წერილები მომზადებულია ძირითადად ბროქჰაუზ–ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე. გვინდა ჩვენი მკითხველის ყურადღება მივაქციოთ იმაზე, რომ აღნიშნულ ლექსიკონში დაბეჭდილი წერილების ავტორები გახლდნენ რუსი მედასავლეთეები, ე. წ. „ზაპადნიკები“, რომლებიც დიდად აფასებდნენ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ისტორიულ გამოცდილებას, ხოლო რუსულ–მართლმადიდებლურ ცხოვრების მოწყობას კი ეჭვითა და გარკვეულად ამრეზითაც უყურებდნენ. შესაბამისად, მათ წერილებში, რომლებიც შეეხება ლიტერატურას, ზოგადად კულტურას, როგორც „სულის პროდუქტს“ (ოსვალდ შპენგლერის მიხედვით), მკაფიოდ დაიმზირება მოვლენებისა და მიმდინარეობათა შეფასება დასავლურ–ლიბერალური და ჰუმანიზმის პოზიციებიდან. ჩვენ, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არ მიგვაჩნია ასეთი მიდგომა სწორად და სრულყოფილად, მაგრამ ვთვლით, რომ ბევრი რამ მათ ნააზრევსა და შეფასებებში მისაღები, სასარგებლო და გასათვალისწინებელია. სწორედ ასეთი განწყობით ვთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას ქვემოთ მოყვანილ სტატიებს; ამჯერად პატიებას ვითხოვთ იმის გამო, რომ ბევრი გერმანელი რომანტიკოსი ავტორის შესახებ წერილები ჯერჯერობით ვერ მოვამზადეთ, მაგრამ მომავალში ვაპირებთ ამ ხარვეზის გამოსწორებასაც. დასასრულს გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მასწავლებლებს, ვინც გვაზიარა გერმანული ლიტერატურის მშვენიერებას და პატივი მივაგოთ იმათ ხსოვნას, ვინც მათგან დღეისათვის უკვე ჩვენს შორის აღარ არის; ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქ–ნ ლალი ქეცბას, რომლის მიწვევითა და ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ჩვენთვის გერმანულ რომანტიკულ ლიტერატურაში გარკვეულწილად ჩაღრმავება, თუმცა კი მკითხველი ალბათ შეამჩნევს, რომ „სამკალი აქაც ფრიად არს“.
მ თ ა რ გ მ ნ ე ლ ე ბ ი ს გ ა ნ
შ ე ს ა ვ ა ლ ი
(რომანტიზმის რაობა; რომანტიზმის ცნების შესახებ)
რომანტიზმი შესაძლოა გვესმოდეს ერთის მხრივ როგორც ცნობილი პოეტური განწყობილება, ხოლო მეორეს მხრივ _ როგორც ისტორიული მოვლენა, რომელიც დამახასიათებლად გამოიხატა XIX ასწლეულის პირველი ნახევრის ევროპულ ლიტერატურაში. რომანტიული განწყობის არსს არკვევს ბელინსკი თავის წერილებში პუშკინის შესახებ. „თავისი უახლოესი და უარსებითესი მნიშვნელობით _ ამბობს ბელინსკი, _ რომანტიზმი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის სულის შინაგანი სამყარო, მისი გულის სანუკვარი ცხოვრება. ადამიანის მკერდსა და გულში ძევს რომანტიზმის საიდუმლო წყარო: გრძნობა, სიყვარული არის რომანტიზმის გამოვლენა ან მოქმედება, და ამიტომ თითქმის ყოველი ადამიანი _ რომანტიკოსია. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ან ეგოისტები, რომელთაც საკუთარი თავის გარდა არავის სიყვარული არ შეუძლიათ, ან კიდევ ის ადამიანები, ერომლებშიც სიმპატიისა და ანტიპატიის წმინდა მარცვალი გასრესილი და დათრგუნულია ან ზნეობრივი განუვითარებლობით ან ღარიბული და უხეში ცხოვრების მატერიალური გასაჭირით. აი ყველაზე უფრო პირველი ბუნებრივი ცნება რომანტიზმის შესახებ“. რომანტიზმის ასეთი ფართო განმარტებისას, ბელინსკი სავსებით ბუნებრივად პოულობს მას ყველა ქვეყანაში, მსოფლიო ლიტერატურის განვითარების ყველა პერიოდში, რადგანაც „ადამიანი თავისი ბუნებით ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთი და იგივე“: რომანტიზმი არის აღმოსავლეთშიც, „რომლის მითებიც _ წარმოადგენს ხალხების რომანტიკული ცხოვრების ყველაზე უფრო სწორ მოწმობას და გამოხატავს ერთ დაუოკებელ გულისთქმას _ ერთ გრძნობას: ავხორცობას, _ ერთ იდეას: ბუნების მარადიულ ნაყოფიერებას“; ბერძნულ რომანტიზმში „სიყვარული გვევლინება უკვე თავისი განვითარების უმაღლეს მომენტში: იქ იგი გრძნობადი მისწრფებაა, სილამაზის იდეით განათებული და განსულიერებული; ეს არის გრაციით განმსჭვალული ნატიფი ტკბობა“; ამ ანტიკურ რომანტიზმში იყო ძლიერი მისტიკური ელემენტი, გამოხატული „ტიტანური ბუნებრივი და გულისმიერი მისწრაფებების ბრძოლაში ოლიმპოელი ღმერთების წინააღმდეგ“; შუა საუკუნეებში „რომანტიზმი შეადგენდა უმაგალითო თვითმყოფად ძალას, რომელიც, არ იყო რა არაფრით შეზღუდული, მივიდა წინააღმდეგობისა და უაზრობის უკიდურეს ზღვრამდე, რადგანაც შუა საუკუნეების ამ უცნაურ სამყაროს მართავდა არა გონება, არამედ გული და ფანტაზია“; „ჩვენი დროის რომანტიზმი შუა საუკუნეების რომანტიზმის შვილია, მაგრამ იგი ასევე ძალზედ ენათესავება ბერძნულ რომანტიზმს, იგი არის ყველა საუკუნისა და ადამიანთა მოდგმის განვითარების ყველა ფაზის რომანტიზმის ორგანული სისრულე და ყოვლად მთლიანობა“. რომანტიზმის ასეთსავე ფართო გამნარტებას იძლევა აპოლონ გრიგორიევიც. „რომანტიკული ხელოვნებასა და ცხოვრებაში _ ამბობს იგი, _ ერთი შეხედვით წარმოგვიდგება სიცოცხლისადმი სულის არათავისუფალი, დაქვემდებარებული, შეუგნებელი დამოკიდებულებით, ხოლო მეორეს მხრივ, იგივე _ ეს რაიმესადმი დაქვემდებარებული დამოკიდებულება _ არის კიდეც ის შფოთიანი (მოუსვენარი), ის აწმყოთი მუდმივად უკმაყოფილო, რაც ცხოვრობს ადამიანის მკერდში და გარეთ გამოჭრას ლამობს... ამგვარი რომანტიკული იყო ძველ მსოფლიოშიც და შუა საუკუნეებისა და ახალ მსოფლიოშიც; იგი ჩნდება ყველანაირ ეპოქაში, რომელმაც სულ ახლახანს გამოაღწია რომელიმე ძლიერი მორალური გადატრიალებისგან, შეგნების გარდამავალ მომენტებში“. რომანტიკული განწყობის მსგავს განმარტებებს ჩვენ ვპოულობთ რომანტიზმის ზოგიერთ გერმანელ თეორეტიკოსთანაც, შატობრიანთანაც, ჟერმენ დე სტალთანაც, ამასთან უკანასკნელი დგება უფრო მეტად ისტორიულ ნიადაგზე, ხედავს რა რომანტიზმს მხოლოდ ქრისტიანულ სამყაროში; ქრისტიანობამ შემოიტანა პოეზიაში მელანქოლიური განწყობა, სევდა უკეთესი, ზეციური არსებობის შესახებ, რომელიც ჩვენ დავკარგეთ და რომელში დაბრუნებასაც ჩვენ ბუნებრივია ვესწრაფვით _ განწყობა, რომელიც სრულიად უცნობი იყო კლასიკური ძველი დროებისთვის. ჟერმენ დე სტალის ამ შეხედულებას (პლატონის მაგალითის მიუხედავად, რომელსაც ამ აზრით შესაძლოა ვუწოდოთ უძველესი დროის რომანტიკოსი) მნიშვნელოვან წილად იზიარებდნენ ვიქტორ ჰიუგოცა და შატობრიანიც, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ რომანტიზმი არის უწინარეს ყოვლისა ახალევროპული ქრისტიანული და რომანული ხალხების ქმნილება.
როდესაც მივმართავთ რომანტიზმს, როგორც ისტორიულ მოვლენას, ჩვენ ვპოულობთ მის პირველ წყაროებს სწორედ იმ განმანათლებლურ ფილოსოფიაში, რომლის წინააღმდეგაც ასე ჯანყდებოდნენ ახალი რომანტიკოსები, ქარიშხლისა და შეტევის პერიოდის მოძრაობაში, ჰერდერის უნივერსალიზმსა და ლესინგის კრიტიკაში. ლესინგმა საბოლოოდ დაანგრია ის პირობითი წესები, რომლებზედაც ეფუძნებოდა XVIII საუკუნის კლასიციზმი, და დიდროსთან ერთად მიუთითა გრძნობის როლზე ლიტერატურაში. თავისუფლება და შთაგონების გულწრფელობა შეადგენს ახალი ლიტერატურული სკოლის მთავარ მოთხოვნას, რომელიც გამოვიდა გერმანიაში გოეთესა და შილერის ეპოქაში: ყველა ამ დინების სულიერი ნათესაობა მწერლების ახალ ჯგუფთან, რომელმაც მიიღო რომანტიკული სკოლის სახელწოდება და პრეტენზიას აცხადებდა წინამორბედებისგან ძირეულ განსხვავებაზე, არ შეიძლება, სულ მცირე მითითებულ ძირითად პუნქტებში, ექვემდებარებოდეს რაიმენაირ ეჭვს, როგორც ეს გამოიკვლიეს ჯერ კიდევ ჰერვინუსმა, ხოლო მის კვალდაკვალ იუ. შმიდტმა, გეთნერმა და ჰაიმმა. ქარიშხლისა და შეტევის პერიოდმა ჰაიმის აღნიშვნით, გერმანულ ლიტერატურას დაუსვა პირველხრისხოვანი მნიშვნელოვნების ამოცანები: „საჭირო იყო ერთ მთლიანობაში შეეკრიბათ სახეზე უკვე არსებული იდეალური მოტივები; საჭირო იყო აეთვისებიათ ის კეთილშობილური იდეები და შეთვისებოდნენ მათ, რომლებიც უკვე იყო განვითარებული გენიალური ადამიანების შემოქმედებითი მოღვაწეობით, და გაევრცელებინათ ისინი გერმანული საზოგადოების დაბალ ფენებში; საჭირო იყო შეემოწმებინათ ამ იდეების საფუძვლიანობა მათ ყოველმხრივ გამოყენებაში, გაეტარებინათ ისინი ყველაზე უფრო განსხვავებულ სფეროებში, პოეზიის სული გადაეტანათ მეცნიერებაში, ცხოვრებაში, ზნეობაში _ და ამ სამუშაოს ხელი მოჰკიდა კიდეც რომანტიკულმა სკოლამ“ (aufklärung Denken als die Gefühle der Glauben).
რომანტიზმის ცნების სახელის წარმოშობა ასევე დაკავშირებულია ესპანურ ეროვნულ სიმღერებთან _ რომანსებთან, რომელთა კრებულსაც ეწოდება „რომანსერო“. რომანსები წარმოადგენს ესპანელი ხალხის უძველეს პოეტურ ცდებს და ხალხურ ზნე-ჩვეულებათა, რწმენისა და ცრურწმენის სარწმუნო გამოძახილს. ყველა რომანსში, განსაკუთრებით ყველაზე უფრო ძველებში, ასახულია ჭეშმარიტი ესპანური ეროვნული ხასიათი _ ვაჟკაცური, გულწრფელი, დინჯი, მიცემული სიტყვის მტკიცედ პატივისმცემელი. ესპანური რომანსები მოგვითხრობს, უმთავრესად, საზოგადოებრივი ესპანური ცხოვრების ყველაზე უფრო საინტერესო ეპიზოდებისა და ესპანეთის ისტორიის გამოჩენილი მოვლენების შესახებ რვა საუკუნის განმავლობაში, დაწყებული ესპანეთში არაბების შემოჭრიდან და დამთავრებული ესპანელთა მიერ გრენადის აღებით.
სიუჟეტის, ტონის, კოლორიტისა და ხასიათის მიხედვით ესპანურ რომანსებს ჰყოფენ რამდენიმე ჯგუფად: 1) ისტორიული რომანსები, 2) რაინდული ანუ „caballerescos“, რომელთაც კავშირი აქვთ რაინდულ თქმულებებთან, 3) მავრიტანული რომანსები, რომლებშიც ლაპარაკია მავრების შესახებ და 4) ხალხური რომანსები, რომლებიც შეეხება თავად ესპანელების კერძო ცხოვრებასა და ზნე-ჩვეულებებს _ სასიყვარულო, სატირული, სახუმარო და ა. შ. ყველაზე უფრო ვრცელი და მნიშვნელოვანი, ქრონოლოგიურად ყველაზე უფრო ძველი და ამასთან ყველაზე უფრო საინტერესოა _ ისტორიული, რომანსები. მათ საფუძვლად უდევს პატრიოტიზმისა და რელიგიურობის გრძნობა; ისინი მოგვითხრობენ ძველი ესპანეთის ბრძოლის შესახებ სამშობლოს დამოუკიდევლობისა და რელიგიისთვის, ხოტბას ასხამენ ეროვნულ გმირებს და თავის თავში შეიცავენ ეროვნული ეპოპეის ელემენტებს.
I. რომანტიზმის გერმანული სკოლა
სკოლის ფილოსოფიური შეხედულებები გამომდინარეობს ფიხტეს სწავლებიდან. კანტის კრიტიკული ფილოსოფიიდან გამომდინარე, ფიხტე ამტკიცებს, რომ თეორიულ გონებასა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ცოდნაზე საგნებისა თავის თავად, მათ შინაგან ჭეშმარიტებაში, და ჩვენს ზნეობრივ გრძნობას შორის, რომელიც უარყოფს ყველა მოვლენის უპირობო აუცილებლობას, ძევს გადაულახავი უფსკრული. თეორიული გონების თავად პრეტენზიებს არ გააჩნია არანაირი საფუძველი. ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ სინამდვილე სხვანაირად, თუ არა როგორც ჩვენს ფიქრებში, ხოლო ჩვენი ფიქრები კი არ არსებობს ჩვენი ცნობიერების გარეთ. ვფიქრობთ რა სამყაროს შეცნობას, ჩვენ შევიმეცნებთ მხოლოდ ჩვენს საკუთარ „მე“-ს. თეორიულმა გონებამ, რომელიც ეთანხმება თავის თავს, ყოველივე არსებული ინდა გადააქციოს მოჩვენებად. აქედან გამომდინარე, გონისმიერ ჭვრეტას არ შეუძლია ჩვენ მოგვცეს რეალური ჭეშმარიტება, და ამ ჭეშმარიტების შემეცნება შესაძლებელია მხოლოდ რწმენის მეშვეობით, რომელიც ეფუძნება საქმიანობისკენ მისწრაფების აუცილებლობას, რაც ადამიანს თანდაყოლილად აქვს. ამ მისწრაფების გულისთვის ჩვენ რეალურობას მივაწერთ არა მხოლოდ მიწიერ სამყაროს, რომელიც არის ჩვენი საქმიანობის სარბიელი, არამედ არამიწიერ, ზეგრძნობიერ სამყაროსაც, რადგანაც მხოლოდ მასში ღებულობს ჩვენი არსებობა უმაღლეს აზრს, და მხოლოდ მასში ხორციელდება ჩვენი მამოძრავებელი ზნეობრივი იდეალი, დაუსრულებელი თავისი შინაარსით. ჩვენი ახლანდელი ცხოვრება, მომავლის გულისხმისყოფით, არის ცხოვრება რწმენაში; მარადიული სიცოცხლის მიღება შეიძლება მხოლოდ გრძნობისმიერის შეწირვით, ხოლო მისი მიზნებისა უზენაესი კანონისთვის შეწირვით; მხოლოდ მიწიერზე უარის თქმით ვიძენთ ჩვენ მარადიულის რწმენას. მსჯელობის ასეთი აგებიდან ადვილი იყო დასკვნის გაკეთება, რაც მოახდინა კიდეც შელინგმა, რეალურისა და იდეალურის იგივეობის შესახებ ერთიან სიცოცხლისეულ საწყისში, რომელიც, როგორც სამყაროს სული, წარმოადგენს მთელი საგნების ორგანულ კავშირს. აქედან გამომდინარე, სილამაზე არის უსასრულო, გადმოცემული სასრულით, და პოეტურ შემოქმედებაში განუყოფელად არის შეთავსებული ცნობიერი არაცნობიერთან. ასეთი მიმართულებით ხელოვნების ფილოსოფიის სრულ ფორმულირებას გვაძლევს ზოლგერი: „უსასრულო იშლება ჩვენს წინ სასრულში, რათა დაუსრულებლად ბრუნდებოდეს საკუთარ თავში. ირონია _ აი ის უმაღლესი შეხედულება, რომელიც ფარფატებს ყოფიერების მოჩვენებითობასა და მოჩვენებითობის ყოფიერებაში ამ მუდმივი გადავლის (გადაღვრის) თავზე. ეს სახელდობრ ის სულიერი განწყობილებაა, რომელიც ყველა საგანში ხედავს გამოცხადებას, მაგრამ ამასთან ერთად იდეების მწირ განხორციელებასაც, და თუკი ის მწუხარებს კერძოს დაღუპვის გამო, სამაგიეროდ ხარობს ღვთაებრივის ზეიმის მიზეზით, რომელიც ამით აცხადებს თავის ყოვლისშემძლე უსასრულობას“.
ირონია აღწევს სკოლის მთელ პოეტურ და ფილოსოფიურ მსოფლმხედველობაში. ფრ. შლეგელის სიტყვებით, მასში არის რაღაცნაირი ტრანსცენდენტალური დაცინვა (Transcendentale Buffonerie), ე. ი. ისეთი განწყობა, რომელიც ეხმარება პოეტს დადგეს ყველაფერ პირობითზე უსასრულოდ უფრო მაღლა, როგორც მხატვრული, ისე ზნეობრივი მიმართებით, და საშუალებას აძლევს მას იდეალის სიმაღლიდან უმზერდეს სამყაროს, როგორც თამაშს (das wirklichpe Spiel des Lebens). ასე ასაბუთებენ რომანტიზმში პოეტის სრულ თავისუფლებას, მის სუბიექტივიზმს. იმავე სუბიექტივიზმს სწევდა წინ სკოლა რელიგიისა და ზნეობის სფეროშიც, სადაც ახალი მიმართულების იდეების ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო შლაიერმახერი. განმანათლებელთა ფილოსოფიისა და კანტის საპირისპიროდ, რელიგია, შლაიერმახერის შეხედულებით, მდგომარეობს არა დოგმატების თეორიულ აგებაში, არა სათნოებაში, არა ცოდნასა და მოქმედებაში, არამედ მხოლოდ ჭვრეტასა და გრძნობაში; იგი არის უსასრულოს მოკრძალებული ჭვრეტა სასრულში, ანუ ისეთი განწყობა, რომელიც წმინდა მუსიკის მსგავსად თან ახლავს ადამიანის ყველანაირ ქმნადობას. თითოეული ადამიანი რელიგიის წყალობით, იქცევა უნივერსალურობის შუაწერტილად, და გარემომცველი ბუნების ყოველი მოვლენა არის ღვთაების გამოცხადება. წმინდა წერილი კარგავს თავის მნიშვნელობას რელიგიის ასეთი პანთეისტურ-სუბიექტური გაგებისას, მაგრამ არსებული რელიგიებიდან შლაიერმახერი მაინც პირველობას ანიჭებს ქრისტიანობას, როგორც ისეთ სისტემას, რომელშიც ყველაზე უფრო სრულყოფილად არის გამოხატული სასრულის მისწრაფება უსასრულოსკენ. სუბიექტივიზმს რელიგიაში მიჰყავს შლაიერმახერი უკიდურეს ზნეობრივ ინდივიდუალიზმამდე, რადგანაც გრძნობა არის აზროვნებისა და სურვილის იგივური და იქცევა ჩვენი საქმიანობის ღვთაებრივ მამოძრავებელ საწყისად; ამიტომ ჩვენი პირველი ამოცანაა ვიყოთ თავისთავადნი, გამოვიმუშავებდეთ ჩვენს ინდივიდუალურ განსაკუთრებულობებს, რომლებიც ზემოდან გვაქვს მოცემული.
თავისი რელიგიური და მორალური შეხედულებების მეთელი ბუნდოვანების მიუხედავად, შლაიერმახერმა მაინც ვერ გადადგა ის ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გაბედეს რომანტიკოსებმა, რომელნიც რელიგიაში ეძიებდნენ უწინარეს ყოვლისა ესთეტიკურ ელემენტებს. პროტესტანტიზმში სილამაზე თითქმის სულ არა არის, და ამიტომ ბუნებრივი იყო მისი ძიება შუა საუკუნეების კათოლიციზმში ან სულაც აღმოსავლეთში, სადაც, ერთერთმა ძმამ შლეგელმა, ჰაინეს გესლიანი შენიშვნით, იპოვა თავისი შუა საუკუნეები (Elephantenmittelalter). კათოლიციზმისადმი თანაგრძნობა განსაკუთრებით ნათლად გამოხატა ნოვალისმა (ჰარდენბერგმა) თავის ნაწარმოებში „ფრაგმენტი ქრისტიანობის შესახებ“. იყო ოდესღაც დიდებული დრო _ ამბობს ნოვალისი _ როდესაც ევროპა იყო ერთიანი ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობდა ქრისტიანული მოსახლეობა, შეკავშირებულ-შეკრული საერთო ინტერესით, დამორჩილებული ერთი უმაღლესი მეთაურისადმი. მშვიდობა და სიყვარული მეფობდნენ დედამიწაზე, ყვაოდნენ ვაჭრობა და ნატიფი ხელოვნებანი. ეკლესიის ბრძენი მეთაური სამართლიანად ეწინააღმდეგებოდა ადამიანური უნარების თავხედურ განვითარებას, ღვთისმოსაობის საზარალოდ, და არათანადროულ, სახიფათო აღმოჩენებს აზრის სფეროში. მაგრამ კაცობრიობა არასაკმარისად მომწიფდა იმისთვის, რათა დამტკბარიყო მსგავსი ჰარმონიული არსებობით. მავნე კულტურამ ძირი გამოუთხარა ამ საოცარ ყოფიერებით წყობილებას, რომელმაც ნელნელა გახრწნა დაიწყო. ამოხეთქა აღშფოთებამ, რომელსაც პროტესტანტიზმი ეწოდება. მან გაწყვიტა ეკლესიის ერთიანობა და რელიგია დაუმორჩილა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ცოცხალი პოეტური რელიგიის ნაცვლად დაიწყო მსახურება მშრალი სიტყვისადმი; საერო საწყისები საზოგადოებაში ღებულობდა სულ უფრო და უფრო მეტ უპირატესობას, ხელოვნების მნიშვნელობა მცირდებოდა, კაცობრიობა უახლოვდებოდა ურწმუნოების პერიოდს. იეზუიტთა ორდენის კეთილმოსურნე ძალაც კი განადგურებულ იქნა სამთავრობო ხელისუფლების მიერ. და ბოლოს ფრანგულ მატერიალისტურ ფილოსოფიასა და გერმანულ განმანათლებლობაში თავი მოიყარა სიძულვილმა ყოველივე წმინდისადმი, ყოველგვარი ენთუზიაზმისადმი, ყოველგვარი პოეზიისადმი და მაღლა ამოხეთქა მეორე რეფორმაციაში, ე.ი. საფრანგეთის რევოლუციაში. ახლა დგება რელიგიური აღორძინების დრო. ანარქიის დროს ისახება რწმენა, მთელი დადებითი საწყისების განადგურების დროს ფეხზე დგება კვლავ რელიგია _ სამყაროს მომწყობი. ახლოვდება ახალი ოქროს ხანა, მუქი, უძიროდ ღრმა თვალებით, წინასწარმეტყველებებისა და სასწაულების ხანა, რომელიც ნუგეშს აძლევს სულს და გზას უხსნის მარადიული სიცოცხლისკენ...
შუა საუკუნეების შემოქმედების მდიდარი ფანტასტიკური სამყარო თავისკენ იზიდავდა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რომანტიკოსებს თავისი ფერების მრავალნაირობით, დებულებების საოცრებით, იდეალების ამაღლებული ბუნდოვანებით. უნდა შევისწავლიდეთ შუა საუკუნეებს _ ფიქრობდნენ რომანტიკოსები _ არა მხოლოდ ისტორიული ინტერესის გამო, არამედ იმ მშრალი ანგარიშიანი ატმოსფეროს განახლების პრაქტიკული მიზნითაც, რომელიც შექმნა განმანათლებლობის საუკუნემ, გერმანიის ეროვნული აღორძინებისათვის. ეროვნული ტენდენცია სავსებით კანონზომიერი მოვლენა იყო გერმანიის ჩაგვრის ეპოქაში და ამაში იყო სასარგებლო მხარე; მაგრამ რომანტიზმი თავის გატაცებაში წარსულით ზედმეტად უარს ამბობდა თანამედროვე ცხოვრებაზე და წარმოადგენდა ყველანაირი რეაქციული მისწრფებების გულმოდგინე დამხმარეს. სუბიექტური იდეალიზმისა და შუასაუკუნეობრივი გადმოცემების შესაბამისად, რომლებშიც ხედავდნენ უსასრულოს საუკეთესო ასახვას სასრულში, აგებდნენ ხელოვნების თეორიასაც, რომელსაც შეიმუშავებდნენ ვაკენროდერი, ტიკი, ნოვალისი, შლეგელები, ზოლგერი და სხვები. კლასიციზმის განსაზღვრული წესების ნაცვლად, რომელიც ყველგან ისწრაფვოდა საღი აზრის გატარებისკენ, ჩნდება მოთხოვნა იმისა, რომ გადასცემდნენ განწყობებს, ხშირად სავსებით განუსაზღვრელებსა და ბუნდოვანს, ასე რომ პოეზია უნდა უახლოვდებოდეს მუსიკას, რომანტიკოსების საყვარელ ხელოვნებას. პოეტი უნდა ჭვრეტდეს ზეგრძნობიერ სამყაროს. იგი უნდა უარს ამბობდეს სინამდვილეზე და ხდებოდეს უგუნური, როგორც ამას მოითხოვდა ნოვალისი ტიკის ერთერთ გმირს, ფერმწერ ფრანცს, ნამდვილი სახეები ძალზედ პროზული ეჩვენება და იგი იწყებს მხოლოდ მათი წყალში ანარეკლების ხატვას. პოეტი თავისი ირონიული ჭვრეტის სიმაღლიდან ერთმანეთში ურევს სერიოზულსა და სასაცილოს, გროტესკულს. შემოაქვთ შუა საუკუნეების ნაწარმოებებში მოძებნილი პოეზიის ფორმები: მოდური ხდება ბალადა, ვრცელდება რომანი, ამასთან ნიმუშად იქცევა „რომანთა რომანი“ _ „ვილჰელმ მაისტერი“; დრამაში შექსპირი იზიდავთ განსაკუთრებით იმით, რომ იგი არღვევს წესებს, რომლებიც ხელშეუხებლად იყო აღიარებული ფსევდოკლასიკოსების კატეხიზმოში. რომანიცა და დრამაც რომანტიკოსების სკოლაში ღებულობენ ყველაზე უფრო უცნაურ ფორმებს. ასე, ტიკის ერთერთი პიესა იწყება არა სცენაზე, არამედ პარტერში; ფარდა ჯერ კიდევ ჩამოშვებულია. რამოდენიმე მაყურებელი პირველი რიგებიდან იწყებს ავტორის სასტიკ ლანძღვას: როგორ ბედავს იგი მათი ყურედღების დაკავებას სულელური ზღაპრით, რომელშიც არ იქნება არანაირი სათნო ოჯახური ისტორია და რომლისგანაც ვერანაირ მორალს ვერ გამოიტან. ავტორი, ამ სიტყვების გაგონების შემდეგ გამოდის სცენაზე და თავს იცავს, თანაც ამ დროს თავს ესხმის მაყურებელთა დამახინჯებულ გემოვნებას. შემდეგ იწყება თავად პიესა, რომლის მსვლელობაც დროდადრო ჩერდება მაყურებლების შენიშვნებითა და მსახიობების შეპასუხებებით. მსგავს პიესებსა და რომანებში, მეტად ფანტასტიკური გარემოთი, მუდმივად თავს ესხმიან ჩვეულებრივ მორალს, რომელსაც სხვანაირად არ უწოდებენ, თუ არა ფილისტერულს. საერთოდ ფილისტერობად ნათლავენ ყოველივეს, რაც არ ეთანხმება სკოლის უცნაურ მოთხოვნებს. შილერის ფხიზელი იდეალიზმიც კი დადაღეს ამ სახელით.
II. რომანტიზმის ბრიტანული სკოლა
გერმანულ გავლენებთან მჭიდრო კავშირში იმყოფება რომანტიზმის წარმოშობა ინგლისში, სადაც ამ სკოლის პირველი წარმომადგენლები იყვნენ ე.წ. ლეიკისტები ანუ ტბის პოეტები. ვორდსვორთმა და ქოლრიჯმა დადგინეს თავიანთი მიმართულების თეორიული საფუძვლები, მას შემდეგ, რაც გერმანიაში მოგზაურობის დროს გაეცვნენ შელინგის ფილოსოფიას, ბოემეს მისტიკურ სწავლებასა და პირველი გერმანელი რომანტიკოსების შეხედულებებს. მაგრამ ინგლისელებში უკვე სულ თავიდანვე მოჩანს ძლიერი მიდრეკილება რეალიზმისადმი, რომელიც ინგლისურ ლიტერატურაში ვლინდება ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან. ვორდსვორთი ამოდის იმ პრინციპიდან, რომ პოეზიისთვის, ისევე როგორც ფერწერისთვისაც არ არის არაფერი მცირე და უმნიშვნელო, შეუფერებელი. მისი მარადიული თემაა _ ადამიანის სულის ცხოვრება, რომელიც ვლინდება ყოველდღიური ყოფიერების წვრილმანებში. მისი ამოცანაა _ შეძრას მკითხველი, მოქმედებისთვის წაახალისოს ის უნარი, რომელსაც გერმანელები უწოდებენ Gemüth-ს; იგი ამას აღწევს ყოველდღიური სცენებისა და საგნების დეტალურად სწორი გამოხატვითა და მათ გამო თავისი აზრებისა და გრძნობების გადმოცემით. რომანტიზმი აქ მდგომარეობს საკუთრივ მოყვარულ, თბილ გრძნობაში, რომლითაც განმსჭვალულია ლეიკისტების ნაწარმოებები, მათ მიდრეკილებაში ხალხური პოეზიისადმი, რაშიც ისინი ემსგავსებიან გერმანელ რომანტიკოსებს. მათთან მნიშვნელოვნად უფრო ახლოსაა რადკლიფი, რომელიც თავის რომანებში ისწრაფვის მკითხველთა წარმოსახვის დაკავებისკენ გრანდიოზული სახეებითა და უცნაური და მოულოდნელი მოვლენების გადახლართვით, რომლებიც ძალზედ იშვიათია ნამდვილ ცხოვრებაში. ესნია ნამდვილი Abenteuer-romane, რომლებიც ასე იყო გავრცელებული XIX საუკუნეში და რომანტიკულ ეპოქაში გერმნიაში: მაღალი სათნოების მქონე ადამიანების გვერდით მოქმედებენ ყაჩაღებიცა და საშინელი ბოროტმოქმედებიც. ძლიერია ამ რომანებში ასევე ფანტასტიკაც. რადკლიფის რომანტიზმი _ წმინდად გარეგნულია; ნამდვილ რომანტიკოსს ინგლისში წარმოადგენს ვალტერ სკოტი, რომელმაც თავის რომანებში აღადგინა შუა საუკუნეების სიძველენი, ფართო გასაქანი მისცა ფანტასტიკურ ელემენტს და გერმანულ რომანტიზმთან ერთად გაიზიარა სიყვარული ხალხური პოეზიისა და თანაგრძნობა ხალხური მსოფლმხედველობისადმი. მაგრამ მასშიც ძალზედ ძლიერია რეალიზმი; საოცარსაც კი იგი ისე წარმოადგენს, რომ დააინტერესოს მკითხველი და არა დათრგუნოს იგი.
მთელი თავისი ორიგინალურობის მიუხედავად ინგლისურ რომანტიზმს უერთდება ბაირონიც, რომელმაც შექმნა ახალი მიმდინარეობა რომანტიზმში. იმედგაცრუების ამ პოეზიას თავისი წარმოქმნისას შეხების არაერთი წერტილი ჰქონდა იმ განწყობასთან, რომელსც გერმნულ რომანტიზმში უწოდებდნენ Wehmuth-ს. ბაირონი სამუდამოდ ახლოს რჩება გერმანულ რომანტიზმთან თავისი სუბიექტიზმით, რომელიც მას განუზომლად მაღლა აყენებს ბრბოზე, რომელიც ფილისტერობაშია ჩაფლული. მაგრამ, რა თქმა უნდა, ბაირონს არ გააჩნია აჩრდილიც კი მისი გერმანელი თანამოძმეების რეაქციული მოსწრაფებებისა. ეს არის თავისუფლების მომღერალი, მას არ შეიძლება იტაცებდეს აჩრდილები, მისი სახეები ნათელია და მისი პოეზია უარს არ ამბობს ცხოვრებაზე. იგივე შეიძლება ითქვას შელის შემოქმედების საერთო ხასიათზეც, რომელსაც შეიძლება ვთვლიდეთ ბაირონის მოკავშირედ რომანტიზმის ახალ ინგლისურ მიმართულებაში.
III. რომანტიზმი საფრანგეთსა და იტალიაში
ფრანგული რომანტიზმი წარმოიქმნება თავდაპირველად უცხო გავლენების გარეშე და მხოლოდ შემდგომში ღებულობს გერმანული და ინგლისური რომანტიზმის ზოგიერთ ელემენტს. მისი წარმოშობის წყარო შეგვიძლია დავინახოთ ჯერ კიდევ რუსოსთან, რომელიც ჯანყდებოდა განმანათლებლური ფილოსოფიის მსჯელობითი მხარის წინააღმდეგ და ისწრაფვოდა ადამიანის დაბრუნებისკენ პირველყოფილ სიმარტივეში. პირველყოფილი მდგომარეობისთვის ხოტბის შესხმა მემკვიდრეობით განაგრძო შატობრიანმა, რომელიც უნდა ითვლებოდეს კიდეც ფრანგული რომანტიზმის მამად; თავისი „ქრისტიანობის სულით“ მან მოგვცა შუა საუკუნეების კათოლოციზმის სრულიად ისეთივე აპოლოგია, როგორიც გერმანელმა რომანტიკოსებმა, თუმცა კი გერმანელებისგან სავსებით დამოუკიდებლად. ამ ნაწარმოებში იგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველა რელიგიური სწავლებიდან ქრისტიანობა წარმოადგენს ყველაზე უფრო პოეტურ, ყველაზე უფრო ჰუმანურ, თავისუფლებისთვის, ნატიფი ხელოვნებებისა და ლიტერატურისთვის ყველაზე უფრო სასურველ რელიგიას. ქრისტიანობა ეხმარება გენიოსს, წმენდს გემოვნებას, ადამიანში განავითარებს სათნო მიდრეკილებებს, განამტკიცებს აზრს, დიდებულ მაგალითებსა და სახეებს აძლევს პოეტებსა და მხატვრებს; თანამედროვე ცივილიზაცია მისგან დავალებულია მთელი თავისი სიკეთეებით. შატობრიანს არა აქვს განზრახვა წერდეს საღვთისმეტყველო ტრაქტატს; იგი გამოსახავს კათოლიციზმს მიმზიდველად ესთეტიური და მორალური მხრიდან და, გვიჩვენებს რა ქრისტიანული სწავლების ს ი ლ ა მ ა ზ ე ს, აქედან აკეთებს დასკვნას მისი ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ი ს შესახებ. ქრისტიანობის, უფრო ზუსტად _ კათოლიციზმის უკვე ამ ესთეტიკურ გაგებაში შატობრიანი უახლოვდება გერმანელ რომანტიკოსებს; მაგრამ ნათესაობა კიდევ უფრო მჭიდრო აღმოჩნდება, როდესაც ლაპარკი მიდის შუა საუკუნეების შესახებ, რომელთა სილამაზესაც გადაჭრით უპირისპირებს იგი ანტიკურ სამყაროს ქრისტიანობის გამოჩენის წინ, რომელმაც (ანტიკურმა სამყარომ) ამოწურა თავისი თავი და მიდიოდა დაღუპვისკენ. შუა საუკუნეები შატობრიანისათვის, ისევე როგორც ნოვალისისთვისაც წარმოდგება არა ბარბაროსობის პერიოდად, არამედ ახალი, უფრო სრულყოფილი სილამაზის ჩასახვის ეპოქად; შუა საუკუნეების მუსიკა და გოთიკური არქიტექტურა _ კაცობრიობის განახლებული გენიის მაღალი გამოვლინებებია. შატობრიანის წიგნი იქცა ახალი იდეური მიმდინარეობის პირველ მანიფესტად, ხოლო შემდგომმა მისმა ნაწარმოებებმა, რომლებმაც განავითარეს მსოფლიო სევდის მოტივი, მნიშვნელოვნად მოამზადეს ნიადაგი გერმანული რომანტიზმის საფრანგეთში გადანერგვისთვის. ეს გადატანა აღსრულდა ქ-ნ სტალის წყალობით, რომელმაც თავის წიგნში „გერმანიის შესახებ“ ფრანგულ მკითხველ საზოგადოებას გააცნო გერმანული ლიტერატურის ახალი მიმდინარეობები. თუმცა არ უნდა ვაძლევდეთ ძალზედ დიდ მნიშვნელობას უცხოურ გავლენებს.
პელისიე სავსებით სამართლიანად შენიშნავს, რომ ფრანგული რომანტიზმის ფესვები იმყოფება იმ განწყობაში, რომელიც წარმოიქმნა საფრანგეთში რესტავრაციის ეპოქაში. სპირიტუალიზმის აღორძინება, წაინააღმდეგობა განმანათლებელთა ფილოსოფიისა და მასთან დაკავშირებული კლასიციზმისადმი ჩნდება სავსებით დამოუკიდებლად, როგორც რევოლუციური მოძრაობის მიმართ იმედგაცრუების შედეგი. ახალი სკოლის ყველა პოეტი განმსჭვალულია ქრისტიანული მსოფლმხედველობით. ვ. ჰიუგო რელიგიაში ხედავს არა მხოლოდ პოეტური შთაგონების უვრცელეს წყაროს, არამედ ადამიანური აზრის ყველაზე უფრო მაღალ ფორმასაც. თავის ოდებში ის ჩივის, რომ აქამდე ყველა ფრანგი პოეტი იყო წარმართი და თავის პოეტურ დროშად აცხადებს ჯვარს, „აღდგენილს შატობრიანის მიერ“. ლა-მარტინი საუთარ თავს აღიარებს იმ „იდეალის“ განმმარტებლად, რომელიც „ენათესავება ქრისტიანობას თავისი ამაღლებული მეოცნებეობის მიხედვით“. სულიერი სინათლე და გარკვეულობა მასთან ჩნდება „იმ წყაროდან, რომელიც მოჩქეფს იდუმალი მთების სიმაღლეებიდან“. იგივე რელიგიურობა, შეფერილი მელანქოლიით, შეინიშნება ა. დე ვინისთან; თვით თავისუფლად მოაზროვნე მიუსეც კი ზოგჯერ მოუხმობს ღვთის სახელს. შატობრიანიდან დაწყებული ფრანგული რომანტიზმი შეფერილი აღმოჩნდება უძლიერესი სუბიექტივიზმით: შატობრიანიცა და ქალბატონი სტალიც, დე ვინიცა და უფრო ობიექტური ვ. ჰიუგოც კი მუდმივად წინ სწევენ თავიანთ გრძნობას. ამაში უეჭველია თანხვდენა გერმანულ რომანტიზმთან, მაგრამ აქაც პირველი საწყისი იყო სავსებით დამოუკიდებლად. იგივე უნდა ითქვას ფრანგული რომანტიზმის წარმომადგენლების მელანქოლიის, ელეგიური განწყობილების შესახებაც. რაშიც ყველაზე უფრო მეტად დაემორჩილა ფრანგული რომანტიზმი გერმანულს _ ეს არის ძველი კლასიკური სკოლის პირობითი წესების უარყოფა. ხელოვნება უნდა განთავისუფლდეს შემავიწროვებელი ჩარჩოებისგან, რომლებშიც მისი ჩამწყვდევა სურთ თეორეტიკოსებს. მშვენიერი არის არა მხოლოდ ანტიკურ სამყაროში, მისი პოვნა შეიძლება ყველანაირ ფორმებში; აუცილებელია გერმანელი რომანტიკოსების სიმახინჯის, „გროტესკის“ კანონიერების აღიარება. აქედან არის რაღაცნაირი წინასწარგანწყობა მახინჯი სახეების მიმართ, რომლებსაც ასე ხშირად ქმნიან რომანტიკოსები, უპირატესად ვ. ჰიუგო, ამასთან ზოგჯერ გარეგნული სიმახინჯის მიღმა იმალება მაღალი შინაგნი სილამაზე. კლასიკოსებისთვის პოეზია იყო ჩინებულად გაწმენდილი ბაღი, გაკრეჭილი ხეებით, სილამოყრილი ბილიკებით, რომანტიკოსებისთვის კი იგი გადაიქცა ახალი სამყაროს პირველყოფილ ტყედ, გიგანტური ხეებით, მაღალი ბალახით, იდუმალი ბგერებით. გერმანული გავლენის უმნიშვნელობა ფრანგულ რომანტიზმზე ყველაზე უკეთესად იჩენს თავს იმ ფაქტში, რომ იგი, იყო რა თავიდან საფრანგეთის მოკავშირე, შემდგომში აღმოჩნდება სავსებით პროგრესული მოძრაობა, მაშინ როდესაც გერმანული რომანტიზმი საბოლოოდ მოიქანცა და გამოიფიტა რეაქციულ მისწრაფებებში და იძულებული შეიქმნა ადგილი დაეთმო „ახალგაზრდა გერმანიისთვის“, რომელმაც ბევრი რამ მემკვიდრეობით მიიღო რომანტიზმისგან, მაგრამ გადაჭრით დაგმო მისი ობსკურანტიზმი.
რაც შეეხება იტალიურ რომანტიზმს, განსაკუთრებით ორიგინალური ნიშნები მასში არ შეინიშნება, თუმცა კი მან მოგვცა არც თუ ცოტა მეტად ნიჭიერი მხატვარი, მაგალითად, ჰუგო ფოსკოლო, მანცონი, პელიკო, ლეოპარდი.
IV. რომანტიზმი სკანდინავიის ქვეყნებში
გამოჩნდა რა რეაქციის სახით კლასიციზმის ზოგადი განყენებული წესების წინააღმდეგ, რომლებიც თრგუნავდნენ ყოველივე ინდივიდუალურს, რომანტიზმი მოწოდებული იყო განსაკუთრებით დიდი როლი ეთამაშა იმ ლიტარატურების ისტორიაში, რომლებიც მანამდე არ გამოდიოდნენ უცხოური ნიმუშებისთვის მიბაძვის ფარგლებს გარეთ. რომანტიზმმა თავისი ქედმოდრეკით წარსულის, ძველი დროების წინაშე, წარმართა ისინი თვითმყოფადი ეროვნული შემოქმედების გზით, რომელმაც ზოგიერთ მათგანს მსოფლიო მნიშვნელობა მიანიჭა.
დ ა ნ ი ა ს უკვე XVIII საუკუნეში ჰყავდა ეროვნული პოეტი ევალდის სახით (გარდ. 1781 წ.), რომელმაც გადადგა პირველი ნაბიჯი სკანდინავური სიძველეების სფეროდან აღებული სიუჟეტების ლიტერატურული დამუშავებისკენ, მაგრამ ის სათანადოდ ვერ შეაფასეს მისმა თანამედროვეებმა. მყარ თვითმყოფად ხასიათს დანიური ლიტერატურა იძენს მხოლდ ელენშლეგერის მოღვაწეობის წყალობით, რომელსაც რომანტიზმის პრინციპები გააცნო ჰენრიკ სტეფენსმა, შელინგის მოწაფემ. ელენშლეგერის კვალდაკვალ სცენაზე გამოვიდნენ ინგემანი, გაუხი, ქრ. ვინთერი, იოგ. ლუდვიგ ჰაიბერგი, ანდერსენი. დანიის რომანტიკული ლიტერატურა ბევრი რამით განსხვავდება გერმანულისგან. გერმანული რომანტიკული სკოლა, მიმართავს რა წყვდიადით მოცულ შუა საუკუნეებს, სულ უფრო და უფრო მეტად ბუნდოვანდება ფანტასტიკურობაში ან ობსკურანტიზმში; დანიელი პოეტები მიმართავენ მხნე, ძლიერ სკანდინავურ წარსულს და, მნიშვნელოვნად აღემატებიან რა ნიჭით თავიანთ გერმანელ მასწავლებლებს, თავისუფალნი რჩებიან გემოვნების დამახინჯებებისგან, რომლებშიც ხშირად ვარდებოდნენ მათი მასწავლებლები. ელენშლეგერის ნაწარმოებები განმსჭვალულია ბუნების ჯანსაღი და ძლიერი გრძნობით, რომელიც საერთოდ უცხოა გერმანული რომანტიზმისთვის. ანდერსენი ამოდის ჰოფმანიდან, მაგრამ პირველი ჯანმრთელი, წინდახედული და მშვიდია, მაშინ, როდესაც მეორე მოგვაგონებს თრიაქით დაბანგულ მეოცნებეს. საერთოდ დანიურ ნიადაგზე რომანტიზმმა მიიღო უფრო მეტი სინათლე და პლასტიურობა.
ნ ო რ ვ ე გ ი უ ლ მ ა ლიტერატურამ თვითმყოფადი არსებობა დაიწყო 1814 წელს ნორვეგიის დანიისგან გამოყოფის შემდეგ. პირველ ხანებში მან თავის ძალებს თავი მოუყარა ხალხური ნორვეგიული ხასიათის განსაკუთრებულობების შესწავლაზე. ამ მიმართულებით მოქმედებდნენ პეტერ-ქრისტიან ასბიორნსენი და ეპისკოპოსი იერგენ მოე; ისინი აგროვებდნენ ძველ ხალხურ საგებსა და ზღაპრებს, რომლებმაც პოეზიაში შემოიტანეს სრულებით ახალი ნაკადი.
შ ვ ე დ ე თ შ ი ბრძოლა რომანტიკოსებსა და კლასიკოსებს შორის, რომლებიც ქედს იდრეკდნენ თავიანთი ფრანგული ნიმუშების წინაშე, გაჩაღდა XIX საუკუნის სულ დასაწყისშივე და დასრულდა პირველთა სრული გამარჯვებით. ამ გამარჯვების აშკარა ნიშანი შეიქმნა რომანტიკოსების მეთაურის ატერბომის არჩევა აკადემიის წევრად გარდაცვლილი პოეტის ლეოპოლდის ადგილზე, რომელიც წარმოადგენდა კლასიციზმის მთავარ ბურჯს (1839). ამ გამარჯვებამდე მნიშვნელოვნად უფრო ადრე თავად რომანტიკოსებს შორის წარმოიქმნა ორი მიმართულება, რომელთაგანაც თითოეულს გააჩნდა თავისი ფესვები გერმანული რომანტიზმის სხვადასხვა მხარეებში. „ფოსფორიტები“ _ ერთი მიმართულების წარმომადგენლები, რომლებიც დაჯგუფებული იყვნენ ჟურნალის „Phosphoros“ გარშემო (1810-1813) _ ბრმად ბაძავდნენ გერმანელ რომანტიკოსებს; შვედურ ლიტერატურაში მათ შეჰქონდათ ესპანურ-იტალიური და აღმოსავლური სიუჟეტები, იგნორირებას უკეთებდნენ მშობლიურ სიძველეებს. ამ მიმართულების უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია ატერბომი, რომლის დრამატიზებული ზღაპრებიც „Lyksalighetens Ö“ („ნეტარების კუნძული“) და „Fogel Blaa“ („ცისფერი ფრინველი“), გამოირჩევა ღვარჭლიანი ფანტასტიკით და ძლიერად მოგვაგონებენ ტიკს. იმავე მიმართულებით მოღვაწეობდნენ კ. ფ. დალგრენი, ასევე ნაწილობრივ _ ერიკ სტაგნელიუსი და ერიკ შიობერგი (ვიტალისი). ფოსფორიტებს გამოეყო ე. წ. „გოთური სკოლა“, რომელიც ისწრაფვოდა ეროვნული პოეზიის შექმნისკენ და მას საფუძვლად უდებდა ძველ სკანდინავურ კოსმოგონიასა და საგებს. იგი მიუყვებიდა ელენშლეგერის მიერ გაკვალულ გზას. ამ სკოლის დამფუძნებელი და მთავარი ბელადი იყო ერიკ-გუსტავ ჰაიერი, ხოლო მისი ყველაზე უფრო უკიდირესი ფრთის წარმომადგენელი _ პ. გ. ლინგი. ამავე სკოლამ წამოსწია სახელგანთქმული ისაია თეგნერი, შვედეთის უდიდესი პოეტი და საერთოდ რომანტიკული ეპოქის ერთერთი უდიდესი პოეტიც. გერმანულ რომანტიზმთან მთელი მისი სიახლოვის მიუხედავად, თეგნერისთვის უცხოა მისი ბუნდოვანება, ისვე როგორც ფრანგი რომანტიკოსების ღვარჭლიანობა. „გოთური სკოლის“ ერთერთი ყველაზე უფრო გამოჩენილი წარმომადგენელი იყო ბერნჰარდ ბესკოვი, რომლის ისტორიული დრამებიც საუკეთესოა იმათ შორის, რაც შექმნა შვედურმა ლიტერატურამ ამ სფეროში. ალმკვისტი _ თავისი ფანტაზიის მოუთოკავობით, ნიკანდერი _ თავისი მეოცნებეობითი მისწრაფებით სამხრეთისკენ, უახლოვდებიან „ფოსფორიტებს“.
V. რომანტიზმი რუსეთსა და სხვა სლავურ ქვეყნებში (ხალხებში)
რ უ ს ე თ შ ი რომანტიზმი ჩნდება ჟუკოვსკის პოეზიაში, თუმცა გარეგნული მხრით მის წინამორბედებად შეგვიძლია ვთვლიდეთ კარამზინსა და კამენევს, რომლებმაც მოგვცეს ბალადების პირველი ნიმუშები. არსებითად ჟუკოვსკის რომანტიზმი წარმოადგენს დასავლური რომანტიზმის განმეორებას მხოლოდ ფორმების მიხედვით. ჩნება თავისუფლება კლასიკური პირობითობისგან, იქმნება ბალადა, რომანტიკული დრამა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ახალი წარმოდგენა პოეზიის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც აღიარებენ ცხოვრების დამოუკიდებელ სფეროდ, ადამიანის უმაღლესი, იდეალური მისწრაფებების გამომხატველად; უწინდელი შეხედულება, რომლის მიხედვითაც პოეზია წარმოდგებოდა ცარიელ გართობად, რაღაც სავსებით სამსახურებრივად, უკვე შეუძლებელი აღმოჩნდება. თავისი მეოცნებეობის მიუხედავად, რუსულმა რომანტიზმმა მოგვიტანა დიდი სარგებლობა, ხელს უწყობდა რა ლიტერატურის დაახლოებას ხალხურობასთან და ამით ნიადაგს წმენდდა პუშკინის იდეალური რეალიზმისთვის. პუშკინი თავისი პოეტური აღზრდით ბევრად არის დავალებული რომანტიკოსებისგან. _ დასავლური რომანტიზმის რწმენის აღმსარებლურ მხარეს, კათოლიციზმის გამო, არ შეიძლებოდა მნიშვნელობა ჰქონოდა რუსეთში; სუსტი იყო ასევე ფანტასტიკისა და გროტესკის გავლენაც, რომლებიც შეგვიძლია დავინახოთ მხოლოდ პოლევოისთან, მარლინსკისთან, კუკოლნიკთან და სხვებთან.
პ ო ლ ო ნ უ რ ი ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა ასევე ბევრი რამით დავალებულია რომანტიზმისგან. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგა უკრაინულმა სკოლამ, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვა სამი უდიდესი პოლონელი პოეტი _ მიცკევიჩი, კრასინსკი და სლოვაცკი. სამივე ნასაზრდოებია რომანტიზუმით, რომელმაც პოლონეთში, ეროვნული იმედების დანგრევის შედეგად, მიიღო განსაკუთრებული ინტენსივობა და სიცხოველე. მათგან მხოლოდ ერთი მიცკევიჩი თავის ყველაზე უფრო მომწიფებულ ნაწარმოებებში გასცდა რომანტიზმის ფარგლებს. ყველაზე უფრო რომანტიული იყო სლოვაცკი, მხოლოდ და მხოლოდ უჩვეულოს მომღერალი და პატივისმცემელი, რომელიც იმყოფებოდა ბაირონის ძლიერი გავლენის ქვეშ. კრასინსკისთანაც და სლოვაცკისთანაც გატარებულია იდეები პოლონელი ხალხის განსაკუთრებული მოწოდების შესახებ _ იდეები, რომლებსაც მხარში ედგა ლელეველის ისტორიული გამოკვლევები, და რომლებიც საბოლოოდ აბობოქრდნენ ტოვიანსკის ფანტასტიკური მესიანიზმით; ეს უკანასკნელი პოლონური ეროვნული ხასიათის სამალავებში ეძიებდა ცოდვების გამოსყიდვის მსოფლიოსთვის უცნობ საწყისებს და სჯეროდა პოლონური ტომის პროვიდენციალური როლისა. თავის კულმინაციურ პუნქტს ეს ტენდენციები აღწევს სლოვაცკის პოემაში „ანგელოზი“. რომანტიკულ მიმართულებას დიდ ხანს გადაჰქონდა პოლონური საზოგადოების ყურადღება განზე ინტერესების რეალურ სფეროში კულტურული მუშაობისგან. XX საუკუნის დასაწყისისთვისაც კი, კრაკოვის ისტორიული სკოლის შრომების მიუხედავად, რომელმაც გაფანტა რომანტიკული ნისლი, ნატიფ პოლონურ ლიტერატურაში რეალიზმის მთელი ძალის მიუხედავად, პოლონურ საზოგადოებაში იყო ძლიერი რომანტიკული მოთხოვნები (შეკვეთები). ამით აიხსნებოდა სენკევიჩის ზოგიერთი რომანის განსაკუთრებული წარმატებაც (ტრილოგია: „ცეცხლითა და მახვილით“, „წარღვნა“, „პან ვლოდიევსკი“, რომანი „მახვილმტვირთველები“), რომლებიც სავსებით რომანტიკულია როგორც გმირების უჩვეულო გმირობებისა და თავგადასავლების, ისე ისტორიულ-ფილოსოფიური ტენდენციების მიხედვითაც: პოლონეთს, როგორც ცივილიზაციის მატარებელს, რომელიც აღსავსეა სამოქალაქო სათნოებებით, ავტორი უპირისპირებს ხან უკრაინელებს, როგორც ველურ „ყმა, მონა“ ხალხს, რომელსაც არ გააჩნია კულტურის შექმნის უნარი და საჭიროებს აღვირამოდებულად ყოფნას (ტრილოგიაში), ხან კიდევ გერმანელებს _ ლივონიის ორდენის სახით, რომელიც წარმოადგენს თავზეხელაღებული ნაძირალების ხროვას, ღირსებისა და უმაღლესი იდეალების გარეშე („მახვილმტვირთველებში“).
ჩ ე ხ უ რ ი ეროვნული მოძრაობა ჩაისახა XIX საუკუნის დასაწყისის არც თუ ბევრი მეცნიერისა და პოეტის სამუშაო კაბინეტებში, რომლებიც შეუდგნენ ხალხურობის პროპაგანდას თავიანთი თანამემამულეების გაუსახურებულ მასაში. ამ მოძრაობის დამაარსებლები _ იუნგმანი, დობროვსკი, შაფარიკი, კოლარი, ჩელიაკოვსკი _ ძველი ქარტიების შესწავლიდან გადავიდნენ წარსულით გატაცებაში, რომელიც ახალისებდა რა გონებას, არ გამოდიოდა თავიდან ავადმყოფური (მტკივნეული) ლირიკის ფარგლებს გარეთ. ამით განმსჭვალულია კოლარის „სლავას ქალიშვილი“ მისი პატრიოტული ჰალუცინაციებით; ამით გამოწვეულია პანსლავიზმის ოცნებები, რომლებიც შტურთან მივიდა მომავლის ფანტასტიკურ სურათებამდე.
ს ა მ ხ რ ე თ - ს ლ ა ვ ე ბ შ ი ხალხისმოყვარეობის ასათსავე სკოლას წარმოადგენდა ილირიზმი, რომელიც ძლიერად იყო შეფერილი რომანტიკითა და მისტიციზმით. თავისი ფუძემდებლის, ლუდევიტ გაის სახით, რომელიც ახლოს იყო კოლართან, ილირიზმი დაუძმობილდა ჩეხურ მეცნიერულ და პოეტურ რომანტიზმს, ხოლო პრერარდოვიჩთან მივიდა ოცნებამდე „სლავების მოწოდების“ შესახებ სიყვარულის ძალით იხსნან კაცობრიობა, ასევე „ლპობად დასავლეთზე“ მკაცრ განაჩენამდეც. თუკი ამას დავუმატებთ, რომ რუსული სლავიანოფილობაც გამოკვებილია რომანტიზმით, და იზრდებოდა შელინგზე, მაშინ შეგვიძლია დავადგინოთ ის ფაქტი, რომ სლავურ ნიადაგზე განსაკუთრებით მდიდრულად და დიდებულად აყვავდა გერმანული რომანტიზმის ის მხარე, რომელიც თავად გერმანიაში არ თამაშობდა განსაკუთრებით გამოჩენილ როლს, და წინ წამოვიდა მხოლოდ განთავისუფლებისთვის ომის ეპოქაში, როდესაც გრგვინავდა ფიხტეს სახელგანთქმული სიტყვები გერმანელი ხალხისადმი. ეს მხარეა _ მესიანიზმი, და ამასთან ისეთი მესიანიზმი, რომელიც არ სვამს განსაზღვრულ ამოცანას. ასეთი მესიანიზმი რომანტიკულია არა მხოლოდ თავისი წარმოშობისა და შინაარსის მიხედვით, არამედ იმ განწყობის მიხედვითაც, რომელიც მას გააჩნია. იგი ჩამოაყალიბა შელინგმა, რომელიც ასწავლიდა, რომ მხოლოდ იმ ხალხს უწერია აქტიური მისიის შესრულება კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც შეძლებს მასში ყველას სასარგებლოდ იმ იდეის შეტანას, რომელიც გამოხატავს მის საუკეთესო მონაპოვარს. მაგრამ თავად შელინგის მოძღვრების მიხედვით, ოქროს ხანა, რომელმაც განახორციელა ხალხის სანუკვარი იდეა, უკანაა, შორეულ წარსულში, და მისკენ დაბრუნება შეადგენს მუდმივი სურვილების საგანს. მესიანიზმის ასეთი გაგებისას წარმოუდგენელია განსაზღვრული პოლიტიკური პროგრამა, არ არის ადგილი აქტიური მოღვაწეობისთვის. ართმევს რა პროგრესის რწმენას, რომანტიკულ მესიანიზმს თავისი მიმდევრები მიჰყავს გერმანელი რომანტიკოსების მიერ განდიდებულ უმიზნო არსებობის იდეალებთან _ ჭვრეტით ცხოვრებასა და იდეალის მოლოდინში რომანტიკულ მოქანცულობასთან, იმის რწმენით, რომ იგი არსებობს, მაგრამ არ იძლევა გაბედულ სულისკვეთებას მისი განხორციელებისთვის.
დ ა ს ა ს რ უ ლ ს ორიოდე სიტყვით შევეხოთ რომანტიკულ ოპერას _ იმ მუსიკალურ-დრამატულ ნაწარმოებებს, რომლებიც შექმნილია რომანტიკულ სიუჟეტზე. რომანტიზმი მუსიკალურ სფეროში გამოჩნდა უფრო გვიან, ვიდრე ლიტერატურაში _ XIX საუკუნის 20-იან წლებში. ოპერების სიუჟეტები გამოირჩეოდა ფანტასტიურობითა და მისტიციზმით. რომანტიული ოპერა ჩაისახა გერმანიაში. მის განვითარებასთან დაკავშირებულია ეროვნული სულის ამაღლება, რომელიც იქცა რეაქციად უცხოური, უპირატესად ფრანგული გავლენის წინააღმდეგ. რომანტიკულ საოპერო სკოლას მიეკუთვნებიან შპორი, მერშენი და, განსაკუთრებით, ვებერი. რომანტიკოსად ნაწილობრივ შესაძლოა დავასახელოთ ვაგნერიც, განსაკუთრებით „ლოენგრინში“, „ტანჰოიზერსა“ და „მოხეტიალე მეზღვაურში“.
(სტატიის უმეტესი ნაწილი მომზადებულ იქნა ნიკოლოზ თეოდორეს ძე გრუშკეს წერილის მიხედვით, სხვა წერილებიდან გარკვეული მასალების დამატებით)
გერმანელი რომანტიკოსი მწერლები და პოეტები
ავგუსტ ვილჰელმ შლეგელი
ავგუსტ-ვილჰელმ შლეგელი (Schlegel) _ იოჰან ადოლფ შლეგელის ვაჟიშვილი, გამოჩენილი გერმანელი კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი და პოეტ-მთარგმნელი, დაიბადა ჰანოვერში 1767 წელს. ჯერ კიდევ ბვშვობისას გამოავლინა ენების ათვისების უჩვეულო უნარი და მიდრეკილება ლიტერატურისადმი, განსაკუთრებით პოეზიისადმი, და მეტად ადრე დაიწყო ლექსების წერა. შევიდა რა 1786 წელს გიოტინგენის უნივერსიტეტში, მან თეოლოგიის შესწავლას მალევე ამჯობინა მეცდინეობები ფილოსოფიასა და ფილოლოგიაში და პროფესორ ჰაინეს ხელმძღვანელობით დაიწყო უძველესი ლიტერატურის შესწავლა. იგი ეხმარებოდა თავის მასწავლებელს ვირგილიუსის მისეულ გამოცემაში და 1788 წელს შეადგინა მაჩვენებელი IV ტომისთვის. მაგრამ ჰაინეზე უფრო მეტად შლეგელზე გავლენა მოახდინა მისმა ნაცნობობამ პოეტ ბიურგერთან, რომელსაც ამ დროს ეკავა კათედრა გიოტინგენში. ბიურგერი მალევე შეეთვისა თავის ნიჭიერ მოწაფეს, უწოდებდა მას თავის პოეტურ ვაჟიშვილს და მისი პირველი ლექსები, რომლებიც დაწერილი იყო მასწავლებლის მანერით, მოათავსა გიოტინგენურ „მუზების ალმანახსა“ და ასევე „Akademie der schჰönen Redekünste“-ში. ეს ლექსები გამოირჩეოდა უფრო მეტად ფორმისა და ლექსთაწყობის ვირტუოზულობითა და სრულყოფილებით, ვიდრე გრძნობებისა და იდეების სიღრმით. ბიურგერის გავლენას მალე შეუერთდა შილერის გავლენაც.
პოეტურ საქმიანობასთან ერთად შლეგელი დაკავებული იყო აგრეთვე კრიტიკითაც. უკვე ბიურგერისეულ „Akademie“-ში დაბეჭდილ პირველ წერილში შილერის „მხატვრების“ შესახებ შლეგელმა გამოიჩინა თავი როგორც გამორჩეულმა კრიტიკოს-ესთეტიკოსმა; თუმცა კი აქ იგი ზოგჯერ ძალზედ გატაცებულიც აღმოჩნდებოდა ხოლმე ფილოლოგიური თვალსაზრისით. არაჩვეულებრივი სიმსუბუქით ითვისებდა რა უცხო პოეტურ იდეებსა და პოეტური ნაწარმოებების უცხო ფორმებს, იგი თავისდა უნებურად გატაცებული ხდებოდა უცხოური ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლით. პოეტისა და კრიტიკოსის ყველა ზემოხსენებული თვისება მან განსაკუთრებული წარმატებით გამოიყენა თავის წერილში დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ შესახებ, სადაც მოგვცა პოეტისა და ნაწარმოების ბრწყინვალე დახასიათება, და შეეცადა ჩასწვდომოდა იმ ისტორიულ და გეოგრაფიულ პირობებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს დანტეს გენიის განვითარებას. ამრიგად, თავის კრიტიკულ თეორიებში იგი წარმოადგენს ერთის მხრივ ჰერდერის მიმდევარს, ხოლო მეორეს მხრივ კი _ ტენის წინამორბედს. უხსნიდა რა მკითხველს დანტეს პოემას, შლეგელი ამასთან ერთად თარგმნიდა მის რჩეულ ადგილებს, თანაც ცდილობდა შეძლების და გვარად დედნის ზომის შენარჩუნებას.
1791 წელს ა. ვ. შლეგელი გადასახლდა ამსტერდამში მდიდარი კაცის მიუილმანის ერთერთი საბანკირო კანტორის საქმეთა გამგისა და შვილების აღმზრდელის სახით. იქ მან იცხოვრა 1795 წლამდე, ამასთან უწინდებურად დაკავებული იყო ლიტერატურული საქმიანობით. ამ დროს შილერმა მიიწვია იგი თანამშრომლობისთვის „ტალიაში“, შემდეგ „Horen“-სა და „Musenalmanach“-შიც და ამ დროიდან დაიწყო შლეგელის ნაცნობობა დიდ პოეტთან. „Horen“-ში შლეგელმა მოათავსა მოთხრობა სულთნის ცოლის მორიეზელის შესახებ, რომელიც დაწერილი იყო შილერისეული პროზის ძლიერი გავლენით. „მუზების ალმანახში“ მოთავსებული იყო მისი ლექსი „Arion“, რომელშიც ჩანს „პოლიკრატეს ბეჭდის“ ძლიერი გავლენა. ლექსში „Entfürhte Götter“ შლეგელმა აირჩიათემა, რომელიც შემდგომში შილერმა დაამუშავა თავის ლექსში „Antiken in Paris“. და ბოლოს, აქვე იყო მოთავსებული შლეგელის ლექსები „Pygmalion“ და „Prometheus“. შლეგელის უწინდელი ლექსებისა და ყველა შემდგომის მსგავსად, ეს ანტიკური ბალადები გამოირჩევა უმთავრესად ჩინებული ლექსთაწყობის ტექნიკით გრძნობის საზარალოდ. მათ მომყოლ წერილში „პოეზიის, პროსოდიისა და ენის შესახებ“ შლეგელი ცდილობს ლექსის ფორმების წარმოშობის ფილოსოფიურად ახსნას.
წერილში „რაღაც უილიამ შექსპირის შესახებ ვილჰელმ მაისტერის გამო“ („Horen“, 1796 წ.) შლეგელი ამტკიცებს შექსპირის სრული, ზუსტი და ამასთან ერთად პოეტური თარგმანის აუცილებლობას, მიუთითებს რა დიდი პოეტის არსებული პროზაული ან ძალზედ თავისუფალი თარგმანების ნაკლოვანებებზე, და იცავს დრამატული დიალოგის უფლებას იმოსებოდეს პოეტური ფორმით, პოულობს რა, რომ სწორედ განზომილი (დინჯი) საუბარი პოეტურ ნაწარმოებში ახდენს სიმართლესთან უფრო მეტად მსგავსების შთაბეჭდილებას. 1795-1796 წლებში შლეგელი თარგმნიდა „რომეო და იულიას (ჯულიეტას)“, ხოლო 1797-ში გამოსცა წერილი ამ ტრაგედიის შესახებ, რომელშიც მოთავსებულია პიესის ფაქიზი ესთეტიკური ანალიზი. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გაუჩნდა მას განზრახვა ეთარგმნა შექსპირის ყველა ნაწარმოები თუ ვერა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, რომელიც მან განახორციელა კიდეც, გამოსცა რა 1797-1801 წლების მანძილზე შექსპირის 17 დრამა. იგი თავის თარგმანს უბრუნდებოდა მოგვიანებითაც.
შლეგელის მიერ შესრულებულ ჩინებულ თარგმანს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა და ძლიერი გავლენა იქონია გერმანულ დრამატულ პოეზიაზე, სხვათა შორის შილერის შემოქმედებაზეც მისი მოღვაწეობის მეორე პერიოდში. 1796 წელს ა. ვ. შლეგელი გადასახლდა იენაში, სადაც ცხოვრობდა შილერი. აქ მან ცოლად შეირთო კაროლინა ბემერი (ქალიშვილობაში მიხაელისი), რომელიც გაიცნო მნიშვნელოვნად უფრო ადრე. ამ ნიჭიერმა ქალმა, გახდა რა შლეგელის ცხოვრების მეგობარი, არც თუ მცირე სამსახური გაუწია ქმარს, ეხმარებოდა რა მას რეცენზიების შედგენაში, რომლებითაც შლეგელი ახლა გაძლიერებულად იყო დაკავებული შემოსავლის გაზრდის მიზნით, და რომლებსაც ათავსებდა უმთავრესად იენურ „Allgemeine Zeitung“-ში. რამდენიმე წლის განმავლობაში მან ამ გაზეთში მოათავსა 300-მდე რეცენზია, რომელთაგან მოცულობისა და მნიშვნელობის მიხედვით ყველაზე უფრო გამორჩეული იყო წერილები: ჰომეროსის „ფოსისეული თარგმანის“ შესახებ (1796 წ.), შილერის „Horen“-ის შესახებ (1796 წ.), შამფორის შესახებ (1796 წ.), შილერის „Musenalmanach“-ის შესახებ (1797 წ.), ჰერდერის „ტერფსიხორის“ შესახებ (1797 წ.), გოეთეს „ჰერმანისა და დოროთეას“ შესახებ და „დონ კიხოტის“ ტიკისეული თარგმანის შესახებ (1799 წ.).
ყველა ამ წერილში ყურადღებას იქცევდა ავტორის ღრმა ერუდიცია, გემოვნების სინატიფე, ფაქიზი ესთეტიკურ-ფილოსოფიური და ფილოლოგიური კრიტიკა. მას ეკუთვნის გოეთესა და შილერის ნაწარმოებების მნიშვნელობის მთელი მოცულობით გამორკვევის დამსახურება. მან ასევე პირველმა მიუთითა ლ. ტიკისა და რომანტიკული სკოლის სხვა მოღვაწეების ნიჭიერებაზე. მართალია, შლეგელის წერილებში არ უნდა ვეძებდეთ სავსებით დამუშავებულ კრიტიკულ თეორიებსა და პრინციპებს, მაგრამ სამაგიეროდ ისინი თავიანთ თავში შეიცავენ ცალკეული ფაქიზი შენიშვნების სიმრავლეს და დაწერილი არიან სტილის არაჩვეულებრივი სინატიფით. სრულიად ახალი თვალსაზრისი შემოიტანა მან თარგმანების თეორიაში, გამოთქვა რა მოთხოვნა, რომ პოეტური ნაწარმოებები თარგმნილი უნდა იქნას ასევე ლექსებად, ასევე, შეძლების-და გვარად დედნის ზომით. დაბოლოს, ამ წერილებში შლეგელი ებრძოდა მკითხველი საზოგადოების (პუბლიკის) გაფუჭებულ გემოვნებას, თავს ესხმოდა რა მის რჩეულ იფლანდს, კოცებუსა და ავგუსტ ლაფონტენს და აქცევდა რა მის ყურადღებას ჭეშმარიტად მხატვრულ ნაწარმოებებზე.
მისი ძირითადი თვალსაზრისი იგივეა, რაც გოეთესთან და შილერთან: ფორმის შინაარსთან ჰარმონიული შერწყმის მოთხოვნა. მაგრამ, რომანტიკოსის სახით იგი ზომაზე მეტად არის გატაცებული პოეტური ნაწარმოებების გარეგნული ფორმით, აგრეთვე ხალხური ზღაპრებისა და ლეგენდების უმიზნო ზღაპრული გამონაგონებით. ამ მიმართებით მასზე გავლენას ახდენდა მისი ძმა ფრიდრიხი, რომელიც შილერის მიმართ თავისი თავხედური დამოკიდებულების წყალობით, ავგუსტ შლეგელის მიერ ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზად „ვალენშტაინის“ ავტორთან; ამ გაწყვეტამ თავის მხრივ არც თუ მცირე გავლენა იქონია შლეგელის აზრის შეცვლაზე შილერისა და გოეთეს კლასიციზმის შესახებ. შექსპირის თარგმანის წყალობით შლეგელს ყურადრება მიაქციეს იენის უნივერსიტეტის მესვეურებმა. იგი აქ მიწვეულ იქნა ლიტერატურის ისტორიისა და ესთეტიკის კათედრის დასაკავებლად.
1798 წელს ბერლინში შლეგელმა გაიცნო ლ. ტიკი, რომლის ნაწარმოებებიც მან ადრეც იცოდა და უყვარდა. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ბერნჰარდი, შლაიერმახერი, ნოვალისი, შელინგი და ასეთნაირად წარმოიქმნა ე. წ. „რომანტიკული სკოლის“ წარმომადგენლების წრე, რომლის ლიტერატურული ტენდენციების გამომხატველიც იყო უპირატესად შლეგელი. ყველა ისინი ისწრაფვოდნენ ისეთი ბეჭდური ორგანოს შექმნისკენ, სადაც შეძლებდნენ პოეზიასა და ხელოვნებაზე თავიანთი შეხედულებების ჩამოყალიბებას, და მათი სურვილიც მალევე განხორციელდა. 1797 წელს ფრიდრიხ შლეგელმა უარი თქვა ჟურნალ „Lyceum“-ში მონაწილეობაზე, სადაც იგი ათავსებდა თავის წერილებს. ავგუსტ-ვილჰელმ შლეგელს ასევე ამძიმებდა თავისი ურთიერთობები „Allgemeine Zeitung“-თან, და 1798 წელს მათ ორმა დაიწყეს თავიანთი საკუთარი ჟურნალის „Athenaeum“-ის გამოცემა ყველანაირი თანამშრომლების გარეშე. ჟურნალის 1-ლ ნომერში ა. ვ. შლეგელმა მოათავსა წერილი „Gespräch über Klopstock’s grammatische Gespräche“ (რომელიც შემდგომში გადაბეჭდილ იქნა მისი თხზულებების VII ტომში სათაურით „Der Wettstreit der Sprachen“), სადაც იგი უარს არ ამბობდა ჯერ კიდევ თავის უწინდელ შეხედულებებსა და გემოვნებაზე, მაგრამ გამოავლინა მსჯელობის მეტი დამოუკიდებლობა. აღნიშნული წერილებიდან პირველში შლეგელი, კლოპშტოკის შეხედულებების მიუხედავად, რომ სასიამოვნოს გრძნობა არის მშვენიერის საფუძველი. იგი მოითხოვს მოქალაქეობის უფლებებს სხვადასხვა ხალხების ყველა მეტრიკული სისტემისთვის, არა მხოლოდ ანტიკურებისა, და ჯანყდება გერმანული ენის წინაშე განსაკუთრებული მოწიწების წინააღმდეგ.
1801 წელს ძმებმა შლეგელებმა გამოსცეს თავიანთი კრიტიკული წერილები და შენიშვნები სათაურით „Charakteristiken und Kritiken“. არ ჰქონდა რა უკვე ორგანო რომანტიკული სკოლის იდეების გამოხატვისა და ძველი სკოლის ფილისტერობასთან და რუტინასთან ბრძოლისთვის, ავგუსტ შლეგელმა ჩაიფიქრა გადასახლებულიყო ფილისტერობის ცენტრში, ბერლინში, რათა იქ ემოქმედა ცოცხალი სიტყვის მეშვეობით, ე. ი. ეკითხა საჯარო ლექციები. 1801 წელს მან გახსნა ბერლინში ლექციების კურსი ნატიფი ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ, რომელიც გრძელდებოდა 1802, 1803 და 1804 წლების განმავლობაში. ამ ლექციებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს რომანტიზმის ისტორიაში, რადგანაც მათში სისტემაშია მოყვანილი რომანტიკული სკოლის შეხედულებები ხელოვნებასა და პოეზიაზე. აქ შლეგელი უწინარეს ყოვლისა აცხადებს ხელოვნების ავტონომიას, უარყოფს რა მისთვის დამამცირებელ სასარგებლოობისა და მორალის მოსაზრებებს, ადგენს შეხედულებას კრიტიკაზე, რომელიც სულაც არ უნდა ახდენდეს ხელოვნების ნაწარმოების მხოლოდ ანატომირებას, დანაწევრებას, არამედ ხსნიდეს მას ესთეტიურად და ისტორიულად; კრიტიკოსი, შლეგელის აზრით, უნდა განიმსჭვალებოდეს პოეტური ნაწარმოების არსით, თავად უნდა იქცეოდეს მხატვრად. იგი ადგენს ასევე რომანტიკული პოეზიის ცნებას, როგორც სულისკვეთების მიხედვით ანტიკური და კლასიკური პოეზიების საპირისპიროსი, განსაზღვრავს რა პირველს, როგორც ფილოსოფიურ, იდეალისტურ და ფანტასტიკურ პოეზიას, რომელიც ემორჩილება მხოლოდ ავტორის თვითნებობას, ხოლო ავტორი თავად არ ემორჩილება არაფერს; შემდეგ შლეგელი აკრიტიკებს სხვადასხვანაირ უძველეს და ახალ ესთეტიკურ თეორიებს, განსაკუთრებით მკაცრად გმობხ რა არისტოტელესა და კანტის თეორიებს, ამასთან თავად მთლიანად დგას შელინგის თვალსაზრისზე, და ამტკიცებს, რომ „მშვენიერი არის უსასრულოს სიმბოლური გამოხატულება“, გვაძლევს ხელოვნების დამოუკიდებელ თეორიას, რომელიც საფუძვლად დაედო ბევრ გვიანდელ სწავლებას მშვენიერის შესახებ, მათ რიცხვში ჰეგელის ესთეტიკასაც.
შლეგელი ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია ჩრდილავს ანტიკურისა და რომანტიკულის კონტრასტს; თავში ფერწერის შესახებ, მაგალითად, ვინკელმანის, ლესინგისა და რ. მენგსის შეხედულებების საპირისპიროდ, რომლებიც ისწრაფვოდნენ ჩაეტენათ ფერწერა სკულპტურის ჩარჩოებში, იგი დაჟინებით აცხადებს ფერწერისა და კოლორიტის დამოუკიდებელი მნიშვნელობის შესახებ. გადადის რა პოეზიაზე, შლეგელი ბევრს ლაპარაკობს მისი წარმოშობის თაობაზე, მიუთითებს იმაზე, რომ პოეზიის წარმოშობას წინ უძღვის ენის წარმოშობა, რომელიც თავად არის ასევე მთელი ერის ან მთელი კაცობრიობის მუდმივად განვითარებადი პოეტური ნაწარმოები; ენა კი წარმოიქმნა უწინარეს ყოვლისა თვითშეგნების, აზრის ჩამოყალიბების მოთხოვნილებიდან, ხოლო შემდეგ უკვე ურთიერთობის მოთხოვნილებიდანაც. შემდეგ შლეგელი ლაპარაკობს ეპითეტების, მეტაფორების, შედარებებისა და ა. შ. შესახებ, პროსოდიის შესახებ, როგორც პოეზიის ყოველგვარი დამოუკიდებელი არსებობის პირობის შესახებ, მითების შესახებ, რომლებსაც შლეგენი განმარტავს როგორც პოეტურ ნაწარმოებებს, რომელთაც აქვთ პრეტენზია რეალობაზე და ა. შ.
ლექციების მეორე კურსში შლეგელს განზრახული ჰქონდა პოეზიის ისტორიის გადმოცემა, ამასთან სურდა გზადაგზა გაეცნო მსმენელებისთვის უმთავრესი პოეტური ნაწარმოებების შინაარსი, ისარგებლებდა რა შეძლების და გვარად მათი თარგმანებით გერმანულ ენაზე. ამიტომ ლექციებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა შლეგელის მოღვაწეობა, როგორც მთარგმნელისა. მათთვის მან თარგმნა ბევრი ნაწყვეტი დანტედან, პეტრარკადან, ბოკაჩოდან, ტასოდან, გვარინიდან, მონტემაიორიდან, სერვანტესიდან და კამოენსიდან. მათი უმეტესი ნაწილი შევიდა კრებულში, რომელიც გამოიცა 1804 წელს ბერლინში სათაურით „Blumenstrausse italienischer, spanischer und portugiesischer Poesie“. ტიკის გავლენით შლეგელი გაიტაცა კალდერონის ნაწარმოებებმა. 1803 წელს მან გამოუშვა „ესპანური თეატრის“ პირველი ნაწილი კალდერონის სამი დრამით (მე-2 ნაწილი გამოვიდა 1804 წელს და შეიცავდა კიდევ ორ დრამას). ამავდროულად მან თავისი ძმის ჟურნალში „ევროპა“ დაბეჭდა წერილი „ესპანური თეატრის შესახებ“, რომელიც აღსავსე იყო ესპანური თეატრით და განსაკუთრებით კალდერონით ვნებიანი გატაცებით.
ლექციების მესამე კურსი შლეგელმა დაიწყო პოლემიკური შესავლით, რომელშიც გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები ბერლინელების განმანათლებლური განწყობილებისა და მატი საყვარელი ლიტერატურის პროზაული ხასიათის გამო. იგი მიუთითებს აქ თანამედროვე შეხედულებებში იდეალიზმის არარსებობაზე, ამცირებს ემპირიული მეცნიერებების ღირსებას, ამასთან დადებითი მეცნიერებების მისეულ უარყოფაში იგი მიდის ასტროლოგიისთვის უპირატესობის მინიჭებამდე ასტრონომიის წინაშე, მაგიის დაცვამდე და საერთოდ ცალმხრივად იცავს ფანტაზიის უპირატესობას გონების (განსჯის) წინაშე; ახასიათებს რა მომავლის პოეზიას, იგი ამტკიცებს, რომ ახალი პოეზიის მთავარი თავისებურება მოთავსებული (დაცული, შენახული) იქნება თვითშეგნების უმაღლეს ხარისხში. ამიტომ წარსულსა და მომავალს შორის დამაკავშირებელ რგოლად იგი თვლის კანტისა და ფიხტეს ფილოსოფიას, და მომავალი რომანტიკული პოეზიის ფესვებს ხედავს ამ მოაზროვნეთა ტრანსცენდენტალურ იდეალიზმში. ამ შესავლის შემდეგ შლეგელი გადადის თავის მთავარ ამოცანაზე _ პოეზიის ისტორიაზე.
აქ უნდა აღინიშნოს მისი გატაცება დიდაქტიკური ფილოსოფიური პოეზიით, მათ შორის ლუკრეციუსის პოემითა და პლატონის დიალოგებითაც კი (რომლებსაც იგი ასევე ნაწილობრივ მიაკუთვნებს პოეზიას). ეს იყო სავსებით რომანტიკოლი სულიკვეთების შესაბამისი, რომელიც მიისწრაფვოდა ფილოსოფიისა და პოეზიის უმაღლესი სინთეზისკენ. განსაკუთრებით შესანიშნავია ლექციების ის ნაწილი, სადაც შლეგელი ლაპარაკობს ბერძნების დრამატული პოეზიის შესახებ, იძლევა ანტიკური დრამატული წარმოდგენების გარეგნული ვითარების შესანიშნავ აღწერას, ქოროს მნიშვნელობის გონებამახვილურ ახსნას, სამი დიდი ტრაგიკოსის ბრწყინვალე დახასიათებასა და ასრისტოფანეს კომედიის არსის ახსნას. ევრიპიდეს დახასიათების ბოლოს შლეგელი მიუთიტებს რომანტიკული მისწრაფებების ჩანასახებზე უძველეს წარსულში. ეს შეადგენს გადასვლას საკუთრივ რომანტიკული პოეზიის ისტორიაზე, რომანტიკული სკოლის მისწრაფებების გამორკვევასთან კავშირში. ამასშან შლეგელი ამტკიცებს, რომ რომანტიკული პოეზია წარმოიშვა შუა საუკუნეების ევროპაში, და რომანტიკოსებს მიაკუთვნებს შუა საუკუნეების იტალიელ და ესპანელ პოეტებს, კალდერონს, სერვანტესსა და შექსპირს.
სხვა რომანტიკოსებთან ერთად შლეგელს ეკუთვნის უძველესი გერმანული პოეზიისადმი ინტერესის აღდგენის პატივი, რისი მიღწევაც სრულად ვერ შეძლეს მათმა წინამორბედებმა ჰერდერმა, იოჰან მიულერმა და სხვებმა. შლეგელმა პირველად გადმოსცა თანამიმდევრულად ძველ-გერმანული პოეზიის ისტორია. ჯერ კიდევ 1798 წელს იგი შეუდგა „ნიბელუნგების“ შესწავლას. ახლა კი ლექციებში მან მიმართა ძველი ეპოსის გადამუშავების მცდელობას ახალი დროის გემოვნებასთან შეგუებით. ნიბელუნგებზე პოემის წარმოშობის შესახებ საკითხზე შლეგელმა გამოთქვა მოსაზრება, ემყარებოდა რა ვოლფის გამოკვლევას ჰომეროსის შესახებ, რომ სიმღერა ნიბელუნგებზე არის ძველი სიმღერების კრებული და არ ეკუთვნის ერთ ავტორს, არამედ წარმოადგენს ერის კოლექტიური შემოქმედების პროდუქტს. გერმანული პოეზიის ისტორიის გადმოცემაში, რომელსაც იგი ყოფს სამონაზვნო, სარაინდო, ბიურგერულ და მეცნიერულ პოეზიებად, ყველაზე უფრო შესანიშნავი ადგილი იყო ნარკვევი სამეცნიერო პოეზიის განვითარების თაობაზე, რომელიც მთავრდებოდა მკვეთრი კრიტიკით სამეცნიერო პოეტის ვილანდის წინააღმდეგ, როგორც მცირედ ორიგინალური და უზნეო მწერლისა.
როგორც უშუალო პოეტური ნაწარმოების იდეალზე შლეგელი მიუთითებს კვლავ მაინც „ნიბელუნგებზე“. შუა საუკუნეების პოეზიისადმი თანაგრძნობის გამოხატვიდან შლეგელი ადვილად გადადის შუა საუკუნეების იდეალიზაციამდე ზოგადად, თვლის რა, რომ ამ ეპოქაში ყველაზე უფრო მეტად გამოიხატა კაცობრიობის პოეტური და იდეალისტური მისწრაფებები. იგი ადიდებს ფეოდალურ სისტემას, რაინდობას, შუა საუკუნეების რელიგიურ ომებს, ღვთის სასამართლოს, რაინდულ ზნეობას, ცნებას ღირსების შესახებ. შემდეგ იგი გადადის პროვანსალური და იტალიური პოეზიის მიმოხილვაზე, განსაკუთრებით ჩერდება რა დანტეზე. აქ ინტერესს არ არის მოკლებული მისი შენიშვნები ტერცინისა და სონეტის შესახებ, რომლებშიც გამოვლინდა რომანტიკოსების მისწრაფება გარეგნული ფორმის მნიშვნელობის გადაჭარბებისკენ და მიდრეკილება ფორმების მნიშვნელობის მისტიკური განმარტებებისკენ. დაბოლოს, იგი ანვითარებს ცნებას რომანის, პოეტურ ნაწარმოებთა ფორმის შესახებ, რომელსაც რომანტიკოსები აღიარებენ პოეტურად და რომანტიკულ par excellence-დ. ლექციების მე-2 და მე-3 კურსებს შორის შუალედში, 1803 წლის ზაფხულში, შლეგელი კითხულობდა ლექციებს მეცნიერებათა ენციკლოპედიაში, ისევ და ისევ რომანტიკული თვალსაზრისიდან ამომდინარე. იმავე წელს იგი გოეთეს მეშვეობით გაეცნო ქ-ნ დე-სტალს; უკანასკნელმა იგი მიიწვია თავისი ბავშვების აღმზრელად, დაუნიშნა რა მას 12 000 ფრანკის ანაზღაურება წელიწადში. ამ დროიდან იწყება მეგობრობა ორივე მწერალს შორის და ურთიერთ გავლენა. შლეგელი თან ახლავს ქ-ნ სტალს ყველგან მის მოგზაურობებში.
1804 წ. მათ ერთად მოაწყვეს მოგზაურობა იტალიაში. რომში შლეგელმა მიუძღვნა მას, როგორდ „დიადი იდეების შთამაგონებელს“, ელეგია „რომი“ (გამოიცა 1805 წ.), სადაც პაეტურად გამოხატა რომის კულტურული ისტორიის მთავარი მომენტები. 1805 წ. დაწერა „Consideration sur la civilisation en general et sur l’origine et la decadance des religions“. 1806 წ. გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც გამოსცა „Comparasion entre la Phedre de Racine et celle d‘Euripide“ (II., 1807). აქ ის უპირატესობას ანიჭებდა უძველესი პოეტის უბრალოებასა და სიდიადეს ფრანგის გალანტური და მედიდური (მაღალფარდოვანი) პოეზიის წინაშე. 1807 წ. შლეგელმა ვენაში რჩეული საზოგადოების წინასე წაიკითხა ლექციების კურსი დრამატულ ლიტერატურაში, სადაც მოგვცა ბერძნული თეატრისა და დრამის შესანიშნავი დახასიათება და ფრანგული დრამის მეტად მკაცრი კრიტიკა, ამასთან თვით მოლიერიც კი არ დაინდო. შლეგელი თან ახლდა ქ-ნ დე-სტალს მის მოგზაურობაში რუსეთსა და შვედეთში. შვედეთში ბერნადოტმა შესთავაზა მას მრჩევლისა და პირადი მდივნის ადგილი. 1813 წ. შლეგელმა გამოსცა თხზულება „Sur le systeme continental et sur les rapports avec la Suede“, სადაც თავს ესხმოდა ნაპოლეონის რეჟიმს, აგრეთვე „Betrachtungen über die Politik der dänischen Regierung“ და „Tableau de l’empire francais en 1813“. ნაპოლეონის ტახტიდან გადადგომის შემდეგ შლეგელი ქ-ნ დე სტალთან ერთად დაბრუნდა საფრანგეთში. 1815 წ. შლეგელი მეორედ ეწვია იტალიას, სადაც 1816 წ. გამოსცა „Lettre sur les chevauxde bronze dela basilicue de St.-Marc a Venise“ და „Niobe et ses anfants“.
1816 წ. შლეგელი დაბრუნდა პარიზში, სადაც აგრძელებდა პროვანსალური პოეზიის შესწავლას, რაც მან დაიწყო ჯერ კიდევ პარიზში პირველი სტუმრობის დროს (1814 წ. მან გამოსცა „Essai sur la formation de la langue francaise“ რენუარის მიერ პროვანსალური პოეზიის ძეგლების კრებულის გამოცემის გამო). 1818 წ. გამოსცა „Observations sur la langue et la litterature provansale“. ამაზე ცოტა ხნით ადრე (1817 წ.) მოკვდა ქ-ნი დე-სტალი. მათი მეგობრობის სამახსოვროდ შლეგელმა გამოსცა მისი თხზულება „Considerations sur la revolution francaise“ და ჩაიფიქრა მისი ბიოგრაფიის დაწერა, მაგრამ შემოიფარგლა მხოლოდ ქ-ნ ნეკერ დე-სოსიურის წერილის თარგმანით ქ-ნ დე-სტალის შესახებ, დაურთო რა მას თავისი მოკლე შესავალი. 1818 წ.-ს მიეკუთვნება მისი მეორე ქორწინება პროფესორ პაულუსის ქალიშვილზე, რომელსაც იგი, თუმცა კი, მალევე დაშორდა. 1818 წ.-დან შლეგელი იყო ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის პროფესორი ბონში, სადაც, სხვათა შორის, დაკავებული იყო ინდური ლიტერატურით. ამ მეცადინეობების შედეგად იქცა „Indische Bibliothek“-ის გამოცემა (9 ნაწილისა, 1820-1830), აგრეთვე კრიტიკული გამოცემა „Bhatavat-Gita“-სი (1823), „Ramayana“-სი (1829) და „Hitopadesa“-სი (1829) და, ბოლოს, „Reflexions sur l’etude des langues asiatiques“ (1832). ამასთან ერთდროულად იგი დაკავებული იყო რელიგიური და პოლიტიკური საკითხებით, და 1825 წ. გამოსცა „Abriss von der Europäischen Verhältvissen der Deutschen Litteratur“ (1825), სადაც აცხადებს გერმანიას ყველაზე უფრო თავისუფალ ქვეყნად რელიგიური მიმართებით.
მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებზე საპასუხოდ მისი რელიგიური შეხედულებების არამდგრადობის გამო იგი თავს იცავს წერილში „Verrichtigung einiger Missdeutungen“ (1828), აცხადებს რა, რომ იგი ყოველთვის იყო მართლმორწმუნე პროტესტანტი და რომ მისი კათოლიკური ტენდენციები დავანებული იყო მთლიანად არტისტულ აღტაცებაზე კათოლიკური კულტის მხატვრული მხარის წინაშე. იგი საკუთრ ძმასაც კი ესხმის თავს კათოლოციზმში მისი გადასვლის გამო. 1833 წ. შლეგელმა „Journal des debats“-ში მოათავსა წერილი „De l’origine des romans de chevalerie“. 1836 წ.-ს მიეკუთვნება მისი პოლემიკა როსეტისთან, ლონდონში დასახლებულ იტალიელთან, უკანასკნეკლის უცნაური აზრის გამო იმის შესახებ, რომ სამი დიდი იტალიელი პოეტი მიეკუთვნებოდა პაპობის მტრების საიდუმლო სექტას. ცხოვრების უკანასკნელ წლებში შლეგელმა დაკარგა თავისი გავლენა, როგორც კრიტიკოსმა და როგორც პროფესორმა. მისი ამხანაგები უნივერსიტეტიდან სკეპტიკურად ეკიდებოდნენ მის შრომებს, თვლიდნენ რა მათ მოძველებილად. შლეგელი მოკვდა 1845 წ. თითქმის ყველასგან დავიწყებული. მაგრამ მის შემდეგ დარჩა ეპიგრამების კრებული, რომლებშიც იგი თავს ინუგეშებდა ღვარძლიანი გამოხტომებით ყველა თავისი თანამედროვის წინააღმდეგ, თვით უწინდელი მეგობრების წინააღმდეგაც. მისი ირონიის მსხვერპლებს შორის ვნახულობთ შილერს, გოეთეს, ცელტერს, მაიერს, ფრიდრიხ შლეგელს, ფიხტეს, შლაიერმახერს, ულანდს, რიუკერტს, გრილპარცერს, რაუპახსა და სხვებს.
ა. ვ. შლეგელის თხზულებების სრული კრებული გამოსცა Böcking-მა მალევე მისი სიკვდილის შემდეგ 1846-1847 წწ. 12 ტომად. 1846 წ. გამოსცეს „Oeuvres ecrites en francais“ (ლაიფციგი); 1848 წ. „Opuscula latina“ (ლაიფციგი). შლეგელის წერილები გამოსცა Ant. Klette-მ (ბონი, 1868); „Vorlesungen über schöne Litteratur und Kunst“, რომლებიც არ შევიდა თხზულებათა სრულ კრებულში, გამოსცეს Bernh. Seuffert’s „Deutschen litteratur denkmäler der XVIII und XIX Jahrhund. in Neudrucken“-ის 17-19 ტტ.-ში (ჰაილბრონი, 1884). შილერისა და გოეთეს წერილები შლეგელისადმი გამოსცეს 1848 წ. ლაიფციგში. ფ. შლეგელის წერილები ა. შლეგელისადმი გამოსცა Oscar Walzel-მა (ბ., 1840). ა. ვ. შლეგელის შესახებ იხ. Galusky „G. de Schlegel“ („Revue des deux mondes“, 1846, თებერვალი); Loebell, „Fragmente zur Characteristik W. v. S.“ (1846); D. F. Strauss, „A. W. S.“ („Kleine Schriften“-ში, 1862 და „Gesammelte Schriften“-ში, 1876, ტ. 2); Parisot, წერილი ა. ვ. შლეგელის შესახებ „Biographie Universelle“-ში (1863, ტ. 38); წერილი შლეგელის შესახებ „Nouvelle biographie generale“-ში (ტ. 43, პარიზი, 1864); Rud. Haym, „Die romantische Schule“ (ბერლინი, 1870; რუსული თარგმანი ნევედომსკისა „რომანტიკული სკოლა, მოსკოვი, 1891); W. Dilthey, „Leben Sleiermachers“ (ტ. 1, ბერლინი, 1870); Mich. Bernay, „Zur Entstehungsgeschlichte des Schlegelschen Shakespears“ (ლაიფციგი, 1872); Rud. Genee, „Studien zu Schl.-S. Shkespeare’s Uebersetzung“ („Archiv für Litteraturgeschichte“-ში, ტ. 10, ლაიფციგი, 1881); H. Welt, „Geschichte des Sonettes in der deutschen Dichtung“ (ლაიფციგი, 1884); Jakob Minor, A. W. v. S. in der Jahren 1805-1845“ („Zeitschr. f. die osterreichischen Gymnasien“-ში, Jahrg. 38, ვენა, 1887); Lady Blennerhesselt, „Frau von Staël, ihre Freunde u. ihre Bedeutung in Politik und Litteratur“ (ტ. 3, ბერლინი, 1889), და ფ. მუნკერის წერილი „Allgem. deutsche biographie“-ში (ლაიფციგი, 1890, ტ. 31).
ნ. გრუშკე
ფრიდრიხ შლეგელი
იმავე ჟურნალში დაბეჭდილ მეორე წერილში „ბერძნული კომედიის ესთეტიური ღირსებების შესახებ“, იგი განიხილავს არისტოფანეს კომედიებს, თუმცა, უფრო, ისტორიულ-ფილოლოგიური თვალსაზრისით. შემდეგ წერილში „მშვენიერის საზღვრების შესახებ“ იგი ლაპარაკობს უფრო მეტად მშვენიერის ელემენტების თაობაზე, ეფუძნება რა წერილებს შილერის ესთეტიკის შესახებ. შემდეგ მოდის წერილები არისტოფანეს კომედიებისა და ბერძენი ქალის მდგომარეობისა და ღირსების შესახებ. წერილს იმის თაობაზე, თუ როგორ გამოხატავდნენ ბერძნულ ნატურას ბერძენი პოეტები, გააჩნია მნიშვნელობა როგორც მხოლოდ მოსამზადებელ ნაშრომს წერილისთვის „დიოტიმას შესახებ“; ეს უკანასკნელი წარმოადგენს ბერძენი ქალების დახასიათებას, რომელიც აღვსებულია ქალის მიმართ ბერძნული შეხედულებების გადაჭარბებული ქებით, ახდენს ჰეტერების იდეალიზებას და თავს ესხმის თანამედროვე ქალების ცრუ სიმორცხვეს. ყველა ამ წერილს, ზოგიერთი მსჯელობის მოუფიქრებლობისა და აჩქარებულობის მიუხედავად, ჰქონდა ის ღირსება, რომ განიხილავდა ძველი ბერძნების ხელოვნებასა და პოეზიას მათ ცხოვრებასთან და ზნე-ჩვეულებებთან კავშირში.
სწავლობდა რა უძველეს წარსულს, შლეგელი მუდმივად მიმართავდა მზერას თანამედროვეობისკენ. იგი ისურვებდა, მაგალითად, მიეცა გერმანული პოეზიისთვის იგივე სრულყოფილება, როგორსაც ის პოულობდა ბერძნულში. ამიტომ იგი დაჟინებით იმეორებდა უძველესი პოეზიის საბუძვლიანი და ღრმა შესწავლის აუცილებლობის შესახებ. წერილი „ბერძნული პოეზიის შესწავლის შესახებ“ (1796 წ.) იწყება მკვეთრი თავდასხმებით ახალ პოეზიაზე, ნახულობს რა, რომ მას, ძველი პოეზიის საწინააღმდეგოდ, გააჩნია ხელოვნური წარმოშობა; ბერძნულმა პოეზიამ კი, განსაკუთრებით სოფოკლეს ტრაგედიებმა, ნატურალიზმის საფუძველზე მიაღწია უმაღლეს თავისუფლებას, სილამაზეს, ობიექტურობასა და იდეალურობას. ბერძნული პოეზიის ისტორია არის საყოველთაო პოეზიის ნატურალური ისტორია. აქედან კეთდება ბუნებრივი დასკვნა: იმისთვის რათა მივაღწიოთ ბერძნული პოეზიის სრულყოფილებას, უნდა ვბაძავდეთ ბერძნებს, მაგრამ ოსტატურად (უნარიანად), განვასხვავებთ რა ობიექტურს ადგილობრივი კოლორიტის მინარევისგან.
1795 წელს გამოჩენილი ვოლფის „Prolegomena ad Homerum“-გან ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ შლეგელმა დაწერა წერილები ჰომეროსის პოეზიის შესახებ სათაურით „ნაწყვეტი წერილიდან ბერძნული პოეზიის საუკუნის, მისი სკოლებისა და სხვადასხვა სახეობების შესახებ“ (1796 წ.). შემდგომში (1798 წ.) მან დაწერა „ბერძნებისა და რომაელების პოეზიის ისტორია“, სადაც იძლევა ჰომეროსის, ჰესიოდეს, ჰომერიდებისა და საშუალო ეპოსის ჩინებულ დახასიათებას. იმავე 1796 წელს შლეგელმა კერნერის რჩევითშილერის ჟურნალისთვის „Horen“ დაწერა წერილი „კეისარი და ალექსანდრე“, სადაც მოგვცა კეისრის ოსტატური დახასიათება, თუმცა კი, რამდენადმე იდეალიზებული, მაგრამ საერთოდ არა იმდენად გადმოსცემდა ფაქტებს, რამდენადაც ფილოსოსოფოსობდა მათ გარშემო. შილერმა უარი თქვა წერილის დაბეჭდვაზე, რადგანაც მისი სტილი ნაკლებად შეესაბამებოდა შილერის წარმოდგენას ისტორიული ენის (სტილის) შესახებ. ამ შემთხვევას არც თუ მცირე მნიშვნელობა ჰქონდა შლეგელის ლიტერატურულ მოღვაწეობაში, რადგანაც ამის შემდეგ იგი უკვე აღარ წერდა წარსულის თაობაზე და შეცვალა თავისი დამოკიდებულება შილერის მიმართ.
1796 წელს იგი გადასახლდა დრეზდენიდან იენაში ძმასთან. აქ მან რაიჰარდტის „გერმანიაში“ დაბეჭდა რეცენზია შილერის „მუზების ალმანახზე“, ავგუსტ შლეგელის პროტესტების მიუხედავად. ამ წერილში იგი გოეთეს აცხადებდა დიდ პოეტად, შილერს კი, პირიქით, მკაცრად აკრიტიკებდა, არა მხოლოდ როგორც პოეტს, არამედ როგორც ადამიანსაც, გადაუკრავდა რა ამ დროს მის თავშეუკავებლობასა და ქარიშხლიან ახალგაზრდობაზე. თუმცა კი წერილში „პოეზიის შესწავლის შესახებ იგი ცდილობდა გამოესწორებინა თავხედური გამოხტომა შილერის წინააღმდეგ მისი ქებით, მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება უკვე მომხდარი იყო. შილერი პასუხობდა შლეგელის რეცენზიაზე მთელ რიგ „ქსენიებში“, სადაც დასცინოდა შლეგელის ზედმეტ მიდრეკილებას (მიკერძოებას) ყოველივე ბერძნულისადმი. შლეგელმა, თავის მხრივ, მოათავსა „გერმანიაში“ წერილი, რომელიც აღსავსე იყო თავდახმებით შილერსა და მის „Horen“-ზე. ამ პოლემიკის შედეგად იქცა შლეგელის მიერ შილერთან უეთიერთობების საბოლოოდ გაწყვეტა. უკანასკნელი ცდილობდა ძმების შლეგელების წინააღმდეგ გოეთეს განწყობასაც, მაგრამ გოეთემ სიცოცხლის ბოლომდე კეთილი ურთიერთობები შეინარჩუნა მათთან. თავიანთ მხრივ, ძმები შლეგელებიც ასევე ყოველთვის დიდად აფასებდნენ გოეთეს, სრულიად იგნორირებას უკეთებდნენ რა ამ დროს შილერს.
ფრიდრიხ შლეგელისთვის ეს მით უმეტეს უცნაური იყო, რადგანაც ბუნებით იგი ბევრ რამეში ენათესავებოდა შილერს. ორივესთვის დამახასიათებელი იყო მიდრეკილება ფილოსოფიური აბსტრაქციისკენ, თუმცა კი შლეგელთან იგი არასოდეს არ მიდიოდა დილეტანტიზმზე უფრო შორს. შლეგელმა უკვე ჭაბუკობისას შეისწავლა პლატონის დიალოგები, შემდეგ შეუდგა კანტის შესწავლას; და ბოლოს, უახლოესმა გაცნობამ ფიხტეს იდეებთან მასზე მოახდინა გადამწყვეტი გავლენა. იმ დროიდან იწყება შემობრუნება კლასიციზმიდან რომანტიზმისკენ. წერილში „გერმანელი ორთეოსი“ მას პოლემიკა ჰქონდა ი. შლოსერთან უკანასკნელის კანტის ფილოსოფიაზე თავდასხმების გამო. მაგრამ შლეგელის გამოუქვეყნებელ შენიშვნებში კანტის ფილოსოფიის შესახებ შეიმჩნევა კრიტიკული დამოკიდებულება მისი ფილოსოფიის მიმართ. იგი მას მიიჩნევს არასაკმარისად სისტემატიურად, ჩახლართულად და ბუნდოვნად. პირიქით, ფიხტეს სწავლებაში მას ატყვევებს გარეგანი ფორმის მთლიანობა და სისტემატიურობა.
1797 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ შლეგელმა მოათავსა რეცენზია ნიტჰამერის ფილოსოფიურ ჟურნალზე, ხოლო მანამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა რეცენზია იაკობის ფილოსოფიურ რომანზე „ვოლდემარი“, რომელიც წარმოადგენს ფრ. შლეგელის ერთერთ ყველაზე უფრო მხატვრულ და დასრულებულ პოლემიკურ წერილს. მას უშუალოდ ერთვის გ. ფორსტერის დახასიათებაც, სადაც იგი გამოხატავს თანაგრძნობას ფორსტერის პროგრესული რესპუბლიკური იდეებისადმი, უწოდებს მას კლასიკურ და ობიექტურ მწერალს.
იგი წინასწარგანზრახულად წერს წყვეტილად, მიუთითებს რა ლესინგის ავტორიტეტზე. შამფორის შესახებ ავგუსტ-ვილჰელმ შლეგელის წერილის გავლენით, და უკანასკნელის აფორიზმების დამოუკიდებლად შესწავლის საფუძველზე, მან მოათავსა „ათენეუმში“ ნაწყვეტი შენიშვნები („Fragmente“), რომლებშიც გადმოსცა თავისი შეხედულებები პოეზიის არსზე. მარკუს ჰერცის სახლში მან გაიცნო შლაიერმახერი, და ეს ნაცნობობა შემდგომში გადაიქცა მჭიდრო მეგობრობად. შლეგელი გადასახლდა მის სახლში. შლაიერმახერთან სიახლოვე კიდევ უფრო უწყობდა ხელს მის გატაცებას ფილოსოფიით. მან ჩაიფიქრა ახლა ხელი შეეწყო პოეზიის შერწყმისთვის ფილოსოფიასთან, ავიწყდებოდა რა, რომ შილერის ნაწარმოებები უკვე წარმოადგენდა პოეზიის ფილოსოფიასთან ჰარმონიული შერწყმის მაგალითს. ერთერთ ნაწყვეტ შენიშვნათაგანში იგი ამბობს, რომ ფიხტეს სისტემა და გოეთეს „ვილჰელმ მაისტერი“ შეადგენენ ეპოქას ადამიანური გონების ისტორიაში.
უწინდელი გატაცება უძველესი წარსულით იცვლება გადაცებით უახლესი პოეზიით. შლეგელი მოითხოვს ძველი და ახალი პოეზიის თანასწორუფლებიანობის აღიარებას და დანტეს, შექსპირსა და გოეთეს უწოდებს „ახალი დროების დიად სამხმოვანებას“. პოეზიის ახალი ფილოსოფიის (თეორიის) ქვაკუთხედს, მისი აზრით, წარმოადგენს რომანის თეორია. იგი წინა პლანზე სწევს გოეთეს რომანს „ვილჰელმ მაისტერი“. თავის წერილში ამ რომანის შესახებ („ათენეუმში“) შლეგელი ამბობს, რომ იგი წარმოადგენს ყოველივე პოეტურის ერთობლიობას ნონ პლუს ულტრა, და მის საფუძველზე აყალიბებს რომანისა და რომანტიკული პოეზიის განსაზღვრებას (რომელსაც ასეთი სახელწოდება დაარქვა მისი მთავარი სახეობიდან გამომდინარე). მისი აზრით, რომანტიკული პოეზია აერთიანებს პოეზიის ყველა სხვადასხვანაირ სახეობას, პოეზია მოჰყავს შეხებაში ფილოსოფიასთან; რომანი კი პოეზიას აერთიანებს პროზასთან, გენიალურ უშუალობას კრიტიკულ ანალიზთან, ხელოვნებას ბუნებასთან, პოეზიას ხდის ცოცხლად და თანაზიარად (გულზიარად, გულღიად), ხოლო სიცოცხლესა (ცხოვრებასა) და საზოგადოებას პოეტურებად, და ბოლოს, მახვილგონიერებას მოსავს პოეტური ფორმით.
რომანტიკული პოეზია არის პროგრესირებადი, უნივერსალური პოეზია; მისი არსი მდგომარეობს მარადიულ განვითარებაში; ეპოსის მსგავსად იგი ასახავს მსოფლიოს (ქვეყანას, სამყაროს), ისევე როგორც სარკეში; იგი უსაზღვრო და თავისუფალია და ვერ იტანს ვერანაირ შემავიწროვებელ ჩარჩოებსა და კანონებს. ამ უკანასკნელ განსაზღვრებაში არ შეიძლება არ დავინახოთ ფიხტეს ფილოსოფიის გავლენა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამყარო არის ჩვენი მე-ს მხატვრული ნაწარმოები. პოეზიასთან ერთად ფილოსოფიით გატაცებიდანაც გამომდინარეობს შლეგელის მოთხოვნა, რათა ყველანაირი ხელოვნება და პოეზია თავის თავში შეიცავდეს ფილოსოფიას, ხოლო სამეცნიერო სამეცნიერო სისტემები იყოს მხატვრული ნაწარმოებები.
რომანტიკული პოეზიის შლეგელისეულ განმარტებასთან მჭიდრო კავშირში იმყოფება მისი სწავლებაც ირონიის შესახებ, რომელიც თავის ჩანასახში აღებულია პლატონის დიალოგებიდან. (სოკრატეს ირონია), მაგრამ ძლიერად შეცვლილი და გაზვიადებულია. შლეგელის სიტყვებით, ირონია არის მუდმივი პაროდია საკუთარ თავზე. იგი თავის თავში შეიცავს და სხვებში ახალისებს (უბიძგებს) გადაუწყვეტელი წინაარმდეგობის შეგნებას აბსოლუტურსა და პირობითს შორის, ავტორის იდეის სრულად გადმოცემის შეუძლებლობასა და აუცილებლობას შორის. იგი არის პოეტის რწევა (ფრენა) მისი ნაწარმოების თავზე და გამოიხატება მისი თავისუფალი დამოკიდებულებით სიუჟეტისა და გმირებისადმი. ასეთნაირად, პოეზიისგან ობიექტურობის უწინდელი მოთხოვნა ფრ. შლეგელთან იცვლება უკიდეგანო სუბიექტურობისა და თავისუფლების საპირისპირო მოთხოვნით. ამომდინარე პოეზიის შილერისეული დაყიფიდან ნაივურად და სანტიმენტალურად, იგი გვაძლევს ტრანსცენდენტალური პოეზიის განსაზღვრებას, რომელიც არის „პოეზია, რომელიც მაღლდება მხატვრულ რეფლექსიამდე, თვითჭვრეტამდე“; ეს არის, ასე რომ ვთქვათ, პოეზიათა პოეზია, პოეზია კვადრატში. გოეთეს ნაწარმოებები, შლეგელის აზრით, წარმოადგენს ამგვარი პოეზიის სრულყოფილ ნიმუშს. ამ იდეების გადამჭრელი და მახვილგონივრული ფორმულირების წყალობით შლეგელი იქცა ახალგაზრდა მწერლების წრის ხელმძღვანელად, რომლებიც მას უახლოვდებოდნენ თავიანთი შეხედულებებით პოეზიაზე. მის შეხედულებებს თვით ფიხტეზეც კი ჰქონდა გავლენა. ბერლინში შლეგელი გაეცნო ტიკს, და ამ დაახლოებას კეთილისმყოფელი გავლენა ჰქონდა ორივეზე ახალი იდედებითა და ფაქტებით გამდიდრების აზრით. შლაიერმახერთან მეგობრობისა და მის ფილოსოფიასთან გაცნობის გავლენით ფრ. შლეგელმა „ათენეუმის“ მეხუთე წიგნისთვის დაწერა „იდეები რელიგიის შესახებ“ სეგნებული განზრახვით მეტოქეობა გაეწია მეგობრისთვის. მისტიურ-ბუნდოვანი ფორმით შემოსილი ამ შენიშვნების მთავარი შინაარსია _ ძირითადი დებულების ვარიაცია, რომ რელიგია არის _ ყოვლადგანმაცოცხლებელი განათლების სული, რომ იგი, ფილოსოფიასთან, მორალთან, პოეზიასტან ერტად, არის მისი მეოთხე უხილავი ელემენტი. იგი ამტკიცებს, რომ რელიგია არის ადამიანის გონების მთელი ძალების ცენტრი, ხოლო პოეზია და ფილოსოფია არსებითად რელიგიის ფაქტორებია. ახდენს რა რელიგიის პოეზიასთან შერევას, შლეგელს რელიგიის სფეროში შეაქვს ფანტასტიურობა და მისტიციზმი. იგი მოითხოვს ყველა იმ რელიგიის აღორძინებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს, ლაპარაკობს მითოლოგიის, მისტერიების, ორგიების შესახებ; პოეტურ პანტეიზმს, მისი აზრით, შეუძლია მიიყვანოს საზოგადოება ჭეშმარიტ კათოლიკურ რელიგიამდე. აქვე შეგვიძლია ვიპოვნოთ გვიანდელი შლეგელისეული კათოლიციზმის ჩანასახიც.
ამას მოჰყვება „მეტამორფოზები“, იულიუსის ორი წერილი, შესაძლოა საუკეთესო ადგილი მთელ რომანში, სადაც, ყოველ შემთხვევაში, არის რაიმენაირი რეალური შინაარსი, შემდეგ „რეფლექსია“ _ მეტაფიზიკურ-ფანტასტიკურ-ეროტიკული ხასიათის მსჯელობები თემაზე კაცობრიობის გამრავლების შესახებ, იულიუსის კიდევ ორი წერილი თავისი მეგობრის ანტონიუსისადმი და, ბოლოს, დასკვნითი თავი სათაურით „ფანტაზიის ცელქობანი“. ყოველივე ამაში ძალზედ ცოტაა პოეზია, მაგრამ ბევრია დოქტრინოირობა. ბრანდესის შენიშვნით, რომანის მიზანია _ გვაუწყოს სიცოცხლის ერთიანობა და ჰარმონია, რომელიც განსაკუთრებულად ნათლად (კაშკაშად) და ხელშესახებად (გრძნობითად) ვლინდება ეროტიულ განსულიერებაში, და რომელიც სულიერ მისწრაფებებს ანიჭებს გრძნობისმიერ გამოხატულებას და, პირიქით, სულიერებას ანიჭებს გრძნობისმიერ ლტოლვებს. რომანის ძირითადი იდეა, იმავე კრიტიკოსის აზრით, _ ეს არის რომანტიკოსების სწავლება სიცოცხლის და პოეზიის იგივეობისა შესახებ.
როგორც მოსალოდნელიც იყო, „ლუცინდე“ მთლიანად განმსჭვალულია შლეგელის სუბიექტივიზმითა და „ირონიით“, რომელიც მდგომარეობს, როგორც ჩვენ ვნახეთ, ავტორის თავისუფალ დამოკიდებულებაში სიუჟეტის მიმართ. „ლუცინდეს“ რევოლუციური ქადაგება დაიყვანება არა სულიერი თავისუფლების მოთხოვნაზე, არამედ უფრო მეტად დახვეწილი სიამოვნებებისკენ (ტკბობისკენ), ცხოვრების დოლცე ფარ ნიენტე-ში უმიზნოდ გატარებისკენ მისწრაფებაზე, რადგანაც სარგებელი ავტორის თვალში წარმოადგენს რაღაც ფილისტერულს. რაც შეეხება რომანში გამოხატულ შეხედულებებს ქორწინებასა და ქალზე, ისინი წარმოადგენს იმ იდეების შემდგომ განვითარებას, რომლებიც გამოთქმული ჰქონდა წერილში „დიოტიმას შესახებ“ და „ათენეუმში“ გამოქვეყნებულ „ფრაგმენტებში“ (ერთერთ მათგანსი იგი ამბობს, რომ არაფერი აქვს მეოთხედ ქორწინების საწინააღმდეგო).
„ლუცინდეში“ ბრძოლა ტრადიციულ ზნეობასთან მივიდა მთელი დამკვიდრებული ადათ-წესების უარყოფამდე, რომლებშიც ავტორი ხედავდა მხოლოდ უზნეობის გარეგნულ გარსს. მასში არის სუსტი ჩანასახები ახალი ეთიკისა, რომელიც დაფუძნებულია მთლიანი ადამიანურობის ცნებასა და თვითნებობის პრინციპზე, რომელიც ღებულობს ხან მოუთოკავი ვნებიანობის და ხანაც ფაქიზი მგრძნობელობის ფორმებს. აქ ცხადდება პრინციპი, რომ „მხოლოდ ბუნება (ნატურა) არის პატივისცემის ღირსი, მხოლოდ ჯანმრთელობა არის მიმზიდველი“. უსამურობის (უქმად ყოფნის) ქებას უერთდება თავდასხმები მოუსვენარ გამრჯეობასა და განმანათლებლობის ეკონომიკურ პრინციპზე. „ლუცინდემ“, რა თქმა უნდა, წარმოშვა საყოველთაო აღშფოთება. არა მხოლოდ შილერი გმობდა მას უპირობოდ, არამედ თვით რომანტიკოსებიც კი არ იყვნენ კმაყოფილნი მისი გამოჩენით. მხოლოდ შლაიერმახერმა დაწერა თავისი მეგობრის რომანის დასცავად ანონიმურად „ინტიმური წერილები ლუცინდეს შესახებ“, რომლებშიც მხურვალედ იცავდა მხატვრულ მხარესა და ავტორის ზნეობრივ ტენდენციებს, მეგობრებს შორის დაწყებული გაცივების მიუხედავად.
1799 წელს ფრ. შლეგელი დოროთეასთან ერთად გადასახლდა იენაში და თავშესაფარი ჰპოვა ძმასთან. აქ ავგუსტ შლეგელის პოეტური საქმიანობის გავლენით მან ასევე დაიწყო ძალების მოსინჯვა პოეზიაში, ამასტან გატაცებით შეუდგა ყველაზე უფრო რთული ზომების შემუშავებას. სხვათა შორის, მან 1800 წელს დაწერა დიდი ელეგია „ჰერკულეს მუზაგეტოსი“, სადაც ქება-დიდებას ასხამს რომანტიკული სკოლის მთელ ტენდენციებს, ახალი ხელოვნების დიდ დამფუძნებლებსა და მათ შორის საკუთარ თავსაც. შემდეგ ლექსებში, რომლებიც ეხება ლუცინდესა და რომლებიც დაიბეჭდა „მუზების ალმანახში“, ჩვენ ვპოულობთ ბუნების სიმბოლიკას, რომელიც ახლოა ტიკისეულ სიმბოლიკასთან, ასევე მსუბუქ ფიქრებს თავქარიანობისა და სიყვარულში ღალატის შესახებ. მან იქვე დაბეჭდა რამდენიმე სონეტი და კანცონი, რომლებიც მიძღვნილია მისი მეგობრებისა და მათი ნაწარმოებების დახასიათებისადმი.
ა. შლეგელის „იონას“ მაგალითმა წაახალისა იგი ასევე დრამატული ნაწარმოების დასაწერად. მისი ტრაგედია „ალარკოსი“ წარმოადგენს ანტიკურის უცნაურ შეხამებას რომანტიზმთან; მისთვის სიუჟეტის სამსახური გასწია ესპანურმა მოთხრობამ, რომელიც გერმანულ პუბლიკას გააცნო რამბახმა. კერნერის შენიშვნით, აქ გამოვლინდა, ფანტაზიის სრული არქონისას, ავტორის მტანჯველი მისწრაფება მხატვრული ნაწარმოების შექმნისკენ ზოგადი ცნებებისგან. ყოველივე ამის მიუხედავად, გოეთე აღწევს „ალარკოსის“ დადგმას ვაიმარის სცენაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ მსახიობები მიეჩვიონ სცენაზე ძნელი ზომების მქონე ლექსების კითხვას. მხოლოდ დიდი პოეტის გავლენამ შეუშალა ხელი პიესის სრულ ჩავარდნას.
1799-1800 წლებში შლეგელმა „ათენეუმისთვის“ დაწერა „საუბარი პოეზიის შესახებ“, რომელიც წარმოადგენს რომანტიკული სკოლის ტენდენციების მეორე უფრო სრულ და დაწვრილებით განვითარებულ პროგრამას. დიალოგის შემადგენლობაში შედიოდა წერილი პოეზიის სხვადასხვა ეპოქის შესახებ, სიტყვა მითოლოგიის შესახებ, წერილი რომანის შესახებ და ნარკვევი გოეთეს ნაწარმოებებში სხვადასხვანაირი სტილების შესახებ. დიალოგის ძირითადი დებულებები მდგომარეობს შემდეგში: ხელოვნების შესწავლა დაიყვანება მისი ისტორიის შესწავლაზე. ყველა ხელოვნება და მეცნიერება ქმნის თითქოს და ორგანიზმს, რომელიც ვითარდება მათ ისტორიაში; თითოეული ცალკეული ნაწარმოები, ამის გამო, შესაძლოა სწორად იქნას შეფასებული მხოლოდ მხატვრის ყველა სხვა ნაწარმოებთან და ხელოვნების მთელ ისტორიასთან კავშირში. შლეგელი ოცნებობს მეცნიებათა და ხელოვნებათა უნივერსალური ენციკლოპედიის შესახებ ადამიანის სულის ისტორიასთან დაკავშირებით. ეს აზრი შემდგომში განახორციელა ჰეგელმა.
ნარკვევში პოეზიის განვითარების შესახებ იგი განსაკუთრებულ ქება-დიდებას ასხამს დანტეს, ბოკაჩოს, პეტრარკას, შექსპირსა და გოეთეს. წერილში გოეთესთან სხვადასხვანაირი სტილების შესახებ იგი ადგენს პოეტის განვითარების სამ ეპოქას, რომლებიც განსახიერებულია „გეცში“, „ტასოში“ და „ჰერმანსა და დოროთეაში“. „ფაუსტსა“ და „ვილჰელმ მაისტერგში“ პოეტის გენია გამოვლინდა მთელ თავის მთლიანობაში. გოეთეს მიერ მოხდენილი გადატრიალება მდგომარეობს ჰარმონიულ შერწყმაში კლასიკურისა რომანტიულთან. წერილში „რომანის შესახებ“ შლეგელს, სერვანტესის, შექსპირის ნაწარმოებებიდან, აგრეთვე ჟან პოლის, რიხტერის რომანებიდან ამომდინარე, გამოჰყავს რომანისა და რომანტიკული პოეზიის განსაზღვრება; მისი აზრით, რომანი არის მოთხრობის, სიმღერისა და სხვა ლიტერატურული ფორმრების ნარევი, რომანი შედგება არაბესკებისგან. ირონიის დოგმატი ცოტ-ცოტად ადგილს უთმობს სწავლებას პოეზიის ალეგორიისა და დიდაქტიკური დანიშნულების შესახებ. შლეგელის ახალი შეხედულების მიხედვით, ყველა პოეტური ნაწარმოები არსებითად არისმსოფლიო (სამყაროს) ძალების უკიდეგანო თამაშის შორეული მიბაძვა; მაგრამ, რადგანაც უმაღლესი ვერ გამოიხატება უშუალოდ, ამიტომ მისი აზრები უნდა გამოიხატებოდეს კიდეც მხოლოდ ალეგორიების მეშვეობით. ყველანაირი პოეტური ნაწარმოები ასეთ ნაირად უნდა იყოს დიდაქტიკური ამ სიტყვის იმ ფართო აზრით, რომელიც აღნიშნავს მისწრაფებას ღრმა უსაზღვრო აზრისკენ.
სიტყვაში „მითოლოგიის შესახებ“ შლეგელი სინანულს გამოთქვამს, რომ ახალ დროს არ გააჩნია მითოლოგია, რომელშიც ძველები ნახულობდნენ ნიადაგს თავიანთი პოეზიისთვის, მაგრამ წინასწარმეტყველებს ისეთი დროის დადგომას, როდესაც ახალ ხალხებსაც ექნებათ მითოლოგია, რომელიც უნდა გამომუშავებულ იქნას ახალი სულის სულ უფრო დიდი სიღრმეებიდან. იგი ასევე ხედავს ასეთი მითოლოგიის ჩანასახებს უახლეს ნატურფილოსოფიაში, ასევე რომანტიკული სკოლის ნაწარმოებებში. ასევე ხელახლა უნდა გაცოცხლებულ (ცხოვრებისკენ მოწოდებულ) იქნას ძველი ბერძნებისა და აღმოსავლეთის მითოლოგია, განსაკუთრებით ინდოეთისა, რომლის პოეზიაშიც დაფარულია ევროპელებისთვის ჯერ კიდევ უხილავი საგანძურები. ამავდროულად იგი დაკავებული იყო შექსპირის, სერვანტესის, დანტესა და ბოკაჩოს შესწავლით „დახასიათებებსა და კრიტიკებში“ მოათავსა ბოკაჩოს პოეტური ნაწარმოებების მიმოხილვა.
1800 წელს შლეგელმა ჩაიფიქრა იენის უნივერსიტეტში ლექციების კურსის წაკითხვა ფილოსოფიაში. იგი დაუშვეს ლექციების წასაკითხად მკაცრი გამოცდის გარეშე, ერთი შესავალი ლექციის შემდეგ. მის დისპუტს თემაზე „Nონ ცრიტიცე, სედ ჰისტორიცე ესტ პჰილოსოპჰანდუმ“ თან ახლდა სკანდალი. მიუხედავად ამისა, მან მიიღო სამეცნიერო ხარისხი და გამოაცხადა ლექციების კურსი ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის შესახებ. მაგრამ მისი ლექციები, რომლებიც აღსავსე იყო მხოლოდ პარადოქსებითა და პოლემიკით, სულ უფრო და უფრო ნაკლებ მსმენელს, და მან წვალებით წაიკითხა წლის ბოლომდე.
1802 წელს ფრ. შლეგელი ძმასთან ერთად იყო დრეზდენში, სადაც სწავლობდა იქაური გალერეის საგანძურებს. იქიდან იგი დოროთეა ფოიტთან ერთად გადასახლდა პარიზში, სადაც თავი მიუძღვნა სპარსული და ინდური სიტყვიერების შესწავლას, და დაიწყო ჟურნალ „ევროპის“ გამოცემა. ამ ჟურნალში მან, სხვათა შორის, მოათავსა წერილი „ლიტერატურა“, რომელშიც პოეზიას ყოფდა ეკზოტერულად და ეზოთერულად; უკანასკნელს იგი მიაკუთვნებდა დიდაქტიკურ და ალეგორიულ-მითოლოგიურ ნაწარმოებებს. იქვე მოთავსებული იყო მისი წერილები: „დანართი უახლესი პოეზიის ისტორიაზე“ და „ცნობები ნახატების შესახებ“, რომლებშიც არ იყო არაფერი ახალი მის უწინდელ წერილებთან შედარებით. მათში შესამჩნევია მხოლოდ მისი სულ უფრო გაძლიერებადი მიდრეკილება მისტიციზმისკენ, რომელმაც იგი საბოლოოდ მიიყვანა კათოლიციზმსა და რეაქციულ განწყობაში. მაგრამ წერილში „მოგზაურობა საფრანგეთში“ გამოთქმულია უცნაური პარადოქსული იდეები დაშორიშორების (განცალცალკევების), როგორც ევროპის საერთო ხასიათის შესახებ, და შერიგების პოვნის შესაძლებლობის შესახებაც, თუ კი მიმართავდნენ მაგალითისთვის აღმოსავლეთს, განსაკუთრებით ინდოეთს. საერთოდ, ახალი ჟურნალი გამოირჩეოდა გაცილებით უფრო ზომიერი სულისკვეთებით, ვიდრე „ათენეუმი“, და ფრ. შლეგელმა უარი თქვა თავის უწინდელ თავის უწინდელ სიმკვეთრეზე მსჯელობებში და თავისი ადრეული რევოლუციური იდეების უმრავლესობაზეც.
1804 წელს მან კანონიერად იქორწინა დოროთეა ფოიტზე, რომელმაც მანამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო ქრისტიანობა. პარიზიდან ისინი ძმების ბუასერეების მიწვევით გადასახლდნენ კიოლნში, სადაც ფრ. შლეგელი კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში. 1808 წელს შლეგელმა მიიღო კათოლიციზმი. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი თხზულება „ინდოელების ენისა და სიბრძნის შესახებ“, რომელსაც მნიშვნელობა ჰქონდა შედარებითი ენათმეცნიერებისთვის. 1808 წელს შლეგელი გადასახლდა ვენაში, სადაც 1809 წლის მარტში მან მიიღო მდივნის ადგილი საიმპერატორო კარისა და სახელმწიფო კანცელარიაში. 1809 წელს იგი მაღალფარდოვან პროკლამაციებში წინასწარმეტყველებდა ავსტრიის ამაღლება-განდიდებას და რედაქტორობდა „ავსტრიულ გაზეთს“. ავსტრიისთვის სამწუხარო 1809 წლის ზავის შემდეგ იგი დაემორჩილა ბედს და ჩავარდა პესიმიზმში და დაიწყო სულ უფრო და უფრო მეტად დაახლოება გაბატონებულ ეკლესიასთან.
1812 წელს იგი კითხულობდა ვენაში ლექციებს ძველი და ახალი ლიტერატურის ისტორიაში. მათში შლეგელის უწინდელი ენთუზიაზმისა და მსჯელობების გაბედულების კვალიც კი არ ჩანდა. ლიტერატურა აქ განიხილებოდა კავშირში ფილოსოფიასთან და რელიგიასთან, ამასთან ნაწარმოებების შეფასება კეთდება წმინდა რელიგიური თვალსაზრისით; უნდა აღინიშნოს აგრეთვე მისი მიდრეკილება აღმოსავლეთისადმი. მაინც აქაც შესაძლოა შეგვხვდეს არც თუ ცოტა მახვილგონივრული აზრი და საინტერესო განზოგადება. 1814 წელს იგი შეიქნა პაპის ქრისტეს ორდენის კავალერი. 1819 წელს მეტერნიხთან ერთად იყო იტალიაში. ვენაში დაბრუნების შემდეგ შლეგელმა კვლავ თავი მიუძღვნა ლიტერატურულ შრომას, და სხვათა სორის გამოსცემდა გაზეთს „Concordia“ (1820-1823 წწ.), ყველა აღმსარებლობის პაპობის ეგიდით გაერთიანებისთვის ხელშეწყობის მიზნით.
ამრიგად, დარწმუნებული (დაჯერებული) ნოვატორისა და პროგრესისტისგან იგი თანდათანობით გადაიქცა რეაქციის ერთერთ მოღვაწედ, რომელიც დადგა ნაპოლეონის რეჟიმის შემდეგ. 1827 წელს იგი კითხულობდა ლექციებს ვენაში ისტორიის ფილოსოფიაში, ხოლო 1828 წლის შემოდგომაზე დრეზდენში დაიწყო ლექციების კურსი ენისა და სიტყვის ფილოსოფიაში, რომელიც მოულოდნელად შეწყდა მისი სიკვდილით 1829 წლის 12 იანვარს. შლეგელმა თავად გამოსცა თავისი თხზულებების კრებული 10 ტომად 1822-1825 წლებში (ვენაში). 1829 წელს ცალკე იქნა გამოცემული „Philosophi der Geschichte“, 1836 წელს ბონში „Philosophische Vorlesungen aus den Jahren 1804-06“ (Windischmann, ბონი 1836). თხზულებების ახალი გამოცემა 15 ტომად გამოვიდა ვენაში 1846 წელს. რუსულ ენაზე გადმოთარგმნილია მისი „ლექციები ძველი და ახალი ლიტერატურის ისტორიაში“ (ს. პ. ბ., 1829, ა. სმირდინისა). ლიტერატურა მის შესახებ იხ. წერილში ა. ვ. შლეგელზე.
ნ. გრუშკე
დოროთეა შლეგელი
ფრიდრიხ შლეგელის ცოლი, მოსე მენდელსონის ქალიშვილი, რომანტიკული სკოლის გერმანელი მწერალი ქალი. დაიბადა 1765 წ. და ძალზედ ახალგაზრდა ასკში მშობლების სურვილით მისთხოვდა ბანკირ ფოიტს, რომელთანაც, როგორც ჩანს სრულ თანხმობაში იცხოვრა რამდენიმე წელიწადს და რომლისგანაც ჰყავდა ვაჟიშვილები. ცხოვრობდა რა ბერლინში, იგი ტრიალებდა განათლებული ქალების ცნობილ წრეში, რომლის ცენტრალურ ფიგურებს წრმოადგენდნენ ჰენრიეტა ჰერცი და რაქილ ლევინი. 1797 წ. ჰენრიეტა ჰერცის სახლში მან გაიცნო ფრიდრიხ შლეგელი და მალევე ეს ნაცნობობა გაგაიზარდა მეგობრობაში, შემდეგ კი უფრო მჭიდრო კავშირშიც. შლეგელი მასში მოხიბლა ფართო განათლებამ, ნათელმა გონებამ და იუმორმა. მალე დოროთეა გახდა მისი მუდმივი თანამშრომელი და შთამაგონებელი. შლეგელმა მას მიუძღვნა, სხვათა შორის, წერილი „Ueber der Philosophie“, ხოლო მისდამი თავისი დამოკიდებულება აღწერა რომანში „Lucinde“. 1798 წ. შედგა დოროთეას განქორწინება ფოიტთან, რის შემდეგაც მან ცხოვრება დაიწყო ფრიდრიხ შლეგელთან. 1799 წ. იგი მასთან ერთად გაემგზავრა იენაში. მათი მდგომარეობა აქ ძალზედ მძიმე იყო და დოროთეა თავდადებულად მხარში ედგა მეგობარს მძიმე წუთებში. იმ დროს, როდესაც ფრიდრიხ შლეგელი მუშაობდა „ლუცინდაზე“, დოროთეა დაკავებული იყო ფობლაზის თარგმანით. იენაში გადასვლის შემდეგ კი მან დაიწყო ასევე რომანის წერა, რომლის გმირსაც თავდაპირველად უნდა რქმეოდა არტური, მაგრამ შემდგომში დოროთეამ მას დაარქვა „ფლორენტინი“. 1800 წ. შემოდგომისთვის მან დაასრულა რომანის 1-ლი ნაწილი, რომელიც გამოცემულ იქნა 1801 წ., თანაც სათაურში შეტანილი იყო ფრიდრიხის სახელიც, როგორც გამომცემლისა, რაც დოროთეასთვის ყველაზე უფრო სასიამოვნო იყო მის წიგნში.
დოროთეა შლეგელის რომანი დაწერილია გოეთეს „ვილჰელმ მაისტერისა“ და ტიკის „შტერიბალდის“ მხარდასაჭერად. მისი სიუჟეტი შედგებოდა ფლორენტინის თავგადასავლების აღწერაში, რომელიც, ტიკისეული გმირის მსგავსად, წარმოადგენდა ცხოვრების უმიზნობის განსახიერებას, თუმცა კი დატვირთულისა კიდევ უფრო მეტად ქარიშხლიანი მისწრაფებებითა და რევოლუციური იდეებით, მაგრამ სრულიად უუნაროსი ნამდვილი ცხოვრების პირობების გაგებაში. რომანის რომანტიკული მიმართულება აისახა უმთავრესად მის მორალში: იდეალისტი და მოხეტიალე ფლორენტინი, რომელიც ცხოვრობს და მოქმედებს წუთის გავლენით და არ აღიარებს თავის თავზე არანაირ კანონს, პირადი თვითნებობის გარდა, ძალზედ გვაგონებს „ლუცინდეს“ გმირს იულიუსს. მთელი თავისი ნაკლოვანებების მიუხედავად, დოროთეას რომანი მაინც წარმოადგენდა ყველაზე უფრო იღბლიან (წარმატებულ) თხზულებას „ვილჰელმ მაისტერისადმი“ ყველა მიბაძვას შორის დაშილერის შედარებით უფრო მოწონებითი პასუხიც (შეფასებაც) დაიმსახურა. დოროთეა ფიქრობდა რომანის დასრულებას, მაგრამ, ჯანმრთელობის სისუსტის გამო, შემდგომში უარი თქვა ამ განზრახვაზე, და რომანიც დაუსრულებელი დარჩა. მიუხედავად ამისა, იგი დროდადრო აგრძელებდა ლიტერატურულ საქმიანობას და, სხვათა შორის, „Atheneum“-ის მე-3 ნომერში მოათავსა გესლიანი კრიტიკა რამდორის დამრიგებლობით მოთხრობებზე. ლაიფციგსა და ისევ ბერლინში მოკლე ხნით ყოფნის შემდეგ დოროთეა შლეგელი გაემგზავრა დრეზდენში ფრიდრიხის დასთან, შარლოტე ერნსტთან. აქ მალევე ჩამოვიდა ფრიდრიხ შლეგელიც, რათა დოროთეასთან ერთად გამგზავრებულიყო პარიზში. პარიზში მათ ერთობლივად დაიწყეს მუშაობა მათ მიერვე დაარსებულ ჟურნალში „Europa“, სადაც დოროთეამ მოათავსა წერილი „Gespräch über die neuesten Romane der Ffanzösinnen“ ქ-ნ დე-სტალის „დელფინას“ გამო და სხვა წერილებიც. პარიზის ბიბლიოთეკის ხელნაწერი მასალის საფუძველზე მან პროზაულად გადაამუშავა ჯადოქარ მერლინის ისტორია 35 თავად. ფრ. შლეგელმა გამოსცა ის „Sammlung romantischer Dichtungen des Mittelalters aus gedruckten und handschriftlichen Quellen“-ში (ლაიფციგი, 1804).
პარიზში ყოფნის დროს დოროთეა შლეგელი ხშირად კითხულობდა ბიბლიას ლუთერის თარგმანში და სულ უფრო და უფრო მეტად იხრებოდა ლუთერანული წესის მიხედვით ქრისტიანობაში გადასვლისკენ. 1804 წ. იგი მოინათლა და იმავე წელს იქორწინა ფრიდრიხ შლეგელზე. ამის შემდეგ მალევე ისინი გადასახლდნენ კიოლნში ძმების ბუასერების მიწვევით. აქ დოროთეამ დაამუშავა სარაინდო რომანი „Lother und Maller“-ი გერმანული წყაროების მიხედვით, რომლებითაც მას ამარაგებდა მისდამი მეგობრულად განწყობილი კანონიკოსი ვოლრაფი. 1807-1808 წწ. 4 ტომად გამოსცა „კორინას“ გერმანული თარგმანი. 1808 წ. ფრიდრიხის გავლენით მიიღო კათოლიკობა. იმავე წელს ფრიდრიხ შლეგელმა მიიღო მუდმივი ადგილი ვენაში, სადაც ისინი გადასახლდნენ კიდეც და სადაც დოროტეა შლეგელმა გაატარა თითქმის მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება, თანაც დროდადრო აწყობდა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ მგზავრობებს გერმანიასა და იტალიაში, სადაც იმ დროს იმყოფებოდნენ მისი ვაჟიშვილები, რომლებიც შემდგომში ცნობილები გახდნენ როგორც ე. წ. ნაზარევული სკოლის მხატვრები. დოროთეა შლეგელი აღესრულა 1839 წ., სულ რაღაც 10 წლით მეტი იცოცხლა რა ფრიდრიხ შლეგელზე. მისი მნიშვნელობა გერმანული ლიტერატურის ისტორიაში მდგომარეობს უმთავრესად იმ გავლენაში, რომელიც მას ჰქონდა ფრიდრიხ შლეგელის პიროვნებაზე, და ასევე რომანტიკული სკოლის იდეების გავრცელებაშიც. იხ. J. Fürst, „Henrietta Herz, ihr Leben und ihre Erinnerungen“ (ბერლინი, 1850); Rud. Haym, „Die romantische Schule“ (ბერლინი, 1870, რუსული თარგმ. მოსკოვი, 1891); W. Dilthey, „Leben Schleiermacher’s“ (ბერლ. 1870); „Dorothea v. Schlegel, geb. Mendelssohn und deren Söрту Johann und Philipp Veit. Briefe herausgegeben von Dr. J. Reich“ (1881) და სხვა.
ნ. გრუშკე
ძმები გრიმები
ძმები გრიმები (Grimm, იაკობი და ვილჰელმი) _ XIX საუკუნის უდიდესი ფილოლოგ-გერმანისტები და ცოდნის ამ დარგის ნამდვილი დამფუძნებლები არიან. მათ შორის უფროსი იაკობი დაიბადა 1785 წელს ქ. ჰანაუში, ჰესეჰელი შრომისმოყვარე მოხელის, მკაცრი რეფორმატის ოჯახში. ვილჰელმი 13 თვით ახალგაზრდა იყო. როდესაც უფროსი ძმა 11 წლის იყო, მათი მამა გარდაიცვალა ისე, რომ ვერ დატოვა თითქმის ვერანაირი საღსრები არსებობისთვის. მათმა დედის დამ ბიჭებზე მზრუნველობა იკისრა და მოათავსა ისინი კასელის ლიცეუმში. ამ დაწესებულებაში იყვნენ კარგი მასწავლებლები, მაგრამ სწავლების სისტემას დიდი ნაკლოვანებები ჰქონდა: სასწვლო საათები 10-დან 11-მდე იყო დღეში; ასწავლიდნენ უამრავ მეცნიერებას, მათ რიცხვში ანთროპოლოგიას, მორალს, ლოგიკასა და ფილოსოფიას, ხოლო ისტორია და ენები სადრაც ჰქონდათ შემწყვდეული. იაკობმა 17 წლისამ დაასრულა კურსი და დაუყოვნებლივ შევიდა მამბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე (დედის სურვილის თანახმად). ვილჰელმი ერთი წლის სემდეგ შეუერთდა ძმას.
იაკობი მთლიანად დაემორჩილა სავინის, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა პროფესორის გავლენას; მის ბიბლიოთეკაში იგი პირველად გაეცნო მინეზინგერების ტექსტს, ბოდმერის გამოცემის მიხედვით (იხილეთ). 1805 წელს სავინიმ იმგზავრა პარიზში და მდივან-თანაშემწედ თან წაიყვანა იაკობ გრიმი, რომელიც პარიზის ბიბლიოთეკაში გაეცნო სახელგანთქმულ მანესის ხელნაწერს, ბოდმერის გამოცემის ორიგინალს, და მთელ თავისუფალ დროს იყენებდა შუასაუკუნოებრივი ლიტერატურის ძეგლების შესწავლისთვის. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იაკობ გრიმმა მიიღო ადგილი სამხედრო კოლეგიის სამდივნოში კასელში, წელიწადში 100 ტალერის ჯამაგირითა და მასა სამუშაოთი; იგი ახლაც პოულობდა დროს თავისი საყვარელი საქმიანობისთვის; მას აინტერესებდა ყველაფერი, რაც გამოხატავდა ხალხის ცხოვრებას, არა მხოლოდ სუა საუკუნეებში, არამედ უფრო ადრეც, წარმართობის ეპოქაში.
იაკობ გრიმი სამსახურში დატვირთული იყო იმდენი სამუშაოთი, რომელიც ერთი ადამიანის ძალებს აღემატებოდა, გარდა ამისა, ფრანგების მიერ კასელის დაკავების შემდეგ იგი იძულებული შეიქნა ესწავლა ფრანგული სამართალი, რის გამოც სამსახურიდან გადადგა; იგი იმედოვნებდა ადგილის მიღებას კასელის ბიბლიოთეკაში, მაგრამ გაუცრუვდა ეს იმედები და საქმის გარეშე დარჩა; 1808 წლის მაისში გარდაიცვალა მათი დედა, რომელიც ძალზედ და ნაზად უყვარდათ, და ეს ამბავი ძმებმა გრიმებმა მეტად მძიმედ გადაიტანეს. რამდენიმე თვის შემდეგ იაკობმა მოახერხა სამეფო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარად მუშაობის დაწყება კარგი ანაზღაურებითა და ბევრი თავისუფალი დროით; ახლა მასა და მასთან ერთად მცხოვრებ ძმას ვილჰელმს სავსებით შეეძლოთ სამეცნიერო და ლიტერატურულ შრომაში ჩაბმა, რომლისკენაც მათ ახალისებდნენ რომანტიკული სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები.
უკვე 1807 წელს იაკობ გრიმი, წერილში „Ueber das Nibelungenlied“ („Neue lit. Anzeiger“-ში), წინ აყენებს საკითხს „ნიბელუნგების“ ხელნაწერების შესახებ და გამოთქვამს რწმენას, რომ საკითხს ავტორის შესახებ თითქმის არა აქვს აზრი: დიდ ეროვნულ ნაწარმოებებს ქმნის თავად ხალხი. თავის რეცენზიებში მაშინდელი გერმანისტების გამოცემებზე იაკობ გრიმი თავს იჩენს მკაცრად სამეცნიერო ილეთებისა და ახალი, ფართო შეხედულებების მხურვალე მომხრედ. იგი ამტკიცებს, რომ პოეზიის ისტორია თავის პირველ სტადიაში სხვა არაფერია, თუ არა საგის ისტორია, საგა კი არ არის უბრალო გამონაგონი, არამედ ხალხის ამა თუ იმ რწმენათა ჯამი. დოცენთან და გააგენთან პოლემიკაში მან ნათელი მოჰფინა წყვდიადით მოცულ საკითხს მინეზინგერების მაისტერზინგერებთან დამოკიდებულების შესახებ, ხოლო 1811 წელს, წიგნში „Ueber den altdeutschen Meistergesang“, პერიოდებად დაჰყო შუა საუკუნეების გერმანული ლიტერატურა, ამასთან მკვეთრად მოახდინა ბუნებრივი პოეზიის (Naturpoesie) ხელოვნურისგან განმაგნიტება (განცალკევება, დაშორება).
იმავე 1811 წელს ვილჰელმ გრიმმა გამოსცა წიგნი: „Altdänische Heldenlieder“; იგი ასევე თავის მრავალ წერილსა და რეცენზიაში ნათელს ჰფენდა ცალკეულ პუნქტებს გერმანული ეროვნული პოეზიის ისტორიიდან და, სხვათა შორის, მკვეთრად გამოაცალკევა მისი პროდუქტები მისი მსესხებელი რაინდული ეპოსისგან. 1812 წელს ძმები სცემენ თავიანთ სახელგანთქმულ ერთობლივ ზღაპრების კრებულს („Kinderund Hausmärchen“), და წინასიტყვაობაში გამოხატავენ თავიანთ მხურვალე სიყვარულს შემოქმედების ამ უსამართლოდ უგულვებელყოფილი სახეობისადმი: ზღაპრები _ ხალხის უძველესი პოეზიაა, მისი სულიერი ცხოვრების გამოხატულება; გერმანულ ზღაპრებში ჩადებულია მდიდარი მასალა პრაგერმანული მითოლოგიისთვის და ტომის უძველესი ხასიათის ასახვა (ანარეკლი); ესაა _ მნიშვნელოვანი ისტორიულ-პოეტური დოკუმენტი, და მათი შეცვლის, რაიმეს ჩამოჭრის, ან პირიქით რაიმეთი მორთვის არანაირი უფლება გამომცემელს არა აქვს.
1814-1815 წლებში იაკობ გრიმი ცხოვრობდა ვენაში, სადაც სხვათა შორის, დაკავებული იყო სლავური კილოკავების შესწავლით; 1816 წელს მან მიიღო მეორე ბიბლიოთეკარის ადგილი კასელის ბიბლიოთეკაში, სადაც უკვე 1814 წლიდან ვილჰელმ გრიმი შედგებოდა მდივნად. 1813-დან 1816 წლის ჩათვლით ძმები ერთობლივად გამოსცემდნენ ჟურნალს „Altdeutsche Wälder“, რომელიც ეძღვნებოდა გერმანიის წარსულს, ყოფიერებისა და სულიერ-კულტურულ სიძველეებს; 1815 წ. _ „Lieder der alten Edda“, 13 სიმღერა, ორმაგი თარგმანით, სიტყვა-სიტყვითა და ნატიფი პროზით; იმავე წელს _ ჰარტმან ფონ აუეს პოემა „საბრალო ჰაინრიხი“. 1816-1818 წწ. გამოვიდა „Deutsche Sagen“ (მე-2 გამოცემა, ბერლინი, 1865-1866 წწ.), რომლის წინასიტყვაობაშიც გამომცემლები ამბობენ: „ადამიანი თავის სამშობლოსგან ღებულობს მფარველ ანგელოზს, რომელიც მას თან ახლავს მთელი მისი ცხოვრების მანძილზე; ეს არის ზღაპრების, საგებისა და ისტორიების ამოუწურავი საგანძური“.
საგები ზღაპრებისგან განსხვავდება იმით, რომ ისინი დაკავშირებულია განსაზღვრულ ადგილთან, ან განსაზღვრულ პიროვნებასთან, რის შესაბამისადაც გრიმები ყოფენ ასევე თავიანთ კოლექციას ორ განყოფილებად: გეოგრაფიული საგები და ისტორიული საგები. თქმულებებმა ალბოინსა და როზამუნდზე, კარლოს დიდსა და სხვებზე, რომლებიც ახლა ცნობილია ნებისმიერი გიმნაზისტისთვის, ფართო გავრცელება ჰპოვეს სწორედ ამ წიგნის წყალობით. განათლებით იურისტებს, გრიმებს, თავიანთი მოღვაწეობის დასაწყისში არ შეიძლებოდა ჰქონოდათ სერიოზული ლინგვისტური მომზადება, და გერმანული სიძველის მისეული პოეტიზირებით უფრო მეტად გატაცებული იაკობ გრიმი თავს უფლებას აძლევდა ეკეთებინა ძალდატანებები (გამოეთქვა ძალდატანებული ფრაზები და სიტყვები), რისთვისაც 1815 წელს ღებულობდა საყვედურებს ა. ვ. შლეგელისგან. ამ საყვედურებმა არა თუ არ შეამცირა მისი ენერგია, არამედ წაახალისა კიდევაც ხელი მოეკიდა უზარმაზარი შრომისთვის გერმანული ენის ისტორიული გრამატიკის შესადგენად, რომლის პირველი ტომიც გამოვიდა 1819 წელს („Deutsche Grammatik“, მე-2 გამოცემა 1822 წ., მე-3 _ 1840-ში; II-IV ტომები _ 1836-1837 წწ.).
წინასიტყვაობაში იაკობ გრიმი გამოდის ხელოვნური ფილოსოფიური გრამატიკის ბატონობის წინააღმდეგ და გადმოსცემს თავის სახელმძღვანელო პრინციპებს. თუმცა კი ეს ნაშრომი განკუთვნილი იყო მხოლოდ მეცნიერებისთვის, მაგრამ მას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა გერმანულ სკოლაზეც, ასევე ყველა მეზობელ ქვეყანაში მშობლიური ენის შესწავლის მეთოდზეც. თ. ი. ბუსლაევის რუსული ენის ისტორიული გრამატიკა (იხილეთ) დაფუძნებულია იმავე პრინციპებზე და შემუშავებულია იმავე მეთოდით.
თავისი პროფესურის დროის მანძილზე იაკობ გრიმმა, გრამატიკის გაგრძელების გარდა, გამოსცა „Reinhart Fuchs“ (ბერლინი, 1834 წ.), და ვრცელ წინასიტყვაობაში განსაზღვრა ცხოველური ეპოსის არსი; მან დაგვიხატა არიულ წინასამშობლოში (პრასამშობლოში) ჩვენი წინაპრების ცხოვრების ღრმად პოეტური სურათი, როდესაც ადამიანი ასე ახლოს იდგა ბუნებასთან, როდესაც მისი ყოველი სიტყვა იყო პოეტური შემოქმედების პროდუქტი (მისი თეორიის მეცნიერული გადმოცემა და კრიტიკა იხ. ა. ლ. კოლმაჩევსკის წიგნში „ცხოველური ეპოსი დასავლეთში და სლავებთან“, ყაზანი, 1882 წ.). 1835 წელს 2 ტომად გამოვიდა იაკობ გრიმის „გერმანული მითოლოგია“ (მეორე გადამუშავებული გამოცემა 1844 წ., მე-3 _ 1854, მე-4, ე. ჰ. მაიერის /E. H. Meyer/ რედაქტორობით _ 1875-1878 წწ.) _ უზარმაზარი და განსაკუთრებულად გავლენიანი ნაშრომი. სიტყვა „გერმანული“ აქ ავტორს ესმის მნიშვნელოვნად უფრო ვიწროდ, ვიდრე გერმანულ გრამატიკაში, სადაც გერმანელებთან მიკუთვნებული არიან ანგლოსაქსებიცა და სკანდინავიელებიც; აქ სკანდინავიური მითოლოგია წარმოადგენს მხოლოდ მასალას შედარებისთვის და, ნაწილობრივ, ამოსავალ წერტილს, ხოლო კვლევის საგანია _ კონტინენტური გერმანელების მითოლოგიური შეხედულებები. არავინ იაკობ გრიმამდე არც კი ეჭვობდა, თუ თუ მონაცემთა რა მასის პოვნა შეიძლება ამისთვის (ტაციტუსიდან ჩვენ დღეებამდე ჩათვლით), და არავის მანამდე არ შეეძლო ამ მონაცემების დამუშავება ასეთი აღფრთოვანებით და იმავე დროს შეხედულების ასეთი გარკვეულობითა და მკაცრად სამეცნიერო სიფრთხილით.
მშობლიური სიძველეების მოყვარულებზე ამ წიგნმა მოახდინა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოსდა მათ შეიძინეს თვალით უხილავი განძეულობა იქ, სადაც მოელოდნენ მხოლოდ საცოდავი ნაყარ-ნუყარის პოვნას. მართალია, ამ ჟამად კიდევ უფრო მკაცრმა კრიტიკამ დაამტკიცა, რომ ამ განძეულობიდან ბევრი _ მხოლოდ ყალბი ოქრომკერდი და კომპოზიციაა; მაგრამ თავად ეს კრიტიკა მთლიანად აღიზარდა გრიმის წიგნზე, და დიდი გერმანისტის ძირითადი შეხედულებები (მაგალითად, მითოლოგიის სისტემის შესახებ, ორსარწმუნოების შესახებ და ა. შ.) ურყევი რჩება აქამომდეც. ამ დროს უკვე სავსებით ნათლად განისაზღვრა განსაკუთრებულობები ძმები გრიმების ძმები გრიმების მუშაობის ილეთებში. იაკობ გრიმი, რაუმერის სიტყვებით, „მუშაობდა კავშირში იმ სულთან, რომლისგანაც წარმოიქმნა მისი მეცადინეობების საგანი: მასში არის იმ ძალის ნაწილაკი, რომელმაც შექმნა ენა, სამართალი და მითი“. იგი ხშირად ცდებოდა, რადგანაც მიდიოდა ფაქტებზე უფრო შორს და ქმნიდა.
ვილჰელმში არ არის ეს შემოქმედი გენია, სამაგიეროდ მასში უფრო მეტია თავშეკავებულობა, გულდასმითობა საბოლოო სახის მიცემაში და კრიტიკა. ამ გვარი ტალანტი სავსებით თავის ადგილზეა ძეგლების გამოცემაში _ და ვილჰელმ გრიმის გამოცემებიც, ნამდვილად, სრულყოფილების უმაღლესი წერტილია იმ დროისთვის (საუკეთესოებად რჩება: „Vridankes bescheidenheit“, 1834 წ., და „ვარდის ბაღი“, 1828 წ.). მაგრამ ხანგრძლივმა და გულმოდგინე დაკვირვებებმა შუა საუკუნეების გერმანულ პოეზიაზე ვილჰელმ გრიმსაც მისცეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ 1829 წელში შეედგინა წიგნი, რომელსაც დღემდე სპეციალისტები იყენებენ სამაგიდო წიგნად; ეს არის _ „Die deutsche Heldensage“ (მე-2 გამოცემა 1867 წ.), სადაც მან შეაგროვა ყველაფერი, როგორც გარეგანი, ისევე შინაგანი (ე. ი. თავად ნაწარმოებებში არსებული) მოწმობები გერმანული საგმირო საგას შესახებ, ასევე მისი პოეტური დამუშავებების შესახებაც (ეს არის წიგნის პირველი და მნიშვნელოვნად უფრო დიდი ნაწილის: „Zeugnisse“ შინაარსი; მეორემ, „Ursprung und Fortbilfung“, ახლა უკვე დაკარგა მნიშვნელობა, მით უმეტეს, რომ ძმის აღტაცებას მიყოლილი ავტორი ძალზედ ცოტა მნიშვნელობას ანიჭებდა საგის ისტორიულ ელემენტს).
კასელში გრიმები შეუდგნენ ცნობილი ლექსიკონის შედგენას („Deutsches Wöterbuch“, გამოდის 1852 წლიდან), რომელიც გრძელდება აქამდე მათივე პროგრამის მიხედვით. 1840 წელს ფრიდრიხ-ვილჰელმ IV-მ, რომელიც ახალი ასული იყო ტახტზე, ბერლინის უნივერსიტეტის წამოსაწევად საპროფესორო კათედრები შესთავაზა ორივე ძმას. მათ მიიღეს წინადადება და მომდევნო წელს აქ დაიწყეს თავიანთი მოღვაწეობა. იაკობ გრიმის შესავალმა ლექციამ მისცა საბაბი ოვაციებისთვის მის საპატივსაცემოდ (მათი აღწერა იხ. „ოტეჩესტვენნიე ზაპისკი“, 1841 წ. ტ. XIV, „წერილი ბერლინიდან“). გრიმებმა დაიკავეს კათედრები აკადემიაშიც, სადაც ძირითადად თავი მოიყარა კიდეც მათმა მოღვაწეობამ, რომელიც ვლინდებოდა უმთავრესად მონოგრაფიებით (მითოლოგიურებით, ისტორიულ-ლიტერატურულებითა და ლინგვისტურებით). ლექსიკონისთვის მასალების შეგროვება არ აძლევდა ძმებს დიდი სამუშაოსთვის ხელის მოკიდების საშუალებას და ხელიც შეუშალა იაკობ გრიმს მისი გრამატიკის დასრულებაში. თუმცა კი 1848 წელს მან გამონახა დრო ვრცელი ნაშრომის „Geschichte der deutschen Sprache“ გამოსაცემად. ამ წიგნის შინაარსი სრულად არ შეესაბამება მის სათაურს, რადგანაც იაკობ გრიმმა მასში შეაერთა მთელი რიგი იდეებისა და ფაქტების, რომელთა სათანადო დამუშავებისთვის მას დრო არ ჰყოფნიდა. მისი შექმნის ძირითად საბაბად იქცა ეთნოგრაფიული ჰიპოთეზა თრაკიელი გეთების და გერმანელი გოთების იგივეობის შესახებ. იაკობ გრიმმა ვერ მოახერხა მისი დამტკიცება, და ამ მიმართებით წიგნი უნდა ითვლებოდეს წარუმატებლად. მაგრამ აქვე გრიმმა შემოიტანა მასა საინტერესო დაკვირვებებისა უძველესი გერმანელი ხალხების კილოკავების ნარჩენებისა და საერთოდ გერმანული ენის ისტორიის თაობაზე და მოგვცა ბრწყინვალე ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა ვიყენებდეთ ლინგვისტურ ფაქტებს ე. წ. ისტორიამდელი ეპოქის კულტურის ისტორიისთვის (მიჰყვებოდა რა მის მაგალითს, თ. ი. ბუსლაევი მთელ რიგ შრომებში, განსაკუთრებით კი წერილში „რუსული ყოფა-ცხოვრება და ანდაზები“, რომელიც მოთავსებულია „ოჩერკების“ I ტომში, შეიმუშავებდა ჩვენი წინაპრების კულტურას; „გერმანული ენის ისტორიამ“ გავლენა იქონია ასევე პიტკესა და ჰენის სახელგანთქმულ ნაშრომებზე).
1846 წელს ბერლინში შედგა ფილოლოგ-გერმანისტების პირველი ყრილობა, რომელზედაც თავმჯდომარეობდა იაკობ გრიმი, გარშემორტყმული თავისი მრავალრიცხოვანი მოწაფეებითა და მიმდევრებით, რომლებმაც უკვე შეძენილი ჰქონდათ საპატიო სახელი მეცნიერებაში. 1848 წელს იაკობ გრიმი არჩეულ იქნა დეპუტატად გერმანიის პარლამენტში, მაგრამ მისი პოლიტიკური როლი უმნიშვნელო იყო: ძალზედ ცოტად ესმოდა მას თანამედროვე ცხოვრების ფორმები. ვილჰელმ გრიმი გარდაიცვალა 1859 წელს. იაკობ გრიმმა კიდევ ოთხი წელი იცხოვრა; მხოლოდ 81 წლის ასაკში დაიწყო მან რაღაცნაირი სისუსტის შეგრძნება და იძულებული შეიქმნა ზომიერად ემუშავა. იაკობ გრიმის წერილები, სიტყვები და მოხსენებები შეკრებილი და გამოცემულია სახელწოდებით „Kleinere Schriften“ (ბერლინი, 1864 წ. და შემდეგ). გამოცემულია ასევე მასა მისი წერილებისა მონათესავე სპეციალობათა მეცნიერებისადმი. ძმები გრიმების ნაშრომების საუკეთესო, თუმცა კი რამდენადმე ცალმხრივი დახასიათება და მათი ცხოვრების გადმოცემა მოყვანილია წიგნში _ Rud. v. Raumer, „Geschichte der deutschen Philologie“ (მიუნჰენი, 1870 წ.); ახლები და ობიექტურები: Albert Dunker, „Die Brüder Grimm“ (კასელი, 1884 წ.). შეადარეთ აგრეთვე „Grundriss der germ. Philologie“ v. Herm. Paul; იქვე მთელი უახლესი ლიტერატურა. რუსულად იხ. ფელკელის წერილი 1857 წლის „ათენეუმში“. რუსულ მეცნიერებაზე გრიმების გავლენის შესახებ იხ. ა. ნ. ციპინი „რუსული ეთნოგრაფიის ისტორია“ (II).
ა. კირპიჩნიკოვი
განსაკუთრებული დაჟინებულობით, და ამჟამად უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ხაზგასმულ უნდა იქნას იაკობ გრიმის დამსახურება სამართლის ისტორიის შესწავლაში. აიხჰონერის სახელგანთქმული გერმანული სამართლის ისტორიის დასრულების შემდეგ მალევე გამოჩენილმა მისმა „Rechtsalterthümer“-მა (1-ლი გამოცემა 1828 წ., მე-3 გამოცემა 1881 წ.) ამ შესწავლას მისცა მიმართულება იქითკენ, რომ უფრო წარმატებით გაეწია უზარმაზარი და თვალსაჩინო სამსახური სამართლის მეცნიერებისთვის, მაგრამ მას ჯერ კიდევ ხვდება წინააღმდეგობა საამქროს იურისტებისგან, რომელთაც არ სურთ იმის გაგება, რომ შესწავლის არა მეთოდი, არამედ მხოლოდ საგანი ახდენს მეცნიერის სპეციალიზებას. თავისი ნაშრომის წინასიტყვაობაში გრიმი პირდაპირ მიუთითებს ფილოლოგების, ისტორიკოსებისა და იურისტების ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე, საამქროთა განსხვავების გარეშე, თითოეულის სპეციალობის საგნის სრულად გარკვევისთვის. და მისი სრომა წარმოადგენს ამ დებულების საუკეთესო დადასტურებას. წარმოადგენს რა ცნობების ამოუწურავ წყაროს „სამართლის ისტორიის გრძნობისმიერი ელემენტის (sinnliches Element)“ გამოსახვისთვის, გრიმის წიგნი ამასთან ერთად გვაძლევს გერმანელი ხალხის უძველესი იურიდიული ცხოვრების რეალობითა და ფაქიზი გაგებით აღსავსე სურათს, რომელიც, სამართლის ძეგლების გვერდით, შედგენილია ენის, ლიტერატურისა და მატერიალური კულტურის მონაცემების მიხედვით, გაშუქებულია შედარებებით როგორც ჩრდილო-გერმანულ სამართალთან, ისე გერმანელებისთვის უცხო ხალხების სამართალთანაც (განსაკუთრებით რომაულთან, სლავურთან და ბერძნულთან), და, ამის წყალობით, თავის უკან ტოვებს სამართლის ადრეული ისტორიის ყველანაირ ფორმალურ, წმინდა იურიდიულ გამოსახულებას.
ავტორისთვის უცხო იყო, მართალია, სამართლის ინსტიტუტების ისტორიული განვითარების იდეა, და ამ თვალსაზრისით მისი დასკვნები ახლა ექვემდებარება ბევრ გასწორებას; მაგრამ სურათის მთლიანობა და ძველი გერმანული იურიდიული იდეების საერთო სინთეზი იმდენად ფასეულებია თავისთავად, რომ წიგნის უარყოფითი მხარე სრულიადაც ვერ ამცირებს მის მარალ ღირსებებს. იგი არ მოძველებულა აქამდე ბევრი სხვა მიმართებითაც, განსაკუთრებით ფილოლოგიური მონაცემებისა და იურიდიული ცხოვრების ზოგიერთი მხარის (მაგალითად, სამართლის სიმბოლიკის) გაშუქების მიხედვით. უახლესი შრომები გერმანული სამართლის სფეროში (იხილეთ) დიდად არიან დავალებული გრიმის მიერ მიცემულ მიმართულებაზე თავიანთი წმინდად სამეცნიერო ისტორიულ-იურიდიული შედეგებით, რომლებიც ზოგჯერ აღემატება იმათ, რომლებიც მოპოვებულია რომაული სამართლის საფუძველზე, რომელსაც აქამომდე ჯერ კიდევ ამუშავებენ უფრო მეტად ფორმალურ-ლოგიკური, ვიდრე ცხოვრებისეულ-ისტორიული მეთოდის მეშვეობით. „Rechtsalterthümer“-ის გარდა გრიმს ეკუთვნის რიგი ზუსტი წერილებისა, რომლებიც ეძღვნება გერმანული სამართლის ისტორიას, და რომელთა შორის აღსანიშნავია: „Poesie im Recht“ („Zeitschr. für Gesch. d. Rechtsw.“ II-ში), და გამოცემა „Weisthümer“ (იხ. ტ. V, 728). შეადარეთ Brunner, „Deutsch. Rechstg.“ I, §5 და Amira, „Grundriss der Germ. Phil.“, Paul-ისა (II, 38).
ვ. ნეჩაევი
თარგმნეს და გამოსაცემად მოამზადეს
მარიამ ქსოვრელი–ხართიშვილმა და ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment