Monday, April 29, 2013

ეროვნული უსაფრთხოების ერთი აქტუალური საკითხის შესახებ


(წერილი დიდი შემოკლებით გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2004 წლის 20 იანვრის ნომერში. ამის გამო მაშინ რედაქციას ვთხოვე და ხელნაწერი უკან დამიბრუნეს 1-ლი და მე-2 გვერდების გარდა, რათა სხვაგან ან სხვა დროს დამებეჭდა იგი სრულად. ახლა მომეცა ამის შესაძლებლობა და ქვემოთ წერილი მოყვანილია სამ ნაწილად: პირველ ნაწილში მოცემულია წერილის დასაწყისი გაზეთში გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, მეორეში გაგრძელება ხელნაწერის მიხედვით იქამდე, რაც გამოქვეყნდა მაშინ გაზეთში, და იქვეა მოყვანილი რედაქციის მიერ გაკეთებული მცირე ჩამატებაც ბრიტანულ ჟურნალ The Economist-დან, ხოლო მესამე ნაწილი კი წარმოადგენს თავდაპირველი ხელნაწერის შედარებით ვრცელ ტექსტს, რომელიც მაშინ გაზეთში ვერ იქნა გამოქვეყნებული საქართველოს სახალხო ფრონტის ხელმძღვანელის ბ-ნ ნოდარ ნათაძის მისდამი უარყოფითი დამოკიდებულების გამო. ახლა ბლოგის მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა თავად შეაფასოს მისი ავ-კარგი და საკითხისადმი თავისი შეხედულებაც უფრო კარგად ჩამოიყალიბოს ან განიმკტკიცოს)

სამხედრო სფეროშიც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დარგში სპეციალისტების ჩამოყალიბება და განვითარება ხდება თანდათანობით – მარტივიდან რთულისკენ. მსოფლიოს წამყვან სამხედრო სახელმწიფოებში სახმელეთო ჯარების ოცეულების, ასეულების, ბატალიონების, პოლკების, ბრიგადებისა და დივიზიების ორგანიზაცია, შეიარაღება და საბრძოლო მოქმედებები შედის ტაქტიკის სფეროში; სამი-ექვსი საბრძოლო დივიზიისა და უზრუნველყოფის ერთეულებისგან შემდგარი საარმიო კორპუსებისა და მათი ზემდგომი საველე არმიების მოქმედებები – ოპერატიული ხელოვნების სფეროში, არმიების ჯგუფის (ფრონტისა) და თეატრზე სარდლობის, აგრეთვე თეატრებსშორისი ურთიერთმოქმედების საკითხები კი – სტრატეგიის სფეროში.

აშშ არმიაში დივიზია წარმოადგენს უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს და მას მეთაურობს გენერალ-მაიორი, საარმიო კორპუსი – ოპერატიულ-ტაქტიკურ შენაერთს (გენერალ-ლეიტენანტი), საველე არმიები კი მშვიდობიანობის დროს მხოლოდ ნომინალურ დონეზე ფუნქციონირებენ. ევროპულ ომის თეატრზე ნატო-ს კოალიციური ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა ეკუთვნის აშშ სახმელეთო ჯარების სრულ გენერალს. აი ასეთი რანგის სამხედრო სპეციალისტები საქმიანობენ ნებისმიერი ქვეყნის ტაქტიკის, ოპერატიული ხელოვნებისა და სტრატეგიის სფეროებში.

როდესაც ლაპარაკობენ ეროვნული უსაფრთხოების, ომისთვის ქვეყნის მომზადებისა და სამობილიზაციო ღინისძიებათა გატარების შესახებ, აქ სამხედრო სპეციალისტებთან და ამ დარგის სამოქალაქო ექსპერტებთან ერთობლივად და კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ საგარეო ურთიერთობების, სპეცსამსახურების, ეკონომიკის, სამოქალაქო თავდაცვის, განათლების, ჯანდაცვის, ეკლესიისა და სხვა სპეციალისტებიც.

რაც შეეხება გეოსტრატეგიას, გეოპოლიტიკას, გეოეკონომიკასა და სხვა მომიჯნავე დარგებს, აქაც სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად უნდა საქმიანობდნენ შესაბამისი განათლების, ცოდნისა და გამოცდილების მქონე კვალიფიციური სპეციალისტები. ჩვენთან კი ვხედავთ საპირისპიროს: დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში “გულაობის” მოსურნე ქართველი ახალგაზრდები და “ძველგაზრდებიც”, სამხედრო საქმის ისტორიის, მისი თანამედროვე მდგომარეობის, ტაქტიკისა და ოპერატიული ხელოვნების შესწავლის გარეშე პირდაპირ მიადგებიან სამხედრო სტრატეგიის, გეოსტრატეგიის, გეოპოლიტიკის შესახებ გამოქვეყნებულ ლიტერატურას და სათანადო საფუძვლების არქონის გამო, ჯერ ერთი, ვერც ამ დარგს ითვისებენ, და მეორეც, დასავლელი ავტორების გავლენის ქვეშ მოქცეულები, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან ამომდინარე კი არ აფასებენ შემოთავაზებულ მოდელებსა და სქემებს, არამედ ამ დასავლური მოდელებისა და სქემების საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის თავზე მოხვევით არიან დაკავებულნი.

გაგრძელება ხელნაწერიდან:

ეს მოვლენა ჩვენთვის ახალი არ არის. XIX საუკუნეშიც იყვნენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც “დაწინაურებული ევროპის” პრაქტიკისა და გამოცდილების საქართველოში თითქმის პირდაპირ გადმოტანისკენ ისწრაფვოდნენ. წლების განმავლობაში ჩვენი სულმნათი ილია ჭავჭავაძე (წმ. ილია მართალი) დაჟინებით ეკამათებოდა ასეთ ადამანებს (ნიკო ნიკოლაძით და წყებული და ნოე ჟორდანიათი დამთავრებული), რომ ნებისიერი ევროპული (დასავლური) მოდელის, გამოცდილების ან ცოდნის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანა უნდა ხდებოდეს მხოლოდ მისი კარგად შესწავლის, ავისა და კარგის საფუძვლიანად გარკვევისა და ჩვენი ეროვნული ცნობიერების ქარ-ცეცხლში გატარების შემდეგო. და სწორედ წმ. ილია მართალი გვიჩვენებდა და დღესაც გვიჩვენებს ჩვენი ეროვნული მოთხოვნილებების, საჭიროებათა და ინტერესების პრიორიტეტების არჩევისა ცხოვრებაში განუხრელად გატარების ნათელ მაგალითებს.

ამის საპირისპიროდ, მაშინაც და დღესაც, იოლი და მსუყე ლუკმის გადაყლაპვის მოსურნე მედროვენი საკუთარი პირადი გამორჩენის მიზნით, არად დაგიდევენ ქვეყნის ინტერესებს და საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფერო საკუთარი კარიერისა და კეთილდღეობის სამსახურში ჩაუყენებიათ. მათ შორის ამჯერად გვინდა დავასახელოთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციიდან “მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის ტავკასიური ინსტიტუტიდან” (მოკლედ “კავკასიური ინსტიტუტი”) ამობარტყებული და ამოფრენილიასეთი მედასავლეთე მედროვე კარიერისტი დავით დარჩიაშვილი, რომელიც ჩვენი საზოგდოებისთვის ნამდვილად არ უნდა იყოს უცნობი პირი, ვინაიდან თავადაც აქტიურად ცდილობს საკუთარი პიროვნების წარმოჩენასა და საკუთარი აზრების საჯროდ გამოტანას.

ამ ადამიანს ნამდვილად არ გააჩნია ის ცოდნა, რომელიც აუცილებელია ეროვნული უსაფრხოების სფეროში კვლევების წარმოებისთვის, თუმცა კი სხვა დარგებთან ერთად მასაც შესჭიდებია, და გრანტების, თანამდებობებისა და მატერიალური კეთლდღეობის მიღების სურვილით შეპყრობილი თავისივე ნებით გადაქცეულა უცხოელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეოპოლიტიკური სქემებისა და მოდელების ქართული საზოგადოებისთვის თავზე მომხვევ, ხოლო საკუთარი ქვეყნის ნამდვილი ინტერესებისა და უფლებების დამთრგუნველ ერთერთ ჭანჭიკად.

ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ დავით დარჩიაშვილის წიგნს “პოლიტიკოსები, ჯარისჯკაცები, მოქალაქენი” (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ანალიზი). ჩვენ არ შევუდგებით ამ სქელტანიანი ნაშრომის მთლიან ანალიზს; მართალი რომ ვთქვათ, ამის სურვილი არც გაგვაჩნია, მაგრამ ავტორის მიერ დასაწყისშივე გამოტანილ ზოგიერთ ცალკეულ მომენტს კი გამოვყოფდით.

სახელდობრ, წიგნის 32-ე გვერდზე ვკითხულობთ: “ლიბერალიზმისთვის, რომელიც დასავლური ცივილიზაციის მსოფლმხედველობრივი ქვაკუთხედია, ეკონომიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის ობიექტი არსებითად მხოლოდ ლიბერალური საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგია. ლიბერალური ლოგიკით, საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ის მონაწილეც, რომელიც წაგებული რჩება, საერთო თამაშის მონაწილეა. ეროვნული ეკონომიკის პრობლემათა უსაფრთხოების პოლიტიკის საგნად წარმოჩენა საერთაშორისო თამაშის წესების შეცვლად აღიქმება და დაგმობილია. მეორე მხრივ, ლიბერალიზმისთვის უსაფრთხოების პოლიტიკის თემად შეიძლება სწორედ ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის მხარდაჭერა იქცეს.

მაგრამ რამდენადაც უსაფრთხოების პოლიტიკაში დიდია სუბიექტური აღქმების, ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპების, კონკრეტული სოციუმისა და მისი ელიტის პოლიტიკური კულტურის როლი, მთელი რიგი ქვეყნების უსაფრთხოების დისკუსიაში შიდა ბაზრის დაცვას, კულტურულ იდენტობას, რელიგიას, ტრადიციების შენარჩუნებას სოლიდური ადგილი უკავია, რუსეთის პოლიტიკოსთა და მკვლევერთა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს კულტურულ, დემოგრაფიულ, გენეტიკურ და სხვა სექტორებს; ეკონომიკურ საფრთხედ აღიქმება ისეთი მოვლენები, როგორიცაა “უცხოელთა მიერ შიდა ბაზრის დაპყრობა”, “ზნეობის დაკარგვა”; უსაფრთხოების ობიექტი ხდება “სოციალური და ინდივიდუალური ქცევის მყარი ფორმები, ფასეულობათა სისტემა, რომელთა “დანგრევა თვითმყოფადობის დანგრევას მოიტანს”...

თანამედროვე ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრისთვის ასევე არ არის უცხო მტკიცება, რომ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში, რომლის გამოც უდიდესი მსხვერპლი შესაძლებელია, შედის კულტურული თვითმყოფადობა და სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არის ძალები, რომელთა შემთხვევაშიც მსგავსი შეხედულებები აშკარად ანტიდემოკრატიული ელფერისაა”.

შემდეგ 33-ე და 34-ე გვერდებზე ავტორი წერს: “უსაფრთხოებისა და საერთოდ პოლიტიკის სფეროში ყოველ აქციას რეაქცია მოსდევს. კონკრეტული პოლიტიკური ერთობის მიერ კულტურის, ტრადიციების, დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესებისა თუ ეკონომიკის რადიკალური “გაუსაფრთხოება” სხვათა მიერ შესაძლოა მტრულ ნაბჯებად აღიქმებოდეს. თუ ეს “სხვა” უშუალო მეზობელი, საერთაშორისო თანამეგობრობა, ან თუნდაც საკუთარი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. ასეთმა უსაფრთხოების პოლიტიკამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

1998 წლის 13 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ სემინარზე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას მიეძღვნა, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა გენერალმა გარი ჯონსონმა (გაერთიანებული სამეფო) და დევიდ ოკმანეკმა (აშშ) აღნიშნეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტი არ უნდა მოიცავდეს სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს; ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა ხელს უნდა უწყობდეს სტაბილურობას, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და საზოგადოებრივ ტოლერანტობას.

ასეთია უსაფრთხოების ცნებისა და პოლიტიკისადმი დასავლეთის მიდგომა და ვინც ევროატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურაში ინტეგრაციაზე ფიქრობს, ამ სივრცეში ლიბერალური შეხედულებების დომინანტობა უნდა გაითვალისწინოს”. (ციტატის დასასრული)

რედაქციის მიერ ჩამატებული ტექსტი:

მოვიყვანთ ადგილს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ჟურნალიდან “The Economist”, სადაც ცალსახად წერია, თუ რა არის პრიორიტეტული ამერიკის საგარეო და საშინაო პოლიტიკისთვის: ესაა ეროვნული ინტერესები.

ილუზიაა იმედის ქონა, რომ სუპერძალა (იგულისხმება აშშ) მოუწონებს თავის ისეთ ინსტიტუტთა დაცვას და ისეთ კავშირთა ერთგულებას, რომელთა ჯამური ეფექტი მას შეაფერხებს საკუთარი სასიცოცხლო ინტერესებისთვის ბრძოლაში (The Economist, 22.11.2003, გვ. 11)”. (ჩამატების დასასრული)

როგორც ვხედავთ, დასავლელი ავტორების კვალდაკვალ, ბ-ნ დარჩიაშვილის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური და სხვა ინტერესები უნდა დაექვემდებაროს დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების და მათი პოლიტიკის წარმმართველი კულისებსმიღმა საერთაშორისო ძალების მიერ დანარჩენი მსოფლიოსთვის თავსმოხვეული თამაშის წესებს, და იქვე ჩადებულია, რომ წაგებული მოთამაშეც ისეთივე მოთამაშეა და მასაც ადგილი აქვს “დიდ საჭადრაკო დაფაზე”.

როგორც საკუთარი ქვეყნის გულშემატკივარმა ერთმა ქართველმა ფინანსისტმა (ჩვენმა მეგობარმა, ბ-ნმა დავით გურგენაშვილმა) განგვიმარტა, 1996-98 წლებში საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შეადგენდა 1 მლრდ. ლარზე ცოტათი მეტს, და მაშინ ეს თანხა უტოლდებოდა 700-750 მლნ. ამერიკულ დოლარს. ამავე წლებში ჩვენში სულ უფრო მყარად მოიკიდეს ფეხი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, რომელთა რეკომენდაციების შედეგად (მათ შორის სახელმწიფო ხაზინის შექმნაზე, რომელიც შემდეგ კორუფციის ბუდედ გადაიქცა) ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და თუმცა კი დღესდღეობით ჩვენი წლიური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ისევ 1 მლრდ. ლარის ფარგლებშია, მაგრამ ეს თანხა უკვე შეადგენს დაახლოებით 450 მლნ. ამერიკულ დოლარს. ანუ თუნდაც 1996 წელთან შედარებით დღეისთვის საქართველოს ბიუჯეტი შემცირებულია 250-300 მლნ. ამერიკული დოლარით. ასეთია წაგებული მოთამაშის ხვედრი, სამაგიეროდ იგივე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები 20-30 მლნ. დოლარის კრედიტს გვაძლევენ და იმასაც გვკარნახობენ, თუ როგორ დავხარჯოთ იგი.

მეორეს მხრივ, წაგებულია საქართველო შიდა კონფლიქტების დარეგულირების სფეროშიც. სამაგიეროდ თავისივე ქვეყნის უბედურებაზე ხელის მოთბობას მიჩვეულ ქართველ მოხელეთა ერთი ნაწილი, არასამთავრობოები და ჟურნალისტები სისტემატიურად დადიან ჟენევასა და სხვა ქალაქებში, მონაწილეობენ სხვადასხვანაირ ღონისძიებებში, ერთობიან, ისვენებენ, ხოლო შემდეგ კი თბილისში ჩამოსულები ტელევიზიითა და პრესით უყვებიან ქართულ საზოგადოებას, თუ როგორ გულდაგულ იბრძოდნენ მორიგ სამიტზე აფხაზეთიდან თუ შიდა ქართლიდან წამოსული დევნილების ინტერესების დასაცავად, როგორი სასიკეთო ძვრები დაისახა სამომავლოდ და ა. შ. და საერთაშორისო თამაშში წაგებული ქვეყნის ეს “მოგებული” მედროვეები მორიგი ტყუილებით “აიმედებენ” ქართულ საზოგადოებას. და ეს ყოველივე ბ-ნ დარჩიაშვილს მისაღებად მიაჩნია, ვინაიდან იგი ევროატლანტიკურ სივრცეშია მიღებული და მას ხომ ამ სივრცეში მთელი ქვეყნის შეყვანაც სურს.

გაზეთში ვერგამოქვეყნებული ნაწილი წერილისა:

ამის საპირისპიროდ გვინდა მოვიყვანოთ ამონარიდები რუსი ავტორის გიორგი ემელიანენკოს წიგნიდან “რუსული აპოკალიფსისი და ისტორიის დასასრული” («Русский Апокалипсис и конец истории»), რომელიც გამოიცა სანკტ-პეტერბურგში 2001 წელს. დასაწყისშივე ვიტყვით, რომ იგი არის რუსი ნაციონალისტი, რომელსაც სტკივა დასავლეთისგან რუსეთისადმი მიყენებული ზიანი და სატკივარი, მაგრამ რუსეთისადმი იგი არ არის სათანადოდ თვითკრიტიკული და მის წიგნში რუსეთის იმპერიის უპირობო სამართლიანობისა და სხვა ხალხების არდაჩაგვრის შესახებ გამოთქმული შეხედულებები ჩვენთვის მიუღებელია. მაგრამ ჩვენს წერილში, მისი სათაურიდან და ძირითადი თემიდან ამომდინარე, ამჯერად მათ არ შევეხებით. ეს სხვა საუბრის თემა გახლავთ.

რაც შეეხება ავტორის ცოდნასა და კვალიფიკაციას, გიორგი ემელიანენკო, როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი, გახლავთ ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც იკვლევს ადამიანის თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქცური ასიმეტრიის განვითარებას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის: ანთროპოლოგია და ფსიქოლოგია, ტვინის ენები, ფორმალური ენები, ფსიქოლინგვისტიკა, ფორმალური ლოგიკა, ინფორმატიკა, სემიოტიკა, სისტემური ანალიზი, ენტროპიული პროცესები ბიოლოგიურ და სოციოლოგიურ სისტემებში. უკანასკნელი 13-15 წელიწადია სწავლობს სახარებასა და წმინდა მამათა სწავლებას ადამიანის, ეკლესიისა და სულის ცხონების შესახებ.

ჩვენ ამ წერილში ვერ შევეხებით ბ-ნ გიორგი ემელიანენკოს წიგნში გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, რაც საყურადღებოდ მიგვაჩნია. მხოლოდ შევეცდებით გადმოვცეთ ზნეობისა და ეკოლოგიის პრობლემების ავტორისეული გააზრება, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული დღევადელი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სფეროსთან და რომელიც ბ-ნ დარჩიაშვილს (დასავლელი ავტორების კვალდაკვალ) საყურადღებოდ არ მიაჩნია. ჩვენ კი მივყვეთ რუსი მართლმადიდებელი ნაციონალისტის ამ გულისტკივილს და იქნებ მასში ჩვენთვისაც მისანიშნებელი რამ აღმოვაჩინოთ.

ზნეობის საკითხისადმი მიძღვნილ თავში “დედა-სამშობლო”, ავტორი აღნიშნავს, რომ დასავლეთის მიერ ახლა მოწყობილი საზოგადოებრივი პირობები აქამდე უნახავი მასშტაბებით ანადგურებს და გენეტიკურად რყვნის რუსი ქალწულებისა და ახალგაზრდა ქალების ბუნებას. თუკი დედა რუსეთის ქალურ ნახევარს ართმევენ ახლა ქალწულებს, მის მამაკაცურ ნახევარს უტარებენ სამშობლოს წინადაცვეთას. აი, მისტიკური პოზიციიდან და ფაქტიურადაც, ზუსტი განსაზღვრება იმისა, რაც ხდება დღეს რუსეთში.

გამოვერკვეთ რუსო მამებო, სახელმწიფო და სამხედრო მღვაწენო: ცნებები სამშობლო, პატრიოტიზმი – უბრალოდ მირაჟია ქალური უკეთესი ნახევრის ქალწულებისა და ზნეობრიობის გარეშე, რომელიც არის კიდეც ჩვენი ცოცხალი დედა-სამშობლო. მის გარეშე ყველანაირი პატრიოტული შეძახილები სამშობლოს აღორძინებაზე – წრიპინია მღაღადებლისა უდაბნოში.

რადგანაც – არ რისგან, არამედ მ ი ს გ ა ნ იწყება სამშობლო: ცოცხლდება, ისხამს მშობლიურ ხორცს (და არა ზოგადსაკაცობრიოს!), იძენს ზნეობრიობას... და სულ, სულ: ოჯახში, ერთგულ ქმართან ერთად! ოჯახი კი შეგახსენებთ – პირველი ქვაა საზოგადოების საძირკველში. ეს გახლავთ ყოფიერების განუხრელი და უნივერსალური კანონი. ამიტომ თავის უკეთეს ნახევარს, როგორც საკუთარ ნეკნებს (რისგანაც ქალები წარმოიქმნენ) – მამაკაცები უნდა უფრთხილდებოდნენ და იცავდნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ, მთელი შეიარაღებული ძალებით, და უწინარეს ყოვლისა – დასავლეთისგან. მხოლოდ მაშინ აღორძინდება ნიადაგი პატრიოტიზმისთვის, ხოლო ახლა კი იგი ფეხით ითელება მომთაბარეთა უცხო ლეგიონების მიერ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც შვა კაცობრიობის მაცხოვარი, იყო დედა ეკლესის წინამორბედი. მის ხატად და სგავსად ჩვენი ქალწულ-საცოლეებისგან უნდა წარმოიშვებოდნენ მეუდაბნოე მამები და უბიწო ცოლები – მშვიდობისმყოფელები, რომლებიც იხსნიან თავის ხალხს. რუსი ქალწული, ცოლი – ამ ქვეყნის ცოცხალი სიწინდე და მშვიდობისმატარებელია, შეუღწეველი საფარველი, რომელიც იცავს ქმარს. უ ი მ ი ს ო დ ჩვენს უზარმაზარ ნავს ვერ ავწევთ, არმია დარჩება ზურგის გარეშე.

გავიხსენოთ უდიდესი მეომრის – გენერალისიმუს ა. ვ. სუვოროვის სიტყვები: ჩემი ქალიშვილის ქალწულება ჩემთვის სიცოცხლეზეც ძვირფასია და საკუთარ ღირსებაზეც.

შეხედეთ მთელს მუსლიმანურ აღმოსავლეთს, აღმოსავლელ ცოლს, რომელსაც ბაგეებიც შეხვეული აქვს, სახეც ნახევრად დაფარული, თვალებიც ყველთვის დაბლა დაშვებული, და არც საუბრის უფლება ეძლევა, ქუჩაში თუ სტუმრებთან სახლში. რა არის ეს?

არ მიიღო რა ქრისტესგან ქალწულ-ცოლის ორმაგი ღვთაებრივი დაცვა (წმინდა დედა ეკლესიისა და მცირე ეკლესიის – მართლმადიდებელი ოჯახის), მამაკაცური აღმოსავლეთი უბრალოდ იძულებულია მთელი თავისი ადამიანური ძალებით იცავდეს ქალწულ-ცოლს მაცდური ეშმაკისგან. არსებითად აღმოსავლეთის მამაკაცებმა სამუდამოდ ჩააცვეს თავიანთ ქალურ ნახევარს მშობლიური ენისადმი, ესე იგი თავიანთი თავისადმი ერთგულების ტოტალური ქამარი. და კანონზომიერია, რომ მათ გადააჭარბეს ამაში, დააკაბალეს რა თავიანთი ცოლები. ასე გააფთრებით მოქმედებს გაშიშვლებულ-ფიზიოლოგიური სახით მშობლიური ენის, სარწმუნოების, ერის, კულტურის შენარჩუნების მეომრული ინსტინქტი. აღმოსავლეთის მამაკაცები ასე ამბობენ: თუკი დასავლეთი შემდგომშიც გააგრძელებს თავისი გარყვნილებისა და პორნოგრაფიის ჩვენთვის თავზე მოხვევას, რათა აღმოსავლელმა ქალწულ-ცოლმა ჩადრი მოიხადოს, მაშინ ჩვენ ყველანი სასიკვდილოდ თავს გადავდებთ და გავანადგურებთ მტერს! აღმოსავლეთში გამოცდილებით, ინტუიტიურად იციან: ქალწულების, ცოლისა და ოჯახის, როგორც მშობლიური ენის – ხალხის საფუძვლის საყოველთაო დაცვის გარეშე ისინი მაშინვე გაირყვნებიან და ყოველივეს დაკარგავენ. აღმოსავლეთი კი – ფაქიზი საქმეა, და შესაძლოა მან უკეთ იცის, ვინაიდან მდებარეობს ედემთან ახლოს, სადაც მოხდა კიდეც პირველი დაცემა.

შევიგნოთ. ევას მეშვეობით მაცდურმა ადამი გამოიყვანა სამოთხიდან დედამიწაზე, ქ ა ლ წ უ ლ ი ს მეშვეობით კი: ჩვენი ქალიშვილებისა და ცოლების – დღესაც აღგვის პირისაგან მიწისა რუს მამაკაცებს. გადაარჩინეთ ქალიშვილები და ცოლები, რომლებიც მხურვალებისგან იწვებიან ბაბილონის აალებულ კედლებში – ამ უნახავი ინტერნაციონალური გარყვნილებისგან მშობლიურ ქვეყანაში.

წიგნის სხვა თავში – “არსებობს ეკოლოგია მხოლოდ ოჯახისა!”, გიორგი ემელიანენკო დასაწყისშივე ამბობს, რომ განუკურნებელი დაავადებებისა და გლობალური კატასტროფების ჯაჭვური რეაქცია – ოჯახის ნგრევის შედეგებია.

ცნობილი ჰენრი კისინჯერი საქმეებისგან ჩამოშორების შემდეგ ასე აჯამებდა მსოფლიო შედეგებს: ჰო, ჩვენი ცივილიზაცია, რომელიც განწირულია აულაგმავი მომხმარებლობისთვის მალე უნდა დაიღუპოს. ასეთ აღმოჩენებს იძლევა პრაქტიკულად ყველა ძლიერი ამა სოფლისა. ეს ნიშნავს, რომ კულისებსმიღმა ძალებსა და მსოფლიო პოლიტიკას მართავს თავად ბოროტი – ადამიანთა მოდგმის მტერი ანუ დედამიწაზე სოცოცხლის ტერმინატორი ამერიკულად. მან მაღალგანვითარებულთა ხელით ყოველივე ეს დამართა დედამიწას, ახლა კი გლობალიზაციას უტარებს მათ.

ყველა ადამიანი – ბიოლოგიური შავი ხვრელია, რომელიც მოიხმარს პლანეტის ცოცხალ სივრცეს. მაგრამ მომხმარებელიც არის და მომხმარებელიც. გასულ ათწლეულებში ეკოლოგებმა დაითვალეს, რომ ერთი მერსედესი, მაგალითად, მისთვის აუცილებელი მასალებისა და რესურსების მიხედვით ასეულობით ჰექტარი გამოწოვილი და გადამწვარი მიწის ტოლია. თვით მწვანე მეცნიერებიც კი იძულებული არიან აღიარონ, რომ ამერიკა წარმოადგენს მსოფლიო ენტროპიის ცენტრს.

ეშმაკეული ძალადობის მიზანი იყო და რჩება უმანკოება, ქალწულება პლანეტის მთელ ქალობრივ-ბავშვურ ბუნებაში. ამით ნადგურდებოდა ადამიანის ზნეობრიობა, სირცხვილი, სინდისი, გულმოწყალება. ასე ეცლებოდა ყოფიერების უმანკოებრივი საფარველები და დესაკრალიზებული მსოფლიო თავხედური ხდებოდა.

ყოფიერების ფუნდამენტური ქვის – ოჯახის დარბევის შემდეგ ბოროტმა უკვე დიდი ხანია ყველა ქალწული და ქალი გამოაგდო ქუჩაში, სოცსოუსში, ბარიკადებსა და ტრიბუნებზე, ლუციფერისეულ განათლებაში, სოცპანელზე, შვილების დამღუპველი სახელმწიფო-მშთანთქავის მონურ სამსახურში. ამიტომ უკვე აღარ არსებობს თავდაპირველი წყობილება და მარადიული ფუძემდებლური არქეტიპები: საცოლის, ცოლის, დედის, ქალიშვილისა და ვაჟიშვილის.

ემანსიპირებული ქალების დანგრეული ბუნებიდან მამაკაცური ცივილიზაციის ატმოსფეროში უკვე გამონთავისუფლდა ძლიერი და უმართავი სტიქიები და ვნებები. ახლა არ უნდა მოველოდეთ მოწყალებას მათი სუსტი ბუნებისგან. მაღალგანვითარებულმა ქალმა დაკარგა საყრდენი ერთგულ ქმარ-მეომარზე და ამიტომ გვარის გაგრძელების ქალური ინსტინქტი მასში ეცემა და სულ უფრო მეტ სიჩქარეს კრეფს ბაბილონელი მეძავის კოსმოსურ უსაზღვროებაში.

პირველად ისტორიაში განათლებული ევა პლანეტაზე დარჩა სულ მარტო. ადამი საბოლოოდაა გარყვნილი, ძირს განრთხმული და საკუთარი თავისკენ მიბრუნებული, შვილები კი ჩამოართვეს და საზოგადოების მოხმარებაზე გადასცეს. მას აღარაფერი დარჩა, მაგრამ სრულიად თავისუფალია!

კატებმა კნუტების დაცვისას არ იციან შიშის გრძნობა. როგორი უშიშობისა და როგორი შურისძიების დემონ-სტრირებას დაიწყებს ახალი ამაზონი ქალების განათლებული ტომი, წინასწარ წარმოდგენა შეუძლებელია. აქ ხომ კატების არ არის... აქ ჩვენი მამაკაცური ლოგიკა არ მოქმედებს. რჩება მხოლოდ მითის ლოგიკა.

ცოდნის სხვადასხვა სფეროში ჩატარებული შესანიშნავი გამოკვლევები საშუალებას აძლევს მეცნიერებას გააკეთოს ჭეშმარიტად გინეკოლოგიური აღმოჩენა. კაცობრიობა – ეს არის კოლექტიური არსება, როგორც ატმოსფერულ პლაცენტაში მცხოვრები დიდი ბ ა ვ შ ვ ი, ხოლო ამ პლაცენტას კი ისეთივე ფუნქციები და როლი აქვს, როგორიც დედის საშოს. დღეს ჩვენი ბიოკოსმოსური საფარველი მთლიანად სისხლიანი ჭრილობებითაა დასერილი, ძლივსძლივობით, უკანასკნელი ძალების მოკრებითღა ინარჩუნებს და ითმენს ასეთ დიდ ნაყოფს – პარაზიტსა და გარყვნილს.

წარმოვიდგინოთ, რომ ჩვილმა დედის წიაღში უეცრად დაიწყოს სწრაფად ზრდა, გახდეს აქტიური, რაციონალური და შობის ვადამდე დიდი ხნით ადრე რაიმენაირად გადაკვნიტოს და გაწყვიტოს თავისი ჭიპი – სიცოცხლის მომცემთან ურთიერთობის ენა. ხოლო შემდეგ კი ცხოვრობდეს და თავის ფასეულობებს ამრავლებდეს. ხოლო ბ ა ვ შ ვ ი ს თ ვ ი ს კი დედის წიაღს წარმოადგენს ბიოატმოსფერული პლაცენტა, რომელიც სიყვარულით შექმნა შემოქმედმა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რუსულ სახლში ბნელი ლუციფერული ღამე მოაწყვეს და დასავლეთი ეშმაკეული სახით ეწევა უკანასკნელ ნადირობას ჩვენს შვილებზე. მილიონობით რუსი ქალწული გამოგდებულია მსოფლიო პანელზე, დედაქალაქების ბორდელებში და საერთაშორისო ტრასების გასწვრივ – დედა რუსეთის უბიწოების გასაყიდად.

რატომ არის ჩვენში აბორტების ასეთი უნახავი აფეთქება? რას უკეთებენ ქალებს დედა რუსეთის შეგინებულ და დარბეულ სახლში? აშკარაა, რომ დიდ დედილოს მის წიაღში უკვე დაეწყო დედისა და შვილის აპოკალიფსისი – ზოგადსაკაცობრიო მუცელსმოწყვეტილის მოლოდინში.

გიორგი ემელიანენკო გვახსენებს, რომ თავდაპირველად ბოროტმა ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს ხორცს (წმ. მამების სიტყვით – ჩათესა). შემდეგ იგი დიდხანს სწავლობდა თავის ხორციელ ენას, ხოლო იმ დღიდან სამუშაო წესით ადამიანთა უეთიერთობა ბოროტ სულებთან არც შეწყვეტილა. უკანასკნელ 200 წელიწადს ქალურ ხორცს ანათლებდნენ უკვე პროფესიულად: სოცპანელზე უტარებდნენ ემანსიპაციას, უცხო ენათა ინსტიტუტში – ფემინიზაციას და საბოლოოდ ჩამოაყალიბეს მდგომარეობის ბატონ-პატრონად. მამაკაცურ ხორცს კი უტარებდნენ რეფორმაციას, გილიოტინიზაციას, წინაუცვეთდნენ და ატარებდნენ რევოლუციების სისხლში, ააღორძინებდნენ დიდი სამეცნიერო აღმოჩენების ეპოქითა და მაღლა აჰყავდათ მათი ტექ-პროგრესით. გასულ საუკუნეში კი ცდუნებული და განათლებული ხორცი უკვე თავად აცდუნებდა გ ო ნ ე ბ ა ს, საბოლოოდ რყვნიდა მას.

თანამედროვე ევას (განათლებული ქალების) გამოსავლის არმქონე ტრაგედია ახლა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ადამი თავით არის ჩაშვებული ხსნარ-სოციუმში: ფირმაში, ყუთში, გაზეთში, თავის თავთან სიყვარულში... იგი უკვე კლონირებულია – გამოყვანილია მისი (ქალის) გარეშე, მთელი მსოფლიოს მიერ – ქილაში! ადამი ხომ აიღეს და შექმნეს მიწისგან. და ახლა იგი ისტორიის მიწურულში ბრუნდება კიდეც უკან, დამიწებულ სამოთხეში... მაგრამ ევამ ერთხელ უკვე გამოიყვანა ადამი სამოთხიდან – გამოიყვანს ახლაც... დაკარგულს.

თანამედროვე ევას უგუნურება შეუდარებლად უფრო საშიშია, ვიდრე ადამისა, რომელსაც უკვე დიდი ხანია ჩამოუყალიბდა თვითკმარობის სრული ილუზია: დღეს მას ეკუთვნის მსოფლიო ძალაუფლება და ნებისმიერი შესაძლებლობანი.

ვინაიდან დასავლელი გაკათოლიკებული ქმარი ადამი ხდებოდა სულ უფრო ამაყი, ხარბი და მშიშარა, ამიტომ მას არანაირად არ შეეძლო დარჩენილიყო ევასთან, რომლის ბუნებაც ღრმად კონსერვატიულია, ხოლო ევას უარყოფით კი ადამი უარყოფდა და ანადგურებდა საკუთარ თავსაც, ვინაიდან იგი მისი ნეკნისგან არის შექმნილი. ევაზე ძალადობითა და მისი დამცირებით ადამი საკუთარ თავსაც ანგრევდა. ევას გარეშე ადამის ყველა საქმე დედამიწაზე უტოპიაა, მხოლოდ ნახევარწრეა, რომლის მეორე ნახევარიც სწორედ ქალის მეშვეობით უერთდება პირველს. ასე ვართ ჩვენ შექმნილნი შემოქმედის მიერ: თუკი ადამი არ არის დედა ეკლესიის წიაღში, მაშინ იგი ევასაც გარდაუვალად დაშორდება. ახლა თითოეული მათგანი მარტოობაში ეცემა და ბოლომდე იწვება, როგორც მეტეორები ცივ ცარგვალში.

გიორგი ემელიანენკო ხაზს უსვამს, რომ იგი ლაპარაკობს არა განქორწინების შესახებ, არამედ მამაკაცისა და ქალის უკვე დასრულებადი ონტოლოგიური დაშორების თაობაზე, ვინაიდან იშლება ქმრისა და ცოლის მათეული ოჯახურ-სოციალური როლები. ამიტომ მრავლდება განქორწინებათა პროცესები, ერთსქესიანი ქორწინებები, მიდის სქესთა ტრანსსექსუალური წანაცვლება, რათა საერთოდ აღარ იყოს არც მამაკაცური, არც ქალური......

ეკოლოგია ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს: ეკო – სახლს, ლოგოსი კი – სიტყვას, ანუ სიტყვის სახლს. ხოლო ცოცხალი სიტყვები მართმლადიდებლურ სახლში – ესენი არიან კიდეც სიტყვიერი შვილები სიტყვა ღმერთისგან ანუ მართლმადიდებელი ოჯახი არის მცირე ეკლესია. ეს ნიშნავს, რომ სანამ იყო ნორმალური ოჯახები არავის არც არაფერი გაეგონა ეკოლოგიის შესახებ, ხოლო როდესაც ისინი აღარ დარჩა, აი რა დაგვმართა თავისუფლებაში გასულმა ეკოლოგიამ.

ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ ცნობილი სახარებისეული მოვლენა, როდესაც ქრისტემ უთხრა იუდეველებს: “...სიტყუა ჩემი ვერ დაიტევის თქუენ შორის”. დააფიქსირეთ. მაინც რანაირი ხალხი შეიკრიბა ღვთის წინაშე: თვით სიტყვაც კი მასში ვერ ეტეოდა? წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ჩვენი სხეული სულის ტაძარია – და რომ იგი ღმერთისთვისაა და არა სიძვისა და ვაჭრობისთვის. მამის სალოცავი სახლიდან მოვაჭრე იუდეველთა განდევნისას ღმერთის ძემ დაანახა მთელ ქვეყანას: ამ ხალხს ერთმევა სახლი და სიტყვა – ეკოლოგია.

ასე, ვტოვებ თქვენს სახლს ცარიელს, – ეუბნება ქრისტე იუდეველებს. სოლომონის ტაძარი როგორც დაანგრია ღმერთმა, ისე ვერავის აღუდგენია დღევანდლამდე.

სიტყვა გინეკოლოგია შედგება სამი ბერძნული სიტყვისგან: გვარი, ქალი და სიტყვა. როგორი მაღალი და სამეულოვანი აზრია ჩადებული მასში და რას დებს ახლა ქვეყანა გინეკოლოგიის ცნებაში, ქალის ბუნების დანგრევის შემდეგ! მას ხომ საუკუნეების მანძილზე ტრადიციულად უწოდებდნენ კერის შემნახავს, სახლში წესრიგის მომწყობს, ე. ი. ოჯახური კოსმოსისა, ხოლო მართლმადიდებლობაში კი მას სიყვარულით პატარა ეკლესიას უწოდებენ. ე. ი. ცოლი – ეს თავად სახლის – მცირე ეკლესის არსია, და ამიტომ სინამდვილეში სიტყვა გინეკოლოგია, თავისი თავდაპირველი აზრით, ნიშნავს სიტყვის სამშობიარო სახლს! ხოლო რა შეიძლება იყოს ნებისმიერი ცოლისთვის იმაზე უფრო მაღალი, რომ შვას და აღზარდოს ცოცხალი სიტყვა ბავშვი, რითაც მიემსგავსება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელმაც ქვეყანას მისცა ცოცხალი სიტყვა – მაცხოვარი.

მხოლოდ სიტყვის სახლში, მცირე ეკლესიაში – მართლმადიდებელ ოჯახში თავიათავად იქმნება ეკოლოგიური შეგნება, ბუნებისადმი ფრთხილი და მზრუნველობითი დამოკიდებულება, ასევე ყოველივე ქალურისადმი, დედა მიწისადმი – ზნეობრივი სიწმინდისა და ქალწულებრიობისადმი.

ამიტომაც მიმართა დასავლეთმა ყველაზე უფრო ქვენა საშუალებებს ჩვენს ქვეყანაში ოჯახების განადგურებისთვის და ახლაც აგრძელებს მათ ნგრევას საფუძვლამდე. ბავშვების სექსგანათლება, ყოვლადნებადართული პროსტიტუცია, ნარკოტიკები – ეს თავად სიკვდილი ანადგურებს ახალგაზრდა თაობას, გაზაფხულზე ამოსული ახალგაზრდა ბალახის მსგავსად.

დასავლეთში ბოროტმა რამდენიმე საუკუნის წინ დაანგრია ოჯახის ინსტიტუტი. როგორც კი ისინი სრულიად გაანადგურებენ რაიმე მნიშვნელოვანს მაღალგანვითარებულთა ბუნებაში (მაგალითად, ოჯახს), მაშინვე ამ ცარიელ ადგილას წარმოიქმნება უსერიოზულესი ახალი მეცნიერება: ფსიქოლოგია, ეკოლოგია... პლიუს ხსნის არმია. როდესაც ყოველივე ღვთის მიერ ბოძებული შიგნით ჩაეწვათ, ისინი მოედვნენ მთელ მსოფლიოს – გადასარჩენად, სამკურნალოდ, სასწავლებლად, რათა ჰუმდახმარებით მოეხდინათ საკუთარ თავში დაკარგული სამოთხის კომპენსაცია. ყოველივე ამას ისინი უწოდებენ სოციალურ ინიციატვებს. დღეს კი ისტერიულად არიან დაკავებული ეკოლოგიით – დედა მიწის ეკოდაავადებათა მკურნალობით, და არა საკუთარის (მომაკვდინებელი ცოდვებისა!). და ამით სულ უფრო უმატებენ ცეცხლს მსოფლიო ხანზარში, ჭირხნავენ პლანეტარულ ენტროპიას, ქაოსს, საბოლოოდ ანგრევენ საკუთარ თავსა და სამყაროს. მათ არ იციან, რომ თავიდან საჭიროა სულიერი შრომით დაიბრუნონ დაკარგული სამოთხე საკუთარ თავში – ჭეშმარიტი რწმენა, გონება და მხოლოდ მაშინ შეიძლება შეიძინონ საკაცობრიო შეგნება, და მასთან ეკოლოგიურიც. მანამდე კი მთელი მსოფლიოს მეცნიერები დღეს მაღალგანვითარებულთათვის ატარებენ მუდმივ სემინარს თემაზე: იაზროვნონ ეკოლოგიურად სტერილურად. ესე იგი ყოველივე ღვთაებრივისა და ადამანურის გარეშე.

ასეთია ცოლის ცდუნების ყოვლადისტორიული ეკო-ლოგია თავიდან ბოლომდე.

პირველმა ევამ ადამიანები მიწაზე დაუშვა, მეორემ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა – მოგცა საფარველი და ყველანი ზეცაში მიგვიწვია, მესამე კი – ზეგანათლებული მეძავი ჯოჯოხეთში ჩაიყვანს ყველა მაღალგანვითარებულს, მათივე მიწიერი სამოთხიდან. და იგი ჭეშმარიტად იქცევა დასავლელი ქმრისთვის ჯოჯოხეთის კარიბჭედ, როგორც მას მეოცე საუკუნეში შეურაცხმყოფელად უწოდეს იუდეველმა მწერლებმა.

მაგრამ მანამდე, როგორც ნაწინასწარმეტყველებია – ოქროს მილიარდი დაპატიმრებული იქნება მოკლე ვადით საერთო სახლში, სადაც ერთად თაყვანს ცემენ ანტიქრისტე-მაცდუნებელს... იმისთვის, რომ გაანადგურა სიცოცხლე ეკოსახლში – დედამიწა.

მითი მოქმედებაშია: მაღალგანვითარებული ადამი ჩქარობს, და პიგმალიონივით ამთავრებს დღეს თავის მთავარ შემოქმედებას დედამიწაზე: თავისი ევასგან ძერწავს ბაბილონელ მეძავს...

ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ!

ასეთია რუსი მართლმადიდებელი ნაციონალისტის გულისტკივილი და ქართველი ევროატლანტიკელი მედროვე კარიერისტის მუცლის გვრემა. პირადად ჩვენი სიმპათია ამ შემთხვევაში გიორგი ემელიანენკოს სატკივარს ეხმიანება, მით უმეტეს, რომ ქართულ საზოგადოებაშიც უკანასკნელ წლებში დაჟინებით ინერგება გოგონებისა და ქალების გამეძავების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისა და სხვა ათასნაირი სიმახინჯის პრაქტიკა.

უფალი თავისი მეშვიდე მცნებით გვიკრძალავს – არ იმრუშოო, დასავლურ ვალუტაზე გაყიდული ქართველი მედროვეები კი სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოდ გამიზნულ წიგნებში გვმოძღვრავენ: “ზნეობის დაცვა, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, კულტურული თვითმყოფადობისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შენარჩუნება ლიბერალური საერთაშორისო ეკონომიკური სისტემისთვის მიუღებელია, მავანთა და მავანთა ხელში შესაძლოა ანტიდემოკრატიული ელფერიც შეიძინოს და ამიტომ, თუკი ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში ინტეგრაცია გვსურს, მაშინ უფლის მცნებებზე უფრო მაღლა ამ სივრცეში გაბატონებული ლიბერალური შეხედულებები უნდა დავაყენოთო”.

ეს კი აშკარად ანტიქრისტიანული პოზიციაა და ჩვენი საზოგადოება ღმერთმა დაიფაროს მისი გაზიარებისგან.

ირაკლი ხართიშვილი

(აი ეს მსჯელობა იქნა დაწუნებული ბ-ნ ნოდარ ნათაძის მიერ მისი ორგანიზაციის გაზეთში გამოქვეყნებისთვის, ვინაიდან იგი ამბობდა, რომ რუსები იტყუებიანო. მე კი ამ ეტაპზე უკვე მინდოდა ჩემს წერილებში გამეჟღერებინა რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-მამულიშვილური ნაწილის წარმომადგენელთა, მიტროპოლიტ იოანეს /სნიჩევის/, პროფესორ გიორგი ემელიანენკოს, მღვდელმონაზონ აბელის /სემიონოვის/, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ნატალია ნაროჩნიცკაიასა და სხვათა ნაწერები, რომელთა წაკითხვა და გააზრება იმ დროისთვის მეტ-ნაკლებად შევძელი და ისინი ჩვენი საზოგადოებისთვის მეტად საყურადღებოდ და სასარგებლოდ მიმაჩნდა. ამიტომ ამის შემდეგ მალევე შეწყდა ჩემი თანამშრომლობა გაზეთ “საქართველოსთან” და დაიწყო გაზეთ “ახალ 7 დღესთან”, სადაც ასეთი ხასიათის წერილების გამოქვეყნებაზე თანხმობა მითხრეს. უფალმა შეუწიროს ბ-ნ ნოდარ ნათაძეს ყველა ის სიკეთე, რაც მან ჩემთან თანამშრომლობაში გამოიჩინა 1999-2004 წლებში და შესაძლებლობა მომცა ჩემი ცოდნა და შეხედულებები საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის, აგრეთვე ამ სფეროში არსებული საჭირბოროტო პრობლემების საკითხებში გამეცნო ქართველი მკითხველისთვის)

No comments:

Post a Comment