(ნ ა წ ი ლ ი V)
VIII. ნორვეგიის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების მეორე ნახევარში
ნორვეგია შედის ნატო-ს ბლოკის შემადგენლობაში. 1970-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვებით, იგი აქტიურად მონაწილეობდა ამ აგრესიული ბლოკის მიერ ჩატარებულ პოლიტიკურ და სამხედრო ღონისძიებებში. ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ნატო-ში წევრობა წარმოადგენდა ნორვეგიის საგარეო და სამხედრო პოლიტიკის საფუძველს.
ნორვეგიის უარი თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს ბირთვული იარაღისა და უცხოური ჯარების განლაგებაზე პრაქტიკულად არ ეწინააღმდეგებოდა ნატო-ს ღონისძიებების ჩატარებას ომის შემთხვევაში ამ ქვეყანაში ბლოკის ჯარების გადასხმისა და გაშლისთვის პირობების შესაქმნელად. ნორვეგიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, რეგულარულად ატარებდნენ სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) სწავლებებს, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ნატო-ს მობილური ძალები, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გფრ-ისა და ბლოკის მონაწილე სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და ნაწილები. სწავლებების მსვლელობისას ამუშავებდნენ ნორვეგიაში ნატო-ს ჯარების გადასროლის ორგანიზაციას, სწავლობდნენ და ითვისებდნენ საომარ მოქმედებათა თეატრს (ომთ), გაითამაშებდნენ მშძ-ის შემადგენლობაში საბრძოლო მოქმედებების წარმოების სხვადასხვანაირ ვარიანტებს.
ჩრდილოატლანტიკური კავშირის სარდლობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ნორვეგიის ტერიტორიის ოპერატიულ აღჭურვას. ინფრასტრუქტურის პროგრამის მიხედვით აქ აშენებული ჰქონდათ თანამედროვე საავიაციო და სამხედრო-საზღვაო ბაზები, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საწყობები, საკომანდო პუნქტები და კავშირგაბმულობის კვანძები, რადიოსალოკაციო და სხვა რადიოტექნიკური ნაგებობები. დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ინფრასტრუქტურის პროგრამის განხორციელების დაწყებიდან ნორვეგიაში ნატო-ს სახსრებით აშენებული იყო 2,5 მლრდ. კრონაზე მეტი საერთო თანხის სამხედრო ობიექტები.
ქვეყნის ტერიტორიაზე 70-იან წლების შუახანებში განლაგებული იყო ბლოკის შემდეგი სამხედრო ორგანოები: ნატო-ს მშძ-ის მთავარსადლის შტაბი ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე (კოლსოსი, 12 კმ ოსლოს ჩრდილო-დასავლეთით), ნატო-ს მშძ-ის სარდლების შტაბები ჩრდილოეთ (ბუდიო) და სამხრეთ (ოსლო) ნორვეგიაში.
ნორვეგიის სტრატეგიული მდებარეობა განსაზღვრავდა ნატო-ს სარდლობის მიერ მისი შეიარაღებული ძალების წინაშე დასმულ ამოცანებს. მათგან მთავარი გახლდათ ნატო-ში ძირითადი პარტნიორების ჯარების მიღებისა და გაშლის უზრუნველყოფა. ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ახორციელებდნენ ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოთხოვნების გათვალისწინებით და პრაქტიკულად უქვემდებარებდნენ მის ინტერესებს.
ნორვეგიის სამხედრო ხარჯები 1970-იან წლებში ყოველწლიურად იზრდებოდა. სახელდობრ, 1971-1975 წლების განავლობაში მან შეადგინა 17690 მლნ. კრონა. ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 1976 წელზე განსაზღვრული ჰქონდათ 4876 მლნ. კრონით.
ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მშენებლობას ახორციელებდნენ პარლამენტის მიერ მიღებული ხუთწლანი პროგრამების შესაბამისად. სახელდობრ, 70-იანი წლების შუახანებში ახორციელებდნენ შეიარაღებული ძალების მშენებლობის გეგმას 1974-1978 წლებზე. გეგმით გათვალისწინებული იყო ქვეყნის შეიარაღებული ძალების საორგანიზაციო სტრუქტურისა და სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის შემდგომი სრულყოფა, ჯარების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მათი ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება არსებული შეაიარაღების მოდერნიზაციის, აგრეთვე უფრო თანამედროვე იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვის გზით.
მოქმედი კონსტიტუციის თანახმად შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ _ მეფე. მაგრამ ქვეყნის სამხედრო პოლიტიკის ფაქტიურად ყველა საკითხს წყვეტდნენ სტორტინგი (პარლამენტი) და მთავრობა. ნორვეგიის იმდროინდელი უმაღლესი სამხედრო მმართველობის სტრუქტურა ნაჩვენებია ნახ. 8-ზე.
[ნახატ 8-ზე, რომლის სახელწოდებაცაა ნორვეგიის უმაღლესი სამხედრო მმართველობის ორგანიზაცია, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია უმაღლესი მთავარსარდალი (მეფე), როელსაც ექვემდებარებოდნენ მთავრობა და თავდაცვის მინისტრი; აქვე ნაჩვენები იყო სტორტინგი (ქვეყნის პრლამენტი) და მისი სამხედრო კომიტეტი, მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს სამხედრო საკითხებში წარმოადგენდა თავდაცვის საბჭო; თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებოდა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომლის საკონსულტაციო ორგანო გახლდათ მთავარი სამხედრო საბჭო, აქვე ნაჩვენები იყო შეიარაღებული ძალების შტაბი; შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის დაქვემდებარებაში შედიოდნენ: სახმელეთო ჯარების, სჰძ-ის, სზძ-ისა და ჰემვერნის მთავარი ინსპექტორები].
მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს სამხედრო საკითხებში წარმოადგენდა თავდაცვის საბჭო, რომელსაც მეთაურობდა პრემიერ-მინისტრი. მის შემადგენლობაში შედიოდნენ მინისტრები (თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, ვაჭრობისა და ნაოსნობის, შეტყობინების გზებისა და კავშირგბმულობის), შეიარაღებული ძალების სარდლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში. აუცილებლობის შემთხვევაში საბჭოს მუშაობაში შესაძლო იყო მოეწვიათ სამხედრო და სამოქალაქო ექსპერტები, აგრეთვე სხვა ცენტრალური ორგანიზაციებისა და სამინისტროების წარმომადგენლები.
სტორტინგში იყო სამხედრო კომიტეტი, რომელიც შედგებოდა ათი დეპუტატისგან. იგი სწავლობდა და ამზადებდა თავის დასკვნებს სამხედრო პოლიტიკისა და შეიარაღებული ძალების მშენებლობის ცალკეულ საკითხებში, რომლებიც უნდა გამოეტანათ პალამენტის სესიაზე განსახილველად.
თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენდა უმაღლეს სამხედრო-ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების მდგომარეობასა და მშენებლობაზე. იგი შედგებოდა შვიდი სამმართველოსგან _ პირადი შემადგენლობისა და ორგანიზაციის, ფულადი ანაზღაურებისა და ხელფასის, ადინისტრაციულის, საბიუჯეტო-საფინანსოსი, სამხედრო მშენებლობის, სამხედრო მასალების, დაგეგმარების. სამმართველოები იყოფოდა კანტორებად (განყოფილებებად /отделы/), რომლებიც დაკავებული იყვნენ საკითხების უფრო ვიწრო წრით.
თავდაცვის მინისტრი (სამოქალაქო პირი) პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების საერთო მდგომარეობაზე. სამხედრო-ადმინისტრაციულ საკითხებს იგი წყვეტდა თავაცვის სამინისტროს მეშვეობით, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების საკითხებს კი _ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მეშვეობით. სამხედრო მშენებლობის საკითხებში თავდაცვის მინისტრი ანგარიშს აბარებდა სტორტინგსა და მთავრობას.
შეიარაღებული ძალების მდგომარეობასა და საბრძოლო მზადყოფნაზე უშუალოდ პასუხისმგებელი გახლდათ მთავარსარდალი (მის მიერ მმართველობის ნატო-ს სარდლობისთვის გადაცემამდე). იგი ახორციელებდა ოპერატიულ ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში შეიარაღებული ძალების სარდლების მეშვეობით, ხოლო ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობასა და საბრძოლო მომზადების ხელმძღვანელობას კი _ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ის, სზძ-ისა და ჰემვერნის მთავარი ინსპექტორების (სარდლების) მეშვეობით. შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარი ინსპექტორები და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი ქმნიდნენ მთავარ სამხედრო საბჭოს _ მთავარსარდლის საკონსულტაციო ორგანოს.
შეიარაღებული ძალების შტაბი _ ეს გახლდათ მთავარსარდლის ოპერატიული ორგანო. მშვიდობიანობის დროს იგი აწარმოებდა შეიარაღებული ძალების ოპერატიული გამოყენების გეგმების შემუშავებას, დაკავებული იყო დაკომპლექტების, საბრძოლო მომზადების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ), მიმდინარე და პერსპექტიული დაგეგმარების საკითხებით. მისი უფროსი ამავდროულად გახლდათ მთავარსარდლის მოადგილე. შტაბი შედგებოდა პირადი შემადგენლობის, ოპერატიული, სადაზვერვო, მტუ-ის, დაგეგმარებისა და საბიუჯეტო სამმართველოებისგან.
ზურგის უზრუნველყოფას ახორციელებდნენ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სარდლობებისა და საინტენდანტო სამსახურის მეშვეობით (ექვემდებარებოდნენ უშუალოდ თავდაცვის მინისტრს).
ეროვნული შეიარაღებული ძალების სარდლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში იმავე დროს წარმოადგნდნენ ნატო-ს მშძ-ის სარდლებსაც ქვეყნის ამ ნაწილებში, რაც აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფდა ნორვეგიული ჯარების ნატო-ს საკომანდო ორგანოების მმარველობაში სწრაფ გადაცემას.
ნორვეგიის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. 70-იანი წლების შუა ხანებში მის შემადგენლობაში შედიოდა 39 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი, მათ რიცხვში 25,3 ათასი გაწვეული (სახმელეთო ჯარები _ 16,5 ათასი, სჰძ _ 3,9 ათასი, სზძ _ 4,9 ათასი) და მუდმივი შემადგენლობის 14,2 ათასი ადამიანი. გარდა ამისა, შეიარაღებულ ძალებში დაკავებული იყო სამოქალაქო პერსონალის 10,6 ათასი ადამიანი.
შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას ახორციელებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის საფუძველზე და დაქირავებით. მშვიდობიანობის დროს ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებოდნენ ის პირები, როლებმაც მიაღწიეს 20 წლის ასაკს. ომიანობის დროს გასაწვევი ასაკი იყო 18 წელი. დაქირავებული პირადი შემადგენლობის სამსახურის მინიმალური ვადა შეადგენდა სამ წელიწადს. მშვიდობიანობის დროს სამხედროვალდებულები თადარიგში იმყოფებოდნენ 44 წლის ასაკამდე.
სხვადასხვა მიზეზების გამო ნამდვილი სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლებული პირები შესაძლო იყო გაეწვიათ ჰემვერნში ან სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფებში. ჰემვერნს ნაწილობრივ აკომპლექტებდნენ აგრეთვე წვევამდელი ასაკის პირადი შემადგენლობითაც (17-19 წელი).
თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების შტაბთან ერთობლივად ახორციელებდა გაწვევისა და მობილიზაციის საერთო ხელმძღვანელობას. მთავარი სამხედრო-სააღრიცხვო ორგანო იყო გენერალური სამხედრო კომისარიატი, რომელსაც ექვემდებარებოდა შვიდი სამხედრო კომისარიატი, ხოლო ეს უკანასკნელნი კი ტერიტორიულად მოიცავდნენ მთელ ქვეყანას. სამხედრო კომისარიატები იყოფოდა მიწერის რაიონებად (სულ იყო 18). მიწერის უმდაბლეს ინსტანციას წარმოადგენდნენ კომუნები, რომლებიც იყო თითოეული რაიონის ტერიტორიაზე.
სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ძირითად სახეობას. იგი შედგებოდა ჯართა ექვსი გვარეობისა (ქვეითი ჯარის, ჯავშანსატანკო ჯარების, საველე არტილერიის, კავშირგაბმულობის ჯარების, საინჟინრო ჯარებისა და ზურგის უზრუნველყოფის ჯარების) და ოთხი სამსახურის (საარტილერიო-ტექნიკურის, საინტენდანტოსი, სამედიცინოსი და ვეტერინალურის) ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან.
სახმელეთო ჯარებს სარდლობდა მთავარი ინსპექტორი, რომელიც პასუხს აგებდა პირადი შემადგენლობის სწავლებაზე, ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო გამოყენებისთვის მომზადებაზე. ჯარების ხელმძღვანელობას იგი ახორციელებდა სახმელეთო ჯარების შტაბის, სამხედრო ოლქების სარდლებისა და ჯართა გვარეობების ინსპექტორების მეშვეობით.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა იყო სხვადასხვანაირი.
ჩრდილოეთ ნორვეგია დაყოფილი იყო ოთხ ოპერტიულ სარდლობად: “ფინმარკი”, “თრომსი”, “ნორდ-ჰოლგოლანდი” და “სიორ-ჰოლგოლანდი”. სარდლობებს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ მათ ტერიტორიებზე დისლოცირებული სახმელეთო ჯარების კადრისა და სამობილიზაციო ნაწილები და ქვედანაყოფები. მე-6 სადივიზიო სარდლობა წარმოადგენდა უმაღლეს ოპერატიულ ორგანოს, რომელიც აერთიანებდა ამ სარდლობებს.
სამხრეთ-ნორვეგია დაყოფილი იყო ოთხ სამხედრო ოლქად: “ტრიონდელაგი”, “სიორლანდეტი”, “ოსტლანდეტი” და “ვესტლანდეტი”, რომლებშიც შედიოდა თავდაცვის 12 რაიონი.
სამხედრო ოლქის სარდალს ემორჩილებოდნენ ოლქის შტაბი, აგრეთვე ოლქის ფარგლებში დისლოცირებული სახმელეთო ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები. სარდალი და მისი შტაბი პასუხს აგებდნენ მათდამი დაქვემდებარებული ჯარების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე, თადარიგის სამხედროვალდებული პირების გადამზადებაზე, ტერიტორიის ოპერატიულ აღჭურვაზე, ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო მარაგების შექმნასა და შენახვაზე. ომიანობის დროს მათ უნდა ეხელმძღვანელათ საველე ჯარების, ადგილობრივი თავდაცვის ჯარებისა და ჰემვერნის საბრძოლო მოქმედებებისთვის თავიანთი პასუხისმგებლობის ზონებში, რასაც მშვიდობიანობის დროს სისტემატიურად ამუშავებდნენ სამეთაურო-საშტაბო და საჯარისო სწავლებების მსვლელობისას როგორც ნატო-ს ბლოკის გეგმებით, ისე ეროვნული სარდლობის ინტერესებშიც.
მშვიდობიანობის დროის სახმელეთო ჯარები შედგებოდა საბრძოლველად მზადმყოფი და სასწავლო-სამობილიოზაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან, აგრეთვე სარეზერვო შენაერთებისა და ნაწილების შტაბებისგან.
საბრძოლველად მზდმყოფი ჯარების შემადგენლობაში შედიოდნენ მოტოქვეითი ბრიგადა “ჩრდილოეთი”, ქვითი ბატალიონები “სიორ-ვარანგერი” და “პორსანგერი”, სამეფო გვარდიული ბატალიონი და სხვა უფრო მცირე ქვედანყოფები. მოტოქვეითი ბრიგადის “ჩრდილოეთი”-ს შემადგენლობაში შედიოდა სამი მოტოქვეითი ბატალიონი (ჯავშანტრანსპორტერები M113), სატანკო ასეული (ტანკები “ლეოპარდი”), საარტილერი დივიზიონი (155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M109G), სადაზვერვო ასეული, საზენიტო ბატარეა (40-მმ საზენიტო ზარბაზნები L/70 “ბოფორსი”), მესანგრეთა, სარემონტო და სატრანსპორტო ასეულები, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის ასეული. ბრიგადის მოტოქვეითი ბატალიონი შეიცავდა შემდეგ ასეულებს: საშტაბოს, სამ მოტოქვეითსა და მხარდაჭერის.
სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში შედიოდა 11 სასწავლო-სამობილიზაციო პოლკი (ორი ჯავშანსატანკო, სამი სარტილერიო, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო და სამიც ზურგის უზრუნველყოფის). პოლკები ახორციელებდნენ გაწვეული კონტინგენტის მომზადებსა და ჯართა სპეციალური გვარეობების რეზერვისტების გადამზადებას. ომიანობის დროს კი მათ უნდა გაეშალათ მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები საველე ჯარებისთვის.
გაწვეული კონტინგენტის დიდი ნაწილი საწყის მომზადებას გადიოდა ცხრა სასწავლო ცენტრში (სამი ცენტრი ქვეით ჯარში, ორი საველე არტილერიაში, და თითო-თითო ჯართა დანარჩენ გვარეობებში). სამთვიანი სწავლების შემდეგ პირადი შემადგენლობა გადაჰყავდათ საბრძოლველად მზადმყოფ ნაწილებში.
სარეზერვო ნაწილებში იყო შემდეგი შტაბები: ქვეითი ბრიგადისა “სამხრეთი”, ცხრა კომბინირებული და 14 ქვეითი პოლკის.
სარეზერვო ქვეითი ბრიგადის “სამხრეთი” და ცხრა კომბინირებული პოლკის შტაბები მშვიდობიანობს დროს აწარმოებდნენ იმ რეზერვისტების გადამზადებას, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ქვეითი ბრიგადისა და კომბინირებული პოლკების (ქვეითი ბრიგადების) დაკომპლექტებისთვის, რომლებიც ამ შტაბებს უნდა გაეშალათ ომიანობის დროს.
14 ქვეითი პოლკის შტაბებს კი ომიანობის დროს უნდა გაეშალათ ადგილობრივი თავდაცვის ბატალიონები. მშვიდობიანობის დროს ისინი ატარებდნენ ამ ბატალიონებზე მიწერილი თადარიგის პირადი შემადგენლობის გადამზადებას.
საომარი დროის სახმელეთო ჯარები მოიცავდა საველერ ჯარებს, ადგილობრივი თავდაცვის ჯარებსა და ჰემვერნს.
საველე ჯარები ითვლებოდა საომარი დროის სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან კომპონენტად და განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ნატო-ს მშძ-ის შემადგენლობაში. მას აკომპლექტებდნენ ნაკლები ასაკების რეზერვისტებისგან შემდგარი პირადი შემადგენლობით. საველე ჯარების ძირითადი საორგანიზაციო ერთეული გახლდათ _ ქვეითი ბრიგადა (კომბინირებული პოლკი), რომელსაც გააჩნდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 5000 ადამიანი. იგი შედგებოდა სამი ქვეითი ბატალიონის, საარტილერიო დივიზიონისა და სხვა ქვედანაყოფებისგან.
ადგილობრივი თავდაცვის ჯარები, რომელსაც აკომპლექტებდნენ ტერიტორიული ნიშნის მიხედვით უფროსი ასაკების სამხედროვალდებულებისგან (რეზერვისტებისგან), განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის თავიანთი თავდაცვის რაიონების ფარგლებში საველე ჯარებთან და ჰემვერნთან ურთიერთმოქმედებით. მას გააჩნდა მობილიზაციის უფრო მოკლე ვადები, საველე ჯარებთნ შედარებით. მის ამოცანაში შედიოდა: მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა, საჰაერო და საზღვაო დესანტებთან ბრძოლა, სანაპიროს დესანტმისადგომი უბნების დაფარვა.
თავისი შემადენლობისა და შეირაღების მიხედვით ადგილობრივი თავდაცვის ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები განკუთვნილი იყვნენ თავდაცვის რაიონების ფარგლებში მოქმედებებისთვის. მათ კარგად იცოდნენ ადგილობრივი პირობები თავიანთი დანიშნულების რაიონებში მოქმედებების წინასწარ დამუშავების წყალობით.
ჰემვერნი _ ეს გახლდათ მასობრივი გასამხედროებული ორგანიზაცია (სახმელეთო ჯარები, სჰძ და სზძ), რომელსაც აკომპლექტებდნენ 17 წლიდან და უფროსი ასაკის მოხალისეებით, აგრეთვე იმ სამხედროვალდებულებით, რომელთაც არ ჰქონდათ გავლილი ნამდვილი სამხედრო სამსახური. მისი რიცხოვნება მშვიდობიანობის დროს უტოლდებოდა 84 ათას ადამიანს (70-იანი წლების შუახანებში). ომიანობის დროს კი მის ქვედანაყოფებს დაუქვემდებარებდნენ შეიარაღებული ძალების შესაბამის სარდლობებს, სადაც მათ უნდა შეესრულებიათ სამხედრო ობიექტების, სატრანსპორტო ნაგებობების, სამრეწველო საწარმოების დაცვისა და თავდაცვის ამოცანები, ეწარმოებიათ ბრძოლა მოწინააღმდეგის საჰაერო დესანტებთან და დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებთან, აგრეთვე განეხორციელებიათ პარტიზანული მოქმედებები მოეწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.
ჰემვერნის ძირითად ქვედანაყოფებს წარმოადგენდნენ ქვეითი ასეულები. გარდა ამისა მის შემადგენლობაში შედიოდა სპეციალური რაზმები (კავშირგაბმულობის, სანიტრული, სატრანსპორტო და სხვა).
სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები და ნაწილები აღჭურვილი იყო უპირატესად უცხოური წარმოების იარაღითა და სამხედრო ტექნიკით. სატანკო ქვედანაყოფების შეიარაღებაში იმყოფებოდა დასავლეთგერმანული “ლეოპარდის” ტიპისა და ამერიკული M48 ტიპის ტანკები.
საარტილერიო ქვედანაყოფები აღჭურვილი იყო 105- და 155-მმ ამერიკული ჰაუბიცებით. იყო აგრეთვე ამერიკული ჯავშანტრანსორტერები M113. სანაღმსატყორცნე ქვედანაყოფებში გააჩნდათ 81- და 106,7-მმ ნაღმსატყორცნები. ძირითად ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას წარმოადგენდა 75-მმ ტანკსაწინაღმდეგო ზარბაზნები, 106-მმ უუკუცემო ქვემეხები, 84-მმ ტანკსაწინააღმდეგო თოფები “კარლ გუსტავი”, ტსმრჭ-ები “ენტაკი” და “თოუ”.
საზენიტო არტილერია აღჭურვილი იყო ძირითადად შვედური 40-მმ ზარბაზნებით L/60 “ბოფორსი”. გარდა ამისა გფრ-ში შეისყიდეს 20-მმ საზენიტო ზარბაზნები Mk20Rh202.
ქვეითი ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის შეიარაღებაში შედგებოდა თვითდამტენი შაშხანები M1, ავტომატური შაშხანები და ტყვიამფრქვევები “ბრაუნინგი”, 9-მმ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, 7,62- და 12,7-მმ ტყვიამფრქვევები, 88,9-მმ რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფები, დასავლეთგერმანული შაშხანები G3.
შეიარაღებული ძალების მშენებლობის იმხანად მოქმედი ხუთწლიანი (1974-1978 წწ.) გეგმის შესაბამისად სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფასთან ერთად ითვალისწინებდნენ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მოდერნიზაციის, ჯარების მობილურობის ამაღლების, მართვის ორგანოების სრულყოფისა და კავშირგაბმულობის საშუალებების განახლების ღონისძიებებს.
1975 წელს დაიწყეს ჯარებში ამერიკული ტსმრჭ-ების „თოუს“ მიწოდებები, ამთავრებდნენ ჯარების აღჭურვას შვედური რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფებით “კარლ გუსტავი”, მოდერნიზაციას უტარებდნენ მსუბუქ ტანკებს M24. გეგმავდნენ საველე ჯარების ქვეით ბატალიონებში მუხლუხიანი ყველგანმავლების BV202 საშტატო რიცხვის გაზრდას, რომლებიც განკუთვნილი გახლდათ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებებისთვის. ყველგანმავლებს აწვდიდა შვედური ფირმა “ვოლვო”. გფრ-ში შეისყიდეს SEM52 ტიპის 4000 რადიოსადგური საასეულო რგოლისთვის.
სამხედრო-საჰაერო ძალები განკუთვნილი იყო სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფის, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ამოცანების შესრულებისა და მთლიანობაში შეიარაღებული ძალების ინტერესებში საჰაერო დაზვერვის წარმოებისთვის.
სამხედრო-საჰაერო ძალებს სათავეში ედგა სჰძ-ის მთავარი ინსპექტორი, რომელიც დაქვემდებარებული ნაწილებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას ახორციელებდა სჰძ-ის შტაბის მეშვეობით. უკვე მშვიდობიანობის დროს იგი გადაცემული იყო ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სჰძ-ის შემადგენლობაში.
სამხედრო-საჰაერო ძალების დაჯგუფება მოიცავდა სჰძ-ს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში, რომლებიც ოპერატიული მიმართებით ექვემდებარებოდნენ ქვეყნის ამ ნაწილების შეიარაღებული ძალების სარდლებს.
საბრძოლო ავიაციის ბაზირების ძირითად აეროდრომებს წარმოადგენდა რიუგე, სულა, ერლანი, ანიოია, ბუდიო, ბარდუფოსი და სხვები. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, სჰძ-ის აეროდრომების უმეტესობა პასუხობდა ნატო-ს სარდლობის მოთხოვნებს. მათ გააჩნდათ ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე 2000-3000 მ და შეეძლოთ ყველა ტიპის რეაქტიული თვითმფრინავების მიღება.
სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი ესკადრილიები: სამი გამანადგურებელ-ბომბდაშენების, ერთი საყოველამინდო გამანადგურებელ-დამჭერების, ერთი სადაზვერვო, ორი სატრანსპორტო და ორიც სვერტმფრენო. საბრძოლო ავიაციის ძირითად თვითმფრინავებს 1970-იანი წლების შუახანებში წარმოადგენდნენ F-5A, F-104 და RF-5A ტიპების თვითმფრინავები. დამხმარე ავიაციაში შედიოდა C-130H და C-47 ტიპების თვითმფრინავები და UH-1B ვერტმფრენები. სულ სჰძ-ის შემადენლობაში იყო დაახლოებით 150 საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. იმ ხანად მიღებული ჰქონდათ გადაწყვეტილება 72 ამერიკული მრავალმიზნობრივი თვითმფრინავის F-16 შეძენაზე მოძველებული F-104-ების შესაცვლელად.
სჰძ-ში შედიოდა აგრეთვე შორი მოქმედების ზმრ-ების “ნაიქ-ჰერკულესი” დივიზიონი, რომლის ოთხი ბატარეაც იფარავდა ქვეყნის დედაქალაქს ოსლოს, და 40-მმ საზენიტო ზარბაზნების L/60 და L/70 (შვედური წარმოებისა) დივიზიონები ავიაბაზების დასაფარავად. დაგეგმილი ჰქონდათ ძირითადი ავიაბაზების საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ზრკ-ებით “როლანდ”2.
სჰძ-ის პირადი შემადგენლობის მომზადებას აწარმოებდნენ საფრენოსნო სკოლაში, სჰძ-ის სასწავლო ცენტრებსა და საავიაციო სპეციალისტების სკოლებში.
საფრენოსნო შემადგენლობის საწყის მომზადებას ატარებდნენ საფრენოსნო სკოლაში ვერნესში. ცხრა თვის განმავლობაში სკოლის კურსანტები გადიოდნენ თავდაპირველ სამხედრო მომზადებას, სწავლობდნენ აეროდინამიკას, მეტეოროლოგიას, ნავიგაციას, თვითმფრინავების მატერიალურ ნაწილს. სკოლის დამთავრებისას კურსანტებს ჰქონდათ 25 საათი ნაფრენი სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავებით. მფრინავების შემდგომ მომზადებას აწარმოებდნენ აშშ სჰძ-ის სასწავლო ცენტრებში. აშშ-ში სწავლების ხანგრძლივობა შეადგენდა 12 თვეს 225 სთ ნაფრენით სასწავლო და საბრძოლო თვითმფრინავებით. მფრინავის მომზადებას ამთავრებდნენ ეროვნული სჰძ-ის ნაწილებში.
სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობას ახორციელებდა სზძ-ის მთავარი ინსპექტორი, რომელიც პასუხს აგებდა სზძ-ის პირადი შეადგენლობით დაკომპლექტებაზე, მის სწავლებაზე, ფლოტისა და სანაპირო არტილერიის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. სზძ-ის სარდლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში ადმინისტრაციული მიმართებით ექვემდებარებოდნენ მთავარ ინსპექტორს, ხოლო ოპერატიული მიმართებით კი _ ქვეყნის შესაბამისი ნაწილის შეიარაღებული ძალების სარდალს. მშვიდობიანობის დროს ნორვეგიის სზძ იმყოფებოდა ეროვნულ დაქვემდებარებაში.
სამხედრო-ადინისტრაციული მიმართებით ნორვეგიის ტერიტორია სანაპირო წყლებით დაყოფილი იყო ცხრა სამხედრო-საზღვაო რაიონად, რომელთა სარდლობასაც ექვემდებარებოდნენ ის ხომალდები და ნაწილები, რომლებიც დროებით ან მუდმივად იმყოფებოდნენ რიონის ფარგლებში. რაიონების სარდლობები პასუხს აგებდნენ სანაპიროს, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების თავდაცვის ორგანიზაციაზე, აგრეთვე საპატრულო და საავარიო-სამაშველო სამსახურის წარმოებაზე.
სზძ შედგებოდა ფლოტისა და სანაპირო თავდაცვისგან. ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა წყალქვეშა ნავების ორი ესკადრა, ფრეგატების ესკადრა, სარაკეტო, სატორპედო და სადარაჯო კატარღების ორი ფლოტილია, აგრეთვე ნაღმ-სატრალო და სადესანტო ხომალდების რადენიმე ერთგვაროვანი შენაერთი. სულ მოითვლებოდა 90-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, მათ შორის: “კობენის” ტიპის 15 დიზელური წყალქვეშა ნავი, “ოსლოს” ტიპის ხუთი მრი ფრეგატი, რომლებიც აღჭურვილო იყო სისტემებით მრი “პინგვინი”, ზმრი “სი სფაროუ”, ორი მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდი რეაქტიული ბომბსატყორცნებით “ტერნე”, 45 სარაკეტო, სატორპედო და სადარაჯო კატარღა, 10 საბაზო ტრალერი, ოთხი ნაღმგადამღობი, შვიდი სადესანტო ხომალდი, ორი მცურავი ბაზა. ძირითად სამხედრო-საზღვაო ბაზებს წარმოდგენდა ჰოკონსვერნი, რამსუნდი, ქრისტიანსანი და რამფიორდიესი.
აწარმოებდნენ “ჰოქის” ტიპის 14 ახალის სარაკეტო კატარღის მშენებლობას, რომლებითაც უნდა შეეცვალათ “ტიელდის” ტიპის მოძველებული სატორპედო კატარღები. 1980-იან წლებში გეგმავდნენ “კობენის” ტიპის წყალქვეშა ნავების შეცვლას ახლებით, რომლებსაც იმხანად შეიმუშავებდნენ გფრ-თან ერთობლივად.
სანაპირო თავდაცვა მოიცავდა ფორტებს, რომელთა შეიარაღებაშიც ჰყავდათ საარტილერიო, საზენიტო და სატორპედო ბატარეები, აგრეთვე მართვადი სანაღმო ღობურები. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 70-იანი წლების შუახანებში იყო სანაპირო არტილერიის 36 ბატარეა.
სზძ-ის შემადგენლობაში შედიოდა საპატრულო (ცხრა თვითმფრინავი P-3B “ორიონი”) და საძიებო-სამაშველო (ათი ვერტმფრენი “სი კინგი”) ავიაცია. იგი ადმინისტრაციული მიმართებით ექვემდებარებოდა სჰძ-ს.
IX. ესპანეთის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების მიწურულს
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ამერიკული იმპერიალიზმი და ნატო-ს ბლოკის მესვეურები ესპანეთს ანიჭებდნენ განსაკუთრებულ ადგილს თავიანთ აგრესიულ გეგმებში. ეს აიხსნებოდა უწინარეს ყოვლისა მისი მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული მდებარეობითა და მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალით. ნატო-ელი გენერლები, 70-იანი წლების მიწურულს, ისწრაფოდნენ ესპანეთის ჩათრევისკენ თავიანთი უსაზღვრო გავლენის სფეროში და დასავლეთევროპული სახელმწიფოებისგან თანხმობის მიღწევისკენ მის მიღებაზე ჩრდილოალანტიკურ კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი იმხანად ჯერ კიდევ არ გახლდათ ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ემხრობოდა რა პროდასავლურ ორიენტაციას, ატარებდა პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებაზე ორმხრივ საფუძველზე აშშ-სა და წამყვან დასავლეთევროპულ ქვეყნებთან (პირველ რიგში საფრანგეთთან და გერმანიასთან).
1976 წლის იანვარში ესპანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხუთი წლის ვადით, როლის თანახმადაც ამერიკელები გააგრძელებდნენ სამხედრო-საჰაერო ბაზების ტორეხონის, სარაგოსას, მორონის, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ბაზის როტას გამოყენებას, რომელიც წარმოადგენდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების 16-ე ამერიკული ესკადრის ბაზირების მეწინავე პუნქტს. ამის სანაცვლოდ აშშ-ის მთავრობა დაპირდა ესპანეთს კრედიტებისა და სხვადასხვა სუბსდიების მიცემას სამხედრო და ტექნიკური დახმარების სახით 1,2 მლრდ. დოლარის ზომით.
მნიშვნელოვან დონეზე იყო განვითარებული ესპანეთის სამხედრო თნამშრომლობა საფრანგეთთან. 1970 წლის შეთანხმებით ესპანეთი ღებულობდა „მირაჟის“ ტიპის თვითმფრინავებსა და „ალუეტის“ სერიის ვერტმფრენებს. საფრანგეთის დახმარებით ქვეყანაში აშენებული იყო ქარხანა AMX-30 ტიპის საშუალო ტანკების ასაწყობად. ფრანგული ლიცენზიებით ესპანეთში აგრძელებდნენ დიზელური წყალქვეშა ნავების აგებას.
ესპანეთის ეროვნულ ქარხნებში აწარმოებდნენ თვითმფრინავებს HA-220 „სუპერ საეტა“, საავიაციო ძრავებს, საბრძოლო ხომალდებს (მათ შორის საესკადრო ნაღმოსნებსა და წყალქვეშა ნავებს), საარტილერიო ქვემეხებსა და სასროლ იარაღს, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის საშუალებებს. 70-იანი წლების მეორე ნახევარში აღინიშნებოდა ესპანეთის სამხედრო ხარჯების მუდმივი ზრდა. ასე, 1977 წელს მათ შეადგინეს დაახლოებით 150 მლრდ. პესეტი, ანუ ზოგადსახელმწიფოებრივი ბიუჯეტის 15%-ზე მეტი.
უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ესპანეთის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სამოქალაქო გვარდიისგან. მისი საერთო რიცხოვნება 1977 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 374 ათას ადამიანს: სახმელეთო ჯარები _ 220 ათასი, სჰძ _ 41 ათასი, სზძ _ 48 ათასი, სამოქალაქო გვარდია _ 65 ათასი ადამიანი.
უმაღლესი სამხედრო მართველობა (ნახ. 9) მოიცავდა შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალურ შტაბს, შტაბების უფროსთა კომიტეტს, სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის მთავარ შტაბებს.
[მე-9 ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა ესპანეთის უმაღლესი სამხედრო მმართველობის ორგანოები, სტრუქტურის სათავეში დგას შეიარაღEბული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი (მეფე); მეფეს უშუალოდ ექვემდებარებოდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მას კი თავდაცვის მინისტრი; თავდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაში იყო გენერალური შტაბი, რომლის საკონსულტაციო ორგანოსაც წარმოადგენდა შტაბების უფროსთა კომიტეტი; გენერალურ შტაბს ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის მთავარი შტაბები].
უმაღლესი მთვარსარდალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური _ მეფე, რომელიც ახორციელებდა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომრისა და თავდაცვის მინისტრის მეშვეობით.
უმაღლესი სამხედრო ორგანო _ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ეუს) განსაზღვრავდა სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკას, კოორდინაციას უწევდა თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების საქმიანობას შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და მომზადების საკითხებში, ღებულობდა გადაწყვეტილებებსა და შემუშავებებს, დირექტიულ მითითებებს სახელმწიფო და სამთავრობო დაწესებულებების ორგანიზაციისა და საქმიანობის კოორინაციაზე ეროვნული თავდაცვის სფეროში. მასში შედიოდნენ: მეფე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი შეიარაებული ძალების სახეობათა მთავარი შტაბების უფროსები.
თავდაცვის სამინისტრო. 1977 წელს სახელმწიფოს მეთაურის სპეციალური დეკრეტით გააუქმეს ადრე არსებული შეიარაღებული ძალების სახეობათა საინისტროები და შექმნეს ერთიანი თავდაცვის სამინისტრო სათავეში მინისტრით, რომელიც ამავე დროს გახლდათ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თავდაცვის საკითხებში. დეკრეტის თანახმად იგი დაკავებული იყო ჯარების პოლიტიკური და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხელმძღვანელობის საკითხებით, ხოლო სამხედრო მმართველობის ფუნქციები გადაცემული ჰქონდათ შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარი შტაბების უფროსებს.
თავაცვის სამინისტროს შექმნამ, დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ესპანეთის სამხედრო მმართველობის სტრუქტურა დააახლოვა ნატო-ს მონაწილე ქვეყნების სამხედრო ორგანოების ორგანიზაციასთან და საშუალება მისცა განეხორციელებიათ ერთიანი პოლიტიკა შეიარაღებათა სრულყოფის სფეროში, აგრეთვე აემაღლებიათ თავდაცვაზე გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების გამოყენების ეფექტურობა. მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც უკრძალავდა სამხედროებს პოსტების დაკავებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის ორგანოებში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა სამოქალაქო პირს.
თავდაცვის სამინისტროს ეკისრებოდა შემდეგი ამოცანები: დირექტივების მომზადება შეიარაღებული ძალების მშენებლობის, სწავლებისა და საბრძოლო გამოყენების საკითხებში ეუს-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გენერალური შტაბის უფროსის წინადადებების საფუძველზე; სამხედრო ბიუჯეტების პროექტების შემუშავება და ასიგნებების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; შეიარაღების მიწოდებებზე კონტრაქტების განხილვა და დამტკიცება; ეროვნული თავდაცვის სფეროში სხვა სამინისტროებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზცია და ა. შ. თავდაცვის მინისტრი შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის უფროსისა და მთავარი შტაბების უფროსების მეშვეობით.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი _ წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ძირითად ორგანოს ჯარების ოპერატიული მართვის საკითხებში. იგი პასუხს აგებდა სამობილიზაციო საკითხებზე, შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვაზე, აგრეთვე სრულყოფდა მის საორგანიზაციო სტრუქტურას და გეგმავდა საბრძოლო მომზადებას. გარდა ამისა, გენერალური შტაბი დაკავებული იყო ომის წარმოების ოპერატიული გეგმების შემუშავებით, ქვეყნის ტერიტორიის თავდაცვის ორგანიზებაში, აგრეთვე საზღვაო კომუნიკაციების დაცვასა საჰაერო თავდაცვაში დირექტივების შეუშავებით, ხელმძღვანელობდა მთავარი შტაბების უფროსების საქმიანობას შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამების განხორციელებაში, ასევე განსაზღვრავდა მიზნებსა და სვამდა ამოცანებს სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების სფეროში.
გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და გამოყენების გეგმებს ამტკიცებდა ეუს. გენერალური შტაბის უფროსს გენერალ-ლეიტენანტების რიცხვიდან ნიშნავა სახელმწიფოს მეთაური დეკრეტით მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად.
შტაბების უფროსთა კომიტეტი. 1977 წლის თებერვალში ესპანეთის მთავრობამ ჩაატარა უმაღლესი სამხედრო მმართველობის ნაწილობრივი რეორგანიზაცია. კერძოდ, შექმნეს შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ) გენერალური შტაბის უფროსისა (თავმჯდომარე) და შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარი შტაბების უფროსების შემადგელობით. შუკ წარმოადგენდა გენერალური შტაბის უფროსის კოლეგიალურ ორგანოს. იგი განიხილავდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სამხედრო პრობლემებს და ღებულობდა მათზე გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ოპერატიული დაგეგმვის, შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და მოდერნიზაციის პროგრამების, აგრეთვე სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფის სფეროში. გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ ხმათა უმრავლესობით, კენჭისყრაში კომიტეტის ყველა წევრის მონაწილებით.
სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ძირითად და ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას. იგი მოიცავდა საბრძოლო ძალებსა და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს. პირველი ორგანიზაციულად შეყვანილი იყო დივიზიებსა და ბრიგადებში, რომლებიც შეიცავდნენ ქვეით, სატანკო, საჰაერო-სადესანტო, სამთოქვეით, სარტილერიო და საინჟინრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებს.
„ეროვნული უსაფრთხოების“ დოქტრინის თანახმად, სახმელეთო ჯარების ძირითად ამოცანად ითვლებოდა საბრძოლო მოქმედებების წარმოება ქვეყნის ტერიტორიაზე (მოწინააღმდეგის შემოჭრის შემთხვევაში) და მის ფარგლებს გარეთ. მას ხელმძღვანეობდა სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის უფროსი.
საზღვაგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ესპანეთის სახმელეთო ჯარებში, 70-იანი წლების მიწურულს, შედიოდა ხუთი დივიზია (მოტოვეითი, ჯავშანსატანკო, მექანიზებული, ორი სამთოქვეითი), 16 ცალკეული ბრიგადა (ათი ქვეითი, ჯავშანსაკავალერიო, საპარაშუტო-სადესანტო, სამთოქვეითი, საჰაერო-სადესანტო და ორიც საარტილერიო), სანაპირო არტილერიის ათი პოლკი და ზმრ „ჰოქების“ ცალკეული დივიზიონი, აგრეთვე რამდენიმე ცალკეული ქვეითი პოლკი.
ოპერატიული მიმართებით ქვეყნის მთელი ტერიტორია დაყოფილი ჰქონდათ ცხრა სამხედრო ოლქად. ბალეარის კუნძულებსა (დაახლოებით 6 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი) და კანარის კუნძულებზე (16 ათასი ადამიანი), აგრეთვე აფრიკის ტერიტორიაზე ქალაქებში სეუტასა და მილელიაში (18 ათასი) შექმნილი იყო სახმელეთო ჯარების ცალკეული სარდლობები. სეუტასა და მილელიის ზონების სარდლობები ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდნენ შესაბამისად II და IX სამხედრო ოლქების შტაბებს. თითოეული ოლქის სათავეში იდგა სარდალი გენერალ-ლეიტენანტის წოდებით. ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ოლქებს (ნაწილების რაოდენობის მიხედვით) წარმოადგენდა I (შტაბი მადრიდში), II (სევილიაში) და III (ვალენსიაში) სამხედრო ოლქები.
სამხედრო ოლქები აერთიანებდა რიგ პროვინციებს, რომელთაგან თითოეულს მეთაურობდა სამხედრო გუბერნატორი. ოლქის ცენტრალური პროვინციის სამხედრო გუბერნატორი ამავე დროს წარმოადგენდა ოლქის ჯარების მთავარ ინსპექტორს. სამხედრო ოლქების სარდლები გენერალური შტაბის უფროსს ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის მეშვეობით.
სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთად ითვლებოდა დივიზია. მასში შედიოდა სამი ბრიგადა, რომელთაგან თითოეული შედგებოდა სამი-ოთხი პოლკისგან. მშვიდობინობის დროს შენაერთები და ნაწილები პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებული იყო 70%-ით და შეიარაღებაში გააჩნდათ ძირითადად ამერიკული და ფრანგული იარაღი და საბრძოლო ტექნიკა.
სახმელეთო ჯარებში 1970-იანი წლების მიწურულს მოითვლებოდა 870-ზე მეტი ტანკი, მათგან დაახლოებით 670 საშულო (200 AMX-30 და 470 M47 და M48) და 200 მსუბუქი, 105 მმ და მეტი ყალიბის 1000-ზე მეტი ქვემეხი, აგრეთვე 500 ტავშანტრანსპორტერი M113. ჯარების შეიარაღებაში იმყოფებოდა დიდი რაოდენობით ტსმრჭ „მილანი“, „კობრა“, SS-11, მრავალლულიანი რეაქტიული გასაშვები დანადგარი (გდ), ნაღმსატყორცნი და უუკუცემო ქვემეხი, 550-მდე საზენიტო არტილერიის ქვემეხი. გარდა ამისა, ჯარებში იყო სროლის საშულო სიშორის ზმრ „ჰოქები“, საარმიო ავიაციის სხვადასხვა ტიპის 40 თვითმფრინავი და დაახლოებით 60 ვერტმფრენი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების ჰაერიდან დასაფრად იყენებდნენ სროლის დიდი სიშორის ზმრ-ებს „ნაიქ-ჰერკულესი“.
ესპანეთის სამხედრო ხელმძღვანელობა 70-იანი წლების მეორე ნახევარში ატარებდა ფართო ღონისძიებებს სახმელეთო ჯარების ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. ამ მიზნით შენაერთებსა და ნაწილებს აღჭურავდნენ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით, ზრდიდნენ მათ საცეცხლე და დამრტყმელ ძლიერებას. შეიარაღების თანამედროვე სახეობების შესყიდვას ახორციელებდნენ საზღვარგარეთ, უმთავრესად აშშ-ში. ზრდიდნენ აგრეთვე ეროვნულ სამხედრო წარმოებასაც. მისცეს შეკვეთები 600 ახალი ჯტრ BMR-600-ის დასამზადებლად. აგრძელებდნენ M47 და M48 ტანკების მოდერნიზაციას მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით. 1978 წელში მოელოდნენ შენაერთებსა და ნაწილებში დამატებით 180 ტანკის AMX-30 მიწოდებას, რომლებსაც ესპანეთში აწარმოებდნენ ფრანგული ლიცენზიით.
ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები განკუთვნილი გახლდათ სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების უშუალო საავიაციო მხარდაჭერისთვის, ძირითადი სამხედრო-სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრების, აგრეთვე სახმელეთო ჯარების დაჯგუფებების საჰაერო თავდაცვის (ჰთ) უზრუნველყოფისთვის, საჰაერო დაზვერვის წარმოებისა და სხვა ამოცანების შესრულებისთვის. სჰძ-ის ხელმძღვანელობას ახორციელებდა სჰძ-ის მთავარი შტაბის უფროსი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბას.
საორგანიზაციო მიმართებით სჰძ შეყვანილი იყო შემდეგ სარდლობებში: ჰთ-ის, ტაქტიკურ, სატრანსპორტო, სასწავლო-საწვრთნელში. ყველა სავიაციო ნაწილი და ქვედანაყოფი ტერიტორიულად განლაგებული იყო სამ სამხედრო-საჰაერო ოლქსა და კანარის კუნძულების საჰაერო ზონაში. ძირითად საორგანიზაციო ერთეულს სჰძ-ში წარმოადგენდა საავიაციო ესკადრილია.
ჰთ-ის სარდლობას (შტაბი ტორეხონში) ექვემდებრებოდა სამი საავიციო ფრთა: 11-ე (მანისესი) მოიცავდა 111-ე და 112-ე ავიაესკადრილიებს და მოითვლიდა 30 თვითმფრინავს „მირაჟ“3EE და „მირაჟ“DE; 12-ე (ტორეხონი) _ 121-ე და 122-ე ავიაესკადრილიებს, რომელთაც ჰყავდათ 32 გამანადგურებელი F-4C „ფანტომ“2, და 123-ე (სამი გამწყობი თვითმფრინავე KC-130H); 14-ე (ლოს-ლიანოსი) _ 141-ე ავიაესკადრილია და 15 თვითმფრინავი „მირაჟ“F1C. გარდა ამისა, ამ სარდლობაში შედიოდა სასწავლო-საწვრთნელი საავიციო ესკადრილია (20 თვითმფრინავი T-33A).
ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (სევილიაში) მოიცავდა შედეგ ავიაესკადრილიებს: 211-ე გამანადგურებელს (მორონი), 20 თვითმფრინავი F-5A და RF-5B; 203-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენს, 40 მსუბუქი მოიერიშე HA-200 „საეტა“ და HA-220 „სუპერ საეტა“; 212-ე სადაზვერვოს, 20 RF-5A და B; 221-ე საზღვაო დაზვერვისა (ხერესი), 11 თვითმფრინავი HU-16B და სამი P-3A. სამი ესკადრილია (462-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენი, 461-ე სადაზვერვო და 463-ე სატრანსპორტო) ექვემდებარებოდა კანარის კუნძულების საჰაერო ზონის სარდალს.
სატრანსპორტო საავიაციო სარდლობა მოიცავდა 35-ე, 37- და 91-ე სატრანსპორტო საავიაციო ფრთებს, რომლებიც ბაზირებული იყვნენ შესაბამისად ხეტაფში, ვილანუბლასა და ხეტაფში. სულ სარდლობის შემადგენლობაში შედიოდა რვა ავიაესკადრილია.
სასწავლო-საწვრთნელ სარდლობას ექვემდებარებოდნენ სჰძ-ის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები (საფრენოსნო სკოლები ტალავერა-ლა-რეალსა და სალამანკაში, მფრინავთა უმაღლესი საავიაციო სასწავლებელი მურსიაში, სამხედრო-საჰაერო აკადემია მადრიდში) და მასვე მიცემული ჰქონდა ცხრა საწვრთნელი ავიაესკადრილია (200-ზე მეტი სასწავლო თვითმფრინავი და 15 ვერტმფრენი).
ესპანეთის სჰძ-ის შემადგენლობაში იყო აგრეთვე დამხმარე ავიაციის ცალკეული ჯგუფები და ავიაესკადრილიები (დაახლოებით 50 მსუბუქი თვითმფრინავი), რომლებიც ასრულებდნენ კავშირგაბმულობის, კარტოგრაფიული სამსახურის, პირადი შემადგენლობის ძიებისა და გადარჩენის, ხანძრებთან ბრძოლისა და სხვა ამოცანებს.
როგორც დასავლური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ესპანური სარდლობა, 70-იანი წლების მიწურულს, შეიმუშავებდა სამხედრო-საჰაერო ძალების ახალი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით გადაიარაღების გეგმას. საავიაციო ნაწილები უნდა შეევსოთ ძირითადად ეროვნული წარმოების თვითმფრინავებით. უკანასკნელი მოდელების საბრძოლო თვითმფრინავების შეძენას კი გეგმავდნენ აშშ-სა და საფრანგეთში. აქტიურად მიდიოდა ასევე დამხმარე ავიაციის ფარეხის განახლების პროცესიც.
ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ძალები 1970-იან წლებში შედგებოდა ფლოტის, სზძ-ის ავიაციისა და საზღვაო-ქვეითი ჯარისგან. მის ხელმძღვანელობას ახორციელებდა მთავარი შტაბის უფროსი, რომელიც ფქტიურად გახლდათ სზძ-ის სარდალი. იგი უშუალოდ ექვემდებარებოდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს.
სზძ-ის ამოცანაში შედიოდა საზღვაო კომუნიკაციების დაცვა, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების თავდაცვა, ზღვისპირა მიმართულებებზე მოქმედი სახმელეთო ჯარების მხარდაჭერა, საზღვაო დესანტების გადასხმისა და მოქმედებების უზრუნველყოფა, აგრეთვე საპატრულო სამსახურის წარმოება.
ადმინისტრაციული მიმართებით ესპანეთის მთელი სანაპირო დაყოფილი იყო სამ სამხედრო-საზღვაო ოლქად: კანტაბრიის (შტაბი ელ-ფეროლში), სრუტის ზონისა (კადისში) და ხმელთაშუა ზღვის (კარტახენაში).
საზღვარგარეთ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სზძ მოითვლიდა დაახლოებით 180 საბრძოლო ხომალდს, კატარღასა და დამხმარე გემს, მათ შორის ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენმზიდ „დედალოს“, რომლის ბორტზეც იყო შვიდი თვითმფრინავი „ჰარიერი“ ვერტიკალური აფრენითა და დაჯდომით (ესპანურ სჰძ-ში ამ თვითმფრინავს უწოდებდნენ „მატადორს“) და დაახლოებით 20 ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი; „ბალეარესის“ ტიპის ხუთ მრი (УРО) საესკადრო ნაღმოსანს, რომელთაც შეიარაღებაში გააჩნდათ ზმრი (ЗУРО) სისტემები „სტანდარტი“ და ნწმრი (ПЛУРО) სისტემები „ასროკი“, 127-მმ კოშკიანი უნივერსალური საარტილერიო დანადგარი და ექვსი სატორპედო აპარატი; 13 საესკადრო ნაღმოსანს; ათ ფრეგატს; ცხრა წყალქვეშა ნავს; 26 ტრალერს; 19 სადარაჯო კატარღას; 14 სადესანტო ხომალდსა და ტრანსპორტს. გარდა ამისა, სზძ-ის შემადგენლობაში იყო დიდი რაოდენობით სანაპირო დაცვის კატარღები.
სზძ-ის ავიაცია ოპერატიული მიმართებით ექვემდებარებოდა სზძ-ის მთავარი შტაბის უფროსს, ხოლო საფრენოსნო შემადგენლობის მომზადებისა და მტუ-ის საკითხებში კი _ სჰძ-ის მთავარი შტაბის უფროსს. მისი თვითმფრინავების ფარეხი მოითვლიდა 14 საბაზო-საპატრულო თვითმფრინავს („ალბატროსისა“ და „ორიონის“ ტიპების), აგრეთვე დაახლოებით 50 სხვადასხვა ვერტმფრენს.
საზღვაო ქვეითი ჯარი განკუთვნილი იყო საზღვაო-სადესანტო ოპერაციებში მონაწილეობისთვის, სამხედრო-საზღვაო ობიექტების დაცვისა და მსხვილ ხომალდებზე სამსახურისთვის. მის შემადგენლობაში შედიოდა ოთხი პოლკი და ორი ცალკეული ჯგუფი, რომელთა საერთო რიცხოვნება უტოლდებოდა დაახლოებით 8 ათას ადამიანს. საზღვაო-ქვეითი ჯარის მცირე რაზმები იმყოფებოდნენ სამხედრო-საზღვაო ოლქების სარდლების დაქვემდებარებაში.
ესპანეთის ძირითადი სამხედრო-საზღვაო ბაზები იყო კადისი, კარტახენა, ელ-ფეროლი, აგრეთვე მაონი (ბალეარის კ-ები) და ლას-პალმასი (კანარის კ-ები).
ქვეყნის სზძ-ის სარდლობა გეგმავდა ფლოტის შემდგომ განახლებას ხომალდების აგების ხარჯზე, რაც უნდა განეხორციელებიათ ძირითადად ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ვერფებში ნატო-ს ბლოკის სახელმწიფოთა ტექნიკური დახმარებით.
სამოქალაქო გვარდია (ე. წ. „ცივილა“) წარმოადგენდა პოლიციურ ფორმირებას. პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, სამხედრო სამსახურის გავლის, საბრძოლო მომზადების ორგანიზებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში იგი ექვემდებარებოდა თავდაცვის მინისტრს, პოლიციური ფუნქციების შესრულებისა და ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებში _ შინაგან საქმეთა მინისტრს, ხოლო საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის საკითხებში კი _ ფინანსთა მინისტრს.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ძირითად დანიშნულებას შეადგენდა ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობა, საზოგადებრივი წესრიგის შენარჩუნება, დანაშავეებისა და სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებელი პირების გამოვლენა, სახელმწიფო საზღვრების დაცვა, სამთავრობო დაწესებულებების დაცვა, აგრეთვე სამოქალაქო თავდაცვის ძირითადი ამოცანების შესრულება.
სამოქალაქო გვარდიის ნაწილები და ქვედანაყოფები დისლოცირებული იყო ექვს ოლქში. თითოეულ ოლქს მეთაურობდა ბრიგადის გენერალი, რომელსაც ექვემდებარებოდა სამოქალაქო გვარდიის შტაბი პოლკოვნიკის წოდების მქონე ოფიცრით სათავეში.
სამოქალაქო გვარდიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ორგანიზაცია ოლქებში აგებული გახლდათ სამხედრო ნიმუშის მიხედვით. თითოეულ ოლქში შედიოდა სამიდან ხუთ პოლკამდე. სულ სამოქალაქო გვარდიის შემადგენლობაში 70-იანი წლების მიწურულს იყო 26 პოლკი, რომელთაგან თითოეული შედგებოდა ორი ბატალიონისგან, როგორც წესი თითო-თითო ბატალიონი ყოველ პროვინციაზე. ძირითად პროვინციებში (მადრიდი, ბარსელონა, ვალენსია) თითოელში შედიოდა სამოქალაქო გვარდიის რამდენიმე ბატალიონი. ბატალიონი შედგებოდა ოთხი-ხუთი ასეულისგან, რომელთა რაოდენობაც დამოკიდებული იყო დასახლებული პუნქტების რაოდენობასა და მნიშვნელოვნებაზე. სამოქალაქო გვარდიის მორიგე ქვედანაყოფები განთავსებული იყო ყაზარმებში, ხოლო დანარჩენ პირად შემადგენლობას კი აუცილებლობის დროს ჰკრებდნენ ყაზარმებში შეკრების სიგნალის მიხედვით. ქვეყანაში დაძაბული ვითარების შემთხვევაში ან კიდევ მსხვილი საპოლიციო ღონისძიებების ჩატარებისას ყაზარმულ მდგომარეობაზე შეეძლოთ გადაეყავანათ შესაბამისი ოლქის, პოლკის, ბატალიონის მთელი პირადი შემადგენლობა.
სამოქალაქო გვარდიის პირადი შეადგენლობა, რიგითების ჩათვლით, წარმოადგენდა კადრის შემადგენლობას. მისი ნაწილები და ქვედანაყოფები აღჭურვილი იყო ჯავშანტრანსპორტერებით, სასროლი იარაღითა და სატრანსპორტო საშუალებებით.
ესპანეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებასა და სამსახურის გავლას განსაზღვრავდა კანონი საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ. გარდა ამისა, მას აკომპლექტებნენ მოხალისეების შეკრების ხარჯზეც, რომლებიც არმიაში შედიოდნენ სპეციალისტების სახით. სამხედროვალდებულად ითვლებოდა ქვეყნის მამრობითი სქესის თითოეული მოქალაქე 20-დან 38 წლის ასაკამდე. კანონის საფუძველზე გაწვეული რიგითი შემადგენლობის სამსახურის ხანგრძლივობა იყო 18 თვე, ხოლო მოხალისეებისა კი _ განისაზღვრებოდა კონტრაქტით. ჩვეულებრივ, სახსრების ეკონომიის მიზნით, სახმელეთო ჯარებში გაწვეული ყველა სამხედროვალდებული სამსახურს გადიოდა გაწვევის პუნქტის მახლობლად დისლოცირებულ ნაწილში.
ყოველწლიურად გასაწვევი კონტინგენტი შეადგენდა დაახლოებით 200 ათას ადამიანს (მათ რიცხვში 20 ათასი კონტრაქტის მიხედვით). გაწვევას ახორციელებდნენ სამჯერ წელიწადში. ახალგაზრდა ჯარისკაცების მომზადების პერიოდი გრძელდებოდა ოთხ თვეს. იგი მოიცავდა სწავლებას სასწავლო ცენტრებში, სადაც სწავლობდნენ სამხედრო წესდებებსა და დარიგებებს, იარაღის მატერიალურ ნაწილს, შემდეგ ორგანიზებას უკეთებდნენ მეცადინეობებს საველე პირობებში. ისინი მოიცავდა საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებასა და ვარჯიშობებს სპეცილობის მიხედვით. სწავლების კურსის დასრულების შემდეგ სამხედროვალდებულებს ანაწილებდნენ საჯარისო ნაწილებში.
ნამდვილი სამსახურის დადგენილი ვადით ნამსახურები რიგითები 38 წლამდე იმყოფებოდნენ თადარიგში, ხოლო შემდეგ მათ ხსნიდნენ აღრიცხვიდან.
სერჟანტთა შემადგენლობას არჩევდნენ ნებაყოფლობით საწყისებზე უპირატესად ყველაზე უფრო მომზადებული და განათლებული ჯარისკაცებისგან. სერჟანტების სწავლებას ახორციელებდნენ ჯართა გვარეობების სერჟანტების სკოლებსა და ტექნიკური სპეციალისტების სკოლებში.
ოფიცერთა შემადგენლობას სახმელეთო ჯარებისთვის ამზადებდნენ ზოგადსაჯარისო სასწავლებელში სარაგოსაში (ორი წელი), რომლის დასრულების შემდეგ ანიჭებდნენ სამხედრო წოდებას უმცროსი ლეიტენანტი. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ოფიცრები სპეციალიზაციას გადიოდნენ ჯართა გვარეობების სკოლებში (ქვეითი ჯარისა _ ტოლედო, სატანკო და ჯავსანსაკავალერიო ჯარების _ ვალიადოლიდი, საარტილერიო _ სეგოვია, საინჟინრო _ ბურგოსი, სამხედრო-სამედიცინო და სამხედრო-იურიდიული _ მადრიდი), ხოლო შემდეგ კი ზოგადსაჯარისო სასწავლებელში სამთვიანი მომზადების მერე მათ სამსახურის გასავლელად გზავნიდნენ სამხედრო ნაწილებში. უმაღლეს სამეთაურო კადრებს ამზადებდნენ სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემიაში (მადრიდი), აგრეთვე გენერალური შტაბის უმაღლეს სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო ცენტრებში.
უმაღლესი ოფიცრების მომზადებას სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ახორციელებდნენ სჰძ-ისა და სზძ-ის აკადემიაში მადრიდში.
1970-იანი წლების მიწურულს დასავლური პრესა აღნიშნავდა, რომ ესპანეთი, აიღო რა კურსი დასავლეთევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარებაზე, ისწრაფვოდა თანამედროვე და კარგად აღჭურვილი შეიარაღებული ძალების შექმნისკენ, რაც დასავლელი სპეციალისტების აზრით, საშუალებას მისცემდა მას მალე შესულიყო ნატო-ს ბლოკის შემადგენლობაში.
X. საბერძნეთის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების შუახანებისთვის
საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1970-იან წლებში ნატო-ს გეგმებში საბერძნეთს ეთმობოდა პლაცდარმის როლი ამ აგრესიული ბლოკის შეიარაღებული ძალების უშუალოდ საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნების საზღვრებთან გასაშლელად. დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, გააჩნდათ რა საყრდენი პუნქტები საბერძნეთის ტერიტორიაზე, შეეძლოთ ეკონტროლებიათ უმნიშვნელოვანესი საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. ყველა ეს გარემოება წარმოადგენდა საბერძნეთის ჩათრევის მთავარ მიზეზს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში, რომლის წევრიც იგი გახდა 1952 წლის თებერვლიდან.
მაშინვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისის მმართველმა წრეებმა საბერძნეთის რეაქციულ ძალებთან მოლაპარაკებით, საბჭოთა ავტორების სიტყვით, თავს მოახვიეს ქვეყანას მონარქიულ-ფაშისტური რეჟიმი, ხოლო შემდეგ აშშ-სა და ნატო-ს სხვა ქვეყნებთან ერთად დაიწყეს მისთვის გაძლიერებულად ყოველმხრივი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა, მოითხოვდნენ რა მისგან ქვეყანაში სამხედრო მზდებების გაფართოებას. 1952-დან 1970 წლის ჩათვლით საბერძნეთის მხოლოდ პირდაპირმა სამხედრო ხარჯებმა შეადგინა 3,8 მლრდ. დოლარი. შეიარაღებული ძალების, პოლიციისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურების შენახვაზე ყოველწლიურად მიდიოდა ეროვნული პროდუქტის 10%-ზე მეტი.
საბერძნეთის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. მისი საერთო რიცხოვნება, დასავლური მონაცემების მიხედვით, 1970-იანი წლების შუახანებისთვის, აღემატებოდა 160 ათას ადამიანს, მათ შორის სახმელეთო ჯარებში შედიოდა 120 ათასი, სჰძ-ში _ 22 ათასი და სზძ-ში _ 18 ათასი ადამიანი.
რეგულარული შეიარაღებული ძალების გარდა ქვეყანაში იყო პოლიციური (მსხვილ ქალაქებში) და საჟანდარმო ფორმირებები საერთო რიცხოვნებით 30 ათასი ადამიანი.
სამოქალაქო თავაცვის სამსახურის გაწევისა და მმართველი რეჟიმის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის საბერძნეთში 1967 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყეს ეროვნული გვარდიის ბატალიონების შექმნა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ნიმუშის მიხედვით. მათ აყალიბებდნენ ეროვნული თავდაცვის ბატალიონების (TEA) საფუძველზე, რომლებიც 1946-1949 წლებში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, აერთიანებდნენ ქვეყნის ყველაზე უფრო რეაქციულ ძალებს. ეროვნული გვარდიის ბატალიონების საერთო რიცხოვნება, 70-იანი წლების შუახანებისთვის, აღწევდა თითქმის 70 ათას ადამიანს. მათ აკომპლექტებდნენ მმართველი წრეების ერთგული ადამიანებით, რომლებსაც ორწლიანი სამხედრო სამსახური ჰქონდათ გავლილი რეგულარულ ჯარებში. ეროვნული გვარდიის წვრილ ქვედნაყოფებს _ ათეულებს, ოცეულებსა და ასეულებს აკომპლექტებდნენ დასახლებული პუნქტების მიხედვით, და შეჰყავდათ ბატალიონებში, რომელთა უმეტესი ნაწილიც განლაგებული იყო ჩრდილოეთ საბერძნეთში.
1968 წლის კონსტიტუციის თანახმად, რომლიც სპეციალური მუხლებით შეავსეს 1973-ში, ქვეყნის შეიარღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ ქვეყნის პრეზიდენტი. იგი აწერდა ხელს ყველა ბრძანებულებას, რომლებიც ეხებოდა უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის საქმანობასა და შეიარაღებული ძალების ორგანიზაციას.
ქვეყნის ომისთვის მომზადებასა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მინისტრთა საბჭოს, რომელშიც შედიოდა ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭო. მის შემადგენლობაში იყვნენ: ქვეყნის პრეზიდენტი (თავმჯდომარე), პრმიერ-მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მოადგილეები, ეროვნული თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სამთავრობო პოლიტიკისა და ეკონომიკური დაგეგმარების მინისტრები, აგრეთვე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს საქმიანობაზე დიდ გავლენას ახდენდნენ ამერიკული მისიის უფროსი საბერძნეთში და ამ მისიის სამხედრო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო სექციების უფროსები.
შეიარაღებული ძალების უშუალო ხელმძღვანელობას ახორცილებდნენ ეროვნული თავდაცვის მინისტრი, შეირაღებული ძალების მთავარსარდლობა (გენერალური შტაბის უფლებებით), შეიარაღებული ძალების სახეობათა სარდლობები და სამხედრო-ტერიტორიული მართვის ორგანოები (ნახ. 10).
[10-ე ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა საბერძნეთის უმაღლესი სამხედრო მმართველობის სტრუქტურა, სათავეში დგას პრეზიდენტი, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარებოდა მინისტრთა საბჭო; პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს საკონსულტაციოს ორგანოს წარმოადგენდა ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭო; მინისტრთა საბჭოს ექვემდებარებოდნენ: ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროები, აგრეთვე სამოქალაქო სამინისტროები და ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებული იყვნენ თავდაცვის საკითხებით; ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა, ამ უკანასკნელს კი ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის სარდლობები, გარდა ამისა, სახმელეთო ჯარევის სარდლობის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო 1-ლი საველე არმია და ASDEN; შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროების დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო პოლიციეს, ჟანდარმერიისა და ეროვნული გვარდიის მთავარი სამართველოები, ხოლო მათ ექვემდებარებოდნენ ჟანდარმერიის ტერიტორიული სამმართველოები (14); თავდაცვის საკითხებით დაკავებული სამოქალაქო სამინისტროებისა და ორგანიზაციების დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო საკონსულტაციო საბჭო სამოქალაქო მობილიზაციის საკითხებში, მხოლოდ აქ ნაჩვენები იყო ურთიერთმოქმედების ხაზი და არა პირდაპირი დაქვემდებარებისა; ასეთივე ურთიერთმოქმედების ხაზი აკავშირებდა ერთმანეთთან ჰორიზონტალურად შეიარაღებული ძალების მთავარ სარდლობასა და საკონსულტაციო საბჭოს სამოქალაქო მობილიზაციის საკითხებში].
საბერძნეთის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მდებარეობს პრევეზას, ლამიასა და კ. ლემნოსის ჩრდილოეთით, ნატო-ს ბლოკში მიღებული დაყოფით (по нарезке НАТО), შედიოდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში და სამხედრო-ადმინისტრაციული მიმართებით იყოფოდა სამ სამხედრო ოლქად (შტაბები კოზანაში, ვერიასა და სალონიკში). აქ განლაგებული იყო საბერძნეთის სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის ძირითადი ძალები, გადაცემული ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) შემადენლობაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე. ამ რაიონში მუდმივად ატარებდნენ ბლოკის მშძ-ის მსხვილ სწავლებებსა და მანევრებს (“დენს თრეილი”, “უხვი მოსავალი”, “ღრმა კვალი”, “საბერძნეთის ექსპრესი” და სხვები).
ქვეყნის სამხრეთ ნაწილი, რომელიც მოიცავს პელოპონესის ნახევარკუნძულს, იონიისა და ეგეოსის ზღვების კუნძულებსა და კ. კრეტას, შეადგენდა ზურგის (კომუნიკაციების) ზონას და სამხედრო-ადმინისტრაციული მიმართებით შედიოდა შიდა რაიონებისა და კუნძულების მთავარ სარდლობაში (ASDEN, შტაბი ათენში). ეს სარდლობა ფუნქციონირებდა საარმიო კორპუსის უფლებით და ექვემდებარებოდა სახმელეთო ჯარების სარდალს. იგი განკუთვნილი გახლდათ ქვეყნის ტერიტორიის ცენტრალური რაიონებისა და მრავალრიცხოვანი კუნძულების თავდაცვის ორგანიზებისთვის, აგრეთვე პირადი შემადგენლობის სწავლების ორგანიზებისთვისაც, რომლებიც ავსებდნენ სახმელეთო ჯარების შენაერთებსა და ნაწილებს. შიდა რაიონებისა და კუნძულების მთავარი სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში განლაგებული იყო სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი ეროვნული ორგანოები, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების უმეტესი ნაწილი, სამობილიზაციო ცენტრები, სზძ-ის ძირითადი ძალები და ზურგის სამსახურები. იქვე განლაგებული იყო აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ბაზები და ობიექტები. სახელდობრ, კ. კრეტაზე აშენებული იყო ნატო-ს სასწავლო სარაკეტო ცენტრი. სამხედრო-საზღვაო ბაზებს პირევსსა და სუდას იყენებდნენ აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდების ბაზირების მეწინავე პუნქტებად. აეროდრომ ელინიკონზე (ათენი) ფუნქციონირებდა მსხვილი ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზა.
საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებს 70-იან წლებში აკომპლექტებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე. სამხედროვალდებულებად მშვიდობინობის დროს ითვლებოდნენ 19-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები, ომიანობის დროს კი 17-დან 60 წლამდე. სამხედრო სამსახურში შესაძლებელი იყო გაეწვიათ 20-35 წლის ქალებიც. ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისთვის შეადგენდა ორ წელიწადს. გაწვევას ახორციელებდნენ ყოველწლიურად ოთხ რიგად.
რეზერვისტები, ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებზე მიწერილების გარდა, თადარიგში ყოფნის პირვლი ოთხი წლის განმავლობაში, 70-იან წლებში, გადიოდნენ ერთთვიან შეკრებებს, რომლებიც როგორც წესი, მთავრდებოდა რეგულარულ ჯარებთან ერთობლივად ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობით.
ოფიცერთა შემადგენლობას აკომპლექტებდნენ მოხალისეთა ხარჯზე მმართველი რეჟიმისადმი ერთგული ადამიანების რიცხვიდან, რომლებმაც დაასრულეს საოფიცრო სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები. საოფიცრო სასწავლებლებში შესულები დებდნენ კონტრაქტს შეიარაღებულ ძალებში სამსახურზე არანაკლებ 15 წლის ვადით.
ოფიცერთა კადრების მომზადების ძირითად ცენტრებს წარმოადგენდა: სახმელეთო ჯარებში _ კადეტთა სასწავლებელი “ეველპიდონი” (ათენი), სჰძ-ში _ საავიაციო სამხედრო სასწავლებელი “იკარონი” (ტატოი) და სზძ-ში _ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი “დოკიმონი” (პირევსი). სწავლების ვადა მათში შეადგენდა ოთხ წელიწადს. სასწავლებელ “ეველპიდონის” დასრულების შემდეგ გამოშვებულებს ერთი წლით გზავნიდნენ ჯართა გვარეობების სკოლებში. სჰძ-ისა და სზძ-ის ოფიცრების მომზადებისთვის იყო სპეციალური სასწავლო ცენტრები. ბევრი ბერძენი ოფიცერი სწავლობდა აშშ-ის, გფრ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებსა და ნატო-ს სამხედრო კოლეჯში (რომი, იტალია).
საბერძნეთის შეიარაღებული ძალების იარაღი და საბრძოლო ტექნიკა დაახლოებით 90%-ით იყო ამერიკული და დასავლეთგერმანული წარმოებისა. ჯარებში ასევე გააჩნდათ გარკვეული რაოდენობა იარაღისა, რომელიც მიღებული ჰქონდათ საფრანგეთიდან. საბერძნეთის სამხედრო მრეწველობა აწარმოებდა მხოლოდ მსუბუქ იარაღსა და საბრძოლო მასალებს. ეროვნული გემთსაშენი ვერფები სკარამანგაში დაკავებული იყვნენ მხოლოდ ხომალდების რემონტით.
სახმელეთო ჯარები. ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებში საბერძნეთს გამოყოფილი ჰქონდა ძირითადად სახმელეთო ჯარების მიმწოდებლის როლი, რომლის შემადგენლობაშიც 1970-იანი წლების შუახანებისთვის შედიოდა 11 ქვეითი და ერთი ჯავშანსატანკო დივიზიები, ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა, 6-მდე სასწავლო (სარეზერვო) პოლკი, აგრეთვე გაძლიერებისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები.
უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემების თანახმად სახმელეთო ჯარების შენაერთების უმეტესი ნაწილი შედიოდა 1-ლ საველე არმიაში, რომელიც შედგებოდა სამი საარმიო კორპუსისგან, რომელთაგან თითოეულში შედიოდა ორი-სამი ქვეითი დივიზია. არმიის შემადგენლობაში ჩართული გახლდათ აგრეთვე სამი ქვეითი დივიზია (მათ რიცხვში სარეზერვოც), ჯავშანსატანკო დივიზია, ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა, რაკეტების “ონესტ ჯონი”, საველე და თვითმავალი არტილერიის რამდენიმე ცალკეული დივიზიონი, საინჟინრო ჯარებისა და კავშირგაბმულობის ჯარების ცალკეული ბატალიონები. სახმელეთო ჯარებში შედიოდა აგრეთვე საშუალო სიშორის საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) “ჰოქების” დივიზიონი.
1-ლი საველე არმიის შენაერთები და ნაწილები დისლოცირებული იყო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და ისინი შედიოდნენ ნატო-ს ბლოკის მშძ-ის შემადგნლობაში სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ამ მშძ-ის შტაბი განთავსებული იყო იზმირში (თურქეთი). თავად არმიის შტაბი კი განთავსებული გახლდათ ქ. ლარისაში, საარმიო კორპუსის შტაბები ამავდროულად წარმოადგენდნენ შესაბამისი სამხედრო ოლქების შტაბებს.
საბერძნეთის სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთად ითვლებოდა დივიზია. თითოეულ ქვეით დივიზიას ჰყავდა ორი-სამი ქვეითი პოლკი (დივიზიაში მოითვლებოდა ცხრა ქვეით ბატალიონამდე), სატანკო ბატალიონი, საველე არტილერის ოთხ დივიზიონამდე, აგრეთვე კავშირგაბმულობის, საინჟინრო ჯარების, სამედიცინო სამსახურის, ტრანსპორტისა და ზურგის სამსახურის ქვედანაყოფები. ქვეითი პოლკი შედგებოდა ორი-სამი ბატალიონისგან, თითოეულში ოთხი ქვეითი ასეულითა და მხარდაჭერის ასეულით. საარტილერიო დივიზიონში შედიოდა სამი საცეცხლე ბატარეა ექვს-ექვსი ქვემეხით (სულ 18 ქვემეხი).
ჯავშანსატანკო დივიზიაში იყო სამი საბრძოლო სარდლობა. მის საფუძველს შეადგენდნენ სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონები. გარდა ამისა, დივიზიაში იყო საბრძოლო უზრუნველყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიც.
1-ლი საველე არმიის შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღებაში, 1970-იანი წლების შუახანებისთვის შედიოდა ამერიკული ტანკები M47 და M48, ჯავშანტრანსპორტერები M113, 105 მმ, 155 მმ და 203,2 მმ ყალიბების ჰაუბიცები, უმართავი რაკეტები “ონესტ ჯონი”, 175-მმ თვითმავალი ზარბაზნები, 81-მმ და 106,7-მმ ნაღმსატყორცნები, უუკუცემო ქვემეხები, საარმიო ავიაციის თვითმფრინავები და ვერტმფრენები, ფრანგული ტსმრჭ-ები SS-11. დედაქალაქის გარნიზონის სატანკო ნაწილებში იყო ფრანგული ტანკები AMX-63.
ეროვნული სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ ნაწილები, რომლებიც შედიოდნენ ASDEN-ის შემადგენლობაში და დისლოცირებული იყვნენ ათენის რაიონში და პელოპონესის ნახევარკუნძულზე, ქვეითი პოლკი კ. კვიპროსზე, საველე და საზენიტო არტილერიის რადენიმე დივიზიონი.
ომის დაწყების შემდეგ ითვალისწინებდნენ ეროვნული გვარდიისა და ჟანდარმერიის ნაწილების სამხედრო სარდლობისადმი დაქვემდებარებას.
სამხედრო-საჰაერო ძალები განკუთვნილი იყო ძირითადად ტაქტიკური ამოცანებისა და საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ამოცანების შესრულებისთვის. მის შემადგენლობაში შედიოდა 12 საბრძოლო ესკადრილია, აგრეთვე გარკვეული რაოდენობის სატრანსპორტო და სავერტმფრენო ესკადრილიები. თითქმის ყველა ისინი გადაცემული იყო ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სჰძ-ის შემადგენლობაში. ეროვნული სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა მხოლოდ ერთი საბრძოლო ესკადრილია, სასწავლო საავიაციო სარდლობა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) სარდლობა.
საბერძნეთის სჰძ-ის უმაღლეს საორგანიზაციო გაერთიანებას წარმოადგენდა 28-ე ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (შტაბი ლარისაში), რომელიც ჩართული იყო ნატო-ს მე-6 მტას-ში, რომლის შტაბიც იყოფებოდა იზმირში (თურქეთი). სარდლობაში შედიოდა გამანადგურებელ-დამჭერების F-5 და F-102A, გამანადგურებელ-ბომბდამშენების F-104G და F-84F, სადაზვერვო თვითმფრინავების RF-5A და RF-84F ესკადრილიები, აგრეთვე სატრანსპორტო თვითმფრინავების C-47 და NC-2501 “ნორატლასი” ესკადრილიები, ასევე შორი მოქმედების ზმრ-ის “ნაიქ ჰერკულესების” დივიზიონი, რომელსაც იყენებდნენ დიდი ათენის საჰაერო თავდაცვის სისტემაში.
საბერძნეთის სჰძ-ის შეიარაღებაში შედგებოდა დაახლოებით 220 საბრძოლო თვითმფრინავი, 100-ზე მეტი თვითმფრინავი (უმთავრესად მოძველებული ნიმუშებისა), რომლებსაც იყენებდნენ სასწავლო და დამხმარე მიზნებით, სხვადასხვა დანიშნულების 30-ზე მეტი ვერტმფრენი. უცხოური ბეჭდური გამოცმების მონაცემებით, აშშ-სა და საბერძნეთს შორის მიღწეული იყო შეთანხმება უახლესი წლების განმავლობაში საბერძნეთის სჰძ-ის ზოგიერთი ესკადრილიის F-4C “ფანტომი” თვითმფრინავებით გადაიარაღების შესახებ.
სამხედრო-საზღვაო ძალები, როგორც იტყობინებოდნენ უცხოური ბეჭდური გამოცემები, 70-იანი წლების შუახანებისთვის მოითვლიდა 100-ზე მეტ საბრძოლო ხომალდს, მათ რიცხვში 9 საესკადრო ნაღმოსანს, 4 ფრეგატს, 7 წყალქვეშა ნავს, 4 სარაკეტო კატარღასა (ფრანგული აგებისა) და 13 სატორპედო კატარღას, 20-ზე მეტ სადესანტო ხომალდს, აგრეთვე სხვადასხვანაირ დამხმარე ხომალდებსა და სატრანსპორტო გემებს. სზძ-ის შემადგენლობაში იყო საპატრულო ავიაესკადრილია (12 თვითმფრინავი “ალბატროსი”). უახლოეს წლებში მოელოდნენ რაკეტებით “სი ქეთი” აღჭურვილი ორი სადარაჯო ხომალდის შეიარაღებაში მიწოდებას, რომელთა აგებაზეც შეკვეთა განთავსებული ჰქონდათ დიდ ბრიტანეთში.
ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ის შემდგენლობაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე საბერძნეთის სზძ-დან გამოიყოფოდა ოთხი წყალქვეშა ნავი, საესკადრო ნაღმოსნები და სადარაჯო ხომალდები. ერთ-ორ საესკადრო ნაღმოსანსა და რამდენიმე სადარაჯო ხომალდს საბერძნეთი გამოჰყოფდა ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს სზძ-ის გამოძახებით მოქმედებებისთვის განკუთვნილი შენაერთის შემადგენლობაში. ფლოტის დანარჩენი ძალები იმყოფებოდა საბერძნეთის სზძ-ის მთავარსარდლის დაქვემდებარებაში.
საბერძნეთის სზძ-ის ხომალდების უმრავლესობა ბაზირებული იყო მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზაში პირევსი და მის მახლობლად მდებარე კუნძულ სალამისზე, მნიშვნელოვან სამხედრო-საზღვაო ბაზად ითვლებოდა აგრეთვე სუდა (კ. კრეტა).
საბერძნეთს გააჩნდა სავაჭრო ფლოტი, რომელსაც უცხოელი სპეციალისტები იმხანად აფასებდნენ როგორც ერთერთ უმსხვილესთაგანს მსოფლიოში. მასში მოითვლებოდა 3000-ზე მეტი გემი (მათ შორის მსხვილი ტანკერები) საერთო წყალწყვით 21 მლნ. ბრ. ტ-ზე ზევით. ნახევარზე მეტი მათგან დაცურავდა სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ.
საბერძნეთის მმართველი წრეები, რომელთა საშინაო პოლიტიკის საფუძველს, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, წარმოადგენდა ანტიკომუნიზი, ფართოდ იყენებდნენ შეიარაღებულ ძალებს კომუნისტური და სხვა პროგრესული მოძრაობების ჩახშობისთვის. ამ კურსის გატარებაში ისინი სრულ მხარდაჭერას პოულობდნენ აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნების იმპერიალისტების მხრიდან, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ბალკანეთში თავიანთი პოზიციების შენარჩუნებაში. ამის დადასტურებად, იმავე საბჭოთა ავტორების შეფასებით, შესაძლოა გამომდგარიყო თუნდაც ის მოვლენები, რომლებიც მოხდა ქვეყანაში 1967-1974 წლებში.
1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში მოხდა სამხედრო გადატრიალება (გეგმა “პრომეთეოსი”). ხელისუფლებაში მოვიდა სამხედრო ხუნტა, რომელიც შექმნილი გახლდათ მთლიანად ამერიკული დაზვერვის თანხმობითა და დახმარებით. შეიქმნა მთავრობა სამხედრო ხუნტის ლიდერის პოლკოვნიკ პაპადოპულოსის მეთაურობით. ქვეყანაში გაუქმებულ იქნა მმართველობის საპარლამენტო ფორმები და დამყარებულ _ ფაშისტური ტიპის დიქტატურა, შემოღებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა, აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, დაიშალა 200-ზე მეტი საზოგადოებრივი და პროფკავშირული ორგანიზაცია. საბერძნეთის მუშათა კლასის, კომუნისტური პარტიის, ყველა მემარცხენე ძალის წინააღმდეგ გამოცხადებულ იქნა სასტიკი ტერორი.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, არ გააჩნდა რა საყრდენი ხალხის მასებში, საბერძნეთის სამხედრო-დიქტატორული რეჟიმი გადატრიალების შემდეგ დიდ ყურადღებას უთმობდა შეიარაღებული ძალების შემდგომ განმტკიცებას, რომელიც ჩაყენებულ იქნა პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ყველა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ინიშნებოდნენ გადატრიალების აქტიური მონაწილენი. დიქტატორ პაპადოპულოსის მთავრობა მუდმივად ხაზს უსვამდა თავის ერთგულებას აგრესიული ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-დმი.
მაგრამ შეიარაღებული ძალები არც იმდენად მტკიცე და საიმედო აღმოჩნდა, როგორც ამის სურვილი ჰქონდათ 1967 წლის გადატრიალების ლიდერებს. 70-იანი წლების შუახანებმდე მასში გატარებულ იქნა მრავალრიცხოვანი გადანაცვლებები და წმენდები, რომელთა შედეგადაც არმიიდან განდევნილ იქნა დაახლოებით 1000 გენერალი და ოფიცერი. არ იყო მტკიცე ერთიანობა თავად სამხედრო ხუნტაშიც, სადაც აღმოჩნდა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ პაპადოპულოსის ერთპიროვნული დიქტატორული ხელისუფლებით.
1973 წლის გაზაფხულზე საბერძნეთის სზძ-ში წარმოიქმნა შეთქმულება პაპადოპულოსის რეჟიმის დამხობის მიზნით. ბერძნული სზძ-ის ხომალდებზე მოხდა მსხვილი მღელვარებანი. საესკადრო ნაღმოსნის “ველოსის” ეკიპაჟმა ხომალდის კაპიტნის მეთაურობით მოაწყო ამბოხება, უარი თქვა შეესრულებია მთავრობის ბრძანებები და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა იტალიაში. ამავდროულად 1973 წელს საბერძნეთის მსხვილ ქალაქებში ახალი ძალით იფეთქა სტუდეტების ანტიდიქტატორულმა გამოსვლებმა და მშრომელების გაფიცვებმა.
აღმოჩნდა რა საერთაშორისო იზოლაციაში და განიცდიდა რა სერიოზულ პოლიტიკურ სიძნელეებს ქვეყანაში, პაპადოპულოსმა მიმართა რიგ ზომებს თავისი რეჟიმის განმტკიცებისთვის. 1973 წლის 29 ივლისს ჩატარებულ იქნა რეფერენდუმი საკითხში 1968 წლის 15 ნოემბრის კონსტიტუციის ნაწილობრივ შეცვლის შესახებ. მონარქია საბერძნეთში შეცვლილ იქნა რესპუბლიკით, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტად გახდა პაპადოპულოსი. ჩამოყალიბებული გარდამავალი მთავრობა შედგებოდა სამოქალაქო პირებისგან, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროგრესისტების პარტიის ყოფილი ლიდერი მარკეზინისი, რომელმაც მიიღო ბრძანება არჩევნების ჩატარებაზე 1974 წელში. ქვეყანაში გაუქმებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა, შემოღებული 1967 წლის გადატრიალების შემდეგ, აგრეთვე პოლიტიკური პატიმრებისთვის გამოცხადებულ იქნა ამნისტია. მაგრამ, ბურჟუაზიული პარტიის “ცენტრის კავშირის” ყოფილი ლიდერის პაპანდრეუს სიტყვებით, “სამხედრო ხელისუფლების” თვით ეს ე. წ. ახალი კურსიც კი იქცა საბერძნეთის ამერიკული ოკუპაციის შენიღბვად, სამხედრო და ტოტალიტარული რეჟიმის დაფარვად (დაცვად).
ამრიგად, საბჭოთა ავტორების შეფასებით, პაპადოპულოსის დიქტატორული რეჟიმის “ახალ კურსთან” დაკავშირებული პოლიტიკური ფარსის შემდეგ შიდაპოლიტიკური ვითარება საბერძნეთში კვლავ დაძაბული რჩებოდა. ქვეყანაში გრძელდებოდა სამხედრო-დიქტატორული რეჟიმით საერთო უკმაყოფილების ზრდა, რომელიც ძლიერდებოდა ინფლაციის ზრდის გამო, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო ენერგეტიკული კრიზისის შედეგად წარმოქმნილ გამწვავებასთან. ქვეყანაში სწრაფად იზრდებოდა ცხოვრების ღირებულება.
პაპადოპულოსის სამხედრო-დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბერძენი ხალხის ბრძოლაში კულმინაციურ მომენტად იქცა სტუდენტების გამოსვლები საბერძნეთის მსხვილ ქალაქებში 1973 წლის ნოემბერში და მუშებისა და ინტელიგენციის მიერ დაწყებული მასობრივი პოლიტიკური დემონსტრაციები. სტუდენტებისა და მუშების პოლიტიკური გამოსვლების ჩახშობისთვის მთავრობამ ათენში შეიყვანა სატანკო და სადესანტო ჯარები, აგრეთვე საზღვაო ქვეითი ჯარის ნაწილები, რომლებმაც მოახდინეს დედაქალაქის ყველა ცენტრალური მოედნისა და ქუჩის ბლოკირება. 17 ნოემბერს ქვეყანაში გამოცხადებულ იქნა სამხედრო მდგომარეობა. ჯარებთან და პოლიციასთან შეტაკებებში დაიღუბა 40-ზე მეტი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.
საბერძნეთის ქალაქების ქუჩებში დაიწყო სასტიკი ანგარიშსწორება მუშებთან, ინტელიგენციასთან და სტუდენტებთან. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, დაპატიმრებულ იქნა 1000-ზე მეტი სტუდენტი და მუშა. მაგრამ დიქტატორულმა რეჟიმმა ვერ მოახერხა მშრომელებისა და სტუდენტების მასობრივი გამოსვლების ჩახშობა. საბერძნეთის რეაქციულმა წრეებმა და სამხედრო ხუნტაში “ხისტი კურსის” მომხრეებმა, რომლებიც, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, შეშინებული იყვნენ მშრომელებისა და სტუდენტების პოლიტიკური გამოსვლების გაქანებით, 1973 წლის 25 ნოემბრის ღამეს მოახდინეს ახალი სამხედრო გადატრიალება, ჩამოაცილეს რა ხელისუფლებას პრეზიდენტი პაპადოპულოსი და მისი მარკეზინისის “სამოქალაქო” მთავრობა. საბერძნეთის ახალ პრეზიდენტად გამოცხადებულ იქნა 1-ლი საველე არმიის ყოფილი სარდალი გენერალი გიზიკისი, ხოლო პრემიერ-მინისტრად კი ანდრუცოპულოსი, რომელსაც 1967 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეკავა ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტები.
მაშინვე ახალი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების წმენდა პაპადოპულოსის მომხრეებისგან. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობას ჩამოაშორეს გენერალი ზაგორიანაკოსი, გადადგომა მიიღეს სახელეთო ჯარების სარდალმა გენერალმა მასტრანდონისმა, სჰძ-ის სარდალმა გენერალმა მიტცანასმა, ათენის პოლიციის სამართველოს უფროსმა გენერალმა დასკალოპულოსმა და სამინისტროების ყველა გენერალურმა მდივანმა.
ახალი მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ მემარჯვენე ხასიათის პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ პარტიასთან EღE (“ეროვნული რადიკალური კავშირი”) და პაპადოპულოსის ყოფილი მთავრობის ზოგიერთი წევრიც. ეროვნული თავდაცვის მინისტრად დაინიშნა სამხედრო ხუნტის “ხისტი კურსის” ერთერთი მომხრეთაგანი გადამდგარი გენერალი ლაცულისი, წარსულში საბერძნეთის სახმელეთო ჯარების სარდალი და პაპადოპულოსის მიერ არმიიდან განდევნილი. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა გენერალმა ცუმბასმა, რომელიც პაპადოპილოსის მთავრობაში გახლდათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, სამხედრო პოლიციის უფროსად დანიშნულ იქნა ასევე სამხედრო ხუნტის “ხისტი კურსის” ერთერთი წარმომადგელენი გენერალი იოანიდისი.
ახასიათებდა რა ახალი სამხედრო გადატრიალების ლიდერებს საბერძნეთში, ამერიკული გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი” აღნიშნავდა, რომ გენერალი გიზიკისი არის ნატო-ს მომხრე, ხოლო პრემიერ-მინისტრი ანდრუცოპულოსი შეერთებული შტატების “ძველი მეგობარი”, სადაც იგი 12 წელიწადს დაკავებული იყო იურიდიული პრაქტიკით.
საბჭოთა ავტორების სიტყვებით, პრემიერ-მინისტრის ანდრუცოპულოსის გამოსვლის თანახმად მთავრობის გეგმებში შედიოდა ახალი კონსტიტუციის შემუშავება, ინფლაციასთან და ფასების ზრდასთან ბრძოლა, შენარჩუნება “მეგობრული ურთიერთობებისა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთგაგება და საერთო ინტერესები”. 1973 წლის დეკემბრის შუახანებში საბერძნეთის მთავრობამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო აქტი, რომლის შესაბამისადაც ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა საპრეზიდენტო საპარლამენტო რესპუბლიკა, თუმცა კი საბერძნეთის პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდა: მას უკვე აღარ უნდა ჰქონოდა აღმასრულებელი ხელისუფლება და კონტროლისა და ინიციატივის განსაკუთრებული უფლება საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებში. პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ვადა დადგენილ იქნა ხუთი წლის ხანგრძლივობით. პარლამენტის მოწვევამდე, რომლის ვადებიც არ იყო განსაზღვრული, საკანონმდებლო ინიციატივა დაკისრებული ჰქონდა მინისტრთა საბჭოს.
1974 წლის შუახანებისთვის საბერძნეთის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა მეტად დაძაბული და რთული იყო. ხელისუფლებაში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, უწინდებურად იდგნენ პირწავარდნილი რეაქცია და სამხედროთა კასტა, რომლებიც თავიანთ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ემყარებოდნენ ქვეყნის შეარაღებულ ძალებსა და სამრეწველო-საფინანსო წრეებს, სარგებლობდნენ აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერით.
საბერძნეთი იყო და რჩებოდა ნატო-ს აქტიურ წევრად, მისი წარმომადგენლბი მონაწილეობას ღებულობდნენ ამ აგრესიული ბლოკის სარდლობის ყველა სამხედრო-პოლიტიკურ ღონისძიებაში, გამოდიოდნენ ნატო-ს სამხედრო პოტენციალის განმტკიცების მომხრედ ცენტრალურ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.
საბერძნეთის მთავრობამ ტერიტორიის ნაწილი კ. კრეტაზე დაუთმო ნატო-ს სასწავლო სარაკეტო ცენტრისთვის და ბლოკის სარდლობას შესთავაზა განეხილა საკითხი ბირთვული ფუგასების (ნაღმების) გამოყენების შესახებ სასაზღვრო რაიონებში ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკასთან. საბერძნეთის ტერიტორიაზე ბერძნული მთავრობის თანხმობით, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, განთავსებული იყო ბირთვული იარაღის ამერიკული საწყობები და დისლოცირებული იყვნენ სპეციალური ნაწილები, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ომის შემთხვევაში საბერძნეთის სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის ბირთვული საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფისთვის.
აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბერძნული ხუნტის აქტიური მხარდაჭერით შექმნა ნატო-ს სზძ-ის ოპერატიული შენაერთი ხმელთაშუა ზღვაში “გამოძახებით მოქმედებებისთვის”. 1972 წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა და საბერძნეთმა დადეს შეთანხმება საბერძნეთის ტერიტორიაზე ბაზების შექმნის შესახებ აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდებისთვის. ამ შეთანხმების მიხედვით, ამერიკული ხომალდების ნაწილი ხმელთაშუა ზღვაში უდმივად ბაზირებული იქნებოდა პორტ პირევსში.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვებით, სპეკულირებდნენ რა მუქარით, რომელიც ვითომდა მოდიოდა ჩრდილოეთიდან და ხმელთაშუა ზღვაში მყოფი საბჭოთა ფლოტის მხრიდან, ბერძენი ოფიციალური პირები გამოდიოდნენ მოთხოვნებით აშშ-ისა და ნატო-სადმი საბერძნეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე მისი შეიარაღებული ძალების განმტკიცების მიზნით. 1972 წლის მარტში აშშ-მა გამოაცხადა საბერძნეთის სამხედრო რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის სრული მოცულობით განახლებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ, დაასაბუთა რა ეს აშშ-ის სტრატეგიული ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით.
უცხოური პრესის მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბერძნეთი აშშ-გან ღებულობდა სამხედრო დახმარებას წელიწადში 80-100 მლნ. დოლარის ზომით. კერძოდ, ამ წლების მანძილზე მან მიიღო 600-ზე მეტი საშუალო ტანკი M47 და M48, მსუბუქი ტანკები, დიდი რაოდენობით ჯავშანტრანსპორტერები, ავტომობილები, საინჟინრო ტექნიკა, კავშირგაბმულობის საშუალებები, საბრძოლო მასალები.
ვითარდებოდა და ძლიერდებოდა სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა გფრ-თან რომელიც საბერძნეთს აწვდიდა საბრძოლო ტექნიკასა და სხვადასხვანაირ სამხედრო აღკაზმულობას, მათ რიცხვში წყალქვეშა ნავებს, სატორპედო კატარღებს, კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ავტოტრანსპორტს. საბჭოთა ავტორების სიტყვებით, იყენებდნენ რა საბერძნეთის ფინანსურ და ეკონომიკურ სიძნელეებს, დასავლეთგერმანულმა მონოპოლიებმა გააძლიერეს თავიანთი შეღწევა ბერძნულ ეკონომიკაში. ფართოვდებოდა საბერძნეთის სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობა საფრანგეთთანაც.
საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობა 1970-იანი წლების შუახანებისთვის მიმდინარეობდა ქვეყანაში მმართველი ზედაფენების გეგმებისა და ნატო-ს სარდლობის გეგმების შესაბამისად. ძირითადი ძალისხმევა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მიმართული იყო შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფაზე, მათი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლებაზე, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვაზე, აგრეთვე მათ მომზადებაზე საბრძოლო გამოყენებისთვის როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში. ამ ღონისძიებებს ატარებდნენ სამხედრო დახმარებისა და სპეციალური სამხედრო მრჩევლების ამერიკული მისიის კონტროლით. საბერძნეთის დიქტატორული რეჟიმი დიდ ყურადღებას უთმობდა ათენსა და სხვა მსხვილ ქალაქებში გარიზონების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებას ქვეყნის მშრომელების დემოკრატიული გამოსვლების ჩახშობისთვის მათი გამოყენების მიზნით.
* * *
საბერძნეთის მართველმა წრეებმა, რომლებიც, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, მიჰყვებოდნენ ამერიკელი იმპერიალისტების აგრესიული პოლიტიკის ფარვატერში, თავიანთი ტერიტორია და შეიარაღებული ძალები მისცეს აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანლობის განკარგულებაში. ათენელი სამხედრო მმართველების ანტიეროვნული და ანტისახალხო პოლიტიკა აწყდებოდა გადამწყვეტ წინააღმდეგობას არა მხოლოდ ბერძენი ხალხის ფართო ფენების მხრიდან, არამედ მთელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების მხრიდანაც, რამდენადაც ეს პოლიტიკა ვერ პასუხობდა საერთაშორისო დაძაბულობის უკვე დასახული დასუსტების პირობებს.
ირაკლი ხართიშვილი
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Подполковник А. Михайлов, «Вооружённые силы Греции», Зарубежное военное обозрение, 1974 г., № 5;
2. Полковник А. Королёв, «Вооружённые силы ФРГ», Зарубежное военное обозрение, 1974 г., № 8;
3. Капитан запаса В. Бабкин, «Вооружённые силы Нидерландов», Зарубежное военное обозрение, 1975 г., № 2;
4. Подполковник Н. Фролов, «Вооружённые силы Франции», Зарубежное военное обозрение, 1976 г., № 3;
5. Полковник запаса В. Жаров, «Бундесвер совершенствуется», Зарубежное военное обозрение, 1976 г., № 11;
6. Полковник А. Григорьев, «Вооружённые силы Норвегии», 1977 г., № 2;
7. Подполковник Ю. Юрьев, «Вооружённые силы Испании», Зарубежное военное обозрение, 1978 г., № 9;
8. Подполковник В. Хрипунов, «Вооружённые силы Великобритании и блок НАТО», Зарубежное военное обозрение, 1979 г., № 2;
9. Полковник В. Беглов, «Состояние и перспективы строительства вооружённых сил ФРГ», Зарубежное военное обозрение, 1979 г., № 8, 9;
10. Подполковник С. Волин, «Программа развития Бундесвера», Зарубежное военное обозрение, 1980 г., № 2;
11. Полковник Н. Фролов, «Вооружённые силы Франции», Зарубежное военное обозрение, 1980 г., № 8;
12. Полковник запаса В. Беглов, «Органы высшего военного управления ФРГ», Зарубежное военное обозрение, 1980 г., № 11;
13. Подполковник В. Андреев, «Вооружённые силы Италии», Зарубежное военное обозрение, 1981 г., № 6;
14. Капитан А. Васильев, «Вооружённые силы Бельгии», Зарубежное военное обозрение, 1981 г., №12;
15. Полковник В. Бирюлев, «Военно-политический курс ФРГ на современном этапе», Зарубежное военное обозрение, 1982 г., № 8;
16. Капитан 1 ранга Ф. Каремов, полковник в отставке Г. Сёмин, «Некоторые положения военных доктрин основных европейских стран НАТО», Зарубежное военное обозрение, 1983 г., № 6, 7;
17. Полковник Ю. Ерашов, «Опасная эволюция военной политики Франции», Зарубежное военное обозрение, 1983 г., № 9.
No comments:
Post a Comment