთანაც, სიტყვამ მოიტანა და, მე ძალზედ კარგი ურთიერთობები ამეწყო, სულ დაჟინებით მოითხოვდა, რომ განგვესაზღვრა იმ ჯარების რაოდენობა, რომელთა გაგზავნასაც შეძლებდა საქართველო აზერბაიჯანის დასახმარებლად ბოლშევიკებთან ომის შემთხვევაში. ამ კითხვაზე მე ვუპასუხე, რომ ეს შექმნილ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, ე. ი. სად მიაყენებენ ბოლშევიკები თავიანთ მთავარ დარტყმას, და იმაზეც, მოქმედებების როგორი გეგმა იქნება მიღებული სამხედრო-სამოკავშირეო საბჭოს მიერ შექმნილ ვითარებაში; შესაძლოა, მთელი ქართული არმია გამოცხადდეს აზერბაიჯანში, და შეიძლება, რომ მთელი აზერბაიჯანული არმია ჩართული მოქმედებებში საქართველოში. შემდეგ ამ თათბირებზე დაისახა მოქმედებების ზოგადი გეგმა პეტროვსკიდან ბაქოზე ბოლშევიკების შესაძლო შემოტევის შემთხვევისთვის. საფუძვლად დადებულ იქნა აზერბაიჯანული ჯარების ისეთი მოქმედება, რომ ისიბი ცალკე არ ყოფილიყვნენ დამარცხებული და რომ ქართულ ჯარებს მოესწროთ დასახმარებლად გამოცხადება. მე არ განვვრცელდები მოქმედებათა ამ გეგმის თაობაზე. მთავარია, რომ მოქმედებების ეს საერთო გეგმა მე მაკმაყოფილებდა. მე ის ყველაზე უფრო შესაბამისად მიმაჩნდა იმ ვითარებისადმი, რომელიც მწიფდებოდა. გავარკვიე რა ყველა საკითხი, რომლებიც გარკვევას მოითხოვდა, გადავწყვიტე უკან თბილისში დავბრუნებულიყავი. მაგრამ შეყოვნება მომიწია და ეს შეყოვნება კინაღამ ჩემთვის ტრაგიკულიც კი აღმოჩნდა. გენ. მეხმანდეროვი ჩემთან მოვიდა და მთხოვა ერთი დღეც დავრჩენილიყავი და მისი მასპინძლობა მიმეღო. მე დავრჩი და ამ ვახშამზე ვთხოვე თავაზიან მასპინძლებს შემდეგ დღეს იმავე რესტორანში თავისი მოსვლით ჩემთვის პატივი დაედოთ.
ამრიგად, მე ბაქოში ორ ზედმეტ დღეს შევყოვნდი. არ აღვწერ ამ სადილებსა და სადღეგრძელოებს. ჩვენი საპასუხო სადილი ნაშუაღამევს დასრულდა, და მე მხოლოდ დაახლოებით ღამის 2–3 საათზე შევედი ჩემს ვაგონში. შემდეგ კიდევ მოგვიანებით ჩემი მატარებელიც დაიძრა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმავე ღამეს ბოლშევიკები აზერბაიჯანის საზღვრებში შემოვიდნენ და მათმა ჯავშნოსანმა მატარებლებმა ღამის 1 საათზე უკვე სადგური ხაჩმასი დაიკავეს. მე ძალზედ ბედნიერად გამოვაღწიე ბალაჯარიში და მშვიდად მეძინა, არ ვიცოდი რა, თუ თავზე როგორი საფრთხე მადგა. 4 საათზე სადილის შემდეგ მე სადგურ ელისავეტპოლში მოვედი და აქ მინდოდა გენ. ჯავად-ბეგ შიხლინსკის, კორპუსში ჩემს ძველ ახლობელს შევხვედროდი. ახლა იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დივიზიის მეთაური გახლდათ და მე მინდოდა იგი მენახა. მე იგი ტელეფონით გამოვიძახე და გენ. ქუთათელაძესთან ერთად მასთან ბინაზე გავემგზავრე. მის ბინაში მისგან ახალი ამბავი შევიტყე და სულაც არ დამნანებია, რომ მასთან გავემგზავრე. მან მე მეხმანდეროვისგან მოსული ტელეგრამა მიჩვენა, რომელშიც მას ატყობინებდნენ, რომ ბოლშევიკები საზღვარზე გადმოვიდნენ და რომ მას ელისავეტპოლში მყოფი ორი ბატალიონი დაუყოვნებლივ ხაჩმასის მიმართულებით გაეგზავნა. სხვა ცნობები მას არ ჰქონდა და ფიქრობდა, რომ მე ბაქოდან კი არ მოვემგზავრები, არამედ პირიქით ბაქოში. ჩვენ ერთად ვისადილეთ, ხოლო შემდეგ კი მე სადგურზე გავემგზავრე.
გზაში მე ვნახე ბატალიონები, რომლებიც სადგურზე მატარებელში ჩასასხდომად მიდიოდნენ. ჩავჯექი რა მატარებელში, მე ის თბილისისკენ დავძარი. მეორე დღეს, დილის მხოლოდ დაახლოებით 7–8 საათზე ჩამოვედი თბილისში და 9 საათზე სამხედრო მინისტრთან ვიყავი. ბაქოში გადატრიალების შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი. სამხედრო მინისტრმა მკითხა, თუ რა ვფიქრობ ბოლშევიკებთან საომრად აზერბაიჯანელთა მზადყოფნის შესახებ. მე ვუპასუხე, რომ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანელები, როგორც ჩანს, არ გაუწევენ წინააღმდეგობას ბოლშევიკების შემოჭრას. „მით უმეტეს“, – შენიშნა სამხედრო მინისტრმა, – „რომ ბაქოში უკვე გადატრიალებაა, ძალაუფლება ბოლშევიკების ხელშია, რომელთა ჯარებიც შევიდნენ ბაქოში და უკვე დაიწყეს წინ წამოსვლა ელისავეტპოლისკენ“. ეს ჩემთვის გამაოგნებელი ახალი ამბავი გახლდათ. გულში მე საკუთარ თავს ვულოცავდი, რომ ასე ბედნიერად გამოვედი (გამოვხტი, выскочил) აზერბაიჯანიდან. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ბოლშევიკების ტელეგრამა ჩემი მატარებლის დაკავების შესახებ გაგზავნილ იქნა, მაგრამ რადგანაც სადგურების კომენდანტებად უმეტესად ქართველი ოფიცრები იყვნენ, მხოლოდ ამ გარემოებას უნდა ვუმადლოდე კიდეც, რომ ჩემი მატარებელი არ დაუკავებიათ. საერთოდ, რომ არ მეჩქარა სიმაგრეების დათვალიერება და საერთოდ რომ არ მეჩქარა ჩემზე დაკისრებული დავალების შესრულება, მე ალბათ, ბუნებრივია, კიდევ დავყოვნდებოდი, თუ არა რამდენიმე, ალბათ ერთი დღთ მაინც და მაშინ კი ბოლშევიკების ხელში ჩავვარდებოდი. რამდენიმე დღის შემდეგ მე უფრო მეტი საფრთხე მემუქრებოდა, მაგრამ ამაზე შემდეგ.
1920 წლის 20 აპრილი. აზერბაიჯანის გაწითლებით ჩვენი მთავრობა შეშფოთებული გახლდათ. მთავრობამ, რომლიც სავსებით სწორად ითვალისწინებდა შექმნილ მდგომარეობას, გადაწყვიტა თავდაცვის ზომები მიეღო, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს გ. ურატაძე მოსკოვში აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მთავარი ღონისძიება ჩვენში გახლდათ მობილიზაცია. ჩვენი „კრებულის“ თანახმად, საჭირო იყო დაენიშნათ მთავარსარდალი. იმ პირის არარსებობა, რომლიც ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს, წინასწარ მოამზადებდა ქვეყანას ომისთვის, წინასწარ იქნებოდა ქვეყნის თავდაცვისა და მის ხელთ არსებული ბრძოლის მთელი საშუალებების კურსში, ჩვენი კანონმდებლობის ერთ-ერთი კაპიტალური შეცდომა გახლდათ. მთავარსარდალი მხოლოდ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ინიშნებოდა მთავრობის დეკრეტით. სანამ ირჩევდნენ, სანამ სამთავრობო სფეროებში მსჯელობდნენ იმაზე, თუ ვინ დაენიშნათ, დრო გადიოდა.
ეს აპრილის ბოლო რიცხვებში ხდებოდა. სამხედრო საბჭო თავის სხდომებს ყოველდღე დილას და საღამოს მართავდა. პირველივე სხდომაზე მე წამოვჭერი საკითხი სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს დაარსების შესახებ, ორგანოსი, რომელიც შეიმუშავებდა ქვეყნის თავდაცვის ძირითად დირექტივებს, ორგანოსი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ქვეყნის მომზადებაზე თავდაცვისთვის. მე შემომთავაზეს წარმედგინა პროექტი. მე შევადგინე პროექტი, რომელშიც გადმოცემული იყო როგორც ამ ორგანოს შემადგენლობა, ისე მისი მოვალეობებიცა და უფლებებიც. პროექტი მიღებულ იქნა სამხედრო საბჭოს მიერ და მოწონებული მთავრობის მიერაც რამდენიმე წვრილი შესწორებით. ბოლოს შედგა მთავარსარდლის არჩევაც. ასეთად დანიშნული ვიქენი მე, ვისაც სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობა მეკავა და თავდაცვისთვის ქვეყნის მომზადებასთან არაფერი საერთო არ მქონია.
მე, რა თქმა უნდა, არც მიფიქრია, რომ უარი მეთქვა ან მევაჭრა. მტერი უკვე წინ მოდიოდა და მისი ეშელონებიც უკვე ელისავეტპოლისა და აღსტაფისკენ მოემართებოდნენ. ქვეყნის თავდაცვის გეგმა არ იყო და, ბუნებრივია, ამ შეცდომისთვის პაუხისმგებელიც არავინ გახლდათ. სწორედ ამ გარემოებამ წამახალისა კიდეც მე, რომ სახელმწიფო თავდაცვის საბჭო შეგვექმნა.
მობილიზაცია
მე შევუდექი ჩემს მუშაობას. ამავდროულად გამოცხადებულ იქნა მობილიზაცია. ჩვენი მობილიზაციის მიხედვით ჩვენი ბატალიონები 3-ბატალიონიან პოლკებად უნდა ყოფილიყვნენ გაშლილი. მობილიზაციის გეგმა ძალზედ ძოძროხი (грузный) იყო და ბევრ დროს მოითხოვდა. ჩემთვის ნათელი გახლდათ, რომ ჩვენ ვერ მოვსწრებთ მობილიზაციას და რომ მოწინააღმდეგე, რომელიც უკვე დიდი ხანია მობილიზებულია, იმაზე ადრე მოასწრებს საზღვარზე გადმოსვლას, ვიდრე ჩვენ მოვასწრებთ თავმოყრას; ამიტომ საჭირო იყო მოქმედებების ისეთი გეგმა შემედგინა, რომლის წყალობითაც შევძლებდი მოწინააღმდეფის შეკავებას, სანამ არმია მობილიზაციასა და თავმოყრას დაასრულებდა. ვითარება განსაკუთრებით რთული გახლდათ.
ბოლშევიკებს შეეძლოთ ჩვენთვის ორი მხრიდან შემოეტიათ: 1) ჩრდილოეთიდან, სახელდობრ კი შავი ზღვის სანაპიროს გამოყოლებით, მამისონისა და დარიალის მიმართულებაზე, აგრეთვე კავკასიონის ქედზე სხვა გადმოსასვლელების გამოვლით; 2) აღმოსავლეთიდან, აზერბაიჯანის მხრიდან. მოინააღმდეგის შესახებ ცნობები ჩვენ არ გვქონდა ან, უფრო სწორედ, თითქმის არ გვქონდა. როგორც ჩანს, ეს იმ ფულადი სახსრების უკმარისობის გამო ხდებოდა, რომლებიც დაზვერვაზე გამოიყოფოდა. ვვარაუდობ, რომ თვითონ დაზვერვაც საკმარისად სწორად არ იყო ორგანიზებული. იგი ცნობების მხოლოდ საზღვრისპირა ზოლში შეკრებით იფარგლებოდა, ხოლო თუ რა ხდებოდა სიღრმეში, და მით უმეტეს კავკასიონის ქედის იქით, რა თქმა უნდა, სრულებით არ იყო ცნობილი. გარდა ამისა, დაზვერვა რამდენიმე ხელში იყო. იგი გახლდათ სამხედრო მინისტრის თანაშემწის ხელში და გენერალური შტაბის ხელშიც, და მას აგრეთვე აწარმოებდა გვარდიის შტაბიც. ფულები იხარჯებოდა, მაგრამ არა გაერთიანებული გეგმის მიხედვით. ასეთ ნაირად მოწინააღმდეგის შესახებ ცნობები ყველაზე უფრო ზოგადი ხასიათის, შემთხვევითი, დაგვიანებული, ეპიზოდური და ნდობის ნაკლებად აღმძვრელი იყო.
ამრიგად, მოწინააღმდეგეს შეეძლო თავი მოეყარა ნებისმიერ დასახელებულ მიმართულებაზე, და ჩვენ, მზვერავთა მუდმივი ქსელის არარსებობის წყალობით, შეგვეძლო მზერიდან გაგვპარვოდა ეს თავმოყრა, დაჯგუფება, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე მისი ძალების რაოდენობის შესახებ. ჩრდილოეთიდან მოწინააღმდეგეს შეეძლო ჩვენთვის შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ შემოეტია, მაგრამ ამისთვის, რკინიგზების არარსებობისა და საზღვაო ძალების სისუსტის გათვალისწინებით, მას ამ მიმართულებაზე წინასწარ უნდა მოეყარა თავი და ჩვენი საზღვრის მახლობლად მისი შეჯგუფება არ შეიძლებოდა ჩვენთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო; გარდა ამისა, აქ დიდი ძალების თავმოყრა, შავი ზღვის ვერფლობის შედეგად და ყირიმში ვრანგელის არმიის ყოფნის გამოც, ბოლშევიკებისთვის განსაკუთრებით სარისკო გახლდათ. ჯარები, რომლებიც საქართვლოსკენ ზღვის გასწვრივ იმოძრავებდნენ, შესაძლო იყო ვრანგელის გაბედული დესანტით თავისი ზურგისგან ყოფილიყვნენ მოწყვეტილი; უკანასკნელის შესაძლებლობა იმით მტკიცდება, რომ გენ. ვრანგელმა შემდგომში ასეთი რამ კიდეც მოახდინა. ამრიგად, ამ მიმართულებაზე ბოლშევიკების მიერ დიდი ძალებით მოქმედებების განვითარება სარისკო გახლდათ, მომზადებისთვის დროს მოითხოვდა, არ შეიძლებოდა ჩვენს ყურადღებას გამოპარვოდა და, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ნაკლებ სავარაუდო საქმეს წარმოადგენდა. დარიალისა და მამისონის უღელტეხილის გადმოვლით შემოტევა დიდი სიძნელეებთან იყო შეუღლებული და, გამოვიყენებდით რა ადგილობრივ პირობებს, ჩვენ შეგვეძლო მცირე ძალებით წინააღმდეგობის გაწევით მოგვეგო დრო გაძლიერების ჯარების მოყვანისთვის. ამ რაიონების მოქმედებათა თეატრის პირობები გარდა ამისა არ უშვებდა დიდი ძალებით მოქმედების შესაძლებლობას. იყო როკის უღელტეხილზე გადმოსვლით შემოტევის შესაძლებლობაც. ამ მიმართულებით შემოტევა ყველაზე უფრო სავარაუდო გახლდათ, ვინაიდან ამას შეეძლო ოსურ მოსახლეობას შორის აჯანყება გამოეწვია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არაერთხელ აღმართულა. უკმაყოფილებას ამ მოსახლეობაში ყოველთვის აქეზებდნენ და მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან იმ ოსების მეშვეობით, რომლებიც კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით, ჩვენი ცხინვალელი ოსების უშუალო მახლობლობაში ცხოვრობდნენ.
რაც შეეხება ჩვენს აღმოსავლეთ ფრონტს, აქ ვითარება შემდეგი გახლდათ. აზერბაიჯანი არ იყო დაპყრობილი ბოლშევიკების მიერ, როგორც ჩრდილოეთ კავკასია და დაღესტანი. აქ, არსებითად, ბოლშევიკები მთავრობის ნაწილის მიერ იყვნენ მოწვეულნი და ბაქოში ხელისუფლებაც მათ ხელში ბრძოლის გარეშე გადავიდა. ხოლო აზერბაიჯანული ჯარები კი, რომლებიც აზერბაიჯანის სამხრეთ საზღვარზე იმყოფებოდნენ, საბჭოთა აზერბაიჯანის ახალ ხელისუფლებას დაემორჩილნენ, რის შედეგადაც ბოლშევიკები ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გავრცელდნენ. ბოლშევიკური ჯარები უკვე ელისავეტპოლში იყვნენ და აღსტაფასკენ მოძრაობას აგრძელებდნენ, სადაც გადმოსხდებოდნენ კიდეც. ამ ჯარების შესახებ ჩვენი დაზვერვა უკვე უფრო ზუსტ ცნობებს იძლეოდა, და ჩვენ ვიცოდით, რომ ამ რაიონში ბოლშევიკების 32-ე დივიზიის ნაწილები იყრიდნენ თავს.
ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე ბოლშევიკებს შეეძლოთ ორი მიმართულებით შემოეტიათ: 1) ზაქათალას, ლაგოდეხის, გომბორ-თბილისის გამოვლით; 2) ბაქო-თბილისის რკინიგზის გამოყოლებით გზატკეცილზე განშტოებით აღსტაფადან წითელ ხიდზე. პირველი მიმართულება ჩვენთვის ნაკლებად სახიფათოს წარმოადგენდა, ვინაიდან ბოლშევიკებს დაღესტნიდან ან ელისავეტპოლიდან წნორის-წყლამდე რკინიგზა არ ჰქონდათ და, შესაბამისად, სანამდე ამ მიმართულებაზე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ძალებით შეტევაზე გადმოვიდოდნენ, მათ აუცილებლად უნდა გამოევლოთ გრუნტის გზებით ასეულობით ვერსი და შემდეგ ზაქათალაში მოემზადებიათ ბაზა შემდეგი შემოტევისთვის. ყველაფერი ეს ბევრ დროს მოითხოვდა. უფრო მეტად სავარაუდოსა და უფრო სახიფათოს, რომელიც დედაქალაქ თბილისს უშუალოდ დაემუქრებოდა, წარმოადგენდა მიმართულება რკინიგზის გამოყოლებით. ჯავშანოსანი მატარებლების მოყვანისა და მოქმედებების უზრუნველყოფა რკინიგზით ხდებოდა. მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მთავარი დარტყმა სწორედ ამ მიმართულებაზე იქნებოდა მომართული. საჭირო იყო ამისთვის ხელი შეგვეშალა ან უფრო სწორად მათი შემოტევა შეგვენელებია. როგორც ზემოთ ვამბობდი, ორგანიზებულ იქნა სახელმწიფო თავდაცვის საბჭო. მისი თავმჯდომარე გახლდათ მთავრობის თავმჯდომარე.
სახელმწიფო თავდაცვის საბჭო
როცა ჩემს მიერ წარდგენილ იქნა მისი ორგანიზაციის პროექტი, გამიკვირდა, რომ ამ დაწესებულების დაარსებამ ყოველგვარი სიძნელის გარეშე ჩაიარა. მე გაკვირვებული ვიყავი, რომ ჩემგან წამოსული წინადადება ჩემთვის ჩვეული ოპოზიციის გარეშე იქნა მიღებული. მხოლოდ შემდე გავიგე, თუ რაში იყო საქმე. მმართველ სფეროებში უკვე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ მთავარსარდალთან პოლიტიკური ხასიათის ორგანოს შექმნის შესახებ და ჩვენს „კრებულშიც“ იყო მითითებული, რომ მთავარსარდალთან შეიძლება იყოს დანიშნული ასეთი ორგანო. ეჭვი არ არის, რომ ყოველ სამხედრო პირს არ შეუძლია არ დაინახოს ის მავნებლობა, რომელიც უფროსის ხელ-ფეხის შეკვრის შედეგს წარმოადგენს. უეჭველია, ასეთი ორგანოს წარმოქმნას ჩემთან მე არ დავუშვებდი; უეჭველია, რომ მმართველები ითვალისწინებდნენ ამ გარემოებას. და აი, არ ჰქონდათ რა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ორგანო ჩემთან შეექმნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მთავარსარდლის თანამდებობაზე დანიშვნის წინადადებას უარვყოფდი, მმართველები სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს დაარსებას დაეთანხმენ, წინასწარვე განიხილავდნენ რა მას, როგორც მათთვის სასურველი პოლიტიკური ხასიათის ორგანოს. მე შევთავაზე ამ ორგანოს დაარსება, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ქვეყანა თავდაცვისთვის მზად არ არის; რომ დაწესებულება, რომელიც ამაზე უშუალოდ იქნებოდა პასუხისმგებელი, არ არსებობდა; რომ ქვეყნის თავდაცვის არანაირი გეგმა შედგენილი არ ყოფილა და ვფიქრობდი, რომ ეს საბჭო ამდენად მნიშვნელოვანი, მაგრამ სრულებით დავიწყებული საკითხით უნდა დაკავებულიყო. საქმით კი ასე არ გამოვიდა. ამრიგად სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს შექმნისას მმართველებისა და ჩემი მიზნები ურთიერთსაპირისპირო აღმოჩნდა.
ქვეყნის თავდაცვის გეგმის არარსებობის გამო მე ვთხოვე სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს დირექტივა ომის შემთხვევისთვის, სახელდობრ კი დირექტივა, რომელზედაც ბაზირებული უნდა ყოფილიყო ქვეყნის თავდაცვა და რომელსაც უნდა მიჰყოლოდა მთავარსარდალიც. მე განსახილველად დავსვი საკითხი ქვეყნის თავდაცვის ზოგადი დირექტივის შესახებ, რომლის არსიც დაიყვანებოდა საკითხზე თბილისის შესახებ, ე. ი. აგრძელებს თუ არა ქვეყანა თავდაცვას თბილისის აღების შემდეგ, სხვანაირად რომ ვთქვათ, უნდა დაამთავრონ თუ არა ჯარებმა, შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი წინააღმდეგობა თბილისში, თუ საჭირო შეიქნება მსხვერპლად შევწიროთ თბილისი არმიის გადარჩენისა და ომის გაგრძელებისთვის. სახელმწიფო თავდაცვის საბჭომ, გააშუქა რა ეს საკითხი ყველა მხრიდან, დაადგინა, რომ თბილისის დათმობა არ ნიშნავს ომის დასრულებას, მაგრამ რომ ამ ნაბიჯის გადადგმაზე, ე. ი. დათმობაზე, საჭიროა წავიდეთ მხოლოდ შეიარაღებული ხელით მისი დაცვის შესაძლებლობის სრული ამოწურვის შემდეგ. მეორე დღეს მე წარვუდგინე თავდაცვის საბჭოს მობილიზებადი ჯარების გაშლის ჩემ მიერ დასახული გეგმა. ამ გეგმის აღსრულებაში მოყვანა არ მოგვიწია, ვინაიდან აღსრულებაში მისი მოყვანის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე მოწინააღმდეგემ ჩვენი საზღვარი წითელი ხიდის რაიონში გადმოლახა. დარწმუნებულს იმაში, რომ ჩვენ ვერ მოვასწრებთ მობილიზაციას და მობილიზებული ნაწილების დასახული გეგმის მიხედვით თავმოყრას, და, შესაბამისად, ინიციატივის ხელში აღებას, მე მოქმედებათა ისეთი გეგმისთვის უნდა მიმემართა, რომლიც უწინარეს ყოვლისა დროის მოგების შესაძლებლობას მომცემდა. გარდა ამისა, მე ვითვალისწინებდი, რომ ჩვენი შინაური ბოლშევიკები, აზერბაიჯანში ბოლშევიკების წარმატებით შეგულიანებულნი, ენერგიულ საქმიანობას გაშლიდნენ ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით კი თბილისში; შეიძლებოდა გამოსულიყო ერთდროული ომის სურათი, შინა ომისა თბილისის ქუჩებში და გარე ომისა თბილისის კედლებთან. ამიტომ გამოდიოდა: 1) მოგვეგო დრო და 2) გადამწყვეტი ბრძოლა მოწინააღმდეგისთვის თბილისიდან შეძლებისდაგვარად შორს მიგვეცა.
მობილიზაციის დაჩქარება არ შეიძლებოდა. მობილიზაცია არ შეიძლებოდა ნელა არ წასულიყო, ვინაიდან ის არასწორად გახლდათ ორგანიზებული. ჩვენი არმია 5-ასეულიანი შემადგენლობის ცალკეული ბატალიონებისგან შედგებოდა, მე-6 ასეული ტყვიამფრქვევებისა გახლდათ. ჩვენი მობილიზაციის მიხედვით პირველი სამი ასეული ქმნიდა 1-ლ ბატალიონს, მე-4 და მე-5 ასეულები კი წარმოადგენდნენ კადრებს მე-2 და მე-3 ბატალიონების წარმოქმნისთვის. მე ამ საკითხს დაწვრილებით არ შევეხები; არ მივუთითებ იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც მობილიზაციის ასეთ ხერხს ახლდა. ვიტყვი მხოლოდ მობილიზაციის სისწრაფის შესახებ. მობილიზაციის სისწრაფისთვის მთავარ მუხრუჭს ის გარემოება წარმოადგენდა, რომ მთელი მარაგები: სანივთე, სასუსრსათო და თვით იარაღისაც კი ინახებოდა თბილისში, და არა პოლკების შტაბ-ბინებში. ამის შედეგად ყველა პოლკიდან მიმღებები უნდა ჩამოსულიყვნენ თბილისში, გაევლოთ სამეურნეო კომიტეტის ბიუროკრატიული სცილა და ქარიბდა, ამასთან რაიმე, ხშირად საქაღალდე ფორმალობის შეუსრულებლობას მოჰყვებოდა მიმღები ოფიცრების უკანვე ნაწილში დაბრუნება; შემდეგ მიმღებებს ეს ყველაფერი ცენტრალურ დაწესებულებებში უნდა მიეღოთ, ვაგონებში ჩატვირთათ და თავისთან ნაწილებში წაეღოთ; ამასთან ზოგიერთ ნაწილში გრუნტის გზებითაც უნდა წაეღოთ. ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, ყველაფერი ეს რა დიდხანს გაგრძელდებოდა. შემდეგ პოლკებში არ იყო ფული; მისთვისაც ასევე თბილისში ჩამოდიოდნენ, რაც ასევე მასა სიძნელეებსა და დროის დაკარგვას იწვევდა; რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა, თუ მობილიზაციის შემთხვევისთვის მარაგები პოლკებში იქნებოდა შენახული და ამ უკანასკნელებს შესაბამისი ავანსებიც ექნებოდათ. ადგილობრივ სამხედრო-სამობილიზაციო ორგანოებშიც რამდენადმე მსგავსი ვითარება არსებობდა; თადარიგში მყოფები მოდიოდნენ, მათი კვების სახსრები კი არ იყო, ვინაიდან ფულების გამოგზავნა გვიანდებოდა.
27 აპრილი. ამრიგად, საჭირო იყო მოწინააღმდეგის შეჩერებისთვის ზომების მიღება. პირველი ზომა გახლდათ სასაზღვრო ხიდების დაუყოვნებლივ დაუფლება: 1) სარკინიგზო ხიდისა ფოილოსთან – მტკვარზე, 2) წითელი ხიდისა ხრამზე. ეს ხიდები ჩვენს სასაზღვრო ხიდებად ითვლებოდა, მაგრამ ორივე აზერბაიჯანის ხელისუფალთა ხელში იყო. თუ რითი იყო გამოწვეული ასეთი მდგომარეობა, ჩემთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ვიცი, რომ აზერბაიჯანული სასაზღვრო ჯარების გუშაგები ხიდების აქეთა მხარეს ჩვენს ტერიტორიაზე იდგნენ. მე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენელი ჩემთან მოვიწვიე და ვთხოვე მას, რომ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით ფოილოში ტელეგრამა გაეგზავნა, რათა აზერბაიჯანელი გუშაგი უკანვე მტკვრის იქით გადაეყვანათ. და ეს ხიდი მთლიანად ჩვენს ხელში აღმოჩნდებოდა. ეს უმტკივნეულოდ იქნა გაკეთებული. წითელ ხიდთან ეს არ მომხდარა, ვინაიდან იქითკენ ტელეგრაფი არ იყო და იქ საქმემ დავა-კამათების გარეშე ვერ ჩაიარა. ამასთან ერთად ფოილოს ხიდთან საჩქაროდ იქნა გაგზავნილი ერთი ვერმობილიზებული ბატალიონი, რომლის მეთაურმა პოლკ. კონჩუევმა ჩემგან მიიღო ბრძანება აეფეთქებია ხიდი, როცა მისი თავდაცვისთვის ყველა საშუალებას ამოწურავდა. ჩვენი საინჟინრო ნაწილების მიერ ხიდი აფეთქებისთვის იქნა მომზადებული.
ამავდროულად წითელ ხიდთან გაიგზავნა ერთი გვარდიული კახური ბატალიონი, რომელიც უცნობი იყო თუ რა მიზეზით იმყოფებოდა ნავთლუღში არტილერიით; იქითვე გავაგზავნე გვარდიის ცხენოსანი დივიზიონიც. ამ დრომდე მქონდა შთაბეჭდილება, რომ გვარდიას, სახალხო გვარდიის შესახებ დებულების თანახმად, საარმიო ნაწილებზე უფრო სწრაფად შეუძლია მობილიზაცია. მაგრამ ეს ასე სულაც არ ყოფილა; რადგანაც ვიცოდი, რომ გვარდიის ერთ-ერთი ბატალიონი თავისი სადგომიდან მხოლოდ 12-ე დღეს გამოვიდა მას შემდეგ, რაც მიიღო ბრძანება მობილიზაციის შესახებ, რაც არ შეიძლება სწრაფ გამოსვლად ჩაითვალოს, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ გვარდიას მატერიალური კმაყოფის მეტი სახსრები და საშუალებები გააჩნდა. მთლიანობაში კი, უნდა ითქვას, რომ გვარდიის ბატალიონები უფრო სწრაფად იყვნენ მზად გამოსვლისთვის, ვიდრე არმიისა, რომლებიც სამჯერ უნდა გაზრდილიყვნენ. თუმცა კი უკანასკნელნი ასევე სწრაფად იქნებოდნენ მზად, და შესაძლოა, უფრო სწრაფადაც, რომ არ ყოფილიყო დაყოვნება შეიარაღებითა და მატერიალური კმაყოფით მათ უზრუნველყოფაში.
თ ა ვ ი XIV
ბოლშევიკების თავდასხმა სამხედრო სკოლაზე. – ბოლშევიკების შემოტევა. – წითელი ხიდი
ბოლშევიკების თავდასხმა სამხედრო სკოლაზე
ასეთი გახლდათ ჩემი პირველი ღონისძიებანი, როცა გაჩაღებულ იქნა მოვლენა, სამახსოვრო მთელი თბილისისთვის. ეს იყო ბოლშევიკების ღამის თავდასხმა სამხედრო სკოლაზე. 1-ლ მაისს თბილისში, როგორც ყოველთვის, „1-ლი მაისის დღესასწაულს“ ზეიმობდნენ. დემონსტრაციის დროს, როგორც გადმომცეს, ბრბომ სცემა ბოლშევიკებს, რომლებიც თავიანთ ცალკე ორგანიზაციად გამოვიდნენ. მგონი, იმავე საღამოს, და ყოველ შემთხვევაში, თუ არა 1-ლ, მაშინ 2 მაისს* (*2 მაისს ღამის 1-ლ საათზე), სახალხო სახლში მუშათა დეპუტატების საბჭოს სხდომა იყო დანიშნული. მე ვესწრებოდი ამ სხდომას, სადაც მთავრობის წევრები გამოდიოდნენ სიტყვებით შექმნილი ვითარების შესახებ. სხდომა თითქმის ღამის თორმეტ საათამდე გაგრძელდა, როცა მე ჩემთან სახლში გვემგზავრე. მაშინ სამხედრო სკოლის შენობაში ვცხოვრობდი. მე გენ. ზაქარიაძე მაცილებდა. როგორც კი ავტომობილი სკოლის სადარბაზოსთან მივიდა, სადღაც ახლოს გასროლა გაისმა. გენ. ზაქარიაძემ შენიშნა: „ისვრიან“; მე ვუპასუხე, რომ ეს პირველი არ არის და არც ყურადღება მიმიქცევია. ზაქარიაძე გაემგზავრა, მე კი, ავედი რა ჩემთან, მაგიდას მივუჯექი და ჭამა დავიწყე. სახლში ყველას ეძინა. 10–15 წუთი გავიდა, როცა ხმაური, ფეხების ტყაპუნი და ყვირილები მომესმა. ეს ხმა ვესტიბიულის ან სამორიგეო ოთახის მხრიდან მოდიოდა. რადგანაც ხმაური ხანგრძლივი იყო, ამიტომ მე, შეშფოთებული, ტელეფონთან მივედი და ვითხოვე მორიგე ოფიცრის ოთახთან შევეერთებინე. მიპასუხეს, რომ სამორიგეო ოთახი არ პასუხობს. მე პირადად გავემართე სამორიგეო ოთახისკენ. როცა იქ შევედი, დავინახე პალტო, რომელიც იატაკზე ეგდო. ირგვლივ სრული სიჩუმე იდგა. მე გამიკვირდა, რომ სამორიგეო ოთახში არავინ არ იყო, ვინაიდან ოფიცრის არყოფნისას იქ მორიგე იუნკერი უნდა ყოფილიყო. მე კიბის ბაქანზე გამოვედი. ზევით ფულის ყუთთან იმყოფებოდა ყარაული 3 ადამიანისგან. ყარაულის უფროსად ყოველთვის იუნკერი ინიშნებოდა. ამჯერად ყარაულის უფროსად იუნკერი გეგეჭკორი გახლდათ. მე ქვემოდან ვკითხე ყარაულის უფროსს, თუ აქ რა მოხდა. მან გაურკვევლობით მიპასუხა, მაგრამ შემდეგ დაუმატა, რომ, მგონი, იუნკრებმა იჩხუბესო; რომ იქ ასევე გარეშე პირებიც იყვნენო. მაშინ მე ყარაულიდან ერთ-ერთ ჯარისკაცს ვუბრძანე იუნკრების სადგომში მისულიყო და გაეგო, თუ რაში იყო საქმე. ჯარისკაცი ჩამოვიდა და დანიშნულების მიხედვით წავიდა. მე ბაქანზე დავრჩი და დაველოდე. შესაძლოა, 2–3 წუთი გავიდა. ჯარისკაცი დაბრუნდა და მომახსენა, რომ ყველა იუნკერი სადგომშია თავმოყრილი და რომ იქ ასევე ჩვენი ოფიცრებიც არიან, და რომ გარეშეთაგან იქ არავინაა. მე მაშინ იქ პირადად წავედი. რაღაც წინათგრძნობით მინდოდა ჩემთან ბინაზე დავბრუნებულიყავი და „ნაგანი“ ამეღო. მამრამ ჯარისკაცის მოხსენებითა და სრული სიჩუმით დამშვიდებული აღარ დავბრუნებულვარ, არამედ მარტო იუკნერთა სადგომისკენ გავემართე. მისაღები ოთახი გავიარე, რომელიც სამორიგეო ოთახის გვერდით იყო, და დერეფანში შევუხვიე, რომელიც მისაღები ოთხის პერპენდიკულარულად მიემართებოდა. ამ დერეფნიდან 4 კარი გადის: ერთი კიბეზე, რომლითაც ზემოთ უნდა ახვიდეთ იუნკრების სადგომსა და მეზობელ ასეულებში; მეორეს დერეფნის სიღრმეში ასევე კიბეზე გავყავართ, რომლიდანაც შეიძლება სკოლის პლაცზე გასვლა; მესამე და მეოთხე კარებს სამასწავლებლო ოთახსა და ერთ-ერთ კლასთან მივყავართ. როგორც კი დერეფანში შევუხვიე, რომელიღაც სამოქალაქო ბატონი შევნიშნე, რომელიც, გამოვიდა რა იმ კარიდან, რომელსაც კიბეზე და შემდეგ იუნკერთა სადგომიკენ შევყავდით, სწრაფი ნაბიჯით სხვა კარისკენ გაემართა, რომელიც იმ კიბეზე გადიოდა, საიდანაც სკოლის შიდა პლაცზე გასვლა შეიძლებოდა. მას გრძელი ლაბადა ეცვა და თავზე ველოსიპედისტის რბილი ქუდი ეხურა. მან ვერ მოასწრო კარამდე მისვლა და მასში მიმალვა, როცა მას შევეხმიანე. ეს ბატონი ჩემსკენ შემობრუნდა და, რაღაცის ყვირილით, მომვარდა. იგი 10–12 ნაბიჯზე გახლდათ, როცა მის აწეულ ხელში რევოლვერი დავინახე, რომელიც ჩემსკენ ჰქონდა მომართული. მე ჯიბეში პატარა ჯიბის რევოლვერი მქონდა, რომელიც ჯერ კიდევ 1894 წელს ვიყიდე და რომელსაც არასოდეს ვიშორებდი. ეს რევოლვერი მოძვლებული გახლდათ და უკანასკნელ წლებში შევნიშნე, რომ ყოველთვის ვერ ისროდა, ხშირად მიმტყუნებდა ხოლმე. მე არ მახსოვს, ჩვენ ორიდან პირველმა ვინ გაისროლა, მგონი, მან. ჩემი რევოლვერი თვითშემართვადი იყო და მისი საპასუხო გასროლა მხოლოდ მეორე თუ მესამე ჯერზე გაისმა; ყოველ შემთხვევაში ჩახმახის ჩემს პირველ გამოკვრას გასროლა არ მოჰყოლია. ამასობაში ეს ბატონი, ჩემთან მოახლოებისას, სროლას განაგრძობდა. მეორე გასროლა მე არ გამომივიდა. მე იმ კართან ვიდექი, რომელსაც მისაღებში შევყავდი. ის არ იხურებოდა. მე შემოვბრუნდი და იქით შევვარდი. გავირბინე რა მისაღები, მე კიბით იმ ბაქანზე ავირბინე, რომელიც სამორიგეო ოთახის წინ იმყოფებოდა. აქ გავჩერდი და ზურგისკენ შემოვბრუნდი. ჩემი მოწინააღმდეგე იმ კარში იდგა, რომლის მახლობლადაც მე ვიდექი, როცა იგი მესროდა. მე კიბის ბაქანზე ვიმყოფებოდი და ზემოდან ელექტრული ჭაღი დამნათოდა. ვეცადე კიდევ გამესროლა; ჩემმა რევოლვერმა ერთხელ კიდევ გაისროლა და შემდეგ კი ისევ რამდენჯრმე მიმტყუნა. იგი, ჩემი მოწინააღმდეგე, სროლას განაგრძობდა. შემდეგ კარში, რომელიც ჩემს უკან იმყოფებოდა, ხუთი ნატყვიარი იპოვეს; ერთ-ერთმა ტყვიამ ის კარი გაიარა და სხვა კარში გაიჭედა, რომელსაც ჩემს ოთახში შევყავდით. მაშინ მე ჩემს ოთახში შევვარდი. ახლაც არ შემიძლია ზუსტად ავხსნა, თუ როგორ შევძელი ასე სწრაფად ჯიბეში გასაღების მოძებნა და კარის გაღება: გასაღები ერთ გოჯზე მეტი არ არის, ბრტყელია; ამასთან ის ინგლისური შიდა საკეტის ძლივს შესამჩნევ ღრიჭოში უნდა შემეყო. შევირბინე რა ჩემს ოთახში, მე უწინარეს ყოვლისა „ნაგანით“ შევიარაღდი, რომელიც ჩემს ღამის პატარა მაგიდაში იმყოფებოდა.
ეზოში გასროლების ხმა ისმოდა. მე გავივე, რომ სამხედრო სკოლაზე ხდება თავდასხმა. ტელეფონთან მივედი და გენერალურ შტაბს დავუკავშირდი; ტელეფონთან დადგენილი წესის მიხედვით მორიგე ოფიცერი იმყოფებოდა. მე ვკითხე მას, თუ ცნობს ვინ ელაპარაკება. მან იცნო ჩემი ხმა და მაშინ, ავუხსენი რა მოკლედ ვითარება, მე მას ვუბრძანე, რათა მას დაუყოვნებლივ ეცნობებია ტელეფონით ყველასთვის სამხედრო სკოლაზე თავდასხმის შესახებ, სამხედრო მინისტრისთვისაც, შტაბის უფროსისთვისაც, გვარდიის შტაბშიც, გარნიზონის უფროსისთვისაც, რათა დაუყოვნებლივ ყოფილიყვნენ გამოძახებული ჯავშნოსანი ავტომობილები, აგრეთვე გვარდიის ან არმიის ნაწილები.
ჩემთან ბინაში ამ დროს პეტრე ციციშვილი ცხოვრობდა, რომელსაც გორში სახლი მიწისძვრის დროს დაენგრა; იგი ჩემი საბრძოლო ამხანაგი გახლდათ რუსეთ-იაპონიის ომიდან, სადაც ჩვენ ერთსა და იმავე პოლკსა და ბატალიონში ასეულებს ვმეთაურობდით. იაპონიის ომის შემდეგ მან საინტენდანტო აკადემია დაამთავრა. უკანასკნელი ომის დროს ჯერ დივიზიის ინტენდანტი გახლდათ, ხოლო შემდეგ კი კორპუსისა, და კავკასიის ფრონტზე ერთ-ერთ საუკეთესო ინტენდანტადაც ითვლებოდა. იგი ჩვენს ქართულ არმიაში სამსახურიდან ჯერ კიდევ 1919 წელს იქნა დათხოვნილი; არ ვფიქრობ, რომ მას შეეძლო რაიმე დანაშაული ჩაედინა. უეჭველად ძალზედ ენერგიული და უნარიანი ოფიცერია. დავტოვე რა ტელეფონი, მე მის ოთახთან მივედი და კარზე დავუკაკუნე. იგი სახლში არ აღმოჩნდა; სახლში მხოლოდ მისი ცოლი გახლდათ. მაშინ მე ტელეფონით ჩემს თანაშემწეს პოლკ. ჩხეიძეს დავურეკე. ტელეფონთან მისი ერთ-ერთი ვაჟიშვილი, 16–17 წლის ბიჭი აღმოჩნდა, რომელმაც კითხვაზე „სად არის მამაშენი“, მიპასუხა, რომ „მამამ ტანზე ჩაიცვა, კარაბინი აიღო და სადღაც წავიდა“. მან დაუმატა, რომ ახლა თვითონ მოვა ჩემთან. ამ დროს ეზოში შორეულ კუთხეში, გვარდიის იარაღის საწყობთან, სროლის ხმები გაისმა. მე პოდპ. გარდაფხაძის ბინაში დავიწყე ტელეფონით რეკვა, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. ამ დროს ჩემთან პოლკ. ჩხეიძის ვაჟიშვილი მოვიდა, რომელსაც არაფერ ახლის შეტყობინება არ შეეძლო და სრულიად არაფერი იცოდა, თუ სკოლაში რა ხდებოდა. არ მქონდა რა შესაძლებლობა გამეგო, თუ ნამდვილად რა ხდება სკოლაში, როგორია თავდასხმის ზომები, მე ეზოში, სკოლის პლაცზე გამოვედი. სავსე მთვარე დაგვნათოდა. იარაღის გვარდიული საწყობის მახლობლად ბრბო მოჩანდა, გასროლებისა და ყვირილის ხმა ისმოდა. რაიმეს გარკვევა შეუძლებელი გახლდათ. იმ კორპუსის მხრიდან, სადაც იუნკრებისა და უნტერ-ოფიცერთა ბატალიონის ზოგიერთი ასეულის სადგომ-სათავსოები იმყოფებოდა, სრული სიმშვიდე იდგა; ფანჯრებში არავინ იყურებოდა, თითქოსდა არც ამ გასროლების ხმა ესმოდათ და არც ადამიანთა ყვირილისა. მე პოლკ. ჩხეიძის ბინაში შევედი და იქიდან ტელეფონით გენერალურ შტაბს კიდევ დავუკავშირდი. მორიგე ოფიცერმა შემატყობინა, რომ მან ყველგან გადასცა განკარგულებები და რომ ჯავშნოსანი ავტომობილები მალე გამოცხადდებიან. მე მას ვუთხარი, რომ დაეჩქარებინა. მესმოდა რა გასროლები იარაღის გვარდიული საწყობის მხრიდან, რომლის რაიონშიც უნტერ-ოფიცერთა ბატალიონის სამი ასეული იმყოფებოდა, ვხედავდი რა იქ ბრბოს, მე დავიწყე იმ ფიქრის დაშვება, ხომ არ გადავიდა ბატალიონი ბოლშევიკების მხარეზე, მით უმეტეს, რომ არავინ მოდის ჩემთან მითითებების მისაღებად, არც ოფიცრები, და არც ჯარისკაცები. უკანასკნელმა ფიქრმა, ჩემი სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, მაიძულა მეფიქრა, რომ, უეჭველია, ბოლშევიკებს შეუძლიათ ტყვედ ჩამიგდონ. ამიტომ ჩემს ბინაში არ დავბრუნებულვარ, და მთელ დროს ან ეზოში ვიმყოფებოდი, ან პოლკ. ჩხეიძის ბინაში. შევეცადე პოლკ. ჩხეიძის ბინიდან ფანჯარა გამეღო; პლეხანოვის გამზირზე გადიოდა. პოლკ. ჩხეიძის ბინა დაბლა სართულზე იმყოფებოდა, რომელიც ქუჩის დონეს შეესაბამებოდა. ამ ქუჩაზე შენობის გასწვრივ ვიღაც ადამიანები იდგნენ და იქ იშვიათად გასროლების ხმაც ისმოდა. მე განსაკუთრებით გამაკვირვა იმ გარემოებამ, რომ იუნკერთა მხრიდან არაფრის ხმა არ მოდიოდა; მათ შესახებ ვერაფერს გაიგებდით. მე ვერაფერს მივმხვდარიყავი. თუ ფიქრი გამიჩნდა, რომ ჯარისკაცები ან, უკიდურეს შემთხვევაში, მათი ნაწილი შეიძლებოდა ბოლშევიკების მხარეზე გადასულიყვნენ, იუნკერთა მიმართებაში ამის დაშვება არ შემეძლო.
როცა პოლკ. ჩხეიძის აივანზე ვიმყოფებოდი, მეზობელი აივნიდან კლასების ინსპექტორი გენ. ჩხეტიანი შემომეხმიანა, რომელმაც მკითხა, თუ რაში იყო საქმე. მე ვუპასუხე, რომ ხდება ბოლშევიკების თავდასხმა სკოლაზე, რომ გვარდიის საწყობთან ბრბო იკრიბება, რომ იქ გასროლების ხმა ისმის და გარდა ამისა არ მაქვს შესაძლებლობა გავარკვიო, თუ რაშია საქმე, იქ ჩემი წასვლა შეუძლებლად მიმაჩნია, ვინაიდან მოქმედებების სულ დასაწყისშივე მე, მთავარსარდალი, შეიძლება ბოლშევიკების ხელში ჩავვარდე. მან გამოთქვა მზადყოფნა პირადად წასულიყო, მაგრამ სინანული გამოხატა, რომ მას რევოლვერი არ ჰქონდა. მე მას რევოლვერი შევთავაზე, მაგრამ საქმეში მისი მეუღლე ჩაერია, რომელმაც შეუშალა კიდეც ხელი მისი სურვილის აღსრულებას. მე აღარ დამიჟინია, რადგანაც იგი, როგორც ოფიცერი, უეჭველად დაპატიმრებული იქნებოდა ბრბოში, რომლის განწყობაც ჩემთვის ცნობილი არ იყო. და მე ასე მაინც ვერ შევიტყობდი ვითარებას. ამ მიზნისთვის უმჯობესი იყო ჯარისკაცი გამეგზავნა, მაგრამ ასეთი ჩემს განკარგულებაში არავინ ყოფილა. დრო გადიოდა. იუნკრების დუმილმა, გაურკვევლობამ, თუ რა მოუვიდა პოლკ. ჩხეიძეს, მოქმედების სრულიად შეუძლებლობამ და ლოდინის აუცილებლობამ ისეთი გამტანჯველი ვითარება შემიქმნეს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არასოდეს განმიცდია. ერთხელ რუსეთ-იაპონიის ომში მე შეცდომაში ვიქენი შეყვანილი და მოულოდნელად, ღამით, ჩემს ჯარისკაცთან (ординарец) ერთად ქალქ პუშუნში შევედი, რომელიც იაპონელებს ჰქონდათ დაკავებული, და მათ ბანაკს მივადექი; იაპონელები მხოლოდ მაშინ ვიცანი, როცა მათთან ლაპარაკი დავიწყე. ჩვენ ცეცხლი გაგვიხსნეს, ჩემი ჯარისკაცი მოკლულ იქნა, მე კი ამ ქალაქიდან ცხენით გამოვაღწიე. მე უსუსური გახლდით, მტრის რაიონში, და არ ვიცოდი, როგორ მეხსნა თავი ამ მდგომარეობიდან. მაშინ არ განვიცდიდი იმ ტანჯვას, რომელმაც ახლა მომიცვა. მე მთელ დროს პოლკ. ჩხეიძის ბინაში მიმოვდიოდი და პლაცზეც გავდიოდი, ველოდებოდი რა მოვლენებს რევოლვერით ხელში, რომლის სასხლეტიც სულ შემართული მქონდა. მე ის ავიღე, რათა მოულოდნელი შეხვედრისას შესაძლებლობა მქონოდა მაშინვე დამემიზნებია და გამესროლა. მხოლოდ სამორიგეო ოთახში, სადაც ჩვენ ბოლშევიკების მოგერიებისა და სრული სიმშვიდის დამყარების შემდეგ, 1–2 საათის მერე შევიკრიბეთ, შევნიშნე, რომ ჩემი რევოლვერის ჩახმახი ისევ შემართული მქონდა.
ამასობაში მოხდა შემდეგი. ბოლშევიკები რამდენიმე ათეული ადამიანის რაოდნობით, დააყენეს რა სკოლის შენობის გარშემო თავიანთი გუშაგები, თვითონ 25–30 ადამიანის რაოდენობით გადმოძვრენ სკოლის კედელზე დიდი მთავრის ქუჩის მხრიდან და სკოლის შიდა ეზოში შემოაღწიეს, სადაც ერთ-ერთ შენობაში გვარდიის ყარაული იმყოფებოდა, რომელიც გუშაგებს აყენებდა იმ კართან, რომელსაც დიდი მთავრის ქუჩაზე გავყავართ, შემდეგ თავიანთ ყაზარმებთან, სადაც მათ სასურსათო და სანივთე მარაგები ჰქონდათ, და ვაზნების საწყობთანაც. ამრიგად ამ რაიონზე მეთვალყურეობა ამ ყარაულის მოვალეობას წარმოადგენდა, უეჭველად რჩეული გვარდიელებისა. შემოაღწიეს რა ეზოში, ბოლშევიკები შიდა აივანზე და იქიდან მისაღებ ოთახში მიმავალ იმ კართან ამოვიდნენ, რომლის მახლობლადაც მე ერთ-ერთი მათგანი მესროდა. ამ დროს მორიგე ოფიცერი კაპ. ქარუმიძე იდგა ამ კართან, მისდამი ზურგით, და იუნკერს ესაუბრებოდა. ბოლშევიკები ბრბოდ 10–12 ადამიანი, მას ზურგიდან ეცნენ და, შეიპყრეს რა, კიდეც განაიარაღეს. ამ სცენას უყურებდა იუნკერი ისკანდერაშვილი, რომელიც სამორიგეო ოთახის შორიახლოს გაიქცა, საპარადო სადარბაზოში გამოვარდა და იქიდან პოლკ. ჩხეიძისა და პოდპ. ბალუევის ბინაზე მივიდა. ბოლშევიკები, როცა კაპ. ქარუმიძე შეიპყრეს, სამორიგეო ოთახში შეცვივდნენ, სადაც იქ თავს დაესხნენ მძინარე კაპ. ჯაფარიძეს. შემდეგ მათ ორივე პატიმარი იუნკერთა სადგომში წაიყვანეს, გაწყვიტეს რა სატელეფონო სადენები. იუნკერთა სადგომი 5 ოთახისგან შედგებოდა; 4 მათგანი საძინებელი გახლდათ, მე-5 კი, შუა, შესაკრები ოთახი იყო და მასში შაშხანები და ვაზნები ინახებოდა. მორიგე იუნკერი მხოლოდ ხიშტით იყო შეიარაღებული. ეს 5 ოთახი ერთ რიგად იყო განლაგებული; მათი გაყოლებით შემინული დერეფანი მიემართებოდა, საიდანაც იუნკერთა სადგომში იმ კარის გავლით შეიძლებოდა მოხვედრა, რომელიც შუა ოთახში შედიოდა, სადაც იარაღი და ვაზნები იმყოფებოდა. იუნკრებს ეძინათ; დაახლოებით 12 საათი გახლდათ. შევიდნენ რა ოთახში, სადაც იარაღი და ვაზნები იმყოფებოდა, ბოლშევიკები ბატონ-პატრონები აღმოჩნდნენ მძინარე და უიარაღო იუნკრებთან მიმართებაში. მათ ისინი გააღვიძეს და ყველანი იმ კიბის მახლობელ განაპირა ოთახში შეიყვანეს, რომელსაც ქვემოთ სამორიგეო ოთახისკენ მივყავართ. დატოვეს რა აქ ორი გუშაგი ხელში მაუზერებით ერთად შეყრილი უიარაღო იუნკრების წინააღმდეგ, ბოლშევიკები ყაზარმების რაიონისკენ გაემართნენ, რომლებიც გვარდიელთა ვაზნების საწყობთან იმყოფებოდნენ. აქ მათ გუშაგები განაიარაღეს, ვაზნების საწყობის კარი გატეხეს, მათი ნაწილი ყაზარმებში შევიდა და ჯარისკაცების გაღვიძება დაიწყო. მათ გამოუცხადეს, რომ მთავრობა უკვე დაპატიმრებულია, რომ გენ. კვინიტაძე და პოლკ. ჩხეიძე ასევე დაპატიმრებულნი არიან, რომ მთელი გარნიზონი მათ მხარესაა, რომ სკოლა ჯავშნოსანი ავტომობილებით და მათ მხარეზე გადასული ჯარებითაა გარშემორტყმული. ისინი რევოლვერებით იმუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, რომ ჯარისკაცებს ტანზე ჩაეცვათ და ეზოში გამოსულიყვნენ, და ვაზნებიც გაენაწილებიათ. 40 კაცი ძალით იქნა გამოყვანილი და სწორედ იმ ბრბოს შეადგენდნენ გვარდიული ვაზნების საწყობის მახლობლად, რომელიც მე მაშფოთებდა და რომლის განწყობაც ჩემთვის საიდუმლო გახლდათ.
აი რა მოხდა ამასობაში ბოლშევიკთა შემოღწევის სულ დასაწისშივე. როცა ბოლშევიკები ღობეზე გადმოძვრენ, ერთ-ერთი გვარდიელი გუშაგი, რომელიც სურსათისა და ნივთების საწყობთან იდგა, ხედავდა რა, რომ ბოლშევიკები ვაზნების საწყობს დაეცნენ, გვარდიული ყარაულის სადგომში გაიქცა და მომხდარი თავდასხმის შესახებ შეატყობინა. მაშინ გვარდიის ყარაული, აიღო რა შაშხანები, დასახმარებლად წამოვიდა. მათი ლაშქრობა იღბლიანი ვერ გამოდგა. როგორც კი ისინი პლაცს მიუახლოვდნენ, რომლისკენაც სკოლის შიდა ეზოს მხრიდან მიდიოდნენ, მათ რამდენიმე ბოლშევიკი დაუხვდა და მათი მოთხოვნით, წინააღმდეგობის გარეშე, იქნენ განიარაღებულნი და დაპატიმრებულნი.
სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, ამ დროს სრულდებოდა მეორე ლაშქრობაც, პოლკ. ჩხეიძის ლაშქრობა, მარტოდ მარტო. იგი ლოგინში იწვა, როცა მასთან იუნკერმა ისკანდერაშვილმა მოირბინა. მისი მოხსენებიდან პოლკ. ჩხეიძემ მიიღო შთაბეჭდილება, რომ ხდება თავდასხმა ფულის ყუთზე. მან ტანზე ჩაიცვა, კარაბინი აიღო და ეზოში გავიდა. როცა იგი იმ კარს უახლოვდებოდა, რომელსაც პლაციდან შენობაში შევყავართ, სადაც იუნკრები და უნტერ-ოფიცერთა ბატალიონის ასეულების ნაწილი იყვნენ განთავსებულნი, მან ამ კარის ზღურბლზე ორი სილუეტი შენიშნა, რომელთაგან ერთ-ერთში პოდპ. ბალუევი ამოიცნო. იუნკერმა ისკანდერაშვილმა, როგორც ზემოთ მივუთითებდი, პოდპ. ბალუევიც გააფრთხილა, რომელსაც არც ეძინა და არც ტანზე ჰქონდა გახდილი. მან აიღო რევოლვერი და იმ გზით წავიდა, რომლითაც შემდეგ პოლკ. ჩხეიძეც მიდიოდა. როცა მან კარი გააღო და შენობაში შედიოდა, იგი მაშინვე 5 ბოლშევიკის მიერ იქნა ალყაშემორტყმული, რომლებმაც იგი განაიარაღეს, მასთან მხოლოდ ერთი გუშაგი დატოვეს, ხოლო თვითონ კი ყაზარმებში გაემართნენ. საფრთხის შესახებ ყოველგვარი ფიქრისგან შორს მყოფი, და ერთ-ერთ სილუეტში თან თავისი ოფიცრის შემცნობიც, პოლკ. ჩხეიძე მათ მშვიდად უახლოვდებოდა. იგი მათ 3–4 ნაბიჯის მანძილზე მიუახლოვდა, ბოლშევიკმა მას ესროლა, მაგრამ, საბედნიეროდ, ააცდინა. პოლკ. ჩხეიძემაც უპასუხა, მაგრამ ასევე ააცდინა. ეს ბოლშევიკი შენობის გაყოლებით ტროტუარზე გაიქცა, თან მაუზერიდან უკან ისროდა. მან მხოლოდ 60 ნაბიჯის გარბენა მოასწრო, როცა მას პოლკ. ჩხეიძის ტყვიამ უწია, რომელიც რუსული ჯარების რიგებში მსროლელისა და შესანიშნავი მონადირის სახელით იყო ცნობილი, და ყოველწლიურად პრიზებსაც იღებდა. ბოლშევიკი სკოლის ეკლესიის მახლობლად წაიქცა, საიდანაც მისი გვამი შემდეგ კიდეც წაღებულ იქნა.
ამის შემდეგ პოლკ. ჩხეიძე თავის მარშს აგრძელებდა, თუმცა კი მარშრუტი შეიცვალა. მან შვეიცარი გააღვიძა და ვესტიბიულში შემოვიდა. იქიდან იგი მაღლა ამოვიდა, ჩემს ბინაში დააკაკუნა, როგორც ჩანს, უნდოდა გავეფრთხილებინე. მე ამ დროს უკვე ან პლაცზე ვიყავი, ან კიდევ მის ბინაში. ჩვენი ბაბალე, შვილების ძიძა, რომელმაც მისი ხმა ვერ იცნო და ვარაუდობდა, რომ ეს ბოლშევიკები აკაკუნებენ, კარების გაუღებლად პასუხობდა, რომ გენერალი სახლში არ არის. პოლკ. ჩხეიძე მაღლა ავიდა, ფულის ყუთის ხელშეუხებლობაში დარწმუნდა, ყარაული გააფრთხილა, რათა ის სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო, და იუნკერთა სადგომში წავიდა. როგორც ჩანს, ყარაულში მყოფებს იგი არ გაუფრთხილებიათ იმის შესახებ, თუ მე რა მომივიდა. საერთოდ ყარაული თავის უფროსთან ერთად დაუშვებლად ინერტული გახლდათ. ჩამოვიდა რა სამორიგეო ოთახთან, პოლკ. ჩხეიძე იმავე გზით წამოვიდა, რომელსაც მე მივყვებოდი. ამჯერად იგი სიფრთხილით დადიოდა, ჰქონდა რა კარაბინი, მონადირესავით, სრულ მზადყოფნაში რომ ესროლა. როცა იგი დერეფანში შედიოდა, სწორედ იმაში, სადაც პირველად მესროლეს, მან ვიღაც ბატონი შენიშნა. ეს ბოლშევიკების გუშაგი გახლდათ, რომელიც მათ მიერ ამჯერად იმისთვის იყო დაყენებული, რომ მოულოდნელად თავს არავინ დასხმოდათ. ერთდროულად ორი გასროლა მოხდა. ბოლშევიკმა ააცდინა, მაგრამ თვითონ პოლკ. ჩხეიძის ტყვიისგან წაიქცა. იატაკზე დავარდნილი ბოლშევიკი ცდილობდა მეორე გასროლაც მოეხდინა, მაგრამ პოლკ. ჩხეიძის მეორე გასროლამ მას საბოლოოდ მოუღო ბოლო. მასთან გამკლავების შემდეგ პოლკ. ჩხეიძე იუნკერთა სადგომში ავიდა.
როცა მან შემინულ გალერეას მიაღწია, რომელიც იუნკერთა სადგომის გაყოლებით მიდიოდა, მან ფანჯრიდან შეკრებილი იუნკრები დაინახა. მათ იგი შენიშნეს, ფანჯარა გააღეს და უთხრეს, რომ მათ ორი ბოლშევიკი დარაჯობს მაუზერებით. უნდა ითქვას, რომ როცა იუნკრები დაპატიმრებულ იქნენ, ბოლშევიკებმა შესთავაზეს მათ რომ მათთან შეერთებულიყვნენ, მაგრამ იუნკრებმა ეს გადაჭრით უარყვეს. პოლკ. ჩხეიძეს უნდოდა მათთან შესაბმელად წასულიყო, მაგრამ იგი არ გაუშვეს. მაშინ იგი უნტერ-ოფიცერთა ბატალიონის მეზობელ ასეულში წავიდა, იქიდან სამი შაშხანა მოიტანა და იუნკრებს ისინი ფანჯრიდან გადააწოდა. მათვე მან ვაზნების თავისი შეკვრაც გადასცა, რომელიც ბინიდან ჰქონდა წამოღებული. მე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ უნტერ-ოფიცერთა ბატალიონის ასეულებში ჩემი ბრძანებით ვაზნები არ ინახებოდა. მიიღეს რა შაშხანები, იუნკრები იერიშზე გადავიდნენ, ვისაც იარაღი არ ჰქონდათ, იმათ ტაბურეტებს სტაცეს ხელი. პოლკ. ჩხეიძე შემინულ გალერეაში რჩებოდა, რათა ბოლშევიკებისთვის უკანდახევის გზა მოეჭრა. იუნკრებმა სინათლე ჩააქრეს და ბოლშევიკებს მივარდნენ, ტყვიებსა და ტაბურეტებს ესროდნენ. ბოლშევიკები გაიქცნენ, რომლებსაც კვალში გასროლები და ტაბურეტები მიჰყვებოდათ. ისინი საძინებელი ოთახების გავლით გარბოდნენ და უკანასკნელი ოთახიდან საწვმარი მილის ჩაყოლებით პლეხანოვის გამზირზე გავიდნენ. ერთი მათგანი დაჭრილი გახლდათ, მე ვნახე სისხლის კვალი ფანჯარაზე, საიდანაც ისინი დაბლა ჩაეშვნენ; მაგრამ მან გაქცევა მოახერხა. მეორე დაბლა მილიციელთა მიერ იქნა დაპატიმრებული. გასროლებმა, რომლებიც სკოლის შენობაში ხდებოდა, განგაში გამოიწვია და ისინიც დასახმარებლად მოვიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ფანჯრიდან გაქცეული ზემოხსენებული ბოლშევიკი შეიპყრო. მათგან სხვა ორმა დიდი მთავრის ქუჩიდან სკოლის შენობაში შემოაღწია. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც კავალერიის ოცეულის შემადგენლობიდან ცხენების დასაცავად დაყენებულ გუშაგს მიუახლოვდა, ამ გუშაგის მიერ იქნა განიარაღებული, რომელსაც იგი ბოლშევიკი ეგონა; თუმცა კი ეს გუშაგი მხოლოდ ცივი იარაღით გახლდათ შეიარაღებული.
ბოლშევიკთა გუშაგების გაქცევის შემდეგ იუნკრებმა შაშხანები გაინაწილეს, ვაზნები აიღეს და მაშინ პოლკ. ჩხეიძემ ისინი პლაცზე გამოიყვანა, სადაც მე ტანჯვით ველოდი მოვლენებს. როგორც კი იუნკრები დავინახე, რომლებოც კარებიდან პლაცზე მწყობრად გამოდიოდნენ, მაშინვე დავმშვიდდი. ახლა უკვე შემეძლო მემოქმედა.
ამასობაში ყაზარმების მხრიდან, რომლებიც გვარდიული ვაზნების საწყობის მახლობლად იყო განლაგებული, ისევ გასროლებისა და ადამიანთა ხმები გაისმოდა. იქ, როგორც შემდეგ გამოირკვა, კურიოზული მოვლენა ხდებოდა. ოფიცრები, რომლებიც სკოლის შენობაში ცხოვრობდნენ, ამ განგაშზე თავიანთ ასეულებში მივიდნენ და ბოლშევიკებთან ერთად, რომლებიც ჯარისკაცებს მოუწოდებდნენ მათ მხარეზე გადასულიყვნენ, ასევე თავიანთ მხრივ მოუწოდებდნენ ჯარისკაცებს, რომ წამქეზებლებისთვის არ მოესმინათ. ბოლშევიკებს მათი დაპატიმრება უნდოდათ, მაგრამ ჯარისკაცებმა არ მისცეს უფლება რომ თავიანთ ოფიცრებზე ძალადობა მოეხდინათ. კაპ. ჯაფარიძე, სწორედ ის, რომელსაც სამორიგეო ოთახში მძინარეს თავს დაესხნენ ბოლშევიკები, რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული, მაგრამ ჯარისკაცების მიერ განთავისუფლებული.
მივიღე რა ხელთ იუნკრები, მაშინვე ვბრძანე სადაზვერვო რაზმები გაეგზავნათ; ერთი ბრბოს მხარეს, სადაც გასროლების ხმა ისმოდა, რათა გამერკვია, თუ იქ რა ხდება, რა ბრბოა ეს; მეორე იმ კარების მხარეს იქნა გაგზავნილი, რომელსაც დიდი მთავრის ქუჩაზე გავყავართ. ეს უკანასკნელი რაზმი პოდპ. აბულაძის უფროსობით იყო და სამი იუნკრისგან შედგებოდა, თოხაძის, კიკიანისა და მესამესგან, რომლის გვარიც აღარ მახსოვს. როდესაც ეს რაზმი ამ რაიონს მიუახლოვდა, მაშინ ერთ-ერთი ბოლშევიკისგან შეკითხვა მოესმათ: „თქვენ ვისკენ ხართ, ჩვენსკენ თუ არა?“ ოფიცერმა პოდპ. აბულაძემ, დროის მოგებისა და თავისი რაზმით მათთან უფრო ახლოს მისვლის მიზნით, უპასუხა: „და ეს ჩვენ ვინ არის, თქვენ ვინ ხართ?“ ამაზე საპასუხოდ ბოლშევიკმა მას ესროლა, მაგრამ ააცდინა. სამწუხაროდ, ტყვია იუნკერ კიკიანს მოხვდა, რომელიც მისგან ამ დრომდე იტანჯება. იუნკერმა თოხაძემ უპასუხა და ძალზედ იღბლიანადაც უპასუხა, ვინაიდან მისმა ტყვიამ ამ ბატონს ნახევარი თავი წააცალა. მაშინვე დაიწყო სროლა. ბოლშევიკები კარების მხრიდან ისროდნენ. იუნკრები, რომლებიც ჩვენთან ახლოს პლაცზე იმყოფებოდნენ, მაშინვე დაწვნენ და იმ მიმართულებით ხშირი ცეცხლი გახსნენ. მე ამ დროს იუნკერთა ფლანგზე ვიმყოფებოდი იმ კართან ახლოს, რომლის გავლითაც იუნკრები გამოვიდნენ. მე ზღურბლზე შევხტი. რამდენიმე წამის შემდეგ ჩემთან ორმა ოფიცერმა მოირბინა ბოლშევიკების მხრიდან. ჩვენ ვესტიბიულში შევედით და მე ისევ კარის ზღურბლზე გამოვედი. გამოვედი რა ზღურბლზე, შევნიშნე, რომ ბოლშევიკების მხრიდან შეწყდა გასროლები. მეც ვბრძანე სროლა შეეწყვიტათ. სროლა მაშინვე შეწყვეტილ იქნა. იუნკერთა შორის სასიკვდილოდ დაჭრილი აღმოჩნდა იუნკერი მაყაშვილი. სროლის შეწყვეტის შემდეგ ჩვენი მზვერავები მოვიდნენ და მოგვახსენეს, რომ უნტერ-ოფიცერთა ბატალიონის ასეულები ჩვენს მხარეზე არიან და რომ, როგორც ჩანს, ბოლშევიკები მდინარე მტკვრის ნაპირით გაიქცნენ. პირველი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ და მე ძალიან გამახარა. ვუბრძანე მთელი ბატალიონი პლაცზე გამოეყვანათ და მათთვის ვაზნები გაეცათ. ამასთან ერთად იუნკერთა ნაწილი მე სასწავლებლის გარშემო გავაგზავნე, მათ ყველგან საგუშაგოები დააყენეს. თავად შენობაში ჩვენ ყველა სადგომისა და სათავსოს ჩამოვლა დავიწყეთ ბოლშევიკების შეპყრობის მიზნით, თუ ისინი იქ აღმოჩნდებოდნენ. ერთ-ერთი ბოლშევიკი კურიოზულ გარემოებებში იქნა შეპყრობილი. მას სურდა ერთ-ერთი ასეულის სადგომში შეერბინა. სწორედ ამავე მომენტში ამ კარიდან გამოსვლა უნტერ-ოფიცერთა ბატალიონის ერთ-ერთ ჯარისკაცსაც უნდოდა; სამწუხაროდ, მისი გვარი ახლა არ მახსენდება. ხედავდა რა შემოსვლის მოსურნე ბატონს მაუზერით ხელში, მან უეცრად კარი მიკეტა და იგი კარში მოაყოლა. თავი და რევოლვერიანი მარჯვენა ხელი ოთახში იყო, დანარჩერნი სხეული გარეთ. მან თხოვნა დაუწყო რომ გაეშვა; ჯარისკაცმა მოსთხოვა, რათა მას იარაღი დაეგდო. ბოლშევიკმა ხელიდან იარაღი დააგდო; მაშინ ჯარისკაცი რევოლვერს დაეუფლა და იგი დააპატიმრა. ამრიგად, ორი გვამის გარდა ბოლშევიკებმა ჩვენს ხელში 3 ადამიანი დატოვეს, ერთ-ერთი მათგანი სულ დასაწყისშივე დაჭრილი პოლკ. ჩხეიძის მიერ. იმავე დღეს დანიშნულ იქნა სასამართლო, რომლის დადგენილებითაც ისინი იმ დღესვე იქნენ დახვრეტილი.
ასეულები პლაცზე გამოვიდნენ და მოქმედებისთვის მზად იყვნენ. მხოლოდ მაშინ მოვიდა ჯავშნოსანი ავტომობილი, რომელიც ახლა უკვე აღარ იყო საჭირო. სკოლაში მოვიდნენ სამხედრო მინისტრი ლორთქიფანიძე, გენ. ზაქარიაძე, ვ. ჯუღელი და სხვები. სამხედრო მინისტრმა იუნკრებსა და ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. გათენება დაიწყო.
როცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ქალაქში სიმშვიდეა და რომ თავდასხმა მხოლოდ სკოლაზე იქნა მოწყობილი, მე შეკრებილი ასეულები გავუშვი. ჩვენ ყველამ სადგომებისა და სათავსოების ჩამოვლა მოვახდინეთ, ხოლო შემდეგ კი სამორიგეო ოთახში შევიკრიბეთ. ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს. ერთ-ერთი გამოთქმული შთაბეჭდილება დამრჩა მეხსიერებაში. პოლკ. ჩხეიძემ ასეთი ფრაზა თქვა: „ეს ქეციანები ცუდად ისვრიან, ორ ნაბიჯში არ შეუძლიათ მოარტყან“. ეს გახლდათ შესანიშნავი და ჩვენი ფლეგმატური ჩხეიძის შესაფერისი. „და რა“, – შევეპასუხე, – „შენ ნანობ ამის გამო?“
იმავე დღეს ჩემი წინადადებით სკოლაში მთავრობის თავმჯდომარე მოვიდა, რომელსაც თავიდან მოსვლა არ უნდოდა, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით მოვიდა და სკოლის შემადგენლობას თავისი მოვალეობისადმი ერთგულების გამო მადლობა გამოუცხადა. სკოლაზე ეს თავხედური თავდასხმა ასე დასრულდა.
ამ საქმის გამო გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა და მან გამოძიებით მოპოვებული შედეგები არც სკოლას შეატყობინა, და არც სამხედრო უწყებას. მე შემდგომი მოვლენებით ვიყავი მოცული და ამისი დრო არ მქონდა. პირადად მე ვუშვებ, რომ ბოლშევიკებს შეიძლებოდა ჰყავდათ თანამონაწილენი სკოლის მუშებს შორის, მაგრამ ამის მტკიცებულებები არა მაქვს. ამბობდნენ, რომ ვითომ ბოლშევიკები ვარაუდობდნენ საერთო თავდასხმის მოხდენას ყველგან თბილისში და რომ სკოლაზე თავდასხმა მხოლოდ შემთხვევით იქცა ცალკეულ, ერთეულ ქმედებად. ასევე ამბობდნენ, რომ თავდასხმის ორგანიზატორი გახლდათ საშა გეგეჭკორი, რომელმაც ვითომდა მსგავსი თავდასხმა მოახდინა სასწავლებელზე, სადღაც რუსეთში, რომელიც წარმატებით იქნა დასრულებული; მოსკოვსა და პეტროგრადს ასახელებდნენ. იუნკრები მარწმუნებდნენ, რომ მე საშა გეგეჭკორმა მესროლა; მისი ტანისამოსის ჩემეული აღწერით მათ იგი შეიცნეს; მათ იგი იუნკერთა სადგომში ნახეს და ზოგიერთმა სახითაც ამოიცნო.
იმავე დღის დილიდან მე ჩემს საქმიანობას ვაგრძელებდი. ამ დროის მანძილზე მახსენდება ორი მოვლენა. არ შემიძლია გავიხსენო, თუ როდის მოხდა ისინი.
პირველი მოვლენა დამფუძნებელი კრების სხდომაზე მოხდა, რომელზედაც მოწონებულ იქნა მთავრობის მოქმედებები, რომლებსაც უკანასკნელმა ქვეყნის თავდაცვისთვის მიმართა. ის, როგორც ვიხსენებ, ბოლშევიკების თავდასხმამდე მოხდა. მე ამ სხდომას ვესწრებოდი და მთავრობის ლოჟაში ვიჯექი. დაბნეულად ვუსმენდი ორატორებს; ჩემი ფიქრები დარბოდა რუკიდან, რომელიც გენერალურ შტაბში იმყოფებოდა და რომელსაც მე სულ ახლახანს მოვწყდი, ფოილოსა და წითელ ხიდებამდე, რომლებიც საომარ მოქმედებათა თეატრად უნდა ქცეულიყვნენ. მე მთლიანად ჩემს ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, ვიხსენებდი რა გაცემულ განკარგულებებს და ვცდილობდი გამეხსენებია, თუ კიდევ რა არ უნდა დამვიწყებოდა. ამ დროს, ვგრძნობ, გვერდში ხელს მკრავს სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენ. გედევანიშვილი. მიმოვიხედე. ვხედავ, დამფუძნებელი კრების წევრები, ფეხზე წამომდგრები, ვიღაცას ესალმებიან. მე ვფიქრობდი, რომ ეს მოლაპარაკე ორატორს გრ. ვეშაპელს ეხება, რომელიც ამ დროს ესტრადიდან ჩამოდიოდა. მაშინ გენ. გედევანიშვილმა მითხრა: „ადექი, შენ გესალმებიან“. მე ავდექი და თავის დაკვრა დავიწყე. მე ძალზედ დარცხვენილი ვიყავი, ვინაიდან საერთოდ საჯარო ოვაციები ძალზედ მბოჭავს. მართალია, ეს ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ უახლოესი საომარი მოქმედებები ჩემს ფიქრებს სულ სხვა მხარეს მიმართავდა. რა თქმა უნდა, მე მოვალე ვიყავი სიტყვა მეთხოვა და დამფუძნებელი კრებისთვის მადლიერების სიტყვებით მიმემართა; მაგრამ მაშინ რაიმე უნდა მეთქვა. და ეს რაიმე კი იყო მხოლოდ: „გავაკეთებ, რაც შემიძლია“, რაც, რა თქმა უნდა, სულაც არ იყო საკმარისი და, შესაძლოა, ასეთ გარემოებებში ფერმკრთალიც იქნებოდა.
სხვა ასეთივე გრძნობა წმ. გიორგის დღეს დამეუფლა, რომელიც ახალი სტილით 6 მაისზე მოვიდა. სამხედრო ტაძრის გალავანში იყო პარადი, რომელშიც თბილისის გარნიზონის ნაწილები მონაწილეობდნენ, რომლებიც მობილიზაციის პერიოდში იმყოფებოდნენ. ლოცვის შემდეგ სამხედრო მინისტრმა გრ. ლორთქიფანიძემ ნაწილებს სიტყვით მიმართა. მე უკან ვიდექი. უეცრად მესმის, რომ სამხედრო მინისტრი წმ. გიორგის დღეზე ლაპარაკობს და იმაზეც, რომ წმ. გიორგი ყოველთვის საქართველოს დამცველია, რომ სააკაძე, საქართველოს ცნობილი გმირი, ასევე გიორგია და რომ ახლანდელი მთავარსარდალიც ასევე გიორგია, რომელიც, იგი იმედოვნებს, დაამარცხებს ჩვენს მტერს. ასეთი მისალმება ჩემთვის აგრეთვე მოულოდნელი გახლდათ. მე რამდენიმე ნაბიჯი გადვდგი წინ და გამოვაცხადე „გაუმარჯოს სამშობლოს“, ხოლო შემდეგ კი „ვაშა“ ჩვენს მთავრობას.
ბოლშევიკების შემოტევა
ამასობაში მოვლენები თავისი გზით სწრაფად მიდიოდა. ბოლშევიკებმა ჩვენს ნაწილებს შემოუტიეს, რომლებიც ფოილოს ხიდთან იმყოფებოდნენ.
1-ლ მაისს ფოილოს ხიდისკენ ორი ჯავშნოსანი მატარებელი მოემართებოდა; მათ აქეთ-იქიდან კი ქვეითი ჯარი მოდიოდა. როცა მოწინააღმდეგე ხიდს მოუახლოვდა, მაშინ მისი შუა მალი (средний пролет), რომელიც დანაღმული გვქონდა, ავაფეთქეთ და ასეთ ნაირად მის შემდგომ შემოტევას ზღვარი დაედო. შემდეგ, 3–4 კვირის მერე, გამოირკვა, რომ გულადი მაიორის მახარაძის ბატარეამ სერიოზული დანაკარგები მიაყენა ჯავშნოსან მატარებლებს და რომ მოწინააღმდეგის ერთ ჯავშნოსან მატარებელზე ერთი ქვემეხიც აუფეთქა.
რუსი ბოლშევიკები გვიტევდნენ. ომი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო, და იმის მიუხედავადაც, რომ ჩვენი წარმომადგენელი მოსკოვში ამ დროს ბოლშევიკებთან სამშვიდობო ხელშეკრულებას დებდა. ეს ხელშეკრულება მოსკოვში 7 მაისს იქნა ხელმოწერილი. ჩვენი მთავრობის შეკითხვებზე (запросы) იქიდან პასუხობდნენ, რომ ეს „ადგილობრივი ინციდენტია“. ბოლშევიკების შემოტევა გრძელდებოდა. როგორც ზემოთ მივუთითე, გვარდიის ბატალიონები გასავლელად უფრო ადრე იყვნენ მზად, და მე ისინი წითელ ხიდზე გავგზავნე, სადაც უნდა მომხდარიყო კიდეც მათი პირველი შეხვედრა. ამასთან ერთად ვვარაუდობდი, რომ გვარდია, რომელიც უმეტესი პროცენტით მენშევიკებისგან ან კიდევ ამ პარტიისადმი თანამგრძნობთაგან შემდგარი, უფრო საიმედო ელემენტი იქნება ბოლშევიკებთან პირველი შეხვედრისთვის, ვიდრე არმიის ნაწილები, სადაც ის ყოფილი ჯარისკაცები იქნენ გაწვეული, რომლებიც უკვე რუსულ არმიაში გახლდნენ ბოლშევიზმით დასნებოვნებულნი; სწორედ ისინი, რომელთა სახლებში გაშვებაც მოგვიხდა 1919 წელს მათ შორის გაბატონებულ ბოლშევიკურ მიმდინარეობათა გამო. მე ამით მინდოდა უზრუნველმეყო, რომ პირველივე შეხვედრისას ჩვენს ჯარებს წინააღმდეგობაზე უარი არ ეთქვათ, რისი მოლოდინიც შეიძლებოდა გვქონოდა, რადგანაც ჩვენი მოწინააღმდეგენი იყვნენ რუსები, რომლებთანაც ჩვენი ჯარისკაცები ერთად და მხარდამხარ ომობდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. მეორეს მხრივ, საარმიო ნაწილები ჯერ კიდევ მობილიზაციის პერიოდში იმყოფებოდნენ. მაგრამ შევცდი: სწორედ მტერთან პირველი შეხვედრისას გვარდიის ნაწილებმა ბოლშევიკებთან ანუ რუსებთან ომი არ მოისურვეს. რაკი რკინიგზა უკვე აღარ ჰქონდათ, ბოლშევიკები ყარაიაზიდან წითელი ხიდისკენ უნდა მობრუნებულიყვნენ. მტკვარზე დიდი ძალებით გადმოსვლა მათთვის სარისკო გახლდათ, რადგანაც მტკვარი გაზაფხულის წყალუხვობის გამო ყოველდღე შეიძლებოდა ადიდებულიყო, და მაშინ ისინი შეიძლებოდა თავიანთ ზურგს მოწყვეტილი დარჩენილიყვნენ. მათ მხოლოდ წითელი ხიდიღა რჩებოდათ გადმოსასვლელად. ფოილოს ხიდის აფეთქებას ჩვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა. ის ჩვენ დროს გვჩუქნიდა: მოწინააღმდეგე წითელი ხიდის გამოვლით თბილისზე უნდა წამოსულიყო, რისი გაკეთებაც მაშინვე, ზურგის, ე. ი. მარაგების მოზიდვის გარეშე მათ არ შეეძლოთ, ხოლო ეს კი დროს მოითხოვდა. მათ ერთმეოდათ ბრძოლაში თავიანთი ჯავშნოსანი მატარებლების დახმარების შესაძლებლობაც. შემდეგ მათი მოქმედებები ზაქათალასა და თბილისის მიმართულებებზე განცალკევებული (განკერძოებული) აღმოჩნდა და, პირიქით, ჩვენი კავშირი კახეთთან უფრო მეტად მყარი გახლდათ. ეს უკანასკნელი გარემოება შესაძლებლობას გვაძლევდა ჩვენი ჯარების უმეტესი ნაწილისთვის იქ მოგვეყარა თავი, სადაც ვითარება ამას მოითხოვდა; სხვანაირად რომ ვთქვათ, მთავარსარდალი მოქმედებების უფრო მეტ თავისუფლებას ღებულობდა, ვიდრე მაშინ, ფოილოს ხიდი რომ მტრის ხელთ აღმოჩენილიყო. უკანასკნელ შემთხვევაში მოწინააღმდეგეს შეეძლო საგარეჯოს რაიონს დაუფლებოდა და, შესაბამისად, ჩვენ კახეთისგან იზოლაციაში მოვქციეთ. ჩვენ კავშირი მხოლოდ გომბორის გზატკეცილით ვაზიანზე გავლით დაგვრჩებოდა, რომელიც საგარეჯოს მხრიდან დარტყმების ქვეშ აღმოჩნდებოდა. გარდა ამისა, რადგანაც ფოილოს ხიდის აფეთქების შემდეგ მოწინააღმდეგეს რკინიგზის გასწვრივ დიდი ძალებით ოპერირება აღარ შეეძლო, ამიტომ მხოლოდ წითელ ხიდზე მიმართულებით უნდა ესარგებლა; მისი საოპერაციო ხაზი ჩვენთვის ცნობილი ხდებოდა, სხვანაირად რომ ვთქვათ, მისთვის ნაკარნახევი გახლდათ (ему было продиктовано) წითელ ხიდზე წამოსულიყო, ე. ი. იქითკენ, სადაც შეგვეძლო ჩვენი ძალებისთვის თავი მოგვეყარა.
ხიდის აფეთქებამ ჩვენს მთავრობაზე უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა, და მთავრობის თავმჯდომარეც ამით მეტად უკმაყოფილო დარჩა; მან ისიც კი ბრძანა, რომ გამოძიება ჩაგვეტარებინა. ჩემს მიერ იქ გენ. სუმბათაშვილი იქნა მივლინებული. შევიტყვე რა ყველაფერი ზედმიწევნით, მე ადგილობრივი უფროსის პოლკ. კონჩუევის მოქმედებები გავამართლე. რამდენიმე დღის შემდეგ გაშლილმა მოვლენებმა ხიდის აფეთქების მიზანშეწონილობა თვალნათლივ დაადასტურეს, და მთავრობის თავმჯდომარემ მითხრა, – ძალიან კარგია, რომ ხიდი აფეთქებულიაო. როგორც ადრე ვთქვი, წითელ ხიდზე პირველი ერთ-ერთი გვადიული ბატალიონი იქნა გაგზავნილი; იგი გვარდიის ერთ ბატარეასთან ერთად მიდიოდა. კვალში მათ გვარდიის ცხენოსანი დივიზიონიც მიჰყვებოდათ.
წითელი ხიდი
ჩვენი პირველი შეტაკება ჩვენთვის უიღბლო და მეტად გულსატკენიც აღმოჩნდა. ბატალიონმა, შეხვდა რა ბოლშევიკებს, მათთან ბრძოლზე უარი განაცხადა და უკან სანდარიში დაბრუნდა, თანაც უმეტეს წილად დაიშალა. ეს ცნობა ჩვენ ღამით შევიტყეთ და ეს ღამე რამდენადმე განგაშის შემცველი გახლდათ; გავიგე რა, რომ უკან მხოლოდ ქვეითი ჯარი და არტილერია წამოვიდნენ, და რომ გვარდიის ცხენოსან ჯარზე ცნობები არ არის, მე დავმშვიდდი. ნათელია, რომ მოწინააღმდეგე მეტად მცირე ძალებით იყო მოსული, თუ ცხენოსან ჯარს შეეძლო სადღაც წითელი ხიდის რაიონში პოზიციები შეენარჩუნებია; გარდა ამისა, სანდარის უკვე მობილიზებული გვარდიული ბატალიონების თავი უახლოვდებოდა. გვარდიის მთავარი შტაბის წევრები იქ ჩემი მიწვევით გაემგზავრენ, შესაბამისი ზომების მიღების მიზნით და იმისთვისაც, რათა პირადი გავლენით მსგავსი მოვლენა მომავალში აღარ დაეშვათ.
ამ ინციდენტმა მე გამაოცა; მე ვიცნობდი გვარდიის ორგანიზაციას, ვიცოდი მათთან დისციპლინის თითქმის სრულიად არარსებობის შესახებაც, მაგრამ არ ვვარაუდობდი, რომ ბოლშევიკების საწინააღმდეგო სულისკვეთება მათში ასე სუსტი გახლდათ. მე იმედს ვამყარებდი იმ გავლენაზე, რომელიც მათ ხელმძღვანელებს ჰქონდათ გვარდიის შტაბების წევრთა სახით და ამიტომ განსაკუთრებული დაჟინებით მოვითხოვდი იმას, რომ ისინი იქ გამგზავრებულიყვნენ. მხოლოდ ამ მიზეზმა მომცა იმის საშუალება, რომ შემდგომშიც დამეშვა მათი ყოფნა გვარდიის სამწყობრო უფროსებთან, რომელთა პრესტიჟიც გვარდიელთა თვალში არცთუ ისე მაღალი გახლდათ. არ შეიძლება არ გვესმოდეს უფროსთან რომელიმე პირების ყოფნის მთელი მავნებლობა, განსაკუთრებით საომარ მოქმედებათა დროს, მით უმეტეს თუ ეს უკანასკნელნი, რომელთაც გავლენა აქვთ მასებზე, უფროსის მოქმედებებში დაიწყებენ ჩარევას. მაგრამ საჭირო იყო მოგვეთმინა ეს ბოროტება, რათა არ მომხდარიყო ის, რაც კახურ ბატალიონს მოუვიდა. ამრიგად წითელი ხიდის რაიონში ბოლშევიკები საზღვარზე გადმოვიდნენ და ჩვენს ტერიტორიაზე 10 ვერსი გამოიარეს; გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი, გოგი ხიმშიშვილის მეთაურობით, მათ აკავებდა. და ჩამოსული გვარდიული ბატალიონებიც მის გასაძლიერებლად უკვე მიდიოდნენ.
წითელს ხიდს, სადახლოსა და სანდარის შორის რაიონი წარმოადგენს დაბლობს, რომელსაც გადაკვეთავს სამი მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა-ჩაი. ეს მდინარეები თოვლის დნობის შედეგად ადიდდა და ფონით მათზე გასვლა შეუძლებელი გახლდათ; ხიდი სულ ორი იყო: ერთი მდინარე ხრამზე, ეგრეთ წოდებული წითელი ხიდი, და მეორეც სადახლოსთან. ვაგზავნიდი რა ჯარებს წითელ ხიდზე, გადავწყვიტე მათთვის თავი ორ ჯგუფად მომეყარა: ერთი სანდარიდან მოწინააღმდეგესთან შესახვედრად, რომელიც წითელ ხიდზე იყო გადმოსული, მეორე სადახლოსთან მოწინააღმდეგის ღია ფლანგზე; მოწინააღმდეგის მეორე ფლანგს მტკვარი უზრუნველყოფდა. მე დავისახე მოწინააღმდეგისთვის ფრონტიდან შემეტია და იმ ჯგუფით კი, რომელსაც სადახლოსთან ვუყრიდი თავს, მისთვის ფლანგში დამერტყა. მე გადავწყვიტე ამ ჯგუფისთვის პირადად მეხელმძღვანელა. ამასობაში პოლკ. ხიმშიაშვილს, ცხენოსანი დივიზიონის მეთაურს, მოწინააღმდეგესთან შეტაკებები უხდებოდა. მახსენდება ერთი ასეთი შეტაკება, როგორიც ძალზე დამახასიათებელია მეწინავე ნაწილებისთვის და განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომელშიც მოქმედება უხდებოდათ. ერთი ჩვენი ცხენოსანი საგუშაგო ღამის გასათევად თათრულ სოფელში განლაგდა. ღამით ამ სოფელში 40-მდე მხედრის ძალის მქონე მოწინააღმდეგის ცხენოსანი რაზმი შემოვიდა რომელიც ჩვენს საგუშაგოს თითქმის ზედ მოადგა და მისგან დანებება მოითხოვა. საგუშაგომ გასროლებით უპასუხა, რომლებითაც რაზმის უფროსი, ოფიცერი დასცეს; მთელმა რაზმმა ცხენები შეაბრუნა და სიბნელეში თვალს მიეფარა. საგუშაგოზე მხოლოდ სამი ადამიანი იყო. მოკლულ ოფიცერს ბრძანება უპოვნეს, რომლიდანაც გამოირკვა, რომ საქმე თბილისზე შემოტევის შესახებ მიდიოდა, რაც ნიშნავს, რომ ეს „ადგილობრივი ინციდენტი“ არ ყოფილა, როგორც ამას მოსკოვი იტყობინებოდა.
ამრიგად ჩვენი ფრონტალური ჯგუფი პირდაპირ წითელ ხიდზე მიდიოდა, ხოლო მეორე ჯგუფი კი, რომელიც ასევე გვარდიელებისგან იყო შემდგარი, სადახლოდან უტევდა. მარჯვენა ჯგუფს მიეთითა ტარეს გორას დაუფლებოდა, დომინირებულ სიმაღლეს, რომელიც მდინარე ხრამის იმ ნაპირზე იყო და რომლის აღებითაც მარჯვენა ჯგუფი მოწინააღმდეგის პოზიციის ფლანგზე აღმოჩნდებოდა და მის ზურგს დაეუქრებოდა. ჩვენი დაზვერვა, საჯარისო და საჰაერო, მოწინააღმდეგის განლაგების შესახებ ზუსტად მოგვახსენებდა, და ამ სიმაღლეზე მოწინააღმდეგე მას არ აღმოუჩენია.
გამთენიისას ავირჩიე პუნქტი, რომლიდანაც პირადად შემეძლო ამ ჯგუფის შეტევა თვალით მეხილა, ხოლო მარცხენა ჯგუფთან კი ტელეფონით ვიყავი დაკავშირებული და მხოლოდ რაიონის დანახვა შემეძლო; ჯარების გარჩევა კი შეუძლებელი გახლდათ; ამ ჯგუფებს შორის კავშირს გვარდიის ცხენოსანი ჯარით ვინარჩუნებდით. მარჯვენა ჯგუფმა შეასრულა ამოცანა, ტარეს სიმაღლეს დაეუფლა და მოწინააღმდეგის მხარეს გასწია. ამასობაში მარცხენა ჯგუფმა მოწინააღმდეგეს ღია ადგილმდებარეობაზე შეუტია და ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგის პოზიციას დაეუფლა, რომელიც საველე სანგრებით იყო გამაგრებული. მე ბრძოლის შემდეგ ვიყავი ამ პოზიციაზე, და როგორც ვვარაუდობდი, მოწინააღმდეგის უმნიშვნელო ძალები აღმოვაჩინე. ბრძოლის წინ ფრონტალურ ჯგუფში მყოფ ვალიკო ჯუღელს მივუთითებდი, რომ მათი ჯგუფი წინ არ გაჭრილიყო, არამედ მხოლოდ მოწინააღმდეგე თავის პოზიციაზე მიჯაჭვა, რათა შესაძლებლობა მიეცა მარჯვენა ჯგუფისთვის რომ მოწინააღმდეგის ფლანგსა და ზურგში დაერტყა. მაგრამ ბუნებით ფიცხი ჯუღელი ბრძოლამ გაიტაცა და პოზიცია ფრონტიდან იქნა აღებული. უეჭველია, ფლანგში დარტყმა უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდებოდა. მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. მთავარი ისაა, რომ იყო წარმატება და მოწინააღმდეგე ჩვენი ტერიტორიიდან იქნა განდევნილი. მე მთელი ჯარები მეორე ჯგუფის უფროსს გენ. ჯიჯიხიას დავუმორჩილე, მივეცი მას მითითებები შეტევის გასაგრძელებლად და თავად თბილისში დავბრუნდი.
გვარდიის ბატალიონებს, მათი მზადყოფნის და მიხედვით, მას გაძლიერებისთვის ვუგზავნიდი. გენერალ ჯიჯიხიას მე რუსული არმიის რიგებში სამსახურის მიხედვით არ ვიცნობდი. მე ვიცი, რომ იგი გენერალური შტაბის ოფიცერია და ევროპული ომის დროს 15-ე საარმიო კორპუსის შტაბში გენერალური შტაბის კაპიტანი გახლდათ, რომელთან ერთადაც 1914 წლის აგვისტოში სამსონოვის შეტევაში მონაწილეობდა და ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან იგი 1918 წელს დაბრუნდა, ჩვენი ქართული ჯარების რიგებში პოლკოვნიკად იქნა წარმოებული და გენერალ მაზნიაშვილის დივიზიაში შტაბის უფროსად დანიშნული. ქართულ-სომხური ომის დროს იგი გენ. ახმეტელთან იქნა დანიშნული შტაბის უფროსად, რომელიც ეკატერინენფელდის რაზმს მეთაურობდა, რომელიც გვარდიული ნაწილებისგან შედგებოდა. ამ ომის განმავლობაში, რომელიც მე ზემოთ მოკლედ აღვწერე, იგი გენერლად იქნა წარმოებული და ომის შემდეგ უწინდებურად გენ. მაზნიაშვილის დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობებს ასრულებდა. 1919 წელს ახალციხის მაზრაში მოქმედებების დროს გენ. მაზნიაშვილმა წარუმატებლობა განიცადა, რომლის შემდეგაც გენ. ჯიჯიხია მე-4 პოლკის მეთაურად იქნა დანიშნული; მე კი თადარიგიდან მის ადგილზე ვიქენი გაწვეული. მე გადმომცემდნენ, რომ გენ. მაზნიაშვილსა და გენ. ჯიჯიხიას შორის ხდებოდა კამათები. შემდეგ გენ. მაზნიაშვილი გაიწვიეს და ჯარები მე ჩამაბარეს. გენ. ჯიჯიხიამ მაშინ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა; ეს გახლდათ მეტად დაფიქრებული (вдумчивый) და მზრუნველი პოლკის მეთაური დიდი ენერგიითა და სამხედრო საქმისადმი მისწრაფებით. მაგრამ სამსახურეობრივი და, განსაკუთრებით კი, მეთაურობის გამოცდილების უკმარისობა მასში ბრძოლის დროს ვლინდებოდა. იგი ხშირად ზომაზე მეტად ფიცხი, ნერვიულობამდე ფიცხიც კი გახლდათ. არც გატაცება იყო მისთვის უცხო. მახსოვს, თუ ჩვენი ახალციხური ლაშქრობის დროს როგორ გამომიგზავნა მან მოხსენება, რომელშიც მთავაზობდა ლაშქრობას ბათუმის ოლქში, რომელიც მაშინ ინგლისელების მიერ იყო ოკუპირებული. 1919 წელს რეორგანიზაციის მიხედვით იგი დავალებების შემსრულებელ გენერლად იქნა დანიშნული სამხედრო მინისტრთან და უსაქმობისგან იტანჯებოდა. ამასთან ერთად ეს მეტად თავმოყვარე ადამიანია, ავადმყოფურად თავმოყვარეც. მე როცა სამხედრო სკოლის უფროსი ვიყავი, რამდენჯერმე ვუთხარი გენ. ზაქარიაძეს, რომ საჭირო იყო გენ. ჯიჯიხია რომელიმე საქმეში ჩაებათ და მისი სამხედრო-სამეცნიერო განათლება გამოეყენებიათ. 1919/1920 წლის ზამთარში იგი გვარდიაში გადავიდა სამსახურში, სადაც ის ფორმირების (ჩამოყალიბების) განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მიიწვიეს. მისი საქმიანობა ამ სარბიელზე ჩემთვის სრულიად უცნობია.
ამრიგად, მარჯვენა და მარცხენა ჯგუფების შეერთების შემდეგ, რომლებიც წითელ ხიდზე უტევდნენ, მან როგორც ზემდგომმა უფროსმა მიიღო ამ ჯარებზე უფროსობაც. წითელ ხიდზე შეტევას მე მივმართე, როდესაც ბრძოლის ველზე დაახლოებით 6 ბატალიონი მყავდა; კახეთის გვარდიის ბატალიონი უკვე აღარ შეიძლებოდა ერთეულად ჩათვლილიყო.
4 მაისი. ამასობაში ჩვენი მთავრობა ეკითხებოდა მოსკოვს ბოლშევიკური ჯარების შემოტევის მიზესის შესახებ, რომლებიც ჩვენს საზღვარზე იმ დროს გადმოვიდნენ, როცა მოსკოვში ხელი ეწერებოდა ხელშეკრულებას საქართველოსთან. მოსკოვიდან პასუხობდნენ, რომ ეს გაურკვევლობაა, რომ ეს ადგილობრივი ინციდენტია და სხვა. მთავრობა მაინც იქითკენ იხრებოდა, რომ უკვე მომხდარი შეჯახება მშვიდობიანი მოლაპარაკებებით დაესრულებია. მე მივუთითებდი, რომ ბოლშევიკების შემოტევა ამტკიცებს მათ სურვილს ჩვენ დაგვიპყრონ და არანაირი მონაცემები არ არის იმისთვის რომ საომარი მოქმედებები შევწყვიტოთ, როცა მოწინააღმდეგე უკვე ჩვენს ტერიტორიაზეა და აგრძელებს შემოტევას; რომ მოკლულ ოფიცერს უპოვნეს დოკუმენტები, რომლებიც ნათლად და გარკვევით მოწმობენ მათი შემოტევის შესახებ თბილისზე. მთავრობის თავმჯდომარე სულ მერყეობდა; მე არაფერი ვიცოდი მოსკოვში ურატაძის მოლაპარაკებათა შესახებ და უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იყო კიდეც მისი მერყეობის მიზეზი. მიღებული ცნობებიდან მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ აღვემატებიდით მოწინააღმდეგეს ქვეითი ჯარითა და არტილერიით; ცხენოსანი ჯარით კი არ ჩამოვრჩებოდით. გარდა ამისა, ჩვენი ჯარების ერთი ჯგუფი მათ სიმაღლიდან ემუქრებოდა. ეს გარემოებები მე წარმატების რწმენაში მარწმუნებდა და მეც დაჟინებით ვურჩევდი (შეტევის გაგრძელებას). ნ. ნ. ჟორდანია ისევ არ მეთანხმებოდა და მეკითხებოდა, ძალები საკმარისი მყავს თუ არა და რამდენი. ვხედავდი რა, რომ დარწმუნების სხვა ხერხი არ არის, ვპასუხობდი, რომ ჯარები საკმარისია, რომ ჩვენი მდგომარეობა წარმატებისთვის მეტად ხელსაყრელია, რომ რამდენიმე დღის შემდეგ არმიის ნაწილები, როცა მობილიზაციას დაამთავრებენ, იქვე იქნებიან გადაყვანილი, რომ არ შეიძლება დრო ვაჩუქოთ მოწინააღმდეგეს, რომელიც ჯარების მოყვანით ძლიერდება და რომ გარკვეული დროის შემდეგ წარმატების მიღწევა უფრო ძნელი შეიქნება. „და თქვენ მაინც იქ რამდენი ჯარები გყავთ“ – მკითხა მან. უნდა ვაღიარო, რომ მას მე სიმართლე არ ვუთხარი. მე ვუთხარი, რომ 9 ბატალიონია. სხვანაირად არ შემეძლო მოვქცეულიყავი, ვინაიდან, მას რომ სცოდნოდა, რომ მხოლოდ 6 ბატალიონია, შეტევაზე ჩვენს გადასვლას იგი არასოდეს დათანხმდებოდა. ჩვენი მდგომარეობა ისეთი იყო, რომ გვაძლევდა მოწინააღმდეგის ფლანგიდან შემოვლის შესაძლებლობას (положение наше было охватывающее), და მე დარწმუნებული გახლდით წარმატებაში და იმაშიც, რომ მოწინააღმდეგე, გაძლიერების შემდეგ, ჩვენ დაგვასწრებდა და გაბატონებულ სიმაღლეებს დაიკავებდა, რაც ჩვენს შემდგომ მოქმედებებს ძალიან გააძნელებდა. ყოველივე ეს მიკარნახებდა რომ შეტევა არ გადამედო. ჩემმა 9 ბატალიონმა და ჩემმა დარწმუნებულობამ, აშკარად, იგი შეტევაზე გადასვლის მხარეს გადახარა. ჯარები შეტევაზე გადავიდნენ და იმავე დღეს არა მარტო გაწმინდეს მტრისგან ჩვენი ტერიტორია, არამედ საზღვარზეც გადავიდნენ.
როგორც მივუთითებდი, საჭრო იყო დროის მოგება ჩვენი ჯარების მობილიზაციისა და მათი თავმოყრისთვის. ამისთვის საჭირო გახლდათ, წავწევდით რა ჩვენს ნაწილებს უფრო შორს ჩვენი მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში, მოგვეგო უფრო მეტი სივრცე. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემდა მშვიდად მოგვეხდინა მთელი გადაადგილებები ჩვენი მეწინავე ნაწილებისგან დაფარვის ქვეშ, რომლებსაც თუნდაც წარუმატებლობის შემთხვევაში შეეძლოთ იმდენად შეეკავებინათ მოწინააღმდეგე, რომ შესაძლებელი იქნებოდა მოგვესწრო გაშლის ეტაპზე მყოფი არმიის მოქმედებებით მათი გაძლიერება. ამრიგად გენ. ჯიჯიხიას რაზმი ომის ბედის გადამწყვეტი კი არ იყო, არამედ მხოლოდ მეწინავე ნაწილები, ასე ვთქვათ ავანგარდი. ამ მოსაზრების ძალით მე ვუბრძანე უკანდახეული მოწინააღმდეგის დევნა გაეგრძელებიათ. რამდენიმე დღის განმავლობაში ვღებულობდი მოხსენებებს, რომლებშიც მოწინააღმდეგის ყოველდღიურ დამარცხებათა შესახებ ცხადდებოდა; მეორეს მხრივ, ჩვენი ნაწილები ნამდვილად წინ მიიწევდნენ. მაგრამ, ვშიშობდი რა ამ რაზმის გამო, მე მაინც განუწყვეტლივ ვაძლიერებდი მას მობილიზებული გვარდიული ბატალიონებით, და არც ერთს არ ვიტოვებდი ჩემს პირად განკარგულებაში. მაინც შეშფოთებული გახლდით რა მისი წინწაწეულობის გამო, მე მივუთითე ამ რაზმს მთისწინების ხაზისთვის მიეღწია, რომლებიც დაბლობ ადგილმდებარეობაზე ბატონობდნენ, და შემდეგ აღმოსავლეთისკენ აღსტაფის მხარეს ვრცელდებოდნენ. ეს ხაზი ჩვენი საზღვრიდან 20–25 ვერსზე უფრო შორს არ იყო და ზოგიერთმა ნაწილმა მას ჩვენს საზღვარზე გადასვლის შემდეგ მე-4–5 დღეს მიაღწია. მოხსენებები ყველაზე უფრო დამამშვიდებელი ხასიათისა გვეგზავნებოდა და არანაირ განგაშს არ იწვევდა, როცა უეცრად ერთ ღამეს ვითარება მკვეთრად შეიცვალა.
ღამით მე აპარატთან სადახლოდან ვიქენი გამოძახებული და გვარდიის შტაბის წევრმა ხარაშმა კატასტროფის შესახებ გადმომცა. იგი ამბობდა, რომ მთელი რაზმი დამარცხებულია, რომ ნაწილების მასა სრულებითაა განადგურებული და ძალზედ სამწუხარო სურათს მიხატავდა. ამასთან ერთად მან რჩევებიც მომაყარა, თუ რისი გაკეთებაა საჭირო გადარჩენისთვის. დილით იმავე აპარატთან ვალიკო ჯუღელმა გამომიძახა. იგი ასევე მიხატავდა მდგომარეობას როგორც კატასტროფულს; მიმითითებდა, რომ მთელი ბატალიონები განადგურებულია, რომ სავარაუდოდ არტილერია მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდა, რომ ნარჩენები წითელ ხიდთან იკრიბებიან, რომ აუცილებელია მთელი სამშობლოს ფეხზე დაყენება და, როგორც ჩანდა, მდგომარეობას უიმედოდ თვლიდა. ერთი თუ ორი საათის შემდეგ მე ამ ცნობებს სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს მოვახსენებდი და მივუთითებდი, რომ ეს ცნობები, შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, სრულებით არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ ეს წარუმატებლობის შთაბეჭდილების ქვეშაა შეტყობინებული, რომლის ზომებიც უეჭველად არ არის ისეთი, როგორც მოგვახსენებენ; რომ ღამის განმავლობაში ყველანი გაერკვევიან და ადგილზე და სახეზეც აღმოჩნდებიან.
მართლაც, მალე მივიღეთ მოხსენებები, რომლებიც მოწმობდა, რომ ყველანი წითელ ხიდთან შეიკრიბნენ, რომ ნაწილები მოწინააღმდეგის მხარეს წინსვლას იწყებენ. მე ამ ფრონტზე გავემგზავრე. აღმოჩნდა, რომ ერთი გვარდიული ბატალიონის, სამტრედიის ბატალიონის ნაწილობრივმა წარუმატებლობამ გამოიწვია ყველას პანიკური, სრული უწესრიგობით უკანდახევა წითელ ხიდთან, სადაც დიდი შრომით მოახერხეს მათი გაჩერება. როცა მე იქ ჩავედი, დავრწმუნდი, რომ არანაირ დამარცხებას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, მოწინააღმდეგე მათ არა თუ არ დაედევნა, არამედ უკეთეს შემთხვევაში ადგილზე დარჩა, თუ უკან არ წავიდა. საერთოდ ერთ საღამოს 20–25 ვერსზე უკანდახევისთვის არანაირი მიზეზი არ ყოფილა. კურიოზული შემდეგი რამ გახლდათ. საბრძოლო მოქმედებების დროს გრძელდებოდა მოლაპარაკებები და აი მივიღე ერთ-ერთი ტელეგრამა, რომელშიც მოწინააღმდეგე საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმდებოდა, თუ ჩვენ ამა და ამ სოფლებს დავტოვებდით. ეს სოფლები ჩვენს მიერ იმ საუბედურო ღამეს იქნა დატოვებული, მაგრამ მოწინააღმდეგეს ისინი არ დაუკავებია. ეს ძალზედ კურიოზული მოთხოვნა იყო იმ სოფლების დატოვებისა, რომლებიც ჩვენ წინა დღეს დავტოვეთ. ნათელი იყო, რომ გვარდიის მოშლას მიზეზად დამარცხება არ ჰქონია. ეს მოშლა შეიქნა პანიკის, კერძო უფროსების თავმოუბმელობისა და საერთოდ ისეთი ორგანიზაციის შედეგი, როგორიც გახლდათ სახალხო გვარდია.
6 მაისი. ორ დღეში შევქმენი ჯარების ჯგუფი სადახლოსთან არმიის ნაწილებისგან; სამხედრო სკოლაც ასევე ფეხზე იქნა დაყენებული. ჯარების ამ ჯგუფის უფროსად დავნიშნე პოლკ. ჩხეიძე, რომლის თადარიგიანობასა და საბრძოლო ვითარების სწორად შეფასების უნარში კავკასიის ფრონტზე ომის დროს არაერთხელ დავრწმუნებულვარ. ამრიგად ჩემს მიერ ამ მომენტისთვის აღმოსავლეთ საზღვარზე ჯარების 4 ჯგუფი იყო შექმნილი.
1) პოლკოვნიკ ჩხეიძისა სადახლოდან აღმოსავლეთით კერპილთან, 2) გენ. ჯიჯიხიასი წითელი ხიდის აღმოსავლეთით; 3) გენ. იოსებ გედევანიშვილისა სალ-ოღლისთან ფოილოს ხიდის მხარეს და 4) გენ. სუმბათაშვილისა ლაგოდეხთან. მთელი ამ ძალების 4/5 მტკვრის მარჯვენა ნაპირზე იყო თავმოყრილი სადახლო – წითელი ხიდის ხაზიდან აღმოსავლეთით. ამ ძალების გარდა მე განვალაგე გვარდიის ორი ბატალიონი ცხინვალის რაიონში და მისგან ჩრდილოეთით ოსური მოსახლეობის მორჩილებაში შეკავების მიზნით და მოწინააღმდეგისთვის პირველად დასახვედრად, თუ უკანასკნელი დაგვიწყებს შემოტევას როკის უღელტეხილზე გადმოსვილით. შემდეგ არმიის ერთი ბატალიონი მოხალისეებით – ადგილობრივი მაცხოვრებლებით იდგა ყაზბეგში და იფარავდა ვლადიკავკაზის მიმართულებას. გვარდიის ერთი ბატალიონი ონთან იმყოფებოდა და მამისონის უღელტეხილს იფარავდა. გაგრის მიმართულებას იფარავდა გენ. მაჭავარიანის რაზმი. ყველა ჩამოთვლილი რაზმის გარდა გენ. ვარდენ წულუკიძის ჯარები, რომელთა ნაწილიც აჭარაში, ხულოსა და არტანუჯში იქნა შეყვანილი, ხალციხის მაზრაში აჭარასთან საზღვარზე იყრიდნენ თავს.
როგორც ცნობილია, ბათუმის ოლქი ინგლისური ჯარებით იყო ოკუპირებული. ჯერ კიდევ 1919–1920 წლის ზამთარში ნატანებ-ოზურგეთის რაიონში თავმოყრილი იყო ჯარები იოსებ გედევანიშვილის უფროსობით. რისთვის იყო ეს გაკეთებული, ჩემთვის უცნობია. მაგრამ ვფიქრობ, რომ რაკი ჯარები მობილიზებული და თავმოყრილია, ისინი უნდა მოქმედებდნენ. ეს ჯარები კი არანაირად არ მოქმედებდნენ. როგორც ჩანს, განწყობა მაშინ იქით იხრებოდა, რომ ბათუმის ოლქი ძალით დაგვეკავებია, მაგრამ ვერ გარისკეს; იქ, ბათუმში, ინგლისური ჯარები იყვნენ.
მე მყავდა ჯარები აჭარასთან, ვინაიდან უკვე ისახებოდა ბოლშევიკების კავშირი ანგორასთან, და თურქები კი თავიანთი ემისრების მეშვეობით აჭარლებს ჩვენს წინააღმდეგ აქეზებდნენ. ინგლისელი ხელისუფალნი თვალს ხუჭავდნენ, ხოლო ძალზედ სანდო ხასიათის ზოგიერთი ცნობა ამტკიცებდა კიდეც, რომ ისინი ამას ხელსაც უწყობდნენ; თვით სისხლიანი შეტაკებებიც კი მოხდა, რომლებსაც შედეგად ახალციხის ფრონტზე ჩვენი იზოლირებული რაზმისთვის ხულოში ალყის შემორტყმა მოჰყვა; მაგრამ ამის შესახებ შემდეგში მოვყვები. ამრიგად, გვარდიელების წითელ ხიდთან უკანდახევის შემდეგ ორ დღეში ჯარები წითელ ხიდ – სადახლოს ფრონტზე შეტევაზე გადასვლისთვის მზად იყვნენ. ამ დროისთვის მე მივიღე ცნობები, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამ ფრონტზე მოქმედი ბოლშევიკების 32-ე დივიზია ძლიერად შეფერთხილი აღმოჩნდა. გარდა ამისა, მისი ნაწილები მიმართული იყო დილიჟანის მხარეს. ძალებში აღმატებულობა ჩვენს მხარეს ჩნდებოდა. შემდეგ ვღებულობდი ცნობებს ჩვენი დაზვერვისგან, აგრეთვე აზერბაიჯანიდან გამოქცეული ქართველი ოფიცრებისა და აზერბაიჯანის მთავრობის ყოფილი წევრებისგან, რომლებიც ასევე ბოლშევიკებისგან იყვნენ გამოქცეულნი. ეს ცნობები მიჩვენებდა, რომ აზერბაიჯანში სულაც არ არის მშვიდი მდგომარეობა; რომ მოსახლეობაში დუღს განწყობები დამპყრობელთა წინააღმდეგ; რომ აზერბაიჯანულ ჯარებს პასიურად უჭირავთ თავი და მოვლენებს ელოდებიან; რომ მათმა ზოგიერთმა ნაწილმა აქტიურობაც კი გამოიჩინა; რომ ამრიგად მოსახლეობაც, გავლენიანი ლიდერებიცა და ჯარებიც ჩვენი მხრიდან განთავისუფლებას მოელიან და ქართული ჯარების შეტევას მგზნებარედ ელოდებიან, რათა მათ შემოუერთდნენ.
აზერბაიჯანში ამ დროს ბოლშევიკური ჯარები ცოტა იყო; ჩვენი ეს ცნობები სწორი აღმოჩნდა, ვინაიდან ჩვენი წარმომადგენლების შემდგომ პირად მოლაპარაკებებში აზერბაიჯანის ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ეს უკანასკნელნი ღიად აღიარებდნენ, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო შევჭრილიყავით მათ ტერიტორიაზე და თითქმის არც შეგვხვდებოდა წინააღმდეგობა.
დადგა ერთ-ერთი იმ მომენტებიდან, როცა სახელმწიფოს ბედი წყდება. საჭირო იყო გაბედული გადაწყვეტილება და საჭირო იყო სასწორზე მახვილის დადება. მზად კი ვიყავით ჩვენ ასეთი შეტევისთვის? მე უნდა ვაღიარო, რომ შექმნილ ვითარებაში ჩვენ მზად ვიყავით. ჯარები მობილიზებული იყვნენ და 3-ბატალიონიანი პოლკები წარმოქმნეს. ჯარისკაცების განწყობა ჩინებული გახლდათ; მათ ესმოდათ მომენტის სერიოზულობა და მზად იყვნენ მოქმედებებისთვის. ჩვენმა ჯარებმა წარმატებას მიაღწიეს და მტრის ტერიტორიაზე იყვნენ, რაც მათ ფრთებს ასხამდა. დისციპლინა ჯარებში მნიშვნელოვნად უფრო მაღალი გახლდათ, ვიდრე წინამორბედ 1919 წლის ახალციხის ლაშქრობაში. კმაყოფა, როგორც სასურსათო, ისე სანივთეც, დამაკმაყოფილებელი იყო. ვაზნების შესახებ საკითხი რამდენადმე სუსტი გახლდათ. მე უნდა ვთქვა, რომ გვარდიის განკარგულებაში არსებული ვაზნების რაოდენობა ყოველთვის საიდუმლო იყო. საომარ მოქმედებათა დაწყების წინ სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს სხდომაზე გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარემ ვ. ჯუღელმა დაასახელა ციფრი 10 000 000. შემდეგ მათი იარაღის საწყობის გამგე კახიანი მეუბნებოდა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ რა თქმა უნდა, მათი მარაგების ნამდვილი ციფრი ჩემთვის არ დაუსახელებია. მათგან ვინ იყო მართალი, არ ვიცი; ყოველ შემთხვევაში კურიოზულია, რომ გვარდიის მეთაური მოდის სხდომაზე, სადაც წყდება საკითხი ომისა და მშვიდობის შესახებ, და წარმოადგენს ციფრებს, რომლებსაც უშუალოდ ამ საქმეზე დაყენებული პირი სადაოდ ხდის. მართალია, კახიანი მოითხოვდა არმიის საწყობებიდან ვაზნების მარაგების ერთდროულ შევსებას და, მეტად სავარაუდოა, რომ ამით უნდა აიხსნას კიდეც მისი სურვილი შეემცირებია მათი მარაგების ნამდვილი რაოდენობა. საარმიო საწყობების განკარგულებაში არსებული ვაზნების ციფრები, მიმატებული გვარდიის მიერ მოცემულ ციფრებზე, თავდაცვის საბჭოს სხდომაზე საკმარისად იქნა მიჩნეული ომის წარმოებისთვის. წითელ ხიდამდე გვარდიელების გამოქცევიდან რამდენიმე დღის შემდეგ გვარდიიდან მოვიდა მოთხოვნები ვაზნებით მათი მომარაგების შესახებ. ჩემთვის ეს გასაოცარი გახლდათ, მით უმეტეს, რომ მათი მარაგები, როგორც ამას სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მოახსენებდნენ, არმიის მარაგებზე უფრო მეტი იყო. კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ეს, მივიღეთ პასუხი, რომ ბევრს ისროდნენ და მორჩა.
ჩვენს არსენალში იყო თურქული მასრების მარაგები; ისინი სცადეს ჩვენი შაშხანებისთვის, ვარგისი აღმოჩნდა და მათი დატენაც დაიწყეს. მათ დღეში 30 ათასს ტენიდნენ. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მათ უკვე დღეში 50 ათასს ტენიდნენ, ხოლო ერთი-ორი კვირის შემდეგ კი – დღეში 100 ათასს. იმ მომენტში, რომლის შესახებაც მე ვიხსენიებ, ჯარები იყვნენ მომარაგებული ვაზნებით 200 ცალი ადამიანზე; ნაწილებს ჰქონდათ თავიანთი მარაგები. საარმიო მარაგებში ვაზნები სამჯერ მეტი იყო, ვიდრე მე მახსოვს ომის დროს კავკასიის ფრონტზე იმ დივიზიაში, სადაც მე შტაბის უფროსი გახლდით; ეს დივიზია აწარმოებდა შეტევას, რომლის დროსაც მან ბრძოლებში 3–4 კვირა დაჰყო. დივიზიაში არსებული მარაგი ამ დროის მანძილზე სულაც არ ყოფილა ამოწურული. გარდა ამისა, მე მქონდა ქართულ-სომხური ომისა და ახალციხური ომის გამოცდილებაც და დარწმუნებული ვიყავი, რომ გვარდიელების განცხადება, რომ მათ უკვე ამოწურეს თავიანთი მარაგები, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ასე თუ ისე, საბრძოლო მარაგები საკმარისი იყო იმისთვის, რათა ბოლშევიკები ამიერკავკასიიდან გაგვედევნა; მე დარწმუნებული ვიყავი, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა, რომელიც მხოლოდ ბიძგს ელოდა, საბრძოლველად აღიმართებოდა.
ჩემი ეს აზრი შემდეგ ელისავეტპოლის (ახლანდელი განჯა – ი. ხ.) აჯანყებით იქნა დამტკიცებული, აგრეთვე აზერბაიჯანული ჯარების ზოგიერთი ნაწილის მცდელობებითაც აეფეთქებინათ მტკვარზე ევლახის ხიდი. ჯერ კიდევ როცა ომს ვიწყებდი, მე ვუბრძანე შტაბის უფროსს გენ. ზაქარიაძეს ევლახთან ხიდის აფეთქების ორგანიზება მოეხდინა. და როგორი იყო ჩემი გაოცება, როცა შევიტყე, რომ გენ. ზაქარიაძემ ჩემთვის უცნობი მოსაზრებების ძალით მისი აღსრულებაში მოყვანა გააჩერა, ისე რომ ჩემთვის არაფერი მოუხსენებია. ეს იყო, შესაძლოა, კერძო ინიციატივა, მაგრამ ინიციატივა, თუნდ ბოროტი ნების გარეშეც, მაგრამ მავნე. შეიძლება მასზე გავლენა მოახდინა ფოილოს ხიდის აფეთქების გამო მთავრობის თავმჯდომარის უკმაყოფილებამ და მან ეს საქმე გააჩერა. შეიძლება, მას ჰქონდა სხვა მოსაზრებანი, მაგრამ ჩემს შეკითხვაზე მან უბრალოდ მიპასუხა, რომ იგი ვარაუდობდა, რომ ამის საჭიროება უკვე აღარ იყო. სხვა პასუხის მიღება მე მისგან ვერ მოვახერხე. უნდა შეგახსენოთ, რომ ამ დროს ბოლშევიკებს მთავარი ყურადღება ჰქონდათ გადატანილი მოქმედებებზე პოლონეთისა და ვრანგელის წინააღმდეგ, და არ შეეძლოთ ამ მომენტში ჩვენი ქვეყნისათვის საკმარისი ყურადღება მოექციათ. მე ვითარებას ჩვენთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელად ვთვლიდი, როგორც არასოდეს სხვა დროში. საჭირო იყო ეს გამოგვეყენებია. ჩემი მოსაზრებებისა და საბუთების მიუხედავად, მთავრობის თავმჯდომარე იქითკენ იხრებოდა, რომ საომარი მოქმედებები არ გაეგრძელებია.
ბოლოს იგი დამთანხმდა. მე გადავწყვიტე აღმოსავლეთის ფრონტის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე ამეღო, რადგანაც აქ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მოვლენები უნდა გათამაშებულიყო. მე ფრონტზე გავემგზავრე. სამხედრო მინისტრმა გ. ს. ლორთქიფანიძემ გამოხატა სურვილი ჩემი თანამგზავრი გამხდარიყო. ჩვენ ავტომობილით წითელი ხიდისკენ გავემგზავრეთ. სამხედრო მინისტრმა ისურვა პირადად ყოფილიყო სანგრებში და იქ წავიდა. მე არ წავედი. ამაზე უწინ ვიყავი მეწინავე სანგრებში, ვიხილე მდგომარეობა, დავათვალიერე ადგილმდებარეობა და ყველაფერი ვიცოდი. სამხედრო მინისტრი დაბრუნდა და, როცა თავის შთაბეჭდილებებს მიზიარებდა, მითხრა, რომ იგი გაოცებულია იმით, რასაც უკვირდებოდა. „შაშხანის საუკეთესო მოვლაა“, – ამბობდა იგი, – „როცა ის ხიშტით მიწაშია ჩარჭობილი, სხვანაირად კი შაშხანებიც, სავაზნე ლენტებიცა და ვაზნებიც, ყველაფერი მიწაზე ყრია ჭუჭყში“. მე უნდა აღვნიშნო, რომ საბანაკო წესრიგით განლაგება გამორიცხული გახლდათ გვარდიის ჩვეულებებიდან; ისინი არ აღიარებდნენ სალაშქრო კარვებს და არასოდეს ისინი თან არ დაჰქონდათ. ეს იწვევდა მხოლოდ ზედმეტ გაჭირვებას ჯარისკაცებისთვის და მათ შორის ბადებდა ავადმყოფობებსაც. შინაგანი წესრიგის არარსებობას გვარდიაში მე არ გავუკვირვებივარ. ამის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი გახლდათ; ეს იყო დისციპლინის სტიქიური და სრული დასუსტება, მოვლენა, რომელსაც ხელს უწყობდნენ თავად გვარდიის ორგანიზაცია და ის გავლენები, რომლებიც მასში ინერგებოდა. დაიწყო წვიმა; ჩვენ უკან ვბრუნდებოდით, გზები დალბა და ჩვენც შემდეგი მგზავრობა აღარ შეგვეძლო. ჩვენ ვიმგზავრეთ ან უფრო სწორედ ფეხით მივედით ერთ სოფლამდე, საიდანაც გვარდიის შტაბის წარმომადგენელი ილიკო ქარცივაძე დაგვპირდა, რომ ცხენებით ან საზიდრით რკინიგზის ხაზამდე მიგვიყვანდა. სამხედრო მინისტრი და მთავარსარდალი ამაოდ ელოდებოდნენ 3–4 საათს; შეხსენებეზე გვპასუხობდნენ: „ახლა, ახლა“. ბოლოს ბინდიც ჩამოწვა. ჩვენ შემოგვთავაზეს ღამის გასათევად დავრჩენილიყავით, მე არ ვთანხმდებოდი და დაჟინებით მოვითხოვდი გამგზავრებას. ამ დროს შევნიშნე ორი საზიდარი, რომლებმაც სურსათი მოიტანეს. მე კაპ. ედიგაროვს ვუბრძანე გაერკვია, ბრუნდებიან თუ არა ისინი უკან და ამ შემთხვევაში მათზე ჩვენი უკან გამგზავრების ორგანიზებაც მოეხდინა. დადგა ღამე, წვიმდა. სამხედრო მინისტრისთვის ოთახი მაინც ვერ გამოძებნეს; ყველაფერი გვარდიელების მიერ იყო დაკავებული და მათი შევიწროვება სამხედრო მინისტრისთვის სადგომის გასანთავისუფლებლად ძალაუფლების მქონეებმა ვერ მოახერხეს. სამხედრო მინისტრმა გადაწყვიტა ჩვენთან ერთად გამომგზავრებულიყო. ჩვენ ზემოხსენებული საზიდრებით გამოვემგზავრეთ. ამავდროულად მე ტელეფონით ჩემი ვაგონი ხიდთან მომავალ სარკინიგზო ლიანდაგზე გამოვიძახე, სადაც ჩვენ საზიდრებით მივემართებოდით, რადგანაც გზა უფრო მოკლე გახლდათ, ვიდრე სადგურ სანდარიმდე რომ გვემგზავრა. გზაში მხოლოდ ერთი პატარა თავგადასავალი გადაგვხდა. ჩვენ ორი საზიდრით ვმგზავრობდით. ჩვენმა წამყვანმა, როდესაც რკინიგზის ლიანდაგს მიუახლოვდა, ვერ შენიშნა, რომ ლიანდაგი უფრო დაბლა გადიოდა და ჩვენც საზიდრითა და ცხენებით ლიანდაგზე ჩავგორდით. მაგრამ ყველაფერი კეთილად დასრულდა. ჩვენ საერთო ძალისხმევით საზიდარი ლიანდაგის მეორე მხარეს ამოვათრიეთ. მე ძალიან მეშინოდა, რომ სანდარიდან წამოსული ჩემი ვაგონი საზიდარს არ დასჯახებოდა. შემდეგ ჩვენ სარკინიგზო ხიდისკენ გავემართეთ. ხიდთან ყარაული იდგა. მოლაპარაკებების შემდეგ გუშაგმა გვიცნო და ჩვენც ჯიხურში შევედით, საიდანაც ვითხოვდით კავშირს სანდარისთან, რათა გაგვერკვია, გამოვიდა თუ არა სადგურიდან ჩემს მიერ მოთხოვნილი ვაგონი. ჩვენ ვერ მოვასწარით ამის გაკეთება, როცა ვაგონი უკვე მოგვადგა. ჩვენ შევედით და სადახლოსკენ გავემგზავრეთ, სადაც ამ ღამეს საარმიო ნაწილები უნდა ყოფილიყვნენ მოყვანილი. ისინი მართლაც ღამით მოვიდნენ.
დილით ადრე, როცა გავიღვიძე, სადგურის ახლოს კარვების რიგები ვიხილე. მზიანი დღე იდგა. ყველა ასეულში ჯარისკაცები თავიანთი კარვების წინ შაშხანებს წმენდდნენ. სამხედრო მინისტრმა მე დამასწრო. იგი უკვე გამოსულიყო და ასეულებს შორის დადიოდა. იგი გაოცებული გახლდათ არმიის ნაწილებში არსებული წესრიგით. „რა შედარებაა გვარდიასთან“, – ამბობდა იგი, – „ეს ცა და მიწაა“.
ამასობაში, ვემზადებოდი რა შეტევისთვის, მე უკვე გავეცი წინასწარ ბრძანება, რომლის თანახმადაც ჯარებს შეტევა მომდევნო დღეს 19 მაისს უნდა დაეწყოთ. სამხედრო მინისტრი და მე სადახლოში 18 მაისს ვიყავით. ამ დღეს მივიღე მოკლე ტელეგრამა მთავრობის თავმჯდომარისგან, რომელშიც ბრძანება მეძლეოდა შემეწყვიტა საომარი მოქმედებები და მოწინააღმდეგესთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს შევდგომოდი.
თ ა ვ ი XV
ბოლშევიკები ამიერკავკასიაში
19 მაისი. აღსრულდა; ბოლშევიკები ამიერკავკასიაში დაემკვიდრნენ. მე ამის შესახებ სამხედრო მინისტრს შევატყობინე; ჩვენ ერთად თბილისში დავბრუნდით და მე გადადგომაზე პატაკი ჩავაბარე. მაგრამ თადარიგში წასვლა არ მომიწია. სამხედრო მინისტრი თბილისამდე მთელ გზაზე მეუბნებოდა რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. მე არანაირად არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა ასე მკვეთრად და სწრაფად შეეცვალათ ისეთი განსაკუთრებული გადაწყვეტილებები, როგორიცაა საკითხი მშვიდობისა და ომის შესახებ. ეს მიუთითებდა იმაზეც, რომ მთავრობა არა მარტო გაუთავებლად ყოყმანობს, არამედ რომ იგი ზედმეტად თავქარიანად წყვეტს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს, ან კიდევ რომ ნამდვილ გადაწყვეტილებებს უმალავდნენ მთავარსარდალს. მან თავისი თავმჯდომარის სახით მიუთითა მთავარსარდალს საომარი მოქმედებები გაეგრძელებია და 24 საათზე ნაკლები დროის შემდეგ დიამერტულად შეცვალა ეს, და ეს ისეთ საკითხში, როგორიცაა ვიომოთ თუ არ ვიომოთ. მე გადადგომაზე მივეცი პატაკი. დამიწყეს ლაპარაკი, რომ ჩემი წასვლა შექმნის კრიზისს, რომ ბოლშევიკებთან მოლაპარაკებების მომენტში ჩემი წასვლა, ე. ი. მთავარსარდლის შეცვლა არასასურველ შთაბეჭდილებას მოახდენს მოლაპარაკებების მსვლელობაზე, რომ მე უწინარეს ყოვლისა უნდა მახსოვდეს სამშობლოს შესახებ და სხვა და სხვა. საბოლოო ფაქტი ისაა, რომ მე დავრჩი. ნ. ჟორდანიას წინადადებაზე, როცა დავთანხმდი დავრჩენილიყავი, ჩემი პატაკი გადადგომის შესახებ გამეტანა, მე ვუპასუხე: „დაე დარჩეს საქმეებში“.
საომარი მოქმედებების ამ შეწყვეტას მე ვთვლი ძალიან დიდ პოლიტიკურ შეცდომად. მე არ დავიწყებ მკითხაობას, თუ რა მოხდებოდა, მაგრამ მივუთითებ, რომ ეს გახლდათ ბოლშევიკების ყველაზე დიდი სისუსტის მომენტი ამიერკავკასიაში და მათთვის ყველაზე უფრო დიდი საფრთხისა პოლონეთისა და ვრანგელის მხრიდან. შემდგომში ჩვენ არასოდეს გვეყოლებოდა ჩვენს წინააღმდეგ ბოლშევიკები ასეთი სუსტები, როგორც ამ დროს. ბოლშევიკები, როცა ბაქოს დაეუფლენ, თბილისზე წამოვიდნენ სულაც არა იმ განზრახვით, რომ პირველივე უიღბლობის შემთხვევაში მთელი ამიერკავკასიის დაუფლებაზე უარი ეთქვათ. ნათელი იყო, რომ ისინი გაიმეორებენ თავიანთ მცდელობას. და რაკი ეს ასეა, ამიტომ მათთან მაშინ იყო საჭირო გვეომა, როცა ისინი ყველაზე უფრო სუსტები იყვნენ, როცა ვითარება ასე ხელსაყრელ-ბედნიერი შეიქმნა ჩვენთვის. ახლახანს ხელში აღებულ აზერბაიჯანში ბოლშევიკების ხელისუფლების არამყარობა, მათი ძალების სისუსტე (სულ 3–4 დივიზია ამ ფრონტზე), მოსახლეობის მტრული განწყობა (განჯის აჯანყება), აზერბაიჯანული ჯარების ჩვენსკენ მოდრეკილობა (მომხრეობა, склонность), პოლონეთთან და ვრანგელთან ომი, არ შეიძლება არ ჩაითვალოს ჩვენთვის უიშვიათესად ხელსაყრელ მონაცემებად.
თავიანთი ჯარების გაძლიერებას ბოლშევიკები დროულად ვერ შეძლებდნენ მათი მაშინდელი ტრანსპორტის პირობებში და მოქმედებათა თეატრის სიშორის გათვალისწინებით და ჩვენი წარმატებული წინსვლა ბაქოსკენ უეჭველად გამოიწვევდა მთიელთა აჯანყებას და, აქედან ამომდინარე, რუსეთის ამიერკავკასიასთან შეტყობინების შეწყვეტასაც. შესაძლოა, მე ვაჭარბებ ხელსაყრელ მონაცემებს; დაე მომავალი თაობის ცივსისხლიანმა ისტორიამ მიუკერძოებლად აწონ-დაწონოს და თავისი გადაწყვეტილებაც გამოიტანოს.
დაიწყო მოლაპარაკებები და ამავდროულად დაიწყო ამიერკავკასიაში ბოლშევიკური ჯარების გაძლიერებაც. ბოლშევიკების წარმომადგენლები ჩვენს წარმომადგენლებთან შესახვედრად აღსტაფაში ჩამოვიდნენ. ამ შეხვედრებს მიტინგების ხასიათი ჰქონდა; ეს იყო მხურვალე სიტყვები, კეთილშობილური ჟესტები, მოწოდებანი მშვიდობიანი შრომისკენ, ანტიმილიტარიზმისკენ და სხვა და სხვა. მთელი ეს წამოძახილები უნახავი შედეგით დასრულდა. ბოლშევიკებმა იმას მიაღწიეს, რომ ჩვენს ჯარებს უკან წითელი ხიდის აქეთ უნდა დაეხიათ და ბოლშევიკური აზერბაიჯანის გუშაგებმა დაიკავეს პოსტები წითელ და ფოილოს ხიდებთან. გამარჯვებულმა დაუთმო დამარცხებულს, რომელიც იმავე „მიტინგებზე“ ღიად აღიარებდა, რომ არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ჩვენს შემდგომ შეჭრას. ეს გახლდათ არაშორსმჭვრეტელობა და ძალზედ დამღუპველიც ჩვენი სახელმწიფოსთვის; ნახევარი წლის შემდეგ ის ჩვენთვის ყველაზე უფრო კატასტროფული სახით გამოვლინდა. მოლაპარაკებები სულ უფრო და უფრო მეტად საგანგაშო ხასიათს ღებულობდა. ბოლშევიკები ძლიერდებოდნენ; ამას ყველა ხედავდა და გრძნობდა, და მთავრობამ უკვე ციებ-ცხელებიანივით დაიწყო მშვიდობიანი ხელშეკრულებისკენ მისწრაფება.
მე მახსოვს ერთი განგაშიანი ღამე. სახელმწიფო თეატრში რომელიღაც სპექტაკლს თამაშობდნენ, რომელსაც მთავრობა უნდა დასწრებოდა; იქ მეც უნდა მყოფილიყავი. სპექტაკლის ნაცვლად მე და სამხედრო მინისტრს მოგვიწია ვმჯდარიყავით თეატრის ადმინისტრაციის ერთ-ერთ ოთახში. სამხედრო მინისტრმა სადგურიდან მიიღო ცნობები, რომ ბოლშევიკთა წარმომადგენლების დელეგაცია, რომელიც ჩვენთან საბოლოო მოლაპარაკებებისთვის მოემგზავრებოდა, ჩამოვიდა რა სალ-ოღლში, უკანვე გაემგზავრა და რომ ამ ცნობის გადმომცემი ამ სადგურიდან ორთქლმავლით მოხსენებისთვის გამოემგზავრა. ჩვენ ეს მივიღეთ როგორც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ნიშანი და როგორც საომარ მოქმედებათა დაწყების გამოხატულება. სამხედრო მინისტრმა და მე ამ ბატონს (გვარი არ მახსოვს) სადგურში ღამის 3–4 საათამდე ვუცადეთ. ბოლოს ორთქლმავალი მოვიდა და გამოირკვა, რომ სადგურ სალ-ოღლიში ჩამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი აზერბაიჯანში და რომ, ვერ ნახა რა ღამის გასათევი ადგილი, უკანვე აღსტაფაში დაბრუნდა, სადაც ამ დროს ჩვენთან მოლაპარაკებებისთვის გამომგზავრებული ბოლშევიკური დელეგაცია იმყოფებოდა. განგაში კი დიდი იყო.
თავი იჩინეს ჩვენი თავდაპირველი შეცდომის, საომარ მოქმედებათა შეწყვეტის ნაყოფებმა. საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ბრძანებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ე. ი. 25 მაისს, ელისავეტპოლში იფეთქა აჯანყებამ. ორი-სამი დღის შემდეგ ის სასტიკად იქნა ჩახშობილი ბოლშევიკების მიერ. მსხვერპლი ამაოდ იქნა გაღებული. ასე არ იქნებოდა, ჩვენი ჯარები 19 მაისს რომ შეტევაზე გადასულიყვნენ. მაგრამ წარსულზე ოცნება აღარ გვიხდება. ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები უსასრულობამდე გაიწელა და არაფრით დასრულდა. ჩვენ მივიღეთ უფლება რომ გუშაგები წითელი და ფოილოს ხიდის აქეთა მხარეს დაგვეყენებია; და სხვანაირად როგორ შეიძლებოდა, ეს ხომ სასაზღვრო ხიდებია; თითქოს და ეს უფლება ჩვენ ამ ომამდეც არ გვქონოდა. ნავთობი, რომელსაც ბოლშევიკები ამ ხელშეკრულებით დაგვპიდნენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მიგვიღია. ამრიგად, ჩვენმა დიპლომატიამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო იარაღით მიღწეული წარმატების გამოყენება და ვერ შეძლო გამოეტანა სარგებელი იმ არახელსაყრელი მდგომარეობიდან, რომელშიც მოწინააღმდეგე იმყოფებოდა. მდგომარეობის საგანგაშობის გამო ჯარები თავიანთ ადგილებზე დგომას განაგრძობდნენ.
თ ა ვ ი XVI
ოსების აჯანყება
ამასობაში ახალი მოვლენები მომწიფდა. ჩრდილო-კავკასიიდან როკის უღელტეხილზე გადმოვლით გადმოვიდნენ, ვითომდა, ოსი ბოლშევიკები, ააგორეს აჯანყება ჩვენს ოსებს შორის და ცხინვალს დაეუფლნენ. იქ ორი გვარდიული ბატალიონი იყო განლაგებული კაპ. ჩხეიძის უფროსობით. კაპიტანი ჩხეიძე არმიაში მსახურობდა. გვარდიის მთავარმა შტაბმა მთხოვა იგი გვარდიაში გვარდიის ბატალიონების მეთაურობისთვის დამენიშნა, რომლებიც ერთობლივი მოქმედებების დროს უფრო მსხვილ ერთეულებად ერთიანდებოდნენ.
ასეთი თხოვნები მათგან ყოველთვის მოდიოდა, როცა საომარი მოქმედებები იწყებოდა. ეს გასაგებიცაა. მათთან იყო საბატალიონო სისტემა; ეს ბატალიონები მათთან არც პოლკებად ერთიანდებოდნენ და არც ბრიგადებად, რაც საომარი მოქმედებების დაწყებისას მართვის იმპროვიზაციას იწვევდა. სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი უშუალოდ 20–25-ზე მეტ ერთეულს მართავდა. ეს ყოველგვარი მმართველობის ანომალიაა, და ცნობილი გახლდათ ყველასთვის, მაგრამ არა გვარდიის ორგანიზატორებისთვის. კაპიტანი ჩხეიძე შემდეგ მომახსენებდა, თუ როგორ მოხდა ეს მოვლენები. მან 1 ½ – 2 ასეული როკის უღელტეხილის მიმართულებით რამდენადმე წინ წასწია. ამ ასეულებმა დაუწყეს თავის მობეზრება თხოვნებით შეცვლის შესახებ. შეცვლის ეს მოთხოვნები გვარდიის ნაწილებს შორის ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ბოლოს კაპიტანმა ჩხეიძემ მათ შეცვლა გაუგზავნა. ეჭვი არ არის, რომ დაცვის ზომებს არ ღებულობდნენ და აი შესაცვლელებიცა და შემცვლელებიც ოსების მიერ ალყაშემორტყმული აღმოჩნდნენ. კაპიტან ჩხეიძეს უნდოდა დანარჩენი ასეულებით მაშინვე მათ დასახმარებლად წასულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დანარჩენი ასეულების ხალხი გვარდიის შტაბს შვებულებაში ჰყავდა დათხოვნილი.
„გვარდია არასოდეს ერეოდა საბრძოლო მოქმედებებსა და უფროსების ძალაუფლებაში“, – ეს ფრაზა ძალზედ შეეფერება ზემოაღწერილ ფაქტს. ამრიგად, კაპ. ჩხეიძე საჭირო მომენტში ჯარების გარეშე აღმოჩნდა. ალყაშემორტყმული გვარდიელები, რა თქმა უნდა, ტყვედ იქნენ აყვანილი და ვლადიკავკაზში წაყვანილი, საიდანაც ისინი უკან მხოლოდ 1–2 თვის შემდეგ, ბოლშევიკურ აზერბაიჯანთან ზავის დადების მერე მოიყვანეს.
კაპ. ჩხეიძე ოსების ზეწოლით იძულებული შეიქნა ცხინვალი დაეცალა და მისგან რამდენიმე ვერსზე დაეხია. რამდენადაც მახსედება, ეს ივნისში იყო. ამ დროისთვის ჩვენს აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება შეიცვალა. ბოლშევიკები იძულებული შეიქნენ ელისავეტპოლის აჯანყების შემდეგ თავიანთი ჯარების უმეტესი ნაწილი ჩვენი საზღვრიდან აჯანყების ჩასახშობად წაეყვანათ, აგრეთვე მათი გაგზავნისთვისაც სომხეთის წინააღმდეგ.
1920 წ. 8 მაისი. ჩვენი მოლაპარაკებები აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან დასრულებული არ იყო და შეიძლებოდა მათი გაწყვეტის მოლოდინიც გვქონოდა; ბოლშევიკების მოთხოვნები თანდათანობით იზრდებოდა. ამასობაში საჭირო შეიქნა ჯარები ოსების წინააღმდეგ დაგვეძრა. უშუალო მახლობლობაში ჩვენს აღმოსავლეთ ფრონტზე მყოფი მოწინააღმდეგის შესუსტების გათვალისწინებით გაგვიჩნდა შესაძლებლობა ოსების წინააღმდეგ ჯარები სწორედ ამ ფრონტიდან დაგვეძრა. გარდა ამისა, ცხინვალთან ყველაზე უფრო სწრაფად ჯარები სწორედ აქედან შეიძლებოდა მისულიყვნენ. ჩემს წინაშე დადგა საკითხი, თუ ვინ გამეგზავნა აღმოსავლეთ ფრონტიდან, გვარდიისა თუ არმიის ნაწილები. მე ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ყველაზე უფრო საშიში ფრონტი ჩვენთვის აღმოსავლეთ ფრონტი გახლდათ; ბოლშევიკებს შეეძლოთ ნებისმიერ მომენტში შეეწყვიტათ მოლაპარაკებები და ომი დაწყოთ. მე რომ იქიდან არმიის ნაწილები წამომეყვანა, მაშინ ამ ფრონტის ბრძოლისუნარიანობა უფრო მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, ვიდრე მაშინ, თუ მე იქიდან გვარდიის ნაწილებს წამოვიყვანდი, რომლებსაც ომისთვის შეუდარებლად უფრო ნაკლები უნარი გააჩნდათ. ცხინვალის ფრონტი კი გაცილებით უფრო იოლი გახლდათ, ვინაიდან იქ მოწინააღმდეგე არაორგანიზებულ ბრბოს წარმოადგენდა. ამ მოსაზრებებმა წამახალისა რომ აღმოსავლეთის ფრონტიდან მომეხსნა არ არმია, არამედ გვარდია. აღმოსავლეთის ფრონტიდან მე წამოვიყვანე 6 ბატალიონი არტილერიით. გარდა ამისა, ამ რაზმს მივეცი ახალი უფროსი გენერალი კონიაშვილი და გადავწყვიტე ოპერაციისთვის პირადად მეხელმძღვანელა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ არ შეგვეძლო წარმატებისთვის არ მიგვეღწია და რომ მიღწეული წარმატება აამაღლებს აღმოსავლეთის ფრონტზე სულ ახლახანს დაცემულ გვარდიის ზნეობრივ ძალებს და ჩაუნერგავს მათ საკუთარ თავში დაჯერებულობას.
გენ. კონიაშვილი დიდი ხნის წინ გავიცანი, ჯერ კიდევ როცა ჩვენ ახალგაზრდა ოფიცრები ვიყავით; შემდეგ ჩვენ ერთმანეთი მხედველობიდან დავკარგეთ, და მისი გვარი მე ისევ ომის დროს კავკასიის ფრონტზე არზრუმის აღების შემდეგ გავიგონე. ომის თეატრზე მასთან პირადად შეხვედრა ვერ მომიხდა. ვიცი, რომ 1915 წლის დეკემბრის ბრძოლებისთვის, ეგრეთ წოდებული აზაფქეისის პოზიციის გამო ბრძოლებისთვის, იგი ქვემეხების ხელში ჩაგდების გამო გიორგის ჯვრით იქნა დაჯილდოვებული; იგი ამ დროს სახალხო მოლაშქრეთა ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა. შემდეგ მახსოვს, რომ რევოლუციის მერე ჯარისკაცებმა ბადრაგის ქვეშ აიძულეს გიორგის ჯვრის ეს მამაცი კავალერი არზრუმამდე მარშით გაევლო. შევხვდი კი მას მნიშვნელოვნად უფრო გვიან, 1918 წელს, როცა სამხედრო მინისტრის თანაშემწე გახლდით; ის კი ბორჩალის მაზრაში გერმანელებთან ჩვენი ერთობლივი შეტევის დროს გვარდიას მეთაურობდა. მე მასში უნდა ვაღიარო პირადად მამაცი და უბანზე უნარიანი მეთაური, აგრეთვე ჩინებული სამწყობრო უფროსიც. შემდგომში ბოლშევიკებთან 1921 წლის კამპანიის დროს და კონსტანტინოპოლში ლტოლვილებად ჩვენი ყოფნის დროსაც მე მას უფრო ახლო გავეცანი და არ მომიწია, რომ მასში იმედი გამცრუებოდა.
ამრიგად ჯარები ცხინვალის ფრონტზე იქნენ დაძრული. ამასობაში გორიდან ადგილობრივი ადმინისტრაცია მიგზავნიდა ტელეგრამებს, რომელთა ტონიც მიჩვენებდა, რომ ადგილობრივი ადმინისტრაცია და მოსახლეობა ძლიერად იყვნენ შეშფოთებულნი. საქმე იმაშია, რომ გორის სამხრეთით ასევე ცხოვრობენ ოსები და იქაც დუღილი (брожение) იქნა შემჩნეული. იქ გაგზავნილი პირველი ჯარები შეიძლებოდა მხოლოდ 1–2 დღის შემდეგ ჩასულიყვნენ, ისე რომ არ დაველოდე ჯარებს, მე იქ გავემგზავრე, ვიცოდი რა, რომ ჩემი პირადი ჩასვლა დაამშვიდებს ხელისუფალთ და მოსახლეობასაც. გავერკვიე რა ვითარებაში, იქვე პირველი ზომებიც მივიღე: დავაყენე სადარაჯო დაცვა ოსების წინააღმდეგ, რომლებიც გორიდან სამხრეთით ცხოვრობდნენ, დავიკავე ყველა გადასასვლელი მდინარე მტკვარზე და ამით გავაცალკევე ეს ოსები ცხინვალის ოსებისგან. ყველა ეს ღონისძიება ადგილობრივი გვარდიისა და ადმინისტრაციის ძალებით იქნა აღსრულებული. ჩამოსულ ჯავშნოსან მატარებლებს დავავალე კრეისირება; შემდეგ ქალაქში გვარდიის შტაბში მივედი და გამოვუცხადე, რომ ხვალ დილიდან ჯარები მოსვლას დაიწყებენ.
შემდეგ, როგორც არ მინდოდა უკანვე თბილისში დავბრუნებულიყავი, მაინც მივიღე მიპატიჟება და იქ ადმინისტრაციისა და გვარდიის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ საზოგადოებრივ მოღვაწეებთან ერთად ვივახშმე. ეს მე ისევ ჩემი ჩვევის მიხედვით გავაკეთე, რომელიც უკე დიდი ხანია ჩამომიყალიბდა. მე ყოველთვის ვღებულობ ზომებს უწინარეს ყოვლისა ბრძოლის მონაწილეთა დასამშვიდებლად, ვინაიდან ისინი გახლავან უშუალო მუშაკები ბრძოლის ველზე.
მე უკვე იაპონიის ომიდან შევნიშნე, რომ არანაირ ბრძანებებს, არანაირ დირექტივებს, როგორი გენიალურიც არ უნდა ყოფილიყო ისინი, არ შეუძლიათ ისეთი ნაყოფიერი შედეგების მოცემა, როგორიც იმათ დამშვიდებას, ვინც პირადად მოწინააღმდეგის სიახლოვეში იმყოფება. სიმშვიდე ბრძოლის ველზე, რომელიც თავის თავში ყველანაირ პერიპეტიებს ინახავს, წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას შეადგენს. კერძო უფროსების სიმშვიდე მომენტალურად გადაეცემა ადამიანებს და, რა თქმა უნდა, ვინც არ დაკარგავს საკუთარი თავის ფლობას უფრო სწრაფად და სწორად გაერკვევა ვითარებაში ბრძოლის ველზე. უფროსის პირად მისვლას სახიფათო ადგილებზე, და კიდევ ისეთ მომენტში, როცა იქ ვითარება რთულდება, კოლოსალური მნიშვნელობა გააჩნია. აი რატომ გამოვიმუშავე კიდეც საკუთარ თავში ჩვეულება რომ ჩავსულიყავი ჯარებში და სანგრებშიც გამოვჩენილიყავი. გარდა ამისა, ადგილმდებარეობის და, საერთოდ, ვითარების პირადად გაცნობა უზარმაზარ დახმარებას იძლევა უახლოესი და მათი შემდგომი მოქმედებებისთვის.
ოსებზე შეტევა მე გადავწყვიტე ფართო ფრონტით, მათი ორივე ფლანგის შემოვლით. ჩვენი ჯარების აღმატებულობა ამას სავსებით უშვებდა. მე მივეცი განკრგულება მოსულ ბატალიონებს და მივუთითე მათ ისეთი სახით მოეყარათ თავი, რომ ოთხი შემტევი უბანი წარმოექმნათ.
შეტევის წინა დღეს დილიდან მოვიარე მთელი ჩვენი მეწინავე დაცვა, რომელიც კაპ. ჩხეიძის რაზმს ჰქონდა დაყენებული, დავათვალიერე მოწინააღმდეგის პოზიციები და დავსახე შეტევის გეგმა. ის ჩემს მიერ რუკაზე დახაზულ გეგმას სავსებით შეესაბამებოდა. მხოლოდ გადავწყვიტე მარცხენა კოლონა ორი ბატალიონით გამეძლიერებინა. როცა ყველგან ვიმგზავრე და უკან დავბრუნდი, მე უფროსებს ჩემი ბრძანება ვუკარნახე. იქვე გავანაწილე ყველა უფროსი უბნების მიხედვით. ვითვალისწინებდი რა ისეთი შემთხვევის განმეორებას, როგორსაც წითელ ხიდზე ჰქონდა ადგილი, გადავწყვიტე, რომ თითოეულ კოლონაში ყოფილიყვნენ ესა თუ ის ზემდგომი პოლიტიკური უფროსები. მარჯვენა კოლონაში უნდა ყოფილიყვნენ ვალიკო ჯუღელი და ალექსანდრე დგებუაძე; შუა მარჯვენა კოლონაში გენ. კონიაშვილი; მარცხენა კოლონაში პოლკ. ნიკოლოზ გედევანიშვილი, ხოლო შუა მარცხენა კოლონაში კი, რომელიც ყველაზე უფრო სუსტი გახლდათ და საკუთრივ მარცხენა კოლონასთან კავშირის სამსახურს სწევდა, გადავწყვიტე თავად ვყოფილიყავი. ორივე შუა კოლონას ცხინვალის უფრო მარჯვნივ და მარცხნივ უნდა შეეტია. როცა განკარგულებებს ვაძლევდი, მე კატეგორიულად მივუთითე, რათა ჯარებს არ გაებედათ ცხინვალში შესვლა; მეშინოდა, ჯერ ერთი, ძარცვის, თავაშვებულობის, შურისძიების, რომლებსაც უეჭველად ექნებოდა ადგილი, განსაკუთრებით თუ ყურადღებას მივაქცევდით გვარდიის უდისციპლინობას, და მეორეც, საკუთარ თავში შემწოვ გავლენას ახდენს ყოველთვის ბრძოლით აღებული ქალაქი, რაც გვარდიელების შემდგომ საბრძოლო მოქმედებებზე შეიძლებოდა დამღუპველად ასახულიყო.
14 მაისი. წინასწარ იყვნენ ჩემს მიერ ამ რაიონში მივლინებული მესანგრეები გზების შეკეთებისა და კავშირის შენარჩუნებისთვის. ჯერ კიდევ ახალციხური ლაშქრობის დროს მომიხდა დავრწმუნებულიყავი მესანგრეთა სასარგებლო და ჩინებულ საქმიანობაში. აქ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო მათი საქმიანობა. მესანგრეთა მივლინებული რაზმები ყველგან ართმევდნენ თავს მათზე დაკისრებულ ამოცანებს. სინდის-ნამუსიანად მუშაობდნენ (Работали на совесть).
პოზიციების ჩამოვლის დროს მე ერთი უსიამოვნო რამ შემემთხვა. ცხენი მომცეს ჯიბო ყანჩელის ბატარეიდან. ცხენი კარგი იყო, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ის ცუდად გახლდათ გახედნილი. თავის წინ სხვა ცხენებს ვერ იტანდა და ყალყზე შედგომას იწყებდა. მე ეს გამოცდილებით შევიტყე. სანამ ჩამოვლის დროს მე თავში ვიყავი, ყველაფერი კარგად მიდიოდა. დაბრუნებისას გვარდიის წარმომადგენლებმა ჯირითი გამართეს და წინ გადამისწრეს. და აი დაიწყო ისტორია. ცხენმა კინაღამ უნაგირიდან ჩამომაგდო. ყალყზე შედგომებს მან რამდენჯერმე მიმართა. მართალია, მასზე ამხედრებულმა მე ავტომობილამდე ვიმგზავრე, მაგრამ მარცხენა ფეხში რაღაც დამიზიანდა; მუხლის ზემოთ ძლიერ ტკიველბს ვგრძნობდი კუნთებში და სიარულიც მხოლოდ კოჭლობით შემეძლო. მომდევნო დღეს დილიდან შეტევა უნდა დაწყებულიყო.
მე მარცხენა კოლონაში გავემგზავრე, რადგანაც მანამდე იქ არ ვყოფილვარ; მინდოდა იქ პირადად ვყოფილიყავი, ორიენტაცია მიმეცა კოლონის უფროსისთვის და, რა თქმა უნდა, ჩემს იქ ყოფნას არ შეეძლო საქმისთვის ხელი შეეშალა; ვფიქრობ, რომ ზემდგომი უფროსის ყოფნა საბრძოლო უბნებზე, განსაკუთრებით ამ გარემოებებში, პირდაპირ აუცილებლობას წარმოადგენდა. იმისთვის, რათა მარცხენა კოლონაში მივსულიყავი, საჭირო იყო ჯერ რკინიგზამდე მემგზავრა, შემდეგ სოფლის გზაზე, და ბორნით მტკვარიც გადამეცურა. ასე მოვიქეცი კიდეც. უკვე საღამო დგებოდა, როცა ჩვენ მტკვარზე გადავედით. მტკვრის წინ ჩვენ მოგვიხდა ერთ მეტად ჭაობიან ადგილზე გადავსულიყავით, რომელიც მანამდე წვიმების გამო უფრო მეტად იყო გაფუჭებული. დიდხანს ვიწვალეთ, თუმცა კი საბოლოოდ გადავედით. ჩვენთან ერთად მგზავრობდა გვარდიის შტაბისა და დამფუძნებელი კრების წევრი ზაქარია გურული; იგი მარცხენა კოლონასთან უნდა ყოფილიყო. გადავცურეთ რა მტკვარი, ჩვენ სულ ექვსი ვერსიღა გვრჩებოდა. ასეთი უმნიშვნელო მანძილის მიუხედავად, ჩვენ მარცხენა კოლონაში მხოლოდ ღამის 10 საათზე მივედით. არაერთხელ ჩავეფალით ტალახში. და ერთხელ კი ისე ჩავეფალით, რომ ავტომობილის იქიდან ამოთრევა ორი წყვილი კამეჩებისა და ხარების დახმარებით მოგვიხდა. მახსოვს, რომ ბაგირები, რომლებიც ავტომობილს გამოვაბით, გაწყდა. უკვე დაბნელდა, როცა ჩვენ თავი გავართვით. ზაქარია გურული, ყოფილი უბრალო ჯარისკაცი, მეუბნებოდა, რომ იგი გაოცებულია ჩემი დაჟინებულობით, ხოლო იგი რომ ყოფილიყო ჩემს ადგილზე, მარცხენა უბანზე აღარ გაემგზავრებოდა და უკან დაბრუნდებოდა.
ამ დღეს საღამოსთვის მარცხენა კოლონას გვარდიელთა ორი ბატალიონი უნდა შეერთებოდა. კოლონის ოფროსი მათი მოსვლით ძალზედ გახარებული იყო. მე კოლონის უფროსს ყველაფერზე ვესაუბრე, და შემდეგ კი ვუთხარი მას, რომ მის კოლონასთან ერთად წავა პოლკ. ნიკ. გედევანიშვილი. დავასრულე რა მთელი საქმეები, მე ჩემი ფეხის მკურნალობას შევუდექი. ექიმმა, მადლობა მას, რაღა არ გაუკეთა ჩემს ფეხს, ჩაუტარა მასაჟი, იოდი წაუსვა და შემდეგ ძლიერად გადამიხვია. მეორე დღეს მე მნიშვნელოვნად უკეთ ვგრძნობდი საკუთარ თავს.
იმაზე უწინ სანამ მოქმედებების აღწერას შევუდგებოდე, მე ცოტათი უკან უნდა დავიხიო. ოსების ეს აჯანყება მესამე თუ მეოთხე გახლდათ. ეს აჯანყებები ყოველთვის მოლაპარაკებების გზით მთავრდებოდა. ამჯერად აჯანყება უფრო მომზადებული და უფრო ვრცელიც აღმოჩნდა. „ოდელია, დელია მცხეთამდე სულ ჩვენია“ – მღეროდნენ ოსები ცხინვალის აღების შემდეგ.
სახელმწიფო თავდაცვის საბჭოში მიიღეს გადაწყვეტილება გადაეწვათ ოსების სოფლები. მე პროტესტს ვაცხადებდი და მივუთითებდი, რომ ეს ზომები არ უნდა იქნას გამოცხადებული, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს მის გარეშეც ბევრი ხანძარი ხდება და ეს ხანძრები ძახილისა და ჩიჩინის გარეშეც მოხდება. გადაწყვიტეს არ გადაეწვათ, მაგრამ გვარდიის შტაბმა გამოუცხადა თავის ბატალიონებს (ოსური სოფლების) გადაწვა. მე ჩემი მხრივ გადავწყვიტე ცხინვალი გადამერჩინა და წინდახედულად მივუთითე ჯარებს მიმართულებები ცხინვალის გვერდის ავლით. შეტევის დღეს ავტომობილით მაცხენა შუა საბრძოლო უბანზე გავემგზავრე და, როცა იქამდე მივაღწიე, მინდორზე ამ ბატალიონის შეტევის ზოლში ფეხით წავედი. მე მაცილებდა კაპ. ბერელაშვილი, რომელიც ყოველთვის თან მახლდა, ძალზედ კარგი ოფიცერი. მე მინდვრის ტალახში წვალებით და კოჭლობით მივდიოდი. ავტომობილი კი მორიგ ჭანჭრობში ჩაეფლო. გორიდან გორაზე გადავდიოდი, მთელ ბრძოლის ველს უბრალოდ თვალით ვხედავდი. ხანძრები, რომლებიც თანდათანობით ჩრდილოეთის მიმართულებით ენთებოდა, შეტევის წარმატებულობაზე მიმითითებდა. წარმატების სიიოლემ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. შეტევის მთელი დროის მანძილზე არაუმეტეს 8–10 ადამიანისა მოკლულებით და დაჭრილებით. ოსები პირველივე გასროლების შემდეგ გარბოდნენ. მივყვებოდი რა კვალში მარცხენა შუა საბრძოლო უბანს, მე ქ. ცხინვალს გავუთანაბრდი. იქ სრული სიჩუმე იყო გამეფებული. ჯარები მის შორიახლოს გადიოდნენ და მთელ ფრონტზე ისმოდა გასროლების ტკაცანი, რომელსაც არტილერიის ქუხილი წყვეტდა. ჩემი მსვლელობის დროს მეზობელი სოფლების გლეხები შემომიერთდნენ; ისინი ოსების თავაშვებულობაზე მიყვებოდნენ. ამ დროს შევნიშნე, რომ ჩვენი მიმართულებით ვიღაც მოჰყავდათ. ორ გვარდიელს ერთი ოსი მოჰყავდა, რომელიც ტყვედ აეყვანათ. როცა ის ჩვენთან მოიყვანეს, დავინახე, რომ მას ჩვენი ფორმა ეცვა. მე მას გამოკითხვა დავუწყე. გამოირკვა, რომ იგი სამხედრო სკოლის მე-3 ასეულის ჯარისკაცი გახლდათ, რომლის უფროსიც მე მთავარსარდლად დანიშვნამდე ვიყავი. იგი მარწმუნებდა, რომ შვებულებაში იყო და რომ 2–3 თვის წინ მოვიდნენ ვიღაც ადამიანები ქედის ჩრდილოეთ მხრიდან და ის ძალით ვლადიკავკაზში წაიყვანეს. მე მას გვარი ვკითხე. გვარის მიხედვით გავიხსენე, რომ ასეთი ნამდვილად შედგებოდა ჩვენთან უნტერ-ოფიცერთა ბატალიონში; მე კი იგი გავიხსენე, ვინაიდან დავიმახსოვრე, თუ ერთხელ როგორ მთხოვდა პირადად შვებულებებისთვის შეუფერებლ დროს 3 დღით შვებულებაში გამეშვა. მე გავუშვი და მართლაც იგი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა. მას ცოლი უნდა ეთხოვა თუ ახალგაზრდა ცოლი გადმოეყვანა. როცა მას ვესაუბრებოდი, შევნიშნე, რომ იგი ვერ მცნობდა, უფრო სწორად, თავს ისე იჭერდა, თითქოს ვერ მცნობდა. მე მას ვკითხე, მცნობს თუ ვერა. მან შემომხედა, შეიშმუშნა და ჩემი გვარი დამისახელა. მე იგი ზურგში გავგზვნე.
მე ცხინვალის თავზე აღმართულ გორაზე ვიდექი და ბრძოლას ვაკვირდებოდი. სურვილი გამიჩნდა ცხინვალში შევსულიყავი, სადაც ყველაფერი, როგორც ჩანდა, მშვიდად იყო; შეიძლებოდა მევარაუდა, რომ ოსები იქიდან უკვე გაიქცნენ. იქ რომ დარწმუნებისთვის კაპ. ბერელაშვილი გამეგზავნა, ხოლო თვითონ დავრჩენილიყავი და მელოდა, ამის უფლებას წმინდა სამხედრო ეთიკა არ მაძლევდა. მე გადავწყვიტე იქ პირადად წავსულიყავი. და აი მე კაპ. ბერელაშვილთან ერთად გორიდან ჩამოვედი და ცხინვალში შევედი. ამ ქალაქში ადრე არასოდეს ვყოფილვარ. თავიდან ჩვენ ბაღებით მივდიოდით და, ბოლოს, მის ცენტრალურ ნაწილში შევედით. ზუსტად რომ დროულად შევედით. იქ შესვლაზე ჩემი აკრძალვის მიუხედავად, იქ უკვე იყვნენ გვარდიელები, რომლებიც სავაჭრო დუქნების ძარცვას შეუდგნენ. ჩემი მოსვლა დროული აღმოჩნდა და ძარცვა მე პირადად გავაჩერე. გვარდიელები ერთ-ერთი ბატალიონის მზვერავები აღმოჩნდნენ. მე ამ რაზმის უფროსი ვიპოვნე და ვუბრძანე დაუყოვნებლივ შეეკრიბა რაზმი და უმსგავსოებანიც შეეწყვიტა. მე გზაჯვარედინზე ვიდექი. რაღაც დროის შემდეგ – ვხედავ, შემოდის გენ. კონიაშვილი თავის შტაბთან ერთად. მე მას დავუდასტურე ჩემი ბრძანება, რომელიც მზვერავთა რაზმის ზემოხსენებულ უფროსს მივეცი. იგი მაშინვე განკურგულებების გასაცემად წავიდა. შემდეგ მან მომახსენა ვითარება, რომლიდანაც გამოირკვა, რომ მოწინააღმნდეგე მთელ ფრონტზე დაჩქარებით მიდის. კიდევ რაღაც დროის შემდეგ მოვიდნენ ვალიკო ჯუღელი და ალექსანდრე დებუაძე. ჩვენ ერთ სახლში შევედით; მე რუკა გავშალე და გენ. კონიაშვილს შემდგომი მითითებების მიცემა დავუწყე, რომელიც ახლა მთელი რაზმის უფროსობას უნდა შესდგომოდა. წარმატების, და თანაც ასეთი იოლი წარმატების შედეგად, მე ამ რაზმში ჩემს ყოფნას უკვე ზედმეტად ვთვლიდი. თუმცა კი იგი გავაფრთხილე, რომ შემდეგ დღეს დილით მასთან მივიდოდი. ჩვენი საუბრის დროს გვარდიის შტაბის წევრებიც იქ იყვნენ. ალექსანდრე დგებუაძე წინა ღამით ძალზედ უკმაყოფილო გახლდათ. ჩემი მითითებების თანახმად, მარჯვენა კოლონას, რომელთანაც იგი იმყოფებოდა, მდინარე ლიახვის მარცხენა ნაპირით უნდა შეეტია, და შემდეგ, როცა დასახულ პუნქტთან მივიდოდა, მარჯვენა ნაპირზე უნდა გადასულიყო. მდინარე წვიმებისგან ადიდებული გახლდათ და ისინი მასში გასვლისას გვარიანად დასველდნენ. ეს მიმართულება მოწინააღმდეგის განლაგების ფლანგზე გადიოდა. ჯერ კიდევ როცა ლიახვის მარცხენა ნაპირით უტევდა, ეს კოლონა ოსებს შეხვდა, ისინი სწრაფად გააქცია, ერთი ასეული მათი დევნისთვის დატოვა, ხოლო თავად, მითითების თანახმად, მეორე ნაპირზე გადმოვიდა. როცა მითითებებს ვიძლეოდი, ალექსანდრე დგებუაძემ ჩარევა დაიწყო და, დაუბრუნდა რა ძველს, მან თქვა, რომ ამაოდ უტევდნენ ისინი მარცხენა ნაპირით და ადიდებული მდინარის გადმოლახვისას მხოლოდ დიდი სიძნელეები გადაიტანეს, რომ უმჯობესი იყო სულ თავიდანვე მარჯვენა ნაპირით შეეტიათ. აკრიტიკებდა რა ჩემს წინასწარ მითითებებს, მან გამოიყენა გამოთქმა: „ჩვენთან კი რაღაც ჭკუაზე ვერ არიან“ ("У нас ум за разум заходит"). და როგორია თქვენს დაქვემდებარებაში გყავდეთ ასეთი ხელქვეითები. მთელი საქმე იმაში იყო, რომ, მდინარეზე გადმოსვლისას ისინი დასველდნენ, და ეს ივნისის თვეში. მე მკვეთრი ტონით ვუპასუხე, რომ თუ ისინი მარჯვენა ნაპირით შეუტევდნენ, მაშინ იმ ოსებს, რომლებსაც ისინი მარცხენა ნაპირზე შეხვდნენ, შეეძლოთ მათთვის ფლანგში დაერტყათ და მაშინ ის, ალბათ, ნამდვილად გაიგებდა, რომ სწორედ ისე უნდა შეეტიათ, როგორც მე მივუთითებდი; რომ რათა აკრიტიკო სამხედრო განკარგულებები, საჭიროა გესმოდეს ისინი და იცოდე სამხედრო საქმე. ვალიკო ჯუღელი ჩაგვერია და დაწყებული ინციდენტი მიაჩუმათა.
15 მაისი. მოვრჩი რა საქმეებს, ავტომობილით გორში გავემგზავრე; მე კაპ. ბერელაშვილი მაცილებდა. მშვიდად ვმგზავრობდით ნაცნობ გზაზე, სადაც უკვე არაერთხელ მემგზავრა. სოფელ ტყვიავში შევედით. სოფელი ბაღებით იყო გარშემორტყმული და საჭირო იყო მაღალ წნულებსა და ღობეებს შორის ვიწრო გასასვლელში ერთნახევარი ვერსი გაგევლო, სანამ სოფლამდე მიაღწევდი. ჩვენ სოფლის სახლებიდან 150 ნაბიჯზე ვიმყოფებოდით, როცა ხალხის ბრბო დავინახეთ, რომელიც სოფლიდან გზაზე ყვირილით მორბოდა. ამავდროულად იმავე მხრიდან გასროლებიც ისმოდა. მე ავტომობილი გავაჩერე და მეწინავეებს ვკითხე, რომელთა რიცხვშიც იყვნენ ქალებიც ჩვილი ბავშვებით ხელში. მხოლოდ აქ გავარჩიე ყვირილები: „ოსები, ოსები“. მე მათ სროლის ხმის ქვეშ გამოკითხვა დავუწყე: „რაშია საქმე?“ მათ მიპასუხეს, რომ ახლა მათ თავს დაესხნენ ოსები, რომ ისინი ბევრნი უნდა იყვნენ და ამიტომ გამორბიან მათგან. გასროლების ხმა, რომელიც სულ ახლოს ისმოდა, თითქოსდა მათ სიტყვებს ადასტურებდა. მაღალი ღობეები დანახვის საშუალებას არ გვაძლევდა, მაგრამ გასროლები არაუმეტეს 100–200 ნაბიჯის იქიდან ისმოდა. მე ავტომობილიდან გადმოვედი და ვუბრძნე ავტომობილი მოებრუნებინათ. გზა ვიწრო გახლდათ და ავტომობილს მაშინვე მობრუნება არ შეეძლო; მან წინ და უკან დაიწყო მანევრირება. კაპ. ბერელაშვილს, აიღო რა ხელში კარაბინი, რომელსაც არასოდეს იშორებდა, უნდოდა გასროლების მიმართულებით წასულიყო. ეს უმიზნო გახლდათ და მე ვუბრძანე მას ჩემთან დარჩენილიყო. ამასობაში ავტომობილს მობრუნება არაფრით არ შეეძლო. როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში, ძრავი გაჩერდა. მძღოლის თანაშემწეს მისი დაქოქვა არაფრით არ შეეძლო, ხოლო მძღოლს კი ავტომობილიდან გადმოხტომა უნდოდა. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იგი გაქცევას აპირებდა. მე ის დავამშვიდე. „მშვიდად“, – ვუთხარი მას, – „თქვენი საქმე გააკეთეთ“. ძრავი ამუშავდა; ჩვენ მანქანა მოვაბრუნეთ, მე ავტომობილში ჩვილი ბავშვით ხელში ქალი და მოხუცი ჩავისვი, და გაგრძელებული გასროლების ხმის ქვეშ ჩვენ გზას გავუდექით. როცა ნახევარი ვერსი გამოვიარეთ, შემხვდა ავტომობილი გვარდიის წევრებით, შევაჩერე ჩემი მანქანა და ვუთხარი მათ, რომ სოფელ ტყვიავს ოსები დაეცნენ. მე გზა განვაგრძე; გვარდიელთა ავტომობილი უკუ სვლით მომყვებოდა. როცა სოფლიდან გამოვედი, ახლა მეორე სოფელთან მივედი, რომელიც ტყვიავიდან ერთ ვერსზე იმყოფებოდა, და სადაც გვარიელების საგუშაგო გახლდათ, იქვე იყო მათი აღალიც. მე უფროსს ვუბრძანე თავისი ხალხი გამოეყვანა, ვისაც შაშხანები ჰქონდა, და სოფლის განაპირა მხარე დაეკავებინათ; ამასთან ერთად გავაფრთხილე, რომ ახლა ცხინვალიდან ჯარების რაზმს გამოვუგზავნი. ჩავჯექი რა მანქანაში, ცხინვალისკენ გავემართე. როცა იქ მივედი, მაშინვე სატვირთო ავტომობილებით იქ ასეულები გავგზავნე; ჯიბო ყანჩელის არტილერიას ვუბრძანე ქალაქის გარეთ გასულიყო და ყოველი შემთხვევისთვის პოზიცია დაეკავებინა. სატვირთო ავტომობილებით წასული გვარდიელების კვალდაკვალ მსუბუქი ავტომობილით იქვე გაემგზავრა ვ. ჯუღელიც, და ავტომობილიში მან თან ტყვიამფრქვევები წაიღო.
შემდეგ გორს ტელეფონით დავუკავშირდი და ვიკითხე, ყველაფერი წესრიგშია იქ თუ არა. იქ ყველაფერი მშვიდად იყო. გორის გვარდიის შტაბის წევრს ვუბრძანე მეჯვრისხევს დაკავშირებოდა და გამოერკვია, იქ ყველაფერი მშვიდად არის თუ არა. რაღაც დროის შემდეგ გორიდან შემატყობინეს ცნობები, რომლებიც მიმითითებდა, რომ ის, რაც ტყვიავში მოხდა, ცრუ განგაში გახლდათ. აღმოჩნდა, რომ გორის გვარდიის შტაბმა ცხენოსანი სადაზვერვო რაზმი გაგზავნა მეჯვრისხევიდან მთების გაყოლებით ადგილობრივ ოსებზე მეთვალყურეობის მიზნით. ამ რაზმის წევრებს ცხვრის ტყავის ყავისფერი ფაფახები ეხურათ, ისეთივე, როგორსაც ოსები ატარებენ. როდესაც ისინი, როგორც ვიხსენებ, სოფელ პატარძეულს უახლოვდებოდნენ, მაშინ სოფლის მცხოვრებმა ქართველებმა ისინი ოსებად მიიჩნიეს და სოფელ ტყვიავისკენ გამოიქცნენ, სადაც შექმნეს კიდეც განგაში მოსახლეობაში. ამ რაზმის ქართულ ენაზე შეძახილებისა მცხოვრებლებს არ სჯეროდათ, ვინაიდან ყველა ოსი ლაპარაკობს ქართულად. რაც შეეხება გასროლებს, როგორც ტყვიავის გავლით უკან დაბრუნებისას გავარკვიე, ეს მილიციელები ისროდნენ ჰაერში. ისინი ამბობდნენ, რომ სროლა ადგილობრივ მცხოვრებთა გამხნევებისა და დამშვიდების მიზნით დაიწყეს. მე ისინი გამოვლანძღე და ვუთხარი, რომ მათ სწორედ საწინააღმდეგო შედეგებს მიაღწიეს და რომ საჭიროა ყოველთვის ესროდე მოწინააღმდეგეს, და არა ჰაერში.
გორიდან მიღებული ცნობების სრული დადასტურებისთვის სწორედ ამ დროს გენ. კონიაშვილის შტაბს, სადაც მე ვიმყოფებოდი, გორიდან ჩამოსული სატვირთო ავტომობილი მოუახლოვდა და მძღოლმა მოგვახსენა, რომ მან ტყვიავზე გამოიარა და ოსები იქ არ არიან, მაგრამ რომ იქ მართლაც იყო განგაში. მე გორში გავემგზავრე. გზაზე მომიხდა ყველა სოფელში გავჩერებულიყავი და ადგილობრივი მცხოვრებნი დამემშვიდებინა, რომლებიც ღელავდნენ და გზაზე ბრბოებად იდგნენ. აღმოჩნდა, რომ ოსების თავდასხმის შესახებ ცნობა გორშიც სწრაფად გავრცელდა, სადაც მე უკვე ღამით ჩავედი, გარეუბანში ბრბო იდგა. მე ისინიც დავამშვიდე.
მთელი ამ ისტორიით მე თავს დარცხვენილად ვგრძნობდი. მართალია, არანაირი პანიკა არ შექმნილა; მაგრამ ვითარება ისე ჩამოყალიბდა, რომ არ შეიძლებოდა მცხოვრებთა გამოქცეული ბრბოსთვის არ დაგეჯერებინა, რომლებიც პანიკით შეპყრობილები ბავშვებით გამორბოდნენ და ჩემს ავტომობილში მოძვრებოდნენ. მახსოვს, როცა წამოყვანილ ქალებთან ერთად ავტომობილით ვბრუნდებოდი, მე ძნელად შემეძლო წარმომედგინა, რომ ოსებს შეეძლოთ ასეთი გაბედული, სწორი და გადამწყვეტი მანევრი შეესრულებიათ. დარტყმა ჩვენს ზურგში იყო მომართული. მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგის სისუსტე ფრონტზე, სადაც იგი სწრაფად ქრებოდა და სადაც ბრძოლის პირველ დღეს ჩვენ სულ 3–4 ადამიანი დავკარგეთ, და ოსებით დასახლებული მეჯვრისხევის რაიონის შედარებით სიახლოვეც ასეთი მანევრის შესაძლებლობას უშვებდა. მაგრამ მსგავსი მანევრი ოსების ხელმძღვანელთა შესაძლებლობებს აღმატებოდა; ძნელად თუ ექნებოდათ ამ პიროვნებებს ასეთი უნარი, გაგება და საომარ მოქმედებებში გაბედულება. უნდა ვთქვა, მე პირადად რომ არ აღმოვჩენილიყავი ტყვიავში აღწერილ ვითარებაში, არავის დავუჯერებდი, რომ ოსები ტყვიავს თავზე დაესხნენ. მახსოვს, რომ ტყვიავში ჩემი პირველი აზრი იყო სირცხვილი ოსების ხელში ჩავარდნის გამო; მართლაც, მთავარსარდალი 10–12 ვერსზე თავისი ჯარების ზურგში ოსებს უვარდება ხელში: განა არ შეგრცხვება ამის გამო? რა თქმა უნდა, დიდი შეცდომაა მთავარსარდლის მხრიდან საომარ მოქმედებათა რაიონში ბადრაგის გარეშე აქეთ-იქით მგზავრობა. ეს სწორია; მაგრამ მეორეს მხრივ, ბადრაგი იწვევს ხარჯს და, რაც მთავარია, შესაძლოა ხშირად ხელსაც უშლიდეს მთავარსარდალს გადაადგილებათა სისწრაფის აზრით, რომლებიც (სწრაფი გადაადგილებები), ჩემი აზრით, ამდენად დაბეჯითებით არის აუცილებელი ომის წარმოების შექმნილ პირობებში, სადაც მთავარსარდლის პირადი ყოფნა და ხელმძღვანელობა აუცილებელი გახლავთ.
* * *
ახლა რამდენადმე უკან დავბრუნდები და რამდენიმე სცენას აღვწერ, რომელთა მოწმეც ვიყავი ცხინვალში და რომლებიც მეტად დამახასიათებელია გვარდიული ორგანიზაციისათვის. როცა ცხინვალში ვიყავი და გენ. კონიაშვილთან და მის შტაბის უფროს პოლკ. ნარეკელაძესთან მომავალ მოქმედებებზე ვმსჯელობდი, ჩვენ მოგვახსენეს, რომ აქვე ამ სახლის მახლობლად შესახვევში ოსების ორი გვამი იპოვნეს, რომლებიც უცნობია ვინ დახოცა. ისინი ტყვიებით იყვნენ მოკლულნი. შემდეგ, როცა მანქანით შტაბის წევრები ვ. ჯუღელი და ა. დგებუაძე მოგვადგნენ და ჩვენ კი ოთახში ვიმყოფებოდით, აქვე სახლის ახლოს გასროლების ხმა გაისმა. გარეთ გავარდნენ, რათა ენახათ, თუ რაში იყო საქმე. მე არ გავსულვარ, ვინაიდან წინასწარ ვიცოდი, რომ გვარდიელები თვითნებობდნენ. შემდეგ რაღაც ხმაურისა და ყვირილის მერე ყველანი უკან დაბრუნდნენ. აღმოჩნდა, რომ მართლაც გვარდიელები მძვინვარებდნენ. მე იქვე გადმომცეს შემთხვევა, რომელიც სულ იმ წუთებში მოხდა. როცა ვ. ჯუღელი ქუჩაში გავიდა, იმ მომენტში მას დახმარების შესახებ თხოვნით ერთი ადგილობრივ მცხოვრები ოსი მივარდა. მისი მოკვლა უნდოდათ, და იგი, ეძებდა რა გადარჩენას, ჯუღელთან მივარდა და მას მოეხვია. მაგრამ გასროლა გაისმა და ოსი ჯუღელის ხელებში იქნა მოკლული, ამასთან მსროლელმა გვარდიელმა უკანასკნელს ბოდიში მოუხადა და უთხრა: „მაპატიე, ვალიკო, კინაღამ შენ არ დაგჭერი“. ეს სურათი გვიჩვენებს, თუ როგორი გახლდათ ის ზნე-ჩვეულებანი, ადათები და ურთიერთობები, რომლებიც გვარდიაში იყო დამყარებული. უკვე დიდი დროის შემდეგ მე გადმომცეს, რომ იქ მოხდა ინციდენტი, რომელშიც ერთ-ერთი გვარდიელი შაშხანით ჯუღელს ემუქრებოდა, რომელსაც სურდა ამ გვარდიელის თავაშვებულობას წინ აღსდგომოდა. მეეჭვება, რომ ეს გვარდიელები დაესაჯათ. და ასეთი ორგანიზაციით ოცნებობდნენ ომის წარმოებას; ასეთი ორგანიზაციით იმდოვნებდნენ გამარჯვებას. უკიდურეს გაოცებამდე გაუგებარია, როგორ შეიძლება საკუთარ თავში ასეთი გატაცებების დაშვება, როგორ შეიძლება წარმოიდგენდნენ, რომ ისეთი ორგანიზაცია, როგორიც გვარდიაა, თავისი ამდენად დამღუპველი ადათებითა და ზნე-ჩვეულებებით შეიძლება მრისხანე იყოს მტრისთვის და მარგებელი სამშობლოსათვის. ასეთი გატაცებები მხოლოდ რყვნიდა არმიას, მხოლოდ რყვნიდა ერს. „ნუთუ ამას ვერ ხედავდით“, – მკითხავთ. „ვხედავდით“, – გიპასუხებთ, – „მაგრამ თვალებს ვხუჭავდით, გვარდიის შეხებისა გვეშინოდა. ის სახელმწიფოში დომინირებდა“. გვარდია გახლდათ დაწესებულება, რომლის ხელშიც იმყოფებოდა ფაქტიური ძალაუფლება სახელმწიფოში.
მეორე დღეს მე ისევ რაზმში მივედი. ის ცხინვალის ჩრდილოეთით ვიხილე ხეობაში, სადაც სალაშქრო კოლონად იყო მოყობილი; რაზმი არ მოძრაობდა. მე ავტომობილით კოლონის თავში გავედი. ავტომობილიდან გადმოვედი და ვიკითხე, თუ რაში იყო საქმე, რატომ არ მოძრაობდნენ. ავანგარდის უფროსმა მომახსენა, რომ უახლოეს სიმაღლეზე ოსები არიან, რომ გამოძახებულია არტილერია, და რომ წინ დაზვერვა და შემოვლითი კოლონაა გაგზავნილი. ეს სიმაღლე 800–1000 ნაბიჯზე უფრო შორს არ ყოფილა. ჩვენ კოლონის თავში სრულიად ღიად ვიდექით, აქვე იდგნენ ზარბაზნებიც. „იქ ახლა არავინ არ არის“, – ვუპასუხე, – „ოსები სულელები ხომ არ არიან; დიდი ხანია უკვე ცეცხლს გაუხსნიდნენ ისეთ გემრიელ მიზანს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, და ისიც ასეთ ახლო მანძილზე. წინ ჯაჭვში გაიშალეთ და ნახავთ, რომ იქ არავინაა“. როგორც მოსალოდნელი იყო, იქ არავინ აღმოჩნდა და კოლონამ გზა დაუბრკოლებლად გააგრძელა.
მე თბილისში დავბრუნდი. 1–2 დღის შემდეგ ჩვენმა ჯარებმა როკის უღელტეხილი დაიკავეს, ჩვენი სასაზღვრო პუნქტი ბოლშევიკურ რუსეთთან. ამ ოპერაციასთან ერთდროულად გაჩაღებულ იქნა ოპერაციები ონის მიმართულებაზეც, სადაც მოქმედებდა ერთი გვარდიული ბატალიონი არტილერიით, პოლკ. ინწკირველის უფროსობით.
როცა ოსებმა ცხინვალი დაიკავეს, ისინი ონის რაზმის წინააღმდეგაც გამოჩნდნენ. იქიდან რაზმის გაძლიერებაზე ყველა თხოვნის მიუხედავად, მე ეს არ გამიკეთებია. წინასწარ განვჭვრიტე, რომ ცხინვალის მიმართულებაზე წარმატება გავლენას იქონიებს იმ ოსებზეც, რომლებიც ონის მიმართულებით შემოიჭრნენ. არ შეიძლება ყველგან იყო ძლიერი. სურვილს რომ ყველგან ძლიერი იყო საპირისპირო მოვლენამდე მივყავართ: ყველგან იქნები სუსტი. მე მოქმედებები ცხინვალის მიმართულებაზე განვავითარე და მტერმა ონის რაზმის წინაშეც მაშინვე დათმო.
ამრიგად, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფრონტზე ჩვენი საომარი მოქმედებები წარმატებით დაგვირგვინდა და ეს საზღვრები ჩვენში მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი შეიქნა.
თ ა ვ ი XVII
აჭარის საზღვარზე. – ბათუმის დაკავება
აჭარის საზღვარზე
ახლა ჩვენ გვიხდებოდა ბათუმის საკითხის გადაწყვეტა. ამ საკითხის გადაწყვეტა სამხედრო თვალსაზრისით მეტად და მეტად ძნელი გახლდათ. მე ჯერ კიდევ კავკასიის ფრონტზე ომის მიხედვით მახსოვს, რომ აჭარელთა აჯანყების შემდეგ, რომელებიც თურქების მიერ იყვნენ წაქეზებულნი, გენერალ ლიახოვს, რომელიც ამ აჯანყებას აწყნარებდა და თურქეთის საზღვრებში შევიდა, 42 ბატალიონიდან მოუხდა აჭარელთა მორჩილებაში შენარჩუნებისთვის 18 ბატალიონი ბათუმის ოლქის ფარგლებში დაეტოვებინა. ეს ნიშნავდა 15 ათას ხიშტს და ეს იყვნენ ჯარები მტკიცედ დამყარებული დისციპლინით. ჩვენთვის ეს ამოცანა განსაკუთრებით ძნელი გახლდათ და მისთვის რაც შეიძლებოდა უფრო წინდახედულად უნდა მოვმზადებულიყავით. ვითარება სამი გარემოებით რთულდებოდა: 1) თურქეთის გავლენით, 2) ინგლისური საოკუპაციო ხელისუფლების გავლენით და 3) სასულიერო წოდებისა და ბეგების გავლენით, რომლებიც ჩვენი საშინაო პოლიტიკის დემოკრატიულ და სოციალისტურ მიმართულებას არ თანაუგრძნობდნენ; და რომლისკენ სულაც არ იხრებოდა აჭარელი ხალხი თავისი მუსლიმანური მსოფლმხედველობით. ასე თუ ისე, ვითარება რთული გახლდათ. ამასობაში, ნათელი იყო, რომ ყველა მაშინდელი საკითხის ერთდროულად გადაწყვეტის ძალები ჩვენ არ გაგვაჩნდა. სამ ფრონტზე ერთად ომი ჩვენ არ შეგვეძლო. არმიის ნელმა მობილიზაციამ და აღმოსავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგის ძალების სისუსტემ საშუალება მომცეს საკითხი ამ ფრონტზე თითქმის მხოლოდ გვარდიის ძალებით გადამეჭრა. მხოლოდ წითელი ხიდისკენ მათი გამოქცევის შემდეგ მომიხდა აღმოსავლეთის ფრონტზე არმიის ნაწილებისთვისაც თავი მომეყარა. ზავის დადებამ აზერბაიჯანთან, რომელსაც ჩვენ ოფიციალურად ვეომებოდით, და რაც მთავარია, ამ ფრონტზე მოწინააღმდეგის სისუსტემ საშუალება მომცეს ეს ფრონტი მნიშვნელოვან წილად შემესუსტებინა და იქიდან ჯარები წამომეყვანა, რათა ნაწილობრივ ცხინვალის მიმართულებისთვის გამომეყენებინა, და ნაწილობრივ კი აჭარის საზღვრის გაყოლებაზე ჯარების თავმოყრისთვის, სადაც ვითარება ისეთი რჩებოდა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებას მოითხოვდა. ასეთი რთული და, შეიძლება ითქვას, მრისხანე მოსალოდნელი ვითარების მიუხედავად, რომელიც უახლოეს მომავალში ჩვენი ძალების სრულ დაძაბვას მოითხოვდა, გვარდიის შტაბმა ცხინვალის ოპერაციის შემდეგ თხოვნით მომმართა რომ გვარდია სახლებში გამეშვა.
აქ მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება. არმიაცა და გვარდიაც მაისის თვიდან მობილიზებული იყვნენ. არმიის ნაწილები ლაგოდეხის რაიონში, ფოილოს მიმართულებაზე, სადახლოსთან, გოდერძის უღელტეხილის პირისპირ, არტანუჯში და გაგრის მიმართულებაზე იყვნენ განლაგებული. ეს ნაწილები უცვლელად იდგნენ თავიანთ პოსტებზე და, რა თქმა უნდა, შეცვლას არ ითხოვდნენ. ჩვენ არ გვყავდა იმდენი ჯარები, რომ შეგვძლებოდა ისეთი ფუფუნება დაგვეშვა, როგორიც ნაწილების შეცვლაა. ასე არ ხდებოდა გვარდიაში. გვარდიის შტაბისგან ყოველთვის მოდიოდა თხოვნები ანუ, უფრო სწორად, მოთხოვნები თხოვნის ფორმით. ფრონტზე ნამყოფი ნაწილების შეცვლა მათთან ფესვგადგმულ წეს-ჩვეულებად, პირდაპირ კანონად იქცა. ამის მოტივირებას ისინი იმით ახდენდნენ, რომ ჩემი მოთხოვნით ერთ დღეში შეკრებენ თავიანთ ნაწილებს; მართალია, დაკომპლექტების ტერიტორიულობა საშუალებას გვაძლევდა აჭარის საზღვრებზე მათთვის დიდი რაოდენობით ერთბაშად თავი მოგვეყარა, ვინაიდან მარტო იმერეთი, ახალციხისა და ბათუმის დაფარული ბატალიონის ჩათვლით, მათი ბატალიონების საერთო რიცხვის ნახევარს იძლეოდა. უნდა აღვნიშნო უკანასკნელი ბატალიონის ორგანიზაცია. ბათუმში, შეიძლება ითქვას, ინგლისელ ხელისუფალთა თვალწინ გვარდიის შტაბმა შეძლო საიდუმლოდ მოეხდინა გვარდიელთა ბატალიონის ორგანიზება, რომელმაც რამდენიმე საათის შემდეგ შეძლო უეცრად დაბადებულიყო და თავად ბათუმში 500-600 ხიშტის რაოდენობით გამოჩენილიყო. შემდგომში ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი გენერალი კუკოლისი გაოცებული და განცვიფრებული იყო იმისგან, თუ როგორ დაიფარა ეს მისი საიდუმლო პოლიციის თვლთაგან.
დაჟინებული ყოველდღიური თხოვნები ამა თუ იმ ბატალიონის გაშვებაზე, სრული სიწყნარე აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფრონტებზე და ბათუმის ოლქთან ურთიერთობების გაურკვევლობა საშუალებას მაძლევდა მათი თხოვნებისთვის დამეთმო და ბათუმში მშვიდობიანი შესვლის მომენტში გვარდიის თითქმის ყველა ბატალიონი გაშვებული აღმოჩნდა.
* * *
ახლა შევეხები ბათუმის საკითხს. ჩვენი ჯარები ჯერ კიდევ თებერვალში შევიდნენ ბათუმის ოლქის ფარგლებში და არტანუჯი და ხულო ეკავათ. რითი იყო ეს გამოწვეული, ინგლისურ ხელისუფლებასთან როგორმა წინასწარმა მოლაპარაკებებმა მიგვიყვანეს ბათუმის ოლქის ნაწილობრივ ოკუპაციამდე, ჩემთვის ცნობილი არ იყო. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ზამთარში აჭარის ჩრდილოეთ საზღვარზე ნატანები–ოზურგეთის რაიონში თავმოყრილი იყო ჯარები გენ. იოსებ გედევანიშვილის უფროსობით, რომლებიც ოლქის ფარგლებში ძალით უნდა შესულიყვნენ. თითქოს, ასეთი ბრძანება გაცემულიც კი იყო, მაგრამ ჩემთვის უცნობი მიზეზებით ის მოქმედებაში მოყვანილი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ინგლისელებმა ამის უფლება არ მისცეს. მთავარსარდლად ჩემი დანიშვნის მომენტისთვის იქ საზღვარზე 1-ლი პოლკის 1 ბატალიონი იდგა. აჭარის მოსახლეობა უმეტესი მასით ჩვენ მტრულად გვეკიდებოდა, განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთ ნაწილი. ამ მტრულ დამოკიდებულებას აქეზებდნენ თურქი ემისრები, სასულიერო წოდება და ბეგების უმეტესი ნაწილი, აგრეთვე ინგლისელი ხელისუფალნიც, რომლებმაც აჭარის ჯარების მთავარსარდლად ვიღაც ქისქინ-ზადე კიდეც დანიშნეს. ასეთმა მტრობამ ოზურგეთიდან სამხრეთ რაიონსა და ხულოში შეიარაღებული ძალით შეტაკებებამდეც კი მიგვიყვანა. პირველ მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ ორმხრივი სროლით შემოფარგლა და რამდენიმე ათეული აჭარელი ხელში ტყვედ ჩაგვივარდა. მაგრამ ინგლისელების ზეწოლით, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ მათ მიერ მითითებულ ხაზზე არ გადავსულიყავით, საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილ იქნა; ხოლო რადგანაც ამ დროს აღმოსავლეთის ფრონტზე გვარდია პანიკამ მოიცვა, მოგვიხდა პირველი პოლკი აღმოსავლეთის ფრონტზე სადახლოს რაიონში გადაგვეყვანა. ხულოს მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებები ჩვენთვის სრულიად უიღბლოდ განვითარდა. ხულოში 10-ეპოლკის ვადიანი სამსახურის ახალგაზრდა ჯარისკაცები იდგნენ. როგორც ცნობილია, ბატალიონების პირველი სამი ასეული მობილიზაციის შემდეგ 1-ლ ბატალიონს წარმოქმნიდა, მე-4 და მე-5 ასეულები კი იმავე პოლკის მე-2 და მე-3 ბატალიონებად იშლებოდნენ. 10-ე პოლკის ბატალიონების მობილიზაცია ძალიან ნელა მიდიოდა; მტერიალური ნაწილი, რომელიც თბილისიდან ჩამოჰქონდათ, ან განსაკუთრებით ნელა ან კიდევ მიკროსკოპულ დოზებში მოდიოდა. ასეთმა მოვლენამ ის წარმოშვა, რომ ხულოში რაზმი ფაქტიურად იზოლირებული გახლდათ. პოლკი სათადარიგო მებრძოლებით გააძლიერეს, რომლებიც დაკომპლექტებისთვის ჩამოვიდნენ, მაგრამ მე-2 და მე-3 ბატალიონები ჯერ სულაც არ იყვნენ მზად და მოქმედებისთვის მზადმყოფი ხიშტებიც მეტად მცირე რაოდენობით ჰყავდათ.
ბოლოს მეხმაც დაიქუხა. ხულოს რაზმი ალყაშემორტყმულ იქნა საბრძოლო მოქმედებების დამწყებ აჭარელთა მიერ. ალყაშემორტყმულების დასახმარებლად ახალციხის მხრიდან დაიძრნენ როგორღაც მობილიზებული ნაწილები და გვარდიის ერთი ბატალიონი. ჩვენი შეტევის პირველ დღეს გვქონდა წარმატება და რამდენიმე ვერსიღა იყო გასავლელი, როცა ღამით მოხდა კატასტროფა. ჯარებმა, გვარდიამაც და არმიამაც, უარი თქვეს აჭარლების წინააღმდეგ წასვლაზე და უკანვე დაბრუნდნენ. არავითარი დარწმუნებანი არ მოქმედებდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრა დივიზიის უფროსი გენ. ვარდენ წულუკიძე, მაგრამ არ შეეძლო წამოსულები გაეჩერებია. გვარდიის ადგილობრივმა შტაბმა გვარდიელები როგორღაც დაიყოლია რომ დარჩენილიყვნენ, მაგრამ წინ წასვლაზე ისინიც კატეგორიულად უარს აცხადებდნენ. გამოძიებამ შემდგომში გამოარკვია, რომ უფროსებისთვის დამორჩილებაზე პირველი უარის მთქმელნი აღმოჩნდნენ გვარდიელები და რომ საარმიო ნაწილების სათადარიგონიც ამ ბოროტმოქმედებაში მათი წამქეზებელი გვარდიელების მიერ იქნენ ჩათრეულნი. დაუმორჩილებლობის მოტივი იყო შემდეგი: რატომ ვეომოთ აჭარლებს, როცა მათ ჩვენთან ომი არ უნდათ, რატომ შევიყვანეთ ჯარები ხულოში, ეს აჭარლების ქვეყანაა, საჭიროა ისინი უკანვე გამოვიყვანოთ. თავად ხულოში რაზმი აჭარლებს დანებდა. მათი უფროსი გახლდათ კაპიტანი კვიტაიშვილი. ჩემს მიერ დაძრულ იქნენ ჯარები სხვა ფრონტებიდან, მაგრამ მათ არ შეეძლოთ დროზე მოსულიყვნენ და აჭარის საზღვრებს მაშინ მიადგნენ, როცა ხულო უკვე დაეცა. სახელმწიფო თავდაცვის საბჭომ დაადგინა, რომ აღმოსავლეთ ფრონტის ვერუზრუნველყოფილობის გათვალისწინებით, სადაც ზავი ჯერ კიდევ არ არის დადებული, და ცხინვალისა და ონის მიმართულებაზე მოქმედებების გათვალისწინებითაც, საომარი მოქმედებები აჭარის წინააღმდეგ ჯერჯერობით არ იქნას დაწყებული. მე ამას სრულებით ვეთანხმებოდი, ვინაიდან ჩვენი ნაწილობრივ შეჭრა ხულოს დაცემამდე შესაძლებლად მიმაჩნდა: ჩვენ გვქონდა საბაბი, დახმარება უნდა გაგვეწია ალყაში მოქცეულებისთვის და საბრძოლო მოქმედებებიც მხოლოდ ადგილობრივ ხასიათ მიიღებდა, ნატანები – ხულოს ხაზზე შეტაკებების მსგავსად. ხულოს დაცემის შემდეგ კი ჩვენი შეტევა საერთო შეჭრის ხასიათს ღებულობდა, რომლისთვისაც, აღმოსავლეთ ფრონტზე მოქმედებათა დაუსრულებლობის გამო, მზად არ ვიყავით.
გოდერძის უღელტეხილისკენ დაძრული ნაწილები მხოლოდ ჩვენი საზღვრის დაფარვას წარმოადგენდნენ; ეს აუცილებელი გახლდათ აქ მდგომი 10-ე პოლკის სრული მოუმზადებლობის გამო საბრძოლო მოქმედებებისთვის. რამდენადაც მახსენდება, იქითკენ დაძრულ იქნენ მე-8 და 11-ე პოლკები, რომლებსაც ბირთვის სამსახური უნდა გაეწიათ აჭარაში ჩვენი შესაძლო მომავალი შეჭრისათვის ახალციხის მხრიდან.
დავუბრუნდები მოვლენებს. როგორც ზემოთ მივუთითე, გვარდიის გაჩერება მოხერხდა, მაგრამ 10-ე პოლკის ჯარისკაცები 400 ადამიანის რაოდენობით, რომლებსაც ხულოზე უნდა შეეტიათ, ოფიცრების გარეშე, უკან წამოვიდნენ. როგორც ყოველთვის, მე ეს შეტყობინება ღამით ტელეგრაფის აპარატთან გამოძახებით მივიღე. აპარატთან ჩემს გვერდით ვ. ჯუღელი იმყოფებოდა. გენ. წულუკიძემ ახალციხიდან მოკლედ გადმოგვცა გოდერძის უღელტეხილთან მომხდარის დაწვრილებითი ამბები და მოგვახსენა, რომ მან ამოწურა ყველა საშუალება ამ 400 ადამიანის გაჩერებისთვის, და მითითებებს ითხოვდა. ჩემს მითითებაზე, რომ უწინარეს ყოვლისა აუცილებელია ამ ამბოხებული ბრბოს განიარაღება, მან მიპასუხა, რომ მას საშუალებები არ გააჩნია, ვინაიდან ახალციხეში დარჩენილი ჯარისკაცებიდან მას შეუძლია მხოლოდ 50 ადამიანის იმედი ჰქონდეს, და რომ ხვალ დილის 7–8 საათზე ეს 400 კაცი ახალციხეს მოადგება. აპარატით მოლაპარაკებების დროს გამოირკვა, რომ, ადმინისტრაციის ჩინების (მოხელეთა) შემოერთების შემდეგაც, შეიძლება 100–120 ადამიანის მიღება. მაშინ მე კატეგორიულად ვუბრძანე ამ 400 კაცის განიარაღება და იქვე მივუთითე ამისთვის ხერხიც. მე მივუთითე ეს 100–120 ადამიანი ამბოხებულთა დასახვედრად ახალციხიდან გაეყვანა, ისინი ტყვიამფრქვევებით ახალციხიდან 3 ვერსზე ხეობაში განელაგებია, და როცა ამბოხებულები ხეობაში შემოვიდოდნენ, მათთვის იარაღის დაყრა შეეთავაზებია. ახალციხე დაურწმუნებლობას გამოხატავდა, მაგრამ მე ისევ კატეგორიულად ვუბრძანე ჩემი ბრძანება ზუსტად შეესრულებიათ და განიარაღების შემდეგ ყველანი დაეპატიმრებიათ და გამოძიებაც დაეწყოთ. ტელეფონით კიდევ დავუმატე, რომ თავად ჩავალ ახალციხეში. მიპასუხეს, რომ ზუსტად აღასრულებენ. აპარატით ჩვენი საუბარი დასრულდა. მე წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი, ვინაიდან 30-ვერსიანი მარშის შემდეგ ამბოხებულები თავიანთ თავდაპირველ მისწრაფებაში უნდა გაგრილებულიყვნენ; ჩემთვის ნათელი გახლდათ, რომ ეს 400 ადამიანი რამდენიმე პირის წამქეზებლობით მოქმედებს, და როცა საკუთარ თავს მთებიდან მოვალეობისადმი ერთგული ჯარისკაცების ალყაში დაინახავენ, და თანაც ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულებისა, აუცილებლად წინააღმდეგობის გარეშე დაყრიან იარაღს. ეს ასე მოხდა კიდეც.
მეორე დღეს დილით ეს 400 ადამიანი განიარაღებული და ციხეში ჩასმული იქნა. ამ 400 ადამიანიდან საგანგებო სასამართლოს დადგენილებით 9 პირი დაიხვრიტა, მაგრამ ერთი მათგანი სასამართლო განაჩენის აღსრულებაში მოყვანის დროს გაიქცა. მე ჩავედი ახალციხეში, საიდანაც გოდერძის უღელტეხილისკენ გავემართე, სადაც ნაწილები დავათვალიერე და მადლობა გადავუხადე მათ შორის იმათ, ვინც მოვალეობის ერთგული დარჩნენ. შემდეგ ახალციხეში ვესტუმრე საპატიმროს და თავიანთი მოვალეობის დამრღვევებს სიტყვით მივმართე. მე მათ ვუთხარი, რომ არ ვიცი რა ვუწოდო, რადგანაც იმ ბოროტმოქმედებას, რომელიც მათ ჩაიდინეს, სახელწოდება არ გააჩნია. ეს არ არის ღალატი, ვინაიდან ისინი მოწინააღმდეგის მხარეზე არ გადასულან, ეს არ არის მკვლელობა, ვინაიდან მათ არავინ მოუკლავთ. მათ ისეთი დანაშაული ჩაიდინეს, რომლის სახელიც ქართულ ენაში არ არის, ვინაიდან ქართველებს ასეთი დანაშაული არასოდეს ჩაუდენიათ. ისინი იმ მომენტში, როცა მათი ამხანაგები, მათი ძმები, მათი ნათესავები თავგანწირულად იცავენ ჩვენს მიწას და იღუპებიან მათთვის ბრძოლის ველზე; როცა მათი ამხანაგები, ძმები, ნათესავები მტრებით გარშემორტყმულნი სხედან ხულოში და მათ დახმარებას მგზნებარედ ელოდებიან, მათ ამ მომენტში მათ ამ ამხანაგებს უკნიდან, კუთხეს ამოფარებულებმა ზურგში დანით დარტყმა მიაყენეს. ასეთი გახლდათ ჩემი სიტყვის აზრი. მე ძლივს-ძლივობით თუ ვფლობ ქართულ ენას, მაგრამ ვხედავდი, ზოგიერთ მათგანს ლოყებზე როგორ დაედინათ ცრემლი. უკვე აქ პარიზში მე ქალბატონ ჩხენკელისგან მსმენია, რომ მას გლეხები ელაპარაკებოდნენ ჩემზე და გადასცეს, რომ მე ამ მომენტში მათ ვეუბნებოდი ნამდვილ სიტყვებს, რომლებმაც ყველა ისინი გულის სიღრმემდე შეძრა. მე ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს ჩვენი ჯარისკაცები; ჩვენი ჯარისკაცები გასაოცრად სინდისიერები არიან; ისინი არიან ფიცხები, ვნებიანები, ამიტომაც ხშირად ეშლებოდათ, მაგრამ ნამდვილი, ბოროტი დამნაშავენი მათ შორის ძალზედ იშვიათად არიან. სამშობლოსადმი, თავიანთი კერისადმი, წესრიგისადმი სიყვარული მათში ძალზედ ძლიერია, და მე მყარი რწმენით ვუყურებ ჩვენი სამშობლოს მომავალს; არაერთხელ ტანჯულა იგი უცხო უღლის ქვეშ, მაგრამ არასოდეს დაღუპულა; ხალხში ძლიერაა განვითარებული საკუთარი გვარის (მოდგმის), საკუთარი სამშობლოს შენარჩუნების გრძნობა და იგი ცივილიზებული ხალხების წრეში იქნება მიღებული, სადაც თავის არცთუ უკანასკნელ ადგილს დაიკავებს.
16 მაისი. გარკვეული დროის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფრონტებზე დასრულდა. დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების გარდა ჩვენ შემოჭრისგან იმითაც ვიყავით უზრუნველყოფილი, რომ არმია მობილიზებული გახლდათ და უკვე არავის შეეძლო მოულოდნელად თავზე დაგვსხმოდა. ამ ფრონტების გამო შეიძლებოდა მშვიდად ვყოფილიყავით და მე ახლა შემეძლო მთელი ჩემი ყურადღება ბათუმის საკიხის გადაჭრაზე გადამეტანა. ამ მინით მე აჭარის საზღვრის გაყოლებით მოვუყარე ჯარებს თავი. შეიქმნა სამი ჯგუფი: 1) გენ. იოსებ გედევანიშვილის უფროსობით ნატანები–ოზურგეთის რაიონში, 2) გენ. წულუკიძისა გოდერძის უღელტეხილის რაიონში და 3) პოლკ. ვაჩნაძესი არტანუჯის რაიონში; ეს ჯგუფი გენ. წულუკიძეს ექვემდებარებოდა. ჩემს რეზერვში იმყოფებოდნენ 1) თითქმის მთელი გვარდია, მართალია სახლებში გაშვებული, მაგრამ რომლის უმეტეს ნაწილსაც შეეძლო სამ დღეში ნატანები–ოზურგეთის რაიონში თავი მოეყარა, 2) სამხედრო სკოლა თბილისში, რომელიც მუდამ მზად იყო გამოსასვლელად, 3) ფარული ბათუმის ბატალიონი და 4) ერთი გვარდიული ბატალიონიც, რომელსაც მუდმივად სარკინიგზო ეშელონში უნდა ეცხოვრა და ყოველ წუთს მზად ყოფილიყო დასაძვრელად: შემდეგ გამოირკვა, რომ ეს ბატალიონი ჩემთვის შეტყობინების გარეშე გვარდიის შტაბს სახლებში ჰყავდა გაშვებული. ამრიგად, თავი მოვუყარე რა ჩემს ჯარებს, მე მზად ვიყავი ნებისმიერ მომენტში აჭარაში შესაჭრელად. რადგანაც მოქმედებების ინიციატივა ჩვენ გვეკუთვნოდა, ამიტომ შემეძლო მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების 3/4-ზე მეტი აჭარის წინააღმდეგ მიმემართა, შევიჭრებოდით რა მასში სამი მხრიდან. ამაზე უფრო ძლიერი დაძაბულობის მიცემა (შექმნა) ჩვენ არ შეგვეძლო (Более сильного напряжения мы дать не могли). გარდა ამისა, სახმელეთო მოქმედებები შეიძლებოდა ჩვენი არცთუ დიდი ფლოტის მოქმედებებითაც გაგვეძლიერებინა, რომელსაც დესანტის გადასხმისა და მისი კვებისთვის (იგულისხმება მომარაგება – ი. ხ.) საკმარისი ტვირთამწეობა გააჩნდა. ეს ასევე გვქონდა გათვალისწინებული. ამასობაში, როგორც ჩანს, მთავრობა აწარმოებდა მოლაპარაკებებს ინგლისელებთანაც, და აჭარლებთანაც. მე, როგორც ყოველთვის, ამ ყოველთვის საიდუმლო მოლაპარაკებების კურსში არ გახლდით: მე ჩვეულებრივ ამ „წმინდათა წმინდაში“ არ მახედებდნენ. მოვიყვან საგანთა ასეთი წესრიგის ერთ-ერთ მაგალითს. ვიღაც მარკოზოვმა ჩამოაყალიბა დივიზია ქართვლთაგან ჩრდილოეთ კავკასიაში: მე ამის შესახებ ჩვენი დაზვერვისგან ვიცოდი და ამის წინააღმდეგ შესაბამის ზომებსაც ვღებულობდი. და როგორი იყო ჩემი გაოცება, როცა მე სრულიად შემთხვევით, უფრო სწორად უნებურად, გავიგე, რომ მარკოზოვი ამ დივიზიას აყალიბებს ჩვენთვის, გადამწყვეტ მომენტში ჩვენს მხარეზე გადმოსვლის მიზნით: და ეს კეთდებოდა მთავრობის თანხმობით, მაგრამ ამას ინახავდნენ ჩემგან, მთავარსარდლისგან საიდუმლოდ. თავად განსაჯეთ, თუ ამის გამო როგორი საბედისწერო შედეგები შეიძლებოდა მომხდარიყო.
მე აჭარასთან ომისთვის ვემზადებოდი და სრულებით არ ვიყავი იმის კურსში, რომ არის ჩვენთვის ბათუმის მშვიდობიანად გადმოცემის შესაძლებლობა. უკიდურესად ვიყავი გაოცებული ასეთი უფლებამოსილებებით თბილისში პოლკ. სტოქსის ჩამოსვლის გამო, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდი.
(გაგრძელება იხ. ნაწილი V)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment