XIX საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილ ქართველ მოღვაწეს პ ლ ა ტ ო ნ ი ო ს ე ლ ი ა ნ ს ასევე მოყვანილი აქვს მრავალი საყურადღებო სურათი იმდროინდელი ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობის გამოსახატად. ქვემოთ მოვიყვან ორ ასეთ მონათხრობს:
“სიმრავლე ძეთა და ასულთა მეფისა ძისა გიორგისა და ესრეთივე სიმრავლე სამთა ცოლთაგან ძეთა და ასულთა ირაკლისა, იყო მიზეზი სამეფოისა სახლისათვის კეთილისა და ბოროტისა. ნაყოფი კეთილი ესრეთისა შვილთა სიმრავლისა იყო ესე, რომელ დაშორებული ძველად ქართლი და კახეთი შეერთდა უფრო მტკიცედ. სასახლემან მეფისამან მოითხოვა ქართლიდამ, რომელიცა უწოდებდა აქამდე მეფესა ირაკლის კ ა ხ თ - ბ ა ტ ო ნ ს ა, და ა რ ა მ ე ფ ე ს ა, სასძლონი და მეფისა ასულნი მოიძიებდენ თვისთა საქმროთა ქართლისა თავადთა სახლთაგან. დაი მეფისა ირაკლისა ანნა, იყო ცოლი დიმიტრისა ყაფლანიშვილისა; მეფის ასული, დაი გიორგისა თამარ, მიათხოვეს სარდარსა დავით ორბელიანსა; ქეთევან მეფის ირაკლის ასული მუხრანის ბატონსა იოანეს, მეფის ირაკლის ასული მარიამ დავით ციციშვილსა; მეფის ძის გიორგის ასული სოფიო თარხნიშვილსა ლუარსაბს; მისივე ქალი რიფსიმე ჩოლაყაშვილსა დიმიტრის. ესრეთვე მიიყვანეს მეფის ძეთა ცოლად: თეიმურაზმან ოთარ ამილახვრისა ქალი ელენე; ფარნაოზმან ელიზბარ ერისთავის ასული ანნა.
ესრეთ დაკავშირდა ქართლი და კახეთი ერთობითა თავადთა და სამეფოისა სახლისა მძახლობითა და მოყვრობითა. ამან კავშირმან დაავიწყა ქართლისა მეფისა გვარი, დაშთენილი რუსეთსა 1724 წლიდამ; ამან ერთობამან ნათესაობითმან მოსპო თქმულობა ქართლისა ერისა: ი რ ა კ ლ ი მ ა მ ა კ ა ხ ე თ ი ს ა დ ა მ ა მ ი ნ ა ც ვ ა ლ ი ქ ა რ თ ლ ი ს ა. მეორის მხრითა სიმრავლემან ძეთა და ასულთა დაბადეს ურჩება და მედიდურება სახლისა მწევრთა შორის, სადაცა იყოფოდა მეფის ასული რძლად და ანუ რომლისაგანცა წარიყვანდნენ მეფის ძენი ქალთა სასძლოდ თვისად. თავადნი ესენი, დამოკიდებულნი მოყვრობითა მეფეთა თანა, არღა ემორჩილებოდენ მეფისა მოხელეთა, რომელნიცა იყვნენ მდივან-ბეგად, მდივნად, მოურავად, ციხეთა მცველად და სხვად სამეფიოსა საქმეთა განმგედ. დასუსტდა ჰაზრი და მნიშვნელობა პირმშოობისა; ეცინოდენ მემკვიდრეობასა; არა პატივსცემდენ პირველობასა და თვითეული წევრი სამეფოისა სახლისა გონებდა თავსა თვისსა მეფობისათვის განმზადებულად. სჯული არღა სჯულობდა სამეფოში, სადაცა უფლებდენ მეფის ძენი და კარისკაცნი მათნი.
განმრავლებულთა ძეთა თვისთა (ერეკლე II) დაუნიშნა საცხოვრებელად და განსაგებელად ადგილნი და თემნი: მეფის ძეს გიორგის ბორჩალო და ყაზახის ნაწილი; იულონსა ქსნის ადგილები (რადგანაც ერისთავიანთ მიეღოთ ქსანი); ვახტანგსა ანუ ალმასხანსა არაგვი და სხვათა სხვანი ადგილნი. თვით მიზეზი მეფის ძისა ალექსანდრესი ლტოლვისა სპარსეთად, ჯერეთ პირველად მამისავე თვისისა დროს, იყო ესე, რომელ არა უბოძა მამამან ირაკლი საკმაო საცხოვრებელად საუფლისწულო.
ესრეთსა უსწოროსა განწილვსა შეუდგნენ უწესოებანი, შფოთნი, და დიდნი აღრეულობანი. მეფის ძე გიორგი, ვითარცა მემკვიდრე, მორიდებული შფოთთა, მიენდობოდა მამისა ნებასა და შორით ხედვიდა ძმათა სისუსტესა მიტაცებისათვის მემკვიდრეობისა და აღრეულობათა მათ, რომელნიცა ამწარებდნენ მოხუცსა მამასა; თვით ირაკლი მოხუცებისა გამო და დედოფლისა გამო დედინაცვლისა პირმშოისა გიორგისათვის იყოფებოდა მერყეობასა და აგრილებდენ გულსა მისსა გიორგისადმი. ესრეთსა მდგომარეობასა მყოფი მეფის ძე გიორგი, დაშორებული ძმათა, ცხოვრობდა ცალკედ და მყუდროდ. შთაგონებითა დედოფლისა და ძეთა მისთა, მეფეცა ირაკლი მიიყვანეს მას მდგომარეობასა, რომელ სიძესა მისსა სარდალსა და სალთხუცესსა დავით ყაფლანიშვილსა, თამარისა მეუღლესა, მოუღო მეფემან სალთხუცობა და მიუბოძა ესე სიძესა თვისსა მუხრანის ბატონსა იოანეს. ესრეთმან მეფის მოქცევამან მოსწყლო გული მეფის ასულისა თამარისა, რომელიცა მწუხარებისა ელდითა გარდაიცვალა 1786 წელსა. _ (თავი X).
მასვე დღეს ხოდაშნისა წინამძღვარი იოანიკე ბერძენი, თაზოს ჭალაკელი და მხნე და მეომარი და ამისთვის პატივცემული გარდაცვალებულისა მეფისაგან, მოვიდა თელავს და მოართვა სეფისკვერი. განმხიარულებულმან მეფემან მიიღო ხელთაგან მისთა კურთხევა და ჩვეულებისამებრ მეფისა შემდგომად სიტყვათა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, _ თვით იტყოდა და ბრძანა: „ამინ“ ხმითა დიდითა.
მიიწვია წინამძღვარი სადილად და ესაუბრა მრავლად ბრძოლათათვის მისგან ნახულთა პირისპირ ლეკთა. 25 წელიწადსა სადმე იმყოფებოდა კახეთსა და იყო ყოვლად ქართველი. „მამაო იოანიკე, _ უბრძანა მეფემ. _ იყავ ერთგული ჩემიცა, ვითარცა იყავ მამისა ჩემისა, არა ვინ გამოგიცვალოს გული ჩემზედა; ნუ მიეტაცინები მტერთა ჩემთა“.
მწუხრისა შემდგომად წარვიდა იოანიკე და იხილა დედოფალი დარეჯან ძაძითა მოსილი და მგლოვარე მეფისათვის. დედოფალმან უბრძანა ყვედრებად საგონებელი სიტყვა, დავიწყებისათვის მეფისა გარდაცვალებულისა წყალობათა; და იგი იმართლებდა თავსა და მოახსენებდა სიტყვათა შესაბამთა: „ერთგული მეფისა ირაკლისა ჩემისა მწყალობელისა, _ იტყოდა იოანიკე, _ ვარ ერთგული პირმშოისა მისისა შვილისა; ბატონო დედოფალო, ნუ ამღვრევთ მეფობასა, მოგახსენებთ ერთგულობით: მეფობა არის პირმშოისა შვილისა, ესრეთ ყოფილა და არის ყოველგან. როგორ გნებავსთ, უმცროსი ძმა ექმნეს მეფედ და უფროსსა წაერთვას. _ მტერი გარეგანი კარსა გადგიან და ახლა აპირებ, მტრობა და შფოთი შინაცა დაბადონ; _ ესენი მრჩეველნი არიან ცუდნი კაცნი. ინებეთ და დატუქსეთ იგინი. _ საუბარსა მისსა ზედა იყო დუმილი ქალთა და კაცთა, დედოფლისა მეინახეთა და თვით დედოფალმან არა ბრძანა არა რაიმე წინააღმდეგი მეფის გიორგისათვის. _ (თავი CI).
ამბავსა ამას დაურთო ამბავი მანვე გოგია ბარათაშვილმან _ ქალაქი ამ დროს დამშეული იყო და პური ვერ შემოდიოდა ადვილად ამ ქალაქშიო. მეფესა გაეგზვნა ეშიკასბაში გიორგი ციციშვილი და მალხაზ ამირეჯიბი, ნაზირი კათოლიკოსისა ნიკოლოოზ ელიოზიშვილი მოსაშველებელად პურისა; ეგრეთვე ყაზახ-ბორჩალოში გაგზავნა იოსებ კალატოზიშვილი, თარუა არღუთაშვილი და ჰუსეინ-ჰაჯი. ამათ თითქოს განგებ შეთქმითა, ერთ დღეს შემოიტანეს თფილისში 320 ურემი ქართლიდამ და 400 ყაზახ-ბორჩალოდამ. გაივსო ბაზარი პურითა, ჩამოვარდა სიიაფე, და გაიძღო ქალაქმა კუჭი. მცხოვრებნი თფილისელნი ადიდებდენ მეფესა და ჰგიობდენ მაგიებელთა მისთა. _ მარილიცა შეძვირებული იყო და ამისთვის წარგზავნა პავლე მელიქიშვილი და ქალაქისა ნაცვალი სურგუნაშვილი ყულფისაკენ, რომელთაცა წარიღეს ბრძანება მეფისა ყაზახისა და ბორჩალოს სულთნებთან. ესენი წარუძღვენ და მოიტანეს ერთს თვეზედ 200 ურემი და 700 აქლემებითა მარილი მრავლად. „დიდად ბეჯითად მეფობდა, _ იტყოდა იგი გოგია, _ მაგრამ ძმები და მხლებელნი მათნი აშფოთებდნენო. ძრწოდენ ყოველნივე, მეფისაგან იშიშოდენ ძლიერ, მაგრამ არ დასცხრებოდენ ხოლმეო. მიკვირს ეხლაცა მოთმინება და სულგრძელობა მეფისაო. ყმაწვილი ვიყავი, ხმა არ მქონდა დიდკაცებშიო, მაგრამ მესმოდა კარგად ყოველივეო და ბევრჯერ დავფიქრდები ეხლაც და ვიტყვი: რად სჩადიოდენ ასეო? რა კაცნი იყვნენო? რას ეძიებდნენო? სამგლე გოჭივით ატეხილი იყო დიდი და პატარაო!
მართლად იტყვიანო: ღმერთი რომ კაცსა გაუწყრება, პირველად ჭკვას წაართმევსო. იმ დროს აღარვინ იყო რიგიანი კაცი, აღარც სარდალი, აღარც სალთხუცესი, აღარც მწერალი, აღარც მდივანბეგი და აღარც მღვდლმთავარი. ჭეშმარიტად ვიტყვი მხოლოდ ამას, რომ მეფე გიორგი თვით იყო სწორეთ ჭკვიანი, თვით სარდალი, თვით მსაჯული და თვით მღვდელმთავარიო“.
ამბავი ესე მიამბო თვით გოგიამან _ (არა ვუწოდებ გიორგი, რადგან ამა სახელითა „გოგია“ იგი იყო ცნობილი); როდესაც 1847 წელსა მიჩვენა მან ბირთვისისა ციხე დაწვრილებით და ვიყავი მასთან სტუმრად ერთსა ღამესა, ოხვრითა მითხრა მან: „ესრეთისა სიმაგრისა მქონე ქვეყანა, და რავდენი ამისთანა არიან სომხითისაკენ, როგორ უნდა წამხდარიყოო. ჭეშმარიტად ცოდვისა მოგვევლინაო და მტერმან ასე გაგვაქროო!“
ჭეშმარიტია თქმულობა მისი ესე უკანასკნელი და აქა მოსძებნის მეისტორიე წახდენისა მიზეზსა. წინასწარმეტყველისა პირითა მასვე იტყვის ღმერთი, განმგე მეფეთა და მეფობისა. წარვედი და არქვი, _ უბრძანა ღმერთმან ისაიას, _ ერსა ჩემსა ისრაილსა: „არა ვიყო მე წინამძღვრად ერისა ჩემისა: რამეთუ ენანი მათნი უსჯულოებენ და უფლისა მიმართ ურწმუნოებენ“.
ნუ დამცინებენ თქმასა ამას მკითხველნი შრომის ამის ჩემისა. მიიღონ ჰაზრი ესე ანუ თქმულად ტაციტისაგან, რომელიცა ვითარცა წარმართი _ ესრეთვე ეძიებდა რომელთამე დაცემისა მიზეზთა; ანუ თქმულად გიბბონისაგან მეისტორიეს დეისტისა, ანუ თქმულად ბოსვეტისაგან და მიშლესაგან _ ისტორიისა ფილოსოფიურად მწერალთა. მე ვიტყვი წინასწარმეტყველისაგან თქმულსა: მიიღონ სარწმუნოებასა ზედა მერყევთა ანუ ურწმუნოთა ჰაზრი მისი, ვითარცა თქმული კაცისაგან გონიერისა, მამულისა თვისისა მოყვარისა, შორს მხედველისა, დაწვრილებით ყოვლისავე გამომეძიებელისა, მთრთოლარისა სამეფოისა და მეფეთათვის თავგანწირულისა, რათა არა გამქრალიყო სარწმუნოება მტკიცე აბრაამისა, ვარსკვლავი ისრაილისა, ძალი და ძლიერება დავითისა, სიბრძნე და მართლმსაჯულება სოლომონისა. აქა კვალად ვსდუმებ. უძლურებამან და დუმილმან კალმისა ჩემისა განაღვიძონ და ასაუბრონ სხვანი...“ _ (თავი CXIII).
ასევე მეტად საყურადღებო უნდა იყოს XIX საუკუნის დასაწყისის ფრანგი კომერსანტისა და დიპლომატის, ჟ ა კ ფ რ ა ნ ს უ ა გ ა მ ბ ა ს შეხედულებანი XIV-XIX საუკუნეთა ქართული საზოგადოების, ასევე საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ, რომლის წიგნის პირველი ნაწილიც ასევე ქართულად იქნა ნათარგმნი და გამოცემული 1980-იქანი წლების მეორე ნახევარში. სახელდობრ, იგი აღნიშნავს:
„მოგზაურმა შარდენმა დეტალურად აღწერა შინაური ომები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აჩანაგებდა ამ ბედკრულ ქვეყანას. იმხანად გამარჯვებულნი და დამარცხებულნი ისეთი სისასტიკით უსწორდებოდნენ ერთმანეთს, რომ მსგავს მაგალითებს მხოლოდ სპარსეთის ისტორიაში თუ შევხვდებით. მათი სისასტიკე არ ზოგავდა არც ბავშვებს, არც მოხუცებს, არც სქესსა და არც სილამაზეს.
სამეგრელოს ერთერთ ყველაზე დიდ ხელისუფალთაგან ლევან დადიანი მოიხსენიება, რომელიც 1650-იან წლებში მეფობდა. იგი გაეყარა აფხაზთა მთავრის ახალგაზრდა, ტურფა და ჭკვიან ასულს და ვიდრე მამამისს უკან მიჰგვრიდა, დადიანმა ქალს ცხვირი, ყურები და ხელები დააჭრა. შემდეგ მან ცოლი წაართვა საკუთარ ბიძას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისი მეურვე იყო და ვისი წყალობითაც საკუთარი გვირგვინი ჰქონდა შენარჩუნებული.
რაც შეეხება იმერეთს, სულ მცირე დროის განმავლობაში აქ ერთმანეთის მონაცვლეობით მეფობდნენ ბაგრატი, ვახტანგი, ვამეყი და არჩილი, რომელთაც რიგრიგობით დასთხარეს თვალები ან მოკლეს. ერთ-ერთმა მათგანმა. კერძოდ, ბაგრატმა, კვლავ დაიბრუნა ტახტი, საკუთარი ხელით განგმირა ტახტიდან გადაყენებული წინამორბედი, ამოჰკვეთა მას გული, ხელებით დასრისა და გაუგონარი სიფიცხით შეპყრობილმა იგი ნაკუწ-ნაკუწ დაგლიჯა. ასეთ საშინელებებს რომ გაიგებ, ადამიანს სურვილი გებადება ეს უზურპატორები არა მეფეთა, არამედ დიდ ბოროტმოქმედთა შორის მოიხსენიო.
ამ დროიდან მოყოლებული, ვიდრე ამ ქვეყანას რუსები დაეპატრონებოდნენ, არც კია დიდად დასანანი, რომ ისტორიამ არ შემოგვინახა ამ ბედკრული ქვეყნის არც ავკაცთა სახელები და არც ის საშინელი ამბები, რასაც აქ უნდა ჰქონოდა ადგილი.
რაკი მეფეები თავს ასეთი ბარბაროსობის ნებას აძლევდნენ, სავსებით ცხადია, რომ ისინი ქვეშევრდომებს ისე ექცეოდნენ, როგორც საძაგელ ნახირს. აქ ხშირი ყოფილა სხეულის დასახიჩრების შემთხვევები. ზოგჯერ ამ ზომას იმიტომ მიმართავდნენ, რათა ყმების გაქცევები აღეკვეთათ, მაგრამ ზოგჯერ ასევე სჯიდნენ სულ უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც...
იმერეთის უკანასკნელ მეფეს სოლომონი ერქვა. რუსებმა მასზე ეჭვი მიიტანეს და მეფე თბილისში ჩაიყვანეს. აქ იგი სატუსაღოში ჩაამწყვდიეს, მაგრამ ერთგული კაცის თავდადების წყალობით მას გაქცევის სასუალება მიეცა. სოლომონ მეფე ტრაპიზონში გარდაიცვალა, სადაც მას თურქეთის ფაშამ თავშესაფარი მისცა.
როდესაც იმპერატორმა ალექსანდრემ, როგორც მონარქმა იმერეთი დაიკავა, ხოლო სამეგრელოსა და გურიაზე სიუზერენის უფლება განახორციელა, მისი ხელისუფლების პირველი ქმედება იმაში გამოიხატა, რომ მან აკრძალა თურქებისათვის ტყვეთა მიყიდვა, ლაგამი ამოსდო მთავრებისა და ბატონების სისასტიკეს და აუკრძალა მათ სხეულის დამახინჯებისა და სიკვდილით დასჯის კანონის გამოყენება. ამგვარად, ამ მხარისათვის ისეთი სიმშვიდისა და შვების აისი ამობრწყინდა, როგორსაც იგი არასდროს არ ყოფილა ჩვეული.
სწორი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ აზიაში რუსეთისა და ინგლისის მფლობელობის შეფარდებითს სიმტკიცეზე, საკმარისია შედარებულ იქნას ამ ორი სახელმწიფოს მმართველობის სისტემა მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში.
რუსები ძირითადად ძალაში ტოვებენ იმპერიასთან შემოერთებული ხალხების კანონებსა და ჩვეულებებს, მაგრამ საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულნი უყოყმანოდ აუქმებენ ბარბაროსობის ყოვლ ნიშან-წესს.
რაც შეეხება ინგლისელებს, ინდოეთში, მაგალითად, ისინი არ კრძალავენ იქაური ხალხების კანონებსა და ჩვეულებებს. განათლებული ერის წარმომადგენლები, ერისა, რომელსაც თავი მოაქვს ამდენი ქველმოქმედებით, იძულებულნი არიან ყოველ წელს მოითმინონ რელიგიური ფანატიზმის საფუძველზე სიკვდილმისჯილი უამრავი ქვრივი ქალის კოცონზე დაწვის საშინელი სპექტაკლები. თუნდაც ეს ფაქტი ნამდვილად ადასტურებს, რომ ინგლისის ხელისუფლება ინდოეთში არამყარია, ადასტურებს ალბათ იმასაც, თუ რაოდენ ადვილია ქვეყნის დაპყრობა.
აქ წყდება იმ მოვლენათა თხრობა, რომელთა ასპარეზიც კოლხეთი იყო. ამიერიდან რუსეთის უზარმაზარი იმპერიის შემადგენლობაში შესული ეს ქვეყანა, ამჟამად მისი ერთერთი პროვინციათაგანი, ისტორიის კუთვნილებას აღარ წარმოადგენს“.
XIX საუკუნის შუახანებში საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა გერმანელმა ბოტანიკოსმა კ ა რ ლ კ ო ხ მ ა, რომელმაც შემდეგ გამოსცა მეტად საინტერესო და საყურადღებო ცნობები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შესახებ. ქვემოთ მოვიყვანთ ამონარიდებს მისი ნაშრომიდან „ბრძოლის ველზე გასვლა“, რომელიც შეეხება შამილის წინააღმდეგ რუსული ჯარებისა და ქართული მილიციის ბრძოლების ხანას და, ბუნებრივად, აქ მოტანილი მასალებიც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაშინდელ მდგომარეობას (1850-იანი წლების შუახანები – ი. ხ.). ავტორი ამავე დროს გვიყვება საქართველოში ჩამოსახლებული გერმანებელი კოლონისტების შესახებ (შვაბებისა, ბადენ-ვიურტემბერგიდან) და მათ ყოფაცხოვრებას ადარებს ქართველებისას, რაც მეტად საყურადღებო უნდა იყოს დღევანდელი ქართველი მკითხველისთვის. თავიდან მოვიყვანთ კარლ კოხისეულ მცირე ისტორიულ მიმოხილვას საქართველოს შესახებ. იგი წერს:
“წარმატებით, თუმცა დიდი გაჭირვებით და მსხვერპლის გაღებით შეძლეს ქართველმა ბაგრატიდებმა ყველა შემოსეულ დამპყრობელთა (ძველი სკვითების ქვეყნიდან, სპარსეთიდან, დღევანდელი თურქესტანიდან ანუ დიდი სათათრეთიდან, კასპიის ზღვის გაღმა მხრიდან) წინააღმდეგ ბრძოლებში თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაშინ როდესაც სომეხი ბაგრატიდები დიდი ხანია, რაც განდევნეს და მათი ქვეყენა ნახევარ მთვარეს უხრიდა ქედს. მაგრამ როცა თურქეთმა ნელ-ნელა დაიწყო გაქრობა, ქართველმა ბაგრატიდებმაც დაკარგეს თანდათან თავიანთი ძლიერება იმ ბედუკუღმართი დანაწევრების გამო, რომელმაც უკვე ბევრი ქვეყანა მიიყვანა განადგურებამდე. ამ საუკუნის დასაწყისში კი უძლურმა გიორგი მეცამეტემ მისი შემცირებული სამფლობელო ჩრდილოეთის მეფეს უანდერძა. 1801 წელს რუსეთის ჯარი, როგორც უფლებამოსილი მბრძანებელი, შევიდა ბაგრატიდების ძველ ქალაქში.
მარტოოდენ მფლობელობის ფორმალური უფლებით რუსეთი, ცხადია, ვერ ჩათვლიდა თავს ქვეყნის ბატონ-პატრონად. ძველი სამეფო ოჯახის უკანასკნელ შთამომავალთა ნაწილი გამხნევდა, ანდერძი გაუქმებულად გამოაცხადა და აჯანყდა ძალით მოხვეული ბატონობის წინააღმდეგ. თვით ქვეყნის შგნით წარჩინებულთა შორის ორი დაჯგუფება შეიქმნა; ერთნი ფიქრობდნენ რომ მხოლოდ უცხოელის ძლიერ ხელს შეეძლო შინაური დავის დაშოშმინება და ქვეყნისათვის სიმშვიდის მიცემა, მეორენი პირიქით, ყოველგვარი ჩაურევლობის, საკუთარი დამოუკიდებლობის მომხრენი იყვნენ და ბოლო მეფეს ამტყუნებდნენ, ცოტა ხნის წინათ მიღებული მემკვიდრეობის თვითნებურად გადაწყვეტისათვის.
ამ უკანასკნელთა რიცხვს ეკუთვნოდა თვით მეფის ქვრივი. აღშფოთებით უარყო მან ახალი მბრძანებლის მიერ შემოთავაზებული საპატიო მდგომარეობა პეტერბურგში; ყველა მუქარა და თხოვნა უშედეგო აღმოჩნდა. პეტერბურგში კარგად ესმოდათ ის საშიშროება, რომელიც იქმნებოდა დედოფლისა და მისი ვაჟიშვილების თბილისში ყოფნით და ამიტომ მეფემ ბრძანება გასცა, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, მიეღწიათ მიზნისათვის. ამის შესრულება ერთ ქართველ თავადს დაავალეს და ისიც თხივნით წარუდგა თავის დედოფალს. მაგრამ უშედეგოდ. რა საშუალება არ იხმარა თავადმა, როგორ არ არწმუნებდა დედოფალს, რომ ეს ქვეყნის კეთილდღეობისათვის იყო საჭირო, და რომ აუცილებლობის წინაშე ყოველთვის უკეთესია უკან დაიხიო, ვიდრე მას შეგნებულად საკუთარი დაღუპვა დაუპირისპირო. დედოფლის წინააღმდეგობით და გარეთ მომლოდინე რუსი ოფიცრების მიერ შეწუხებულმა თავადმა მოთმინება დაკარგა და დედოფალს ხელი წაავლო. მაშინ იელვა განიერ კაბაში ჩამალულმა გრძელმა ხანჯალმა და შეძახილით “მოღალატე” უბედურმა დედოფალმა განგირა თავისი ყოფილი ვასალი. შემდეგ მშვიდად ჩაბარდა მტერს თავისი ორი ვაჟიშვილით, რათა სამუდამოდ გამქრალიყო. არავინ იცის, თუ რა ბედი ეწია მეფის ქვრივს; ამბობენ, რომ რუსეთის რომელიღაც ქალაქში ჰყავდათ პატიმრად, სადაც იგი მალე გარდაიცვალა.
ასე ჩამოვიდა (ალბათ სამუდამოდ) უძველესი სამეფო ოჯახი ისტორიის სარბიელიდან ამ ცივილიზებულ საუკუნეში (ასეთად აცხადებენ 19-ე საუკუნეს), რომ შემდეგ ვეღარასოდეს აღედგინა თავისი ძალაუფლება”...
გერმანელი მეცნიერის ამ თხრობაში არის რამდენიმე შეცდომა და უზუსტობა, რომელთაგან განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსად მიგვაჩნია, ჯერ ერთი ის, რომ რუსული ჯარები თბილისში 1801 წელს კი არ შემოვიდნენ აქ რუსეთის იმპერიის ბატონობის დასამკვიდრებლად, არამედ ეგერთა ერთი პოლკი, გენერალ-მაიორ ლაზარევის მეთაურობით, შემოვიდა 1799 წლის ნოემბრის ბოლოს, გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ხოლო მეორე პოლკი, დამატებით, გენერალ-მაიორ გულიაკოვის მეთაურობით, 1800 წლის ზაფხულში თუ შემოდგომაზე, ირანისა და დაღესტნელი ომარ-ხანის ჯარების მხრიდან მოსალოდნელი შეთანხმებული თავდასხმების მოგერიებისთვის. ამის შემდეგ ირანის შაჰმა უკან გაიწვია საქართველოს საზღვრებიდან თავისი ჯარები, ომარ-ხანი კი შემოვიდა კახეთში, მაგრამ საგარეჯოს მახლობლად ნიახურას ველზე რუსულ და გიორგი მეფის ერთგულ ქართულ ჯარებთან ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა და იძულებული შეიქნა საქართველოს გაცლოდა. მასთან ერთად იმყოფენოდა ალექსანდრე ბატონიშვილიც, ხოლო მისი ძმები კი რუს-ქართული ჯარების დამარცხებას ელოდნენ ალექსანდრესა და ომარ-ხანთან შესაერთებლად. და ეს ყველაფერი ხდებოდა გიორგი მეფის სიცოცხლეში. საქართველოს საშინაო მმართველობის შემდგომი ბედის განმსაზღვრელი იყო სწორედ ეს დაუნდობელი და სიძულვილით აღსავსე დაპირისპირება ტახტისთვის ბრძოლაში გიორგი XII-სა და მის ნახევარძმებს შორის, და არა რუსეთის მეფეთა დამპყრობლური მისწრაფებები.
მეორე, გიორგი XII-ის ქვრივი, მარიამ დედოფალი, არ ყოფილა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების წინააღმდეგი, არამედ იგი ამ საქმეში მხარში ედგებოდა თავის მეუღლეს. იგი შემდეგ გამოვიდა იმის წინააღმდეგ, რომ გადასახლებულიყო რუსეთის იმპერიის შიდა გუბერნიაში. მაგრამ გიორგი მეფეც ხომ იმისთვის ზრუნავდა, რომ რუსეთის შემადგენლობაში თავისი სამეფოს შეყვანით თავის შთამომავლობა ისევ საქართველოს ტახტზე დაეტოვებინა, მხოლოდ მეფისნაცვლის (“განმგე საქართველოისა”) ტიტულით, რუსეთის იმპერიის კანონებით ქვეყნის მართვის პირობით. ასე რომ, არც გიორგი XII-ს სურდა ბაგრატიონთა ტახტის გაუქმება საქართველოში და თავისი სანათესაოს რუსეთში გადასახლება, ეს თავიდან არც რუსეთის იმპერიის მთავრობას სურდა, მაგრამ ტახტისთვის იმ დაუნდობელმა და სიძულვილით აღსავსე ბრძოლამ გიორგი XII-ის შვილებსა და გიორგის ნახევარძმებს (დარეჯან დედოფლის შვილებს) შორის წარმოშვა შფოთი, ურთიერთბრძოლები და უწესრიგობანი საქართველოში, აგრეთვე განაპირობა დარეჯან დედოფლის ძეთა კავშირები ირანის მმართველ წრეებთან რუსეთის წინააღმდეგ. და სწორედ ეს უწესრიგობანი, შინაბრძოლები და რუსეთის პოლიტიკურ მტრებთან კავშირების გაბმა და ნამდვილი შეიარაღებული ბრძოლა (ნიახურას ველზე 1800 წლის ნოემბერში) იქცა საფუძვლად ქართველ ბატონიშვილთა გადასახლებისთვის რუსეთის შიდა გუბერნიებში.
შემდეგ კარლ კოხი მოგვითხრობს: “პირველ რიგში ისევ შვაბების კოლონიას ვეწვიე, ახალ თბილისს, რომელიც აქედან ჩრდილოეთის მიმართულებით ნახევარი საათის სავალითაა დაშორებული და მტკვრის დაბლობზე მდებარეობს. კოლონია ქართულ ღარიბულ სახლებთან შედარებით, მეტად კარგ სანახაობას წარმოადგენს. გერმანულ კოლონიებს რუსეთის ამიერკავკასიაში დიდი მსგავსება აქვთ იმ კოლონიებთან, რომელიც ფრიდრიჰ დიდმა შვიდწლიანი ომის შემდეგ დააარსა. სახლები თითქმის ყველა ერთსართულიანია. წინიდან პატარა, ხოლო უკანა მხრიდან დიდი ბაღი აკრავს, რომელშიაც ბოსტნეული მოჰყავთ და ყვავილები და ხეხილი აქვთ გაშენებული. ყოველი ოჯახი ცალკე ცხოვრობს თავის პატარა სახლში და მას ოჯახის სიდიდის მიხედვით აწყობს.
ჩემი შვაბი თანამემამულენი ისეთი გულღია და ბუნებრივი თავაზიანობით შემხვდნენ, რომ მესიამოვნა. “საღამო მშვიდობისა” და “ღმერთმა გაგიმარჯოს” მესმოდა მარცხნიდან და მარჯვნიდან. ბავშვები მხიარულად თამაშობდნენ და ამით ჩემთვის ისედაც სასიამოვნო ადგილს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდნენ. აქვე ახლოს მდებარე ეკლესიიდან მოისმოდა საათის რეკვა...
ქალაქის მახლობლად მცხოვრები კოლონისტები უფრო დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ, ვიდრე ქალაქიდან მოშორებით მდებარე კოლონიები: ისინი თავიანთ პროდუქტებს და სხვადასხვა ნაწარმს უფრო სწრაფად და მომგებიანად ყიდდნენ. პირველ რიგში რძით და კარაქით ამარაგებდნენ ქალაქს. რუსულ და ქართულ კარაქთან შედარებით გერმანული კარაქი ყოველთვის ორმაგად ფასობდა. პურსაც გერმანულს ამჯობინებდნენ. ამას გარდა, კოლონიის მცხოვრებლებს ბოსტნეულიც მოჰყავდათ, უმთავრესად კარტოფილი, რომელსაც საკმაოდ ძვირად ჰყიდდნენ...
კიდევ უფრო დიდი ზარალი განიცადა ახალმა თბილისმა იმით, რომ მოსახლეობის შედარებით კულტურულმა ნაწილმა მიატოვა კოლონია და ქალაქში გადასახლდნენ. იქ მათ სხვადასხვა ხელობას მიჰყვეს ხელი, განსაკუთრებით დურგლობას, ხაბაზობას და ხარაზობას, რითაც კარგ შემოსავალს შოულობდნენ. ადგილობრივთან შედარებით მათ მიერ შესრულებული სამუშაო ორმაგად ფასობდა. რუსების მიერ დამზადებული საუკეთესო ფეხსაცმელიც კი გაცილებით ნაკლები ღირდა, ვიდრე გერმანული...
როგორ მოხდა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები, მას შემდეგ, რაც კოლონისტების ცხოვრება ნახეს (განსაკუთრებით ბოსტნეულის და კარტოფილის მოშენებით მიღებული უპირატესობანი), მაინც ძველებურად სიღარიბეში, ჭუჭყსა და, ჩვენის გაგებით, გაჭირვებაში დარჩნენ. ისინი ოდნავადაც კი არ იწუხებენ თავს, რომ ცოტათი მაინც მიბაძონ კოლონისტებს და თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესონ. გარეუბანში უფრო მიწურ სახლებს ვხვდებით, განსაკუთრებით კუკიასა და ავლაბარში; თვითონ თბილისშიც კი ისეთი სახლებია, რომლებიც 100 წლის წინათ იდგა აქ, დღესაც ხშირად რომ გვხვდება სოფლებში. წლის დასაწყისში, წვიმიანობის დროს ქართველი და სომეხი განაგრძობს ცხოვრებას ისეთ ბინებში, სადაც განუწყვეტლივ ჩამოდის წყალი და არასოდეს არ მოუვა აზრად სახლი ზაფხულში მაინც შეაკეთოს. მაგრამ ერთი კია, ყველაფერი ჩვენი საზომით არ უნდა გავზომოთ და ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ამიერკავკასია, ყველაფერი ჩვენი მამაპაპური ჩვეულებების მიხედვით არ უნდა მოვითხოვოთ. კულტურა ჯერ არ შეხებია აქაურ გარემოს. მაპატიეთ ასეთი გამოთქმისათვის, მაგრამ იგი ზუსტად გამოხატავს იმ აზრს, რის თქმაც მინდა. აღმოსავლეთში ასი წლის კი არა, ათასი წლის წინანდელი წეს-ჩვეულებებია შემორჩენილი. აღმოსავლეთიდან თურქ-მონღოლთა ტომების შემოსევითაც კი ცოტა რამ შეიცვალა, ვინაიდან მათ დროთა განმავლობაში მცირეაზიელების წეს-ჩვეულებები მიიღეს... სულ სხვა მდგომარეობაა ჩვენთან, ევროპაში, სადაც ჯერ რომაული ჩვეულებები გამეფდა, შემდეგ ქრისტიანულმა რელიგიამ შეცვალა ყველაფერი და ხალხთა გადასახლების წყალობით, ზოგი მანამდის უცნობი რამ შემოიჭრა. ჯვაროსნულმა ომებმაც შემოიტანა ევროპის ყოფაში გარკვეული ცვლილებები. კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თურქების მიერ კონსტანტინოპლის დაპყრობას, რის შემდეგაც ბევრი ცნობილი აღმოსავლელი გადმოსახლდა დასავლეთში და თავისი მაღალი განათლებით ლათინელ და გერმანელ ხალხებზე უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა. მათი საშუალებით პირველი მუდმივ კავშირში იმყოფებოდა მეორესთან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მთელ ევროპაში, საბოლოო ჯამში, თანდათან თანაბარი მდგომარეობა და აზროვნების ერთი დონე დამკვიდრდა. ერთნაირმა გაჭირვებამ და ფუფუნებამ იჩინა თავი როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. და მით უფრო მეტად იგრძნობოდა ეს, რაც უფრო მაღალი კულტურის დონე ჰქონდა ქვეყანას; უმთავრესად ეს შეეხო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი და ინგლისი.
აღმოსავლეთის მცხოვრებნი ისეთ განუზომელ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რომ მათთან შედარებით ჩვენი მაღალი მთისა და ზემო სილეზიის მკვიდრნი გაცილებით უკეთეს პირობებში იმყოფებოდნენ. ჩვენთან ხშირად ტანჯავს ადამიანს შიმშილი, მაგრამ აღმოსავლეთში უფრო მეტი ხალხი იღუპება გაჭირვების შედეგად. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ აღმოსავლეთში მოსახლეობა განუწყვეტლივ კლებულობს. ჩვენს ღატაკებს, რომლებსაც ზამთარში ერთი ნაჭერი პურიც კი ენატრებათ, ვერ დაანაყრებს ის მცირე რაოდენობის ფეტვის მჭადის ფქვილის ან მაწვნის ის მცირე ულუფა, რომელსაც აღმოსავლელი დღის განმავლობაში ღებულობს. შეძლებული აღმოსავლელიც კი, ჩვენი პირობების მიხედვით, ღარიბულად ცხოვრობს. მთელ მის საკვებს ცოტაოდენი პური და ფეტვის ფაფა შეადგენს. აზიაში მცირე გამონაკლისის გარდა, წარმოდგენა არა აქვთ ისეთ რეგულარულ კვებაზე, როგორიც ჩვენშია. მარხვის დროს ქრისტიანი აზიელი თითქმის შეუკაზმავი ლობიოთი, მცენარეულის ფესვებით, მხალეულითა და ამგვარი საკვებით კმაყოფილდება.
საბოლოო ანგარიშში აღმოსავლელი მაინც უფრო ბედნიერია ევროპელ მცხოვრებლებთან შედარებით; ჯერ ერთი იმიტომ, რომ პირველს უკეთესი ცხოვრება არ უნახავს, და მეორეც, – განსხვავება ისეთი დიდია, რომ აღმოსავლელი იმთავითვე შეგუებულია უკეთესს რომ ვერასოდეს მიაღწევს და მცირედით კმაყოფილდება. იგი გაოცებული შეჰყურებს ფაშას ან რუსი გუბერნატორის ბრწყინვალე გარეგნობას. გახარებულია ამ სანახაობით და ამის შესახებ იმდენხანს ილაპარაკებს, სანამ რაიმე ახალი შთაბეჭდილება არ დაავიწყებს წინანდელ სანახაობას. ზამთარში მას ღამით ოთახის შუაგულში, ცეცხლის პირას სძინავს. ზაფხულში სახურავზე ან სადმე გარეთ ეძებს ღამის გასათევ ადგილს. ბედნიერია თუ ამისათვის ხალიჩა გააჩნია ან ბალიში, რომელიც თავქვეშ შეუძლია ამოიდოს...
მეორე დღეს, სიცხის მიუხედავად, ჩრდილში თერმომეტრი რეომიურით 28 გრადუსზე ნაკლებს არ აჩვენებდა, დავხეტიალობდი ქალაქის ქუჩებში, ქალაქისა, რომელიც ჩვენთვის თანდათან ძვირფასი და საყვარელი ხდებოდა. მე იგი პირველად 1836 წლის ზაფხულის ბოლოს ვიხილე, შემდეგ ამავე წლის ზამთარი აქვე ძალიან სასიამოვნო გარემოცვაში გავატარე. მესამეჯერ, 1837 წლის შემოდგომაზე კარგა ხანს ვცხოვრობდი თბილისში. მეოთხეჯერ 1844 წლის თებერვალში ჩამოვედი აქ და ახლა მეხუთეჯერ ვინახულე ეს საინტერესო ქალაქი (1854 წელს – ი. ხ.). მე არ ვიცი სხვა ადგილი, რომელსაც ჩემზე ასეთი სასიამოვნო შთაბეჭდილება მოეხდინოს იმიტომ, რომ აქ, თბილისში, აღმოსავლური ხასიათი ევროპულის გვერდით საკმაოდ წმინდად არის შემონახული. კონტრასტი აქ ისე მკვეთრად არ გეცემა თვალში, როგორც სხვაგან, რადგან წარჩინებული ქართველები და სომხები უფრო კარგ სახლებს აშენებენ, ვიდრე დანარჩენი აზიელები. კარგია ისიც, რომ რუსებმა ქალაქს ცალკე უბანი მიაშენეს, სადაც მხოლოდ თვითონ ცხოვრობენ. ეს უბანი საკმაოდ მაღალი ციცაბო მთის ძირშია განლაგებული, რომლის ფერდობზეც წმინდა ეკლესია დგას (მამა დავითის მთის ძირას, ახლანდელი რუსთაველის გამზირის დასაწყისში – ი. ხ.). აქ უკლებლივ ყველა სახლი ლამაზად არის აშენებული. რუსების უბანსა (გარეთუბანი) და მტკვარს შორის წარჩინებული ქართველებისა და სომხების სახლებია განლაგებული; აქვეა სხვადასხვა ბაზარი. ყველაზე ლამაზად მაინც მტკვრის ნაპირას ჩამწკრივებული სახლები გამოიყურება, განსაკუთრებით საღამოჟამს, როდესაც მდინარეში ათასფერადი ნათურების სინათლე ირეკლება ხოლმე...
სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ თბილისმა რუსეთის შემოსვლით ბევრი მოიგო. ეს ეხება მთელს ქვეყანას. მრავალი წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო საღამოობით სანაპიროს გარეუბნისაკენ გასეირნება ისე, რომ ლეკების მხრივ გაძარცვის ან სულაც დაჭერის საფრთხეში არ ჩაგვეგდო თავი. რუსებმა მართალია, ქართული სამეფო მემკვიდრეობით მიიღეს, მაგრამ მაინც იძულებული იყვნენ მხოლოდ თანდათან მოეკიდებიათ ფეხი ქვეყანაში. უკვე ხნიერმა ერმოლოვმა, პირველ ხანებში, რუსული ბატონობის განმტკიცებისა და მშვიდობის დამყარებისთვის არაჩვეულებრივად ბევრი გააკეთა. კიდევ უფრო მეტს გააკეთებდა, რომ კაცისათვის, რომელსაც უდავოდ ყველაზე მეტი დამსახურება მიუძღვის ამ ქვეყნის წინაშე, ინტრიგები არ მოეწყოთ და ადგილიდან არ გადაეყენებინათ.
თბილისი რუსეთის შემოსვლის პერიოდში საცოდავი ადგილი იყო. იგი უმთავრესად ნანგრევებისა და ასიოდე სახლისაგან შედგებოდა. უწინდელთან შედარებით ქალაქს ვეღარ იცნობდით. მხოლოდ ის რვა წელი რომ ავიღოთ, რომელიც ჩემს პირველსა და მეორე მოგზაურობას შორის გავიდა, უკვე დიდი განსხვავება იგრძნობოდა. ამ ხნის განმავლობაში – ბევრი ახალი სახლი აშენდა; ვაჭრობა და ხელოსნობა საგრძნობლად გაიზარდა, ბაზრები მომრავლდა. იგივე ითქმის სკოლებზეც. თბილისში დიდი ხანია არსებობს გიმნაზია, რომელიც, რასაკვირველია, გერმანულს ვერ შეედრება, მაგრამ საფრანგეთის ზოგიერთ მსგავს სკოლებთან, უპირატესობაც კი აქვს, ვინაიდან მეტისმეტად ფორმალურ სწავლებაზე ნაწილობრივ უარი თქვეს. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ რუსეთის მთავრობა არაჩვეულებრივად ბევრს აკეთებს ქვეყნისათვის, თუმცა, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მოხელეები ხშირად არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას”.
შემდეგ კარლ კოხი აგრძელებს თხრობას: “თბილისში ძალან ცხელოდა და კიდევ რამდენიმე კვირას უსაქმოდ აქ გაჩერება შეუძლებელი იყო. ჩემი საბუთების გამზადება, როგორც უკვე ვთქვი, ისეთ დროს უნდა მომხდარიყო, როდესაც მთელი ქვეყანა ომით იყო დაკავებული (შამილის ჯარების შემოჭრის გამო კახეთში – ი. ხ.). ამიტომ მეცნიერს თავისი მშვიდობიანი საქმეებით უნდა დაეცადა. ის-ის იყო დიდ გაჭირვებას დავაღწიე თავი, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე, რადგან ჩემი სურვილი ვერ შევისრულე – კავკასიის ერთ-ერთ ცნობილ მთაზე – ბორბალოზე ვერ ავედი, რომ იქიდან მის განშტოებებს გავყოლოდი. იელისუის მეამბოხე სულთანი უკვე სავსებით განდევნეს თავისი წინანდელი სამფლობელოებიდან და იმ ადგილებში ისევ მშვიდობა დამყარდა. თუშების, ფშაველების და ხევსურების მამაცმა მოსახლეობამ სწორედ გაჭირვების დროს დაამტკიცა თავისი ერთგულება რუსებისადმი. ამიტომ გადავწყვიტე ისევ ბრძოლის ველს მივახლოვებოდი, რომ იქიდან რომელიმე რაზმთან ერთად როგორმე მთაში შემეღწია...
იმავე დღეს, შუადღისას, ათასნაირი ბუჩქნარით დაფარულ ვაკეს მივადექით. ზამთარში აქ, ისევე როგორც მთელ ამ მიდამოში, ალაზნისა და მტკვრის შეერთების ადგილას, ზემოთ დასახელებულ სამივე ტომს ჩამოჰყავს თავისი ურიცხვი ცხვრის ფარები, ვინაიდან მაღალ მთებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ზაფხულშიც არ არის სამყოფი ბალახი, რუსები მცირე გადასახადის ფასად ამის ნებას აძლევენ მათ. ამიტომ თუშები, ფშაველები და ხევსურები რუსების დიდი ერთგულნი არიან და ლეკთა ყაჩაღური თავდასხმების დროს მნიშვნელოვან კედელს წარმოადგენენ რუსებისათვის.
აქ ნიადაგი ძალიან ნაყოფიერია და დროთა განმავლობაში შეიძლება საქართველოს ბეღელი გახდეს. ამჟამად კი, სამწუხაროდ, მიწის დასამუშავებლად მუშა ხელის ნაკლებობაა. უწინდელი მოსახლეობა, რომელთა წინაპრები აქ ქართველთა მეფეებმა დაასახლეს, ნადირშაჰმა წინა საუკუნის პირველ ნახევარში ისევ ხორასანში, სპარსეთში წაასხა...
თუმცა ეს ადგილი ჯერ კიდევ კარგად მქონდა აღბეჭდილი მეხსიერებაში, ისევ და ისევ ვტკბებოდი იმ მშვენიერი ხედით, რომელიც აქედან იშლებოდა. ჩემი ბარგი სასტუმროში დავტოვე და გავუდექი სწორ გზას, რომელიც რუსებს სამაზრო ქალაქ სიღნაღამდის გაეყვანათ. აქაც მომხდარიყო მოსახლეობისათვის სასარგებლო ცვლილებები. ამ შვიდი წლის განმავლობაში მრავლად აუგიათ ახალი სახლები. ბაზარში დიდი გამოცოცხლება სუფევდა, რამაც ძალიან გამახარა...
ზაქათალას ხელსაყრელი მდებარეობა აქვს და ამავე დროს ისეთი სიმტკიცისაა, რომ შამილის და მისი მომხრეების შემოტევას გაუძლებს. ევროპული საალყო იარაღებითაც კი არ შეიძლება მისი იოლად აღება. აქვე სულ ახლოს მდებარეობს ლამაზი და მდიდარი სოფელი ჭარი, რომლის მოსახლეობა უდიდესი სიძულვილით იტანს რუსების უღელს. იგი ზაქათალას მახლობლად, ვიწრო ხეობის გასასვლელთან მდებარეობს, რომელიც მაღლა მთებში სამურის სათავეებამდე მიდის. იქაური ლეკები დროდადრო ცნობდნენ კახეთის მეფეების ხელისუფლებას, მაგრამ მეტისმეტად ღარიბები იყვნენ იმისათვის, რომ ხარკი ეხადათ და ზაფხულობით გარკვეული რაოდენობის ყინული მიეტანათ საეფო კარზე. იმ პერიოდში, როდესაც კახეთის ტახტზე სუსტი მეფეები ისხდნენ, ლეკები ბარის მოსახლეობას ძარცვავდნენ და დამოუკიდებლები ხდებოდნენ. ბოლოს ალაზნამდის მოყოლებული, ლეკებმა ყველა სოფელი დაიპყრეს და ხარკი დაადეს. ამით ღარიბი ლეკები (სამურის რაიონიდან) გაჭირვების დროს გაყაჩაღდნენ. ამ გზით გამდიდრდნენ და მერე მთლად გათამამდნენ. ერთმა ნაწილმა მიატოვა მთები ხუთი დიდი მნიშვნელობის მქონე ხეობის შესასვლელში გადმოსახლდა. ისინი აქ გამაგრდნენ, ერთმანეთში თავდაცვითი და თავდასხმითი კავშირები დაამყარეს და ერთგვარი რესპუბლიკა შექმნეს, რომელმაც ჩარშენის სახელწოდება მიიღო და ახალ დრომდე შეინარჩუნა თავისი სამფლობელოები. თუ სადმე რამე იყო გასატაცებელი, იქ ხუთთა კავშირის წევრებიც მსწრაფლ გაჩნდებოდნენ. ისინი ხან ავართა ხანის ამალაში იყვნენ, ხან კი, პირიქით, კახეთის მეფეებს ემსახურებოდნენ, ანდა სპარსეთის შაჰს – აღა-მაჰმად-ხანს, როცა ამ უკანასკნელმა წინა საუკუნის ბოლოს საქართველო დაიპყრო.
საქართველო რუსეთის ხელში რომ გადავიდა, ჩარშედები იყო ის ხალხი, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში დიდ სიძნელეებს უქმნიდა რუსებს. ბოლოს, მათ ვეღარ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა და დამორჩილდნენ; მაგრამ როგორც კი რუსის ჯარი გავიდა, ისევ აჯანყდნენ. ამის გამო ყოველთვის თავიდან უხდებოდათ რუსებს მათი დამორჩილება. როგორც კი რუსეთი დაიწყებდა ომს სპარსეთთან ან თურქეთთან, ჭარელებს იმედი ეძლეოდათ, რომ კვლავ შეძლებდნენ უღლის ჩამოშორებას, მაგრამ ძლიერი ძალა მათ ისევ იმორჩილებდა. უკანასკნელად ისინი 1830 წელს აჯანყდნენ. ამ დროიდან მოყოლებული მათ წაართვეს ძლიერი ციხესიმაგრეები, ხეობების შესასვლელებთან, რათა კიდევ უფრო გაემაგრებინათ ისინი და თავისი მიზნებისთვის გამოეყენებინათ”.
ასე აღწერს გერმანელი მეცნიერი და მოგზაური ჭარ-ბელაქანის ისტორიას, რომელიც შაჰ-აბას I-ის ბრძანებით იქნა ლეკების ხელში გადაცემული XVII საუკუნის დასაწყისში, და ამის შემდეგ უდიდეს ტკივილად და წყლულად გადაიქცა აღმოსავლეთ საქართველოსთვის, ვინაიდან წარმოადგენდა პლაცდარმსა და ბუდეს ჩვეში სათარეშოდ მომავალი ლეკებისა და სხვა ჩრდილო-კავკასიელებისთვის. თეიმურაზი და ერეკლე, როგორც მახსოვს, ორჯერ დამარცხდნენ ჭარ-ბელაქანის წინააღმდეგ ლაშქრობის დროს, და როგორც ერეკლეს შვილიშვილი, დავით ბატონიშვილი მოგვითხრობს თავის “ახალ ისტორიაში”, ბოლო ლაშქრობის დროს უკუქცეული ერეკლეს ცხენს ქართველი მეომრები ებღაუჭებოდნენ ალაზნის წყალში, რათა მისი დახმარებით გამოეცურათ და არ დამღრჩვალიყვნენ. ამიტომ, მეფის სიცოცხლე საფრთხეში რომ არ ჩავარდნილიყო, მისი უახლოესი მხლებელი, პაპა ბებურიშვილი, ხმლით ჭრიდა ან ხოცავდა ამ ქართველებს და ისე ლამობდა ერეკლეს სამშვიდობოზე გამოყვანას. გარდა ამისა, ზემოთ უკვე მოვიყვანეთ ამონარიდები ნიკოლოზ დუბროვინის წიგნიდან Исторiя войны и владычества русских на Кавказе, Т. II, სადაც გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ მალევე ერეკლე მეფის დიდი სურვილისა, რომ რუსულ ჯარებს ჭარ-ბელაქანის წინააღმდეგ გაელაშქრათ, და თავად ამ ლაშქრობის შესახებაც. ასევე უკვე 1800 წელს გიორგი XII-ის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის დროს, მისი ელჩების ერთ-ერთი ძირითადი სათხოვარი გახლდათ კვლავ ჭარ-ბელაქნის დამორჩილება რუსული ჯარების მიერ და ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში გადმოცემა, თუმცა კი ეს სამეფო უკვე თავად ხდებოდა ერთ-ერთ პროვინციათაგანი რუსეთის იმპერიისა. და რუსებმა მაშინ შეასრულეს ქართველების ეს თხოვნა და სწორედ რუსეთის მთავრობის მიერ იქნა საქართველოს შემადგენლობაში ჩართული ეს პროვინცია, რომელიც დღევანდელ საქართველოში უფრო ცნობილია საინგილოს სახელით. ჩვენში ბევრს საყვედურობენ რუსეთს, რომ 1921 წელს გასაბჭოების შემდეგ მან ჩამოართვა საინგილო საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცა, მაგრამ იმის გახსენება კი არ უყვართ და არ უნდათ, რომ 1600-იანი წლების დასაწყისში კახეთის სამეფოსთვის ირანელების მიერ წართმეული ეს მხარე 1800-იანი წლების დასაწყისში სწორედ რუსებმა დაგვიბრუნეს და ამისთვის რუსული სიხლიც ბლომად ღვარეს. და განა კი გამოვიჩინეთ მათდამი მადლიერება და ერთგულება 1917-1920 წლებში, ან 1980-90-იანი წლების მიჯნაზე, ან კი ვიჩენთ მას დღესდღეობით? 1918-1920 წლებში, ვითომდა გეორგიევსკის ტრაქტატი არც კი ყოფილიყოს, უცებ დამოუკიდებლობა მოგვინდა, მაგრამ ეს ჩვენი “დამოუკიდებლობა” თავიდან კაიზერულ გერმანიაზე აღმოჩნდა დამოკიდებული, ხოლო შემდეგ კი გერმანიის დამმარცხებელ ანტანტის სახელმწიფოებზე, და მათგან განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთზე; ანუ ისტორიული რუსული სახელმწიფოს მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე. ასეთი გამოდგა ქართველების “ერთგულება”და “მადლიერება”, და რატომ გვიკვირს, თუკი რუსები აღარ იჩენენ ჩვენდამი ნდობასა და მეგობრობას? მათ ხომ საკუთარ ტყავზე აქვთ ნაწვნევი ჩვენი “კაიკაცობის” ამბები?
ახლა ისევ კარლ კოხის თხრობას დავუბრუნდეთ. იგი შემდეგ განაგრძობს: “ბელაქნიდან კავკასიონის ქედი კიდევ უფრო დიდებული მეჩვენა, უფრო ხშირად მოჩანდა სალი ციცაბო კლდეები; ხშირად ალპური მდელოებიც გვხვდებოდა, რომელსაც ბუჩქნარი და დაბალი ტყე ცვლიდა. მართალია, ნიადაგი აქაც ნაყოფიერია, მაგრამ სოფლების რაოდენობა მაინც თანდათან კლებულობს; ხშირად დიდ მანძილზე ვერცერთ შენობას ვერ დაინახავთ. სამაგიეროდ ყველგან შეხვდებით ძველი კულტურის ნაკვალევს. გუშაგები აქ უფრო მჭიდროდ იდგნენ, ყოველივე ეს იმაზე მიუთითებდა, რომ ლეკები აქ უფრო ხშირად ჩამოდიოდნენ მთებიდან და მახლობლად მდებარე სოფლებს უფრო მეტად ემუქრებიდნენ. მივედით ერთ პატარა მდინარესთან, რომლის მარცხენა ნაპირზე, ხეობის გასასვლელთან, ციხესიმაგრე კართუბანი ანუ ქორთუბანი მდებარეობდა. აქაა ეგრეთწოდებული ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის საზღვარი. აქედან იწყება ისევ ის მიწა-წყალი, რომელიც ყოველთვის კახთა მეფეებს ეკუთვნოდათ. იგი გაღმა მხარის სახელწოდებით დამოუკიდებელ ერთეულს ქმნიდა და თავისი საკუთარი ერისთავი ანუ მმართველი ჰყავდა.
სახლები აქ ყველგან თავდასხმებისთვისაა მოწყობილი. სარდაფებს მხოლოდ მეურნეობისათვის იყენებენ, ზოგჯერ კი საქონლისათვის. პირველ სართულში ოჯახი ცხოვრობს: მას ხის აკვანი აკრავს; კიბეს, რომელიც სწრაფად შეიძლება ჩაიკეტოს ზემოდან ჩამოსაშვები კარებით, ავყავართ მაღლა. ეს აივნები, რომლებიც უფრო ხშირად ლამაზი ჩუქურთმებითაა მორთული, სახლს ლამაზ ელფერს აძლევს, რაც ქართველების (იგულისხმება ქართლელები – ი. ხ.) მიწურებს არა აქვს. საერთოდ, აქაური სოფლები უფრო მიმზიდველი მეჩვენა და არა ისეთი უსუფთაო და ჭუჭყიანი, როგორც ქართლში. ლამაზი ბაღები, რომლებიც სოფლებს გარს აკრავს, მაღალი მესერის მსგავსი ღობეებით არის შემოვლებული. მასში მთელი რიგი ხეხილის ხეები იყო, უმთავრესად გარგარის, ატმის, ვაშლის, კაკლის და თუთის. ისინი ახლა მწიფე ნაყოფით იყო დახუნძლული...
არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ეს მიდამოები ყაჩაღობისათვის შესანიშნავ პირობებს ქმნის. ახლოს მდებარე მთებში იმდენი სამალავი და თავშესაფარია, რომ შეუძლებელი ხდება ლეკებს გამოედევნო. დიდი შემოსევებისა (რომელსაც შამილი ან მისი რომელიმე ნაიბი ხელმძღვანელობს) აქ ნაკლებად ეშინიათ, რადგან რუსები, ჩვეულებრივ, ამის შესახებ დროულად იღებენ ცნობებს და საჭირო ზომებსაც დროულად მიმართავენ. გასულ საბედისწერო ზაფხულს შამილის შეიარაღებულმა ჯარმა ღია ველზე ზარბაზნების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და იძულებული იყო უშედეგოდ დაბრუნებულიყო უკან. უფრო საშიშია ჩვეულებრივი ყაჩაღობა, რომელსაც საკუთარი რისკით და შამილთან კავშირის გარეშე ეწევიან; ესენია უმთავრესად ლეკების ტომი – დიდო, რომლებიც მეზობელ მთებში ბინადრობენ. დიდოელები კავკასიის ყველაზე ღარიბი ტომია. ყოისუს სათავეების მიდამოებში, მაღალ ხეობებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ექვსი თვის განმავლობაში მეფობს ზამთარი. ხეობა არაჩვეულებრივად კლდოვანი და ქვიანია, რის გამოც იქაურ მცხოვრებლებს ცხვრის მცირე ფარის შენახვაც არ შეუძლიათ. ამიტომ იძულებული არიან დროდადრო მდიდარ კახეთს შეესიონ. მე არაერთხელ მქონია საშუალება დიდოელების ნახვისა და უნდა ვაღიარო, რომ არსად შემხვედრია ადამიანები, რომლებსაც ჩემზე ასეთი უსიამოვნო შთაბეჭდილება მოეხდინოს; დაბალი და ჯმუხი ტანი, უსიამოვნო პირისახე, შავი ჭუჭყისაგან გაბურძგნული თმა, ძონძებით დაფარული სხეული.
...ქვეყანა, მიუხედავად განუწყვეტელი საფრთხისა, რომელიც აქ ყოველწამს არის მოსალოდნელი, უფრო გაშენებულია, ვიდრე რომელიმე სხვა მხარე ამიერკავკასიაში. სოფელი ისეა ერთმანეთზე გადაბმული, რომ ვერ გაიგებდი სად თავდებოდა ერთი და სად იწყებოდა მეორე. მთელი მიდამო, განსაკუთრებით შილდიდან, ერთ გაბმულ ვენახს წააგავდა. ამიტომ ადვილი მისახვედრია, რომ ნადავლის წყურვილით შეპყრობილი ლეკები განსაკუთრებულ ადგილებს ირჩევდნენ თავიანთი მტაცებლური სურვილების დასაკმაყოფდილებლად. საგუშაგოები აქ ერთიერთმანეთთან ახლოა განლაგებული. გარშემო ჩალით შემოხვეული ბოძების ნაცვლად, როგორც წესი, ამავე სახით შემოხვეული ხის ღეროები აქვთ, რომელსაც საშიშროების დროს სწრაფად უკიდებენ ცეცხლს. მთელი მიდამოს უკეთ დასანახავად ერთგვარი ამაღლებული ბაქნები (რუსულად – “ვიშკები”) და სამტრედეები აქვთ მოწყობილი, როგორც ჩვენში (ზოგიერთის მამულში).
...მეორე დილით უფრო საგულდაგულოდ დავათვალიერე მეტად საინტერესო მიდაოები, რომელიც ჯერ არც ერთ მოგზაურს არ აღუწერია. ადგილი, სადაც ვცხოვრობდი, როგორც ეტყობოდა, ცენტრი უნდა ყოფილიყო. მას ნაქალაქევი ერქვა. სახელწოდება, რომელიც საქართველოში ხშირად გვხვდება და რომელიც ნანგრევებად ქცეულ ქალაქს ნიშნავს. აქ უნდა ვეძებოთ ძველი ქალაქი გრემი... კახეთის მეფეებს აქ საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდათ. პირველი მნიშვნელოვანი ნგრევა მან სპარსეთის შაჰის, აბას დიდის დროს განიცადა. ამ დროიდან მოყოლებული ქალაქი თუმცა ხელმეორედ იქნა აშენებული, მაინც ვერ აღდგა, ვინაიდან მას ნადირ შაჰის ახალი აოხრება მოჰყვა. ახლომახლო მდებარე სოფლები რომ ლეკების ყაჩაღურ თავდასხმებს განიცდიან, ამის შესახებ უკვე ზემოთ მოგახსენეთ, ყველაზე დიდი საშინელებანი ამ გაზაფხულზე მოხდა, როდესაც ელისუს სულთნის ამბოხებამ დიდოელები და სხვა ლეკები შეაგულიანა, მასიურად დასხმოდნენ თავს დაბლობის მდიდარ სოფლებს. ავაზაკთა ყაჩაღური ბრბო ღამით უეცრად დაეცა თავს უბედურ სოფელ გრემს (რომელიც ნაქალაქევიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს) და მთლიანად გადაწვა სახლები. ვინც მოასწო, თავის ავლადიდება დატოვა და გაიქცა. თორმეტი კაცი მხეცურად გამოასალმეს წუთისოფელს; სხვები მეტ-ნაკლებად დაასახიჩრეს. ზოგს ენა მოჭრეს და ხეებზე გააკრეს. თორმეტი უბედური ქალი, გოგონა და სამი ვაჟი გაიტაცეს მთებში. ვიდრე მაშველი ძალა მოასწრებდა მოსვლას, ისეთი საშინელება დაატრიალეს, რომ ყველა მგრძნობიარე ადამიანს შეზარავდა მისი მოსმენა”.
აი ასეთ მძიმე სურათს გვიხატავს გერმანელი მოგზაური იმისა, რასაც იგი უშუალოდ შესწრებია ან თვალით მხილველთაგან მოუსმენია. და რატომ არ უნდათ დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში ზოგიერთთ იმ სიკეთის დანახვა და დაფასება რაც რუსულ სახელმწიფოსა და რუს ადამიანებს გაუკეთებიათ საქართველოსა და ქართველი ადამიანებისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის ლეკიანობის მოშლითა და მოსპობით? და რატომ ჰგონიათ, რომ თუკი რუსეთი კავკასიიდან წავა, ისევ არ დაიწყება ლეკიანობა საქართველოში? ისევ არ დაიწყებენ თურქეთი და ირანი საქართველოზე ზემოქმედებისთვის ჩრდილოკავკასიელთა თარეშებისა და შემოსევების წაქეზებასა და შეგულიანებას; ან კიდევ უამისოდაც თავად არ დაიწყებენ ეს ხალხები სიმდიდრის საშოვნელად ჩვენში ძველებურად თარეშს?
კარლ კოხის თხზულების დასკვნით ნაწილში აღწერილია ერთი მეტად სასიამოვნო ვითარებაც, სახელდობრ მოსავლის აღება კახეთის ერთერთ სოფელში, თავად ჩოლოყაშვილის მამულში, და ჩვენც ამ ეპიზოდით გვინდა დავასრულოთ გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის ამ მეტად საინტერესო და საგულისხმო წიგნიდან ამონარიდების მოყვანა. სახელდობრ იგი წერს: “მოსავლის აღების დრო იყო. დაახლოებით ასორმოცდაათამდე ადამიანს მოეყარა თავი (მათ შორის ქალებსაც და ბავშვებსაც) ბატონისათვის პურის ყანის მოსამკელად, ძნის შესაკრავად და დასაბინავებლად. ეს იყო ბეგარა, რომელიც ჩვენთან რამდენიმე წლის წინათ ჩვეულებრივი მოვლენა იყო და დღესაც არ არის მთლიანად აღმოფხვრილი. თავადის ოჯახი თავისი იქ ყოფნით მუშაობის ხალისს მატებდა ხალხს. ეს ყოველივე დღესასწაულს უფრო წააგავდა ან წარმოდგენას, რომელშიაც რამდენიმე ასეული კაცი ღებულობდა მონაწილეობას. სამუშაო, როგორც ეტყობოდა, კარგად იყო განაწილებული და სწრაფად მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენთან რომ არის, ისეთ წესრიგზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვეულებრივ, ერთ რიგს ორი ადამიანი მკიდა. ისინი, ვინც ახალ რიგს იწყებდა, შუა ყანაში შედიოდა და გვერდებზე ნამჯას თელავდა. ესეც რომ არ იყოს, ადგილი მოუმკელი რჩებოდა ან აღებისა და შეკვრის დროს იფანტებოდა. ისე რომ, მკის დროს მოსავლის ერთი მერვედი მაინც იკარგებოდა.
საითკენაც არ გაიხედავდით, ყველგან მხიარულება სუფევდა, რომელსაც კიდევ უფრო ზრდიდა ხმაურიანი მუსიკა, განსაკუთრებით სტვირი. თითოეული მათგანი მთელი გულით და სულით მღეროდა, უფრო გაჰკიოდა და არ აქცევდა ყურადღებას მეზობელს. ყანის საჭრელად ნამგლებს ხმარობდნენ, რომელიც თურქული ხმალივით მოღუნული იყო და რომელსაც თითქმის საათში ერთხელ ლესავდნენ; თან დროის ამ მონაკვეთს იყენებდნენ წყლის სასმელად. მეტი ნამჯა რომ აეღოთ, ხელზე სათითურები ჰქონდათ წამოცმული.
სამხარი მართლაც დღესასწაულს მოგაგონებდათ, რამაც ნამდვილად დიდად გამახარა და მასიამოვნა. ასეთ ბეგარას არ ახლდა ის სიძულვილი, რომელსაც აქა-იქ ადგილი ჰქონდა ჩვენში, გერმანიაში ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში. ყველანი ჩრდილიან ხეებს ქვეშ მოკალათებულიყვნენ. თითოეულ მუშაკს ხორცით, შემწვარი ყველით და პურით სავსე ჯამს აწვდიდნენ. განუწყვეტლივ უსხამდნენ დიდი რაოდენობით ღვინოს.
თავადის ოჯახიც გარეთ მიირთმევდა სამხარს. უზარმაზარი კაკლის ხის ჩრდილში დიდი ჭრელი სუფრა გაეშალათ. ყველა ფეხმორთხმული მიუჯდა გარს და მიიღო თეფშები – აქამდისაც მოეღწია კულტურას. სადილი ჩინებული ნასვრეტებიანი ყველით დაიწყო, რომელსაც ახალი კიტრები მოჰყვა. შემდეგ რიგრიგობით მოჰქონდათ ჩახოხბილი, ცხვრის ხორცი, თევზი, და ბოლოს სხვადასხვა შემწვარი კერძი. შიგადაშიგ მადის შესანარჩუნებლად სურნელოვან მწვანილს შეექცეოდნენ, როგორიცაა პრასი, ხახვი, ნიახური, ქონდარი, რეჰანი და პიტნა. შოთი პური აქ ისეთი თხელი არ იყო, როგორც საერთოდ ამიერკავკასიაში... იგი 4-დან 6 დიუმის სიგანის და ორი ფუტის სიგრძისა იყო. ერთი ბოლო უფრო სქელი ჰქონდა და მეორე ბოლოსკენ თხელდებოდა.
ღვინო რომ არ დააკლდებოდათ, ეს თავისთავად ცხადი იყო. მას ოდნავ ბრტყელი და გრძელტარიანი ვერცხლის აზარფეშით აწვდიდნენ ერთმანეთს, რომელიც ჩვენ ჩამჩებს წააგავს. ამას გარდა, ჯიხვის რქებიც ჰქონდათ (ყანწი). მათი უმრავლესობა ჩინებულად დამუშავებული და მოვერცხლილი იყო. კარგი მსმელისათვის კვერცხის მოყვანილობის ან მრგვალი ხის ჭურჭელიც ჰქონდათ, რომელსაც საკმაოდ ვიწრო მილი ჰქონდა, ერთბაშად ბევრი რომ არ დაელიათ. ამ ჭურჭელს კულას უწოდებენ. ამ სიტყვიდან რუსებმა და გერმანელებმა მთელ საქართველოში გაავრცელეს გამოთქმა “გულაი” ე. ი. მოქეიფე და ბედოვლათი შექმნეს”.
ჩვენი ნაშრომი გვინდა დავასრულოთ ასევე ვრცელი ამონარიდებით XIX საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ა კ ა კ ი წ ე რ ე თ ლ ი ს ერთი წერილიდან, სათაურით “ხასიათები”, რომლის პირველ ნაწილში ავტორს გადმოცემული აქვს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მკვდრთა ხასიათის გარკვეული დადებითი და უარყოფითი თვისებები. ჩვენ ქვემოთ მოვიყვანთ სრულად აკაკი წერეთლის წერილის ამ ნაწილს. ავტორს იგი სამ სურათად აქვს წარმოდგენილი და განხილული.
პ ი რ ვ ე ლ ს უ რ ა თ შ ი აკაკი წერს:
“იმერელი ვარო,
არას გარგივარო;
შეგსვამ, შეგჭამ,
ისევ წაგივალო!”
“უუ, იმერელო! იიი, კორტოხელს!..” და სხვა. “თქვენმა მზემან, საკვირველნი ხალხნი არიან ეს იმერლები: ტიტლიკანათ გადმოეხეტებიან კორტოხსა, ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში, და იდგმენ ზურგზე კურტანსა. მათთვის არც ქეიფია, არც ტანი, არც ფეხი!.. აგროვებენ ფულებსა და მემრე, ჯიბე გასქელებულები, ბრუნდებიან იმერეთისაკენ. შიმშილით რომ კვდებოდნენ, პურს არ იყიდიან, სანამ არავინ შეაძლევს; ყელამდე რომ აავსო ფულით, მაინც იღრიჭებიან, რომ საწყალი ვართო, არა გაგვაჩნია-რაო! ერთი სიტყვით, მათგან სიმართლის თქმა არ შეიძლება და ფხიკიანები კი ისეთნი არიან, რომ, თითი რომ უჩვენოთ, კორტოხს გადაევლებიან!”
აი, რას ამბობენ რაღაც უმანკო სიცილით ქართლელები, როცა იმერლებზე სიტყვა ჩამოვარდება ხოლმე.
“შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, ეს ქართლელები სწორეთ სიცრუის გუდები არიან! ასეთ-ასეთი სიცრუეების გაპენტვა იციან, რომ არც ღვთის იყოს და არც კაცის! ამ მთას იმ მთას მიახლიან, ცას დრეკენ, მასკვლავებს მოჰკრეფენ და ზღვიდან თევზებს გამორეკენ მინდვრებში საბალახოთ. მისთანა უწმაწურობის ლაპარაკი იციან, რომ კაცს, თუ მაგრათ თითებით არ დაიცევი, ყურები აგიწივლდება მისი გაგონებით. ენა-წაპილწულები არიან ერთი სიტყვით! ახლა, ბატონო, ტრაბახობას აღარ ბრძანებთ? თავი ყეენი ჰგონიათ და ერთი ჭიანი მანეთის მეტი რომ არა უჭყაოდესთ-რა ჯიბეში, მაინც თავისას არ იშლიან და ირიხებიან. ერთი სიტყვით, სწორეთ ძალუან უყვარსთ თავის გამოჩენა და სულ მისი ბრალია, რომ სიცრუის გუდებათ გადაქცეულანო!” რაღაც მზაკვრულის სიცილით მოჰყვებიან ხოლმე იმერლები ქართლელებზე ამ სიტყვებს. ამნაირათვე გურულები მეგრელებს დასცინიან, მეგრელები ქორთუებს, – ერთი სიტყვით, თვითო ყველას და ყველა ერთს. არ მოსწონთ ერთმანეთის ქცევა, ერთი მეორეს ცრუს ეძახიან და რომელია მათში მართალი?
ყველა, როგორც ქართლელი ისე იმერელი, ისე მეგრელი და ისე გურული, ერთიანათ დღეს ცრუები არიან, მაგრამ მათ სიცრუეში განსხვავება არის და რადგანაც ამ სიცრუეში გამოიხატება თვითეული მათგანის ხასიათი, ამისათვის ჩვენ გავარჩევთ და გამოვიკვლევთ ამ განსხვავებაებს.
ქართლური ან ამერული სიცრუე უმანკოა; იმაში, ბევრიც რომ ეცადოთ, ისეთ მზაკვრულ ნიშნებს ვერ იპოვით, როგორც იმერულ სიცრუეში. და მართლაც, აბა დაუკვირდით ქართლელს, როდესაც ის ტყუილებს ამბობს, თუ ამ სიცრუეში პატიოსნური სულის კვეთება არ დაინახოთ! ქართლელი მისთვის კი არ ცრუობს, რომ ვინმე მოატყუილოს; არა, როშავს, ისე თავისთვის, რასაც თავის გული ეუბნება... ის ტრაბახობს სულ კეთილ საქმეებზე: სკოლებს მართავს, ქვრივ-ოხრებს ეწევა, მტერს ამარცხებს, მოყვარეს ეხმარება, ერთი სიტყვით, რაც საპატიოსნოა და კაცის ღირსების გამომჩენი, სულ იმაებზე ბაქიობს.
რა არის ამის მიზეზი? ის არის, რომ ადრეც, როდესაც ქართველი ღონიერი იყო და ამაების ასრულება შეეძლო, კიდეც ასრულებდა და დღეს, როდესაც დროთა ვითარებამ დასჩაგრა, და აღარიბა, თუმცა კი საქმით ასრულება მისი თანშობილათ გადაქცეული კეთილი თვისებაების აღარ შეუძლია, მაგრამ სიტყვით მაინც კი ისევ აცხადებს თავის სურვილს და დარწმუნებულიც უნდა ვიყოთ, რომ ხელში თუ მოჰყვა შეძლება, რასაც ტრაბახობს, იმას კიდევაც აასრულებს საქმით.
რა ვქნათ, რომ გაღარიბდენ და აღარა შეუძლიათ რა? ქება მისთვის, რომ ჯერ კიდევ გული არ გატეხია, შიგ კეთილი სურვილები ჩამარხული აქვს და, თუ დრო წაღმა მოუბრუნდა, მაშინ კი, უეჭველია, სიტყვას საქმეთაც გადააქცევს. ხომ გინახავთ გაკოტრებული სოვდაგარი, რომელსაც ჯიბეში გროშიც აღარ აქვს, მაგრამ სულ თუმნობით ანგარიშობს და ამ ოცნებით იტყუებს თავს? აი, სწორეთ ამ გაღარიბებულ სოვდაგარს ჰგავს დღეს ქართლელი მისი ტრაბახობით. ვიმეორებ, ეს სიცრუე ქართლელებს, თუ კი შეიძლება, რომ ამას სიცრუე დაერქვას, ბიწიერებათ არ უნდა ეთვლებოდეს, რადგანაც პატიოსანი და საქები მიზეზების შედეგი არის!.. ამ ნაკლულევანებას გარდა, ვიმეორებ კიდევ, თუ კი ეს ნაკლულევანებად შეიძლება ჩაითვალოს, ქართლელში სხვა საძრახ საქმეს ვერა ვხედავთ. ის არის ყოველთვის და ყველა შემთხვევაში პირდაპირი, ხერხიანობაზე ხელაღებულია და როგორც სიარულში, ისე სიტყვა-პასუხში და საქმეებშიაც პირდაპირობს და არ უყვარს მიხვეულ-მოხვეულობა; მაგრამ აწ ესეცა ვთქვათ, თუ ეს პირდაპირობა რისი ბრალია, სასიხარულო თუ სამწუხარო მიზეზების? რასაკვირველია – სამწუხაროსი.
1) როდესაც კაცი ამდენ ძალას გრძნობს, რომ საჭიროთ აღარ ხედავს ვისმეს ანუ რისმეს საწინააღმდეგოთ შემწეობას, მაშინ ის მოიწევს იმაზე პირდაპირ ლომურათ და არც გარეშე ხერხებს, იმ სისუსტის ნიშნებს გამოუდგება, რომელსაც სუსტი საჭიროთ ხედავს, რომ მელური მოქმედებით მაინც გაიმარჯვოს.
2) როდესაც კაცს სასოება წარეკვეთება თავის დაცვისა და მოემზადება ძლიერების უსიტყვო დასამონებლათ, ის მაშინ ხერხზე, როგორც გამოუსადეგარ იარაღზე, ხელს იღებს და პირდაპირობს; ან რატომ არ იპირდაპიროს, როდესაც იცის ხერხიც ვეღარას უშველის გულგატეხილს და თუ გაისრისოს, პირდაპირ ბრძლაში მაინც გაისრისოს და გული მაინც მოიფხანოს, – არ ემჯობინება?
აი, ორი სულ სხვადასხვა მიზეზი ერთი და იმავე ნაყოფის მომცემი! და ჩვენი აზრით, ქართლელების პიდაპირობა ამ მეორის ბრალია. სანამ შეიძლეს ებრძოლეს დროთა ვითარებას და ბოლოს, როდესაც გაუტყდათ გული, გააქნიეს უიმედობის ნიშნათ ხელი, თქვეს “რაც იქნეს-იქნესო, იყავნ ნება შენიო” და დაადგენ პირდაპირობას. ამ გვარათ, თავის ბედნიერი დროის თავისთავად, სხვის შეუწევნელათ, დაბრუნება ამ ხალხს არ შეუძლია და თუ ვინმე დაუბრუნებს კეთილდღეობას, – ქართლელები საქართველოს ყველა სხვა ხალხებზე უფრო წმინდათ და მტკიცეთ მიიღებენ და შეითვისებენ იმ ახლათ მოპოებულს.
რაც აქ ქართლელებზე ვთქვით, სულ ამის წინააღმდეგებს ვხედავთ იმერლებში”.
მ ე ო რ ე ს უ რ ა თ შ ი აკაკი წერეთელი განაგრძობს:
“იმერელი ცბიერია. და ეს ზნე არა თუ მოქმედებაში და სიტყვა-პასუხში, სიარულშიაც კი უცხადდება. მართლაც, აბა შეხედეთ იმერელს და დააკვირდით მის სიარულს: წინ, რაც უნდა სწორი გზა ედვას, მაინც იქით-აქეთ მიუხვ-მოუხვევს და ისე მიდის!.. თუმცა იმან შორიდანვე შეგნიშნოთ, მოგკრათ თვალი, მაგრამ ისე კი გიახლოვდებათ, რომ თითქოს არ დაენახოთ, მერე ერთი უცრათ შეგეფეთებათ, შეკრთება, რასაკვირველია, აქტიორულათ და ბოდიშს მოიხდის ალერსიანი სიტყვებით. მთის ამბავი რომ უნდოდეს სათქმელად, ჯერ ბარის ამბით დაგიწყებს. რაც გულში აქვს და რაც სურს გითხრას, იმას პირდაპირ არ მოგახლის და ამას იმიტომ შვრება, რომ ჯერ, სანამ მანევრობს, ე. ი. იმისთანა საგანზედ გემუსაიფებათ, რომელსაც მისთვის მნიშვნელობა არა აქვს-რა – აგათვალ-ჩაგათვალიერებს, აგწონს, თქვენს სახეზე და სიტყვაში წაიკითხავს თუ რა გუნებაზე ბრძანდებით და მერე, თქვენი ხასიათის ანუ გუნების შესაფერად, ბანგივით ნელ-ნელა შემოგაპარებს, რაც უნდა სათქმელათ. დარწმუნებული ხართ, რომ იმ დროს თქვენს მოტყუებას ცდილობს, მაგრამ ისე ხელოვნურათ კი ასრულებს ამ თავის წინა განზრახვას, რომ თქვენ რაღაც უცნაური ძალით მოტყუებული რჩებით და არა ნაღვლობთ იმ დროს თქვენს უნებურ მოტყუებას.
იმერელი პირდაპირ არც აქებს კაცსა და არც აგინებს. ვისიც ქება უნდა, იმას აგინებს, მაგრამ იმ გინებაში ისეთი გამოანგარიშებული სიტყვებია, რომ ყოველ ქებაზე უკეთესია; და ვისიც გალანძღვა უნდა, იმას, აქებს, მაგრამ ისე მოხერხებულათ და სოფისტიკურათ კი დაუწყებს ქებას, რომ ვაი იმ ქებას!... მაგალითად, იმერელს უნდა ვინმე აქოს, – პირდაპირ რომ ქება დაიწყოს, ჰფიქრობს, ვაი, თუ მიდგომით ჩამომართვანო და ისეთ გვარათ დაიწყებს გმობას, რომ თვითონ თქვენ გამოგასარჩლებს და ისე ხელოვნურათ კი გებაასებათ, რომ გაგიტყუებს და მომეტებულ სურვილს აღძრავს თქვენში მისი ქებისას, ვისიც ქება თვითონ ჰსურს გულში და სიტყვით კი სხვას ამბობს; ბოლოს დაგეთანხმება, თვითონ შენანებული დარჩება და თქვენ კი გაამაყებული რჩებით მითი, რომ სულ წინააღმდეგი დაუმტკიცეთ თქვენს მოპირდაპირეს და დაითანხმეთ. შემდეგ იმეორებთ ხან ერთთან, ხან მეორესთან ამ ამბავს და იმერელსაც ის უნდა, მისი გულის წადილი სრულდება და რა ენაღვლება. თუ შეატყო, რომ სადმე უგუნურება უფრო გამოადგება, ვინემ გონიერება, ისე გაიუგუნურებს თავს, რომ მეტი აღარ შეიძლებოდეს და გულში კი ამას ამბობს: “ამყოლს აჰყევი და დამყოლს დაჰყევიო”. ერთი სიტყვით, უანგარიშოთ არას იქმს, არც არას იტყვის. მუდამ შრომობს, მაგრამ მისი ფიქრი და შრომაც კი ყოველ შემთხვევაში მრუდეა. გარეთ, სხვა მხარეს ღმერთმა მოგცესთ იმერელი, ყველაფერში გამოგადგება; შინ კი, იმერეთში, ერიდეთ, არ გაგიტანს. ის არის უკიდურესათ შურიანი და ოღონდ მისი მოძმე ნუ შეიძენს და თვით უკანასკნელს არ დაჰზოგავს დასაღუპავათ. “მეც წავხდი და შენც წაგახდინე, ქრისტიანო, გვიხაროდესო” – ამბობს გუნებაში კმაყოფილი.
აი, ამის ბრალია, რომ, თუმცა ყოველთვის მოუსვენრათ შრომობს იმერელი, ცხოვრებაშიაც ზომიერია, ხერხიანიც, მაგრამ მაინც ღარიბია და არა გააჩნია-რა, თორემ თავის თავის სასარგებლოთ რომ შრომობდეს და არა მოძმეების დასაკლებ-დასამცირებლათ – მდიდარი იქნებოდა. ვიმეორებ, რომ იმან არ იცის არც ძმობა – მეგობრობა, არც გატანა და არც სიყვარული... დღეს ის მომეტებულათ უზნეურია, მაგრამ ამ დღევანდელ უზნეობაში, თუ დავუკვირდებით, ჩვენ დავინახავთ მომავლისათვის საიმედო ნიშნებს; მაგრამ ჯერ კი ის გამოვიკვლიოთ, თუ რამ მოიყვანა ამ მდგომარეობამდე, ამ გვარ ზნეობით სიღარიბემდის ნიჭიერი იმერელი?
დროთა ვითარება გველეშაპივით აწვა თავზე იმერეთს. მრავალ საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა შეეყენებია მისი მსვლელობა თავისუფალ ცხოვრებაში. გზას უღობავდა და წასვლის ნებას აღარ აძლევდა, მაგრამ იმერელი არ გატეხილა გულით და სასოება არ დაუკარგავს ისე, როგორც ქართლელს. როდესაც იმას პირდაპირ და სწორი სასვლელი გზა გადაუღობეს, ის მაინც არ შეჩერებულა. დაანება თავი, დააგდო ძალაუნებურათ სწორი გზა, მაგრამ მაგიერათ მიხლართულ-მოხლართული გზა გამონახა, აღარ დაერიდა არც ტალახს, არც ეკალს, არც წყალსა და არც ცეცხლს; დაიწყო ხოხვა, აქეთ-იქით გაძრომ-გამოძრომა; გზა მრუდეთ მიდის, მაგრამ მაინც ხომ მიდის ცხოვრების გზაზე და თუ ისეთი გასაშტერებელი მოხერხებითა და გამჭრიახობით მიდის დღეს ტალახიან მრუდე გზაზე, იმედია, როდესაც სწორ გზაზე დადგომის ღონისძიება მოეცემა, მაშინ, რასაკვირველია, მრუდეს დააგდებს და დღეს რომ ხერხებს ხმარობს, იმავ ხერხებს გამოიყენებს კეთილ და სწორ გზისთვისაც. მაშინ, აბა მაშინ ჩადგება იმერელი თავის ნამდვილ კალაპოტში და გამოიბრუნებს თავის თანშობილ კეთილ ზნეობას.
დღევანდელ მის შურიანობას აქვს საფუძველი: დღემდე ვინც კი გაკეთებულა და გაბედნიერებულა იმერეთში, ყოველთვის თავის ქვეყნის მტერი ყოფილა და ყოფილა მტერი მიტომ, რომ ძლიერების სურვილი უსრულებია. რადგანაც გარეშე მტრების პოლიტიკაში ძველათ იყო ხალხის დაჩაგვრა, ამისათვის ისინი იმისთანაებს აძლიერებდენ, რომელნიც უსათუოდ თავის ხალხს მისდგებოდენ დასაჩაგრავათ. ეს შეუნიშნავს ხალხს და ცდილობს არავინ ამაღლდეს მისდა საჭირ-დღეოთ, თორემ აბა დაუმტკიცეთ თქვენ იმერლებს ის, რომ გაკეთებული და გაბედნიერებული კაცი არა თუ არას დაგაკლებს, კიდევაც მოგეხმარება-თქო და მაშინ ნახავთ, თუ კიდეც არ მოეხმარონ იმ საბედნიერო კაცს და მოუმართონ ხელი. დროთა ვითარებამ დაუმტკიცა იმას, რომ ძნელია ვინმეს ნდობა და ამისათვის აღარავის ენდობა თავის თავის მეტს. აღარც სიყვარული რწამს და აღარც ნათესაობა-მეგობრობა. მოტყუების ეშინია და გულს არ აძლევს ნებას თავისუფლათ გათამაშებისას, თორემ აბა დაარწმუნეთ ის წინააღმდეგში და მაშინ ნახავთ, თუ რა გრძნობები გამოიჩინოს! თავის ქვეყანაში ერთმანეთის ეშინიათ, ერთმანეთს ვერ ენდობიან და ამ მიუნდობლობაში ჰკვდებიან; მაგრამ გარეშე ქვეყანაში სადაც არ მოელიან სხვებისაგან მოტყუებას, იქ თვითონაც გულწრფელობენ და პატიოსნებაზე თავს სდებენ. მომავლისათვის ეს ხალხი ყველაზე უფრო საიმედოა და პირველ ჭახრაკათ საგულებელი”.
მ ე ს ა მ ე ს უ რ ა თ შ ი აკაკი საუბრობს მეგრელებისა და გურულების ხასიათებზე და შემდეგ აკეთებს მცირე დასკვნას. იგი ჰყვება: “რაც იმერლებზე ითქვა, ისვე ითქმის მეგრელებზედაც ცოტა რამ დამატებით.
მეგრელი უფრო წვრილმან საქმეებს ჰკიდებს ხელს, ვიდრე იმერელი. იმერელზე მომეტებული გულის-ყური აქვს, მაგრამ “სიბრძნის ზღვაში” კი ისე ვერ მოსცურავს, როგორც იმერელი. მეგრელი ხელოსანია და ვაჭრობის მიდრეკილებისა, ასე რომ ოდესმე, როგორც ყოველგვარი სახელოვნო-სახელოსნო რამეები, ისე ვაჭრობაც მეგრელების ხელში იქნება. სომხებს აღარას გაატანებენ, რადგანაც მათ სომხურ თვისებებთან თავისიც შეერთებული აქვთ. სომხურ თავიანობას, ანგარიშის ცოდნას, გროშის დევნას და ძუნწობას უმატებენ თავიანთ მეგრულ ღირსებებსაც: მაღალ ნიჭს, გამბედაობას, სიმართლეს და სხვა.
რაც შეეხება დღევანდელ მის სიცრუეს, მეგრელი ისე არ ბაქიაობს, როგორც ქართლელი და არც ისე განზრახვით აქტიორულათ იტყუება, როგორც იმერელი. აღტაცებაში მომყვანი ბუნება სამეგრელოსი მეგრელს პოეტურათ ჩაესახა გვამში და ისე არას იტყვის, რომ აღტაცებულათ არა თქვას, ცოტაც არის არ გაათამაშოს თავისი ფანტაზია. ამბავს რომ მოჰყვება, მაშინ იმას კი არ გიხატავს, რაც თავის თვალით ნახა, არა, იმას, რაც უნდოდა ენახა. მოჰყვება ტკბილ-ქართულათ შვენიერს მოთხრობას, ასე რომ იმ დროს, როდესაც ლაპარაკობს და თქვენც შეჩერებულხართ, სასიამოვნოთ გრჩებათ, მაგრამ ბოლოს, როდესაც მოშორდებით და მოიგონებთ მის ნაუბარს, მაშინ კი მიხვდებით და იტყვით: რა ილაპარაკა ამ კაცმაო? და სხვა.
თუ მოტყუება უნდა ვისმესი საქმეში, ის ისე ვერ ახერხებს, როგორც იმერელი; მაშინვე ატყობ, რომ მოტყუებას გიპირებს, თვითონაც კი იცის, რომ შეატყვეთ, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის და ყელ გამოწევით გეხვეწებათ დამიჯერეო; მაგრამ ესეც უნდა ვთქვათ, რომ გაუჭირველათ არ ცდილობს არავის მოტყუებას და გაჭირვებას კი რაღა გაეწყობა!... რაც შეეხება ნათესაობას და მეგობრობას, განსაკუთრებით მეგობრობა, ძლიერ იციან: მოყვარისთვის თავს გასწირავს და არას დაინანებს. ამ თვისებით მეგრელები დღესაც სჯობიან იმერლებსა. ერთი სიტყვით, დღეს იმერლებზედაც უფრო გაავზნიანებული მეგრელები იმავე მიზეზით, რითაც იმერლები, მომავლისათვის ბევრ რასმეს გვპირდებიან და აღარც საეჭვოა.
გურულები ბევრით ემსგავსებიან ამ ორ-გვარ ხასიათს, მაგრამ მათსავით ხანგრძლივი და ფეხ-დადგმული ვერ არიან. ვერც შრომას იტანენ ბევრსა; ისინი ყოველთვის და ყოველგან ჰფეთქენ თოფის წამალივით. მოძრაობაში, სიტყვა-პასუხში თუ საქმეში ყოველგან მოსწრებულნი არიან. ლხინში ღმერთმა მოგცესთ, მაგრამ ჭირში კი რა მოგახსენოთ. ერთი სიტყვით, იმ საქმეში, რომელიც დიდ დროს არ თხოულობს, გურული დაუფასებელია და მის მაგიერობას ვერავინ იზამს. ვაგლახათ ნუ შეეხებით მის თავმოყვარეობას! ის დროთა-ვითარებამ “გააკუჭიანა”, მაგრამ ვერ გატეხა. ის გრძნობს, რომ კაცია დასაფასებელი და თუ შეუხვდა დროზე, “თავი კიტრათ მიაჩნია”, როგორც სხვისა, ისე თავისი. ის არის ლხინის შვილი და ჭირშიაც სიცილით მოგეხმარება იმ ერთ იერიშზე და მერე, თუ იმ ერთი იერიშით ვერ გაარიგა-რა, მეორეთ იქ აღარ “გიყუნცულებს, ქე წავა მისდა შინისკენ”. მომავლისათვის დიდი საიმედო არიან. დანარჩენებზედაც საზოგადოთ ამასვე ვფიქრობთ.
აი, ამგვარათ დღეს თავს ვავლებთ ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეების ხალხს და მართლაც სასიამოს აწმყოში ვერასა ვხედავთ, რადგანაც ისტორიულმა მიზეზებმა მავნებლათ იმოქმედეს იმათზე, მაგრამ მომავლისთვის კი ბევრს გვიქადიან და მაშინ ვნახავთ, თუ რაც იქნებიან”...
შემდეგ აკაკი წერეთელი ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორი ხასიათისანი იქნებოდნენ ამიერ და იმიერ ქართველები იმ ხანაში, როდესაც საქართველო სხვათა კირთების ქვეშ კი არ იყო, არამედ თავად გახლდათ ახლო აღმოსავლეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი და უძლიერესი სახელმწიფო. მისი აზრით, ალბათ შოთა რუსთაველმა მართლა არაბი და ინდოელი გმირები კი არ დახატა თავის უკვდავ პოემაში, არამედ მათი ხასიათები ქართული რეალობიდან აიღო. აკაკის შეფასებით, ალბათ ტარიელი ქართლელის ტიპი იქნებოდა, ავთანდილი კი იმერლისა. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა და ამას აქ უკვე აღარ გავაგრძელებთ. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა მხოლოდ, რომ ამ ნაშრომში გვეჩვენებინა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ქართული საზოგადოება საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის დროს, რამდენი განსაცდელის, გაჭირვებისა და უბედურების გადატანა უხდებოდათ ჩვენს წინაპრებს გარეშე და შინაურ მტერთაგან და როგორ იყო დამახინჯებული ქართველთა ზნეობა, განსაკუთრებით საზოგადოების ზედა ფენებისა, და რამდენი მანკიერება იყო შემოსული ქართულ ცნობიერებაში. ბევრი იყო, რა თქმა უნდა, კარგიც, მაგრამ ჩვენში დღესდღეობით რატომღაც მხოლოდ კარგის გახსენება უყვართ, მანკიერი კი, რუსების მიერ დანერგილად, ან კიდევ რუსული ძალმომრეობის ქვეშ განვითარებულად მიაჩნიათ. ზემოთ მოყვანილი იყო სწორედ იმ პერიოდის ავტორთა ნაწერები, რომლებიც საქართველოში რუსების მიერ ფეხის მოკიდებამდე იქნა დაწერილი. იმედია, რომ საქართველოს ისტორიის ერთად თავმოყრილი ეს წყაროები ერთგვარი სარკის როლს შეასრულებენ მკითხველთათვის იმდროინდელი ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების წიაღში ჩასახედად, ქართველი კაცის ჭირ-ვარამისა და ლხინის, მისი ზნეობის უფრო კარგად, ისტორიულ შუქზე განსაჭვრეტად. ღმერთი შეგვეწიოს ყველას, და ჩვენც დაგვენახოს და დაგვეფასებინოს ეს შეწევნა ღვთისა, ვინც როგორ შევიძლებთ ამას.
ირაკლი ხართიშვილი
გამოყენებული ლიტერატურა
1. გიორგი პაიჭაძე, გეორგიევსკის ტრაქტატი და მისი ისტორიული მნიშვნელობა, თბილისი, 1980 წ.;
2. ვალერიან გაბაშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი (გამოჩენილ ადამანთა ცხოვრება), თბილისი, 1969 წ.;
3. დე გრაი დე ფუა საქართველოს შესახებ (საქართველოს ისტორიის წყაროები – 38), ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო ჯუმბერ ოდიშელმა, თბილისი, 1985 წ.;
4. არჩილ მეფე, არჩილიანი, გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა (ამბავი მოწყალისა და მოსამართლისა, სახელოვანისა და მრავალჯერ სახელოვნად გამარჯვებულისა, ბრძნისა, რიტორისა და ფილოსოფოსისა, მეფისა თეიმურაზისა, რომელი სიყმაწვილით, გაზრდით, ვაჟკაცობით, სიბერით სიკუდილამდის ეშრომა და გარდაჰხდოდა), თბილისი;
5. იაკობ რაინეგსი, მოგზაურობა საქართველოში, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბილისი, 2002 წ.;
6. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, თბილისი, 1979 წ.;
7. Николай Дубровинъ, Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе, Т. II, С-Петербургъ, 1886 г.;
8. Картина Грузiи или описанiе политическаго состоянiя царствъ Карталинскаго и Кахетинскаго. Сделанное пребывающимъ при Его Высочестве царе Карталинскомъ и Кахетинскомъ Ираклiи Темуразовиче полковникомъ и кавалеромъ Бурнашёвымъ въ Тифлисе въ 1786 г., Тифлисъ, 1896 г.;
9. ჟაკ ფრანსუა გამბა, მოგზაურობა ამიერკავკასიაში, ფრანგულიდან თარგმნა, კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბილისი, 1987 წ.;
10. კ. კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ (საქართველოს ისტორიის წყაროები – 23), გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლონდა მამაცაშვილმა, თბილისი, 1981 წ.;
11. აკაკი წერეთელი, თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტომი XII, პუბლიცისტური წერილები 1881-1889, თბილისი, 1960 წ.
No comments:
Post a Comment