(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 23-29 სექტემბრის ნომერში; ამჯერად მას გთავაზობთ მცირე სარედაქციო დამატებებითა და დაზუსტებებით)
სახმელეთო ჯარები ტრადიციულად წარმოადგენს სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას. ინგლისურენოვან ქვეყნებში სახმელეთო ჯარებს უწოდებენ აგრეთვე არმიასაც და ამ შემთხვევაში, საველე არმიისგან განსხვავებით, მას წერენ დიდი ასოთი Army. სახმელეთო ჯარების ფორმირებებს მცირიდან დიდისკენ მიეკუთვნება სექციები, ათეულები, ოცეულები, ასეულები, ბატალიონები, პოლკები (ბრიგადები), დივიზიები, საარმიო კორპუსები, საველე არმიები, არმიების ჯგუფები (ფრონტები). საჯარისო დანაყოფებს სექციიდან ბრიგადის ჩათვლით ბრიტანულ და ამერიკულ ჯარებში უწოდებენ ერთეულებს (unit), ხოლო ბრიგადების ზევით კი – დიდ ერთეულებს (large unit). რუსული (ყოფილი საბჭოთა) სამხედრო ტერმინოლოგია კი უფრო დაყოფილი და დახვეწილია. აქ საჯარისო ერთეულებს ბატალიონის ჩათვლით უწოდებენ ქვედანაყოფებს, პოლკი და ბრიგადა საჯარისო ნაწილებია, დივიზია ტაქტიკური შენაერთი, საარმიო კორპუსი – ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი, საველე არმია – ოპერატიული გაერთიანება, ფრონტი კი სტრატეგიული დონის გაერთიანებაა. ჩვენშიც დამკვიდრებულია ტერმინები ქვედანაყოფი, ნაწილი, შენაერთი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ხშირად მეტად შეუსაბამოდ იყენებენ. განსაკუთრებით ტერმინ “შენაერთს” ხშირად ხმარობენ ოცეულის ან ასეულის რგოლის ქვედანაყოფებზე საუბრის დროსაც კი.
გარდა ამისა, დიდი ტერიტორიისა და მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოთა სახმელეთო ჯარებში იყენებენ ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული დონის ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთებისა და გაერთიანებების აღნიშვნასაც. სახელდობრ, აშშ არმიაში ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფია ბატალიონი, რომელიც შედგება ასევე ტაქტიკური რგოლის უფრო მცირე ქვედანაყოფებისგან: ასეულების, ოცეულების, ათეულებისა და სექციებისგან. ბრიგადაც ასევე ტაქტიკური დონის ერთეულია, რომელიც ჩვეულებრივ შედგება სამი-ოთხი საბრძოლო ბატალიონის, ერთი-ორი საარტილერიო დივიზიონისა და საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის (ტანკსაწინააღმდეგო, სადაზვერვო, კავშიგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, საზენიტო, სარემონტო, მომარაგების, მედიკურ-სანიტარული და სხვა) ასეულებისა და ოცეულებისგან. აშშ სახმელეთო ჯარებში სამი ბრიგადისგან შედგება დივიზია, რომელშიც ბრიგადების გარდა არის უშუალოდ დივიზიის მეთაურობისადმი დაქვემდებარებული და დივიზიის საერთო ინტერესებში მოქმედი საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები (მაგალითად, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS, საარმიო ავიაციის, დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის /რებ/ და სხვა). დივიზია, როგორც ვთქვით, წარმოადგენს უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს. დივიზიის ზევით იწყება უკვე ოპერატული დონე და ტაქტიკაც გადადის ოპერატიულ ხელოვნებაში.
საარმიო კორპუსი, ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი, შეიძლება შედგებოდეს სამი-ექვსი საბრძოლო დივიზიისა და უშუალოდ კორპუსის მეთაურისადმი დაქვემდებარებული საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებისგან. დივიზიას მეთაურობს გენერალ-მაიორი, საარმიო კორპუსს კი გენერალ-ლეიტენანტი. საველე არმიები მშვიდობიანობის დროს აშშ-ში არ იქმნება, ხოლო მათი შტაბები კი მოქმედებენ შემცირებული შტატით. ისე კი, ომიანობის დროს, აშშ საველე არმიაში შეიძლება შედიოდეს სამიდან ექვს საარმიო კორპუსამდე, აგრეთვე უშუალოდ არმიის სარდლობისადმი დაქვემდებარებული შენაერთები და ნაწილები. მაგრამ, როგორც ვთქვით, დღესდღეობით აშშ ტერიტორიაზე საარმიო კორპუსები უფრო მსხვილ ერთეულებად არ არის გაერთიანებული. დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე კი V და VII ამერკული საარმიო კორპუსები ორ დასავლეთგერმანულ კორპუსთან და კანადურ ჯავშანსატანკო ბრიგადასთან ერთად, შეყვანილი იყვნენ ცენტრალურ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) არმიების ცენტრალური ჯგუფის შემადგენლობაში. მის ჩრდილოეთით კი იმავე ომთ-ზე განლაგებული იყვნენ არმიების ჩრდილოეთის ჯგუფის ჯარები, რომლებშიც შედიოდნენ: ბრიტანული რაინის არმია, თითო-თითო დასავლეთგერმანული, ჰოლანდიური და ბელგიური საარმიო კორპუსები. არმიების ჯგუფები, და მით უმეტეს, საომარ მოქმედებათა თეატრი და მის ზევით – ევროპული ომის თეატრი, რომელიც, ცენტრალურ-ევროპული ომთ-ის გარდა მოიცავს ჩრდილო-ევროპულ და სამხრეთ-ევროპულ ომთ-ებსაც, უკვე სტრატეგიული დონის სამხედრო ორგანიზაციებია.
მცირე სახელმწიფოებში ჩვეულებრივ გამორიცხულია ოპერატიული დონის შენაერთები და, შესაბამისად, ოპერატიული ხელოვნებაც. აქ ლაპარაკია უპირატესად ჯარების მოქმედებათა ტაქტიკასა და ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიაზე.
როგორც უკვე ითქვა, თანამედროვე სახმელეთო ჯარებში საბრძოლო ბატალიონი წარმოადგენს ძირითად ტაქტიკურ ქვედანაყოფს. ცნობილია სატანკო, მოტოქვეითი (მოტომსროლელი), ქვეითი ბატალიონები. თანაც ქვეითი ბატალიონები შედიან როგორც ქვეით ბრიგადებსა და დივიზიებში, ასევე სამთოქვეით (მეუბუქ ქვეით), საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო (აერომობილურ) ნაწილებსა და შენაერთებშიც. მხოლოდ თითოეულ მათგანში გააჩნიათ თავიანთი სპეციფიური ამოცანები, შეიარაღება, ეკიპირება და საბრძოლო მომზადება. სახელდობრ, ქვეითი ბრიგადებისა და დივიზიების ქვეით ბატალიონებში შედის უფრო მეტი მძიმე შეიარაღება: 106,7- და (ან) 120-მმ ნაღმსატყორცნები, მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევები, მძიმე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები (ტსრკ) და ტანკსაწინააღმდეგო უუკუცემო ქვემეხები; სამთოქვეითი (ალპიური, მსუბუქი ქვეითი) ბრიგადებისა და დივიზიების ქვეით ბატალიონებში კი უფრო მეტად სჭარბობს მსუბუქი შეიარაღება, მათ შორის 60-მმ ნაღმსატყორცნები, მსუბუქი ტსრკ-ები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, თანაც გასათვალისწინებელია, რომ მთებში და ძლიერად დასერილ ადგილას, ან კიდევ მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ასეთი შენაერთებისა და ნაწილების გამოყენებაა ნავარაუდევი, ტანკებისა და მოჯავშნული საბრძოლო მანქანების გამოყენება ნაკლებად შესაძლებელია და ნაკლებად ეფექტურიც. რაც შეეხება საჰაერო-სადესანტო და აერომობილურ შენაერთებსა და ნაწილებს, იქ აუცილებელი ხდება საპარაშუტო მომზადებაც, ხოლო აღჭურვილობაში კი შემოდის პარაშუტები, თანაც ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების დესანტირება ძალზედ გაძნელებულია, რის გამოც ასეთ ჯარებსაც უფრო მეტ წილად შედარებით მსუბუქი შეიარაღება და სპეციფიური საბრძოლო მომზადება გააჩნიათ.
სხვადასხვა ტიპის ბატალიონები შედგება საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ასეულების, ოცეულების, ათეულებისა და სექციებისგან. საბრძოლო ქვედანაყოფებს წარმოადგენენ სატანკო, მოტოქვეითი (მოტომსროლელი), ქვეითი, ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმსატყორცნების, საზენიტო ასეულები, ოცეულები, ათეულები და სექციები; საბრძოლო უზრუნველყოფისა – სადაზვერვო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის; ზურგის უზრუნველყოფისა კი – მომარაგების, მომსახურების, სარემონტო, სამედიცინო (მედიკურ-სანიტარული) ქვედანაყოფები.
სატანკო ბატალიონში შეიძლება იყოს სამი-ოთხი სატანკო ასეული (81-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნების სექციით ან მის გარეშე), სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყოცნების ოცეულები, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (გზრკ) სექცია და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. მოტოქვეით (მოტომსროლელ) ბატალიონში (საბჭოთა არმიაში ქვეით ჯარებს ერქვა მსროლელი ჯარები – стрелковые войска, და, შესაბამისად, შემდგომში, სატანკო ქვედანაყოფებთან უფრო მჭიდრო ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, ამ ჯარების ნაწილის ჯავშანტრანსპორტერებზე გადაყვანის შემდეგ, მათ ეწოდათ უკვე მოტომსროლელი ჯარები) შესაძლოა შედიოდეს მოტოქვეითი (მოტომსროლელი) ასეული (81-მმ ნაღმსატყორცნების სექციით ან მათ გარეშე), ტანკსაწინააღმდეგო ასეული ან ოცეული, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, 120-მმ ნაღმსატყორცნების ოცეულები, გზრკ-ების სექცია, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები (როგორც ვხედავთ, სატანკო ბატალიონში არ არის სპეციალური ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფი, ვინაიდან თავად საბრძოლო ტანკები ამავე დროს წარმოადგენენ ეფექტურ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებასაც).
ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობა მოტოქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობის მსგავსია, მხოლოდ აქ ქვეით ქვედანაყოფებში ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს არა ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) ან ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), არამედ მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილი, და, გარდა ამისა, 81- და 120-მმ ნაღმსატყორცნებიც უკვე აღარ არის მუხლუხიან შასიზე, არამედ ხელით გადასატანია ან საარმიო ავტომობილებით ბუქსირებადი. სამთოქვეითი (მსუბუქი ქვეითი, ალპიური), საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო (აერომობილური) დივიზიებისა და ბრიგადების ქვეითი ბატალიონების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა უფრო მარტივია, ქვეითი ასეულების შეიარაღებაში კი 81-მმ ნაღმსატყორცნების ნაცვლად შემოდის 60-მმ ნაღმსატყორცნები, 7,62- და 12,6-მმ ტყვიამფრქვევების ნაცვლად – 5,56-მმ ტყვიამფრქვევები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების ნაცვლად – 40-მმ ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნები და სხვა.
1970-იან წლებში ამერიკულ და დასავლეგერმანულ სატანკო ბატალიონებს თითქმის ერთნაირი საოგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა და ძირითადი შეიარაღება გააჩნდათ, რომელთაგან თითოეული შედგებოდა სამი სატანკო ასეულის, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან. თითოეული სატანკო ასეული შედგებოდა სამი სატანკო ოცეულისგან, რომელთაგან თითოეულში იყო ხუთი სატანკო ეკპაჟი (საბრძოლო ტანკი), ოცეულის მეთაურის ეკიპაჟის ჩათვლით. შესაბამისად, სატანკო ასეულში მოითვლებოდა სამი სატანკო ოცეულის 15 და ასეულის მართვის ორი საბრძოლო (საშუალო) ტანკი – სულ 17 საბრძოლო ტანკი; სატანკო ბატალიონში კი: სამი სატანკო ასეულის 51 და ბატალიონის მართვის სამი საბრძოლო ტანი – სულ 54 საშუალო (საბრძოლო) ტანკი (M-60A1/A3 ამერიკულში და “ლეოპარდ-1A1/A3” დასავლეთგერმანულში). გარდა ამისა, ამერიკულ სატანკო ბატალიონში, დასავლეთგერმანულისგან განსხვავებით, შედიოდა სადაზვერვო ოცეული M-113 ჯტრ-ის ბაზაზე შექმნილი საბრძოლო-სადაზვერვო მანქანებით, ოთხი თვითმავალი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი M-106A1/A2, ხუთი გზრკ “რედ აი” (თანამედროვე “სტინგერების” წინამორბედი) და ორი სატანკო ხიდგამყვანი – M-48 ან M-60 საბრძოლო ტანკის სავალ ნაწილზე კოშკის ნაცლვად დამონტაჟებული გასაშლელი ხიდით ბატალიონის მიერ წყლის დაბრკოლების ან განიერი და ღრმა თხრილების სწრაფად გადალახვისთვის.
1980-იან წლებში გატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სატანკო ოცეულში საბრძოლო ტანკების რაოდენობა შემცირებულ იქნა ხუთიდან ოთხამდე, სატანკო ასეულში კი, შესაბამისად – 17-დან 14-მდე. სამაგიეროდ, ბატალიონში სატანკო ასეულების რაოდენობა გაზარდეს ოთხამდე, რათა ბატალიონს შესაძლებლობა ჰქონოდა, რომ ბრძოლის ველზე ერთდროულად ორი ობიექტისთვის შეეტია. შესაბამისად, სატანკო ბატალიონში უკვე შედიოდა სატანკო ასეულების 56 და ბატალიონის მართვის ორი საბრძოლო ტანკი – სულ 58 საბრძოლო ტანკი. სატანკო ბატალიონიდან გამოყვანილ იქნა გზრკ-ებისა და სატანკო ხიდგამყვანების სექციები, რომლებიც გადაეცა ზემდგომი საჯარისო ინსტანციის, ბრიგადის შემადგენლობაში, საიდანაც ბატალიონები თავიანთთვის განკუთვნილ ამ საშუალებებს ღებულობდნენ საჯარისო სწავლებების პერიოდში გაძლიერების საშუალებათა სახით.
აშშ მოტოქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობაში 1970-იან წლებში შედიოდა ბატალიონის მეთაურობა და შტაბი, საშტაბო ასეული, სამი მოტოქვეითი ასეული და საცეცხლე მხარდაჭერის ასეული. საშტაბო ასეულში შედიოდა ბატალიონის მართვის სექცია, კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის ოცეულები. თითოეულ მოტოქვეით ასეულში – ასეულის მართვის სექცია და ოთხი ოცეული: სამი მოტოქვეითი და ერთიც ნაღმსატყორცნების (სამი 81-მ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, M-113 ჯტრ-ის კორპუსში დამონტაჟებული); თითოეულ მოტოქვეით ოცეულში შედიოდა ოთხი ათეული: სამი მოტოქვეითი და ერთიც იარაღისა. მოტოქვეითი ათეულის ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა M-113A1/A2 ტიპის მუხლუხიანი მცურავი ჯავშანტრანსპორტერი. საცეცხლე მხარდაჭერის ასეულში შედიოდა ასეულის მართვის სექცია, სადაზვერვო, საინჟინრო-მესანგრეთა, ნაღმსატყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო ოცეულები, აგრეთვე რადიოსალოკაციო და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების “რედ აის” სექცია. სულ 1970-იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა მოითვლიდა 880-მდე ადამიანს, ხოლო მის შეიარაღებაში კი შედიოდა 13 თვითმავალი ნაღმსატყორცნი (ცხრა 81-მმ და ოთხიც 106,7-მმ), ექვსი თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “თოუ” M-901A1, ხუთი გზრკ “რედ აი”, 50-მდე ჯტრ M-113A1/A2, 20-მდე სამეთაურო-საშტაბო მანქანა და სადაზვერვო მოჯავშნული მანქანა. მაშინ ამერიკული არმიის შეიარაღებაში ქვეითთა საბრძოლო მანქანები არ ჰყავდათ, მაგრამ 80-იან წლებში გამოჩნდა M-2 “ბრედლის” ტიპის ქსმ-ები და მათ ბაზაზე შექმნილი M-3 “ბრედლის” ტიპის საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები (ბდმ), რომელთა სადესანტო განყოფილებაშიც ქვეითი ათეულის ნაცვლად განთავსებულია სპეციალური სადაზვერვო აღჭურვილობა, რომელსაც ემსახურება სათანადოდ მომზადებული ორი-სამი ჯარისკაცი. M-2 “ბრედლის” ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობებით აღემატებიან M-113 სერიის ჯავშანტრანსპორტერებს, ამიტომ 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან მათ მყარად დაიმკვიდრეს ადგილი აშშ არმიის მოტოქვეით ქვედანაყოფებში, ხოლო M-3 “ბრედლის” ტიპის საბრძოლო-სადაზვერვო მანქანებმა კი – სადაზვერვო ქვედანაყოფებში.
1980-იან წლებში ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობამ მოტოქვეით ბატალიონში გააუქმა საცეცხლე მხარდაჭერის ასეული და მისი სადაზვერვო და ნაღმსატყორცნების ოცეულები გადაიტანა საშტაბო ასეულში, ხოლო ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ბაზაზე კი ჩამოაყალიბა ტანკსაწინააღმდეგიო ასეული, ანუ აამაღლა ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. გარდა ამისა, სამი მოტოქვეითი ასეულის ნაცვლად ბატალიონში ჩამოაყალიბა მეოთხე ასეულიც, ისევ ბრძოლის ველზე ერთდროულად ორი ობიექტისთვის შეტევის უზრუნველსაყოფად.
სულ 1980-იანი წლების აშშ მოტოქვეით ბატალიონში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 870 ადამიანი, 56 ქსმ M-2 “ბრედლი”, ექვსი ბდმ M-3 “ბრედლი”, 23 ჯტრ M-113A1/A2 (ანუ სულ 85 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა /მბმ/), ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M-106A1/A2 (რომლებიც შემდეგ შეცვალეს ისრაული წარმოების 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნებით), 12-18 თვითმავალი ტსრკ “თოუ” M-901, 36 მსუბუქი ტსრკ “დრაკონი”, 142 ტყვიამფრქვევი (5,56 მმ და 7,62 მმ ყალიბისა), 5,56-მმ საიერიშო შაშხანები M-16A2 და სხვა შეიარაღება.
ქვეითი ბატალიონი იმეორებს მოტოქვეითი ბატალიონის ორგანიზაციას, მაგრამ შეიარაღებაში მას არ გააჩნია M-2 და M-3 “ბრედლის” ტიპის მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, ხოლო M-113 ჯტრ-ები კი მნიშვნელოვნად უფრო ცოტაა; 120-მმ ნაღმსატყორცნები არა თვითმავალია – M-113 ჯტრ-ის სავალ ნაწილზე დამონტაჟებული, არამედ მაღალი გამავლობის ავტომობილებით ბუქსირებადი, ასევე ბუქსირებადია მძიმე ტსრკ-ები “თოუ”. როგორც ვთქვით, და ასევე ვხედავთ კიდეც, თავისი მძიმე შეიარაღებით, ქვეითი ბატალიონი აღემატება მქუბუქ ქვეით, საპარაშუტო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო ბატალიონებს. ამავე დროს იგი ჩამოუვარდება მოტოქვეით ბატალიონს ცეცხლის ძალით, ჯავშანდაცულობითა და ბრძოლის ველზე მობილურობით, რასაც უზრუნველყოფენ მოჯავშნული საბრძოლო მანქანები (მბმ) თავიანთი კორპუსის ჯავშნით, ქვემეხებით, მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევებითა და მუხლუხიანი სავალი ნაწილით.
სატანკო, მოტოქვეითი და ქვეითი ბატალიონები ჩვეულებრივ იბრძვიან საბრძოლო ბრიგადების შემადგენლობაში, ხოლო ბრიგადები კი შეიძლება შედიოდნენ საბრძოლო დივიზიების შემადგენლობაში, ან იყვნენ ცალკეული (ამერიკული ტერმინოლოგიით, დამოუკიდებელი) საჯარისო ნაწილების სახით. ცალკეული ბრიგადის შემადგენლობაში ჩვეულებრივ მოითვლება სამი-ოთხი საბრძოლო ბატალიონი, ერთი-ორი საარტილერიო დივიზიონი (შესაძლოა ერთი დივიზიონი იყოს 105- ან 155-მმ ჰაუბიცებისა /18-24 ქვემეხი/, ხოლო მეორე კი 106,7- ან 120-მმ ნაღმსატყორცნების), სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა და ტანკსაწინააღმდეგო ასეულები, ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონი (სარემონტო, სამედიცინო, მომარაგების, მომსახურებისა და სატრანსპორტო ქვედანაყოფებით). საბრძოლო ბატალიონებიდან მინიმალური შემადგენლობის ჯავშანსატანკო (სატანკო) ბრიგადაში შედიან ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონები, ხოლო მექანიზებულ ქვეით (მოტოქვეით) ბრიგადაში კი ორი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონები, თუმცა კი შესაძლებელია ასეთი ტიპის ბრიგადებში ორ-ორი სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების შეყვანაც. ცალკეული ქვეითი ბრიგადა ჩვეულებრივ შედგება ოთხი ქვეითი ბატალიონის ან ერთი სატანკო და სამი ქვეითი ბატალიონებისგან, მხოლოდ აქ საარტილერიო დივიზიონებში შედიან უკვე არა 155-მმ, არამედ 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბუცები, და ასევე 106,7- ან (და) 120-მმ ასევე ბუქსირებადი ნაღმსატყორცნები.
სატანკო ბრიგადაში შესაძლოა შედიოდეს პირადი შემადგენლობის 4-4,5 ათასი ადამიანი, 110 საბრძოლო ტანკი, 70-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 18-24 155-მმ ჰაუბიცა, 12-მდე 203,2-მმ ჰაუბიცა ან 120-მმ ნაღმსატყორცნები, აგრეთვე სხვა შეიარაღება. მექანიზებულ ქვეით (მოტოქვეით) ბრიგადაში – პირადი შემადგენლობის 5-6 ათასი ადამიანი, 50-60 საბრძოლო ტანკი, 130-140 მბმ, დანარჩენი ჯავშანსატანკო ბრიგადის ანალოგიურად. ცალკეულ ბრიგადაში ორი საარტილერიო დივიზიონის არსებობა გამოწვეულია იმით, რომ ერთი დივიზიონის საცეცხლე ბატარეები (6-8 ქვემეხი) უშუალო საარტილერიო მხარდაჭერას აღმოუჩენენ მოქმედ საბრძოლო ბატალიონებს, ხოლო მეორე დივიზიონი კი საერთო საარტილერიო მხარდაჭერას აღმოუჩენს მათ მთლიანად ბრიგადის ინტერესებში. ქვეითი ბრიგადის არტილერიაში, როგორც ვთქვით, სჭარბობს 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები (18 ქვემეხი დივიზიონში), თუმცა კი შესაძლებელია 155- და 203,2-მმ ჰაუბიცების ორი-სამი საცეცხლე ბატერეის ყოლაც საერთო საარტილერიო მხარდაჭერის აღმოჩენისთვის, აგრეთვე 106,7- და 120-მმ ნაღმსატყორცნებისა.
როცა საბრძოლო ბრიგადები შედიან დივიზიის შემადგენლობაში, მაშინ თითოეულ ბრიგადას ჩვეულებრივ ჰყავს ან დივიზიის შემადგენლობიდან თითო საარტილერიო დივიზიონი (ჯავშანსატანკო და მექანიზებულ ქვეით დივიზიაში 155-მმ თვითმავალი ჰაუბუცების დივიზიონი /18 ან 24 ქვემეხი/, ქვეით დივიზიაში კი 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბუიცებისა /18 ქვემეხი/) და, ამავე დროს, დივიზიის მეთაურის უშულო დაქვემდებარების ქვეშ კიდევ რჩება 105-, 155- ან 203,2-მმ ჰაუბიცების დივიზიონი ან ბატარეები, და ასევე მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (ზცრს) ქვედანაყოფი დივიზიის ინტერესებში საერთო საარტილერიო მხარდაჭერის აღმოჩენისთვის. შესაძლოა კონკრეტული საბრძოლო ამოცანის გადაწყვეტისას დივიზიის საშტატო არტილერია საკმარისი არ იყოს მასზე დაკისრებული საცეცხლე ამოცანების გადაწყვეტისთვის და მაშინ მას საარმიო კორპუსის შემადგენლობიდან გაძლიერებისთვის ეძლევა დამატებით საარტილერიო ქვედანაყოფები.
1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში აშშ არმიის მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) დივიზიაში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 18 ათასზე მეტი ადამიანი, 252 (360) საბრძოლო ტანკი M-60A1/A3, 702 (678) ჯტრ M-113A1/A2, 122 (128 ?) საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (ძირითადად 155-მმ M-109A2/A4 და 203,2-მმ M-110A2 თვითმავალი ჰაუბიცები), აგრეთვე 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნები M-106A1/A2 და მრავალლულიანი ზცრს-ები MLRS და მისი წინამორბედი), 270 (225) ტსრკ “თოუ” და “დრაკონი”, 115 (120) საზენიტო საშუალება, 146 ვერტმფრენი (მათგან 45-მდე დამრტყმელი AH-1S “კობრა თოუ”) და სხვა შეიარაღება. დასავლეთგერმანულ მოტოქვეით (სატანკო) დივიზიაში შედიოდა პირადი შემადგენლობის 21 ათასზე მეტი ადამიანი (ამერიკული დივიზიებისგან განსხვავებით პირადი შემადგენლობის ასეთი დიდი რიცხვი განპირობებული იყო დასავლეთგერმანულ დივიზიაში რამდენიმე სათადარიგო ბატალიონის არსებობით, რომელთაც ევალებოდათ ბრძოლებში დივიზიის მიერ განცდილი დანაკარგების დაუყოვნებლივ შევსება), 252 (308) საბრძოლო ტანკი “ლეოპარდ-1A1/A3”, 433 (382) მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ძირითადად ქსმ-ები “მარდერი” და ჯტრ-ები M-113A1/A2), 130 (130) საველე საარტილერიო სისტემა (ძირითადად 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M-109G უშუალო საარტილერიო მხარდაჭერისთვის და 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები FH-70 საერთო საარტილერიო მხარდაჭერისთვის), 160-მდე ტსრკ (“მილანი”, “დრაკონი”), 120-ზე მეტი საზენიტო საშუალება, ათი მსუბუქი ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება.
ასეთ პირობებში ევროპულ ომის თეატრზე ბრძოლის ველზე მოტოქვეითი (სატანკო) ბატალიონი განლაგდებოდა ჩვეულებრივ ორ ეშელონად (ორი ასეული პირველ ეშელონში და ერთიც მეორეში), რისთვისაც იგი იკავებდა სივრცეს 3-5 კმ ფრონტსა და 5 კმ-მდე სიღრმეში. შეტევაში მას ამოცანებს უსვამდნენ 5 კმ-მდე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში, ვინაიდან მის შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტანკები, მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, 81-მმ და 106,7-მმ (ან 120-მმ) ნაღმსატყორცნები იძლეოდა ამ სიღრმეზე მოწინააღმდეგის ეფექტურად დაზიანების შესაძლებლობას. ამავე დროს, როგორც ითქვა, მას უშუალო საარტილერიო მხარდაჭერას აღმოუჩენდა 155-მ თვითმავალი ჰაუბიცების ერთი ან ორი ბატარეა 6-12 ქვემეხი და, შექმნილი ვითარებისდა მიხედვით, 155- და 203,2-მმ ჰაუბიცების საცეცხლე ბატარეებიც, საერთო საარტილერიო მხარაჭერის აღმოსაჩენად.
მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) ბრიგადაც თავის საბრძოლო ბატალიონებს განალაგებდა ორ ეშელონად: პოზიციური თავდაცვის ორგანიზებისას, ორი ბატალიონი პირველ ეშელონში და ერთიც მეორეში, თანაც მოტოქვეითი ბატალიონების განლაგება რეკომენდირებული იყო პირველ ეშელონში, ხოლო სატანკოსი კი – მეორეში, თავდაცვაში შემოჭრილ მოწინააღმდეგეზე საბრძოლო ტანკებით კონტრდარტყმის მიყენებისა და თავდაპირველი პოზიციის აღდგენისთვის. მობილურ (მოძრავ) თავდაცვაში კი იქმნებოდა ზურგში ძლიერი რეზერვი მოწინააღმდეგის წინასწარ მომზადებულ რაიონში შეტყუებისა და იქ ძლიერი საარტილერიო ცეცხლითა და სატანკო ქვედანაყოფების დარტყმებით მისი განადგურებისთვის. შეტევაში კი პირველ ეშელონში მოქმედი მოტოქვეითი ქვედანაყოფების მოქმედებებისა და მხარდამჭერი არტილერიის ცეცხლის შედეგად მოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციების გარღვევის შემდეგ იქ გარღვევის უბანზე შედიოდნენ სატანკო ბატალიონის ძალები წარმატების განვითარებისა და უკანდახეული მოწინააღმდეგის დევნის ამოცანების გადაწყვეტისთვის.
ასეთ პირობებში ბრიგადის მეთაური თავის ჯარებს განალაგებდა 10-15 კმ ფრონტსა და 15 კმ-მდე სიღრმეში; საველე არტილერიის პოზიციები თავდაცვის წინა ხაზიდან განლაგებული უნდა ყოფილიყო 4-6 კმ სიღრმეში. შეტევაში კი მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) ბრიგადას საბრძოლო ამოცანა დაესმებოდა 15 კმ-მდე მოწინააღმდეგის ჯარების განლაგების სიღრმეში, სადაც ბრიგადის შემადგენლობაში არსებული ლულიანი არტილერია იძლეოდა მოწინააღმდეგის ეფექტურად დაზიანების შესაძლებლობას.
სამი ბრიგადისგან შემდგარი დივიზია შესაძლებელია განლაგებული ყოფილიყო ორ ეშელონად (ორი ბრიგადა პირველ ეშელონში და ერთიც მეორეში), ან კიდევ ერთ ეშელონად, აუცილებელი რეზერვის გამოყოფით. ერთ ეშელონად განლაგება რეკომენდირებული იყო მეორეხარისხოვან მიმართულებებზე ან სუსტი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, უფრო მეტი სიგანის ფრონტის დაკავების მიზნით. ორეშელონიანი მოწყობის შემთხვევაში დივიზია იკავებდა 20-25 კმ ფრონტში და 70 კმ-მდე სიღრმეში. მისი პირველი ეშელონის ბრიგადებს შეტევაში უახლოეს ამოცანას უსვამდნენ 4-6 კმ-ზე მოწინააღდეგის ჯარების განლაგების სიღრმეში, შემდგომ ამოცანას კი – 15 კმ-მდე სიღრმეშიც, ხოლო მთლიანად დივიზიას უახლოეს ამოცანას უსვამდნენ 15 კმ-მდე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში, ხოლო შემდგომ ამოცანას კი – 60-70 კმ-მდე.
ასეთია ცივი ომის პერიოდის ყველაზე უფრო დაძაბულ 1970-80-იან წლებში ევროპულ ომის თეატრზე სახმელეთი ჯარების ქვედანაყოფების, ნაწილებისა და ტაქტიკური შენაერთების ტიპიური საშტატო ორგანიზაცია, პირადი შემადგენლობის რიცხოვნება, ძირითადი შეიარაღება და საბრძოლო მოქმედებათა ტაქტიკური ნორმატივები, საიდანაც ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს სამხედრო საქმით დაინტერესებულმა ადამიანმა და ბევრი სასარგებლო დასკვნაც გააკეთოს.
ჯერ ერთი, 1990 და 1992 წლებში მაშინდელი ევროთათბირის (ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები (220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 285 საველე საარტილერიო სისტემა), თუნდაც მათი სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი, საკმარისია მხოლოდ ორი ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი ბრიგადის ჩამოსაყალიბებლად, რაც 5-მილიონიანი ქვეყნისთვის ძალზედ ცოტაა და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მის თავდაცვას. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2002 წელს ფინეთის რეგულარულ სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 24550 ადამიანი, რომლებიც ომანობის დროს მობილიზაციის შედეგად უნდა შევსებულიყო 315 ათასამდე. საბრძოლო შემადგენლობაში მოითვლებიდა 22 საბრძოლო ბრიგადა (ორი ჯავშანსატანკო, ცხრა “ეგერთა” ქვეითი /მსუბუქი მექანიზებული, სატანკო ქვედანაყოფების გარეშე/ და 11 ქვეითი), სამი საზენიტო საარტილერიო პოლკი და 16 ცალკეული საინჟინრო ბატალიონი, აგრეთვე ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 230 ცალკეული ბატალიონი და ასეული. მათ შეიარაღებაში შედიოდა 270-მდე საბრძოლო ტანკი, 1375 მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და უზრუნველყოფისა), საველე და სანაპირო არტილერიის 2085 ქვემეხი, ზცრს და ნაღმსატყორცნი, დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები.
შვეიცარიის სარდლობა იმავე 2002 წელს მობილიზაციის შემდეგ გეგმავდა სახმელეთო ჯარებში 324 ათასი ადამიანის მობილიზაციას; მის საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 13 დივიზია (40-მდე ბრიგადა/პოლკი): ექვსი საველე (მექანიზებული ქვეითი, საბრძოლო ტანკების გარეშე), სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვისა, ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა და სხვა ჯარები. მათ შეიარაღებაში შედიოდა 556 საბრძოლო ტანკი (მათ შორის 370 თანამედროვე გერმანული “ლეოპარდ-2”), 1690-ზე მეტი მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და უზრუნველყოფისა), 1225-მდე საველე საარტილერიო სისტემა (100 მმ და მეტი ყალიბისა; პლიუს ასევე 1225-მდე 81-მმ საასეულო ნაღმსატყორცნი), 3060-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, დიდი რაოდენობით საზენიტო საშუალებები და სხვა შეიარაღება. თანაც ორივე ამ ნეიტრალურ სახელმწიფოს გააჩნია მკაფიოდა გამოხატული თავდაცვითი სამხედრო დოქტრინა და მთელი ეს ძალები და საშუალებები სჭირდება მხოლოდ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწფო სუვერენიტეტის დასაცავად. მათგან განსხვავებით, ისრაელის სახელმწიფო თავის შეიარაღებულ ძალებს აშენებს და ანვითარებს ქვეყანაში ოფიციალურად მიღებული შეტევითი სამხედრო დოქტრინის საფუძველზე და საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ გეგმავს 520-ათასიანი სახმელეთო ჯარების გამოყვანას. ამ ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში იმავე 2002 წელს ნაჩვენები იყო რვა ჯავშანსატანკო დივიზია 25 ჯავშანსატანკო და ოთხი ქვეითი ბრიგადითა და შვიდი საარტილერიო პოლკით, ხოლო შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 3750 საბრძოლო ტანკი, 10 ათასი ჯავშანტრანსპორტერი (მათგან 6100 M-113A1/A2), 2425-მდე საველე საარტილერიო სისტემა (პლიუს 5700 მცირე ყალიბის ნაღმსატყორცნი /60- და 81-მმ/), ოპერატიულ ტაქტიკური რაკეტების 20-ზე მეტი გასაშვები დანადგარი, დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, 1300-მდე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 135 შეიარაღებული ვერტმფრენი (მათ შორის 100-მდე დამრტყმელი AH-1 “კობრა” და AH-64 “აპაჩი”).
საქართველოში, ამის საპირისპიროდ, ლაპარაკია მცირერიცხოვანი პროფესიული ნატო-ს სტანდარტებით გაწვრთნილი, ძირითადად მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფებით დაკომპლექტებული სამი თუ ოთხი საბრძოლო ბრიგადის ჩამოყალიბებაზე, რომელთაც თურმე ქვეყნის თავდაცვის ამოცანების შესრულება შეეძლებათ. ამის საწინააღმდეგოდ აქამდეც ბევრი დაგვიწერია და გვითქვამს, რომ სათანადო რიცხოვნების გარეშე, რასაც აუცილებლად თან უნდა ახლდეს საჭირო რაოდენობისა და ხარისხის ჯავშანსატანკო ტექნიკითა და საველე არტილერით, საარმიო ავიაცით, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებებით, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო-მესანგრეთა, მასობრვი იარაღისგან დაცვის, იარაღისა და ტექნკის სარემონტო-აღსადგენი, სატრანსპორტო, სამედიცინო და სხვა საშუალებებით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაბალანსებული ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების მოქმედებები, ჩვენი ქვეყანა თავდაცვისუნარიანი ვერ იქნება. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც ისრაელი, სადაც უკვე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში გაწვეულთა სავალდებულო სახედრო სამსახურის ვადა სამი წელია და პირადი შემადგენლობა ამ დროში კარგ პროფესიონალებად ყალიბდება, მაგრამ ამასთანავე, იმავე 2002 წელს, როგორც ზემოთ ნაწილობრივ უკვე ითქვა, 6,4-მილიონიანი ისრაელის რეგულარული სახმელეთო ჯარების რიცხოვნება შეადგენდა 120 ათას ადამიანს, არმიის რეზერვისა კი – 400 ათასს (სულ ომიანობის დროის სახმელეთო ჯარების რიცხოვნება ისრაელში უნდა შეადგენდეს 520 ათას ადამიანს, და არა “ნატო-ს სტანდარტების მცირერიცხოვან...” და ასე შემდეგ).
მეორე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ 1974 წლის ზაფხულში კუნძულ კვიპროსის გამო საბერძნეთსა და თურქეთს შორის მომხდარი კონფლიქტიდან. ამ დროისთვის კუნძულის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდა 11-ათასიანი ეროვნული გვარდია, რომელშიც მსახურობდნენ ძირითადად კვიპროსელი ბერძნები, ხოლო მათ კი წვრთნიდნენ და ხელმძღვანელობდნენ საკუთრივ ბერძენი ოფიცრები (650 ოფიცერი, რა თქმა უნდა ამას ისინი აკეთებდნენ “ნატო-ს სტანდარტებით”). გარდა ამისა, კუნძულზე დისლოცირებული იყო ბერძნული არმიის ქვეითი პოლკიც 950 ჯარისკაცისა და ოფიცრის შემადგენლობით. მათ მოინდომეს ქვეყანაში საპრეზიდენტო ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობა, ძალაუფლების ხელში აღება და კვიპროსის პირდაპირ საბერძნეთთან შეერთება. ამის საპირისპიროდ თურქებმა 20 ივლისს დაახლოებით 30 სადესანტო გემითა და კატარღით გადასხეს 6-ათასიანი პირველი ტალღა დესანტისა, და თანაც უფრო მრავალრიცხოვანი ბერძნების შიშის გამო მათი სადესანტო საშუალებები მთელ დღეს ნაპირის სიახლოვეს იყვნენ ზღვაში გაჩერებულნი, რათა ბერძნების შემოტევისა და დესანტის ზღვაში ჩაყრის შემთხვევაში იგი ისევ ბორტზე მიეღოთ.
მაგრამ, თავის მხრივ, ვერც კვიპროსის ეროვნულმა გვარდიამ და ბერძნულმა პოლკმა გაბედეს მხოლოდ საკუთარი ძალებით თურქებზე შეტევა და ისინიც საბერძნეთიდან დახმარების ჩამოსვლას დაელოდნენ. და ეს მათი მძიმე შეცდომა გახლდათ, ვინაიდან შემდეგ დღეებში თურქებმა თავიათი ჯარების რიცხოვნება კუნძულზე 40 ათას ადამიანამდე აიყვანეს, ხოლო საბერძნეთიდან მომავალი დამხმარე ძალების სადესანტო გემებსა მათ ბადრაგს თურქული საბრძოლო ხომალდები და გამანადგურებელი თვითმფრინავები კუნძულის სამხრეთ პორტების ლიმასოლისა და პითოსის რაიონში დახვდნენ, დაამარცხეს და მძიმე დანაკარგებით უკანვე გააბრუნეს.
ამავე დროს, თავიანთი სახმელეთო კონტნგენტის რიცხობრივ და შეიარაღებაში უპირატესობაზე (ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყენება), აგრეთვე საბრძოლო ავიაციის აქტიურ მხარდაჭერაზე დაყრდნობით, თურქებმა დაიწყეს ენერგიული საბერძოლო მოქმედებები კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის ხელში ჩასაგდებად. ბერძნებიც დიდი ვაჟკაცობითა და თავდადებით იბრძოდნენ. აი, რას ვკითხულობთ ამის თაობაზე ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1974 წლის დეკემბრის ნომერში (# 12): “როგორც უცხოური სააგენტოები იტყობინებოდნენ, კირინეის რაიონში და კირინეა-ნიქოზიის გზაზე ორ დღეღამეზე მეტ ხანს ხდებოდა სისხლისმღრელი ბრძოლები, რომელთა დროსაც თურქული ჯარების შემოტევებს ენაცვლებოდა ეროვნული გვარდიის კონტრშეტევები. ბრძოლებში მონაწილეობდნენ სატანკო, საარტილერიო და საავიაციო (მათ შორის სავერტმფრენო) ქვედანაყოფები და ნაწილები. თურქული ავიაცია, მოქმედებდა რა ადანას, ინჯირლიყისა და ანტალიის აეროდრომებიდან, 2-4 თვითმფრინავისგან შემდგარი ჯგუფებით, დარტყმებს აყენებდა მოწინააღმდეგის ჯარებსა და ობიექტებს ნიქოზიაში, კირინეასა და ფამაგუსტაში, რისთვისაც ფართოდ იყენებდა საავიაციო ბომბებსა (მათ შორის ნაპალმით აღკაზმულებს) და უმართავ რაკეტებს.
კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში აქტიური ბრძოლების მსვლელობისას თურქულმა ჯარებმა დაიპყრეს კირინეა, კონტროლი დააწესეს კირინეა-ნიქოზიის გზაზე, ხოლო შემდეგ კი დაიპყრეს ნიქოზის აეროპორტი და დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები კვიპროსის დედაქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნებში”.
ამის შემდეგ კონფლიქტში ჩაერივნენ აშშ და დიდი ბრიტანეთი, შემდეგ კი, დიპლომატიური გზებით – საბჭოთა კავშირი და სხვა სახელმწიფოებიც; მაგრამ აი უკვე 31 წლის შემდეგაც კონფლიქტი თავად ნატო-ს ბლოკის წევრ ორ სახელმწიფოს – საბერძნეთსა და თურქეთს – შორის მოგვარებული არ არის. თურქებმა იმავე წლის 14 აგვისტოს კვლავ განაახლეს საბრძოლო მოქმედებები. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ჟლიტეს, ძარცვეს და აუპატიურეს ბერძენი მოსახლეობა, რის შედეგადაც 200 ათასი კვიპროსელი ბერძენი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა და კუნძულის სამხრეთ რაიონებს მიაშურა (აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის მსგავსად). თურქულმა ჯარებმა მთლიანად დაიკავეს კუნძულის ტერიტორიის 40 % და იქ დღემდე დაჟინებით მოითხოვენ თურქული ფედერაციული სუბიექტის აღიარებასა და ქვეყნის ფედერალიზაციას (როგორ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს დღევანდელი საქართველოსა და კვიპროსის მდგომარეობა?). აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელი წრეებით უკმაყოფილო საბერძნეთმა 1974 წლის ბოლოსკენ განაცხადა ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ, მაგრამ შემდეგ ნახევარზომებით შემოიფარგლა და საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანა. 2002 წლის მონაცემებით, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში დგას 36-ათასიანი თურქული კორპუსი, რომლის შემადგენლობაშიც ნაჩვენებია ორი ქვეითი დივიზია და სხვა ჯარები, შეიარაღებაში კი 441 საბრძოლო ტანკი M-48A5, 587 ჯავშანტრანსპოტერი (M-113 და YPR-765), საველე არტილერიის 192 ქვემეხი, ექვსი 122-მმ მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი, 470 ერთეული სხვადასხვა ყალიბის ნაღმსატყორცნი, 70-ზე მეტი საზენიტო ავტომატური ზარბაზანი და სხვა შეიარაღება. როგორც ვხედავთ, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული თურქული დივიზიების შეიარაღება გაცილებით აღემატება საქართველოსთვის (ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის) დადგენილ კვოტებს, მაგრამ თურქული სარდლობა თვლის, რომ ასეთი რიცხოვნებისა და შეიარაღების მქონე შენაერთები მას სჭირდება 286-ათასიანი (?) მოსახლეობის მყოლ კვიპროსში 215 ათასი კვიპროსელი თურქის ინტერსების დასაცავად. აღსანიშნავია ერთი საგულისხმო დეტალიც – კვიპროსელი თურქები რიცხობრივად შეადგენენ კუნძულის მოსახლეობის 23 %-ს, ხოლო თურქულ ჯარებს კი ძალადობით დაკავებული აქვთ მისი ტერიტორიის 40 % და ეს ამბავი უკვე 30 წელიწადზე მეტია რაც გრძელდება, ნატო-ს ბლოკის მონაწილე ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის. ეს მაგალითი წარმოშობს ბუნებრივ კითხვას: რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ? სულ სხვა საქმეა, თუ რისი იმედი აქვთ ახლანდელ ქართველ ლიბერალ-მედასავლეთე-კოსმოპოლიტ სერგო ორჯონიკიძეებსა და აბელ ენუქიძეებს, მაგრამ ქართველმა ერმა, ჩვენი აზრით, უნდა გააცნობიეროს, რომ მათი მიზნები და ინტერესები არ ეთანხმება ჩვენი ერის მიზნებსა და ინტერესებს.
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment