ზურაბ ავალიშვილის ცნობილი წიგნის ხელახალი გამოცემა
წერა 1924 წლის სექტემბერში დაიწყო. წერდა რუსულად, მაგრამ წიგნის პარიზში გამოცემისთანავე ის ავტორის მშობლიურ ენაზე ითარგმნა. საქართველოშიც ჩამოაღწია... 1929 წლამდე ემიგრანტი დიპლომატის – ზურაბ ავალიშვილის ახალი წიგნი თბილისშიც ვრცელდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, 1918-1921 საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ყველაზე რეალისტური მოგონება-ნარკვევები აიკრძალა.
80-იან წლებში წიგნის რამდენიმე ასლი, როგორც აკრძალული ლიტერატურა, ნაწილ-ნაწილ ვრცელდებოდა. 1990 წელს გურამ მამულიას უცდია მისი ხელახლა გამოცემა, თუმცა საქართველოს მორიგი რთული ისტორიულ-პოლიტიკური ვითარების გამო წიგნის სრულად დაბეჭდვა ვერ მოუხერხებიათ. მიუხედავად ყველაფრისა, 1924 წლის ზურაბ ავალიშვილის ”საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში” ჯერ კიდევ არაერთ ოჯახში ინახება. მაგრამ სადაც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წლების საუკეთესოდ ამსახველი წიგნის პირველი გამოცემა არ არის, იქ შეიძლება მისი ადგილი იგივე ნაშრომის სულ ახალმა გამოცემამ დაიკავოს. ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არ არის, რომ ახალი გამომცემლობა ”მხედარი” ჩვენი ბიბლიოთეკების ისტორიული და ისტორიოგრაფიული ლიტერატურით გამდიდრებას გეგმავს და რომ, მისი ერთ-ერთი პირველი პროექტი სწორედ ზურაბ ავალიშვილის აღნიშნული წიგნის ხელახალი გამოცემა გახლავთ. 2011 წლის ეს გამოცემა უკვე იყიდება თბილისის წიგნის მაღაზიებში...
”დამოუკიდებლობისადმი მიდრეკილებამ საქართველოში თავი იჩინა რუსეთის რევოლუციის პირველსავე დღეებში. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.
საქართველოს რუსეთთან შეერთება მოხდა არანორმალურ პირობებში. თავის დროზე (1801 და შემდეგ) იგი უმტკივნეულოდ არ ჩატარებულა.
თუმცა გამარუსებელი პოლიტიკა დიდი ენერგიას ხარჯავდა, შესახედავად ნაყოფიერიც იყო, თუმცა საქართველოსთვის სრულად შეუძლებელი ხდებოდა ეროვნული ცხოვრების მოწესრიგება, მაინც საკმაოდ შეერთება და შედუღაბება რუსეთსა და საქართველოს შორის არ მომხდარა”.
ასე იწყებს ”საქართველოს დამოუკიდებლობის” შესავალს ზურაბ ავალიშვილი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მცირე დეტალებსაც იცნობს და თამამ პარალელებს არ ერიდება. 1924 წლისთვის მას უკვე დაწერილი და გამოცემული აქვს ნაშრომი ”Присоединение Грузии к России”, რომელიც 1801 წლის ანექსიას ეხება (დაიწერა პეტერბურგში, 1901 წელს). აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს წიგნი 2009 წელს რუსეთში გამოუციათ. გამომცემლობა ”მხედარის” ერთ-ერთი გამომცემელი, ბატონი მამუკა წურწუმია ახალი ქართული გამოცემის (”საქართველოს დამოუკიდებლობა...”) წინასიტყვაობაში წერს, რომ რუსეთში ხიბლავთ ავალიშვილის მიერ პირუთვნელი აღნიშვნა იმ დადებითი მხარეებისა, რაც 1801 წლის ანექსიამ საქართველოს მოუტანა, თუმცა გამომცემელი აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთში რატომღაც ავიწყდებათ ის სამართლებრივი შეფასებები, რომლებიც ზ. ავალიშვილმა მისცა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას, რასაც მან ერთმნიშვნელოვნად ოკუპაცია და ინკორპორაცია უწოდა.
რუსეთში ავალიშვილის 1901 წლის წიგნის (”Присоединение Грузии к России”) ხელახალი გამოცემის კონტექსტის გათვალისწინებით, რუსეთის მიერ საქართველოს მეორე დაპყრობის შესახებ დაწერილი ნაშრომის საქართველოში გამოცემას მისი გამომცემლისთვის სიმბოლური და საპასუხო რეაქციის დატვირთვაც ჰქონია: ”რუსების ამ ქმედებას უკვე სიმბოლური დატვირთვა შესძინა 1918-21 წლების შესახებ ზ.ავალიშვილის წიგნის გამოცემამ. 1801 წლის დაპყრობისგან განსხვავებით, 1921 წლის ოკუპაციას უარყოფითის მეტი არაფერი მოუტანია ჩვენი სამშობლოსთვის. სამწუხაროდ, ბევრი ის საკითხი, რის გამოც თავის დროზე ზ.ავალიშვილის წიგნი დაიწერა, დღესაც აქტუალურია. ამიტომაც, მეტი მნიშვნელობა ენიჭება მის ხელახალ გამოცემას და რაც მთავარია, გულდასმით წაკითხვას და გააზრებას,” - წერს მამუკა წურწუმია.
მას შემდეგ რაც ახალი გამომცემლობის გეგმებსა და სტრატეგიაზე მიამბო, ავტორისა და მისი ნაშრომების მნიშვნელობას შეეხო მეორე გამომცემელიც, ბატონი ზაზა ხოზბერიძე. მისგან შევიტყვე, რომ ზ. ავალიშვილის ”საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში” გამომცემლობის პირველი დამოუკიდებელი, ანუ საავტორო პროექტია. ახალი გამოცემისთვის ტექსტის ზედმეტად გათანამედროვებას მოერიდნენ და ძველი (1924წ.) თარგმანი ხელუხლებელი დატოვეს. გასწორდა მხოლოდ უხეში ბარბარიზმები. ახალი გამოცემის რედაქტორია ზ.მესხი. მხატვარ-დიზაინერი - ბ. პოპიაშვილი. მანამდე გამომცემლობა ”მხედარმა” კიდევ ერთი წიგნი გამოსცა - თორნიკე ასათიანის ”ქართული გერბთმცოდნეობა”, ისიც საქართველოს პარლამენტის დაკვეთით.
კითხვის დასმა, თუ რატომ გადაწყვიტეს ავალიშვილის აღნიშნული წიგნის გამოცემა, ნამდვილად უადგილო იქნებოდა, თუმცა გამომცემელის მცირე მონოლოგში გამომცემლობის სტრატეგია მაინც ჩანს და ეს საინტერესოა:
”ზურაბ ავალიშვილი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველია. ის 1918-1921 წლის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე იყო. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ნაშრომის ხელახალი წაკითხვა თუ გამოცემა დღეს ძალიან საჭირო და დროულია, ბევრი პარალელია დღევანდელობასთან. ცნობილია, რომ ავტორი ამ ნაშრომში უაღრესად ობიექტურია. ქართველ ემიგრანტებს შორის ბევრს აქვს დაწერილი ამ პერიოდის მოგონებები. ნოე ჟორდანიას, რეზო გაბაშვილს, ვალოდია გოგოლაძეს (გვონებ, უნდა იყოს გოგუაძე – ი.ხ.)... მაგრამ ყოველი მათგანი მემუარული ჟანრისაა და ძალიან სუბიექტურია. ავალიშვილი მოგონებებში საოცარ სიზუსტეს იცავს და ძალიან გაწონასწორებულია ნებისმიერ საკითხზე წერისას. საინტერესოა რომ ძალიან ხშირად მკითხველს უტოვებს დასკვნის გაკეთების უფლებას. აღწერს ფაქტებს, მოვლენებს, დანარჩენს მკითხველს უტოვებს შესაფასებლად... ავალიშვილი გასაგები მიზეზების გამო საქართველოში არ იყო და არ არის პოპულარული, თუმცა ის ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო მსოფლიოში. მოეხსენება მკითხველს რომ ის მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან მოლაპარაკებაში. დაწყებული ბათუმის კონფერენციიდან, ბერლინში, გერმანელებთან მოლაპარაკებებში, ოსმალოებთან, ინგლისთან... ანტანტა, ვერსალის კონფერენცია... ის იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვინც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა. ფაქტობრივად, მთელი ჩვენი იმდროინდელი დიპლომატიური აქტივობა ამ კაცის პროფესიონალიზმზე იდგა. სამწუხაროდ ბევრი რამ არ დაუჯერეს ... მისი ლოზუნგი იყო ”ვემსახურებით არა პარტიას, არამედ სამშობლოს”, იყო უპარტიო და... მენშევიკებს საკმაოდ სკეპტიკურად აფასებდა. მისთვის მათი იდეოლოგიაც მიუღებელი იყო და მათი დამოკიდებულებაც პროცესების მიმართ. ფიქრობდა დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წასულიყო მთავრობდა და სხვაგვარი ნაბიჯები გადაედგა... ავალიშვილი ძალიან კარგად ხედავდა ბოლშევიკური რუსეთის საფრთხეს. განსაკუთრებით თეთრი არმიის დამარცხების შემდეგ, მისთვის ცხადი იყო, რომ ბოლშევიკური რუსეთი აუცილებლად შემოვიდოდა, 1920 წელს ხომ აზერბაიჯანი დაეცა. ვითარება ყველამ იგრძნო, ჩვენი ხელისუფლების გარდა...”
ის, რაც ბოლო აბზაცში წაიკითხეთ, გამომცემლის პოზიციაა, ანუ ის დასკვნა, რომლისადმი რწმენაც ამ მკითხველს ზურაბ ავალიშვილის ნარკვევებმა გაუღვივა. მაგრამ სხვათა დასკვნების კითხვას თავდაპირველად მაინც პირველწყაროს გადახედვა ჯობს. მით უფრო, რომ არაერთი მეცნიერის აზრით, ეს წყარო უტყუარია.
სოფო კილასონია
გაზეთი 24 საათი 18.04.11
ჩვენი კომენტარი
(ეს კომენტარი დაიწერა სახელდახელოდ, წერილის წაკითხვის კვალდაკვალ, რასაც მკითხველი ალბათ შენიშნავს, თუმცა კი თავად თემის მნიშვნელობის გამო, გადავწყვიტეთ ასეთივე სახით გაგვეცნო ეს ორივე მოსაზრება ჩვენი ბლოგის მკითხველთათვის)
ზურაბ ავალიშვილის ეს წიგნი 80–იან წლებში მაქვს წაკითხული, ახლა ბევრი რამ დეტალურად აღარ მახსოვს। იმედია ხელახლა წავიკითხავ და აღვიდგენ। როდესაც 1801 წლის მოვლენებზე ვლაპარაკობთ, რატომ არაფრად ვაგდებთ პლატონ იოსელიანის წიგნში "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა" გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 1799 წლის სექტემბერში გიორგი მეფემ საგარეო ვითარებისა და შინაგანი შფოთიანობის გათვალისწინებით, სთხოვა რუსეთის იმპერატორს პავლეს, რომ არათუ მფარველობაში, არამედ უშუალოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მიეღო ქართლ–კახეთის სამეფო, იგი სწერდა პეტერბურგში თავის ელჩებს: "უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოი ჩემი უზაკველითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არათუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსეთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით,ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ". ამის შემდეგ, პლ. იოსელიანი წერს, რომ 1799წ. 23 ნოემბერს დაიდო ახალი ხელშეკრულება (ტრაქტატი) რუსეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის, რომლის პირველ მუხლში ეწერა: "მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა "მეფე საქართველოისა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი", ხოლო მეორე მუხლში კი ეწერა: "ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა "განმგე საქართველოისა" და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის". პლ. იოსელიანი წერს, რომ ამ ტრაქტატის ტექსტი ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს პოლკოვნიკ როტირიერს თავის წიგნში "Inteneraire de Tiflis a Constantinopole" /Bruxelles, 1829/ pag. 68. გარდა ამისა, პლ. იოსელიანს მოყვანილი აქვს გიორგი მეფის გარდაცვალების მახლობელ ხანებში (1800 წ. დასაწყისში) მეფესთან დაახლოებულ ქართველთა მიერ შედგენილი ვრცელი მოცულობის დოკუმენტი 20 პუნქტად, რომელშიც გადმოცემულია ქართული ხედვა რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს შემდგომი ცხოვრებისა, და ეს გამოქვეყნებული აქვს პროფ. ალ. ცაგარელს პეტერბურგში 19–ე საუკუნის მიწურულს თავის წიგნში "Грамоты и другие исторические документы...", რომელიც აღიარებულია საქართველოს ისტორიის უტყუარ წყაროდ. მაგრამ ყოველივე ამის გათვალისწინებით სადღა არის "ოკუპაციისა და ანექსიის" ის ვერსია, რომელსაც ჩვენში ასეთი გასავალი აქვს? რაში სჭირდებოდა რუსეთს ოკუპირება და ანექსირება იმისა, რაც მას ქართლ–კახეთის მეფემ ისედაც მისცა და ჩააბარა? ახლა 19–ე საუკუნეში რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ყოფნის შესახებ. ნუთუ ლეკიანობის აღკვეთა, რომელიც აწიოკებდა და აჩანაგებდა საქართველოს მოსახლეობას, არ აძლევდა მას ცოტა მოშორებით სოფლის სახნავ–სათესი მიწების დასამუსავებლად სიარულის საშუალებას და მხოლოდ მცირე საკარმიდამო ნაკვეთების ამარა სტოვებდა, რაც უცილობლად მოსახლეობის შიმშილსა და რიცხობრივ შემცირებას იწვევდა, ანგარიშში ჩასათვლელი არ არის?ან მონათა ბაზრების გაუქმება ანაპაში, გელენჯიკში, სუჯუკ–კალეში, სოხუმ–კალეში, ანაკლიაში, ახალციხეში არ იმსახურებს ჩვენგან მადლიერების გრძნობას? მე–18 ს. მიწურულს მთელი საქართველოს მოსახლეობას ვარაუდობენ 600–700 ათასს, მე–19 ს. მიწურულს კი იგი შეადგენდა 2090 ათასამდე ადამიანს, ნუთუ ეს სიკეთეც არ არის ანგარიშში ჩასათვლელი? წმ. ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) და მის თანამოაზრეთა მოღვაწეობაზე რომ ვლაპარაკობთ, განა კი ისინი არღვევდნენ რუსეთის იმპერიის კანონებს და დანაშაულს ჩადიოდნენ? მაშინ რატომ არ აპატიმრებდნენ და აციმბირებდნენ მათ, რატომ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას? ხოლო თუ აძლევდნენ ამის საშუალებას, ე.ი. მთავრობა არ უშლიდა გადაჭრით ხელს ქართული საქმის კეთებას, თუმცა კი იყო საცენზურო შეზღუდვები, ცალკეულ რუს მოხელეთა მიერ სიხარბისა და სხვა მანკიერებათა გამოჩენა, ცალკეული ქართველების მხრიდან მლიქვნელობის, კარიერისტობისა და სხვა ანგარების გამოჩენა, მაგრამ ეს ყველაფერი რუსეთის მთავრობის გამიზნულ და გააზრებულ პოლიტიკად რატომ უნდა გავასაღოთ? ვის მოვატყუებთ? მხოლოდ საკუთარ ხალხს, მისი ნერვების გლეჯვას გამოვიწვევთ, რუსები კი საჭირო შემთხვევაში და საჭირო დროს დადებენ ისტორიულ დოკუმენტებს, კვალიფიციურ ისტორიულ გამოკვლევებს და იტყვიან: აი ჩვენი სიმართლე და აი ჩვენი ძალა, საქართველო ჩვენი უშუალო მეზობელია და ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უახლოეს ზონაში შემოდის, ისევე როგორც აშშ–თვის ასეთ ზონაში შედიან მექსიკა და ცენტრალური ამერიკის მცირე სახელმწიფოები, ამიტომ ჩვენ აქ ჩვენი სიმართლითა და ჩვენი ძალით მზად ვართ ვიომოთო. მაშინ რაღას ვაპირებთ? ახლა შევეხოთ უშუალოდ 1917 წლის მოვლენებს. სწორედ იმდროინდელ ლიტერატურაში გარკვევით წერია, რომ ამიერკავკასიაში ეროვნული საბჭოების წარმოქმნის მიუხედავად, ყველაზე უფრო ძლიერი და გავლენიანი იყო მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საბჭოები, რომელშიც წამყვანი მდგომარეობა ეკავათ ქართველ მენშევიკებს ნოე ჟორდანიას მეთაურობით, რომ დროებითი მთავრობა პეტროგრადში აწარმოებდა მოსამზადებელ სამუშაოებს სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩასატარებლად, ხოლო ეს კრება შემდეგში გადაწყვეტდა რუსეთის შემდგომი მოწყობის ძირეულ საკითხებს. როდესაც 1917 წ. ოქტომბრის ბოლოს ხელისუფლებაში ძალადობრივად მოვიდნენ ბოლშევიკები, მათ მაინც ვერ შეძლეს დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის ხელის შეშლა. ეს არჩევნები ჩატარდა 1917 წ. დეკემბრის თვეში და საქართველომაც მიიღო მასში აქტიური მონაწილეობა, დიდი უპირატესობით კრების დეპუტატებად გავიდნენ სწორედ მენშევიკები, რომლებიც ემხრობოდნენ ერთიანი რუსული რევოლუციური ფრონტის შენარჩუნებას. თუკი ასეთი დიდი იყო საქართველოს მოსახლეობაში დამოუკიდებლობისკენ ლტოლვა, მაშინ რატომ დაუჭირეს მხარი სოციალ–დემოკრატებს და არა ეროვნულ–დემოკრატებს? მათაც ხომ ჰყავდათ ოლქებში თავიანთი კანდიდატები? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა იმ ხანად სულაც არ იზიარებდა ზურაბ ავალიშვილის შეხედულებებსა და სურვილებს და რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ნაკარნახევი იყო 1918 წ. გაზაფხულზე თურქების შემოტევის შესაჩერებლად მოწვეული გერმანელების საგარეოპოლიტიკური, გნებავთ, გეოპოლიტიკური ინტერესებითაც, ხოლო შემდეგ კი, 1919 წ.–დან, ბრიტანელების – გერმანელებსაც და ბრიტანელებსაც სურდათ რუსული სახელმწიფოს დასუსტება ან სულაც დაშლა, რაც სურს დასავლეთს დღესაც, მაგრამ თქვენ კი მზად ხართ, რომ საკუთარი ხალხის, საკუთარი სანათესაოს, საკუთარი ოჯახების სიცოცხლე მიიტანოთ დასავლეთის ინტერესების სამსხვერპლოზე? და რატომ უნდა გააკეთოთ ეს? რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას 1918 წ. მაისში. საქართველო დათანხმდა ბრესტის ზავის პირობებზე, ანუ უწინდელი "ოსმალოს საქართველოს" ისევ თურქეთისთვის დაბრუნებაზე. და ნუთუ საქართველოს მთავრობამ სუვერენულად დათმო ეს მიწები? ხოლო თუკი ეს არ იყო მისი სუვერენული სურვილი, მაშინ ის ყოფილა არა დამოუკიდებელი, არამედ ბრესტის ზავის ხელმომწერ რომელიმე სახელმწიფოზე – გერმანიაზე ან საბჭოთა რუსეთზე დამოკიდებული. რეალურად იგი მაშინ დამოკიდებული იყო კაიზერულ გერმანიაზე და შექნილ პირობებზე. მე არ ვამბობ იმას, შეიძლებოდა თუ არა მაშინ საქმის წაყვანა სხვანაირად, არამედ მხოლოდ იმას, რომ არანაირი დამოუკიდებელი ჩვენი ქვეყანა იმხანად არ ყოფილა, არამედ თავიდან დამოკიდებული იყო გერმანიაზე, შემდეგ კი ბრიტანეთზე. და თუ ეს სახელმწიფოები მაშინ საქართველოს საშინაო საქმეებში დიდად არ ერეოდნენ, დღესდღეობით ეს ჩარევა აშკარა და ძალზედ ცუდია, რასაც ბევრი ხედავს და ამბობს კიდეც. გარდა ამისა, იგივე ზ. ავალიშვილთან, როგორც მახსოვს, წერია, რომ იმ ხანად არსებობდა ამიერკავკასიის სახელმწიფოთა ერთიანობა, რომლის კოორდინაციასაც ახდენდა ამიერკავკასიის სეიმი, მაგრამ რაკი აზერბაიჯანმა არ მოისურვა თურქეთის შემოტევის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოსა და სომხეთისთვის მხარი დაეჭირა, სწორედ ამიტომ უთხრეს გერმანული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველებს, რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადეთო, ანუ საქართველოს მთავრობამ იმ ხანად აღიარა საბჭოთა რუსეთის მიერ დადებული ბრესტ–ლიტოვსკის ხელშეკრულება და გამოაცხადა დამოუკიდებლობა ამიერკავკასიის ერთიანობისგან. ეს მდგომარეობა ჩემი აზრით საკმაოდ საორჭოფოა და საჭიროების შემთხვევაში რუსი სპეციალისტები საკმაოდ ადვილად შეძლებენ თავის სასარგებლოდ ვითარების წარმართვას. რაც შეეხება 1921 წ. ამბებს. მაშინ საქართველო რუსეთს სულაც არ დაუპყრია ხელმეორედ. ანუ საბჭოთა რუსეთი და მისი ბოლშევიკური მთავრობა სულაც არ ყოფილან ტრადიციული რუსული სახელმწიფოს საქმის გამგრძელებლები, ისინი ისეთივე დამპყრობლები იყვნენ თავად რუსეთისა, როგორიც საქართველოსი, მათი მიზანი იყო მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის მეშვეობით საყოველთაო სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის დამყარება. პროფ. ანატოლი სმირნოვი წერს, რომ ლენინი ამბობდა სწორედ ბრესტის ზავის დადების წინ: "მიმიფურთხებია რუსეთისთვის, მე მსოფლიო რევოლუცია უნდა გადავარჩინოო", ტროცკი და მისი მიმდევრები კი რუსეთს უწოდებდნენ "ისტორიის ნეხვს, რომლის დაღუპვაც გაანაყოფიერებს მსოფლიო რევოლუციის ნიადაგს"–ო. როდესაც გრ. ლორთქიფანიძე და მისი თანამოაზრეები 1921 წ. და მის მახლობელ მოვლენებში ბრალს დებენ რუსეთს, ისინი ვერ დაადანაშაულებდნენ მარქსიზმს, ვინაიდან თავად იყვნენ მარქსისტები და გლობალისტები, რომლებიც ასევე გაიძახოდნენ "პრტოლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდითო". ამიტომ ყოველივე ეს უფრო მეტად ღრმა და სერიოზულ შესწავლასა და დაფიქრებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მივიღებთ მცდარ პასუხებს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ისეთი დიდი უბედურებები, რომლის შესავალიც უკვე ვნახეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, "კინო" კი მთელ საქართველოს მოიცავს და გაცილებით უფრო მძიმე ფორმებით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყოველივე ამაზე ხელების მოთბობით იქნება დაკავებული.
ირაკლი ხართიშვილი
09. 05. 2011
No comments:
Post a Comment