(ნ ა წ ი ლ ი IV)
XII. აშშ–ის შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვა 1970-იან წლებში
საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირის მხრიდან ცივი ომის პოლიტიკაზე უარის თქმის, საერთაშორისო ურთიერთობებში დაძაბულობის განმუხტვის, მშვიდობიანი თანარსებობისა და სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ წამოყენებული წინადადებების მიუხედავად ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგრძელებდა ძალის პოზიციიდან საგარეო პოლიტიკის გატარების მიზნით თავისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და, შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თავისი შეიარაღებული ძალების განვითარებას, აგრეთვე მისი დაგეგმვის საკითხებს.
შეიარაღებული ძალების განვითარების ხელმძღვანელობის იმდროინდელი სისტემის საფუძვლები აშშ-ში ჩადებულ იქნა 1947 წელს „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის“ მიღებით, რომლის შესაბამისადაც ადრე არსებული შეიარაღებულ ძალთა სახეობების ხელმძღვანელობის ორგანოები გააერთიანეს ერთიან სამხედრო ორგანიზაციაში თავდაცვის მინისტრით სათავეში. თავდაცვის სამინისტროს შექმნა, რომელშიც შევიდა სახმელეთო ჯარების (არმიის), სჰძ-ისა და სზძ-ის სამინისატროები, პირველ ნაბიჯად იქცა ამერიკული შეიარაღებული ძალების დაგეგმარებისა და მართვის ფუნქციების ცენტრალიცაზიის მიმართულებით. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შემდგომი რეორგანიზაციის მსვლელობისას 1950-იანი წლების განმავლობაში უფრო მეტად გააძლიერეს ამ ფუნქციების ცენტრალიზაცია თავდაცვის სამინისტროსა და შტაბების უფროსთა კომიტეტის ეგიდით. ამერიკულ შეიარაღებულ ძალებში გატარებული ღონისძიებების შედეგად მისი არსებობბის ისტორიაში პირველად შექმნეს გაერთიანებული სარდლობები, მოამზადეს შეიარაღებული ძალების სახეობათა ერთობლივი მოქმედებების გეგმები, აგრეთვე უშუალოდ თავდაცვის მინისტრის კონტროლქვეშ ჩააყენეს სამხედრო ბიუჯეტის შეიარაღებული ძალების სახეობებს შორის განაწილება და ფედერალური მთავრობის პოლიტიკასთან მისი შესაბამისობაში მოყვანა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში დაგეგმარების სისტემის შემდგომი განვითარება მიდიოდა იარაღის ახალი სისტემებისა და შეიარაღებული ძლების განვითარების მიმართულებების არჩევაში გადაწყვეტილებების მიღების უფრო რაციონალური ხერხების ძიების მიმართულებით. ამის შედეგად 60-იანი წლების დასაწყისისთვის აშშ-ში ჩამოაყალიბეს სამხედრო დაგეგმვის სისტემა, რომლის თავისებურებას, წარმოადგენდა ის, რომ შეიარაღებული ძალების მშენებლობის მიმართულებებისა და მათ რეალიზებაზე ფინანსური სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება დაიწყეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებულ ძალებზე მთლიანობაში დაკისრებული ძირითადი ამოცანების გათვალისწინებით. იგივე სისტემა აგრძელებდა მოქმედებას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში 1970-იანი წლების მიწურულსაც.
ამერიკული შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვა ემყარებოდა სისტემური ანალიზის მეთოდებსა და ეკონომიკურ მიდგომაზე.
სისტემური ანალიზის არსი მდგომარეობდა ნებისმიერი მოვლენის როგორც რთული მთლიანობის განხილვაში, რომელიც შეიცავდა ურთიერთდაკავშირებული ელემენტების ერთობლიობას, ხოლო ამ უკანასკნელთა ფუნქციონირება დაქვემდებარებული იყო ერთიანი მიზნისადმი. დაგეგმარებისადმი სისტემური მიდგომის შესაბამისად შეიარაღებული ძალების დახასიათებისთვის შემოიტანეს ცნება „იარაღის სისტემა“.
„იარაღის სისტემას“ აშშ-ში განსაზღვრავდნენ როგორც ელემენტების კომპლექსს, რომელთაც შეეძლოთ განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტა. მასში შეტანილი ჰქონდათ განსაზღვრული სახეობის საბრძოლო საშუალებები (ბალისტიკური რაკეტები, ბომბდამშენები ან წყალქვეშა ნავები), დამხმარე სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ საბრძოლო საშუალების მიერ მასზე დაკისრებული ამოცანების ნორმალურ შესრულებას (კავშირგაბმულობის, მართვისა და მომსახურების საშუალებები). სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი იყო პირადი შემადგენლობის არსებობა, რომელიც ემსახურებოდა საბრძოლო საშუალებებსა და დამხმარე სისტემებს. ამერიკული იარაღის სისტემების მაგალითებს 1970-იან წლებში წარმოადგენდა სარაკეტო სისტემა „მინითმენი“, საავიაციო სისტემა B-52, საზღვაო ბაზირების სისტემა „თრაიდენთი“.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმვის ამოცანებისთვის იარაღის თითოეულ სისტემას იღებდნენ განვითარებაში. მისი განვითარების პროცესს შექმნის დასაწყისიდან შეიარაღებიდან მოხსნამდე მისცეს დასახელება „სასიცოცხლო ციკლი“. იგი მოიცავდა ოთხ ეტაპს, ანუ ფაზას: სისტემის ძირითადი კონცეფციის ფორმულირება, მისი შექმნის შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის დასაბუთება, შემუშავება და წარმოება, ექსპლუატაცია.
ეკონომიკური მიდგომის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შეიარაღებული ძალების განვითარებას განიხილავდნენ როგორც წარმოებით პროცესს, რომლის ოპტიმიზაციას ახდენდნენ კრიტერიუმ „ღირებულება/ეფექტურობის“ მიხედვით, რომელიც წარმოადგენს დახარჯული რესურსების თანაფარდობას მიღებულ შედეგებთან. მაგალითად, დანახარჯების მაჩვენებლის სახით იყენებდნენ იარაღის სისტემის (ან საკუთრივ საბრძოლო ერთეულების) სრულ ღირებულებას. მასში შედიოდა იარაღის სისტემის შემუშავებასთან, წარმოებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა პირდაპირი და ირიბი დანახარჯი მთელი მისი „სასიცოცხლო ციკლის“ განმავლობაში. საბოლოო შედეგი განისაზღვრებოდა იარაღის სისტემებისა და საბრძოლო ერთეულების საბრძოლო ეფექტურობით.
ეკონიმიკური მიდგომა საშუალებას აძლევდათ შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შესაქმნელად საქმიანობის ხარისხობრივად სხვადასხვანაირი სახეობები გამოეხატათ ერთნაირი რაოდენობრივი მაჩვენებლებით და ამით უზრუნველეყოთ საფუძველი შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში მოქმედებების ოპტიმალური ვარიანტების ასარჩევად. ხელმძღვანელობის უზრუნველყოფას რაოდენობრივი ინფორმაციით, რომელიც ეხმარებოდათ მიღებული გადაწყვეტილებების სხვადასხვანაირი ვარიანტების ეკონომიკური შედეგების შეფასებაში, ამერიკელი სპეციალისტები განიხილავდნენ როგორც დაგეგმვის პროცესის უცილებელ ელემენტს, განსაკუთრებით მშვიდობიანობის დროის პირობებში.
სამხედრო სფეროში ეკონომიკური და სისტემური მიდგომის დებულებების ერთობლივმა განვითარებამ გამოიწვია აშშ-ში შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხებში გადაწყვეტილებათა მომზადებისა და მიღების სპეციფიური მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელსაც მისცეს დასახელება „დაგეგმვა _ პროგრამირება _ ბიუჯეტის შემუშავება“ (დპბ) და რომელიც საშუალებას აძლევდა თავდაცვის მინისტრს გაეკონტროლებინა როგორც მთლიანობაში შეიარაღებული ძალების, ისე შეიარაღებულ ძალთა ცალკეული სახეობების გეგმები, პროგრამები და ბიუჯეტები. დპბ-სისტემაში შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვას განიხილავდნენ როგორც პროცესს, რომელიც შედგებოდა სამი ურთიერთ დაკავშირებული ფაზისგან: საკუთრივ დაგეგმვა, ანუ სტრატეგიული დაგეგმვა; პროგრამირება; ბიუჯეტის შემუშავება.
სტრატეგიული დაგეგმვა აშშ-ში მიღებული მიდგომის შესაბამისად მდგომარეობდა მთავარი სამხედრო მიზნების ჩამოყალიბებაში, რომლებიც იდგა ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინაშე და გამომდინარეობდა ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, მისი საბრძოლო გამოყენების ხერხების განსაზღვრაში, აგრეთვე ამ მიზნების მისაღწევად საჭირო შეიარაღებული ძალების შემადგენლობის განსაზღვრაში. სტრატეგიულ დაგეგმვას აშშ-ში იყენებდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ზოგადსახელმწიფოებრივი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების განსაზღვრით ხუთ წლამდე პერიოდზე, რომელსაც ზოგადი სახით გადმოსცემდნენ ეუს-ის მიერ ყოველწლიურად მომზადებულ (ან კორექტირებულ) დოკუმენტში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლები“. კონკრეტულად ეს მიზნები გადმოცემული იყო ხოლმე პრეზიდენტის დირექტივებში (ე. წ. „მემორანდუმი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“) და გზავნიდნენ თავდაცვის სამინისტროსა და შტაბების უფროსთა კომიტეტში.
სტრატეგიული დაგეგმვა აშშ-ში წარმოადგენდა უწყვეტ პროცესს, რომელიც გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში და რომელშიც ჩართული იყო შეიარაღებული ძალების ყველა მგეგმავი ორგანო. ამერიკულ შეიარაღებულ ძალებში საბჭოთა ავტორები პირობით გამოყოფდნენ სტრატეგიული დაგეგმვის სამ დონეს: შტაბების უფროსთა კომიტეტში (გაეთიანებული დაგეგმვა), თავდაცვის მინისტრის აპარატსა და შეიარაღებული ძალების სახეობებში (სახმელეთო ჯარებში, სჰძ-სა და სზძ-ში, ზქჯ-ის კორპუსის ჩათვლით). მთლიანობაში შეიარაღებული ძალების მასშტაბით ძირითად როლს თამაშობდა გაერთიანებული დაგეგმვა, რომელსაც ახორციელებდა შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ).
1970-იანი წლების მონაცემებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შუკ-ი ყოველწლიურად შეიმუშავებდა ოთხ სახელმძღვანელო (ე. წ. „გაერთიანებულ“) დოკუმენტს: „სადაზვერვო შეფასებას“, „გრძელვადიან სტრატეგიულ ანალიზს“, „სტრატეგიული ამოცანების გეგმასა“ და „სტრატეგიული შესაძლებლობების გეგმას“, რომელთაგან შეიარაღებული ძალების განვითარების შემდგომი ეტაპების დაგეგმარებისთვის განმსაზღვრელი იყო „სტრატეგიული ამოცანების გეგმა“. ამ დოკუმენტს შუკ-ი ამზადებდა შეიარაღებულ ძალთა სახეობების სამხედრო დაგეგმვის ორგანოების დახმარებით და იგი შედგებოდა სამი ტომისგან.
გეგმის პირველი ტომი შეიცავდა სამხედრო-სტრატეგიული ვითარებისა და ამერიკული შეიარაღებული ძალების გამოყენების ანალიზს ათ წლამდე პერიოდზე სავარაუდო მოწინააღმდეგეების ძალების გათვალისწინებით. მეორე ტომი განსაზღვრავდა იმ ძალების დონეებს, რომლებიც საჭირო იყო იმ პერიოდში აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მესამე ტომში აფასებდნენ აშშ-ის მოკავშირეების სამხედრო პოტენციალს. მთლიანობაში „სტრატეგიული ამოცანების გეგმაში“ მიცემული იყო რეკომენდაციები შეიარაღებული ძალების რიცხოვნებისა და შემაგენლობის, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების გაშლის, სამობილიზაციო გაშლის, სტრატეგიული გადაზიდვების, სამეცნიერო კვლევების, შეიარაღებათა შემუშავების, შეიარაღებული ძალების ზურგის უზრუნველყოფის, კაპიტალური მშენებლობის, მრეწველობის მობილიზაციისა და სხვა სახელმწიფოებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხებში. იგი შეიცავდა აგრეთვე სამხედრო-ეკონომიკურ შეფასებებს და ზოგადი სახით იმ ფინანსურ შეზღუდვებს, რომლებსაც ადებდა ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი. „სტრატეგიული ამოცანების გეგმას“ გააჩნდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი და მას იყენებდნენ უმთავრესად ორიენტირად აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმარების პროცესის შემდგომ ფაზებში შეიარაღებული ძალების განვითარების მიმართულებებზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომ აუცილებელი არ იყო „სტრატეგიული ამოცანების გეგმის“ ყველა რეკომენდაციის შემდგომში რეალიზება.
შეიარაღებული ძალების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრისთვის დიდ მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე „გრძელვადიან სტრატეგიულ ანალიზს“, რომელშიც მოცემული იყო 10-15 წლის შემდეგ მოსალოდნელი სტრატეგიული ვითარებისა და შეიარაღებული ძალების განვითარების ზოგადი მიმართულებების შეფასება. ეს დოკუმენტი ფუძემდებლური იყო სამხედრო კვლევების დაგეგმვის მიმართულების შემდგომი არჩევისთვის შორეულ პერსპექტივაში აუცილებელ შეიარაღებათა შექმნის მიზნით.
თავაცვის სამინისტროს აპარატში სტრატეგიული დაგეგმვა დაიყვანებოდა უწინარეს ყოვლისა შუკ-ის იმ რეკომენდაციების ანალიტიკურ შეფასებაზე, რომლებიც გადმოცემული იყო „სტრატეგიული ამოცანების გეგმაში“ („ღირებულება/ეფექტურობის“ კრიტერიუმის მიხედვით), აგეთვე შესაბამისი დირექტიული მითითებების გამომუშავებაზე სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის საორიენტაციო შემადგენლობის სფეროში. ამ მითითებებს თავდაცვის მინისტრი აგზავნიდა შეიარაღებულ ძალთა სახეობებში, სადაც ისინი წარმოადგენდა საფუძველს მათ მიერ ოფიციალური წინადადებების შემუშავებისთვის შეიარაღებული ძალების სახეობათა განვითარების არსებულ პროგრამებში ცვლილებების შესატანად.
შეიარაღებული ძალების სახეობებში სტრატეგიული დაგეგმვა ექვემდებარებოდა შუკ-ის მიერ განხორციელებულ გაერთიანებულ დაგეგმვას. სტრატეგიული დაგეგმვა 1970-იანი წლების პრაქტიკით ძავდაპირველად ეფუძნებოდა არსებულ წარმოდგენებს მოცემული სახეობის როლისა და ადგილის შესახებ აშშ-ის ზოგადი სამხედრო-პოლტიკური მიზნების მიღწევაში. მის შედეგებს წარადგენდნენ შუკ-ში გაერთიანებულ სტრატეგიულ დაგეგმარებაში გასათვალისწინებლად. შემდეგ ახდენდნენ სახეობების სტრატეგიული გეგმების კორექტირებას შუკ-ისა და თავდაცვის მინისტრის დირექტიული მითითებების გათვალსწინებით. ამრიგად, სტრატეგიული დაგეგმვა წარმოადგენდა შეიარაღებულ ძალთა ამათუიმ სახეობის ძალებსა და საშუალებებში მოთხოვნილებების თანამიმდევრული შეთანხმების პროცესს მთლიანობაში მათი მშენებლობის ამოცანებთან.
პროგრამირება წარმოადგენდა სტრატეგიული დაგეგმარების ეტაპზე დასახული ამოცანების შესრულების რაციონალური გზების განსაზღვრის პროცესს. მისი არსი გამოიხატებოდა შეიარაღებული ძალების განვითარების თითოეული ცალკეული მიმართულების მოსალოდნელი შედეგების თანაფარდობაში მისი რეალიზებისთვის გასაწევ აუცილებელ ხარჯებთან. პროგრამირების ფაზის შედეგს წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიანი პროგრამის შემუშავება.
ხუთწლიანი პროგრამა _ ეს იყო დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იყო შეიარაღებული ძალების მშენებლობის ღონისძიებათა ჩამონათვალი მათი შინაარსისა და ვადების განსაზღვრით. იგი შედგებოდა დიდი რაოდენობით ცალკეული პროგრამებისგან, რომლებსაც უწოდებდნენ პროგრამულ ელემენტებს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მშენებლობის ყველა მიმართულების მიხედვით. დოკუმენტურად პროგრამას აფორმებდნენ რამდენიმე ათასი სტანდარტული ცხრილის სახით, რომლებიც შეიცავდა ძალების შემადგენლობის ან შეიარაღების, მათი შექმნის ვადებისა და ღირებულების შესახებ.
პროგრამირების ფაზა, რომელიც ადგენდა კავშირს სტრატეგიულ გეგმებსა და მათი რეალიზაციისთვის არსებულ ფინანსურ სახსრებს შორის, წარმოადგენდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების განვითარების მთელი პროცესის დაგეგმარების ყველაზე უფრო მნიშვნელოვან რგოლს. პროგრამირების ამოცანა შედგებოდა იმაში, რომ დაეკონკრეტებინათ საქმიანობის სახეობათა სიმრავლე, რომლებსაც ახორციელებდა თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმეში, ხოლო შემდეგ კი მიზნობრივი ნიშნის მიხედვით დაეჯგუფებინათ განსაზღვრული დანიშნულების პროგრამულ ელემენტებად. პროგრამისთვის ყველაზე უფრო დამახასიათებელ ვარიანტში თითოეული ასეთი ელემენტი თავის თავში აერთიანებდა საქმიანობის ერთგვაროვან სახეობებს შეიარაღების რომელიმე სახეობისა და მასთან დაკავშირებული უზრუნველმყოფი სისტემების, აღჭურვილობისა და პირადი შემადგენლობის შექმნის საქმეში, რომელთა ეფექტურობაც შესაძლოა შეფარდებული ყოფილიყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან. პროგრამული ელემენტების სახით ყველაზე ხშირად გამჰოყოფდნენ იარაღის სისტემების ან უზრუნველყოფის სისტემების პროგრამებს. ამ ელემენტების სახით ხუთწლიან პროგრამაში შესაძლოა გამოეყოთ საბრძოლველად მზადმყოფი შენაერთებისა და ნაწილების შექმნის, საქმიანობის განსაზღვრული სახეობების ერთობლიობის („მეთვალყურეობა და გაფრთხილება“, „საფრენოსნო შემადგენლობის მომზადება“ და სხვები) პროგრამები, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო პროგრამები სამეცნიერო კვლევების მთელი მიმართულებების ან ცალკეული თემების მიხედვით.
პროგრამულ ელემენტებს ხუთწლიან პროგრამაში რაოდენობრივად ახასიათებდნენ მაჩვენებლების ორი ჯგუფით: მატერიალურითა და ფინანსურით. მატერიალურ მაჩვენებლებად, იქ სადაც შესაძლებელი იყო, იყენებდნენ ისეთ რაოდენობრივ სიდიდეებს, როგორიცაა საბრძოლველად მზადმყოფი რაკეტების, თვითმფრინავების, საბრძოლო ხომალდების, დივიზიების, საავიაციო ფრთებისა და სხვათა რიცხვი. მაგრამ იმ პროგრამულ ელემენტებს, რომლებიც ასახავდნენ საქმიანობის განსაზღვრულ სახეობებს ან სამეცნიერო კვლევების პროექტებს, რაოდენობრივად გამოხატავდნენ ფინანსური ხარჯების კატეგორიებში. პროგრამული ელემენტების მიხედვით დანახარჯებს აფასებდნენ პროგრამის საერთო ღირებულების სახით, რომელიც განაწილებული იყო წლების მიხედვით მთელ პროგრამულ პერიოდზე.
ამასთან დაკავშირებით, იარაღის სისტემის სრული მოცულობით წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის აზრით, საჭირო იყო მთლიანობაში პროგრამის რეალიზაციაზე შესაძლო ხარჯების წინასწარი შეფასება. გარდა ამისა, პროგრამული ელემენტების შესრულების ძირითადი ეტაპების მიხედვით ხარჯების განაწილების მიზნით პროგრამული ელემეტების მიხედვით ჯამურ დანახარჯებს ჰყოფდნენ სამ კატეგორიად: კვლევები და შემუშავებები, კაპიტალური მშენებლობა და ექსპლუატაცია. იმისთვის, რათა შემდეგში შესაძლებელი ყოფილიყო პროგრამაზე დანახარჯების სამხედრო ბიუჯეტის მუხლების მაჩვენებლებში ასახვა, პროგრამული ელემენტების მიხედვით ხარჯების თითოეულ კატეგორის ათნხმებდნენ საბიუჯეტო კატეგორიებთან, ე. ი. ანაწილებდნენ ბიუჯეტის შესაბამისი მუხლების მიხედვით.
პროგრამული ელემენტები წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიანი პროგრამის ძირითად „ბლოკებს“ და ამასთან ერთად შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმარების ყველაზე დაბალ დონესაც, რომელიც მოითხოვდა გადაწყვეტილების მიღებას პირადად თავდაცვის მინისტრის მიერ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიანი პროგრამა 1970-იან წლებში შეიცავდა 1000-ზე მეტ ასეთ ელემენტს, რომლებიც შეიარაღებული ძალების მშენებლობის სფეროში თავდაცვის სამინისტროს ძირითად ამოცანებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეიყვანეს განსაზღვრულ ჯგუფებში, ხოლო ამ უკანასკნელთ უწოდეს ხუთწლიანი პროგრამის მთავარი პროგრამები. მსგავს გაერთიანებას ახორციელებდნენ ცალკეული პროგრამების ამოცანებისა და მიზნების საერთოობის პრინციპის შესაბამისად. მთავარი პროგრამების მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით შესამუშავებლად მათში თავებისა და ქვეთავების სახით გამოყოფდნენ პროგრამული ელემენტების იერარქიულ ქვეჯგუფებს, რომლებსაც ზოგჯერ უწოდებდნენ პირველი და მეორე რიგის ქვეპროგრამებს.
1970-ანი წლების მიწურულს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიანი პროგრამა თავის თავში შეიცავდა ათ მთავარ პროგრამას (ნახ. 5): 1-ლი _ „სტრატეგიული ძალები“, მე-2 _ „ზოგადი დანიშნულების ძალები“, მე-3 _ „სამხედრო დაზვერვა და კავშირგაბმულობა“, მე-4 _ „ძალები ჯარების ჰაერითა და ზღვით გადასროლისთვის“, მე-5 _ „ეროვნული გვარდიისა და რეზერვის ძალები“, მე-6 _ „სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები“, მე-7 _ „მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა“, მე-8 _ სწავლება, სამედიცინო მომსახურება და პირადი შემადგენლობის ზოგადი უზრუნველყოფის სხვა სახეობები“, მე-9 _ „ადმინისტრციულ-მმართველობითი საქმიანობა“, 10-ე _ „სხვა სახელმწიფოებისთვის სამხედრო დახმარება“. მათ ჰყოფდნენ პირველი რიგის დაახლოებით 50 ქვეპროგრამად. პირველი ექვსი მთავარი პროგრამა, თუმცა კი არ იყო თანაბრად ფასეული, მიკუთვნებული იყო ძირითადი ვარიანტებისადმი. დანარჩენები მოიცავდა სხვადასხვა სახეობის დამხმარე საქმიანობას. ყველა მთავარი პროგრამიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო პირველი ორი _ „სტრატეგიული ძალები“ და „ზოგადი დანიშნულების ძალები“, რომლებიც მთლიანობაში ასახავდნენ აშშ-ის მზადების ამოცანებს შესაბამისად საყოველთაო და შეზღუდული ომებისთვის, აგრეთვე მე-6 _ „კვლევები და შემუშავებები“, რომელიც წყვეტდა მომავლის მოთხოვნებისადმი შესაბამისი შეიარაღებული ძალების მზადების ამოცანებს.
მთავარი პროგრამა „სტრატეგიული ძალები“ მოიცავდა სამ განყოფილებას: „შეტევითი ძალები“, „თავდაცვითი ძალები“ და „სამოქალაქო თავდაცვა“. მათ შემაგენლობაში შედიოდა შემდეგი ქვეგანყოფილებები: „საავიაციო ძალები“. „მიწისზედა და საზღვაო ბაზირების სარაკეტო ძალები“, „ოპერატიული მართვისა და კავშირგაბმულობის საშუალებები“ (შეტევითი ძალები); „საავიაციო ძალები“, „სარაკეტო ძალები“, „ოპერატიული მართვისა და კავშირგაბმულობის საშუალებები“, „მეთვალყურეობისა და შეტყობინების სისტემები“ (თავდაცვითი ძალები); „დაცვა“, „შეტყობინება“, „ღონისძიებები საგანგებო ვითარებაში“, „ზოგადი უზრუნველყოფა“ (სამოქალაქო თაცდაცვა). პროგრამული ელემენტების სახით, კერძოდ, პირველ მთავარ პროგრამაში გამოყოფილი იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების (სკბრ) „ტიტან-2“, „მინითმენ-2“ და „მინითმენ-3“-ის ესკადრილიები, სკბრ-ების „მინითმენ-3“ გაშვების მართვის სისტემა, B-52, FB-111 თვითმფრინავების ესკადრილიები, რაკეტები SREM, ფრთოსანი რაკეტები, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „სეიფგარდი“, სისტემა „ბიმიუსი“ და სხვები. სულ პირველ მთავარ პროგრამაში მოითვლებოდა დაახლოებით 100 პროგრამული ელემენტი.
მთავარი პროგრამა „ზოგადი დანიშნულების ძალები“ მოიცავდა იმ ძალებს, რომლებიც განკუთვნილი იყო შეზღუდული ომების წარმოებისთვის, აგრეთვე ოპერაციებში მონაწილეობისთვის საომარ მოქმედებათა თეატრზე და საყოველთაო ომში. ეს პროგრამა შედგენილი იყო შეიარაღებულ ძალთა სახეობების მიხედვით და გააჩნდა ისეთი განყოფილებები, როგორებიცაა „გაერთიანებული სარდლობები“, „სამხედრო-საზღვაო ძალები“, „სამხედრო-საჰაერო ძალები“ და ა. შ.
მე-6 მთავარი პროგრამა „კვლევები და შემუშავებები“ შეიცავდა ყველა სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოს, რომლებიც უშუალოდ არ მიეკუთვნებოდა სხვა პროგრამების ელემენტებს. პროგრამული ელემენტები მასში დაჯგუფებული იყო მთავარი პროგრამების განყოფილებების სახით აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში მიღებული კვლევებისა და შემუშავებების კლასიფიკაციის შესაბამისად: კვლევები, საძიებო, ექსპერიმენტული და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებები. სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ასეთი დაყოფა ასახავდა მათი ჩატარების თანამიმდევრობას აშშ-ში იარაღის ახალი სისტემების შექმნისას.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში მიღებული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების კლასიფიკაციაში შედიოდა სამუშაოების კიდევ ერთი სახეობა _ შემუშავება და მოქმედი სისტემების დაყოფა. მაგრამ სამუშაოების ამ სახეობისადმი მიკუთვნებული პროგრამული ელემენტები ვერ ერთვებოდა მე-6 მთავარ პროგრამაში, ამიტომ მათ ანაწილებდნენ სხვა მთავარ პროგრამებში შეიარაღებათა სახეობების შესაბამისად, რომელთა სრულყოფაზეც ისინი იყო მიმართული. ასე, რომ სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები არსებული რაკეტა „მინითმენებისთვის“ ახალი სათავო ნაწილების შესაქმნელად, შედიოდა მთავარ პროგრამაში „სტრატეგიული ძალები“, სამუშაოები დივიზიების შეიარაღებაში მყოფი ტანკების გასაუმჯობესებლად _ მთავარ პროგრამაში „ზოგადი დანიშნულების ძალები“ და ა. შ.
ამრიგად, დასავლური სამხედრო ბეჭდური გამოცემების მიხედვით, 1970-იან წლებში მოქმედი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიანი პროგრამა ემსახურებოდა რესურსების დაბალანსებული განაწილების მიზნებს იმ ძალებს შორის, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ სხვადასხვანაირი ამოცანების გადასაწყვეტად, აგრეთვე არსებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებას, გარდა ამისა, იმ სამეცნიერო კვლევებს შორისაც, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მათ შემდგომ განვითარებას. თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიან პროგრამას შეიმუშავებდნენ ყოველწლიურად და თავდაცვის მინსიტრის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ იგი ხდებოდა დირექტიული დოკუმენტი, რომელიც აუცილებელი იყო შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისა და აშშ-ის სამხედრო უწყების სხვადასხვა სამმართველოს მმართველი ორგანოებისთვის.
ბიუჯეტის შემუშავება წარმოაგენდა დაგეგმარების ციკლის დასკვნით ფაზას, რომლის მსვლელობისას საბოლოოდ განისაზღვრებოდა შეიარაღებულ ძალებზე გამოყოფილი რესურსების ზომები და სტრუქტურა, ხორციელდებოდა მათი დაბალანსებული განაწილება მთავარი პროგრამების, შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით. ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ასეთი პრინციპი საშუალებას აძლევდა მას ყოველმხრივ გაეანალიზებინა განაწილება და უფრო სრულად გაეკონტროლებინა სამხედრო მიზნებით გამოყოფილი რესურსების გამოყენება.
ბიუჯეტს შეიმუშავებდნენ ერთ წელზე, მას ამტკიცებდა კონგრესი და გააჩნდა ზოგადსახელმწიფოებრივი კანონის ძალა სტრატეგიული დაგეგმვისა და პროგრამირების დოკუმენტებისგან განსხვავებით, რომელთაც ძალა ჰქონდათ მხოლოდ სამხედრო უწყების ფარგლებში. სამხედრო ბიუჯეტს ამერიკული ხელმძღვანელობა განიხილავდა შეიარაღებული ძალების განვითარების რეგულირებისა და კონტროლის ინსტრუმენტის სახითაც. ბიუჯეტის მაკონტროლებელ-მარეგულირებელი ფუნქცია ვლინდებოდა იმაში, რომ სახსრების გამოყოფის მეშვეობით აშშ-ის კონგრესი და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აკონტროლებდნენ სამხედრო უწყებების საქმიანობას ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში (იმ დროს, როდესაც პროგრამირების სტადიაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ასეთი ძალა არ გააჩნდა და ატარებდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს). ბიუჯეტის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებით ან შეჩერებით აშშ-ის კონგრესი არეგულირებდა იარაღის სისტემების შექმნის ცალკეული პროგრამების შესრულების მსვლელობას, რამდენადაც გადაწყვეტილებები მათი შემუშავებისა და წარმოების (შესყიდვების) დაფინანსების შესახებ გამოჰქონდათ ცალცალკე.
შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვას აშშ-ში ახორციელებდნენ უწყვეტი, ყოველწლიურად განახლებადი პროცესის სახით. ბდპ (ППБ) სისტემის სამუშაო ციკლი, რომელიც იწყებოდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ სახელმძღვანელო დოკუმენტის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლები“ შემუშავებით და მთავრდებოდა მორიგ საფინანსო წელზე პრეზიდენტის მიერ მოწონებული სამხედრო ბიუჯეტის პროექტის კონგრესში გადაცემით, გრძელდებოდა დაახლოებით წელიწადნახევარს. ასე, დაგეგმვის ციკლი, რომელიც დასრულდა 1976/77 ფინანსურ წელში (წელი დაიწყო 1976 წლის 1 ოქტომბერს) სამხედრო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებით, აშშ-ში გაიშალა 1974 წლის მეორე ნახევრიდან. შესაბამისად, 1975 წლის მეორე ნახევრიდან შეუდგნენ დაგეგმვის მეორე ციკლს, რომელიც დასრულდა 1977 წლის დასაწყისში 1977/78 საფინანსო წელზე სამხედრო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებით, და ა. შ. ბდპ (ППБ) სისტემის სამუშაო ციკლის შესახებ წარმოდგენას გვაძლევს ნახ. 6-ზე მოყვანილი მისი მიახლოებითი სქემა, თუმცა ღონისძიებების შესრულების კონკრეტული ვადები შესაძლო იყო წლიდან წლამდე შეეცვალათ.
საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყენებული სამხედრო მზადებების დაგეგმვის სისტემა 1970-იანი წლების მიწურულისთვის სულ უფრო მეტად ეგუებოდა ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მოთხოვნილებებს. ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ შეიარაღებული ძალების განვითარების მართვის სტრუქტურის ეფექტურობის ამაღლების ღონისძიებები, მათი სიტყვებით, მთელი სიაშკარავით მოწმობდა ამერიკული ეკონომიკისა და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების სახელმწიფოებრივ-მონოპოლისტური რეგულირების მთლიანი სისტემის ნათლად გამოხატული მილიტარისტული მიმართულების შესახებ, რომელიც განკუთვნილი იყო აშშ-ის მმართველი წრეების აგრესიული საგარეოპოლიტიკური ჩანაფიქრების განხორციელების უზრუნველყოფისთვის.
XIII. სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფა 1970-იან წლებში
(ამერიკული ჯარების საჰაერო და საზღვაო გადასროლები)
ამერიკული საგარეო პოლიტიკის გლობალური ხასიათი 1970-იან წლებშიც განაპირობებდა და მოითხოვდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების „მეწინავე ყოფნას“ დედამიწის სხვადასხვა რაიონში და ამიტომ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა განიხილავდა თავის შეიარაღებულ ძალებს „აშშ-ის ეროვნული პოლიტიკის ინსტრუმენტის“ სახით. როგორც საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, თავისი ექსპანსიონისტური მიზნების მისაღწევად პენტაგონმა საზღვარგარეთ შექმნა სამხედრო ბაზებისა და საყრდენი პუნქტების ქსელი, ჯარების მსხვილი დაჯგუფებები გაშალა ჩვენი პლანეტის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან რაიონში, თავის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბა ძლიერი სტრატეგიული რეზერვი მზადყოფნის ჯარების გაერთიანებული სარდლობის (მანამდე ერქვა დამრტყმელი გაერთიანებული სარდლობა) სახით, შექმნა ინტერვენციონისტული „სწრაფი გაშლის ძალები“ და 1980-იანი წლების დასაწყისში აგრძელებდა მისი რიცხოვნების ზრდას.
უცხოურ სამხედრო გამოცემებში აღნიშნავდნენ, რომ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე განლაგებული აშშ-ის საჯარისო კონტინგენტების სწრაფი გაძლიერების გეგმები განსაზღვავდა ამერიკული სარდლობის განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის ამაღლებისადმი, და პირველ რიგში სტრატეგიული რეზერვისა, რომელშიც შედიოდა აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში დისლოცირებული რეგულარული სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (სჰძ ტას) შენაერთები და ნაწილები.
სტრატეგიული მობილურობის ქვეშ დასავლელ სამხედრო სპეციალისტებს ესმოდათ ნაწილებისა და შენაერთების სწრაფი გადასროლის უნარი ზღვისმიღმა საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) იქ გაშლილი ჯართა დაჯგუფებების გაძლიერების ან ახლების შექმნის მიზნით, აგრეთვე მათი ზურგის უზრუნველყოფისთვის. ამერიკული სარდლობის აზრით, ასეთი მობილურობის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა რიგი ფაქტორებით, რომელთაგან ძირითადად ითვლებოდა: საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საშუალებების საკმარისი რაოდენობის არსებობა; აშშ-ისა და სავარაუდო ომთ-ების ტერიტორიაზე პორტების, აეროდრომების, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების განვითარებული სისტემის შექმნა; სტრატეგიული რეზერვების, განსაკუთრებით „ორმაგი ბაზირების“ შენაერთებისა და ნაწილების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება; მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში მატერიალური საშუალებების მარაგების წინასწარ დაგროვება. ქვემოთ მოკლედ განვიხილავთ 1970/1980-იანი წლების მიჯნაზე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის მდგომარეობას, განვითარების მაშინდელ პერსპექტივებსა და ზოგიერთ შესაძლებლობას, რომლებიც განკუთვნილი იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის უზრუნველსაყოფად.
აფასებდა რა ევროპულ ომის თეატრზე საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო ხასიათს, აგრეთვე 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ჩატარებული ამერიკული შეიარაღებული ძალების სწავლებების შედეგებს, პენტაგონის ხელმძღვანელობა ითვალისწინებდა აშშ-დან ევროპაში გაძლიერების ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადმოსროლების განხორციელებას პირველ რიგში სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობის (მტას) თვითმფრინავებითა და საზღვაო გადაზიდვების სარდლობის (ზგს) გემებით, აგრეთვე სამოქალაქო ავიაკომპანიებისა და სავაჭრო ფლოტის ძალებისა და საშუალებების ფართო გამოყენებითაც.
საჰაერო გადაზიდვები. ამერიკული სარდლობა ახლო აღმოსავლეთში 1970-იანი წლების ომების გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ყურადებას უთმობდა ჯარებისა და თვირთების ჰაერით მიყვანის (მიტანის) შესაძლებლობების ამაღლებას, ვინაიდან თვითმფრინავებს შეეძლოთ მათი გადაზიდვა დიდ მანძილებზე მინიმალურად მოკლე ვადებში, თუმცა კი გააჩნდათ შედარებით შეზღუდული ტვირთამწეობა და სატვირთო კაბინის ზომები.
1981 წლის დასაწყისის მდგომარეობით მტას-ის განკარგულებაში მოითვლებოდა 600-ზე მეტი თვითმფრინავი, მათგან: 315 მძიმე სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი (მათ შორის 74 C-5A “გელექსი” და 241 C-141 “სთარლიფტერი”) და 276 საშუალო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 “ჰერკულესი”. სჰძ-ის სამინისტროს ხელმძღვანელობის აზრით, განსაზღვრულ პირობებში აღნიშნული საშუალებები სრულად ვერ შეძლებდნენ პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების გადასროლაში პენტაგონის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამიტომ არსებობდა მტას-ის რეზერვები, რომელშიც შედიოდა სჰძ-ის რეზერვის სარდლობის ნაწილები და ქვედანაყოფები (248 ტაქტიკური სატრანსპორტო თვითმფრინავი) და ასევე სჰძ-ის ეროვნული გვარდიისა (166 მანქანა). გარდა ამისა, იყო სამოქალაქო ავიაკომპანიების მძიმე (ფართოფუზელაჟიანი) თვითმფრინავების მნიშვნელოვანი რაოდენობა (სულ აშშ-ის ფარგლებში გადაზიდვებისთვის განკუთვნილი თვითმრინავების გათვალისწინებით ამ რეზერვში შედიოდა ბოინგ 747, DC-10, DC-8 და სხვა ტიპების 373 სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავი).
მტას-ის შეიარაღებაში არსებულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს გააჩნდათ შემდეგი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიატებლები: C-5A “გელექსის” შეეძლო ბორტზე მიეღო 120 ტ ტვირთი, ან 345 სამხედრო მოსამსახურე პირადი იარაღით, ან ორი საშუალო ტანკი M-60. მისი მაქსიმალური ასაფრენი წონა იყო 348,8 ტ, საკრეისერო სიჩქარე 815 კმ/სთ 9000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი 10300 მ საფრენ წონაზე 280 ტ, ფრენის მაქსიმალური სიშორე 100 ტ ტვირთით დაახლოებით 6000 კმ. როგორც უცხოურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, C-5A თვითმფრინავის ექსპლუატაციამ უჩვენა, რომ მისი ფაქტიური საფრენოსნო რესურსი მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდა გაანგარიშებულთან შედარებით (17000 სთ 30000-ის ნაცვლად). ამერიკელი სამხედრო ექსპერტების აზრით, ამ მანქანის სამსახურის ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნებოდა მოდერნიზებული ფრთის დაყენების გზით (იმ პერიოდში ახალი ფრთის მქონე თვითმფრინავი გადიოდა საფრენოსნო გამოცდებს). ისინი თვლიდნენ, რომ ასეთი სამუშაოების ჩატარების შემდეგ თვითმფრინავი შეძლებდა სრული დატვირთვის წაღებას (120 ტ), მანამდე კი მისი ტვირთამწეობა შეზღუდული იყო 90 ტ-ით.
სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრნავს C-141A “სტარლიფტერი” შეეძლო ბორტზე წაეღო 42 ტ ტვირთი ან წაეყვანა 154 ჯარისკაცი პირადი შეიარაღებით, ან მსუბუქი ტანკი “შერიდანი”. მისი მაქსიმაქლური ასაფრენი წონა იყო 143,6 ტ, საკრეისერო სიჩქარე 800 კმ/სთ 9000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი 12200მ, ფრენის მაქსიმალური სიშორე 32 ტ ტვირთით დაახლოებით 6560 კმ. ამერიკული სარდლობა თვლიდა C-141A თვითმფრინავების შესაძლებლობებს სრულად არგამოყენებულად და ამიტომ მიიღო მისი მოდერნიზაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილება. მოდერნიზაციის არსი დაიყვანებოდა სატვირთო კაბინის ზომის გაზრდაზე დაახლოებით 30%-ით, ფუზელაჟის დარგძელებისა და ჰაერში საწვავით გაწყობის მოწყობილობის დაყენების ხარჯზე. მოდერნიზებულ თვითმფრინავს (მიიღო აღნიშვნა C-141B) გააჩნდა მაქსიმალური ასაფრენი წონა 156 ტ და შეეძლო დიდი გაბარიტების ტვირთების წაღება იმავე წონის სასარგებლო დატვირთვაზე. ამერიკულ პრესაში ხაზს უსვამდნენ, რომ C-141 მანქანების მთელი ფარეხის მოდერნიზაცია C-141A ტიპის 90 ახალი თვითმფრინავის აგების ტოლფასი იქნებოდა.
საშუალო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 “ჰერკულესი” ბორტზე იღებდა 92 ჯარისკაცს პირადი იარაღით, ან 20,4 ტ ტვირთს (ხოლო ოკეანეზე გადაფრენით გადაზიდვებისას 8-10 ტ-ს). 1980-იანი წლების დასაწყისში მის ბაზაზე შეიმუშავებდნენ ახალ ვარიანტს L-400 “თვინ ჰერკულესი”.
ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის დიდ მანძილებზე გადასროლებში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენების ეფექტურობის ამაღლების მიზნით აშშ-ში შექმნეს და სჰძ-ის შეიარაღებაში დაიწყეს სატრანსპორტო-გამწყობი თვითმფრინავების KC-10 მიწოდება, რომელთაც გამოიყენებდნენ როგორც მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, ისე ჰაერში სხვა თვითმფრინავების საწვავით გამწყობის სახითაც. სატვირთო ვარიანტში მაქსიმალური ასაფრენი წონისას 268 ტ და საწვავის მარაგისას 80 ტ მას შეეძლო კიდევ 77 ტ ტვირთების გადატანა 7000 კმ მანძილზე, ხოლო გამწყობის ვარიანტში ასეთივე ასაფრენი წონით _ 117 ტ საწვავის გადაცემა სხვა თვითმფრინავებისთვის 1850 კმ სიშორეზე და უკან ბაზაში დაბრუნება. ამერიკული პრესის მონაცემებით აშშ სჰძ-ის სარდლობა 1980-იანი წლების დასაწყისისთვის ვარაუდობდა 30-ზე მეტი ასეთი მანქანის შესყიდვას.
გეგმავდა რა სამოქალაქო ავიაკომპანიების თვითმფრინავების ფარეხის გამოყენებას, პენტაგონი გამოუყოფდა მათ სახსრებს კომერციული მანქანების გადაკეთების სამუშაოების ჩატარებისთვის სამხედრო ტვირთების გადასაზიდად მათი შემდგომი გამოყენების მიზნით (კაბინის იატაკის გაძლიერება, სატვირთო ლუკის გაფართოება და ა. შ.).
უცხოური ბეჭდური გამოცემების აღნიშვნით, აშშ-ში ატარებდნენ აგრეთვე ინტენსიურ სამუშაოებს ახალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის C-X შემუშავებისთვის. მომავალი მანქანის ერთერთი ვარიანტის სახით ასახელებდნენ თვითმფრინავს დაახლოებით 180 ტ ასაფრენი წონით. იგი შეძლებდა 60 ტ სასარგებლო ტვირთის ბორტზე ატანას და აშშ-დან ზღვისმიღმა ტერიტორიებზე არა მხოლოდ იარაღიანი პირადი შემადგენლობის გადასროლის განხორციელებას, არამედ მძიმე მსხვილგაბარიტიანი ტვირთებისაც M-1 ტანკის ჩათვლით. C-X თვითმფრინავისთვის წაყენებულ ერთერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა მოქმედების უნარის ქონა გრუნტიანი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლიდან (აშშ სჰძ-ში ასეთი თვითმფრინავი მართლაც გამოჩნდა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში C-17-ის სახით).
ითვალისწინევდნენ რა ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო საშუალებების შესაძლებლობებს, უცხოელი სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ მაგალითად 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის გადასროლისთვის საჭირო იქნებოდა C-141A თვითმფრინავების 800 რეისი. ნატო-ს ბლოკის ფარგლებში ჩატარებული “რეფორჯერის” ტიპის სწავლებების გამოცდილებით, რომლებზედაც ამუშავებდნენ აშშ-დან ევროპაში “ორმაგი ბაზირების” შენაერთების გადმოსროლას, 12 ათას ადამიანამდე რიცხოვნების პირადი შემადგენლობის (მძიმე იარაღისა და ტექნიკის გარეშე) და 1500 ტ ტვირთების გადმოზიდვას, გეგმავდნენ C-5A თვითმფრინავების 10-12 რეისის შესრულებას და C-141A თვითმფრინავების 130 რეისამდე, რაზედაც გადმოსროლების საშუალო ტემპებისთვის საჭირო იყო 6-8 დღეღამე. ერთერთ ასეთ სწავლებაში 1978 წელს პირველად გამოიყენეს სამოქალაქო ავიაკომპანია TWA-ის ოთხი მძიმე თვითმფრინავი ბოინგ 747, რომლებმაც ჯარების ინტერესებში გადმოიყვანეს 600 ადამიანზე მეტი და გადმოიტანეს 70 ტ ტვირთი. 1981 წელს ჩატარებულ სწავლებებში (“რეფორჯერ-13”, “ტიმ სპირიტ-81” და სხვები) გამოვლინდა ტენდენცია, რომ პირადი შემადგენლობის გადასროლისთვის გამოეყენებიათ სამოქალაქო ავიაკომპანიების თვითმფრინავები, ხოლო იარაღისა და ზოგიერთი სახეობის საბრძოლო ტექნიკისა _ სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობის თვითმფრინავები.
საზღვაო გადაზიდვები. სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფის მიზნით პენტაგონის ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად თვლიდა საჰაერო ტრანსპორტთან ერთად ფართოდ გამოეყენებინა საზღვაოც (უმთავრესად მძიმე იარაღისა და ტექნიკის გადასროლებისთვის). საზღვაო გემებს, როგორც ცნობილია, შეუძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერი წონისა და გაბარიტების ტვირთების ბორზე მიღება, მაგრამ მათი მიტანის სიჩქარე ბევრჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე თვითმფრინავებით. ამიტომ გეგმავდა რა ჯარების გადასროლას ზღვისმიღმა ომთ-ებზე, ამერიკული სარდლობა ისწრაფვოდა ტრანსპორტის ერთი სახეობის ნაკლოვანებების მეორის უპირატესობებით კომპენსირებისკენ.
საზღვაო გადაზიდვების შესრულება, როგორც უკვე აღვნიშნავდით, ეკისრებოდა საზღვაო გადაზიდვების სარდლობას. მის შემადგენლობაში შედიოდა გემების ორი ჯგუფი: რომლებიც ეკუთვნოდა უშუალოდ სამხედრო-საზღვაო ძალებს ან იყო სახელმწიფო საკუთრებაში, და რომლებსაც ქირაობდნენ კერძო გემთმფლობელი კომპანიებისგან _ მისი ცვალებადი ნაწილი, რომლის შემადგენლობაც შესაძლოა მკვეთრად შეცვლილიყო შექმნილი ვითარების და მიხედვით.
საზღვაო გადაზიდვების სარდლობის სატრანსპორტო საშუალებების ზრდა ხდებოდა ეროვნული თავდაცვის სარეზერვო ფლოტის გემების მწყობრში შეყვანის ხარჯზეც, რომელიც მშვიდობიანობის დროს იმყოფებოდა ვაჭრობის სამინისტროს სავაჭრო ნაოსნობის სამმართველოს კონტროლქვეშ, აგრეთვე აშშ-ის სავაჭრო ფლოტის გემების დაქირავებითაც. უცხოური პრესის შეტყობინებების თანახმად, სარდლობისთვის მათი მიწოდებების რეგლამენტირებას ახდენდა აშშ-ის თავდაცვისა და ვაჭრობის სამინისტროებს შორის დადებული სპეციალური შეთანხმება, რომელიც ადგენდა საგანგებო პირობებში სამხედრო მიზნებისთვის გემების გამოყენების რიგითობას.
ამერიკელი სამხედრო-საზღვაო სპეციალისტები, ანგარიშობდნენ რა სტრატეგიული მობილურობის უზრუნველსაყოფად სზძ-თვის გამოსაყოფი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას, მიუთითებდნენ, რომ საზღვაო გადაზიდვების სარდლობას გააჩნდა სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების დაახლოებით 70 გემი, ეროვნული თავდაცვის სარეზერვო ფლოტს _ 350-ზე მეტი, ხოლო სავაჭრო ფლოტის შემადგენლობიდან შესაძლო იყო გამოეყოთ დაახლოებით 300. მაგრამ, მათი აღნიშვნით, 1981 წელს ამა თუ იმ გარემოებების ძალით, აღნიშნულ სარდლობას შესაძლო იყო ჰქონოდა მხოლოდ 12 საშტატო გემის, სავაჭრო ფლოტისგან დაქირავებული 38 გემისა და ეროვნული თავდაცვის რეზერვიდან 161 გემის გამოყენების იმედი (ყველა მათგანი გამოდგებოდა მსხვილგაბარიტიანი ტვირთების გადაზიდვებისთვის).
სზძ-ის მოთხოვნებს იმ დროს ყველაზე უფრო მეტად პასუხობდა “რო-რო” კლასის ტრანსპორტები (ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ჰორიზონტალური ხერხით), აგრეთვე “ლეშის” ტიპის ლიხტერმზიდებისა და “სიბის” ტიპის ბარჟმზიდების კლასებისა.
“ლეშის” ტიპის ლიხტერმზიდებს იყენებდნენ თხლადმჯდომი ბარჟების ტრანსპორტირებისთვის (წყალჯდომით 1,8 მ, ტვირთამწეობით 350-800 ტ). სულ ასეთ გემებს შეეძლოთ ბორტზე დაახლოებით 80 ბარჟის მიღება. მასზე შესაძლებელი იყო აგრეთვე კონტეინერების, თვლიანი ტექნიკის, ვერტმფრენების, პაკეტებში და ქვესადგარებზე (поддоны) განთავსებული ტვირთების მიღება.
“სიბის” ტიპის თითოეულ ბარჟმზიდს შეეძლო 38 ბარჟის წაღება თითოეული 830 ტ ტვირთამწეობით, ვერტმფრენებითა და სხვა ტექნიკით. აღინიშნებოდა, რომ მათ საკმარისად ადვილად გადააკეთებდნენ ხოლმე “რო-როს” კლასის გემებად.
უცხოელი სპეციალისტების აზრით, აშშ-ის სავაჭრო ფლოტში 1980-იანი წლების დასაწყისში არ ჰყოფნიდათ გემები ომიანობის დროს სამხედრო გადაზიდვების სრულად უზრუნველყოფისთვის. ამასთან დაკავშირებით ამერიკაში შეიმუშავეს სხვადასხვა დანიშნულების 300 გემის მშენებლობის ათწლიანი პროგრამა (კონტეინერმზიდები, უნივერსალური ტრანსპორტები, ბარჟმზიდები და სხვა). ახალი გემების აგებისას მთავრობა უნაზღაურებდა გემთმფლობელებს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს _ ახლად აშენებული გემები ვარგისი უნდა ყოფილიყო სამხედრო ტვირთების გადასაზიდად, ჰქონოდათ ცურვის დიდი სიშორე და 20 კვანძზე არანაკლები სვლის სიჩქარე.
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ აშშ-ში შეიმუშავეს 25 ათას ტ-ზე მეტი ტვირთამწეობის მრავალმიზნობრივი გემის პროექტი, რომელსაც უნდა ჰქონოდა ისეთი თვისებები, რომლებიც ვარგისს გახდიდნენ მას როგორც სავაჭო ზღვაოსნობში, ისე სამხედრო მიზნებისთვისაც (თვლიანი და მუხლუხიანი ტექნიკის ტრანსპორტის, ჩვეულებრივი მშრალი ტვირთმზიდი გემის, კონტეინერმზიდის ან მძიმე შეიარაღების მცურავი საწყობის სახით). მისი ჩამტვირთავი და გადმომტვირთავი საშუალებები გემს გახდიდნენ დამოუკიდებელს საპორტო აღჭურვილობის არსებობისგან. ვარაუდობდნენ, რომ ახალი სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად აამაღლებდნენ აშშ-ის სავაჭრო ფლოტის სამობილიზაციო შესაძლებლობებს.
ამოწმებდა რა ჯარებისა და ტექნიკის სტრატეგიული გადასროლების გეგმებს, ამერიკული სარდლობა აქტიურად იყენებდა სატრანსპორტო გემებს მრავალრიცხოვან სწავლებებში მონაწილეობისთვის. მაგალითად, “რეფორჯერ-10” სწავლების მსვლელობისას ტრანსპორტებმა “ადმირალი კალაგანი” და “კომეტი” ევროპაში გადმოიტანეს 50-ზე მეტი საშუალო ტანკი, საარმიო ავიაციის დაახლოებით 120 ვერტმფრენი, 30 ჯავშანტრანსპორტერი, 1000 ავტომობილი და მისაბმელი, 300-მდე კონტეინერი სამხედრო ტვირთებით. ზღვით გადმოსვლამ ჩატვირთვის პორტიდან ბომონტი (აშშ) გადმოტვირთვის პორტებში გენტი (ბელგია) და როტერდამი (ნიდერლანდები) დაიკავა 16 დღეღამე.
სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფის ინტერესებში პენტაგონის ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად თვლიდა ზღვისმიღმა ომთ-ებზე შენაერთებისა და ნაწილების გადასაყვანად საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის კომპლექსურად გამოყენებას. ამასთან საჰაერო ფლოტს აკისრებდა პირადი შემადგენლობისა და სასწრაფო ტვირთების გადასროლის ამოცანებს, საზღვაოს კი _ მძიმე იარაღისა და ტექნიკის. ასე, ზემოთ მოხსენიებულ სწავლებებში კომპლექსური ხერხით გადმოიყვანეს დაახლოებით 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე და გადმოიტანეს 37 ათას ტ-ზე მეტი ტვირთი. 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის “სწრაფი გაშლის ძალების” სარდლობის გეგმებით, 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის შემადგენლობიდან პირველი ბატალიონი სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას სპარსეთის ყურის რაიონში შესაძლო იყო მოეყვანა განგაშის გამოცხადებიდან 48 სთ-ის შემდეგ, ხოლო მთელი დივიზიის ჰაერით გადმოსროლა დაიკავებდა ორ კვირას. კიდევ ერთი დივიზია აქ ჩამოვიდოდა ზღვით 30-35 დღეღამის შემდეგ.
ამერიკული სამხედრო ბეჭდური გამოცემები, ინტენსიურად ემყარებოდნენ რა მითს “საბჭოთა სამხედრო მუქარისა” და ნატო-ს ბლოკის ყბადაღებული “დაუცველობის” შესახებ (რაც თავად ალიანსის ხელმძღვანელებმაც აღიარეს 1980/1990-იანი წლების მიჯნაზე), 70-იანი წლების მიწურულს აუცილებლად თვლიდნენ საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების უზრუნველყოფაში შესაძლებლობების ამაღლებისთვის შემდეგი ღონისძიებების სასწრაფო გატარებას:
_ C-5A და C-141 თვითმფრინავების მოდერნიზების დასრულება, ახალი თაობის სამხედრო-სატრანსპორო მანქანის C-X შემუშავების დასრულება;
_ საჰაერო ფლოტის სამოქალაქო რეზერვში ფართოფუზელაჟიანი თვითმფრინავების ფარეხის გაზრდა;
_ “რო-რო” კლასის ტრანსპორტების, აგრეთვე სატრანსპორტო გემების მშენებლობის გაგრძელება, რომლებიც მოწყობილი იქნებოდა აღუჭურველ სანაპიროზე ჩასატვირთ-გადმოსატვირთი სამუშაოების ჩატარებისთვის;
_ ამერიკულ სავაჭრო ფლოტთან ერთად საოკეანო გადაზიდვებისთვის ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ქვეყნების საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ფართო გამოყენება.
ამ ღონისძიებების მოკლე ვადებში რეალიზაცია, დასავლური გამოცემების აღნიშვნით, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის უზრუნველყოფდა “ძალის დემონსტრირების” შესაძლებლობას კრიზისული სიტუაციების წარმოქმნისას, ხოლო სამხედრო-სტრატეგიულ პლანში საშუალებას მისცემდა “ოპერატიულად მოეხდინათ ვითარების გამწვავებაზე რეაგირება” სტრატეგიული რეზერვების გადასროლით აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან მსოფლიოს ამა თუ იმ რაიონში.
XIV. აშშ–ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფა 1970-იან წლებში
(ამერიკული შეიარაღების წინასწარ დასაწყობება)
თუმცა ამერიკული ადმინისტრაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტრადიციულად აცხადებდა თავს მთელი დასავლური სამყაროს ხელმძღვანელად და ლიდერად, მაგრამ 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სულ უფრო ხშირად დაიწყო ლაპარაკი ამერიკის „გლობალური (მსოფლიო) ინტერესების“ შესახებ, რაც გულისხმობდა დედამიწის მთელი რიგი რაიონების აშშ-ის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების“ სფეროდ გამოცხადებასა და ამ ინტერესების „დაცვის“ მიზნით იქ შეიარაღებული ძალების მრავალრიცხოვანი კონტინგენტების გაგზავნას. სახელდობრ, 1983 წელს, როგორც უკვე ვთქვით, პენტაგონში ჩამოაყალიბეს კიდევ ერთი გაერთიანებული სარდლობა „ცენტრალური სარდლობა“ (Central command – CENTCOM), რომლის პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენდა ძირითადად ხმელეთის ის რაიონები, სადაც ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნდა მუდმივი სამხედრო ბაზები _ განსაკურებით ახლო აღმოსავლეთი, ცენტრალური აზია, აფრიკის თითქმის მთელი კონტინენტი ჩრდილოეთ ნაწილის გამოკლებით (რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ზონაში შედიოდა).
უნდა ითქვას, რომ ეს პროცესები არ დაწყებულა 80-იან წლებში და დედამიწის ე.წ. „ცხელ რაიონებში“ ამერიკული შეიარაღებული ძალების „სახანძრო რაზმების“ ანუ „ინტერვენციონისტული ძალების“ გამოყენების საკითხები უფრო ადრე იდგა პენტაგონში და ამ მხარი გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოებიც ჰქონდათ ჩატარებული. ასევე მსოფლიოს საკვანძო რაიონებში _ დასავლეთ ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთში _ ამერიკული სამხედრო ყოფნა, სამხედრო ბაზების სახით, რეალურად ხორციელდებოდა ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან.
პენტაგონის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ გლობალური და რეგიონული უპირატესობის მისაღწევად, დედამიწის ყველაზე უფრო მოშორებულ წერტილებში „ამერიკული ინტერესების დაცვის“ უზრუნველსაყოფად (ფაქტიუად კი ამერიკული ხელმძღვანელობის ჩანაფიქრების განხორციელებისთვის) აუცილებელი იყო მისი შეიარაღებული ძალებისთვის მაღალი სტრატეგიული მობილურობის მიცემა. ამ ცნების ქვეშ უწინარეს ყოვლისა გულისხმობდნენ მის უნარს სწრაფად გადასროლებისთვის დედამიწის ნებისმიერ რაიონში იქ უკვე შექმნილი შეიარაღებულ ძალთა დაჯგუფებების გასაძლიერებლად ან ახლების გასაშლელად, აგრეთვე მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.
სტრატეგიული მობილურობის მნიშვნელოვნებისა და მისი შემდგომი ამაღლების განზრახვის შესახებ იმ დროს არაერთხელ აცხადებდნენ უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების ფურცლებზე და პენტაგონის წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებში. მაგალითად, თავდაცვის მინისტრი კ. უაინბერგერი ამტკიცებდა, რომ სამხედრო პოლიტიკას აუცილებელია განიხილავდნენ გლობალურ კონტექსტში, რომ აშშ-ს არ შეუძლია თავს ნება მისცეს უგულვებელყოს ერთი რომელიმე რაიონი მეორის გამაგრების გულისთვის, იგი საკმარისად ძლიერი უნდა იყოს იმისთვის, რათა იცავდეს თავის ინტერესებს. გამოდიოდა რა ამერიკული სამხედრო ძლიერების შემდგომი ზრდის მომხრედ, იგი მოუწოდებდა ჰყოლოდათ ისეთი შეიარაღებული ძალები, რომლის გაშლაც შესაძლებელი იყნებოდა დედამიწის ნეისმიერ რაიონში.
უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების თანახმად, სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფის ძირითად მიმართულებად პენტაგონი თვლიდა საჰაერო და საზღვაო გადასროლებს, აგრეთვე აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში მყოფი სტრატეგიული რეზერვის (რეგულარული ჯარებისა/ძალებისა და ორგანიზებული რეზერვის შენაერთებისა და ნაწილების) საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მაღალ დონეს.
ასეთი ღონისძიებების განხორციელებისთვის მზადება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციის მიერ საბჭოთა კავშირთან „პირდაპირი დაპირისპირების“ გამოცხადებისა და ცხოვრებაში გატარებისას, რასაც შედეგად მოჰყა „გეოგრაფიული, ანუ ჰორიზონტალური ესკალაციის“ ახალი სტრატეგიული კონცეფციის გამოჩენა. მისი არსი, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მდგომარეობდა იმაში, რომ მსოფლიოს რომელიმე ერთ რაიონში შეიარაღებული კონფლიქტის წარმოქმნისას აშშ-ს უნდა შეძლებოდა საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება და წარმოება „სრულ გამარჯვებამდე“ რამდენიმე სხვა რაიონშიც, რომლებიც „მოწინააღმდეგისთვის ყველაზე უფრო მოწყვლადი“ იქნებოდა და იქ წარმატებები პენტაგონს მთლიანობაში გამარჯვებას მოუტანდა.
ამიტომ არც თუ შემთხვევით, ზოგადი დანიშნულების ძალების მშენებლობის გეგმებში ითვალისწინებდნენ მისი საბრძოლო შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას, სტრატეგიული და ტაქტიკური მობილურობის ამაღლებას. სახმელეთო ჯარებში, რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების ჩათვლით, 90-იანი წლებისთვის დივიზიების მიყვანას გეგმავდნენ 26-მდე, სჰძ-ის ტაქტიკურ ავიაციაში 1986 ფინანსური წლისთვის გეგმავდნენ სრული შემადგენლობის 40 საავიაციო ფრთის ყოლას (ეროვნული გვარდიის ფორმირებების გათვალისწინებით). ასევე ვარაუდობდნენ სზძ-ის სახომალდო შემადგენლობის არსებით გადიდებასაც, მიიყვანდნენ რა მას 600 ერთეულამდე.
არსებული და ახალი შენაერთებისა და ნაწილების გაშლისა და საბძოლო მოქმედებების წარმოების უზრუნველყოფისთვის გეგმავდნენ სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდას. ომიანობის დროს ამერიკული ჯარებისა და ტვირთების საჰაერო გადაზიდვებისთვის გამოიყენებდნენ სამოქალაქო ავიაკომპანიების თვითმფრინავებსაც. პენტაგონის ზეწოლით ნატო-ს ბლოკის ცალკეულმა ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს გამოეყოთ მოქმედების დიდი რადიუსის მქონე სატრანსპორტო თვითმფრინავები ამერიკული ჯარების ევროპაში გადმოსასროლად. აწარმოებდნენ ზოგიერთი სხვა მთავრობის დამუშავებასაც, რათა აეძულებინათ ისინი მსგავსი ვალდებულებების თავის თავზე ასაღებად.
ჯარებისა და ტვირთების დიდ სიშორეზე გადასროლისთვის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენების ეფექტურობის ამაღლების მიზნით შეერთებულ შტატებში 1980-იანი წლების დასაწყისში ახორციელებდნენ ღონისძიებების ფართო კომპლექსს. კერძოდ, დააგრძელეს C-141 თვითმფრინავების ფუზელაჟი და მათში დააყენეს ჰაერში საწვავით გაწყობის სისტემა, რის შედეგადაც 30%-ით უნდა გაზრდილიყო სატვირთო კაბინის მოცულობა და გაიზარდა დაუჯდომლად ფრენის სიშორე. აწარმოებდნენ სატრანსპორტო თვითმრინავების სათადარიგო ნაწილების შესყიდვებს, ითვალისწინებდნენ მომსახურე პერსონალისა და ჩამტვითავ-გადმომტვირთავი აღჭურვილობის რაოდენობის შემგომ ზრდას, აგრეთვე სახმელეთო ჯარების სავარაუდო გაშლის რაიონებში მათ მიტანას.
როგორც დასავლელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, კრიზისულ სიტუაციებში საჭირო იქნებოდა საზღვაო გადაიდვების სარდლობის გეგმებით ზღვით გადასროლების მოცულობის მნიშვნელოვნად გაფართოებაც სავაჭრო ფლოტის ძალებისა და საშუალებების ფართო გამოყენებით. ამერიკული ჯარების ზღვით ევროპაში ტრანსპორტირებისთვის ნატო-ს ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს გამოეყოთ 400-ზე მეტი გემი. ამერიკული შეიარაღებლი ძალების შენართებისა და ნაწილების გადასხმა, დასავლელი ექსპერტების აზრით, შესაძლო იყო განეხორციელებიათ თვით დანგრეულ პორტებშიც და აღუჭურველ სანაპიროზეც. ამიტომ უკვე მაშინ წინასწარ ჰქმნიდნენ სხვადასხვანაირ დამხმარე საშუალებებს გემების გადმოსატვირთად. აშშ-ის შეიარაღებული ძალების მაღალი მობილურობის უზრუნველყოფისთვის ატარებდნენ მრავალრიცხოვან სპეციალურ წვრთნებსა და სწავლებებს ჯარებისა და ტვირთების სტრატეგიულ გადაზიდვებში. საგანგებო ვითარებაში პენტაგონი იმედოვნებდა პირველი 10 დღეღამის განმავლობაში აშშ-დან დასავლეთ გერმანიაში გადმოესროლა დამატებით ექვსი დივიზია და 1000 საბრძოლო თვითმფრინავამდე. მაგრამ, საბჭოთა ავტორების შენიშვნით, ამერიკელ სამხედროთა მადა მუდმივად იზრდებოდა. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წინაშე სვამდნენ ამოცანას 1986 წლისთვის შეექმნათ აუცილებელი პირობები ევროპაში ტაქტიკური გამანადგურებლების 80-მდე ესკადრილიის გადმოსროლისთვის, რაც მოითვლიდა დაახლოებით 1900 საბრძოლო თვითმრინავს.
საჰაერო და საზღვაო გადასროლების უზრუნველყოფასთან, ზოგადი დანიშნულების ძალების საბროლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მაღალ ხარისხში შენახვასთან ერთად ამერიკული სარდლობა უზარმაზარ სახსრებს ხარჯავდა აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნითაც როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე ყველაზე უფრო შესაძლო საომარ მოქმედებათა თეატრებზეც. აგრეთვე საწყობების სისტემის გასაშლელად ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ზღვისმიღმა ომთ-ებზე.
ქვემოთ უფრო დაწვრილებით შევეხებით ამერიკული შეიარაღების აღჭურვილობისა და მომარაგების საგნების წინასწარ დასაწყობების საკითხს უცხო ტერიტორიებზე, რაც წარმოადგენდა ამერიკული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას.
იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების სხვა ქვეყნებში წინასწარ განლაგება და განთავსება, ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით საშუალებას იძლეოდა მნიშვნელოვან ხარისხად შეემცირებიათ აშშ-ის შენაერთებისა და ნაწილების მოშორებულ ომთ-ებზე გადასროლის ვადები და გაეზარდათ ტემპები, რადგანაც ამ შემთხვევაში საჭირო გახდებოდა მხოლოდ პირადი შემადგენლობის მიყვანა მსუბუქი იარაღით. როგორც უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას (სამოქალაქო ავიაკომპანიების ფართოფუზელაჟიანი თვითმფრინვების გამოყენების გათვალისწინებით) გააჩნდა დიდი შესაძლებლობები პირადი შემადგენლობის გადაზიდვებში.
პირველად წინასწარ დასაწყობებამ თავისი პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა 1961 წელს, როდესაც ამერიკულმა სარდლობამ „ბერლინის კრიზისის“ შემდეგ ფედერაციული გერმანიის ტერიტორიაზე დაასაწყობა მძიმე შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ე. წ. „2+10“ პროგრამის მიხედვით, ე. ი. ორი საბრძოლო დივიზიისა და საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ათი ცალკეული ნაწილისთვის. 1960-იანი წლების ბოლოს პენტაგონმა დასავლეთ გერმანიიდან აშშ-ში გაიყვანა მექანიზებული ქვეითი დივიზია და ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, ხოლო მათი შეიარაღება დატოვა ევროპაში და მას დაუმატა იარაღი და სამხედრო ტექნიკა 74 ცალკეული ქვედანაყოფისთვის (არასადივიზიო დაქვემდებარებისა). ამ მარაგების დასაწყობებას ატარებდნენ პროგრამა „რეფორჯერის“ შესაბამისად („რეფორჯერი“ ნიშნავს – Return of Forces to Germany _ „ძალების დაბრუნება გერმანიაში“). მაშინვე ამ პირობითი დასახელებით დაიწყეს ამერიკული შეიარაღებული ძალების ყოველწლიური სწავლებების ჩატარება (გათამაშება), რომლებზედაც ამუშვებდნენ ჩრდილოამერიკული კონტინენტიდან დასავლეთ გერმანიაში ევროპაში ნატო-ს დაჯგუფების გასაძლიერებლად ჯარების გადმოსროლის, მათ მიერ საწყობებიდან იარაღის მიღებისა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოების საკითხებს.
საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ 1970-იანი წლების ბოლოს საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვაზე კურსიდან უკანდახევასა და კონფრონტაციის პოლიტიკაზე გადასვლასთან ერთდროულად ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება მძიმე იარაღის მარაგების გაზრდისა და მათი ზომების იმ დონემდე მიყვანის შესახებ, რომელიც აუცილებელი იქნებოდა ექვსი დივიზიის აღჭურვისთვის. ამის შესაბამისად 1981 წლისთვის შეიტანეს იარაღი რიგით მეოთხე დივიზიისთვის, ხოლო 1983 წლის ბოლომდე გეგმავდნენ კიდევ ორი შენაერთისთვის საჭირო შეიარაღების დასაწყობებას. შექმნა რა ასეთი მარაგები, პენტაგონის ხელმძღვანელობა, დასავლური პრესის აღნიშვნით, იმედოვნებდა ვითარების გამწვავებისას ევროპულ ომის თეატრზე ათი დღეღამის განმავლობაში ექვსი ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიის პირადი შემადგენლობის მსუბუქი იარაღით გადმოსროლას აქ უკვე გაშლილი დაჯგუფების გასაძლიერებლად.
დასავლურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში ამ მარაგებს მთლიანობაში უწოდებდნენ პომკუს-ს (POMCUS – Pre-positioned Material Configurated to Unit Sets). მათ ინახავდნენ საწყობებში კონკრეტულ ნაწილებსა და ქვედანაყოფებზე მიწერილი კომპლექტების სახით.
პომკუს-ის მარაგების მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნების ამოცანები ეკისრებოდა საბრძოლო ტექნიკის მომსახურებისა და უზრუნველყოფის ჯგუფს (მანჰაიმი, გფრ), რომელიც შედიოდა ევროპულ ზონაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ზურგის 21-ე სარდლობის შემადგენლობაში. მათ, კერძოდ, მიეკუთვნებოდა სპეციალურად გამოყოფილ საწყობებში შეიარაღების შენახვის ღონისძიებების შესრულება, ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის მისი გაცემა ომის შემთხვევაში, სწავლებების, მაგალითად „რეფორჯერის“ ჩატარებისას, აგრეთვე სხვა ოპერატიული ღონისძიებებისა, რომლებიც დაკავშირებული იყო სახმელეთ ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების აშშ-ის კონტინენტური ნაწილიან ევროპაში გადმოსროლასთან.
ორგანიზაციულად ჯგუფი შედგებოდა შტაბის, ოთხი ბატალიონისგან (აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის), ასევე საგანგებო პირობებში საბრძოლო ტექნიკის გადაზიდვების უზრუნველყოფის ქვედანაყოფის, მომსახურების ბატალიონისა და დაცვის ჯგუფისგან.
აღმოსავლეთის ბატალიონში შედიოდა სამი ასეული, რომლებიც ემსახურებოდნენ პომკუს-ის ოთხ საწყობს, განლაგებულს მანჰაიმის, კარლსრუესა და ჰერმესჰაიმის რაიონებში. ისინი ინარჩუნებდნენ შეიარაღების შესანახად აუცილებელ განსაზღვრულ პირობებს, ატარებდნენ სარეგლამენტო სამუშაოებს, პასუხს აგებდნენ აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან მოსული ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავის დროზე გაცემაზე და ღებულობდნენ მათ უკან შესანახად. დასავლეთის ბატალიონი მოითვლიდა ოთხ ასეულს და პასუხს აგებდა ხუთ სასაწყობო კომლექტზე პირმაზენსის, მიზაუს, კაიზერსლაუტერნისა და იდარ-ობერშტაინის რაიონებში, ხოლო ჩრდილოეთისა (ორ ასეულიანი შემადგენლობის) ემსახურებოდა ასეთ კომპლექსებს მიუნჰენ-გლადბახსა და ჰერონგენში. ყველა ამ ქვედანაყოფზე მიმაგრებული იყო საწყობები უკვე შექმნილი შეიარაღების მარაგებით ოთხი დივიზიისთვის დასვლეთ გერმანიის ტერიტორიაზე. ჩრდილო დასავლეთის ბატალიონი მაშინ იმყოფებოდა ჩამოყალიბების პროცესში და შემდგომში მას პასუხი უნდა ეგო ბელგიისა (გრობენდონკი, სიუტენდალი) და ნიდერლანდების (ემენი, კიორკრაიდი) ტერიტორიებზე მშენებარე საწყობებზე ამერიკული სახმელეთო ჯარების რიგით მეხუთე და მეექვსე დივიზიებისთვის. პომკუს-ის ყველა საწყობი გაშლილი იყო საბრძოლო მოქმედებების ზონის ზურგის რაიონში და გაერთიანებული იყო მსხვილ სასაწყობო კომპლექსებად.
1980-იანი წლების დასაწყისში ჯგუფის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება იყო დაახლოებით 5 ათასი ადამიანი, მათგან 700-ზე მეტი სამხედრო და 50-მდე სამოქალაქო მოსამსახურე, რომელთაც ჰქონდათ ამერიკული ქვეშევრდომობა, დანარჩენები კი იყვნენ ადგილობრივ დაქირავებული სპეციალისტები.
მატერიალურ საშუალებათა შენახვის საერთოდ მიღებული ხერხისგან განსხვავებით (ტექნიკის სახეობებისა და მომარაგების საგნების მიხედვით) პომკუს-ის მარაგებს ინახავდნენ კომპლექტებში თითოეული კონკრეტული ქვედანაყოფისთვის, მაგალითად ბატალიონის ან ასეულისთვის. იმ დროისთვის ასეთი კომპლექტები, რომელთა უმეტეს ნაწილს შეადგენდა ავტოჯავშანსატანკო ტექნიკა, დასაწყობებული იყო დაახლოებით 450 ქვედანაყოფისთვის. საბრძოლო მანქანებიდან მოხსნილი იყო სასროლი იარაღი, რადიოსადგურები, ლაზერული სამიზნეები, ღამური ხედვისა და ცეცხლის მართვის ხელსაწყოები და სხვა ელემენტები, რომლებიც იმყოფებოდა ასევე კომპლექტებში სპეციალურ სათავსოებში (გაძლიერებული დაცვის ქვეშ).
ყოველ ექვს თვეში ატარებდნენ მთელი დასაწყობებული შეიარაღების საერთო მდგომარეობის შემოწმებას, ხოლო ოთხ წელიწადში ერთხელ _ გულდასმით დათვალიერებას აუცილებელი სარეგლამენტო და სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებით.
როგორც დასავლურ პრესაში იტყობინებოდნენ, აშშ-დან მოსული ჯარებისთვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გაცემას ორგანიზებას უკეთებდნენ ჩვეულებრივ შემდეგნაირად. საწყობში პირველები მიდიოდნენ შეიარაღების მიმღებები მათზე მიწერილი ნაწილებიდან და ქვედანაყოფებიდან, რომლებიც იწყებდნენ სამხედრო ტექნიკისა და მაკომპლექტებელი ელემენტების მიღებას. საწყობის ზონაში საბრძოლო გათვლებისა და ეკიპაჟების მოსვლის შემდეგ იწყებდნენ იარაღის განკონსერვებასა და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას, მოხსნილი აღჭურვილობის, საბრძოლო მასალების, ქონების, ინდივიდუალური საბრძოლო კომპლექტების ჩატვირთვას, ახორციელებდნენ მანქანების საწვავით ნაწილობრივ გაწყობას. საბრძოლო ტექნიკის მზადყოფნის და მიხედვით ქვედანაყოფები მიდიოდნენ თავმოყრის პუნქტში, რომელსაც ნიშნავდნენ თითოეული საწყობის რაიონში. მასში ახდენდნენ ხელსაწყოების საბოლოო დაყენებას, მთელი მაკომპლექტებელი აღჭურვილობის ჩალაგებასა და დამაგრებას, ტექნიკის საწვავით ბოლომდე გაწყობას, აგრეთვე მისი მუშაობის უნარიანობის შემოწმებას. იარაღით სრულად აღჭურვილი ქვედანაყოფები წინ მიდიოდნენ კოლონების ჩამოყალიბების პუნქტებში, საიდანაც თავიანთი ნაწილების შემადგენლობაში მიიწევდნენ ოპერატიული დანიშნულების რაიონებისკენ. რიგი სწავლებების გაანალიზეის შემდეგ ამერიკელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ, მაგალითად, საბრძოლო ბატალიონისთვის ავტოჯავშანსატანკო ტექნიკის გაცემაზე, მომზადებასა და თავმოყრის რაიონში გასვლაზე იხარჯებოდა დრო 10 საათამდე.
როგორც უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღნიშნავდნენ, 80-იანი წლების დასაწყისში არსებული პომკუს-ის მარაგების საერთო ღირებულება შეადგენდა 1,5 მლრდ. დოლარზე მეტს, ხოლო მათი სრულად დაკომპლექტებისა და კიდევ ორი დივიზიისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დაგეგმილი დასაწყობების გათვალსწინებით იგი მიაღწევდა 3,5 მლრდ. დოლარს.
საზღვაო ქვეითი ჯარის სტრატეგიული მობილურობის ამაღლებისა და ევროპულ ომის თეატრზე გადმოსროლის ვადების შემცირებისთვის 1981 წლის ბოლოს აშშ-მა შეთანხმება დადო ნორვეგიის მთავრობასთან ქ. ტრონჰემის რაიონში (ჩრდილოეთ ნორვეგია) მძიმე შეიარაღების წინასწარ დასაწყობებაზე საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო ბრიგადისთვის, რომელიც ნატო-ს სტრატეგიული გაშლის გეგმების მიხედვით აშშ-დან უნდა გადმოესროლათ ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგზე საბრძოლო მოქმედებების წარმოების მიზნით. 1984 წლისთვის ვარაუდობდნენ 155 მმ ყალიბის 24 ჰაუბიცისა და მათი გამწევების, დაახლოებით 250 ავტომობილისა და 100 მისაბმელის, ზქჯ-ის ორი საავიაციო ესკადრილიისთვის მაკოპლექტებელი აღჭურვილობის, საბრძოლო მასალების, საწვავისა და სურსათის დასაწყობებას. ამ შეთანმების შესაბამისად ნორვეგიამ ვალდებულება აიღო ამერიკული ჯარების გაშლისთვის მიეცა დაახლოებით 150 მანქანა (თოვლში მავალი), ორი ავტოსატრანსპორტო ასეული (90-90 ავტომობილით), სამედიცინო ასეული (35 სანიტარული მანქანით), საწვავ-საცხები მასალების ათეული (საწვავით გამწყობი ექვსი მანქანით), აუცილებელი საინჟინრო და დამხმარე აღჭურვილობა.
ყველა ჩამოთვლილი ღონისძიების შესრულება, როგორც აღნიშნავდნენ დასავლურ სამხედრო გამოცემებში, საშუალებას მისცემდათ ჰაერით გადმოესროლათ საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო ბრიგადის პირადი შემადგენლობა მსუბუქი შეიარაღებით ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან ჩრდილოეთ ნორვეგიაში პირველივე დღეებში ბლოკის სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის დაწყების შემდეგ. იმ პერიოდში მისი ზღვით ტრანსპორტირებისთვის კი საჭირო იყო 15-20 დღეღამე.
ტაქტიკური ავიაციის გადმოსროლის ვადების შემცირებისა და მისი საბძოლო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ოპერატიული დანიშნულების რაიონებში ამერიკული სჰძ-ის სარდლობა გეგმავდა ზღვისმიღმა ომთ-ებზე გადასასროლი ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის დამხმარე და სანავიგაციო აღჭურვილობის, აგრეთვე მომარაგების საგნების წინასწარ დასაწყობების განხორციელებას. უცხოელი სპეციალისების აზრით, ეს საშუალებას მისცემდათ გამოენთავისუფლებინათ სამხედრო-სატრანსოპორტო ავიაციის თვითმფრინავების ნაწილი სახმელეთო ჯარების გადასროლების განხორციელებისთვის.
მძიმე იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და მომარაგების საგნების წინასწარ დასაწყობების საკითხმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა 1980 წელს ე.წ. „სწრაფი გაშლის ძალების“ (სგძ) (*) შექმნასთან დაკავშირებით (ჟურნალის რედაქციის შენიშვნა: 1983 წლის 1 იანვრიდან სწრაფი გაშლის ძალები გარდაქმნეს აშშ–ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ცენტრალურ სარდლობად). იგი განკუთვნილი იყო უმთავრესად მოშორებულ ომთ-ებზე გამოყენებისთვის, რომელთაც გააჩნდათ სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურა, რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობები. პენტაგონის ხელმძღვანელობის შეფასებით, როგორც არასდროს, მწვავედ დადგა საკითხი სგძ-ის შემადგნლობიდან ჯარების აუცილებელი კონტინგენტის ოპერატიული დანიშნულების შესაძლო რაიონებში სწრაფად გადასროლისა და გაშლისთვის, აგრეთვე მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის შესახებ.
მოცემული პრობლემის გადაწყვეტის ერთერთ ძირითად მიმართულებად ამერიკულმა სარდლობამ აირჩია იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და მომარაგების საგნების წინასწარ დასაწყობება სგძ-ის სავარაუდო გამოყენების რაიონების მახლობლობაში. სგძ-ის გამოყენების ყველაზე უფრო შესაძლო რაიონებში (სამხრეთ-დასავლეთ აზია) რთული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების, რეგიონის ქვეყნები შიდაპოლიტიკური ვითარების არასტაბილურობის, აგრეთვე რიგი მათი მთავრობების ამ საკითხისადმი უარყოფითი პოზიციის გათვალისწინებით შერთებულმა შტატებმა იმ დროისთვის ვერ გაბედა წასვლა სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე სამხედრო ტექნიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნელყოფის საშუალებების წინასწარ განლაგების სისტემის გაშლაზე და დასაწყობების სისტემას ჰქმნიდა გემებში.
1980 წლის ივლისში ინდოეთის ოკეანეში კ. დიეგო-გარსიას რაიონში გაშალეს შვიდი გემ-საწყობი შეიარაღებით, აღჭურვილობით, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებითა და მტკნარი წყლით 12 ათას ადამიანამდე რიცხოვნების საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო ბრიგადისა და ამერიკული სჰძ-ის ტაქტიკური ავიაციის რამდენიმე ესკადრილიისთვის, რაც, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, საშუალებას მისცემდა მათ ეწარმოებინათ საბრძოლო მოქმედებები 15 დეღამის განმავლობაში. გემ საწყოების სახით იყენებდნენ „რო-როს“ კლასის სამ ტრანსპორტს („მეტეორი“, „მერკური“ და „იუპიტერი“) ჩატვირთვისა და გადმოტვითვის ჰორიზონტალური ხერხით, რომლებიც განკუთვნილი იყო ჯავშანსატანკო ტექნიკის, არტილერიისა და სხვა მსხვილგაბარიტიანი შეიარაღებისა და აღჭურვილობის დასაწყობებისთვის, ორ კომეციულ ტრანსპორტსა („ამერიკენ ჩემპიონი“ და „ამერიკენ კურიერი“) და ორ ტანკერს _ ერთს საწვავ-საცხები მასალებისა და მეორეს მტკნარი წყლისთვის.
ყველა ეს გემ-საწყობი დაკომპლექტებული იყო სამოქალაქო ეკიპაჟებით. დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, მათ არსებით ნაკლს წარმოაგენდა აღუჭურველ სანაპიროზე შეიარაღების გადმოტვირთვის უნარის არქონა, რაც მნიშვნელოვანწილად აძნელებდა საბრძოლო ტექნიკის გადაცემას საზღვაო ქეითი ჯარის ქვედანაყოფებისთვის, რომლებსაც ოპერატიული დანიშნულების რაიონებში გადაისროდნენ ჰაერით.
დასავლური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1981 წლის ბოლოს გემ-საწყობების რაოდენობა კ. დიეგო-გარსიას რაიონში გაზარდეს 13-მდე, რამაც საშუალება მისცათ შეექმნათ მათში მომარაგების საგნების მარაგები, რომლებიც გაანგარიშებული იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე 30 დღეღამის განმავლობაში.
მაგრამ ინდოეთის ოკეანეში გაშლილი გემ-საწყობები 1983 წელში უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა პენტაგონის შეკვეთებს. ისწრაფვოდა რა ამერიკული სამხედრო ყოფნის ზრდისკენ ამ რეგიონში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების სწრაფი გადასროლის შესაძლებლობებისა და სუსტად აღჭურვილი ომთ-ის პირობებში ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების წარმოების უნარის ყოველმხრივ ამაღლებისთვის ამერიკულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ შეიმუშავა პერსპექტიული პროგრამა. მის შესაბამისად, 1987-1988 წლებისთვის გემ-საწყობებში, რომლებიც იძლეოდნენ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის აღუჭურველ სანაპიროზე გადმოტვირთვის საშუალებას, გეგმავდნენ მძიმე შეიარაღებისა და მატეიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების კომპლექტების განთავსებას საზღვაო ქვეითი ჯარის სამი საექსპედიციო ბრიგადისთვის. კერძოდ, როგორც უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, გეგმავდნენ 160-მდე საბრძოლო ტანკის, 300-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერის, 18 თვითმავალი და 72 ბუქსირებადი ჰაუბიცის, 1000-ზე მეტი ავტომობილის დასაწყობებას.
განიხილავა რა წინასარ დასაწყობებას ამერიკული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის ამაღლებაში ერთერთი ქმედითი ზომის სახით, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა 80-იანი წლების დასაწყისში აგრძელებდა დასაწყობების პროგრამის გაფართოებას ინდოეთის ოკეანეში და ამთავრებდა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მარაგების შექმნას სახმელეთო ჯარების ექვსი დივიზიისა და ზქჯ-ის ერთი ბრიგადისთვის ევროპაში, აწარმოებდა დასაწყობების არსებული სისტემის სრულყოფის გზების ძიებას, ასევე ეძიებდა შესაძლებლობებს ახალი საწყობების გასაშლელად, პირველ რიგში ევროპულ ომთ-ებზე, ზრდიდა შენახული შეიარაღების, მათ შორის საავიაციო ტექნიკის ასორტიმენტს. კერძოდ, 1982 წლის იანვრიდან ატარებდნენ საარმიო ავიაციის ვერტმფრენების წინასწარ დასაწყობების სამუშაოებს.
საბჭოთა ავტორები აკეთებდნენ დასკვნას, რომ პენტაგონის გეგმები და პრაქიკული ღონისძიებები შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის ამაღლებისთვის, დაბეჯითებით აჩვენებდა, რომ ამერიკელი მილიტარისტები აქტიურად ახორციელებდნენ ცხოვრებაში როგორც „რეალისტური დაშინების“, ისე ახალ „პირდაპირი დაპირისპირების“ სტრატეგიას. ისწრაფვოდნენ მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში თავხედურად ჩარევისკენ.
XV. მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები პენტაგონის სამსახურში 1970-იან წლებში
საბჭოთა ავტორების სიტყვით, დასავლეთის, და პირველ რიგში აშშ-ის მმართველი წრეების მიერ 1960/70-იან წლებში საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვასა და ორ ბლოკს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების პრიორიტეტულობის აღიარებაზე თავის შეკავებამ და საგარეო პოლიტიკის “ძალის პოზიციიდან” გატარებამ თავისთავად გამოიწვია გამალებული შეიარაღების შემდგომი გაძლიერება, მეცნიერებისა და ტექნიკის მილიტარიზაციის განუწყვეტელი ზრდა. სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების სამხედრო მიზნებით გამოყენების მასშტაბებმა 1970-იანი წლების შუახანებისთვის მიაღწია ისეთ მაჩვენებელს, რომ თუკი მეორე მსოფლიო ომამდე მთელი ამერიკული სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების 1/20 ატარებდა სამხედრო ხასიათს, 1974 წლისთვის მათი წილი აღემატებოდა 4/5-ს.
მათემატიკის, ბირთვული ფიზიკის, სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის, რადიოელექტრონიკის, კვანტური ელექტრონიკის, აგრეთვე მეცნიერებისა და ტექნიკის სხვა იმ დროისთვის უახლესი და პერსპექტიული დარგების განვითარება, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ჩაყენებული იყო პირველ რიგში იმპერიალიზმის აგრესიული წრეების სამსახურში. ამასთან ისინი აღნიშნავდნენ, რომ ტექნიკურ პროგრესთან, სამხედრო ტექნიკისა და მისი წარმოების პროცესის გართულებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების რიცხვი და მათი წარმოების ხარჯები. 1956 წელს ასეთ კვლევებზე ხარჯების წილი აშშ-ში შეადგენდა კვლევებსა და შემუშავებებზე საერთო სამთავრობო ასიგნაციების 6,3%-ს, 1972-ში კი _ დაახლოებით 25%-ს. 1970-იანი წლების შუახანებისთვის ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების 60%-ზე მეტს შეადგენდა სამხედრო შეკვეთები, რომლებსაც ასრულებდნენ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებში.
მეცნიერებისა და ტექნიკის უმნიშვნელოვანეს მიღწევებს პენტაგონი იყენებდა უწინარეს ყოვლისა იარაღის სხვადასხვა სახეობათა შემდგომი სრულყოფის, ამ იარაღების მიზნამდე მიტანის საშუალებების განვითარების, შეიარაღებული ძალების მართვის შესაძლებლობების ამაღლებისთვის.
იარაღის სრულყოფა. 1970-იან წლებში ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ჩვეულებრივი იარაღის ეფექტურობის შემდგომი ამაღლება შესაძლოა მომხდარიყო პირველ რიგში იმდროინდელი ქიმიის მიღწევების უფრო ფართო გამოყენების ხარჯზე, რომლის ბაზაზეც შესაძლებელი იქნებოდა დიდი სიმძლავრის ახალი ასაფეთქებელი ნივთიერებების შექმნა, აგრეთვე საბრძოლო მასალების კონსტრუქციების სრულყოფის შედეგად. ჩვეულებრივი საბრძოლო მასალების სიმძლავრის ამაღლების მაგალითად საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში მოჰქონდათ ზოგიერთი მონაცემი ამერიკული საავიაციო ბომბის BLU-82 (“კომანდოსის ნახტომი”) შესახებ, რომელიც ამერიკულმა ავიაციამ პირველად გამოიყენა ვიეტნამში 1971 წელს. ბომბი იწონიდა 6,8 ტ-ს, ბომბების ჩამოყრის სიმაღლე შეადგენდა 8000-10000 მ-ს, ჩამოგდებისთვის იყენებდნენ საპარაშუტო სისტემას. ამერიკული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებით, ასეთი ბომბის აფეთქებისას ნაგებობების ნგრევის ზონის რადიუსი შეადგენდა 450 მ-ს, საფრების (укрытия) გარეთ მყოფი ცოცხალი ძალის დაზიანების რადიუსი _ 500 მ-ს. ასაფეთქებელი ნივთიერების სახით იყენებდნენ ამონიუმის ნიტრატის, ალუმინის ფხვნილის, წყლისა და შემსქელებლის ნარევს.
1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების პირველ ნახევარში გამოჩნდა პრინციპულად ახალი საბრძოლო მასალები: საარტილერიო ჭურვები და საავიაციო რაკეტები ისრისებური მომაკვდინებელი ელემენტებით, ასევე ფოლადის ბურთულებით აღკაზმული სფერული მცირეყალიბიანი ბომბები. ასეთ საბრძოლო მასალებს ამერიკული ჯარები ფართოდ იყენებდნენ სამხრეთ ვიეტნამში ომის დროს. ბურთულებიან ბომბებს იყენებდნენ აგრეთვე ისრაელის ჯარები საბრძოლო მოქმედებებში არაბული ქვეყნების წინააღმდეგ.
ჩვეულებრივი იარაღის დამაზიანებელი თვისებების ამაღლებასთან ერთდროულად ახდენდნენ ამ იარაღის მატარებლებისა და მათი მართვის საშუალებების სრულყოფას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობდა დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით მიმდინარე ომში შეიარაღებული ძალების ეფექტურობის ამაღლებას.
ბირთვული იარაღი წარმოადგენს მასობრივი დაზიანების ყველაზე უფრო მძლავრ იარაღს, რომელშიც იყენებენ ორ ძირითად ბირთვულ რეაქციას: 1) მძიმე ბირთვების (ურან-235 და პლუტონიუმ-239) დაყოფისა და 2) მსუბუქი ბირთვების (დეითერიუმი, ტრიტიუმი, აგრეთვე მათი შენაერთები სხვა ელემენტებთან) სინთეზის. ბირთვული რეაქციის კუთრი ენერგია მილიონჯერ აღემატება ქიმიური რეაქციების კუთრ ენერგიას.
1970-იან წლებში აშშ-ში არსებულ ატომურ და თერმობირთვულ საბრძოლო მასალებს გააჩნდათ ტროტილის ექვივალენტი რამდენიმე ასეული ტონიდან რამდენიმე ათეულ მილიონ ტონამდე (მეგატონა). ამერიკულ ბეჭდურ გამოცემებში მიუთითებდნენ, რომ ბირთვული იარაღის შემდგომი განვითარება მიდიოდა ახალი გაყოფადი ელემენტების ან იზოტოპების გამოყენების გზით, რომელთაც ურან-235-სა და პლუტონიუმ-239-თან შედარებით ექნებოდათ გაცილებით უფრო ნაკლები კრიტიკული მასა. ეს თვისება ხელს შეუწყობდა ბირთვული იარაღის მატარებლის მასის შემცირებას ან მატარებლის მასის შენარჩუნებისას ბირთვული იარაღის სიმძლავრის გაზრდას.
ბირთვული იარაღის განვითარების ერთერთ მიმართულებად, რომელიც დაკავშირებული იყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცანის გადაწყვეტასთან, ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ ისეთი ბომბის შექმნას, რომლის მოქმედებაც დაფუძნებული იქნებოდა რენტგენის სხივების იმპულსების ფართო სპექტრის გამოყენებაზე, მცირედან ძალზედ დიდ ენერგიებამდე. ჩატარებული კვლევების შედეგად აშშ-ში გამოთქვეს ვარაუდი, რომ შორეული მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო იარაღს შეეძლო წაეღო 1 მგტ სიმძლავრის ექვივალენტური სპექტრული საბრძოლო მუხტი, რომელსაც ააფეთქებდნენ 1,5 კმ და მეტ დაშორებაზე ბალისტიკური რაკეტის სათავო ნაწილიდან. ითვლებოდა, რომ სპექტრული მუხტის სხივების ინტენსიური ნაკადის მოქმედებით რაკეტის სათავო ნაწილის სითბოდამცავი საფარველი აორთქლდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი დარღვევა.
პენტაგონის დავალებით აშშ-ში იკვლევდნენ აგრეთვე კოსმოსში ბირთვული ბომბის ნეიტრონული გამოსხივების მოქმედებას. უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, რომ კოსმოსში 1 მგტ სიმძლავრის ბირთვული ბომბის აფეთქებისას ნეიტრონების ნაკადს შეეძლო რაკეტის ელექტრონული სისტემების მწყობრიდან გამოყვანა 29 კმ-მდე მანძილზე, ხოლო ამ სისტემების მუშაობაში სერიოზული დარღვევების გამოწვევა 100 კმ-მდე დაშორებაზე.
დიდ სამუშაოებს აწარმოებდნენ მართვადი თერმობირთვული რეაქციების სფეროში, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია დედამიწაზე ენერგიის ახალი წყაროების მიღების პრობლემის გადაწყვეტისთვის. ამავდროულად ეს სამუშაოები ითვალისწინებდა პლაზმური ძრავების შექმნას, რომელთა გამოყენებაც გამოიწვევდა მსხვილ ცვლილებებს სარაკეტო ტექნიკაში, ავიამშენებლობასა და სხვა სფეროებში.
უფრო მოშორებულ პერსპექტივაში, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებით, იკვეთებოდა ახალი ბირთვული რეაქციის _ ანიჰილაციის მიღების შესაძლებლობა, რომელიც წარმოადგენს ნივთიერებების ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების შეერთებას ენერგიის უზარმაზარი რაოდენობის გამოყოფით. კუთრი ენერგია ანიჰილაციისას 1000-ჯერ აღემატება კუთრ ენერგიას ბირთვული რეაქციის დროს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ კვლევებს ქიმიური იარაღის შემდგომი სრულყოფის შესაძლებლობებში. ამ კვლევებისა და შემუშავებების შედეგებმა, საბჭოთა ავტორების შენიშვნით, პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა ვიეტნამში.
1970-იანი წლების შუახანებისთვის აშშ-ში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ შედარებით ახალგაზრდა დარგის _ კვანტური ელექტრონიკის განვითარებას. ამ სფეროში კვლევებს შორის პირველი ადგილი ეკავა თავდაცვის სამინისტროს პროგრამებს ლაზერული იარაღის, ლაზერული კავშირგაბმულობისა და ლოკაციის, ლაზერული სამიზნე მოწყობილობებისა და ლაზერების გამოყენებით ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების შექმნის საკითხებში. ცნობილია, რომ ამერიკული ჯარები ვიეტნამში უკვე იყენებდნენ საავიაციო ბომბებს დამიზნების ლაზერული სისტემით. ასეთივე ბომბებს იყენებდა ისრაელის ავიაცია არაბული ქვეყნების წინააღმდეგ ომში 1973 წლის ოქტომერში. აშშ-ის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში იმ დროისთვის მიღებული იყო ლაზერული მანძილმზომები. ამერიკელი სპეციალისტები შეიმუშავებდნენ დამიზნების ლაზერულ სისტემებს საარტილერიო ჭურვებისთვის.
ახალი იარაღის შესაქმნელად წარმოებულ სამეცნიერო კვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კვანტური ელექტრონიკის გამოყენების თემატიკას რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსსაწინააღმდეგო თავდაცვაში. ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ რაკეტებისა და კოსმოსური აპარატების დასაზიანებლად ლაზერების გამოყენებისას საჭირო არ იქნებოდა რთული გამოთვლების წარმოება რაკეტის ქობინის ან აპარატის დაზიანების წერტილის გამოანგარიშებისთვის, რამდენადაც ლაზერული სხივის სიჩქარე განსაკუთრებით დიდია.
1960-იანი წლების მიწურულსა და 70-იანების პირველ ნახევარში პენტაგონელი სტრატეგოსების ყურადღება მიპყრობილი იყო ე. წ. მეტეოროლოგიური იარაღის _ “მეტეოროლოგიური ომის” წარმოების ერთერთი საშუალების გამოყენების შესაძლებლობაზეც. ამასთან დაკავშირებით აფართოვებდნენ კვლევებს მეტეოროლოგიისა და გარემოს შესახებ მეცნიერებების სფეროში.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ამინდწარმოქნის პროცესების მართვის შესწავლით შეძლებდნენ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შტორმებისა და ქარიშხლების მიმართვას, განსაზღვრულ რაიონებში გვალვის ან მკვეთრი აცივების გამოწვევას აგრეთვე მისი თვითმფრინავებისა და ხომალდებისთვის წინააღმდეგობას. გამოჰქონდათ აგრეთვე “გეოფიზიკური ომის” წარმოების ილეთები, რომელიც ითვალისწინებდა ოზონის ფენაში წყვეტების შექმნას. ეს ფენა იმყოფება ატმოსფეროს ზედა შრეებში და აკავებს მზიდან დედამიწისკენ მომავალი ხისტი ულტრაიისფერი სხივების ნაკადს, რომელიც დამღუპველია ადამიანისთვის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსთვის. ოზონის დაშლის გამოწვევას ვარაუდობდნენ ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებით, რომლებსაც ატმოსფეროს ზედა ფენებში მიიტანდნენ რაკეტების ან კოსმოსური საფრენი აპარატების მეშვეობით.
ამ პროექტების მოჩვენებითი ფანტასტიურობის მიუხედავად, საბჭოთა ავტორები მათ მიიჩნევდნენ განსაკუთრებით საშიშად, რადგანაც “მეტეოროლოგიური” და “გეოფიზიკური” ომის საშუალებების შემუშავების შემთხვევაში გამოჩნდებოდა მასობრივი დაზიანების იარაღის ახალი კიდევ უფრო მძლავრი სახეობები.
იარაღის მიტანის საშუალებების განვითარება. იარაღის მიტანის ყველა საშუალება ამერიკულ შეიარაღებულ ძალებში შესაძლოა დავყოთ მიწისზედა, საზღვაო და საჰაერო-კოსმოსურ საშუალებებად. აქ ჩვენ შევჩერდებით მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების გამოყენების უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე იარაღის მიტანის საჰაერო-კოსმოსური საშუალებების განვითარებისთვის, რომელთაც მიეკუთვნება აეროსტატიკური და აეროდინამიკური საფრენი აპარატები, ბალისტიკური რაკეტები, კოსმოსური საფრენი აპარატები.
ა ე რ ო ს ტ ა ტ ი კ უ რ ს ა ფ რ ე ნ ა პ ა რ ა ტ ე ბ ს შეუძლია ფრენა ატმოსფეროს ჭავლურ დინებებში 11-50 კმ სიმაღლეზე. ზოგიერთი ჭავლური დინება შედარებით მდგრადია და გააჩნია 200-300 კმ/სთ რიგის სიჩქარე. 1970-იანი წლების შუახანებში ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ აეროსტატები შესაძლო იყო გამოეყენებიათ დაზვერვის წარმოების, მოწინააღმდეგის რადიოტექნიკური სისტემებისთვის ხელშეშლის შექმნისა და მასობრივი დაზიანების იარაღის მიზნამდე მიტანისთვის, აგრეთვე სხვა შესაძლო ამოცანების შესასრულებლად.
ავტომატური აეროსტატების სრულყოფას აშშ-ში მიმართავდნენ მათი ტვირთამწეობის გაზრდის, ფრენის სიმაღლისა და სიშორის ამაღლების, ეფექტური ამრეკლი ზედაპირის შემცირების, საბორტო აპარატურის მოდერნიზაციის გზით. ამასთან იყენებდნენ სხვადასხვა მეცნიერების მიღწევებს. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ავტომატური აეროსტატები წარმოადგენდა შედარებით იაფ და ეფექტურ საშუალებას, მათთან ბრძოლისთვის აუცილებელი იქნებოდა საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი ძალების გამოყოფა.
ა ე რ ო დ ი ნ ა მ ი კ უ რ ი ს ა ფ რ ე ნ ი ა პ ა რ ა ტ ე ბ ი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში წარმოდგენილი იყო თვითმფრინავებით, აგრეთვე “მიწა_მიწა”, “ჰაერი_მიწა”, “მიწა_ჰაერი” და “ჰაერი_ჰაერი” კლასების მართვადი რაკეტებით.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ხელს უწყობდა აშშ-ში აეროდინამიკური აპარატების სწრაფ განვითარებას. საკმარისია ითქვას, რომ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში ამერიკულმა თვითმფრინავებმა მიაღწიეს შემდეგ მაჩვენებლებს: სიჩქარე 3000 კმ/სთ, ჭერი 20 კმ-ზე მეტი, ფრენის სიშორე 16000 კმ-ის რიგის, საბომბე დატვირთვა 30 ტ-ზე მეტი (სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის). მართვადი რაკეტების მაქსიმალური სიჩქარე, მაგალითად “ჰაერი_მიწა” კლასის რაკატა SREM-თვის აღწევდა 4000 კმ/სთ-ს.
ამერიკელი სპეციალისტები 1970-იანი წლების დასაწყისში აღნიშნავდნენ, რომ უახლოეს ხანში გამოჩნდებოდა ჰიპერბგერითი თვითმფრინავები და რაკეტები. ამისთვის აუცილებელი იყო რიგი სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტა, სახელდობრ: ჰიპერბგერითი დინამიკის შემუშავება, ახალი ძრავების აგება, კინეტიკური გახურების პრობლემის გადაწყვეტა, მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნა. ამერიკული სამხედრო და სამეცნიერო ლიტერატურიდან იმ დროს ჩანდა, რომ ყველა ზემოდასახელებულ პრობლემას პენტაგონის სამხედრო კვლევებში უთმობდნენ მნიშვნელოვან ადგილს.
როგორც ცნობილია, ჰიპერბგერითი აეროდინამიკა სწავლობს საფრენი აპარატების მოძრაობას ატმოსფეროში დიდ ზებგერით სიჩქარეებზე (დაახლოებით ბგერის ხუთჯერად სიჩქარეზე მეტი /5M/), როდესაც მაღალი ტემპერატურების შედეგად დამუხრუჭებისას სასაზღვრო ფენაში ხდება ნივთიერების მოლეკულების დისოციაცია, ქიმიური გარდაქმნები და პლაზმაც კი წარმოიქმნება. წარმოქმნილი რთული მოვლენების აღწერა უკვე აღარ შეიძლებოდა იმდროინდელი ზებგერითი აეროდინამიკის საშუალებებით. აი რატომ ანიჭებდნენ პენტაგონში ასეთ დიდ მნიშვნელობას ჰიპერბგერითი აეროდინამიკის საკითხების გადაწყვეტას, რომელიც თეორიულ ბაზად გამოდგებოდა ჰიპერბგერითი თვითმფრინავებისა და რაკეტების შექმნის, აგრეთვე ბალისტიკური რაკეტების სათავო ნაწილებისა და კოსმოსური აპარატების შემუშავებისთვის.
დიდი სიჩქარეების მისაღწევად ამერიკელი სპეციალისტები განიხილავდნენ სხვადასხვანაირი ახალი ძრავების გამოყენების შესაძლებლობებს: ტურბოსარაკატოსი, პირდაპირი დინების საჰაერო-რეაქტიულისა (სარაკეტოსთან შეხამებით), თხევად-სარაკეტოსი და ბირთვულის.
კინეტიკური გაცხელების პრობლემის გადაწყვეტა, ე. ი. ეკიპაჟისა და კონსტრუქციის შრომისუნარიანობის უზრუნველყოფისა მაღალი ტემპერატურების პირობებში, რომლებიც წარმოიქმნება ჰიპერბგერით სიჩქარეებზე ფრენისას, მოითხოვდა სამეცნიერო კვლევების ჩატარებას პოლიმერების ქიმიის, მყარი სხეულის ფიზიკის, მასალათმცოდნეობისა და მასალების ტექნოლოგიის სფეროში.
მართვის ავტომატიზებული სისტემები განკუთვნილია აეროდინამიკური აპარატების ფრენის ეტაპების _ აფრენის, საბრძოლო გამოყენებისა და დაჯდომის (მრავალჯერადი გამოყენების აპარატებისთვის) _ ავტომატიზაციისთვის. ჰიპერბგერითი საფრენი აპარატებისთვის ასეთი სისტემების შემუშავება მოითხოვდა მათემატიკის, ფიზიკის, რადიოელექტრონიკის, კიბერნეტიკისა და სხვა მეცნიერებათა უკანასკნელი მიღწევების გათვალისწინებას.
აერდინამიკური აპარატების განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის უნარის მქონე თვითმფრინავებისა და საჰაერო ბალიშიანი აპარატების შექმნა.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ბალისტიკური რაკეტები 1970-იან წლებში წარმოადგენდა ბირთვული იარაღის ყველაზე უფრო ეფექტურ მატარებლებს, განსაკუთრებით სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტისას. ბალისტიკური რაკეტების განვითარების ძირითად გზებს აშშ-ში 1970-იან წლებში წარმოადგენდა: რაკეტების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სიზუსტის გაუმჯობესება, სტარტზე და ფრენაში მათი დაცულობის სრულყოფა, მათ მიერ მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვის ალბათობის ამაღლება.
რაკეტების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას აღწევდნენ სარაკეტო სისტემის კონსტრუქციის სრულყოფის, მისი საექსპლუატაციო თვისებების გაუმჯობესების, ფრენის მართვის ინერციული აპარატურისა და მთლიანობაში სტრატეგიული სარაკეტო-ბირთვული ძალების მართვის სისტემის სრულყოფის ხარჯზე. საბჭოთა ავტორებს მოჰყავდათ მხოლოდ ერთი მაგალითი, რომელიც ახასიათებდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გავლენას რაკეტების საბრძოლო მზადყოფნაზე. როდესაც რაკეტა “მინითმენში” ამერიკელებმა დააყენეს გიროსკოპი რესურსით 20 ათასი საათი (დაახლოებით 2,5 წელიწადი), მისი საბრძოლო მზადყოფნის განსაზღვრა დაიწყეს წუთით. საბრძოლო მზადყოფნის ასეთი მკვეთრი გაზრდა აიხსნება იმით, რომ საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ ახალ რაკეტებში გიროსკოპები განუწყვეტლივ ბრუნავდა, ხოლო ძველ გიროსკოპებს დატრიალებისთვის სჭირდებოდა 20 წთ-ზე მეტი.
რაკეტების სიზუსტის გაზრდის მიზნით სრულყოფდნენ მართვის ინერციულ სისტემას, აუმჯობესებდნენ რაკეტის ბალისტიკურ მახასიათებლებსა და გეოდეზიური უზრუნველყოფის სიზუსტეს, ეძიებდნენ რაკეტის ტრაექტორიის გაანგარიშების უფრო ეფექტურ მეთოდებს. ამისთვის იყენებდნენ ბევრი მეცნიერების, მათ შორის გეოდეზიის, ასტრონომის, ზეციური მექანიკის, მეტეოროლოგიისა და სხვების მიღწევებს. აწარმოებდნენ მართვის ახალი სისტემების კვლევებს, რომლებშიც არ იყო გიროსტაბილიზებული პლატფორმები. ასეთ მოწყობილობებში კოორდინატების საყრდენ სისტემას, რომელსაც ჩვეულებრივ სისტემებში ქმნიდნენ გიროსტაბილიზებული პლატფორმის მეშვეობით, რეალიზაციას უკეთებდნენ მათემატიკურად, საბორტო ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების (კომპიუტერების) მეშვეობით.
ამერიკული რაკეტების დაცულობას სტარტზე ამაღლებდნენ უმთავრესად შახტის სიმტკიცის გაზრდის ხარჯზე. უცხოური პრესის მონაცემებით, რაკეტა “მინითმენების” გასაშვები შახტები გაანგარიშებული იყო დარტყმის ტალღის ფრონტში ჭარბ წნევაზე 21 კგ/კვ.სმ. ამავე დროს აწარმოებდნენ სამუშაოებს ამ მაჩვენებლის გასაზრდელად. სასტარტო პოზიციების დასაცავად ამერიკელი სპეციალისტები იმედოვნებდნენ ე. წ. ზედაცული და ზემტკიცე შახტების აგებას მყარ კლდოვან გრუნტში.
აშშ-ში დიდ ყურადღებას უთმობდნენ ატომურ წყალქვეშა ნავებში განთავსებული ბალისტიკური რაკეტების განვითარებას. ამ ხომალდებს გადააიარაღებდნენ მრავალმუხტიანი სათავო ნაწილის მქონე ბალისტიკური რაკეტებით “პოსეიდონი” (3-14 ქობინი თითოეული 50 კტ სიმძლავრით). ნავში თავსდებოდა 16 რაკეტა სროლის სიშორით 4600 კმ. 1970-იანი წლების შუახანებისთვის აწარმოებდნენ სამუშაოებს ახალი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების “თრაიდენთის” შესაქმნელად, რომელთაგან თიოეულში განთავსებული იქნებოდა 24 რაკეტა სროლის სიშორით 9000 კმ-მდე.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვის ალბათობის გაზრდას აღწევდნენ რადიოწინააღმდეგობის განხორციელების, ახალი რადიოლოკაციასაწინააღმდეგო დაფარვების გამოყენების, ცრუ მიზნებისა და განცალკევებადი სათავო ნაწლების გამოყენების გზით. მოკლედ შევჩერდებით უკანასკნელ ხერხზე, რომელსაც პენტაგონის სპეციალისტები ანიჭებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
რაკეტების განცალკევებადი სათავო ნაწილებით აღჭურვა ითვალისწინებს უწინარეს ყოვლისა მათი ეფექტურობის ამაღლებასა და მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვის შესაძლებლობების გაფართოებას. 1970-იანი წლების დასაწყისში აწარმოებდნენ ისეთი სათავო ნაწილების შექმნის კვლევით სამუშაოებს, რომლებსაც ექნებოდა ქობინები სხვადასხვა სიმძლავრის ბირთვული მუხტებით, რომლებსაც ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ შეეძლებოდათ მანევრირება, ხოლო შემდეგ კი თითოეული მათგანი კონკრეტულ მიზანზე დაემიზნებოდა მართვის საკუთარი სისტემის მეშვეობით.
აწარმოებდნენ აგრეთვე რაკეტების ქობინების რადიოსალოკაციო აღმოჩენის გაძნელების საშუალებებისა და ხერხების ძიებაზე მიმართულ სამეცნიერო კვლევებს. ამისთვის მინაბოჭკოსა და სხვა მასალებისგან შეიმუშავებდნენ სხვადასხვანაირ სითბოდამცავ ეკრანებს, რომლებიც შთანთქავდნენ მიწისზედა რადიოსალოკაციო სადგურების (რადარების) გამოსხივებას. სწავლობდნენ რაკეტის სათავო ნაწილის ატმოსფეროში შემოსვლისას წარმოქმნილ პლაზმურ გარემოში ცივი აირის შეფრქვევის საკითხს, რასაც რადიოსალიკაციო სადგურებისთვის უნდა გაეძნელებინა მისი აღმოჩენა.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვის ალბათობის გასაზრდელად ქმნიდნენ აქტიური ხელშეშლის გადამცემებს, რომლებიც შესაძლო იყო გამოეყენებინათ სათავო ნაწილებზე ან სპეციალურ მძიმე ცრუ მიზნებზე. აქტიური რადიოწინააღმდეგობის საშუალებებს აშშ-ში მიაკუთვნებდნენ ბირთვულ აფეთქებასაც ატმოსფეროში, რომელიც იწვევდა რადიოტალღების ვერგავლას. ითვლებოდა, რომ 100-200 კმ სიმაღლეზე 1 მგტ სიმძლავრის ბირთვული მუხტის აფეთქებისას მეტრული დიაპაზონის რადიოსალოკაციო სადგურები შესაძლო იყო “დაებრმავებინათ” 17 წთ-ის განმავლობაში; ბირთვული მუხტის მქონე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რენტგენის გამოსხივების ზემოქმედებისგან სათავო ნაწილების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ეძიებდნენ სხვადასხვანაირ მაეკრანირებელ საშუალებებს.
ამერიკული სარაკეტო ტექნიკის შექმნასა და სრულყოფაში მნიშვნელოვანი იყო მრავალჯერადი გამოყენების პირველი საფეხურის მქონე რაკეტებისა და ბირთვული ძრავების მქონე რაკეტების შემუშავება.
ამერიკელი სპეციალისტების აზრით, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანების გადასაწყვეტად შესაძლო იყო გამოეყენებიათ კოსმოსური საშუალებებიც. სამხედრო მიზნებით კოსმოსის გამოყენების საკითხების შესწავლას აშშ-ში ატარებდნენ შემდეგი სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი იყო _ სათანამგზავრო სისტემების შექმნა, რომლებიც განკუთვნილი იქნებოდა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფისთვის. აქ შედიოდა თანამგზავრების სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, რადიოსანავიგაციო, გეოდეზიური და მეტეოროლოგიური სისტემები. მეორე მიმართულება ითვალისწინებდა სტრატეგიული შეტევითი კოსმოსური იარაღის შექმნას დედამიწაზე და კოსმოსში მიზნების დასაზიანებლად. მესამე მიმართულება მოიცავდა რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსსაწინააღმდეგო ამოცანების შემსრულებელ სისტემებს.
1970-იანი წლების შუახანებისთვის შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა სტრატეგიული დაზვერვის, კავშირგაბმულობის, ნავიგაციის, შეიარაღებული ძალების გეოდეზიური და მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის კოსმოსური სისტემები.
სადაზვერვო სისტემები იყენებდნენ თანამგზავრებს “სემოს-P”, “სემოს-M”, “ფერეტი”, “ლასპი” (“ბიგ-ბერდი”). თანამგზავრები “სემოს-P” განკუთვნილი იყო მიმოხილვითი ფოტოდაზვერვისთვის, ისინი მოძრაობდნენ 160-200 კმ სიმაღლის პოლარულ ორბიტებზე. აქტიური ფუნქციონირების დრო ჰქონდათ სამ-ოთხ კვირამდე. სანამგზავრები “სემოს-M” განკუთვნილი იყო დეტალური ფოტოდაზვერვისთვის. მათ უშვებდნენ 130-140 კმ სიმაღლის ორბიტებზე ეკვატორის სიბრტყისადმი 100-110 გრადუსით დახრით და მათი აქტიური ფუნქციონირების ხანგრძლივობა შეადგენდა 25-30 დღეღამეს. თანამგზავრები “ფერეტი” აძლევდათ რადიოტექნიკური სადგურების სიგნალების დაჭერისა და ჩაწერის, აგრეთვე მათი ადგილმყოფობის საკმარისად მაღალი სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას. რადიოსიგნალებს წერდნენ მაგნიტურ ლენტზე და გადასცემდნენ მიწისზედა პუნქტებში.
სტრატეგიული რაკეტების გაშვებებისა და ბირთვული აფეთქებების ადრეული აღმოჩენის მიზნით ამერიკული სარდლობა იყენებდა დაახლოებით 36 000 კმ სიმაღლის სტაციონარულ ორბიტებზე გაშვებულ თანამგზავრებს. ამ ტიპის ყველაზე უფრო სრულყოფილ თანამგზავრებად ითვლებოდა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები “იმეუსი”. გარდა ამისა, მომავალ კოსმოსურ დაზვერვაში, უცხოური გამოცემების მიხედვით, მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეკავებია პილოტირებულ კოსმოსურ აპარატებსა და ორბიტალურ სადგურებს.
რადიოსანავიგაციო თანამგზავრებს აშშ-ში იყენებდნენ სისტემა “ტრანზიტში” ატომური წყალქვეშა ნავების კოორდინატების ზუსტად განსაზღვრისთვის. ითვლებოდა, რომ ასეთმა სისტემამ საშუალება მისცათ მნიშვნელოვნად გაეზარდათ წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების “პოლარისისსა” და “პოსეიდონის” ეფექტურობა, რადგანაც რაკეტმზიდი წყალქვეშა ნავის ადგილის განსაზღვრის სიზუსტემ მიაღწია 150-200 მ.
კავშირგაბმულობის თანამგზავრებს აშშ-ში იყენებდნენ კავშირგაბმულობის სტრატეგიული და ტაქტიკური სისტემების შესაქმნელად. ვიეტნამში ომის დროს ამერიკელები იყენებდნენ სტაციონარულ თანამგზავრებს “სინქომი”, “ადვენტი”, “ტაქსატი” და სხვებს. შემდგომში კავშირგაბმულობის სისტემის სრულყოფისთვის ვარაუდობდნენ ასევე სტაციონარული თანამგზავრების გამოყენებას, რომლებიც დაცული იქნებოდა მოწინააღმდეგის შესაძლო ზემოქმედებისგან და უზრუნველყოფდნენ რადიოგამოსხივებას ფართო დიაპაზონში. პერსპექტიულ მიმართულებად ითვლებოდა კოსმოსში კავშირგაბულობისთვის ლაზერების გამოყენება.
გეოდეზიური თანამგზავრები განკუთვნილი იყო გეოდეზიური კოორდინატების სხვადასხვანაირ სისტემებს შორის კავშირის, დედამიწის ფორმის დაზუსტების, დედამიწის ზედაპირზე მანძილების განსაზღვრის სიზუსტის, დედამიწის გრავიტაციული ველის ვარიაციების გაზომვისთვის. გეოდეზიური თანამგზავრების დახმარებით ჩამოთვლილი სამეცნიერო და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაზე წარმოებული სამუშაოები მიმართული იყო უწინარეს ყოვლისა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ეფექტურობის ასამაღლებლად. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში აშშ-ში გეოდეზიური სისტემების სფეროში სამუშაოები თავმოყრილი იყო თანამგზავრებზე “გეოსი” (ორბიტის სიმაღლე 1200-1500 კმ).
მეტეოროლოგიური თანამგზავრები ამერიკული შეიარაღებული ძალების ყველა სახეობას უზრუნველყოფდნენ ინფორმაციით მეტეოროლოგიური ვითარების შესახებ. (ღრუბლიანობის მდგომარეობა, ტემპერატურა, ნალექები, დედამიწისა და ატმოსფეროს არეკვლის უნარი). ამ მიზნებისთვის იყენებდნენ “ითოსისა” და “ნიმბუსის” ტიპის თანამგზავრებს. გლობალური მეტეოროლოგიური სისტემის უზრუნველყოფისთვის ვარაუდობდნენ ასევე სტაციონარული თანამგზავრების გამოყენებასაც.
ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ კოსმოსური აპარატები სავსებით ვარგისი იყო მათი გამოყენებისთვის თავდასხმის საშუალებების სახით, აგრეთვე ორბიტალური კოსმოსური სადგურების სახითაც, რომლებიც, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, წარმოადგენდა სამხედრო მიზნებით კოსმოსის ათვისების ერთერთ ძირითად საშუალებას. მათი მეშვეობით ვარაუდობდნენ სადაზვერვო და სანავიგაციო ამოცანების გადაწყვეტას, რაკეტების გაშვებებზე მეთვალყურეობის განხორციელებას, პოლიგონებისა და სასტარტო პოზიციების ადგილმდებარეობის განსაზღვრას, კოსმოსური ობიექტების აღმოჩენისა და გაუვნებელყოფის წარმოებას.
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ 1970-იან წლებში აშშ-ში უკვე იყო ორბიტალური სადგურების შექმნის პროექტები, რომლებსაც ორბიტაზე ააწყობდნენ ცალკეული ბლოკებისგან. იტყობინებოდნენ, მაგალითად, რომ ასეთი სადგურები 6-12 ადამიანის ეკიპაჟით შეძლებდნენ ფრენაში ყოფნას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 1974 წლის 8 თებერვალს დასრულდა სადგურ “სქაილების” მეშვეობით კოსმოსში კვლევების პროგრამა. როგორც ცნობილია, სადგურის მესამე ეკიპაჟი სამი ადამიანის შემადგენლობით ორბიტალურ ფრენაში იმყოფებოდა 84 დღეღამის განმავლობაში.
სამეცნიერო კვლევების ფართო კომპლექსს აშშ-ში ატარებდნენ აგრეთვე რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტერესებში. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (რსთ, ПРО) საშუალებების შემდგომი განვითარება მიდიოდა ჰორიზონტსმიღმა აღმოჩენის რადიოსალიკაციო სადგურების (რლს), ადრეული აღმოჩენის კოსმოსური სისტემის შემუშავების, რაკეტსაწინააღმდეგო იარაღის სრულყოფის, ლაზერული იარაღის გამოყენების მიმართულებით. რაკეტსაწინააღმდეგო იარაღის გაუმჯობესებას ვარაუდობდნენ ქობინების დაჭერის (перехват) დასკვნით ეტაპზე დამიზნების ავტონომიური სისტემის გამოყენების გზით.
კოსმოსსაწინააღმდეგო თავდაცვას 1970-იან წლებში, აშშ-ის სპეციალისტების შეხედულებებით, უნდა გადაეწყვიტა შემდეგი ამოცანები: უწყვეტი მეთვალყურეობა კოსმოსურ სივრცეზე, კოსმოსური ობიექტების აღმოჩენა და ამოცნობა, მათი ორბიტების განსაზღვრა, თავისი ობიექტების მოწინააღმდეგის კოსმოსური დაზვერვისგან შენიღბვა და მოწინააღმდეგის კოსმოსური ობიექტების განადგურება.
შეიარაღებული ძალების მართვის საშუალებების განვითარება. შეიარაღებული ძალების მართვის სრულყოფისთვის აშშ-ში იყენებდნენ ბევრ სამხედრო და სამოქალაქო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. თეორიულ პლანში იკვლევდნენ მართვის ცალკეული ფუნქციების, უწინარეს ყოვლისა გადაწყვეტილებათა მიღებასა და დაგეგმარებაში, გადაწყვეტის ოპტიმალურ ხერხებს. პრაქტიკული ღონისძიებები მდგომარეობდა შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მართვის ორგანობის სრულყოფაში, სხვადასხვანაირი მართვის ავტომატიზებული სისტემების (მას) დანერგვასა და ათვისებაში.
აშშ-სა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებში 1970-იან წლებში შეიარაღებული ძალების სამხედრო მმართველობის სრულყოფაში მთავარი ადგილი ეკავა მმართველობის ყველა რგოლში ავტომატიზებული სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პრობლემებს. დაახლოებით 1965 წლიდან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობდა ტაქტიკური და სტრატეგიული დანიშნულების ავტომატიზებული სისტემების შემუშავება.
ტაქტიკური დანიშნულების მას-ები განკუთვნილი იყო საველე არმიების ნაწილებისა და ქვედანაყოფების, ტაქტიკური ავიაციისა და ხომალდების შენაერთების მართვისთვის. ბრძოლის ველზე ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემა შეიცავდა სამ ქვესისტემას: საბრძოლო მოქმედებების მართვის (“ტოსი”), საველე არტილერიის მართვისა (“ტაქფაირი”) და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მართვის (CS3). ისინი მოწოდებული იყო უზრუნველეყოთ საინფორმაციო და დასათვლელი ამოცანების ავტომატიზებული გადაწყვეტა, რომლებიც აუცილებელი იყო სარდლობისთვის ვითარების შეფასებისა და გადაწყვეტილებათა მიღებისთვის.
ტაქტიკური ავიაციის მოქმედების მას-ი (407L), რომელსაც იყენებდნენ ტაქტიკური ავიაციის ნაწილების საბრძოლო მოქმედებების მართვის პროცესების ავტომატიზაციისთვის ბრძოლის ველზე, უზრუნველყოფდა შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას: საბრძოლო მოქმედებების ზონაში თვითმფრინავების მართვა და მიზანზე გაყვანა, უშუალო საავიაციო მხარდაჭერა, საჰაერო მოძრაობის მართვა. ავტომატიზებული სისტემა NTDS განკუთვნილი იყო ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების შენაერთების (ერთი ხომალდის) საბრძოლო მოქმედებათა მართვის პროცესების ავტომატიზაციისთვის.
აშშ-ში ხდებოდა ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების (კომპიუტერების) სწრაფი განვითარება. 1960-იანი წლების მიწურულიდან აგებდნენ მესამე თაობის ეგმ-ებს მიკროელექტრონიკის (ინტეგრალური სქემების) ბაზაზე, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ინტეგრაციის შედარებით დაბალი ხარისხით. ამ მანქანების განსხვავება პირველი თაობის ეგმ-ებისგან მდგომარეობდა არა მხოლოდ ინტეგრალურ სქემებზე გადასვლაში, არამედ მანქანების სტრუქტურული სქემის შეცვლაშიც. პირველი და, ნაწილობრივ, მეორე თაობის მანქანებს უკვე გააჩნდა მოწყობილობების პარალელური მუშაობის საშუალება და ამის წყალობით შესაძლებელი იყო მათი გამოყენება რიგი ამოცანების გადაწყვეტისთვის.
ამერიკელი სპეციალისტების მტკიცებით, მომავალში შეიარაღებულ ძალებში გამოყენებას ჰპოვებდა მეოთხე თაობის ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები (მათ ზოგიერთ ნიმუშს 70-იან წლებში უკვე იყენებდნენ კიდეც), რომლებსაც ააგებდნენ დიდ ინტეგრალურ სქემებზე და შედეგად შემცირდებოდა მანქანების ზომები, ამაღლდებოდა მათი მოქმედების სიჩქარე, საიმედობა და ეკონომიურობა. გამოჩნდებოდა ახალი ალგორითმული ენები, გააუმჯობესებდნენ პერიფერიულ მოწყბილობებს, ვარაუდობდნენ ინფორმაციის ხმით გამოყვანის მოწყობილობების შექმნას. დაბოლოს, მეოთხე თაობის ეგმ-ებში მოხდებოდა მანქანების კავშირგაბმულობის სისტემებთან მჭიდრო შეუღლების პროცესი, რომელიც დაიწყეს უკვე მესამე თაობის მანქანებში.
ითვლებოდა, რომ მომავალში ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებში ახალი დამამახსოვრებელი მოწყობილობების შექმნისთვის შესაძლებელი იქნებოდა ჰოლოგრაფიის ფართო გამოყენება. ჰოლოგრამებზე ასეთი მოწყობილობების მეხსიერების სიმჭიდროვეს უნდა მიეღწია მნიშვნელობებისთვის ასეულობით მილიონიდან მილიარდობით ბიტამდე ერთ კვადრატულ სანტიმეტრში.
საბჭოთა კავშირის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა 70-იანი წლების შუახანებში აცხადებდა შემდეგს: “ჩვენ არ გვაქვს უფლება გვავიწყდებოდეს აგრეთვე იმის შესახებ, რომ საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის პირობებში გრძელდება და ძლიერდება კიდეც პროცესი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ომის მატერიალურ მზადებას”. და საბჭოთა ავტორებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ წერილებში გამოქვეყნებული სულაც არა ამომწურავი მონაცემები მთელი სიაშკარავით გვიჩვენებდა ამ პროცესის კონკრეტულ მოვლენებსა და გამოვლინებებს, განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც მეცნიერების მიღწევებს პენტაგონი ფართოდ იყენებდა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი სახეობების შესაქმნელად. ისინი ასკვნიდნენ, რომ შეუწყვეტელი გამალებული შეიარღება ავალდებულებდა საბჭოთა შეიარაღებული ძალების მებრძოლებს მომავალშიც მაღალი სიფხიზლე გამოეჩინათ იმპერიალიზმის რეაქციული აგრესიული წრეების ხრიკებთან მიმართებაში და მოკავშირე ქვეყნეის ძმურ არმიებთან მჭიდრო კავშირში აემაღლებინათ თავიანთი საბრძოლო მზადყოფნა.
(დასასრული იხ. ნაწილი V)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment