Friday, August 2, 2013

რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების განლაგება მის ევროპულ ტერიტორიაზე

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 1-7 ივლისის ნომერში)

წინა წერილებში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 1990 წლს ნოემბერში პარიზში დადებული “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” (CFE-ხელშეკრულების) თანახმად მასში მონაწილე თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, ვენაში ეუთო-ს შტაბ-ბინას ყოველი წლის დასაწყისში აწვდიდეს ინფორმაციას ევროპაში განლაგებული თავისი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების, აგრეთვე იმ საჯარისო ერთეულებისა და სპეციალური საწყობების შესახებ, სადაც ეს შეიარაღებაა დისლოცირებული. ვენაში მიღებულ ინფორმაციას სწავლობენ, ადგენენ ამ სახელმწიფოსთვის დადგენილ კვოტებთან მის შესაბამისობას, საეჭვო მონაცემებს ამოწმებენ ადგილებზე ინსპექტირების ან სხვა საშუალებებით. შემოწებულ და დადასტურებულ მონაცემებს კი ამრავლებენ და უგზავნიან CFE-ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა ან თავდაცვის სამინისტროებს. ისიც აღვნიშნეთ, რომ 1998 წლის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებულ ამ ინფორმაციას მეტ-ნაკლებად თავისუფლად იძლეოდა, მაგრამ შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მას “კონფიდენციალური ინფორმაციის” გრიფი დაადო და პრაქტიკულად გაასაიდუმლოვა იგი სამხედრო სფეროთი დაინტერესებული ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოებისთვის. ამის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა ის ტენდენცია, რაც საქართველოში მანამდეც არსებობდა – იმ ინფორმაციას, რომელიც საჯაროა მთელ დასავლურ სამყაროში, ქართველი მოხელეები აცხადებენ საიდუმლო ინფორმაციად, ზღუდავენ საკუთარ მოქალაქეთა ხელმისაწვდომობას მასზე და თავიანთ შედარებით უფრო “მაღალ” საქმეში ჩახედულობასა და კომპეტენტურობას ასეთი უღირსი ხერხებით იმკვიდრებენ. დასავლეთის სახელმწიფოებში კი ასე საჯარო ინფორმაციას, ცხადია, არ მალავენ, ხოლო იქაური შესაბამისი მოხელეები, სამხედრო სპეციალისტები და ექსპერტები კი თავიანთ კომპეტენტურობასა და კვალიფიციურობას ადასტურებენ საზოგადოების დაინტერესებულ წრეებში არსებული საჯარო ცოდნის უფრო მეტად კვალიფიციურად ფლობით, აგრეთვე სამხედრო საქმის კონკრეტულ მიმართულებებში უფრო დეტალური და ამომწურავი ცოდნით, ხოლო ჩვენში კი ცდილობენ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებას, საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ მდგომარეობაში ყოფნას, ხოლო შესაბამის სფეროში დაკავებული სახელმწიფო სტრუქტურებისა და მოხელეებისთვის, თუნდაც მათი მწირი ცოდნისა და კვალიფიკაციის პირობებში, საქმეში კარგად ჩახედული სპეციალისტების გარეგნული შესახედაობისა და სახელის შექმნას.

შესაბამისად, ჩვენ გვიხდება რუსეთის ევროპულ ტერიტორიაზე განლაგებული შეიარაღებული ძალებისა და ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების რაოდენობისა და განლაგების ჩვენება სწორედ 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, როდესაც ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ არ იყო ჩვენში დამალული. თუმცა კი ამას გააჩნია დადებითი მომენტიც. საქმე იმაშია, რომ იმ დროს ჩრდილო-კავკასიაში ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ჩეჩნეთის მეორე ომი და ჯარების განლაგება შეესაბამებოდა მშვიდობიანობის დროის მდგომარეობას.

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1997 წელს რუსეთის ფედერაციის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 1100 მლრდ. ამერიკული დოლარის ექვივალენტურ თანხას რუბლებში, ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ წლიურად მოსული მთლიან შიდა პროდუქტის წილი – 6800 დოლარის, ხოლო თავდაცვის ხარჯები კი – სულ 64 მლრდ. დოლარისა (ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5,8 %). ქვეყნის მოსახლეობა უტოლდებოდა 146600 ათას ადამიანს, რომელთა 80 %-ზე მეტს შეადგენდნენ რუსები. რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება იყო 1159 ათასი ადამიანი, პირველი რიგის რეზერვისა (ვინც მანამდე ხუთ წლამდე ვადაში განთავისუფლდა ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან) – 2400 ათასი, ხოლო მთლიანობაში რეზერვისტების რიცხვი კი – 20 მლნ. ადამიანი. სტრატეგიული ბირთვული ძალების რეგულარულ კომპონენტში ნაჩვენები იყო, სავარაუდოდ, 149 ათასი ადამიანი, 756 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, 66 სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავი, 26 მოქმედი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი ბორტზე 412 ბალისტიკური ბირთვული რაკეტით. სტრატეგიულ თავდაცვით ძალებში ნაჩვენები იყო ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო 100 სარაკეტო კომპლექსი.

რეგულარულ სახმელეთო ჯარებში შედიოდა, სავარაუდოდ, 420 ათასი ადამიანი, შვიდი სამხედრო ოლქი, ხუთი საველე არმიის შტაბი, ექვსი ცალკეული საარმიო კორპუსის შტაბი, 37 დივიზია (ექვსი სატანკო, 19 მოტომსროლელი, ხუთი საჰაერო-სადესანტო, ოთხი სატყვიამფრქვევო-საარტილერიო /გამაგრებული რაიონებისა/ და სამიც საარტილერიო), 40 ცალკეული ბრიგადა (ერთი სატანკო, 11 მოტომსროლელი, სამი საჰაერო-სადესანტო, რვა სპეციალური დანიშნულების ჯარების, ოთხი საარტილერიო და 13 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებისა), 56 ცალკეული ბრიგადა/პოლკი (ცხრა ტანკსაწინააღმდეგო, 21 საზენიტო სარაკეტო, 12 დამრტყმელი ვერტმფრენების, შვიდი საიერიშო-სატრანსპორტო თვითმფრინავების, შვიდი სასწავლო-სავერტმფრენო) და სხვა ჯარები: საინჟინრო-მესანგრეთა, საპონტონო-სახიდო, კავშირგაბმულობის, რადიოელექტრონული ბრძოლის, მომარაგებისა და სხვა.

შეიარაღებაში მათ გააჩნდათ: 15500 საბრძოლო ტანკი (მათ შორის 5560-მდე ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე), 26300 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (9840-მდე, მათ შორის 6595 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 3245 ჯავშანტრანსპორტერი), საველე არტილერიის 15700 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (6000-მდე), 315-ზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარი (SS-21 “ტოჩკა” და “სკადი”), დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღება, დაახლოებით 2300 ვერტმფრენი, მათგან 1000-ზე მეტი დამრტყმელი Ми-24 და Ка-50 (801), დანარჩენი 1300 საშუალო და მძიმე სტრანსპორტო Ми-6, Ми-8 (ნაწილი შეიარაღებული) და Ми-26 (მძიმე).

რუსეთის საჰაერო ძალებში ამ დროისთვის შეყვანილი იყო საჰაერო თავდაცვის ჯარებიც, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ცალკე სახეობას წარმოადგენდა. მისი პირადი შემადგენლობა მოითვლიდა 210 ათას ადამიანს, ხოლო საბრძოლო შემადგენლობაში კი შედიოდა საშუალო რადიუსის ბომბდამშენების სამი დივიზია (125 Ту-22М-3), ხუთი ტაქტიკური საჰაერო არმია (725 მოიერიშე და საფრონტო ბომბდამშენი, 415 გამანადგურებელი და 200 სადაზვერვო თვითმფრინავი, პლიუს 180 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი, რადიოელექტრონული ბრძოლის 60 ვერტმფრენი Ми-8), საჰაერო თავდაცვის სამი არმია და ოთხი ცალკეული კორპუსი, რომლებშიც შედიოდა 800 გამანადგურებელ-დამჭერი, 20 შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის, 165 სასწავლო-საბრძოლო და 200 სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი, პლიუს 300 განიარაღებული თვითმფრინავი მარაგში, აგრეთვე სტრატეგიული თავდაცვის საზენიტო მართვადი რაკეტების 2150 გასაშვები დანადგარი. სულ რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებში 1998 წელს ნაჩვენები იყო 2265 საბრძოლო, 420 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი და კიდევ 1420-ზე მეტი განიარაღებული თვითმფრინავი მარაგში.

რუსეთის საზღვაო ძალების რეგულარულ კომპონენტში 1998 წელს შედიოდა პირადი შემადგენლობის 180 ათასი ადამიანი, 26 სტრატეგიული და 72 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, 44 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (მათგან ერთი ავიამზიდი, 17 კრეისერი, 13 საესკადრო ნაღმოსანი, 13 ფრეგატი), საპატრულო და სანაპირო დაცვის 125-მდე მცირე ხომალდი და კატარღა (მათ შორის 42 კორვეტი და 55 სარაკეტო კატარღა), საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავები და შეიარაღებული ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენები.

ქვემოთ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ რუსეთის სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო ძალების განლაგებას ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე. თავიდან აღვნიშნავთ იმას, რომ შეიარაღებული ძალების უკეთ მართვის მიზნით რუსეთის მთელი ტერიტორია დაყოფილია სამხედრო ოლქებად. 1990-იანი წლების შუახანებში მოითვლებოდა რვა სამხედრო ოლქი: ლენინგრადის, მოსკოვის, ჩრდილო-კავკასიის, ვოლგისპირეთის, ურალის, ციმბირის, იმიერბაიკალეთისა და შორეული აღმოსავლეთის, მაგრამ შემდეგ მალევე რუსულმა სარდლობამ მოახდინა ქვეყნის შიდა რაიონებში მყოფი სამხედრო ოლქების გამსხვილება, სახელდობრ გააერთიანეს ვოლგისპირეთისა და ურალის სამხედრო ოლქები, აგრეთვე ციმბირისა და იმიერბაიკალეთის, რითაც მოხდებოდა ფინანსური სახსრების ეკონომია. თავისთავად ცხადია, რომ თითოეული სამხედრო, ოლქის შემადგენლობაში შედიან ქვეყნის ის ადმინისტრაციული ოლქები, ავტონომიური რესპუბლიკები და სხვა წარმონაქმნები, რომლებიც შესაბამისი სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობენ. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს კალინინგრადის ადმინისტრაციული ოლქი, რომელიც რუსეთის ძირითადი ტერიტორიისგან გამოყოფილია ბალტიისპირეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოებით. თავისთავად ცხადია, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ოლქშიც განლაგებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთები და ნაწილები და მათი მართვა ხორციელდება შესაბამისი სამხედრო ადმინისტრაციის მიერ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ფედერაციის ევროპულ ნაწილში განლაგებულია მოსკოვის, ლენინგრადის, ჩრდილო-კავკასიისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 1998 წლის დასაწყისში ეუთო-ში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, იქ ნაჩვენები იყო რეგულარული ჯარებისა და ძალების პირადი შემადგენლობის დაახლოებით 748780 ადამიანი, 5560 საბრძოლო ტანკი (მათგან 3180 Т-80, 2030 Т-72, 315 Т62/64 და სხვა), 3245 ჯავშანტრანსპორტერი (მათგან 1065 БТР-80, 920 БТР-70, 485 БТР-Д, 745 МТ-ЛБ და სხვა), 6595 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (მათ შორის 1515 БМП-1, 3230 БМП-2, 565 საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა БРМ-1К, 1258 დესანტის საბრძოლო მანქანა БМД-1/-2/-3), საველე არტილერიის 4860 ქვემეხი, 870 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 270 ნაღმსატყორცნი, 2870 საბრძოლო თვითმფრინავი (Т-22, Ту-22М, Су-24, Су-25, Су-27, МиГ-23, МиГ-25, МиГ-27, МиГ-29, МиГ-31 და სხვა), 805 დამრტყმელი ვერტმფრენი Ми-24 და Ка-50. ამ შეიარაღების უმეტესი ნაწილი განლაგებული იყო რეგულარულ საჯარისო ნაწილებში, მცირე ნაწილი კი სპეციალურ საწყობებში.

რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ადმინისტრაციული ოლქის ტერიტორიაზე, აგრეთვე აგრეთვე ლენინგრადის, მოსკოვის, ჩრდილოკავკასიისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქებში (მოლდოვას დნესტრისპირეთსა და ამიერკავკასიაში რუსული სამხედრო ბაზების ჩათვლით) რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების მოტომსროლელი და სატანკო დივიზიებისა და ცალკეული ბრიგადების, აგრეთვე ტაქტიკური საჰაერო ძალების ბომბდამშენი და მოიერიშე საავიაციო პოლკების განლაგება ნაჩვენებია ნახატზე (რუკაზე), ხოლო აღნიშნულ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებში პირადი შემადგენლობის რიცხვი და შეიარაღების რაოდენობა კი – 1-ლ ცხრილში.

(ნ ა ხ ა ტ ი ს ა დ გ ი ლ ი)

ნახატი. რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების განლაგება ქვეყნის ევროპულ ნაწლში, აგრეთვე ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის ბომბდამშენი და მოიერიშე პოლკებისა მოსკოვისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიაზე 

ცხრილი 1

რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების განაწილება ქვეყნის ევროპულ ნაწილში 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – პირადი შემადგენლობა, B – საბრძოლო ტანკები, C – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, D – საველე საარტილერიო სისტემები, E – დამრტყმელი ვერტმფრენები, F – საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენები)

სამხედრო-ადმინისტრაციული . . . . . . . . A . . . . . B . . . . C . . . . . D . . . . E . . . F . . 
ერთეულები 

კალინინგრადის ადმინისტრა-
ციული ოლქი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14733 . . . 829 . . .862 . . . 336 . . .46 . . . 30 . . 

ლენინგრადის სამხედრო ოლქი . . . . . . . . .49356 . . . 872 . . .499 . . . 943 . . .69 . . . 91 . .

მოსკოვის სამხედრო ოლქი . . . . . . . . . . . . 105341 . . 2019 . . 2445 . . 2368 . . 222 . . 208 . .
(მათ შორის დნესტრისპირეთში) . . . . . . (2824) . . (119) . . (129) . .(129) . . .(–) . . . (–) . . 

ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქი . . . . .33336 . . . .848 . . .1127 . . . 801 . . 220 . . 289 . . 

ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქი . . .68118 . . . .627 . . .1796 . . . 809 . . . 81 . . 101 . .
(მათ შორის ამიერკავკასიაში) . . . . . . . . .(11871) . . .(215) . . (517) . . (239) . . (5) . . . (5) . . 

როგორც ვხედავთ, კალინინგრადის ადმინისტრაციულ ოლქში, სადაც 1998 წლის დასაწყისში განლაგებული იყო ბალტიის ფლოტის სახმელეთო და სანაპირო ჯარების სამართველოსადმი დაქვემდებარებული შენაერთები და ნაწილები, მათ შორის 1-ლი და 18-ე მოტომსროლელი დივიზიები, მე-2 ცალკეული სატანკო ბრიგადა, ლულიანი და რეაქტიული არტილერიის ბრიგადები, სავერტმფრენო პოლკი და სხვა ჯარები, პირადი შემადგენლობა იყო ძალზედ ცოტა – სულ 14730-ზე მეტი ადამიანი. შესაბაისად, აქ დისლოცირებული დივიზიები და ცალკეული ბრიგადები სუსტად იყო დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობით. სახელდობრ, 1-ლ მოტომსროლელ დივიზიაში შედიოდა სულ 2310 ადამიანამდე, შტატით გათვალისწინებული დაახლოებით 12000 ადამიანის ნაცვლად, 18-ეში კი – 3412. ხოლო შეიარაღება კი საკმარისი რაოდენობით იყო.

ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ რაიონში რუსული სარდლობა არ მოელოდა უახლოეს ხანებში სავარაუდო მოწინააღმდეგის მხრიდან მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას და აქ შენაერთები და ნაწილები განლაგებული ჰყავდა დაბალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში, რაც განპირობებული იყო ქვეყნის საერთო ეკონომიკური და ფინანსური სიძნელეებითაც. ეს ძალები და საშუალებანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით საკმარისი იყო საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად მისი მზადყოფნის დემონსტრირებისთვის.

აქვე იყო დისლოცირებული ბალტიის ფლოტის ორი ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, ექვსი მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი, საზღვაო ავიაციის 92 საბრძოლო თვითმფრინავი და საზღვაო ქვეითი ჯარის ბრიგადა (პირადი შემადგენლობის 1633 ადამიანი, 26 საბრძოლო ტანკი, 141 ჯავშანტრანსპორტერი, 34 საველე საარტილერიო სისტემა და სხვა შეიარაღება).

ლენინგრადის სამხედრო ოლქში განლაგებული სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში შედიოდნენ მე-6 საველე არმია (შტაბი პეტროზავოდსკში) და 30-ე ცალკეული საარმიო კორპუსი (ვიბორგი). ომიანობის დროის შტატებით სრულად დაკომპლექტებულ რუსულ საველე არმიაში უნდა შედიოდეს ექვსი საბრძოლო დივიზია (სატანკო და მოტომსროლელი), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები, სულ დაახლოებით 150-200 ათასი ადამიანი. მე-6 საველე არმიის შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 54-ე მოტომსროლელი დივიზია, 200-ე ცალკეული სატანკო ბრიგადა, ცალკეული საარტილერიო ბრიგადა, რეაქტიული არტილერიისა და სავერტმფრენო პოლკები. მისი პირადი შემადგენლობა კი უტოლდებოდა 10240-მდე ადამიანს, რაც დაახლოებით 15-ჯერ ნაკლები იყო სრული შემადგენლობის საველე არმიის რიცხოვნებასთან შედარებით. შესაბამისად, მისი 54-ე მოტომსროლელი დივიზიის პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაც შეადგენდა სულ 2855-მდე ადამიანს, შტატით გათვალისწინებული დაახლოებით 12 ათასის ნაცვლად.

მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლენინგრადის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზეც, რუსული სახმელეთო ჯარების სარდლობას განლაგებული ჰყავდა პირადი შემადგენლობით მხოლოდ სუსტად დაკომპლექტებული შენაერთები და ნაწილები, რომლებიც იმყოფებოდნენ დაბალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში მათზე დაკისრებადი ამოცანების შესასრულებლად. ანუ რუსეთის ხელმძღვანელობა არც ამ მიმართულებაზე მოელოდა სავარაუდო მოწინააღმდეგის მიერ მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას. ამავე სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსეთის საჰაერო ძალების საშუალო რადიუსის მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავების საავიაციო პოლკი (21 ბომბდამშენი Ту-22М) და 76-ე ტაქტიკური საჰაერო არმია (შტაბი სანკტ-პეტერბურგში), რომელშიც ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 8930 ადამიანამდე და 260 საბრძოლო თვითმფრინავი (მათგან 46 სადაზვერვო Су-24 და МиГ-25, 136 გამანადგურებელი МиГ-29 და Су-27, 78 საფრონტო /ტაქტიკური/ ბომბდამშენი Су-24), აგრეთვე საჰაერო თავდაცვის ჯარების მე-6 ცალკეული არმია (შტაბი სანკტ-პეტერბურგში), რომლის შემადგენლობაშიც ნაჩვენები იყო შვიდი ცალკეული გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, და მათში კი 198 საბრძოლო თვითმფრინავი (ძირითადად Су-27 და МиГ-31), აგრეთვე 20-მდე საბრძოლო უზრუნველყოფისა და სამიც შეუიარაღებელი ვერტმფრენი.

ლენინგრადის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო ძალების სარდლობას განლაგებული ჰყავდა სადაზვერვო, გამანადგურებელი და ბომბდამშენი საავიაციო პოლკები, მოიერიშე კი არა. ვინაიდან Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები განკუთვნილია ბრძოლის ველის თავზე ტრიალისთვის და მოქმედი მიწისზედა ჯარებისთვის საავიაციო მხარაჭერის აღმოსაჩენად. ამიტომაც ამ რაიონში შესაბამისი საბრძოლო თვითმფრინავების არარსებობა კიდევ უფრო გვიდასტურებს იმ მოსაზრებას, რომ რუსული სარდლობა 90-იანი წლების მეორე ნახევარში იქ საბრძოლო მოქმედებათა წარმოების შესაძლებლობას.

უკანასკნელ წლებში, ჯერ პოლონეთის, ხოლო შემდეგ კი ბალტიისპირა სახელმწიფოთა ნატო-ში გაწევრიანებისა და აშშ ხელმძღვანელობის მიერ იქ თავისი სამხედრო ბაზების შესაძლო განლაგებაზე განცხადებათა გაკეთების შემდეგ, ბუნებრივია, რუსეთის ხელისუფლებაც შესაბამის ზომებს მიმართავდა თავისი ტერიტორიის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თავდაცვითი ზომების გაძლიერებისთვის. თუმცა კი ეუთო-ს ახალი დოკუმენტები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით და, ალბათ, ნატო-ელი მრჩევლების რეკომენდაციებით, საზოგადოების ფართო წრეებისთვის დაიხურა და აღარ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ელემენტარული ლოგიკა გვაფიქრებინებს, რომ ახლა, ალბათ, რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ადმინისტრაციულ ოლქსა და ლენინგრადის სამხედრო ოლქში განლაგებული სახმელეთო და საჰაერო-სადესანტო ჯარების დივიზიები და ბრიგადები უფრო სრულად იქნება დაკომპლექტებული და უფრო მაღალ მზადყოფნაში მოყვანილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად.

უფრო სამხრეთით, მოსკოვის სამხედრო ოლქში დისლოცირებულია ორი საველე არმია და ერთი ცალკეული საარმიო კორპუსი მათ შემადგენლობაში შემავალი შენაერთებითა და ნაწილებით; ესენია: 1-ლი საველე არმია (შტაბი ქ. სმოლენსკში), 22-ე საველე არმია (ნიჟნი ნოვგოროდი) და 20-ე ცალკეული საარმიო კორპუსი (ვორონეჟი), აგრეთვე თავად სამხედრო ოლქის სარდლობისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული ჯარები. მე-2 ცხრილში მოგვყავს მოსკოვის სამხედრო ოლქში განლაგებული მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო და საჰაერო-სადესანტო დივიზიების პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების მონაცემები 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

ცხრილი 2

მოსკოვის სამხედრო ოლქში დისლოცირებული დივიზიები 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – განლაგების ქალაქები, B – პირადი შემადგენლობა, ადამიანი, C – საბრძოლო ტანკები, D – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, E – საველე საარტილერიო სისტემები)

დივიზიების დასახელება . . . . A . . . . . . . . . . B . . . . .C . . . . D . . . . E . .

34-ე საარტილერიო . . . . . . . . . მულინო . . . . . .1916 . . . . – . . . . – . . . 339
მე-2 მოტომსროლელი . . . . . კალინინეცი . . . . 8404 . . .193 . . 470 . . .148
მე-3 მოტომსროლელი . . . . . . . . ნოვი . . . . . . . . 9947 . . 256 . . 350 . . .150
144-ე მოტომსროლელი . . . . . . ელნია . . . . . . . . 3945 . . . 88 . . 211 . . . .63
10-ე სატანკო . . . . . . . . . . . . . . . ბოგუჩარი . . . . . 4500 . . 263 . . 359 . . .119
მე-4 სატანკო . . . . . . . . . . . . . ნარო-ფომინსკი . . 8111 . . 315 . . 301 . . .118
98-ე საჰაერო-სადესანტო . . . . . ივანოვო . . . . . .6520 . . . – . . .412 . . . . 53
106-ე საჰაერო-სადესანტო . . . . . ტულა . . . . . . .7322 . . . – . . . 432 . . . .78

გარდა ამისა, მოსკოვის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსეთის საჰაერო ძალების საშუალო რასიუსის მძიმე ბომბდამშენების პოლკი (28 თვითმფრინავი Ту-22М) და 16-ე ტაქტიკური საჰაერო არმია (შტაბი ქ. კუბინკაში), რომელშიც 1998 წლის დასაწყისში შედიოდა პირადი შემადგენლობის 13075-ზე მეტი ადამიანი, 421 საბრძოლო თვითმფრინავი და 55 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი. საბრძოლო თვითმფრინავებიდან 59 იყო სადაზვერვო МиГ-25 და Су-24, 53 მოიერიშე Су-25, 126 გამანადგურებელი МиГ-29 და 130 საფრონტო ბომბდამშენი Су-24. ასევე საჰაერო თავდაცვის მოსკოვის ოლქში შედიოდა პირადი შემადგენლობის 29615 ადამიანი, 850 სტრატეგიული დანიშნულების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი და 190 გამანადგურებელ-დამჭერი თვითმფრინავი МиГ-31 და Су-27.

მოსკოვის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებული ძალებისა და საშუალებების გაცნობის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქ გვხვდება უფრო მეტად პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით კარგად დაკომპლექტებული საბრძოლო დივიზიები (მე-2 და -3 მოტომსროლელი, -4 და, ნაწილობრივ, 10-ე სატანკო), რომლებიც უკვე მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდნენ, თუკი მათში საბრძოლო მომზადების პროცესიც, შესაბამისად, მაღალ დონეზეა დაყენებული. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ მის სამხრეთ რაიონში დისლოცირებული სახმელეთო ჯარების 10-ე სატანკო დივიზია, აგრეთვე ტაქტიკური საჰაერო ძალების ერთი მოიერიშე და სამი ბომბდამშენი საავიაციო პოლკები განკუთვნილი უნდა იყოს სწორედ უპირატესად სამხრეთის მიმართულებაზე მოქმედებებისთვის, ვინაიდან ისინი მოსკოვის სამხედრო ოლქის სწორედ სამხრეთ რაიონში მდებარეობენ, საბრძოლო გამოყენების სავარაუდო რაიონთან რაც შეიძლება ახლოს. ამას ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიებზე ჯარებისა და ძალების განლაგების გაცნობის შემდეგ. 

ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის (შტაბი დონის-როსტოვში) ჯარების ოპერატიული მართვის ორგანოებს 1998 წლის დასაწყისში წარმოადგენდნენ 58-ე არმიის შტაბი (ვლადიკავკაზი), აგრეთვე 67-ე და მე-8 ცალკეული კორპუსების შტაბები (შესაბამისად, ქალაქებში – კრასნოდარსა და ვოლგოგრადში). კავკასიონის ქედის გაყოლებაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ რუსულ სარდლობას ქალაქებში: მაიკოპში, ბუდიონოვსკსა და ბუინაკსკში, განლაგებული ჰყავს თითო-თითო ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა რეგიონის მცირე რესპუბლიკებში მდგომარეობის კონტროლისთვის, სტავროპოლში დისლოცირებულია 21-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადა, უფრო ჩრდილოეთით კი – სპეციალური დანიშნულების ჯარების 22-ე ბრიგადა. გარდა ამისა, 58-ე საველე არმიის შემადგენლობაში ქალაქ ვლდიკავკაზში განლაგებულია 19-ე მოტომსროლელი დივიზია, ხოლო უფრო ჩრდილოეთით, მე-8 ცალკეული საარმიო კორპუსის შემადგენლობაში, ქალაქ ვოლგოგრადში – 20-ე მოტომსროლელი დივიზია. ამ დივიზიების პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 1998 წლის დასაწყისში მოყვანილია მე-3 ცხრილში.

ცხრილი 3

19- და 20-ე მოტომსროლელი დივიზიების პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 

პირადი შემადგენლობა და . . . . . . . 19-ე მოტომსრო- . . 20-ე მოტომსრო- 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . .ლელი დივიზია . . ლელი დივიზია

პირადი შემადგენლობა, ადამიანი . . . . . . . . 11888 . . . . . . . . . . . 10017
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .109 . . . . . . . . . . . . . 124
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . .426 . . . . . . . . . . . . . 232
უზრუნველყოფის მოჯავშნული
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .196 . . . . . . . . . . . . . 109
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . . .115 . . . . . . . . . . . . . 115
სატანკო ხიდგამყვანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . . . . . 6

ცხრილიდან ჩანს, რომ ეს ორივე დივიზია პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით კარგად იყო დაკომპლექტებული და მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო მათზე დაკისრებადი ამოცანების შესასრულებლად.

ეს ამოცანები კი რომ უპირატესად სამხრეთის მიმართულებით, ამიერკავკასიისკენ იქნებოდა დასმული, სავსებით ნათელი უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ 58-ე არმიის შტაბი, არმიის მართვის ორგანო, მისი ტვინი, განლაგებულია არა ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიის სიღრმეში, არამედ საქართველოს საზღვართან უშუალო სიახლოვეს. და ეს გულისხმობს იმას, რომ ომიანობის დროს არმიის სრულად დაკომპლექტების შემდეგ იმ ექვსი დივიზიისა და უზრუნველყოფის ჯარების განლაგებასა და მოქმედებებს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვარაუდობს სწორედ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. ჯარებისა და შტაბების ასეთი განლაგება რუსეთის სარდლობის პასუხია ამერიკელებისა და გერმანელების მიერ 1990-იან წლებში თურქული სამხედრო მანქანის გაძლიერებაზე და ატარებს თავდაცვით ხასიათს, თუმცა კი რუსები თავიანთი სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას აპირებენ არა საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ უკვე ამიერკავკასიაში.

ის გარემოება, რომ რუსეთის ჯარების ასეთი განლაგება ატარებს მართლაც თავდაცვით ხასიათს და არ არის გამიზნული მსხვილმასშტაბიანი შეტევითი მოქმედებებისთვის, დასტურდება, ჯერ ერთი, რუსეთის მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ხოლო შეტევითი წარმატებული ომის წარმოებისთვის კი აუცილებელია მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები, და მეორეც, აქ მშვიდობიანობის დროს განლაგებული ჯარების მცირე რაოდენობით. შედარებისთვის, 1991 წელს, ცივი ომის მიწურულს, საბჭოთა სარდლობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში განლაგებული ჰყავდა 11 მოტომსროლელი და ერთი საჰაერო-სადესანტო დივიზია, 12 ბრიგადა/პოლკი (საარტილერიო, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების, სპეციალური დანიშნულების ჯარების, სადესანტო-საიერიშო, სავერტმფრენო და სხვა), ჩრდილო-კავკსიის სამხედრო ოლქში კი – სამი მოტომსროლელი და ერთი საარტილერიო დივიზია, ოთხი საარტილერიო და ორიც ოპერატიულ-ტაქტიკრი რაკეტების ბრიგადა/პოლკი. და ეს ძალები მართლაც იყო განკუთვნილი მსხვილმასშტაბიანი შეტებითი მოქმედებების წარმოებისთვის. დღესდღეობით კი რუსეთის ფედერაციას ასეთი გეგმები და შესაძლებლობები უბრალოდ არ გააჩნია.

ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის (შტაბი ქ. სამარაში) ტერიტორიაზე განლაგებულია მე-2 საველე არმია (ჩერნორეჩიე), მის შემადგენლობაში მყოფი საჯარისო ერთეულები, ჯავშანსატანკო ტექნიკის, საველე არტილერიისა და ვერტმფრენების საწყობები, მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები, ნაწილები და ქვედენაყოფები. საბრძოლო შენაერთებიდან კი უშუალოდ სამხედრო ოლქის სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფება სამარასთან, ქალაქ ტოცკოეში დისლოცირებული 27-ე მოტომსროლელი დივიზია, რომელიც 1998 წლის დასაწყისში ასევე კარგად იყო დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით – 9950-ზე მეტი სამხედრო მოსამსხურე, 165 საბრძოლო ტანკი, 390-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 123 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ექვსი სატანკო ხიდგამყვანი. გარდა ამისა, ქალაქ ულიანოვსკში განლაგებული იყო 104-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია, რომელიც მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 5840-მდე ადამიანს, 245 მოჯავშნულ საბრძოლო მანქანას, საველე არტილერიის 55 ქვემეხსა და ნაღმსატყორცნს და სხვა შეიარაღებას.

რუსეთის ფედერაციის ევროპულ ტერიტორიაზე სახმელეთო ჯარების საბრძოლო დივიზიებისა და ცალკეული ბრიგადების განლაგების რუკას რომ დავხედოთ, დავრწმუნდებით, რომ 27-ე მოტომსროლელი დივიზიაც, 19-ე და 20-ე მოტომსროლელი დივიზიების მსგავსად, რუსულ სარდლობას განკუთვნილი ჰყავდა სწორედ უპირატესად სამხრეთის მიმართულებაზე, ამიერკავკასიაში მოქმედებებისთვის. ჩვენ ზემოთ ვახსენეთ, რომ მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონში, ქალაქ ბოგუჩარში, ვორონეჟის მახლობლად, დისლოცირებული 10-ე სატანკო დივიზიაც, რომელიც პირადი შემადგენლობით მხოლოდ სანახევროდ იყო დაკომპლექტებული, ასევე სამხრეთის მიმართულებაზე სამოქმედოდ უნდა იყოს განკუთვნილი. მართლაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაციებში სატანკო (ჯავშანსატანკო) შენაერთებსა და ნაწილებს განალაგებენ ჩვეულებრივ მეორე ეშელონში (რეზერვში), მოტომსროლელი (მოტოქვეითი, მექანიზებული ქვეითი) ჯარების შემდეგ, მაშინ ნათლად გამოჩნდება, რომ 10-ე სატანკო დივიზიის გამოყენებასაც რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა უნდა გეგმავდეს არა იმდენად უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისგან მოსკოვის დასაცავად (მაშინ იგი პირადი შემადგენლობითაც სრულად იქნებოდა დაკომპლექტებული, რათა დაუყოვნებლვ ჩაბმულიყო საბრძოლო მოქმედებებში), არამედ სწორედ სამხრეთის მიმართულებაზე 19-ე, 20- და 27-ე მოტომსროლელი დივიზიების შემდეგ მეორე ეშელონში (რეზერვში) გამოყენებისთვის (და, შესაბამისად, გარკვეული დროც ექნებათ მისი სრულად დაკომპლექტებისთვის).

თანაც ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების სარდლობას განლაგებული ჰყავს მე-4 ტაქტიკური საჰაერო არმია (შტაბი დონის-როსტოვში), რომლის შემადგენლობაშიც 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 13390 ადამიანი, 337 საბრძოლო თვითმფრინავი, 50-მდე საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება. საბრძოლო თვითმფრონავებიდან 36 იყო სადაზვერვო Су-24, 107 გამანადგურებელი МиГ-29, 101 მოიერიშე Су-25 და 93 საფრონტო ბომბდამშენი Су-24. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ჯარების 12-ე ცალკეული კორპუსის (შტაბი დონის-როსტოვში) შემადგენლობაში შედიოდა 10005 სამხედრო მოსამსახურე, 125 სტრატეგიული თავდაცვითი დანიშნულების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 89 გამანაგურებელ-დამჭერი თვითმფრინავი МиГ-25, МиГ-31 და Су-27. ამასთანავე, არმავირის მფრინავთა უმაღლეს სამხედრო-საავიაციო სასწავლებელში ნაჩვენები იყო 187 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი МиГ-23, რომელთა ნაწილის გამოყენებაც ასევე შესაძლებელი იქნებოდა საჰაერო თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment