ნ ა წ ი ლ ი IV
(წერილი წარმოადგენს აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის ამავე სახელწოდების წიგნის /სანკტ-პეტერგურგი, 1867/ შესაბამისი თავის თარგმანს)
თავი VI
(წერილი წარმოადგენს აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის ამავე სახელწოდების წიგნის /სანკტ-პეტერგურგი, 1867/ შესაბამისი თავის თარგმანს)
თავი VI
მოვლენები სპარსეთში აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილის შემდეგ. _ ბაბა-ხანი. _ იმპერატორ პავლეს შეხედულებანი ჩვენს საქმეებზე სპარსეთთან. _ კოვალენსკის მიერ დესპანის გაგზავნა თეირანში. _ ხმები სპარსელთა განზრახვის შესახებ საქართველოში შემოჭრაზე. _ სპარსეთის დესპანის ტფილისში მოსვლა. _ ბაბა-ხანის ფირმანი მეფე გიორგისადმი. _ ჩვენი დესპანის თეირანიდან დაბრუნება. _ იბრაჰიმ-ხანის წერილი კოვალენსკისადმი. _ ახალი ჯარების მივლენა საქართველოში. _ გენერალ-მაიორ გულიაკოვის პოლკის მოსვლა ტფილისში და მისთვის მოწყობილი დახვედრა. _ უთანხმოებანი (раздоры) სამეფო ოჯახში. _ კოვალენსკის უკან გაწვევა და საქართველოს მეფის კარზე მინისტრის თანამდებობის მოსპობა
აღა-მაჰმად-ხანის მოკვლის შემდეგ სპარსეთის ტახტზე ავიდა მისი ნათესავი ბაბა-ხანი.
– მე მთელი ეს სისხლი დავღვარე იმიტომ – ამბობდა აღა-მაჰმად-ხანი თავის სისასტიკეთა გამართლებისთვის – რათა ბაბა-ხანს შეძლებოდა მშვიდად მეფობა.
მკვლელის ხელით დაღუპული სპარსეთის მბრძანებელი მთელ თავის ცხოვრებაში მიჰყვებოდა ორ მიზანს: მისი პირველი და ყველაზე მთავარი მიზანი გახლდათ საკუთარი ძალაუფლების დამკვიდრება, მეორე – მისი დამკვიდრება თავის საგვარეულოში, ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ, თავის ტომში.
სპარსეთში ახლა ტახტს ფლობენ თურქების შთამომავლები, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სამშობლო შაჰ აბას დიდის დროს, რომელმაც მათ ყაჯარები შეარქვა.
ყაჯარები იყოფიან ორ შტოდ (на два рода): პირველი ცნობილია სახელით დევანლუ, მეორე კი – კოვანლუ. უკანასკნელი შტოდან წარმოსდგებოდა აღა-მაჰმად-ხანიც.
დანიშნა რა თავის მენაცვალედ (преемникомъ) თავისი თანატომელი ბაბა-ხანი (შემდგომში გამეფებული ფათჰ-ალი-შაჰი), აღა-მაჰად-ხანი ყველაზე უფრო ადრეული წლებიდან იყენებდა მას სახელმწიფო საქმეებში და ჯერ კიდევ ჭაბუკი დანიშნა ფარსისის მმართველად.
ჰყვებიან, რომ ადერბაიჯანში ლაშქრობის წინ მკითხავები თუ ორაკულები უწინასწარმეტყველებდნენ აღა-მაჰმად-ხანს სწრაფ აღსასრულს. თავიდან იგი იცინოდა ამაზე, მაგრამ შემდეგ კი თეირანში მმართველად დატოვა მისდამი ერთერთი ყველზე უფრო უერთგულესი ადამიანი და უბრძანა მას, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, არავინ არ შემოეშვა ქალაქში ბაბა-ხანის გარდა, შაჰის მემკვიდრედ დანიშნულისა (* ბუტკოვის ხელნაწერი საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიაში, # 3, გვ. 1544, და # 14, გვ. 405. ბაბა-ხანი გახლდათ მბრძანებლის უმცროსი ძმის ჰუსეინ-ყული-ხანის ვაჟიშვილი. სინამდვილეში მისი სახელი იყო ფეთჰ-ალი; ბაბა-ხანი კი მას შეარქვა აღა-მაჰმად-ხანმა მისი მცირეწლოვანების დროს).
აღა-მაჰმად-ხანმა, თავისი საკუთარი გამოცდილებით, იცოდა, თუ როგორი ძნელია ძალაუფლების განმტკიცება ისეთ ქვეყანაში, როგორიც იყო მაშინ სპარსეთი, და ამიტომ სურდა, რომ თავისი მენაცვალისთვის გადაეცა საბოლოოდ განმტკიცებული ტახტი, მოწყობილი და ახალი დინასტიის შაჰების ძალაუფლებისადმი დაქვემდებარებული სახელმწიფო.
ყოფილი შაჰი არ მორცხვობდა საშუალებების არჩევაში ასეთი მიზნებისა და სურვილების მისაღწევად. სამნი მის ძმათაგან წავიდნენ სპარსეთიდან, და ერთი კი დაბრმავებულ იქნა. გადარჩა მხოლოდ ჯაფარ-ყული-ხანი, და ისიც იმიტომ, თავად აღა-მაჰმად-ხანი მისგან იყო დავალებული ტახტზე თავის ასვლაში.
იცოდა რა ჯაფარის გერგილიანი და გაბედული ხასიათის შესახებ, აღა-მაჰმად-ხანი არ ენდობოდა მას იმაში, რომ იგი ადვილად დაემორჩილებოდა თავის ძმისწულს, რომელიც შაჰმა აირჩია ირანის მომავალ მბრძანებლად.
ჯაფარი, რომელიც სთხოვდა ძმას, რომ მისი მმართველობისთვის ჩაებარებინა ისპაჰანი, ამის ნაცვლად დანიშნულ იქნა ერთერთი ოლქის მმართველად მაზანდერანში. უარით შეურაცხყოფილი ჯაფრი დიდი ხნის მანძილზე აღარ ცხადდებოდა სამეფო კარზე, თავისი ხელმწიფის ბრძანებების მიუხედავად. აღა-მაჰმად-ხანი შეშფოთებული იყო ასეთი ჯიუტობით. მას ეშინოდა თავისი ძმის სიმამაცისა და ურთიერთობების აშკარად გაწყვეტისა იმ ადამიანთან, რომელიც სარგებლობდა თავისი ტომის ჯარისკაცთა უსაზღვრო ერთგულებით. უნდა ბოლო მოეღო მბრძანებლის ნების ამ ერთადერთი მოწინააღმდეგისთვისაც.
შაჰმა სიტყვა ჩამოართვა თავის დედას, რომ იგი გამგზავრებულიყო მაზანდერანში, დაემშვიდებინა თავისი ვაჟიშვილი და დაპირებოდა მას ისპაჰანის მმართველად დანიშვნას. სპარსეთის მბრძანებელი მოითხოვდა მხოლოდ ერთს – რათა ძმას ისპაჰანის გზაზე შეევლო მასთან თეირანში. ჯაფარ-ყული-ხანი ამაზე მხოლოდ მას შემდეგ დაეთანხმა, როდესაც მიიღო ძმისგან საზეიმო დარწმუნება პირად უსაფრთხოებაში და ფიცით დაპირება, ყურანზე, რომ არ იქნება დაკავებული თეირანში ერთ ღამეზე მეტი დროით.
შაჰმა მიიღო ჯაფარი ძმური გულწრფელი სიყვარულის მთელი ნიშნების გამოხატვით, და ღამემ მშვიდად ჩაიარა.
– მე ვფიქრობ – ეუბნებოდა დილით აღა-მაჰმად-ხანი თავის ძმას – რომ შენ ჯერ კიდევ არ გინახავს ახალი სასახლე. წაჰყევი იქ ბაბა-ხანს, და შემდეგ კი, როდესაც დაათვალიერებ, ისევ ჩემთან შემოიარე.
ჯაფარი დაეთანხმა, არ ეჭვობდა რა ღალატს. როგორც კი შეაბიჯა მან სასახლის პორტიკის ქვეშ, მოკლულ იქნა იქ წინასწარ დამალული მკვლელების მიერ.
– ეს გაკეთებულია შენთვის – ეუბნებოდა აღა-მაჰმად-ხანი ბაბა-ხანს – მიუთითებდა რა ჯერ კიდევ გაუციებელ გვამზე. – დიდი სული, რომელიც ამ სხეულს აცოცხლებდა, არასოდეს არ დატოვებდა მშვიდად გვირგვინს შენს თავზე. სპარსეთი დაინგრეოდა საშინაო ურთიერთშორისი ომებით, და ამ უბედურებათა თავიდან ასაცილებლად მე მოვიქეცი სამარცხვინო უმადურობით, ჩავიდინე რა დანაშაული ღვთისა და ხალხის წინაშე.
ცრუმორწმუნე ხანმა ბრძანა დაუყოვნებლივ გაეგზავნათ თავისი მოკლული ძმის სხეული ქალაქიდან, რათა არ დაერღვია ფიცი და არ დაეკავებინა იგი ერთ ღამეზე უფრო მეტად თეირანში.
როგორ არ ცდილობდა აღა-მაჰმად-ხანი მსგავსი საქციელებითა და დანაშაულით ტახტის განმტკიცებას თავისი მენაცვალისთვის, მაგრამ სავსებით მაინც ვერ მიაღწია მიზანს.
მისმა მოკვდინებამ შუშაში (1797 წ.) მოახდინა დიდი არეულობა სპარსულ ჯარებში. სადიხ-ხან შაგახელი, რომელმაც მიიტაცა შაჰის მიერ შუშაში თან წამოღებული საგანძურის უმეტესი ნაწილი, თავის ტომთან ერთად წავიდა და არ აღიარებდა ბაბა-ხანს მბრძანებლად. მის მაგალითს მიჰყვა ჯარების ბევრი უფროსი. ბაქოს, განჯისა და ერევნის ხანები, რომლებიც ასევე შუშაში იმყოფებოდნენ, თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ; შუშაში დაბრუნდა ყარაბაღელი იბრაჰიმ-ხანიც, რომელიც სპარსელთა მიერ იყო განდევნილი თავისი სამფლობელოებიდან.
მხოლოდღა გარდაცვლილი შაჰის პირველი ვეზირი ჰაჯი-იბრაჰიმი და სარდალი სულეიმან-ხანი დარჩნენ ტახტის მემკვიდრის ერთგულებად. ისინი ურჩევდნენ ბაბა-ხანს ეჩქარა თეირანში შესასვლელად, სადაც მას მოუწოდებდა იქაური ქალაქის თავიც. თეირანში ინახებოდა მთელი სახელმწიფო ხაზინა; იქვე ყველა მთავარი მოხელე მოელოდა ქალაქში მემკვიდრის მოსვლას (Рукопись Буткова въ импер. Акад. Наукъ, № 3, стр. 1546).
შეკრიბეს რა მნიშვნელოვანი ჯარი, სარდალი და მინისტრი გაეშურნენ დედაქალქისკენ. იქ ბაბა-ხანი გამოცხადებულ იქნა შაჰად, იყო რა მაშინ დაბადებიდან 27 წლისა. იბრაჰიმის მიერ შეგროვებული ჯარი წარმოადგენდა ბაბა-ხანის პირველ და დასაწყისში ერთადერთ ძალას, რომლის დახმარებითაც მან დაიწყო თავაისი ძალაუფლების დამკვიდრება.
თანამედროვეთა სიტყვებით, სპარსეთის ახალი მბრძანებელი არ იყო მსგავსი თავისი წინამორბედისა.
ბაბა-ხანი გახლდათ საშუალო ტანისა, ხმელ-ხმელი. ფერმკრთალი სახე, ნაცრისფერი თვალები და შავი წარბები ის სახეს ხდიდნენ არამიმზიდველს, სამაგიეროდ ხშირი შავი და გრძელი წვერი იმდენად შესანიშნავი ჰქონდა „რომ მთელს სპარსეთში არ ყოფილა მასზე უფრო მშვენიერი წვერი“ (* ფარნაოზ ბატონიშვილის წერილი, რომელიც მიართვა გრ. რუმიანცოვს 1811 წ. მარტში. Арх. мин. иностр. делъ).
იყო რა ავხორცობის მოყვარული, იგი ეწეოდა მეტად ფუფუნებიან ცხოვრებას. მშვიდობისმოყვარული ხასიათის ბაბა-ხანი სულით პოეტი გახლდათ, კარგად სწერდა ლექსებს სპარსულ და არაბულ ენებზე, უყვარდა მუსიკა, სიმღერა და ცეკვები. უსაქმურობისადმი მიდრეკილი, მაგრამ ამასთან ერთად პატივმოყვარე, ამაყი, მბრძანებელი დილას ატარებდა აუდიენციებში, რომლებსაც აძლევდა ყოველ დღე თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ. სასახლის მდიდრულად მოწყობილ აზიურ ოთახებში იგი ღებულობდა ქვეშევრდომებს, ირთვებოდა რა ამ დროს როგორც თავად მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით, ასევე რთავდა თავის სამეფო ნიშნებსაც. დანარჩენ საათებს მბრძანებელი ატარებდა ჰარამხანაში ცოლებს – „ლამაზებსა და რჩეულებს“ – შორის. აქ მეფობდა ქეიფი, ნეტარება, ტკბობით გატაცება, და სწორედ აქ ბაბა-ხანი მხიარულებითა და ნეტარებით, რაც არ ეპატიებოდა ჭეშმარიტ მუსლიმანს, ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს, ეძლეოდა რა ხშირად სპირტიანი სასმელების ზომაზე მეტად გამოყენებას.
შეკრიბა რა სხვადასხვა სპარსული საგვარეულოებიდან სამასი ცოლი, იგი ინახავდა მათ საჭურისების ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ. როდესც გაემართებოდა სანადიროდ ან სალაშქროდ, ბაბა-ხანს თან მიჰყავდა ჰარამხანის ნაწილი. თუმცა კი სპარსეთის ახალი მბრძანებელი გახლდათ საკუთარი თავის მოყვარე, ეძიებდა სამხედრო დიდებას, მაგრამ საერთოდ ცუდი მეომარი იყო და უმეტეს წილად უიღბლო სამხედრო ღონისძიებებში. ბაბა-ხანს არ გააჩნა ნიჭი რაიმე ნიშვნელოვანი საქმეებისადმი და ამიტომ საჭიროებდა ჩინოსანთა მხარდაჭერას (Сведенiя, доставленныя Коваленскимъ 24-го октября 1800 г. Тифлисскiй арх. канц.наместника).
გამოაცხადა რა საკუთარი თავი მთელი სპარსული სახელმწიფოს შაჰად, მაშინვე თავისი ბიძის სიკვდილის შემდეგ, ბაბა-ხანი ცდილობდა თავისთან დაეკავშირებინა დიდგვაროვანი და მნიშვნელოვანი პირები. გაუზარდა რა ანაზღაურება სამხედრო მოსამსახურეერბს, ამით მან ბევრი მიიზიდა თავისი ჯარების რიგებში, სამაგიეროდ ნიშვნელოვნად დაუმძიმა ხალხს ცხოვრება ახალი ხარკითა და გადასახადებით. საგანგებო ხარჯები იწვევდა მათი შევსების აუცილებლობას საგანგებო ზომებით. ხარკი და ღალა ხალხისგან გაზრდილ იქნა და იმდენად მძიმე შეიქმნა, რომ საწყალ ადამიანს „ცხოვრება სამძიმო გაუხდა, რადგანაც მის საყელოში ას ტირანს ჰქონდა ხელი ჩავლებული“ (Письмо Джафаръ-Кули-хана хойскаго Кнорингу. См. акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 677).
აერთიანებდა რა მჭერმეტყველებასთან ალერსიან და სასიამოვნო ტონს, უფრო მოკრძალებული, ვიდრე მძვინვარე ზნისა, ბაბა-ხანმა მალევე ტახტზე ასვლის შემდეგ ქვეყნის მმართველობა ხელში გადასცა თავისთან დაახლოებულ პირებს, რომელთა რიცხვშიც იყო მისი დედაც.
არ ჰქონდა რა თავისი წინამორბედის ნიჭი და ნებისყოფა, ბაბა-ხანს არ შეეძლო მასთან დაახლოვებულ პირთა თვითნებობის გაჩერება და ძალაუფლებას ინარჩუნებდა მისი ბიძის მიერ მოგროვებული და ნაძარცვი განძეულობისა და ფულების დარიგებით. იყო რა ბუნებით ძუნწი, იგი მაინც აუცლებლად მიიჩნევდა ფულების დარიგებას, როგორც თავისი კეთილდღეობის საშუალებას.
მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებული პირები თვითნებობდნენ, რომ ხალხს მძიმე ტვირთად აწვებოდა ახალი გადასახადები, სპარსელები, რომლებმაც ბევრი რამ გადაიტანეს აღა-მაჰმად-ხანის სისასტიკეებისგან, თავიდან ძალზედ კმაყოფილნი იყვნენ ახალი მბრძანებლის საქციელით. დროთა განმავლობაში კმაყოფილება გადაიქცა ჩვევად, მმართველობის შედარებით მოკრძალებულობა კი – გარყვნილებად. სპარსელები, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე გადადიოდნენ ხელიდან ხელში, ერთი მმართველისგან მეორესთან, განსაკუთრებულად მიდრეკილნი გახდნენ ყოველგვარი მღელვარებებისადმი. ბაბა-ხანი ხალხს მორჩილებაში ინარჩუნებდა მნიშვნელოვანი რიცხოვნების ჯარების შენახვით თეირანში, როგორც თავის სამფლობელოთა შუაგულში. უკეთესი ჯარი შედგებოდა ცხენოსნებისგან; ქვეითი ჯარი ცოტა იყო, ხოლო არტილერია, თუმცა კი დაეყენებინათ სასახლის წინ 70-მდე ზარბაზანი, მაგრამ “მოქმედებებისთვის ვარგისი ცოტა, და ძნელად თუ ეყოლებათ სპარსელებს ისეთი ადამიანები, რომელთც ეცოდინებოდათ მათი მოხმარება” (Изъ донесенiя Завалишина кн. Цицiанову 12-го декабря 1803 г. Арх. мин. иностр. делъ, 1-9. 1802-1813 г. № 5)...
შაჰის უხვი წყალობებით განებივრებულმა ჯარებმა დაიწყეს თვითნებობა და ამასთან ერთად დაკარგეს ძველი სიმხნევე, ხოლო სხვადასხვა ტომების გერგილიანმა ბელადებმა, რომლებიც ძალით იყვნენ შეკავშირებული ერთ მთლიანობაში, დაიწყეს ფიქრი შაჰის ძალაუფლებისგან გამოყოფასა და თავიანთთვის დამოუკიდებლობის შეძენაზე.
ყანდაჰარში თავისი მფლობელობის გავრცელება დაიწყო ავღანელმა ზამან-შაჰმა; ბაბა-ხანის ღვიძლი ძმა განზე გადგა და არ აღიარებდა მის ძალაუფლებას; ხორასანში სპარსეთის მბრძანებლისადმი დაქვემდებარებული ხანებიდან ერთერთის ვაჟიშვილი აგროვებდა ჯარებს (Письмо царевича Давида Лошкареву 21-го iюля 1798 г. Московскიй арх. мин. иностр. делъ). საქართველოს მხრიდან ბაბა-ხანის ძალაუფლება ვერ დამკვიდრდა კიდევ დაღესტანსა და ადერბაიჯანში; იგი ვერ ვრცელდებოდა თავრიზისა და ხოის საფლობელოების აქეთ.
დააწყნარა რა სახელდახელოდ მღელვარებანი სპარსეთში და დაუქვემდებარა რა თავის ძალაუფლებას ურჩი ხანები, ბაბა-ხანმა ყურადღება მოაპყრო საქართველოსაც, რომელსაც თვლიდა უძველესი დროიდან სპარსეთისადმი კუთვნილად.
1798 წლის ივნისში, როგორც ჩვენ ვნახეთ, სპარსეთის მბრძანებელმა თავისი დესპანი გამოგზავნა ტფილისში. შაჰი ატყობინებდა მეფე გიორგის, რომ, ავიდა რა სპარსეთის ტახტზე და დაიდგა რა თავზე სახელმწიფო გვირგვინი, იგი მოვიდა მიანში, რათა დაამტკიცოს თავისი ძალაუფლება ადერბაიჯანში. ხოლო რადგანაც საქართველო არის საუკეთესო სამფლობელო ადერბაიჯანში, რომლის ბეგლარ-ბეგებიც უკვე მოვიდნენ მის ყოვლად უგანათლებულეს სამეფო კარზე “მიწისკენ დახრილი სახით”, ამიტომ ბაბა-ხანი მოითხოვდა კიდეც, რათა გიორგი მეფეს ერთერთი თავის ძეთაგან გაეგზავნა მისთვის, რომ იგი მუდივად ყოფილიყო შაჰის კარზე და სპარსეთის სამსახურში.
მისი იქ ყოფნა, ბაბა-ხანის სიტყვებით, აუცილებელი იყო იმისთვის, რათა “მისი მოწყალების მზეს” შეძლებოდა გავრცელებულიყო მთელ საქართველოზე, რათა სცოდნოდა ამის შესახებ მის თითოეულ მაცხოვრებელს და ქართველებს შეძლებოდათ ყოფნა ისეთ “სიმშვიდეში, როგორიც თავად სურთ საკუთარი თავისთვის”.
უარის შემთხვევაში გიორგის მხრიდან აღესრულებინა სპარსეთის მბრძანებლის მოთხოვნა, შაჰი დაჰპირდა მოსულიყო საქართველოში თავისი ძლევამოსილი დროშებით, ხელმეორედ დაერბია იგი და საკუთარი მრისხანებისთვის მიეცა აქაური ხალხი (Фирманъ Баба-хана отъ 5-го iюля 1798 г. Тамъ же).
საქართველოს მეფე რჩევას ჰკითხავდა ჩვენს მთავრობას, თუ როგორ მოქცეულიყო იგი ბაბა-ხანის მოთხოვნებთან მიმართებით. პეტერბურგის კაბინეტი პასუხობდა, რომ თავის ურთიერთობებში სპარსეთის მფლობელთან მას შეუძლია მიუთითებდეს 1783 წლის ტრაქტატზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მეფეებმა “საკუთარი თავი აღიარეს სრულიად რუსეთის იმპერიის ვასალებად” და რომ ამიტომ მას არ შეუძლია ბაბა-ხანის მოთხოვნების შესრულება.
პეტერბურგში მყოფი სპარსული ელჩობა უკან იქნა გაგზავნილი დიდი საჩუქრებითა და დარწმუნებით ჩვენი მთავრობის ყველაზე უფრო მშვიდობისმოყვარულ განზრახვებში სპარსეთთან მიმართებით. იმპერატორ პავლე I-ის სიგელი ბაბა-ხანისადმი მოუწოდებდა მას რუსეთთან კავშირისა და მეგობრობისკენ.
გიორგის წინადადება ეძლეოდა დაეცვა “კეთილი თანხმობა და ურთიერთობები სპარსეთთან”, როგორც სახელმწიფოსთან, რომელიც მშვიდობასა და მეგობრობაში იმყოფებოდა რუსეთთან (Рескриптъ гр. Маркову 23-го августа 1798 г. Арх. главн. шт. въ С.-Петербурге).
ასეთ პასუხს არ შეეძლო გიორგის დაკმაყოფილება. თუმცა კი საქართველოს მეფემ იცოდა, რომ ბაბა-ხანს არ შეუძლია თავისი მუქარების სწრაფად აღსრულება და საქართველოში შემოჭრა, მაგრამ ხმები იმის შესახებ, რომ ბაბა-ხანი მოითხოვდა ერევნის ხანისგან 300.000 მანეთსა და 12 დიდგვაროვან მძევალს და რომ მას თავად აქვს განზრახული გაზაფხულზე მოვიდეს გოქჩის ტბასთან, რომელიც ძევს საქართველოსა და ერევნის ოლქს შორის, აშფოთებდა გიორგის.
ამასთან ცნობილი იყო, რომ ყარაბაღელი (შუშელი) იბრაჰიმ-ხანი სწერდა ბაბა-ხანს, რომ ვითომ გიორგი მეფე და მთელი საქართველო ითხოვენ დაცვას რუსეთისგან სპარსეთის მბრძანებისგან თავის დაღწევისთვის. ოდესღაც ერეკლე II-ის მეგობარი და მოკავშირე, ახლა კი საქართველოს მოწინააღმდეგე, იბრაჰიმ-ხანი ცდილობდა აღემართა შაჰი გიორგის წინააღმდეგ. მისი წერილები და შეგონებანი ნაწილობრივ იყო კიდეც იმის მიზეზი, რომ სპარსეთის მბრძანებელმა ჩაიფიქრა დაძრულიყო საქართველოზე და დაემორჩილებინა იგი თავისი ძალაუფლებისთვის.
საქართველოს მეფემ კვლავ მომართა ჩვენს მთავრობას თხოვნით, რომ დაეცვათ იგი ახალი დარბევისგან.
გზავნიდა რა ტფილისში ჯარებსა და თავის მინისტრს, პეტერბურგულმა კაბინეტმა უბოძა კოვალენსკის წოდება რწმუნებულისა სპარსეთის საქმეებში, დაავალა მას იქაური საქმეების მოწყობა და ამით ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგის თხოვნები.
იმპერატორ პავლე I-ს, ტახტზე თავისი ასვლის დღიდანვე, არ სურდა ჩარეულიყო სპარსეთის საქმეებში და სერთოდ ყველა ხალხისა, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიის ხაზისა და საქართველოს მეზობლობაში. ეს შეხედულება მან შეინარჩუნა თავის გარდაცვალებამდე. როდესაც კნორინგი მოახსენებდა დავის შესახებ ოსეთსა და ყაბარდოს შორის, დავისა, რომელიც გადაიზარდა მტრულ მოქმედებებში, მაშინ პავლე I ურჩევდა მას არ ჩარეულიყო მათ საქმეებში მანმადე, სანამ ისინი არ შეეხებიან ჩვენს საზღვარს, “ვინაიდან – სწერდა იმპერატორი (Рескриптъ Кнорингу 28-го мая 1800 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 581) – ეს ხალხები იმყოფებიან უფრო მეტად ჩვენს ვასალობაში, ვიდრე ქვეშევრდომობაში”.
ჩაურევლობის, საზღვარზე ჩვენი ჯარების მხოლოდ სადარაჯო და დაცვითი მდგომარეობის ასეთი სისტემის დროს, რუსეთის ინტერესები მოითხოვდა, რათა სპარსეთში არასოდეს არ ყოფილიყო შესაძლებელი რაიმენაირი მყარი მფლობელობის დამყარება “შაჰის სახელწოდების ქვეშ”. მივაღწევდით რა ამას, ჩვენ უკვე აღარ შეიძლებოდა გვყოლოდა ძლიერი მეზობელი, რომელიც თუკი თავად არ დაიწყებდა ჩვენს შეწუხებას, მაინც შეძლებდა რომ ზარალი მიეყენებინა რუსეთისადმი ერთგული წვრილი მფლობელებისთვის.
დააკისრა რა კოვალენსკის სპარსეთთან საქმეებში რწმუნებულის წოდება, იმპერატორმა დაავალა მას შეენარჩუნებინა ურთიერთობები იმ ხანებთან, რომლებიც ან საქართველოსთან კავშირის მეშვეობით, ან კიდევ თავისთავად, იყვნენ რუსეთის ერთგულები. განამტკიცებდა რა ასეთებს დარწმუნებით რუსეთის მფარველობაში, რწმუნებულს უნდა მიეღწია დამაკმაყოფილებელი და სასურველი შედეგებისთვის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით. არ ჩართავდა რა ჩვენს სახელმწიფოს დიდ საზრუნავში, კოვალენსკის უნდა ეცადა, რომ ჩვენი გავლენა იმ ქვეყნებში “არსებულიყო ყოველგვარი დანახარჯების გარეშე ან სულ უკიდურეს, “უმცირესი დანახარჯებით”, და რომ საქმე არავითარ შემთხვევაში არ მისულიყო “ჯარების გაგზავნამდე ამდენი მოუხერხებლობის თანხლებით (съ толикими неудобствами), რაც შეუღლებული გახლდათ იმ მხარის მოშორებულობასთან”.
აი ჩვენი ქცევების მთავარი გარემოებანი სპარსელ ხანებთან და მთიელ მფლობელებთან დამოკიდებულებაში.
არ მისცემდა რა ეჭვის საფუძველს ჩვენი განზრახვების თაობაზე ოტომანის პორტას, რომელსაც ყოველთვის სურდა თავისი გავლენის შენარჩუნება აზიაში, კოვალენსკის უნდა მიექცია ყურადღება მხოლოდ და განსაკუთრებით ბაბა-ხანის საქციელზე.
“თქვენთვის ცნობილია – სწერდა იმპერატორი პავლე კოვალენსკის (Въ рескрипте отъ 16-го апреля 1799 г. Тифл. арх. канц. наместника) – რომ გამოგზავნილ იქნა მისგან (ბაბა-ხანისგან) ჩვენს კარზე ელჩი ჩვენდამი მეგობრული ურთიერთობის სურვილის გამოცხადებით. ჩვენ გულწრფელად გვაქვს განზრახული ამის შესრულება, და ამიტომ გავალებთ თქვენ დაამყაროთ მასთან ჩვენი შეტყობინება, გამოუცხადებთ რა ამასთანავე ჩვენი სურვილის შესახებ, რათა არ იფიქროს მან, აღა-მაჰმად-ხანის მაგალითის მიხედვით, ხელი აღმართოს საქართველოს საზღვრებზე, როგორც ამის შესახებ გავრცელდა ხმები. უნდა ეცადოთ რომ ამ დაღუპვისგან იგი (საქართველო) როგორც კი შესაძლებელია, გადაარჩინოთ. სხვა მხრივ, შეიძლება როგორც ბაბა-ხანის, ისე ყველა სხვა სპარსელი მფლობელის დარწმუნება ჩვენს სურვილში, რომ სპარსეთის ვაჭრობა ყველანაირ ზრდას მიიღებს რუსეთში, და რომ მათი ქვეშევრდომები ჩვენს ფარგლებში ჰპოვებენ მუდმივ და ძლიერ მფარველობას”...
სამინისტროს მიერ კოვალენსკისთვის მიცემული ინსტრუქციის მიხედვით, მას უნდა დაეწყო ურთიერთობები ბაბა-ხანთან (Рапортъ Коваленскаго министерству 17-го февраля 1800 г., № 51. Моск. арх. мин. иностр. делъ) მაშინვე გიორგის მიერ ტრაქტატზე ხელის მოწერის შემდეგ, როგორც საფუძველზე, რომელსაც უნდა დამყარებოდა მთელი ურთიერთობები სპარსეთთან და ქცევები, რომლებიც ჩვენს მთარობას ჰქონდა მიღებული საქართველოსთან მიმართებით.
ტრაქტატზე ხელმოწერა დაყოვნდა, და ამიტომ კოვალენსკიმ, რომელსაც ეშინოდა, რომ ხანგრძლივი დუმილით მისცემდა საბაბს ჩვენდამი არამეგობრული მოქმედებებისთვის სპარსელთა მხრიდან, იჩქარა გაეგზავნა შაჰთან შეტყობინება ტფილისში მისი ჩამოსვლის შესახებ.
პეტერბურგის კაბინეტმა მოვალეობად დააკისრა საქართველოში გაგზავნილ მინისტრს, ჩაეგონებინა ბაბა-ხანისთვის, რომ ქართლისა და კახეთის მეფესთან 1783 წელს დადებული ტრაქტატის ძალით, “რომელიც აღიარებულია ყველა სამეფო კარისა და ხელმწიფის მიერ”, იმპერატორმა პავლე I-მა, დაამტკიცა რა ერეკლე II-ის სიკვდილის შემდეგ მის მენაცვალედ მისი ვაჟი გიორგი XII გამოთქვა საზეიმო თანხმობა როგორც მისი, ისე მთელი საქართველოს სამეფოს მიღებაზე “თავისი უმაღლესი ძალაუფლებისა და მფარველობის ქვეშ”. კოვალენსკი გამოთქვამდა იმედს, რომ ბაბა-ხანი, რუსეთისადმი მეგობრობისა და კეთილგანწყობის გამო, განზე გადასდებს ყველანაირ პრეტენზიებს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ სხვა მთიელ მფლობელებთან მიმართებითაც, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის მფარველობის ქვეშ, და რომ ხანი არ ჩაერევა მათ საქმეებში, “დაუტოვებს რა თითოეულს უფლებას სარგებლობდეს სასურველი სიმშვიდითა და სიწყნარით” (Прибавленiе къ инструкцiи, данной Коваленскому отъ 31 мая 1799 г. Письмо его къ Баба-хану 16-го февраля 1800 г. Тамъ же).
ბაბა-ხანისადმი წერილთან ერთად, კოვალენსკიმ გაგზავნა წერილი ასევე მისი საქმეების მმართველთანაც – ჰაჯი-იბრაჰიმ-ხანთან (Письмо его къ хаджи-Ибрагим-хану 16-го февраля 1800 г. Тамъ же), რომელშიც სთხოვდა დახმარებას (თანადგომას) ორ დერჟავას შორის მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების საქმეში. განჯისა და ყარაბაღის ხანებმაც ასევე მიიღეს კოვალენსკის წერილები. ურთიერთობებს მათთან მიზნად ჰქონდა, რომ დარწმუნებულიყვნენ ხანების კათილგანზრახულობაში, რომლებმაც ტფილისში გამოგზავნეს თავიანთი მოხელეები თხოვნებით ქვეშევრდომობის შესახებ, აგრეთვე იმისთვისაც, რომ მათი დახმარებით რუსეთის ქვეშევრდომობაზე დაეყოლიებინათ ასევე შირვანის, შაქისა და ერევნის ხანები, ავარელი ომარ-ხანიც, რომელმაც სახელი შეიძინა თავისი მამაცობით (Рапортъ Коваленскаго государю императору 17-го февраля 1800 г. Моск. арх. мин. иностр. делъ).
გადამდგარი პორუჩიკი მერაბოვი გაგზავნილ იქნა წერილებით სპარსეთში. ტფილისში მოარული ცნობები იმის შესახებ, რომ სპარსელები აგროვებენ ძალებს საქართველოში შემოსაჭრელად, მოითხოვდა სპარსეთის მბრძანებლისგან პასუხის უსწრაფესად მიღებას. პასუხის მოცემაში დაყოვნებისა და მტრული მოქმედებებისთვის შესამჩნევი მზადების შემთხვევაში, მერაბოვს უნდა ჩაეგონებინა სპარსეთის მთავრობისთვის, რომ მტრული მოქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლის შესახებაც მიდის მოლაპარაკებები, სამართლიანობისა და ხალხთა იმ ზნე-ჩვეულებების საწინააღმდეგო იქნებოდა, რომლებსაც ყველგან წმინდად იცავენ; რომ რუსეთის შეურაცხყოფას შესაძლოა მოჰყვეს უსიამოვნო შედეგები სპარსეთისთვის, და რომ ოტომანის პორტა, რომელიც კავშირში იმყოფება რუსეთთან, ამ შეთხვევაში არ დარჩება ნეიტრალური, “ჩათვლის რა ჩვენს მოწინააღმდეგეებს თავის მოწინააღმდეგეებად” (Изъ инструкцiи Мерабову 16-го февраля 1800 г. Тамъ же). ყოველგვარი სიძნელეების თავიდან აცილებისა და ბაბა-ხანის განზრახვების შესახებ ცნობების უსწრაფესად მიღებისთვის კოვალენსკიმ გილანის გავლით შეგზავნა მზვერავი, რომელიც ვაჭრის სახით უნდა ჩასულიყო თეირანში და, მიიღებდა რა იქ მერაბოვისგან აუცილებელ ცნობებს, სასწრაფოდ დაბრუნდებოდა ტფილისში.
გაგზავნილები წავიდნენ. პასუხი ჯერ კიდევ არ იყო მიღებული, ხოლო ხმები კი სპარსელების მოკლე ხანში შემოსევის შესახებ სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
გარკვეული დროიდან შესამჩნევი გახდა ბაბა-ხანის ჯარების მოძრაობა ყარაბაღისკენ, სადაც, როგორც ხმები დადიდა, უნდა მოსულიყო 12.000-იანი კორპუსი. საბაბი ასეთი მტრული მოქმედებებისთვის გახლდათ ბაბა-ხანის დაბეჯითებული მოთხოვნა ყარაბაღელი იბრაჰიმ-ხანისგან, მიეთხოვებინა მისთვის თავისი ქალიშვილი, რის შესახებაც უკვე შვიდ თვეზე მეტი დროის მანძილზე წარუმატებლად მიდიოდა მოლაპარაკებები. ყარაბაღის ხანი სწერდა კოვალენსკის და, არწმუნებდა რა რუსეთისადმი თავის ერთგულებაში, ეკითხებოდა, თუ როგორ მოქცეულიყო იგი ბაბა-ხანთან მიმართებით, რომელმაც უკვე გამოაცხადა თავისი პრეტენზიები აქაურ სახანოებზე, რომელიც მოითხოვდა მათგან მორჩილებასა და თავადაც კი ერეოდა მათი მმართველობის საქმეში. ასე, ერევანში დანიშნულ იქნა ახალი შაჰის ერთერთი მომხრეთაგანი. ხოელ ჯაფარ-ყული-ხანს ჩამოერთვა ხანის ღირსება და მის ადგილზე დანიშნულია ახალი ხანი. ბაბა-ხანის ორმოცი ვაჟიშვილიდან ერთერთი, მცირეწლოვანი აბას-მირზა* (მირზა, დასმული სიტყვა აბასის წინ, ნიშნავს იმას, რომ უკანასკნელს ჰქონდა მდივნის წოდება; ხოლო აბასის შემდეგ დასმული სიტყვა მირზა ნიშნავს ხანის ან საერთოდ მფლობელის წოდებას), რომელიც იმყოფებოდა თავრიზში და რომელიც გამოცხადებულია სპარსეთის ტახტის მემკვიდრედ და მართავს მთელ ადერბაიჯანს, თავის ბიძასთან სულეიმანთან ერთად გაწვეულ იქნენ თეირანში, როგორც ვარაუდობდნენ, იმ მხარესთან დაკავშირებით ახალი ბრძანებების მისაღებად (Рапортъ Коваленскаго 17-го февраля 1800 г., № 51. Моск. арх. мин. иностр. делъ).
ასეთი ხმების მიხედვით, რომლებიც მოდიოდა სხვადასხვა მხრიდან, შესაძლებელი იყო არცთუ უსაფუძვლოდ, ტფილისში გაბატონებული საერთო აზრის თანახმად, ევარაუდათ, რომ ბაბა-ხანის ყველა ღონისძიება ავლენდა მის ჩანაფიქრებს საქართველოს დასაუფლებლად. სულ მცირე, გიორგი მეფე და ქართველი ხალხი იყვნენ ასეთი აზრისა სპარსელების განზრახვებთან მიმართებაში, თუმცა კი არ მიმართავდნენ არანაირ გადამჭრელ ზომებს საკუთარი თავდაცვისთვის.
კეთილგონიერება მოითხოვდა, რომ ყოფილიყვნენ ფხიზლად და ფრთხილად ყოველგვარი მოარული ხმებისადმი, მით უმეტეს, რომ სულემან-ხანის თავრიზიდან ბაბა-ხანთან გაწვევის შემდეგ, ცნობები სპარსელთა სავარაუდო შემოსევის შესახებ არ წყდებოდა და იყო ხან ამის დამადასტურებელი და ხანაც უარმყოფელი. შემდგომში მიღებულ იქნა ახალი ცნობა ერევნიდან, რომ 1-ლ მაისს იქ მოვიდა ბაბა-ხანის მიერ გამოგზავნილი მოხელე ერევნის ხანთან საჩუქრით, რომელიც შედგებოდა ხალათსა და შეკაზმულ ცხენში (ხალათს ჩვეულებრივ უგზავნიდნენ ხოლმე გამორჩეულობის ნიშნად); რომ ბაბა-ხანი მნიშვნელოვანი ჯარით მიემართება ყანდაჰარისკენ ავღანელთა წინააღმდეგ; რომ სულეიმანი ბაბა-ხანის ვაჟთან ერთად დაბრუნდა თავრიზში ჯარების 12.000-იანი კორპუსის თანხლებით და რომ აბას-მირზა შეუდგა ადერბაიჯანის მმართველობას. ცნობილი იყო, რომ მემკვიდრისთვის მიცემულ დარიგებაში იყო ბრძანება ჯარების რიცხვის გაზრდაზე, რათა დაესაჯათ ის მფლობელები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ირანის მბრძანებელს, და გაეძლიერებინათ მისი მომხრეები (Рапортъ Коваленскаго министерству 24-го мая 1800 г. Моск. арх. мин. иностр. делъ).
მაგრამ ეს ხმები გაზვიადებული იყო. კოვალენსკის მიერ ბაბა-ხანთან წერილით წარგზავნილი, ყაზვინიდან თეირანისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა აბას-მირზასა და სულეიმანს, რომელთაც თან ახლდათ ქვეითი ჯარი და კავალერია არაუმეტეს 4.000 ადამიანისა. არტილერია შედგებოდა აქლემებზე აკიდებული ექვსი ფალკონეტისგან. ეს ჯარი სართოდ ცუდ მდგომარეობაში გახლდათ, კავალერიის გამოკლებით.
ადერბაიჯანში მყოფმა სპარსული ჯარების რაზმმა მიიღო ბაბა-ხანის ბრძანება ემოქმედა შემტევად ურჩი ხანების წინააღმდეგ. ეშინოდა რა დაეტოვებინა თავის ზურგში მოწინააღმდეგე, ხოელი ჯაფარ-ყული-ხანი, რომელიც ჯერ კიდევ გამაგრებული იყო თავის ციხესიმაგრეში და იმედოვნებდა ბაიაზეთის ფაშის დახმარებაზე, აბას-მირზამ ალყა შემოარტყა ხოის ციხეს. ავადმყოფობის გამო განცდილმა დანაკარგებმა ადამიანებში და ხოის ხანის შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აიძულეს იგი არა მხოლოდ უკან დაეხია, არამედ დაედო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჯაფარისთვის დაბრუნებულ იქნა ხოის სახანო (Донесение Кноринга государю императору 23-го iюля 1800 г. Арх. главн. шт. въ С.-Петербурге. Константиновъ, ч. II, стр. 76 /рукопись/). უზრუნველყვეს რა ასეთნაირად თავისი ზურგი, სპარსულმა ჯარებმა გადმოლახეს არაქსი ნახჭევანთან და ვარაუდობდნენ წასვლას ერევანზე, ხოლო გამოყოფდნენ რა ჯარის ნაწილს ყარაბაღისა და განჯის ხანების დასახმარებლად, დაიძვრებოდნენ შედეგ ორი რაზმით. ერთი დანიშნული გახლდათ შამახიელი მუსტაფა-ხანის დასასჯელად მის მიერ ბაბა-ხანისთვის მიყენებული აშკარა შეურაცხყოფის გამო. შუშელმა ანუ ყარაბაღელმა იბრაჰიმ-ხანმა, ბაბა-ხანის მოთხოვნით, გაგზავნა თავისი ქალიშვილი თეირანში, სპარსეთის მბრძანებელთან ქორწინებისთვის. შამახიელი მუსტაფა-ხანი კი გამოვიდა მნიშვნელოვანი რიცხვის შეიარაღებული ხალხის თანხლებით გზაზე და მოიტაცა იბრაჰიმ-ხანის ქალიშვილი, რომელიც უფრო ადრე მისთვის ჰყავდათ შეპირებული ცოლად.
მეორე რაზმს ერევნიდან უნდა ემოქმედა თალიშის ხანის წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ გადაეტანათ მისი ყურადღება და ვერ დახმარებოდა თავის მოკავშირეს შამახიის ხანხს.
მთელი ამ მოქმედებების გარდა, ბაბა-ხანი ფიქრობდა ბაქოს დაკავებას, როგორც სავაჭრო ქალაქისა, რათა ესარგებლა ნავთობისა და მარილისგან მიღებული შემოსავლებით. ბაქოს ხანზე თავდასხმის საბაბად იგი აყენებდა მის კარამდე მისულ სპარსელი ვაჭრების საჩივრებს იმაზე, რომ ხანმა მიიტაცა მათი საქონელი რუსული გემიდან, რომელიც დაიღუპა მუშთაგის ნაპირებთან (Изъ рапорта консула въ Персiи Скибиневскаго Коваленскому 8-го марта, № 48. Георг. военный арх.).
ამ დროს მოვიდა სპარსულ ბანაკში საქართველოდან გაქცეული ალექსანდრე ბატონიშვილი და დააიმედა სპარსელები, რომ ჰყავს ძლიერი პარტია საქართველოში და მთავრობით უკმაყოფილონი ყველანი სიხარულით დაიჭერენ მის მხარეს (Константиновъ, ч. II, стр. 107 /рукопись/. Арх. главн. шт.).
შეასრულებდნენ რა წარმატებით თავიანთი მბრძანებლის ყველა ვარაუდს, სპარსული ჯარები, ბატონიშვილის თხოვნით უნდა შეკრებილიყვნენ საქართველოს საზღვარზე, გოგჩის ტბასთან, სადაც პირობას დებდნენ, რომ თავიანთი ჯარებით მოვიდოდნენ ყარაბაღისა და განჯის ხანებიც, თათბირისა და ბაბა-ხანის ღონისძიებათა შემდგომი დახმარებისთვის საქართველოს წინააღმდეგ.
ალექსანდრე ბატონიშვილი ატყობინებდა დედას ივლისში (Письмо царевича Александра матери отъ 30-го iюля 1800 г. Тифл. арх. канц. наместника), რომ სპარსული ჯარის ნახევარი დგას ერევნის ცხესიმაგრის გარშემო, ხოლო მეორე ნახევარი კი განლაგებულია ხანის ქარავან-სარაის მახლობლად; შვიდი დღის შემდეგ მოვა იგი ამ ჯარით გოგჩის ტბასთან, “ხოლო შემდეგ კი, თუ ღმერთი შეეწევა”, მაშინ იგი წარმატებით მოაღწევს ტფილისამდეც.
დადიოდა ხმები, რომ სულეიმან-სარდალი, მოვა რა ერევანში, დაიწყებს ურთიერთობას მეფესთან გიორგი XII-თან და მოითხოვს მისგან სპარსეთის შაჰის ძალაუფლების აღიარებას, რუსეთის მფარველობაზე უარის თქმასა და ყარაბაღიდან გამოსული სომხების უკან დაბრუნებას (Рапортъ Коваленскаго министру отъ 24-го мая 1800 г., № 204. Моск. арх. мин. иностр. делъ).
ყარაბაღელმა იბრაჰიმ-ხანმა, რომელიც ცდილობდა გიორგი მეფის რუსეთისადმი ერთგულების შერყევას, შეატყობინა მას ბაბა-ხანისგან მიღებული ფირმანი, რომელიც სავსე იყო მუქარებით ურჩებისადმი და წყალობებით მათ მიმართ, ვინც აღიარებდა მის ძალაუფლებას. ზუსტად ასეთივე დავალებით მოვიდა ტფილისში ჯავათ-ხან განჯელისგან წარმოგზავნილიც.
სპარსეთის მხრიდან მიღებული ცნობები თუმცა კი ეჩვენებოდათ საკმარისად სერიოზულად, მაგრამ სინამდვილეში ძნელი იყო იმის ვარაუდი, რომ ბაბა-ხანს, რომელიც დაკავებული გახლდათ თავისი ძალაუფლების დამკვიდრებით აღმოსავლეთში, შეეძლო სწრაფად ეღონა რაიმე სერიოზული საქართველოსთან მიმართებით. უფრო მეტად მთელ ამ ცნობებს ჰქონდა მუქარის ხასიათი და ავლენდა სპარსეთის მბრძანებლის მომავალ განზრახვებს. ბაბა-ხანის მხრიდან იყო უფრო მეტად მცდელობა იმისა, ხომ არ მოხერხდებოდა უბრალო მუქარებით გიორგი მეფის ერთგულების შერყევა რუსეთისადმი ან, ისარგებლებდა რა შეხედულებების გაყოფით საქართველოში, მეფესა და მის ძმებს შორის უთანხმოების გამო, შეეძინა თავისადმი ერთგული ადამიანები. უკანასკნელ შემთხვევაში ბაბა-ხანი იმედოვნებდა, რომ რუსული ჯარების არცთუ დიდი ნაწილი, რომელიც ალყაშემორტყმული იქნებოდა მტრული მოსახლეობით და ვერ დაინახავდა დამხმარე ძალების სწრაფად მიღების შესაძლებლობას, იძულებული გახდებოდა დაეტოვებინა საქართველო. მეორეს მხრივ, მოარული ხმები გვაძლევს იმის საფუძველს, რათა ვივარაუდოთ, რომ თუკი ბაბა-ხანი ახდენდა მზადებებს და თავს უყრიდა ჯარებს საქართველოს მეზობლობაში, ეს იყო მხოლოდ საკუთარი თავის უზრუნველყოფისთვის ჩვენი ჯარების შეტევისგან, რადგანაც მას არ სჯეროდა, რომ ჩვენ შევედით საქართველოში ერთადერთი მიზნით დაგვეცვა ქვეყანა გარედან მტრული თავდასხმებისგან.
რეშტის მმართველი მირზა-ბაბა ამ დროს გაემგზავრა თეირანში, რათა წარედგინა შაჰისთვის საჩუქრებით მოსული ვაჟიშვილი სპარსეთის ელჩისა, რომელიც იყო პეტერბურგში და გარდაიცვალა ჩვენს დედაქალაქში. მისი გამგზავრებისას ჩვენი კონსული სპარსეთში ცდილობდა ესაუბრა ნამდვილ მიზეზზე, რის გამოც ჩვენი ჯარები გამოგაზვნილ იქნენ საქართველოში და მიიღო შემდეგ ცნობები, რომ მის რჩევები და განმარტებანი არ დარჩენილა უნაყოფოდ. მირზა ეუბნებოდა ბაბა-ხანს, რომ საქართველოში მოვიდა მეტად მცირე რიცხვის რუსული ჯარი, და ისიც მხოლოდ ცნობილი პიროვნების (კოვალენსკის) იქ თანხლებისთვის; რომ, კოვალენსკის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მეფე უნდა აწარმოებდეს ურთიერთობებს მეზობელ ხანებთან არა სხვანაირად, თუ არა მისი რჩევების მიხედვით; რომ კოვალენსკის დავალებული აქვს გაარკვიოს, თუ საითკენ დაიძვრებიან ფრანგები დამასკოდან, და თუკი თურქეთის სულთანს არ შეეძლება მათი მოძრაობის შეჩერება ანატოლიაში, მაშინ სულთნის დასახმარებლად გამოგზავნილ იქნება მნიშვნელვანი რიცხვის რუსული ჯარები.
ბაბა-ხანი დამშვიდდა ამ ცნობებით და ბრძანა მიერთვათ მისთვის საზეიმო საჩუქრები, რომლებიც გამოგზავნილი იყო რუსეთის იმპერატორის მიერ.
მისი ქალიშვილის სულეიმანის ვაჟთან ქორწინების დღეს, წარჩინებული ხანებისა და სხვადასხვა ქალაქებისა და ოლქების მართველების შეკრებაზე, ელჩის ვაჟმა მიართვა ბაბა-ხანს საჩუქრები. იმპერატორ პავლეს უმაღლესი სიგელი კი არ ყოფილა საჯაროდ წაკითხული, ალბათ იმიტომ, რომ ბაბა-ხანი არ ყოფილა მასში სახელდებული შაჰად.
სანამ ბაბა-ხანი ღებულობდა საჩუქრებს და ათხოვებდა თავის ქალიშვილს, მის ვაჟს აბას-მირზას ამასობაში სისრულეში მოჰყავდა მამის ბრძანებები ადერბაიჯანში. თავრიზსა და ერევანს შორის განლაგებული თავისი ბანაკიდან მან ივნისის დასაწისში გამოგზავნა ელჩები ტფილისში გიორგი მეფესთან, მამის ფირმანით, თავისი მოწერილობითა და ზოგიერთი მისი მოხელის წერილებით საქართველოს მეფისადმი.
გიორგიმ არ იცოდა თუ როგორ მიეღო ელჩი. კოვალენსკისთან თათბირის შემდეგ მეფემ გადაწყვიტა მიეღო იგი ჩვენი მინისტრის სახლში და ამით ეჩვენებინა სპარსელისთვის თავისი სრული ერთგულება რუსეთის იმპერატორისადმი.
14 ივნისს, ელჩების ტფილისში მოსვლიდან მეოთხე დღეს, დაენიშნათ მათ აუდიენცია. წინა დღით მათთან გაგზავნილ იქნა ორი მოხელე: ერთი მეფის სახელით, მეორე ჩვენი მინისტრისა, რათა მიელოცათ მშვიდობიანად ჩამოსვლა და გამოეცხადებინათ, რომ მეორე დღეს იქნება მეფის აუდიენცია კოვალენსკის თანდასწრებით.
აუდიენციისთვის მომზადებულ ოთახში დადგმულ იქნა იმპერატორ პავლეს პორტრეტი (როგორც გიორგიზე უმაღლესი ძალაუფლების ნიშანი), სავარძლები, გვირგვინი და სკიპტრა, და მათ ორივე მხარეზე ქართველ ჩინოსნებს ხელთ ეპყრათ პორფირა და სამეფო შტანდარტი. იმავე ოთახში შეიკრიბნენ: გენერალ-მაიორი ლაზარევი და ეგერთა პოლკის ყველა შტაბ და ობერ-ოფიცერი; სახლის მახლობლად იდგა ეგერთა ასეული.
მინისტრის მდივანმა და გიორგის ადიუტანტმა მიიღეს შაჰის მიერ წარმოგზავნილები “დასვენების ოთახში”. შემდეგ ისინი მიწვეულ იქნენ აუდიენც-დარბაზში, სადაც შევიდნენ კიდეც იმავე პირთა თანხლებით, ჰყავდათ რა ორივე მხარეს თითო მთარგმნელი.
თავიდან მეფე, შემდეგ კი კოვალენსკი მიესალმენ ელჩებს. გიორგიმ მოიწვია ისინი დამსხდარიყვნენ, კოვალენსკიმ კი, როგორც სახლში მასპინძელმა, გამასპინძლებისთვის დაიწყო განკარგულებების გაცემა.
სპარსეთის ელჩმა გიორგის მიართვა ფირმანი და წერილები. მეფე პასუხობდა, რომ, როდესაც წაიკითხავს და განიხილავს მათ, არ დააყოვნებს თავის პასუხსაც (*აზიური ჩვეულებების მიხედვით, ფირმანს ყოველთვის კითხულობდნენ საჯაროდ. გიორგიმ უკან დაიხია ამ წესებისგან იმის შიშით, რომ მის შინაარსს არ მოეხდინა კოვალენსკის კომპრომეტირება, როგორც რუსეთის წარმომადგენლისა).
ელჩი ითხოვდა საიდუმლო და პირად მოლაპარაკებას საქართველოს მეფესთან; მაგრამ გიორგი პასუხობდა, რომ არანაირ საიდუმლო მოლაპარაკებებში რუსეთის მინისტრის გარეშე ჩაბმა არ შეუძლია და არ სურს. გაქნილმა სპარსელმა შენიშნა, რომ განსაკუთრებულ პატივად თვლის საკუთარი სათქმელი მოახსენოს კოვალენსკის თანდასწრებით, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველა დანარჩენი იქ მყოფთაგანი დატოვებს ოთახს.
დარჩა რა მათთან, სპარსელმა მიმართა გიორგის გრძელი “და განსაკუთრებული ხელოვნებით წარმოთქმული” სიტყვით. შეზღუდული იყო რა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის იქ ყოფნით, იგი ცდილობდა ყველაზე უფრო დელიკატური, შეუმჩნეველი სახით გამოეთქვა საქართველოს მეფისთვის ბაბა-ხანის მუქარა და მისი მრისხანების ცუდი შედეგები. თავისი მბრძანებლის სახელით წარმოგზავნილს უკვირდა, რომ მეფემ, მისთვის უნცობი მიზეზების გამო, შეწყვიტა ყველანაირი შეტყობინება სპარსეთთან და უკვე ორი წელია, რაც არაფერზე არ მიმართავს შაჰს; რომ ბაბა-ხანი, როგორც უწინ, ისე ახლაც, გიორგისადმი წყალობით არის განწყობილი. ელჩმა გამოთქვა სურვილი, რომ, შეიტყობს რა ფირმანის შინაარსსა და მასში დაპირებულ წყალობებს, მეფე უარს არ იტყვის სპარსეთის მბრძანებლის სურვილისა და მოთხოვნის შესრულებაზე.
გიორგიმ პასუხისთვის მიმართა კოვალენსკის.
მე – პასუხობდა მეფე ჩვენს მინისტრთან თათბირის შემდეგ – ვინარჩუნებ რა წმინდად გარდაცვლილი მეფის, ჩემი მშობლის აღთქმას, რომელმაც, სრულიად რუსეთის იმპერიასთან 1783 წ. დადებული საზეიმო ტრაქტატის ძალით შეიყვანა საკუთარი თავი მთელი თავისი ოლქებით სრულიად რუსეთის იმპერატორების მფარველობისა და უმაღლესი ძალაუფლების ქვეშ, არ შემიძლია დავაკმაყოფილო არც ერთი უცხოური დერჟავის მოთხოვნები, ამაზე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის, ჩემი მაღალი მფარველის ნებართვის გარეშე.
– სპარსეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობისთვის მისი უდიდებულესობის მხრიდან უფლებამოსილია მინისტრი – აგრძელებდა გიორგი, მიუთითებდა რა კოვალენსკიზე – ამიტომ ყველა საქმის შესახებ, რომლებიც შესაძლოა სპარსეთს ჰქონდეს ჩემთან, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია გპასუხობდეთ მისი, მინისტრის მეშვეობით.
– ვასრულებდი რა ჩემი ხელმწიფის ბრძანებას – ამბობდა კოვალენსკი – მე, ძამოსილი მფლობელის ბაბა-ხანისადმი შიკრიკის გაგზავნისას, ჩემი ხელმწიფის სახელით მეგობრული შეხმიანებით, არ დამვიწყნია მეცნობებინა როგორც მისი მაღალღირსებისთვის, ისევე მისი ვაჟის აბას-მირზასა და მასთან სხვა დაახლოებული დიდებულებისთვის მეგობრული კეთილგანწყობის შესახებ. მაგრამ რადგანაც ამ წერილებზე არა მაქვს ჯერჯერობით არანაირი პასუხი, მაშინ თუკი თქვენ უფლებამოსილი ხართ შემატყობინოთ ისინი, მე ხალისით შევუდგები თქვენთან მეგობრულ ახსნა-საუბარს.
– ასეთი უფლებამოსილება მე არ გამაჩნია – ამბობდა წარმოგზავნილი – მთელი დავალება, რაც მომცა აბას-მირზამ, შედგება საქართველოს მეფისთვის დეპეშების მოტანასა და აბას-მირზას მიერ გამოცხადებული ბრძანებების მოწოდებაში. თუმცა კი მინისტრისგან გამოგზავნილი მოხელის შესახებ ჩემთვის ცნობილია, რომ იგი მიღებულ და დაბინავებულ იქნა სათანადო პატივისცემითა და პატივით; რომ ბაბა-ხანმა თეირანიდან ყანდაჰარისკენ სალაშქროდ გამგზავრების წინ, უკან გამოგზავნა იგი პასუხით, და ამიტომ იგი მალე უნდა დაბრუნდეს.
– საფრთხე ბაბა-ხანის აღმატებული ძალებისგან ერევნისა და საქართველოსთვის გარდაუვალია – ეუბნებოდა ერევნის ხანის მიერ წარმოგზავნილი გიორგის, თითქოსდა რჩევისა და მეგობრობის სახით – რჩება ერთი საიმედო საშუალება: დავმორჩილდეთ შაჰის ძალაუფლებას და შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომლებიც ახლა ჩვენდამია შემოთავაზებული, რათა არ ჩავვარდეთ უწინდელზე უფრო მწარე ხვედრში. ამასთანავე საქართველო ყველა უფლებით ეკუთვნის სპარსეთის შაჰს, და ამიტომ ყოველგვარი წინააღმდეგობა უადგილო იქნებოდა.
ერევნელი ელჩის თავხედურმა სიტყვამ და რჩევამ ისე შეაფიქრიანა გიორგი, რომ მას არაფრის თქმა არ შეეძლო.
– არ შემიძლია არ გავოცდე თქვენი რჩევის გამო – მეფის ნაცვლად მიუგო საუბარში ჩარეულმა კოვალენსკიმ – და თქვენს მიერ ნათქვამი მთელი სიტყვის გამოც, მით უმეტეს, რომ თქვენ თითქოსდა სრულებით დაივიწყეთ მეფის მფარველობის შესახებ რუსეთის იმპერატორის მიერ. გირჩევთ გაიხსენოთ ამის თაობაზე და დარწმუნებული იყოთ, რომ რუსეთის ხელმწიფე არ თმობს ასე ადვილად თავის მფარველობას.
– მე იმაში ვარ დარწმუნებული – ამბობდა ელჩი – რომ რჩევებს ვიძლევი მხოლოდ მეფისადმი გულმოდგინების გამო და იმიტომაც, რომ მოწინააღმდეგე აღმატებული ძალებით უახლოვდება უკვე მისი სამფლობელოს საზღვრებს.
– რუსეთს – პასუხობდა კოვალენსკი – არ ჰყავს აქაურ ქვეყნებში არავითარი მოწინააღმდეგე და არც არავის თავად არ ესხმის თავს. ხოლო მათთან გამკლავებისთვის კი, ვინც გათავხედდება და აჯანყდება მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ხალხებზე, ძალას გამოძებნის.
ელჩი თავის სიტყვაზე რჩებოდა. იგი აფრთხილებდა სპარსელთა აუცილებელი შემოსევის შესახებ, თუკი გიორგი არ იჩქარებს ბაბა-ხანის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.
– მოდი და აიღე! პასუხობდა ელჩს ყველაფერ ამაზე კოვალენსკი.
აუდიენციის დასრულებისა და სპარსელი ელჩების წასვლის შემდეგ წაკითხულ იქნა ბაბა-ხანის ფირმანი, აბას-მირზას მოწერილობა და მის ჩინოსანთა წერილები.
სპარსეთის მბრძანებელი წერდა, რომ, დაიმორჩილა რა ბევრი ოლქი, მან გამოგზავნა ადერბაიჯანში თავისი “თვალის ჩინი და ახალი მთვარე”, აბას-მირზა, 30.000 მამაცი მეომრითა და ბრძანებით განაგებდეს იმ ქვეყნის მთელ საქმეებს.
“როგორც ნიჟარა, რომელიც თავის შიგნით ინახავს ძვირფას მარგალიტს, და როგორც ნათელი ვარსვლავი, თორმეტ ციურ ნიშანს შორის”, ისევე აბას-მირზაც, შაჰის პირველი მინისტრის სიტყვებით, გამოცხადდება დაღესტანში, სომხეთსა და ადერბაიჯანში ჯარით, იმისთვის, რათა დააჯილდოვოს გულმოდგინენი და “მამაცი სპარსელი მეომრების” ცხენთა ფლოქვებით გათელოს ისინი, ვინც შეეწინააღმდეგება სპარსეთის მბრძანებლის ძალაუფლებას.
სპარსეთის პრინცს უნდა გაენდგურებინა მოწინააღმდეგენი და “გაწმენდდა რა ყველა ზემოხსენებულ მხარეს მათგან, როგორც ეკალ-ბარდებისა და უსარგებლო ნაფოტებისგან, დაემკვიდრებინა ყველგან წესრიგი და შეემოსა ყოველივე კეთილმოწესეობის ლამაზი სამოსით (Акты кавк. археогр. ком. 1866 г. Т. I, стр. 97).
ბაბა-ხანი უწინდებურად მოითხოვდა, რათა გიორგის გაეგზავნა თავისი უფროსი ვაჟი დავით ბატონიშვილი აბას-მირზასთან, რომელიც “თავის უსაზღვრო წყალობას გადმოღვრის მასზე და სხვებისგან მის გამორჩევასაც არ დააყოვნებს”.
“თქვენ უნდა – სწერდა ბაბა-ხანი (Фирманъ Баба-хана. Моск. арх. мин. иностр. делъ) – სამსახურისა და ერთგულქვეშევრდომებრივი გულმოდგინების დასამტკიცებლად, ეს ბრძანება ყოველგვარი გამოტოვების გარეშე აღასრულოთ, და ამის მეშვეობით დაიმსახურებთ ქებას, და თქვენი საიმედო вертоградъ ჩვენი საიმპერატორო წყალობათა ღრუბლებისგან აყვავდება”.
იგივეს, ან თითქმის იგივეს სწერდნენ გიორგის აბას-მირზა* და სულეიმან-ხანი (* “მაღალხარისხოვანო – წერდა აბას-მირზა – მაღალადგილოვანო, ბედნიერო, შესანიშნავო, ჩვენო ერთგულად გულმოდგინევ, დიდთა მთავართა მთავარო, გამორჩეულო ქართველ მეფეთა შორის, გიორგი, საქართველოს მეფევ! დაუთვალავი და უსაზღვრო ჩვენი წყალობებისგან, რომლებიც მზესავით ანათებს, დაიმშვიდებთ რა თქვენს გულს და ზე აიწევით, დაე იცოდეთ, რომ რადგანაც ახლა უბედნიერესი დროა, და მე უძლეველი ჯარებით, ღვთისმსგავსი მონარქისა და უძლევამოსილესი ხელმწიფის ბრძანებით, რომელსაც დროშად აქვს მზე და ფლობს მთელს სამყაროს, დადგენილი ვარ ადერბაიჯანის მხარის განკარგვისთვის და შირვანისა და დაღესტნის საქმეთა წესრიგში მოყვანისთვის, ამიტომ ჩემი სულიერი თვალების მზერა, რომლებიც მზის სხივთა მსგავსია, განწყობილია იმისთვის, რათა მარადიულად არსებული სპარსეთის იმპერიის მსახურნი დავაჯილდოვო მრავალი წყალობით, ხოლო უარისმყოფელნი კი ვბრძანო გათელონ ჩვენი მამაცი ჯარების ფეხქვეშ...”).
ერევნის ხანი გიორგისადმი თავის წერილში გამოთქვამდა იმედს, რომ როგორც “აქამდე სპარსეთის იმპერიასა და საქართველოს შორის არანაირი გამოყოფა და განსხვავება არ ყოფილა, ამიტომ უზენაესის ნებით შემდგომშიც ეს არ იქნება”. ხანი ურჩევდა საქართველოს მეფეს თავის ძმასთან ან ვაჟიშვილთან ერთად გაეგზავნა მდიდრული საჩუქრები ბაბა-ხანისთვის და ეშინოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში “არ მოხდეს ქვეყნის დარბევა, რის გამოც თქვენ თავად ინანებთ”.
სპარსელი ელჩების ტფილისში მოსვლამ, ბაბა-ხანის ფირმანის შინაარსმა და ცნობამ არაქსის ნაპირებზე მნიშვნელოვანი რიცხვის სპარსული ჯარების შეკრების შესახებ აიძულეს გიორგი მიეღო ზომები და თავდაცვისთვის მომზადებულიყო.
აზრის გაყოფა, ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, უმფროსობის არარსებობა გამოვლინდა საქართველოში პირველივე ხმების გავრცელებისას სპარსელთა შემოსევის შესახებ. ცნობამ ერევნის ოლქში მათი მოსვლის თაობაზე, კოვალენსკის სიტყვებით, მოახდინა თითქმის საყოველთაო არეულობა. დედაქალაქი, რომელიც ყველასთვის მაგალითს წარმოადგენდა, მზად იყო გადარჩენა ეძებნა გაქცევაში; სასაზღვრო სოფლებში კი, რომლებიც შედგებოდა უმეტეს წილად მაჰმადიანებისგან, შესამჩნევი იყო გარკვეული მერყეობა (Изъ письма Коваленскаго гр. Ростопчину 4-го августа 1800г., № 288. Моск. арх. мин. иностр. делъ). საომარი და საკვები მარაგების უკმარისობა, თითქმის არანაირი სამხედრო ძალის არქონა, ყოველივე ეს ერთობლიობაში ავრცელებდა საყოველთაო შიშსა და სასოწარკვეთას. მცხოვრებთა დარწმუნებას გარდაუვალ საფრთხეში გარედან თავდასხმის გამო უნდა დავუმატოთ ქვეყნის შიგნით ურთიერთშორის ბრძოლის გამო შიში, რომელიც ხდებოდა მეფესა და მის ძმებს შორის უთანხმოების მიზეზით.
კოვალენსკის თავმჯდომარეობით დაარსებულ იქნა საბჭო, რომელსაც უნდა მიეღო ზომები და შეედგინა მოსაზრებანი სამეფოს სავარაუდო თავდაცვის შესახებ. ბატონიშვილი იოანე დანიშნულ იქნა ამ საბჭოს შემადგენლობაში.
გიორგი მცირე იმედებს ამყარებდა ქვეყნის საკუთარ საშუალებებზე როგორც საბრძოლო, ისე ფინანსური მიმართებით და ამიტომ თავისი სამეფოს ერთადერთ და საუკეთესო თავდაცვად თვლიდა რუსეთის საგარეო დახმარებას (Рапортъ Коваленскаго министерству 18-го iюня 1800 г., № 228. Моск. арх. мин. иностр. делъ). მეფე ითხოვდა, რომ ტფილისში მყოფი ლაზარევის ეგერთა პოლკის გასაძლიერებლად, გამოეგზავნათ კიდევ თუნდაც უმნიშვნელო რიცხვის ჯარი და ამით მიეცათ საბაბი იმისთვის, რათა გამოეცხადებინათ მეზობლებისთვის რუსული ჯარების მოსვლის შესახებ საქართველოს მეფის დასახმარებლად.
კოვალენსკი იგივეს წერდა კნორინგსა და სამინისტროს, სთხოვდა რა დარიგებას, თუ რა გაეკეთებინა. გიორგი სთხოვდა კნორინგს გამოეგზავნათ ჯარები საქართველოში, ხოლო კნორინგი კი ამის შესახებ მოახსენებდა იმპერატორ პავლეს (Доносенiе Кноринга государю императору 24-го იюня 1800. Тамъ же).
“აქ შინაგანი უწესრიგობაა – სწერდა ლაზარევი (Изъ письма Лазарева Кнорингу 4-го августа 1800 г. Тифл. арх. канц. наместника) – ყველანი ჯანყდებიან, ყველანი ქალაქიდან გარბიან; მაგრამ ახლა ჩვენი ყარაულები არ უშვებენ”.
პირველივე ცნობების შემდეგ, რომლებიც პეტერბურგში მიიღეს საქართველოს ახალი საფრთხის შესახებ, მაშინვე გაგზავნილ იქნა ბრძანება კნორინგისთვის (Рескриптъ Кнорингу 10-го iюля 1800 г. Тамъ же) მოემზადებინა საქართველოში სალაშქროდ ხუთ-ხუთი ესკადრონი პუშკინისა და ობრეზკოვის დრაგუნთა პოლკებიდან, და უპირატესად ისინი, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ მათ მიერ დაკავებული ხაზის ცენტრში (იგულისხმება რუსული ჯარების კავკასიის ხაზი – ი. ხ.); დაენიშნა საქართველოში სალაშქროდ ორი ქვეითი პოლკი, იმათგან, რომლებიც განლაგებული იყვნენ კავკასიის ხაზის შუა ნაწილში; ორი ნაკრები გრენადერთა ბატალიონი და ეგერთა ლიხაჩოვის 1-ლი პოლკის ერთი ბატალიონი. ამრიგად, რაზმი შემდგარი უნდა ყოფილიყო დრაგუნთა ათი ესკადრონისა და ქვეითი ჯარის ცხრა ბატალიონისგან, შესაბამისი რიცხვის არტილერიით, როგორც საპოლკო, ისე საბატარეო არტილერიისაც, და მისთვის განკუთვნილი მომსახურე შემადგენლობით.
ცნობების მიღებისთანავე იმის შესახებ, რომ საქართველოს ემუქრება ნამდვილი საფრთხე ბაბა-ხანის შემოსევის გამო, კნორინგს თავად უნდა აეღო საკუთარ თავზე ამ რაზმზე მთავარი უმფროსობა და დაესწრო ბაბა-ხანის ბოროტი განზრახვებისთვის.
კავკასიის დივიზიის სარდალმა თავად გასცა ყველა აუცილებელი განკარგულება ჯარების საკვებით მომარაგების შესახებ როგორც გზაში ყოფნის დროს, ისე საქართველოში ყოფნის მთელი დროის მანძილზე, რომ არ დაიმედებულიყო საქართველოს მეფის დახმარებასა და თანადგომაზე. კნორინგმა შეატყობინა გიორგის იმპერატორის განზრახვის შესახებ მფარველობა გაეწია მისთვის და დაეცვა ბაბა-ხანის ყველა პრეტენზიისგან.
“ეს წინასწარ გავრცელებული ხმები – წერდა იმპერატორი პავლე (Моск. арх. мин. иностр. делъ) – ჩვენი მზადებების შესახებ საქართველოს დასაცავად, შესაძლოა, აიძულებს ბაბა-ხანს თავი დაანებოს თავის განზრახვებს, ხოლო საქართველოს მეფე კი გააგრძელებდა მოლაპარაკებებს აბას-მირზასთან რათა გაიგოს, თუ რაში მდგომარეობს მათი ნამდვილი მოთხოვნები, იმიტომ რომ თუკი ბაბა-ხანს მათი დამორჩილება კი არ სურს, არამედ მხოლოდ ის, რომ დაეხმაროს მას საქართველოს მეფის მეზობლებთან ომში, მაშინ ამაზე შეთანხმება შესაძლებელი იქნება ჩვენი მხრიდან საომარი მოქმედებების გარეშეც”.
იმპერატორის ბრძანება კნორინგის მიერ მიღებულ იქნა მაშინ, როდესაც კოვალენსკის მიერ ბაბა-ხანთან გაგზავნილი დაბრუნდა ტფილისში.
გაემგზავრა რა ტფილისიდან 16 თებერვალს, მერაბოვი 17 აპრილს ჩავიდა თეირანში.
აქ გამოცხადდა იგი მირზა-რეზა-ყული-ნაზირთან, ბაბა-ხანის მიერ გამორჩეულ პირთან, რომელმაც, მიიღო რა იგი კეთილმოწყალედ, უბრძანა მიეცათ მისთვის ბინა თავის სახლში. მირზა ეკითხებოდა მერაბოვს, თუ ვისგან და რისთვის არის იგი გამოგზავნილი. წარგზავნილმა გადასცა მას უმაღლესი სიგელის ასლი, რომლის წაკითხვის შემდეგაც ხანმა მოითხოვა მისგან ყველა წერილი და ქაღალდი და, გახსნა რა ისინი, წაიკითხა, ხოლო შემდეგ კი მიუტანა ბაბა-ხანს.
იმ დროიდან მერაბოვს უკვე მეტად აღარ უანახავს მირზა. იმავე ღამეს იგი გადაყვანილ იქნა უკანა ეზოში, ისეთ ოთახში, საიდანაც არაფრის დანახვა არ შეეძლო და მასთანაც არავის არ უშვებდნენ. ცხრა დღეს რჩებოდა იგი ასეთ პატიმრობაში.
პატიმრობის მესამე დღეს იმავე ოთახში შევიდა სპარსელი მკაცრი და მრისხანე შესახედაობით.
– ვინ ხართ თქვენ და რისთვის მოხვედით? – ჰკითხა მერაბოვმა.
– მე შაჰის ჯალათი ვარ, უპასუხა სპარსელმა – ბრძანება მაქვს რომ აქ ვიჯდე.
თეირანიდან გამომგზავრების წინა დღეს ჩვენს ელჩს მოუტანეს იბრაჰიმ-ხანის მიერ კოვალენსკისადმი მოწერილი წერილი და აჩუქეს 15 იმპერიალი.
მერაბოვმა თეირანი დატოვა 27 აპრილს. მისი გამომგზავრებიდან მეორე დღეს ბაბა-ხანი გამოვიდა ხორასანში 50.000-იანი ჯარებით, რომელშიც იყო 20.000 რჩეული ცხენოსანი ჯარი; დანარჩენი კი “შედგებოდა ნაძირალებისგან, რომლებსაც სპარსელები თავადაც არ აქებდნენ”. პროვიანტში სპარსულ ჯარებს დიდი უკმარისობა ჰქონდათ. მათი არტილერია კი შედგებოდა რვა ზარბაზნისგან, რომელთა ტფილისიდან წაღებაც მოახერხა აღა-მაჰმად-ხანმა ამ ქალაქის დარბევის შემდეგ. კარისკაცებიდან, რომლებიც გარს ერტყნენ ბაბა-ხანს, იგი ყველაზე უფრო მეტად ემყარებოდა თავის მაზანდერანელ ყაჯარებს, სხვებს კი, “როგორი კარგი ადამიანებიც არ უნდა იყვნენ” არ ენდობოდა. მეგზური, რომელიც მერაბოვს მისცა ხოის ხანმა, მასთან ერთად გამოემგზავრა თეირანიდან, თუმცა კი მერაბოვი, რომელსაც მის ცუდ ჩანაფიქრებზე ჰქონდა ეჭვი, სთხოვდა ამ მეგზურს თან არ წამოჰყოლოდა.
მერაბოვის უნდობლობა მალევე გამართლდა. როდესაც ისინი გზაზე აჭმევდნენ აქლემებს, ერთერთი მათგანი შევიდა ნაკადულში და მისგან წყალში ჩაცვივდა აკიდებული ჩანთები. ბიჭმა ისინი ამოიტანა წყლიდან და, უნდოდა რა გაეწურა, მანამდე იქიდან ამოიღო ქაღალდები, რომლებიც მერაბოვმა აიღო. დაინახა რა მათ შორის ერთი საეჭვო წერილი, მან სთხოვა სხვა მეგზურს წაეკითხა იგი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბაბა-ხანის საგანგებო დავალება – მიეცილებინათ მერაბოვი ხოის ხანთან, რომელსაც უნდა გაეჩერებინა იგი თავისთან, სანამ არ მიიღებდა შემდგომ ბრძანებებს სულეიმანისგან. ეშინოდა რა გზის გაგრძელებისა ხოის გავლით, მერაბოვი გაემართა გილანისკენ, და მხოლოდ იმით დააღწია მეგზურს თავი, რომ აჩუქა მას ცხენი და 40 მანეთი ფული. მეგზურმა იგი რეშტში დატოვა, ხოლო ჩვენი წარგზავნილი გამოემგზავრა ენზელში, სადაც მოვიდა კიდეც 8 მაისს. აქედან ბაქოს, შემახას, ნუხისა და განჯის გამოვლით მან მოაღწია საქართველოს ივლისის თვის შუახანებში.
მერაბოვმა იბრაჰიმ-ხანისგან მოიტანა წერილი, რომელშიც იგი გამოთქვამდა შაჰის აზრს საქართველოში რუსული ჯარების შემოსვლასთან მიმართებაში.
“ეს საქმე სასოებაზე უფრო მეტია! – სწერდა იბრაჰიმ-ხანი (Переводъ письма визиря, представленный при рапорте Мерабова Коваленскому 27-го iюля 1800 г., Моск. арх. мин. иностр. делъ). – როგორც მზის სინათლე იღვრება დედამიწაზე, ასევე ყველასთვის თანაბრად არის ცნობილი ჭეშმარიტება, რომ იმ დროიდან რაც დედამიწის სფერო გაიყო ოთხ ნაწილად, საქართველო (იგულისხმება ქართლი – ი. ხ.), კახეთი და ტფილისი ჩართულ იქნენ ირანის სახელმწიფოში. მათი მცხოვრებნი უწინდელი სპარსელი შაჰების დროებაში სამსახურითა და მორჩილებით ყოველთვის მათ ბრძანებებს ეკუთვნოდნენ, ხოლო რუსეთის მფლობელობაში კი არასოდეს ყოფილან, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ერეკლე მეფემ, ნეტარხსენებული თვითმპყრობელი ხელმწიფის აღა-მაჰმად-ხანის თანამედროვემ, ჩაიფიქრა, ჩამოსცილდებოდა რა თავისი მუდმივი მფლობელების ძალაუფლებას, წასულიყო სპარსელთა წინააღმდეგ მტრობის გზით. თქვენთვის, რა თქმა უნდა, უცნობი არ არის, თუ როგორი საზღაური მიიღო მან ამ საქციელის გამო, ჩავარდა რა დიდ უბედურებასა და სასტიკ ჩაგვრაში სახელმწიფოსგან, როცა ერთნი აჩეხეს, მეორენი ტყვედ წაასხეს, მესამენი კი საფუძვლიანად გაძარცვეს. აქ ყველასთვის ცნობილია, რომ სრულიად რუსეთის მონარქმა სიბრძნისა და მშვიდობისმოყვარეობის მაღალი ნიჭით აღნიშნა თავისი მეფობის დასაწყისი მთელი მსოფლიოს წინაშე. მაგრამ მისი უდიდებულესობის სურვილი მოსპოს საუკუნეების მიერ ბეჭედდასმული უფლებები და უპირატესობანი, დადგენილი ხალხთა მიერ დაკანონებით, არ ეთანხმება და შორს დგას სახელმწიფოსთვის პატივისა და ღირსების შენარჩუნებისგან.
ერეკლე მეფის პირობები კი რა რწმუნების ღირსია? მის ხელმოწერას რა პატივისცემა გააჩნია? მაგალითად, თუკი რუსეთში მყოფი ერთერთი რომელიმე ხალხი მიეცემოდა სპარსეთის მფლობელის ნებას, დადებდა მასთან ტრაქტატსა და სხვა პირობებს, მაშინ ექნება ძალა ასეთ გარიგებებს? იგი სპარსული მფლობელობის ქვეშ არანაირად არ შეიძლება იყოს ჩარიცხული. დავუშვათ, რომ ერეკლე მეფის დროს არ ყოფილა სპარსეთში უმაღლესი მფლობელი და იმ, ასე ვთქვათ, ორი დღის განმავლობაში იმ მეფემ, საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მიმართა სრულიად რუსეთის დიდი თვითმპყრობელის მფარველობის ქვეშ შესვლას, ნუთუ ამ მიზეზით ტფილისი სპარსეთის ძალაუფლებისგან არის მოკვეთილი და ჩარიცხული რუსეთის საფლობელოდ? ეს არ შეიძლება იყოს.
ახლა, მადლობა ღმერთს, სპარსეთის ტახტის ძალაუფლება სრულად არის დამკვიდრებული, ვინაიდან ყველა ხანმა, მფლობელმა და მხედართმათავარმა ქედი მოიდრიკა მის წინაშე, ხოლო ურჩთა სამფლობელოები დარბეულია მისი უდიდებულესობის ჯარების ძალით, ასე რომ დღითი დღე მისი მფლობელობა ვრცელდება, და არც ის არის გათვალისწინებული, რომ ათასი წლის შემდეგაც მისი კუთვნილი სამფლობელოები მისცეს სხვას”.
დასკვნაში იბრაჰიმ-ხანი ამბობდა, რომ აუცილებელია დადგენილ იქნას, რათა საზღვრები რუსეთსა და სპარსეთს შორის დარჩეს დაურღვევლად, რათა დაცულ იქნას დადგენილი კანონები და უწინდელი უფლებები და უპირატესობანი, მტრობის, ამაო სისხლისღვრისა და ხალხების დარბევის თავიდან აცილებისთვის, ერთი სიტყვით, რათა მშვიდობა არ იქნას დარღვეული.
იბრაჰიმ-ხანი ეძიებდა მეგობრობასა და თანხმობას, ხოლო 7.000 თუ 10.000 რიცხვის სპარსული ჯარი, აბას-მირზასა და სულეიმანის უფროსობით, გადმოვიდა არაქსის მარცხენა ნაპირზე, და მის მეწინავე რაზმს ბლოკადაში ჰყავდა მოქცეული ერევანი. იდგა რა მთელ თვეს ერთ ადგილას, აბას-მირზა, პირველივე ცნობების მიღებისთანავე იმის შესახებ, რომ რუსეთს განზრახული აქვს დაიცვას საქართველო და აქ გამოსაგზავნად ამზადებს ახალ ჯარებს, გადავიდა უკან არაქსის მარჯვენა ნაპირზე. იქვე გაწვეულ იქნა საბლოკადო კორპუსიც ერევნისგან.
აქედან სულეიმანმა და აბას-მირზამ დააგზავნეს ფირმანები ადერბაიჯანში, ხოასა და სხვა ოლქებში, ბრძანებით რათა შეეგროვებინათ ახალი ჯარები საქართველოს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის.
“მთელი ამ ნაძირალებისა – წერდა ლაზარევი კნორინგს (Въ письме отъ 4-го августа. Акты кавк. археогр. ком.) – არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ გულწრფელად ვაღიარებ, რომ ხელები დაგვეღლება მათი ცემითა და ხოცვით; ქართველების იმედი კი არ უნდა გვქონდეს: მათში 10 ადამიანზე ორი თოფი მოდის, სხვები კი შეიარაღებული არიან ცეცხლზე გამომწვარი შინდის ჯოხებით, და ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ აქ შინაგანი უწესრიგობებია. სომხები, რომლებზედაც ასეთ მტკიცე იმედს ამყარებენ, ჩემთვის მეტად საეჭვონი არიან”.
კნორინგმა, რომელსაც ჰქონდა იმპერატორის ბრძანება დაძრულიყო საქართველოსკენ, შეატყობინა ამის შესახებ კოვალენსკის, რომელიც, ვერ ხედავდა რა ამდენად ძლიერი დამხმარე ჯარების გამოგზავნის აუცილებლობას, პასუხობდა (Письма Коваленскаго Кнорингу 3-го августа и гр. Ростопчину 4-го августа 1800 г. Моск. арх. мин. иностр. делъ), რომ სპარსელების შემოჭრა ასეთი საშიში არ არის და ძალზედ გაზვიადებულია.
მეფე გიორგის კი კნორინგი წერდა, რათა მას გაეგრძელებინა მოლაპარაკებები აბას-მირზასთან და ეცადა შეეტყო მისგან სპარსელთა ნამდვილი მოთხოვნები.
“ბაბა-ხანისა და მისი ვაჟის აბას-მირზას მოთხოვნა – სწერდა გიორგი კნორინგს – იმაში მდგომარეობს, რომ გავუგზავნო მათ ჩემი უფროსი ვაჟიშვილი დავითი; შემდეგ მოითხოვენ იოანეს, შემდეგ ბაგრატს, შემდეგ თეიმურაზსა და ბოლოს კი თავად ჩვენც.
ისინი მოითხოვენ, რომ ჩვენ მივცეთ მათ ჩვენი სამფლობელო, რათა ბატონკაცურად გვექცეოდნენ და აჩანაგებდნენ ჩვენს მიწას ისე, როგორც ამას უწინ აკეთებდნენ.
მათი სურვილი იმაში შედგება, რომ ჩვენ უკან დავიხიოთ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობისგან და ვიმყოფებოდეთ მათ ქვეშევრდომობასა და მონობაში.
მაგრამ ჩვენ, რამდენადაც არ უნდა გვაიძულებდნენ, რამდენადაც არ უნდა გვტანჯავდნენ, ვიმედოვნებთ რა ღვთის მოწყალებასა და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობასა და დახმარებაზე, სულაც არ მივეცემით სპარსელთა მონობაში.
თქვენ მწერთ, რომ, შესაძლოა ისინი ჩვენგან მოითხოვენ დახმარებას მათი მოწინააღმდეგე ხალხების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი მეზობლები არიან; მაგრამ ისინი ამას არ მოითხოვენ. ჩვენ გამოგვიცხადეს ზუსტად ბაბა-ხანისა და მისი ძის აბას-მირზასგან, რომ ისინი ცდილობენ საქართველოს დაუფლებასა და ჩვენს მონობაში ჩაგდებას. ამის გარდა მათ არანაირი ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ” (Письмо Георгiя Кнорингу 6-го августа 1800 г. Тифлисскiй арх. канц. наместника).
ამასობაში, გიორგის მიერ კოვალენსკის თავმჯდომარეობით დაარსებული ტფილისის თავდაცვის მოწყობის კომიტეტი აგრძელებდა თავის საქმიანობას. კოვალენსკი წერდა დაბეჯითებით წერილებს მეზობელ მფლობელებს და სთხოვდა მათ თავი შეეკავებინათ აშკარა თანამონაწილეობისგან საქართველოს მტრებთან.
მთელი ჯარი, რომელიც იყო ქალაქში, ჩაბარებულ იქნა ჩვენი მინისტრისა და იოანე ბატონიშვილის განკარგულებაში. მცხოვრებთა დიდი რიცხვი შეკრებილ იქნა ქალაქში და შეადგინა მისი გარნიზონი. კახელები ითვლებოდნენ საუკეთესო ჯარად საქართველოში. ქალაქი გაამაგრეს, ამოთხარეს დიდი თხრილი, “რომლისთვისაც ციცაბო ნაპირების გამო უფრო შეიძლებოდა გეწოდებინათ სანგრები, ვიდრე ქალაქის დაცვა”.
ლაზარევი ვერ ხედავდა ვერანაირ წარმატებასა და საჭიროებას ასეთ სამუშაოებში. მისი აზრით, საქართველოს საუკეთესო და ერთადერთი დაცვა იქნებოდა ახალი გამოგზავნა ჯარებისა, რომლებიც აუცილებელი იყო როგორც მეფის მოწინააღმდეგეთა ალაგმვის, ისე “მისი მტრების კრძალვაში შენარჩუნებისთვის”.
საქართველოს მთაგორიანი და დასერილი ადგილი, სავსე საერთოდ სხვადასხვანაირი დაბრკოლებებით, იყო იმის მიზეზი, რომ იმპერატორ პავლეს მიერ დანიშნული დრაგუნების გამოგზავნას ლაზარევი თვლიდა ზედმეტად და ამაოდ. მას უკეთესად მიაჩნდა მათი შეცვლა კაზაკებით და საქართველოში ეგერთა ერთი პოლკისა და სახაზო ქვეითი ჯარის სამი ან ოთხი ბატალიონის გამოგზავნა, არტილერიით. კოვალენსკის საკმარისად მიაჩნდა მხოლოდ ერთი ეგერთა პოლკის გამოგზავნა.
“მინისტრი (კოვალენსკი), მე შევიტყე, რომ გწერთ თქვენ – მოახსენებდა ლაზარევი კნორინგს – რომ საკმარისია კიდე ერთი ეგერთა პოლკი; მაგრამ ამაში არის მისი საგანი, რათა თქვენ აქ არ ჩამოხვიდეთ. ეს მას ძალზედ არ სურს, მე კი, პირიქით, მინდა თქვენი ჩამოსვლა...”
კოვალენსკი ზრუნავდა, რათა ჩვენი ჯარების საქართველოში მოძრაობის შემთხვევისთვის შეკეთებული ყოფილიყო ხიდები, გზები და მომზადებული პროვიანტი და ფურაჟი, როგორც ჯარების საგზაო კმაყოფისთვის, ისე მათი ადგილზე მომარაგებისთვისაც. ტფილისში მოწყობილ იქნა მთავარი მაღაზია, ხოლო ქართლში ქალაქ გორში და კახეთში ქალაქ სიღნაღში – მეორეხარისხოვანი მაღაზიები (Письмо Коваленскаго Кнорингу 3-го августа 1800 г. Моск. арх. мин. иностр. делъ).
თუმცა კი მაღაზიები მოწყობილ იქნა, მაგრამ პური მათში მაინც არ ყოფილა. გიორგი მეფემ უბრძანა პურით შეევსოთ თავიდან ტფილისის მაღაზია, ხოლო შემდეგ კი დანარჩენი ორი, სიღნაღსა და გორში.
ტფილისის მაღაზიას თავისი მოცულობის მიხედვით შეეძლო დაეტია 300.000 ფუთი ფქვილი და 3.000 ფუთი ხორბალი. მომქმედი წისქვილების უკმარისობის გამო პურს აგროვებდნენ და ინახავდნენ მარცვლებით. ამავე მაღაზიებიდან აწარმოებდნენ პურის გაცემას ქართული ჯარისა და ლეკებისთვისაც, რომლებიც ხელფასით ემსახურებოდნენ გიორგი მეფეს. მაღაზიები სიღნაღსა და გორში იდგა ცარიელი. ივლისის თვეში პროვიანტის შესაგროვებლად კახეთსა და ქართლში გაგზავნილებმა აგვისტოს ბოლომდე ვერ მოიტანეს ტფილისში ვერც ერთი მარცვალი. წარმატება არც მომავალი დროისთვის ჩანდა, ასე რომ ლაზარევს თავისი პოლკისთვის პური უნდა ეყიდა ბაზარზე და გაეკეთებინა მარაგები, არ ჰქონდა რა მაღაზიიდან მისი მიღების იმედი (Рапортъ Лазарева Кнорингу 20-го августа 1800 г., № 49). ძნელი იყო ასეთ პირობებში იმის ანგარიში ჰქონოდათ, რომ საქართველოს შეეძლებოდა კიდევ ათასკაციანი რუსული ჯარის თავისუფლად გამოკვება.
პურის თესვა საქართველოში თუმცა კი განვითარებული იყო, თუმცა კი პური მოსახლეობას ამ დროს საკმარისადაც ჰქონდა, მაგრამ მათ საერთოდ უხალისოდ მოჰქონდათ ყველანაირი სოფლის მეურნეობის ნაწარმი ბაზარში, იცოდნენ რა, რომ არცთუ იშვიათად საქართველოს მთავრობა ძალით ართმევდა მათ პროდუქტებს. “ხშირად პატრონი, რომელმაც რაიმე მოიტანა ქალაქში ბაზარში გასაყიდად, იძულებული ხდება, დაუტოვოს რა საქონლით დატვირთული თავისი ურემი ნადავლად მათ, რომლებიც ვითომდა მეფის სახელით მოითხოვენ ამას მისგან, ხოლო თავად კი სახლისკენ გაირეკოს მხოლოდ საცოდავი პირუტყვი, ცარიელი ხელებით” (Рапортъ Лазарева 25-го августа 1800 г.). ფურაჟს ცხენებისთვის საერთოდ არ ამზადებდნენ, და არანაირ მის მარაგებზე იმედი არ უნდა ჰქონოდათ.
ემყარებოდა რა ასეთ მონაცემებს, ლაზარევი სთხოვდა კნორინგს, რომ მას გაეფრთხილებინა იგი წინასწარ ჩვენი ჯარების საქართველოში მოძრაობის შესახებ, თორემ – წერდა იგი – შესაძლოა დარჩეთ პროვიანტის, ფურაჟის, შეშისა და ბინების გარეშე...” ლაზარევი ურჩევდა, მთების გავლით ძნელი გადმოსასვლელებისთვის მოემარაგებინათ უღლები, “და სპილენძის ფულები, რომლებიც აქ ისევე გადის, როგორც ვერცხლი”.
ასეთი მზადებების დროს, აგვისტოს დასაწყისში, ქართველები კვლავ შეშფოთებულ იქნენ ცრუ ხმებით, რომ სპარსელებს განზრახული აქვთ მოახდინონ თავდასხმა, ალექსანდრე ბატონიშვილის დარწმუნების მიხედვით, რომელიც იმყოფებოდა აბას-მირზას ბანაკში. ხელში ჩაგდებულმა ბატონიშვილის წერილებმა, როგორც ჩანს, დაადასტურეს გავრცელებული ხმების სამართლიანობა (Коваленскიй Кнорингу отъ 6-го августа 1800 г.). ხელში ჩაგდებული ქაღალდების რიცხვში იყო აბას-მირზას ფირმანი, რომელიც აქებდა ალექსანდრეს ერთგულ ქართველებს და არწმუნებდა, რომ ჯარით მოდის საქართველოს ტახტზე მისი აყვანისთვის.
სინამდვილეში ხმების წყაროდ და საწყისად იყო მეტად უმნიშვნელო გარემოებანი. კოვალენსკის მიერ ბატონიშვილ იოანე გიორგის ძესთან ერთად ჩატარებული გამოძიების მიხედვით, აღმოჩნდა, დაჭერილი ქაღალდების რიცხვში იყო ალექსანდრე ბატონიშვილის ორი წერილი: ერთი სომეხთა მელიქის აბოვისადმი და მეორე ქართველი თავადის თამაზ ორბელიანისადმი.
აღა-მაჰმად-ხანის მიერ ყარაბაღის დარბევის შემდეგ იქაური სომეხი მელიქები ეძიებდნენ თავიანთთვის უსაფრთხო თავშესაფარს. ორი მათგანი მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფ ხალხებთან ერთად გადმოსახლდა საქართველოში და ეძიებდა რუსეთის ქვეშევრდომობას. მალევე ამის შემდეგ მათ შეუერთდა კიდევ ორი მელიქი. მათ რიცხვში იყო მელიქი აბოვიც, რომელიც კოვალენსკის ტფილისში მოსვლის დროს დაპატიმრებული ჰყავდათ ერთერთი ეჭვის მიხედვით. ჩვენი მინისტრის შუამდგომლობით, აბოვი განთავისუფლებულ იქნა და კოვალენსკის მიერ გაგზავნილ სპარსეთის საზღვარზე, საზღვრის დაცვისა და ყველანაირი ცნობების მოწოდებისთვის.
ყარაბაღის ერთერთი უძლიერესი მელიქთაგანი, აბოვი, გახლდათ იშვიათი ვაჟკაცობის მქონე ადამიანი, რომელსაც სახელი ჰქონდა გავარდნილი თავისი გერგილიანობით, სამხედრო ნიჭიერებით, სიმამაცითა და მისი ქვეშევრდომების ერთსულოვნებით, რომელთაც შეეძლოთ საკუთარი რიგებიდან გამოეყვანათ იმ დროისთვის საუკეთესო 1.000 მეომარი. მოწინააღმდეგის მხარეზე თავის გადასვლით აბოვს, რა თქმა უნდა, შეეძლო ძალზედ ბევრი საზრუნავი გაეჩინა კოვალენსკისა და მთელი საქართველოსთვის. ამიტომ პირველმა ცნობები იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი იმყოფება მასთან მიმოწერაში, უკიდურესად აშფოთებდა ხალხსაც და თავად საქართველოს მეფესაც.
მეორეს მხრივ ჩნდებოდა ეჭვი, რომ ეს მართალი ყოფილიყო. მელიქი აბოვი, მაშინდელი უწესრიგობების დროს საქართველოში, როდესაც სხვა სასაზღვრო უფროსები თვითნებურად მიდიოდნენ თავიანთი პოსტებიდან, ერთგულად რჩებოდა საქართველოს საზღვრების დამცველად. იგი ბევრად უწყობდა ხელს სიმშვიდის შენარჩუნებას, მღელვარებათა და უთავბოლობათა შეწყვეტას და ყოველთვის ატყობინებდა როგორც კოვალენსკის, ისე საქართველოს მთარობასაც ყველაზე უფრო სწორ ცნობებს სპარსელებისა და მათი ჩანაფიქრების შესახებ.
შეიძლებოდა კი იმის ფიქრი, რომ ასეთ ადამიანს შეეძლო დაცემულიყო გამყიდველობამდე და გამხდარიყო თანამონაწილე ბატონიშვილთა განზრახვებში? ორპირული საქციელი, რომელიც ძალზედ ხშირად ვლინდება აზიის მრავალ შვილთა შორის, აიძულებდათ ეჭვი შეეტანათ აბოვშიც მისი საქციელის არაგულწრფელობაზე.
კოვალენსკიმ იგი თავისთან მოითხოვა. აბოვი, თავისი ავადმყოფობის მიუხედავად, ტფილისში ჩამოვიდა პირველივე მოთხოვნის მიხედვით, რათა ემართლებინა თავი მასზე გამოთქმული ცრუ ბრალდებებისგან. ორი ადამიანი, რომლებსაც ჩამოართვეს ის ქაღალდები, მოიყვანეს და დააპირისპირეს აბოვთან, და მათ თავიანთი მონაყოლით სრულებით გაამართლეს ყველასგან პატივცემული მელიქი, თავიანთი ბატონი. საქმე ასე იყო: გიორგის ბრძანებითა და კოვალენსკის დარიგებით აბოვის მიერ გაგზავნილი იქნა ორი ადამანი სპარსელთა ბანაკში. იქ ისინი იცნეს, და ერთერთმა მათგანმა, ეშინოდა რა საკუთარი სიცოცხლის გამო, გამოაცხადა, რომ იგი გამოგზავნილია აბოვის მიერ ალექსანდრე ბატონიშვილთან მოლაპარაკებებისა და სიტყვიერი შეთანხმებისთვის გიორგი მეფის წინააღმდეგ ზომების თაობაზე. ისინი მაშინვე მიაცილეს ბატონიშვილთან სპარსული ჯარების მთავარ შტაბ-ბინაში. ალექსანდრემ კეთილმოწყალედ მიიღო ისინი, დაასაჩუქრა და მეტად კარგად უმასპინძლა. იცხოვრეს რა სპარსულ ბანაკში ჩვიდმეტი დღე, წარგზავნილები უკან იქნენ გამოგზავნილნი ფირმანებითა და წერილებით საქართველოში. ბამბაკის პროვინციაში ისინი შეიპყრო ამ პროვინციის მმართველმა, თავად გიორგი ციციშვილის რწმუნებულმა, რომელიც უკვე დიდი ხანია მტრულად იყო განწყობილი მელიქ აბოვის მიმართ. შეპყრობილებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ისინი გაგზავნილი იყვნენ სპარსელთა ბანაკში გიორგი მეფის ბრძანებით; მაგრამ ისინი მაინც გააჩერეს, გაძარცვეს, ციხეში ჩაყარეს, ხოლო ჩამორთმეული ქაღალდები თავიანთი კომენტარებით ტფილისში გამოგზავნეს. ქალაქში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ აბოვი მიმოწერაში იმყოფება ალექსანდრე ბატონიშვილთან, ბევრს აშინებდა და შიშს თესავდა მცხოვრებთა შორის, სანამ საქმე საბოლოოდ არ იქნა გამორკვეული. აღმოჩნდა, რომ საფრთხე არც ისე დიდი იყო, როგორც ვარაუდობდნენ, და ყველა დამშვიდდა, მით უმეტეს, რომ წარგზავნილებმა მოიტანეს ყველაზე უფრო არახელსაყრელი ცნობა აბას-მირზისა და სულეიმანის ბრბოების (полчища) შესახებ.
არაქსის იქით უკანდახეული სპარსული ჯარის რიცხვი აღწევდა 12.000 ადამიანამდე, რომლებიც მეტად ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი, ისე რომ ბევრისთვის მხოლოდ კომბალი შეადგენდა მთელ იარაღს. მთელს რაზმში იყო მხოლოდ ოთხი ფალკონეტი (მსუბუქი ზარბაზანი – ი. ხ.), აქლემებზე აკიდებული. ჯარებს სრულებით არ ჰქონდათ პროვიანტი და კმაყოფილდებოდნენ ერევნის სახანოს სოფლებში ნაპოვნი პურით, რომლის მცხოვრებნიც ყველანი გაიქცნენ. აბას-მირზისა და სულეიმანის მეომრები, დაეუფლნენ რა მიტოვებულ ველებს, თავად ამუშავებდნენ მათ და სთესდნენ პურს.
ძნელი იყო ასეთი ჯარით საქართველოზე წამოსვლა და წარმატებაზე დაიმედება, მით უმეტეს, რომ მათი მთავარსარდალი მხოლოდ თორმეტი წლისა გახლდათ, ხოლო მისი ბიძიკო (дядька) სულეიმანი, ლაზარევის სიტყვებით, იყო “ლოთი და მეტად უკმაყოფილო ბაბა-ხანით, რომელსაც იგი მთელი გასული წლის მანძილზე შეპყრობილი ჰყავდა”. ალექსანდრე ბატონიშვილი თუმცა კი აქეზებდა სულეიმანს, იმედოვნებდა რა მეზობელთა მხრიდან დახმარებაზეც, მაგრამ სპარსელი უფროსი ფიქრობდა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაეხია უკან და ახლოს დამდგარიყო თავრიზთან, რისთვისაც მიმართავდა ყველა სამზადისს.
თუმცა კი სანუგეშო იყო ცნობები სპარსელთა ბანაკიდან, მაგრამ არ იყო სანუგეშო საქართველოს საშინაო მდგომარეობა.
ქვრივი დედოფალი დარეჯანი და მისი ვაჟები ეძიებდნენ სპარსელთა მფარველობას, და ალექსანდრე ბატონიშვილის გაქცევა გახლდათ ნაბიჯი ასეთი მიზნის მისაღწევად. მეფე გიორგი, თავისი ჯანმრთელობის სისუსტის გამო იშვიათად ეჩვენებოდა ხალხს და გარშემორტყმული ადამიანებით, რომლებიც ეძიებდნენ საკუთარ ბედნიერებასა და გამდიდრებას ხალხის ცხოვრების აშლილობასა და ძარცვაზე, სულ უფრო და უფრო მეტად აღაგზნებდა თავის წინააღმდეგ ხალხის უკმაყოფილებას.
მეფის ძმები, რომლებიც ცხოვრობდნენ თავიანთ სამკვიდროებში, “იტანჯებოდნენ რა უკადრისი სიხარბით თვითუფროსობისადმი” («томясь неприличною жадностiю къ самоначалiю»), თავისთან აგროვებდნენ მთავრობით უკმაყოფილოთა პარტიას, მიმართავდნენ მათ ამბოხებისკენ, შფოთისა და უწესრიგობისკენ, “იმ განზრახვით რომ აღასრულონ თავიანთი ბოროტი ჩანაფიქრები. ხოლო რადგანაც ვერ ხედავენ ვერანაირ დაბრკოლებებს საამისოდ მათი მხრიდან, ერთადერთი ვისიც მათ უნდა ეშინოდეთ, მიისწრაფვიან თავად საქმით აღსრულებისკენაც. ასეთმა გარემოებებმა მისცეს შემდგომში საბაბი ქვრივ დედოფალს დარეჯანს უზომოდ განაწყენებულიყო მისთვის ჩამორთმეული სამფლობელოების გამო, რომლებიც აქამდე მის ხელქვეით შედგებოდა, ხოლო აქაური სამართლის ძალით კი ახლანდელ დედოფალს, მეფის მეუღლეს უნდა ჰკუთვნებოდა და ნაბიჯები გადაედგა ბაბა-ხანის ეშმაკური ხრიკების მიართულებით” (Рапортъ Лазарева Кнорингу 25-го августа 1800 г., № 14. Тифл. арх. канц. наместника).
ბატონიშვილმა ალექსანდრემ მოახერხა მიეღო ბაბა-ხანისგან ფირმანი “ყველაზე უფრო საალერსო გამოთქმებით”. იწონებდა რა მის საქციელს, სპარსეთის მბრძანებელი ჰპირდებოდა მას დახმარებას, საქართველოს ტახტზე მისი მოჩვენებითი უფლებების მხარდაჭერასა და დაცვას (Донесение его же 31-го августа 1800 г. Тамъ же). ბაბა-ხანმა ალექსანდრე ბატონიშვილი დაასაჩუქრა ხანის ღირსებით, გამოუგზავნა მას საჩუქრად მდიდრული ქურქი, ტფილისზე შემოტევისა და იერიშის გეგმა ორი მხრიდან, ავარელი ომარ-ხანის დახმარებით, რომელიც იმყოფებოდა ბელაქანში, საქართველოს საზღვრებთან მდებარე უახლოეს ლეკურ სოფელში. შედგენილი გეგმის მიხედვით ნავარაუდევი იყო მოქმედება სამი მხრიდან: იმერლები ახალციხის ფაშის ჯარებით თავს უნდა დასხმოდნენ ქართლს, ავარელი ომარ-ხანი – კახეთს, ხოლო ალექსანდრე ბატონიშვილი კი, სპარსული ჯარების რაზმით, ყაზახსა და თათრებს მეფის ყველაზე უფრო უკეთეს პროვინციებს. წარმატების შემთხვევაში ყველა ეს რაზმი უნდა წამოსულიყო ტფილისზე.
“მე დარწმუნებული ვარ – წერდა ლაზარევი (Кнорингу 8-го сентября 1800 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 150) – რომ ეს გეგმა იარსებებს მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ, ვიცი რა აქაური ხალხის სიმხდალე, აგრეთვე დარწმუნებული ვარ რა იმაში, რომ თუკი მოწინაღმდეგის მცირე პარტია სადმე გამოჩნდება, მაშინ ისინი დატოვებენ თავიანთ სახლებს და წავლენ ხეობებში, რითაც შეუძლიათ გაამხნეონ ამდენად თავხედი, მაგრამ არანაირი მნიშვნელობის არმქონე მოწინააღმდეგე”.
დარეჯან დედოფალმა, მისმა ვაჟებმა ვახტანგ და მირიან ბატონიშვილებმა ალექსანდრესგან მიიღეს წერილები, რომლებშიც იგი სთხოვდა მათ კიდევ ცოტა მოეთმინათ, ანუგეშებდა, რომ მალე გაანთავისუფლებს მათ იმ წყენებისგან, რომლებსაც მეფე გიორგი აყენებს.
ყველა ეს მიზეზი აიძულებდა საქართველოს მეფეს ეთხოვა მისთვის კიდევ 6.000 რუსული ჯარის გამოგზავნის შესახებ, საქართველოში მუდმივად ყოფნისთვის (Письма Георгiя Кнорингу 29-го и 31-го августа).
“ჩვენ ძალზედ გვჭირდება 6.000 რეგულარული ჯარის მიღება – სწერდა მეფე – ისე რომ სხვანაირად თავის გართმევა შეუძლებელია, ხოლო მათი შენახვა კი ჩვენთვის არანაირად საძნელო არ არის... ხოლო თუკი ჩვენი ასეთი თხოვნა არ იქნება შესრულებული, მაშინ წინ ვერ აღვუდგებით ვერც ჩვენს შინა და ვერც გარე მოწინააღმდეგეთ”.
გიორგი ფიქრობდა თავისი სამფლობელოების უზრუნველყოფას მხოლოდ რუსული ჯარებით და თავისი ჯარების სულაც არ შენახვას. კნორინგი სთხოვდა ლაზარევს ჩაეგონებინა მეფისთვის, რომ რუსული ჯარები თუკი იქნებიან კიდეც გამოგზავნილი საქართველოში, მხოლოდ დროებით, ქვეყნის მტრების მოგერიებისთვის, რომ მეფე უნდა ზრუნავდეს თავისი ჯარების ჩამოყალიბებისთვის, რომელთა შეგროვება და შენახვა საქართველოს ადვილად შეუძლია 5.000-მდე ადამიანის რიცხოვნებით (Предписанiе Лазареву 9-го сентября 1800 г. Тифл. арх. канц. наместника. Письмо Кноринга Георгiю 31-го августа . Там же).
კნორინგი სწერდა გიორგის (Письмо Георгiя Кнорингу 8-го сентября, № 17. Там же), რომ მიიღო იმპერატორის ბრძანება წამოვიდეს რაზმით საქართველოში მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიტყობს მისი ნამდვილი საფრთხის შესახებ; მაგრამ ახლა, როდესაც მან გაიგო, რომ ჯარები აბას-მირზას სარდლობით უკვე წავიდნენ არაქსის იქით, ამიტომ საკმარისად თვლის საქართველოში 3.000 ქვეითი ჯარის გამოგზავნას.
“თქვენ გვატყობინებთ – სწერდა ამაზე გიორგი – რომ ვითომდა საკმარისია ჩვენთვის 3.000 ჯარი, რადგანაც არ არის არანაირი თავდასხმა მოწინააღმდეგისა. მოწინააღმდეგენი ჩვენს გარეთ მრავალრიცხოვანნი არიან, ასევე შიგნითაც, რომლებიც მათთან შეპირებით, ყოველთვის მზად არიან, რაც კი შეუძლიათ, ჩვენი დარბევისთვის. ამიტომ გთხოვთ კიდეც ჯარების რიცხვის შევსებას 6.000-მდე.
ამრიგად, გიორგი, ლაზარევი და კოვალენსკი, სამივენი ერთხმად აღიარებდნენ ტფილისში ახალი ჯარების გამოგზავნის აუცილებლობას.
ჯარების გამოგზავნა აუცილებელი იყო საჩქაროდ. სპარსელები ყველა თავის შემოჭრას ახორციელებდნენ უმეტეს წილად დროის შუალედში ივნისიდან სექტემბრამდე, მაშინ როდესაც იგივე დრო ითვლებოდა ყველაზე უფრო მოუხერხებლად ჯარების გადმოსვლისთვის კავკასიის ხაზიდან საქართველოში. საჭირო იყო გამოეგზავნათ ჯარები წინასწარ, არ დაელოდებოდნენ რა ცნობებს მოწინააღმდეგის ნამდვილად შემოჭრის შესახებ.
1800 წ. აგვისტოში კავკასიის ხაზიდან საქართველოში გამოგზავნისთვის დანიშნულ იქნა გენერალ-მაიორ გულიაკოვის ერთი პოლკი, კაზაკების ასეულითა და მისი კუთვნილი არტილერიით. მოამარაგა რა პოლკი ყოველივე აუცილებლით ლარსამდე, კნორინგმა სთხოვა ლაზარევს (Предписанiе Лазареву 14-го августа 1800 г. Тамъ же) ეზრუნა მისი შემდგომი უზრუნველყოფისთვის და სწერდა გიორგის (Письмо Кноринга Георгiю 14-го августа 1800 г. Тамъ же), რომ დანარჩენი ჯარებით თავად წამოვა, როდესაც ამის საშუალებას მისცემს დრო და ამას მოითხოვს გარემოებანი.
ლაზარევმა გაგზავნა ათდღიანი პროვიანტი პოლკის შესახვედრად და ჩქარობდა მისთვის სურსათის მომზადებას ლარსში, ყაზბეგში, კაიშაურში, ანანურსა და დუშეთში (Рапортъ Лазарева 20-го августа, № 50. Тамъ же).
25 აგვისტოს გენერალ-მაიორ გულიაკოვის პოლკი გამოვიდა მოზდოკიდან საქართველოსკენ (Рапортъ Кноринга государю императору 24-го августа 1800 г. Тифл. арх. канц. наместника), ხოლო 23 სექტემბერს კი მოვიდა ტფილისში (Рапортъ Гулякова государю императору23-го сентября. Моск. арх. инсп. департамента).
ავადმყოფობის მიუხედავად გიორგის სურდა პირადად დახვედროდა გენერალ-მაიორ გულიაკოვის რაზმს.
23 სექტემბრის განთიადზე მეფე გამოემგზავრა ეტლით პოლკის შესახვედრად. მას თან ახლდა მეუღლე, მარიამ დედოფალი, რომელიც ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით ტახტრევანით მოჰყავდათ; მემკვიდრე, დავით ბატონიშვილი, სხვა ბატონიშვილები, დიდებულები, სამეფო კარის მოხელენი და უბრალო ხალხი, ბრბოებად მოდიოდნენ ქალაქგარეთ. აქვე იმყოფებოდა სპარსელი ელჩიც, რომელმაც გიორგის მოუტანა ბაბა-ხანის ფირმანი და წერილი მისი ძისგან, აბას-მირზასგან.
ქალაქიდან სამ ვერსზე გაშალეს ორი სამეფო კარავი: ერთი გიორგი მეფისთვის, მეორე მარიამ დედოფლისთვის. ამომავალმა მზემ გაანათა ფერწერული ჯგუფი და მასა ხალხისა, რომლებიც მოელოდნენ პოლკის მოსვლას. შორს გამოჩნდა ჩვენი რაზმი. გიორგი ამალით გაემგზავრა მის შესახვედრად. კარავში დარჩა მხოლოდ მარიამ დედოფალი, რომელიც შორიდან უყურებდა მომავალ ჯარებს.
გიორგის მოახლოებამ აიძულა გულიაკოვი გაეჩერებინა რაზმი, და ჯარებმა პატივი მიაგეს მეფეს, რომლის დასაცავადაც ისინი მოდიოდნენ ტფილისში. ტფილისის ციხესიმაგრიდან დაიწყო სალუტი, ხოლო მთელს ქალაქში კი ზარების რეკვა. რაზმი დაიძრა ქალაქისკენ. ხალხი სასიხარულო შეძახილებით გარს შემოერტყა ჩვენს ჯარებს და მიაცილებდა თვით ქალაქის მოედნამდეც (Изъ рапорта Лазарева Кнорингу 25-го сентября 1800 г., № 24. Тифл. арх. канц. наместника).
ქუჩების სივიწროვემ აიძულა შეეცვალათ მწყობრად მოძრაობა და წესრიგი. დატოვეს რა დროშა გულიაკოვისთვის გამოყოფილ სახლში, ჯარები გაშვებულ იქნენ ბინებზე, რომლებიც დანიშნული ჰქონდათ ნაწილობრივ ქალაქში და ნაწილობრივ კი ავლაბრის გარეუბანში.
გიორგის არ შეეძლო სიარული პოლკთან ერთად: იგი დარჩა ქალაქის მახლობლად სოფელ კუკიაში, იმ დრომდე, სანამ არ შეწყდა ძლიერი და გამჭოლავი ქარი.
მეორე დღეს გენერალ-მაიორი გულიაკოვი და ყველა ოფიცერი წარუდგნენ მეფეს, საღამოს ქალაქი ილუმინებულ იქნა და “მაშინ მოქალაქენი მიეცნენ სრულ მხიარულებას”. – “აქაური სასტუმრო კარი – მოახსენებდა ლაზარევი – იყო უკვე არა ვაჭრობის ადგილი, არამედ აღტაცების მომგვრელი სურათი მოზეიმეთა ხმაურისა და მხიარულთა სახეებისა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც სამეფო საგვარეულო, ისე ქვეყნის ყველაზე უფრო დიდებული ჩინოსნები, ახალგაზრდებიდან მოხუცებამდე”.
6.000 რუსული ჯარის გამოგზავნაზე მზრუნველი მეფე გიორგი ერთი პოლკის გამოგზავნით სრულებით დამშვიდდა.
როგორც ადამიანი, “ყოველთვის დამწუხრებული შიშით, ზოგჯერ უსაფუძვლოთიც”, საგარეო და საშინაო საქმეებთან მიმართებაში, გიორგი ხშირად ეძლეოდა გულგატეხილობას და სასოწარკვეთილებასაც კი. სწორედ ასეთ გარემოებებში იგი ებღაუჭებოდა იმას, “რაც პირველად თავისი გადარჩენისთვის ხელთ მოხვდებოდა, და ამიტომ აქამდე ფეხმოუცვლელად მოითხოვდა ისეთი რიცხვის ჯარებს, რომელშიც ვარაუდობდა აუცილებელ საჭიროებას. ახლა, თავისი ჯანმრთელობის ძალების აღდგენასთან ერთად, დამშვიდებული დარჩა” (Рапортъ Лазарева Кнорингу 25-го сентября 1800 г., № 25. Тамъ же).
დამშვიდდა გიორგი, მაგრამ ვერ დამშვიდდნენ მისი ძმები და ნათესავები. გიორგის ავადმყოფური მდგომარეობა აღაგზნებდა მის ძმებში იმის შიშს, რომ მეფის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი დავითი დაეუფლება ტახტს, რისი უფლებაც არა აქვს ერეკლეს ანდერძის მიხედვით.
ახალი ჯარების მოსვლა საქართველოში ზრდიდა გიორგის ძალებსა და საშუალებებს და, ამასთან ერთად, აშინებდა მის ძმებს.
“როდესაც მან (საქართველოს მეფემ), მცირე რიცხოვნების ჯარებზე დაიმედებით, ჩვენ ამდენი წყენა მოგვაყენა – სწერდა ვახტანგ ბატონიშვილი კნორინგს (Письмо царевича Вахтанга Кнорингу 23-го сентября 1800 г. Тамъ же) – მაშინ ახლა, როდესაც მიიღო დამატებითი ძალები თავისი მფარველობისთვის, განა უფრო მეტს არ უნდა მოველოდეთ მისგან შევიწროვებას”?
ბატონიშვილი საყვედურობდა გიორგის იმაზე, რომ იგი სთხოვდა ჯარების გამოგზავნას არა ქვეყნისა და ხალხის სიმშვიდისთვის, არამედ საკუთარი, პირადი მფარველობისთვის და იმისთვისაც, რომ მათგან დაცვის ქვეშ უფრო მეტი უსამართლობა ჩაედინა და მეტი შევიწროვებანი მიეყენებია ძმებისთვის.
მეფის ყველა ძმას ეშინოდა, რომ რუსულ ჯარს, გიორგის სიკვდილის შემთხვევაში, საქართველოს მეფედ არ გამოეცხადებინა დავით ბატონიშვილი, როგორც უკვე მემკვიდრედ აღიარებული.
დუშეთის გავლით გრაფის მუსინ-პუშკინის მგზავრობის დროს, რომელიც საქართველოში გახლდათ იქაური მადნების მოძიებისთვის, ვახტანგ ბატონიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ მასთან ერთი-ერთზე ესაუბრა. გრაფმა მუსინ-პუშკინმა მიიღო წინადადება და ბატონიშვილისგან მოისმინა საჩივარი შევიწროვებებზე, რომლებსაც გიორგი მეფე აყენებდა მასა და მის ოჯახს, საკუთრივ კი დარეჯან დედოფალს (Изъ донесенiя гр. Мусина-Пушкина. Арх. мин. внутр. делъ, по деп. общ. делъ. Дела Грузiи, Кн. I).
– ვარ არა თუ სხვა ვინმე, არამედ მოგზაური, რომელიც მხოლოდ ცნობისმოყვარეობამ მომიზიდა საქართველოსკენ – პასუხობდა გრაფი მუსინ-პუშკინი – მე ვერ გავბედავ ვერაფრის თქმას იმ საქმეებზე, რომლებიც ჩემთვის არ დაუვალებიათ. გირჩევთ ყოველივე, რაც მე მითხარით, აუხსნათ იმპერატორს.
ვახტანგმა ისარგებლა ასეთი რჩევით და სთხოვა თავიდან გრაფ მუსინ-პუშკინს წაეღო წერილი იმპერატორ პავლესთან; მაგრამ როდესაც გრაფმა უარი უთხრა, მაშინ ბატონიშვილები შეთანხმდნენ ურთიერთ შორის და ყველას სახელით გაგზავნეს წერილი პეტერბურგში.
ისინი თხოვნით მომართავდნენ ჩვენს მთავრობას, სთხოვდნენ რა თავანთი უფლებების დაცვას, და მიუთითებდნენ იმაზე, რომ მთელ ქართველ ხალხს სურს, რათა ტახტი გადადიოდეს, ერეკლეს ანდერძის მიხედვით, რიგის თანახმად, ძმებზე, გვარში უფროსობის შესაბამისად (Письмо царевичей государю императору 7-го октября 1800 г. Тамъ же). ხედავდა რა ბატონიშვილების უთანხმოებასა და დავებს მეფესთან, და ეშინოდა რა გაურკვეველ მდგომარეობაში დარჩენისა მეფის გარდაცვალების შემთხვევაში, კნორინგი ეკითხებოდა იმპერატორს პავლე I-ს, თუ როგორ მოქცეულიყვნენ და რა გაეკეთებინათ ასეთ შემთხვევაში ტფილისში მყოფ ჯარებს (Рапортъ Кноринга государю императору 7-го октября 1800 г. Тифл. арх. главн. шт. кавк. армiи).
პასუხად მან მიიღო ბრძანება რომ ეცნობებინა ლაზარევისთვის, რათა ჩვენს ჯარებს, ძმებს შორის ღია მტრობის დაწყების პირველივე შემთხვევაში, მაშინვე დაეტოვებინათ ტფილისი და დაბრუნებულიყვნენ კავკასიის ხაზზე (Рескриптъ Кнорингу 29-го октября. С.-Петербургскiй арх. инспект. деп. Книга повеленiй, № 19).
ამასთან ერთად, წინასწარ ჭვრეტდა რა მტრობას სამეფო ოჯახში და გაუგებრობებს, რომლებიც არსებობდა გიორგი მეფესა და მინისტრ კოვალენსკის შორის, ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია კოვალენსკის გამოწვევა ტფილისიდან. მინისტრის გამგეობაში არსებული მთელი საქმეები გაყოფილ იქნა ორ ნაწილად. ყველაფერი, რაც შეეხებოდა ვაჭრობას იქაურ ქვეყნებთან, ჩაბარებულ იქნა გენერალური კონსულისთვის სპარსეთში, სასახლის კარის მრჩევლის სკიბინევსკისთვის, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნა 1800 წლის ივლისში (Кредитивная грамота Скибиневскому отъ 27-го იюля 1800 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 678), ხოლო საქართველოს მეფის მთელი ურთიერთობები ჩვენს მთავრობასთან გადაეცა კავკასიის ხაზზე ჯარების სარდალს (Указъ колегiи 11-го iюля 1800 г. Моск. арх. мин. иностр. делъ).
ჩააბარა რა მიმდინარე საქმეები გენერალ ლაზარევს, ხოლო მთელი ინსტრუქციები, ბრძანებები და ფულები კნორინგს, კოვალენსკიმ დატოვა საქართველო (Грамота Георгiю 3-го августа 1800 г. Моск. арх. мин. иностр. делъ. Рескриптъ Коваленскоиу 3-го августа. Тифл. арх. канц. наместника). ყოფილი მინისტრი თავის გამოწვევას საქართველოდან მიიჩნევდა საუკეთესოდ მის კრიტიკულ მდგომარეობაში.
ტოვებდა რა საქართველოს, იგი მაინც მოახსენებდა, რომ საქართველოში აუცილებელია კიდევ ჯარების გაგზავნა “საგარეო ურთიერთობების დამკვიდრებისთვის, რომლებიც დაწესებულ იქნება უფრო ქმედითად, როდესაც იქნება ჯარები, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკის მეშვეობით, იქ, სადაც მას ხელებში ხიშტის გარეშე, სრულებითაც არ სცემენ პატივს” (Письмо Коваленскаго Лошкареву 21-го августа 1800 г। Моск। арх. мин. иностр. делъ).
(გაგრძელება იქნება)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment