(ნაწილი III)
არტაანი
ახლა იმაზე უწინ, სანამ გადავიდოდე ჩვენი ლაშქრობის აღწერაზე არტაანში, მე შევჩერდები ერთ მოვლენაზე, რომელიც მიმდინარე დროის მანძილზე მოხდა. მე თბილისიდან შემატყობინეს, რომ ახალციხეში მოემგზავრება კომისია, რომელიც დამფუძნებელი კრების მიერაა დანიშნული აჯანყების მიზეზების ადგილზე გამოძიებისთვის. ამ კომისიას თავმჯდომარეობდა გიზო ანჯაფარიძე, დამფუძნებელი კრების წევრი. ჯერ კიდევ ამაზე უწინ მე მომიხდა უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარისთვის მიმემართა ტელეგრამით, რომელშიც ვთხოვდი გაეწვიათ ახალციხის მაზრიდან მთავრობის რწმუნებული ლეო რუხაძე. მე ადრე უკვე აღვწერე მისი უტაქტობა ჩემთან, როგორც მაზრებში უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენელთან, მიმართებაში; როგორც ვამბობდი, მე დანიშნული ვიყავი სარდლად და გენერალ-გუბერნატორად. ახალციხის მაზრის ფარგლებში ჩემი შემოსვლიდან მეორე დღესვე მან, ისე რომ სრულებით არ უწევდა ანგარიშს ჩემს გენერალ-გუბერნატორის ხელისუფლებას, დაიწყო თანამდებობებზე დანიშვნები, იძლეოდა განკარგულებებს და ასეთნაირად იმ მხარეში, რომელსაც, საკუთრივ რომ ვთქვათ, იარაღის ძალით ვიკავებდით (ვიპყრობდით, завоевывался), გამოდიოდა ორხელისუფლებიანობა; რა თქმა უნდა, ამას შეეძლო საქმისთვის ზიანი მიეყენებია. უფრო მეტიც, საკმარისად მრავალრიცხოვანი ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ხელისუფალთა ერთ-ერთ კრებაზე, რომელიც ახალციხეში მიმდინარეობდა და რომელსაც სამხედრო მინისტრი ესწრებოდა, მან ჩემთვის მოულოდნელად სამხედრო მინისტრს მიმართა თხოვნით ზეგავლენა მოეხდინა ჩემზე და მოეთხოვა, რომ მე ერთი საწყობი, მგონი რკინიგზელთა, კუთვნილების მიხედვით დამებრუნებია. უნდა ითქვას, რომ ახალციხეში მოსვლის შემდეგ მე გავეცი ბრძანება ჩვენს ხელში ჩაგდებულ ყველა არაკერძო საწყობთან გუშაგები დაეყენებიათ და იქ აღწერა მოეხდინათ, აგრეთვე მათი მფლობელებიც გამოერკვიათ. მისმა ამ გამოსვლამ მე უკიდურესად გამაკვირვა, მით უმეტეს, რომ მას ჩემთვის ამის შესახებ ადრე არაფერი უთქვამს. გამოდიოდა, რომ მე რაღაც უკანონოს ვაკეთებ. ბორჯომში მასთან ჩვენი პირველი საუბრისას მას ვუთხარი, რომ იგი მე უნდა მეხმარებოდეს და რომ ჩვენ თანხმობით უნდა ვმოქმედებდეთ. მაგრამ იგი მოქმედებათა ასეთ წესს არ იცავდა, და მაშინ გადავწყვიტე თხოვნით მიმემართა მთავრობის თავმჯდომარისთვის რომ ლეო რუხაძე გაეწვიათ. გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ლეო რუხაძე ძალზედ სიმპათიური და საყვარელი ბატონია; რატომ მიმართა მან მოქმედებების ასეთ წესს, არ მესმის. არ ვფიქრობ ამის ახსნას მისი გამოცდილების გარკვეული უკმარისობით, როგორც ცხოვრებისეული, ისე სამსახურეობრივი და ადმინისტრაციული მიმართებითაც. უფრო მეტად ვფიქრობ, რომ მასზე სხვები ახდენდნენ გავლენას, რომელთაც არ მოსწონდათ ჩემი პიროვნება ამა თუ იმ მოსაზრებებით. ვითხოვდი რა მის გაწვევას, მე მივუთითებდი ხელისუფლების შექმნილი მდგომარეობის შეუძლებლობაზე მისი ასეთი დაყოფის დროს და დავუდე პირობა, რომ თუ რწმუნებული არ იქნება გაწვეული, მაშინ მე მომიწევს თანამდებობიდან გადადგომა. მთავრობის თავმჯდომარემ იგი გაიწვია.
ამრიგად ჩამოვიდა კომისია გ. ანჯაფარიძის მეთაურობით. მე ვუბრძანე ადგილობრივი საბინაო დისტანციის წარმომადგენელს სადგომი გამოეყოთ და არ მახსოვს, იმავე თუ მეორე დღეს (მე ხშირად მიხდებოდა ყურადღების გადატანა პოზიციებზე მგზავრობათა გამო), მე ვესტუმრე კომისიას. სადგომი დამფუძნებელი კრების წარმომადგენლებისთვის შეუსაბამო მომეჩვენა და მე მაშინვე ვუთხარი გ. ანჯაფარიძეს, რომ ვუბრძანებ დაუყოვნებლივ სხვა გამოუყონ. იგი მე დაბეჯითებით მთხოვდა ეს არ გამეკეთებინა, მით უმეტეს, რომ აქ სულ რამდენიმე დღეს დაჰყოფდა; ჩემთვის ეს ძალზედ უსიამოვნო იყო, მაგრამ იძულებული ვიყავი გიზო ანჯაფარიძეს დავმორჩილებოდი. როცა დავბრუნდი, ჩემთან მოვითხოვე საბინაო დისტანციის წარმომადგენელი და მას კარგად მოხვდა ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულებისათვის დამფუნებელი კრების წარმომადგენლებთან მიმართებაში.
კომისია შეუდგა თავის მოქმედებებს, მას მიზნად ჰქონდა აჯანყების მიზეზები დაედგინა; მე არა მარტო არ ვერეოდი მის ფუნქციებში, არამედ ჩემი ძალების მიხედვით ვცდილობდი დავხმარებოდი მას მის ძნელ მოვალეობებში. ეს კომისია საერთოდ დიდხანს არ დარჩენილა, და მე გიზო ანჯაფარიძესთან არაერთხელ მომიხდა აზრების გაზიარება ყველა მიმდინარე საკითხზე. სხვათა შორის მან გამომიხატა თავისი გაკვირვება ჯარებში წესრიგისა და საერთოდ დისციპლინის გამო. უნდა ითქვას, რომ წელიწადზე უფრო ნაკლები დროის წინ გიზო ანჯაფარიძე ბათუმური ეპოპეის მოწმე გახლდათ და ახლა გაკვირვებული იყო იმ სურათით, რომელსაც ჯარები წარმოადგენდნენ. „თქვენთან, გიორგი ივანეს ძევ, ძველი რეჟიმია“, – მან ასე მითხრა. „და თქვენ რა არ მოგწონთ?“ – ვუპასუხე მას. „პირიქით, შესანიშნავია, როგორც უნდა იყოს კიდეც ჯარებში“, – შემომეპასუხა იგი. „ბათუმში ეშმაკმა უწყის რა იყო“, – დაუმატა მან. ეს დიალოგი ჩვენს შორის მოხდა შემდეგი გარემოების გამო. ჩვენ ავტომობილით ვმგზავრობდით, და მან დაინახა, რომ გზიდან 100–150 ნაბიჯზე მჯდომარე ჯარისკაცები ფეხზე წამოხტნენ და სამხედრო პატივით მომესალმენ.
კომისია გაემგზავრა და შემდეგ დამფუძნებელ კრებაში მოხსენება გააკეთა. ამ მოხსენებაში, რომელიც მე წერილობითი სახით გამაჩნია, სხვათა შორის გიზო ანჯაფარიძემ კეთილსასურველად გამოთქვა ჩემი და ჩემი შტაბის უფროსის პოლკ. ნ. გედევანიშვილის საქმიანობის შესახებ, რომელმაც მე მაშინ თავისი ენერგიითა და გულმოდგინე მუშაობით ნამდვილად გამაოცა.
დავბრუნდი რა ახალციხის ლაშქრობიდან, გავიგე, რომ კომისია რაღაც სხვის გამოსარკვევად ყოფილა გამოგზავნილი. მე სამხედრო მინისტრმა გრ. თეიმ. გიორგაძემ გარკვევით და სარწმუნოდ მითხრა, რომ ახალციხის აღების შემდეგ სოციალ-დემოკრტიული პარტიის ფრაქციაში გაკეთებულ იქნა შვიდი მოხსენება. მომხსენებლები, მე მათი გვარები არ ვიცი და არც მინდა რომ ვხვდებოდე, ამბობდნენ, რომ გენ. კვინიტაძე მოქმედებს ზედმეტად დამოუკიდებლად, რომ იგი მათ სრულებით არ ეკითხება რჩევებს, რომ როცა ისინი დაჟინებით მოითხოვენ წინ წასვლას, იგი დგას და, პირიქით, როცა ისინი დაბეჯითებით მოითხოვენ საომარი მოქმედებების შეჩერებას, იგი წინ მიდის; რომ გენ. კვინიტაძემ ქალაქ ახალციხის კომენდანტად დანიშნა კონტრრევოლუციონერი გენ. რატიშვილი და სხვა, და სხვა ასეთივე სულისკვეთებით. საბედნიერო თუ საუბედუროდ, მაგრამ იქ ჩემი დამცველებიც გამოჩნდნენ; თუმცა კი საბოლოოდ, მომხსენებელთა დაჟინებული მოთხოვნით გადაწყვეტილ იქნა ადგილზე გამოძიებისთვის ვინმე გამოეგზავნათ. მომხსენებლები ახალციხიდან ჩემს დაუყოვნებლივ გაწვევასა და დაპატიმრებასაც კი მოითხოვდნენ. სწორედ ამ საკითხის გამორკვევა დაეკისრა კიდეც გიზო ანჯაფარიძის კომისიას აჯანყების მიზეზების დადგენის ფირმით (под фирмой установить причины восстания). მაშინ, თბილისში დაბრუნებიდან დიდი დროის შემდეგ, ზოგიერთი დაწვრილებითი ამბავი შევიტყვე ფრაქციაში მისი მოხსენების შესახებაც. მე ამის შესახებ ვეღარ მოვახერხე დალაპარაკება თავად გიზო ანჯაფარიძესთან. მოვიყვან ერთ დამახასიათებელ დეტალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი მოხსენებისას. აღმოჩნდა, რომ მე იგი ძლიერ მაქებდა და აი, გამოთქვამდა რა ამ მოხსენების გამო, ნ. ბ. რამიშვილმა თქვა, რომ ჩემი ასე ძლიერად ქება არ არის საჭირო დამფუნებელი კრების წინაშე – „ვინაიდან“, – თქვა მან, – „ჩვენ ეს სრულებით არ გვაწყობს“. ეს ვის „ჩვენ“ და რატომ „არ გვაწყობს“, ამის შესახებ მე უკვე აღარ გავვრცელდები. ეს მხოლოდ გვაჩვენებს, რომ ნოე ბესარიონის ძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სამართლიანი არიან ხოლმე მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს მათი საიდუმლო მოსაზრებების მიხედვით არის საჭირო. რა აღემატება (აჭარბებს) აქ, სახელმწიფოებრიობა თუ პარტიულობა, დაე მკითხველმა გადაწყვიტოს. დამახასიათებელია.
არმიის სული
ახლა აღვწერ, როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩემდამი რწმუნებული ჯარების დისციპლინა. ჯარისკაცები, მე უნდა გაგაფრთხილოთ, სწორედ იგივენი იყვნენ, რომლებიც ჩვენ რუსული ჯარების რიგებიდან მივიღეთ და რომელთაგან 1918 წელს, მიმდინარე მოვლენებიდან ერთ წელზე უფრო ნაკლები ხნით ადრე, ვცდილობდით ქართული ჯარები ჩამოგვეყალიბებინა; ეს ჩვენ არ გამოგვივიდა იმის ძალით, რომ ამ პერიოდში ჯარისკაცებმა ჯარებში დაუმორჩილებლობისა და თვითნებობის ის სულისკვეთება შემოიტანეს, რომელსაც ჩვენ ბოლშევიზმს ვუწოდებდით; მაშინ ჯარისკაცების სახლებში გაშვება მოგვიხდა. აი ეს ელემენტი შეიკრიბა ახალციხეში. როცა მობილიზაცია იქნა გამოცხადებული, ბევრი სკეპტიკურად ეკიდებოდა იმას, მშვიდად ჩაივლის მობილიზაცია თუ ვერა. თუ სომხებთან ომში წამოვიდნენ, ეს თავად ომის პოპულარობით აიხსნებოდა; ახალციხეში, ამბობდნენ ისინი, ალბათ არ წამოვლენ. მაგრამ მობილიზაცია გამოვიდა, და უნდა აღვნიშნო, რომ ამაში ძლიერ დაგვეხმარნენ ადგილობრივი ადმინისტრაცია და გვარდიის ორგანოები. მათ მიერ იქნა მიღებული ზომები, რომლებიც წარმატებით დაგვირგვინდა. მობილიზაციამ ნაყოფიერად ჩაიარა (Мобилизация прошла). სათანადოდ მივუზღავ რა ადმინისტრაციის მისწრაფებებსა და სურვილებს, რომ მობილიზაციის საქმეს დახმარებოდნენ, და ასევე ადგილობრივ გვარდიულ ორგანიზაციებს (შტაბებს), პირადად მე მობილიზაციის იღბლიანობას ვხსნი უფრო ღრმა მიზეზებით. მე ვთვლი, რომ ამ დროისთვის სახელმწიფოებრიობის იდეამ, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეამ, ქართველი ერის ინტერესების ერთობის იდეამ ხალხის მასებში დაიწყო დამკვიდრება; სხვანაირად ვერანაირი ზეწოლა, ვერანაირი იძულებანი ვერ მოგვცემდა კეთილსასურველ შედეგებს; პირიქით, ეს მაიძულებელი ზომები წინააღმდეგობა გამოიწვევდა და ხელს შეუწყობდა ბოლშევიზმის გავრცელებას. მიღებული მაიძულებელი ღონისძიებები უეჭველად მიმართული გახლდათ მხოლოდ სულით სუსტებისა და საბრძოლო მოქმედებებისგან თავის ამრიდებელთა წინააღმდეგ; ეს მოვლენა ყოველთვის და ყველა არმიაში იყო, არის და კიდეც იქნება. ჩვენ ჩინებულად ვიცით პატრიოტიზმის აღზევების შესახებ საფრანგეთის დიდი რევოლუციის ომების დროს; მაგრამ მაშინ იძულებული იყნენ შემოეღოთ სიკვდილით დასჯა ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის, ისევე როგორც დეზერტირობისთვისაც. ასეთივე მოვლენა დაიმზირება საფრანგეთ-პრუსიის ომის მეორე ნახევარშიც, როცა მთელი საფრანგეთის მომცველმა პატრიოტიზმმა საშუალება მისცათ ბრძოლის ველზე მილიონამდე მებრძოლი გამოეყვანათ, მართალია, სრულიად განუსწავლელნი.
ახალციხის ფრონტზე მოსული ნაწილები უწინარეს ყოვლისა იყვნენ შეუკავშირებელნი (შეუთანხმებელნი, не спаяны); უფროსები არ იცნობდნენ თავიანთ ხელქვეითებს; ხელქვეითები არ იცნობდნენ თავიანთ უფროსებს. მათ შორის არ იყო ნდობა, მით უმეტეს, რომ ერთი წლის წინ სწორედ ეს ჯარისკაცები სამხრეებს აგლეჯდნენ ოფიცრებს, ახლანდელ თავიანთ უფროსებს. ჯარისკაცების მასა მზად იყო დაუმორჩილებლობის გამოხატვისა და თვით ამბოხებისთვისაც; 1918 წლის სიმთვრალის განწყობას ჯერ კიდევ არ ჩაევლო, თუმცა კი იგრძნობოდა გამოფხიზლებაც. პროვოკატორობას, უფროსობაში მყოფ პირთა შემთხვევით უტაქტობას, ცუდ საკვებს და ა. შ. შეეძლოთ წარმოეშვათ უკმაყოფილების, დაუმორჩილებლობის აფეთქება და თვით ამბოხებაც კი. მე ჩინებულად ვაცნობიერებდი, რომ, საკუთრივ რომ ვთქვათ, ჩვენ, უფროსები, დენთის კასრზე ვისხედით. საჭირო იყო ყურადღებით ვყოფილიყავით ჯარისკაცის მიმართ მის ყველა საჭიროებაში, ანგარიში გაგვეწია მისი სურვილებისთვის, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეგვეწყო მისი მავნე ინსტინქტებისთვის; ამავე დროს ომი და განსაკუთრებით კი ისეთი ხასიათისა, როგორიც ახალციხის ლაშქრობაა, ვრცელ ველს წარმოადგენს მეომრის უარყოფითი თვისებების განვითარებისთვის. მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, ჯარისკაცები უნდა გრძნობდნენ ხელისუფლებას, ისინი უნდა აცნობიერებდნენ მის ავტორიტეტულობასა და მის ძალას. უკანასკნელი ძველ დროში, სხვა კონტინენტზე, მიიღწეოდა მკაცრი, ზოგჯერ უსამართლო სასჯელებით. ახლა ამ ვითარებაში სიმკაცრე, სასჯელების სისასტიკე, ვამტკიცებ, რომ უარყოფით ნაყოფებს მოგვიტანდა. თავწათმეულ ცხენს გამოცდილი მხედარი მაშინვე არ აჩერებს, არამედ თავიდან თითქოსდა ეძლევა მას, შემდეგ თანდათანობით ჭიმავს აღვირს და მერე კი ეუფლება ცხენს; დაუფლების შემდეგ შეიძლება მკაცრი ზომების მიღებაც. ასევე აქაც ჯარისჯაცების მასა, რომელიც 1918 წელს უფროსების ხელიდან ცალკე გაიჭრა, ჯერ კიდევ თავისი უფროსების ხელში დაბრუნებული არ ყოფილა; ჯერ კიდევ იყო აუცილებელი თავწართმეული ცხენის ფრთხილი და უნარიანი მოთვინიერება. ყოველგვარი გაუფრთხილებლობა, რომელსაც შეეძლო ჯარისკაცების მასა გაეღიზიანებია, სამუდამოდ დაღუპავდა ჩვენს ჯარებში დისციპლინას, დაღუპავდა ახალფეხადგმული არმიის შექმნის საქმეს. ამრიგად, ზომაზე მეტად მკაცრი, ვიტყვი სასტიკი ხასიათის დაშინების ზომები, სახელდბრ კი დახვრეტა მოცემულ ვითარებაში, როცა მასა ჯერ კიდევ არ იყო აღვირამოდებული, სრულებით მიუღებელი გახლდათ. გარდა ამისა, საჭიროა ყოველთვის ღებულობდნენ ზომებს იმ ადამიანთა თვისებების შესაბამისად, რომლებიც ჯარს შეადგენენ. ჩვენი ჯარისკაცი, თავისი კულტურის წყალობით, მისი თანდათანობითი განვითარების წყალობით, საფრანგეთის დიდი რევოლუციის ან უკანასკნელი რუსული რევოლუციის მსგავსი ყოველგვარი ბიძგების (დაჯახებების) გარეშე, ჰუმანური და რბილია თავისი ბუნებით, ყოველგვარი სისასტიკე მასში ზიზღს იწვევს; შემდეგ იგი უკიდურესად თავმოყვარეა, უყვარს სამართლიანობა და ფიცხია. უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი თვისება, რომლსაც ჩვენთვის სამხედროებისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია: ქართველი ჯარისკაცი პატივს სცემს უფროსებს, იგი მიდრეკილია ხელისუფლების ავტორიტეტულობის აღიარებისკენ და ადვილად ემორჩილება მას. უეჭველია, მისდამი სასტიკი ან უსამართლო მოპყრობის რომელიმე ფაქტს, თუ მხედველობაში მივიღებთ მისთვის ჩაგონებულ განწყობილებასაც, შეეძლო პროვოკატორების ან თვით ბოლშევიკების დახმარებითაც კი ისეთი ვითარება შეექმნა, როცა ვერანაირი გამოცდილი ხელი ვეღარ შეძლებდა ამ მასის მორჩილებაში შეკავებას. ანგარიში უნდა გაგვეწია შექმნილი ვითარებისათვის, და მე გადავწყვიტე, რომ მოცემულ ვითარებაში სრულებით არ იყო საჭირო ზომები, რომლებიც თავიანთი სისასტიკით აშინებენ. მე ასევე ვიცოდი, რომ საომარი მოქმედებების დროს დისციპლინა ყველაზე უკეთ ნარჩუნდება საბრძოლო მოქმედებების წარმატებით. აუცილებელია, რა თქმა უნდა, ასევე შეიქმნას და საუკეთესოდ იყოს იგი უზრუნველყოფილი მატერიალური მიმართებით. თუმცა კი ჯარისკაცი აპატიებს თავის უფროსს მისი მატერიალური უზრუნველყოფის უკმარისობას, თუ იქნება წარმატება; მაგრამ იგი არასოდეს აპატიებს თავის უფროსს დამარცხებას თვით მისი მატერიალური უზრუნველყოფის მეტად და მეტად აღმატებულ მდგომარეობაშიც კი. დამარცხება ყოველთვის წარმოშობს დისციპლინის დაცემას და მუკდენის დამარცხების დროს იმ დროის ჯარისკაცებს, უხეში და სასტიკი დისციპლინით შებოჭილებსა და ჩაწიხლულებს (скованные и забитые), არანაირად არ ერიდებოდათ მთავარსარდლის და მისი თანდასწრებით სხდებოდნენ ჩრდილოეთისკენ მიმავალი მატარებლის ვაგონებში, სხდებოდნენ რა ვაგონების სახურავებზე, საფეხურებსა და ბუფერებზე. ანგარიშს ვუწევდით რა ყველაფერ ამას, უწინარეს ყოვლისა უნდა გვქონოდა წარმატება, ამასთან ერთად დავუფლებოდით ადამიანთა მასებს და თანდათანობით დაგვემკვიდრებია დისციპლინა. საბრძოლო მოქმედებების წარმატება მასებში ბადებს უფროსებისადმი ნდობას, რომელიც არის კიდეც დისციპლინის ქვაკუთხედი; მხოლოდ უფროსებისადმი ნდობაზე, საკუთარ თავზე მათი აღმატებისადმი რწმენაზე – შეიძლება დაფუძნებულ იქნას დისციპლინა. სწორედ ამიტომ უზრუნველვყავი კიდეც ჩვენი წარმატება ისე, რომ პირველი დარტყმა მოწინააღმდეგეზე აღმოჩნდა ჩაქუჩის დარტყმა ქათმის კვერცხზე. უნდა ვთქვა, რომ ზოგადად დისციპლინა შენარჩუნებულ იქნა ჯარებში და შედარებით უფრო დამკვიდრებულიც, ვინაიდან იყო უფროსებისადმი დამორჩილების სურვილის არქონის შემთხვევები, მაგრამ ხდებოდა ასეთების ჩაქრობა და იმის მიღწევა, რომ გაცემული განკარგულებები აღესრულებიათ. ჯარები კი ამ დროს, როგორც ადრე ვამბობდი, წარმოადგენდნენ ადამიანთა საკუთრივ აღვირახსნილ ბრბოს, რომელთაც უკვე ადრე ჰქონდათ ყოველგვარი უფროსობის დამხობის შემთხვევები და თავიანთი ძალაც შეიცნეს. გიზო ანჯაფარიძე გაოცებული იყო იმ ჯარის ხელახლა დაბადების სურათით, რომელიც მას ადრე ჰყავდა ნანახი, ერთი წლის წინათ. მაგრამ გვარდიის მეზობლობა, რომელიც სრულიად სხვა საწყისებზე იყო აგებული, საწყისებზე, რომლებიც ხელს უშლიდა დისციპლინის დანერგვას, აისახებოდა ჩვენს მუშაობაზეც დისციპლინის დანერგვის საქმეში. ჯარისკაცები ხედავდნენ და თვალყურს ადევნებდნენ გვარდიის წესებს და ეს მათზე მავნედ აისახებოდა; ისინი ხედავდნენ, რომ მათში არ არის სამხედრო წოდების არანაირი პატივისცემა, რომ იქ ხშირად ეწყობა კრებები, რომ არც ლაშქობისას, არც ბრძოლაში, არც ღამისთევისას და გაჩერებებზე იქ არ იცავენ წესდებას, რომ უფროსის სიტყვა იქ არაფერს არ ნიშნავს და სხვა. შეგნებული ჯარისკაცები აცნობიერებდნენ საგანთა ასეთი მდგომარეობის უარყოფითობას, თუმცა კი მთელი მასისთვის ეს ცდუნება გახლდათ. გვარდიის წასვლა და ისეთ დროს, როცა საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და როცა არავისთვის საიდუმლო არ იყო, რომ გვარდია სახლებში წავიდა, ძლიერად აისახა საარმიო ნაწილებზე. გვარდიის წასვლის შემდეგ გამოჩნდა დაუმორჩილებლობის შემთხვევები და სწორედ ასევე სახლში წასვლის ნიადაგზე.
პირველი ასეთი შემთხვევა მოხდა მე-4 პოლკში; ერთმა ასეულმა გადაწყვიტა სახლში წასულიყო, მაგრამ პოლკოვნიკ ჯიჯიხიას დაჟინებამ, რომელიც პირადად წარსდგა სახლში მიმავალ ადამიანთა შეკრებილი მასის წინაშე, იძალა (взяла верх); ასეული დარჩა, ხოლო მოთავენი კი დაპატიმრებულ იქნენ. შემდეგ ვიხსენებ ეპიზოდს მე-3 პოლკში; მე არ მახსოვს დაწვრილებითი ამბები, მაგრამ ფაქტი იმაშია, რომ ჯარისკაცმა, მგონი, უნტერ-ოფიცერმა, ხელი გაარტყა ოფიცერს ან უნდოდა გაერტყა. ამაში გარეული იყო სამი ადამიანი; ყველა ისინი მე სასამართლოს გადავეცი და მათ დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს; ორს, რომელთა შესახებაც სასამართლო ითხოვდა, დახვრეტა კატორღით შეუცვალეს, ხოლო მესამის თაობაზე კი მე თვითონ ვთხოვე მთავრობის თავმჯდომარეს განაჩენის ასეთი შერბილება, მასაც დახვრეტა ასევე კატორღით შეეცვალა. მე ჩინებულად მახსოვს, ეს აღდგომის პერიოდი გახლდათ. ჩვენთან ციხეში რამდენიმე ათეული ჯარისკაცი იჯდა, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ დაპატიმრებულნი, რომელთა მთავარ ნაწილს შეადგენდა დეზერტირობა. დაპატიმრებულებმა თავიანთი უფროსობის მეშვეობით მთხოვეს აღდგომას მათთან მივსულიყავი. მე იქ აღდგომის მეორე დღეს მივედი, როცა 3 სიკვდილმისჯილის საქმე უკვე მოსმენილი ჰქონდა სასამართლოს. მე ყველა საკანი ჩამოვიარე და პირადად ვესაუბრებიდი ყველას. ამ 3 სიკვდილმისჯილთან საუბრისას, მე დავინახე, რომ ისინი არ იყვნენ მოურჯულებელი ბოროტმოქმედნი; ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმ მოვლენებით თრობის მდგომარეობაში მოქმედებდნენ, რომლებიც, ეგრეთ წოდებული ბოლშევიზმის მიერ, ჩვენში 1918 წელს იქნა გაჩაღებული; მათთვის სიცოცხლის წართმევა სრულებით უადგილო სისასტიკეს წარმოადგენდა, ვინაიდან ესენი იყვნენ მთვრალი, გზააბნეული, და არა საზოგადოების საბოლოოდ დაღუპული და მავნე წევრები. ამიტომ მივიდრიკე კიდეც მათი ხვედრის შერბილებისკან. ასე აღარ მოვქცეულვარ ერთი წლის შემდეგ, როცა მოხდა უმძიმესი დანაშაულის მოვლენები და როცა ჯარებში უკვე იყო დისციპლინა.
იყო კიდევ ერთი შემთხვევა თავად ახალციხეში. აქ, ყაზარმებში, იდგნენ მესამე ბატალიონები, მგონი, 1-ლი და მე-3 პოლკებისა. ეს ბატალიონები მე საგანგებო ანგარიშზე მყავდა. ისინი ფრონტზე მოგვიანებით მოვიდნენ და ჯერ კიდევ თავიანთი ჩამოყალიბების (ფორმირების) ადგილებში ისეთი თვისებები გამოავლინეს, რომლებიც ნაკლებად აღმიძრავდნენ მათდამი ნდობას. აქაც ასევე მოხდა მღელვარებანი, მაგრამ როცა მე იქ ჩავედი, ყველაფერი უკვე დაწყნარებული იყო, მოთავეები კი დაპატიმრებული და შემდეგ ისინიც სასამართლოს გადასცეს. ყურად ვიღებდი რა მთელ ვითარებას, ე. ი. ადამიანთა მასას, მაშინდელ განწყობილებებსა და ყაზარმული აღზრდის სრულ არარასებობას, საჭიროა ვაღიარო, რომ მთლიანობაში ჩვენი ჯარების საქმეები ამ მიმართებით მეტ-ნაკლებად კარგად მიდიოდა. იყო ბოროტმოქმედებათა ყველანაირი შემთხვევები, მაგრამ ისინი დაუსჯელი არ რჩებოდა, როგორც ეს 1918 წელში გახლდათ; ხელისუფლება თავისას აღწევდა (власть брала верх); ჯარისკაცების უდიდესი მასა მას აღიარებდა, და დამნაშავეები კანონიერ სასამართლოს გადაეცემოდნენ. იყო ღია დაუმორჩილებლობის კიდევ ერთი შემთხვევა, მაგრამ ამის შესახებ ვიტყვი არტაანის ლაშქრობის აღწერისას.
ამრიგად მოწინააღმდეგე ხოტიორის უღელტეხილის იქით იქნა გადასული; ორივე მაზრა გაიწმინდა. მაგრამ მოსახლეობას ჯერ კიდევ სჯეროდა მოწინააღმდის ძალისა; მოსახლეობაში დაჟინებით ნარჩუნდებოდა აზრი, რომ ჩვენი წარმატება დროებითია და მოწინააღმდეგე ისევ დაბრუნდება. ამავდროულად მე ვღებულობდი ცნობებს, რომ მოწინააღმდეგეს არ დაუტოვებია თავისი ფიქრები ჩენს წინააღმდეგ მტრული მოქმედებების გაგრძელების შესახებ და, რა თქმა უნდა, არტაანის ოკრუგში სერვერ-ბეგისა და უცხოელი ემისრების ყოფნა მხოლოდ ახალისებდა ჩვენს მოწინააღმდეგეს ომის გაგრძელებისთვის; მოწინააღმდეგე აქა-იქ ჩვენი საზღვრების გასწვრივ იკრიბებოდა, ხოლო საზღვრისპირა ადგილობრივი მოსახლეობა კი მორჩილებას მხოლოდ გარეგნულად გამოხატავდა. ნათელი იყო, რომ მოწინააღმდეგე საბოლოოდ არ იყო გატეხილი, ამას ადასტურებდნენ არტაანის ოკრუგის ადგილობრივი მცხოვრებნიც, ბერძნები, რუსები და ზოგიერთი მუსლიმანიც, რომლებიც მიგზავნიდნენ დეპუტაციებს თხოვნით რომ არტაანის ოკრუგში წესრიგი დაგვემყარებინა. მე ვაცნობიერებდი, რომ ახალქალაქსა და ახალციხეში სიმშვიდე იმაზეა დამოკიდებული, ჩვენს ხელშია არტაანი თუ არა. არტაანიდან მოწინააღმდეგეს ყოველთვის შეეძლო ჩვენს ფარგლებში ორი მიმართულებით შემოჭრილიყო: ახალციხესა და ახალქალაქზე; უკანასკნელის გამოვლით მას შეეძლო თბილისსაც კი დამუქრებოდა. ვითარება გვკარნახობდა რომ არტაანზე შეტევა მოგვეხდინა, ჩვენდამი მუქარების ამ ბუდისთვის ბოლო მოგვეღო და ამით კი ჩვენი სასაზღვრო ოლქების საბოლოო დამშვიდებისთვის მიგვეღწია. სხვანაირად შეიძლებოდა წინამორბედი მოვლენების გამეორების მოლოდინი გვქონოდა. მე გადავწყვიტე ჯარები არტაანზე დამეძრა. თბილისი არ მეწინააღმდეგებოდა, პრინციპში მეთანხმებოდა; ინგლისელებმაც ასევე შეიცვალეს თავიანთი შეხედულება ამ საკითხზე და არაფერი ჰქონდათ არტაანის ოკრუგში ჩვენი შესვლის საწინააღმდეგო. შეტევის მოხდენა მე გადავწყვიტე ორი მიმართულებით: ახალქალაქის მხრიდან ხოტიორის უღელტეხილზე გადასვლით და ახალციხის მხრიდანაც. უნდა ითქვას, რომ ახლა ჯარები იმაზე მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები მრჩებოდა, ვიდრე როცა ახალციხის ლაშქობას ვიწყებდი. მე დავიწყე, როცა მქონდა 6-ნახევარი ათასი ხიშტი; შემდეგ მივიღე გაძლიერება 1000 ხიშტამდე. მაგრამ წავიდა გვარდია, რომელიც 3200-მდე ხიშტს მოითვლიდა; გარდა ამისა, რაზმი დადნა დაჭრილებისა და ავადმყოფთა ბუნებრივი წასვლისგანაც; ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ახალქალაქისა და ახალციხის ზოგიერთ პუნქტში მოგვიხდა გარნიზონები ჩაგვეყენებია; მართალია, მე მათ ძალზედ უმნიშვნელო ძალებით ვაყენებდი, მაგრამ მაინც ეს არტაანის წინააღმდეგ მოქმედ ჯარებს რამდენიმე ასეული ადამიანით ამცირებდა. შემდეგ იყვნენ დეზერტირები, აგრეთვე სხვადასხვა დანაშაულებისთვის დაპატიმრებული და მსჯავრდებულებიც; უკანასკნელი რუბრიკა, სავარაუდოდ, 200-მდე ადამიანს შეადგენდა. ამრიგად მე არტაანზე 3000 ხიშტზე მეტის დაძვრა არ შემეძლო. ასეთი მცირერიცხოვნების მიუხედავად, წარმატებაში მაინც დარწმუნებული გახლდით. წინა დღეების მანძილზე შევნიშნე, რომ მოწინააღმდეგის წინააღმდეგობა (сопротивляемость) ახალ ფოცხოვში ჩვენს მეორე შესვლამდე იზრდებოდა. შემდეგ იგი დაეცა, და ჩვენს ჯარებს, უკვე ბრძოლის ქარ-ცეცხლში გამოვლილებს, მანევრირებას მიჩვეულებს, და, რაც მთავარია, მუდმივი წარმატებით აღფრთოვანებულებს, ახლა საკუთარი თავის სჯეროდათ და საბრძოლო მოქმედებებისადმი უფრო მეტი უნარის მქონენიც იყვნენ, ვიდრე ლაშქობის დასაწყისში.
არტაანამდე ადგილმდებარეობაზე 80-დან 100 ვერსამდე უნდა გაგვევლო, იმ მოსახლეობით, რომლის წარმომადგენლებიც სულ ახლახანს აწარმოებდნენ საბრძოლო მოქმედებებს ჩვენს წინააღმდეგ. ხონიორის გავლით მიემართებოდა საშინელი გზა, მთისა, დაუმუშავებელი, საკუთრივ რომ ვთქვათ ბილიკი. უხელტეხილზე უხვად იდო თოვლი. ახალქალაქის მხრიდან იყო გზატკეცილი, მაგრამ უღელტეხილებზე იქაც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სივრცეზე თოვლით იყო ჩახერგილი. შემდეგ საჭირო იყო შეგვექმნა შუალედური მაღაზიები ჯარების კმაყოფისთვის; ამასთან ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ ხონიორის უღელტეხილის გავლით ტვირთების მიტანა სხვანაირად არ შეიძლებოდა, თუ არა მეტად მცირე ამწევი ძალის მქონე ადგილობრივი ურმებით ან კიდევ საპალნეებით, ამიტომ ჩემს მიერ დაპროექტებულ იქნა ტვირთების ფურგონებითა და ავტომობილებით გადაზიდვა ახალქალაქი – არტაანის გზატკეცილის გაყოლებით. მაგრამ ის რაზმი, რომელიც არტაანში ხონიორის გავლით მივიდოდა, თან წაღებული სურსათით უნდა დაკმაყოფილებულიყო, რის შედეგადაც მე ვუბრძანე ამ რაზმს 10 დღის სურსათი წაეღო, ხოლო ამ რაზმის უფროსს გენ. ართმელაძეს კი დავპირდი, რომ ხონიორის უღელტხილთან მთის ძირას მდებარე სოფელ ჯაქსუდან გასვლის მეათე დღეს პირადად მე ჩავუტანდი მას არტაანში სურსათს ავტომობილებით.
ამრიგად, მე შევქმენი ორი რაზმი: გენ. ართმელაძის, რომელიც ხონიორის უღელტეხილის გავლით უტევდა, და მეორე გენ. სუმბათაშვილისა, რომელიც ახალქალაქის მხრიდან მოქმედებდა. მოხდენილ იქნა შესაბამისი თავმოყრა, გაკეთდა მარაგები. ხონიორის უღელტეხილი იწმინდებოდა, როცა უეცრად განვითარდა ისეთი მოვლენა, რომელმაც კინაღამ ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა; არა მხოლოდ ჩვენი ლაშქრობა არტაანზე, არამედ ვფიქრობ, მთელი ახალციხის ლაშქრობაც ნულამდე იქნებოდა დაყვანილი. მოვლენა იმაში მდგომარეობდა, რომ 1-ლ დივიზიაში პოლკების ჯარისკაცებმა დელეგატები გაუგზავნეს გენ. ართმელაძეს განცხადებით, რომ ისინი არტაანზე არ წავლენ. სხვა მოსაზრებებს შორის, რომლებსაც მიეკუთვნებოდა ასევე ლაშქრობის სიძნელეც, ერთმა ძალზედ მნიშვნელოვანმა გარემოებამ მიიქცია ჩემი ყურადღება; ეს დელეგატები ამბობდნენ, რომ ლაშქრობა არტაანზე, ეს გენერლების სურვილია, მაგრამ რომ სამხედრო მინისტრი (გრ. თეიმ. გიორგაძე) ამბობდა, რომ მათ მოწინააღმდეგე უნდა განდევნონ ჩვენი ოლქებიდან, რომ ეს არის მათი ამოცანა, მათ იგი აღასრულეს და რომ უფრო შორს ისინი უკვე აღარ წავლენ. გენ. ართმელაძემ მომახსენა ამის შესახებ და ტელეგრამაში მწერდა, რომ შექმნილი ვითარების შესახებ პირადი მოხსენებისთვის მან ჩემთან მოავლინა თავისი შტაბის უფროსი პოდპ. გეგელაშვილი. ამასობაში, გადავეცი რა გენ. ართმელაძის ტელეგრამა სიტყვა-სიტყვით თბილისში გენ. ა. გედევანიშვილს, მე ვთხოვე მას ახალი სამხედრო მინისტრის, ნ. ბ. რამიშვილისთვის მოეხსენებია ჩემი თხოვნა, რომ ახალციხეში ჩამოსულიყო. ამასთან მივუთითებდი, რომ სამხედრო მინისტრი მხოლოდ უნდა ჩამოვიდეს და მადლობა გადაუხადოს ჯარებს საბრძოლო მოქმედებებისთვის, ეს არის და ეს; რომ ჯარისკაცებისთვის არანაირი სიტყვით მიმართვები საჭირო არ არის, რომ მისი თანდასწრებით ჩვენ წავალთ არტაანზე და ჯარისკაცები თვალნათლივ დაინახავენ, რომ გენერლების განკარგულებები არტაანზე ლაშქრობის შესახებ სავსებით ეთანხმება მთავრობის სურვილებს. ნათელი იყო, რომ გენერლების წინააღმდეგ წამოწყებული პროვოკაცია თავიდანვე და ძირშივე უნდა აღმოგვეფხვრა. მე არ მახოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩემი მოლაპარაკებები გენ. გედევანიშვილთან, მაგრამ ჩინებულად მახსოვს, რომ მომიხდა მომეთხოვა კატეგორიული პასუხი, ჩამოვიდოდა თუ არ ჩამოვიდოდა სამხედრო მინისტრი. საერთოდ კი ახალციხის ლაშქრობის მანძილზე მე მომიხდა დავრწმუნებულიყავი, რომ ძალზედ ძნელია გენ. ა. გედევანიშვილისგან გარკვეული პასუხის მიღწევა. სამხედრო მინისტრის ნ. რამიშვილის ჩამოსვლას მე ვანიჭებდი უზარმაზარ მნიშვნელობას; მეორეს მხრივ, გენერლებიც იხილავდნენ სრულ მხარდაჭერას სამხედრო მინისტრის და, შესაბამისად, მთავრობის მხრიდან. მაგრამ სამხედრო მინისტრმა ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. მე არ ვიცი მიზეზები; გენ. გედევანიშვილმა უბრალოდ შემატყობინა, რომ სამხედრო მინისტრს ჩამოსვლა არ შეუძლია. დასასრულს მე მივიღე ტელეგრამა გენ. ა. გედევანიშვილის, როგორც მთავარსარდლისგან, შემდეგი ამოცანით, სახელდობრ კი: „გაგრის ფრონტზე გართულებების გათვალისწინებით ჩემდამი რწმუნებულ რაზმს ბრძანება ეძლეოდა ადგილზე დარჩენილიყო და დაკავებულ პოზიციებზე გამაგრებულიყო“. ყოველი სამხედროსთვის გასაგებია, რომ მაშინდელ ვითარებაში მოქმედებები ახალციხისა და გაგრის ფრონტებზე სრულებით არ არიან ერთი-მეორზე დამოკიდებული, რომ აჩერებდნენ მოქმედებებს ერთ-ერთ მათგანზე მეორეზე გართულებების გამო; მესმის კიდევ, ახალციხის ფრონტიდან რომ ჯარები წაეყვანათ გაგრის ფრონტის გაძლიერებისთვის, და ეს ხომ არ ყოფილა. არც გართულებები ყოფილა; ამაზე ერთი თუ ორი კვირის წინ გვარდია სახლებში გაუშვეს და მისი მობილიზაცია არ მოუხდენიათ, რაც აუცილებლად მოხდებოდა, გაგრის ფრონტზე რომ გართულებები ყოფილიყო. დაბოლოს, შეიძლებოდა დაედასტურებიათ ჩემთვის ბრძანება რომ არტაანზე წავსულიყავი ან, საბოლოდ, ამ საკითხის გადაწყვეტა ჩემთვის დაეთმოთ. არა, ეს გაკეთებული არ ყოფილა. მე მივიღე კატეგორიული ბრძანება ადგილზე დავრჩენილიყავი, ე. ი. 1-ლი დივიზიის ჯარისკაცების სურვილი შემესრულებია და, ამის შესაბამისად, პროვოკაცია, რომ გენერლები მოქმედებენ მთავრობის სურვილის საწინააღმდეგოდ, ღებულობდა თავის დადასტურებას, ზემოდან სანქცირებულს. ამრიგად, მხარდაჭერა ამ რთულ ვითარებაში, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენთვის მძიმე შედეგები მოეტანა, მე არ მიმიღია.
მაგრამ ყველაზე საზიზღარი ის იყო, რომ ბრძანება ლაშქრობის შეჩერების შესახებ მე ყველაზე უფრო ცრუ მდგომარეობაში მაყენებდა (ставил меня в самое ложное положение) დაქვემდებარებული ჯარებისა და განსაკუთრებით იმ ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ლაშქრობის გაუქმებას მოითხოვდნენ. გარკვევით რომ გამოვთქვა, ამით მე ხელში ვეძლეოდი იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც დაიწყეს დაუმორჩილებლობა, და უნდა ვიფიქროთ, რომ მათი მოთხოვნის აღსრულების შემდეგ, ისინი ალბათ უფრო აქტიური წინააღმდეგობებისთვისაც სავსებით მზად იქნებოდნენ. ავწონ-დავწონე რა მთელი ვითარება, მე გადავწყვიტე მაინც წავსულიყავი არტაანზე რადაც არ უნდა დამჯდომოდა და ჯარისკაცების თვითნებობა გადამეტეხა. ეს გადაწყვეტილება მე ჯერ კიდევ არტაანზე შეტევის შეჩერების თაობაზე ბრძანების მიღებამდეც მქონდა; არაფრით არ შემეძლო იმ აზრის დაშვება, რომ თბილისთან ჩემი მოლაპარაკებების შედეგი იქნებოდა არტაანზე ჩემი შეტევის გაუქმება. ამის გამო, როცა ჯერ კიდევ თბილისთან მოლაპარაკებების დასრულებამდე ჩემთან მოვიდა გენ. ართმელაძის შტაბის უფროსი პოდპ. გეგელაშვილი საქმეთა მდგომარეობის შესახებ დაწვრილებითი მოხსენებით, მაშინ მე, მოვისმინე რა მისი მოხსენება, რომლის შეჯამებითაც გამოდიოდა, რომ საჭიროა ლაშქრობის გადადება, რომ ჯარისკაცები სულ ერთია მაინც არ წავლენ, მაშინ მე იქვე, მდუმარედ, არაფერი მისთვის რომ არ მითქვამს, ავიღე საველე წიგნაკი და მის ფურცელზე დავუწერე გენ. ართმელაძეს ბრძანება, რომელშიც მოვითხოვდი მისი რაზმის არტაანზე შეტევის შესახებ ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულებას. მე მდუმარედ გადავეცი დაწერილი ბრძანება შტაბის უფროსს პოდპ. გეგელეშვილს, იქ სულ ორი-სამი ხაზი იყო. მე მახსოვს გაოცება, რომელიც პოდპ. გეგელაშვილის სახეზე გამოიხატა, როცა მან თვალი გადაავლო ამ ბრძანებას. „წამოვლენ ჯარისკაცები თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია; ბრძანება შესრულებული უნდა იქნას. დაე მხოლოდ ოფიცრები წავიდნენ, მაგრამ დაე წავიდნენ. მე თქვენთან შეტევისთვის დანიშნულ დროს ჩამოვალ, და იქ ადგილზე ყველაფერი გაირკვევა“, – დავუმატე. პოდპ. გეგელაშვილი გაემგზავრა, მე კი თბილისთან ვაგრძელებდი მოლაპარაკებებს. თბილისის დასკვნითი პასუხი, რომელიც არტაანზე მოძრაობის გაჩერებას მიმითითებდა, რა თქმა უნდა, შექმნილ ვითარებაში ჩემთვის მისაღები არ შეიძლებოდა ყოფილიყო. „არ არის მხარდაჭერა, არ უნდათ დამეხმარონ, არც არის საჭირო, თვითონ გავაკეთებ“, – გადავწყვიტე ჩემს გონებაში. თუმცა კი თბილისის ბრძანება, კატეგორიული ფორმით გადმოცემული, ჩემს მაგიდაზე მედო.
მე გადავწყვიტე სატელეგრაფო აპარატთან გენ. გედევანიშვილი მომეთხოვა და მისთვის მომეხსენებია, თუ რა მოსაზრებებით არ შემიძლია მისი ბრძანების შესრულება. მორალური მიმართებით მე შებოჭილი ვიყავი ორი მხრიდან: ქვემოდან – ჯარისკაცებს არ სურდათ წასულიყვნენ და, როგორც ჩანდა, მათი უახლოესი უფროსობაც ჯარისკაცთა ნების აღსრულებისკენ იხრებოდა; ზემოდან – ნათლად და გარკვევით ასრულებდნენ ჯარისკაცების ნებას. გარდა ამისა, მე მივიღე დამატებითი ცნობები, რომ ჯარისკაცები გამოცხადდნენ უღელტეხილზე და იქიდან გარეკეს ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებიც ხონიორის უღელტეხილს თოვლისგან წმენდდნენ. როგორც ჩანდა, ადგილობრის უფროსობას არ ძალუძდა წინ აღდგომოდა ჯარისკაცების თვითნებობას. უნდა აღვიშნო, რომ ამ ძნელ გარემოებებში მე ვპოვე მხარდაჭერა ჩემი შტაბის უფროსის პოლკ. ნ. გედევანიშვილის მხრიდან, რომელიც მთლიანად შემოუერთდა ჩემს გადაწყვეტილებას, რომ ჩემი მიზნები დაბეჯითებით დამეცვა. როცა გენ. ა. გედევანიშვილი აპარატთან მოვიდა, მე მას ჩემი მოსაზრებები მოვახსენე. მახსოვს, რომ ისინი ცხრა პუნქტად მქონდა ჩამოყალიბებული და რომ უკანასკნელი პუნქტი ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ წყდება იმის ბედი, შევძლებთ ჯარისკაცების ხელში აყვანას თუ ვერა, რომ თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ ბრძანების შესრულებას, მაშინ მოგვიწევს ჯარებში დისციპლინის დანერგვის საქმის დიდი ხნით გადადება. ამასთან მე გამოვთქვამდი აზრს, რომ შევძლებ იმის მიღწევას, რათა ჯარისკაცები არტაანზე წამოვიდნენ. გადავეცი რა ყველაფერი აპარატით, ვფიქრობდი, რომ გენ. გედევანიშვილი რჩევის საკითხად წავიდოდა მთავრობაში, ან სულ მცირე, სამხედრო მინისტრთან, სანამ პასუხს გამცემდა. და როგორი იყო ჩემი გაოცება, როცა მან, იქვე აპარატთან მყოფმა, მიპასუხა: „რა ვქნათ, შენ ადგილზე უფრო კარგად ხედავ; თუ წასვლა შეგიძლია, წადი“. „და შენი ბრძანება“ – ვკითხე მე. – „შენ მას გააუქმებ?“ „თუ შეგიძლია წასვლა, მაშინ ჩემი ბრძანება შეგიძლია არ შეასრულო“, – მიპასუხა მან, და ჩვენი საუბარიც ამით დავასრულეთ. მაინც სიმპტომატურია: ასეთი სამხედრო განკარგულებები, და ასე სწრაფად და დიამეტრულად იცვლება: მაგრამ წერილობით მას მაინც არ გაუუქმებია თავისი ბრძანება. ეს იყო დღეები 18 აპრილის წინ, იმ დღისა, როცა შეტევაზე გადასვლა იყო დანიშნული. 1-ლ აპრილს მე გენ. ართმელაძისგან მივიღე დამამშვიდებელი ცნობა; იგი მომახსენებდა, რომ მე-3 პოლკი წამოვა, მაგრამ რომ 1-ლი პოლკი უარზეა. მე ვუბრძანე მისთვის გადაეცათ, რათა წაეყვანა ისინი, ვინც მას გაჰყვებოდნენ, და რომ წასვლაზე უარის მთქმელებთან საქმე უკვე პირადად მე მექნებოდა.
18 აპრილის დილას გასვლის საათისთვის მე ჯაქსუში ვიყავი, ჯარების რაიონში და ველოდი შედეგს, წავლენ თუ არა ჯარისკაცები. რაღაც დროის შემდეგ ტელეფონით მივიღე ცნობა, რომელიც შემდეგ ცხენოსანი შიკრიკის მიერ მოტანილი მოხსენებითაც დადასტურდა, რომ მე-3 პოლკი წავიდა, და რომ 1-ლი პოლკიდან მხოლოდ ერთი ბატალიონი არ წასულა. შემდეგ მომახსენეს, რომ ეს ბატალიონი ოფიცრების გარეშე უკან წამოვიდა. გადმომცეს, რომ მოდის, თუმცა კი ოფიცრების გარეშე, მაგრამ სრული წესრიგით. მას ჯაქსუზე უნდა გამოევლო. მე მოვლენებს დაველოდე. ვიმყოფებოდი ერთ სახლში, რომელიც 30 ნაბიჯზე იყო განლაგებული იმ გზიდან, სადაც უფროსებისადმი გაურჩებულ ამ ბატალიონს უნდა გამოევლო. ბატალიონის მოლოდინში მე ვუბრძანე ჩემს სახლში ფანჯარაში ტყვიამფრქვევი დაეყენებიათ და მასთან დავსვი ოფიცერი. ოფიცერს ვუბრძანე მზად ყოფილიყო ცეცხლის გასახსნელად. პოლკ. ნ. გედევანიშვილი ჩემთან იმყოფებოდა; აქვე იყვნენ საველე ბატარეის არტილერისტი ოფიცრებიც, რომელსაც უგზოობის გამო უღელტეხილზე გადასვლა არ შეეძლო, აგრეთვე ჯაქსუში დატოვებული მცირე გარნიზონის ოფიცრებიც. ბოლოს გამოჩნდა ბატალიონიც, იგი წესრიგით მოდიოდა, მას პატარა მდინარე ფოცხოვზე ხიდით უნდა გადმოევლო. გამოჩნდა რა ხეობიდან, კოლონის თავი შეჩერდა. კოლონის წინ 300 ნაბიჯის დაშორებით მოდიოდა ჯარისკაცების ჯგუფი, 8 ადამიანი; ესენი აშკარად მზვერავები იყვნენ. ეს მზვერავები წინ წამოვიდნენ, ზოგიერთ შემხვედრ ჯარისკაცთან რაღაცაზე ილაპარაკეს, შემდეგ ერთი თუ ორი მათგანი თავიანთ კოლონაში გაგზავნეს. ამის შემდეგ კოლონა ხიდისკენ დაიძრა. ჯაქსუს რაიონში არტილერიია და ქვეითი ჯარის ნაწილები იდგნენ; არტილერიის ჯარისკაცები (ეს გახლდათ კაპ. ქარუმიძის მსუბუქი ბატარეა) აღშფოთებული იყვნენ ამ ბატალიონის საქციელით და ბატარეის მეთაურის მეშვეობით მთხოვეს ნება მიმეცა მათთვის ბატალიონის შესახევედრად წასულიყვნენ და დაეყოლიებინათ რომ დარჩენილიყვნენ.
* * *
დიდი ომის დროს მე ვიყავი კავკასიის ფრონტზე, სადაც მომისწრო კიდეც რევოლუციამ. რევოლუციის შემდეგ მე ათი თვე ვიყავი ფრონზე, მხოლოდ 1917 წლის დეკემბერში ვიქენ გამოძახებული ჩამოყალიბებად ქართულ კორპუსში დასანიშნად. არა ერთხელ მომიხდა კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნა; იყო მომენტები, როცა არ ვიცოდი, ცოცხალი გამოვალ ჯარისკაცების ბრბოდან თუ მოკლული ვიქნები. მაგრამ ღმერთი მწყალობდა. აქ ჩემს წინაშე იყო ახალი ამოცანა. მე შემეძლო, ისე რომ არ გამეფრთხილებინა ამბოხებული ბატალიონი, მათთვის გამეხსნა ცეცხლი არა მარტო ტყვიამფრქვევიდან, არამედ ქვემეხებიდანაც, რადგანაც ჩემთვის ნათელი გახლდათ, რომ არტილერისტი ჯარისკაცები დამემორჩილებიან და გახსნიან ცეცხლს. ბატალიონი გაიფანტებოდა, იქნებოდნენ მოკლულები და დაჭრილები; იქნებოდა იძულება ფიზიკური ძალით, მაგრამ არა ნების ძალით, მაგრამ არა იმ ძალით, რომელიც საკუთრივ კიდეც უნდა ზეობდეს და ბატონობდეს სამხედრო მასაზე. მე გულახდილად უნდა გამოვტყდე, რომ ძალიან მიყვარს ჩვენი ჯარისკაცები; ისინი ყველანი მეჩვენებიან ძალზედ საყვარელ ადამიანებად, რომლებიც სულით კარგები არიან. ის წარმატებები, რომლებსაც მათზე უფროსობის დროს მივაღწიე, ჩემი ყველა საბრძოლო წარმატებიდან ჩემთვის ყველაზე უფრო ტკბილია; ეს წარმატებები ჩემი სამშობლოს სარგებელში მიდიოდა, და მე არ შემიძლია არ ვიყო ამისთვის ჩვენი ჯარისკაცების მადლიერი, მათი, რომელთაგან მე ჩემი იღბლიანი მოქმედებებით ვარ დავალებული; მე მიყვარს ისინი და არ მივცემ თავს უფლებას დავღვარო მათი სისხლი, თუ არ გამოვიყენებ ყველა სხვა საშუალებას და საკუთარ თავსაც. აქ მე რამდენადმე უნდა დავუმატო. როცა ბატალიონი გაჩერდა, მე ამას მაშინ მნიშვნელობა არ მივანიჭე და მხოლოდ გამიკვირდა, თუ იგი რატომ აღარ მოძრაობს. შემდეგ უკვე ინციდენტის დასრულების მერე თავში მომივიდა, რომ გაჩერება დაზვერვის მიერ იქნა გამოწვეული, და მზვერავებს რომ მათთვის მოეხსენებიათ, რომ მოხდენილია განკარგულებები მათი ბრძოლით დახვედრისთვის, მაშინ ალბათ ბატალიონი საბრძოლო წყობას მიიღებდა და მაშინ მოგვიხდებოდა ნამდვილად ბრძოლა გაგვეჩაღებია ან და მათთან მოლაპარაკებები დაგვეწყო; მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს არ მომხდარა. მე ვიხილე ბატალიონი, რომელიც სრული წესრიგით მოდიოდა. მზვერავების წინ გამოგზავნა და მწყობრით მსვლელობა ამტკიცებდა ბატალიონის გადაწყვეტილების ურყევობას, რომ უკან, სახლში წასულიყო. უეჭველია, მათ უფრო ადრე მათი უფროსები ესაუბრებოდნენ, მაგრამ იმათ არ დაუჯერეს; ისინი ოფიცრების გარეშე წამოვიდნენ. მათთან მისვლა და ლაპარაკის დაწყება ძნელად თუ იმოქმედებდა. საჭირო იყო თავიდან ისინი რაიმენაირად მათი პოზიციიდან გადაგვეგდო (сбить как-нибудь с их позиции), ასე რომ ვთქვათ რღვეული გაგვეკეთებინა (сделать брешь). მე ვეძიებდი, თუ ეს როგორ მოგვეხდინა. ჩემს თავს, ხოლო შემდეგ კი ფანჯარაში მდგარ ტყვიამფრქვევს, რეზერვში ვიტოვებდი.
ამ დროს მოხდა კაპ. ქარუმიძის წინადადება ჯარისკაცებით წასულიყო ბატალიონთან შესახვედრად მათი დაყოლიებისა და ბრძანებისადმი დამორჩილების მიზნით. მე ჩავებღაუჭე ამ აზრს; სწორედ ეს მჭირდებოდა კიდეც. ნება მივეცი, მაგრამ ვუთხარი, რომ მხოლოდ ჯარისკაცები წასულიყვნენ. ჯარისკაცები წავიდნენ, მათ ხიდზე შეხვდნენ და ლაპარაკი დაუწყეს. შორიდან ვხედავდი, ეს იყო 200 ნაბიჯზე, რომ ბატალიონმა, ისე რომ არ გაჩერებულა, დაიწყო ხიდზე გადმოსვლა და უკვე გზაზეც გამოდიოდა, რომლის მახლობლადაც მე ვიმყოფებოდი პოდპ. გედევანიშვილთან ერთად. მაშინ პოდპ. გედევანიშვილმა მთხოვა ნება მიმეცა მისთვის წასულიყო ბატალიონის შესახვედრად და ეცადა მისი გაჩერება. მე ნება მივეცი. პოდპ. გედევანიშვილი კოლონის თავს მიუახლოვდა და მათთან ლაპარაკიც დაიწყო; მე არ მესმოდა, თუ იგი მათ რას ეუბნებოდა; ვხედავდი, რომ ისინი გაჩერდნენ და მას მდუმარედ უსმენდნენ, შემდეგ გარკვეული დროის მერე დავინახე, თუ როგორ დაიწყო ბატალიონმა ორივე მხრიდან მისთვის გვერდის აქცევა და თავისი გზა გააგრძელა. მე ავდექი და ბატალიონის შესახვედრად წავედი. ვგრძნობდი, რომ დადგა დრო და მე უნდა მივიდე. მე არანაირი გეგმა არ მქონია. არ ვიცოდი, თუ რას ვეტყოდი მათ და როგორ ვიმოქმედებდი. ერთი რამ მქონდა შეგნებული, რომ მე იქით უნდა წავსულიყავი, და წავედი კიდეც. როცა ბატალიონს მივუახლოვდი, პოდპ. გედევანიშვილმა გასცა ბრძანება „სმენა“. ქება და პატივი პოდპოლკოვნიკ გედევანიშვილს. არ ვიცი, ინსტინქტურად გააკეთა ეს მან, მაშინალურად ჩვეულების მიხედვით თუ გაანგარიშებით, არ ვიცი; მაგრამ გააკეთა ჩინებულად. თავში მყოფი ასეული გაჩერდა, მე შევედი მასში. ჯარისკაცები იდგნენ, მხედრულად გაჭიმულები და არ ინძრეოდნენ. მე მივესალმე. მეგობრულად, ხმამაღლა მიპასუხეს: „ჩვენს გენერალს სალამი“. მე მათ შევხედე; ჩემს წინ იდგნენ არა ბოროტმოქმედნი, არამედ გზააბნეულნი. „თქვენ რა ჩაიდინეთ?“ – დავიწყე მე. „არ გრცხვენიათ? თქვენი ამხანაგები უკვე უღელტეხილზე გადადიან, თქვენ კი, როგორც ლაჩრები, მათ ტოვებთ. მეტყვიამფრქვევენო, მიაბრუნეთ ცხენები“, – გადაჭრით ვუბრძანე მეტყვიამფრქვევეებს; მეტყვიამფრქვევეებმა მომენტალურად მიაბრუნეს ცხენები და ისინი უკან ხიდის გადავლით წაიყვანეს. რღვეული შეტეხილ იქნა. „ვისაც სამშობლო უყვარს, მე წამომყვება“, – დავუმატე. ადამიანთა ნაწილი შემობრუნდა და მეტყვიამფრქვევეებს გაჰყვა. არ მახსოვს, მათ კიდევ რას ვეუბნებოდი; მგონი, იმაზე ვლაპარაკობდი, რომ უკან გზებზე ყველგან დგანან ყარაულები, რომლებიც მათ ყველას დაიჭერენ. მე პირადად დავატყდი თავზე ერთ ზორბა ქერა ახალგაზრდას, რომელიც კოლონის თავში მოდიოდა და, აშკარად, მათი ერთ-ერთი ბელადიც გახლდათ. აქ მოგვიახლოვდნენ არტილერისტი ჯარისკაცებიც, ოფიცრებიც, და ჩვენ საერთო ძალისხმევით მთელი ბატალიონი უკანვე მოვაბრუნეთ, მაგრამ 25–30 ადამიანი მაინც გაგვისხლტა ხელიდან და გზა გააგრძელა. ბატალიონი მდინარის იქითა მხარეს ეწყობოდა და გასვლისთვის ემზადებოდა. მე ჩემი ყოფნის ადგილზე დავბრუნდი და აივანზე დავჯექი. 2–3 წუთის შემდეგ ორი ყოჩაღი ჯარისკაცი მოვიდა ჩემთან. „ბატონო გენერალო, ნება მოგვეცით, წავალთ და დავაბრუნებთ მათ, ვინც მაინც გაიპარნენ“. მე შევხედე მათ და ჯერ საპასუხოდ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი, როცა მათ დაუმატეს: „არ იფიქროთ, ბატონო გენერალო, რომ ჩვენც ასევე გაპარვა გვინდა, აი ჩვენს ტომრებსა და თოფებს აქ ვტოვებთ“. მე ნება მივეცი; ოცი წუთის შემდეგ დავინახე, რომ მათთან ერთად 12–15 კაცი დაბრუნდა. ამ დროს მოწყობილი ბატალიონისგან ჩემთან ორი ჯარისკაცი მოვიდა თხოვნით, რომ მათთვის ოფიცერი მიმეცა, რადგანაც გზა არ იცოდნენ. მე მათ ორი ოფიცერი მივეცი, რომლებმაც ისინი კიდეც დაუყოვნებლივ წაიყვანეს. გარკვეული დროის შემდეგ მე და შტაბის უფროსი ცხენებით ახალციხეში გავემგზავრეთ. 5–6 ვერსის გავლის შემდეგ ჩვენ შევხვდით ჯგუფს 5–6 ჯარისკაცისგან, რომლებიც ჩვენს მხარეს მოდიოდნენ. მე მათ მივესალმე; სალამზე მიპასუხეს, ვკითხე, რომელი პოლკიდან არიან, მიპასუხეს – პირველიდან; ვუყურებ, ზოგიერთი იღიმება. „თქვენ დღვანდელები ხომ არა ხართ?“ – ვკითხე მათ. „სწორედ ასეა, ბატონო გენერალო“, – მიპასუხეს, – „მივდივართ რომ ჩვენს პოლკს დავეწიოთ. ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანეს, მეტად უკვე ვეღარ მოგვატყუებენ“ და სხვა. მე გულთბილად დავიწყე სიცილი. ყველანი სულელები არიან; აქეთკენ ამდენი ვერსი გამოიარეს, ახლა კი ისევ პოზიციებზე ბრუნდებიან, სადილიც გამოტოვეს და პოლკს მხოლოდ ღამით თუ დაეწევიან. „აბა ჰე“, – ვუთხარი მათ, – „მალე დაეწიეთ თქვენებს“ და ცხენით ჩემი გზა გავაგრძელე. შემდგომში, როცა არტაანში ჩავედი, ამ ბატალიონის შესახებ ვკითხე გენ. ართმელაძეს. „რატომ დაბრუნდნენ ისინი, რას ამბობდნენ“. „იქ ჩვენ გენერალი კვინიტაძე შეგვხვდა, ჩვენ არ გვინდოდა რომ მისთვის პატივი არ გვეცა და დავბრუნდითო“, – მიპასუხა გენ. ართმელაძემ: და განა საყვარელი ადამიანები არ არიან? თავმოყვარეობაც შეინარჩუნეს და მეც პატივი მომაგეს.
პარიზში 1922 წელს მე ვკითხე ნ. ნ. ჟორდანიას, ცნობილი იყო თუ არა მისთვის, რომ ჯარების ნაწილმა არტაანზე წასვლაზე უარი განაცხადა. მან მიპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. მე ვთვლი, რომ არ შეიძლება არ მოახსენო მთავრობის თავმჯდომარეს ისეთი განსაკუთრებული გარემოების შესახებ, რომელმაც იმ ბრძანების გაუქმებაც კი გამოიწვია, რომ არტაანზე წავსულიყავით.
18 აპრილს ჩვენი ჯარები არტაანის ოკრუგში შევიდნენ. გენ. ართმელაძის მარჯვენა კოლონას 19-ში ჰქონდა ბრძოლა, ხოლო 20-ში კი ბრძოლის შემდეგ აიღო არტაანი და ადრე მიღებული დავალებების თანახმად ძალების ნაწილი მოწინააღმდეგეს გელის ხეობაში (მტკვრის ზემო წელი) დაადევნა, ხოლო ნაწილი კი გენ. სუმბათაშვილის შესახვედრად გაგზავნა, რომელიც ახალქალაქი – არტაანის გზატკეცილის გაყოლებით უტევდა. სუმბათაშვილი ბრძოლის გარეშე მიდიოდა. თავიდან ადგილობრივ მცხოვრებთ, ყარსის მთავრობის წაქეზებით, უნდოდათ წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ შემდეგ დამორჩილდნენ და რაზმი ბრძოლის გარეშე გაატარეს. 21 თუ 22-ში შედგა რაზმების შეერთება. 20 აპრილს არტაანი აღებულ იქნა, მაგრამ მე ამის შესახებ მოხსენება მოგვიანებით მივიღე, რადგანაც კავშირი გენ. ართმელაძესთან გაწყვეტილი იყო. ცნობების მიუღებლობით შეშფოთებულმა, მე არტაანში მფრინავი სეხნიაშვილი გავგზავნე აეროპლანით. აეროპლანი მიფრინავდა და არ იცოდა, არტაანში თავისიანებთან დაჯდებოდა თუ უცხოებთან. იგი დაჯდა და თავისიანებს შორის დაჯდა; შემდეგ დღეს იგი უკან გამოფრინდა და მხოლოდ ახალქალაქამდე მოაღწია, საიდანაც შემატყობინა კიდეც არტაანის აღების შესახებ. მაგრამ ამ დროისთვის მე მივიღე ცნობა სატელეფონო კავშირგაბმულობის აღდგენის თაობაზე. სიტყვამ მოიტანა და არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ავიატორების საქმიანობა. მე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ავიატორები ერთი-მეორეზე ყოჩაღები არიან (наши авиаторы молодцы на подбор). მათი სწრაფვა და გულმოდგინება ყოველგვარ საზღვრებს გადადიოდა, და მე ყოველთვის მათი შეკავება მიხდებოდა; ვიცოდი მათი მანქანების ნაკლებხარისხიანობა და აუცილებელი საჭიროების გარეშე მათით გარისკვა არ მინდოდა. თუმცა კი სასაზღვრო რაიონში დაზვერვას ისინი ძალზედ კეთილსინდისიერად და ძალზედ სწორად აწარმოებდნენ. ისინი გულით მუშაობდნენ, და მე ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩვენი ავიატორები რისკავდნენ რომ დაიღუპებოდნენ, მათი ძრავები ჩერდებოდა და ისინი იძულებული ხდებოდნენ სადაც მოუხერხდებოდათ იქ დამჯდარიყვნენ, მთებში კი ეს მართლაც სასიკვდილოა, და მხოლოდ ხელახლა ამუშავებული ძრავი იხსნიდა ხოლმე მათ სიკვდილისგან.
როგორც ზემოთ ვწერდი, მე დავპირდი გენ. ართმელაძეს რომ მეათე დღეს არტაანში სურსათს ჩავუტანდი. დავძარი რა იქითკენ ავტომობილები სურსათით, მე თვითონაც ახალციხე – ახალქალაქი – არტაანის გზატკეცილით გავემგზავრე, რათა თვითონ გამევლო ეს გზა და რაიმე სიძნელეების შემთხვევაში ისინი ადგილზე პირადად მომეგვარებია. ახალქალაქი მე დღის სინათლეზე გავიარე და ვიმედოვნებდი ღამისთვის ზურზუნში ვყოფილიყავი, როცა ერთ-ერთ უმნიშვნელო უღელტეხილზე, უფრო სწორად უბრალო აღმართზე თოვლში ჩავიფალი. თოვლი სულ რაღაც 100 ნაბიჯის სიგრძეზე იდო, ხოლო მასზე გავლა კი შეუძლებელი აღმოჩნდა; დაიწყეს გაწმენდა. მუშები მეზობელი სოფლიდან მოიყვანეს, მაგრამ ამან მაინც 3–4 საათით დამაყოვნა. უკვე საღამოს მე ჩვენი მესაზღვრეების საგუშაგო გავიარე. კიდევ ვიმგზავრე რა 15 ვერსი, მე უკვე სიბნელეში მივუახლოვდი ერთ დიდ სოფელს, რომელიც ზურზუნის უღელტეხილის ძირში მდებარეობდა. ეს სოფელი, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს მიერ სულ ახლახანს დაპყრობილი გახლდათ, მაგრამ ჩვენი ჯარები იქ არ იყო, ყველანი ზურზუნში და უფრო იქითაც იყვნენ, ე. ი. უღელტეხილის იქითა მხარეს. როცა სოფელში შევედი ავტომობილით და მისი თავკაცი ჩემთან მოვიხმე, ვკითხე, შეიძლება თუ არა უღელტეხილზე ავტომობილით მგზავრობა, რაზედაც დამადასტურებელი პასუხი მივიღე. გავემგზავრე; გავიარე რა 2–3 ვერსი, მე თოვლის ნამქერს გადავაწყდი და ჩემთვის ნათელი შეიქნა, რომ წინ და ზემოთ მე უკვე ვეღარ გავივლი. უკან დავბრუნდი, მოვითხოვე სოფლის თავკაცი და მან ჩვენ სადგომი გამოგვიყო, რა თქმა უნდა, ყველა კეთილმოწყობით (со всеми удобствами), ე. ი. რწყილებით, ბაღლინჯოებით, საწოლების გარეშე და სხვა. მთელ ღამეს ვიბრძოდით, მაგრამ როგორღაც მაინც გვეძინა. თავკაცს ვუბრძანე, რომ გათენებიდანვე მთელი სოფელი წასულიყო გზის გასაწმენდად. ჩემს უკან სურსათით დატვირთული ავტომობილები მოდიოდნენ და საჭირო იყო მათთვის გზა გაგვეწმინდა. დილით გამთენიისას, როცა სახლიდან გამოვედი, დავინახე, რომ მცხოვრებნი ძალედ ნელ-ნელა გამოდიან გზის გასაწმენდად. ჩვენ ოთხნი ვიყავით: მე, შტაბის უფროსი და მძღოლი მის თანაშემწესთან ერთად. მაგრამ ჩვენ პირადად და ენერგიით შევუდექით საქმეს, არც ჯოხებს ვიშურებდით და ძალითაც ვერეკებოდით მცხოვრებთ სამუშაოზე. ჩვენი შრომა წარმატებით დაგვირგვინდა და ადამიანთა გრძელი მწკრივები უღელტეხილისკენ გაემართნენ. გზა გაწმინდეს, და ჩვენ ზურზუნისკენ გავემგზავრეთ, სადაც ჩვენს უკან მომავალი ავტომობილები დაგვეწიენ. ამ საღამოს მე ზურზუნიში დავრჩი და მომდევნო დღეს დილითვე არტაანში ჩავედი. არტაანში ორი დღე დავყავი, დავათვალიერე ჩვენი მეწინავე პოზიციები გელის ხეობაში, გავარკვიე ვითარება, ადგილობრივი ხასიათის ბევრი საკითხი გადავწყვიტე და შემდეგ ახალციხეში დავბრუნდი. არტაანის აღების შემდეგ ჯარები ბუნებრივია მოწინააღმდეგის გაქცეულ ნაწილებს ჩაუდგნენ კვალში და გელის ხეობას (მტკვრის სათავეს) მიაღწიეს, რომლის იქით წინსვლის ნება მათ აღარ მივეცი. ჩვენი დაზვერვა, რომელიც გელის ხეობის იქითა მხარეს შევიდა, ინგლისურ ცხენოსან რაზმს გადააწყდა. ამასობაში როგორც აღმოჩნდა, ჩვენს მიერ არტაანის აღების დღეს ინგლისელებმა ყარსში თავიანთი ჯარები მოიყვანეს და ეგრეთ წოდებული კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის ყარსის მთავრობა დააპატიმრეს. ჩვენ ის შევარყიეთ – ინგლისელებმა ბოლო მოუღეს. სერვერ-ბეგი თურქეთში გაიქცა, მოსახლეობამ მორჩილება და ჩვენთან შემოერთების სურვილი გამოგვიცხადა; განსაკუთრებით გვთხოვდნენ ბერძნები, რუსები და მუსლიმანები, რომლებიც არტაანიდან ჩრდილოთ რაიონში იყვნენ დასახლებულნი.
ამრიგად, მოწინააღმდეგე აღარ არსებობდა; ლაშქრობა დასრულებული იყო. არტაანში ბევრი ჯარის ყოფნა არასაჭირო შეიქნა; ჯერ ერთი, არ იყო საჭიროება, და მეორეც, მათი კმაყოფა იქ ძნელი იყო. ამის გამო მე გადავწყვიტე მთელი ჯარები გამომეყვანა არტაანის ოკრუგიდან მე-4 პოლკის გამოკლებით. გავეცი შესაბამისი განკარგულებანი და ჯარები უნდა შედგომოდნენ მათ აღსრულებას. თუმცა კი საქმე ინციდენტის გარეშე მაინც ვერ დასრულდა. არტაანიდან ჯარების გამოსვლისთვის დადგენილის წინა დღეს გენ. ართმელაძისგან მივიღე შეტყობინება, რომ არტაანში დასარჩენად დანიშნულმა მე-4 პოლკმა განაცხადა, რომ ის არტაანში არ დარჩება და იქიდან მომავალ მთელ ჯარებთან ერთად ისიც წამოვა. ამრიგად არტაანში არავინ აღარ დარჩებოდა. მე ვუპასუხე, რომ დაუყოვნებლივ არტაანში მივემგზავრები და რომ გაცემული განკარგულებები ძალაში რჩება. იმავე დღის ღამისთვის მე მხოლოდ ზურზუნიმდე მოვასწარი ჩაღწევა, უფრო იქით მგზავრობა არ შემეძლო, რადგანაც ჩემს ავტომობილს ფანრები გაუფუჭდა. მე ტელეფონით გადავეცი გენ. ართმელაძეს, რომ დილით ადრე არტაანში ჩავიდოდი. მეორე დღეს გამთენიისას გავედი და არტაანში სწორედ ჯარების გამოსვლის დროისთვის ვიყავი. ნაწილები ჯერ არ ეწყობოდნენ. გენ. ართმელაძემ მკითხა, ხომ არ ვუბრძანებ მე-4 პოლკის მოწყობას და ხომ არ ვისაუბრებ მათთან. მე ვუპასუხე, რომ თავიდან წამსვლელ ნაწილებს დავემშვიდობები, ხოლო შემდეგ კი მე-4 პოლკსაც შევხედავ. მან შეშფოთება გამოთქვა, რომ შეიძლებოდა მე-4 პოლკი თვითნებურად დაძრულიყო. უნდა ითქვას, რომ მე-4 პოლკის ორი ასეული, რომლებიც არტაანიდან 12 ვერსზე იდგნენ სოფელში, თვითნებურად მოვიდნენ არტაანში წამსვლელ ჯარებთან შეერთების მიზნით. მე უარვყავი გენ. ართმელაძის წინადადება და ვუთხარი, რომ ისე გააკეთონ, როგორც დასახულია, და თუ მე-4 პოლკი თვითნებურად დაიძვრება, მაშინ ვიმოქმედებთ. წამსვლელი ჯარები მოეწყვნენ; მე მათ მადლობა გადავუხადე სამსახურისთვის მთავრობის სახელით და ჩემი სახელითაც და დავემშვიდობე.
ჯარების წასვლის შემდეგ ვუბრძანე მე-4 პოლკი მოეწყოთ. მივესალმე პოლკს, მივმართე მათ სიტყვით, რომელშიც გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება და მრისხანება იმის გამო, რომ პოლკმა გამოთქვა სურვილი წასულიყო და ამით ჩვენი 2–3-თვიანი საომარი მოქმედებების მთელი ნაყოფები მოესპო. მე არ ვთაკილობდი გამოთქმებს და ნამდვილად გახლდით შეურაცხყოფილი მათ გამო და ძალზედ გულმოკლულიც. შემდეგ, როგორც ყოველთვის, შევძახეთ რა „ვაშა“ მთავრობას, მე ეს პოლკი ცერემონიული მარშით ჩავატარე, ხოლო მერე კი ასეულების მიხედვით შევდიოდი მათ სადგომებში და ჯარისკაცებს ვესაუბრებოდი. ჯარისკაცებს არაფერი ჰქონდათ იმის საწინააღმდეგო, რომ დარჩენილიყვნენ, მაგრამ ჩიოდნენ იმაზე, რომ არ მიიღება ზომები დეზერტირების წინააღმდეგ. მე ისინი დავამშვიდე ამ მიმართებით და ასეულების მიხედვით გამოვართვი ყველა დეზერტირის სიები, თან მივუთითე, რომ 200-მდე დეზერტირი უკვე მსჯავრდებულია სასამართლოს მიერ. იმავე ან მომდევნო დღეს, აღარ მახსოვს, მე უკან გამოვემგზავრე.
ინციდენტი
უკან ახალციხეში მგზავრობისას მე ინციდენტი შემემთხვა, რომელიც კინაღამ სამწუხაროდ დასრულდა. ჩვენ ავტომობილით სამნი ვმგზავრობდით, გენ. ართმელაძესთან და ჩემს შტაბის უფროს პოლკ. გედევანიშვილთან ერთად. ახალქალაქთან მისვლამდე 25–30 ვერსზე, ჩვენ შევხვდით ჯარისკაცების 15-კაციან ჯგუფს, რომლებიც გზატკეცილზე მოდიოდნენ. ყველანი თოფებით. მე გავაჩერე ავტომობილი და ისინი ჩემთან მოვიხმე. ვკითხე, რომელი პოლკიდან იყვნენ. მიპასუხეს მე-6 პოლკიდან. მე-6 პოლკი არტაანის იქით იმყოფებოდა და მას ახალციხისკენ წამოსვლა 2–3 დღის შემდეგ ჰქონდა დანიშნული. მე გავლანძღე ისინი; ვუწოდე მათ დეზერტირები და მაშინვე ყველაზე ახლოს მდგომს ვუბრძანე თოფი ჩემთვის ჩაებარებინა; იგი შეყოყმანდა, მე ჩამოვხტი ავტომობილიდან, ჩამოვართვი მას თოფი, მძღოლს გადავეცი, ჩამოვართვი მეორეს, მესამეს; ამ დროს მესმის, გაისმა გასროლა. მე შევბრუნდი და შემდეგი სურათი ვიხილე. პოლკ. გედევანიშვილი დგას ავტომობილის მეორე მხარეს გზატკეცილზე, ხოლო მის წინ 2–3 ნაბიჯზე დგას ჯარისკაცი, რომელიც იმ მომენტში, როცა მე შევბრუნდი, სავაზნეში შემდეგ ვაზნას დებდა. აღმოჩნდა, რომ პოლკ. ნ. გედევანიშვილმა, რომელიც ჩემს მაგალითს მიჰყვებოდა, გადმოვიდა რა ავტომობილიდან, მასთან ახლოს მდგომ ჯარისკაცს მიმართა მოთხოვნით თოფი ჩაებარებია; მან უარი განაცხადა, ხოლო მოთხოვნის გამეორებისა და პოლკ. ნ. გედევანიშვილის მასთან უფრო მიახლოებისას გაისროლა, მაგრამ, როგორც ჩანს, დაუმიზნებლად. მე ერთ მომენტში თვალწინ ნამდვილი სურათი წარმომიდგა; ჩვენ შორსა ვართ დასახლებული პუნქტებიდან; ჯარების უახლოეს განლაგებამდე არანაკლებ 25 ვერსია. ჩვენ სამნი ვართ, თითქმის შეუიარაღებელნი. დეზერტირი ჯარისკაცები 15 არიან; ხალხი, უეჭველად, იმის შესაბამისი, რომ ჩვენ ყველას ბოლო მოგვიღონ. მე ვერ მოვასწარი მოფიქრება, თუ რა გამეკეთებია, რომ გაისმა ერთ-ერთი ჯარისკაცის ხმა: „შენ რას აკეთებ?“ ამ ხმას შეუერთდნენ სხვებიც. ჯარისკაცმა, რომელმაც პოლკ. ნ. გედევანიშვილს ესროლა, როცა იხილა, რომ დანარჩენ ჯარისკაცებს შორის მას თანაგრძნობა არა აქვს, გზატკეცილიდან 30 ნაბიჯი გაირბინა და გაჩერდა. პოლკ. ნ. გედევანიშვილმა გაისროლა, მაგრამ მას კი არ ესროლა, არამედ მხოლოდ იმ მხარეს. მას ჩვენ დავუწყეთ ძახილი, რომ დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო; იგი ადგილიდან არ იძროდა. მაშინ ერთ-ერთი ჯარისკაცი წინ გამოვიდა და თქვა: „მე მას მოვიყვან“ და მისკენ წავიდა. მართლაც, მან იგი მოიყვანა. ჩვენ მათ თოფები და მთელი ვაზნები ჩამოვართვით; ჩავიწერეთ მათი გვარები და შემდეგ გზა განვაგრძეთ. უფრო წინ რომ წავედით, ჩვენ სხვა ჯგუფი ვიხლეთ, ასევე 15 ადამიანისგან, რომლებიც ახალქალაქისკენ მიდიოდნენ; ესენი გზატკეცილიდან 200–300 ნაბიჯზე მიაბიჯებდნენ. ამჯერად მე უკვე ისე მოუფიქრებლად აღარ მოვქცეულვარ. ჩავედი რა ახალქალაქში, გარნიზონიდან ამ დეზერტირების დასახვედრად რაზმი გავგზავნე ოფიცრით, რომლებმაც ყველა ისინი კიდეც დააპატიმრა. რა თქმა უნდა, მომენტი, როცა ჩვენ პირადად ვართმევდით იარაღს, ძალზედ კრიტიკული იყო. რამ გვიხსნა ჩვენ, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის კულტურულობამ. თავიანთი არასწორობის შეგნებამ, ჩვენი სამართლიანი მოთხოვნის შეგნებამ, ხელისუფლების ავტორიტეტულობის შეგნებამ.
მე უნებურად ვიხსენებ, რომ ახალციხის ლაშქრობის მანძილზე ჩემი და ჩემთან ახლოს მდგომი ადამიანების სიცოცხლე არაერთხელ ყოფილა საფრთხეში, ბრძოლის ველზე ყოფნის გარდა. მე აღვწერ ორ შემთხვევას, რომლებიც ავტომობილით მგზავრობის დროს შემემთხვა. ერთხელ ჩვენ პოლკ. ნ. გედევანიშვილთან ერთად არტაანიდან ვბრუნდებოდით. ავედით ზურზუნის უღელტეხილზე და იქიდან ზიგზაგებით დავიწყეთ დაბლა დაშვება. ერთ-ერთ მოსახვევში, ზუსტად ხრამის თავზე, მძღოლმა სვლა შეანელა, რათა მოსახვევი, როგორც წესია, ნელი სვლით გაევლო. ამ მომენტში წინა სვლის ბორბალი მოძვრა და ხრამში გადაფრინდა. ნელი სვლის წყალობით ავტომობილი გზატკეცილზე დარჩა, მხოლოდ ბორბალმომძვრალი ღერძი გზატკეცილში ჩაეფლო, რამაც იმპროვიზებული მუხრუჭის სამსახური გაგვიწია. ბორბალი რომ რამდენიმე წამით ადრე ან მოსახვევის შემდეგ გამძვრალიყო, ცხადია, რომ ჩვენ ყველანი ხრამში ვიქნებოდით და მეც, ალბათ, ამ სტრიქონებს ვეღად დავწერდი. მეორე ჯერზე ჩვენ გვიან ღამით იმავე ავტომობილით ადიგენიდან ახალციხეში ვბრუნდებოდით. ფანრები არ მოქმედებდა, მაგრამ გზა კარგად იყო ცნობილი მძღოლ-ოფიცრისთვის, და ჩვენც შედარებით სწრაფად ვმგზავრობდით. და უეცრად იგივე ისტორია განმეორდა ბორბალთან; თუმცა კი ბორბალი იმ დროს გაძვრა ღერძს, როცა ავტომობილი წინასწარ მომზადებული ხრეშის გრძელი ნაყარის მახლობლად მიდიოდა. ღერძი ხრეშში ჩაეფლო, და ჩვენც თანდათანობით და ბიძგის გარეშე გავჩერდით. ამჯერად ხრამი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ, ალბათ, მეტ-ნაკლებად სერიოზულ დაჟეჟილობებს მივიღებდით, რომ არა ასე დროულად და თანაც ასე დიდ სიგრძეზე დაყრილი ხრეშის გორები.
* * *
ამრიგად, ახალციხე-არტაანის ლაშქრობა დასრულდა. ახლა აღვწერ რამდენიმე ეპიზოდს, რომლებიც ამ დროში მოხდა. ჯერ კიდევ როცა გვარდია ახალციხის ფრონტზე იყო, ერთხელ გვარდიის წარმომადგენლები, რომელთა შორის მახსოვს ლადო ჯიბლაძე, საღამოს რაღაც საქმეზე ჩემთან შემოვიდნენ. გაგრის მოვლენებზე ავლაპარაკდით. მე გამოვთქვი ჩემი შეხედულება მოხალისეთა არმიასთან შექმნილ მდგომარეობაზე და იმ წესზეც, რომელიც უნდა მიგვეღო მოხალისეებთან საბრძოლო მოქმედებების შემთხვევისთვის. მეორე თუ მესამე დღეს ისინი ჩემთან ისევ შემოვიდნენ და კვლავ გაგრის მოვლენებზე ალაპარაკდნენ. ლადო ჯიბლაძემ მითხრა, რომ მე დაუყოვნებლივ უნდა გავემგზავრო თბილისში და ჩემი მოსაზრებები მოვახსენო, რადგანაც ჩემი საბუთები ძალზედ დამაჯერებელია და საჭირო იქნებოდა ისინი მთავრობისთვის გამეცნო. მე ვუპასუხე, რომ არ გავემგზავრები, მაგრამ თუ ჩემს აზრს მკითხავენ, მაშინ მას გამოვთქვამ; მე კი თვითონ ჩემი აზრების თავზე მოხვევას არ დავუწყებ, ვინაიდან თბილისში არის უმაღლესი სამხედრო წრმომადგენელი და ეს მის მოვალეობასა და მის კომპეტენციას შეადგენს. ამაზე ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. გვარდიის წარმომადგენლები შემდეგ თბილისში გაემგზავრენ, და აი უეცრად გენ. ა. გედევანიშვილისგან ვღებულობ ტელეგრამას, რომელშიც ნება მეძლეოდა ერთი დღით თბილისში ჩავსულიყავი. მე გამიკვირდა და ტელეგრამითვე ვკითხე, რითაა ამოწვეული ასეთი ნებართვა, როცა მე ასეთი რამ არ მითხოვია. ისევ მიპასუხეს, რომ, თუ საბრძოლო მოქმედებები ნებას იძლევა, მაშინ მე შემიძლია ჩავიდე. კიდევ ერთხელ გავუგზავნე ტელეგრამა და ვთხოვდი გარკვევით ეპასუხათ, თუ რატომ მაძლევენ თვილისში ჩასვლის ნებართვას, როცა მე ასეთი ნებართვა არ მითხოვია. ამის შემდეგ მივიღე პასუხი, რომ გვარდიის წარმომადგენლებმა მას, გენ. გედევანიშვილს, უთხრეს ჩემის სურვილის შესახებ ჩავსულიყავი თბილისში და ამიტომ მეძლეოდა კიდეც ჩასვლის ნება. მე ვუპასუხე, რომ იგი უნდა მიცნობდეს, და ეს იმასაც ნიშნავს, რომ მე არასოდეს არავის მივმართავდი პროტექციისთვის და რომ მქონოდა თბილისში ჩასვლის სურვილი, მაშინ უშუალოდ მას მივმართავდი, როგორც ჩემს უფროსს. მაინც, ვუმატებდი, რომ თუ ჩემი ჩასვლა თბილისში საჭიროა, მაშინ საბრძოლო ვითარება საშუალებას მაძლევს ერთი დღით თბილისში ჩავიდე. ტელეგრამა ისე იყო შედგენილი, რომ ჩემმა შტაბის უფროსმა პოლკ. ნ. გედევანიშვილმა, გენ. ა. გედევანიშვილის ძმამ, შენიშნა თავის ძმაზე, რომ იგი ახლა გარკვევით გვიპასუხებს. მე შევეწინააღმდეგე, რომ არა, არ გვიპასუხებს. ვგრძნობდი, და ტელეგრამების ურთიერთ გაცვლის დაუსრულებლობაც ამტკიცებდა, რომ გენ. ა. გედევანიშვილს არ უნდა, რომ ჩავიდე, მაგრამ აშკარაა, გარკვეული უარით პასუხის გაცემა არ შეუძლია, ვინაიდან აშფოთებს ის, რომ მისი უარი არ მოეწონებათ გვარდიის წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც ჩანს, მას ჩემი გამოძახების აუცილებლობაზე ეუბნებოდნენ. მე, როგორ მოველოდი კიდეც, ისევ უფრო მეტად თავის ამრიდებლური პასუხი მივიღე. რათა შემეწყვიტა უსაგებლო მიმოწერა, ვუპასუხე, რომ თბილისში პირადი საქმეები არ მაქვს და ამიტომ არ ჩავალ. დამახასიათებელი მიმოწერაა: გენ. ა. გედევანიშვილმა თავისი სურვილიც აღისრულა, და გვარდიასაც მის სურვილზე უარი არ უთხრა.
მეორე შემთხვევა – ეს ფაქტი უფრო მეტად მნიშვნელოვანი, სერიოზული და აღსანიშნავია. არტაანის აღების შემდეგ, ერთხელ, მივიღე გენ. ა. გედევანიშვილისგან ტელეგრამა, რომელშიც იგი მწერდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე მთხოვს 2–3 დღის შემდეგ მას ჯარების რეორგანიზაციის პროექტი წარვუდგინო; ტელეგრამაში იყო მითითებული, რომ ვითომ მე უფრო ადრეც დავპირდი ამის გაკეთებას. ვუპასუხე, რომ ასეთი დაპირება არავისთვის მიმიცია, მაგრამ თუ მთავრობის თავმჯდომარეს ნებავს, მაშინ მე შემიძლია მხოლოდ ის საფუძვლები მოვახსენო, რომლებზედაც უნდა იგებოდეს არმია. ახლა არ მახსოვს, მიპასუხეს თუ არა რაიმე, მაგრამ მე დავწერე არმიის რეორგანიზაციის საფუძვლები და ორი დღის შემდეგ დანიშნული დროისთვის თბილისში ჩამოვედი. დილით მთავრობის თავმჯდომარესთან ვიყავი, საღამოს კი, მისი მიპატიჟებით, დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის პლენარულ სხდომაში მივიღე მონაწილეობა. ამ კრებას პირადად მთავრობის თავმჯდომარე უძღვებოდა და იქ დამსწრენი, უფროსი სამხედროების ჩათვლით, 50 ადამიანი იყვნენ.
ვიდრე ამ სხდომის აღწერას შევუდგებოდე, აუცილებელია უკან დავიხიო. როგორც ჩემს ჩანაწერებში ზემოთ მივუთითე, გვარდია რიცხვითაც და მნიშვნელობითაც იზრდებოდა. ახალციხის ლაშქრობის დროს დამფუძნებელმა კრებამ დასვა საკითხი, შეიარაღბული ძალების როგორი ორგანიზაცია მიეღოთ, გვარდია თუ არმია. არმიის შესახებ საკითხი ბეწვზე ეკიდა, მაგრამ არმიის მომხრეებმა მაინც მოახერხეს ბრძოლით მოეპოვებიათ (отвоевать) არმიის არსებობა გვარდიასთან ერთად. ამის შედეგად დამფუძნებელ კრებაში წარდგენილ იქნა შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის ორი პროექტი: ერთი გვარდიისგან, მეორე არმიისგან. და აი ამ პროექტების განსახილველად შედგა ეს დიდი სხდომაც. ყოველივე ამის შესახებ მე მხოლოდ მაშინ შევიტყვე, როცა თბილისში ჩამოვედი ჯარების რეორგანიზაციის ჩემეული საფუძვლების მოსახსენებლად. იმავე დღეს სახელდახელოდ გავეცანი ორივე წარმოდგენილ პროექტს. მე პირადად ორივე პროექტმა ვერ დამაკმაყოფილა. უნდა შევნიშნო, რომ გვარდიის პროექტი იყო გადმოღებული შვეიცარიული სამილიციო სისტემიდან; არმიის პროექტი კი არმიის რეორგანიზაციის პროქეტს არ წარმოადგენდა – ეს გახლდათ პერეფორმირების პროექტი; ჯარების მოწყობის საფუძველს არ ეხებოდა და, რაც იყო, იმასვე ტოვებდა. გარდა ამისა, მან მე გამაოცა ერთი განსაკუთრებულობით. ამ პროექტში დასახული (დაგეგმილი) იყო სამი საარმიო ბრიგადა და ერთიც გვარდიული, ე. ი. სამხედრო უწყება აღიარებდა გვარდიულ ორგანიზაციას როგორც საბრძოლო ორგანიზაციას. სხვანაირად რომ ვთქვათ, გვარდიულ ორგანიზაციას აღიარებდნენ დადებით ორგანიზაციად, რომელსაც უნარი შესწევდა საარმიო ორგანიზაციის თანაბრად სამშობლო დაეცვა. თუ ეს სამხედრო ავტორიტეტების გულწრფელი აზრი გახლდათ, მაშინ მთელი შეიარაღებული ძალებიც გვარდიული სისტემით უნდა აგვეგო. ხოლო თუ არა, მაშინ სამხედრო უწყება კატეგორიულად უნდა გამოსულიყო პროტესტით გვარდიის არსებობის წინააღმდეგ და ამ საკითხის გადაწყვეტა პატრონისთვის, ე. ი. დამფუძნებელი კრებისთვის მიენდო. მას კი არა თუ არ გაუკეთებია ეს, არამედ პირიქით, ეს ორგანიზაცია თავის პროექტში მეოთხე ბრიგადის სახით შეიყვანა. ამრიგად, ამ ორგანიზაციის საბრძოლო მიმართებით მთელი უარყოფითი თვისებების მიუხედავად, რომლებიც მკვეთრად და არაერთხელ უჩვენებია ამ ორგანიზაციას საბრძოლო მოქმედებების დროს, თვითონ სამხედრო უწყება სამხედრო მინისტრის თანაშემწისა და უფროსი ოფიცრების სახით აღიარებდა მას, როგორც საბრძოლო ერთეულს, საარმიო ნაწილებთან ერთად. საღამოს, როცა სხდომა დაიწყო, მთავრობის თავმჯდომარემ შესთავაზა მანამდე, სანამ წარდგენილი პროექტების განხილვაზე გადავიდოდნენ, ჩემი პროექტი მოესმინათ. ფორმა კი ასეთი გახლდათ. „ჩვენ“, – თქვა მთავრობის თავმჯდომარემ, – „გვაქვს ორი პროექტი; მაგრამ შესაძლოა, აქვს კიდევ ვინმეს, განსაკუთრებით ფრონტიდან ჩამოსულს; გენ.-ო კვინიტაძე, ხომ არ გაქვთ თქვენ ჯარების რეორგანიზაციის თქვენეული პროექტი?“ მე ამისთვის ვიყავი გამოძახებული, მაგრამ ჩემს ყოფნას შემთხვევით ხასიათს აძლევდნენ და ასეთნაირად გამოდიოდა, რომ მე თავზე ვახვევდი ჩემს პროექტს. მე ვუპასუხე: „ჩემს მიერ თქვენი სურვილით, ნოე ნიკოლოზის ძევ, შედგენილია მხოლოდ იმ საფუძვლების პროექტი, რომლებზედაც უნდა ეფუძნებოდეს არმიის რეორგანიზაცია; ჯარების ორგანიზაციის პროექტი კი ჩემს მიერ ვერ შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოდგენილი დროის უკმარისობის გამო“. მე მთხოვეს მომეხსენებია. მოვახსენე. ვიწყებდი რა ჩემს მოხსენებას, თავიდან მივუთითე, რომ ჯარების რეორგანიზაციის გვარდიული პროექტი მხოლოდ შვეიცარიის შეიარაღებული ძალების სისტემისადმი მიმსგავსებაა, და ისიც გარეგნული, და არსებითად არ შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვენში, რადგანაც არ უწევს ანგარიშს ჩვენი სახელმწიფოს შინაგანი მდგომარეობის პირობებს, ასევე ჩვენს მეზობლებში შეიარაღებული ძალების მოწყობის საგარეოპოლიტიკურ პირობებსაც. საარმიო პროექტი კი საკუთრივ პერეფორმირების პროექტი გახლავთ, და არა რეორგანიზაციისა, რადგანაც ეს პროექტი სრულებით არ ეხებოდა შეიარაღებული ძალების მოწყობის საფუძვლებს. ჯარების რეორგანიზაციის საფუძვლების ჩემეულ პროექტში მითითებული იყო დაკომპლექტების სისტემის შეცვლა ტერიტორიული სისტემის დამყარების აზრით. თოფის ქვეშ ყოფნის დრო დგინდებოდა ორი წლით შვებულებების ფართო გამოყენებით სამსახურის მეორე წლის განმავლობაში. შემდეგ მყარდებოდა ცალკეული ბატალიონების სისტემა ისეთი ორგანიზაციით, რათა მობილიზაციის დროს ამ ბატალიონებს შეძლებოდათ სწრაფად შეეწოვათ თავიანთ თავში მობილიზებული მოსახლეობა; მეორე რიგის ფორმირებების სისტემა უარიყოფოდა. ტერიტორიის უმნიშვნელობისას არ იქნებოდა დრო მათი ფორმირებისთვის (ჩამოყალიბებისთვის). ეხებოდა რა მართვას, გამოთქმული იყო აუცილებლობა, რომ მთელი სამხედრო უწყება უშუალოდ სამხედრო პირისთვის დაექვემდებარებიათ, რომელიც ფაქტიურად იქნებოდა პასუხისმგებელი მთელ ამ უწყებაზე; ამასობაში წინა ორგანიზაციის მიხედვით, რომელიც შემდგომშიც იქნა მიღებული, სამხედრო უწყების ყველა განყოფილება ექვემდებარებოდა უშუალოდ სამხედრო მინისტრს (სამოქალაქო პირს), ხოლო მისი თანაშემწე (სამხედრო პირი) კი გახლდათ მხოლოდ მრჩეველი, პასუხისმგებელი იმდენად, რამდენადაც, უფრო სწორედ კი სრულიად უპასუხისმგებლო. მე არ შევჩერდები ჩემი პროექტის სხვა დაწვრილებით შინაარსზე. ჩემი მოხსენების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ მკითხა, ითვალისწინებს თუ არა ჩემი პროექტი გვარდიის არსებობას; მე ვუპასუხე, რომ არა, და ამ პასუხით ჩემი პროექტის ხვედრი გადაწყვეტილ იქნა. შემდეგ დაიწყეს მოსაზრებების გამოთქმა; გამოთქვამდნენ მხოლოდ სამხედრო პირები, სახელდობრ კი გენერლები ა. გედევანიშვილი და ოდიშელიძე, აგრეთვე გვარდიული პროექტის მომხსენებელი ბ-ნი ვორონოვიჩი. მათი შემოპასუხებანი მეტად ნიშანდობლივია, რის გამოც მე მათ მოვიყვან კიდეც. გენ. ა. გედევანიშვილმა ჩემდა გასაოცრად ძალზედ მხურვალედ დაიწყო ჩემი პროექტის წინააღმდეგ შემოპასუხება. იგი ამბობდა, რომ შედგენილი პროექტი ძალზედ კარგია, რომ ახლა ახალი პროექტების შედგენის დრო არ არის, რომ გენ. კვინიტაძის პროექტი დაწერილია ცაზე, და არა დედამიწაზე, არ უწევს რა ანგარიშს ცხოვრების სინამდვილეს, რომ შეიარაღებული ძალების ორი სისტემის არსებობა აუცილებელია ჩვენთვის, რადგანაც გვარდიის გარეშე ჩვენ ვერ მოვახდენთ არმიის ორგანიზაციას, ხოლო არმის კი საჭიროა იმისთვის, რათა გვარდია არ გადაიქცეს პრეტორიანულად. მე ვითხოვე სიტყვა და მოვახდინე შესწორება, მივუთითე რა იმაზე, რომ ჩემი პროექტი ჩემს მიერ კი არაა გამოგონებული, არამედ არსებითად გერმანელებისგანაა ნასესხები და ჩვენი პირობებისადმი მისადაგებული. „დაე ცნობილი იყოს სამხედრო მინისტრის თანაშემწისათვის“, – დავუმატე მე, – „რომ ჩემი პროექტი ამ რიგად ცაზე კი არაა დაწერილი, არამედ ბერლინში, შპრეეს ნაპირებზე“. შემდეგ გამოთქვა გენ. ოდიშელიძემ, რომელმაც ავტორიტეტულად განაცხადა, რომ გენ. კვინიტაძის პროექტი არის, საკუთრივ, იმ პროექტის დაწვრილებითი (წვრილმანი) საკითხები (подробности), რომელიც სამხედრო უწყებამ წარმოადგინა, და ახალს არაფერს არ ამბობს. მე ვთვლი, რომ ჩემს პროექტში შეიარაღებული ძალების სისტემათა ორგვარობის არსებობის უარყოფა უკვე წვრილმანი საკითხი არ არის, რომ არაფერი ვთქვათ სისტემის ტერიტორიულობაზე, სამსახურის გავლის დროსა და უმაღლეს მმართველობაზე. მაგრამ პროექტის შემდგომმა განხილვამ კურიოზამდე მიგვიყვანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ სამხედრო უწყებისა და ჩემს პროექტებს შორის უზარმაზარი ზომის დისტანცია გახლდათ. საქმე შემდეგშია. გვარდიული პროექტის მომხსენებელმა ბ-ნმა ვორონოვიჩმა განაცხადა, რომ გენ. კვინიტაძის პროექტი, ზოგადად, ისეთია, რომ გვარდიას ეს პროექტი შეეძლო მიეღო საფუძვლად შეიარაღებული ძალების ერთიანი სისტემისათვის. აქედან გამოდიოდა, რომ თუ ჩემი პროექტი შეადგენდა მხოლოდ დაწვრილებით (წვრილმან) საკითხებს სამხედრო უწყების პროექტისა, მაშინ უკანასკნელისთვის ძნელი არ იქნებოდა თავისი პროექტით მოელაპარაკა გვარდიასთან შეიარაღებული ძალების ერთიანი სისტემის შესახებ. როგორც ცნიბილია, ეს არ მომხდარა. ნათელია, რომ ჩემი პროექტი არ შეადგენდა სულაც სამხედრო უწყების პროექტის წვრილმან დებულებებს. ვორონოვიჩმა მაშინვე მთხოვა ნება მიმეცა, რომ ჩემი პროექტი თავისთვის გადაეწერა. ამ დიდ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩემი პროექტი ყურად ეღოთ (принять мой проект во внимание) შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის პროექტების განხილვისას. ამ მიზნით მომიწია დავრჩენლიყავი დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის სხდომებზე დასასწრებად. ამ სხდომების დასრულებას მე ვეღარ დაველოდე. ერთ-ერთ სხდომაზე, თითქმის პირველზეც, განიხილებოდა საკითხი გვარდიული და არმიული სისტემების ერთიან სისტემად შეერთების შესახებ. ეს შეერთება დაიწყეს ზემოდან, სახელდობრ კი შემოთავაზებულ იქნა შეექმნათ სამხედრო საბჭო; ამ საბჭოში უნდა შესულიყვნენ გვარდიის 3 წარმომადგენელი და 3 სამხედრო; თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო სამხედრო მინისტრი. მე პროტესტს ვაცხადებდი ასეთი საბჭოს წინააღმდეგ, მაგრამ ამაოდ. ამასთან დაჟინებით მოითხოვდნენ ამ საბჭოსთვის ჯარების ინსპექტირების ინიციატივის მიცემას. იქმნებოდა ამ დრომდე სამხედრო სამყაროში ჯერ არნახული ორგანო. ეს არ გახლდათ ჰოფქრიგსრატი (გერმ. სასახლის კარის სამხედრო საბჭო – ი. ხ.), ვინაიდან აქ სანახევროდ და უფრო მეტადაც შედიოდნენ არა მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები, არამედ სამხედრო საქმის უცოდინარნიც. ეს არ იყო მაინსპექტირებელი ორგანო, ვინაიდან მის შემადგენლობაში სანახევროდ შესულ ადამიანებს არ ეცოდინებოდათ სამხედრო საქმე და, შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ ინსპექტირებას. ეს არ იყო საბჭო, ვინაიდან დაკავებული იყო ინსპექციით, უკანასკნელ შემთხვევაში მას უნდა რქმეოდა ინსპექცია, და არა საბჭო. ეს გახლდათ უბრალოდ არმიაში ორმაგი ხელისუფლების დამყარება, ვინაიდან საბჭოს ძალაუფლებას უნდა ემოქმედა სამწყობრო უფროსების გვერდით და მათ თანაბრად, სამხედრო მინისტრის თანაშემწის ჩათვლით. საქმე იმაში იყო, როგორც ჩანს, რომ საბჭოს ერთ-ერთ წევრად დასახული ჰყავდათ გენ. ოდიშელიძე, რომლის ხელშიც შეიძლებოდა ფაქტიურად აღმოჩენილიყო საინსპექტორო ძალაუფლება გენ. გედევანიშვილის ძალაუფლებასთან ერთად (наряду с властью ген. Гедеванишвили). აღსანიშნავია, რომ ინსპექციის უფლება მხოლოდ არმიაზე ვრცელდებოდა; საბჭოს სამხედრო წევრებს არ ჰქონდათ გვარდიის ინსპექტირების უფლება; გვარდიის წარმომადგენლები კი ასეთ უფლებას ღებულობდნენ. ამ საკითხის განხილვისას მოსაზრებები გაიყო ანუ, უფრო სწორად, ასეთი ორგანოს შექმნაზე ასეთი ფუნქციებით მე მთელი ჩემი დაუთანხმებლობით სრულებით მარტო აღმოვჩნდი. ასეთ ორგანოს მხარს უჭერდნენ გენ. ოდიშელიძე და პოლკ. ზაქარიაძე. განსაკუთრებით იცავდა ამ ორგანოს გვარდიის წარმომადგენელი და სამხედრო კომისიის თავმჯდომარე ილიკო ქარცივაძე. როცა მაც ვეკამათებოდი, მე ვთქვი, რომ მისთვის, როგორც სამხედრო საქმეში ნაკლებად ჩახედული პირისთვის, ძალზედ ძნელია ჭეშმარიტების გარკვევა, ვინაიდან გენ. ოდიშელიძე ამბობს ერთს, ხოლო გენ. კვინიტაძე კი მას არ ეთანხმება. მან მიპასუხა, რომ მათ უკვე აქვთ ამაზე განსაზღვრული მოსაზრება. მე შევნიშნე, რომ, როგორც ჩანს, მათ აქვთ არა მხოლოდ განსაზღვრული მოსაზრება, არამედ წინასწარ აკვიატებულიც, რის გამოც ჩემი მხრიდან აქ შუბების მტვრევა არაფერი საჭიროა; ავდექი, ავიღე ჩემი პროექტი, დაუყოვნებლივ დავტოვე კომისია და ახალციხეში გავემგზავრე. ასე დასრულდა ჩემი მონაწილეობა არმიის რეორგანიზაციის პროექტის განხილვაში 1919 წელს.
ახალციხის ლაშქრობის დროს ჩემი საქმიანობა, რა თქმა უნდა, არ იფარგლებოდა საომარი მოქმედებებით. ოლქის მართვის, მშიერი და გაძარცვული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის, დევნილების მოწყობის, აბასთუმნის აღდგენის, შეტყობინების გზებისა და ხიდების შეკეთების, სამხედრო სადგომებისა და სათავსოების რემონტის საქმეები, ერთი სიტყვით ორი მაზრისა და არტაანის ოკრუგის მთელი ცხოვრება ან ჩემს მიერ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი, ან კიდევ ამ საქმეებში მე ჩვენი სახელმწიფოს ცენტრალურ დაწესებულებებთან უნდა მქონოდა ურთიერთობა. მე მიხდებოდა შევსულიყავი ურთიერთობებში სამხედრო, შინაგან საქმეთა, მომარაგების, შეტყობინების გზების სამინისტროებთან, სახელმწიფო კონტროლთან, დარბეული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის კომიტეტთან, ამერიკულ კომიტეტთან და სხვა. როცა არმიის რეორგანიზაციის შესახებ პროექტის წარსადგენად თბილისში ჩამოვედი, ვიყავი ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ ნ. ბ. რამიშვილთან, რომელიც იმავდროულად რჩებოდა სამხედრო და შეტყობინების გზების თუ განათლების მინისტრად, ახლა ვერ ვიხსენებ. დავამთავრე რა მოკლედ მაზრების მდგომარეობის შესახებ მოხსენება, მე ჯიბიდან ამოვიღე ქაღალდის ფურცელი და მას ჩავაბარე შემდეგი სიტყვებით: „ეს კი არის საჩივარი თქვენთან თქვენზე“. მის შეკითხვაზე, თუ რა არის, მე ვუპასუხე, რომ ეს არის ჩემ მიერ მის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე, გაგზავნილი ტელეგრამების რეესტრი, და რომ არც ერთ მათგანზე მე პასუხი არ მიმიღია. იგი რამდენადმე შეშფოთდა და შემინიშნა, რომ უბრძანა პასუხი მოეცათ. შემდეგ, აიღო რა ფურცელი, იგი დამპირდა რომ ყველა კითხვაზე პასუხს გამცემდა, მაგრამ ეს გაკეთებული არ ყოფილა. ახალციხეში ჩემი დაბრუნების შემდეგ, მე იქ კიდევ დაახლოებით ერთი თვე დავყავი, მაგრამ არანაირი პასუხი ჩემს ტელეგრამებზე მაინც არ მიმიღია. ამას არ ვთვლი შემთხვევით მოვლენად, არამედ ვხსნი სურვილის არქონით რომ დამხმარებოდა, როგორც არ დამეხმარა იგი მე მაშინ, როცა პირველმა დივიზიამ უარი განაცხადა არტაანზე წასულიყო. ნათელია, რომ ორი ახლად შემოერთებული (დაპყრობილი, завоеванные) მაზრის მოწყობის საქმეები მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რომ მათით არათუ იმაზე მეტად დაკავებულიყო, ან თუნდაც იმდენადვე, როგორც სხვა ოლქებით, არამედ საერთოდ მათთვის რაიმენაირი ყურადღება მიექცია.
თ ა ვ ი X
ისევ თადარიგში. – დასკვნითი ფიქრები
ისევ თადარიგში
არმია დემობილიზებულ იქნა; დარჩნენ მხოლოდ გარნიზონები; ჩემი თანამდებობა ზედმეტი გახლდათ, და მე მივმართე თბილისს გაეუქმებინათ ჩემი თანამდებობა და მმართველობა, როგორც არასაჭირო და უკანვე გავეწვიეთ. პასუხი არ მიმიღა, თუმცა კი ჩემი ტელეგრამები რამდენჯერმე გავიმეორე. მაშინ, როცა არც სალამი მიმიღია და არც პასუხი, მე უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარეს მივმართე იმავე თხოვნით. ამჯერად მოვიდა პასუხი და 2–3 დღის შემდეგ გაწვეულ ვიქენი. ეს იყო ან მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ რიცხვებში. მე ჩამოვედი და, როგორც თადარიგიდან გაწვეულმა, მივეცი პატაკი თადარიგში ჩემი განთავისუფლების შესახებ. მიიღო რა ჩემი პატაკი, ნ. ბ. რამიშვილმა თავისთან მისვლა მთხოვა და სამსახურში დარჩენა შემომთავაზა. მან მე სამხედრო საბჭოს წევრის თანამდებობა შემომთავაზა. სამხედრო საბჭო შედგებოდა სამი სამხედროსა და გვარდიის მთავარი შტაბის სამი წევრისგან. ამ დაწესებულების შესახებ პროექტის განხილვისას მე გარკვევით გამოვედი ამ ამ საბჭოს წინააღმდეგ და აი შემოთავაზეს ისეთი დაწესებულების წევრი ვყოფილიყავი, რომლის არსებობის წინააღმდეგაც საკმარისად გარკვევით ვაცხადებდი. მე ვერ დავინახე იმ სურვილის სერიოზულობა, რომ სამსახურში დავეტოვებინეთ; ეს მხოლოდ ფორმალობა გახლდათ. მე უბრალოდ მთავაზობდნენ სწორედ ისეთ თანამდებობას, რომელზედაც ჩემს უარში თავად შემომთავაზებელსაც ეჭვი არ ეპარებოდა. თუმცა მე ასეთ გასაოცარ წინადადებას არ გავუკვირვებივარ და მხოლოდ ვიკითხე: „რა არის ეს, დაცინვა თუ ქველმოქმედება?“ – და იქვე ავუხსენი, თუ რატომ არ შემიძლია ამ თანამდებობის მიღება. ჩემს ლაპარაკს ესწრებოდნენ გენერლები ოდიშელიძე და ა. გედევანიშვილი. მე ვუთხარი, რომ ზედმეტი ვიქნები ამ საბჭოში, სადაც საკითხებს გადაწყვეტენ არაკომპეტენტური ადამიანები. რომ ეს დაწესებულება პასუხისმგებლობის არმქონე დაწესებულებაა, რისი ძალითაც მისი გადაწყვეტილებებიც იქნება შეთანხმებული ამა თუ იმ პირის სურვილებთან, ან კიდევ, პირთა ჯგუფისა, რომლებიც სრულებით არ არიან ჩახედული იმ საქმეში, რომლის საკითხებიც იქნება გადასაწყვეტი. რომ მე ჩინებულად მესმის, რომ სამოქალაქო პირებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი სპეციალური საკითხების ცოდნა და ყოველთვის მზად ვარ მათ ვუხსნიდე და ვუმტკიცებდე, რომ ჩემთვის ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ რომ მე სრულებით არ შემიძლია ვუმტკიცებდე ჩვენს ანბანურ ჭეშმარიტებებს იქ სხდომებზე მონაწილე სამხედროებს; მე ამ დროს ხელით მივუთითე იქ მყოფ გენერლებზე ოდიშელიძესა და ა. გედევანიშვილზე. მათ პოლიტიკურად წაუყრუეს. რომ ამრიგად მე არ მინდა ვატარებდე პასუხისმგებლობას, როგორც ამ საბჭოს წევრი, იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც საბჭო მიიღებს; მით უმეტეს, რომ წინასწარ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთები ყოველთვის მიიღება იმ სულისკვეთებით, რომლებიც ამ საბჭოს სამხედრო საქმეში ჩაუხედავი ნახევრისთვის (გვარდიის შტაბი) იქნება სასურველი. მაშინ ნ. ბ. რამიშვილმა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა შემომთავაზა. მე ვუპასუხე, რომ გენერალური შტაბი გადაქცეულია მკვდარ დაწესებულებად და მე იქ ვიქნები მხოლოდ დანამატი გენერალური შტაბის უფროსის სავარძელზე. იქ მყოფმა ერთ-ერთმა გენერალმა, მგონი, გენ. ა. გედევანიშვილმა, გესლიანად განაცხადა: „და აი შენ გეძლევა რომ გააცოცხლო ეს დაწესებულება“. მე ვუპასუხე, რომ ჩემი სურვილი გავაცოცხლო ეს დაწესებულება შედეგად მოიტანს იმას, რომ ორი დღის შემდეგ ან მომიწევს გადადგომა, რადგანაც არმიის ორგანიზაცია არის გენერალური შტაბის ხვედრი და რადგანაც ეს ორგანიზაცია ისეთი სახით არაა მიღებული, როგორც მე ვთვლი აუცილებლად არმიის მოწყობას, მაშინ მე ან ჩემს რწმენას უნდა ვუღალატო (то я должен или поступиться своими убеждениями и верой), და უბრალოდ ვიმსახურო, ან კიდევ მთელი საფუძვლები უნდა შევცვალო. არც პირველის გაკეთება შემიძლია, და არც მეორესი, ამიტომ მიხდება კიდეც ამ თანამდებობის უარყოფაც. ნოე ბესარიონის ძემ შენიშნა, რომ მე ვმსახურობდი ყოფილი სამხედრო მინისტრის, გ. თ. გიორგაძის დროს და, შესაბამისად, ამ უკანასკნელის თხოვნა რომ მემსახურა შევასრულე, და ამავე დროს მის, ნოე ბესარიონის ძის თხოვნას რომ ვიმსახურო, არ ვასრულებ და რომ ეს მისთვის ძალზედ უსიამოვნოა. მე ვუპასუხე, რომ სრულებით არ მითქვამს, რომ საერთოდ არ მინდა სამსახური, მაგრამ რომ ჩემთვის მიუღებელია შემოთავაზებული თანამდებობები იმ მოტივების გამო, რომლებიც ზემოთ გადმოვეცი. რაც შეეხება ჩემს მიერ გ. თ. გიორგაძის თხოვნის შესრულებას, ეს არ არის მართალი, ვინაიდან მე სწორედ თადარიგში მაშინ წავედი, როცა უკანასკნელი სამხედრო მინისტრი გახლდათ 1918 წელს, და ასევე ხელმეორედ 1919 წლის იანვარში. ამით საუბარი დასრულდა და მეც წამოვედი. შემდეგ ორი თვის განმავლობაში მე მოვითხოვდი გაეცათ ბრძანება ჩემი გადადგომის შესახებ, მაგრამ ბრძანებას ხელს არ აწერდნენ და მეტად არც რაიმე თანამდებობას მთავაზობდნენ. ამასობაში მე რამდენჯერმე მომიხდა სამხედრო მინისტრ ნ. ბ. რამიშვილთან ყოფნა; მიხდებოდა ახალციხის ლაშქრობის შესახებ საქმეები დამესრულებია: ფულადი ანგარიში, ლიკვიდაციის საქმეები და სხვა. ყოველ ჯერზე რამიშვილი თავიდან მე ამ ორივე თანამდებობას მთავაზობდა, შემდეგ კი მხოლოდ სამხედრო საბჭოს წევრის თანამდებობას; როგორც ჩანდა, საბოლოოდ გადაწყვიტეს გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დაენიშნათ პოლკ. ზაქარიაძე, რის გამოც მე მხოლოდ სამხედრო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობასღა მთავაზობდა. მთავაზობდა ისეთი გამოთქმებით და ისეთი ინტონაციით, ღიმილით და სხვა, რომ ნათლად ჩანდა წინადადების მთელი არაგულწრფელობა. ერთხელ მან ისევ გამიმეორა იგივე და დაასრულა გამოთქმით: „მოიფიქრეთ“. ეს „მოიფიქრეთ“ შესანიშნავი გახლდათ. 1918 წელს, როცა მე პირველად მივდიოდი თადარიგში, ნ. ბ. რამიშვილი შრომითი ვალდებულებით მემუქრებოდა. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ეს მუქარა იყო, მაგრამ გამოთქმა „მოიფიქრეთ“ 30-წლიანი სამსახურის განმავლობაში ჩემი უფროსებისგან არასოდეს მომისმენია. ეს არ გახლდათ უფროსის მუქარა თავისი ხელქვეითისადმი, როცა უკანასკნელს, ასე ვთქვათ, თავის სიტყვებში ან მოქმედებებში თავს გაუვიდა; ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა ყოფილიყო მამობრივი „მოიფიქრეთ“; არ შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრულიც. ეს გახლდათ მთელი, იმ მთელი არამეგობრულობის და, რაც მთავარია, იმ ზიზღის გამოვლენა, რომელსაც ნ. ბ. რამიშვილი ოფიცერთა კორპუსისა და ინდივიდუალურად თითოეული სამხედროსადმი ყოველთვის განიცდიდა და ახლაც განიცდის; იგი ჩვენ, სამხედროებს, გვთვლის არარაობად, უმდაბლეს რასად, რომელიც არ იმსახურებს არანაირ პატივისცემას. მე ავდექი სავარძლიდან, ვუთხარი მას, რომ საკმარისად დიდი გახლავართ იმისთვის, რომ მსგავს რჩევას ვსაჭიროებდე, რომ მე მაოცებს მისი წინადადებების სტერეოტიპურობა, და დავემშვიდობე. მე მასთან მეტად აღარ მივსულვარ.
დასკვნითი ფიქრები
მაინც როგორი იყო ჩვენი ახალციხური ლაშქრობის შედეგი, რომელიც 3–4 თვეს გაიწელა და საკმარისად ძვირი დაგვიჯდა ადამიანებით, დახარჯული ენერგიითა და ფულებით. არტაანის ოკრუგი მდინარე მტკვრის სამხრეთით მიცემულ იქნა და ვისთვის იქნა მიცემული, არ გაგიკვირდეთ, სომხებისთვის, რომელთაც ამ ოკრუგთან არანაირი დამოკიდებულება არ ჰქონიათ. მოსახლეობა – თურქები, ქურთები, რუსები, ბერძნები და, თუ არ მეშლება, იქ არც ერთი სომხური სოფელი არ არის. ჩვენ, ქართველებმა, ეს ადგილები დავიპყარით (Мы, грузины, завоевали эти места), ჩვენ იქ ჩვენი სისხლი დავღვარეთ და უეცრად ეს ოლქი გადაეცა თვით იმათაც კი არა, ვისაც ჩვენ ვეომებოდით, არამედ მესამე პირს. ჩვენმა დიპლომატიამ ახლაც ვერ შეძლო ჩვენი წარმატების გამოყენება. შეიძლება, თქვან, რომ დიპლომატიამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, მაგრამ რომ გამარჯვებულებმა, ინგლისელებმა, ასე გვიბრძანეს და ჩვენს დიპლომატიას არ გააჩნდა ძალები რომ ამასთან ებრძოლა. დარწმუნებული ვარ, რომ ასე ილაპარაკებენ. მაგრამ ამაში არის კიდეც დიპლომატიის მოხერხებულობა, რომ ისე გააკეთოს, როგორც ჩვენთვისაა სასურველი; იმაში აღმოჩნდა კიდეც ჩვენი დიპლომატიის სისუსტე, სომხების დიპლომატიასთან შედარებით, რომლებმაც თავისას მიაღწიეს, არ ჰქონდათ რა ამაზე არც იურიდიული, არც ზნეობრივი, არც დე ფაქტო უფლებები, არც ყველას მიერ ყველაზე უფრო მეტად აღიარებული უფლება, ძალის უფლება, იარაღის ძალით დაპყრობის უფლება, რომელიც ეჭვის გარეშე ჩვენ გვეკუთვნოდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დიპლომატია აქაც აღმოჩნდა უუნარო, როგორც აღმოჩნდა ქართულ-სომხური ომის დროსაც, როცა იგი დაემორჩილა ორი უბრალო კაპიტნის მოთხოვნას რომ ომი გაგვეჩერებია, სამთა კავშირის წარმომადგენლებისა, რომლებიც იურიდიულად და დიპლომატიურად არ იყვნენ აკრედიტებული. შემდგომში, ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწისგან მომისმენია, რომ ორი ოფიცრის მოთხოვნის ეს შესრულება, რომლებიც, ნაწილობრივ, იმ დროს სავსებით არც გახლდნენ სრულუფლებიანი წარმომადგენლები (отчасти, не совсем в то время полномочных), იქცა ჩვენს შეცდომად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დიპლომატიას რომ ჰქონოდა შესაბამისი შორსმჭვრეტელობა, მას, შესაძლო იყო, არ გაეჩერებია საომარი მოქმედებები საქართველო-სომხეთის ომში და სასურველი შედეგისთვის მიეღწია. ყველაფერ ამას უნდა მივუმატოთ ერთი კონკრეტული საკითხიც. ხელშეკრულების თანახმად სომხებს ეძლეოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირი და ჩვენც თავად ქალაქ არტაანში მტკვრის მარცხენა ნაპირზე უნდა გადმოვსულიყავით, რომელიც ქალაქის ძველ ნაწილს წარმოადგენდა და სადაც არ იყო არანაირი ყაზარმები, ვინაიდან ისინი მარჯვენა ნაპირზე იდგა; გარდა ამისა, ერთადერთი გზატკეცილი, რომელიც არტაანს ჩვენს ფარგლებთან აერთებდა, მტკვრის მარჯვეა ნაპირზე გადიოდა, სადაც გზის გაყოლებით ერთადერთი სატელეგრაფო სადენიც მიემართებოდა. ამრიგად, ჩვენს გარნიზონს არტაანში წაერთვა ჩვენთან კავშირგაბმულობა, და ჩვენ სომხებისთვის უნდა გვეთხოვა ნებართვა, რომ არტაანში სურსათი შგვეტანა ან კიდევ იქ ტელეგრამა გაგვეგზავნა; წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხონიორის უღელტეხილით უნდა გვესარგებლა, რომელზედაც საკუთრივ ბილიკი გადიოდა და ამასთან წელიწადის არცთუ ყველა დროში იყო იგი ხელმისაწვდომი. პირდაპირ ძნელი დასაჯერებელია, რომ ინგლისელებს შეეძლოთ საკითხები ასე უსამართლოდ, ასე საღი აზრის წინააღმდეგ გადაეწყვიტათ.
თ ა ვ ი XI
სამხედრო სკოლა
ორი თვე გავიდა. მე დამიწყო მომართვა ბევრმა სამხედრომ და არასამხედრომ თხოვნით, დარწმუნებითა და დაბეჯითებით, რომ მიმეღო სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობა. ჩვენი არმიის ორგანიზაციის თანახმად, შეიქმნა სამხედრო სკოლა იუნკერთა ასეულისა და მომავალი უნტერ-ოფიცრების ბატალიონის შემადგენლობით, და აი, ჩემამდე მოვიდა ხმები, რომ ამ თანამდებობაზე აპირებენ ჩემს დანიშვნას. მე ყველა მთხოვდა უარი არ მეთქვა.
ჩემს წინაშე მეტად ძნელი საკითხი იდგა. სკოლის ორგანიზაცია უნდა მომეხდინა იმ საფუძვლებზე, რომლებიც უტყუარი უნდა ყოფილიყო, არასწორად ჩადებულ ფუნდამენტზე ვერანაირი შენობა ვერ დადგება. სკოლა რომ უკვე ყოფილიყო, მაშინ დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნებოდა გამოცდილების მიხედვით მასში ესა თუ ის ცვლილებები შეგვეტანა. აქ კი ყველაფრის ერთბაშად დაარსება გვიხდებოდა. ასეთი საქმისათვის არ არის საკმარისი უბრალოდ საბრძოლო და სამსახურეობრივი გამოცდილებისა და უმაღლესი განათლების ქონა. საჭირო იყო მქონოდა სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში სამსახურის გამოცდილება. სამხედრო საქმე მთლიანად ფსიქოლოგიურია და თვით ტექნიკაცა და მისი მატერიალური ნაწილიც იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მათ შეუძლიათ გავლენას ახდენდნენ მებრძოლის სულზე; მხოლოდ ამ აზრით შეიძლება კიდეც განიხილებოდეს ეს ფაქტორები, და მხოლოდ მებრძოლის ფსიქიკაზე ზემოქმედების მიზნით უნდა ვითარდებოდეს კიდეც ტექნიკა. მე არ მინდა აქ ამის შესახებ ტრაქტატის წერა, მაგრამ მივუთითებ მაგალითებზე. ავიღოთ რკინიგზები. თითქოსდა, მათ არანაირი დამოკიდებულება არ გააჩნიათ მებრძოლის ფსიქიკასთან; მაგრამ ამასობაში, იძლევიან რა ჯარების სწრაფად გადასროლისა და ბრძოლის წინ მათი თავმოყრის შესაძლებლობას, ისინი საშუალებას გვაძლევენ რომ ბრძოლაში აღმატებული ძალები შევიყვანოთ; რიცხობრივი აღმატების (უპირატესობის) შეგნება კი მებრძოლს სულში უნერგავს გამარჯვების დიდ რწმენას, და ამის შედეგად, წარმოადგენს ერთ-ერთ მონაცემს, რომელიც ხელს უწყობს სულისკვეთების ამაღლებას. მე უკვე აღარ ვლაპარაკობ რკინიგზების მნიშვნელობის შესახებ სხვა მიმართებებით, რომლებიც ასევე უფრო მეტად ხელსაყრელ პირობებს ქმნიან მებრძოლის ფსიქიკისთვის, როგორებიცაა მაგალითად, სურსათის, საბრძოლო მარაგების, ტექნიკურ და საინჟინრო საშუალებათა მოტანა და სხვა.
აქედან ნათელია, რომ ჩვენი სამხედრო სკოლის დაარსებისას თავიდანვე უნდა ყოფილიყო ჩადებული როგორც სწავლების, ისე, განსაკუთრებით, აღზრდის სწორი საფუძვლები, რომლებიც ჩვენ მოგვცემდა არა მარტო მებრძოლებს, არამედ ინსტრუქტორებსაც – მთელ ჩვენს არმიაში აღზრდისა და სწავლების დამნერგავებსა და გამავრცელებლებს (рассадников во всей нашей армии воспитания и обучения). აქ ფუნდამენტის (საძირკვლის) ჩადებისას შეცდომის დაშვება არ შეიძლება, ვინაიდან შეცდომების ნაყოფებს ჩვენ მხოლოდ 3–5 წლის შემდეგ დავინახავდით და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ინსტრუქტორების 3–5 გამოშვება, და ეს კიდევ არმიის შექმნის მომენტში, ცრუ გზაზე აღმოჩნდებოდა, მით უმეტეს, რომ ეს არასწორი მომენტები ახლად ორგანიზებად არმიაში იქნებოდა შემოტანილი. ჩემი სამსახურის მთელი დროის მანძლზე მე მხოლოდ 2–3 წელს გახლდით ტაქტიკის მასწავლებელი თბილისის სამხედრო სასწავლებელში, და ისიც კერძო მასწავლებელი. ეს გამოცდილება, რა თქმა უნდა, ცალმხრივი იყო და, რა თქმა უნდა, არასაკმარისი გახლდათ იმისთვის, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი ჩადებული საწყისების სისწორეში ისეთი ახალი დაწესებულებისთვის, როგორიც ჩვენი სამხედრო სკოლაა. ყველაფერ ამისთვის უნდა დამემატებია, რომ მე მანამდე ერთი წლით ადრე თუ შევისწავლე ქართული ანბანი, ხოლო სკოლა კი, რა თქმა უნდა, ქართულ ენაზე უნდა დაგვეყენებია. ყოველივე ეს მე ძლიერ მაშფოთებდა და თუმცა კი ჩემს დამარწმუნებლებთან საუბარში არ ვუარობდი, მაგრამ არც ჰოს ვამბობდი.
ბოლოს, ივლისის მიწურულს მოხდა „შემოთავაზება“; მაგრამ თუ ეს როგორ მოხდა, ღირს რომ აღინიშნოს. ერთხელ გენ. ა. გედევანიშვილმა თავისთან მიმიწვია კაბინეტში და მითხრა შემდეგი: „მე გავიგონე, რომ შენ გინდოდა მიგეღო სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობა; ასე რომ, თუ გინდა, შეიძლება ეს საქმე მოვაწყოთ“. მე ამაფეთქა მომართვის ფორმამ; ერთი ამბობს „მოიფიქრეთ“; მეორე საკითხს ისე სვამს, თითქოსდა მე დაჟინებით ვცდილობ ესა თუ ის თანამდებობა მოვიპოვო. მე ვუპასუხე, რომ არავისთვის არ გამომითქვამს სურვილი ამ თანამდებობაზე და მაკვირვებს როგორც ის, თუ საიდან მოისმინა მან ჩემი სურვილის შესახებ, ისე ფორმაც, რომელშიც იგი სვამს თავის წინადადებას. მაშინ მან გამოასწორა და მითხრა, რომ იგი მთავაზობს მე სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობას და თანახმა ვარ თუ არა მივიღო ეს თანამდებობა. ღირსი იყო რომ წკიპურტი ჩამერტყა მისთვის ჩემდამი დამოკიდებულების გამო, და მე ვუპასუხე: „რა შუაში ხარ შენ? თქვენ მიერ შედგენილი ორგანიზაციის თანახმად, მთელი ჯარები და დაწესებულებაი გექვემდებარებიან არა შენ, არამედ უშუალოდ სამხედრო მინისტრს, რომლისგანაც უნდა მოდიოდეს კიდეც ამა თუ იმ თანამდებობაზე წინადადება. რა შუაში ხარ შენ? დაე ეს მე თავად სამხედრო მინისტრმა შემომთავაზოს, მაშინ მეც ვუპასუხებ“. მაშინ მე მივიღე მიწვევა თვითონ სამხედრო მინისტრთან, რომელსაც ვუთხარი კიდეც, რომ პრინციპულად არა ვარ წინააღმდეგი ასეთი თანამდებობისა, მაგრამ ჯერ მე მივალ სასწავლებელში და შევხედავ, თუ რა არის იქ, გავიგებ ვითარებას და შემდეგ უკვე გიპასუხებთ. მე იქ გავემგზავრე, ჩავერთე (окунулся) და გადავწყვიტე ამ საქმისთვის ხელი მომეკიდა. ჩემს გადაწყვეტილებაზე ძლიერად იმოქმედა გენ. ჩხეიძემ, ჩემმა მეგობარმა სკოლის მერხიდან, ჩემმა საბრძოლო ამხანაგმა უკანასკნელ ომში და ჩემმა სიძემაც; იგი დაჟინებით მთხოვდა ამას. სამხედრო მინისტრს ნ. რამიშვილს მე ვუთხარი, რომ თანახმა ვარ მივიღო ეს თანამდებობა, მაგრამ ჩემი რამდენიმე სურვილის შესრულებისას. მან მთხოვა მასთან საღამოს მივსულიყავი და გამეცხადებინა ამის შესახებ კრებაზე თუ საბჭოში მის კაბნეტში. მე არ ვიცოდი, თუ რა საბჭო იყო ეს. აღმოჩნდა, რომ იყო შედგენილი კომისია, თუ სახელდობრ ვისგან, ამის ზუსტად თქმა არ შემიძლია. ამ კომისიაში მე სულ ორჯერ ვიყავი. ვიცი, რომ იქ ესწრებოდნენ დამფუძნებელი კრების წევრები, გვარდიის წევრები და უფროსი გენერლები, უკანასკნელები, როგორც ყოველთვის, გადამწყვეტი ხმის გარეშე. ეს კომისია ირჩევდა, უფრო სწორად წურავდა (процеживала) არმიის ოფიცრებს. საჯარისო უფროსები წარადგენდნენ სიებს; ეს კომისია განიხილავდა მათ და სიებიდან ამორიცხავდა იმ პირებს, რომელთა ამორიცხვასაც საჭიროდ ჩათვლიდა. მისი გადაწყვეტილებები საბოლოო გახლდათ და არ შეიძლებოდა გაესაჩივრებინათ. კომისიას, როცა მე იქ ვიყავი, 30-მდე, თუ არა მეტი, ადამიანი ესწრებოდა. მე უნდა მომეხსენებია ჩემი პირობები, რომელთა შესრულებისას შემეძლო მიმეღო შემოთავაზებული თანამდებობა. მითითებულ დროს მივედი, და როცა რიგი ჩემამდე მოვიდა, მაშინ ჩემი პირობები მოვახსენე. ისინი 4 პუნქტი გახლდათ. ახლა ყველას ვერ ვიხსენებ, მაგრამ პირველ პუნქტად იდგა პლეხანოვის გამზირზე სამხედრო სასწავლებლის შენობაში გვარდიელების მიერ დაკავებული სადგომებისა და სათავსოების განთავისუფლება. აი რა თქვა ვალიკო ჯუღელმა, რომელმაც ჩემს შემდეგ აიღო პირველი სიტყვა: „როცა ჩვენ აქ მოვდიოდით და შევიტყეთ, რომ გენ. კვინიტაძე წამოგვიყენებს თავის ულტიმატუმს, ვვარაუდობდით, ვიცნობთ რა მას, რომ ეს რაღაც ძნელად აღსასრულებელი იქნება; აღმოჩნდა, რომ ეს პირობები ისეთი უმნიშვნელოა (такие пустяшные), რომ ჩვენ ვთანხმდებით შევასრულოთ მისი ყველა სურვილი და პირობას ვდებთ, პირველი პუნქტი, რომელიც სადგომებსა და სათავსოებს შეეხება, ყველაზე უფრო უმოკლეს ვადაში შევასრულოთ“. ეს იქნა ნათქვამი, ეს იქნა საჯაროდ დაპირებული და ეს არასოდეს ყოფილა აღსრულებული. სამხედრო მინისტრმა მითხრა, რომ, როგორც მე თავად ვხედავ, ჩემი პირობები მიღებულია, შესაბამისად, მე ვინიშნები თანამდებობაზე და რომ შემდეგი სხდომისთვის სამხედრო სკოლის ოფიცერთა სია უნდა წარვადგინო. ამ სხდომის შემდეგ მე ვუთხარი სამხედრო მინისტრს, რომ წარვადგენ ჩემს სიას, მაგრამ თუ ჩემს მიერ წარდგენილი ოფიცრებიდან თუნდაც ერთი ამოირიცხება, მაშინ არ შევუდგები სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობის აღსრულებას; როგორც სურს მას, დაე ისე მოაწყოს, მაგრამ მე გავაკეთებ ისე, როგორც ვთქვი. ოფიცრების არჩევის დადგენილ წესს მე მივიჩნევ სრულებით არასწორად და არალოგიკურად. არასწორად იმიტომ, რომ ოფიცრების დახარისხება, და შესაბამისად, შეფასებაც კეთდება სამხედროთა შეფასებაში სრულიად არაკომპეტნტური ადამიანების მიერ, და ამასთან ისინი არც პასუხისმგებელნი არიან იმათზე, ვისაც ირჩევენ; არალოგიკური კი ის იმიტომაა, რომ თითოეულ საჯარისო უფროსს თავზე ახვევენ იმ ოფიცრებს, რომლებსაც იგი არ იცნობს და, შეიძლება, არც სურს; ასეთნაირად უფროსებს ეხსნებოდათ პასუხისმგებლობა თავიანთი ხელქვეითების გამო, და ამასობაში, იმავე დროს მათ ეკისრებოდათ ეს პასუხისმგებლობა, რაც, რა თქმა უნდა, არალოგიკურია.
მე შევუდექი სიის შედგენას, შევადგინე ის ყურადღებით და ვირჩევდი იმ ოფიცრებს, რომლებსაც პირადად ვიცნობდი, ან იმ პირთა რეკომენდაციით, რომლებიც ჩემთვის პირადად იყვნენ ცნობილნი, რომლებსაც ვენდობოდი კიდეც საუკეთესო ოფიცრების არჩევის მათეულ უნარში. ამ სიის შედგენის დროს, მე უეცრად მომმართა დივიზიის ორმა მეთაურმა: გენ. ართმელაძემ და გენ. იოსებ გედევანიშვილმა. ისინი მთხოვდნენ ჩემს სიაში შემეყვანა პოდპ. გარდაფხაძე, რადგანაც ზემოთ დასახელებული კომისიის მიერ იგი სრულიად იყო ამორიცხული სიებიდან. მას ორივე ძალზედ აქებდა. მე პოდპ. გარდაფხაძეს დიდი ხანია ვიცნობ და მას ჩვენი არმიის საუკეთესო ოფიცრების რიცხვში მივიჩნევ. ბუნებრივია, ვკითხე მათ, მაინც თვითონ იმათ რატომ ვერ შეძლეს მისი დაცვა. ისინი მპასუხობდნენ, რომ ყველაფერი იღონეს, რაც შეეძლოთ, მოახსენებდნენ კომისიას, მაგრამ უკანასკნელმა იგი უარყო. მე, რა თქმა უნდა, არაფერი მქონდა იმის წინააღმდეგ, რომ იგი ჩემს სიაში შემეყვანა, მაგრამ უხერხულობა გამოდიოდა. ვიღებდი რა მხედველობაში იმას, რაც მე სამხედრო მინისტრს განვუცხადე, გამოდიოდა, რომ სიაში თითქოსდა განგებ ვათავსებ იმ ოფიცერს, რომელიც სულ ახლახანს კომისიის მიერ ამორიცხულ იქნა, თითქოსდა იმისთვის, რათა შევქმნა ისეთი გარემოება, რომელიც არ მომცემს სკოლის მიღების საშუალებას; მე განვაცხადე, რომ ვერ მივიღებ სკოლას, თუ თუნდაც ერთი ოფიცერი ჩემი სიიდან იქნება ამორიცხული; სიაში ისეთი პირის ჩართვა რომელიც სულ ახლახანს ამორიცხულ იქნა, ერთგვარი გამოწვევაც შეიძლება ყოფილიყო კომისიისათვის. მე ჩემი ეს შეხედულება ორივეს გამოვუთქვი. მაშინ გენ. გედევანიშვილმა მითხრა, რომ ახლა კომისიის წევრებს საწინააღმდეგო აღარაფერი ექნებათ, რომ ეს გაუგებრობის გამო მოხდა და რომ იგი ამის თაობაზე სამხედრო მინისტრს უკვე ელაპარაკა. ჩვენ სამხედრო მინისტრის მისაღებში ვიყავით და გენ. გედევანიშვილი იმ წუთას გამოვიდა სამხედრო მინისტრის კაბინეტიდან; იგი ამტკიცებდა, რომ სულ ახლახანს ესაუბრა ამის შესახებ სამხედრო მინისტრს. მე საჭიროდ ჩავთვალე გამეფრთხილებია სამხედრო მინისტრი ჩემი სურვილის შესახებ, რომ პოდპ. გარდაფხაძე ჩემს სიაში მომეთავსებია, და რომ არც მას, და არც კომისიის წევრებს ეს ჩემგან გამოწვევად არ მიეღოთ. მე შევედი სამხედრო მინისტრთან და ვუთხარი მას ამის თაობაზე და იმაზეც, რომ მე მითხრეს, თითქოსდა მან უკვე მისცა თანხმობა ჩემს სიაში მის მოთვსებაზე. უკნასკნელი ამბავი მას გაუკვირდა, თუმცა კი არსებითად არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, რადგანაც მე მას ასე ძლიერად ვუწევდი რეკომენდაციას. მან ისეთი გამოთქმებით მკითხა მის შესახებ, რომ მე გავიგე, რომ მეკითხება ჩემს აზრს მისი პოლიტიკური კეთილსაიმედობის თაობაზე. მე ვუპასუხე, რომ ამ მიმართებით მის გამო თავს ვდებ, ისევე როგორც საკუთრივ ჩემს გამოც, და თუ მე მიშვებენ სამსახურისთვის, მაშინ მასაც შეუძლია იმსახუროს. შემდეგ მომდევნო სხდომაზე განიხილებოდა ჩემი სია. არ ვიცი, ელაპარაკა თუ არა ჩემი სიის შესახებ ნ. ბ. რამიშვილი წინასწარ კომისიის წევრებს და გააფრთხილა თუ არა ისინი, მაგრამ ჩემს მიერ წარდგენილი სია სწრაფად იქნა განხილული; მასზე არ გაჩერებულან და მთლიანად მიიღეს. ამ სხდომაზე ნ. რამიშვილმა გამოაცხადა ჩემი სია და მაშინვე იკითხა? „ვინ არის წინააღმდეგი“, – და იქვე დაუმატა – „წინააღმდეგი არავინაა – მიღებულია“. დამახასიათებელი მოხერხებულობაა.
მე მუშაობას შევუდექი. ჩემი თანამდებობის აღსრულება 2 თუ 3 აგვისტოს დავიწყე. საჭირო იყო შემედგინა საერთო პროგრამა; შემდეგ შემედგინა პროგრამები ცალ-ცალკე საგნების მიხედვით; შემედგინა კურსები; გამომეცა ისინი; მომეძებნა მასწავლებლები; და ყველაფერი ეს ქართულ ენაზე. არ გავჩერდები იმაზე, თუ როგორ და რას ვაკეთებდი მე პირადად; რას აკეთებდნენ ჩემი თანაშემწეები.
8 სექტემბერს დაიწყო ლექციები და მეცადინეობანი. პირველი რეპეტიციები, ე. ი. იუნკრების მიერ სემესტრების ჩაბარება, დაიწყო ოქტომბერში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ როგორ დუღდა მუშაობა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ სკოლასთან არ ყოფილა ტიპოგრაფია; იყო ერთი ხელით საბეჭდი დაზგა, და მასაც დღეში მხოლოდ ერთი ფურცლის დაბეჭდვა თუ შეეძლო და სკოლაში გაცემული ყოველდღიური ბრძანებების ბეჭდვასაც ძლივს ახერხებდა. მე გამამრავლებელ მანქანაზე დავიწყე ბეჭდვა. ვამბობ სიტყვას „მე“, ვინაიდან სამ ასეთ მანქანასთან ვიდექით მე, კლასების ინსპექტორი და კანცელარიის დარაჯი. სკოლის შტატები ისე იყო შეკვეცილი, რომ სხვა გზა არ გგვქონდა. ჩვენ სამნი ვატრიალებდით მანქანებს საღამოს 6 საათიდან ღამის 12 საათამდე. 10 იუნკერიც გვეხმარებოდა. მხოლოდ ასეთი დაძაბულობით შევძელით ჩვენ კურსების ოქტომბრისთვის მომზადება. კლასების ინსპექტორად მე ჩემთან წავიყვანე გენ. ჩხეტიანი. ეს გახლდათ საბრძოლო გენერალი, მაგრამ მას გენერლის ადგილი არ მისცეს და ასეთ ნაირად იგი რეორგანიზაციის შემდეგ გაწვეულთა რიცხვში ვერ მოხვდა. სავსებით მზადმყოფი ინსპექტორი ქართველ ოფიცრებს შორის არ ყოფილა. მე გადავწყვიტე წამეყვანა იგი, რადგანაც დიდი ხანია ვიცნობ მას და დარწმუნებული ვარ მის უნარში იმუშაოს მთელი გულით, და ერთი-ორი წლის შემდეგ მისგან კლასების ჩინებული ინსპექტორი დადგებოდა. მუშაობის დასაწყისში კი, ბუნებრივია, მე მომიწევდა მასთან ერთობლივდ მემუშავა. იგი მართლაც მხურვალედ შეუდგა საქმეს და ამ ნაწილში ჩემი მშვენიერი თანაშემწეც გახლდათ. ყოველთვის აკურატულმა, ანგარიშის გამწევმა არა დროისთვის, არამედ მხოლოდ მოსალოდნელი სამუშაოსთვის, მან ამ საქმეში მთელი თავისი სული და გული ჩასდო.
წლის განმავლობაში მე შევძელი მასწავლებლებისთვის სალექციო ანაზღაურების გადიდებისთვის მიმეღწია, ვინაიდან დადგენილი ანაზღაურება სკოლაში ტრამვაით მგზავრობის ხარჯებს ძლივსძლივობით თუ ფარავდა; მე შევძელი შტატების გაზრდაც, ვინაიდან დადგენილი შტატებით სკოლას მუშაობა არ შეეძლო. მივაღწიე ჩვენთან შენობაში რემონტის ჩატარებას, ავაშენე საჯინიბოები, მანეჟი, სამეურნეო დაწესებულებანი, გავხსენი ტირი, და სკოლამ დაიწყო არა უბრალოდ ყაზარმის, არამედ სამხედრო-სასწავლო დაწესებულების სახის მიღებაც. დიდი შრომით მოვახერხე რკინიგზების უწყებაში ლიტოგრაფიული დაზგის შოვნა. ეს დაზგა მათ სადღაც საწყობში ეგდოთ და ყოველგვარი გამოყენების გარეშე იყო. მე დავიწყე თხოვნა რომ ის ჩემთვის საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოეცათ; თავიდან 30 000 მანეთად მოცემას დამპირდნენ, მაგრამ შემდეგ ორი თვით გააჯანჯლეს და 60 თუ 70 ათასის ფასი მომთხოვეს. მე წერილით მოვმართე მათ მინისტრს ხომერიკს. მადლობა მას, მისი ბრძანებით დაზგა მე 30 000 მანეთის ფასად გადმომეცა.
უნდა აღვნიშნო, რომ მიხდებოდა, რათა სკოლისათვის რაიმეს გადმოცემისთვის მიმეღწია, ჩვენი არა მინისტრების, არამედ სხვა დიდი ადამიანების წინკარებში, მისაღებებსა და კაბინეტებში საათობით მეყურყუტა. ბოლოს და ბოლოს მაინც ვახერხებდი იმის გამოგლეჯვას, რისი შოვნაც შეიძლებოდა, მაგრამ ყოველთვის ეს მთელი ისტორიებით ხდებოდა. ერთი ვერ მოვახერხე, და ეს გახლდათ გვარდიელებისგან მათ მიერ შეპირებული სადგომებისა და სათავსოების მიღება. მე არაერთხელ მივსულვარ მათთან შტაბში; ისინი ყოველთვის ჩემი თანდასწრებით მაშინვე ღებულობდნენ დადგინილებას მიეღოთ ყველაზე უფრო ენერგიული ზომები სადგომებისა და სათავსოების გათავისუფლებისთვის, მაგრამ ცხოვრებაში ამას არ ატარებდნენ. ამოვწურე რა ყველა საშუალება, მე ამის შესახებ სამხედრო საბჭოზე განვაცხადე და სამხედრო მინისტრს ჩემი გადადგომის პატაკიც ჩავაბარე, ვახდენდი რა ამის მოტივაციას იმით, რომ ხელი მოვკიდე ჩემი მოვალეობების შესრულებას გვარდიელების მიერ სადგომებისა და სათავსოების გათავისუფლების პირობით და რომ სხვა გარემოებებში მე არ ძალმიძს საკუთარ თავზე აღებული მოვალეობების შესრულება. უნდა ვთქვა, რომ გვარდიამ სამხედრო სკოლიდან თავისი წასვლის სანაცვლოდ დაიწყო თავის განკარგულებაში ყოფილი საკომენდანტო სამმართველოს, ვერეს საარტილერიო ყაზარმებისა და კუკიის საარტილერიო ყაზარმების გადაცემის მოთხოვნა. როცა მიიღებდა მოთხოვნილს, გვარდია დაგვპირდა სამხედრო სკოლიდან წასულიყო. მან მიიღო ეს ყაზარმები, ამის ზევით მან მიიღო მესანგრეთა ბატალიონის ყაზარმებიც, კიდევ სხვა ყაზარმაც კუკიის საარტილერიო ყაზარმების მახლობლად, შემდგ კიდევ სადგომი ნავთლუღში, მაგრამ სამხედრო სკოლიდან არ წასულა. ღებულობდა რა ამა თუ იმ ყაზარმას, იგი ათავისუფლებდა ერთ შენობას და საბოლოოდ მხოლოდ 1921 წელს ბოლშევიკების მიერ თბილისის დაკავების შემდეგ წავიდა. ჩემს პატაკს ჯეროვანი შედეგი არ მოუხდენია; მე ვვარაუდობდი, რომ ამას მოჰყვებოდა დადგენილება ან ბრძანება გვარდიის მიერ სადგომებისა და სათავსოების გათავისუფლებაზე, საზეიმო დაპირების აღსრულებაზე. ასე არ გამოსულა.
შეიქმნა კომისია გენ. ოდიშელიძის თავმჯდომარეობით, გენ. ი. გედევანიშვილისა და თავად ვალიკო ჯუღელის მონაწილეობით, იმ საკითხის გარკვევისთვის, არის თუ არა სადგომებისა და სათავსოების განთავისუფლების ნამდვილი საჭიროება. მე ვფიქრობ, ამ სტრიქონების თითოეული წამკითხველი, რომელიც თვალყურს ადევნებდა სამხედრო ცხოვრებას, შეძლებს გამოიცნოს ის, თუ რა შეიძლებოდა დაედგინა ამ კომისიას. ფორმა კი შესანიშნავად იქნა დაცული. მეტი რაღა გინდა? ორი სამხედრო წარმომადგენელი არმიიდან და ერთიც გვარდიიდან, სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას, დაინტერესებული. რისთვის-ღა იქნა დანიშნული კომისია? მე ნოემბერში ველოდი 1000 ახალწვეულს, მათი განსათავსებელი კი არსად იყო, ვინაიდან გვარდიამ მხოლოდ 400 ადამიანის სადგომი ფართი გაათავისუფლა, და არც მეტი. და აი ამ კომისიას უნდა გამოერკვია, შემეძლო თუ არა ახალწვეულთა იმ სადგომებში მიღება, რომლებსაც ვფლობდი, და საჭირო იყო თუ არა, რომ გვარდიას დანარჩენი სადგომებიც გაეთავისუფლებია. უკვე ჩემი მოთხოვნის შესრულების შესახებ, ასე საზეიმოდ რომ იყო შეპირებული, აღარ ლაპარაკობდნენ, ის დავიწყებულ იქნა; და გვარდის ყველაფერი ეპატიებოდა; ბრძოლის ველების მიტოვებაც, დაპირებების დარღვევაც, კანონების დარღვევაც. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებაში ეჭვი არ მეპარებოდა. მეორე დღეს კომისია სასწავლებელში შეიკრიბა და სადგომების შემოვლა დაიწყო; რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს მხოლოდ ფორმა გახლდათ. დავხატავ ზოგიერთ დამახასიათებელ პატარა სცენას. შევედით ერთ სადგომში, რომელიც მთლიანად იყო ჩახერგილი მაგიდებით, კარადებით, სკამებითა და სხვა. „აი ამ სადგომში თავისუფლად შეიძლბა დაეტიოს 300 ადამიანი, ყოველ შემთხვევაში 200–250 თავისუფლად“, – ავტორიტეტულად განაცხადა ვალიკო ჯუღელმა. მე მაშინვე ინჟინერს სადგომის გეგმა მოვთხოვე. მან ჯერ კიდევ რევოლუციამდე შედგენი გეგმა წარმოგვიდგინა; ამ გეგმაზე დახატული იყო საწოლები. დავითვალეთ, აღმოჩნდა 80 საწოლი. თქვენ გგონიათ ამან დაარწმუნა ვალიკო ჯუღელი და კომისია, სულაც არა. ჯუღელმა განაცხადა, რომ მოიყვანს სხვა ინჟინერს, რომელიც იტყვის, რომ აქ შეიძლება დაეტიოს 400 ადამიანი; ის კი იღებს საშუალოს, ე. ი. 200–250 ადამიანს. ასე წყდებოდა ყველა საქმე, ასე წყდებოდა საქმეები მათ მიერ, ვამტკიცებ, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებიც. შესაკრები დარბაზის სადგომში შევედით. ეს უზარმაზარი დარბაზი მთელი სასწავლებლის შეკრებებს, საერთო ლექციებს, აქტებსა და სხვადასხვა საზეიმო შემთხვევებს ემსახურებოდა. საერთოდ, ეს გახლდათ დარბაზი, რომელიც აუცილებელია ყველა ასეთი დაწესებულებისთვის. კედლებში ჩასმული იყო მარმარილოს ფილები იმ აღზრდილთა სახელების აღნიშვნით, რომლებიც ბრძოლის ველზე დაიღუპნენ. როცა ამ სადგომში შევედით, ასევე თქვეს, რომ აქ შეიძლება ასეულის განთავსება. „როგორ“, – შევეპასუხე მე, – „აქ ხომ არც პირის საბანია, არც ტუალეტი, აქ როგორ იცხოვრებენ“. „არაფერია“, – მპასუხობდა კომისია, – „მათ ამისთვის შეუძლიათ სხვა ასეულებში იარონ“. განა მართლაც ლოგიკური არ არის? უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ასეულის სადგომში ასეთი სამარჯვები (приспособления) კეთდება მკაცრი ანგარიშით და არ შეიძლება მათი გადატვირთვა; ამრიგად, თუ კომისიას არ სურდა ანგარიში გაეწია იმ გარემოებებისთვის, რომ ადამიანებს ტუალეტში და პირის დასაბანად სიარული მოუწევდათ სხვა შენობებში, მას მხედველობაში უნდა მიეღო ზემოთ გადმოცემული მოსაზრებანი ტუალეტისა და პირსაბანის გადატვირთვასთან, და ამასთან დაკავშირებულ ყველა სხვა უხერხულობასთან მიმართებაში.
ნათელია, რომ გენერლები ოდიშელიძე და გედევანიშვილი უფრო მეტად ანგარიშს უწევდნენ ვალიკო ჯუღელს, ვიდრე საქმის არსს. მე, რა თქმა უნდა, სიფიცხეს ვიჩენდი, და ძნელიც იყო რომ გულგრილობა შემენარჩუნებია. გენ. ოდიშელიძემ ჩვენი შემოვლების დროს მე განზე გამიყვანა და შემდეგი რამ მითხრა: „შენ უეჭველად მართალი ხარ; ნუ ფიცხობ, საქმე შენს სასარგებლოდ გადაწყდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ; რასაც შენ ამბობ, ეს სწორია, როგორც ორჯერ ორი რომ ოთხია, მაგრამ დაე ორჯერ ორი დროებით იყოს ხუთი“. მე ვფიცხობდი და მოვიწყენდი. შემოვიარეთ რა სკოლის სადგომები, სადაც ყველაფერი ზემოაღნიშნული სათვალეებით განიხილებოდა, შემდეგ ის სადგომებიც შემოვიარეთ, რომლებიც გვარდიელებს ჰქონდათ დაკავებული. აქ ყველაფერი ფართო საწყისებზე იყო განლგებული. მაგალითად, შევედით ერთ დიდ ოთახში; გვარდიელები მას იარაღის საწყობს უწოდებდნენ. მართლაც, იქ იარაღის მარაგი ინახებოდა. ოთახის შუაგულში პირდაპირ იატაკზე იდგა 80–100 ცალი კოლტის ტყვიამფრქვევი, რომლებიც ორ მწკრივად იყო ჩალაგებული; კედლის გაყოლებით ერთ რიგად იდგა თოფები. მთელი დანარჩენი სივრცე სრულიად თავისუფალი გახლდათ. არანაირი სტელაჟები, არანაირი მოწყობილობანი იმისთვის, რომ სივრცე არ დაკარგულიყო. ყოველმა სამხედრომ იცის, რომ შენახულ იარაღს ყოველთვის სტელაჟებზე რამდენიმე სართულად ალაგებენ, ტოვებენ რა მათ შორის მხოლოდ ყველაზე უფრო აუცილებელ სივრცეს გასასვლელად. მე ამ გარემოებაზე მივუთითე, მაგრამ კომისიას ამასთან არაფერი საქმე არ ჰქონდა (სულაც არ ადარდებდა). საინტერესოა ერთი სცენა. შემოვიარეთ რა სადგომები, მსჯელობისთვის შევედით სამასწავლებლო ოთახში. გენ. გედევანიშვილი ამბობდა, რომ სკოლაში საკმარისი სადგომები და სათავსოებია განთავსებისთვის და რომ ამიტომ გვარდიელებს შეუძლიათ არ გაათავისუფლონ სადგომები. მე მაშინ მას ვუთხარი: „მშვენიერია, შენ ფიქრობ, რომ სკოლას შეუძლია ფუნქციონირება, რომ მას ამისთვის საკმარისი სადგომები და სათავსოები აქვს; მე საწინააღმდეგო აზრი გამაჩნია, და ვფიქრობ, რომ თუ გვარდიელები არ გაათავისუფლებენ სადგომებს, მაშინ სკოლას არსებობა არ შეუძლია. ასე რომ, მიიღე სკოლა და შეუდექი საქმეს, რადგანაც ეს შესაძლებლად მიგაჩნია, ხოლო მე წავალ. შენ კი დაამტკიცებ, რომ მართალი იყავი“. რა თქმა უნდა, იგი ამაზე არ დამეთანხმა.
მეორე დღეს ეს საკითხი მოხსენდა სამხედრო საბჭოს და დაადგინეს, რომ თუმცა კი სივიწროვეა, მაგრამ სამხედრო სკოლაში ახალწვეულთა განთავსება შეიძლება, ისე რომ არ იქნას განთავისუფლებული ის სადგომები და სათავსოები, რომლებიც გვარდის აქვს დაკავებული, მაგრამ რომ გვარდია მაინც უნდა წავიდეს ამ სადგომებიდან და სათავსოებიდან. სხვანაირად რომ ვთქვათ, გვარდიამ მიიღო კანონიერი უფლება იმდენ ხანს დარჩენილიყო დაკავებულ სადგმებსა და სათავსოებში, რამდენიც მოესურვებოდა.საზეიმო დაპირებების ასეთი აშკარა დარღვევითა და სამართლიანობისა და სიმართლის ასეთი დაუფარავი დარღვევითაც გულდაწყვეტილმა, მე სიტყვა ავიღე. მე ვთქვი, რომ არ მეშინია მარტო დარჩენისა, ვინაიდან უკვე დიდი ხანია მათ შორის მე ყოველთვის მხოლობით რიცხვში ვრჩებოდი და თითქმის ყოველთვის ჩემი ერთადერთი აზრი შემდგომში სწორი და მართალი აღმოჩნდებოდა, რომ ახლაც მე არ მიკვირს კომისიისა და სამხედრო საბჭოს ასეთი გადაწყვეტილება, ვინაიდან მათ შორის არიან წევრები, რომლებიც უშვებენ, რომ ორჯერ ორი დროებით იყოს ხუთი. და მე პუნქტებად გამოვთქვი მთელი მოსაზრებანი, რომლებიც მათი წინასწარ აკვიატებული გადაწყვეტილებების საფუძვლებს არღვევდა. შემდეგ, მივმართავდი რა არასამხედროებს, მე ვუთხარი: „როცა ძველი რეჟიმის დროს ორი წლის წინ თქვენ აგიტაციას ეწეოდით ჯარებში, მაშინ მიუთითებდით ჯარისკაცებს მათ შევიწროვებულ მდგომარეობაზე, თქვენ მათ ეუბნებოდით, რომ მათზე არავინ არ ზრუნავს, რომ ისინი ცხოვრობენ შევიწროვებულად, რომ მათ არა აქვთ თავიანთი შესაკრები ადგილები, სადაც შეძლებდნენ თავისუფალი დროის გატარებას, არც თავიანთი საჩაიეები, არც ბიბლიოთეკები და სამკითხველოები, არც პატარა სავაჭროები და სხვა; ახლა თქვენ დაჟინებით მოითხოვთ, რომ ჯარისკაცებს წაერთვათ მთელი მოხერხებული პირობები (чтобы солдаты были лишены всех удобств), რომ ისინი დასაბანად და ტუალეტში მიდიოდნენ სხვა შენობებში და იქ იდგნენ რიგებში; ახლა ისეთ სადგომებში, სადაც ძველი წესრიგის მიხედვით მხოლოდ 80 ადამიანი უნდა იქნას განთავსებული, თქვენ მოითხოვთ 200 ადამიანის განთავსებას, ე. ი. როგორც ქაშაყებისა კასრში; ახლა თქვენ მათში უკვე აღარ ხედავთ ადამიანებს. მაინც სად არის ეს დემოკრატიული პრინციპები, რომელთა შესახებაც თქვენ ყოველთვის ლაპარაკობდით და ახლაც ლაპარაკობთ, და ალბათ, კიდევ ილაპარაკებთ. ყველაფერი ეს, აშკარაა, დავიწყებულია, როცა გინდათ და მხოლოდ გინდათ რომ თქვენი გაიტანოთ“. ჩემმა სიტყვამ, რა თქმა უნდა, მოახდნა შთაბეჭდილება, მაგრამ მხოლოდ არა ისეთი, როგორიც მას უნდა მოეხდინა იმ ადამიანებზე, რომლებიც სიმართლისა და სამართლიანობის პრინციპებით ხელმძღვანელობენ. პირიქით, სამხედრო მინისტრმა ნ. ბ. რამიშვილმა შენიშნა, რომ ჩემი მითითება იმაზე, რომ ყოველთვის მხოლობით რიცხვში ვრჩები, უადგილოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი მითითება დემოკრატიული პრინციპების დარღვევაზე კეთილგონივრულად დუმილით იქნა გვერდავლილი. მეორე დღეს მე მთავრობის თავმჯდომარესთან ნ. ნ. ჟორდანიასთან გავემგზავრე და ყოველივეს შესახებ მოვახსენე, ვთხოვდი რა დახმარებას. მე მას ვუთხარი, რომ იგი უკანასკნელია, ვისაც მივმართავ, და რომ, თუ იგიც ვერ შეძლებს აიძულოს გვარდიელები სადგომების გათავისუფლებაზე, მაშინ მე მხოლოდ ერთი გამოსავალი მრჩება, გადავდგე და წავიდე თადარიგში. მე ძალზედ ვიყავი აღელვებული. მას ვუჩვენე სადგომებისა და სათავსოების გეგმები. მან მაშინვე გაიგო, რომ მე ნამდვილად ვსაჭიროებ სადგომებსა და სათავსოებს. ნ. ნ. ჟორდანიასადმი ჩემი მიმართვის შემდეგ გვარდიამ გაათავისუფლა ყაზარმა და დამპირდა 1–2 თვის შემდეგ დანარჩენიც დაეცალა. რა თქმა უნდა, მან თავისი დაპირება არ შეასრულა. თვით მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნაც კი ძალზედ ცოტას ნიშნავდა ისეთი დაწესებულებისთვის, როგორიც გვარდიის მთავარი შტაბი გახლდათ. მათ მისცეს კიდევ ერთი სადგომი ნიკოლოზის ქუჩაზე, ის მათ დაიკავეს, მაგრამ სამხედრო სკოლაში დარჩენას კვლავ განაგრძობდნენ. ისინი აგრძელებდნენ ჩემს დარწმუნებას, რომ მალე წავლენ, რომ დღეს თუ არა – ხვალ წავლენ, და ასე გრძელდებოდა თვეობით. სიტყვით ისინი მპირდებოდნენ რომ ჩემს კანონიერ და აუცილებელ მოთხოვნას უცილობლად შეასრულებდნენ, საქმით კი იქ ყოფნას განაგრძობდნენ.
ახლა, სანამ შემდგომი მოვლენები აღწერაზე გადავიდოდე, შევეცდები შევაჯამო სამხედრო საქმეთა საერთო მდგომარეობის შექმნილი ვითარება. მე ჩემს ჩანაწერებში ამას პერიოდულად ვაკეთებდი და ახლა, როცა 1919 წელს შემოდგომისთვის მიღებულ იქნა არმიის ეგრეთ წოდებული ახალი რეაოგანიზაცია, წინამორბედ შედეგებთან ეს შედარება გვიჩვენებს სახლემწიფო მმართველობის სამხედრო დარგისადმი მმართველთა დამოკიდებულებას.
თ ა ვ ი XII
დამოკიდებულება ოფიცერთა კორპუსისადმი (1919 წ.). – გენერალური შტაბი
დამოკიდებულება ოფიცერთა კორპუსისადმი
1918 წელს მმართველი წრეები კიდევ ყოყმანობდნენ თავიანთ შეხედულებაში ოფიცერთა კორპუსის შესახებ; ახლა 1919 წელს ყველაფერი ნათელი შეიქნა. ოფიცერთა კორპუსი მათი გაგებით, ეს იყო რაღაც, რომლის ნდობაც არ შეიძლებოდა არა მარტო უბრალოდ როგორც მოქალაქეების, არა, მათ უკვე აღარ ენდობოდნენ მათ სპეციალურ საქმეშიც, არმიის მოწყობის საქმეში. ამასობაში ოფიცერთა კორპუსმა ამ დროის მანძილზე დაამტკიცა, რომ დგას თავის ვალდებულებათა ძალიან მაღალ საფეხურზე; სომხებთან ომი და ახალციხის ლაშქრობა მოგებულ იქნა მხოლოდ ოფიცრის მაღალი თვისებების წყალობით, ვინაიდან არავისთვისაა საიდუმლო, თუ რას წარმოადგენდნენ ჯარები ამ დროში; ეს გახლდათ არაორგანიზებული ბრბო, რომელიც არაერთხელ იყო მრისხანე თავისი უფროსებისთვის. ყოველმა საღად მოაზროვნე მკვლევარმა, წინასწარ აკვიატებული იდეების გარეშე, არ შეიძლება ეს არ აღიაროს. შედეგები კი სწორედ რომ საწინააღმდეგო აღმოჩნდა. უმაღლეს სამხედრო ორგანოში, სამხედრო საბჭოში, პარტიულ საწყისებზე შეიყვანეს გვარდიის მთავარი შტაბის სამი წევრი, სრული უმეცრები სამხედრო საქმეში. შემდეგ ოფიცრების შერჩევა სამწყობრო უფროსებს კი არ მიეცათ, რომლებიც თავიანთ ოფიცრებზე იყვნენ პასუხისმგებელნი, არა სამხედროებს, რომელთაც შეეძლოთ თავიანთი ხელქვეითების თვისებებში გარკვევა, არამედ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება, მოცულიც კი იყვნენ ყველაზე უფრო მხურვალე სურვილებით რომ ეს არჩევა კეთილსინდისიერად მოეხდინათ, მაგრამ სრულებით არ შეეძლოთ ოფიცერთა თვისებებში გარკვეულიყვნენ. დასასრულს ერთ-ერთი დივიზიის სათავეში დაყენებულ იქნა პირი, რომელმაც უკვე 15 წლის წინ დატოვა სამხედრო სამსახური და არანაირი სამსახურეობრივი გამოცდილება არ გააჩნდა (მგონი აქ ლაპარაკია გენერალ იოსებ გედევანიშვილზე, სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრზე, რომელმაც კაპიტნის წოდებაში ყოფნისას პარტიული საჭიროებისთვის ფოსტის გაძარცვაში მიიღო მონაწილეობა და მეფის მთავრობის მიერ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა – ი. ხ.); ხოლო მეტად და მეტად საპასუხისმგებლო ცენტრალური დაწესებულების სათავეში კი დაყენებულ იქნა პირი, რომელსაც სამწყობრო გამოცდილება სრულებით არ გააჩნდა. არ ენდობოდნენ რა ოფიცრებს, მმართველი წრეები ჩაერივნენ შეიარაღებული ძალების უშუალო მოწყობაში, თვითონ დაიწყეს მასში ბატონ-პატრონობა და განმკარგველობა, და ძნელი არ იყო გამოგვეცნო შედეგი ასეთი დამოკიდებულებისა იმდენად დელიკატური საკითხისადმი, როგორიც გახლავთ არმიის ორგანიზაცია.
გვარდიული ორგანიზაციის განვითარება სრული სვლით მიდიოდა. ნათლად დაისახა, რომ ყველაფერი იქითკენ მიემართებოდა, რათა მას არმია ჩაეყლაპა. ამასობაში ამ ორგანიზაციამ ორი საბრძოლო შეჯახების პერიოდში (ქართულ-სომხური ომისა და ახალციხის ლაშქრობის) გვიჩვენა, რომ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის იგი სრულიად უუნარო გახლდათ.
საბოლოოდ დამკვიდრდა შეხედულება, რომ ოფიცრის სამსახური არ წარმოადგენს სახელმწიფოში პირველხარისხოვან სამსახურს; რომ ღირსება ოფიცრისა, სამშობლოს დაცვის იდეის მატარებლისა, რომელიც საკუთარ თავს იძლევა სამშობლოს მსახურებისთვის მთელი თავისი სამსახურის განმავლობაში, რომელიც სამშობლოს აძლევს საუკეთესო ძალებსა და თავისი არსებობის დროს, რომელიც სამსახურში იმყოფება დღე-ღამეში მთელი 24 საათის განმავლობაში, რომ მისი ღირსება უკვე აღარ იყო მაღალი, თუ აღარაფერს ვიტყვით უკვე იმაზე, რომ მატერიალურად იგი არა მარტო ყველაზე უარეს მდგომარეობაში იყო ჩაყენებული სახელმწიფოს დანარჩენ მოქალაქეებს შორის, არამედ მას წაართვეს ერთადერთი ნუგეში თავისი სამსახურისთვის: მას წაართვეს ჩინი (სამხედრო წოდება). ოფიცერს ავტომატურად ენიჭებოდა ჩინი მიღებული თანამდებობის და მიხედვით, რომელზედაც ხშირად იმას ნიშნავდნენ, ვისაც არ გააჩნდა არავითარი არც სამსახურეობრივი, არც ზნეობრივი უფლება და რომელსაც იგი არცთუ იშვიათად ახლებური წესით აღზევებული მაღალჩინოსანი პირის პროტექციით ღებულობდა. ოფიცრის ღირსება საბოლოოდ იქნა პროფანირებული და გაუხამსებული. სრულიად იქნა დავიწყებული, რომ ოფიცერი საკუთარ თავს მთლიანად უძღვნიდა სამსახურს; მას არ ჰქონდა ოჯახი; მისი ოჯახი გახლდათ სამშობლო და ყველა დროში იგი საკუთარ ოჯახს სამშობლოსთვის მსხვერპლად სწირავდა; მის ოჯახზე არავინ ზრუნავდა და მას უფლებაც კი არ ჰქონდა, რომ ამაზე ელაპარაკა. მას არ გააჩნდა თავისი კერა, ძლივსღა თუ ჰქონდა მოსვენება, რათა ოჯახზე ეფიქრა, ხოლო ეს მოსვენების დრო რომ თავის ოჯახურ წრეში გაეტარებინა, როგორც მას ეს სურდა და როგორც ატარებენ მას ყველა სხვა მოქალაქეები, შეუძლებელი გახლდათ. მისი ყველანაირი მოსვენების დრო, მისი ყველანაირი დროის გატარება, იქნებოდა ეს რაიმე სახის მოწოდება ან გართობა, ყველაფერი, მისი მოსვენების თითოეული წუთი შეიძლებოდა დარღვეული ყოფილიყო და იგი გაიწვეოდა ბრძოლის ველზე, საითკენაც თითქმის ყოველდღიურად მიემართებოდა. ეს მის მიერ ყოველგვარ სიკეთეზე უარის თქმა (самоотречение) დავიწყებულ იქნა, თუმცა კი განუწყვეტელ ომებს ეს უნდა შეეხსენებიათ და ამ უდრტვინველი, მდუმარე და სამშობლოს წინაშე მოვალეობათა ყოველდღიურად შემსრულებელი ადამიანის მძიმე და უიმედო (беспросветное) არსებობისთვის განსაკუთრებულად ხაზი გაესვათ.
ამასთან ერთად ოფიცრების საბრძოლო სამსახურის წახალისება სამშობლოს სარგებლისთვის, სულ ახლახანს დაბადებული სახელმწიფოს განმტკიცებისთვის, არ ხდებოდა; პირიქით, დროთა განმავლობაში, გაუთავებელი ომების მთელ დროში თავიანთი სამშობლოს წინაშე ოფიცერთა კორპუსის დამსახურებათა მიუხედავად, მის პიროვნებას, მის ღირსებას სულ უფრო მეტად ამცირებდნენ და ოფიცრობამაც დაიწყო არმიის რიგების დატოვება. ბრძოლის ველზე დაღუპულის ოჯახის უზრუნველყოფა არ ხდებოდა და მოკლულის დამარხვაც კი თავიანთი სახსრებით უწევდათ. უნდა აღვნიშნო, რომ ოფიცრის პიროვნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ მმართველი წრეების დამოკიდებულების უკუპროპორციული გახლდათ; საზოგადოება ოფიცრისადმი სიმპათიით იმსჭვალებოდა, ვინაიდან იგი ხედავდა, თუ როგორი მამაცი და გმირი იყო ეს ადამიანი სამშობლოს დაცვის დროს და როგორ უსამართლოდ გახლდათ ჩაგრული და ტანჯული ამ გმირული სამსახურისთვის.
ნდობა ოფიცერთა კორპუსის მხოლოდ რამდენიმე პიროვნებისადმი არსებობდა. ეს მოვლენა სულ უფრო მეტი ძალით იჩენდა თავს; მთელი დანიშვნები თანამდებობებზე უწინარეს ყოვლისა იმის და მიხედვით ხდებოდა, თუ დასანიშნი რამდენად პასუხობდა ახალი იდეების აღქმას (მიღებას), ე. ი. სოციალ-დემოკრატიული იდეებისა. გარდა ამისა, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იწვევდნენ მოსახერხებელ პირებს (люди удобные); ადამიანებს, რომლებიც ხასიათის მოქნილობით გამოირჩეოდნენ და მათ მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა კი ეს მოთხოვნები სამხედრო თვალსაზრისით აბსურდს წარმოადგენდა. გამოდიოდა ძველი რეჟიმის სურათი, როცა მტკიცე ხასიათისა და ინიციატივის მქონე ადამიანები მოუსვენარ ხალხად მიიჩნეოდნენ და თუმცა კი სამსახურიდან არ იდევნებოდნენ, მაგრამ მათი ნერვების დასამშვიდებლად სამსახურისთვის თურქესტანსა და შორეულ ციმბირში აგზავნიდნენ; ახლა კი მათ სამსახურიდან დევნიდნენ. ათეულობით ჩინებული, ნიჭისა და უნარის მქონე, გამოცდილი და მცოდნე პოლკოვნიკი და გენერალი განზე იქნა გარიყული (были выброшены за борт), ვითომდა შესაბამისი თანამდებობების უკმარისობის გამო, და ამავე დროს ბევრ ასეთ თანამდებობაზე ჩვენ ვხედავთ ოფიცრებს, რომლებმაც მხოლოდ 1914–18 წლების უკანასკნელ ომში თუ დაიწყეს სამსახური.
უნდა ვაღიარო უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობაში ერთიანობის არარსებობა. ერთიანობაზე უკვე ლაპარაკიც კი აღარ გვიხდებოდა. ზემდგომი უფროსები (старшие начальники), რომლებსაც შეეძლოთ ეს ერთიანობა დაენერგათ, ამაზე სრულებით არ ზრუნავდნენ. ისინი საკუთარი თავით გახლდნენ დაკავებულნი, და როცა მშვენიერი ოფიცრების მასა, განსაკუთრებით უფროსი ოფიცრებისა, განზე იქნა გარიყული, ამ უფროსებმა მათი დაცვა ვერ შეძლეს. შემთანხმებლურობა რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, შემთანხმებლურობა, რათა თავიანთი მორგებული ადგილი არ დაეკარგათ, შემთანხმებლურობა კარგი წიგნებისა და თავიანთი გამოცდილების მიუხედავად (საწინააღმდეგოდ), შემთანხმებლურობა და ისევ შემთანხმებლურობა ყველაფერში – ჩვენი სამხედრო ავტორიტეტების დევიზს წარმოადგენდა. ასეთი შემთანხმებლურობა იმდენად აშკარა და თვალსაჩინო იყო, რომ ამ ბატონებმა ყველანაირი პატივისცემა დაკარგეს ქვემოდანაც და ზემოდანაც, და მათ არაერთხელ მოსწევიათ ისეთი შეურაცხყოფების მოსმენა, რომლებსაც ისინი ძველი რეჟიმის დროს არ განიცდიდნენ. და ღირსებიც იყვნენ (И поделом). მმართველები კი კმაყოფილნი იყვნენ ამ გარემოებებით; ისინი სამხედრო საქმეში პატრონ-განმკარგავები გახლდნენ, როცა საჭირო იყო, ისინი თავიანთ მდუმარე შემთანხმებლებს ფარებად იყენებდნენ. ეს შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა. მმართველებს განსაზღვრულად მიჰყავდათ საქმე იქითკენ, რომ უფროს ოფიცერთა შორის ერთიანობა არ ყოფილიყო, რაც მათთვის სასურველი სრულებით არ იქნებოდა. დაყავი და მართე – ძველი და ყველასთვის ცნობილი დევიზია. ხოლო ამისთვის ილეთებში კი არ იმორცხვებდნენ, მით უმეტეს, რომ ბევრ ოფიცერს, უფროსსაც და უმცროსსაც, მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის მადა გაუძლიერდა და ამ სიმზე დაკვრა ძალაუფლების მქონეთათვის ადვილი გახლდათ. იმისთვის, რათა ასეთი მოვლენა მოესპოთ, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ საჭირო იყო შეექმნათ სამხედრო ხელისუფლების ავტორიტეტულობა; საჭირო იყო ის შეენარჩუნებიათ და განემტკიცებიათ. რა თქმა უნდა, ეს ხელსაყრელი არ იქნებოდა იმათთვის, ვინც „მარქსის“ მიხედვით აწარმოებდა ომს მილიტარიზმის წინააღმდეგ, ვინც თავის დევიზად თვლიდა „ყველაფერ სამხედროს მოსპობას“. და ბონაპარტეს აჩრდილიც მათ ყველა კუთხეში ელანდებოდათ.
არმიის შექმნაზე სურვილის არარსებობა თვალნათლივ გამოვლინდა. დამფუძნებელ კრებაში დებატები მიდიოდა იმ საკითხზე, თუ როგორი წესით მოეხდინათ შეიარაღებული ძალების ორგანიზება: გვარდიის წესის მიხედვით თუ არმიისა. ამ საკითხზე მსჯელობის თავად ფაქტი მიგვითითებდა, რომ არმიის აუცილებლობა გარდაუვალ (უდავო) ჭეშმარიტებად არ ითვლებოდა; ნათელი იყო, რომ ადრეც არ უნდოდათ არმია, ახლა კი ეძიებდნენ პრეცედენტს მისი მოსპობისთვის. იპოვნეს გვარდიული ორგანიზაცია და, მთელი მისი უარყოფითი თვისებების მიუხედავად, მასზე შეჩრდნენ, ხოლო არმია კი მაინც დატოვეს, რომ მას გვარდიასთან ერთად ეარსება. არმია არ უნდოდათ, იმიტომ რომ იგი იყო ძველი რეჟიმის შეხსენება, იგი იყო ასე საძულველი მილიტარიზმის წარმომადგენელი; გვარდია კი გახლდათ რევოლუციის შვილი, გვარდია იყო მათი ხელის ქმნილება, რაც სიამოვნებდა მათ თავმოყვარეობას და აიძულებდა შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის ამ წესის სიმახინჯეზე თვალები დაეხუჭათ. ეს გარემოება გარკვევით უსვამს ხაზს იმას, რომ სამხედრო საქმეებში ჩარევა ახლა უკვე სრულ ბატონ-პატრონობად გადაიქცა. ხოლო რაც შეეხება საომარ მოქმედებებში ჩარევას, ეს მოვლენაც ასევე სრული ტემპით მიდიოდა. გვარდიის მთავარი შტაბის წევრები, როგორც ჩემს მიერ არაერთხელ ყოფილა ხაზგასმული, საბრძოლო ოპერაციებში ერეოდნენ, ზოგჯერ იმუქრებოდნენ კიდეც და თავიანთი სურვილების აღსრულებას დაჟინებით ესწრაფვოდნენ. ამასთან ერთად, ფრონტზე იგზავნებიან მთავრობის რწმუნებულები, რომელთა როლიც საჟანდარმო დაკვირვების ფარულ როლამდე დაიყვანებოდა. გვარდია, უკვე საჯარისო ერთეულია, დამფუძნებელი კრების მიერ დაკანონებული. მისი მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება და და იგი სახელმწიფოში სახელმწიფოდ გადაიქცევა. იგი მხოლოდ თავის ინტერესებს უწევს ანგარიშს. შევიდა რა უმაღლეს სამხედრო მმართველობაში, მან მიიღო არმიაზე ზედამხედველობის უფლება და ამით კიდეც სარგებლობდა, ხოლო მისი ორგანიზაცია კი იმავე დროს ყველასთვის წმინდათა წმინდა გახლდათ. იგი უკვე სახელმწიფო საქმეებშიც იწყებს ბატონ-პატრონობას (Она начинает уже довлеть и в государственных делах); მთავრობას, რომელიც დამფუძნებელი კრების წინაშე გახლდათ პასუხისმგებელი, უხდებოდა გვარდიის მთავარი შტაბისთვის ანგარიში გაეწია. ეს, რა თქმა უნდა, არანორმალური და აშკარად უარყოფითი მოვლენაა. გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდმარემ უფლება მიიღო მთავრობის სხდომებს დასწრებოდა, და ჩვენ ვნახავთ შემთხვევებს, როცა მისი ხმა დიქტატორული ტონით აჟღერდება. გვარდიის შტაბის ასეთ მნიშვნელობასთან ერთად მისი ორგანოები გავლენას ახდენდნენ ადგლებზე და ისინი ამ თავიანთი მნიშვნელობით სახელმწიფო ცხოვრების ყველა მიმართებაში სრული ზომით სარგებლობდნენ – ადმინისტრაციაშიც, სასამართლოშიც, და ყველგან, სადაც მათ ეკითხებოდნენ და სადაც მათ არ ეკითხებოდნენ. საბრძოლო მოქმედებების დროს კი ჯარების ეს გვარეობა თავისი თავაშვებულობით, დისციპლინის არარსებობითა და ბრძოლებში მერყეობით (невыдержанностью в боях) არმიას გამხრწნელად ასნებოვნებდა; საკმარისია ახალციხის ლაშქრობაზე მივუთითოთ. თუმცა კი ჯერჯერობით იგი ერთგვარად პასიურად მოქმედებდა; შემდეგ აქტიურად იმოქმედებს, მაგრამ ამის შესახებ თავის დროზე ვიტყვით.
საქართველო-სომხეთის ომმა და ახალციხის ლაშქრობამ აშკარად გაუსვეს ხაზი სამშობლოს დაცვის საქმისადმი, სახელმწიფოს თავდაცვის საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულების აუცილებლობას. გეგონებოდათ, რომ მწარე გამოცდილების შემდეგ, რომელიც ჩვენთვის კინაღამ კატასტროფულად დასრულდა, სამშობლოს დაცვის საქმე სახელმწიფო მოწყობის ამ დარგისადმი მმართველი წრეების ყოველმხრივ ყურადღებას მიიქცევდა. მაგრამ საქმით კი სწორედ საწინააღმედო რამ გამოვიდა. სამხედრო სამინისტრო იმ დრომდე ცალკე სამინისტროს სახით არსებობდა და ცალკე სამხედრო მინისტრის მიერ იმართებოდა; 1919 წელს სამხედრო, შინგან საქმეთა და, მგონი, განათლებისა თუ შეტყობინების გზათა სამინისტროები ერთი და იმავე პირის ხელში იქნა გაერთიანებული. რა თქმა უნდა, სამხედრო სამინისტროს, რომელიც იმ ეპოქაში ყველაზე უფრო მთავარ სამინისტროს წარმოადგენდა, აღარ შეეძლო უკვე საკუთარი თავისადმი ის ზრუნვა და ყურადღება მიექცია, რომელსაც იგი მიიქცევდა, სამხედრო მინისტრი სახელმიფო ცხოვრების სხვა დარგების საქმეებით რომ არ ყოფილიყო დატვირთული. ასე რომ, ამ უწყებისადმი ასეთი დამოკიდებულების ფაქტი სიმპტომატური და საჩვენებელია. მაგრამ ცხოვრებამ გვიკარნახა და 1920 წლის დასაწყისში სამხედრო სამინისტრო ცალკე უწყებად იქნა გამოყოფილი. სამხედრო უწყებისადმი ასეთი არასაკმარისი ყურადღება შეიძლება მხოლოდ იმით აიხსნას, რომ სახელმწიფოს თავდაცვა ბარდებოდა არა მარტო არმიას, არამედ გვარდიასაც; გვარდია კი სამხედრო მინისტრს არ ექვემდებარებოდა. გვარდია შეადგენდა შეიარაღებული ძალების მთავარ მასას – 24 ბატალიონს, არმია – 12 ბატალიონს; გვარდიის შტაბის წევრები შედგებოდნენ უმაღლესი სამხედრო მმართველობის (სამხედრო საბჭო) წევრებად. ყოველივე ეს აიძულებდა მმართველებს ეფიქრათ, რომ არმიას შეიძლება ნაკლები ყურადღება მიაქციო, რითაც აიხსნება კიდეც ზემოხსენებული სამთავიანი მინისტრის არსებობა. სამხედრო სამინისტროს სხვებთან ერთად გაერთიანებულ უწყებაში ჩართვა – უმაგალითო ფაქტია ისტორიაში. ის მიგვითითებს იმაზე, თუ რა ზომით ექცეოდა სახელმწიფო ცხოვრების ამ დარგს ყურადღება, რა მნიშვნელობა ენიჭებოდა სახელმწიფოს თავდაცვას. ასეთი გახლდათ მდგომარეობა 1919 წლის შემოდგომისთვის.
* * *
მე უკვე რამდენჯერმე მივუთითე, თუ როგორი კამათების პირობებში მომიხდა სამხედრო სკოლის მიღება. ეს სიძნელეები მატერიალური მხრითაც იზრდებოდა. მე თავიდანვე ვაწყდებოდი ყველგან წინააღმდეგობებს. რათა სანივთე და საკვები კმაყოფის ამა თუ იმ სახეობის მოცემისათის მიმეღწია, მიხდებოდა საათობით ვმჯდარიყავი სხვადასხვა კანცელარიებში. არ იფიქროთ, რომ კუთვნილ კმაყოფაზე ზევით ვითხოვდი კიდევ რაიმეს; არა, ვითხოვდი და გამოვითხოვდი, დაჟინებით, ყველაზე უფრო კანონიერი კმაყოფის ჩვენსკენ გამოშვებას. ყველგან იყო კამათები, უმაღლეს დაწესებულებებშიცა და უმდაბლესშიც. ყოველდღიურად ვღელავდი, ვნერვიულობდი, ერთი უწყებიდან მეორეში ვაწყდებოდი, და ჩემი დღეებიც ასე მიდიოდა. დილის 7 საათზე მე უკვე ყველა სადგომსა და სათავსოს ჩამოვივლიდი. მიხდებოდა საკითხების გადაწყვეტა, კარის სახელურით დაწყებული და სახელმძღანელოების შედგენით დამთავრებული. საჭირო იყო შემეხედა სამზარეულოში და მიმეჩვია სამზარეულო, რომ ჩაი, საუზმე და სადილი ზუსტად დადგენილი საათისთვის მოემზადებინათ. მე უნდა მედევნებია თვალი სარემონტო სამუშაოების წარმატებისთვის; უნდა დამეთვალიერებინა ცხენები, მიღებული და ნაყიდი ქონება და სურსათი. არ შეიძლებოდა ელექტროსადგურის, აბანოს, სამრეცხაოს, ტირის, ცაიხჰაუზის დავიწყებაც. დილის 8 საათზე სამასწავლებლოში უნდა ვყოფილიყავი, რათა მიმეჩვია მასწავლებლები არ დაეგვიანებიათ. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მასწავლებლები როგორც სამხედროები, ისე არასამხედროებიც, ალტრუისტები იყვნენ; ისინი ანაზღაურებისთვის კი არ დადიოდნენ, არამედ გულწრფელი და შეგნებული სურვილით რომ საქმეს დახმარებოდნენ; ამ მხრივ მე მივიღე სრული თანადგომა. ჩემი თანაშემწე პოლკ. ჩხეიძე, კლასების ინსპექტორი გენ. ჩხეტიანი, პროფესორი ჯავახიშვილი, ივანე კაკაბაძე, მასწავლებლები, თვით ისეთ ჭარმაგ ასაკშიც კი, როგორც ბარნოვი იყო, ყველანი, ყველანი საქმისთვის დასახმარებლად მოდიოდნენ და მეცადინეობებიც მხურვალედ და მთელი გულით ტარდებოდა. მე კადრის შემადგენლობის ჩინებზე უკვე აღარ ვლაპარაკობ; ესენი სამოშაოზე მოისწრაფოდნენ და, როცა ნოემბერში ახალწვეულები მივიღე, როგორ დუღდა სამუშაო, უნდა გენახათ. პირადად მე ამ საზრუნავების გარდა მიხდებოდა ტაქტიკის სახელმძღვანელო მეწერა; ეს სახელმძღვანელო ქართულ ენაზე ითარგმნებოდა და შემდეგ მე ვახდენდი კორექტირებას, ვინაიდან მთარგმნელმა იცოდა ენა, მაგრამ არ იცოდა ტაქტიკა. უკანასკნელ სამუშაოში გენ. ჩხეტიანი ძალიან მეხმარებოდა, და ჩვენ ყოველდღიურად მრავალ საათს ვატარებდით ამ კორექტირებაში, აგრეთვე შესაბამისი ტექნიკური სიტყვებისა გამოთქმების მოძიებაში.
სექტემბერში იყო იუნკრების მიღება და 2–3 კვირის შემდეგ მათ თავიანთი მხედრული გამართულობით, დისციპლინითა და ყოჩაღი შესახედაობით საყოველთაო ყურადღების მიქცევა დაიწყეს. ჩემთან მე შევქმენი პედაგოგიური საბჭო და სადისციპლინო კომიტეტი. მათი სახელწოდებები მათი საქმიანობის სახეზე მიუთითებს. პირველში სწავლების საქმეები განიხილებოდა; მეორეში მიიღებოდა ზომები იუნკრების სწორად აღზრდისათვის. ჩვენი შრომის ნაყოფები შემდგომში გამოვლინდა. ნოემბერში, მის მეორე ნახევარში, სკოლამ მიიღო ახალწვეულები, მომავალი უნტერ-ოფიცრები. ამათ შექმნეს სამი ქვეითი ასეული, მეტყვიამფრქვევეთა ერთი ასეული და მესაზღვრეების ნახევარასეული, (საარტილერიო) ბატარეა, ხოლო შემდეგ თებერვლისთვის მივიღე ჩვენი ცხენოსანი პოლკის ოცეულიც. სკოლის ოფიცრები მთელ დღეს სკოლაში ატარებდნენ; დილის 8 საათიდან ისინი ასეულებში იყვნენ მეცადინეობებზე 3 ½ საათამდე, ხოლო შემდეგ კი 6 საათიდან ისევ ასეულებში ისხდნენ ჯარისკაცებთან და იუნკრებთან; მაგრამ აქ ხდებოდა არა მეცადინეობები, არამედ მიდიოდა ურთიერთ გაცნობა, წარმოებდა ჯარისკაცის განვითარება, ინერგებოდა დისციპლინა, რომელიც დაფუძნებული გახლდათ ვალის შეგნებულობაზე, თავიანთი მოვალეობების გაგებაზე. მე შემდგომში არაერთხელ მქონდა იმის შემთხვევა, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ოფიცრებმა ჯარისკაცების მათ მიმართ არა მარტო ნდობა და პატივისცემა მოიპოვეს, არამედ მათი სიყვარულიც, დისციპლინისა და საერთოდ ჯარისკაცს აღზრდის ეს ქვაკუთხედი. სკოლაში ჩემი ყოფნის ერთი წლის მანძილზე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ სკოლის ჯარისკაცი სადმე ქალაქში წესრიგისა და წესიერების დარღვევაში ყოფილიყო შემჩნეული. ამ მხრივ მე ასევე ვამჩნევდი იუნკრებისა და ჯარისკაცების სრულ გულმოდგინებასა და მათ მიერ თავიანთი მომავალი მოვალეობების შეგნებულ (გაცნობიერებულ) გაგებას. ოფიცრების სამუშაო კი ზომაზე მეტად ძნელი გახლდათ. კადრის უნტერ-ოფიცრები თითქმის არ იყვნენ და მათ ორმაგი მუშაობის გაწევა უხდებოდათ: ოფიცრისაც და უნტერ-ოფიცრისაც. და მე უნდა ვთქვა, რომ ეს თითქმის დაუძლეველი სამუშაო მათ კეთილსინდისიერად აღასრულეს და ჩვენი სამხედრო სკოლის რეპუტაციაც დიდადაა მათგან დავალებული. თავიანთი კეთილსინდისიერება მათ ბრძოლის ველზეც დაამტკიცეს. 1921 წელს თბილისთან ბრძოლებში იუნკერთა ასეულის 6 ოფიცრიდან ორი ოფიცერი, ასეულის მეთაური პოდპ. ანანიაშვილი და კაპიტანი თოიძე მოკლულ იქნენ; დანარჩენები დაიჭრენ; მხოლოდ ერთი ოფიცერი დარჩა, რომელსაც ტყვია არ შეხებია. სკოლის დანარჩენი ოფიცრებიც ასევე თავიანთი ახალგაზრდა ხელქვეითების – თბილისის თავდაცვის გმირების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ, ხოლო ერთმა კი, რომელმაც ზარბაზნების ქუხილისა და ტყვიების წუილის ქვეშ, თავისი სათადარიგო რაზმის უკანდახევა ვერ აიტანა, თავის მოკვლის მიზნით ოთხი ტყვია დაიხალა; ამის შესახებ უფრო დაწვრილებით 1921 წლის ომის აღწერისას ვიტყვი.
სკოლის ოფიცერთა მუშაობა შემდეგი გარემოებებით რთულდებოდა. მოსული ახალწვეულები მათთვის იყვნენ სფინქსი. მათ ყველას რუს ჯარისკაცებთან ჰქონდათ საქმე; იცოდნენ ამ უკანასკნელის თვისებები, ხოლო თუ რას წარმოადგენდა ქართველი ჯარისკაცი, ამის ცოდნა მათ არ შეეძლოთ და მასთან მიმართებაში სწორი ტონის აღება იყო საჭირო. და ეს სწორი ტონი მათ აიღეს და ისინი სწორ გზაზეც იდგნენ. რა თქმა უნდა, მასწავლებლების, სკოლის საკადრო შემადგენლობისა და ჩემი უახლოესი თანაშემწეების მხრიდან საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების დროს ძნელი არ გახლდათ სასურველი შედეგების მიღებაც. გვეხმარებოდნენ თუ არა ზევიდან? სხვადასხვანაირად ხდებოდა. უფრო მეტად გვიხდებოდა ყველაფერ იმის გამოგლეჯვა, რაც სკოლისთვის იყო საჭირო, დიდი დავა-კამათებით, ზოგჯერ ჩხუბითაც და საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ მიხდებოდა გადადგომაზე პატაკი დამეწერა, როგორც ეს გვარდიელების მიერ სადგომებისა და სათავსოების გათავისუფლების საქმეში გახლდათ. ყოველგვარი დავა-კამათების გარეშე, დახმარების სრული მზადყოფნით ჩემი სურვილების მხარდაჭერა მე შემხვდა სატარიფო პალატის თავმჯდომარის გ. გოლდმანის მხრიდან. მიხდებოდა რამდენჯერმე ვყოფილიყავი მასთან სკოლაში მუშების მდგომარეობის შემსუბუქების საქმეზე, სახელდობრ კი ელექტროსადგურის მუშების, ლიტოგრაფების, ზეინკლების, მზარეულის, ტიპოგრაფიის მსახურების, შვეიცარებისა და სხვა. გოლმანი ამ მუშათა მდგომარეობის შემსუბუქებაზე ყოველთვის მოდიოდა. სამხედრო უწყების მხრიდან კი ვერ ვღებულობდი ჯეროვან დახმარებას; უფრო მეტად სიტყვით მაიმედებდნენ. დავხატავ რამდენიმე ტიპიურ სცენას. სამხედრო-სამეურნეო კომიტეტისგან ყველაფრის გამოგლეჯვა დაჟინებული მოთხოვნების, კამათებისა და სიტყვის შებრუნებების შემდეგ მიხდებოდა. ზოგჯერ მიწევდა ერთი და იმავე საქმისათვის ამ დაწესებულებაში რამდენჯერმე მივსულიყავი. არასოდეს ყოფილა საკმარისი რომ წერილობითი მოთხოვნა გამეგზავნა, ვინაიდან ასეთ მოთხოვნაზე პასუხი არ მოდიოდა ან კიდევ ზოგჯერ დაუჯერებელ პასუხსაც ვღებულობდი. ასე, ჩემი თხოვნის მიხედვით შედგა მთავრობის დადგენილება იუნკრებისთვის როგორც საკვები ისე სანივთე გაძლიერებული კმაყოფის გაცემის შესახებ. და აი, სამეურნეო კომიტეტმა მე ამაზე უარი მითხრა. მომიხდა ამისთვის მთავრობის საქმეთა მმართველთან მიმემართა, მისგან ამ დადგენილების ასლი ამეღო და ის სამხედრო-სამეურნეო კომიტეტში პირადად მიმეტანა. მიუხედავად ამისა, სამხედრო-სამეურნეო კომიტეტმა გოგუას სახით მე განმიცხადა, რომ ისინი შევლენ შუამდგომლობით ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე, როგორც არადემოკრატიულისა. ჩემმა მითითებამ, რომ მთავრობის ახალ დადგენილებამდე მაინც აუცილებელია არსებულის აღსრულება – ვერ იმოქმედა და მხოლოდ რამდენიმე მისვლისა და დაჟინებული მოთხოვნების შემდეგ, რომლებსაც თან ჩემი გადადგომის მუქარაც ახლდა, მოვახერხე იმის მიღწევა, რომ მოთხოვნილი კმაყოფები გაეცათ. დავხატავ აქვე ერთ სურათს. კანონის საფუძველზე ჩემს მიერ წარდგენილ მოთხოვნას გოგუა ხელს არ აწერდა. მაშინ მე ავდექი, მასთან მივედი და მის მაგიდაზე მისკენ შებრუნებული მის ქაღალდებზე დავჯექი. „ეს რა არის?“ – მკითხა მან. „ვიჯდები, სანამ ხელს არ მოაწერთ“, – ვუპასუხე მე. მას მოუხდა ხელი მოეწერა.
საერთოდ სამხედრო-სამეურნეო კომიტეტი სრულებით ვერ ართმევდა თავს თავის სამუშაოს ჯარების კმაყოფის საქმეში. ჩვენ ვჭამდით პურის სუროგატს, როცა გვარდიელები თეთრ პურს ღებულობდნენ; თბილისის ირგვლივ მინდვრებში თივის ზვინები იდგა, ხოლო ჩვენთან კი ცხენები უჭმელობით იხოცებოდნენ. მე ერთხელ სამხედრო საბჭოში სამხედრო-სამეურნეო კომიტეტიდან მიღებული ქერი მივიტანე. ძველი რეჟიმის დროს მაშინდელი ინტენდანტი აპოკალიფტური დარტყმისგან მოკვდებოდა, თუ ნახავდა, რომ სამწყობრო უფროსმა უმაღლეს უფროსობას მსგავსი ქერი უჩვენა. ჩემი 30-წლიანი სამსახურის მანძილზე მე ასეთი ქერი არ მინახავს. რა თქმა უნდა, ის მიწანარევი გახლდათ, მაგრამ ეს კიდევ არაფერია; მასში სანახევროდ თითის სიმსხო კენჭები იყო შერეული. და რა მოჰყვა ამას? სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იძლევა ისეთს, როგორსაც ღებულობს, და საბჭოში საკითხიც ამოწურულ იქნა.
სამხედრო-სამეურნეო კომიტეტში ერთი გასაოცარი წესი და რიგი იყო შემოღებული. ჯარები ღებულობდნენ სურსათს და ის თავისთან ტომრებით, ყუთებითა და სხვა ასეთი საშუალებით მიჰქონდათ. რა თქმა უნდა, იქვე საწყობში ყველაფერ ამის დათვალიერების შესაძლებლობა ფაქტიურად არ არსებობდა, და აი, მიიღებდნენ რა ლობიოს, სიმინდს ან რაიმე სხვა პროდუქტს, როგორი ცუდი ხარისხისაც არ უნდა ყოფილიყო, ის უნდა შეეჭამათ. ეს უვარგისი პროდუქტი რომ შესაცვლელად დაგებრუნებიათ, ან გადაგეგდოთ და ეს ანგარიშში გეჩვენებიათ, თქვენ ამის უფლება არ გქონდათ. ამრიგად, ცუდი ხარისხის პროდუქტები ადამიანებისა და ცხენების კუჭებზე აისახებოდა, და არა არაკეთილსინდისიერ მომწოდებელთა ჯიბეებზე. ძველი რეჟიმის დროს შემდეგი წესი და რიგი არსებობდა. პოლკებში დანიშნული კომისია ადგენდა აქტს პროდუქტის უვარგისობის შესახებ და ის ნადგურდებოდა. ზოგიერთ შემთხვევებში სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელსაც იწვევდნენ. აქტი შესაბამის დაწესებულებებში იგზავნებოდა და პროდუქტი ისევ გაიცემოდა, ხოლო უვარგისობის გამო პასუხს ან მიმღებები აგებდნენ, ან კიდევ მიმწოდებლები; ეს უკვე წვრილმანი საკითხებია (это уже подробность). ყოველ შემთხვევაში ადამიანებისა და ცხენების კუჭები არ იტანჯებოდა. მე რამდენჯერმე განვაცხადე ამის შესახებ სამხედრო საბჭოში, მაგრამ უკანასკნელი თავისთვის უფრო მნიშვნელოვნად თვლიდა, რომ „განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის“ საქმით ყოფილიყო დაკავებული, როგორც მაგალითად, სამხედრო ჰოსპიტალში მოუწესრიგობლობათა გარკვევით, ვიდრე ისეთი „ამაო საქმით, როგორიც არმიის კმაყოფა“ გახლავთ.
სიტყვამ მოიტანა, და ჰოსპიტლის შესახებ. ამ სამხედრო ჰოსპიტალს რამდენჯერმე ჩაუტარეს ინსპექტირება. როგორც მახსენდება, არანაკლებ სამჯერ 1919/1920 წლის ზამთრის პერიოდში. ვერანაირ შედეგამდე ვერ მივიდნენ. დაწვრილებითი ამბები, თუ რაში მდგომარეობდა მოუწესრიგებლობანი ამ ჰოსპიტალში, საინტერესო არ არის, და ყველა წვრილი ამბავი ახლა არც კი მახსოვს. დასრულდა, არა ის არ დასრულებულა, მაგრამ მას მუდამ თან ერთი უსამართლო და აღმაშფოთებელი ფაქტი მიჰყვებოდა. სანიტარული სექციის უფროსი მაშინ გახლდათ სამხედრო ექიმი ალექსი-მესხიშვილი, რომელმაც მგელაძე შეცვალა. ეს უკანასკნელი თავისი თანამდებობიდან წინამორბედი სამხედრო მინისტრის გრ. თეიმ. გიორგაძის მიერ იყო დათხოვნილი, რა დანაშაულისთვის, ზუსტად არ მახსოვს. მნიშვნელოვანია ის, რომ იგი დათხოვნილ იქნა. მაგრამ მგელაძე არ მშვიდდეებოდა და, თადარიგში მყოფმა, საჩივარი შეიტანა. საჩივარი სასამართლოში იქნა განხილული, და მგელაძე კი – სასამართლოს მიერ რეაბილიტირებული. მაშინ ამ უკანასკნელმა დაჟინებით დაიწყო მისთვის თანამდებობის დაბრუნების მოთხოვნა, რადგანაც იგი უსამართლოდ იყო იქიდან დათხოვნილი. და აი ჩემი თანდასწრებით შემდეგი სცენა გათამაშდა. სამხედრო საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ისევ ჰოსპიტლის შესახებ ავბედითი საკითხი განიხილებოდა. სხდომაზე გამოირკვა, რომ ჰოსპიტალში მომსახურენი, რომელთაც სალიკვიდაციო თანხები არ ჰქონდათ მიღებული, არ იყვნენ დათხოვნილი ჰოსპიტლიდან და ფაქტიურად სამსახურს აგრძელებდნენ, რისი წყალობითც იქ მოუწყობლობანი გრძელდებოდა. მომხსენებელი გახლდათ სანიტარული სექციის უფროსის თანაშემწე, ახლა გვარი არ მახსენდება. რით დასრულდა? თითქოს და, საჭირო იყო გაერკვიათ, ვინ არ მისცა ამ დათხოვნილებს ფული, და იგი ამ დანაშაულისთვის დაესაჯათ. მომხსენებელმა მოახსენა, რომ რომ სანიტარული სექციის უფროსმა ორჯერ დასვა საკითხი, როგორც განთავისუფლებულთა ფულით დაკმაყოფილების, ისე შესაბამისი ბრძანების გაცემის თაობაზეც, მაგრამ სექციას სამხედრო სამინისტროს შესაბამისი დაწესებულებებიდან არანაირი პასუხი არ მიუღია. გადაწყვეტილება ჩემთვის ყველაზე უფრო გასაოცარი გამოიტანეს. მაშინდელმა სამხედრო მინისტრმა ნ. რამიშვილმა, აშფოთებულმა, ხმამაღალი ტონით ბრძანა დაუყოვნებლივ მოეხსნათ სანიტარული სექციის უფროსი ალექსი-მესხიშვილი და მის შესაცვლელად კანდიდატი იმ დღესვე წარედგინათ. კანდიდატი სანიტარული სექციის უწინდელი უფროსი მგელაძე აღმოჩნდა და ალექსი-მესხიშვილიც თანამდებობიდან ისე დაითხოვეს, რომ მისი ახსნა-განმარტებაც კი არ მოუსმენიათ. ფაქტი საკუთარი თავის შესახებ თავად მეტყველებს და მისი შეფასება არც კი ღირს. შემიძლია მხოლოდ აღვნიშნო, რომ ამ ძველი შეუბღალავი მომსახურის ალექსი-მესხიშვილის უფროსები მას არც კი გამოქომაგებიან. ძალზედ ეშინოდათ რამიშვილის და მისი მბრძანებლური „კეთილი ინებეთ“-ისა («благоволите»).
როცა მე ფულადი ხასიათის რაიმე საკითხს დავსვამდი, მაშინ მიხდებოდა ამ ქაღალდისთვის თვალყური მედევნებია და ყველა ინსტანციაში, და ყველა ეტაპზე, მიწოლით გამეტანა. ერთხელ ასეთი ქაღალდი სამხედრო მინისტრის თანაშემწისა და სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის დაწესებულებათა უღრანებში თვეზე მეტ ხანს, მგონი ორ თვესაც კი იდო; საჭირო იყო კი მხოლოდ დასკვნისათვის სახელმწიფო კონტროლში გაეგზავნათ. მე ამოვაძრე ეს ქაღალდი და თვითონ პირადად მივუტანე თავაზიან სახელმწიფო მაკონტროლებელს ბ-ნ გოგიჩაიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მასზე სამხედრო სამინისტროს დასკვნა არ ყოფილა, რომელიც, აღმოჩნდა, რომ უნდა ყოფილიყო, სახელმწიფო მაკონტროლებელი ისე თავაზიანი გახლდათ, რომ მე მისი დასკვნა იმ დღესვე მივიღე და უკანვე სამხედრო სამინისტროში მივიტანე, რათა შემდეგ დამფუძნებელი კრების კომისიაში გაეგზავნათ. რამდენადაც ვიხსენებ, ეს მასწავლებლებისთვის ჯამაგირის მომატებას შეეხებოდა. და აი ასეთი სახით მიხდებოდა ყველა საქმის მიწოლითა და ძალით გატანა.
გენერალური შტაბი
დუმილით ვერ ავუვლი გვერდს გენერალურ შტაბს. ჩვენი „კრებულის“ თანახმად სკოლის უფროსი უშუალოდ სამხედრო მინისტრს ექვემდებარებოდა. იურიდიულად მე ყველანაირი საჭიროების გამო მისთვის უნდა მიმემართა, მაგრამ ფაქტიურად ჩემი ყველანაირი მიმოწერა ხვდებოდა დაწესებულებებში, რომელთა უფროსები მაძლევდნენ კიდეც პასუხებს; ამრიგად მიიღებოდა დამოკიდებულება იმ პირებზე, რომლებიც იყვნენ: კანცელარიის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის უფროსი და სხვები; იმის გამო კი, რომ სამხედრო მინისტრი სამხედრო საქმეში ჩაუხედავი პირი გახლდათ, ეს დამოკიდებულება ღრმავდებოდა და ფაქტიურად დაქვემდებარებად გადაიქცეოდა. ახლა მოვიყვან მაგალითებს. ერთხელ მე რაღაც მიმართვა მივიტანე გენერალურ შტაბში და ის ოპერატიული სექციის უფროსის პოლკ. ნ. გედევანიშვილის კაბინეტში შევიტანე, თან ვთხოვე სამხედრო მინისტრისთვის რაც შეიძლებოდა სწრაფად მოეხსენებიათ და სასურველი პასუხიც მოეცათ. პოლკ. გედევანიშვილმა არსებითად შემოპასუხება დაიწყო და ჩემს მიერ დასმულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა; მე, რა თქმა უნდა, ამ შუამდგომლობის მხარდაჭერას ვაგრძელებდი და ვთხოვე სამხედრო მინისტრისთვის სწრაფად მოეხსენებია; ზაქარიაძე ამ მომენტში შტაბში არ ყოფილა. და უეცრად პოლკ. გედევანიშვილმა მიპასუხა, რომ ისინი ამას არც კი მოახსენებენ, არამედ უბრალოდ მე უარყოფით პასუხს დამიწერენ; ამას მე ჩემი გუშინდელი შტაბის უფროსი მეუბნებოდა. მე ვუპასუხე, რომ ამისი გაკეთების უფლება მათ არა აქვთ, რადგანაც მე უშუალოდ სამხედრო მინისტრს ვექვემდებარები, და არა მათ, და რომ მე მაშინ ავიღებ ქაღალდს და პირადად მოვახსენებ სამხედრო მინისტრს, და რომ თუ მათ მივმართე, მხოლოდ პასუხის უფრო სწრაფად მიღების მიზნით, ერთის მხრივ, და, მეორეს მხრივ კი, დარწმუნებული, რომ გენერალური შტაბის მხრიდან კამათი არ შემხვდება. შემდეგ მომიხდა ამის შესახებ გენ. ზაქარიაძესთან მელაპარაკა და ახლა ვერ ვიხსენებ, მაგრამ, ალბათ, დამაკმაყოფილებელი პასუხი მივიღე. სხვა დროს, როცა შტაბში მორიგ საქმეზე შევედი, გავაღე კარი, რათა გენ. ზაქარიაძის კაბინეტში შევსულიყავი. ამას მე ყოველთვის მოხსენების გარეშე ვაკეთებდი და დამყარებული ურთიერთობების მიხედვით ამას ჩემთვის დასაშვებად მივიჩნევდი. ასევე შევდიოდი ჩვეულებრივ სამხედრო მინისტრის თანაშემწესთანაც; ჩვეულებრივ ვაღებდი კარს, და თუ იქ არავინ არ იყო, მაშინ შევდიოდი, ხოლო თუ იქ ვინმე იმყოფებოდა, მაშინ ვკითხულობდი, ხომ არ შევუშლიდი ხელს. ასე მოვიქეცი ამჯერადაც. კარის გაღებისას პოლკ. გედევანიშვილს შევეჩეხე და დავინახე, რომ გენ. ზაქარიაძე გვარდიის შტაბის წევრ საღირაშვილთან ერთად რუკასთან დგას და ისინი რაღაცას უყურებენ. პოლკ. გედევანიშვილმა მითხრა, რომ შესვლა არ შეიძლება; მე გავჩერდი, გაკვირვებული, და უკან დავიხიე. ზაქარიაძე შემობრუნდა, ჩემსკენ სწრაფად წამოვიდა და, უნდოდა რა უტაქტობა გამოესწორებინა, თხოვნა დამიწყო კაბინეტში შევსულიყავი; მე, რა თქმა უნდა, აღარ შევედი და იქიდან წამოვედი. ეს უსიამოვნო ჩხვლეტა იქნებოდა ყველას თავმოყვარეობისთვის, მით უმეტეს, რომ თუ გენ. ზაქარიაძესა და პოლკ. გედევანიშვილს რაიმე საიდუმლო საქმე ჰქონდათ გვარდიის შტაბის წევრთან და ეს საიდუმლო საქმე არ უნდა გამხდარიყო ცნობილი სამხედრო სკოლის უფროსისთვის, ან გენ. კვინიტაძისთვის, მაშინ შეიძლებოდა ჩემი იქ ყოფნისას საიდუმლო საუბრები შეეწყვიტათ და ჩემი წამოსვლის შემდეგ გაეგრძელებიათ. თუ გავიხსენებთ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მე მთავარსარდლად ვიქენი დანიშნული, მაშინ რაღაც უაზრობაც გამოდიოდა.
კიდევ ერთხელ შევეჯახე გენერალურ შტაბს შემდეგი საბაბით. სამხედრო სკოლაში შედგენილ იქნა პროექტი დებულებისა სკოლის შესახებ, რომლიც სამხედრო მინისტრის მიერ უნდა ყოფილიყო დამტკიცებული. მე წარვადგინე და პასუხს ველოდი. ვღებულობ და ვხედავ, მითითებულია, რომ რამდენიმე პუნქტი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მათ შორის ერთი არსებითი პუნქტი გახლდათ. საკითხი იმას შეეხებოდა, თუ იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც სკოლას დაამთავრებდნენ, უნტერ-ოფიცრის წოდება როდის უნდა მიეცათ: სკოლის დამთავრებისას, თუ ისინი საჯარისო ნაწილებში რიგითებად უნდა გამგზავრებულიყვნენ და მხოლოდ იქ, ადგილობრივი უფროსების დარწმუნების შემდეგ, უნდა მიეცათ მათთვის უნტერ-ოფიცრის წოდება. სკოლა ამ პუნქტზე იმით პასუხობდა, რომ საჭიროდ მიაჩნდა ისინი უნტერ-ოფიცრის ხარისხში სკოლის დამთავრებისთანავე აეყვანათ; რა თქმა უნდა, ეს იმათ შეეხებოდა, ვინც სკოლას წარმატებით დაამთავრებდა; ხოლო რომლებიც წარმატებით ვერ დაამთავრებდნენ, ნაწილებში იქნებოდნენ მივლინებული, სადაც ისინი უფროსობის დარწმუნების შემთხვევაში შეიძლებოდა უნტერ-ოფიცრებად ყოფილიყვნენ წარმოებულნი. გენერალურმა შტაბმა, ისე რომ მოტივები არც კი უკითხავს, უბრალოდ მიუთითა, რომ სკოლის დამთავრებულნი პოლკებში რიგითებად გაგზავნას ექვემდებარებოდნენ, სადაც მათ ადგილობრივი უფროსობის დარწმუნების შემდეგ უნტერ-ოფიცრობას მიანიჭებდნენ. ძველ დროში პოლკებში იყო სასწავლო რაზმები მომავალი უნტერ-ოფიცრებისთვის, სადაც ჯარისკაცებს ასეულის მეთაურის არჩევანით მიავლენდნენ. სასწავლო რაზმის კურსდამთავრებულნი უკანვე ასეულებში ბრუნდებოდნენ და შემდეგ მათ პოლკის მეთაური ასეულის მეთაურის წარდგინებით უნტერ-ოფიცრის წოდებას ანიჭებდა. სამხედრო სკოლა ჯარისკაცებს გაწვევით ღებულობდა (получала солдат по набору) და იურიდიულადაც, და ფაქტიურადაც უფრო უკეთესი საშუალებები გააჩნდა იმის გასარკვევად, თუ სკოლის ჯარისკაცებიდან ვის შეეძლო ყოფილიყო უნტერ-ოფიცერი და ვის არა; ის თითოეულ ჯარისკაცს 8–9 თვის მანძილზე ადევნებდა თვალყურს და თითოეულს ზედმიწევნით იცნობდა; შესაფასებელ გამოცდებს ატარებდა კომისია, რომელიც გამოცდილი ადამიანებისგან შედგებოდა, არანაკლებ არმიაში ცალკეული ნაწილის მეთაურის გამოცდილებით; და მისთვის უეჭველად შეიძლებოდა უფრო მეტად მიენდოთ ამ საკითხის გადაწყვეტა, ვიდრე ცალკეულ ნაწილში ასეულის მეთაურისთვის, რომლის წარდგენითაც ეს ჯარისკაცი უნტერ-ოფიცრად იქნებოდა წარმოებული; შემდეგ, როგორც ერთი საგამოცდო სასკოლო კომისიის მიერ გამოშვებულნი, არმიის ნაწილების ყველა უნტერ-ოფიცერი მიიღებდა ერთ შეფასებას; თუკი მათ ნაწილებში მისცემდნენ წოდებას, მაშინ ამაზე თითოეულის ასეულის მეთაურის შეხედულება აისახებოდა; სასკოლო ტიპი, სასკოლო შეფასება დარღვეული იქნებოდა. დაბოლოს, სკოლის პროექტის მიხედვით ნაწილში მივიდოდა უნტერ-ოფიცერი უკვე როგორც ჯარისკაცებისთვის ავტორიტეტული პირი; პირი – უკვე უფროსი, და მას აღარ მოუწევდა წოდების მისაღებად ასეულის მეთაურის მიერ ყოფილიყო შეფასებული, რომელიც ჩვენს ახალგაზრდა არმიაში ყოველთვის სულაც არ იყო მზად ასეთი შეფასებისთვის; ხოლო სკოლა კი, არმიაში აღზრდისა და სწავლების დამნერგავი, კარგავდა თავის ავტორიტეტს, მიუხედავად იმისა, რომ მას ინსტრუქტორების უფრო უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა, ვიდრე თითოეულ ცალკეულ ნაწილს და თავისი საქმიანობის მიხედვით საკუთარი თავი უნტერ-ოფიცრის მომავალი საქმიანობისთვის ჯარისკაცის აღზრდისა და სწავლების უნარში უნდა განევითარებია. კიდევ ერთი გარემოება უნდა გვქონდეს მხედველობაში. ამას მე იმათთვის ვიტყვი, ვინც სამხედრო სკოლას რუსული არმიის საპოლკო სასწავლო რაზმს შეადარებს. საპოლკო სასწავლო რაზმში ჯარისკაცებს აგზავნიდნენ ასეულის მეთაურები თავიანთი ასეულების შემადგენლობიდან, ასეულში სამსახურის 9 თვის გავლის შემდეგ, და სასწავლო რაზმი ღებულობდა ადამიანებს, რომლებსაც იგი უკან განსწავლულებს აბრუნებდა, ხოლო განსწავლულთა შემადგენლობიდან კი ასეულის მეთაური ირჩევდა იმას, ვინც უნტერ-ოფიცრად უნდა დაეწინაურებია; აქ სამხედრო სკოლა ღებულობდა ადამიანებს უშუალოდ სოფლიდან (გუთნიდან, непосредственно от сохи) და შემდეგ იგი მათ ნაწილებში აგზავნიდა და, რა თქმა უნდა, ავტორიტეტულობა და კონტინგენტში გარკვევის უნარიც სამხედრო სკოლის მხარეზე იყო, და არა ასეულის მეთაურისა, რომელსაც ადრე ეს ჯარისკაცი არ უნახავს და მას სკოლიდან მისი მოსვლის შემდეგ-ღა ეცნობოდა. ჯარისკაცი, რომელიც სკოლიდან პოლკში აგვისტოს ბოლოს მივიდოდა, ნოემბრისთვის, ე. ი. 1–2 თვის შემდეგ, უკვე უნტერ-ოფიცერი უნდა გამხდარიყო, სკოლა კი მას თვალყურს 9–10 თვის მანძილზე ადევნებდა. გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფოში არ იყო შესაძლებელი მთელი არმიისათვის დაწესებულებების შექმნა. არის კიდევ ერთი სასიცოცხლო მოვლენაც. სკოლის ჯარისკაცი, როცა ასეულში უნტერ-ოფიცრობის კანდიდატის მდგომარეობაში მივიდოდა, მას შეხვდებოდა არამეგობრული დამოკიდებულება ამ ასეულის უნტერ-ოფიცრების მხრიდან, რომელიც მას არ შეხვდებოდა, თუ იგი თავიდანვე წოდებამინიჭებულ უნტერ-ოფიცრად გამოცხადდებოდა. აი ამ საკითხში ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა გამოგვივიდა. საქმე სამხედრო მინისტრამდეც მივიდა. სამხედრო მინისტრმა გრ. სპირ. ლორთქიფანიძემ, ხედავდა რა, რომ მე და გენ. ზაქარიაძეს სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს, გვითხრა, რომ იგი ამის შესახებ თავის თანაშემწეს ჰკითხავს. მე ვუპასუხე, რომ ერთი ადამიანის აზრი, თვით სამხედრო მინისტრის თანაშემწისაც კი, არ შეიძლება ჩემთვის იყოს დამაჯერებელი, როგორიც არ უნდა იყოს ის; რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილი აზრი ჩემი ერთპიროვნული აზრი არ გახლავთ, არამედ ეს სკოლის გამოცდილ მასწავლებელთა მსჯელობის ნაყოფია. მან გვითხრა, რომ იგი ამას სამხედრო საბჭოს მიერ განსახილველად გაიტანს; მე შევეკამათე: „სამხედრო საბჭოს ნახევარი სრულებით არ არის კომპეტენტური ასეთი საკითხის გადაწყვეტაში და რომ უკეთესია უფროსი ოფიცრების მოწვევა და და იქ ამ საკითხის განსახილველად დასმა“. ეს საკითხი ასეთნაირად არც კი ყოფილა გადაწყვეტილი. 1920 წელს ჩემი გადადგომის შემდეგ სკოლის უნტერ-ოფიცრებს სამხედრო წოდება სკოლაშივე მიანიჭეს. ეს გენ. ოდიშელიძემ გააკეთა, ვისაც მე, უკვე გადამდგარი, იმავე მიზნით ვესტუმრე. გენ. ოდიშელიძეც იმავე აზრისა გახლდათ და ჯარისკაცები უნტერ-ოფიცრებად ნაწილებში გაგზავნამდე იქნენ წარმოებულნი. ასე მიდიოდა ჩემი ცხოვრება მუდმივ კამათებში ყველა უწყებასთან ანუ, უფრო სწორედ, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან.
შევედი მე პროექტით სკოლის შტატების გაზრდის შესახებ. სამხედრო უწყებამ მთავრობის მეშვეობით დამფუძნებელ კრებაში საერთო უწყისი შეიტანა; ჩემი პროექტიც ასევე საერთო ცნობაში იქნა გაგზავნილი. საქმე გარკვეული კამათების გარეშე ვერ გამოვიდა. ბოლოს, დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიაში განხილვის დასაჩქარებლად ხანგრძლივი ზრუნვისა და მეცადინეობის შემდეგ, რომლის სხდომების „ქვორუმის“ ვერშეკრებათა გამო გადაიდებოდა, ასეთი მაინც შედგა. ხანგრძლივი კამათების შემდეგ, რომელთა დროსაც ჩემს მიერ წარდგენილი პროექტის ყველა მუხლს განიხილავდნენ, იგი თითქმის ცვლილებების გარეშე იქნა მირებული. ამ კამათების დროს მე არაერთხელ მომიწია, როცა დარწმუნების ყველა საშუალებას ამოვწურავდი, კომისიის წევრებისთვის მიმემართა და მათთის მეთქვა, რომ თუ ასეთი პუნქტი არ იქნება გატანილი, მაშინ მე ვეღარ შევძლებდი სკოლის უფროსად ყოფნას. თუ როგორ კვეცდნენ ყველაფერს, რასაც ვითხოვდი, გამოჩნდება შემდეგი მაგალითიდან. სკოლის უფროსსა და მის თანაშემწეს, აგრეთვე ადიუტანტს არ ერგებოდათ საჯდომი ცხენები; ამრიგად ეს პირები ფეხით უნდა ყოფილიყვნენ საველე მეცადინეობებზე, როცა სკოლა ველზე გადიოდა და (საარტილერიო) ბატარეა, ტყვიამფრქვევები და ცხენოსანი ოცეული სწორედ რომ ცხენოსან მწყობრში გააჩნდა. გადაწყვეტილება აშკარად არასწორია. და მაინც რა, დიდი შრომით მოხერხდა იმის მიღწევა, რომ სკოლის უფროსისა და მისი თანაშემწისათვის ცხენები დაენიშნათ. ადიუტანტს კი მაინც არ მისცეს. ასე რომ, ველზე მეცადინეობისთვის, სკოლის უფროსს ბრძანებების გადაცემისთვის უნდა ჰყოლოდა ქვეითი ადიუტანტი, ან კიდევ უკანონობა ჩაედინა და ცხენიდან ჩამოესვა რომელიმე ჯარისკაცი, ვისაც ცხენი კანონით ეკუთვნოდა და სჭირდებოდა. მაინც ვერ მოვახერხე ამის დამტკიცება. სხდომის შემდეგ, როცა ვიშლებოდით, სამხედრო მინისტრმა ნ. რამიშვილმა მითხრა, რომ მე ბედმა გამიღიმა, რადგანაც შტატით 33 ცხენი დამიმატეს, რაც არავისთვის არ გაუკეთებიათ. „თქვენ კმაყოფილი უნდა იყოთ“ – მითხრა მან. „თქვენ მე ისე მეუბნებით, თითქოს სკოლა – ჩემი მამულია, რომლიდან შემოსავლებსაც მე ვღებულობ პირადად“, – ვუპასუხე მას. – „მე მხოლოდ მმართველი ვარ და შემოსავლებს კი თქვენ მიიღებთ; რაც უფრო უკეთ მოაწყობთ მას, ისიც მით უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, და მე კი მხოლოდ მმართველი გახლავართ“. აღწერილი მოვლენები საკმარისად ახასიათებს იმას, თუ რანაირი შრომით გვიხდებოდა სკოლის მოწყობა. ასე თუ ისე საქმე წინ მიდიოდა.
12 დეკემბერს, როგორც ყოველთვის, გვარდიის დღსასწაული საზეიმოდ აღინიშნებოდა. ამ აღლუმზე მთელი ჯარები იქნა გამოყვანილი. ამ აღლუმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად ციოდა, აღლუმის უფროსის გენ. გედევანიშვილის მიერ გაიცა ბრძანება, რომ მაზარების გარეშე გამოსულიყვნენ. თუმცა კი მე მწყობრში არ ვიდექი, არამედ მხოლოდ იქ დამსწრე ვიყავი, მაინც აღლუმზე პალტოს გარეშე გამოვედი, ვინაიდან ჩემთვის უხერხული იყო პალტოში ვყოფილიყავი, როცა ჯარისკაცები და ოფიცრები მაზარების გარეშე იყვნენ. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ გვარდია ამ აღლუმზე, აღლუმის უფროსის ბრძანების მიუხედავად, ნახევარქურქებში გამოვიდა; არმია კი, როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, მაზარების გარეშე გახლდათ. მე გავცივდი და ლოგინში ჩავწექი. ექიმებმა გოპაძემ, ალექსი-მესხიშვილმა და ჩვენი სასწავლებლის ექიმმა ლოგინში ორი კვირა გამაჩერეს და დაწყებული ფილტვების ანთება თავიდან ამარიდეს, რომელიც ჩემი ფილტვების სისუსტის გამო, საკმარისად საშიში იქნებოდა. დამახასიათებელის ისიც, რომ სამხედრო მინისტრის თანაშემწეცა და თავად აღლუმის უფროსიც, ორივე გედევანიშვილი, პალტოებში იყვნენ.
დადგა შობა. იუნკრებს მე 2-კვირიანი შვებულების ნება მივეცი, საჭირო იყო შვებულებაში ჯარისკაცებიც გაგვეშვა. მე ისინი 5 დღით გავუშვი. დათქმულ ვადაში შედარებით ძალზედ ცოტანი დაბრუნდნენ. დროზე არდაბრუნებულნი, რა თქმა უნდა, დასჯილ იქნენ. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სულ არ დაბრუნდნენ და, ადგილობრივ ხელისუფლებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემ მიერ დაჟინებით მიწერილი წერილების მიუხედავად, მათი დაკავება მაინც ვერ მოხერხდა . . . . . . . . . . . . . . . . . . მე ჯარისკაცი და ამჯერად დათქმულ ვადაში არგამოცხადებულთა პროცენტი მეტად უმნიშვნელო აღმოჩნდა (აქ ხარვეზი თვითონ წიგნის ბეჭდურ ტექსტშია – ი. ხ.).
აღვნიშნავ კიდევ ერთ დაკვირვებას, რომ საერთოდ მთელი არმიისთვის გაწვეულთაგან უზარმაზარი პროცენტი ან სამსახურისგან სრულებით თავისუფლდებოდა ან კიდევ გადავადებას ღებულობდა. იყო ორი გარემოება, რომლებიც ძალზედ უწყობდნენ ხელს სამსახურისგან თავის არიდებას. პირველი – ეს გახლდათ ფიზიკური განვითარებისთვის შეუსაბამო გაწვევის წელი (ასაკი); სამსახურში იწვევდნენ 20-წლიანებს. უნდა ვიფიქროთ, რომ 1914–1918 წლების ომმა და რევოლუციამ გასაწვევთა ფიზიკური განვითარება დააბრკოლეს. მე ამას საკითხის არასწორ გადაწყვეტად მივიჩნევდი, და მიუხედავად იმისა, რომ სკოლისთვის გაწვეულთაგან მსმენელებს იქ მივლინებული სკოლის ოფიცრები არჩევდნენ, მაინც სკოლაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი აღმოჩნდა ისეთი ჯარისკაცებისა, რომლებიც ბავშვების შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ჯერ კიდევ სრულად ვერ ჩამოყალიბებულნი, რა თქმა უნდა, ისინი უფრო მეტად ექვემდებარებოდნენ სნეულებებს სამხედრო მომზადების ძნელ პირობებში, და კიდევ კმაყოფის შეზღუდულად მიღების დროსაც. მეორე გარემოება, ეს გახლავთ ჯარისკაცების მიერ ისეთი მოწმობების მიღების სიიოლე, რომლებიც მათ ან სრულიად ათავისუფლებდა ან კიდევ მათ მიერ სამხედრო ვალდებულების აღსრულებას გადაუვადებდა. ჰოსპიტალში ან ადგილობრივ საჰოსპიტალო დაწესებულებაში მოხვედრილი თითქმის ყოველი ჯარისკაცი ბრუნდებოდა მოწმობით, რომელიც უკეთეს შემთხვევაში მას 1-დან 3 თვემდე შვებულების უფლებას აძლევდა. რა თქმა უნდა, ამას არ შეიძლებოდა მუშაობის წარმატებისთვის შეეწყო ხელი.
ჯარისკაცებს მიცემული პური არ ჰყოფნიდათ. მე არაფრით არ შემეძლო საქმეს მივშველებოდი. ჩვენთან სკოლაში გამოჩნდა აზრი, ვისარგებლებდით რა პურისსაცხობი ღუმელებით, თვითონ გამოგვეცხო პური, და ვისარგებლებდით რა ამ ღუმელებით, გამოგვეცხო პური ჯარისკაცებისთვის კუთვნილ კმაყოფაზე დამატებით რომ მიგვეყიდა. რა თქმა უნდა, ეს პური საბაზრო ფასთან შედარებით მნიშვნელოვნად უფრო იაფი იქნებოდა და რამდენად შესაძლებელიც იქნებოდა ჩვენ ჯარისკაცებს შევეშველებოდით, რომლებიც ყოველდღიურად დამატებით პურს სავაჭროში ყიდულობდნენ, რომელიც სკოლის პირდაპირ იმყოფებოდა. ჩემი თხოვნები და ზრუნვა ამაო აღმოჩნდა. თბილისში საერთო პურისსაცხობი იყო, რომლიდანაც მთელი გარნიზონი გამომცხვარ პურს ღებულობდა, ამასთან გვიხდებოდა ეს პური მიგვეღო და გვეჭამა, მიუხედავად იმისა, როგორი ცუდი ხარისხისაც ის არ უნდა ყოფილიყო. ჯარისკაცების პურით უზრუნველყოფის ეს ხერხი ვერ უძლებს კრიტიკას, ხოლო მობილიზაციის დროს კი გარნიზონის პურისსაცხობი მომზადებულ პურისმცხობელთა კონტინგენტის არარსებობის გამო ჩაფლავდა (села в калошу). ასეთი და კიდევ უფრო უარესი სურათი გახლდათ ხორცთან დაკავშირებითაც. ასევე იყო ერთი მოიჯარადრე და ეს ბატონი იძლეოდა იმას, რაც სურდა, ჩვენ კი საჭირო იყო აგვეღო. ყველაზე უფრო კურიოზული ის გახლდათ, რომ კონტრაქტი სამხედრო-სამეურნეო კომიტეტში იმყოფებოდა, სადაც ჩვენ ყოველთვის საჩივრებით მივმართავდით, მაგრამ ჩვენი მიმართვები უნაყოფოდ რჩებოდა. ბოლოს, რამდენიმე დაჟინებული თხოვნის შემდეგ მოვახერხე კონტრაქტის ასლის მიღება. ამან ვერ გვიშველა. მოიჯარადრე ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს არ ასრულებდა და პირდაპირ გვიცხადებდა: „არ გინდათ აიღოთ ის, რასაც გაძლევთ, ნუ აიღებთო“. კონტრაქტის რედაქციაც არ ვარგოდა და ზოგიერთ პუნქტში კამათებს იწვევდა.
ცხოვრება მიედინებოდა, დღეები დღეებს მუშაობასა და შფოთვა-წუხილში, შფოთვა-წუხილსა და მუშაობაში მიჰყვებოდა. მახსოვს, ამ ზამთრის განმავლობაში არაერთხელ გაგვაფრთხილეს თბილისში ბოლშევიკების გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ. როგორც ჩანდა, დაზვერვის ეს დარგი გვარდიის მთავარი შტაბის ხელში იყო. ჩვეულებრივ ჩემთან მოდიოდნენ ამ შტაბის წარმომადგენლები და მატყობინებდნენ, რომ „დღეს მოსალოდნელია ბოლშევიკების გამოსვლა“ და რომ, აქედან ამომდინარე, საჭიროა ზომების მიღება. ჩვენ ვღებულობდით ზომებს, გარეშემო და ტელეფონთან ვაყენებდით გუშაგებს, ვახდენდით განწესებს, ვაყენებდით მორიგე ოცეულებს და სხვა. ზემდგომი უფროსები ჩემს ბინაში იკრიბებოდნენ და ჩვენ ჩემს კაბინეტში ვფხიზლობდით, მზადყოფნაში რომ ყოველ წუთს იარაღზე გვეტაცა ხელი: ღამის განმავლობაში შემოწმების მიზნით ჩვენ დავივლიდით ყველა ეზოს, სადგომსა და სათავსოს. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ცხოვრებაში, იმ დღეს, როცა ბოლშევიკები სკოლას დაესხნენ თავზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის გავუფრთხილებივართ.
ამასობაში სკოლა გაძლიერებით მეცადინეობდა და პოპულარობის შეძენაც დაიწყო. იუნკრები და ჯარისკაცები, ყოველთვის სუფთად ჩაცმულნი, ყოველთვის დისციპლინირებულნი, თავაზიანები და მხედრულად გამართულები, სამხედროების ყურადღებასაც იქცევდნენ და არასამხედროებისაც. ჩვენს უფროსობას არაერთხელ მოუყვანია ჩვენთან უცხოელები სკოლის ჩვენების მიზნით. ჩვენთან ბევრჯერ ყოფილან ინგლისელებიცა და ფრანგებიც. ამ უცხოელებს შორის მე მახსოვს ხმელთაშუა ზღვაში ინგლისელთა ესკადრის უფროსი; მან ყველა შენობა მოიარა; შევიდა სამზარეულოშიც, სადაც დიდი სიფრთხილით გასინჯა იუნკრების საჭმელი. ჩვენ გვესტუმრა გაზეთ „ლე ტამის“ რედაქტორი მ. ჟანტიზონი. ერთხელ შეგვატყობინეს, რომ ჩვენთან მოვიდოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენ. ალი-აღა შიხლინსკი. იგი იყო ჩვენთან; რამდენიმე საათს დაჰყო და მეტად კმაყოფილი დარჩა; განსაკუთრებით მას იუნკრებისა და ჯარისკაცების ერთობლივი მეცადინეობა მოეწონა, სადაც იუნკრები ჯარისკაცებს ასწავლიდნენ და იმავე დროს თვითონაც საინსტრუქტორო საქმეს სწავლობდნენ. ამავე ზამთრის განმავლობაში ჩვენ გვესტუმრა სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენ. ოდიშელიძე. მან ჩვენთან დილის 10 საათიდან ნაშუადღევის 3 საათამდე დაჰყო. დაიარა სადგომები და სათავსოები, ესწრებოდა როგორც იუნკრების მეცადინეობებს, ისე მომავალი უნტერ-ოფიცრებისაც. მგონი, 1920 წლის მარტში გენ. ოდიშელიძე საზღვარგარეთ იქნა მივლინებული.
(გაგრძელება იხ. ნაწილი IV)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment