(ნ ა წ ი ლ ი III)
VIII. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 1970-იან წლებში
1970-იანი წლების საბჭოთა ავტორები შენიშნავდნენ, რომ აშშ-ის არსებობის 200 წლის მანძილზე ამ ქვეყნის სახელმწიფო აპარატი გადაიქცა გიგანტურ მექანიზმად, და ფედერალურ მოსამსახურეთა რიცხოვნება იმ დროს, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გამოკლებით, შეადგენდა თითქმის სამ მილიონ ადამიანს, ანუ დაახლოებით იმდენს, რამდენიც იყო აშშ-ის მთელი მოსახლეობა მისი წარმოქმნისას.
ამერიკული სახელმწიფო აპარატის ერთერთი საკვანძო ორგანოა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ეუს), რომელიც მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საშინაო, საგარეო და სამხედრო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და გატარებაში. აშშ-ის სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურის ზოგადი განხილვა სშუალებას მოგვცემს უფრო მკაფიოდ გამოვყოთ ეუს-ის ადგილი სახელმწიფო მმართველობის სისტემაში.
კონსტიტუციის შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლება აშშ-ში იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომელიც შედგება ორი პალატისგან _ სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან. მათ შემადგენლობას პერიოდულად გადაირჩევენ. კონგრესი ახორციელებს კანონმდებლობას ყველა საკითხში, რომლებიც შეეხება ფედერალური ხელისუფლების კომპეტენციას. იგი განიხილავს ქვეყნის ბიუჯეტს, სამხედრო ასიგნაციების ჩათვლით. მხოლოდ კონგრესს აქვს ომის გამოცხადების უფლება.
აღმასრულებელ ხელისუფლებას, ან, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ადმინისტრაციას, მიეკუთვნება სამინისტროები, მრავალრიცხოვანი ფედერალური სამმართველოები, სააგენტოები, კომისიები და სხვა უწყებები, აგრეთვე პრეზიდენტთან არსებული აღმასრულებელი აპარატი (Executive office of the Ppesident). ზოგჯერ მას უწოდებენ პრეზიდენტის აღმასრულებელ სამმართველოს. სამინისტროების მეთაურები ქმნიან მინისტრთა კაბინეტს. შეიარაღებულ ძალებს მასში წარმოადგენს თავდაცვის მინისტრი. თავის სხდომებზე მინისტრთა კაბინეტი განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მაგრამ იგი ვერ ახდენს ისეთ გავლენას მის ფორმირებაზე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. პრეზიდენტის თხოვნით მინისტრთა კაბინეტს შეუძლია გადმოსცეს თავისი თვალსაზრისი, მისცეს რჩევა და ა. შ., მაგრამ საშინაო და საგარეო პოლიტიკის სფეროში ძირითადი მიმართულების შემუშავებას ახორციელებენ პრეზიდენთან არსებული აღმასრულებელი აპარატის ფარგლებში. ამ უკანასკნელში შემავალი ორგანოების რაოდენობა და შემადგენლობა შესაძლოა იცვლებოდეს. იქმნებოდეს ახალ და უქმდებოდეს ადრე არსებული ოგანოები. ყველა ისინი ემორჩილებიან უშუალოდ პრეზიდენტს (ნახ. 5). ზოგიერთ მათგანში იგი თვითონ არის თავმჯდომარე.
[მე-5 ნახატზე, რომელსაც ეწოდება აშშ-ის პრეზიდენტთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული აღმასრულებელი აპარატის ორგანოების პრინციპული სტრუქტურა, სათავეში ნაჩვენებია ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ექვემდებარებოდა მასთან არსებული აღმასრულებელი აპარატი, ხოლო ამ უკანასკნელში შედიოდნენ: თეთრი სახლის აპარატი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო სამართველო, საშინაო საქმეთა საბჭო, ენერგეტიკის საბჭო, ეკონომიკურ კონსულტანტთა საბჭო, საბჭო სახელმწიფო საკუთრების საკითხებში, სპეციალური წარმომადგენლის სამმართველო სავაჭრო მოლაპარაკებებში, საბჭო ხელფასების საკითხებში, საბჭო გარემომცველი ბუნების საკითხებში, საბჭო საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში, ნარკოტიკების გავრცელებასტან ბრძოლის სამმართველო, კავშირგაბმულობის საშუალებათა საკითხების სამმართველო; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსადმი დაქვემდებარებული იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, გარდა ამისა ეუს-ის ორგანოებს შეადგენდნენ: თავდაცვითი პრობლემების ანალიზის კომიტეტი, ანალიზის უფროსი ჯგუფი, ეუს-ის მომსახურე აპარატი, მინისტრების მოადგილეთა კომიტეტი, უცხოური დაზვერვის კომიტეტი; გარდა ამისა, ეუს-ის მომსახურე აპარატის, ანალიზის უფროსი ჯგუფისა და მინისტრების მოადგილეთა კომიტეტისადმი დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ შემდეგი უწყებათაშორისი ჯგუფები: ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის, აღმოსავლეთ აზიის, სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, და, ასევე, სპეციალური ჯგუფები].
სასამართლო ხელისუფლება წარმოდგენილია უმაღლესი სასამართლოთი, რომელიც შედგება თავმჯდომარისა და რვა წევრისგან, რომლებიც სიკვდილამდე დანიშნული არიან პრეზიდენტისა და დამტკიცებული სენატის მიერ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ეუს) შეიქმნა 1947 წელს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის შესაბამისად. ამავე კანონით დაამტკიცეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და თავდაცვის სამინისტრო. ეუს-ის შექმნის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ პრეზიდენტთან ჰყოლოდათ მუდმივი სათათბირო ორგანო საშინაო, საგარეო და სამხედრო პოლიტიკის მთავარ საკითხებში, რომელიც ასევე განახორციელებდა შეიარაღებული ძალების სახეობათა, სამინისტროებისა და სხვა ფედერალური უწყებების საქმიანობის კოორდინირებას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებში. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რ. ნიქსონმა, რომელმაც რიგი ცვლილებები შეიტანა ეუს-ის სტრუქტურასა და მუშაობის სტილში, ერთერთ თავის საგარეოპოლიტიკურ გზავნილში აღნიშნა, რომ ამ ორგანოს მთავარი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რათა წარუდგენდეს ქვეყნის პრეზიდენტს ინფორმაციასა და მის ანალიზს, სთავაზობდეს და ასაბუთებდეს თავის პოზიციას.
1970-იან წლებში ეუს-ის სისტემა აგებული იყო ისეთი ანგარიშით, რათა უზრუნველეყო მთელი ინფორმაციის შეკრება და ხელი შეეწყო ოპტიმალური გადაწყვეტილებების გამომუშავებისთვის. ამასთან ყველა ანალიზი და გადაწყვეტილება დამყარებული უნდა ყოფილიყო ყველაზე უფრო ფართო ფაქტობრივ ბაზაზე, რათა ფაქტები, სადავო საკითხები და გადაწყვეტილებებისადმი პერსპექტიული მიდგომა წარედგინათ პრეზიდენტისთვის მოქმედებების ალტერნატიულ კურებსთან (ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის გათვალისწინებით) და ხარჯების დაანგარიშებასთან ერთად. ეუს-ში ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებზე მსჯელობა საშუალებას აძლევდა პრეზიდენტს შეეფასებინა ისინი და აერჩია მათ შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვნები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებს წარმოადგენდნენ: პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი. მათ გარდა ეუს-ში კონსულტანტების სახით შედიოდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი და შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეუს-ის თანამდებობის პირები იყვნენ პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და აღმასრულებელი მდივანი. ყველა ისინი მუდმივად მონაწილეობდნენ ეუს-ის სხდომებში. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომებზე შესაძლო იყო მიეწვიათ სხვა ოფიციალური პირებიც _ მინისტრები, მათი მოადგილეები, ფედერალური უწყებების ხელმძღვანელები. ამას აკეთებდნენ იმ შემთხვევებში, როდესაც განიხილავდნენ შესაბამისი დაწესებულებების საქმიაობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
1975 წლის ოქტომბერში სენატმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ფინანსთა მინისტრის ეუს-ის შემადგენლობაში ჩართვას და თავისი წინადადების მოტივაციას ახდენდა იმით, რომ მტკიცე ეკონომიკური და საფინანსო მდგომარეობის შენარჩუნებას გააჩნია სასიცოცხლო მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა სენატის კანოპროექტს და შესაფასა ეს ინიციატივა როგორც არასასურველი და არასაჭირო იმ საფუძველზე, რომ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისას მას გააჩნდა სხვა ხერხები ეკონომიკურ საკითხებში რჩევების მისაღებად. პრეზიდენტის ვეტოს შედეგად კანონპროექტი არ მიუღიათ.
ეუს-ში შემავალი პირების ჩამონათვალი გვიჩვენებს, რომ თითოეულ მათგანს უჭირავს ყველაზე მაღალი სამსახურეობრივი მდგომარეობა სახელმწიფოში და გააჩნია დიდი ძალაუფლება და უფლებამოსილებები აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში.
ეუს-ის თავმჯდომარეა აშშ-ის პრეზიდენტი. არსებული მდგომარეობის მიხედვით იგი არის სახელმწიფოს, მთავრობის მეთაური და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. პრეზიდენტი პასუხს აგებს საგარეო და საშინაო პოლიტიკის შემუშავებასა და ცხოვრებაში გატარებაზე და მთლიანობაში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ახდენენ ყოველ წელს ფედერალური ბიუჯეტის შემუშავებას, განსაზღვრავენ სამხედრო ასიგნებების ზომას, რომლის დამტკიცებასაც შემდეგ სთხოვენ კონგრესს, განიხილავენ და ამტკიცებენ შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირითად მიმართულებებს. ცივი ომის პერიოდში მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა ბრძანების გაცემის უფლება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. პრეზიდენტის მოვალეობების წრე და პასუხისმგებლობა, უეჭველად, დიდია, და სპეციალური აპარატის არსებობა ამა თუ იმ საკითხში ყველაზე უფრო მისაღები გადაწყვეტილებების განსაზღვრისა და არჩევაში მისთვის დახმარების აღმოჩენისთვის, რაიმე უჩვეულოს არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანი სხვა რამეა _ ვინ იძლევა ამ რჩევებს და ვის ინტერესებში. 1977 წლის 20 იანვრიდან აშშ-ის პრეზიდენტი გახდა ჯიმი კარტერი.
ეუს-ის წევრია ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტიც. იმ შემთხვევებში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი რაიმენაირი მიზეზების გამო ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს, ვიცე-პრეზიდენტი ცვლის მას, ხოლო პრეზიდენტის სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში ავტომატურად ხდება ქვეყნის პრეზიდენტი მომდევნო არჩევნებამდე.
სახელმწიფო მდივანი პირველი დგას მინისტრების რიგში. იგი არის ეუს-ის წევრი და აშშ-ის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში და, შესაბამისად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის განსაზღვრაზე. 1975 წლის იანვრამდე ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰ. კისინჯერი ამავე დროს იყო პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. შემდეგ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით იგი გაათავისუფლეს პრეზიდენტის თანაშემწეობიდან ეროვნულ უსაფრთხოებაში სახელმწიფო მდივნის პოსტის შენარჩუნებით. მის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნულ უსაფრთხოებაში იყო ზ. ბჟეზინსკი.
აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ კურსსა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე დიდ ზემოქმედებას ახდენს თავდაცვის მინისტრი. 1977 წლის 20 იანვრიდან ამ პოსტზე დაინიშნა ბრაუნი.
1970-იან წლებში საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ აშშ-ის მმართველი წრეები ვერ იაზრებდნენ საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიას სამხედრო ძალაზე დაყრდნობის გარეშე. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ და დაესაბუთებინათ, რომ ამერიკის სამხედრო უპირატესობა და ძლიერების შემდგომი ზრდა აუცილებელ პირობებს წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. კლასთა ბრძოლის მარქსისტულ-ლენინურ თეორიაზე დაყრდნობით საბჭოთა პერიოდის ავტორები აცხადებდნენ, რომ აშშ-ის ერვნული უსაფრთხოების შესახებ “შეშფოთებულობის” ასეთ ტონს იძლეოდნენ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო მონოპოლიები, რომლებიც უზარმაზარ ქონებას იხვეჭდნენ სამხედრო შეკვეთებზე. დღესღეობით რუსი ავტორების ერთი ნაწილი უფრო ღრმა ანალიზს უკეთებს ამ მოვლენებს და თვლის მას (საგარეო პოლიტიკაში სამხედრო ძლიერებაზე დაყრდნობას) ანგლოსაქსების (დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის) ისტორიულად ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური მიზნების შემადგენელ ნაწილად, თუმცა ეს არ გამორიცხავს ცივი ომის პერიოდის ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფინანსურ ინტერესებსაც. უბრალოდ, საბჭოთა ავტორები სწორედ კლასთა ბრძოლის პოზიციიდან გაცილებით უფრო შეზღუდულად უყურებდნენ და აფასებდნენ მოვლენებს დღევანდელ რუს მკვლევარებთან შედარებით.
საბჭოთა ავტორები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მსგავსი ქმედებები მხარდაჭერას ჰპოვებდა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მხრიდან. ასე, მაგალითად, 1976 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა კონგრესს ცვლილებების გარეშე მოეწონებია მის მიერ შეტანილი სამხედრო ბიუჯეტის პროექტი 1976/77 ფინანსურ წელზე 113 მლრდ. დოლარის ზომით, რაც პრეზიდენტის სიტყვებით, საშუალებას მისცემდა ამერიკას უზრუნველეყო ყველა პროგრამის წარმატებით გადაწყვეტა ეროვნული საფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში.
ეუს-ში განსკუთრებულ როლს თამაშობს თავდაცვის მინისტრი, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს სამხედრო საკითხებში. კანონის მიხედვით თავაცვის მინისტრი სამოქალაქო პირია. მას ეკისრება შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა და პასუხს აგებს მის მშენებლობაზე, საბრძოლო მზადყოფნაზე, გამოყენებაზე, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ორგანიზებაზე. ყოველწლიურად თავდაცვის მინისტრი გამოდის კონგრესში მოხსენებით, რომელშიც გადმოცემულია შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირითადი მიმართულებები და მოთხოვნილია ამ მიზნებისთვის შესაბამისი ასიგნაციები.
“ცივი ომის” წლებში, შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ხელმძღვანელობას თავდაცვის მინისტრი ახორციელებდა შუკ-ის მეშვეობით მისი თავმჯდომარით სათავეში, რომელსაც ასევე იწვევდნენ ეუს-ის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე არის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. მისი მეშვეობით სამხედროებს შესაძლებლობა აქვთ ეუს-ის სხდომებზე გადასცემდნენ თავიანთ თვალსაზრისს და გამოდიოდნენ მის დასაცავად.
ეუს-ის სხდომების ხასიათი და დღის წესრიგი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ვითარებსა და იმ ინფორმაციაზე, რომელსაც სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ღებულობს სადაზვერვო ორგანოებიდან. პრეზიდენტმა ჯ. ფორდმა 1975 წლის 7 ნოემბერს ბოსტონში გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ დაზვერვა აბსოლუტურად აუცილებელია “აშშ-ის უსაფრთხოებისა და თვით მისი არსებიბისთვისაც”. სხვა გამოსვლაში 1976 წლის 17 თებერვალს მან შემდეგნაირად დაახასიათა პოლიტიკისა და დაზვერვის კავშირი: “იმისთვის, რათა ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს ეფექტური, იგი უნდა ამოდიოდეს საერთაშორისო ვითარების ნათელი გაგებიდან. თუკი ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ გვექნება საკმარისი და თანამედროვე სადაზვერვო მონაცემები, ეს დაასუსტებს ჩვენს უსაფრთხოებას... ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი დაზვერვის ფუნქციების შეზღუდვა საკითხის გამორკვევით იმის შესახებ, გვემუქრება თუ არა ჩვენ სამხედრო თავდასხმა უახლოეს მომავალში. ჩვენ ვსაჭიროებთ აგრეთვე ცნობებს მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ, პოლიტიკური და სოციალური ტენდენციების შესახებ… იმისთვის, რათა უზრუნველვყოფდეთ და ვიცავდეთ ჩვენს უსაფრთხოებას დიპლომატიურ, სამხედრო და ეკონომიკურ პლანში, ჩვენ უნდა გვქონდეს ყოვლისმომცველი სადაზვერვო პოტენციალი”.
სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის, და პირველ რიგში პრეზიდენტისა და ეუს-ის სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველსაყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს.…აშშ-ის ამ სადაზვერვო ორგანიზაციის ფუნქციებში შედის არა მხოლოდ უცხოური სახელმწიფოების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, მისი დამუშავება, ანალიზი და ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის მოხსენება, არამედ აგრეთვე პოლიტიკური პროვოკაციების, სახელმწიფო გადატრიალებებისა და შეთქმულებების, შეიარაღებული კონფლიქტების, ძირგამომთხრელი იდეოლოგიური მუშაობისა და ა. შ. ორგანიზებაც. აშშ-ში არის სხვა სადაზვერვო ორგანიზაციებიც, რომლებიც დაზვერვას აწარმოებენ საზღვარგარეთ, მაგრამ მთელი სადაზვერვო ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განზოგადოებული სახით ეუს-ში მიდის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გავლით. თავის მხრივ, ეუს ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და სხვა სადაზვერვო ორგანოებზე.
1976 წლის 18 თებერვალს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში დაზვერვის რეორგანიზაციის შესახებ, ნათქვამი იყო, რომ ეუს მოახდენდა ამერიკის სადაზვერვო ორგანოების საზღვარგარეთ საქმიანობის ყოველი ნახევარი წლის ანალიზსა და შეაფასებდა მათი მუშაობის ეფექტურობას. ამ ანალიზების მომზადებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. იგი მონაწილეობდა ეუს-ის ყველა სხდომაში, ორგანიზებას უკეთებდა მათ მომზადებასა და ჩატარებას პრეზიდენტის მითითებით.
ეუს-ის სხდომების მონაწილეთა შემადგენლობა შესაძლოა სახვადასხვანაირი იყოს, მაგრამ მუდმივი წევრები მონაწილეობენ აუცილებლად. პრეზიდენტი წყვეტს ვის უნდა მიიწვევდნენ ამა თუ იმ სხდომაზე. მათი ჩატარების პერიოდულობას განსაზღვრავს ასევე პრეზიდენტი. იგი წყვეტს, უნდა იკრიბებოდეს ეუს რეგულარულად, თუ აუცილებლობის-და მიხედვით. ჩვეულებრივ ეუს-ის სხდომებს ატარებენ ერთ-ორჯერ კვირაში. თუმცა ეუს წარმოადგენს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოიწონებს რეკომენდაციებს, ისინი იძენენ დირექტიული მითითებების ძალას, ყველა სამთავრობო უწყებისთვის, რომლებსაც ეს ეხება. ეუს-ის მიერ გამოცემული დოკუმენტების ძირითადი სახეობაა მემორანდუმი ეროვნული უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც შეიცავს მითითებებს ქვეყნის პოლიტიკური კურსის თაობაზე.
ეუს-ის საქმიანობის უზრუნველყოფისა და სხდომების მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისთვის მას გააჩნია დამხმარე ორგანოების სისტემა, რომელშიც 1970-იანი წლების მიწურულისთვის შედიოდნენ: ანალიზის უფროსი ჯგუფი, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, უწყებათაშორისი ჯგუფები, სპეციალური ჯგუფები, თავდაცვითი პროგრამების ანალიზის კომიტეტი, საზღვარგარეთ დაზვერვის კომიტეტი, მომსახურე აპარატი.
ანალიზის უფროსი ჯგუფი წარმოადგენდა ეუს-თან არსებულ წამყვან ორგანოს. იგი დაკავებული იყო პოლიტიკური საკითხების უმეტესობით, რომლებიც განკუთვნილი იყო პრეზიდენტის მიერ განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების გამოტანისთვის. ჯგუფს თავმჯდომარეობდა პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნულ უსაფრთხოებაში, ხოლო წევრები იყვნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი და შუკ-ის თავმჯდომარე. ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მის მუშაობაში მონაწილეობისთვის შესაძლოა მიეწვიათ სხვადასხვა ფედერალური უწყების ხელმძღვანელები. ჯგუფის ამოცანებში შედიოდა საკითხების შესწავლა იმის გასარკვევად, იმსახურებდა თუ არა ისინი ეუს-ისა და პრეზიდენტის მიერ განხილვასა და დასკვნების გამოტანას. იგი განიხილავდა უწყებათაშორისი და ეუს-ის სპეციალური ჯგუფებიდან, აგრეთვე სამთავრობო უწყებებიდან შესულ დოკუმენტებს, ირჩევდა მათ შორის უმნიშვნელოვანესებს, რომლებიც საჭიროებდა უმაღლეს დონეზე განხილვას. შედარებით ნაკლები მნიშვნელობის მქონე პრობლემების შესახებ დოკუმენტებს დამუშავებისთვის გადასცემდნენ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს. ანალიზის უფროსი ჯგუფი თვალყურს ადევნებდა იმას, რომ ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ეუს-ს გაეთვალისწინებია დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების აზრი, შეეკრიბა და გაეანალიზებინა პრობლემასთან შეხებაში მყოფი ყველა ფაქტი, მოემზადებია გადაწყვეტილებების ვარიანტები და მიეთითებინა მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოწოდებული იყო მოეხდინა სამინისტროებისა და უწყებების მიერ საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შეთანხმებული განხორციელების უზრუნველყოფა. კომიტეტი ასევე განიხილავდა ანალიზის უფროსი ჯგუფის მიერ მისთვის გაგზავნილ საკითხებს. კომიტეტის თავმჯდომარე იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე, მას თანაშემწეს კი წარმოადგენდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, წევრებად იყვნენ _ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნულ უსაფრთხოებაში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე.
უწყებათაშორისი ჯგუფები წარმოქმნილი იყო ძირითადად რეგიონული პრინციპის მიხედვით. მათი რიცხვი უტოლდებოდა ხუთს: ლათინურ ამერიკაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში, აფრიკაში, აღმოსავლეთ აზიაში. მეექვსე ჯგუფი დაკავებული იყო სამხედრო-პოლიტიკური საკითხებით. თითოეულ მათგანს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მდივნის შესაბამისი თანაშემწე. ჯგუფების შემადგენლობაში შედიოდნენ ეროვნულ უსაფრთხოებაში პრეზიდენტის თანაშემწის, თავდაცვის მინისტრის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარის, აგრეთვე სხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელთა წარმომადგენლები. ჯგუფები სწავლობდნენ შესაბამისი რეგიონების ძირითად პრობლემებს და ამზადებდნენ მათი გადაწყვეტის წინადადებებს. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მიმდინარე საქმეებში, რომლებიც შესაძლო იყო განეხილათ მინისტრთა მოადგილეების დონეზე, ხოლო ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებს გადასცემდნენ ანალიზის უფროს ჯგუფში.
სპეციალურ ჯგუფებს ქმნიდნენ აუცილებლობის და მიხედვით კონკრეტული საკითხების გამოსაკვლევად, რისთვისაც იწვევდნენ გამოცდილ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს სამთავრობო დაწესებულებებიდან და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებიდან. თითოეულ ასეთ ჯგუფს ჩვეულებრივ ხელმძღვანელობდა პასუხისმგებელი თანამშრომელი ეროვნულ უსაფრთხოებაში პრეზიდენტის თანაშემწის აპარატიდან.
თავდაცვითი პროგრამების ანალიზის კომიტეტი მინისტრების მოადგილეების დონეზე ატარებდა სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო პროგრამების ძირითადი მიმართულებების ანალიზს და მათ აკავშირებდა აშშ-ის სტრატეგიულ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ ინტერესებთან. კომიტეტის წევრებად იყვნენ _ სახელმწიფო მდივნის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, შუკ-ის თავმჯდომარე, ეკონომიკური კონსულტანტების საბჭოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი.
1971 წლის ნოემბერში ეუს-თან შექმნეს დაზვერვის საერთო ხელმძღვანელობის ორგანო _ კომიტეტი დაზვერვის საკითხებში, რომელშიც შევიდნენ პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნულ უსაფრთხოებაში, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე და იუსტიციის მინისტრი. 1976 წლის თებერვალში ეს კომიტეტი გააუქმეს და შექმნეს ახალი ორგანო _ კომიტეტი საზღვარგარეთულ დაზვერვაში. მას თავმჯდომარეობდა აშშ-ის “სადაზვერვო საზოგადოების” დირექტორი (ახალი თანამდებობა), იგივე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი (1970-იანი წლების მეორე ნახევარში ეს იყო პრეზიდენტ ჯ. კენედის ყოფილი თანაშემწე სორენსენი). საზღვარგარეთული დაზვერვის კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც განაგებდა დაზვერვის საკითხებს, და ეროვნულ უსაფრთხოებაში პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე. კომიტეტს ეკისრებიდა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების საზღვარგარეთ ოპერატიული ხელმძღვანელობა.
ეუს-ის მომსახურე აპარატი შედგებოდა მაღალკვალიფიციური თანამშრომლების ჯგუფისგან, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნულ უსაფრთხიოებაში. ამ აპარატში მთავარი ადგილი ეკავა პრეზიდენტის თანაშემწის კანცელარიას.…მასში მიდიოდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ყველა დოკუმენტი, რომელიც შეხებაში იყო ეროვნულ უსაფრთხოებასთან. მათ იქ აფასებდნენ, განსაზღვრავდნენ მათი მნიშვნელობის ხარისხს. აუცილებლობის შემთხვევაში დოკუმენტებს გადაამუშავებდნენ პრეზიდენტისთვის მოსახსენებლად ან ეუს-ის სხდომებზე განსახილველად.
ასეთი იყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურის, შემადგენლობის, ფუნქციებისა და დანიშნულების ძირითადი ელემენტები. საბჭოთა ავტორების აზრით მათი მიმოხილვა იძლეოდა იმაში დარწმუნების შესაძლებლობას, რომ ეს აპარატი ემსახურებოდა აშშ-ის მმართველი წრეების “ეროვნულ უსაფრთხოებსა” და “ეროვნულ ინტერესებს”, რომელიც განსხვავებული იყო ამერიკელი ხალხის ეროვნული ინტერესებისგან. ამის დასტურს, მათი აზრით, წარმოადგენდა ის, რომ “ამერიკის გავლენიანი წრეები დამახინჯებული სახით გამოსახავდნენ საბჭოთა კავშირის პოლიტიკას და, მიუთითებდნენ რა გამოგონებულ “საბჭოთა სამხედრო მუქარაზე”, მოუწოდებდნენ გამალებული შეიარაღების ახალი ზრდისკენ აშშ-სა და ნატო-ს ბლოკში”.
საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის საბაბით აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება წარმოადგენდა სხვას არაფერს, თუ არა მმართველი წრეების მისწრაფებას ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინათ საკუთარი სისტემის არსებობა, თვით მოწინააღმდეგე სამხედრო-პოლიტიკურ ბანაკთან საყოველთაო ბირთვული ომის გაჩაღების ფასადაც კი. შესაძლოა ასეთ შეფასებებში იყოს ტენდენციურობის მაღალი ხარისხი, მაგრამ იმ გარემოებას, რომ გამალებული შეიარაღების, მათ შორის ბირთვულისაც, განუხრელი ზრდა თუნდაც “ცივი ომის” ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვანწილად მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ბლოკის სხვა სახელმწიფოთა ეკონომიკის გამოფიტვას, თავად დასავლეთში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებში აშკარად და დაუფარავად ამბობენ.
ერთერთ ასეთ ფილმში, რომელიც გადაღებული იყო პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კეისის შესახებ, ნაჩვენები იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომების დოკუმენტური კადრები და კერძოდ კეისის შეთავაზებები პრეზიდენტისთვის ორი პროგრამის განხორციელებაზე, რომლებიც საბოლოოდ ძირს დასცემდნენ საბჭოთა ეკონომიკასა და სერიოზულ პრობლემებს შექმნიდნენ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში. ერთი მათგანი იყო პოლონეთთან ხელშეკრულების დადება ერთობლივი საწარმოების ამუშავებაზე და მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის ამერიკაში გაყიდვაზე. რაც თავიდან მართლაც ასე დაიწყო, მაგრამ შემდეგ ამერიკულმა მხარემ უარი უთხრა პოლონელებს გამოშვებული პროდუქციის ყიდვაზე, რასაც მოჰყვა ეკონომიკური პრობლემები პოლონეთში, პროფკავშირული ორგანიზაცია “სოლიდარობის” შექმნა და მისი მეშვეობით აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ამ ეკონომიკური პრობლემის გამო პოლონელთა რისხვის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართვა. და ამას ამბობდნენ თავად ამერიკელი კინოდოკუმენტალისტები, თანაც უჩვენებდნენ კადრებს აშშ-ის პრეზიდენტის კაბინეტში მიმდინარე სხდომების ჩანაწერებით.
მეორე საკითხი ეხებოდა იმავე კეისის წინადადებით ე. წ. “სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის” პროექტის წამოყენებას, რომლის შესაბამისადაც იქნებოდა კოსმოსური ბაზირების მქონე შეიარაღების ელემენტები, ხოლო თავად პროექტი იმდენად ძვირი უნდა ყოფილიყო, რომ თუკი საბჭოთა მთავრობა დაიჯერებდა ამერიკელთა განზრახვის სერიოზულობას და მიიღებდა ახალ გამოწვევას, მაშინ გაწეულ ხარჯებს აუცილებლად წელში უნდა გაეტეხათ საბჭოთა ეკონომიკა. იმავე ფილმში ნაჩვენები იყო პრეზიდენტ რეიგანის კაბინეტში შეკრებილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრთა აღტაცებული სიხარული, როდესაც საბჭოთა მთავრობის განცხადება მოისმინეს სწორედ ამერიკული “სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის” ანალოგიურ პროგრამაზე სსრკ-შიც მუშაობის დაწყების შესახებ.
როგორც უკვე ვთქვით, ამ ორივე პროექტის ხელოვნურობასა და მათ მიზანს _ ეკონომიკური პრობლემების შექმნით დაეშალათ ვარშავის ბლოკი და წელში გაეტეხათ საბჭოთა კავშირი, თავად დოკუმენტური ფილმის ამერიკელი ავტორები განსაკუთრებულ ხაზს უსვამდნენ, სწორედ იმის საჩვენებლად, თუ როგორ მტრულად იყო განწყობილი აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის დირექტორი კეისი სსრკ-ის მიმართ და როგორ დაუღალავად მეცადინეობდა მის წინააღმდეგ მოქმედებისთვის მთელი თავისი სამსახურებრივი კარიერის მანძილზე. მაშინ შეგვიძლია ჩვენც ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში აშშ-ის მმართველი წრეების მხრიდან გამალებული შეიარაღების ზრდის მუდმივი ინიციატივები თავდაცვითი ღონისძიებები გატარების გარდა მიზნად ისახავდა მოწინააღმდეგე ბანაკის ეკონომიკურ გამოფიტვასა და ნგრევასაც.
IX. აშშ–ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტი 1970-იან წლებში
აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლეს ოპერატიულ და ადმინისტრაციულ ორგანოს 1970/1980-იანი წლების მიჯნაზე წარმოადგენდა შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ). იგი ასევე ასრულებდა საკონსულტაციო ორგანოსა და შტაბის როლს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის ჯაჭვში ერთის მხრივ თავდაცვის მინისტრსა და, მეორეს მხრივ _ გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდლებს (სარდლებს) შორის (ასევე აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის ამერიკული ჯარები და სამხედრო ბაზები იმყოფებოდა მსოფლიოს 60 სახელმწიფოს ტერიტორიაზე). აშშ-ის თავდაცვის სისტემაში შტაბების უფროსთა კომიტეტის ადგილი ნაჩვენებია ნახ. 6-ზე.
[მე-6 ნახატზე, რომლის სახელწოდებაც არის აშშ-ის შეიარაღებული ძალების შუკ-ი და მისდამი დაქვემდებარებული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ორგანოები, სტრუქტურის სათავაში დგას ქვეყნის პრეზიდენტი, შეიარარEბული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, მას ექვემდებარებოდა თავდაცვის მინისტრი, ხოლო ამ უკანასკნელს კი – შტაბების უფროსთა კომიტეტი, რომლის ოგანოებს წარმოადგენდნენ გაერთიანებული შტაბი და სტრატეგიული მიზნების დაგეგმვის სამმართველო; შუკ-ს ასევე ექვემდებარებოდა შემდეგი სამმართველოები: სადაზვერვო, ბირთვული საბრძოლო მასალების, კავშირგაბმულობის, კარტოგრაფიული; გარდა ამისა შუკ-ს ექვემდებარებოდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული და სპეციალური სარდლობები; გაერთიანებული სარდლობები იყო: აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა ევროპაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა ატლანტიკაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა წყნარი ოკეანის ზონაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა ლათინურ ამერიკაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა ალიასკის ზონაში, მზადყოფნის ჯარები; აშშ-ის შეიარაღებული ძალების სპეციალურ სარდლობებს წარმოადგენდნენ: სტრატეგიული საავიაციო სარდლობა და საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა; შეიარაღებული ძალების სამხედრო-სასწავლო დაწესებულებანი იყო: ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი და საკომანდო-საშტაბო კოლეჯი].
შტაბების უფროსთა კომიტეტის ორგანიზაცია და ფუნქციები. 1970-იან წლებში შუკ-ი შედგებოდა თავმჯდომარისა და ოთხი წევრისგან _ სახმელეთო ჯარების (არმიის) შტაბის უფროსის, სჰძ-ის შტაბის უფროსის, სზძ-ის შტაბის უფროსისა და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის კომენდანტისგან. ეს უკანასკნელი მონაწილეობდა კომიტეტის მუშაობაში მხოლოდ საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. შუკ-ის თავმჯდომარეს, არმიის შტაბის უფროსსა და სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსს გააჩნიათ სამხედრო წოდება სრული გენერალი (ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ან უბრალოდ გენერალი), სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსს _ სრული ადმირალი (ოთხვარსკვლავიანი ადმირალი, ან უბრალოდ ადმირალი), საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტს _ გენერალ-ლეიტენანტი (სამვარსკვლავიანი გენერალი).
(მთარგმნელის შენიშვნა: ჩვენში გავრცელებულია ამ ორგანოს დამახინჯებული დასახელება; ხშირად ამბობენ, მაგალითად, „გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტი“, რაც აზრობრივად არასწორია. თავად აშშ–ში მას ეწოდება Joint Chiefs of Staff, რაც ქართულად ნიშნავს შტაბების უფროსთა გაერთიანებას“. მაგრამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან და დღესაც რუსულ სამხედრო ხელოვნებაში ტერმინი „გაერთიანება“ (объединение) აღნიშნავს ოპერატიულ საჯარისო გაერთიანებას – საველე არმიას, საველე კორპუსი კი გახლავთ ოპერატიულ–ტაქტიკური შენაერთი, დივიზია – უმაღლესი ტაქტიკური შენაერთი, ბრიგადა და პოლკი – საჯარისო ტაქტიკური ნაწილებია, ბატალიონი, ასეული და ქვემოთ – ტაქტიკური ქვედანაყოფები. ამერიკული სამხედრო ხელოვნების მიხედვით, საველე არმიაში შესაძლოა შედიოდნენ სამიდან ექვს საარმიო კორპუსამდე, აგრეთვე საარმიო დაქვემდებარების სხვა შენაერთები და ნაწილები; საველე კორპუსის შემადგენლობაში – სამიდან ექვს დივიზიამდე და საკორპუსო დაქვემდებარების ცაკეული ნაწილები და ქვედანაყოფები; საბრძოლო დივიზიაში შტატით გათვალისწინებულია სამი ბრიგადის მეთაურობა და შტაბი, ცხრა–თერთმეტი საბრძოლო ბატალიონი, საველე არტილერის ჯგუფი (ბრიგადის შემადგენლობით), საარმიო ავიაციის ბრიგადა, საინჟინრო ბრიგადა, ზურგის უზრუნველყოფის ბრიგადა, აგრეთვე საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფები. ასეთ ფონზე რუსმა სამხედრო სპეციალისტებმა აშშ–ის შეიარაღბული ძალების ოპერატიული მართვის უმაღლესი ორგანოს აღნიშვნისთვის შემოიტანეს ტერმინი „შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი“ (объединённый комитет начальников штабов – ОКНШ) ან უფრო მარტივად, „შტაბების უფროსთა კომიტეტი“ (комитет начальников штабов – КНШ). ჩვენ ვაჯობინეთ მეორე ტერმინის გამოყენება ქართულ ენაზე აბრევიატურის უფრო მარტივად ჩაწერის მოსაზრებით – უმჯობესია ვიყენებდეთ აღნიშვნას – შუკ, ვიდრე – შუგკ; თუმცა კი შესაძლებელია მომავალში ამ აღნიშვნის დახვეწაც, ისევე როგორც ბევრი სხვა რამისა).
შ უ კ - ი ს თ ა ვ მ ჯ დ ო მ ა რ ე არის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის მქონე პირი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. მას ნიშნავს პრეზიდენტი სენატის რეკომენდაციითა და თანხმობით გენერლების (ადმირალების) რიცხვიდან ორი წლის ვადით. შუკ-ის მუშაობაში მისი თავმჯდომარის სახით მონაწილეობის გარდა 1970/1980-იანი წლების მიჯნაზე არსებული სამხედრო კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიხედვით, იგი ამზადებდა კომიტეტის სხდომების დღის წესრიგს და ინფორმირებას უკეთებდა თავდაცვის მინისტრს იმ საკითხების შესახებ, რომელთა თაობაზეც კომიტეტის წევრებს არ გააჩნდათ ერთიანი აზრი. თავმჯდომარე ახორციელებდა აგრეთვე გაერთიანებული შტაბის საერთო ხელმძღვანელობას.
შ უ კ - ი ს წ ე ვ რ ე ბ ი თავმჯდომარისგან განსხვავებით პასუხს აგებდნენ შეაიარაღებული ძალების თავ-თავიანთ სახეობებზე. მათ ეკისრებოდათ შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა: შეიარაღებული ძალების თავიანთი სახეობების ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა, შუკ-ის წინადადებების დაგეგმვასა და შემუშავებაში მონაწილეობა, თავდაცვის სამინისტროს ორგანოს (შტაბის) სახით ჯარების ოპერატიულ მართვაში მონაწილეობა. ისინი ასრულებდნენ ქვეყნის პრეზიდენტის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩევლების როლს, შესაბამისად, სახმელეთო ჯარების, სჰძ-ის, სზძ-ისა და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის საკითხებში.
შტაბების უფროსთა კომიტეტს გააჩნდა შემდეგი ძირითადი ფუნქციები: სტრატეგიული გეგმების შემუშავება და შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდლების მიერ ჩატარებული ოპერაციების ხელმძღვანელობის ჩათვლით; სამხედრო მობილიზაციისა და ზურგის უზრუნველყოფის გაერთიანებული გეგმების შემუშავება; გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების შექმნისა და საორგანიზაციო სტრუქტურის თაობაზე თავდაცვის მინისტრებისთვის რეკომენდაციების მიცემა; გაერთიანებული სარდლობების მთვარასარდლების გეგმების შემოწმება; გაერთიანებული ოპერაციების, აგრეთვე ჯარების საბრძოლო და ოპერატიუოლი მომზადების ჩატარება; თვდაცვის მინისტრისთვის სამხედრო მოთხოვნილებებსა და სტრატეგიულ დაგეგმარებაში მოსაზრებების წარდგენა, რომლებიც აუცილებელი იყო ბიუჯეტების, უცხო სახელმწიფოებითვის დახმარების აღმოჩენის გეგმების, მრეწველობის მობილიზების გეგმებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემუშავებისთვის.
შუკ-ის სამუშაო ორგანოს წარმოადგენს გაერთიანებული შტაბი, რომელიც ახორციელებს მთლიანობაში შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული გეგმებისა და ღონისძიებების უშუალო შემუშავებას.
გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ი შ ტ ა ბ ი (Joint Staff) 1970-იანი წლების ბოლოს მოითვლიდა 400 ოფიცერს და შედგებოდა შვიდი სამმართველოსგან: პირადი შემადგენლობის, ოპერატიულის, დაგეგმვის, კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის, ომის სხვადასხვანაირი ვარიანტების მოდელირებისა და გათამაშების, ზურგისა და ადმინისტრაციულის (ნახ. 7).
[მე-7 ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის გაერთიანებული შტაბის ორგანიზაცია 1970-იან წლებში, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია შუკ-ის გაერთიანებული შტაბის უმფროსი, რომელსაც ჰყავდა თანაშემწე ავტომატიზაციაში, ასევე გენერალური ინსპექტორი და ჰქონდა გაერთიანებული სამდივნო; გაერთიანებულ შტაბს ჰქონდა სამმართველოები: პირადი შემადენლობის, ოპერატიული, დაგეგმვის, კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის, ზურგის, ადმინისტრაციული, ომის სხვადასხვა ვარიანტების მოდელირებისა და გათამაშების; შუკ-ის ოპერატიული სამმართველოს დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის ეროვნული სისტემის ძირითადი აბონენტები: შეიარაღებული ძალების ძირითადი საკომანდო ცენტრი, შეიარაღებული ძალების სათადარიგო საკომანდო ცენტრი და შეიარაღებული ძალების საჰაერო საკომანდო პუნქტი].
თითოეული სამმართველო შედგებოდა განყოფილებებისგან და ასრულებდა ფუნქციებს თავის დანიშნულების შესაბამისად. საერთოდ გაერთიანებული შტაბის საორგანიზაციო სტრუქტურა შესაძლოა იცვლებოდეს ვითარების და მიხედვით, აგრეთვე შუკ-ისა და შტაბის წინაშე მდგარი ამოცანების გათვალისწინებით. მისი პირადი შემადგენლობა წარმოდგენილია დაახლოებით თანაბრად სახმელეთო ჯარებიდან, სჰძ-დან და სზძ-დან (საზღვაო ქვეითთა კორპუსის ჩათვლით). შუკ-ში ოფიციალური გაერთიანებული შტაბის ფარგლებს გარეთ შედიოდა დიდი რაოდენობით სხვადასხვა ორგანიზაცია _ დირექტორატები, სააგენტოები, სპეციალური ჯგუფები და ა. შ. ისინი ემორჩილებოდნენ ან ოპერატიულ, ან კიდევ დაგეგმარების სამმართველოს, ან უშუალოდ გაერთიანებული შტაბის უფროსს. ფაქტიურად ისინი შედიოდნენ გაერთიანებული შტაბის შემადგენლობაში, მაგრამ მათზე არ ვრცელდებოდა კონგრესის მიერ დადგენილი 400 ოფიცრის ლიმიტი. ამ ორგანიზაციების გათვალისწინებით, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში შუკ-ში მუშაობდა 2000-მდე ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 1000 იყო ოფიცერი.
შუკ-ისადმი დაქვემდებარებული ორგანოები. 1970-იან წლებში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში შექმნილი იყო ათი სამართველო, რომელთაგან ოთხი თავდაცვის მინისტრს ემორჩილებოდა შუკ-ის მეშვეობით. ესენი იყო: სადაზვერვო, ბირთვული საბრძოლო მასალების, კავშირგაბმულობისა და კარტოგრაფიული სამმართველოები (ნახ. 5).
თავდაცვის სამინისტროს ს ა დ ა ზ ვ ე რ ვ ო ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო შეიქმნა 1961 წელს შემდეგი ამოცანების გადასაწყვეტად: ყველა სადაზვერვო ორგანოს ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა და მართვა, რომლებიც შევიდნენ სადაზვერვო სამმართველოს შემადგენლობაში ან მიცემულ იქნენ მისადმი; შეიარაღებული ძალების სახეობათა დაზვერვის ორგანოების კორდინაცია და მათ მიერ სადაზვერვო ფუნქციების შესრულებაზე კონტროლი; სამმართველოს პასუხისმგებლობის სფეროში შემავალი გეგმებისა და პროგრამების შესრულებაზე კონტროლი; დაზვერვაზე გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მაქსიმალური ეკონომიისა და ეფექტურობის მიღწევა; თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ორგანოების სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფა; სამხედრო საკითხებში მთელი აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციის შეკრება, განზოგადება და შეფასება; მისი შეკრებისა და დამუშავების პრინციპებისა და წესის შემუშავება, მიღების რიგითობის დადგენა, აგრეთვე შეაიარაღებული ძალების სახეობათა მინისტრებისგან მიღებული დოკუმენტების შეფასება; აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის სახელმწიფო შეფასებითი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა.
1970-იანი წლების მეორე ნახევარში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს პირადი შემაგენლობის რიცხოვნება უტოლდებოდა დაახლ. 6 ათას ადამიანს, რომელთაგან დაახლ. 50% სამოქალაქო მოსამსახურე იყო.
ბ ი რ თ ვ უ ლ ი ს ა ბ რ ძ ო ლ ო მა ს ა ლ ე ბ ი ს ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო შექმნეს 1959 წელს. იგი გახდა 1947 წელს შექმნილი იარაღის სპეციალურ სახეობათა შემუშავების სამმართველოს მემკვიდრე, რომელიც თავის მხრივ, შექმნილი იყო მანჰეტენის საინჟინრო ოლქის ლიკვიდაციის შემდეგ, სადაც მეორე მსოფლიო ომის წლებში აწარმოებდნენ ატომური ბომბის შექმნის სამუშაოებს. სამმართველომ ძირითადად შეინარჩუნა თავისი ფუნქციები და ზოგად საკითხებში დაექვემდებარა თავდაცვის მინისტრს შუკ-ის მეშვეობით; სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან, ნიმუშების გაუმჯობესებებთან, გამოცდებთან და შეფასებებთან დაკავშირებულ საკითხებში _ დირეტორს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებში; დანარჩენ საკითხებში კი _ თავდაცვის მინისტრის თანაშემწეს ატომურ ენერგიაში.
1970-იან წლებში იგი კოორდინაციას უწევდა მუშაობას სხვა სახელმწიფო ორგანოებთან იმ სფეროში, რომელიც შეეხებოდა ბირთვული იარაღის კვლევებს, შემუშავებას, წარმოებას, მარაგების დაგროვებასა და გამოცდებს; კონსულტაციებს უწევდა და ეხმარებოდა შუკ-ს ბირთვული იარაღის მარაგების შემადგენლობასთან, განაწილებასა და განწერტვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გამომუშავებაში; ახორციელებდა დაგეგმვასა და ზედამხედველობას ბირთვული იარაღის გამოცდების ჩატარების სფეროში; ატარებდა იმ ობიექტების საინსპექტორო დათვალიერებებს, რომლებშიც აწყობდნენ, არემონტებდნენ და ინახავდნენ ბირთვულ იარაღს, მის კომპონენტებს, დამხმარე ტექნიკასა და აღჭურვილობას; ხელმძღვანელობდა რიგ სასწავლო და გასაცნობ კურსებს ბირთვულ იარაღში. ბირთვული საბრძოლო მასალების სამმართველოს შტატში იმ წლებში მოითვლებოდა დაახლოებით 6500 ადამიანი, რომელთაგან 4500 იყო სამხედრო მოსამსახურე.
კ ა ვ შ ი რ გ ა ბ მ უ ლ ო ბ ი ს ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო შექმნეს 1960 წელს შეაიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის სისტემების ოპერატიული ხელმძღვანელობისა და მართვის განხორციელების მიზნით, რომელიც 1970/1980-იანი წლების მიჯნაზე მოიცავდა კავშირგაბმულობის ყველა საშუალებასა და ობიექტს, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების, დაგეგმვისა და მშენებლობის ხელმძღვანელობისთვის. იმ დროს კავშირგაბმულობის სამმართველოში მოითვლებოდა 2500 ადამიანი, მათგან 1500 სამხედრო მოსამსახურე.
კ ა რ ტ ო გ რ ა ფ ი უ ლ ი ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ჩამოაყალიბეს 1972 წელს. მან თავის შემადგენლობაში გააერთიანა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროების ყველა კომპონენტის ძალებისა და საშუალებების დაახლოებით 75%, რომლებიც დაკავებული იყვნენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საკითხებით.
სამმართველო ორგანიზაციას უკეთებდა მუშაობას ტოპოგრაფიული, საავიაციო, კოსმოსური და საზღვაო სანავიგაციო რუკების, აგრეთვე საინფორმაციო სანავიგაციო ცნობების, ცხრილებისა და შეტყობინებების შედგენის, გამოცემის, განაწილებისა და დაგზავნის სფეროში, ასევე პასუხს აგებდა საზღვაო რუკებითა და სანავიგაციო მონაცემებით აშშ-ის სავაჭრო და სამგზავრო ფლოტების, ყველა გემის უზრუნველყოფაზე, რომლებიც ასრულებდნენ რეისებს ამერიკულ პორტებში. მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა აეროკოსოსური, ჰიდროგრაფიული და ტოპოგრაფიული ცენტრები და კარტოგაფიული სკოლა.
აშშ-ის შეიარაღებული ძალები ორგანიზციულად შეყვანილია გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობებში, რომელთა სტრუქტურაც განიცდიდა ცვლილებებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლების გამავლობაში და 1970-იანი წლების მეორე ნახევრისთვის აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში არსებობდა ექვსი გაერთიანებული და ორი სპეციალური სარდლობა (ნახ. 5). მათ შემადგენლობაში შემავალი ძალები და საშუალებები, 1958 წლის კანონის თანახმად, ოპერატიული მიმართებით ემორჩილებოდნენ ამ სარდლობების მთავარსარდლებს (სარდლებს). საბრძოლო ამოცანების შესრულებისას კი სარდლობები თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს ემორჩილებოდნენ შუკ-ის მეშვეობით. საბრძოლო ამოცანებს მათ უსაზღვრავდა და უსვამდა თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის თანხმობით შუკ-ის მეშვეობით.
ექვსი გაერთიანებული სარდლობიდან თითოეულს გააჩნდა საბრძოლო ამოცანები, რომლებიც შეესაბამებოდა განსაზღვრულ გეოგრაფიულ რაიონს, ხოლო თითოეული მთავარსარდალი პასუხს აგებდა მისი პასუხისმგებლობის ზონაში საბრძოლო მოქმედებების წარმოების გეგმების შემუშავებაზე.
გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების წინაშე მდგარი ამოცანები შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად: საბრძოლო მოქმედებების წარმოება, სტრატეგიულის ან არასტრატეგიულის, მასშტაბების მიხედვით და სხვადასხვანაირი დაძაბულობისა; განსაზღვრული რაიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაწყებული აშშ-ის მოსახლეობის დაცვითა და ევაკუაცით და დამთავრებული შეიარაღებული ძალების მიერ ბირთვული დარტყმის მიყენებით; გეგმების მომზადება საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლო ვარიანტების დიდი რაოდენობისთვის (დაგეგმვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევისთვის); სამხედრო დახმარების აღმოჩენა; ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობისა და მრავალმხრივ კავშირებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ი ს ჯ ა რ ე ბ ი ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ი ს ა რ დ ლ ო ბ ა (1972 წლამდე _ დამრტყმელი სარდლობა) შექმნეს საბრძოლო ძალებისა და საშუალებების ზღვისმიღმა ტერიტორიებზე ჰაერით სწრაფად გადასროლისთვის შესაძლებლობათა უზრუნველყოფის მიზნით, თუკი ამას მოითხოვდა ვითარება. გარდა ამისა, სარდლობა პასუხს აგებდა საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე აუცილებლობის შემთხვევაში ახლო და შუა აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის (საჰარის სამხრეთით) რაიონებში.
ა შ შ - ი ს შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ი ს ა რ დ ლ ო ბ ე ბ ი ე ვ რ ო პ უ ლ ზ ო ნ ა ს ა დ ა წ ყ ნ ა რ ი ო კ ე ა ნ ი ს ზ ო ნ ა შ ი ძირითადად პასუხს აგებდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე შესაბამის გეოგრაფიულ რაიონებში ნებისმიერ გაუთვალისწინებელ გარემოებებში. აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ევროპულ ზონაში ამავე დროს იყო ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალიც ევროპაში. იგი პასუხს აგებდა საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე ევროპაში რაც უნდა განეხორციელებიათ ნატო-ს ბლოკის მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივად ან კიდევ მხოლოდ აშშ-ის შეიარაღებული ძალებით თუკი ამას მოითხოვდა ვითარება.
ა შ შ - ი ს შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს გ ა რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ს ა რ დ ლ ო ბ ა ს ა ტ ლ ა ნ ტ ი ს ო კ ე ა ნ ი ს ზ ო ნ ა შ ი თავის შემაგენლობაში არ გააჩნდა სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის შენაერთები და ნაწილები. იგი განკუთვნილი იყო ძირითადად საყოველთაო ბირთვულ ომში ზღვაში მონაწილეობისთვის. მისი მთავარსარდალი ამავე დროს იყო ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალიც ატლანტიკაში და პასუხს აგებდა საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე ამერიკული შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ევროპულ ზონაში, აგრეთვე სტრაეგიულ ბირთვულ ომში მონაწილეობაზეც, რადგანაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის შემადგენლობაში შედიოდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები.
ა შ შ - ი ს შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ი ს ა რ დ ლ ო ბ ა ც ე ნ ტ რ ა ლ უ რ ი დ ა ს ა მ ხ რ ე თ ა მ ე რ ი კ ი ს ზ ო ნ ა შ ი უმთავრესად პასუხს აგებდა პანამის არხის ზონის თავდაცვის ორგანიზაციაზე, აგრეთვე ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენასა და საბრძოლო მოქმედებების წარმოების გეგმების შესრულებაზე ნებისმიერ გაუთვალისწინებელ გარემოებებში, რომლებიც შესაძლოა წარმოქმნილიყო ლათინურ ამერიკაში.
ა შ შ - ი ს შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ უ ლ ი ს ა რ დ ლ ო ბ ა ა ლ ი ა ს კ ი ს ზ ო ნ ა შ ი პასუხს აგებდა ამ გეოგრაფიული რაიონის თავდაცვაზე, მაგრამ საბრძოლო ამოცანების შესრულებისას ამ სარდლობის მთავარსადალი არსებითად წარმოადგენდა სარდლობის სარდალს ჩრდილოამერიკული კონტინენტის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის ფარგლებში.
ს ა ჰ ა ე რ ო – კ ო ს მ ო ს უ რ ი თ ა ვ დ ა ც ვ ი ს ს პ ე ც ი ა ლ უ რ ი ს ა რ დ ლ ო ბ ა უზრუნველყოფდა აშშ-ის კონტინენტური ნაწილის თვითმფრინავსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსსაწინააღმდეგო თავდაცვას. აღნიშნული სარდლობის სარდალი ამავე დროს გახლდათ ჩრდილოამერიკული კონტინენტის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის მთავარსარდალიც, რომელიც შედგებოდა საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ამერიკული და კანადური ძალებისა და საშუალებებისგან.
ს პ ე ც ი ა ლ უ რ ი ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი ს ა ა ვ ი ა ც ი ო ს ა რ დ ლ ო ბ ა ძირითადად პასუხს აგებდა სტრატეგიული ბირთვული ომის წარმოებაზე. მის შემადგენლობაში 1970-იან წლებში გაერთიანებული იყო “მინითმენისა” და “ტიტანის” ტიპის ყველა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, აგრეთვე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული ავიაცია.
ს ა მ ხ ე დ რ ო – ს ა ტ რ ა ს პ ო რ ტ ო ს ა ა ვ ი ა ც ი ო ს ა რ დ ლ ო ბ ა 1977 წლიდან აიყვანეს სპეციალური სარდლობის მდგომარეობაში. იგი თავის შემადგენლობაში აერთიანებდა სტრატეგიული და ტაქტიკური სატრანსპორტო ავიაციის ყველა ნაწილს (სქემაზე ნაჩვენები არ არის). იგი განკუთვნილი იყო საჰაერო გადაზიდვების შესრულებისთვის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ინტერესებში და გადაზიდვების უზრუნველყოფისთვის მთავრობის დავალებით. სარდლობის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა აშშ-დან ზღვისმიღმა საომარ მოქმედებათა თეატრებზე ჯარების სტრატეგიული გადასროლების უზრუნველყოფა.
მიზნებისა და ამოცანების განაწილების საკითხებში უკეთესი კოორდინაციისთვის შუკ-მა შექმნა სტრატეგიული მიზნების დაგეგმვის სამმართველო, რომლის უფროსიც შეთავსებით იყო სტრატეგიული საავიაციო სარდლობის სარდალი.
ზემოაღნიშნული სამმართველოებისა და სადლობების გარდა 1970-იან წლებში შუკ-ს ემორჩილებოდა ორი სამხედრო-სასწავლო დაწესებულება _ ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი და საკომანდო-საშტაბო კოლეჯი, აგრეთვე ამერიკული შეიარაღებული ძალების დიდი რაოდენობით წარმომადგენელი, წარმომადგენლობა და სამხედრო დელეგაცია, მათ შორის შემდეგი წარმომადგენლები: მოლაპარაკებებზე სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის საკითხებში, შეიარაღებული ძალების ორმხრივი და დაბალანსებული შემცირების საკითხებში, გაერო-ს სამხედრო-საშტაბო კომიტეტში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტში, ცენტრალური სახელშეკრულებო ორგანიზაციის (სენტო-ს) სამხედრო მოადგილეების ჯგუფში, თავდაცვის ამერიკული ქვეყნების საბჭოში.
შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვა. აშშ-ის პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა და შტაბების უფროსთა კომიტეტის უზრუნველყოფისთვის ინფორმაციით ამერიკული შეიარაღებული ძალებისა და მისი მოკავშირეების, მოწინააღმდეგისა და ნეიტრალური ქვეყნების შესახებ, სტრატეგიული შეტევითი და თავდაცვითი ძალების შესახებ, აგრეთვე სხვა ცნობებით, ქვეყანაში 1970-იან წლებში შექმნილი იყო შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის გლობალური სისტემა. იგი საშუალებას აძლევდა ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების მეშვეობით დაეგროვებინათ, გაეანალიზებინათ და გადაწყვეტილებების მისაღებად გადაეცათ აუცილებელი მონაცემები, აგრეთვე მოკლე ვადებში გადაეცათ ბრძანებები და განკარგულებები. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის გლობალური სისტემა წარმოადგენდა სტაციონარული და მოძრავი საკომანდო ცენტრებისა და პუნქტების კომპლექსს, რომლებიც აღჭურვილი იყო გამოთვლითი ტექნიკითა და გაერთიანებული ერთ მთლიანობაში კავშირგაბმულობის საშუალებების მეშვეობით.
სისტემის ძირითად აბონენტებს წარმოადგენდნენ შეიარაღებული ძალების ძირითადი და სათადარიგო საკომანდო ცენტრები და საჰაერო საკომანდო პუნქტი. ყველა ისინი ემორჩილებოდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შუკ-ის გაერთიანებული შტაბის ოპერატიულ სამმართველოს.
ძირითადი საკომანდო პუნქტი განლაგებული იყო პენტაგონში (ვაშინგტონი). იგი აღჭურვილი იყო კავშირგაბმულობის, აგრეთვე ვითარების დამუშავებისა და ასახვის თანამედროვე საშუალებებით. აქ ორგანიზებული იყო სადღეღამისო მორიგეობა გენერლით (ადმირალით) სათავეში.
სათადარიგო საკომანდო ცენტრი მოწყობილი იყო მერილენდის შტატში, ხოლო საჰაერო საკომანდო პუნქტი _ თვითმფრინავებში EC-135 და ბოინგ 747, რომლებიც დისლოცირებული იყვნენ ავიაბაზა ენდრიუსში (მერილენდის შტატი). ორივენი, ძირითადი საკომანდო პუნქტის მსგავსად, აღჭურვილი იყვნენ კავშირგაბმულობისა და მონაცემების დამუშავების შესაბამისი საშუალებებით და მზადყოფნაში იმყოფებოდნენ აუცილებლობის შემთხევაში თავის თავზე აეღოთ შეიარაღებული ძალების მართვა ძირითადი საკომანდო ცენტრის ნაცვლად.
შეიარაღებული ძალების საკომანდო ცენტრი ემყარებოდა შეიარაღებული ძალების სახეობათა და სარდლობების მართვის ავტომატიზებულ სისტემებს.
საკომანდო ცენტრს გააჩნდა თავისი კავშირგაბმულობის კვანძი, რომელსაც შეეძლო კავშირის დამყარება შეიარაღებულ ძალთა სახეობების, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების საკომანდო პუნქტებთან, აგრეთვე სახელმწიფო მმართველობის ოპერატიულ ორგანოებთან, დაზვერვის ორგანოებთან და ა. შ.
პრეზიდენტის კავშირგაბმულობის უზრუნველყოფისთვისAთავდაცვის სამინისტროსთან, შტაბების უფროსთა კომიტეტთან და შეიარაღებულ ძალთა სახეობების სამინისტროებთან, ასევე თავდაცვის მინისტრისა და შუკ-ის კავშირგაბმულობის უზრუნველყოფისთვის შეიარაღებულ ძალთა სახეობების სამინისტროებთან, გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობებთან, არმიის, სჰძ-ისა და სზძ-ის მინისტრების კავშირგაბმულობისა _ მთავარ შტაბებთან და სარდლობებთან, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების კავშირგაბმულობისა _ ურთიერთ შორის და დაქვემდებარებულ სარდლობებთან, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში შექმნილი იყო თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის გაერთიანებული სისტემა, რომელსაც წამყვანი მდგომარეობა ეკავა კავშირგაბმულობის ეროვნულ სისტემაში. იგი წარმოადგენდა სარეტრანსლაციო კვანძების კომპლექსს, რომლებიც ურთიერთშორის შეერთებული იყო მაგისტრალური ხაზებით და მათ ადგილობრივი ხაზების მეშვეობით უერთდებოდა შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოების მომსახურე დამაბოლოებელი კვანძები.
თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის გაერთიანებული სისტემის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენდა სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის კავშირგაბმულობის გლობალური სისტემები, ციფრული კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემა, სატელეფონო კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემა, კავშირგაბმულობის სამხედრო სათანამგზავრო სისტემა, აგრეთვე კავშირგაბმულობის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ამერიკული შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის გლობალურ სისტემასა და კავშირგაბმულობის სპეციალურ სტრატეგიულ ქსელებს.
შტაბების უფროსთა კომიტეტი 1970-იან წლებში წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის კოლეგიალურ ორგანოს. იგი მუშაობდა თავდაცვის მინისტრისა და ქვეყნის პრეზიდენტის უშუალო ხელმძღვანელობით. მასში გადაწყვეტილებას ღებულობდნენ კენჭისყრით. შუკ-ის მიერ განსახილველად გასატან საკითხებს ირჩევდა უშუალოდ მისი თავმჯდომარე. ყველა საკითხის შესახებ, რომლებშიც კომიტეტში ვერ მიიღებდნენ ერთხმად გადაწყვეტილებას, თავმჯდომარე ინფორმაციას უკეთებდა თავდაცვის მინისტრს. ამ შემთხვევაში დოკუმენტს აბრუნებდნენ კომიტეტში ან გადასწყვეტად გადასცემდნენ თავდაცვის მინისტრს ან პრეზიდენტს.
შუკ-ის თავმჯდომარეს ჰქონდა უფლება მიეღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებიც შემდეგში კომიტეტის წევრების ინფორმირებით შემდეგ შემთხვევებში:
_ შეიარაღებული ძალების გამოყენების სასწრაფო აუცილებლობისას, როდესაც დრო არ იძლეოდა შუკ-ის წევრებთან კონსულტაციების ჩატარების შესაძლებლობას;
_ როდესაც შეიარაღებული ძალების გამოყენების წესი წინასწარ იყო განსაზღვრული შუკ-ის დირექტივებით, გეგმებითა და მითითებებით;
_ როდესაც საკითხები არც ისე მნიშვნელოვანი იყო, რომ საჭირო გამხდარიყო კონსულტაციების გამართვა შუკ-ის წევრებთან.
იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული სარდლობა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა მჭიდროდ იყვნენ გადაწნული საგარეო პოლიტიკის დაგეგმვასთან, სტრატეგიული და საგარეოპოლიტიკური გეგმების კოორდინაციას ხშირად ახდენდნენ შტაბების უფროსთა კომიტეტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის. ეს ნიშნავს, რომ 1970-იან წლებში შუკ-ი სერიოზულ გავლენას ახდენდა მთავრობის პოლიტიკური გეგმების შემუშავებაზე.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, პოლიტიკაში შუკ-ის მონაწილეობის ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი მონოპოლიების მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ზრდას. პრაქტიკულად შუკ-ის თითოეული წევრის უკან იდგა სამხედრო-სამრეწველო მაგნატების გარკვეული ჯგუფი. მუდმივი დავები სახმელეთო ჯარებს, სჰძ-სა და სზძ-ს შორის მოწმობდა პრიორიტეტისთვის ბრძოლაზე არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალთა სახეობებს შორის, არამედ მომგებიანი სამხედრო შეკვეთების გამო _ მონოპოლიებს შორისაც.
იმავე ავტორების მიხედვით, 1790-იან წლებში ცივი ომისა და გამალებული შეიარაღების კიდევ უფრო გაღვივებითვის და პირველ რიგში სტრატეგიული სარაკეტო-ბირთვული იარაღის წარმოების სფეროში. ასევე იგი მიმართავდა თავის ძალისხმევას კონგრესისა და სამოქალაქო ხელისუფლების მხრიდან სამხედრო ორგანოების საქმიანობაზე კონტროლის შესუსტებისკენ.
X. აშშ–ის შეიარაღებული ძალების მართვა 1970-იან წლებში
ამერიკელ სპეციალისტებს ტერმინის ქვეშ “მართვის სისტემა” (ჩომმანდ ანდ ჩონტროლ შყსტემ) ესმით ტექნიკური საშუალებების, კვალიფიციური პირადი შემადგენლობის, მისი მოქმედების მეთოდებისა და ილეთების ისეთი ერთობლიობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მეთაურებისთვის მუდმივი კონტროლი თავიანთ ძალებსა და საშუალებებზე ყველა სიტუაციაში მათთვის აუცილებელი მონაცემების მიცემის გზით ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებისა და განკარგულებების (ბრძანებების) შემსრულებლებამდე მიტანის მიზნით. მართვის სისტემას განიხილავენ როგორც დამოუკიდებელ საორგანიზაციო ერთეულს, რომლის შემადგენლობაშიც ზემოთმოყვანილი ელემენტების გარდა, ჩვრულებრივ, რთავენ სხვადასხვანაირ ქვესისტემებს, აუცილებელ ნაგებობებს, აღჭურვილობას და ა. შ.
უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1970-იანი წლების მიწურულისთვის ამერიკული შეიარაღებული ძალების მთელ ხელმძღვანელობას აგებდნენ ოერატიული მართვის გლობალურ სისტემაზე _ ომგს (WWMCCS – World Wide Military Command and Control System). იგი აერთიანებდა უმაღლეს სახელმწიფო და სამხედრო მართვის ორგანოებს თანამედროვე კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკის ფართო გამოყენების ბაზაზე. სისტემის შექმნა დაიწყეს 1960-იან წლებში, როდესაც მთავრობამ და პენტაგონმა იმ ხანად “მოქნილი რეაგირების” სამხედრო სტრატეგიის მიღებასთან დაკავშირებით მოიწონეს შეიარაღებული ძალების მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით განვითარებისა და მშენებლობის ახალი პრინციპები.
რეორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა “დაბალანსებული” შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელსაც შეეძლებოდა როგორც საყოველთაო ბირთვული ომის წარმოება, ისე შეზღუდული ომისაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით ან მის გარეშე.
აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ 1960-იანი წლების ბოლოს მიღებული დაყოფის შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებს მისი მშენებლობის თვალსაზრისით და მიზნობრივი ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით ჰყოფდნენ სტრატეგიულ შეტევით ძალებად (საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები და სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაცია); სტრატეგიულ თავდაცვით ძალებად (ამერიკული კონტინენტის რაკეტსაწინააღმდეგო, კოსმოსსაწინააღმდეგო და თვითმფრინავსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები და საშუალებები); ზოგადი დანიშნულების ძალებად (სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები სტრატეგიული ავიაციის გარეშე და სამხედრო-საზღვაო ძალები ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების გარეშე); ჰაერითა და ზღვით ჯარების სტრატეგიული გადასროლის ძალებად და საშუალებებად; შეიარაღებული ძალების რეზერვებად.
იმ პერიოდში უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში ხაზს უსვამდნენ, რომ უწინდელი “მასირებული ბირთვული ნაცვალგების” სტრატეგიის ნაცვლად “მოქნილი რეაგირების” ახალი სტრატეგიის მიღებამ და სამხედრო მშენებლობის ახალი პრინციპების დამკვიდრებამ (ჯარების ორგანიზაციის კლასიკურ ფორმებთან ერთად _ შეიარაღებულ ძალთა სახეობები, ხოლო მათ შიგნით ჯართა გვარეობები და სამსახურები, _ განსაზღვრული ოპერატიულ-სტრატეგიული ამოცანების შესრულების შესაძლებლობების მიხედვით) გამოიწვევდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მართვის ნამდვილად გლობალური სისტემის შექმნის აუცილებლობას, რაც, უკვე საბჭოთა ავტორების აზრით, პასუხობდა ამერიკული იმპერიალიზმის აგრესიულ მიზნებს, რომლის ჯარების მსხვილი დაჯგუფებებიც უკვე მშვიდობიანობის დროს იყო განწერტებული დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზე და ოკეანეში.
1970-იანი წლების მიწურულში ოპერატიული მართვის გლობალური სისტემის შემადგენელ ელემენტებს წარმოადგენდა: შტაბების უფროსთა კომიტეტის ძირითადი და სათადარიგო საკომანდო ცენტრები, საჰაერო საკომანდო პუნქტი (ძკც, თკც და ჰკპ); სახმელეთო ჯარების, სჰძ-ის, სზძ-ისა და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის ძირითადი და სათადარიგო საკომანდო პუნქტები; სპეციალური სარდლობების (სტრატეგიული საავიაციო, საჰაერო-კოსმოსური თავდაცვისა და სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო) საკომანდო პუნქტები; სტრატეგიულ ზონებში გაერთიანებული სარდლობებისა (ევროპული, ატლანტიკური, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის) და მზადყონის ჯარების გაერთიანებული სარდლობის საკომანდო პუნქტები.
შუკ-ის მართვის ორგანოები (ძკც, თკც, ჰკპ) გაერთიანებული იყვნენ ოპერატიული მართვის ეროვნულ სისტემაში _ ომეს-ი (NMCS – National Military Command System), რომელიც წარმოადგენდა ოპერატიული მართვის გლობალური სისტემის ცენტრალურ რგოლს. იგი აღჭურვილი იყო ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებით, ასახვის აპარატურითა და ინფორმაციის დოკუმენტაციის სწრაფმოქმედი საშუალებებით, რომლებიც იძლეოდნენ მონაცემების დროულად მიღებისა და დამუშავების შესაძლებლობას. ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით, ეროვნული სისტემა წარმოადგენდა ხიდს, რომელიც აერთებდა აშშ-ის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას (პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, შუკ-ის თავმჯდომარე) ოპერატიული მართვის გლობალური სისტემის დანარჩენ ორგანოებთან.
შ უ კ - ი ს ძ ი რ ი თ ა დ ი ს ა კ ო მ ა ნ დ ო ც ე ნ ტ რ ი შექმნეს 1962 წელს და იგი განკუთვნილი იყო მშვიდობიანობის დროს ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამართავად. 1976 წლის შუახანებში ცენტრი გადაიტანეს სპეციალურად მისთვის აგებულ სადგომში პენტაგონის მიწისქვეშა ნაწილში (სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 15,4 მლრდ. დოლარი). ატომსაწინააღმდეგო მიმართებით ცენტრი მაშინ არ იყო დაცული.
ძკც-ის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული იყო თათბირების ჩასატარებლად განკუთვნილი დიდი დარბაზი. იგი აღჭურვილი იყო ექვსი დიდი ეკრანით, რომლებზედაც აისახებოდა მისული მონაცემები, კერძოდ მოწინააღმდეგის რაკეტებისა და სხვა საშუალებების განლაგების შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იყო გადაწყვეტილების მისაღებად. დარბაზის ცენტრში იმყოფებოდა დიდი მაგიდა, რომლის გარშემოც განთავსდებოდნენ შუკ-ისა და უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წევრები. თითოეული მათგანის ადგილი აღჭურვილი იყო გასაიდუმლოებული ტელეფონის მქონე მიკროფონის მოწყობილობით, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო კავშირის დაუყოვნებლივ დამყარება არა მარტო ცალკეული სარდლობების სარდლებთან, არამედ მსხვილი ხომალდების მეთაურებთანაც. ამ დარბაზის გარდა იყო რიგი სადგომებისაც, რომლებშიც სპეციალისტების ჯგუფები კრებდნენ და აფასებდნენ მისულ ინფორმაციას. პირადი შემადგენლობის დასასვენებლად მოწყობილი იყო მცირე სპეციალური სადგომები.
ცენტრი ფუნქციონირებდა დღეღამურად. მორიგეობას უზრუნველყოფდნენ რამდენიმე ცვლით, რომლებიც შედგებოდა გაერთიანებული შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებისგან (13-16 ოფიცერი და სერჟანტი თითოეულ ცვლაში პოლკოვნიკის მეთაურობით). ძირითად საკომანდო ცენტრში მიდიოდა ოპერატიული მონაცემები შეიარაღებული ძალების სახეობებიდან, ძირითადი სარდლობებიდან, საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებიდან და სამხედრო ატაშეებისგან, აგრეთვე ინფორმაცია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სხვადასხვა წყაროებიდან და ცალკეული მოხსენებები, რომლებიც გამოდიოდა თეთრი სახლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან. ძკც-ს გააჩნდა პირდაპირი კავშირგაბმულობა რიგი ქვეყნების მთავრობებთან. მისი აღჭურვილობა უზრუნველყოფდა მიმდინარე ვითარების მონაცემებისა და დამატებითი ცნობების ავტომატიზებულ შეკრებას, დამუშავებასა და ეკრანებზე ასახვას ცალკეულ, ყველაზე უფრო საჩქარო საკითხებში. ცენტრის ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებში ჩადებული იყო ვითარების სხვადასხვანაირ პირობებში შეიარაღებული ძალების გამოყენების ვარიანტების გაანგარიშების ტიპიური პროგრამები.
შ უ კ - ი ს ს ა თ ა დ ა რ ი გ ო ს ა კ ო მ ა ნ დ ო ც ე ნ ტ რ ი განლაგებული იყო ცისფერი მთების მთისპირეთში (90-95 კმ ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთით). იგი აღჭურვილი იყო ატომსაწინააღმდეგო მიმართებით, გააჩნდა ავტონომიური ელექტროსადგური, წყალმომარაგებისა და ვენტილაციის სისტემები. სათადაიგო საკომანდო ცენტრი (თკც) ფუნქციონირებდა დღეღამურად, მშვიდობიანობის დროს იგი არასრულად იყო დაკომპლექტებული. მისი აღჭურვილობა იყი ძირითადი საკომანდო ცენტრის ანლოგიური. მთელი ინფორმაცია ერთდროულად მიდიოდა ორივე ცენტრში, რაც საშუალებას აძლევდათ აუცილელბის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების მართვა განეხორციელებინათ თკც-დან. 1974 წლიდან და შემდგომ ხანებში სათადარიგო ცენტრში აწარმოებდნენ მისი აპარატურის მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების სისტემასთან ჩართვის სამუშაოებს, ის უკანასკნელი კი განთავსებული იყო პენტაგონის შენობაში. 1977/78 ფინანსურ წელში ამ პროგრამის შესრულებაზე გამოყვეს დაახლ. 3 მლნ. დოლარი.
შ უ კ - ი ს ს ა ჰ ა ე რ ო ს ა კ ო მ ა ნ დ ო პ უ ნ ქ ტ ი შექმნეს 1962 წელს და 70-იანი წლების ბოლოსთვის იგი მოწყობილი იყო თვითმფრინავში E-4A. სულ მომზადებული იყო სამი თვითმრინავი, რომლებიც ბაზირებული იყვნენ ავიაბაზა ოფუთში (ნებრასკას შტატი). პუნქტი განკუთვნილი იყი შეიარაღებული ძალების სამართავად ძკც-ისა და თკც-ის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ. უცხოურ პრესაში ხაზს უსვამდნენ, რომ კრიზისული ვითარების შემთხვევაში პრეზიდენტს მისი თანმხლები პირების ჯგუფთან ერთად შესაძლო იყო გადაენაცვლა ამ პუნქტში. მსგავს სიტუაციაში სამი თვითმრინავიდან ერთერთი მუდმივად იმორიგევებდა ავიაბაზა ენდრიუსში (მერილენდის შტატი) პრეზიდენტის ბორტზე მისაღებად მზადყოფნაში, ხოლო დანარჩენი ორი დარჩებოდა ავიაბაზა ოფუთში.
საჰაერო საკომანდო პუნქტში (ჰკპ) საბრძოლო მორიგეობას უზრუნველყოფდა ოპერატიული ჯგუფი 15-17 ადამიანის შემადგენლობით. იმ დროისთვის თვითმფრინავებში დროებით დაყენებული იყო ძველი აპარატურა (EC-135 თვითმრინავებიდან), რომელიც საშუალებას აძლევდათ შეენარჩუნებიათ სატელეგრაფო კავშირგაბმულობა (ზეგრძელტალღოვანი დიაპაზონი), შორეულ და ახლო კავშირგაბმულობას ულტრამოკლეტალღოვან და მოკლეტალღოვან დიაპაზონებში, სატელეფონო და სატელეგრაფო კავშირგაბმულობას დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების (დხთ) გამოყენებით. აღჭურვილობის ერთერთ ნაკლად ითვლებოდა მონაცემების ავტომატიზებული დამუშავებისა და ასახვის აპარატურის არარსებობა. ამ ნაკლის მოცილებას ვარაუდობდნენ 1984 წელში ჰკპ-თვის E-4B თვითმფრინავების მიღების შემდეგ.
აშშ-ის შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის საკომანდო პუნქტები განლაგებული იყო პენტაგონის შენობაში.
ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ჯ ა რ ე ბ ი ს ს ა კ ო მ ა ნ დ ო პ უ ნ ქ ტ შ ი 1970-იანი წლების მიწურულს გაშლილი იყო მართვის ავტომატიზებული სისტემის (მას) DACCS (The Departament of Army Command and Control System) აპარატურა, რომლის ამოცანაში შედიოდა მონაცემების შეკრება, დამუშავება და სახმელეთო ჯარების სარდლობისთვის გადაცემა.
ს ჰ ძ - ი ს შ ტ ა ბ ი ს ს ა კ ო მ ა ნ დ ო პ უ ნ ქ ტ ი წარმოადგენდა ორსართულიან შენობას, რომელიც შედგებოდა ძირითადი დარბაზისა და იარუსისგან (540 კვ. მ ფართობით). იქ იყენებდნენ ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებს, მართვისა და კავშიგაბმულობის აპარატურის სხვადასხვანაირ პულტებს. დარბაზში იდგა პროექციული ტიპის ორი ეკრანი თითოეული 183 X 183 სმ ზომის. სამუშაო ადგილები სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის ხელმძღვანელი შემადგენლობისთვის მოწყობილი იყო იარუსის ოთახებში. სჰძ-ის შტაბის ინტერესებში იყენებდნენ სჰძ-ის ძალებისა და საშუალებების მართვის ავტომატიზებულ სისტემას AFCCS (Air Force Command and Control System), რომელიც შექმნილი იყო 473L პროექტის მიხედვით. იგი ასრულებდა ისეთსავე ამოცანებს, როგორსაც სახმელეთო ჯარებში _ DACCS-ი.
ს ზ ძ - ი ს შ ტ ა ბ ი ს ს ა კ ო მ ა ნ დ ო პ უ ნ ქ ტ შ ი გაშლილი იყო საინფორმაციო ცენტრი NAVIC (Navy Information Center), რომლის ამოცანაშიც შედიოდა სამ სფეროში _ ძალებისა და საშუალებების მართვა, მათი უზრუნველყოფა და განვითარების დაგეგმვა _ მისული ინფორმაციის ავტომატიზებული დამუშავება (ყოველდღიურად გადიოდა ოთხი ათასზე მეტი შეტყობინება).
უცხოური ბეჭდური გამოცემების მიხედვით, ამერიკული ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სტრატეგიული შეტევითი ძალების მართვისა და კავშიგაბმულობის სისტემის შემდგომ სრულყოფას, პრეზიდენტის ბრძანებების (განკარგულებების) შემჭიდროვებულ ვადებში ყველა ძალისა და საშუალებისთვის საიმედოდ მიწოდებას, თვით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარებისა (სკბრ გდ) და წყალქვეშა ნავების ცალკეული ქვედანაყოფების ჩათვლით. ამიტომ სპეციალური და მთავარი სარდლობების მართვისა და კავშირგაბმულობის ყველაზე უფრო განვითარებულ სისტემად ითვლებოდა სტრატეგიული საავიაციო სარდლობის მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემა.
ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი ს ა ა ვ ი ა ც ი ო ს ა რ დ ლ ო ბ ი ს ს ა რ დ ლ ი ს ს ა კ ო მ ა ნ დ ო პ უ ნ ქ ტ ი 1970-იანი წლების მიწურულს განლაგებული იყო მიწის ქვეშ ავიაბაზა ოფუთის რაიონში (ნებრასკას შტატი). ვითარების ასახვისთვის მასში დაყენებული იყო 4,8 X 4,8 მ ზომის ექვსი ეკრანი რომლებზედაც საპროექციო მოწყობილობების მეშვეობით ასახავდნენ სხვადასხვანაირ მონაცემებს პროგრამების ან მოთხოვნების მიხედვით. მოთხოვნის მომენტიდან ინფორმაციის ეკრანზე ასახვამდე საშუალო დრო შეადგენდა დაახლ. 15 წამს. საკომანდო პუნქტს გააჩნდა სიცოცხლის უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემა და ფუნქციონირებდა დღეღამურად.
მთელ მოსულ ინფორმაციას ამუშავებდნენ მართვის ავტომატიზებული სისტემის 465L მეშვეობით, რომელიც წარმოადგენდა სტრატეგიული საავიაციო სარდლობის (სას) სარდლის მიერ მართვის ძირითად საშუალებას. მართვის ამ ავტომატიზებული სისტემის ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა: სკბრ-ებისა და სტრატეგიული ავიაციის საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის ავტომატიზებული აღრიცხვა, ძალების საბრძოლო მზადყოფნის ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვა, რაკეტების გაშვებასა და თვითმფრინავების ჰაერში აყვანაზე საბრძოლო განკარგულებების გაცემა. განკარგულებებსა და მოხსენებებს გადასცემდნენ საკაბელო ხაზების მეშვეობით ავტომატური საკომუტაციო ცენტრების AUTODIN (Automatic Digitel Network) მეშვეობით დახურული სწრაფმოქმედი ასობეჭდვის მეთოდით. ამასთანავე კანკარგულებები შესაძლო იყო გადაეცათ ცირკულარულად ადრესატების ჯგუფის ან ცალკეული კორესპონდენტისთვის. პერსპექტივაში გეგმავდნენ უფრო სრულყოფილი მას-ის SATIN (Strategic Aviation Command Automated Total Information Network) შექმნას.
სტრატეგიული საავიაციო სარდლობის მიწის ქვეშ განლაგებული საკომანდო პუნქტის ძირითად ამოცანას შეადგენდა თავის დროზე მიეღო გაფრთხილება აშშ-ზე შესაძლო დარტყმის შესახებ, სტრატეგიული თავდასხმის საშუალებები მოეყვანა მაქსიმალური საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში და ამასთან ჰაერში აეყვანა სტრატეგიული ბომბდამშენები.
სტრატეგიული საავიაციო სარდლობის მართვის სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სას-ის სარდლის საჰაერო საკომანდო პუნქტს. მისი გაშლისთვის გამოყოფილი იყო ხუთი თვითმფრინავი EC-135, რომლებიც ბაზირებული იყო ავიაბაზა ოფუთზე და 1961 წლის თებერვლის დასაწყისიდან 70-იანი წლების დასასრულამდე ბორტზე აყვანილი ოპერატიული ჯგუფის მეშვეობით, თითო-თითოდ ეწოდნენ დღეღამურ მორიგეობას ჰაერში. ასეთ საკომანდო პუნქტს შეეძლო თავის თავზე აეღო სტრატეგიული საავიაციო სარდლობის ძალების მართვა მიწისზედა მართვის პუნქტების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.
დასავლელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ სკბრ-ებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების მართვას უშუალოდ ბირთვული ომის დაწყების წინ და მისი მსვლელობისას განახორციელებდნენ სტრატეგიული საავიაციო სარდლობის სარდლის ჰკპ-დან. მშვიდობიანობის დროს ჰკპ-ის ბორტზე განწესებული იყო ოპერატიული ჯგუფი, რომელსაც მეთაურობდა განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილი მორიგე გენერალი და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა 11 ოფიცერი და ხუთი რადისტი. ვითარების გამწვავებისას ითვალისწინებდნენ მისი შემადგენლობის გაზრდას.
ბირთვული ომის პირობებში სტრატეგიული საავიაციო სარდლობის (სას) ძალების მართვაში საჰაერო საკომანდო პუნქტის წინაშე დასმული ამოცანების შესრულების უზრუნველყოფას მოახდენდნენ სას-ის საჰაერო საკომანდო პუნქტის თვითმფრინავების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ზონის ჰკპ-ების, საკონტინენტთაშორისო რაკეტების გაშვების მართვის, საჰაერო პუნქტებისა და თვითმფრინავ-რეტრანსლატორების მეშვეობით (სულ 27 თვითმფრინავი EC-135).
საგანგებო ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში ჰკპ-ების თვითმფრინავები და თვითმფრინავ-რეტრანსლატორები უნდა ასულიყვნენ ჰაერში და უზრუნველეყოთ შესაბამისი ბრძანებების დროულად გადაცემა სას-ის სარდლის საჰაერო საკომანდო პუნქტიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების მართვის პუნქტებზე.
მართვის სათადარიგო პუნქტების სახით სას-ის სარდალს შესაძლო იყო გამოეყენებინა აგრთვე ჩაღრმავებული 15-ე და მე-8 საკომანდო პუნქტები (შესაბამისად, ავიაბაზებში მარჩი _ კალიფორნიის შტატი და ბარქსდეილი _ ლუიზიანა), აგრეთვე კომპლექსს ვესთროვერში (მასაჩუსეთსი).
უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან სტრატეგიული საავიაციო სარდლობის ბირთვული იარაღის მატარებლებამდე განკარგულებების უშუალოდ მიტანას უზრუნველყოფდნენ კავშირგაბმულობის სპეციალურად შექმნილი სისტემების გამოყენების ხარჯზე, რომელთაგან 1970-იანი წლების მიწურულისთვის უმნიშვნელოვანესები იყო 494L და 487L.
სისტემა 494L წარმოადგენდა შუკ-ისა და სტრატეგიული საავიაციო სარდლობის სარდლის საბრძოლო განკარგულებების გადაცემის სარეზერვო საშუალებას მართვის ორგანოებისთვის სკბრ-ების გაშვების მართვის პუნქტებამდე და სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებამდე მიწაზე და ჰაერში განსაკუთრებულ პირობებში რაკეტა-რეტრანსლატორების (“მინითმენ-2”) მეშვეობით. ამ უკანასკნელებში ბირთვული სათავო ნაწილის ნაცვლად დაყენებული იყო სპეციალური აპარატურა, რომელიც განკუთვნილი იყო ულტრამოკლეტალღოვან სიხშირეზე წინასწარ ჩაწერილი სიტყვიერი განკარგულებების გადაცემისთვის. რაკეტა-რეტრანსლატორები შესაძლებელი იყო გაეშვათ შუკ-ის ძირითადი საკომანდო ცენტრიდან და სას-ის საკომანდო პუნქტებიდან მისული ბრძანებების თანახმად. გაშვებისა და დასახულ ტრაექტორიაზე გასვლის შემდეგ ბრძანებას გადასცემდნენ მაშინვე ათ ფიქსირებულ სიხშირეზე. სიგნალების სმენადობის ზონა ფარავდა ამერიკული კონტინენტის მთელ ტერიტორიას.
სისტემა 487L განკუთვნილი იყო სტრატეგიული საავიაციო სარდლობის ძალების სამართავად მოკლე- და ულტრამოკლეტალღოვანი რადიოკაშირგაბმულობის დარღვევის შემთხვევაში მასზე მოწინააღმდეგის მაღლივი ბირთვული აფეთქების ზემოქმედების შედეგად. მის თავისებურებას წარმოადგენდა ბრძანებების გადაცემა სატელეფონო-სატელეგრაფო კავშირგაბმულობის აპარატურის მეშვეობით, რომელიც მუშაობდა გრძალტალღოვან და ზეგრძელტალღოვან დიაპაზონებში. სას-ის სარდალს გააჩნდა შესაძლებლობა საბრძოლო განკარგულებების გადასაცემად ოთხი მიწისზედა მძლავრი მიმღებ-გადამცემი ცენტრის მეშვეობით, რომელთაგან ერთი 1970-იან წლებში განლაგებული იყო წნარი ოკეანის სანაპიროს რაიონში (ბარსთოუ, კალიფორნიის შტატი), მეორე _ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში (გრენდ აილენდი, ნებრასკა), მესამე _ ატლანტის ოკეანის სანაპიროს რაიონში (ნორფოლკი, ვირჯინია) და მეოთხე _ კ. პუერტო-რიკოზე. სისტემის მიმღები სადურები იყო სტრატეგიული საავიაციო სარდლობის ყველა შენაერთის, ნაწილისა და ქვედანაყოფის საკომანდო პუნქტებში.
ძირითადებს მიეკუთვნებოდა აგრეთვე განგაშების გამოცხადების სატელეფონო სისტემა PAS-ი, რომლის მეშვეობითაც განგაშის გამოცხადების გარდა, შესაძლებელი იყო ხმით გადაეცათ ოპერატიული განკარგულებები და მიეღოთ მოხსენებები სარაკეტო და საავიაციო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შესახებ. ამ სისტემის მეშვეობით საკომანდო პუნქტი (სათადარიგო საკომანდო პუნქტი) დაკავშირებული იყო სარაკეტო და საავიაციო ფრთებთან და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გაშვების მართვის პუნქტებთან.
აშშ-ის სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მოკლეტალღოვანი რადიოსატელეფონო კავშირგაბმულობის სისტემას “Giant talk” შეეძლო უზრუნველეყო სას-ის სარდალი ყველა სარაკეტო და საავიაციო ნაწილის მდგრადი მართვით აშშ-ის კონტინენტსა და ზღვისმიღმა ტერიტორიებზე, აგრეთვე სტრატეგიული სადაზვერვო და ბომბდამშენი თვითმფრინავებისა ჰაერში.
სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების პრაქტიკულ პირობებში სამართავად იყენებდნენ სისტემას “Green pine”, რომელიც უზრუნველყოფდა სას-ის საკომანდო პუნქტისა (სათადარიგო საკომანდო პუნქტისა) და საჰაერო არმიების საკომანდო პუნქტების ულტრამოკლეტალღოვან კავშირგამულობას თვითმრინავებთან მიწისზედა სადგურ-რეტრანსლატორების ჯაჭვის მეშვეობით, რომლებიც განლაგებული იყო ალიასკის, კანადის, გრენლანდიისა და ისლანდიის ჩრდილოეთ რაიონებში. მიწისზედა (წყალქვეშა) საკაბელო ხაზებით იგი დაკავშირებული იყო სტრატეგიული საავიაციო სარდლობის საკომანდო პუნქტთან და სათადარიგო საკომანდო პუნქტთან
ატლანტისა და წყნარ ოკეანეში საბრძოლო პატრულირებაში მყოფი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების ოპერატიულ მართვას ახორციელებდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლების მეშვეობით ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ზონებში.
მართვას უზრუნველყოფდნენ გრძელტალღოვანი კავშირგაბმულობის ცენტრებით, რომელთაგან ოთხი განლაგებული იყო აშშ-ის ტერიტორიაზე (მთავარი _ კატლერში, მერილენდის შტატი), აგრეთვე სისტემა “თაქამოს” გამოყენების ხარჯზე, რომელიც განკუთვნილი იყო ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების მდგრადი მართვის შენარჩუნებისთვის გრძელტალღოვანი კავშირგაბმულობის მიწისზედა ცენტრების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. მის შემადგენლობაში შედიოდა ათამდე სპეციალურად გამოყოფილი თვითმფრინავ-რეტრანსლატორი, რომელთა აღჭურვილობის მეშვეობითაც შუკ-ის განკარგულებებს გადასცემდნენ ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებზე ტალღების გრძელტალღოვან და ზეგრძელტლღოვან დიაპაზონებში. თვითმფრინავების აღჭურვა ულტრამოკლე-, მოკლე-, საშუალო-, გრძელ- და ზეგრძელტალღოვანი მიმღებ-გადამცემი აპარატურით უზრუნველყოფდა მუდმივ კავშირს სანაპირო და საჰაერო საკომანდო პუნქტებთან (კპ) უშუალოდ ან დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების მეშვეობით. მშვიდობიანობის დროს ეს თვითმფრინავები იმყოფებოდნენ ზონებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შესაბამისი მთავარსარდლების ოპერატიულ დაქვემდებაში პერიოდულად ახორციელებდნენ ერთეულ პატრულირებას დადგენილ რაიონებში.
N O R A D – ი ს ს ა რ დ ლ ი ს ძ ი რ ი თ ა დ ი ს ა კ ო მ ა ნ დ ო პ უ ნ ქ ტ ი (ჩრდილოამერიკული კონტინენტის საჰაერო თავდაცვის სარდლობა) წარმოადგენდა სტრატეგიული თავდაცვითი ძალების მართვის ძირითად ორგანოს. იგი განლაგებული იყო მთა შეინის გრანიტის კლდეში (კოლორადოს შტატი) დაახლოებით 500 მ სიღრმეში. ეს იყო 11-სადგომიანი ნაგებობა სურსათისა და წყლის მარაგებით, საკუთარი ელექტროსადგურით და ა. შ., სადაც სრული იზოლაციის რეჟიმში მუშაობდა 750-1000 ადამიანი.
NORAD-ის ძირითადი კპ-ის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა სპეციალური ავტომატიზებული სისტემა 425L, რომელიც ახორციელებდა საჰაერო-კოსმოსური ვითარების შესახებ მონაცემების ავტომატურ შეკრებას, დამუშავებასა და ასახვას და თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავტომატურად უგზავნიდა 200-ზე მეტ შტაბსა და 260 ცალკეულ პუნქტს. მთელ მოსულ ინფორმაციას ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების მეშვეობით გადაამუშავებდნენ, შეადარებდნენ და ასახავდნენ საერთო ვითარების ორ ეკრანსა და ოპერატორების 15 ამსახველ მოწყობილობაზე. ამასთან ერთდროულად მონაცემებს ავტომატურად გადასცემდნენ შუკ-ის, სას-ის, კანადის თავდაცვის შტაბისა და სხვა სარდლობების კპ-ების ამსახველ აპარატურებში. ეგმ-ები ერთმანეთს უდარებდნენ ცნობებს მოწინააღმდეგისა და თავისი ჯარების მდგომარეობის შესახებ და გამოიმუშავებდნენ თავდასხმის მოგერიების ვარიანტებსა და საჰაერო თავდაცვის ძალების გამოყენებაზე ბრძანებებს.
სისტემა 425L შეუღლებული იყო რაკეტსაწინააღმდეგო და თვითმრინავსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მართვის ავტომატიზებულ სისტემებთან. სამართავად იყენებდნენ დახურულ სატელეფონო და ტელეკოდური კავშირგაბმულობის სპეციალურად გამოყოფილ არხებსა და სისტემების AUTODIN და AUTOVON (Automatic Voice Network) ავტომატურ საკომუტაციო ცენტრებს. NORAD-ის საკომანდო პუნქტის შიგნით ფუნქციონირებდა 20-ათასიანი ჩაკეტილი სატელევიზიო ქსელი.
მიწისქვეშა კომპლექსში NORAD-ის საკომანდო პუნქტთან ერთობლივად განლაგებული იყო აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მზადყოფნის (სამოქალაქო თავდაცვის) სამმართველოს შეტყობინების ძირითადი ცენტრი და კავშირგაბმულობის გაერთიანებული სამმართველოს ზონური ცენტრი.
N O R A D – ი ს ს ა თ ა დ ა რ ი გ ო ს ა კ ო მ ა ნ დ ო პ უ ნ ქ ტ ე ბ ი იმყოფებოდა ეგლინსა (ფლორიდის შტატი) და ნორთ-ბეიში (კანადა, ონტარიოს პროვინცია). პირველი განლაგებული იყო მიწისზედა შენობაში და არ გააჩნდა ატომსაწინააღმდეგო თავდაცვა. მეორე თკპ კი განლაგებული იყო კლდოვან მთაში დაახლოებით 150 მ სიღრმეში და აღჭურვილი იყო ატომსაწინააღმდეგო მიმართებით.
ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით აშშ-ის შეიარაღებული ძალების ზოგადი დანიშნულების ძალების გაერთიანებები, შენაერთები და ნაწილები შეყვანილი იყო ხუთ გაერთიანებულ სარდლობაში: მზადყოფნის ჯარების გაერთიანებულიო სარდლობა აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში (მასში შედიოდა საკუთრივ აშშ-ის ტერიტორიაზე განლაგებული სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის საბრძოლველად მზადმყოფი ყველა შენაერთი და ნაწილი) და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობები ზონებში (ევროპულში, ატლანტის ოკეანის, წყნარი ოკეანისა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის).
სარდლობების შემადგენლობაში შემავალი ძალებისა და საშუალებების სამართავად შექმნილი იყო ფუნქციონირებდა ძირითადი და სათადარიგო საკომანდო პუნქტები. პირველები განკუთვნილი იყო ძალების სამართავად მშვიდობიანობის დროს, საერთაშორისო ურთიერთობების გამწვავების პერიოდებში და შეზღუდული ომების მსვლელობისას. საყოველთაო სარაკეტო-ბირთვული ომის მუქარის წარმოქმნისას ზოგადი დანიშნულების ძალებისა და საშუალებების ხელმძღვანელობის წარმოებას ითვალისწინებდნენ სათადარიგო საკომანდო პუნქტებიდან.
მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ი ს ჯ ა რ ე ბ ი ს მ ა რ თ ვ ი ს განხორციელებას გეგმავდნენ ძირითადი და სათადარიგო (აერომობილური) საკომანდო პუნქტებიდან, რომლებიც აღჭურვილი იყო ავტომატიზებული სისტემით 492L. იგი უზრუნველყოფდა შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას: მზადყოფნის ჯარების გაშლის დაგეგმვა შესაძლო კონფლიქტების რაიონებში, სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის შენაერთებისა და ნაწილების სტრატეგიული გადასროლების დაგეგმვა და ჩატარება როგორც ამერიკული კონტინენტის ფარგლებში, ისე ზღვისმიღმა ომთ-ებზეც, შტაბებისა და ჯარების ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ჩატარების დაგეგმვა და კონტროლი.
ა შ შ შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს ს ა მ ა რ თ ა ვ ა დ ე ვ რ ო პ უ ლ ზ ო ნ ა შ ი იყენებდნენ ძირითად საკომანდო პუნქტსა და სათადარიგო საჰაერო საკომანდო პუნქტს (თვითმფრინავები EC-135); ა ტ ლ ა ნ ტ ი კ ი ს ზ ო ნ ა შ ი _ ძირითად საკომანდო პუნქტსა (აშშ სზძ-ის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზა ნორფოლკში) და სათადარიგო მცურავ საკომანდო პუნქტს საფლაგმანო ხომალდზე; წ ყ ნ ა რ ი ო კ ე ა ნ ი ს ზ ო ნ ა შ ი _ ძირითად საკომანდო პუნქტსა (ჰონოლულუ, ჰავაის კუნძულები) და საჰაეროს (EC-135 თვითმფრინავებში).
ოპერატიული მართვის გლობალური სისტემის მუშაობას უზრუნველყოფდნენ თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის გაერთიანებული სისტემით, შეიარაღებული ძალების სახეობათა კვშირგაბმულობის სისტემებითა და გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების კავშირგაბმულობის სისტემებით.
ამრიგად, ემზადებოდა რა საყოველთაო სარაკეტო-ბირთვული ომის წარმოებისთვის, პენტაგონი ჰქმნიდა შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მართვის სისტემას, რომელიც წარმოადგენდა როგორც სახელმწიფო, ისე სამხედრო მმართველობის ორგანოების გამაერთიანებელ მძლავრ კომპლექსს. ასეთი სტრუქტურა შეესაბამებოდა ამერიკული სახლმწიფო და სამხედრო მმართველობის შერწყმის ზოგად ტენდენციას, რაც, ამერიკელი სპეციალისტების აზრით, პასუხობდა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და მთელი მატერიალური და ადამიანური რესურსების ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის ამოცანებს სარაკეტო-ბირთვული ომის პირობებში, ასევე, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მონოპოლიებს უზრუნველყოფდა ზღაპრული მოგებების მიღებით ასეთი ომისთვის მზადებისას.
XI. აშშ–ის შეიარაღებული ძალების მართვის ავტომატიზაცია 1970-იან წლებში
როგორც უკვე ვთქვით, აშშ-ის საგარეოპოლიტიკური კურსის გლობალური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის სარდლობას მსოფლიოს მრავალ ადგილას უკვე მშვიდობიანობის დროს განლაგებული ჰყავდა სხვადასხვა რიცხოვნების საჯარისო დაჯგუფებები, რომელთა ზუსტი რიცხოვნება 1979 წლის მონაცემებით მოყვანილი ქვემოთ ცხრილში. მათი განწერტილობისა და ოპერაციების წარმოების გაქანების გათვალისწინებით ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობდა შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის სრულყოფას.
ამერიკული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1970-იან წლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მართვას ახორციელებდნენ ე. წ. ოპერატიული მართვის გლობალური სისტემის (ომგს) მეშვეობით. იგი მოიცავდა სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური რგოლების დაახლოებით 130 ოპერაციასა და პუნქტს (შტაბების უფროსთა კომიტეტიდან ზონებში და საომარ მოქმედებათა თეატრებზე სარდლობებამდე), რომლებიც იყენებდნენ კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებსა და ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებს. ასეთი რთული სისტემის ფუნქციონირება, ამერიკელი სპეციალისტების თქმით, შესაძლებელი იყო მხოლოდ ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და გადაცემის სხვადასხვანაირი ტექნიკური საშუალებების ფართო გამოყენების ბაზაზე, რომლებიც მუშაობდნენ ერთიანი ჩანაფიქრის მიხედვით ურთიერთშეუღლებული მართვის ავტომატიზებული სისტემების ფარგლებში.
ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მართვის ავტომატიზებულ სისტემებს (მას) განიხილავდა ინსტრუმენტის სახით, რომელიც სარდლობას აძლევდა გაერთიანებებისა და შენაერთების ყველაზე უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას. 1970-იან წლებში უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, მას-ში უნდა ყოფილიყო მართვის ორგანოები, საკომანდო პუნქტები (მართვის ცენტრები) ინფორმაციის შეკრების, დამუშავების, ასახვისა და გადაცემის საშუალებების კომპლექსებით; მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის წყაროების ქვესისტემები (მათ შორის მეთვალყურეობისა და სარაკეტო-ბირთვული დარტყმის შესახებ გაფრთხილების საშუალებები); კავშირგაბმულობის საიმედო სისტემები: სანავიგაციო სისტემები, სისტემები, რომელთა მთავარ ფუნქციას წარმოადგენდა თავისი შეიარაღებული ძალების, პირველ რიგში სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებლების ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
შუკ-ის ძირითადი საკომანდო პუნქტის (ძკპ) აღჭურვილობა უკვე მშვიდობიანობის დროს უზრუნველყოფდა მიმდინარე ვითარების მონაცემებისა და ცალკეულ საკითხებში დამატებითი ცნობების ავტომატიზებულ შეკრებას, დამუშავებასა და ეკრანებზე ასახვას. ცენტრის ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანაში (ეგმ) ჩადებული იყო ვითარების სხვადასხვანაირ პირობებში შეიარაღებული ძალების გამოყენების ტიპიური პროგრამები. გაშლილი ჰქონდათ აგრეთვე შემდეგი მას-ები: DACCS _ სახმელეთო ჯარების, AFCCS _ სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საშუალებების (შექმნილი იყო 473L პროექტის მიხედვით), 465L _ საკონტინენტთაშორისო ბალისტიური რაკეტებისა და სტრატეგიული ავიაციის ძალებისა და საშუალებების, რომელთა ტექნიკური საშუალებების ძირითადი კომპლექსები გაშლილი იყო სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სტრატეგიული საავიაციო სარდლობის შტაბების საკომანდო პუნქტებში, ხოლო დამაბოლოებელი მოწყობილობები _ სამართავ ობიექტებში. სჰძ-ის შტაბის საკომანდო პუნქტში შედიოდა საინფორმაციო ცენტრი NAVIC, რომლის ამოცანასაც, სხვათა შორის, წარმოადგენდა მისული მონაცემების ავტომატიზებული დამუშავება. NORAD-ის სარდლის ძკპ-ში ფუნქციონირებდა ავტომატიზებული სისტემის კომპლექსი 425L, რომელიც ახორციელებდა საჰაერო-კოსმოსური ვითარების შესახებ მონაცემების ავტომატიზებულ შეკრებას, დამუშავებასა და ასახვას, აგრეთვე თავდასხმის შესახებ გაფრთხილების სიგნალების 200-ზე მეტი შტაბისა და 260 ცალკეული პუნქტისთვის გადაცემას, მართვის იმდრინდელი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი იყო აგრეთვე ბევრი სხვა საკომანდო პუნქტიც.
ზოგადი ტექნიკური პოლიტიკა და შეიარაღებული ძალების მართვის ავტომატიზაციის სფეროში ხელმძღვანელობის ცენტრალიზაცია, დასავლური პრესის მონაცემებით, წარმოადგენდა ერთიანი ჩანაფიქრის ფარგლებში ავტომატიზებული სისტემებისა და მათში შემავალი საშუალებების უზარმაზარი ნაირფერობის ყველაზე უფრო რაციონალური და კომპლექსური გამოყენების მიღწევის აუცილებელ პირობას. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ამ პოლიტიკის გასატარებლად აუცილებელი იყო სისტემური მიდგომა _ რთული სისტემების კვლევის იმდროისთვის ერთერთი თანამედროვე მიმართულება, რომელიც ხასიათდებოდა ფუნქციონირების მიზნის სერთოობით, მართვის იერარქიული სტრუქტურით, სპეციფიურ მიზნებიანი ქვესისტემებისა და განტოტვილი სანფორმაციო ქსელის არსებობით რომელიც უზრუნველყოფდა მათ ეფექტურ ფუნქციონირებას. ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევდა კომპლექსურად განეხილათ მართვის სისტემის თვისებები მის ყველა რგოლში და ეპონათ კავშირები მის შემადგენელ ელემენტებს შორის. ამასთან ითვალისწინებდნენ მართვის სისტემის შემადგენელი ელემენტებისა და სხვა უზრუნველმყოფი სისტემების ურთიერთკავშირსა და ურთიერთგავლენას, რომლებიც ახდენდნენ ან შეეძლოთ მოეხდინათ გავლენა მართვის ორგანოების მუშაობაზე.
უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ამერიკული შეიარაღებული ძალების სარდლობა თავის მას-ებს ჰყოფდა სამ ეტაპად: სტრატეგიულად, ომის თეატრისთვის და ტაქტიკურად (ე. ი. ლაპარაკი იყო მართვის პროცესების ავტომატიზაციაზე სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ რგოლებში). ავტომატიზაციის პრობლემების ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა პენტაგონში ეკისრებოდა თავდაცვის მინისტრის თანაშემწეს კავშირგაბმულობაში, მართვის და დაზვერვის სისტემებში (იგივე გახლდათ მინისტრის პირველი მოადგილეც სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებსა და ტექნიკაში), რომელსაც ჰყავდა ოთხი მოადგილე. ერთერთი მათგანი იყო კავშირგაბმულობის, მართვისა და დაზვერვის სამმართველოს უფროსი (ნახ. 8). უნდა ითქვას, რომ 1980-იანი წლების დასაწყისში წარმოებდა სამმართველოს საორგანიზაციო სტრუქტურის გადახედვა, მაგრამ იმ დროს არსებული პრაქტიკით, თავდაცვის მინისტრის თანაშემწე მისდამი დაქვემდებარებული ორგანოების მეშვეობით ახორციელებდა სამუშაოების სართო კოორდინაციასა და დაფინანსებას მართვის ავტომატიზაციის სფეროში, სახავდა შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროებთან შეთანხმებულ ახალი სისტემების შექმნის პერსპექტიულ გეგმებსა და პროგრამებს, აკონტროლებდა მიმდინარე პროგრამების შესრულების მსვლელობას, შეიმუშავებდა სახელმძღვანელო დოკუმენტებს არმიის, სჰძ-ისა და სზძ-ის სამინისტროებისა და თავდაცვის სამინისტროს სამმართველოებისთვის.
[მე-8 ნახატზე სადაც მოცემულია მართვის ავტომატიზაციის საკითხების ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანოები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, სათავეში ნაჩვენებია კავშირგაბმულობის, მართვისა და დაზვერვის სისტემების სამმართველოს უფროსი, რომელსაც ექვემდებარებოდა შემდეგი განყოფილებები: სტრატეგიული და ოპერატიული დანიშნულების მართვის სისტემების, ტაქტიკური დანიშნულებისა და საბრძოლო უზრუნველყოფის მართვის სისტემების, სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების კავშირგაბმულობის სისტემების, სადაზვერვო სისტემების, საინფორმაციო უზრუნველყოფის, საჰაერო-კოსმოსურ სივრცეზე მეთვალყურეობისა და გაფთხილების სისტემების].
გარდა ამისა, შტაბების უფროსთა კომიტეტთან შექმნილი იყო სპეციალური სამმართველო მართვის სისტემებსა და კავშირგაბმულობაში (ნახ. 9). რომელიც კოორდინაციას უწევდა პერსპექტიული სისტემებისადმი მოთხოვნების გამომუშავების სამუშაოებს და ატარებდა არსებული სისტემების მოდერნიზაციის ღონისძიებებს. ანალოგიური სამუშაოების ხელმძღვანელობას შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროებში, სპეციალურ და გაერთიანებულ სარდლობებში ახორციელებდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები და მათდამი დაქვემდებარებული ორგანოები.
[მე-9 ნახატზე, რომელსაც ეწოდება შტაბების უფროსთა კომიტეტისადმი დაქვემდებარებული მართვის სისტემების შემუშავების, დანერგვისა და გამოყენების ხელმძღვანელობის ორგანოები, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენები იყო მართვის სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამმართველოს უფროსი, რომელსაც ჰყავდა მოადგილეები სტრატეგიულ სისტემებში და ოპერატიულ-ტაქტიკურ სისტემებში; სტრატეგიულ სისტემებში მოადგილეს ექვემდებარებოდა შემდეგი განყოფილებები: ზოგადი მოთხოვნების შემუშავებისა და სისტემების თავსებადობის, კოსმოსური სისტემების, მეთვალყურეობისა და გაფრთხილების სისტემების, მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების აპარატურის, დაგეგმვის, პროგრამების შემუშავებისა და დაფინანსების; ოპერატიულ-ტაქტიკურ სისტემებში მოადგილეს ექვემდებარებოდა შემდეგი განყოფილებები: ზოგადი მოთხოვნების შემუშავებისა და სისტემების თავსებადობის, სისტემების ოპერატიული შეუღლების, კრიზისულ სიტუაციებში სისტემების გამოყენების, კავშირგაბმულობის სისტემების].
მართვის მდგრადობის ამაღლება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის აზრით, 1970/80-იანი წლების მიჯნაზე წარმოადგენდა მას-ებისადმი (განსაკუთრებით სტრატეგიულის) წაყენებულ ერთერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მოთხოვნას, ვინაიდან თანამედროვე ომში ისინი აქტიური ზემოქმედების ქვეშ იქნებოდნენ მოწინააღმდეგის მხრიდან. მართვის მაღალი მდგრადობის მიღწევაში ძირითად მიმართულებად ითვლებოდა საკომანდო პუნქტების სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება, მართვის საშუალებების მუშაობის საიმედობისა და ხელშეშლადაცულობის ამაღლება.
სიცოცხლისუნარიანობის ამაღლების ღონისძიებების ფარგლებში პენტაგონი განსაკუთრებულ ადგილს უთმობდა საკომანდო პუნქტებს, რომლებიდანაც ახორციელებდნენ სტრატეგიული შეტევითი და თავდაცვითი ძალების მართვას. პრაქტიკული ღონისძიებებს ამ სფეროში წარმოადგენდა მიწისზედა, მიწისქვეშა და საჰაერო კპ-ების შექმნა უწინარეს ყოვლისა შუკ-ის, სას-ის, სზძ-ისა (ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების მართვისას) და ჩრდილოამერიკული კონტინენტის საჰაერო თავდაცვის სარდლობის ინტერესებში.
ამერიკულ პრესაში ხაზს უსვამდნენ, რომ საყოველთაო ბირთვული ომის წარმოებისას ყველა საკომანდო პუნქტიდან მხოლოდ საჰაეროებს ექნებოდათ აუცილებელი სიცოცხლისუნარიანობა და შეძლებდნენ ნებისმიერ პირობებში შეიარაღებული ძალების მართვას. ამიტომ არც თუ შემთვევით აშშ-ში სისტემატიურად ატარებდნენ არსებული საჰაერო საკომანდო პუნქტების (ჰკპ) ეტაპობრივ მოდერნიზაციას და ჰქმნიდნენ ახლებს ბოინგ 747 თვითმფრინავის ბაზაზე. ამ ჰკპ-ის იმდროინდელი უკანასკნელი ვარიანტი, რომელმაც მიიღო დასახელება E-4B და განკუთვნილი იყო შუკ-ისა და სას-ის ინტერესებში გამოსაყენებლად (გეგმავდნენ ექვსი ასეთი თვითმფრინავის ყოლას), ავტომატიზაციის საშუალებებით აღემატებოდა ყველა თავის წინამორბედს. მის განმასხვავებელ თავისებურებებს წარმოადგენდა: ბორტზე მონაცემების დამუშავებისა და ასახვის აპარატურის გამოყენება, რაც უქმნიდა პირობებს მიწისზედა საკომანდო პუნქტებისგან დამოუკიდებლად მიეღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილებები შეიარაღებული ძალების მართვაში; ტალღების სხვადასხვა დიაპაზონში მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალებების კომპლექსის გაფართოება, რისი წყალობითაც, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, თვით მაღლივი ბირთვული აფეთქებისას და ძლიერი რადიოელექტრონული დაპირისპირების პირობებშიც კი შესაძლებელი იქნებოდა დაქვემდებარებულ მართვის პუნქტებში ბრძანებების გადაცემა და მათგან აუცილებელი ინფორმაციის მიღება.
პენტაგონისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების მართვის საშუალებების სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება. იმ დროისთვის მათზე ბრძანებების გადაცემასა და მოხსენებების მიღებას ახორციელებდნენ ან უშუალოდ ან კავშირგაბმულობის სანაპირო ცენტრებიდან, ან კიდევ TACAMO სისტემის EC-130Q თვითმფრინავ-რეტრანსლატორების გამოყენების ხარჯზე. ორივე შემთხვევაში წყალქვეშა ნავებთან კავშირისთვის იყენებდნენ ტალღების გრძელტალღოვან და ზეგრძელტალღოვან დიაპაზონებს.
ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების არსებულ მართვის სისტემას თვლიდა იმ დროის მოთხოვნებისადმი არცთუ შესაბამისად და განიხილავდა სისტემა TACAMO-ს შეცვლის პროგრამას მასში დაყენებული კავშირგაბმულობის საშუალებებით, უფრო ახლებით, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ მუშაობის მედეგობა მაღლივი ბირთვული აფეთქებებისა და ძლიერი რადიოელექტრონული წინააღმდეგობის პირობებში. ამავდროულად აწარმოებდნენ ზემცირე სიხშირეებზე (ზეგრძელ ტალღებზე) ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებთან კავშირგაბმულობის სისტემის შექმნის სამუშაოებს (ათეულობით ჰერცი, პროექტი „სიფარერი“).
შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის მუშაობის საიმედობის ამაღლების მიღწევას ვარაუდობდნენ ტექნიკური საშუალებების სრულყოფისა და შტაბებსა და ჯარებში მათი დანერგვის გზით, ხელშეშლადაცულობის ამაღლებას კი _ ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის სხვადასხვანაირი საშუალებების კომპლექსური გამოყენების ხარჯზე, რომლებიც მუშაობდნენ ტალღების სხვადასხვა დიაპაზონში (ზემცირიდან ზემაღალ სიხშირეებამდე).
სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დანიშნულების ურთიერთდაკავშირებული ავტომატიზებული სისტემების გამოყენების სფეროს გაფართოება, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით, 1980-იანი წლების დასაწყისისთვის წარმოადგენდა ჯარების მართვის საჭირო ეფექტურობის მიღწევის აუცილებელ პირობას, ვინაიდან იმ დროისთვის, ამერიკული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, პენტაგონს არ გააჩნდა არც ერთი გაერთიანებული მას-ი ომის თეატრისთვის. შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობაში შექმნილი იყო ან გამოცდებს გადიოდა მას-ები ფუნქციების შეზღუდული სპექტრით, მაგალითად: ჯარების მოქმედებების მართვა ბრძოლის ველზე, ტაქტიკური ავიაციის, საველე არტილერიის ცეცხლისა და რიგი სხვების მართვა. მაგრამ თითოეული მათგანი ფუნქციონირებდა პრაქტიკულად ავტონომიურად, არ იკეტებოდა (ბოლოვდებოდა) რა გაერთიანებულ სისტემაზე. მას-ების ურთიერთდაკავშირებული კომპლექსის შექმნა, რომლებიც იფუნქციონირებდნენ ერთიანი ოპერატიულ-ტექნიკური ჩანაფიქრის მიხედვით მართვის ყველა რგოლში, დაკავშირებული იყო მათი ოპერატიული, საინფორმაციო შეუღლების პრობლემის გადაწყვეტასთან.
ამერიკული სარდლობის არით, ომის თეატრზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებდნენ არა ეროვნული, არამედ კოალიციური შეიარაღებული ძალები, ამიტომ მან წამოაყენა კოალიციური შეიარაღებული ძალების მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნისა და სტრატეგიული დანიშნულების ამერიკულ ეროვნულ მას-ებთან მათი შეუღლების იდეა, მხედველობაში ჰყავდა რა უწინარეს ყოვლისა თავისი მოკავშირეები ნატო-ს ბლოკში. ამ იდეის ცხოვრებაში პრაქტიკული განხორციელება, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მისცემდათ მრავალეროვნული შეიარაღებული ძალების ეფექტური მართვის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ტაქტიკური დანიშნულების (კორპუსის ჩათვლით) ეროვნულ მას-ებთან ურთიაერთმოქმედების განხორციელების შესაძლებლობას.
1970-იან წლებში ნატო-ში მიიღეს გადაწყვეტილება მართვის პროცესების ავტომატიზაციის სფეროში სამუშაოების კოორდინირების შესახებ, რომლებსაც ატარებდნენ სამხედრო თანამშრომლობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების მიხედვით. ამასთან დაკავშირებით ითვალისწინებდნენ მას-ების სტანდარტიზაციას, აგრეთვე მათი ოპერატიული, საინფორმაციო და ტექნიკური თავსებადობის პრობლემის გადაწყვეტას ერთტიპიური ან შეუღლებადი აპარატურის, ინფორმაცის დამუშავებისა და გადაცემის ერთნაირი მეთოდების შემუშავებისა და გამოყენების ხარჯზე ზოგადბლოკური მოთხოვნების ბაზაზე. აშშ-მა, რომელსაც ყველაზე უფრო მეტი გამოცდილება გააჩნდა მას-ების შემუშავებასა და გამოყენებაში, შესთავაზა, რომ მართვის ყველა კოალიციურ ორგანოში გამოეყენებინათ ინფორმაციის დამუშავებისა და გადაცემის ისეთი აპარატურა და მეთოდები, რომლებიც იქნებოდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის გლობალურ სისტემაში გამოყენებულების ანალოგიური.
საინფორმაციო უზრუნველყოფის პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც მოიცავდა აუცილებელი ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებას, შენახვასა და გადაცემას, _ აუცილებელ პირობას წარმოადგენდა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დანიშნულების ავტომატიზებული სისტემების ურთიერთდაკავშირებული კომპლექსის ეფექტური ფუნქციონირებითვის. ამერიკული პრესის აღნიშვნით, თავისთავად საინფორმაციო უზრუნველყოფის იდეა ახალი არ იყო, მაგრამ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც აშშ-ის საგარეოპოლიტიკური მიზნები უკვე გლობალური ხასიათისა გახდა და, შესაბამისად, ინფორმაციის წყაროების რაოდენობაცა და გადაცემული ცნობების მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაშინ უკვე მათი გავლის მრავალსაფეხურიანობისა და შემჭიდროვებულ ვადებში დამუშავების აუცილებლობის გათვალისწინებით მისი მნიშვნელობა იძენდა განსაკუთრებულ აქტუალურობას. ავტომატიზაციის საშუალებების ფართო გამოყენება 1970-იან წლებში და მათი ურთიერთდაკავშირებული გამოყენების სფეროს გაფართოება თვით ტაქტიკურ დონემდე, ამერიკელი სპეციალისტების აზრით, უკვე უახლოეს მომავალში წამოაყენებდა პრობლემების მთელი კომლექსის გადაწყვეტის აუცილებლობას, რომლებიც მანამდე ჯერ კიდევ არ წამოჭრილა.
უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ მონაცემების დამუშავებისა და გადაცემის თანამედროვე საშუალებები და მეთოდები დიდ შესაძლებლობას იძლეოდა საინფორმაციო უზრუნველყოფის პრობლემის წარმატებით გადაწყვეტაში. მაგრამ მკაფიოდ უნდა ჩამოეყალიბებინათ და წარმოედგინათ ინფორმაციის შეკრების, განზოგადების, განაწილებისა და გამოყენების პროცესების მექანიზმი ყველაზე უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანისა და მთლიანობაში მართვის ორგანოების შესაძლებლობების ასამაღლებლად. ითვლებოდა, რომ აუცილებელი იყო მკაფიო ხაზის გავლება იმას შორის, თუ როგორი ინფორმაციის ქონაა სასურველი და როგორისა აუცილებელი. განსაზღვრავდნენ რა საჭირო ინფორმაციის მოცულობასა და შემადგენლობას, უნდა მიეღოთ ყველა შესაძლო ზომა, რათა იგი დროულად და საკმარისად სრულად მისულიყო მეთაურთან, მის შტაბში ნებისმიერ, თუნდაც არახელსაყრელ პირობებში.
ინფორმაციის გავლის მრავალსაფეხურიანობა, ავტომატიზაციის საშუალებების შესაძლებლობების ყველაზე უფრო სრულად და რაციონალურად რეალიზებისა და მონაცემების გავლის ოპერატიულობის ამაღლებისკენ მისწრაფება იწვევდა შეტყობინებების უნიფიკაციისადმი ერთიანი მოთხოვნებისა და მათი შედგენის ერთიანი წესის ჩამოყალიბების აუცილებლობას, იმისთვის რათა მართვის ყველა რგოლში შესაძლებელი ყოფილიყო ცნობების ნაკადის გადაცემა მათი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის გარეშე. უცხოური პრესის შეტყობინებებით, ყველაზე უფრო მეტ პრიორიტეტს აძლევდნენ სტრატეგიული შეტევითი და თავდაცვითი ძალების გაფრთხილების სიგნალებსა და საბრძოლო მართვის ბრძანებებს, ე. ი. ყველაზე უფრო მეტ უპირატესობას ღებულობდა ინფორმაცია, რომელიც მოითხოვდა დაუყოვნებლივ რეაქციას უმაღლესი სარდლობის მხრიდან.
ამერიკული სამხედრო პრესის მოწმობით, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია მოწინააღმდეგის შესახებ. მისი ნაკადის ფორმირებაში ძირითად წყაროს წარმოადგენდა დაზვერვა. მას ეკისრებოდა სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის მონაცემების მოპოვების, ცენტრალიზებული აღრიცხვის, განზოგადების, ანალიზისა და თავდაცვის მინისტრისთვის, შტაბების უფროსთა კომიტეტისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა მინისტრებისთვის მიცემის ამოცანები, ხოლო მართვის ქვემდგომი ორგანოებისთვის მოწინააღმდეგის შესახებ ისეთი ცნობების მიცემისა, რომლებიც აუცილებელი იქნებოდა გადაწყვეტილებების მიღებისა და საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვისთვის.
ამერიკული ბეჭდური გამოცემების აღნიშვნით, 1970-იანი წლების განმავლობაში სამხედრო დაზვერვის საინფორმაციო საქმიანობის განვითარება (მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების აპარატურის ბაზაზე) ხორციელდებოდა უწყებრივი პრობლემების გადაწყვეტის ფარგლებში, რაც სრულად ვერ შეესაბამებოდა 80-იანი წლების დასაწყისის მოთხოვნებს. იმ დროისთვის სვამდნენ სადაზვერვო ინფორმაციის ნაკადის მოწესრიგების ამოცანას შეიარაღებული ძალების მართვის ავტომატიზებულ სისტემებში მისი უშუალოდ და მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის გარეშე გამოყენების მიზნით. სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების სრულყოფისა და აუცილებელი ნაკადის ჩამოყალიბებისთვის ამერიკული შეიარაღებული ძალების სარდლობა აუცილებლად თვლიდა: დაზვერვის სხვადასხვანაირ სახეობებს შორის სათანადო მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფას ცნობების მისაღებად მშვიდობიანობის დროს, ვითარების გამწვავების პერიოდში და ომის წარმოებისას; თავდაცვის სამინისტროს მასშტაბით სამუშაოების კოორდინირებისა და ზოგადი ხელმძღვანელობის განხორციელებას მართვის, კავშირგაბმულობისა და დაზვერვის სისტემების სფეროში, მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის მართვის შესაბამის ორგანოებში დროულად მისვლის მიზნით, მის საფუძველზე შესაბამისი მეთაურებისა და შტაბების მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად.
მართვის პროცესების ავტომატიზაციისას განსაკუთრებულ როლს ანიჭებენ გაფრთხილებას. 1970-იან წლებში მას ყოფდნენ დამსწრებ და უშუალო (ტაქტიკურ) გაფრთხილებად.
დამსწრები გაფრთხილებისთვის, ამერიკული პრესის აღნიშვნით, უშუალოდ პასუხს აგებდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რომელიც ამ საკითხში ინფორმაციას აწვდიდა პრეზიდენტსა და აშშ-ის სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს. ამასთან ერთად ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ სამხედრო დაზვერვის განკარგულებაში არსებული ძალები და საშუალებები აძლევდნენ მას ამ ამოცანის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წილის ჩადების შესაძლებლობას.
სრატეგიული გაფრთხილების საქმეში სამხედრო დაზვერვის შესაძლებლობების ამაღლების მიზნით აუცილებლად თვლიდნენ: ყველა წყაროდან მონაცემების ანალიზს, შეკრებისა და დამუშავების უფრო საიმედო და დასაბუთებული მეთოდების შემუშავებას; სადაც ეს შესაძლებელი იყო, აქტიური მოქმედებებისთვის მოწინააღმდეგის მზადყოფნის გაზომვის რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებას; როგორც აშშ-ის, ისე მისი მოკავშირეების თანამედროვე სისტემებისა და მეთოდების პერსპექტიულებთან ჰარმონიული ერთიანობის მიღწევას.
უშუალო გაფრთხილებას ახორციელებდნენ მიწისზედა რადიოსალოკაციო საშუალებების ქსელისა და „იმეუსის“ ტიპის დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების (დხთ) მეშვეობით, რომლებიც შეადგენდნენ ჩრდილოამერიკული კონტინენტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ საჰაერო-კოსმოსური მიზნების აღმოჩენის საშუალებების საფუძველს.
აშშ-ის „სწრაფი გაშლის ძალების“ შექმნისა და გამოყენების გეგმების აქტიური შემუშავების პროცესში ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვლიდა ამ ფორმირებისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მართვის მობილური სისტემის შექმნას. ამერიკული ბეჭდური გამოცემების აღნიშვნით, 1980-იანი წლების დასაწყისში არსებობდა მსგავსი ტიპის მხოლოდ ერთი მას-ი (492L), რომელსაც იყენებდნენ მზადყოფნის ჯარების (აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში რეგულარული ჯარებისა და ორგანიზებული რეზრვის სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის) სარდლობის ინტერესებში. მისი ძირითადი აღჭურვილობა განთავსებული იყო ავიაბაზა მაკ-დილზე (ფლორიდის შტატი) ბაზირებულ C-130 ტიპის თვითმფრინავებში. მაგრამ უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მათში დაყენებული აპარატურა იმ დროისთვის უკვე მოძველებული იყო და გამომუშავებული ჰქონდა თავისი რესურსი, კავშირგაბმულობის საშუალებებს გააჩნდათ მოქმედების შეზღუდული სიშორე, რაც აძნელებდა მოცემული სისტემის გამოყენებას აშშ-დან მოშორებულ დედამიწის რაიონებში მართვის ამოცანების გადაწყვეტისას. ამიტომ პენტაგონმა წამოაყენა მსგავსი ტიპის ახალი მას-ის შექნის იდეა, რომელსაც შეეძლებოდა „სწრაფი გაშლის ძალების“ მართვის ფუნქციების შესრულება და ამავდროულად შევიდოდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მართვის ავტომატიზებული სისტემების ურიერთდაკავშირებულ კომპლექსში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამოდიოდა, რომ ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა 1970-იანი წლების მიწურულს აქტიურად ატარებდა მართვის ავტომატიზებულ საშუალებათა განვითარების არსებული პროგრამების რეალიზაციისა და პერსპექტიულების შემუშავების ღონისძიებებს. ამასთან ძირითად ყურადღებას უთმობდნენ ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და გადაცემის საშუალებათა ოპტიმიზაციას, აგრეთვე შეიარაღებული ძალების სახეობათა მას-ების ოპერატიულ საინფორმაციო და ტექნიკურ თავსებადობას.
(გაგრძელება იხ. ნაწილი IV)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment