წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) თავის “ქვათა ღაღადში” გულისტკივილით აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევრის სომეხთა ისტორიკოსების ერთი ნაწილი და ცალკეული რუსი ისტორიკოსებიც შეგნებულად ამახინჯებდნენ საქართველოს ნამდვილ ისტორიას გარკვეული მანკიერი მიზნების მისაღწევად. ამ გზაზე ისინი, ილიას თქმით, იყენებდნენ ისეთ ხერხსაც, რომ ზედმეტად ბერავდნენ მათთვის სასურველი ცალკეული ისტორიული ცნობების მნიშვნელობას, ხოლო რაც მათ ხელს არ აძლევდა, ასეთ ისტორიულ ფაქტებსა და საბუთებს ვერც კი ამჩნევდნენ. ეს მეტად გულსატკენია, მაგრამ განა მხოლოდ ცალკეულ სომეხ და რუს ისტორიკოსებს ახასიათებთ ასეთი სენი, განა ქართველი ისტორიკოსები კი არ სცოდავენ ამ მიმართებით? და თუ სცოდავენ, განა კი არიან ისინი გულწრფელნი და პატიოსანნი, როდესაც ამავე დროს ცამდე აჰყავთ ილია ჭავჭავაძე და თითქოს დიდ პატივისცემასაც გამოხატავენ მისდამი?
ახლა კონკრეტულ საკითხებს შევეხოთ. ჩვენს ბლოგში 2010 წლის ნოემბერ–დეკემბრის თვეებში გამოვაქვეყნეთ წერილი “ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ”, რომელშიც მკითხველს მოვუთხრეთ საქართველოში ყველასგან პატივცემული და დაფასებული ისტორიკოსის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მიერ, სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობათა გაყალბების შესახებ თავის წიგნში “დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში”, ვისი ანტირუსული (გნებავთ ანტირუსეთული) არგუმენტაციაც შემდგომში დასაბუთებულად იქნა გაბათილებული ქართველი საბჭოთა ისტორიკოსების, პროფესორების იასე ცინცაძის, ვალერიან მაჭარაძისა და გიორგი პაიჭაძის მონოგრაფიებში, აგრეთვე ჯუმბერ ოდიშელის მიერ თარგმნილ და გამოქვეყნებულ “კაპიტან დე გრაი დე ფუას რელაციაში (მოხსენებაში)”, რომელიც უფრო ადრე (1768-70 წწ.) გახლდათ საქართველოში ცნობილი გენერალ-მაიორ ტოტლებენის ადიუდანტი და იმ მოვლენების მონაწილე. თანაც ზემოხსენებულ ქართველ პროფესორებს უხვად მოაქვთ ამონარიდები ისტორიული დოკუმენტებიდან, რასაც ძალზედ მწირად და ტენდენციურად მიმართავდა ივ. ჯავახიშვილი აღნიშნულ ნაშრომში, მისი სხვა წიგნებისგან განსხვავებით.
ახლა გვინდა შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს ისევ ივ. ჯავახიშვილის შრომებიდან. საქმე ეხება ბერძნულ და ქართულ სასულიერო წოდებას შორის არსებულ წინააღმდეგობებს XI საუკუნეში, რომელიც გადმოცემული აქვს ჩვენს აკადემიკოსს “ქართველი ერის ისტორიის” II ტომში, სახელდობრ მე-7 თავში “საქართველოს სოციალური და კულტურული მდგომარეობა გაერთიანების ხანაში” (1983 წ. გამოცემა, გვ. 164-192), სადაც 168-172 გვედებზე ვკითხულობთ:
“ამ ხანებშივე მომწიფდა და ჩამოყალიბდა ქართული ეროვნული თვითშემეცნებაც და ბევრი იმ აზრთაგანი, რომელიც შემდეგ საუკუნეებში, ჩვენ დრომდისაც-კი, ჩვეულებრივ მიღებული და გაბატონებული იყო და არის, სწორედ იმ დროს იყო შემუშავებული და გამოთქმული. ქართული ეროვნული თვითშემეცნების განმტკიცებისა და გამოკვერისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უცხოეთში მდებარე ქართველთა მონასტრებს სინას მთისას და პალესტინისას, შავის მთისას და განსაკუთრებით ათონის ივერთა დიდებულს ლავრას, მის დამაარსებლებს იოანეს და ექვთიმეს, და გიორგი მთაწმინდელს.
მართლაც, ქართული ეკლესიისა და მწერლობის წინაშე ი ო ა ნ ე მ თ ა წ მ ი ნ დ ე ლ ს და იმის შვილს ე ქ ვ თ ი მ ე ს დიდი ღვაწლი მიუძღვით. მათ მიერ დაარსებული მონასტრის მრავალ-მხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა სამშობლო ქვეყნისათვის არ შეწყვეტილა დამფუძნებელთა სიკვდილის შემდგომაც; იგი შეიქმნა მკვიდრ სამწერლობო-სამეცნიერო დაწესებულებად, რომელიც საქართველოს მაშინდელ განათლებულ ქვეყნებთან აერთებდა. მაგრამ ჩვენდა სამარცხვინოდ, იოანესა და ექვთიმის დიდი ღვაწლისდა მიუხედავად ჩვენ მწერლობაში ჯერაც ხეირიანად შესწავლილი არ არის მათი ცხოვრება, ჯერაც სავსებით გამორკვეული და დაფასებული არ არის ათონის მონასტრის მნიშვნელობა; თუმცა ჩვენამდის მოაღწია საუცხოვოდ დაწერილმა მათმა ცხოვრებამ; საბუთებიც ბლომად მოიპოვება ამისათვის...
იოანეს, ექვთიმეს და განსაკუთრებით მათ მემკვიდრე ქართველ მოღვაწეთა ეროვნული გრძნობა საბერძნეთში უფრო უნდა განმტკიცებულიყო, დიდის ხნით მოგზაურობას სხვადასხვა ადგილას და მონასტრებში ცხოვრებას უნდა ნათლად დაენახვებინა, რანაირი განწყობილება და ურთიერთობა სუფევდა ბერძენთა და ქართველთ შორის. ბერძნები მართლმადიდებლობას თავიანთი პოლიტიკური ბატონობის გავრცელების იარაღადა ხმარობდნენ და ზოგჯერ ბიზანტიელი ბერები ერთი მუჭა მიწების და მამულების დაპატრონების იმედით თვით ერთმორწმუნე ქართველების საბერძნეთითგან განდევნას ცდილობდნენ. საბერძნეთის მძლავრება და ცბიერება კარგად იცოდნენ ქართველებმა სამშობლოშივე, ტაო-ლკარჯეთსა და მესხეთში საზოგადოდ ამ ხანაში ერთხელ და ორჯერ არ უნახავთ ქრისტესმოსავი ბერძენი მხედრობის პარპაშობა. მაგრამ ის ქართველი, რომელიც სამშობლოში ცხოვრობდა, საითგან წარმოიდგენდა, რომ თვით ბერძენ ბერებსაც ბატონობის დიდი მადა ჰქონდა და ერთმორწმუნე ქართველთა წარმატებას შურის და მტრობის თვალით დაუწყებდნენ ყურებას. ორიოდე ქვემომოყვანილი მაგალითი ცხოვლად დაგვიდასტურებს ქართველ-ბერძენ მონაზონების ურთიერთ-შორისს გამწვავებულს დამოკიდებულობას.
ექვთიმეს მოადგილეს, მამასახლისს გიორგის, ბერძნებმა რომანოზ მეფის წინააღმდეგ განდგომილება და ღალატი დასწამეს; მართალი იყო თუ არა ეს შეწამება არა ჩანს, ქართველები-კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ გიორგი უბრალო იყო; მაინც და მაინც თუნდაც იგი დამნაშავე ყოფილიყო, ამის პასუხის მგებელი გიორგი უნდა ყოფილიყო მხოლოდ; მაგრამ გიორგი მთაწმინდელის სიტყვით “ვინაითგან ბერძენთა ესევითარი ჟამი პოვეს, ხელყვეს ყოვლითა ღონისძიებითა, რათამცა ქართველნი ამის მონასტრისა-გან აღმოჰფხურნეს; და ამის პირისა-თვის მოსწრაფებაი აჩუენეს და მთაი ყოველი თანაშეიწიეს და საბერძნეთისა დიდებულნი და პალატისა წარჩინებულნი ყოველნი მიდრიკნეს, და მრავალი შრომაი და ჭირი და რუდუნებაი ჩუენზედ მოაწიეს და, რათა მოკლედ ვთქუა, რამეთუ არა თუმცა უფალი შეწეულ იყო ჩვენდა... დღეს არცამცა ერთი ქართუელი არა იპოვების ესევითარსა ამას ვრცელსა და დიდებულსა ლავრასა შინა, რომელი ესე ფრიადითა წარსაგებელითა და მრავლითა ოფლითა მათ წმიდათა მამათა ჩუენთაითა ჩუენ ქართველთა-თვის აღშენებულ იყო და აღმართებულ” (ცხოვრებაი იოანესი და ექვთიმესი, 61).
“რამეთუ სამგზის დაიტყუევნა მონასტერი და რაიცა დრისტი ტურფაი იყო მამათა ჩუენთა მოგებული, ყოველი იავარ იქმნა და ეგრეთვე განძი და კუმაში” (იქვე, 60). გაიხსენეთ, რომ ეს მართლმადიდებელ საბერძნეთში მოხდა და მთელი ათონელი ბერძენი ბერები “მოსწრაფებით და თანაშეწევნით” ხელს უწყობდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ქართველთა მონასტრის გაცარცვაში!...
მაგრამ არც შემდეგ დამცხრალა სიძულვილი; ისევ “ჟამი პოვეს ბერძენთა და ვითა ცეცხლნი აღეგზნნეს ჩუენ-ზედა და სრულიად აღმოფხურაი ჩუენი ენება და დაპყრობაი სამკვიდრებელისა ჩუენისაი... დიდსა ჭირსა შინა ვიყვენით და საწუნელ და საძულელ მათდა და თითოეულად არცა თუ შესაძლებელ არს ყოვლისავე წარმოთქუმაი რამდენნი გინებაი, რამდენნი შეურაცხებანი და ყუედრებანი მოიწეოდეს მათ მიერ ჩუენზედა დღითი დღეი, და ცემითა და გუემითა და მწვალებელად ხადითა შეიწრებულნი დიდსა ურვასა შინა ვიყვენით; და ესეცა ენება, რათამცა სახელიცა მაშენებელთაი აღმოჰხოცეს" (იქვე, 63). უკეთეს მდგომარეობაში არც ამ მონასტრის წარმომადგენელი ნეტარი არსენი ყოფილა, რომელიც თავის თანამოძმეთა მდგომარეობის გაუმჯობესებასა ცდილობდა და მეფეთა წინაშე შუამდგომლობდა; იგიც “იგუემა-ცა და მრავალი შრომაი დაითმინა, და საპყრობილედ შეწყუდევაი და კიცხვაი და ბასრობაი...” (იქვე, 64). ცხადია, რომ ეს იყო მხოლოდ აღგზნებული სიძულვილის ზვირთების ცემა, დიდი ხნის მტრობისა და შურის შედეგი; უეჭველია, ეს გრძნობა წინათაც არა ერთხელ იჩენდა თავს, არა ერთხელ აგრძნობინებდა ქართველებს თავიანთ ობლობასა და უცხოობას მართლმადიდებელ ბიზანტიაში. ადამიანის სულიერი ბუნება იმგვარია, რომ ეროვნული გრძნობა უცხოობაში უფრო ცხოველდება ხოლმე; ხოლო საღს ეროვნულს სხეულს ისეთი თვისება აქვს, რომ რაც უფრო ბევრი ბრძოლა მოუხდება სხვათა ეროვნულ მძლავრ გრძნობასთან, ეროვნული გრძნობა უფრო და უფრო გაკაჟდება ხოლმე და თვითშემეცნება უფრო გარკვეული და მკაფიო ხდება. ეროვნულ დევნას მუდამ დევნულთა უფრო მჭიდრო შეკავშირება და შეერთება მოჰყვება ხოლმე შედეგად. სწორედ ამიტომაც იყო, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბერები ცდილობდნენ ერთი-ერთმანეთთან დაახლოვებას და ერთ ადგილას თავის მოყრას. გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს, რომ იოანე გრძელის ძემ და არსენი ნინოწმინდელმა “განიზრახეს, რათა წარვიდეს უცხოსა ქუეყანასა, რომლისა-თვისცა წარვიდეს კერძოთა პონტოისათა, უდაბნოთა ადგილთა... ეუწყა მამათა ჩუენთა მათთვის, ვითარმედ მუნ იყოფებიან და წარავლინეს ძმაი ერთი და მიუწერეს წიგნები, ვითარმედ: წმიდანო მამანო! გვეუწყა სიწმიდისა თქუენისა-თვის და ვცანთ მანდა ყოფაი თქუენი და ფრიად გულკლებულ ვართ, რომელ არა ინებეთ ამასა წმიდასა და სახელოვანსა მთასა მოსლვაი, რათამცა თქუენი წმიდაი ლოცვაი მიგუეღო; აწ ვევედრებით სიწმიდესა თქუენსა, რათა მოხვიდეთ და ერთგან ვიყოფებოდეთ, ვინაითგან უწყით, რომელ ჩუენცა უცხოებასა ვართ” (იქვე, 22). [ც ი ტ ა ტ ი ს დ ა ს ა ს რ უ ლ ი].
კეთილი და პატიოსანი. ის რაც ივ. ჯავახიშვილმა მოგვითხრო ათონის წმინდა მთაზე ივერიელთა მონასტერში ქართველი ბერ-მონაზვნების ცხოვრების შესახებ ექვთიმე ათონელის მონასტრის წინამძღვრობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შემდეგ, მართლაც ძალზედ მძიმე სურათს წარმოადგენს. მაგრამ კითხულობ თავად გიორგი ათონელის თხზულებას, რომელიც ჩვენს პატივცემულ ისტორიკოსს წყაროდ აქვს გამოყენებული და ხედავ რამდენადმე განსხვავებულ მდგომარეობას. სახელდობრ, როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, მას შემდეგ რაც ათონის მთაზე ათანასეს ლავრაში შემონაზვნებულმა იოანე-თორნიკემ უსარდლა ქართველთა დამხმარე მხედრობას და მცირე აზიაში დაამარცხა საიმპერატორო სახლის წინააღმდეგ ამბოხებული სარდალი ბარდას სკლიაროსი, კონსტანტინოპოლში მას უბოძეს დიდძალი სიმდიდრე, რომლითაც იოანე-თორნიკემ და ათონის მთაზე მოღვაწე სხვა ქართველმა ბერ-მონაზვნებმა ივერიელთა მონასტერი ააშენეს. გიორგი ათონელის თხზულების მიხედვით, ამ მონასტრის წინამძღვარი თავიდან გახლდათ იოანე, ხოლო მის შემდეგ კი მალევე ეს ადგილი დაიკავა ექვთიმე ათონელმა, სიწმინდით გამორჩეულმა ქართველმა ბერმა, იოანეს ღვიძლმა შვილმა, რომელსაც დიდ პატივს მიაგებდნენ როგორც ქართველი, ასევე ბერძენი მამებიც. როგორც გიორგი ათონელი აღნიშნავს: “ხოლო იგი ხორციელთა საქმეთა ზედა ფრთხილ იყო და მის ჟამისა წარჩინებულთა და მთავართა წინაშე სახელოვან და მთა ყოველი დიდად პატივს სცემდა და ეკრძალებოდა”. ცხადია, რომ იმ ხანად ქართველი ბერ-მონაზვნებისა და მორჩილების ცხოვრება ივერიელთა მონასტერში ისეთი მძიმე და განსაცდელებით აღსავსე არ იქნებოდა, როგორც ამას ვკითხულობთ ივ. ჯავახიშვილის წიგნში. ეს განსაცდელები დაიწყო ექვთიმე ათონელის მიერ წინამძღვრობის დატოვების შემდეგ, მაგრამ, გიორგი ათონელის მიხედვით, ამის წინაპირობები ჩადებულ იქნა თავად წმინდა მამის ცხოვრების წლებში. ვნახოთ, თუ რას წერს გიორგი მთაწმინდელი თავისი თხზულების “ცხორება ნეტარისა მამისა ჩვენისა იოვანესი და ეფთვიმესი და უწყება ღირსისა მის მოქალაქობისა მათისა, აღწერილი გლახაკის გიორგის მიერ ხუცეს-მონაზონისა” XIX თავის დასაწყისში სადაც მოთხრობილია სწორედ ზემოთ მოყვანილი ამბები.
გიორგი ათონელი წერს, რომ “წმიდამან მამამან ჩვენმან ევთვიმე... კვალად, ბერძენნი ფრიად რაიმე შეიყვარნა და განამრავლნა და სრულიად მათდა მიმართ მიდრკა, ხოლო ქართველნი, ვითარცა ნასხურნი რაიმე და უნდონი, უგულებელს-ყვნა და შეამცირნა. რამეთუ, ვითარცა უწყით ყოველთა, ადრე შევირყევით და მიმოსლვასა მოსწრაფედ შეუდგებით და ამით მიზეზთა ფრიად ვავნებთ თვისთაცა სულთა და ადგილსაცა. ხოლო იგი ვითარცა იყო ფრთხილი და მძიმე კაცი, მეტნი რაიმე შეპოვნებანი და ლიქნანი ვერ შეეძლნეს, და კვალად ვინაითგან იხილა, რომელ ფრიადი ერი სახმარ იყო სივრცისათვის მონასტრისა და სიმრავლისათვის სამსახურებელთაისა, და ჩვენ არა დავდგებოდეთ, ბერძენთა მიექცა და იგინი განამრავლნა. გარნა ვინაითგან ჭეშმარიტისა ჯერ-არს თქმა, უკვეთუ მოვიდის ვინმე ქართველი, რომელსა კრებულსა შინა შეეძლის მსახურება, რაცა ეხმარებინ, ყოვლითავე ფერითა აღაშენის, ხოლო უკვეთუ კრებულსა შინა არა ენების ყოფა, სადაცა სოხასტერთა მონასტრისათა ენების ჯდომა, პურსა არავის უყენებნ ქართველსა; ესე კვლა ვითა შ ა ვ ი გ რ ი გ ო ლ იყო და ზ ა ქ ა რ ი ა მ ი რ დ ა ტ ი ს ძ ე და ა რ ს ე ნ ი და სხვანი ესევითარნი კაცნი, დიდთა პატივითა პატივ-სცემნ და მოწყალედ მოიკითხავნ და, ვითარცა ჰნებავნ, აღაშენებნ” (ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, თბილისი, 1978, გვ. 263).
როგორც ვხედავთ, ექვთიმე ათონელს თავად გაუმრავლებია ივერიელთა მონასტერში ბერძენი ბერების, მონაზვნების და მორჩილების რიცხვი, რადგანაც დიდი სივრცის მქონე მოსატერში შესაძლებელი იყო დიდი რიცხვის სასულიერო პირთა მსახურება, ქართველები კი იქ ცოტანი მიდიოდნენ და ისინიც ვერ იჩენდნენ მონასტრის კრებულში ცხოვრებისთვის საჭირო თვისებებსა და მოშურნეობას. ანუ უნდა ვაღიაროთ, რომ უკვე ივერიელთა მონასტრის დაარსების პირველივე ათწლეულებში მონასტრის ძმების უმრავლესობას, როგორც ჩანს, შეადგენდნენ ბერძენი ბერ-მონაზვნები. მათთვის ექვთიმე ათონელის წინამძღვრობა მისაღები ყოფილა (ივ. ჯავახიშვილი კი ამის შესახებ კრინტსაც არა ძრავს), მაგრამ უკვე მისი მონაცვალის გიორგის დროს დაწყებულა დაპირისპირებანი. აი რას წერს ამის შესახებ გიორგი ათონელი:
“ხოლო ვინაითგან წმიდამან მამამან ჩვენმან ევთვიმე წინამძღვრობა მონასტრისა დაუტევა და, ვითარცა ზემო ვთქუთ, გიორგი მამად დაადგინა, კნინღა და უმეტესნი ზემოხსენებულთა მათ წესთაგანნი შეცვალნა და თვისსა ნებასა და განზრახვასა შეუდგა და სხვათა რათმე წესთა და კანონთა ენება დამტკიცება. ხოლო დიდსა ევთვიმის დაღაცათუ უძნდა საქმე ესე, არამედ, ვინაითგან მშვიდობის მოყვარე იყო და სავსე სიყვარულითა, ყოვლადვე არა აცილა, არამედ თვისსა მსახურებასა განკრძალულ იყო და წიგნთა საღმრთოთა თარგმნასა შექცეულ” (იქვე). როგორც ვხედავთ, წმ. ექვთიმე ათონელის მიერ ივერიელთა მონასტრის წინამძღვრად დადგენილ გიორგის, რომელიც მისივე ნათესავი გახლდათ, რაღაც ისეთი ცვლილებები დაუწყია მონასტრის ცხოვრებაში, რომლებიც თავად ექვთიმესთვისაც უსიამოვნო და საძნელო საქმე იყო, ალბათ ასევე არ მოეწონებოდათ ბევრი რამ მონასტრის ბერძენ ძმებსაც, რასაც დღევავანდელი ქართველი საეკლესიო ისტორიკოსი სათანადო გულისხმევით უნდა ეკიდებოდეს; ჩვენ კი ვიტყვით, რომ არც ამის შესახებ ამბობს რაიმეს ივ. ჯავახიშვილი.
მივყვეთ ისევ გიორგი ათონელის თხზულებას. წმინდა მამა წერს: “და ამას ესევითარსა საქმესა შინა გარდახდეს ჟამნი რავდენნიმე და ამისა შემდგომად, ჟამთა რ ო მ ა ნ ო ზ მეფისათა, დიდად წარჩინებულ იქმნა გიორგი წინაშე რომანოზ მეფისა და დიდად საკუთარ და პატივცემულ. და მერმე – თუ ვითარ იქმნა, ღმერთმან უწყის – განდგომილება და ორგულობა დასწამეს დ ი ო გ ე ნ ი ს ა ვისთვისმე, რომლისათვის თქვეს, თუ მისი უნდაო მეფობა გიორგის და ამის მიზეზისათვის ექსორია-იქმნა გიორგი მონოვატს და მუნ აღესრულა ექსორიობასა შინა. და მონასტერი და ჩვენ ყოველნი, რომელნი დაშთომილ ვიყვენით, მას ჟამსა დიდსა ღელვასა და მიმოტაცებასა შთავცვივენით, რამეთუ სამგზის დაიტყვენა მონასტერი და, რაიცა დრისტი ტურფა იყო მამათა ჩვენთა მოგებული, ყოველი იავარ-იქმნა, და იქვე განძი და კუმაში” (იქვე, გვ. 263-264; უნდა იგულისხმებოდეს ბიზანტიის იმპერატორი რომანოზ III /1028-1034 წწ./).
როგორც დაკვირვებული მკითხველი შეატყობდა, ეს უკანასკნელი წინადადება “რამეთუ სამგზის დაიტყუენა მონასტერი... და სხვა” მოტანილი აქვს ასევე ივ. ჯავახიშვილსაც, მაგრამ რა დაუშავეს მას იმ ამონარიდებმა გიორგი ათონელის წიგნიდან, რომლებიც ზემოთ მოვიყვანეთ იმავე XIX თავიდან, სადაც ასევე მეტად საგულისხმო ამბებია მოთხრობილი საქართველოს საეკლესიო ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით. ალბათ ხელს შეუშლიდნენ იმაში, რომ ჩვენს პატივცემულ ისტორიკოსს დაეწყო თავიდანვე განქიქება და დადანაშაულება ბერძენი სასულიერო პირებისა ქართველების მოძულეობასა და გაშმაგებულ დევნაში. თუმცა კი ასეთი მტრობა მართლაც განვითარებულა, მაგრამ მას სულაც არა ის საფუძველი ჰქონია, რასაც ივ. ჯავახიშვილი უნერგავდა და მისი გადამმღერლები დღესაც უნერგავენ ქართულ საზოგადოებას. ამ მტრობის სურათები ცხოვლად აქვს აღწერილი წმ. გიორგი ათონელს და ისინი მოტანილი აქვს თავის წიგნში ივ. ჯავახიშვილსაც. ამის შესახებ გულისტკივილის გამოხატვის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ დღევანდელი ქართველი მკითხველისთვის ასევე გულსატკენი უნდა იყოს შემდეგი გარემოებაც; სახელდობრ ის, რომ ივ. ჯავახიშვილი თავის წიგნში მალავს კიდევ ერთ ისტორიულ გარემოებას, რომელიც ქართულ-ბიზანტიურ ურთიერთბებს დადებითი კუთხით წარმოაჩენს. სახელდობრ, წმ. გიორგი ათონელის სიტყვით, ამ კონფლიქტის გარკვეულ ეტაპზე, ღვთის წყალობითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლი მეოხებით, ბიზანტიის იმპერატორს მ ი ხ ე ი ლ ს დაუჭერია ქართველების მხარე ბერძენი ბერ-მონაზვნების მოძალების წინააღმდეგ. ვნახოთ თუ რას ამბობს ამის შესახებ წმინდა მამა:
“და ამათ რაი ჭირთა შინა ვიყვენით, არა-მცირედნი განსაცდელნი მოიწეოდეს დღითი-დღე ძმათა ზედა და უფროისად ნეტარსა არსენის, რამეთუ იგვემაცა და მრავალი შრომა დაითმინა და საპყრობილედ შეწყვდევა და კიცხევა და ბასრობა და ეგრეთვე ძმათა ყოველთა. ხოლო წმიდა ბერი გ რ ი გ ო ლ ნუგეშინის-გვცემნ და განგვამხნობნ, რათა არა სულმოკლე ვიქმნნეთ. ესე ყოველი რაი იხილა ღმერთმან ყოვლად ძლიერმან, სახიერებითა თვისითა ლმობიერ-ყო გული მ ი ქ ა ე ლ ქრისტეს-მოყვარისა მ ე ფ ი ს ა და წყალობად ჩვენდა მოაქცია და შემდგომად დიდთა ბჭობათა და გამოძიებათა ღირსი მამა ჩვენი გ რ ი გ ო ლ ი წყალობით მოიკითხა და ნებითა ღმრთისაითა კვალად დაგვიმკვიდრა ადგილი ჩვენი და საყოფელი წინაძღომითა და მოღვაწებითა გ რ ი გ ო ლ ი ს ი თ ა და ა რ ს ე ნ ი ს ი თ ა და ყოველთა ძმათა ჩვენთაითა, რომელთა-იგი იღვაწეს ვიდრე სისხლითა დათხევადმდე. და ჩვენ შემოვკერბით და მადლი მივეცით ღმერთსა და მრავალთა მათ ჭირთაგან განვისვენეთ.
და გარდახდეს რაოდენნიმე ჟამნი და მ ი ხ ა ე ლ მ ე ფ ე თესალონიკეს ჩამოვიდა. კვალად აღეტყინნეს ჩვენ ზედა ბერძენნი და მთა ყოველი აღძრეს და დიდებულნი ყოველნი განდრიკნეს და ენება, რათამცა პირველი იგი ბჭობა და ღმრთისა-მიერი ჩვენ ზედა წყალობა ცუდმცა-ყვეს და ამაო. არამედ განაცრუვა ღმერთმან ზრახვა მათი და ამაო-ყო აღძრვა მათი, რამეთუ კვალადცა ხელი წყალობისა აღგვიპყრა ღმერთმან და არა განგვთხინა წმიდამან ღმრთისმშობელმან ტაძრისაგან თვისისა, რომლისა-იგი ხელ-ყვეს ყოვლითავე ღონისძიებითა, რათამცა, ვინაითგან მონასტერი ვერ წაგვიღეს, ბარემცა დიდი ეკლესია რაით მიგვიღეს. რეცა სამართალიცა შესწევდა, რამეთუ, ვინაითგან აღშენებულ იყო, მათ ჰქონებოდა იგი ეკლესია და, ვითარცა ჰხედავთ, უაღრეს ქებისა აღმატებულ არს ჰაეროვნება და შვენიერება მისი, რომელ ამას მთასა შინა დაღაცათუ ფრიად არიან მონასტერნი, გარნა მსგავსი მისი არა იპოების და არა ხოლო მთასა, არამედ სხვათაცა მრავალთა ადგილთა. გარნა ესრეთიცა ურგებ იქმნა ხელ-ყოფა მათი, რამეთუ წმიდამან ღმრთისმშობელმან ჩვენ გლახაკთა გვიბოძა დიდებული იგი დიდებისა თვისისა ტაძარი და ყოვლადვე გვიღვწის და გვფარავს უღირსთა ამათ და უცხოთა მადიდებელთა და სამწყსოთა თვისთა. და ვითარცა ვთქუთ, რაჟამს ესრეთ მძიმედ ბრძოლა გვიყვეს, დაჯდა კვალად ქრისტეს მოყვარე მ ი ხ ა ე ლ მ ე ფ ე და ფრიადითა გამოძიებითა განბჭო და ეკლესია და მონასტერი ყოვლითურთ მონაგებით და სიმდიდრით ჩვენ გვიბოძა და ფრიადი წყალობა და სიტკბოება მოგვფინა. – მიაგენ ქრისტემან ათას წილად სულსა მისსა! მამა გ რ ი გ ო ლ პირველ ამის მეორისა ბჭობისა მიცვალებულ იყო, ხოლო ა რ ს ე ნ ი შემდგომად ამის მეორისა ბჭობისა მიიცვალა” (იქვე, გვ. 266-268; აქ უნდა იგულისხმებოდეს იმპერატორი მიქაელ IV /1034-1041/, რომანოზ III-ის ქვრივის, ზოიას მეორე ქმარი).
ასე მოგვითხრობს გიორგი ათონელი წმინდა მთაზე ივერიელთა მონასტრის არსებობის პირველი ათწლეულების შესახებ. როგორც ამ მონათხრობიდან ჩანს, მონასტრის პირველ წინამძღვრად მცირე ხნით ყოფილა იოანე, შემდეგ კი ეს მოვალეობა თავისი შვილის ექვთიმესთვის ჩაუბარებია. წმ. ექვთიმე ათონელს დიდი ხნის მანძილზე ღირსებით უტარებია თავისი ჯვარი და მონასტერი დიდად დაწინაურებულა მისი წინამძღვრობის ათწლეულებში, შემდეგ კი ეს მოვალეობა თავისივე ნათესავის მონაზონ გიორგისთვის ჩაუბარებია, თავად კი მთლიანად საეკლესიო წიგნების თარგმნისთვის მიუძღვნია თავი, ვინაიდან იმ ხანად ქართულ ენაზე საეკლესიო ლიტერატურის სერიოზული ნაკლებობა იყო, და ბევრი ხარვეზი ყოფილა როგორც ქართველთა ქრისტიანულ შეგნებასა და ზნეობაში, ისე ღვთისმსახურების კანონებისა და წესების ზუსტად და სათანადოდ აღსრულებაშიც. ამის გამო, რაზედაც გიორგი ათონელიც მიუთითებს, ბერძენ სასულიერო პირებს ქართველებზე ხშირად მწვალებლობაშიც კი შეუტანიათ ეჭვი, და არცთუ ყოველთვის ანგარების გამო და ჩვენი წინაპრებისთვის რაიმეს წართმევის მიზნით, როგორც ამას ივანე ჯავახიშვილი საგანგებოდ უსვამს ხაზს, არამედ ბევრჯერ ალბათ სავსებით გულწრფელადაც. ქრისტიანული ცოდნის ნაკლულობა მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში და, უწინარეს ყოვლისა, თავად სასულირო წოდებაშიც, ასეთი სერიოზული რომ არ ყოფილიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ მისცემდა საგანგებო დავალებას ექვთიმე ათონელს იმაზე, რომ მთარგმნელობით მოღვაწეობას შესდგომოდა და საეკლესიო ლიტერატურა ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა. ამის შესახებაც საუბრობს თავის თხზულებაში გიორგი ათონელი.
როგორც ზემოთ ვნახეთ, ექვთიმეს თავისი წინამძღვრობის წლებში მონასტერში ბერძენი ბერ-მონაზვნები და მორჩილები გაუმრავლებია, ვინაიდან მის ნაგებობაში სამოღვაწეო სივრცე დიდი ყოფილა, ხოლო ქართველი ბერ-მონაზვნები და მორჩილები კი ცოტანი. წმ. გიორგი ათონელი გულახდილად და დაწვრილებით ჰყვება ამის შესახებ, ახასიათებს ქართველთა გარკვეულ ნაკლოვან თვისებებსაც; თუმცა კი იმ ქართველებს, რომლებიც მოინდომებდნენ მონასტრის კრებულში ცხოვრებასა და მოღვაწეობას ყველანაირად ხელს უწყობდა, ასევე მათაც, ვისაც განკერძოებულად ცხოვრება და მოსაგრეობა ერჩივნათ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ათონის მთაზე ივერიელთა მონასტრის ძმობის უმრავლესობას მისი აშენების შემდეგ მალევე უკვე შეადგენდნენ ბერძნები, ქართველები კი მცირენი იყვნენ. მართალია, აქ მოღვაწეობდნენ ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, რომლებმაც უდიდესი ამაგი გასწიეს ქართველთათვის და ქართულ ენაზე თარგმნეს ბერძნული სასულიერო ლიტერატურა, მაგრამ საქმის ისე წარმოდგენა, როგორც ჩვენში უყვართ, რომ აქ საუკუნეების მანძილზე ასეულობითა და ათასეულობით ქართველი ბერ-მონაზვნები მოღვაწეობდნენ და ოსმალობა-ყიზილბაშობის ასწლეულებში საქართველოს მძიმე მდგომარეობის გამოყენებით რაღაც მაქინაციებითა და მანქანებით ისარგებლეს ბერძენმა სასულიერო პირებმა და ივერიელთა მონასტერი მიიტაცესო, ყველაფრიდან ჩანს რომ მართებული არ უნდა იყოს. თუმცა კი შედარებით უფრო მცირე მასშტაბებით, ბერძნულ სასულიერო წოდებას მართლაც მიუმართავს უკადრისი საქციელებისთვის როგორც გიორგი ათონელის ცხოვრების წლებში, ისე შემდეგ საუკუნეებშიც და ეს ყველაფერი გამოსაკვლევი, შესასწავლი და სათქმელია. ჩვენში კი საქმეს მარტივად აგვარებენ, ამბობენ ბერძენი სასულიერო პირები თავიანთი ამპარტავნების გამო ვერ გვიტანენ ქართველეს და ამიტომ გვჩაგრავენო; მაგრამ ათონის წმინდა მთაზე ბერძნების გარდა თავიანთი მონასტრები გააჩნიათ რუსებს, სერბებს, რუმინელებს, ბულგარელებს, და იმათ რაღატომ აჩერებენ მაშინ იქ ბერძნები? რატომ მათ წინააღმდეგ ვერაფერი მოიფიქრეს და გააწყვეს? როგორც ჩანს, იმათ მონასტრებში მოღვაწეობენ შესაბამისი რიცხვის რუსი, სერბი, რუმინელი, ბულგარელი მამები და მორჩილები და მათ შეუძლიათ თავიანთი მონასტრების ცხოვრების სრულფასოვნად წარმართა. ქართველი მონაზვნების მცირე ჯგუფიც მოღვაწეობდა თავიდან ათონის მთაზე ბერძნულ მონასტერში ათანასეს ლავრაში და იქ მას არავინ ავიწროვებდა. მაგრამ როდესაც ქართველებმა თავიანთთვის დიდი მონასტერი ააშენეს, იმდენი ბერ-მონაზვნები კი არ ჰყოლიათ, რომ იქ სრულფასოვანი სამონასტრო ცხოვრება და მოღვაწეობა წარემართათ, მაშინ მონასტრის საძმოს უმრავლესობა მალევე შეადგინეს ბერძენმა ბერ-მონაზვნებმა და ეს მოხდა მონასტრის ქართველი წინამძღვრის წმ. ექვთიმე ათონელის ინიციატივით. აი, ეს გახლავთ ნამდვილი მიზეზი კონფლიქტის სათავისა ათონის მთაზე ივერიელთა მონასტერში, და არა ბერძენი მამების უმიზეზო და უსაფუძვლო სიძულვილი ქართველი სასულიერო პირების მიმართ, რასაც ასეთ კრიმინალურ ფერებში გვიხატავენ ივანე ჯავახიშვილი და მისი ცილისმწამებლობის მიმყოლი სხვა ქართველი ისტორიკოსები.
ზემოთ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მოექცა ივ. ჯავხიშვილი მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს ცნობებს ისტორიული წყაროდან – გიორგი მთაწმინდელის თხზულებიდან, “ვითომდა არცა ყოფილაო”, სამაგიეროდ თავისი თხრობა ისე დაძაბა და დაჭირხნა, რომ ქართველ მკითხველს უთუოდ სერიოზულ უკმაყოფილებასა და მტრობას ჩაუდებდა გულში ბერძნული სასულიერო წოდების მიმართ. ეს უკმაყოფილება და მტრობა ბიზანტიისა და ბიზანტიულობის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში მართლაც არსებობს და ამაში, სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, ბევრია ქართველთა მხრიდან ჩვენი ისტორიის გაყალბებისა და ცილისწამების წილიც. ვთქვათ და ივანე ჯავახიშვილს შეეშალა და 1930-იან წლებში ასე წერდა, კი მაგრამ ან სხვა ქართველმა ისტორიკოსებმა ანდა სასულიერო პირებმა რატომ ვერ შეძლეს ამ ხარვეზის გამოსწორება, სადამდე უნდათ ასეთი სიყალბითა და ცილისმწამებლობით ატარებდნენ ცხოვრების გზაზე ჩვენს საზოგადოებას, რა სარგებელს ნახულობენ ამისგან და რას კარგავს ქართველობა უფლის მცნებების დარღვევით სიარულისა და თანაც “ჩვენთან არს ღმერთი”-ო განცხადებების გამო? რატომ გაიხადეს თანამედროვე ქართველმა ისტორიკოსებმა, ან მათმა ერთმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ცხოვრებისა და საქმიანობის წესად ჩვენი ნამდვილი ისტორიული წარსულის სურათის გაყალბება და მის ნაცვლად ნაძალადევად შეთითხნილი სიყალბის გამოფენა? მათი ასეთი საქმიანობა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების გაყალბებაში, აგრეთვე აფხაზებთან ურთიერთობებისაც, ჯერ კიდევ 1970-იან და 80-იან წლებში ხომ ქართულ საზოგადოებას 1990-იან და 2000-იან წლებში მრავალი განსაცდელის, სისხლის, სირცხვილის, ტანჯვისა და უბედურების ფასად დაუჯდა? ისტორიკოსი ხომ “წარსულში გადასული წინასწარმეტყველია” (XVIII ს. მიწურულის გერმანელ რომანტიკოს მწერალთა ჟურნალიდან “ათენეუმი”), რომელმაც თავისი ქვეყნისა და საზოგადოების ისტორიული წარსულის პატიოსნად და კომპეტენტურად შესწავლითა და გადმოცემით უნდა დაანახოს მის თანამედროვე საზოგადოებას თუ სად ყოფილა მისი მშობლიური ერი წარსულში, რა ავკარგით უვლია ცხოვრების გზაზე, რისთვის მიუღწევია, რა დაუკარგავს, დღეს სად არის, რა მდგომარეობაშია და როგორ უნდა იაროს წინ, რათა თავისი ცხოვრება კიდევ უფრო მეტად ღვთივსათნო, ჯანსაღი, სასიხარულო და წარმატებული გახადოს. ერი ხომ საერთო ისტორიული თანაგანცდებით ჩამოყალიბებულ ადამიანთა ერთობას წარმოადგენს, რომელმაც იცის თუ საიდან მოდის, დღეს სად იმყოფება და ხვალ საითკენ უნდა იაროს, ხოლო თუკი ცალკეული ისტორიკოსები ან მათი უმეტესობა ნამდვილი ისტორიის გაყალბებას დაიწყებს იმისთვის, რათა საკუთარი ერი ვითომდა უფრო უკეთესად წარმოაჩინოს, მაშინ ასეთი ისტორიკოსები ნამდვილად დათვურ სამსახურს გაუწევენ მშობლიურ ხალხს, ვინაიდან ისინი ლამაზ და ამაღლებულ ისტორიებს წამოსწევენ წინ სუფრაზე თავის მოწონებისა და სასიამოვნო სადღეგრძელოებისთვის, მაგრამ ერის ნამდვილი ისტორიული განვითარების გეზს კი აურევენ მათ მიმყოლ საზოგადოებას და ამ უკანასკნელს გადააქცევენ ხალხ-მოსახლეობად, რომელმაც თავისი წარსულიდან იცის მხოლოდ ჰეროიკული, ამაღლებული, ზნეობრივი, წარმატებული მაგალითები და ვერ გაუგია, თუ რატომ არის დღეს იგი ასეთ, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბილო მდგომარეობაში? ჰო, აი რუსების ბრალი ყოფილა, კიდევ იქ ვიღაც ბერძენი გულღვარძლიანი ბერ-მონაზვნები ყოფილან ჩვენი დამაქცეველნი, ჰოდა ახლა ვინმე სხვა “ფულიან ბიძიას” თუ ვნახავთ (აშშ, ნატო, ევროკავშირი), მაშინ კი ნამდვილად გვეშველებაო, და განა ბატი ტასიკოც ასე არ ფიქრობდა იმ ცნობილი მულტფილმიდან, და ეშველებოდა, ისევ მის “შემაწუხებელ” და მისგან მოძულებულ მოძმეს რომ არ ეშველა? ალბათ ვერა, და წავიდოდა კიდეც მისი “მხსნელი რაინდის” სადილზე.
ამჯერად ეს ვიკმაროთ, თუმცა კი ამ თემაზე სასაუბრო ძალზედ ბევრია, და ღმერთმა ქნას, რომ ჭკუაზე მოსულიყვნენ ისინი, ვინც ამ მანკიერებაში არიან გაბმული და მასზე ხელებს ითბობენ, ანუ საქართველოს ნამდვილი ისტორიის თავად ქართველი გამყალბებლები, ვინაიდან, როგორც ვთქვით, ისინი ერთის მხრივ აკნინებენ და ათახსირებენ ჩვენი ერის სიტორიულ შეგნებას, როგორვ წმ. ილია მართალი ამბობდა, დასცემენ ერს და გადააქცევენ მას ხალხ-მოსახლეობად, მეორეს მხრივ აღიზიანებენ, ახელებენ და ამძვინვარებენ ჩვენზე სხვა ხალხებს, ამჯერად იმავე რუსებს, რომელთაც, სხას რომ თავი დავანებოთ, მსოფლიო მნიშნელობის სახელმწიფო და სამხედრო მანქანა გააჩნიათ, განსაცდელში აგდებენ ჩვენი ქვეყნის ცალკეული მხარეების მცხოვრებთ (აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში), სისხლიან კონფლიქტებში ხვევენ მათ, თავად კი აქ თბილად წამოსკუპებულან დედაქალაქში და ახალ-ახალ ინტრიგებს ხლართავენ ახალ-ახალი პირადი სარგებლის მისაღებად; მესამეც, როცა კონფლიქტი სისხლიან შეჯახებამდე არ მიდის, არამედ მავანნი და მავანნი ქულებს იწერენ იმაზე, თუ როგორ დაიცვეს საქართველოს ინტერესები ამა თუ იმ ფორუმსა ან მოლაპარაკებებზე, თუ როგორ გვედავებიან სხვები იმას რაც ჩვენია და მათ არ ეკუთვნის, ისინი ხომ ამით ისევ ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების ნერვებზე, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე თამაშობენ, და სადამდე ჰგონიათ რომ მათგან მოტყუებული ხალხი მათ პასუხს არ მოთხოვს და ყველაფერი ეს ხახვივით შერჩებათ? ხოლო თუკი აქ შერჩებათ და ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ კაცთაგან პასუხს არავინ მოჰკითხავთ, რატომ ჰგონიათ რომ მათ შთამომავლობას არ მოუწევს ამაზე პასუხის გება, ან კიდევ როდესაც ამქვეყნიური დროებითი საცხოვრებლიდან მარადისობაში უნდა გადავიდნენ, განა მათ ენდომებათ იქ მარადიულ სატანჯველში ყოფნა? ხოლო თუ სასუფეველში ყოფნას ინატრებენ, განა კი შეძლებენ ამას: და რა უნდა აკეთონ იქ, უფლის სამეფოში ხომ არა აქვს გასავალი ინტრიგანობას, სიცრუეს, ცილისმწამებლობას, მექრთამეობას, მლიქვნელობას, ყაჩაღობას (საცა გასდით ხოლმე), ანუ ყოველივე იმას, რაზეც აქ ჩამოყალიბდნენ ასე დაგეშილებად და რაც ცხოვრების წესად გაიხადეს? წმინდა გიორგიმ, ქეთევან წამებულმა, წმინდა მეფეებმა არჩილმა და ლუარსაბმა, კახეთის აჯანყების მეთაურებმა წმინდა მოწამეებმა ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებმა ხომ უფლის სასუფევლის დამკვიდრებისთვის ამქვეყნიურ ცრუ ბედნიერებას მოწამეობრივი სიკვდილი ამჯობინეს? და ეს ჩვენი ისტორიკოსების ერთი ნაწილისთვის სამწუხაროდ მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოებისა და თავის მოწონების საგნად არის ქცეული. თავად მათ კი ამქვეყნიური ცრუ ამაოება ურჩევნიათ მოყვასის სიყვარულს, სიმართლით სიარულსა და ქრისტინულ ცხოვრებას, და ქმნიან ისეთ ვითარებას ქვეყანაში, როდესაც “ვინც თვლა არ იცის ოთხამდე კარგად, რვა კერძსა ყლაპავს”.
ირაკლი ხართიშვილი
No comments:
Post a Comment