საქართველოში ხშირად უყვართ ხოლმე იმის შესახებ ლაპარაკი, თუ როგორი კარგები ვართ ქართველები, ერთ-ერთი უძველესი კულტურის ხალხი, დიდი ისტორიული ტრადიციების, განათლებისა და ცოდნის მოყვარულნი და ა. შ.; რომ XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ დაიპყრო საქართველო, მოახდინა მის ანექსია და ამის შემდეგ დაიწყო ქართული ეროვნული თვითშეგნებისა და ქართველი კაცის ზნეობის დაქვეითება, საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დაქვეითება და სხვა. მაგრამ, განა კი მართლა ასე იყო საქმე? განა არაბებისა და შემდეგ მონღოლთა მრავალსაუკუნოვანი უღელი თავის კვალს არ დაამჩნევდა ქართველი კაცის ზნეობას, ან კიდევ ოსმალობისა და ყიზილბაშობის ძალმომრეობის საუკუნეები? თავად ქართველი ადამიანის ბუნებრივ ნაკლსა და მანკიერებებზე რომ არაფერი ვთქვათ? ამიტომ გადავწყვიტეთ ერთად მოგვეყარა თავი ზოგიერთი იმ მასალისთვის, რომლებიც წარმოადგენს საქართველოს იმდროინდელი ისტორიის წყაროებს, დაწერილებს უშულოდ თვალითმხილველთა მიერ, თანაც ვარჩევდით იმ ამონარიდებს მათი თხზულებებიდან, რომლებშიც შეგვიძლია დავინახოთ ქართველთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ესა თუ ის მხარეები.
მაგრამ სანამდე უშუალოდ საქართველოში რუსეთის იმპერიის შემოსვლის, ანუ XVIII საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების ამბებს შევეხებოდეთ, მოკლედ აღვნიშნავთ ორიოდ შტრიხს უფრო უწინდელი მოვლენებიდან. სახელდობრ, პროფესორი გ ი ო რ გ ი პ ა ი ჭ ა ძ ე თავის მცირე მოცულობის წიგნში “გეორგიევსკის ტრაქტატი და მისი ისტორიული მნიშვნელობა” (თბილისი, 1980 წ.), ერთგან აღნიშნავს: “ერთ-ერთი ქართული ხელნაწერი შეიცავს XVIII საუკუნის პირველი ნახევრის მინაწერს, სადაც ხაზგასმულია, რომ ფეოდალთა შორის ქიშპობას საქართველოსთვის დიდი ზიანი მოჰქონდა. ამ მინაწერში ნთქვამია: “მუხრანის ბატონი, არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავი, ამილახვარი – ესენიც ერთმანეთის მტერნი და მოქიშპენი იყვნენ, არც ერთმანეთს ასვენებდნენ და არც ქვეყანასა. და ამით მტერმა უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა, თორემ თუ ამათ ერთი პირი ჰქონებოდათ, ვერცრას უზამდნენ, ვერცრას სხვა მტერი წაართმევდათ რასმე. ამათი საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამხდარა, მაგრამ ამ საქმეს არც მოკლებიან და არც მოუშლიათ”.
გავიხსენოთ როგორ კიცხავდა ფეოდალთა შორის წარმოებულ ბრძოლას და ძმათა ომს XVIII საუკუნის დიდი პოეტი დავით გურამიშვილი”.
მეორე, ეს გახლავთ ვახუშტი ბატონიშვილის ერთი მეტად მნიშვნელოვანი შეხედულება. სახელდობრ, ვ ა ლ ე რ ი ა ნ გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი, “გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების” სერიით 1969 წელს გამოცემულ თავის წიგნში “ვახუშტი ბაგრატიონი”, განყოფილებაში “ვახუშტის ისტორიული აზროვნება”, ერთგან წერს: “ვახუშტი ბაგრატიონის ისტორიული აზროვნება იმდენად მწიგნობრულ განათლებაზე არ იყო დამოკიდებული, რამდენადაც მისი დროის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, ქართული ფეოდალური საზოგადოებს მიზანსა და მისწრაფებებზე.
მისი “ისტორია” სრულიად გარკვეული პოლიტიკური მიზნითაც არის დაწერილი, ხოლო მისი შინაარსი ვახტანგ VI დასის სამოქმედო პროგრამასთან შეფარდებული.
ვახუშტი ბაგრატიონი ეკუთვნოდა ქართული საზოგადოების იმ დასს, რომლის სამოქმედო პროგრამას შეადგენდა “თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, სახელმწიფო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგება, ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის ხელის შეწყობა”.
ამ დასის მთავარ საზრუნავს შეადგენდა მეფის ხელისუფლების განმტკიცება, თავაშვებული თავადების ალაგმვა, საქართველოს პოლიტიკური ერთიანობისათვის ნიადაგის მომზადება და ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული დაწინაურება-განვითარება...
...მისი შეხედულებით “ერთმეფობა” ქართველი ხალხის ძველის-ძველი ჩვეულებაა, “წესი დასაწყისითგანვე”, ბუნებრივი და თავდაპირველი, რომლიდანაც გადახვევა და “განყოფილება” მუდამ “შინაური შფოთით” და “გარეშე მტერთა” ჩარევით იყო გამოწვეული...
...პირველწყაროებზე დაფუძნებულ კვლევა-ძიებას იგი ასეთ დასკვნას უკეთებდა: “მაშ კვალად ერთმეფობა ყოფილა და შემდგომად განყოფა”.
ამის გამოსარკვევად მას შეუსწავლია “ყოველნი წერილნი” თამარ მეფიდან დაწყებული “სვიმონის ძის გიორგისამდე”. ამრიგად, სავსებით მართებულად, ქვეყნის დაშლის სათავეს იგი XIII საუკუნეში ნახულობდა, ხოლო მის გაღრმავებას XV-XVI საუკუნეებში.
მართლაც, სწორედ ამ დროს ძლიერდება “შინაური შფოთიც” და გარეშე მტრების მოძალებაც, რომელთა ურთიერთკავშირმა და ზემოქმედებამ XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე ქვეყანა პოლიტიკურ დაშლილობამდე მიიყვანა”.
ცოტა ქვემოთ ვალერიან გაბაშვილი ასე განაგრძობს მსჯელობას: “ისტორიკოსი, რომელსაც თავისი ისტორიული ნაწარმოების შინაარსი ისე ჰქოდა გამართული, რათა ეჩვენებინა საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა უძველეს დროში და ემტკიცებინა მისი აღდგენის აუცილებლობა “აწინდელ” ისტორიულ სიტუაციაში, არ შეიძლებოდა მკვეთრად არ დაპირისპირებოდა თავადებს, არ მოეთხოვა მათი პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა და მათდამი დაქვემდებარებული პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულების მეფის ხელისუფლების კონტროლისათვის დაქვემდებარება.
თავისთავად სათავადოთა სისტემის არსებობა გამორიცხავდა საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას, ამიტომ ვახტანგ VI ენერგიულად ახორციელებდა ღონისძიებებს მათი უფლებების შეზღუდვის მიზნით.
თავის მხრივ მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ დარაზმული თავადები ეყრდნობოდნენ არა მარტო რეაქციონურად განწყობილ ძალებს ქვეყნის შიგნით, არამედ გარეშე ძალების მფარველობასაც ეძებდნენ და შაჰინშაჰების თუ სულთნების ფირმანებით თავიანთ ხელშეუხებელ “უფლებებს” განამტკიცებდნენ.
ამიტომ თავადების უფლებების შეზღუდვა სპარსოფილური და ოსმალოფილური განწყობილებების შესუსტებასაც ნიშნავდა.
მეფის ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული სათავადო არც სპარსეთს და არც ოსმალეთს დასაყრდენად აღარ გამოადგენოდა. ამავე დროს, თუ ქართველები გაერთიანებას მოახერხებდნენ, მათ სამშობლოს ბევრს ვერაფერს დააკლებდნენ ვერც უკიდურესად დასუსტებულ-დაკნინებული სპარსეთი და ვერც დაუძლურების გზაზე შემდგარი ოსმალეთი.
ეს კარგად ესმოდათ ქართული ფეოდალური საზოგადოების მოწინავე, პროგრესულ ძალებს, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ქართულ ისტორიოგრაფიაში ვახუშტი ბაგრატიონი იყო.
ისტორიის საშუალებით მან შეძლო ეჩვენებინა იმ მიზნების მნიშვნელობა, რასაც ვახტანგის “სკოლის” და “პოლიტიკური დასის” მოღვაწენი ესწრფოდნენ მტრულად განწყობილი და ჩამორჩენილი მაჰმადიანური სახელმწიფოებით გარემოცვის პირობებში – ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას, საეურნეო აღმავლობა-დაწინაურებას და კულტურულ წარატებას.
ზემოთ უკვე ნათქვამი იყო, რომ ვახუშტის ამგვარი შეხედულებანი მედგარ წინააღმდეგობას იწვევდა ქართველი რეაქციონერი ფეოდალების წრეებში.
ისინი მტრულად იყვნენ განწყობილი როგორც ვახტანგ VI, ისე ვახუშტი ბაგრატიონის მიმართ.
არ ერიდებოდნენ არც ჭორს, არც ცილისწამებას.
სტრატემანის თხზულების პატარა წინასიტყვაობაში ვახუშტი შემთხვევით არ ამბობდა: “დავშვერ და ვიყავ წერასა შინა ამისა მრავალტანჯულ თვისთაგან... ვითარცა განმაგდეს და მომიძულეს ცუდად, მშრომელი მეფის შვილი ვახუშტი”.
რეაქციონერი თავადების მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას ისტორიკოსი ამჟღავნებს მათი პიროვნებისა და მოღვაწეობის აღწერა-დახასიათების დროსაც.
საერთოდ, მისი “აწინდელი” (XVII-XVIII სს.) ისტორია პოლემიკური ტონით არის დაწერილი და ისტორიის თხრობა აშკარად პოლიტიკის წიგნად გადაქცეული.
თავადების უფლებების დათრგუნვის წადილი გავლენას ახდენდა ისტორიკოსის მსჯელობასა და საბუთიანობაზე.
პოლემიკური ტონით აღწერდა ვახუშტი ბაგრატიონი საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ფაქტებსა და მოვლენებს. იგი მკვეთრად უპირისპირდებოდა არა მარტო ქართლის თავგასულ თავადებს, არამედ ქართლში გაბატონებულ კახელ ბაგრატიონებსაც (თეიმურაზ II და ერეკლე II – ი. ხ.). პოლემიკური პაექრობის ხერხების მომარჯვებით (ზოგჯერ კი აშკარად ტენდენციურად) ცდილობდა იგი კახ-ბატონების უფლებების გაბათილებას ქართლის სამეფო ტახტზე.
ეს იწვევდა როგორც რეაქციონერი თავადების, ისე კახ-ბაგრატიონთა მომხრეების უკმაყოფილებას, აღვივებდა მათ მტრობას პროგრესიულად და ლეგიტიმისტურად განწყობილი ისტორიკოსის მიმართ.
ვახუშტი ბაგრატიონი არა ერთხელ გამხდარა იგნორირების, “თვისთაგან მოძულებისა” და “მტრობის”, დაცინვისა და დამცირება-დამდაბლების საგანი.
მის “ნაბუშრობას” სრულიად გარკვეული პოლიტიკურ-ისტორიული მოსაზრებებით აღნიშნავდნენ კახ-ბატონების მომხრენიც.
ქედმაღლური დამოკიდებულების თუ დინასტიური თვალსაზრისის უშუალო გამოხატულებას წარმოადგენდა ის, რომ ვახუშტის მტრები ეჭვ ქვეშ აყენებდნენ მის უფლისწულობას და დაცინვით “ნაბუშარს” უწოდებდნენ”.
ასე ჰყვება ვალერიან გაბაშვილი ვახუშტი ბატონიშვილის შესახებ და ამ მონათხრობში ნათლად ჩანს მრავალი მანკიერება და სიმახინჯე ქართული საზოგადოების მაღალი ფენების ცხოვრებაში გაცილებით იმაზე უფრო ადრე, სანამდე მფარველობით ტრაქტატს გააფორმებდა რუსეთის იმპერია ქართლ-კახეთის სამეფოსთან 1783 წელს, ან კიდევ სანამდე უშუალოდ შეიერთებდა ისტორიული საქართველოს სამეფო-სამთავროებს XIX საუკუნის განმავლობაში. შემდეგში შევეცდებით ამ მხრივ საყურადღებო და საგულისხმო ამონარიდების მიწოდებას ჩვენი ბლოგის მკითხველთათვის ვახუშტი ბატონიშვილის “ისტორიიდან”, ამჯერად კი ზემოთ მოყვანილი თხრობითა და შეფასებით დავკმაყოფილდეთ.
ამ ორი საკითხის გადმოცემის შემდეგ შევუდგეთ უშუალოდ საქართველოში რუსეთის იმპერიის შემოსვლის დროინდელი ავტორების ნაშრომთა განხილვას. ქრონოლოგიურად შედარებით უფრო ადრინდელ მოვლენებს ეხება კაპიტან დ ე გ რ ა ი დ ე ფ უ ა ს ცნობები 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მსვლელობისას საქართველოში გენერალ ტოტლებენის მეთაურობით, რუსული ჯარის მცირერიცხოვანი კორპუსის ყოფნასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. მათ შესახებ უფრო დეტალურად არის ლაპარაკი ამავე ბლოგზე გამოქვეყნებულ ნაშრომში “ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ”, აქ კი გვინდა გამოვყოთ მხოლოდ ის მონაკვეთი, რომელშიც გადმოცემულია ქართველი ხალხის ცხოვრების მდგომარეობა იმ ხანებში. მაშინ სულ ახალგაზრდა შარლ დე გრაი დე ფუა გრაფ ტოტლებენის ადიუტანტი გახლდათ და იგი თავიდანვე შემოჰყვა რუსული ჯარის რაზმს, რომელიც დასაწყისში სულ რამდენიმე ასეულ ადამიანს მოითვლიდა. აი რას გვიყვება იგი:
“გრაფმა ტოტლებენმა თბილისს გაგზავნა თავადი რატიევი, რათა ეცნობებინა ერეკლესათვის, რომ მოემართება ხუთასკაციანი კორპუსით, რომელსაც მალე ათას ხუთასი კაცი მოჰყვება. იგი სთხოვდა მას ნებართვას, გაევლო მისი ქვეყნის ნაწილი იმერეთში გადასასვლელად, სადაც უნდა მისულიყო დანიშნულებისამებრ. იგი მტკნარ ტყუილს ამბობდა, ვინაიდან ასორმოცდაათ კაცზე მეტი არ ჰყავდა, ხოლო რემენნიკოვს, რომელიც ჯერ არ მოსულიყო, თავის განკარგულებსაში მხოლოდ სამასი კაცი ჰყავდა.
ვიდრე წინ დავიძვრებოდით, საჭირო იყო დავლოდებოდით თავადი რატიევის დაბრუნებას, ვინაიდან უკვე ერეკლეს ქვეყანაში ვიყავით. სწორედ სტეფანწმინდაში იწყება ამ ქართველთ ბატონის სამფლობელო. მან თავის ქვეშევრდომებად აქცია კავკასიონის ამ მხარეს მცხოვრები ხალხები, რომლებსაც მთიულები ეწოდებათ. მან აქ რამდენიმე ქართული სოფელიც კი დააფუძნა. ამ სოფლებში პირველთაგანი სტეფანწმინდაა. სწორედ აქ იჯდა ვინმე სახელად ყაზბეგი, გამწესებული ერეკლეს მიერ ამ სოფლების ერთი ნაწილის გამგებლად...
სტეფანწმინდიდან 10 ვერსზე არის ერთი მშვენიერი ვაკე-ადგილი, რომელსაც ბეკასების ველი ანუ ქართულად ადოს მინდორი ეწოდება. ჩვენ იქ 10 სექტემბერს მივაღწიეთ (1769 წლისა – ი. ხ.). ეს ვაკობი შეიძლება კავკასიონის შუაგულად მივიჩნიოთ. იგი მაღალი მთებითაა შემოჯარული. სწორედ აქედან იღებს სათავეს ორი მდინარე: თერგი, რომელიც დაკლაკნილია ოსეტინცებისა და ოსების ქვეყნების მთებში, თითქმის სწორხაზოვნად გადაკვეთს მცირე ჩერქეზეთსა და მცირე ყაბარდოს, ჩაუვლის მოზდოკს, ყიზლარს და მიედინება, რომ შეუერთდეს კასპიის ზღვას. მეორე მდინარეა არაგვი, რომელიც მთიულებით დასახლებულ კავკასიის მეორე ნაწილს რწყავს, გადაჰკვეთს საქართველოს და ასევე კასპიის ზღვას ერთვის გილანის მახლობლად.
კავკასიის მთებში მოსახლე ხალხებიასევე ძარცვა-რბევით ცხოვრობენ. ისინი იკრიბებიან ოცი-ოცდაათი კაცის რაოდენობით და მიდიან სათარეშოდ, რამდენადაც შესაძლებელია, შორს მათი სამოსახლოებიდან. ისინი ტყვეებს იჭერენ და შემდეგ ჰყიდიან, ან უკეთ რომ ვთქვათ, ცვლიან მათ. ერთი უბრალო ადამიანის ფასად დაწესებულია 40 ხარი. ერთი ხარი ოცდაათიდან ას ცხვრამდე ღირს. ცხენი ადამიანზე ძვირად ფასიბს. თავიანთი სოფლების შემოგარენში მათ აქვთ დასამუშავებლად ვარგისი, სკმაოდ მოვაკებული ადგილები. აქ ისინი თესენ ქერსა და ღომს. ქერს იყენებენ ცხენებისთვის, ღომს კი ხმარობენ ადამიანების საკვებად. ისინი აკეთებენ რაღაც რძის ფაფის მაგვარს, მაგრამ მათი ჩვეულებრივი საკვები არის ცხვრის ხორცი”.
ჩვენში გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს სათარეშოდ დადიოდნენ მხოლოდ ჩრდილოკავკასიელი მთიელები და ისინი ესხმოდნენ თავს ქართლ-კახეთის მოსახლეობას, მაგრამ დე გრაი დე ფუა ამბობს, რომ ეს საქმიანობა გავრცელებული ყოფილა საერთოს კავკასიონის მთებში მცხოვრებ ხალხებს შორის, მათ რიცხვში ქართველ მთიელებს შორისაც. ამასვე ამბობს ა რ ჩ ი ლ მ ე ფ ე ც თავის პოემაში “გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა”. კერძოდ, როდესაც თეიმურაზ მეფე ჰყვება კახეთში მისი მეფობის საწყის ხანაზე, იგონებს, რომ:
“მაისი დადგის – ტურფა თვე, ვარდი აყვავდის ბაღებსა,
ველნი ყვავილით შეიმკვის, ჰგვანდის წითლითა ნაღებსა,
ბულბულთა ყეფა ისმოდის, ვერ ვსჭვრეტდით სულდანაღებსა.
მე ვინ მნახევდის იმ დროსა ულხინოდ, სუფრა ნაღებსა?
იქ მოვიდიან ლეკები, მებატონენი კაცები,
მოკრძალვით გულ ხელმოჭდობით, მშიშრად, ვით ცხვართა ვაცები:
ფეშქაშსა მოცაზიდვიდეს, ვერ რბევით რას მომტაცები.
აწ ნახე სოფლის სიმუხთლე, ჩემზედა კვლა-და-კვლაცები!”
ხოლო როდესაც ზაფხულში ბარში სიცხეებს დაიჭერდა, მაშინ ახალგაზრდა მეფე თეიმურაზი თავისი ამალით ერწო-თიანეთში ადიოდა სანადიროდ და თავის შესაქცევად. აი რას ამბობს იგი შემდეგ:
“თიანეთს სხვა მთის ალაგი ვერ შეადარონ მას შურით,
სალხინოთა და საბურთლად ერწოდამ იქ მივაშურით,
კალმახი დაულევნელი ბადებითა თუ წყალწურით.
ლხინებს ვნახევდით ასეთსა, შორსმყოფთ იქ მოსვლა ვასურით.
ლეკს ზეით სხვა მთის კაცები იქ მოვიდიან, ვინც მყმობდა,
დიდონი, თუშნი, ხევსურნი, ფშაველნი ვერ მეკობრობდა,
ქისტი, ღლიღვი და ძურძუკი ერთპირად ძღვენს შემაძლნობდა,
ჩოხა-ნაბადსა დალისას ფეშქაში არ უნახლობდა”.
როგორც ვხედავთ, არჩილ მეფე ამბობს, რომ მეკობრეობა ქართველ მთიელებშიც საკმაოდ გავრცელებული საქმიანობა ყოფილა. ამიტომ არ არის საჭირო რაღაც გამოგონილი მიზეზების გამო სიმართლის დამალვა; ამით უწინარეს ყოვლისა ისევ საკუთარ თავს ვავნებთ. ახლა ისევ დე გრაი დე ფუას მოხსენებას დავუბრუნდეთ. იგი წერს, რომ ერეკლე შეხვდა გენერალ ტოტლებენს, მათ მოილაპარაკეს ურთიერთშორის და შემდგომისთვის თადარიგიც დაიჭირეს. ამის შემდეგ ერეკლე მეფე თბილისში დაბრუნდა, ხოლო ტოტლებენი ხუთასკაციანი ჯარით იმერეთისკენ დაიძრა, სადაც სოლომონთან ერთად თურქების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. მაგრამ ისევ დე გრაის მოვუსინოთ:
“ტოტლებენი ხედავდა, რომ იმ მცირე ოდენობის ხალხით, რომელიც მას ჰყავდა, შეუძლებელი იყო რაიმეს წამოწყება. მან მისწერა ასტრახანის გუბერნატორს, რამდენადაც შესაძლებელი იყო, მალე გამოეგზავნა მისთვის მაშველი ჯარი.
ბოლოს ანანურს მივაღწიეთ. ეს პირველი ქალაქია საქართველოში, რომელიც მდებარეობს კავკასიონის გადაღმა. ზარბაზნები კვლავ ლაფეტებზე დავაყენეთ და გავემართეთ მეორე ქალაქ დუშეთისაკენ, რომელიც მხოლოდ 50 ვერსითაა დაშორებული ანანურიდან. ეს ორი ქალაქი მეტად პატარაა. მათი შემოგარენი ნანგრევებს წარმოადგენს. თათარი ლეკები ხშირად გამოდიან თავისი მთებიდან, ატყვევებენ მცხოვრებლებს, რომლებიც ოდნავ დაშორდებიან თავის ქალაქს, და თურქებზე ჰყიდიან მათ.
დუშეთიდან მუხრანამდე დაახლოებით 80 ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ თათრები ხშირად დათარეშობენ ქალაქის გარშემო, ქალაქის შემოგარენი მაინც უკეთაა დამუშავებული, ვინაიდან აქ უფრო მეტი მცხოვრებია, რომელთაც თათართა თავდასხმის შემატყობინებელი განგაშის პირველსავე ხმაზე შეუძლიათ ამხედრდნენ ცხენებზე და დაედევნონ მათ.
მუხრანიდან ლამისყანამდე 120 ვერსია. ეს პატარა ქალაქი მთის ძირში მდებარეობს და ისევე გაძარცულ-გაუკაცრიელებულია, როგორც დუშეთი. აქედან მივედით მეჯვრისხევს, რომელიც ლამისყანიდან 30 ვერსითაა დაშორებული და სადაც ასევე ცუდი მდგომარეობაა. ბოლოს აქედან 40 ვერსის მანძილზე ვიხილეთ ქალაქი ცხინვალი, ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც ჩვენ შემოგვხვდა... ამჯერად ჩვენ იქ სრულებით არ შევჩერებულვართ და განვაგრძეთ გზა აბისისაკენ, რომელიც აქედან 30 ვერსითაა დაშორებული და უკანასკნელი ქალაქია, რომელიც ეკუთვნის ერეკლეს.
ბოლოს ჩვენ დავტოვეთ ქართლი და შევედით იმერეთში. 60 ვერსი განვვლეთ ისე, რომ კაცი არ შეგვხვედრია. რამდენიმე ნასოფლარი ადასტურებდა მხოლოდ, რომ ეს ქვეყანა დასახლებული ყოფილა.
თავადი მოურავოვი წინ მიგვიძღვოდა. ისე გადავიარეთ ტყით შემოსილი მთები, რომ არც ერთი ვაკე ადგილი არ გვინახავს. ბოლოს, მას შემდეგ, რაც მეტად ვიწრო გზებით გავიარეთ 200 ვერსამდე, სადაც ჩვენი არტილერია, მიუხედავად მისი სიმცირისა, გაჭირვებით გადიოდა, შემოგვხვდა მეფე სოლომონი, რომელიც ჩვენს შემოსაგებებლად მოდიოდა. ამ მეფის ღატაკურმა იერმა, მისმა სამოსმა, თანმხლებმა ამალამ მის შესახებ შეგვიქმნა იმის შესაბამისი შეხედულება, რაც ერეკლემ უკვე წარმოგვისახა.
სოლომონს არც ერთი ქალაქი არ გააჩნდა. დაახლოებით 1500 კაცით ტყეში ლტოლვილი იგი 15 დღეზე ხანგრძლივად ერთი და იგივე ადგილას არ ბანაკდება იმის შიშით, რომ თურქებმა არ მოახელონ. თვით თავის ქვეშევრდომებში დაეჭვებული, იგი ყაჩაღების წინამძღოლს უფრო ჰგავდა, ვიდრე ხელმწიფეს. დაახლოებით 40 წლისა იყო. მისი ხასიათი საკმაოდ ემსგავსებოდა გრაფ ტოტლებენისას. თავდაპირველად ყოველნაირად დაუწყეს ერთმანეთს მეგობრობის დამტკიცება და ამავე დროს ერთმანეთს არ ენდობოდნენ. გრაფი ამბობდა, „როგორც ვხედავ, ამ ქვეყანაში მე არაფერი მესაქმება, ვინაიდან სოლომონს არ ძალუძს მხარი ამიბასო“. სოლომონიც იგივეს ამბობდა – “ეს კაცი ჩემს დასახმარებლადაა მოსული, მაგრამ ამ პატარა ზარბაზნებით და 500 კაცით რას უნდა გახდესო?” ამავე დროს მათ ერთად დიდად მომხიბლავი გეგმები დასახეს...
ამასთანავე პური შემოგვაკლდა, სოლომონს არ ძალუძდა გამოეკვება 500 კაცი. იმერლები მხოლოდ წაბლითა და გოგრით იკვებებიან, იშვიათია, როდესაც ისინი პურს ჭამენ. მათ მიერ მოყვანილ ქერს იყენებენ ცხენების საკვებად. მალე ჩვენ მთელი სურსათ-სანოვაგე გავაჩანაგეთ. სოლომონმა ყველგან დაგზავნა ხალხი. იგი თვითონ წავიდა იმ სურვილით, რომ დაერბია ერთი პატარა მხარე, რომელიც დადიანს ეკუთვნოდა. იმედოვნებდა, რომ იქ იშოვნიდა ქერს და ერთხანს გამოგვკვებავდა... მაგრამ ტოტლებენს ცდის თავი არ ჰქონდა, მან აჰყარა თავისი ბანაკი და უკანვე თავის ნაკვალევს დაადგა...“.
როგორც ვხედავთ, კაპიტანი დე გრაი დე ფუა მკაფიო ხაზებით გვიხატავს ლეკთა თარეშის გამო ქართლის სოფლების გაჩანაგებისა და მოსახლეობის დიდად გაჭირვებული ყოფის სურათს. ამის შესახებ კიდევ უფრო მეტი დაწვრილებით საუბრობს გერმანელი მოგზაური იაკობ რაინეგსი, რომელიც დაახლოებით ათი წლის შემდეგ იმყოფებოდა საქართველოში. და განა ასეთივე გაჩანაგებული იყო ქართლის სოფლები ამ წლებიდან ერთი საუკუნის შემდეგ, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა? განა მაშინაც ბატონები ჰყიდდნენ თავიანთ ყმებს, ან კიდევ ლეკები იტაცებდნენ და ოსმალეთის ბაზრებზე გზავნიდნენ ქართველ დიდებულებსაც და ყმაგლეხობასაც, ვინც კი ხელში ჩაუვარდებოდათ? თანაც განა 1870-იან წლებში არ მოღვაწეობდნენ აქტიურად ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი წრეთელი, სერგეი მესხი, ივანე მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ხიზანიშვილი და სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეები? განა საიმპერიო ხელისუფლება არ აძლევდა მათ ასეთი მოღვაწეობის შესაძლებლობას, ქართული საქმის კეთების შესაძლებლობას? ან კიდევ ამ ამბებიდან 200 წლის შემდეგ, 1970-იან წლებში ასე გაჩანაგებული იყო ქართლის სოფლები, ასე გაწამებული მისი მოსახლეობა? მაშინ რატომ არ გვინდა თუნდაც ახლა, გადატანილი მრავალი უბედურების შემდეგ მაინც სხვანაირად შევხედოთ ჩვენს წარსულს, არა შეფერადებითა და შელამაზებით, არამედ რეალობითა და პატიოსნებით? არ მოვიქცევით პატიოსნად და ქრიატიანულად, და მაშინ შესაბამის სასჯელებსაც კიდევ მივიღებთ, და უფრო მეტ სასჯელებს მიიღებენ ისინი, ვისაც მეტი მიეცა – სულიერად, მატერიალურად და უფლებრივად, მაგრამ ამის დაფასება კი არ უნდა და კვლავინდებურად აგრძელებს სიცრუითა და ცილისმწამებლობით სიარულს ამ ქვეყნად და ქართულ საზოგადოებშიც ასეთივე შხამის ნთხევას.
1770-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოში იმყოფებოდა გერმანელი მეცნიერი გიულდენშტედტი, მაგრამ მას უფრო ზოგადი ცნობები აქვს მოყვანილი საქართველოს შესახებ (გეოგრაფიული, ფლორისა და ფაუნის და სხვა), ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრების თაობაზე კი ნაკლებად საუბრობს, თუმცა კი ერთი-ორი შტრიხით ეხება ქვეყნის მოსახლეობის გაჭირვებულ მდგომარეობას, სახლებად მიწურების გამოყენებას და სხვა. ამიტომ ამ ნაშრომში მის წიგნს უფრო დაწვრილებით ვერ შევეხებით. მაგრამ იმავე 1770-იანი წლების მიწურულს ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა სხვა გერმანელი მოგზაური ი ა კ ო ბ რ ა ი ნ ე გ ს ი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, დაახლოებული გახლდათ ერეკლე მეფესთან, ვინაიდან მას ესმოდა მედიცინა და მძიმე დაავადებისგან მკურნალობდა მეფის ძეს გიორგის; გარდა ამისა იგი ეხმარებოდა ქართველებს სტამბის მოწყობაში, საარტილერიო საქმის უკეთ აწყობაში და სხვა. მეფემ მას სარჩოსთვის სოფლები უბოძა ბოლნისის მახლობლობაში, ასევე რაინეგსმა იმოგზაურა იმერეთშიც და მეტად საყურადღებო ცნობები დაგვიტოვა ქართული საზოგადოების იმდროინდელი ყოფა-ცხოვრების შესახებ. სახელდობრ, იმერეთის სამეფოს აღწერისას იგი ამბობს:
“იბერიელი (იგულისხმება იმერელი) ისევე ამაყია, როგორც უდარდელი; როცა იყინება, მხოლოდ მაშინ აგროვებს შეშას და, როცა შია, მხოლოდ მაშინ მოიფიქრებს მოძებნოს, აქვს თუ არა რაიმე საჭმელად. სახლში ის ჭამა-სმაში მცირედით კმაყოფილდება, სამგიეროდ მაგრად თვრება, როცა სხვის სარჩოს აჩანაგებს. ფეტვის ფქვილი წყლით და მარილით მოხარშული ნახევრად მშრალ სქელ ფაფად, რომელსაც ისინი ღომს უწოდებენ, იბერიელებს პურის მაგივრობას უწევს, რაც ცივად მოხარშულ ღორის ან ქათმის ხორცის ნაჭრებთან და საკმაოდ მოზრდილ ბოთლ ღვინოსთნ ერთად მის საზრდოს შეადგენს.
ზამთრობით ყოველი ბორცვი არის მათი კერა, ხოლო ფიცარი _ საწოლი, რომელზეც, ტყავის ქურქში გახვეულს, ძალზედ მშვიდად და უდარდელად სძინავს; იბერიაში საწოლების ხმარება, ისევე როგორც პურისა, არაა მიღებული და, რადგან მათ აფუებული ცომი არ იციან, ამიტომ პური, რომელსაც ისინი სტუმრებისათვის ან უცხოელებისათვის ძალზედ უსუფთაოდ ამზადებენ სიმინდის ფქვილისგან, არაა დამჟავებული და უგემურია.
უდარდელობის გამო იბერიელი ღარიბია, მაგრამ სიამყე აიძულებს მას, რაც აქვს, იმითაც სტუმართმოყვარე იყოს; ნაცნობი ან სახელოვანი მგზავრი იბერიელის სახლს ისე ვერ ჩაუვლის, რომ ბიჭებმა კვერცხი, ხილი, თაფლი და ღვინო არ დაახვედრონ და თუ სტუმარი წასვლას დააპირებს, აიძულონ ან ცატა გასინჯოს, ანდა თან წაიღოს.
იბერიელი მორჩილია სანამ იმედი აქვს, ან რაიმეს ელის; ყოველთვის ეჭვიანია და მტერი იმისა, ვისიც ეშინია; მდაბლად მთხოვნელი, როცა რაიმე სურს მოიპოვოს და საკმაოდ ამაყი, რათა მადლობა გადაუხდოს, როცა თავის სურვილს შესრულებულად ჩათვლის. ის ყოველთვის მხიარულ გუნებზეა, მოსაუბრეა; მზადაა გემსახუროს, როცა ის უმცირეს სარგებელს მოელის; უდარდელი, როცა საქმე კარგად აქვს და გულგრილად ჯიუტი გარდუვალი უბედურების დროს; ხოლო როცა მოულოდნელად ბედნიერება შეემთხვევა _ უსაზღვროდ კმაყოფილია. ისაა არაჩვეულებრივად გამძლე ფეხით მოსიარულე და ძალზე მამაცია მხოლოდ თავის ქვეყანაში”.
შემდეგ დოქტორი რაინეგსი აღწერს იმერეთის სამეფოს ცალკეულ სათავადოებს და ერთგან ჰყვება: “აწყურიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით თოთხმეტ ვერსზე მაღლ მთაზე დგას ავალისციხე, ძველი მაგარი მთის ციხე, სადაც არის მტკიცედ დადგენილი საზღვარი აკისკასა (ახალციხის საფაშოსა _ ი. ხ.) და ქართლს შორის. აქედან ჩრდილოეთით ხუთ ვერსზე არის ვახანი, დიდი სამფლობელო, რომელიც ხან იბერიას (იმერეთს) ეკუთვნის, ხან ქართლს და არის აბაშიძეთა გვარის საკუთრება. ის ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით ქართლ-ოსეთის მთებამდე და... სამხრეთ-დასავლეთით ის აღწევს თითქმის ჩილდირის მთის დასაწყისამდე.
ძველთაგანვე აბაშიძეთა გვარი ცნობილი იყო, როგორც მღვრიეში თევზის მჭერი, ყველასი და არავის მორჩილი. მათი გვარის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ქორწინებით და დამოყვრებით იბერიაში (იმერეთში) მომხრეები გაიჩინა; ზოგიც დადგა ქართლის სამეფო კარზე; ზოგი კი აკისკაში ცხოვრობდა. მაგრამ ყოველთვის, მიუხედავად გარეგნულად ასეთი დაფანტვისა, ისინი ერთი აზრისანი იყვნენ საერთო სამფლობელოს შესახებ. მათ მლიქვნელური მოხერხებით თავის ხელში ჰქონდათ მთავრებისა და ფაშების საიდულოებანი; დიდი მცდელობით გამოწვეული ორმხრივი ეჭვი ხალხს, ბატონებსა და მთავრებს შორის იყო აბაშიძეთა დიდი გასართობი, რომლებიც დაუღალავი და შეუცნობელი სიბეჯითით აღვივებდნენ შუღლს, რომელსაც გადაზრდიდნენ მტრობაში და, როცა კი მოისურვებდნენ, აშკარა ომადაც აქცევდნენ, რის შედეგადაც ეს მოსაზღვრე მთავრები სუსტდებოდნენ, ხოლო აბაშიძეები ძლიერდებოდნენ.
უკნასკნელი და უდიდესი ოსტატი თავის ცილისმწამებლურ ხელოვნებაში იყო ქაიხოსრო აბაშიძე, მეფე სოლომონის ცოლის ძმა და მისი ბოროტი მრჩეველი; მეფე ერეკლეს ერთგული და ამავე დროს ფარულად მისი დიდი მტერი; აკისკას ფაშის მეგობარი და მისი მდევნელი. თხუთმეტი წლის მანძილზე ქიხოსროს თამაშს გარკვეული შედეგები ჰქონდა და თავის ეშმაკურ საქციელს კიდევ დიდხანს გაგრძელებდა, მას რომ ლეკებისათვის მეტისმეტად არ გაემჟღავნებინა (თავისი თავი) და ისინი შურის საძიებლად არ გამოეწვია; რამდენიმე წლის წინათ დაესხნენ ისინი ვახანს თავს, ყველაფერი ცეცხლითა და მახვილით გაანადგურეს და მოსახლეობა და თვით ქაიხოსროც ტყვედ წაასხეს, და ეს ისე სწრფად ჩაიდინეს, რომ მათი თავდასხმა არც იბერიაში, არც ქართლში და არც აკისკაში არ გაუგიათ, მანამ ყოველივე უკვე სისრულეში არ იქნა მოყვანილი”.
როგორც ვხედავთ, ძალზე გულისმომკვლელი სურათია აღწერილი, მაგრამ ამ გულისმომკვლელ ვითარებასაც ხომ თავისი მიზეზები ჰქონდა, და ამ მიზეზების თაობაზეც მკაფიოდ გვესაუბრება გერმანელი მოგზაური. ახლახანს აჩვენეს ერთი ახალი დოკუმენტური ფილმი საპატრიარქოს ტელევიზიით ვახანის ციხის შესახებ და მასში მოთხრობილი იყო ლეკთა მიერ მისი აღებისა და სასტიკად გაჩანაგების ამბავი. თითქოს იაკობ რაინეგსის წიგნიც უკვე ითარგმნა ქართულად და ფილმის შემქმნელებს შეეძლოთ მასში გადმოცემული ამბების გათვალისწინება, მაგრამ ნურას უკაცრავად. იქ მხოლოდ ლაპარაკი ჰქონდათ იმ ტრადიციული განწყობით, თუ როგორ ჩაგრავდნენ საქართველოს გარეშე დამპყრობლები და მოთარეშეები, როგორი თავდადებით იბრძოდნენ ქართველები საკუთარი სამშობლოს დასაცავად და სხვა, მაგრამ იმ ორგულობისა და ორპირობის შესახებ, აბაშიძეთა სახლის მხრიდან, რაც, ასე თუ ისე, გასდიოდათ ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეებთან და ახალციხის ფაშებთან ურთიერთობებში, მაგრამ რამაც ასე გაამწარა დაღესტნელი ფლობელები, ანუ ჩვენივე საკუთარ მანკიერებებზე საუბარი, სამწუხაროდ, არც საპატრიარქოს ტელევიზიაში უნდათ. მეორეს მხრივ, ჩვენი სასულიერო პირები ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ ხიბლი ისეთი მდგომარეობაა, როცა საკუთარ თავს იმაზე უკეთესად წარმოვიდგენთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ, და გვირჩევენ, რომ ვეცადოთ ასეთი მანკიერებისგან გათავისუფლებას. მაგრამ ეს პიროვნულ ხიბლზეა ხოლმე ლაპარაკი, ხოლო როცა ეროვნულ საკიხებში ხიბლის თაობას ვეხებით, მაშინ კი უკვე ჩვენს სასულიერო წოდებასაც ავიწყდება, სამწუხაროდ, თავისივე ნაქადაგები და ისევ შელამაზების, ტყუილებისა და მიჩუმათების ხასიათზე დგება ხოლმე. მაგრამ ეროვნული საკითხი ხომ ხშირ შემთხვევებში იზოლირებულად არ განიხილება, არამედ ერებსა და ხალხებს შორის სამტრო და სამოყვრო ურთიერთობების ჭრილში; და როდესაც ჩვენი მანკიერებისა და შეცდომების, ან სულაც დანაშაულებათა მიჩქმალვა და მიჩუმათება გვინდა, მაშინ ხომ სხვებს ვაბრალებთ ხოლმე ჩვენივე წინაპართა შეცდომებსა და დანაშაულებს, ხოლო ეს კი ცილისმწამებლობაა, რასაც პირდაპირ გვიკრძალავს უფალი. და მეტად სამწუხაროა, რომ ჩვენივე სასულიერო წოდების ერთი ნაწილი ასეთ ცილისმწამებლობას მისაღებად მიიჩნევს და თვითონაც ჩართულია ასეთ საქმეებში რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შეფასებისას.
ახლა ისევ იაკობ რაინეგსის თხზულებას დავუბრუნდეთ. მასში არის თავი სახელწოდებით: “იბერიისა და გეორგიის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ” (იბერიად ავტორს ნაგულისხმები აქვს იმერეთი და საერთოდ დასავლეთ საქართველო, გეორგიად კი აღმოსავლეთ საქართველო), რომლის შინაარსიც ქვემოთ მოგვყავს:
“მართალია, გეორგია თავის ნაყოფიერ მიწაზე ცოტა მოსახლეობას ითვლის, მაგრამ მათ ყოველთვის შეეძლოთ მბრძანებლის ბედნიერება შეექმნათ. ამ უკანასკნელს ის ყოველთვის რომ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა ის ნაწილი გეორგიისა (აქ უკვე საქართველო იგულისხმება _ მთარგმნელის შენიშვნა), რომელსაც საერთოდ იბერია, ან იმერეთი ჰქვია, ითვლის 19-20 ათას კომლს. 50-დან 60 ათასამდე კაცის სიბეჯითე რომ შეერთებულიყო და სიუხვით ბედნიერი ქვეყანა დაემუშავებინა, რომელ ხალხი იქნებოდა თავისი მდიდარი შემოსავლით ისე კმაყოფილი, როგორც ესენი? _ მაგრამ როგორც დიდნი, ისე მდაბალნი ამა ქვეყნისანი მიწაში ამოთხრილ ორმოებში ისე ამაყად და კმაყოფილად გრძნობენ თავს, როგორც უდიდესი ხელოვნებით აშენებულ სასახლეებში; უკეთესი ცხოვრების მოწყობის უცოდინარობის გამო არიან გულგრილი და ზარმაცები. მათ მიატოვეს ნაქები სიბეჯითე, ან უფრო უკეთ მოვალეობა, რომ მოიმკან თავისი ქვეყნის საუნჯე. ისინი არსად ისე ყოჩაღები და დაუღალავები არ არიან, როგორც ურთიერთ ქიშპსა და ბრძოლებში, მაგრამ არა თავისი მბრძანებლის მორჩილებისა ან სიყვარულის გამო, არამედ იმიტომ, რომ თითოეულს სურს გამდიდრდეს და იმედი აქვს ფულისა და ქონების მოხვეჭისა. ეს იმედი აიძულებს მათ იყვნენ ფრთხილი, ხოლო ხშირად _ მამაცები; ივიწყებენ საფრთხეს, რომელშიც ისინი თავს იგდებენ მოგების სურვილით და, რადგან ასეთი რამ მალე უვარდებათ ხელში, ამიტომ ამას ამჯობინებენ იმ სარგებელს, რაც მათ გაცილებით მეტი შეეძლოთ მიეღოთ სამეურნეო სიბეჯითით რამდენიმე თვეში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთთავდასხმებსა და ბრძოლას ხშირად იმედის გაცრუება მოჰყვება და მრავალ საფრთხესთანაა დაკავშირებული, ეს მიდრეკილება მათში მაინც ვერ აღმოიფხვრება; ისინი, თავისი დიდი სიღარიბის მიუხედავად, ამჯობინებენ დაელოდონ რაიმე ოდნავ ბედნიერ შემთხვევას, ვიდრე მშვიდი მცდელობით იშრომონ. ამ თავისთავად დიდ ცოდვას რომ შეშვებოდა ეს ხალხი, მაშინ ის ვერ იგრძნობდა თავის გაჭირვებას, რომელშიც ჩავარდნილია. ამ ხალხმა იცის, რომ ძალზე შორსაა ბედნიერებისაგან, ის გრძნობს საკმაოდ კარგად თავისი მდგომარეობის სისუსტეს, მაგრამ არა აქვს მისი გაუმჯობესების საშუალება კარგი სახელწიფო წყობის უქონლობის გამო. ამჟამად მთელს იმერეთში არ მოიძებნება ქალაქი თუ სოფელი, რომელიც ქალაქის ან სოფელის სახელს იმსახურებდეს. ხშირ ტყეებში, ანდა მწვანით დაფარულ ბორცვებზე ერთიანდებიან ერთი საგვარეულოს წარმომდგენლები თავის მეზობლებისგან გამოყოფილად. ისინი თავიანთ ცალკეულ ქოხებში ველური სიმტკიცით იტანენ კეთილმოწყობის უქონლობას, რომელიც მათ ექნებოდათ ერთად ცხოვრების პირობებში. მაცხოვრებელი ცუდი სახელმწიფო წყობის გამო არაა განათლებული, და არც იქნება, რადგან სამართლის უქონლობა მას ხდის თავისი ბატონის საცოდავ მონად. ამდენად ის უფრო მეტად უგუნურდება და სიზარმაცე არის მისი ერთადერთი ავლადიდება თავის სიღარიბეში, რასაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შეგნებულად მოუცავს, რადგან, მათი ხელები მართლაც ბეჯითი შრომით რომ იყვნენ დასაქმებულნი, მაშინ მათი მფლობელის შეუზღუდავი ძალაუფლება და სიხარბე მარტოდმარტო დაეპატრონებოდა ნაყოფს, რომელსაც ქვეშევრდომი მთელი თავისი მონდომებით მოიყვანდა. მთელი თავისი მცდელობის მიუხედავად, ის მაინც ისე ღარიბი იქნებოდა, როგორც ახლა უსაქმურად ყოფნისასაა. თავისი ასეთი უსაქმურობით ის ზღვარს უდებს თავისი ბატონის სიძუნწესა და ტირანიას, ისევე როგორც საკუთარ ბედნიერებას. ბატონი, რომელიც თავისი ქვეშევრდომების სიღარიბით თავადაც საცოდავია, იმის მაგივრად, რომ გამონახოს საშუალება თავისი ქვეყნის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხსნას პოულობს კმაყოფილ ამპარტავნობაში და როცა მას, ცხვრის ქურქში გახვეულს, ბალიშად ქვა უდევს თავქვეშ და მოუსვენარ და მძიმე ღამეებს ათენებს, მაინც თავს ბატონად თვლის, და დიდი სიამაყით წარმოთქვამს: პატრიარქ იაკობსაც ასე ეძინა, მაგრამ ის მასზე უფრო წარჩინებული არ ყოფილა!
თუკი ოდესმე ამ ხალხის მბრძანებელი გადაწყვეტდა მოეძებნა ის ბედნიერება, რასაც მას ზომიერი ჰაერი, ჭარბი ნაყოფიერება და თავისი ნიჭიერი, თავაზინი ქვეშევრდომების მორჩილება ჰპირდება, მაშინ ის თავისი ხალხის კეთილდღეობაში უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებდა, რასაც ის ამჟამად სავსებით მოკლებულია. მისი ბატონობა მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მრისხანე ბრძანებებს იძლევა თავის, ხელის ან ფეხის მოკვეთის, ანდა თვალების დათხრის შესახებ.
სულ სხვა მდგომარეობაშია საქართველოს ის მოსახლეობა, რომელიც მეფე ერეკლეს ხელქვეით ცხოვრობს. ინდოეთში ლაშქრობამ, სადაც ეს ბატონი ნადირ შაჰს ახლდა, ერეკლეს დაანახვა და ასწავლა ამოერჩია საშუალებანი ცხოვრების წესების სირბილესა და უხეშ სიმკაცრეს შორის. მუდმივი ურთიერთობა მეზობელ მფლანგველ სპარსეთის მმართველებთან და თურქეთის ფაშებთან, მათი ელჩების გაუთავებელი სტუმრობა, ყოველივე ამან აიძულა ის საჭიროებისამებრ უფრო მდიდარი ყოფილიყო და ეფიქრა საშუალებებზე, რათა, სულ ცოტა, სათანადო სიმყუდროვე მაინც მოეპოვებინა, რასაც მას მისი ქვეყანა სთავაზობს და რასაც მისი მდგომარეობა და გვარი ავალებენ. ყველა სარგებელი გამოცხადებულ იქნა კანონიერად; ეძებდნენ ყოველ შესაძლო საშუალებას, რათა ებრწყინათ; და გარკვეული დანაკლისის შევსება ვაჭრებს მიანდო, რომლებიც რუსეთიდან, სპარსეთიდან და თურქეთიდან ამ მხარეში ვაჭრობდნენ. ქვეშევრდომთაგან უმაღლესნი თავისი ბატონის კარს ბაძავდნენ. თუკი ეს ჩაცმაში, სუფრასა და ქცევაში ყველა დანარჩენზე უფრო ბრწყინვალეა, არც იმათ სურდათ ნაკლები ყოფილიყვნენ და როცა ყოველი მათგანი საჭირო საშუალებებზე ფიქრობდა, მემინდვრეობა და მესაქონლეობა ყველაზე სასარგებლოდ ეჩვენებოდათ (მიუხედავად თავისი სხვამხრივ შეზღუდული შეხედულებისა). გეორგიელი გლეხი (მის გვერდით განსაკუთრებით სომეხია აღსანიშნავი) აორკეცებს თავის ჯაფას და ასმაგი სიუხვით ხელს უწყობს თავისი ბატონის ხარჯების დაფარვას. ეს კი იძულებულია გაზრდილი შთამომავლობის გამო შემოსავალი დაჰყოს და რადგან ამით ახალ გაჭირვებაში ჩავარდა, გლეხი ახალი გადასახადით იბეგრება. ასეთი მუდმივი იძულების გამო გლეხი გაღარიბდა; იგი დაღვრემილი თესავს ყანას თავისი ბატონის ხარჯებისათვის და თავისი ძლივს საკმარი პურისათვის.
საქართველოს მოსახლეობა ყველგან ერთნაირად ღარიბია; მათი მმართველები კი ხარბები, ოღონდ ერელეს ბეჯითი ქვეშევრდომების შეძლება უფრო მეტ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, ვიდრე იმერლებისა, რომლებიც მონურ მორჩილებაში იმყოფებიან და არ აქვთ ამის საშუალება. ქვეყანა, რომელსაც შეეძლო თავისი მოსახლეობა ყველა ერთნაირად ბედნიერი, ერთნაირად მდიდარი გაეხადა თავისი ნაყოფიერებით, სუსტი მართვის გამო ძლივს აღწევს თავს შიმშილს.
მეორე წყარო სიღარიბისა არის სამართლის უქონლობა, რადგან მისი წარმოება მხოლოდ შიშზე, კეთილგანწყობასა და შემწყნარებლობაზეა დაფუძნებული. საქართველოს ძველი მმართველები უშვებდნენ მართალია კანონებს, როგორც ამას ქვეყანა მოითხოვდა, მაგრამ მაშინაც არ სურდათ სამართლის ძალის ცოდნა და შეცდომა დღესაც ჩვეულებრივი რამ არის. როგორ არ ეცადა წარსულში მეფე ვახტანგი დაედო წესრიგი სამართალწაროებაში, მაგრამ მაინც ყველა მისი გარჯა წყალში ჩაიყარა, ამიტომაც მიაწერა მან ბოლოში საკუთარი ხელით სამართლის წიგნს: “მართალია მე შევადგინე ეს სამართლის წიგნი, მაგრამ საქართველოში ჯერ არასოდეს ყოფილა სწორი სამართლის წარმოება და არც იქნება”. შფოთიანმა და უსამართლო დროებამ აიძულა ეს მეფე მიეტოვებინა საქართველო და თავისი დღეები რუსეთში დაელია. დღევანდელ დღეს ხშირად აიძულებს მეამბოხე ქვეშევრდომი სამართალი მის სასარგებლოდ აწარმოონ, რომელიც (ადრე) მის წინააღმდეგ იყო (მიმართული), რადგან მმართველი, უმაღლეს მფარველობას მოკლებული, მოთმინებით და შემწყნარებლობით ექცევა ასეთ მეამბოხეს. სარგებლობა კანონების შესრულების პირობებში ნათელი იქნებოდა, მაგრამ მათი დაცვა ბევრ სიძნელეს აწყდება. ერთხელ შემოიღეს საყოველთაო კანონი ქვეყნის სიკეთისათვის: არცერთი მოსახლე აღარ გაეყიდათ მონად. ყველა ხედავდა ამ კანონის საჭიროებას; მაგრამ როცა ფული შემოაკლდებოდათ, ისინი ნახულობდნენ იოლ გზას მის საშოვნელად: თავის უბედურ ქვეშევრდომებს, როგორც კარგ ქრისტიანებს თურქულ ბაზარზე ჰყიდდნენ, ხოლო თავის მამასთან და დედასთან, თავის ცოლთან და შვილებთან უნუგეშო გამოთხოვების დროს ამ საბრალოს არწმუნებდნენ და უყვიროდნენ, კარგ გუნებაზე ყოფილიყო, რადგან ეს იყო გზა, რომლითაც ის თავის ბედნიერებას მოიპოვებდა და შესაძლებელი იყო სულაც, რომ ბეგი გამხდარიყო ეგვიპტეში. თუკი ამ დანაშაულის გამო საჩივარი მმართველის ყურს აღწევდა, აზნაური თავს იცავდა არა თავისი უფლებით, რომელიც მას როგორც ბატონს ჰქონდა თავის ყმებზე და მათ ქონებაზე, არამედ მოჰყავდა თავისი მეზობლების მაგალითი, რომელთაც ასევე ტყვეები გაეყიდათ. რადგან დამნაშავეები საკმაოდ ბევრნი იყვნენ, ამდენად სამართლის ქმნა სხვა დროისათვის გადაიდებოდა და ალბათ სავსებით შეუსრულებელი რჩებოდა.
ასეთმა შემწყნარებლობამ ისე გაათავხედა საქართველოს ერთერთი უწარჩინებულესი, რომ მან ებრელთა მთელი სოფელი ერთ ჯერზე თურქებს მონებად მიჰყიდა და კანონის წინაშე თავის დაცვის დროს ყოვლად სერიოზულად ამტკიცებდა, რომ მას, როგორც ქართველ მართლმორწმუნეს, ამ ებრაელთა გაყიდვის დროს არავითარი სხვა განზრახვა არ ჰქონია, გარდა იესო ქრისტეს სისხლისათვის შურის ძიებისა! დახმარებამ, სარწმუნოებამ და მღვდლების თანხმობამ იმ სასჯელისაგან გაათავისუფლა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებდა.
საქართველო კიდევ უფრო დაიცლებოდა მოსახლეობისგან, თურქებს რომ არ შეესრულებინათ მეფესთან დადებული ხელშეკრულება _ რომ არ იყიდდნენ ქართველ მონებს.
ამ პროვინციას აგრეთვე არანაკლებ ზიანს აყენებს აზნაურთა უთანხმოება ერთმანეთს შორის და ქვეყნის დამოკიდებულება მოსაზღვრე პატარა სპარსულ სამფლობელოებთან. ქართველი აზნაური საკმაოდ რიცხვმრავალია, რომ მას საერთოდ იმდენი შეძლება ჰქონდეს, რასც მისი საჭიროება (ხარჯი) მოითხოვს. ამპარტავნობა, რომ ის არის აზნაური, მას იმდენად ეუფლება, რომ სამარცხვინოდ მიაჩნია, თავისი საკუთარი შრომით საჭირო სახსრები მოიპოვოს და ამჯობინებს უსაქმურობას. იგი ათასგვარ ხრიკებს იგონებს და ურცხვად ითვისებს თავისი მეგობრის, თავისი სუსტი მეზობლის საკუთრებას. მცირე ან დიდი რიცხვი თანამოაზრე ბოროტმოქმედებისა უკავშირდებიან ერთმანეთს, აძლევენ რიგრიგობით სათანადო ჩვენებას და ეს საერთო ჩვენება და შიში მათი მეამბოხე სულისა აიძულებს მოსამართლეს მათდამი კეთილგანწყობას და სამართალს მათკენ აბრუნებს, რომელსაც მოკლე ხანში სხვა, უფრო ძლიერი თანამოაზრეების დახმარებით თავის მხარეს გადახრის, ხოლო შემდგ ასევე ახალი, კიდევ უფრო ძლიერი შეთქმულება მოსპობს. ასე ამგვარად, მოსამართლეების მიკერძოებას, რაც აზნაურთა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიდან გამომდინარეობს, მთლიანად ეწირება მსხვერპლად ქვეშევრდომების უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ზიანი მოაქვს ქვეყნისათვის აგრეთვე კავშირს ერთმანეთში განუწყვეტლივ მებრძოლ სპარსელ მმართველებთან. თავისი თავის შენახვა, ან სიხარბე, რომ ხელთ იგდონ სხვათა ქონება, აჩხუბებს მათ და ერთი მუჭა ყაჩაღებით უწყებენ ერთანეთს ომს. რომელი მათგანიც ძღვენით ან სუფთა ფულით გეორგიასთან კავშირს დაამყარებს, იღებს 3-4 ათას ჯარისკაცს მტრის შესაშინებლად. თუმცა ხშირად ომი სავსებით უსისხლოდ მთავრდება (რადგან ორივე ლაშქარს უფრო მეტად ნადავლის ხელთგდება სწყურია, ვიდრე სისხლი), მაინც ქვეყანა დაუმუშავებელი რჩება და მცხოვრები მშიერი ბრუნდება თავის ცარიელ ქოხში, რომელშიც მას თავისი ბატონის მსახური ჯიუტად ელოდება და მრისხანედ ითხოვს შეწერილ გადასახადს.
ასეთია საქართვლოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. მართალია საუცხოო მდებარეობა აქვს მას ვაჭრობის თვალსაზრისით, რადგან ძალზე მოსახერხებელი გზით კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ვაჭრების საქონლის გადატანას 9 დღე სჭირდება, მაგრამ ნაკლებ იციან ფასი ბედნიერებისა, რასაც მიიღებდნენ ვაჭრობით. და მაინც საკვირველია, რომ გაუთავებელი შფოთიანი მდგომარეობის პირობებში ქვეყნის შემოსავალი ასე მნიშვნელოვანია. მე არ ჩავთვლი მოგებას, რომელსაც ღვინო იძლევა, არც მემინდვრეობას მოვიხსენიებ, რაც მეხუთედ ნაწილს იძლევა მათი მოსავლისას, არამედ მხოლოდ შემოსავალს აღვნიშნავ მოსახლეობის რიცხვის მიხედვით, რასაც მათი ნამდვილი არსებობისათვის გამოვითვლი. მე ვთვლი, რომ გეორგიის მოსახლეობა დღევანდელი მდგომარეობის პირობებში 61.000 ოჯახს შეადგენს. აქედან ქალაქ ტფილისში თავისი გარემოთი ითვლება 20.000.
მთიულეთსა და ხევსურეთში ითვლება . . . . 4.000
შამშადილში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4.000
ქართლში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4.000
კახეთში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .12.000
ქიზიყში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6.000
ყარაიაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2.000
სომხითში და ბამბაკში . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6.000
ყაზახში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3.000
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჯამი 61.000 ოჯახი
რა ბედნიერად ჩათვლიდა თავს ქვეშევრდომი, რომ თავისი შემოსავლის ერთი მეხუთედი ჰყოფნოდა გადასახადებს; ის მეოთხედსაც და ნახევარსაც კი სიამოვნებით გასცემდა, ეს რომ საკმარისი ყოფილიყო თავისი ბატონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მე კი ამაზე უფრო ცოტასაც ავიღებ და თითოეულ ოჯახს მხოლოდ 10 მანეთ გადასახადს შევაწერ; მაშინ გადასახადთა ჯამი იქნებოდა 610.000 მანეთი, ბაჟი ყოველწლიურად აიღება _ 25.000 მანეთი.
დიდი უცოდინრობით დამუშავებულმა ახტალის საბადომ 1780 წელს მისცა 60.000 მანეთი ვერცხლით, 3.200 მანეთი ოქროთი. ერევანი ყოველწლიურად ხარკის სახით იძლევა 15.000 მანეთს.
სულ 713.200 მანეთი.
როგორ გაიზრდებოდა შემოსავლის ეს თანხა, რომ სამართლიანობა და სიბეჯითე (მუყაითობა) იყოს ასეთი ქვეყნის საყრდენი!”
აქ მთავრდება აღნიშნული თავი იაკობ რაინეგსის წიგნიდან, საიდანაც ნათლად ჩანს საქართველოს მძიმე და მოუწყობელი პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება ევროპელი, კერძოდ გერმანელი მოგზაურის თვალში, იმ ხალხის და იმ სამყაროს შვილისა, რომლებმაც მოახერხეს დაწინაურებული სახელმწიფოების აშენება და მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის საკუთარი ნების კარნახიც.
იაკობ რაინეგსის მიერ მოყვანილ ქართველი გლეხკაცობის მძიმე მდგომარეობას ეხმიანება ერთი ეპიზოდიც პ ლ ა ტ ო ნ ი ო ს ე ლ ი ა ნ ი ს წიგნიდან “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა”. სახელდობრ, იქ ავტორი ჰყვება, რომ გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ, 1801 წლის დასაწყისში მისმა ელჩებმა პეტერბურგში წერილობით შეადგინეს და რუსეთის მთავრობას გადასცეს 20 მუხლად ჩამოყალიბებული მოსაზრებები და სურვილები იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს (ქართლ-კახეთის სამეფოს) საშინაო ცხოვრება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ. აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე ალ. ცაგარელს თავის წიგნში «Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии» და მის 12-ე მუხლში, სადაც გლეხთა მდგომარეობის შესახებაა ნათქვამი, მესამე, ბოლო აბზაცში ვკითხულობთ:
“...ესრეთვე ვიდრე ამ დროდმდე იყო საქართველოსა შინა ჩვეულება, რომელ მუნებურნი მებატონენი გლეხთათვის ჰყიდნენ ვინ როგორ რაოდენსაცა ინებებდა, და ამისთვის არა კეთილნებებულ იქმნებისა, რომელ ესე ვითარი მსყიდველობა აწ დაყენებულ იქმნეს და ებრძანოსთ, რათა განყიდონ არა სხვა გვარ, არამედ ერთბამად სახლეულობით, და უძრავით მამულით თვისით, უკეთუ აქვსთ მათ; და ეგრეთვე არ მიჰყიდონ თუ არა ქართველთა და დიდის რუსეთის მებატონეთა და ეგრეთვე ტყვენი ქართველთანი, რომელნიცა თურქთა, სპარსთა და სხვათაგან ერთა საჭურველითა სახელმწიფოსათა ბრძოლასა შინა გამოხსნილ იქმნებიან, მათდამი მოიქცნენ ესრეთ, ვითარცა ესე გვარსა შემთხვევასა შინა იქცევიან რუსეთისა ტყვეთადმი, და რომელიცა ესე გვართაგან გამოხსნილ იქმნებიან ვისგანმე. და პირველი იგი მებატონე მისი ინებებს მისა თავისადმი კვალად მიღებასა, მაშინ იგი თანამდებ იქმნების, რათა უკუნ ზღოს დახარჯული იგი თეთრი გამოხსნასა ზედა, და ამის წინააღმდგომსა შემთხვევასა შინა სათანადო არს, რათა დაშთეს უფლებასა ქვეშე მისსა, რომელმანცა გამოიხსნა, და ექმნესცა ნება მისყიდვად ამისა სხვათადმი შინაგან სამეფოსა შინა, და არა მეზობელთა უცხო ქვეყნისა კაცთადმი”.
ანუ აქ დასაწყისში ნათქვამია, რომ ტრადიციული ქართული სამართლის მიხედვით ბატონს შეეძლო ყმის გაყიდვა ოჯახისგან მოწყვეტით და მის მიერ თავისი შრომით შეძენილი ქონების გარეშე; ანუ გლეხი კაცი მიეყიდა ერთი მყიდველისთვის, მისი ცოლი _ სხვა მყიდველისთვის, ასევე ცალ-ცალკე გაეყიდა მისის შვილებიც (ამას ზემოთ წერდა იაკობ რაინეგსიც), მათ მიერ შეძენილი ქონების გარეშე. ხოლო რუსეთის იმპერიის კანონებს გაცნობილი ქართველი ელჩები, ასევე საგულისხმოა _ გიორგი XII-ცა და საქართველოს დიდგვაროვანთა ერთი ნაწილიც, უკვე ფიქრობდა ამ ყოვლად უსამართლო კანონის შეცვლასა და ბატონებისთვის ყმა-გლეხთა გაყიდვის უფლების მიცემას “არა სხვა გვარ, არამედ ერთბამად სახლეულობით, და უძრავით მამულით თვისით, უკეთუ აქვსთ მათ”. დღევანდელ საქართველოში კი, სამწუხაროდ, ჩვენს წარსულს წარმოგვიდგენენ ხოლმე მხოლოდ იდეალურ და სამაგალითო ფერებში და რეალურ სურათს ჩვენი ხალხის წარსული ცხოვრებისა, რომლის დროსაც საუკუნეების მანძილზე მახინჯდებოდა ქართული საზოგადოების ზნეობა და ხასიათი, და რაც დღესაც მრავალი მანკიერების საფუძველია როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რატომღაც აჩუმათებენ; ყოველივე ცუდს აბრალებენ რუსეთის იმპერიასა და რუსულ მმართველობას, ხოლო საკუთარი სიმახინჯეების გამოსწორებას არა ნაღვლობენ და არც ცდილობენ. ყოველივე ეს საქმის მცოდნე და გულშემატკივარ არც ქართველში, არც რუსსა და არც უცხოელში არ აღძრავს საქართველოსა და ქართველებისდმი პატივისცემასა და სიყვარულს, არამედ პირიქით.
იაკობ რაინეგსის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა პოდპოლკოვნიკი ტამარა, რომელმაც, 1783 წლის გაზაფხულზე, ერეკლე მეფეს ჩამოუტანა რუსეთის მთავრობის მიერ შემუშავებული მფარველობითი ტრაქტატის პროექტის ტექსტი, რომელიც საქართველოს მეფისა და მისი კარისთვის უნდა გაეცნო და განემარტა, ასევე ტექსტის შემდგომ დახვეწაზეც ემუშავათ, რათა იგი ორივე მხარისთვის ყოფილიყო მისაღები. თვითონ ტამარას რაიმე მოგონებები ამის შესახებ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ა კ ა დ ე მ ი კ ო ს მ ა დ უ ბ რ ო ვ ი ნ მ ა XIX საუკუნის 70-80-იან წლებში გამოსცა თავისი ვრცელი ნაშრომი «Исторiя войны и владычества русских на Кавказе», რომლის II ტომის დასაწყისშივე ამის თაობაზე ვკითხულობთ:
“1783 წლის დასაწყისში თავადი პოტიომკინი (იგულისხმება გრიგოლ პოტიომკინი – ი. ხ.), – ატყობინებდა რა ერეკლეს, რომ მას აქვს დავალებული მთელი საქმეები საქართველოსთან, წერდა, რომ მეფესთან ტრაქტატის დასადებად მან რწმუნებები გადასცა თავის ბიძაშვილს პ. ს. პოტიომკინს, ხოლო მის დასახმარებლად კი დანიშნა პოდპოლკოვნიკი ტამარა, რომლის ხელითაც უგზავნის მას ტრაქტატის პროექტს. რადგანაც მეფის ყველა თხოვნა იყო არა მარტო დაკმაყოფილებული (იგულისხმება თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ 1750-იანი და 1760-იანი წლების დასაწყისში პეტერბურგში გაგზავნილი თხოვნები რუსეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს მფარველობაში მიღებაზე, და ის პირობები, რომელზედაც მათ უნდოდათ ამ მფარველობაში შესვლა, აგრეთვე ერეკლეს მიერ კიდევ უფრო დაზუსტებული სათხოვარი პუნქტები და პირობები 1772 და 1782 წლებში – ი. ხ.), არამედ გაკეთებულია გაცილებით უფრო მეტიც, ვიდრე მას სურდა, ამიტომ თავადი გამოხატავდა დარწმუნებას, რომ ერეკლე, რა თქმა უნდა, არ წააწყდება სიძნელეს (ტრაქტატის) პირობების დადებაში და სულ უახლოეს მომავალში გამოგზავნის თავის სრულუფლებიან წარმომადგენლებს რუსული ჯარების კავკასიის ხაზზე, იმ ადგილას, რომელიც დანიშნულ იქნება გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინის მიერ. უკანასკნელს იმავე დროს დაევალა საქართველოში გამგზავრებისთვის მოემზადებინა ორი ბატალიონი, სამთო და ყაბარდოსი, ოთხი ქვემეხით, მაგრამ ბრძანების მიღებამდე ისინი არ გაეგზავნა, არამედ ეზრუნა მხოლოდ გზის შეკეთებისთბის, ამასთან მისი ერთი ნახევარი შეკეთებულ უნდა ყოფილიყო ჩვენს მიერ, ხოლო მეორე ნახევარი კი – ქართველებისა.
1783 წლის მაისის შუა რიცხვებში პოდპოლკოვნიკმა ტამარამ დატოვა კავკასიის ხაზი და გაემგზავრა საქართველოში ტრაქტატის პროექტით. გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა გაატანა მას წერილი ერეკლე მეფისადმი, რომელშიც სთხოვდა გამოეგზავნა გეორგიევსკში არანაკლებ ორი სრულუფლებიანი წარმომადგენლისა და მოეზადებინა პროვიანტი საქართველოში გასაგზავნად დანიშნული ჯარებისთვის. მან დაავალა ტამარას დაერწმუნებინა მეფე აჩქარებულიყო სრულუფლებიან წარმომადგენელთა გამოგზავნაში და არ დაექუცმაცებინა თავისი სამფლობელოები ვაჟიშვილებს შორის თანაბრად განაწილებით.
ღებულობდა რა საქართველოს თავის მფარველობაში სამარადისოდ (на вечныя времена), რუსეთის მთავრობას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო დაეშვა სამფლობელოთა დაქუცმაცება სხვადასხვა პირებს შორის, რომლებიც იშვიათად იყვნენ ერთსულოვანნი, და ამიტომ სწერდა პ. ს. პოტიომკინი პოდპოლკოვნიკ ტამარას: “რეკომენდაციას გაძლევთ, აუხსნით რა ერეკლე მეფეს ტრაქტატის შინაარსს, მოიხსენიოთ, – თუკი ნამდვილად ეს არის მისი განზრახვა, – რომ მის საქმეთა და მისი სახელის დიდება და მისი ხალხის სარგებელი მოითხოვს იმას, რომ მისი ოლქი სამუდამოდ ერთიანი დარჩეს. პირდაპირი საუბარი თქვენი ამ საკითხზე და გარემოებანი გამოავლენს, საჭირო გახდება თუ არა ტრაქტატის დადებისას შედგენილ იქნას ამაზე სეპარატიული არტიკული”.
ტამარას არ გასჭირვებია ამაში ერეკლეს დარწმუნება, მაგრამ გაცილებით უფრო ძნელი იყო მისი დათანხმება სრულუფლებიან წარმომადგენელთა უსწრაფესად დანიშვნასა და გეორგიევსკში მათ გაგზავნაზე. თავად ერეკლეს ერთგულება რუსეთისადმი უსაზღვრო იყო; ყველა წინადადებაზე ჩვენი მხრიდან იგი პასუხობდა მხოლოდ უპირობო თანხმობით და ამასთან მეტად ხშირად იმეორებდა თავის სურვილს რაც შეიძლებოდა სწრაფად ეხილა რუსული ჯარები საქართველოში. მეფე იმედოვნებდა, რომ ივნისის შუახანებისთვის ისინი უკვე მის სამფლობელოებში იქნებოდნენ და, არ დაედო რა ჯერ კიდევ ტრაქტატი, სურდა საზეიმოდ ედღესასწაულა ტფილისში თავისი შესვლა რუსეთის მფარველობის ქვეშ. თუმცა კი ასეთი აჩქარებულობა განპირობებული იყო პოლიტიკური მიზნებით, ვინაიდან მეფეს სურდა ამ ზეიმურობით დაენახვებინა სპარსეთისთვის, რომ ჰყავს ძალმოსილი მოკავშირე, მიუხედავად ამისა გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი იძულებული იყო შეეკავებინა ერეკლე ზედმეტი აჩქარებისგან. იგი სწერდა მეფეს, რომ ჯარების მოსვლა საქართველოში შეიძლება მოხდეს არაუადრეს იმისა, რაც ხელმოწერილ იქნება ტრაქტატი, და სთხოვდა ერეკლეს გადაედო სადღესასწაულო აღნიშვნები მოლაპარაკებათა დასრულებამდე და აჩქარებულიყო სრულუფლებიან წარმომადგენელთა გამოგზავნაში. პოდპოლკოვნიკი ტამარაც იგივეს მოითხოვდა დაჟინებით, მაგრამ ერეკლე მეფე სრულუფლებიან წარმომადგენელთა დანიშვნის საქმეში გახლდათ უკიდურესად გაუბედავი და ისე იქცეოდა, რომ მეტი დაყოვნება უკვე შეუძლებელი იყო. ამისი მიზეზი იყო მეფისა და მისი გარემომცველი წრის მიერ იმ წესებისა და პირობების სრულებით არცოდნა, რომლებსაც ჩვეულებრივ იცავენ ევროპული სამეფო კარები სახელმწიფო ხელშეკრულებების დადებისას. ტამარას მოუწია თავად შეედგინა მეფის სახელით სრულუფლებიანობის სიგელი (полномочiе), რამდენჯერმე აეხსნა და განემარტა მასში დაწერილი თითოეული სიტყვა, როგორც თავად მეფისთვის, ისე მისი მრჩევლებისთვისაც. ერეკლეს თანდაყოლილ უნდობლობას თავის ქვეშევედომთა მიმართ, რომელიც შეადგენს ყველა აზიელი მფლობელის დამახასიათებელ თავისებურებას, ადგილი ჰქონდა საქართველოშიც და იყო მეორე მიზეზი აუჩქარებლობისა სრულუფლებიან წარმომადგენელთა დანიშვნის საქმეში. ერეკლე არა თუ არ ენდობოდა თავის თანაშემწეებს მმართველობაში, არამედ არ სჯეროდა თავისი უახლოესი ნათესავებისაც კი, ასე რომ დიდ ხანს არ შეეძლო ჩამოყალიბებულიყო რწმუნებულ პირთა არჩევანში, “რომლებშიც – მოახსენებდა ტამარა – თუნდაც მხოლოდ გარეგნული ფორმისთვის ამ შემთხვევაში გასაგზავნებში, ეძიებს წინასწარ ამოცნობას მათი ფიქრებისა იმისთვის, რომ ეშინია ლაპარაკებისა, რომლებმაც თვლის რომ არაერთხელ გაუფუჭეს მას საქმე”. მეფე დანიშნავდა ხან ერთს, ხან მეორეს, ცვლიდა, ხელახლა ნიშნავდა და ამით აჭიანურებდა საქმეს. ჰქონდა რა თავად პოტიომკინის დავალება, რომ ჩასულიყო იმერეთში სოლომონ მეფის დარწმუნებისთვის მისდამი რუსული მთავრობის კეთილგანწყობაში, და ჩაეტანა უგანათლებულესი თავადის (გრიგოლ პოტიომკინის – ი. ხ.) წერილი, პოდპოლკოვნიკმა ტამარამ გადაწყვიტა გამგზავრებულყო ქუთაისში, ისე, რომ არ დალოდებია ერეკლე მეფის საბოლოო გადაწყვეტილებას. მან მხოლოდ მოახერხა დაპირების მიღება, რომ დროის იმ შუალედში, რომელსაც იგი გამოიყენებს იმერეთში მგზავრობისა და უკან დაბრუნებისთვის, ერეკლე აუცილებლად დანიშნავს სრულუფლებიან წარმომადგენლებს და მოამზადებს ყოველივე აუცილებელს მათი გამგზავრებისთვის იმდენად, რათა მათ შეეძლოთ ტამარასთან ერთად კავკასიის ხაზზე გამგზავრება.
უკანასკნელის მოგზაურობა იმერეთში გაგრძელდა იმაზე გაცილებით უფრო დიდხანს, ვიდრე ვარაუდობდნენ. საშინელმა უგზოობამ განუწყვეტელი და ძლიერი წვიმებისგან და პოდპოლკოვნიკ ტამარას თანმხლები ზოგიერთი პირის ავადმყოფობამ შეაჩერეს ჩვენი ელჩობა გზაში, აიძულეს ემგზავრათ ნელა და მაინც დაეტოვებინათ რამდენიმე ავადმყოფი ადამიანი სხვადასხვა ადგილას. ქუთაისში ტამარა მოვიდა 5 ივნისს, ხოლო მისი მოსვლიდან მესამე დღეს ავად გახდა მეფე სოლომონიც. ასე რომ ტამარა იძულებული იყო ეცხოვრა იქ ცხრა დღეს და უკან გამომგზავრება შეძლო მხოლოდ 14 რიცხვში.
ტფილისში დაბრუნების შემდეგ მან შეიტყო, რომ სრულუფლებიან წარმომადგენლებად დანიშნულნი არიან თავადი ოტია ანდრონიკაშვილი და თავადი სულხან თუმანიშვილი, მაგრამ 24 ივნისის დილას ერეკლემ გამოგზავნა კაცი სათქმელად, რომ მან შეცვალა თავისი არჩევანი და საბოლოოდ ნიშნავს: პირველ სრულუფლებიან წარმომადგენლად თავის სიძეს, მთავარ მრჩეველს ერევნის პროვინციის საქმეებში და მარცხენა ხელის ჯარების გენერალს თავად იოანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონს, ხოლო მეორე წარმომადგენლად – თავის გენერალ-ადიუტანტსა და ყაზახის პროვინციის უფროსს, თავად გარსევან რევაზის ძე ჭავჭავაძეს, ასისტენტად მათთან დანიშნულ იქნა არქიმანდრიტი გაიოზი, რომელმაც იცოდა რუსული ენა, ელჩობის ერთი მდივანი და ამალის ოცი ადამიანი. ერეკლე დაჰპირდა მიეცა გასაგზავნი პირებისთვის უფლებამოსილება, რომლის ძალითაც, თითოეულ მათგანს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, შეეძლებოდა ტრაქტატზე ხელის მოწერა თავისი ამხანაგის გარეშეც.
გზავნიდა რა თავადებს ბაგრატიონსა და ჭავჭავაძეს გეორგიევსკში, მეფემ დაავალა მათ გადაეცათ გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინისთვის თავისი სურვილი, რომ მას შეხვედროდა, თუნდაც ნახევარ გზაზე კავკასიონის მთებში, იქ, სადაც გზას ამუშავებდნენ ჩვენი მუშები. ეს წინადადება განპირობებული იყო რამდენადაც სურვილით პირადად გაეცნო მოსაზღვრე რუსი უფროსი, იმდენადვე უნდობლობით სრულუფლებიან წარმომადგენელთადმი და შიშით, რათა რაიმე არ ყოფილიყო გამორჩენილი ტრაქტატში. ქვემოთ ჩვენ ვნახავთ, რომ ერეკლეს სურვილი ამ შემთხვევაში დაკმაყოფილებულ იქნა გაცილებით უფრო მეტი ხარისხით, ვიდრე მას შესაძლო იყო მოლოდინი ჰქონოდა. ტრაქტატის დადების შემდეგ პოტიომკინი ესტუმრა მას ტფილისში და ჰქონდა შემთხვევა გაცნობოდა საქართველოს სამეფო სახლის ყველა წევრს. ახლა კი გაგზავნილ იქნა საქართველოში კომისიონერის ანუ რუსეთის მთავრობასთან მეფის ურთიერთობებში შუამავლის სახით, პოლკოვნიკი ბურნაშოვი, რომლისთვისაც ერეკლეს შეეძლო მიემართა ყველა თავისი თხოვნითა და სურვილით.
პოლკოვნიკი ბურნაშოვი გაგზავნილ იქნა ტფილისში თითქმის ერთდროულად პოდპოლკოვნიკ ტამარასთან. ნიშნავდა რა მას ერეკლე მეფის კარზე ყოფნისთვის, თავადმა პოტიომკინმა აუცილებელ პირობად დაუყენა ბურნაშოვს უფრო ახლოს გაცნობოდა როგორც საქართველოსა და იმერეთის საშინაო მდგომარეობას, ისე მათ პოლიტიკურ მდგომარეობასაც მეზობლებთან მიმართებაში. ბურნაშოვს უნდა დაეთვალიერებინა ორივე სამფლობელოს საზღვრები, შეედგინა საქართველოსა და იმერეთის შეძლებისდაგვარად სწორი რუკა და აღწერა და განესაზღვრა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პუნქტები სტრატეგიული მიმართებით, იმისთვის, რათა შემდგომში შესაძლებელი ყოფილიყო მის მიერ მითითებულ ადგილებში აეგოთ რიგი სიმაგრეებისა მოწინააღმდეგის შემოჭრისგან ქვეყნის უზრუნველყოფისთვის. არ აძლევდა რა მათ ვრცელი მშენებლობების ხასიათს, თავადმა პოტიომკინმა დაავალა ბურნაშოვს დაეპროექტებინა არცთუ დიდი, მაგრამ საკმარისად ძლიერი სიმაგრეები (укрепленiя) მეზობელთა თავდასხმების მოსაგერიებლად (შენიშვნა: პოლკოვნიკ ბურნაშოვს აუცილებლად მიაჩნდა ორი სიმაგრის აგება: ერთისა იმერეთში, ახალციხის გზაზე, მდინარე ცხენისწყალზე, ბაღდადის ციხესიმაგრის მახლობლად, ხოლო მეორესი კი – საქართველოში, მდინარე ალაზანზე, при урочище Кумбатъ. თუმცა კი მის მიერ წარმოდგენილი პროექტები და სმეტა თავადმა პოტიომკინმა ყოველგვარი ყურადღების გარეშე დატოვა).
მაისის ბოლოს პოლკოვნიკი ბურნაშოვი დოქტორისა (იაკობ რაინეგსის – ი. ხ.) და თარჯიმნის თანხლებით საქართველოში გაემგზავრა, თან ახლდა რა ოცდაორი კაზაკი, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ მასთან მუდმივად ყოფნისთვის ტფილისში. ერეკლე II-მ იგი მეტად ალერსიანად მიიღო და გამოუცხადა, რომ მისი თანხმობისა და მოწონების გარეშე არ ექნება არანაირი ურთიერთობები და მიმოწერა მეზობელ მფლობელებთან.
მალევე ბურნაშოვის ტფილისში მოსვლის შემდეგ, სრულუფლებიანი წარმომადგენლები პოდპოლკოვნიკ ტამარასთან ერთად გაემგზავრნენ გეორგიევსკში. მიიღეს რა უპირობოდ ტრაქტატის ყველა პარაგრაფი, ისინი ითხოვდნენ მხოლოდ იმას, რომ დაეტოვებინათ მეფისთვის ტიტული უმაღლესობა, (оставить царю титулъ Умаглесо – «высочества»), რომელიც მას ეძლეოდა მთელ აზიაში, და დაეტოვებინათ მეფეთათვის უფლება ტახტზე ასვლისას გვირგვინი დაედგათ; შეექმნათ საქართველოში ცალკე ეპარქია (образовать в Грузiи отдельную епархiю), მიეცათ მათთვის საკუთარი მონეტის ქონის უფლება და დაუყოვნებლივ შეეყვანათ მათ სამშობლოში რუსული ჯარების ორი ბატალიონი. გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი დაპირდა ეშუამდგომლა სრულუფლებიანი წარმომადგენლების თხოვნათა დაკმაყოფილების შესახებ და ამით მოხსნა ყველა გაუგებრობა.
1783 წლის 24 ივლისს ტრაქტატი ხელმოწერილ იქნა...”.
ამის შემდეგ აკადემიკოსი დუბროვინი გადმოგვცემს გეორგიევსკის ტრაქტატის შინაარსს, რისი მოყოლაც ჩვენი წერილის თემას სცილდება და ამიტომ ჩვენ აქ ამაზე მეტს აღარ გავაგრძელებთ. შემდეგ იგი წერს:
“სრულუფლებიან წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილმა ტრაქტატმა საქართველოს ქვეშევრდომობის შესახებ პეტერბურგში ჩააღწია 17 აგვისტოს... ტრაქტატთან ერთად პოლკოვნიკმა ტამარამ წარმოადგინა ქართველ რწმუნებულთა დამატებითი თხოვნებიც, რომელთაც ეღირსათ კიდეც უმაღლესი დამტკიცება. იმპერატრიცამ დაუტოვა ერეკლე II-ს “უმაღლესობის” ტიტული, უწყალობა მას გვირგვინი და ტრაქტატის საგანგებო პარაგრაფით მისცა უფლება როგორც ერეკლეს, ისე მის მენაცვალეთაც აღესრულებინათ დაგვირგვინებისა და მირონცხების წესი. ამაზე ზევით, საქართველოს მეფეებს მიეცათ უფლება მოეჭრათ საკუთარი მონეტა “მათი გამოსახულებით და უკანა მხარეზე ქართლისა და კახეთის სამეფოს გერბით, რომლის თავზეც მხოლოდ გამოსახული იქნება ორთავიანი არწივი ამ მფლობელებსა და მათ ქვეშევრდომებზე რუსეთის იმპერატორების მფარველობისა და უმაღლესი ძალაუფლების ნიშნად”.
აგვისტოს შუარიცხვებში ცნობამ ტრაქტატის დადების შესახებ მოაღწია ტფილისამდე და იმავე თვის 20 რიცხვში ქართველები საზეიმოდ დღესასწაულობდნენ ამ მოვლენას. მოსახლეობის საყოველთაო სიხარული ძლიერდებოდა კიდევ იმ ცნობით, რომ რუსული ჯარები დაიძრებიან საქართველოსკენ სულ ახლო ხანებში, როგორც კი მზად იქნება ხიდები მდინარე თერგზე და შეკეთდება გზა”.
შემდეგ ნიკოლოზ დუბროვინი მოგვითხრობს, რომ როდესაც გზა საკმარისად ვარგისი შეიქნა ჯარების გატარებისთვის, გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა მაშინვე გამოგზავნა საქართველოში ეგერთა ორი ბატალიონი, სამთო და ბელორუსიისა, ოთხი ქვემეხით. 3 ნოემბერს ბატალიონები მოვიდნენ ტფილისში, სადაც მათ დახვდა უამრავი ხალხი, და ისინი შევიდნენ ერეკლე მეფის განკარგულებაში პოლკოვნიკ ბურნაშოვის უფროსობით. ქართველები დღესასწაულობდნენ ამ დღეს განსაკუთრებული გატაცებით და ტფილისი გახლდათ ილუმინებული მანამდე უნახავი სიცივის მიუხედავად, რითაც აღინიშნა რუსული ჯარების საქართველოში შემოსვლა. მაგრამ ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობა და გაძლიერება შეადგენდა რუსეთის საიმპერატორო კარის გეგმების მხოლოდ ერთ ნაწილს აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. როგორც პროფესორი იასე ცინცაძე წერს თავის წიგნში “1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი”, და მასვე ადასტურებს აკადემიკოსი დუბროვინიც, რუსეთის მთავრობა გეგმავდა სომხეთის სამეფის აღდგენას, ძირითადად ყარაბაღის სახანოს ხარჯზე და ასევე ალბანეთის სამეფოს აღდგენასაც, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ, და მათ უნდა შეედგინათ დასაყრდენი რუსეთის შემდგომი პოლიტიკისა ირანთან მიმართებაში. აი, რას წერს ამის შესახებ ქვემოთ ნ. დუბროვინი:
“ვრცელი შეხედულებები, რომლებიც ჰქონდა თავად პოტიომკინს ადერბაიჯანის მხარეზე, მოითხოვდა იმას, რათა მისი გეგმების შემსრულებლებს, გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინსა და ერეკლე მეფეს უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი და პირადი პაემნით განემტკიცებინათ ურთიერთ შორის კავშირი და მეგობრობა. “შეიძენთ რა მის ნდობას, წერდა უგანათლებულესი თავადი თავის ბიძაშვილს, უეჭველად თქვენ დაიწყებთ მის მართვას”. ამ მიზნით პ. ს. პოტიომკინს ებრძანა გამგზავრებულიყო საქართველოში და შეეხედა ქვეყნისთვის, რომელიც არჩეულ იქნა მთელი მომავალი მოქმედებების თეატრად.
ჩვენ ვნახეთ, რომ ერეკლე მეფე დიდი ხანია ეძიებდა ამ პაემანს და როდესაც შეიტყო, რომ საქმეები აყოვნებს პოტიომკინის გამომგზავრებას ტფილისში, მას სურდა თავად გამგზავრებულიყო სტეფანწმინდას, იმისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში კავკასიის ხაზზეც ჩასულიყო. ეს მზადყოფნა უარყოფილ იქნა იმის გამო, რომ პოტიომკინის გამგზავრება საქართველოში განპირობებული იყო არა მხოლოდ მეფის პოლიტიკური საჭიროებებით, არამედ ქვეყნის საშინაო მდგომარეობის შესაწავლითა და შეძლებისდაგვარად დაწვრილებითი ცნობების შეგროვებით გარეშემო მყოფი მფლობელებისა და მათი დამოკიდებულებების შესახებ, როგორც საქართველოსათან, ისე თავიანთ ქვეშევრდომებთანაც.
სექტემბრის დასაწყისში გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი, გენერალ-მაიორ სამოილოვის თანხლებით, გაემგზავრა საქართველოში. მას იქ ხვდებოდნენ საყოველთაო აღტაცებით, მაგრამ უკან ჩამოიტანა არადამაკმაყოფილებელი ცნობები ქვეყნის შესახებ და გამოემგზავრა დარწმუნებით მმართველობის მექანიზმის სრულებით მოშლაში. ცნობები, რომლებიც მოუტანეს მას პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა, დოქტორმა რაინეგსმა და თავად პოტიომკინის პირადმა დაკვირვებებმაც დაარწმუნეს იგი ასეთი დასკვნის სამართლიანობაში.
პოტიომკინი ასე ხატავდა საქართველოს სამეფო სახლის წევრებს.
ერეკლე მეფეში მან იხილა სამოცდა ორი წლის მოხუცი, საშუალო სიმაღლისა, რამდენადმე მხრებში მოხრილი, მაგრამ მხნედ მყოფი. ერეკლე კიდევ ინარჩუნებდა ხასიათის სიფიცხესა და მზერის სიმახვილეს, რომელსაც იგი მიაპყრობდა შუბლის ქვემოდან ყველა თანამოსაუბრეს, აკეთებდა რა ამას, პოტიომკინის შენიშვნით, “შესაძლოა იმიტომ, რომ შენიშნოს სახის მოძრაობა იმისი, ვისაც ესაუბრება”. ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანი, ერეკლე გახლდათ ერთერთი იმ ადამიანთაგან, რომელთაც შეეძლოთ პასუხის გაცემა ორაზროვნად და სავსებით შეეთვისებინათ აზიური პოლიტიკის თავისებურებანი. ახალგაზრდობასა და სიმწიფის წლებში იგი იყო უჩვეულოდ ქმედითი, ფიცხი, მოუთმენელი და თავად უძღვებოდა სახელმწიფოს მთელ საქმეებს. უყვარდა რა თავისი სამშობლო, იგი ისწრაფოდა თავის ქვეშევრდომთა ყოფიერების გაუმჯობესებისკენ და ცდილობდა მიეცა მათთვის ევროპული განათლება. უმაღლეს ხარისხად ღვთისმოსავი ადამიანი, იგი არა თუ არ ტოვებდა არც ერთ საეკლესიო მსახურებას, არამედ, ამაზე ზევით, ყოველდღიურად ორ-ორ საათს ლოცულობდა თავის კაბინეტში და არავითარ შემთხვევას არ შეეძლო მისთვის ლოცვის შეწყვეტინება.
წლებით დათრგუნულმა და მმართველობის ტვირთით დამძიმებულმა, ერეკლემ, პ. ს. პოტიომკინის ტფილისში ჩამოსვლამდე ოთხი წლით ადრე, დაიწყო საკუთარ საქმეებში თავისი მეუღლის დარეჯან დედოფლის შემოყვანა, დიდი საღი აზრის მქონე, მაგრამ ეშმაკი და მკაცრი ქალისა. წარმოსდგებოდა რა თავად თარხანოვებისგან (უნდა იყოს დადიანებისგან – ი. ხ.), დარეჯანი გახლდათ ერეკლეს მესამე მეუღლე და მაშინ დაახლოებით ორმოცდა ხუთი წლისა იყო. უკიდურებობამდე ძალაუფლებისმოყვარული ქალი, იგი, სარგებლობდა რა ქმრის კეთილგანწყობითა და მისი წლების სიმძიმით, ცოტ-ცოტად საკუთარ ხელში იგდებდა ძალაუფლებას, შედიოდა ყველა საქმეში, მონაწილეობდა სამეფო თათბირებში და, ჩაუნერგა რა ერეკლეს მისდამი შეუზღუდავი ნდობა, შეეძლო საკუთარი თავის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ ყოველივე აღესრულებოდა არა სხვანაირად, თუ არა მისი თანხმობით. მეფის ამ ბრმა ნდობას, ცოლის ხელში ძალაუფლების გადაცემას, შემდგომში ჰქონდა ყველაზე უფრო დამღუპველი გავლენა საქართველოს ბედზე. ეს გახლდათ დავების საბაბი სამეფო ოჯახში, რომელმაც კინაღამ დაღუპვამდე მიიყვანა საქართველო. მფარველობდა რა თავის შვილებს და სძულდა რა ერეკლეს უწინდელი ცოლების მიერ ნაშობნი, დარეჯან დედოფალი გახლდათ მთელ უთანხმოებათა, მოუგვარებლობათა და ბევრი უბედურების წყარო ქვეყანაში, რომელიც უკეთესი ხვედრის ღირსი იყო.
დარეჯან დედოფლის ხრიკები იყო მიზეზი იმისა, რომ ერეკლემ სრულებით ჩამოაშორა საქმეებს თავისი უფროსი ვაჟი გიორგი ბატონიშვილი, რომელიც მაშინ დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლისა გახლდათ, მაგრამ დაბადებული იყო ერეკლეს მეორე ქორწინებისგან ანასთან, თავად აბაშიძის ასულთან. გიორგი ბატონიშვილი იყო ზომაზე მეტად ტანსრული (მსუქანი, тучный), რამდენადმე აპათიური, მაგრამ არცთუ სულელი ადამიანი. მას ჰქონდა კეთილი სახე, გახსნილი სული და მამის მსგავსად, გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით, გარკვეული იყო წმინდა წერილში და მუდმივად გარშემორტყმული გახლდათ სასულიერო პირებით. გიორგი არ ეძიებდა სამხედრო დიდებას, იყო მშვიდობისმოყვარე და მიდრეკილი კეთილმოწყობისადმი. დაქორწინებული გახლდათ თავად ანდრონიკაშვილის ასულზე და ჰყავდა ოთხი ვაჟიშვილი, რომელთაგან უფროსი დავითი უყვარდა ერეკლეს მისი მახვილი გონების, საზრიანობის, სიმამაცის, ხოლო შემდგომში კი სამხედრო ნიჭიერების გამო.
ერეკლეს მეორე ვაჟიშვილი და პირველი დარეჯან დედოფლის ძეთა შორის, იულონ ბატონიშვილი, სარგებლობდა დედის განსაკუთრებული მფარველობით, მაგრამ არ იყო გულგახსნილი, ჰქონდა თვალთმაქცური სახე და, არ გამოირჩეოდა რა გონიერებით, უყვარდა კოხტაობა.
ვახტანგ ბატონიშვილი, ერეკლეს მესამე ძე, პოტიომკინის ტფილისში სტუმრობის დროს იქ არ ყოფილა. იგი გაემგზავრა იმერეთში, რათა ექორწინა თავად წულუკიძის ასულზე. ერეკლეს დანარჩენი შვილები არასრულწლოვანები იყვნენ.
საქართველოში თავისი ხანმოკლე ყოფნისგან გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა გამოიტანა ის რწმენა, რომ სამეფო სახლის ყველა წევრი “მიდრეკილია რუსეთისკენ, ყველანი სწავლობენ რუსულ წერა-კითხვას და რამდენადმე უკვე შეუძლიათ რუსულად საკუთარი აზრების გადმოცემაც”.
“სამეფო სასახლის კარი – მოახსენებდა იგი – იქაური მიწის მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სულაც არ არის შესანიშნაობას მოკლებული, სპარსელთა ადათ-წესების მიხედვით. მაღალჩინოსნები, ისევე როგორც ყველა აზიელნი, ამაყებიც არიან და მდაბლებიც, იმისდა მიხედვით, თუ ვისთან აქვთ საქმე; მონურად მლიქვნელობენ მეფის წინაშე და ცუდად ასრულებენ მის ბრძანებებს. მოუწყობლობა მმართველობაში დიდია; სამეფოს მთელი შემოსავლები და გასავლები на откупу. დიდებულები ქურდავენ მეფეს; მდაბიო ხალხი შევიწროვებულია”.
ამის შემდეგ ლაპარაკია მეზობელ მაჰმადიანურ სამფლობელოებთან და დაღესტნელ ბელადებთან ერეკლეს ურთიერთობებზე, საიდანაც ქართლ-კახეთის სამეფოს არცთუ სახარბიელო მდგომარეობის ჩვენებისთვის მოვიყვანთ პავლე პოტიომკინის დაკვირვებებს დაღესტნელებთან მიმართებაში. მისი ნაწერების თანახმად აკადემიკოსი დუბროვინი მოგვითხრობს, რომ “იგი (ერეკლე) ჰყოფდა მთელ ლეკურ სოფლებს მშვიდობიან და არამშვიდობიან სოფლებად. პირველებად ერეკლე მიუთითებდა იმათზე, რომლებსაც თავად უხდიდა ხელფასს (жалованiе), რომელიც ავალდებულებდა მათ არ მოეწყოთ თარეშები საქართველოში; მთელი დანარჩენი აულები კი იყო არამშვიდობიანთა სიაში. ამრიგად, საქართველოს სიმშვიდე დამოკიდებული გახლდათ მეფის მიერ გაგზავნილი ფულების რაოდენობაზე, და ერთ წელს მშვიდობიანი ლეკური სოფელი, ვერ მიიღებდა რა საზღაურს, მეორე წელს გადადიოდა არამშვიდობიანი სოფლების რიცხვში. ხდებოდა რამდენადმე სხვანაირადაც: თუკი სოფელი ღებულობდა ხელფასს, მაგრამ მისი ბელადი ვერ მიიღებდა განსაკუთრებულ საჩუქრებს, მაშინ იგი შემოიკრებდა პარტიას და მოურიდებლად ძარცვავდა ქართველებს.
მიჩვეულნი იმას, რომ საქართველოს მეფე თავს იხსნიდა მათგან საჩუქრებითა და ფულით, ლეკები ამით სარგებლობდნენ. ჩვეულებრივ ხელფასის მისაღებად მოემგზავრებოდა ბელადი და თან მოჰყავა შეიარაღებულთა უზარმაზარი ბრბო, რომელთა რიცხვიც ზოგჯერ 600-დან 700 ადამიანამდე აღწევდა. ტფილისში თავიანთი ყოფნის მთელი დროის მანძილზე, ჩამოსულებს თავი ეჭირათ მეტად თავხედურად და ტეხდნენ შფოთს, რომელიც არცთუ იშვიათად მთავდრებოდა მკვლელობებითა და ძარცვებით. მეფე ვერ ბედავდა დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ვინაიდან იმყოფებოდა მათ ხელში და ამისთვის შესაძლო იყო ეზღო სიცოცხლით ან მთელი თავისი ქონებით.
სანამ მთელი ეს ბრბო იმყოფებოდა საქართველოში, მეფე მოვალე იყო მიეწოდებინა მათთვის საკვები თავის ხარჯზე. “თუკი რომელიმე მათგანს ცხენი წაექცევა, – მოახსენებდა პოლკოვნიკი ბურნაშოვი, – თოფი ან ხმალი გაუფუჭდება, მეფე ყველაფრისთვის უხდის. ხოლო როდესაც მათი მეომრები სახლში ბრუნდებიან, მეფე მათ საჩუქრებს აძლევს. ამაზე ზევით, ყოველთვის მეფესთან ცხოვრობს და მეფისგან ღებულობს ანაზღაურებას 300 ან 400 ლეკი; თუკი ისინიც გაემგზავრებიან, მეფე მათაც აძლევს საჩუქრებს”.
ყოველწლიური დანახარჯი ფულებისა ლეკებზე ვრცელდებოდა 50.000-დან 60.000 მანეთამდე. აღწერილ დრომდე სამი წლით ადრე, ერეკლე მოითხოვდა მშვიდობიანი ლეკებისგან დამხმარე ჯარს, და როდესაც ისინი მოვიდნენ, მაშინ, საჩუქრების გარდა, პირველად მისცა მათ 100.000 მანეთი, მეორედ 110.000, და ამაზე ზევით ზოგიერთმა აიღო ტანსაცმელიც.
ასეთი იყო საქართველოს მეფის ურთიერთობები მის მიერ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი სოფლების მცხოვრებლებთან; მთელი დანარჩენი მცხოვრებნი მთებისა კი მიეკუთვნებოდნენ არამშვიდობიანთა რიცხვს და, იკრიბებოდნენ რა არცთუ დიდ პარტიებად, ახდენდნენ მეტად ხშირ შემოჭრებს საქართველოში და ყოველგვარი დანდობის გარეშე არბევდნენ მოსახლეობას. თითქმის ყველა სასაზღვრო ქართული სოფელი დაცარიელებული და გაჩანაგებული იყო, ყანები და მინდვრები გადამწვარი, ხოლო მოსახლეობა კი ტყვედ წაყვანილი და ტყვეობაში იტანჯებოდა. ქვეყანა წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტად ჩანაგდებოდა; ერეკლე მეფე ვერ ხედავდა გამოსავალს და არ იცოდა, თუ როგორ ეშველა უბედურებისთვის. რუსული ჯარების საქართველოში მოსვლასთან ერთად, ერეკლე ევედრებოდა პოლკოვნიკ ბურნაშოვს დაეცვა ქვეყანა მტაცებლური შემოჭრებისგან და გულახდილად აღიარებდა მასთან, რომ თავად, საკუთარი ძალებით, ამის გაკეთება არ შეუძლია. “არავინ არ დაიწყებს, რა თქმა უნდა, ქართველი თავადაზნაურობისთვის საყვედურების თქმას სიმამაცის ნაკლებობაში, – მოახსენებდა პოლკოვნიკი ბურნაშოვი, – მაგრამ, მათი უუფროსობისა და უწესრიგობის გამო (по безначалiю ихъ и безпорядку), და განსაკუთრებით მეფის არყოფნის დროს, უბრალო ქართველებიც ცუდად ემორჩილებიან თავიანთ უფროსებს, აზნაურები კი – არავის. საეჭვოა მათთან ერთად წინასწარ განკარგული საქმეების კეთება, და ასევე თავად ბრძოლაშიც ბრძანებათა ზუსტად შესრულების მოლოდინიც კი შეუძლებელია. მათთვის წესრიგისა და მორჩილების ნიმუშის საჩვენებლად უსარგებლო არ იქნებოდა, თუკი ისინი საკუთარ თვალწინ ნახავდნენ, როგორც ჩვეულებრივი სამსახურის დროს, ისევე ბრძოლაშიც, ჩვენს რეგულარულ მსუბუქ ჯარებს. ამ ჯარების არცთუ დიდ ნაწილს შეეძლო გაეწია სამსახური ლეკთა ხშირი თავდასხმების სრულად აღკვეთისთვის, როგორც თვალმოუხუჭავი მეთვალყურეობის მეშვეობით, ისე დევნის დროს მათი საბოლოო დამარცხების მეშვეობითაც”. («Никто не станетъ, конечно, упрекать грузинское дворянство въ недостатке храбрости, но, – доносилъ полковникъ Бурнашёвъ, – по безначалiю ихъ и безпорядку, а особливо въ небытности царя и простые грузины худо слушаются своихъ начальниковъ, а дворяне – никого. Сумнительно производить съ ними дела заблаговременно распоряженныя, да и въ самом сраженiи ожидать точнаго исполненiя приказовъ невозможно. Для преподанiя имъ образца порядка и послушанiя не безполезно бъ было видеть имъ предъ собою, как въ обыкновенной службе, такъ и во время сраженiя нашихъ регулярныхъ лёгкихъ войскъ. Небольшая часть оныхъ могла бы послужить къ совершенному воспрещенiю впаденiй частыхъ лезгинскихъ, какъ чрезъ недремлющее надзиранiе, такъ и чрезъ конечное пораженiе в преследованiяхъ».)
ამ პირობების დაკმაყოფილებისთვის მოუწევდათ ახალი ჯარების შეყვანა საქართველოში, მაგრამ პოლკოვნიკი ბურნაშოვი თავად აღიარებდა ამას, თუ არა სრულებით შეუძლებლად, მეტად გაძნელებულად მაინც, სურსათის უკმარისობის გამო.
“თუმცა კი, – წერდა იგი, – მეფის გულმოდგინებასა და მზადყოფნას რომ ჩვენ გვემსახუროს და დაგვეხმაროს, ჭეშმარიტად, საზღვრები არ გააჩნია, მაგრამ უძლურების, დაქვემდებარებულ ხელისუფალთა არყოლისა და მისი ბრძანებების აღმსრულებელთა უკიდურესი დაუდევრობის გამო, ყველაფერი არ ხდება ძალზედ ხშირად მისი ანგარიშებისდა მიხედვით. ამას დავუმატებდი შესამჩნევ უკმარისობას ფულებში, მაგრამ იქიდანაც უმოწყალოდ იტაცებენ, ვინაიდან თითქმის არა არის არათუ ხარჯთაღრიცხვის წიგნები, არამედ გაჭირვებით თუ მიაღწევ ზეპირად ანგარიშის მოხსენებასაც კი”.
პურზე აწეული ფასები და საერთოდ მისი უკმარისობა აიძულებდა, რომ იმ ორი ბატალიონის სურსათით მომარაგების გამოც ჰქონოდათ შიში, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებოდნენ, ხოლო ამასობაში კი ერეკლე არწმუნებდა ყველას, რომ საქართველოში პური ბევრია და ითხოვდა მისთვის 4000 რუსული ჯარების გამოგზავნას, საკუთრივ ლეკების დასასჯელად. იგი დაჟინებით ითხოვდა ამას მით უმეტეს, რომ 15 ივლისის განთიადს, ლეკების პარტია, გადმოლახა რა მდინარე ალაზანი, თავს დაესხა ქიზიყის სოფელ ჯუგაანს (Чуганъ). თუმცა კი ეს სოფელი განლაგებული იყო მაღალ მთაზე, მაგრამ მის მცხოვრებლებს მათი უდარდელობის, ყარაულებისა და ცხენოსანი რაზმების (конныя разъезды) არყოლის გამო, სრულებით მოულოდნელად შემოუტიეს ლეკებმა. ქართველებმა ვერ დაინახეს, თუ მტაცებელთა მეტად ნიშვნელოვანი პარტია როგორ მოუახლოვდა მშვიდად მთის ძირს, ჩამოქვეითდა და შემოუტია სოფელს. მოულოდნელობისგან დაბნეული მცხოვრებნი, დააგდეს რა თავიანთი ქონება, ცდილობდნენ გაქცევით თავის შველას, სადაც კი შეძლებდნენ. მტაცებლები ორი საათის განმავლობაში ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ სოფელს, ხოცავდნენ ვინც წინააღმდეგობას გაუწევდათ, თან მიჰყავდათ, რამდენიც კი შეეძლოთ, ადამიანები, მთელი საქონელი, მიჰქონდათ ნივთები. ქართველებმა ამ თავდასხმის დროს დაკარგეს ცამეტი ადამიანი მოკლულთა სახით, სამოცდაათამდე ტყვედ იქნა წაყვანილი, მთელი ქონება გაძარცვული, ხოლო სოფელს კი ხუთ ადგილას ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული.
ჯუგაანზე პირველი თავდასხმის დროს, ქიზიყის მოურავმა (მმართველმა) სოფელ ბოდბეში შეკრიბა ყველა შეიარაღებული ქართველი, მაგრამ ვერ გაბედა დარბეული სოფლის დასახმარებლად წასვლა, არამედ შემოიფარგლა იმით, რომ შიკრიკი გაუგზავნა ეგერთა სამთო ბატალიონის მეთაურს ცნობით მოწინააღმდეგის თავდასხმის შესახებ. შიკრიკს ჰყავდა ცუდი ცხენი, და თუმცა კი პოდპოლკოვნიკი კვაშნინ-სამარინი მაშინვე გამოვიდა თავისი ბატალიონით, მაგრამ ვერ შეძლო დროზე მისვლა, ვინაიდან სოფელ ჯუგაანამდე ოცდახუთი ვერსი იყო ჩვენი ბანაკიდან. ეგერები მთელ დროს მიდიოდნენ აჩქარებული ნაბიჯით, მაგრამ მივიდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო, მხოლოდ სოფელი იწვოდა, და თივის ზვინებს ასდიოდა ალი. “ბოდბეში შეკრებილმა ქართულმა ჯარებმა, – მოახსენებდა სამარინი, – რატომ ვერ მოასწრეს დროულად დახმარების გაწევა – ეს მოხდა გაუბედაობის გამო თუ არ ჰონდათ საკუთარი თავის იმედი, რომ თავს გაართმევდნენ (или не чаяли сабя быть в состоянiи), იმ დროს ჩემი იქ არყოფნის გამო, ჩემთვის უცნობია.
ამასთან ერთად ასევე აუცილებლად მიმაჩნია მოგახსენოთ, რომ აქ მყოფი ქართული არტილერია, განსაკუთრებით კი გუშინდელი გადმოსვლისგან, თითქმის მთლიანად დაიშალა, ასე რომ ძლივსღა ინარჩუნებს თავს. ასეთი მოძრაობის შემთხვევაში მისი თან წაღება სახიფათო იქნება, რათა დამტვრევის გამო არ დააბრკოლოს ბატალიონი და არ შეუქმნას მას სიძნელეები იმ ადგილზე მისთვის დაფარვის რაზმის დატოვების აუცილებლობით. ხოლო მისგან კი არანაირი მოქმედების იმედი არ შეიძლება გვქონდეს”.
არტილერიის მატერიალური ნაწილი საერთოდ ცუდ მდგმარეობაში იყო საქართველოში; ვაზნები და მუხტები არასაკმარის იყო, ხოლო დენთი თუმცა კი ჰქონდათ მცირე მარაგით, მაგრამ “სრულებით უვარგისი, ქართული ფაბრიკისა”. მიიღო რა ცნობები ასეთი მოუწყობლობის შესახებ, იმპერატრიცა ეკატერინე II-მ უწყალობა ერეკლეს სხვადასხვა ყალიბის ოცდაოთხი ქვემეხი და ბრძანა გაეგზავნათ ისინი საქართველოში მუხტებისა და ჭურვების ორმაგი კომპლექტით. გენერალ-პორუჩიკი პოტიომკინი, ტფილისში თავისი ყოფნის დროს, ასევე აქცევდა ერეკლე მეფის ყურადღებას ყველა საბრძოლო საშუალების გაუმჯობესების აუცილებლობაზე, მაგრამ ერეკლე გულახდილად აღიარებდა, რომ მას არ შეუძლია ამის გაკეთება. იგი ეუბნებოდა პ. ს. პოტიომკინს, რომ თუმცა კი მისი ქვეშევრომები მეტად მამაცნი არიან, მაგრამ არ შეუძლიათ გაძლება ლეკების წინააღმდეგ, რომელთა მხოლოდ სახელის ხსენებაც კი შიშსა და გაუბედაობაში აგდებს მათ (не могутъ устоять противъ лезгинъ, одно имя которыхъ наводитъ на нихъ страхъ и робость). მეფე ითხოვდა გამოეგზავნათ საქართველოში ქვეითი ჯარის ექვსი პოლკი სრული შენახვით, და როდესაც ამაზე მას უარი ეთქვა, მაშინ ითხოვდა დაერბიათ ჭარი და ბელაქანი, მთავარი ლეკური სოფლები, იმ ორი ბატალიონით, რომლებიც უკვე საქართველოში იყვნენ. მეფე დაჰპირდა უზრუნველეყო ჩვენი ბატალიონები სურსათით და მათ დასახმარებლად შეეკრიბა ოთხი ათასამდე ქართული ჯარები. პ. ს. პოტიომკინი პასუხობდა, რომ საქართველოს საზღვრებიდან დაშორებული სოფლების ამოწყვეტისთვის აუცილებელია მნიშვნელოვენი ძალები, რომლებიც არ არის და ვერც ვერსაიდან მოვა; რომ ამასთანავე ასეთი ექსპედიციებისგან ვერანაირი სარგებლის მიღებას ვერ განვჭვრეტთ, იმიტომ რომ, დაეუფლება რა ამ სოფლებს, ერეკლეს არ შეეძლება მათი საკუთარ ხელში შენარჩუნება. მეფემ ეს უარი მიიღო უკიდურესი გულდაწყვეტით, და პოტიომკინმა, ხედავდა რა, რომ ლეკების განუწყვეტელმა შემოჭრებმა “მის გულს იმდენად ავნეს, რომ მათი დასჯის განწყობით არა ერთხელ და ორჯერ ყოფილა იგი აღვსილი”, შესთავაზა ერეკლეს დაესაჯათ მის საზღვრებთან უახლოესი სოფლები, რათა ლეკებს დაენახათ, რომ არცთუ ყოველთვის შეძლებდნენ ისინი თავდასხმების მოწყობას დაუსჯელად. დარჩა რა სავსებით კმაყოფილი ამ წინადადებით, ერეკლე ითხოვდა მხოლოდ მის აღსრულებაში მოყვანას რაც შეიძლებოდა სწრაფად.
ბრუნდებოდა რა ტფილისიდან გეორგიევსკში, გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა საქართველოში დატოვა მასთან ერთად ჩამოსული გენერალ-მაიორი სამოილოვი, რომელსაც დაავალა კიდეც ექსოედიციის უფროსობა. რაზმის შემადგენლობაში დანიშნულ იქნენ ეგერთა ორივე ბატალიონი ოთხი საველე ქვემეხით და საქართველოში პოტიომკინის ბადრაგად ჩამოსული ასტრახანის დრაგუნთა პოლკის ასეული და დაახლოებით ასი ადამიანი დონისა და ურალის კაზაკებისგან.
დამდგარი შემოდგომა იაძულებდა სამოილოვს ეჩქარა სალაშქროდ გამოსვლითა და ექსპედიციის დასრულებით, მაგრამ მისი ყველა ძალისხმევა ამ მიმართებით სრულებით უსარგებლოდ რჩებოდა. ჩვენი ბატალიონების დასახმარებლად დაპირებული ქართული ჯარები არ იყვნენ მზად და მეტად ნელა იკრიბებოდნენ; მათ არ გააჩნდათ არც საბრძოლო მარაგები და არც სურსათი. სურსათის მარაგი ჩვენი ბატალიონებისთვის ასევე არ იყო, და გენერალ სამოილოვს დაუჯდა დიდ ზრუნვად და ძალისხმევად, რათა მოემარაგებინა თავისი ჯარები მხოლოდ ათი დღის პროვიანტით. “მე თავბრუ დავიხვიე, – მოახსენებდა იგი გენერალ პოტიომკინს, – და ფეხები დავაწყვიტე პოლკოვნიკ კაშინსკის, რათა ქართველებისგან გვეშოვნა ჩვენი ჯარისთვის საჭირო საკვები და ისეთი საქმისთვის (и для такого подвига), რომელმაც პირდაპირ მათ სარგებელი უნდა მოუტანოს. მე მცირედითაც კი არ შემიძლია ამაში მეფეს ვუსაყვედურო – იგი სულით და გულით მზად არის აღასრულოს ყველაფერი, რაც კი მისგან მოითხოვება, მაგრამ მისი ქვეშევრდომები სულ სხვა ადამიანები არიან. მანამდე სანამ მოისურვებენ ისინი იმის გაკეთებას, რასაც უბრძანებენ, მიხდება მე ხალხის გაგზავნა რამდენჯერმე მეფესთან, არქიმანდრიტთან, მელიქთან და ვიღაც ხაზინადარებთან, რომელთა ზრუნვაც მხოლოდ იმაში შედგება, რათა ქურდავდნენ მეფეს (которыхъ тщанiе только въ томъ состоитъ, чтобъ окрадывать царя). მე ამ სიიდან ამოვრიცხავ არქიმანდრიტ გაიოზს, რომელიც ცდილობდა არა მხოლოდ მიეტანა ჩემთვის საჭირო ყველა მოთხოვნა მეფემდე, არამედ კიდევაც წარედგინა მისთვის ამის თაობაზე გადაწყვეტილების უსწრაფესად მიღების მიზნით”.
უზრუნველყო რა საკუთარი ჯარი ათი დღის სურსათით, სამოილოვმა გადაწყვიტა გამოსულიყო ქართული ჯარების შეკრების დაულოდებლად და იმედი ჰქონდა რომ 4 ოქტომბერს ქიზიყში იქნებოდა, სადაც იმავე დღეს დაპირდა მეფეც იმ ლაშქრით მოსვლას, რომელიც ამ დროისთვის შეკრებას მოასწრებდა. ერეკლე არწმუნებდა სამოილოვს, რომ ქიზიყში ისინი იშოვნიან საკმარისად სურსათს და რომ რუსული ჯარები სურსათით სრულებით იქნებიან უზრუნველყოფილი.
“ღმერთმა ქნას, – ამბობდა სამოილოვი, – რომ მათ შეასრულონ თავიანთი სიტყვა უწინდელზე უფრო მეტად”, მაგრამ ერეკლემ ამ შემთხვევაშიც ვერ შეასრულა მიცემული დანაპირები.
იმის ნაცვლად, რომ 4 ოქტომბერს ქიზიყში ყოფილიყო, მეფემ მხოლოდ ამ დღეს დატოვა ტფილისი და მხოლოდ 7 რიცხვის საღამოს შეუერთდა გენერალ სამოილოვს სოფელ მაჩხაანში. ერეკლემ იქ თავის ჯარებთან ერთად მოიყვანა ასოცი იმერელი თავად გიორგი წულუკიძის უფროსობით, რომლებიც თან ჩამოჰყვნენ ახლად დაქორწინებულ ვახტანგ ბატონიშვილსა და მის მეუღლეს.
მაჩხაანში გენერალ-მაიორ სამოილოვს მოუხდა განეცადა იგივე, რასაც განიცდიდა ტფილისში და ეხილა ყველაფერში სიძნელეები და უკიდურესი მოუწესრიგებლობა. თითქმის შეერთებული ძალების თვალწინ ლეკები ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ სოფლებს, რომელთა მცხოვრებნიც ითხოვდნენ დახმარებას. სამოილოვი დაჟინებით მოითხოვდა უსწრაფეს მოძრაობას წინ, მაგრამ ერეკლე, თუმცა კი შეგნებული ჰქონდა, რომ ეს მოძრაობა აუცილებელია, აყოვნებდა, თავს იმართლებდა რა იმით, რომ მოელის თავისი ძალების გამრავლებას. მეფეს ჯერ კიდევ ვერ შეედგინა თავისთვის მომავალი მოქმედებების პროგრამა. იგი ეუბნებოდა სამოილოვს, რომ საჭიროა წასვლა ბელაქანზე და მისი დარბევა, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ კი შენიშნავდა, რომ კარგი იქნებოდა პირველი დრტყმა მეყენებინათ სოფელ ჭარზე. ეს ყოველწუთიერი ცვლილებები აიძულებდა გენერალ სამოილოვს ენანა, რომ ერეკლემ თავად მიიღო უფროსობა ქართულ ჯარებზე, და არ გამოგზავნა რომელიმე თავისი მხედართუფროსი, “ვინაიდან, – მოხსენებდა იგი, – მე მას ვაიძულებდი ყველაფერზე, ხოლო მეფეს კი შემიძლია მხოლოდ წარვუდგინო ჩემი მოსაზრება. მისი უმაღლესობა სავსებით თანხმდება ჩემს წინადადებებზე, მაგრამ ეს არის და ეს, საქმეს კი სულ მცირედაც არ აჩქარებენ”.
სურდა რა შეეწყვიტა უმოქმედობა, სამოილოვმა შესთავაზა ერეკლეს ორი გეგმა მოქმედებებისა: ან წასულიყვნენ პირდაპირ ბელაქანზე და, დაარბევდნენ რა მას, გზა გაეგრძელებინა ჭარისკენ, ან დაერბიათ ალაზნის იქით მდებარე ლეკური სოფლები და შემდეგ სხვა გზით წასულიყვნენ ასევე ჭარისკენ. მეფემ ამჯობინა უკანასკნელი გეგმა, როგორც ზიანის მიმყენებელი უფრო მეტი რიცხვის სოფლებისთვის, მაგრამ მაინც ვერ ბედავდა გამოსვლას, ამბობდა რა, რომ ჯარები ჯერ კიდევ იკრბებოდნენ.
დრო გადიოდა და სამოილოვი შიშობდა, რომ ექსპედიცია სულაც ვერ შედგებოდა. დადგა ღრმა შემოდგომა; მშვენიერი დღეები შეიცვალა უამინდობით და ოთხი დღეღამის განმავლობაში განუწყვეტლივ გადაუღებლად წვიმდა; წყალი მდინარე ალაზანში სწრაფად ადიოდა მაღლა და შესაძლებელი იყო იმის მოლოდინი, რომ მდინარეში ფონით გასვლა შეუძლებელი აღმოჩნდებოდა. ამასობაში ბანაკში მიღებულ იქნა ცნობა, რომ საქართველოს ფარგლებში შემოჭრილი პარტია ლეკებისა, რომელმაც გადმოლახა მდინარე ალაზანი და შეუერთდა რამდენიმე ასეულ ახალ მტაცებელს, თავიდან დაიძრა განჯაზე, მაგრამ შეიტყო რა რუსული ჯარების მოახლოების თაობაზე, უკანვე გაბრუნდა. გენერალ-მაიორმა სამოილოვმა, ხედავდა რა, რომ ჩვენ გვეძლევა მოხერხებული შემთხვევა შევხვდეთ მოწინააღმდეგეს მდინარე ალაზნის გადაულახველად, უკვე მეტად აღარ დაუწყო აზრის კითხვა ერეკლეს, არამედ მაშინვე გამოვიდა ბანაკიდან, და 14 ოქტომბრის დილას, მუღანლუს სანახების მახლობლად, დაეწია ლეკებს, რომლებიც გაწელილი რიგებით მიდიოდნენ ახლომდებარე ტყისკენ იმ ვარაუდით, რომ მისი გავლით მისულიყვნენ ალაზანთან. როგორ არ ცდილობდა სამოილოვი, რომ ტყისკენ გზა გადაეჭრა მოწინააღმდეგისთვის, მას არ შეეძლო ამის მიღწევა, ვინაიდან ლეკებმა, შეამჩნიეს რა ჩვენი ჯარები, ჭენებაზე გადაიყვანეს ცხენები და ტყეში მიიმალნენ. “მეფეს მეტად სურდა, – მოახსენებდა სამოილოვი, – რომ ისინი იმავე დროს დაესაჯა, მაგრამ ჩვენი ქვეითი ჯარის მოსვლამდე ქართველთაგან არავინ ტყისკენ არ დაძრულა და თავად მათი თავადებიც კი გაუნძრევლად იდგნენ”.
როგორც კი მოვიდა ქვეითი ჯარი, სამოილოვი მაშინვე შეუდგა ტყისკენ შეტევას. მან შეადგინა ორი კოლონა, რომელთაგან ერთი ორასი ეგერით, პოდპოლკოვნიკ არშენევსკის მეთაურობით, დანიშნულ იქნა ტყეზე შეტევისთვის მარჯვენა მხრიდან; მეორეს – ასი ეგერისგან, პორუჩიკ გოლოკტიონოვის უფროსობით, უნდა შეეტია მარცხენა მხრიდან. ამ ორი კოლონის საერთო გამგეობა დაევალა პოდპოლკოვნიკს ჰესენ-რაინსფელდის პრინცს. მარჯვენა კოლონის რეზერვში იმყოფებოდა პოდპოლკოვნიკი კვაშნინ-სამარინი ბელორუსიის ბატალიონით, ხოლო მარცხენა კოლონის რეზერვში კი – პოდპოლკოვნიკი მერლინი სამთო ბატალიონით. ქვეითი ჯარის მარცხენა ფლანგზე იდგნენ კაზაკები რამდენიმე ასეული საუკეთესო ქართველი მსროლელით; ბატალიონებს შორის იყვნენ დრაგუნები, ხოლო ყველაზე მარცხნივ კი, ღია მდელოზე, განლაგდა არტილაერია, და ამასთან ისე, რომ შეეძლო ცეცხლის დაშენა ალაზნის მოპირდაპირე ნაპირისთვის. რუსების უკან იდგნენ ქართული ჯარები, რომლებთანაც იმყოფებოდა მეფე ერეკლეც.
განკარგა რა ასეთნაირად, სამოილოვი დაიძრა შეტევაში. ასულები იყვნენ რა ხეებზე და სულ მუდამ თვალს ადევნებდნენ ჩვენი ჯარების მოძრაობას, ლეკები შემტევებს დახვდნენ მეტად ძლიერი ცეცხლით, მაგრამ შეუპოვარი ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ და საჩქაროდ გადასულიყვნენ მდინარეზე ჩვენი არტილერიის ცეცხლის ქვეშ. მოწინააღმდეგემ დატოვა ორასამდე გვამი ადგილზე, მათ ჩაუთვლელად, რომლებიც წაიღო წყალმა ან ჩაიღრჩვნენ მასში; ჩვენ გვყავდა ჩვიდმეტი მოკლული და დაჭრილი, მათ რიცხვში მძიმედ დაიჭრა და მალევე მოკვდა რაინსფელდის პრინცი.
გაათენა რა ღამე ბრძოლის ველზე, სამოილოვი, ყარაღაჩის, სტეფან-წმინდისა და მაჩხაანის სანახების გამოვლით, 20 ოქტომბერს დაბრუნდა ტფილისში. ამ გამარჯვებას არ მოუტანია არანაირი ხელშესახები შედეგები, რადგანაც მთელი საქმე შემოიფარგლებოდა მხოლოდ მტაცებელთა ბრბოს გაფანტვით.
“მეტად სასარგებლო იქნებოდა – წერდა თავადი პოტიომკინი – საწყისი დარტყმა ლეკებზე რომ წარმოებულ ყოფილიყო უძლიერესი სახით ჯარების გამრავლებით საქართველოში და თუკი პირველსავე შემთხვევაში განიცდიდნენ ისინი ჩვენგან დამარცხებათა მთელ სიმძიმეს, ამის მეშვეობით სამუდამოდ შეგვიმსუბუქდებოდა ჩვენი ღონისძიებანი. რუსული იარაღის შიში უფრო მეტად გავრცელდებოდა ყველგან და ეს ყაჩაღები უკვე ვერასდროს ვეღარ გათავხედდებოდნენ ჩვენთან შემოსაბმელად”. თუმცა კი ეს შენიშვნა სავსებით სამართლიანი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ არ შეიძლება იმის უარყოფაც, რომ ამ უმნიშვნელო წარმატებამაც კი მოახდინა უზარმაზარი ზნეობრივი ზეგავლენა არა მხოლოდ ქართველებზე, არამედ თავად ერეკლეზეც.
გამარჯვებით გახარებულმა მეფემ მოაწყო ზეიმი რუსული ჯარების შემოსვლისას თავის დედაქალაქში და მოიწვია სამოილოვი პირდაპირ ტაძარში, სადაც პატრიარქი ელოდებოდა მათ ღვთის მიერ ბოძებული გამარჯვებისთვის სამადლობელი ლოცვის აღსავლენად. იმპერატრიცას სახელზე მრავალჟამიერის გამოცხადებისას მოხდენილ იქნა ზარბაზნის გასროლები. მეორე დღეს მეფემ გამოუცხადა სამოილოვს, რომ საპატრიარქო ეკლესიაში აღსრულებულ იქნება ლოცვითი მსახურება თავად პოტიომკინ-ტავრიდელის ჯანმრთელობის შესახებ, როგორც საქართველოს მფარველისა. სამოილოვმა ეკლესიაში მოიწვია ყველა ოფიცერი, ხოლო მსახურების დასრულების შემდეგ კი ესტუმრა მეფეს მადლობის სათქმელად ასეთი “პატივისცემისთვის ჩვენი მთავარი უფროსის მიმართ”.
ერეკლეს ორმაგად ახარებდა ეს გამარჯვება: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისთვის საძულველმა ლეკებმა განიცადეს დამარცხება, და მეორეც, რომ მის შედეგად შეიქნა განჯელთა მორჩილებაც”.
აქ დავამთავროთ ამჯერად ჩვენი თხრობა აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნიდან Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе (Т. II, СПб, 1886 г.), სადაც, როგორც ვნახეთ, უხვად არის ცნობები 1780-იანი წლების პირველ ნახევარში ქართველთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, და არც თუ მაინც და მაინც სახარბიელო და თავის მოსაწონი ჩვენი მხრიდან, არამედ რეალური და მეტად დამაფიქრებელი. როგორც ვიცით, გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად, საქართველოში რუსეთის მთავრობის რეზიდენტი (მინისტრი) და რუსული ჯარების საერთო უფროსი 1783-1787 წლებში გახლდათ სამხედრო ინჟენერი, პ ო ლ კ ო ვ ნ ი კ ი ს. დ. ბ უ რ ნ ა შ ო ვ ი, რომელმაც შემდგომ წლებში გამოაქვეყნა რამდენიმე მცირე მოცულობის წიგნი, მათ შორის Политическая картина Грузiи, და ქვემოთ შევუდგებით მისი ნაწერების თარგმანის გადმოცემას.
სახელდობრ, პოლკოვნიკი ბურნაშოვი წიგნის თავში “საქართველოს პოლიტიკური სურათი” წერს:
„წ ო დ ე ბ ე ბ ი (состоянiя). საქართველოში ქართველებს შორის სამი წოდებაა: სასულიერო, თავად-აზნაურობა და მხვნელ-მთესველები; პირველი უმეტეს წილად შედგება კეთილშობილებისგან. სომხებს შორის: თავად-აზნაურები, ვაჭრები, ხელოსნები და მხვნელ-მთესველები. ბერძნებს შორის: ვაჭრები, ხელოსნები, ხოლო უმეტეს წილად _ მადნის მთხრელები, რომლებიც ინახავენ ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის სამეფო ქარხნებს. მაჰმადიანებს შორის: ჩინოსანთა საგვარულოები (რომელთა თაობებიც /რუს. поколенiя/ სპარსეთში, ისევე როგორც საქართველოშიც, მეტად გამორჩეულნი არიან), ვაჭრები, ხელოსნები, მხვნელ-მთესველები, არცთუ დიდი მესაქონლეობით; მათი ნაწილი მოხეტიალეები (მომთაბარეები) არიან, მტაცებლები და მეტად მიდრეკილი გახლავან ომისკენ. ქურთები მომთაბარე ხალხია.
მესაქონლეობა მთელს საქართველოში ლეკთაგან თარეშების გამო დიდი არ არის, ცხენსაშენები პატარაა და ყურადღებას არ იმსახურებენ.
პური საკმარისია, განსაკუთრებით ყაზახსა და სამშადილში, კარგი ყუათიანობისა და თვისებების; ბრინჯი (пшено сорочинское) უხვადაა; ასევე ფეტვი (просо), ქერი სიმინდი; ჭვავი და შვრია საერთოდ არ არის; ბამბა საკმარისია; სელი ბევრი არ არის, თესენ მხოლოდ ზეთის გამოსახდელად; აბრეშუმი მეტად ბევრია, მხოლოდ საშუალო ხარისხისა (посредственной доброты).
ოქროსა და ვერცხლის მადნები საკმარისადაა, განსაკუთრებით ბევრი სპილენძის მადანია მთებში, რომლებიც ჰყოფენ საქართველოს ერევნისგან, გამოიმუშავებენ მათ ბერძნები _ რომლებიც გამოდიან თურქეთიდან, რკინა ცოტაა და ცუდი, იყენებენ იქ რუსეთიდან ჩამოტანილს, ყიდულობენ რა მას ხუთჯერ უფრო ძვირად, ეს სიძვირე მომდინარეობს კავკასიის მთების გავლით მიწოდების სიძნელეების გამო.
ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ცუდია და ხელოვნებას მოკლებული, მათ არ იციან მათი შერევა სხვა ლითონებთან, სპილენძის ნაკეთობები კარგია, კალისა არ არის, ფოლადისა საშუალოა, რკინის ნაკეთობებს აკეთებენ კალასთან შერევით, არის აბრეშუმისა და ბამბის პატარა ხელის ფაბრიკები, უკანასკნელები ძლზედ ცოტაა.
ვაჭრები მიემგზავრებიან სპარსეთსა და ინდოეთში _ რუსეთიდან ჩამოტანილი არცთუ დიდი რაოდენობის საქონლით; ხოლო იქიდან ქარავნებით ღებულობენ აბრეშუმის, ბამბის, სპარსულ და ინდურ მატერიებს, ასევე ფაიფურის ჭურჭელს, დიდი ვაჭრობა გააჩნიათ მათ მთიელ და სპარსელ ახლო მეზობლებთან მათი ხელსაქმით, ე. ი. სპილენძის ჭურჭლით, ბამბის ქსოვილებით, მოჩითულით, შეღებილითა და თეთრით, ცხენის მოსართავებით, ხმლებითა და ხანჯლებით, რკინის მცირე საგნებით, ტანსაცმლით, ქუდებითა და ფეხსაცმლით: ვინაიდან ამ სჭიროებების გამო თითქმის მთელი კავკასიელი ხალხები და მთელი მეზობლები სარგებლობენ ტფილისელი სომხების შრომისმოყვარეობით. სავაჭროები ლამაზი საქონლით, ხელით ნაკეთობებითა და სასურსათო მარაგებით, ტფილისში 500-მდეა.
ღ ვ თ ი ს მ ს ა ხ უ რ ე ბ ა. სარწმუნოების წესები და ჩვეულებები ქართველებში _ ბერძნულია, ღვთისმოსაობა (благочестiе) ეკლესიებში დიდი არ არის, ღვთისმოშიშების (набожность) გარეგნულ გამოხატვას გამოავლენენ გულმოდგინედ, მარხვების შენახვას _ უზომოდ. ეკლესიები და მონასტრები დაცარიელებულია (გაჩანაგებულია, опустошены) და იმყოფებიან უკიდურესად დაუდევრად (небреженiе) დატოვებულ მდგომარეობაში, კეთილმოწესეობა (благочинiе) მათში საერთოდ არ არის, სასულიერო წოდებას გააჩნია საკმარისი ძალაუფლება და უშუალო პატივისცემა, მათი ხმა სამეფო საბჭოში მნიშვნელოვანია; მთავარი უფროსობა სასულიერო წოდებაზე გააჩნია კათოლიკოსს ანუ უპირველეს მთავარეპისკოპოსს.
სომხები მიჰყვებიან გრიგორიანულ გადმოცემას, თავიანთ ეკლესიებს ინახავენ სისუფთავეში და საკმარისად აქვთ მორთული, ტფილისში არის კათოლიკების 30-მდე ოჯახი, მათ ჰყავთ თავიანთი პატრები, რომლებსაც გზავნიან რომიდან. ეს პატრები აღასრულებენ მედიკოსების თანამდებობებს და ყოველთვის ძალზედ ახლოს არიან ხოლმე მეფეთა ექიმებთან; მათ ააშენეს ტფილისში უზარმაზარი კათოლიკური ეკლესია, ქვისგან და ევროპული ნიმუშის მიხედვით, მაგრამ მეფე ირკლიმ იგი გადააკეთებინა ბერძნული აღმსარებლობის ეკლესიად, გრიგორინული ერესის საქართველოს ეკლესიაში შეტანისკენ მიმართული ღონისძიების გამო, საქართველოს ეკლესიის ზოგიერთ ცნობილ სასულიერო პირთან შეთანხმებით.
ბერძნებს გააჩნიათ საკუთარი ეკლესიები, რომლებიც არ არის მდიდარი.
მაჰმადიანებს სარწმუნოების აღსრულება არ ეკრძალებათ, ტფილისში მათ აქვთ სამი მეჩეთი; თითოეული მათგანი გარკვეულ ვალდებულებაში იმყოფება ქართულ ეკლესიებთან, კისრულობენ რა ერთი-მეორის გამო თავდებობას დარბევისგან უსაფრთხოებაზე გაბატონებული სარწმუნოების შეცვლის დროს. იქ ჩვენი ჯარების ყოფნის უკანასკნელ ხანს მაჰმადიანებს ნება ეძლეოდათ თავიანთი მორწმუნეები მეჩეთებში მიეწვიათ მათი ჩვეულების და მიხედვით.
ქურთები _ წარმართები არიან და ცხოვრობენ თითქმის სარწმუნოების გარეშე, ზოგიერთები აღიარებენ მაჰმადიანურ სარწმუნოებას.
მთიელი ხალხები _ ძურძუკები, ხევსურები, ფშავლები, ემორჩილებიან მეფეს და გააჩნიათ ბერძნული სარწმუნოება.
ხ ა ლ ხ ი ს თ ვ ი ს ე ბ ე ბ ი. მიწის მდებარეობა მთა-გორიანია, რაც აქცევს იქაურ მაცხოვრებლებს, როგორც ყველგან მთებში, უფრო მკაცრ ადამიანებად; სპარსელებთან დიდი ხნის კავშირისა და ურთიერთობების გამო, გადაიღეს მათი ზნე-ჩვეულებები, და თუმცა კი ბევრი მათგანი საკმარისდ არის დაჯილდოებული გაგების (разуменiе) ბუნებრივი უნარით, მაგრამ არ ზრუნავენ თავიანთი შვილების აღზრდისა და განათლებისთვის, და ამიტომაც წინდაწინ ვერ ჭვრეტენ (не предвидящи), არიან ცრუები (лживые), არა აქვთ მდგრადი ხასიათი და არიან ანგარების მოყვარულები, ბევრი კეთილშობილთაგანი პირადად მამაცია, მაგრამ დიადი საქმეები, რომლებიც გამოარჩევს ნიჭიერებას _ არა ჩანს, არ გააჩნიათ სიყვარული (შეთვისება, привязанность) თავიანთი ახლობელი ნათესავებისადმიც კი, ცხოვრება და საკვები მკაცრია, თავაზიანი მოპყრობა ურთიერთ შორის ცოტაა, სახალხო მხიარულობები არ არის, ცხენებით დოღის (ჯირითის) გარდა ორჯერ წელიწადში და ხშირად ფარიკაობისა (палашный бой); თავიანთი ადათები ცხოვრებაში მიაჩნიათ ჩინებულად, ევროპული ადათ-წესების მიმართ შესამჩნევია მათი ზიზღი (отвращенiе) და მთელი თავიანთი სიღარიბის მიუხედავად სულელურად ამაყები არიან (глупо горды).
მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ს წ ე ს ი (ს ა ხ ე). ერთხელისუფლებიანობაა, მეფის ნება შეუზღუდვია, დაწერილი კანონები და დაწესებულებები თითქმის არ გააჩნიათ, დაქვემდებარებული ხელისუფალნი ცოტანი არიან, მთელი საქმეები და სულ მცირენიც კი დამოკიდებულია მეფის გადაწყვეტილებაზე; მას ერთადერთს ემორჩილებიან პირფერობით (პირმოთნეობით), სხვა ჩინოსნებს კი მეტად ცუდად.
მეფეს აქვს თავისი დივანი ანუ საბჭო, რომელშიც მონაწილეობენ მისი ყველა შვილი, კათოლიკოსი, მღვდელთმთავრები, საბჭოს წევრები, რომელთაც ეწოდებათ დივან-ბეგები, და მიწების დიდებულები, რომლის რჩევის გარეშეც მეფეს აქვს ჩვეულება არაფერს არ იღონებდეს, თუმცა კი თვითმპყრობელია. ჰყავს აგრეთვე საგანგებო მინისტრები: საგარეო საქმეთა, სახელმწიფო შემოსავლების, სამხედრო განკარგულებების, რომლებიც, ისევე როგორც ყველა საქმიანი ადამიანი, სომხებისგან არიან, ვინაიდან ქართველ თავადთა საგვარულოები თავიანთი სიამაყის გამო შეუთავსებლად თვლიან თავიანთი შვილებისთვის უბრალო ანგარიშის სწავლებასაც კი.
სამხედრო, კარიკაცებისა და სამოქალაქო ჩინები, უმეტეს წილად მემკვიდრეობითია საგვარულოების მიხედვით.
სამეფო კარი, თავისებურად საკმარისად გამომხტველია და ემსგავსება ძველი მეფეების სასხლეთა კარებს გაუნათლებელ ხლხებში.
ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო შ ე მ ო ს ა ვ ლ ე ბ ი. ქვეშევრდომებისგან ფულადი და მხვნელ-მთესველებისგან მიწათმომედების ნაწარმი, ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის მადნებიდნ, საბაჟო მოსაკრებლებიდან, წყალსადენი და თამბაქოს გამოსასყიდებიდან, ქალაქებიდნ _ განჯა და ერევანი, მეზობელი ხანებისგან საჩუქრების ჩათვლით აღწევდა 400 ათას მანეთამდე ოქროთი და ვერცხლით, მაგრამ ქ. ტფილისს ამაზე ზევიტ აკისრია საგანგებო გადასახადები; ვინაიდან მეფის კეთილი ნების მიხედვით მას აკისრებენ ხოლმე წინასწარ განუსაზღვრელ გადასახადებსაც. მთელი შემოსვლების მეათედ ნაწილს, სამთამადნო შემოსავლების ჩათვლით, ძველი კანონმდებლობის მიხედვით, ღებულობს სახლთუხუცესი (წერია სალთხუცესი, და ამავე ტერმინს ხმარობს პლატონ იოსელიანიც თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ _ ი. ხ.), სამეფო კარის მთავარი მოხელე.
მ ხ ე დ რ ო ბ ა (ჯ ა რ ი). ფულადი ანაზღაურებით (жалованiе) შენახული ჯარები არ არის; ათი წლის წინ, როგორც ლეკების საყოვლთაო მტაცებლობისგან დასაცავად, რომლებიც მათ ავიწროვებდნენ თვით ქალაქების გალავნებამდეც კი, ქართველებში კრებენ მილიციას (წერია _ Мурыга, იგულისხმება ე. წ. მორიგე ჯარი _ ი. ხ.), რომელიც შედგება 4000 მეომრისგან, რომლებიც იმსახურებენ რა ერთ თვეს, ბრუნდებიან სახლში, ხოლო მათ ადგილზე დგებიან სხვები რიგის მიხედვით, მთელი სახელმწიფოდან. ამ მორიგე ჯარით, გარდაცვლილმა ბატონიშვილმა ლეონმა, გაწმინდა თითქმის მთელი მიწა მთიელთა თავხედური ძარცვა-რბევისგან, მაგრამ ახლა მეფის არც ერთი ვაჟიშვილი არ მოღვაწეობს ასე ვაჟკაცურად და ამიტომ მორიგე ჯარიც, მოხელეთა ბოროტგამოყენებების გამო, არსად არა დგას გზების, სოფლებისა და მხვნელ-მთესველების დასაცავად.
კეთილშობილები ყველანი მსახურობენ ცხენოსნებად, ისევე როგორც ყველა ქონების მქონე; ყველა წოდების მეომარი ჩვენი იქ ყოფნისას იკრიბებოდა 6000-მდე. მაჰმადიანებს, ყაზახელებსა და შამშადილელებს, საუკეთესო მეომრებს, რუსეთის მფარველობაში შემოსვლის დროიდან, რადგანაც მათ არ ენდობოდა, მეფე, მათი აღშფოთების (ამბოხების, возмущенiе) მიზეზით, ჯარებში არ იწვევდა, ყაბარდოელები და ოსები მეფის ომში მსახურობენ ანაზღაურების სანაცვლოდ, ასევე ლეკთა ზოგიერთი საგვარეულოც, რომელთაგან მეფეს, მათ ერთგულებაში დასარწმუნებლად, ჰყავს მძევლები. ისინი უმეტეს წილად შეიარაღებული არიან შაშხანებით, სარტყელში გაყრილი პისტოლეტებით, მხარზე გადაკიდებული ჩანთით, ხანჯლითა და ხმლით, და თავად მეფეც ასეთივე ნაირადაა შეიარაღებული; საომრად გამზადებული უღარიბესი გლეხები კი, რომელთაც არა აქვთ იარაღი, მოდიან კომბლებით.
ქართული არტილერია გადაიყვანება ხარებით, და თუმცა კი არცთუ მთლად სწორადაა გაკეთებული და გამართულიც არ არის (и не исправна), მაგრამ საშიშია მეზობლებისთვის, მათი მოწინააღმდეგეებისთვის; ვინაიდან ამ უკანასკნელთ ველზე არტილერია არ გააჩნიათ; ახლა მეფეს აქვს 12 საკუთარი ქვემეხი, რომლებიც ჩამოსხმულია ტფილისში, დენთს თავად აკეთებენ, მაგრამ პროპორციების არცოდნის გამო იგი უკიდურესად ცუდია.
უმაღლეს სამხედრო ჩინს ეწოდება სარდარი; რომლებიც არიან სამნი, სახელდობრ კი: კახეთში ერთერთი თავად ჩოლოყაშვილთაგანი, ქართლში ორი, ერთი ზემო ივერიაში თავად ამილახვრებისგან, მეორე კი სომხითში თავად ორბელიანებისგან, ეს ჩინები მემკვიდრეობით გადადის საგვარეულოებში, კათოლიკოსს ჰყავს თავისი სარდარი, არიან მარჯვენა და მარცხენა ფრთის გენერლები, არტილერიის უფროსი, რომელსაც ეწოდება თოფჩი-ბაში (წერია толши-баша). მეფის ადიუტანტები, უფროსები და უმცროსები, მიმბაშები (წერია бибмаши) ანუ ათასისთავები, ხუთასისთავები და ასისთავები, ესაულები და მედროშეები, და თუმცა კი ყველა ეს ჩინოსნები არსებობენ, მაგრამ არასდროს თავიანთ ადგილზე არ არიან ხოლმე, არამედ ლაშქრობის დროს ყოველთვის მეფის სიახლოვეში გროვდებიან. მათი ხელქვეითები ლაშქრობის დროს დაეხეტებიან თავიანთ ნებაზე და დგებიან ყოველგვარი წესრიგის გარეშე. მათი სამხედრო ბანაკი ემსგავსება სავაჭროდ მოსული გლეხების თავშეყრას, მეწინავე რაზმები და წამყვანი (მიმყვანი, отводныя) ყარაულები არა ჰყავთ, და ამის გამო, ისე არ გავა ღამე, რომ ცხენებს, ხოლო ზოგჯერ კი ადამიანებსაც არ სტაცებდნენ მათი მოწინააღმდეგენი ბანაკიდან, ამავე დროს ქართველებიც იგივეს უკეთებენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს. პროვიანტს არ ამზადებენ, ყველას ომში წასულს თან მიაქვს სურსათი რამდენსაც შეძლებს, და ამის გამო ხშირად განიცდიან შიმშილს, ზოგჯერ სურსათი მოაქვთ ჯარისთვის ტფილისიდან; მაგრამ იშვიათად, და ამიტომ ლაშქრობის დროს პურსა და სხვა საკვებს ღებულობენ სოფლებიდან გარჩევისა და დანიშნულების გარეშე; სურსათის უკმარისობა იქცევა ხოლმე იმის გარდაუვლ მიზეზად, რომ მეფეს არ შეუძლია თავისი ჯარის დიდი ხნით ველზე გაჩერება (შენახვა, содержать); სამხედრო სიმკაცრე და დაქვემდებარებულობა სულაც არ არის, და ამიტომ საკუთარი მიწებისთვის ჯარის ყოფნა და ლაშქრობა მეომართა თავხედობის გამო უკიდურესად გამაჩანაგებელია, ნადავლი და ნაძარცვი ერთადერთ ჯილდოს წარმოადგენს ყველასთვის, ვინც ჯარებში იმყოფება”.
მ ფ ლ ო ბ ე ლ ი ს ა ხ ლ ი. მეფე ირაკლი თეიმურაზის ძე ბაგრატიონი, თავის წარმოშობას გადმოცემების მიხედვით ითვლის წინასწრმეტყველისა და იუდეის მეფის დავითის შტოსგან და თავის წინაპრებს თვლის ათას წელზე მეტ ხანს საქართველოს ტახტზე, არცთუ საშუალო გონების კაცია, იშვიათი მოთმინების მქონე, და უმაგალითოდ ღვთისმოსავი, თავისი 70-წლიანი მოხუცებულობის მიუხედავად ყოველდღიურად და აუცილებლად სამჯერ ღვთისმსახურების აღსრულებისას და განსაკუთრებით თავის კაბინეტში ორსაათიანი ლოცვისა, რომლისგანაც არანაირ შემთხვევას მისი მოწყვეტა არ შეუძლია, გასოცრად მოღვაწეა, მთელი ღამე ფხიზლობს დილამდე თავად უძღვება რა თავისი სახელმწიფოს საქმეებს, სძინავს ცოტა, დღისით აუდიენციებს აძლევს ელჩებს, რომლებიც ჩამოდიან სპარსეთის მფლობელი ხანებისგან და მთიელი ხალხებისგანაც. სამართალს განუჩენს თავის ქვეშევრდომებს, თვით ყველაზე უფრო მცირე დავებშიც კი, გამოცდილებით ჩახედულია აზიურ პოლიტიკურ წეს-ჩვეულებებში, იყო რა საკმაოდ დიდ ხანს ნდობაში ნადირ-შაჰთან, მის ყველა ლაშქრობაში ინდოეთში; მაგრამ არაფრისკენ ისე არ ისწრაფვის, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისკენ. მისი მეუღლე დედოფალი დარეჯან (Дарiя) გიორგის ასული სამეგრელოს დადიანების სახლიდან, თავად ჩიქოვანთა (Чекуани) საგვარეულოდან; თავისი მეუღლეობის პირველ წლებში არ ჰქონია არანაირი გავლენა სახელმწიფო საქმეებზე და ქვეშევრდომების მიერ ნაკლებად იყო ცნობილი, რომლებიც იქაური ადათის მიხედვით მას ვერც კი ხედავდნენ; მაგრამ როდესაც მეფისწულებმა, მისმა შვილებმა დავაჟკაცება დაიწყეს, ხოლო მეფის ასულები მისთხოვდნენ დიდებულებს უპირველესი და ძლიერი საგვარეულოებიდან, მან დაიწყო მონაწილეობის მიღება სამეფო საბჭოში და იმდენად ძლიერი შეიქმნა (როგორც ჩვეულებრივ მთელს სპარსეთში, მფლობელთა სახლებში, რაც უფრო მეტად ჰყავს ცოლს გაზრდილი შვილები, მით უფრო ძლიერი ხდება იგი; ვინაიდან თითოეულ მის ვაჟიშვილსა და სიძეს ჰყავს თავისი მომხრეები და შეადგენს პარტიას), რომ ახლა ყველაფერი კეთდება მისი თანხმობით, და თავად მეფესაც მასთან ხანგრძლივი ცხოვრების გამო, მის მიმართ გააჩნია უსაზღვრო ნდობა.
მემკვიდრეს, მეფე ირაკლის უფროს ვაჟიშვილს, შობილს მეორე მეუღლისგან, ახლანდელი დედოფლის გერს, გიორგი მეფის ძეს მეფის ყველა ვაჟს შორის, გააჩნია უფრო მეტი ზნეობრივი სიკეთეები, მეტად ჩახედულია წმინდა წერილში, და უკიდურესად ღვთისმოსავია (набоженъ), და ამის გამო გარშემორტყმულია სასულიერო პირებით, თუმცა კი არ გააჩნია არანაირი ცოდნა მეცნიერებებში ქვეყნის გაუნათლებლობის გამო, მძიმეა სამხედრო სიქველეთა მიმართ, მშვიდობის მოყვარეა და მიდრეკილია კეთილმოწყობისკენ (склоненъ къ благоустройству); საქართველოში გამოცემული კანონების საკმარისად არარსებობის გამო შესაძლოა იმედი გვქონდეს, რომ რომ იგი თავისი მომავალი მეფობის დროს გამოსცემს სასარგებლო დადგენილებებს (დაწესებებს, учрежденiя); არ არის რა ყვარებული დედოფლისგან, თავისი დედინაცვლისგან, თავს არიდებს სამეფო საქმეებში მონაწილეობას მმართველობის მათეული ნიმუშის (წესის) მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოწოდებული იქნება მეფის მიერ მხოლოდ გარეგნული შესახედაობის გამო. ჰყავს მრავალრიცხოვანი შთამომავლობა პირველი მეუღლისგან, რომლთაგან მისი უფროსი ვაჟიშვილი თავადი დავითი, 20 წლისა, უზომოდ მგზნებარე (ярыя) თვისებების მქონე, იჩენს გონების დიდ სისწრაფეს, განსაკუთრებულ სიმამაცეს და მიდრეკილებას (ხალისს, охоту) ომისკენ და უკიდურეს სურვილს შეისწავლოს ევროპული სამხედრო მეცნიერება.
პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ა რ უ ს ე თ ი ს მ ფ ა რ ვ ე ლ ო ბ ა შ ი შ ე მ ო ს ვ ლ ი ს უ წ ი ნ დ ე ლ ხ ა ნ ე ბ შ ი. ირაკლი მეფის სამფლობელოს შეადგენს ორი სამეფო _ ქართლისა და კახეთისა, უკანასკნელს ფლობს იგი მემკვიდრეობით, თავისი მშობლის მეფე თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ, რომელიც გარდაიცვალა ასტრახანში, რუსეთიდან საქართველოში უკან დაბრუნების გზაზე. ქართლის მეფობაზე აღყვანილია იგი ნადირ-შაჰის მიერ, მის მიერ ამ სამეფოს თურქთაგან უკან წართმევის (завоеванiе) შემდეგ. მეფე ვახტანგი, რომელიც ქართლს უფრო ადრე ფლობდა, და რომელმაც ვერ შესძლო წინ აღდგომოდა თურქულ ძალებს, მაშინ მთელი თავისი საგვარეულოთი რუსეთში წავიდა, და მისი მემკვიდრეები ახლაც იქ ცხოვრობენ. ამრიგად ორივე სამეფო შეერთდა ერთ სამეფოდ. მეფე ირაკლის, რომელიც იქცა მათ მფლობელად, ჰქონდა ბედნირი წარმატებები, არა მხოლოდ სპარსელების წინააღმდეგ, რომლებსაც ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ურთიერთშორის მტრობა და ომები ჰქონდათ გაჩაღებული და დაყოფილი იყვნენ სხვადასხვა სახანოებად, არამედ თურქების წინააღმდეგაც, რომელთაგან ყაინარჯის ზავით დატოვებულია სიმშვიდეში. სპარსელებისთვის, თავისი მეზობლებისთვის, იქცა საშიშად, შეუერთა რა მათგან თავის სამფლობელოს ორი სახანო განჯისა და ერევნისა; ხოლო შემდეგ დაამარცხა რა საქართველოში შემოჭრილი ავარიის ხანი, რომელიც წინამძღოლობდა მთიელ ხალხებს, დაამყარა მათთან კავშირები, ბევრი მათგანისგან თავისთან ჰყავდა მძევლები, ზოგიერთს კი ფულადი ანაზღაურების სახით აძლევდა ხარკს (дань), ბევრს იწვევდა თავისთან სამსახურში და მათთან ერთად იბრძოდა სპარსელების წინააღმდეგ; მაგრამ მრავალრიცხოვანი მთიელი ხალხებიდან ყველასთან როდი ჰქონდა მას მშვიდობა დამყარებული. ასეთი გარემოებების გამო მთიელი მცხოვრებნი, რომლებიც იყვნენ დამოუკიდებელნი (не зависящи), ბევრ მათგანს კი უფროსობაც არ ჰყავდა, სერთოდ კი მტაცებლები და ვერაგები იყვნენ, არასდროს არ ანებებდნენ თავს ხშირი თავდასხმებით საქართველოს მიწების გაჩანაგებას, თუმცა კი ყოველთვის დამარცხებული გამოდიოდნენ; ამიტომ რადგანაც ვერ შეძლეს დიდი ძალით ღიად ქართველებისთვის საბოლოო დამარცხების მიყენება, დაიწყეს მისი რბევა ნაწილ-ნაწილ და ქურდული თარეშებით, გაიფანტნენ რა ტყეებსა და ხეობებში, რითაც ეს ტყეები და ხეობები ქართველებისთვის ხელმიუწვდომლი გახდა, გზები გაუვალი, სოფლები დაცარიელებული (გაჩანაგებული, опустошены) და მხვნელ-მთესველები მინდვრებსა და ყანებში ვეღარ იყვნენ უსაფრთხოდ. ასეთ საყოველთაო მტაცებლობებს ხელმძღვანელობდნენ თვითონ ქართველი თავადები, რომლებიც გაბოროტდნენ რა მეფეზე, მის წინააღმდეგ მათივე საკუთარი ღალატის გამო, გარბოდნენ დაღესტანში, და იქიდან შეაგროვებნდნენ რა მოთარეშეებს სძიძგნიდნენ (სტანჯავდნენ, რუს. ტერზალი) თავიანთ საკუთარ სამშობლოს. ბატონიშვილმა ლეონმა, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, შეამცირა მტაცებელთა თავხედობა, მაგრამ ყაჩაღობანი კი, ლეკების მიერ იმ უმცირესი გამოსასვლელების ცოდნის გამო, რომლებიც მათ თავად ქართველებმა უჩვენეს, დღემდე არსებობს. საჭიროა რომ მათ (ქართველებს _ ი. ხ.) ჰქონდეთ ერთსულოვნება და სამშობლოსადმი სიყვარული ამ ბოროტმოქმედებათა აღმოსაფხვრელად.
ოსები და ყაბარდოელები ყოველთვის მეგობრულად იყვნენ განწყობილი საქართველოსადმი და მეფის მოთხოვნით ახლაც ემსახურებიან მას ომში ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ.
სპარსეთის მხრიდან ადერბაიჯანის მთელი სახანოებიდან შუშელ იბრაჰიმ-ხანს ჰქონდა მეფესთან უწყვეტი მეგობრობა 26 წლის მანძილზე, იგი დეუფლა რა განჯას, უყოფდა მას ყოველწლიურ ხარკს და ქალაქ განჯაში ორივე მხრისგან (ერეკლე მეფისა და იბრაჰიმ-ხანისგან) დაყენებული ჰყავდათ მმართველები.
ნუხის ხანი, თავისი სამფლობელოს სიმცირის გამო, არასდროს არ ყოფილა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი; კავკასიის მთებთან სიახლოვეში თავისი მდებარეობის გამო იგი ხან ლეკებისა და მთიელებისკენაა მეფის წინააღმდეგ, ხანაც მეფესთან მეგობრობს.
ერევნელი ჰუსეინ-ხანი, ახლანდელი ხანის მამა, დამარცხებულ იქნა რა მეფე ირაკლის მიერ, ჩავარდა არა მხოლოდ მის დამოკიდებულებაში, არამედ სრულ და სამუდამო ქვეშევრდომობაშიც, რაზედაც იკისრა მან საზეიმო წერილობითი ვალდებულება და თავის სიკვდილამდე გამორჩეულად ერთგული იყო მეფისა.
სხვა ხანებს: თავრიზის, ურუმიის, ხოის, ნახჭევნისა და სხვა მცირე მფლობელებს უმეტეს წილად მეფესთან ყოველთვის თანხმობა ჰქონდათ, მისი პირადი გამარჯვებებისა და გმირობისადმი პატივისცემის გამო და უგზავნიდნენ ხშირად საგანგებო საჩუქრებს, ხოლო მათ ქვეშევრდომებს შორის ვაჭრობა წარმოებდა დაუბრკოლებლად.
თურქეთის მხრიდან ახლო მყოფი ფაშებიდან ყარსის ფაშა ინარჩუნებდა სამეზობლო მეგობრობას, და არ გააჩნდა მასთან არანაირი პოლიტიკური კავშირი. ახალციხელ სულეიმან-ფაშას, რომელიც მემკვიდრეობით არის საქართველოს ოლქის სამცხე-საათაბაგოს (Самцхе-Атабегскiй) მფლობლი თავადების (მთავრების) საგვარეულოდან, თურქების მიერ დაპყრობის შემდეგ უკვე 150 წელია მთელ მის ქვეშევრდომებთან ერთად გადაყვანილია მაჰმადიანობაში, ძველი დროიდან საქართველოსთან აქვს განსაკუთრებული კავშირი და ურთიერთობები (обороты), ძველთაგანვე მათ შორის არსებული საიდუმლო სიძულვილის მიუხედავად; ვინაიდან ქართველი მეფეები მიიჩნევენ ჰქონდეთ მემკვიდრეობითი უფლება სამცხე-საათაბაგოს სამთავროზე, და ამიტომაც თავიანთ ტიტულში სწერენ საკუთარ თავს სამცხე-საათაბაგოს მემკვიდრე მთავრებად; რუსეთსა და თურქეთს შორის ომის დასრულების შემდეგ, 1774 წელს მან მეფეს გამოუგზავნა პორტასგან საჩუქრები, და თანაც იწვევდა მას თურქეთის ინტერესების სამსახურში, ხოლო სულთანს კი აიმედებდა მეფე ირაკლის კეთილგანწყობასა და მომხრეობაში.
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი. საქართველოს მეფეს ყოველთვის შეუძლია კონფიდენციალურად გაგზავნილი მონაზვნების მეშვეობით, და თავად ჰარამხანაშიც ჰქონდეს საჭირო ცნობები იქ ტყვედ მყოფი მხევალი ქართველი ქალების მეშვობითაც.
იმერეთის მეფეს აწ გარდაცვლილ სოლომონს და მეფე ირაკლის ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთ შორის ძლიერი საგვარეულო მტრობა; და თუმცა კი გარეგნულად შერიგდნენ კიდეც სარწმუნოების მოქმედებით ყველაზე უფრო წმინდა სახით წმინდა საიდუმლოებების ერთად ზიარებით, თანაც ისე, რომ ერთი-მეორეს მიუტანდნენ პირთან წმინდა ნაწილებს, შინაგანი უთანხმოებით კი ყოველთვის იხლიჩებოდნენ (раздирались), ორივე ღებულობდა თავისთან მეორე მეფის ახლო ნათესავებს, რომლებიც მის წინააღმდეგ იყვნენ ამხედრებული, და მთელი ასეთი უთანხმოებების მიუხედავად უარს არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს დახმარებაზე საერთო მაჰმადიანი მტრების წინააღმდეგ.
პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ი ს ც ვ ლ ი ლ ე ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, რ უ ს ე თ ი ს მ ფ ა რ ვ ე ლ ო ბ ა შ ი მ ი ს ი შ ე მ ო ს ვ ლ ი ს დ ა ი ქ ჩ ვ ე ნ ი ჯ ა რ ე ბ ი ს შ ე ს ვ ლ ი ს შ ე დ ე გ ა დ. სრულიად რუსეთის იმპერატორებითი დიდებულების მფარველობაში საქართველოს მიღების შესახებ ტრაქტატის საზეიმოდ დადების შემდეგ, როგორც კი ჩვენი ჯარები შევიდნენ მასში, მთელი ადერბიჯანელი ხანები და სხვებიც უფრო შიგნით სპარსეთში ძლიერად შეშფოთდნენ, რუსეთის კეთილი განწყობის შესახებ დაიმედების მიუხედავად მათი კეთილდღეობისა და სარგებლობისთვის, წინასწარ განეწყვნენ შიშით თავიანთი ძალაუფლების დაკარგვის გამო, და ამაში კიდევ უფრო ირწმუნებდნენ საკუთარ თავს ოტომანის პორტას ჩაგონებით, რომელიც განუწყვეტელი მისიებითა და მფლობლებისთვის არცთუ მცირე საჩუქრების დარიგებით ცდილობდა მათ ამხედრებას მეფის წინააღმდეგ, და ამაში წარმატებაც ჰქონდა: იბრაჰიმ-ხან შუშელმა დაუწყო მავნებლობა თავიდან საიდუმლოდ ყოველი ხერხით, თუმცა კი ეს შესამჩნევი იყო, მისი მუშაობის შედეგად ირაკლის მორჩილებაზე უარი თქვა განჯამ. ერევნის ახალგაზრდა ხანს დაუმორჩილებლობის გამო ერეკლეს მითითებით სიცოცხლე მოუსწრაფეს ძმებთან ერთად ნადირობის დროს, და მის ადგილზე დაყენებულ იქნა მცირეწლოვანი ვაჟიშვილი ჰუსეინ-ხანი, რომელიც თავისი ქრისტიანი ტფილისელი დედის გამოისობით ირაკლის ერთგული იყო; მაგრამ იქ სულეიმან-ფაშას მცდელობები (крамолы) სხვადასხვანაირი სახით არ წყდება, ხარკს მეფეს აღარ უხდიან და ერევანიც მეფის ძალაუფლებისგან ჩამოცილების უკანასკნელ მიჯნაზე დგას. მეფის მფლობელობაში მყოფი თათარი ხალხები ყაზახები, შამშადილები და შამქორები, საუკეთესო მეომრები და მდიდარი ადამიანები, დატოვეს რა თავიანთი მიწები, წავიდნენ შუშის ხანის მხარეში და ახლა მას ემსხურებიან მეფის წინააღმდეგ.
პორტამ, რადგანაც ვერ ჭვრეტს ადერბაიჯანის ხანებს იმდენად ძლირებად, რომ შეეძლოთ ჩვენი ჯარების იქიდან გამოდევნა, თავისი ჩაგონებანი განავრცო მტაცებელ და ანგარებისადმი ხარბ დაღესტნელებზე, ფულების მეშვეობითა და დაიმედებით იმოქმედონ კავშირში ახალციხის მხრიდანაც, დაარწმუნა ავარიის ომარ-ხანი (Ума-ханъ), რომ იგი, მოაგროვებს რა მთიელთა შესაძლებლად დიდი რიცხოვნების ჯარს, აშკარა ომით წამოვიდეს მეფეზე. სულეიმან ფაშას ნამდვილად ჰქონდა განზრახული თავისი მხრიდან მოეხდინა დარტყმა ომარ-ხანთან ერთდროულად, ამის გაგება ძნელი არ იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ იმავე წლის გაზაფხულზე მან ღიად გამოგზავნა თურქული ჯარები ლეკებთან ერთად 4000 ადამიანის რიცხოვნებით, ზემო ივერიის დასარბევად, რომლებიც თვიანთი მოულოდნელი თავდასხმის წყალობით შემოიჭრნენ და დაატყვევეს 600-ზე მეტი მოსახლე; მაგრამ უკანა გზაზე სურამში მდგარი ჩვენი ეგერთა რაზმის მიერ სასტიკად იქნენ დამარცხებულნი, და ყველა ტყვე განთავისუფლებულ იქნა. ერთი თვის შემდეგ მან კვლავ გამოგზავნა თავისი ხალხი, 3000 კაცი, რათა შური ეძია ჩვენს ეგერებზე, მაგრამ მათაც ისეთივე ხვედრი ეწიათ. ამასობაში ომარ-ხნმა მოაგროვა 11000-მდე ჯარი სხვადასხვა მთიელი ხალხებისგან, მოვიდა ალაზანზე და შეუერთდა რა აქ მთიელებსა და ბელაქნელებს, საქართველოს შეურიგებელ მტრებს, გაძლიერდა 20000-მდე. მეფემ, რომელსც ეშინოდა თავდასხმისა ახალციხის მხრიდან, ვერ გაბედა ქართლში ჯარების შეკრების ბრძანების გაცემა (ქიზიყში ლეკების წინააღმდეგ მათი გამოყენების მიზნით, რათა ქართლი დაუცველი არ დარჩენილიყო _ ი. ხ.); კახეთში კი მას ახლობლებმა ჩააგონეს თავი დაცვათ ვიწრობ ადგილებში. საფუძველი ჰქონდა არ დანდობოდა ყაზახებს, სამშადილებსა და თავის ქვეშევრდომ სხვა მაჰმადიან ხალხებს და არ გაეწვია ჯარებში, ვინაიდან ცნობილი იყო მათი აღშფოთების (მღელვარების) შესახებ. ვერანაირმა დარწმუნებებმა ჩემმა როგორც რუსული ჯარების უფროსისა ვერ შეძლეს გაემხნევებინათ მეფე, რათა იგი მოსულიყო ქიზიყში ჩვენს ჯარებთან და შეგვეტია მოწინააღმდეგისთვის მდ. ალაზნის გადმოლახვის დროს; ვინაიდან ეშინოდა მას უბედურებისა და მასთან ერთად საბოლოო გაჩანაგებისაც. ომარ-ხანმა გადმოლახა რჩეული და ცხენკეთილი 11000-იანი ჯარით ალაზანი, მაგრამ ვერ გაბედა ჩვენს ბატალიონებზე შემოტევა; არამედ ღამით გაირბინა საქართველოს დაბლობი ადგილები, მიიმალა იმ მთების ხეობაში, რომლებიც მდებრეობს თურქეთის საზღვართან, დაარბია (сорвал) იქ ვერცხლის ქარხანა. მეფემ, მოაგროვა რა გარკვეული ჯარები, დადევნა მას ჩვენს ბატალიონებთან ერთად; მაგრამ ომარ-ხანს არ სურდა ბრძოლაში ჩაბმა და წავიდა ახალციხეში. სულეიმან ფაშა კი ადგილიდან არ დაძრულა, ვინაიდან მიიღო აკრძალვა სულთანის კარიდან, რათა არ ემოქმედა აშკარად გარკვეულ დრომდე. მეფე შეურიგდა ომარ-ხანს იმ დროს საქართველოში დამდგარი გარემოებების გამო, რომლებიც სიმშვიდეს მოითხოვდნენ.
მ ი ზ ე ზ ე ბ ი, რ ო მ ლ ე ბ მ ა ც წ ა ა ხ ა ლ ი ს ე ს მ ე ფ ე შ ე მ ო ს უ ლ ი ყ ო რ უ ს ე თ ი ს მ ფ რ ვ ე ლ ო ბ ი თ ი ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს ქ ვ ე შ. ძველი დროიდან საქართველოს ყოფილი მეფეები ყოველთვის ეძიებდნენ ერთმორწმუნეობის გამო სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფეების დახმარებასა და მფარველობას, იყვნენ რა დამონებულნი მაჰმადიანების მიერ, მაგრამ არ შეიძლება განსაზღვრულად ითქვას, რომ მათ მოესურვებინოთ გარკვეულ დამოკიდებულებაში ყოფნა; რუსეთის მფარველობაში შემოსვლის შესახებ მათი ახლანდელი სურვილის მთავარი წამახალისებელი მიზეზები კი შემდეგია: ბუნებრივი მემკვიდრეები ქართლის სამეფო ტახტისა, რომელზედაც მეფე ირაკლი აღყვანილია ნადირ-შაჰის მიერ, არსებითად მეფე ვახტანგის შთამომავლები არიან, რომელიც გამოიქცა რუსეთში თურქების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ; ვახტანგ მეფის შვილიშვილი და ბაქარ ბატონიშვილის ვაჟი თავადი ალექსანდრე, ერეკლე მეფით უკმაყოფილო ქართლის თავადებთან დაკავშირებისა და მეფედ გახდომის შესაძლებლობაში დარწმუნების შემდეგ, წავიდა რუსეთიდან იმ განზრახვით, რომ მიეღო მამა-პაპისეული მემკვიდრეობით ქართლის ტახტი; იგი გამოცხადდა იმერეთის მეფე სოლომონთან, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო თავის თანამზარახველებთან და ცდილობდა გაემხნევებინა (წაეხალისებინა) იგი ორივე მეფეს შორის იმ ხანად არსებული საგვარეულო მტრობის მიზეზით თავისთვის დახმარების გასაწევად, რაშიც თუმცა კი წარმატება არ ჰქონია. მაშინ იქიდან გადავიდა ახალციხის ფაშასთან და ცდილობდა საამისოდ მეზობელი სპარსელი ხანების წახალისებას. მეფეს ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზები უკიდურესად შეშფოთებულიყო თავისთვის სამწუხარო შედეგების მოლოდინში; ვინაიდან ქართლელებს იგი არ უყვარდათ, იმ მიზეზით, რომ ყველა შემთხვევაში იგი უპირატესობასა და სარგებლობას აძლევდა თავის მემკვიდრეობით ქვეშვრდომებს კახელებს; დედოფალი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გეგმები (имевъ особливыя виды) თავის შვილებთან დაკავშირებით, იმავე საშიშროების გამო გადმოიხარა რუსეთთან ტრაქტატის დადებისკენ (და თუმცა კი იგი დადებულია მთელი სამეფოს ყველა ჩინოსნისა და თავად მისი თანხმობით, ახლა ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, რომ არ უსაყვედუროს მეფეს და ბრალს სდებს მას ქვეყნის დარბევა-გაჩანაგების გამო). თავადები, რომლებიც მონაწილეობენ საბჭოში და აქვთ გონება, არა ერთ დღეს ითვლიდნენ თავიანთ პირად სარგებელს, რისთვისაც მათ წაახალისებს ანგარების მოყვარეობა; რამდენადაც არ გააჩნიათ მათ წარმოდგენა სხვა უპირატესობების შესხებ, ამიტომ უკლებლივ ყველა ოცნებობს თავისთვის, რომ ოქრო და ვერცხლი გადმოედინება მათზე მათი მხრიდან ყოველგვარი დამსახურების გარეშე.
მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ა, რ ო მ ე ლ შ ი ც შ ე ს ა ძ ლ ო ა ა ღ მ ო ჩ ნ დ ე ს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ჩ ვ ე ნ ი ჯ ა რ ე ბ ი ს გ ა მ ო ს ვ ლ ი ს შ ე მ დ ე გ. მთელ ადერბაიჯანელ ხანებს, თავიანთი სიცუდის (სისუსტის) გამო (по плохости своей), თუნდაც შეერთებული ძალებით, რაც არ შეიძლება მოხდეს მათი მოუწყობლობისა და ართანამოზიარობის გამო, არ შეუძლიათ მეფე ირაკლისთვის დიდი მავნებლობის მოტანა, ასევე თავად დაღესტნური ძალებიც არ არის საშიში, თუკი ოტომანის პორტა არ ჩათვლის თავისთვის საჭიროდ საქართველოს საბოლოოდ გაჩანაგებას, ხოლო თუკი იგი ამის გაკეთებას ჩაიფიქრებს, მაშინ ახალციხის ფაშა არ დაუშვებს საქმის აქამდე მიყვანას ჩვენს წინააღმდეგ ომში დიდი და მყარი წარმატებების შეძენამდემ ვინაიდან უკვე დიდი ხანია ფიქრობს იგი დამოუკიდებელ მფლობელად (самовластный) გახდომას. მისი საიდუმლო პირობა მეფესთან რუსეთის ტახტის წინაშე მისთვის შუამდგომლობის გაწევის თაობაზე, გვაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების მიზეზს.
დაღესტნელების შეკავება საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედებებისგან ძნელი არ არის არცთუ დიდი ფულის მიცემით, ხოლო ამავე ხერხით მეფეს, მოიზიდავს რა მათ თავის სამსახურში, შეუძლია არა მხოლოდ ადვილად გაუმკლავდეს ადერბაიჯანელებს, არამედ კვლავ თავისი ძალაუფლების ქვეშ მოიყვანოს განჯა და ერევანი.
იმერეთის პოლიტიკური მდგომარეობა. აწ გარდაცვლილ მეფე სოლომონს, თავისი გამორჩეული სიმამაცისა და საკუთარი ხალხის მართვაში განსაკუთრებული უნარის წყალობით, იყო რა იშვიათი ხელმწიფე თავის მიწაზე, ჰქონდა მხურვალე სურვილი შემოსულიყო სრულიად რუსეთის ტახტის მფარველობის ქვეშ, რუსეთის შესახებ თუნდაც ერთი სიტყვის გაგონება ახდენდა მასში რაღაც განსაკუთრებული გრძნობის აღძვრას, და იმერეთში ჩამოსულ ჩვენს ყველაზე უფრო დაბალი ხარისხის მოხელეებსაც გამოუხატავდა იგი უზომო პატივისცემას. თუმცა კი ყოველთვის ოტომანის პორტას მოწინააღმდეგე გახლდათ, მაგრამ სულეიმან-ფაშასთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, და მის მიერ ძველი ჩვეულების მიხედვით ნაშვილები იყო. მისმა უკანასკნელმა წარუმატებელმა ექსპედიციამ აჭარლების წინააღმდეგ (противъ Очаровъ), რაც მოახდინა სულეიმან-ფაშას თანხმობით, დააჩქარა მისი აღსასრული, და მას შემდეგ ხელი ეწყობოდა ყოველგვარ შინააშლილობასა და შინამტრობას იმერეთში.
უთანხმოება მისი მეფე ირაკლისთან მოხდა თავისი ურჩი ვაჟიშვილის მეფისწულ ალექსანდრეს გამო, რომელსაც მხეცური ზნე-ხასიათი ჰქონდა, და თავისი ღვიძლი ძმის არჩილის გამოც, მეფე ირაკლის სიძისა, რომელიც ასეთივე ზნე-ხასიათის პატრონი გახლდათ. ისინი წავიდნენ იმერეთიდან და მიღებულ იქნენ ტფილისში ისე, როგორც საერთოდ ორივენი მიჩვეული არიან ღებულობდნენ თავიანთი დაცვის ქვეშ მეორე სამეფოს მეაბოხე თავადებს, ისევე როგორც ახლანდელი მეფეც დავითიც წავიდა აქედან და თავშესაფარი ჰპოვა ტფილისში; სოლომონ მეფემ ამის თანაბრად მიიღო თავისთან საქართველოდან გაქცეული თავად ერისთავის ვაჟიშვილი, რომელსაც ბრალს სდებდნენ ამბოხებაში მეფე ირაკლის წინააღმდეგ (ალბათ ლაპარაკია ქსნის ერისთავებზე, რომელთაც ერეკლემ მამულები ჩამოართვა 1770-იან წლებში _ ი. ხ.) და ცოლად შერთო თავისი ასული, და მეფისადმი არაკეთილად განწყობილი ბევრი სხვა თავადიც. აქედნ მომდინარეობდა ორივე მხრიდან სხვადასხვანაირი უკმაყოფილებანი, და თუმცა კი თავისი ვაჟიშვილისა და ძმის სიკვდილის შემდეგ იგი, როგორც ვთქვით, შეურიგდა მეფე ირაკლის, შინაგნი უთანხმოება მაინც არსებობდა 1783 წლამდე. ახლანდელი მეფე დავითი (გიორგის ძე _ ი. ხ.) სოლომონ მეფის ბიძაშვილი ცხოვრობდა სიღარიბეში და სოლომონ მეფის ღვიძლი ძმის არჩილის ვაჟიც _ რომლის დედაც გახლავთ მეფე ირაკლის ქალიშვილი. დავითს (არჩილის ძეს _ ი. ხ.) თავის დედასთან მეფის ასულთან ერთად ჩამოართვეს სამემკვიდრეო სოფლები იმერეთში, მაგრამ ჩემს მიმართ არსებული ნდობის გამო ბოლოს და ბოლოს მიღწეულ იქნა შეთანხმება ორივე მხრიდან; მეფე ირაკლის შვილიშვილი ახალგაზრდა თავადი დავითი (არჩილის ძე _ ი. ხ.) მიღებულ იქნა შვილად და მემკვიდრედ, ბიძაშვილი ახლანდელი მეფე დავითი (გიორგის ძე _ ი. ხ.) დაბრუნებულ იქნა იმერეთში, და მიეცა სოფლები; მეფე ირაკლის მხრიდან მიეცა რამდენიმე სოფელი თავად ერისთავს, რომელსაც წართმული ჰქონდა საქართველოში სახელგანთქმული მთელი მისი მამული.
სოლომონ მეფის სწრაფმა გარდაცვალებამ მწუხარებასა და გაურკვევლობაში (недоуменiе) ჩააგდო უპირველესი ადამიანები ახალი მეფის არჩევის საკითხში. თავადმა წერეთელმა, ახლა მფლობელი მეფის სიძემ, რომელსაც პატივს სცემენ თავისიანებს შორის, იმედი ჰქონდა რა ნათესაობითი სიახლოვის წყალობით მომავალში უპირატესობების მიღებისა, და სარგებლობდა რა სხვების მწუხარებითა და დათრგუნულობით (унынiе) გარდაცვლილი მეფის აღსასრულის გამო, მეფედ გამოაცხადა თავისი ცოლისძმა თავადი დვითი (გიორგის ძე _ ი. ხ.) კანონიერი მემკვიდრისა და სოლომონ მეფის ღვიძლი ძმიშვილის საზარალოდ, და ამით მტრობისა და შინააშლილობის თესლი ჩათესა, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს ერთ-ერთის სიკვდილით. თავადი წერეთელი შეცდა თავის ვარაუდებში; მეფე ირკლისგან გამოქცეული თავადი ერისთავი, სოლომონ მეფის სიძე, რვიძლი ძმა დედოფლისა, მეფე დავითის მეუღლისა, გამოქცეული ქართველთან, მღვდლის შვილთან, ბესარიონთან ერთად (იგულისხმება ცნობილი ქართველი პოეტი ბესიკი _ ბესარიონ გაბაშვილი _ ი. ხ.), დაეუფლნენ მეფის ნებისყოფას; ვინაიდან დავით მეფე ახალგაზრდა კაცია, სათანადო აღზრდისა და განათლების გარეშე, თუმცა კი განწყობითა და გულით მეტად კეთილია და პირადად ჩინებულად მამაციც. თავადმა ერისთავმა, რომელიც მარტავს მის ნებას, ირაკლი მეფისთვის სამგიეროს გადახდის მიზნით, მისი მამისთვის სოფლებისა და მთელი მამულების ჩამორთმევის გამო, არ მისცა საშუალება დავით მეფეს, რათა დაეკმაყოფილებინა ირაკლის შვილიშვილი დავითი მამისეული სოფლებით (იგულისხმება დავით არჩილის ძე, შემდგომში იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II, აწ ჩვენი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული _ ი. ხ.) და დაესაჩუქრებინა თავადი წერეთელი მისთვის სასურველი ციხესიმაგრეებითა და სოფლებით, თავისთვის გაწეული სამსახურის გამო მეფედ არჩევის დროს პირდაპირი მემკვიდრის წინშე უპირატესობის მიცემით: ამ საქციელმა აიძულა ახალგაზრდა თავადი გარეთ ეძია დახმარება; მეფე ირკალიმ მისმა პაპამ ჩემი წარდგინების მიხედვით არ მიიღო სხვა მონაწილეობა ამ საქმეში, თუ არა თხოვნისა და რჩევების მიცმისა დავით მეფისთვის, უარი უთხრა რა თავის შვილიშვილს ყველანაირ პირდაპირ და გარეშე დახმარებაზე, რომელსაც შეეძლო ძმათაშორისი ომის გაჩაღება; თავადი წერეთელი, მოტყუვდა რა თავის იმედებში, მიეწება ახალგაზრდა თავადს დავითს, პატივცემულ და ხალხით ძლიერ თავად წულუკიძეებთან ერთად, რომელთაც ასევე წართმეული ჰქონდათ თვიანთი ღირსებები და ძალაუფლება; მათ მეფე ირაკლის დარიგებისა და ჩემი ძლიერი დარწმუნების მიუხედავად, მოახდინეს ძლიერი შინაომები, წავიდნენ სულემან-ფაშასთან, რომლის მიერ გამოგზავნილი ლეკები და თურქები დავით მეფისგან სასტიკად იქნენ დამარცხებული, ხოლო ამბოხებულ თავადებს მთელი სოფლები ჩამოართვეს გამონაკლისების გარეშე; დარჩნენ ისინი ალყაშემორტყმულები მიუვალ ციხესიმაგრეში, საიდანაც თავადი დავითი საიდუმლოდ წავიდა ახალციხეში და იქ იმყოფებოდა ახლანდელ დრომდე, საქართველოდან ჩემი გამომგზავრების წინ გაუშვა იგი სულეიმან-ფაშამ იმერეთში, თუ რა განზრახვით, ჩემთვის უცნობია დროის სიმცირის გამო, თუმცა კი იმედი უნდა გვქონდეს, რომ ისინი მშვიდად შეეწყობიან ერთმანეთს.
სამეგრელოს დადიანი არც თუ ძალზედ დიდად განთქმული თავადების ჩიქოვანების (Чекуаны) საგვარეულოდან, ფეოდალური მფლობელია, ისვე როგორც თავადი გურიელიც, რომელიც მოვალეა აღიარებდეს იმერეთის მეფის ძალაუფლებას, ადამიანი ეშმაკი და ვერაგი, რომელმაც ხელიდნ არ გაუშვა შემთხვევა იმერეთში არსებულ ახლანდელ ამღვრეულ მდგომარეობაში თვითმპყრობელ ხელმწიფედ დამკვიდრებულიყო, რისი გაკეთებაც სოლომონ მეფის დროს არ შეეძლო; დავით მეფეს სჭირდებოდა მისი დახმარება; მან დაუთმო მას თავისი სამფლობელოს ბევრი მიწა, ხოლო დადიანმა მიიღო რა ისინი, ზურგი შეაქცია დავით მეფეს, და თუკი დავით მეფე დამკვიდრდება მფლობელობაში მის წინააღმდეგ მებრძოლ თავადებზე გამარჯვებით ან მათთან შერიგებით, მათი ძველი ჩვეულებების მიხედვით, ირაკლი მეფესთან მათ არასდროს არ ექნებათ ურთიერთშორის ჭეშმარიტი თანხმობა, სანამ არ დაუბრუნებენ სოფლებს თავად ერისთავს, იმერეთის დედოფლის ღვიძლ პაპას, რისი გაკეთებაც ირაკლი მეფეს არ შეუძლია, ვინაიდან ის მიწები დანაწილებული აქვთ ბატონიშვილებს, მის ვაჟებს”.
(დასასრული იხ. ნაწილი II)
ირაკლი ხართიშვილი
No comments:
Post a Comment