Tuesday, February 25, 2020

ლევან თოიძე – 25 თებერვლის შემდეგ, თბილისი, „მეცნიერება“, 1990



რედაქტორისაგან: 

ნაშრომში გაშუქებულია ძალმომრეობით გასაბჭოებული საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ზოგიერთი საკითხი. ცხადყოფილია, რომ საქართველოს სსრ ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსს, მაგრამ ფაქტობრივად იგი დამოუკიდებელი არ ყოფილა. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკას წითელი არმია საქართველოდან არ გაუყვანია. ბოლომდე არ იყო გათვალისწინებული ვ. ი. ლენინის არაერთგზისი მითითება საქართველოს წითელი არმიის შექმნის თაობაზე. ქართული ეროვნული სამხედრო შენაერთები (დივიზიები) წარმოიქმნა ცალკე კავკასიის არმიის შემადგენლობაში, მაგრამ შემდგომ ისინიც გააუქმეს.

გამოკვლევაში აღნიშნულია საქართველოს ტერიტორიული დანაკარგები მისი გასაბჭოების შემდეგ: მოყვანილია ცხრილი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობა და ტერიტორიის ფართობი, რომლებიც აზერბაიჯანის სსრ, სომხეთის სსრ, რსფს რესპუბლიკას და თურქეთს გადაეცა 1921 წლიდან 1928 წლამდე, აგრეთვე აღნიშნულ რესპუბლიკათა ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მიეკუთვნება ამავე პერიოდში.

ნაშრომში პირველად ქვეყნდება ზოგიერთი საარქივო დოკუმენტი, რომელიც, ეჭვგარეშეა, დააინტერესებს მკითხველთა ფართო წრეს.

გ. გ. ლორთქიფანიძე 


საქართველო 1921 წლის თებერვალში დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. მას ჰყავდა ქართული მთავრობა. საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო საბჭოთა რუსეთმაც 1921 წლის მაისის ხელშეკრულებით. საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობა დადასტურებულია საქართველოს სსრ კონსტიტუციაში, რომელიც 1922 წლის მარტში მიიღეს. ამავე კონსტიტუციამ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოაცხადა (სხვა საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციებში მაშინ სახელმწიფო ენაზე მითითება საერთოდ არ იყო). საქართველო, როგორც დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მქონე ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზეც გადიოდა (ცხადია, რკპ /ბ/ ცენტრალური კომიტეტის კონტროლით). ერთხანს საბჭოთა საქართველოში რუსეთისა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ფულის ნიშნებთან ერთად ქართული ფულიც (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი ქართული ბონები) ფუნქციონირებდა, ქართული ფულის კურსი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისა. საქართველოს სს რესპუბლიკას ჰქონდა გერბი, დროშა და ა. შ.

ასე რომ, საბჭოთა საქართველო იურიდიულად, მე ვიტყოდი, ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობის სტატუსს, მაგრამ ყოველივე ეს, რასაკვირველია, არ ასახავდა რეალურ ვითარებას. იგი „ფორმალური სიმბოლიკა“ იყო (დ. გოგოლაძე). საქართველოდან წითელი არმია არ გაუყვანიათ. მართალია, საქართველოს საბჭოების ყრილობას კომუნისტურმა პარტიამ მიაღებინა გადაწყვეტილება რესპუბლიკაში წითელი არმიის დარჩენის შესახებ, მაგრამ ეს ხომ უმთავრესად საქართველოს კომუნისტების სურვილის გამოხატულება იყო და არა გვაქვს საშუალება დავასკვნათ შეესაბამებოდა თუ არა იგი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას (რეფერენდუმი არ ჩატარებულა). საქართველოს კომპარტიაში იმ დროს ორ ათეულ ათასამდე წევრიც არ ითვლებოდა, მაშინ როცა, სხვა პოლიტიკურ პარტიებზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო მენშევიკები თავიანთ რიგებში 80 ათასამდე წევრს აერთიანებდნენ* (გაზ. „კომუნისტის“ 1989 წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ ჩვენს წერილში მენშევიკთა რაოდენობა კორექტურის გამო არასწორადაა მითითებული: 80 ათასის ნაცვლად აღნიშნულია 8 ათასი).

წითელი არმიის საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით ვ. ი. ლენინი გ. კ. ორჯონიკიძეს 1921 წლის 29 მარტს ატყობინებდა: „ჩვენ მივიღეთ ნარიმანოვის, ბუნიათ-ზადეს და სერებროვსკის სასოწარკვეთილი დეპეშა. ისინი სამართლიანად აღნიშნავენ, რომ სრულიად შეუძლებელია მეთერთმეტე არმიის დაბრუნება დამშეულ და გაძარცულ აზერბაიჯანში. მიიღეთ უაღრესად ენერგიული ზომები, რათა ეს არმია დატოვებულ იქნეს საქართველოში და რადაც არ უნდა დაჯდეს დააჩქარეთ პურის ჩამოტანა უცხოეთიდან საქართველოს კონცესიებზე, მარგანეცზე და სხვა გაცვლით. სწრაფად მიპასუხეთ. პოლიტბიუროს დავალებით ლენინი(ვ.  ი.  ლ ე ნ ი ნ ი,  თხზულებანი, ტ. 45, გვ. 83–84). გ. კ. ორჯონიკიძისათვის ასეთი დეპეშის გაგზავნას პოლიტბიურის წევრებიდან ვ. ი. ლენინის გარდა მხარი დაუჭირეს მ. ი. კალინინმა, ლ. ბ. კამენევმა, ვ. მ. მოლოტოვმა, თავი შეიკავა ლ. დ. ტროცკიმ (იქვე, გვ. 84).

არმიისა და კონცესიების შესახებ ვ. ი. ლენინი მეორე დღესაც, 1921 წლის 30 მარტსაც უდეპეშებს გ. კ. ორჯონიკიძეს: „ძალიან გთხოვთ უაღრესად სერიოზული ყურადღება მიაქციოთ გუშინ აღძრულ საკითხს არმიისა და საქართველოს კონცესიების შესახებ. საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ზოგიერთი კონცესია დადო. მთელი ძალ-ღონით უნდა ეცადოთ განაახლოთ ეს ძველი კონცესიები, რაც შეიძლება მალე და ყოველნაირად შეეცადოთ, რომ დაიდოს ახლები, რათა კონცესიების ნაცვლად სურსათი ვიშოვოთ. აჩვენეთ ეს საქართველოს რევკომს და სასწრაფოდ მაცნობეთ მათი პასუხი.  ლ ე ნ ი ნ ი“  (იქვე).

რით არის საინტერესო ეს დეპეშები? ჯერ ერთი, ვგებულობთ რომ მეთერთმეტე არმია საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ იმდროინდელი აზერბაიჯანის მატერიალური ხელმოკლეობის გამო ეს შეუძლებლად მიიჩნიეს. გაუგებარი რჩება ერთი რამ: მეთერთმეტე არმიას სავსებით უნდა დაეტოვებინა საქართველო? ან კიდევ მას საბჭოთა აზერბაიჯანში უკვე აღარაფერი ესაქმებოდა? ე. ი. აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დასაცავად წითელი არმიის ყოფნა აუცილებელი აღარ იყო?

მეორე, ვ. ი. ლენინი, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო მძიმე სასურსათო მდგომარეობიდან გამოსავალს იმ დროს საქართველოს კონცესიებშიც ხედავდნენ. ეს აშკარად ჩანს ვ. ი. ლენინის სხვა დოკუმენტებიდანაც. 1921 წლის 5 აპრილს ვ. ი. ლენინი გ. კ. ორჯონიკიძეს სწერდა: „თქვენი პასუხი არასრული და ბუნდოვანია. გთხოვთ, შეიტყოთ დაწვრილებით საქართველოს რევკომისაგან. პირველი, დაუდასტურა თუ არა საქართველოს საბჭოთა მთავრობამ იტალიელებს კონცესია ტყვარჩელის მაღაროებზე. როდის, როგორია პირობები, მაცნობეთ მოკლედ ტელეგრაფით, უფრო დაწვრილებით წერილით. მეორე, ჭიათურის მარგანეცის მაღაროების შესახებ: გადაიყვანეს თუ არა მესაკუთრე გერმანელები მოიჯარეთა ან კონცესიონერთა მდგომარეობაზე, როდის, რა პირობებით. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ და ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებანი ძალიან სწრაფი იყოს. ამას გიგანტური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც, ვინაიდან კონცესიები, განსაკუთრებით იტალიასთან და გერმანიასთან, ისევე როგორც საქონლის გაცვლა ნავთობზე, უთუოდ დიდი მასშტაბითაა საჭირო ამ ქვეყნებთან, შემდეგ კი სხვებთანაც.

გთხოვთ, მაცნობოთ ხოლმე საქართველოს რევკომის ღონისძიებათა ამბები. 5/IV. 1921.  ლ ე ნ ი ნ ი“  (ვ.  ი.  ლ ე ნ ი ნ ი.  თხზულებანი, ტ. 45, გვ. 90–91).

1921 წლის 14 აპრილს ვ. ი. ლენინი აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, დაღისტნის და მთიელთა რესპუბლიკის კომუნისტებს სწერდა: „...ეკონომიურად რუსეთი მოწყვეტილი იყო და მნიშვნელოვნად ახლაც მოწყვეტილი რჩება მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნებისაგან; კავკასიას შეუძლია უფრო სწრაფად და ადვილად მოაგვაროს „თანაცხოვრება“ და საქონელგაცვლა კაპიტალისტურ დასავლეთთან... ეკონომიკური მხრივ ყოველნაირად, გაძლიერებით, სწრაფად გამოვიყენოთ კაპიტალისტური დასავლეთი კონცესიებისა და საქონელგაცვლის პოლიტიკაში. ნავთი, მარგანეცი, ქვანახშირი (ტყვარჩელის მაღაროები), სპილენძი – ასეთია უდიდესი სამთამადნო სიმდიდრეთა ოდნავადაც არასრული სია. არის სრული შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაიშალოს კონცესიების პოლიტიკა და საქონელგაცვლა საზღვარგარეთთან“ (ვ.  ი.  ლ ე ნ ი ნ ი,  თხზულებანი, ტ. 32, გვ. 398).

1921 წლის აპრილში (28-ზე ადრე) ვ. ი. ლენინი რსფსრ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილეს ა. მ. ლეჟავას აცნობებდა: „საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც  რ უ ს ე თ ი ს  საგარეო ვაჭრობის  ს ა ფ ა რ ი.  ეს მოხერხებულია იტალიისთვისაც,  გ ე რ მ ა ნ ი ი ს თ ვ ი ს ა ც,  ამერიკისთვისაც.

1) გამონახეთ ჭკვიანი კაცი, რომ იქ გავგზავნოთ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატისაგან. რაც შეიძლება სწრაფად!

2) ამის შესახებ დაწვრილებით მოელაპარაკეთ სტალინს. დღესვე.

3) მომწერეთ ორიოდე სიტყვა, შედეგები.

საჭიროა ბათუმის გზით საგარეო ვაჭრობის გეგმა (და ფონდი).

საგარეო ვაჭრობის გეგმა არა გაქვთ. ტყუილუბრალოდ ჰყრით და ნებას აძლევთ გადაყარონ. ვიომებ თქვენთან.

სურსათისა და სათბობისათვის 1921 წელს. არც ერთი გროში მეტი. აი თქვენ ხაზი. შეადგინეთ გეგმა ამ ხაზის მიხედვით, და ნუ აჰყვებით „დაწოლასა“ და „გავლენას“ (ვ.  ი.  ლ ე ნ ი ნ ი,  თხზულებანი, ტ. 45, გვ. 119–120).

მაშასადამე, ვ. ი. ლენინს მიაჩნდა, რომ კაპიტალისტური სამყაროსაგან ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მოწყვეტილი საბჭოთა რუსეთის „საგარეო ვაჭრობის საფარის“ როლი კავკასიას, კერძოდ, საქართველოს უნდა შეესრულებინა; კავკასიას შეეძლო უფრო სწრაფად და უფრო ადვილად მოეგვარებინა მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებთან „თანაცხოვრება“ და საქონელგაცვლა. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს გასაბჭოების დაჩქარებას გარკვეულწილად ეს მომენტიც განაპირობებდა.

საქართველოში წითელი არმიის დარჩენაზე ვსაუბრობდით. ეს საკითხი, ბუნებრივია, ქართველი საზოგადოებრიობის მწვავე მსჯელობის საგანი გახდა 1921 წელსვე. თუ საბჭოთა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რჩებოდა (ეს კი ოფიციალური დოკუმენტებითაც იყო დადასტურებული), მას საკუთარი არმიაც უნდა ჰყოლოდა. წითელ არმიას კი რესპუბლიკის საზოგადოებრიობის საგრძნობი ნაწილი უცხო ძალად თვლიდა. საქართველოს კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელები თავიანთ გამოსვლებში (მშრომელთა კრებებზე, პარტიულ და საბჭოთა ფორუმებზე, პრესაში) თავისებურად ხსნიდნენ, თუ რისთვის შემოვიდნენ წითელი არმიის ნაწილები საქართველოში (მშრომელების წინაშე ინტერნაციონალისტური მოვალეობის მოხდა), ამასთან არ გამორიცხავდნენ საქართველოდან მათი გაყვანის შესაძლებლობასაც. ასეთ შემთხვევაში გარეშე მომხვდურთაგან რესპუბლიკის დაცვა საქართველოს მუშურ-გლეხურ წითელ არმიას უნდა ეკისრა. ასეთი არმიის შექმნა კი იმთავითვე პერსპექტიულად ესახებოდათ.

ქართული არმიის შექმნას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ვ. ი. ლენინი. მკითხველს ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 1921 წლის 2 მარტს ვ. ი. ლენინი გ.კ. ორჯონიკიძეს მიუთითებდა: „საჭიროა დაუყოვნებლივ შვაიარაღოთ მუშები და უღარიბესი გლეხები და ამნაირად შევქმნათ საქართველოს მტკიცე წითელი არმია“ (ვ.  ი.  ლ ე ნ ი ნ ი,  თხზულებანი, ტ. 32, გვ. 189).

ამ მხრივ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვ. ი. ლენინის 1922 წლის 13 თებერვლის წერილი გ. კ. ორჯონიკიძისადმი. დავიმოწმოთ იგი მთლიანად:

„ამხანაგო სერგო!

აბსოლუტურად აუცილებელია, რომ საქართველოს საბჭოების ყრილობამ მიიღოს გადაწყვეტილება  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  წითელი არმიის უეჭველი გაძლიერების შესახებ და რომ ეს გადაწყვეტილება  ნ ა მ დ ვ ი ლ ა დ  შესრულდეს.

უკიდურეს შემთხვევაში, თუ გლეხები წინააღმდეგი არიან, უნდა გატარდეს გადაწყვეტილება თუნდაც უაღრესად ზოგადი სახით: აუცილებლად იქნეს ცნობილი „საქართველოს წითელი არმიის უეჭველი გაძლიერება, მოვუწოდოთ ხელისუფლების ყველა ორგანოს და მთელ მშრომელ მასებს იმუშაონ ამ საქმეზე“ და სხვა.

მაგრამ  ს ა ქ მ ი თ  რადაც უნდა დაჯდეს და  დ ა უ ყ ო ვ ნ ე ბ ლ ი ვ  უნდა გავადიდოთ და გავაძლიეროთ საქართველოს წითელი არმია. თავდაპირველად დაე, იყოს 1 ბრიგადა, თუნდაც უფრო ნაკლები. 2–3 ათასი წითელი კურსანტი, აქედან ათას ხუთასი კომუნისტი, რომ ამ კურსანტებს (როგორც კადრებს) შეეძლოთ არმიად გაშლა,  რ ო ც ა | ე ს | ს ა ჭ ი რ ო | გ ა ხ დ ე ბ ა,  – ეს აბსოლუტურად აუცილებელია.

შესაძლოა სტალინმა დაუმატოს უფრო ვრცლად შესრულების სამხედრო-ტექნიკურ წესებზე.

მე ვჯერდები საქმის პოლიტიკურ მხარეს: ამის შეუსრულებლობისათვის პარტიიდან გაგაგდებთ  მ ო უ რ ი დ ე ბ ლ ა დ.  აქ ხუმრობა არ შეიძლება. ეს პოლიტიკურად აბსოლუტურად აუცილებელია, და როგორც თქვენ პირადად, ისე საქართველოს მთელი ცენტრალური კომიტეტი პასუხს აგებთ იმისთვის მთელი პარტიის წინაშე. ველოდები პასუხს. თქვენი ლენინი. 13/II. ეს ეხება ამხ. სერგოსაც და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყველა წევრსაც“.

ი. ბ. სტალინის მინაწერი:

„ამხ. ლენინის ნათქვამს ვერაფერს დავუმატებ. ვფიქრობ, რომ სერგო და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი მიხვდებიან ამხ. ლენინის მიერ წამოყენებული ღონისძიების მთელ აუცილებლობას. რაც შეეხება საქმის „სამხედრო-ტექნიკურ“ მხარეს, თქვენ ეს ჩემზე და სხვა მოსკოველებზე უკეთ იცით. ი. სტალინი“ (ვ.  ი.  ლ ე ნ ი ნ ი,  თხზულებანი, ტ. 33, გვ. 226–227).

ვ. ი. ლენინმა ეს წერილი საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობის (1922 წლის 25 თებერვალი – 3 მარტი) წინა დღეებში დაწერა. ამ დროს უცხოეთში (განსაკუთრებით ინგლისში) ფართო კამპანია იყო გაჩაღებული წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. ამ კამპანიას II და II ½ ინტერნაციონალთა ბელადები ხელმძღვანელობდნენ. ისინი საქართველოდან წითელი არმიის ნაწილების გაყვანის საკითხს აყენებდნენ.

ქართული წითელი არმიის შექმნით ვ. ი. ლენინის ასეთი დაინტერესება, ცხადია, სწორედ ამ კამპანიით იყო განპირობებული. 1922 წლის დამდეგს ძნელი იყო იმის წინასწარ განჭვრეტა, თუ დროთა განმავლობაში რა სახეს მიიღებდა ეს კამპანია. არ იყო გამორიცხული, რომ იგი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა და ხელს შეუშლიდა მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებთან საბჭოთა რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა სამოქალაქო ომისა და უცხოური ინტერვენციის შედეგად დასუსტებული საბჭოთა რუსეთისათვის. ისიც შეიძლებოდა, რომ საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენით ევროპის სახელმწიფოები იძულებული გამხდარიყვნენ მტკიცე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარების წინაპირობად საბჭოთა რუსეთისათვის საქართველოდან წითელი არმიის გაყვანა მოეთხოვათ. თუ საბჭოთა რუსეთს სხვა გამოსავალი არ ექნებოდა და ამ მოთხოვნის შესრულება აუცილებელი გახდებოდა, მაშინ საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში ქართულ წითელ არმიას უნდა დაეცვა.

გ. კ. ორჯონიკიძის პირად ფონდში, რომელიც სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ცენტრალურ პარტიულ არივში ინახება, დაცულია ი. ბ. სტალინის შემდეგი წერილი:

რ. ს. ფ. ს. რ.
მუშურ-გლეხური ინსპექციის
სახალხო კომისარიატი
მოსკოვი, პოვარსკაია ქ. 11
ტელ. 3–01–71

მეგობრებო! 

თქვენ ალბათ უკვე მიიღებდით წერილს საქართველოს წითელი არმიის დიახაც გაძლიერებისა და იმის შესახებ, რომ პოლიტიკურად საჭიროა მივიღოთ სათანადო დადგენილება საქართველოს საბჭოების ეროვნულ ყრილობაზე.

ამას რომ შეგახსენებთ, გირჩევთ ახლავე მიიღოთ ზომები სულისკვეთების შესაბამისად (საქართველოს წით/ელი/ არმიის გამოყოფა კავ/კასიის/ ცალკე არ/მიის/ შემადგენლობიდან, საქ/ართველოს/ სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენარჩუნება და სხვა), თორემ ჩვენ ალბათ პირველი შესაძლებლობისთანავე (როგორც კი შეიქმნება საქ/ართველოს/ წით/ელი/ არმია) საქართველოდან გავიყვანთ რუს(ეთის) წით(ელ) არმიას.

კომ(უნისტური) სალ(ამით) ი. სტალინი (მლიცპა, ფ. აღწ. 12, ს. III, ფურც. 39 /არქივებიდან დამოწმებული რუსულენოვანი დოკუმენტების თარგმანი ეკუთვნის რევაზ ბარკალაიას/).

ეს წერილი 1922 წლის 22 თებერვალს დაიწერა. ამ დროს, როგორც ვხედავთ, ი. ბ. სტალინი არ გამორიცხავდა საქართველოდან წითელი არმიის გაყვანის შესაძლებლობას.

ქართული წითელი არმიის ჩამოყალიბებას საქართველოში რუსეთის წითელი არმიის დარჩენის შემთხვევაშიც დიდი პოლიტიკურ-სააგიტაციო მნიშვნელობა ექნებოდა. ასე რომ, ქართული წითელი არმიის შექმნა და გაძლიერება ყოველმხრივ გამართლებული ჩანდა.

ამიტომაც იყო, რომ საქართველოს საბჭოების პირველმა ყრილობამ, ვ. ი. ლენინის მითითების თანახმად, მიიღო მიმართვა „ქართული წითელი არმიის შესახებ“, რომელშიც ძირითად ამოცანად იყო მიჩნეული ქართული წითელი არმიის უკვე არსებული ბირთვის განმტკიცება. ამავე ყრილობამ, როგორც ითქვა, სთხოვა რუსეთის სფს რესპუბლიკის მთავრობას არ გაეყვანა წითელი არმიის ნაწილები საქართველოს ტერიტორიიდან.

ქართული წითელი არმიის გაძლიერების შესახებ ვ. ი. ლენინის წინადადება რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ 1922 წლის 25 თებერვალს დაამტკიცა (იხ.  ვ.  ი.  ლ ე ნ ი ნ ი,  თხზ., /რუს./, ტ. 44, გვ. 588, 170-ე შენიშვნა).

ახლა ვნახოთ როგორ განხორციელდა პრაქტიკულად ვ. ი. ლენინის ეს მეტად მნიშვნელოვანი დირექტივა.

ქართული წითელი არმიის შექმნას დიდი ხარჯები სჭირდებოდა, რაც საქართველოს მოსახლეობას უნდა გაეღო. სირთულეებთან იყო დაკავშირებული არმიის კონტინგენტის შევსებაც. ამას გვაფიქრებინებს ვ. ი. ლენინის ზემოციტირებული წერილის ის ადგილიც, სადაც მოცემულია რჩევა როგორ უნდა მოიქცნენ საქართველოს კომუნისტები იმ შემთხვევაში, თუ გამოირკვეოდა, რომ „გლეხები წინააღმდეგი არიან ქართული წითელი არმიის შექმნისა“ (?!).

ბევრის მთქმელია ეს დეპეშებიც:

„მოსკოვი, კრემლი, ამხ. ლენინს და სტალინს, თბილისი. 23/II–22.

თქვენი წერილი საქ(ართველოს) არ(მიის) თაობაზე მივიღე. თქვენი დავალების შესრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ..., თუ თანახმა იქნებოდით დაგეტოვებინათ ჩვენთვის ერთი მილიონი ოქროს მანეთი, თანხა, რომელიც ცკ-ის დადგენილების თანახმად მოსკოვს უნდა გავგზავნო. ეს ჩვენ ყოველმხრივ უზრუნველგვყოფდა. ამ მილიონის წასაღებად უკვე ჩამოსული არიან. მოსკოვიდან მატერიალური დახმარება თუ არ გვექნა, ამოცანის შესრულება შეუძლებელია. გთხოვთ დღესვე მიპასუხოთ, თორემ მილიონი ხვალ უნდა გამოვგზავნო. # 132. ორჯონიკიძე“ (მლიცპა, აღწ. 18, ს. III, ფურც. 40–42).

მეორე დღესვე, 1922 წლის 24 თებერვალს ი. ბ. სტალინი გ. კ. ორჯონიკიძეს ატყობინებდა, რომ ქართული წითელი არმიის მატერიალური უზრუნველყოფისათვის „ოქრო სულაც არ არის საჭირო. იგი დანიშნულებისამებრ გააგზავნეთ. ეს ჩემი პირადი აზრია. ოფიციალური პასუხი ხვალ იქნება, რადგან დღეს არ შემიძლია გუნება გავუფუჭო ამხ(ანაგებს). სტალინი“ (მლიცპა, აღწ. 18, ს. III, ფურც. 48).

ამის შემდეგ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ე. წ. უკლონისტური შემადგენლობა რეგულარულად მსჯელობდა ქართული წითელი არმიის შექმნის პრობლემაზე. 1922 წლის 12 მაისს, მაგალითად, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა განიხილა საკითხი საქართველოს სამხედრო უწყების მდგომარეობისა და დამოუკიდებელი ქართული წითელი არმიის შექმნის ღონისძიებათა შესახებ (მომხს. ვ. ჯიქია). პრეზიდიუმმა დაადგინა: „დაევალოს მახარაძეს, ქავთარაძეს და ჯიქიას ხვალვე დაუკავშირდნენ პირდაპირი მავთულით რსფსრ-ს და გაარკვიონ, რამდენად შესაძლებელია დამოუკიდებელი საქართველოს წითელი არმიის შექმნა“ (მლისფპა, ფ. 14, აღწ. I, ს. 192, ფურც. 508).

ეს დადგენილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ვ. ი. ლენინმა საკმაოდ მკაცრი წერილი მოსწერა საქართველოს კომუნისტებს ქართული წითელი არმიის შექმნის აუცილებლობის შესახებ. რსფსრ მთავრობიდან დამატებითი ნებართვა თითქოს აღარ იყო საჭირო, მაგრამ როგორც ვნახეთ ეს აუცილებელი გახდა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის მიერ გამოყოფილ სამეულს დაევალა ბოლომდე გაერკვია ქართული არმიის სტატუსი, მოსკოვთან საუბრისას დაეზუსტებინა იქნებოდა ქართული წითელი არმია სრულიად დამოუკიდებელი თუ ნაწილობრივ მაინც უნდა დამორჩილებოდა იგი კავკასიის ცალკე არმიას. მოსკოვთან მოლაპარაკების შემდეგაც საკითხი ბუნდოვნად რჩებოდა.

1922 წლის 17 ივნისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა კვლავ მოისმინა ვ. ჯიქიას მოხსენება ქართული წითელი არმიის შექმნის შესახებ და დაადგინა:

„1. მხედველობაში გვაქვს რა, ერთი მხრივ, სავსებით ხელსაყრელი პირობები წითელი არმიის შესაქმნელად – აღიძრას შუამდგომლობა რკპ ცკ-ის წინაშე ნება დართოს ასეთი ფორმირებისა.

2. საქ(ართველოს) წით(ელი) არმიის რაოდენობა შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს გავწვრთნათ ვარგისი სამხედრო ვალდებულების ყოველწლიური კონტინგენტი, რაც 12 ათასამდე იქნება, ხოლო ზურგიანად არმიას ეყოლება 15 ათასამდე კაცი.

3. საქ(ართველოს) წით(ელი) არმიის ორგანიზაცია უნდა დაექვემდებაროს საქართველოს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარს, რომელიც ოპერატიული და ინსპექციის მხრივ ექვემდებარება კავკასიის ცალკე არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს.

4. იმის გამო, რომ საქართველოს არსებული ბრიგადისათვის მოსკოვი გვაძლევს 5000 ულუფას, აღიძრას მოსკოვის წინაშე შუამდგომლობა, რომ მოგვცეს დამატებით ათი ათასი ულუფა საერთოდ საქ(ართველოს) წით(ელი) არმიის დასახმარებლად ყველა დანარჩენი კმაყოფის სახეობათა მხრივ.

5. თავის მხრივ საქართველოს კპ ცკ რეალური შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას აღმოუჩენს საქ(ართველოს) წით(ელ) არმიას საქართველოს სსრ-ის რესურსებიდან ყველა არსებული საშუალებით“.

ჯერ კიდევ 1922 წლის 12 ივნისს კავკასიის ცალკე არმიის სარდალმა ა. ი. ეგოროვმა და რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრმა გ. კ. ორჯონიკიძემ ოფიციალურად აცნობეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, რომ არასწორად მიაჩნიათ ქართული ბრიგადის გამოყოფა კავკასიის ცალკე არმიის შემადგენლობიდან, რასაც ვ. ჯიქია მოითხოვსო. თუ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი ვ. ჯიქიას მოსაზრებას გაიზიარებს და სათანადო დადგენილებასაც მიიღებს, – აღნიშნავდნენ ა. ი. ეგოროვი და გ. კ. ორჯონიკიძე, – მაშინ იძულებული ვიქნებით „ვაცნობოთ ეს რკპ ცკ-ს და რესპუბლიკის რევოლუციურ-სამხედრო საბჭოს და მოვიხსნათ პასუხისმგებლობა, თუკი ასეთი ზომა საქართველოს ჯარის გახრწნას გამოიწვევს. ამასთან საკითხის ასე გადაჭრისას საჭიროა ძირეულად გადავსინჯოთ ზემოთ აღნიშნული შეთანხმება“ (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 192, ფურც. 604) (იგულისხმება საქართველოს სს რესპუბლიკასა და რუსეთის სფს რესპუბლიკას შორის 1921 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება – ლ. თ.).

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1922 წლის 17 ივნისის დადგენილების შესახებ, ცხადია, აცნობეს რკპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტს. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები მიხეილ ოკუჯავა, სერგო ქავთარაძე, ფილიპე მახარაძე, ბუდუ ბდივანი და სილიბისტრო თოდრია იმედს გამოთქვამდნენ, რომ სერგო ორჯონიკიძის „განსაკუთრებული აზრი“ ხელს არ შეუშლიდა პრობლემის მოგვარებას (იქვე, ფურც. 603). მოსკოვიდან პასუხიც მიიღეს, მაგრამ საკითხი მაინც გაურკვეველი რჩებოდა. ამის გამო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა 1922 წლის 27 ივნისს კვლავ დაადგინა: „იმის გამო, რომ რკპ ცკ-ის პოლიტბიუროს პასუხი ბუნდოვანია, კვლავ ვთხოვთ რკპ ცკ-ს დაგვიჩქაროს საქართველოს კპ ცკ-ის იმ პირველი დეპეშის პასუხი, რომელიც ქართული არმიის საქართველოს დამოუკიდებელ წითელ არმიად გამოყოფას ეხებოდა“.

ამავე საკითხზე საინტერესო ცნობებს ვპოულობთ „ძერჟინსკის კომისიის“ მასალებში. ეს კომისია რკპ (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა 1922 წლის მიწურულში შექმნა. მას სათავეში ფ. ე. ძერჟინსკი ჩაუყენეს, რის გამოც ისტორიულ წყაროებში ეს კომისია „ძერჟინსკის კომისიის“ სახელით მოიხსენიება. კომისიის ამოცანა იყო შეესწავლა რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროსა (შემდეგ– რკპ /ბ/ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი) და საქართველოს კომპარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტს შორის იმ დროს არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც, უმთავრესად, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნასა და შენარჩუნებას ეხებოდა. ფაქტობრივად კომისიას უნდა გაერკვია, თუ ვინ იყო მართალი გ. კ. ორჯონიკიძესა და ქართველ ე. წ. ნაციონალ-უკლონისტებს შორის ეროვნული საკითხის გარშემო ერთობ გამწვავებულ დავაში. წინასწარ ვიტყვით, რომ „ძერჟინსკის კომისიამ“ კავბიურო და მისი მომხრეები გაამართლა. მასალებს გაეცნო ვ. ი. ლენინიც, რომელიც დაეჭვდა „ძერჟინსკის კომისიის“ დასკვნების საფუძვლიანობაში, მისი მუშაობის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში. მრავალო დოკუმენტი მიგვანიშნებს, რომ ვ. ი. ლენინი მხარს უჭერდა ქართველ ე. წ. „ნაციონალ-უკლონისტებს“, მან ეს რამდენიმეჯერ დაადასტურა კიდეც. თუმცა ვ. ი. ლენინმა ვერ მოასწრო თავისი საბოლოოდ ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხზე ოფიციალურად განეცხადებინა მთელი პარტიისათვის (ყოველივე ეს ცალკე საუბრის თემაა).

„ძერჟინსკის კომისია“ ქართული წითელი არმიის მშენებლობის საკითხებზე არსებული უთანხმოებითაც დაინტერესდა. ქართველი ე. წ. ნაციონალ-უკლონისტები ბრალს დებდნენ გ. კ. ორჯონიკიძესა და მის მომხრეებს, რომ მათ არ მოინდომეს ნამდვილი ქართული წითელი არმიის შექმნა. „ჩვენ ნებას არ გვრთავდნენ ჩამოგვეყალიბებინა არმია და საქართველოს ამ რიცხვმრავალ ნაციონალისტებს წითელი არმია ადევნინეს როგორც საოკუპაციო არმია“, განუცხადა ლევან აღნიაშვილმა კომისიას (მლიცპა, ფ. 5, აღწ. 2, საქ. 32, ფურც. 30).

უთანხმოებას ისიც იწვევდა, რომ რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით (1921 წლის ნოემბერი) ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკაში სამხედრო საქმის ხელმძღვანელობა (ყველა დარგში) მთლიანად გადეცა რუსეთის სფს რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს.

საქართველოს კომპარტიის (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა და რესპუბლიკის სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარიატმა ეს გადაწყვეტილება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს საქართველოს სს რესპუბლიკასა და რუსეთის სფს რესპუბლიკას შორის უკვე გაფორმებული იყო სამხედრო კონვენცია, აღძრეს შუამდგომლობა კავკასიის ცალკე არმიის შემადგენლობიდან ქართული წითელი არმიის ნაწილების გამოყოფის თაობაზე. „ნაცვლად საქართველოს წითელი არმიისა გამოგვივიდა საქართველოს ნომრიანი ბრიგადა კავკასიის ცალკე არმიის შემადგენლობაში“, – აღიშნავს ლ. აღნიაშვილი კომისიისათვის 1922 წლის 7 დეკემბერს წარდგენილ მოხსენებით ბარათში (მლიცპა, ფურც. 22, 30).

რკპ (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა უსაფუძვლოდ ჩათვალა საქართველოს სს რესპუბლიკის პარტიული და სამხედრო ორგანოების თხოვნა და დაამტკიცა ამ საკითხზე გ. კ. ორჯონიკიძისა და ა. ი. ეგოროვის (კავკასიის ცალკე არმიის სარდალი) დასკვნა, რომლის თანახმად მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული კავკასიის არმიიდან ქართული ბრიგადის გამოყოფა, საქართველოს სსრ სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარიატის გამგებლობაში მისი გადაცემა. ამასთან დაკავშირებით გ. კ. ორჯონიკიძე ი. ბ. სტალინს ატყობინებდა: „ჩემი მხრივ საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ საქართველოს ცკ-ის პრეზ(იდიუმის) გადაწყვეტილება ამიერკავკასიის ფედერაციის ჩაშლას იწვევს, რადგან თუ სამხედრო საკითხში არ იქნა ნაწილისა და სარდლობის ერთობა, სხვა საკითხებზე ლაპარაკიც არ ღირს“ (იქვე, ფურც. 30).

ერთი სიტყვით, ქართველი ე. წ. ნაციონალ-უკლონისტების აზრით, საქართველოს უნდა ჰყოლოდა ისეთი წითელი არმია, რომელიც ცალკე კავკასიის არმიას დაემორჩილებოდა მხოლოდ ოპერატიულ და საინსპეციო დარგებში. პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი კი ეყრდნობოდა რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის დირექტივას და მოითხოვდა შეექმნათ ქართული ბრიგადა ან დივიზია, რომელიც ყველა დარგში დაემორჩილებოდა ცალკე კავკასიის არმიას (ეს ასეც გაკეთდა).

ამასთან ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის სფს რესპუბლიკასა და საქართველოს სს რესპუბლიკას შორის 1921 წლის 8 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ამ ორი რესპუბლიკის სამხედრო უწყებათა გაერთიანებას, ე. ი. საქართველოს სსრ სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარიატის გაუქმებას (იქვე, ფურც. 72).

იმავე ლ. აღნიაშვილმა „ძერჟინსკის კომისიას“ განუცხადა: „ქართულ ნაწილებს ბოლო დრომდე ჰქონდათ ეროვნული განმასხვავებელი ნიშნები – ქვეით ჯარს ნაბდის ქუდები ეხურათ, ცხენოსნებს – სვანური. ახლა არმიის სარდალმა ბრძანა, ყველა ქართველმა ბუდიონის ქუდი დაიხუროსო... ეს კარგი მასალაა შოვინიზმის გასავითარებლად... მეფის რეჟიმის დროსაც კი ეროვნულ პოლკებს ნება ჰქონდათ ეროვნული ტანსაცმელი ეტარებინათ“ (იქვე, ფ. 5, აღწ. 2, საქ. 32, გვ. 77).

საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ კ. მ. ცინცაძემ (ე. წ. ნაციონალ-უკლონისტი) „ძერჟინსკის კომისიას“ უამბო საგანგებო კომისიის ჯარებში არსებულ მდგომარეობაზე. დავიმოწმოთ რამდენიმე ადგილი მისი გამოსვლიდან: „შემდეგ ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ჯარების მოწყობის საკითხზე საშინლად შევეტაკეთ მე და ამიერკავკასიის საგანგებო კომისია, მე და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დავიჩემეთ, საგანგებო კომისიის ჯარებში ადგილობრივი ელემენტი უნდა შედიოდესო“.

„რაზმებში ადგილობრივი მოსახლეობიდან არც ერთი კაცი არ იყო... მთელმა ჩემმა ჭაპანწყვეტამ ამ მხრივ ფუჭად ჩაიარა. მე ჩემი პასუხისმგებლობით შევუერთე რაზმებს რამდენიმე ათეული ქართველი... ნაწილებში ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ჯარების მეთაურები და უფროსები მათ ისე ეპყრობოდნენ, რომ ყველა გადეზერტირდა... ჯარების უფროსმა ივანოვსკიმ ბათუმში დეპეშა გამომიგზავნა, სამარიდან შევსება მივიღეთ 1345 კაცი ველიკორუსი და მაცნობე რამდენი კაცით გჭირდებათ შევსება, ამასთან ეროვნული ელემენტი გაითვალისწინეთ. დეპეშაში განმარტებული იყო, თუ ვინ უნდა დაგვეთხოვა ბატალიონიდან, მათ შორის ყველა ქართველი“.

„ამისთვის მე ნაციონალისტად მომნათლეს... ვინ დაითვლის, რამდენი ასეთი შეცდომა მოსდიოდათ იმ ამხანაგებს, ვინც ადგილობრივ პირობებს არ იცნობდა“.

„გაერთიანებულ სახალხო კომისარიატებში მთელი საქმისწარმოება და ადგილებთან ურთიერთობა რუსულ ენაზე იყო“.

„ბათუმის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ამხ. ხრუცკიმ განაცხადა: ახლა ისეთი კურსია აღებული, რომ საგანგებო კომისიიდან ყველა ქართველი შეიძლება დაითხოვოო“.

„თბილისის ბევრ დაწესებულებაში რუსული ენა შემოაქვთ, რკინიგზაზე რუსული ენა შემოიღეს“.

„თბილისს მოკალათებული ძველი შავრაზმული ჩინოვნიკობა ყველა მოვლენას ისეთ შეფასებას აძლევს, რომ საქართველოს ბოლო მოეღო, ერთიანი განუყოფელი რუსეთი იქნებაო“ (მლიცპა, ფურც. 77–78).

დავუმატოთ რამდენიმე ადგილი ამავე კომისიის სხდომაზე ფ. ე. მახარაძის გამოსვლიდან:

„ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ლედორი სახკომსაბჭოს გამოცემულ ყველა დეკრეტს აუქმებს“.

„ამიერკავკასიის საბჭოების ყრილობას რესპუბლიკათა ყრილობების გვერდის ავლით იწვევენ. ამით რესპუბლიკათა ცაკ-ებს სამუშაოს არიდებენ და ფიქციად აქცევენ“.

„ამიერკავკასიის ფედერაციის სამოკავშირეო საბჭო მოითხოვდა, რომ საქართველოში მისი დადგენილებები არა საქართველოს სახკომსაბჭოს და ცაკ-ის, არამედ უშუალოდ სამოკავშირო საბჭოს სახელით განეხორციელებინათ. ზოგჯერ სამოკავშირეო საბჭოს განკარგულებას საქართველოს ცაკ-ს და სახკომსაბჭოს ისე უგზავნიდნენ, რომ სამოკავშირეო საბჭოს თავმჯდომარის კი არა, პრეზიდიუმის თუნდაც ერთი წევრის ხელმოწერაც კი არ ჰქონდა“ (მლიცპა, ფ. 5, აღწ. 2, ს. 32, ფურც. 78).

ვ. ი. ლენინი ნაშრომში „ეროვნებათა საკითხისათვის ანუ „ავტონომიზაციის შესახებ“ მიუთითებდა: „უნდა შემოვიღოთ უმკაცრესი წესები ეროვნული ენის ხმარების შესახებ ჩვენს კავშირში შემავალ სხვაეროვნებიან რესპუბლიკებში და განსაკუთრებით გულმოდგინედ შევამოწმოთ ეს წესები. ეჭვი არ არის, რომ სარკინიგზო სამსახურის ერთიანობის საბაბით, ფისკალური ერთიანობის საბაბით და სხვ. ჩვენში, ახლანდელი ჩვენი აპარატის არსებობისას, ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ | რ უ ს უ ლ ი | თ ვ ი ს ე ბ ი ს | უ ა მ რ ა ვ ი | ბ ო რ ო ტ მ ო ქ მ ე დ ე ბ ა (ხაზგასმა ჩვენია – ლ. თ.) იპოვის გზას“ (ვ.  ი.  ლ ე ნ ი ნ ი,  თხზ., ტ. 36, გვ. 694–695).

სწორედ „ჭეშმარიტად რუსული თვისების ბოროტმოქმედებების“ გამოვლენას გმობდნენ ქართველი ე. წ. ნაციონალ-უკლონისტები, რაც აშკარად ჩანს „ძერჟინსკის კომისიის“ მასალებიდანაც. სხვათა შორის ვ. ი. ლენინის მიერ გამოყოფილმა სამუშაო ჯგუფმა (ლ. ა. ფოტიევა, მ. ი. გლიასერი და ნ. პ. გორბუნოვი) საკითხების მიხედვით დაალაგა „ძერჟინსკის კომისიის“ მასალები და ვ. ი. ლენინისთვის წარსადგენ „მოხსენებაში“ განყოფილება, რომელშიც თავმოყრილი იყო კ. მ. ცინცაძისა და ფ. ე. მახარაძის ზემოაღნიშნული გამონათქვამები, ასე დაასათაურა: „ჭეშმარიტად რუსული თვისების ბოროტმოქმედების „ზოგიერთი ნიმუში“ (მლიცპა, ფ. 5, აღწ. 2, ს. 32, ფურც. 77).

ქართველ ე. წ. ნაციონალ-უკლონისტთა ხელიდან გამოსულ დოკუმენტებში ბევრი სხვა მსგავსი ფაქტებიცაა მოყვანილი (რაც აგრეთვე ცალკე საუბრის თემაა).

საბოლოო ანგარიშით ქართული წითელი არმია, როგორც ასეთი, არ ჩამოუყალიბებიათ, ფაქტობრივად შეიქმნა მხოლოდ რამდენიმე ქართული საჯარისო შენაერთი, რომლებიც შემდეგ, მოგვიანებით საერთოდ გააუქმეს.

ეს რაც შეეხებოდა სუვერენული სახელმწიფოს ისეთ ატრიბუტს, როგორიცაა არმია. ახლა ორიოდე სიტყვა საქართველოს კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა მთავრობის რეალური სტატუსის შესახებ.

საქართველოს კომუნისტური პარტია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე რესპუბლიკის ხელმძღვანელ და წარმმართველ ძალად ითვლებოდა, დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპზე აგებული რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბ) განუყოფელი შემადგენელი ნაწილი იყო და მისი საოლქო ორგანიზაციის უფლებებით სარგებლობდა. ამდენად, მას მხოლოდ იმის გაკეთება შეეძლო, რის უფლებასაც რკპ (ბ) მისცემდა. პარტია, ვერც რესპუბლიკის საბჭოთა მთავრობა თავიანთ საქმიანობაში რეალურად დამოუკიდებელი ვერ იქნებოდნენ. თუმცა, შექმნილ ვითარებაში საქართველოს კომუნისტებს ეს სავსებით ბუნებრივად მიაჩნდათ. ურიგდებოდნენ ამას ე. წ. ნაციონალ-უკლონისტებიც, რომელთაც საქართველოს სრული დამოუკიდებლობა არასოდეს მოუთხოვიათ.

ბუნებრივი იყო ისიც, რომ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა სავსებით დამოუკიდებლად თვით კავბიუროსაც არ შეეძლო. ეს ნათლად ჩანს ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტებიდანაც, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნიან, თუ როგორ არჩევდა კავბიურო, მაგალითად, საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას.

1922 წლის 8 თებერვალს გ. კ. ორჯონიკიძემ ასეთი დეპეშა გაგზავნა მოსკოვში:

„მოსკოვი, კრემლი. რკპ ცკ-ს, ასლი ამხ. ლენინს და სტალინს. თბილისი. 8. II – 22.

საბჭოების ყრილობა 25/II გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით დგება მდივანის – სახკომსაბჭოს თავმჯდომარის საკითხი. ვვარაუდობდით გადაგვენაცვლებინა (იგი) სამოკავშირეო საბჭოში. საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ დარჩენაზე ის უარს ამბობს და არც შეიძლება მისი დატოვება ამ პარტკონფერენციამდე. ვაყენებთ მახარაძის კანდიდატურას. პარტიაში ეს კანდიდატურა ყველაზე პოპულარულია. ს ხ ვ ა | დ ა ნ ა რ ჩ ე ნ ი | კ ა ნ დ ი დ ა ტ უ რ ე ბ ი | შ ე ი ძ ლ ე ბ ა | გ ა ვ ი დ ე ს | მ ხ ო ლ ო დ | რ კ პ ც კ-ის | დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ი თ... (ხაზგასმა ჩვენია, – ლ. თ.) გთხოვთ, სასწრაფოდ გვაცნობოთ მიაჩნია თუ არა ცკ-ს შესაძლებლად მახარაძის კანდიდატურის დამტკიცება... ორჯონიკიძე“ (მლიცპა, ფ. 85, აღწ. 18, ს. III, ფურც. 20).

ორი დღის შემდეგ, 1922 წლის 10 თებერვალს, გ. კ. ორჯონიკიძე კვლავ ატყობინებს მოსკოვს: „25-ში მოწვეულია საქართველოს საბჭოების ყრილობა. დადგება საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის საკითხი. თვითონ ბუდუ კატეგორიულად უარზეა. არც მისცემენ მოსვენებას სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე. წამოაყენებენ მახარაძის კანდიდატურას და ალბათ ერთხმადაც გავა. დანარჩენი კანდიდატურები ყველა იხსნება. ფ ი ლ ი პ ე ს | კ ა ნ დ ი დ ა ტ უ რ ა | შ ე ი ძ ლ ე ბ ა | მ ო ი ხ ს ნ ა ს | მ ხ ო ლ ო დ | რ კ პ | ც კ-ის | დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ი თ (ხაზგასმა ჩვენია – ლ. თ.), მაგრამ თავსმომხვევთ არ გაახარებენ. გენუიდან ბუდუს დაბრუნების საკითხი ფორმალურად შეიძლება გავაჭიანუროთ, მაგრამ შესაძლოა ამ ხნის მანძილზე ფილიპე მოადგილედ წამოაყენონ. რა ვქნათ? ბუდუს გამგზავრებასა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ნაზარეტიანის გამოწვევა ზედმეტი ხდება. ამიტომ გთხოვ ნუ დაიჟინებ ამას, ანდა, თუ საშველი არაა, ეს საკითხი ყრილობამდე გადავდოთ.

ეს დღეებია რუსული მანეთის კურსი საშინლად დაეცა – 50-60 %. მიზეზი ჯერ არ არის გარკვეული. სვანიძე ამას იმით ხსნის, რომ ჩვენი ფულის ნიშნები დიდი რაოდენობით მოზღვავდა. ერთობ ცუდი მდგომარეობაა. პური 17 ათასიდან 45 ათასამდე გაძვირდა. ყველანი... ჯანდაბას იქით წასულან. გთხოვთ მიპასუხოთ. ორჯონიკიძე“ (მლიცპა, ფ. 85, აღწ. 18, ს. III, ფურც. 23).

1922 წლის 14 თებერვალს რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, პირადად გ. კ. ორჯონიკიძეს აცნობეს:

„14.II–22 წ. ფილიპეს კანდიდატურა არასერიოზულად მიმაჩნია. ფილიპე ყოველთვის საშუალო ტიპის ლიტერატორი იყო და კვლავაც ასეთად რჩება. ის არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება არც პოლიტიკური ხელმძღვანელი, არც ორგანიზატორი, არც პრაქტიკული მოღვაწე. სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ ასეთი კაცის დაყენება საქმის ინტერესების მოშლას ნიშნავს. ფილიპეს შეიძლება ჩააბარო გაზეთი, ჟურნალი ან უკიდურეს შემთხვევაში საქართველოს ცაკ-ის თავმჯდომარის პოსტი. ეს მე ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე ვთქვი. ეს შენც აღიარე ორახელაშვილთან ერთად, როცა რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ფილიპეს გადაყენებას მოითხოვდით. ამას იტყვის ყველა, ვინც ფილიპეს იცნობს. ნაზარეტიანზე მე უკვე ვთქვი, მოსახსნელია-მეთქი. ვფიქრობ, რომ ჭორიკანებისა და მოლაყბეების კიდევ მთელი ჯგუფი უნდა მოვხსნათ. მიიღეთ თუ არა მოსკოვიდან მოწოდება? მგონია, მანეთის კურსის დაცემა რუსეთის ფულის მოზღვავებით აიხსნება, რაც პორტო-ფრანკოთია გამოწვეული. დასკვნა ნათელია. სტალინი“ (მლიცპა, ფ. 25, აღწ. 18, ს. III, ფურც. 37).

ამ დეპეშაში ჩვენს ყურადღებას იპყრობს არა ის, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატურის შესახებ ქვემდგომი პარტიული ორგანო ზემდგომს ეთათბირება. აქ მთავარი იმის დადასტურებაა, რომ რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით საქართველოში ნებისმიერი კანდიდატურა შეიძლება დაამტკიცონ. და ეს ხდება არა მარტო პარტიაში, არამედ მთავრობაშიც.

საქართველოს კომუნისტური პარტიის რეალური სტატუსი ასე განსაზღვრა ი. ბ. სტალინმა, რომელმაც 1921 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ თათბირზე ა. მ. ნაზარეტიანის საპასუხოდ განაცდახა: „საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უფლებები უთანაბრდება არა საგუბერნიო კომიტეტის, არამედ საოლქო კომიტეტის უფლებებს, ეს კი სხვა რამეა“ (მლიცპა, ფ. 64, აღწ. 1, საქ. 2, ფურც. 220–224).

შემცირდა თუ არა საქართველოს ისტორიული ტერიტორია საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ?

უნდა ითქვას, რომ ქართველი საზოგადოებრიობა, განსაკუთრებით კი საქართველოს პოლიტიკური პარტიები ამ მხრივ გარკვეულ პრეტენზიებს უყენებდნენ საბჭოთა ხელისუფლებას.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, რომელიც თავის მთავრობას უცხოეთში არ გაჰყვა და შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა, წერდა: „დაიპყრეს თუ არა საქართველო მაშინვე შეუდგნენ მის განაწილებას. ოსმალეთს მიეცა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი შავშეთ-ერუშეთ-არტაანი-ფოცხოვით. სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც მიუჭრეს საქართველოს მიწა-წყლის საგრძნობი ნაწილი. სომხეთს მიეცა ეგრეთწოდებული ნეიტრალური ზონა ალავერდის მადნითა და ქარხნებით, ხოლო აზერბაიჯანს სიღნაღისა და ტფილისის მაზრების ნაწილები ყარაიას ველის აღმოსავლეთ ნახევრითა და დავით გარეჯის რაიონით... რუსეთმა თვითონაც მიიჭრა და მიიზომა საქართველოს ტერიტორია ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. სახელდობრ, გაგრის ოლქის დასავლეთი ნახევარი ცივი წყალიდან მდინარე პსოუმდე, ესე იგი, დაარღვია ის საზღვარი, რომელიც 7 მაისის ხელშეკრულებით დაუდო საქართველოს“ (გ.  ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე,  ფიქრები საქართველოზე /ხელნაწერი/, გვ. 270).

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსი ალ. მანველიშვილი აღნიშნავს: „ის მხარე, რომელიც ბოლშევიკებმა ოსმალეთს გადასცეს, შეიცავს:

ართვინის ოლქს: –– 3,339 კვ. კილ; მოსახ. –– 61.000
ფოცხოვის თემს: –– 588 „ –– „ –– 15.000
არტაანის ოლქს: –– 5.137 „–– „ –– 56.000
ოლთისის ოლქს: –– 3.051 „–– „ –– 32.000

       ს უ ლ: –– 12.115 კვ. კილ. –– 164.000

გარდა აღნიშნული მხარეებისა ბოლშევიკებმა გაასაჩუქრეს საქართველოს ადგილები აღმოსავლეთითაც და სამხრეთ აღმოსავლეთითაც. სახელდობრ ბორჩალოს მაზრის ნაწილი 3.812 კვ. კილომეტრი და ზაქათალას ოლქი 3.564 კვ. კილომეტრი.

ამგვარად, ბოლშევიკებმა თურქეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს დაუთმეს საქართველოს ტერიტორიის 19.491 კვ. კილომეტრის სივრცე“ (ა ლ.  მ ა ნ ვ ე ლ ი შ ვ ი ლ ი,  საქართველოს საზღვრები, პარიზი, 1938, გვ. 18. მოსახლეობის რაოდენობა ავტორს 1916 წლის სტატისტიკური მონაცემებით აქვს დადგენილი).

გასაბჭოების შემდეგ საქართველომ, მართლაც, დაკარგა კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი. ქართული მიწები თურქეთს გარდა მეზობელ საბჭოთა რესპუბლიკებსაც გადაეცა. დრო იყო მეტად რთული, ამიერკავკასიის რესპუბლიკათა მდგომარეობა – მძიმე. მათი სახელმწიფოებრივი მოწყობისათვის აუცილებელი იყო სასაზღვრო საკითხის მოგვარება. დამოუკიდებლობის წლებში ამ საკითხს ზოგჯერ იარაღითაც „წყვეტდნენ“. გასაბჭოების შემდეგ კი ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სასაზღვრო გამიჯვნა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე ხდებოდა. თუმცა იგი ხშირად ქცეულა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა წარმომადგენლებს შორის მწვავე კამათის საგნად, როცა ზოგი ისტორიულ პრინციპს ანიჭებდა უპირატესობას, ზოგიც ეთნიკურს. ცხადია, ანგარიში უნდა გაწეოდა საკითხის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარეს.

ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარების მიზნით რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს 1921 წლის 2 მაისის პლენუმმა შექმნა სპეციალური კომისია, რომლის სხდომები იმავე წლის 25–27 ივნისს მიმდინარეობდა ქ. თბილისში.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ: კიროვი (თავმჯდომარე), სვანიძე, თოდრია (საქართველოს სსრ წარმომადგენლები), გუსეინოვი, გაჯინსკი, რასულ-ზადე, ომარ ფაიკი (აზერბაიჯანის სსრ წარმომადგენლები), ბეკზადიანი (სომხეთის სსრ წარმომადგენელი). ხელთ გვაქვს ასლი კომისიის სხდომათა საოქმო ჩანაწერებისა, რომელიც სომხეთის სსრ წარმომადგენლის მდივნის ვ. მურადიანის მიერ არის შედგენილი. დავიმოწმოთ ერთი ადგილი ამ დოკუმენტიდან. იგი კომისიის 25 ივნისის სხდომას ეხება: „სიტყვა ეკუთვნის ამხანად ბეკზადიანს, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვის ხელშეკრულების დადების შემდეგ (იგულისხმება საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის 1921 წლის მარტში დადებული ხელშეკრულება – ლ. თ.) სომხეთის მდგომარეობა გასაკუთრებით მძიმე მდგომარეობად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მან თავისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგა ეკონომიკურ რესურსებიანად – უმდიდრესი მარილის და ქვანახშირის მაღაროები და ყარსის, სარიყამიშის, ოლთის და კაგიზმანის ტყიან-საძოვრებიანი რაიონები... გარდა ამისა, ამ ბოლო ომის წყალობით ლტოლვილთა რაოდენობა 410 ათასამდე ავიდა. მათ ადგილი უნდა მივუჩინოთ, მიწა უნდა მივცეთ და მშვიდობიანი შრომა დავუბრუნოთ. ქვეყნის ასეთი მდგომარეობა უთუოდ მეტად მძიმე მდგომარეობად, ის კი არადა კრიზისულ მდგომარეობადაც უნდა მივიჩნიოთ. ახლა სომხეთს არც საკმარისი ტერიტორია აქვს და არც ტყისა და სხვა ფონდები – სახელმწიფო სახსრების უმთავრესი წყარო, ამიტომ იგი როგორც პოლიტიკურად დამოუკიდებელი ერთეული ვერ შეძლებს არსებობას. ამ გარემოებათა გამო ამხ. ბეკზადიანს უაღრესად საჭიროდ მიაჩნია, რომ მეზობელ აზერბაიჯანისა და საქართველოს რესპუბლიკებს ჩამოეჭრათ ტერიტორია სომხეთის სასარგებლოდ. როცა მოსკოვში ამხანაგებმა მიასნიკოვმა და ბეკზადიანმა ამხ. სტალინი ინახულეს, ამ უკანასკნელმა ეს თვალსაზრისი სავსებით გაიზიარა.

ყოველივე ზემონათქვამის საფუძველზე სომხეთის დელეგაცია სთხოვს ამხანაგ ქართველებსა და თათრებს გაითვალისწინონ სომხეთის განსაკუთრებული მდგომარეობა და საერთო სოლიდარობის გულისთვის, ერთხელ და სამუდამოდ უაღრესად გულწრფელი, მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების დამყარების გულისთვის დაგვთანხმდნენ გარკვეული ტერიტორიების დათმობას, ამასთან კომპაქტური სომხური მოსახლეობით დასახლებულ რაიონებში“ (სომხეთის სსრ ორსმცსა, ფ. 128, აღწ. I, ს. 1420, ფურც. 15 /დოკუმენტი გამაცნო პროფესორმა ს. ხარმანდარიანმა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ/).

სომხეთის მძიმე მდგომარეობას რომ ახასიათებდა, ა. ბეკზადიანი სიმართლეს ამბობდა. ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის სომხეთს, მართლაც, ყველაზე მეტად უჭირდა, რაც, უწინარეს ყოვლისა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიის დაკარგვით იყო განპირობებული.

ამიტომ შექმნილ ვითარებაში საბჭოთა სომხეთის ხელმძღვანელობა ტერიტორიულ დათმობებს ითხოვდა საქართველოსა და აზერბაიჯანისაგან. ამ რესპუბლიკებს მან კონკრეტული წინადადებითაც მიმართა. მაგალითად, საქართველოს მიმართ სომხეთის პრეტენზია ასეთი იყო: „ახალქალაქის მაზრა სომხეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს (მოსახლეობის 72 % სომხობაა), ამასთან ამ მაზრაში უნდა ჩავრთოთ ორი სომხური სოფელი: მოლიტი და ყიზილ-კილისი, რომლებიც ტაბაწყურის ტბის ჩრდილოეთითაა არჯევანის ქედამდე. ამასთან აღნიშნულ რაიონს უნდა გამოაკლდეს ხიზაბავრის ქარულ-მოსახლეობიანი უბანი“ (იქვე).

აშკარაა, სომხეთის წარმომადგენელი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნისათვის ზრუნავდა და ანგარიშს არ უწევდა საქართველოს მდგომარეობას. ვერ ვიტყვით, რომ იგი არ ცნობდა ამ მიწებზე საქართველოს ისტორიულ უფლებას. ისტორიაში კარგად ერკვეოდნენ. ყველასთვის იყო ცნობილი, თუ როგორ, როდის და ვისი ხელშეწყობით გაჩნდა ახალქალაქის მაზრაში სომეხთა კომპაქტური დასახლება. შეუძლებელი იყო იმის უარყოფაც, რომ ახალქალაქის მაზრა სავსებით კანონიერად იყო მოქცეული საქართველოს შემადგენლობაში. მიუხედავად ამისა, სომხეთის დელეგაციამ მაინც მიიჩნია შესაძლებლად ასეთი თხოვნით მიემართა საქართველოსათვის. თხოვნა არავის ეკრძალება, მაგრამ საგულისხმოა, რომ საბჭოთა საქართველოს იმდროინდელმა ზედმეტად ინტერნაციონალისტმა მესვეურებმაც კი იგი მიუღებლად მიიჩნიეს. „გამიჯვნის შემოთავაზებული ვარიანტი ამხანაგი ქართველი დელეგატებისთვის მიუღებელია და ისინი პოლიტიკური მოსაზრებით აყენებენ იმ საკითხს, რომ არ დაიშვას რაიმე ტერიტორიების ჩამოჭრა“ – ნათქვამია იმავე საოქმო ჩანაწერში (სომხეთის სსრ ორსმცსა, ფ. 128, აღწ. I, ს. 1420, ფურც. 15).

ამრიგად, საქართველოს დელეგაცია მოითხოვდა, რომ ახალქალაქის მაზრაში უცვლელად დაეტოვებინათ არსებული მდგომარეობა (სტატუს-ქვო). საოქმო ჩანაწერში ვკითხულობთ:

„ამხანაგ კოროვსაც მიაჩნია, რომ პოლიტიკური მოსაზრებით ამჟამად კრინტიც არ უნდა დავძრათ ტერიტოროების ჩამოჭრაზე, რის გამოც ახალქალაქის მაზრის საკითხი სომხეთის დელეგაციის ამ წინადადებაში სრულიად იხსნება“ (იქვე).

კომისიის 25 ივნისის სხდომაზე საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლებს მსჯელობა ჰქონდატ ლორეს ნეიტრალურ ზონაზეც. სომხეთის წარმომადგენელი მოითხოვდა ეს ზონა მთლიანად სომხეთს გადაეცესო. საქართველოს დელეგაცია კი წინადადებას იძლეოდა, რომ „ნეიტრალურ ზონაში მოეწყოს ახალი ადმინისტრაციული დაყოფა და ხაზით მთ. პალუტლიბაში, მთ. ვარტიკეხი, მთ. შახალამი, შემდეგ მდინარე დებედა-ჩაის გაყოლებით აკორის სოფლებამდე, მთ. გუტან-კარი, მთ. ლეჯანი, ადგილი დაიბატლი, მთ. აიდარბეკი, მთ. აპაკლუ, სოფ. ალექსანდროვკა, სოფ. კამენკა, სოფ. გერგერი (რუსული სოფლებია) ბეზობდალის მთამდე (მწვერვალამდე 2 კილომეტრით აქეთ) გაიყოს ორ სექტორად – აღმოსავლეთ და დასავლეთ სექტორებად. ამხანაგი ქართველები უარყოფენ ჩამოჭრის პრინციპს და ამავე დროს ნეიტრალურ ზონას – სადავო რაიონს ყოფენ ორ ნაწილად, ნებაყოფლობით უარს ამბობენ სომხეთის სასარგებლოდ მის აღმოსავლეთ სექტორზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სომხურია, მაგრამ კატეგორიულად მოითხოვენ მეორე სექტორს, რომელშიც შედის უდავოდ სომხეთის ტერიტორიიდან შემდგარი რაიონი შერეული სომხურ-რუსული მოსახლეობით (ამასთან ფართობი სომხეთისათვის დატოვებული სექტორის ოდენაა). მეორე საკითხზე დელეგაციებმა მეგობრულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკითხი ღიად დატოვეს“ (იქვე).

ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის შინა საზღვრების განმსაზღვრელი კომისიის მეორე სხდომა 1921 წლის 26 ივნისს გაიმართა. კომისიის წევრებს გარდა მას გ. კ. ორჯონიკიძე, მ. დ. ორახელაშვილი, შ. ზ. ელიავაც დაესწრნენ. სხდომაზე ამ სამი იმ დროს გავლენიანი ქართველი მოღვაწის მიწვევა, ცხადია, შემთხვევითი არ იყო. იმედოვნებდნენ, რომ მათი ავტორიტეტი ხელს შეუწყობდა სადავო საკითხების უმტკივნეულოდ მოგვარებას, რაც წინა დღეს ვერ მოხერხდა. მივუბრუნდეთ ვ. მურადიანის მიერ შედგენილ ოქმს:

„კომისია გადადის მორიგი საკითხის – საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გავლების საკითხის განხილვაზე. მცირედი კამათის შემდეგ ორივე რესპუბლიკის წარმომადგენლებმა სადავო საკითხზე – ზაქათალის ოლქისა და ყარაიაზის უბნის საკითხზე შემდეგი მოდუსი შეიმუშავეს: პოლიტიკური მოსაზრებებით აზერბაიჯანის სსრ პრეტენზიას არ აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორიები მას შეუერთონ, მაგრამ მოითხოვს, საქართველომ იურიდიულად ცნოს და დაუმტკიცოს თათარ გლეხებს, რომ მათ უდავოდ უფლება აქვთ ფაქტობრივად ისარგებლონ იმ მიწებით (საძოვრებითა და სხვა სავარგულებით), რომლებსაც მეფის და მენშევიკების რეჟიმის დროს ფლობდნენ. ამასთან საქართველო პოლიტიკური ძალაუფლების გარდა ყველა სხვა ძალაუფლებას მთლიანად ანიჭებს მოსახლეობას და ვალდებულებას კისრულობს არავითარი განკარგულებანი არ გამოსცეს კაზახის გვერდის ავლით. იმ მიწების ზუსტად გამიჯვნისათვის, რომლებითაც აზერბ(აიჯანელმა) გლეხებმა უნდა ისარგებლონ, ინიშნება საგანგებო შერეული კომისია (სომხეთის სსრ ორსმცსა, ფ. 128, აღწ. I, ს. 1420, ფურც. 15).

საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლები ამ სხდომაზე განაგრძობდნენ მოლაპარაკებას ლორეს ნეიტრალური ზონის შესახებ. ოქმში ვკითხულობთ: „იმის წყალობით, რომ ამხ. კიროვმა ჩამოჭრის საკითხი სავსებით მოხსნა და კომისიის მუშაობა იფარგლება მხოლოდ და მხოლოდ არსებული საზღვრების გასწორებით ან, უფრო სწორად, გამოსწორბით, ამხ. ბეკზადიანი აყენებს კონკრეტულ წინადადებას – კომისიამ მუშაობა შეწყვიტოს და საზღვრების ყველა საკითხი გადატანილ იქნეს ამიერკავკასიის კონფერენციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს. წინადადება არ მიიღეს. ნეიტრალური ზონის საკითხზე ამხ. ქართველებმა ახალი წინადადება წამოაყენეს: სომხეთის, აღმოსავლეთი სექტორი სომხეთს დარჩეს, დასავლეთ სექტორში კი მოეწყოს რეფერენდუმი, ამასთან არ უნდა იყოს რაიმე წინასწარი აგიტაციაამა თუ იმ მხარის სასარგებლოდ. სომხეთის დელეგაცია დაეთანხმა ამ წინადადებას, როგორც უკიდურეს დათმობას“ (იქვე).

საქმეს თითქოს კარგი პირი უჩანდა, თითქოს მოინახა რესპუბლიკებისათვის მისაღები მოდუსი, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა, რაც აშკარა გახდა კომისიის მუშაობის მესამე დღეს (27 ივნისის სხდომაზე). „საქართველოს და აზერბაიჯანის დელეგაციებმა ერთმანეთს გუშინდელი შეთანხმების თაობაზე კონკრეტიზებული დადგენილებები წარუდგინეს, მაგრამ აზერბ(აიჯანის) წარმომადგენელთა მიერ ნახმარი იმ გამოთქმის გამო, რომ „ადგილებზე მთელი ხელისუფლება ყარაიაზელ გლეხებს უნდა გადაეცესო“, ამხანაგმა ქართველებმა ენერგიული პროტესტი განაცხადეს და მხარეთა კამათმა გაჭიანურების ხასიათი მიიღო, რასაც გარკვეული შედეგები არ მოსდევს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამხ. კიროვი იძულებული გახდა სხდომაზე მიეწვია შეთანხმების დამსწრე ამხანაგები ორჯონიკიძე და ორახელაშვილი. მან აღნიშნა, რომ მუშაობას და ერთ პარტიაში შემავალ ამხანაგებს შორის გამართულ კამათს უკიდურესად არასასურველი და არასასიამოვნო ხასიათი აქვს და კატეგორიულად განაცხადა, დაუშვებელია კომისიაში მომხდარი ამბებიო, სახელდობრ ის, რომ წინა დღეს გარკვეულ შეთანხმებამდე მისული მხარეები მეორე დღეს გამოთქმის ფორმის გამო მკვეთრად დაშორდნენ ერთმანეთს. საჭიროდ მიმაჩნია ვაცნობო ეს კავბიუროსო. ორახელაშვილის მოსვლის მერე გაუგებრობა გაირკვა და აზერბაიჯანის დელეგაციის მიერ შემუშავებული დადგენილება მიიღეს, ოღონდ „მთელი ძალაუფლება“ გაასწორეს ასე: „მთელი ძალაუფლება გარდა პოლიტიკურისა“. ამას ისიც დაემატა, რომ გამიჯვნის კომისიაში კავბიუროს წარმომადგენელიც მიიწვიეს. შემდეგ წაიკითხეს ნეიტრალური ზონის საკითხზე საქართველოს დელეგაციის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტი, საიდანაც ჩანს, რომ ამხანაგმა ქართველებმა რაიონს, სადაც რეფერენდუმი უნდა მოეწყოს, მიუმატეს უდავოდ სომხური ტერიტორიის რაიონი (ჯელალ-ოღლი – გერგერი და სხვა) მაშინ, როცა ახალქალაქის საკითხი პოლიტიკური მოსაზრებით და ვითომდა მომენტის მოთხოვნით მათვე განზე გადადეს. სომხეთის დელეგაციის ბობოქარი პროტესტის მიუხედავად ამხანაგმა ქართველებმა მაინც კატეგორიულად დაიჩემეს თავიანთ მოთხოვნათა მიზანშეწონილობა, რასაც საფუძვლად იმას უდებდნენ, რომ აღნიშნული უდავო რაიონი ერთ დროს ხელთ უგდია მენშევიკებს (არსებითად ეს გახდა უმთავრესი საბაბი ლორეს უკანასკნელი აჯანყებისა) და როგორც თბილისის გუბერნიის ნაწილი, უდავოდ საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაა. სომხეთის დელეგაცია იძულებული ხდება მკვახედ უპასუხოს ამას, უარს აცხადებს მსგავს ატმოსფეროში მოლაპარაკების გაგრძელებაზე და სადავო საკითხები გადასაწყვეტად კავბიუროში გადააქვს. სხდომა შეწყდა“ (სომხეთის სსრ ორსმცსა, ფ. 128, აღწ. I, ს. 1420, ფურც. 15).

კომისიის სხდომათა საოქმო ჩანაწერებში, რა თქმა უნდა, მოთხრობილია იმის შესახებაც, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება სადავო ტერიტორიულ საკითხებზე სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის. ჩვენ თავს ვიკავებთ ამ მასალის კომენტირებისაგან. კომენტარი არც ზემოციტირებულ მასალებს სჭირდება... ყველაფერი ნათელია. საოქმო ჩანაწერებში, ვფიქრობთ, სწორად არის გადმოცემული თითოეული სადავო ტერიტორიული საკითხისადმი ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების დამოკიდებულება.

მაშასდამე, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის შინა საზღვრების განმსაზღვრელმა (დამდგენმა) კომისიამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა რკპ (ბ) კავბიუროს მიანდო. კავბიუროს გადაწყვეტილება სავალდებულო იქნებოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კომუნისტური პარტიებისათვის. და აი, 1921 წლის 7 ივლისს რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ ი. ბ. სტალინის მონაწილეობით განიხილა საქართველოსა და სომხეთის შიდა საზღვრების საკითხი. კავბიუროს სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკების საგარეო საქმეთა სახალხო კომისრები ა. სვანიძე და ა. მრავიანი. კავბიურომ დაადგინა, რომ ლორეს ყოფილი ნეიტრალური ზონა შეუერთდეს სომხეთის სს რესპუბლიკას. რაც შეეხება ახალქალაქისა და ხრამის რაიონების სომხეთისათვის გადაცემის საკითხს, იგი განსახილველად გადაეცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, რომლის დასკვნა შემდეგ კვლავ კავბიუროს პლენუმს უნდა განეხილა (С. В. Х а р м а н д а р я н, Ленин и становление Закавказской федерации. 1921–1923, Ереван, 1969. გვ. 110).

ლორეს ნეიტრალური ზონის, ახალქალაქისა და ხრამის რაიონების სომხეთისათვის გადაცემის საკითხზე კავბიუროს დადგენილების თანახმად 1921 წლის 16 ივლისს იმსჯელა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ახლად შექმნილმა პოლიტბიურომ (არსებობდა 1921 წლის ივლის-აგვისტოში). მთლიანად დავიმოწმოთ პოლიტბიუროს ოქმის ის ნაწილი, რომელიც ჩვენთვის საინტერესო საკითხებს ეხება:

ო  ქ  მ  ი  # 1

საქ. კპ ცკ-ის პოლიტბიუროს სხდომისა. 1921 წლის 16 ივლისი.

ესწრებოდნენ ფ. მახარაძე, ბ. მდივანი, მ. ორახელაშვილი

დღის წესრიგი:1) ნეიტრალური ზონის საკითხი
                           2) ახალქალაქისა და ხრამის რაიონების საკითხი

მოისმინეს: 

1) ნეიტრალური ზონის შესახებ.

2) იმის შესახებ, რომ ახალქალაქის და ხრამის რაიონები გადაეცეს საბჭოთა სომხეთს გადასახლება-დასახლების ფონდისათვის.

დაადგინეს: 

1) დადასტურდეს რკპ (ბ) ცკ-ის კავბიუროს დადგენილება საბჭოთა სომხეთისათვის ამ ზონის გადაცემის შესახებ (მხარი დაუჭირეს მახარაძემ, ორახელაშვილმა. ამხ. მდივანს მიაჩნია, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია კავბიუროს დადგენილებით. ასე რომ არ იყოს, იგი მიზანშეწონილად ჩათვლიდა მოსახლეობის გამოკითხვას /პლებისციტს/).

2) პოლიტიკური მოსაზრებებისა და იმის საფუძველზე, რომ ახალქალაქის რაიონი ეკონომიკურად თბილისთან არის დაკავშირებული, ამხანაგი სომხების წინადადება მიუღებლად ჩაითვალოს (მლისპფა, ფ. 14, აღწ. I, ს. 7, ფურც. 1).

საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს 1921 წლის 3 აგვისტოსაც მოუხდა ამ საკითხზე მსჯელობა. მისი პოზიცია ნათლად ჩანს ამ დოკუმენტიდანაც:

ო  ქ  მ  ი  # 28

საქართველოს კპ ცკ-ის პლენუმის სხდომისა. 1921 წ. 3 აგვისტოს.

ესწრებოდნენ: ცკ-ის წევრები ამხ. ამხ. ორახელაშვილი, ოკუჯავა, ნაზარეტიანი, მახარაძე, მდივანი, ცინცაძე, ელიავა, ქავთარაძე, ტოროშელიძე, თუმანოვი, დუმბაძე.

წევრებს გარდა ესწრებოდნენ: სოლოვიანი, რთველაძე, ლეგრანი, კალაძე, კანდელაკი, მ. ორახელაშვილი (??), ფიგატნერი, ღოღობერიძე.

სხდომა გაიხსნა საღამოს 8 ს. 45 წ.

მოისმინეს: 
. . . . . . . . . . . .
4) ნეიტრალური ზონის შესახებ.

5) სომხეთისათვის ახალქალაქისა და ხრამის რაიონების მიერთების შესახებ.

დაადგინეს: 

4) ა/. დადასტურდეს პოლიტბიუროს დადგენილება (იგულისხმება საქართველოს კპ ცკ-ის პოლიტბიურო – ლ. თ.), რომელსაც საფუძვლად უდევს კავბიუროს დადგენილება, რომ ნეიტრალური ზონა გადავიდეს სომხეთის შემადგენლობაში.

ბ/. იმის გამო, რომ ნეიტრალური ზონის საკითხის განხილვის დროს კავბიუროში არ ჰქონიათ საქართველოს კპ ცკ-ის აზრი, ეთხოვოს კავბიუროს ხელახლა განიხილოს ეს საკითხი. თავის მხრივ ცკ-ს საჭიროდ მიაჩნია რეფერენდუმის მოწყობა აღნიშნულ ზონაში.

ხმა მისცა 5-მა, წინააღმდეგი იყო 5. (ცკ-ში გამართული კენჭისყრის შედეგები ეცნობოს კავბიუროს).

5) დადასტურდეს პოლიტბიუროს დადგენილება იმის შესახებ, რომ ამხ. სომხებს უარი ეთქვათ სომხეთის სსრ-თვის ახალქალაქისა და ხრამის რაიონების დათმობის წინადადებაზე (მლისფპა, ფ. 14, აღწ. I, ს. 5, ფურც. 41).

(შენიშვნა: ტექსტში ეს ორივე ოქმი, # 1 და # 28 1921 წ., მოცემულია ცხრილების სახით, მაგრამ ბლოგზე გამოქვეყნებისთვის ვამჯობინეთ ისინი ასეთი სახით მოგვეყვანა – ი. ხ.) 

როგორც ვხედავთ, ლორეს ნეიტრალური ზონის საკითხში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის პოზიციაზე, საქართველოს დელეგაციისათვის (სვანიძე, თოდრია) ადრე მიცემულ დირექტივაზე და პარტიული დისციპლინის წესით დამორჩილებოდა ზემდგომი პარტიული ორგანოს – კავბიუროს გადაწყვეტილებას.

როგორ გადაწყდა ზაქათალას საკითხი? ამ ისტორიული ქართული მიწის შემოერთებისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყო, რასაც წარმატება არ მოჰყოლია. წარუმატებლად დამთავრდა იგი საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც. ეჭვს გარეშეა, ამაში გარკვეული როლი შეასრულა „დიდმა პოლიტიკამ“, რაც მუსულმანური აზიისადმი საბჭოთა ქვეყნის კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას ეფუძნებოდა.

1921 წლის ივლისის დამდეგამდე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი და რესპუბლიკის მთავრობა მაინც იმედოვნებდნენ, რომ ლორეს ნეიტრალური ზონა და ზაქათალას ოლქი საქართველოს გადმოეცემოდა. ამას ისინი, უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გადაწყდა ლორეს საკითხი. 5 ივლისს კი საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციათა კონფერენციაზე გაირკვა, რომ ზაქათალა აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩებოდა და ეს ოფიციალურადაც უნდა ყოფილიყო დეკლარირებული. წინასწარ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სს რესპუბლიკების რევკომთა თავმჯდომარეებმა ფილიპე მახარაძემ და ნარიმან ნარიმანოვმა (კ. შ ე ლ ი ა, ვ. ი. ლენინი და საბჭოთა ხელისუფლების პირველი ღონისაძიებანი საქართველოში, თბ., 1980, გვ. 49). 1921 წლის 15 ნოემბერს კი საქართველოსა და აზერბაიჯანის სს რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვრების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს სსრ რევკომის თავმჯდომარემ ბუდუ მდივანმა და აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მუხტარ გაჯიევმა. ცოტათი ადრე, 1921 წლის 6 ნოემბერს ბუდუ მდივნისა და ალექსანდრე მიასნიკოვის მიერ ხელმოწერილ იქნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით დადგინდა საქართველოსა და სომხეთის სს რესპუბლიების შემადგენლობაში ლორეს ყოფილი ნეიტრალური ზონის, ხოლო აზერბაიჯანის სს რესპუბლიკის შემადგენლობაში ზაქათალას (როგორც ითქვა, შეთანხმება მიღწეულ იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციათა კონფერენციაზე) დატოვების შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის იმ ნაწილების მოსახლეობისა და ფართობის ოდენობა, რომლებიც გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს, სომხეთის სსრ-ს, რსფსრ-ს და თურქეთს 1921-დან 1928 წლამდე. აგრეთვე აღნიშნული რესპუბლიკების იმ ნაწილებისა, რომლებიც საქართველოს სსრ-ს გადაეცა დროის იმავე პერიოდში 

(ეს ინფორმაცია წიგნში ცხრილის სახითაა მოცემული; ქვემოთ მას ჩავწერთ ტექსტურად, ხოლო ცხრილის გრაფებს კი მოვიყვანთ მუქი შრიფტით – ი. ხ.) 

1. ადგილის დასახელება – ყოფ. ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (მაჭახელა, ბორჩხა და მაკრიალი); ფართობი კვ. კმ-ობით – 936,15; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – 16 380; ვის გადაეცა – თურქეთს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა – ყარსის 1921 წ. ხელშეკრულება.

2. ადგილის დასახელება – ართვინის ოლქი; ფართობი კვ. კმ-ობით – 3388,82; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – 56 480; ვის გადაეცა – თურქეთს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა – ყარსის 1921 წ. ხელშეკრულება.

3. ადგილის დასახელება – არდაგანის ოლქი; ფართობი კვ. კმ-ობით – 5644,74; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – 85 869; ვის გადაეცა – თურქეთს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა – ყარსის 1921 წ. ხელშეკრულება.

4. ადგილის დასახელება – ვორონცოვ-ლორეს რაიონი (ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი); ფართობი კვ. კმ-ობით – 2367,44; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – 37 800; ვის გადაეცა – სომხეთის სსრ-ს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა – საქართველოს რევკომის 1921 წ. დეკლარაცია.

5. ადგილის დასახელება – ზაქათალას ოლქი; ფართობი კვ. კმ-ობით – 3993,89; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – 92 608; ვის გადაეცა – აზერბაიჯანის სსრ-ს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა – საქ. სსრ და აზ. სსრ რევკომების შეთანხმება და ამიერკავკასიის ცაკ-ის დადგენილება.

6. ადგილის დასახელება – გარეჯის ველი და ქვემო ყარაიაზის სექტორი (თბილისის მაზრისა); ფართობი კვ. კმ-ობით – 658,89; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – მოსახლეობა არ არის; ვის გადაეცა – აზერბაიჯანის სსრ-ს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა – საქ. სსრ და აზ. სსრ რევკომების შეთანხმება და ამიერკავკასიის ცაკ-ის დადგენილება.

7. ადგილის დასახელება – ელდარი (სიღნაღის მაზრისა); ფართობი კვ. კმ-ობით – 546,69; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – მოსახლეობა არ არის; ვის გადაეცა – აზერბაიჯანის სსრ-ს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა – საქ. სსრ და აზ. სსრ რევკომების შეთანხმება და ამიერკავკასიის ცაკ-ის დადგენილება.

8. ადგილის დასახელება – ლოკ-ლალვარის ქედის ჩდრილოეთ ფერდობი (ბორალოს მაზრა); ფართობი კვ. კმ-ობით – 207,94; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – მოსახლეობა არ არის; ვის გადაეცა – სომხეთის სსრ-ს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა

9. ადგილის დასახელება – პილენკოვო (აფხაზეთი); ფართობი კვ. კმ-ობით – 268,15; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – 3500; ვის გადაეცა – რსფსრ-ს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა – სსრკ ცაკ-ის 1925 წ. დადგენილება.

10. ადგილის დასახელება – მელხესტი და ცეკარო (დუშეთის მაზრისა); ფართობი კვ. კმ-ობით – 166,78; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – 1600; ვის გადაეცა – რსფსრ-ს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა – სსრკ ცაკ-ის 1927 წ. დადგენილება.

11. ადგილის დასახელება – წინა მინდორი (ალაზნისპირა ველი, ზაქათალის მაზრისა); ფართობი კვ. კმ-ობით – 188,44; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – მოსახლეობა არ არის; ვის გადაეცა – საქართველოს სსრ-ს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა – ამიერკავკასიის ცაკ-ის 1923 წლის დადგენილება.

12. ადგილის დასახელება – ჩათმა (ველი, კაზახის მაზრისა); ფართობი კვ. კმ-ობით – 132,66; მოსახლეობის რაოდენობა (ადამიანი) – მოსახლეობა არ არის; ვის გადაეცა – საქართველოს სსრ-ს; აქტი, რომლის ძალითაც მოხდა ადგილის გადაცემა – ამიერკავკასიის ცაკ-ის 1927 წლის დადგენილება.

საერთო შენიშვნა: მოსახლეობის რაოდენობა აღებულია 1917 წლის კავკასიის კალენდრიდან. ფართობი გამოთვლილია „ამსლერ“-ის სისტემის პლანიმეტრით 5-ვერსიანი მასშტაბის რუკაზე.

გასაბჭოების პირველ წლებში საქართველოს ტერიტორიული ცვლილებების შესახებ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის 27-ე გვერდზე დამოწმებული ცხრილი (ანუ ზემოთ მოყვანილი ცხრილი – ი. ხ.), რომელიც შედგენილია საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის აღრიცხვის სამმართველოში 1937 წელს ოქტომბრის რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით (ამ მასალის მოძიებაში დახმარებისათვის მადლობას მოვახსენებ პროფესორ ფარნაოზ ლომაშვილს, დოცენტ ენვერ თვარაძეს და საქართველოს სსრ ოქტომბრის რევოლუციისა და სოციალისტური მშენებლობის სახელმწიფო არქივის დირექტორს ლევან დალაქიშვილს).

ეს ცხრილიც ადასტურებს ბატონი რევაზ თაბუკაშვილის ნათქვამს: „მეზობელი აღარ დაგვრჩა ჩვენი მიწა რომ არ რგებოდაო“. გარკვეული ტერიტორიული ცვლილებები საქართველოში შემდეგაც ხდებოდა. მაგალითად, პილენკოვო (ამჟამად განთიადი) ერმოლოვკათი (ამჟამად ლესელიძე) 1929 წელს საქართველოს სს რესპუბლიკას გადმოეცა (З. В. А н ч аб а д з е, Очерки этнической истории абхазского народа, Сухуми, 1976, стр. 124; საქ. სსრ ორსმცსა, ფ. 334, აღწ. 12, საქ. 118, ფურც. 28). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ 1921–1928 წწ., აგრეთვე მომდევნო წლებში საქართველოს მიერ დაკარგული ტერიტორიის მოცულობისა თუ მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა წყაროში ოდნავ განსხვავებულ ცნობებს ვხვდებით. მათი დაზუსტება, აგრეთვე ცხრილში დასახელებული დოკუმენტების (ამიერკავკასიის სს რესპუბლიკებსა და თურქეთს შორის დადებული ყარსის ხელშეკრულება, ამიერკავკასიის სს რესპუბლიკათა რევკომების დეკლარაციები და შეთანხმებანი, ამიერკავკასიის სფსრ და სსრ კავშირის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთა დადგენილებანი) კრიტიკული ანალიზი კიდევ უფრო გაამდიდრებენ ჩვენს ისტორიულ ცოდნას.

ნაშრომში წარმოვაჩინეთ ახლად გასაბჭოებული საქართველოს პოლიტიკური ისტორიის მხოლოდ ზოგიერთი საკითხი.

ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მასალა მოამზადა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment