Tuesday, May 14, 2013

საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხები თანამედროვე ეტაპზე

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2004 წლის 25 მარტის ნომერში)

როგორც ვიცით, 2003 წლის ნოემბრის ბოლოს დაემხო არსებული ხელისუფლება. რამდენად გულწრფელნი და რეალისტები არიან პრეზიდენტი სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე, როდესაც გასული ათწლეულის მანძილზე დატრიალებულ ყველა უსამართლობასა და უბედურებას მხოლოდ ედუარდ შევარდნაძესა და მასთან მყოფ ძალებს აბრალებენ, და რამდენად შესწევთ მათ უნარი, თავიანთი დღევანდელი დაპირებების შესრულებისა, ამ კითხვაზე ჩვენ ყოველმხრივ და ამომწურავ პასუხს ვერ გავცემთ, მაგრამ შევეცდებით საქართველოს სამხედრო მშენებლობის მაგალითზე, არა პიროვნული დამოკიდებულებიდან, არამედ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვძებნოთ შეძლებისდავარად ობიექტური, კომპეტენტური და სასარგებლო პასუხი ჩვენს შეკითხვებზე.

გაზეთ “საქართველოში” ჩვენი ქვეყნის სამხედრო მშენებლობის აქტუალური და ძირეული საკითხების შესახებ წერილების გამოქვეყნება, ღვთის წყალობით, დავიწყეთ 1999 წლის გაზაფხულ-ზაფხულიდან. იმ დროიდან დღემდე ჩვენს მკითხველს ვუმარტავდით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეს ხელს უშლის ორი ძირითადი ფაქტორი:

1. საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხედრო საქმეში ჩახედული ქართველი სპეციალისტებისა და მკვლევარების უგულვებელყოფა და შესაბამის თანამდებობებზე მხოლოდ იმ ადამიანების დანიშვნა, რომელთაც უკვე აქვთ ცოტა ცალმხრივი დასავლური სწავლება ამ სფეროში.

2. საქართველოს სამხედრო მშენებლობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრისა და შესაბამისი დოკუმენტების შექმნის მთლიანად უცხოელი მრჩევლების ხელში გადაცემა. 

ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალებს თვალნათლივ შეეძლოთ დაენახათ დასავლელი სამხედრო მრჩევლების ჩვენდამი არაბოლომდე გულწრფელი დამოკიდებულება, ჩვენთვის მოცემული რჩევების აშკარა მავნებლობა. ამ მხრივ პირადად ჩვენთვის მეტად ნიშანდობლივი იყო სწორედ 1999 წელი. მანამდე ჩვენ 1991 წლიდან ვსწავლობდით ძირითადად აშშ შეიარაღებულ ძალებს (უმთავრესად კი სახმელეთო ჯარებს). შემდეგ, 1997 წლის მიწურულს ამ კონტექსტში დადგა საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების შესწავლისა და თავად საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირითადი მიმართულებებისა და პარამეტრების განსაზღვრის ამოცანა. უკანასკნელ წლებში გაზეთ “საქართველოში” ჩვენს მიერ გამოქვეყნებული წერილების საფუძველს წარმოადგენს სწორედ 1991 წლიდან დღემდე სისტემატიურად წარმოებული კვლევები და ამ პროცესში, ღვთის წყალობით, დაგროვილი ცოდნა.

1999 წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ რეზო ადამიამ მოაწყო კომიტეტის საჯარო სხდომა თემაზე “საქართველო-რუსეთის სამხედრო ურთიერთობათა შესახებ”, რომლის ერთერთი ძირითადი მომხსენებელიც გახლდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გრიგოლ ქათამაძე. მან სხვათა შორის განაცხადა, რომ რუსები უარს გვეუბნებიან სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე, ან გვპირდებიან, ხოლო შემდეგ კი პირობას არ ასრულებენ, ამიტომ მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას აზრი არა აქვსო. მეორეც, გუდაუთაში დისლოცირებულია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების პოლკი. ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალს, რომ ამ პოლკის ქვედანაყოფები განლაგებულ იქნას აფხაზეთის მთელი ტერიტორიის საკვანძო ადგილებში და შექმნას პირობები იქ დევნილების უსაფრთხო დაბრუნებისთვისო. რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა გვიპასუხა, რომ მე მესმის თქვენი გულისტკივილი და გითანაგრძნობთ, მაგრამ გუდაუთაში განლაგებული 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი უშუალოდ მოსკოვს ექვემდებარება, მე კი მხოლოდ ოპერატიულად მემორჩილება და ამიტომ მისთვის ასეთი ბრძანების მიცემის უფლება არა მაქვსო.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ამ სიტყვებიდან აშკარად გამოჩნდა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის არასაკმარისი კომპეტენტურობა, აგრეთვე დასავლეთის სახელმწიფოთა მმართველი წრეების ჩვენდამი არაგულწრფელი დამოკიდებულებაც. საქმე იმაშია, რომ 1998 წლის მონაცემებით, რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში განლაგებული იყო ერთი საველე არმია (58-ე) და ორი ცალკეული საარმიო კორპუსი (მე-8 და 67-ე). საველე არმიის შტაბი დისლოცირებული იყო ქ. ვლადიკავკაზში, ცალკეული კორპუსებისა კი – კრასნოდარსა და ვოლგოგრადში (ვლადიკავკაზიდან ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით). 58-ე არმიის შემადგენლობაში შედიოდა ერთი მოტომსროლელი დივიზია (19-ე, ვლადიკავკაზი) და ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ბუინაკსკი და ბუდიონოვსკი, კავკასიონის ქედის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რიონებში). კიდევ ერთი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (67-ე კორპუსი) დისლოცირებული გახლდათ ქ. მაიკოპში (კავკასიონის ქედის დასავლეთ რაიონში), ხოლო 20-ე მოტომსროლელი დივიზია კი (მე-8 კორპუსი) – ქ. ვოლგოგრადში (მთლიანობაში ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჩრდილოეთ /ზურგის/ რაიონში, კავკასიონის ქედისგან რამდენადმე მოშორებით). ანუ ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ განლაგებული სამი ცალკეული ბრიგადის ამოცანა უნდა ყოფილიყო ამ რესპუბლიკებში არსებული ვითარების კონტროლის განხორციელება. კავკასიონის ქედის ცენტრალურ რაიონში კი, ქ. ვლადიკავკაზში, აგრეთვე უფრო ჩრდილოეთით ქ. ვოლგოგრადში რუსულ სარდლობას განლაგებული ჰყავდა პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით კარგად დაკომპლექტებული საბრძოლო დივიზიები, რომლებიც მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ მათზე დაკისრებადი ამოცანების გადასაწყვეტად.

მშვიდობიანობის დროს, როგორც ვთქვით, 58-ე არმიაში შედიოდნენ მოტომსროლელი დივიზია, ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადე, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. მაგრამ ომიანობის დროის შტატებით სრულად დაკომპლექტებულ რუსულ საველე არმიაში უნდა შედიოდნენ ექვსი საბრძოლო დივიზია, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. ვინაიდან რუსული სარდლობა აღნიშნული საველე არმიის შტაბს ინარჩუნებს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მის სრულად დაკომპლექტებასაც უნდა გეგმავდეს და აქ გასაკვირიც არაფერია; მაგრამ არმიის შტაბი წარმოადგენს არმიაში შემავალი საბრძოლო დივიზიების, ცალკეული ბრიგადების, პოლკებისა და ბატალიონების (საარტილერიო და საზენიტო დივიზიონების) მართვის ორგანოს და ჩვეულებრივ მას განალაგებენ ხოლმე არა საბრძოლო მოქმედებათა, არამედ ზურგის რაიონში. ამიტომ ამ ორგანოს ვლადიკავკაზში, ანუ რუსეთ-საქარველოს სახელმწიფო საზღვართან უშუალო მახლობლობაში განთავსება მხოლოდ იმას უნდა მიგვანიშნებდეს, რომ რუსული სარდლობა 58-ე არმიის დივიზიების გაშლასა და გამოყენებას ამ შემთხვევაში უნდა გეგმავდეს ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.

მაშინ თავისთავად გასაგებია, რომ თუკი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვარაუდობს ამიერკავკასიაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებას, მაშინ რატომ უნდა თანამშრომლობდეს იგი საქართველოსთან, როდესაც მათ შორის არ არის უფრო მაღალ, სტრატეგიულ დონეზე ურთიერთ გაგება და ინტერესთა თანხმობა? ჩვენს მიერ გაკეთებული ასეთი ანალიზის საპასუხოდ რუსეთის სამხედრო ატაშემ კერძო საუბარში განგვიცხადა, რომ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში ჯარებისა და შტაბების ასეთი განლაგება უწინარეს ყოვლისა მიმართულია თურქეთის წინააღმდეგო. მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით 90-იან წლებში ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თუქეთის ხელისუფლების მიერ თავის სამხედრო ხარჯების უწინდებურად გაზრდისა (1990 წლის 5 მლრდ. ამერიკული დოლარიდან 2000 წლის 10,8 მლრდ.-მდე) და აშშ-ისა და გერმანიის მიერ მისთვის უფრო თანამედროვე და უკეთესი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიაღებლების მქონე შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის მიყიდვის შესახებ (ხოლო YPR-765 სერიის ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტერებს, F-16C/D ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, 209 ტიპის წყალქვეშა ნავებსა და MEKO-200 ტიპის ფრეგატებს თავად თურქები აწარმოებენ თავიანთ ქარხნებში ამერიკული და გერმანული ლიცენზიებით). აღნიშნული გადაიარაღების შედეგად თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა დაახლოებით სამ-ოთხჯერ უნდა ამაღლებულიყო, მის სახმელეთო ჯარებში ქვეითი ჯარების შემცირების პარალელურად გაიზარდა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ჯარების, აგრეთვე მათი მხარდამჭერი თვითმავალი ლულიანი არტილერიის რაოდენობა, რის შედეგადაც თურქულ არმიას უნდა შეეძინა უფრო აქტიური შტევითი მოქმედებების წარმოების უნარი და შესაძლებლობები.

ასეთ პირობებში ადვილად აიხსნება რუსეთის სამხედერო ატაშის მიერ ჩვენთვის ნათქვამი სიტყვების სისწორე, მაგრამ იმხანად პირადად ჩვენ უბრალოდ ჯერ კიდევ არ ვიცოდით 90-იან წლებში თურქეთის შეიარაღებაში გატარებული ამ ცვლილებების შესახებ. ასეთი მარტივი ანალიზი მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის.

ყველასთვის ცნობილია, რომ როგორც რეზო ადამია, ისე დავით თევზაძე და მისი მოადგილეები ხშირად ჩადიოდნენ აშშ-სა და ნატო-ს ბლოკის სხვა სახელმწიფოებში, ხვდებოდნენ იქ თავიანთ კოლეგებსა და სხვა პირებს, ჰქონდათ კონსულტაციები როგორც იქ, ისევე საქართველოში აკრედიტებულ ნატო-ს წამყვანი სახელმწიფოების სამხედრო ატაშეებთან, საელჩოების თანამშრომელ სხვა სპეციალისტებთან. ნებისმიერი ანალიტიკოსი სამხედრო ოფიცერი თუნდაც რადენიმე წლის წინ სულ ხუთ წუთში განუმარტავდა მათ იმას, რაც იმ სხდომაზე ჩვენგან მოისმინეს, მაგრამ ნატო-ელმა გენერლებმა, ადმირალებმა ან ოფიცრებმა არ უთხრეს რეზო ადამიას, დავით თევზაძეს ან მათ ხელქვეით მოხელეებს რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში ჯარებისა და მაღალი რანგის შტაბების განლაგებისა და დაკომპლექტებულობის მონაცემებიდან გამომდინარე 58-ე არმიის ნამდვილი დანიშნულებისა და რუსული სარდლობის სავარაუდო გეგმების შესახებ. აშშ და ნატო-ს ბლოკის სხვა წამყვანმა სახელმწიფოებმა, ამგვარად, არ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება იმის თაობაზე, რომ რუსული სარდლობა უნდა გეგმავდეს საჭიროების შემთხვევაში ამიერკავკასიაში ომის წარმოებას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში 1990-იან წლებში მათ მიერვე თურქეთის შეიარაღებული ძალების არაადექვატურად გაძლიერების შესახებ კითხვებზეც მოუწევდათ პასუხის გაცემა და მათივე სავარაუდო გეგმებიც ასევე საცნაური გახდებოდა.

რაც შეეხება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის აღნიშნულ სხდომაზე ბ-ნ ქათამაძის მიერ აფხაზეთში ქ. გუდაუთაში დისლოცირებული რუსული 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ქართველ დევნილთა უსაფრთხოდ დაბრუნების ინტერესებში გამოყენების საკითხს, რაზედაც ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა მას განუცხადა, რომ ეს პოლკი მხოლოდ ოპერატიულად მექვემდებარება და ამიტომ მისთვის ასეთი ბრძანების მიცემის უფლება არა მაქვსო, უნდა ვთქვათ, რომ ყველა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემაში არსებობს დაქვემდებარების ორი ხაზი – ადმინისტრაციული და ოპერატიული. ადმინისტრაციული დაქვემდებარება ითვალისწინებს ჯარების პირადი შემადგენლობითა და შეიარაღებით დაკომპლექტებას, საბრძოლო მომზადებას, მატერიალურ-ტექნიკურ, სამედიცინო და სახის უზრუნველყოფას, იარაღის ახალი ნიმუშების შესაქმნელად სამხედრო გამოკვლევების წარმოებას და ა. შ. ოპერატიული დაქვემდებარება კი გულისხმობს ჯარებისა და ძალების საბრძოლო გამოყენების დაგეგმვასა და უშუალოდ გამოყენებას.

ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალს სთხოვდა გუდაუთაში დისლოცირებული 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გაშლასა და იქ ქართველი დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის ხელის შეწყობას, ეს ნიშნავს, რომ თხოვნა შეეხებოდა სწორედ ჯარების საბრძოლო გამოყენების სფეროს. შესაბამისად, აღნიშნული სამხედრო ოლქის სარდალს მისდამი ამ პოლკის ოპერატიულად დაქვემდებარების გამო ნამხვილად ჰქონდა სამხედრო და იურიდიული უფლება, რომ ასეთი ბრძანება გაეცა, მაგრამ არ ჰქონდა ამის სურვილი, რადგანაც იგი არ გააჩნდათ არც მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლობაში. ოპერატიული დაქვემდებარების მომიზეზებით მან უბრალოდ შეიარაღებული ძალების მართვის სტრუქტურის არმცოდნე საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები თავიდან მოიშორა.

 თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე დავით თევზაძე წელიწადნახევრს სწავლობდა აშშ უმაღლეს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში, მაგრამ ზემოთქმული მას იქ, როგორც ჩანს, არ ასწავლეს. აქაც დავუშვათ, რომ რაღაც გამორჩათ, ან თავად მოსწავლემ ვერ დაიმახსოვრა. მაგრამ ასეთი მოსაზრების გაჩენისა და რუს სარდალთან მოლაპარაკებების პერიოდში ხომ ექნებოდათ ამ ქართველ მოხელეებს საუბრები და კონსულტაციები საქართველოში მყოფ აშშ, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან და საელჩოების სხვა თანამშრომლებთან, ან კიდევ ნატო-ს ქვეყნებში ან აშშ-ში ყოფნის დროს – იქაურ სპეციალისტებთან? რატომ თუნდაც ერთმა მათგანმა არ განუმარტა საქართველოს თავდაცვის მესვეურებს შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციული და ოპერატიული დაქვემდებარების შინაარსი და მნიშვნელობა? შემთხვევითია ეს? ვგონებთ რომ არა. და აქედანაც კარგად ჩანს დასავლეთის მმართველი წრეების საქართველოსადმი არაგულწრფელი დამოკიდებულება.

დასასრულს გვინდა შევჩერდეთ კიდევ ერთ უზუსტო აზრზე, რომელიც საქართველოში ისევ ევრო-ატლანტიკური სივრციდან შემოვიდა. საქმე შეეხება ნატო-ს ბლოკის სტანდარტების შესაბამისად საქართველოში მცირერიცხოვანი მობილური და პროფესიული შეიარაღებული ძალების მშენებლობას, რომელსაც თურმე ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა შეეძლება. ჩვენ ქვემოთ მოგვყავს სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მინაცემები ცივი ომის მიწურულს, ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოებისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმოსავლეთევროპული ქვეყნების მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების რიცხოვნების მაჩვენებლებით.

ცხრილი

ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ზოგიერთი სახელმწიფოს მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 წელს (ადამიანი)

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერის მიზნით გამოყენებული აღნიშვნები: A – მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები /მოსახლების რიცხოვნების %-ული წილი/; B – რეზერვები და ტერიტორიული თავდაცვის ჯარები /მოსახლეობის რიცხოვნების %-ული წილი/; C – ომიანობის დროის ნავარაუდევი შეიარაღებული ძალები /მოსახლეობის რიცხოვნების %-ული წილი/)

. . . ქვეყანა . . . . . მოსახლეობა . . . . A . . . . . . .B . . . . . . C . . . .

ნატო-ს ბლოკი 

ბელგია . . . . . . . . . . . 9860800 . . . . . 85450 . . . 234000 . . 319450 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,87) . . . . (2,37) . . . (3,24) . .
ნიდერლანდები . . .14810800 . . . . 101400 . . . 154400 . . 253800 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,68) . . . . (1,09) . . . (1,71) . .
დანია . . . . . . . . . . . . 5081800 . . . . . .29400 . . . 142700 . . 172500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,58) . . . . (2,81) . . . (3,38) . .
ნორვეგია . . . . . . . . . .4207800 . . . . .32700 . . . 430000 . . 462700 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,78) . . . .(10,22) . . (11,00) . .
საბერძნეთი . . . . . . .10174400 . . . .158500 . . . 406000 . . 564500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (1,56) . . . . (3,99) . . . .(5,55) . .

 ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია 

პოლონეთი . . . . . . . . 38038000 . . . 305000 . . 507000 . . 812000 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,80) . . . .(1,33) . . . (2,13) . .
ჩეხოსლოვაკია . . . . . . 5740400 . . . 154000 . . 495000 . . 649000 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,98) . . . (3,14) . . . (4,12) . .
უნგრეთი . . . . . . . . . . 10555400 . . . . 86500 . . 210000 . . 296500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,82) . . . .(0,98) . . . .(2,81) . .
ბულგარეთი . . . . . . . . 9080000 . . . 107000 . . 472500 . . 579500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1,18) . . . (5,20) . . . (6,38) . .
რუმინეთი . . . . . . . . . 23404600 . . . 200800 . . 626000 . . 826800 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,86) . . . .(2,67) . . . .(3,53) . .

როგორც ცხრილიდან ჩანს, ნატო-ს ბლოკში შეიარაღებული ძალების რიცხოვნებასთან დაკავშირებული რაიმე სტანდარტი უბრალოდ არ არსებობს. იქ დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად კი ე. წ. “ცხელი რაიონიდან” მოშორებული მცირე სახელმწიფოთა (ბელგიისა და ნიდერლანდების) სარდლობები ისეთ შეიარაღებულ ძალებს აშენებენ, რომ ომიანობის დროს შესაძლებელი იყოს მოსახლეობის 1,7-3,2 %-ის მობილიზაცია. ვარშავის ბლოკის საზღვრებთან შედარებით ახლოს მყოფი დანიის სამხედრო ხელმძღვანელბა გეგმავდა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში თავისი მოსახლეობის 3,4 %-ის გამოყვანას; ბულგარეთის უშუალო მეზობელი საბერძნეთი, რომელსაც ნატო-ში თავის მოკავშირე თურქეთთანაც გააჩნია კონფლიქტი კვიპროსის გამო, – მოსახლეობის 5,6 %-ის მობილიზაციას, ხოლო საბჭოთა კავშირის უშუალო მეზობელი ნორვეგიის სარდლობა კი – თავისი მოსახლეობის 11,0 %-ისა.

ამის საწინააღმდეგოდ, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, განსაკუთრებული ადგილი ეკავა საბჭოთა კავშირს, და თუმცა კი ტერიტორიულად იგი დაშორებული იყო ნატო-ს ბლოკის წამყვანი სახელმწიფოებისგან, მაინც აღმოსავლეთ ევროპაში თავისი მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე უკვე მშვიდობიანობის დროს 80-იანი წლების მიწურულს განლაგებული ჰყავდა 30-ზე მეტი დივიზია (როგორც ამ საქმეში უფრო ჩახედული პირებისგან ვიცით /ეს გახლდათ კახა კაციტაძე/: სამი საბრძოლო დივიზია იდგა პოლონეთში, ხუთ-ხუთი ჩეხოსლოვაკიასა და უნგრეთში, და 20-მდე დივიზიაც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში). ხოლო აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები თუმცა კი ტერიტორიულად უფრო ახლოს იყვნენ ნატო-ს ბლოკის ქვეყნებთან (განსაკუთრებით გდრ, ჩეხოსლოვაკია და უნგრეთი), მაინც ამ ორი უკანასკნელის სარდლობებს ისეთი შეიარაღებული ძალების მშნენებლობის უფლება ჰქონდათ, რომელიც მოითვლიდა ქვეყნის მოსახლეობის სულ 2,8-4,1 %-ს; საბერძნეთისა და თურქეთის მეზობელი ბულგარეთის სარდლობა კი, ვარშავის პაქტის ხელმძღვანელობის თანხმობით, გეგავდა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში თავისი მოსახლეობის 6,4 %-ის გამოყვანას, მეორე ეშელონში მყოფი პოლონეთისა და რუინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელები კი, შესაბამისად, სულ 2,1 და 3,5 %-ისა.

საქართველოში წლების განმავლობაში მომუშავე ნატო-ელი სახედრო მრჩევლების უკვე კარგად ცნობილი რეკომენდაციებისა და ჩვენი ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებების თანახმად, დღევანდელი მსოფლიოს ე. წ. “ცხელ რაიონში” მდებარე საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე, რომელსაც, ალბათ, ომიანობის დროს შეეძლება თავისი მოსახლეობის სულ 2-3 %-ის მობილიზება, რაც შეადგენს 90-130 ათას ადამიანს. აშკარად ჩანს, რომ აშშ ხელმძღვანელობის მხრიდან წამოსული რეკომენდაციებით (დირექტივებით) მოქმედი საქართველოს ხელისუფლების ასეთი გეგმები კარგად შეესაბამება არა “ნატო-ს სტანდარტებს”, არამედ სწორედ ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ დანერგილ პრაქტიკას.

სწორედ ამაში მდგომარეობს ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოში შემოტანილი არასწორი პოზიცია, რაც აშკარად მიგვანიშნეს იმაზე, თუ რა არ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ამ მინიშნებას სჭირდება დანახვა, არა აშშ-ის, არამედ საკუთარი ქვეყნის სამსახურის სურვილი და მისი ინტერესების კარგად გარჩევა. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ასეთ სურვილს ვერც ხელისუფლებაში ვხედავთ და ვერც ჩვენი საზოგადოების უმეტეს ნაწილში. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ დავდგეთ სწორ გზაზე და ვიაროთ საკუთარი ქვეყნის გადარჩენის გზით.

ირაკლი ხართიშვილი 

(მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ ამ წერილში, განსაკუთრებით მის დასაწყისში, და შემდეგაც, შეფასებით მსჯელობებში ხშირად არის ხელისუფლების მიმართ მოფერებისა და პირფერობის ნოტები. ეს ყველაფერი ბ-ნ ნოდარ ნათაძის მითითებით გაზეთის რედაქციის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგია. თავად ჩემს მიერ გაკეთებული შესავალი და ჩემი შეფასებები კი ისეთი იყო, როგორც სხვა დროსაც, მაგრამ 2004 წლის დასაწყისში რატომღაც საქართველოს სახალხო ფრონტის ხელმძღვანელობამ, რომლის ორგანოსაც წარმოადგენდა გაზეთი “საქართველო”, გადაწყვიტა უფრო მეტად და ასე “ვაზელინგარეულად” ჩარეულიყო ამ წერილს გამოქვეყნებაში. მე პროტესტი ამის გამო არ განმიცხადებია, ვინაიდან იმითაც მადლობელი ვიყავი, რომ ეს გაზეთი ბეჭდავდა იმ ფაქტობრივ ნაწილს ევროპის მცირე სახელმწიფოთა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის თაობაზე, რაც საშუალებას იძლეოდა რომ დაკვირვებულ და დაინტერესებულ მკითხველს ნათლად დაენახა საქართველოს სამხედრო მშენებლობის ძირეული და საჭირბოროტო პრობლემები, რომლებიც წერილში იყო გაშუქებული. – ი. ხ.)

No comments:

Post a Comment