Tuesday, March 31, 2020

გიორგი კვინიტაძე – „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“, პარიზი, 1985


(ნაწილი V) 




ბათუმის დაკავება 

პოლკოვნიკი სტოქსი ჩამოვიდა და გადმომცა, რომ ბათუმის ოლქი ჩვენ გადმოგვეცემა. ამასობაში ჩვენს ჯარებს, რომლებიც აჭარის საზღვროს გაყოლებაზე იდგნენ, ყველგან თავიანთ წინ ჰყავდათ აჭარლები, რომლებიც სანგრებში იყვნენ ჩამსხდარნი. მე უკვე ვამბობდი, რომ აჭარლები ჩვენს წინააღმდეგ თურქების მიერ იყვნენ განწყობილნი და წაქეზებულნი, აგრეთვე ჩვენს წინააღმდეგ მათზე გავლენას ახდენდნენ ბეგები და სასულიერო წოდება, და ადგილობრივი ინგლისელი ხელისუფალნიც. სტოქსის ჩამოსვლის შემდეგ უკანასკნელი იხსნებოდა, ჩვენთვის სასურველიც კი შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ ეს სასურველობა იმით კარგავდა ძალას, რომ ინგლისელები ბათუმის ოლქის ტერიტორიას ტოვებდნენ, და ამ გარემოებას ინგლისელების კეთილი სურვილები ნულამდე დაჰყავდა. ამრიგად წინ გვქონდა ძნელი ოპერაცია და მეტად დელიკატურიც. საჭირო იყო დაგვეკავებია ბათუმის ოლქი, მაგრამ ისე, რომ არ მომხდარიყო სისხლიანი შეტაკება. ამას მოითხოვდა პოლკ. სტოქსი. უკანასკნელი გადაიქცეოდა ომად და შექმნიდა რთულ პოლიტიკურ ვითარებას, რომელსაც თავის წიაღში ყველაზე უფრო მოულოდნელი შედეგები ექნებოდა დაფარული. ჩვენ ვიერთებდით აჭარლებს, როგორც ჩვენს თანატომელებს და შეიძლებოდა ისეც მომხდარიყო, რომ ამ თანატომელებს ღიად და იარაღით ხელში ჩვენთან შემოერთება არ უნდოდათ. ეს გარემოებები მახალისებდა პირადად მეხელმძღვანელა ოპერაციისთვის, ნახევრად სამხედროსი და ნახევრად პოლიტიკურისა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ.

პოლკ. სტოქსის განცხადების თანახმად, ჩვენ ბათუმში 7 ივლისს უნდა შევსულიყავით. აჭარის საზღვრის გადალახვა შეგვეძლი 1 ივლისს. მე არ ვიცი, როგორი მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ ინგლისელი ხელისუფალნი. იყო თუ არა აქ მათი სურვილი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი თავდაპირველი შესვლისას 1 ივლისს სისხლიანი მოვლენები გათამაშდებოდა, დაგვხმარებოდნენ ჩვენ თავიანთი გავლენით, ჯარებითაც და ფლოტითაც; ან კიდევ შესაძლოა, ეს გაკეთებული იყო იმ სურვილით რომ ენახათ, თუ როგორ მოეკიდებიან ამას აჭარლები, და შემდეგ ზუსტად საწინააღმდეგოდ ემოქმედათ. ეს ჩემთვის საიდუმლო გახლდათ. მე მზად უნდა ვყოფილიყავი ამ ორივე შესაძლელობისთვის. ამიტომ გადავწყვიტე წინდახედულად მემოქმედა, მზად ვყოფილიყავი და საზღვრის გადალახვის მომენტში თვითონ იმ ადგილზე დავსწრებოდი. ამასთან ერთად ვთხოვე პოლკ. სტოქსს ჩვენი თავდაპირველი შეჭრისას ჩვენთან ერთად ყოფილიყო. მან სრული მზადყოფნა გამოხატა. ამ ოპერაციის მომზადებისთვის გენ. მდივანი, ჩვენი წარმომადგენელი ბათუმში და ინგლისურ საოკუპაციო ხელისუფლებასთან, გამოვიძახე ნატანებში, სადაც მეც გავემგზავრე ჩვენი ოპერაციის ყველა დაწვრილებითი ამბის (все подробности) დეტალურად დადგენის მიზნით.

აქ მცირედით უკან დავიხევ. როგორც კი ცნობილი შეიქნა, რომ ბათუმი ჩვენ გადმოგვეცემა, გენ. მდივანმა ბათუმის დაკავების თავისი პროექტი გამოგვიგზავნა, და სახელდობრ, რომ ჩვენ ბათუმი ზღვიდან უნდა დაგვეკავებინა, გადავსხამდით რა იქ დესანტს, რომელსაც ფოთში ჩავსხამდით გემებში. ამ საკითხის გამო ეროვნული თავდაცვის საბჭოში დებატებიც კი გაიმართა, მაგრამ მე შევძელი საბჭო დამერწმუნებია იმაში, რომ ეს ხერხი ძნელად შესასრულებელია, თან განსაკუთრებით დელიკატურიც და საკუთარ თავში დიდი რაოდენობით მოულოდნელობებსაც ინახავს, ვიდრე სახმელეთო გზით შესვლა. მე არ ვილაპარაკებ ყველა დაწვრილებით ამბავზე, თუ რატომ არის ეს ასე, მაგრამ ვიტყვი ერთს, რომ სადესანტო ოპერაცია ყოველთვის უფრო ძნელი და დელიკატურია, ვიდრე სახმელეთო გზით მოქმედებები. დაუშვით ერთი შესაძლებლობა, რომ დესანტის ჩასხდომისა და ზღვაში გასვლის მომენტში აჭარლები შეტევაზე გადმოსულიყვნენ. უეჭველია, რომ ამ მომენტში თქვენ არ გეყოლებოდათ მთელი ის ჯარები, რომლებიც ზღვაში გავიდნენ; ხოლო ჩვენ კი ისეთი რაოდენობის ჯარები არ გვყავდა, რომ ასეთი ფუფუნება დაგვეშვა. გენერალ მდივანს მე დიდი ხანია ვიცნობ. ეს საყვარელი და მომხიბლავი ადამიანია პირად და სამსახურეობრივ ურთიერთოებში. ომის წინ იგი სახელგანთქმულ ერევნის გრენადერთა პოლკს მეთაურობდა, რომელთან ერთადაც დასავლეთის ფრონტზე გავიდა. დასავლეთის ფრონტზე მისი საბრძოლო საქმიანობის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგანაც მოწმე არ ვყოფილვარ. 1915 წელს იგი დანიშნულ იქნა ბრიგადის მეთაურად, დივიზიის მეთაურის თანაშემწედ, იმ დივიზიისა, სადაც მე შტაბის უფროსად ვიყავი. იგი ჩვენთან გახლდათ ძალზედ მოკლე ხანს, როცა არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ წარმოებდა. შემდეგ იგი დანიშნულ იქნა კავკასიის მე-4 კორპუსის შტაბის უფროსად და 1916 წლის ზაფხულში გენერალ დე-ვიტის ეს კორპუსი გალიპოლიის არმიის მოგერიებაში მონაწილეობდა, რომელიც კავკასიის ფრონტზე იყო გადმოყვანილი და არზრუმისკენ სამხრეთიდან შემოჭრას ცდილობდა. ჩვენი რაზმი კი 2 ქვეითი დივიზიისა და პლასტუნების ერთი ბრიგადისგან შედგებოდა. ამ რაზმმა ბრძოლების დასაწყისში წარუმატებლობა განიცადა და უკან იხევდა, როცა ჩემი უფროსი გენ. ვორობიოვი, გენ. იუდენიჩის ბრძანებით, ამ რაზმის მეთაური შეიქნა. მე ავტომატურად ამ რაზმის შტაბის უფროსის მოვალეობათა აღსრულებას შევუდექი. ჩვენ მოვახერხეთ საქმის გამოსწორება და, გადავედით რა შეტევაზე, არაერთხელ ვაგემეთ დამარცხება მოწინააღმდეგეს. ამრიგად ჩვენ მე-4 კორპუსის გვერდით ვმოქმედებდით, სადაც შტაბის უფროსად გენ. მდივანი გახლდათ, და უნდა ვაღიარო, რომ იმ დროს, როცა ჩვენთან შტაბში არცთუ იშვიათად მეტად უკმაყოფილონი ვიყავით ჩვენი მარჯვენა მეზობლის მოქმედებებით, ჩვენი მარცხენა მეზობლისგან, სახელდობრ კი მე-4 კორპუსისგან განსხვავებით, ჩვენ არაფრის თქმა არ შეგვეძლო და ეს კორპუსი მეტად გეგმაზომიერად და წარმატებით მოქმედებდა, რაც არ შეიძლება დამსახურებად არ ჩავუთვალოთ მის შტაბს, რომლის უფროსიც იყო გენ. მდივანი. 1918 წელს გენ. მდივანი გენ. ლებედინსკის მიერ ბათუმში იქნა დანიშნული, სადაც კომენდანტად იყო გენ. ალექსანდრე გედევანიშვილი. ტყვეობას მან თავი აარიდა და თბილისში ჩამოვიდა; დიდხანს საქმეებს ჩამოშორებული გახლდათ. სომხეთთან ჩვენი ომის წინ იგი სამხედრო მინისტრის მეორე თანაშემწედ იქნა დანიშნული და მისი საქმიანობის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგანაც თადარიგში გახლდით. შემდეგ იგი ბათუმში ჩვენს წარმომადგენლად დაინიშნა და ჩვენ იმ ოპერაციის გამო შევხვდით ერთამეთს, რომელსაც აღვწერ. გამოვიძახე რა იგი ნატანებში, მე ვაგონში გენ. იოსებ გედევანიშვილიც მოვიწვიე, დავუხატე მათ ვითარება და მომავალი ოპერაციის გეგმა და იქვე, რათა მომავალში რაიმენაირი გაუგებრობა არ მომხდარიყო, ორივეს მომავალი აღსრულების მთელი დეტალების ერთი და იგივე ტექსტი ვუკარნახე (продиктовал обоим один и тот же текст всех деталей предстоящего исполнения). გავარკვიე რა ყველა საკითხი, თბილისში დავბრუნდი.

დასახული გეგმის თანახმად, გენ. იოსებ გედევანიშვილის ჯარების ნაწილი რკინიგზასთან უნდა მისულიყო და ვაგონებში ჩამსხარიყო; მათ უცხადებდნენ, რომ ფოთში მიდიან. შემდეგ 1 ივლისის განთიადზე ნატანების ხიდთან ინდოელების ყარაული უნდა შეგვეცვალა, ხოლო იოსებ გედევანიშვილის ეშელონები კი ბათუმისკენ მატარებლით უნდა წასულიყვნენ, ამასთანავე მათ თავში და ურთიერთ შორის ჯავშნოსანი მატარებლები ეყოლებოდათ. ჩვენი ჯარების მიერ ამ დღეს მისაღწევი ადგილის დანიშვნისას მე მივუთითე ქობულეთი. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევდა ჩვენი ჯარები ცნობილი ძლიერი ციხისძირის პოზიციის ზურგში გვყოლოდა იმ შემთხვევაში, თუ აჭარლები ჩვენთან საბრძოლველად ამ პოზიციის დაკავებას მოინდომებდნენ. რკინიგზის გაყოლებით საგუშაგოები გვარდიისა და არმიის მიერ უნდა ყოფილიყო დაკავებული, ხოლო გენ გედევანიშვილის ჯარების ნაწილი საზღვრებზე უნდა დარჩენილიყო იმ აჭარელთა წინააღმდეგ, რომლებსაც სანგრები ეკავათ.

1 ივლისის გამთენიისას მე ადგილზე ვიყავი, საზღვარზე ვიდექი და ჯავშნოსან მატარებლებსა და ეშელონებს ვატარებდი. ეშელონებში ქვემეხები სრულ მზადყოფნაში იდგნენ, რათა პლატფორმებოდან, ან მიწაზე სწრაფად გადმოტანით დაუყოვნებლივ ცეცხლი გაეხსნათ.

ჩვენთან ახლოს აღმოჩნდა ბათუმიდან წამოსული კოპალი, ჟურნალისტი; ესწრებოდნენ აგრეთვე პოლკ. სტოქსი და ღამბაშიძე, რომელიც პოლკ. სტოქსს ლონდონიდან თან ახლდა. ეშელონები ყოველ 15 წუთში მდუმარედ ჩვენს შორიახლოს გადიოდნენ; ინდოელები თავიანთ ნივთებს აგროვებდნენ და მათთვის მომზადებულ ვაგონებში სხდებოდნენ. ჩვენ ყველანი უკანასკნელი ჯავშნოსანი მატარებლით უნდა დავძრულიყავით. ყველაფერი მდუმარედ ხდებოდა; საზეიმოდ მდუმარე ვითარება შეიქმნა. მე ხიდზე ვიდექი და ველოდი, ხომ არ მოხდება გასროლა, ეს მაუწყებელი შეიარაღებული შეტაკებისა. მაგრამ, დიდება უფალს, ყველაფერი წყნარად იყო. დამშვიდებულმა, მე კოპალის მივმართე თხოვნით ექსპრომტად ლექსი ეთქვა. მან ქართულად მოახდინა დეკლამირება. ჩვენ ყველას უეცრად გამოცოცხლებული განწყობა დაგვეუფლა. ლექსი ძალზედ დროული გახლდათ (Стих был очень удачен). ცხადია, ის ჩვენ პოლკ. სტოქსს არ გადავუთარგმნეთ – „დადგა ივლისი, მიდის ინგლისი“.

შემდეგ ჯავშნოსანი მატარებლით ქობულეთში ჩავედით. აქ ჯარები უკვე (ვაგონებიდან) ჩამოსხდნენ და ბანაკად დადგნენ. მე მოვიარე ნაწილები, ხოლო შემდეგ კი ერთ-ერთმა ოფიცერმა ყველას ჩვენ საერთო ჯგუფად სურათი გადაგვიღო. დავრწმუნდი რა, რომ ყველაფერი სასურველად მიდის, რომ აჭარლები მტრულ დამოკიდებულებას არ იჩენენ და რომ ჩვენთვის აუცილებელი და მომგებიანი პუნქტები ჯარების მიერაა დაკავებული, მე თვილისში დავბრუნდი.

4 ივლისამდე, ჩვენი შემდეგი ნახტომის დღემდე, ოკუპირებული აჭარის რაიონში (в районе оккупированной Аджарии) ყველაფერი წყნარად და მშვიდად იყო. როგორც ჩანდა, აჭარლებმა წინააღმდეგობაზე ხელი აიღეს. ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომლებიც გვიმოწმებდა, რომ აჭარლებს შორის ხდება განხეთქილება, რომ ბევრი აჭარელი, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ სანგრებში იმყოფებოდნენ, იარაღს ჰყრიდნენ და თავიანთ მშვიდობიან საქმიანობას უბრუნდებოდნენ.

4 ივლისს ჩვენ ბორცხანაში დასახული გადასვლა მოვახდინეთ. მე პოლკ. სტოქსის თანხლებით იქ გახლდით და ჩვენ გოგუაძის ჯავშნოსანი მატარებლით ვმგზავრობდით. ისევ ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართა. ჩვენ ჩავედით ბორცხანაში. ჯარები (ვაგონებიდან) ჩამოსხდებოდნენ და ბანაკად დგებოდნენ. მე თანმხლები პირებით ბაღში შევედი, სადაც რესტორანი იმყოფებოდა. ჩვენ საღამოს აქეთ არაფერი გვეჭამა. ამ დროს მოვიდა გენ. მდივანი და ჩვენ ყველანი სუფრას მივუსხედით. ჩვენ ვჭამდით, როცა რესტორნის ჭიშკარს მოადგა ავტომობილი, რომლიდანაც ორი ინგლისელი ოფიცერი გადმოვიდა. 

ბათუმიდან ჩამოსულებმა მითხრეს, რომ ეს ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი გენერალი კუკოლისია. ნათელი იყო, რომ იგი ჯარებთან შესახვედრად ჩამოვიდა. ჩვენ სუფრიდან ავდექით, და მე მის შესაგებებლად გავემართე. არ ვიცი, განზრახვით თუ არა, მან ხელი დაუდევრად ჩამომართვა, გვერდის ავლით, და გენ. მდივანსა და სხვებს მიუახლოვდა, რომლებსაც მეტად თავაზიანად მიესალმა და მათთან საუბარიც დაიწყო. მე მაგიდას დავუბრუნდი, მას დავეყრდენი და ლოდინი დავიწყე. მთავარსარდლის მიმართ ასეთ არათავაზიანობაზე რეაგირება უნდა მომეხდინა. მე თავაზიანი ვიყავი, მის შესაგებებლად წავედი და უეჭველად ვთხოვდი მას სუფრასთან მოსულიყო. ძალზედ ვწუხვარ, რომ ეს არ მოხდა. დროის რაღაც შუალედის შემდეგ მან თარჯიმნის მეშვეობით რამდენიმე კითხვით მომმართა, მე მშრალად ვპასუხობდი. კითხვები და პასუხები შემდეგ ხასიათს ატარებდა, ერთ ან ორ მაგალითს მოვიყვან: „კმაყოფილია თუ არა გენ. კვინიტაძე ჯარების განთავსებით?“ „ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ“, – ვპასუხობდი მე. „რამდენი ჯარის შეყვანას ვარაუდობს გენ. კვინიტაძე ბათუმში?“ „იმდენის, რამდენიც საჭირო იქნება“, – ვპასუხობდი მას. „მე გეკითხებით“, – განაგრძობდა გენ. კუკოლისი, – „რათა ვიცოდე, საკმარისი სადგომები იქნება თუ არა მათთვის“. „თუ ყაზარმებში საკმარისი არ იქნება“, – ვპასუხობდი, – „მაშინ ბანაკად დადგებიან“. მსგავსი საუბარი, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო, და იგი გაემგზავრა. პოლკ. სტოქსმა საღამოს, როცა შემხვდა, მკითხა, თუ რა მოხდა ჩემსა და გენ. კუკოლისს შორის. მე მას დაწვრილებით ავუხსენი. როგორც ჩანს, იგი ჩემი პასუხით დაკმაყოფილდა. როცა ჩვენ ბათუმში შევედით, გენ. კუკოლისი აღლუმის დროს ჩემდამი მეტად ყურადღებიანი გახლდათ და, როცა მასთან ერთობლივად ინგლისურ და ჩვენ ჯარებს ჩამოვუვლიდით, იგი ყოველთვის აღლუმის მიმღების მდგომარეობაში მაყენებდა. იგი ცხენზე იჯდა; მე ქვეითად ვიყავი, ვინაიდან მანამდე არასწორად გადმომცეს, რომ ქვეითად უნდა ვყოფილიყავი. ხედავდა რა ამას, გენ. კუკოლისიც ჩამოქვეითდა. საღამოს რაუტზე მე მის გვერდით დამსვეს. ვცდილობდი ასევე მასთან თავაზიანი ვყოფილიყავი. შემდეგ დღეს ღამბაშიძემ დამარწმუნა მას გემზე ვიზიტით ვწვეოდი. მე მას ღამბაშიძესთან ერთად ვესტუმრე. მან მე უწინდებურად მიპასუხა. მიმიღო გემბანზე, სადაც იგი იმ მომენტში იმყოფებოდა, არ უთხოვია დავმჯდარიყავი, არც კაიუტ-კამპანიაში დავუპატიჟივარ. მე გულში ძალზედ ვბრაზობდი ღამბაშიძეზე, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი, ეს აბი უნდა გადამეყლაპა. იმავე ან მომდევნო დღეს მე გახლდით კრეისერზე, სადაც ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორს ვახლდი, რომელიც მთავრობის თავმჯდომარეს წარმოადგენდა. ამჯერად ჩვენ კაიუტ-კამპანიაში მოვხვდით, სადაც, მგონი, ჩაი და ვისკი შემოგვთავაზეს.

7 ივლისს ჯარები ბათუმში შევიდნენ. ქალაქის შესასვლელში, რომელიც თაღით გახლდათ მორთული, ჯარებს მრავალრიცხოვანი დეპუტაციები პურითა და მარილით დახვდნენ. მე ვღებულობდი მოსალმებებსა და პურ-მარილს. შემდეგ ქალაქში შესვლა დავიწყეთ. უკვე გარკვეული მანძილი რომ გავიარეთ და ქალაქში შევედით, ჩვენ დაგვხვდნენ დამფუძნებელი კრების წევრები ისიდორე რამიშვილის მოთავეობით. მან მე მისასალმებელი სიტყვით მომმართა. მე ცხენიდან ჩამოვედი. შემდეგ ჩვენ მარშს ვაგრძელებდით. ხალხი ქუჩაში გამოეფინა და მთლიან კედლად იდგა. ტროტუარიდან, ფანჯრებიდან, აივნებიდან, ყოველი მხრიდან ყვავილებს გვესროდნენ. პირადად მე რამდენიმე თაიგული მივიღე; ახალგაზრდა ქალიშვილები ჩემთან მოდიოდნენ და დარცხვენით ყვავილებს მაძლევდნენ. როცა ცხენზე ამხედრებული ქუჩაში მივდიოდი, მე ბრბოში უეცრად ჩემი ძველი ნაცნობი ქალი დავინახე, რომელსაც ჯერ კიდევ რუსეთ-იაპონიის ომიდან ვიცნობდი და სელედის გუბერნიის ქალაქ ბელში ვხვდებოდი. ეს გახლდათ ელისაბედ ლევის ასული პლეშჩეევა. მე ცხენი შევაჩერე და მას გამოველაპარაკე, შემდეგ კი გზა გავაგრძელე. იგი შემდეგ შეხვედრისას მეუბნებოდა: „გიორგი ივანეს ძევ, თქვენ ისევ ისეთი დარჩით, როგორიც მე მახსოვხართ; ისეთივე მანერები, ცხენიც კი ისევე გააჩერეთ და მე დამელაპარაკეთ, როგორც ამას ადრე ყოველთვის აკეთებდით, როცა თქვენ თქვენი ცხენით დაჯირითობდით“. „თქვენ იცით“, – აგრძელებდა იგი, – „თქვენ ბრბოში ჩემი ფონდები მაღლა ასწიეთ, ყველას უკვირდა, ეს ვის ესაუბრება მთავარსარდალიო“. ჩემთვის კი უბრალოდ სასიამოვნო გახლდათ შეხვედრა ნაცნობ ქალთან, რომელიც 15–16 წელი არ მენახა და რომლის მშობელთა სახლშიც ხშირად ვყოფილვარ.

შემდეგ იყო აღლუმი, რომელიც 6 საათზე იყო დანიშნული. ჯარები შპალერებად გახლდნენ მოწყობილი იმ ქუჩის გასწვრივ, რომელზედაც ციხესიმაგრის კომენდანტის სახლი იმყოფებოდა. ამ სახლის მახლობლად ორი ბოძი იყო აღმართული, რომლებზედაც ინგლისისა და საფრანგეთის დროშები ფრიალებდა. ზარბაზნების სალუტისა და ჰიმნების ქვეშ ეს დროშები დაბლა ჩამოუშვეს და იმ ბოძზე, სადაც ინგლისის დროშა ფრიალებდა, ჩვენი მშობლიური ეროვნული დროშა იქნა აღმართული, რომლის ჟოლოსფერი ველის კუთხეში ლამაზად გამოიყოფოდა თეთრი და შავი ფერები, სიხარულისა და მსხვერპლის სიმბოლო შინდისა და ჟოლოსფერ ბრძოლის ველზე. იყო თუ რის გამოც უნდა მოვსულიყავით აღტაცების მდგომარეობაში. აღტაცებული შეძახილები ჰაერს არხევდა და სალუტის გრუხუნისა და მუსიკის ბგერებს ახშობდა. გენერალი კუკოლისი მილოცავდა, მე მას მადლობას ვუხდიდი. შემდეგ დაიწყო ცერემონიული მარში. ჯარებმა ჩვენი მთავრობის თავმჯდომარის ევ. პეტრ. გეგეჭკორის შორიახლოს ჩაიარეს და სალუტი მისცეს. ყველაფერი გამოცოცხლებული გახლდათ. ყველა ქუჩაზე სიხარული იყო. ამ დღეს, როცა ქალაქში შევდიოდით და აღლუმის დროსაც, მე ვნახე ცრემლები ბევრი ქართველის სახეზე – ბათუმის ძველი მაცხოვრებლებისა.

ჩვენი ჯარების ჩავლის შემდეგ გენ. კუკოლისმა მთხოვა სხვა ადგილას დავმდგარიყავი და ჩემს წინ ინგლისური ჯარები ჩამეტარებია, ხოლო თვითონ კი მათ სათავეში ჩაუდგა. აღლუმის შემდეგ ტანსაცმლის გამოცვლა ძლივს მოვასწარი, რათა ბანკეტზე მოვხვედრილიყავი. ეს ბანკეტი თითქმის დილამდე გაგრძელდა.

შემდეგ დღეს ევ. პეტრ. გეგეჭკორმა თან წამიყვანა და ჩვენ ჯავშნოსანი ხომალდისკენ გავემგზავრეთ ინგლისური ესკადრის უფროსთან. ჩვენ პატივისცემის ნიშნები მოგვაგეს; გემბანზე ყარაული იყო მოწყობილი და ჩვენ შეგვხვდა ადმირალი, რომელმაც თავის სადგომში თავაზიანად მიგვიპატიჟა, სადაც საქართველოს აყვავებისთვის ბოკალი შემოგვთავაზა. ევგენი პეტრეს ძემ უპასუხა, ხოლო შემდეგ კი ადმირალის თავაზიანი წინადადებით ჩვენ ჯავშნოსანი ხომალდი მოვიარეთ და მისი შეიარაღება დავათვალიერეთ. ზარბაზნებმა და საერთოდ ჯავშნოსანმა ევ. პეტრ.-სა და მის თანმხლებ დამფუძნებელი კრების წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მგონი, ევგენი პეტრეს ძემ, შესაძლოა, სხვა ვინმემაც იხუმრა, „ეს რა არის, თუ გვესვრიან – ვუპასუხებთ“. საქმე იმაშია, რომ ჩვენთან ფოთში როგორღაც რაღაცის გამო მოგვიხდა ინციდენტი ერთ-ერთ საზღვაო უფროსთან, მგონი, ინგლისელთან. მე დაწვრილებითი ამბები არ ვიცი, ვინაიდან მაშინ საქმეებს ჩამოშორებული გახლდით. და აი დაბომბვის მუქარაზე უპასუხეს ან უნდოდათ ეპასუხათ, ზუსტად არ ვიცი, სწორედ ეს ფრაზა: „ცეცხლს დაგვიშენთ, გიპასუხებთ“. ეს ჩვენი პატარა გამანადგურებლები უპასუხებენ.

ბოლოს, ჩვენ წამოსვლა დავაპირეთ. ჩვენთან იყო ღამბაშიძე. გემბანზე საპატიო ყარაული გახლდათ მოწყობილი. მე განზრახ ჩამოვრჩი ევ. პეტრ. გეგეჭკორს 12–15 ნაბიჯით, სწორედ მოწყობილი ყარაულის სიგრძეზე. და აი რატომ. ღამბაშიძემ რამდენჯერმე მითხრა, რომ პატივს ინგლისელები მომაგებენ მე როგორც სამხედროს, და არა ევგენი პეტრეს ძეს. მე ვეჭვობდი და ვვარაუდობდი, რომ ეს ეხება არა უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენელს, არამედ მთავრობის თავმჯდომარეს. აი ამიტომ შევყოვნდი, მივეცი რა დრო ევგენი პეტრეს ძეს რომ გაევლო. როცა მან ყარაულს ჩაუარა, მე წინ დავიძარი. როგორც კი ყარაულს მივუახლოვდი, ოფიცერმა, ყარაულის უფროსმა, რაღაც უბრძანა და მატროსებმა თოფები ააწკარუნეს და თავები ჩემსკენ მოაბრუნეს. ეს მათ არ გაუკეთებიათ, როცა მათ გეგეჭკორი მიუახლოვდა. ამით მე ღამბაშიძის სიტყვებში დავრწმუნდი, მაგრამ ინგლისის სამხედრო წეს-ჩვეულებებმა (ადათებმა) კი გამაკვირვა. აღმოჩნდა, რომ ისინი არასამხედროებს სამხედრო პატივს არ მიაგებენ.

როცა ჩვენ ჯავშნოსანი ხომალდისგან გამოვცურეთ, იქიდან ზარბაზნებით სალუტის მოცემა დაგვიწყეს და ყველამ ჯავშნოსანზე თავსაბურავთან ხელი მიიტანა, ხოლო ანძაზე კი ჩვენი დროშა აფრიალდა. ნავში მე ფეხზე ვიდექი და, რა თქმა უნდა, ხელი ჩემს თავსაბურავთან მქონდა მიდებული. გასროლები არ დამითვლია, მაგრამ ისინი როგორღაც ბევრი იყო; ალბათ, ოცამდე, თუ მეტი არა. იმავე დღეს საღამოს მე თბილისში გავემგზავრე.

ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად დანიშნულ იქნა თბილისის ქალაქის თავი ჩხიკვიშვილი, ხოლო სამხედრო ნაწილში მის თანაშემწედ – გენ. მდივანი. ჯერ კიდევ თბილისში ამ საკითხის განხილვის დროს ჩხიკვიშვილმა რჩევა მთხოვა, თუ ვინ აეყვანა თავის თანაშემწედ და გენ. იოსებ გედევანიშვილი დაასახელა. მე კატეგორიულად არ ვურჩიე. გენ. იოსებ გედევანიშვილი 15 წელიწადს სამხედრო არ ყოფილა, დაავიწყდა ის, რაც იცოდა, და რა თქმა უნდა, სამხედრო მიმართებაში ძალზედ ჩამორჩენილი გახლდათ. მე ვურჩიე გენ. მდივანი დაეტოვებინა, რომელსაც, მართალია, დიდი ხნის წინ, მაგრამ (მაინც) ბათუმის ციხესიმაგრის შტაბის უფროსის პოსტი ეკავა; შემდეგ იგი იქ 1918 წელს და ბათუმის ჩაბარების მახლობელ ხანებშიც იქ გახლდათ, იცის იქაური ადგილმდებარეობა, იცნობს ხალხს, მათ წარმომადგენლებს, და ბოლოს, სამხედრო მიმართებით შეუდარებლად მაღლა დგას გენ. იოსებ გედევანიშვილზე განათლებითაც, და სამსახურეობრივი გამოცდილებითაც. ჩხიკვიშვილი დამეთანხმა და გენ. მდივანი ბათუმის ოლქში შეყვანილი მთელი ჯარების უფროსად იქნა დანიშნული.

მინდა ერთი რამ აღვნიშნო. როცა თბილისში ბათუმში ჩვენი შესვლის შესახებ საკითხი განიხილებოდა, სამხედრო მინისტრს გრ. სპ. ლორთქიფანიძეს ძალიან აინტერესებდა, თუ რამდენად დიდხანს დავრჩებოდი ბათუმში, და სულ დაჟინებით მთხოვდა, რომ მე იქიდან რაც შეიძლებოდა სწრაფად გამოვმგზავრებულიყავი. თავიდან ეს ვერ გავიგე, თუ მას ეს საკითხი რატომ აინტერესებს, და მხოლოდ შემდეგ მივხვდი. მე რომ ბათუმში დავრჩენილიყავი, მაშინ მთავრობას არ ეცოდინებოდა, თუ გენერალ-გუბერნატორთან ჩემი როგორი ურთიერთობები დაემყარებია; მისი ჩემდამი დაქვემდებარება „მათი მოსაზრებებით“ არანაირად არ შეიძლებოდა, ხოლო მე თუ იქ დიდი ხნით დავრჩებოდი, მაშინ ეშინოდათ, რომ ჩემსა და მას შორის შეიძლებოდა კამათები მომხდარიყო. მე სამხედრო მინისტრი დავამშვიდე დაპირებით, რომ იქ ერთ ან ორ დღეზე მეტს არ დავრჩებოდი. ბათუმში გეგეჭკორმა ასევე მკითხა, მასთან ერთად ხომ არ გამოვემგზავრებოდი. მე მასთან ერთად ერთი მატარებლით გამოვემგზავრე. შესაძლოა, ვცდები ჩემს მოსაზრებებში, მით უკეთესი. მაგრამ სასურველი იყო მაშინ ნათლად გამოთქმული სურვილის, რომ მე იქ დიდხანს არ დავრჩენილიყავი, ნამდვილი მიზეზი მცოდნოდა. საერთოდ, ჩვენი მმართველი პარტია დაუშვებლად მიიჩნევდა, რომ მათი პარტიის წევრებიდან რომელიმე შეიძლებოდა სამხედროსადმი დაქვემდებარებული შექნილიყო. მგონი, როცა თბილისში დავბრუნდი, მივეცი განკარგულება დანარჩენ ჯარებს ბათუმის ოლქის ფარგლებში შესულიყვნენ. ამ დროისთვის აჭარლები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ სანგრებში ისხდნენ, სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. ჯერ კიდევ როცა ბათუმში ვიყავი, მე ერთი ბატალიონი აჭარის-წყლის დასაკავებლად გავგზავნე. ამასობაში ქისქინ-ზადე, აჭარული ჯარების მთავარსარდალი, რამდენიმე ათეულ თავის მომხრესთან ერთად თურქეთში წავიდა. სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ მე ბათუმის ოლქში გავემგზავრე, ჯარებისა და ოლქის შემოვლისა და მდგომარეობის ადგილზე გარკვევის მიზნით.

ჯარები ამ დროისთვის ოლქში დაუბრკოლებლად შევიდნენ და ართვინი, ბორჩხა და ხულო დაიკავეს. მოსახლეობა არანაირ არაკეთილმოსურნეობას არ იჩენდა. ბათუმიდან მე ავტომობილით ბორჩხას გავლით არტანუჯში ვიმგზავრე და იმავე დღეს ართვინში დაბრუნებაც მოვასწარი, სადაც ღამით ჩამოვედი და იქ ღამე ართვინის ოკრუგის თავაზიან უფროსთან, თავად პოლკ. წულუკიძესთან, ქართული ცხენოსანი პოლკის ყოფილ ოფიცერთან გავატარე. მომდევნო დღეს ბათუმში ვიყავი. არტანუჯში ამ მგზავრობისას სწორედ ამ ქალაქის წინ ავტომობილს შემემთხვა ინციდენტი. ჩვენ სოფლის გზით გორის ფერდობზე ავდიოდით, რათა შემდეგ ყაზარმებისკენ დავშვებულიყავით. ფერდობი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით, და ავტომობილი თანდათანობით მას ვეღარ უმკლავდებოდა, ხრამისკენ ჩაცურებაც დაიწყო. მე ვუბრძანე მანქანა გაეჩერებინათ, და ჩვენ ყველანი ჩამოვედით. შემდეგ ფეხით წავედით და ჯარისკაცები გამოვგზავნეთ მანქანის დასახმარებლად. ბათუმიდან გადავწყვიტე ბათუმის ოლქი ახალციხე-ბათუმის გზატკეცილით ხულოს გავლით გაგვევლო. ამასთან ერთად მინდოდა მთავრობის თავმჯდომარეს ვწვეოდი, რომელიც აბასთუმანში იმყოფებოდა. მე მქონდა ადგილი ავტომობილში, და ამ დროს ბათუმში მყოფ პეტია ქავთარაძეს შევთავაზე ჩემთან ერთად აბასთუმნის გავლით ბორჯომისკენ ემგზავრა. მან წინადადება სიამოვნებით მიიღო. ართვინიდან დაბრუნების შემდეგ ბათუმში მე თავისუფალი საღამო მრჩებოდა და მივიღე სიმონ გურგენის ძე მდივნისგან ვახშამზე მიპატიჟება, რომელსაც ჯოტო შერვაშიძე აწყობდა, და მას კი მე სრულებით არ ვიცნობდი. ძალიან არ მინდოდა ჩემთვის უცნობ ადამიანთან წავსულიყავი, მაგრამ სიმონ გურგენის ძე რამდენადმე განაწყენებული მომეჩვენა და ჩვენც გავემგზავრეთ. სტუმრებს შორის იყვნენ ჩხიკვიშვილი, პეტია ქავთარაძე და კიდევ ვიღაც, და ორი ქალბატონი. ვახშამი სხვა ასეთი ვახშმების მსგავსი გახლდათ.

მეორე დღეს მე ხულოს გავლით გამოვემგზავრე. გაჩერებას ყველგან ვაკეთებდი, სადაც იყვნენ ჯარები და იყო ლაზარეთები. ყველგან ვესაუბრებოდი ჯარისკაცებს და ისინი ყველგან ჩემზე შესანიშნავ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. მე მათთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებდა. ხულომდე არმისულმა, შევნიშნე მე-4 პოლკი, რომელშიც ბევრი ჯარისკაცი ფეხშიშველი იყო. ხულოშიც ასევე ვნახე პოლკები. ყველა ნაწილში ჯარისკაცებს სიტყვით მივმართავდი და ჩემი სიტყვა ასე მთავრდებოდა: გაუმარჯოს საქართველოს და „ვაშა“ ჩვენს მთავრობას. უკვე შებინდებისას ჩვენ გოდერძის უღელტეხილს მივაღწიეთ, სადაც მე-8 პოლკის ერთი ასეული ვიხილე. მათგან მე უკვე სიბნელეში გავემგზავრე და მე-8 პოლკს მივუახლოვდი, რომელიც გოდერძის უღელტეხილის ქვემოთ აღმოსავლეთით იყო განლაგებული და მელოდებოდა. ჩამოვუარე რა გზატკეცილის გაყოლებით შპალერებად მოწყობილ ასეულებს, მე მათ მივესალმე, შემდეგ კი ყველანი ერთად შევკრიბე და საკმაოდ გრძელი სიტყვით მივმართე. და აქაც ადამიანების ჩინებული განწყობილება ვიგრძენი. პოლკი ჩემს გარშემო იყო შეკრებილი; მე გზატკეცილის მახლობლად მცირე სიმაღლეზე ვიდექი და ავტომობილის ფარები მინათებდა. ჩემი სიტყვები იმით დავიწყე, რომ მათ კარგი ამბები მოვუტანე, და სახელდობრ ის, რომ ბათუმი ახლა ჩვენია, სისხლისღვრის გარეშე საქართველოსთანაა შემოერთებული. მე მათ გადავეცი ჩვენი წარმატებები ზაფხულის თვეების მანძილზე ოსეთში და განსაკუთრებით ჩვენს აღმოსავლეთის ფრონტზე, სადაც ჩვენ მოვახერხეთ არა მარტო მოგვეგერიებინა თავდამსხმელი ბოლშევიკები, არამედ დაგვემარცხენინა ისინი და ჩვენი საზღვრიდან აღსტაფისკენ განგვედევნა.

შემდგომში მე ერთ ქართულ გაზეთში წავიკითხე ერთი იქ მყოფის კორესპონდენცია, რომელიც აღწერდა ამ მოვლენას და (მკითხველს) ჰპირდებოდა შემდეგ წერილში მოეთხრო, თუ როგორ და რას ეუბნებიდა მათ, ჯარისკაცებს, მათი მთავარსარდალი და როგორ იყვნენ ჯარისკაცები აღტაცებულნი მისი ამ სტუმრობით. მაგრამ გაზეთის შემდეგ ნომრებში სრული დუმილი იყო, როგორც ჩანს, ზემოდან მიუთითეს.

შემდეგ მე აბასთუმანში გავემგზავრე, სადაც გვიან ღამით ჩავედი. (მანამდე) ტელეგრაფით შევატყობინე ადგილობრივ ადმინისტრაციას რომ ჩემთვის სადგომი გამოეყოთ. სასტუმროში ორი ნომერი გამომიყვეს, რომლებშიც იდგა თითო მაგიდა და ორ-ორი სკამი. საწოლები არ ყოფილა, და მათ ნაცვლად ხის ტახტები იდგა, რომლებზედაც არაფერი იყო გადაფარებული. ჩვენ იქ როგორღაც ღამე გავატარეთ და მეორე დღეს დილით მთავრობის თავმჯდომარესთან ვიყავი, რომელსაც გავუკეთე კიდეც დაწვრილებითი მოხსენება ყველაფრის შესახებ, რაც მოხდა ბათუმის ოლქში და რაც ვნახე. მე მას მოვახსენე, რომ ყველა სამხედრო პუნქტი ჩვენს ხელშია და რომ აჭარლები მტრულ დამოკიდებულებას არ იჩენენ. მისგან მაშინვე ბორჯომში გავემგზავრე. როცა ახალციხეს ვუახლოვდებოდით ჭამა მოგვინდა, და ჩვენ იქ შევედით. მე შემთხვევით ვისარგებლე და პოლკების ცაიხჰაუზები დავათვალიერე. შემდეგ როცა რომელიმე რესტორანში ვაპირებდით საჭმელად წასვლას, ჩვენ პოლკ. ოთხმეზურის მიერ მასთან სადილზე ვიქენით მიპატიჟებული. შემდეგ გამოირკვა, რომ მას ეს დაჟინებით დაავალა პეტია ქავთარაძემ. სადილის შემდეგ საღამოსკენ ბორჯომში ჩავედით, საიდანაც იმავე ღამეს მე თბილისში გამოვემგზავრე. დილით თბილისში ჩამოვედი, და საღამოს კი ჩემი ცოლი, რომელიც უკვე მშობიარე გახლდათ, კიკო მელიქიშვილის საავადმყოფოში დაწვა და ქალიშვილი დაბადა.

ორი-სამი დღის შემდეგ ისევ ბათუმში უნდა გავმგზავრებულიყავი. იქ მოხდა განგაში. მოხდა შემდეგი. გენ. მდივანს თავისი ჯარების ნაწილებით მოკრიალი უნდა დაეკავებინა. მე მას ვურჩევდი ამისთვის არ გამოეყენებია 1-ლი პოლკი, რომელიც ისედაც უკვე აქეთ-იქით იყო მიმოფანტული. მისი ერთი ბატალიონი აჭარის-წყალზე იდგა, ხოლო სხვა ორი კი ბათუმსა და ციხესიმაგრეში ყარაულების დაყენების საქმეს ძლივს აუდიოდნენ. უმჯობესი იყო მას ამისთვის მე-4 პოლკი გამოეყენებია, რომელსაც ხულოდან გამოიძახებდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ პოლკის ფეხსაცმელი ისეთ მდგმარეობაში იყო, რომ მისი დაძვრა მხოლოდ ექსტრენულ შემთხვევაში შეიძლებოდა. ჭოროხის იქითა მხარე კი, მართალია, ჩვენ არ გაგვევლო, მაგრამ იქ ყველაფერი მშვიდად იყო და ცოტ-ცოტად მკვიდრდებოდა ადმინისტრაცია. ჭოროხის იქითა მხრიდან შემოსასვლელები კი ჩვენს ხელში იყო, და სახელდობრ ბორჩხა, აჭარის-წყალი და სოფლები უკანასკნელიდან სამხრეთით, აგრეთვე ხიდი ჭოროხზე. დაზვერვა ამ მხარეში სრული სიმშვიდის შესახებ მოგვახსენებდა. გადაჭრით არანაირი საფრთხე არ იყო, მხარე მშვიდად გახლდათ. თუკი თურქები, რომელთანაც ჩვენ მშვიდობა გვქონდა შეკრული, შეეცდებოდნენ მის დარღვევას, რაზედაც არანაირი მითითებები არ ყოფილა, და მოინდომებდნენ ბათუმის ოკრუგის გამოვლით ჩვენს ფარგლებში შემოჭრას, ისინი ამით გამოიწვევდნენ ინგლისს, რომელმაც ჩვენ ბათუმის ოლქი გადმოგვცა. მათ მოუწევდათ შემოეტიათ ჩვენი რაზმებისთვის, რომლებიც ბორჩხაში, ართვინსა და არტანუჯში იყვნენ განლაგებული. სხვანაირად ისინი ვერ შეძლებდნენ მოქმედებას, რადგანაც თურქეთიდან გზები ზემოთ დასახელებული პუნქტების გავლით შემოდიოდა. ისეთ ადგილმდებარეობაზე, როგორიც აჭარაა, საოპერაციო ხაზების არჩევას გზები და ხეობები გვკარნახობენ. მათ შეეძლოთ, რაც თითქმის შეუძლებელი იყო, მოკრიალის გამოვლით ზღვის ნაპირის გამოყოლებით დაძრულიყვნენ, მოახდენდნენ რა ბორჩხას იგნორირებას. ამ შემთხვევაში ისინი არახელსაყრელ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, რადგანაც ბათუმის ციხესიმაგრეს მოადგებოდნენ, რომელიც ამასთან მდინარე ჭოროხით იყო დაფარული, და საკუთარ თავს საფლანგო დარტყმის საფრთხეში აგდებდნენ, ასევე ზურგში დარტყმისაც, ბორჩხისა და აჭარის-წყალის მხრიდან. ამრიგად მათი ძალების დაგროვება ჭოროხის იქითა მხარეში ართვინის, ბორჩხასა და აჭარის-წყალის ფლობის გარეშე მათთვის ძალზედ საშიში და დაუჯერებელიც გახლდათ. ამასობაში მოხდა შემდეგი.

(ჩვენებმა) მიმართეს დაზვერვას მოკრიალის მხარეს ბორჩხის მხრიდან და ეს დაზვერვა საზღვრიდან 3–4 ვერსზე რომელიღაც „მოწინააღმდეგეს“ წააწყდა; ვერც კი იქნა გამორკვეული, თუ ვინ იყვნენ ისინი, ყაჩაღები, აჭარელი კონტრაბანდისტები, თურქები თუ აჭარლები, რომლებიც ქისქინ-ზადესთან ერთად გაიქცნენ. ჩვენს მზვერავებს მთებიდან ფლანგში ცეცხლი დაუშინეს; ეს კერძო უფროსის უყურადღებობა (недосмотр) გახლდათ. და აი მე მივიღე ტელეგრამა აბასთუმნიდან მთავრობის თავმჯდომარისგან. მისი შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ კატეგორიული ბრძანება მეძლეოდა ჭოროხის იქითა მხარე გამეწმინდა და მოკრიალი დამეკავებინა. მე ვუპასუხე, რომ დაუყოვნებლივ მივემგზავრები ადგილზე და მაშინვე გავემგზავრე.

ბათუმში დილით ჩავედი და როგორც კი ვითარებაში გარკვევას შევუდექი, მაშინვე შემატყობინეს, რომ მთავრობის თავმჯდომარე მე და ჩხიკვიშვილს აპარატთან გვთხოულობს. მთავრობის თავმჯდომარესთან საუბარი ატარებდა შემდეგ ხასიათს. დარწმუნდა რა, რომ ჩვენ აპარატთან ვართ, თავმჯდომარე გვთხოვდა შემდეგ კითხვებზე გვეპასუხა. მე ისინი ზედმიწევნით არ მახსოვს, მაგრამ არსი შემდეგზე დაიყვანებოდა. იყო თუ არა გენ. მდივანი დანიშნული ბათუმის ოლქში განლაგებული მთელი ჯარების უფროსად, იცოდა თუ არა მან ამის შესახებ და შეეძლო თუ არა დამოუკიდებლად გადაედგილებინა ეს ჯარები. ამ კითხვებზე მხოლოდ დადებითად შეიძლებოდა მეპასუხა. „ახლა მოისმინეთ ჩემი ბრძანებები“, – აგრძელებდა მთავრობის თავმჯდომარე. ამას შემდეგ გასაოცარი ბრძანებები მოჰყვა. მე წინასწარ უნდა შეგატყობინოთ, რომ ჩვენთან ერთად აპარატთან ასევე მთავრობის თავმჯდომარის პირადი მდივანი გიორგი ცინცაძეც იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე ბრძანებას გვაძლევდა გენ. მდივანი თანამდებობიდან გადაგვეყენებინა და სხვა დაგვენიშნა, და მოკრიალიც დაგვეკავებინა; არ მახსოვს, ის კიდევ რას გვიბრძანებდა. თავისი ბრძანებები მან დაიწყო პუნქტით, რომელიც მის მდივანს ცინცაძეს მისი ბრძანებების შესრულებაზე თვალყურის მიდევნებას ავალებდა. უკანასკნელი მითითება განსაკუთრებით მრავალმნიშვნელოვანია. პირადი მდივანი თვალს მიადევნებს ბრძანებების შესრულებას, რომლებიც მიეცა რესპუბლიკის მთელი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ე. ი. მე, და ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორს, ე. ი. ჩხიკვიშვილს. მე არაფრად მიღირდა ის, რომ ავმდგარიყავი აპარატიდან და წავსულიყავი, საერთოდ სამსახურიდან წავსულიყავი. და შესაძლოა, ეს კარგი გაკვეთილი ყოფილიყო მთავრობის თავმჯდომარისთვის, რათა მომავალში არ მიეცა საკუთარი თავისთვის ნება, რომ მთავარსარდლის პიროვნება აბუჩად აეგდო. მაგრამ ფიქრმა, რომ ჩამთვლიან ამპარტავნად, რომელმაც თავისი პირადი თავმოყვარეობა ყველაფერზე მაღლა დააყენა, გამაჩერა. გარდა ამისა, რაში იყვნენ დამნაშავე ჯარები, რომლებმაც უკვე მიიღეს წინასწარი ბრძანებები მოქმედებებისთვის და გადამწყვეტ მომენტში ხელმძღვანელობის გარეშე დარჩებოდნენ. მე ვფიქრობდი ასევე გენ. მდივნის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა გადამერჩინა, და თუ ეს არ გამომივიდოდა, მაშინ მე დავაყენებდი საკითხს სამსახურიდან ჩემი წასვლის შესახებაც. გენ. მდივანიც ასევე უცნაური, მეტი რომ არ ვთქვათ, ბრძანებების მსხვერპლად იქცეოდა, სრულიად უდროოდ გაცეცხლებული მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებებისა, როცა მთელი ინციდენტი გროშის ფასიც კი არ ღირდა. თავმჯდომარის ხასიათის ამ სიმტკიცეს არც საფუძველი ჰონდა, და არც მიზეზი. არ ჰქონდა საფუძველი, ვინაიდან ხასიათის სიმტკიცე რაიმენაირი კრიზისის მომენტში უნდა იქნას გამოვლენილი, რაც სინამდვილეში არ ყოფილა. მიზეზიც ასევე არ იყო, ვინაიდან გენ. მდივანი არ გახლდათ დამნაშავე იმაში, რომ ჯარების მომარაგების დიქტატორმა, რომელიც პირადად მთავრობის თავმჯდომარის მიერ იყო დანიშნული, ვერ შეძლო ჯარების მომარაგების საქმისათვის თავი გაერთვა და მე-4 პოლკს, რომელიც ამ ამოცანას დიდი ხნის წინ შეასრულებდა, ადგილიდან დაძვრა არ შეეძლო, ვინაიდან ფეხსაცმლის გარეშე იყო. მქონდა რა თვისება, რომ ყოველთვის თავაზიანი ვყოფილიყავი, მე მოვახსენე ჩემი მოსაზრებები ამ ინციდენტში გენ. მდივანის არდამნაშავეობის შესახებ. ჩემს სიტყვებში სრულებით არ მიმითითებია, რომ გიორგი ცინცაძის დანიშვნა ჩემთვის თვალყურის მდევნელად წარმოადგენს უხეშობას, რომელიც კიდევ უფრო მეტად მძიმდება იმით, რომ ის დაუმსახურებელი გახლდათ. ჩხიკვიშვილი შემოუერთდა ჩემს შუამდგომლობას გენ. მდივანთან მიმართებაში. ყველაფერი ამაო გახლდათ. მთავრობის თავმჯდომარე უდრეკი რჩებოდა. მე აპარატით ლაპარაკს თავი ვანებე. რა თქმა უნდა, გენ. მდივანი არ გადამიყენებია. უკანასკნელს ვუთხარი, რომ ჭოროხის იქითა მხარეში ოპერაციის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარესთან გავემგზავრები და მივაღწევ მისი ბრძანების გაუქმებას. გენ. მდივანი მთავრობის თავმჯდომარის ასეთი გადაწყვეტილებით გაკვირვებული გახლდათ და ამბობდა, რომ იგი ძალზედ მოხარული იქნება ამით, რომ იგი მხოლოდ იმიტომ მსახურობს, რომ ეს უნდა მთავრობას, რომ იგი ნერვების ყოველდღიური მოშლის გარდა სამსახურიდან არაფერს ღებულობს.

ამასობაში ჩემს მიერ იქნა გაცემული შესაბამისი განკარგულებები ჭოროხის იქითა მხარეში ოპერაციისთვის უხილავი მტრის წინააღმდეგ. მე-4 პოლკი ხოლოდან აჭარის-წყლისკენ იქნა დაძრული. ამავდროულად მე კატეგორიულად ვუბრძანე სამეურნეო კომიტეტს სამგზავრო სიჩქარით ფეხსაცმელი მოეწოდებინა; ეს აღსრულებულ იქნა. მომდევნო დღეს აჭარის-წყალზე წავედი რომ მოსული პოლკი მენახა. პოლკი თითქმის მთლიანად ფეხშიშველი აღმოჩნდა; მე ზოგს გადმოსვლისგან დასისხლიანებული ფეხები ვუნახე, მაგრამ არც ერთი დრტვინვა არ მომისმენია. გულში ტკივილით ვაძლევდი ამ განკარგულებას ფეხშიშველი პოლკის გადაადგილების შესახებ და უზარმაზარი სიხარულით ვახდენდი ჩვენი ჯარისკაცის უდრტვინველი ამტანობის კონსტატირებას. მე მადლობას ვუხდიდი პოლკს და ვუთხარი, რომ ხვალ მათ ექნებათ ფეხსაცმელი. დაპირებულ დღეს მე პირადად, მომდევდა რა უკან ფეხსაცმლით დატვირთული სატვირთო ავტომობილი, ჩავიტანე ეს ფეხსაცმელი და პოლკიც სალაშქროდ დაიძრა. 

ჭოროხისმიღმა მხარეში ჯარები 3 მიმართულებით უნდა შესულიყვნენ: 1) ზღვის გაყოლებით ბათუმიდან, 2) აჭარის-წყალიდან მოკრიალზე უნდა გადაეკვეთა ეს მხარე მე-4 პოლკის კოლონას და 3) ბორჩხადან ხეობის გავლით ლიმანზე, ე. ი. იმ მიმართულებით, სადაც ამას წინათ მოხდა ჩვენი მზვერავების შეტაკება, რომლებიც ბორჩხადან იყვნენ გაგზავნილი.

მე-4 პოლკს ბილიკებით უხდებოდა სიარული და თვლიან აღალს არ შეეძლო მას კვალში მიჰყოლოდა. საპალნე აღალი ჩვენ არ გვქონდა. მე დავპირდი პოლკის მეთაურს, რომ ერთი დღის შემდეგ სურსათს ზღვით ჩავუტანდი. მომდევნო დღეს კოლონები დაიძრნენ და იმავე დღეს მიაღწიეს დასახულ პუნქტებს, ე. ი. ჭოროხის იქითა მხარე გამჭოლად გაიარეს. მარჯვენა და შუათანა კოლონები არანაირ მტერს აბსოლუტურად არ შეხვედრიან, და ის იქ არც ყოფილა. მარცხენას, რომელიც ბორჩხადან მიდიოდა, ჰქონდა ორმხრივი სროლა ისევ უცნობ მტერთან და შრომის გარეშე განდევნა იგი ჩვენს ფარგლებს გარეთ. ვვარაუდობ, რომ ეს უბრალოდ საზღვრისპირა ყაჩაღები იყვნენ, რომლებიც, ემალებიან რა ხელისუფლებას, ერთი სახელმწიფოდან მეორეში გადადიან. ეს ბანდები ყოველთვის არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს სპარსეთთან საზღვარზე და ამ საზღვარზე ყოველ ზაფხულს იგზავნებოდა მზვერავთა რაზმები, რომლებიც მათ არაერთხელ შებმიან. მიცემული დაპირების თანახმად, მე მოკრიალში მცირე გემი გავგზავნე სურსათით მე-4 პოლკისთვის და თვითონაც იქ გამანადგურებლით გავემგზავრე. გამანადგურებელს ნაპირთან მიდგომა არ შეეძლო, და ჩვენ ნაპირზე ადგილობრივი ლაზის ნავით გამოვედით. როცა უკან ვბრუნდებოდით, ცოტათი კიდეც დავსველდით, ვინაიდან ზღვის ღელვამ რამდენადმე იმატა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. როგორც მოველოდი კიდეც, ჭოროხის იქითა მხარეში მოწინააღმდეგე არ აღმოჩნდა, და მთავრობის თავმჯდომარეს ასე ძლიერად აღელვება არაფერში სჭირდებოდა.

ბათუმიდან მე აბასთუმანში გავემგზავრე, სადაც ცუდი ავტომობილის წყალობით მხოლოდ ღამისთვის ჩავედი. როცა ყოველივეს შესახებ მოვახსენებდი, ვთხოვე მთავრობის თავმჯდომარეს მდივანი თავის თანამდებობაზე დაეტოვებინა, მით უმეტეს მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ჭოროხის იქითა მხარეში მოწინააღმდეგე არ აღმოჩნდა და იქ ყველაფერი მშვიდად იყო, და ჯარების ძალებისა და ენერგიის ექსტრენულ და ზომაზე მეტ დაძაბვას არ მოითხოვდა. იგი ბოლოს და ბოლოს დამეთანხმა, მაგრამ გენ. მდივნისგან წერილობითი ახსნა-განმარტება მოითხოვა. იქვე მოხსენების დროს გამოირკვა, რომ მთავრობის თავმჯდომარის სიფიცხეს საფუძვლად ჩხიკვიშვილის საგანგაშო ტელეგრამა ედო, რომელმაც უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარეს გაუგზავნა ის, და მიუთითებდა, რომ ჭოროხის იქითა მხარის დაუკავებლობის შედეგად, იქ მოწინააღმდეგის ძალები იკრიბება, რომ იქ ადმინისტრაციის დადგენა შეუძლებელია და რომ იქმნება მუქარის მდგომარეობა ბათუმის ოლქისათვის. მე წარმომიდგენია, რომ იმაზე უწინ, სანამ საერთოდ ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარეს მოახსენებდა, ჩხიკვიშვილს ჩემთვის უნდა მოემართა, ეს პირველი, და მეორე კი ისაა, რომ, როგორც მოვლენებმაც გვიჩვენა, ეს ტელეგრამა ნამდვილ ვითარებას არ შეესაბამებოდა. მთავრობის თავმჯდომარეს მე ადრეც მოვახსენებდი, და ახლაც ვუთხარი, რომ მოკრიალის დაკავებას, რასაც იგი ასე ძლიერი დაჟინებით მოითხოვდა, სულაც არ შეეძლო ეს შეტაკება ჩვენთვის თავიდან აეცილებია, რომელსაც ბორჩხასა და ლიმანს შორის ხეობაში თურქეთის საზღვრიდან 3–4 ვერსზე ჰქონდა ადგილი. ჩხიკვიშვილის ტელეგრამამ კი უბრალოდ მხოლოდ ზომაზე მეტად შეაშფოთა მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც სამხედრო საქმეებში ნაკლებად ერკვეოდა. შემდგომში, ჩვენი შემდეგი შეხვედრისას, მთავრობის თავმჯდომარემ, როცა გენ. მდივნის მოხსენებას გაეცნო, მითხრა, რომ მომხდარში (რომ ასეთი რა მოხდა) მე ვარ დამნაშავე, რადგანაც არ მივეცი მე-4 პოლკის დაძვრის ნება. თვით ამ შემთხვევაშიც კი, ვითარება რომ ისეთი ყოფილიყო, რომ დაუყოვნებლივ მოქმედება მოეთხოვა, გენ. მდივანს შეეძლო მე-4 პოლკის მოძრაობაზე განკარგულება გაეცა, რომელიც მას ექვემდებარებოდა, და შემდეგ შეეძლო ჩემთვის მოეხსენებია, თუ რა გააკეთა; და ეს სწორი იქნებოდა მაშინაც კი, თუ გენ. მდივანი მიიღებდა ჩემს კატეგორიულ ბრძანებას მე-4 პოლკს არ შეხებოდა, ვინაიდან ვითარება ამას მოითხოვდა (ибо обстановка повелевает). მაგრამ ასეთი დეტალები ჩვენი მთავრობის თავმჯდომარისთვის უცხო ხილი გახლდათ (Но такие тонкости были не по плечу нашему Председателю Правительства). თავის მართლება რომ დამეწყო, ბრალდებული გენ. მდივანი აღმოჩნდებოდა, რადგანაც მან თავისი უფლებები არ გამოიყენა. მე ეს სულაც არ მინდოდა და არც მტკიცება დამიწყია; მხოლოდ მივუთითე, რომ ვითარება სულაც არ იყო ისეთი, რათა ფეხშიშველა პოლკი გვეეძულებია რომ მას ათეულობით ვერსი გაესეირნა. ნამდვილი დამნაშავე იყო ის, რომელიც ჯარების მომარაგების სათავეში იყო დაყენებული და რომელმაც მე-4 პოლკს თავის დროზე ფეხსაცმელი არ მისცა. მაგრამ ეს მათი კაცი გახლდათ და მათი წეს-ჩვეულებების (ადათების) მიხედვით ის დადანაშაულებული არ შეიძლებოდა ყოფილიყო. მე შემდეგ არაერთხელ მქონია მტკიცებულებები, რომ მათი ხალხი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ბრალეული, და რომ ისინი დამნაშავეებს ეძებენ სადღაც სხვა ადგილას, მაგრამ არა თავისიანებს შორის. მთავარი კი ის გახლავთ, რომ თავმჯდომარე ფაქტებით დარწმუნდა იმაში, რომ ჩხიკვიშვილის ტელეგრამით ამტყდარი განგაში სრულიად არ შეესაბამებოდა საგანთა ნამდვილ მდგომარეობას. ჩხიკვიშვილი კი მოვალე იყო, სანამ მთავრობის თავმჯდომარეს მოახსენებდა, რჩევა სამხედრო ნაწილში თავისი თანაშემწისთვის ეკითხა, მით უმეტეს რომ საქმე ჯარებს შეეხებოდა. მთავრობის თავმჯდომარის მიერ ჩემი დადანაშაულება ჩემთვის უბრალოდ სულ ერთი იყო, და მე უკვე დიდი ხანია მივეჩვიე იმას, რომ ჩვენი მმართველების წინასწარ აკვიატებულ აზრებში მათი გადარწმუნება, თვით მაშინაც, როცა ისინი სამხედრო საქმეს შეეხება, წარმოუდგენელი რამ გახლავთ. გენ. მდივანი ადგილზე იქნა დატოვებული, და მეც, დამშვიდებული, თბილისში გამოვემგზავრე. ამის შემდეგ ბათუმის ოლქში არანაირი გართულებები არ მომხდარა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მომხდარი ინციდენტი მხოლოდ ჩვეულებრივი სასაზღვრო შეტაკება გახლდათ, რომელსაც საკუთარი თავის ქვეშ არანაირი პოლიტიკური ნიადაგი არ ჰქონია.


თ ა ვ ი XVIII 

ლაგოდეხის გარნიზონის ჯარისკაცთა ამბოხება. – სახელმწიფო თავდაცვის საბჭო 


ლაგოდეხის გარნიზონის ჯარისკაცთა ამბოხება 

ახლა შევუდგები ერთი მოვლენის აღწერას, რომელიც ლაგოდეხში განლაგებულ ჯარებში მოხდა, ივლისში თუ აგვისტოში, ახლა არ შემიძლია გახსენება. ლაგოდეხის რაზმი მე-6 პოლკისა და გვარდიის კახეთის ბატალიონისგან შედგებოდა, შესაბამისი არტილერიით; მის შემადგენლობაში შედიოდა ცხენოსანი ასეულიც, რომელიც მოხალისე ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან იყო ორგანიზებული, და ისინი თავიანთი ცხენებით გახლდნენ მოსული. რაზმს მეთაურობდა გენ. სუმბათაშვილი. ჩვენი შეტაკებების დასაწყისში ეს რაზმი ორგანიზებულ იქნა ზაქათალის მხრიდან, სადაც ჩვენი ცნობების მიხედვით ბოლშევიკების ძალების ნაწილი მოემართებოდა, ჩვენი საზღვრის დაფარვის მიზნით. ეს რაზმი მზად უნდა ყოფილიყო ზაქათალას ოკრუგში შესაჭრელად და ასეთი რამ მოხდებოდა კიდეც, რომ არ ყოფილიყო მთავრობის თავმჯდომარის 18 მაისის ბრძანება საომარ მოქმედებათა გაჩერების შესახებ. ზაქათალას ოკრუგში, სამწუხაროდ, მის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ ინგილოები, ტომით ქართველთა ნათესავები. მოსახლეობის ამ ნაწილს სურდა საქართველოსთან შემოერთება; ზაქათალას მეორე ნაწილი, თუ შემოერთება არ უნდოდა, ინდიფერენტული გახლდათ. ეს მეორე ნაწილი იყვნენ ლეკები, და ისინი ყოველთვის მტრობაში იყვნენ საზღვრისპირა კახელ მაცხოვრებლებთან; ეს მტრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა. კახელები დიდი ხალისით ემზადებოდნენ შესაჭრელად. მაგრამ მაისის დასაწყისსა და შუა ხანებში არმიისა და გვარდიის დაუმთავრებელი მობილიზაციის გამო ჩვენ არ შეგვეძლო აქ შეტევითი მოქმედებები გაგვევითარებინა. ხოლო როცა მოვემზადეთ, მაშინ დაიწყო მოლაპარაკებები. ბოლშევიკები ისევე შემოვიდნენ ზაქათალას ოკრუგში, როგორც მათ ჩვენი საზღვარი წითელ ხიდთან გადმოლახეს. მოსკოვის მთავრობის მიერ ჩვენს წარმომადგენელ ურატაძესთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ზაქათალას ოკრუგი საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში შემოდიოდა, რომელსაც ბოლშევიკური რუსეთი „დე იურედ“ აღიარებდა. ბოლშევიკებმა, როდესაც ზაქათალაში შემოვიდნენ, დაარღვიეს ხელშეკრულება, და ჩვენი იქ შეჭრა ნიშნავდა ომს ბოლშევიკებთან, რომლებთანაც ჩვენ 18 მაისს სამშვიდობო მოლაპარაკებები დავიწყეთ და რომლებთანაც საბრძოლო მოქმედებებზე უარი განვაცხადეთ.

ეს გარემოებები ჩვენ იმაზე გვახალისებდა, რომ ზაქათალას ფრონტზე თავი პასიურად დაგვეჭირა, დაველოდებოდით რა სამშვიდობო მოლაპარაკებათა შედეგებს. მოლაპარაკებები წითელ აზერბაიჯანთან წარმოებდა. ზაქათალას მოსახლეობის ნაწილი ჩვენ თავისთან (შესვლას) გვთხოვდა და შემომტევ ბოლშევიკებს შეიარაღებული ხელითაც კი დახვდა. ჩვენ არ შეგვეძლო მათ დავხმარებოდით, თავიდან იმიტომ, რომ ომისთვის მზად არ ვიყავით, ხოლო შემდეგ კი იმიტომ, რომ წარმოიქმნებოდა ახალი ომი ბოლშევიკებთან, რისთვისაც ჩვენს მთავრობას უნდოდა თავი აერიდებინა. როგორც ადრე მივუთითებდი, სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ვერანაირ რეალურ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანა და ნახევარი წლის შემდეგ ბოლშევიკები ომის გამოცხადების გარეშე საქართველოს საზღვრებში შემოიჭრენ.

როგორც ადრე აღვნიშნე, მე-6 პოლკის ჯარისკაცები როგორც კახელები, დიდი ხნიდან ჩამოყალიბებული თავიანთი ფსიქოლოგიის მიხედვით, ზაქათალას ოკრუგის ლეკებს განიხილავდნენ როგორც ძირძველ მტერებს; ბოლშევიკებს კი ისინი განიხილავდნენ როგორც რუსებს და მათ მიმართ მტრობას არ განიცდიდნენ (к ним неприязни не чувствовали). ამიტომ, როცა მათ უბრძანეს არ შესულიყვნენ ზაქათალას ფარგლებში, ასეთი რამ მათ სურვილებს არ პასუხობდა. ამ ნიადაგზე ჯარისკაცებს შორის გარკვეული უკმაყოფილება ჩაისახა და ნიადაგიც ბოლშევიკური პროპაგანდისათვის მეტ-ნაკლებად ნაყოფიერი აღმოჩნდა; თუმცა კი არა ბოლშევიზმის დანერგვის აზრით, არამედ რუსებთან ომის არსაჭიროებისა, რომლებმაც ზაქათალა დაიკავეს. როგორც ხულოს საწინააღმდეგო ფრონტზეც, ისე აქაც ინიციატორები გვარდიის ბატალიონში გამოჩნდნენ. მათ შეძლეს გვარდია ღია დაუმორჩილებლობაზე წაექეზებიათ, ხოლო შემდეგ კი არმიის პოლკშიც იგივე მოახდინეს. ისევე, როგორც ხულოს წინააღმდეგ, გვარდიელები დამორჩილბაზე დაიყოლიეს, ხოლო არმიის პოლკმა კი, წამქეზებელთა ზემოქმედების ქვეშ, პოზიციები მიატოვა და მეთაურთა პერსოლანს ემუქრებოდა. მეთაურები ძალადობისგან მოვალეობისადმი ერთგულად დარჩენილი ზოგიერთი ერთეულის წყალობით იქნენ დახსნილი, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, არტილერია, მეტყვიამფრქვევეები, მზვერავები. ეს ნაწილები შტაბის მახლობლად იყვნენ განლაგებული და მათ იცავდნენ. საბედნიეროდ, ამბოხებულებს სატელეგრაფო შეტყობინება არ გაუწყვეტიათ და მე მომხდარის შესახებ დროულად შევიტყე.

აქ ლაგოდეხში უწესრიგობა უფრო ფართო ზომებში გახლდათ, რაზმის მეთაურობა ალყაში ჰყავდათ მოქცეული, რის გამოც იქ დაწყნარებისთვის საჭირო იყო საიმედო ნაწილები ჩაგვეყვანა. მე გასამგზავრებლად დავნიშნე სამხედრო სკოლა და ერთი გვარდიული ბატალიონი, ამასთან გვარდიის შტაბს ვთხოვე საიმედო ბატალიონი დაენიშნათ. მათ თბილისის ერთ-ერთი ბატალიონი დანიშნეს, რომელიც წითელ ხიდთან იმყოფებოდა. ეს ნაწილები ლაგოდეხზე წნორის-წყლის გავლით ექსტრენულად იქნენ დაძრული. სულის სიღრმეში მე დარწმუნებული გახლდით, რომ ამბოხებულნი, როცა შეიტყობდნენ მათ დასაწყნარებლად დანიშნული ნაწილების მოახლოვებას, დაგვმორჩილდებოდნენ, მაგრამ მაინც არ გამოვრიცხავდი შეიარაღებული შტაკების შესაძლებლობასაც. აი ამიტომ მე, როცა სკოლას ვაგზავნიდი, უნტერ-ოფიცერთა ბატალიონის ყველა ასეულს ჩამოვუარე. მე ხალხს გამოვუცხადე, თუ სად მიდიან ისინი და რისთვის მიდიან, სრულებით არ ვუმალავდი რა არც მათი დანიშვნის მიზანს, და არც ვითარებას. ჯარისკაცებს ორი სიტყვით ესმოდათ ჩემი და სრულ მზადყოფნას გამოხატავდნენ, რომ თავიანთი ვალი აღესრულებიათ და ურჩებისთვის ჭკუა-გონებაც ესწავლებიათ. ზოგიერთ ასეულში, როგორც კი მათთან ლაპარაკს ვიწყებდი, ისინი მაშინვე მპასუხობდნენ: „გვესმის, ბატონო გენერალო, ნუ სწუხართ, ჭკუა-გონებას ვასწავლით“ ("Понимаем, господин генерал, не беспокойтесь, научим уму-разуму"). მე ვტკბებოდი ამ ჯარისკაცების ყურებით და პირდაპირ აღტაცებულიც გახლდით, რომ ასეთი შედეგები იქნა მიღწეული სკოლაში სულ რაღაც 6–7 თვის მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ სამხედრო სკოლაში მიღებული აღზრდის საფუძვლები სწორი იყო.

სამხედრო სკოლა ლაგოდეხში გაჩაღებული მოვლენების შესახებ მოხსენების მიღებიდან მეორე დღის საღამოს წნორის-წყალზე გახლდათ. მე მათ ჩემი მატარებლით ჯერ კიდევ ჩალაუბნის ხეობამდე გზაში დავეწიე. გვარდიის ბატალიონი ღამით უნდა მოსულიყო.

არ შემიძლია არ აღვნიშნო შემდეგი გარემოება. გვარდიის ბატალიონი წითელი ხიდიდან დაახლოებით 300 ხიშტის შემადგენლობით დაიძრა. როდესაც ნავთლუღს გადიოდნენ, 70 კაცი ვაგონებიდან ჩამოვიდა და, გამოაცხადა რა, რომ მათ მერე დაეწეოდნენ, თავიანთ სახლებში წავიდა. განა მართლა ძალზედ საჩვენებელი მოვლენა არ არის?

შემდეგ დღეს სკოლა ლაგოდეხისკენ დაიძრა; რამდენადმე მოგვიანებით მას გვარდიის ბატალიონიც მიჰყვა, რომლის გასვლასაც მე არ დავლოდებივარ და სკოლის დასაწევად გავემართე. მე მას დიდი შესვენების დროს ალაზანთან დავეწიე. გადასვლა ძალზედ მომქანცველი იყო. მიდიოდნენ მტვრიან გზაზე ალაზნის ველის მცხუნვარე მზის ქვეშ. ჯერ კიდევ წნორის-წყალში ჩამოსვლისას, ხოლო შემდეგ ღამით და დილითაც, მე ვუკავშირდებოდი ლაგოდეხს, და თუმცა კი იქიდან მანუგეშებელი ცნობები არ ყოფილა, მაგრამ მეთაურთა შემადგენლობა უვნებელი გახლდათ და ამბოხებულებს მხოლოდ მუქარის მდგომარეობაში ეჭირათ თავი. მოვედი რა ალაზანზე, ისევ დავუკავშირდი ლაგოდეხს; მე თან სატელეგრაფო აპარატი მიმქონდა. ცნობები იგივე იყო. ახლა საბოლოოდ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერი კეთილსასურველად დამთავრდებოდა. გავგზავნე რა წინ კაპიტან მაყაშვილის ცხენოსანი ოცეული, რომელიც სკოლის შემადგენლობაში იმყოფებოდა, მე მის კვალდაკვალ ცოტა დაყოვნებით დავიძარი. სკოლა სიცხის გადასვლას უნდა დალოდებოდა და შემდეგ ლაგოდეხზე წასულიყო. ამ დროს იმ ადგილთან, სადაც მე ვიდექი, გვარდიის ბატალიონმა დაიწყო მოსვლა. მაგრამ როგორ მოდიოდა. ეს გახლდათ ადამიანთა მწკრივი, რომელიც რამდენიმე ვერსზე იყო გაწელილი. ადამიანები თითო-თითოდ მოდიოდნენ და ხეების ჩრდილის ქვეშ თავსდებოდნენ, ვისაც სად უნდოდა. მე ხის ქვეშ ვიჯექი და ვაკვირდებოდი. ჩემთან შორი-ახლოს ერთი მოხუცი მოახლოვდა, როგორც ჩანდა, ოცეულის მეთაური, გულიანად მოიცილა ამუნიცია და შეიგინა: „ახ, თქვენ ასეთ-ისეთებო, არც ოცეული იცით, არც ასეული“. მოსვლა დაიწყო სკოლამ. მივუთითე რა გვარდიული ბატალიონის მეთაურს სკოლას კვალში მიჰყოლოდა, მე ავტომობილში ჩავჯექი და ცხენოსანი ოცეულის დასაწევად გავემგზავრე. ასეთი წესითა და რიგით ჩვენ ლაგოდეხს ვუახლოვდებოდით, როცა მე ცხენოსანი ოცეულისგან „მოწინააღმდეგის“ შესახებ პირველი ცნობები მივიღე. ეს მე-6 პოლკის ერთ-ერთი ასეული გახლდათ. ეს ასეული ზაქათალას წინააღმდეგ სადარაჯო დაცვაში დგომას განაგრძობდა. მაგრამ ისიც ასევე მონაწილეობდა ამბოხებაში, თუმცა კი მათ რიცხვში არ შედგებოდა, რომლებსაც უშუალოდ გენ. სუმბათაშვილის შტაბზე ალყა ჰქონდათ შემორტყმული. შემდეგ გამოირკვა, რომ მათი სატელეფონო სადგური გზატკეცილთან უახლოეს სახლში იმყოფებოდა. ცხენოსანმა ასეულმა სადგური ხელში ჩაიგდო და გზა გააგრძელა, ხოლო რაღაც დროის შემდეგ სკოლამაც დაიწყო მოსვლა. უკვე ღამე დგებოდა. ამ დროს ლაგოდეხის მხრიდან ავტომობილის ანთებული ფარები გამოჩნდა; შემდეგ ცხენოსანი ოცეულიდან ცხენი მოაჭენა მხედარმა და მომახსენა, რომ ესენი არიან გენ. სუმბათაშვილი და გვარდიის შტაბის წარმომადგენელი ჭიაბრიშვილი. ნათელი შეიქნა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მოსულებმა მომახსენეს, რომ მეამბოხენი დამორჩილდნენ და მოთავეები გასცეს. აქვე მათ მითხრეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოთავე იმ ასეულში იმყოფება, რომელიც სადარაჯო სამსახურს აგრძელებს და რომლის ზურგშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. მე დამავიწყდა მეხსენებია, რომ ვბრძანე ტელეფონით ჩემთან ამ ასეულის ოფიცერი გამოეძახებინათ, ამასთან ბრძანებას მათი ტელეფონისტი გადასცემდა, მაგრამ მუქარის ქვეშ, რომ არ ეთქვა, თუ ვინ იძახებს და რა ხდება; ტელეფონისტის მახლობლად იდგა ოფიცერი შემართული რევოლვერით, რომელიც მზად იყო ტელეფონისტისთვის ტვინი გაესხმევინებია, თუ ის არასაჭირო ლაპარაკს დაიწყებდა. ოფიცერი გამოცხადდა. მე ვუბრძანე სკოლის ერთ-ერთ ასეულს ეს ოფიცერი გამცილებლად წაეყვანა, წასულიყო და (მეამბოხე) ასეული დაეპატიმრებია, განსაკუთრებით კი ამბოხების ის მოთავე, რომელიც იმ ასეულის რიგებში იმალებოდა. ასეული გაემართა და აღასრულა; არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. მოთავე გაქცევას ეცადა, მაგრამ შეპყრობილ იქნა. ის ჩემთან მოიყვანეს. მე მას დავუწყე გამოკითხვა. იგი გაუბედავად და ისე ჩუმად მპასუხობდა, რომ ძლივს ისმოდა. მე ვუთხარი: „შენ აქ ასე ჩუმად რატომ ლაპარაკობ, ხოლო გუშინ მიტინგზე კი ძლიერი ხმა გქონდა“. „ამხანაგებმა მითხრეს, რომ უფრო ხმამაღლა მელაპარაკა“, – მიპასუხა მან.

გენერალ სუმბათაშვილს ვუბრძანე, რომ ხვალ ყველა ნაწილი მოეწყო, რომ ის ერთეულები, რომლებიც მოვალეობისადმი ერთგული დარჩნენ, მეამბოხეთაგან ცალკე ყოფილიყვნენ მოწყობილი. შემდეგ ღამის გასათევად წნორის-წყალზე ჩემს ვაგონში გავემგზავრე. მომდევნო დღეს ლაგოდეხში ჩამოვედი. ჯარები უკვე მოწყობილი იყვნენ. მე დამავიწყდა აღმენიშნა, რომ ლაგოდეხზე ჩვენი მარშის დროს შემომიერთდა დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე რამიშვილი. მე ჩამოვუვლიდი ნაწილებს, ვესალმებოდი და მთავრობის სახელით მადლობას ვუხდიდი მათ, ვინც მოვალეობისადმი ერთგული დარჩა. შემდეგ სიტყვით მივმართე ამბოხებულებს; მათ არ მივსალმებივარ. მე მათ ვარცხვენდი და მათი საქციელის მთელ დანაშაულებრიობაზე მივუთითებდი. ისიდორე რამიშვილს სურდა ასევე მათთვის სიტყვით მიემართა, მაგრამ მე ვთხოვე ეს არ გაეკეთებინა. მან ჩემი თხოვნა აღასრულა. მე ვთვლი, რომ დამნაშავე ჯარისკაცებს მხოლოდ მათი უფროსი უნდა ელაპარაკოს.

შემდეგ მე-6 პოლკის ოფიცრები გამოვიძახე და მათ მიმართ სიტყვაში მივუთითე მათ მთავარ დანაშაულზე, სახელდობრ კი იმაზე, რომ ისინი წინასწარ ვერ გრძნობდნენ იმ მოვლენებს, რომლებიც მწიფდებოდა: რომ ისინი უნდა გრძნობდნენ და იცოდნენ, თუ რითი ცხოვრობს და რა სტკივა ჯარისჯაცს, და რომ ეს თუ ასე იქნებოდა, მაშინ უმაღლესი უფროსობა დამსწრები (თავიდან ამცილებელი) ხასიათის ზომებს მიიღებდა და დამსჯელი ხასიათის ზომების გამოყენებისგან, რომლებიც არასოდეს არაა საურველი, განთავისუფლდებოდა. შემდეგ დაპატიმრებულები ვინახულე, რომლებსაც ასევე შესაბამისი სიტყვა ვუთხარი, ვნახე მოთავეებიც, რომლებიც ცალკე იყვნენ მოთავსებულნი, მაგრამ ამათთან არ მილაპარაკია. პოლკ. თავაძის მიერ შემოთავაზებული სადილის შემდეგ თბილისში გამოვემგზავრე.

საგანგებო სასამართლომ, განიხილა რა საქმე, 9 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, დანარჩენები კი მე ნაწილ-ნაწილ სხვა პოლკებში გადავიყვანე. ასე დასრულდა ეს მეორე ინციდენტი. ამ ორი ამბოხების მიუხედავად, ერთისა ხულოში, და მეორესი ლაგოდეხში, მე უნდა ვაღიარო, რომ საერთოდ არმიის ნაწილებში დისციპლინა ამ დროს შეუდარებლად უფრო მაღლა იდგა, ვიდრე წინა 1919 წელს ახალციხის ლაშქრობის დროს. ეს ორი ამბოხება არმიის მთელ ფონზე უმსგავსი გამონაკლისი გახლდათ, და სხვათა შორის რომ ახალციხის ლაშქრობის დროს მსგავსი მოვლენები თითქმის ყველა ნაწილში ხდებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ორივე მოვლენაში არმიისთვის ფატალური როლი გვარდიიდან წამქეზებლებმა შეასრულეს. აღვნიშნავ იმასაც, რომ დეზერტირობას, რომელიც ასე ძლიერად იყო წინა წლებში გავრცელებული, თითქმის ადგილი არ ჰქონია. 

როცა ყველა ფრონტზე დამშვიდების გათვალისწინებით ზოგიერთი ასაკის გაწვეული სათადარიგონი ხანგრძლივ შვებულებაში იქნენ გაშვებულნი, მაშინ ჯარისკაცები მეუბნებოდნენ, რომ თუ სამშობლოს აქვს მათში საჭიროება, მაშინ ისინი დარჩებიან და სამსახურს გააგრძელებენ. როგორი განსხვავებაა გვარდიის შტაბის მუდმივი თხოვნებისგან რომ ისინი (სახლებში) გაგვეშვა. აი, როგორც მგონია, 1920 წლის კამპანიის ყველა ყველაზე უფრო დიდი მოვლენა ჩემი უფროსობის განმავლობაში. მკითხველისთვის, სავარაუდოდ, ძნელი არ ინება იმის მიხვედრა, რომ ჩემი დღეების ნახევარი მე მგზავრობებში გავატარე.

* * *

გვქოდა ჩვენ კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული ოპერაცია. აზერბაიჯანის საზღვრისპირა მცხოვრებლებმა, ისარგებლეს რა, ერთის მხრივ, მესაზღვრეების სისუსტით, ხოლო მეორეს მხრივ კი, აზერბაიჯანთან ჩვენი საზღვრის გაურკვევლობითა და ჩვენი ადმინისტრაციული აპარატის სისუსტით, ჯერ კიდევ რევოლუციის დაწყებიდან დაიწყეს ყარაიაზის ტყეებში გადმოსახლება, არ ცნობდნენ რა ჩვენს ხელისუფლებას. საჭირო იყო ისინი თავიანთ ტერიტორიაზე მიგვებრძანებია. ეს ოპერაცია ჯარების ამ ჯგუფის სარდალს გენერალ იოსებ გედევანიშვილს ჰქონდა დავალებული. თავიდან მოხდა შეიარაღებული შეტაკებანი. საჭირო იყო ისინი ამისთვის დაგვესაჯა, რისთვისაც ისინი ხელში უნდა ჩაგვეგდო. სამწუხაროდ, მე იქ ხელმძღვანელობისთვის პირადად არ გავმგზავრებულვარ. მე მივეცი საკმარისად ზუსტი მითითებები, მაგრამ გენ. გედევანიშვილმა მიცემული მითითებების ზუსტად შესრულება ვერ შეძლო (отвлекся от точного исполнения данных указаний) და მაცხოვრებლებმა მთელი თავიანთი ბარგითა და მთელი თავიანთი ცხვრების ფარებით გააღწიეს და საზღვარზე გადასვლაც მოასწრეს. 

აგვისტოს თვეში დადგა დრო, დანიშნული უნტერ-ოფიცერთა ბატალიონის ჯარისკაცების პოლკებში უნტერ-ოფიცრებად გაშვებისთვის. მაგრამ სახელმწიფო თავდაცვის საბჭოში, შეშფოთებული იყვნენ რა თბილისში ბოლშევიკური გამოსვლის შესაძლებლობის გამო, მიიჩნევდნენ, რომ ეს ბატალიონი უნდა დატოვონ, რადგანაც ის ყველაზე უფრო ერთგულ და საიმედო ნაწილს წარმოადგენს, რომელზედაც მთავრობას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს. ამავე აზრისა გახლდათ ვ. ჯუღელიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამხედრო სკოლა ერთადერთი საიმედო ნაწილია. სხდომის შემდეგ მე არ შემეძლო არ შემენიშნა მისთვის, რომ უნტერ-ოფიცერთა ბატალიონის ჯარისკაცები ისეთივე ქართველები არიან, როგორც სხვა ნაწილებშიც, მაგრამ რომ აღზრდის სწორ ჩარჩოებში ჩაყენებულნი, წარმოადგენენ მისივე აზრით საიმედო ელემენტს, რომ ამას ჩვენ სულ 6–7 თვის მანძილზე მივაღწიეთ, რომ აღზრდის ჩვენეული მეთოდები, რომლებიც სამშობლოს წინაშე მოვალეობის გრძნობაზეა დაფუძნებული, უეჭველად, უფრო სწორია აღზრდის მისეულ, ჯუღელისეულ მეთოდებზე, რომელთა შედეგებიც არაერთხელ გვინახავს მის ორგანიზაციაში, გვარდიაში. საეჭვოა რომ იგი დამერწმუნებია. 


სახელმწიფო თავდაცვის საბჭო 

ახლა შევეხები ერთ საკითხს; ეს გახლავთ სახელმწიფო თავდაცვის საბჭო. ეს დაწესებულება ჩემი ინიციატივით იქნა შექმნილი. როცა ვთავაზობდი ამ ორგანოს დაარსებას, მე შორს ვიყავი იმისგან, რომ ეს დაწესებულება გადაქცეულიყო იმად, რადაც გადაიქცა. ამ დაწესებულებას უნდა განეკარგა ქვეყნის ზოგადი თავდაცვის საკითხები და, ბუნებრივია, არ უნდა ჩარეულიყო ოპერაციებში. ამასობაში იგი გადაიქცა ორგანოდ, რომელიც მთავარსარდლის თავზე იყო დაკიდებული, და საჭირო იყო ძლიერი ხასიათი, რათა ოპერაციების წარმოებაში მისი გავლენისგან თავი დაგეღწია. მთავრსარდალი ყოველ დღე დილაობით მოახსენებდა, თუ რა მოხდა გუშინდელ დღეს და რის გაკეთებას ვაპირებთ. ბუნებრივია, განხილვაში ღრმავდებოდნენ და ამა თუ იმ ღონისძიებებს სთავაზობდნენ, შესაძლოა, უკეთესი ღირსებისაც (ხარისხისაც), მაგრამ ისინი ყოველთვის ბევრი იყო, და კიდევ მსჯელობის დროს სულ უფრო ახალიდა ახალი აზრები ჩნდებოდა. მე ამ საბაბით როგორღაც საბჭოშიც კი განვაცხადე, ვამბობდი რა, რომ ყოველგვარი საბჭო საომარი მოქმედებების განხილვისთვის ძალზედ მავნე მოვლენაა და რომ, რაც უფრო ჭკვიანი არიან ამ საბჭოს წევრები, მით უფრო მავნენი არიან ისინი, ვინაიდან იმდენი ჭკვიანური აზრი ჩნდება, რომ ძნელია განისაზღვროს, თუ რომელს უნდა მიეცეს უპირატესობა. მე ვიბრძოდი საგანთა ასეთი შემობრუნების წინააღმდეგ, და საბჭო, გონს მოვიდა რა, რომ საომარ მოქმედებებში არ უნდა ერეოდეს, არ ადგენდა, რომ საჭიროა გაკეთდეს ესა და ეს, ან რომ საჭიროა შეტევაზე გადავიდეთ აქა და აქ; მაგრამ საბჭომ აირჩია სხვა ფორმა. ის ადგენდა „მივაქცევთ მთავარსარდლის ყურადღება ამა და ამ მიმართულებაზე“. და რადგანაც თანამიმდევრობით ყველა მიმართულებაზე ხდებოდა ყურადღების მიქცევა, აქედან ნათლად მომდინარეობდა, რომ თუ რაიმე არასასურველი მოხდებოდა, მაშინ საბჭო სწორი აღმოჩნდებოდა, ვინაიდან ის თავის დროზე მიაქცევინებდა მთავარსარდალს ყურადღებას. აქედან ნათელია, თუ როგორი ძნელი იყო მთავარსარდლისთვის არ დაქვემდებარებოდა ამ გავლენას და თავისი საქმიანობისთვის თავი სავსებით დამოუკიდებლად გაერთვა. იგი მუდმივად იმყოფებოდა ამ დამოკლეს მახვილის ქვეშ „მივაქცევთ ყურადღებას“ და სხვა. პირადად მე ყოველთვის ვისწრაფოდი მკაცრად გამომუშავებული გეგმის მიყოლისკენ და მივმართავდი ძალისხმევას, რათა ამ „ყურადღებას მივაქცევთ“-ებზე ყურადღება არ მიმექცია. ყოველ შემთხვევაში ეს დაწესებულება თანდათანობით მთავარსარდლის დამამუხრუჭებლად გადაიქცა, რომელიც მას ხელებსა და ფეხებს უბოჭავდა. სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს სურდა ყველაფერი სცოდნოდა, ყველაფერი განეხილა, ყველაფერი გადაეწყვიტა და ასეთნაირად სახელმძღვანელო დირექტივების მომცემი დაწესებულებიდან ის დეტალების შემმუშავებელ დაწესებულებად გადაიქცა. მასთან განმეორდა იგივე ისტორია, როგორც მსხვილ სამხედრო უფროსთანაც, რომელმაც, გამოცხადდა რა უმცროსი მეთაურის საბრძოლო უბანზე, დაიწო ამ მეთაურის ამოცანების გადაწყვეტა, ხოლო საერთო მმართველობა კი დაივიწყა. შეუძლებელია ყველაფერი მოიცვა. მე უნდა დავუმატო, რომ ამ სხდომებზე ხშირად მოდოდნენ პირები, რომლებიც საბჭოს შემადგენლობას არ ეკუთვნოდნენ. ვ. ჯუღელს ხშირად მოჰყავდა ამ სხდომებზე გვარდიის შტაბის წევრები. ვხედავდი რა მათ გამოჩენას, მე ყოველთვის ვეუბნებოდი ვ. ჯუღელს: „როგორც ჩანს, დღეს გვარდიისთვის რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი უნდა დასვათ განსახილველად“. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობის წევრები ვერ ხედავდნენ ამ დაწესებულების უარყოფით გავლენას. მათ თვალყური უნდა ედევნებიათ ყოველდღიური მოვლენისთვის სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს სხდომებზე, სადაც საბჭოს წევრები მუდმივად ორ ბანაკად იყოფოდნენ: ერთ ბანაკში იყო მთავარსარდალი, ხოლო მეორეში კი ყველა დანარჩენები. თანდათანობით ფსიქოლოგიურად იქმნებოდა მთავარსარდლის მოქმედებებისა და განკარგულებების რაღაცნაირი მუდმივი კრიტიკის, რაღაცნაირი ჩასაფრების ატმოსფერო. სახელმწიფო თავდაცვის საბჭოში მიიღებოდა ორი ბანაკი, ვინაიდან არასამხედროებს, როგორც ადამიანებს, რომელთაც სამხედრო საქმე არ ესმოდათ, არ შეეძლოთ სცოდნოდათ და გაეგოთ არა თავიანთი სპეციალობის საქმეები და ბუნებრივად განხილვისას ოპოზიციაში დგებოდნენ. თანდათანობით ეს ქმნიდა თავიდან ხორკლიანობებს (ურთიერთობებში), ხოლო შემდეგ კი მტრულ დამოკიდებულებასაც. მე არაერთხელ მიგრძვნია საკუთარი თავი ამ სხდომებზე დევნილი მხეცის მდგომარეობაშიც კი და არასოდეს მიგრძვნია დანარჩენი წევრების მხრიდან კეთილმოსურნეობა, საერთოდ, კეთილი, თანაგრძნობისა და თანადგომის დამოკიდებულება. ყოველთვის ვღებულობდი შთაბეჭდილებას, რომ მთავრობის წევრები მხოლოდ ელოდებიან, რათა რაიმესთვის შემომერდეონ და შემომებან. შეტაკებები ძალზედ ხშირად ხდებოდა, ვინაიდან სიფიცხეში უკმარისობა არა გვაქვს.

ერთხელ ასეთი შეტაკება მნიშვნელოვან ისტორიაში გადაიზარდა. მე უკვე მივუთითე, რომ ეს კამათები თანდათანობით პირად ურთიერთობებს აფუჭებდა. სახელმწიფო თავდაცვის საბჭომ სახელმწიფო თანხებიდან მიიღო 300 000 000 მანეთი საომარი მოქმედებების წარმოებისთვის, და აი ჯუღელმა შემოიტანა წინადადება გვარდიისთვის 147 მილიონის გაცემის შესახებ მის საჭიროებებზე, ე. ი. ფორმის ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, სურსათზე და სხვა. რა თქმა უნდა, არანაირი სმეტა წარმოდგენილი არ ყოფილა, თუ კი სამხედრო უწყება შემოიტანდა ასეთ მოთხოვნას, რისი შემთხვევები კიდეც ყოფილა, მაშინ იწყებოდა თითოეული მუხლის, თითოეული რუბრიკის დაწვრილებით განხილვა. ვ. ჯუღელმა ეს მოთხოვნა ფურცლის მეოთხედ ნაგლეჯზე წარმოადგინა, მახსოვს მას კუთზეც მოხეული ჰქონდა. ამთავრებდა რა მოკლედ თავის მოხსენებას, თქვა, რომ თუ ფული მიცემული არ იქნება, მაშინ გვარდია ბრძოლის ველზე არ გამოვა. ეს იყო ნათქვამი და რეაგირება არავის მოუხდენია. კამათის გარეშე დავიწყეთ ხმის მიცემა. მე ხმა მომხრედ მივეცი. ფორმას ყურადრებას არ ვაქცევდი. მჯეროდა გვარდიის შტაბისა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ფული საქმეზე, საჭიროებებზე წავა, და თან დროც ისეთი იყო, რომ არ ზედმეტი ეკონომია არ უნდა გაგვეწია და ფულებს არ უნდა დავკანკალებოდით. თავმჯდომარეობდა გრ. სპ. ლორთქიფანიძე. მე მქონდა რიგი საკითხები, რომლებიც კამათებით და კამათების გარეშე ასე თუ ისე გადაწყვეტილ იქნა. მქონდა კიდევ ერთი საკითხიც.

საქმე იმაშია, რომ მთავრობამ, ერთ-ერთ სხდომაზე, ჩემი დასწრების გარეშე, დაადგინა, შეტყობინების გზების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, მთავარსარდლისთვის დასავლეთის მიმართულებით მგზავრობისას ორთქლმავლის მოთხოვნის უფლება ჩამოერთმია. აღმოსავლეთისკენ შეიძლებოდა. ეს გამოწვეული იყო, როგორც ისინი ამბობდნენ, საწვავის უკმარისობითა და სურვილით, რომ რკინიგზების ექსპლუატაციის ხანგრძლივობა გაეზარდათ. ამასთან, თუ მთავარსარდალს წამოეჭრებოდა აუცილებლობა დასავლეთის მიმართულებით გამგზავრებულიყო, მას მთავრობისგან უნდა გამოეთხოვა ნებართვა რომ მიეღო ორთქლმავალი, ან კიდევ მისი ვაგონი სამგზავრო მატარებლისთვის მიებათ. ნათელია, ეს რამდენი დროის კარგვას გამოიწვევდა, რომ არაფერი ვთქვათ უკვე იმაზე, რომ მთავრობას შეეძლო ვერ დაენახა მოტივები მთავარსარდლის ცალკე მატარებლით გამგზავრებისთვის და ყოველ შემთხვევაში შეეძლო კამათები გამოეწვია და ეს, ბუნებრივია, მთავარსარდალს ხელ-ფეხს უბორკავდა. გარდა ამისა, მთავარსარდალი თბილისში არყოფნის შემთხვევაში, ნიშნავს, მთავრობას ტელეგრაფით უნდა დაკავშირებოდა და საკითხის გადაწყვეტისთვის ელოდა; ხდებოდა დროის გარდაუვალი კარგვა, რომელიც შეიძლებოდა კატასტროფული გამომდგარიყო; დავუმატებ, რომ მთავარსარდლის გამგზავრება, უეჭველად მნიშვნელოვანი მოვლენა, წინასწარ ხდებოდა ცნობილი ყველასა და თითოეულისთვის, და ეს ნიშნავს, ჯაშუშების მეშვეობით მტრისთვისაც. რაც მთავარია, მთავარსარდალი აღმოჩნდებოდა გადაადგილების თავისუფლება ჩამორთმეული. აღმოსავლეთისკენ მატარებლები იშვიათად დადიოდნენ, და ამიტომ მთავარსარდალს დაუტოვეს ამ მიმართულებით ორთქლმავლის მოთხოვნის უფლება; დასავლეთით კი, მათი აზრით, საკმარისად დადიოდნენ მატარებლები და ცალკე ორთქლმავლის საჭიროება არ იყო. ყველასთვის ნათელია, რომ მთავარსარდლის გადაადგილების თავისუფლება სრული ზომით უნდა იქნას უზრუნველყოფილი. მე ამ დადგენილების შესახებ შემთხვევით გავიგე; დამჭირდა გავმგზავრებულიყავი და ცალკე ორთქლმავლის განწესში უარი მივიღე. ამ ნიადაგზე რკინიგზის უწყების ერთ-ერთ მოხელესთან, ვიღაც ბოკერიასთან, გათამაშდა მთელი ისტორია; მაგრამ ამის თაობაზე რამდენადმე უფრო დაწვრილებით შემდეგ ვიტყვი. მთავარსარდლის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გარდა ეს დადგენილება მიმართული გახლდათ ასევე არსებითადაც (было неправильно и по существу). საქმე იმაშია, რომ თბილისიდან აღმოსავლეთისკენ მიდის რამდენიმე გზატკეცილი და მთავრსარდალი ორთქლმავალს არ საჭიროებდა, მაშინ როდესაც თბილისიდან დასავლეთისკენ გზატკეცილი მხოლოდ მცხეთამდე მიდიოდა. მე მოვახსენე, რომ მთავრობის ეს დადგენილება უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ის მთავარსარდალს შეუძლებელ მდგომარეობაში აყენებს. მე დაწვრილებით ავუხსენი, თუ სახელდობრ რაშია საქმე. ახლა უცნაურად მეჩვენება, რომ ასეთი ჭეშმარიტებების მტკიცება მიხდებოდა. ვეხებოდი რა საწვავის ხარჯვას, ფანქრით ხელში ვამტკიცებდი, რომ თუ მე ყოველ კვირას მოვითხოვ ორთქლმავალს, მაშინ ასეთნაირად მთელი ხუთი წლის განმავლობაში უნდა ვიმგზავრო იმისთვის, რათა მოძრაობის საერთო ხანგრძლივობა ორი კვირით ან ერთი თვით შევამცირო, ზუსტად არ მახსოვს. უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ხუთ წელიწადს ალბათ არ ვიომებდით. მე მეპასუხებოდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა არსებითად, არამედ უბრალოდ ამბობდნენ, რომ შედგა მთავრობის დადგენილება და მისი შეცვლა არ შეიძლება, არამედ უნდა აღესრულებოდეს. გაიბა კამათი. აიღო რა სიტყვა ვ. ჯუღელმა თქვა შემდეგი: „იმ დრომდე, სანამ გენერალ კვინიტაძეს არ მოვუსმინე, ვფიქრობდი, რომ მთავარსარდლისთვის ისე მნიშვნელოვანი არ არის გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობა, მაგრამ ახლა მისი მოხსენების შემდეგ მივიჩნევ, რომ მთავარსარდალი ნამდვილად სრული ზომით უნდა სარგებლობდეს ამ შესაძლებლობით. მაგრამ, – დაასრულა მან, – რადგანაც გენ. კვინიტაძე ამას ულტიმატიური ტონით მოითხოვს, მე ხმას წინააღმდეგ ვაძლევ“. ასე ამბობდა ადამიანი, სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს წევრი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მთავრობის სხდომებზე დასწრების უფლება. ამრიგად, არა არსი, არამედ ტონი, მომხსენებლის პიროვნება ახალისებდა მას საკითხის მომხრედ მიეცა ხმა თუ წინააღმდეგ.

კამათი გრძელდებოდა. მე არ მახსოვს ყველაფერი, რაც ამა თუ იმ პირის მიერ იყო ნათქვამი. ზოგადად, მთავარსარდლის გადაადგილების თავისუფლების მომხრე ვიყავი მხოლოდ მე. გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი, რა თქმა უნდა, მხარს არ მიჭერდა. გენ. ოდიშელიძემ დაიწყო იმით, რომ მთავარსარდალს უნდა ჰქონდეს გადაადგილების თავისუფლება, მაგრამ შემდეგ მისი შემდგომი სიტყვიდან, როგორც ეს მას ყოველთვის მოსდის, შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, თუ რას უჭერს იგი მხარს. კამათმა ვნებათა ჭიდილის სახე მიიღო. მე მოვითხოვდი მთავრობის მიერ ამ საკითხის გადახედვასა და მის შეცვლას. გეგეჭკორი წინააღმდეგი გახლდათ. ვნებათა ღელვის გამო ესა თუ ის პირი რეპლიკებს ისროდა, რამაც კამათის მონაწილენი კიდევ უფრო მეტად გააფიცხა. იყო, მაგალითად, გენ. ოდიშელიძის ასეთი რეპლიკა: „ჩვენ ვიცით, რომ შენ და ვ. ჯუღელი ორივენი მამაცები ხართ, დუელში ებრძოლეთ ერთმანეთს“. ამ კამათში, ბოლოს, გეგეჭკორმაც მისაყვედურა, რომ მე ზედმეტად ულტიმატიური ტონით წარვადგენ ხოლმე ჩემს მოთხოვნებს. ასეთმა უსამართლობამ საბოლოოდ ამაფეთქა. შევნიშნე, რომ მე არავითარ ულტიმატუმებს არ წარვადგენ, ჩემს სიტყვებში არანაირი მუქარები არ არის, არამედ მხოლოდ ვამტკიცებ, რომ მთავრობის დადგენილება, რომელიც მთავარსარდლის მიმართებაში ამ საკითხს შეეხება, არასწორია და საჭიროა მისი გასწორება. მაგრამ რომ დღეს ამავე სხდომაზე ნამდვილად ჰქონდა ადგილი ულტიმატუმის წამოყენებას, მაგრამ არა ჩემი მხრიდან, არამედ ვ. ჯუღელის მხრიდან, რომელიც მოითხოვდა ფულის გაცემას და გამოაცხადა, რომ უარის შემთხვევაში გვარდია ბრძოლის ველზე არ გამოვა. რომ ამ ულტიმატუმის წამოყენებისას არავის ხმაც არ ამოუღია ამის შესახებ, და რომ რატომღაც მე თავს მახვევენ ულტიმატუმის წამოყენებას, რაც სრულებით არ გამიკეთებია. დავასრულე წინადადებით, რომ მოგვეხდინა რეაგირება ვ. ჯუღელის ულტიმატუმზე და დავუმატე, რომ ამის გაკეთებას ვერავინ გაბედავს. გეგეჭკორმა, როგორც ჩანს, იგრძნო ჩემი სამართლიანი საყვედური, წყობილებიდან გამოვიდა და ყვირილი დაიწყო, ამბობდა რა, რომ ის, როგორც მთავრობის თავმჯდომარის შემცვლელი, აცხადებს, მოითხოვს თავისი განცხადების ოქმში შეტანას და ჩემს ქცევას დაუშვებლად მიიჩნევს. იგი ამას იძახდა და თან კაბინეტში მიმოდიოდა. მე ავდექი, მივუახლოვდი მას და მშვიდად ვუთხარი: „თქვენ რატომ ყვირიხართ“. იგი მაშინვე დამშვიდდა და უკვე ძლიერ დაცემული ხმით ძლივს გასაგონად მიპასუხა: „მე არ ვყვირივარ“. „აი ასე ილაპარაკეთ კიდეც“, – შევუნიშნე მას. შემდეგ, როცა დამშვიდდა, მან მკითხა, მივიღე თუ არა ჩემს უკანასკნელ მგზავრობაში ორთქლმავალი დაუბრკოლებლად. მე ვუპასუხე, რომ მივიღე. „აი ხედავთ“, – მითხრა მან, – „არანაირი კამათი და დროის კარგვა არ ყოფილა, ვინაიდან ჩემს მიერ წინასწარ იქნა მიცემული განკარგულება, რომ თქვენთვის თქვენი მოთხოვნის მიხედვით ორთქლმავალი ყოველთვის მოეცათ, ჩემთვის კი მხოლოდ აღსრულების შემდეგ მოეხსენებიათ“. ეს, რა თქმა უნდა, საკითხის გადაწყვეტა არ ყოფილა, ვინაიდან თვითონ თავმჯდომარეს, ან ვინც შემდეგ იმას შეცვლიდა, შეეძლო ეს ბრძანება არ დაემტკიცებია გულმავიწყობის გამო, ან კიდევ, შესაძლოა, იმიტომ, რომ ამას საჭიროდ არ მიიჩნევდა და ევ. პ. გეგეჭკორის ბრძანებაც საკუთრივ არსებული დადგენილების კერძო გვერდის ავლა გახლდათ და შეეძლო შეტყობინების გზათა სამინისტროსთვის ქცეულიყო საბაბად, რომ საკუთრივ, ჩემთვის ორთქლმავლის დაუბრკოლებლად მოცემაზე არსებითად უკანონო დამატებითი ბრძანება არ შეესრულებიათ. და, ბოლოს, თუკი საჭიროდ მიიჩნიეს მთავრობის დადგენილებისთვის ფაქტიურად გვერდი აევლოთ და ამით დასტურდებოდა მთავარსარდლისთვის გადაადგილების თავისუფლების მიცემის აუცილებლობა, მაშინ რატომღა არ შეიძლებოდა ამ ყველას შემავიწროვებელი დადგენილების შეცვლა? არის ბევრი რატომ. პასუხი ყოველთვის იქნება: საიდუმლოა, საიდუმლოა და საიდუმლოა ან კიდევ ნათელია, ნათელია, ყველაფერი ნათელია. 

მომხდარმა, უწოდეთ, კამათმა, შეტაკებამ, ყველას მძიმე შთაბეჭდილება დაუტოვა. მე სულში ძალზედ მწარედ აღვიქვამდი ასეთი არამეგობრულობის კონსტატირებას, თუ არა მტრობისა, ასეთი გრძნობისა ჩემი პიროვნების მიმართ. ვ. ჯუღელი უეჭველად აცნობიერებდა ამას, ვინაიდან, როცა მოისმინა ევ. პ. გეგეჭკორის მიერ სულ ახლახანს ნათქვამი სიტყვები, ისეთი ტონით, რომელშიც დიდი უკიდურესი სინანული იგრძნობოდა, მიმართა გეგეჭკორს და უთხრა: „და რატომ ეს ადრე არ თქვი; არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა“. დამახასიათებელია. ევგენი პეტრეს ძის სინდისზე ვტოვებ იმას, რომ თავიდანვე არ თქვა ის, რაც შემდეგ თქვა. მართალია, ეს საკითხს საბოლოოდ ვერ წყვეტდა, მაგრამ შეჯახება, ეს ყველასთვის მძიმე მოვლენა, არ მოხდებოდა. სხდომა დამთავრდა. მე ვგრძნობდი, რომ არ შემიძლია დავრჩე იმ გარემოში, რომლის მტრობაც ჩემდამი ასე მკვეთრად გამოვლინდა.

მეორე დღეს ვ. ჯუღელმა საბჭოს სხდომაზე შემოიტანა წინადადება ოქმიდან ყველაფერ იმის ამორიცხვის შესახებ, რასაც ითხოვდნენ წინა დღეს რომ ოქმში შეეტანათ. ყველა დაეთანხმა, და გადაწყვეტილ იქნა ოქმიდან ყველაფერი ამოერიცხათ. მე პატაკი მივეცი გადადგომაზე. ისევ დაიწყო ლაპარაკები, რომ ვქმნი არასაჭირო კრიზისს, რომ დრო ჯერ კიდევ კრიტიკულია (ეს იყო აგვისტოს დასაწყისში), რომ არსებითად ჩემი მოთხოვნა ორთქლმავალთან მიმართებაში (თითქოს და ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი გადადგომის მიზეზი) აღსრულებულია და სხვა. ყველაფერ ამას მეუბნებოდა სიმპათიური გრ. სპირ. ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრი. ბოლოს, მან დამიწყო ლაპარაკი, რომ ევგენი პეტრეს ძე უკიდურესად ნანობს, რომ თავს ნება მისცა ხმა აემაღლებია, რომ მან რწმუნება მომცა მე თქვენთვის ეს გადმომეცა და ა. შ. ეს საუბრები დიდხანს წარმოებდა, მგონი, ორ დღეს. ამასობაში მეც რყევა დამეწყო ჩემს გადაწყვეტილებაში რომ გადავმდგარიყავი. ჩვენთან ყველა ფრონტზე უკვე სრული სიმშვიდე იყო; ჩვენ უკვე გავუშვით შვებულებაში სათადარიგოთა ნაწილი და შეიძლებოდა მოლოდინი გვქონოდა, რომ დღეს თუ არა, ხვალ შევუდგებით დემობილიზაციას და მაშინ, კანონის თანახმად, მთავარსარდლის თანამდებობა გაუქმებულ უნდა იქნას. ჩემთვის ნათელი იყო, რომ მთავრობის წევრებს არ უნდოდათ ისეთი სკანდალი, რომ მთავარსარდალი თვითონ წავიდა, არამედ სურდათ დრო გაეწელათ და შემდეგ თანამდებობიდან გავენთავისუფლებიეთ. ამრიგად საკითხი ჩემი გაგადგომის თაობაზე წარმოადგენს მხოლოდ თავმოყვარეობის საკითხს, ე. ი. მე თვითონ წავედი თუ გამისტუმრეს. არსებითად კი, სულ ერთია მე ჩემი არსებობა უნდა დამემთავრებია; ეს გარდაუვალი გახლდათ. მე გადავწყვიტე ხელი ჩამექნია, რადგანაც სულ ერთი იყო მალე თადარიგში უნდა წავსულიყავი.

მე დავთანხმდი დავრჩენილიყავი. ისევ სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს დავუბრუნდები. ადრე უკვე აღვნიშნე, რომ ის ხშირად იყო დაკავებული არათავისი საქმით და ისეთ საკითხებსა და ისეთ დეტალებს განიხილავდა, რომლებითაც არ უნდა ყოფილიყო დაკავებული. როგორი საქმეებით იყო დაკავებული, ახლა ძნელია გავიხსენო ყველა წვრილმანი, მოკლედ იქნება, თუ ვიტყვი, თუ როგორი საქმებით არ გახლდათ იგი დაკავებული. იგი ყველაფერში შედიოდა (ერეოდა), უნდოდა ყველაფერი სცოდნოდა, როგორც მაგალითად, ვინ იქნება ასეთ მიმართულებაზე უფროსი, როგორია იგი, და რატომ არა ასეთი და სხვა; რომელი ნაწილი იგზავნება იქ და რატომ იქ, და სხვა. ეს საბჭო აღმოჩნდა ფარული სახით ორგანო, რომელიც თვალყურს ადევნებდა მთავარსარდლის საქმიანობას. საინტერესია გადავხედოთ სხდემოების ოქმებს და მაშინ ნათელი შეიქნება დაწვრილებით ამბებში თავდაცვის საბჭოს საქმიანობის სურათი. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ თავდაცვის საბჭო დაკავებული გახლდათ არა იმ საკითხებით, რომლებითაც უნდა ყოფილიყო ის დაკავებული, მე ასეთ კრიტიკულ დროში არ მინდოდა საკითხის გამწვავება და მთელი ძალებით ვისწრაფოდი მხოლოდ მთავარსარდლის საქმიანობაზე მისი უარყოფითი გავლენის შემცირებისკენ. მე არაერთხელ მივუთითებდი იმ მუხლზე, რომელიც კრძალავდა მთავარსარდლის ოპერატიულ საქმიანობაში ჩარევას, რითაც ვაჩერებდი მათ „სამხედრო“ გზნებას. თუ ზოგჯერ როგორ მდგომარეობაში გახლდათ ხოლმე მთავარსარდალი, ამის დახასიათებისთვის აღვნიშნავ ერთ კიდევ ფაქტს.

როცა ჩვენ ვემზადებოდით ბათუმში შესასვლელად, წინა დღეს უეცრად ვ. ჯუღელმა ბათუმიდან განაცხადა, რომ იგი თვლის, რომ შესასვლელი ჯარების რიცხვში ცოტაა გვარდია და რომ საჭიროა სახლებში გაშვებული გვარდიის მობილიზაცია. მე ახლაც კი მეცინება, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო მსგავსი საკითხებით დაკავებული ადამიანი, რომელიც ბედის ნებით ისეთი სერიოზული საქმისათვის იყო მოწოდებული, როგორიცაა ხალხის ხელმძღვანელობა. ეს გახლდათ არასერიოზული და სრულებით ზედმეტ ხარჯებსაც იწვევდა: საჭირო იქნებოდა გვარდიის ბატალიონების მობილიზაცია, რკინიგზით მათი ბათუმში ჩაყვანა, მათი კვება, შემდეგ ისევ უკან წამოყვანა და გაშვება, ვინაიდან აღლუმის შემდეგ, ეჭვი არ არის, ისევ შემოვიდოდა თხოვნები მათი გაშვების თაობაზე. ეს სრულებით არამწარმოებლური ხარჯები გახლდათ. მე უარვყავი. ამაზე საპასუხოდ ვ. ჯუღელმა თავდაცვის საბჭოში გაგზავნა ტელეგრამა, რომელშიც მიუთითებდა, რომ მე რაღაც მიზნებით არ მინდოდა, რომ ბათუმში შემსვლელი ჯარების რიცხვში ყოფილიყო ბევრი გვარდია. ლორთქიფანიძემ მიჩვენა ეს ტელეგრამა, თან იცინოდა და ამბობდა, რომ არ მიმექცია ყურადღება ამ ბავშვური გამოხტომისთვის. ეს, საკუთრივ, გახლდათ ჩემზე საჩივარი. ეს ტელეგრამა, რა თქმა უნდა, უჩემოდ მოხსენდა თავდაცვის საბჭოს, მაგრამ ყურადღების გარეშე იქნა დატოვებული. მთავარსარდლის დადანაშაულება, საკმაოდ მძიმე, რაღაც ჩანაფიქრში გვარდიის წინააღმდეგ, სახეზე გახლდათ, მაგრამ საქმე შეეხებოდა მთავარსარდალს და ყველანი გაჩუმდნენ. შეიძლება თქვან, თუ რატომ არ მოვახდინე მე რეაგირება. მე რეაგირება მხოლოდ ერთი ხერხით შემეძლო, სახელდობრ კი თანამდებობიდან წასვლით. ხოლო ამის ვ. ჯუღელის ისტერიულ ღაღადზე დამოკიდებულებაში დაყენება კი არ შეიძლებოდა. ბრალდებაც უნიადაგო იყო და კაპრიზს აყოლილი ქალის სულისკვეთებას უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე სერიოზული ადამიანისა. დაე მაპატიოს ვ. ჯუღელმა ეს სიტყვები. როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება, იგი ჩემთვის მუდამ სიმპათიური გახლდათ და ის ამაში დარწმუნებული უნდა იყოს, ვინაიდან მე არაერთხელ გამომიხატავს მისთვის ჩემი სიმპათიები, ყველა სხდომაზე ჩვენი მრავალრიცხოვანი შეტაკებების მიუხედავად. როგორც მოღვაწე, იგი იტანჯება (страдает) იმით, რომ სრულებით არ იყო მომზადებული და არ შეესაბამებოდა იმ უზარმაზარ როლს, რომელიც მას ხვდა წილად ჩვენი ხალხის ისტორიაში.

რამდენიმე დღის შემდეგ იმ სხდომიდან, რომელზედაც ხდებოდა იმ საკითხის დებატირება, რომელმაც ევ. პეტრ. გეგეჭკორთან ჩემი შეჯახება გამოიწვია, ჯოტო შერვაშიძე აწყობდა ვახშამს ბაღ „ედემში“ ევ. პეტრ. გეგეჭკორისთვის, რომელიც ევროპაში ჩვენი სახელმწიფოს „დე იურედ“ ცნობის მისაღწევად მიემგზავრებოდა. მეც ასევე დაძახებული გახლდით. მოწვეული იყო 40 ადამიანი. მე ევგენი პეტრეს ძის გვერდით დამსვეს. ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო შეჯახების შემდეგ. დაე მაპატიოს ევგენი პეტრეს ძემ, მაგრამ მე მის ადგილზე ასე არ შევხვდებოდი გენ. კვინიტაძეს, რომელსაც ნათლად უნდა ჰქონოდა საკუთარ თავში მომხდარი სცენის უსიამოვნო გრძნობის დანალექი. იგი უბრალოდ მომესალმა, და ჩვენ ვახშამზე გვერდიგვერდ ვიჯექით, თუმცა კი ერთმანეთთან თითქმის არ გვისაუბრია. ჩვენ ამ დრომდე, როგორც მეჩვენებოდა, ძალზედ კარგ ურთიერთობებში ვიყავით, და მე გულში ძალზედ ვნანობდი მომხდარის გამო. მე მის ადგილზე მივიდოდი გენ. კვინიტაძესთან და გულწრფელად მოვუხდიდი ბოდიშს ჩემი სიფიცხისა და ჩემი ყვირილისთვის. ეს არ ამცირებს ადამიანს, პირიქით, ეს ამაღლებს ადამიანს. მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ ბოლშევიკებთან ომის დროს შევხვდით მიხაილოვოში 1921 წელს და ამ დრომდეც მეტად ცივად ვხვდებით. მე არ შემიძლია (не умею) კარგ ურთიერთობებში ვიყო იმათთან, ვინც ჩემთვის არასიმპათიურია და ევგენი პეტრეს ძეს, არ შეუძლია არ იცოდეს ჩემი სიმპათიების შესახებ, დაწყებული 1917 წლიდან. რატომ გადაწყვიტა მან ასე მკვეთრად შეეცვალა ჩემდამი თავისი დამოკიდებულება?


თ ა ვ ი XIX 


კიდევ ერთი გადადგომა 

ორი კვირის შემდეგ მე გავემგზავრე ახალციხეში და იქიდან – აბასთუმანში მთავრობის თავმჯდომარესთან. ჩემი მგზავრობა გამოწვეული იყო მთავრობის თავმჯდომარის ტელეგრამით, რომელშიც იგი წერდა, რომ ახალციხეში ნაწილები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშ არიან. ახალციხეში, ნამდვილად, თადარიგის ჯარისკაცები მე საშინელ მდგომარეობაში ვიხილე, მათ ჯერ კიდევ არ მიეღოთ სახაზინო ფორმის ტანსაცმელი. ეს ისევ იმავე სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის ბრალი გახლდათ. მთავრობის თავმჯდომარესთან მე ორი საათი დავყავი. სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით. მე სრულებით არ ვიცოდი, რომ ამ დროს სახელმწიფო თავდაცვის საბჭომ, მთავარსარდლის არყოფნისას, დაადგინა არმიის დემობილიზაცია და მთავარსარდლის თანამდებობის გაუქმება. ეს მე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გავიგე, როცა გაზეთში წავიკითხე.

არ ვიცი, იცოდა თუ არა ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ, ვფიქრობ, რომ იცოდა. როცა სამხედრო საქმეებზე ვლაპარაკობდი, მთავრობის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ომისთვის. რომ თუ ჩვენ ზაფხულის განმავლობაში ყველაფერს სასურველად დავასრულებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში გარანტირებული ვიქნებით უბედურებებისგან, რომ ჩვენ ომისთვის ჩვენი მზადყოფნა უკიდურეს ზღვრამდე უნდა განვავითაროთ, რათა არ ჩავვარდეთ ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ახლახანს გამოვცადეთ. ვეხებოდი რა სამხედრო მმართველობას, აღვნიშნე, რომ ჩვენს „კრებულში“ დიდი ნაკლოვანებაა ამ მიმართებით, რომ ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს არ არის ის პირი, რომელიც ომის გამოცხადებასთან ერთად აიღებს საკუთარ თავზე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას; რომ აუცილებელია ასეთი პირი გვყავდეს ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს, რათა ამ ადამიანს შეეძლოს მოამზადოს ჯარები და თვითონაც მოემზადოს ომისთვის. ამასობაში ჩვენთან მხოლოდ საომარი მოქმედებების გამოცხადების შემდეგ ჩნდება ეს პირი და, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ასეთად ის ადამიანი გვეცხადება, რომელიც განზე იმყოფება ქვეყნის თავდაცვის საკითხებისგან. რომ საჭიროა აღიარებულ იქნას, რომ ჩვენ ბედნიერების წყალობით გამოვაღწიეთ ძნელი ვითარებიდან და რომ შემდგომში ასე ყოველთვის არ შეიძლება იყოს. ამაზე მთავრობის თავმჯდომარემ დამისვა კითხვა: „და შეიძლება, რომ ეს პირი ერთდროულად განაგებდეს სამხედრო სკოლასა და არმიას“. მე ეს გავიგე, შეიძლება, მართალი არ ვიყავი, რომ ეს შემეხება მე, რადგანაც მთავარსარდლის თანამდებობაზე დანიშვნის წინ სამხედრო სკოლის უფროსი გახლდით.

აქ ერთი რამ უნდა ვთქვა. გენ. ოდიშელიძე ჯერ კიდევ ამ 1920 წლის იანვარში დანიშნულ იქნა სამხედრო მინისტრის მეორე თანაშემწედ. იგი იყო თანაშემწე სამწყობრო ნაწილში და მთელი არმია ექვემდებარებოდა მას ამ მიმართებით. ჩვენი „კრებულის“ მიხედვით ასეთი თანამდებობა არ არსებობდა და ეს გახლდათ ძირითად სამხედრო კანონდებულებათა დარღვევა; მაგრამ ამის შესახებ არ ზრუნავდნენ. გენ. ოდიშელიძე იმავე წლის მარტში იყო საზღვარგარეთ და აგვისტოს დასაწყისში თბილისში დაბრუნდა. მისი მდგომარეობა უცნაური გახლდათ. იგი იყო სამხედრო მინისტრის თანაშემწე, მას უნდა დაქვემდებარებოდნენ ჯარები, და ამასობაში კი ჯარებს მე ვსარდლობდი. ნათელია, ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა მოეშორებინათ. მე სულაც არ ვეჭვობდი, რომ არჩევანი ჩემს სასარგებლოდ არ იქნებოდა გაკეთებული. არასოდეს ვყოფილვარ ცხოვრებაში კარიერიზმის გრძნობით შეპყრობილი. ომში კავკასიის ფრონტზე, რომელშიც მონაწილეობას სულ დასაწყისიდანვე ვღებულობდი, ჩემი პირველი ორდენი მხოლოდ 1916 წლის ზაფხულში მივიღე, ე. ი. ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ. ჩვენთან დივიზიაში ოფიცრები, რომლებიც ომში სულ დასაწყისიდან მონაწილეობდნენ, ამ დროს უკვე მე-5 მორიგ ჯილდოს ღებულობდნენ, მე კი მხოლოდ პირველი მივიღე. ჩემს გავლენას, როგორც გენერალური შტაბის ოფიცერი, მე იმაში ვიყენებდი, რათა ჩვენი დივიზიის ოფიცრები და ჯარისკაცები ღირსეულად ყოფილიყვნენ დაჯილდოვებულნი თავიანთი საბრძოლო გმირობებისთვის, საკუთარ თავზე კი არ ვზრუნავდი; ჯილდოებსა და გამორჩევებს მეტად გულგრილად ვეკიდებოდი და მეზობელი ასეულის მეთაურის მიერ ხელის ჩამორთმევა რუსეთ-იაპონიის ომის დროს, რომელიც აღმოჩენილი დახმარებისთვის მიხდიდა მადლობას, ჩემთვის ორდენებსა და გამორჩევებზე შეუდარებლად უფრო მაღლა იდგა. ამიტომ მე სულაც არ მაინტერესებდა საკითხი, თუ ჩვენ ორიდან რომელი იქნებოდა მოცილებული, ოდიშელიძე თუ მე. გენ. ალექსანდრე გედევანიშვილი გახლდათ სამხედრო მინისტრის თანაშემწე სამეურნეო ნაწილში, ამასთან სამეურნეო კომიტეტი მას კი არ ექვემდებარებოდა, არამედ სამხედრო საბჭოს. ყველაფერი ეს იყო რთული, მძიმე (грузно), იწვევდა მასა კამათებსა და ურთიერთობების გაურკვევლობას. ჩემთვის რომ შემოეთავაზებინათ იმ როლში დარჩენა, რომელშიც შევდგებოდი, მე დავთანხმდებოდი მხოლოდ კაპიტალური რეფორმის პირობით უმაღლეს სამხედრო მმართველობაში და გვარდიული ბატალიონების თუ არა მოსპობით, მათი რიცხვის მინიმუმამდე შემცირებით მაინც და, ყოველ შემთხვევაში, მოვაცილებდი რა მათ საბრძოლო სამსახურს; შემდეგ მე პირობად დავაყენებდი სამხედროების სრულ დამოუკიდებლობას შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის საქმეში და შევუდგებოდი არსებული ორგანიზაციის რეფორმას.

მთავრობის თავმჯდომარის შეკითხვა სამხედრო სკოლის უფროსისა და მთავარსარდლის თანამდებობათა შეთავსების თაობაზე რაკი საკუთარ თავთან დავაკავშირე, ვუპასუხე, რომ არსებითად ასეთი რამ არ უნდა კეთდებოდეს, მაგრამ ჩვენი არმის მცირერიცხოვნებისა და მისი მოწყობის მხოლოდ დასაწყისის გათვალისწინებით, და სამხედრო სკოლის უფროსის ისეთი თანაშემწის ყოფნისას, როგორიც გენ. ჩხეიძეა, ეს სარგებელსაც კი მოიტანდა. გულახდილად რომ ვთქვა, მიღებული რომ ყოფილიყო ის პირობები, რომლებზედაც ზემოთ ვლაპარაკობდი, მე ვიტვირთებდი საკუთარ თავზე ამ ტვირთს და შემეძლო თავიც გამერთვა მისთვის, ვგულისხმობდი რა სამხედრო სკოლის იმ მშვენიერი სამეთაურო შემადგენლობის არსებობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა და რომელიც მე გულმხურვალედ დამეხმარებოდა, რაშიც დარწმუნებული ვიყავი. როცა მთავრობის თავმჯდომარისგან მოვდიოდი, მან, ჩემი გამოცილებისას, უკვე კიბეზე მითხრა: „ესე იგი, გიორგი ივანეს ძევ, ჩვენ მოვილაპარაკეთ“. მე არ მიმიღია მისგან ამ ორი თანამდებობის შეთავსებაზე გარკვეული წინადადება, არ დამიყენებია ის პირობები, მხოლოდ რომელთა შესრულებისას ჩავუდგებოდი ჯარებს სათავეში, ამიტომ ქვემოდან მას ვუპასუხე: „პირიქით, ნოე ნიკოლოზის ძევ, მე წარმომიდგება, რომ ჩვენ სრულებითაც ვერ მოვილაპარაკეთ“. „არა, არა, მოვილაპარაკეთ“, – მომძახოდა ის ზემოდან და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.

ამის შემდეგ ჩემი მასთან მომდევნო შეხვედრა იყო 1921 წლის 15 თებერვალს დაახლოებით შუაღამეს, როცა გაჩაღებული იყო ომი ბოლშევიკებთან. მე უნდა აღვნიშნო, რომ ამ საუბარსა და ჩემი თანამდებობის გაუქმებას შორის შუალედში სახელმწიფო თავდაცვის საბჭოში მოხდა ჩემი შეჯახება გეგეჭკორთან, რომელიც, საზღვარგარეთ წასვლის წინ იყო აბასთუმანში ჟორდანიასთან სწორედ უკანასკნელთან ჩემი აღწერილი საუბრის შემდეგ.

მე ბორჯომში დავბრუნდი და ერთი დღით შევყოვნდი: იქ იხსნებოდა სანიტარული სადგური და ინიციატორებმა და მომწყობებმა მთხოვეს ამ გახსნას დავსწრებოდი; სხვათა შორის ვალ. ჯუღელიც გახლდათ მიწვეული. მას შემდეგ, რაც დავიშალეთ, მე სადგურზე გავემართე ჩემს ვაგონში. ვ. ჯუღელმა მომმართა წინადადებით გავმგზავრებულიყავით ქვიშხეთში მისი ამხანაგის ქორწილში. მე სრულებით მეუხერხულებოდა ასეთი უდროო და უცნაური მიპატიჟების მიღება. უარვყავი ის, მისი დაჟინების მიუხედავად. მაშინ მან მთხოვა მებრძანა, რომ მათთვის ორთქლმავალი მიეცათ. გასაგებია, თუ რატომ მეპატიჟებოდა იგი ქორწილში. მე ვბრძანე მისთვის ორთქლმავალი მიეცათ. ადამიანი, რომელმაც მთავარსარდლის გადაადგილების თავისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა საწვავის ეკონომიის გამო, ამ საწვავს ქორწილში მგზავრობაზე ხარჯავდა. შემდეგ მე უცნაურად მომეჩვენა, თუ რატომ მთხოვს ვ. ჯუღელი მისთვის ორთქლმავლის შოვნას, როცა მან იცოდა, რომ უკვე აღარა ვარ მთავარსარდალი. იმავე ღამეს თბილისში გამოვემგზავრე, სადაც შევიტყე კიდეც ახალი ამბავი ჩემი თანამდებობის გაუქმების შესახებ. შემდეგ გაზეთში წავიკითხე, რომ ჩემი საქმიანობისთვის მთავრობამ მადლობა გამომიცხადა. იქვე ეცხადებოდა მადლობა სულაქველიძესა და გოგუაძეს. თუ მთავრობა აუცილებლად მიიჩნევდა მთავარსარდალთან ერთად ამ პირებისთვის მადლობის გამოცხადებასაც, არ ვიცი, რატომ არ ჩათვალა მან საჭიროდ მადლობა გამოეცხადებინა საერთოდ შეიარაღებული ძალებისთვისა და სხვა გენერლებისთვის, რომლებმაც სულაქველიძესა და გოგუაძეზე ნაკლებად არ იშრომეს. ჩემთვის ხელიც კი არავის ჩამოურთმევია; ჩემთვის არავის პირში მადლობა არ უთქვამს. არ ვკამათობ, შესაძლოა, მე არ ვიმსახურებდი, მაგრამ მაშინ არ იყო საჭირო გაზეთებში გამოცხადება; ჩემთვის ამის შესახებ დადგენილების ასლიც კი არ გამოუგზავნიათ. საერთოდ, არც ერთი ომისთვის მე მთავრობისგან მადლობა არ მიმიღია; მხოლოდ სომხეთ-საქართველოს ომში გენ. ალექსანდრე გედევანიშვილმა, რომელიც შულავერის აღების შემდეგ ფრონტზე ჩამოვიდა, მაზნიაშვილი და მე გადაგვკოცნა, ხოლო შემდეგ კი თბილისში შემთხვევით შეხვედრისას მთავრობის თავმჯდომარემ მითხრა: „გილოცავთ“. მე კარგად ვერ გავიგე, თუ რას მილოცავდა. „ალბათ, ომის დასრულებას“, – გავიფიქრე. არც ახალციხე-არტაანის ლაშქრობის, არც ბოლშევიკებთან 1920 წლის ომის დამთავრების შემდეგ მე ეს „გილოცავთ“-იც კი არ მიმიღია.

მე სამადლობელი ბრძანება მივეცი ჯარებს და თადარიგში წავედი. ბრძანებაში განსაკუთრებით აღვნიშნე გვარდიის საქმიანობა, რომლის წილადაც მოვიდა მთავარი როლი ჩვენს ომში ბოლშევიკებთან. ჩემი ბევრი თანამოსამსახურე შემდეგ მეკითხებოდა, თუ რატომ ვმადლობდი გვარდიას უფრო მეტად, ვიდრე არმიას, და, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ მე ვეპირფერები გვარდიას, რაიმე გამოსარჩენს მოველი მისგან. მე ვუპასუხე, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობ ვიყო სამართლიანი და რომ გვარდიის წილად დიდი საბრძოლო სამუშაო მოვიდა და გვარდიის ჯარისკაცებმა შესაბამისი მადლობაც უნდა მიიღონ. გვარდიის ჯარისკაცები სულაც არ არიან დამნაშავენი იმაში, რომ მათი ორგანიზაცია არასწორადაა მოწყობილი. იმ პირობებში, რომლებშიც ისინი იქნენ ჩაყენებული, მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, და სულაც არ არიან დამნაშავენი იმაში, რომ აღზრდისა და მტერთან ბრძოლის არანორმალურ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი.

ჩემი გადადგომა, როგორც ყოველთვის, გაჭიანურდა. მთავრობის დადგენილების თანახმად, მე სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობას უნდა დაბრუნებოდი. რა თქმა უნდა, ჩემთან დაკავშირებით ბევრი დაეჭვებულია იმაში, რომ ეს მე ჩემი ღირსების რაღაცნაირ დამცირებად მიმაჩნდა და რომ მე იმდენად დიდი თანამდებობიდან, როგორიც მთავარსარდალია, უფრო დაბალ თანამდებობაზე წასვლა არ მინდოდა. ეს, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. და ამას აქვს თავისი მტკიცებულებებიც. როცა გაჩაღებულ იქნა ომი სომხებთან 1918 წელს, მე თადარიგში გახლდით, რომლის წინაც ყველაზე უფრო მაღალი სამხედრო პოსტები მეკავა. მე ვიყავი ამიერკავკასიის რესპუბლიკის, რომელიც საქართველოზე უფრო ვრცელია, სამხედრო მინისტრის თანაშემწე და მისი ჯარების მთავარსარდალი; შემდეგ იმავე თანამდებობებზე ვიყავი დამოუკიდებელ საქართველოშიც. ამ უმაღლესი თანამდებობების მიუხედავად, როგორც კი ომი დაიწყო, მე სამსახურს შევუდექი დივიზიის შტაბის უფროსად ჩემზე ჩინით უმცროსთან ძველი რეჟიმის მიხედვითაც და ახალი რეჟიმისაც. თუმც კი ამ თანამდებობასთან ერთად მთავაზობდნენ უფრო მნიშვნელოვან თანამდებობასაც გენერალ მაღალაშვილის მოხალისეთა კორპუსის შტაბის უფროსისა. და აქაც მე ვხელმძღვანელობდი არა თანამდებობით, არამედ რაღაც სხვით. შემდეგ, როცა გაჩაღებულ იქნა ახალციხის მოვლენები, მე ისევ წავედი შტაბის უფროსად იმავე გენერალ მაზნიაშვილთან. დაბოლოს, ახალციხის ფრონტის სარდლისა და ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობიდან, იმ თანამდებობიდან, სადაც მე ფაქტიურად სახელმწიფოს თითქმის მთელი შეიარაღებული ძალები მექვემდებარებოდა, წავედი სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობაზე, ანუ იმ საქმიანობაზე, რომელიც თავისი ფუნქციებით პოლკის მეთაურის საქმიანობის ტოლია და მხოლოდ ისეთი უფლებებით, რომლებიც დივიზიის მეთაურის უფლებებს უთანაბრდება, ე. ი. უფლებებით იმ დივიზიების უფროსებთან ვიქენი გათანაბრებული, რომლებიც ახალციხის ფრონტზე მე მექვემდებარებოდნენ.

სკოლის მეთაურობის დროის მანძილზე მე ვხედავდი, თუ როგორ მეხმარებოდნენ და ამ თანამდებობაზე დაბრუნება მას შემდეგ, რაც მქონდა შემთხვევა დავრწმუნებულიყავი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ჩემდამი არამეგობრულ დამოკიდებულებაში, უსარგებლო გახლდათ. ჩემთვის რომ შემოეთავაზებინათ ჩავმდგარიყავი სამხედრო უწყების სათავეში, მე მივიღებდი ამ თანამდებობას, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ჩემი მოთხოვნების შესრულების პირობით. ზაფხულში ჯარების სარდლობის დროის განმავლობაში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენთან სამხედრო უწყებაში ყველაფერი როგორ კეთილსასურველად არ არის და რომ შემდეგ ომშივე ამას ჩვენში მოჰყვება კრახი. სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობაზე კი მე არ შემეძლო ამ შეცდომების გამოსწორება და ჩემი მუშაობაც სამშობლოსთვის, რომლის თავზეც აღმართულიყო მუქარა, რომელიც 1921 წელს დაგვატყდა, ნულამდე დაიყვანებოდა. სკოლის მოწყობა, როცა სახელმწიფოს თავდაცვის საფუძვლები, მისი შეიარაღებული ძალები მხოლოდ ბანქოს ქაღალდებისგან შეკოწიწებილი პატარა სახლი გახლდათ, სასაცილო იყო და ჩემი მუშაობაც ბორბალში ციყვის მუშაობაზე იქნებოდა დაყვანილი. მე ძალზედ ვწუხვარ, რომ დამფუძნებელ კრებაში არ დასმულა შეკითხვა, თუ მთავარსარდალი რატომ წავიდა თადარიგში. მაშინ მე მომიწევდა მეპასუხა და, შესაძლოა, გამოირკვეოდა ჩვენი სამხედრო უწყების შეცდომები და შეიარაღებული ძალებიც 1921 წელს მტრის მოგერიებისთვის ჯეროვან სიმაღლეზე აღმოჩნდებოდა.

არ შეიძლებოდა წინასწარ არ განგვეჭვრიტა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საქართველოზე შემოტევა. დენიკინის რუსეთმა გამოავლინა თავისი აგრესიული მისწრაფებები ამიერკავკასიაში, ბოლშევიკური რუსეთი 1920 წელს, თვით მაშინაც, როცა 1920 წლის 7 მაისს ჩვენთან სამშვიდობო ხელშეკრულებას აწერდა ხელს, ამასთან ერთდროულად შემოიჭრა ჩვენს ფარგლებში. საქართველოს დაუფლება გადაწყვეტილი იყო მოსკოვში. აი ნამდვილი მიზეზი ჩემი გადადგომისა, სურვილის არქონისა, რომ სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობაზე დავბრუნებულიყავი. შესაძლოა, მკითხველმა თქვას, რომ მე ეს ახლა მოვიფიქრე. არა, მკითხველო, მე ყოველთვის გულწრფელი ვარ.

1920 წლის შემოდგომაზე, ჩემი გადადგომიდან ერთი კვირის შემდეგ, სამხედრო სკოლის უფროსი კლასის იუნკრებმა სამახსოვროდ ძველისძველი ხანჯალი მაჩუქეს. საპასუხო სიტყვაში მე მათ ვუთხარი, რომ თადარიგში მივდივარ არა თავმოყვარეობის გამო, არა იმის გამო, რომ ჩემი მაღალი თანამდებობიდან ისევ დაბალ თანამდებობაზე მაბრუნებენ, არამედ რომ მიზეზები უფრო ღრმადაა, რომ მე ვხედავ მომავალი კრახის ნიშნებს და ეს მახალისებს რომ თადარიგში წავიდე. მე არ მითქვამს მათთვის, რა თქმა უნდა, ეს ნიშნები; რატომ დავამსხვრიო მათი იმედები. მე თადარიგში წავედი და ნაღვლიანად ველოდი კვანძის გახსნას. მან ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.

სამხედრო მინისტრი დღითი-დღე გადადებდა ბრძანებას ჩემი გადადგომის შესახებ, მეუბნებოდა რა, რომ დამეცადა, არ მეჩქარა. მე არ შემეძლო არ მეჩქარა. გენ. ოდიშელიძე არაერთხელ მუსულა შტაბში და თხოულობდა ბრძანების დაჩქარებას თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ. როგორც ჩანდა, სამთავრობო სფეროებში წყდებოდა საკითხი, თუ ჩვენ ორიდან ვინ დაეტოვებინათ; და გრ. სპირ. ლორთქიფანიძე, როგორც ჩანდა, სულ მცირე მე ასე ვფიქრობ, ცდილობდა მე დავეტოვებინე იმ თანამდებობაზე, რომელიც გენ. ოდიშელიძეს ეკავა, ხოლო უკანასკნელისთვის კი რაიმე სხვა ადგილი მოეძებნა, რომელიც მას საწყენად არ დარჩებოდა. ეს ჩემი პირადი აზრებია, და მე შეიძლება ვცდებოდე.

ბოლოს, ლორთქიფანიძემ მე თავისთან მიმიწვია და შემომთავაზა ისევ სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობა დამეკავებია; ამჯერად წინადადება მშრალად იყო გაკეთებული. მე უარვყავი. „მაშინ, შეიძლება, სამხედრო საბჭოს წევრის თანამდებობა მიიღოთ, გენ. ანდრონიკაშვილის ნაცვლად, რომელიც სკოლის უფროსად იქნება დანიშნული?“, – განაგრძობდა იგი იმავე ტონით. მე ვუპასუხე: „არა“. „რა ვქნათ, მოგვიხდება მივიღოთ თქვენი გადადგომა“, – დაასრულა მან და ბრძანებას ხელი მოაწერა. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან ეს ისე შეასრულა, როგორც ადამიანები ასრულებენ მათთვის უსიამოვნო, მაგრამ მათი ნების საწიანაღმდეგო მათთვის თავზე მოხვეულ დავალებებს.


თ ა ვ ი XX 

მთავარსარდლის უფლებები და მისი მდგომარეობა. – ხელისუფლება და ოფიცრობა. – გენერალური შტაბი. – გვარდიის შესახებ. – დამოკიდებულება ოფიცრობისადმი 


მთავარსარდლის უფლებები და მისი მდგომარეობა 

ახლა რამდენადმე შევჩერდები იმაზე, თუ რას წარმოადგენდა მთავარსარდლის თანამდებობა. „კრებულის“ მიხედვით მთავარსარდალი მთავრობის დეკრეტით ინიშნებოდა და მთავრობის თავმჯდომარეს ექვემდებარებოდა. აი ყველაფერი, რაც მასზე იყო ნათქვამი. დებულება მთავარსარდლის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ არ ყოფილა. საჭირო იყო მისი შედგენა. ის იქნა ჩემს მიერ შედგენილი რუსული დოკუმენტის „დებულება ჯარების საველე მართვის შესახებ ომის დროს“ თანახმად, და ჩვენი სახელმწიფოსთვის მისადაგებით. შემდეგ თავდაცვის საბჭო მას თავის სხდომებზე განიხილავდა; ეს რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. განსაკუთრებული შემოპასუხება და კამათები არ ყოფილა.

ამ დებულების მიხედვით სახელმწიფოს მთელი შეიარაღებული ძალები, ე. ი. არმიაცა და გვარდიაც მთავარსარდალს ექვებდებარებოდა. რაც შეეხება სამთავრობო და ადმინისტრაციულ ორგანოებს, ასეთები მას მხოლოდ იმ ადგილებში ექვემდებარებოდნენ, სადაც უშუალოდ საომარი მოქმედებები თამაშდებოდა, რომლებიც საომარ მოქმედებათა თეატრებად იყო გამოცხადებული; მისი განკარგულებები სრულდებოდა ისე, როგორც მთავრობის განკარგულებები. წინასწარ კი ზურგის რაიონი არ ინიშნებოდა. ასე, მაგალითად, 1920 წელს ბოლშევიკებთან ჩვენი ომის დროს თბილისი და მისი მიმდებარე რაიონი ამოღებულ იქნა მთავარსარდლის გამგებლობიდან და საომარ მოქმედებათა თეატრად მხოლოდ ფოილოსა* (* სომხეთ-საქართველოს საზღვარზე) და წითელი ხიდი – სადახლოს რაიონი იყო გამოცხადებული. ამრიგად, სახელმწიფო მმართველობის მთელი ორგანოები თვით საომარ მოქმედებათა თეატრზეც კი უწინდებურად თავიანთ შესაბამის სამინისტროებს ექვემდებარებოდნენ. ხელისუფლების გაორება გამოდიოდა. სამხედრო სასამართლო უკვე დიდი ხანია ამოღებული გახლდათ სამხედრო უწყების გამგებლობიდან და იუსტიციის მინისტრს ექვემდებარებოდა. მართალია, შეიძლებოდა საგანგებო სასამართლოების დაარსება, მაგრამ იყო ისეთი დანაშაულებებიც, რომლებისთვისაც ჩვეულებრივი სამხედრო სასამართლობით უნდა გაესამართლებიათ; ამ შემთხვევებში ამას იუსტიციის სამინისტრო განაგებდა. მთავრსარდალს სახელმწიფო კონტროლის ორგანოები არ გააჩნდა. ჩემმა ურთიერთობებმა სახელმწიფო კონტროლთან, დაწყებულმა ამ საქმის მოწესრიგების მიზნით, ვერანაირი შედეგები ვერ გამოიღო. სახელმწიფო მაკონტროლებელი კოტე ანდრონიკაშვილი არ დამეთანხმა, რომ თავისი სამმართველოს მაკონტროლებელი მოხელეები ჩემს დაქვემდებარებაში მოეცა; ჯარებზე კონტროლის უფლება თავისთან დაიტოვა, რაც იწვევდა შემთხვევით კონტროლირებას და გამორიცხავდა მუდმივი და ფაქტიური კონტროლის შესაძლებლობას, რაც ამდენად აუცილებელი გახლდათ არა მხოლოდ დანაშაულებათა გახსნის აზრით, არამედ იმ კმაყოფის ფაქტიური კონტროლისთვისაც, რომელსაც ჯარები სამხედრო-სამეურნეო კომიტეტისგან ღებულობდნენ. რეკვიზიციის უფლება მთავარსარდალს ასევე არ ჰქონდა; მას შეეძლო ამით მხოლოდ იმ რაიონში ესარგებლა, რომელიც სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს მიერ საომარ მოქმედებათა თეატრად იყო გამოცხადებული. მაგალითად, წითელ ხიდთან საომარი მოქმედებების დროს, თბილისი საომარ მოქმედებათა თეატრად გამოცხადებული არ ყოფილა, რისი ძალითაც იმ ადგილობრივი მასალის რეკვიზირება, რომელიც აუცილებელი გახლდათ სამხედრო უწყებისთვის, არსად არ შეიძლებოდა და ამის შესახებ საგანგებო მოხსენებით უნდა შევსულიყავი სახელმწიფო თავდაცვის საბჭოში. თუ მხედველობაში მივიღებდით ჩვენი ტერიტორიის უმნიშვნელობასა და დედაქალაქთან საზღვრების სიახლოვეს, მთავარსარდალს დიდი უფლებები უნდა ჰქონოდა მიცემული. მაგრამ ჩვენი მთავარსარდალი სულაც ვერ ფლობდა იმ ძალმოსილებას, როგორიც მისთვის უნდა ყოფილიყო მიცემული. მთავრსარდლის ხელისუფლება შორს იყო იმ იდეალისგან, რომლისკენაც უნდა ვყოფილიყავით მისწრაფებულნი. თანამედროვე ომებში მთელი ხალხი მონაწილეობს; მთელი მისი ძალები და მთელი მისი საშუალებანი უნდა იყოს გაერთიანებული და ერთი მიზნისკენ, მტერზე გამარჯვებისკენ მიმართული. ხალხმა მთელი თავისი ძალები უნდა დაძაბოს. მთელი ეს ძალისხმევა ერთი პირის მიერ უნდა იქნას გაერთიანებული. ეს პირი არა მარტო თავისი ჯარების გულისცემის პულსს უნდა გრძნობდეს, არამედ მთელი ხალხისაც; მან უნდა იცოდეს მთელი ძალები და საშუალებანი, ხალხის დაძაბვის მთელი შესაძლებლობა და თავის პიროვნებაში, როგორც ფოკუსში, შეკრიბოს მთელი ძალები, საშუალებანი და საერთოდ ერის მთელი ბრძოლისუნარიანობა. არა მხოლოდ მატერიალური საშუალებები უნდა იყოს მის ხელში, არამედ მორალური საშუალებებიც; იგი უნდა ხელმძღვანელობდეს საზოგადოებრივ აზრსაც, და ნათელია, რომ პრესა მისდამი უნდა იქნას დაქვემდებარებული არა მარტო კონტროლის აზრით, არამედ მისი მართვისაც. მტერთან ბრძოლისთვის ხალხის მორალის შენარჩუნება და მხარდაჭერა მას უნდა ჰქონდეს ჩაბარებული. მხოლოდ ასეთი უფლებამოსილებების დროს შეუძლია ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც ჩვენია, გამოავლინოს მთელი დაძაბულობა, ასე აუცილებელი ჩვენთვის, ყოველი მხრიდან მტრებით გარშემორტყმულებისთვის, რომელიც მათთვის აგრესიულ გულისთქმათა ქვეყანას წარმოადგენს. მაგრამ ეს ყველაფერი ოცნებაა და დემოკრატიული წყობილების მქონე თანამედროვე სახელმწიფოებში ამის ცხოვრებაში გატარება არ შეიძლება; ასეთი თანამედროვე სახელმწიფოები შორს დგანან რომის რესპუბლიკისგან მისი არჩევადი დიქტატორებით. თუმცა კი თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში, ზოგჯერ თვით მშვიდობიანობის დროსაც, მთავრობები გამოითხოვენ ხოლმე პარლამენტისგან დიქტატორულ უფლებამოსილებებს. პრაქტიკულად ჩვენს მთავარსარდალს სულაც არ გააჩნდა ის ძალმოსილება, რომელიც მას თვით „დებულებითაც“ კი ეძლეოდა. მთავრობას არაფრად არ უღირდა გამოეტანა ესა თუ ის დადგენილება, რომელიც მთავარსარდლის ძალაუფლების ამა თუ იმ დარგის ანულირებას ახდენდა; საკმარისია აღვნიშნო შემთხვევა, რომელმაც მე გეგეჭკორთან შეჯახებამდე მიმიყვანა, როცა შეზღუდულ იქნა მთავარსარდლის გადაადგილების თავისუფლება. თვით ტელეფონიც კი, განკარგულებათა გადაცემის ამდენად ძალმოსილი საშუალება, შტაბის ხელში არ იმყოფებოდა და ქალაქის რაიონში მთელი განკარგულებების გაცემა ქალაქის ტელეფონით წარმოებდა. მუდამ ჭირდა დარეკვა, მუდამ შეეშლებოდათ ნომერი, მუდამ დაკავებული იყო; და ბოლოს, სამხედრო ხასიათის მთელი საუბრები ხალხისთვის ცნობილი ხდებოდა. ჩემს კაბინეტში მყოფ სატელეფონო ქსელის უფროსს პირადად მოუხდა გაეთავისუფლებია სამსახურიდან ერთი ქალიშვილი იმისთვის, რომ იგი გამოძახებებს ქრონიკულად არ პასუხობდა.

საკმარისია კიდევ ერთ დამახასიათებელ შემთხვევაზე მივუთითო, რომელიც ამტკიცებს მთავარსარდლის ძალაუფლების ფიქტიურობას. როცა მე თანამდებობას შევუდექი, მაშინ გვარდიაცა და არმიაც მე მექვემდებარებოდნენ, და არ შეიძლება სახეზე ღიმილი არ გამჩენოდა, როცა ვ. ჯუღელმა მომმართა თხოვნით, რომ თუ მე რამეს მივწერ გვარდიის შტაბში, არ გამოვიყენო გამოთქმა „გიბრძანებთ“, არამედ მივწერო „გთხოვთ“. ეს ჩემთვის ისეთი წვრილმანი ფორმალობა გახლდათ, რომ, რა თქმა უნდა, თავს უფლებას არ მივცემდი ამის გამო მასთან და მის შტაბთან ქედმაღლობა დამეწყო. ვუპასუხე, რომ მზად ვარ სამჯერ დავწერო „გთხოვთ“, ოღონდ კი მათ შეესრულებიათ ის, რასაც „ვთხოვდი“. 

1921 წელს ქალაქის თვითმმართველობის ერთ-ერთი მოხელე ისე არათავაზიანად მელაპარაკებოდა ტელეფონით, რომ მე მასთან საუბარი შევწყვიტე და იმ დროს ჩემს კაბინეტში მყოფი მთავრობის თავმჯდომარე ჩაერია საუბარში და ყურმილი აიღო. ერთი წუთის შემდეგ ქალაქის თავმა, ჩხიკვიშვილმა, თავისი მოხელის გამო ბოდიში მომიხადა. საჩვენებელი შემთხვევაა. თუ ქალაქის თვითმმართველობის მოხელე თავს ნებას აძლევს არათავაზიანად ელაპარაკოს მთავრსარდალს, თუ იგი მთავარსარდლის ტელეფონს იკავებს და რაღაც „საქმის“ მისთვის გაგზავნის გამო პირადად მას მიმართავს და ეს მაშინ როცა თბილისთან ბრძოლა მიდის, ნათელია, თუ როგორი წარმოდგენა აქვს მას მთავარსარდლის თანამდებობაზე. კიდევ ერთი შემთხვევა. ერთ-ერთი ჩემი მგზავრობის დროს გამგზავრების დროდ დავნიშნე საღამოს 8 საათი; თბილისიდან გამგზავრების დროს ყოველთვის იმისდა მიხედვით ვნიშნავდი, თუ დანიშნულების ადგილზე როდის უნდა ჩავსულიყავი. ასე მოვიქეცი ამჯერადაც. როცა სადგურში მოვედი, გაკვირვებული ვიყავი, არანაირი ორთქლმავალი დანიშნული არ ყოფილა. ჩემი თანმხლები პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი სამმართველოში გაემართა. ნახევარი საათის შემდეგ იგი ძლიერად აღელვებული დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ იგი ბატონმა ბოკერიამ მეტად არათავაზიანად მიიღო და მას მკვეთრად ელაპარაკებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლკ. გედევანიშვილმა მას განუცხადა, რომ იგი მთავარსარდლის მიერაა გამოგზავნილი. ბოკერიამ მას განუცხადა, რომ მთავრობაში შეიტანს მოხსენებას იმის შესახებ, რათა მთავარსარდალს არ ეძლეოდეს ცალკე ორთქლამავალი და რომ ამ საკითხის გადაწყვეტამდე არ მოგვცემს ორთქლმავალს. თითქოსდა, პირიქით, ამ საკითხის გადაწყვეტამდე მას უნდა მოეცა ორთქლმავალი. მე არ ვიცი კამათების მთელი მსვლელობა. პოლკ. გედევანიშვილმა მომახსენა, რომ სულ ერთია ორთქლამავალი მოგვეცემა. მართლაც, ორთქლმავალი მოგვცეს. როცა მე აბასთუმანში მთავრობის თავმჯდომარესთან ვიყავი, მაშინ გარკვევით განვუცხადე, რომ მოვითხოვ, რათა ეს მოსამსახურე მოშორებულ იქნას. მთავრობის თავმჯდომარემ მიპასუხა, რომ იგი ამ საკითხს გამოიძიებს. მეჩვენებოდა, გამოსაძიებელიც არაფერი იყო, ვინაიდან ჩემს მიერ ორთქლმავლის მოთხოვნა არ იქნა აღსრულებული და მხოლოდ პოლკ. გედევანიშვილის დაჟინებული მოთხოვნების შემდეგ მოგვეცა ორთქლმავალი. სანამ იძიებდნენ, დრო გადიოდა და მე შემდეგ, ჩემი თანამდებობის გაუქმების დღეებში შევიტყე, რომ ბ-ნმა ბოკერიამ სიცრუით უჩვენა, სახელდობრ, რომ პოლკ. გედევანიშვილი იყო მთვრალი, უხეში და სხვა. მთელმა ამ ისტორიამ ბოკერიასთვის დაუსჯელად ჩაიარა და, უკვე რომ არაფერი ვთქვათ სამართლიანობაზე, უბრალოდ თვით მთავარსარდლის პრესტიჟსაც კი არ დაუჭირეს მხარი. ყველა ეს აღწერილი შემთხვევა ხაზს უსვამს იმ დამოკიდებულებას, იმ შეხედულებას, რომელიც მთავარსარდლის თანამდებობაზე ყველაში არსებობდა, მთავრობის თავმჯდომარიდან დაწყებული, რომელიც მთავარსარდლის მიერ მისი ბრძანებების აღსრულებაზე მეთვალყურეობას თავის პირად მდივანს აკისრებდა, და ქალაქის თვითმმართველობისა და რკინიგზების სამმართველოს მოხელეებით დამთავრებული.


ხელისუფლება და ოფიცრობა 

ახლა შევაჯამებ ჩემს დაკვირვებებს 1919 წლის შემოდგომიდან 1920 წლის შემოდგომის ჩათვლით. ოფიცერთა კორპუსისადმი უარყოფითი დამოკიდებულება „კრეშჩენდო“ ზრდას განაგრძობდა.

ამ დროის მანძილზე დავკარგეთ ჩინებული საბრძოლო გენერალი თავადი მაყაშვილი, რომელიც იძულებული შეიქნა აზერბაიჯანის ჯარებში ემსახურა, ვინაიდან მისთვის სამშობლოში არ შეეძლოთ ადგილი მიეცათ, ხოლო ამასობაში კი უფრო ნაკლებად მცოდნენი სამსახურში იყვნენ დაძახებულნი. გენერალი მაზნიაშვილი, ჩინებული საბრძოლო და სამწყობრო უფროსი, თადარიგში იმყოფებოდა და ახალციხის ფრონტზე მოქმედებებისთვის სასამართლოშიც კი იყო გადაცემული. მთავარი ბრალდება იმაში შედგებოდა, რომ მან ახალციხის ფრონტზე მისდამი ჩაბარებული ფრონტის ჯარებით გაძლიერებაზე თქვა უარი, რასაც მას ვითომდა სთავაზობდნენ. სასამართლოში გამოირკვა, რომ გენ. ალექსანდრე გედევანიშვილი, როცა უკავშირდებოდა მას ჯარების გაძლიერების საკითხზე, მიუთითებდა გენ. მაზნიაშვილს, რომ, გააძლიერებს რა მის რაზმს, სახელმწიფო შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკულ მდგომარეობაში, ვინაიდან დაბეჯითებით არის საჭირო გაგრის ფრონტის გაძლიერება. ეს ნახევრად ბრძანება გახლდათ, და გენ. მაზნიაშვილი უნდა დათანხმებოდა იმას, რომ მისი რაზმი არ გაეძლიერებიათ. ამაში სხვა პირის (გენ. გედევანიშვილის) აშკარა ბრალეულობის მიუხედავად, ეს პირი პასუხისმგებლობაში არ მიუციათ. რეაბილიტირებული გენ. მაზნიაშვილი ქალაქ თბილისის გარნიზონის უფროსად იქნა დანიშნული, თანამდებობაზე, რომელიც ჩვენი „კრებულის“ მიხედვით არ არსებობდა.

ოფიცრების მატერიალური მდგომარეობა აუტანელი შეიქნა. მრავალი შრომის, ზრუნვა-მეცადინეობისა და დაჟინებული მოთხოვნების შემდეგ მათ ჯამაგირს თანდათანობით უმატებდნენ და ამ მიმართებით ეს ჯამაგირი ცხოვრების გაძვირებას ძლიერად ჩამორჩებოდა. კურიზული იყო ის, რომ ამასთან ერთად, სამხედრო უწყებაში მოსამსახურეთა, მაგრამ არა სამხედროების, როგორებიც იყვნენ ზეინკლები, მემანქანეები, მძღოლები, მჭედლები და სხვა, ეგრეთ წოდებულ თავისუფლად დაქირავებულთა ჯამაგირები სატარიფო პალატის გადაწყვეტილებით ავტომატურად იზრდებოდა, რის შედეგადაც არაერთხელ ყოფილა შემთხვევები, როცა ოფიცრები ნაკლებ ანაზღაურებას ღებულობდბნენ, ვიდრე მათ ხელქვეით მყოფი თავისუფლად დაქირავებულნი. კიდევ ერთი გარემოებაა დამახასიათებელი. 1919 წელს უფროსი საჯარისო მეთაური, დივიზიის უფროსი, სამჯერ მეტს ღებულობდა, ვიდრე ლეიტენანტი? 1500 მან. 500 მან.-თან შედარებით. შემდეგ 1920 წელს იგივე ღებულობდა მხოლოდ 1 1/2-ჯერ მეტს, 9000 მან. 6000 მან.-თან შედარებით. ამას შედეგად მოჰყვა შემდეგი მოვლენა. ობერ-ოფიცრები უარს აცხადებდნენ შტაბ-ოფიცრების თანამდებობის მიღებაზე, ვინაიდან განსხვავება სულ რაღაც რამდენიმე ასეული მანეთი იყო, პასუხისმგებლობა კი უზარმაზარი. ამრიგად სამხედრო სამსახურში, სადაც გაუქმებული იყო ჩინები, ვინაიდან ჩინს თანამდებობასთან ერთად ღებულობდნენ, და არა სამსახურის მიხედვით, ხოლო ჯამაგირის მომატება სამსახურის წახალისებას უკვე აღარ წარმოადგენდა, სამხედრო მოსამსახურეთა შორისაც წარმოიშვა სამსახურში დაწინაურებისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება; წახალისება, ინიციატივა და საერთოდ არმიაში მუშაობა სამხედრო მიმართებით ჩაკვდა და ეს იყო გაჩერება (დამყაყება, застой), ეს გახლდათ სამხედრო უწყების სიკვდილი, ჩვენი მმართველი წრეების მიერ ნაბრძანები (დავალებული). სამხედრო სკოლამ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ იყო ფეხზე დამდგარი, მაინც მოახერხა ზოგიერთი სიახლის შემოტანა, უმთავრესად სამწყობრო წესდებაში, თუმცა კი ეს ჩვენი გენერალური შტაბის ბიუროკრატიულ ტევრებში ჩაეფლო და ჩაიძირა.


გენერალური შტაბი 

აქ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გენერალური შტაბი მუშაობის შეუძლებელ პირობებში იყო ჩაყენებული. თავისი ხმამაღალი სახელწოდების მიუხედავად, ის ნაკლებად იყო თავისი პირდაპირი დანიშნულების საქმეებით დაკავებული. მობილიზაციის საქმეში იგი გადაიქცა სამმართველოდ, სადაც უშუალოდ მიმართავდნენ სამხედრო-სააღრიცხვო განყოფილებების უფროსები, სიტყვამ მოიტანა და, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში სამოქალაქო წესებითა და დებულებებით იყვნენ ხელებშეკრულნი; გენერალურ შტაბს უშუალოდ უნდა ეხელმძღვანელა ყველა ამ უფროსისთვის, რომელთა რიცხვიც, მგონი, 18-მდე ადიოდა. დაზვერვაზე ცოტა ფული გაიცემოდა, ის საკმარისო არ იყო, და ეს საქმეც ყველაზე უფრო პრიმიტიულ მდგომარეობაში გახლდათ. გენერალური შტაბის ნამდვილი მუშაობა კი არ ყოფილა; ჯარების სწავლებისა და აღზრდის ხელმძღვანელობის საქმე სრულებით არ არსებობდა. (გეგმების) შემუშავება და ომისთვის მომზადება არ ყოფილა; არ იყო არანაირი გეგმები არც ქვეყნის თავდაცვისა, არც შეიარაღებული ძალების გაშლის მომზადებაში, არც მანევრების ორგანიზებაში და სხვა. ამასობაში გენერალური შტაბის უფროსის მნიშვნელობა, რომელიც სამხედრო მინისტრის თანაშემწეს არ ექვემდებარებოდა, ძლიერ მაღლდებოდა. მისგან რჩევებს სამხედრო მინისტრის თანაშემწის თანაბრად ღებულობდნენ; იგი მუდამ დამფუძნებელი კრების კომისიაში გახლდათ და იყო შემთხვევები, როცა მთავრობის თავმჯდომარე პირადად ღებულობდა რჩევებს ამ პირისგან, სამხედრო მინისტრის თანაშემწეთა გვერდის ავლით, რომლებიც, თითქოსდა, ფაქტიურად სამხედრო უწყების სათავეში უნდა ყოფილიყვნენ.


გვარდიის შესახებ 

ეს ორგანიზაცია, რომელიც ფართოვდებოდა და ძლიერდებოდა, თავის კულმინაციურ პუნქტამდე მივიდა და მას კიდეც გადააბიჯა. ძირითადი კანონდებულების თანახმად, გვარდია იმათგან უნდა დაკომპლექტებულიყო, რომლებსაც უკვე მოხდილი ჰქონდათ სამხედრო ვალდებულება. მაგრამ 1920 წლის შემოდგომაზე შენიშნულ იქნა, რომ გვარდიაში უკვე აღარ შედიოდნენ ეგრეთ წოდებული მოხალისენი. სატყუარები უკვე აღარ ხიბლავდათ. ჯერ კიდევ 1920 წლის ზაფხულის კამპანიაში გვარდიისთვის, მათი მთავარი შტაბის მოთხოვნით, ფულების მსხვილი თანხა იქნა გაშვებული. ეს თანხა გვარდიელებს შორის უნდა ყოფილიყო განაწილებული დაჯილდოვების სახით, თანხების კანონით გათვალისწინებულ გაცემებზე დამატებით, რათა ისინი სამსახურში შეეკავებინათ.

შევსების უკმარისობამ წაახალისა გვარდიის შტაბი, რომ გაწვევიდან თავისთვის რამდენიმე ათასი ადამიანი მოეთხოვა, რათა თავიანთი ორგანიზაცია დაეკომპლექტებიათ. შეიარაღებული ძალის მოწყობის ამ ხერხის გაკოტრება თვალნათლივ გამოვლინდა. უკვე დაიწყეს ლაპარაკები ამ სახის ჯარების არასაჭიროების თაობაზე. მაგრამ გვარდიელების 1920 წლის ყრილობამ ნათლად გვიჩვენა საწინააღმდეგო. ამ ყრილობის სხდომებზე დადგენილ იქნა ყოველმხრივ დაეჭირათ მხარი ამ ორგანიზაციისთვის და თვით მთელი შეიარაღებული ძალაც გვარდიის ნიმუშის მიხედვით მოეწყოთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, მზადდებოდა არმიის მოსპობა. საერთოდ არმიისა და გვარდიის მდგომარეობის ზოგადი ტონი ასეთი გახლდათ: გვარდია – ქვეყნის თავდაცვის მთავარი იარაღია; არმიას კი გარკვეულ დრომდე ითმენდნენ. გვარდიის უარყოფითმა თვისებებმა საკუთარი თავი მთელი ბრწყინვალებით ჯერ კიდევ 1918 წლის გაზაფხულზე აჩვენა. ბორჩალოს მაზრის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მომმართეს უამრავი საჩივრით გვარდიელთა თავაშვებულობის გამო (на бесчинства Гвардии). 1920 წელს საბრძოლო მოქმედებების დროს დაპყრობილი რაიონიდან მთელი აღალებით გაჰქონდათ ყველაფერი ძვირფასი, განსაკუთრებით ხალიჩები, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკუთვნოდა; ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გაზიდული ყოფილიყო იქიდან, რასაც გაქცეული მოსახლეობა ტოვებდა.

ამასთან ერთად გვარდიამ გვიჩვენა საბრძოლო მოქმედებებისადმი სრული უუნარობა. უმცირესი ნაწილობრივი უიღბლობის დროს მთელი ფრონტი გამორბოდა, თვით მაშინაც კი, როცა მათ უბნებზე მოწინააღმდეგე არც ინძრეოდა. თავიანთი უფროსებისადმი ურჩობა, უკანასკნელთა უსუსურობა იმაში, რომ მათ გამკლავებოდნენ, ჯართა ამ გვარეობის თანამგზავრები გახლდნენ. გვარდიის შტაბი, რათა დაქვემდებარებული ნაწილები შემდეგ ოპერაციაზე დაეყოლიებინა, ისეთ საშუალებას იყენებდა, როგორიცაა დაპირება, რომ ოპერაციის შემდეგ მათ სახლებში გაუშვებდნენ. შემდეგ, იმ გამხრწნელი გავლენის გარდა, როგორსაც გვარდია საერთოდ არმიაზე ახდენდა, ცალკეული პირები მათი გარემოდან ურჩობასა და უწესრიგობებზე არმიის წამქეზებლები გახლავან. ეს გარემოება იმ მოვლენასთან კავშირში, როცა მთელმა ბატალიონმა უარი განაცხადა 1920 წელს ჩვენს საზღვარზე გადმოსულ ბოლშევიკებთან ეომა, გვაიძულებს სერიოზულად დავფიქრდეთ იმ აზრებსა და შეხედულებებზე, რომლებიც სერიოზულადაა გამჯდარი ამ ორგანიზაციაში. ამასთან ერთად გვარდიის მთავარ შტაბს უკვე აღარ რცხვენოდა. იგი გრძნობდა თავის გავლენას სახელმწიფოებრივ ცხოვრებაზე და ულტიმატუმებს აყენებდა, თან იმუქრებოდა, რომ უარის შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვაში მონაწილეობაზე უარს იტყოდა.


ოფიცრობისადმი დამოკიდებულება 

ოფიცრების მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო უარესი შეიქნა. მათზე არანაირი ზრუნვა არ ყოფილა. აემაღლებიათ ეს კორპუსი ზნეობრივი მიმართებით, შთაებერათ მისთვის საკუთარი ღირსების გრძნობა, ჩაებუდებიათ მასში საკუთარი თავისადმი ნდობა, მიეცათ მისთვის ნიადაგი რომ თავისი მოწოდების რწმენა ჰქონოდა, ჰქონოდა იმის რწმენა, რომ მის მიმართ სამართლიანობას გამოიჩენდნენ, ყოველივე ეს საჭიროდ არ ითვლებოდა და საკუთარ თავს მინებებულმა ოფიცრობამ დაიწყო ყოველდღიური პურის ნაჭრის მოპოვების წვრილმანებში, ურთიერთშორის ინტრიგებში ჩაფლობა. ოფიცრობა მორალურად ირყეოდა, და ეს კადრი, შეიარაღებული ძალის ეს ბურჯი იხრწნებოდა. მე სამსახურში დრო და დრო თადარიგიდან შევდიოდი და არ შემეძლო ეს მოვლენა არ შემემჩნია; ის მე თვალში მკვეთრად მხვდებოდა, ვინაიდან, ვიყავი რა განზე და მას ცნობილი პერიოდების გამოტოვებით ვაწყდებოდი, მე თვალს ვადევნებდი მის თანდათანობით დაცემას. ეს გახლდათ ბუნებრივი შედეგი იმისა, რომ ეს კორპუსი არა მხოლოდ საკუთარ თავს იყო მინებებული, არამედ თითქოსდა განგებ ცდილობდნენ იგი გაეხრწნათ. შესაძლოა, ეს იყო სწორად მოქცევის უნარის არქონა, არ ვკამათობ. მაგრამ ეს უნარის არქონა დანაშაულებრივია, როდესაც ეს სახელმწიფოსთვის ასეთ ძვირფას კორპორაციას, შეიარაღებული ძალის ამ საფუძველს შეეხება. საჭირო იყო მიეცათ მთელი სახსრები და მთელი უფლებამოსილებანი იმათთვის, ვინც თავისი მდგომარეობის მიხედვით და თავისი ცოდნის მიხედვითაც ბუნებრივი კარგი მცოდნე გახლდათ იმისა, თუ როგორ უნდა მოეწყო ეს კორპორაცია და მიეცა მისთვის შთაგონება. საქმით კი სამხედრო ხელისუფლების ავტორიტეტულობა არ ყოფილა და ისწრაფვოდნენ ამ ავტორიტეტულობისთვის ძირიც გამოეთხარათ. უმაღლესი სამხედრო ხელისუფლება არ იყო ერთიანი. იყვნენ სამხედრო მინისტრის ორი თანაშემწე და გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც ფაქტიურად თანაშემწეებზე უფრო მეტი გავლენით სარგებლობდა. სამხედრო მინისტრი ძალზედ გაძნელებულ მდგმარეობაში გახლდათ, ისმენდა რა ერთსა და იმავე საკითხზე ყველაზე უფრო განსხვავებულ მოსაზრებებს, მოსაზრებებს უმაღლესი სამხედრო იერარქიისა. განსაკუთრებულ ნდობას იჩენდნენ ოფიცერთა კორპუსის მხოლოდ ზოგიერთი პიროვნებისადმი. მხოლოდ ის ადამიანები იწვევდნენ ჩვენს ხელისუფალთა ნდობას, რომლებიც სოციალისტურ პარტიებს მიეკუთვნებოდნენ ან მათ თანაუგრძნობდნენ. მხოლოდ იმათთვის შეიძლებოდა მოესმინათ, ვინც თავის შეხედულებებს მათი სულისკვეთებით გამოხატავდა. დანარჩენები, ვისაც არ შეეძლო შერიგებოდა იმ ღონისძიებებს, რომლებიც მისი აზრით მავნე იყო, მთავრობისადმი არ მთანაგრძნობელებად ცხადდებოდნენ და მათ სინანულის გარეშე განიშორებდნენ, როგორ სასარგებლონიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. ეს თვით მაშინაც კი ხდებოდა, როცა ისინი (ხელისუფალნი) მათ ღირსებებს თვითონვე აღიარებდნენ.


თ ა ვ ი XXI 

დაკომპლექტების სისტემა. – არმიის შექმნის სურვილის არქონა. – სამხედრო საქმეებში ჩარევა. – გვარდიის შტაბი. – სახელმწიფო თავდაცვისადმი დამოკიდებულება 

დაკომპლექტების სისტემა 

დოქტრინის ერთიანობა, როგორც მიღებულია გვესმოდეს სამხედრო ენაზე, არ არსებობდა. ამასობაში უმაღლესი სარდლობის შემადგენლობა გახლდათ ერთი და იმავე რუსული არმიის შემადგენლობიდან და უმრავლეს შემთხვევებში დამთავრებული ჰქონდა ერთი და იგივე გენერალური შტაბის აკადემია, რომელსაც უეჭველად მათზე ერთი და იგივე ანაბეჭდი უნდა დაესვა. განსხვავებული აზრები ყველაზე უფრო გაცვეთილ (კარგად ცნობილ) საკითხებშიც კი გამოითქმებოდა (Разноречия высказывались по самым избитым вопросам). მაგალითად: ყველა ქვეყნისა და ყველა აკადემიის მიერ იყო მიღებული, რომ ჯარების დაკომპლექტების საუკეთესო სისტემა – ეს ტერიტორიული სიტემაა. ჩვენთან ეს ვერ გავიდა. ერთადერთი მომხრე, ამ საკითხის განსახილველად მიწვეულთაგან, გახლდით მე. გენ. ოდიშელიძესა და ზაქარიაძეს მიაჩნდათ, რომ ეს სისტემა ჩვენში მავნე იქნება, ვინაიდან ის თითქოსდა ხელს უწყობს ხეობებრივ (კუთხურ) პატრიოტიზმსა და დეზერტირობას (ибо она способствует якобы ущельному патриотизму и дезертирству). ამ შეხედულებას გამოთქვამდნენ სამხედრო საქმის სამოქალაქო ხელმძღვანელებიც, რომლებიც უმატებდნენ, რომ გლეხების გაცნობა სახელმწიფოსა და მოსახლეობის სხვა ნაწილებთან დაეხმარება მათ შეკვრა-შემჭიდროვებას. თითქოსდა გურულის სამსახური ახალციხეში ან ახალქალაქში შეკრავს და შეამჭიდროვებს მას კახელთან, ქართლელთან ან აფხაზთან. პირდაპირ გასაოცარია, რა შეიძლება თქვას კამათით გახურებულმა. თითქოსდა კუთხური პატრიოტიზმი, თუკი ასეთი არსებობს, შეიძლება მოისპოს იმით, რომ აიძულო გლეხი ცხოვრებაში ერთხელ 1 წლისა და 4 თვის განმავლობაში ცხოვრობდეს თავისი სოფლისა და ოლქის გარეთ. და განა შეიძლება შეუმცირო სიყვარული თავისი სოფლისადმი, თავისი ოლქისადმი. აქ საჭიროა არა მექანიკური შერწყმის ზომები, არამედ უფრო ღრმა ღონისძიებანი, რომლებიც ამ ოლქების კავშირს ინტერესების საერთოობაზე ამყარებენ. ხოლო დეზერტირობას რაც შეეხება, მისი მოსპობა ასეთი ხერხით არარაციონალურია. როგორც ჩანს, როგორც ეს სხდომებზე გამოითქმებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ითვლებოდა, რომ თავისი სოფლიდან მოშორებით სამსახური შეწყვეტს დეზერტირობას. ჩვენში კი სულაც არ არის ისეთი მანძილები, რომ ამით შეიძლებოდეს ბრძოლა დეზერტირობის წინააღმდეგ. პირიქით, კლიმატური პირობები და უცხო ვითარება უფრო მეტად უწყობდა ხელს სამშობლოზე (მშობლიურ კუთხეზე) სევდის განვითარებას, განსაკუთრებით თუ ყურად ვიღებთ ვითარების იმ სიმძიმეს, რომელიც თან ახლავს დროშების ქვეშ სამსახურის გავლას. პირდაპირ გასაოცარია, როგორ შეიძლებოდა იმ სამხედროებს, რომელთაც ერთი და იგივე სკოლა ჰქონდათ დამთავრებული, სხვადასხვა შეხედულებები ჰქონოდათ იმაზე, რაც აკადემიაში უცილობლად ითვლებოდა, და უცნაურია ის, რომ ეს ბატონები რუსულ სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს არასოდეს აძლევდნენ საკუთარ თავს ნებას ასეთი შეხედულებები გამოეთქვათ, პირიქით, ეჭვი არ არის, რომ კიცხავდნენ რუსულ სამხედრო სისტემას, რომელმაც დაკომპლექტების ეს ხერხი არ მიიღო. არ შეიძლებოდა არ ყოფილიყო დოქტრინის ერთიანობა, მაგრამ იგი მოსპობილ იქნა პირადი ინტერესებით, ერთი-მეორის წინააღმდეგ ინტრიგებით, ვაჟკაცობის არქონით რომ გამოეთქვათ თავიანთი აზრი ძალაუფლების მქონეთა საწინააღმდეგოდ. ინტრიგანობა ისე ძლიერი გახლდათ, რომ სამხედრო სამყაროს ჩვენი მანათობლები, ჩემდამი მათი არაკეთილმოსურნეობის მიუხედავად, არაერთხელ მელაპარაკებოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. საკმარისი იყო რაიმე აკადემიური სამხედრო ჭეშმარიტება გამოგეთქვა, ჭეშმარიტება, რომლის შესახებაც არასოდეს კამათობდნენ და რომლის გამო დავა-კამათიც ძველ დროში ნიშნავდა შენში ყოველგვარი ცოდნის არარსებობა გეჩვენებია, რომ ახლა მაშინვე კამათს იწყებდნენ. გენ. ოდიშელიძისა და გენ. ზაქარიაძის მსუბუქი ხელით სამხედრო წოდებები და წოდებაში აყვანა მოსპობილ იქნა (чины и чинопроизводство было уничтожено); ამ მოვლენამ, როგორც გადმომცემდნენ, თვითონ მთავრობის თავმჯდომარეც კი გააოცა, რომელმაც თქვა, რომ არ იცის არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც სამხედრო წოდებები არ არის. მაგრამ ჩვენ, საერთოდ, ვისწრაფოდით დაგვემტკიცებია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის მოწყობის საქმეში ამერიკა აღმოაჩინა; ეს ჩვენი სამხედრო გენერლები ისწრაფვოდნენ სახელმწიფო ცხოვრების სამხედრო დარგშიც იგივე დაემტკიცებიათ. და დაამტკიცეს კიდეც.


არმიის შექმნის სურვილის არქონა 

ამ საკითხზე ბევრი სალაპარაკო არც არის. არმიას არ ქმნიდნენ, ვინაიდან მისი ეშინოდათ. როდესაც მას ქმნიდნენ, მაშინ ხდებოდა მეთაურთა შემადგენლობის, ლეიტენანტებამდე ჩათვლით, სპეციალურად დანიშნული კომისიის მიერ შერჩევა და პროცეჟირება, ხოლო ეს კომისია კი არაკომპეტენტური პირებისგან შედგებოდა და მასში უფროს სამხედროებს მხოლოდ „სათათბირო“ ხმის უფლებით იწვევდნენ. აქედან ნათელია, რომ შერჩევა წარმოებდა ცნობილი, წინასწარ აკვიატებული აზრით, რომ სამსახურში ისინი დაეტოვებიათ, რომლებსაც საჭიროდ ეს კომისია მიიჩნევდა, სრულიად არაკომპეტენტური სამხედრო თანამდებობისადმი მათი ვარგისიანობის ან უვარგისობის განსაზღვრაში. გარკვევით გამოთქვამდნენ, რომ მხოლოდ კონტრრევოლუციური გადატრიალების შიში, რომელიც შეეძლო მოეწყო არმიას, წარმოადგენდა იმ მამოძრავებელს, რომელიც ოფიცერთა არჩევის ასეთ ხერხზე ახალისებდათ. თითოეულისთვის ნათელია, რომ ოფიცრების შერჩევა გახლავთ უფროსის საქმე, რომელიც პასუხს აგებს თავის ხელქვეითებზე, და არა კომისიის, ამ ყოველთვის უპასუხისმგებლო დაწესებულებისა.


სამხედრო საქმეებში ჩარევა 

ამ დროის მანძილზე ამ მოვლენამ სრულ აპოგეას მიაღწია. არმია ისე იყო მოწყობილი, როგორც ეს მმართველ წრეებს სურდათ. ეს არ იყო ჩარევა, ეს გახლდათ მისი ორგანიზაციის, მისი ცხოვრების ხელმძღვანეობა. ამ დრომდე კეთდებოდა თავიდან გაუბედავი მცდელობები, შემდეგ ჩნდება თვით საოპერაციო ხასიათის საქმეებშიც კი ჩარევის ძალაუფლებრივი მცდელობები. ისარგებლეს რა ჩემი წინადადებით ომის მოლოდინში შეგვექმნა სახელმწიფო თავდაცვის საბჭო, მათ იგი ფაქტიურად ისეთ დაწესებულებად გადააქციეს, რომელიც ოპერაციებში ერეოდა, სადაც მათ უნდოდათ სცოდნოდათ ყველაფერი, ყველაფერი გაერჩიათ. ისინი ამით არ იფარგლებოდნენ; ისინი მთავარსარდალს უსვამდნენ ამოცანებს, რომელთა აღსრულებაც ხშირად შეუძლებელი გახლდათ. სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს, გამოიმუშავებდა რა ქვეყნის თავდაცვის საფუძვლებს და მისცემდა რა შესაბამის დირექტივებს, ამით თავისი საქმიანობა უნდა შეწყვიტა. უეჭველია, ამ დებულების დარღვევის პირველივე მცდელობების დროს სამსახური უნდა დამეტოვებია, მაგრამ ქვეყანა უნდა დაგვეცვა მთელი არსებული საშუალებებით და ეს უმაღლესი ვალდებულება მაიძულებდა არაერთხელ ჩემი გადადგომის პატაკი უკანვე გამეტანა და საქმეში დავრჩენილიყავი, მივიღებდი რა ყველა ზომას საომარ მოქმედებათა ხელმძღვანელობის ასეთი ხერხიდან ამოსული ბოროტების შეძლებისდა გვარად შესამცირებლად. შეიძლება მე ნებისყოფის უკმარისობა მისაყვედურონ და თქვან, რომ უნდა გადავმდგარიყავი. არ დავიწყებ დავას, გვერდიდან უფრო კარგად ჩანს. არც იმაზე დავიწყებ დავას, რომ, შესაძლოა, ჩემს ნაცვლად მოსულს უფრო კარგად გაერთვა თავი ამ საქმიანობისთვის.


გვარდიის შტაბი 

შტაბის მნიშვნელობა მე არაერთხელ მიჩვენებია. ასაღწერ დროში მისმა მნიშვნელობამ აპოგეას მიაღწია. გრძნობდა რა თავის ძალას, გვარდიის მთავარ შტაბს უკვე აღარ რცხვენოდა ულტიმატუმების წამოყენებისა და არაერთხელ დაურღვევია ძირითადი კანონები, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქოც. უკანასკნელი მიმართებით მივუთითებ იძულებითი სამუშაოების გამოყენებაზე ყარაიზში. გვარდიის მთავარი შტაბის დადგენილების თანახმად, მოქალაქეებს ქუჩაში სტაცებდნენ ხელს, როგორც ვითომდა უმუშევრებს, და ყარაიაზში სამუშაოებზე აგზავნიდნენ. და ეს დამფუძნებელი კრებისა და მის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობის თვალწინ კეთდებოდა. ერთ-ერთი იქ ნამყოფი რუსული არმიის ყოფილი ოფიცერი კოლონტაევსკი ჰყვებოდა, თუ ისინი იქ როგორ პირობებში მუშაობდნენ. იქ ისინი მიწურებში ცხოვრობდნენ, სადაც საწოლის სამსახურს მათ მიწა უწევდათ, არანაირი ქვეშაგები და თეთრეული არ გააჩნდათ. ცხოვრების პირობები იმდენად საშინელი იყო, რომ ყველანი დაავადდნენ, და ისიც როგორც ავადმყოდი უკანვე თბილისში გამოგზავნეს. იგი ჰყვებოდა, რომ ერთ-ერთმა მუშამ თვალი დაკარგა (вытек глаз) იმის გამო, რომ მას ძილის დროს ვირთხამ თვალში უკბინა. გვარდიის შტაბის მნიშვნელობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემი აზრით მთავრობა არაერთხელ გამხდარა იძულებული თავისი სურვილის წინააღმდეგ ამ შტაბის მოთხოვნები შეესრულებია. სახელმწიფოში ყველაფერი გვარდიის შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით კეთდებოდა, რომელსაც სახელმწიფო მმართველობის არც ერთი დარგი თვალთახედვიდან არ ეპარებოდა. არ ვიცი, როგორ ურთიერთობებში იყვნენ ისინი სახელმწიფო კონტროლთან; აქ, თითქოსდა, მათი ძალაუფლება პარალიზებული გხლდათ, თუმცა კი ამაზე პასუხის უკეთ გაცემას სახელმწიფო კონტროლიორი გ. გოგიჩაიშვილი შეძლებს. გვარდიის შტაბის ცხოვრების ამ პერიოდზე შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე აღარავის უწევდა ანგარიშს და ცერემონიებიც არავისთან სჭირდებოდა. იგი გრძნობდა თავის ძალმოსილებას და მისით კიდეც სარგებლობდა.


სახელმწიფო თავდაცვისადმი დამოკიდებულება 

დაუსრულებელი საბრძოლო შეტაკებების გამოცდილების მიუხედავად, მმართველი წრეები ვერ დარწმუნდნენ იმაში, თუ როგორ როლს თამაშობს შეიარაღებული ძალა შვიდობიანი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის. მხოლოდ წარმატებულ საბრძოლო მოქმედებებს გამოვყავდით ჩვენ იმ კრიტიკული მდგომარეობიდან, რომელშიც არაერთხელ ჩავვარდნილვართ. შეიარაღებული ძალებისადმი ხელებჩამოშვებული დამოკიდებულება ჰქონდათ (К вооруженным силам относились спустя рукава); არავინ ინტერესდებოდა საკითხით, ნამდვილად დგას თუ არა ჩვენი სამხედრო უწყება შესაძლო საბრძოლო შეჯახებების სიმაღლეზე. ხედავდნენ პარადებზე მარშით მომავალ ჩვენს ჯარებს და მშვიდად იყვნენ, სიღრმეში კი არავინ იხედებოდა. საჩვენებელია ის, რომ 1920 წლის იანვარში დანიშნეს სამხედრო მინისტრის მეორე თანაშემწე, როგორც ჩანს, ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საერთოდ ომისთვის მზადყოფნის ამაღლების მიზნით. და მარტში ეს პირი საზღვარგარეთ, ევროპაში, იქნა გაგზავნილი, თითქოსდა სხვისი მონახვა არ შეეძლოთ. მოწყვიტეს ადამიანი მის პირდაპირ, სახელმწიფოსთვის ამდენად აუცილებელ მოვალეობებს. მისი მოადგილე ამ ფუნქციებში დანიშნული არ ყოფილა.

ნათელია, რომ ეს აუცილებლობა კი არ არის, არამედ სინეკურაა (კარგად ანაზღაურებადი თანამდებობა, რომელიც არანაირ შრომას არ მოითხოვს – ი. ხ.). ეს ერთი ფაქტი საკმარისი ზომით გვიხატავს მმართველთა შეხედულებას იმ საქმეზე, რომლისთვისაც სამხედრო მინისტრის მეორე თანაშემწე გახლდათ მოწოდებული. ისმის კითხვა, რისთვის დანიშნეს იგი. თუ საქმისათვის, მაშინ რატომ გაგზავნეს იგი ევროპაში მალევე მისი დანიშვნის შემდეგ. უდავოა, ეს გაკეთებულ იქნა საზღვარგარეთიდან დაბრუნებული გენ. ოდიშელიძის მოწყობისთვის იმ ადგილზე, რომელიც შეესაბამებოდა მის მდგომარეობას. მართალია, წარმოებდა რევიზიები ან, უფრო სწორად, ნაწილების შემოვლები; მაგრამ ცენტრალური დაწესებულებების რევიზიებს კი, საიდანაც მოდის სიცოცხლე (ცხოვრება) და სადაც, საკუთრივ, შეიძლება დავინახოთ ქვეყნის ომისთვის მომზადება, როგორც ჩანს, საჭიროდ არ მიიჩნევდნენ. სურდათ რა ყველაფერი საკუთარ თავზე აეღოთ, მოწყობაც, ხელმძღვანელობაც, აუცილებელი იყო ეფიქრათ იმაზე, შეეძლოთ კი გაერთვათ თავი ამ საქმისთვის, იმდენად ძნელი საქმისა, რომლისთვისაც ევროპაში სახელგანთქმულ ბევრ გამოცდილ და ფართო სამხედრო განათლების მქონე ადამიანს არცთუ ყოველთვის შეეძლო წარმატებით თავი გაერთვა. მმართველი წრეების სამხედრო უწყებისადმი დამოკიდებულების სფეროში კატეგორიულად უნდა განვაცხადო, რომ ამ უწყებას დათმობილი ჰქონდა ძალზედ მცირე ყურადღება, განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ვითარებას, რომელსაც მტრებით გარშემორტყმული ჩვენი სამშობლო განიცდიდა.


თ ა ვ ი XXII 


სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მოწყობის საქმეში უმაღლესი სამხედრო უფროსების მნიშვნელობა

მე უკვე მივუთითე, რომ ბევრი სამხედრო, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ სამხედრო უწყებაში შექმნილ მდგომარეობას, აგრეთვე უკმაყოფილონი იმ მდგომარეობით, რომელშიც სამხედრო მოსამსახურენი იყვნენ ჩაყენებული, სამსახურიდან მიდიოდა. ეჭვი არ არის, რომ ამა თუ იმ რიგითი ოფიცრის წასვლა არ თამაშობდა იმ როლს, რომელიც, ბუნებრივია, უნდა ეთამაშა მსხვილი უფროსების წასვლას. მსხვილი სამხედრო უფროსების მნიშვნელობა, რომლებიც თუნდაც შეიარაღებული ძალების მოწყობაში მრჩევლების სახით იქნებოდნენ დაძახებულნი, განსაკუთრებით დიდი გახლდათ. იმაზე, რასაც ისინი ურჩევდნენ, რასაც დაიცავდნენ, ბევრი რამ იყო დამოკიდებული. და როგორ იქცეოდნენ მმართველები. როგორც ცნობილია, რევოლუციის შემდეგ პირველი ასეთი უფროსი გახლდათ პოლკოვნიკი ახმეტელი; იგი ჩამოყალიბებადი ქართული კორპუსის მეთაურად იქნა დანიშნული; შტაბის უფროსად მას მისცეს კაპ. იოსებ გედევანიშვილი. არსებითად ეს იყო უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების სოციალ-დემოკრატიულ და სოციალ-ფედერალისტთა პარტიებს შორის მშვიდობიანი განაწილება, მთავარ პარტიებს შორის, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს საქართველოში ფაქტიური ძალაუფლება. პოლკ. ახმეტელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანამგრძნობად ითვლებოდა, რომელთანაც თავისი ძმის წყალობით მას უკვე დიდი ხანია ჰქონდა კავშირები, კაპ. გედევანიშვილი კი სოც-ფედერალისტების პარტიაში შედგებოდა. ეს დრო ძალზედ ძნელი გახლდათ ჩამოყალიბებისთვის და, საერთოდ, ჯარების მოწყობისთვის. ყველაფერი მორყეული იყო, ჯარისკაცები იყვნენ დემორალიზებულნი და ბოლშევიკური მიმართულების გავლენებით შეპყრობილნი (обуреваемы). კორპუსის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა.

შემდეგ ქართული კორპუსის სათავეში დაყენებულ იქნა გენერალი ვასილ დავითის ძე გაბაშვილი. იგი განსაკუთრებით მძიმე პირობებში იყო ჩაყენებული და მის უახლოეს თანაშემწეს, მისი შტაბის უფროს პოლკ. ზაქარიაძეს, თავისი მცირე გამოცდილების გამო, არ შეეძლო მისი ნამდვილი თანაშემწე ყოფილიყო. ეს იყო დრო, როცა კავკასიის ფრონტის მთავარსარდალი გენ. ლებედინსკი იძულებული შეიქნა გაეცა ბრძანება ოფიცერთა მიერ სამხრეების მოხსნის შესახებ, რაც ქართველი ჯარისკაცების ქცევით იყო გამოწვეული, რომლებიც თბილისში ქუჩებში ოფიცრებს აჩერებდნენ და სამხრეებს ძალით აგლეჯდნენ. იყო ძალადობისა და საქმეში იარაღის გამოყენების შემთხვევებიც. მართალია, კორპუსის ჩამოყალიბების საქმე თითქოსდა უკეთესად შეიქნა, მაგრამ ის მაინც ვერ ეწყობოდა. გაბაშვილის, დიდი ხნის ნამსახურები და გამოცდილი საბრძოლო გენერლის ყველა მცდელობის მიუხედავად, იგი დავა-კამათების ისეთ მასასა და არახელსაყრელ გარემოებებს აწყდებოდა, რომ ძალა არ შესწევდა რათა წარმატებულობისთვის მიეღწია (не в силах был добиться успешности). ამასობაში პოლიტიკური მოვლენები თავისი ტემპით მიდიოდა. შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატი, სადაც სამხედრო და საზღვაო საქმეების კომისრად შედგებოდა გობეჩია (მგონი ჩვენში სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო – ი. ხ.), რომელიც შემდგომში თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში მოკლა ერთმა ბატონმა, რომლის გვარსაც ახლა ვერ ვიხსენებ. შემდეგ უმაღლესი ხელისუფლება ამიერკავკასიაში რეორგანიზებულ იქნა და სამხედრო უწყების სათავეში დააყენეს ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი. ბათუმის მოვლენების შემდეგ ე. პ. გეგეჭკორმა დააწესა მისი (სამხედრო მინისტრის) თანაშემწის თანამდებობა. ეს თანამდებობა დაიკავა გენ. ილია ზურაბის ძე ოდიშელიძემ, რომელიც 1917 წლის შემოდგომიდან კავკასიის არმიის სარდლის თანამდებობაზე შედგებოდა. კავკასიის ფრონტის მთავარსარდალი გენ. ლებედინსკი არსებობასა და თავისი მოვალეობების შესრულებას განაგრძობდა; ამ დროს ამ არმიის შემადგენლობის რუსი ჯარისკაცები უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ. ქართული ჯარების ჩამოყალიბების საქმე შორს ვერ წავიდა. როგორც ზემოთ უკვე ვწერდი, ყარსის დათმობამ გავლენა იქონია გენ. ოდიშელიძის თანამდებობიდან განთავისუფლებაზე. იგი იმ დელეგაციის შემადგენლობაში იქნა მივლინებული, რომელიც თურქეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. შემდეგ შეიქმნა ამიერკავკასიის მთავრობა, სადაც სამხედრო მინისტრის პოსტი დაიკავა გრიგოლ თეიმურაზის ძე გიორგაძემ და მე მისი თანაშემწის თანამდებობაზე ვიქენი მიწვეული. მაისის შუახანებში კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის თანამდებობის გაუქმების გამო, მე ამიერკავკასიის რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად ვიქენი დანიშნული, 26 მაისს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის იმავე თანამდებობის აღსრულებას შევუდექი. ჩემი დროის მანძილზე ვერ ვიტყვი, რომ მოვახერხე ყველაფრის გაკეთება, რაც მინდოდა. მაგრამ მოხერხდა ცენტრალური დაწესებულებების ჩამოყალიბება, დისციპლინის დანერგვის დაწყება (ოფიცრებმა გაიკეთეს სამხრეები, დადგინდა ურთიერთ მისალმება).

ერთი თვის შემდეგ, 26 ივნისს მთავრობის სათავეში ნ. ნ. ჟორდანია იქნა დაყენებული, რომელსაც თავის კაბინეტში მე არ მივუწვევივარ. დარწმუნებული ვიყავი, რომ არ ვიქნები მიწვეული, ვინაიდან მანამდე ერთი კვირით ადრე ნ. ნ. ჟორდანიამ, როგორც მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების აღმასრულებელი კაბინეტის თავმჯდომარემ, სახალხო გვარდიის დაარსების შესახებ სხდომაზე განაცხადა, რომ ქართული ჯარების სათავეში არ შეიძლება იდგეს პირი, რომელიც ამდენად მტრულადაა გვარდიისადმი განწყობილი.

ჩემს შემდეგ ჩემს თანამდებობას აღასრულებდა გენ. სანდრო ანდრონიკაშვილი, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გაჩერდა (но удержался недолго). იგი შეცვალა გენ. ალექსანდრე გედევანიშვილმა, რომელიც ამ თანამდებობას ჩვენი სახელმწიფოს არსებობის მთელი დროის მანძილზე, ჩვენი კატასტროფის შემდეგ მთავრობის ბათუმიდან გამგზავრებამდე ასრულებდა. ამრიგად, სამხედრო საქმესთან, მისი მმართველობის საქმესთან ყველაზე დიდხანს გენ. გედევანიშვილი იმყოფებოდა.

ჩემი პირველი გადადგომის შემდეგ მე გავემგზავრე სოფელ იყალთოში* (*კახეთში). როცა სოფელში ვიმყოფებოდი, გავიგე, რომ გენ. გედევანიშვილი თავისი თანამდებობის აღსრულებას შეუდგა. მე გულში ძალიან მიხაროდა. მასზე ბევრი რამ კარგი მქონდა მოსმენილი. ჩვენ მასთან ერთ კომისიაში ვმუშაობდით 1918 წელს ქართული ჯარების ორგანიზაციის პროექტის შესადგენად და აქ მივიღე შთაბეჭდილება, რომ იგი ძალიან მემარჯვენეა; ერთ-ერთ ამ სხდომაზე მან მკვეთრად გამოთქვა: „რათა შეიქმნას არმია, უნდა ჩამოვაყალიბიოთ რაზმები თავადაზნაურთაგან და ეს ნაძირლები კი ძალით ვაიძულოთ იმსახურონ (и эту сволочь заставить силой служить)“. ყოველ შემთხვევაში იგი ჩემზე უფრო მემარჯვენედ გახლდათ განწყობილი. ჩემი გადადგომა, ჩემი აზრით, განამტკიცებდა მის პოზიციებს და მე ვფიქრობდი, რომ შეიარაღებული ძალების შექმნის საქმეში იგი სწორ საფუძვლებს დაიცავდა.

მეორე პირი, რომელიც ჯარების ორგანიზაციისა და სამხედრო მმართველობის საქმესთან ყველაზე უფრო ხანგრძლივად იმყოფებოდა, გახლდათ გენ. ზაქარიაძე, რომლის საქმიანობაც შემდეგ თანამდებობებზე გამოვლინდა. 1917 წლის დეკემბერში, როცა ფრონტიდან ჩამოვედი, მე იგი დამხვდა ეროვნული კრების სამხედრო სექციის მდივნის თანამდებობაზე; ამ სექციას სათავეში ედგა ნ. ბ. რამიშვილი. შემდეგ იგი გახლდათ ქართული კორპუსის შტაბის უფროსი გენ. გაბაშვილთან, რომლის გაუქმების შემდეგაც იყო გენერალურ შტაბში თანამდებობაზე, რომელიც დაახლოებით გენერალ-კვარტირმაისტერის თანამდებობას შეესაბამება. შემდეგ არმიის რეორგანიზაციის მერე 1919 წელს იგი დანიშნულ იქნა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე, რომელზედაც ბოლომდე იმყოფებოდა. ამრიგად, ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც ასევე მეტად დიდხანს იდგა სამხედრო ხელისუფლებასთან (весьма продолжительно стоявший у военной власти). გენ. ანდრონიკაშვილი გენერალური შტაბის უფროსი იყო 1918 წლის შემოდგომიდან არმიის რეორგანიზაციამდე 1919 წლის მეორე ნახევრამდე; შემდეგ იგი სამხედრო საბჭოს წევრად იქნა დანიშნული და მერე ჩვენი სამხედრო სკოლის უფროსად, და არმიის მოწყობის საქმეში აქტიური მონაწილეობის მიღება არ შეეძლო. მას მხურვალედ უყვარდა თავისი სამშობლო და 1923 წელს იქნა დახვრეტილი ბოლშევიკების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. გენ. ოდიშელიძემ 1918 წელს ხელისუფლებასთან მცირე ხნით დაჰყო (у власти пробыл короткий срок). შემდეგ იგი გახლდათ დელეგაციებში საზღვარგარეთ. ამრიგად იგი დროდადრო წყდებოდა სამხედრო საქმეების გამგებლობას.

მაგრამ ყოველთვის, როცა საქართველოში იმყოფებოდა, მას ყველანაირ სხდომებზე იწვევდნენ და აქ იგი კოლოსალურ მნიშვნელობას იძენდა. მაგრამ ამ კოლოსალურ მნიშვნელობას არ უნდა განვიხილავდეთ, როგორც მის მიერ ძალაუფლების მქონეებზე გავლენის მოხდენას; სულაც არა. იგი ყოველთვის ჩქარობდა ძალაუფლების მქონეთათვის სასურველი სულისკვეთებით გამორთქვა და ეს უკანასკნელნიც მაშინვე ჩაეჭიდებოდნენ ამას, თან მიუთითებდნენ, რომ ამა თუ იმ აზრს მხარს უჭერს ისეთი სამხედრო ავტორიტეტი, როგორიც გენ. ოდიშელიძეა. გენ. ოდიშელიძე 1920 წელს იანვარში დანიშნულ იქნა სამხედრო მინისტრის მეორე თანაშემწედ; შემდეგ გაემგზავრა საზღვარგარეთ; და იმავე წლის სექტემბერში კვლავ შეუდგა ამ თანამდებობის აღსრულებას, რომელზედაც 1920 წლის შემოდგომაზე ქართული არმიის მთავარსარდლად დანიშვნამდე იმყოფებოდა.

იყო ასევე გენ. ქუთათელაძეც. 1918 წელს იგი ბათუმის ციხესიმაგრის კომენდანტი გახლდათ. შემდეგ საქმეებს იყო ჩამოშორებული და არავითარი გავლენა სამხედრო საქმეებზე არ ჰქონდა 1919 წლის შემოდგომამდე, როცა იგი სამხედრო საბჭოს წევრად დანიშნეს. მაშინ სამხედრო საბჭოში შედიოდნენ გენ. ოდიშელიძე, გენ. ქუთათელაძე და გენ. სანდრო ანდრონიკაშვილი. გენ. ქუთათელაძეს ჰქონდა საარტილერიო აკადემიურ განათლება და გახლდათ უეჭველად მცოდნე არტილერისტი, ვინაიდან ყოველგვარი პროტექციის გარეშე რუსულ სამხედრო სამსახურში უმაღლეს საარტილერიო თანამდებობებს მიაღწია და კარგი სახელის ჰქონდა. მაგრამ, საბჭოში ყოფნისას მას მეტად სუსტი გავლენის მოხდენა თუ შეეძლო მოუთვინიერებელ, ყველაფრის მცოდნე ამა ქვეყნის ძლიერებზე. დანარჩენ გენერლებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონიათ და არც გავლენის მოხდენა შეეძლოთ სამხედრო საქმის მსვლელობაზე. ჩამოთვლილი გენერლებიდან შეიძლება დავინახოთ, რომ ყველაზე მეტი გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდათ იმათ, ვინც ძალაუფლების მქონეებთან უფრო მეტად (დიდხანს) იმყოფებოდნენ. ასეთები იყვნენ გენ. გედევანიშვილი, გენ. ოდიშელიძე და გენ. ზაქარიაძე. გენ. ანდრონიკაშვილსა და გენ. ქუთათელაძეს მეტად შეფარდებითი და სუსტი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდათ, სახელდობრ კი სამხედრო საბჭოს მეშვეობით, სადაც დომინირებულ როლს გვარდიის მთავარი შტაბის სამი წევრი თამაშობდა.

როგორ ეჭირა თავი ამ სამ გენერალს? რით აღწევდნენ ისინი თავიანთ გავლენას ძალაუფლების (ხელისუფლების) მქონეებზე და რას მიაღწიეს მათ შეიარაღებული ძალების მოწყობისა და ქვეყნის მომზადების საქმეში? თუ მკვეთრად ვიტყვით, მაშინ მათ შესახებ შეიძლება შემდეგნაირად გამოვთქვათ: გენ. ოდიშელიძე ძალაუფლების მქონეთა ქვეშ მიძვრებოდა (подыгрывался под власть имущих), უჩვენებდა რა საკუთარ თავს ხშირად იმაზე უფრო „მოწინავედ“, ვიდრე ჩვენი სოციალისტები გახლდნენ არმიის ორგანიზაციის საქმეში; გენ. ა. გედევანიშვილი, როგორც 96-ე სინჯის სიბარიტი (ფუფუნებისა და სიმდიდრის მოყვარული უსაქმური – ი. ხ.), მხოლოდ საკუთარ სტომაქზე ფიქრობდა, ხოლო გენ. ზაქარიაძე კი, ხალხში ყოველთვის მდუმარე და მომღიმარი, კომპრომისების გამოძებნაში იწვრთნებოდა, რაშიც იგი ვირტუოზულობამდეც კი მიდიოდა. ახლა თითოეულზე ცალ-ცალკე ვიტყვი.

გენ. ოდიშელიძეს ყველა გარეგნული ნიშანი აქვს იმისთვის, რომ სამხედრო საქმის აღიარებული კარგი მცოდნე იყოს. იგი გენერალური შტაბის ოფიცერია, გიორგის ჯვრის კავალერი რუსეთ-იაპონიის ომისთვის და მისი უკანასკნელი თანამდებობაც გახლდათ კავკასიის არმიის სარდლისა, თუმცა კი უკანასკნელი თანამდებობა მან რევოლუციის შემდეგ მიიღო, მაგრამ რევოლუციის მომწყობთა თვალში ეს გარემოება მისი იდეების ლიბერალურობის დიდ დამტკიცებას წარმოადგენდა. მან იცის სამხედრო საქმე, მაგრამ ხშირად უბრალოდ ჟონგლირებას ეწევა თავისი ცოდნით. ამის მაგალითები ბევრია. მაგლითად, დაკომპლექტების ტერიტორიული სისტემის შემთხვევაში მან შემდეგნაირად გამოთქვა: „ტერიტორიული სისტემა“ – ამბობდა იგი – „არ ნიშნავს, რომ საჯარისო ნაწილი იმ ოლქის მაცხოვრებლებით უნდა კომპლექტდებოდეს, სადაც ის დგას (ყველა ხალხის დიდი ხნიდან დამკვიდრებული ტერმინოლოგიით ეს სწორედ ამას ნიშნავს), საჯარისო ნაწილი შეიძლება იდგეს, მაგალითად, ფოთში და მშვენივრად შეიძლება კომპლექტდებოდეს თელაველებით“. ფლობდა რა ცოდნას, მას არ შეეძლო არ გაეხსენებია, რომ საფრანგეთმა 1870 წლამდე მიიღო სწორედ მის მიერ აღნიშნული სისტემა და ეს გახლდათ მისი 1870 წლის კატასტროფის ერთ-ერთი მიზეზიც, ვინაიდან მისი ნაწილები ისე ჩაერთვნენ საბრძოლო მოქმედებებში, რომ დაკომპლექტება ვერ მოასწრეს; გაიხსენებს რა ამას, იგი უმატებს: „მართალია, 1870 წლის ომში ამან დიდი უბედურება მოუტანა საფრანგეთს, მაგრამ ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია“. სხვანაირად რომ ვთქვათ, ცოდნაცა და გამოცდილებაც სამხედრო საქმეში ჩაუხედავ ძალაუფლების მქონეთა სურვილისთვის იქნა მსხვერპლად მიტანილი. და გენ. ოდიშელიძის ეს სიტყვები ჩვენი უვიცების ნაყოფიერ ნიადგში ხვდებოდა. ისინი ისმენდნენ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრს: ვთქვათ ჩემსას და გენ. ოდიშელიძისას. გენ. ოდიშელიძის აზრი, რომელიც მათ სურვილებს პასუხობდა, მათ შორის გამოძახილს პოულობდა და ისინიც საკითხს ამ აზრის თანახმად წყვეტდნენ; ისინი გახლდნენ უმეცრები, არ შეეძლოთ გარკვეულიყვნენ თუ რაშია საქმე; მაგრამ ოდიშელიძის აზრი პასუხობდა იმას, რაც მათ სურდათ. არაერთხელ სხდომებზე, რომლებზედაც ზოგჯერ დასწრება მიხდებოდა, დავკვირვებივარ, თუ გვარდიის შტაბის წევრთაგან რომელიმეს ნათქვამის შემდეგ როგორ იწყებდა ლაპარაკს გენ. ოდიშელიძე სიტყვებით: „მინდოდა მეთქვა, მაგრამ ამა და ამან უკვე დამასწრო სათქმელი და არაფრის დამატება არ შემიძლია“ ან კიდევ: „მე სავსებით ვუერთდები ამისა და ამის აზრს“. და ეს ვიღაც ყოველთვის გვარდიის შტაბის წევრი აღმოჩნდებოდა. არ მახსოვს, რომ იგი ოდესმე დათანხმებოდა, მაგალითად, ჩემს მიერ გამოთქმულ აზრს, თუმცა კი მე ყოველთვის მხოლოდ იმას ვამბობდი, რომლებიც კარგ წიგნებში იყო დაწერილი და რომლებსაც ჩვენ მასთან ერთად ჯერ კიდევ აკადემიაში ვსწავლობდით. საერთოდ კი კამათებში იგი უმეცართა მიერ გამოთქმული აზრების შესახებ ყოველთვის მეტად მოწიწებული გამოთქმებით ლაპარაკობდა, მაშინაც კი, როცა ისინი აბსურდული იყო. მე ვფიქრობ, რომ ვ. ჯუღელი, რომელსაც არაგულწრფელობას ვერანაირად ვერ ვუსაყვედურებთ, იძულებული შეიქნება აღიაროს, რომ მაშინაც კი, როცა საერთო სხდომებზე მას თავის ამხანაგებთან უთანხმოებები მოუხდებოდა, მაშინ გენ. ოდიშელიძე, გამოთქვამდა რა ამ საკითხზე, ერთდროულად დაეთანხმებოდა მასაც და მის მოწინააღმდეგესაც. ყოველ შემთხვევაში ასე მიუთითა თავად ვ. ჯუღელმა გენ. ოდიშელიძის ერთ-ერთი მოხსენების დროს კონსტანტინოპოლში. მე მასთან მქონია კამათები საერთო მდგომარეობის გამო და იგი ამბობდა, რომ თანამდებობიდან გადადგომის ჩემეული ხერხი არაპატრიოტულია, რომ საჭიროა დარჩე, რათა რაიმე მაინც გააკეთო. მე კი მიმაჩნდა, რომ დარჩე იმისთვის, რათა რაიმე მაინც გააკეთო, იცი რა, რომ ეს რაიმე სამშობლოს საზიანოდ მიდის, ნიშნავს წინასწარვე მავნებლობდე მის წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ ყველა უფროსი გენერლის თვით პასიურ ოპოზიციასაც კი შეიძლებოდა აეძულებია ძალაუფლების მქონენი დაფიქრებულიყვნენ. გენ. ა. გედევანიშვილთან კაბინეტში ერთ-ერთი ასეთი გახურებული კამათის დროს მე მას ვუთხარი: „მითხარი, გეთაყვა, რატომ არის რომ შენ აქ ჩემთან ასე ლაპარაკობ, ხოლო როცა ამ წყეულ კარში შეხვალ“, რომელსაც სამხედრო მინისტრის კაბინეტში შევყავართ, სადაც სამხედრო საბჭოს სხდომები ხდებოდა, „შენ საწინააღმდეგოს ამბობ“. ჩვენს კამათებს არანაირი შედეგი არ მოჰქონდა; შესაძლოა ისინი საწინააღმდეგო როლსაც თამაშობდა, ვინაიდან კამათის ჟინით შეპყრობილ გენ. ოდიშელიძეს შეიძლებოდა ისეთი რამ დაეცვა, რისიც თავადაც არ სჯეროდა. მე არ ვიცი, ვისი ხერხი იყო უკეთესი, ჩემი თუ მისი; ყოველ შემთხვევაში მისმა ხერხმა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ წაქეზება, კარგი შედეგები ვერ მოგვიტანა.

1921 წლის კატასტროფის შემდეგ გამოირკვა, რომ ჩვენი სამხედრო უწყება და სამხედრო (საომარი) მიმართებით ქვეყნის მომზადება ყველაზე უფრო დაბალ საფეხურზე გახლდათ. ხოლო თუ მნიშვნელობის მქონე ჩვენი გენერლები უფრო მეტად უდრეკნი იქნებოდნენ თავიანთ მოთხოვნებში, მაშინ ამას შეეძლო ძალაუფლების მქონეთა მხრიდან ჩვენი სამხედრო მოთხოვნებისადმი დათმობა გამოეწვია ან კიდევ (წინააღმდეგ შემთხვევაში) ისეთ უიღბლობამდე მიიყვანდა, რომელიც აიძულებდა მათ გამორკვეულიყვნენ და შეიარაღებული ძალების სწორ ორგანიზაციას შესდგომოდნენ. ეს გამოცდილება ჩვენ ჩვენს კატასტროფაზე უფრო იაფი დაგვიჯდებოდა. მე ხშირად ჩავფიქრებულვარ გენ. ოდიშელიძის გამო და დამისვამს საკუთარი თავისთვის შეკითხვა გულწრფელია იგი თუ არა, ნამდვილად კი არის დარწმუნებული იმაში, რასაც ლაპარაკობს, თუ თავისი პირადი ინტერესების გამო მოქმედებს. თვითონ მან ამაზე 1921 წლის ზაფხულში კონსტანტინოპოლში მიპასუხა. იგი კონსტანტინოპოლში კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკთან მივიდა, რომელიც იმ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ, რომელიც კონსტანტინოპოლში მთელ ფულებს განაგებდა. იგი ჩიოდა იმ უსამრთლობაზე, რომელიც მის მიმართ მთავრობამ გამოიჩინა, როცა მას ისეთივე საარსებო თანხა დაუნიშნა, როგორიც ყველა ჩვეულებრივ გენერალს და სთხოვდა აღეძრათ საკითხი თანხის მომატების შესახებ, ხოლო ახლა კი მიეცათ მისთვის ფული მოხუცებული მშობლებისთვის გასაგზავნად. უკანასკნელი მას მისცეს. მოჰყავდა რა რიგი მოსაზრებებისა იგი ამბობდა, რომ იგი სამხედრო მინისტრის თანაშემწეა, რომ მას უთხრეს გამგზავრებულიყო, რომ იგი გახლდათ მთავარსარდალი „მართალია უიღბლო, მაგრამ გენ. კვინიტაძეც ასევე უიღბლო იყო“, და ა. შ., ამოწურა რა თავისი მტკიცებები საარსებო თანხის მოსამატებლად მან, უეცრად, მიუთითა, რომ მას, ბოლოს და ბოლოს, თანხა თუნდაც იმიტომ უნდა მოუმატონ, რომ მათ სამსახურში მან თავისი სახელი გაიფუჭა, რომ (ზედმიწევნით ასე იყო ნათქვამი) „მაგრამ სოციალისტების დროს ორ წელიწადს სამარცხვინო მდგომარეობა მეკავა“. ეს სხვა მოწმეებთან ერთადაც იყო ნათქვამი, რომელთა შორის მეც გახლდით. მხოლოდ აქ გავიგე საბოლოოდ მისი ქცევის პოლიტიკა საქართველოში სამსახურის მთელი დროის განმავლობაში. ნიშნავს რომ იგი მაშინაც საკუთარ ქცევას სამარცხვინოდ მიიჩნევდა.

გენერალი გედევანიშვილი უცვლელად იმყოფებოდა სამხედრო მინისტრის თანაშემწედ 1918 წლის ზაფხულიდან ჩვენი კატასტროფის დღის ჩათვლით. მას შეეძლო უზარმაზარი როლი ეთამაშა თავისი თანამდებობის შედეგად; მას უზარმაზარი გავლენის მოხდენა შეეძლო სამხედრო საქმის მსვლელობაზე. მაგრამ თუ მკითხავენ, მე არ შემიძლია ფაქტებით დავამტკიცო მისი ბრალეულობა. ყველა საქმეში იგი როგორღაც თვალთაგან მიფარვას, გაუჩინარებას ცდილობდა (стушевывался). იგი უბრალოდ იკავებდა სავარძელს, რომელშიც ვიღაც უნდა იჯდეს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ამ სავარძელს იგი ყველა სიმართლითა და ტყუილით ებღაუჭებოდა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ არ შეუძლია სამსახური და უნდა გადადგეს, ვინაიდან საერთო მდგომარეობა, სოციალისტური, არ პასუხობს მის მსოფლმხედველობას და, საერთოდაც, იგი დაიღალა. გულწრფელი იყო იგი თუ არა. რა თქმა უნდა, არა. მას არასოდეს გულწრფელად არ უნდოდა თადარიგში წასვლა (გადადგომა); მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო; იგი უწინარეს ყოვლისა სიბარიტი გახლდათ. ერთხელ მან მითხრა, რომ მეექვსედ მისცა პატაკი გადადგომაზე, დაავიწყდა რა, რომ მანამდე ორი დღით ადრე მეუბნებოდა, რომ გადადგომაზე პატაკი მეოთხედ შეიტანა. მისთვის მთავარი, ეს მისი საკუთარი მატერიალური კეთილდღეობაა. ყოველივე დანარჩენს ის აფურთხებდა. მე არაერთხელ მიხდებოდა მასთან კაბინეტში ყოფნა; არასოდეს მინახავს იგი საქმეებში ჩაფლული. როცა რაიმე ქაღალდს მიიღებდა, იგი უწინარეს ყოვლისა ფიქრობდა, ის როგორ მოეშორებინა. იგი ყოველთვის საათს უყურებდა და მოწყენით ელოდებოდა დროს, როცა შესაძლებლობა ექნებოდა კაბინეტი დაეტოვებინა; მაშინ იგი ფაეტონში ჯდებოდა და სახლამდე გზაზე ერევნის მოედანზე ყორბოზაში შეივლიდა (заезжал на Эриванскую площадь к Корбозу), სადაც სადილისთვის საჭმელებს ირჩევდა. საღამოებს იგი კლუბ „უნიონში“ აზარტულ თამაშებში ატარებდა. უკანასკნელი გარემოება მე უკიდურესად მაოცებდა. როგორ შეეძლო სამხედრო მინისტრის თანაშემწეს საკუთარი თავისთვის ნება მიეცა კლუბში აზარტული თამაშები ეთამაშა და მთავრობაც ამას როგორ უშვებდა. ამ უკანასკნელს არ შეიძლებოდა ეს არ სცოდნოდა, ვინაიდან მისი წაგებები და მოგებები, რომლებიც მსხვილ ციფრს რამდენიმე ასეულ ათასს აღწევდა, არაერთხელ ქალაქში ყველას პირზე ეკერა.

მაგრამ ამ ადამიანს შეეძლო ყველასთან სასიამოვნო ურთიერთობები შეენარჩუნებია და მე ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრებსაც ეს სასიამოვნო ურთიერთობები განაიარაღებდა. ეს მისი უნარი პირდაპირ გასაოცარი გახლდათ. მე ბევრი ჩემი ამხანაგისგან გენ. ოდიშელიძის მკვეთრი გაკიცხვა მომისმენია; გედევანიშვილის შესახებ კი ყველანი როგორღაც რბილი გამოთქმებით ლაპარაკობდნენ. იგი ყოველთვის ცდილობდა ყველაფერი კარგად მოეწყო, ყველასთვის ესიამოვნებია (всех ублаготворить). იგი, მაგალითად, არაერთხელ გამოთქვამდა გვარდიოული ორგანიზაციის უარყოფითი ნიშნების შესახებ და მას მავნე ორგანიზაციად მიიჩნევდა, მაგრამ 1919 წელს თავად, როგორც სამხედრო მინისტრის თანაშემწე, შემოვიდა პროექტით არმიის ორგანიზაციის შესახებ, რომელშიც მოათავსა გვარდიული ორგანიზაციაც, როგორც ცალკეული ბრიგადა. საჭირი იყო, რომ გვარდიის შტაბი მისით კმაყოფილი ყოფილიყო.

ასეთ მაღალ პოსტზე მისი ყოფნის მთელი უსარგებლობის მიუხედავად, მან ისე მოახერხა ყველანი თავისთან მიეჩვია, რომ მთავრობის წევრებს, როგორც ჩანს, არ შეეძლოთ წარმოედგინათ მისი სავარძელი ვინმე სხვა პირის მიერ შევსებული. მას ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება, თუმცა კი აკადემია მე-2 თანრიგის მიხედვით დაასრულა. ჩემი ამხანაგების მონაყოლით დასავლეთის ფრონტზე იგი მშვენიერი საბრძოლო უფროსი გახლდათ, მამაცი, მშვიდი, თადარიგიანი. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ფართო სარგანიზაციო ნიჭი და უნარი მას არ გააჩნდა. უეჭველია, ეს კარგი გამოცდილი უფროსია, მაგრამ საჭიროა, რათა მას ზევით ჰყავდეს უფროსი, რომელიც აიძულებდა მას ემუშავა. მე არ შემიძლია მასში არც სტრატეგიული ნიჭი ვაღიარო და არც უნარი; საქართველო-სომხეთის ომმა ამ მიმართებით მასზე მე გული ამიცრუა. სამხედრო ფორმაში იგი ნაკლებად გახლდათ სამხედრო, მაგრამ შეიძლებოდა იგი აიძულებიათ ყოფილიყო სამხედრო და კარგი სამხედროც. მისი ქცევების მამოძრავებელი იყო მატერიალური კეთილდღეობა; საქმე მას ნაკლებად აინტერესებდა. სხდომებზე იგი არასოდეს არაფერს იცავდა, არასოდეს არაფერს მხურვალედ მხარს არ უჭერდა (На заседаниях он никогда ничего не отстаивал, никогда ничего горячо не защищал), ყოველთვის ერთი ან ორი ნასროლი ფრაზით იფარგლებოდა და უწინარეს ყოვლისა იმაზე ზრუნავდა, რომ სხდომა მალე დაემთავრებინა. რა თქმა უნდა, ფაქტიური გავლენა სამხედრო საქმეების მსვლელობაზე მას არ ჰქონია. მაგრამ იგი დამნაშავეა იმაში, რომ თავის გავლენას არ ახდენდა და ზედმეტად პასიური გახლდათ. მას უწინარეს ყოვლისა ის უნდა ხსომებოდა, თუ რისთვის იყო მოწოდებული, რა მოვალეობები დააკისრა მას ბედმა და უბრალოდ იმ სავარძლის უბრალო დანამატი არ ყოფილიყო, რომელიც ეკავა. ერთხელ მასთან კაბინეტში საუბრისას მან უეცრად მკითხა: „ნუთუ შენ გჯერა დამოუკიდებელი საქართველოსი?“ მე გაოცებული ვიყავი და მკვეთრად ვუპასუხე: „და რატომ ზიხარ ამ ადგილას, თუ ამისი არ გჯერა“.

მესამე პირი, რომელსაც გავლენა ჰქონდა სამხედრო საქმეების მსვლელობაზე, გახლდათ გენ. ზაქარიაძე. მე ისიც კი უნდა ვთქვა, რომ მმართველ წრეებს შორის იგი უფრო მეტი გავლენითაც სარგებლობდა, ვიდრე გენ. ოდიშელიძე და გენ. გედევანიშვილი. სხდომებზე, სულ მცირე იმათზე, რომლებსაც მე ვესწრებოდი, იგი ყოველთვის დუმდა. მაგრამ მას, და ეს მე ვიცი, ყოველთვის რჩევას ეკითხებოდნენ არა მარტო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები, არამედ მთავრობის თავმჯდომარეც. ამ ადამიანის გაგება მე არასდროს შემეძლო ანუ, უფრო სწორად, მე არ შემეძლო მისი ქცევებისა და მისი მოქცევის შინაგანი მამოძრავებლის გაგება (вернее, я не мог понять внутреннего двигателя его поступков и его поведения). იმის თქმა, რომ მას არ უყვარდა სამშობლო, არ შეიძლება; იმის თქმაც, რომ მას განსაკუთრებით უყვარდა სამშობლო, ასევე არ შეიძლება, ვინაიდან 1919 წელს ახალციხის მოვლენების დროს, როცა მე ბორჯომში მივემგზავრებოდი, არც მან, არც პოლკ. ნაცვალიშვილმა არა მხოლოდ არ გამოხატეს სურვილი რომ ჩემთან ერთად ახალციხის ფრონტზე გამგზავრებულიყვნენ, არამედ ეს თავიდან აიცილეს კიდეც (но отклонили от себя), და ეს ჩვენი სახელმწიფო ცხოვრების კრიტიკულ მომენტში. შეიძლება მას მატერიალური სიკეთეები უყვარდა? არა, იგი თავის ჩვევებში მოკრძალებული გახლდათ. შესაძლებელია იგი ძალაუფლების წყურვილით ხელმძღვანელობდა? შეიძლება, მაგრამ არ არის ნიშნები, რომლებიც ამას დაადასტურებდა; მართალია, იგი თავმოყვარე გახლდათ და, შეიძლება ითქვას, პატივმოყვარეც. მაგრამ იგი გარკვეულად ძალაუფლებისკენ არასოდეს მიდიოდა, როგორც ამას გენ. ოდიშელიძე აკეთებდა. იგი რაღაცეებს თმობდა, ამა თუ იმ ღონისძიებებზე თანხმდებოდა, მას მმართველებთან დავა და კამათი არ სურდა, მაგრამ არ სურდა დავა და კამათი ოპოზიციურ წრეებთანაც. იყო იგი კარგი სამხედრო თუ არა? ისიც აკადემიის ოფიცერია; დიდი შრომისუნარიანობის მქონე ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ ძველი რეჟიმის დროს მისი უფროსი მისით ყოველთვის ძალზედ კმაყოფილი იქნებოდა. მას ჭიქა ღვინით მეგობრულ საუბარში ჩაჯდომა უყვარდა, მაგრამ გარკვევით მაშინაც კი არასოდეს ლაპარაკობდა, როცა ყველას ღვინო გულადილობისკენ უბიძგებდა. იგი ყოველთვის გმობდა მმართველი წრეების მოქმედებებს, ყოველთვის უკმაყოფილო იყო გვარდიული ორგანიზაციისა, მაგრამ პირში მათ ამას არასოდეს ეუბნებოდა და გვარდიის წინააღმდეგ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. მას ყოველთვის უნდოდა შეურიგებელი შეერიგებია, შეუთავსებელი შეეავსებია, მას უნდოდა ყველაფერი მოეგვარებია და როგორიც გინდათ კომპრომისების ვირტუოზული შემქმნელიც გახლდათ. როცა გენ. ოდიშელიძის მსუბუქი ხელით სამხედრო წოდებები (ჩინები) გააუქმეს, მაშინ მან მოიგონა კომპრომისი, რომლის მიხედვითაც თანამდებობის მიღებათან ერთად ჩინები ავტომატურად მიეწებებოდა იმ პირს, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებდა. დარღვეულ იქნა თავად პრინციპი ჩინების მნიშვნელობისა, რომლებსაც სამსახურისთვის ღებულობდნენ და რომლებიც პატიოსანი სამსახურისა და გამოცდილების მაჩვენებელნი გახლდათ. ასეთი კომპრომისის შედეგად არმიის რეორგანიზაციის დროს ჩვენ გუშინდელი ლეიტენანტები ვიხილეთ პოლკოვნიკებად, სამხედრო ნაწილების მეთაურებად, სადაც უფროსი მოწოდებულია ოფიცრებისა და ჯარისკაცების აღზრდისაკენ, და ამ ადგილებზე აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჯერ თავად იყვნენ აღსაზრდელები. უყვარდა კი მას სამხედრო საქმე? არ შეიძლება ითქვას, რომ არა, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ უყვარდა. საერთოდ იგი თავისი ხასიათის არანაირ მკვეთრ ნიშნებს არასოდეს ავლენდა და არასოდეს შეიძლებოდა იმის გაგება, თუ რისი მიღწევა უნდა მას, რა სურს, რა წარმოადგენს მის ნამდვილ მამოძრავებელს. ასევე არ შეიძლება მას ბრალი არ დავდოთ იმაში, რომ მას არ შეეძლო ან არ უნდოდა სამხედრო საქმეში სრულ უმეცართა ბატონ-პატრონობას წინ აღდგომოდა. მთელმა მისმა საქმიანობამ სამხედრო სარბიელზე ჩემში მოახდინა ერთი შთაბეჭდილება; ხშირად მეჩვენებოდა, ახლა კი სულ უფრო და უფრო მეტადაც, რომ იგი უბრალოდ სამხედრო უწყებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის აგენტი გახლდათ. მისმა საქციელმა საზღვარგარეთ, კონსტანტინოპოლსა და პოლონეთში, მე ამაში საბოლოოდ დამარწმუნა.

ასეთები იყვნენ ის პირნი, რომლებიც ბედის ნებით სამხედრო საქმის საჭესთან გახლდნენ დაყენებულნი. მე ვთქვი ბედის ნებით; არა, ბედის ნებით კი არა, არამედ იმ ადამიანების მიერ, რომელთაც არ უნდოდათ, რომ სამხედრო საქმის სათავეში ყოფილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ მათთვის ეკეთებიათ ის, რაც მათ არ იცოდნენ და არც შეეძლოთ, და ეს ადამიანები (ხელისუფალნი) განზრახ აწინაურებდნენ თანამდებობებზე იმ პირებს, რომელთაც ყოველთის შეეძლოთ მათ მოლაპარაკებოდნენ და დათანხმებოდნენ. ხოლო მათ მიერ არჩეული ეს პირები კი, ნაწილობრივ თავიანთი ხასიათის მიხედვით, ნაწილობრივ კი ძალაუფლების, მატერიალური კეთილდღეობის წყურვილისა, ყოველთვის მზად იყვნენ ყველაფერზე, რასაც მათგან ხელიუფლების მქონენი მოითხოვდნენ და რომლებსაც უწინარეს ყოვლისა თავიანთი თანამდებობების დაკარგვა აშინებდათ. მე არ შემიძლია ხელისუფლების მქონენი დავადანაშაულო არსებითად, ე. ი. შეიარაღებული ძალების მოწყობისა და თავდაცვისთის ქვეყნის მომზადების საქმეში; ისინი ამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანები არიან და ეშლებოდათ, და უნდა შეშლოდათ კიდეც ამა თუ იმ ღონისძიებათა არჩევაში.

შეუდარებლად უფრო მძიმეა იმათი დანაშაული, ვისაც თავისი სამსახურის მიხედვით უნდა სცოდნოდა, თუ რა არის უკეთესი და რა არის უარესი, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი კეთება კი საჭირო არ არის. ამ ადამიანებს უნდა ეკეთებიათ ის, რასაც სწავლობდნენ და რაც იცოდნენ, და არ დათანხმებოდნენ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომელთაც მათ თავზე ახვევდნენ, და რომლებსაც ისინი არასწორად და მავნედაც კი მიიჩნევდნენ. ამრიგად, თუ ისინი გულწრფელად თანხმდებოდნენ ამ ზომებზე, მაშინ თავიანთ უმეცრებას გვაჩვენებდნენ; ხოლო თუ ისინი თანხმდებოდნენ ამ ზომებზე, რომლებიც თავიდანვე მავნედ მიაჩნდათ, მაშინ ისინი ბოროტმოქმედები არიან, ვინაიდან საქმე მათ კი არ ეხება, არამედ სამშობლოს, მთელ ხალხს, რომელთა სამსახურისთვისაც ისინი იყვნენ მოწოდებულნი.


თ ა ვ ი XXIII 

უკანასკნელი გადადგომის შემდეგ. – მობილიზაცია


უკანასკნელი გადადგომის შემდეგ 

ახლა შევუდგები ჩემს შემდეგ მოგონებებს. მე თადარიგში 1920 წლის სექტემბრის დასწყისში წავედი, მაგრამ მომიხდა ცხოვრება სამხედრო სკოლაში გამეგრძელებია. სკოლის დირქტორად გენ. ანდრონიკაშვილი იქნა დანიშნული. როცა სკოლას ვღებულობდი და არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ იქ დიდხანს გამაჩერებდნენ, მე ჩემი ბინა მესანგრეთა ქუჩაზე სკოლის ოფიცერს ელიზბარ შერვაშიძეს დავუთმე. ოფიცერთა სადგომები სამხედრო სკოლაში ასევე გვარდიის ოფიცრებს ჰქონდათ დაკავებული. მე ვითვალისწინებდი ჩემს წასვლას და ასეთი მდგომარეობის შემთხვევაში ოფიცერი, რომელსაც ჩემი ბინა ეკავა, გვარდიის ერთ-ერთი ოფიცრის ბინას დაიკავებდა, რომლის დაცლასაც მე მოვითხოვდი, რათა ჩემის მხრივ მქონოდა შესაძლებლობა ჩემს ბინაში გადავსულიყავი. მე წინდახედული აღმოჩნდი.

გვარდიის შტაბი სამ თვეს აჯანჯლებდა თავისი დანაპირების შესრულებას და მხოლოდ დეკემბერში გადავედი ჩემს ძველ ბინაში მესანგრეთა ქუჩაზე. საგანთა ისეთი მდგომარეობის წყალობით, როცა გვარდიის შტაბი შემპირდა ბინა დღეს თუ არა ხვალ დაეცალა, არ მომეცა შესაძლებლობა რომ ჩემი შვილები სკოლაში მომეთავსებინა, ვინაიდან სამხედრო სკოლა პლეხანოვის გამზირზე იმყოფებოდა, ჩემი სახლი კი მესანგრეთა ქუჩაზე. ველოდი რა ყოველ დღეს გადასვლას, ვიმედოვნებდი ისინი მტკვრის მარჯვება ნაპირზე მდებარე ერთ-ერთ სკოლაში შემეყვანა. ხოლო დეკემბერში კი მათი შეყვანა უკვე დაგვიანებული იყო. ასე რომ არ შემიყვანია. მე სამხედრო სკოლაში მასწავლებლად ვრჩებოდი, სადაც ტაქტიკასა და სამხედრო ისტორიას ვკითხულობდი. ლექციებისთვის თვეში დაახლოებით 9000 მანეთს ვღებულობდი. მთავრობამ 1000 მანეთის ყოველთვიური დახმარებაც დამინიშნა. თითოეულისთვის ნათელია, რომ მაშინ 1920–21 წლებში ამ სახსრებით ცხოვრება შეუძლებელი გახლდათ და იმ ზამთარს მომიწია ჩემი ხალიჩები ნახევარ მილიონზე მეტ თანხაზე გამეყიდა.

შემოდგომაზე იუნკრების უფროსმა კლასმა საჩუქრად ხანჯალი მომართვა, ოქროთი მოვარაყებული. მე იუნკერთა ამ სიმპათიის გამოვლენით ისე ვიყავი შეძრული, რომ პასუხის გაცემასაც ძლივს ვახერხებდი. ერთი მუჭა იუნკრები ჩვენს მთავრობაზე უფრო გულუხვნი აღმოჩნდნენ.

ჩემი მასწავლებლობისთვის ყოველთვიური ჯამაგირის 9000 მანეთი ბევრი არაფერი გახლდათ, მაგრამ არ მინდოდა ჩემი საყვარელი მსმენელები მიმეტოვებინა და დღეში ორჯერ მივდიოდი, დილას და საღამოს, პლეხანოვის გამზირზე არსებულ სკოლაში მესანგრეთა ქუჩიდან, ეს მომქანცველი იყო, მაგრამ რა მექნა, არ შემეძლო ტრამვაით მემგზავრა, ვინაიდან ეს ჩემი გამომუშავებული ფულის მნიშვნელოვან ნაწილს წამართმევდა.

ერთხელ დეკემბერში ქუჩაში აკაკი ჩხენკელს შევხვდი. მან მითხრა, რომ ჩემთან უნდოდა ბევრ საკითხზე ესაუბრა. მე სრული მზადყოფნა გამოვხატე. რაღაც დროის შემდეგ მან ტელეფონით დამირეკა და მთხოვა იმავე საღამოს მასთან მივსულიყავი. მე მივედი. მასთან 4–5 საათი დავყავი. ჩვენ სამხედრო თემებზე ვსაუბრობდით. უკვე საუბრის ბოლოსკენ მან ზოგიერთ გენერალზე მკითხა ჩემი აზრი. მე პირდაპირ პასუხებს თავს ვარიდებდი. როცა მან გენ. ოდიშელიძეზე მკითხა, მე თვითონ ვკითხე მას, თუ როგორი აზრისაა მასზე. გაირკვა, რომ ჩვენ ორივეს მასზე ერთი და იგივე აზრი გაგვაჩნდა. ეს აზრი გენ. ოდიშელიძის სასარგებლოდ არ ყოფილა. მაშინ მე მას ვკითხე: „ეს თქვენი პირადი აზრია, თუ სხვებიც მას იზიარებენ?“. მან მიპასუხა, რომ ეს ყველას აზრია. „და მაშინ რატომღა ნიშნავენ მას მთავარსარდლად?“ – ვეღარ შევიკავე თავი. – „ღმერთმანი არ ვიცი“ – მიპასუხა აკაკი ივანეს ძემ თავისი მუდამ სიმპათიური და საყვარელი ღიმილით. 


მობილიზაცია 

ამ დროის მანძილზე, 1920 წლის შემოდგომით, ვერ ვიხსენებ რაიმე-ნაირ სამხედრო მოვლენას მობილიზაციის გარდა. მობილიზაცია ნოემბერში იქნა გამოცხადებული. მგონი 4 გაწვევის სათადარიგონი იქნენ გაწვეულნი. მე სკოლაში კვირაში ორჯერ ვხვდებოდი გენ. ზაქარიაძესა და პოლკ. გედევანიშვილს; ისინიც ასევე მასწავლებლები იყვნენ. თანამედროვე სამხედრო საკითხების შესახებ ჩვენ თითქმის არ ვლაპარაკობდით. მე ვკითხე გენ. ზაქარიაძეს, თუ რითაა გამოწვეული მობილიზაცია, ვის წინააღმდეგ ვიწყებთ ომს. მან მიპასუხა, რომ არის ცნობები, რომ ბოლშევიკებს აქვთ განზრახვა საქართველოს თავზე დაესხან და, რათა ეს მოულოდნელად არ მოხდეს, გამოცხადებულია მობილიზაცია, მაგრამ რომ ჩვენ თვითონ ომს არ დავიწყებთ. „და თუკი“ – ვკითხე მე – „ბოლშევიკები თავს არ დაგვესხმიან, რა დრომდე გვეყოლება ჯერები მობილიზებული?“ მან მიპასუხა, რომ სავარაუდოდ, საკითხი გაირკვევა, როცა ჯაების დემობილიზაცია შესაძლებელი გახდება. მე შევეკამათე, რომ ჯარების მობილიზაცია მაშინ ხდება, როცა საკითხი ომის შესახებ გარკვეულადაა გადაწყვეტილი და მობილიზებული ჯარების გაჩერება კი არ შეიძლება არც ეკონომიკური და არც მორალური მიზეზებით. ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ მიატოვეს ახალგაზრდების მორიგი გაწვევა, მან მიპასუხა, რომ მატერიალური მოსაზრებებით არ შეგვეძლო ერთდროულად სათადაროგნიც გაგვეწვია და ახალგაზრდებიც. ჩემი აზრით ასეთი გადაწყვეტილება მიზანშეწონილი არ გახლდათ, და მე მას ჩემი მოსაზრებები ვუთხარი. „ასეთი ხერხით“ – ვუპასუხე – „თქვენ საკუთარ თავს 15–18 ათასი განსწავლული წაართვით, რომლებსაც მაშინ მიიღებდით, ახალგაზრდა ჯარისკაცები რომ გაგეწვიათ. თუ თქვენ ომს დაუყოვნებლივ იწყებთ, მაშინ მართალი ხართ; მაგრამ რადგანაც ეს გაურკვეველი დროის საკითხია, მაშინ ახალგაზრდებს, 6-კვირიანი სწავლების შემდეგ, უკვე ომის წარმოების უნარიც ექნებოდათ, და ჩვენმა გამოცდილებამაც გვიჩვენა, რომ ახალგაზრდები ყოველთვის უფრო ბრძოლისუნარიანი მასალა აღმოჩნდებოდნენ, ვიდრე სათადარიგონი. ექსტრენულობის შემთხვევაში კი თქვენ შეგეძლოთ სათადარიგონი გაგეწვიათ, ხოლო მობილიზაციის სისწრაფისთვის მიგეღოთ მოსამზადებელი ზომები, რომლებიც ხელს უწყობენ მის დაჩქარებას, აგრეთვე საზღვრების დაფარვის ზომებიც, რაც უფრო იაფი იქნებოდა, ვიდრე თადარიგიდან გაწვეული ადამიანების შენახვა. რომ შეიძლებოდა სათადარიგოთა ნაწილი გაეწვიათ, შეამცირებდნენ რა მათ რიცხვს ახალგაზრდების ხარჯზე; რომ, ბოლოს, საეჭვოა, რომ ბოლშევიკებმა ზამთრის კამპანია დაიწყონ, და რომ იმის გაკეთება, რასაც ისინი სჩადიან, ე. ი. სათადარიგოთა მობილიზაცია, მხოლოდ ბოლშევიკების ზამთრის კამპანიაზე უდავოდ სარწმუნო ცნობების შემთხვევაშია საჭირო“. ამაზე გენ. ზაქარიაძისგან მივიღე პასუხი, რომ ასე იქნა გადაწყვეტილი, და ჩვენ ამ საკითხს მეტად აღარ დავბრუნებივართ. მე გავიგე, რომ ვითომდა შემდეგ მოახდინეს დემობილიზაცია; არ ვიცი სწორია თუ არა ეს. იანვრის მეორე ნახევარში ახალგაზრდები გაიწვიეს, და ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ბოლშევიკებისთვის, რათა ომის დაწყება დაეჩქარებინათ.

(გაგრძელება იხ. ნაწილი VI)


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment