(მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ II. С-Петербургъ, 1886/ X თავის თარგმანს)
თავი X
საქმეთა მდგომარეობა სპარსეთში. – გედაეთ-ხანის რეშთიდან განდევნა. – ჩვენი საკონსულოს საქმიანობა. – ტუმანოვსკის ენზელიში მოსვლა. – მისი მოლაპარაკებები გედაეთ-ხანთან. – გილანის ხანის ბრძოლა აღა-მაჰმად-ხანთან. – რეშთის იერიში. – გედაეთის მოღალატური მკვლელობა. – ჩვენი ვაჭრობისა და რუს ვაჭართა შევიწროვება. – აღა-მაჰმად-ხანის დესპანის რუსეთში მოსვლა და მისი გაძევება უღირსი ქცევისა და საქციელების გამო.
შეურიგებელი მტრობა, რომელიც წარმოიშვა გედაეთ-ხანსა და ჩვენს კონსულ სკილიჩის შორის, იქამდე მივიდა, რომ უკანასკნელმა, არ ჰქონდა რა არანაირი უფლებამოსილებანი ჩვენი მთავრობის მხრიდან, გადაწყვიტა მიეღო ზომები გილანის პროვინციიდან ხანის განსადევნად. 1786 წლის იანვარში სკილიჩიმ გაუგზავნა აღა-მაჰმად-ხანს წერილი, რომელშიც მას გილანში მოუწოდებდა. – “რაც შეეხება პროვინციის უფროსს, წერდა ჩვენი კონსული (Письмо Скиличiя Аге-Магометъ-хану отъ 24-го января 1786 года. Арх. Кабинета, связка 380, ч. II), მთელ ხალხს სურს მისი დამხობა, ხოლო თქვენი სახელი კი უყვართ და პატივს ცემენ დიდნი და მცირენი. ხალხი მხოლოდ თქვენი დახმარების მეშვეობით იმედოვნებს მის მიერ დამყარებულ არაადამიანურ ტანჯვა-წვალებათაგან თავის დახსნას. მე ბევრი მიზეზი მაქვს რათა უკმაყოფილო ვიყო მისი უხეშობითა და მზაკვრობით, და წარუმატებლობის შემთხვევაში მას არაფერში არ დავეხმარები, რათა შეინარჩუნოს თავისი მმართველობა პროვინციაში, არც იმაში, რომ ზღვით გაიქცეს. ერთი სიტყვით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მე არაფერი იმდენად არ მსურს, როგორც თქვენი ძალმოსილებისა და დიდების გაზრდა, და ყოველთვის მზადა ვარ თქვენდამი სამსახურის გასაწევად”.
აღა-მაჰმად-ხანმა ისარგებლა ასეთი წინადადებით, დაეუფლა რეშთს და განდევნა იქიდან გედაეთ-ხანი, რომელიც ენზელიში გაიქცა. გამარჯვებულმა მაშინვე გამოგზავნა თავისი დესპანი გენერალ პოტიომკინთან წერილით, რომელშიც გამოთქვამდა რუსეთთან დაახლოებისა და ყველაფერში ტრაქტატების მკაცრად დაცვით მოქცევის სურვილს. აღა-მაჰმად-ხანმა რუს ვაჭრებს მისცა ვაჭრობის სრული თავისუფლება, მათ სარგებლობაში დატოვა ის ადგილები, რომლებსაც ისინი ფლობდნენ და აკრძალა აბრეშუმზე საბაჟო გადასახდის აღება.
მეორეს მხრივ, გედაეთ-ხანიც ასევე ითხოვდა ჩვენს დახმარებას და წერდა, რომ “უკვე განვაწყვე საკუთარი თავი, რათა ვიყო ჩემი პროვინციებით სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტზე დამოკიდებული”.
მიიღო რა შეტყობინება გედაეთ-ხანის რეშტიდან განდევნის შესახებ, გენერალმა პოტიომკინმა გასცა განკარგულება ენზელის ნაპირებთან ერთი ფრეგატის დაუყოვნებლივ გაგზავნის შესახებ ფრეგატ “ასტრახანის” დასახმარებლად, რომელიც იქ ჩვენი ვაჭრობის მფარველობისთვის იმყოფებოდა. ფრეგატის მეთაურს ებრძანა არ ჩარეულიყო კონსულის საქმეებში, მაგრამ მისი მოთხოვნის მიხედვით აღმოეჩინა შესაძლო დახმარება, “რუსეთის ვაჭართა წოდების გადასარჩენად თავხედობათაგან, რომლებიც ჩვეულებრივ შესაძლოა იყოს ქალაქ ენზელის ალყის დროს ან მისი დაუფლებისას” (Ордера капитану 1-го ранга Шишкину 25-го марта 1786 года, №№ 96 и 99. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, папка 51).
ამ ფრეგატით გაგზავნილ იქნა ყოფილი კონსული ტუმანოვსკიც, რომელსაც ებრძანა აეხსნა გედაეთ-ხანისთვის და ესაუბრა მასთან და, “მისცემდა რა ჩემს წერილს, წერდა პოტიომკინი, ეჩვენებინა მის მდგომარეობაში ჩემს მიერ მიღებული მონაწილეობის გულწრფელობა” (Предписанiе Тумановскому 25-го марта, № 100. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, папка 51). ტუმანოვსკის არჩევა და გაგზავნა უკიდურესად უიღბლო გამოდგა. ისიც ასევე გედაეთ-ხანის პირადი მტერი გახლდათ, და აქედან ამომდინარე, ასეთი ადამიანის გაგზავნა მაშინ, როდესაც სურდათ ხანისთვის კეთილგანწყობის გამოხატვა და დახმარების აღმოჩენა, სრულებით უადგილო იყო.
ტუმანოვსკის დავალებული ჰქონდა, გაეცნობოდა რა საქმეთა ნამდვილ ვითარებას, და როგორც აღა-მაჰმად-ხანის, ისე გედაეთ-ხანის განზრახვებსაც, დაპირებოდა თანადგომას იმას, რომელიც დაიწყებდა რუსეთის მფარველობის ძიებას. ასეთ პირთან უნდა ეცადა წერილობითი პირობის დადება ვაჭრობის თავისუფლების შესახებ, საბაჟო გადასახადების გაუქმებისა და ენზელიში მიწის ნაწილის დათმობის შესახებ იქ ჩვენთვის აუცილებელი შენობების ასაშენებლად. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს კონსულს დაევალა მფარველობა გაეწია გედაეთ-ხანისთვის. იმ შემთხვევაში კი, თუ მას არ აღმოაჩნდებოდა არანაირი საშუალებანი დასაცავად, ყოველმხრივ ეცადათ, წერდა პოტიომკინი ტუმანოვსკის, “რათა იგი არ გაეშვათ ხელიდან და დაეყოლიებინათ გამომგზავრებულიყო ასტრახანში, რუსეთის დაცვის ქვეშ”.
ტუმანოვსკის გადაეცა სამი წერილი: მურთაზა-ყული-ხანის, გედაეთ-ხანისა და აღა-მაჰმად-ხანისადმი. გენერალი პოტიომკინი აიმედებდა პირველ ორს მათდამი ტავრიდელი თავადის კეთილი განწყობით, ჰპირდებოდა მფარველობას და სთავაზობდა ტუმანოვსკისთან თავიანთ საჭიროებებზე მოლაპარაკებას (Письма П. С. Потёмкина къ ханамъ отъ 30-го марта 1786 г.); აღა-მაჰმად-ხანს კი სთავაზობდა მეგობრობასა და რუსეთთან კავშირს.
“თქვენთა საქმეთა დიდება, წერდა მას პავლე სერგის ძე პოტიომკინი (Ага-Магометъ-хану въ письме отъ 29-го марта, № 116), რომელიც აღწევს ჩემი მმართველობისადმი რწმუნებულ ფარგლებს, სიამოვნებას მანიჭებს მე და მაძლევს საბაბს რათა მოგილოცოთ თქვენს მიერ მოპოვებული და შეძენილი ყველა გამარჯვება და დაპყრობა.
“სპარსეთი, რომელიც ამ დრომდე იძიძგნება ურთიერთშორის ომებით, ირწყვება თავისი საკუთარი შვილების სისხლით, თქვენი მმართველობის ქვეშ შეიძენს სიმშვიდეს და განიმრთელებს თავის ჭრილობებს კეთილმოწყობით, შეწყვეტს თქვენთა ქვეშევრდომთა მწუხარებას და შეუშრობს მათ ცრემლებს. თქვენი კეთილგონიერი მთავრობა (მმართველობა) მიანიჭებს თქვენს დერჟავას ბრწყინვალებას, როცა ყურადღებას მიაქცევთ თქვენი მიწების შიდა საქმეების განკარგვასაც, და ჩემი უავგუსტესი თვითმპყრობელის იმპერიასთან უწინდელ ურთიერთობათა განახლებასაც. ამის სარგებელი საგრძნობია; მისი დიდებულება და ძალა ცნობილია, დიდი ეკატერინეს სიბრძნე განთქმულია და მისი სიკეთე უსასრულოა. ვინც მიმართავს მის საფარველს-კავშირს, ყოველთვის ჰპოვებს მის სკიპტრას საიმედო სიმაგრედ.
ღმერთმა, რომელიც აარსებს სახელმწიფოებს, შესაძლოა განგამწესოთ თქვენ ისპაჰანის მფლობელად მისი კეთილდღეობის განახლებისთვის... დრო და გარემოებანი წინ გვიშლიან ხელსაყრელ ველს ორივე მოსაზღვრე სახელმწიფოს შორის კავშირის განახლებისთვის. მე მოველი თქვენს წერილებს, რათა გამოგიხატოთ თქვენ ის მეგობრობა, მთელი ის გულმოდგინება, რომელიც თქვენი პიროვნების მიმართ გამაჩნია”.
არ იცოდა რა, თუ ვის ხელში იმყოფება სპარსეთის ტახტი და ვის ემორჩილება ხალხის უმეტესი ნაწილი, პოტიომკინმა წერილი გაუგზავნა ჯაფარ-ხანსაც, რომელიც, მოღწეული ცნობების მიხედვით, დაეუფლა ისპაჰანს და რომლის წარმოგზავნილიც კავკასიის ხაზზე გამოცხადდა.
“ჩემთან წარმოგზავნილი მაჰმად-ბეი, წერდა პოტიომკინი ჯაფარ-ხანს (Отъ 10-го апреля 1786 года), მიცხადებდა თქვენი სახელის ქებას, ხოლო ეს კი საბაბს მაძლევს მე, რათა მივიღე რა ცნობა თქვენს მიერ შესანიშნავი ქალაქის ისპაჰანის სვეკეთილად დაუფლების შესახებ, მოგილოცოთ. სპარსეთი, რომელიც ამდენი ხანია უკვე იწეწება შინაომებით, დაასრულებს, რა თქმა უნდა, მთელ თავის ტანჯვას თქვენი მმართველობის ქვეშ, შეწყვეტს სისხლის დენას და მტკივნეულ ჭრილობებს განიკურნავს. თქვენი კეთილგონიერება ამ უძველეს დერჟავას მოუტანს სიმშვიდეს და დაუბრუნებს მას უწინდელ დიდებას, როცა თქვენ თქვენს ყურადღებას მიაპყრობთ სპარსეთის საშინაო მოწყობას, და სრულიად რუსეთის იმპერიასთან უწინდელ ურთიერთობათა განახლებას”.
მალევე მიღებულ იქნა ცნობა, რომ ჯაფარი ალი-ხანის მიერ განდევნილია ისპაჰანიდან და მაშინ გენერალმა პოტიომკინმა ზუსტად ასეთივე წერილი გაუგზავნა ალი-ხანსაც.
ამასობაში გედაეთი, რომელსაც ეშინოდა აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმისა, ამაგრებდა ენზელის, გარეშემოავლებდა მას ქვის კედელს, რომელიც თავის შიგნით აქცევდა იქ არსებულ რუსულ კოლონიას, ეკლესიასა და კონსულის სახლსაც. პოტიომკინი მოითხოვდა, რათა გედაეთს ხელი აეღო თავის განზრახვაზე და არ დაევიწყებინა, რომ ენზელიში მცხოვრები კონსული და სავაჭრო წოდება რუსეთის იმპერატრიცის ქვეშევრდომები არიან და რომ ხანს არა აქვს უფლება რუსეთის ქვეშევრდომთა კედლებს შიგნით მოქცევისა. “და ის ადგილი, უმატებდა პ. ს. პოტიომკინი (Въ письме отъ 18-го апреля 1786 года, Государствен. Архивъ, XXIII, № 13, папка 57), სადაც რუსეთის კონსული და ვაჭრები ცხოვრობენ, არ არის თქვენდამი კუთვნილი და საქმეებშიც არის საკუთრივ თქვენგან წერილი, რომელშიც ჩვენი კონსულის ენზელიში დაბრუნებისას უმტკიცებთ თქვენ ენზელის პორტს რუსეთს. გატყობინებთ რა ამის შესახებ, მოვითხოვ, რათა რუსების საცხოვრებელი დატოვოთ თქვენ ისე, რომ ოდნავადაც კი არ შეეხოთ მას”.
გედაეთი პასუხობდა, რომ იგი ყოველთვის აღმოუჩენდა მფარველობას რუს ვაჭრებს. და “და ვინ გათავხედდებოდა, კითხულობდა იგი, რომ აქ მყოფი რუსეთის ქვეშევრდომებისთვის რაიმენაირი წყენა ან შევიწროვება მიეყენებინა”?
ეს სიტყვები არ ემთხვეოდა გილანის ხანის ნამდვილ საქციელს, რომელიც აგრძელებდა სიმაგრის მშენებლობას, რომელიც სამი მხრიდან გარშემორტყმული იყო წლით, ხოლო მეოთხე მხრიდან კი – დაცული გახლდათ დაბურული ტყით, რომლის გამოვლაც მხოლოდ დიდი სიძნელეებით თუ შეიძლებოდა.
ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა გედაეთ-ხანი, როდესაც 20 მაისს ენზელის პორტს მიადგა ჩვენი ფრეგატი “ასტრახანი”, რომელზედაც მყოფებოდა კარის მრჩეველი ტუმანოვსკი. უკანასკნელი, ატყობინებდა რა თავისი მოსვლის შესახებ კონსულ სკილიჩის, ეკითხებოდა მას: შეუძლია თუ არა ჩამოვიდეს ნაპირზე და ხომ არ არის რაიმე საშიშროება? მიიღო რა დამაკმაყოფილებელი პასუხი, ტუმანოვსკი ჩამოვიდა ფრეგატიდან და ჰქონდა პაემანი კონსულთან. სკილიჩი არწმუნებდა ჩამოსულს გედაეთ-ხანის ჩვენდამი ცუდ განწყობაში და ურჩევდა არ დაყრდნობოდა მის სიტყვებს და მეტად ფრთხილად ყოფილიყო. იცოდა რა ხანის ფიცხი და ამაყი ხასიათი, სკილიჩის მიაჩნდა, რომ შემწყნარებლობით ყველაზე უფრო უკეთ იქნებოდა შესაძლებელი მისი ჩვენს მხარეზე დაყოლიება, მაგრამ ტუმანოვსკი საწინააღმდეგო აზრია გახლდათ.
– მე ვიცი, თუ როგორ უნდა მოვექცეთ მას, შენიშნა მან თავდაჯერებულად; – ეს ჩიტი ჩვენგან ვერ გაფრინდება.
ტუმანოვსკი დაჟნებით მოითხოვდა, რათა მისი მოსვლის შესახებ გედაეთის შეტყობინებამდე, სკილიჩის გაეგზავნა ხანისთვის გენერალ პოტიომკინის უკანასკნელი წერილი ჩვენი კოლონიის სიმაგრეთა ხაზის გარეთ დატოვების შესახებ (Следственное дело. Архивъ Кабинета, св. 380).
– ამ წერილის შინაარსი გესლიანია, შენიშნა სკილიჩიმ, – და არაკეთილგონივრული იქნებოდა, რომ ხანში უნდობლობა აღგვეძრა და მისთვის უკმაყოფილება მიგვეყენებინა ასეთ დროს, როცა მას უფრო უნდა ვამხნევებდეთ და არა ვაღიზიანებდეთ.
– პირიქით, პასუხობდა ტუმანოვსკი, იგი თავიდან უნდა შევაშინოთ ამ წერილით, ხოლო შემდეგ კი შეატყობინოთ ჩემი ჩამოსვლის შესახებ.
ეს მოთხოვნა აღსრულებულ იქნა და გენერალ პოტიომკინის წერილი ხანს გაეგზავნა. მომდევნო დღეს გედაეთმა შეკრიბა თავისთან დაახლოებული პირები და მათ დაავალა წერილის წაკითხვა. გილანში დაირხა ხმა, რომ ტუმანოვსკი გამოგზავნილია იმისთვის, რათა დაეუფლოს ენზელის და ხანის უფროსი ვაჟი კი რუსეთში წაიყვანოს. რამდენიმე დღის შემდეგ ფრეგატ “კავკაზის” მოსვლა აძლიერებდა ეჭვს და არწმუნებდა სპარსელებს გავრცელებული ხმების სამართლიანობაში.
– თქვენ ხედავთ, უთხრა ხანმა შეკრებილებს, – რომ ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ ყოფილა; ჩვენ უნდა ვეცადოთ დავასწროთ ასეთ შემთხვევას. და გედაეთს განზრახული ჰქონდა ტუმანოვსკის საკუთარ ხელში ჩაგდება.
ზოგიერთნი დაახლოებულთაგან ცდილობდნენ ხანის გადარწმუნებას, არწმუნებდნენ რა, რომ ეს ცრუ ხმებია, ცდილობდნენ წარმოედგინათ მსგავსი საქციელით გამოწვეული მთელი საშიშროება, მაგრამ ხანი არ ისმენდა რჩევებს და თავისი ჰქონდა დაჟინებული (Письмо Скиличiя Потёмкину 3-го апреля 1787 г., Арх. Кабинета, св. 380).
– რუსეთს რომ ჩემთვის კეთილი სურდეს, ამბობდა იგი – და ნამდვილად უნდოდეს დახმარების აღმოჩენა – იგი არ გამომიგზავნიდა აქ ორ ფრეგატსა და ტუმანოვსკის, ჩემს შეურიგებელ მტერს.
ატყობინებდა რა გენერალ პოტიომკინის წერილის მიღების შესახებ და ულოცავდა რა ტუმანოვსკის ჩამოსვლას, გედაეთი წერდა, რომ სურს მასთან პირადი პაემანის ქონა. იმ დროს აღა-მაჰმად-ხანმა, რომელსაც ყურადღების გადატანა მოუხდა უფრო ძლიერ მტერზე სპარსეთის შიგნით, რეშთი დატოვა, და გედაეთ-ხანი კვლავ დაემკვიდრა მასში. მას თავისთან ჰყავდა 10.000-მდე ჯარი და, როგორც ქედმაღალი ადამიანი, ფიქრობდა, რომ მომავალში შეუძლია არა მხოლოდ წინ აღუდგეს აღა-მაჰმად-ხანის პრეტენზიებს, არამედ გარკვეული დაპყრობებიც კი განახორციელოს. ერთი წუთის გავლენის ქვეშ მყოფი, იგი არ თვლიდა საჭიროდ ეპირფერა რუსეთის წარმოგზავნილის წინაშე, არამედ განზრახული ჰქონდა ხელში ჩაეგდო იგი და, ეყოლებოდა რა მძევლად, ზოგიერთი სარგებელიც მიეღო აქედან.
მაგრამ, 29 მაისს, ერთმა სპარსელმა გააფრთხილა კონსული, რათა იგი ფრთხილად ყიფილიყო, ვინაიდან ხანს განზრახული აქვს არა მხოლოდ ტუმანოვსკის შეპყრობა, არამედ მისიც, კონსულისაც და ფრეგატების ორივე მეთაურისაც. სპარსელი ირწმუნებოდა, რომ ამ მიზნით ხანმა გამოგზავნა ენზელიში 300 შეიარაღებული ადამიანი, რომლებიც მიმალულები არიან სასახლეში და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებიან, რათა თავს დაესხან რუსებს, როდესაც ისინი შეიკრიბებიან, და ხელში ჩაიგდონ ისინი მანამდე, სანამ თავის დაცვას შეძლებდნენ. არ გამოხატავდნენ რა გარეგნულად, რომ ხანის განზრახვა იციან, ტუმანოვსკიმ და სკილიჩიმ შეატყობინეს ამის შესახებ ფრეგატების მეთაურებს და მიიღეს ზომები იმისთვის, რათა მოულოდნელი თავდასხმა არ მომხდარიყო მათზე და იმავე დროს ჰქონოდათ რუსული კოლონიის დაცვის შესაძლებლობაც. ამ მიზნით დაყენებულ იქნა ქვემეხები, დაწესდა ყარაულები და ღამის შემოვლა. ენზელიში მყოფი ხანის ვაჟი კითხულობდა, თუ რატომ მიმართავენ რუსები ასეთ სიფრთხილეს. თუკი გააჩნიათ, ამბობდა იგი, რაიმენაირი ეჭვი, ეს უსამართლოა.
– ჩვენ ამას ვაკეთებთ, პასუხობდა სკილიჩი, – არა ჩვენი თქვენდამი უნდობლობის გამო, არამედ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, როგორც ჩვეულებრივ ვიქცევით ხოლმე ყოველგვარი არეულობის დროს.
ასეთი პასუხით დაკმაყოფილებულმა, ხანის ვაჟიშვილმა, 2 ივნისს, თავისთან სადილზე მიიწვია კონსული, ტუმანოვსკი და ფრეგატების მეთაურები, მაგრამ მათ უარი უთხრეს, და მათი ხელში ჩაგდების გეგმა ვერ გამოვიდა. მაშინ რამდენიმე დღის შემდეგ ენზელიში მოვიდა ხანის ექიმი წერილით, რომელშიც გედაეთი მადლობას უხდიდა გამოგზავნილი საჩუქრებისთვის.
– ხომ არ გაქვთ რაიმე საგანგებო დავალებები ხანთან? ჰკითხა ექიმმა ტუმანოვსკის.
– არანაირი საგანგებო დავალებები არ გამაჩნია, პასუხობდა იგი კითხვაზე, – გარდა განცხადებისა იმ გულწრფელი მონაწილეობის შესახებ, რომელსაც ღებულობს რუსეთი ხანის ამამინდელ მდგომარეობაში.
– ხომ არ მიგაჩნიათ აუცილებლად, რომ ხანი ინახულოთ?
– თუკი ხანს სურს ჩემი ნახვა, პასუხობდა ტუმანოვსკი, – მე მზად ვარ მივიღო იგი როცა მოისურვებს.
– ხანს სურდა ეთხოვა რუსეთის მთავრობისთვის ათასი ჯარისკაცი, თუკი არ შეუძლია ქვეყნის დასაცავად უფრო მეტის მიღება.
– თუკი ხანი ითხოვს რუსეთის მფარველობაში მისი მიღების შესახებ და მისცემს საკუთარ თავს რუსეთის იმპერატრიცის ძალაუფლების ქვეშ, მაშინ, რა თქმა უნდა, მასთან გამოგზავნილი იქნება არა მხოლოდ თხოვნილი რიცხვის ჯარი, არამედ გაცილებით უფრო მეტიც, მხოლოდ ერთი პირობით, რომ რუსეთის მთავრობა უკვე თავად განკარგავს და იზრუნებს მისი სამფლობელოების შენარჩუნებისთვის.
ტუმანოვსკიმ გადაკვრით უთხრა ამ დროს ექიმს, რომ თუკი გედაეთს დაეუქრება რაიმენაირი საფრთხე, მას ყოველთვის შეუძლია დაჯდეს ერთერთ ჩვენს ფრეგატზე და გაემგზავროს ასტრახანში. ასეთი წინადადება არ ეთანხმებოდა ხანის გეგმებს, და მას არ გააჩნდა არანაირი სურვილი რუსეთის მფარველობის ძიებისა. შინაური უთანხმოებები დასუსტებული სპარსეთი წარმოადგენდა ვრცელ ველს ყოველგვარი ძალადობისა და თვითნებობისთვის. თითოეული მეტ-ნაკლებად ძლიერი ხანი იმედოვნებდა თავის სასარგებლოდ ტერიტორის მნიშვნელოვანი ნაწილის მიტაცებასა და ოლქის დამოუკიდებელ მმართველად გადაქცევას. ასეთი მიზნის მისაღწევად სპარსეთში იმ ხანებში არ თაკილობდნენ არანაირ საშუალებებს: დანა, ყულფი და ღალატი – ყველაფერი საქმეში მიდიოდა და ერთნაირად კანონიერი იყო, თუკი აკმაყოფილებდა ძალაუფლის მაძიებლის ინტერესებს. შემთხვევით ჰყავდა რა განკარგულებაში საკმარისად მნიშვნელოვანი ჯარი, გედაეთი ბევრი რამის შესახებ ოცნებობდა, მაგრამ არა საკუთარ თავზე რუსეთის უმაღლესი ძალაუფლების აღიარების შესახებ. იგი ფიქრობდა თავის ძალაუფლების გაფართოებაზე, აგროვებდა ჯარებს და ახალი საბაჟო გადასახადებიც დააწესა საქონელზე. ჩვენი ვაჭრებისა და კონსულის პროტესტზე გედაეთი დუმილს ამჯობინებდა და არ პასუხობდა ტუმანოვსკის წერილებზე. უკანასკნელმა, არ იყო რა კეთილად განწყობილი ხანისადმი, შუაკაცი მიუგზავნა მურთაზა-ყული-ხანს და თვითნებურად შესთავაზა მას გილანის ხანობა. მურთაზამ უარით უპასუხა, და მაშინ ტუმანოვსკი წერდა გედაეთს, რომ განზრახული აქვს თავად გაემგზავროს მაზანდერანში აღა-მაჰმად-ხანთან, გენერალ პოტიომკინის წერილის მასთან მისატანად. არ მიაქცია რა ყურადღება ამ მუქარას, გედაეთმა ბედნიერი მგზავრობა უსურვა მას, მაგრამ მალე სანანებელი გაუხდა თავისი საქციელი: აღა-მაჰმადი უკვე მოდიოდა გილანზე სამი კოლონით, ამასთან ყველაზე უფრო მთავარი მათგან დაძრული იყო რეშთზე – გედაეთის ადგილ-სამყოფელზე.
გილანის ხანმა, როგორც კი შეიტყო ამის შესახებ, ენზელიში გაგზავნა ყველა თავისი ცოლი და შვილი და მთელი ქონება. იგი წერდა ტუმანოვსკისა და სკილიჩის, რომ, თვლის რა საკუთარ თავს რუსეთის მფარველობის ქვეშ, ანდობს მათ თავის ოჯახსა და ქონებას, თანაც დარწმუნებულია, რომ მეგობრობის მოვალეობის მიხედვით, ისინი იზრუნებენ მის ცოლებსა და შვილებზე. ჩვენმა კონსულმა ნება მისცა ხანის რწმუნებულს, რომ აერჩია ერთერთი რუსული სავაჭრო გემი და ფასზე მოლაპარაკებოდა მის პატრონს. გედაეთ-ხანმა უბრძანა რეშთის მცხოვრებთ, რომ დაეცალათ ქალაქი და გარეშემო სოფლების მოსახლეობასთან ერთად ეჩქარათ ენზელიში, სადაც მოკლე ხანში შეიკრიბა 8-დან 10 ათასამდე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ადგილებიდან იყვნენ მოსულნი, არ გააჩნდათ ჭერი და ღია ცის ქვეშ იყვნენ განთავსებულნი; გილანის პროვინციის მთელმა დანარჩენმა მოსახლეობამ კი ტყეებს შეაფარა თავი.
ქალაქი რეშთი სამ დღეში დაცარიელდა და თავად გედაეთ-ხანიც მსუბუქად დარჩა, ჰქონდა რა თავისთან ყველაზე უფრო აუცილებელი ნივთები და ჰყავდა რა ამალა ნათესავთა და რწმუნებულ პირთაგან, რომელთა ერთგულებაზე დამყარებაც მას სავსებით შეეძლო. არ შემოფარგლულა რა ამით, 19 ივლისს მან გამოგზავნა თავისი მოხელენი თხოვნით, რომ მიეღოთ იგი რუსეთის მფარველობის ქვეშ. პირობების პროექტის შედგენისას ეს მოხელეები უკანვე გაემართნენ, რათა წარედგილათ ისინი ხანისთვის დასამტკიცებლად, მაგრამ ენზელიში მეტად აღარ დაბრუნებულან, რადგანაც მოვლენები მეტად სწრაფად მიდიოდა.
23 ივლისს აღა-მაჰმად-ხანი თავისი ჯარებით რეშთიდან ორმოც ვერსზე გაჩერდა. მის დასახვედრად გაგზავნილი გედაეთ-ხანის ჯარები, ჯერ კიდევ მოწინააღმდეგესთან შეხვედრამდე, სახლებში წავიდ-წამოვიდნენ, ხოლო ისინი კი, რომლებიც დარჩნენ და ბრძოლაში ჩაერთვნენ, დამარცხებულ იქნენ და გადარჩენილებმა გაქცევით უშველეს თავს. მომდევნო დღეს აღა-მაჰმად-ხანმა შეუტია სიმაგრეებს და ქალაქსაც დაეუფლა.
სუფრასთან მჯდომმა გედაეთმა, ისე რომ სადილიც არ დაუსრულებია, სამი ვერსი ფეხით ირბინა, შემდეგ მისთვის მიგვრილ ცხენზე შეჯდა და პერი-ბაზრისკენ გააჭენა, სადაც მოწყობილი იყო სიმაგრეები და სადაც მას განზრახული ჰქონდა რომ უკიდურეს შესაძლებლობამდე გამაგრებულიყო.
ამასობაში, დაიკავა რა რეშთი, აღა-მაჰმად-ხანმა მკაცრად აუკრძალა ჯარებს რომ წყენა მიეყენებინათ მოსახლეობისთვის, ბრძანა არ მოეხდინათ ძარცვა-რბევა და აღებული სურსათისთვის ფული გადაეხადათ. მან დააგზავნა პროკლამაცია, რომელშიც მოითხოვდა, რათა ყველა მცხოვრები დაბრუნებულიყო თავის სოფლებსა და ქალაქ რეშთში და არ ჰქონოდა დევნის შიში; ხოლო ისინი კი, რომლებიც არ აღასრულებენ ამ ბრძანებას და ტყეებში იქნებიან ნაპოვნი, დაექვემდებარებიან დევნას და სასტიკად იქნებიან დასჯინლი. გილანელებმა ხალისით შეასრულეს გამარჯვენულის მოთხოვნა და სახლებში დაბრუნდნენ. გედაეთ-ხანის სისასტიკე და ტირანობა გახლდათ იმის მიზეზი, რომ მცირედთა გამოკლებით, თითქმის მთელ მოსახლეობას სძულდა თავისი ხანი. ახალი სისასტიკეებით გედაეთს სურდა მცხოვრებთა მისდამი მორჩილების დაბრუნება, მაგრამ მისი ძალისხმევა ამაო იყო; ამაოდ ჭრიდა იგი ცხვირებსა და ყურებს თავიანთ სახლებში დაბრუნებულებს, მოსახლეობა მაინც ხალისით ემორჩილებოდა გამარჯვებულს. აღა-მაჰმად-ხანის დასახვედრად პერი-ბაზარიდან გაგზავნილ გედაეთის ჯარებს არ სურდათ ბრძოლა და სხვადასხვა მხარეს იფანტებიდნენ. ხედავდა რა ყველგან უიღბლობას, გილანის ხანმა ბრძანა, რომ მთელი მისი ქონება დაეტვირთათ ენზელის ნავსადგურში მდგომ გემებში და იქვე გადაეყვანათ მისი ოჯახიც. ტუმანოვსკიმ, კონსულმა სკილიჩიმ და ზოგიერთმა ჩვენმა ვაჭარმაც ასევე დატოვეს ნაპირი და გადავიდნენ ფლოტილიაზე, იმის შიშით, რომ არ განეცადათ იერიშის დროს შესაძლებელი ყოველგვარი შემთხვევითობა, როდესაც ძნელი შეიქნებოდა იმის გარკვევა, თუ ვინ არის რუსი, ვინ სპარსელი, ვინ გედაეთ-ხანის მომხრე. თხელწყლიანობის გამო ჩვენს ფრეგატებს არ შეეძლოთ ნაპირთან ახლოს მისვლა და ამიტომ ყველა რუსი შეიკრიბა ოთხ სავაჭრო გემზე, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ფრეგატებიდან აღებული ოთხი ქვემეხითა და საკონსულოდან წამოღებული ექვსი ფალკონეტით.
ივლისის ბოლოს აღა-მაჰმად-ხანის მეწინავე ჯარები გამოჩნდნენ ენზელის მახლობლობაში და გადაწვეს ახლოს მდებარე სოფელი. თხოვნის საბაბით, რათა არ დაეწვათ გარეშემო მდებარე სოფლები, ტუმანოვსკიმ სპასრული ჯარების უფროსს გაუგზავნა სომეხი ხასტატოვი, რომლის მეშვეობით შევიდა კიდეც ურთიერთობებში აღა-მაჰმად-ხანთან. უკანასკნელი არწმუნებდა წარგზავნილს, რომ გულწრფელად არის განწყობილი რუსეთს მიმართ და შეინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს მთავრობასთან. ტუმანოვსკი დაპირდა არ მიეცა დახმარება გედაეთ-ხანისთვის და იწვევდა აღა-მაჰმად-ხანს, რათა აჩქარებულიყო ენზელიში მოსასვლელად. სპარსული ჯარები თავს იყრიდნენ ქალაქის გარშემო და თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებულმა გედაეთ-ხანმა გამოუგზავნა ტუმანოვსკის თავისი დესპანი ბაჰირი თხოვნით, რათა რუსულ ფლოტილიას მხარი დაეჭირა მისთვის და წინააღმდეგობა გაეწია აღა-მაჰმად-ხანისთვის. ბაჰირი სთხოვდა ტუმანოვსკის დაედო ფიცი, რომ ხანის თხოვნა შესრულებული იქნებოდა და გედაეთის სახელით კი ფიცს დებდა იმაში, რომ ხანი რუსეთის ერთგული იქნებოდა.
– თუკი თქვენ არ შემოგვფიცებთ, ეუბნებოდა ბაჰირი ტუმანოვსკის, – მაშინ ხანი იძულებული იქნება რომ სხვა ზომები მიიღოს.
– მე არასოდეს ვყოფილვარ გედაეთ-ხანის არაკეთილმოსურნე, თავის არიდებით პასუხობდა ტუმანოვსკი.
– თუ თქვენ მისი კეთილმოსურნე ხართ, მაშინ რატომ არ ესროდით აღა-მაჰმად-ხანის ჯარებს, როცა ისინი ენზელისთან მოვიდნენ და სოფელი გადაწვეს? თქვენი გასროლებით თქვენ დაგვანახებდით, რომ მზად ხართ დაიცვათ გედაეთ-ხანი და რომ რუსების დახმარებით აღა-მაჰმად-ხანი შესაძლოა განდევნილ იქნას გილანიდან.
– მე აქ ვიმყოფები სამი თვეა, პასუხობდა ტუმანოვსკი, და არაერხელ მივუთითებდი გედაეთ-ხანს იმ ზომებზე, რომლებიც მას უნდა მიეღო, რადგანაც ჯერ კიდევ ჩემს ჩამოსვლამდე იყო ხმები, რომ აღა-მაჰმადს განზრახული აქვს გილანში მოსვლა. პ. ს. პოტიომკინიც ასევე წერდა ხანს, რომ თუკი მას გააჩნია რაიმენაირი საჭიროება, ამაზე შეეტყობინებინა მისთვის, მაგრამ ხანმა, თავისი სიამაყის გამო, ამ დრომდე არანაირი პასუხი არ გასცა მის წერილებზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ უარს არ ვამბობთ მის დახმარებაზე. აღა-მაჰმად-ხანის ჯარებს ჩვენ იმიტომ არ ვესროლეთ, რომ მათ არა მარტო არ გამოუჩენიათ ჩვენს მიმართ რაიმენაირი მტრული დამოკიდებულება, არამედ ყურად იღეს ჩემი მოთხოვნა რომ არ გადაეწვათ სოფლები და, მოასწრეს რა მხოლოდ სამი სახლის დაწვა, ხელი აიღეს ამ საქმეზე და სოფლიდან წავიდნენ.
ასეთი პასუხის შემდეგ ბაჰირი გაემართა გედაეთისკენ და 21 აგვისტომდე ტუმანოვსკის ხანის შესახებ არნაირი ცნობები არ ჰქონია. ამ დღეს მან აცნობა ხანს, რომ ერთერთი ჩვენი ფრეგატი მიემართება ასტრახანისკენ და თუკი ხანს აქვს რაიმე მისაწერი კავკასიის ხაზზე სარდლისადმი, მაშინ შეატყობინოს მას. გედაეთმა გამოგზავნა თავისი რწმუნებული მაჰმად-ჰუსეინი ასტრახანში გამოსაგზავნად დავალებით, რათა ეთხოვა გენერალ პოტიომკინისთვის დასახმარებლად 2.000 კაციანი რუსული ჯარის გამოგზავნა არტილერიით. გედაეთი ამის სანაცვლოდ დაპირდა თავისი ვაჟის ამანათად გაგზანასა და ყოველწლიურად ათასი ფუთი აბრეშუმის გადახდას (Письмо Магометъ-Хуссейна Потёмкину 2-го октября 1786 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, папка 51).
ამ თხოვნამ და დაპირებებმა პოტიომკინამდე მოაღწიეს უკვე მაშინ, როცა გედაეთის ბედი სამუდამოდ იყო გადაწყვეტილი. 23 აგვისტოს აღა-მაჰმად-ხანი წერდა ტუმანოვსკის, რომ, დაეუფლა რა სპარსეთის უდიდეს ნაწილს, მას განზრახული აქვს დასაჯოს ხალხის მძარცველი და გამჩანაგებელი და იხსნას გილანი მძიმე უღლისგან. აღა-მამად-ხანი ამატებდა, რომ თუკი ტუმანოვსკის სურს, რომ არსებობდეს თავისუფალი და მშვიდი ვაჭრობა, მაშინ იგი არა თუ მხოლოდ არ უნდა დაეხმაროს გედაეთს, არამედ ეცადოს მისთვის გზის მოჭრასაც, თუკი ეს უკანასკნელი განიზრახავს სადმე ზღვით წასვლას. თითქოს და იმ განზრახვით, რათა ესარგებლა შემთხვევით და მიეღო ხელსაყრელი პირობები ჩვენი ვაჭრობისთვის, ტუმანოვსკიმ მეორედ გააგზავნა აღა-მაჰმად-ხანთან თავისი რწმუნებული სომეხი ხასტატოვი და დაავალა მას რათა აღა-მაჰმადთან უფრო ახლო ურთიერთობებში შესულიყო. ვერაგობაში გამოცდილმა და თავის მტრებზე ღალატით ხშირად გამარჯვების მომპოვებელმა აღა-მაჰმად-ხანმა ხასტატოვის მეშვეობით შესთავაზა ტუმანოვსკის 70.000 მანეთი, თუკი იგი აღმოუჩენდა მას თანადგომას, და მიაღწია კიდეც თავის მიზანს. 28 აგვისტოს წარგზავნილმა მოუტანა ტუმანოვსკის მოკლე წერილი, რომელშიც აღა-მაჰმად-ხანი სთხოვდა “მის დავალებათა შესრულების შესახებ და მის სარგებელთან დაკავშირებული ინტერესების დაცვას”, რის შესრულებას თავის მხრივაც დაჰპირდა (Следственное дело).
ამასობაში გედაეთ-ხანმა, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმული იყო მოწინააღმდეგის ჯარებით და ვერ თვლიდა შესაძლებლად პერი-ბაზარის შენარჩუნებას, თავისი ძმა ასკერი გამოგზავნა ტუმანოვსკისთან თხოვნით, რათა მას აეღო საკუთარ თავზე ენზელის დაცვა, ხოლო იგი, გედაეთ-ხანი კი, ოჯახითა და ნათესავებით ერთერთი ფრეგატით რუსეთში გაეგზავნა (Государств. Арх., XXIII, № 13, папка 51).
– მთავარი უფროსის ნებართვის გარეშე, პასუხობდა ტუმანოვსკი, – მე არ შემიძლია ფრეგატზე გედაეთ-ხანისა და მისი შვილების მიღება. ამის შესახებ რომ წინდაწინ ყოფილიყო განცხადებული, მაშინ მე ვითხოვდი ნებართვას და შევასრულებდი ბრძანებას. რაც შეეხება ენზელის დაცვას, ჩვენ მას შევუდგებით, თუკი წავაწყდებით აღა-მაჰმად-ხანისგან ჩვენდამი მტრულ მოქმედებებს.
ასეთმა პასუხმა აიძულა ასკერი სხვა გზისთვის მიემართა. გამოუგზავნა რა ტუმანოვსკის საჩუქრად 250 მანეთის ორი სპარსული კაბა, ერთი ქალის კაბა, ძვირფასი თვლებით შემკული ქამარ-ხანჯალი, იგი სთხოვდა, რათა იგი გედაეთის შვილებთან და ქონებასთან ერთად მაინც გაეგზავნათ ასტრახანში, მაგრამ ტუმანოვსკი, მიიღო რა საჩუქრები, მაინც პასუხობდა, რომ ამას გააკეთებს, თუკი მიიღებს 50.000 მანეთს. ასკერი ვერ თვლიდა შესაძლებლად მოთხოვნილი თანხის მიცემას და დიდხანს ელაპარაკებოდა ტუმანოვსკის როგორც პირადად, ისე გედაეთ-ხანის ექიმის მეშვეობითაც. სკილიჩი ჩამოცილებული იყო ამ თათბირებისგან და ეკითხებოდა ტუმანოვსკის, თუ რის შესახებ ელაპარაკებიან ისინი ერთმანეთს.
– ერთადერთი იმის შესახებ, პასუხობდა ტუმანოვსკი, რომ იგი ხანის შვილებთან ერთად ფრეგატით გაემგზავროს ასტრახანში.
– და რა უპასუხეთ თქვენ მას ამაზე? ჰკითხა სკილიჩიმ.
– და თქვენ როგორ ისურვებდით რომ მეპასუხა? – მე მას მოკლედ უარი ვუთხარი.
– მშვენიერია; თქვენ ზუსტად მიჰყვებით ბრძანებებს. ნუთუ ამაში შედგება თქვენდამი მოცემული დავალებები? – მე არ მესმის თქვენი საქციელისა, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ ხელიდან გაუშვით შემთხვევა, რომელიც აღარასოდეს განმეორდება.
– ეს თქვენი საქმე არ არის, გულმოსულად უთხრა მას ტუმანოვსკიმ, – მე ვიცი რასაც ვაკეთებ.
– მაგრამ გაქვთ კი თქვენ სხვა ბრძანებები, იმათ გარდა, რომლებიც მე მაქვს მოცემული?
– რა თქმა უნდა, მაქვს.
– თუ გაქვთ მაშინ მაჩვენეთ და მე თქვენ მეტად უკვე აღარ შეგაწუხებთ ყველაფერ იმაზე მსჯელობით, რასაც თქვენ მომავალში მოიმოქმედებთ.
– ეს ბრძანებები თქვენ არ გეხებათ, და მხოლოდ მე ვაგებ პასუხს ჩემი საქმეების მიხედვით კარგ ან ცუდ შედეგებზე.
სკილიჩი დაჟინებით მოითხოვდა იმის აუცილებლობას, რათა ესარგებლათ შემთხვევით, დათანხმებოდნენ გედაეთ-ხანის თხოვნას და მისი ოჯახი გამოეგზავნათ რუსეთში, მაგრამ ტუმანოვსკი პასუხობდა, რომ ახლა ადრეა და იგი თავად ხელიდან არ გაუშვებს მოსახერხებელ დროს. დრო კი მიდიოდა. ასკერ-ხანი აგრძელებდა თავის მოლაპარაკებებს ტუმანოვსკისთან და სთავაზობდა მას 200 ბათმან (72,5 ფუთ) აბრეშუმს, მაგრამ მან არ მიიღო ასეთი საჩუქარი, როგორც ნაკლებმნიშვნელოვანი, და უფრო მეტს ითხოვდა. გედაეთ-ხანის ექიმი დღეში ოთხჯერ მოდიოდა მოსალაპარაკებლად ნაღდი ფულით ანაზღაურების ხარისხის თაიბაზე, მაგრამ მისი ხანგრძლივი სიარული ვერ დაგვირგვინდა წარმატებით. ტუმანოვსკის დაუთმობლობითა და ანგარებისმოყვარეობით სასოწარკვეთილებამდე მიყვანილმა ასკერ-ხანმა გადაწყვიტა მოლაპარაკებების შეწყვეტა.
– უმჯობესია, თქვა მან, – დაიღუპო მოწინააღმდეგის ხელით, ვიდრე ცოცხლად დარჩენისთვის დავალებული იყო ტუმანოვსკისგან, რომელსაც დამატებით, მიიღებს რა ფულებს, შეუძლია ჩვენ გვიღალატოს.
ასკერ-ხანი გაემგზავრა პერი-ბაზარში, ტუმანოვსკიმ კი მოახერხა სკილიჩის დარწმუნება იმ მოთხოვნის აუცილებლობაში, რომ გდაეთ-ხანს ებრძანა ორი სანაპირო ბატარეის განადგურება, იმ საბაბით, რომ მათი მოქმედებისგან შესაძლოა ზარალი მიადგეს ჩვენს გემებს, სინამდვილეში კი, რათა წაერთვა ხანისთვის დაცვის უკანასკნელი შესაძლებლობა (Показанiе капитана Калмыкова. Следственное дело). გადაწყვიტა რა გედაეთის დაღუპვა, ტუმანოვსკიმ, საკუთარი დაცვისა და ვითომდა რუსული კოლონიის თავდაცვის მიზეზით, მოითხოვა მე-2 რანგის კაპიტან აკლეჩეევისგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები და საიდუმლოდ გადასცა ისინი გილანის ხანის მტრებს.
პერი-ბაზარიდან გამოდევნილმა გედაეთმა 1-ელ სექტემბერს უკან დაიხია ენზელისკენ. სამი დღის შემდეგ, 4 რიცხვში, აღა-მამად-ხანის ჯარები მოადგნენ ქალაქს და, გაჩერდნენ რა ორ ვერსზე, დაიწყეს ჩასანგრება. 30 სექტემბრამდე არც ერთი მხარე არ ღებულობდა გადამჭრელ ზომებს, თუმცა კი მუდმივად ნარჩუნდებოდა სროლა ორივე მხრიდან. გედაეთი მეტად შეუპოვრად იცავდა თავს, ისე რომ აღა-მაჰმად-ხანის ჯარების უფროსს სასოც კი წარეკვეთებოდა ენზელის აღების შესაძლებლობაში იმედის დაკარგვისგან. მას უკვე მოუვიდა ბრძანება, რომ თუკი ბევრ სიძნელეს წააწყდებოდა ქალაქის დამორჩილებაში, ეცადა დაედო მომგებიანი ხელშეკრულება გედაეთ-ხანთან და უკან დაეხია. როგორც კი ტუმანოვსკიმ შეიტყო ამის შესახებ, იგი შეუდგა ყველა ზომის მიღებას შემომტევთა გასამხნევებლად; გზავნიდა მათთან შიკრიკებს და დახმარებასაც ჰპირდებოდა. მისი მოკავშირეები მოითხოვდნენ, რათა რუსებს პირველებს მოეხდინათ ენზელიზე გასროლა. ტუმანოვსკის, რა თქმა უნდა, ამაზე დათანხმება არ შეეძლო და აღა-თოფჩი-სალმანელმა ამაოდ გაატარა მასთან რამდენიმე ღამე. საბოლოოდ ტუმანოვსკიმ დაარწმუნა იგი მათი მოთხოვნების უაზრობასა და შეუძლებლობაში, მაგრამ დაპირდა დახმარების აღმოჩენას იერიშის დროს (Рапортъ Скиличiя генералу Потёмкину, 3-го апреля 1787 года. Арх. Кабинета, св. 380).
30 სექტემბრის გათენების ღამეს აღა-მაჰმად-ხანის ჯარებმა შემოუტიეს ენზელის, და გედაეთი იქ თავს იცავდა იმ დრომდე, სანამ ცეცხლი არ წაეკიდა მის სასახლეს. ხედავდა რა, რომ უფრო მეტი ხნით აქ გამაგრების შესაძლებლობა არ არის, იგი თავის ერთერთ ვაჟთან ერთად ჩაჯდა ნავში და გამოემართა რუსული ფლოტილიისკენ, იმედოვნებდა რა მასში თავშესაფრის პოვნას. უწინარეს ყოვლისა იგი მიადგა იმ გემს, რომელზედაც უნდა ყოფილიყო კონსული სკილიჩი, მაგრამ შეიყო რა, რომ იგი ტუმანოვსკისთანაა, ხანი მათკენ გაემართა. მიცურდა რა გემის ძირთან და თან გარეშე პირთაც ემალებოდა, გედაეთმა მიაგზავნა თავისი მდივანი, რათა თავისთან გამოეძახა საკონსულოში მყოფი კაპიტანი კალმიკოვი და მას მოლაპარაკებოდა. კაპიტანი იდგა სკილიჩის ახლოს, რომელმაც უბრძანა კიდეც მას წასულიყო და ენახა, თუ ვინ იმყოფება ნავში. იხილა რა გედაეთ-ხანი, რომელიც ითხოვდა ფრეგატზე აშვებას, კალმიკოვმა უთხრა სკილიჩის და მიიღო ბრძანება რომ არ ამოეშვა იგი.
– ჯვარი ჩამომკიდეთ (Наденьте на меня крестъ), ყვიროდა გედაეთი, – სადაც გინდათ გამაგზავნეთ რუსეთში, ოღონდ კი მიმიღეთ თქვენთან ჩემი შვილებითა და ქონებით.
კალმიკოვი მეორედ მივიდა სკილიჩისთან, რომელიც, ტუმანოვსკისთან შეთანხმებით, თავად გამოვიდა გემბანზე და, ხედავდა რა, რომ გედაეთ-ხანმა ხელი სტაცა ზღვაში ჩაშვებული ბაგირის ბოლოს, და გემზე მოცოცავდა, ბრძანა გამოეგლიჯათ თოკი და არ ამოეშვათ. იმავე დროს მან გაგზავნა კალმიკოვი, რათა მას მოეძებნა თალიშის ხანი ალა-ვერდი-ბეგი, გედაეთ-ხანის შეურიგებელი მტერი, და უკანასკნელი მოწინააღმდეგის ხელში მიეცა.
კალმიკოვი ჩავიდა გედაეთ-ხანის კირჟიმზე და იქიდან ნავში გადაჯდა.
– სად მიდიხართ? ჰკითხა ხანმა კალმიკოვს.
– კონსულ სკილიჩის გემზე, სიცრიუთ უპასუხა მან. ნახევარ გზაზე კალმიკოვი შეხვდა ალა-ვერდი-ბეგს, რომელიც უკვე ეძებდა გედაეთ-ხანს, და, გადაჯდა რა თალიშის ხანის კირჟიმზე, უთხრა მას, რომ გედაეთ-ხანი იმყოფება ტუმანოვსკის გემთან.
მოღალატე და მდევრები მოადგნენ გემს.
– სად არის გედაეთი? ხმამაღლა იკითხა კალმიკოვმა.
– მე აქ ვარ, უპასუხა ხანმა, რომელსაც ეჭვი არ ჰქონდა, რომ უღალატებდნენ.
მოჰყვა დამბაჩიდან გასროლა და ტყვია პირდაპირ მკერდში მოხვდა უბედურ ხანს. იგი დაეცა; ალა-ვერდი-ბეგმა ხელმეორედ გაისროლა და, მოაჭრა რა გედაეთ-ხანს ყური, როგორც დანაშაულის ჩადენილი გმირობის დამამტკიცებელი (как доказательство совершенного подвига преступленiя), თავად სხეული კირჟიმიდან ზღვაში გადააგდო.
ენზელი გაძარცვულ იქნა, ასევე ხანის სასახლეც, სპარსელები სახლებში დადიოდნენ და ძარცვავდნენ; მათ ურთიერთ შორის დაინაწილეს ხანის ცოლები და მათი ჩვენებით ეძებდნენ ფულსა და ძვირფას ნივთებს, რომლებიც გედაეთ-ხანს ეკუთვნოდა და ნაწილობრივ მიწაში იყო დამარხული. ქალაქის ძარცვა მთელ დღეს გრძელდებოდა და საღამოსკენ ყველა სახლს ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული.
უბედური შვილები, რომლებიც მამის მკვლელებს ემალებოდნენ, ძალით ამოვიდნენ გემზე და ემუდარებოდნენ სკილიჩის მათი სიცოცხლის გადარჩენასა და რუსეთში გამოგზავნას, მაგრამ მესამე დღეს ისინი გადასცეს აღა-მაჰმად-ხანის ჯარების უფროსს, მუსტაფა-ხანს, ხოლო ერთი დღის შემდეგ კი მასვე გადაეცა ჩვენს გემებზე დატვირთული უბედური ხანის ქონებაც* (*გემებზე მომსახურეთა სიტყვებით, ჩვენს გემებზე გედაეთ-ხანის მიერ დატვირთულ იქნა: ძვირფასი თვლები და მარგალიტები – 5 ფუთი და 10 გირვანქა, ოქროს ზოდები – 262,5 ფუთი, თუმნიანები – 300.000, ბრილიანტის რამდენიმე ფრთა, 4.000 ძვირფასი ცხენის აღკაზმულობა, ხანჯლები, ხმლები, ხალიჩები, ძვირფასი ქსოვილები და სხვა. ამ ნივთების საერთო ღირებულება ადიოდა 10 მილიონამდე /Дополнительное показанiе генерал-маiора Шишкина. Госуд. Архивъ, XXIII, № 14/).
გედაეთის სხეული დაახლოებით სამ დღეს იყო წყლის სიღრმეში, ხოლო შემდეგ კი ზედაპირზე ამოვიდა...
“ღმერთმა, რომელსაც ადამიანის ბედს აამაღლებს, წერდა აღა-მაჰმად-ხანს გენერალი პოტიომკინი (Въ письме отъ 22-го декабря, № 1.152), რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი პირველი ცრუ მოხსენებებით გედაეთ-ხანის სიკვდილის შესახებ – გიბოძათ თქვენ, სახელგანთქმულო ხანო, სასურველი წარმატებანი. პროვინციისა და ენზელის თქვენს მიერ უკანასკნელი დაპყრობისას თქვენ ნათლად ნახეთ, თუ რამდენად შეუწყეს ხელი რუსმა უფროსებმა და ენზელის პორტში მყოფმა ხომალდებმა თქვენს წარმატებებს. აქედან შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ რუსეთის იმპერია თქვენდამი კეთილად არის განწყობილი, და მე იმედი მაქვს, რომ სპარსეთში თქვენი ძალაუფლების დასამყარებლად თქვენი ახლანდელი საქმიანობისას რუსეთის კეთილგანწყობა და ბრძენი და დიდებით გაბრწყინებული იმპერატრიცის ეკატერინე ალექსის ასულის კეთილმოწყალება საჭირო იქნება”.
ჩაიგდო რა საკუთარ ხელში გილანის პროვინცია, აღა-მაჰმად-ხანი, როგორც ვნახავთ, ზედმეტად თვლიდა რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებში შემოსვლას.
გამარჯვების მილოცვის საბაბით ტუმანოვსკიმ აღა-მაჰმად-ხანთან დაპირებული ფულების მისაღებად გააგზავნა სომეხი ხასტატოვი, გაატანა რა მას ორი ათასი მანეთის საჩუქრები* (*ხასტატოვმა აღა-მაჰმად-ხანს წაუღო: მაგიდის საათი 350 მანეთისა, 5 თუ 6 ასხმა სიასამურის ბეწვი, 30-30 არშინი ხავერდი და ატლასი, რამდენიმე არშინი მაუდი, შაქარი, ჩაი, ყავა და ყუთით ტკბილი არაყი 50 შტოფი); მაგრამ დაკარგა რა ეს ნივთებიც, ტუმანოვსკიმ ვერ მიიღო ვერც ერთი კაპიკი დაპირებული თანხიდან. მიიღო რა საჩუქრები, აღა-მაჰმად-ხანმა განაცხადა პრეტენზია, რომ მას გედაეთ-ხანის მთელი ქონება კი არ მიეცა, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი, ხოლო დანარჩენი კი დამალულია კონსულისა და ტუმანოვსკის მიერ. ეს განცხადება გაკეთებულ იქნა, რა თქმა უნდა, იმ მიზნით, რათა არ გადაეხადა დაპირებული ფული და არ მიეცა ძალზედ დიდი მნიშვნელობა იმ ქმედითი დახმარებისთვის, რომელიც მას აღმოუჩინა ტუმანოვსკიმ მის ბრძოლაში გილანის ხანთან. დატაცებული ნივთებისთვის აღა-მაჰმადი მოითხოვდა სკილიჩისგან 2 მილიონ მანეთს ვერცხლით და რადგანაც კონსულმა უარი განაცხადა გადახდაზე და უარყოფდა მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებას, ამიტომ აღა-მაჰმადმა ბრძანა რუსეთიდან მოსულ ყველა საქონელზე საბაჟო გადასახადის აკრეფა 25 კაპიკისა მანეთიდან.
ტუმანოვსკი სასტიკად იყო მოტყუებული და მალევე ენზელიში დაბრუნების შემდეგ ციებ-ცხელებით დაავადდა, ხოლო 17 ნოემბერს კი გარდაიცვალა* (*ტუმანოვსკისა და ჩვენი საკონსულოს საქციელი გამოუკვლეველი რჩებოდა 1795 წლამდე, როცა ადმირალ ჩიჩაგოვის სახელზე 14 ნოემბრის ბრძანებით მას უზენაესად დაევალა კომისიის შედგენა თავისი თავმჯდომარეობით და იმ გარემოებათა გამოკვლევა, რომლებიც თან ახლდა გედაეთ-ხანის გარდაცვალებას. კომისიის 1796 წლის 24 დეკემბრის მოხსენების მიხედვით, გაცემულ იქნა უზენაესი ბრძანება, რომლის თანახმადაც კარის მრჩეველი სკილიჩი, კაპიტანი კალმიკოვი, პრაპორშჩიკი ხასტატოვი, ჩინებისა და აზნაურის წოდების ჩამორთმევის შემდეგ, გადასახლებულ იქნენ ციმბირში საკატორღო სამუშაოებზე).
– გემიდან დაბრუნების შემდეგ, ამბობდა სკილიჩი თავის ჩვენებებში, – ტუმანოვსკი გამოდიოდა მეტად იშვიათად და დიდი სიძნელეებით. სირცხვილმა და გულის დაწყვეტამ, რომ იგი მოტყუებულ იქნა და ვერ მიიღო დაპირებული ფული, თავისი საქციელის გამო სინდისის ქენჯნამ და სასჯელის შიშმა აიძულეს იგი რომ სიკვდილის სურვილი ჰქონოდა. ორი თვის განმავლობაში იგი არ დგებოდა ლოგინიდან, არ ღებულობდა არც წამლებს, არც საკვებს, მხოლოდ საკუთარ თითებს იკბენდა.
გედაეთ-ხანის სამწუხარო ბედმა და მისმა აღსასრულმა ვერ აღაგზნეს სინანული რუსეთში. “გედაეთ-ხანისგან რუსი ვაჭრების მიერ განცდილი მთელი შევიწროვებები და მისი ტყუილები, წერდა ტავრიდის თავადი (Генералъ-поручику Потёмкину отъ 25-го декабря 1786 года, № 232), ვერ ხდიან მის დაკარგვას საგრძნობს. ისპაჰანელი მაჰმად-ხანის საქციელი კი, რასაც აქამდე დავკვირვებივართ, გვაძლევს საბაბს იმისა, რომ მოველოდეთ მასთან კეთილი თანხმობის დამყარებას”.
ასე ფიქრობდა თავადი პოტიომკინი პირველ ხანებში აღა-მაჰმად-ხანის მიერ გილანის პროვინციის დაუფლების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, მაგრამ როდესაც მან შეიტყო ახალი საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ ხანის საქციელის თაობაზე, და, ბოლოს, როცა მასთან მიაღწია ხმებმა ჩვენი საკონსულოს საძრახისი საქციელის შესახებაც, მას უნდა შეეცვალა თავისი აზრი და მიეღო სხვა ზომები ჩვენი ვაჭართა წოდების უზრუნველსაყოფად. ისპაჰანელი ხანის მზარდმა ძალმოსილებამ და სპარსეთში ერთმმართველობისკენ მისმა წარუმატებელმა მისწრაფებამ, აიძულეს რუსეთის მთავრობა რომ დაენიშნა საქმეებში თავისი რწმუნებული სპარსეთში. ასეთ პირად არჩეულ იქნა კანცელარიის მრჩეველი სერგეი ლოშქარიოვი (Архивъ Кабинета, св. 442). მომარაგებულ იქნა რა ღია სიგელით, აუცილებელ დარიგებებითა და “საგანგებო რწმუნების ფურცლებით იქაური სხვადასხვა მმართველისადმი, ლოშქარიოვმა მიიღო ბრძანება გაგზავრებულიყო სპარსეთში კონსტანტინოპოლის გავლით, რათა უფრო სწორად შეეტყოთ იქაური საქმეების ნამდვილი კავშირის შესახებ პორტასთან” (Письмо князя Потёмкина Булгакову, 13-го декабря, № 222).
ამისგან დამოუკიდებლად თავადმა პოტიომკინმა ისპაჰანში გააგზავნა კაპიტანი ლამპრო-კანჩონი წერილით აღა-მაჰმად-ხანთან, რომელშიც უგანათლებულესი წერდა, რომ მან არ დაახანა იმპერატრიცასთვის მოეხსენებინა “თქვენი გულმოდგინე სურვილის შესახებ, რათა დააწესოთ კომერცია რუსეთსა და სპარსეთს შორის და მისმა უდიდებულესობამ ამაზე თავისი წყალობის მოღება ისურვა. თქვენი უგანათლებულესობის ასეთი განზრახვანი, რომლებიც ორივე სახელმწიფოს სარგებელს ემსახურება, არანაკლები პატივისცემის ღირსია, როგორც თქვენს მიერ მოპოვებული გამარჯვებანიც. მე, რომელსაც გამაჩნია ტრაქტატების დადების სრული უფლება ყველა მეზობელ въ полуденном краю ხალხთან, თავს არ დავანებებ ჩემი მონდომების გამოყენებას ორ სახელმწიფოს შორის დაურღვეველი კავშირის დამყარებისთვის, მათში მცხოვრებთა ურთიერთ სარგებლის მატებისა და თქვენი კეთილგანწყობის შეძენისთვის”.
ამ წერილს ჯერ კიდევ ვერ მიეღწია დანიშნულების მიხედვით, როდესაც გენერალმა პოტიომკინმა მიიღო მოხსენება, რომ აღა-მაჰმად-ხანი ახალ საბაჟო გადასახადებს აწესებს საქონელზე, იტაცებს ჩვენს ვაჭრებს, პყრობილობაში ამყოფებს მათ და ჩვენი კონსულის ხელში ჩაგდებასაც კი ცდილობს. სკილიჩი მოახსენებდა, რომ ვაჭრობა უკიდურესობამდეა შევიწროვებული და ვაჭართა წოდება არაფრით არ არის უზრუნველყოფილი აღა-მაჰმად-ხანის თვითნებობისგან. ჩაიგდო რა ხელში ბევრი გილანელი თავკაცი, აღა-მაჰმად-ხანმა გამოუშვა ისინი თეირანიდან ფულების ისეთი თანხის გადახდის მოთხოვნით, რომელიც მათ ძალებს აღემატება: ერთს დაეკისრა ოცდაათი ათასი მანეთის გადახდა, სხვას კი ორმოცი ან სულაც ორმოცდაათი ათასი მანეთისა. მან დაადგინა ყველგან ახალი მმართველები, რომელთა გამომძალველობაც ისე შორს წავიდა, რომ, კონსულის სიტყვებით, ყველა თავკაცი და მდიდარი ადამიანი “ჩაცვენილნი არიან ერთნაირ უბედურებაში და იტანჯებიან უსასტიკესი სახით”. გუბერნატორები ხარკს ორმაგად კრეფდნენ, ხოლო ამის კვალდაკვალ კი მოვიდნენ საგანგებო კომისრები, რომელთაც ნაბრძანები ჰქონდათ გედაეთ-ხანის მთელი გაძარცვული ნივთების მოძებნა და ჩამორთმევა. კომისრები მხოლოდ ეჭვის გამო სტაცებდნენ ხელს ადამიანებს და არ ინდობდნენ არავის, რუსების ჩათვლითაც კი. ჩვენს ვაჭრებს დაეკისრათ ახალი საბაჟო გადასახადები. გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა აუცილებლად მიიჩნია ჩვენი ვაჭართა წოდების დასაცავად გაეძლიერებინა ესკადრა და რამდენიმე სამხედრო გემს უბრძანა მუდმივად ყოფილიყვნენ ენზელის მახლობლობაში. სასახლე და ციხესიმაგრე ენზელიში დანგრეულ იქნა იმ შიშის გამო, რომ თუ ისინი ჩავარდებიან რუსების ხელში, მაშინ ეს უკანასკნელნი ადვილად შეძლებენ მთელი გილანის დაუფლებასა და სპარსეთისთვის კანონების კარნახს (Рапортъ Скиличiя Потёмкину 3-го апреля 1787 года. Архивъ Кабинета, св. 380, часть II).
საქმეების არეულ-დარეულობა, ამბობდა პოტიომკინი, რომელშიც ჩაგვაგდო გარდაცვლილმა კარის მრჩეველმა ტუმანოვსკიმ, ადვილი გამოსასწორებელი არ არის. მე არ მაქვს იმედი, რომ აღა-მაჰმად-ხანი იგრძნობს მადლიერებას: ვინაიდან თუკი ტუმანოვსკის სიგიჟის ან გამყიდველობის გამო ენზელის დაუფლებისას მისდამი აღმოჩენილ დახმარებას, გედაეთ-ხანის ოჯახისა და მთელი ქონების მიცემას არ შეეძლოთ მასში მადლიერების გრძნობის აღძვრა, მაშინ უმადურობისგან საქმის შემობრუნების იმედის მოლოდინი საეჭვოა.
მიუხედავად ამისა, კავკასიის კორპუსის სარდალმა გადაწყვიტა მიექცია აღა-მაჰმად-ხანის ყურადღება იმ სარგებელზე, რომელიც მას შეეძლო გამოეტანა რუსეთთან კავშირისგან.
“სწორედ იმ დროს, წერდა პ. ს. პოტიომკინი (Ага-Магометъ-хану 30-го апреля 1787 года, Государствен. Архивъ, № 13, папка 62), – როცა მე მოველოდი, პატივცემულო ხანო, თქვენგან პასუხს მისი უგანათლებულესობის გენერალ-ფელდმარშალ გ. ა. პოტიომკინის წერილზე, როცა ვსასოებდი, რომ თქვენს მიერ რეშთის პროვინციის დაუფლება და მისი მფლობელის გედაეთ-ხანის დამარცხება თქვენ არცთუ მცირედ დაგავალდებულებდათ რუსი ვაჭრებისა და რუსეთის ტახტისადმი კეთილგანწყობის გაძლიერებაში, ენზელიში მყოფი კონსულის, კარის მრჩევლის სკილიჩისგან მივიღე მოხსენებები, რომლებიც მიხსნიან ჩემი მოლოდინის სრულიად საწინააღმდეგოს, იმ დასკვნის საწინააღმდეგოსაც, რომელიც ჰქონდა მის უგანათლებულესობას თავად გ. ა. პოტიომკინს თქვენი კეთილგანწყობის შესახებ. ჯერ კიდევ არ შემიძლია ზუსტად დავიჯერო, რომ თქვენ, რომელიც დაჯილდოებული ხართ გონიერებითა და მრვალი ნიჭით, იცით რა რუსეთის სიდიადე, მისი თვითმპყრობელი დედოფლის სიბრძნე, შესანიშნაობა და დიდება, მოინდომეთ რომ მისთვის მიგეყენებინათ უსიამოვნება და შეგევიწროვებინათ მისი ქვეშევრდომები.
ვკითხულობ რა ჩვენი კონსულის მოხსენებებს, ვხედავ, თქვენი უკმაყოფილება შედგება იმაში, რომ ენზელის გაძარცვის დროს, ორი თუ სამი სომეხი იყო მონაწილე გედაეთ-ხანის სახლის ძარცვისა. არ ვდაობ, რომ კონსულს თქვენს მიერ წაყენებულ პირველსავე საჩივარზე უნდა მოეხდინა თქვენი დაკმაყოფილება, მოეძებნა ნაძარცვი და დაუყოვნებლივ თქვენთვის დაებრუბებინა; მაგრამ, მეორეს მხრივ, მეჩვენება, რომ ამ მცირე მიზეზს არ შეეძლო თქვენი წახალისება რუსი ვაჭრების მიმართ მკაცრად მოქცევისა და კიდევ უფრო ნაკლებად კონსულის ხელში ჩაგდების ძიებისთვის.
თქვენ წერთ კონსულს, რომ რუს ვაჭრებს შეუძლიათ ვაჭრობა, და არა ძარცვა. თქვენი ეს ნათქვამი სწორია. მაგრამ რა უფლება გაქვთ, რომ რუს ვაჭრებს იჭერდეთ და ყარაულის ქვეშ გყავდეთ? თუკი ისინი რაიმეში მოიქცნენ დადგენილი კანონებისა და წესრიგის საწინააღმდეგოდ, მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უმცირესი საჩივრის დროსაც კი, თქვენ ყველანაირ დაკმაყოფილებას აღმოგიჩენენ, მაგრამ თვითნებურად მოქცევა რუსების წინააღმდეგ – ეს არის რუსეთისთვის შეურაცხყოფის მოყენება.
თქვენს მდგომარეობაში მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობა თქვენ მეტად გჭირდებათ. დაე დაამარცხეთ თქვენ გედაეთ-ხანი, დაეუფლეთ მის ოლქსა და მთელ ქონებას, თქვენს სინდისს მივანდობ იმის შეგრძნებას, რასაც თქვენ ვერ შეძლებდით, რა თქმა უნდა, ტუმანოვსკისა და კონსულს ამაში თქვენთვის ხელის შეშლა რომ დაეწყოთ.
აგიხსენით რა გარემოებები, გთხოვთ რომ რუსი ვაჭრები გაათავისუფლოთ და ვაჭართა წოდებას არ დაუწყოთ შევიწროვებანი. მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ, პატივცემულო ხანო, ჩემს სამართლიან მოთხოვნას შეასრულებთ”.
ამ წერილმა ლამპრო-კანჩონის ახსნა-განმარტებასთან ერთად იქონია თავისი მოქმედება. მაინც ჰყავდა რა ჯერ კიდევ შინაური მტრები, აღა-მაჰმად-ხანი ცდილობდა არ შეეწყვიტა საბოლოოდ ურთიერთობები რუსეთთან. მისი ვეზირი, მაჰმად-შეფი, წერდა გენერალ პოტიომკინს, რათა მას არ დაეგდო ყური “უსამართლოთა სიტყვებისთვის, ვინაიდან რუსეთსა და სპარსეთს შორის არანაირი უთანხმოებანი არ ყოფილა და არც იქნება” (Письмо Магометъ-Шефи отъ 14-го iюня. Государственный Архивъ, XXIII, папка 58). კონსულ სკილიჩისთან პაემნის დროს, მაჰმად-ალი არწმუნებდა მას, რომ იგი უფლებამოსილია დაპირდეს მას ყვალაფერ იმას, რასაც რუსეთის კარი მოითხოვს, და განსაკუთრებით ვაჭრობასა და (სავაჭრო) დაწესებულებებთან მიმართებაში, როგორც კასპიის ზღვის ნაპირებზე, ისე სპარსეთის შიგნითაც, თუმცა კი იმ პირობით, რომ რუსეთი არ აშენებდეს ციხესიმაგრეებსა და სიმაგრეებს (крепости и укрепленiя) (Рапортъ Скиличiя Потёмкину 17-го апреля 1787 года. Арх. Кабинета, св. 380, ч. II).
ასეთ ფართო უფლებამოსილებას თითქოსდა უნდა განემტკიცებინა ჩვენი მეგობრული ურთიერთობები სპარსეთთან, მაგრამ საქმით კი აღმოჩნდა საწინააღმდეგო. ელისაბედგრადში თავად პოტიომკინ-ტავრიდელთან გამოგზავნილმა მაჰმად-ალიმ მალევე თავისი საქციელით აღძრა უგანათლებულესის არაკეთილგანწყობა. ჭირვეულმა და სასტიკმა ადამიანმა, მან ერთხელ სცემა თავის მსახურს და დაპირდა რომ მოკლავდა მას. მსახური გაიქცა ელისაბედგრადში მყოფ დარუბანდის ხანის მიერ წარმოგზავნილთან და სთხოვა მის სახლში დაემალა.
– თუკი თქვენ არ დამმალავთ, ამბობდა მსახური, – მაშინ მე სიკვდილისგან თავის დასახსნელად იძულებული ვიქნები, რომ ქრისტიანობა მივიღო.
დარუბანდელის წარმოგზავნილმა, სადიკ მირზამ, დამალა დევნილი და სურდა ამის შესახებ მოეხსენებინა თავად პოტიომკინისთვის, მაგრამ მაჰმად-ალი, თავისი ამალის თანხლებით, შეიჭრა მის სახლში, მოძებნა დამალული და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას ხანჯლით. ასეთმა საქციელმა გამოიწვია საერთო აღშფოთება და აიძულა უგანათლებულესი, რომ გამოეთქვა მაჰმად-ალისთვის მისი საქციელის მთელი უმსგავსოების შესახებ. ამის საპასუხოდ თავხედმა სპარსელმა დაიწყო თავადისა და ჩვენი მთავრობის ლანძღვა-გინება, რისთვისაც დაპატიმრებულ იქნა კიდეც.
“თან წაიყვანთ რა დონის კაზაკთა დენისოვის პოლკის 24 ადამიანს, ერთი უფროსით, წერდა უგანათლებულესი კარის მრჩეველ პეტკოვიჩს (Предписанiе надворному советнику Петковичу отъ 17-го августа 1787 года, № 2.081), თქვენ უნდა გაემგზავროთ ელისაბედგრადში. იქ ჩასვლის შემდეგ, თქვენ უნდა მიხვიდეთ ისპაჰანელი აღა-მაჰმად-ხანის მიერ გამოგზავნილი მოხელის მირზა მაჰმად-ალის ბინაში და ჰკითხოთ მას: მართალია თუ არა რომ მან გაბედა წარმოეთქვა ის ლანძღვა-გინება, რომლის თაობაზეც იგი დაასმინა თარჯიმანმა ვართან პეტროვმა, და თუკი იგი თარჯიმნის მიერ ამაში მხილებული იქნება, მაშინ მას დაუყოვნებლივ დაუყენეთ ყარაული, რომელსაც უბრძანებთ რომ არც ბინიდან გამოუშვან იგი და მასთან სხვების შესვლაც აღკვეთონ”.
მალევე ამის შემდეგ მაჰმად-ალი გაძევებულ იქნა რუსეთიდან და ურთიერთობები აღა-მაჰმად-ხანთან კი შეწყვეტილი.
“რადგანაც აღა-მაჰმად-ხანისა და მისი წარმოგზავნილის საქციელი ნაკლებ სიკეთეს გვპირდება, წერდა უგანათლებულესი გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს (Въ предписанiи отъ 19-го августа 1787 года, № 2093. Исход. журн.), ამიტომ უფრო მეტად უნდა მოვეფეროთ მურთაზა-ყული-ხანს, მის ძმას, რომელიც რუსეთისადმი გულმოდგინებითა და სიყვარულით (привязанность) გამოირჩევა. ფრეგატებს უბრძანეთ იყვნენ დარუბნდის ნაპირებთან ახლოს, მურთაზა-ყული-ხანის სარგებლისა და დახმარებისთვის, თუკი საჭირო შეიქნება. ეგერთა ბატალიონები საქართველოში საჭიროებენ პროვიანტს; სიმშვიდის დარღვევის შემთხვევაში კი ისინი იქაური მიწის დასაცავად საკმარისი არ არიან. პურით მომარაგებაში სიძნელეების მიზეზით უბრძანეთ მათი იქიდან თქვენთან გამოყვანა, ხოლო მეფეს კი ჩვენი ჯარების გარეშე ნაკლები არაკეთილმოსურნენი ეყოლება” (а царь безъ нашихъ войскъ меньше будетъ иметь къ себе прицепокъ).
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment