Friday, August 2, 2013

თურქეთის თანამედროვე სახმელეთო ჯარები და საქართველო

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 20-26 მაისის ნომერში) 

საქართველოს გარშემო თურქული და რუსული სახმელეთო ჯარების განლაგებიდან და დაკომპლექტებულობის ხარისხიდან გამომდინარე, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის ადვილად მისახვედრია ამ ორი ქვეყნის სარდლობათა სავარაუდო გეგმები და შეიარაღებული ძალების ამოცანები. ქვემოთ შევეხებით თურქეთის სახმელეთო ჯარების ოპერატიული გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების განლაგებასა და დაკომპლეტებულობას ქვეყნის ევროპულ ნაწილში 1998 წლის დასაწყისის მდგომარეობით.

 წყაროდ გამოვიყენებთ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 1998 წლის დასაწყისში ვენაში, ეუთო-ს შტაბ-ბინაში წარდენილ და ამ ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურების მიერ დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტს, აგრეთვე სტრატეგიული კვლევების ლონდომის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიურ გამოცემას Military Balance.

1990 წლის ნოემბერში, პარიზში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ევროთათბირი, ეუთთ /ამჟამად ეუთო/) ეგიდი დადებული “ხელშეკრულება ევროპაში ჩველებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE) ითვალისწინებს მისი მონაწილე ყველა სახელმწიფოს მიერ ევროპის ტერიტორიაზე განლაგებული თავისი სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის საჯარისო გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების ჩვენებას პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების მითითებით. შესაბამისად, CFE-ხელშეკრულების მონაწილე თითოეული სახელმწიფო ვალდებულია ყოველი წლის დასაწყისში გზავნიდეს სათანადო მონაცემებს ვენაში, ეუთო-ს შესაბამის სტრუქტურებში, სადაც ხდება მათი შესწავლა, საეჭვო მონაცემების ინსპექტირების მეშვეობით გადამოწმება და შემდეგ, თითოეული ქვეყნის შესახებ დამოწმებული სავერიფიკაციო დოკუმენტების გამრავლება და ყველა მონაწილე სახელმწიფოში მათი დაგზავნა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამნისტროში ყოველწლიურად მოდის მონაცემები არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღებისა და შესაბამისი საჯარისო ერთეულების შესახებ, არამედ ჩვენგან უფრო მოშორებული ევროპული ქვეყნებისაც.

1998 წლის ჩათვლით ეს დოკუმენტები ღია იყო და მათი გაცნობა შესაძლებელი გახლდათ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მაგრამ შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დოკუმენტებს კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი დაადო და მკვეთრად შეზღუდა მათი გაცნობის შესაძლებლობა რიგითი მკვლევარების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამიტომ იძულებული ვართ ამჟამად ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ 1998 წლის დასაწყისის ოფიციალური მონაცემებით, ხოლო უფრო გვიანდელი წლების შესახებ კი შეგვიძლია ვიმსჯელოთ Military Balance-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით და, შესაბამისად, შევქმნათ საკმარისად სრული და ნათელი სურათი დღევანდელი მდგომარეობის შესახებაც. გარდა ამისა, ამ დროს არც ჩეჩნეთში იყო მეორე ომი დაწყებული და არც აშშ-ს ჰქონდა “ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომი” გამოცხადებული, ამიტომ ჯარებისა და შეიარაღებათა განლაგება ასახავს შედარებით უფრო მშვიდობიანი დროის სურათს.

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1998 წელს თურქეთის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 62600 ათას ადამიანს, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება – 639 ათასს; მათგან სახმელეთო ჯარებში შედიოდა 525 ათასი ადამიანი, საჰაერო ძალებში – 63 ათასი, საზღვაო ძალებში კი – 51 ათასი. სამობილიზაციო რესურსი ადიოდა 11 მლნ. ადამიანამდე. თურქეთის შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 4205 საბრძოლო ტანკი (M-48A5, “ლეოპარდ-1” და M-60), 280 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) YPR-765, 3618 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) YPR-765 და M-113, 4274 საველე საარტილერიო სისტემა (100 მმ და მეტი ყალიბისა, მათგან 2372 ქვემეხი, 60 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 1842 ნაღმსატყორცნი), პლიუს 3792 81-მმ ნაღმსატყორცნი (რომლებიც CFE-ხელშეკრულებით დადგენილ შეზღუდვებს არ ექვემდებარებიან), დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები (მათ შორის დიდ სიმაღლეებზე მფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლის 92 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი /ზრკ/ “ნაიქ ჰერკულესი”), 320-ზე მეტი ვერტმფრენი, მათ შორის 37 დამრტყმელი AH-1W/P “ქინგ კობრა”, 440 საბრძოლო თვითმფრინავი (F-4, F-5, F-16), 16 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი (მათგან ცხრა თანამედროვე გერმანული 209 ტიპისა), 19 ფრეგატი (თანამედროვე “ნოქსის”, “პერისა” და MEKO-200 ტიპების), 20-მდე სარაკეტო და 30-ზე მეტი საპატრულო კატარღა, ზღვაში სანაღმო ომის წარმოების 30-დე ხომალდი (მათგან სამი ნაღმგადამღობი /ნაღმების დამყენებელი/ და 26 ტრალერი /ნაღმების გამანადგურებელი/), რვა მსხვილი სადესანტო ხომალდი და სხვა შეიარაღება.

თურქეთის რეგულარული სახმელეთო ჯარების უდიდესი ნაწილი განლაგებულია ქვეყნის დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც ევროთათბირის, ასევე ეუთო-ს დოკუმენტებით შეყვანილია ევროპაში და იქ მოქმედებს CFE-ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვები; მცირე ნაწილი კი განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში (სირიის, ერაყისა და ირანის მახლობლად) და კუნძულ კვიპროსზე. შესაბამის ტერიტორიებზე თურქეთის სახმელეთო ჯარების პირადი შეადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების განაწილება ნაჩვენებია 1-ლ ცხრილში.

ცხრილი 1

თურქეთის სახმელეთო ჯარებისა და მისი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების განლაგება 1998 წლის დასაწყისში 

განლაგების ტერიტორია . . . . პირადი შე- . . საბრძოლო . მოჯავშნული . საველე სა- 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მადგენლობა. . ტანკები . . . საბრძოლო . . არტილერიო 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (ადამიანი) . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . სისტემები . . 

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე . . . . . 525000 . . . . . . . . . 4205 . . . . . . . . . 3898 . . . . . . . . . . . 4274 . . . 

მის ევროპულ ნაწინლში . . . . . . . . . . .444390 . . . . . . . . . 2542 . . . . . . . . . 2501 . . . . . . . . . . . 2839 . . . 
(მთლიანი რაოდენობის %) . . . . . . . . .(84,6) . . . . . . . . . (60,5) . . . . . . . . .(64,2) . . . . . . . . . . (66,4) . . 

მის აზიურ ნაწილში . . . . . . . . . . . . . . . 50610 . . . . . . . . . .1463 . . . . . . . . . 1147 . . . . . . . . . . . 1139 . . 
(მთლიანი რაოდენობის %) . . . . . . . . . (9,6) . . . . . . . . . .(34,8) . . . . . . . . (29,4) . . . . . . . . . . .(26,6) 

კუნძულ კვიპროსზე . . . . . . . . . . . . . . . 30000 . . . . . . . . . . .200 . . . . . . . . . . 250 . . . . . . . . . . . . 296 . . 
(მთლიანი რაოდენობის %) . . . . . . . . . (5,7) . . . . . . . . . . .(4,8) . . . . . . . . . (6,4) . . . . . . . . . . . (6,9) . . 

აღნიშნული ცხრილიდან ჩანს, რომ თურქეთის აზიურ ნაწილში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში) ქვეყნის სახმელეთო ჯარების სარდლბას განლაგებული ჰყავდა პირადი შემადგენლობის 9,6 %, საბრძოლო ტანკების 34,8 %, მოჯავშნული საბრძოლო მანქანების 29,4 % და საველე არტილერიის ქვემეხებისა და ნაღმსატყორცნების 26,6 %. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიის ევროპულ ნაწილში CFE-ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვების გამო თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში გაკეთებული აქვს სპეციალური საწყობები, სადაც განთავსებულია ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მარაგები, საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე გადმოყვანისა და აქ არსებული შენაერთებისა და ნაწილებს სრულ შტატებამდე დაკომპლექტებისთვის, აგრეთვე ახლების ჩამოყალიბების მიზნითაც.

თურქეთის სახმელეთო ჯარების საველე არმიებისა და საარმიო კორპუსების შტაბების, აგრეთვე საბრძოლო დივიზიების, ცალკეული ბრიგადებისა და პოლკების განლაგება ნაჩვენებია ნახატზე. მისი ყველაზე უფრო მსხვილი და ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება წარმოდგენილია პირველი საველე არმიით, რომლის შტაბიც განლაგებულია ქალაქ სტამბულში, ხოლო მის საბრძოლო შემადგენლობაში კი შედიან მე-2, -3, -5 და 15-ე საარმიო კორპუსები მათში შემავალი საჯარისო ერთეულებით, აგრეთვე უშუალოდ არმიის სარდლობისადმი დაქვემდებარებული ნაწილები; სულ ერთი მექანიზებული ქვეითი დივიზია (ორი მექანიზებული ქვეითი ბრიგადით), რვა ცალკეული ჯავშანსატანკო, ხუთი ცალკეული მექანიზებული ქვითი და სამი ცალკეული ქვეითი ბრიგადა, სპეციალური დანიშნულების ჯარების (“კომანდოსების”) ორი ბრიგადა/პოლკი, ცალკეული სავერტმფრენო პოლკი, საკორპუსო დაქვემდებარების სამი საარტილერიო პოლკი და სხვა ჯარები. ისინი დისლოცირებული არიან ქვეყნის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ რაიონსა და შავი ზღვის სრუტეების ზონაში. მათ შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 150420 ადამიანი, 1560-მდე საბრძოლო ტანკი, 1425-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1085-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 20 სატანკო ხიდგამყვანი, 30 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება.

1-ლი საველე არმიის შეიარაღების უფრო გულდასმით განხილვისას დავინახავთ, რომ აქ თავმოყრილი იყო გერმანული “ლეოპარდ-1A1/A3” ტიპის ტანკების ძირითადი რაოდენობა (360 მანქანაზე მეტი) და 1195-ზე მეტი ამერიკული M-48A5 (უფრო თანამედროვე M-60 სერიის ტანკები კი 1998 წლის დასაწყისში 1-ლ საველე არმიაში არ ჰყოლიათ), 1425-ზე მეტი საბრძოლო მანქანიდან 30 იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) YPR-765 და 1395-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M-113 და YPR-765, 1085-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემიდან 710-მდე გახლდათ 105-, 155-, 175- და 203,2-მმ ქვემეხი, 370-ზე მეტი 106,7- და 120-მმ ნაღმსატყორცნი და ექვსი 227-მმ ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა MLRS, M-48 ტანკის ბაზაზე შექმნილი 20 სატანკო ხიდგამყვანი, UH-1D/H და AB-205 ტიპების 30 საბრძოლო უზრუნველყოფის (ზოგადი დანიშნულების, საშუალო სატრანსპორტო) ვერტმფრენი.

თურქეთის დედაქალაქ ანკარის რაიონში განლაგებულია მე-4 ცალკეული საარმიო კორპუსი (შტაბი ანკარაში), რომელიც არ შედის საველე არმიების დაქვემდებარებაში და რომლის შემადგენლობაშიც 1998 წელს ნაჩვენები იყო ერთი მექანიზებული ქვეითი დივიზიის შტაბი (ანკარა), ოთხი საბრძოლო ბრიგადა (ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და ორიც “კომანდოსებისა”), აგრეთვე ცალკეული ქვეითი პოლკი – სულ პირადი შემადგენლობის დაახლოებით 23850 ადამიანი, 110 საბრძოლო ტანკი M-60A1/A3, 125-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ათი ქსმ YPR-765, 115-ზე მეტი ჯტრ, მათგან 100-მდე M-113A1/A2), 60-მდე საველე საარტილერიო სისტემა (28 ქვემეხი და 30 ნაღმსატყორცნი).

თურქული არმიის სიძლიერით მეორე დაჯგუფება განლაგებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, ამიერკავკასიის მახლობელ რაიონში, მე-3 საველე არმიის შემადგენლობაში (შტაბი ქ. ერზინჯანში). აქ არმიის სარდლობისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული ცალკეული ბრიგადებისა და პოკლკების გარდა შედის მე-9 საარმიო კორპუსი (შტაბი ქ. არზრუმში) მისდამი დაქვემდებარებული ჯარებით. მათ შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 86830-მდე ადამიანი, 540 საბრძოლო ტანკი (54 M-60A1/A3 და 486 M-48A5), 625-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ძირითადად ჯტრ M-113), 680-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 355-მდე 105-, 155-, 175- და 203,2-მმ ქვემეხი, 315-მდე 106,7- და 120-მმ ნაღმსატყორცნი, ოთხი 106,7-მმ მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი), M-48 ტანკის ბაზაზე შექმნილი სამი სატანკო ხიდგამყვანი, ათი დამრტყმელი ვერტმფრენი AH-1W/P “ქინგ კობრა”, 32 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი UH-1D/H, AB-205 და UH-60, და სხვა შეიარაღება.

თურქეთის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლე ტერიტორიაზე განლაგებულია მე-4 “ეგეოსის” საველე არმია (შტაბი ქ. იზმირში), რომლის მიმართაც ქვეყნის სარდლობას გაძლიერებული ჰქონდა ყურადღება 1970-იან წლებში კუნძულ კვიპროსზე საბერძნეთთან სამხედრო კონფლიქტის გამო. 1991 წელს მის შემადგენლობაში შედიოდა ორი ქვეითი დივიზია და ერთი ცალკეული ქვეითი ბრიგადა, ხოლო 1998 წლის დასაწყისში კი მასში ნაჩვენები იყო ძირითადად სასწავლო შენაერთები და ნაწილები და მხოლოდ ორი ცალკეული ქვეითი ბრიგადა, აგრეთვე საარმიო დაქვემდებარების საარტილერიო და სავერტმფრენო პოლკები. არმიის საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის საჯარისო ნაწილებში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 13670 ადამიანი, 60-ზე მეტი საბრძოლო ტანკი M-48A5, 11 ჯტრ YPR-765 და M-113, 220-მდე საველე საარტილერიო სისტემა (140-მდე ქვემეხი და 80 ნაღმსატყორცნი), 15 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი UH-1D/H და AB-205. 

უფრო დაწვრილებით შევეხოთ ამიერკავკასიის მახლობლობაში განლაგებული თურქული სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების შემადგენლობასა და ძირითად შეიარაღებას. ამის უფრო დაწვრილებითი მონაცემები მოყვანილია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2

ამიერკავკასიის მახლობლად განლაგებული თურქული საჯარისო ერთეულები 1998 წლის დასაწყისში

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – განლაგების ადგილი, B – პირადი შემადგენლობა, ადამიანი, C – საბრძოლო ტანკები, D – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, E – საველე საარტილერიო სისტემები, F – სატანკო ხიდგამყვანები)

საჯარისო . . . . . . . . . . . . . . . . . A . . . . . . . . . B . . . . . C . . . . D . . . . E . . . . F . . . 
ერთეულები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

მე-4 ჯავშანსატანკო . . . . . . აშქალე . . . . . . . 4590 . . . . 96 . . . .73 . . . 31 . . . 1 . .
ბრიგადა
48-ე ქვეითი ბრიგადა . . . . ტრაპიზონი . . . 6369 . . . . – . . . . – . . . .78 . . . . – . .
1-ლი მექანიზებული . . . . . დოღუბაია- . . .9974 . . . . 58 . . .129 . . . .83 . . . 1 . .
ქვეითი ბრიგადა . . . . . . . . . ზითი
12-ე მექანიზებული . . . . . . ყარაქიოსე . . . .5180 . . . .54 . . . . 14 . . . .38 . . . – . .
ქვეითი ბრიგადა
მე-9 საარმიო კორპუსის . . . არზრუმი . . . . 3539 . . . . – . . . . . . – . . . . 87 . . . – . . საარტილერიო პოლკი
მე-7 მექანიზებული . . . . . . ქაღიზმანი . . . .4537 . . . .26 . . . . . 72 . . . 48 . . . – . .
ქვეითი ბრიგადა
14-ე მექაიზებული . . . . . . . . ყარსი . . . . . . . 6392 . . . .58 . . . . . 64 . . . .54 . . .1 . .
ქვეითი ბრიგადა
25-ე მექანიზებული . . . . . . .არტაანი . . . . . 7115 . . . . 56 . . . . 142 . . . . 53 . . – . .
ქვეითი ბრიგადა
29-ე მექანიზებული . . . . . . არზრუმი . . . . .5471 . . . . 26 . . . . . 68 . . . . .46 . . – . .
ქვეითი ბრიგადა
51-ე ქვეითი ბრიგადა . . . . . არზრუმი . . . . .5471 . . . .54 . . . . . – . . . . . .25 . . – . .
მე-9 ქვეითი დივიზია . . . . სარიყამიში . . 10128 . . . 112 . . . . . 64 . . . .128 . . – . .

ცხრილიდან ჩანს, რომ იქ ჩამოთვლილი ზოგიერთი საჯარისო ერთეული პრაქტიკულად სრულად იყო დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით, ზოგი კი ჯავშანსატანკო ტექნიკის და (ან) საველე არტილერიის ნაკლებობას განიცდიდა. პირველები ამათგან მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ მათზე დაკისრებადი საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად, მეორეებს კი გარკვეული დრო დასჭირდებოდათ ტექნიკისა და შეიარაღების დანაკლისის სრულ შტატებამდე შევსებისთვის, რის შემდეგაც უკვე შეეძლებოდათ საბრძოლო ამოცანების შესრულებაც. სახელდობრ, მე-9 ქვეითი დივიზია შედგება ორი ქვეითი, სატანკო და საარტილერიო პოლკებისგან, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან. სატანკო პოლკის საბრძოლო ქვედანაყოფებია ორი სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონები, რომელთა შეიარაღებაც: 112 საბრძოლო ტანკი M-48A5 და 64 ჯტრ M-113A1/A2 სრულად შეესაბამებოდა საშტატოს. საარტილერიო პოლკის შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 34 105-მმ და 27 155-მმ ბუქსირებადი, აგრეთვე ოთხი 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცა, ანუ მის საბრძოლო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო 105-მ ჰაუბიცების ორი დივიზიონი (ექვსი საცეცხლე ბატარეა), 155-მმ ჰაუბიცების ორი დივიზონი (ოთხი-ხუთი საცეცხლე ბატარეა) და 203,2-მმ ჰაუბიცების ერთი საცეცხლე ბატარეა. გარდა ამისა, სატანკო და ქვეითი პოლკების შეიარაღებაში უნდა ყოფილიყო 42 106,7-მმ და 21 120-მმ ნაღმსატყორცნი (სულ დივიზიაში 128 საველე საარტილერიო სისტემა). შეიძლება ითქვას, რომ თურქულ სარდლობას მე-9 ქვეითი დივიზია 1998 წელს მაღალ საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაში ჰყავდა მასზე დაკისრებადი ამოცანების შესასრულებლად.

მე-9 თურქული ქვეითი დივიზიის დისლოკაციის ადგილი, ქალაქი სარიყამიში, დაახლოებით ერთნაირი მანძილებით, 120-150 კმ-ით, არის დაშორებული საქართველოსა და სომხეთის საზღვრებიდან. სარიყამიშიდან სომხეთისკენ განლაგებული მე-7 და 14-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადები (შეიარაღების რაოდენობის მიხედვით, თითოეულში უნდა შედიოდნენ სატანკო და ორი მოტოქვეითი ბატალიონები, ერთი-ორი საარტილერიო დივიზიონი და სხვა ქვედანაყოფები) განიცდიან ჯავშანსატანკო ტექნიკის მნიშვნელოვან ნაკლებობას – თითოეულში უნდა იყოს 54-58 საბრძოლო ტანკი, 120-140 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა – ამიტომ ისინი იმყოფებიან შედარებით დაბალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში და საჭიროებენ საშტატო შეიარაღების წინასწარ შევსებას საბრძოლო მზადყოფნაში მოსასვლელად.

სარიყამიშიდან ჩრდილოეთისკენ, საქართველოს მიმართულებით, ქალაქ არტაანში განლაგებულია 25-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, რომელიც თურქულ სარდლობას 1998 წლის დასაწყისში სრულად ჰყავდა დაკომპლექტებული ძირითადი შეიარაღებით და, შეიძლება ითქვას, რომ იგი მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო, თუკი სამხედრო დისციპლინა და საბრძოლო მომზადება ასევე მაღალ დონეზე იქნებოდა მასში დაყენებული. ასევე ქალაქ ტრაპიზონში დისლოცირებული 48-ე ქვეითი ბრიგადა, რომელშიც შეიძლება ვივარაუდოთ ოთხი ქვეითი ბატალიონი, საარტილერიო პოლკი და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები, ზემოთ აღნიშნული 78 საველე საარტილერიო სისტემიდან უფრო კონკრეტულად თავის შეიარაღებაში შეიცავდა 24 105-მმ ბუქსირებად ჰაუბიცას, 18 106,7-მმ და 36 120-მმ ნაღმსატყორცნს, და ისიც მაღალ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო მასზე დაკისრებადი ამოცანების გადასაწყვეტად. ასევე სრულად დაკომპლექტებულ და მაღალ მზადყოფნაში მყოფ საჯარისო ნაწილს წარმოადგენდა 1-ლი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა (ქალაქი დოღუბაიაზითი აზერბაიჯანის ნახჭევნის ოლქის მახლობლად), რომლის შეიარაღებაში არსებული 58 საბრძოლო ტანკიდან 54 იყო ამერიკული M-60A1/A3 ტიპისა (ყველაზე უფრო თანამედროვე და ბრძოლისუნარიანი ტანკები თურქულ არმიაში), 129 ჯავშანტრანსპორტერიდან 110 იყო M-113A1/A2 ტიპის, 83 საველე საარტილერიო სისტემიდან კი რვა იყო 155-მმ ბუქსირებადი და 18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა, 40 106,7-მმ და 13 120-მმ ნაღმსატყორცნი, აგრეთვე ოთხი 106,7-მმ მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (რუსული “გრადების” მსგავსი).

აღნიშნული სურათის განხილვისას შეიძლება ითქვას, რომ თურქული სარდლობა სომხეთის მიმართულებით ხანმოკლე ომსა და სწრაფ გამარჯვებას არ უნდა გეგმავდეს, ვინაიდან სომხეთში თურქულ ჯარებს ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და მოსახლეობის ერთსულოვანი წინააღმდეგობა შეხვდებათ. იქ შესაძლო საბრძოლო მოქმედებები უფრო დიდხანს გაგრძელდება. ამიტომ არის, რომ ევროპის ტერიტორიაზე ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგების რაოდენობრივი შეზღუდვების გამო, თურქეთის სარდლობას ამ მიმართულებაზე დისლოცირებულ საბრძოლო ბრიგადებში საბრძოლო ტანკების, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე არტილერიის გარკვეული ნაკლებობა გააჩნია.

საპირისპირო სურათი იყო (და შესაძლოა დღესაც ასეა) საქართველოსა და ნახჭევნის მიმართულებებზე, სადაც დისლოცირებული თურქული საბრძოლო ბრიგადები პრაქტიკულად სრულად იყო დაკომპლედქტებული პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით, და ბრძანების მიღებისთანავე მოკლე ვადებში შეეძლოთ ფარულად მომზადება და ენერიულად ამოქმედება საქართველოს ან ნახჭევნის ოლქის დასაკავებლად. რუსული სახმელეთო ჯარების სარდლობას ტრაპიზონიდან და არტაანიდან თურქული ბრიგადების საქართველოში შემოსვლის გზებზე, საქართველოს სასაზღვრო რაიონებში, ქალაქებში ბათუმსა და ახალქალაქში, განლაგებული ჰყავდა და დღესაც ჰყავს თავისი სამხედრო ბაზები, რომელთა დანიშნულებაც არის თურქული ჯარების საქართველოში შემოსვლის არდაშვება. თავად ეს სამხედრო ბაზები არ არიან საკმარისად ძლიერები იმისთვის, რათა მხოლოდ თავიანთი ძალებით შეძლონ თურქული ჯარების შემოტევის შეჩერება, როცა იქ 48-ე და 25-ე საბრძოლო ბრიგადებს სხვა ჯარებიც მიეშველებიან, ამიტომ მათ დასახმარებლად რუსულ სარდლობას გარკვეული შენაერთები ჰყავს განლაგებული, როგორც ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქში, ისე მის მეზობლადაც, მოსკოვის სამხედრო ოლქისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონებში.

რაც შეეხება 1998 წლის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მომხდარ ცვლილებებს, ჩვენ ხელთ გვაქვს The Military Balance 2000/2001 გამოცემა, საიდანაც ჩანს, რომ 2001 წლის შუახანებისთვის თურქეთის მოსახლეობა შეადგენდა 66130 ათას ადამიანს, რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება – 609700-ს, მათგან სახმელეთო ჯარებში – 495000, საჰაერო ძალებში – 60100 და საზღვაო ძალებში – 54600 ადამიანი. შეიარაღებაში მათ გააჩნდათ 4205 საბრძოლო ტანკი, 4290-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 4000-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები რამდენიმე თანამედროვე ამერიკული დანადგარი MLRS/ATACMS (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე), 320-მდე ვერტმფრენი (მათგან 37 დამრტყმელ და 16 წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისა /ნავსაწინააღმდეგო/), 505 საბრძოლო თვითმფრინავი, 14 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, 22 თანამედროვე ფრეგატი (მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი), 50-მდე კატარღა (მათგან 21 სარაკეტო), რვა მსხვილი სადესანტო ხომალდი და სხვა შეიარაღება.

როგორც ვხედავთ, თურქული სარდლობა 1998 წლის შემდეგაც აგრძელებდა თავისი შეიარაღების რაოდენობრივ ზრდასა და ხარისხობრივ გაუმჯობესებას. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების მიერ ეუთო-ს შესაბამისი დოკუმენტების გასაიდუმლოების მიუხედავად, შეგვიძლა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს საზღვრების სიახლოვეს თურქული ჯარების განლაგება და მათი სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნა თუ არ გაიზრდებოდა, არც უნდა შემცირებულიყო.

რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას? რისთვის გაზარდა მან თავისი სამხედრო ხარჯები ცივი ომის დასრულების შემდეგ? რატომ გააძლიერა საკუთარი შეიარაღებული ძალები და რისთვის ინახავს პრაქტიკულად სრულად დაკომპლექტებულ საბრძოლო დივიზიასა და ცალკეულ ბრიგადებს საქართველოსა და ნახჭევნის მიმართულებებზე? ამ კითხვებზე პასუხს გვაძლევს 1980-იანი წლების შუახანებში თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, შემდგომში პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი თურგუთ ოზალის მიერ დასავლური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი სიტყვები იმის თაობაზე, რომ “თურქეთს არ გააჩნია დიდი პრეტენზიები, ვინაიდან ის მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა – ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”-ო (ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით კახა კაციტაძის მიერ ჯერ კიდევ 1994 წელს “კავკასიურ ინსტიტუტში” თანამედროვე გეოპოლიტიკის საკითხებზე წაკითხული რამდენიმე ლექციიდან). ნიშანდობლივია, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის პასიურობის ფონზე დასავლეთის მმართველმა წრეებმა და ნატო-ს ბლოკმა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე პირდაპირი სამხედრო ჩარევის შედეგად მართლაც დაშალეს ყოფილი იუგოსლავიის ფედერაცია რამდენიმე მცირე სახელმწიფოდ. ამის შედეგად ევროპის შუაგულში წარმოიქმნა ახალი მებრძოლი მუსლიმანური სახელმწიფო ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომლის პრეზიდენტმა ა. იზეტბეგოვიჩმა 1995 წელს წამოაყენა მუსლიმანური ფედერაციის შექმნის იდეა “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”, რა თქმა უნდა, თურქეთის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით. 1990-იანი წლების მიწურულს ახლა უკვე საკუთრივ სერბეთს ჩამოაჭრეს კოსოვოს პროვინცია და ახალი “მუსლიმანური ფედერაციისთვის” ისევ ევროპის შუაგულში გამოკვეთეს კიდევ ერთი მცირე, მაგრამ აგრესიულად ანტიქრისტიანული წარმონაქმნი – კოსოვო. გარდა ამისა, იმავე დასავლეთის წაქეზებით და, როგორც რუსი მკვლევარები ამბობენ, აშშ ცენტრალური დაზვერვისა და პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის მფარველობით, ავღანეთ-პაკისტანის ნარკოვაჭრობიდან შემოსული თანხებით აფინანსებენ ახლა უკვე იუგოსლავიის ფედერაციის ყოფილ რესპუბლიკაში, ამჟამად დამოუკიდებელ მცირე მაკედონიაში მოქმედი სეპარატისტული მუსლიმანური “ალბანური განმათავისუფლებელი არმის” ხელმძღვანელობასა და “ბოევიკებს”, რომელთა შორისაც იბრძვიან ყოფილი ავღანელი მოჯაჰედებიც. ამის შემდეგ დასავლური გრანტების მოყვარული ქართველი მოხელეები თუ უსაფრთხოების საკითხებში სხვაგვარად “მოჩალიჩეები” გვმოძღვრავენ, რომ თუკი ამერიკას არ ამოვუდგებით მხარში, მაშინ მუსლიმანური ცივილიზაციის შემოტევა ქრისტიანულზე აუცილებლად მოხდებაო. იქნებ პირიქითაა საქმე და პენტგონი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ცენტრალურ აზიაში აშშ-ის უახლოესი მოკავშირე პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვა ან თურქეთი არაფერ შუაში არიან ჯერ 80-იანი წლებში ავღანელი მოჯაჰედებისა (მათ შორის უსამა ბენ ლადენის) და თალიბანის მოძრაობის გაწვრთნაში, მომარაგებაში, შეიარაღებაში, ოპერაციების დაგეგმვასა და სხვა სახის უზრუნველყოფაში, ან იქნებ 90-იანი წლების დასაწყისში “ბოსნიის მუსლიმანური არმიის” (რომლის შემადგენლობაშიც თურქი მოხალისეებიც ბლომად იბრძოდნენ), “კოსოვოს განთავისუფლების არმიისა” და “მაკედონიის ალბანური განმათავისუფლებელი არმის” ყოველმხრივ დახმარებაში.

აშშ ცენტრალური დაზვერვისა და პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის მიერ ოქროს ნახევარმთვარის ნარკოვაჭრობის სრული კონტროლისა და ამოღებული თანხების ზემოაღნიშნული “არმიების” და არა მხოლოდ მათი დაფინანსებისა და მომარაგების, ავღანეთისა და პაკისტანის ბანაკებში მათი გაწვრთნისა და სხვა მომზადების შესახებ (მათ შორის შამილ ბასაევისა და მისი მებრძოლების) წერენ თავად ამერიკელი, გერმანელი, ბრიტანელი და რუსი მკვლევარები. შედეგი კი მეტად მძიმეა მართლმადიდებელი სერბების, საუკუნეების წინ გაკათოლიკებული სერბების (იმავე ხორვატების), გამაჰმადიანებული სერბების (ბოსნიელი მუსლიმანების), აგრეთვე იქ მცხოვრები ალბანელი მუსლიმანებისთვისაც, რომლებიც “ცივილიზებული ევროპის” შუაგულში სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდეს ერთმანეთს ჯერ კიდევ გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიისა (ჰაბსბურგების იმპერიისა) და ოსმალეთის დამპყრობლური პოლიტიკის მესვეურებმა და შემსრულებლებმა, ხოლო მესამე ათასწლეულის მიჯნაზე კი ატლანტიკური დსავლეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს შესწირეს მათი ღვთივბოძებული სიცოცხლე, სახლ-კარი, სამშობლო, სინდის-ნამუსი, წინაპართა საფლავები და, უბრალოდ, ადამიანობა.

რაც შეეხება თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს, სადაც თურქეთს შესაძლოა პრეტენზიები ჰქონდეს, მათი ნაწილი შედის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში (ჩრდილო-კავკასია, ვოლგისპირეთი), ნაწილი ირანისა (ირანის ადერბაიჯანი) და ნაწილი კიდევ ჩინეთისა (უიღურსტანი). აქვე იგულისხმება ამიერკავკასია და ყოფილი სსრკ-ის შუააზიური რესპუბლიკები (ტაჯიკეთის გამოკლებით, სადაც ირანულ-ავღანური მოდგმის ხალხი ცხოვრობს). მაგრამ ასეთი მასშტაბის ამოცანის შესრულება თავად თურქეთს საკუთარი ძალებით არანაირად არ შეუძლია, თუ აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები უშუალოდ არ ჩაერევიან საქმეში. შესაბამისად, იკვეთება დასავლური სავარაუდო საომარი გეგმების წინააღმდეგ რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიციაც. ასეთი კოალიციის პირდაპირ ბრძოლაში დამარცხება ატლანტიკური დასავლეთისთვის ადვილი ამოცანა არ უნდა იყოს. ასეთი დაჯახების კონტურები იკვეთებოდა 1999 წლის მეორე ნახევარში, როდესაც დასავლეთის უცერემონიო მოწოლის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტი ბ. ელცინი ჩავიდა ჩინეთში და იქიდან, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ხელსუფლებასთან შეთანხმებით, ღიად დაემუქრა აშშ პრეზიდენტ კლინტონს საპასუხო ზომების მიღებით, თანაც მას რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შესაძლებლობებიც გაახსენა.

მაშინ საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დიდი ხმაური ატეხეს რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებაზე და იგი იარაღის ჟღარუნშიც ამხილეს თუ დაადანაშაულეს. ეს სწორია, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ნახევარსიმართლე, ისევე როგორც ბევრი რამ დღევანდელი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებსა თუ მასმედიაში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უკვე გაზეთ “საქართველოში” გამოქვეყნებული გვქონდა რამდენიმე წერილი თურქეთის შეიარაღებულ ძალებში 1990-იან წლებში განხორციელებული ცვლილებების, დასავლეთის მმართველი წრეების მიერ თურქეთის სამხედრო მანქანის არაადექვატურად გაძლიერებისა და თურქული სახმელეთო ჯარების განლაგება-დაკომპლექტებულობის შესახებ, საიდანაც გამომდინარეობდა ისეთივე დასკვნები, როგორებიც ამ წერილშია მოყვანილი, ჩვენი მოსაზრება მაინც უყურადღებოდ იქნა დატოვებული და ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, ისევ იმ ცალმხრივად ანტირუსეთულ და ტენდენციურ პოზიციებზე დარჩა. უფრო მეტიც, ასეთი ანალიზის გაკეთებისა და შესაბამისი დასკვნების შემუშავების შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ყურად არ იღო ობიექტური ინფორმაცია რუსეთთან კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე დასავლეთის მმართველი წრეების მიერ ინსპირირებული ახალი შეიარაღებული დაპირისპირების განვითარებისა და ესკალაციის თუნდაც თავად ჩვენი ქვეყნისთვის მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, ამით იგი უკვე შეგნებულად დადგა რუსეთისადმი მტრულ ბანაკში.

მაშინ რაღატომ გვიკვირს თავად რუსეთის მხრიდან საქართველოს მტრობაც, თუმცა კი არა აშკარა და ღია ფრონტით, არაგედ შეფარული, დიპლომატიური და სხვა ფანდების გამოყენებით, მაგრამ განა ასეთივე ქმედებებსა და ასეთ შეფარულ დიპლომატიაში კარგად გაწვრთნილმა ატლანტიკურმა დასავლეთმა არ იცის, თუ რითი ამხილოს მზაკვრობაში მოწინააღმდეგე ღიად და დასაბუთებულად? იცის, რა თქმა უნდა, მაგრამ იქნებ მასაც არაფერი აქვს ღიად და პატიოსნად სათქმელი? იქნებ ისიც ისეთივე, ან უფრო უარესი, თუმცა კი გაცილებით უფრო დახვეწილი და რაფინირებული მზაკვრობით მოქმედებს?

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს შეადგენდა 9,2 ტრილიონ დოლარს, ნატო-ს ბლოკის კიდე ხუთი ეკონომიკურად წამყვანი სახელმწიფოსი (დიდი შვიდეულის წევრებისა) – 6,4 ტრილიონს, რუსეთისა კი – სულ 1,1 ტრილიონ დოლარს. იქნებ ასეთი დიდი ფინანსური უპირატესობა აძლევს დასავლეთს იმის შესაძლებლობას, რომ ყიდულობდეს საქართველოსა და სხვა ქვეყნების ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ძირითად საქმიანობას, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების ტენდენციურ აქტიურობას და მისთვის საჭირო მიმართულებით ისე მიჰყავდეს საქმე, თითქოს ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და, უწინარეს ყოვლისა, თავად ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. რუსეთს კი ამის ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია და ამიტომაც მოქმედებს ასე ღიად, ხშირად უხეშად და არარაციონალურად.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment