(ნაწილი II)
14. ქართული პოლიტიკის გამარჯვება მესხეთში
როგორც ვხედავთ, მესხეთის სივრცეზე თავი მოიყარა და ერთმანეთს დაეჯახა: ქართული, სომხური, ოსმალური, ინგლისური და რუსული ინტერესები. ქართული ინტერესები იყო ბუნებრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით დატვირთული და განმტკიცებული, მესხეთი საქართველო იყო და არის დღესაც.
სომხური ინტერესები სურვილს აცხადებდა ჯერ მთელ მესხეთზე, მერმე ჯავახეთ ანუ ახალქალაქის მაზრაზე და ერუშეთზე (ფოცხოვის უბანი, არტაანზე) და მხედველობაში ჰქონდა შავშეთ-ქობულეთი-აჭარა. სომხეთი ამ თავის სურვილებსა და მოთხოვნილებას ასაბუთებდა ნაწილობრივ მით, რომ ამ მხარეებში ბევრი სომეხი ცხოვრობსო, და კიდევ მით, რომ მას სჭირდებოდა ზღვისაკენ გზა.
ოსმალეთს ახსოვდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მთელი მესხეთი მის ხელში იმყოფებოდა, რომ იქ მრავალი გამაჰმადიანებული მცხოვრები იყო და რომ მესხეთში ბატონობით მას კავკასიაზე ბატონობაც შეეძლო.
აქ ყველაზე უცნაურია ინგლისელების მოქმედება. რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ ინგლისელებს მესხეთში?
ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ მესხეთის მიმართ ინგლისელებს ჩამოყალიბებული და გარკვეული პოლიტიკა არა ჰქონიათ. თავიდან ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს მთავრობას, რომ მას დაეკავებინა ახალციხე, ახალქალაქი და ნებაც კი მისცეს ერთ დროს მას არდაგანში დარჩენილიყო. მერმე მხარი დაუჭირეს სერვერ-ათაბაგის მოძრაობას, როცა ნახეს, რომ მას ერთგვარი ასპარეზი ჰქონდა. დაპირდნენ დახმარებასაც. საერთოდ, ინგლისელები ხომ ოსმალეთოს მხარეზე თვითონაც ქმნიდნენ ახალ-ახალ სახელმწიფოებს და კეთილგანწყობილად ექცეოდნენ კიდეც. ამით აიხსნება ალბათ, რომ თავში, როცა შეიქმნა „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის“ მთავრობა, ინგლისელებმა იგი მიიღეს ფაქტად (ან ხელიც შეუწყვეს) და დახმარებასაც დაპირდნენ, მაგრამ როცა აღმოჩნდა, რომ ეს „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის“ მთავრობა უმწეო იყო და საქართველოს ძალებმა იგი გაფანტეს, როცა აღმოჩნდა, რომ სერვერ-ათაბაგი ოსმალურ პოლიტიკას აწარმოებდა, და იმ დროს ინგლისელები ოსმალეთს თვითონ უპირებდნენ განადგურებას, მათ თვითვე მოუხდინეს ლიკვიდაცია „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობას“ და ყურადღებას აღარ აქცევდნენ „მუსულმან კომიტეტების“ საჩივრებსა და არზებს.
სულ სხვაა ინგლისელების შემდგომი პოლიტიკა, როცა მათ არდაგანის სომხეთზე გადაცემა მოისურვეს. ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო იმ პოლიტიკით, რომელიც საჭიროდ თვლიდა სომხეთი ზღვას შეერთებოდა. ამ პოლიტიკურ მიდრეკილებას ჩვენ კიდევ შევხვდებით.
საქართველოს დაუბრუნდა სამცხე (ახალციხე) და ჯავახეთი (ახალქალაქი). ეს მხარე ჩაება საერთო საქართველოს ცხოვრებაში და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოს დამფუძნებელი კრებისათვის აქ უნდა მომხდარიყო. არჩევნებს ჰქონდა არა მარტო შინაპოლიტიკური მნიშვნელობა, იგი უფრო ფართო ხარისხის იყო და მას მიეცა პლებისციტის ხასიათი: გაიმარჯვებდა არჩევნებში ქართული ორიენტაცია თუ არა. არჩევნები მოხდა მაშინ განთქმული ოთხკუდიანი ფორმულის მიხედვით.
ახალციხის მაზრაში არჩევნებში მიიღო მონაწილეობა 30 000 კაცმა. ამ რიცხვიდან ქართულმა პარტიებმა მიიღეს 26 500 ხმა, სომხურმა პარტიამ მხოლოდ 3000 ხმა. სხვა პარტოები სრულიად უმნიშვნელო იყვნენ.
ახალქალაქს მაზრაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21 687 კაცმა. აქედან ქართველებს ერგოთ 13 000 ხმა, სომხებს – 8090.
ამ არჩევნებმაც დაუმტკიცა ქვეყანას, რომ ეს მხარე სადავო არ იყო და იგი არჩევნების მიხედვითაც საქართველოს ეკუთვნოდა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალურმა არჩევნებმაც დაამტკიცა, რომ იქ ოკუპაციის მიუხედავად, ბათუმის მცხოვრებთა უმრავლესობა საქართველოსთან იყო და ზემოაღნიშნულმა ქართველ მუსულმანთა ყრილობამ კიდევ ცხადყო, რომ სამუსულმანო საქართველოს ქრისტიანულ საქართველოსთან დარჩენა სურდა. თბილისის გარშემო იკრიბებოდა და მთლიანდებოდა დიდი საქართველო.
15. ინგლისი და ბათუმის საკითხი
იმ ხანისათვის მაინც, 1919 წლის დასასრულს, საქართველოს ბრძოლა მესხეთის გულისათვის გამარჯვებით დასრულდა. იდგა მხოლოდ ბათუმის საკითხი და აქ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ვითარებაში ჩავარდა. ეს ვითარება ნაშობი იყო თვით საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური მდგომარეობით და საერთაშორისო გარემოებით.
დაიკავეს თუ არა ინგლისელებმა ბათუმი* (*სიტყვა „ბათუმი“ ბერძნულია და ნიშნავს „ღრმა ნავსადგურს“ /იხ. ბრაისი/), მათ აქ რუსული პოლიტიკის წარმოება დაიწყეს. ინგლისი იმჟამად თეთრგვარდიელთა მოძრაობას ეხმარებოდა. ამიტომაც ინგლისელებმა ბათუმის მოვლა-პატრონობა ჩააბარეს ე. წ. „მმართველ საბჭოს“ რუს მასლოვის ხელმძღვანელობით. თუმცა მასლოვი მალე გააგდეს ბოროტმოქმედებათათვის, მაგრამ ეს „მმართველი საბჭო“ რუსულ პოლიტიკას მაინც განაგრძობდა, ესე იგი, დევნიდნენ ქართველებს, განსაკუთრებით ებრძოდნენ ქართული ორიენტაციის მაჰმადიანებს, ხსნიდნენ რუსულ სკოლებს, შენობას არ აძლევდნენ ქართულს, შეადგინეს რუსული ადმინისტრაცია და თავისი აგენტების საშუალებით დიდ პროპაგანდას ეწეოდნენ აჭარაში ქართველების წინააღმდეგ. როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ, ინგლისი რუსების ასეთ მოღვაწეობას ხელს არ უშლიდა და მფარველობდა კიდეც. ამის მიუხედავად, როდესაც მოხდა ბათუმის საქალაქო არჩევნები, 29 თებერვალს 1919 წელს გამოირკვა ყველასათვის, რომ ბათუმიც საქართველო იყო.
ასარჩევი იყო 36 ხმოსანი, და ვინაიდან არჩევნები მოხდა ინგლისის სარდლობის მიერ დანიშნული კომისიის მიერ დადგენილი წესით, ეროვნების პროპორციულობის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ქართველებმა გაიყვანეს დიდი უმრავლესობა – 20 ხმოსანი, რუსებმა – 2, სომხებმა – 4, ებრაელებმა – 2, ბერძნებმა – 8. ამ არჩევნებს დიდი ეროვნულ-პოლიტიკური მნიშვნელობა მიეცა, რადგან იგი ერთი მხრივ აბათილებდა 14 ივლისს 1918 წელს ოსმალების მიერ უწესრიგოდ და უკანონოდ მოწყობილ პლებისციტს, და ამასთან ინგლისის სარდლობასაც უმტკიცებდა, რომ ბათუმი საქართველოა და არა რუსეთი.
ამასთან აღსანიშნავია და გვგონია, რომ დანარჩენი ეროვნებებიც და კერძოდ ებრაელები, ბერძნები და სომხებიც კი ბათუმში უსათუოდ საქართველოს ორიენტაციისა იყვნენ, და ამგვარად ბათუმი, მოხდენილი არჩევნებით და მთელი მოსახლეობის დასტურით თავისთავს საქართველოს წიაღში აქცევდა.
მეორე ასეთივე პასუხი იყო ბათუმის ოლქის მცხოვრებთა ყრილობის რეზოლუცია 31 აგვისტოს 1919 წელს, რომელიც ბათუმისა და მისი ოლქის საქართველოსთან შეერთებას მოითხოვდა, მაგრამ თავისთავად ბათუმის საკითხი უბრალო და მარტივი საკითხი აღარ იყო.
ინგლისელების წასვლა ამიერკავკასიიდან ნიშნავდა ამ ქვეყნის თავისანაბარა მიტოვებას, როდესაც მას რუსეთი ჩრდილოეთიდან უკვე უახლოვდებოდა და სამხრეთით კი ახალი ოსმალური, ქემალისტური ძალები ირაზმებოდნენ. ჯერ განუმტკიცებელ საქართველოს რესპუბლიკას დამხმარე ხელი სჭირდებოდა და ამას თვით საქართველოს მთავრობა კარგადა გრძნობდა. ამიტომ ბუნებრივი და მიზანშეწონილია ის დიპლომატიური მუშაობა, რომელსაც მთავრობა ეწეოდა. ეს მუშაობა ქართველი ერის პოლიტიკური თავისუფლების ნიადაგზე და დამხმარე ძალის მოპოვებაზე იყო დამყარებული. ერთი მხრივ, მაშასადამე, სწარმოებდა მუშაობა და ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული აღდგენისათვის, დიდი საქართველოსათვის, – მეორე მხრივ, ამ საქართველოს სახელმწიფოებრივი განმტკიცებისათვის; მესამე მხრივ, ამ განმტკიცებისათვის აუცილებელ და საჭირო დამხმარე ძალის შოვნისათვის. ამიტომ იყო, რომ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, 4 სექტემბერს 1919 წელს, ეუბნებოდა ამიერკავკასიაში ინგლისის განსაკუთრებულ კომისარს ოლივერ უორდროპს შემდეგს:
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ არ გვეყოლა ძლიერი მოკავშირე, ძნელი იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობის მოპოვება, რადგან არამც თუ მარტო ჩვენ, არამედ ევროპის შედარებით დიდ სახელმწიფოებსაც, რომელნიც უფრო უზრუნველყოფილი არიან ფინანსიური მხრით, ეხლანდელ დროში არ შეუძლიათ გარედან დაუხმარებლად არსებობა. საქართველოს მთავრობას ესმის, რომ იგი უნდა დაეყრდნოს რომელიმე მაგარ სახელმწიფოებრივ ორგანიზმს, და ამ შეგნებამ უკარნახა მას გარკვეული ორიენტაცია ინგლისზე... იგი სთხოვს დახმარებას ინგლისს და სურს იცოდეს, რას მოისურვებს ინგლისი სამაგიეროდ... ახლანდელი მომენტი რთულდება ამიერკავკასიიდან ინგლისური შეიარაღებული ძალების წასვლით... საკმარისია, ინგლისელები, რომელნიც არიან შემაკავებელი ელემენტები, წავიდნენ, რომ დაიწყოს გართულება სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ამ თვალსაზრისით მდგომნი, ჩვენ ოფიციალურად ვთხოვდით საზავო კონფერენციას, ლონდონს და აქაურ ინგლისურ სარდლობას დაეტოვებინათ ამიერკავკასიაში ინგლისური ჯარების მხოლოდ ერთი ნაწილი. ჩვენ დაგვპირდნენ პასუხს, მაგრამ დღემდე იგი არა გვაქვს“-ო.
ამის პასუხი იმჟამად იყო ის, რომ ბათუმში დარჩა ინგლისური საოკუპაციო ჯარის ნაწილი და ბათუმის გარშემო დიპლომატიური სჯა-ბაასი დაიწყო და გაგრძელდა. გაგრძელდა იმ მხრით, რომ საქართველოს მთავრობა დიდი ხანია მოითხოვდა ბათუმისა და ბათუმის ოლქის საქართველოზე გადაცემას, და ბათუმის ოლქის ინგლისელების მიერ დაცლის შემდეგ, საკითხი მხოლოდ თვით ქალაქ და პორტ ბათუმს ეხებოდა.
საქართველოს მთავრობის აზრით, ბათუმის ოლქი და თვით ბათუმი საქართველოს უნდა გადასცემოდა. თვით პორტი ბათუმისა კი, როგორც სამხედრო ბაზა და საქვანახშირო სადგური, ინგლისელების ხელში ყოფილიყო. ასეთი წინადადება ინგლისელებმა პრინციპში მიიღეს, მაგრამ საბოლოო პასუხი მაინც არ გაუციათ.
საბოლოო პასუხი საქართველომ მიიღო 1920 წლის ივლისში, როდესაც ინგლისმა ბათუმი სავსებით გაანთავისუფლა და იგი საქართველოს ჩააბარა, მაგრამ ეს იყო სულ სხვა ამბავი, კიდევ სხვა ამბავთან დაკავშირებული, – ეს იყო ინგლისის ორიენტაციაზე უარის თქმა საბჭოთა რუსეთთან ხელშეკრულების (7 მაისი 1920 წელი) დადების ძალით და თვით ინგლისის პოლიტიკის შეცვლით ახლო აღმოსავლეთში და, კერძოდ, ამიერკავკასიის მიმართ. ამას ქვემოთ შევეხებით, ხოლო ამ წუთს აღვნიშნავთ, რომ 1920 წლის დასასრულს საქართველო იყო პატრონი მთელი მესხეთის, რომელიც რუსეთის იმპერიის ფარგლებში შედიოდა ძველად, და 1921 წლის დამდეგს ქრისტიანული და მაჰმადიანური საქართველო უკვე გაერთიანებული იყო: – აღდგა ძველი საქართველო თავისი მესხეთით (ჩვენ აქ ლაზისტანზე არა გვაქვს ლაპარაკი, რომელიც ოსმალეთის ფარგლებში ჩარჩა).
ასე დასრულდა თვით საქართველოში ის დიადი და მწარე, სისხლით გაჟღენთილი და მსხვერპლით აღსავსე ბრძოლა, რომელსაც საქართველო შეუჩერებლივ სამი წლის განმავლობაში თავდადებით აწარმოებდა. დასრულდა სრული გამარჯვებით, რომელსაც სულ მალე, ორი თვის შემდეგ დამარცხება მოელოდა. დამარცხება, რომლის შედეგად დაიკარგა საქართველოს თავისუფლება და მესხეთის დიდი ნაწილიც.
16. საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება
საზღვრების დადგინების საკითხისათვის საკმაო არაა ცალმხრივი განცხადება, აუცილებელია აგრეთვე მისი ცნობა და დადასტურება მოსაზღვრე ქვეყნების მიერაც. ამ მხრივ საჭირო ხდებოდა ორი წლის განუწყვეტელი დავის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის საზღვრების გამორკვევა, თუ საბოლოოდ არა, დროებით მაინც ზოგიერთ მეზობელთან. მხოლოდ ამ მიმართულებით დიდ ნაბიჯს წარმოადგენდა საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულება 1920 წლის 7 მაისს.
საზღვართა საკითხი რუსეთის მხრიდანაც არა ერთჯერ წამოჭრილა, მაგრამ რუსეთში სამოქალაქო ომის მიმდინარეობის გამო მუდამ გაურკვეველი დარჩა. პრაქტიკულად იგი დაისვა მას შემდეგ, რაც წითელმა რუსეთმა აზერბაიჯანის რესპუბლიკა დაიკავა (28 აპრილი 1920 წელი) და რუსული ჯარები მაისის დამდეგს საქართველოს საზღვრებს მოადგნენ და ომი გამართეს. ამ ომში რუსები დამარცხდნენ, ხოლო ამავე დროს მოსკოვში დაიდო საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება.
1920 წლის 7 მაისს მას ხელი მოაწერეს და იგი იმწუთსავე ძალაში შევიდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით რუსეთმა დე-იურედ აღიარა საქართველოს რესპუბლიკა შემდეგ ტერიტორიაზე: შავი ზღვის (ჩერნომორსკაია) გუბერნია მდინარე ფსოუმდე, თბილისის გუბერნია, ქუთაისის გუბერნია, ბათუმის ოლქი ყველა მაზრებითა და „ოკრუგებით“, ზაქათალითა და აფხაზეთით.
რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების ძალით, აქამდე სადავო ტერიტორიები: – საინგილო (ზაქათალა), ბორჩალო, ბათუმის ოლქი – ამიერიდან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიად ითვლებოდა, ხოლო ღიად და გაურკვევლად რჩებოდა მხოლოდ ყარსის ოლქის ორი ქართული ნაწილის: არდაგანისა და ოლთისის საკითხი.
აი აქაც იჩინა თავი იმ ადმინისტრაციული დანაწილების ამბავმა, რომელიც ძველად რუსეთის მმართველობამ მოახდინა ამ ტერიტორიების შემოერთების შემდეგ 1876–1877 წლების ომის მერმე. მაშინ ხომ ეს ქართული ტერიტორია რუსეთმა ხელოვნურად მიაკერა ყარსის ოლქს, იმის მიუხედავად, რომ არდაგანი და ოლთისი მაშინ ბათუმის ოლქს უნდა მიკუთვნებოდა, როგორც გეოგრაფიულად, ისე ეკონომიურად. სწორედ არდაგან-ოლთისის საკითხი იგულისხმება საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს 7 მაისის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მეორე განყოფილებაში, სადაც ნათქვამია შემდეგი: ამ ხელშეკრულებაში აღნიშნული საზღვრების გარდა, თუ საქართველო მიიღებს არსებული ან მომავალში მოსალოდნელი სხვა სახელმწიფოსაგან ახალ ტერიტორიებს, რომელიც ძველად შედიოდა კავკასიის სანამესტნიკოშიო. ცხადია, საკითხი არ ეხება ოსმალურ ტერიტორიას. იგი ეხება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოთა, სომხეთის ან აზერბაიჯანის საზღვრებს, საერთოდ ძველი კავკასიის მოცულობაში და კერძოდ კი ამ შემთხვევაში: არდაგან-ოლთისის მხარეს.
ეს მხარე 7 მაისის ხელშეკრულების ხანაში, როგორც ზემოთ მოთხრობილი იყო, სადავო იყო კიდევ და მასზე პრეტენზიებს აცხადებდა მხოლოდ სომხეთი. ამგვარად საქართველოს პირდაპირ სომხეთთან უნდა გამოერკვია ეს საკითხი, და რუსეთიც აღიარებდა იმ საზღვარს, რომელიც მათ შორის საბოლოოდ დადგენილი იქნებოდა.
როგორც ვხედავთ, 1920 წლის მაისის 7-ის ხელშეკრულებამ საქართველოს რესპუბლიკას დაუდასტურა მთელი მესხეთი, არდაგანისა და ოლთისის გამოკლებით. თავისთავად, ტერიტორიულ საკითხში აღნიშნული ხელშეკრულება ფრიად მნიშვნელოვანი და დადებითი იყო, მაგრამ მისი სივაგლახე და უბედურება სხვამხრით იყო სავალალო. არსებითად, ეს ხელშეკრულება, რომელმაც საქართველოს მოუტანა საბჭოთა რუსეთისაგან დე-იურედ ცნობა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ტერიტორიის შემოფარგვლა, გახდა იმ ჩელტად, წნელისაგან გაკეთებულ მოქანავე ხიდად, რომელმაც პირველ სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩაემხო და თან ჩაიტანა უფსკრულში მთელი რესპუბლიკა, მთელი ქართველი ერი.
საქმე ის არის, რომ 7 მაისის ხელშეკრულება მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას მიერ გამოცხადებულ და ზეიმით მიღებულ ევროპის ორიენტაციაზე უარის თქმას წარმოადგენდა.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ხმამაღლად განაცხადა: ჩვენ გვირჩევნია დასავლეთის იმპერიალიზმი აღმოსავლეთის ბარბაროსობასო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნოე ჟორდანია საბჭოთა რუსეთის ორიენტაციას უარყოფდა; და 7 მაისის ხელშეკრულებით კი სწორედ საბჭოთა რუსეთი შეიქმნა ბატონ-პატრონი კავკასიაში. და ეს იმ მეხუთე მუხლის ძალით, რომელიც საქართველოსაგან მოითხოვს: – დაუყოვნებლივ გააძევოს ან განაიარაღოს ყველა ის უცხო ძალა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა. ამ „უცხო ძალაში“, რასაკვირველია, პირველად ყოვლისა იგულისხმებოდა ინგლისი და მისი საოკუაციო ჯარი ბათუმში.
როგორც ვთქვით, ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელისმოწერისთანავე და მას არავითარი დამტკიცება-რატიფიკაცია არ ესაჭიროებოდა, და ამგვარად, საქართველოს მთავრობა იძულებული შეიქმნა ინგლისისათვის მოეთხოვა: დაუყოვნებლივ დაეცალა ბათუმი, და ვიცით რა გამწარებული ქადაგება და ფართო დემონსტრაციები ხდებოდა საქართველოში ინგლისის წინააღმდეგ. და ეს მაშინ, როცა საქართველოს მთავრობის საგარეო მინისტრი ევგენი გეგეჭკორი მთელ თავის ღონეს იმას ახმარდა, რათა დაერწმუნებინა ინგლისი საქართველოდან თავისი მცირე რაზმი ჯარისა არ მოეხსნა.
ახლო აღმოსავლეთში ინგლისის პოლიტიკა კრიზისს განიცდიდა. იმ დროს იგი ყველგან ცდილობდა საოკუპაციო ჯარები მოეხსნა და ხარჯები შეემცირებინა, ხოლო საქართველო-რუსეთის 7 მაისის ხელშეკრულებამ ინგლისი დაარწმუნა, განსაკუთრებით აზერბაიჯანის გაბოლშევიკების შემდგომ, რომ მისი გავლენა კავკასიაში უკვე დამჭკნარი იყო და ამიტომ, დიდი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ინგლისმა თავისი უკანასკნელი საოკუპაციო ნაწილიც ბათუმიდან მოხსნა და ეს ქალაქი საქართველოს ჩააბარა. მაშასადამე, ქვეყანა მან უპატრონოდ დასტოვა კავკასიაში შემოსული რუსეთის საფრთხის წინაშე, და ამგვარად, საქართველოს მთავრობის წინადადებას, რომ ბათუმის პორტი ინგლისის ხელში დარჩენილიყო, სრული მისი დაცლით პასუხი გასცა 4 ივლისს 1920 წელს.
ამ დღეს დაიხურა საქართველოს ევროპული ორიენტაცია და ფაქტიურად უკვე საქართველო მოემწყვდა საბჭოთა რუსეთის გავლენის ფარგლებში. ამიტომ ვთქვით ზემოთ, რომ 7 მაისის ხელშეკრულება მხოლოდ ამ მიმართულებით, ესე იგი, საქართველოს სახელმწიფოს დე-იურედ ცნობისა და ტერიტორიის შემოფარგვლის მხრით, იყო დადებითი მოვლენა-თქო. თორემ საერთოდ 7 მაისის ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთისათვის იყო ხელისგახსნა საქართველოს რესპუბლიკის განადგურების მიზნით. (ჩვენ, რასაკვირველია, აქ არ ვეხებით იმ საკითხს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი 7 მაისის ხელშეკრულების დადებაში, – ეს დღეს ჩვენი თემის საგანს არ შადგენს).
17. მესხეთისათვის ბრძოლა უცხოეთში
იმ დროს, როდესაც მესხეთის გარშემო თვით კავკასიაში მწვავე ბრძოლები ხდებოდა, იგივე საკითხი არანაკლებ იყო საბრძოლო საგანი დიპლომატიურ ასპარეზზეც, მაგრამ ევროპაში.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ პარიზის კონფერენციაზე გაგზავნა საქართველოს დელეგაცია ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით. დელეგაციას უნდა წარედგინა მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის შესახებ და დაეცვა მისი ინტერესები საზავო კონფერენციაზე პარიზში.
უკვე 1919 წლის ივლისში ნ. ჩხეიძის დელეგაციამ პარიზის საზავო კონფერენციის სამდივნოს გადასცა მემორანდუმი, რომელიც, ცხადია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებსაც არკვევდა.
მოხსენებული ქართული მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს ტერიტორია უნდა შეიცავდეს შემდეგ ნაწილებს: „თბილისისა და ქუთაისის პროვინცია, სოხუმისა და ზაქათალას დისტრიქტი, ბათუმის პროვინცია, ყარსის პროვინციის დასავლეთის ორი დისტრიქტი (ოლთისი და არდაგანი) და ზოგი ნაწილი შავი ზღვის პროვინციისა და ტრაპიზონის ვილაიეთისა“...
აი, აქ არის წამოჭრილი საკითხი ტრაპიზონის ვილაიეთისა ანუ ლაზისტანის ანუ ჭანეთის შესახებ.
მოხსენებულ მემორანდუმში ამის შესახებ წერია: „ამას გარდა, როცა სომხეთის საზღვრები გარკვეული იქნება, ყოფილ ოსმალეთის იმპერიაში, საქართველო მოითხოვს დაბეჯითებით, რომ ლაზისტანი, ამჟამად ოსმალეთის, უნდა შეუერთდეს მის (საქართველოს) ტერიტორიას; იგი მოითხოვს აგრეთვე საზღვრების გასწორებას მდინარე ჭოროხის სათავეში, ვინაიდან მის (საქართველოს) გარდა არავის არა აქვს უფლება იმ ძველ ქართულ მიწა-წყალზე“-ო.
რა საბუთის ძალით ითხოვდა საქართველოს დელეგაცია ყველა აღნიშნულ ტერიტორიას? დასაბუთება ასეთია:
„ეს ტერიტორია უეჭველად ქართულია, 75 პროცენტი ქართული მოსახლეობით და შეადგენს ეთნიურ და ისტორიულ და აგრეთვე ეკონომიურ მთლიან ერთეულს აღმოსავლეთის ქრისტიან სახელმწიფოთა შორის“-ო.
და ეს იყო და არის შეჭმარიტება.
იმავე პარიზის კონფერენციაზე წარმოდგენილ იყვნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც. განსაკუთრებით დიდ პატივში იყო სომხეთის საკითხი, რომელიც ოსმალეთის საკითხთან იყო დაკავშირებული და დიდი სომხეთის აღდგენის გეგმაც განხორციელების წინ იდგა.
ანტანტის სახელმწიფოთა უმაღლესმა საბჭომ, მსოფლიო ბედის გადამწყვეტმა დაწესებულებამ, სომხეთის საკითხის გამოსარკვევად შექმნა განსაკუთრებული კომისია, რომელშიც წევრებად იმყოფებოდნენ ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის და იაპონიის წარმომადგენლები.
ვინაიდან მოხსენებული კომისია ფიქრობდა, რომ სომხეთს ზღვისაკენ გასავალი უნდა ჰქონოდა (და ასე იყო აღთქმული ვილსონისგან: ყველას უნდა მიეცეს გზა ზღვისაკენო!), ამიტომ შეიქმნა დავა ლაზისტანის შესახებაც; ხოლო ამ შემთხვევაში საქართველოს დელეგაცია თვითონ მოითხოვდა ლაზისტანს და შუა ჭოროხზე ისპირისაკენ საზღვრების გამოსწორებას საქართველოს სასარგებლოდ. იგივე დელეგაცია, რასაკვირველია, საქართველოსათვის მოითხოვდა ყარსის დასავლეთ ნაწილსაც, ესე იგი, არდაგანისა და ოლთისის მხარეს. „ეს გეგმა“, ამბობს ბ. ზურაბ ავალიშვილი, „ნიშნავდა საქართველოსათვის ეგრეთწოდებული სამუსულმანო ანუ თურქული საქართველოს ყველა ნაწილების შეერთებას“-ო და თვით ბ. ზურაბ ავალიშვილი იცავდა მას.
კერძოდ, ბათუმის საკითხის გამო საქართველოს დელეგაცია თავისი ნოტით უმაღლეს საბჭოსადმი 1 მარტს 1920 წელს, ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთებას მოითხოვდა და ამასთანავე წინადადებას ადგენდა, რომ საქართველოს რესპუბლიკა მეზობელ სახელმწიფოებთან ხელშეკრულებას დასდებდა, რომლის ძალით აზერბაიჯანსა და სომხეთს ბათუმისაკენ თავისუფლი სავაჭრო გზა მიეცემოდათ; კიდევ მეტი: აღნიშნული წინადადების მიხედვით, ბათუმი საერთაშორისო ტრანზიტის პორტად უნდა გადაქცეულიყო. იგივე ნოტა იმეორებდა ლაზისტანსა და ჭოროხის ზოგიერთი ადგილის საქართველოსთან შეერთების შესახებ.
მიღებულ იქმნა შემდეგი გეგმა:
ბათუმი შეიქმნეს თავისუფალ ქალაქად თავისი ტერიტორიით. დანარჩენი ნაწილი ბათუმის ოლქისა განაწილდეს ასე: საქართველოს შეუერთდეს ბათუმის ოლქის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ნაწილი, სამხრეთი კი – ართვინის რაიონი – მიეცეს სომხეთს; ლაზისტანი შეიქმნეს ავტონომიურ ერთეულად სომხეთის სუვერენობის ქვეშ. ამგვარად, სომხეთი უნდა გასულიყო ზღვაზე.
ანტანტის სახელმწიფოთა უმაღლესი საბჭოს მოხსენებულ დადგენილებას 16 მარტს 1920 წელს საქართველოს დელეგაცია პასუხს აძლევს და მას უმტკიცებს წინაუკმოდ: რომ 1) ბათუმის მთელი ოლქი საქართველოს ეკუთვნის და 2) ყარსის ოლქის ორი მხარე – არდაგანი და ოლთისი – საქართველოს უნდა ეკუთვნოდესო.
ბატონი ზ. ავალიშვილი, რომლის კალამსაც ეკუთვნის პასუხი, ამ ნოტაში შემდეგს წერდა:
1. ბათუმის ოლქი, ბათუმისა და ართვინის „ოკრუგების“ შემადგენლობით, ქართველ-მუსულმან მცხოვრებთა უმრავლესობით დასახლებული, უნდა შეერთებულ იქმნას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიასთან.
2. ბათუმის ოლქის დანაწილება და მისი რაიმე ნაწილის არა საქართველოსათვის, არამედ რომელიმე სხვა სახელმწიფოსათვის მიჭრა, არ დააყოვნებს გამოიწვიოს უღრმესი უთანხმოება და გაამწვავოს ამიერკავკასიის მეზობელ ხალხთა შორის ურთიერთობა.
3. თუ დამტკიცებული იქნება, რომ გეოგრაფიულ-ტოპოგრაფიული ან სხვა პირობათა ძალით სომხეთისათვის ზღვისაკენ გასავალმა გზამ უეჭველად უნდა ისესხოს ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც ქართველი ხალხი თავის ეროვნულ ქონებად სთვლის, და რომელსაც იგი საბუთით მოითხოვს კიდეც, – ქართველი ხალხის უფლებებს პატივი უნდა ეცეს. ზემოაღნიშნული გასავალი გზა ზღვისაკენ, ესე იგი სომხეთის რკინიგზათა გადაბმა შავი ზღვისაკენ მოსალოდნელ გასავალ გზაზე, შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებულ შეთანხმებათა ნიადაგზე ამისათვის საჭირო ტერიტორიებზე, საქართველოს უზენაესობის შეუბღალავად.
4. შექმნა ბათუმში ავტონომიური რესპუბლიკისა, რომელიც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ბათუმის ოლქის ნაწილს, აუცილებლად გამოიწვევს უფრო მეტ გართულებას, უამისოდ საკმაოდ რთულ ურთიერთობაში ამიერკავკასიის სახელმწიფოთა შორის. ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სასოწარკვეთილებაში აგდებს, რომელიც ართმევს მას საუკეთესო ნავთსადგურს, სრულებით არ არის აუცილებელი საქართველოს მეზობელ ქვეყანათა სავაჭრო და ეკონომიურ მოთხოვნილებათა თვალსაზრისით, არც საერთაშორისო ვაჭრობაში, განსაკუთრებით სპარსეთისაკენ საქონლის ტრანზიტის მოთხოვნილებათა მიხედვით, ვინაიდან ყველა ეს ინტერესები, რომლის მნიშვნელობას სისავსით აფასებს საქართველოს მთავრობა, შეიძლება დაკმაყოფილებულ იქმნეს, და საჭირო გარანტიები უზრუნველ იყოს განსაკუთრებული შეთანხმებებით, პირდაპირ დაინტერესებულ მხარეთა შორის ან უმაღლესი საბჭოს ან ხალხთა ლიგის დახმარებით.
ამ ნიადაგზე მოწყობილი ბათუმის პორტი შეიქმნებოდა, საქართველოს უზენაესობის ქვეშ, მართლაც საერთო გასავალ გზად ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკისათვის და ამავე დროს საერთაშორისო ვაჭრობისათვის საწყობად, და ისე, რომ ხელოვნურად ეს ქალაქი არ მოწყდებოდა ზურგმხარეს (ჰინტერლანდს), და საქართველოს უფლებაც ბათუმზე არ შეილახებოდა.
5. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თავის მოთხოვნილებას... ყარსის ოლქის ორ „ოკრუგზე“: არდაგანისა და ოლთისის მხარეზე.
6. შეიძლება, საერთო პოლიტიკის მოსაზრებათა მიხედვით, და რათა უზრუნველყოფილ იქმნეს საზავო ხელშეკრულებათა აღსრულება, დიდმა სახელმწიფოებმა საჭიროდ დაინახონ ბათუმის პორტში შექმნან სამხედრო და საზღვაო ბაზა. ამ მიზნისათვის სათანადო პირობები უნდა მიეცეს დიდ სახელმწიფოებს და ამისათვის უადვილესი გზა იქმნებოდა საქართველოსთან საჭირო შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა დადება.
ასე წერდა ბატონი ზ. ავალიშვილი ანტანტის უმაღლეს საბჭოს!
16 მარტის 1920 წლის ამ ნოტის მიხედვით, მოკლედ რომ მოვჭრათ, ბათუმის ოლქი მთლიანად, და ყარსის ოლქის ორი ნაწილი – არდაგანი და ოლთისი – საქართველოს ფარგლებში უნდა დარჩენილიყო, ხოლო მეზობლებს მიეცემოდათ გზა ბათუმისაკენ.
რადგან მაშინ საერთაშორისო ვითარება ისეთი იყო, რომ აზერბაიჯანი კრინტს ვეღარ სძრავდა ბათუმის მასთან შეერთების შესახებ, ამიტომ აზერბაიჯანული დელეგაცია ეკედლებოდა ქართულ დელეგაციას ბათუმის საკითხში და კიდევ მეტიც: იგი მოითხოვდა საქართველოსათვის მთელ ყარსის ოლქსაც! (სომხების ჟინაზე!).
ჩვენ კი, მოგვითხრობს ბატონი ზ. ავალიშვილი, გვემძიმებოდა ასეთი მოთხოვნილება, ვინაიდან ჩვენს მთავარ მემორანდუმში (1919 წ.) მოვითხოვეთ ყარსის ოლქის ოთხი „ოკრუგიდან“ მხოლოდ ორი: არდაგანის და ოლთისისაო.
დიდი დავის შემდგომ, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს რესპუბლიკათა დელეგაციების საერთო სხდომამ ბოლოს, აღიარა საქართველოს უზენაესობა ბათუმის ოლქზე; ხოლო ბათუმში დაცული იქნებოდა, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის ინტერესები. მაგრამ სომხეთმა შემდეგ მოითხოვა კიდევ ბათუმის პორტის ნაწილი და საკუთრებად კი რკინისგზის გასაყვანი მიწა ყარსიდან ბათუმამდე. ქართული დელეგაცია ყარსიდან ბათუმში რკინისგზის გაყვანას არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სომხეთისათვის სარკინიგზო ტერიტორიის საკუთრებად მიცემაზე უარს ამბობდა, სარკინიგზო ექსტერიტორიალობას უარყოფდა.
1920 წლის 16 აპრილის სხდომაზე სომხეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ მას ბათუმის ოლქის ტერიტორია წარმოედგინა მხოლოდ მდინარე ჭოროხამდე. ესე იგი, საქართველოსა და სომხეთს შორის მდინარე ჭოროხი იქნებოდაო. სომხებმა ეხლა მოითხოვეს ჭოროხის მარცხენა მხარე ბათუმის ოლქში. ქართული დელეგაციისათვის, რასაკვირველია, ეს სრულიად მიუღებელი იყო და ამნაირად დავა ისევ თავიდან დაიწყო. ამ დავის შედეგად სომხებმა ჭოროხის მარცხენა მხარეზე მოთხოვნილებას თავი დაანებეს და ქართველებმა კვლავ განუმეორეს თავისი თანხმობა: – გაეყვანა სომხეთს რკინიგზა ყარსიდან ბათუმამდე, საქართველოს მიწა-წყალზე ჭოროხის ხეობაში, მაგრამ ამ ტერიტორიაზე სუვერენობა საქართველოს უნდა ჰქონებოდა. სომხებმა კვლავ მოითხოვეს სარკინიგზო ტერიტორიის მათ ხელში გადაცემა, ქართულმა დელეგაციამ ეს მოთხოვნილება ისევ უარყო და, ბოლოს, სომხებმა მოითხოვეს, რომ შეთანხმების ტექსტში ყოფილიყო ნათქვამი: „რკინიგზა სავსებით სომხეთის საკუთრება“ იქნებაო. ქართულმა დელეგაციამ არ მიიღო ეს იურიდიული ფორმულა და შეთანხმება არ მოხერხდა (24 აპრილი, 1920 წ.).
ამ მოლაპარაკების დროს გამოირკვა ინგლისის როლი. ინგლისის წარმომადგენელი ბ. ვანსიტარტი აშკარად მხარს უჭერდა სომხეთის მოთხოვნილებას, – და ამით ცხადი ხდება ის პოლიტიკაც, რომელსაც ინგლისის გენერლები მისდევდნენ ამიერკავკასიაში, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის რესპუბლიკის“ შექმნას, რომელიც, ალბათ, შემდეგში, თუ იცოცხლებდა, ავტონომიურ ლაზისტანთან ერთად, სომხეთის შემადგენელი ნაწილი შეიქმნებოდა, და ამნაირად, სომხეთი მესხეთის საშუალებით, პირდაპირ ზღვას მიეკვროდა; მაგრამ, როგორც აღვწერეთ, „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის“ სახელმწიფო ბუშტივით გაქრა და ჩაიფუშა, საქართველომ დაიკავა მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, ხოლო ინგლისის წარმომადგენლებმა სომხეთს შეუნარჩუნეს არდაგანის მხარის ნაწილი.
სომხურ-ინგლისური პოლიტიკა დამარცხდა მესხეთში და კავკასიაში შექმნილ საერთო პირობების გამო, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი საბჭოთა რუსეთმა დაიკავა (28 აპრილს 1920 წ.) და აგრთვე საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკისა და კერძოდ, საქართველო-რუსეთის 7 მაისის ხელშეკრულების შედეგად, ინგლისმა მოხსნა ოკუპაცია ბათუმში, 4 ივლისს 1920 წელს, და ბათუმიც საქართველოს ხელში გადავიდა.
ხოლო როდესაც ბოლშევიკური ჯარები შეესივნენ სომხეთს, – სომხეთის მთავრობამ დაუბრუნა საქართველოს მის ხელისუფლებაში დარჩენილი ბორჩალოს მაზრის ნაწილი, და ოსმალეთის შემოსევის დროს, სომხეთისაგან მოწყვეტილი და უპატრონოდ დარჩენილი არდაგანის მხარის სამხრეთი ნაწილიც საქართველომ შეიერთა.
1920 წლის დასასრულისათვის ქართული ტერიტორია გაერთიანდა და გამრთელდა: შეიქმნა დიდი საქართველო, თავის ძველ საზღვრებში, თავისი ქართული მიწა-წყლით, რომელიც ჟამთა სიავის სრბოლაში და ისტორიული უკუღმართობით მოწყდა მას. აღსდგა საქართველო!
მაგრამ ახალი საფრთხე უკვე კარებზე იყო მომდგარი: – საბჭოთა რუსეთი და ქემალისტური ოსმალეთი!
რათა ნათელი გახდეს ისტორიული შემდეგი მსვლელობა და რუსეთ-ოსმალეთის მოქმედებათა მნიშვნელობა საქართველოს საქმეში, ჩვენ უნდა გავეცნოთ მოკლედ თვით ოსმალეთის ვითარებას მსოფლიო ომის შემდეგ და გავარკვიოთ ის მიზეზები, რომელმაც ისტორიის გრძელ მანძილზე მეტისმეტად არაჩვეულებრივი მოვლენა გამოიწვია და ამის შედეგად რუსეთ-ოსმალეთი დაამეგობრა, ხოლო კავკასიის რესპუბლიკებს, და კერძოდ, საქართველოს ბოლო მოუღო.
18. ახალი ოსმალეთის წარმოშობა და მესხეთის საკითხი თურქულ „ეროვნულ პაქტ“-ში
მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, 30 ოქტომბერს 1918 წელს ოსმალეთმა კუნძულ მუდროსზე დროებით ზავს მოაწერა ხელი. 3 ნოემბერს 1918 წელს ინგლისელებმა დაიკავეს მოსული და 13 ნოემბერს 1918 წელს მოკავშირეთა სახელმწიფოების ანუ ანტანტის ფლოტი კონსტანტინეპოლში შევიდა. დაიწყო ოსმალეთთან საზავო ხელშეკრულების გეგმის შედგენა და მზადდებოდა სევრის ხელშეკრულება.
1919 წლის იანვარში ინგლისელებმა დაიკავეს თითქმის მთელი არაბეთი, ურფა, აინტაპი, ადანა და სამსუნი. 29 აპრილს 1919 წელს იტალიელებმა დაიკავეს ანტალია, ფრანგებმა – კილიკია. 15 მაისს 1919 წელს ბერძნებმა დაიკავეს იზმირი. ოსმალეთის იმპერია ინგრეოდა და ნაწილდებოდა. ამან გამოიწვია ოსმალეთში დიდი პატრიოტული რეაქცია და დაიწყო ეროვნული მოძრაობა „ერის უფლებათა დამცველ საზოგადოებათა“ დაარსებით. უკვე მუსტაფა ქემალ ფაშა, რომელიც სულთანის მთავრობის მიერ დანიშნული იყო მე-9 არმიის ინსპექტორად, მოუწოდებს სამხედრო უფროსებსა და გუბერნატორებს: გააძლიერონ ეროვნული სული ოსმალეთის დაცვისათვის ანტანტის წინააღმდეგ, ეძებს მოკავშირეს, კავშირს აბამს თავისი აგენტების საშუალებით მოსკოვთან და ბერლინთან და იწყებს ბრძოლას.
ამავე დროს მოხდა პირველი შეტაკება ოსმალებსა და ბერძნების საოკუპაციო ჯარებს შორის ოდემისში.
ანტანტის წინააღმდეგ ბრძოლა ერთი მხრივ, და ანტანტის მიერ დამონებული სულთანის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა მეორე მხრივ, გამძლავრებული ენერგიით წარმოებდა ნაციონალისტების მიერ და 21 ივნისს 1919 წელს ქემალ ფაშამ სივაში მოიწვია ეროვნული ყრილობა და შემდეგ ერზერუმში 10–23 ივლისს 1919 წელს ერზერუმის კონგრესმა მიიღო დეკლარაცია, რომლის პირველი მუხლი შეიცავს შემდეგს:
„მცირე აზიის აღმოსავლეთი ვილაიეთები, ტრაპიზონის ვილაიეთი და სანჯაყი ჭანიკი წარმოადგენენ ერთს, განუყოფელს მთელს და შედიან როგორც ინტეგრალური ნაწილი ოტტომანის იმპერიის შემადგენლობაში. ტრაპიზონის ვილაიეთი, ჭანიკის (ჭანეთის – ვ. ნ.) სანჯაყითურთ და აგრეთვე ერზერუმის, სივასის, დიარბექირის, ხარფუთის, ვანის და ბითლისის, რომელთაც ეძახიან აღმოსავლეთი ანატოლიის ვილაიეთებს, და ყველა ავტონომიური სანჯაყები, რომელნიც ამ ვილაიეთების რაიონებში იმყოფებიან, არავითარი სახით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქმნენ ერთი მეორესაგან ჩამოშორებული და წარმოადგენენ ამგვარად ერთს მთლიანს“-ო. იგივე გამეორებულ იქმნა სივასის კონგრესზე 1919 წლის 4–12 სექტემბერს, სადაც გარკვევით ითქვა (მუხლი მეორე): – „ჩვენ ვარდგენთ, რომ მთელი ჩვენი ძალღონით უკანასკნელი სისხლის წვეთამდე დავიცავთ ერთად ჩვენს სამშობლოს ყოველგვარი შემოსევისაგან და განსაკუთრებით იმ ცდისაგან, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შეიქმნას ბერძნული ან სომხური სახელმწიფო“-ო.
ერზერუმის ყრილობაზე 7 აგვისტოს 1919 წელს არჩეულ იქმნა აღმასრულებელი კომიტეტი. ნამდვილად შეიქმნა ოსმალური მეორე მთავრობა – სულთანის მთავრობის წინააღმდეგ. 12 სექტემბერს 1919 წელს ანტანტის მოთხოვნით, შეწყდა დამოკიდებულება ანატოლიასა და კონსტანტინეპოლს შორის, ხოლო ინგლისის მთავრობამ სულთანის მთავრობას ხელი მოაწერინა საიდუმლო ხელშეკრულებაზე, რომლის ძალით ოსმალეთს ინგლისის მანდატი უნდა მიეღო. ამავე დროს სულთანის მთავრობამ 7 ოქტომბერს 1919 წელს გამოაცხადა დეპუტატთა პალატის არჩევნები და 12 იანვარს 1920 წელს შეიკრიბა პალატა, რომელმაც პროტესტი განაცხადა ანტანტის სახელმწიფოთა მოქმედების წინააღმდეგ და მიიღო ეგრეთწოდებული „თურქული ეროვნული პაქტი“ ანუ „ეროვნული აღთქმა“, რომელიც თურქეთის ეროვნულ ბრძოლას საფუძვლად უნდა დასდებოდა, და რომელიც მართლაც შეიქმნა თურქული ნაციონალისტური პოლიტიკის ქვაკუთხედად.
ოსმალეთის პარლამენტის მიერ 28 იანვარს 1920 წელს მიღებული „ეროვნული აღთქმის“ პირველი მუხლი ეხება არაბულ ქვეყნებს და ამბობს, რომ თვით არაბთა მოსახლეობამ უნდა გამოარკვიოს თავისი ნებისყოფაო.
ფაქტიურად ეს ოსმალეთის იმპერიაში შემავალი არაბული ქვეყნების განთავისუფლების დადასტურებას ნიშნავდა. დანარჩენი ტერიტორია კი, „რომელიც იმყოფება დროებითი ზავის მიერ აღიშნულ ხაზის აქეთ და დასახლებულია ოსმალური და მუსულმანური უმრავლესობით, რომელსაც აქვს სრული ერთობა წარმოშობისა, რასისა და რელიგიისა და ღრმად გადაბმულია თავის ეთნიურ და სოციალურ უფლებებზე, არის იურიდიულად და ფაქტიურად განუყოფელი მთლიანი“.
ამ „აღთქმით“ ანუ „პაქტით“გამეორებულია ერზერუმის – სივას კონგრესების დადგენილებები ოსმალეთის საზღვრების შესახებ, ხოლო უფრო ზოგადად.
ეს „ეროვნული საზღვრები“, რასაკვირველია, უნდა აღნიშნულიყო კავკასიის მიმართულებითაც, და მართლაც, „ეროვნული პაქტის“ მეორე მუხლში ნათქვამი იყო შემდეგი:
„რაც შეეხება სამი სანჯაყის, ყარსის, არდაგანის და ბათუმის ბედს, რომლის მოსახლეობამ თავისი განთავისუფლების დღიდან დაამტკიცა ზეიმური კენჭისყრით თავისი ნებისყოფა დაუბრუნდეს სამშობლოს, ხელისმომწერნი ამ პაქტისა თუ საჭიროა, დაუშვებენ, რომ ხელმეორედ მოხდეს პლებისციტი, თავისუფლად გამოთქმული“.
ასეთი არის ეროვნული პაქტის მეორე მუხლი, რომელიც კერძოდ კავკასიას ეხება.
აშკარაა, აქ ლაპარაკია ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ძალით ერთ დროს შექმნილ ვითარებაზე* (*საინტერესოა და დამახასიათებელი ის ამბავი, რომ „ეროვნული პაქტის“ ეს მეორე მუხლი, რომელიც ოფიციალურად იქმნა გამოცხადებული, შემდეგში ფერს იცვლის და შინაარსსაც, და როგორც ოფიციალურ ოსმალეთის ისტორიაში /„ისტუარ დე ლა რეპუბლიკ ტიურკ“, ისტამბულ, 1935/, ისე რუსულ თარგმანშიც /იხ. მელნიკ, ტურცია, მოსკვა, 1937/ აღარ იხსენიება არც ყარსი, არც არდაგანი, არც ბათუმი. იქ ყველა სახელი გამოტოვებულია და აღნიშნულ ისტორიულ მეორე მუხლს აქვს შემდეგი სახე:
„ჩვენ თანახმა ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ახალი პლებისციტი სამ სანჯაყში, რომლის მოსახლეობა თავისი განთავისუფლების დღიდან, პლებისციტით შეუერთდა სამშობლოს“-ო.
აი, ასეა გადაკეთებული და დამახინჯებული „ეროვნული პაქტის“ მეორე მუხლი, რომელიც კავკასიას ეხება. ამ პაქტის რუსულად მთარგმნელი ა. მელნიკი ამბობს, რომ აქ იგულისხმება „აღმოსავლეთის სამი სანჯაყი /გუბერნია/, რომელიც შემდეგ მოსკოვის ხელშეკრულების შედეგად ს.ს.ს.რ.-დან ოსმალეთში გადავიდა“-ო. ა. მელნიკის ეს შენიშვნა, რასაკვირველია, ყალბია. მთარგმნელი, როგორც ეტყობა, არ იცნობს „ეროვნული პაქტის“ ნამდვილ ტექსტს, სადაც სწორედ ყარს-არდაგან-ბათუმია დასახელებული, და მაშასადამე, იქ განმეორებულია ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მეოთხე მუხლი სრულიად გარკვევით, ხოლო შემდეგ, რათა თვალში არავის სცემოდა ეს მოვლენა, სრულიად უკანონოდ გადაუსწორებიათ და დაუმახინჯებიათ „ეროვნული პაქტის“ მეორე მუხლი, საიდანაც ყარს-არდაგან-ბათუმის სანჯაყთა სახელები გამოტოვებული არის. ეს უსათუოდ აღსანიშნავია!).
მაგრამ ერთი წუთითაც რომ ვიფიქროთ, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ზავს კიდევ ჰქონდა მაშინ ძალა, ამ წარმოუდგენელ შემთხვევაშიაც კი, ოსმალეთის პალატას უფლება არა ჰქონდა მას დამყარებოდა, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ყარს-არდაგან-ბათუმის მხარეებში უნდა მომხდარიყო პლებსციტი თვითგამორკვევისათვის მეზობელ სახელმწიფოებთან შეთანხმებით. ასეთ მოვლენას ადგილი არა ჰქონია, და ბათუმში ჩატარებული პლებისციტი კი უწესოდ იქმნა შესრულებული და იგი არამც თუ საქართველოს მთავრობას არ უცვნია, არამედ გერმანიის წარმომადგენელმაც უარყო, როგორც უკანონო,
„ეროვნულ პაქტში“ პირველად დასახელებული და შემდეგ დაუსახელებელი მხარეების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და უფრო მეტად იმის მტკიცება, რომ იგი პლებისციტით „შეუერთდა“ „სამშობლოს“-ო, სიმართლეს სავსებით მოკლებულია.
„ეროვნული პაქტის“ პრინციპის მიხედვით, ოსმალურ მიწა-წყლად ითვლება ადგილი, დასახლებული „ოსმალური“, ანუ „თურქული“ და „მუსულმანური“ მცხოვრებთა უმრავლესობით. აღნიშნული ეს სამი მხარე: ბათუმ-ყარს-არდაგანისა კი თურქული ოსმალური მოსახლეობის უმრავლესობით, ესე იგი, თურქული რასის თუ მოდგმის უმრავლესობით არ არის დასახლებული, თუმცა იქ მცხოვრებთა უმრავლესობა მაჰმადიანურია სარწმუნოებით და საერთოდ კი რასიულად წმინდა ქართულია, რადგან მცხოვრებთა უმრავლესობა ქართველი მაჰმადიანებისაგან შედგება – 64 პროცენტი, და არც არავითარი წესიერად ჩატარებული პლებისციტით ამ მხარეთა მცხოვრებნი ოსმალეთს არ შეერთებიან. ამ „პაქტს“ ანუ „აღთქმას“ ჩვენ კიდევ შევეხებით.
16 მარტს 1920 წელს ანტანტის ჯარებმა ოკუპაცია მოუხდინეს კონსტანტინეპოლს და 17 მარტს ოსმალური ეროვნული ძალები შეეტაკნენ ფრანგულ ჯარს ურფაში. ქემალ ფაშამ პროტესტი განაცხადა კონსტანტინეპოლის ოკუპაციის გამო და 19 მარტს 1920 წელს მოიწვია ეროვნული ყრილობა ანგორაში. 1920 წლის 11 აპრილს ანტანტის მოთხოვნით ანუ უფრო სწორად, ვინაიდან კონსტანტინეპოლში ინგლისელები ბატონობდნენ, გარეკილ იქმნა კონსტანტინეპოლის პარლამენტი, რომელმაც „ეროვნული პაქტი“ მიიღო და სან-რემოს კონფერენციაზე (18–26 აპრილი 1920 წ.) დადასტურდა ოსმალეთის იმპერიის დაშლა: არაბული ქვეყნები განთავისუფლებულ იქმნენ; თრაკია და სმირნა მიეკუთვნა საბერძნეთს; სომხეთი გამოცხადდა დამოუკიდებელი; თურქესტანი – ავტონომიური და სხვა.
ქემალ ფაშის მიერ მოწვეული და 23 აპრილს 1920 წელს შემდგარი „ოსმალური დიდი ეროვნული ყრილობა“ ადასტურებს კონსტანტინეპოლის პარლამენტის მიერ გამოცხადებულ „ეროვნულ პაქტს“, აუქმებს სულთანის აქტებს და ცნობს მას მხოლოდ ხალიფად. 30 აპრილს 1920 წელს ანგორაშივე გამოცხადებულ იქმნა ოსმალეთის ახალი სახელმწიფო და 5 მაისს 1920 წელს შედგა მთავრობა (კომისარიატი) ქემალ ფაშის თავმჯდომარეობით.
15 მაისს 1920 წელს ბერძნები იკავებენ სმირნას და ილაშქრებენ ქემალის წინააღმდეგ, მაგრამ ამ დროს საფრანგეთი იცვლის ფრონტს, გაჰყავს თავისი ჯარები ოსმალეთიდან, ეხმარება ქემალ ფაშას მალულად, და 18 ივნისს 1920 წელს კი ოსმალეთის „დიდი ეროვნული ყრილობა“ ფიცს სდებს „ნაციონალურ პაქტზე“; ხოლო 20 ივნისს საბერძნეთს დაევალება ანტანტის მიერ ძალით გაატაროს ნაციონალისტური ოსმალეთის მიმართ საზავო პირობები, და ამგვარად იწყება ბერძენთა სამხედრო მოქმედება, საერთო შეტევა 22 ივნისს 1920 წელს ქემალ ფაშას წინააღმდეგ ასკილომეტრიან ფრონტზე. სულთანის მთავრობა კი 22 ივლისს 1920 წელს იძულებით თანხმობას აცხადებს სევრის ხელშეკრულებაზე, რომელსაც ხელს აწერს 10 აგვისტოს 1920 წელს.
სევრის ხელშეკრულების ძალით ოსმალეთს ჩამოშორდა თრაკია, ადრიანოპოლი, გალიპოლი, არაბეთი, სირია, პალესტინა, მესოპოტამია, არმენია (სომხეთი), ქურთისტანი – ავტონომიური და მერმე დამოუკიდებელი (მუხლი 27–35), არმენია იქნებოდა თავისუფალი და დამოუკიდებელი ერზერუმის, ბითლისის, ვანის და ტრაპიზონის ვილაიეთებით. საზღვრები საქართველოსთან და აზერბაიჯანთან დადგენილ უნდა ყოფილიყო ამ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებით (მუხლი 88–93). მუდროსის დაზავების მუხლი აქაც განმეორებულია. ძველი რუსეთის იმპერიის საზღვრები 1914 წლისა აღდგენილ უნდა იქმნეს და ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება გაუქმებულია (მუხლი 132–139) და სხვა.
თუმცა სულთანის უძლურმა და უსუსურმა მთავრობამ დაადასტურა სევრის ხელშეკრულება, მაგრამ ოსმალეთის ნამდვილმა პატრონმა მუსტაფა ქემალ ფაშამ კატეგორიულად უარყო იგი, და ომი ბერძნების წინააღმდეგ გააგრძელა.
ქემალ ფაშა ეძებს დახმარებას და პოულობს მას მოსკოვში, რომელთანაც აერთებს მას ერთი მიზანი: – ბრძოლა ანტანტის სახელმწიფოთა წინააღმდეგ.
19. საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური ოსმალეთის მოქმედება კავკასიაში
კავკასიაში დატრიალებული ამბების სურათის სისრულისათვის და ოსმალეთ¬-რუსეთის მოქმედებათა გასარკვევად, – თუმცა ამ საკითხს პირდაპირი კავშირი მესხეთთან არა აქვს, – საჭიროდ ვცანით ორიოდე სიტყვით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაღუპვის ისტორიაზე შევჩერებულიყავით.
კავკასიაში რუსეთის მეორედ შემოსვლა უკანასკნელად ბაქოს გზით მოხდა. და თუ რა როლი ითამაშა ამ საქმეში ოსმალეთმა და აზერბაიჯანმა, ამას ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ.
უკვე ვთქვით, საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტურ ოსმალეთს, საერთო მიზანი გაუჩნდათ: – ბრძოლა ანტანტის წინააღმდეგ. ამ ბრძოლისათვის საჭირო შეიქმნა ძალთა გაერთიანება, რუსეთის მხრით ოსმალეთისათვის დახმარების მიწოდება იარაღით, ფულით, და ტექნიკოსებით. ამისათვის აუცილებელი იყო ერთი მეორისაკენ გზის გაკაფვა. გზა კი გადიოდა კავკასიაზე და პირველად ყოვლისა მეტად იოლ სავალ გზად აზერბაიჯანი იქმნა მიჩნეული. აი, აქ ოსმალეთმა განსაკუთრებული ყურადღება აზერბაიჯანს მიაქცია, და ვინაიდან იქ მას დიდი გავლენა ჰქონდა, ამიტომ აამოძრავა ამ გავლენის მანქანა, რომელმაც ბოლოს თვით აზერბაიჯანი იმსხვერპლა და შეიწირა.
საერთოდ აზერბაიჯანში მრავალი ოსმალო მოღვაწეობდა და განსაკუთრებით ადმინისტრაციაში და ჯარში მათ ბევრი ადგილი და ფრიადი მნიშვნელობა ჰქონდათ. ოსმალეთის აგენტურამ ააყბედა პრესა, აამოქმედა ჩუმი ძალები, და დაიწყო გაცხარებული და თავდადებული მუშაობა საბჭოთა რუსეთთან მეგობრობისათვის და ქადაგება შეუწყვეტელი, რომ რუსეთი მუსულმანურ ქვეყნებს ათავისუფლებს და ოსმალეთს ეხმარებაო. ხასან-ბეკ აგაევი, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დანგრების შემდეგ თბილისში ემიგრანტად გამხდარი, 13 ივნისს 1920 წელს უსაყვედურებდა ენვერ ფაშას იმ მოღვაწეობის შესახებ, რომელიც ოსმალეთის აგენტებმა აზერბაიჯანში გასწიეს. ეს საყვედურიანი საბუთი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი ფართოდ უნდა გამოვიყენოთ.
ხასან-ბეკ აგაევი ენვერ ფაშას წერდა, სხვათა შორის შემდეგს აზერბაიჯანის დაღუპვის მიზეზების შესახებ:
„ეს ერთი ხანია აზერბაიჯანულ პრესაში, განსაკუთრებით გაზეთ „იტტიხად“-ში, დაჟინებითა და მუდმივად ვრცელდებოდა სულ სხვადასხვანაირი და ცრუ ცნობები ბოლშევიკების შესახებ, რომელსაც არხევდენ ოსმალო ოფიცრები, ბაქოში მცხოვრებნი და თითქო თქვენის დავალებით მომუშავენი.
აზერბაიჯანელ თურქთა შორის სწარმოებდა ენერგიული ქადაგება იმის შესახებ, თითქო თქვენსა და საბჭოთა მთავრობის შეთანხმების ნიადაგზე, შეთანხმებულ მხარეთა ჯარები, შეერთდებიან რა ანატოლიაში, დაიწყებენ ომს ანტანტის წინააღმდეგ, მუსულმანურ მსოფლიოს და კერძოდ ოსმალეთის განსათავისუფლებლად. ამ ხმებში მეტად უმთავრესი და მნიშვნელოვანი არის შემდეგი:
რუსული ჯარი გაივლის აზერბაიჯანზე, ბაქოში შეუსვლელად, ყარაბახ-სომხეთის გზით ანატოლიისაკენ.
მოხსენებული ოსმალო ოფიცრები, მოსახლეობა რომ დააჯერონ ამ სულელური ხმებით, იჩენენ დიდ ენერგიას და აქტივობას.
ხალილ ფაშა, ბახა საიდ, დოქტორი ფუადი და ბახაედდინი მეთაურობენ ამ მოძრაობას.
აზერბაიჯანის ხალხმა თითქო უკვე დაიჯერა ეს ხმები და ამ საქმის ინიციატორებს შეეძლოთ ამ შემთხვევაში ეფიქრათ, რომ მათი მიზანი მიღწეულია.
სამხედრო ორგანიზაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თქვენს მიერ რწმუნებული ოფიცრები და აზერბაიჯანის სტუმრები, ნელნელა შეჰყავდა თავის წრეში რუსი ბოლშევიკები და ცოტა ხნის შემდეგ თვით (ორგანიზაციამ) მიიღო ბოლშევიკური ორგანიზაციის ფერი.
24 აპრილს 1920 წელს ბოლშევიკურმა ჯარმა გადალახა აზერბაიჯანის საზღვარი, გაჰფანტა 300 მესაზღვრე აზერბაიჯანისა და 27 აპრილს რუსეთი ბაქოდან უკვე 15 კილომეტრზე იმყოფებოდა.
და როგორც კი მისი ნაწილები შემოვიდნენ ქალაქში, მათ მისასალმებელი სიტყვით შეხვდნენ ხალილ ფაშა და დოქტორ ფუადი, რომელნიც ეძახდნენ წითლებს „ჩვენს მოკავშირეებს“ და აჩერებდენ მოსახლეობას, წინააღმდეგობა არ გაეწია.
ბაქოში შემოსულ ბოლშევიკებს მკლავებზე ჰქონდათ წითელი „პოვიაზკა“ თეთრ ნახევარ მთვარესთან ერთად, რომელიც სამი თვის შემდეგ მოიშორეს, რადგან, ცხადია, აღარ ჭირდებოდათ.
ვინაიდან ქალაქში არ იყო არავითარი შეიარაღებული ძალა, პარლამენტი იძულებული იყო ხელისუფლება გადაეცა განსაკუთრებული კომიტეტისათვის, რომელიც გამოგზავნა ამ მიზნით ბოლშევიკურმა პარტიამ.
ამგვარად, 27 აპრილს 1 – 2 საათზე ღამით, ხელისუფლება გადავიდა ბოლშევიკების ხელში და მეორე დღეს რუსულმა არმიამ, დაარღვია რა თავისი აღთქმა, დაიკავა ბაქო, სადაც განაიარაღა აზერბაიჯანული მილიცია...
ერთადერთი ძალა ქალაქში იყო „პარლამენტის პოლკი“, რომელიც შესდგებოდა უმთავრესად ოსმალოებისაგან და მისი კომანდირიც იყო ოსმალო. ბახა საიდის ხელმძღვანელობით პოლკმა დაიკავა პარლამენტი და დაასრულა ამით ბოლშევიკური გამარჯვება.
გამოუთქმელი უბედურების მიზეზი, რომელიც თავს დაატყდა აზერბაიჯანს, არის შეცდომები თქვენი ოფიცრებისა, რომელნიც სტუმრად იყვნენ ჩვენთან თქვენი სახელით. აზერბაიჯანი იღუპება იმ შეთანხმების გამო, რომელიც თქვენ დასდეთ საბჭოთა რუსეთთან“...
და აზერბაიჯანი დაიღუპა, გადაეშვა უფსკრულში ოსმალეთის ინტერესებისათვის, და თავის უბედურებაში თვით აზერბაიჯანმა მიიღო მხურვალე მონაწილეობა ოსმალეთის ლოცვა-კურთხევით და წაჯიკავებით. თვით აზერბაიჯანელები ეხმარებოდნენ ოსმალეთს აზერბაიჯანის რესპუბლიკის რუსეთის ფარგლებში შესვლას და ამ საქმის მოწყობაში აზერბაიჯანელი მოღვაწენი თავს არ იზოგავდნენ. ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკისა, მერმე ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი, კიდევ მერმე მინისტრი, რომელსაც დაევალა მთავრობის შედგენა, ცნობილი მ. გ. გაჯინსკი, არანაკლებ ცნობილი იქაც და იქაც, ემიგრაციაშიც, ემინ რასულ-ზადე ოსმალურ პოლიტიკას იზიარებდნენ და ანხორციელებდნენ. აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, „მუსავატის“ პარტიის გავლენიანი წევრები, „იტტიხადის“ პარტიის დიდი წევრები, ოსმალეთის აგენტების ხელში მყოფი ჯარი, მოტყუებული და თვალებაბმული მოსახლეობა, მეტად კეთილად განწყობილი ოსმალეთისადმი – აი ის ხალხი, რომელმაც შემოიყვანა საბჭოთა რუსეთი აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანმა ჩაიდნა ღალატი თავისი თავის წინაშე და ამით კავკასიის წინაშეც ოსმალეთის გულისათვის.
რომ ეს ამბავი უბრალო ჭორად არავის მოეჩვენოს, ჩვენ უნდა მოვიტანოთ აქ თვით ქემალ ფაშის შემდეგი განცხადება:
„26 აპრილს 1920 წელს (ოსმალეთის) მთავრობის საბჭო ანგორადან მიმართავს რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებას წერილით, რომელშიაც აცხადებს, რომ ოსმალეთი ვალდებულებას იღებს საბჭოთა რუსეთთან ერთად იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძოლოს და აზერბაიჯანზე იმ მხრივ გავლენა მოახდინოს, რომ აზერბაიჯანი საბჭოთა რესპუბლიკების ფარგალში შევიდეს“-ო.
ამისათვის მუშაობა უფრო ადრე იყო დაწყებული და მალე, ადვილადაც გატარებული ცხოვრებაში.
ოსმალეთთან ერთად ანტანტის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, მოსკოვს თავისი საკუთარი დიდი ინტერესებიც ჰქონდა კავკასიაში: – ძველი რუსული საზღვრების აღდგენა, კავკასიური ბაზის დაბრუნება, ბაქოს ნავთი, ჭიათურის მარგანეცი და ბათუმის პორტი.
აზერბაიჯანში შემობრძანებით რუსეთმა შემოარღვია კავკასიის ზღუდე, გასეირნებით გადმოალაჯა კავკასიურ ბჭეს და აღარ დაუყოვნებია საქართველოსა და სომხეთის წინააღმდეგ გაელაშქრა. იგი სწრაფლ გაეშურა საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებისაკენ და გაიმართა სასტიკი ომი საქართველოს რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის; ომი, რომელიც რუსეთის დამარცხებით და 19 მაისის 1920 წლის ხელშეკრულებით დასრულდა.
სომხეთში კი მოსკოვმა წინასწარ მოაწყო აჯანყებანი 1920 წლის მაისში. სომხეთის მთავრობამ 14 მაისს ჩააქრო ბოლშევიკური აჯანყება ყარსში, 18-ს – სარაყამიშში, 19-ს – ბაიაზეთში და 22-ს – ყაზახის რაიონში; ხოლო 21 მაისს 1920 წელს წითელი ჯარები იწყებენ შეტევას სომხეთისაკენ, იკავებენ ყაზახის მხარეს, მაგრამ აქ სომხები მათ ამარცხებენ. შემდეგ აზერბაიჯანელებთან ერთად წითლები უტევენ ზანგეზურისაკენ; 5 ივლისს 1920 წელს იკავებენ გერუსს; სომხები აწარმოებენ კონტრშეტევას ჰდროს ხელმძღვანელობით და ხდება ნამდვილი ომი, მაგრამ ამასთანავე და მალე იწყება ოსმალეთის თავდასხმა სომხეთზე, სომხები იძულებული არიან შეაჩერონ ბრძოლა რუსული მე-11 არმიის წინააღმდეგ. თითქმის მთელი ზანგეზური რჩება რუსეთის ხელში. ოქტომბერში იქ ხდება დიდი აჯანყება, რუსები განდევნილი არიან, მაგრამ ოსმალეთის ფრონტზე სომხები მარცხდებიან.
როგორ შეიქმნა საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური ოსმალეთის მეგობრობა?
როგორც აღვნიშნეთ, საბჭოთა რუსეთს და ქემალისტურ ოსმალეთს მსოფლიო ომის შემდეგ საერთო მიზანი გაუჩნდათ: – ბრძოლა გამარჯვებულ სახელმწიფოთა კავშირის ანუ ანტანტის წინააღმდეგ. პირველი ებრძოდა მათ – სამხრეთ რუსეთში – თეთრგვარდიელთა ფრონტზე; მეორე – მცირე აზიაში – ბერძნების მიერ გაშლილ ფრონტზე. ამ საერთო ინტერესების გაჩენამ საბჭოთა რუსეთს და ქემალისტურ ოსმალეთს მეგობრობის საერთო ინტერესები შეუქმნა და ვინაიდან ოსმალეთი განსაკუთრებულ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მანაც პირველმა აღიმაღლა ხმა და რუსეთს თხოვნით მიმართა.
1920 წლის 23 აპრილს გაიხსნა ანგორაში „ოსმალეთის დიდი ეროვნული ყრილობა“ და უკვე 26 აპრილს ამ ყრილობამ მიმართა თხოვნით მოსკოვს, რათა მას დახმარება გაეწია ქემალისათვის უცხოელების ინტერვენციის წინააღმდეგ და დაემყარებინა ანგორასთან მუდმივი კავშირი.
ამასთან ერთად ქემალის ოსმალეთი თავისთავზე ღებულობს ვალდებულებას: აზერბაიჯანის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთში შევიდეს! ეს, ნათელია, ძვირფასი ფეშქაში და ძღვენი იყო!
თავის საპასუხო წერილში, 2 ივნისს 1920 წელს მოსკოვის საბჭოთა მთავრობამ მიიღო და დაუდასტურა ქემალის მთავრობას ის პრინციპები, რომელიც გამოაცხადა „დიდმა ეროვნულმა ყრილობამ“ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ესე იგი: მოსკოვმა აღიარა ოსმალეთი „ეროვნული პაქტის“ ფარგლებში, უარყო მანაც კაპიტულაციები, უცხოეთის კონტროლი, გავლენის სფეროები და სხვა ოსმალეთის მიმართ. საბჭოთა მთავრობა,იყო ნათქვამი იმ ნოტაში: „ოსმალეთისათვის ამ მძიმე დღეებში... ბედნიერია ჩაჰყაროს საფუძველი მეგობრობისა, რომელმაც უნდა შეაკავშიროს თურქი და რუსი ხალხი“-ო.
ამასთანავე მოსკოვი წინადადებას აძლევდა ანგორას: დაუყოვნებლივ დაენიშნათ დიპლომატიური და კონსულური წარმომადგენლები. 1920 წლის ზაფხულის დამდეგს მოსკოვს ეწვია ოსმალეთის პირველი დელეგაცია და დაიწყო დიპლომატიური მოლაპარაკება, რომელიც დასრულდა 24 აგვისტოს 1920 წელს დადებული მეგობრობის ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავდა ერთად ბრძოლას იმპერიალისტური სახელმწიფოების ანუ ანტანტის წინააღმდეგ.
მაგრამ საბჭოთა რუსეთის დახმარება რომ პირდაპირი და საგრძნობი ყოფილიყო, საჭირო იყო პირდაპირივე კავშირი და იქ კი, კავკასიაში, რუსეთსა და ოსმალეთს შორის სამი რესპუბლიკის ტერიტორია იყო ჯებირად გარდაქმნილი – ბუფერი, რომლის გადალახვა უახლოეს მიზნად იქნა დასახული.
ჯერ უფრო ადრე, ქემალ ფაშის რჩევით თუ კარნახით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა 1920 წლის აპრილში კარებს უღებს წითელ ჯარებს, რომელნიც აზერბაიჯანის დაკავების შემდგომ პირდაპირ საქართველოს რესპუბლიკას ეჯახებიან, მაგრამ მარცხდებიან.
შემდეგი დარტყმა ხდება სომხეთის რესპუბლიკაზე.
მოსკოვის მთავრობამ ერევანის მთავრობას ჯერ „მეგობრული“ წინადადებით მიმართა, რათა უკანასკნელს რუსეთისათვის ნება დაერთო სომხური გზებით გადაეზიდვინებინა სამხედრო მასალა ქემალის ჯარების დასახმარებლად. სრულიად გასაგებია, სომხეთის მთავრობამ, რომელიც სევრის ხელშეკრულების განაღდებას დღითიდღე მოელოდა, მოსკოვის ასეთი წინადადება არ შეიწყნარა და მას უარი შეუთვალა, მაგრამ ეს უარი საბედისწერო აღმოჩნდა.
1920 წლის მაისში საქართველოს ფრონტზე რუსეთის შემოტევას და მერმე დამარცხებას თან მოჰყვა 9 ივნისს 1920 წელს ქემალის მიერ აღმოსავლეთ ანატოლიაში მობილიზაციის გამოცხადება და კავკასიის მხარეზე მთავარსარდლად ქიაზიმ-ყარაბექირ ფაშის დანიშვნა. უკვე 7 ივლისს 1920 წელს ქემალის მთავრობამ სომხეთის მთავრობას ერევანში ულტიმატუმი გადასცა და ვინაიდან ოსმალეთმა მოიმიზეზა, რომ სომხეთი თავს გვესხმისო, თვითონვე შეუტია სომხეთს. ეს იყო პირველი ცდა სომხეთის განადგურებისა, რომელიც უფრო ძლიერად განმეორდა ოქტომბერში, როცა 30 ოქტომბერს 1920 წელს ოსმალებმა აიღეს ყარსი, და ამავე დროს რუსული წითელი ჯარებიც შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე და დაიწყეს შეტევა. 7 ნოემბერს ოსმალებმა დაიკავეს ალექსანდროპოლი (გუმბრი). ორი მხრიდან შემორტყმული, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი სომხეთის მთავრობა იჩქარის დასდოს ოსმალეთთან ხელშეკრულება, რათა შესძლოს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ; იგი დებს „ალექსანდროპოლის ხელშეკრულებას“ ოსმალეთთან, მეტად მძიმეს და აუტანელს, მაგრამ ეს მას არ შველის – რუსული წითელი ჯარები პარალელურად იკავებენ სომხეთის ტერიტორიას, სომხეთის რესპუბლიკა იჭყლიტება უროსა და გრდემლს შუა და 2 დეკემბერს ერევანში ცხადდება სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, და 3 დეკემბერს 1920 წელს საბჭოთა სომხეთი და ქემალისტური ოსმალეთი დებენ „მეგობრულ“ ხელშეკრულებას. ოსმალეთი და რუსეთი უკვე პირდაპირი მეზობლები არიან და ქემალს დახმარება უხვად მისდის.
ცნობილი ბოლშევიკი, საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი მ. პავლოვიჩი, 1920 წელში წერდა, რომ „სომხეთისა და საქართველოს არსებობის აზრი, საერთაშორისო იმპერიალიზმის აზრით, მდგომარეობს სწორედ ამ მისიაში ორივე სახელმწიფოისა, იმსახურონ ბუფერად, გარდაუვალ კედლად ერთი მხრით რევოლუციურ რუსეთსა, საბჭოთა აზერბაიჯანსა და გაღვიძებულ აღმოსავლეთს შორის, პირველად ყოვლისა, ოსმალეთსა და სპარსეთს შორის“-ო. პავლოვიჩი ამით ახასიათებდა 1920 წელს არა მარტო „საერთაშორისო იმპერიალიზმის“ აზრს, არამედ რუსეთის აზრსაც, რადგან ასეთი აზრი არა ერთჯერ გამოთქმულა საბჭოთა პუბლიცისტების მიერაც, როგორც მაგალითად: – „მენშევიკური საქართველო და დაშნაკცაკანური სომხეთი – მთავარი ბაზაა საბჭოთა რუსეთისა და ანატოლიის ოსმალეთის დასაშორებლად და მუდმივი საფრთხე მათთვის ზურგიდან“...
სომხეთის გასაბჭოების შემდეგ „გამოჩნდა გზა, რომლის შემწეობითაც დაჩქარდა დაახლოება რევოლუციურ ანატოლიისა და საბჭოთა რესპუბლიკებისა“-ო, ხოლო ევროპელი ჟურნალისტი ჟანტიზანი, რომელმაც გაზეთ „ტან“-ში საქართველოს მრავალი წერილი მიუძღვნა, 1920 წელს წერდა: „უკვე ეხლა საქართველო კავკასიის ფრონტის დიდ ნაწილზე აბრკოლებს პირდაპირ ურთიერთობას ბოლშევიკებსა და ოსმალო ნაციონალისტებს შორის, რომელნიც თუმცა სხვადასხვა მიზნებს მისდევენ, მაგრამ ერთნაირად სცდილობენ მოკავშირე დემოკრატიათა გამარჯვებას საბოტაჟი გაუკეთონ“-ო.
ეს ახსნა-განმარტებაც საკმარისია, სხვა უფრო მძიმე მოსაზრებასაც რომ თავი დავანებოთ, იმის გასაგებად, თუ ოსმალეთი და რუსეთი რატომ ერთდროულად და ერთად დაესხნენ თავს საქართველოს რესპუბლიკას და რატომ ასე ძმურად გაინაწილეს იგი.
რუსეთსა და ოსმალეთს შორის შეიქმნა საერთო საზღვარი – დახმარება იარაღითა და ფულით გაიზარდა; ქემალისტები აწარმოებენ ძლიერ კონტრშეტევას ბერძნების წინააღმდეგ; ბერძნები მარცხდებიან, ტოვებენ მცირე აზიას, და მზადდება ლოზანის კონფერენცია, რომელიც მოწვეულ იქმნა 1923 წლის 29 იანვარს. 1923 წლის 22 ოქტომბერს ოსმალეთი ცხადდება რესპუბლიკად და მისი პირველი პრეზიდენტია – ეროვნული გმირი – ახალი ოსმალეთის მამა – ქემალ ფაშა.
ასეთია სრულიად მოკლედ ოსმალეთის ისტორია იმ დროის მანძილზე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხიც იდგა საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო აწ უნდა დავუბრუნდეთ საქართველოსა, ოსმალეთისა და საბჭოთა რუსეთის ურთიერთობას და გავარჩიოთ ის ხელშეკრულებაც, რომელიც ოსმალეთმა და რუსეთმა შეჰკრეს საქართველოს ზურგს უკან თვით საქართველოს ხარჯზე.
20. რუსეთ-ოსმალეთის მოსკოვის ხელშეკრულება, ყარსის ხელშეკრულება და მესხეთის საკითხი
მოსკოვის მთავრობამ ქემალის მთავრობა ფაქტიურად იცნო უკვე თავის საპასუხო ნოტით 2 ივნისს 1920 წელს. ამ ნოტის მიხედვით, რუსეთმა აღიარა ოსმალური „ეროვნული პაქტი“, და მაშასადამე, სცნო ოსმალეთის პრეტეზიები სამ სანჯაყზე: ბათუმ-არდაგან-ყარსზე. ამ „ეროვნულ პაქტ“-ში, რომელიც ოსმალეთის პარლამენტმა გამოაცხადა ცალმხრივად, ბათუმ-არდაგან-ყარსის მხარე აღიარებულია თურქულ მიწა-წყლად და ნაგულისხმევია აგრეთვე, რომ სწორედ ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მიიღო იგი ოსმალეთმა. ნებით ეს მხარე ოსმალეთს არ დაუბრუნებია, და ამნაირად, „ეროვნულ პაქტ“-ში გამოცხადებული უფლება ყალბია.
ასეთი იყო ნამდვილი ვითარება, რომელიც საბჭოთა მთავრობის საგარეო სამინისტროს არ შეიძლება არა სცოდნოდა. მოსკოვის საგარეო საქმეთა კომისარიატი მით უმეტეს ვალდებული იყო ამ საკითხში სათანადოდ გარკვეულიყო, რადგან იმავე კომისარიატმა რამოდენიმე კვირით ადრე, 7 მაისს 1920 წელს (7 მაისი – 2 ივნისი!) დე-იურედ აღიარა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს სახელმწიფოებრივ საზღვრებში მოაქცია ბათუმის მთელი ოლქი.
საქართველოს ტერიტორიაში, მოსკოვის დე-იურედ ცნობის მიხედვით, არ შედიოდა მხოლოდ არდაგან-ოლთისი, რომლის შესახებ იქ ნათქვამი იყო: (ბათუმის ოლქის გარდა), თუ საქართველო მიიღებს არსებული ან მომავალში მოსალოდნელი სხვა სახელმწიფოსაგან ახალ ტერიტორიებს, მაშინ რუსეთი აღიარებს საქართველოსათვის იმ ტერიტორიებს, რომელიც ძველად შედიოდა კავკასიის სანამესტნიკოშიო. აქ ლაპარაკია მხოლოდ ყარსის ოლქის ორ „ოკრუგზე“ – არდაგან-ოლთისზე. საქართველოს უფლება ჰქონდა ეფიქრა, რომ ეს ორი მხარე, რომელსაც მაშინ მხოლოდ სომხეთი ედავებოდა, სწორედ მის ფარგლებში მოხვდებოდა, და აქ კი, უცებ მოსკოვის საგარეო საქმეთა კომისარიატი იმასაც კი ივიწყებს, რომ 7 მაისის ხელშეკრულებით ბათუმის ოლქი საქართველოს ეკუთვნოდა! როგორ შეიძლებოდა ეს ამბავი დატრალებულიყო? არის ეს მოხელეთა უვიცობის და დაუდევრობის შედეგი, თუ იგია განზრახული მოსაზრება საქართველოს ტერიტორიული შემცირების მიზნით, მის გასანადგურებლად და ოსმალეთის გულისმოსაგებად?
უეჭველია, რომ ფორმალურად, თურქული „ეროვნული პაქტის“ აღიარებით, 2 ივნისს 1920 წელს, რუსეთმა ორჭოფულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი: – ან 7 მაისის 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება იყო მართალი, ან 2 ივნისის რუსეთის ნოტა ოსმალეთისადმი.
არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება იმის შესახებ: იცოდა რაიმე საქართველოს მთავრობამ ამაზე, თუ არა? ფორმალურად, ყოველ შემთხვევაში ის ვალდებული იყო სცოდნოდა ეს და ამის გამო შესაფერი ზომებიც მიეღო. ჩვენ ვეჭვობთ, რომ ეს მოხდა ასე.
იმ დროს, როდესაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ 1921 წელს ომს აწარმოებდა, იმ დროს, როცა ქართულ ჯარებს ებრძოდნენ ბოლშევიკური ჯარები და ოსმალეთი კი საქართველოს პირდებოდა რა დახმარებას, სამარეს უთხრიდა მას, მოსკოვში რუსეთის მთავრობის და ოსმალეთის მთავრობის წარმომადგენელთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, და ამ მოლაპარაკების შედეგად იშვა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1921 წლის 16 მარტს, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ჯერ კიდევ, თუმცა განადგურებული, ქართულ თავის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. რას წარმოადგენს მოსკოვის 16 მარტის 1921 წლის ხელშეკრულება?
რასაკვირველია, ხელშეკრულება იწყება ერთა ძმობისა და თვითგამორკვევის უფლებათა პრინციპების აღიარებით! და ამასთან რუსეთი და ოსმალეთი აცხადებენ თავის სოლიდარობას დასავლეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლი უარყოფს ყველა საზავო ხელშეკრულებასა და საერთაშორისო აქტებს, რომელსაც არა სცნობს ან ოსმალეთის დიდი ეროვნული ყრილობა ანუ კრება, ან საბჭოთა რუსეთი.
მაგრამ ვინ არის ეს ოსმალეთი და რას წარმოადგენს იგი? იმ დროს ხომ სულთანის ოსმალეთის მთავრობა სტამბოლში იჯდა, ინგლისის მზრუნველობაში, და ახალი ოსმალეთის მთავრობა კი ანგორაში! იმ დროს ხომ ახალი ოსმალეთი ქემალ ფაშას ხელმძღვანელობით სასტიკად უწევდა ბრძოლას ანტანტის მიერ დადგენილ სევრის ხელშეკრულებას, რომელიც ოსმალეთს ანიავებდა, და ებრძოდა სულთანის მთავრობასაც, რომელმაც ეს სევრის ხელშეკრულება მიიღო! ამიტომ საჭირო გახდა მოსკოვის ხელშეკრულებაში აღნიშნული ყოფილიყო, თუ სიტყვით „ოსმალეთი“ რა იგულისხმებოდა! მოსკოვის ხელშეკრულების პირველი მუხლის მეორე განყოფილებაში ამის შესახებ შემდეგია ნათქვამი:
„ამ ხელშეკრულებაში, მცნებით ოსმალეთი, იგულისხმება ტერიტორიები, რომელიც აღნიშნულია 28 იანვრის 1336 (ანუ 1920) წლის ნაციონალურ ოსმალურ შეთანხმებაში, რომელიც გამომუშავებულ და გამოცხადებულ იქმნა ოტტომანის დეპუტატთა პალატის მიერ კონსტანტინეპოლში და რომელიც ეცნობა პრესსასა და ყველა სახელმწიფოს“-ო.
აქედან ჩანს, რომ ოსმალეთის ტერიტორიული შემადგენლობა და მისი საზღვრები დაუდგენია ოსმალეთის დეპუტატთა პალატას 1920 წლის 28 იანვარს. მაშასადამე, ცალმხრივი განცხადებით, პალატას განუსაზღვრავს ოსმალეთის ფარგლები და იმჟამად, 16 მარტს 1921 წელს, საბჭოთა რუსეთი ხელშეკრულებით სცნობს ოსმალეთის ტერიტორიულ შემადგენლობას, როგორც იგი არის განმარტებული „ეროვნულ თურქული პაქტით“. ამ საფუძველზე მოსკოვის ხელშეკრულების პირველი მუხლის მეორე აბზაცში გატარებულია საზღვრები შემდეგნაირად:
„ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარი ტარდება: ხაზით, რომელიც იწყება სოფელ სარფთან შავ ზღვაზე, გადადის მთაზე ხედისმთა, წყალგამყოფ ხაზზე შავშეთის მთისა და კანნიდაღის შორის, შემდეგ მისდევს არდაგანისა და ყარსის სანჯაყების ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს – ტალვეგზე – მდინარეთა არფა-ჩაი და არაქსი – ქვემო ყარა-სუს შესართავამდე“. ამით დადგენილია ის საზღვარი, რომელიც დღესაც არსებობს, და რომლის ძალით ქართული ტერიტორიები არდაგან-ოლთის-ართვინისა, თითქმის ბათუმამდე ოსმალეთის ხელში იმყოფება.
მოსკოვის ხელშეკრულების მეორე მუხლის ძალით –
„ოსმალეთი თანხმდება დაუთმოს საქართველოს სუვერენიტეტი ბათუმის პორტზე და ქალაქზე და იმ ტერიტორიაზე, რაც ძევს ჩრდილოეთით საზღვრისა, რომელიც აღნიშნულია ამ ხელშკრულების პირველ მუხლში, და შეადგენს ბათუმის ოლქის ნაწილს, იმ პირობით, რომ:
1) ხელშეკრულების ამ მუხლში მითითებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი ისარგებლებენ ფართო ადგილობრივი ავტონომიით ადმინისტრაციული მხრივ, რომელიც თითოულ თემს უზრუნველჰყოფს კულტურული და რელიგიური უფლებებით, და რომ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა გაატაროს ისეთი აგრარული კანონი, რომელიც მის სურვილებს შეესაბამება.
2) რომ ოსმალეთს მიენიჭება თავისუფალი ტრანზიტი ყოველგვარი საქონლისა, რომლიც იგზავნება ოსმალეთში ან იქიდან, ბათუმის ნავთსადგურის საშუალებით, უბაჟოდ, დაუბრკოლებრივ, და რაიმე გადასახადის დადების გარეშე, ოსმალეთისადმი იმ უფლების მიცემით, რომ იგი სარგებლობს ბათუმის პორტით განსაკუთრებულ გადასახადთა გაუღებლად“.
მეექვსე მუხლით, რუსეთი და ოსმალეთი აღარ სცნობენ აქამდე მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და აუქმებენ მათ, ხოლო მერვე მუხლით ერთი მეორეს ავალდებულებენ თავიანთ ტერიტორიებზე არ დაუშვან მტრული ორგანიზაციები ან ჯგუფები, რომელნიც მეორე მხარეში მთავრობების პრეტენზიებს აცხადებენ; და მე-15 მუხლით, რუსეთს დაკისრებული აქვს, ამ ხელშეკრულებაში რაც ამიერკავკასიის რესპუბლიკებს ეხება, ყველაფერი გაატაროს და მე-16 მუხლით რატიფიკაცია ამ ხელშეკრულებისა უნდა მოხდეს ყარსში, რაც შესრულებულ იქმნა 13 ოქტომბერს 1921 წელს, როდესაც ხელი მოაწერეს ყარსის ხელშეკრულებას აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის და რუსეთის წარმომადგენლებმა ერთი მხრით და ოსმალეთის წარმომადგენლებმა მეორე მხრით.
ყარის ხელშეკრულების ძალით დადასტურებულ იქმნა მოსკოვის ხელშეკრულება და პირველი მუხლის ძალით, რომლითაც ყველა ძველი ხელშეკრულება გაუქმებულად არის გამოცხადებული, იგივე მუხლი 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებას სრულიადაც არ უარყოფს – აღიარებს და ამტკიცებს. ამგვარად, როგორც ფორმალურად, ისე არსებითადაც ყარსის ხელშეკრულება არის მოსკოვის ხელშეკრულების განმეორება; მაგრამ ამ ამბავს წინ უძღოდა ერთი პატარა, დიახ მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ღირსია ყურადღებისა.
იმის მიუხედავად, რომ მოსკოვის ხელშეკრულების ძალით ყველა ძველი, რუსეთ-ოსმალეთის ხელშეკრულება გაუქმებულად გამოცხადდა, ოსმალეთმა როდესაც საქმე მიდგა ამიერკავკასიის რესპუბლიკებთან იმავე მოსკოვის ხელშეკრულების გატარებაზე, მოითხოვა: სომხეთის დაშნაკურ მთავრობასთან იარაღის ძალით დაწერილი ხელშეკრულების განაღდება – ალექსანდროპოლის (გუმბრის) ხელშეკრულების ცხოვრებაში გატარება – და დიდ ხანს უარს ამბობდა ალექსანდროპოლის რაიონიდან ოსმალური ჯარები გაეყვანა (ალბათ ასევე მოიქცეოდა იგივე ოსმალეთი, მას რომ საქართველოს მთავრობასთან რაიმე ამგვარი ხელშეკრულება ჰქონოდა). ამას გარდა, ოსმალეთმა უარი განაცხადა ამიერკავკასიის ფედერაციულ მთავრობასთან ხელშეკრულების დადებაზე და მოითხოვა ცალ-ცალკე რესპუბლიკებთან მოლაპარაკების წარმოება. ასეთი ნაბიჯის მიზანი აშკარაა: ოსმალეთს სურდა მეტი ტერიტორია მიეღო კავკასიაში, მაგრამ მოსკოვმა მას ამის ნება არ მისცა, მოსთხოვა ხელშეკრულების განაღდება და დიპლომატიური მიწერ-მოწერის შემდეგ მოწვეულ იქმნა კონფერენცია ყარსში, სადაც 13 ოქტომბერს 1921 წელს მოსკოვის ხელშეკრულება დადასტურებულ იქმნა.
მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულება გვიჩვენებს, რომ რუსეთმა სცნო სწორედ ოსმალური „ეროვნული პაქტი“ და არაფრად ჩააგდო 7 მაისის ხელშეკრულება. ეს მეტად აშკარაა, რადგან 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულება დაყრდნობილია სწორედ ოსმალურ „ეროვნულ პაქტზე“, ვინაიდან პირველი მუხლი ამ „პაქტს“ აღიარებს და მისი მიხედვით გაჰყავთ საზღვარი საქართველოსა (რუსეთსა) და ოსმალეთს შორის. ლოგიკურად, რასაკვირველია, აქედანვე გამომდინარეობს მეორე მუხლიც, რომელიც პირველი გაცნობით მეტად უცნაურ შთაბეჭდილებას სტოვებს; ეს მეორე მუხლი ხომ ამბობს, რომ „ოსმალეთი თანხმდება დაუთმოს საქართველოს სუვერენიტეტი ბათუმის პორტზე და ქალაქზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ძევს ჩრდილოეთით საზღვრისა“-ო! აქ ოსმალეთი უთმობს! ცხადია იგულისხმება, რომ ბათუმიც ოსმალეთის ყოფილა და მას ეხლა დაუთმია იგი საქართველოსათვის და ისიც პირობით!
რა საბუთით ითვისებს ოსმალეთი ბათუმის მხარეს? რა მოსაზრებით ამტკიცებს იგი, რომ ბათუმი მისია? ბათუმზე საკუთრების ამბავი გამომდინარეობს „თურქული ეროვნული პაქტიდან“! იქ ხომ არის განცხადებული, რომ სამი სანჯაყი – ბათუმ-არდაგან-ყარსი – (იგულისხმეთ: ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ძალით!) ვითომ ოსმალეთს ეკუთვნოდეს. რაღაი მას ეკუთვნის, მას ხომ შეუძლია „დაუთმოს“ იგი, ბათუმი, საქართველოს? და თან მფარველობა გაუწიოს ბათუმის რაიონში მცხოვრებთ და მოითხოვოს მათთვის ავტონომიაც! და როგორც ასე გულუხვ და კეთილ დამთმობს – ოსმალეთს – ენიჭება თავისუფალი ტრანსპორტის უფლება!
იმ იურიდიულ ურთიერთობაში, რომელიც გამოიხატა ბრესტ-ლიტოვსკის და ბათუმის საზავო ხელშეკრულებით, საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებით, „თურქული ეროვნული პაქტით“ და ბოლოს მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებით, ბევრი გაუგებრობაა და უვიცობა, მაგრამ ეს ფორმალისტურ მოსაზრებათა საქმეა. აღსანიშნავი ისაა, რომ ოსმალეთი დაჟინებით ემყარება არარსებულ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას და მის მიერ შექმნილ პრეცენდენტს, ხოლო რუსეთი უდასტურებს მას ამ უსაბუთო მოთხოვნილებას, თუმცა ფორმალურად არც ერთი ძველი ხელშეკრულება აღიარებული არაა და გაუქმებულია. მიზეზი ამისა იმალება „მეგობრობის“ კავშირში. რუსეთ-ოსმალეთის საერთო მიზანია საერთო ბრძოლა ანტანტის სახელმწიფოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას უნდა შეეწიროს საქართველოს რესპუბლიკაც და მისი სამი „სანჯაყიც“!
რა დაჰკარგა კავკასიამ მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებით ტერიტორიული მხრით? ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებით ოსმალეთს გადაეცა – ყარს-არდაგან-ართვინი – უდრის ოცდაოთხიათას (24 000) კვადრატულ კილომეტრს. საქართველომ დაჰკარგა არდაგან-ოლთისი და ბათუმის მხარის დიდი ნაწილი ანუ ტერიტორიული სივრცით – 13 046 კვადრატული კილომეტრი.
ჩვენ აღარ ვეხებით იმ სავალალო მოვლენას, რომ დაიკარგა მოსახლეობა, მურღულის მაღაროები და ქარხნები, ზღვის პირი, სიმდიდრე, ქართული სისხლითა და ოფლით გაპოხიერებული მიწა და ისტორიული აკვანი ქართული სახელმწიფოსი და კულტურისა.
21. რუსეთის მზადება საქართველოზე თავდასასხმელად და ოსმალეთ-საქართველოს ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს ომის დროს
აზერბაიჯანისა (28 აპრილი 1920 წ.) და სომხეთის (2 დეკემბერი 1920 წ.) რესპუბლიკათა დაკავების შემდეგ საბჭოთა რუსეთისათვის თავისთავად ისმებოდა საქართველოს ოკუპაციის საკითხიც. ამ საქმეში ევროპის შიში მოსკოვს არა ჰქონდა, და არც ოსმალეთის, რადგან ეს უკანასკნელი თით რუსეთისაგან გამოელოდა შველას. რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდნენ, მაგრამ საბჭოთა ჯარების სარდალი ჰეკერი მაინც მოითხოვდა სცოდნოდა ანგორის განწყობილება საქართველოს ოკუპაციის გეგმის მიმართ. თავის მოხსენებაში რუსული მეთერთმეტე არმიის სარდალი ჰეკერი აცნობებს 18 დეკემბერს 1920 წელს მე-11 არმიის სამხედრო-რევოლუციურ საბჭოს თავმჯდომარეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის საწინააღმდეგო ოპერაციისათვის აუცილებელია უეჭვო მეგობრული ნეიტრალიტეტი ოსმალეთისა ანუ ქიაზიმ-ყარაბექირის ჯარებისა, და რუსეთის მხრივ კი ამდენი და ასეთი ჯარებიო. სიტყვა-სიტყვით ჰეკერი წერდა აღნიშნულ რევოლუციურ საბჭოს:
„თუ მეთერთმეტე არმიის სამხედრო საბჭო მიიღებს ნამდვილ გარანტიებს ქიაზიმ-ყარაბექირის ჯარების ჩვენდამი მეგობრული დამოკიდებულების შესახებ, მაშინ საქართველოსა და თბილისის ოკუპაციის საკითხი პირველად ყოვლისა შეიქმნება უფრო რეალური“-ო.
ერთი მხრივ, თუ მოსკოვს მალულად უნდა მოემზადებინა ოსმალეთის მხრივ მეგობრული განწყობილება საქართველოს ოკუპაციის მიმართ, მიეღო მისგან ნეიტრალიტეტის დაპირება, – მეორე მხრით – ღიად და აშკარად მოსკოვი მსოფლიოს არწმუნებდა, რომ იგი საქართველოს ხელს არ ახლებს და მის დამოუკიდებლობას პატივსა სცემსო.
როდესაც ინგლისის მთავრობამ მიუთითა საბჭოთა რუსეთის მთავრობას, რომ იგი საფრთხეში აგდებს ბათუმს და საქართველოს დამოუკიდებლობასო, თავის პასუხში (ნოემბერ-დეკემბერი 1920 წ.) საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ჩიჩერინი ლორდ კერზონს უთვლის შემდეგს: „ეს მართალი არ არის. ერთადერთი საფრთხე მას (საქართველოს) მოელის ანტანტისაგან. რუსეთმა იცნო საქართველოს დამოუკიდებლობა; ანტანტას ეს არ მოუმოქმედებია. რუსული პოლიტიკა მთლიანად მხარს უჭერს პატარა ერთა თვითგამორკვევის უფლებას და საქართველოსადმი არავითარი მოთხოვნილება არ წარგვიდგენია, გარდა იმისა, რომ ბათუმი არ უნდა იქმნეს მომავალში დაკავებული მტრული ძალების მიერ. საბჭოთა რუსეთს არ გადაუდგამს და არც გადადგამს არც ერთ მტრულ ნაბიჯს საქართველოს წინააღმდეგ, ბათუმის ოკუპაციით თუ სხვაგვარად“-ო.
ასეთი მტკიცების მიუხედავად, მოსკოვი, რასაკვირველია, ემარაგებოდა საქართველოს წინააღმდეგ და ემზადებოდა თბილისზე წამოსასვლელად, თავს უყრიდა წითელ ჯარებს საბჭოთა სომხეთ-აზერბაიჯანში და ამტკიცებდა „მეგობრულ ნეიტრალიტეტს“ ანგორასთან.
ამ მეგობრული ნეიტრალიტეტის დასამყარებლად 1921 წლის თებერვლის დამდეგს მოსკოვში დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის მოლაპარაკება. როგორც კი ეს ამბავი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ გაიგო, იგი მაშინვე შეეცადა ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ მისი თხოვნა ამის შესახებ უპასუხოდ დარჩა.
ამავე დროს, თუ ცოტა ადრე თბილისს ეწვია ქემალის მთავრობის დელეგაცია, რომელმაც საქართველოს მთავრობასთან დაიწყო დიპლომატიური მოლაპარაკება საერთო ურთიერთობის დასამყარებლად. ამ მოლაპარაკების დროს ოსმალეთი თავისი „ეროვნული პაქტის“ განხორციელებას მოითხოვდა. ამ მოლაპარაკებას ომმა მოუსწრო.
სწორედ იმავე ხანაში საქართველოს მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკება გასაბჭოებული სომხეთის მთავრობასთან და მიაღწია მას, რომ 1921 წლის 15 თებერვალს უნდა მომხდარიყო სომხეთისა და საქართველოს დელეგატთა შეხვედრა ყველა სადავო საკითხის გადასაწყვეტად; მაგრამ თვით მოსკოვს ჰქონდა გადაწყვეტილი საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება, აღარ აცალა არც საბჭოთა სომხეთს და არც სოციალისტურ საქართველოს მოლაპარაკების დაწყება და 1921 წლის 11 თბერვალს საბჭოთა ჯარებმა სომხეთის მხრიდან დაიწყეს საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებანი.
საქართველოს მთავრობის მიერ ანგორაში დანიშნული ელჩი, აწ განსვენებული სვიმონ მდივანი ანგორაში ჩავიდა 1921 წლის 31 იანვარს და თავისი რწმუნების ქაღალდი კი გადასცა ანგორის მთავრობას იმავე წლის 8 თებერვალს. მომყოლი მოვლენებიდან სჩანს, რომ საქართველოს ელჩს, რომელსაც უნდა სცოდნოდა, თუ რა საზღვრებში უნდა ეცნო ოსმალეთი, „თურქული ეროვნული პაქტი“ არ უღიარებია და თბილისში დაწყებული კამათი სწორედ საზღვრების შესახებ, სხვა ამბებთან დაკავშირებით, ანგორაში გაგრძელებულა, როგორც ამას ეხლავე დავინახავთ.
სამი დღის შემდეგ დაიწყო რუსეთის თავდასხმა საქართველოზე. ცხრა დღის შემდეგ, ანგორის მთავრობამ გადაწყვიტა არდაგანისა და ართვინის მხარეში თავისი ჯარები შეეყვანა და საქართველოს ელჩს აცნობა, რომ 1921 წლის 18 თებერვალს დილით ოსმალური ჯარი შევა ართვინშიო.
იმ დღესვე, 18 თებერვალს 1921 წელს სვ. მდივანმა სასტიკი პროტესტი განაცხადა ანგორის მთავრობის წინაშე ასეთი მტრული მოქმედებისა გამო და გამოითხოვა პასპორტი უკან დასაბრუნებლად. ანგორის მთავრობამ შეაჩერა თავისი მოქმედება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით; 21 თებერვალს ელჩმა მდივანმა მიიღო ანგორის მთავრობის ულტიმატუმი: არდაგანისა და ართვინის რაიონში ოსმალური ჯარების შეყვანის შესახებ; ამაზე სვიმონ მდივანმა კვლავ პროტესტი განაცხადა. 22 თებერვალს 1921 წელს ანგორის მთავრობა კვლავ იმეორებს თავის ულტიმატუმს; 23 თებერვალს 1921 წელს სვ. მდივანი ისევ უარყოფს ანგორის მთავრობის მოთხოვნილებას და წერს მას: „თქვენ მიერ განზრახული მოქმედება არდაგანისა და ართვინის ოლქებში შესვლისა, ჩვენთან შეუთანხმებლად, არის განმეორება იმ დიდი ისტორიული შეცდომისა, რომლითაც ძველმა ოსმალეთმა, განუწყვეტელი თავდასხმით, აიძულა ძველი საქართველო მოეყვანა ოსმალეთის კარზე მისი დაუძინებელი და უსასტიკესი მტერი – რუსეთი, და მით თავისი თავიც დაესაჯა. იგივე მეორდება დღესაც: როცა, ერთი მხრით, ახალგაზრდა ოსმალეთი ჩაბმულია საშინელ ბრძოლაში თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად, ხოლო, მეორე მხრით, ახალი დემოკრატიული საქართველო უსასტიკეს ბრძოლას აწარმოებს თავისი თავისუფლებისა და არსებობის შესანარჩუნებლად, სწორედ ამ დროს, ნაციონალურმა დიდმა კრებამ გადასწყვიტა თავდასხმა საქართველოზე. ამიტომ სასტიკსა და ენერგიულ პროტესტს ვაცხადებ ასეთი ძალადობის წინააღმდეგ და თან ნებას ვაძლევ ჩემს თავს განვაცხადო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ძალით შემოჭრის შემდეგ, რაიმე საკითხის გადაჭრა კავკასიის შესახებ საქართველოს დაუკითხავად, შეუძლებელი იქნება“... (!)
ამ დიპლომატიურ, მაგრამ არსებითად გულუბრყვილო ნოტის საპასუხოდ, ელჩმა მდივანმა მიიღო ახალი ნოტა ანგორის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან. ამ ნოტაში ოსმალეთის მთავრობა ასაბუთებს თავის უფლებებს აღნიშნულ ოლქებზე (არდაგან-ართვინი) სან-სტეფანოს ხელშეკრულებით, ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით, და მით, რომ იქ ინგლისელებმა მოხსნეს ოკუპაცია. ყველა ეს დასაბუთება, ცხადია, ყალბი იყო, რადგან არც ერთი ეს ხელშეკრულება მოქმედი არ იყო, უვარგისი იყო, ხოლო ინგლისელებს ოსმალეთისათვის არ გადაუციათ არც არდაგანი, არც ართვინი.
რასაკვირველია, ამ ნოტის საპასუხოდ ელჩმა სვ. მდივანმა ისევ პროტესტი განაცხადა. ეს დიპლომატიური ბრძოლა დიდხას აღარ გაგრძელებულა: მხოლოდ ხუთი დღით გადაიდო არდაგან-ართვინის ოკუპაცია – 17-23 თბერვალი 1921 წელი!
იმ გაჭირვების დროს, როდესაც თბილისთან საბჭოთა რუსეთის ჯარებსა და საქართველოს ჯარს შორის ბრძოლები წარმოებდა, რომ ვიხმაროთ ელჩ მდივანის გამოთქმა, რომლითაც მან მიმართა ანგორის მთავრობას, ოსმალეთმა „მეზობელს ზურგში დანის ჩაკვრა დაუპირა“ და კიდეც აღასრულა ეს მუხანათური და მზაკვრული თავდასხმა.
საქართველოს მთავრობამ და მთავარსარდლის შტაბმა ასეთი მოვლენის გამო გადაწყვიტეს ოსმალეთის ძალადობის წინაშე უკან დახევა, ვინაიდან მთელი ყურადღება ბოლშევიკებთან ბრძოლაზე იყო მიქცეული, და 20 თებერვალს 1921 წელს მთავარსარდლის შტაბმა გასცა შემდეგი ბრძანება:
„ფრონტის შესამოკლებლად და შექმნილი მდგომარეობისა გამო, გამოიყვანეთ ჯარები არდაგანისა და ართვინის ოლქებიდან და გადმოიყვანეთ ახალციხე და ბათუმის ოლქში; ფოცხოვის რაიონი რჩება ჩვენს ხელში, დაიკავეთ ახალი საზღვარი ჯარებით საზღვარის მხრიდან. ბორჩხა აუცილებლად უნდა იქნეს დაკავებული; გადაყვანა დაიწყეთ დაუყოვნებლივ და დაასრულეთ 21 თებერვალს დილით; მიიღეთ ზომები ჩვენი ჯარების შეტაკების თავიდან ასაცდენად ოსმალურ ჯარებთან, რომელნიც დაიკავებენ არდაგანისა და ართვინის ოლქებს“...
ამნაირად, ვინაიდან საქართველოს ჯარების მთავარსარდალს არ შეეძლო ერთსა და იმავე დროს რუსეთთანა და ოსმალეთთან ომის წარმოება, მან აირჩია არდაგან-ართვინის დაცლა და მთელი ძალების რუსეთის წინააღმდეგ მიმართვა.
საქართველოს მთავრობამ თავის მხრივ პროტესტი განაცხადა ოსმალეთის მოქმედების გამო და თან აცნობა ანგორის მთავრობას, რომ მის მიერ არდაგან-ართვინის დაკავების ფაქტით არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი მოგვარებულად არ ჩაითვლებაო.
ჯერ 1921 წელს და მერმე 1925 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, საქართველოს მთავრობა ზემოხსენებულ ფრიად მნიშვნელოვან ამბავს შემდეგნაირად მოგვითხრობს და განმარტავს: – 22 თებერვალს 1921 წელს ბოლშევიკებმა მიიღეს ახალი დახმარება; ანგორის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა ულტიმატუმი, რომლითაც იგი მოითხოვდა ქალაქების არდაგანისა და ართვინის დაცლას. ვინაიდან საქართველოს მთავრობას არ ძალუძდა საკმაო ძალები დაეპირისპირებინა თურქების თავდასხმისათვის ამ ახალ ფრონტზე, იგი იძულებული გახდა გამოეყვანა თავისი ჯარები ამ ქალაქებიდან და ამასთანავე განაცხადა, რომ ეს საკითხი ამ ფაქტით არავითარ შემთხვევაში მოგვარებულად არ ჩაითვლება და რომ ეს მოგვარება შესაძლებელია შეთანხმებით ან არბიტრაჟითო.
აშკარაა: ოსმალეთმა ისარგებლა საქართველოს უბედურებით, მისი გაჭირვებით და წააგლიჯა მას არდაგან-ართვინი, მაგრამ საქმე აქ არ შეჩერებულა.
22. ოსმალეთის დაპირება და ღალატი
როგორც განმარტავენ, საქართველოს მთავარსარდალმა სტრატეგიულ მოსაზრებათა გამო, 25 თებერვალს 1921 წელს სატახტო ქალაქი – თბილისი მიატოვა. ქართულმა ჯარებმა მცხეთისაკენ დაიხიეს, ბოლშევიკები თბილისში შემოვიდნენ. ბრძოლა გაგრძელდა, მაგრამ დახევაც ბათუმისაკენ. გამოუვალი მდგომარეობა იყო შექმნილი: საქართველო სრულიად მოუმზადებელი შეხვდა უეჭველად მოსალოდნელ ომს და ქვეყანა უფსკრულის წინაშე იდგა. ამ დროს ანგორის მთავრობა ატყობინებს საქართველოს მთავრობას, რომ არდაგანისა და ართვინის დაკავების შემდეგ ოსმალეთისათვის აღარ არსებობს არავითარი სადავო ტერიტორია საქართველოში, და ანგორის ჯარები დაეხმარებიან ქართულ ჯარებს ბოლშევიკების წინააღმდეგ ომშიო. ამ მიზნით, აცნობებდა ქიაზიმ-ბეი ნოე ჟორდანიას, საჭიროა ოსმალთა ჯარების შემოყვანა ბათუმის გზითო.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა...
შექმნილ უსასო მდგომარეობაში ოსმალეთის მხრით დახმარების დაპირება და ბოლშევიკებთან ბრძოლის ერთად გამართვის მოლოდინი, ცის მანანასავით ეჩვენებოდა ალბათ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს. და მანაც ნება მისცა ოსმალეთის ჯარებს შემოსულიყო ბათუმის ოლქში, ამ, ბოლშევიკების მიერ ჯერ დაუკავებელი მხარის დასაცავად და მილიტარული ბაზის შესაქმნელად რუსეთის წინააღმდეგ! ტყუილი იმედი იყო! ხომ უნდა სცოდნოდათ?!
უბედურება ის იყო, რომ შეთანხმების მიხედვით, ოსმალები შევიდნენ თუ არა ბათუმში, მაშინვე მის დაკავებასა და ხელში ჩაგდებას შეუდგნენ.
რა მოხდა ბათუმში?
ამ საკითხის შესახებ ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ ერთ საბუთს – მოგონებას, რომელიც დაწერილია ბათუმის ციხის კომენდანტის და შემდეგ „ვოენრუკ ობლვოენკომატის“ ი. ფურცელაძის მიერ. მისი მოგონება აგვიწერს ოსმალური ჯარის შესვლას ართვინში ბორჩხიდან და განაგრძობს:
„4 თუ 5 მარტს (ზუსტად არ მახსოვს) მე მიმიწვიეს გენერალ-გუბერნატორ გ. ტ. გიორგაძესთან, რომელმაც გამიცხადა, რომ ანგორის მთავრობის წარმომადგენელ ქიაზიმ-ბეისა და ჩვენი მთავრობის შეთანხმების თანახმად, ქემალ ფაშის ჯარები უნდა შემოვიდნენ ბათუმის ოლქში და დაიკავონ ბათუმის ოლქის საზღვრები ოზურგეთისა და ახალციხის მაზრებისაკენ, მაგრამ თვით ქალაქი ბათუმი ოსმალების მიერ დაკავებული არ იქნება. ძალაუფლება რჩება ჩვენს ხელში. ოსმალური ნაწილები ბათუმში არ შეჩერდებიან, ხოლო აქ თავს მოიყრიან, მოეწყობიან და წავლენ წინ საზღვრებისაკენო. იმ დღეებში ჩემთან შემოვიდა ოსმალური ჯარების შტაბის უფროსი ტალანკ-ბეკ და წინადადება მომცა შემესრულებინა შემდეგი: 1) მიმეცა ბინა 5000 ოსმალო ჯარისკაცისათვის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში; 2) ამგვარივე რიცხვის ჯარისკაცებისათვის ბინა აჭარისწყალზე; 3) ბინა ჯარის შტაბისათვის, მაგრამ იმ პირობით, რომ იქ დაეტეოდა 100 კაცი მცველებისა; 4) დამემზადებინა და გამეგზავნა ბორჩხაში 200 ფუთი პური; 5) მიმეცა შტაბის განკარგულებაში ორი მსუბუქი ავტომობილი. ამას გარდა მთხოვა გამეცა პასუხი კითხვაზე: რა ვადაში შემიძლია მე გადავსცე ციხე ოსმალურ სარდლობას და გავიყვანო ქართული ჯარი ოლქიდან. ამ საკითხზე მე პასუხი არ გავეცი, რადგან არავითარი ინსტრუქცია არა მქონდა არამც თუ შემესრულებინა მოთხოვნილება, არამედ თუგინდ მელაპარაკნა ამის გამო. რაც შეეხება მოთხოვნილებას ბინის, პურის, ავტომობილების და სხვათა შესახებ, მე მქონდა ინსტრუქცია კარგად მოვპყრობოდი ოსმალებს და შეძლებისდაგვარად დამეკმაყოფილებინა ყველა მოთხოვნილება. ვცდილობდი, რაც ჩემს ხელისუფლებაში და შესაძლებლობაში იყო. 5000 კაცისათვის ბინის მიცემა მოკლე დროში შეუძლებელი იყო. საინჟინერო მმართველობამ შესაფერი ბინის მოძებნა ვერ შეძლო, და იძულებული ვიყავით ოსმალების ჯარებისათვის მიგვეცა ერთი კორპუსი ბარცხანის ყაზარმებისა, რომელიც ეჭირა სახალხო გვარდიას. იქ დაეტეოდა მხოლოდ 500 კაცი. პურს ვაცხობდით ჩვენს ფურნეში და ვაგზავნიდით „პადვოდებით“ და „გრუზოვიკებით“ აჭარისწყალზე და ბორჩხაში. ოსმალების ჯარების შტაბისათვის ბინას ვეძებდით, მაგრამ ოსმალებს ბინები არ აკმაყოფილებდა ხან სივიწროვის გამო, ხან მოუწყობლობის გამო. ისინი მოითხოვდნენ შტაბისათვის იმ ბინას, სადაც იმყოფება ახლა საინჟინრო მმართველობა. საერთოდ მოთხოვნილებანი და კაპრიზები ოსმალლური სარდლობისა თავიდანვე მაიძულებდნენ ეჭვის თვალით მეცქირა მათთვის. ოლქში შემოსვლის შესახებ ოსმალები რაღაც იგვიანებდნენ. პირველი ეშელონი ოსმალთა ჯარებისა, ორი როტა ტყვიამფრქვევებით (სულ დაახლოებით 500 კაცამდე) მოვიდა 11 საათზე 11 მარტს. ბათუმში ოსმალური რაზმის შემოსვლას ადგილობრივი მუსულმანური მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, დიდი ბრბო ხალხისა მიაცილებდა რაზმს ძახილით და ფლაგებით.
იმავე დღეს სახალხო გვარდიისაგან დაიწყო ჩივილი ოსმალების თვითნებობის შესახებ, და შეტაკების თავიდან ასაცდენად, იმას გარდა, რომ ამის შესახებ არაერთჯერ მივმართე ოსმალურ სარდლობას შტაბში, იძულებული ვიყავი სახალხო გვარდია გამომეყვანა ბარცხანის ყაზარმებიდან აზიზიეს მოედანზე, და ბარცხანის ყაზარმები კი მთლიანად ოსმალებისათვის დამეთმო.
იმ ხნის განმავლობაში, როცა გადაწყდა საკითხი ოსმალების შემოსვლის შესახებ ბათუმის ოლქში, მათ ფაქტიურ შემოსვლამდე (4–5 დღე), დაწესებულებებში აგრეთვე ღელავდნენ, ეშინოდათ, რომ ოსმალები არ შეასრულებენ ხელშეკრულებას და არ დაიკავებენ თავისი ჯარებით ოლქს. ეს შიში გავიგონე, სხვათა შორის, გენერალ-გუბერნატორ გიორგაძისაგანაც. აჭარისწყალზე ოსმალური რაზმი, რომელიც შესდგებოდა ორი როტისაგან ტყვიისმფრქვევებითურთ, მოვიდა ბორჩხიდან 10 მარტს, და გააგზავნა პატარა ნაწილები ხულოში და ქედაში. ოსმალთა ჯარების შემდეგი ეშელონი ბატალიონის კომანდირითურთ (ბეკ-ბაში) შემოვიდა ბათუმში 12 მარტს საღამოს. და მესამე, აგრეთვე დაახლოებით 500 კაცით, ღამე 15-დან 16 მარტს. შემდეგ ეშელონებს მოველოდით, მაგრამ ისინი არ მოსულან წითლების ჯარების მიერ ბათუმის დაკავებამდე. სულ ბათუმის ოლქში ოსმალური ჯარების რიცხვი იყო დაახლოებით სამი ათას ნახევარი, მათგან ჭოროხზე და ოზურგეთის მაზრის საზღვარზე 200 კაცამდე, აჭარისწყალზე – 500 კაცამდე. დანარჩენები იყვნენ გზაში ლიმანიდან ბათუმისაკენ (ამ გზით მოდიოდნენ ყველა ეშელონები ხოფიდან ბათუმში). ამ ხნის განმავლობაში ოსმალური სარდლობა ჩვენს შინაგან მმართველობაში არ ერეოდა, აგზავნიდა პატრულებს, რომელიც ოსმალო ჯარისკაცებს თვალყურს ადევნებდნენ. ამავე დროს ქუთაისიდან ჩამოვიდა ქიაზიმ-ბეი. უკანასკნელ დღეებში, საბჭოთა ჯარების შემოსვლამდე, განწყობილება იყო შიშის. ქიაზიმ-ბეისა და ოსმალური სარდლობის ყოფაქცევა და მათი საიდუმლო დამოკიდებულება აჭარლების წარმომადგენლებთან, მუდმივი ყოფნა ქიაზიმ-ბეისთან მთის მთავრობის წარმომადგენლის ჰაიდარ ბამმატოვისა და ახმეტ ცალიკოვისა უფლებას გვაძლევდა გვეფიქრა, რომ ოსმალები რაღაცას ამზადებენ. ეჭვიანობა გაძლიერდა მით, რომ აჭარისწყალზე მყოფი ოსმალური რაზმი არ უშვებდა ჩვენს დაზვერვას გოდერძის გადასავალის მიმართულებით. ოსმალური სარდლობა გვატყობინებდა, რომ ახალციხის მხრით წითელი ჯარები არ არიანო, მაგრამ წინათ ხულოდან მიღებული ცნობები ამბობდა, რომ გოდერძის გადასავალით ახალციხის მხრიდან მოიწევიან წითელი ჯარები, აღნიშნავდნენ პოლკის ნომერსაც – 105.
15 და 16 მარტს ყველა ჯარი იყო სრულიად მზად: ღამით იგზავნებოდნენ გაძლიერებული პატრულები, ინიშნებოდნენ მორიგი ნაწილები. გარკვევით ლაპარაკობდნენ, რომ ოსმალები ემზადენიან ღამით განაიარაღონ ქართული ჯარები და შეაიარაღონ აჭარლებიო. ჩვენ ამას ველოდით ყოველ ღამეს. 16 (მარტს) ღამით გავიგეთ, რომ ოსმალები 17-ს აპირებენ დაიკავონ ფორტები ნომერი 2 (კახაბერი), ნომერი 4 (პატარა სამება), და ბლოკჰაუზები: კვეცელური, ტორარტოსირტი, სამება და ანარია. დილით ჩვენმა ნაწილებმა დაიკავეს კახაბერი სამთო ბატარეით და 300 კაცით მესაზღვრეებისა, ფორტი ნომერი 1 (ამოდავე), მხოლოდ ნახევარი; ბლოკჰაუზები: სამება და ანარია; ნომერი 4 ფორტის და ნომერი 1 ნახევარი ფორტის, ბლოკჰაუზების ტორარტოსირტის და კვეცელურის დაკავება ჩვენმა ჯარებმა ვერ მოასწრეს, რადგან იქ აღმოჩნდნენ ოსმალები, რომელთაც ისინი დაეკავებინათ წინა დღით; 17 მარტს, 12 საათიდან ვღებულობდით ცნობებს, რომ ოსმალები ბარცხანის ყაზარმებიდან გადიან სხვადასხვა მიმართულებით და შემდეგ ცოტა ხნისა, ჩვენი ჯარების მიერ დაკავებული ფორტებიდან მივიღეთ ცნობები, რომ ოსმალური ჯარები მოითხოვენ მათგან დასცალონ ფორტები და შეუშვან ისინი შიგნით. შეიარაღებული შეჯახების ასაცდენად მე მთელი დღის განმავლობაში რამოდენჯერმე მომიხდა ვყოფილიყავი ქიქზიმ-ბეისთან, ოსმალურ სარდლობასთან, ჩვენ მთავარსარდალ კვინიტაძესთან და მთავრობის თავმჯდომარე ჟორდანიასთან. წავედი ფორტებზე ოსმალური სარდლობის დელეგატითურთ, მომეგვარებინა საქმე. ოსმალები დაჟინებით ითხოვდნენ შეეშვათ ისინი ფორტებში და დაეყენებინათ ჩვენ ნაწილებთან ერთად, ასაბუთებდნენ რა ამას იმით, რომ ჩვენ ვართ ძმები და ვაკეთებთ საერთო საქმესო. ისინი არაფრის გულისათვის არ თანხმდებოდნენ დაეწიათ უკან თავისი ნაწილები, თუგინდ ნახევარი ვერსით, რათა დაგვეყენებინა ბინებში და ამასთანავე არ უშვებდნენ წინ ჩვენ როტებს, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ მოესწროთ თავისი ადგილების დაკავება, არ უშვებდენ ჩვენებს ფორტებში ნომერ 4 და ალყა შემოარტყეს ბლოკჰაუზ სამებას, სადაც უკვე იყო ჩვენი როტა.
მე ცხადათ ვხედავდი რაღაც მზაკვრობას („პოდვოხ“), მაგრამ ყოველნაირად ვცდილობდი ამეცდინა შეტაკება. ჩემს ნაწილებს ვუბრძანე, ყოველნაირად აეცდინათ გამწვავებული დამოკიდებულება: ოსმალები ჩვენს მიერ დაკავებულ ადგილებში არ შეეშვათ და მათ მტრულ მოქმედებაზე ეპასუხათ ძალით, საღამოს 17-სა და 18-ს ფორტებზე მაინცდამაინც შეტაკებები არ იყო. ის დაიწყო დილით 18-ს.
17-ს საღამოს 10 საათზე ოსმალებმა დაიკავეს 40 კაცით ფოსტა, ტელეგრაფი და ტელეფონი; ნახევარი საათით გვიან – ქალაქის მილიციის სამმართველო და მილიციის საუბნო სამმართველო, ქალაქში გაჩნდნენ ძლიერი პატრულები. 17-ს საღამოს შესდგა ბათუმში დროებითი რევკომი, რომელიც საღამოს 9 საათისათვის გადავიდა ციხის შტაბის ბინაზე და ჩემთან ერთად ხელმძღვანელობდა ქალაქის გადარჩენას ოსმალების დაკავებისაგან. ყველა იქ მყოფი ჯარები დავაგროვეთ ციხის შტაბთან, გავაგზავნეთ მთელ ქალაქში პატრულები და „რაზიეზდები“. საღამოს დაიწყო დუქნების ცარცვა ქუთაისის ქუჩაზე. ჩვენი პატრულები და „რაზიეზდები“ ფანტავდნენ და ხვრეტდენ მცარცველებს, ბევრი გაცარცული წავართვით. სრულ 12 საათზე მივიღეთ ქიაზიმ-ბეის ბრძანება, რომელშიც მან გამოაცხადა ბათუმის ოლქი ოსმალეთთან შეერთებულად და თავისი თავი კი გენერალ-გუბერნატორად. ჩვენს ჯარებს წინადადება ეძლეოდა 24 საათში დაეტოვებინა ოლქის ფარგლები, დაეყარა იარაღი. ამ ბრძანებაზე ჩვენ არავითარ პასუხს არ ვაძლევდით. მთელ ღამეს ჯარები გუშაგად იდგნენ. ჩვენი „რაზიეზდები“ და „პატრულები“ და ოსმალებისა შეხვედრის დროს იწყებდნენ სროლას, ბოლოს ოსმალების პატრულები გაჰქრნენ. ოსმალები შეეცადნენ დაეკავებინათ ციხის შტაბის ბინა, მაგრამ რადგანაც გამაგრებული იყო იგი ჩვენს მიერ, – დაანებეს თავი. დილიდან დაიწყო ბრძოლები ფორტებზე. განთიადისას ოსმალებმა დაიკავეს რადიო-ტელეგრაფი და ემზადებოდნენ დაეჭირათ საინჟინრო როტის ბინა, მაგრამ ეს მათ ვერ შესძლეს. კახაბერზე გათენებისას ოსმალები უცბად შეიჭრენ და განაიარაღეს ჩვენი ჯარისკაცების ნაწილი, მაგრამ იქიდან გამოყარეს ისინი და შემდეგ სავსებით გარეკეს კახაბერიდან. 12 საათზე მოვიდა პირველი ეშელონი რუსული წითელი არმიის 192 პოლკისა, და საღამოს ჟლობის ბრიგადის პოლკები, ფორტებზე 18-ს, 19-ს და 20-ს წარმოებდა სროლა, მაგრამ 21-ს ყველა ოსმალური ჯარი ტყვედ ჩავიგდეთ ხელში და განვაიარაღეთ“.
ასეთი არის ბათუმის ისტორია, როგორც იგი აწერილია ბათუმის კომენდანტის ი. ფურცელაძის მიერ, რომლიც შემდეგ ბოლშევიკურ ჯარში სამსახურს განაგრძობდა.
რა ირკვევა აქედან? ჩვენ არ ვიცით, თუ აქ მოთხრობილი უბედური ამბავი სავსებით სწორადაა აღწერილი, მაგრამ იგი არსებითად სიმართლეს შეიცავს, და აქედან ირკვევა, რომ:
ოსმალები დაპირდნენ საქართველოს მთავრობას: ისინი დაეხმარებიან მას ბოლშევიკების წინააღმდეგ; რომ ოსმალები ქართველებთან ერთად დაიცავენ ბათუმის ოლქს. ამ უკანასკნელ თავისუფალ ადგილზე გამაგრდებიან და შემოსეული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. ოსმალებმა მოატყუეს საქართველოს მთავრობა, უღალატეს მას...
ამ მოვლენაში განსაცვიფრებელია საქართველოს მთავრობის, თუ მისი თავმჯდომარის, გულუბრყვილობა და პოლიტიკური უსუსურობა. რა საბუთით უნდა ეფიქრა მას, რომ ოსმალები მისი დამარცხებული რესპუბლიკისათვის სისხლს დაღვრიდნენ უკვე მეგობარი რუსეთის წინააღმდეგ. მან ხომ კარგად იცოდა, რომ ოსმალეთი დიდიხანია რუსეთს მეგობრობდა და იმჟამადაც მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა? ისიც იცოდა, რომ ოსმალები ყოველთვის ბათუმის ოლქსაც მოითხოვდნენ და არდაგან-ოლთისს არასოდეს ჯერდებოდნენ! იცოდა ისიც, რომ ოსმალეთზე დანდობა ადვილად არ შეიძლებოდა! მაინც მან დაუჯერა ოსმალეთის დაპირებებს, დაუჯერა გულუბრყვილოდ, და შეუშვა ოსმალეთი ბათუმის ოლქში. ჩვენ აქ გარკვევით უნდა ვთქვათ: საქართველოს მთავრობას და არც მის ელჩს არავითარი ტერიტორია ოსმალეთისათვის არ გადაუცია; მაგრამ მან აწარმოა მეტად ბეცი პოლიტიკა, რომლითაც საქართველოს ვითარება მესხეთში გართულებულ იქმნა. ქართული პოლიტიკის ხელმძღვანელთა ეს გულუბრყვილობა, ეს პოლიტიკური სიბეცე და დიპლომატიური მარცხი, სრულიად არ ათავისუფლებს ოსმალეთის მთავრობას იმ ღალატის პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას აწევს კისერზე ქართველი ერის წინაშე. იმის მაგივრად, რომ ქიაზიმ-ბეისთან შეთანხმების მიხედვით, ოსმალები დახმარებოდნენ ქართველებს დაპირებისამებრ, მათ პირიქით მოითხოვეს ქართული ჯარების განიარაღება და ბათუმის სიმაგრეების ჩაბარება, ხოლო 17 მარტს 1921 წელს ოსმალთა ჯარების უფროსმა ქიაზიმ-ბეიმ ქალაქ ბათუმში შემდეგი პროკლამაცია გამოაკრა:
„უკანასკნელ დროს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, ბათუმის მხარე და ახალქალაქისა და ახალციხის ოლქები ჩვენი ჯარების მიერ იქმნენ დაკავებული. ოსმალეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობის დადგენილებით, რომელიც ემყარება სხვადასხვა დროის ხელშეკრულებებით მრავალჯერ დადასტურებულ ეროვნულ უფლებებს, ეს მხარეები დღეიდან ბრუნდებიან სამშობლოს საზღვრებში და პოლიტიკურადაც, და ადმინისტრაციულადაც ექვემდებარებიან ოსმალურ ეროვნულ მთავრობას“-ო.
როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, ოსმალეთის მთავრობას პრეტენზიები ჰქონია არა მარტო არდაგანისა და ართვინის ოლქზე, არამედ ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებზეც, და მთელ ბათუმის ოლქზე ბათუმითურთ – ესე იგი, ქემალისტური ოსმალეთი ამ განცხადებით დაუბრუნდა ხონთქარის ოსმალეთის პოლიტიკას, რომლის ძალით მთელი მესხეთი ოსმალეთს უნდა დაეკავებინა.
მაგრამ რა არის აქ მართალი, ქიაზიმ-ბეის ამ ვერაგულ განცხადებაში? – არც ერთი სიტყვა აქ სიმართლეს არ წარმოადგენს: – საქართველოს მთავრობას არ გადაუცია არც ახალქალაქი, არც ახალციხე, არც ბათუმის ოლქი, არც არდაგანი, არც ოლთისი! არც ერთი ეს მხარე, არც ერთი რომელიმე ხელშეკრულებით „ოსმალური ეროვნული კრების“ საგნად არ გამოცხადებულა, – და თუ ომში საქართველოს დამარცხების შედეგად ოსმალეთმა მესხეთი სულ მცირე ხნით დაინარჩუნა 1918 წელში, – ოსმალეთის დამარცხების მერმე საქართველომ იგი დაიბრუნა, რადგან მხოლოდ და მარტოოდენ საქართველოს აქვს მასზე ეროვნული უფლებები. ამიტომ სრულიად ბუნებრივია ქართული ეროვნული გრძნობისათვის, როდესაც ქიაზიმ-ბეის ასეთი განცხადებისა და აშკარა ღალატის შემდეგ, თვით ქართულმა, დამარცხებულმა და მოშლილმა ჯარმა ოსმალურ ჯარებს ომი გაუმართა ბათუმში და იგი დაამარცხა.
23. ოსმალეთის ღალატის გამართლება „თურქეთის რესპუბლიკის ისტორიით“
ამ მცირე მიმოხილვიდანაც აშკარად ხდება, რომ ქემალისტური ოსმალეთისა და საბჭოთა რუსეთის ინტერესები იყო საქართველოს რესპუბლიკის მოსპობა. საკითხი მხოლოდ ის იყო, თუ როგორ უნდა შეესრულებინათ და გაეტარებინათ ეს მიზანი. ერთიც და მეორეც საქართველოს მეგობრობას ეფიცებოდა, და თან სამარეს უთხრიდა, და იმ დროს, როცა გადაწყვეტილ იქმნა საქართველოს განადგურება, საბჭოთა რუსეთი მას ჯარებით მოადგა, ხოლო ოსმალეთი, გამზადებული ჯარით და ულტიმატუმებით. ამ ძალადობისა და მიმძლავრების შედეგად ოსმალეთმა არდაგან-ართვინი დაიკავა და ამასთანავე საქართველოს მთავრობას, რომელიც უსწორო ომში იყო ჩაბმული, თავისი ძმობა გამოუცხადა, და ამ მომიზეზებით თავისი ჯარები ბათუმშიც კი შემოიყვანა! სწორედ ამავე დროს იგივე ოსმალეთი მოსკოვში რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ქართულ მიწა-წყალს მოითხოვდა. რა საბუთით???
ეს „საბუთი“ კარგად მოსჩანს ქიაზიმ-ბეის ბათუმში გამოქვეყნებული განცხადებიდან. მესხეთი ოსმალეთს ეკუთვნის, ვინაიდან ეს დადასტურებულია მრავალი ხელშეკრულებითო! და არც ერთი ხელშეკრულება კი ნამდვილი არა ყოფილა: არც ბრესტ-ლიტოვსკის, არც ბათუმის ცხოვრებაში არ გატარებულა და ორივე იყო ოთხი თვის შემდეგ გაუქმებული. მაშასადამე, ეს ფორმალური მხარე არ არსებობდა და იგი საბუთად გამოსადეგი არც არის. მაგრამ მიუხედავად ამისა ოსმალეთი მაინც დაჟინებით სწორედ ამ გაუქმებულ და ყველასაგან უარყოფილ და მოსპობილ ხელშეკრულებებზე ეყრდნობა და დღესაც ამ ნიადაგზე სდგას.
თურქული ოფიციალური ისტორია ამჟამადაც იმეორებს ასეთ შეხედულებას და ცნობილ ოფიციალურ წიგნში, რომელსაც ეწოდება „თურქეთის რესპუბლიკის ისტორია“ შემდეგი სწერია:
„მას შემდეგ რაც დამარცხებულ იქმნა სომხური ჯარი, თურქული ჯარები შევიდნენ კავკასიაში და საქართველოსთან კონტაქტი დაიჭირეს. იმავე წლის ივლისის განმავლობაში ინგლისელებმა ბათუმს ევაკუაცია მოუხდინეს, რის შემდეგ ქართველებმა, რომელთაც ამ ქალაქზე უფლებების პრეტენზია ჰქონდათ, მაშინვე გააგზავნეს იქ თავისი ჯარები. ვინაიდან ეს საქციელი ეწინააღმდეგებოდა საერთო ომის დამთავრებამდე საბჭოთა რესპუბლიკისა და ოსმალეთის იმპერიის შორის დადებულ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების მუხლებს, და აგრეთვე ოსმალეთის იმპერიისა და ქართველების მიერ ტრაპიზონში დადებულ ხელშეკრულების მუხლებს, დიდი ეროვნული ყრილობის მთავრობამ პროტესტი განაცხადა ქართველების მთავრობის წინაშე და მოითხოვა, რომ ეს ჯარები გაყვანილ ყოფილიყვნენ ამ ოლქიდან. დაბოლოს, ქართველების მიერ ანგორაში გამოგზავნილ ელჩთან დაწყებული მოლაპარაკების შედეგად, ისინი მოვალენი (იძულებულნი) გახდნენ დაგვთანხმებოდნენ იმაზე, რომ არდაგანი, ართვინი და ბათუმი თურქულ მმართველობაში დაყენებულიყო. ამ ოლქთა პატრიოტული მოსახლეობა, რომელიც მოუთმენლად მოელოდა თურქეთთან თავის შეერთებას, შეხვდა თურქეთის ჯარს დიდი ზეიმით (მარტი 1921 წ.); თუმცა ბათუმი დარჩა საქართველოს მოსკოვის ხელშეკრულების ძალით, რომელიც დადებულ იქმნა ამ ქვეყნის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირში შესვლის შემდეგ, – პირიქით, არდაგანი და ართვინი, შემოერთებულ იქმნა თურქეთთან“...
ასეთია ოსმალური ისტორია უკანასკნელი ამბებისა, – სიყალბით აღსავსე, ვინაიდან დაუკვირვებელი წაკითხვითაც კი, აქ მოტანილ ისტორიაში, ყოველი დებულების სიცრუეს ააშკარავებს. მართლაც:
1) არავითარი ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება აღარ არსებობდა; იგი გაუქმებულ იქმნა:
თვით საბჭოთა მთავრობის მიერ 20 სექტემბერს 1918 წელს;
ოსმალეთთან დადებული მუდროსის დროებითი ზავის პირობებით (მუხლი 11) 30 ოქტომბერს 1918 წელს;
საერთო დაზავების ანუ არმისტისის ძალით 11 ნოემბერს 1918 წელს;
საბჭოთა რუსეთის მთავრობის მიერ მეორედ, 13 ნოემბერს 1918 წელს;
ვერსალის საზავო ხელშეკრულებით, 19 ივნისს 1919 წელს;
საბჭოთა რუსეთის ხელშეკრულებით 16 მარტს 1921 წელს;
და საქართველოს მთავრობას ბრესტ-ლიტოვსკის ზავი და მასთან გადაბმული ბათუმის ზავი არასოდეს არ დაუმტკიცებია და იგი ძალაში არ შესულა.
ამ მრავალჯერ გაუქმებული ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ძალით ქემალისტურ ოსმალეთს არ შეეძლო და არ შეუძლია ილაპარაკოს და თავისი უფლებები დაამტკიცოს და არდაგან-ბათუმ-ყარსი მოითხოვოს. ქართველების მიერ ბათუმის დაკავება ამ მხრივ არავითარ ხელშეკრულებას „არ ეწინააღმდეგება“.
2. ზემოამონაწერში მოხსენებული ტრაპიზონის ხელშეკრულება საერთოდ არც არსებულა. იყო ბათუმის ხელშეკრულება 4 ივნისს 1918 წელს, რომლის დამტკიცება არასოდეს მომხდარა და რომელიც მოსპობილ იქმნა მსოფლიო ომის შედეგად. მაშასადამე, არც ბათუმის ხელშეკრულება ქართველების მიერ ბათუმის დაკავებას „არ ეწინააღმდეგება“.
3. ბათუმის ოლქი საქართველოა. ეს აღიარა საბჭოთა რუსეთმა 7 მაისის 1920 წლის ხელშეკრულებით; ეს აღიარა ინგლისმა, როდესაც მან მესხეთი და კერძოდ ბათუმი ოფიციალური აქტით, ოკუპაციის შემდეგ, 4 ივლისს 1920 წელს საქართველოს გადასცა. მაშასადამე, ქართველების მიერ ბათუმში ჯარების გაგზავნა არც ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მუხლებს, არც მოჭორილ „ტრაპიზონის ზავის“ მუხლებს და საერთოდ არავისა და არაფერს „არ ეწინააღმდეგებოდა“. საქართველომ დაიბრუნა თავისი მიწა-წყალი.
4. საქართველოს წარმომადგენელს ანგორაში, განსვენებულ სვიმონ მდივანს ოსმალეთისათვის არავითარი ხელშეკრულება არ დაუდევს, რომლის ძალით არდაგან-ართვინი და ბათუმი თურქეთს უნდა მიკუთვნებოდა. როგორც არსებული საბუთებიდან ჩანს, ოსმალეთის მთავრობამ მუქარის ძალით, ულტიმატუმის შედეგად, საქართველო-რუსეთის ომის დროს, დიკავა არდაგან-ართვინი, ხოლო საქართველოს მთავრობას არ უცვნია კანონიერად ეს აქტი. მერმე კი ბათუმში შემოსვლის შემდეგ, მეგობრობისა და რუსეთის წინააღმდეგ დახმარების მომიზეზებით, ოსმალეთმა ჩაიდინა უმძიმესი ღალატი საქართველოს მიმართ.
5. ოსმალეთის ოფიციალური ისტორია გადმოგვცემს, რომ „ბათუმი დაურჩა საქართველოს მოსკოვის ხელშეკრულების ძალით, რომელიც დადებულ იქმნა ამ ქვეყნის (საქართველოს) საბჭოთა რესპუბლიკების კავშირში შესვლის შემდეგ“-ო. ესეც სიცრუეა!
საქართველო საბჭოთა კავშირში ნებით არ შესულა; საქართველოს ოკუპაცია მოუხდინა საბჭოთა რუსეთმა; ეს იყო ძალადობისა და მიმძლავრების აქტი; ამას გარდა, მოსკოვის ხელშეკრულება დაიდო 16 მარტს 1921 წელს. იმ დღეს ბათუმი კვლავ საქართველოს რესპუბლიკას ეკუთვნოდა; იმ დღეს ბათუმში საქართველოს მთავრობა იმყოფებოდა. ასეა ფორმალურად.
როგორც ვხედავთ, ოსმალეთის ოფიციალური ისტორია სავსეა სიყალბით იმ მზაკვრული და მუხანათური მოქმედების გამო, რომელიც ოსმალეთმა საქართველოს მიმართ ჩაიდინა, როცა მან ისარგებლა საქართველოს ბედკრული მდგომარეობით და მას მიწა-წყალი წააგლიჯა. ყოველივე ეს ხდებოდა მაშინ, როცა ოსმალეთის წარომადგენელნი, საქართველოს ზურგს უკან, მოსკოვში ხელშეკრულებას ამზადებდნენ იმავე საქართველოს გასანადგურებლად მოსკოვთან ერთად. ამ შეერთებულმა თავდასხმამ, დიპლომატიურ და სამხედრო ასპარეზზე ომის წაგებამ ფიზიკურად დაღუპა საქართველოს რესპუბლიკა, და დაღუპა ქართველი ერის თავისუფლებაც.
24. სამი წლის ბრძოლა მესხეთის გამო
აქ მონაცემი მასალებიდან ბევრი სხვა და სხვა საჭირბოროტო დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა. ამიერკავკასიის და კერძოდ საქართველოს ცხოვრების უკანასკნელი სამი წლის ისტორია გვიკარნხებს: არ ვიქმნეთ გატაცებული დღეს მოდაში არსებული კონფედერაციის მაღალი იდეალებით და სინამდვილეს თვალში პირდაპირ შევხედოთ; იგივე ისტორია გვიჩვენებს, თუ რაოდენ განმარტოებული არის საქართველო, როდესაც საკითხი კავკასიის ნებაყოფლობით სახელმწიფოებრივ მოწყობას ეხება; იქიდანვე ჩანს, თუ რაოდენ ჩვენი მეზობლები სხვა და სხვა გზით მიემართებოდნენ და კავკასიის მთლიანობას შეგნებულად არღვევდნენ, – პირველ რიგში ამ მხრივ სდგას აზერბაიჯანი, რომელიც არა კავკასიაზე და თავის თავზე, არამედ ოსმალეთზე ოცნებობდა, და თავის ინტერესებს მას სწირავდა; იგივე ისტორია გვეუბნება, რომ მეზობლები საქართველოს ტერიტორიის შემცირებას და ამით საქართველოს დასუსტებას ცდილობდნენ და ამ მიზანს დაბეჯითებით ემსახურებოდნენ; იმავე მოკლე წარსულმა დაგვანახა, თუ რატომ დამარცხდა საქართველო, რომელიც გახდა მსხვერპლი საგარეო პოლიტიკაში ორმაგი და მერყევი პოლიტიკის წარმოებისა; ეს მოკლე ხანის გუშინდელი წარსული თვალწინ ნათლად შლის იმ სისუსტესა და მოუმზადებლობას, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა რუსეთის მიმართ; და იგივე აშკარად და უეჭვოდ ამბობს, რომ ოსმალეთი რჩება საქართველოს დაუძინებელი მტერი დღესაც; კიდევ ბევრი ირიბული დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენთვის დღეს პირველ რიგში, როგორც ეს ნარკვევიდანაც ცხადია, ისევ მესხეთის საკითხი დგას...
ჩვენთვის დავის საგანი არ არის, რომ მესხეთი საქართველოს განუყრელი ნაწილია: გეოგრაფიულად, ისტორიულად, გეოპოლიტიკურად, რასობრივად, ეროვნულად.
რუსეთის იმპერიის დროს მესხეთის შემოერთება – ეს იყო დაბრუნება ძმებისა, როგორც ილია ჭავჭავაძე სწერდა; და მთელმა საქართველომ ასე მიიღო იგი. და ტერიტორიულ დაბრუნებასთან ერთად დაიწყო ეროვნულ-კულტურული გადაბმა-გადაკავშირება დედა-საქართველოსთან; ესაა პროცესი, რომელიც მსოფლიო ომის დროს ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, ვინაიდან ქართული ეროვნული შეგნებისა და კულტურის ათვისებას მესხეთში ხელს უშლიდა ერთი მხრით რუსეთის მთავრობა, რომელიც თავის განსაკუთრებულ გამარუსებელ პოლიტიკას აწარმოებდა და რუსული ეკლესია, რომელიც მაჰმადიანობას ებრძოდა; და მეორე მხრით კი თვით ოსმალეთი, რომელიც პანისლამური და პანთურქული ქადაგებით მესხეთის მუსულმანური მოსახლეობის ერთ ნაწილს მაინც თავისაკენ იზიდავდა. ამ პოლიტიკათა შედეგებმა აღმოხეთქა მსოფლიო ომის დროს, აჭარლების პროცესში, როდესაც რუსეთის მთავრობამ განსაკუთრებული დევნა დაუწყო მაჰმადიან ქართველებს და მერე ოსმალების შემოსევის დროს კავკასიაში, როდესაც ოსმალური აგენტების ქადაგებით მოტყუებული და გაბრუებული მაჰმადიანთა ზოგი წრეები ოსმალეთს მოუძღოდნენ და მის პანისლამურ მისწრაფებებს გზას უკაფავდნენ. ასეთი მძიმე და რთული საკითხების წინ იდგა საქართველო მსოფლიო ომისა და რევოლუციის ხანაში.
მესხეთის საკითხი პრაქტიკულად დაისვა ზავთან დაკავშირებით პირველად ბრესტ-ლიტოვსკში, შემდეგ ტრაპიზონში და ბათუმში. ჩვენ უკვე გამოვთქვით აზრი, რომ ბრესტ-ლიტოვსკში ამიერკავკასიის დელეგაციის არგაგზავნა შეცდომა იყო. ბრესტ-ლიტოვსკში დასწრება გამოიწვევდა ერთი მხრით საბჭოთა რუსეთისაგან ფორმალურადაც გამოყოფა-ჩამოშორებას, და მაშასადამე, სათანადო დროს სახელმწიფოს შექმნას, რომელსაც დამოუკიდებლივ შეეძლებოდა ლაპარაკი; ხოლო მეორე მხრივ შესაძლებელი იქნებოდა ოსმალეთის მადის აღკვეთა იმავე გერმანიის შემწეობით, რომელიც ფორმალურად ახლად შექმნილ ამიერკავკასიის სახელმწიფოს მფარველობას გაუწევდა, როგორც საბჭოთა რუსეთის, ისე ოსმალეთის წინაშე. ასეთია დღესაც ჩვენი მოსაზრება.
ბრესტ-ლიტოვსკში ოსმალეთმა პირობით მიიღო ყარს-არდაგან-ბათუმის მხარენი: ქართული მესხეთის ნაწილი და სომხეთის – ყარსი. ამიერკავკასიის სეიმმა და მთავრობამ, რომელსაც ფაქტიურად ქართული ძალები ხელმძღვანელობდნენ, ერთხმად უარყო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება; მაგრამ არსებითად ეს უარყოფა არ იყო მტკიცე და ერთნება, რადგან აზერბაიჯანი და ბევრი მაჰმადიანობა ოსმალეთთან დამოკიდებულების საკითხში ორმაგ და თვალთმაქცურ პოლიტიკას მისდევდა: ერთი მხრივ ქართულ-სომხურ პოლიტიკას ღებულობდა და მეორე მხრივ ოსმალეთს სამხედრო, პოლიტიკურსა და მორალურ დახმარებას უწევდა. აზერბაიჯანმა არ მოისურვა ფაქტიურად ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების უარყოფა, როდესაც კავკასიის საზღვრების დაცვა აუცილებელი გახდა, გამოეცალა საერთო ფრონტს, რომლის შედეგად თვით ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაირღვა. მესხეთის საკითხმა გამოიწვია ეს მოვლენა.
შეეძლო ქართულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაეცა ოსმალეთისათვის მესხეთის დიდი ნაწილი, ბათუმის მთელი ოლქი? ჰქონდა მას ამისათვის ან იურიდიული, ან პოლიტიკური, ან ზნეობრივი, ან ეროვნული უფლება? – არა ჰქონდა. იმიტომ რომ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება დასდო საბჭოთა რუსეთის მთავრობამ, რომელსაც ამიერკავკასიის მთავრობა არა სცნობდა;
იმიტომ რომ ქართული შეგნება და აზროვნება, ქართული ცხოვრება მესხეთს საქართველოდ სთვლიდა და თავის პოლიტიკურ ფარგალში ატარებდა;
იმიტომ რომ ისტორიის შეგნებითა და რასიული ინსტინქტით, ქრისტიანული და მაჰმადიანური საქართველო ერთი იყო და არის, და სხვისი ხელით გაცემულ თუ გაყიდულ მესხეთს, საქართველოც ვერ გასცემდა;
იმიტომ რომ გეოგრაფიულად, სტრატეგიულად, ეკონომიურად, პოლიტიკურად, მესხეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია;
იმიტომ რომ ქართულ შეგნებაში და ინსტინქტში გრიგალივით წამოიჭრა ქართული ძველი სული, მოგონება საფლავთა, ტაძართა, კულტურის ნაშთთა, და შოთა რუსთაველის.
ეს რეალ-პოლიტიკური მისწრაფება და ეროვნული მისტიციზმი განიცადა ყველამ, ვინც იმ ხანას მოესწრო. დიდი საქართველოს შექმნა, გაერთიანება ქართულ კუთხეთა – ეს იყო დიდი მიზანი, რომელსაც მრავალი მსხვერპლი შეეწირა. და ჩვენ ქედს ვიხრით მოწიწებით იმ გმირთა წინაშე, ვინც ამ ბრძოლაში დაიღუპა.
უცხოელთათვის ეს ბრძოლა გაუგებარი დარჩა და საქართველოს ბრალსა სდებენ შოვინისტობაში. ეს აიხსნება იმით, რომ უცხოელები არც ქართულ ისტორიას იცნობდნენ და მათ არც ქართული ეროვნული ინტერესები გაეგებოდათ. ამიტომ გასაკვირი არ არის, მაგალითად, ერთი ინგლისელის, ბატონ ბეჰოფერის ასეთი შეხედულება: „თავისუფალი და დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო საქართველოსი ყოველთვის დარჩება ჩემს ხსოვნაში, როგორც კლასიკური მაგალითი იმპერიალისტური პატარა ეროვნებისა, როგორც თავის საზღვართა გარეშე ტერიტორიების მიტაცებით, ისე თვით სახელმწიფოს შიგნით ბიუროკრატიული ტირანიით. მისი შოვინიზმი სცილდება ყოველგვარ ფარგლებს“-ო.
დასახელებულ პირს რომ საქართველოს ცხოვრების რაიმე გაეგებოდეს, ასე იოლად არ დააფასებდა ქართველი ერის ბრძოლას თავისი ტერიტორიული თავდაცვისათვის. საქართველოს მთავრობას რომ ასეთი პირებისათვის ყური ეთხოვებინა და მათთვის დაეჯერებინა, მაშინ მას უარი უნდა ეთქვა მთელ მესხეთზე, მთელ საინგილოზე, მთელ ბორჩალოზე, მთელ აფხაზეთზე, მთელ „სამხრეთ-ოსეთზე“ და საქართველო რაღა იქნებოდა??!! სულ მხოლოდ ორიოდე მაზრა, ესე იგი: საქართველოს უარი უნდა ეთქვა თავის თავზე, მას უნდა მოეკლა თავი საკუთარი ხელით და საერთოდ, ყოველი განზრახვაც სახელმწიფოებრივი არსებობის შესახებ უკუეგდო, როგორც ბოროტი აზრი და უბედურება. მაგრამ ქართველ ერს აღმოაჩნდა სიცოცხლისა და ბრძოლის უნარი; მისმა ეროვნულმა ინსტინქტმა თვით გამოძებნა გეზი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენისათვის, თავდაცვისათვის. ეს კი გულისხმობდა სისხლისღვრას; და მან დაიცვა საინგილო, დაიცვა აფხაზეთი, დაიცვა „სამხრეთი ოსეთი“, დაიცვა ბორჩალო და იცავდა გამწარებით მესხეთს.
ჩვენ შევეხეთ ამჟამად მხოლოდ მესხეთის საკითხს. და მოკლედ აღვწერეთ ის ბრძოლა, რომელიც მის დასაცავად სწარმოებდა. ჩვენ დავინახეთ, რომ მესხეთის წაღების პირველი მოსურნე და მებრძოლი იყო ოსმალეთი, მას კი მხარს აძლევდა ამისათვის აზერბაიჯანი და საერთოდ მაჰმადიანობის ნაწილი; პირველ ომში ოსმალეთის წინააღმდეგ საქართველო დამარცხდა. მან დაჰკარგა მესხეთის დიდი ნაწილის მაგიერ თითქმის მთელი მესხეთი, მაგრამ საქართველო ამას არ შერიგებია; მან განაგრძო ბრძოლა დიპლომატიურ ასპარეზზე.
მსოფლიო ომში მოვლენათა მსვლელობის შედეგად მესხეთი კვლავ საქართველოს უბრუნდება. და ეხლა მის ძალიან დიდ ნაწილზე სომხეთმა განაცხადა სურვილი; სომხეთმაც მოინდომა მესხეთის თავის ფარგლებში მოქცევა. აქაც საქართველომ სისხლით დაიცვა თავისი მხარე.
აიშალნენ შინაური მტრები, ოსმალეთის და სხვათა აგენტები, რომელთაც აჯანყებანი მოგვიწყვეს მესხეთში – ამას გადაება დიპლომატიური ხრიკები და თავდასხმანი. საქართველო ამ დავიდანაც გამარჯვებული გამოვიდა. მთელი ქართველი ერი საქართველოს მთავრობას ზურგს უმაგრებდა საქართველოს ტერიტორიის აღდგენისათვის და დაცვის გულისათვის. იგი სათანადო მსხვერპლს იღებდა და იარაღით ხელში იბრძოდა. გარნა შემდეგ დაემხო საქართველოს რესპუბლიკა და მას ისევ რუსეთი დაეპატრონა. ეს მოვლენა არ ყოფილა გამოწვეული ტერიტორიისათვის ბრძოლით ან საზღვრების შესახებ ომით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაქცევისა და დაღუპვის მიზეზი არა ერთი და ორია, როგორც საშინაო, ისე საგარეო. ზემომოთხობილიდანაც გასაგები უნდა იყოს, რომ მაშინ შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში, საქართველო-რუსეთის 7 მაისის ხელშეკრულებით განმარტოებული საქართველო გახდა მსხვერპლი ოსმალეთ-რუსეთის მეგობრობისა; იარაღით ბრძოლაც რუსეთის წინააღმდეგ შესაფერად არ იყო მომზადებული და არც ომი იყო წარმოებული მთავრობისა და მხედრობის მიერ სათანადოდ. ორივე საქართველოს დამარცხებაში დამნაშავე და პასუხისმგებელია.
რ ე დ ა ქ ტ ო რ ი ს ა გ ა ნ
ვიქტორ ნოზაძე 1893 წლის 17 სექტემბერს დაიბადა საჩხერის მახლობლად სოფელ მოძვში. პირველდაწყებითი განათლება საჩხერის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ჭიათურის საქალაქო სასწავლებელში განაგრძო, ხოლო 1913 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია.
გიმნაზიაში სწავლის დროს ვიქტორ ნოზაძე მარქსისტულმა მოძღვრებამ გაიტაცა და როდესაც იგი უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვის უნივერსიტეტში შევიდა, რევოლუციურ მოძრაობაში უშუალოდ ჩაება კიდეც. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ჟამს ვიქტორ ნოზაძე მოსკოვის მუშათა საბჭოს წევრი გახდა და მოსკოვის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომებში ღებულობდა მონაწილეობას.
1917 წლის მაისში ვიქტორ ნოზაძე თბილისში ბრუნდება და სოციალ-დემოკრატთა გაზეთ „ერთობაში“ იწყებს თანამშრომლობას; იმავე ხანებში ქუთათურ გაზეთ „სოციალ-დემოკრატსაც“ უძღვება.
1918 წელს ვიქტორ ნოზაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური გაზეთის – „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორია, ხოლო მომდევნო, 1919 წელს იგი სხვა ქართველ სტიპენდიანტებთან ერთად ევროპაში გაემგზავრა ევროპული სწავლა-განათლების მისაღებად.
საქართველოს გასაბჭოებამ 1921 წლის თებერვალ-მარტში ვიქტორ ნოზაძეს ინგლისში მოუსწრო. სამშობლოში დაბრუნებას მან ევროპაში დარჩენა არჩია და საქართველოში ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარების მოლოდინში სწავლას აგრძელებდა. ინგლისიდან ვიქტორ ნოზაძე გერმანიაში გადმოდის, სადაც სოციალურ მეცნიერებებს ეუფლება და 1926 წელს ბერლინის უნივერსიტეტს ამთავრებს დოქტორის ხარისხით. ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრში – პარიზში გადმოსახლდა და ცხოველ მონაწილეობას იღებს ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში. იმავე ხანებში, 30-იანი წლებიდან ვიქტორ ნოზაძე იცვლის პოლიტიკურ მსოფლმხედველობას. ახალგაზრდობისას ქართული ეროვნულო სოციალიზმის გამზიარებელი, იგი დროთა განმავლობაში უკიდურესი ქართული ეროვნული დარაზმულობის – „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხდება.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას ვიქტორ ნოზაძე საცხოვრებლად სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გადადის, ხოლო 60-იან წლებში კვლავ ბრუნდება ევროპაში, ჯერ ესპანეთში, შემდეგ კი საფრანგეთში, სადაც გარდაიცვალა 1975 წლის 24 აპრილს. დაკრძალულია თავისივე ანდერძის თანახმად პარიზთან ახლოს ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
უცხოობაში ვიქტორ ნოზაძემ არაერთი ქართული ჟურნალი და გაზეთი დააარსა („კავკასიონი“, „ორნატი“, „ქართლოსი“, „ქართველი ერი“, „მამული“) და მას დიდი მეცნიერული მემკვიდრეობა დარჩა. საქართველოში უფრო ცნობილია ვიქტორ ნოზაძის რუსთველოლოგიური ნაშრომები. სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა ვეცნობით ვიქტორ ნოზაძის ისტორიულ გამოკვლევებს. ზურაბ ავალიშვილის ცნობილი წიგნი – „საქართველოს დამოუკიდებლობა 1918–1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში“ და ვიქტორ ნოზაძის გამოკვლევა – „საქართველოს აღდგენისათვის, ბრძოლა მესხეთის გამო“, – ის ბალავარია, რომელსაც ეფუძნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921 წლებში) საგარეო პოლიტიკის პირუთვნელი ისტორია.
წინამდებარე გამოკვლევა დაიბეჭდა პარიზს მაისის თვის ჟურნალ „ქართლოსში“ 1939 წელს. საზღვარგარეთ ქართული ემიგრაციის ისტორიული მასალების ძიებისას ამ ნაშრომს ყურადღება მიაქციეს გურამ შარაძემ და აკაკი სურგულაძემ. მადლობას მოვახსენებ გურამ შარაძეს, რომლის მეოხებითაც შესაძლებელი გახდა ამ ნაშრომის გამოქვეყნება საქართველოში.
გურამ მამულია

No comments:
Post a Comment