Monday, January 10, 2011

ირლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე

(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილიების დამატებით გაცნობას)

ირლანდია შუა საუკუნეებში

ქვეყნის პირველი ჩვენთვის ცნობილი მაცხოვრებლები იყვნენ კელტები, რომელთაც მისცეს კუნძულს სახელწოდება ერინი (Erin), ე. ი. დასავლეთ კუნძულისა. რომაელებმა უწოდეს მას ჰიბერნია. იმ გრძელი პერიოდიდან, რომლის განმავლობაშიც ბრიტანეთი გახლდათ რომის პროვინცია, ირლანდიის შესახებ შენარჩუნებულია მხოლოდ მწირი ისტორიული ცნობები. მრავალრიცხოვანმა ირლანდიელმა მემატიანეებმა, რომლებიც წერდნენ არაუადრეს X საუკუნისა, აავსეს ეს პირველი ეპოქა დაუჯერებელი მონათხრობებით. IV ს.-მდე ირლანდიელები, შოტლანდიელებთან (სკოტებთან) ტომობრივი ნათესაობის წყალობით, იწოდებოდნენ ამავე სახელით; თვით შუა საუკუნეების დასაწყისშიც კი მწერლები ჯერ კიდევ უწოდებდნენ კუნძულს დიდ შოტლანდიას (Scotia major anu Scotia Hibernica). ძველი ირლანდიელები ცხოვრობდნენ ცალკეულ ტომებად, მემკვიდრეობითი ბელადების მმართველობის ქვეშ, ერთობლივად ფლობდნენ მიწას და დაკავებული იყვნენ თითქმის მხოლოდ მესაქონლეობით. დაახლოებით 430 წ. პატრიკმა, დაბადებით შოტლანდიელმა, გაავრცელა მათ შორის ქრისტიანობა. სიმშვიდე, რომელიც მეფობდა კუნძულზე, ხელს უწყობდა სწავლულობის განვითარებას მონოზვნებს შორის. უკვე VI ს.-დან ირლანდია გადაიქცა დასავლური სწავლულობისა და მეცნიერების ცენტრად; მისი სამონასტრო სკოლებიდან გამოდიოდნენ მატერიკზე ქრისტიანობის მქადაგებლები; მათი მთავარი სამჭედლო გახლდათ მონასტერი კ. იონეზე. სასულიერო წოდების ეს განათლებულობა, რომელსაც მცირე გავლენა ჰქონდა ხალხზე, გაქრა, როგორც კი ნორმანებმა და დანიელებმა დაიწყეს თავიანთი თარეშებით ირლანდიის შეწუხება. მხოლოდ XII ს. დასაწყისში ირლანდიელებმა, ბრიან ბოროიმეს წინამძღოლობით, გადაიგდეს ნორმანების უღელი. როდესაც, X ს. შუახანებში, ნორმანებმა მიიღეს ქრისტიანობა, ირლანდიის ეკლესია დაექვემდებარა პაპის ტახტს, საეკლესიო კრებაზე დროგედაში 1152 წ.; მისი ოთხი სამთავარეპისკოპოსოდან პრიმტობა დარჩა არმაგისას, რომელიც დაარსებული იყო ჯერ კიდევ პატრიკის მიერ. კუნძული მაშინ იყოფოდა ხუთ სამეფოდ: ლეინსტერი, მიუნსტერი, ულსტერი, კონაუტი და მიტი, რომელთაგან თითოეული, თავის მხრივ, იყოფოდა ცალკეული კლანების მეორეხარისხოვან ოლქებად, დამოკიდებული ბელადების მმართველობის ქვეშ. უმაღლესი ძალაუფლება იმყოფებოდა ერთი მეფის ხელში, რომელიც სარგებლობდა შეზღუდული ლენური ხელმწიფის უფლებებით. ხშირი ომები ხელს უწყობდა მოსახლეობის გაველურებას და ართმევდა მას შესაძლებლობას წინ აღდგომოდა უცხოელ დამპყრობლებს. დერმოდმა, ლეისტერის მთავარმა, ცოლი მოსტაცა ო’რურკს, მიტას ერთერთი ტომის ბელადს; ამისთვის, უმაღლესი ხელისუფლის როდერიხ ო’კონორის დახმარებით, იგი განდევნილ იქნა თავისი სამფლობელოებიდან და დახმარების საძებნელად გაემგზავრა ინგლისში, 1167 წ.

ინგლისის მეფემ ჰაინრიხ II-მ, რომელსაც უკვე დიდი ხანია, პაპის ადრიან IV-ის თანხმობით, ჩაფიქრებული ჰქონდა ირლანდიის დამორჩილება, 1169 წ. დაავალა ზოგიერთ თავის ბარონს, მათ რიცხვში მავრიკიუს ფიტც-ჯერალდს, უწინარეს ყოვლისა აღედგინათ დერმოდი მის სამფლობელოებში; შემდეგ როდესაც მის მიერ გაგზავნილმა გრაფმა პემბროკმა დაიკავა ვატერფორდი და დუბლინი, იგი თავად გამოცხადდა ირლანდიაში, 1171 წ. დეკემბერში. რადგანაც მისი დაპყრობები ემყარებოდა პაპის ბულას, ამიტომ განსაკუთრებით ადვილად დაემორჩილა მას სასულიერო წოდება. ლეისტერისა და მიუნსტერის მმართველები მალე დაექვემდებარენ ინგლისურ მფლობელობას, ხოლო 1175 წ. ოქტომბერში როდერიხიც, შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ, იძულებული შეიქმნა დათანხმებულიყო ხელშეკრულებაზე, რომლის ძალითაც ჰაინრიხს დარჩა კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილი, მას კი _ დასავლეთი; ამასთან ერთად მას უნდა ეღიარებინა საკუთარი თავი ინგლისის გვირგვინის ვასალად და მოხარკედ. ამ ხელშეკრულებამ გადაწყვიტა კუნძულის ბედი მრავალი ასწლეულის განმავლობაში. ინგლისელი ბარონები ძალით დაეუფლნენ მათთვის ფეოდების სახით მიცემულ მიწებს, განდევნეს იქაური ბელადები და შემოიღეს ინგლისური კანონები და მმართველობის სისტემა. ასეთნაირად დამორჩილებულ ოლქს უწოდებდნენ განაპირა მხარეს (окраина, the pale) და როგორც მმართველობის მიხედვით _ მეფის ნაცვალი და საკუთარი პარლამენტი, _ ისე თავისი შემდგომი განვითარებითაც მკვეთრად განსხვავდებოდა მასზე ბევრად აღმატებული სივრცის მქონე ჯერ კიდევ ვერ დამორჩილებული ე. წ. ველური ირლანდიისგან, რომელშიც ინგლისელები მუდმივად მიისწრაფვოდნენ ახალი დაპყრობებისთვის. ომებმა უცხოელებთან, ბარონების თვითნებობამ, ძალაუფლების სიყვარულმა და ურთიერთშორის ბრძოლამ, ისევე როგორც ჯერ კიდევ სუსტი სამეფო ხელისუფლების ეჭვიანობამ და უკუღმართმა ღონისძიებებმა გადააქციეს ირლანდია დავების, უწესრიგობებისა და გაჩანაგების არენად. როდესაც რობერტ ბრიუსი დაეუფლა შოტლანდიის გვირგვინს და იღბლიანად წაიყვანა ომი ინგლისთან, ირლანდიელმა ბელადებმა მიმართეს მას დახმარებისთვის საერთო მტრის წინააღმდეგ. მისი ძმა ედუარდი მოვიდა ჯარით 1315 წ. და გამოცხადებულ იქნა ირლანდიის მეფედ, მაგრამ სამწლიანი ომის შემდეგ, რომელმაც ძლიერად გაჩანაგა კუნძული, იგი დაიღუპა ბრძოლაში ინგლისელებთან, ხოლო შემდეგ კი დადგა უსრულესი ანარქიისა და თვითნებობის პერიოდი. თეთრი და ალისფერი ვარდის ბრძოლის დროს ირლანდიას უმეტეს წილად ეჭირა იორკის სახლის მხარე, მაგრამ ინგლისელების ძალაუფლება ირლანდიაში ამ ძმათაშორის ომის განმავლობაში, მნიშვნელოვნად იქნა დასუსტებული.

ტიუდორების მმართველობის დაწყებიდან ინგლისთან შეერთებამდე (1485-1801)

პირველი ტიუდორის, ჰაინრიხ VII-ის დროს მოხდა ცვლილება ირლანდიის ურთიერთობებში ინგლისთან. ჰაინრიხი დიდი სიფრთხილით შეუდგა დაკარგული გავლენის აღდგენას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მეფის რწუნებულის სახელწოდებით სახელდებული პოინინგის აქტი (1494), რომლითაც შეტანილ იქნა ახალი საწყისები დამორჩილებული ოლქის მმართველობაში და უკანასკნელი დგებოდა უფრო მეტად მჭიდრო დამოკიდებულებაში ინგლისთან: ირლანდიის პარლამენტის გადაწყვეტილებანი ექვემდებარებოდნენ ინგლისის მთავრობის მიერ მოწონებას. მაგრამ ეს დადგენილება ეხებოდა მხოლოდ ჯერ კიდევ არცთუ ვრცელ განაპირა მხარეს. ჰაინრიხ VIII წავიდა კიდევ უფრო შორს; ტიტული “ირლანდიის მბრძანებელი” (რუს. «властитель Ирландіи»), რომელსაც იმ დრომდე ატარებდნენ ინგლისის მეფეები, მან შეცვალა ტიტულით “ირლანდიის მეფე” (რუს. «король Ирландіи») (1542); მაგრამ მას არაფერი არ გაუკეთებია ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, და რეფორმაცია, რომელმაც მის დროს და მისი ვაჟის ედუარდ VI-ის დროს ირლანდიის ინგლისურ ოლქებში გაიდგა ძლივს შესამჩნევი ფესვები, ადვილად იქნა ჩახშობილი დედოფალ მარიას დროს. ელისაბედმა შემოიტანა რეფორმაცია ირლანდიაშიც და მოახდინა ქვეყანაში კათოლიკური ეკლესიის მთელი სიმდიდრის კონფისკაცია ახალი სასულიერო წოდების სასარგებლოდ. ამის შედეგად, უკვე 1560 წ. დაიწყო განუწყვეტელი აჯანყებები, რომელთა წამქეზებლებადაც იყვნენ ინგლისიდან გამოქცეულები, რომის პაპი და ესპანეთის სამეფო კარი. განსაკუთრებულად მრისხანე იყო ტირონის გრაფის ჰუგ ო’ნელის აჯანყება, რომელიც დაიწყო 1595 წ. და მიზნად გააჩნდა კუნძულის განთავისუფლება ინგლისური უღლისგან. დედოფალმა 1599 წ. ირლანდიაში გაგზავნა თავისი გამორჩეული (любимец) გრაფი ესექსი, მაგრამ მან ვერაფრის გაკეთება ვერ შესძლო; ო’ნელთან დადებულ ზავსაც ასევე არაფერი არ მოუტანია. ესექსის მენაცვალემ (преемник), ლორდმა მოუნთჟოიმ, რამდენიმე თვეში დაიმორჩილა ქვეყანა, უკუაქცია ესპანელები, რომლებიც 1601 წ. გადმოსხდნენ კინზელთან, და ტყვედ ჩაიგდო ო’ნელი. ელისაბედის გარდაცვალების დროისთვის მთელი ირლანდია დაქვემდებარებული იყო ინგლისის გვირგვინისადმი. აჯანყების ჩახშობამ შეიწირა ძირძველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, სხვები კი აიძულა გადასახლებულიყვნენ და საქმე წაიყვანა მრავალი მიწის კონფისკაციისკენ, რომლებიც დაურიგეს ინგლისელ კოლონისტებს.

მეფემ იაკობ I-მა ჩაიფიქრა გაეუმჯობესებინა ირლანდიის მდგომარეობა პოლიტიკური და სოციალური რეფორმებით. მას უწინარეს ყოვლისა სურდა გაეტეხა ირლანდიელი ბელადების თვითნებობა, რომლებიც, დროთა განმავლობაში, გადაიქცნენ ინგლისელ ბარონებად, და გადაექცია ირლანდიელები პირადად თავისუფალ ადამიანებად, ინგლისელების მსგავსად. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად მან ასევე დაიწყო გავლენიანი პირების ქონების კონფისკაციით; 800.000 აკრი მიწიდან, რომლებიც ასეთნაირად დარჩა მეფეს ირლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, მნიშვნელოვანი ნაწილი მიყიდულ იქნა შოტლანდიელი და ინგლისელი სპეკულიანტებისთვის. ამ ძალადობებს შეუერთდა კიდევ რელიგიური მტრობის გამწვავებაც კათოლიკების დამცირებული მდგომარეობის შედეგად, რომლებიც ირლანდიაში შეადგენდნენ უმრავლესობას, და მათი ჩამოცილების შედეგადაც ყველა ოფიციალური თანამდებობისგან. სტრაფორდის ენერგიული მმართველობის შემდეგ, ინგლისში კარლ I-ის დროს შინაომების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საქმე მივიდა შეთქმულებამდეც, რომელიც გამოწვეული იყო რელიგიური და ეროვნული ფანატიზმით და გამოიხატა 1641 წ. 23 ოქტომბერს საშინელი ხოცვა-ჟლეტით, რომლის მსხვერპლადაც იქცა ათასობით ინგლისელი პროტესტანტი. შემდგომ მომდევნო წლებში მეფის ნაცვალი გრაფი ორმონდი მთელი ძალებით ცდილობდა აღედგინა წესრიგი და სამეფო ხელისუფლება, მაგრამ ისიც და ამბოხებული ირლანდიელებიც იძულებული შეიქმნენ დაეთმოთ კრომველისთვის. უკანასკნელი მოვიდა ირლანდიაში 1649 წ. 15 აგვისტოს მრავალრიცხოვანი და გამოცდილი ჯარით, იერიშით აიღო ქალაქები დროგედა და ვეკსფორდი და ბრძანა დაეხოცათ მთელი მათი მოსახლეობა. საშინელებით შეპყრობილი ირლანდიელები უმეტეს წილად ბრძოლის გარეშე ტოვებდნენ თავიანთ სიმაგრეებს და გარბოდნენ ჭაობებში. ცხრა თვის განმავლობაში კრომველმა დაიმორჩილა თითქმის მთელი კუნძული, ხოლო შემდეგ კი უფროსობა გადასცა თავის სიძეს აირტონს (Ireton), რომელიც აგრძელებდა კიდეც დაწყებულ საქმეს. კრომველის მიზანი იყო დასასრული დაედო შეურიგებელი რასობრივი და რელიგიური მტრობისთვის კათოლიკების განდევნის (вытеснение) გზით, რომელიც იძულებული იყვნენ ან გასახლებულიყვნენ, ან კიდევ გადასულიყვნენ დასავლეთში, კონაუტში, იმ დროს, როდესაც მათ მიწებს ურიგებდნენ ინგლისელ კოლონისტებს, უმეტეს წილად _ კრომველის ჯარისკაცებს.

მაგრამ ეს გეგმა მხოლოდ ნაწილობრივ შესაძლოა ყოფილიყო შესრულებული. სამეფო ხელისუფლების აღდგენამ მცირედ თუ შეცვალა კათოლიკი ირლანდიელების უბედური მდგომარეობა. თუმცა კი კარლ II-მ შეწყვიტა რელიგიური დევნა, მაგრამ პროტესტანტებმა თავიანთთვის შეინარჩუნეს იქაურებისთვის ჩამორთმეული მიწები. მხოლოდ არცთუ ბევრმა ირლანდიელმა, რომლებმაც შეინარჩუნეს საკმარისი სახსრები ხანგრძლივი სასამართლო პროცესის წარმოებისთვის, დაიბრუნა ამ გზით თავიანთი მამულები. ამიტომ კათოლიკურმა რეაქციამ, რომელიც დაიწყო იაკობ II-ის ტახტზე ასვლის შემდეგ, გამოიწვია ირლანდიელებს შორის დიდი სიხარული. დაკარგა რა ინგლისის გვირგვინი, იაკობ II ცდილობდა 1689 წ. მის დაბრუნებას ფრანგების დახმარებით, რისთვისაც გადმოსხდა კიდეც ირლანდიაში. მას იქ აღტაცებით შეხვდნენ: ლონდონდერისა და ენისკილენის გამოკლებით, ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი გადავიდა მის მხარეზე, მაგრამ მალევე მოვიდა მეფე ვილჰელმ III ორანელი, დაამარცხა იგი ბოინთან (1690) და დაიმორჩილა მთელი ირლანდია. თუმცა კი კათოლიკებს ნება მისცეს თავისუფლად აღესრულებიათ მათი სარწუნოება, როგორც კარლ II-ის დროს, მაგრამ მათ ათასობით დაიწყეს გადასახლება საზღვარგარეთ. ინგლისის პარლამენტის გადაწყვეტილებით კვლავ მოახდინეს მილიონი აკრი მიწის კონფისკაცია და დაურიგეს პროტესტანტებს. ქალაქებში უკანასკნელებმა შეადგინეს ე. წ. ორანჟისტების საზოგადოებები ანუ ლოჟები, რომლებიც ფანატიკოსების მთელი გულმოდგინებით დევნიდნენ და ჩაგრავდნენ კათოლიკურ მოსახლეობას იმისთვის, რათა ჩაეხშოთ კათოლიკური და ეროვნული ელემენტების ყველანაირი მოძრაობა; გარდა ამისა, გამოცემულ იქნა სასტიკი კანონები, რომელთა მიხედვითაც ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები უნდა გასახლებულიყვნენ, ხოლო დაბალ წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ თავიანთი საგრაფოების დატოვება; არც ერთ კათოლიკს არ ჰქონდა უფლება დაეკავებინა რაიმენაირი თანამდებობა, შეეძინა მიწის საკუთრება, თავისუფლად გადაეცა მემკვიდრეობით თავისი ქონება და ა. შ. თუმცა კი ამ კანონებს ყოველთვის არ იყენებდნენ მკაცრად, მაგრამ ისინი ინარჩუნებდნენ სიძულვილსა და გაბოროტებას. სასურველი საკუთარი კანონმდებლობის ნაცვლად 1719 წ. კვლავ დამტკიცებულ იქნა პოინინგის აქტი, ხოლო 1727 წ. კათოლიკებს ჩამოერთვათ საპარლამენტო არჩევნების უფლება. ამ მუდმივმა შევიწროვებებმა აიძულეს დაჩაგრული ხალხი მიემართა თვითდახმარებისთვის. წარმოიქმნება მთელი რიგი რევოლუციური კავშირებისა, რომლებიც იმ დროდან თამაშობდნენ დიდ როლს ირლანდიის ისტორიაში.

ასე შედგა კავშირი ე. წ. Defenders; 1760 წ. გამოჩნდნენ Whiteboys, რათა დაესაჯათ და დაეხოცათ სასტიკი მემამულეები, მღვდელმსახურები, აგენტები და მოხელეები; მათთან თითქმის ერთდროულად, 1763 წ., მოქმედებდნენ Hearts of oak, ე. ი. მუხის გულები, რომლებიც აჯანყდნენ მძიმე იძულებითი სამუშაოების წინააღმდეგ გზების მოსაწყობად. საერთო ჯამში ამ უხეშმა თვითდახმარებამ ვერ შეცვალა ქვეყნის მდგომარეობა. როდესაც დაიწყო ომი ჩრდილო-ამერიკული კოლონიების განთავისუფლებისთვის, მთელი ხალხი აღიმართა და აიძულა მძიმე საგარეო ომებით შევიწროვებული მთავრობა ზოგიერთი დათმობების გატარებაზე. რადგანაც საფრანგეთი იმუქრებოდა ირლანიის ნაპირებზე თავდასხმით, ხოლო ქვეყანაში კი თითქმის საერთოდ არ იყო ჯარი, ამიტომ ირლანდიელებმა, ვითომ-და მისი დაცვისთვის, 1779 წ. შეადგინეს მოხალისეთა (ვოლონტერების) კორპუსი, რომელშიც ორი წლის შემდეგ მოითვლებოდა უკვე 50.000 ადამიანი. იმისთვის რათა თავიდან აეცილებინა საყოველთაო აჯანყება, ინგლისის პარლამენტი იძულებული შეიქმნა 1782 წ. გაეუქმებინა პოინინგის აქტი და დაეშვა ირლანდიის საკანონმდებლო დამოუკიდებლობა (იხ. გრატანი, IX, 568). იმავე დროს თუ საბოლოოდ არ გაუუქმებიათ, მნიშვნელოვნად მაინც იქნა შერბილებული კანონები კათოლიკეთა წინააღმდეგ. უკანასკნელთათვის განსაკუთრებით მძიმე იყო მეათედი, რომლის გადახდაც მათ უხდებოდათ პროტესტანტული მღვდელმსახურებისთვის, შეჰქონდათ რა ამავდროულად ფული საკუთარი ეკლესიის საჭიროებისთვისაც. უსულგულობამ, რომლითაც ბევრი მღვდელმსახური კრებდა ამ სავალდებულო გადასახადს, გამოიწვია 1786 წ. საიდუმლო საზოგადოების წარმოქმნა, რომლის წევრებიც საკუთარ თავს უწოდებდნენ Rightboys; ისინი იღებდნენ ხალხისგან ფიცით დაპირებას სულაც არ გადაეხადათ მეათედი ან კიდევ გადაეხადათ იგი ცნობილი ზომით, და სჯიდნენ მათ, ვინც არ ასრულებდა დანაპირებს.

საფრანგეთის რევოლუციამ ირლანდიაზე მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება; მის გამოძახილად იქცა დუბლინში, 1791 წ. ნოემბერში, “შეერთებული ირლანდიელების” კავშირი (United Irishmen), რომელშიც მონაწილეობდა ბევრი პროტესტანტიც და რომელიც საიდულოდ ამზადებდა რევოლუციას; ხოლო ამ უკანასკნელს კი ირლანდია უნდა გადაექცია დამოუკიდებელ რესპუბლიკად. კათოლიკებმა, სარგებლობდნენ რა მთავრობის შევიწროვებული მდგომარეობით, მოითხოვეს დიდ კრებაზე დუბლინში, 1792 წ., სრული თანასწორუფლებიანობა პროტესტანტებთან. ბრიტანეთის პარლამენტმა, სურდა რა ქარიშხლის მოთვინიერება, გააუქმა ყველა ზომა, რომლებიც მიმართული იყო ირლანდიური ვაჭრობისა და მრეწველობის შევიწროვებაზე, და თითქმის ყველა სხვა რეპრესიული ზომებიც. 1793 წ. გაუქმებულ იქნა სასჯელები, რომლითაც ისჯებოდნენ კათოლიკები კვირაობით პროტესტანტულ ეკლესიაში არმისვლის გამო; მათ ასევე მიეცათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ უარი ეთქვათ უფლებაზე ყოფილიყვნენ არჩეულნი პარლამენტის წევრად და დაეკავებინათ თვით უმდაბლესი ადმინისტრაციული თანამდებობებიც კი. როდესაც შემდგომ მოთხოვნებს დახვდათ უარი, და კავშირი უფრო გაბედულად გამოვიდა თავისი რევოლუციური განზრახვებით, მთავრობამ გაბედა და გადაწყვიტა ძალით ჩაეხშო მოძრაობა. 1782 წ.-დან ირლანდიაში შემოღებული Habeas-corpus-ის (იხ.) მოქმედება შეჩერებულ იქნა, ქალაქები დაიკავეს ჯარებით, კავშირი განაიარაღეს. საფრანგეთის დახმარებაზე დაიმედებული შეთქმულები მაინც სულით არ ეცემოდნენ. ბოლოსდაბოლოს 1796 წ. დეკემბერში ირლანდიის ნაპირებთან გამოჩნდა ფრანგული ფლოტი 25.000 ადამიანის რიცხოვნების ჯარით, გენერალ გოშის წინამძღოლობით; მაგრამ არახელსაყრელი შემთხვევითობების შედეგად, იგი იძულებული გახდა უკან გაეცურა, ისე, რომ არაფერი გაუკეთებია. ბრიტანეთის მთავრობამ მთელი კუნძული გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობაზე. შეერთებული ირლანდიელების კავშირი, 1797 წ., კვლავ შეუდგა თავის საიდუმლო საქმიანობას. მის სათავეში იდგა დირექტორია ხუთი ადამიანისგან, რომელთა სახელებიც ცნობილი იყო მხოლოდ ოთხი პროვინციული კომიტეტის მდივნებისთვის.

კავშირი მოითვლიდა უკვე 500.000-მდე შეთქმულს, როდესაც 1798 წ. იანვარში, მთავრობამ მიიღო მასზე დაწვრილებითი ცნობები მისი მოღალატე ერთერთი წევრისგან. ამ აღმოჩენისა და ბევრი ბელადის დაპატიმრების მიუხედავად, აჯანყებამ იფეთქა მაისში სხვადასხვა ადგილებში. მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების ყოფნამ ხელი შეუშალა ამბოხების შემდგომ განვითარებას: ინსურგენტების მთავარმა ძალებმა ვინსგარ-ჰილთან, 21 ივნისს, განიცადეს სრული დამარცხება. სამხედრო რაზმები გაიფანტნენ მთელს კუნძულზე და ყველგან ახშობდნენ აჯანყებას. სულ ახალი დამთავრებული იყო ხოცვა-ჟლეტა, როდესც 1798 წ. აგვისტოში გამოჩნდა ფრანგული ესკადრა 1.060 ადამიანის დესანტით, კილალას ყურეში, მაიოს საგრაფოს ჩრდილოეთ ნაპირებთან; მაგრამ ბრიტანულმა ჯარებმა ხელი შეუშალეს ფრანგებს ირლანდიელებთან შეერთებაში და, რამდენიმე უიღბლო შეტაკების შემდეგ, ფრანგები უნდა დანებებულიყვნენ. უფრო გვიანდელი მათი მცდელობები კუნძულზე გადმოსასხმელად, რომლებიც გრძელდებოდა 1798 წ. ნოემბრამდე, ასევე უშედეგოდ დასრულდა. ინგლისის მთავრობა ერთადერთ გამოსავალს ამ შეუძლებელი ურთიერთობებიდან ხედავდა ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის შერწყმაში ერთ პარლამენტში. პირველი წინადადება ამ აზრით, რომელიც ირლანდიის პარლამენტს გაუკეთეს (შესთავაზეს) 1799 წ., აღშფოთებით იქნა უარყოფილი (съ негодованіемъ отвергнуто). მაშინ ბრიტანეთის მთავრობამ მიმართა მოსყიდვებს. უმნიშვნელო დამპალ ადგილებს (rotten boroughs), რომლებზედაც იყო დამოკიდებული ადგილების უმრავლესობის ჩანაცვლება ირლანდიის პარლამენტში, მათი მფლობელებისგან ყიდულობდნენ უზარმაზარ ფასად: ბრიტანეთის პარლამენტმა ამაზე მთავრობას ნება მისცა დაეხარჯა 1.600.000 გირვანქა სტერლინგამდე. ამ ოპერაციის წყალობით, 1800 წ. 26 მაისს, ხმათა უზარმაზარი უმრავლესობით, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ანუ ე. წ. საბოლოო უნია (კავშირი) ირლანდიისა დიდ ბრიტანეთთან (იხ. დიდი ბრიტანეთი, V, 798). ირლანდიამ იკისრა ვალდებულება პირველი ოცი წლის განმავლობაში ეტვირთა საერთო-სახელმწიფო ხარჯების მთელი თანხის ორი ოცდამეხუთედი. 18001 წ.-დან მოქმედება დაიწყო შეერთებულმა პარლამენტმა: ირლანდია გადაიქცა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს ნაწილად, მაგრამ ღრმა უფსკრულმა, რომელიც წარმოქმნილი იყო მათ შორის ეროვნული და რელიგიური განსხვავებების შედეგად, არ მისცა ნება ირლანდიას შერწყმოდა ინგლისს ისე, როგორც შეერწყა მას შოტლანდია.

ირლანდია XIX საუკუნეში

იმისთვის, რათა ერთიანობა ნამდვილად სრული გაეხადათ, საჭირო იყო, როგორც ვარაუდობდა კიდეც პიტი, გაეუქმებინათ კათოლიკეთა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვები; მაგრამ ეს გეგმა წააწყდა წინააღმდეგობას გეორგ III-ის მხრიდან, რაც იქცა კიდეც პიტის გადადგომის ერთერთ მიზეზად. ამით გაბოროტებულმა კათოლიკებმა უკვე 1802 წ.-დან დაიწყეს ოპოზიციური საზოგადოებების შედგენა, ხოლო 1825 წ. კი დაარსებულ იქნა Irish Catholic Association, რომელმაც მიზნად დაისახა ემანსიპაციის (თანასწორუფლებიანობის) გატარება; მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ორანჟისტების ლოჟები. ო’კონელის ძალისხმევამ და ინგლისში საზოგადოებრივი აზრის შემობრუნებამ, წაახალისეს, ბოლოსდაბოლოს, ველინგტონი და პილი, რათა შეეთავაზებინათ პარლამენტისთვის ბილი კათოლიკთა ემანციპაციის შესახებ (1829 წ. 13 აპრილს იგი იქცა კანონად). ახალმა ფორმამ ფიცისა, რომლის მიღებაც შეეძლოთ კათოლიკებსაც, შეცვალა უწინდელი და მისცა მათ შესაძლებლობა დაეკავებინათ ადგილები პრლამენტში. მათ უფლება მისცეს დაეკავებინათ ყველა თანამდებობა, ლორდ-კანცლერის პოსტის გარდა. ამ გამარჯვებამ წაახალისა კათოლიკები ახალი მოთხოვნებისთვის. სახალხო პარტიის მისწრაფებები ახლა მიმართული იყო იმაზე, რათა გაეუქმებინათ ირლანდიის უნია დიდ ბრიტანეთთან. ამ მიზნით ო’კონელმა დააფუძნა 1830 წ. ე. წ. Repeal-Association, რომლის წინააღმდეგაც გრეის სამინისტრო გამოვიდა 1833 წ. ირლანდიური მაიძულებელი ბილით (Irish Coercion-bill). ეს ბილი რწმუნებას აძლევდა ირლანდიის ლორდ-ლეიტერნანტს, თავისი შეხედულების-და მიხედვით, აეკრძალა სახალხო თავყრილობები (сборища), გამოეცხადებინა სამხედრო მდგომარეობა; ირლანდიაში გაგზავნილ იქნა 36.000-იანი ჯარი და 6.000 შეიარაღებული პოლიციელი. ამავე დროს გამოცემული სხვა კანონით, რომელიც ამცირებდა საეკლესიო გადასახადებს, მთავრობა შეეცადა გარკვეული ხარისხით შეერბილებინა ის ცუდი შთაბეჭდილება, რომელსაც ახდენდა მაიძულებელი ბილი; მელბურნის მინისტრობის დროს იგი გაუქმებულ იქნა და ხალხის მთავრობასთან შერიგების შანსებმა ზრდა დაიწყო.

1838 წ. მიღებულ იქნა მანამდე უკვე არაერთხელ წარუმატებლად შეთავაზებული ბილი მეათედის შესახებ, რომელმაც იგი გადააქცია გაცილებით უფრო ნაკლებ ფულად გადასახადად. მაგრამ როდესაც 1841 წ. მმართველობის სათავეში კვლავ დადგნენ ტორები, ო’კონელმა კვლავ დაიწყო თავისი აგიტაცია ირლანდიის გამოყოფის მიზნით. მან მიიღო იმდენად მუქარის შემცველი ხასიათი, რომ მთავრობამ ისევ მიმართა მაიძულებელ ზომებს, 1843 წ. დააპატიმრა ო’კონელი და მიაღწია მისთვის ციხეში ერთწლიანი პატიმრობის მისჯას. თუმცა კი ეს განაჩენი არ ყოფილა დამტკიცებული ზედა პალატის მიერ, მაგრამ აგიტაცია უფრო ზომიერი გახდა. ამის შემდეგ მალევე დამდგარმა საშინელმა შიმშილმა (1845 და 1846) ყველა სხვა ინტერესი უკანა პლანზე გადასწია. უბედურების შემსუბუქებისთვის პარლამენტმა გამოყო მნიშვნელოვანი თანხები, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ათასობით ადამიანი დაიღუპა გაჭირვებისა და შიმშილისგან, ხოლო ასეულ ათასობით ირლანდიელი გადასახლდა ამერიკაში. ამ კრიტიკულ დროში მოკვდა ო’კონელი, რომელსაც წინ გაუსწრო ახალმა, უფრო რადიკალურმა პარტიამ “ახალი ირლანდიისა”, რომელმაც მის შედარებით მშვიდობისმოყვარულ მისწრაფებებს დაუპირისპირა აზრი ძალადობრივი გადატრიალების შესახებ. ანარქიული აფეთქებები, ძალადობანი, აგრარული მკვლელობები ძალზედ გავრცელდა ქვეყანაში; მატერიალურმა გაჭირვებამ დაასუსტა კანონიერების გრძნობა. ასეთ პირობებში ირლანდია არ შეიძლებოდა დარჩენილიყო მატერიკზე 1848 წ. რევოლუციებში მონაწილეობისგან გარეთ. ახალგაზრდა ირლანდიის ბელადები (вожаки) _ ო’ბრაიენი, მიტჩელი, დეფი, მიგერი და სხვები _ ცდილობდნენ პარიზში დროებით მთავრობასთან ურთიერთობების გაბმას; შეიარაღებული და სამხედრო წვრთნები ტარდებოდა თითქმის ღიად. მთავრობის ენერგიულმა ზომებმა თავიდან აიცილეს აფეთქება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ იგი საკმარისად იქნებოდა მომზადებული. Habeas-corpus შეჩერებულ იქნა, ოპოზიციური გაზეთები _ აკრძალული; ო’ბრაიენი, რომელიც ხალხმა მიუნსტერში მეფედ გამოაცხადა, შეიპყრეს აჯანყების წარუმატებელი მცდელობის (5 აგვისტოს) შემდეგ და მიუსაჯეს, თავის თანამზრახველებთან ერთად, სიკვდილით დასჯა, რომელიც შემდეგ შეუცვალეს გადასახლებით. მოკლე დროში სიმშვიდე აღდგენილ იქნა; მაგრამ მატერიალური გაჭირვება არ შემცირებულა. შიმშილითა და ავადმყოფობებით იხოცებოდნენ მაცხოვრებლები, მიწის დიდი სივრცეები დაუმუშავებელი რჩებოდა, მასობრივი გადასახლება ამერიკაში ემსგავსებოდა საყოველთაო გაქცევას. მოსახლეობის ნაწილის წასვლის შემდეგ საერთო მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესდა: მიწათმოქმედებამ წამოიწია, მრეწველობამ შესამჩნევ წარმატებას მიაღწია.

სასულიერო მოთხოვნილებებს ახლა აკმაყოფილებდნენ Queen’s Colleges-ის სახელით გახსნილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ერთნაირად იქნა დაშვებული კათოლიკებისა და პროტესტანტებისთვის. მაგრამ როგორც ერთის, ისე მეორეთა მხრიდანაც მალევე დაიწყო ძლიერი ოპოზიცია ამ სკოლების წინააღმდეგ; რელიგიური მტრობა არაერთხელ იწვევდა სისხლიან შეტაკებებს, რომლებიც მოითხოვდა განსაკუთრებული (საგანგებო) კანონების გამოყენებას. ამასობაში მზადდებოდა ახალი აჯანყება, რომელიც ამჯერად ამოდიოდა ამერიკიდან, სადაც ცხოვრობდა მილიონობით ირლანდიელი, რომლებიც სიძულვილით იყვნენ აღვსილნი ინგლისური მთავრობის მიმართ. შეერთებულ შტატებსა და ინგლისს შორის ურთიერთობების გაწყვეტაზე დაიმედებით, ამერკაში ურთიერთშორის (სამოქალაქო) ომის დროს ინგლისის მოქმედებათა ხასიათის გამო, 1861 წ. ბოლოს წარმოიქმნა საიდუმლო საზოგადოება ფენიებისა (феніев, იხილეთ), რომელიც ისწრაფვოდა ირლანდიის ინგლისისგან სრული გამოყოფისა და ირლანდიის რესპუბლიკის დაარსებისკენ. კავშირის სათავეში ამერიკაში იდგა ჯონ ო’მაჩონი, ირლანდიაში _ ჯეიმს სტეფენსი. ამერიკიდან ეს მოძრაობა მალევე გადმოვიდა ირლანდიაში, მაგრამ მთავრობის ენერგიული ზომების შედეგად, რომელმაც 1865 წ. საექტემბერში დახურა ფენიების ორგანო “The Irish Peole”, დააპატიმრა რამდენიმე ბელადი და შეთქმულების ბევრი მონაწილე, აკრძალა იარაღის ტარება და გააძლიერა ირლანდიაში მდგომი ჯარი, _ აჯანყება თავიდან იქნა აცილებული. 1866 წ. საკმარისი იყო კანონის Habeas-corpus მხოლოდ შეჩერებაც იმისთვის, რათა შეეკავებინათ ფენიები, ხოლო როდესაც 1867 წ. გაზაფხულზე გაკეთებულ იქნა მცდელობები აჯანყებისთვის, ისინი ჩახშობილ იქნა რამდენიმე დღეში. ასევე უნუგეშო იყო 1871 წ.-მდე განმეორებადი მცდელობები ფენიებისა კანადის წინააღმდეგ. მაგრამ თუკი ფენიანიზმმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, მან უეჭველად დიდი სარგებლობა მოუტანა ირლანდიას, რადგანაც მხოლოდ ფენიების საქმიანობამ და იმ დუღილმა (მღელვარებამ, брожение), რომელიც მან გამოიწვია და ინარჩუნებდა ირლანდიაში, ინგლისის სახელმწიფო მოღვაწეები ბოლოსდაბოლოს დააყენა ირლანდიური საკითხის ყოველმხრივი გადაწყვეტის გზაზე. 1868 წ.-დან დაიწყო რეფორმები იმ ძირეულ ბოროტებათა აღმოსაფხვრელად, რომლებიც იწვევდა ირლანდიელთა უკმაყოფლებას ინგლისური მფლობელობის წინააღმდეგ _ სახერლდობრ ინგლისის სახელმწიფო ეკლესიისა და უცხოელი მიწათმფლობელების ტირანიისა ადგილობრივ მოიჯარადრეებზე. ეს ამოცანები აღინიშნებოდა საეკლესიო და მიწის საკითხების სახელწოდებებით.

რადგანაც გლადსტონის სამინისტრომ 1869 წ. ირლანდიური საეკლესიო ბილით ჩამოიყვანა ინგლისური ეკლესია ერთ საფეხურზე (დონეზე) ირლანდიაში არსებულ სხვა აღმსარებლობებთან, ხოლო 1870 წ. მიწის ბილით უმთავრეს პუნქტებში დააკმაყოფილა ირლანდიელ მოიჯარადრეთა სამართლიანი საჩივრები მიწათმფლობელების წინააღმდეგ (იხ. ვიქტორია და მისი მეფობა, VI, 202), ამიტომ რევოლუციური აგიტაციის უახლოესი საბაბები ინგლისური ბატონობის წინააღმდეგ, სულ მცირე, გარკვეული დროით მაინც მოხსნილ იქნა. მაგრამ ამ პოლიტიკის შედეგები მაშინვე არ გამოვლენილა. ჯერ კიდევ 1871 წ. სესიის დროს მთავრობა იძულებული შეიქმნა ეთხოვა ნებართვის მიღების შესახებ საგანგებო ზომების გასატარებლად ირლანდიაში წესრიგის შენარჩუნებისთვის, ხოლო იმავე წლის შემოდგომის თვეების განმავლობაში, დაიწყო აგიტაცია ახალი ირლანდიური ეროვნული პარტიისა, ე. წ. ჰოუმრულერების, რომლებიც მოითხოვდნენ ცალკე წარმომადგენლობასა და თვითმართველობას (იხ. ჰოუმრული, Гомруль). ეს აგიტაცია თავიდან გამოვლინდა საკმარისად ზომიერი ფორმით, ბუტისა და შაუს ხელმძღვანელობით, მაგრამ უფრო მეტად გაბედული ხასიათი მიიღო 1878 წ.-დან, როდესაც ეროვნული პარტიის რადიკალებმა, პარნელის წინამძღოლობით, უპირატესობა მოიპოვეს (стали брать верхъ) ზომიერ ჰომრულერებთან შედარებით. ფენიების პარტიის წევრის მაიკლ დევიტის მიერ მიწის ლიგის დაარსებამ შედეგად მოიტანა ჰომრულერების საპარლამენტო პარტიის დაახლოება ფენიანელ რევოლუციონერებთან. პირველები მოითხოვდნენ პოლიტიკურ განცალკევებას ინგლისისგან, ხოლო ლიგის წარმომადგენლები კი იდგნენ ირლანდიის სოციალური ემანციპაციის მხარეზე მიწათმფლობელთა განდევნისა და მიწის ირლანდიელი ხალხისთვის დაბრუნების გზით. ორივე პარტია შეერთდა 1880 წ. პარნელის მთავარი ხელმძღვანელობით. გლადსტონის ახალი სამინისტროს მზადყოფნის მიუხედავად (1880 წ.-დან) შესდგომოდნენ შემდგომ რეფორმებს, მოძრაობა არ ცხრებოდა. საშინელი ტერორი გაავრცელეს ქვეყანაში “მთვარის შუქის რაინდთა” ბანდებმა და უკმაყოფილების მთესავი ყველა პირის ბოიკოტირებაც (იხ. IV, 231). მთავრობა ცდილობდა ემოქმედა ერთდროულად საგანგებო კანონებითა და რეფორმებით. მიწის ახალმა კანონით დიდ დათმობები მიიღეს ირლანდიელმა მოიჯარადრეებმა, მაგრამ ისინი უარყოფილ იქნა მიწის ლიგის მიერ, რომელიც მოითხოვდა ინგლისელი მიწათმფლობელების ირლანდიიდან სრულებით მოცილებას. ლიგის დახურვამ, პარნელის, დევიტისა და სხვა ბელადების დაპატირებამ (1881 წ. ოქტომბერი) მოახდინეს მხოლოდ ხანმოკლე ზემოქმედება; შედგენილ იქნა უზარმაზარი ეროვნული ლიგა, ხოლო 1881 წ. ნოემბერში წარმოიქმნა ფენიანური საზოგადოება “დაუმარცხებლებისა”, რომელიც ღიად ქადაგებდა პოლიტიკურ მკვლელობებს; მისი ხანჯლების ქვეშ, 1882 წ. 6 მაისს, დუბლინის ფენიქს-პარკში დაეცნენ ირლანდიის საქმეთა მინისტრი კავენდიში და მისი თანაშემწე ბერკი.

ახალმა მაიძულებელმა ზომებმა (принудительныя меры) და მკვლელების სიკვდილით დასჯამ გარკვეული ზემოქმედება მოახდინეს, მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა ო’დონოვან როსის ხელმძღვანელობით და გამოიხატა დინამიტის გამოყენებით მთელი რიგი აფეთქებების სახით საზოგადოებრივ შენობებში ლონდონსა და ინგლისის სხვა ქალაქებში. ამავდროულად ჩადენილ იქნა მრავალი დანაშაული მოიჯარადრეებისა და მიწათმფლობელების სიცოცხლისა და ქონების წინააღმდეგ. საგანთა ასეთმა მდგომარეობამ აიძულა გლადსტონი მაიძულებელი კანონებიდან გადასულიყო ჰოუმრულერების მისწრაფებათა აღიარებაზე. ირლანდიური საკითხი, მისი აზრით, გადაწყვეტილ უნდა ყოფილიყო ირლანდიური მოთხოვნების ყოველმხრივ დაკმაყოფილებით. მის მიერ 1884 და 1885 წწ. გატარებული საპარლამენტო რეფორმის შედეგად, ახალი არჩევნების დროს, 1885 წ., 100 ირლანდიელი დეპუტატიდან ქვედა პალატაში შევიდა არანაკლებ 86 ჰოუმრულერისა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სალისბერის სამინისტროს დაცემას, 1886 წ. იანვარში. გლადსტონი კვლავ დადგა მმართველობაში და 8 აპრილს პალატაში შეიტანა ბილი ჰომრულის შესახებ, ხოლო 16-ში კი _ ბილი მიწების ყიდვის შესახებ; პირველში პროექტად იყო გაცხადებული ირლანდიის პარლამენტისა და ირლანდიის მთავრობის დაარსება დუბლინში; მეორეში მოითხოვებოდა 50 მლნ. გირვანქა სტერლინგი მსხვილი ირლანდიური მამულების შესაძენად, რომლებიც სახელმწიფოს იჯარით უნდა მიეცა ირლანდიელი ფერმერებისთვის და რომლებიც შემდგომში უნდა გადასულიყო მოიჯარადრეთა მფლობელობაში. გლადსტონის ამ გეგმებმა აღაგზნეს განსაკუთრებული მღელვარება ინგლისშიცა და ირლანდიაშიც, სადაც პროტესტანტები მოეკიდნენ მას ისე მტრულად, რომ ბელფასტში საქმე მივიდა კათოლიკებთან შეტაკებებამდე, რომლებიც დაწყნარებულ იქნა მხოლოდ სამხედრო ძალის ჩარევით. ბილი ჰომრულის შესახებ უარყოფილ იქნა ქვედა პალატის მიერ 1886 წ. 7 ივნისს, ხოლო როდესაც გლადსტონმა დაითხოვა პალატა, ახალმა არჩევნებმა გამარჯვება მოუტანა მის მოწინააღმდეგეებს. ირლანდიური მოძრაობა მაშინ დაიწყო ახალი ძალით. გადაწყვეტილ იქნა არ გადაეხადათ მემამულეებისთვის იჯარა, ხოლო ფული შეეტანათ იმ ფონდებში, რომლებიც იმყოფებოდა ეროვნული ლიგის გამგებლობაში. კონსერვატიულმა მთავრობამ განკარგულება გასცა, 1886 წ. დეკემბერში, “საომარი მოქმედებების ამ ახალი გეგმისადმი” დაპირისპირებისთვის, დაეპატიმრებინათ აგიტაციის ბელადები, დილონი, ო’ბრაიენი, გადასცა ისინი სასამართლოს დუბლინში და მიაღწია მათ დაპატიმრებას ციხეში 6 თვით.

1887 წ. 28 მარტს შემოტანილ იქნა ახალი ირლანდიური მაიძულებელი კანონი, რომელსაც მიზნად ჰქონდა, უწინარეს ყოვლისა, ირლანდიის სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა; 9 ივლისს იგი მიღებულ იქნა ქვედა პალატის მიერ, 18-ში ზედა პალატის მიერაც. მისი ძალით ირლანდიის ლორდ-ლეიტენენტი ღებულობდა უფლებას გამოეცხადებინა ქვეყნის ესა თუ ის ოლქები სამხედრო მდგომარეობაზე. ამასთან ერთდროულად დადგენილებით გამოქვეყნებულ იქნა მიწის ახალი კანონი, რომელიც ამსუბუქებდა იჯარის გადახდასა და მოიჯარადრეების მიერ მიწის შესყიდვას. მთავრობამ არ დააყოვნა ესარგებლა ახალი უფლებამოსილებებით, არაერთხელ აცხადებდა სამხედრო მდგომარეობას, დაშალა ეროვნული ლიგა (20 სექტემბერს), მოქმედებდა ენერგიულად თავყრილობებისა და ბელადების წინააღმდეგ; საქმე მიდიოდა ძლიერ მღელვარებებამდე, თვით სერიოზულ დაჯახებებემდეც კი. ირლანდიელები არ ეცემოდნენ სულით და ცდილობდნენ მოეკრიბათ თავიანთი ძალები და გაეუმჯობესებინათ ორგანიზაცია. 1887 წ. 31 ოქტომბერს სხვადასხვა ირლანდიური ეროვნული კავშირების დეპუტატები შეიკრიბნენ კონგრესზე ბრიუსელში, სადაც გადაწყვიტეს თავიდან დაეკავებინათ მომლოდინე მდგომარეობა. ბრიტანულმა მთავრობამ შესძლო ამასობაში მიეღო თავდებობა რომის პაპის დახმარებაზე. 1888 წ. 20 აპრილს პაპმა გამოსცა ენციკლიკა, რომელიც გმობდა ბოიკოტირებასა და ყველანაირ ძალადობებს. ამ გზავნილმა გამოიწვია დიდი აღგზნება ირლანდიელებს შორის, მაგრამ მცირე რამ თუ შესძლო, ზუსტად ისევე, როგორც მეორე და მესამე გზავნილებმაც, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ მღელვარების დაწყნარება. წარუმატებლად დასრულდა თავდასხზმები პარნელზეც, რომელიც “Times”-ის ერთერთმა კორესპონდენციამ დაადანაშაულა ფენიქს-პარკში მკვლელების თანამზრახველობაში. მისი წარმოდგენილი წერილები აღმოჩნდა ყალბი და “Times”-ი იძულებული გახდა გადაეხადა დიდი ჯარიმა პარნელისთვის, რომლის უდანაშაულობაც ფორმალურად იქნა აღიარებული პარლამენტის მიერ 1890 წ. თებერვალში. ამასობაში მთავრობა მთელი ძალებით ცდილობდა აეძულებინა პატივი ეცათ კანონებისთვის, მიუხედავად წინააღმდეგობისა, რომელიც გამიხატებოდა პროტესტებითა და ძალადობებით. ბევრი საზოგადოება დაშლილ იქნა, იარაღისა და საბრძოლო მასალების შემოტანა ძლიერ შეიზღუდა (1889 წ. ოქტომბერი). ირლანდიის საქმე ძალზედ დააზარალა იმ გარემოებამაც, რომ 1890 წ. 18 ნოემბერს პარნელი დამნაშავედ იქნა ცნობილი პროცესში სიძვა-მრუშობის შესახებ, რის შედეგადაც ირალანდიის ეროვნული პარტია დაიშალა პარნელისტებად და ანტიპარნელისტებად, რომლებიც აგრძელებდნენ არსებობას პარნელის სიკვდილის შემდეგაც (1891 წ. 6 ოქტომბერს). მაგრამ, ირლანდიურმა საკითხმა მიიღო სხვა მიმართულება, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 1892 წ. ივლისში, თემთა პალატაში უმრავლესობა აღმოჩნდა ჰოუმრულის მომხრე, და გლადსტონი აგვისტოში დადგა მმართველობის სათავეში. 1893 წ. 13 თებერვალს მან შემოიტანა თავისი ბილი ჰომრულის შესახებ (იხ. ჰოუმრული), რომელიც მიღებულ იქნა 1 სექტემბერს ქვედა პალატის მიერ, მესამე წაკითხვით, 301 ხმის უმრავლესობით 267-ის წინააღმდეგ; მაგრამ იგი ვერ გავიდა ზედა პალატაში, სადაც, 8 სექტებერს, ლორდებმა იგი უარყვეს 419 ხმის უდიდესი უმრავლესობით 41-ის წინააღმდეგ.

(ბოლოს მოყვანილია იმ ხანად არსებული ძირითადი ლიტერატურა ირლანდიის ისტორიის შესახებ)


ავტორი სანახავია

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

4 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. შეგიძლიათ ირლანდიის ისტორიის შესახებ ქართულ ენაზე არსებული ლიტერატურა მიმითითოთ?

    ReplyDelete
  3. მაგას ვერ შევძლებ, გვანცა, დასავლეთის სახელმწიფოების ისტორია ჩემთვის მთავარი თემა არ არის, და ამიტომ არც ასეთ საკითხებში ვარ სკმარისად ჩახედული. მახსენდება ილიას წერილები მისი ათტომეულის მეცხრე ტომში, სადაც ის გარკვეულწილად ირლანდიის მაშინდელ მდგომარეობასაც ეხებოდა. აგრეთვე, როგორც ვიცი, როსტომ ჩხეიძის ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" ასევე გამოქვეყნდა გასულ წლებში ერთი ირლანდიელი ავტორის თარგმანი, რომელიც იმავე თემის – მეცხრამეტე საუკუნეში ირლანდიის მძიმე მდგომარეობისადმი იყო მიძღვნილი.

    ReplyDelete
    Replies
    1. გმადლობთ დახმარებისთვის

      Delete