Friday, March 30, 2012

სტრატეგიული და ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ბალანსი

(წერილი გამოქვეყნებულ იქნა 1994 წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის ბიულეტენის სახით /სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის ბიულეტენი, # 15/, ხოლო ტექნიკურად ეს განხორციელდა “ტექინფორმის” მიერ, რომელიც იმ ხანებში მჭიდროდ თანამშრომლობდა აღნიშნულ სამსახურთან. ეს გახლდათ ჩემს მიერ მეხუთე მომზადებული ნაშრომი პარლამენტისთვის. ამჯერად იგი გადმოტანილია მცირეოდენი სარედაქციო შესწორებებით. ამასთანავე, ვინაიდან აკრეფილი ტექსტის კორექტურაში იმხანად მე არ ვმონაწილეობდი, ამიტომ ხდებოდა გარკვეული შეცდომების დაშვებაც, რომლებიც ახლა გადმოსული იქნება ამ წერილშიც, რისთვისაც მკითხელს მინდა ბოდიში მოვუხადო.)

80-იანი წლების შუახანებში დასავლეთის ხელმძღვანელების მიერ წამოყენებული წინადადებები შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში მიზნად ისახავდა ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებაზე პირდაპირი მუქარის შემცირებას, რაც დაკავშირებული იყო ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის შეიარაღებული ძალების (შძ) მნიშვნელოვან რაოდენობრივ უპირატესობასა და შეტევით ორიენტაციასთან, განსაკუთრებით ცენტრალური ევროპის საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ). კერძოდ, 1988 წლის მონაცემებით, ნატო-ს ჰყავდა 23700 საბრძოლო ტანკი, რომელთაგან 6200 ეკუთვნოდა აშშ-ს; ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს ჰყავდათ 56000 ტანკი, რომელთაგან 41000 იყო საბჭოთა. მთლიანობაში მიწისზედა საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ძირითადი შეიარაღების ყველა სახეობის მიხედვით სსრკ და მისი მოკავშირეები ორჯერ და მეტად აღემატებოდნენ ნატო-ს წევრ ქვეყნებს.

გარდა ამისა, გდრ-ში, ჩსსრ-ში, უნგრეთსა და პოლონეთში დისლოცირებული იყო 30-ზე მეტი საბჭოთა დივიზია. მრავალი წლის განმავლობაში სსრკ და მისი მოკავშირეები უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ ზურგის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. მეწინავე რაიონებში მათ განთავსებული ჰქონდათ ჯარების მომარაგების საგნების, მათ შორის საბრძოლო და საწვავ-საცხები მასალების დიდი რაოდენობა.

80-90-იანი წლების მიჯნაზე მომხდარმა მოვლენებმა – ვარშავის ხელშეკრულების გაქრობამ, სსრკ-ის დაშლამ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა (რუსული) ჯარების გამოყვანამ (ეს პროცესი დღესაც გრძელდება) – მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთობებში. ამის შედეგად 1990 წლის 19 ნოემბერს ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ, რომელიც ზღუდავდა ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე ტერიტორიაზე განლაგებული შეიარაღების რაოდენობას.

ყველა ამ მოვლენამ გამოიწვია ევროპაში სამხედრო ძლიერების მკვეთრი და ძირეული შეცვლა, აგრეთვე რეგიონში გეოსტრატეგიული ვითარების შეცვლაც. რუსეთმა, რომელიც კვლავინდებურად რჩება ევროპაში უმსხვილეს სამხედრო სახელმწიფოდ, დაკარგა ისეთი უპირატესობანი, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა, მეწინავე რაიონებში შძ-ის ყოფნა, ბუფერული ზონის არარსებობა და მოულოდნელი თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობა.

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს სსრკ-ის სტრატეგიული ბირთვული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება შეადგენდა 280 ათას ადამიანს (საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების 116 ათასის ჩათვლით).

მიწისზედა ბაზირების სტრატეგიული ძალები, რომელიც იწოდება “სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებად” მოითვლიდა ხუთ სარაკეტო არმიაში შეყვანილ 164 ათას ადამიანსა და 1388 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას (სკბრ /МБР, ICBM/). სარაკეტო არმიები შედგება დივიზიების, პოლკების, ბატალიონებისა და ბატარეებისგან. მათ შეიარაღებაში ამ დროისთვის იყო შემდეგი სკბრ-ები:

SS-11* “სეგო” (Sego), 300 ერთეული განლაგებული ექვს პოზიციაზე; ისინი იცვლება რაკეტებით SS-25 (შენიშვნა: * აღნიშვნა SS მიღებულია დასავლეთში /აშშ-სა და ნატო-ში/ და გამოხატავს რაკეტის კლასს “Surface-to-Surface” /“ზედაპირი-ზედაპირი”/. შემდეგ მითითებული რიცხვი კი აღნიშნავს იმ თანამიმდევრობას, თუ რომელი ტიპის საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები რა თანამიმდევრობით გახდა ცნობილი დასავლეთისთვის);

SS-13 “სევაჯი” (Savage, საბჭოთა აღნიშვნა РС-12**), 40 ერთეული განლაგებული ერთ პოზიციაზე (შენიშვნა: ** საბჭოთა აღნიშვნა РС უნდა ნიშნავდეს «ракета стратегическая»);

SS-17 “სფენქერი” (Spenker, საბჭოთა აღნიშვნა РС-16), 50 ერთეული განლაგებული ერთ პოზიციაზე;

SS-18 “სატანა” (Satan, საბჭოთა აღნიშვნა РС-20), 308 ერთეული განლაგებული ექვს პოზიციაზე;

SS-19 “სტილეტი” (Stiletto, საბჭოთა აღნიშვნა РС-18), 300 ერთეული განლაგებული ოთხ პოზიციაზე;

SS-24 “სკალპელი” (Scalpel), დაახლოებით 90 ერთეული, ამათგან 54 საშახტე და 36 მობილური, რომლებიც მანევრირებენ რკინიგზაზე;

SS-25 “სიქლი” (Sickle, საბჭოთა აღნიშვნა РС-12М), დაახლოებით 300 ერთეული, რომლებიც მანევრირებენ გზატკეცილებზე და თითოეულს გააჩნია თითო ქობინი.

სტრატეგიული ავიაცია მოითვლიდა ხუთ საჰაერო არმიაში შეყვანილ 100 ათას ადამიანს. შეიარაღებაში მას გააჩნდა 587 თვითმფრინავი, რომელთაგან 177 იყო მძიმე ბომბდამშენი. მათ მიეკუთვნებოდა 162 Ту-95 (AS-4*** ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი B და G მოფიკიკაციების 60 თვითმფრინავი, და AS-15 ფრთოსანი რაკეტევით აღჭურვილი H მოდიფიკაციის 75 თვითმფრინავი) და 15 Ту-160-ს, რომელთაც შეუძლიათ ფრთოსანი რაკეტების წაღება. გარდა ამისა, სტრატეგიული ავიაციის შემადგენლობაში მოითვლებოდა 410 საშუალო რადიუსის ბომბდამშენი, მათ რიცხვში 120 Ту-16 (რაკეტებით AS-6), 100 Ту-26 (Ту-22М, რაკეტებით AS-4) და სხვა (შენიშვნა: *** აღნიშვნა AS მიღებულია დასავლეთში და მიუთითებს რაკეტის კლასზე “Air-to-Surface” /“ჰაერი-ზედაპირი”/).

საზღვაო ძალების სტრატეგიული შენაერთების რიცხოვნება შეადგენდა 16 ათას ადამიანს. შეიარაღებაში მას გააჩნდა 60 სტრატეგიული წყალქვეშა ნავი (საბჭოთა ტერმნოლოგიით, ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი) საერთო ჯამში 912 ბალისტიკური რაკეტით. მათ მიეკუთვნება:

“ტაიფუნის” ტიპის 6 წნარბ-ი**** 20-20 რაკეტით SS-N-20***** (სულ 120 რაკეტა);

“დელტა-4” ტიპის 7 წნარბ-ი 16-16 რაკეტით SS-N-33 (სულ 112 რაკეტა);

“დელტა-3” ტიპის 14 წნარბ-ი 16-16 რაკეტით SS-N-18 (სულ 224 რაკეტა);

“დელტა-2” ტიპის 4 წნარბ-ი 16-16 რაკეტით SS-N-8 (სულ 64 რაკეტა);

“დელტა-1” ტიპის 18 წნარბ-ი 12-12 რაკეტით SS-N-8 (სულ 216 რაკეტა);

“იანკი-1” ტიპის 11 წნარბ-ი 16-16 რაკეტით SS-N-6 (სულ 176 რაკეტა).

(შენიშვნა: **** წნარბ-ი შემოკლებით აღნიშნავს ატომურ წყალქვეშა ნავს ბალისტიკური რაკეტებით. თავად აბრევიატურაში ასოთა წყობა გადმოღებულია შესაბამისი რუსული აღნიშვნიდან ПЛАРБ; ***** საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების აღნიშვნაში დასავლელი სპეციალისტების მიერ N-ის შემოტანა ნიშნავს საზღვაო ძალებს Navy).

სტრატეგიული შეიარაღების 75% თავმოყრილი იყო საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე, რომელმაც ოფიციალურად აიღო თავის თავზე სსრკ-ის ბირთვული შეიარაღების მემკვიდრე სახელმწიფოს სტატუსი.

ყოფილ სსრკ-ს სტრატეგიულთან ერთად გააჩნდა სხვადასხვა ტიპის ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებათა მნიშვნელოვანი რაოდენობაც. მათ მიეკუთვნება დაახლოებით 3000 მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტა “სკადი” (SCAD) და ბირთვული ჭურვები 6700 საარტილერიო სისტემისთვის, რომლებსაც შეუძლიათ სროლა ბირთვული საბრძოლო მასალებით. იგი ამასთანავე მოიცავს ბირთვულ საავიაციო ბომბებს, სიღრმულ ბირთვულ ბომბებსა და ტორპედოებს. ტაქტიკური ბირთვული იარაღი იმყოფება შძ-ის სხვადასხვა სახეობათა შეიარაღებაში. დასავლეთის მონაცემებით სსრკ-ს ჰქონდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის 4700 ერთეული მატარებელი. 1989 წლამდე ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოტანილ იქნა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ტერიტორიიდან, 1989 წელს გაიტანეს რუსეთში პოტენციური კონფლიქტების რაიონებიდან, როგორიცაა ბალტიის სახელმწიფოები, მოლდოვა და კავკასია, 1992 წლის პირველ ნახევარში – ყაზახეთიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან.

ზემოთ აღნიშნულმა მოვლენებმა და აშშ-ში შემუშავებული მაღალი სიზუსტის ჩვეულებრივი აღჭურვილობის იარაღის გამოჩენამ გავლენა იქონია არა მხოლოდ სტრატეგიული ბირთვული ძალების თანაფარდობაზე, არამედ მთლიანობაში ბირთვული იარაღის მომავალზეც.

1991 წლის 27 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა თავის მზადყოფნაზე სუბსტრატეგიული (ქვესტრატეგიული) ბირთვული იარაღის ლიკვიდაციისთვის ცალმხრივი ზომების მისაღებად. 5 ოქტომბერს ანალოგიური წინადადებით გამოვიდა სსრკ-ის პრეზიდენტიც.

ორივე მხარემ დაადასტურა რომ აპირებს ყველა ბირთვული საარტილერიო საბრძოლო მასალისა და ბირთვული ქობინებით აღჭურვილი “ზედაპირი-ზედაპირი” კლასის ტაქტიკური რაკეტების შეიარაღებიდან მოხსნასა და განადგურებას. გასანადგურებლად განკუთვნილი ბირთვული მუხტების რაოდენობა აჭარბებდა 7000 ერთეულს, რომელთაგან 2150 იყო ამერიკული, ხოლო 5000-ზე მეტი საბჭოთა.

ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა განაცხადეს, რომ შეუძლიათ შეიარაღებიდან მოხსნან საზღვაო ბაზირების ყველა ბირთვული იარაღი (წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების გარდა), ბირთვული ბომბების ჩათვლით, რომლებსაც გადაიტანენ როგორც საავიამზიდო ავიაციის, ისე მიწისზედა ბაზირების საზღვაო ავიაციის თვითმფრინავები. მაღალი სიზუსტის იარაღის ეპოქაში, რომელსაც გააჩნია ჩვეულებრივი აღჭურვილობის რაკეტების (როგორიცაა “ეკზოსეტი”) უზარმაზრი დამაზიანებელი ძალა, მოწინააღმდეგის ხომალდების გასანადგურებლად ბირთვული იარაღის გამოყენება სავსებით ზედმეტია, თუმცა შესაძლოა ისეთი ხომალდი, როგორიცაა აშშ-ის ავიამზიდი, გარანტირებულად განადგურებულ იქნას მხოლოდ ბირთვული იარაღის გამოყენებით.

აშშ-ისა და სსრკ-ის ცალმხრივი გადაწყვეტილებების რეალიზაციამ, საზღვაო ბაზირების ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, მოითხოვა 6000 საბრძოლო მუხტის შეიარაღებიდან მოხსნა და კონსერვაციაზე გადაცემა (ამათგან 3400 იყო საბჭოთა და 2500 ამერიკული). ამასთან არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს . . . . . . . . . . . . . . . . გასანადგურებლად.

სსრკ-მა მიიღო შეიარაღებაში დარჩენილი ყველა ბირთვული ნაღმის ლიკვიდაციის, აგრეთვე საზენიტო რაკეტების ბირთვული ქობინების შეიარაღებიდან მოხსნისა და ნაწილობრივ განადგურების გადაწყვეტილება. რაც შეეხება აშშ-ს, მან უკვე 1987 წელს მოახდინა თავისი ბირთვული ნაღმების ლიკვიდაცია, ხოლო საზენიტო რაკეტებიდან “ნაიქ ჰერკულესი” 1989 წელს მოხსნა ბირთვული ქობინები. სსრკ-ს სავარაუდოდ ჰქონდა საზენიტო რაკეტების 2700 ბირთვული საბრძოლო ნაწილი, ხოლო ბირთვული ნაღმების საერთო რაოდენობა კი უცნობია. სსრკ-მა შესთავაზა აგრეთვე მოეხსნათ ბირთვული იარაღი ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებიდან და გადაეცათ იგი სასაწყობო შენახვაზე.

1991 წლის 31 ივლისს დადებულ იქნა ორმხრივი ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ START-I (Strategic Arms Reduction Talks; რუსული აღნიშვნით СНВ-1 – Сокращение стратегических наступательных вооружений), რომელიც ითვალისწინებს 7 წლის განმავლობაში ბირთვული საბრძოლო მუხტების რაოდენობის შემცირებას 8500 ერთეულამდე აშშ-თვის და 6500-მდე სსრკ/СНГ-თვის.

START-I შეთანხმება წარმოადგენს კომპრომისულ ვარიანტს და მის მონაწილეებს (აშშ – სსრკ) ავალდებულებს შეიარაღებიდან მოხსნან იარაღის გარკვეული სისტემები. სსრკ/СНГ-ის ქვეყნებში შემცირებას ექვემდებარება 2500 მატარებელი, ე. ი. დაახლოებით 36%, აშშ-ში კი 18%.

აღნიშნული შეთანხმების დადების შემდეგ ორივე მხარემ მოხსნა საბრძოლო მორიგეობიდან თავიანთი სტრატეგიული ბომბდამშენები, აგრეთვე ის სკბრ-ები, რომლებიც ამ შეთანხმებით ექვემდებარება ლიკვიდაციას. აშშ-ში ეს გადაწყვეტილება შეეხო 450 სკბრ “მინითმენ-2”-ს, სსრკ-ში 503 სკბრ-ს, მათ შორის 154 ძიმე სკბრ-ს SS-18. პრეზიდენტმა გორბაჩოვმა განაცხადა აგრეთვე, რომ ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი სამი ატომური წყალქვეშა ნავი მოხსნილია შეიარაღებიდან (ალბათ ლაპარაკია “იანკი-1” და “იანკი-2” ტიპის წყალქვეშა ნავებზე). მათ უნდა მიჰყვეს ამავე ტიპის კიდევ სამი წნარბ-იც. აშშ-მა საბრძოლო პატრულირებიდან მოხსნა 10 წნარბ-ი, რომელთაგან თითოეული შეიარაღებული იყო 16 რაკეტა “პოსეიდონით”. პრეზიდენტმა ბუშმა განკარგულება გასცა შეეწყვიტათ მუშაობა სკბრ MX “ფისქიფერის” სარკინიგზო ვარიანტის შემუშავებაზე, აგრეთვე მცირე სკბრ “მიჯითმენის” მობილური კომპონენტების შემუშავებაზეც და უარყო ახლო ქმედების ახალი დამრტყმელი რაკეტის SRAM-2-ის შექმნის პროგრამა. სამაგიეროდ პრეზიდენტმა გორბაჩოვმა შეწყვიტა ახალი მცირე მობილური სკბრ-ისა და სარკინიგზო ბაზირების გასაშვებ დანადგარზე ახალი სკბრ-ის შემუშავება. გადაწყდა აგრეთვე, რომ შეიარაღებაში არსებული სარკინიგზო ბაზირების სკბრ-ები SS-24 აღარ დატოვებენ თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილებს.

1991 წლის 17 ოქტომბერს ნატო-ს ბირთვული დაგეგმვის ჯგუფმა მოიწონა აშშ-ის წინადადება ბირთვული იარაღის შედგომ შემცირებაზე და შეთანხმდა საჰაერო ბაზირების ბირთვული იარაღის (თავისუფლად ვარდნილი საავიაციო ბომბების) დაახლოებით 50%-ის ევროპიდან გატანაზე. შეფასებითი მონაცემებით ევროპაში იყო 1400-მდე ტაქტიკური ბირთვული ბომბი.

1991 წლის სექტემბერში დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ თავისი ხომალდებიდან და მიწისზედა ბაზირების საზღვაო ავიაციის თვითმფრინავებიდან მოხსნიდა ყველა ბირთვულ იარაღს. ფაქტიურად ამ შემთხვევაში ლაპარაკი იყო მხოლოდ სიღრმულ საავიაციო ბომბებზე. დიდ ბრიტანეთს განსაზღვრული ჰქონდა აგრეთვე გერმანიაში ბაზირებული თავისი საავიაციო ნაწილებიდან ამოეღო თავისუფლად ვარდნილი ბირთვული ბომბების გარკვეული რაოდენობა.

პრეზიდენტი ბუში გამოვიდა ინიციატივით მოლაპარაკებათა ჩატარებაზე განცალკევებადი სათავო ნაწილების მქონე ყველა სკბრ-ის ლიკვიდაციისთვის. პრეზიდენტმა გორბაჩოვმა შესთავაზა სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირება კიდევ 50%-ით იმ დონესთან შედარებით, რომელიც მიიღწეოდა START-I ხელშეკრულების შესრულების შემდეგ. სსრკ-მა განაცხადა, რომ მომავალ წელს აღარ აწარმოებდა ბირთვული იარაღის გამოცდებს; შემდგომში ეს ვალდებულება აიღო რუსეთმა. 1992 წლის აპრილში საფრანგეთმა გადაწყვიტა აღარ ეწარმოებინა წლის ბოლომდე ბირთვული გამოცდები.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ხალხმა 1991 წლის 8 დეკემბერს რეფერენდუმის გზით დამოუკიდებლობის სურვილი გამოთქვა, რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსმა განაცხადეს თანამეგობრობის შექმნის შესახებ. 1991 წლის 18 დეკემბერს გორბაჩოვმა აღიარა სსრკ-ის დაშლა, ხოლო 21 დეკემბერს სსრკ-ის ყოფილი რესპუბლკები შეთანხმდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (СНГ) შექმნის შესახებ. СНГ-ის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლი გადავიდა თანამეგობრობის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ხელში, რომლის ადგილზეც დაინიშნა მარშალი შაპოშნიკოვი. გადაწყვეტილებას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ამიერიდან ღებულობდა რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ ბელორუსის, უკრაინისა და ყაზახეთის პრეზიდენტების თანხმობით და СНГ-ის სხვა ქვეყნების მეთაურებთან კონსულტაციების შემდეგ. ყველა რესპუბლიკა დათანხმდა, რომ მათ ტერიტორიებზე განთავსებული ბირთვული იარაღი გატანილი იქნებოდა რუსეთში ცენტრალური დასაწყობებისა და ერთობლივი კონტროლის ქვეშ შემდგომი განადგურების მიზნით.

1992 წლის 28 იანვარს თავის მიმართვაში “ქვეყნის მდგომარეობის შესახებ” პრეზიდენტმა ჯ. ბუშმა გამოაქვეყნა მთელი რიგი ცალმხრივი ზომებისა სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე, რომლებიც აშშ-ის ადმინისტრაციას უნდა გაეტარებინა, თუკი რუსეთი დათანხმდებოდა მრავალმუხტიანი სათავო ნაწილების მქონე სკბრ-ების სრულ ლიკვიდაციაზე.

მეორე დღეს პრეზიდენტმა ბ. ელცინმა გამოქვეყნა თავისი წინადადებები, რომლებსაც კეთილგანწყობით შეხვდნენ ვაშინგტონში, თუმცა კი მათში არ ყოფილა პასუხი აშშ-ის წინადადებებზე, ვინაიდან არ შეუთავაზებიათ სკბრ-ების მრავალმუხტიანი სათავო ნაწილების ლიკვიდაცია.

პრეზიდენტ ბუშის წინადადებები დაიყვანებოდა შემდეგზე: თუკი მეორე მხარე დათანხმდებოდა მრავალმუხტიანი სათავო ნაწილების მქონე მიწისზედა ბაზირების სკბრ-ების სრულ ლკვიდაციაზე, აშშ თავის მხრივ მოახდენდა 50 სკბრ MX “ფისქიფერისა” 450 სკბრ “მინითმენ-2”-ის ლიკვიდაციას და დატოვებდა მხოლოდ თითო საბრძოლო მუხტს 500 რაკეტა “მინითმენ-3”-ზე (სულ 500 ბირთვული საბრძოლო მუხტი); აგრეთვე დაახლოებით ერთი მესამედით შეამცირებდა საბრძოლო მუხტების რაოდენობას საზღვაო ბაზირების ბალისტიკურ რაკეტებზე. სტრატეგიული ბომბდამშენების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაკეთებულ იქნებოდა მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის მისატანად. პრეზიდენტმა ბუშმა ასევე ჩამოაყალიბა აშშ-ის ვალდებულება იმაზე, რომ შეესყიდა მხოლოდ 20 ბომბდამშენი B-2 (“სთელთ” ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული), უარეყო მცირე სკბრ “მიჯითმენის” შემუშავების პროგრამა და შეეწყვიტა სკბრ MX “ფისქიფერის”, აგრეთვე 300-450 კტ სიმძლავრის ბირთვული ქობინების W-88 წარმოება (100 კტ ქობინების W-76-ის შესაცვლელად), ასევე შეემცირებინა პერსპექტიული ფრთოსანი რაკეტების ACM-ის გამოშვება დაგეგმილი 1000 ერთეულიდან 640-მდე, შეეწყვიტა მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვესა ნავების “სივულფის” წარმოება (დაგეგმილი რვა ნავიდან აგებულ იქნა ერთი) და უარი ეთქვა ახალი დამრტყმელი ვერტმფრენების “კომანჩის” აგებაზე.

პრეზიდენტმა ელცინმა თავის 1992 წლის 29 იანვრის განცხადებაში ჩართო ადრე გორბაჩოვის მიერ წამოყენებული დებულებები. უწინარეს ყოვლისა მან განაცხადა თავის მზადყოფნაზე წარედგინა START-I ხელშეკრულება რუსეთის პარლამენტში რატიფიკაციაზე. მანვე განაცხადა, რომ საბრძოლო მორიგეობიდან მოხსნილია სკბრ-ებისა და საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების 600-ზე მეტი ერთეული, რომ სკბრ-ების 130 საშახტე დანადგარი უკვე განადგურებულია ან იმყოფება განადგურების სტადიაში, რომ საზღვაო ფლოტის შემადგენლობიდან გამოყვანილია ექვსი წნარბ-ი. ელცინმა განაცხადა Ту-95 და Ту-160 სტრატეგიული ბომბდამშენების, სროლის დიდი სიშორის მქონე საჰაერო და საზღვაო ბაზირების ახალი ფრთოსანი რაკეტების წარმოების შეწყვეტასა და საზღვაო ბაზირების ახალი ფრთოსანი რაკეტის შემუშავების შეწყვეტაზეც. მან შესთავაზა ორივე მხარეს უარი ეთქვა დიდი სიშორის საჰაერო ბაზირების ახალი ფრთოსანი რაკეტის შექმნაზე და გაენადგურებინა საზღვაო ბაზირების დიდი სიშორის ყველა ფრთოსანი რაკეტაც. მანვე განაცხადა, რომ საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი წნარბ-ების რაოდენობა შემცირებულია ორჯერ და კვლავაც შემცირდება, რომ რუსეთი გეგმავს START-I ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემცირებების დასრულებას სამი წლის შემდეგ და არა შვიდი წლისა, როგორც ეს შეთანხმებითაა განსაზღვრული. მანვე შესთავაზა აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გლობალური სისტემის ერთობლივად შემუშავება და გაშლა.

ტაქტიკურ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ელცინმა განაცხადა “ზედაპირი-ზედაპირი” კლასის რაკეტების ბირთვული ქობინების, ბირთვული საარტილერიო საბრძოლო მასალებისა და ბირთვული ნაღმების წარმოების შეწყვეტაზე და დაადასტურა, რომ მათი მთელი მარაგი განადგურდება. ლიკვიდაციას დაექვემდებარება საზღვაო ბაზირების ტაქტიკური ბირთვული იარაღის ერთი მესამედი, ბირთვული ქობინების მქონე საზენიტო რაკეტების ნახევარი და საჰაერო ბაზირების იარაღის ბირთვული სისტემების ნახევარი. და ბოლოს ელცინმა შესთავაზა დაეწყოთ მოლაპარაკება აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემდგომ შემცირებაზე თითოეული მხარისთვის 2000-2500 ერთეულამდე და იმედი გამოთქვა, რომ განიარაღების პროცესში ჩაერთვებოდნენ სხვა ბირთვული სახელმწიფოებიც.

1992 წლის 16 ივნისს პრეზიდენტები ჯ. ბუში და ბ. ელცინი შეხვდნენ ვაშინგტონში და ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებათა შემცირების საქმეში ურთიერთგაგების თაობაზე (შეთანხმება START-II/СНВ-2). ეს პროცესი უნდა წარიმართოს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, რომელიც ნავარაუდევია დასრულებულ იქნას 7 წლის განმავლობაში START-I ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, სტრატეგიული ბირთვული მუხტების რაოდენობა თითოეულ მხარეს უნდა შეუმცირდეს 3800-4500 ერთეულამდე, მათ შორის ინდივიდუალური დამიზნების განცალკევებადი ბირთვული მუხტების მქონე სკბრ-ების ბირთვული მუხტებისა 1200 ერთეულამდე, მძიმე სკბრ-ების SS-18 ბირვული მუხტების რაოდენობა 650 ერთეულამდე და წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების (წნბრ) ბირთვული მუხტებისა 2160 ერთეულამდე. მეორე ეტაპზე, რომელიც დასრულებულ უნდა იქნას 2003 წელს, თითოეული მხარის ბირთვული მუხტების საერთო რაოდენობა დაყვანილ იქნება, როგორც ვარაუდობენ, 3000-3500 ერთეულამდე. ყველა სკბრ განცალკევებადი სათავო ნაწილებით დაექვემდებარება ლიკვიდაციას და თითოეულ მხარეს უნდა დარჩეს არა უმეტეს 1750 საბრძოლო მუხტისა წნბრ-ებზე. გადაწყდა მნიშვნელოვნად შეეცვალათ სტრატეგიულ ბომბდემშენებზე START-I ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბრძოლო მუხტების დათვლის წესი. სახელდობრ, მათ უნდა ჩათვლოდათ ბირთვული მუხტების ის რაოდენობა, რომელთა მიტანისთვის ისინი ფაქტიურად არიან აღჭურვილი.

ქვემოთ 1-ლ ცხრილში მოყვანილია ცხრილი ბირთვული საბრძოლო მუხტების რაოდენობის მითითებით, რომლებიც უნდა დარჩეს ორივე მხარის შეიარაღებაში START-I და START-II ხელშეკრულებების თანახმად.

ცხრილი 1
აშშ-ისა და სსრკ/რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ბირთვული ქობინების რაოდენობა

ბირთვული მუხტების მატარებლები . . . . აშშ . . . . სსრკ/რუსეთი

1991 წლის შუახანებისთვის არსებული პოტენციალი (ერთეული)

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაკეტები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2450 . . . . . . . 6248 . . .
წყალქვეშა ნავების ბალისტიკური . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაკეტები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5760 . . . . . . . 2696 . . . .
მძიმე ბომბდამშენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3840 . . . . . . . 1272 . . . .
ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12050 . . . . . . 10216 . . . . .

ზღვრული დონეები START-I ხელშეკრულების თანახმად (ერთეული)

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაკეტები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1442 . . . . . . . . 3223 . . .
წყალქვეშა ნავების ბალისტიკური . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაკეტები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3456 . . . . . . . . 1672 . . . .
მძიმე ბომბდამშენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3578 . . . . . . . . 1272 . . . .
ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8476 . . . . . . . . 6167 . . . .

ზღვრული დონეები START-II ხელშეკრულების თანახმად (ერთეული)

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაკეტები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 500 . . . . . . . . . 500 . . .
წყალქვეშა ნავების ბალისტიკური . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაკეტები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1728 . . . . . . . . .1744 . . . .
მძიმე ბომბდამშენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1272 . . . . . . . . . 800 . . . .
ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3500 . . . . . . . . 3044 . . . . .

ამერიკული სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობა ვარაუდობს თავის საბრძოლო მუხტების განაწილებას შემდეგნაირად: 500 სკბრ “მინითმენ-3”-ზე თითო საბრძოლო მუხტი (სულ 500 ერთეული); “თრაიდენთ” C-4 რვა და “თრაიდენთ” D-5 ათ წნარბ-ზე 1728 ერთეული; ხოლო B-2, B-1B და B-52H სტრატეგიულ ბომბდამშენებზე დარჩენილი ბირთვული მუხტების 1272 ერთეული.

სავარაუდოა, რომ რუსეთის მხარე განათავსებს თავის 500 საბრძოლო მუხტს 500 მობილურ სკბრ-ზე SS-25, საზვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების 1744 მუხტს “ტაიფუნისა” და “დელტას” ტიპის წნარბ-ებზე, ხოლო 800 საბრძოლო მუხტს კი Ту-95 და Ту-160 ბომბდამშენების ბორტებზე. რა თქმა უნდა, რუსეთს შეუძლია შეცვალოს თავისი სტრატეგიული ბირთვული ძალების სტრუქტურა და უპირატესობა მიანიჭოს SS-25 რაკეტებს, განთავსებს რა მათ სალიკვიდაციოდ განკუთვნილი სკბრ-ების გამოთავისუფლებულ შახტებში, მაგრამ ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ხოლო ზემოთ შემოთავაზებული ბირთვული მუხტების განაწილება კი ყველაზე უფრო მისაღებია “ღირებულება-ეფექტურობის” კრიტერიუმების თვალსაზრისით.

ბირთვული განიარაღების პარალელურად 90-იანი წლების დასაწყისშივე დაიწყო ევროპის კონტნენტზე (ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე) ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შემცირების პროცესიც. სახელდობრ, 1990 წლს 19 ნოებერს ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ევროპაში (ჩშძე) КСЕ-1, რომელიც შეეხო ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხუთ ძირითად სახეობას: საბრძოლო ტანკებს, მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებს, საველე საარტილერიო სისტემებს, საბრძოლო თვითმფრინავებსა და საბრძოლო ვერტმფრენებს. სახელდობრ, ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის საბრძოლო ტანკების რაოდენობა განისაზღვრა 19112 ერთეულით, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა 29822 ერთეულით, საველე არტილერიის ქვემეხების და ნაღმსატყორცნებისა 18286 ერთეულით, საბრძოლო თვითმფრინავებისა 6662 ერთეულით და საბრძოლო ვერტმფრენებისა 2000 ერთეულით. (გვიანდელი შენიშვნა: ამ ხელშეკრულების სახელწოდება ინგლისურად არის Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE; აღნიშვნა КСЕ შეიძლება გავშიფროთ როგორც Договор по Конвенционным Вооружённым Силам в Европе; დღესდღეობით უფრო მეტად გავრცელებულია სხვა სახელწოდება: Договор по Обычным Вооружённым Силам в Европе – ДОВСЕ).

ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებისთვის საბრძოლო ტანკების რაოდენობა შემოსაზღვრულ იქნა 20000 ერთეულით, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა 30000 ერთეულით, საველე საარტილერიო სისტემებისა 20000 ერთეულით, საბრძოლო თვითმფრინავებისა 6800 ერთეულით, ხოლო საბრძოლო ვერტმფრენების კი 2000 ერთეულით. აღნიშნული რაოდენობიდან სსრკ-ის შეიარაღებაში უნდა დარჩენილიყო შესაბამისად 13150 საბრძოლო ტანკი, 20000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 13175 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 5150 საბრძოლო თვითმფრინავი და 1500 საბრძოლო ვერტმფრენი.

КСЕ-1 შეთანხმების დადების შემდეგ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, ორი გერმანული სახელმწიფო გაერთიანდა, ბალტიის ქვეყნებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა, ხოლო სსრკ დაიშალა 12 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამ ქვეყნებში დაიწყო შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესი. უკრაინამ თავდაპირველად განაცხადა, რომ შექმნიდა 420000-იანი პირადი შემადგენლობის შძ-ს, თუმცა 1992 წელს მან შეამცირა დაგეგმილი რიცხვი 250-300 ათასამდე. ბელორუსის მთავრობა ვარაუდობდა 50-80 ათასიანი შძ-ის შექნას; მოლდოვამ 1992 წლის მაისში გამოაცხადა სამხედრო სამახურში გაწვევა 14 ათასიანი არმიის ჩამოყალიბებისთვის. აზერბაიჯანმა 1992 წლის ივნისში განაცხადა თავისი განზრახვა, რომ ყოფილი საბჭოთა მე-4 საველე არმიის ბაზაზე შეექმნა საკუთარი შეიარაღებული ძალები. თითქმის იმავე დროს ყირგიზეთის მთავრობამ თვითონ დაიქვემდებარა მის ტერიტორიაზე დისლოცირებული ყველა სამხედრო ნაწილი. საქართველოში, რომელიც СНГ-ში არ შედიოდა, ჯერ კიდევ 1992 წლის დასაწყისში დაიწყო ეროვნული შძ-ის ჩამოყალიბება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 1992 წლის 8 მაისს გასცა განკარგულება საკუთარი შძ-ის შექმნაზე 1,5-2,2 მლნ. ადამიანის რიცხოვნებით. დაიწყო სხვა ქვეყნების ტერიტორიიდან რუსეთში ჯარების გამოყვანა.

აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გამოყვანის დასაწყისისთვის (1989-1990 წლები) უკრაინის ტერიტორიაზე დისლოცირებული იყო 36 სატანკო და მოტომსროლელი დივიზია, ერთი საჰაერო-სადესატო დივიზია, ორი აერომობილური და ხუთი საარტლერიო დივიზია. ეს ნიშნავს, რომ ყოფილი სსრკ-ის ევროპული ნაწილის ტერიტორიაზე დისლოცირებული 134,5 სატანკო და მოტომსროლელი დივიზიიდან (ვოლგისპირეთის, ურალისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ჩათვლით) 27,5% განლაგებული გახლდათ უკრაინის ტერიტორიაზე.

ბელორუსში იმყოფებოდა 13 დივიზია, მათ შორის თითო-თითო საარტილერიო და აერომობილური. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში – 12-13 დივიზია. ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში განლაგებული 31-32 დივიზიის, აგრეთვე უკრანასა და მოლდოვაში დისლოცირებული 42 დივიზიის ჩათვლით, დაახლოებით 111-113 მსხვილი სამხედრო შენაერთი განლაგებული იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ეს წარმოადგენდა ყოფილი სსრკ-ის ევროპულ ნაწილში განლაგებული შენაერთების 73%-ს. ამრიგად, მსხვილი სამხედრო შენაერთები დისლოცირებული იყო ყოფილი სსრკ-ის ჩრდილო-დასავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებებზე.

ვარშვის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და სსრკ-ის დაშლას შეეძლო მნიშვნელოვანი დარტყმა მიეყენებინა КСЕ-1 შეთანხმებისთვის, ვინაიდან ეს უკანასკნელი მუშავდებოდა ჯერ კიდევ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კონფრონტაციის დროს და მას საფუძვლად ედო პარიტეტის პრინციპი ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის.

ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებიდან რაიმე სერიოზული გართულება არ ყოფილა. მათ უბრალოდ დარჩათ КСЕ-1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეიარაღებათა კვოტები. რაც შეეხება ყოფილ სსრკ-ს, აქ საქმე უფრო რთულად იყო, ვინაიდან ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოთა საზღვრები ხშირად არ ემთხვეოდა სამხედრო ოლქების საზღვრებს.

ამიტომ КСЕ-1 შეთანხმების დებულებები უკანასკნელ ხანებში განიხილებოდა სამ მნიშვნელოვან ფორუმზე. ჯერ ერთი, ყოფილი სსრკ-ის 12 სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა 1992 წლის 15 მაისს ხელი მოაწერეს ერთობლივ განაცხადებას, რომლითაც მათ, როგორც სსრკ-ის მემკვიდრე სახელმწიფოებმა ვალდებულება იკისრეს შეესრულებინათ შეთანხმების დებულებანი და გამოაქვეყნეს მონაცემები КСЕ-1 ხელშეკრულებით შეზღუდული ჩვეულებრივი შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის კვოტების განაწილებაზე მათ შორის. ეს მონაცემები მოყვანილია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2
ყოფილი სსრკ-ის ევროპულ ტერიტორიაზე წარმოქნილ ახალ სახელმწიფოთა ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები

საბრძოლო ტანკები: რუსეთის ფედერაცია – 6400, უკრაინა – 4080, ბელორუსი – 1800, მოლდოვა – 210, აზერბაიჯანი – 220, საქართველო – 220, სომხეთი – 220, ს უ ლ – 13150;
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები: რუსეთის ფედერაცია – 11480, უკრაინა – 5050, ბელორუსი – 2600, მოლდოვა – 210, აზერბაიჯანი – 220, საქართველო – 220, სომხეთი – 220, ს უ ლ – 20000;
საველე საარტილერიო სისტემები: რუსეთის ფედერაცია – 6415, უკრაინა – 4040, ბელორუსი – 1615, მოლდოვა – 250, აზერბაიჯანი – 285, საქართველო – 285, სომხეთი – 285, ს უ ლ – 13175;
საბრძოლო თვითმფრინავები: რუსეთის ფედერაცია – 3450, უკრაინა – 1090, ბელორუსი – 260, მოლდოვა – 50, აზერბაიჯანი – 100, საქართველო – 100, სომხეთი – 100, ს უ ლ – 5150;
საბრძოლო ვერტმფრენები: რუსეთის ფედერაცია – 890, უკრაინა – 330, ბელორუსი – 80, მოლდოვა – 50, აზერბაიჯანი – 50, საქართველო – 50, სომხეთი – 50, ს უ ლ – 1500.

მეორე მოლაპარაკებებზე ვენაში მიღწეულ იქნა შეთანხმება ჩვეულებრივი შძ-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნების შეზღუდვაზე, რაც დამტკიცებულ იქნა დასკვნით აქტზე ხელის მოწერით ჰელსინკში 1992 წლის 10 ივლისს (КСЕ-1а დამატება). ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, რუმინეთმა, ჩეხოსლვაკიამ, ყოფილი სსრკ-ის შვიდმა რესპიბლიკამ (აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ბელორუსმა, საქართველომ, მოლდოვამ, უკრაინამ და რუსეთმა), რომელთა შეიარაღებული ძალებიც განლაგებულია КСЕ-1 ხელშეკრულების მოქმედების რაიონში და ყაზახეთის წარმომადგენლებმა, რომლის ტერიტორიის ნაწილიც ასევე შემოდის ამ რეგონში, თუმცა კი მას აქ შეიარაღებული ძალები არ გააჩნია.

მესამე, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (СБСЕ, SCSE) მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელთა მორიგ შეხვედრაზე, ჰელსინკში, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ 1992 წლის 17 ივლისიდან ძალაში შევიდოდა КСЕ-1 ხელშეკრულება დროებით საფუძველზე.

ხელშეკრულებით გავალისწინებული ყველა შემცირება მთლანად გატარებულ უნდა იქნას 1996 წლის 17 იანვრისთვის, ამასთან შემცირებათა 25% უნდა დასრულებულიყო 1993 წლის ნოემბრისთვის, ხოლო 60% დასრულდეს 1994 წლის ნოებრისთვის.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, შეთანხმების მიხედვით, გამონაკლისის სახით სსრკ-ს ნება დართეს ჰყოლოდა არაუმეტეს 100 სადაზვერვო ვერტმფრენისა Ми-24Р და Ми-24К, რომლებიც აღჭურვილი იქნებოდნენ ქიმიური და ბიოლოგიური დაზვერვისთვის. СНГ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის კვოტები ამ ვერტმფრენებზე განაწილდა შემდეგნაირად: აზერბაიჯანს – 4, სომხეთს – 4, საქართველოს – 4, მოლდოვას – 4, ბელორუსს – 16, უკრაინას – 18, რუსეთის ფედერაციას – 50 ერთეული. ხელეკრულებით იზღუდებოდა აგრეთვე სსრკ-ის სატანკო ხიდგამყვანების რაოდენობაც რეგულარულ ნაწილებში 462 ერთეულით. ეს რაოდენობა რესპუბლიკებს შორის განაწილებულ იქნა შემდეგნაირად: აზერბაიჯანს – 8, სომხეთს – 8, საქართველოს – 8, მოლდოვას – 7, ბელორუსს – 64, უკრაინას – 114, რუსეთის ფედერაციას – 223 ერთეული.

გარდა ამისა, КСЕ-1 ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდნენ შძ-ის პირადი შემაგენლობის ზღვრულ რიცხოვნებაზეც (КСЕ-1 ხელშეკრულების დამატება КСЕ-1а), რომელიც შეიძლება მათ ჰყოლოდათ სახმელეთო ჯარებსა და საჰაერო ძალებში (იგულისხმება მშვიდობიანობის დროის რეგულარული კომპინენტები). ამის თაობაზე მონაცემები მოყვანილია ქვემოთ: აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, მოლდოვასა და ყაზახეთს თავიანთი შეიარაღებული ძალების პირადი შეადგენლობის ზედა ზღვარი ჯერჯერობით არ წარმოუდგენიათ, დანარჩენებთა კი მდგომარეობა შემდეგია: ლუქსემბურგი – 900 ადამიანი, ბელორუსი – 100000, ბელგია – 20000, ნიდერლანდები – 80000, ბულგარეთი – 104000, ნორვეგია – 32000, კანადა – 106000, პოლონეთი – 234000, ჩეხოსლოვაკია – 140000, პორტუგალია – 75000, დანია – 39000, რუმინეთი – 230248, საფრანგეთი – 325000, რუსეთის ფედერაცია – 1450000, ესპანეთი – 300000, გერმანია – 345100, თურქეთი – 530000, საბერძნეთი – 158621, უკრაინა – 450000, უნგრეთი – 100000, დიდი ბრიტანეთი – 260000, იტალია – 315000, აშშ – 250000.

პრობლემატურია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რიცხოვნების საკითხიც, ვინაიდან ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პ. გრაჩოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ეყოლებოდა 2,5 მილიონიანი არმია, თუმცა კი ისიც გასათვალისწინებელია, რომ კვოტებით განსაზღვრული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ ევროპულ ტერიტორიაზე და არ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის აზიურ ნაწილზე.

მთლიანობაში სტრატეგიულ და ჩვეულებრივ შეიარაღებათა და შეიარაღებული ძალების ბალანსი დღევანდელსა და მომავალ ევროპაში ნათლადაა გარკვეული და ესეც წარმოადგენს კიდე ერთ საფეხურს საყოველთაო განიარაღებისა და შძ-ის შემცრების ზოგად პროცესში.

ირაკლი ხართიშვილი
1994 წლის აგვისტო

ლიტერატურულ წყაროებად ამ ნაშრომის მომზადებისას გამოყენებულ იქნა ძირითადად “სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სრულიად რუსეთის ინსტიტუტის” (ВИНИТИ – Всероссийский институт научно-технической информации) პერიოდული გამოცემები, რომელთა მასალებიც მომზადებული გახლდათ დასავლურ სამხედრო-სადაზვერვო სტრუქტურებთან დაკავშირებულ ღია გამოცემებში (Jane’s Intelligence Review და სხვა) გამოქვეყნებული წერილების საფუძველზე. ВИНИТИ-ის აღნიშნული ჟურნალები დაცული იყო “ტექინფორმის” ბიბლიოთეკაში და მათი მოწოდებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ ამ დაწესებულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს.

No comments:

Post a Comment