(ნაწილი I)
საქართველოში დღესდღეობით ხელისუფლება და პოლიტიკურად აქტიური სხვა ჯგუფები ხშირად და დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების სტრატეგიულ არჩევანს წარმოადგენს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და დასავლეთთან მჭიდროდ დაახლოება. ამას მდუმარედ ხვდებიან, ესე იგი ეთანხმებიან საქართველოს ეკლესიის მესვეურებიც, ხოლო თუ არ ეთანხმებიან და ამაზე განსხვავებული აზრი გააჩნიათ, მაშინ მის ხმამაღლა გაცხადებას და გარკვეული პრინციპების დაცვას, რატომღაც, ერიდებიან. და რა არის ეს პრინციპები, რომლებიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებელი ქართველი ერის კათოლიკურ-პროტესტანტულ დასავლეთთან ასე მჭიდროდ დაახლოებას?
ჯერ ერთი, მსოფლიოში აღიარებული ჭეშმარიტებაა ის, რომ თითოეულ ხალხში მოქმედი იურიდიული ურთიერთობანი ბევრწილად ემყარება ბუნებრივ (გნებავთ, ბუნებით) სამართალს (естественное право), რომელიც გულისხმობს შემდეგ: ის რაც ამ ხალხში რელიგიურად მიჩნეულია ცოდვად, იურიდიულად წარმოადგენს დანაშაულს და ასეთი დანაშაულებრივი ქმედება ისჯება კანონმდებლობით. მაგრამ შესაძლოა ის საქციელი, რაც მართლმადიდებლურ საზოგადოებაში გასაკიცხია, კათოლიკურ, ლუთერანულ, ანგლიკანურ ან კალვინისტურ საზოგადოებებში სულაც არ მიიჩნეოდეს ასეთად, და პირიქით. მეორეს მხრივ, ჩვენში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ამინდის შემქმნელი წრეები, თავიანთ დასავლელ პატრონებზე თვალის ჭერით და მათი რეკომენდაციების მიყოლით, მუდმივად გვეუბნებიან საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის აუცილებლობის თაობაზე, რაც უნდა გულისხმობდეს საკუთარის დათმობას ევროპულის სასარგებლოდ.
როგორც ვიცით, სახარებაში არის ეპიზოდი იმის შესახებ, რომ მაცხოვარმა ღადარინელთა ქალაქის მახლობლად ბოროტ სულთა მძლავრობისგან გაათავისუფლა ერთი ადამიანი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე თავადაც იტანჯებოდა მათგან და ირგვლივ სხვებსაც შიშის ზარს სცემდა. ეს ღადარინელთათვის დიდად სასიხარულო უნდა ყოფილიყო, რომ არა ერთი გარემოება: ისინი ეწეოდნენ ღორების მოშენებას და ამ საქმეში ალბათ დიდ მოგებასაც ნახულობდნენ. ბოროტმა სულებმა მაცხოვარს თხოვეს, რომ მიეცა მათთვის იქვე ახლოს მძოვარე ღორების კოლტში შესვლის უფლება, ხოლო როდესაც ასეთი უფლება მიიღეს, ისინი შევიდნენ ღორებში და მათგან გაავებული ეს ცხოველები მორევში გადაეშვნენ. ანუ ღორები დაიხოცნენ, ხოლო ღადარინელებმა კი მატერიალური ზარალი ნახეს. და მიუხედავად იმისა, რომ მათივე თანამოქალაქე, წლების მანძილზე ტანჯული ბოროტ სულთაგან, მაცხოვრის მიერ სრულებით განკურნებული იხილეს, მათში ამის გამო სიხარული სრულებით გადაფარა მატერიალური ზარალის გამო მწუხარებამ და მაცხოვარს თხოვეს მათი ქალაქიდან წასულიყო. ამ მოქალაქეებს უნდოდათ თავიანთი ფულები, და არ უნდოდათ ღმერთი. თუმცა კი ღმერთს შეეძლო ბევრი მათი ახლობელი ისევე განეკურნა, როგორც იუდეის სხვა ქალაქებში, ექადაგა მათთვის ცათა სასუფეველი, მაგრამ ასეთი რამ ღადარინელებმა არ ისურვეს.
ჩვენი ეკლესიის მოძღვართა ქადაგებებში მოგვისმენია, რომ ვინაიდან ღმერთისგან ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ ღორის ხორცის ჭამა, ამიტომ სჯობდა ღადარინელები მორიდებოდნენ ამ ცხოველის მოშენებას და თავიანთი სამეურნეო საქმიანობა სხვა მიმართულებით წაეყვანათ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ბიზნესი მათთვის მეტად მომგებიანი იყო, თუმცა კი ამ მოგებაზე გამოკიდებამ მათ ღმერთისთვის ზურგი შეაქცევინა. ანუ ამ ადამიანებმა სრულებით დაივიწყეს ის, რაც მუდამ ახსოვდა მათსავე დიდ წინაპარს, აბრაამს, რომ ამ ქვეყნად ყველანი მდგმურები ვართ, დროებით მოსულები, და ეს ცხოვრება ისე უნდა განვვლოთ, რომ შემდეგ მარადისობაში, ანუ უკუნითი უკუნისამდე, უფალმა თავისთან დაგვამკვიდროს ცათა სასუფეველში. ღადარინელებს კი, წარმავალი წუთისოფელი ახსოვდათ მხოლოდ, და აქ ცდილობდნენ თავიანთთვის პატარა სამოთხის მოწყობას, მათი მარადიული სამყოფელი კი აღარ ადარდებდათ. განა კი ენდომებოდათ მარდიულ სატანჯველში წასვლა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამაზე უკვე აღარ ფიქრობდნენ, ამას უკვე ვეღარ წვდებოდა მათი სულის თვალსაწიერი. მაგრამ, ხედავდნენ თუ არა თავიანთ არასახარბიელო მომავალს, ეს მომავალი მათ აუცილებლად დაუდგებოდათ.
ღმერთის დავიწყება და მისთვის ზურგის შექცევა შეიძლება არა მხოლოდ არასწორი სამეურნეო საქმანობით, არამედ საზოგადოებაში არასწორი იურიდიული ნორმებისა და ურთიერთობების დამკვიდრებითაც, რაც ასევე დაამახინჯებდა ადამიანთა რელიგიურ ცნობიერებას, მათი ცხოვრების შინაგან წესსაც. ამის მკაფიო მაგალითია, თუნდაც დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმისა და სხვა სქესობრივი გადახრების მიმართ. დასავლურ საზოგადოებაში რატომღაც ამას უკვე გარკვეული ძალები შემწყნარებლურად ეკდებიან, და ამის უამრავი მაგალითია, ამის თაობაზე თეორიული ტრაქტატებიც იწერება. მაგრამ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ლევიტელთა წიგნში, 18-ე თავში ვკითხულობთ: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა. არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმინდურდე მისგან. არც ქალი არ უნდა დადგეს ცხოველის წინ სამაკინტლოდ. ეს სიბილწეა. არც ერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმინდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმინდურებული ის ხლხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან. გაუწმინდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი. დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენს შორის რომ მდგმურობს. რადგან ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის იმ ქვეყნის ხალხი, რომელიც თქვენს წინაშეა; და გააუწმინდურეს მიწა. რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმინდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ. რადგან ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი თავისი ხალხის წიაღიდან მოიკვეთებიან. შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძაგელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმინდუროთ თავი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი” (ლევიტელნი, 18. 22-30).
იმავე ლევიტელთა წიგნის 20-ე თავში კი ვკითხულობთ: „თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან. წმიდა ჰყავთ თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი. ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი. ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი. ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავისი მამის სიშიშვლეს ახდის, ორივენი უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი. ვინც თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ. სისაძაგლე აქვთ ჩადენილი, მათზეა მათი სისხლი. ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი. ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება. ცეცხლში უნდა დაიწვან კაციც და ქალებიც, რომ არ იყოს გარყვნილება თქვენს შორის. ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ. თუ ქალი საქონელთან სამაკინტლოდ მივა, მოკალით ქალიც და საქონელიც. უნდა დაიხოცონ. მათზეა მათი სისხლი. ვინც წაიყვანს თავის დას, თავის მამის ასულს, ან თავის დედის ასულს, და ორივენი დაინახავენ ერთმანეთის სიშიშვლეს, სამარცხვინოა და უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის თვალწინ. თავის დას სიშიშვლე აჰხადა. ცოდვა აწევს. ვინც წიდოვან ქალთან დაწვება და სიშიშვლეს გამოუჩენს, კაცი სადინელს გაუშიშვლებს და ქალი სისხლის სადინელს გამოაჩენს, ორივენი უნდა მოიკვეთონ თავისი ხალხის წიაღიდან. შენი დედის დას და შენი მამის დას სიშიშვლე არ გამოუჩინო, რადგან ეს საკუთარი ხორცის გაშიშვლებაა, ცოდვა დაედებათ. ვინც ბიცოლასთან დაწვება, ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს, მათ ცოდვა დაედებათ: უშვილოები დაიხოცებიან. ვინც ძმის ცოლს ითხოვს, ეს აღრევა იქნება. ძმის სიშიშვლე გამოაჩინა, უშვილოები იქნებიან. დაიცავით ყველა ჩემი წესი და ყველა ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი, რომ არ გადმოგანთხიოთ მიწამ, სადაც შეგიყვანთ საცხოვრებლად. ნუ მიიქცევით იმ ხალხთა წესებზე, რომლებიც უნდა ავყარო თქვენგან, რადგან ყველაფერს ამას ისინი სჩადიოდნენ, და მე განვურისხდი მათ. მე გითხარით: თქვენ დაისაკუთრებთ მათ მიწა-წყალს. მე გაძლევთ მას დასასაკუთრებლად, ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი მოედინება. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისგან. გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი; და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი. წმიდები იყავით ჩემთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისაგან, რომ ჩემი ყოფილიყავით. თუ ვინმე აღმოჩნდება თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლონ. მათზეა მათი სისხლი“. (ლევიტელნი, 20. 6-27)
განა ბევრი რამე იქიდან, რაც ჯერ კიდევ ძველ ებრაელებს აუკრძალა ღმერთმა, რათა ისინი შემდგომში ქრისტიანობის მისაღებად მოემზადებინა, დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებაში არ არის ფეხმოკიდებული, განსაკუთრებით საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეცადინეობით, გამორჩეულად კი ტელევიზიისა? და განა ეს ყველაფერი დასავლელი „მრჩევლების“ რეკომენდაციებით არ ხდება? სად მიიყვანს ასეთი ცხოვრება და საქმიანობა იმ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც წმინდა წერილზე უფრო მეტად „ცივილიზებული“ დასავლეთის გამოცდილებას, უფრო სწორად, მახინჯ გამოცდილებას აფასებენ? და როგორ ყალიბდებოდა ეს მახინჯი, გნებავთ, არასწორი გამოცდილება? ამის შესახებ თანამედროვე რუსი მეცნიერი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ნატალია ნაროჩნიცკაია წერს:
„დასავლეთში სამყაროს რელიგიურ გააზრებაში ადამიანური ამპარტავნების გამოვლინება, განმტკიცებული „filioque“-ში „და ძისგანაც“, ქრისტეს-ღმერთკაცის აღქმაში სულ უფრო მეტად შესამჩნევად წაანაცვლებდა აქცენტს ღვთის ძიდან მისი მიწიერი ჰიპოსტასისკენ. ქრისტეს მიწიერი ცხოვრება მის აღდგომაზე უფრო მნიშვნელოვანი გახდა _ „სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი“. _ იბადება დასავლეთევროპული ჰუმანიზმი: თავიდან ადამიანისა და მისი შემოქმედებითი შესაძლებლობებისთვის დამათრობელად თავხედური ხოტბის შესხმა წარმოუდგებოდათ ადამიანში სწორედ ღვთაებრივი საწყისის განვითარებად, ვინაიდან თავად უფალმა უბოძა მას გონება და შემოქმედების უნარი, შექმნა რა იგი თავის ხატად და მსგავსად.
მაგრამ ამპარტავნების „ჰუმანისტურ“ ექსტაზს ამ ქრისტიანული ჭეშმარიტების განმარტებისას ადამიანები შეუკავებლად მიჰყავდა „ღვთის მსგავსების“ თავად ცნების დამახინჯებამდე „ღვთის ტოლობის" იდეაში. აღორძინების საყვარელი სახეა _ ადამიან-ტიტანი, პრომეთეოსი, რომელიც ღმერთისგან მოითხოვს მისთვის მისი (ადამიანის!) დედამიწის დატოვებას („Muss mir meine Erde doch lassen steh’n!“ _ გოეთე). ახლა ადამიანი _ დედამიწის მეუფეა და აცხადებს თავის უფლებას განაგებდეს მას საქმეებით და მოაწყობდეს მას უკვე „საკუთარი ხატებისა და მსგავსების მიხედვით“. მაგრამ სად ნახონ კრიტერიუმები ღვთის მიერ ბოძებული და კაცთაგან უარყოფილი აბსოლუტური კეთილისა და ბოროტის ცნებების ნაცვლად?
ლოგიკურ ეტაპად იქცა რაციონალისტური ფილოსოფიის შექმნა, დაფუძნებულისა არა ისეთ კრიტერიუმებზე, რომლებიც არ გამოდიოდა ადამიანის გონების ფარგლებს გარეთ და აღმერთებდა მეცნიერების მონაცემებს. დეკარტიდან და მისი „cogito ergo sum“ _ დან დასავლეთევროპული ფილოსოფია იწყებს საბოლოო გადასვლას ურელიგიო შეგნებაზე. საკმარისია შევადაროთ დეკარტის ფილოსოფიის ფოსტულატი „ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ“ დერჟავინის ოდასთან „ღმერთი“, რათა დავინახოთ, რომ „ვაზროვნებ“ და „მრწამს“, როგორც ცალკეული პირველსაწყისები, გვაძლევენ სამყაროსა და ადამიანის სხვადასხვანაირ აღქმას:
...მე შენს წინაშე არაფერი ვარ.
არაფერი! მაგრამ შენ ჩემში ბრწყინავ
შენს ს ი კ ე თ ე თ ა დიდებულებით
ჩემში შენს თავს გამოხატავ
ვითარცა მზე წყლის მცირე წვეთში.
...მე ვარ _ რა თქმა უნდა, ხარ შენც!
შენ ხარ! _ ბუნების წესი გვაუწყებს,
ჩემი გული იმას მეუბნება,
ჩემი გონება იმაში მარწმუნებს,
შენ ხარ _ და მეც უკვე აღარ ვარ არარა!
დეკარტი, შესაძლოა უნებურად, ღმერთს ხდიდა ზედმეტს სამყაროს შემეცნებისთვის, რადგანაც მოაზროვნე პიროვნების განსაკუთრებულობასა და თვითკმარობას დებდა ფილოსოფიური სიბრძნის საფუძვლად. ასეთი საწყისი პუნქტის დროს ჭეშმარიტების წმინდად სუბიექტური წვდომა იქცევა კიდეც თავად ყოფიერების ერთადერთ მტკიცებად. ღმერთისგან ადამიანის ავტონომიურობის იდეა _ განმანათლებლობის მთავარი აზრია. თუკი პირველი განმანათლებლები ჯერ კიდევ აღიარებდნენ ღმერთს როგორც შემოქმედს, უკვე უპირობოდ უარყოფდნენ მას როგორც განმგებელს.
მაგრამ დეიზმზე გაჩერება არ შეიძლებოდა და მოდის ათეიზმი, რომელსაც უერთდება თითქმის ყველა მოაზროვნე. ადამიანის სინამდვილეში მეტად შეზღუდულ გონებას წარმოადგენენ ყოველივე არსებულის უმაღლეს ელემენტად, ხოლო ადამიანს, როგორც გონების მქონეს _ სამყაროს უმაღლეს არსებად, ბატონად, გვირგვინმოხდილი ღმერთის ნაცვლად... სამყარო და ადამიანი ღმერთს საბოლოოდ მოსწყვიტა კანტმა, რომელიც თვლიდა, რომ ჩვენ შევიმეცნებთ მხოლოდ საკუთარ წარმოდგენას მათზე. ფიხტემ უკვე გამოაცხადა თეზისი: „მე _ შემმეცნებელი ვარ არსებული, ყოველივე სხვა დანარჩენი კი არის მხოლოდ შემეცნებადი, ე. ი. მოაზრებადი, ჩემს მიერ შექმნილი, ჩემგან გამოსული, ჩემი წარმოდგენის გარეთ არარსებული“. ეს არის ნიჰილიზმის სრული ზეიმი რაიმენაირ რეალობასთან მიმართებაში, და ღმერთი თავის თავად სრულებით უქმდება, როგორც განაცხადა კიდეც საბოლოოდ ლ. ფოიერბახმა.
ფილოსოფია წარმოადგენდა სრულიად აუცილებელ კონცეფტუალურ ბაგაჟს, რომელმაც მოამზადა ლიბერალიზმი მისი სწავლებით „სუვერენულ პიროვნებათა“ „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ შესახებ, რომელიც ცვლიდა ღვთის მიერ ბოძებული ფასეულობებისა და საზოგადოებრივი კავშირების იერარქიას. ყოველივე ეს იქცა კიდეც საფრანგეთის რევოლუციის იდეურ ფუნდამენტად მისეული დაფიცებით „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“. მაგრამ მევახშეს ღმერთის გარეშე განუხორციელებელი იდეალების საფარველქვეშ გააქვს ვერშემჩნეული მთავარი: „laissez passer, laissez faire“ _ „გამატარეთ ყველგან, ნუ მიშლით მოქმედებას“. ამ გასაღებით „თავისუფლება“ _ მათ შორის სინდისისა _ ეს შემოქმედებასა და ეჭვზე უდაო უფლება კი არ არის, არამედ ეს არის უფლება აცხადებდნენ თანაბარღირსეულად (თანასწორად) მანკიერებასა და სათნოებას, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს, კეთილსა და ბოროტს, რომლის რეალიზებაც დექრისტიანიზაციასთან ერთად საბოლოოდ მოახდინეს XX საუკუნის ბოლოსთვის.
რელიგიური, ე. ი. ზნეობრივი კანონის (канон) ნაცვლად, რომელიც მიგვითითებს, თუ რისი უნდა გვწამდეს, _ ადგენენ იურიდიულ კანონს (закон) _ სამართალს, რომელიც საკმარისია დაიცვა, თუნდაც მას არ იზიარებდე, და იყო რესპექტაბელური. ხოლო ღვთისა და ადამიანთა წინაშე მოვალეობის პრობლემა კეთილთან და ბოროტთან მიმართებით, მარტინ ლუთერის შემდეგ ტრანსფორმირდება მატერიალურ ცნებად _ ვალდებულებითი მოვალეობა, ვექსელი, რომლის მიხედვითაც უბრალოდ უნდა გადაიხადო... რუსეთისა და ევროპის გზები საბოლოოდ გაიყარა, ვინაიდან პირველი ცდილობდა ეცხოვრა ისე, „როგორც მოვალეობა უბრძანებს“ («как велит долг»), და არა ისე, როგორც ავალდებულებს იურიდიული კანონი, მეორე კი მოუბრუნებლად დაადგა რაციონალიზმისა და პოზიტიური სამართლის განვითარების გზას” (ნ. ა. ნაროჩნიცკაია, „რუსეთი და ევროპა“ მესამე ათასწლეულის ზღურბლზე”).
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბროქჰაუზ-ეფრონის საგამომცემლო სახლი (ლაიფციგი-სანქტპეტერბურგი) გამოსცემდა მრავალტომიან ენციკლოპედიურ ლექსიკონს, სადაც ძირითადად თანამშრომლობდნენ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი ის ავტორები, რომლებიც თავიანთი შეგნებით იყვნენ ე. წ. “მედასავლეთეები” (западник-ები). სახელდობრ, პროფესორ ნ. კარეევის წერილში “საფრანგეთის რევოლუცია” სულ დასაწყისშივე, პარაგრაფში “საფრანგეთის რევოლუციის ადგილი ევროპულ ისტორიაში” ვკითხულობთ: “ორი დიდი პერიოდის ცენტრალურ მოვლენებს, რომლებადაც შეგვიძლია დავყოთ დასავლეთ ევროპის ისტორია ახალ დროში, წარმოადგენს რეფორმაცია XVI ს.-ში და რევოლუცია XVIII ს. ბოლოს. როგორც რეფორმაცია, რომლის მომზადებაც დაიწყო ჯერ კიდევ XIV და XV საუკუნეებში, გვიხსნის XVI და XVII სს. ისტორიას, რომლებიც შეადგენენ განსაკუთრებულ პერიოდს დასავლეთ ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე რევოლუციასაც, რომელიც უმჭიდროესად იყო მომზადებული XVIII ს. კულტურული მოძრაობითა და სოციალური ცვლილებებით, გააჩნია უახლესი ისტორიის ამოსავალი პუნქტის მნიშვნელობა, მთელი იმ პოლიტიკური, სოციალური და ეროვნული მოძრაობებით, რომლებითაც ასე მდიდარი იყო XIX ს. რეფორმაციის მსგავსად, რომელიც დაიწყო გერმანიაში და იქიდან გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში, 1789 წ. საფრანგეთის რევოლუციამაც ძალზედ მალე შეიძინა უნივერსალური მნიშვნელობა დანარჩენ ევროპაზე თავისი გავლენის მიხედვით, მით უმეტეს, რომ რევოლუცია იყო მხოლოდ იმ მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესის ერთერთი გამოვლენა, რომელიც მიმდინარეობდა ევროპელი ხალხების კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში. როგორც XVI ს. დასაწყისის გერმანიაში, ისე XVIII ს. მიწურულის საფრანგეთშიც, მხოლოდ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ადრე გამოვლინდა იმ კულტურული და სოციალური ურთიერთობების შედეგები, რომლებიც მეტად თუ ნაკლებად საერთო იყო ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც არსებობდა ე. წ. „ძველი წესრიგი“.
ამ ორივე მოვლენის შესახებ უამრავი რამ არის დაწერილი დასავლეთევროპულ და რუსულ გამოცემებში, მაგრამ ჩვენ ამ დარგის სპეციალისტი არ გახლავართ, რომ მათზე კომპეტენტურად და ამომწურავად მოვუთხროთ ჩვენს მკითხველს, გვინდა უბრალოდ რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც რელიგიურ აღმსარებლობასთან არის დაკავშირებული. ნ. კარეევის იმავე წერილში პარაგრაფში “მოვლენების საერთო მსვლელობა 1789-დან 1799 წლის ჩათვლით” ვკითხულობთ:
“ტერორის ეპოქაში გაბატონებულ პარტიაში გამოიყო ქრისტიანობისადმი მტრული ჯგუფი. მან შეძლო 1793 წ. კონვენტში გაეტანა ქრისტიანული კალენდრის შეცვლა რესპუბლიკურით, რომელშიც წელთაღრიცხვა წარმოებდა რესპუბლიკის გამოცხადებიდან; თვეების აღსანიშნავად მოიგონეს ახალი სახელწოდებები. ამას შეუერთდა მისწრაფება შემოეღოთ მთელს საფრანგეთში კათოლიციზმის ნაცვლად გონების კულტი, რომლის მხარეზეც დადგა პარიზის სათემო საბჭო და რომელსაც პროვინციებში ავრცელებდნენ კონვენტის კომისრები.
დაიწყეს კათოლიკური ეკლესიების დაკეტვა; პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გონების საპატივსაცემოდ მოწყობილ იქნა დღესასწაული, რომლის შემდეგაც სხვა ადგილებშიც ასევე დაიწყეს მსგავსი სანახაობების მოწყობა. რობესპიერი, რომელიც იზიარებდა რუსოს დეისტურ შეხედულებებს, ამის წინააღმდეგი იყო და კონვენტსა და იაკობინელთა კლუბში გამოდიოდა სიტყვებით ათეისტების წინააღმდეგ, დანტონიც ასევე ჯანყდებოდა „რელიგიური მასკარადების“ წინააღმდეგ, როგორც იგი უწოდებდა ზეიმებს გონების საპატივსაცემოდ. რობესპიერმა მიიღო ზომები იმისთვის, რათა კათოლიკური ღვთისმსახურება მაინც აღსრულებულიყო, მაგრამ იგი გონების კულტის მიმდევრებთან ერთად, რომელთა სათავეშიც იდგა გებერი, სავსებით იზიარებდა რწმენას ტერორის აუცილებლობაში. პირიქით, დანტონი გამოდიოდა ტერორის შეწყვეტის მომხრედ, ხედავდა რა, რომ მის გარეშეც საფრანგეთს შეუძლია დაიცვას თავისი ტერიტორია გარეშე მტრებისგან და რესპუბლიკა მისი შიდა მოწინააღმდეგეებისგან. რობესპიერისთვის გებერისტები იყვნენ ზედმეტად უკიდურესები, დანტონისტები, პირიქით, ძალზედ ზომიერები. ორივეს წინააღმდეგ მან წაიყვანა კამპანია კონვენტში. 1794 წ. გაზაფხულზე თავიდან გებერი და მისი მიმდევრები, ხოლო შემდეგ დანტონი თავისი მომხრეებითაც, დაიჭირეს, გადასცეს რევოლუციურ სასამართლოს და სიკვდილით დასაჯეს.
ამ სიკვდილით დასჯების შემდეგ რობესპიერს უკვე აღარ ჰყავდა მისი ერთხელისუფლებიანობისთვის სახიფათო მეტოქეები. მისი ერთერთი პირველ ზომათაგანი იყო საფრანგეთში კონვენტის დეკრეტით უმაღლესი არსების თაყვანისცემის დამყარება რუსოს „სამოქალაქო რელიგიის“ თვალსაზრისით. ახალი კულტი საზეიმოდ გამოაცხადეს რობესპიერის მიერ მოწყობილი ცერემონიის დროს, რომელმაც ამავე დროს გაითამაშა „სამოქალაქო რელიგიის“ პირველმღვდელმსახურის როლი”.
ამავე პერიოდს ეხმიანება ერთი ეპიზოდი პლატონ იოსელიანის თხზულებიდან “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა”, სადაც 44-ე თავში ვკითხულობთ:
“დავით მოსრული რუსეთით, ვერ იქცეოდა სურვილისამებრ მამისა. ამისთვის სწუხდა ურწმუნოებისათვის მისისა წესისამებრ წმინდისა ეკკლესიისა. აჰა საუბარი მისთვის მეფისა პატრთან, რომელიცა ახლდა მას ვითარცა მეგობარი და მახლობელი:
_ პ ა ტ რ ო ნ ი კ ო ლ ა! სადაა ეხლა დიდი სარდალი ბონოპარტე?
_ ებრძვის რუსეთსა და კეისარსა, _ მოახსნა პატრმან, _ ესენი ცდილობენ დაიცვან ფრანგისტანში ქრისტიანობა. არღაა მუნ აგერ მრავალი წელიწადია არცა წირვა, არცა ლოცვა, არცა მღვდელი და ეპისკოპოსი; 25 მილიონი წარმართად არიან ქცეულნი. ვინ ჰქმნა ესე? უკეთურთა მწერალთა ვოლტერმან და სხვათა, მეფევ!
მ ე ფ ე: ვოლტერი! მეგობარი ჩემის შვილისა დავითისა, ჩემის მემკვიდრისა. ვაი შენსა გიორგის! რუსეთში მყოფმან ჩემმან შვილმან შეისწვლა მისი უსჯულო სწავლა; მომიტანა აქა მისი სახე, რომელიცა სამართლად დავსწვი ცეცხლსა. ღმერთი წარუმართებს რუსთა და კეისარსა. თვით მაცხოვარი ჩემი შეეწევა მათ. ქრიტეს გარეთ რაღაა კაცი? უკეთესსა ვინ გვასწავებს. მეორე არიოს ყოფილა. უნდა იყოს ის შეჩვენებული...
პ ა ტ რ ი: წმინდისა პაპის ლოცვითა ვერ გაიმარჯვებს მტერი.
მ ე ფ ე: ეკკლესიასა ქრისტესა, ჩემო პატრო, ვერა სძლევს ბჭე ჯოჯოხეთისა.
პ ა ტ რ ი: მრავალი უნახავთ დევნა ქრისტიანეთა.
მ ე ფ ე: დიოკლეტიანემან, ნერონმან, ივლიანემან ან და სხვათა ვერ სძლიეს ქრისტესა, რას იქმს ვოლტერი ბოროტითა სიტყვებითა!°თვით ბონოპარტე რაღაა, პატრო?
პ ა ტ რ ი: დიდად მორწმუნე კათოლიკე, გარნა აღზრდილი ფრანგისტანში, კორსიკანელი, თუ არა ქრისტიანე არ იქმნება. ფიქრობს აღადგინოს ტრაპეზი ქრისტესი. პატივსცემს დიდად პაპასა წმინდასა.
მ ე ფ ე: ღმერთმან წარუმართოს და დაუთრგუნოს მტერნი და განუბნიოს იგინი. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის.
პ ა ტ რ ი: აგერ 8 წელია, რაც უკეთურთა ფრანგისტანელთა დაფლეს მიწაში ჯვარი და სახარება ქრისტესი.
მ ე ფ ე: წყეულიმც არს მათი სახელი. ღმერთო და მაცხოვარო ჩემო, შენ აპატიე შვილსა ჩემსა დავითს დანაშაული მისი. ნუ ჰკითხავ მას. შენ მოაქციე ჭეშმარიტსა გზაზედ და დაამკვიდრე შენსა სიყვარულზედ. ამინ, ამინ. _ რა იქმნება მეფე არა მორწმუნე ქრისტესი, მოძულე ღვთისა დედისა, წმინდათა და წამებულთა. ვაი შენსა მეფესა გიორგის. მამაშვილობას, პატრო, შეაყვარე ქრისტე ჩემსა შვილსა, გამოიყვანე ცოდვიდამ; ამცენ, შენ უფრო დაგიჯერებს. _ თუ არა, ვერ იმეფებს, დაკარგავს ტახტსა და სამეფოსა ღვთისმშობელისა წილხვდომილსა. ქრისტიანობითა გვაქვს პატივი და დიდება ესრეთ, ჩემო პატრო, ჩემო მეგობარო. ვალიცა გაქვს, ქრისტესთვის სიტყვასა იტყოდე. განმხნევდი, მეც მაამე და მცნებაცა ქრისტესი აღასრულე. მოიძიე ცხოვარი წყმენდული და შეაერთე ქრისტეს სამწყსოსა.
პატრი ნამდვილი საყვარელი იყო დავითისაცა მემკვიდრისა. უამბო ესე ყოველი დავითს? ვერ ვსცან კაცთა მედროვეთაგან. „მეფეთა-თანა საუბარი სიფრთხილითა უნდაო, _ მეტყოდა ხშირად მეფისავე ექიმი იოანე იოსების ძე ყარაევი, მომთხრობი ამბავთა ამათ და თვით სარწმუნოებით კათოლიკე. _ თვით მამა შენი ეგნატი, მიჩნეული მეფისაგან, მამაო ჩვენოს თქმით შევიდოდა მასთანაო“. _ (თავი XLIV).
ეს ყველაფერი, რაც გვინდოდა გვეთქვა საფრანგეთის რევოლუციაზე, მის რელიგიურ მხარეზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია დასავლეთ ევროპის სულიერ ცხოვრებაზე. ნუთუ აქეთკენ სიარულია ქართული საზოგადოების არჩევანი? ნუთუ ამას ეთანხმებიან მდუმარედ ჩვენი ეკლესიის მესვეურები? იქნებ რეფორმაციამ მოიტანა ევროპულ ქვეყნებსა და ხალხებში ისეთი დიდი საგანძური, რომელთან დაახლოებაცა და “ჰარმონიზაციაც” ქართველობისთვის საჭირო და სასარგებლო იქნებოდა? რეფორმაციის შესახებაც ბევრი რამ არის დაწერილი, რის შესწავლას შესაბამისი სპეციალისტებისა და მკვლევარების დიდი და დაუღალავი მუშაობა სჭირდება. ჩვენ ასეთ ფუნქციას ვერ ვიკისრებთ, არამედ ამჯერად შემოვიფარგლებით ისევ ამონარიდების მოტანით პროსპერ მერიმეს რომანიდან “შარლ მეცხრის მეფობის ქრონიკა”, რომელიც შეეხება საფრანგეთში კათოლიკებისა და პროტესტანტების (კალვინისტი ჰუგენოტების) ურთიერთბრძოლას სარწმუნოებისა და ძალაუფლებისთვის XVI საუკუნის მეორე ნახევარში.
პროსპერ მერიმე, სახელდობრ, რომანის დასაწყისშივე (თავი “რაიტერები”) გვიყვება: “ეტამპიდან ცოტა მოშორებით, პარიზისკენ მიმავალ გზაზე, ჯერ კიდევ ჩანს ტლანქი ქანდაკებებით შემკული ოთხკუთხი შენობა, რომელსაც კამაროვანი ფანჯრები აქვს დატანებული. კარიბჭის ზემოთ მოთავსებულია ნიში, რომელშიც ოდესღაც ესვენა ქვის მადონა, მაგრამ რევოლუციის დროს მას იგივე ბედი ეწია, რაც მრავალ სხვა წმინდანს, და იგი ზეიმით იქნა დატვრეული ლარსის რევოლუციონერთა კლუბის თავმჯდომარის მიერ. მას შემდეგ აქ დაასვენეს მეორე ღვთისმშობელი, რომელიც ნამდვილად თაბაშირისაა, მაგრამ აბრეშუმის რამდენიმე ნაკუწისა და მინის მძივების საშუალებით კიდევ საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი და საპატიო იერს აძლევს კლოდ ჟიროს სამიკიტნოს.
ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, სახელდობრ 1572 წელს, ამ შენობის დანიშნულება იყო, როგორც ამჟამად, მოწყურებული მოგზაურების მიღება; მაგრამ მას მაშინ სულ სხვა გარეგნობა ჰქონდა. კედლები დაფარული იყო წარწერებით, რომლებიც მოწობდნენ სამოქალაქო ომის ბედის ცვალებადობას. სიტყვებთან “გ ა უ მ ა რ ჯ ო ს პ რ ი ნ ც ს!” (*კონდეს პრინცს) მიწერილი იყო “გ ა უ მ ა რ ჯ ო ს გ ი ზ ი ს დ უ კ ა ს!”, “ს ი კ ვ დ ი ლ ი ჰ უ გ ე ნ ო ტ ე ბ ს!”. ცოტა უფრო მოშორებით ერთ ჯარისკაცს ნახშირით დაეხატა სახრჩობელა და ჩამოხრჩობილი კაცი, და იმის შიშით, რომ არ შ ე ც დ ო მ ო დ ა თ, ქვემოთ ასეთი წარწერა დაერთო: “გ ა ს პ ა რ დ ე შ ა ტ ი ი ო ნ ი”. მაგრამ ეტყობოდა, პროტესტანტები შემდეგ გაბატონებულან ამ მხარეში, ვინაიდან მათი ბელადის სახელი ამოუშლიათ და შეუცვლიათ გიზის დუკას სახელით. სხვა წარწერები, ნახევრად წაშლილი, საკმაოდ ძნელად ამოსაკითხი და ზრდილობიანი სიტყვებით კიდევ უფრო ძნელად გადმოსაცემი, ამტკიცებდნენ, რომ მეფე და მისი დედაც ისევე ნაკლებ პატივცემულნი ყოფილან, როგორადაც ამ პარტიების ბელადები. მაგრამ ეს იყო საბრალო მადონა, რომელიც, როგორც ეტყობოდა, ყველაზე უფრო დატანჯულიყო სამოქალაქო და სარწმუნოებრივი მძვინვარებისაგან. ოც ადგილას ტყვიით დაცხავებული ქანდაკება მოწობდა ჰუგენოტ ჯარისკაცების გულმოდგინებას – გაენადგურებიათ ყველაფერი, რასაც ისინი უწოდებდნენ “წარმართულ ხატებს”. მაშინ როცა ღვთისმოსავი კათოლიკე ქანდაკების წინ გავლისას მოწიწებით ქუდს იხდიდა, პროტესტანტ მხედარს თავის მოვალეობად მიაჩნდა – ესროლა მისთვის თოფი, და, თუ მოარტყამდა, თავი ისე მოჰქონდა, თითქოს აპოკალიფსის მხეცი მოეკლას და კერპთაყვანისმცემლობა გაენადგურებიოს.
მრავალი თვის წინ ორ მეტოქე სექტას შორის ზავი დაიდო; მაგრამ ეს ზავი შეფიცული იყო ბაგით და არა გულით. ორი პარტიის მტრობა კვლავ ულმობელი იყო. ყველაფერი ამხელდა, რომ ომი ძლივს შეწყდა, ყველაფერი მოასწავებდა, რომ ზავი არ შეიძლებოდა ხანგრძლივი ყოფილიყო”.
შემდეგ რომანში ნათქვამია, რომ იმ დროს ამ ფუნდუკში სტუმრობდნენ გერმანელი პროტესტანტი მხედრები, გერმანულად რაიტერები, რომლებიც სულაც არ ეხატებოდა გულზე ფუნდუკის კათოლიკ მეპატრონეს. იმავე დროს გამოჩნდა ფრანგი აზნაური, ჰუგენოტი, ბერნარ დე მერჟი, და აღწერილია მისი საუბარი მეფუნდუკესთან.
“ამ დროს სახლიდან გამოსულმა მეფუნდუკემ მოწიწებით ჩამოართვა მას აღვირი და, რათა რაიტერებს არ გაეგონათ, ყურში ჩასჩურჩულა:
– ღმერთი იყოს თქვენი შემწე, ჩემო ახალაზრდა ბატონიშვილო! მაგრამ ძალიან ცუდ დროს კი მობრძანდით, ვინაიდან ამ უწმინდურებთან ყოფნა – წმინდა ქრისტეფორემ მოუგრიხოს მათ კისერი! – მაინცადამაინც სასიამოვნო არ არის ისეთი კეთილი ქრისტანებისათვის, როგორებიც მე და თქვენ ვართ.
ახალგაზრდა კაცმა მწარედ გაიღიმა.
– ეს ბატონები, – იკითხა მან, – პროტესტანტი მხედრები არიან?
– დიახ, და, ამის გარდა, რაიტერები, – მიუგო მეფუნდუკემ, – დედა ღვთისამ შეაჩვენოთ! ერთი საათია, რაც აქ არიან, და ნახევარი ავეჯეულობა დამილეწეს. ესენი ყველანი დაუნდობელი ყაჩაღები არიან, ისე როგორც მათი მეთაური ბატონი დე შატიიონი, ეს ეშმაკის კერძი ამირბარი.
– თქვენი ჭაღარა წვერის პატრონი უფრო მეტ სიფრთხილეს უნდა იჩენდეთ, – მიუგო ახალგაზრდა კაცმა, – თუ შემთხვევით ასეთ რამეს რომელსამე პროტესტანტს ეტყოდით, მას შეეძლო საპასუხოდ ერთი კარგი სილა გაეწნა თქვენთვის. – ეუბნებოდა ამას და თან თავის თეთრი ტყავის ჩექმებს ურტყამდა წკეპლას, რომელიც ცხენის გასარეკად ეჭირა ხელში.
– როგორ!.. რა!.. თქვენ – ჰუგენოტი!.. მინდოდა მეთქვა – პროტესტანტი! – შეყვირა განცვიფრებულმა მეფუნდუკემ.
ერთი ნაბიჯით უკუდგა და უცხო კაცი თავიდან ფეხამდე შეათვალიერა, თითქოს მის მორთულობაში რაიმე ნიშანს ეძებდა, რომლითაც მას შეეძლებოდა გამოეცნო რა სარწმუნოებას ეკუთვნოდა ეს უცხო სტუმარი. ამ ახალგაზრდა შუბლგახსნილმა, მოცინარე კაცმა იგი თანდათან დაამშვიდა, და მეფუნდუკემ უფრო ხმადაბლა განაგრძო:
– პროტესტანტი და მწვანე ხავერდის ტანსაცმელი! ჰუგენოტი და ესპანური ნაოჭიანი საყელო! აჰ, ეს შეუძლებელია! არა, ჩემო ახალგაზრდა ბატონიშვილო, ამდენი შნო ვინ მისცათ მწვალებლებს! ყოვლად წმიდა ღვთისმშობელო! წმინდა ხავერდის კურტაკი – ეს, ცოტა არ იყოს, აწყენდათ ამ ტურტლიანებს!..
საწყალი მეფუნდუკის ლოყაზე უმალ გაიწყატუნა წკეპლამ, რომელიც თითქოს მისი მოსაუბრის სარწმუნოების სიმბოლო ყოფილიყოს.
– თავხედო ლაქლაქავ! ესეც შენ, რომ ისწავლო ენაზე კბილის დაჭერა. აბა, წაიყვანე ცხენი თავლაში და არაფერი დააკლო!
მეფუნდუკემ მწუხარედ დახარა თავი და წაიყვანა ცხენი რაღაც ფარდულისებურ გადახურულში, ამავე დროს ხმადაბლა ბუტბუტებდა ათას წყევლა-კრულვას გერმანელ და ფრანგ მწვალებელთა წინააღმდეგ, და, თუ ახალგაზრდა კაცი თან არ გაჰყოლოდა მას, რათა თავისი თვალით ენახა, როგორ მოუვლიან მის ცხენს, საწყალი პირუტყვი, უეჭველია, ვერ მიიღებდა თავის ულუფას, როგორც მწვალებელი”.
შემდეგ ავტორი ჰყვება, რომ მერჟი შევიდა ფუნდუკში და გაეცნო გერმანელი მხედრების მეთაურს კაპიტან დიტრიხ ჰორნშტაინს, სახელგანთქმულ მებრძოლს, რომელიც “თავზე ხელაღებულთ” უძღოდა დრეს ბრძოლაში და შემდეგ არნე-ლე-დუკისაში. რაიტერებთან საუბარში მერჟიმ შეიტყო, რომ ჰუგენოტების ბელადს ამირბარ გასპარ დე შატიიონს ადრე უბრძანებია კაპიტან ჰორნშტაინის ჩამოხრჩობა და სთხოვა მოეყოლა ეს ამბავი:
“– რატომ უნდა ჩამოეხრჩვეთ, კაპიტანო?
– წვრილმანი რამისათვის: სენტონჟის ერთი ცული მონასტრის გაძარცვისა და შემდეგ შემთხვევით დაწვისათვის.
– დიახ, მაგრამ ყველა ბერმა ვერ მოასწრო გამოსვლა, – შეაწყვეტინა კორნეტმა და გადაიხარხარა ამ თავის ხუმრობაზე.
– ეჰ! რა მოხდა მერე, სულ ერთი არაა, ასეთი სალახანები ცოტა უფრო ადრე დაიწვებიან, თუ ცოტა უფრო გვიან? მაგრამ ამირბარი – დაიჯერებთ, ბატონო დე მერჟი? – ამირბარი ამაზე ძალიან გაჯავრდა; ბრძანა ჩემი დაპატიმრება და ზედმეტი ცერემონიების გარეშე, მისმა მსაჯულმა ხელი მე დამადო. მაშინ ყველა აზნაური და ყველა თავადი, რომელნიც მას შემოხვეოდნენ, თვით ბატონი დე ლა ნუც..., ყველა მეთაური შეევედრა მას – ეპატიებინა ჩემთვის, მაგრამ მან კატეგორიული უარი თქვა. შენს მტერს, ის რომ გულმოსული იყო! სიბრაზისაგან თავის კბილსაჩიჩქნს ღეჭდა, ხოლო თქვენ გეცოდინებათ ანდაზა: ღ მ ე რ თ ო, დ ა გ ვ ი ფ ა რ ე ბ ა ტ ო ნ დ ე მ ო ნ მ ო რ ა ნ ს ი ს “მ ა მ ა ო ჩ ვ ე ნ ო ს ა” დ ა ბ ა ტ ო ნ ა მ ი რ ბ ა რ ი ს კ ბ ი ლ ს ა ჩ ი ჩ ქ ნ ი ს ა გ ა ნ ო! – ღმერთო, შემინდე! – ამბობდა ის, – ძარცვა-გლეჯა უნდა მოვსპოთ, სანამ იგი პატარა გოგონაა, თუ გაზარდა დავაცალეთ და დიდი ქალბატონი გახდა, მაშინ თვითონ იგი დაგვხოცავსო”. A სიტყვებზე მოვიდა პასტორი, რომელსაც სახარება აღლიაში ამოედო. ორივენი წაგვიყვანეს ერთი მუხის ძირას... თითქოს ახლაც ვხედავ ამ მუხას თავისი წინწამოწეული ტოტით, რომელიც აქ თითქოს საგანგებოდ წამოზრდილაო. აი, მაბამენ თოკს კისერზე...
– მე უკვე ჩემი თავი მიმაჩნდა – არც მეტი, არც ნაკლები – მხოლოდ ერთ რკოდ, როდესაც ფიქრად მომივიდა მეთქვა ამირბარისთვის:
– ეჰ! ჩემო ხელმწიფევ, განა ასე ახრჩობენ იმ კაცს, რომელიც დრეში “თავზე ხელაღებულთ” სარდლობდა? – შევხედე, რომ გამოაფურთხა კბილსაჩიჩქნი და ამოიღო ახალი. გულში ვთქვი, კეთილი! კარგი ნიშანია-მეთქი. მართლაც მან დაუძახა კაპიტან კრომიეს და ჩუმად ელაპარაკა. შემდეგ უთხრა მსაჯულს:
– აბა ეს კაცი ჩამომიკიდეთ! – და პირი იბრუნა. მე მართლაც ჩამომკიდეს, მაგრამ ვაჟკაცმა კორიემ ხმალი იშიშვლა და უმალ გადაჭრა თოკი, ისე, რომ ხის ტოტიდან მოხარშულ კიბოსავით გაწითლებული ჩამოვვარდი.
– მომილოცნია, – უთხრა მერჟიმ, – რომ აგრე ადვილად გადარჩენილხართ. – იგი ყურადღებით აკვირდებოდა კაპიტანს და, ეტყობოდა, სწყინდა, რომ იმ კაცის მეინახედ მოხვდა, რომელიც მართლაც სახრჩობელას ღირსი იყო. მაგრამ ამ უბედურ დროში დანაშაული ისე ხშირი იყო, რომ არ შეეძლოთ მისი განსჯა ისეთივე სიმკაცრით, როგორითაც დღეს სჯიან ხოლმე. ერთი რომელიმე პარტიის სისასტიკე ასე თუ ისე ამართლებდა რეპრესიებს და სარწმუნოებრივი სიძულვილი ახშობდა ეროვნული სიმპათიების თითქმის ყველა გრძნობას”...
ცოტა ქვემოთ კაპიტანი ჰორნშტაინი ჰყვებოდა უკვე ლონაკის აღების ამბებს, სადაც მან ისევ ვაჟკაცობით გამოიჩინა თავი, და ასე დაასრულა:
“...ამ დროიდან მოკიდებული ჩვენ მუდამ კარგი მეგობრები ვიყავით. აჰ, რა კარგი საალაფო იყო ეს ლონაკის ქალაქი! ნერწყვი მომდის პირში ამის მარტო გახსენებაზე!
– აჰ, რა მშვენიერი აბრეშუმის კაბები იყო! – წამოიძახა მილამ.
– რამდენი კარგი საცვალი იყო! – წამოიძახა ტრუდხენმა.
– ო, რა დღე დავაყენეთ დიდი მონასტრის მონაზვნებს! – თქვა კორნეტმა. – ორასი ცხენოსანი მეთოფე ას მონაზონთან შესახლებული!
– იმდენად მოეწონათ ჰუგენოტები, რომ ოცზე მეტმა მონაზნმა უარყო პაპიზმი, – თქვა მილამ.
– აი, სწორედ იქ – წამოიძახა კაპიტანმა, – იქ უნდა გენახათ ჩვენი არგულეტები (მზვერავები, მსუბუქი ჯარი), ცხენების დასარწყულებლად რომ მიდიოდნენ ხოლმე ზურგზე ანაფორაწამოსხმულნი, ჩვენი ცხენები საკურთხეველში რომ მიირთმევდნენ შვრიას, და ჩვენც, ვერცხლის ბარძიმებით რომ ვსვამდით ბერების საუცხოო ღვინოს!
მან მიიბრუნა თავი, რათა ღვინო მოეთხოვა, და შეხედა მეფუნდუკეს, რომელსაც ხელები გულზე დაეკრიბა და თვალი ზეცისკენ აღეპყრო განუსაზღვრელი შიშის გამომეტყველებით.
– ჩერჩეტი! – თქვა მამაცმა დიტრიხ ჰორნშტაინმა და მხრები აიჩეჩა. – როგორ შეიძლება კაცი იყო იმდენად სულელი, რომ სჯეროდეს ყველა ის აბდაუბდა, რასაც პაპისტი ხუცები როშავენ! ყური მიგდეთ, ბატონო დე მერჟი, მონკონტურის ბრძოლაში მე მოვკალი დამბაჩით ანჟუს დუკას ერთი აზნაური და, როდესაც მას კურტაკი გავხადე, იცით რა ვუპოვე მუცელზე? აბრეშუმის დიდი ნაჭერი, რომელიც დაფარული იყო წმიდანთა სახელებით. მას ეგონა, რომ ამით ტყვიისაგან თავს გადაირჩენდა. ვერ მივართვი! მე დავუმტკიცე, რომ არ არსებობს ისეთი ავგაროზი, რომელშიც პროტესტანტის ტყვიამ არ გაატანოს”.
რაიტერებმა და მათმა თანმხლება ქალებმა დამთვრალსა და მძინარე მერჟის ცხენიც მოპარეს და ფულებიც. ასე რომ იგი იძულებული შეიქნა გერმანელი კორნეტის ბებერი ჯაგლაგით გაეგრძელებინა გზა პარიზისკენ. რომანის III თავში, რომელსაც ეწოდება “ახალგაზრდა კარისკაცები”, პროსპერ მერიმე განაგრძობს:
“როდესაც პარიზს მიემგზავრებოდა, მერჟი იმედოვნებდა, რომ ძლიერი რეკომენდაციები მექნება ამირბარ კოლინისთან და ჯარში სამსხურს მივიღებო. ეს ჯარი, როგორც ამბობდნენ, ამ დიდი მხედართმთავრის სარდლობით გაილაშქრებდა ფლანდრიაში. მერჟი ოცნებობდა, რომ მამამისის მეგობრები, რომლებთანაც მას წერილები გამოატანეს, მხარს დაუჭერდნენ და დაეხმარებოდნენ მიეღოთ იგი შარლ IX-ის კარზე და მირბართან, რომელსაც ჰქონდა აგრეთვე ერთგვარი კარი. მერჟიმ იცოდა, რომ მის ძმასაც ჰქონდა რაღაც გავლენა, მაგრამ ჯერ კიდევ ყოყმანობდა – მოეძებნა იგი თუ არა. ჟორჟ დე მერჟის განდგომამ თითქმის მთლად განაშორა იგი თავის ოჯახს, რომლისთვისაც ის მეტი არაფერი იყო, თუ არ ვინმე უცხოელი. ეს არ იყო სარწმუნოებრივი აზრების სხვადასხვაობის გამო გათიშული ოჯახის ერთადერთი მაგალითი. დიდი ხანია ჟორჟის მამამ აუკრძალა ყველას: ჩემთან არ ახსენოთ გ ა ნ დ გ ო მ ი ლ ი ს სახელიო, – და ამ თავის სიმკაცრეს იგი ასაბუთებდა სახარების შემდეგი სიტყვებით: “უ კ ე თ უ თ უ ა ლ ი შ ე ნ ი მ ა რ ჯ უ ე ნ ე გ ა ც თ უ ნ ე ბ დ ე ს შ ე ნ, ა ღ მ ო ი ღ ე ი გ ი დ ა გ ა ნ ა გ დ ე შ ე ნ გ ა ნ”. თუმცა ახალგაზრდა ბერნარი დიდად არ იზიარებდა ამ სიკერპეს, მაინც მისი ძმის ცვლილება სასირცხვო ლაქად მიაჩნდა თავისი ოჯახის სახელისათვის, და, ცხადია, ძმური სიყვარულის გრძნობები უნდა შელახულიყო ამ გარემოების გამო”.
მაგრამ პარიზის ქუჩაში მას მოულოდნელად შეხვდა ჟორჟი, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად საქეიფოდ მიდოდა. ჟორჟი და მისი მეგობრები, კათოლიკი ახალგაზრდები, მხიარულად და ხმაურით მოდიოდნენ ქუჩაში. ამ საერთო მხიარულობაში არ მონაწილეობდა ჟორჟი, რომელიც რაღაც დარდი აწუხებდა. დაუწყეს გამოკითხვა ამის გამო, ერთმა ასეთი აზრიც გამოთქვა: “შეიძლება ჩვენს მეგობარ კაპიტანს მონაზონი შეუყვარდა. ეს წყეული ჰუგენოტები კი, მოქცეულნი თუ არმოქცეულნი, არ ასვენებენ ქრისტეს სძალთ.
ხმამ, რომელიც მერჟიმ მყისვე იცნო, მიუგო ნაღვლიანად:
– ჯანდაბას! ნაკლებად დავღონდებოდი, საქმე რომ მხოლოდ გამიჯნურებას ეხებოდეს, მაგრამ, – დასძინა მან უფრო ხმადაბლა, – დე პონი, რომელსაც დავავალე წერილი გადაეცა მამაჩემისთვის, დაბრუნდა და შემატყობინა, რომ კერპობს და შენზე ლაპარაკის გაგონებაც არ სურსო.
– მამაშენი ძველი ყაიდის კაცია, – უთხრა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, – ის იმ ძველ ჰუგენოტთაგანია, რომელთაც ამბუაზის აღება სურდათ.
ანაზდად კაპიტანმა ჟორჟმა შემთხვევით მიიბრუნა პირი და შეამჩნია მერჟი. მოულოდნელობისაგან ერთი შეჰყვირა, შემდეგ გაექანა მისკენ მკლავებგაშლილი. მერჟი წამსაც არ შეყოვნებულა – მანაც გაუწოდა ხელები და ძმა მკერდზე მიიკრა. შეიძლება თუ ასე მოულოდნელი შეხვედრა არა, იგი ცდილიყო გულგრილად ეჩვენებინა თავი, მაგრამ მოულოდნელობამ ბუნებას ყველა მისი უფლება დაუბრუნა. ამ წუთიდან ისინი ისე გრძნობდნენ თავს, როგორც დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ შეყრილი მეგობრები”.
ჟორჟს სურდა ძმასთან მარტო დარჩენილიყო, მაგრამ მეგობრებმა არ მისცეს მათ ამის საშუალება და ყველანი ერთად წავიდნენ სასადილოდ “მავრში”.
“კაპიტანმა შეხედა თავის ძმას, რომელიც ჯერ კიდევ ყოყმანობდა.
– არა უშავს რა. მოასწრებ წერილების გადაცემას. ფული კი – მე მაქვს. მაშ წამოდი ჩვენთან. გაგაცნობ პარიზის ცხოვრებას.
მერჟი დათანხმდა. მისმა ძმამ იგი თავის მეგობრებს სათითაოდ წარუდგინა: ბარონ დე ვოდრეილს, შევალიე დე რენსის, ვიკონტ დე ბევილს და სხვებს. მათ ახალმოსული კინაღამ დაახრჩვეს ალერსით და იგი იძულებული იყო სათითაოდ ყველას გადახვეოდა და გადაეკოცნა. ბევილმა გადაკოცნა უკანასკნელმა.
– ოჰ! ოჰ! – წამოიყვირა მან. – ღმერთი გამიწყრეს, ამხანაგო, თუ მწვალებლის სუნი არ მომდიოდეს! მოვდივარ სანაძლეოდ ჩემს ოქრის ძეწკვს ერთი პისტოლის საპირდაპიროდ, რომ თქვენ ჰუგენოტი ბრძანდებით.
– მართალია, ბატონო, თუმცა არა ისეთი კარგი ჰუგენოტი, როგორიც უნდა ვიყო.
– ხედავთ, როგორ ვცნობ ჰუგენოტს ათას ადამიანში! მგლის არჩვი ვიყო! რა სერიოზულ სახეს მიიღებენ ხოლმე ეს ბატონი პარპაიოები, როდესაც ლაპარაკს დაიწყებენ თავიანთ სარწმუნოებაზე!
– მე მგონია, რომ არასდროს არ უნდა ვილაპარაკოთ ხუმრობით ასეთ საგანზე.
– ბატონი დე მერჟი მართალია, – თქვა ბარონ დე ვოდრეილმა, – ხოლო თქვენ, ბევილ, უბედურება დაგატყდებათ თავს წმიდა საგნების ბოროტად დაცინვისათვის.
– დამიხედეთ ცოტა ხანს ამ წმიდანის სახეს, – უთხრა ბევილმა მერჟის, – იგი ჩვენ შორის ყველაზე უფრო გარყვნილია, მაგრამ მაინც კისრულობს დროდადრო ჩვენ გვიქადაგოს სათნოება.
– დამაყენეთ ჩემთვის რაცა ვარ, ბევილ, – მიუგო ვოიდრეილმა. – თუ მე გარყვნილი ვარ – ეს იმიტომ, რომ არ ძალმიძს ხორცის დათრგუნვა, მაგრამ ყოველთვის პატივსა ვცემ იმას, რაც პატივისცემის ღირსია.
– მე კი დიდ პატივსა ვცემ... დედაჩემს; ეს ერთადერთი პატიოსანი ქალია, რომელსაც მე ვიცნობდი. კიდევ მეტი, ჩემო ბატონო, კათოლიკე, ჰუგენოტი, პაპისტი, ებრაელი თუ თურქი ჩემთვის ერთია; მათი დავა ისევე მაინტერესებს, როგორც გატეხილი დეზი.
– ურჯულო! – წაიბუტბუტა ვოდრეილმა და ჯვარი გამოისახა ბაგეზე, თანაც რაც შეეძლო, ფარავდა ამას თავისი ცხვირსახოცით.
– საჭიროა იცოდე ბერნარ, – უთხრა კაპიტანმა ჟორჟმა, – რომ ჩვენ შორის ვერც კი იპოვნი ისეთ მოკამათეებს, როგორიც ჩვენი სწავლული ოსტატი თეობალდ ვოლფშტაინუსია. ჩვენ დიდ რამედ არ მიგვაჩნია საღვთისმეტყველო საუბრები და, ღვთის მადლით, დროს უკეთ ვიყენებთ.
– შეიძლება, – მიუგო მერჟიმ ოდნავი სიმწარით, – შეიძლება შენთვის აჯობებდა, რომ ყურადღებით მოგესმინა მეცნიერული მსჯელობანი ღირსეული პასტორისა, რომლის სახელიც ახლა ახსენე...
...ლუვრთან გავლისას საიდანაც ამ დროს მრავალი მდიდრულად ჩაცმული პირი გამოდიოდა, კაპიტანი და მისი მეგობრები მიესალმნენ და გადაეხვივნენ თითქმის ყველა დიდკაცს, რომლებსაც კი შეხვდნენ. ისინი მათ უდგენდნენ ახალგაზრდა მერჟის, რომელიც, ამნაირად, ერთი წუთის განმავლობაში გაეცნო იმ დროის ბევრ სახელოვან პიროვნებას. ამავე დროს იგი ტყობილობდა მათ მეტსახელებს (ვინაიდან იმ დროს ყოველ შესამჩნევ ადამიანს შერქმეული ჰქონდა მეტსახელი), აგრეთვე მათ მიმართ გავრცელებულ სკანდალურ ამბებს.
– ხედავთ, – ეუბნებოდნენ მას, – ამ დარბაისელს, ასე ფერმკრთალსა და ასე ყვითელს? ეს არის მესირ Petrus de finibus, ფრანგულად – პიერ სეგიე, რომელიც ყველაფერს, რასაც კი წამოიწყებს, იმდენად და ისე კარგად წარმართავს, რომ მუდამ აღწევს თავის მიზანს. ა ი, პ ა ტ ა რ ა კ ა პ ი ტ ა ნ ი ც მ უ ტ ი ა, თორე დე მონმორანსი, ა ი, კ ი დ ე ვ ბ ო თ ლ ე ბ ი ს ა რ ქ ი ე პ ი ს კ ო პ ო ს ი * (გიზის არქიეპისკოპოსი), რომელიც მარჯვედ ზის თავის ჯორზე, სანამ არ უსადილნია. აი, თქვენი პარტიის ერთერთი გმირი, მამაცი გრაფი დე ლა როშფუკო, რომელსაც მეტსახელად უწოდებენ კ ო მ ბ ო ს ტ ო ს მ ტ ე რ ს. უკანასკნელ ომში მან თოფით დაცხრილა ერთი საცოდავი ბოსტანი, სადაც მხოლოდ კომბოსტო იყო: კომბოსტოები მას თავისი სიბეცის გამო ლანდსკნეხტებად მოეჩვენა”.
თანამეინახეებს გზად შეხვდათ ერთი სილამაზით გამორჩეული ახალგაზრდა ქალი, კონტესა დიანა დე ტიურჟი, რომლის გამოც, როგორც მას მოუთხრეს, მრავალი დუელი გამართულა, და ამასთანავე თავად მასაც გამოუწვეია დუელში სამეფო კარის ერთერთი სეფექალი, რომელმაც მას გზაზე გადაუსწრო.
“– მოხდა თუ არა დუელი? – იკითხა მერჟიმ.
– არა – მიუგო ჟორჟმა, – შეარიგეს.
– თვითონ ეს იყო, რომ შეარიგა ისინი, – თქვა ვოდრეილმა; – ეგა მაშინ სენტ-ფუას საყვარელი იყო.
– ფუჰ! უფრო მეტად არა, ვიდრე შენ, – მიუგო ჟორჟმა ძლიერ თავმდაბლად.
– ტიურჟი ვოდრეილს ჰგავს, – თქვა ბევილმა; – ეს ქალი სარწმუნოებისა და ჩვენი დროის ზნე-ჩვეულებათაგან აკეთებს დომხალს: მას სურს ხმალში გასვლა, რაც, მე მგონია, მომაკვდინებელი ცოდვაა, და ყოველდღე უსმენს ორ-ორ წირვას.
– მომასვენე ჩემი წირვითურთ! – შესძახა ვოდრეილმა.
– დიახ, ეს ქალი დადის წირვაზე, – კვლა ჩაურთო რენსიმ, – მაგრამ ეს იმისთვის, რომ საზოგადოებას ეჩვენოს უნიღბოდ.
– მე მგონია, სწორედ ამისთვის დადის წირვაზე ამდენი ქალი, – შენიშნა მერჟიმ, აღტაცებულმა, რომ შემთხვევა იპოვა დასცინოს იმ სარწმუნოებას, რომელსაც თვითონ არ აღიარებდა.
– და ლუთერანულ ქადაგებაზეც – თქვა ბევილმა – როდესაც ქადაგება თავდება, აქრობენ სანთლებს და მაშინ ხდება ძალიან კარგი ამბები! წყეული ვიყო, თუ ამის გამო გაგიჟებით არ მსურდეს ლუთერანად გახდომა.
– და თქვენ გჯერათ ეს სულელური ზღაპრები? – ჰკითხა მერჟიმ ზიზღით.
– დიახ, მჯერა! პატარა ფერანი, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიცნობთ, დადიოდა ორლეანის ლუთერანთა საყდარში, რათა იქ ენახა ერთი ნოტარიუსის ცოლი, მშვენიერი ქალი, ჩემმა მზემ! ნერწყვი მომდიოდა პირში მარტო იმის გამო, რომ მასზე მელაპარაკებოდნენ. ფერანს ერთმა მეგობართაგანმა, ჰუგენოტმა, უთხრა პაროლი: იგი შედიოდა ქადაგებაზე და იქ, სიბნელეში თქვენ თვითონ იფიქრეთ, როგორ მოიხმარდა ჩვენი ამხანაგი თავის დროს.
– ეს შეუძლებელია, – თქვა მკვახედ მერჟიმ.
– შეუძლებელი! რატომ?
– იმიტომ, რო პროტესტანტი არასოდეს გამოიჩენს ისეთ სიმდაბლეს, რომ პაპისტი შეიყვანოს პროტესტანტულ საყდარში.
ამ პასუხმა გამოიწვია ერთობლივი ხარხარი.
– აჰ! აჰ! – წამოიძახა ბარონ ვოდრეილმა; – თქვენ გგონიათ, რადგან კაცი ჰუგენოტია, ის არ შეიძლება იყოს არც ქურდი, არც მოღალატე, არც მაჭანკალი?
– იგი მთვარიდან არის ჩამოვარდნილი! – წამოიძახა რენსიმ.
– მე კი, – თქვა ბევილმა, – თუ რომელიმე ჰუგენოტი ქალისათვის საიდუმლო ბარათი მექნება გადასაცემი, მივმართავდი მის პასტორს.
– ეს, უეჭველად, იმიტომ, – მიუგო მერჟიმ, – რომ რომ თქვენ დაჩვეული ხართ მისცეთ ამნაირი დავალება თქვენს მღვდლებს.
– ჩვენს მღვდლებს... – თქვა ვოდრეილმა და გაწითლდა სიბრაზისაგან.
– მორჩით ახლა ამ მოსაწყენ კამათს – ჩაერია ჟორჟი, რომელმაც უკვე შენიშნა “თითოეული გამოხდომის შეურაცხმყოფელი სიმწვავე”. – თავი გავანებოთ ყველა სექტის მუზმუზელებს. წინადადება შემომაქვს, ვინც პირველი წარმოთქვამს სიტყვა “ჰუგენოტს”, “პაპისტს”, “პროტესტანტს” ან “კათოლიკეს”, დაჯარიმდეს”.
რომანის IV თავში, რომელსაც ეწოდება “მოქცეული”, გადმოცემულია ძმების საუბარი კაპიტან ჟორჟ მერჟის სახლში, რომელსაც ქვემოთ თითქმის მთლიანად მოვიყვანთ:
“კაპიტნის ბინა კოხტად იყო მოწყობილი. პირველად ყვავილებით მოსახულ აბრეშუმის ფარდებმა და ელვარე ფერების ნოხებმა მიიზიდა მერჟის თვალი, რომელიც მიჩვეული იყო უფრო მეტ უბრალოებას. იგი შევიდა ერთ კაბინეტში, რომელსაც მისი ძმა თავის ს ა მ ლ ო ც ვ ე ლ ო ს ეძახდა, სიტყვა “ბუდუარი” ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი. მშვენივრად მოხარატებული მუხის სკამსამლოცველო, მადონა, იტალიელი მხატვრის მიერ დახატული, და სააიაზმე ბზის დიდი ტოტითურთ, თითქოს ადასტურებდა ამ ოთახის საღვთისმოსავო დანიშნულებას, მაშინ, როცა სახიანი შავი აბრეშუმის ქსოვილით გადაფარებული დივანი, ვენეტიკური სარკე, ქალის პორტრეტი, იარაღი და სამუსიკო საკრავი ამჟღავნებდა, რომ ოთახის პატრონის ჩვეულებანი არცთუ მთლად ბერონაზვნური იყო.
მერჟიმ ზიზღით შეხედა სააიაზმესა და ბზის ტოტს, რომლებიც მას, სამწუხაროდ, მოაგონებდნენ ძმის განდგომას, მოსასახურე ბიჭმა მოიტანა მურაბა, დრაჟე და თეთრი ღვინო, ჩაისა და ყავას ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ და ჩვენს წინაპრებს ამ ნატიფი სასმელების მაგივრობას ღვინო უწევდათ.
მერჟის, რომელსაც ხელში ჭიქა ეჭირა, განუწყვეტლივ გადაჰქონდა თავისი მზერა მადონადან სააიაზმეზე და სააიაზმედან სკამსამლოცველოზე. მან ღრმად ამოიოხრა და შეხედა ძმას, რომელიც დაუდევრად გაშოტილიყო დივანზე.
– აი, შენ უკვე ნამდვილი პაპისტი ხარ! – უთხრა მერჟიმ. – რას იტყოდა დედაჩვენი, აქ რომ ყოფილიყო?
ამ აზრმა თითქოს მტკინეულად შეაშფოთა კაპიტანი. მან ხშირი წარბები შეიჭმუხნა და ხელი გაასავსავა, თითქოს სთხოვდა ძმას – ამ საგანზე საუბარი არ წამოეწყო, მაგრამ ის შეუბრალებლად განაგრობდა:
– ნუთუ შენ გულით უარჰყავ ჩვენი ოჯახის სარწმუნოება, ისე, როგორც უარჰყავ იგი სიტყვით?
– ჩვენი ოჯახის სარწმუნოება!.. იგი არასოდეს ყოფილა ჩემი... ვინ? მე... ვირწმუნო თქვენი დუდღუნა პასტორების ფარისევლური ქადაგებანი! მე!..
– რა თქმა უნდა! უმჯობესია ირწმუნო სალხინებელი, აღსარება, პაპის უცოდველობა! უმჯობესია დაიჩოქო კაპუჩინის მტვრიანი სანდლების წინაშე! მოვა ის დროც, როცა შენ აღარ დაიჯერებ, რომ შეიძლება სადილის ჭამა ბარონ ვოდრეილის ლოცვის წარმოუთქმელად.
– მომისმინე, ბერნარ, მე მძაგს კამათი, მეტადრე ისეთი, რომელიც სარწმუნოებას ეხება, მაგრამ ძალან საჭიროა, რომ ადრე თუ გვიან, მოგელაპარაკო, და რადგანაც უკვე სიტყვამ მოიტანა, ბარემ გავათაოთ. მე უნდა გელაპარაკო გულახდილად.
– მაშ შენ არ გჯერა პაპისტების ყველა ეს სულელური მონაჭორი?
კაპიტანმა მხრები აიჩეჩა და ერთ-ერთი თავისი ფართო დეზი გააწკარუნა, როდესაც ჩექმის ქუსლი დივანიდან იატაკზე დაუშვა. მან წამოიძახა:
– პაპისტები! ჰუგენოტები! ცრუმორწუნეობა ორივე მხრივ. სრულიად არ ვიცი როგორ უნდა ვიწამო ის, რაც ჩემს გონებას სისულელედ მიაჩნია. ჩვენი ლიტანიები და თქვენი ფსალმუნები – ყველა ეს აბდაუბდა ერთიმეორედ ღირს. მხოლოდ – დასძინა მან ღიმილით – ჩვენს ეკლესიებში ზოგჯერ კარგი მუსიკაც ისმის, მაშინ, როცა თქვენთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომია გამართული სათუთი ყურების წინააღმდეგ.
– რა საუცხოო უპირატესობაა შენი სარწმუნოებისათვის, და მარტო ამისთვის უნდა შეუდგნენ მას!
– ნუ უწოდებ მას ჩემს სარწმუნოებას, ვინაიდან მე იგი შენსაზე უფრო მეტად არა მრწამს. მას შემდეგ, რაც მე შევძელ ჩემი საკუთარი თავით აზროვნება, მას შემდეგ, რაც ჩემი გონება ჩემთანაა...
– მაგრამ...
– აბა! ქადაგება არ იყოს! ზეპირად ვიცი ყველაფერი, რაც უნდა მითხრა. მეც მქონდა ჩემი იმედები, ჩემი შიში. გჯერა განა, რომ მთელი ძალ-ღონე არ დამეძაბოს, რათა ბავშვობის ბედნიერი ცრუმორწმუნეობა შემენარჩუნებია? მე გადავიკითხე ყველა ჩვენი სწავლული, რათა მათში მეპოვა ნუგეში იმ ეჭვების საწინააღმდეგოდ, რომლებიც მაშფოთებდა, მაგრამ ამით მხოლოდ გავადიდე ეს ეჭვები. მოკლედ, მე არ შემეძლო და არც შემიძლია ვირწმუნო. რწმენა – ეს ძვირფასი ნიჭია, რომელსაც მე მოკლებული ვარ, მაგრამ არაფრის გულისთვის არ ვცდილვარ სხვებისთვის წამერთმია იგი.
– მებრალები.
– ძალიან კარგი, შენ მართალი ხარ. პროტესტანტი ვიყავ, არ მრწამდა ქადაგება; კათოლიკე ვარ და უფრო არა მრწამს წირვა. ეჰ! ჯანდაბას! განა ჩვენი სამოქალაქო ომების საშინელებანი საკმაო არ არის, რათა ძირფესვიანად ამოგვეგდო ყველაზე უფრო ძირგადგმული სარწმუნოება?
– ეს საშინელებანი მხოლოდ ადამიანების ნამოქმედარია. იმ ადამიანებისა, რომელთაც შერყვნეს ღვთის სიტყვა.
– ეს პასუხი შენი არ არის; მაგრამ შენ კარგად მიიჩნევ იმას, რომ მე ჯერ კიდევ დარწმუნებული არა ვარ. თქვენი ღმერთი ჩემთვის გაუგებარია, მე არ ძალმიძს მისი გაგება... და თუ ვირწმუნებ, ეს იქნება – როგორც ჩვენი მეგობარი ჟოდელი ამბობს – შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ზ ე ნ ა კ ლ ე ბ ი გ ა ს ა ვ ა ლ ი.
– თუ ორივე სარწმუნოება შენთვის სულ ერთია, რად დაგჭირდა ეს განდგომა, რამაც ამდენად დააღონა შენი ოჯახი და შენი მეგობრები?
– ოცჯერ მივწერე მამაჩემს, რათა ამეხსნა მისთვის ჩემი მიზეზები და გავმართლებულიყავი, მაგრამ მან გაუხსნელად ცეცხლში ჩაყარა ჩემი წერილები; იგი ძალიან ავად მექცეოდა, თითქოს რაიმე დიდი ბოროტება ჩამედინოს.
– დედაჩემი და მე არ ვიწონებდით ამ მეტისმეტ სიმკაცრეს; და, ბრძანება რომ არ ყოფილიყო...
– მე არ ვიცი ჩემზე რას ფიქრობდნენ. ეს სულაც არ მენაღვლება! აი, რამ მაიძულა გამეკეთებია ეს მოუფიქრებელი ნახტომი, რომელსაც არ გავიმეორებდი, უეჭველია, თუ ხელმეორედ მომიხდებოდა მისი გაკეთება...
– აჰ! მე მუდამ ვფიქრობდი, რომ შენ ამას ნანობ.
– მე ვნანობ? არა, რადგან არა მგონია, რომ ცუდი საქციელი ჩამედინოს. როდესაც შენ ჯერ კიდევ კოლეჟში იყავი და ლათინურსა და ბერძნულს სწავლობდი, მე უკვე ჯავშანი ავისხი, თეთრი აშურმა* შემოვირტყი (* პროტესტანტებში ეს ფერი მიიღეს) და ვიბრძოდი ჩვენს პირველ სამოქალაქო ომებში. თქვენი პატარა პრინცი დე კონდე, რომელმაც ამდენი შეცდომა ჩაადენინა თქვენს პარტიას, ეს თქვენი პრინცი თქვენს საქმეებს ხელს მაშინ მოჰკიდებდა ხოლმე, როდესაც თავისი სიყვარულის საქმეებისაგან მოიცლიდა. ერთ ქალბატონს ვუყვარდი; პრინცმა მთხოვა დამეთმო იგი მისთვის; მე უარი მოვახსენე; სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამეკიდა. ამის შემდეგ ცდილობდა ყოველნაირად გავეწამებინე.
ეს პატარა, კოხტა პრინცი,
ვინც ლამაზებს მუდამ ჰკოცნის.
პარტიის ფანატიკოსებს უთითებდა ჩემზე როგორც გარყვნილებისა და ორჯულოების ურჩხულზე. მე მხოლოდ ერთი საყვარელი მყავდა და სხვა არავინ. ურჯულოება კი... სხვების ურჯულოებას მე არ ვეხებოდი: აბა რატომ უნდა გამოეცხადებინათ ჩემთვის ომი?
– არასდროს არ დავიჯერებდი, თუ პრინცი ასე ცუდად მოიქცეოდა.
– ის მკვდარია, და თქვენ იგი აქციეთ გმირად. ასე ხდება ხოლმე. მას ღირსებებიც ჰქონდა. ვაჟკაცურად მოკვდა: მე ვაპატიე ყველაფერი. მაგრამ იმ დროს ის ძლევამოსილი იყო და, თუ ჩემისთანა საწყალი აზნაური წინააღმდეგობას გაუწევდა, დამნაშავედ მიაჩნდა.
კაპიტანი ერთ ხანს ოთახში მიმოდიოდა და თან საუბარს განაგრძობდა; ხმაზე ეტყობოდა, რომ მისი მღელვარება თანდათან მატულობდა:
– ჯარის პასტორები და მუზმუზელები უმალ მომისიეს, მაგრამ მათ ყეფას ისევე მცირე ყურადღებას ვაქცევდი, როგორც მათ ქადაგებას. პრინცის ერთ-ერთმა აზნაურმა მისი გულის მოსაგებად ჩვენი მეთაურების წინაშე გ ა რ ყ ვ ნ ი ლ ი მიწოდა. მან სამაგიეროდ სილა მიიღო, და მე იგი მოვკალი. ყოველდღე ჩვენს ჯარში თორმეტ დუელზე ნაკლები არ ხდებოდა, მაგრამ ჩვენი გენერლები ვითომ ვერც კი ამჩნევდნენ. მხოლოდ ჩემთვის გააკეთეს გამონაკლისი, და პრინცმა მთელი ჯარისათვის მაგალითის საჩვენებლად მე გამომარჩია. დიდკაცების თხოვნით და მათ შორის, – ვალდებული ვარ აღვიარო, – ამირბარისაც, მაპატიეს. მაგრამ პრინცის სიძულვილი არ დამცხრალა. ჟაზნეის ბრძოლაში დამბაჩიანთა ასეულს ვმეთაურობდი; ერთი პირველთაგანი ვიყავი შეტაკებაში: ორი თოფის ტყვიისაგან ჩემს ჯავშანზე უკვე ღრმულები იყო გაკეთებული; მარცხენა ხელი შუბის დარტყმით გამიხვრიტეს, და ეს ამტკიცებდა, რომ თავს არ ვზოგავდი. ჩემს ირგვლივ მხოლოდ ოცი კაციღა იყო დარჩენილი. იმ დროს მეფის შვეიცარიელთა ათასეული წამოვიდა ჩემს წინააღმდეგ. კონდეს პრინცმა მიბრძანა იერიშზე გადასვლა... მე მოვთხოვე რაიტერების ორი ასეული... და მან ლაჩარი მიწოდა!
მერჟი წამოდგა და ძმას ხელი ხელში მოჰკიდა. კაპიტანი განაგრძობდა თხრობას და სიბრაზისაგან ენთებოდა, თან განუწყვეტლივ დადიოდა.
– მან ლაჩარი მიწოდა მოვარაყებულ საჭურველში ჩამსხდარ თავადაზნაურთა წინაშე, რომელთაც რამდენიმე თვის შემდეგ მიატოვეს იგი ჟარნაკში და მიანებეს მტრებს მოსაკლავად. ვიფიქრე, ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს-მეთქი, და შევუტიე შვეიცარიელებს, თან დავიფიცე: თუ ჩემს ბედზე ცოცხალი გადავრჩები, არასდროს არ ვიშიშვლებ ხმალს ასეთი უსამართლო პრინცისათვის-მეთქი. მძიმედ დაჭრილი და ცხენზე გადმოვარდნილი ის-ის იყო უნდა მოვეკალით, როცა ანჟუს დუკას ერთ-ერთმა აზნაურმა, ბევილა, ამ გიჟმა, რომელთანაც ჩვენ ვისადილეთ, სიკვდილს გადამარჩინა და წარმადგინა დუკასთან. კარგად მომექცნენ. მწყუროდა შურისძიება. მომიალერსეს, მაგულიანებდნენ შევსულიყავი სამსახურში ჩემს კეთილისმყოფელთან, ანჟუს დუკასთან; ეს ლექსიც კი წამიკითხეს:
Omne solum forti patria est, ut pescibus aeqour.
აღშფოთებული ვხედავდი როგორ იწვევდნენ პროტესტანტები უცხოელებს ჩვენს სამშობლოში. მაგრამ რატომ არ გეუბნები იმ ერთადერთ მიზეზს, რომელმაც გადაწყვეტილება მიმაღებინა? მინდოდა შური მეძია და გავხდი კათოლიკე იმ იმედით, რომ შევხვედროდი კონდეს პრინცს სადმე ბრძოლის ველზე და მომეკლა. ერთმა არამზადამ იკისრა გადაეხადა მისთვის ჩემი ვალი... და მოკლა იგი ისეთი საშუალებით, რომ ამან თითქმის დამავიწყა ჩემი სიძულვილი... ვიხილე პრინცის გასისხლიანებული გვამი, ჯარისკაცთათვის საგინებლად მიგდებული, გამოვტაცე მათ ეს გვამი და გადავაფარე ჩემი ლაბადა. – მე უკვე კათოლიკეებთან ვიყავ; ცხენოსანი ჯარის ასეულს ვმეთაურობდი და აღარ შემეძლო მათი დატოვება საბედნიეროდ, მგონი, კვლავ ცოტა რამ სამსახური გავუწიე ჩემს ძველ პარტიას; ვეცადე, რაც შემეძლო, დამემშვიდებია სარწმუნოებრივი ომების მძვინვარება და ბედნიერი ვარ, რომ მრავალი ჩემი ძველი მეგობარი გადავარჩინე.
– ოლივიე დე ბასვილი ყველგან აცხადებს, რომ იგი სიკვდილს გადაარჩინე.
– და, აი, მე კათოლიკე ვარ – თქვა ჟორჟმა უფრო დამშვიდებული ხმით. – ეს სარწმუნოება სხვაზე ნაკლები არაა, ვინაიდან ისე ადვილია მის ღვთისმოსავებთან შეთანხმება! შეხედე ამ ლამაზ მადონას: ეს რომელიმე იტალიელი კურტიზანის პორტრეტია; მუზმუზელები აღტაცებული არიან ჩემი ღვთისმოსაობით და პირჯვარს იწერენ ამ ვითომდა ქალწულის წინაშე. დამიჯერე, მე უფრო კარგად ვეგუები მათ, ვიდრე ჩვენს პასტორებს. შემიძლია ისე ვიცხოვრო, როგორც მსურს, ამასთან, სულ ცოტა რამ დავუთმო ბრბოს შეხედულებას. მაშ ასე! საჭიროა წირვაზე წასვლა, – და მე დროდადრო დავდივარ და ვუცქერი ლამაზ ქალებს; საჭიროა მოძღვარი, – და მე მყავს ერთი ყოჩაღი ბერი, ძველი ცხენოსანი მეთოფე, რომელიც ერთ ეკიუდ მაძლევს აღსარების ქაღალდს და სართად კიდევ კისრულობს ჩემი საიდუმლო ბარათების გადაცემას თავისი ლამაზი მონანულებისადმი. რა ჯობს ამას! გაუმარჯოს წირვას!
მერჟიმ თავი ვეღარ შეიკავა და გაიღიმა.
– შეხე, – განაგრძობდა კაპიტანი, – აი, ჩემი ლოცვანი. – და მან ესროლა ძმას მდიდრულად შეკინძული წიგნი ვერცხლის საკეტებიან ხავერდის ბუდეში. – ეს ჟამნი ღირს თქვენს ლოცვანად.
მერჟიმ წაიკითხა ყუაზე: “მ ე ფ ი ს კ ა რ ი ს ჟ ა მ ნ ი”.
– ყდა მშვენიერია, – თქვა მან აგდებით და დაუბრუნა ძმას წიგნი.
კაპიტანმა გადაშალა წიგნი და კვლავ გადასცა ძმას ღიმილით. მერჟიმ წაიკითხა პირველ გვერდზე: “ფ რ ი ა დ შ ე მ ზ ა რ ა ვ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ა დ ი დ ი გ ა რ გ ა ნ ტ უ ა ს ი, პ ა ნ ტ ა გ რ უ ე ლ ი ს მ ა მ ი ს ა, შ ე დ გ ე ნ ი ლ ი ბ. ა ლ კ ო ფ რ ი ბ ა ს ი ს, კ ვ ი ნ ტ ე ს ე ნ ც ი ი ს ა მ ო მ ღ ე ბ ი ს მ ი ე რ”.
– აი, მელაპარაკეთ ამ წიგნზე! – შესძახა კაპიტანმა სიცილით; – მე მას უფრო ვაფასებ, ვიდრე ჟენევის ბიბლიოთეკის საღვთისმეტყველო ტომებს ერთად.
– ამ წიგნის ავტორი, ამბობენ, აღსავსე იყო ცოდნით, მაგრამ იგი კეთილად ვერ გამოიყენაო.
ჟორჟმა მხრები აიჩეჩა.
– წაიკითხე ეს წიგნი, ბერნარ, და შემდეგ მელაპარაკე მასზე. მერჟიმ აიღო წიგმი და ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა:
– ვწუხვარ, რომ შეურაცხყოფის გრძნობამ, კანონიერმა უთუოდ, მიგიყვანა ისეთ ქმედებამდე, რომელსაც უეჭველია, ერთ დღეს მოინანიებ.
კაპიტანა თავი დახარა და დააშტერდა მის ფეხქვეშ გაფენილ ნოხს, თითქოს გულმოდგინედ ათვალიერებდა მის სახეებს.
– რაც მოხდა, მოხდა, – თქვა მან ბოლოს და ყრუდ ამოიოხრა. – შეიძლება ერთ დღეს დავუბრუნდე პროტესტანტულ ეკლესიას – დაუმატა მან უფრო მხიარულად. – მაგრამ შევწყვიტოთ ეს და აღმითქვი, რომ აღარ დამელაპარაკები ასეთ მოსაწყენ საგნებზე”... და ასე შემდეგ.
ასეთი რამ ბევრი წერია ამ წიგნში, რომელიც უდაოდ კალმის დიდი ოსტატის მიერ არის დაწერილი, და ნაწარმოების მხატვრული ღირებულების მიმართ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ განა მართლმადიდებელი ადამიანისთვის მისაღებია ამნაირი მსჯელობანი სარწმუნოებაზე, რელიგიურ სიწმინდეებზე, როგორც ეს ხდებოდა პაპისტებსა და პროტესტანტებს შორის ევროპის ქვენებსა და ხალხებში რელიგიური დაპირისპირებისა და შემდეგ ომების დროს? ან თუნდაც მათი გადასვლის შემდგომ ხანებში? ხოლო ამ ომებმა და მათმა მომდევნო პროცესებმა რომ უდიდესი ზეგავლენა იქონიეს დასავლეთ ევროპისა და მთლიანობაში დასავლური საზოგადოების შემდგომ ჩამოყალიბებაზე, ამის შესახებ, როგორც სავსებით კანონზომერი მოვლენისა, როგორც უკვე ზემოთ ვნახეთ, გარკვევით აღნიშნავდა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ივანეს ძე კარეევი, ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვენებულ თავის ვრცელ სტატიაში “საფრანგეთის რევოლუცია”.
ამ ერთი თუ ორი წლის წინ საქართველოს ტელევიზით უჩვენეს მრავალსერიანი ფილმი დიდი ბრიტანეთის მეფის იაკობ I-ის შესახებ, რომელიც გახლდათ მარიამ სტიუარტის ვაჟიშვილი და შოტლანდიის მეფე, ხოლო უშვილო ელისაბედმა კი იგი დაასახელა თავის მემკვიდრედაც. შოტლანდიაში იმ დროისთვის კათოლიკობაზე უფრო ძლიერად უკვე კალვინიზმი იყო გავრცელებული, პრესვიტერიანობის სახელწოდებით, და ამ ფილმშიც სათანადოდ არის ასახული იმ დროის რელიგიური ბრძოლების სურათები, როდესაც ახალმა მეფემ ტახტზე ასვლის დროს რჯულის შემწყნარებლობა გამოაცხადა, და არაანგლიკანურ სარწმუნოებათა მიმდევრებისთვის მანამდე დადგენილი ჯარიმები გააუქმა. მაგრამ როდესაც ხაზინაში ფული შემოაკლდა ამის გამო და იმდენ ხარჯებს ვეღარ წვდებოდა, მაშინ კი ისევ დაიწყო მათი შევიწროება, ჯარიმების შეწერა, ურჩების სიკვდილით დასჯა და მათი ჯერ კიდევ თბილი გვამებიდან ნამგლებით გულების ამოგლეჯა. და ეს ყველაფერი მთელი ნატურალიზმით არის ნაჩვენები ამ ფილმში. ხოლო როგორც პროფესორი კარეევი წერდა, ყოველივე ეს უკვალოდ სულაც არ გამქრალა დასავლურ საზოგადოებაში, არამედ მან უდიდესი “გავლენა იქონია ახალი ევროპის ჩამოყალიბებაზე”-ო. ნუთუ ეს არის დღევანდელი ქართული საზოგადოების საოცნებო და მისაბაძი ორიენტირი, პროდასავლური ორიენტაცია გვაქვსო – რომ გავიძახით? ნუთუ იგივეს გვინდა რომ ვამბობდეთ სარწმუნოებასა და ქრისტიანულ სიწმინდეებზე, უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე, რასაც პროსპერ მერიმეს გმირები ამბობდნენ? და ნუთუ ჩვენი ეკლესიის მესვეურები ეთანხმებიან ყოველივე ამას? კარგად ყოფილა მაშინ ჩვენი საქმე.
დაახლოებით 2001-2002 წლებში ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც გაცხადებული იყო, რომ საბერძნეთის ხელისუფლება არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინაიდან იგი არ უშვებს ტურისტებს ათონის მთაზეო. ამაზე იყო საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხო წერილი იმის აღნიშვნით, რომ როდესაც საბერძნეთს სთხოვდით შემოსულიყო ევროკავშირში, მაშინ გვპირდებოდით და გვარწმუნებდით, რომ ათონის მთის ავტონომიურობის სტატუსს არ შეეხებოდით და ეჭვის ქვეშ არ დააყენებდით, მაშინ ახლა რატომღა წამოჭერით ეს საკითხიო? გარდა ამისა, იყო ათონის წმინდა მთის მმართველი ორგანოსა და მოსაგრე მამების კოლექტიური წერლები, სადაც ისინი გამოთქვამდნენ გაოცებასა და მზადმყოფნას დაეცვათ ათონის მთის არსებული სტატუსი. და ეს არ გახლავთ უმბრალოდ ვინმეს ახირება. საქმე შემდეგშია: მართლმადიდებლურ სამყაროში ცნობილია და საყოველთაოდ პატივცემული ცოდნა იმის შესახებ, რომ ათონის წმინდა მთა წარმოადგენს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილ-ხვედრს, ის გახლავთ ბერ-მონაზონთა სავანე და არ შეიძლება, რომ მასზე ქალმა დაადგას ფეხი. ასევე გავრცელებულია ცოდნა, რომ როდესაც გაამპარტავნებულ და თავგასულ ადამიანთა უგუნურების გამო, ათონზე ქალების შესვლის საფრთხე რეალურად დადგება, მაშინ ღვთისმშობელი ამას არ დაუშვებს და წმინდა მთა ზღვაში ჩაიძირება; რომ მანამდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი გაუჩინარდება ათონის მთიდან და ეს იქნება ნიშანი იქ მოსაგრე ბერ-მონაზვნებისა და მორჩილებისთვის, რომ მათ დატოვონ ეს ადგილი და სხვაგან წავიდნენ. როგორც ქართული სასულირო წოდება ვარაუდობს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი მისი პირველსახის წილხვედრ საქართველოში მოვა ამის შემდეგ და ათონის მთიდან წამოსული ბერ-მონაზვნების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც აქ დაიდებს ბინას, რაც დიდად აამაღლებს სულიერ ცხოვრებას საქართველოში. გარდა ამისა, მართლმადიდებლურ სამყაროში არის ცოდნა იმის შესახებაც, რომ ათონის წმინდა მთის ზღვაში დანთქმის შემდეგ დაიწყება დიდი და სისხლისმღვრელი ომები ერებსა და სახელმწიფოებს შორის, რომლებიც გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში და რის შედეგადაც მსოფლიოში გაბატონდება ანტიქრისტე – ადამიანი, რომელიც მოვა კაცობრიობის უმეტესი ნაწილის ცოდვასა და ურჯულოებაში ჩაფლობის ფონზე და რომელიც საკუთარ თავში დაიტევს და დაიუნჯებს სწორედ ცოდვასა და უსამართლობას, თვალთმაქცობასა და ბოროტებას, სისასტიკესა და ღმერთმებრძოლეობას. იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსისის) მიხედვით, ანტიქრისტეს ბატონობა გაგრძელდება სამწელიწადნახევარს, და მას საბოლოოდ წერტილს დაუსვამს მაცხოვრის, იესო ქრისტეს, მეორედ მოსვლა, ეშმაკის საბოლოოდ დამარცხება, საშინელ სამსჯავროზე ადამიანთა საბოლოოდ გასამართლება და “მიგება თითოეულისთვის საქმეთა მათთაებრ” – საუკუნო ნეტარების ან საუკუნო სატანჯველისა. და ყოველივე ამის დაწყების დრო ადამიანთათვის დადგენილი არ არის. კაცობრიობას შეუძლია მისი უფრო შორს გადაწევა, თუკი უფრო მეტად ქრისტიანულად იცხოვრებს, ცოდვას მოიძულებს და სიკეთეს, სიმართლეს, უფლისა და მოყვასის სიყვარულს მიჰყვება; მაგრამ შეუძლია მისი დაჩქარებაც, თუკი დაადგება ცოდვის, ღმერთისადმი ზურგის შექცევის, ანგარების, სიხარბის, ეგოიზმისა და მოყვასის მოძულების გზას. და განა უფლისადმი სიყვარულის, მოყვასისადმი სიყვარულისა და უანგარობის გზით მიდიან დღევანდელი დასავლური სამყაროს მმართველი პოლიტიკური, იდეოლოგიური და ფინანსური წრეები? განა ამ გრძნობების მიყოლით ბომბავდნენ ისინი სერბეთს, ერაყს, ავღანეთს, ხოლო ახლა კი ირანისკენაც უჭირავთ თვალი? განა მათი ჩვენდამი სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოხატულებაა ის, რომ სულს ღაფავს საქართველოში სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, მკვერად არის დაქვეითებული მეცნიერება და კულტურა, ჰყვავის დემაგოგია, ურთიერთზიზღი, სიძულვილი, გაუტანლობა, სიცრუე და ამას ისინი წარმატებულ რეფორმატორობას ეძახიან.
თუმცა კი არც დასავლურ სამყაროშია ამ მხრივ ბევრად უკეთესად საქმე და ამის დასადასტურებლად ქვემოთ კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. ამ რამდენიმე წლის წინ გაზეთ “საპატრიარქოს უწყებანში” გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გერმანიის სასამართლომ 15 წლის გოგონა ჩამოართვა მშობლებს, ვინაიდან მათ გამოყვანეს თავიანთი ქალიშვილი საშუალო სკოლიდან მას შემდეგ, რაც გოგონას მოუწია დასწრებოდა სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს, სადაც, როგორც ჩანს, უფრო მეტად სქესობრივ გარყვნილებასა და თავაშვებულობას ასწავლიდნენ, რაც მშობლებს, ბუნებრივია, არ მოეწონებოდათ. ისინი გეგმავდნენ, რომ სახლში დაექირავებინათ ქალიშვილისთის საჭირო საგნების მასწავლებლები და მიეცათ მისთვის აუცილებელი განათლება, რაც დასრულდებოდა სიმწიფის ატესტატზე გამოცდების ჩაბარებითა და სრულფასოვანი საშუალო განათლების მიღებით, სქესობრივი გარყვნილების გარეშე. თითქოსდა რა უნდა ყოფილიყო ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებისთვის ამაში მიუღებელი? მაგრამ გერმანულმა სასამართლომ, რომელიც ემყარებოდა ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, სულ სხვანაირად გადაწყვიტა, ასეთ ცოლ-ქმარს მშობლობის უფლება ჩამოარვა და გოგონა ბავშვთა სახლში გაამწესა, სადაც მას უკვე იძულების წესით უნდა ესწავლა სქესობრივი გარყვნილება “სქესობრივი აღზრდის სასკოლო საგნის” ფორმით შეფუთული.
მეორე, თუ არ ვცდები, 2006 წელს, როდესაც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს, ევროპარლამენტს, უნდა დაემტკიცებინა მორიგი ვადით ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, ევროკომისიის, შემადგენლობა, მაშინ ევროპელ კანონმდებელთა ურავლესობა აქტიურად გამოვიდა იუსტიციის ევროკომისრად (ევრომინისტრად) იტალიის მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატურის – როკო ბუტილიონეს წინააღმდეგ. ევროპარლამენტის დეპუატებს სასტიკად არ მოსწოდათ იტალიელი იურისტის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჰომოსექსუალიზმი მას მიაჩნია ცოდვად, და კიდევ იმაზეც, რომ უარყოფითად უყურებს მარტოხელა დედებს, ანუ იმ ქალებს, რომლებიც ცხოვრების ჟამთა სიავემ კი არ დატოვა მეუღლის გარეშე, არამედ თავად არ უნდოდათ მეუღლეობის ტვირთის აწევა, ხოლო ბავშვების ყოლა და მათი აღზრდა კი მოინდომეს, თუმცა კი იმაზე არ ფიქრობენ, რომ ბავშვს ნორმალურად განვითარებისა და სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის, ასევე სჭირდება მამაც, მამის ხელი, მამის მზრუნველობა. ევროკავშირში მოქმედი კანონმდებლობით, ევროკომისიის თავმჯდომარე ევროპარლამეტს ერთიანად წარუდგენდა მთელი კომისიის შემადგენლობას და კანონმდებლებსაც ერთიანად უნდა დაემტკიცებინათ იგი. თუკი რომელიმე კანდიდატი ევროპარლამენტარებისთვის მიუღებელი იქნებოდა, მაშინ მას ან თავად უნდა მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრიდან და შესაბამისი ქვეყნის (ამ შემთხვევაში იტალიის) მთავრობას წარედგინა ახალი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე დასამტკიცებლად, ან კიდევ ეს ევროკომისია მთლიანად დაშლილად უნდა გამოცხადებულიყო და მის თავჯდომარეს შეეკრიბა ახალი შემადგენლობა ევროპის საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცებისთვის წარსადგენად. ამ ფონზე, მახსოვს, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროზო დაბეჯითებით უხსნიდა პარლამენტარებს, რომ როკო ბუტილიონე თავისი საქმის მცოდნე, გამოცდილი და პატივცემული იურისტია, რომ იგი წარმოადგინა იტალიის მთავრობამ, რომლის არჩევანსაც ასევე პატივი უნდა მიეგოს, რომ თავისი შეხედულებების და მიუხედავად, ევროპის აღმასრულებელ ორგანოში თავის საქმიანობა იგი წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, და სხვა. თავად იტალიელი იურისტიც ასევე აცხადებდა, რომ იუსტიციის კომისრის პოსტზე იგი იმუშავებდა სწორედ ევროკავშირში მიღებული კანონების შესაბამისად, მაგრამ ამ არგუმენტებმა ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინეს. ევროკავშირის კანონმდებელთა უმრავლესობა გადაჭრით გამოდიოდა ბუტილიონეს კანდიდატურის წინააღმდეგ. მაშინ როკო ბუტილიონემ განაცხადა, რომ იგი არის დარწმუნებული კათოლიკი, რომ მას ჰომოსექსუალიზმი მიაჩნია ცოდვად და არცერთი თანამდებობის დაკავების გულისთვის არ აპირებს თავის რწმენაზე უარის თქმას (ნეტა ჩვენში ვხვდებოდეთ მართალი საქმისადმი, ამ რანგის მოხელეთა და მეცნიერთაგან, ასეთ პრინციპულ ერთგულებას). ამის შედეგ მან თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, ხოლო იტალიის მთავრობამ კი მის ნაცვლად წარადგინა ახალი, რომელიც უფრო მისაღები იქნებოდა ევროპაში ჰომოსექსულიზმის ინტერესების გასაძლიერებლად “გულდათუთქული” ევროპარლამენტარებისთვის.
მესამე, სულ ბოლო ხანებში ასევე ინტერნეტში გავრცელებულ იქნა ვიდეოინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინგლისში ერთერთი კერძო სასტუმროს მეპატრონეები სასამართლომ დააჯარიმა რამდენიმე ასეული ევროთი იმის გულისთვის, რომ მათ უარი უთხრეს ჰომოსექსულურ წყვილს ღამის გასათევად ისეთი ნომრის მიცემაზე, სადაც იქნებოდა ორადგილიანი საწოლი და შესთავაზეს ორსაწოლიანი ნომერი. და დიდი ბრიტნეთის სასამართლომ ეს მიიჩნია ადამიანის უფლებათა დარღვევად. როგორც ზემოთ ვნახეთ, ღმერთი ძველი ებრაელებისგან მოითხოვდა ჰომოსექსუალიზმში ბრალდებული და მხილებული ადამიანების სიკვდილით დასჯას, ხოლო დღევანდელი ბრიტანული სასამართლო კი სჯის იმ ტრადიციული ქრისტიანული მსოფლმხედველობითა და ფასეულობებით მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც უარს აცხადებენ ჰომოსექსუალიზმისთვის ხელის შეწყობაზე. აჩვენეს სასტუროს მეპატრონე ცოლ-ქმარიც, რომლებიც როკო ბუტილიონეს მსგავსად, აცხადებდნენ, რომ ისინი ტრადიციული ქრისტიანები არიან, მიჰყვებიან ბიბლიის სწავლებას და უბრალოდ ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ როგორ შეიძლება ჰომოსექსუალებისთვის მათ საქმეში ხელის შეწყობა.
მეოთხე, იყო სხვა ვიდეომასალაც, სადაც, ასევე დიდ ბრიტანეთში, შუა ხნის ფერადკანიან ცოლ-ქმარს შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურმა უარი უთხრა პატარა ბავშვის შვილად აყვანაზე მას შემდეგ, რაც მათ დაუსვეს შეკითხვა, თუ როგორ მოიქცეოდნენ იმ შემთხვევაში, თუკი შეიტყობდნენ, რომ მათი შვილი დაადგა ჰომოსექსუალიზმის გზას, რაზედაც მათ უპასუხეს, რომ შვილს დასჯიდნენ და შეეცდებოდნენ მის გამოსწორებას. და ასეთი შეგნების ადამიანები ბრიტანული სახელმწიფო სტრუქტურებისთვის არ აღმოჩნდნენ ღირსი იმისა, რომ მათ მიეცეთ პატარა ბავშვის შვილად აყვანის უფლება. ეს ფერადკანიანი ადამიანებიც ასევე გაოცებულნი იყვნენ მათი სახელმწიფო სტრუქტურების ასეთი მიდგომის გამო, ვინაიდან ისინი, მათივე აზრით, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდნენ წმინდა წერილთან.
მეტი რაღა უნდა ვთქვათ ამ საკითხზე? ნუთუ არ არის ნათელი საით მიდის თანამედროვე დასავლური საზოგადოება, ან უფრო სწორად, საით მიყავთ იგი მის მმართველ წრეებს? არა “დემოკრატიულ უმრავლესობას”, როგორც უყვართ ხოლმე დასავლეთში თავის მოწონება, არამედ, რეალურად, აქტიურ უმცირესობას, რომელიც სარგებლობს იქაური მმართველი წრეების მფარველობით, სათანადო ფინანსური უზრუნველყოფითა და მასობრივი ინფორმაციის გავლენიან საშუალებათა მხარდაჭერით. და რა სიკეთეს დაგვაყრის ამ წრეებთან თანხმობაში მოსვლა და მათ მიერ დაწერილ კანონმდებლობასთან “ჰარმონიზაცია”? ან რატომ დუმან ამის გამო საქართველოს სამეცნიერო და კულტურული ელიტის წარმომადგენლები, ან კიდევ ჩვენი ეკლესიის მესვეურები? რატომ არ ცდილობენ პირველნი ტრადიციული ქართული კულტურის, ქართული სამეცნიერო აზრის წინ წამოწევასა და მის საფუძველზე ქართული ტრადიციული ჯანსაღი ფასეულობების დაცვას, მათ განვითარებას? ან კიდევ, რატომ არ ცდილობენ მეორენი ქრისტიანობის მოძღვრების ახსნასა და გამარტებას არა მხოლოდ ადრეული ქრისტიანობის ხანის, ან შუა საუკუნეების მაგალითებით, არამედ ჩვენი თანამედროვე ცხოვრების მოვლენებითა და მათი ავ-კარგიანობით? მაგალითად, სახარებაში წერია, რომ სხვას არ გაუკეთოთ ის, რაც არ გინდათ, რომ თქვენ გაგიკეთონო. თითქოსდა ყველაფერი ნათელია, მაგრამ აი, საქართველოს სახმელეთო ჯარების ბატალიონები და უფრო წვრილი ქვედანაყოფები მორიგეობით მიდიან სერბეთის პროვინცია კოსოვო-მეტოხიაში, ავღანეთში, ერაყში, რათა იქ საოკუპაციო რეჟიმის განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა აშშ-ის ინტერესების სასარგებლოდ. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ შიდა ქართლსა და აფხაზეთში განლაგდნენ რუსეთის ფედერაციის საჯარისო ნაწილები და იქ რუსულ პოლიტიკას ატარებენ. ანუ მივიღეთ ის, რასაც თავად სხვა ვუკეთებთ! განა ქრისტიანობის მოძღვრებაში ჩახედულ ქართველ სასულიერო პირებს, და მით უმეტეს, მათ იერარქებს არ მოეთხოვებათ უფლისგან ხმის ამოღება მაშინ, როცა ქვეყნის ხელიუფლების პოლიტიკა ეწინააღმდეგება წმინდა წერილის სწავლებას? ვფიქრობ, რომ მოეთხოვებათ, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს არ კეთდება. რატომ? არ ვიცი, მაგრამ ეს ასე ხდება. და ასეთი მაგალითების მოყვანა უამრავის შეიძლება.
P. S. ეს წერილი უკვე მომზადებული მქონდა, როდესაც მოვისმინე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, სადაც სხვათა შორის, ნათქვამი გახლდათ დასავლურ სამყაროში ისტორიულად საუკუნეების მანძილზე მიმდინარე ღვთისგან დაშორებისა და სეკულარიზაციის პროცესების შესახებ. ეს ძალზედ კარგია, რომ ამაზე დაიწყეს ჩვენი ეკლესიის მესვეურებმა ლაპარაკი, მაგრამ როგორც ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ისე აქა-იქ ამაზე ხანდახან წერა და საუბარი ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. ამის თაობაზე კი საუკუნეების მანძილზე მრავალი ავტორი წერდა, როგორც თავად დასავლეთში, ისე რუსეთშიც. ჩვენში კი ეს ცოდნა (ეს თემატიკა) რატომღაც ახალი ხილია. არც ქართული საზოგადოებაა სათანადოდ გარკვეული ევროპული და ქრისტიანობის ისტორიის ამ მეტად მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებში. გაცილებით უფრო მეტი, კომპეტენტური და მართლმადიდებლობის საფუძველზე განხილული ცოდნა ამის შესახებ არსებობს რუსეთში, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ამ ქვეყნის სამეცნიერო წრეებში. ამ პროცესების განხილვა სარწმუნოებრივ, სამართლებრივ და ისტორიულ ასპექტებში უხვად გვხვდება, მაგალითად, თანამედროვე რუსი მეცნიერის – ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილებში, რომლებიც ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა საიტზე pravoslavie.ru, და რომელთა თარგმანებიც ასევე ჩემს ბლოგზე მაქვს გამოქვეყნებული, ღვთის წყალობით. მათში საკმაოდ ვრცლად, დეტალურად და დამაჯერებლად არის გადმოცემული და გაშუქებული ეს პრობლემები, ამ ადამიანს პატივს სცემენ თავად დასავლეთის სამეცნიერო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში, და მისი ნაწერების გაცნობა და კრიტიკული განხილვა უთუოდ სასარგებლო იქნებოდა ჩვენი დღევენდელი საზოგადოებისთვისაც. სათანადო დაინტერესება და მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, ამაზე უფრო ადრეც გამოქვეყნება ნატალია ალექსის ასულის ზემოაღნიშნული წერილების თარგმანებისა, და არა თუ მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ სათანადო ცოდნის მქონე ისტორიკოსების, თეოლოგების, იურისტების და პოლიტოლოგებისა, მაშინ ქართველი ხალხი უკვე სხვა კუთხით შეხედავდა თანამედროვე რუსულ-ქართულ ურთიერთობებს და ბევრი უბედურება, რომლებიც თუნდაც 2000 წლის შემდეგ თავზე დაგვატყდა, შეგვეძლო აგვეცილებინა, ან უფრო ადრეც; თუმცა კი არც ახლაა უსაშველოდ დაგვიანებული ქრისტიანულ, სწორ გზაზე დადგომა და შეგვაძლებინოს ყველას ეს ღმერთმა.
* * *
ახლა მინდა უკვე საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის კუთხითაც შევეხო ჩვენი ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის საკითხს. როგორც ადრეც მითქვამს, 1999 წლის გაზაფხულამდე მეც, ისევე როგორც ბევრი სხვაც საქარველოში, გახლდით პროდასავლური ორიენტაციისა და დასავლეთისადმი ჩემი გულწრფელი სიმპათიების საფუძველზე და ამ განწყობის ხელშეწყობით, ვიკვლევდი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, უპირატესად კი მის სახმელეთო ჯარებს, ვკითხულობდი რუსულად თარგმნილ დასავლურ მემუარულ და კვლევით ლიტერატურას მეორე მსოფლიო ომზე, ვუყურებდი მხატვრულ, სატელევიზიო და დოკუმენტურ ფილმებს, საიდანაც ასევე ვიღებდი ცოდნას თანამედროვე სამხედრო საქმეში, მის ისტორიაში და სხვა.
1999 წლის იანვრის მიწურულს თუ თებერვალში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, შედგა საჯარო სხდომა რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ურთიერთობათა შესახებ, სადაც ძირითადი მომხსენებელი გახლდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე საგარეო ურთიერთობებში, გრიგოლ ქათამაძე. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა არ მოდის გულწრფელ და კონსტრუქციულ ურთიერთობებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, არც თანამშრომლობაზეო. ისინი ხან უარს გვეუბნებიან ასეთ თანამშრომლობაზე, ხანაც დაგვთანხმდებიან, მაგრამ შემდეგ თავიანთ პირობას არღვევენ ისევ უარი გამოდისო. ამიტომ ასკვნიდა, რომ არ ღირდა რუსეთთან ასეთ თანამშრომლობაზე იმედების დამყარება და საჭირო იყო დასავლეთთან, სახელდობრ აშშ-თან ამ ურთიერთობების უფრო მეტად განვითარება. იმხანად ასეთ შეხედულებას მეც ვიზიარებდი და ამ მხრივ არ მქონია წინააღმდეგობა მომხსენებელთან. მაგრამ მე მაწუხებდა ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ისევე ალბათ როგორც სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებში, ძალზედ დიდი იყო პირადი გამორჩენის მიზნით, ჩაწყობით მისულ ადამიანების ხვედრითი წილი სხვადასხვა საკვანძო თუ მეორეხარისხოვან თანამდებობებზე, რაც განაპირობებდა ცოდნისა და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულების სერიოზულ დეფიციტს, მეტი რომ არ ვთქვათ. და იმ სხდომაზეც ეს აშკარად გამოიკვეთა.
როდესაც გრიგოლ ქათამაძე შეეხო, სახელდობრ, აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილის საკითხს, მან თქვა, რომ რუსებს გუდაუთასთან, ბომბორას აეროდრომზე, “რაღაც საჰაერო” აქვთო. მაგრამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თუნდაც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, მის უშუალო საჭიროებაში შემავალ ტერმინოლოგიას ასე უდიერად და უმეცრად არ უნდა მოჰკიდებოდა, არამედ თავი უნდა შეეწუხებინა იმის შესწავლისთვის, რომ ეს სამხედრო ნაწილი “რაღაც საჰაერო” კი არ იყო, არამედ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი. მაგრამ ეს არ იყო მთავარი ამ საკითხზე მის მოხსენებაში. შემდეგ მან განაცხადა, რომ ჩვენ რამდენჯერმე შევთავაზეთ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, რათა მას ებრძანა ამ საპარაშუტო-სადესანტო პოლკისთვის, რომ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გაშლილიყო და შეექმნა პირობები იქ ქართული მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნებისთვისო. აღნიშნული გენერალი (ამ სამხედრო ოლქის სარდალი) კი გვპასუხობდა: მე მესმის თქვენი გულის ტკივილი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს პოლკი მე მექვემდებარება მხოლოდ ოპერატიულად და ამიტომ მისთვის ასეთი ბრძანების მიცემის უფლება მე არ გამაჩნიაო. და იქ შეკრებილი მთელი საზოგადოება, საპარლამეტო კომიტეტის თავჯდომარის, რევაზ ადამიას ჩათვლით, ამას საქმიანად და გულდასმით უსმენდა; და სწორედ ამაშია მთელი უბედურება.
საქმე ის არის, რომ მანამდე მე, რუსული სამხედრო პერიოდიკის გაცნობისა და პარლამენტისთვის ჯერ კიდევ 1994 წელს ნაშრომის “აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები” მომზადებისას (ეს უკვე გამოვაქვეყნე ბლოგზეც) ვიცოდი, და ვწერდი კიდევაც, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში არის დაქვედებარების ორი ხაზი – ადმინისტრაციული და ოპერატიული. ადმინისტრაციული დაქვემდებარება ითვალისწინებს შემდეგ სფეროებს: შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, შეიარაღება, საბრძოლო მომზადება, შეიარაღებათა ახალი სისტემების შემუშავება და სხვა მისთანანი; ოპერატიული დაქვემდებარება კი გულისხმობს შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოყენების სავარაუდო გეგმების შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში მათ განხორციელებას. ამიტომ შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციული დაქვემდებარების სტრუქტურაში აშშ-ში ჩართული არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ისე სამოქალაქო პირებიც, ხოლო ოპერატიული დაქვემდებარების სტრუქტურაში, რომელსაც თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი ახორციელებენ, ჩართული არიან მხოლოდ სხვადასხვა რანგის შტაბები და მათში მომსახურე ოფიცრები, მხოლოდ სამხედრო პირები. მეტ-ნაკლებად ანალოგიური სისტემა მოქმედებს სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების მართვაშიც, ასევე რუსეთისა.
ამრიგად, როდესაც ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი იმით ირიდებდა თავიდან 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკისთვის ბრძანების მიცემას აფხაზეთში დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის ხელის შეწყობაზე, რომ ეს პოლკი მას მხოლოდ ოპერატიულად ექვემდებარებოდა, იგი იტყუებოდა იმ იმედით, რომ მისი ქართველი ოპონენტების (დავით თევზაძის, გრიგოლ ქათამაძის, რევაზ ადამიასა და ძმათა მათთა) უმეცრების გამო ეს ტყუილი გაუვიდოდა და შერჩებოდა. და ეს ასეც ხდებოდა. რაც ასევე მეტად საყურადღებოა, მე მანამდეც მქონდა საქმიანი ურთიერთობები უფრო მეტად გრიგოლ ქათამაძესთან, რომელსაც დროებით მივეცი მანამდე პარლამენტისთვის ჩემს მიერ მომზადებული ნაშრომები გასაცნობად, და რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ სხდომამდე, ეს ნაშრომები ჰქონდათ თავდაცვის სამინისტროში და უნდა შეესწავლათ ისინი. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი საკითხია. გარდა ამისა, ყველა ეს თანამდებობის პირი, როგორც ვიცით, ახლოს იყო დაკავშირებული სამხედრო სტრუქტურების მთელ რიგ თანამშრომლებთან, მაღალი რანგის ოფიცრებთან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, პენტაგონსა და ნატო-ს ბლოკის ევროპულ სარდლობაში, გარდა ამისა, მათ უახლოესი თანამშრომლობა ჰქონდათ ჩრდილოატლანტიკური კავშირის წამყვანი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან საქართველოში. და რატომ მოხდა ის, რომ ამდენი კომპეტენტური და თავისი საქმის მცოდნე სამხედრო პირისგან, პოლკოვნიკებისა და გენერლებისგან ვერც ერთმა ვერ მოიფიქრა, რომ სამხედრო საქმისა და შეიარაღებული ძალების მართვის ეს ანა-ბანა აეხსნა და გაეგებინებინა მათი ქართველი “მეგობრებისთვის”? ანუ არ ყოფილან ისინი ჩვენი მეგობრები, არამედ “ცხვრის ტყავში გახვეული მგლები” ყოფილან, რაც ჩემთვის იმხანად მეტად გულსატკენი აღმოჩენა გახლდათ. ამ დასკვნას ადასტურებს ისიც, რომ დავით თევზაძე, თავდაცვის მინისტრად მის დანიშვნამდე, წელიწადნახევრის განმავლობაში სწავლობდა ამერიკულ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში; წავიდა აქედან პოლკოვნიკის წოდებით და ღებულობდა განათლებას საგენერლო თანამდებობის დასაკავებლად. და ასეთი კურსის გავლის შემდეგაც მან არ იცოდა ის, თუ რას ნიშნავს ადმინისტრაციული და ოპერატიული დაქვემდებარება შეიარაღებულ ძალებში. კი მაგრამ, რას ასწავლიდნენ მას ამ შემთხვევაში ამერიკელები? ხოლო თუ ეს საკითხი გამორჩათ, ან მოსწავლემ კარგად ვერ გაიგო, მოგვიანებით, უკვე მისი მინისტრობის დროს, რაღატომ არ უწევდნენ სათანადო კონსულტაციებს? თანაც ბევრს ალბათ ემახსოვრება, რომ სწორედ ამ დროს საქართველოში საქმიანობდა ნატო-ს ბლოკიდან სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი, ბრიტანელი გენერლის სერ ჰარი ჯონსონის ხელმძღვანელობით. განა მათ კი არ შეეძლოთ, რომ ასეთი საკითხები აეხსნათ თავიანთი ქართველი კოლეგებისთვის, თუ კი ისინი მართლა მათი კოლეგები და ჩვენი ქვეყნის გულწრფელი მეგობრები იყვნენ? შეეძლოთ, და მეგობრობის წეს-ადათი ავალებდათ კიდეც, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, რაც სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.
მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მეტი უბედურება გამოვლინდა იმ სხდომაზე. სახელდობრ, მთელი 1998 წლის განმავლობაში მე ვსწავლობდი საქართველოს გარშემო რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯარების განლაგებას, ვხაზავდი შესაბამის რუკებს საველე არმიებისა და საარმიო კორპუსების შტაბების, დივიზიების, ბრიგადების, პოლკებისა და ცალკეული ბატალიონების, ბომბდამშენი და მოიერიშე საავიაციო პოლკების განლაგების აღნიშვნით, საიდანაც შეიძლებოდა ამ სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სავარუდო მიზნებისა და გეგმების თაობაზე გარკვეული დასკვნების გაკეთება. სახელდობრ, რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების განლაგების რუკიდან აშკარად იკვეთებოდა შემდეგი სურათი: 1998 წლის დასაწყისში აღნიშნული სამხედრო ოლქის ჯარების ყველაზე უფრო მსხვილ ოპერატიულ გაერთიანებას წარმოადგენდა 58-ე საველე არმია, რომლის შტაბიც განლაგებული იყო ქ. ვლადიკავკაზში, საქართველოს საზღვართან მახლობლობაში. გარდა ამისა, სამხედრო ოლქის ჯარების ორი ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთიდან, 67-ე ცალკეული საარმიო კორპუსის შტაბი ნაჩვენები იყო ქ. კრასნოდარში, ხოლო მე-8 ცალკეული კორპუსისა – ქ. ვოლგოგრადში. თავისთავად ერთი საველე არმიისა და ორი ცალკეული საარმიო კორპუსის არსებობა რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების შემადგენლობაში სულაც არ იყო გასაკვირი ან საგანგაშო, მაგრამ 58-ე არმიის შტაბის განლაგება ქ. ვლადიკავკაზში, საქართველოს საზღვართან ასე ახლოს, უკვე, ჩემი აზრით, შემაშფოთებელი იყო. იმხანად აღნიშნული საველე არმიის შემადგენლობაში შედიოდა 19-ე მოტომსროლელი დივიზია (ქ. ვლადიკავკაზში) და ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ბუდიონოვსკსა და ბუინაკსკში). მაგრამ, როგორც სამხედრო საქმის სხვა ქართველ მკვლევართაგან ვიცოდი, ომიანობის დროის შტატებით, ტიპიურ რუსულ საველე არმიაში უნდა შედიოდეს ექვსი საბრძოლო დივიზია (მოტომსროლელი და სატანკო), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები. რაკი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ინარჩუნებდა არმიის შტაბს, ამიტომ იგი, ბუნებრივია, საჭიროების შემთხვევაში ვარაუდობდა მის სრულად გაშლასაც; მაგრამ არმიის შტაბი წარმოადგენს არმიის ტვინს და ამიტომ მას ჩვეულებრივ განალაგებენ ხოლმე უფრო სიღრმეში, საიდანაც იგი ხელმძღვანელობს საბრძოლო შენაერთებისა და ცალკეული ნაწლების მოქმედებებს. ვინაიდან ამ შემთხვევაში არმიის შტაბი რუსულ სარდლობას განლაგებული ჰყავდა თითქმის თავის საზღვართან, ამიტომ გონივრული იყო გვევარაუდა, რომ აღნიშნული ექვსი დივიზიის გაშლასა და მოქმედებებს რუსული სარდლობა გეგმავდა უკვე ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოშიც.
ასეთ შემთხვევაში უკვე გასაგები იყო, თუ რატომ იქცეოდნენ რუსი სამხედროები ისე უცნაურად და არამეგობრულად ჩვენდამი, როგორც აღწერა გრიგოლ ქათამაძემ. თუკი ისინი აქ ომს ვარაუდობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, და საქართველოს ამ ომში თავიანთ მოკავშირედ ვერ აღიქვამდნენ, მაშინ რატომღა უნდა ყოფილიყვნენ ისინი ჩვენდამი სამეგობროდ და სათანამშრომლოდ განწყობილები? იმხანად ჩემთვის რუსეთი იყო ტრადიციულად დამპყრობელი და აგრესიული სახელმწიფო და იმ სხდომაზე, ასევე რუსული (საბჭოთა) სამხედრო პერიოდიკის ტერმინოლოგიის მოშველიებით განვაცხადე, რომ 58-ე არმია არის დამრტყმელი მუშტი, მომართული სამხრეთისკენ, ხოლო 67-ე და მე-8 ცალკეული კორპუსები კი იფარავენ ამ მუშტის ზურგსო (შემომაწიეს სიტყვა – ფლანგებსაცო). მართალია, ასეთ შეფასებაში ეჭვს ბადებდა ის გარემოება, რომ აღნიშნული სამხედრო ოლქის ჯარების შემადგენლობა არ იყო ისეთი ძლიერი, რათა მის სარდლობას შეტევით მოქმედებებზე ეფიქრა და ეზრუნა, მაგრამ 58-ე არმიის შტაბის ასეთი მდებარეობა აშკარად იწვევდა შეშფოთებას. ამავე დროს მე ვნახე, რომ ასეთი შეფასება მოულოდნელი და ახალი იყო როგორც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელობისთვის, ისე თავდაცვის მინისტრის მოადგილისთვისაც. და აქ შეგვიძლია ისევ მივუბრუნდეთ ზემოთ მოყვანილ მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რატომ არ ასწავლეს ამერიკულ და სხვა დასავლურ სახედრო-სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა რანგის ქართველ ოფიცრებს ის ელემენტარული, რაც ასე აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობისთვის, ან შემდეგ რატომღა არ უწევდნენ მათ სათანადო კონსულტაციებს? და ეს ფიქრები მოდიოდა აღნიშნული სხდომის შემდგომ დღეებში, თუმცა კი მათ არ შეეძლოთ ჩემი მაშინდელი პროდასავლური და პროამერიკული ორიენტაციის სერიოზულად შერყევა, და ამავე დროს უფრო მეტი სასაყვედურო მქონდა იმ ქართველი მოხელეების, გენერლებისა და ოფიცრებისადმი, რომელთაც საკუთარი სამშობლოს თავდაცვის საქმე უბრალოდ “კარმუშკად” ანუ “სახრავად” ჰქონდათ გადაქცეული და მხოლოდ საკუთარ ანგარებიან სარგებელზე თუ ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ.
ამავე დროს, თუკი მანამდე საქართველოს გარშემო არსებულ სამხედრო-სტრატეგიულ ვითარებას ვსწავლობდი მხოლოდ 1997-1998 წლების მონაცემების მიხედვით, შემდგომ ეტაპზე დადგა უკვე 1990-1991 წლებთან მათი შედარებისა და პროცესების დინამიკაში დანახვის საჭიროება. საამისოდ ხელთ გამაჩნდა სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოცემა The Military Balance 1991-92. სწორედ მისი ინფორმაციის შედარებით ამავე ინსტიტუტის უფრო გვიანდელ გამოცემებთან ან სულაც უკანასკნელ The Military Balance 1998-99-თან, იძლეოდა იმის საშუალებას, რომ თვალი მიგვედევნებია დინამიკაში საქართველოს გარშემო ამ წლებში მიმდინარე სამხედრო-სტრატეგიული ცვლილებებისთვის (ეს გამოცემები ყოველწლიურად მოდიოდა ლონდონიდან “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში”, რომელთანაც იმხანად კარგი საქმიანი ურთიერთობები მქონდა, ვინაიდან მე თავადაც პროდასავლური განწყობისა გახლდით). ამ შედარების შედეგად გამოირკვა, რომ ნატო-ს ბლოკის ქვეყნების დიდმა უმრავლესობამ, ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაიწყო თავისი სამხედრო ხარჯების, შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების შემცირება, თურქეთი კი განაგრძობდა თავისი სამხედრო ხარჯების ზრდას და მისმა ამ მაჩვენებელმა, 1990 წლის 5 მლრდ. ამერიკული დოლარის ნაცვლად 1997 წელს უკვე 8 მლრდ. დოლარს გადააჭარბა, როცა ვნახე, თუ რა ცვლილებები მოხდა ამ გაწეული ხარჯების სანაცვლოდ თურქეთის შეიარაღებაში, აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, უკვე გვარიანად მოძველებული M-47 ტიპის 523 საბრძოლო ტანკის ნაცვლად, რომლებიც მოხსნილ იქნენ შეიარაღებიდან, თურქეთის სახმელეთო ჯარებმა მიიღო 1179 შედარებით უფრო ახალი და უკეთესი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების მქონე ტანკი, მათ შორის 932 ამერიკული M-60A1/A3 და 247 გერმანული “ლეოპარდ-1A1/A3”, ხოლო შეიარაღებაში არსებული ასევე მოძველებული ამერიკული M-48A1/A2 ტიპის 1130 ტანკიდან 896 თურქებმა განაახლეს M-48A5 მოდიფიკაციამდე, ხოლო დანარჩენები კი ასევე მოხსნეს შეიარაღებიდან; ამ ღონისძიებების შედეგად, თუკი 1991 წელს თურქეთის შეიარაღებაში არსებული 3783 საბრძოლო ტანკიდან მხოლოდ 2130 იყო შედარებით უფრო თანამედროვე (1980 M-48A5 და 150 “ლეოპარდ-1A3”), ხოლო 1653 კი მოძველებული (523 M-47 და 1130 M-48A1/A2 ტიპების), 1998 წელს უკვე ყველა 4205 საბრძოლო ტანკი ამ შედარებით უფრო თანამედროვე ტიპებისა გახლდათ: 2876 M-48A5, 932 M-60 (658 A3 და 274 A1), 397 “ლეოპარდ-1” (170 A1 და 227 A3).
ამრიგად, სახეზე იყო საბრძოლო ტანკების ფარეხის არა მხოლოდ ხარისხობრივი გაუმჯობესება, არამედ ამ უმჯობესი ნიმუშების მნიშვნელოვანი რაოდენობრივი ზრდაც – 2130 ერთეულიდან 4205 ერთეულამდე, და ეს იმ ფონზე, როდესაც ამიერკავკასიაში უწინდელი 10 საბჭოთა დივიზიისა და 12 ცალკეული ბრიგადა/პოლკის ნაცვლად იდგა მხოლოდ ოთხი სამხედრო ბაზა (თბილისში, ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში /ყოფილი ლენინაკანი, სომხეთი/), ხოლო შავი ზღვის სრუტეების ზონაში კი ბულგარეთი და რუმინეთი უკვე აღარ მოიაზრებოდნენ მოსკოვისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოებად და თურქეთს სამხედრო მუქარას აღარ უქმნიდნენ. ასევე მოხდა თურქეთის მოჯავშნული საბრძოლო მანქანების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განახლება YPR-765 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და YPR-765 და M113A1/A2 ტიპების ჯავშანტრანსპორტერების ხარჯზე; თვითმავალი საარტილერიო დანადგარების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განსაკუთრებით 203,2 მმ ყალიბის ჰაუბიცების M-110A2 ხარჯზე; 227 მმ ყალიბის ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS გამოჩენა, რომელთა მოდერნიზაციაც 2000 წელში მოახდინეს ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვებად (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მორტყმის მაღალი სიზუსტე); AH-1W/P “ქინგ-კობრას” ტიპის დამრტყმელი (საცეცხლე მხარდაჭერისა და ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენების გამოჩენა, რომლებიც მანამდე სრულებით არ ყოფილა თურქული არმიის შეიარაღებაში; თურქებმა ასევე მოახდინეს გამანადგურებელ-ბომბდამშენი და გამანადგურებელი ავიაციის ფარეხის განახლება ამერიკული F-4D და F-16 C/D ტიპის თვითმფრინავების ხარჯზე (შეიარაღებიდან მთლიანად მოხსნეს F-104 სერიის მანქანები, რომლებსაც მანამდე დასავლეთგერმანელი პილოტები, მათი ხშირი ავარიულობის გამო, “მფრინავ კუბოებს” უწოდებდნენ და მკვეთრად შეამცირეს F-5A გამანადგურებლების რაოდენობა), და სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახომალდო შემადგენლობის ძირფესვიანად გადახალისება დასავლეთგერმანული 209 ტიპის წყალქვეშა ნავებისა და MEKO 200 ტიპის მრი ფრეგატების, აგრეთვე ამერიკული “ნოქსისა” და “ოლივერ ჰ. პერის” ტიპის მრი ფრეგატების ხარჯზე (მრი ნიშნავს იმას, რომ ხომალდი აღჭურვილია ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარებით, ამ შემთხვევაში ამერიკული “ჰარპუნებით”).
ყოველივე ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი განიცდიდა სერიოზულ საფინანსო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძნელეებს და უბრალოდ არ შეეძლო უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება, რაც გამორიცხავს მინიშნებას თურქეთის თავდაცვით აუცილებლობაზე მისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მილიარდობით დოლარის შესაბამისი სახსრების დახარჯვის გამო საკუთარი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით. თანაც თურქეთი უკანასკნელ ადგილზე იმყოფებოდა ნატო-ს ბლოკის სახელმწიფოებს შორის ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ მოსული მთლიანი შიდა პროდუქტის წილის მაჩვენებლით, რაც 1997 წელს შეადგენდა სულ 6000 ამერიკულ დოლარს, საბერძნეთსა და პორტუგალიაში ეს თანხა აჭარბებდა 12 და 13 ათას დოლარს, სხვა ქვეყნებში კი, 20 და 25 ათასსაც. და ამ ფონზე თურქეთის ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ ესარგებლა მის სიახლოვეში სამხედრო დაპირისპირების მკვეთრად შემცირებით, თავადაც შეემცირებინა თავისი სამხედრო ხარჯები და გამოთავისუფლებული თანხები ეკონომიკურ ან სოციალურ პროგრამებზე მიემართა, მეთოდურად განაგრძობდა სწორედ სამხედრო ხარჯების ზრდას და თავისი შეიარაღებული ძალების გეგმაზომიერ გაძლიერებას. ამის ახსნა შეიძლებოდა იმ არგუმენტით, რომელიც სამხედრო საქმის მკვლევარი ერთი ქართველი სპეციალისტისგან მქონდა გაგებული. სახელდობრ, დაახლოებით 1985 წელს, როდესაც თურგუთ ოზალი გახლდათ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, მან ერთერთ დასავლურ ბეჭდურ გამოცემას მისცა ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, რომ “ჩვენ არა გვაქვს დიდი პრეტენზია, ვინაიდან თურქეთი მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა – ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდეო”. როდესაც აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სამხედრო მუქარების მკვეთრად შემცირების ფონზე, ასე არაადექვატურად აძლიერებდა თურქეთის სამხედრო მანქანას 1990-იან წლებში, მას უნდა სცოდნოდა, რომ თურქული პრეტენზიები ტერიტორიებზე “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”, სხვას რომ, თავი დავანებოთ, უშუალოდ შეეხება ისეთ სახელმწიფოთა არა მხოლოდ საგარეოპოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ტერიტორიულ მთლიანობასაც, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი, რომელთა გარკვეული თანხმობა და თანამშრომლობა სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში გამოიკვეთა და ჩამოყალიბება დაიწყო სწორედ დასავლეთის მმართველი წრეების მიერ თურქული სამხედრო მანქანის გაძლიერებისა და სხვა ღონისძიებების გატარების პარალელურად, რომლებსაც ეწოდებოდა “ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოება”, “უსფრთხოების ახალი მსოფლიო სისტემის ჩამოყალიბება”, “ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება” და ა. შ.
სწორედ ამ დროს დაიწყო, რამდენადაც ვიცი, რუსეთისა და ირანის თანამშრომლობაც ბირთვული ენერგეტიკის სფეროშიც, რაც დღესდღეობით ასეთ აქტუალურ მსოფლიო პრობლემად არის გადაქცეული. და განა პენტაგონისა და აშშ ცენტრალური დაზვერვის მაღალჩინოსნებმა არ იცოდნენ 90-იანი წლების დასაწყისში, რომ მათი საქმიანობა ასეთ საპასუხო რეაქციას გამოიწვევდა, ალბათ იცოდნენ, ვინაიდან ისინი საკმარისად კვალიფიციური სპეციალისტები გახლდნენ, იცოდნენ და მაინც აქეთკენ მიჰყავდათ საქმე. ბევრს ეხსომება ალბათ ის კადრები ტელევიზიიდან, როდესაც 1999 წლის მიწურულს ჩინეთში ვიზიტად მყოფი რუსეთის პრეზიდენტი პეკინიდან დაემუქრა აშშ-ის ხელმძღვანელობას, რომ თუ ეს უკანასკნელი ხელს არ აიღებდა ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა მეთოდებით ზეწოლაზე რუსეთსა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებზე, მაშინ მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რუსეთის ფედერაციას გააჩნია მძლავრი ბირთვული შეიარაღება, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა მოეყვანათ მოქმედებაშიც, თუკი ამის აუცილებლობა შეიქმნებოდა. ეს ყველასთვის მოულოდნელი განცხადება იყო, და კონკრეტულად რამ აიძულა რუსეთის პრეზიდენტი მის გასაკეთებლად, პირადად ჩემთვის უცნობია, მაგრამ პეკინიდან ასეთი განცხადების გაკეთება რომ შეუძლებელი იქნებოდა ჩინეთის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ეს კი ალბათ გასაგები უნდა იყოს. არც ჩინეთის ხელმძღვანელობაში სხედან გუშინდელი ბავშვები, და მათაც კარგად ჰქონდათ გააზრებული, თუ რაზე აძლევდნენ რუსეთის პრეზიდენტს თანხმობას. ამრიგად, ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან ჩანს, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დღევანდელი დაპირისპირება სათავეს იღებს 1990-იანი წლების დასაწყისიდანვე, ცენტრალურ ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მკვეთრად შემცირებისა და მსოფლიოში აქტიური სამშვიდობო რიტორიკის ფონზე, და ამ დაპირისპირების წარმოშობასა და ესკალაციაში ლომის წილი უდევთ სწორედ აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის სხვა სახელმწიფოთა მმართველ წრეებს, აგრეთვე მათ უკან მდგარ დასავლურ საფინანსო და სხვა გავლენიან ძალებს, რომლებსაც თანამედროვე რუსი მართლადიდებელი ავტორები უწოდებენ “მსოფლიო კულისებსმიღმა ძალებს” (мировая закулиса).
გარდა ამისა, ჩემთვის, როგორც სამხედრო საქმით დაინტერესებული ქართველი ადამიანისთვის, მეტად შემაშფოთებელი უნდა ყოფილიყო მეორე გარემოებაც. სახელდობრ, ეს გახლდათ 1992 წელს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ-ის, ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით ტაშკენტის მოლაპარაკებებზე საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების რაოდენობა. ტაშკენტის შეთანხმების თანახმად, საქართველოს (ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს) თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს მუდმივად შეუძლია განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის (100 მმ და მეტი ყალიბისა), 100 საბრძოლო თვითმფრინვის და 50 დამრტყმელი (საცეცხლე მხარდაჭერის და ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენისა. საბრძოლო ავიაციას რომ ამჯერად თავი დავანებოთ, ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის აღნიშნული კვოტები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს თანაზომადი ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს, თავდაცვით საკმარისობაზე რომ არაფერი ვთქვათ. მართლაც, იმავე ნეიტრალურ შვეიცარიას, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული თავდაცვითი სამხედრო დოქტრინა გააჩნია, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს შეიარაღებაში ჰყავდა 556 საბრძოლო ტანკი (მათ შორის 370 გერმანული “ლეოპარდ-2”), 1240-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (მათ შორის 435 ქვეითთა საბრძოლო მანქანა /M113 ამერიკული მუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტერები 20-მმ ავტომატური ქვემეხებით/, 800-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი /M113 და “პირანა”/), 1092 საველე საარტილერიო სისტემა (მათ შორის 558 155-მმ ამერიკული თვითმავალი ჰაუბიცა M-109U და 534 120-მმ ნაღმსატყორცნი /მათ შორის 132 თვითმავალი, M113 ჯავშანტრანსპორტერების ბაზაზე/), პლიუს 1470-მდე 81-მმ ნაღმსატყორცნი, 3315 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (მათ შორის 3012 მსუბუქი /“დრაკონი”/ და 303 მძიმე /“თოუ”/), 13485-მდე ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, დიდი რაოდენობით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი “სტინგერი” და სხვა შეიარაღება. შვეიცარიის მსგავსად ნეიტრალური ფინური არმიის შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო: 230 საბრძოლო ტანკი (მათ შორის 160 რუსული T-72), დაახლოებით 900 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (მათგან 230-ზე მეტი ქვეითთა საბრძოლო მანქანა /BMP-1PS და BMP-2/ და 650-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი /BTR-60, “სისუ” და MT-LBV/), საველე და სანაპირო არტილერიის 1920-მდე ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათ შორის 980-მდე ბუქსირებადი და 90 თვითმავალი ქვემეხი, 60 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 790-მდე 120-მმ ნაღმსატყორცნი), პლიუს 800 81-მმ ნაღმსატყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, უუკუცემო ქვემეხები და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, საზენიტო ქვემეხები, საზენიტო სარკეტო კომპლექსები და სხვა შეიარაღება.
და განა მთელი ეს ჯავშანსატანკო ტექნიკა და საარტილერიო შეიარაღება არა სჭირდებათ ევროპის ამ მცირე სახელმწიფოებს საკუთარი თავდაცვისთვის? რა თქმა უნდა სჭირდებათ, და სწორედ მათ საფუძველზე აყალიბებენ ისინი თავიანთ ჯავშანსატანკო, მექანიზებულ ქვეით (მოტოქვეით), ქვეით და სამთოქვეით ნაწილებსა და შენაერეთებს, რომლებშიც თანამედროვე სამხედრო საქმისა და სამხედრო ხელოვნების საფუძველზე არის განსაზღვრული საბრძოლო შემადგენლობა, საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა, პირადი შემადგენლობა, საშტატო საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება. სახელდობრ, ფინეთის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში იმავე 2000 წელს ნაჩვენები იყო 26 საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო ბრიგადა, მათ შორის ორი ჯავშანსატანკო, 10 ეგერთა (მექანიზებული ქვეითი) და 14 ქვეითი; სამი საზენიტო საარტილერიო პოლკი და ოთხი ცალკეული საინჟინრო ბატალიონი, აგრეთვე ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 150 ცალკეული ბატალიონი და ასეული. შვეიცარიის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში – ექვსი საველე (ქვეითი), სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვის დივიზია, სულ 13 დივიზია (თითოეული მათგანი სამი საბრძოლო ბრიგადის ექვივალენტურია, რაც ჯამში 39 ბრიგადას გვაძლევს), ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა, სხვადასხვა ტიპის (ქვეითი, სამთოქვეითი, სიმაგრეთა თავდაცვის, საარტილერიო, საინჟინრო, ველოსიპედისტთა, აეროდრომების დაცვის) ცალკეული ბრიგადებისა და პოლკების მნიშვნელოვანი რაოდენობა. “ცივი ომის” დასრულებისა და ევროპაში შეიარაღებული დაპირისპირების მკვეთრად შემცირების შემდეგ ფინეთმაც და შვეიცარიამაც რამდენადმე შეამცირეს ომიანობის დროს გასაწვევად დაგეგმილი რეზერვისტების რიცხვი, მაგრამ 1991 წელს, იმავე ლონდონური წყაროს მიხედვით, 5-მილიონიანი ფინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომიანობის დროს გეგმავდა შეიარაღებულ ძალებში 700000 ადამიანის მობილიზაციას, მათგან 500 ათასისა – იარაღით ხელში და 200 ათასისა – იარაღის გარეშე, სხვადასხვა სამსახურებში. იარაღით ხელში გაწვეული 500000 რეზერვისტიდან 300.000 უნდა გაეწვიათ საველე ანუ საბრძოლო ჯარებში (შედარებით ახალგაზრდები, დაახლოებით 35 წლამდე), 200000 კი ტერიტორიული და ადგილობრივი თავდაცვის ჯარებში (35 წელზე უფროსი ასაკისა; იგულისხმება რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობა). მათგან 460 ათასს ვარაუდობდნენ სახმელეთო ჯარებში, 30 ათასს – სამხედრო-საჰაერო ძალებში და 12 ათასს – სამხედრო-საზღვაო ძალებში. 6,5-მილიონიანი შვეიცარიის სარდლობა ომიანობის დროს გეგმავდა 625000-იანი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას, მათგან 565 ათასისა სახელეთო ჯარებში და 60 ათასისა სამხედრო-საჰაერო ძალებში. აი ასეთი მაჩვენებლები გააჩნიათ იმ მცირე ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც მართლაც ზრუნავენ თავიანთი თავდაცვისთვის, და განა ჰგავს კი საქართველოს რეალობა არა მხოლოდ დღეს, არამედ თუნდაც 1998 წლიდან, როდესაც ამერიკელებმა აქტიურად დაიწყეს ვითომდა საქართველოს დახმარება სამხედრო სფეროში, ფინეთისა და შვეიცარიის, აგრეთვე შვედეთის, ნორვეგიის, საბერძნეთისა და ისრაელის სამხედრო მშენებლობის გამოცდილებას? თუ ჩვენ სადღაც ნიდერლანდებისა და ბელგიის, ან კიდევ პურტუგალიის მეზობლად ვართ, არასტაბილური და ცხელი წერტილებისგან მოშორებით და ამდენი ზრუნვაც არ გვჭირდება ჩვენი თავდაცვის უზრუნველსაყოფად? დაკვირვებული მკითხველი მიხვდება, რომ 2003 წლიდან ახალი ხელისუფლების მოსვლით ბევრი არაფერი შეცვლილა ამ სფეროში და დღევანდელი ვითარება უწინდელის მანკიერ ნიშნებს უცვლელად ინარჩუნებს. მაგრამ ჩვენ ისევ 1999 წელს დავუბრუნდეთ.
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა მმართველი წრეების მიერ ჩვენდამი მეგობრულ დამოკიდებულებაში გულწრფელად დარწმუნებულს და უფრო მეტად ამის მთელი გულით მოსურნეს სწორედ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის იმ საჯარო სხდომაზე გამიჩნდა ეჭვები ჩემი ასეთი დამოკიდებულებისა და სურვილების სისწორეში, თუმცა კი იმხანად მაინც უფრო მეტი საყვედურები მქონდა იმ მანკიერი პრაქტიკის მიმართ, რომელიც ინერგებოდა საქართველოს თავდაცვის სისტემაში, როდესაც სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნა ხდებოდა არა ცოდნის, უნარისა და გამოცდილების მიხედვით, არამედ ნაცნობ-მეგობრობის, ნათესაობისა და სხვა ამგვარი ნიშნებით, ხოლო იქ დანიშნულთა უმრავლესობა ფიქრობდა და ზრუნავდა არა ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ პირადი ანგარებიანი სურვილებისა და მიზნების აღსრულებისთვის. ასეთ პირობებში ცხადია, რომ ამ სტრუქტურებში გაბატონებული იქნებოდა უმეცრება, არაკომპეტენტურობა და კარიერიზმი. მეც სწორედ ამაზე ვაკეთებდი მაშინ მთავარ აქცენტს, და არა ამერიკელთა და სხვა ნატო-ელთა საქართველოსადმი არაკეთილმსურნე დამოკიდებულებაზე. როგორც ასევე ვთქვი უკვე, საპარლამენტო კომიტეტის იმ სხდომის შთაბეჭდილებებს დაემატა 1990/91 წლის შემდეგ აშშ-ისა და გერმანიის მიერ თურქული სამხედრო მანქანის არაადექვატურად გაძლიერების დინამიკისა და იმდროინდლი ბოლო მონაცემების გაცნობა ზემოაღნიშნული ბრიტანული გამოცემის საფუძველზე. ამავე დროს იყო მესამე მოვლენაც, რომელმაც ასევე დიდი როლი ითამაშა ჩემი შემდგომი შეხედულებების განვითარებაში, და ეს გახლდათ ნატო-ს საბრძოლო ავიაციის მიერ სერბეთის ქალაქებისა და სხვა ობიექტების დაბომბვები კოსოვო-მეტოხიაში მიმდინარე კონფლიქტის გამო.
მე 1992 წლის მაისში მოვინათლე და შევუდექი ეკლესიურ ცხოვრებას. მართლმადიდებლურ სარწმუნობაში ჩემი შემოსვლის გამო არ მითქვამს უარი ჩემს სიმპათიებზე დასავლეთის მიმართ და ისევე მთელი მონდომებით ვაგრძელებდი ამერიკული შეიარაღებული ძალების შესწვლას, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდი, მეორე მსოფლიო ომის შესახებ რუსულ ენაზე თარგმნილი გერმანული, ბრიტანული და ამერიკული მემუარული ლიტერატურისა და ისტორიული ნაშრომების კითხვას და სხვა. მაგრამ ამერიკული და სხვა ნატო-ური ავიაციის მიერ მართლმადიდებლური სერბეთის დაბომბვების გამო, ცხადია, ქართული ეკლესიის მრევლშიც გაჩნდებოდა კითხვები და მათზე პასუხის მიღების სურვილი. ამ დღეებში ვესაუბრე ერთერთ ქართველ მოძღვარს, დეკანოზ ნიკოლოზ მინდიაშვილს, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული, რომელმაც ამიხსნა, რომ დასავლეთის მმართველი წრეები ნიადაგს ამზადებენ ანტიქრისტეს გაბტონებისთვის, ხოლო ნატო კი მათი მთავარი დამრტყმელი ძალააო. და ეს სრულებით არ იყო კლიშეებითა და ლოზუნგებით ლაპარაკი, არამედ ჩვენ ვსაუბრობდით იმ ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც გაგვაჩნდა და რომელსაც ვაფასებდით. მე ვლაპარაკობდი დაახლოებით ყოველივე იმაზე, რაც ზემოთაც დავწერე, მამა ნიკოლოზმა კი დამისახელა ნიკოლაი დობროლბოვის (თუ ბოგოლიუბოვის) წიგნი «Тайные общества XX века», რომლის პირველი ნახევარიც წარმოადგენს გერმანელი ავტორის იან ვან-ჰელზინგის წიგნის “საიდუმლო საზოგადოებანი და მათი ძლიერება XX საუკუნეში” რუსულ თარგმანს, ხოლო მეორე ნახევარში მოთხრობილია თავად რუსული გამოცდილების შესახებ ამ საიდუმლო ლოჟების ძირგამომთხრელი საქმიანობიდან. ეს წიგნი შემდგომში, 2000-იანი წლების დასაწყისში, ითარგმნა ქართულადაც და გამოიცა, თუ არ ვცდები, სახელწოდებით “XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები”. გარდა ამისა, მამა ნიკოლოზი მეუბნებოდა საქართველოს ტელევიზიასა და პრესაში გაბატონებული გარყვნილების დემონსტრირებაზე, სისასტიკისა და ძალადობის დემონსტრირებაზე და სხვა ასეთ საკითხებზე, რის გამოც განგაშს ტეხენ არა მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, არამედ სხვა კონფესიებისაც, და ასე შემდეგ.
ამ საუბარმა დიდი გავლენა ჩემზე და არა იმიტომ, რომ მართლმადიდებელი მღვდლის სიტყვებს ბრმად ვენდობოდი და ვემორჩილებოდი, არამედ ყოველგვარი სიბრმავის გარეშე ჩვენ ვსაუბრობდით ისეთ საკითხებზე, რომლებიც სავსებით თვალნათელი და თვალსაჩინო იყო და დღესაც არის, თუკი ადამიანს მათი დანახვის სურვილი ექნება. ამ საუბარმა უბრალოდ ჩემს გონებასა და შეგნებაში შესაბამის თაროებზე დაალაგა მთელი ის საკითხები და პრობლემები, რომლებიც მანამდეც არსებობდა ჩემს ფიქრებში, და ამაში კიდევ უფრო მეტად დამეხმარა გერმანელი ავტორის იან ვან-ჰელზინგის მიერ თავის წიგნში გადმოცემული მსჯელობა ამ სიდუმლო ლოჟების საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე, რომლებიც ადამიანთა მოდგმის მტრის სამსახურში არიან ჩამდგარნი და მის ინტერესებს ემსხურებიან. მათ აქვთ დიდძალი ქონება, გავლენა, ძალა, დიდი პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ ყოველივე ეს მიმართულია, სამწუხაროდ, იქითკენ, რომ ადამიანები დააშორონ უფალს, დაავიწყონ, რომ მოკვდავი სხეულის გარდა მათ აქვთ ასევე უკვდავი სულიც, რომელიც პირველ რიგში არის გასაფრთხილებელი, მოსავლელი და გასაძლიერებელი, რათა მარადისობაში ღმერთმა თავისთან დაგვამკვიდროს, ცათა სასუფეველში, და არ მოვხვდეთ ეშმაკთან ჯოჯოხეთის სატანჯველებში. ამისთვის კი საჭიროა, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ ვაფასებდეთ სიმართლეს, სიმშვიდეს, თავმდაბლობას, სიწმინდეს, გულწრფელობას, ურთიერთშორის მამა-შვილურ და და-ძმურ ურთიერთობებს, გვიყვარდეს უფალი ღმერთი ჩვენი და მოყვასი ჩვენი, გვიყვარდეს ჩვენი პირადი მტრები, ვებრძოდეთ სამშობლოს მტრებს და გვძულდეს ქრისტეს მტრები, როგორც გვასწავლის XIX საუკუნის წმინდა რუსი მღვდელმთავარი ფილარეტ მოსკოველი.
ამ საუბრის შემდეგ, რომელიც შედგა 1999 წლის მარტის მიწურულს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ასევე მოაწყო საჯარო სხდომა, რომელიც შეეხებოდა “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” (რომელიც დაიდო 1990 წლის ნოემბერში, პარიზში, და რომლითაც განისაზღვრა ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები მისი მონაწილე სახელმწიფოებისთვის) შესრულების მიმდინარეობისა და ახალ პოლიტიკურ გარემოებებში მის ადაპტაციის საკითხებს, ხოლო მომხსენებელი გახლდათ საქართველოს ელჩი ავსტრიასა და ეუთო-ში, სახელი და გვარი სამწუხაროდ აღარ მახსენდება. მოხსენების შემდეგ, როდესაც ისმებოდა შეკითხვები და გამოითქმებოდა იქ დამსწრეთა მოსაზრებანი, მე გამოვედი და ვთქვი დაახლოებით შემდეგი, რომ ბატონი ელჩის მიერ გაწეულია დიდ სამუშაო, მაგრამ სამწუხაროდ არა იმ მიმართულებით, რომელიც არის საჭირო. და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ საელჩოს თანამშრომლები ვენაში ვერ ღებულობენ იმ უზრუნველყოფას აუცილებელი სამხედრო ცოდნითა და ინფორმაციით, რომელსაც უნდა ღებულობდნენ თავდაცვის სამინისტროსგან. ეს ცოდნა და ინფორმაცია კი მდგომარეობს შემდეგში, რომ 90-იან წლებში ამერიკა და გერმანია მიზანმიმართულად აძლიერებდნენ თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო თურქეთის მთავრობა კი საამისოდ გამოჰყოფდა მილიარდობით დოლარს, და ცხადია, რომ იგი ამას ტყუილა-უბრალოდ არ გააკეთებდა. ჩვენი მეზობელი თურქული სახელმწიფოს ასე არაადექვატურად გაძლიერება დიდად სავარუდოა, რომ ნიშნავდეს მისთვის შეტევითი შესაძლებლობების მიცემას და ახალი ომის მზადებას ამიერკავკასიაში, შემდგომში თურქების ცენრტალურ აზიაში გასვლის მიზნით. თუკი ასეთი გეგმები დასვლეთში არა აქვთ, მაშინ საჭიროა იმ საკითხის პრინციპულად დაყენება, რომ თურქული სამხედრო მანქანის ასე არაადექვატურად გაძლიერება უკვე საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვიოს, როგორც მისი მეზობელი მცირე სახელმწიფოსთვის, და საჭიროა ამ საფრთხის განეიტრალება პოლიტიკური და სხვა საშუალებებით. გარდა ამისა, ვთქვი ისიც, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 1992 წელს საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები სრულებით არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, და საჭიროა ეუთო-ში მიზანმიმართული მუშაობა ქართული დელეგაციისა, რათა მოხდეს ამ კვოტების გადასინჯვა.
ეს სხდომა ჩატარდა, თუ არ ვცდები, 1999 წლის აპრილის ან მაისის თვეში. კომიტეტის თავმჯდომარემ რეზო ადამიამ მკვეთრად უარყოფითად მიიღო ასეთი შეფასება, უარყო ჩემი მოსაზრებანი და განაცხადა, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენი შეიარაღება ექნება საქართველოს, რადენი ჯარები ეყოლება, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა იქმნება უსაფრთხოების ისეთი საერთაშორისო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს დაცვას გარეშე აგრესიისგანო. შემგომშიც, როდესაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარტის თანამშრომლებს დაწვრილებით ვესაუბრებოდი ამ საკითხებზე, მე ვხედავდი სურვილის არქონას მათი მხრიდან, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ეს საკითხები გულდასმით შეესწავლათ, შესაბამისი მუშაობა დაეწყოთ და ეუთო-სა და ნატო-ს ხელმძღვანელობის წინაშე დაეყნებინათ ისინი. რეზო ადამიამ მიპასუხა, რომ მართალია აშშ-მა და გერმანიამ გააძლიერეს თურქეთის შეიარაღებული ძალები, და ეს მოხდა იმ ფონზე, რომ ამიერკავკასიისა და შავი ზღვის სრუტეების მხრიდან მას მუქარები მკვეთრად შეუმცირდა, მაგრამ სამაგიეროდ გაძლიერდა მუქარები ირან-ერაყ-სირიის მხრიდან და ამისთვის სჭირდება მას ეს შეიარაღებაო. მაშინ უბრალოდ დავითვალე, თუ რამდენი ჯარები ჰყავდა განლაგებული თურქულ სრდლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში, და აღმოჩნდა, რომ ამ ყველაზე უფრო საფრთხის შემცველ რეგიონში იდგა თურქეთის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის სულ 15%, რაც ძირშივე გამორიცხავდა რეზო ადამიას არგუმენტს, რომელიც მას უთხრეს ალბათ ამერიკელმა “მეგობრებმა”. მისი კომიტეტის აპატარის თანამშრომლებმა კი ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ თურქეთი ნატო-ს ბლოკის საფლანგო სახელმწიფოა და შესაძლოა ესეც იყოს მიზესი მისი გაძლიერებისთვისო. ეს არგუმენტიც შევისწავლე და შევადრე თურქეთში განხორციელებული ცვლილებები, ნატო-ს სხვა საფლანგო სახელმწიფოს, რუსეთის უშუალო მეზობლის, ნორვეგიის ანალოგიურ მაჩვენებლებს, და აღმოჩნდა, რომ ნორვეგიასა და დანიაში არაფერი ამის მსგავსი არ ხდებოდა. ამის შემდეგ დამთავრდა მათი მხრიდან სამხედრო ხასიათის არგუმენტების მოყვანა და დაიწყო შემდეგი: “აბა სხვები რატომ არაფერს ლაპარაკობენ ამის თაობაზე?”, “რატომ შენ ერთი ლაპარაკობ?”, “შენ რა, სხვებზე მეტი იცი?” და ასე შემდეგ.
საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია რეზო ადამიას მიერ აღნიშნულ სხდომაზე გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენი შეიარაღება ექნება საქართველოს, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ ყალიბდება უსაფრთხოების ისეთი საერთაშორისო სისტემა რომელიც დაგვიცავს საგარეო აგრესიისგანო. თუ როგორა ვართ დაცულები, ეს 2008 წლის აგვისტოშიც კარგად გამოჩნდა, მაგრამ ეს ერთი საკითხია. უფრო მთავარი არის შემდეგი – ებრაელთა ბიბლიური მეფის დავითის ფსალმუნებში, რომელიც ქრისტეს განკაცებამდე დაახლოებით ათასი წლით ადრე იწერებოდა, და რომელიც შედის წმინდა წერლში, 145-ე ფსალმუნში პირდაპირ არის ნათქვამი, “...ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრება. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა, ზღუა და ყოველი, რა არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ჰყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰხსნნის კრულნი, უფლმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი; უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზა ცოდვილთა წარწყმიდოს. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე”.
აქ ყველაფერი ზედმიწევნით არის ნათქვამი, რომ არ არის საჭირო რომელიმე შეძლებულ ან გამოჩენილ ადამიანზე სასოების დამყარება (ანუ ზადმეტად დიდად დაიმედება), ეს ადამიანი ხვალ შესაძლოა გარდაიცვალოს და მასზე დამყარებული იმედებიც განქარდეს. არამედ ჩვენს იმედებსა და სასოებას უნდა ვამყარებდეთ უფალზე, ვინც მარადიულია და მუდმივად სწყალობს მის გზაზე მავალ ადამიანებს. მაგრამ უფალზე დაიმედება და სასოება გულზე ხელების დაკრეფას კი არ ნიშნავს, არამედ აქტიურად საქმიანობას, მხოლოდ ქრისტიანული მცნებების დაცვით, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით, და არა მტაცებლობით, სიხარბით, გაიძვერობით, ქვემძრომობით, ორპირობითა სხვა მსგავსი მანკიერებებით, რითაც სამწუხაროდ სავსეა დღევანდელი ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება; და უფლის ეს შეგონება, ცხადია, შეეხება არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობათა სფეროს, არამედ ხალხებს, ქვეყნებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისაც. დაკვირვებული მკითხველი კი ალბათ შეამჩნევდა, რომ რეზო ადამიას სიტყვები იმაზე, რომ არ არის მნიშვნელოვანი საქართველოს შეიარაღებული ძალების რადიკალურად გაძლიერებისთვის ზრუნვა და ჯაფა, არამედ ახლა დასავლეთი ისეთ უსაფრთხოების სისტემას აშენებს მსოფლიო მასშტაბით, რომ ჩვენ მისი დახმარებითა და წყალობით დაცული ვიქნებით, ოღონდ კი, მთავარია, დასავლეთის მოკავშირედ ვიყოთო, პირდაპირ ეწინააღმდეგება წმინდა წერილში გამოხატულ სწავლებას: გქონდეს უფლის იმედი, დაიცავი მისი მცნებები, იცხოვრე უფლისთვის სათნო ცხოვრებით და, უწინარეს ყოვლისა, თავად იზრუნე საკუთარი ძლიერებისა და საკუთარი კეთილდღეობისთვისო. სწორედ საქართველოს ხელისუფლების, და არა მხოლოდ მისი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან წმინდა წერილის სწავლებისადმი ასეთი უგულისყურო დამოკიდებულება, და ღმერთისათვის ზურგის შექცევა აშშ-ის ინტერესების სამსახურში ჩადგომის გამოისობით, გახლდათ იმ ხანად ის მთავარი მიზეზი და საფუძველი, რამაც მომცა ხალისი და ძალა არ დავთანხმებოდი საქართველოს ხელისუფალთა საგარეოპოლიტიკურ მისწრაფებებს და შეძლებისდა გვარად მემხილებიდა მათი მცდარობა, აგრეთვე მეჩვენებინა საგაზეთო პუბლიკაციებსა თუ პარლამენტისთვის მომზადებულ ნაშრომებში ის გზა ჩვენი ქვეყნის სამხედრო მშენებლობაში, რომელიც ემყარებოდა დასავლეთის მცირე და დიდი სახელმწიფოების სამხედრო მშენებლობის გამოცდილებას და ამიტომ იგი მე სწორად მიმაჩნდა და დღესაც ასე მიმაჩნია.
გარდა ამისა, არის სხვა მიზეზიც, რომელიც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომელიც იმხანად მე ასე კარგად არ მქონდა ჩამოყალიბებული, მაგრამ დღეს კი მინდა ქართველ მკითხველს ეს ფიქრებიც გავუზიარო. თითოეული ადამიანის ცხოვრების დანიშნულება ამ ქვეყანაზე, ქრისტისნული სწავლებით, არის ის, რომ მან ისე იცხოვროს, რათა გარდაცვალების შემდეგ, საუკუნოდ, ანუ სამარადისოდ მისი სული უფლის ანგელოზებმა აიყვანონ უფალთან ცათა სასუფეველში, სადაც იგი იქნება ნეტარებასა და უფლის დიდებაში. ანუ როგორც გვასწავლიან ეკლესიის მამები, ადამიანის სულმა მისი ამქვეყნიური ცხოვრებისა და განვითარების განმავლობაში, უნდა შეიძინოს და გაიძლიეროს ის თვისებები, რომლებიც სჭირდება მას ღმერთის სამეფოში, ცათა სასუფეველში ცხოვრებისთვის უკუნითი-უკუნისამდე. ხოლო ეს თვისებები კი გახლავთ სიწმინდე, სიმდაბლე, უანგარობა, მოყვასის სიყვარული, ოჯახის, სანათესაოს, სამეგობროს, სამშობლოს სიყვარული და მათთვის თავდადება, რომლის გვირგვინსაც წარმოადგენს უფლისადმი სიყვარული მთელი გულით, მთელი გონებითა და მთელი არსებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, ადამიანის სულს სამარადისოდ, უკუნითი-უკუნისამდე ელოდება ეშმაკის საბრძანებელში ყოფნა, ჯოჯოხეთში, ტანჯვაში, წამებასა და უიმედობაში, სადაც მატლი მისი არ კვდება და ცეცხლი მისი არ ნელდება. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. და ვინც აქ “მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით” ცდილობენ ცხოვრებასა და განცხრომაში ყოფნას, ისინი ხომ ღმერთის სამეფოში მარადიულად დამკვიდრებისთვის სულაც არ ზრუნავენ და აქ, დედამიწაზე, თავიანთთვის იშენებენ მიწიერ სამოთხეს – ადამიანის სამეფოს, მაგრამ ეს ხომ დროებითია, ათი, ოცი, ოცდაათი ან ორმოცდაათი წლით, მარადისობაში კი მათ არაფერი ექნებათ დაუნჯებული უფალთან, არამედ მათი საუნჯე იქნება იქ, სადაც ფასობს ანგარება, სიხარბე, სიცრუე, ცილისმწამებლობა, სიძვა-მრუშება, ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, მაგრამ სადაც არის მარადიული ტანჯვა-წამება, უნუგეშობა, ტირილი და კბილთა ღრჭენა. ნუთუ ასეთი გზით მავალ ადამიანებს თუნდაც გონიერად მიაჩნიათ საკუთარი თავი? ნუთუ გონიერებაა ის, რომ მცირე ხნით განცხრომის სანაცვლოდ სამარადისოდ სატანჯველისთვის გასწიროს თავისი უკვდავი სული? ერთმა მეუდაბნოე მამა, როდესაც ნახა, რომ მოულოდნელად ღამის გასათევად მასთან მოსული ქალი სინამდვილეში მეძავი ყოფილა და მისი შეცდენა სურდა, თავისი სენაკიდან გარეთ გამოვიდა, დაანთო ცეცხლი და უთხრა, მოდი აქ ცეცხლში ჩადექი, თუკი ორ წუთს მაინც გაძლებ ამ მიწიერ ცეცხლში მდგომარე და მოგეწონება, მაშინ შეგიძლია ეგ შენი საქმიანობა განგრძო, ხოლო თუკი ვერ გაძლებ, მაშინ უნდა იცოდე, რომ ეს წვა ცეცხლში შენს სულს საუკუნოდ მოელისო. როგორც თქმულება გვასწვლის, ამ მეძავ ქალს ეყო გონიერება და სულის სიმხნევე, რომ შეენანა თავისი ცოდვილი მისწრაფებანი, ხელი აეღო მათზე და იმ დღიდან ღვთივსათნო ცხოვრებას შედგომოდა.
განა ქრისტიანობაში გამორჩეული ადამიანები, რომელთაც უფლისგან წმინდანის გვირგვინები მიიღეს, ბევრ რამეზე უარს არ ამბობდნენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, განა ბევრმა მათგანმა ტანჯვა-წამების ტკივილები არ დაითმინა, ღვთის შეწევნით, როგორც თავად უფალმაც? და მათ დაიმკვიდრეს ღვთის სამეფო – ცათა სასუფეველი. საზოგადოებისა და სახელმწიფოს ცხოვრებაც, ქრისტიანული სწავლებით, ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ხელს უწყობდეს მის წიაღში მყოფი ადამიანების ამქვეყნიური ცხოვრებისა და საქმიანობის უფლისთვის სათნო კალაპოტში წარმართვას, მისი მცნებების დაცვისთვის ზრუნვითა და ღვაწლით, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით. სწორედ ეს გახლავთ სახელმწიფოს დანიშნულება იდეალში, და ეს იდეა უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის საშინაო ცხოვრების მოწყობისა და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ საფუძველს, მაგრამ არის კი ასე ჩვენს სახელმწიფოში?
რაც შეეხება საქართველოს სამხედრო მშენებლობის პრობლემებს, აქ ისევ 1999 წელს უნდა დავუბრუნდეთ. იმ წლის ბოლოსკენ საქართველოში გახლდათ ჩამოსული ნატო-ს ბლოკის მაშინდელი გენერალური მდივნის ჰავიერ სოლანას თანაშემწე კრის დონელი, რომელსაც საჯარო გამოსვლაც ჰქონდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. მისი გამოსვლის შემდეგ იყო მოსაზრებების გამოთქმა და შეკითხვების დასმა მსმენელთა მხრიდან, რასაც, ბუნებრივია, მოსდევდა მომხსენებლის პასუხებიც. მე მომეცა საშუალება და დავსვი ორი შეკითხვა: 1) როდესაც 1990 წლის ნოემბერში პარიზში დადებულ იქნა ევროპაში ჩვულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ძალითაც განესაზღვრათ ევროპულ სახელმწიფოებს, და მათ შორის თურქეთსაც ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედებდა “ცივი ომის” პერიოდის მექანიზმები და განწყობები. დღესდღეობით ეს მექანიზმები უკვე ვეღარ მოქმედებს, ამირკავკასიიდან ფაქრობრივად გასული არიან რუსული ჯარები, სამი შედარებით სუსტი სამხედრო ბაზის გარდა, ხოლო ბულგარეთი და რუმინეთი კი უკვე აღარ უქმნიან მუქარს თურქეთს შავი ზღვის სრუტეების ზონაში. ასევე მიდის ახალ პოლიტიკურ სიტუაციაში აღნიშნული ხელშეკრულების ადაპტაციის პროცესი, რაც მოსალოდნელი იყო რომ გამოხატულიყო თურქეთისთვის ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტების შემცირებით, მაგრამ ეს არ ხდება, რაც მისი მეზობელი საქართველოსთვის უკვე პოტენციურ მუქარას შეიძლება წარმოადგენდეს; 2) იმავე პარიზის ხელშეკრულების საფუძველზე, 1992 წელს ტაშკენტში მიმდინარე მოლაპარაკებებზე დადებულ იქნა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველოს დაუდგინეს კვოტები – მშვიდობიანობის დროს მას შეუძლია თავის ტერიტორიაზე მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი ვერტმფრენისა. ეს კვოტები, რაც შეეხება ჯავშანსატანკო ტექნიკასა და საველე არტილერიას, ძალზედ ცოტაა იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს ქვეყნის თავდაცვის უნარის მქონე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, რაზედაც მეტყველებს ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საბერძნეთისა და ისრაელის შეიარაღების რაოდენობა. ეს ორივე პრობლემა მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია მათი საქმიანად და პატიოსნად გადაწყვეტა.
ამაზე კრის დონელმა გვიპასუხა, რომ აქ დასმული საკითხები საყურადღებოა, თავად ეს ხელშეკრულება არ არის სრულყოფილი, სწორედ ამიტომ მიდის მისი ახალ პირობებში ადაპტაციის პროცესები და მომავალში ეს უდაოდ გათვალისწინებული უნდა იქნასო. ცხადია, რომ არაფერი საწინააღმდეგო ასეთი პასუხის მიმართ არ მექნებოდა და სიამოვნებით დავეთანხმებოდი მას, თუმცა კი იყო ეჭვი, თუ ასე უყურებს ამ საკითხს ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე, მაშინ ამერიკასა და ნატო-ზე ორიენტირებული ქართველი სახელმწიფო მოხელეები რაღატომ ეწინააღმდეგებიან ამ საკითხის შესწავლასა და გადაწყვეტას მეთქი? მაგრამ მალევე ნატო-ში არჩეულ იქნა ახალი გენერალური მდივანი, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს გახლდათ ჯორჯ რობერტსონი, და, მომდევნო 2000 წლის დასაწყისში, უკვე მისი თანაშემწე ჩამოვიდა საქართველოში. მასაც ჰქონდა საჯარო მოხსენება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში; ამ სხდომასაც ჩვეულებრივ დავესწარი, მაგრამ ამჯერად უკვე კომიტეტის თავჯდომარემ, რეზო ადამიამ, მისთვის სეკითხვის დასმის ნება არ მომცა, რაზედაც შემდეგ ცალკე მიპასუხა: შენ ჩემს ნატო-ელ სტუმრებს შენი შეკითხვებით უხერხულ მდგომარეობაში აგდებო. აბა რა არის ეს პასუხი, თუ არა საკუთარი სამშობლოს თავდაცვის ინტერესების ღალატი დასავლეთის მმართველი წრეების სასარგებლოდ? და ეს, ცხადია, არ გახლდათ მარტო რეზო ადამიას დამოკიდებულება არამედ საქართველოს ხელისუფლებისა მთლიანობაში, ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით. რეზო ადამიას შემდეგ ამ თანამდებობაზე იგივეს აგრძელებდნენ გიორგი ბარამიძეცა და ირაკლი ბათიაშვილიც, რომ აღარაფერი ვთქვათ სააკაშვილის ხელისუფლებაზე. საყურადღებოა ასევე ის, რომ 2000 წლის დასაწყისშივე, მე მივედი “მოქალაქეთა კავშირის” საპარლამენტო ფრაქციის მაშინდელი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის მისაღებში და იქ განვაცხადე მათი ფრაქციის წევრის, რეზო ადამიას, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ, თითქოს გაიოცეს, შეწუხდნენ, მისმა მოადგილემ ფრაქციის ხელმძღვანელობაში, თუ სწორად მახსოვს, პარლამენტის წევრმა მაია სიმონიძემ, ითავა კიდეც ამ საკითხის გარკვევა, მაგრამ ფაქტიურად ეს საქმე იქ ჩაიჩქმალა და ჩაიფარცხა. სწორედ იმავე წლის ზაფხულში იყო, რომ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, როდესაც განიხილებოდა დავით თევზაძის ახალი ვადით თავდაცვის მინისტრად დამტკიცების საკითხი, მიხეილ სააკაშვილი ხმაურიანად გამოვიდა და თავდაცვის მინისტრს სამართლიანად უსაყვედურა, რატომ გყავს ამდენი ძვირადღირებული ჯიპები, როცა ქვეყნის მოსახლეობა ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობსო. ეს კი მართალი იყო, მაგრამ განა მისსავე აპარატში არ იქნა მიჩქმალული ის საკითხები, რომლებიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობისთვის, ვიდრე თევზაძის ესკორტის ჯიპები? და განა საქართველოს ხელისუფლებამ და სახელისუფლებო საპარლამენტო ფრაქციამ თავიანთი საქმიანობით არ ჩააგდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმ ეკონომიკურ და ფინანსურ გაჭირვებაში, რითაც ასე სპეკულირებდა უკვე სწორედ ამ ფრაქციის ხელმძღვანელი?
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჟვანია-სააკაშვილისა და ბურჯანაძის გუნდი სხვებს საყვედურობდა, რომ უკანასკნელ წლებში თქვენ შევარდნაძესთან დაიწყეთ კავშირების გაბმაო, როდესაც ისინი პირიქით ახსენებდნენ მათ მრავალწლიან “პროშევადრნაძისტობას”, ესენი წარბშეუხრელად აცხადებდნენ, რომ სანამ შევარდნაძე ქვეყნის მშენებლობას ეწეოდა, მაშინ ჩვენ მის გვერდით ვიდექით, ხოლო როდესაც ქვეყნის ნგრევა დაიწყო, მაშინ კი დავუპირისპირდითო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ როდესაც ზურაბ ჟვანიამ, უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოიტანა სახელმწიფო ბიუჯეტი დასამტკიცებლად, მაში ბევრი პარლამენტარი საყვედურობდა, მე ესა და ეს საკითხი შემოვიტანე ბიუჯეტში გასათვალისწინებლად, და რატომ არ გაითვალისწინეთო, მაშინ ზ. ჟვანიამ უპასუხა, ხალხო რაც თორმეტ წელიწადს ინგრეოდა, იმას ახლა ერთ წელიწადში როგორ ავაშენებდითო? და ეს ხდებოდა 2004 ან 2005 წელს; ანუ ფაქტობრივად ზურაბ ჟვანიამ აღიარა, რომ 1992 უკვე წლიდან ინგრეოდა ჩვენი ქვეყანა, როცა ჩვენ ათეული წლის მანძილზე უმრავლესობას შევადგენდით მის პარლამენტში, ხოლო როდესაც მაშინდელი ოპოზიციური ფრაქციებისა და ცალკეული დეპუტატების მხრიდან ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკის კრიტიკა გაისმოდა და ხშირად მეტად მწვავეც, მაშინ სწორედ ჩვენ ვიცავდით ყველაზე უფრო მეტი თავგამოდებით მის კურსსა და მის ცალკეულ ნაბიჯებსაცო (რომლებიც თურმე ქვეყნის დანგრევაზე ყოფილა მიმართული). ანუ ზურაბ ჟვანიამ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ჩვენც ვართ დამნაშავენი საქართველოს მოსახლეობის იმ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნის გამო, რასაც სწორედ 2000 წლის ზაფხულში იშველიებდა მ. სააკაშვილი, როდესაც დ. თევზაძეს საყვედურობდა მისი ჯიპების მიზეზით, თანაც საკუთარი თავი გაჭირვებული მოსახლეობის ინტერესების დამცველად გამოჰყავდა.
მაგრამ ისევ ჩვენს თხრობას დავუბრუნდეთ. როგორც ვთქვი, 2000 წლის დასაწყისში საქართველოში იყო ჩამოსული ნატო-ს ახლად არჩეული გენერალური მდივნის თანაშემწე, რომლისთვისაც შეკითხვის დასმის ნება რეზო ადამიამ არ მომცა. მაგრამ იმ სხდომაზე, სხვებმა დაუსვეს შეკითხვები, და მათ შორის ერთერთმა დეპუტატმა რომელიღაც ოპოზიციური ფრაქციიდან დასვა ასეთი შეკითხვა: რატომ არ აკეთებს ნატო დღესდღეობით ჩეჩნეთშიც იმას, რასაც აკეთებდა იგი კოსოვოშიო? ანუ რატომ არ დაიწყებენ ამერიკული და დასავლეთევროპული საბრძოლო თვითმფრინავები რუსული ჯარების პოზიციების დაბომბვას ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ქალაქებისა სხვა სამხრეთ რაიონებში და კიდევ მის მთელ ტერიტორიაზე, სადაც მოქმედებს სამხედრო პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები და ფაბრიკებიო. კი მაგრამ, თუნდაც ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობას გადაეწყვიდა რუსეთის ტერიტორიაზე დაბომბვების დაწყება, რა პასუხი მოჰყვებოდა ამას რუსეთისგან? განა არ დაიწყებოდა ბირთვული ომი ევროპის კონტინენტზე ან საყოველთაო სარაკეტო-ბირთვული ომი, რისი თავიდან აცილებისთვისაც ამდენს ზრუნავდნენ ორივე დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკში 70-იანი და 80-იანი წლების მანძილზე? და აი, საქართველოს ოპოზიციურ პარლამენტარს მოუვიდა თავში ასეთი შეკითხვის დასმა. ამაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ განაცხადა, რომ საქართველოში ტრადიციულად რთულ შეკითხვებს მისვამენო, და შემდეგ კი დაახლოებით ხუთ წუთს ილაპარაკა ისე, რომ ვერც თავსა და ვერც ბოლოს ვერ გაიგებდა კაცი. პასუხი კი ძალიან მარტივი გახლდათ, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კაცობრიობის შემდგომ არსებობასო. როდესაც შემდეგ სამხედრო საქმის მცოდნე ერთ ჩემს მეგობარს ვუყვებოდი ამ სხდომის შესახებ და ვუთხარი, რომ ნატო-ელმა მაღალჩინოსანმა ოპოზიციონერი დეპუტატის ამ გამოსვლაზე თქვა, “საქართველოში ტრადიციულად რთულ შეკითხვებს მისვამენო”, მან მიპასუხა “გამო . . . . . ებული რატომ არა სთქვაო?” და ეს გახლდათ ბუნებრივი რეაქცია სამხედრო საქმის მცოდნე ქართველი ადამიანისა, რომელიც თავისი ინტერესებისა და ცოდნის მიუხედავად, ამ სფეროში მოფუსფუსე კარიერისტებისგან არის განზე გარიყული და თავისი შესაბმისი დამოკიდებულება გააჩნია მთელი ამ ვაკხანალიისადმი. ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, უფრო რბილი ტერმინი რომ ვიხმაროთ, შეიძლება ვივარუდოთ, რომ როდესაც რეზო ადამიას ნატო-ელი სტუმარი თავის ხუთწუთიან პასუხს სცემდა ქართველ პარლამენტარს, და აღნიშნავდა, რომ “რთული შეკითხვა დამისვითო”, გულში ალბათ ფიქრობდა, “ეს რა იდიოტებში მაქვს საქმეო”.
ეს ეპიზოდი იმიტომ გავიხსენე, რომ ნატო-ს ბლოკის გენერალური მდივნის თანაშემწის ხუთწუთიანი, რაღაც ტერმინოლოგიით დატვირთული და თავბოლო მოუბმელი პასუხი ნათლად გვიჩვენებს მის არაგულწრფელობას, ანუ ეს გახლდათ პასუხი პასუხისთვის, და არა პასუხი ნამდვილი ვითარების გარკვევისთვის. და როდესაც ნატო-ელი და სხვა დასავლელი ან აღმოსავლელი თანამოსაუბრეები, მით უმეტეს სხვადასხვანაირ ოფიციალურ ღონისძიებებზე რამეს გვეუბნებიან, ისინი ხშირად არ არიან გულწრფელნი და შესაძლოა გულში სულ სხვა რაიმე ედოთ, რაც მათივე საქმეებით მჟღავნდება ხოლმე. ჩვენში ბევრს ეხსომება, რომ როდესაც დაიწყო კონფლიქტის განვითარება პრეზიდენტ შევარდნაძესა მის ძველ თანამებრძოლებს შორის მოქალაქეთა კავშირის ფრაქციიდან, მაშინ შევარდნაძე ამბობდა, რომ პატარა ბიჭებს თავში აუვარდათ და რას აკეთებენ ვერ აფასებენო, ხოლო ზ. ჟვანია კი პასუხობდა, რომ მე დასავლელი პოლიტიკოსები პატივისცემით მექცევიან, და არ მინდა, რომ ჩვენი პრეზიდენტი პატარა ბიჭს მეძახდესო. “პატარა ბიჭთან” დაკავშირებით უნდა დავეთანხმო აწ გარდაცვლილ ზ. ჟვანიას, ხოლო რაც შეეხება დასავლეთის მმართველი წრეებისგან პატივისცემის გამოხატვას, ეს შესაძლოა სულაც არ იყოს გულწრფელი, და ამის მაგალითიც ზემოთ იქნა მოყვანილი.
(დასასრული იხ. ნაწილი II)
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment