Thursday, May 17, 2012

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის რეალიზაციის პირობები

(აშშ სახმელეთო ჯარების შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა და ძირითადი შეიარაღება)

(წერილი გამოქვეყნებულ იქნა სამხედრო-ისტორიული ჟურნალის “მხედარის” 1994 წლის # 1-4-ში. ამჟამად მას ვაქვეყნებთ მცირე სარედაქციო შესწორებებით.)

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის შემუშავებისას ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ითვალისწინებდნენ იარაღის იმ სისტემების საცეცხლე და დარტყმით შესაძლებლობებს, აგრეთვე დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებათა შესაძლებლობებს, რომლებსაც 2000 წლამდე ძირითადი ადგილი უნდა დაეკავებინათ სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების შეიარაღებაში. გარდა ამისა, აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად, 80-იან წლებში გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა აშშ არმიის გაერთიანებების, შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების* საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის სრულყოფის მიზნით მათი საცეცხლე და დარტყმითი შესაძლებლობების, მოქმედებათა დამოუკიდებლობის, მართვისა და ჯართა სხვადასხვა გვარეობებს შორის, აგრეთვე ავიაციისა და ფლოტის მხარდამჭერ ძალებთან ურთიერთმოქმედების კოორდინაციის ასამაღლებლად (შენიშვნა: * ცნებები: ქვედანაყოფი, ნაწილი, შენაერთი, გაერთიანება მიღებულია რუსულ სამხედრო ხელოვნებაში. ამერიკული ტერმინოლოგიით კი ტაქტიკურ დანაყოფებს ბრიგადის ჩათვლით ეწოდებათ “ერთეული” /unit/, ხოლო დივიზიებსა და საარმიო კორპუსებს “დიდი /ვრცელი/ ერთეული” /large unit/).

სახმელეთო ჯარების (არმიის) საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის სრულყოფა მიმდინარეობდა “არმია-90” პროგრამის შესაბამისად და პრაქტიკულად დასრულებულ იქნა 90-იანი წლების დასაწყისში. ამ პროგრამის თანახმად აშშ სახმელეთო ჯარების უმაღლესი ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთია საარმიო (საჰაერო-სადესანტო) კორპუსი, რომელსაც მშვიდობიანობის დროს ოპერატიული გაერთიანების ფუნქციებიც აქვს მინიჭებული (გვიანდელი შენიშვნა: უფრო მკაცრი განმარტებით კი ოპერატიულ გაერთიანებას წარმოადგენს საველე არმია, რომელიც თავის შემადგენლობაში შეიძლება მოიცავდეს სამიდან ექვს საარმიო კორპუსამდე, აგრეთვე არმიის სარდლობისადმი დაქვემდებარებულ საბრძოლო და უზრუნველყოფის შენაერთებს, ნაწილებსა და სამსახურებს; მაგრამ მშვიდობიანობის დროს აშშ-ის სახმელეთო ჯარებში საველე არმიები არ არის გაშლილი). საარმიო კორპუსს მკცრად განსაზღვრული მუდმივი ორგანიზაცია არ გააჩნია და მისი შემადგენლობა დამოკიდებულია დასახულ ამოცანებსა და საბრძოლო ვითარების პირობებზე. ჩვეულებრივ იგი შესაძლოა შედგებოდეს სხვადასხვა ტიპის 2-5 დივიზიისგან, აგრეთვე ცაკეული ბრიგადების, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების (“ლანსი” და ATACMS) დივიზიონების, საკორპუსო არტილერიის (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები MLRS, 203,2 მმ და 155 მმ ყალიბის თვითმავალი და ბუქსირებადი ჰაუბიცები) დივიზიონების, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების “გაუმჯობესებული ჰოქი”, აგრეთვე დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლის საშუალებათა დივიზიონების, საარმიო ავიაციის ბრიგადების/პოლკების, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის სხვადასხვა ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან. საარმიო კორპუსის მართვას ახორციელებს კორპუსის მეთაურობა და შტაბი (საშტაბო ასეულით).

საარმიო კორპუსის პასუხისმგებლობის ზონის სიდიდე დამოკიდებულია კორპუსის წინაშე დასმულ საბრძოლო ამოცანაზე, მის შემადგენლობაზე, მოწინააღმდეგის ხელთ არსებულ ძალებსა და საშუალებებზე, ადგილმდებარეობის პირობებზე და სხვა. სახელდობრ, ევროპული ომის თეატრისთვის კორპუსის პოტენციური მუქარის ზონა ნავარაუდევია მხარეთა საბრძოლო შეხების ხაზიდან 300-150 კმ დაშორებაზე მოწინააღმდეგის ძალების განლაგების სიღრმეში. ამ ზონაში მოწინააღმდეგის მეორე ეშელონების (რეზერვების), მართვის პუნქტებისა და კავშირგაბმულობის კვანძების, სამხედრო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტების, ზურგის ობიექტების განადგურება, დაზიანება და შეჩერება უნდა მოხდეს კორპუსზე უფრო მაღალი ოპერატიული გაერთიანების (არმიების ჯგუფის) განკარგულებაში არსებული ძალებითა და საშუალებებით. სახელდობრ, ამ ზონაში მოწინააღმდეგის საცეცხლე და დარტყმითი დაზიანების უმთავრესი საშუალებებია მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაციის საბრძოლო და სპეციალური დანიშნულების (შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის, სადაზვერვო, რადიოელექტრონული ბრძოლის, კავშირგაბმულობის და სხვა) თვითმფრინავები.

აშშ “საჰაერო-კოსმოსური დოქტრინისა” და “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის შესაბამისად ტაქტიკურ ავიაციას ევალება საჰაერო შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების წარმოება, ჰაერში უპირატესობის მოპოვება, საბრძოლო მოქმედებათა რაიონისა და ბრძოლის ველის იზოლირება, სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა, საჰაერო მეთვალყურეობის, დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) წარმოება, ჯარებისა და ტვირთების საჰაერო გადაზიდვები, სპეციალურ ოპერაციათა ჩატარება.

აშშ ტაქტიკური ავიაციის შეიარაღებაშია ტაქტიკური გამანადგურებლები F-4, F-111, F-15 და F-16; მოიერიშეები A-7 და A-10; ტაქტიკური სადაზვერვო RF-4 და რებ EF-111A და RC-130H თვითმფრინავები. გარდა ამისა, საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ სპეციალური დანიშნულების მოიერიშე AC-130 და დივერსიულ-სატრანსპორტო MC-130 თვითმფრინავები სპეციალური დანიშნულების ძალების გადასაყვანად, სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავები C-130 ტაქტიკური დესანტების გადასასხმელად, ტვირთების გადასატანად, დაჭრილებისა და ავადმყოფების საევაკუაციოდ და სხვა.

გამანადგურებელი ავიაცია შეიარაღებულია ფრენის ზებგერითი სიჩქარისა და დიდი სიმაღლის, მძლავრი შეიარაღების მქონე სხვადასხვა ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავებით, რომლებიც განკუთვნილია ოპერატიულ და ტაქტიკურ სიღრმეში მოწინააღმდეგის ჯარების, მიწისზედა ობიექტების განადგურების (დაზიანების), აგრეთვე მოწინააღმდეგის თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჰაერში განადგურებისა და დაზვერვის წარმოებისთვის.

თანამედროვე გამანადგურებლები, როგორც წესი, შეიარაღებული არიან “ჰაერი-ზედაპირი”და “ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი რაკეტებით, ავტომატური საავიაციო ქვემეხებით, შეუძლიათ აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ბომბების გამოყენებაც. მართვად რაკეტებში დაყენებული დამიზნების სპეციალური მოწყობილობა ავტომატურად ასწორებს დამიზნების შეცდომებს, ითვალისწინებს საჰაერო მიზნის ადგილმყოფობის ცვლილებას და უზრუნველყოფს მოხვედრის მაღალ სიზუსტეს.

კერძოდ, F-16A გამანადგურებლის ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 11 კმ სიმაღლეზე გახლავთ 2100 კმ/სთ, მისი პრაქტიკული ჭერი 16 კმ, ფრენის მაქსიმალური სიშორე (ჩამოკიდებული საწვავის ავზებით) 3700 კმ, მოქმედების რადიუსი 800 კმ. თვითმფრინავის საკიდრის კვანძებზე, შესასრულებელი ამოცანების და მიხედვით, შეიძლება იყოს “ჰაერი-ჰაერი” და “ჰაერი-ზედაპირი” კლასის მართვადი რაკეტები, ჩვეულებრივი საავიაციო ბომბები, თვითდამიზნების ლაზერულ ქობინიანი ყუმბარები, 70 მმ ყალიბის უმართავი რაკეტების გასაშვები დანადგარები, დამიზნების ლაზერული სისტემის მოწყობილობისა და სადაზვერვო აპარატურის მქონე კონტეინერები, დამატებითი საწვავის ავზები. გარდა ამისა, თვითმფრინავი შეიარაღებულია 20-მმ ექვსლულიანი საავიაციო ქვემეხით.

საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო ოპერაციებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტაქტიკურ სადაზვერვო ავიაციას, რომელიც უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიღებას (დროის რეალურ მასშტაბში) და მოწინააღმდეგის აღმოჩენილ ობიექტებზე დაზიანების საშუალებების დამიზნებას დიდი სიზუსტით. ამისთვის გამოიყენება სპეცალური სადაზვერვო აპარატურით აღჭურვილი იმავე ტიპის თვითმფრინავების სხვა მოდიფიკაციები, რომლებითაც შეიარაღებულია ტაქტიკური ავიაცია, აგრეთვე უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა კომპლექსური სანავიგაციო სისტემა (მთვლელ-გადამწყვეტი მოწყობილობა, ინერციული სისტემა, წინა ხედვის რადიოლოკაციური სადგური) უზრუნველყოფს თვითმფრინავისა და უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტ მართვას დღისით თუ ღამით, მარტივ და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.

თვითმფრინავ-მზვერავის სადაზვერვო მოწყობილობა შედგება აეროფოტო აპარატების, აგრეთვე ინფრაწითელი და რადიოლოკაციური აპარატურისგან, რომელთა კომპლექსური გამოყენებაც უზრუნველყოფს სადაზვერვო ამოცანების შესრულებას სხვადასხვა მეტეოროლოგიურ პირობებში, ღამით და ცუდი ვიზუალური ხედვის დროსაც.

საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) საბრძოლო მოქმედებებში მოწინააღმდეგის მეორე ეშელონების (რეზერვების), მართვის პუნქტების, კავშირგაბმულობის კვანძებისა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტების დაზიანებისთვის სულ უფრო მეტად გამოიყენება საჰაერო და აერომობილური დესანტები, რომელთა დანიშნულების ადგილზე გადასროლისთვისაც საჭიროა სატრანსპორტო თვითმფრნავები და ვერტმფრენები. სახელდობრ, საარმიო კორპუსის ინტერესებში ტაქტიკური დესანტების გადასასხმელად ფართოდ გამოიყენება ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავები C-130 (სასარგებლო დატვირთვა 20,4 ტ), რომელთაც შეუძლიათ 92 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცის გადაყვანა, ან 74 დაჭრილისა და ექვსი სანიტრის, ან კიდევ ერთი 155-მმ ჰაუბიცის გადატანა.

საარმიო კორპუსის პოტენციური მუქარის ზონაში მოწინააღმდეგის მეორე ეშელონის (რეზერვის) შეჩერების ხელსაყრელი დროა 96 სთ. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ეს დრო საკმარისი უნდა იყოს ევროპული ომის თეატრის პირობებში საარმიო კორპუსის მიერ პირისპირ მდგომი მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის დივიზიების განადგურებისა (დაზიანებისა) და შემდგომ მიჯნებზე გასვლისთვის.

საარმიო კორპუსის საბრძოლო ზემოქმედების ზონა მდებარეობს მხარეთა შეხების ხაზიდან 150-70 კმ სიღრმეში მოწინააღმდეგის მხარეზე; ეს ზონა პირველი ეშელონის დივიზიებისთვის წარმოადგენს პოტენციური მუქარის ზონას, საიდანაც პირისპირ მდგომმა მოწინააღმდეგემ შეიძლება მიიღოს მეორე ეშელონის (რეზერვის) ფორმირებების დახმარება, საავიაციო მხარდაჭერა და სხვა. ამიტომ, როდესაც კორპუსის მეთაური საბრძოლო ამოცანას უსვამს პირველი ეშელონის დივიზიის მეთაურს პირისპირ მდგომი მოწინააღმდეგის განადგურებგაზე, თავადაც უნდა დაისახოს და განახორციელოს ღონისძიებები მოწინააღმდეგის მეორე ეშელონის (რეზერვების) ნაწილების დაზიანებისა და შეჩერებისთვის, აგრეთვე ამ ზონაში არსებული საცეცხლე (ბირთვული) საშუალებების, მართვის პუნქტების, კავშირგაბმულობის კვანძებისა და ზურგის მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებაზე (ჩახშობაზე).

კორპუსის საბრძოლო ზემოქმედების ზონაში მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის შენაერთების, მეორე ეშელონის (რეზერვის) ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეჩერების ოპტიმალური დროა 72 სთ, რაც აუცილებელი უნდა იყოს დივიზიის მეთაურისთვის მის პირისპირ მდგომი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად და შედგომი საბრძოლო მოქმედებებისთვის მოსამზადებლად. ამ ზონაში მოწინააღმდეგის საცეცხლე (ბირთვული) დაზიანება, მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაციის გარდა, ეკისრება კორპუსის საშტატო დაქვემდებარებაში მყოფ ან ზემდგომი საჯარისო ინსტანციიდან მისთვის მიცეულ ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებს (ოტრ) “ლანსი” და “ატაკმსი” (ATACMS), საარმიო ავიაციის ვერტმფრენებს, სპეციალური დანიშნულების ძალებს, ტაქტიკურ საჰაერო და აერომობილურ დესანტებს, ხოლო მისი შეცდმაში შეყვანა და დეზინფორმაცია – რადიოელექტრონული ბრძოლის ძალებსა და საშუალებებს.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ბირთვული იარაღის გამოყენების დაწყებას მიზანშეწონილად მიიჩნევენ მხარეთა საბრძოლო შეხების ხაზიდან 120 კმ დაშორებაზე საარმიო კორპუსის საბრძოლო ზემოქმედების ზონაში. ბირთვული იარაღი მოწინააღმდეგის დაზიანების ყველაზე უფრო მძლავრი და ეფექტური საშუალებაა. მისი გამოყენებით შეიძლება მოწინააღმდეგის ბირთვული და ქიმიური თავდასხმის საშუალებების სწრაფი და ეფექტური განადგურება, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დაზიანება, თავის სასარგებლოდ ძალებისა და საშუალებათა თანაფარდობის მკვეთრად შეცვლა და მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.

ბირთვული იარაღის აფეთქების დამაზიანებელი ფაქტორებია დარტყმის ძალა, სინათლის გამოსხივება, შემღწევი რადიაცია და გარემოს რადიოაქტიური დასნებოვნება. გარდა ამისა, ბირთვულ იარაღს გააჩნია კომბინირებული დაზიანების უდიდესი შესაძლებლობებიც. ბირთვული საბრძოლო მასალების გამოყენებას შეუძლია დაანგრიოს საინჟინრო ნაგებობანი და სხვა ობიექტები, შექმნას მასიური ნგრევისა და რადიოაქტიური დასნებოვნების ზონები, ჩამონაქცევები, ხანძრებისა და წყალდიდობათა რაიონები, აგრეთვე დიდი მორალურ-ფსიქოლოგიური ზეგავლენა იქონიოს პირად შემადგენლობაზე. ამიტომ ბირთვული იარაღი გამოიყენება შეტევის მთავარ მიმართულებებზე, მოულოდნელად და დაზიანების სხვა, ჩვეულებრივ საშუალებებეთან ერთად.

ბირთვული იარაღით მოწინააღმდეგის დაზიანება შეიძლება საჰაერო (მაღალი ან დაბალი), მიწისზედა ან მიწისქვეშა აფეთქებით. ამასთან შესაძლოა გამოყენებულ იქნას ცალკეული, ჯგუფური და მასირებული ბირთვული დარტყმები. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გააჩნია სხვადასხვა სიმძლავრის ბირთვული საბრძოლო მასალები ტროტილის ექვივალენტის 0,01 კტ-დან რამდენიმე მილიონ ტონამდე.

ტაქტიკურად და ეკონომიკურად ყველაზე უფრო მიზანშეწონილი ბირთვული დარტყმის ვარიანტი, მიზნამდე მიტანის საშუალება, ბირთვული საბრძოლო მასალის სიმძლავრე და აფეთქების სახეობა, შეირჩევა დასაზიანებელი ობიექტის მნიშვნელობის, მისი დაზიანების აუცილებელი ხარისხის, მოქმედების ხასიათისა და ფარულობის ხარისხის, დაშორების, ზომების, ძვრადობის, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ეფექტურობის, საკუთარი ჯარების ამოცანების, მათი უსაფრთხოების, ადგილმდებარეობის რადიოაქტიური დასნებოვნების დასაშვები ხარისხის, ფიზიკურ-გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით.

ამერიკული მონაცემებით, 1000 ტ (1 კტ /კილოტონა/) სიმძლავრის ბირთვული საბრძოლო მასალის საჰაერო აფეთქებას 700-900 მ რადიუსში მწყობრიდან გამოჰყავს პირადი შემადგენლობა ღია საფორტიფიკაციო ნაგებობებში, ჯავშანტრანსპორტერებსა და რადიაციასაწინააღმდეგო დაცვის არმქონე ტანკებში. 100 ათასი ტ (100 კტ) სიმძლავრის ბირთვული საბრძოლო მასალის აფეთქებით კი ღია საფორტიფიკაციო ნაგებობებში მყოფი პირადი შემადგენლობის მწყობრიდან გამოყვანის რადიუსი შეადგენს 2700 მ-ს, რაც საკმარისია ნებისმიერი სახეობის ბრძოლაში ბატალიონის მწობრიდან გამოსაყვანად. 0,01 კტ სიმძლავრის ბირთვული საბრძოლო მასალის აფეთქება პირად შემადგენლობას აზიანებს 300 მ რადიუსში, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება საკუთარ ჯარებთან ახლომდებარე მოწინააღმდეგის ობიექტების განადგურებისთვის.

ბირთვულ საბრძოლო მასალებს მიეკუთვნება ნეიტრონული საბრძოლო მასალებიც. ნეიტრონული იარაღის აფეთქებისას დარტყმის ტალღისა და სინათლის გამოსხივების მოქმედება მეტად შეზღუდულია. ნგრევისა და საბრძოლო ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანის რადიუსი შეადგენს სულ რამდენიმე ათეულ მეტრს. სამაგიეროდ მისი დამახასიათებელი თვისებაა აფეთქების დროს უზარმაზარი რაოდენობით ნეიტრონების გამოყოფა. გათავისუფლებულ ნეიტრონებს აქვთ შეღწევადობის დიდი უნარი (დამცავ მასალებშიც კი) და მაღალი ბიოლოგიური აქტიურობა. ასე მაგალითად, 100-125 მმ სისქის ფოლადის ჯავშანი γ-გამოსხივებას (გამა-გამოსხივებას) შთანთქავს 90%-მდე, ხოლო სწრაფ ნეიტრონებს კი – 20-30%-მდე. გარდა ამისა, დამცავ მასალებთან ნეიტრონების ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება მძლავრი მეორადი γ-გამოსხივება და დამიზნებული აქტიურობა. ნეიტრონების ნაკადი შთაინთქმება გრუნტის შემადგენლობაში შემავალი ელემენტებითაც, რის შედეგად გრუნტი ხდება რადიოაქტიური და შეიძლება საფრთხე შეუქმნას პირად შემადგენლობას რამდენიმე საათის ან დღეღამის განმავლობაში. ამის გამო მნიშვნელოვნად იზრდება პირადი შემადგენლობის დაზიანების ზონათა რადიუსები როგორც საფორტიფიკაციო ნაგებობებში, ისე საბრძოლო ტექნიკაშიც.

ამერიკული მონაცემებით, 1000 ტ სიმძლავრის ნეიტრონული საბრძოლო მასალის აფეთქება შემღწევი რადიაციის დამაზიანებელი მოქმედების მიხედვით ექვივალენტურია 10-12 ათასი ტ სიმძლავრის თანამედროვე ბირთვული საბრძოლო მასალის აფეთქებისა. ამ დროს ღია ადგილზე განლაგებული პირადი შემადგენლობა მწყობრიდან გამოდის 1300-1400 მ რადიუსში, ტანკებში კი 1000 მ რადიუსში. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნეიტრონული გამოსხივების ენერგია აფეთქების ცენტრიდან დაშორების მიხედვით მკვეთრად მცირდება. კერძოდ, 1600 მ დაშორებაზე ნებისმიერი საბრძოლო მასალის ნეიტრონების ნაკადი მცირდება ათეულ ათასჯერ და ამიტომ ნეიტრონული იარაღის სიმძლავრე არ აღემატება 1-2 ათას ტ-ს (1-2 კტ-ს).

ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქიმიური იარაღის გამყენებას საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებში. ნატო-ს ქვეყნების არმიებში მიღებული კლასიფიკაციით მომწავლელი ნივთიერებები (მნ) იყოფა ოთხ ჯგუფად: სასიკვდილოდ, დროებით მწყობრიდან გამომყვანად, გამაღიზიანებლად და სასწავლოდ.

სასიკვდილო მნ-ებს მიეკუთვნება იპრიტი, ზარინი, ვი-იქსი (V-X). დროებით მწყობრიდან გამომყვანია ფსიქოქიმიური მოქმედების მნ ბი-ზეტი (B-Z). გამაღიზიანებელი მნ-ები წარმოდგენილია ქლორაცეტოფენონით, ადამისტითა და სი-ესით (C-S). ამათგან უკანასკნელი უფრო მეტად ეფექტურია, ხოლო პირველი ორი კი გადაყვანილია სათადარიგო-სატაბელო ან სასწავლო რანგში.

უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ე. წ. ბინარული (ორმაგი) ქიმიური საბრძოლო მასალების შემუშავებას. ისინი აღკაზმულია ორი საწყისი კომპონენტით, რომლებიც ცალცალკე არ არიან ტოქსიკურები, ან მცირედ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებია. საბრძოლო მასალის მიზნისკენ ფრენისას საწყისი კომპონენტები ერთანეთში ირევა და მათ შორის მიმდინარე ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ნერვულ-მაპარალიზებელი მოქმედების მნ. თუმცა კი ამერიკელი სამხედრო სპციალისტების შეფასებებით, ბინარული ქიმიური საბრძოლო მასალების ეფექტურობა ნაკლებია მზა მომწამვლელი ნივთიერებებით აღკაზმულ ქიმიურ საბრძოლო მასალასთან შედარებით, ვინაიდან კომპონენტების შერევის დროს არასრული რეაქციის შედეგად წარმოქმნილი მნ-ის მასა ნაკლებია საწყისი კომპონენტების ჯამურ მასაზე. მაგრამ სამაგიეროდ ბინარული ქიმიური საბრძოლო მასალები გამოყენებამდე მათი შენახვისას გაცილებით უფრო უსაფრთხოა, რაც ამაღლებს მათ მნიშვნელობას.

ქიმიური იარაღის გამოყენებას ვარაუდობენ როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი მოქმედებების დროს. შეტევის ან კონტრშეტევის მიმართულებაზე უპირატესად გამოიყენება არამდგრადი მნ ზარინი, ხოლო მდგრადი მნ-ები ვი-იქსი და იპრიტი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ რაიონების მიმართ, რომელთა დაკავებაც უახლოეს ხანში არაა ნავარაუდევი, ან წინ მომავალი რეზერვებისა და ზურგის ნაწილების წინააღმდეგ, ან თავდაცვაში ყოფნი დროს.

ბირთვული (ნეიტრონული) საბრძოლო მასალების მიზნამდე მიტანა საარმიო კორპუსის ინტერესებში ხორციელდება ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებით, სხვადასხვა ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით (ოტრ) “ლანსი” და “ატაკმსი”, ხოლო პირველი ეშელონის დივიზიების ინტერესებში კი – 155-მმ და 203,2-მ ჰაუბიცებით, რომელთავისაც შემუშავებულია სათანადო საბრძოლო მასალები.

ქიმიური იარაღის გამოყენების ყველაზე მეტი საშუალება გააჩნია ქიმიური საავიაციო ბომბებით, კასეტებით, გამფრქვევი საავიაციო მოწყობილობებით აღჭურვილ საჰაერო ძალებს. სახმელეთო ჯარებისთვის კი შემუშავებულია ოტრ-ების ქიმიური საბრძოლო ნაწილები, ქიმიური საარტილერიო და რეაქტიული ჭურვები, ნაღმები, ქიმიური ხელყუმბარები, აეროზოლების გენერატორები, ქიმიური ფუგასები და შხამურ-საკვამლე კოჭები.

აშშ არმიის სარდლობა დიდად აფასებს ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. საარტილერიო დივიზიონს მნ-ების გამოყენებით შეუძლია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დაზიანება 10-ჯერ უფრო მეტ ფართობზე, ვიდრე ჩვეულებრივი საბრძოლო მასალებით სროლისას. ერთი გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრნავი ქიმიური იარაღის გამოყენებით ცოცხალ ძალას აზიანებს 8-10 კვ. კმ ფართობზე.

აშშ არმიის სარდლობა ცდილობს ოპტიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული საშუალებანი მოწინააღმდეგის მაქსიმალურად დაზიანების მიზნით. ამისთვის იქმნება სადაზვერვო დარტყმითი კოპლექსები, რომლებშიც შეუღლებულია ოთხი ძირითადი კომპონენტი: დაზვერვისა და დამიზნების ავტომატიზებული სისტემა, მართვის მოძრავი მიწისზედა ცენტრი, დაზიანების მაღალი სიზუსტის საშუალებები, კომპლექსის ელემენტების ადგილმყოფობის ზუსტად განსაზღვრის სისტემა.

დაზვერვისა და დამიზნების ავტომატიზებულ სისტემას გააჩნია მაღალი გარჩევის უნარი და მიზნების კოორდინატების განსაზღვრის სიზუსტე: სადაზვერვო დარტყმით კომპლექს PLSS-ში 15-30 მ და “ასოლთ ბრეიქერში” 3-10 მ; შესაბამისად დამიზნების სიზუსტეა 10-50 მ და 50 მ-მდე. მიზნების დაზვერვის სიშორეა შესაბამისად 600 კმ-მდე და 200 კმ-მდე. დაზვერვის საშუალებები, როგორვ წესი, თავსდება თვითმფრინავებში, შესაბამისად, 25 კმ და 10-20 კმ სიმაღლეზე, მხარეთა საბრძოლო შეხების ხაზიდან 100-150 და 30-50 კმ დაშორებაზე (საკუთრი ჯარების განლაგების არეში).

სადაზვერვო დარტყმთი კომპლექსის მიწისზედა მართვის ცენტრი შედგება სადაზვერვო ინფორმაციის შეკრების, დამუშავების, მიზანზე რაკეტების (საბრძოლო მასალების) გასაყვანად ბრძანებათა გამომუშავების ავტომატიზებული საშუალებებისგან. მოწყობილობა (აღჭურვილობა) თავსდება რამდენიმე სპეციალიზებულ მანქანაში.

სადაზვერვო დარტყმითი კომპლექსის PLSS მართვის ცენტრი განთავსდება მხარეთა საბრძოლო შეხების ხაზიდან 300-350 კმ დაშორებაზე, ხოლო “ასოლთ ბრეიქერისა” (“შემოტევის ჩამშლელი”) 40-50 კმ-ზე (საკუთარი ჯარების განლაგების რაიონში).

სადაზვერვო დარტყმითი კომპლექსის დაზიანების საშუალებებია “ზედაპირი-ზედაპირი” და “ჰაერი-ზედაპირი” კლასების თვითდამიზნებადი მართვადი რაკეტები, თვითდამიზნებადი საბრძოლო ელემენტების მქონე ართვადი საავიაციო კასეტური ბომბები; ერთ T-22 რაკეტას (ოტრ “ლანსი”) ან MIM-104 რაკეტას (ზრკ “პეტრიოტი”) შეუძლია ათამდე ჯავშანობიექტის განადგურება 120 მ რადიუსის წრის ან 400-200 მ ღერძების მქონე ელიფსის ფართობზე.

სადაზვერვო დარტყმითი კომპლექსის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა (ოტრ) “ლანსი”, რომელიც აშშ არმიის შეიარაღებაშია 1972 წლიდან. იგი განკუთვნილია უწინარეს ყოვლისა ბირთვული საბრძოლო მასალების მიზნამდე მისატანად, თუმცა კი შეუძლია ჩვეულებრივი აღკაზმულობის საბრძოლო მასალების მიტანაც. მისთვის შემუშავებულია როგორც ბირთვული და ქიმიური, ისე მსხვრევად-ფუგასური (463 კგ) და კასეტური (850 მსხვრევადი ყუმბარით) საბრძოლო ნაწილები კუმულატიური ელემენტებითა და თვითდამიზნების ქობინებით. ერთსაფეხურიანი რაკეტის სასტარტო მასაა ბირთვული აღკაზმულობით 1285 კგ, ჩვეულებრივით – 1527 კგ, ფრენის მაქსიმალური სიშორე 120 კმ-მდე. რაკეტის გასაშვები დანადგარი დამონტაჟებულია M113 ჯავშანტრანსპორტერის მუხლუხიან შასიზე, რომლის მაქსიალური სიჩქარეა 65 კმ/სთ. სარაკეტო კომპლექსის შემადგენლობაში შედის აგრეთვე რაკეტების გადასატანი სატრანსპორტო-დამტენი მანქანა, რომელსაც შეუძლია ორი რაკეტა “ლანსის” გადატანა. ოტრ “ლანსი” წარმატებით გამოიყენება როგორც ფართობული, ისე მცირეზომიანი მიზნების წინააღმდეგ, ხოლო სარაკეტო დივიზიონს შეიძლება დაესვას ამოცანა მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის ტაქტიკური საშუალებების, არტილერიის, მართვის პუნქტების, კავშირგაბმულობის კვანძების, ზურგის მნიშვნელოვანი ობიექტების, ღიად განლაგებული ცოცხალი ძალისა და მოუჯავშნავი ტექნიკის განადგურებაზე, ჩახშობასა და შეჩერებაზე.

უკანასკნელ წლებში გამოჩნდა ახალი ოტრ კომპლექსი “ატაკმსი” (ATACMS), რომელიც შექმნილია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის MLRS საფუძველზე TACMS (Tactical Missile System) პროგრამის მიხედვით. რაკეტის გასაშვები დანადგარი MLRS გასაშვები დანადგარის იდენტურია (იხ. ქვემოთ), მხოლოდ მის სატრანსპორტო-გასაშვებ კონტეინერებში თავსდება კასეტური საბრძოლო ნაწილით აღჭურვილი თითო-თითო რაკეტა “ატაკმსი”. გამოქვეყნებული მონაცემებით, სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის დროს საბრძოლო გამოცდა გაიარა ოტრ “ატაკმსის” ბატარეამ. რაკეტის ფრენის სიშორე შეადგენდა 150 კმ-ს. სულ გაშვებულ იქნა 30 რაკეტაზე მეტი. უკანასკნელი მონაცემებით, მიღწეულია რაკეტის ფრენის სიშორე 450 კმ-მდე.

საარმიო კორპუსის საბრძოლო ზემოქმედების ზონაში (150-70 კმ) ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებთან ერთად გამოიყენება საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებიც, განსაკუთრებით მოიერიშე თვითმფრინავები და საარმიო ავიაციის ვერტმფრენები. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, მოიერიშე ავიაცია წარმოადგენს პირველი ეშელონის შენაერთებისა და ნაწილების უშუალო საავიაციო მხარდაჭერისა და რეზერვების მოსვლის აღკვეთის უმნიშვნელოვანეს საშუალებას. მოიერიშე ავიაცია განკუთვნილია უმთავრესად წინა ხაზის მახლობლობაში ტაქტიკურ და უახლოეს ოპერატიულ სიღრმეში მცირე ზომის მოძრავი ობიექტების დაზიანებისთვის. შესაძლოა მისი გამოყენება აგრეთვე მოწინააღმდეგის ვერტმფრენებთან საბრძოლველად, დაზვერვის წარმოებისა და ჰაერიდან ნაღმური ღობურების დაყენებისთვის.

ამერიკულ მოიერიშე თვითმფრინავს A-10A “თანდერბოლთი” შეუძლია საკიდის კვანძებზე გადაიტანოს 7260 კგ-მდე სხვადასხვა შეიარაღება: ფუგასური, ცეცხლგამჩენი, გამანათებელი ბომბები, საბომბე შეკვრები და კასეტები, “ჰაერი-ზედაპირი” და “ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი რაკეტები. თვითმფრინავში ჩაშენებულია 30-მმ შვიდლულიანი ავტომატური ქვემეხი. ფრენის მაქსიმალური სიჩქარეა 720 კმ/სთ, მოქმედების რადიუსი უშუალო საავიაციო მხარდაჭერის ამოცანის შესრულებისას (ბარაჟირება 2 სთ-ის განმავლობაში) 480 კმ.

მოიერიშე ავიაციასთან ერთად აღნიშნულ ზონაში მოწინააღმდეგის მეორე ეშელონთან (რეზერვებთან) ბრძოლისთვის აქტიურად გამოიყენება საკორპუსო დაქვემდებარების საარმიო ავიაციის ბრიგადა, რომელიც ორგანიზაციულად შეიცავს სამ სავერტმფრენო პოლკს (ორ ტანკსაწინააღმდეგოსა და ერთ სატრანსპორტო-სადესანტოს). მის შეიარაღებაშია დამრტყმელი, ზოგადი დანიშნულების, სადაზვერვო, სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენები, რადიოელექტრონული ბრძოლისა (რებ) და სხვა სპეციალური დანიშნულების მსუბუქი თვითმფრინავები.

დამრტყმელი (იგივე ტანკსაწინააღმდეგო ან საცეცხლე მხარდაჭერის) ვერტმფრენები განკუთვნილია ტანკებისა და სხვა მოჯავშნული მიზნების გასანადგურებლად, აგრეთვე ბრძოლის ველზე ქვედანაყოფებისთვის უშუალო მხარდაჭერის აღმოსაჩენად, სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენების გასაცილებლად და მხარდაჭერის აღმოსაჩენად, მოწინააღმდეგის საბრძოლო რიგებზე, სხვადასხვანაირ ფართობულ და მცირეზომიან მიზნებზე დარტყმების მისაყენებლად, საჰაერო მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად.

აშშ საარმიო ავიაციის დამრტყმელი ვერტმფრენებია AH-1 “კობრა” და AH-64 “აპაჩი” სერიის მანქანები. AH-1S “ჰიუ-კობრა” შეიარაღებაშია 1977 წლიდან. ფრთების ქვეშ მას უყენდება ოთხი საკიდი პილონი (ორ-ორი ბორტის თითოეულ მხარეს), რომლებზედაც მაგრდება ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა “თოუს” გასაშვები დანდგარები (ოთხი ან რვა მხოლოდ გარეთა კვანძებზე), 70 მმ ყალიბის უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვები დანადგარები (7 ან 19 მიმმართველით, სულ 76 რაკეტამდე). ჩამოსაკიდებელი შეიარაღების ვარიანტები შეირჩევა კონკრეტული საბრძოლო ამოცანების შესაბამისად. გარდა ამისა, ფუზელაჟის ქვეშ ყენდება 20-მმ სამლულიანი ავტომატური ზარბაზანი 750 გასროლის საბრძოლო მარაგით.

ვერტმფრენის ეკიპაჟი შედგება ორი ადამიანისგან: მფრინავისა და მსროლელის. მისი მაქსიმალური მასაა 4540 კგ, ცარიელისა 2940 კგ, ფრენის მაქსიმალური სიჩქარეა 280 კმ/სთ, საკრეისერო 230 კმ/სთ, პრაქტიკული ჭერი 3700 მ, ფრენის მაქსიმალური სიშორე 500 კმ-მდე. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის (ტსმრ) “თოუს” დამიზნება ხორციელდება მსროლელის გიროსტაბილიზებული ოპტიკური სამიზნის M-65 გამოყენებით; ამ დროს მფრინავი უზრუნველყოფს ვერტმფრენის გასწვრივი ღერძის შეთავსებას მიზნისკენ მიმართულებასთან. ტსმრ “თოუს” სროლის მაქსიმალური სიშორეა 3750 მ, ჯავშანგამტანობა 500 მმ-ზე მეტი. მისი ძირითადი ნაკლია სროლის ციკლის დიდი ხანგრძლივობა, რაც გამოწვეულია მიზნამდე რაკეტის ფრენის დროითა და მიზანში მოხვედრამდე მისი მართვის აუცილებლობით. უმართავი საავიაციო რაკეტების სროლას ახორციელებს მფრინავი, სროლის სიშორეა 4 კმ-მდე. იარაღის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისთვის ვერტმფრენში დაყენებულია ცეცხლის მართვის სისტემა დოპლერული სანავიგაციო სისტემის გადამწოდებით, ლაზერული მანძილზომითა და ციფრული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანით (ეგმ).

მორიგი მოდერნიზაციის შედეგად AH-1S ვერტმფრენების დიდი ნაწილი აღჭურვილ იქნა ტსმრ “თოუ-2”-ის (უფრო მაღალი ჯავშანგამტანობით) გასაშვები დანადგარებით, მსროლელისთვის წინა ხედვის ინფრაწითელი სადგურით, რაც უზრუნველყოფს საბრძოლო მოქმედებების წარმოებას ღამით, ხოლო მფრინავი კი იმავე მიზნით აღჭურვილია ღამური ხედვის სათვალით AN/AVS-6.

ვერტმფრენი AH-64A “აპაჩი” აშშ არმიის შეიარაღებაშია 1984 წლიდან. მას გააჩნია კარგი საფრენოსნო მახასიათებლები, მძლავრი შეიარაღება და უახლესი რადიოელექტრონული აპარატურა, რომელიც უზრუნველყოფს იარაღის ეფექტურ გამოყენებას. ეკპაჟი შედგება ორი ადამიანისგან, მფრინავისა და ოპერატორისგან (მეორე მფრინავ-მსროლელი). კაბინის ქვემოდან და გვერდებზე, აგრეთვე დასაჯდომებს შორის, ტიხრის ჯავშანი დამზადებულია კომპოზიციცური მასალის კევლარისგან. ოპერატორის კაბინაში არის მართვის ყველა აუცილებელი ხელსაწყო და ორგანო ფრენისა და დაჯდომის დამოუკიდებლად შესრულებისთვის. იქვეა იარაღის შერჩევისა და მისი მართვის დაფა. ფრთის ქვეშ არის იარაღისა და გარეთა საწვავი ავზების ჩამოსაკიდებელი ოთხი კვანძი (პილონები) მათზე დამაგრებული მართვადი და უმართავი რაკეტების გასაშვები დანადგარებით, რომლებიც შეიძლება აიწიოს 5⁰-ით მაღლა ან დაიხაროს 28⁰-ით დაბლა.

ვერტმფრენი შეიარაღებულია თვითდამიზნების ნახევრადაქტიური ლაზერული ქობინის მქონე ტსმრ “ჰელფაირით”, რომლის სროლის მაქსიმალური სიშორეა 7000 მ, ჯავშანგმტანობა 600 მმ-ზე მეტი. ვერტმფრენის გარეთა კვანძებზე შეიძლება ჩამოკიდებულ იქნას ტსმრ-ების ოთხი გასაშვები დანადგარი, სულ 16 რაკეტა “ჰელფაირით”. ან დასახული ამოცანების მიხედვით ფრთისქვეშა კვანძებზე შეიძლება ჩამოიკიდოს 70 მმ ყალიბის უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვები დანადგარები სულ 76 რაკეტით, რომელთა სროლის სიშორეა 4-6 კმ-მდე. ფუზელაჟის ქვედა ნაწილში ოპერატორის სკამის ქვემოთ მოთავსებულია ტურელის დანდგარი ერთლულიანი 30-მმ ავტომატური ზარბაზნით M-230 (საბრძოლო კომპლექტი 1400 ჭურვამდე, მიწისზედა მიზნებზე სროლის სიშორე 3000 მ-მდე, სწრაფსროლა 625 გასრ./წთ).

ცარიელი ვერტმფრენის მასაა 4996 კგ, საბრძოლველად შეიარაღებულისა 6665 კგ, ჩამოკიდებული საწვავის ავზებით 9310 კგ. ფრენის მაქსიმალური სიჩქარეა 365 კმ/სთ, პრაქტიკული ჭერი ორივე ძრავის მუშაობისას 6100 მ, ერთი ძრავით 3080 მ; ფრენის მაქსიმალური სიშორეა (შიდა ავზებში არსებული საწვავის მარაგით) 690 კმ, ხოლო ჩამოკიდებული ოთხი საწვავის ავზით 2020 კმ. ფრენის მაქსიმალური ხანგრძლივობა საწვავის გარეთა ავზების გარეშე შეადგენს 3,57 სთ-ს.

სადაზვერვო ვერტმფრენებს მიეკუთვნება მსუბუქი ვერტმფრენები, რომლებიც განკუთვნილია საჰაერო დაზვერვის წარმოებისთვის, ბრძოლის ველზე სამეთვალყურეოდ, მიზნების აღმოსაჩენად და საბრძოლო ვერტმფრენებისთვის, მიწისზედა საცეცხლე საშუალებებისა და ზოგადსაჯარისო მეთაურებისთვის მიზანჩვენების მონაცემების გადასაცემად. საარმიო ავიაციის მიერ ტანკებთან და სხვა მოჯავშნულ მიზნებთან ბრძოლის ამოცანების გადაწყვეტისას ასეთი ვერტფრენები ჩვეულებრივ მოქმედებენ საბრძოლო ვერტმფრენებთან ერთად, რისთვისაც ერთიანდებიან დამრტყმელ ჯგუფებში. უკანასკნელ ხანს დაიწყეს საბრძოლო ვერტმფრენების აღჭურვა “ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი რაკეტებით ხსენებული ჯგუფებისა და ზოგჯერ კი სახმელეთო ჯარების ფორმირებების ჰაერიდან დასაფარავად. დღესდღეობით აშშ საარმიო ავიაციის შეიარაღებაშია სპეციალური სადაზვერვო მოწყობილობებით აღჭურვილი ვერტმფრენები OH-6A “კეიუსი” და OH-58A, C და D “კაიოვა”.

OH-6A “კეიუსი” აშშ არმიის შეიარაღებაშია 1966 წლიდან. მისი ეკიპაჟი შედგება ორი ადამიანისგან, მაქსიმალური ასაფრენი მასაა 1230 კგ, ცარიელისა 525 კგ; ფრენის მაქსიმალური სიჩქარეა 240 კმ/სთ, კრეისერული 215 კმ/სთ, პრაქტიკული ჭერი 4800 მ, ფრენის მაქსიმალური სიშორე 600 კმ-მდეა, შეიარაღებულია ერთი 7,62 მმ ყალიბის ტყვიამფრქვევითა და ერთი 40 მმ ყალიბის ყუმბარსატყორცნით. OH-58A და C მოდიფიკაციები აშშ საარმიო ავიაციის შეიარაღებაშია შესაბამისად 1969 და 1976 წლებიდან. ეკიპაჟი – ორი ადამიანი, მაქსიმალური ასაფრენი მასა 1450 კგ, ცარიელისა 825 კგ; ფრენის მაქსიმალური სიჩქარეა 220 კმ/სთ, საკრეისერო 190 კმ/სთ, პრაქტიკული ჭერი 5640 მ, ფრენის მაქსიმალური სიშორე 490 კმ, შეიარაღება შესაბაისად 2-4 რაკეტა “სტინგერი”.

1986 წლიდან დაიწყო OH-58A ვერტმფრენების მოდერნიზაცია OH-58D ვარიანტად. მისი სადაზვერვო აპარატურის გადამწოდები მოთავსებულია მზიდი ხრახნის თავზე და განკუთვნილია ახლო დაზვერვის ამოცანების შესრულებისთვის, მიზნების აღმოსაჩენად და დამიზნების ლაზერული სისტემის მქონე იარაღებისთვის, აგრეთვე სხვა საცეცხლე საშუალებებისა და ზოგადსაჯარისო მეთაურებისთვის მიზანჩვენების მონაცემთა გადასაცემად.

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის შესაბამისად აშშ არმიის სარდლობა ცდილობს დააკისროს მას ე. წ. შეიარაღებული დაზვერვის (Armed reconnaissance) წარმოების ამოცანა, რაც ითვალისწინებს დაზვერვასთან ერთად მოწინააღმდეგის მიწისზედა მიზნებზე დარტყმების მიყენებასაც. ამისთვის სცადეს შეიარაღების სხვადასხვა ვარიანტები: 4 ტსმრ “ჰელფაირი”, რვა მართვადი რაკეტა “სტინგერი”, 70-მმ უმართავი საავიაციო რაკეტების ორი გასაშვები დანადგარი 7-7 მიმმართველით, 12,7-მმ და 7,62-მმ თითო-თითო ტყვიამფრქვევი, აგრეთვე შერეული ვარიანტები. ასეთი აღჭურვილობის ვერტმფრენმა მიიღო აღნიშვნა AH-58D “უორიორი”.

მრავალმიზნობრივი (ზოგადი დანიშნულების) ვერტმფრენები განკუთვნილია ჯარების საჰაერო მობილურობის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში ტაქტიკური დესანტების გადასხმისა და ევაკუაციისთვის, ბრძოლის ველზე ჯარების გადაყვანისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების საგნების გადაზიდვისთვის, საძიებო-სამაშველო ოპერაციების წარმოებისთვის, დაჭრილებისა და ავადმყოფების საევაკუაციოდ, მართვისა და კავშირგაბმულობის უზრუნველსაყოფად, ნაღმური ღობურების დაყენებისა და მიწისზედა მიზნების დაზიანებისთვის.

აშშ არმიის შეიარაღებაშია შემდეგი ზოგადი ნანიშნულების ვერტმფრენები: UH-1B, D და H “იროქეზი” და UH-60A “ბლექ ჰოქი”.

UH-1B შეიარაღებაში მიღებულია 1961 წელს. მისი ეკიპაჟი შედგება ორი ადამიანისგან. მაქსიმალური ასაფრენი მასაა 4300 კგ, ცარიელისა 2090 კგ; ფრენის მაქსიმალური სიშორეა 410 კმ, შეიარაღება – ორი 7,62-მმ ტყვიამფრქვევი (კაბინის აქეთ-იქით მხარეს), მაქსიმალური სასარგებლო დატვირთვა 7 ადამიანი ან 1360 კგ ტვირთი.

UH-1D და H მოდიფიკაციები შეიარაღებაში შემოვიდა შესაბამისად 1963 და 1967 წლებში. ეკიპაჟი ორი ადამიანი, მაქსიმალური ასაფრენი მასა 4300 კგ, ცარიელისა 2360 კგ, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 205 კმ/სთ, კრეისერული – 190 კმ/სთ, პრაქტიკული ჭერი 3840 მ, ფრენის მაქსიმალური სიშორე 510 კმ; შეიარაღება შედგება ორი 7,62-მმ ტყვიამფრქვევისგან, სასარგებლო დატვირთვაა 11 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცი ან 3600 კგ ტვირთი.

UH-60A “ბლექ ჰოქი” აშშ საარმიო ავიაციის შეიარაღებაშია 1979 წლიდან. მისი ეკიპაჟი შედგება ორი ადამიანისგან. აქვს 1540 ცხ. ძ. სიმძლავრის ძრავა მაქსიმალური ასაფრენი მასით 9200 კგ, ცარიელისა 4820 კგ; ფრენის მაქსიმალური სიჩქარეა 300 კმ/სთ, კრეისერული 270კმ/სთ, პრაქტიკული ჭერი 5800 მ, ფრენის მაქსიმალური სიშორეა 600 კმ; შეიარაღება – ორი 7,62-მმ ტყვიამფრქვევი (კაბინის აქეთ-იქით მხარეს), სასარგებლო დატვირთვაა 11 ადამიანი ან 3600 კგ ტვირთი.

შეიარაღებაში მიღების შემდეგ UH-60A ვერტმფრენმა განიცადა რამდენიმე მოდერნიზაცია, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ფუზელაჟის ბორტებზე გარეთა საკიდების დამაგრების უნივერსალური მოსახსნელი სისტემის შემუშავება. ამის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ფრენის მაქსიმალური სიშორე (2100 კმ-ზე მეტი) გარეთა საკიდებზე ჩამოკიდებული საწვავის ავზებით.

ახლა უკვე UH-60A ვერტმფრენებს შეუძლიათ გადაწყვიტონ აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან ევროპაში სტრატეგიული გაშლის ამოცანა აზორის კუნძულებზე შუალედური დაჯდომით. სხვა შემთხვევებში ვერტმფრენის გარეთა საკიდებზე შესაძლოა დამაგრებულ იქნას 16 ტსმრ “ჰელფაირი” ან “თოუ”, დანაღმვის სისტემის M-56 ოთხი კასეტური დანადგარი ნაღმური ღობურების დასაყენებლად (ერთ საათში 320, ნაღმის ქვემოთ სროლით), “ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი რაკეტები. უკანასკნელ ხანებში შემუშავებულ იქნა დანაღმვის ახალი სისტემის M-119 “ვულკანის” დაყენების შესაძლებლობა, რომლის დახმარებითაც ხდებას ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითთა საწინააღმდეგო ბაღკების დაყენება ზღვრულად მცირე სიმაღლიდან მათი გვერდებზე გასროლის მეშვეობით.

სატრანსპორტო-სადესანტო ვერმფრენები წარმოადგენს საშუალო და დიდი სიმძიმის მანქანებს, რომლებიც გამოიყენება უმთავრესად საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის დროს ჯარების ზურგის უზრუნველყოფის საშუალებათა გადასაზიდად, პირადი შემადგენლობის გადასაყვანდ, იარაღის, საბრძოლო მასალების, სხვადასხვა აღჭურვილობისა და ტვირთების გადასატანად (როგორც კაბინაში, ისე გარეთა საკიდებზე), დესანტების გადასასხმელად, ჯარების საევაკუაციოდ, საძიებო-სამაშველო ოპერაციების წარმოებისთვის და სხვა.

აშშ არმიის შეიარაღებაშია სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენები CH-47C და D “ჩინუკი” და CH-54A და B “სქაიქრიქი”. CH-47C შეიარაღებაში გამოჩნდა 1969 წლიდან. მისი ეკიპაჟია ორი-სამი ადამიანი, გააჩნია 3750 ცხ. ძ. სიმძლავრის ორი ძრავა. მაქსიმალური ასაფრენი მასაა 20870 კგ, ცარიელისა 9470 კგ. ფრენის მაქსიმალური სიჩქარეა 305 კმ/სთ, კრეისერული 250 კმ/სთ; პრაქტიკული ჭერია 4570 მ, ფრენის მაქსიმალური სიშორე – 500 კმ, შეუძლია 34-44 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცის გადაყვანა ან 10000 კგ ტვირთის გადატანა.

1983 წელს შემოვიდა “ჩინუკის” მოდიფიკაცია CH-47D, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასაა 22680 კგ, ცარიელისა 10180 კგ; ფრენის მაქსიმალური სიჩქარეა 300 კმ/სთ, კრეისერული 250 კმ/სთ, პრაქტიკული ჭერი 5400 მ, ფრენის გაქსიმალური სიშორეა 740 კმ. ვერტმფრენს შეუძლია გადაიყვანოს 34-44 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცი ან გადაიტანოს 12700 კგ ტვირთი.

CH-54A და B მოდიფიკაციები შეიარაღებაში შემოვიდა შესაბამისად 1965 და 1969 წლებში. მათი ეკიპაჟებიც შედგება ორი-სამი ადამიანისგან. აქვთ 4800 ცხ. ძ. სიმძლავრის ორ-ორი ძრავა; მაქსიმალური ასაფრენი მასაა 22500 კგ, ცარიელისა 8770 კგ; ფრენის მაქსიმალური სიჩქარეა 230 კმ/სთ, კრეისერული 200 კმ/სთ, პრაქტიკული ჭერი – 4000 მ, ფრენის მაქსიმალური სიშორეა 370 კმ; შეუძლია გადაიყვანოს 45 ადამიანი ან გადაიტანოს 12500 კგ ტვირთი.

საარმიო კორპუსის შემადგენლობაში შესაძლოა შედიოდეს ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, რომელიც სხვა საბრძოლო დავალებებთან ერთად განკუთვნილია დაზვერვის წარმოებისთვის კურპუსისა და პირველი ეშელონის დივიზიების ინტერესებში.

ორგანიზაციულად პოლკი მოიცავს შტაბსა და საშტაბო ასეულს, სამ სადაზვერვო ბატალიონს, საარმიო ავიაციის ბატალიონს, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონს, საზენიტო ბატარეას, სამ ცალკეულ ასეულს (სადაზვერვო და რადიოელექტრონული ბრძოლის, საინჟინრო, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის), ზურგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონს.

სადაზვერვო ბატალიონი წარმოადგენს პოლკის ძირითად საბრძოლო ქვედანაყოფს, რომლის უმთავრესი ამოცანაა მოწინააღმდეგის პოზიციების ღრმა დაზვერვა. იგი შედგება შტაბისა და საშტაბო ასეულისგან, სამი სადაზვერვო და ერთიც სატანკო ასეულებისგან.

სადაზვერვო ასეული მოიცავს მართვას, ორ სადაზვერვო ოცეულს, ორ სატანკო ოცეულსა და ორ სექციას: ნაღმსატყორცნების, და ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის. სადაზვერვო ოცეულის შეიარაღებაშია ექვსი საბრძოლო სადაზვერვო მანქანა (ბდმ) M-3 “ბრედლი”, სატანკო ოცეულისა – ოთხი ტანკი M-1 “აბრამსი”, ნაღმსატრორცნების სექციის შეიარაღებაშია M113A1 ჯავშანტრანსპორტერზე (ჯტრ) დამონტაჟებული ორი 81-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი. სულ ასეულში მოითვლება პირადი შემადგენლობის 128 ადამიანი, ცხრა ტანკი M-1 “აბრამსი”, 12 ბდმ M-3 “ბრედლი”, ორი თვითმავალი ნაღმსატყორცნი და სხვა შეიარაღება.

საარმიო კორპუსის სვლიდან შეტევის დროს სადაზვერვო ასეულმა შესაძლოა გამოყოს ოთხ სადაზვერვო ჯგუფამდე (როგორც წესი თითოეული მოითვლის ორ ტანკსა და ორ ბდმ-ს) და აწარმოოს ორი-ოთხი მარშრუტის დაზვერვა დანიშნულ ზოლში ან მიმართულებაზე. სიღრმივი დაზვერვის წარმოებისას ასეული შესაძლოა გაძლიერებულ იქნას საინჟინრო, საზენიტო და ქიმიური ქვედანაყოფებით და შეადგინოს ცალკეული სადაზვერვო რაზმი, რომელიც დაზვერავს ერთ მარშრუტს. ასეულის დაზვერვის ზოლი ჩვეულებრივ ემთხვევა ბრიგდის შეტევის ზოლს (10-15 კმ).

სატანკო ასეული შედგება მართვისა და სამი სატანკო ოცეულისგან, აგრეთვე ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სექციისგან. იგი მოიცავს პირადი შემადგენლობის 74 ადამიანს, 14 ტანკს M-1 “აბრამსი”, სხვა შეიარაღებას. სადაზვერვო ბატალიონის მიერ დაზვერვის წარმოებისას სატანკო ასეული ჩვეულებრივ შეადგენს ბატალიონის მეთაურის რეზერვს.

სულ სადაზვერვო ბატალიონში არის პირადი შემადგენლობის 665 ადამიანი, 41 ტანკი M-1 “აბრამსი”, 38 ბდმ M-3 “ბრედლი”, ექვსი 81-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, ცხრა საკომანდო-საშტაბო მანქანა M577A1, 11 ჯტრ M113A2, 150-ზე მეტი რადიოსადგური და სხვა შეიარაღება.

საარმიო ავიაციის ბატალიონი შედგება შტაბისა და შვიდი ასეულისგან (საშტაბო, სამი სადაზვერვო, ორი ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენების, საბრძოლო უზრუნველყოფის). საშტაბო ასეულში არის პირადი შემადგენლობის 272 ადამიანი, ერთი მრავალმიზნობრივი და სამი რებ ვერტმფრენი. სადაზვერვო ასეულში 34 ადამიანია, 6 სადაზვერვო და 4 დამრტყმელი ვერტმფრენი. საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულში არის 50 ადამიანი, 15 მრავალმიზნობრივი და 6 სადაზვერვო ვერტმფრენი.

სულ საარმიო ავიაციის ბატალიონი მოითვლის პირადი შემადგენლობის 506 ადამიანს, 77 ვერმფრენს (26 დამრტყმელი, 32 სადაზვერვო, 16 მრავალმიზნობრივი და 3 რებ), 300-ზე მეტ რადიოსადგურს, 105 ავტომობილს. საჰაერო დაზვერვის, საცეცხლე მხარდაჭერისა მოწინააღმდეგის მოძრავი მოჯავშნული მიზნების დაზიანების ამოცანების გადაწყვეტისას ბატალიონს შეუძლია ქმნიდეს 2-3 ტანკსაწინააღმდეგო დამრტყმელ სავერტმფრენო ჯგუფს (თითოეულში 5-მდე დამრტყმელი სამი სადაზვერვო ვერტმფრენი), 6 მძიმე სადაზვერვო სავერტმფრენო დამრტყმელ ჯგუფს (თითოეულში 3-მდე სადაზვერვო და 2 ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენი), ან ცხრა მსუბუქ ჯგუფს (თითოეულში ორამდე სადაზვერვო და ერთი დარტყმელი ვერტმფრენი). საარმიო ავიაციის ბატალიონს შეუძლია უზრუნველყოფდეს პოლკის ქვედანაყოფების მიერ დაზვერვის წაროებას 150 კმ-მდე სიღრმეში.

საარტილერიო დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი) შედგება შტაბისა და ხუთი ბატარეისგან (საშტაბო, სამი 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცებისა და მომსახურების). თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეაში არის 8 თვითმავალი ჰაუბიცა 8 მსუბუქი (გადასატანი) ტსმრ გასაშვები დანადგარი (გდ) “დრაკონი”. სულ საარტილერიო დივიზიონში მოითვლება პირადი შემადგენლობის 717 ადამიანი, 24 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A2, 24 გადასატანი ტსმრ გდ “დრაკონი”, 13 საკომანდო-საშტაბო მანქანა M577A1, 15 ჯტრ M113A1, 80 რადიოსადგური, 100 ავტომობილი. დივიზიონს შეუძლია თავისი ზალპით აზიანებდეს მოწინააღმდეგის ღიად განლაგებულ ცოცხალ ძალას 5 ჰა (ჰექტარ) ფართობზე. პოლკის მიერ სადაზვერვო ამოცანების შესრულებისას საარტილერიო დივიზიონი, როგორც წესი, ბატარეების სახით მიეცემა სადაზვერვო ბატალიონებს.

დაზვერვისა და რებ ასეული მოიცავს მართვას, სადაზვერვო ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზის ცენტრს, ხუთ ოცეულს (სამი რადიოტექნიკური დაზვერვისა და ჩახშობის და თითო-თითო კავშირგაბმულობისა და მომსახურების). სულ ასეულშია პირადი შემადგენლობის 208 ადამიანი, ექვსი საკომანდო-საშტაბო მანქანა M577A1, სამი ჯტრ M113A1, რებ-ის სავერტმფრენო კომპლექტი “ქვიქ ფიქს-2”, ორი სავერტმფრენო რებ კომპლექტი “მალთიუზი”, მოკლეტალღოვანი და ულტრამოკლეტალღოვანი რადიოსადგურების ჩახშობის კომპლექტი AN/NLQ-17A, 50-ზე მეტი ავტომობილი და სხვა შეიარაღება.

მთლიანად ცალკეულ ჯავშანსაკავალერიო პოლკში შედის პირადი შემადგენლობის 5090-ზე მეტი ადამიანი, 123 ტანკი M1 “აბრამსი”, 114 ბდმ M3 “ბრედლი”, 80 ჯტრ M113A1, 24 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A2, 18 81-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, 30 მსუბუქი ტსმრ გდ “დრაკონი”, 77 ვერტმფრენი (32 სადაზვერვო, 26 დამრტყმელი, 16 მრავალმიზნობრივი და სამიც რებ), 12 თვითმავალი საზენიტო დანადგარი (თზდ) “ვულკანი”, 52 გადასატანი ზრკ “სტინგერი”, 1150-ზე მეტი რადიოსადგური, დაახლოებით 560 ღამური ხედვის ხელსაწყო, 900-ზე მეტი ავტომობილი.

პოლკის მიწისზედა საშუალებებით დაზვერვის წარმოების სიღრმე აღწევს 70-80 კმ-მდე, საჰაერო საშუალებებით – 150 კმ-მდე. დღეღამის განმავლობაში პოლკს შეუძლია დაზვეროს 80-მდე ობიექტი.

საჰაერო-მიწისზედა საბრძოლო მოქმედებებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რადიოელექტრონულ ბრძოლას (რებ), რომელიც წარმოადგენს ჯარების მოქმედებათა და ღონისძიებათა ერთობლიობას მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული საშუალებების (რეს) გამოვლენაში, მათ რადიოელექტრონულ ჩახშობასა და საკუთარი საშუალებების მყარი მუშაობის უზრუნველყოფაში.

აშშ არმიის რებ-ის კონცეფციას საფუძვლად უდევს ორი პრინციპული დებულება: 1) რებ-ის ამოცანების გადაწყვეტის თავმოყრა “საარმიო კორპუსი – დივიზია” რგოლში და 2) აქცენტის გადანაცვლება რებ-ის სადაზვერვო კომპონენტზე, რომელიც ძირითადი ხდება მოწინააღმდეგეზე ინფორმაციის მოპოვების ზოგად სისტემაში. სწორედ უკანასკნელი გარემოება იქცა კიდეც რებ-ის დაზვერვასთან გაერთიანების საფუძვლად. ამის გამო საარმიო კორპუსის შემადგენლობაში შეყვანილ იქნა დაზვერვისა და რადიოელექტრონულ ბრძოლის სამ- და ოთხბატალიონიანი შემადგენლობის ბრიგადა, დივიზიის შემადგენლობაში – დაზვერვისა და რებ ბატალიონი, ცალკეულ ბრიგადასა და ჯავშანსაკავალერიო პოლკში – დაზვერვისა და რებ ასეული.

რებ-ის უმნიშვნელოვანესი ელემენტია ელექტრონული მხარდაჭერა, რომლის უმთავრესი ამოცანაა მოწინააღმდეგის რადიოელექტრონულ საშუალებათა კოორდინატების განსაზღვრა, მისი ობიექტებისა და ჯარების განლაგების ადგილების გამოსავლენად, მათი საცეცხლე დაზიანების ან რადიოელექტრონული ჩახშობის მიზნით. რადიოელექტრონულ საშუალებათა მიკვლევა ხდება რამდენიმე მიწისზედა წერტილიდან გამოსხივების წყაროს პელენგაციის დახმარებით ან თვითმფრინავიდან საჰაერო რადიო-საპელენგაციო საშუალებათა გამოყენებით. უკენასკნელ შემთხვევაში პელენგატორების მუშაობაზე გავლენას ვერ ახდენს რადიოტალღების არეკვლა ადგილის რელიეფზე. ამის შედეგად იზრდება მიზნის მდებარეობის განსაზღვრის სიზუსტე +2⁰-დან +1,25⁰-დე.

თანამედროვე ზოგადსაჯარისო ბრძოლის, რადიოელექტრონულ საშუალებათა მაღალი მობილურობისა და ერთსა და იმავე სიხშირეზე გამოსხივებული სიგნალებით ეთერის გაჯერების პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პელენგაციის სიჩქარეს (რადიომიზნების მიკვლევის სისწრაფეს); ამას ავტომატიზაციის საშუალებებით აღჭურვილი საპელენგაციო სისტემები სულ რამდენიმე წამს ანდომებენ.

რებ-ის განუყოფელი ნაწილია რადიოელექტრონული ჩახშობა, მაგრამ საარმიო კორპუსებისა და უფრო მაღალი გაერთიანებებისთვის გამომსხივარ რადიოელექტრონულ საშუალებათა ჩახშობა სასურველ შედეგს ვერ იძლევა მართვის “ინერციულობისა” (ბრძანებათა შესრულებას სჭირდება მრავალი საათი) და საიმედო დუბლირების გამო, ამიტომ მნიშვნელოვან სიღრმეში განლაგებული მგეგმავი ორგანოების კავშირგაბმულობის კვანძებს ტოვებენ დაზვერვის ობიექტებად.

საარმიო კორპუსის რებ კომპლექტის საფუძველს წარმოადგენენ რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის საავიაციო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მეთვალყურეობას არანაკლებ 100 კმ სიღრმეში.

აღნიშნულ ზონაში მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური საშუალებების (რლს) გამოვლენა ხორციელდება კორპუსის შემადგენლობაში მყოფი საარმიო ავიაციის თვითმფრინავების RV-10 დახმარებით. მათ ფრთისქვეშა საკიდებზე მაგრდება კონტეინერები “ქვიქ ლუქს-2” სისტემით, რომელსაც გააჩნია მიმღებ-დამამუშავებელი აპარატურა AN/AIQ-113 მიზნების აღმოჩენის, ამოცნობისა და პელენგაციისთვის. სისტემა აღჭურვილია ფაზური ინტერფერომეტრის მქონე ანტენებით. 90⁰ სექტორში პელენგაციის სიზუსტე შეადგენს 0,5⁰-ს.

დროის რეალურ მასშტაბში ერთარხიანი რადიოსადგურების დაზვერვის ამოცანების გადასაწყვეტად საარმიო კორპუსს გააჩნია საჰაერო-მიწისზედა სისტემა “გაუმჯობესებული ჰარდრეილ-5”, რომელიც მოიცავს რადიოდაჭერისა და პელენგაციის აპარატურით AN/USD-S(V)2 აღჭურვილ თვითმფრინავებს RC-12D და მონაცემების დამუშავებისა და მართვის მიწისზედა მობილურ ცენტრს.

“გაუმჯობესებულ ჰარდრეილ-5” სისტემასთან ერთად აშშ არმიაში გამოიყენება “ჰარდრეილ-5” სისტემაც, რომელიც დამონტაჟებულია თვითმფრინავში RU-21U.

სადაზვერვო ამოცანების შესრულებისას “გაუმჯობესებული ჰარდრეილ-5” და “ჰარდრეილ-5” სისტემების მქონე თვითმფრინავები პატრულირებენ 500-1500 მ სიმაღლეზე მხარეთა საბრძოლო შეხების ხაზიდან 10-100 კმ დაშორებაზე და მოწინააღმდეგის პოზიციებს მეთვალყურეობენ 5-300 კმ სიღრმეში.

რებ-ის საკორპუსო კომპლექტიდან ტაქტიკურ სიღრმეში 20-30 კმ-ზე დაზვერვის წარმოებისთვის გამოიყენება რადიოდაჭერისა და პელენგაციის მსუბუქი მობილური სადგური AN/TRQ-32V “თიმმეითი”, რომელიც ფარავს მოკლე და ულტრამოკლე ტალღოვან დიაპაზონებს. მას გააჩნია 7,5 მ სიმაღლეზე პნევმატურად გამომავალი საპელენგაციო ანტენა, რომლისთვისაც შემუშავებულია მაღალმგრძნობიარე, სწრაფმოქმედი, მთლიანად ავტომატიზებული აპარატურა 100-სიხშირიან არხებზე სიგნალების დამახსოვრებით. საბრძოლო გათვლა შედგება ორი ადამიანისგან, გაშლის დროა 10 წთ.

საარმიო კორპუსის ქვემდგომი შენაერთია დივიზია, რომელსაც გააჩნია მკაცრად განსაზღვრული საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა. დივიზია აშშ არმიის (სახმელეთო ჯარების) ძირითადი ტაქტიკური შენაერთია, რომელიც მოიცავს ჯარების ყველა სახეობისა და სამსახურის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს. სახელეთო ჯარების მშენებლობის პროგრამების “არმია-90” და “დივიზია-86” შესაბამისად აშშ არმიაში შედის შვიდი ტიპის დივიზიები: ჯავშანსატანკო, მექანიზებული, მოტორიზებული, ქვეითი, მსუბუქი ქვეითი, საჰაერო-სადესანტო და საჰაერო საიერიშო. ყველა მათგანი შედგება სადივიზიო საფუძვლისა და 9-11 საბრძოლო ბატალიონისგან. სადივიზიო საფუძველი მოიცავს შტაბს საშტაბო ასეულით, ბრიგადების სამ შტაბს საშტაბო ასეულებით, საველე არტილერიისა და საარმიო ავიაციის ბრიგადებს, საზენიტო დივიზონს, ცალკეულ ბატალიონებს: დაზვერვისა და რებ, კავშირგაბმულობის, საინჟინროს (ხოლო საჰაერო-საიერიშო დივიზიაში კიდევ სადაზვერვო-აერომობილურს), ზურგის სარდლობას, მასობრივი იარაღისგან დაცვის ასეულსა და სამხედრო პოლიციის ასეულს.

საბრძოლო ბატალიონების რაოდენობა და სახეობანი სხვადასხვა დივიზიებში გასხვავებულია. სახელდობრ, მექანიზებულ ქვეით დივიზიაში ხუთი მოტოქვეითი და ხუთი სატანკო ბატალიონია, ჯავშანსატანკო დივიზიაში ოთხი მოტოქვეითი და ექვსი სატანკო ბატალიონი, ქვეით დივიზიაში ცხრა ქვეითი და თითო-თითო მოტოქვეითი და სატანკო ბატალიონი, მსუბუქ ქვეით დივიზიაში ცხრა ქვეითი ბატალიონი და სხვა.

აშშ არმიის ე. წ. “მძიმე” დივიზიებისთვის (ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი), რომლებიც განკუთვნილია უპირატესად ევროპულ ომის თეატრზე გამოსაყენებლად, საბრძოლო ზემოქმედების ზონა მდებარეობს 70-15 კმ მანძილზე მოწინააღდეგის განლაგების სიღრმეში. ამ ზონაში დივიზია საკუთარი საცეცხლე და დარტყმითი საშუალებების გამოყენებითა და მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაციის დახმარებით უნდა ანადგურებდეს და აზიანებდეს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკას, ტაქტიკური ბირთვული იარაღის სისტემებს, მართვის პუნქტებსა და კავშირგაბმულობის კვანძებს, ინფრასტრუქტურისა და ზურგის მნიშვნელოვან ობიექტებს. ამიტომ დივიზიის მეთაური როცა უსახავს ბრიგადების მეთაურებს საბრძოლო ამოცანებს პირისპირ მდგომი მოწინააღმდეგის განადგურებაზე, თავადაც უნდა გეგმავდეს და ახორციელებდეს მეორე ეშელონის (რეზერვების) ნაწილებისა და ქვედანაყოფების, სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურების, დაზიანებისა და შეჩერების ღონისძიებებს. ევროპულ ომის თეატრზე დივიზიის საბრძოლო ზემოქმედების ზონაში მოწინააღმდეგის მეორე ეშელონის (რეზერვების) შეჩერების ოპტიმალური დროა 24 სთ.

70-15 კმ სიღრმეში დივიზიის მხარდასაჭერად მოქმედებენ ტაქტიკური ავიაცია (განსაკუთრებით კი მოიერიშე თვითმფრინავები), სპეციალური დანიშნულების ძალები, ხოლო დივიზიის საშტატო ნაწილებიდან კი უწინარეს ყოვლისა, საარმიო ავიაციის ბრიგადა. იგი შეიცავს შტაბს საშტაბო ასეულით და ოთხ ბატალიონს: ორი დამრტყმელი ვერტმფრენებისა, ერთი მრავალმიზნობრივი ვერტმფრენებისა და ერთიც სადაზვერვო.

დამრტყმელი (ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფტენების ბატალიონი შედგება შტაბისა და ოთხი ასეულისგან: საშტაბო და სამიც დამრტყმელი ვერტმფრენებისა. მის შეიარაღებაშია დამრტყმელი ვერტმფრენები AH-1S “ჰიუ კობრა” და AH-64A “აპაჩი”. მრავალმიზნობრივი ვერტმფრენების ბატალიონის შეიარაღებაშია ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენები UH-1B, D და H “იროქეზი” და UH-60 “ბლექ ჰოქი”.

ცალკე უნდა ითქვას საარმიო ავიაციის ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონის შესახებ. იგი შედგება შტაბისა და ხუთი ასეულისგან: საშტაბო, ორი სადაზვერვო ვერტმფრენებისა და ორიც სადაზვერვო. სადაზვერვო ვერტმფრენების ასეული მოიცავს ორ ოცეულს – სადაზვერვო ვერტმფრენებისა (6 OH-6A ან OH-58C) და დამრტყმელი ვერტმფრენების (4 AH-1S ან AH-64A). მისი შემადგენლობიდან შეიძლება გამოყოფილ იქნას ორი სადაზვერვო-დამრტყმელი ჯგუფი ორი-სამი სადაზვერვო და ერთი-ორი დამრტყმელი ვერტმფრენით.

სადაზვერვო ასეული მოიცავს მართვასა და სამ სადაზვერვო ოცეულს (თითოეულში 6 ბდმ M-3 “ბრედლი”), ნაღმსატყორცნების ათეულს (6 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2), რემონტისა და მომარგების სექციას.

ბრძოლის სხვადასხვა სახეობებში ასეული შესაძლოა მოქმედებდეს სრული შემადგენლობით ან სადაზვერვო ჯგუფების სახით. მისგან შეიძლება შეიქმნას აგრეთვე ორი სადაზვერვო რაზმი (თითოეული ოცეულის შემადგენლობთ), ექვსი სათვალთვალო საგუშაგო (ათეულის შემადგენლობით), სამი პატრული (ორ-ორი ათეულის შემადგენლობით) ან ექვსი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი (თითოეული სამი ათეულის შემადგენლობით).

სადაზვერვო ამოცანების გადაწყვეტისას ასეული და ჩამოთვლილი ორგანოები მჭიდროდ ურთიერთმოქმედებენ სადაზვერვო ვერტმფრენებთან, რითაც ქმნიან საჰაერო-მიწისზედა სადაზვერვო ორგანოებს. კომბინირებულ სადაზვერვო ჯგუფებში უახლესი სადაზვერვო მოწყობილობით აღჭურვილი ვერტმფრენების გამოყენება არა მარტო უზრუნველყოფს დეტალური დაზვერვის წარმოებას, არამედ მნიშვნელოვნად ამაღლებს ვითარების შესაძლო ცვლილებებზე რეაგირების ოპერატიულობასაც.

სულ “მძიმე” დივიზიის სადაზვერვო ბატალიონში მოითვლება პირადი შემადგენლობის 600 ადამიანი, 40 ბდმ M-3 “ბრედლი”, 13 ჯტრ M113A1, ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2, 21 ვერტმფრენი, 105 ავტომობილი, 266 სხვადასხვა რადიოსადგური. ბატალიონის ქვედანაყოფებისგან შესაძლოა იქმნებოდეს ოთხი სადაზვერვო ჯგუფი ასეულის შემადგენლობით (მათ შორის ორი საჰაერო), ოთხი სადაზვერვო რაზმი (ოცეულის შემადგენლობით), ან 12 სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი ნახევაროცეულის შემადგენლობით (?), ოთხი-ხუთი საჰაერო სადაზვერვო-დამრტყმელი ჯგუფი, 36 მიწისზედა სამეთვალყურეო საგუშაგო, ექვსი სადაზვერვო პატრული. ბატალიონის სადაზვერვო შესაძლებლობები შეიძლება გაიზარდოს მისთვის მიცემული სიღრმივი დაზვერვის რაზმიდან შექნილი ჯგუფების ხარჯზე. თითოეულ ჯგუფს შეუძლია სადაზვერვო და დივერსიული ხასიათის ამოცანების გადაჭრა 100 კვ. კმ ფართობზე განსაკუთრებული ყურადღების რაიონებში, დღეღამეში ორი-სამი ობიექტის გამოვლენით.

აღნიშნული სადაზვერვო ორგანოებით ბატალიონს შეუძლია დეტალური დაზვერვის წარმოება 70 კმ-მდე სიღრმეზე დივიზიის მოქმედების ზოლში. ამასთან იგი უზრუნველყოფს დივიზის მეთაურსა და შტაბს როგორც გადაწყვეტილებათა მიღებისა და საბრძოლო მოქმედებების წარმართვის, ისე დაზიანების საშუალებათა გამოყენებისთვის აუცილებელი მონაცემებით.

სულ “მძიმე” დივიზიის საარმიო ავიაციის ბრიგადის შეიარაღებაშია 146 ვერტმფრენი, აქედან 50 დამრტყმელი, 30 მრავალმიზნობრივი, 54 სადაზვერვო და 12 რებ; 40 ბდმ M-3 “ბრედლი”, 13 ჯტრ M113A1, ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2 და სხვა შეიარაღება.

დივიზიის საბრძოლო ზემოქმედების ზონაში მოწინააღმდეგის საცეცხლე (ბირთვული) დაზიანების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს საველე არტილერია. მას შეუძლია მოსპოს ან ჩაახშოს მოწინააღმდეგის ბირვული თავდასხმის საშუალებები, ჯავშანსატანკო ტექნიკა, არტილერია, ნაღმსატყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ცოცხალი ძალა, მართვის პუნქტები, კავშირგაბმულობის კვანძები, მატერიალურ-ტექნიკური და ზურგის უზრუნველყოფის ორგანოები; განახორციელოს საკვამლე ფარდების დაყენება, ადგილმდებარეობის დისტანციური დანაღმვა და განათება. ამისთვის არტილერიას გააჩნია მაღალი საცეცხლე სიმძლავრე და სიზუსტე, ამოცანის შესრულებისთვის მომზადების მაღალი სისწრაფე და მნიშვნელოვან ობიექტებზე ცეცხლის სწრაფად თავმოყრის უნარი. ამით აიხსნება ის შეუსუსტებელი ყურადღება, რომელსაც აშშ არმიის სარდლობა იჩენს საველე არტილერიისადმი თანამედროვე ზოგადსაჯარისო ბრძოლაში მისი ყველაზე უფრო ეფექტური გამოყენების თვალსაზრისით.

“მძიმე” დივიზიების საველე არტილერია ორგანიზაციულად მოიცავს შტაბს, სამ ბატარეას (საშტაბოს, საარტილერიო ინსტრუმენტული დაზვერვისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების /ზცრს/ MLRS) და 155-მ თვითმავალი ჰაუბიცების სამ დივიზიონს.

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის შესაბამისად, ზცრს MLღშ ბატარეა გამოიყენება დივიზიის ინტერესებში საერთო მხარდაჭერის ამოცანების გადასაწყვეტად, ზოგიერთ შემთხვევაში კი მთავარ მიმართულებაზე მოქმედი ბრიგადებისა და ბატალიონების საერთო მხარდაჭერის გაძლიერებისთვის.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ბატარეა მოიცავს სამ ოცეულს, თითოეულში სამ-სამი გასაშვები დანადგარით. სულ დივიზიაში ცხრა ზცრს MLRS დანადგარია, რომლებიც განკუთვნილია მოულოდნელი და მასირებული საცეცხლე დარტყმების მიყენებისთვის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის დაჯგუფებებზე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, სამეთაურო პუნქტებსა და კავშირგაბმულობის კვანძებზე. მათ შეუძლიათ უზრუნველყოფდნენ ცეცხლის დიდ სიმკვრივეებს და ფართობული მიზნების დაზიანების მაღალ ხარისხს, როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ბრძოლების მსვლელობისას, პრაქტიკულად ნებისმიერ ამინდში, დღისით თუ ღამით.

ზცრს MLRS (Multiple Launch Rocket System) აშშ არმიის შეიარაღებაშია 1983 წლიდან. მისი გასაშვები დანადგარი (გდ) დამონტაჟებულია ქვეითთა საბრძოლო მანქანის (ქსმ) M2 “ბრედლი” მუხლუხიან შასიზე, რომლის წინა ნაწილშიც დანადგარის საცეცხლე გათვლისთვის (მეთაური, დამმიზნებელი, მძღოლ-მექანიკოსი) დაყენებულია ალუმინის შენადნობებისგან დამზადებული მოჯავშნული კაბინა, რომელშიც მოთავსებულია ცეცხლის მართვის აპარატურა. ეს უკანასკნელი მოიცავს ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანას, ნავიგაციისა და ტოპოშეთავსების (ტოპომიბმის) საშუალებებს, მართვის პულტს.

გასაშვები დანადგარის უკანა ნაწილში დამონტაჟებულია მოსაბრუნებელი პლატფორმა მოქანავე ნაწილით, რომლის მოჯავშნულ ყუთისებრ ფერმებში ჩადგმულია ორი სატრანსპორტო-გასაშვები კონტეინერი ექვს-ექვსი უმართავი რაკეტით (სულ 12 რაკეტა).

უმართავი რაკეტის მასა (საბრძოლო ნაწილის ტიპის მიხედვით) შეადგენს 310 ან 258 კგ, სიგრძე 3,96 მ, დიამეტრი 240 მმ. იგი შედგება საბრძოლო ნაწილის, მყარსაწვავიანი სარაკეტო ძრავისა და ფრენის დროს განშლადი სტაბილიზატორებისგან. რაკეტისთვის შექმნილია ორი ტიპის საბრძოლო ნაწილი:

ა) კუმულატიურ-მსხვრევადი (მასა 159 კგ, სროლის მაქსიმალური სიშორე 32 კმ), რომელიც განკუთვნილია ღიად განლაგებული ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის, აგრეთვე მსუბუქად მოჯავშნული საბრძოლო მანქანების დასაზიანებლად. თითოეული უმართავი რაკეტა აღკაზმულია 644 კუმულატიურ-მსხვრევადი საბრძოლო ელემენტით (ჯავშანგამტანობა 40 მმ-მდე), რომელთა გაბნევაც ხდება ტრაექტორიის საბოლოო ეტაპზე. ერთი გასაშვები დანადგარის ზალპით სულ განიბნევა 7728 ასეთი ელემენტი, რომლებიც ფარავენ 25 ათას კვ. მ ფართობს.

ბ) ტანკსწინააღმდეგო ნაღმებით AT-2 (საბრძოლო ნაწილის მასაა 107 კგ, სროლის მაქსიმალური სიშორე 40 კმ-მდე), რომელიც განკუთვნილია ადგილის დისტანციური დანაღმვისთვის. საბრძოლო ნაწილის თხელკედლიან კორპუსში მოთავსებულია შვიდი კონტენერი თითოეულში ოთხ-ოთხი ნაღმით. ერთი გასაშვები დანადგარის ზალპით იქმნება 336 ნაღმური ღობური 1000 X 400 კვ. მ ფართობზე. ნაღმის კუმულატიურ მუხტს შეუძლია 140 მმ სისქის ჯავშნის გატანა. ასეთი რაკეტები გამოიყენება უმოკლეს ვადებში ადგილის დისტანციური დანაღმვისთვის ტანკების გამოჩენის მოსალოდნელ მიმართულებებზე ან მათი თავმოყრის შესაძლო რაიონებში და საბრძოლო მწყობრად გაშლის მიჯნებზე. ადგილის მოულოდნელი დანაღმვა აღკვეთს ან აძნელებს მოწინააღმდეგის ტანკების მანევრს, რითაც ხელსაყრელ პირობებს უქმნის სხვა საცეცხლე საშუალებებს მათ დასაზიანებლად.

მიმდინარეობს სამუშაოები მაღალი სიზუსტის ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო ნაწილის TGW (Terminally Guided Warhead) შესაქმნელად, რომელსაც ექნება სამი თვითდამიზნებადი საბრძოლო ელემენტი კუმულატიური მუხტით, ტალღების მილიმეტრულ დიაპაზონში მომუშავე თვითდამიზნების რადიოლოკაციური ქობინითა და მართვის მექანიზმით. საბრძოლო ნაწილის ზომები AT-2 ნაღმებიანი საბრძოლო ნაწილის ანალოგიურია, მასა აქაც 107 კგ-ია, ფრენის სიშორე კი აღწევს 45 კმ-მდე.

გარდა ამისა, მთავრდება MLRS უმართავი რაკეტებისთვის კასეტური საბრძოლო ნაწილის შემუშავება SADARM ტიპის ზუსტი დამიზნების ექვსი საბრძოლო ელემენტითა და ქიმიური საბრძოლო ნაწლების შემუშავებაც ბინარული მომწამვლელი ნივთიერებებით.

ზცრს MLRS გასაშვები დანადგარის მასა საბრძოლო მდგომარეობაში არის დაახლოებით 25 ტ, სიგრძე 6,9 მ, სიგანე 2,97 მ, სიმაღლე 2,6 მ, ცეცხლის გახსნისთვის მომზადების დრო საბრძოლო პოზიციის დაკავების შემდეგ 2 წთ, მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 65 კმ/სთ, სვლის მარაგი 500 კმ-მდე. ჩვეულებრივ ერთ MLRS გასაშვებ დანადგარს მიჰყვება ორი ათტონიანი მაღალი გამავლობის მანქანა M985 თითო მისაბმელით, რომლებსაც გადააქვთ უმართავი რაკეტების სატრანსპორტო-გასაშვები კონტეინერები. მანქანასა და მისაბმელზე თავსდება ოთხ-ოთხი სატრანსპორტო-გასაშვები კონტეინერი (თითოეულში ექვს-ექვსი რაკეტით), რის შედეგადაც ერთი გასაშვები დანადგარის სატარებელი საბრძოლო კომპლექტია 108 უმათავი რაკეტა. გასაშვები დანადგარის გადატენის დროა 6 წთ.

“მძიმე” დივიზიის საარტილერიო ბრიგადის 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონები ჩვეულებრივ მიეცემა პირველი ეშელონის ბრიგადებს მათთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ამავე დროს შესაძლებელია მათი ცენტრალიზებულად გამოყენებაც დივიზიის ინტერესებში საცეცხლე დარტყმების მიყენებისთვის.

155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონი მოიცავს შტაბსა და ხუთ ბატარეას (საშტაბო, სამი საცეცხლე და მომსახურებისა). თითოეულ საცეცხლე ბატარეაში არის რვა თვითმავალი დანადგარი, სულ დივიზიონში კი 24 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა. აშშ არმიის შეიარაღებაშია M109 ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის 155-მმ თვითმავალი საარტილერიო დანადგარები M109A2, A3, A4 და A6. ისინი დამონტაჟებულია სპეციალურად მათთვის შექმნილ მუხლუხიან შასიზე დიზელის ძრავით, რაც უზრუნველყოფს მათ მაღალ გამავლობასა და ძვრადობას (მანევრულობას). კორპუსის ჯავშანი კი იფარავს პირად შემადგენლობას მოწინააღმდეგის ტყვიებისა და ყუმბარების ნამსხვრევებისგან. იგი დამზადებულია ალუმინის შენადნობებისგან, რის გამოც დანადგარის წონა არ აღემატება 30 ტ-ს. 155-მმ ჰაუბიცებს შეუძლიათ სროლა როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული აღკაზმულობის ჭურვებითაც. W-82 ბირთვული ჭურვის სიმძლავრეა ტროტილის ექვივალენტის 2 კტ, სროლის მაქსიალური სიშორე 30 კმ-მდე.

M109A2 (A3) თვითმავალი ჰაუბიცა აშშ არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა 1979 წლიდან. მისი ლულის სიგრძეა 39 ყალიბი (39 X 155 მმ = 6045 მმ = 6,045 მ), მსხვრევად-ფუგასური ჭურვის წონა 42,9 კგ, სროლის მაქსიმალური სიშორე ჩვეულებრივი ჭურვებით 24 კმ-ია, აქტიურ-რეაქტიულით 30 კმ, სატარებელი საბრძოლო კომპლექტია 36 გასროლა (მათ შორის ორი მაღალი სიზუსტის ჭურვი M712 “კოპერჰედი”), სწრაფსროლა 3 გასრ./წთ, საბრძოლო წონა 25 ტ, ეკიპაჟი ექვსი ადამიანი, მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარეა 56 კმ/სთ, სვლის მარაგი 350 კმ.

1987-88 წლებში აშშ არმიის შეიარაღებაში შემოვიდა M109A4 მოდიფიკაციის 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა ცეცხლის მართვის გაუმჯობესებული სისტემითა და სანავიგაციო აპარატურით (ტოპომიბმის დროის შემცირებისთვის). 1991 წლის მონაცემებით, მიმდინარეობდა M109A2 (A3) თვითმავალი დანადგარების მოდერნიზაცია M109A6 ვარიანტად. ამ უკანასკნელზე დაყენებულია ახალი კოშკი ქვემეხით, რომლის სროლის მაქსიმალური სიშორე გაზრდილია 25%-ით და აღწევს 30 კმ-მდე. დანადგარს გააჩნია ცეცხლის მართვის გაუმჯობესებული სისტემა (ბალისტიკური გამომთვლელებით, რაც ამაღლებს ქვემეხის ავტონომიურობას ცეცხლის კორექტირებისას და ამცირებს სროლისთვის გამზადების დროს), სანავიგაციო მოწყობილობა, დანადგარის ძირითადი ქვესისტემების კონტროლის აპარატურა და ახალი ულტრამოკლეტალღოვანი რადიოსადგური.

203,2 მმ ყალიბის M110 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, “არმია-90” პროგრამის შესაბამისად, გამოყვანილია დივიზიის შემადგენლობიდან და გადაყვანილია საარმიო კორპუსის არტილერიაში. M110 სარტილერიო დანადგარები დამონტაჟებულია სპეციალურად მათთვის შექმნილ მუხლუხიან შასიზე, ხოლო ალუმინის შენადნობებისგან დამზადებული ჯავშანი კი იცავს პირად შემადგენლობას ტყვიებისა და ყუმბარების ნამსხვრევებისგან, რაც არსებითია სარაკეტო-ბირთვული დარტყმებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

M110A2 მოდიფიკაციის თვითმავალი ჰაუბიცა აშშ არმიის შეიარაღებაშია 1978 წლიდან. მისი ლულის სიგრძეა 37 ყალიბი (37 X 203,2 მმ = 7518,4 მმ = 7,52 მ-მდე). მას შეუძლია სროლის წარმოება როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული და ქიმიური აღკაზმულობის ჭურვებით. მსხვრევად-ფუგასური ჭურვის წონაა 90,7 კგ, საწყისი სიჩქარე 710 მ/წმ, სროლის მაქსიმალური სიშორე ჩვეულებრივი ჭურვებით არის 24,3 კმ, აქტიურ-რეაქტიულით 29,1 კმ, სატარებელი საბრძოლო კომპლექტია ორი გასროლა (საბრძოლო კომპლექტის ძირითადი ნაწილი გადაიტანება მუხლუხიანი ტრანსპორტერით M992, რომელსაც გადააქვს 203,2 მმ ყალიბის 48 გასროლა ან 155 მმ ყალიბის 93 გასროლა), სწრაფსროლა 0,5-1,5 გასრ./წთ, საბრძოლო წონა 28 ტ, ეკიპაჟი ხუთი ადამიანი, მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 55 კმ/სთ, სვლის მარაგი 520 კმ. მიმდინარეობს M110A2 თვითმავალი ჰაუბიცების შემდგომი მოდერნიზაცია ბირთვული ომის წარმოების პირობებში ეკიპაჟის დაცვის ამაღლებისთვის და ნავარაუდევია მისი შენარჩუნება შეიარაღებაში 2000 წლამდე.

ტაქტიკურ ზონაში (20-30 კმ) ელექტრონული მხარდაჭერა ეკისრება დივიზიის შეიარაღებაში არსებულ რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის საშუალებებს, რომელთა შორის ძირითადია AN/MSQ-103A “თიმფექი” და AN/TSQ-114A “თრეილბლეიზერი”. მიწისზედა მობილური სადგური AM/MSQ-103A “თიმფექი” უზრუნველყოფს საჯარისო საჰაერო თავდაცვის, საველე არტილერიისა და ბრძოლის ველის დაზვერვის რადიოსალოკაციო სადგურების (რლს) აღმოჩენას, მათი ტიპების ამოცნობასა და ადგილმყოფობის განსაზღვრას. სადგური დამონტაჟებულია მუხლუხიან შასიზე დაყენებულ კონტეინერში, აპარატურის შემადგენლობაში შედის ელოქტრონულ-გამომთვლელი მანქანა (ეგმ) AN/UYK-19(V). დაზვერვის შედეგები გამოდის საბეჭდ მოწყობილობაზე.

რადიოდაზვერვის მიწისზედა სისტემა AN/TSQ-114A “თრეილბლეიზერი” მოიცავს დისტანციურად მართვად სამ ავტომატურ პელენგატორსა და რადიოდაჭერისა და სინქრონული პელენგირების მართვის ორ სადგურს, რომელთაც შეუძლიათ წუთში ექვსი მიზნის აღმოჩენა. სისტემის ყველა ელემენტი დამონტაჟებულია შ-280 კონტეინერებში და აქვთ 15 მ-ზე ავტომატურად გამომავალი ანტენები. სისტემის მუშაობის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს პელენგაციისა და დაჭერის სადგურებში ეგმ-ის AN/UYK-19 გამოყენება. სისტემის ყველა ელემენტი ადგილზე განთავსდება პირდაპირი ურთიერთხედვის არეში, ხოლო მათ შორის კავშირგაბმულობა კი მყარდება ულტრამოკლე ტალღოვანი დიაპაზონის რადიოსარელეო გადამცემი ხაზებით.

დაზვერვის პროცესის ავტომატიზაციისა და, შესაბამისად, სწრაფქმედების ამაღლებისთვის, იქმნება შენაერთების (გაერთიანებების) ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარების ავტომატიზებული შეფასების მობილური სისტემები საათში რამდენიმე ათასი სადაზვერვო შეტყობინების გატარების უნარით. ასეთი სისტემების ძირითადი ელემენტია რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვისა და რებ საშუალებათა მართვის ტექნიკური ცენტრი, რომლის პირველი ვარიანტიც 80-იან წლებში შემოვიდა “მძიმე” დივიზიებს შეიარაღებაში AN/TSQ-130(V)2 და საარმიო კორპუსის შეიარაღებაში AN/TSQ-130(V)1.

რადიოელექტრონული ბრძოლის განუყოფელი ნაწილია რადიოელექტრონული ჩახშობა (რეჩ). ამასთან “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის თანახმად მოწინააღმდეგის რლს-ების ჩახშობა ევალება საჰაერო ძალებს, ხოლო სახმელეთო ჯარების რეჩ-ის მთელი ძალისხმევა მიმართულია მოწინააღმდეგის მართვის სისტემების წინააღმდეგ.

ტაქტიკა ითვალისწინებს რადიოელექტრონული ჩახშობის საბრძოლო გამოყენების შემდეგ სახესხვაობებს: მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებათა მართვის მუდმივი დარღვევა, დაზვერვის ინტერესებში მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული საშუალებების განუწყვეტელი ამორჩევითი ჩახშობა; ბრძოლის კრიტიკულ მომენტებში (კონტრშეტევა, უკან დახევა) გადამღობი ხმაურის ხელშეშლის ხანმოკლე დაყენება; საკუთარი კავშირგაბმულობის საშუალებების დაფარვა მოწინააღმდეგის რადიოდაზვერვის “დაბრმავებით”, ხელშეშლის დამყენებელთა გამოყენება მომატებული სიმძლავრის კავშირგაბმულობის საშუალებებად, რომელთაც შეუძლიათ რადიოგაცვლის წარმოება მოწინააღმდეგის ხელშეშლის მიუხედავად.

ძირითადი რგოლი, რომელსაც აშშ არმიაში ეკისრება რეჩ ამოცანების გადაწყვეტა, არის დივიზია. მასში თავმოყრილია სახმელეთო ჯარებისთვის შექმნილი ხელშეშლის დამყენებლების უმეტესი ნაწილი: ერთი სავერტმფრენო, ოთხი მიწისზედა და ერთიც ერთჯერადი გამოყენებისა. პირველი წარმოადგენს რებ-ის კომპლექსურ სისტემას, რომელიც აერთიანებს ორ დამოუკიდებელ სადგურს: რადიოდაჭერისა და პელენგაციის AN/ALQ-151 (სისტემა “თრეილბლეიზერზე” დამატებით) და რადიოელექტრონული ჩახშობის AN/TLQ-17(V)2 (არსებობს სავერტმფრენო და მიწისზედა შესრულებაში). სახელეთო ჯარებში გამოიყენება აღნიშნული კომპლექსის ორი ვარიანტი “ქვიქ ფიქს-1B” EH-1H ვერტმფრენის ბაზაზე და “ქვიქ ფიქს-2” EH-60A ვერტმფრენის ბაზაზე. ამ უკანასკნელის მეტი ტვირთამწეობის გამო EH-60A ვერტმფრენის ეკიპაჟში შეყვანილია ორი ოპერატორი, რომელთაგან ერთი აწარმოებს რადიოდაზვერვასა და მიზნების კოორდინატების მიკვლევას, ხოლო მეორე კი მართავს ხელშეშლის დაყენებას. ბრძოლის მსვლელობისას “ქვიქ ფიქს” კომპლექსის მქონე ვერტმფრენები ბარაჟირებენ ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში იმ სიმაღლეებზე, რომლებიც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის ჯარებისა და პოზიციების დაუბრკოლებელ ხედვას 30 კმ-მდე სირღმეში. AN/TSQ-130(V)2 ტექნიკურ ცენტრთან კავშირგაბმულობა ხორციელდება საბორტო ულტრამოკლეტალღოვანი რადიოსადგურით AN/ARC-164.

მისაბმელიან ჯიპზე დამონტაჟებული ხელშეშლის დაყენების მსუბუქი სადგური AN/TLQ-17A “თრეფიქჯემი” პრაქტიკულად სავერმფრენო ვარიანტის სისტემის ანალოგიურია. მის შემადგენლობაში შედის მიმღებისა და გადამცემის ბლოკები, მანჭვლისებური ანტენა და დამხმარე მოწყობილობა. მიკროპროცესორი “ინტელი” 8080A ახორციელებს სიგნალების ძიებას მის მეხსიერებაში შეყვანილ 256 დაპროგრამებულ სიხშირეზე. ხელშეშლის ჩართვა მიკვლეულ სიხშირეზე შეიძლება მოხდეს ავტომატურად ან ხელით, ოპერატორის მიერ.

აქტიური ხელშეშლის შექმნის განხილულ საშუალებებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი რადიომიზნის ჩახშობა. რეჩ-ის ყველაზე უფრო თანამედროვე ამერიკულ სადგურს AN/MLQ-34 “თაქჯემი” შეუძლია ხელშეშლის დაყენება ერთდროულად სამ სიხშირეზე. მას გააჩნია გადამცემი აპარატურის სამი იდენტური კომპლექტი, მოცემული მიზნების ძიების ... მიმღები AN/ULR-19 და ეგმ AN/UYK-19; გათვლა ორი ადამიანი, სალაშქრო მდგომარეობიდან ხელშეშლის დასაყენებლად მისი მომზადების დროა 1,5-2 წთ.

გარკვეული ყურადღება ექცევა აშშ არმიის აღჭურვას ერთჯერადი გამოყენების ხელშეშლის გადამცემებით HEEXJEM, რომლებიც განკუთვნილია სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიერ მტრის ზურგში გადასროლისთვის. მისი მასაა 2,5 კგ, უწყვეტი მუშაობის დრო 2 სთ, გამოსხივების სიმძლავრე 10 ვტ. ხელშეშლის გადამცემს წინასწარ აყენებენ ორ სიხშირეზე (20-80 მჰც დიაპაზონში), მუშაობს ჩვეულებრივი გადამღობი ხელშეშლის რეჟიმში და ჩაირთვება რამდენიმე წუთიდან 30 სთ-მდე შეჩერებით. მათი ჩართვა შეიძლება დისტანციურადაც, სადენებით. ამ მოწყობილობებს, რომელთა აღმოჩენაც მცირე სიმძლავრის გამო გაძნელებულია, შეუძლიათ ისეთი მიზნების ჩახშობა, რომლებიც სავერტმფრენო და სხვა მიწისზედა სისტემებისთვის მიუღწეველია.

შემუშავების სტადიაშია ხელშეშლის დამყენებელი XM869, რომლის მიტანაც საჭირო რაიონში ხდება 155-მმ საარტილერიო ჭურვის დახმარებით. უკანასკნელის კორპუსში მოთავსებულია ხუთი ასეთი ხელშეშლის გადამცემი. გრუნტზე დაცემისას ისინი გამოუშვებენ ანტენებს და რადენიმე წუთში იწყებენ ხელშეშლის გამოსხივებას.

მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა პრაქტიკულად იგივე მიზნებს ისახავს, რასაც ხელშეშლის დაყენება, მაგრამ მასზე გაცილებით უფრო ეფექტურია. იგი ჩვეულებრივ ხორციელდება დეზინფორმაციის უფრო მსხვილი ოპერაციის ფარგლებში და გააჩნია სამი სახესხვაობა: დეზინფორმაცია მანიპულაციებით, დეზინფორმაცია იმიტაციითა და დეზინფორმაცია მოწინააღმდეგის რადიოქსელში ჩართვით. პირველი ორი ვარიანტი ხორციელდება საბრძოლო ნაწილებსა და ქვედანაყოფების რადიოელექტრონული საშუალებებით, მესამე კი რებ-ის ძალებითა და საშუალებებით.

აშშ არმიაში დივიზიის ქვემდგომი საჯარისო რგოლია ბრიგადა. ბრიგადას გააჩნია შტაბი და საშტაბო ასეული, ხოლო მუდმივი საშტატო სტრუქტურა კი არა აქვს. შექმნილი ვითარებისა და დასახული ამოცანების მიხედვით მას შესაძლოა მიეცეს 2-4 საბრძოლო ბატალიონი, 155-მმ ჰაუბიცების დივიზიონი, აგრეთვე საბრძოლო და უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფები.

ბრიგადის საბრძოლო ზემოქმედების ზონა მდებარეობს მხარეთა შეხების ხაზიდან 15-5 კმ სიღრმეში. ამ არეში მოწინააღმდეგის მიზნების დაზიანებისთვის, მეორე ეშელონის (რეზერვის) ქვედანაყოფების დაზიანებისა და შეჩერებისთვის გამოიყენება მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაცია, საარმიო ავიაციის ვერტმფრენები, მაგრამ ყველაზე მეტ გამოყენებას კი პოულობს საველე არტილერია, სახელდობრ დივიზიის საარტილერიო ბრიგადიდან მისთვის მიცემული 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონი, ან ამაზე დამატებით საარმიო კორპუსის საველე არტილერიის შემადგენლობიდან მიცემული 155- და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ქვედანაყოფები. ამ ზონაში მოწინააღმდეგის მეორე ეშელონის (რეზერვების) შეჩერების ხელსაყრელი დროა 12 სთ.

სატანკო (მოტოქვეითი) ბატალიონის საბრძოლო მოქმედებების ზონა მდებარეობს მხარეთა შეხების ხაზიდან 5 კმ-დე სიღრმეში მოწინააღმდეგის განლაგების მხარეს. ამ ზონაში მოწინააღმდეგის დაზიანების ძირითადი საშუალებებია ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები (ქსმ), თვითმავალი ნაღმსატყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, ხოლო ახლო ბრძოლაში კი – ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, ტყვიამფრქვევები, ავტომატური შაშხანები და სხვა.

აშშ სახმელეთო ჯარების სატანკო ბატალიონი მოიცავს შტაბსა და ხუთ ასეულს (საშტაბოსა და ოთხ სატანკოს). სატანკო ასეული (61 ადამიანი) შედგება მართვისა და სამი სატანკო ოცეულისგან. სატანკო ოცეულში არის 16 ადამიანი და ოთხი ტანკი. სულ ასეულში არის 14 ტანკი. ხოლო მთლიანად სატანკო ბატალიონში კი მოითვლება პირადი შემადგენლობის 560 ადამიანი, 58 ტანკი, ექვსი ბდმ M3 “ბრედლი”, ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2, რვა სამეთაურო საშტაბო მანქანა M577A1, 11 ჯტრ M113A1, დაახლოებით 90 ავტომობილი, 170-ზე მეტი რადიოსადგური და სხვა შეიარაღება.

ტანკები წარმოადგენენ სახმელეთო ჯარების ძირითად დამრტყმელ ძალას როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გამოყენებით წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. მძლავრი შეიარაღების, საიმედო დაცვისა და მაღალი ძვრადობის გამო ისინი განკუთვნილია ამოცანათა ფართო დიაპაზონის გადაწყვეტისთვის. ტანკებს შეუძლიათ ყველაზე უფრო სრულად იყენებდნენ ბირთვული და საცეცხლე დარტყმების შედეგებს და მოკლე დროში აღწევდნენ ბრძოლისა და ოპერაციის საბოლოო მიზანს. მათ შეუძლიათ აწარმოებდნენ აქტიურ შეტევით მოქმედებებს დღისითა და ღამით, სხვა ჯარებისგან მნიშვნელოვანი მოწყვეტით, სვლის დროს, მოკლე შეჩერებებით ან ადგილიდან ცეცხლით ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის ტანკებსა და სხვა მოჯავშნულ მიზნებს, ცოცხალ ძალას, ანგრევდნენ მის თავდაცვით ნაგებობებს, ებრძოდნენ დაბალ სიმაღლეზე მფრენ საჰაერო მიზნებს, სვლით გადალახავდნენ რადიოაქტიური დასნებოვნების ვრცელ ზონებსა და წყლის დაბრკოლებებს, საჭიროების შემთხვევაში კი სწრაფად ქმნიდნენ მტკიცე თავდაცვას და წინ აღუდგებოდნენ მოწინააღმდეგის აღმატებული ძალების შემოტევას.

თანამედროვე ტანკების პირდაპირი სროლის დიდი სიშორე, დამიზნების ხაზისა და შეიარაღების სტაბილიზატორების, აგრეთვე სხვადასხვანაირი მანძილმზომების გამოყენება, სროლის ამოსავალი მითითებების ბალისტიკური გამომთვლელებით ავტომატურად მომზადება მკვეთრად ამაღლებს ტანკიდან პირველივე გასროლით მიზნში მორტყმის ალბათობას.

სატანკო ზარბაზნების ყალიბურ (კალიბრულ) ჭურვებს შეუძლიათ 1000 მ-მდე დაშორებაზე თავიანთ ყალიბზე 1,2-1,3-ჯერ მეტი სისქის ჯავშნის გატანა, ქვეყალიბურ ჯავშანგამტან ჭურვებს – 2-3-ჯერ მეტის სისქისა (ქვეყალიბური ჭურვების მოჯავშნულ მიზნებში სროლა ეფექტურია უფრო შორ მანძილებზეც – 1500-დან 2000 მ-მდე). კუმულატიურ ჭურვებს სროლის სიშორის მიუხედავად გააქვთ თავის ყალიბზე 3,5-4-ჯერ მეტი სისქის ჯავშანი. ჯავშანგამტან-ფუგასური ჭურვები მეტად ეფექტურია როგორც მოჯავშნული, ისე მოუჯავშნავი მიზნების წინააღმდეგ მოქმედებისას.

აშშ არმიის ძირითადი საბრძოლო ტანკებია M60A3, M1 და M1A1 “აბრამსი”. M60A3 შეიარაღებაშია 1979 წლიდან. მისი საბრძოლო მასაა 51 ტ, ეკიპაჟი ოთხი ადამიანი (მეთაური, დამმიზნებელი, დამტენი და მძღოლ-მექანიკოსი). ტანკის სიმაღლეა 3,27 მ, სიგრძე 6,9 მ, სიგანე 3,6 მ, ძრავის სიმძლავრე 750 ცხ. ძ., მაქსიმალური სიჩქარე 48 კმ/სთ, სვლის მარაგი 480 კმ. ტანკის კორპუსი და კოშკი ჩამოსხმულია. მისი ძირითადი შეიარაღებაა დამიზნების ორ სიბრტყეში სტაბილიზებული 105-მმ კუთხვილლულიანი ზარბაზანი. მასთან შეწყვილებულია 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, ხოლო მეთაურის მბრუნავ კოშკურაზე კი დამონტაჟებულია 12,7-მმ ტყვიამფრქვევი მიწისზედა და დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან საბრძოლველად. ტანკის საბრძოლო კომპლექტია 63 გასროლა, 7,62 მმ ყალიბის 5950 და 12,7 მმ ყალიბის 900 ვაზნა. ზარბაზნის დამიზნებისა და კოშკის მობრუნების მექანიზმი ელექტროჰიდრავლიკურია. ცეცხლის მართვის სისტემაში შედის ლაზერული მანძლმზომი და ელექტრონულ-ბალისტიკური გამომთვლელი. ღამით ბრძოლის წარმოებისთვის დამმიზნებელს აქვს თბოვიზიური სამიზნე, ეკიპაჟის სხვა წევრები კი იყენებენ ღამური ხედვის შეუნათებელ ხელსაწყოებს.

M60A3 ტანკი აღჭურვილია ფილტროვენტილაციური დანადგარით, გამახურებლით, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის ავტომატური სისტემით, რადიოსადგურით, სატანკო სალაპარაკო მოწყობილობით. 2,4 მ სიღრმის წყლის დაბრკოლებებს ტანკი გადალახავს წინასწარი მომზადების შემდეგ, ხოლო 4 მ-მდე სიღრმისა – წყალქვეშა ტარების აღჭურვილობის გამოყენებით. კვამლის ფარდების დაყენებისთვის ტანკს გააჩნია თერმოსაკვამლე აპარატურა და კოშკის გვერდებზე დამონტაჟებული საკვამლე ყუმბარსატყორცნები.

ტანკი M1 “აბრამსი” აშშ არმიის შეიარაღებაშია 1980 წლიდან. თავისი საბრძოლო თვისებებით იგი არსებითად აღემატება M60A3 მოდელს, განსაკუთრებით დაცულობის მხრივ. ტანკის მასაა 54 ტ, ეკიპაჟი ოთხი ადამიანი, სიმაღლე 2,9 მ, სიგრძე 7,9 მ, სიგანე 3,6 მ, ძრავის სიმძლავრე 1500 ცხ. ძ., მაქსიმალური სიჩქარე 72 კმ/სთ, სვლის მარაგი 500 კმ. კორპუსი და კოშკი შედუღებულია. მათი წინა ნაწილი მოჯავშნულია ინგლისური “ჩობჰემის” მსგავსი მრავალფენოვანი ჯავშნით. კორპუსის გვერდები და სავალი ნაწილის ცალკეული უბნები დაფარულია სახსრულად დამაგრებული ჯავშნის ეკრანებით.

M1 “აბრამსი” ტანკისთვის დამახასიათებელია კორპუსისა და ზედა საშუბლე ფურცლის დახრის დიდი კუთხე (დახურული ლუკის დროს მძღოლ-მექანიკოსი ნახევრად მწოლარე მდგომარეობაშია). მისი შემუშავებისას დიდი ყურადღება დაეთმო საბრძოლო მასალებისა და საწვავისგან ეკიპაჟის იზოლირებას მოჯავშნული ტიხრების დაყენების გზით. ტანკს გააჩნია ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის ავტომატური სწრაფმოქმედი სისტემა, რომელშიც ცეცხლჩამქრობი შემადგენლობის სახით გამოიყენება გათხევადებული აირი ჰელონი.

ტანკი M1 “აბრამსი” შეიარაღებულია 105-მმ კუთხვილლულიანი ზარბაზნით M68E1, რომელიც წარმოადგენს M60 სერიის ტანკების ქვემეხის რამდენადმე გაუმჯობესებულ ვარიანტს. ზარბაზანი სტაბილიზებულია დამიზნების ორ სიბრტყეში. მისი ამძრავები ელექტროჰიდრავლიკურია. ცეცხლის მართვის სისტემაში შედის მყარი სხეულის ელემენტებზე შესრულებული ელექტრონულ-ბალისტიკური გამომთვლელი. ლაზერული მანძილმზომი ჩამონტაჟებულია დამმიზნებლის ძირითად კომბინირებულ (დღე-ღამურ) პერისკოპულ სამიზნეში, რომელიც დაკავშირებულია მეთაურის მისადგმელთან. გარდა ამისა, დამმიზნებელს გააჩნია დამხმარე ტელესკოპური სამიზნეც. ტანკის შეიარაღებაში შედის ორი 7,62-მმ ტყვიაფრქვევი და კოშკის ზედა ნაწილზე დამონტაჟებული ერთი 12,7-მმ ტყვიამფრქვევი მიწისზედა და დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან საბრძოლველად. საბრძოლო კომპლექტის საფუძველია ჯავშანგამტანი ქვეყალიბური ჭურვები, ამასთან 55 გასროლიდან 44 მოთავსებულია კოშკის უკანა ნაწილის იზოლირებულ განყოფილებაში. გარდა ამისა, საბრძოლო კომპლექტში შედის 7,62 მმ ყალიბის 11400 და 12,7 მმ ყალიბის 1000 ვაზნა. ტანკი აღჭურვილია მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის სისტემით, გამახურებლით, რადიოსადგურითა და საკვამლე ფარდების დასაყენებელი ექვსლულიანი ყუმბარსატყორცნებით.

1986 წლიდან აშშ სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში გამოჩნდა M1 ტანკის მოდერნიზებული ვარიანტი M1A1 “აბრამსი”, რომელიც საბაზო მოდელისგან განსხვავებით, შეიარაღებულია დასავლეთგერმანული ტანკის “ლეოპარდ-2” 120-მმ გლუვლულიანი ზარბაზნით. საბრძოლო კომპლექტი შემცირებულია 40 გასროლამდე. რამდენადმე გაძლიერებულია კოშკის ჯავშნიანი დაცვა. მომატებულია ტანკის მასა (57 ტ). დასნებოვნებულ ადგილებში მოქმედებებისას ეკიპაჟის წევრების დასაცავად ტანკები M1A1 “აბრამსი” აღჭურვილია საბრძოლო განყოფილებაში ჭარბი წნევის შექნის სისტემით. მომდევნო ნიმუშებში დაგეგმილია ცეცხლის მართვის სისტემის უფრო სრულყოფილი ელემენტების, მათ შორის ლაზერული მანძილმზომისა (ნახშირორჟანგზე) და მეთაურის ახალი სამიზნის დაყენება. სიბნელეში მოქმედებათა უზრუნველყოფისთვის გამოყენებული იქნება თბოვიზიური ხელსაწყოები.

მოტოქვეითი ბატალიონი ორგანიზაციულად შედგება შტაბისა და ექვსი ასეულისგან (საშტაბო, ოთხი მოტოქვეითი და ტანკსაწინააღმდეგო). მოტოქვეითი ასეული (116 ადამიანი) შედგება მართვისა და სამი ოცეულისგან. მოტოქვეით ოცეულში (35 ადამიანი) არის მართვა და სამი მოტოქვეითი ათეული, თითოეულში თითო ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 “ბრედლით”. სულ ასეულში არის 13 ქსმ M2 “ბრედლი”, ჯტრ M113A1, ტსმრ “დრაკონის” ცხრა გასაშვები დანადგარი, ცხრა 7,62-მმ ტყვიამფრქვევი M60, 18 5,56-მმ ტყვიამფრქვევი M249, 74 ავტომატური შაშხანა M16A2, 18 შაშხანის ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნი M203 და სხვა შეიარაღება.

ტანკსაწინააღმდეგო ასეული შედგება მართვისა და სამი ტანკსაწინააღმდეგო ოცეულისგან. ტანკსაწინააღმდეგო ოცეულში არის ოთხი ტანკსაწინააღმდეგო სექცია (თითოეულში ოთხი ადამიანი და თვითმავალი ტსრკ “თოუ” M901). სულ ასეულში არის 12 ტსრკ “თოუ” M901, ოთხი ჯტრ M113A1, 12 7,62-მმ ხელის ტყვიამფრქვევი M60 და სხვა შეიარაღება.

ქვეითთა საბრძოლო მანქანები წარმოადგენს ქვეითი (ფეხოსანთა) ათეულების საბრძოლო და სატრანსპორტო საშუალებას, რომელთა გამოჩენამაც სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში მნიშვნელოვნად აამაღლა ქვეითი ჯარის საცეცხლე შესაძლებლობები, ძვრადობა და მანევრულობა, აგრეთვე მოწინააღმდეგის სასროლი იარაღისგან, ჭურვებისა და ნაღმების ნამსხვრევებისგან დაცულობა. ქსმ-ები ახორციელებენ მჭიდრო უწყვეტ ურთიერთმოქმედებას სახმელეთო ჯარების სხვა საბრძოლო საშუალებებთან და, უწინარეს ყოვლისა, ტანკებთან, ნებისმიერი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებებში, შერეული სატანკო-ქვეითი ჯგუფების შემადგენლობაში. ტანკებთან ერთობლივად საბრძოლო რგებში მოქმედებისას ქსმ-ები ეხმარებიან მათ მოწინააღმდეგის ტაკების, მსუბუქად მოჯავშნული მანქანების, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების, ვერტმფრენებისა და ცოცხალი ძალის აღმოჩენასა და განადგურებაში, ქვეითი ჯარის ტანკებისგან მოწყვეტაში, დაბრკოლებების გადალახვასა და შემოვლაში. შეტევის დროს ქვეითი ჯარი ქსმ-ებზე თავისი იარაღის მანევრულობის, დაცვისა და ცეცხლის, აგრეთვე არტილერიის საცეცხლე მხარდაჭერის გამოყენებით მიდის წინა ხაზთან რაც შეიძლება ახლოს. ფეხოსანთა ჩამოქვეითება და ბრძოლის ქვეით მწყობრში გაგრძელება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა შემდგომი წინსვლა მანქანებზე უკვე შეუძლებელია, ან როცა ამას მოითხოვს შექნილი ვითარების პირობები. ქსმ-ების კონსტრუქციები უზრუნველყოფს დესანტის მოხერხებული და ფარული ჩამოქვეითებისა და ჩასხდომის შესაძლებლობებს. ქვეითად მოქმედ ფეხოსნებს ქსმ-ები აღმოუჩენენ საცეცხლე მხარდაჭერას.

აშშ არმიის შეიარაღებაში 1981 წლიდან მიღებულია ქსმ M2 “ბრედლი”. იგი დამონტაჟებულია სპეციალურად მისთვის შექმნილ მუხლუხიან შასიზე ძრავისა და ტრანსმისიის წინა ნაწილში განთავსებით. ქსმ-ის სიმაღლეა 2,9 მ, სიგრძე 6,4 მ, სიგანე 3,2 მ, წონა 22,6 ტ; ძრავის სიმძლავრეა 500 ცხ. ძ., მაქსიმალური სიჩქარე 66 კმ/სთ, სვლის მარაგი 480 კმ, წყლის ზედაპირზე ცურვის სიჩქარეა 7,2 კმ/სთ (მუხლუხების გადახვევის ხარჯზე). მანქანის კორპუსი და კოშკი დამზადებულია ალუმინის შენადნობების საფუძველზე შესრულებული ჯავშნისგან, ხოლო ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო ადგილები კი გაძლიერებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადის ფურცლებით. შუალედები ალუმინის კორპუსსა და ფოლადის ფურცლებს შორის ამოვსებულია ფოროვანი პოლიურეთანის მასით. ფსკერი გაძლიერებულია ფოლადის ფილით, ხოლო სავალი ნაწილი კი დაფარულია სახსრულად დამაგრებული გვერდითი ჯავშნის ეკრანებით. არსებული მონაცემებით ქსმ M2 “ბრედლის” შუბლის ჯავშანი არ იხვრიტება 25-მმ ჭურვებით, ხოლო გვერდები და კიჩო – მსხვილყალიბიანი ტყვიებით.

ორადგილიან მოჯავშნულ კოშკში, სადაც იმყოფებიან მეთაური და დამმიზნებელი, დაყენებულია დამიზნების ორ სიბრტყეში სტაბილიზებული 25-მმ ავტომატური ზარბაზანი M242, რაც იძლევა ქსმ-ის მოძრაობაში დამიზნებული სროლის წარმოების შესაძლებლობას. ზარბაზანთან შეწყვილებულია 7,62-მმ ტყვიამფრქვევი. კოშკის მარცხენა ნაწილზე დამონაჟებულია ტსმრ “თოუს” დაწყვილებული გასაშვები დანადგარი, რომლის გადატენაც ხდება კოშკის შიგნიდან სპეციალური ლუკის დახმარებით. საბრძოლო კომპლექტი შეადგენს 25 მმ ყალიბის 1500 ჭურვს, 7,62 მმ ყალიბის 4540 ვაზნასა და შვიდ ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტას “თოუ”. დამმიზნებელს აქვს კომბინირებული დღისა და ღამის თბოვიზიური სამიზნე, რომლის მისადგმელიც დაყენებულია მეთაურის წინ. სიბნელეში მანქანის ტარებისთვის მძღოლ-მექანიკოსი სარგებლობს ღამური ხედვის შეუნათებელი ინფრაწითელი ხელსაწყოთი. მანქანის სადესანტო ნაწილში მყოფი გათვლა ბრძოლას აწარმოებს კორპუსის გვერდებსა და კოჩოში 5,56 მმ ყალიბის ავტომატური შაშხანებისთვის M16A2 გაკეთებული ორ-ორი ამბრაზურიდან.

1986 წელს გამოჩნდა ქსმ-ის მოდერნიზებული ნიმუში M2A1 “ბრედლი”, რომელშიც გამოყენებულია ტსმრ-ის ახალი დაწყვილებული გასაშვები დანადგარი ყველა მოდიფიკაციის მართვადი რაკეტის, მათ შორის “თოუ-2”-ის სასროლად. ამ უკანასკნელს გააჩნია უფრო მაღალი ჯავშანგამტანობა. გაზრდილია 25-მმ ავტომატური ზარბაზნის ლულის სიგრძე და გაძლიერებულია მისი სახაზინო ნაწილი. გათვალისწინებულია კორპუსისა და კოშკის დამატებითი მოჯავშნა ახალი მასალებისა და, შესაძლოა, დინამიური დაცვის გამოყენებით, ჰერმეტიზაციისა და გასუფთავებული ჰაერის მიწოდების სისტემის შეცვლა ქიმიური და ბაქტერიოლოგიური საშუალებებისგან, აგრეთვე რადიოაქტიური მტვრისგან ეკიპაჟის დასაცავად. M2 “ბრედლის” საბაზო ვარიანტში ეკიპაჟი გაწმენდილ ჰაერს ღებულობს ფილტროვენტილაციური დანადგარიდან, ხოლო სადესანტო ნაწილში მყოფი გათვლა კი სარგებლობს დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით (აირწინაღებით).

შემდგომში ნავარაუდევია M2 “ბრედლის” სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება ძალური დანადგარის საწვავით კვების სისტემის გაუმჯობესებით, საბრძოლო მასალების ჯავშნიანი ტიხრებით იზოლირებითა და შინაგანი მოჯავშნის ჩატარებით, რისთვისაც გამოყენებული იქნება სპეციალური მასალა “კევლარი”.

ქსმ M2 “ბრედლის” ბაზაზე 80-იანი წლების დასაწყისშივე შეიქმნა საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა (ბდმ) M3 “ბრედლი”, რომელიც კონსტრუქციულად M2 მოდელის იდენტურია, მხოლოდ მისი დანიშნულებიდან ამომდინარე, რამდენადმე შეცვლილია სადესანტო განყოფილების აღჭურვილობა. მასში განთავსებულია ორი დამკვირვებელი, ათი ტსმრ “თოუ”, მოტოციკლი, მიწისზედა დაზვერვის რადიოლოკაციური სადგური AN/PPS-15 და სხვა სადაზვერვო მოწყობილობა. გარდა ამისა, ბდმ M3 “ბრედლის” არ გააჩნია ამბრაზურები კორპუსის გვერდებსა და კიჩოზე და ფსკერის დამატებითი მოჯავშნა.

სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების საბრძოლო ზემოქმედების ზონაში (5 კმ მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში) საბრძოლო ქვედანაყოფების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერას ახორციელებენ 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნები M106A1 და A2. ისინი ყველაზე უფრო ეფექტური საშუალებაა ახლო ბრძოლაში ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერისთვის. სხვა საარტილერიო სისტემებისგან განსხვავებით, მათ გააჩნიათ უფრო მარტივი მოწყობილობა, სროლის ციცაბო ტრაექტორია, შდარებით ნაკლები წონა, დიდი ფარდობითი წონის ფეთქებადი მუხტის მქონე ფუგასური ნაღმების გამოყენების შესაძლებლობა მტკიცე საველე ნაგებობების დასანგრევად, მსხვრევადი და მსხვრევად-ფუგასური ნაღმებით სროლისას კი დიდი ფართობების დაზიანების შესაძლებლობა. ნაღმსატყორცნების ძირითადი ნაკლია სროლის შეზღუდული სიშორე, დიდი გაბნევა და სხვა.

M106A1 თვითმავალი ნაღმსატყორცნები შექმნილია M113 ჯტრ-ის ბაზაზე. მისი წონაა 11,8 ტ, ნაღმის წონა 12,3 კგ, საწყისი სიჩქარე 293 მ/წმ, სროლის მაქსიმალური სიშორე 5,6 კმ, სწრაფსროლა 8-10 გასრ./წთ, საბრძოლო კომპლექტი 88 ნაღმი. თვითმავალი დანადგარის მაქსმალური სიჩქარეა 66 კმ/სთ, სვლის მარაგი 480 კმ.

1991 წლის მონაცემებით, აშშ არმიის შეიარაღებაში მიღებულია ისრაული წარმოების 120-მ ნაღმსატყორცნი, რომელმაც მიიღო აღნიშვნა M285. მისი სროლის მაქსიმალური სიშორეა 7,2 კმ, სწრაფსროლა 4 გასრ./წთ, გათვლა ხუთი ადამიანი. აშშ არმიის ხელმძღვანელობა აპირებს ამ ნაღმსატყორცნებით უკვე მოძველებული 106,7-მმ ნაღმსატყორცნების შეცვლას.

ტანკებისა და სხვა მოჯავშნული მიზნების დაზიანების საუკეთესო საშუალებაა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები (ტსრკ). მათი ძირითადი ღირსებაა სროლის დიდი სიშორე, მიზანში მორტყმის მაღალი ალბათობა, მნიშვნელოვანი ჯავშანგამტანობა, შედარებით მცირე ზომები და წონა.

აშშ არმიის შეიარაღებაშია რაკეტის სადენებით (მავთულებით) ნახევრად ავტომატური მართვის მქონე მსუბუქი (გადასატანი) და მძიმე ტსრკ-ები. პირველს მიეკუთვნება 1975 წლიდან შეიარაღებაში შემოსული გადასატანი კომპლექსი “დრაკონი”, რომლის წონაც თბოვიზიური სამიზნით AN/TAS-5 შეადგენს 7 კგ, ხოლო რაკეტასთან ერთად კი 14,5 კგ. რაკეტის სასტარტო წონაა 6,12 კგ, სიგრძე 744 მმ, სროლის მაქსიმალური სიშორე 1000 მ, ჯავშანგამტანობა 430 მმ, სატარებელი საბრძოლო კომპლექტი სამი რაკეტა, გათვლა ორი ადამიანი.

მძიმე ტსრკ-ებია “თოუ” და “ჰელფაირი”. კომპლექსი “თოუ” შედგება გასაშვები დანადგარისა და სადენებით მარვადი რაკეტებისგან; გასაშვებ დანადგარს გააჩნია რაკეტების მართვის აპარატურა. “თოუ-2” რაკეტის წონაა 17 კგ, სიგრძე 1285 მმ, სროლის სიშორე 65-დან 3750 მ-მდე, ჯავშანგამტანობა 500 მმ. მოდიფიცირებულ დანადგარზე დაყენებულია თბოვიზიური სამიზნე AN/TAS-4.

ტსრკ “თოუ” ყენდება ქსმ M2 და ბდმ M3 “ბრედლიზე”, გარდა ამისა, მოტოქვეითი ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო ასეულის შეიარაღებაშია M113 ჯტრ-ის ბაზაზე შექმნილი თვითმავალი ტსრკ M901, რომლის მოდიფიცირებულ კოშკურაში დამონტაჟებულია ასაწევი მოჯავშნული ბაქანი ტსმრ “თოუს” გასაშვები ორი მიმმართველით. მათ შორის მოთავსებულია ოპერატორის კომბინირებული სადღეღამისო სამიზნე მოწყობილობის შესავალი ოპტიკა და ტსმრ-ების თანხლების მოწყობილობის ინფრაწითელი მიმღები.

ოპერატორის სამიზნე მოწყობილობა მოიცავს ცვლადი გადიდების (2,5-დან 13 ჯერადად) დღის სამიზნესა და ღამური ხედვის თბოვიზიურ სამიზნეს AN/TAS-4. მოდიფიცირებულ კოშკურაზე არის კრონშტეინი 7,62-მმ ტყვიამფრქვევის დასაყენებლად. სატარებელი საბრძოლო კომპლექტია 12 მართვადი რაკეტა. M901 დანადგარის ალუმინის ჯავშანი M113-თან შედარებით გაძლიერებულია, რაც უზრუნველყოფს ეკიპაჟის წევრთა დაცვის ხარისხის ამაღლებას სასროლი იარაღის ცეცხლისა და საარტილერიო ჭურვების (ნაღმების) ნამსხვრევებისგან. დანადგარის მაქსიმალური სიჩქარე გზატკეცილზე შეადგენს 68 კმ/სთ, წყალში – 5,8 კმ/სთ. საჭიროების შემთხვევაში ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობის კომპლექტი ადვილად შეიძლება მოიხსნას თვითმავალი დანადარიდან და ცეცხლის წარმოებისთვის დაყენებულ იქნას საშტატო სამფეხა დაზგაზე.

ახლო ბრძოლაში ტანკებთან და სხვა მოჯავშნულ მიზნებთან ბრძოლის საშუალებაა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები. მათ გააჩნიათ მარტივი კონსტრუქცია – გასაშვები მილი, რეაქტიული ყუმბარა (კუმულატიური საბრძოლო ნაწილით) და სამიზნე მოწყობილობა. 70-იანი წლებიდან აშშ არმიის ქვედანაყოფების შეიარაღებაშია ერთჯერადი გამოყენების ხელის ყუმბარსატყორცნის M72 სხვადასხვანაირი მოდიფიკაციები, რომლებიც 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან იცვლებოდა შვედური წარმოების ერთჯერადი გამოყენების ხელის ყუმბარსატყორცნით AT-4. ამ უკანასკნელის ყალიბია 84 მმ, სროლის ეფექტური სიშორე 300 მ-მდე, ჯავშანგამტანობა 450 მმ-მდე.

ახლო ბრძოლის ყველაზე უფრო გავრცელებული საშუალებაა სასროლი იარაღი. თანამედროვე არმიებში იგი მთლიანად ავტომატიზებულია და გააჩნია უნიფიკაციის მაღალი ხარისხი (ერთი ვაზნა სხვადასხვა სახეობის იარაღისთვის), შედარებით მარტივი კონსტრუქცია, მარტივია და ხელმისაწვდომი ექსპლუატაციაში, საიმედო და უტყუარია საქმეში, მოსახერხებელია სიარულის დროს და ქსმ-დან (ჯტრ-დან) სროლისთვის, უნივერსალურია.

1982 წლიდან აშშ არმიის შეიარაღებაშია M16A2 ტიპის ავტომატური შაშხანა, რომელიც წარმოადგენს 1963 წელს მიღებული M16A1 შაშხანის გაუმჯობესებულ ვარიანტს. მისი ყალიბია 5,56 მმ. შაშხანის საშტატო ვაზნაა ნატო-ს ბლოკში 1980 წლიდან სტანდარტად მიღებული 5,56X45 მმ ტიპის ბელგიური ვაზნა SS-109, რომელმაც აშშ სახმელეთო ჯარებში მიიღო აღნიშვნა M885. მჭიდის ტევადობაა 30 ვაზნა, შაშხანის წონა მჭიდის გარეშე 3,6 კგ-ია, აღკაზმული მჭიდის წონა 0,45 კგ, საერთო სგრძეა 1000 მმ, ლულის სიგრძე 510 მმ; ტყვიის საწყისი სიჩქარეა 930 მ/წმ, სროლის მაქსიმალური ეფექტური სიშორე 800 მ, სროლის ტეპი 600-940 გასრ./წთ. ტყვია მდგრადია ფრენის დროს და ნელა კარგავს კინეტიკურ ენერგიას, 100 მ-ზე იგი ხვრეტს 3,5 მმ სისქის ნატო-ს სტანდარტულ ფოლადის ფილას, ხოლო დაახლოებით 1300 მ-ზე – ამერიკულ ფოლადის მუზარადს.

სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვა


საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მოქედებებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვას* (შენიშვნა: რუსეთის /საბჭოთა/ შეიარაღებულ ძალებში მიღებულია ტერმინი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა /противовоздушная оборона – ПВО/, ხოლო ამერიკული ტერმინოლოგიით – საჰაერო თავდაცვა /air defence – AD/). იგი ითვალისწინებს ჯარების დაცვას მოწინააღმდეგის ავიაციის, ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებისგან. საარმიო კორპუსის საჰაერო თავდაცვის ამოცანაა საჰაერო მოწინააღმდეგის მოქმედებათა ეფექტურობის ისეთ დონემდე შემცირება, რომელიც მისცემდა ჯარებს ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისა და მათზე დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულების შესაძლებლობას.

საარმიო კორპუსის მოწყობის ზოლში მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმების ძირითადი ობიექტებია პიველი ეშელონის დივიზიები, მეორე ეშელონი (რეზერვები), საველე არტილერიის დაჯგუფება, მართვის პუნქტები, კავშირგაბმულობის კვანძები, ზურგის მნიშვნელოვანი ობიექტები, კორპუსის განლაგების რაიონში არსებული ინფრასტრუქტურის ელემენტები (აეროდროები, ხიდები, გვირაბები, გასასვლელები, წყლის დაბრკოლებებზე გადასასვლელები, სარკინიგზო კვანძები და ა. შ.). ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებსაც პირველ რიგში იფარავენ საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საშუალებები, არის ჯარების მართვის პუნქტები, საარმიო ავიაცია, ოტრ “ლანსებისა” და ზცრს MLRS-ების გასაშვები დანადგარები. სულ საარმიო კორპუსის მოწყობის ზოლში შესაძლოა იყოს ბატალიონის (დივიზიონის) ტიპის დაახლოებით 130 და ასეულის (ბატარეის) ტიპის 450-მდე ობიექტი. მათი საჰაერო თავდაცვა ხორციელდება კორპუსის საშტატო და ზემდგომი ინსტანციებიდან მისთვის მიცემული საზენიტო საშაუალებებით და გამანადგურებელ ავიაციასთან ურთიერთმოქმედებით. იგი მოიცავს: საჰაერო მოწინააღმდეგის დაზვერვასა და მასზე ჯარების შეტყობინებას, დაზიანების აქტიური საშუალებების (საზენიტო სარაკეტო კომპლექსების, საზენიტო არტილერიისა და გამანადგურებელი ავიაციის) გამოყენებას, ჰთ-ის ძალების მართვას, მოწინააღმდეგის ავიაციის რადიოელექტრონულ საშუალებებთან ბრძოლას, აგრეთვე პასიურ ღონისძიებათა გატარებას (თავშესაფრების გამოყენება, შენიღბვა, მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა, ჯარების განაწილება, დამცავ ნაგებობათა მშენებლობა, რადიოსალოკაციო სადგურების მუშაობის ფარულობის უზრუნველყოფა და სხვა).

საარმიო კორპუსის ჰთ-ის საშტატო საშუალებებია მასში შემავალი დივიზიონებისა და ცალკეული ნაწილების საზენიტო არტილერია და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (ზრკ), აგრეთვე ჰთ-ის ბრიგადის საშუალებანი, თუ კი ასეთი შედის კორპუსში. გაძლიერება შესაძლოა განხორციელებულ იქნას საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) სახმელეთო ჯარების სარდლობის ჰთ-ის საშუალებებით, რომელთა რაოდენობაც განისაზღვრება დასმული ამოცანით, მოქმედებათა ხასიათითა და ადგილმდებარეობის პირობებით.

აშშ “მძიმე” დივიზიის საზენიტო დივიზიონი მოიცავს შტაბსა და ექვს ბატარეას: საშტაბოს, სამ შერეულს – თვითმავალი საზენიტო დანადგარების (თზდ) “ვულკანი” და გადასატანი ზრკ-ებისა “სტინგერი”, თითო-თითოს თვითმავალი ზრკ “ჩაპარელისა” და გზრკ “სტინგერის”.

თზდ “ვულკანებისა” და გზრკ “სტინგერების” შერეული საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო ბატარეა (148 ადამიანი) მოიცავს ოთხ სექცია, თზდ “ვულკანების” სამ ოცეულსა და გზრკ “სტინგერების” ოცეულს. თზდ “ვულკანების” ოცეულს გააჩნია მართვა და ოთხი გათვლა (თითოეულში თითო დანადგარი). გზრკ “სტინგერების” ოცეული შედგება მართვისა და სამი სექციისგან (თითოეულში ხუთი საცეცხლე გათვლა). სულ ბატარეის შეიარაღებაშია 12 თზდ “ვულკანი” და 15 გზრკ “სტინგერი”.

თვითმავალი ზრკ “ჩაპარელების” ბატარეა (160 ადამიანი) მოიცავს ოთხ სექციასა და ზრკ-ების ოთხ ოცეულს. ზრკ “ჩაპარელის” ოცეულების ორგანიზაცია სხვადასხვანაირია. თითოეული შედგება მართვისა და საცეცხლე გათვლებისგან (სამ ოცეულში ოთხ-ოთხი გათვლაა, ერთში ექვსი), რომელთაგან თითოეულში არის თითო თვითმავალი საზენიტო სარაკეტო დანადგარი. სულ ბატარეაში შედის 18 ზრკ “ჩაპარელი”.

გზრკ “სტინგერების” ბატარეა (83 ადამანი) შედგება მართვისა და ორი ოცეულისგან, რომელთაგან თითოეულში 15 საცეცხლე გათვლაა. სულ ბატარეაში არის 30 გზრკ “სტინგერი”. ამრიგად, “მძიმე” დივიზიის საზენიტო დივიზიონში მოითვლება პირდი შემადგენლობის 860 ადამიანი, 18 ზრკ “ჩაპარელი”, 36 თზდ “ვულკანი” და 75 გზრკ “სტინგერი”, აგრეთვე სხვა შეიარაღება.

მთავარ მიმართულებაზე მოქმედ კორპუსს შესაძლოა გაძლიერებისთვის მიეცეს საჰაერო თავდაცვის ბრიგადა ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქის” სამი-ოთხი დივიზიონისა და ზრკ “ჩაპარელი” – თზდ “ვულკანის” ერთი-ორი შერეული დივიზიონის შემადგენლობით.

საშუალო და დიდ სიმაღლეებზე მფრენი საჰაერო მიზნებისგან კორპუსის დასაფარავად შეიძლება მოქმედებდეს ომთ-ზე სახმელეთო ჯარების სარდლობის განკარგულებაში მყოფი ზრკ “პეტრიოტების” ერთი-ორი დივიზიონი.

ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქის” დივიზიონებს აქვთ ორი ტიპის ორგანიზაცია: სამბარატეანი და ოთხბატარეანი შემადგენლობისა. პირველი ტიპის დივიზიონში თითოეული ბატარეა შედგება ძირითადი და ორი მეწინავე ოცეულებისგან და შეუძლია ცეცხლი გაუხსნას ერთდროულად ცხრა მიზანს. მეორე ტიპის დივიზიონის თითოეულ ბატარეაში არის ორი ოცეული: ძირითადი და მეწინავე, და შეუძლია ცეცხლი გაუხსნას ერთდროულად რვა მიზანს.

ზრკ “პეტრიოტების” დივიზიონი შედგება მართვის, ექვსი ბატარეისა და მომსახურების ქვედანაყოფებისგან.

სულ კორპუსის მოწყობის ზოლში შესაძლოა მოითვლებოდეს 96 ზრკ “პეტრიოტი”, 70-120 ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქი”, 72-120 ზრკ “ჩაპარელი”, 72-120 თზდ “ვულკანი” და 400-450 გზრკ “სტინგერი”.

ზრკ “პეტრიოტი” აშშ არმიის შეიარაღებაშია 1982 წლიდან. მას შეუძლია რებ საშუალებების ფართო გამოყენების პირობებში ცეცხლი გაუხსნას ერთდროულად ცხრა მიზანს და დააზიანოს ზებგერითი სიჩქარის საჰაერო მიზნები 70 კმ-მდე სიშორესა და 24 კმ-მდე სიმაღლეზე.

ზრკ “პეტრიოტის” შემადგენლობაში შედის მრავალფუნქციური რლს, მართვის პუნქტი, საზენიტო მართვადი რაკეტები (ზმრ) სატრანსპორტო-გასაშვებ კონტეინერებში, რვა გასაშვებ დანადგარამდე, ელექტრომომარაგების წყარო, კავშირგაბმულობის საშუალებანი და დამხმარე საექსპლუატაციო მოწყობილობა.

მრავალფუნქციური რლს AN/MPQ-53 განკუთვნილია საჰაერო მიზნების აღმოჩენის, ამოცნობის, თანხლებისა და შენათებისთვის. მასვე ევალება ზმრ-ების თანხლება, მათი დამიზნების საბორტო აპარატურიდან ინფორმაციის მიღება და ზმრ-ების ბორტზე ბრძანებების გადაცემა. სადგურს შეუძლია საჰაერო მიზნების აღმოჩენა 150 კმ-მდე დაშორებაზე, 100-მდე მიზნის თანხლების განხორციელება და მათგან ცხრა მიზანზე ერთდროულად ცეცხლის გასახსნელად აუცილებელი მონაცემების გაცემა.

მართვის პუნქტი AN/MSQ-104 აწარმოებს მრავალფუნქციური რლს-დან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, გამოიმუშავებს ზმრ-ების დამიზნების ბრძანებებს, აგრეთვე რაკეტების სროლის დროს სადგურისა და გასაშვები დანადგარების მართვის აუცილებელ ბრძანებებსა და მონაცემებს.

საზენიტო მართვადი რაკეტა MIM-104 წარმოადგენს ნორმალური აეროდინამიური სქემით შესრულებულ ერთსაფეხურიან მყარსაწვავიან რაკეტას, რომლის სიგრძეა 5,2 მ, კორპუსის დიამეტრი 0,41 მ, აეროდინამიური ზედაპირების გაშლა 0,92 მ, მასა დაახლოებით 1000 კგ. რაკეტა აღჭურვილია ტრაექტორიის საბოლოო უბანზე დამიზნების ციფრული აპარატურის ბლოკითა და თვითდამიზნების ნახევრადაქტიური ქობინით, რომელსაც გააჩნია გიროსტაბილიზებული ანტენა და ინფორმაციის რეტრანსლაციის რეჟიმში მომუშავე მონოიმპულსური მიმღები.

რაკეტას აქვს მსხვრევადი საბრძოლო ნაწილი (მასა დაახლოებით 80 კგ), დამცავ-შემსრულებელი მექანიზმი და რადიოამფეთქებელი, აგრეთვე ტრაექტორიის საშუალო უბანზე დამიზნების ციფრული აპარატურის ბლოკი.

რაკეტის მამოძრავებელია მყარსაწვავიანი ერთრეჟიმიანი ძრავი TX-486, რომლის მუშაობის დროსაც წევის ძალა პრაქტიკულად მუდმივია. აქტიური უბნის ბოლოში რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე შეესაბამება M=6 (ე. ი. ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარეზე 6-ჯერ მეტი /მახის რიცხვი M უდრის ჩვეულებრივ პირობებში ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარეს/).

კუდის ნაწილში მოთავსებულია აეროდინამიური საჭეები და ჰიდრავლიკური ბლოკი. საჭეების ეფექტურობა, ზმრ-ის კარგ აეროდინამიურ მახასიათებლებთან ერთად, უზრუნველყოფს რაკეტის მაღალ მანევრულ შესაძლებლობებს.

რაკეტის დამიზნება ხდება კომბინირებულად. ფრენის ტრაექტორიის საშუალო უბანზე გამოიყენება რადიობრძანებითი დამიზნება, ხოლო საბოლოო უბანზე კი – ე. წ. “თანხლება რაკეტის გავლით” TVM (Track-via-missile).

რადიობრძანებითი დამიზნების დროს, რომელიც ზმრ-ის ტრაექტორიაზე გაყვანის ხანმოკლე ეტაპის შემდეგ იწყება, მრავალფუნქციური სადგურის ძირითადი ფაზირებული საანტენო მესრის სხივით მიზნისა და რაკეტის თანხლების მონაცემები მუშავდება მართვის პუნქტში და ბრძანებების სახით იმავე ანტენით გადაეცემა რაკეტის ბორტზე. დამიზნების მოცემული ხერხის გამოყენება უზრუნველყოფს რაკეტის ფრენას ოპტიმალური ტრაექტორიით.

TVM ხერხი წარმოადგენს ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური დამიზნების ნაირსახეობას, რომლის დროსაც თვითდამიზნების ქობინით მიღებული, მიზნიდან არეკლილი სიგნალები, რაკეტის ბორტზე კი არ მუშავდება, არამედ გადაეცემა კომპლექსის რლს-ს. მიზნისა და რაკეტის შესახებ სადგურის ძირითადი ფაზირებული საანტენო მესრიდან მიღებულ მონაცემებთან ერთად ისინი გამოიყენება მართვის პუნქტზე დამიზნების ბრძანებათა გამომუშავებისთვის, რომლებიც შემდეგ რაკეტის ბორტს გადაეცემა.

ზმრ-ები ჯარებს მიეწოდება ალუმინის შენადნობებისგან დამზადებულ ჰერმეტულ სატრანსპორტო-გასაშვებ კონტეინერებში. კონტეინერის მასა რაკეტით 1700 კგ-ია, კონტეინერში რაკეტა იმყოფება რელსისებურ მიმმართველებზე.

გასაშვები დანადგარი M901 ზმრ-ების ოთხი სატრანსპორტო-გასაშვები კონტეინერით დამონტაჟებულია M818 თვლიანი გამწევით ტრანსპორტირებულ M860 ნახევრადმისაბმელზე. გასაშვები დანადგარის მოწყობილობაში შედის საყრდენი ჩარჩო აწევისა და მობრუნების მექანიზმით, ელექტრონული ბლოკი, მონაცემთა გადაცემის რადიოხაზის ანტენა, ცვლადი დენის ავტონომიური გენერატორი. მთელი კომპლექსი მოთავსებულია თვლიან საავტომობილო გამწევებზე M818, M819, ავტომობილებზე M814 და M269A1, ნახევრადმისაბმელებზე, რაც უზრუნველყოფს კომპლექსის მობილურობას.

ზრკ “პეტრიოტების” დივიზიონები იშლება კომუნიკაციების ზონაში ან კორპუსის ზურგის რაიონში, საბრძოლო შეხების ხაზიდან 40-50 კმ დაშორებაზე. ისინი იფარავენ ჯარებს, ზურგის ობიექტებს, ავიაციის, ბალისტიკური რაკეტებისა და ფრთოსანი რაკეტებისგან საშუალო და დიდ სიმაღლეებზე. თითოეულ დივიზიონს შეუძლია ცეცხლის გახსნა ერთდროულად 48-54 საჰაერო მიზნისთვის.

ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქი” აშშ არმიის შეიარაღებაშია 1972 წლიდან. მას შეუძლია ზებგერითი საჰაერო მიზნების დაზანება 1,8-დან 40 კმ-მდე დაშორებაზე, 0,03-18 კმ სიმაღლეებზე, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში და ხელშეშლის გამოყენებისას.

მიზანჩვენების იმპულსური რლს AN/MPQ-50 განკუთვნილია საჰაერო მიზნების აღმოჩენისთვის დიდ და საშუალო სიმაღლეებზე, მათი აზიმუტისა და სიშორის განსაზღვრისთვის. სადგურის მოქმედების სიშორეა დაახლოებით 100 კმ-მდე.

მიზანჩვენების რლს AN/MPQ-48 განკუთვნილია მცირე სიმაღლეებზე მფრენი საჰაერო მიზნების აღმოჩენისთვის, მათი აზიმუტის, სიშორისა და რადიალური სიჩქარის განსაზღვრისთვის. სადგურის მუშაობის სიშორეა 60 კმ-მდე.

მიზნის შენათების რლს AN/MPQ-46 ანტენის ვიწრო სხივით აწარმოებს შერჩეული საჰაერო მიზნის თანხლებასა და დასხივებას, ხოლო ფართო სხივით კი საზენიტო მართვად რაკეტას გადასცემს საყრდენ სიგნალს.

ინფორმაციის დამუშავების პუნქტი განკუთვნილია მონაცემების ავტომატური დამუშავებისა და ბატარეის კავშირგაბმულობის უზრუნველყოფისთვის. მის შემადგენლობაშია მიზანჩვენების ორივე ტიპის რლს-ზე მიბმული ავტომატური დამუშავების ციფრული მოწყობილობა, “თავისი-უცხო” ამოცნობის სისტემის აპარატურა, შეუღლების მოწყობილობა და კავშირგაბმულობის საშუალებანი.

მეწინავე საცეცხლე ოცეულის მართვის პოსტი AN/MSW-11 გამოიყენება ოცეულის ცეცხლის მართვისა და სამეთაურო პუნქტის სახით. პოსტს გააჩნია ინფორმაციის დამუშავების პუნქტის ანალოგიური მოწყობილობა და ამასთან დამატებით აქვს წრიული ხედვის ინდიკატორული მართვის პულტი ასახვის სხვა საშუალებებითა და მართვის ორგანოებით. მიზანჩვენების რლს AN/MPQ-48-დან მიღებული და წრიული ხედვის ინდიკატორზე ასახული მონაცემების საფუძველზე ხდება საჰაერო ვითარების შეფასება და ინიშნება გასანადგურებელი მიზანი. მასზე მიზანჩვენების მონაცემები და აუცილებელი ბრძანებები გადაეცემა მეწინავე ოცეულის შენათების რლს AN/MPQ-46-ს.

ზმრ MIM-23B წარმოადგენს “უკუდო” აეროდინამიური ფორმით შესრულებულ ერთსაფეხურიან ჯვარფრთიან რაკეტას, რომლის სასტარტო მასაა 625 კგ, სიგრძე 5,08 მ, კორპუსის მაქსიმალური დიამეტრია 0,37 მ, გააჩნია აეროდინამიური თვითდამიზნების ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური ქობინი, დამიზნების საბორტო აპარატურა და კვების წყაროები, ზმრ-ის დამიზნება ხდება პროპორციული მიახლოების მეთოდით.

რაკეტის საბრძოლო აღჭურვილობა შეიცავს მსხვრევად-ფუგასურ საბრძოლო ნაწილს (54 კგ მასით), დისტანციურ ამფეთქებელსა და დამცავ-შემსრულებელ მექანიზმს.

ზმრ-ზე დაყენებულია მყარსაწვავიანი ერთსაფეხურიანი ძრავა წევის ორი რეჟიმით. ფრენის მაქსიმალური სიჩქარეა 900 მ/წმ.

კუდის ნაწილში არის აეროდინამიური მმართველი ზედაპირების ჰიდრავლკური ამძრავები და მართვის საბორტო სისტემის ელექტრონული აპარატურა.

გასაშვები დანადგარი M192 წარმოადგენს მოძრავ საფუძველზე დამონტაჟებული ხისტად შეერთებული ღია მიმმართველების კონსტრუქციას. ამაღლების კუთხე იცვლება ჰიდრავლიკური ამძრავების დახმარებით. დანადგარის მოძრავ საფუძვლის მობრუნება ხდება მისაბმელზე მოთავსებული ამძრავებით.

ზმრ “გაუმჯობესებული ჰოქის” დივიზიონები განლაგდება უპირატესად დივიზიისა და კოროპუსის ზურგის რაიონებში, სადაც მონაწილეობენ ზონალური საჰაერო თავდაცვის ზოგად სისტემაში ან უშუალოდ იფარავენ კორპუსის რეზერვებს, მეორე ეშელონის ნაწილებს, მართვის პუნქტებს, ტაქტიკური რაკეტების პოზიციებს, საწყობებსა და სხვა ობიექტებს. ეს დივიზიონები ჩვეულებრივ განლაგდება ორ რიგად: წინა ხაზიდან 15-20 კმ დაშორებით და შემდეგ 20-40 კმ დაშორებით. ინტერვალები და დისტანციები ბატარეებს შორის აღწევს 20-30 კმ. ასეთნაირად განლაგებული “გაუმჯობესებული ჰოქის” დივიზიონები ქნიან საჰაერო მოწინააღმდეგის დაზიანების მთლიან (უწყვეტ) ზონას 150 კმ-მდე სიღრმეში.

დაბალ და ზღვრულად დაბალ სიმაღლეებზე მფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლის საშტატო საშუალებებია ზრკ “ჩაპარელი”, თზდ “ვულკანი” და გადასატანი ზრკ (გზრკ) “სტინგერი”. უკანასკნელი მონაცემებით ზრკ “ჩაპარელს” ცვლიან ახალი ზრკ “ავენჯერით”.

ზრკ “ჩაპარელი” წარმოადგენს ჯტრ M113A1-ის მუხლუხიან შასიზე დამონტაჟებულ გასაშვებ დანადგარს ოთხი მიმმართველით, ოპტიკური სამიზნითა და ცეცხლის მართვის ხელსაწყოებით. კორპუსზე დაყენებული წინა ხედვის ინფრაწითელი სადგური იძლევა ღამით დაბლამფრენი საჰაერო მიზნების აღმოჩენისა და დამიზნების განხორციელების შესაძლებლობას. სატარებელი საბრძოლო კომპლექტია 12 რაკეტა, რომელთაგან ოთხი მოთავსებულია მიმმართველებზე და რვაც საბრძოლო განყოფილებაში. გასაშვები დანადგარის გადატენვა ხდება ხელით (რაკეტის წონა 84 კგ-ია). ზმრ-ის თვითდამიზნების პასიური ინფრაწითელი სისტემა უზრუნველყოფს სროლის წარმოებას ოთხ რაკეტამდე წუთში. კომპლექსის ხელშეშლისგან დაცულობის ამაღლებისა და შემხვედრ კურსებზე მფრენ მიზნებზე სროლის შესაძლებლობის გაზრდის მიზნით შეიარაღებაში შემოვიდა გაუჯობესებული ზმრ ტალღების ორ დიაპაზონში მომუშავე თვითდამიზნების ქობინით.

ზრკ “ჩაპარელს” შეუძლია 800-დან 4000 მ-მდე სიშორეზე 15-2500 მ-მდე სიმაღლეზე 500 კმ/სთ სიჩქარით მფრენი საჰაერო მიზნების დამოუკიდებლად აღმოჩენა და 0,4-0,7 ალბათობით დაზიანება ადგილიდან ან მოძრაობაში (მოკლე შეჩერებებით). სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანის დროა 5 წთ, პირიქით – 3 წთ.

ზრკ “ავენჯერი” წარმოადგენს მაღალი გამავლობის ავტომობილ M988 “ჰამერზე” დამონტაჟებულ გიროსტაბილიზებულ საფუძველზე დადგმულ გასაშვებ დანადგარს ორ სატრანსპორტო-გასაშვებ კონტეინერში მოთავსებული ოთხ-ოთხი რაკეტა “სტინგერით”. გიროსტაბილიზებული საფუძველი იძლევა მოძრაობაში სროლის წარმოების შესაძლებლობას. კაბინაში მოთავსებულია საჰაერო მიზნების აღმოჩენისა და თანხლების ოპტიკური და თბოვიზიური მოწყობილობები, ლაზერული მანძილმზომები, ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანა, ამოცნობის აპარატურა “თავისი-უცხო” AN/VKC-47 (მომავალში დაგეგმილია მისი შეცვლა AN/VKC-91-ით).

კომპლექს “ავენჯერში” გამოყენებულია ზმრ “სტინგერის” უკანასკნელი მოდიფიკაცია FIM-92B ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში მომუშავე თვითდამიზნების ქობინით. ზმრ-ის სასტარტო მასაა 9,5კგ, სიგრძე 1,57 მ, დიამეტრი 70 მმ. რაკეტის ფრენის მაქსიმალური სიჩქარეა 700 მ/წმ. ზრკ “ავენჯერს” შეუძლია საჰაერო მიზნების დაზიანება 0,5-დან 5,5 კმ დაშორებაზე და 30-დან 3800 მ-მდე სიმაღლეზე. გარდა ამისა, კომპლექსი შეიარაღებულია 12,7 მმ ყალიბის ტყვიამფრქვევით.

თზდ “ვულკანი” M163 წარმოადგენს M113A1 ჯტრ-ის ბაზაზე შექმნილ საზენიტო დანაგარს, რომელიც აღჭურვილია მბრუნავ კოშკში ჩაყენებული 20-მმ ექვსლულიანი ავტომატური ზარბაზნით, საჰაერო მიზნების თანხლების რლს-ით, მთვლელ-გადამწყვეტი მოწყობილობითა და ოპტიკური სამიზნით. მას შეუძლია 2000 მ-მდე დაშორებაზე და 1500 მ-მდე სიმაღლეზე 300 კმ/სთ-მდე სიჩქარით მფრენი საჰაერო მიზნების დამოუკიდებლად აღმოჩენა და მათთვის ცეცხლის გახსნა. ზარბაზნის სწრაფსროლაა 3000 გასრ./წთ, სატარებელი საბრძოლო კომპლექტი 6000 გასროლა. ზოგიერთ შემთხვევაში თზდ “ვულკანი” შესაძლოა გამოყენებულ იქნას მსუბუქად მოჯავშნულ მიწისზედა მიზნებზე ცეცხლის გასახსნელადაც.

კორპუსისთვის გასაძლიერებლად მიცემული ზრკ “ჩაპარელი” – თზდ “ვულკანის” შერეული დივიზიონები განკუთვნილია, როგორც წესი, კორპუსის საბრძოლო მოქმედებათა მართვის ცენტრის, ტაქტიკური რაკეტების სასტარტო პოზიციებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკორპუსო ობიექტების დასაფარავად. მათი საბრძოლო რიგები ეწყობა ისეთნაირად, რომ უზრუნველყოფილ იქნას არანაკლებ ორი კომპლექსის ცეცხლის თავმოყრა ნებისმიერი მიმართულებით მფრენ ერთ საჰაერო მიზანზე. ზრკ “ჩაპარელი” იკავებს პოზიციებს დასაფარავი ობიექტიდან 4-6 კმ დაშორებაზე, თზდ “ვულკანი” 0,5-1,5 კმ დაშორებაზე.

“ჩაპარელ-ვულკანის” საშტატო საზენიტო დივიზიონები მოქმედებენ უშუალოდ ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო რიგებში. ამასთან პირველ მწკრივებში იშლება თზდ “ვულკანები” საბრძოლო შეხების ხაზიდან 1,5 კმ-მდე დაშორებაზე, შემდეგ კი ზრკ “ჩაპარელები” 5 კმ-მდე დაშორებაზე. მეორე მწკრივი იშლება მხარეთა შეხების ხაზიდან 10 კმ დაშორებაზე.

გადასატანი ზრკ “სტინგერი” გამოიყენება მოწინააღმდეგის დაბლამფრენ თვითმფრინავებთან, უპილოტო საფრენ აპარატებთან და ვერტმფრენებთან საბრძოლველად. საცეცხლე გათვლას (მეთაური და მსროლელი) გააჩნია კავშირგაბმულობის საშუალებები, საჰაერო მიზნების “თავისი-უცხო” ამოცნობის სისტემა და შეუძლია სროლის წარმოება ერთდროულად ორ ერთეულ ან ერთ ჯგუფურ მიზანზე, როგორც დამწევ, ისე შემხვედრ კურსებზე, ადგილიდან ან მოძრაობაში (მცირე შეჩერებებით). ამასთან შესაძლებელია 500-დან 5000 მ-მდე სიშორეზე (დამწევ კურსებზე) და 30-დან 3500 მ-მდე სიმაღლეზე 400 კმ/სთ სიჩქარით მფრენი საჰაერო მიზნების 0,4-0,6 ალბათობით დაზიანება. საბრძოლო კომპლექტი მოიცავს 10 ზმრ-ს სატრანსპორტო-გასაშვებ კონტეინერებში, რომლებიც გადაიტანება “ჯიპის” ტიპის ავტომობილებით, კომპლექსის ხელშეშლისგან დაცულობის ასამაღლებლად შემუშავებულია ახალი ზმრ FIM-92B ტალღების ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში მომუშავე თვითდამიზნების ქობინით.

გზრკ “სტინგერების” საბრძოლო გათვლები მოქმედებენ დასაფარავი ბატალიონების საბრძოლო რიგებში. შეტევითი ბრძოლების დროს ისინი გადაადგილდებიან მეწინავე ასეულების კვალდაკვალ საცეცხლე გათვლებს შორის 2-3 კმ ინტერვალებით.

ასეთია “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის შესაბამისად ამერიკული სახმელეთო ჯარების შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების ორგანიზაცია და ძირითადი შეიარაღება. 90-იანი წლების დასაწყისში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და სსრკ-ის დაშლამ, ცენტრალური ევროპის საომარ მოქმედებათა თეატრზე პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების მკვეთრად შენელებამ და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის 600-700 კმ სიგანის ბუფერული ზონის წარმოქმნამ მოითხოვა აშშ სახმელეთო ჯარების გამოყენების ახალი ოპერატიულ-სტრატეგიული კონცეფცია აქცენტის გადატანით მაღალმობილურ “სწრაფი რეაგირების ძალებზე”. ახალმა კონცეფციამ მიიღო “საჰაერო-სახმელეთო ოპერაციების” სახელწოდება (Airland Operations), რომელიც განსაზღვრავს ამერიკული შეიარაღებული ძალების მშენებლობას უახლოესი ათწლეულის განმავლობაში. ახალი კონცეფცია მოითხოვს ქვეყნის სახმელეთო ჯარების აღჭურვას უფრო სრულყოფილი შეიარაღებით და მისი შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების დახვეწას ახალ ისტორიულ ვითარებაში ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მოთხოვნით.

ირაკლი ხართიშვილი


გამოქვეყნებულ იქნა სამხედრო-ისტორიულ ჟურნალ “მხედარის” 1994 წლის #1-4-ში

(წერილი მომზადებულ იქნა ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს მასალების მიხედვით, აგრეთვე გენერელ-ლეიტენანტ რეზნიჩენკოს რედაქტორობით გამოცემული ტაქტიკის სახელმძღვანელოს გამოყენებით.)

1 comment:

  1. კარგი სტატიები, გსმენიათ ბატონი ბენჯამინის შესახებ, ელ.ფოსტა: Lfdsloans@outlook.com --WhatsApp საკონტაქტო: + 1-9893943740-- ვინც მუშაობს დაფინანსების მომსახურებასთან, მათ მაძლევან 95,000.00 აშშ დოლარის სესხი ჩემი ბიზნესის წამოწყების მიზნით და მე ყოველწლიურად ვხდი მათ უკვე ორი წელია, რაც მე კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი, თუმცა მე მათთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ისინი ნამდვილი სესხის გამსესხებელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის სესხი მოგცეს.

    ReplyDelete