Monday, January 10, 2011

ოსები და ოსეთი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის რუსი ავტორების მიხედვით

(წერილები მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალების მიხედვით; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილიების დამატებით გაცნობას)

ოსეთი 1890–იან წლებში

ოსეთი არის ადგილი, რომლებიც უჭირავთ ოსებს (იხ.); იგი მოიცავს თერგის გუბერნიის ნაწილსა (ვლადიკავკაზის ოკრუგის დასავლეთ ნახევარი) და ტფილისი გუბერნიის ნაწილს (დუშეთის მაზრის დაახლოებით ერთი-მესამედი და გორის მაზრის დიდი ნაწილი). გორის მაზრის ნაწილი 40-იან და 50-იან წლებში ატარებდა ტფილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგის სახელწოდებას. თითქმის მთელი ოსეთი წარმოადგენს უმაღლეს ხარისხად მთაგორიან ადგილს, რომელიც დასერილია მრავალრიცხოვანი ღრმა ხევებითა და ხეობებით (რუს. долины и ущелья). მასზე გადის კავკასიონის მთავარი ქედი და ე. წ. გვერდითი ქედიც, რომელიც მთავარ ქედს გადაკვეთს ოსეთის ფარგლებში, სახელდობრ მთა ადაი-ხოხის (15254 ფტ.) მახლობლად. ოსეთის უშესანიშნავეს მწვერვალებს მთავარ ქედზე მიეკუთვნება: ზილგა-ხოხი (12645 ფტ.), ზეკარი, ტეპლი (14510 ფტ.), არხონი, ხოლო გვერდიტ ქედზე კი – ადაი-ხოხი, რომელიც მდებარეობს გვერდითი ქედის მთავარ ქედთან თითქმის გადაკვეთის ადგილას, სირხი-ბარზონტი (13637 ფტ.), ჯიმარაი-ხოხი (15694 ფტ.), ყაზბეგი (16546 ფტ.) და ა. შ. კავკასიონის მთავარი ქედი და გვერდითი ქედი იძლევიან მაღალ განშტოებათა სიმრავლეს. გვერდითი ქედიდან ჩრდილოეთით გადაჭიმულია კიდევ შავი მთების ქედი, მწვერვალებით კარიუ-ხოხი (11164 ფტ.), კიონ-ხოხი (11230 ფტ.) და ა. შ.

როგორც მთავარი, ისე გვერდითი ქედების ზოგიერთ მწვერვალზე ძევს მარადიული თოვლის დიდი მასები, რომლებიც დასაბამს აძლევენ ბევრ მყინვარს. უკანასკნელთაგან ზოგიერთი, მაგალითად კარაგომი, ტანა და ცეი მიეკუთვნებიან ყველაზე უფრო დიდ მყინვარებს კავკასიონზე. თოვლისა და გლეტჩერების სიუხვით მთებში აიხსნება ოსეთში დაუთვალავი რაოდენობით მთის ნაკადულებისა და რუების (პატარა მდინარეების) არსებობა. ოსეთის მთისწინები ამ დრომდე დაფარულია საკმაოდ მნიშვნელოვანი ტყეებით, რომლებიც შედგება სხვადასხვანაირი ფოთლოვანი ჯიშებისგან. მთებში, გარდა ამისა, ხშირად გვხვდება ნაძვი და ღვიები. ოსეთის ტყეებში ცხოვრობენ დათვები, მგლები, ტახები, ირმები, არჩვები, შვლები, ჯიხვები (Aegoceros Pallasii Rouill) და ბევრი სხვა ცხოვლები. უწინდელ დროში აქ დომბებიც კი ბინადრობდნენ, რის დადასტურებასაც წარმოადგენს ზოგიერთი ადგილის დასახელება, აგრეთვე დომბების თავის ქალები, რომლებიც დღემდე გვხვდება ოსეთის წმინდა გამოქვაბულებში (იხ. Олисай-домъ). ოსეთის მთებს აქვთ ცივი, ძალზედ ჯანსაღი ჰავა. მინერალური სიმდიდრეებიდან პირველი ადგილი უკავია ტყვია-ვერცხლის მადანს, რომელსაც მოიპოვებენ უმთავრესად არდონისა და მისი შენაკადების ხეობებში (სადონის საბადო). ბევრ ადგილას, მაგალითად ტმენიკაუს მყინვარის მახლობლად, არის მინერალური წყლები, რომლებითაც სარგებლობენ მხოლოდ იქაური მაცხოვრებლები. იხ. თერგის ოლქი.

ნ. დინნიკი

ოსები

ოსები – კავკასიის ერთერთ ინდოვროპულ ტომთაგანია, რომელსაც უძველესი დროიდან უჭირავს კავკასიონის ქედის შუა ნაწილი მის ორივე კალთებზე, უმთავრესად ჩრდ. განედის 42 გრად. 5 მინ. _ 43 გრად. 20 მინ. და აღმოსავლეთ გრძედის 61 გრად. 10 მინ. – 62 გრად. 20 მინ. შორის. სივრცე, რომელზედაც ისმის ოსური ლაპარაკი, მოიცავს დაახლოებით 205-210 კვ. მილს. ამ მთავარი რაიონის გარდა ოსური დასახლებები გავრცელებულია თერგის შუა დინების გაყოლებით, მოზდოკის ახლოს. აქ ისინი მიმოფანტულია ნაწილობრივ განცალკევებულად, ნაწილობრივ კი რუსულ დასახლებებთან ერთობლივად, და მთავარი ოსური რაიონისგან განკერძოებული (გამოყოფილი) არიან ჩეჩნური და რუსული დასახლებების 50-ვერსიანი ზოლით, და წარმოადგენენ ერთგვარ კოლონიას, რომელიც შედგება რამდენიმე ათასი სულისგან. ოსური ტომის ტერიტორია, თავისი ზედაპირის სიმაღლის მიხედვით, წარმოადგენს ორ ზოლს – მთაგორიანსა (3000 ფტ.-დან და ზევით) და დაბლობს; პირველი თავის თავში შეიცავს მთლი ოსური ტერიტორიის დაახლოებით სამ მეოთხედს. ჩრდილოეთ განაპირა მხარეზე (რუს. окраина) ოსური დასახლებები ესაზღვრება ყაბარდოელთა დასახლებებს, შემდეგ – შერეულად არის განლაგებული კაზაკების სტანიცებთან და ჩეჩნური ტომის ინგუშურ აულებთან. აღმოსავლეთ საზღვარზე კავკასიონის ქედის ამ მხარეს (ჩრდილოეთ კალთებზე) ოსები ემეზობლებიან ინგუშებსა და ქისტებს – თერგის დინების გაყოლებით, ხოლო უღელტეხილზე – ხევსურებსა და ფშავლებს; კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, არაგვის აუზში, ოსთა აულები შერეულად არის განლაგებული ქართველთა სოფლებთან. ეს სამხრეთი ზოლ-საზღვარი, იწყება რა ქ. დუშეთის მახლობლად, თავიდან გადის ქედის ძირში, ხოლო შემდეგ კი ლიახვის მარჯვენა შენაკადების გავლით მიმართულია რიონის ზედა წელისკენ. დასავლეთში ოსური ოკრუგი ებჯინება ამიერკავკასიაში, რიონის ზემო წელში, იმერელთა მიწებს, ხოლო კავკასიონის მთისწინეთში, მდ. ურუხის გაყოლებით – მთიელი თათარ-ბალყარელების მიწებს. ამრიგად ოსები ყოველი მხრიდან გარშემორტყმული არიან ტომებით, რომლებიც მათთვის უცხონი არიან თავიანთი ენისა და წარმოშობის მიხედვით.

ოსები ქედის ამ მხარეზე იყოფიან რამდენიმე საზოგადოებად: დიგორიისა (იხ. დიგორია), შემდეგ აღმოსავლეთისკენ, მდ. არდონის ხეობებში _ ალაგირის (ანუ ვალაჯირის), ორიაგ-დონისა და მისი შენაკადების ხეობებში _ ქურთათის, გიზელ-დონისა და გენალ-დონის ხეობებში _ თაგაურის, რომელიც საკუთარ თავს თვლის ოსეთის უმაღლეს წოდებად. ოსები, ნაწილობრივ გაქართველებულები, ამიერკავკასიაში ემეზობლებიან ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრასა და ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრას და უჭირავთ ოლქი, რომელიც ქართველებში ცნობილია დვალეთის სახელწოდებით. ჩრდილოელი ოსები მათ უწოდებენ თუალთეს ტომს. საერთო ეროვნული სახელი მთელი ტომისთვის თავად ოსებს არ გააჩნიათ. ყველაზე უფრო მეტად რის გავრცელებული სახელი ირონები (ირ, ირონ), რითაც დიგორელებისგან განსხვავებით საკუთარ თავს მოიხსენიბენ თაგაურელები, ქურთათელები, ალაგირელები. ქართველები ოსებს ასევე უწოდებენ, მათ ქვეყანას კი ოსეთს, აქედან არის ეს სახელები შემოსული რუსულ ენაშიც. რუსების მიერ ყაბარდოლების დამორჩილებამდე ოსები ცხოვრობდნენ მხოლოდ მთებში: ყაბარდოლები არ უშვებდნენ მათ დაბლობზე, და ამ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ოსების რიცხოვნება, დღემდე არის შენარჩუნებული მოგონებები ხალხში. მთებისგან ყაბარდოელების განდევნის (შევიწროვების) შემდეგ რუსულმა მთავრობამ ნება მისცა ოსებს, რომლებიც იტანჯებოდნენ მოსახლეობის უკიდურესი სიმჭიდროვისგან მთათა ხეობებში, დასახლებულიყვნენ დაბლობ ადგილას, და იმ დროიდან ჩნდება მათი დასახლებები თერგის შუა დინების ორივე ნაპირზე, და უფრო ზევით დასავლეთისკენ, მოზდოკის ახლოს.
ოსები – სიცოცხლისუნარიანი ტომია და სწრაფად იზრდება რიცხოვნებით იმ დროიდან, რაც იგი ჩაყენებულია უფრო მეტად ხლსაყრელ ეკონომიკურ პირობებში. 1833 წ. მონაცემებით, მთელი ოსები ირიცხებოდა მხოლოდ 35750 ადამიანი; 60-იანი წლების მონაცემებით, ჩრდილოელი ოსები ირიცხებოდნენ 46802, სამხრეთელი – 19324 ადამიანი; კავკასიის სტატისტიკური კომიტეტის 1880 წ. მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთში იყო 58926 ადამიანი, სამხრეთ ოსეთში კი – 51988; 1890 წ.-თვის ჩრდილოლი ოსი ირიცხება უკვე 74528 ადამიანი. თუკი მხდველობასი მივიღებთ ოსური მოსახლეობის ასეთსავე ზრდას ამიერკავკასიაშიც, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამჟამად ოსების საერთო რიცხვი აღწევს, დაახლოებით, 150-160 ათას სულამდე. დოქტორ გილჩენკის დაკვირვებებით, ჩრდილოელი ოსები უმეტესად (თითქმის 64%) მუქთმიანები და მუქთვალებიანები არიან; მათი კანის ფერი შავგვრემანია, შუბლი სწორი, ფართო, კარგად განვითარებული შუბლის ბორცვებითა და სუსტად განვითარებული წარბზედა რკალებით; ცხვირი საკმაოდ დიდია, წინგამოშვერილი, სწორი; პირი პატარა, სწორი, თხელი ტუჩებით. ოსები – სუბბრაქიცეფალები არიან, ბრაქიცეფალიისადმი ძლიერი მიდრეკილებით; სიმაღლე უმეტეს შემთხვევებში დიდი აქვთ, მხრები და მენჯი მნიშვნელოვანი სიგანისა. დიგორიაში, მთებში, საკმარისად ხშირად გვხვდებიან ქერათმიანებიც. ამირკავკასიელ ოსებში ქერათმიანები თითქმის არ გვხვდებიან, სახე ნაკლებად კეთილშობილური აქვთ, თვალთა გამოხატულება მათი იმდენად ღია არ არის, როგორც ჩრდილოელი ოსებისა; საერთოდ მათ ტიპში შესამჩნევია შერევა ქართულ ტომთან.

დაბლობ ადგილებში ოსები სახლობენ მაზანკებში ანუ არცთუ დიდ სახლებში (რუს. хата); მთებში, სადაც არ არის ტყე ან იგი ძალზედ ძნელად ხელმისაწვდომია, ოსური სახლები (რუს. წერია сакли, რადგანაც ოსები ასე უწოდებდნენ საკუთარ საცხოვრებელს, ალბათ ქართული ენის გავლენით _ ი. ხ.) აიგება ქვებისგან ცემენტის გარეშე და უმეტეს წილად ერთი მხრით მიბჯენილი არიან კლდეზე; ზოგჯერ გვერდითი კედლების ნაწილსაც ასევე წარმოქმნის მთა. სახლები არცთუ იშვიათად შედგება ორი სართულისგან: ქვედა გამოიყენება სადგომად საქონლისთვის, ზედა, რომელიც ეზოს უკავშირდება ცალკე კიბით, წარმოადგენს საცხოვრებელ სადგომს; მესამე სართული, თუკი იგი არის, გამოიყენება საყონაღოდ (ოთახად სტუმრებისთვის); უფრო ხშირად საყონაღოს მიაშენებენ ხოლმე კარებთან ახლოს. ასეთი სახლი რამდენიმე სართულიანი კოშკითა და გალავნით გარშემოვლებული ეზოთი, წარმოადგენს ციხესასახლის შესახედაობას, რომელიც უწინდელ განგაშიან დროში სიმაგრის სამსახურ უწევდა მცხოვრებთ. მთებში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ბევრი ასეთი გამაგრებული სახლი. ოსური სახლის მთავარი ნაწილია _ დიდი საერთო ოთახი, სამზარეულო და სასადილო ერთად. მთელი დღე მასში ხდება საკვების მომზადება, რადგანაც ოსებს არა აქვთ განსაზღვრული დრო ჭამისთვის, და ოჯახის წევრები ყველანი ერთად არ ჭამენ, არამედ თავიდან უფროსები, ხოლო შემდეგ კი უმცროსებიც. ოთახის შუაგულში თავსდება კერა, რომლის თავზეც, რკინის ჯაჭვით ჰკიდია სპილენძის ან თუჯის ქვაბი. კერა შეადგენს ცენტრს, რომლის სიახლოვეშიც იკრიბება ოჯახი. რკინის ჯაჭვი, რომელიც მიბმულია წერში კვამლის გასასვლელ ხვრელთან ახლოს – წარმოადგენს სახლის ყველაზე უფრო წმინდა საგანს: ის ვინც მიუახლოვდება კერას და ხელს შეახებს ჯაჭვს, ხდება, ოსის გაგებით, ოჯახის ახლობელი; ჯაჭვის შეურაცხყოფა, მაგალითად სახლიდან მისი წაღება, ოჯახისთვის ითვლება უდიდესი წყენის მიყენებად, რასაც უწინ მოჰყვებოდა ხოლმე სისხლის აღება. მთავარ სადგომს მიაშენებენ გვერდით სახლებს (сакли), რომლებსაც საძინებლებად იყენებენ. საკუჭნაო შედგება დიასახლისის განსაკუთრებულ გამგებლობაში. ავეჯს შეადგენს ხის სკამები, რომელთაგან ერთი, უფრო მეტად ნატიფად დამზადებული, დივნის მსგავსი, კერის მარჯვენა მხარეზე, განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის; ქალებისთვის, რომელთაც სართოდ არა აქვთ დაჯდომის უფლება მაკაკაცთა თანდასწრებით, განკუთვნილია უფრო პატარა სკამი კერის მარცხენა მხარეზე. ოჯახის ზრდასთან ერთად (დაქორწიმებული ძმების მშობლების სიცოცხლეში გაყრის შემთხვვები – იშვიათი მოვლენაა) სახლზე მიაშენებენ ხოლმე ახალ სახლებსა და სამეურნეო ნაგებობეს. ყველა შენობას გადახურავენ ბრტყელი სახურავებით, რომლებზედაც არცთუ იშვიათად ახდენენ პურის ლეწვასა და მარცვლის გაშრობას.

ოსების ტანისამოსი არ განსხვავდება ზოგადკავკასიურისგან, მთიელთა ტანისამოსისგან: მამაკაცებს აცვიათ იგივე პერანგები, ბეშმეტები, ჩერქეზულები, მაუდის ან ტილოს ან ქეჩისგან შეკერილი განიერი ან ვიწრო შარვლები; ქალებს _ ქუსლებამდე გრძელი პერანგები, შარვლები და ჩითის ან ნაშურის (ხატაური) ნახევრად ხიფთანები ვიწრო ამონაჭრებით მკერდზე. ოსების ფეხსაცმელს, რომლებიც ყველაზე უფრი ხშირად დადიან ფეხშიშველნი, წარმოადგენს ტარსიკონის ან მაუდის წუღები, რომელთა ზემოთაც იცვამენ გზაში მოკლეყელიან ბაშმაკებს მაგარი ლანჩით; მთებში, კლდეებზე ან თოვლში სიარულისთვის კი იყენებენ წრიაპებს. თავზე ოსები ზამთარში იხურავენ ცხვრის ტყავისგან შეკერილ მაღალ ქუდს (ფაფახს), ზაფხულში _ ქეჩის შლაპას. ქალების თავსამკაული შედგება სხვადასხვა სახეობის პატარა ქუდების და თავსაფრებისგან. მამაკაცები ტანსაცმელში ამჯობინებენ მუქ ყავისფერ და შავ ფერებს, ქალები – ლურჯს, ცისფერსა და ალისფერს. ოსების მთავარი საკვები, რომლებიც საერთოდ გამოირჩევიან ზომიერებით, შედგება პურისგან, რომელსაც აცხობენ ქერის, სიმინდის, ხორბლის ან ფეტვისგან, აგრეთვე რძითა და ყველით მომზადებული საჭმლისგან. ხორცს ისინი ჭამენ მხოლოდ დღესასწაულებზე და სტუმრების მოსვლისას. სასმელებიდან მათთვის ყველაზე უფრო საყვარელია – ფეტვის ცუდადგაწმენდილი არაყი (რუს. арака), შემდეგ ქერის შავი ლუდი, ანწლის სასმელი და ფეტვის ბურახი. მარილი მოაქვთ არა მშრალი, არამედ ნიორწყალში გახსნილი. მთებში, სადაც არის ნოყიერი საძოვრები, ოსების მთავარი საქმიანობაა მესაქონლეობა და მიწათმოქმედება. უკანასკნელს ოსები შეუპოვრად არიან ჩაჭიდებულნი, მიუხედავად იმისა, რომ მთებში სახნავ-სათესად მოსახერხებელი მიწები გვხვდება მხოლოდ მცირე უბნების სახით, ყოველთვის დესეტინაზე ნაკლები, აღწევენ მაღალ ფასს (1000 მან.-მდე დესეტინაში) და დასამუშავებლად ძალზედ დიდ შრომას მოითხოვენ. უფრო უკეთესად ანაზღაურებადია მიწათმოქმედება დაბლობ ადგილებში, სადაც სიმინდი მოდის რუს. сам-100 и 150, ხორბალი _ რუს. сам-50 и 60. მთებში ხე-ტყის მოჭრა და ქალაქში მისი ჩამოტანა ბევრ ოსს აძლევს კარგ შემოსავალს. სამრეწველო საქმიანობა და ხელოსნობა სუსტად არის განვითარებული. საერთოდ მთიელი ოსების ეკონომიკური კეთილდღეობა მაღალი არ არის, ნაწილობრივ მკაცრი ფიზიკური პირობების შედეგად, ნაწილობრივ კი მამაკაცური მოსახლეობის სიზარმაცისა და უგერგილობის გამო. მთავარი შრომა კისერზე აწევს ქალს, რომლიც მუშაობს დილიდან საღამომდე.

ჯერ კიდევ ამ ცოტა ხნის წინათ მამაკაცები მხოლოდ ზაფხულობით მონაწილეობდნენ თესვაში, თიბვაში, მკაში, წლის დანარჩენ დროს კი ატარებდნენ უმეტესწილად უსაქმურობით, დაუსრულებელ საუბრებში აულის თავშესაყრელ ადგილას და ნაცნობებთან სტუმრობებში. დღესდღეობით ოსების კეთილდღეობა, განსაკუთრებით დაბლობ ადგილას, შესამჩნევად იზრდება: ვითარდება შრომისმოყვარეობა და მიდრეკილება ცხოვრების უფრო კულტურული პირობებისადმი. ოსები კარგად ამთვისებლები არიან, ცნობისმოყვარენი, საზრიანები, ადვილდ ითვისებენ რუსულ ენას. ოსების მნიშვნელოვანი რიცხვი სწავლობს სოფლის სკოლებში, ზოგიერთი მათგანი – საშუალო და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, განსაკუთრებით ტექნიკურებში. კავკასიაში სამოქალაქო და სამხედრო უწყების მოსამსახურეთა შორის ირიცხება რამდენიმე ათეული ოსი, რომლებიც არაფერში არ ჩამოუვარდებიან თავიანთ რუს თანამოსამსახურეებს. უკანასკნელ წლებში ინტელიგენტური ოსები ვლადიკავკაზში გაძლიერებით ზრუნავენ თავიანთი თანამემამულეების განათლებაზე, ცდილობენ რა მათი მავნე ჩვევებისა და ცრურწმენების აღმოფხვრას. ყაბარდოელების სპირისპიროდ ოსები ღრმად დემოკრატიულები არიან. უმაღლესი წოდება მათთან წარმოიქმნა ყაბარდოელთა გავლენის ქვეშ. თაგაურელებთან უზდენებს ანუ ალდარებს, 11 საგვარეულოს რიცხვით, ჰქონდათ მონების ყოლის უფლება; მათვე ეკუთვნოდათ მიწა თაგაურიაში. მეორე კლასი, თავისუფლი, მაგრამ არა პრივილეგირებული, ატარებდა ფარსაგლაგების სახელს; იგი შედგებოდა მხოლოდ გარკვეული პირობით დამოკიდებულებაში ალდარებისადმი, როგორც მცხოვრებნი მათ მიწაზე ან მათ აულებში. ფარსაგლაგების დამოკიდებულება ალდარებისადმი განისაზღვრებოდა ვალდებულებებით, რომელთა დარღვევისასაც ალდარებს შეეძლოთ ფარსაგლაგების გაყრა თავიანთი მიწიდან. კავდასარდები, ე. ი. ალდარის დაბალი წოდების ქალთან ქორწინების შედეგად გაჩენილი ბავშვები, შეადგენდნენ იმ ალდარული საგვარეულოს საკუთრებას, რომელსაც მიეკუთვნებოდა მათი დედა, და არ შეიძლებოდა მათი ვინმესთვის მიყიდვა ან დათმობა. ისინი მოვალენი იყვნენ შეესრულებინათ მათთვის დანიშნული მთელი სამუშაოები და მფლობელთა ბრძანებების არშესრულებისთვის შესაძლებელია დასჯილი ყოფილიყვნენ სხეულებრივად ან სულაც მოკლული; კავდასარდის მკვლელი არ ექვემდებარებოდა სისხლის აღებას, მაგრამ თავისი საგვარეულოს დანარჩენი წევრებისთვის უნდა გადეხადა გარკვეული ჯარიმა მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალის გამო. მონები (გურძიაგები) სამხედრო ტყვეთაგან სავსებით უუფლებონი იყვნენ, ისინი შეიძლებოდა გაეყიდათ ცალცალკე ან ოჯახებით ან სულაც დაეხოცათ მფლობელის სურვილის-და მიხედვით.

დიგორიაში ალდარებს შეესაბამებოდნენ ბადილატები, ვიღაც ბადილის ჩამომავლები, რომელმაც გადმოცემის თანახმად, დიგორიაში მოიტანა პირველი ცეცხლსასროლი იარაღი და დიგორიელებს იცავდა მტრებისგან. დანარჩენი ოსური საზოგადოებები არც ალდარებსა და არც ბადილიატებს უმაღლეს წოდებებად არ აღიარებდნენ. რუსული მთავრობა ამ წოდებათა წევრებს აღიარებს პრივილგირებულებად სხვა ოსებთან შედარებით, მაგრამ არ ათანაბრებს მათ აზნაურებთან: ისინი სარგებლობენ მხოლოდ ზოგიერთი შეღავათით, მაგალითად, შვილების სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში მიყვანის უფლებით. ოსების ჩვეულებრივი სამართალი, რომელიც წარმოგვიდგენს ბევრ რამეს არქაულსა და საინტერესოს, საფუძვლიანად არის შემუშავებული მ. მ. კოვალევსკის ნაშრომში „თანამედროვე ადათი და უძველესი კანონი“ (მოსკოვი, 1887). მთავარი ეთიკური საწყისები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ოსების ცხოვრებას, არის – ასაკით უფროსებისადმი პატივისცემა, სისხლის აღება და სტუმართმოყვარეობა. თითოეული ოსი თავის მოვალეობად თვლის ფეხზე დგებოდეს უფროსის შემოსვლისას და ესალმებოდეს მას, თუნდაც იგი იყოს უფრო დაბალი წარმოშობისა; გაზრდილ ვაჟიშვილებს არა აქვთ უფლება ისხდნენ მამის თანდასწრებით, მასპინძელს არ შეუძლია დაჯდომა სტუმრის წინაშე მისი ნებართვის გარეშე და ა. შ. საერთოდ ოჯახური და საზოგადოებრივი ურთიერთობები განისაზღვრება მკაცრი ეთიკეტითა და თავისებური გაგებებით წესიერების შესახებ, რაც ხშირად უკიდურესობამდე შემავიწროვებელია. სისხლის აღების წესჩვეულება, რომელსაც ადრე წმინდად იცავდნენ, მაგრამ ახლა კი თითქმის აღმოფხვრილია, იწვევდა მუდმივ ომებს ცალკეულ საგვარეულოებს შორის და მნიშვნელოვნად ამცირებდა ოსური ტომის რიცხოვნებას. სტუმართმოყვარეობა ამ დრომდე შეადგენს ოსების გამორჩეულად დამახასიათებელ ნიშანს, და მას უფრო მეტი გულწრფელობითა და გულთბილობით იცავენ იმ ადგილებში, რომლებსაც უფრო ნაკლებად შეეხო ევროპული კულტურა.

ქორწინება ოსებთან უკანასკნელ დრომდე დაფუძნებული იყო მხოლოდ ყალიმის (ირედის) გადახდაზე საცოლისთვის, რომელიც საქმროს თავად უნდა შეეძინა. ყალიმის ზომა განისაზღვრებოდა საცოლისა და ნათესაობაში შემავალი ოჯახების ღირსებით. 1866 წ. ჩრდილო ოსეთის მთიელთა წოდებების წარმომადგენლებმა, რომლებიც ვლადიკავკაზში შეიკრიბნენ, ყალიმის ნორმა დაადგინეს 200 მან. ზომით, ყველა წოდებისთვის თანაბრად. ზოგიერთ ადგილას ყალიმის ნაწილი, ხოლო ზოგჯერ კი მთელი ყალიმი მიდის ქალწულის მზითევში. ქორწილს ოსებთან თან ახლავს ბევრი წეს-ჩვეულება, რომლებიც ინარჩუნებენ სიძველის საინტერესო კვალს. დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს შორის ყურადღებას იმსახურებს ე. წ. მიცვალებულისთვის ცხენის მიძღვნა, რომელსაც ასრულებენ საფლავზე, და ქელეხი. პირველი წესის მიზანია ის, რომ გარდაცვლილს ჰყავდეს ცხენი იმ ქვეყნად და შეეძლოს მშვიდობით მისვლა მისთვის დანიშნულ ადგილზე (წეს-ჩვეულების აღწერა იხ. „ოსურ ეტიუდებში“, I, 109-115). ქელეხი შედგება უხვ გამასპინძლებაში არა მხოლოდ ნათესავებისა, არამედ ყველა თანასოფლელისა (თანააულელისა) და ჩამოსულის, მიცვალებულის საპატივსაცემოდ, ამასთან ე. წ. დიდ ქელეხს ზოგჯერ თან ახლავს დოღი და მიზანში სროლა ჯილდოებისთვის (პრიზებისთვის), რომლებსაც გასცემს მიცვალებულის ოჯახი. ქელეხს ოსები უყურებენ, როგორც გარდაცვლილი წინაპრების კვებას, ვარაუდობენ რა, რომ ქელეხზე შეჭმული საკვები აღწევს მათთან. არ შეიძლება უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენო ოსს, თუ არა იმის თქმით, რომ მისი მკვდრები შიმშილობენ. ქელეხების მრავალრიცხოვნებამა და სიძვირემ (1000 მან.-მდე და მეტი) არცთუ ცოტა ოჯახი გააღარიბა ოსეთში. უკანასკნელ წლებში რამდენჯერმე განიხილავდნენ სასოფლო კრებებსა და ყრილობებზე საკითხს ქელეხების რიცხვის შეზღუდვისა და მათი ღირებულების შემცირების შესახებ და, როგორც ჩანს, არცთუ უშედეგოდ.

ოსების უმრავლესობა ოფიციალურად აღიარებს ქრისტიანობას, უმცირესობა – მაჰმადიანობას. უკანასკნელი, რომელმაც მათთან შეაღწია ყაბარდოდან, უფრო მეტად გავრცელებულია დიგორიაში და პრივილეგირებულ წოდებებს – ალდარებსა და ბადილიატებს შორის. კავკასიაში ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების საქმიანობის შედეგად, ოსი მუსლიმანების რიცხვი თანდათანობით მცირდება. მაგრამ, ქრისტიანობა აქამდე შეეხო ოსებს მხოლოდ ზედაპირულად და არა იმდენად თავისი ზნეობრივი მხარით, რამდენადაც გარეგნული წეს-ჩვეულებებით. ქრისტიანული მორალი ნაკლებადაა ცნობილი ოსებისთვის და ბევრ რამეში ეწინააღმდეგება მათ მორალს, რომელიც საუკუნოებითაა ჩამოყალიბებული, ასევე მათ ეთიკურ გაგებას; ქრისტიანული დოგმატიკა ოსების უმეტესობას მცირედ თუ ესმის. ღებულობენ რა ქრისტიანობას, ოსები ასრულებენ ზოგიერთ წესს, იცავენ მარხვებსა და დღესასწაულებს, დადიან ეკლესიაში, მოიხსენიებენ ქრისტესა და ზოგიერთი წმინდანის სახელებს, მაგრამ ამასთან ერთად აღასრულებენ უწინდელ წარმართულ წეს-ჩვეულებებსაც, წარმოსთქვამენ ლოცვებს თავიანთი აულებისა და ოჯახების სიწმინდეებისადმი, ცნობილ დღეებში მსხვერლშეწირვებსაც ახდენენ – ცხვრების, თხებისა და ხარების. ამასთან ოსების უძველეს რელიგიურ რწმენას უკვე ადრევე ზედ დაედო ქრისტიანობის ფენაც, რომელსაც მათ წინაპრებს შორის ოდესღაც ავრცელებდნენ ჩრდილო-დასავლეთში – ბიზანტიელი, სამხრეთში კი – ქართველი მისიონერები. ქრისტეს, ღვთისმშობლისა და ზოგიერთი წმინდანის სახელები დიდი ხანია უკვე ცნობილი იყო ოსებისთვის, აგრეთვე ზოგიერთი მარხვა და დღესასწაული. ადგილობრივ სიწმინდეთა უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით ისეთებისა, რომლებიც სარგებლობენ ყველაზე უფრო დიდი პატივისცემით _ არის ის ადგილები, რომლებიც ოდესღაც ნაკურთხი იყო ქრისტიანობის მიერ, მაგალითად, ეკლესიებისა და სამრეკლოთა ნანგრევები. ოსების წეს-ჩვეულებებში ასევე ჩანს უძველეს წარმართობასთან შერეული ქრისტიანობის კვალიც.

არანაკლებად ზედაპირულად შეეხო ოსებს მაჰმადიანობაც: ოსებმა, რომლებმაც მიიღეს ისლამი, გაიგეს „მაჰამატის“ სახელი, რომელსაც ისინი ზოგჯერ უწოდებენ „მზის ვაჟიშვილს“, დაიწყეს განბანვის შესრულება, პარასკევის დაცვა, მარხვა ურაზის (რამაზანის) დროს და სხვა. მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მათ უწინდელი დღესასწაულების აღნიშვნასა და ძველი სიწმინდეების თაყვანისცემაში. აღიარებენ რა განყენებულად ღმერთის არსებობას, ოსები ყოველდღიურ ცხოვრებაში ლოცვებით მიმართავენ მრავალ სულს, რომლებიც განაგებენ ბუნებისა და ადამიანთა ცხოვრების სხავადასხა სფეროებს; ასეთები არიან უაცილა (შეესაბამება წმ. ილიას) _ ჭექა-ქუხილისა და ელვის ძალაუფალი, ავსატი _ მონადირეთა მფარველი, ბარასტირი _ ძალაუფლების მქონე მკვდრებსა და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე და ბევრი სხვა. (იხ. ვს. მილერის „ოსური ეტიუდები“, ტ. II, თავი VII). მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს ოსების ზეპირსიტყვიერება, განსაკუთრებით მათი თქმულებები გოლიათების შესახებ, რომლებსც უწოდებენ ნართებს (იხ. ნართი გოლიათები). ოსური ნართული ეპოსის ზოგიერთი ტიპი და სიუჟეტი გვხვდება ყაბარდოელებისა და ჩეჩნების თქმულებებშიც. უკანასკნელებმა, როგორც ჩანს ზოგიერთი მოთხრობა ისესხეს ოსებისგან, რომლებმაც თავადაც რაღაც მიიღეს ყაბარდოელთაგან. ოსურ ნართულ ეპოსში შეაღწიეს აგრეთვე ამიერკავკასიულმა თქმულებებმაც, ქართველთა მეშვეობით, ზოგიერთმა სიუჟეტმა, რომლებიც დაკავშირებული არიან სპარს გოლიათ რუსტემთან, გმირთან, რომელიც ყველგან არის ცნობილი კავკასიაში. ეპიკური თქმულებების გარდა ოსებს გააჩნიათ არცთუ ცოტა სიმღერები, განსაკუთრებით სატირული და იუმორისტული, რომლებსაც ისევე ადვილად თხზავენ, როგორც ივიწყებენ და ცვლიან ახლებით. ფართოდ არის გავრცელებული ხალხში სიმღერა და მუსიკალურ საკრავებზე დაკვრა – ორსიმიან ფანდურზე (ავტორს უწერია _ ფანდირ), სალამურზე (მწყემსებს შორის). ამ ინსტრუმენტებს ამჟამად სწრაფად განდევნის რუსული გარმოკინა.

ოსებმა სხვა კავკასიელ ხალხებზე უფრო მეტად მიიქციეს ევროპული მეციერების ყურადღება თავიანთი კუთვნილებით ხალხთა ინდოევროპული ოჯახისადმი (ენის მიხედვით), აგრეთვე საკითხით მათი ისტორიული წარსულის თაობაზე. ჯერ კიდევ 1822 წ. კლაპროტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ოსები ალანების (იხ.) შთამომავლები არიან. შემდგომმა ძიებებმა დაადასტურეს ვარაუდი, რომ ალანთა შორის იყვნენ ოსების წინაპრებიც, და გამოარკვიეს უკანასკნელთა ირანული წარმოშობა, აგრეთვე მათი ნათესაობა აზიელ სარმატებთან (იხ.). ოსები შეადგენენ ოდესღაც მრავალრიცხოვანი ირანული ტომის ნაშთს, რომელსაც მნიშვნელოვანი სივრცე ეკავა ჩრდილოეთ კავკასიაში, დონის ქვემო წელზე და შავი ზღვის პირეთში. თვით იალბუზამდე და შემდეგაც ზემო ყუბანის მხარეში აქამდე არის შემორჩენილი მდინარეების, ხეობების, უღელტეხილების, მთებისა და სხვათა ოსური სახელწოდებები, რომლებიც მოწმობს იმის შესახებ, რომ ეს ადგილები დასახლებული იყო ოსების წინაპრებით. დაკვირვებანი მთიელი თათრების ტიპზე, მათი გადმოცემებისა და ადათ-ჩვეულებების შესწავლა გვარწმუნებს იმაში, რომ თათრებს აქ დახვდათ ძირძველი ოსური მოსახლობა. ოსების წინაპრები, რომლებიც რუსულ მატიანეში ცნობილი არიან იასების სახელით (იხ.), ცხოვრობდნენ კიდევ უფრო შორს დასავლეთისკენ, ყუბანისა და დონის ქვემოწელში, რომელმაც აქამდე შეინარჩუნა თავისი ოსური სახელწოდება (დონი _ ოსურად არის წყალი, მდინარე). ირანული დასახლებების სიძველე რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიდის ჯერ კიდევ ბერძნული შავი ზღვისპირა კოლონიების დროებამდე. ტირასის, ოლვიის, პანტიკაპეისა და განსაკუთრებით ტანაიდის ბერძნულ ზედაწერილებში (წარწერებში), არა-ბერძნულ პირად სახელებს შორის, გვხვდება მრავალი ირანული სახელიც, რომლებიც მიგვანიშნებს მნიშვნელოვანი ირანული ელემენტის არსებობაზე ადგილობრივ მოსახლეობაში. ამ სახელების ლინგვისტურმა გარჩევამ შესაზლებლობა მოგვცა გაგვერკვია სარმატული ენის ზოგიერთი ფონტიკური კანონი და დაგვედგინა მისი სპეციალური ნათესაობა ოსურთან.

ისტორიული მონაცემების სამსახურს ოსების წინაპართა ბედის შესახებ გვიწევენ არცთუ მრავალრიცხოვანი წერილობითი მოწმობები აზიელი სარმატებისა და ალანების შესახებ, აგრეთვე რუსული მატიანის მწირი მითითებები იასების თაობაზე. ოსების უახლოესმა სამხრეთელმა კულტურულმა მეზობლებმა, ქართველებმაც, ასევე თავიანთ მატიანეებში შეინარჩუნეს რამდენიმე მოწომობა ოსების თავდასხმების შესახებ ამიერკავკასიაზე. სომეხი ისტორიკოსი მოსე ჰორენლი (მოვსეს ჰორენაცი) ოსებს იცნობს ალანების სახელით, რომლითაც ისინი ცნობილი იყვნენ ბიზანტიელი ისტორიკოსებისთვისაც (იხ. „ოსური ეტიუდების“ მე-3 ნაწილი, თავები I, II და III). ქართულ მატიანეში ოსები გამოხატულია ძლიერი, მრავალრიცხოვანი ხალხის სახით, რომელსაც თარეშებისთვის გამოჰყავდა რამდენიმე ათეულ ათასობით მხედარი. მოიხსნიება ოსი მეფეები და ქართულ სამეფო სახლსა (ბაგრატიდებსა) და ოსურ სამეფო სახლს შორის არსებული ნათესაური კავშირები. ოსების ძლიერებას, რომელიც ჩრდილო-კავკასიაში დასუსტებულ იქნა რუსების, ჩერქეზებისა (კასოგებისა) და ყივჩაღების (რუს. половцы) მიერ, საბოლოოდ ძირი გამოუთხარა მონღოლ-თათრების მიერ ძარცვა-რბევამ ჩინგიზ-ყაენის დროიდან. ოსები იძულებული შეიმნენ ხარკი ეძლიათ მონღოლ-თათრებისთვის. ჩრდილოეთში თათრებმა დაიკავეს ოსური ტერიტორიის ნაწილი, ხოლო ყაბარდოელებმა კი ოსები საბოლოოდ ჩაკეტეს მთებში. დიგორელები, თაგაურები და ქურთათელების ნაწილი ყაბარდოელთა მოხარკენი იყვნენ ჯერ კიდევ XIX ს. დასაწყისში. სამხრეთელი ოსები, რომლებიც უწინ ასეთი მრისხანენი იყვნენ ამიერკავკასიისთვის, დაემორჩილნენ ქართველების გავლენას და ბატონ-ყმურ ურთიერთობაში შევიდნენ ქართველ ფეოდალებთან ერისთავებთან და მაჩაბლებთან.

რუსული მფლობელობის დამკვიდრება კავკასიაში ხელსაყრელი იყო ოსებისთვის, რომლებმაც რუსულ მთავრობაში ჰპოვეს მხარდაჭერა ერთის მხრივ ყაბარდოელთა წინააღმდეგ, ხოლო მეორეს მხრივ კი _ უმაღლესი წოდებისა და ქართველი თავადების მხრიდან შევიწროვების წინააღმდეგაც. უკანასკნელთა მხრიდან წაქეზებათა შედეგად სამხრეთელ ოსთა შორის ადგილ-ადგილ ხდებოდა მღელვარებანი, მაგრამ მთავრობის ზომები და მისიონერთა საქმიანობა სულ უფრო და უფრო მეტად აახლოებდა ოსებს რუსებთან. განსაკუთრებით ხელს უწყობდა ამ დაახლოებას მიწის ნაკვეთების რაციონალური განაწილება, რომელიც შედგა 60-იანი წლების დასაწყისში: ოსების მიერ დაკავებული მთელი მიწა დაყოფილ იქნა შეძლებისდა გვარად სრულებით თანასწორად ყველა საზოგადოებას შორის და ნაკვეთების (რუს. наделы) განაწილებას საფუძვლად დაედო მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობა. მიწის ნაკვეთებით (რუს. участки) სარგებლობაში უფრო მეტი მოსახერხებლობისთვის დაბლობი ადგილების დასახლებულ პუნქტთაგან ზოგიერთი შემდგომში გადანაცვლებულ იქნა სხვა ადგილებში. ყველა მცხოვრებისთვის მიწის ნაკვეთების დანაწილებისას, ალდარებს, მათ მიერ სურვილის არქონისას ესარგებლათ საკუთარი ნადელებით სხვებთან თანაბრად, მიეცათ მიწის ნაკვეთები (участки), თითოეულს 300 დესეტინა ოჯახზე, ყუბანის ოლქში. 1866-67 წწ. აღსრულდა ოსეთში ყმა-გლეხების წოდებათა განთავისუფლება მემამულეთა ძალაუფლებისგან. ამ დროისთვის მთელი ოსური მოსახლეობიდან ყმა-გლეხების მდგომარეობაში იმყოფებოდა 1445 ადამიანი თერგის ოლქში და 20000-მდე ამიერკავკასიაში.

(შემდეგ მოყვანილია თემაზე არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)

პროფ. ვსევოლოდ მილერი

ოსური ენა

ოსური ენა მიეკუთვნება ენათა ინდო-ევროპული ოჯახის ირანულ განშტოებას. ყველა ცოცხალ ირანულ ენას შორის ოსური გამოირჩევა ყველაზე უფრო მეტი არქაულობით ფონეტიკასა და ნაწილობრივ მორფოლოგიაშიც, რაც მისკენ განსაკუთრებულად იზიდავს ლინგვისტების ყურადღებას. ბრუნვისა და უღლების ფორმები მნიშვნელოვნადაა განვითარებული; ძველი ფორმების დანაკარგები ანაზღაურებულია ზოგიერთი ახალწარმონაქმნით. ირანულ ჯგუფში ოსური ენა წარმოადგენს ერთადერთ ჩვენამდე მოღწეულ ჩამომავალს ყველაზე უფრო ჩრდილო-დასავლური განშტოებისა (отрасль), რომელსაც მიეკუთვნებოდა აზიელი სარმატებისა და პონტოელი სკვითების ენა. სარმატული სიტყვები, რომლებიც გამოიყვანება იმ ირანული პირადი სახელებისგან, რომლებიც ჩენარჩუნებულია უპირატესად ტანაიდურ ბერძნულ წარწერებში, ფონეტიკური მიმართებით ავლენენ სპეციალურ ნათესაობას ოსურ ენასთან. ამის შესახებ იხ. ვს. მილერის გამოკვლევა „ირანობის ეპიგრაფიული კვალი რუსეთის სამხრეთში“ („სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალი“ 1886, სექტემბერი). ოსური ენა წარმოგვიდგენს რამდენიმე კილოკავს (რუს. говор), რომლებიც შეგვიძლია დავიყვანოთ ორ კილოზე (რუს. наречье) – დასავლურსა და აღმოსავლურზე (ანუ სამხრეთ-აღმოსავლურზე). თავად ოსები თავიანთ კილოკავებს განასხვავებენ შემდეგი სახელწოდებებით: ირონული (ირული, ირისა), დიგორული და ტუალური. ირონულად ლაპარაკობენ აღმოსავლური საზოგადოებები (თაგაურელები, ალაგირელები, ქურთათელები); დიგორულად – დასავლური საზოგადოებები მდ. ურუხუს გაყოლებაზე (იხ. დიგორია) და ზოგიერთი სოფელი, რომლებიც დიგორიიდან გადავიდნენ დაბლობ ადგილას; ტუალურად _ ამიერკავკასიელი ოსები, რომლებიც ქართველების მეზობლად ცხოვრობენ.

ირონულ და დიგორულ კილოკავებს შორის განსხვავებები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ნამდვილად შეიძლება ითვლებოდეს კილოებად (რუს. наречья), რომლებიც განვითარდა საერთოოსური პრაენიდან, ხოლო ტუალური (სამხრეთულ-ოსური) კილოკავი კი წარმოგვიდგდენს მხოლოდ უმნიშვნელო ფონეტიკურ განსხვავებებს ირონულისგან და შეიძლება მას სწორად ვუწოდოთ უკანასკნელის ქვეკილო. ოსური მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ლაპარაკობს ირონულ კილოზე; ყველაზე უფრო დიდი არქაულობით ფონეტიკაში გამოირჩევა დიგორული კილო. ანბანი ოსური ენისთვის შედგენილ იქნა 40-იანი წლების დასაწყისში აკადემიკოს შიოგრენის მიერ, რომელმაც მას საფუძვლად დაუდო რუსული ანბანი, ასოებზე ზოგიერთი დამატებითა და მათი ფორმის გარკვეული ცვლილებებით. შიოგრენისეული ანბანის ზოგიერთი ცვლილება მოახდინა პროფესორმა ვს. მილერმა „ოსურ ეტიუდებში“. წმინდა წერილის ოსურ ენაზე სათარგმნელად არჩეულ იქნა გაბატონებული ირონული დიალექტი. ამ კილოზე თარგმნილი სახით ოსებთან ცნობილია: სახარება (1-ლი თარგმანი 1848, მე-2 1864 წ.), ფსალმუნები (1848 წ.), წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია (1861 წ.), წმ. მოციქულთა კათოლიკე ეპისტოლეები (1862 წ.) და სხვა. ამავე კილოზე ვლადიკავკაზის ეპისკოპოსის იოსების მიერ გადმოცემულია ძველი და ახალი აღთქმის წმინდა ისტორია (1881 წ.). ხალხური ზეპირსიტყვიერების ნაწარმოებების ირონული ტექსტები გამოცემულია აკადემიკოს შიფნერისა („დამატება საიმპერიო მეცნირებათა აკადემიის ნაწერების XIV ტ.-ზე“, # 4, 1868) და ვს. მილერის („ოსური ეტიუდები“, ნაწ. I, 1881, და ნაწ. III, 1887) მიერ. დიგორული ტექსტებისთვის იხ. „Fünf Ossetische Erzählungen in Digorischen Dialect“, herausgegeben von W. Miller und R. von Stackelberg (СПб, 1891). _ პირველი ოსური გრამატიკა შეადგინა აკადემიკოსმა შიოგრენმა გერმანულ და რუსულ ენებზე, მოკლე ლექსიკონით (1844). ოსური ენის ფონეტიკისა და მორფოლოგიის ლინგვისტური დამუშავება იხ. ვს. მილერის „ოსური ეტიუდების“ მე-2 და -3 ნაწილებში (მოსკოვი, 1882 და 1887). სინტაქსისთვის იხ. R. von Stackelberg, „Beiträge zur Syntax des Ossetischen“ (სტრასბურგი, 1886).

პროფ. ვსევ. მილერი

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა


საერთო შენიშვნა წერილებისთვის ოსებისა და ოსეთის შესახებ

ნ. დინნიკისა და ვსევ. მილერის წერილები ოსების, ოსეთისა და ოსური ენის შესახებ, რომლებიც გამოქვეყნდა ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში, მეტად საყურადღებოა, განსაკუთრებით უკანასკნელი ათწლეულების მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში და იმითაც, რომ მათი ავტორები რუსი მეცნიერები არიან და, გარკვეულ წილად, რუსებსაც და ოსებსაც მეტი ნდობა ექნებათ ამ ავტორებისა და მათი წერილების მიმართ. ამიტომ მათი ნაწერების გარჩევა და შინაარსის კრიტიკული შეფასება მეტად აქტუალური უნდა იყოს დღევანდელი ქართველი და არაქართველი მკითხველებისთვის. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ქვემოთ შევეხებით ძირითადად ოსების განსახლებისა და ისტორიული ცხოვრების საკითხებს. მაგრამ რას წერენ ამის თაობაზე ეს რუსი მეცნიერები?

ნ. დინნიკი დასაწყისშივე აცხადებს, რომ „ოსეთი არის ადგილი, რომლებიც უჭირავთ ოსებს (იხ.); იგი მოიცავს თერგის გუბერნიის ნაწილსა (ვლადიკავკაზის ოკრუგის დასავლეთ ნახევარი) და ტფილისი გუბერნიის ნაწილს (დუშეთის მაზრის დაახლოებით ერთი-მესამედი და გორის მაზრის დიდი ნაწილი). გორის მაზრის ნაწილი 40-იან და 50-იან წლებში ატარებდა ტფილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგის სახელწოდებას“… მაგრამ ასეთ შეფასებაში ბევრი რამ არის სადაო. სახელდობრ, თუკი ვიტყოდით, რომ საფრანგეთი არის ის ადგილი, რომელიც უჭირავთ ფრანგებს, მაშინ მეფის რუსეთის ქალაქებში ფრანგების უხვად დასახლების გამო ეს ტერიტორიებიც საფრანგეთად უნდა გამოეცხადებინათ, ან კიდევ ვოლგისპირეთში, სამხრეთ რუსეთსა და საქართველოში გერმანელი კოლონისტების ცხოვრების გამო რუსეთის იმპერიის ეს ნაწილები გერმანიად უნდა ყოფილიყო გამოცხადებული, ან კიდევ დღევანდელი ციმბირის, იმიერბაიკალეთისა და შორეული აღმოსავლეთის მხარეების ნაწილი ჩრდილოეთ ჩინეთად უნდა გამოაცხადონ, რაკი იქ, როგორც ამბობენ, უკანასკნელ ათწლეულებში, ათეულ მილიონობით დასახლდნენ ჩინელები? ალბათ თავად რუსები ასეთ რამეს არ მოისურვებდნენ და ისინი მოიყვანდნენ არგუმენტებს, რომ ფრანგებს, გერმანელებსა და ჩინელებს გააჩნიათ თავიანთი ისტორიული სამშობლო და ჩამოყალიბებული სახელმწიფოები, რომ რუსეთის მიწაზე ისინი ჩამოსული უცხოელები არიან და არ გააჩნიათ იმის უფლება, რომ რუსეთში თავიანთ კომპაქტურ დასახლებებს საფრანგეთად, გერმანიად ან ჩინეთად მიიჩნევდნენ. და ეს მართლაც ასეა; მაშინ რატომ ეკარგება ზოგიერთ რუს ავტორს იმის შეგნება და შეგრძნება, რომ ოსები სადაც სახლობენ ყველგან ოსეთი არ შეიძლება იყოს, ისევე როგორც ქართველების დასახლება მოსკოვში იქ ემიგრაციაში წასული არჩილ მეფისა და ვახტანგ VI-ის დროიდან: «Большая грузинская» და «Малая грузинская» არ შეიძლება იქნას მიჩნეული საქართველოდ.

შემდეგ თავად ნ. დინნიკი ამბობს, რომ XIX ს. მიწურულს ოსები ამიერკავკასიაში სახლობდნენ ტფილისის გუბერნიის „დუშეთის მაზრის დაახლოებით ერთ მესამედსა და გორის მაზრის დიდ ნაწილში“, მაგრამ იქვე ამატებს, რომ „გორის მაზრის ნაწილი 40-იან და 50-იან წლებში ატარებდა ტფილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგის სახელწოდებას“. კი მაგრამ, თუკი ოსები ასე მრავლად სახლობდნენ დუშეთის მაზრაშიც, მაშინ რატომ უწოდა მეფის რუსეთის მთავრობამ იმავე საუკუნის 40-იან და 50-იან წლებში „ტფილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგი“ მხოლოდ გორის მაზრის ნაწილს, რატომ მიივიწყა დუშეთის მაზრის ოსები? ან რატომ შემოიღო მან ეს ტერმინი მხოლოდ 40-იანი წლებიდან და რატომ არ აინტერესებდა მეფის მთავრობას საქართველოს ოსების ბედი 1810-იან, 20-იან და 30-იან წლებში? განა არ შეიძლებოდა „ოსური ოკრუგის“ შექმნა 1801 წლიდანვე? ან კიდევ რატომ გააუქმა ეს ოკრუგი 1860-იანი წლებიდან? რას ერჩოდა მეფის რუსეთის მთავრობა ამიერკავკასიის ოსებს, რატომ ექცეოდა ასე უსულგულოდ მათ? აი ის კითხვები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ნ. დინნიკის წერილის ამ ნაწილის კრიტიკულად განხილვის დროს. ვნახოთ როგორ ნათელს მოჰფენს ამ კითხვებზე პროფ. ვსევოლოდ მილერის წერილები.

თავის წერილში „ოსები“ პროფ. მილერი აღნიშნავს, რომ „სივრცე, რომელზედაც ისმის ოსური ლაპარაკი, მოიცავს დაახლოებით 205-210 კვ. მილს. ამ მთავარი რაიონის გარდა ოსური დასახლებები გავრცელებულია თერგის შუა დინების გაყოლებით, მოზდოკის ახლოს. აქ ისინი მიმოფანტულია ნაწილობრივ განცალკევებულად, ნაწილობრივ კი რუსულ დასახლებებთან ერთობლივად, და მთავარი ოსური რაიონისგან განკერძოებული (გამოყოფილი) არიან ჩეჩნური და რუსული დასახლებების 50-ვერსიანი ზოლით, და წარმოადგენენ ერთგვარ კოლონიას, რომელიც შედგება რამდენიმე ათასი სულისგან“. ანუ ოსები XIX ს. მიწურულს სახლობდნენ ე. წ. „მთავარ რაიონში“, სადაც ისინი შეადგენდნენ ერთგვაროვან ოსურ მოსახლეობას და უფრო დაბლობ ადგილას, „თერგის შუა დინების გაყოლებით, მოზდოკის ახლოს“, სადაც ისინი მიმოფანტული იყვნენ „ნაწილობრივ განცალკევებულად, ნაწილობრივ კი რუსულ დასახლებებთან ერთობლივად, და მთავარი ოსური რაიონისგან განკერძოებული (გამოყოფილი) არიან ჩეჩნური და რუსული დასახლებების 50-ვერსიანი ზოლით“ _ ანუ კაზაკების სტანიცებთან და ჩეჩნურ აულებთან მონაცვლეობით. ხოლო თუ რა იყო ოსების ასეთი განსახლების მიზეზი, ამას თავად პროფ. მილერი გვიხსნის ცოტა ქვემოთ. სახელდობრ იგი წერს: „რუსების მიერ ყაბარდოელების დამორჩილებამდე ოსები ცხოვრობდნენ მხოლოდ მთებში: ყაბარდოლები არ უშვებდნენ მათ დაბლობზე, და ამ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ოსების რიცხოვნება, დღემდე არის შენარჩუნებული მოგონებები ხალხში. მთებისგან ყაბარდოელების განდევნის (შევიწროვების) შემდეგ რუსულმა მთავრობამ ნება მისცა ოსებს, რომლებიც იტანჯებოდნენ მოსახლეობის უკიდურესი სიმჭიდროვისგან მთათა ხეობებში, დასახლებულიყვნენ დაბლობ ადგილას, და იმ დროიდან ჩნდება მათი დასახლებები თერგის შუა დინების ორივე ნაპირზე, და უფრო ზევით დასავლეთისკენ, მოზდოკის ახლოს“.

ანუ ყაბარდოელების მიერ შევიწროვებულ და მთებში შედენილ ოსებს სწორედ რუსეთის მთავრობამ მისცა მთისწინებში შედარებით დაბლობ ადგილებში განსახლებისა და გამრავლების შესაძლებლობა, ჩაასახლა ისინი ახალ მიწებზე, სადაც მანამდე უკვე სახლობდნენ კაზაკები და ჩეჩნები. ამ ადგილებში მიწები ოსებისთვისაც საკმარისი იყო, მაგრამ უნდა ხაზი გაესვას იმას, რომ იქ ოსები უფრო გვიან ჩასახლებულები იყვნენ და ამიტომაც ცხოვრობდნენ სხვა ხალხებთან (ჩეჩნებთან, კაზაკებთან) შერეულად (მონაცვლეობით). ამას ხაზი გავუსვით იმიტომ, რომ ანალოგიური სურათი დაიმზირება პროფ. მილერის მიერ საქართველოში ოსების განსახლების საკითხშიც. სახელდობრ იგი წერს: „კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, არაგვის აუზში, ოსთა აულები შერეულად არის განლაგებული ქართველთა სოფლებთან. ეს სამხრეთი ზოლ-საზღვარი, იწყება რა ქ. დუშეთის მახლობლად, თავიდან გადის ქედის ძირში, ხოლო შემდეგ კი ლიახვის მარჯვენა შენაკადების გავლით მიმართულია რიონის ზედა წელისკენ. დასავლეთში ოსური ოკრუგი ებჯინება ამიერკავკასიაში, რიონის ზემო წელში, იმერელთა მიწებს, ხოლო კავკასიონის მთისწინეთში, მდ. ურუხის გაყოლებით – მთიელი თათარ-ბალყარელების მიწებს“. როგორც ვხედავთ სახეზეა ნათელი სურათი იმისა, რომ საქართველოში ოსების განსახლება XIX ს. მიწურულს იყო არა კომპაქტურად ერთგვაროვანი, არამედ უმეტეს წილად ქართველთა სოფლებთან მონაცვლეობით, რაც ძალზედ ჰგავს ჩრდილო-კავკასიაში მდ. თერგის შუაწელის გაყოლებით რუსების მიერ ოსთა ჩასახლების სურათს. პროფ. მილერი 1890-იან წლებშიც იყენებს ტერმინს „ოსური ოკრუგი“, რომელიც ოფიციალურად არსებობდა მხოლოდ 1840-50-იან წლებში, ხოლო სტატიის გამოქვეყნების დროს კი უკვე თითქმის 40 წლის გაუქმებული იყო, თანაც ეს ავტორი მისეულ „ოსურ ოკრუგში“ აქცევს უკვე ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის ნაწილსა და ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის ნაწილსაც, ანუ ჭრის და კერავს ისე, როგორც თავად მოეპრიანება.

მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის პროფ. მილერი ოსთა რიცხოვნების შესახებაც XIX ს. განმავლობაში. სახელდობრ იგი იწერს: „ოსები – სიცოცხლისუნარიანი ტომია და სწრაფად იზრდება რიცხოვნებით იმ დროიდან, რაც იგი ჩაყენებულია უფრო მეტად ხლსაყრელ ეკონომიკურ პირობებში. 1833 წ. მონაცემებით, მთელი ოსები ირიცხებოდნენ მხოლოდ 35750 ადამიანი; 60-იანი წლების მონაცემებით, ჩრდილოელი ოსები ირიცხებოდნენ 46802, სამხრეთელი – 19324 ადამიანი; კავკასიის სტატისტიკური კომიტეტის 1880 წ. მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთში იყო 58926 ადამიანი, სამხრეთ ოსეთში კი – 51988; 1890 წ.-თვის ჩრდილოელი ოსი ირიცხება უკვე 74528 ადამიანი. თუკი მხდველობაში მივიღებთ ოსური მოსახლეობის ასეთსავე ზრდას ამიერკავკასიაშიც, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამჟამად ოსების საერთო რიცხვი აღწევს, დაახლოებით, 150-160 ათას სულამდე“. რა თქმა უნდა, ოსების გამოყვანა ყაბარდოელების მიერ ხელოვნურად შევიწროვებული მდგომარეობიდან და მათთვის თავისუფლად განვითარების შესაძლებლობის მიცემა საქებარი საქმეა მეფის რუსეთის მთავრობის მხრიდან, და ეს უნდა აღინიშნოს კიდეც, ისევე როგორც საქართველოში ლეკიანობის მოსპობა, ტყვეთა სყიდვის ამოძირკვა და ქართველი ხალხის, ისევე როგორც სხვა კავკასიელი ხალხების ცხოვრების დონის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ამაღლება, ევროპული მეურნეობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებისთვის პირობების შექმნა და ხელის შეწყობა. ყოველივე ამის აღნიშვნა და რუსეთისა და რუსებისთვის მადლობის თქმა ჩვენში არ უყვართ, თითქოს და ასეთი რამ ისედაც უნდა ყოფილიყო; კი მაგრამ, რატომ არ იყო? რატომ ვერ ახერხებდნენ ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეები ვერც ქართველი გლეხკაცობის მაჰმადიანებზე გაყიდვის მავნე პრაქტიკის ალაგმვას და ვერც ლეკიანობისა? ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ თუკი ჯიუტად არ მოვისურვებთ რუსული სახელმწიფოსა და რუსული ჯარების მიერ, ქართული მილიციის აქტიური და ქმედითი მონაწილეობით, საქართველოს მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფას, მაშინ შესაძლოა კიდევ მოგვიწიოს ისეთივე ლეკიანობის, ძმათაგაყიდვისა და გაჩანაგების უბედურებათა გადატანა? რატომ ვუყურებთ ყოველივე ამას ასე იოლად და არხეინად?

ახლა ისევ XIX საუკუნეში ოსების განსახლების საკითხს დავუბრუნდეთ. პროფ. ვ. მილერი აღნიშნავს, რომ ყაბარდოელთაგან შევიწროვებისა და მთებში შერეკვის გამო ოსების გამრავლება ძლიერად იყო შეზღუდული და 1833 წელს მათი საერთო რიცხვი დაახლოებით 35750 ადამიანამდე თუ ადიოდა; შემდეგ ოსების ერთი ნაწილის მდ. თერგის ხეობაში უფრო დაბლობ ადგილას ჩასახლების შედეგად, 1860-იან წლებში მათმა რიცხვმა იმატა 66126 ადამიანამდე, თანაც ისე, რომ ჩრდილო-კავკასიაშიოსებისრიცხვი შეადგენდა 46802 ადამიანს (ანუ ოსთა მთელი რიცხვის 70,8%-ს), საქართველოში კი _ 19324 ადამიანს (ანუ ოსთა საერთო რიცხვის 29,2%-ს). თუკი დავუშვებთ, რომ დაახლოებით ასეთივე პროცენტული თანაფარდობა უნდა ყოფილიყო ოსებს შორის 1833 წელსაც, მაშინ აღმოჩნდება, რომ იმ ხანად მცხოვრები 35750 ოსიდან 25310-ზე ცოტათი მეტ ადამიანს უნდა ეცხოვრა ჩრდილო-კავკასიაში, ხოლო 10440-მდე ადამიანს საქართველოში. და განა ამდენი ოსი იქნებოდა განსახლებული იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ეწოდებოდა სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი, და საცად 1980-იანი წლების მიწურულს რეგიონში კონფლიქტის განვითარებამდე ცხოვრობდა დაახლოებით 90 ათასი ადამიანი, მათგან 30 ათასი ქართველი და 60 ათასი ოსი; როგორი იყო მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მთელ ამ ტერიტორიაზე 1800-იანი წლების დასაწყისში? ხომ ტარდებოდა მოსახლეობის აღწერები რუსეთის იმპერიაში? ამ აღწერების მონაცემები ჩვენთვის დღესდღეობით ცნობილი არ არის, მაგრამ მათი გარკვევაც არ უნდა წარმოადგენდეს რაიმე გადაულახავ სიძნელეს.

ჩვენ კი ამ ეტაპზე შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართლ-კახეთის უკანასკნელი ბაგრატიონი მეფის გიორგი XII-ის ძის, იოანე ბატონიშვილის მიერ 1796-1799 წლებში ჩატარებული სამეფოს აღწერის შედეგები, რომელიც 1986 წელს თბილისში იქნა გამოქვეყნებული „საქართველოს ისტორიის წყაროების“ სერიაში (იხ. იოანე ბაგრატიონი _ ქართლ-კახეთის აღწერა, თბილისი, 1986 წ.). სახელდობრ მასში ვკითხულობთ, რომ ყოფილი არაგვის საერისთაოს ვაკის სოფლებში, რომელიც გადაცემული ჰქონდა ერეკლე II-ის ძეს ვახტანგს, შედიოდა მხოლოდ 42 ქართული სოფელი, ხანდოს ხეობაში 9 და გუდამაყრის ხეობაში 8 სოფელი, ხოლო არაგვის საერისთაოს მთის კერძო 26 სოფლიდან მხოლოდ ერთი _ ღუდა იყო ოსური მოსახლეობით (ანუ მთიულეთში 85 სოფლიდან მხოლოდ ერთი იყო ოსური.) კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევსა და თრუსოს ხეობაში 30 სოფლიდან 11 იყო ოსური აქედან 8 ოსური სოფელი თრუსოს ხეობაში (ამრიგად, ვახტანგ ბატონიშვილის საუფლისწულო მამულში, არაგვის, თერგისა და თრუსოს ხეობებში 115 სოფლიდან მხოლოდ 12 იყო ოსებით დასახლებული). ქსნის ხეობაში იოანე ბატონიშვილის საუფლისწულო მამულში 81 სოფლიდან 30 დასახლებული იყო ოსებით, მათგან ჭურთას ხეობაში იყო 8 ოსური სოფელი, ჟამურის ხეობაში 9 ოსური სოფელი, მაღრან-დოვლეთის ხეობაში 6 ოსური სოფელი; იმავე ქსნის ხეობაში მეფის ძის ბაგრატის კუთვნილ მამულში 14-ზე მეტი სოფლიდან ერთი იყო ოსური; უწინდელ ქსნის საერისთაოზე მიწერილ გვერდისძირის მამულში, რომელიც იულონ ბატონიშვილს ეკუთვნოდა ნაჩვნები იყო 15 ქართული სოფელი; იმავე საერისთაოზე მიწერილ პატარა ლიახვის ხეობაში იყო 18 სოფელი, სანახევროდ შერეული ქართულ-ოსური მოსახლეობით (ამრიგად, ქსნისა და პატარა ლიახვის ხეობებში მდებარე 152 სოფლიდან 32 იყო ოსური და 18 შერეული მოსახლეობით). გორზე მიწერილი 36 სოფლიდან, რომელიც იულონ ბტონიშვილს ეკუთვნოდა, 5 იყო ოსური. იმავე გორზე მოწერილი 18 სოფლიდან, რომელიც პატარა ლიახვით ირწყვებოდა ერთი იყო ოსური (სულ გორზე მიწერილი 54 სოფლიდან 6 იყო ოსური მოსახლეობით). ქრცხინვალის ხეობასა და სამაჩაბლოს ხეობაში 55 სოფლიდან ერთი იყო ოსური _ გუფთა (ჯავის ხეობის მეზობლად); ჯავის ხეობაში იყო 15-ზე მეტი ოსური სოფელი (ამრიგად, ქრცხინვალის, სამაჩაბლოსა და ჯავის ხეობაში მდებარე 70 სოფლიდან 16 იყო ოსური და მათგან 15 ოსური სოფელი იყო ჯავის ხეობაში). უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის გავაკეთოთ პატარა ცხრილი:

ადგილები, ხეობები . . . . . . . . . . . . . . ქართული . . . ოსური . . . . .სოფლები შერეუ- . . . .ს უ ლ . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სოფლები . . . სოფლები . . ლი მოსახლეობით . . სოფლები . .

არაგვის, ხანდოსა და გუდამა-
ყრის ხეობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 84 . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . . . 85 . . . .
თერგისა და თრუსოს ხეობები . . . . . . . .19 . . . . . . . . . 11 . . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . . . 30 . . . .
ქსნის ხეობა და გვერდისძირი . . . . . . . .79 . . . . . . . . . 31 . . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . . .110 . . . .
პატარა ლიახვის ხეობა . . . . . . . . . . . . . . .8 . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . .18 . . . . . . . . . . . . 27 . . . .
გორზე მწერილი მეჯვედას
ხეობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .31 . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . . . .36 . . . .
გორზე მიწერილი პატარა
ლიახვის ხეობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .17 . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . . . . 18 . . . .
ქრცხინვალისა და სამაჩაბლოს
ხეობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .54 . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . . . . 55 . . . .
ჯავის ხეობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . 15 . . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . . . .15 . . . .

შენიშვნა: აქ მოყვანილი ქართული სოფლებიდან ყველგან არ იყო მოსახლეობა, არამედ მათი ერთი ნაწილი, ხშირი ლეკიანობის გამო, ნასოფლარებს წარმოადგენდა.
ქართლის დანარჩენ ნაწილში ოსური სოფლები სულ თითო-ოროლა თუ იყო და ასეთ სურათს შეესაბამებოდა სწორედ ოსების ის მცირე რიცხვი _ დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, რომელიც ზემოთ გამოვიანგარიშეთ პროფ. ვსევ. მილერის სიტყვებიდან.

შემდეგ, პროფ. მილერი აღნიშნავს, რომ 1880 წლის მონაცემებით, ჩრდილო-კავკასიაში სახლობდა 58926 ოსი, საქართველოში კი 51988 (საერთო ჯამში გამოდის სულ 110914 ოსი მოსახლე მთელ კავკასიაში, რომელთა 53,1% მოდიოდა ჩრდილო-კავკასიაში მოსახლე ოსებზე, ხოლო 46,9% კი _ ამიერკავკასიაში, ანუ საქართველოში მოსახლეებზე). კი მაგრამ, რატომ შეიცვალა ასე მკვეთრად ოსების განსახლების მაჩვენებელი კავკასიაში? რა იყო ამის მიზეზი? საქმე იმაშია, რომ სრულიად რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ და მისმა მთავრობამ 1861 წელს რუსეთის შიდა უბერნიებში, ხოლო 1864 წელს კი საქართველოშიც გააუქმეს ბატონყმური წყობილება და შესთავაზეს ყოფილ ბატონებსა და მათ უწინდელ ყმებს ახალ საფუძვლებზე დაეწყოთ სამეურნეო და იურიდიული ურიერთობები. როგორც ვიცით, მემამულეთა ერთი ნაწილი მომხრე იყო გლეხების განთავისუფლებისას მათთვის საკუთრებაში მიწებიც მიეცათ, ხოლო მემამულეთა უმეტესი ნაწილი კი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეებოდა. ასევე ცნობილია, რომ ახალგაზრდა თავადი ილია ჭავჭავაძე (წმ. ილია მართალი) იმ ხანად გადაჭრით გამოდიოდა ყმა-გლეხების მიწებით განთავისუფლების მომხრედ, რის გამოც მას ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ ტფილისის გუბერნიის სხვა თავადები; ილიას ახალგაზრდა მომხრეებს ხელის გამოღებაც კი უხდებოდათ თავიანთი წინამძღოლის სიცოცხლის დასაცავად.

ასეთ პირობებში შიდა ქართლის მემამულე თავადებმა _ მაჩაბლებმა, ფავლენიშვილებმა, ელიოზიშვილებმა, როგორც ჩანს, ვერ მოახერხეს თავიანთ ყოფილ ყმებთან ახალი საიჯარო ურთიერთობების დაწყება და უფრო მეტი მატერიალური სარგებლის მისაღებად, ასეთ მოიჯარადრეებად, ანუ ხიზნებად შემოიყვანეს ოსები ჩრდილო-კავკასიიდან, რამაც ასე მკვეთრად შეცვალა დემოგრაფიული სურათი შიდა ქართლში 1865-1880 წლების განმავლობაში. ამის შესახებ სულ ახლახანს იყო საუბარი საქართველოს ტელევიზიის I (საზოგადოებრივ) არხზე, რომელშიც მონაწილეობდნენ პროფესორები ნოდარ ნათაძე, ვახტანგ გურული და სხვები. სწორედ ამ გადაცემაში შევიტყვეთ იმ თავადური საგვარეულოების შესახებ, რომლებმაც მასობრივად ჩამოასახლეს შიდა ქართლში, თავიანთ მამულებში, მთიელი ოსები. თუკი მოვისურვებთ ჩამოსახლებული ოსური მოსახლეობის რიცხვის დადგენას, ესეც არ იქნება ძნელი. როგორც გვახსოვს, 1860-იან წლებში, ანუ ახალ ჩამოსახლებამდე, საქართველოში ცხოვრობდა 19324 ოსი მოსახლე, რაც შეადგენდა საერთოდ ოსების რიცხოვნების 29,2%-ს; ეს პროცენტული თანაფარდობა რომ უცვლელად ყოფილიყო შენარჩუნებული 1880 წელსაც, მაშინ 110914 ოსიდან 78527-ს უნდა ეცხოვრა ჩრდილო-კავკასიაში (თერგის ოლქში), ხოლო 32387-ს კი საქართველოში. მაგრამ, როგორც ზემოთ ვნახეთ, 1880 წელს საქართველოში სახლობდა უკვე 51988 ოსი, ანუ 19601 ოსი ადამიანით იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ეს მოხდებოდა 1860-იან წლებში უკვე აქ მცხოვრები ოსების ბუნებრივი გამრავლების შედეგად. ეს კი მხოლოდ იმაზე შეიძლება მეტყვლებდეს, რომ 1865-1880 წწ. შიდა ქართლის თავადური სახლების მიერ თავიანთ მამულებში, ხიზნებად, ანუ მოიჯარადრეებად, ჩამოსახლებულ იქნა 20 ათასამდე მთიელი ოსი. აღნიშნულ სატელევიზიო გადაცემაში მონაწილე, ასე ვთქვათ, მეცნიერებს ასე რომ წაეყვანათ საუბარი, მაშინ ობიექტური და პატიოსანი სურათის აღდგენა არ გაჭირდებოდა, მაგრამ იქ შემოიფარგლენ მხოლოდ მხოლოდ ოსების ჩამოსახლების ფაქტის აღნიშვნით, დაასახელეს ის თავადური საგვარეულოები, რომელთა მიერაც იქნენ ჩამოსხლებული ოსები, ხოლო ჩამოსახლებულთა რიცხვი კი, ნურას უკაცრავად, არ დაუსახელებიათ. მაგრამ ის კი თავისთავად ცხადია, რომ მოკლე დროში ერთბაშად ჩამოსახლებული 20 ათასამდე მთიელი ოსი ახალ ურთიერთობებსა და ახალ პრობლემებს შემოიტანდა ქართულ საზოგადოებაში. და ეს ჩამოსახლება მოხდა არა იმის გამო, რომ ქართველებმა ჰუმანური თვისებები გამოვავლინეთ და გაჭირვებულებს თავშესაფარი მივეცით, როგორც ამაზე ჩვენში უყვართ ხოლმე ლაპარაკი, არამედ იმიტომ, რომ ქართველი თავადები ვერ მორიგდნენ თავიანთ უწინდელ ყმებთან დასამუშავებლად მათთვის გადასაცემ მიწაზე საიჯარო გადასახადის თაობაზე და ამჯობინეს საიჯარო ურთიერთობების დაწყება მათ მიერ ჩამოსახლებულ ოსებთან.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელშიც უკვე რუსი ავტორები სცოდავენ, და იგი შეეხება დვალეთსა და დვალებს. ერთი პრობლემა აქ მდგომარეობს დვალების ეთნიურ წარმომავლობაში, მეორე კი დვალეთის გეოგრაფიულ მდებარეობაში. პროფ. ვსევ. მილერი ერთმნიშვნელოვნად მიაკუთვნებს დვალებს ოსურ ეთნოსს, ქართველი ისტორიკოსები კი ასევე ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ დვალები ერთერთი ქართული ტომთაგანია. პროფ. მილერი ასევე აღნიშნავს, რომ “საერთო ეროვნული სახელი მთელი ტომისთვის თავად ოსებს არ გააჩნიათ. ყველაზე უფრო მეტად რის გავრცელებული სახელი ირონები (ირ, ირონ), რითაც დიგორელებისგან განსხვავებით საკუთარ თავს მოიხსენიებენ თაგაურელები, ქურთათელები, ალაგირელები. ქართველები ოსებს ასევე უწოდებენ, მათ ქვეყანას კი ოსეთს, აქედან არის ეს სახელები შემოსული რუსულ ენაშიც“. მაგრამ თუკი ტერმინები „ოსი“, „ოსები“ და „ოსეთი“ ქართული ენიდან და ქართული ისტორიული მატიანეებიდანაა შემოსული საერთო გამოყენებაში, მაშინ განა ტერმინები „დვალი“, „დვალები“ და „დვალეთი“ ასევე ქართული ენიდან და ქართული ისტორიული წყაროებიდან არ არის შემოსული სამეცნიერო და საზოგადოებრივ გამოყენებაში? განა ქართული მატიანეებიდან ჩანს, რომ დვალები და ოსები ერთ ხალხად იყვნენ დასახელებული? თუმცა კი არც ის არის გამორიცხული, რომ ერებისა და ხალხების ისტორიული ცხოვრების გზაზე ოსებს მოეხერხებინათ დვალების დამორჩილება, ასიმილაცია და და მათი საერთო ოსურ ორბიტაში ჩართვა. ამას ადასტურებს თუნდაც იოანე ბატონიშვილის მიერ მაღრან-დოვლეთის ხეობაში მხოლოდ ექვსი ოსური სოფლის მოხსენიება ქართული სოფლები გარეშე.

მაგრამ აქ დგება მეორე ასევე მნიშვნელოვანი საკითხი _ დვალეთის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. სახელდობრ, პროფ. ვსევ. მილერი ამბობს: „ოსები ქედის ამ მხარეზე იყოფიან რამდენიმე საზოგადოებად: დიგორიისა (იხ. დიგორია), შემდეგ აღმოსავლეთისკენ, მდ. არდონის ხეობებში _ ალაგირის (ანუ ვალაჯირის), ორიაგ-დონისა და მისი შენაკადების ხეობებში _ ქურთათის, გიზელ-დონისა და გენალ-დონის ხეობებში _ თაგაურის, რომელიც საკუთარ თავს თვლის ოსეთის უმაღლეს წოდებად. ოსები, ნაწილობრივ გაქართველებულები, ამიერკავკასიაში ემეზობლებიან ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრასა და ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრას და უჭირავთ ოლქი, რომელიც ქართველებში ცნობილია დვალეთის სახელწოდებით. ჩრდილოელი ოსები მათ უწოდებენ თუალთეს ტომს“. მაგრამ, როგორც ცნობილია, კავკასიონის მთიანი მასივი შედგება კავკასიონის მთავარი ქედისგან, რომელიც გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, და კავკასიონის გვერდითი ქედისგან, რომელიც მთავარი ქედის პარალელურად მიემართება რამდენადმე უფრო ჩრდილოეთით. საბჭოთა პერიოდის რუკებზე დიგორა და ალაგირი ნაჩვენებია კავკასიონის გვერდითი ქედის რამდენადმე უფრო ჩრდილოეთით. იმავე გეოგრაფიულ გარემოში ჰყავს მოხსენიებული პროფ. მილერს ქურთათელებიცა და თაგაურელებიც. მაგრამ ისტორიული დვალეთი, ისევე როგორც თრუსოს ხეობა და ისტორიული ხევი (საქართველოს დღევანდელი ყაზბეგის რაიონი), ასევე პირიქითა ხევსურეთი და პირიქითა თუშეთი, მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ქედთაშორისი ზეგანის ვიწრო ზოლსა და კავკასიონის გვერდითი ქედის სამხრეთ კალთებზე, ანუ კავკასიონის მთავარ და გვერდით ქედებს შორის არსებულ სივრცეზე. ამასვე ადასტურებს ივ. ჯავახიშვილი თავის ნაშრომში „საქართველოს საზღვრები ისტორიული და თანამედროვე თვალსაზრისით“ (თბილისი, 1919 წ.). მაგრამ დვალეთიც არ გადმოდიოდა გეოგრაფიულად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, ანუ იქ, სადაც საბჭოთა პერიოდში დაარსებულ იქნა „სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი“. ანუ პროფ. მილერის მიერ ერთმნიშვნელოვნად ოსებად მიჩნეული დვალები განსახლებული იყვნენ არა ჯავის, სამაჩაბლოს, ლიახვის ან ქსნის ხეობებში, არამედ მდ. თერგის შენაკადის არდონის ზემო წელის ხეობაში, რომელიც დღესდღეობით უფრო ჩრდილოეთით, ქალაქების არდონისა და ბესლანის მახლობლად ერთვის მდ. თერგს.

ქართველი ავტორები დვალეთს, როგორც ვთქვით, გადაჭრით მიიჩნევენ ისტორიულად და ეთნიურად ქართულ პროვინციად. შესაძლოა ეს ასეც იყოს, ვარაუდს აქ იმიტომ გამოვთქვამთ, რომ პირადად ჩვენ არ გაგვაჩნია საკმარისი ცოდნა ამ საკითხში და აღარც ის ნდობა დღევანდელი ქართველი ისტორიკოსების მიმართ, რაც გვქონდა თუნდაც ამ ხუთიოდე წლის წინ. ჩვენში ხმამაღლა აცხადებენ, რომ 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მის მიერ დაპყრობილ საქართველოს წაართვა ისტორიული დვალეთი, რომელიც ერთა ლიგის მიერ დამტკიცებულ რუკებზე საქართველოს ნაწილად იყო აღიარებული. ეს მართლაც ასეა. მაგრამ 2003 წელს თბილისში გამოცემულ იქნა „საქართველოს ისტორიული ატლასი“, რომლის ავტორებიც არიან მანანა სანაძე, თამაზ ბერაძე და კოკა თოფურია, ხოლო ერთერთი რეცენზენტია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი გიული ალასანია, და ამ ატლასში 28-ე რუკად მოყვანილია „საქართველო და კავკასიის სამთავარმართებლო 1830-იან წლებში“, რომელშიც ჭარ-ბელაქანი და ლორე ნაჩვენებია საქართველოს გუბერნის შემადენლობაში, ხოლო დვალეთი კი _ ვლადიკავკაზის ოკრუგისა; 29-ე რუკად კი ჩართულია „კავკასია I მსოფლიო ომის წინ“ (ანუ 1910-იან წლებში), სადაც ზაქათალას ოკრუგი (ჭარ-ბელაქანი) და ლორე ნაჩვენებია უკვე ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში, ხოლო დვალეთი კი _ თერგის ოლქისა. ასეთი მდგომარეობის ახსნა კი იმით შეიძლება, რომ უკვე XVIII საუკუნეში დვალეთი, ნაწილობრივ მაინც, გასული იყო ქართლ-კახეთის მეფეთა იურისდიქციიდან, ისევე როგორც ჭარ-ბელაქანიც; მაგრამ ვინაიდან ჭარ-ბელაქანი წარმოადგენდა საქართველოზე ლეკთა თავდასხმების მეწინავე პლაცდარმს, ამიტომ ქართველი მეფეები ერთის მხრივ თავად ცდილობდნენ ამ ოლქის დამორჩილებას, და რადგანაც ამას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდნენ, ამიტომ ისინი დაჟინებით სთხოვდნენ რუსეთის მთავრობას დახმარებას მის დასამორჩილებლად. და მეფის რუსეთის მთავრობამაც ეს ოლქი, მისი დამორჩილების შემდეგ, გადაჭრით ჩართო აღმოსავლეთ საქართველოს შემადგენლობაში, თუმცა კი რუსეთის უმაღლესი მმართველობის ქვეშ, და ამის ხსენებაც არ უყვართ ხოლმე ჩვენს თანამედროვე ისტორიკოსებს. მაგრამ ვინაიდან ისტორიული დვალეთიდან ასეთი თავდასხმები საქართველოზე არ ხდებოდა, ამიტომ XVIII ს. მიწურულსა და XIX ს. დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფოს ფარგლებს გარეთ მისი ყოფნა ისე არ აწუხებდათ საქართველოს მმართველ წრეებს. და ესეც ფაქტია. Mაგრამ იოანე ბატონიშვილს, როგორც ზემოთ ვნახეთ, მაღრან-დოვლეთის ხეობა ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში აქვს მოხსენიებული. ჩვენ ამის მეტს ამ საკითხზე უკვე ვეღარაფერს ვიტყვით.

ასევე დასასრულ უნდა ითქვას რუსების მიერ XIX საუკუნეში ოსური დამწერლობის შექმნის, აგრეთვე წმინდა წერილის ცალკეული წიგნების ოსურად თარგმნისა და გამოცემის შესახებ. თავად პროფესორი ვსევოლოდ მილერი გახლდათ ამ პროცესების მონაწილე. მაგრამ იგი თავის წერილში „ოსური ენა“ გარკვევით ამბობს, რომ „ანბანი ოსური ენისთვის შედგენილ იქნა 40-იანი წლების დასაწყისში აკადემიკოს შიოგრენის მიერ, რომელმაც მას საფუძვლად დაუდო რუსული ანბანი, ასოებზე ზოგიერთი დამატებითა და მათი ფორმის გარკვეული ცვლილებებით. შიოგრენისეული ანბანის ზოგიერთი ცვლილება მოახდინა პროფესორმა ვს. მილერმა „ოსურ ეტიუდებში“.... ხალხური ზეპირსიტყვიერების ნაწარმოებების ირონული ტექსტები გამოცემულია აკადემიკოს შიფნერისა („დამატება საიმპერიო მეცნირებათა აკადემიის ნაწერების XIV ტ.-ზე“, # 4, 1868) და ვს. მილერის („ოსური ეტიუდები“, ნაწ. I, 1881, და ნაწ. III, 1887) მიერ. დიგორული ტექსტებისთვის იხ. „Fühf Ossetische Erzählungen in Digorischem Dialect“, herasungegeben von W. Miller und R. von Stackelberg (ს.პ.ბ., 1891). _ პირველი ოსური გრამატიკა შეადგინა აკადემიკოსმა შიოგრენმა გერმანულ და რუსულ ენებზე, მოკლე ლექსიკონით (1844). ოსური ენის ფონეტიკისა და მორფოლოგიის ლინგვისტური დამუშავება იხ. ვს. მილერის „ოსური ეტიუდების“ მე-2 და -3 ნაწილებში (მოსკოვი, 1882 და 1887). სინტაქსისთვის იხ. R. von Stackelberg, „Beiträge zur Syntax des Ossetischen“ (სტრასბურგი, 1886)“. ანუ აქ გარკვევით ჩანს პეტერბურგში მოღვაწე გერმანული წარმოშობისა და გერმანიის გარკვეულ წრეებთან მჭიდროდ დაკავშირებული მეცნიერების დაინტერესება ოსური ენისადმი, როგორც ერთერთი ინდოევროპული ენისადმი, და ეს არ გახლდათ მხოლოდ რუსული სახელმწიფოს დაინტერესების შედეგი.

რაც შეეხება წმინდა წერილის ცალკეული წიგნების ოსურ ენაზე თარგმნას, ამის შესახებ პროფ. მილერის წერილში ნათქვამია: „წმინდა წერილის ოსურ ენაზე სათარგმნელად არჩეულ იქნა გაბატონებული ირონული დიალექტი. ამ კილოზე თარგმნილი სახით ოსებთან ცნობილია: სახარება (1-ლი თარგმანი 1848, მე-2 1864 წ.), ფსალმუნები (1848 წ.), წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია (1861 წ.), წმ. მოციქულთა კათოლიკე ეპისტოლეები (1862 წ.) და სხვა. ამავე კილოზე ვლადიკავკაზის ეპისკოპოსის იოსების მიერ გადმოცემულია ძველი და ახალი აღთქმის წმინდა ისტორია (1881 წ.)“. ანუ ჩვენში გაბატონებული შეხედულების საწინააღმდეგოდ იმის თაობაზე, რომ რუსეთის მთავრობა ასეთ ღონისძიებებს მიმართავდა ქართული საზოგადოების დასუსტების მიზნით, აქ ვხვდებით ისეთ ვითარებას, როდესაც რუსეთის მთავრობა „ასუსტებდა“ ასევე საკუთრივ რუსულ საზოგადოებას და იმის ნაცვლად, რომ მართლმადიდებელი ოსებისთვის ეთქვა: კეთილი ინებეთ, რუსული ენა ისწავლეთ, წმინდა წერილი რუსულად იკითხეთ და ღვთისმსახურებაც რუსულად აღასრულეთო, თავად უქმნიდა თერგის ოლქში მცხოვრებ ოსებს წმინდა წერილის ოსურ ენაზე წაკითხვისა და საღმრთო ლიტურგიის ოსურ ენაზე აღსრულების შესაძლებლობებს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მეფის რუსეთის მთავრობა მართლაც ცდილობდა ქართული ეროვნული ორგანიზმის დასუსტებას, მაგრამ, უბრალოდ, ისე მარტივად და ცალსახად არ უნდა ყოფილიყო საქმე, როგორც ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცენტრალური დაზვერვის სამსახურში ჩამდგარ ცალკეულ ქართველ ისტორიკოსებსა და სხვა „მოღვაწეებს“ მიაჩნიათ. მართალია, 1880-იან წლებში რუსეთის იმპერიაში ნამდვილად მიმართავდნენ ასეთ პრაქტიკას, მაგრამ სათანადოდ უნდა ვითვალისწინებდეთ იმასაც, რომ იქ 1881 წელს რევოლუციონერ-ტერორისტთა ხელით მოკლულ იქნა იმპერატორი ალექსანდრე II და მისმა ვაჟმა და მემკვიდრემ ალექსანდრე III-მ დაიწყო რეპრესიები, შესაძლოა სადღაც ზომაზე მეტად გადაჭარბებულიც, მსგავსი პროცესების აღსაკვეთად. აბა წარმოვიდგინოთ, რა მოხდება მაშინ, თუკი დღევანდელ საქართველოში თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ცალკეული ჯგუფები დაიწყებენ ტერორისტულ საქმიანობას ქვეყნის პრეზიდენტს ან მაღალი რანგის სხვა რომელიმე სახელმწიფო მოხელეს მოუკლავენ უახლოეს ნათესავს? ნუთუ არ იქნება საპასუხო რეპრესიები? რაღაც არა გვგონია. და იმისთვის რომ ასეთი რამეები არ მოხდეს, საჭიროა ყველამ საკუთარ სინდისში ჩავიხედოთ და სხვებზე, მათ შორის რუსეთსა და რუსებზე ცილისწამებების ნაცვლად, უწინარეს ყოვლისა საკუთარ თავს მოვთხოვოთ პასუხი.

ირაკლი ხართიშვილი
17. 01. 2011

P.S. ასეთი ისტორიული ექსკურსის შემდეგ, ჩვენი აზრით, აუცილებელია მოკლედ შევეხოთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებსაც. საქმე იმაშია, რომ როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე მთელ პროამერიკულ სპექტრსაც ეს კონფლიქტი სურთ წარმოადგინონ როგორც რუსულ–ქართული შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მაგრამ ჯერ კიდევ მის გაჩაღებამდე რამდენიმე წლით ადრე რუსეთის მკვლევარ–ანალიტიკოსები და ექსპერტები, ხოლო შემდეგ კი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებიც, დაბეჯითებით გვიმეორებდნენ, რომ ნატო–ს ბლოკი წარმოადგენს დასავლეთის სახელმწიფოთა სამხედრო–პოლიტიკურ კავშირს, რომ მისი მოახლოვება რუსეთის საზღვრებთან რუსეთში განიხილება სერიოზულ სამხედრო მუქარად რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ისინი მოგვიწოდებდნენ და გვთავაზობდნენ, რომ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას თავის საგარეო პოლიტიკაში აეღო თუნდაც დასავლეთსა და რუსეთს შორის შესაძლო დაპირისპირებაში სახელმწიფოებრივი ნეიტრალიტეტის კურსი, არ შესულიყო ნატო–ს ბლოკში და არ დაეთმო საკუთარი ტერიტორია აშშ–ის ან ჩრდილოატლანტიკური კავშირის რომელიმე სხვა სახელმწიფოთა სამხედრო ბაზების, ან სხვა სახით სამხედრო ყოფნისთვის. ამის სანაცვლოდ ისინი გვთავაზობდნენ კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებასა და დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენას.

რუსების ამ წინადადებებზე საპასუხოდ როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე პოლიტიკურად აქტიური სპექტრის უდიდესი უმრავლესობაც გადაჭრით აცხადებდნენ, რომ საქართველოს არჩევანი არის ნატო–სა და სხვა დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი არიან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, და ამიტომ საქართველო არ დათმობს ამ კურს სარაფრის სანაცვლოდ. კი მაგრამ, ეს ხომ ნიშნავდა იმას, რომ ეს ადამიანები აცხადებდნენ: საქართველო არ დათმობს თავის პროდასვლურ სგარეოპოლიტიკურ კურსს, და არ გაცვლის მას თუნდაც ნეიტრალიტეტზე, თვით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საზღაურადაც კი. ანუ თავად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ და აშშ–ის სხვადასხვა ფონდებიდან დაფინანსებულმა ე.წ. პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა თქვეს უარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე, თუკი ეს მოხდებოდა ნატო–ს ბლოკში გაწევრიანებაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

ეს გახლავთ პრობლემის ერთი მხარე, ანუ ის, რომ დღესდღეობით საქართველოს დაკარგული ტერიტორიების გამო ასე თავგამოდებით სწუხან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც 2006–2008 წლებში წინა პლანზე აყენებდნენ სულ სხვა რამეს, სახელდობრ ნატო–ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისთვის ზრუნვას. და ეს საკითხი გადაჯაჭვულია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხთანაც; სახელდობრ, ჩვენში სიტყვით ბევრს ლაპარაკობენ სახელმწიფო დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, საქმით კი სულაც არ ცდილობენ დამოუკიდებლობის გზით სიარულს, არამედ ახალ პოლიტიკურ პატრონს ეძებენ, ოღონდ უფრო მეტი ფულისა და გავლენის მქონეს. კი მაგრამ, ეს ხომ კახპის ფსიქოლოგიაა _ "ვისაც მეტი ფული და გავლენა აქვს, მეც იმისი ვიქნები"? (აქ მე პატიებას ვთხოვ იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც უკანასკნელი ათწლეულების გაჭირვებამ, სწორედ ამ პოლიტიკური კახპების მიერ "მოწყობილმა" და "გაპროტესტებულმა" ცხოვრებამ გაიყვანა ისინი ქუჩაში და ვინც სიხარულით დაანებებდა თავს ასეთ საქმიანობას, რაიმე სხვა სახსარი რომ გასჩენოდა). აქვე შევახსენებდი ჩვენს მკითხველს ერთ გარემოებასაც; როდესაც გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზ. ჟვანიამ ქვეყნის ბიუჯეტის პროექტი გამოიტანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად, მაშინ პარლამენტის ცალკეული წევრები აკეთებდნენ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ პროექტში არ იქნა გათვალისწინებული მათი წინადადებები რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, რაზედაც პრეიერ–მინისტრმა უპასუხა შემდეგი _ ყველა წინადადების გათვალისწინება შეუძლებელი იყო, რადგანაც "რაც 12 წელი ინგრეოდა, იმას ერთ წელიწადში როგორ ავაშენებდით?"–ო. კი მაგრამ იმ გასული 12 წლის მანძილზე ხომ ზ. ჟვანია ქვეყნის მეორე პირი გახლდათ (პარლამენტის თავმჯდომარე), ხოლო მ. სააკაშვილს, გ. ბარამიძეს, გ. წერეთელსა და ბევრ სხვასაც ხომ მნიშვნელოვანი თანმდებობები ეკავათ ქვეყნის მმართველობაში? და მრავალი წლის მანძილზე მათი ხელმძღვანელის "გაოცებული" აღიარებით, ისინი ე. შევარდნაძესთან ერთად ანგრევდნენ ქვეყანას. და მაშინ რატომ გვიკვირს, რომ "დანიის სამეფოში ყველაფერი წესრიგში ვერ არის?"

რაც შეეხება ნატო–ს ბლოკში საქართველოს გაწევრიანების სურვილს ჩვენს საზოგადოებაში, ამის შესახებ ავრცელებენ შეხედულებას, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, რომ 2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულ მოსახლეობის გამოკითხვაზე (პლებისციტზე) ამომრჩეველთა 77%–მა ხმა მისცა ნატო–ში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში ეს გახლდათ საარჩევნო ურნებთან მისული ამომრჩევლების 77%, და არა ამომრჩეველთა საერთო სიითი რიცხვისა. ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს არჩევნებზე ხმის მისაცემად მივიდა ამომრჩეველთა საერთო სიითი რაოდენობის დაახლოებით 56%, ხოლო დანარჩენმა 44%–მა სახლში დარჩენა ამჯობინა. იმისთვის, რათა გავიგოთ, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის რა პროცენტულ წილს შეადგენს საარჩევნო ურნებთან მისული ადამიანების 77%, საჭიროა ჩავატაროთ მარტივი არითმეტიკული დაანგრიშება: (56 X 77) : 100 = 43,12 (%); ანუ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო სიითი რაოდენობის მხოლოდ 43,12%–მა გამოთქვა სურვილი ჩვენი ქვეყნის ნატო–ს ბლოკში გაწევრიანებაზე, ხოლო 56,88%–მა კი უარი თქვა, ან თავი შეიკავა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისადმი პროამერიკული ოპოზოცია დაბეჯითებით აცხადებდა,რომ საარჩევნო სიები ხელოვნურად იყო გაბერილი, რომ სინამდვილეში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა არა 56%–მა, არამედ 70–მა. ამაში ჩვენც ვეთანხმებით, მაგრამ იგივე ოპოზიცია აცხადებდა, რომ მოხდა არჩევნების ფალსიფიკაცია და სააკაშვილის სასარგებლოდ საარჩევნო ურნებში ჩაყრილ იქნა ბიულეტენების მინიმუმ 20%; კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ნატო–ში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდაც ხომ ჩაყრიდნენ იმავე კონვერტებით 20% ყალბ ბიულეტენებს? მაშინ გამოდის, რომ ოპოზიციის არგუმენტაციიდან გამომდინარე, ნატო–ში გაწევრიანებაზე თანხმობა მიუცია საქართველოს ამომრჩეველთა არა 77%–ს, არამედ 57–ს. იმავე არითმეტიკული დაანგარიშებით მივიღებთ, რომ ოპოზიციის არგუმენტაციით, ჩრდილოატლანტიკურ კავშირში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ ხმა მიუცია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (70 X 57) : 100 = 39,9 (%), ანუ ნახევარზე ნაკლებს, უფრო სწორად კი 2/5–ს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას, ან პროამერიკულ ოპოზიციას, ან კიდევ მათ ამერიკელ პატრონებს რომ მართლაც აინტერესებდეთ ჩვენში დემოკრატიის დაცვა და განვითარება, მაშინ ისინი აღიარებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში წლების მანძილზე წარმოებული პროდასავლური აგიტაციისა და პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას არ სურს საქართველოს ნატო–ში გაწევრიანება, და რომ უმრავლესობის ეს სურვილი განმსაზღვრელი უნდა იქნას ამ საკითხზე მსჯელობისას; მაგრამ ნურას უკაცრავად, ისინი ასე არ ფიქრობენ. და დასავლეთის ასეთი დაჟინება ამ საკითხში ხომ არ ნიშნავს იმას, რომ იქ გარკვეულ გავლენიან ფინანსურ, პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში მართლაც უნდა ფიქრობდნენ და გეგმავდნენ მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღებას მომავალში რუსეთის წინააღმდეგ მისი ტერიტორიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფის მიზნით?განა რუსებს არ ეყოლებათ ჩვენზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ასეთი მუქარების შეფასებისა და განეიტრალებისთვის? განა ასე ჰაიჰარად და აგდებულად უნდა ვეკიდებოდეთ მათ არგუმენტაციასა და წინადადებებს საგარეო პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის საკითხებში?

პრობლემის მეორე მხარეს წარმოადგენს ის, რომ იგივე ადამიანები ჩვენში იმ ხანად აქტიურად ამკვიდრებდნენ ასეთ შეხედულებას: რუსეთის რა საქმეა ის, თუ ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე რომელ ქვეყანას მივცემთ სამხედრო ბაზებს და ვისთან დავამყარებთ სამხედრო თანამშრომლობასო? საიდანა აქვს რუსეთს იმის უფლება, რომ ჩვენ ასეთ საკითხებს გვკარნახობდესო? მაგრამ იმავე დასავლეთის სახელმწიფოთა პრაქტიკა სრულიად საპირისპიროს გვიდასტურებს. სახელდობრ ცნობილია, რომ 1945 წლის გაზაფხულზე საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს ავსტრია და მთელი ათი წლის მანძილზე განაგრძობდნენ მის ოკუპაციას; მაგრამ 1955 წელს მათ დატოვეს ავსტრიის ტერიტორია იმ პირობით, რომ სანაცვლოდ ავსტრია, შვეიცარიის მსგავსად, გამოაცხადებდა სახელმწიფო ნეიტრალიტეტს, და ავსტრიის სახელმწიფომ მართლაც გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და მას დღემდე იცავს. ნუთუ ეს ქვეყანა დაზარლდა ამის შედეგად, ან დემოკრატია შეირყა იქ, ან კიდევ დასავლური და საკუთრივ ავსტრიული ფასეულობები? იქნებ სჯობდა, რომ ავსტრიელებს უარი ეთქვათ სახელმწიფო ნეიტრალიტეტზე, დარჩენილიყვნენ საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ და ასეთ პირობებში გაეჩაღებინათ ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმთან ნატო–ში გაწევრიანებისთვის და დასავლური ფასეულობების დასაცავად? თუკი ასეა, რატომ დაეთანხმენ ნატო–ს ბლოკის მესვეურები ავსტრიის ამ ნაბიჯს და რატომ ქმედითად არ დაეხმარენ ამ მცირე სახელმწიფოს, ან რატომ არ მოისურვეს ნატო–ში გაწევრიანება ფინეთისა და შვედეთის სახელმწიფოებმა? განა კი იქ არ აფასებდნენ თავიანთ სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და დასავლურ ფასეულობებს? აღარაფერს ვამბობთ ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე (1648 წ.), რომლის მიხედვითაც 30–წლიანი ომის შემდეგ მოხდა ტერიტორიების გამიჯვნა კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის, აგრეთვე მათი სტატუსების განსაზღვრა, ასევე ამ ომში მონაწილე უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიული პრეტენზიების დაკმაყოფილება (სახელდობრ, საფრანგეთმა მიიღო ელზასი და ლოტარინგია); ან კიდევ ვენის კონგრესზე (1815 წ.), რომლის მსვლელობისას რუსეთმა, ინგლისმა, პრუსიამ და ავსტრიამ ახალი საზღვრები მოხაზეს ევროპისთვის, ნაპოლეონის იმპერიის დამარცხების შემდეგ კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობის შესანარჩუნებლად სამხედრო–პოლიტიკური წონასწორობის დამყარების მიზნით. თანაც ისე, რომ ევროპის მცირე სახელმწიფოების მეთაურებსა და ხალხებს ბევრს არაფერს ეკითხებოდნენ. და ასეთი მაგალითების მოყვანა უამრავისა შეიძლებოდა.

ამრიგად, ყველა ნიშანია იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი რუსეთ–საქართველოს დაპირისპირებას კი არ წარმოადგენდა, არამედ რუსეთ–ამერიკისა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ აშშ–ის ინტერესებში ჩაატარა დაზვერვა ბრძოლით, ანუ მოსინჯვა იმისა, თუ რამდენად ჩაარტყმევინებდა რუსეთის ხელისუფლება აშშ–ს თავში, და გადაყლაპავდა თუ არა ვაშინგტონის ადმინისტრაციის, ან მისი გავლენიანი წრეების მისწრაფების ასეთნაირად გამოხატვას შემდგომში რუსეთის წინააღმდეგ უფრო მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღებისა და რუსეთის დაშლა–დანაწევრებისთვის. რუსეთის ხელისუფლებამ ეს არ გადაყლაპა და გადაჭრით განაცხადა, რომ მზად არის იომოს დღეს საქართველოში, რათა ხვალ არ მოუხდეს ომის წარმოება უკვე ამერიკულ და სხვა დასავლურ ჯარებთან კრასნოდარის, ელისტისა და ასტრახანის დამაკავშირებელი ხაზის გაყოლებაზე მოსკოვისა და რუსეთის მთელი ევროპული ტერიტორიის თავდაცვის მიზნით. ასევე მოიქცეოდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის მზრუნველი ნებისმიერი მთავრობა და საზოგადოება, ასევე მოიქცეოდნენ ის სახელოვანი ქართველი მეფეებიც, რომელთა ხსენებაც ასე უყვართ დღევანდელ საქართველოში. და მაშინ რატომ არ სურთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა? რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკის ფულები და იარაღი ყველაფერს გადასწონის? რატომ არ მიიხედავენ უფლის მხარეს, რომელიც გვასწავლის, რომ სხვებს არ ვუსურვებდეთ და არ ვუკეთებდეთ ისეთ რამეს, რასაც საკუთარი თავისთვის არ ვისურვებდით?

რაც შეეხება კონფლიქტის ხასიათს, აქ უპრიანი იქნებოდა გაგვეხსენებია 1960–იანი წლების დასაწყისში წარმოქმნილი ე. წ. კარიბის კონფლიქტი, როდესაც აშშ–ის დაზვერვამ შეიტყო, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა აპირებდა კუბის ტერიტორიაზე საშუალო სიშორის ბალისტკური რაკეტების განლაგებას, რომლებიც აღჭურვილი უნდა ყოფილიყო ბირთვული საბრძოლო მუხტებით. იმ დღეებში პრეზიდენტ კენედის ადმინისტრაცია მზად იყო სსრკ–ზე დამსწრები ბირთვული დარტყმის მოყენებისთვის, რასაც შედეგად მოჰყვებოდა საყოველთაო სარაკეტო–ბირთვული ომის გაჩაღება. მაგრამ ორივე მხარის ხელმძღვანელთა ძალისხმევით იმ ხანად კონფლიქტი მშვიდობიანი გზით იქნა მოგვარებული _ ამერიკელები დაჰპირდნენ თავიანთი ანალოგიური რაკეტების "იუპიტერების" მოკლე ხანებში თურქეთის ტერიტორიიდან გაყვანას, ხოლო საბჭოთა ხელმძღანელობამ კი შეწყვიტა თავისი ბალისტიკური რაკეტების კუბაზე განლაგების სამუშაოები. იქნებ კუბის ხელმძღვანელობას, თავისი მარქსისტული დოქტრინებიდან გამომდინარე, სურდა კიდეც ამ რაკეტების მის ტერიტორიაზე განლაგება, თუნდაც ეს კუბელ ხალხს განადგურების ფასად დასჯდომოდა, განა ასევე არ მსჯელობდა ერთერთი საბჭოთა ბელადთაგანი ლ. ტროცკი (ბრონშტეინი), როდესაც უარს აცხადებდა რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გერმანიასთან ბრესტის ზავის დადებაზე; იგი თავს მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის ჯარისკაცად მიიჩნევდა, რუსეთს კი "ისტორიის ნეხვს" უწოდებდა, რომლის მოსპობაც გერმანული ხიშტებისა და ჩექმების ქვეშ დაანახვებდა თავად გერმანიისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა პროლეტარიატს, თუ როგორი მტაცებელი და დამპყრობელი მმართველი წრეები იყვნენ დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოებში და სრულიად ევროპული პროლეტარული რევოლუციის ხანძარს დაანთებდა. შესაძლოა ასეთი შეხედულებები ჰქონდა კუბასთან მიმართებით მგზნებარე მარქსისტს ფიდელ კასტროსაც 1960–იანი წლების დასაწყისში, მაგრამ შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის სამხედრო ინტერესებმა გადასწონა კარიბის ზღვის მცირე სახელმწიფოს ხელმძღვანელის ინტერესები. ისიც ცხადია, რომ აშშ–ის პრეზიდენტი არ წავიდოდა ასეთ გართულებაზე იმ შემთხვევაში, თუკი ამ რაკეტების განლაგებას საბჭოთა სარდლობა მოისურვებდა თუნდაც თავის ევროპულ ტერიტორიაზე, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა წინააღმდეგ, მაგრამ მისი ტერიტორიის სიახლოვეში კი, სულ სხვა საქმე იყო.
და განა ამიერკავკასია რუსეთის უშუალო მეზობელი მხარე არ არის, განა რუსეთის უსაფრთხოებისთვის არ იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი ის, თუ რომელი დიდი სახელმწიფო იქნება ამ მხარეში თავისი სამხედრო ბაზებით, სადაზვერვო და ძირგამომთხრელი სტრუქტურებით (ფსიქოლიგიურ ოპერაციათა ძალები და სხვა) ჩამდგარი, ან კიდევ საჭიროების შემთხვევაში ამ მხარეში არსებული სამხედრო ბაზების, აეროდრომებისა და პორტების, თავის ინტერესებში გამოყენების უფლების მქონე. ხოლო ეს ინტერესები კი შესაძლოა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღება, მისი დაპყრობა და დანაწევრება, რუსეთის მდიდარი სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდება, და განა კი რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეგვიძლია გავკიცხოთ იმის გამო, რომ იგი ასეთი მოსალოდნელი მძიმე განსაცდელების თავიდან აცილებას ცდილობს გარკვეული პრევენციული ზომების მიღებით? თავად ჩვენ რატომ ვიქცევით სხვადასხვა ჯურის "ფულიანი ძიების" ხელში იარაღად რუსეთის სამკვდრო–სასიცოცხლო ინტერსებისა და უფლებების წინააღმდეგ?1935 წელს, როდესაც ბრიტანეთის მთავრობას სურდა ა. ჰიტლერის აგრესიის მომართვააღმოსავლეთისკენ,მაშინ მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სერ ჯონ საიმონი ასე აძლევდა სანქციას ჰიტლერს ავსტრიის დასაპყრობად, რაც ავსტრიის ანშლუზის სახელით დარჩა ისტორიაში: „მისი უდიდებულესობის მთავრობა... არ შეიძლება უდგებოდეს ავსტრიას ისევე, როგორც, მაგალითად, ბელგიას, ე. ი. ქვეყანას, რომელიც მდებარეობს დიდი ბრიტანეთის უშუალოდ მახლობელ მეზობლობაში“ (Очерки истории Российской внешней разведки. В шести томах. Том 3. 1933-1944 годы. Приложение. М., 1997, стр. 463-464, 467). ასევე, თუკი ბრიტანეთი უნდა გაფრთხილებოდა მისი საზღვრების მახლობლობაში სასურველი ვითარების შენარჩუნებას, მაშინ რუსები რატომღა უნდა უშვებდნენ ასეთ საქმეს მხოლოდ სხვათა ნებაზე? და ასეთი მაგალითებიც უამრავია მსოფლიო ისტორიაში.

ჯერ კიდევ 2005 და 2006 წლებში ჩვენში გაისმოდა გაფრთხილებები იმის თაობაზე, რომ თუკი საქართველო ასე ჯიქურად გააგრძელებს მისწრაფებას ნატოსკენ, მაშინ ის ორივე ავტონომიას დაკარგავსო. და ამას ისე დაბეჯითებით ამბობდნენ, მაგალითად, ირ. სარიშვილი, ალ. ჭაჭია, ე. ჯაველიძე და სხვები, რომ თავისთავად ჩნდებოდა აზრი, რომ მათ ამის შესახებ საიდანღაც სარწმუნო ცნობები უნდა ჰქონოდათ. ვინაიდან ჩვენ ასეთი ცნობები არ გაგვაჩნდა, ამიტომ შევეცადეთ ფიქრისა და განსჯის დახმარებით ამ საკითხის გადაწყვეტას, და წარმოვიდგინეთ, რომ ხომ უნდა შეხვედროდენ და თანაც არაერთხელ, 2000 წლიდან მოყოლებული, აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტები საჭირბოროტო საკითხების განსახილველად. სავსებით დასაშვებია, რომ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ვ. პუტინი ჰკითხავდა თავის ამერიკელ კოლეგას ჯ. ბუშს _ რატომ მოდიხართ ჩვენს საზღვრებთან, ომი გსურთ ჩვენთან, ჩვენი ქვეყნის დაპყრობა და დანაწევრება? რაზედაც ბუში ალბათ მიუგებდა, რომ ამერიკას არ სურს რუსეთთან ომი და მისი დაპყრობა, მაგრამ, მაგალითად, საქართველო მოისწრაფვის დასავლეთისკენ, აფასებს დასავლურ ფასეულობებს და ამიტომ არ გვინდა მისთვის ხელის კვრაო. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო მიეგო, რომ რადგანაც ჩვენთან ომი არ გინდათ და ამას არ ამზადებთ, ეს ჩვენთვისაც მისაღებია, მაგრამ ასეთ საქმეში მხოლოდ სიტყვაზე დანდობა არ შეიძლება, საჭიროა მყარი ნივთიერი გარანტიებიც; ამიტომ გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს ოსებსა და აფხაზებს სურთ რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაში ყოფნა, ხოლო მათი ავონომიური წარმონაქმნების ტერიტორიები კი საიმედო პლაცდარმები იქნება რუსეთისთვის კავკასიონის ქედის სამხრეთით საჭიროების შემთხვევაში თავდაცვითი საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა ჯარების შემოტევის შესაჩერებლად უკვე ამიერკავკასიაში, რათა აღკვეთილ იქნას ომის გადმოტანა საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე; მით უმეტეს, რომ ეს ორივე ოლქი უშუალოდ უკავშირდება რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიას ფსოუზე სასაზღვრო ზონისა და როკის გვირაბის მეშვეობითო. თუ დასავლეთს არ სურს ომი რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ ამ ორ მცირე ავტონომიაში რუსული სამხედრო ბაზების ყოფნა მოვლენების განვითარებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, ხოლო თუკი დასავლეთი მაინც აპირებს ომს და მხოლოდ სიტყვიერად გამოდის მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრედ, მაშინ მით უმეტეს, ჩვენც მოსალოდნელ ომს მზად უნდა დავხვდეთო. ეს არგუმენტაცია სავსებით ჯდება დიდი სახელმწიფოების ურთიერთობათა დასავლურ პრაქტიკაში, ისევე როგორც ამ გზაზე მცირე სახელმწიფოების ნებისა და სურვილების უგულვებელყოფაც. ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გარკვეული შეთანხმება აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საქართველოს გაყოფაზე შესაძლოა შემდგარიყო 2000–იანი წლების უკვე პირველ ნახევარშიც, ხოლო დანარჩენი კი დროის, ტექნიკისა და საქართველოს ხელისუფლების, ასევე მისი საზოგადოებრივი ძალების ნების საქმე გახლდათ. ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე ახლო მომავლისთვის შესაძლოა ომის გაჩაღება მზადდებოდეს, დასტურდება იმითაც, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაჩქარებულად აწარმოებს ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობის სამუშაოებს, ვინაიდან იცის, თუ როგორი შეთანხმებები აქვს დადებული ამერიკის ხელისუფლებასთან, როგორია აშშ–ის ხელმძღვანელობის გეგმები და როგორ იქცევა იგი ამ გეგმების განსახორციელებლად.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციაზე, იმის თქმა კი ავიწყდებათ, რომ საქართველოს დანარჩენი ტერიტორია უკვე კარგა ხანია, დასავლეთის, სახელდობრ აშშ–ის მიერ გახლავთ ოკუპირებული, სადაც მართალია არ დგანან ამერიკული ჯარები, მაგრამ სადაც საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, კულტურული და სხვა ცხოვრება მიემართება ამერიკული სპეცსამსახურებიდან და სხვა სახელმწიფო სამსახურებიდან მოვლინებული აგენტურის რჩევებითა და ზედამხედველობით. მეორეს მხრივ კი, სამართლებრივად თუ შევხედავთ საქმეს, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთს აქვს კონფისკაციის წესით (არა ფორმალურად, არამედ შინაარსით) ჩამორთმეული საქართველოსთვის ამ უკანასკნელის მიერ, ბოლო 10–15 წლის მანძილზე, დაჟინებით და ჯიუტად რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სამტრო პოლიტიკის გატარების გამო, რაც 2008 წლის აგვისტოში დაგვირგვინებულ იქნა რეალური საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებით რუსეთის მზადყოფნის მოსასინჯად, იბრძოლებდა თუ არა იგი თავისი ინტერესების დასაცავად ამიერკავკასიაში, და თუ არა, მაშინ შემდგომ ეტაპად ალბათ იქნებოდა საქართველოსა და აზერბაიჯანში ამერიკული და სხვა დასავლური სტრუქტურების, ასევე სამხედრო ბაზების მყარად ჩაჯდომა, ჩრდილო–კავკასიის საქმეებში დასავლეთის კიდევ უფრო აქტიურად ჩარევა და მეტი არეულ–დარეულობის შეტანა, ხელსაყრელი პირობების შექმნა იქ დასავლური ჯარებისა და ძალების შეყვანის, დაგროვების, პლაცდარმების გაფართოებისა და აქტიური შეტევითი მოქმედებების დაწყებისთვის. მაგრამ რუსეთმა გადაჭრით განაცხადა, რომ იომებს აქ თავისი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად;და ეს უფლებები მდგომარეობს იმაში, რომ თუკი საქართველო ერთვება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სრულმასშტაბიანი ომის მზადებაში, მაშინ დაე ეს ომი დაიწყოს დღესვე საქართველოში, და არა, ვთქვათ, ხუთი–ათი წლის შემდეგ, კრასნოდარისა და ელისტის ახლო მიდამოებში. ამ კონფლიქტის შედეგად შეერთებულ შტატებს თვითონ ბევრი არაფერი დაუკარგავს, ხოლო თუ რა დაკარგეს საქართველომ და ქართველმა ხალხმა, ამის გარჩევა თავად ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდვია.

ვთქვათ და დათმოს ეს ორი პლაცდარმი რუსეთმა, ჩაჯდნენ აქ ამერიკელები, ბრიტანელები და თურქები თავიანთი სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურებით, მოახერხონ ჩრდილო–კავკასიის რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია და იქ რუსული სახელმწიფოს იურისდიქციის დასუსტება ან სულაც პრაქტიკულად ნულამდე დაყვანა; ვთქვათ და ამის შემდეგ შეიყვანეს და დააგროვეს იქ თავიანთი სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო–საჰაერო ძალების შენაერთები და ნაწილები და დაიწყეს მსხვილმასშტაბიანი საომარი მოქმედებები რუსეთის დედაქალაქისა და ქვეყნის მთელი ევროპული ტერიტორიის დასაპყრობად (რაც ვერ შეძლეს თავის დროზე ჰიტლერული გერმანიის ჯარებმა); ვთქვათ და თავიდან გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს ამ საქმეში, მაგრამ შემდეგ ხომ შეიძლება განვითარდეს იგივე მოვლენები, რაც უკვე არაერთხელ ყოფილა რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობათა ისტორიაში, რომ ღვთის წყალობით რუსებმა შემოაბრუნონ ომის ბედი, მოიგერიონ დაუპატიჟებელი მოძალადენი, აქეთ შემოუტიონ, ახლა მათ დაიკაონ საქართველოს ტერიტორია, როგორც უკვე რუსეთის მტრების ბანაკში გადასულისა, მაგრამ არა უკვე მაინც ისე გარკვეული მორიდებითა და უხერხულობით, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში, არამედ შურისძიებისა და სამაგიეროს გადახდის სურვილით ანთებულებმა, მათი მშობლიური მხარეების გაჩანაგების, თანამებრძოლთა დაღუპვისა და დასახიჩრების, მოძალადე მტრების მიერ მათი ახლობების დახოცვისა და გაუპატიურების გამო. განა მაშინ კი დასწერენ კედლებზე _ "მრცხვენია, რომ აქ ვიყავი"–ო, თუ სამაგიეროს გადაგვიხდიან და ათმაგადაც? განა მთელი ეს უბედურებები გერმანელებმა უკვე არ დაიტეხეს თავზე 1945 წლის გაზაფხულ–ზაფხულში, განა ისინი ამით კმაყოფილები იყვნენ, განა ისინი მანამდე თუნდაც ორი ან სამი წლით ადრე იფიქრებდნენ იმას, რომ ასეთი რამის გადატანა მოუწევდათ? არ იფიქრებდნენ, არ სურდათ, მაგრამ მოუწიათ. იმიტომ რომ დაივიწყეს მაცხოვრის სიტყვები: "სხვას არ უსურვოთ და არ გაუკეთოთ ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებდითო", თანაც მათ ჯარიკაცებს ხომ ქამრის ბალთებზე ჰქონდათ წარწერილი: Gott bei uns, რაც ქართულად ნიშნავს _ "ჩვენთან არს ღმერთი"–ო. მათ რაც დასთესეს ის მოიმკეს კიდეც, და ჩვენთანაც ასეა და ასე იქნება, რასაც დავთესთ, იმასვე მოვიმკით, უფრო მეტიც, ნათქვამია ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკისო".

ი. ხ.
20. 01. 2011

3 comments:

  1. 1992-1993 წლებში ნატოზე ლაპარაკიც არ იყო მაგრამ ამან არ შეაკავა რუსეთი რომ ცხინვალში და აფხაზეთში სისხლისღვრა არ მოეწყო ხოლო 1921 ნატო საერთოდ არ არსებობდა, თუ რუსეთს უნდა საქართველო მეგობრად, ცხინვალის და აფხაზეთის გარდა ადვალეთი და სოჭიც უნდა დაუბრუნოს

    ReplyDelete
  2. საინტერესოა როგორ მიგაჩნიათ, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, დვალეთისა და სოჭის რეგიონის დაბრუნება? ძლიერი რუსეთი არ დააბრუნებს, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში შეეძლოთ დვალეთისა და სოჭის დაბრუნება, მაგრამ დაგვიბრუნეს?

    ReplyDelete
  3. მე ახლახანს ბლოგზე ავტვირთე ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილი "რუსეთი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შე4დეგებს იცავდა" თარგმანი, სადაც ავტორი ლაპარაკიბს პირველ მსოფლიო ომში კაიზერული გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეოპოლიტიკურ ინტერესებზე, რომლებიც პირდაპირ რუსეთის წ2ინააღმდეგ იყო მიმართული. და საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, ისევე როგორც დღესაც, რუსეთის ამ ყველაზე უფრო საშიში მოწინააღმდეგეების უმაღლესი ხელისუფლების ქვეშ შესვლა ამჯობინა. და მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ბლოკი მაშინ არ იყო, ამ დიდი დერჟავების ინტერესები არსებობდა, და საბჭოთა რუსეთის მთავრობამაც, მეფის რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, საქართველოს გულში ოსური ავტონომიის შექმნა გადაწყვიტა. ეს ისტორიული რეალობაა, ისევე როგორც ის, რომ 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა, არამედ აქ მოქმედებდა თავიდან გერმანიის, ხოლო შემდეგ კი ბრიტანეთის უმაღლესი მმართველობა, რომელიც რუსული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული, რუსეთის დაშლაზე ორიენტირებული მსოფლიო ძალების სამსახურში ჩამდგარი. დღესდღეობით ამას კიდევ ემატება, ჯერ ერთი, უზარმაზარი სიმძლავრის შეიარაღება, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ და მათ კარგად იციან იმ დანაკარგების შესახებ, რომლებიც მათ სერიოზულ ომშია მოსალოდნელი, და შესაბამისი დამოკიდებულებაც გააჩნიათ ყველას მიმართ, ვინც ასეთი ომისკენ აქეზებს სიტუაციას, ხოლო მეორეც, რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ ქართული საზოგადიოების ცოდნისა და წარმოდგენის გაყალბება, დაწყებული ბრიტანელთა უმაღლესი მმართველობის დროს, 1919 წელს, ივანე ჯავახიშვილის მიერ ამ ისტორიის გაყალბებით, თავის წიგნში "დამოკიდებულება რუსეთსა და საქართვე4ლოს შორის 18-ე საუკუნეში", ხოლო შემდეგ კი, 1970-იანი წლებიოდან და დღემდეც ჩვენი ისტორიკოსების გავლენიანი ნაწილის მიერ ამ გზის მიყოლით, უკვე, როგორც ჩანს, ე. შევარდნაძის ფარული ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. ამას ის მაფიქრებინებს, რომ სწორედ ამ წლებში მოხდა მანამდე პროფესორების, იასე ცინცაძის, ვალ;ერიან მაჭარაძისა და გიორგი პაიჭაძის მიერ გამოქვეყნებული წიგნების, სადაც ეს ისტორია გაცილებით უფრო ობიექტურად და კვალიფიციურად არის აღწერილი, უკანა პლანზე მიჩქმალვა და სიცრუისა და ცილისმწამებლობის წინ გადმოწევა. ანუ ჩვენი საზოგადოების სამეცნიერო, კულტუტული ელიტისა და პარტიული ნომენკლატურის მნიშვნელოვანი და გავლენიანი ნაწილი უკვე 1970-იანი წლებიდან ჩადგა აშშ ცენტრალური დაზვერვის სამსახურში. რუსეთში შესაბამისმა სპეციალიოსტებმა ეს მშვენივრად იციან, ასევე ისიც, რომ იმ ტერიტორიების დაბრუნებით იქ მოხდება ამერიკული სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფა. ხოლო თუ იმავე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებული ამერიკული სადაზვერვო ორგანოებიდან დაიწყება ჩრდილოკავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა, მაშინ მის ტერიტორიაზე გადამსხდარი დასავლური ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოება რუსებს უკვე თითქმის მოსკოვთან მოუწევთ. ამრიგად, ეს საკითხები რუსეთის იმპერიულ ამბიციებსა და მისწრაფებებს კი არ ეხება, არამედ რუსული სახელმწიფოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებს. ჩემი აზრით, ყველაფერ ამას უნდა ვითვალისწინებდეთ, როცა სწორი პასუხის გამოძებნა გვინდა.

    ReplyDelete