Thursday, March 15, 2012

ჩრდილოატლანტიკური კავშირის სწრაფი რეაგირების ძალები

(წერილი გამოქვეყნებულ იქნა 1994 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის ბიულეტენის სახით /სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის ბიულეტენი, # 14/, ხოლო ტექნიკურად ეს განხორციელდა “ტექინფორმის” მიერ, რომელიც იმ ხანებში მჭიდროდ თანამშრომლობდა აღნიშნულ სამსახურთან. ეს გახლდათ ჩემს მიერ მომზადებული მეოთხე ნაშრომი პარლამენტისთვის. აქაც თვალსაჩინოა ჩემი მაშინდელი პროდასავლური განწყობა და სსრკ რამდენჯერმე მოხსენიებულია პოტენციურ აგრესორად. დღესდღეობით ასეთ შეფასებებს უკვე აღარ ვიზიარებ, და ამის შესახებ მკითხველი ჩემს ახლანდელ შეხედულებებს ნახავს სხვა წერილებში, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა 1999 წლის შემდეგ, და განსაკუთრებით 2003-05 წლებიდან. ნაშრომი გადმოტანილია მცირეოდენი სარედაქციო შესწორებებით. გარდა ამისა ზოგიერთ ადგილას ძალაუნებურად შესაძლოა გადმოსულიყო მაშინ ნაშრომის ტექსტის აკრეფისას დაშვებული შეცდომები, რაზედაც მკითხველს ბოდიში მინდა მოვუხადო.)

1991 წლის ნოემბერში რომში ჩრდილოატლანტიკური კავშირის უმაღლესი დონის შეხვედრაზე განისაზღვრა ბლოკის ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედო ახალი სამხედრო დოქტრინის შემუშავებას. ამ კონცეფციაში ახლებურად იქნა ჩამოყალიბებული პოტენციური მოწინააღმდეგის ცნება. ალიანსმა უარი თქვა “აღმოსავლეთიდან მუქარაზე”, როგორც მთავარ მადესტაბილიზებელ ფაქტორზე. ამის შესაბამისად, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მსხვილი შენაერთების ნაცვლად, რომლებიც განკუთვნილი იყო ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან მასირებული თავდასხმის მოგერიებისთვის, ახალი სტრატეგიული კონცეფცია ემყარება უფრო შეზღუდულ სამხედრო პოტენციალსა და საბრძოლო მზადყოფნის ნაკლებ ხარისხს. მოკავშირეთა საერთო აზრით, ახალი სამხედრო მუქარა შესაძლოა წამოიჭრას სხვადასხვა მიმართულებებზე და მისი ნეიტრალიზაციისთვის აუცილებელია კრიზისულ რაიონებში მაღალმობილური ძალების დროული და სწრაფი გაშლა.

ახალი სტრატეგიული კონცეფციის შესაბამისად ითვალისწინებენ ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) შესაბამისი რეორგანიზაციის ჩატარებას. გადაწყვეტილია შემცირებულ იქნას მუდმივი მზადყოფნის ჯარების რაოდენობა სარეზერვო კომპონენტების როლის ამაღლებისა და სამობილიზაციო გაშლის სისტემის სრულყოფის ხარჯზე, შეიქმნას პრინციპულად ახალი ფორმინებები. ნატო-ს ზოგადი დანიშნულების ძალების რეორგანიზაციის გეგმების შესაბამისად, მის შემადგენლობაში ვარაუდობენ იყოლიონ სამი ძირითადი კომპონენტი: სწრაფი რეაგირების ძალები, მთავარი თავდაცვითი ძალები და გაძლიერების ჯარები.

სწრაფი რეაგირების ძალები განიხილება ყველაზე უფრო ბრძოლისათვის მზადმყოფ და მობილურ კომპონენტად, რომელიც გამიზნულია ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) კრიზისულ სიტუაციებში გამოყენებისთვის, ხოლო გარკვეულ პირობებში კი ნატო-ს პასუხისმგებლობის ზონის ფარგლებს გარეთაც. მის შემადგენლობაში ვარაუდობენ იყოლიონ ხუთი დივიზია, მათ შორის ორი მრავალეროვნული შემადგენლობისა. ეს ძალები განლაგებული იქნება სამივე ომთ-ის ფარგლებში.

მთავარი თავდაცვითი ძალები უნდა მოიცავდეს მუდმივად ევროპაში დისლოცირებულ ბლოკის ჯარების უდიდეს ნაწილს, რომელიც განკუთვნილია მსხვილი საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად. მთავარი თავდაცვითი ძალების შემადგენლობაში ვარაუდობენ იყოლიონ შვიდი საარმიო კორპუსი 16 დივიზიის შემადგენლობით.

გაძლიერების ჯარებში შევლენ აშშ-ისა და კანადის შეიარაღებული ძალების (შძ) შენაერთები და ნაწილები, რომელსაც ევროპაში გადმოისვრიან ომისთვის უშუალო მზადების პერიოდში, აგრეთვე დასავლეთევროპული ქვეყნების სამხედრო სწავლებაგავლილი და დემობილიზაციაში გასული შძ-ის კომპონენტები. მათი რაოდენობა განისაზღვრება შესაძლო კონფლიქტის ხასიათითა და მასშტაბით.

სწრაფი რეაგირევის ძალების (სრძ – Repid Reaction Forces) შექმნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1991 წლის აპრილში ბრიუსელში ნატო-ს ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსთა შეხვედრაზე. სრძ-ის საერთო რიცხვი განისაზღვრება 100 ათას ადამიანამდე. გათვალისწინებულია, რომ სრძ-ის სარდალი უშუალოდ დაექვემდებარება ნატო-ს გშძ-ის უმაღლეს მთავარსარდალს ევროპულ ზონაში. ამ ძალების სტრუქტურაში ვარაუდობენ იყოლიონ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო კომპონენტები.

სახმელეთო კომპონენტის საფუძველი იქნება სრძ-ის გაერთიანებული კორპუსი (Allied Command Europe Repid Reaqction Corps) ხუთი დივიზიის შემადგენლობით. ჯავშანსატანკო დივიზიას, რომელიც დისლოცირებული იქნება გფრ-ის ტერიტორიაზე და მექანიზებულს, დისლოცირებულს მეტროპოლიაში (თითოეული სამბრიგადიანი შემადგენლობისა) სრძ-ის შემადგენლობაში გადასცემს დიდი ბრიტანეთი. აერომობილური დივიზია და კიდევ ერთი მექანიზებული იქნებიან მრავალეროვნული შემადგენლობისა. აერომობილურ დივიზიაში შესაძლოა შეყვანილ იქნან აერომობილური ბრიგადა დიდი ბრიტანეთიდან, საჰაერო-სადესანტო ბრიგადა გერმანიიდან, აერომობილური ბრიგადა ნიდერლანდებიდან (უკანასკნელში სამი მსუბუქი ქვეითი ბატალიონი, 40 ვერტმფრენი PAH-1 და 25 სატრასპორტო ვერმფრენი), საპარაშუტო ბატალიონი “კომანდოს” ბელგიიდან. მექანიზებული დივიზია უნდა შედგეს სამი ბრიგადისგან (იტალიურის, ბერძნულისა და თურქულისგან). მეხუთე დივიზია (სავარაუდოდ მექანიზებული) დაკომპლექტდება გერმანელი სამხედრო მოსამსახურეებისგან.

სრძ-ის საჰაერო კომპონენტის ჩამოყალიბება დაგეგმილია ნატო-ს ქვეყნების საჰაერო ძალებისა (ჰძ) და საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ნაწილებისგან. ვარაუდობენ მრავალეროვნული ტაქტიკური საავიაციო სარდლობის შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც უნდა იყოს 100-მდე საბრძოლო თვითმფრინავი (აქედან 60% მოიერიშე A-10A “თანდერბოლთი” და გამანადგურებელი F-4 “ფანტომი”).

სრძ-ის საზღვაო კომპონენტის სახით დაგეგმილია შეიქმნას საზღვაო ძალების (ზძ) ორი მუდმივი შენაერთი – ატლანტიკასა და ხმელთაშუა ზღვაში, რომლებშიც ვარაუდობენ იყოლიონ 40-მდე საბრძოლო ხომალდი. სრძ-ის ესკადრამ “ნავოქფორმედმა”, რომლის შემადგენლობაშიც შედის გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ძალები, უკვე გაიარა ბრძოლისუნარიანობის შემოწმება ნატო-ს საზღვაო სწავლებაში “დეთერენთ ფორსი”.

ნატო-ს სრძ-ის საერთო ხელმძღვანელობა დაეკისრება დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს. მისი ჩამოყალიბების ორგანიზაციისთვის ნავარაუდევია შტაბის განთავსება ბელგიის ქალაქ მონსში. ბლოკის სარდლობის გეგმების შესაბამისად, სრძ-ის შენაერთები უნდა განლაგდეს ყველა ევროპულ ომთ-ზე. საფრანგეთმა უარი თქვა მათ შექმნაში მონაწილეობაზე, ხოლო აშშ შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ჩართვა სრძ-ის შემადგენლობაში განხილვის სტადიაშია.

ნატო-ს წევრი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსების იმავე შეხვედრაზე განიხილებოდა სრძ-ის ერთი კომპონენტის “დაუყოვნებლივ რეაგირების ძალების” (Immediate Reaction Forces) შექმნის საკითხი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა შძ-ის დაჯგუფებათა სასწრაფო გაზრდა წარმოქმნილი კონფლიქტების რაიონებში, უმეტესწილად ბლოკის ფლანებზე. სხვა სიტყვებით, იგი უნდა იქცეს სწრაფი რეაგირების ძალების პირველ ეშელონად. დაუყოვნებლივ რეაგირების ძალების საფუძველი უნდა შეადგინოს ამჟამად არსებულმა ნატო-ს მობილურმა ძალებმა.

ნატო-ს მობილური ძალები ევროპაში (Allied Command Eurole Mobile Force) შეიქმნა 1960 წელს, როცა ბლოკის ხელმძღვანელობა მივიდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგების შედარებით სისუსტის შეგნებამდე და ამასთან ერთად მოხდა “მასირებული ნაცვალგების” სტრატეგიის გადასინჯვა. ნატო-ს ხელმძღვანელობის აზრით, მობილურ ძალებს უნდა განეხორციელებინა “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიულ დებულებათა რეალიზაცია. მის შემადგენლობაში შევიდნენ ბლოკის მონაწილე რვა ქვეყნის სახმელეთი ჯარებისა და საჰაერო ძალების ქვედანაყოფები. იგი უშუალოდ ექვემდებარება ნატო-ს გშძ-ის უმაღლეს მთავარსარდალს. უკვე მშვიდობიანობის დროს მობილური ძალების საბრძოლო ქვედანაყოფები გადაცემულია ნატო-ში, მთლიანად დაკომპლექტებულია პირადი შემადგენლობით, იარაღითა და სამხედრო ტექნიკით.

ვარშავის ხელშეკრულებასთან და სსრკ-თან პირდაპირი დაპირისპირების წლებში ნატო-ს მობილური ძალების ოპერატიული პასუხისმგებლობის ზონა იყოფოდა შვიდ საკვანძო რაიონად, რომელთა შენარჩუნებაზეც დიდად იქნებოდა დამოკიდებული საბრძოლო მოქმედებების წარმატება ევროპულ ომის თეატრზე. ეს რაიონებია: ჩრდილოეთ ნორვეგია (თრომის ოლქი), დანიის კუნძულები (ბალტიის ზღვის სრუტეების ზონა), სასაზღვრო რაიონები თურქეთსა და ბულგარეთს შორის, საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის, იტალიასა და იუგოსლავიას შორის, თურქეთის საზღვარი სირიასთან და ერაყთან, თურქეთის საზღვარი ყოფილ საბჭოთა კავშირთან.

ნაწილი ამ რაიონებისა კვლავაც საჭიროებს მობილური ძალების გამოყენებას, განსაკუთრებით იქ, სადაც СНГ-სა და ნატო-ს ქვეყნები უშუალოდ ემეზობლებიან ერთმანეთს. სახელდობრ ჩრდილოეთ ნორვეგიაში, სადაც ლენინგრადის სამხედრო, ოლქში დისლოცირებული 11 მოტომსროლელი დივიზიის, საჰაერო-საიერიშო ბრიგადის, ორი დივიზიის ექვივალენტური საარტილერიო ნაწილების, საზღვაო ქვეითი ჯარის ბრიგადისა და სანაპირო თავდაცვის დივიზიების საპირისპიროდ დგას ნორვეგიის ორი ბატალიონი და სასაზღვრო დაცვის ერთი ასეული, რომლებიც შეიძლება გაძლიერებულ იქნან ჩრდილოეთ ნორვეგიაში დისლოცირებული ერთი ბრიგადითა და მხარდაჭერის ნაწილებით.

ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მობილური ძალები იყოფა მობილურ სახმელეთო ჯარებად და მობილურ საჰაერო ძალებად. სახმელეთო კომპონენტის შემადგენლობაში შედის შტაბი (ქ. ჰაიდელბერგში, გფრ) და რვა გაძლიერებული ბატალიონი (ორი გფრ-დან და თითო-თითო აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან და ბელგიიდან), აგრეთვე ერთი ასეულიც ლუქსემბურგიდან. სულ მობილური სახმელეთი ჯარების შემადგენლობაშია 9900 სამხედრო მოსამსახურე, საველე არტილერიის 125 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 216 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება (მათ შორის 198 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარი – ტსმრ გდ), 56 საზენიტო საშუალება. შტაბი და მისი ქვედანაყოფები განკუთვნილია მოქმედებებისთვის მობილური ძალების პასუხისმგებლობის მთელ ზონაში, საბრძოლო ბატალიონები – განსაზღვრულ რაიონებში: ჩრდილოევროპულ ომთ-ზე – დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნიდერლანდების, იტალიისა და ლუქსემბურგის ქვედანაყოფები; სამხრეთევროპულ ომთ-ზე ბელგიის, ფედერაციული გერმანიისა და აშშ-ის ქვედანაყოფები.

მობილური საჰაერო ძალები მოიცავს ექვს ესკადრილიას (აშშ-ის, გფრ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების). ამათგან ორი ესკადრილია ბირთვული იარაღის მატარებელია. მობილური სახელეთო ჯარებისგან განსხვავებით მათ ერთიანი მეთაურობა და შტაბი არ გააჩნიათ. მობილური საჰაერო ძალების საბრძოლო შემადგენლობაშია ტაქტიკური ავიაციის 114 თვითმფრინავი (24 აშშ-დან, 18-18 გფრ-დან, ბელგიიდან ნიდერლანდებიდან და იტალიიდან, 14 დიდი ბრიტანეთიდან). კონფლიქტის გაჩაღებაზე მუქარის შემთხვევაში მობილურ საჰაერო ძალებს გადაისვრიან დანიშნულების ადგილზე. ნატო-ს მობილური ძალების ოპერატიული პასუხისმგებლობის შვიდი რაიონიდან თითოეულში ითვალისწინებენ სამი-ოთხი ესკადრილიის გამოყენებას.

მშვიდობიანობის დროს ნატო-ს მობილური ძალების ქვედანაყოფები იმყოფებიან იმ შენაერთებისა და ნაწილების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში, რომლებშიც შტატის მიხედვით შედიან. ისინი არიან მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს სახმელეთო ჯარების აეროდრომებზე სწრაფად თავმოყრას, თვითმფრინავებში ჩასხდომასა და დღე-ღამის განმავლობაში იმ შვიდი რაიონიდან ნებისმიერში გადასროლას. ამდენივე დრო ეძლევათ საჰაერო ძალების ესკადრილიებს დანიშნულების ადგილზე გადაფრენისთვის. საბრძოლო მოქმედებათა რაიონში მისვლის შემდეგ მობილური ძალების ქვედანაყოფები გადადიან ომთ-ზე გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლის განკარგულებაში და მოქმედებენ მისი ბრძანებების მიხედვით.

თუცა კი მობილური ძალების უმნიშვნელო საბრძოლო და რიცხობრივი შემადგენლობა არ იძლევა ძალთა თანაფარდობის არსებითად შეცვლის შესაძლებლობას და ვერც გავლენას მოახდენს საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე, მაგრამ მას შეუძლია უზრუნველყოს ნატო-ს წევრთა უმეტესობის ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში, რაც ხელს შეუწყობს ნებისმიერი ლოკალური კონფლიქტის ესკალაციას.

ჩრდილოატლანტიკური კავშირის სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობს მობილური ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში მათი დაუყოვნებლივ გამოყენების მიზნით. ამისთვის ხორციელდება მობილური ძალების ყოველდღიური მომზადება შენაერთებისა და ნაწილების შემადგენლობაში მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებში, და სპეციალურად წელიწადში ორჯერ ჩატარებულ სწავლებებში, მორიგეობით ნატო-ს ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე. უკანასკნელთა ძირითადი მიზანია ჯარების გადასროლისა და საბრძოლო გამოყენების საკითხების პრაქტიკული დამუშავება, საბრძოლო მოქმედებათა სავარაუდო რაიონების გეოგრაფიული და კლიმატური პირობების თავისებურებათა გაცნობა, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტების დამყარება და ეროვნული შეიარაღებული ძალების სარდლობასთან თანამშრომლობის განვითარება. შექმნის დღიდან მობილური ძალები მონაწილეობდა დაახლოებით 100 სწავლებაში. ჩრდილოევროპულ ომთ-ზე ნორვეგიის (დანიის) შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობენ: მობილური სახმელეთო ჯარების სამი-ოთხი ბატალიონი (კანადური, ჰოლანდიური, ბრიტანული და იტალიური) და ერთი ასეულიც ლუქსემბურგიდან, აგრეთვე ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საავიაციო ესკადრილიები. ნატო-ს პასუხისმგებლობის ზონის სამხრეთ ფლანგზე საჯარისო სწავლებებში ბერძნული, იტალიური ან თურქული ჯარების ქვედანაყოფებთან ერთად ჩვეულებრივ მონაწილეობს მობილური სახმელეთო ჯარების სამი ბატალიონი (ბელგიური, გფრ-ისა და ამერიკული) და სამი საავიაციო ესკადრილია (ბელგიური, გერმანული, იტალიური).

მობილური ძალების სბრძოლო გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს ნატო-ს წევრი ნებისმიერი ქვეყნის თხოვნა ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისადმი რეგიონში საერთაშორისო ვითარების გამწვავებისა და თავდასხმის მუქარის შემთხვევაში.

დასავლეთ ევროპის ქვეყნების სწრაფი რეაგირების ძალები

1991 წლის აპრილში ბრიუსელში ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაზე გადაწყვეტილების მიღებამ გამოიწვია მათი შემდგომი სრულყოფა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხოლო ესპანეთში კი ეროვნული სრძ-ის შექმნა.

დიდ ბრიტანეთში სწრაფი რეაგირების ძალები შექმნილია 1982 წლიდან, რაც გამოწვეული იყო ფოლკლენდის კუნძულებზე საბრძოლო მოქმედებებში შეიარაღებული ძალების არასაკმარისად ეფექტური გამოყენებით. მას ეწოდა “ჯარები ნატო-ს ზონის გარეთ გამოყენებისთვის”. სრძ-ის შემადენლობაში შეყვანილია სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების სპეციალური ნაწილები, ქვედანაყოფები და ხომალდები. მათი ამოცანაა საბრძოლო მოქმედებების წარმოება ნატო-ს პასუხისმგებლობის ზონის გარეთ კრიზისული სიტუაციების წარმოქმნისას, რომლებიც ემუქრებიან დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებს და მოითხოვენ მისგან სამხედრო ჩარევას.

დღეისთვის სრძ-ში გადასაცემად განკუთვნილია მე-5 საჰაერო-სადესანტო ბრიგადა, საზღვაო-ქვეითი ჯარის მე-3 ბრიგადა, სპეციალური დანიშნულების 22-ე პოლკი, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების ავიაცია, საზღვაო ძალების ხომალდები და გემები.

მე-5 საჰაერო-სადესანტო ბრიგადა (5000 ადამიანი, ამათგან 2000-ზე მეტს გავლილი აქვს საპარაშუტო მომზადება) წარმოდგენილია შტაბით, ორი საპარაშუტო-სადესანტო და ორი მოტოქვეითი ბატალიონით მოჯავშნული საბრძოლო მანქანების გარეშე, სადაზვერვო, საარტილერიო და საინჟინრო პოლკებით, ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონით, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო ასეულებით, აგრეთვე სავერტმფრენო ესკადრილით. მის შეიარაღებაშია: 18 105-მმ ზარბაზანი, 24 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კოპლექსი (ტსრკ) “მილანი”, 12 საბრძოლო ვერტმფრენი, ამათგან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით (ტსმრ) “თოუ” აღჭურვილი ექვსი დამრტყმელი ვერტმფრენი.

საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონი (600 ადამიანი) მოიცავს შტაბსა და ექვს ასეულს: საშტაბოს, სამ საპარაშუტო-სადესანტოს, სადაზვერვოსა და საცეცხლე მხარდაჭერის. ბატალიონის ძირითადი შეიარაღებაა რვა 81-მმ ნაღმსატყორცნი და ექვსი ტსრკ “მილანი”.

საზვაო ქვეითი ჯარის მე-3 ბრიგადა (5000 ადამიანი) მოიცავს შტაბს, საშტაბო და კავშირგაბმულობის ასეულებს, საზღვაო ქვეითთა სამ ბატალიონს, მსუბუქ საარტილერიო პოლკს, მომარაგებისა და ზურგის მომსახურების პოლკს, საავიაციო ესკადრილიას, ორ ცალკეულ საინჟინრო ასეულს, სადესანტო-გადასასხმელ საშუალებათა რაზმს, მცურავთა ცალკეულ ასეულს “კომანდო”. შეიარაღებაში მათ გააჩნიათ 24 105-მმ ზარბაზანი, 72 ტსრკ, 34 საბრძოლო ვერტმფრენი და 80 სადესანტო-გადასასხმელი საშუალება.

სპეციალური დანიშნულების 22-ე ცალკეული პოლკი (900 ადამიანი) შედგება შტაბისა და სპეციალური დანიშნულების ექვსი ასეულისგან, კავშირგაბმულობისა და ზურგის უზრუნველყოფის ასეულებისგან, შეკრების, დაკომპლექტების, საწყისი და სპეციალური მომზადების ცენტრებისგან. მის შეიარაღებაში შედგება სასროლი იარაღი, ყუმბარსატყორცნები, დანაღმვის საშუალებანი, რადიოტექნიკური დაზვერვის წარმოების აპარატურა.

სრძ პირადი შემადგენლობით, იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით დაკომპლექტებულია 100%-ით და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში გამოსაყენებლად ბრძანების მიღებიდან 72 სთ-ის შემდეგ. მეწინავე ჯგუფი საბრძოლო მოქმედებათა რაიონში უნდა მივიდეს 24 სთ-ის განმავლობაში.

1995 წლისთვის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში დაგეგმილია იყოლიონ ნატო-ს სრძ-ში შემავალი შენაერთები და ნაწილები. ბრიტანული სრძ-ის საფუძველს შეადგენს 1-ლი ჯავშანსატანკო და მე-3 მექანიზებული დივიზიები, 24-ე აერომობილური ბრიგადა, საზღვაო ქვეითი ჯარის მე-3 ბრიგადა, სპეციალური დანიშნულების ნაწილები, საჰაერო ძალების ავიაცია და საზღვაო ძალების ხომალდები, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ბრიტანეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული მე-3 მექანიზებული დივიზია, 24-ე აერომობილური ბრიგადა, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ნაწილები ნატო-ს შემადგენლობაში ამოცანების შესრულების გარდა იმოქმედებენ ეროვნული სრძ-ის სახითაც.

მე-3 მექანიზებულ დივიზიას ეყოლება შტაბი, სამი ბრიგადა (1-ლი და 19-ე მექანიზებული და მე-5 საჰერო-სადესანტო), შვიდი პოლკი (სადაზვერვო, საარტილერიო 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების AS-90, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების /ზცრს/ MLRS, საზენიტო-სარაკეტო, საარმიო ავიაციის, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო), ორი ბატალიონი – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) და მედიკურ-სანიტარული.

სულ დივიზიაში გეგმავენ იყოლიონ 16000-ზე მეტი ადამიანი, 114 საბრძოლო ტანკი, საველე არტილერიის 180 ქვემეხი, 18 ზცრს MLRS, 3672 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, მათ შორის 210 ტსრკ, 36 საზენიტი სარაკეტო კომპლექსი (ზრკ), 302 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 48 საბრძოლო ვერტმფრენი. აუცილებლობის შემთხვევაში მას შესაძლოა მიეცეს საზღვაო ქვეითი ჯარის მე-3 ბრიგადაც.

24-ე აერომობილური ბრიგადა (6000 ადამიანი) მოიცავს შტაბს, სამ აერომობილურ ბატალიონს, ოთხ პოლკს (საარტილერიო, საარმიო ავიაციის, საინჟინრო და სატრანსპორტო), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფებს (სარემონტო, მტუ-ის, მედიკურ-სანიტარულ ბატალიონებს, კავშირგაბმულობისა და სამხედრო პოლიციის ასეულებს). შეიარაღებაში მას გააჩნია: საველე არტილერიის 18 ქვემეხი, 1746 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება (მათ შორის 126 ტსრკ “მილანი”), 143 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) და საარმიო ავიაციის 36 ვერტმფრენი.

გერმანიის სრძ-ის ჩამოყალიბება დაგეგმილია განხორციელებულ იქნას ორ ეტაპად. პირველ ანუ გარდამავალ ეტაპზე (1995 წლამდე) სრძ-ის შემადენლობაში შევლენ ბრძოლისათვის ყველაზე უფრო მეტად მზადმყოფი შენაერთები და ნაწილები. სრძ-ის მომზადების, დაგეგმვისა და საბრძოლო გამოყენების მართვა ეკისრება მე-3 საარმიო კორპუსის სარდლობას, რომლის ბაზაზეც იქმნება სახმელეთო კომპონენტის სარდლობა. ამ პერიოდში სრძ-ის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნას ექვსი ბრიგადა.

მეორე ეტაპზე (1995-2000 წწ.) შეიარაღებული ძალების სახეობათა რეორგანიზაციის პროგრამის დასრულების შემდეგ, სრძ-ის შემადგენლობაში სახმელეთოსთან ერთად შევა საჰაერო და საზღვაო კომპონენტებიც.

სრძ-ის სახმელეთო ჯარებში იგეგმება ჩაირთოს ორი დივიზია (სადივიზიო მეთაურობა) სამი სატანკო, მოტოქვეითი და ფრანგულ-გერმანული ბრიგადების შემადგენლობით, აგრეთვე სამი ცალკეული საჰაერო-სადესანტო და ერთი სამთოქვეითი ბრიგადა. ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ორგანიზაცია, საბრძოლო გამოყენების გეგმების შემუშავება მშვიდობიანობის დროს ეკისრება სახმელეთო ძალების მთავარ სამმართველოს. სრძ-ის ინტერესებში ვარაუდობენ გამოყენებულ იქნას საარმიო ავიაციის ბრიგადაც, რომელშიც შევა სატრანსპორტო ვერტმფრენების უმეტესი ნაწილი. კრიზისული სიტუაციის ან შეიარაღებული კონფლიქტის წარმოქნის შემთხვევაში გერმანიის სრძ-ის შემადგენლობიდან ნატო-ს გშძ-ში გადაეცემა: 26-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონები (“დაუყოვნებლივ რეაგირების ძალებში”), მე-3 დივიზიის მეთაურობა (მე-7 სატანკო დივიზია 21-ე და მე-9 სატანკო ბრიგადებით), 27-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა (მრავალეროვნულ აერმობილურ დივიზიაში), მე-5 სადივიზიო მეთაურობა (10-ე სატანკო დივიზია) 12-ე სატანკო, 30-ე მოტოქვეითი და ფრანგულ-გერმანული ბრიგადებით. 1995 წლის ოქტომბრიდან მუდმივად გადაეცემა ფანგულ-გერმანული საარმიო კორპუსის (ევროკორპუსის) შემადგენლობაში.

მე-4 მოტოქვეითი დივიზიის შტაბის ბაზაზე იგეგმება შეიქმნას აერომობილური ძალების სარდლობა, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში დაექვემდებარება 23-ე სამთოქვეითი ბრიგადა და 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა. ამ ძალების გამოყენება ნავარაუდევია ეროვნული გეგმებით გაერო-ს ღონისძიებების ფარგლებში. ამავდროულად ნატო-ს გშძ-ის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს 23-ე სამთოქვეითი და 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადების გამოყენებას მე-7 სატანკო დივიზიის გაძლიერებისთვის.

სრძ-ის საჰაერო კომპონენტი მოიცავს 15 ავიაესკადრილიას, მათგან ორია საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლების F-4F (18-18 თვითმფრინავით), ოთხი გამანადგურებელ-ბომბდამშენების “ტორნადო”, ექვსი ზრკ “პეტრიოტების” (8-8 გასაშვები დანადგარი /გდ/), ორი ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” (12-12 გდ) და ერთიც ზრკ “როლანდ-3”-ებისა (6 გდ). იგეგმება აგრეთვე, რომ სრძ-ის ინტერესებისთვის გამოიყოს დიდი სიმაღლის თვითმფრინავ-მზვერავების -500 “ეგრეტისა” და თვითმფრინავ-გამწყობების “ბოინგ 707” ერთი-ორი ესკადრილია.

ნატო-ს “დაუყოვნებლივ რეაგირების ძალებში” ვარაუდობენ ჩაირთოს საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლების F-4F და საჰაერო ძალების გამანადგურებელ-ბომბდამშენების “ტორნადოს” თითო-თითო ესკადრილია, აგრეთვე ზრკ “პეტროტების” სამი, ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” ორი და ზრკ “როლანდ-3”-ის ერთი ესკადრილიები.

დანარჩენი ნაწილები და ქვედანაყოფები კი შევლენ ნატო-ს მრავალეროვნული სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში.

სრძ-ის საზღვაო კომპონენტს თავის შემადგენლობაში უნდა ჰყავდეს ფრეგატებისა და საესკადრო ნაღმოსნების ერთი ესკადრა (6 ხომალდი), ტრალერების ორი ესკადრა (15), წყალქვეშა ნავების ერთი ესკადრა (8), სარაკეტო კატარღების ერთი ესკადრა (13), აგრეთვე გამანადგურებელ-ბომბდამშენების “ტორნადოს” (18) და საბაზო საპატრულო თვითმფრინავების “ატლანტიკის” (6) თითო ესკადრილია.

საზღვაო კომპონენტის შემადგენლობიდან ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების მუდმივ შენაერთში ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში გადაეცემა თითო ფრეგატი ან ნაღმოსანი და თითო ტრალერი. გარდა ამისა კრიზისულ სიტუაციებში იგეგმება დამატებით გამოყოფილ იქნას ატლანტიკაში სამი ფრეგატი ან ნაღმოსანი, ექვსი ტრალერი და წყალქვეშა ნავი, საბაზო საპატრულო ავიაციის ორი-სამი თვითმფრინავი და ერთიც ტანკერი.

იტალიის სწრაფი რეაგირების ძალები შედგება სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების ყველაზე უფრო ბრძოლისათვის მზადმყოფი ფორმირებებისგან, რომლებიც განკუთვნილია ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების გადასაწყვეტად ხმელთაშუა ზღვის აუზში, ახლო და შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ზონებში, აგრეთვე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.

მისი სახმელეთო კომპონენტის შემადგენლობაშია ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადა “ფოლგორე”, ცალკეული მექანიზებული ბრიგადა “ფრიული”, საარმიო ავიაციის ცალკეული სავერტმფრენო პოლკი “ანტარესი”, აგრეთვე უზრუნველყოფის ქვედანაყოფები (კავშირგაბმულობისა და ზურგის უზრუნველყოფის ცალკეული ბატალიონები, ორ-ორი ცალკეული ავტოსატრანსპორტო და მედიკურ-სანიტარული ასეული). საჰაერო კომპონენტი შედგება 46-ე სატრანსპორტო საავიაციო ბრიგადისა და 156-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი საავიაციო ესკადრილიისგან. საზღვაო კომპონენტის შემადგენლობაშია საზღვაო ქვეითი ჯარის ბატალიონი “სან-მარკო” და სადესანტო ხომალდების ჯგუფი. ოპერატიული დანიშნულების მიხედვით სრძ-ის ფორმირებები იყოფა მთავარ ძალებად და გადასროლის ძალებად. სულ სრძ-ის შემადგენლობაშია 13640 ადამიანი, 49 საბრძოლო ტანკი, საველე არტილერიის 166 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 162 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 325 ჯვშანტრანსპორტერი, 42 ვერტმფრენი, 36 თვითმფრინავი, ორი სადესანტო-სავერტმფრენო ხომალდ-დოკი და სხვა შეიარაღება.

ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადა “ფოლგორე” (4360 ადამიანი) მოიცავს შტაბსა და საშტაბო ასეულს, ოთხ ბატალიონს (საპარაშუტო-სადივერსიოს, საპარაშუტო-კარაბინერების, ორი საპარაშუტო), საარტილერიო დივიზიონს, საარმიო ავიაციის ესკადრილიას, სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო და მესანგრეთა ასეულებს, ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონს. მის შეიარაღებაშია 23 105-მმ ჰაუბიცა, 28 120-მმ და 27 81-მმ ნაღმსატყორცნი, 78 ტსრკ, 124 ხელის ყუმბარსატყორცნი, 24 გადასატანი ზრკ, 76 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) და 13 ვერტმფრენი.

ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას “ფრიული” (4851 ადამიანი) თავის შემადგენლობაში გააჩნია შტაბი და საშტაბო ასეული, სამი მექანიზებული და ერთი სატანკო ბატალიონი, საარტილერიო დივიზიონი, ტანკსაწინააღმდეგო ასეული, საზენიტო ბატარეა, მესანგრეთა ასეული და ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონი. მის შეიარაღებაშია 49 ტანკი, 12 155-მმ ჰაუბიცა, 30 120-მ ნაღმსატყორცნი, 78 ტსრკ, 88 ხელის ყუბარსატყორცნი, 12 გადასატანი ზრკ (გზრკ) და 203 ჯტრ.

კავშირგაბმულობას უზრუნველყოფს 11-ე ცალკეული ბატალიონი “ლეონესა”. მისი ძირითადი სახეობაა..... რადიოსარელეო კავშირგაბმულობა კი უმთავრესად გამოიყენება იტალიის გარეთ საბრძოლო ამოცანების შესრულებისას.

მომავალში გეგმავენ იტალის შეიარაღებულ ძალებში იყოლიონ სამი კომპონენტი: საკუთრივ სრძ (მუდივი მზადყოფნის ძალები), შემცირებული შემადგენლობის ძალები და სარეზერვო ძალები.

სრძ შეადგენს ეროვნული შეიარაღებული ძალების საფუძველს და იქნება მისი ყველაზე უფრო ბრძოლისთვის მზადმყოფი ელემენტი. მას უნდა ჰყავდეს ხუთი ცალკეული ბრიგადა (საჰაერო-სადესანტო “ფოლგორე”, ალპიური ქვეითი “ტურინეზე”, ორი სატანკო და მსუბუქი აერომობილური), 30 საბრძოლო ხომალდი, საბრძოლო და დამხმარე ავიაციის 20 ესკადრილია.

ცალკეული ჯავშანსატანკო დივიზიის ჩამოყალიბება 1994 წლამდე უნდა იქნას განხორციელებული ცალკეული მექანიზებული ბრიგადის “აკუის” ბაზაზე. შემდგომში კი მექანიზებული ბრიგადის “ფრიულის” ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდეს მსუბუქი აერომობილური ბრიგადა.

ასეთი რეფორმების შემდეგ სრძ-ის საერთო რიცხოვნება უნდა გაიზარდოს 25000 ადამიანამდე. ამ ძალების გამოყენებისთვის მზადყოფნა შეადგენს 10-30 დღეღამეს. მათი გამოყენება იგეგმება საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც, დამოუკიდებლად ან მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში ნატო-ს ან დასავლეთევროპული კავშირის ინტერესებში.

ესპანეთის ეროვნული სრძ-ის შემადგენლობაში სახმელეთო ჯარებიდან შეყვანილია ცალკეული საჰაერო-სადესანტო, აერომობილური და მსუბუქი ჯავშანსაკავალერიო ბრიგადები, უცხოური ლეგიონი, საარმიო ავიაციის ნაწილები და ქვედანაყოფები. საჰაერო ძალებიდან – სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავები, საზღვაო ძალებიდან – საზღვაო ქვეითთა პოლკი. სულ სრძ-ში უნდა იყოს 25360 ადამიანი, 145 საბრძოლო ტანკი, საველე არტილერიის 340 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 618 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, 164 ჯავშანტრანსპორტერი, 187 ვერტმფრენი, შვიდი თვითმფრინავი და სხვა შეიარაღება.

ცალკეული მსუბუქი ჯავშანსაკავალერიო ბრიგადა (4450 ადამიანი) გაიშლება ორიდან ერთერთი ჯავშანსაკავალერიო ბრიგადის ბაზაზე. მის შემადგენლობაში იგეგმება ჩაირთოს ორი ჯავშანსაკავალერიო, მსუბუქი ჯავშანსაკავალერიო და საარტილერიო პოლკები, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ბრიგადის შეიარაღებაა: 109 საბრძოლო ტანკი, საველე არტილერიის 72 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 65 ჯტრ და 83 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება.

ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადა (4100 ადამიანი) წარმოადგენს სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო საბრძოლველად მზადყოფ და მობილურ ნაწილს. მის შემადგენლობაშია 5 ბატალიონი (3 საპარაშუტო-სადესანტო, საინჟინრო და მომარაგების), საარტილერიო დივიზიონი, ტანკსაწინააღმდეგო ასეული. ბრიგადას შეიარაღებაში გააჩნია: საველე არტილერიის 18 ქვემეხი, 36 81-მმ ნაღმსატყორცნი, 194 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება. მისი გადასროლისთვის გეგმავენ გამოიყოს 51 სატრანსპორტო თვითმფრინავი საჰაერო ძალების შემადგენლობიდან. ბრიგადა განზრახულია ნატო-ს “დაუყონებლივ რეაგირების ძალების” გაძლიერებისთვის.

ცალკეული აერომობილური ბრიგადა (6400 ადამიანი) მოიცავს ორ აერომობილურ პოლკს, საარტილერიო დივიზიონს, საინჟინრო ბატალიონს, მომარაგების ბატალიონსა და ტანკსაწინააღმდეგო ასეულს. მის შეიარაღებაშია: საველე არტილერიის 70 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 317 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება. დღესდღეობით ტრანსპორტის უკმარისობის გამო (ბრიგადის გადასროლისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას 42 სატრანსპორტო ვერტმფრენი) შესაძლებელია შენაერთის მხოლოდ თანდათანობითი გამოყენება ტაქტიკური სადესანტო ჯგუფების შემადგენლობაში.

უცხოური ლეგიონი მოიცავს 4 მოტოქვეით პოლკს. პირველ სამს გააჩნია ერთნაირი საშტატო სტრუქტურა. ისინი შედგება მოტოქვეითი და მექანიზებული ბატალიონებისა და ტანკსაწინააღმდეგო ასეულისგან. თითოეულს შეიარაღებაში გააჩნია 24 ჯავშანტრანსპორტერი და 31 ნაღმსატყორცნი. მეოთხე პოლკი შედგება სპეციალური დანიშულების მსუბუქი საკავალერიო და სასწავლო ბატალიონებისგან. იგი ყველაზე მეტად პასუხობს სრძ-დმი წაყენებულ მოთხოვნებს. ამასთან ცალკე გამოიყოფა სპეცდანიშნულების ბატალიონი 400 ადამიანის შემადგენლობით, რომელთაც გავლილი აქვთ მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში სადაზვერვო-დივერსიული მოქმედებების წარმოების სპეციალური მომზადება აგენტურული დაზვერვის ელემენტებით.

ამასთან ერთად, უცხოური ლეგიონის პოლკების განცალკევებული დისლოკაციის გამო მათი ერთდროულად გამოყენება ნაკლებ სავარაუდოა.

სრძ-ის საარმიო ავიაცია შეყვანილია 7 ბატალიონში: ტანკსაწინააღნმდეგო ვერტმფრენების, 4 (ზოგადი დანიშნულების ?) ვერტმფრენების, სატრანსპორტო ვერტმფრენებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის. სულ მის შემადგენლობაშია 187 ვერტმფრენი, ამათგან 28 დამრტყმელი, 80 სატრანსპორტო და 79 საბრძოლო უზრუნველყოფის.

სრძ-ის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ოპერატიული დანიშნულების რაიონებში გადასროლისთვის გათვალისწინებულია სატრანსპორტო ავიაციის ნაწილებიდან შემდეგი სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყოფა: 7 C-130 “ჰერკულესი” (31-ე ავიაფრთა), 20 C-212 “ავიაკარი” (35-ე), 24 DCH-4 “კარიბუ” (37-ე).

საზღვაო ქვეითი ჯარის პოლკი (1500 ადამიანი) მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების ხუთ ჯგუფს (დესანტირების, საბრძოლო მხარდაჭერის, საბაზო, სპეციალური დანიშნულების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის). მის შეიარაღებაშია: 36 ტანკი, 18 ქვემეხი, 12 ნაღმსატყორცნი, 27 ამფიბიური მანქანა.

ესპანეთის სრძ-ის განვითარების გეგმებით გათვალისწინებულია აგრეთვე მოცემული ნაწილების კონტინგენტის ჩამოყალიბება, თუ კი იქნება კრიზისის რაიონში სრძ დაჯგუფების გაძლიერების ან კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის ადაპტაციის აუცილებლობა. კერძოდ, მოცემული ნაწილების რიცხვს მიეკუთვნება ჯავშანსაკავალერიო ბრიგადა, ხოლო სრძ-ს მთაგორიან ადგილებში მოქმედებებისთვის შესაძლოა მიეცეს სამთოქვეითი ბრიგადის ნაწილებიც. გარდა ამისა, სრძ-ის გაძლიერებისთვის დაგეგმილია ცალკეული საარტილერიო პოლკების ნაწილების, კავშირგაბმულობისა და რადიოელექტრონული ბრძოლის, საინჟინრო-მესანგრეთა და სამხედრო ოლქების სპეცდანიშნულების ასეულების გადაცემა.

სრძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობათა ამაღლება გათვალისწინებულია ტსრკ “თოუსა” და “ჰოთის” დამატებითი მიწოდების, აგრეთვე მესამე თაობის ტსრკ ATGW-3 MR-ისა და 3 LP-ის მიწოდების ხარჯზე.

სრძ-ის საჯარისო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობათა ამაღლებისთვის უნდა გამოიყოს საჭირო რაოდენობით გზრკ “მისტრალი” და საშუალო სიშორის ზრკ “როლანდი”.

ისმება საკითხი, რომ მობილურობის ამაღლებისთვის გამოყოფილ იქნას დამატებითი სატრანსპორტო თვითმფრინავები და ვერტმფრენები (დღეისთვის მათი რიცხვია შესაბამისად 51 და 187), აგრეთვე საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები და მომარაგების ხომალდები (რომლებიც თითქმის სულ არ გააჩნიათ).

საფრანგეთი, თუმცა კი არ შედის ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციაში, და უარი განაცხადა ბლოკის სრძ-ში მონაწილეობაზე, მაგრამ იგი კვლავინდებურად რჩება კავშირის პოლიტიკური ორგანიზაციის აქტიურ წევრად და საკმაო გამოცდილებაც გააჩნია სრძ-ის ჩამოყალიბებაში. ამიტომ საინტერესოა ამ ქვეყნის სწრაფი რეაგირების ძალების ორგანიზაციისა და შეიარაღების გაცნობაც.

საფრანგეთის სრძ-ის ფორმირება გრძელდებოდა 1963-1985 წლებში. იგი იქცა სახმელეთო ჯარების რეორგანიზაციის პროგრამის ნაწილად, რომელიც მიზნად ისახავდა მისი საბრძოლო შესაძლებლობების, ოპერატიულობის, მობილურობის, დარტყმითი და საცეცხლე სიმძლავრის, აგრეთვე გამოყენების მოქნილობის ამაღლებას.

სრძ ორგანიზაციულად შედის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში და თავისი სტატუსით უტოლდება საარმიო კორპუსს. ოპერატიულად იგი ექვემდებარება შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს და განკუთვნილია სამოქმედოდ ევროპის კონტინენტზე ან მის ფარგლებს გარეთ, დამოუკიდებლად, აგრეთვე ნატო-ს გშძ-ის ან სხვა მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში. კერძოდ იგი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ლიბანში (1983 წ.), ჩადში (1983 და 1986 წწ.), რუანდასა (1990 წ.) და სპარსეთის ყურეში (1991 წ.).

სრძ-ის სარდლობა (შტაბი ქ. მეზონ-ლაფოტში) მოიცავს 5 დივიზიას: მე-9 ქვეითს “მარინი”, 27-ე ალპიურ მსროლელს, 11-ე საჰაერო-სადესანტოს, მე-6 ჯავშანსაკავალერიოსა და მე-4 აერომობილურს; სამ პოლკს – მართვისა და უზრუნველყოფის, კავშირგაბმულობისა და საინჟინროს, აგრეთვე აერომობილურ ზურგის ბრიგადას. სულ სრძ-ის შემადგენლობაშია 48500 ადამიანი, 251 ვერტმფრენი (მათ შორის 152 მრავალმიზნობრივი დამრტყმელი, 79 საბრძოლო უზრუნველყოფის, 10 სატრანსპორტო), საველე არტილერიის 320 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 451 ტსრკ, 216 საბრძოლო მანქანა მძიმე შეიარაღებით, 1049 ჯტრ და სხვა.

მე-9 ქვეით დივიზიას “მარინსა” და მე-6 ჯავშანსაკავალერიო დივიზიას (თითოეულში 7600 ადამიანი) გააჩნიათ ერთნაირი საორგანიზაციო სტრუქტურა და შეიარაღება. ისინი შედგება შემდეგი პოლკებისგან: მართვისა და უზრუველყოფის, ორი ჯავშანსაკავალერიო, ორი მოტოქვეითი, საარტილერიო და საიჟინრო. შეიარაღებაში თითოეულ მათგანს გააჩნია: 24 155-მმ ზარბაზანი მექანიკური წევით, 12 120-მმ და 16 81-მმ ნაღმსატყორცნი, 72 ტსრკ, 36 გზრკ “მისტრალი”, 34 20-მმ საზენიტო ზარბაზანი 3-A, 72 საბრძოლო მანქანა მძიმე შეიარაღებით AMX-10RC და 206 ჯავშანტრანსპორტერი VAB.

27-ე ალპიური ქვეითი დივიზია (8660 ადამიანი) მოიცავს მართვისა და უზრუნველყოფის პოლკს, 5 ალპიურ ქვეით ბატალიონს, ჯავშანსაკავალერიო, სამთო-საარტილერიო და საინჟინრო პოლკებს. მისი შეიარაღებაა: 24 105-მმ (შტატით 155-მმ) ჰაუბიცა მექანიკური წევით, 30 120-მმ და 30 81-მმ ნაღმსატყორცნი, 94 ტსრკ, 24 გზრკ “მისტრალი”, 40 20-მმ ქვემეხი 3A, 36 საბრძოლო მანქანა მძიმე შეიარაღებით ERC-90, 75 ჯტრ VAB.

11-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია (12530 ადამანი) შედგება შემდეგი პოლკებისგან მართვისა და კავშირგაბმულობის, სადაზვერვო, ექვსი საპარაშუტო, საარტილერიო, საინჟინრო, აგრეთვე აერომობილური ზურგის ბაზისგან. მის შეიარაღებაშია: 18 105-მმ ზარბაზანი, 54 120-მმ და 48 81-მმ ნაღმსატყორცნი, 168 ტსრკ, 66 გზრკ “მისტრალი”, 24 20-მმ ქვემეხი 3A, 36 საბრძოლო მანქანა მძიმე შეიარაღებით ERC-90S.

მშვიდობიანობის დროს 11-ე საჰაერო-სადესანტო დოვიზიის მეთაურს ექვემდებარება 1-ლი საპარაშუტო პოლკი “მარინი”, რომელიც ომის შემთხვევაში გადადის ცენტრალური დაქვემდებარების ნაწილების შემადგენლობაში.

მე-4 აერომობილური დივიზია (6500 ადამიანი) შეიცავს ექვს პოლკს: მართვის სავერტფრენოს, უზრუნველყოფის აერომობილურს, სამს საარმიო ავიაციისა და მოტოქვეით აერომობილურს. მის შეიარაღებაშია: 12 120-მ ნაღმსატყორცნი, 45 ტსრკ, 30 გზრკ “მისტრალი”, 16 20-მმ ქვემეხი 3A, 110 ჯტრ VAB, 254 ვერტმფრენი (მათ რიცხვში 165 მრავალმიზნობრივი დამრტყმელი, 79 საბრძოლო უზრუნველყოფის, 10 სატრანსპორტო).

მშვიდობიანობის დროს სწრაფი რეაგირების ძალების მართვას ახორციელებს სრძ-ის სარდალი თავისი შტაბის, აგრეთვე შენაერთების შტაბებისა და მართვისა და უზრუნველყოფის პოლკის მეშვეობით.

ევროპის ფარგლებს გარეთ სრძ-ის პასუხისმგებლობის ზონაში კრიზისული სიტუაციის წარმოქმნისას შეიარაღებული ძალების შტაბი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიმუშავებს დირექტივას ამ ძალების ოპერატიული გამოყენების თაობაზე. ამ დირექტივის შესაბამისად სრძ-ის სარდალი ერთი ან რამდენიმე დივიზიის საფუძველზე აყალიბებს ოპერატიულ შენაერთს. შენაერთის მეთაური მისთვის გადაცემული ძალების ხელმძღვანელობას ახორციელებს თავისი შტაბისა და მართვის განტოტვილი სისტემის მეშვეოვით.

სრძ-ის შემდგომი განვითარება ხორციელდება “არმია-2000” გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში და შეიარაღებული ძალების განვითარების 1992-1994 წლების გეგმებით. ამ დოკუმენტის მიხედვით გათვალისწინებულია 27-ე ალპიური ქვეითი დივიზიის გაუქმება.

სრძ-ის რიცხოვნებისა და საბრძოლო შემადგენლობის შემცირების კომპენსაცია უნდა მოხდეს შენაერთებისა და ნაწილების იარაღის ახალი სისტემებით აღჭურვისა და საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფის ხარჯზე.

მე-9 ქვეითი დივიზიის “მარინისა” და მე-6 ჯავშანსაკავალერიო დივიზიის ჯავშანსაკავალერიო პოლკებში გათვალისწინებულია ტსრკ-ების რიცხვის გაზრდა 12-დან 16-მდე, მოტოქვეითში 24-დან 36-მდე, 120-მმ ნაღმსატყორცნებისა – 6-დან 12-მდე, ხოლო საარტილერიოებში – ქვემეხების რიცხვის გაზრდა 24-დან 32-მდე. სულ დივიზიაში იქნება 8000 ადამიანი, საველე არტილერიის 32 ქვემეხი, 40 ნაღმსატყორცნი, 104 ტსრკ, 84 გზრკ, 72 საბრძოლო მანქანა მძიმე შეიარაღებით, 50 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ), 134 ჯტრ. არსებითად ამაღლდება დივიზიის შესაძლებლობები დაზვერვის წარმოებასა და ადგილდებარეობის საინჟინრო აღჭურვაში.

11-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია, თანამედროვე იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, სანავიგაციო, ღამური ხედვისა და სათანამგზავრო კავშირგაბმულობის საშუალებებით აღჭურვის შემდეგ, შეძლებს საბრძოლო ამოცანების შესრულებას დღეღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში და დისლოკაციის პუნქტიდან მნიშვნელოვან დაშორებაზე. გარდა ამისა, იგეგმება უცხოური ლეგიონის მე-2 საპარაშუტო პოლკის გამოყენება დარტყმითი, ჰუსარული 1-ლი ჯავშანსაკავალერიო პოლკისა – სიღრმივი დაზვერვის და 1-ლი საპარაშუტო პოლკის “მარინისა” – სადაზვერვო-დივერსიული (“კომანდოს”) ამოცანების გადასაწყვეტად. დივიზია საავტომობილო ტრანსპორტიდან უნდა გადავიდეს ჯავშანსატანკო ტექნიკაზე, ხოლო პოლკებში კი ნაღმსატყორცნების რაოდენობა გაიზარდოს 14-დან 40-მდე, ტსრკ-ებისა – 24-დან 36-მდე, შეიყვანონ მათში 12 გზრკ, ხოლო საარტილერიოში – 36 გზრკ. სულ დივიზიაში უნდა იყოს პირადი შემადგენლობის 13000 ადამიანი, საველე არტილერიის 18 ქვემეხი, 258 ნაღმსატყორცნი (156-ით მეტი), 240 ტსრკ (72-ით მეტი), 120 გზრკ (54-ით მეტი), 68 საბრძოლო მანქანა მძიმე შეიარაღებით (ბმმშ), 408 ჯავშანტრანსპორტერი. მთლიანობაში დივიზიის საცეცხლე ძლიერება გაიზრდება 2,3-ჯერ, ტანკებთან ბრძოლის შესაძლებლობები 1,5-ჯერ. არსებითად ამაღლდება შენაერთის მობილურობა და საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ეფექტურობა.

საფრანგეთის სარდლობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მე-4 აერომობილური დივიზიის შესაძლებლობების ამაღლებას. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაგეგმილია მისი შეიარაღება ფრანგულ-გერმანული წარმოების მრავალმიზნობრივი დამრტყმელი ვერტმფრენით “ტიგერი” (“ვეფხვი”, 215 ერთეული), რის შედეგადაც მოელიან შენაერთის საცეცხლე სიმძლავრის ამაღლებას. გარდა ამისა, “ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი 20 ვერტმფრენი “ეკიურეი” აამაღლებს დივიზიის ეფექტურობას საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში, ხოლო სპეციალური სანავიგაციო აპარატურით აღჭურვილი NH-90 სატრანსპორტო ვერტმფრენების შეიარაღებაში მიღება კი საშუალებას მისცემთ ერთი რეისით გადაისროლონ ორ მოტოქვეით პოლკამდე.

მთლიანობაში ნატო-ს ქვეყნების სწრაფი რეაგირების ძალები წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ბრძოლისათვის ყველაზე უფრო მზადმყოფ და მაღალმობილურ კომპონენტს, რომელიც განკუთვნილია საბრძოლო გამოყენებისთვის კრიზისულ სიტუაციებში ევროპულ ომთ-ებზე და ევროპის გარეთ. სრძ-ის განვითარება მიდის მისი მობილურობისა და მანევრულობის, აგრეთვე დარტყმითი და საცეცხლე სიმძლავრის ამაღლების, ასევე საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის გამზადების დროის შემცირების გზით.

ირაკლი ხართიშვილი
1994 წლის მაისი

(წერილი მომზადებულია ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს მასალების მიხედვით)

No comments:

Post a Comment