Monday, January 10, 2011

საქართველოს საეკზარქოსო 1890–იან წლებში

(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილიების დამატებით გაცნობას)

საქართველოს ეკლესია, რომელიც დაარსებულია IV ს. (იხ. საქართველო), თავდაპირველად შედგებოდა ანტიოქიის პატრიარქის გამგებლობაში, _ რომელიც ახლაც თავის ტიტულში იწოდება ივერიის პატრიარქადაც, მაგრამ მალევე იქცა ავტოკეფალურ ეკლესიად და მის მეთაურს ეწოდა სრულიად ივერიის კათოლიკოსი. აფხაზეთის მეფის თეოდოსი I-ის (806-845) დროს აფხაზეთში გამოჩნდნენ დამოუკიდებელი კათოლიკოსები, რომელთაც 1390 წ.-დან თავიანთი ადგილსამყოფელი ჰქონდათ ბიჭვინთაში; მათი ძალაუფლება ვრცელდებოდა მთელ დასავლეთ საქართველოზე, ე. ი. ახლანდელ იმერეთზე, სამეგრელოზე, გურიაზე, სვანეთსა და აფხაზეთზე. მუსლიმანების ძლიერების განვითარებასთან ერთად, აფხაზეთის კათოლიკოსებს თუმცა კი კვლავინდებურად ერქვათ ბიჭვინთის ანუ აფხაზეთისა და იმერეთის კათოლიკოსები, მაგრამ ბიჭვინთაში ცხოვრება უკვე აღარ შეეძლოთ და მხოლოდ დროდადრო მიმართავდნენ იქითკენ მოგზაურობას, საზეიმო მირონკურთხევის აღსრულებისთვის. აფხაზეთის უკანასკნელი კათოლიკოსი მაქსიმე გარდაიცვალა 1795 წ., რის შემდეგაც მთელი საქართველო გადავიდა ქართლის კათოლიკოსის განმგებლობაში, რომელსაც ადგილსმყოფელი ჰქონდა მცხეთაში. 1783 წ., როდესაც საქართველო შევიდა რუსეთის მფარველობის ქვეშ, საქართველოს ეკლესია დაქვემდებარებულ იქნა უწმინდესი სინოდისადმი, ხოლო კათოლიკოსმა ანტონ II-მ (გარდ. 1828 წ.) მიიღო უწმინდესი სინოდის წევრის წოდება, შეინარჩუნა რა მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოსის ტიტულიც.

1811 წ. კათოლიკოსი ანტონ II განთავისუფლებულ იქნა საქართველოს სასულიერო საქმეების მმართველობისგან, და ამასთან ერთად გაუქმებულ იქნა კათოლიკოსის წოდებაც. ქართული სასულიერო წოდების მეთაურს ებრძანა (დაევალა) წოდებულიყო მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტად, უწმინდესი სინოდის წევრისა და საქართველოს ეკზარქოსის წოდებით. ეპარქიების რიცხვი, რომელიც მაშინ საქართველოში 13-მდე ადიოდა (ისინი ფლობდნენ 2218 კომლ ყმა-გლეხებს), შემცირებულ იქნა, და მათი მმართველობისთვის საქართველოს ეკზარქოსთან შეიქმნა სასულიერო დიკასტერია, რომელიც 1814 წ. შეიცვალა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორით (იხ.). 1818 წ. საქართველოსგან შეიქმნა ერთი ეპარქია, ქართლისა და კახეთის ეპარქიის სახელწოდებით, რის გამოც საქართველოს ეკზარქოსი ახლა იწოდება ქართლისა და კახეთის მთავარეპისკოპოსად, ხოლო იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში შეიქმნა თითო-თითო ეპარქია. შემდგომში ეპარქიების განაწილებაში შეჰქონდათ ზოგიერთი ცვლილება. დღესდღეობით (1885 წ.-დან) საეკზარქოსო შედგება 5 ეპარქიისგან: 1) საქართველოს ეპარქია, რომელიც თავის შემადგენლობაში შეიცავს ტფილისის, ბაქოს, ელიზავეტპოლისა და ერევნის გუბერნიების და ყარსის, დაღესტნისა და კასპიისმიღმა (რუს. закаспийские) ოლქების 12 მონასტერსა და 485 სამრევლო ეკლესიას, იმართება საქართველოს ეკზარქოსის მიერ, რომლის ადგილსამყოფელიც არის ტფილისში; ეკზარქოსთან არის ორი ვიკარიოსი, გორისა და ალავერდის ეპისკოპოსები. 2) ვლადიკავკაზის ეპარქია შექმნილია თერგის ოლქისა და ჩრდილო ოსეთის 2 მონასტრისა და 122 ეკლესიისგან. 3) იმერეთის ეპარქია მოიცავს იმერეთის, ე. ი. ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის, შორაპნისა და რაჭის მაზრების 8 მონასტერსა და 478 ეკლესიას; კათედრა არის ქუთაისში. 4) ახალსენაკის ანუ გურია-სამეგრელოს ეპარქია შეიმნა სამეგრელოსა და გურიის, ე. ი. ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის, სენაკის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მაზრების და ბათუმისა და ართვინის ოკრუგების 5 მონასტრისა და 407 ეკლესიისგან; კათედრა არის ახალსენაკში. 5) სოხუმის ეპარქია, კათედრით სოხუმში, შეიქმნა უწინდელი აფხაზეთის ეპარქიის ნაცვლად; მის შემადგენლობაში შედის სოხუმის ოკრუგის 1 მონასტერი და 46 ეკლესია და შავი ზღვის ოკრუგის ნაწილი (9 ეკლესია) ქალაქებით ნოვოროსიისკითა და ანაპით და სოფლებით ველიამინოვსკით, გელენჯინსკით, ჯუბსკით, ვულანსკითა და ადლერით, საგუშაგო დახოვსკითა (სოჭი) და სოფელ ვესიოლაიათი. საქართველოს საეკზარქოსოში არის 1 სემინარია და 6 სასულიერო სასწავლებელი. საქართველოს საეკზარქოსოს თეთრი სამღვდელოების პირადი შემადგენლობა 1884 წ. იყო: 28 დეკანოზი (რუს. протоиерей), 660 მღვდელმსახური, 144 დიაკონი და 735 მედავითნე (?, რუს. причетников); 160 კაცი მონოზონი, 109 მორჩილი, 29 ქალი მონოზონი, 135 ქალი მორჩილი.

ლიტერატურა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში (რუსულ ენაზე): პლ. იოსელიანი, „საქართველოს ეკლესიის ისტორია“ (ტფილისი, 1848); მისივე „ცხოვრება წმინდანთა, რომელთაც განადიდებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“ (ტფილისი, 1850); დ. ფურცელაძე „დღესასწაულების შესახებ, რომლებიც დადგენილია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ“ (ტფილისი, 1862); საბინინი, „საქართველოს ეკლესიის ისტორია VI ს. ბოლომდე“ (ს. პ. ბ., 1877); მისივე, „საქართველოს ეკლესიის წმინდანთა ცხოვრების სრული აღწერა“ (ს. პ. ბ., 1871-1873); დ. ბაქრაძე, „კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“ (ტფილისი, 1875). წმინდა მიწასთან ურთიერთობების შესახებ იხ. ა. ცაგარელი, „ქართულ სიძველეთა ძეგლები წმ. მიწასა და სინაიზე“ (ს. პ. ბ., 1888); მოკოვთან ურთირთობების შესახებ _ ს. ბელოკუროვი, „არსენი სუხანოვი“ (ნაწ. 1, მოსკ., 1891).


საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა

საქრთველო-იმერეთის სინოდალური კანტორა, რომელიც დაარსებულია ტფილისში 1814 წ., საქართველოს ეკზარქოსის თავმჯდომარეობიშ, შედგება სამი არქინამდრიტისა და ერთი დეკანოზისგან (რუს. протоиерей). კანტორასთან იმყოფება კანცელარია, რომლის მმართვლიც ამავე დროს არის კანტორის პროკურორი, რომელიც ექვემდებარება უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორს. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა ექვემდებარება უწმინდეს სინოდს და მართავს საქართველოს საეკზარქოსოს ეპარქიებს საეპარქიო უფროსობებზე უმაღლესი სამთავრობო ინსტანციის სახით. ადგილობრივი ეპისკოპოსები უმნიშვნელოვანესი საქმეების შესახებ შედიან წარდგინებებით კანტორაში. იგი წარუდგენს უწმინდეს სინოდს კანდიდატებს სამღვდელმთავრო კათედრებზე, წყვეტს საქმეებს მემკვიდრეობითობისა და ქორწინებათა გაწყვეტის შესახებ, უკმაყოფილოებისთვის უწმინდეს სინოდში აპელირების უფლების მიცემით, აწარმოებს სასამართლოს სასულიერო პირებსა და ერისკაცებზე, თავის გამგებლობაში გააჩნია საეკზარქოსოს მთელი საეკლესიო მამულები; მაგრამ ეპრქიების უშუალო მმართველობაში იგი არ შედის და მოქმედებს მხოლოდ საეპარქიო მღვდელმთავრების წარდგინებების მიხედვით.

ავტორი არ არის მითითებული

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment